ბიზანტიურ საისტორიო წყაროებში მოხსენიებული არიან მისიმიანები – Мισιμιανοι (მისიმიელები), რომელთა შესახებ ცნობები მოცემულია ბიზანტიელი მოღვაწეების აგათია სქოლასტიკოსის (536-582), მენანდრე პროტიქტორის (VIს. II ნახ.) და თეოდოსი განგრელის (VIIს.) თხზულებებში.
აგათიას გადმოცემით, მისიმიანები „აფსილთა ტომზე უფრო ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ, ოდნავ აღმოსავლეთისაკენ“.1 მისივე თხზულებიდან ჩანს, რომ მისიმიანთა ქვეყანა კოლხეთის ზემოთ მდებარეობდა2.
მსგავსი ცნობა აქვს მოცემული მენანდრესაც, რომლის მიხედვით მისიმიანებს აღმოსავლეთიდან ესაზღვრებოდნენ სვანები, სამხრეთ-დასავლეთიდან – აფსილები, ჩრდილოეთიდან კი კავკასიონის ქედი და ალანები3.
მოცემულ ცნობათა ანალიზი ცხადყოფს, რომ მისიმიანები დალის (მდ. კოდორის) ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სახლობდნენ. თავის დროზე, აღნიშნულ დასკვნამდე არაერთი მკვლევარი მივიდა4.
რაც შეეხება მისიმიანთა ეთნიკური კუთვნილების საკითხს, უნდა აღინიშნოს, რომ მკვლევართა უმრავლესობა მათ სვანებად მიიჩნევს. მაგალითად, ს. ყაუხჩიშვილს, რომელსაც სხვა მეცნიერებიც უჭერენ მხარს, მიაჩნია, რომ „მისიმიანი“ სვანთა თვითსახელის – „მუშვანის“ – სახეცვლილი ფორმაა და ის უთუოდ სვანს ნიშნავს5.
მართალია, პ. ინგოროყვა მისიმიანებს მეგრულ-ლაზურ და სვანურ (ნარევ) ხალხად თვლის, მაგრამ უფრო იმ მოსაზრებას უჭერს მხარს, რომ მისიმიანები სვანურენოვანი ქართველური ტომი იყო6.
თ. მიქელაძის ვარაუდით, „შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ მისიმიანთა სახით სამხრეთიდან მოსულ მოსინებთან (მოსინიკებთან – ი.ა.) გვაქვს საქმე“ (თ. მიქელაძე მოსინიკებსაც სვანებად მიიჩნევს).7
მისიმიანებს სვანურ ეთნიკურ წრეს აკუთვნებს დ. მუსხელიშვილიც. ის წერს, რომ „სწორედ მისიმიელების სვანური ტომი უნდა იგულისხმებოდეს პტოლემაიოსის “სუანო-კოლხებში“, ანუ ფავსტოს ბიზანტიელის „ეგრო-სუანებში“, იმ აზრით, რომ ესენი იყვნენ ეგრისის სამეფოს მიერ დამორჩილებული სვანები იმ სვანებისაგან განსხვავებით, რომლებიც ჯერ არ იყვნენ ეგრისს დაქვემდებარებულნი და რომელთა დამორჩილება მხოლოდ IVს. დასასრულს მოხერხდა“.8
თ. მიბჩუანისა და გ. გასვიანის მტკიცებითაც მისიმიანები სვანები იყვნენ. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საშუალებას მათ აძლევს კოდორის ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ არაერთი სვანური ტოპონიმის არსებობის ფაქტი, რომელთა აღნიშნულ ტერიტორიაზე გავრცელება იქ სვანების ხელმეორედ ჩასახლებამდე (XXს.-მდე) და ნაწილობრივ მისიმიანთა განსახლების დროიდან დასტურდება9.
გ. გასვიანის თანახმად, მისიმიანთა ვინაობის დასაზუსტებლად გარკვეული მნიშვნელობა აქვს მათ პოლიტიკურ ისტორიას10.
როგორც ცნობილია, ბიზანტიასა და ირანს შორის ეგრისში მიმდინარე „დიდი ომიანობის“ დროს მწვავედ იდგა სვანეთის საკითხი. არსებული მასალებით ირკვევა, რომ ამ პერიოდში მისიმიანები დანარჩენი სვანების კვალდაკვალ, განუდგნენ ბიზანტიას და ირანს მიემხრნენ11. აქედან გამომდინარე, გ. გასვიანი სავსებით საფუძვლიანად ვარაუდობს, რომ „მისიმიანები შემთხვევით არ იზიარებდნენ ბიზანტიის წინააღმდეგ მებრძოლ სვანთა ბედს, ისინი ერთი მოდგმისანი იყვნენ“.12
მისიმიანებს სვანებად მიიჩნევენ აგრეთვე თ. ბერაძე და მ. სანაძე13. რიგი მეცნიერებისა მისიმიანებს აფხაზურ ეთნიკურ წრეს აკუთვნებს, თუმცა საამისოდ მოშველიებული არგუმენტები მწირია და დამაჯერებლობას მოკლებული. ასე, მაგალითად: შ. ინალ-იფას და ზ. ანჩაბაძეს აგათია სქოლასტიკოსის თხზულების ის ადგილი მოჰყავთ, სადაც მისიმიანების აფსილებთან ნათესაობაზეა ლაპარაკი14.
აღნიშნული არგუმენტი, რა თქმა უნდა, აფხაზებისა და მისიმიანების იგივეობის დასამტკიცებლად არ გამოდგება, რადგან არამცთუ ისინი, არამედ არაერთ ძველ წყაროში კავკასიის ხალხებიც კი ერთიმეორის მონათესავედ ითვლებიან. სინამდვილეში აფხაზებისა და მისიმიანების სხვადასხვაობაზე იმავე აგათიას თხზულების სხვა ადგილი მიუთითებს: ისინი „განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობდნენ და სხვადასხვა კანონებს მისდევდნენ“.15
ზ. ანჩაბაძემ, რომელიც თავდაპირველად მისიმიანების უეჭველ აფხაზობას ამტკიცებდა, შემდგომში შესაძლებლად ჩათვალა აფხაზეთის მთიანი ზოლის ნაწილში სვანური ეთნიკური ელემენტის მოსახლეობა და მისიმიანების სვანობა16. შემდეგ ის კვლავ დაუბრუნდა მისიმიანების ვინაობის საკითხს და აღნიშნა, რომ მათი ეთნიკური კუთვნილების საკითხი რთულია და ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. ამავე დროს ისინი აფხაზი ხალხის წებელდა-დალის ეთნიკურ განშტოებად მიიჩნია იმ განსხვავებით, რომ ისინი ამჟამად ქართველების მონათესავე პალეოკავკასიურ ეთნოლინგვისტურ ტომად გამოაცხადა17.
მისიმიანებს აფხაზებად მიიჩნევს აგრეთვე მ. გუნბა, რომელიც ამახინჯებს აგათიას ცნობას, თითქოს ის წერდეს მისიმიანებისა და აფხაზების წინაპრების (აფსილების) ენათა ნათესაობაზე18. უნდა აღინიშნოს, რომ საისტორიო წყაროების დამახინჯებასმ. გუნბა არაერთხელ ცდილა. ასე, მაგალითად: მისი განცხადებით, მეცნიერები, რომლებიც მისიმიანებს სვანებად მიიჩნევენ, ყურადღების მიღმა ტოვებენ აგათიას ცნობას, რომლის მიხედვით მისიმიანები აფსილთა უახლოესი მეზობლები და ცხოვრების წესით ახლო მდგომი ხალხია.19
მისიმიანებისა და აფსილების ახლო მეზობლობა მისიმიანების აფხაზობის დამამტკიცებელ არგუმენტად, ცხადია, არ გამოდგება. რაც შეეხება მისიმიანებისა და აფსილების ცხოვრების წესის მსგავსებას თუ სიახლოვეს, ასეთი რამ აგათიას თხზულებაში არ არის მოცემული. სინამდვილეში მისიმიანები და აფსილები რომ „განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობდნენ და სხვადასხვა კანონებს მისდევდნენ“, როგორც ავღნიშნეთ, იმავე აგათიას თხზულებაშია ნათქვამი.
მ. გუნბას მოსაზრებით, მისიმიანებისა და აფხაზების იგივეობაზე უნდა მეტყველებდეს კოდორის ზემო დინებასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული აფხაზური ტოპონიმები: ჩხალთა, ჩხალთადზიხი, ადზბა, მრამბა, გუანდრა და სხვა20.
უნდა აღინიშნოს, რომ მ. გუნბას მიერ დასახელებული ტოპონიმები გვიანდელი, ანუ კოდორის ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აფხაზთა განსახლების შემდეგ არის შერქმეული და მათ მისიმიანებთან არაფერი აქვთ საერთო.
ქართველმა მკვლევარებმა დამაჯერებლად აჩვენეს აფხაზ მეცნიერთა თვალსაზრისის უსაფუძვლობა და კონკრეტულ მასალაზე დაყრდნობით დაასაბუთეს მისიმიანთა ქართველური (სვანური) წარმომავლობა. ქართველი ისტორიკოსების არგუმენტებიდან, პირველ რიგში, უნდა გამოვყოთ დაკვირვებები მისიმიანთა განსახლების ტერიტორიის ტოპონიმიკაზე:
დ ა ლ ი – კოდორის ხეობის, ანუ ე.წ. აფხაზეთ-სვანეთის სახელი, სვანურად – დალ. „დალ“ სვანურ ღვთაებათა პანთეონში ნადირობის ღვთაებაა, რომლის შესახებ სვანურ ფოლკლორში არაერთი მითი და თქმულებაა გავრცელებული21.
ფ უ ს ტ ა – დაახლოებით მისიმიანთა მხარეში არსებული ტოპონიმი. კავკასიის ხალხებიდან ფუსტის (ფუსდის) სახელობის ეკლესიები მხოლოდ სვანეთში გვხვდება. სვანურ მეტყველებაში ამ სახელწოდებამ, ღვთიურ მნიშვნელობასთან ერთად (ღმერთი, უფალი, მეუფე, გამგებელი), შუა საუკუნეებში სოციალური შინაარსიც შეიძინა (პატრონი, ბატონი, მფლობელი, თავადი, უფროსი და ა.შ.).22
გ ე ნ წ ვ ი შ – კოდორის ხეობის ერთ-ერთი სოფლის სახელწოდება, რომელიც დაკავშირებულია, ერთი მხრივ, ტირიფის სვანურ სახელთან „გენწვ“, მეორე მხრივ კი ანწლის სვანურ სახელთან „გენჭვ“ (გენწვიშ//გენჭვიშ ნიშნავს ანწლიან ადგილს).
ლ ა თ ა – კოდორის ხეობის სოფლის სახელწოდება. „ლათა“ სვანური ტოპონიმია და ნიშნავს გასაყოფ ან გამყოფ ადგილს24.
ტ ი ბ ე ლ ე ო ს ი – მისიმიანთა და აფსილთა საზღვარზე მდებარე ციხე-სიმაგრის სახელწოდება. ტიბელეოსს საერთო უნდა ჰქონდეს ტიბტვიბთან, რაც სვანურად ხევს ნიშნავს. თუ ეს სწორია, მაშინ ტიბელეოსი ხევში განლაგებულ ციხეს აღნიშნავს25.
ლ ა გ ვ ა ნ თ ა – ადგილის სახელწოდება. „ლაგვან“ სიტყვასიტყვით სატირალ, საგოდებელ ადგილს ეწოდება26.
შ ი ყ ე ე რ – კოდორის სათავე ხეობის ფერდობის სახელწოდება, რომელიც დაკავშირებულია სვანურ შიყთან („შიყ“ სვანურად ზურგს ნიშნავს) და სხვ.27
ამრიგად, ეჭვგარეშეა, რომ მისიმიანები ქართველური ტომი ანუ სვანები იყვნენ. ჩვენთვის, ცხადია, დიდად მნიშვნელოვანია მათი პოლიტიკური ცხოვრების ამსახველი მასალები, რომელთაგან განსაკუთრებით ღირებულია აგათიას თხზულება, სადაც მოთხრობილია ბიზანტიელთა წინააღმდეგ მისიმიანთა 555წ. აჯანყების შესახებ.
აგათიას ცნობით, ბიზანტიელთა სტრატეგოსი სოტერიქე, რომელსაც რომაელთა მოკავშირე ბარბაროსებისთვის „მეფისგან ფული ჰქონდა წამოღებული“,28 მივიდა მისიმიანთა ქვეყანაში. მისიმიანებმა, რომელთაც დაინახეს იმის საშიშროება, რომ ერთერთი მათი ციხე, ზედ ლაზეთის საზღვრებზე აღმართული, რომელსაც ბუქლოოსი ერქვა, სოტერიქეს შეიძლებოდა ალანებისთვის გადაეცა, მიუგზავნეს მას ორი „წარჩინებული კაცი“. მათ, ნახეს რა სოტერიქე ბუქლოოსის ციხის მახლობლად დაბანაკებული, კიდევ უფრო გაუძლიერდათ ეჭვი „და უთხრეს მას (სოტერიქეს – ი.ა.): „უსამართლობის მოყენება განგიზრახავს ჩვენთვის, სტრატეგოსო. არც სხვას უნდა მისცე ნება ჩვენი ქონება წაგვართვას, არც თვითონ უნდა მოინდომო ამის ჩადენა. თუ ეს შენ მართლა არ გიდევს გულში, საჩქაროდ გადაბარგდი აქიდან, სხვა ადგილას მოთავსდი და შენ იქ სურსათი არ მოგაკლდება: ჩვენ მოგიტანთ ყველაფერს. აქ კი შენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩე; ჩვენ ვერ შევიწყნარებთ, რომ შენ აქ დააყოვნო და დაიცადო“.29
სოტერიქე გააღიზიანა მისიმიანთა ასეთმა „თავხედურმა“ საქციელმა, რის გამოც უბრძანა თავის მხლებლებს ჯოხებით ეცემათ ისინი. „იმათაც უწყალოდ სცემეს მისიმიანებს და ცოცხალმკვდარნი გაისტუმრეს შინისკენ“.30
დაღამდა თუ არა, მისიმიანები, „რომლებიც მიყენებულ შეურაცხყოფას ვერ ითმენდნენ“, თავს დაესხნენ მძინარე სოტერიქეს და მის რაზმს, ერთიანად ამოწყვიტეს ისინი (გადარჩა მხოლოდ რამდენიმე კაცი) და მათი ქონებაც გაიტაცეს, რის შემდეგაც მისიმიანები „აშკარად გადაუდგნენ რომაელებს, სპარსელების მხარეზე გადავიდნენ და ელჩები გაუგზავნეს თხოვნით, მიგვიღეთ და დაგვეხმარეთ ამიერიდან, როგორც თქვენს ქვეშევრდომებსო“.31
ბიზანტიელები აღაშფოთა მისიმიანთა ასეთმა მოქმედებამ, მაგრამ მაშინვე სამაგიეროს გადახდა მათ არ შეეძლოთ, რადგან იმხანად სპარსელებთან ომი ლაზიკაში გადამწყვეტ სტადიაში იყო.
მომდევნო, ანუ 556 წლის გაზაფხულზე, ანუ მას შემდეგ, რაც ლაზიკისათვის ბრძოლაში ბიზანტიელებმა უპირატესობა მოიპოვეს, მათ მისიმიანთა წინააღმდეგ სადამსჯელო სამხედრო ექსპედიცია მოაწყვეს, რომელშიც ოთხიათასამდე კაცი მონაწილეობდა. ზაფხულში ეს ჯარი უკვე აფსილიაში იყო მისული, სადაც მათ დაბრკოლება შეუქმნა სპარსელთა ჯარმა, რომელიც მისიმიანთა დასახმარებლად მოსულიყო იბერიიდან და მუხირისის მახლობლად მდებარე ქალაქებიდან. რომაელებმა მიზანშეუწონლად ჩათვალეს სპარსელებისა და მისიმიელების გაერთიანებულ ძალასთან შებმა, აფსილთა სიმაგრეებთან ტრიალებდნენ და დროის გაყვანას ცდილობდნენ, რადგან იცოდნენ, რომ სპარსელთა მშობლიური წესების მიხედვით, არ იყო მიღებული ზამთარში შორეული ლაშქრობის წარმოება32.
მართლაც, ზამთრის დადგომისთანავე სპარსელებმა ხელი აიღეს მისიმიელთა დახმარებაზე, რის შემდეგაც ბიზანტიელთა ჯარი კვლავ დაიძრა მისიმიანეთისაკენ. ბიზანტიელებმა თავდაპირველად საჭიროდ ჩათვალეს, „ესინჯათ, მოისურვებდნენ თუ არა მისიმიელები გონიერ გზას დაბრუნებოდნენ: იქნებ მოენანიებინათ თავიანთი შეცოდებანი... დამორჩილებოდნენ რომაელებს და აენაზღაურებინათ მთელი ის ფული, რომელიც მათ სოტერიქეს წაართვეს“.
ამ მიზნით, ბიზანტიელებმა მოციქულებად მიუგზავნეს მათ „წარჩინებული კაცები“ აფსილთა ტომიდან, მაგრამ მისიმიანებმა უარი განაცხადეს მათ მორჩილებაზე, აფსილი მოციქულები კი დახოცეს33.
მისიმიანთა ასეთმა საქციელმა საშინლად განარისხა ბიზანტიელები, რის შემდეგაც მათ იერიში მიიტანეს მისიმიელებზე. აგათია გადმოგვცემს თუ როგორი სისასტიკით გაუსწორდნენ მისიმიანებს რომაელი ჯარისკაცები, რომელთაც არათუ ქალები, ბავშვებიც კი არ დაინდეს: “მრავალი ბავშვი, რომლებიც მწარე ტირილით ეძახოდნენ მშობელ დედებს, დატყვევებულ იქმნა: ამათგან ზოგიერთები კლდეზე დაუშვეს შეუბრალებლად და ასე იქმნენ დაგლეჯილი, ხოლო ზოგიერთები, თითქოს თამაშის მიზნით, ჰაერში იქნენ ასროლილი და, როდესაც შემდეგ სიმძიმისაგან უკან დაეშვნენ, პირდაპირ აშვერილი შუბები დაახვედრეს და ზედ ააგეს ჰაერშივე“.34
აგათიას ცნობით, მისიმიანებმა, დაინახეს რა, წინააღმდეგობის გაგრძელებას მათი სრული განადგურება მოჰყვებოდა, მოციქულები მიუგზავნეს ბიზანტიელებს, მორჩილება გამოუცხადეს და დაზავება სთხოვეს, რაზეც ისინი სიამოვნებით დათანხმდნენ. იოანემ (მისიმიელთა დასასჯელად გაგზავნილი ჯარის სარდალმა) „წამოასხა მძევლები, წამოიღო ფულიც, რამდენიც სოტერიქეს ჰქონდა მიტანილი, ბევრი სხვა რამეც და გარდა ამისა მეფის ოქრო: ხალასი და ნამდვილი ნომიზმები იყო ოცდარვა ათასი და რვაასი. ყველაფერი ეს წამოიღო, დიდძალი ნადავლიც შეიძინა, და ნება მისცა მისიმიელებს კვლავ თავიანთ ნებაზე ეცხოვრათ საკუთარ ქვეყანაში და ძველებური ცხოვრება განეახლებინათ“.
ბრძოლაში დაიღუპა თხუთმეტი ათასამდე მისიმიელი – ხუთი ათასი მეომარი, ამდენივე ქალი და ბავშვი36.
რაც შეეხება მენანდრეს ცნობებს, მისი თხზულებიდან ირკვევა, რომ თურქეთიდან ბიზანტიონში მიმავალი ბიზანტიელი ელჩი – ზემარქე, რომელსაც თურქი ელჩებიც ახლდა, ალანიის წინამძღოლ საროდის რჩევით, „დარინის გზით მივიდა აფსილიაში: მისიმიანთა გზა მან უარჰყო, დასტოვა ის მარცხნივ: ამ გზით საფიქრებელი იყო, რომ თავს დაესხმოდნენ სპარსელები“.37
თეოდოსი განგრელის ცნობით კი, ანასტასი აპოკრისიარი გაგზავნილ იქნა „აფსილიისა და მისიმიანის მხარეებში, რათა ფუსტას ციხეში დაემწყვდიათ“.38
გვიანდელი ხანის საისტორიო წყაროებში მისიმიანები არ მოიხსენებიან, ამიტომ დღემდე დაუდგენელია, რა ბედი ეწიათ მათ. ცხადია, მისიმიანთა დიდი ნაწილი ბიზანტიელებთან და არაბებთან ბრძოლის დროს დაიღუპა39. ნაწილი შესაძლოა ქლუხორის ადვილად გადასასვლელი უღელტეხილის გზით იმიერკავკასიაში გადასულიყო, ნაწილი კი თანამედროვე ზემო სვანეთის ტერიტორიაზე გადასახლებულიყო.
შენიშვნები
1. აგათია სქოლასტიკოსი. – გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა. ტ. III. თბ., 1936, გვ. 86.
2. აგათია სქოლასტიკოსი. _ გეორგიკა, გვ. 155.
3. მენანდრე პროტიქტორი. _ გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა. ტ. III. თბ., 1936, გვ. 236-237.
4. ს. ყაუხჩიშვილი. მისიმიანთა ტომი. – თსუ შრომები, ტ. I. თბ., 1936, გვ. 279; З. В. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.). Сухуми, 1959, გვ. 12; З. В. Анчабадзе. Очерк этнической истории абхазского народа. Сухуми, 1976, გვ. 44; დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები. ტ. I. თბ., 1977, გვ. 120-122; დ. მუსხელიშვილი. საქართველო IV-VIII საუკუნეებში. თბ., 2003, გვ. 291-292; М. М. Гунба. Абхазия в первом тысячелетии н.э. Сухуми, 1989, გვ. 142.
5. ს. ყაუხჩიშვილი. მისიმიანთა ტომი, გვ. 277-280; Г. А. Меликишвили. К истории древней грузии, Тб., 1959, გვ. 92, 100, 384; გ. მელიქიშვილი. საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის. თბ., 1965, გვ. 65; გ. მელიქიშვილი. საქართველო ახ. წ. I-III საუკუნეებში. – საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I. თბ., 1970, გვ. 557; თ. მიქელაძე. ძიებანი კოლხეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიიდან. თბ., 1974, გვ. 13-14; З. В. Папаскири. О национально-государственном облике Абхазии/Грузия. Тб., 2003, გვ. 12.
6. პ. ინგოროყვა. გიორგი მერჩულე. თბ., 1954, გვ. 130, 143-145.
7. თ. მიქელაძე. ძიებანი.., გვ. 13-14.
8. დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული.., ტ. I, გვ. 132-133.
9. თ. მიბჩუანი. დასავლეთ საქართველოს ქართველ მთიელთა ეთნოგენეზის, განსახლებისა და კულტურის ისტორიიდან. თბ., 1989, გვ. 130-131, გ. გასვიანი. ნარკვევები შუა საუკუნეების სვანეთის ისტორიიდან. თბ., 1991, გვ. 204, 208.
10. გ. გასვიანი. ნარკვევები.., გვ. 204.
11. აგათია სქოლასტიკოსი. _ გეორგიკა, ტ. III, გვ. 90; მენანდრე პროტიქტორი. – გეორგიკა, ტ. III, გვ. 214-215.
12. გ. გასვიანი. ნარკვევები... გვ. 204.
13. თ. ბერაძე, მ. სანაძე. საქართველოს ისტორია. წ. I. ანტიკური ხანა და შუა საუკუნეები. თბ., 2003, გვ. 91.
14. იხ. გეორგიკა, ტ. III, გვ. 161-162.
15. აგათია სქოლასტიკოსი. – გეორგიკა, ტ. III, გვ. 86.
16. З. В. Анчабадзе. История и культура древней Абхазии. М., 1964, გვ. 183.
17. З. В. Анчабадзе. Очерк этнической.., გვ. 45.
18. მ. გუნბა. დასავლეთ საქართველო და ბიზანტია. სოხუმი, 1962, გვ. 49-50.
19 М. М. Гунба. Абхазия.., გვ. 143.
20 М. М. Гунба. Абхазия.., გვ. 144.
21 თ. მიბჩუანი. დასავლეთ საქართველოს.., გვ. 136; გ. გასვიანი. ნარკვევები.., გვ. 208.
22. თ. მიბჩუანი. დასავლეთ საქართველოს.., გვ. 137-138; გ. გასვიანი. ნარკვევები.., გვ. 207.
23. თ. მიბჩუანი. დასავლეთ საქართველოს.., გვ. 131; გ. გასვიანი. ნარკვევები.., გვ. 208.
24. თ. მიბჩუანი. დასავლეთ საქართველოს.., გვ 131.
25. გ. გასვიანი. ნარკვევები.., გვ. 204-205.
26. გ. გასვიანი. ნარკვევები.., გვ. 208.
27. გ. გასვიანი. ნარკვევები.., გვ. 208.
28. აგათია სქოლასტიკოსი. – გეორგიკა, ტ. III, გვ. 85.
29. აგათია სქოლასტიკოსი. _ გეორგიკა, ტ. III, გვ. 87.
30. აგათია სქოლასტიკოსი. _ გეორგიკა, ტ. III, გვ. 88.
31. აგათია სქოლასტიკოსი. _ გეორგიკა, ტ. III, გვ. 90.
32. აგათია სქოლასტიკოსი. _ გეორგიკა, ტ. III, გვ. 156-159.
33. აგათია სქოლასტიკოსი. _ გეორგიკა, ტ. III, გვ. 159-162.
34. აგათია სქოლასტიკოსი. _ გეორგიკა, ტ. III, გვ. 163-171.
35. აგათია სქოლასტიკოსი. _ გეორგიკა, ტ. III, გვ. 173-174.
36. აგათია სქოლასტიკოსი. _ გეორგიკა, ტ. III, გვ. 174.
37. მენანდრე პროტიქტორი, გეორგიკა, ტ. III, გვ. 236-237.
38. თეოდოსი განგრელი. – გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა. ტ. IV, ნაკვ. I. თბ., 1941, გვ. 44.
39. აგათია სქოლასტიკოსი. – გეორგიკა, ტ. III, გვ. 85-174; თეოფანე ჟამთააღმწერელი. _ გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა. ტ. IV, ნაკვ. I. თბ., 1941, გვ. 115.
Комментариев нет:
Отправить комментарий