საბრძოლო იარაღი მატერიალური კულტურის ის ნაწილია, რომელიც მკვეთრად რეაგირებს გარემომცველ პირობებზე და ზოგადად საზოგადოების მატერიალური კულტურის განვითარების ადეკვატურია. ამ სფეროში ჩამორჩენას მძიმე შედეგები მოაქვს როგორც ცალკეული პირის, ასევე მთელი საზოგადოებისათვის. ეს დებულება მართებულია კაცობრიობის ისტორიის ნებისმიერი პერიოდისათვის. ამ თვალსაზრისით დასავლეთ ევროპის რაინდთა შეიარაღება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მასში ყველაზე რელიეფურად აისახება ძირითადი ცვლილებები შეტევისა და თავდაცვის საშუალებებში, რომლებსაც სამხედრო საქმის, წარმოებისა და სოციალური ურთიერთობის დონე კარნახობს.
ახ.წ. I ათასწლეულის მეორე ნახევარში დასავლეთ-ქრისტიანული სამყარო, რომელიც მაშინ შედარებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა ანტიკურ ევროპასთან შედარებით, მკვეთრად შემცირებული მოსახლეობით, ფაქტობრივად, ალყაშემორტყმულ სიმაგრეს წარმოადგენდა. აღმოსავლეთიდან მას ავართა და უნგრელთა ურდოები ემუქრებოდა, ჩრდილოეთიდან – ნორმანები, სამხრეთიდან – არაბები, რომლებმაც ძირითადი დარტყმა უფრო ძლიერი ბიზანტიის წინააღმდეგ მიმართეს. ასეთ პირობებში დასავლეთ ევროპაში წინააღმდეგობის საშუალებათა აშკარა დეფიციტი შეიმჩნეოდა, საჭირო იყო მათი კარდინალური გაუმჯობესება. ეს იყო გარდატეხის ხანა, ძველი სამხედრო სისტემა ეფექტურობას კარგავდა, ახალი კი შექმნის სტადიაში იყო. ქვეითი ლაშქრობის ბრძოლისუნარიანობის მზარდი დაცემის პირობებში აქცენტი ფეოდალიზებული დიდკაცობის მძიმე შეიარაღებაზე გაკეთდა1.
VIII-XI სს. რაინდთა მხედრობის შექმნის ეპოქაა ფრანკთა სამეფოსა და მეზობელ ქვეყნებში. შეიარაღების ხასიათი ადგილობრივი ტრადიციებითა და ვითარების მოთხოვნილებებით იყო განპირობებული. გერმანულ-რომანული ევროპის როგორც ქრისტიანული, ისევე წარმართული (სკანდინავიური) ნაწილის შეიარაღება, უმნიშვნელო ვარიაცებით, ერთი და იმავე ტიპის იყო. სამხრეთ ევროპასა და ბრიტანეთში2 ის ალბათ უფრო მსუბუქი იყო, ვიდრე ფრანკებში და, მითუმეტეს, ნორმანებში, მაგრამ მთლიანობაში ჩანს მასიური ფორმებისაკენ მიდრეკილება.
ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებული იარაღის სახეობის ევოლუციას. ერთ-ერთ ძირითად იარაღს შუბი წარმოადგენდა. შუბის პირის ზედა ნაწილში ხშირად დამატებითი წვეტანები იყო. შუბის პირები, როგორც წესი, ან ფოთლისებური ფორმის იყო, მკვეთრი სიმტკიცის ღერძით, ან კიდევ რომბისებური3 (ნახ. II, A-ჟ). ეს ბოლო ფორმა უფრო პოპულარული იყო სკანდინავიაში. ისინი ზოგჯერ იმდენად დიდი ზომისაა, რომ ვარგისია მჩეხავი დარტყმისთვისაც.
XI ს.-დან ნებისმიერი ბრძოლის ძირითადი ნაწილია რაინდთა ჯგუფური ორთაბრძოლა. მისი ძირითადი ილეთია შუბის ტარანისებური დარტყმა, ოდნავ დაშვებულ უზანგზე დაყრდნობით, რაინდისა და ცხენის წონის გამოყენებით. ეს ილეთი დასავლეთ ევროპაში ფართოდ ვრცელდება XI ს. 30-იანი წლებიდან,4 მაგრამ ცნობილ „ბაიოს ხალიჩაზეც“ კი, სადაც 1066წ. ჰასტინგსის ბრძოლაა ასახული, რაინდების საკმაოდ დიდი ნაწილი შუბს ძველებურად იჭერს – სანახევროდ გასწორებული ხელით, იღლიისაგან საკმაოდ შორს, რაინდის წონის ეფექტური გამოყენების გარეშე (ნახ. VIII). ამ დროიდან შუბი მთავარ იარაღად იქცა, მის ძველ ფორმებთან ერთად (რომლებიც XIს.-ში მხოლოდ კბილანებს კარგავენ), ჩნდება ახალი ტიპები. მაგალითად, გრძელი შუბის პირი, კვადრატული განივკვეთით, რომელიც უშუალოდ გადადის შუბის მილში ან 2 შერწყმული პირამიდის მსგავსი ძალიან მოკლე შუბის პირი.
VIII-X სს. მახვილები ე.წ. „კაროლინგური“ ანუ „სკანდინავიური“ ტიპის სხვადასხვა ვარიანტს მიეკუთვნება. VIII ს. მეორე ნახევარში ეს ტიპი ცვლის ძველ მახვილს – „სპათას“, რომელსაც ჰქონდა ფართო, მაგრამ საკმაოდ თხელი, ბრტყელი ფხა, მოკლე სახელური, სხვადასხვა ფორმის მასიური ტარის ქუდი, აგრეთვე მასიური ვადა5. კაროლინგურ მახვილებსაც ჰქონდა ფართო ფხა მომრგვალებული ან ოდნავ წაწვეტებული დაბოლოებით, თუმცა ეს მომრგვალებული დაბოლოება უკვე ილესებოდა მაინც. ფხა გახდა უფრო სქელი და მაგარი, მას ჰქონდა გასწვრივი ღარი. მისი ჩვეულებრივი სიგრძე იყო 75-100 სმ. ვადა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ის წარმოადგენდა მარტივ ჯვარედს, ფართო და სწორი იყო, ზოგჯერ ფხისკენ ოდნავ მოღუნული, მასიური, მაგრამ არც თუ გრძელი. ტარი საკმაოდ მოკლე, ჩვეულებრივ ოდნავ გაბრტყელებული. ტარის ქუდი ჩვეულებრივ გაყოფილია ორ ნაწილად: მასიური ჰორიზონტალური ზოდი, სწორკუთხა განივკვეთისა, და 3 ან 5 ვერტიკალური რელიეფური ზოლისაგან შემდგარი დაბოლოება6 (ნახ. I, F-K). გვხდება ამ მახვილების არისტოკრატიული ან საზეიმო ეგზემპლარები, მოჩუქურთმებული, ძვირფასი ან ფერადი ლითონით შემოკვერილი სახელურებით, ზოგჯერ ლათინური ან რუნული წარწერებით. აგრეთვე ცნობილია უფრო მკაცრ სტილში შესრულებული, სუფთა უტილიტარული ხასიათის საბრძოლო იარაღი. სკანდინავიაში ზოგჯერ მოიპოვება გამარტივებული ეგზემპლარები ან რბილი რკინისაგან გაკეთებული მახვილები, რომლებსაც ძირითადად სიმბოლური დანიშნულება ჰქონდა – მათი მფლობელების თავისუფალი სტატუსის ჩვენება. ასეთ მახვილებს ხშირად ჩუქნიდნენ გათავისუფლებულ მონებსა და სრულწლოვანების ასაკს მიღწეულ ყმაწვილებს. აქვე ამზადებდნენ იარაღს მაღალხარისხიანი ლითონისაგან, რომელიც ხარისხით დამასკოს ფოლადსაც ედრებოდა.
იარაღის მესამე გავრცელებული სახეობა იყო ცული. VIII-X სს. ჭარბობდა მისი 2 სახეობის ქვეტიპები: კონტინენტურ ევროპაში დომინირებს ე.წ. „მოტეხილტანიანი“ ცულები, რომელთა კორპუსებს სხვადასხვა კუთხით მოტეხილო ფორმა ახასიათებს7 (ნახ. IV, D-F), ჩრდილოეთ ევროპაში კი უფრო პოპულარული იყო არქაული გარეგნობის „ფართო ცულის“ ტიპები, რომლებსაც ახასიათებს ყუადან ორივე მხარეზე გაფართოებული პირი (ნახ. IV, G-ჟ). მისი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იყო X ს. ვიკინგური სეკირა, ასიმეტრიული ფხით (ნახ. IV, ჟ). XI ს. მეორე მეოთხედში დასავლეთ ევროპაში ვრცელდება მისგან წარმოშობილი „დანური ცული“ (ნახ. IV, ჟ). ის წაგრძელებულია, იმდენად წვეტიანი, რომ საჩხვლეტად ვარგა, ყუაზე კი ბასრი ჩუგლუგი აქვს. ძველი ვიკინგური სეკირა დარჩა ინგლისში, ყოველ შემთხვევაში, ის კარგად ჩანს „ბაიოს ხალიჩაზე“ (ნახ. VIII).
ცულის ეს ტიპები, ბევრ სხვა სახეობასთან ერთად, გამოიყენება მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. XII ს.-დან მათ ყუასა და ტარის წინა ნაწილში ხშირად უმატებენ წვეტიან პირებს და ჩუგლუგებს, ტარი კი ხშირად რკინითაა შემოჭედილი (ნახ. IV, K). თუკი კონტინენტზე მახვილი ითვლებოდა მაღალი რანგის მეომრების იარაღად, ხოლო ცული უბრალო ფეხოსნებში იყო გავრცელებული, სკანდინავიაში ორივე ეს იარაღი თანაბრად გამოიყენებოდა ყველა რანგის მეომრებში. ამიტომაც, როგორც მარტივი გარეგნობის მახვილები, ასევე საზეიმო გარეგნობის ცულებიც გვხვდება.
დამცავ აღჭურვილობაში ჭარბობს მძიმე იარაღისაგან დასაცავად გათვალისწინებული მასიური ფირფიტებისაგან გაკეთებული აბჯრები. ჯაჭვის პერანგი რეგიონში არაა ფართოდ გავრცელებული. როგორც XIX ს. მკვლევარები თვლიდნენ8, ჯაჭვის პერანგს ევროპაში ამზადებდნენ კელტებისა და რომაელების დროიდან, მაგრამ ის იშვიათად იყო იმდენად მტკიცე, რომ პირდაპირი ძლიერი დარტყმისათვის გაეძლო, ხოლო გაძლების შემთხვევაში ობიექტს მოტეხილობა ან დაჟეჟილობა მაინც არ ასცდებოდა. ჯაჭვის პერანგის პოპულარობას არც ქრისტიანული სამყაროს საზღვრებზე (პანონიასა და ესპანეთში) არსებული ვითარება უწყობდა ხელს, მიუხედავად იმისა, რომ აქ ფრანკებს იმ მოწინააღმდეგეებთან ჰქონდათ საქმე, რომლებიც სწორედ ამ აბჯარს ამჯობინებდნენ (ავარებთან, მადიარებთან, არაბებთან). ამ მოწინააღმდეგეებს ფრანკი მხედრები მანევრირებაში ვერ უტოლდებოდნენ, ამიტომ მათი მოძრავი კავალერიის ტაქტიკასა და შეიარაღებას ვერ ბაძავდნენ და მთელ იმედს ძლიერ პირდაპირ იერიშზე ამყარებდნენ. აღმოსავლეთის მომთაბარეთა მძლავრი ჰუნური მშვილდებიც ჯაჭვის პერანგს ადვილად ხვრეტდა. ამ მიზეზების გამო ფრანკები ამ ფრონტებზეც მძიმე შეიარაღებას ამჯობინებდნენ, მხოლოდ ესპანელმა ქრისტიანებმა აიღეს თავისი რაინდობის შექმნისას ნიმუშად არაბთა მძიმე კავალერია, რომელშიც ჯაჭვის პერანგი ყოველთვის იყო გავრცელებული. ევროპაში ადრეულ შუა საუკუნეებში ჭარბობდა საკმაოდ არქაული ტიპის აბჯრები, ძირითადად შემდეგი სახეობებისა:
1. უძველესი ფირფიტოვანი აბჯარი, სადაც ფირფიტები ტყავის ან ტილოს პერანგზე, ერთმანეთის პარალელურად იყო განლაგებული. ფირფიტები ძირითადად ოთხკუთხა ფორმისაა.
2. კერეჭსახოვანი ჯავშანი, რომელსაც ხშირად „ქერცლიანს“ ეძახიან, რადგან ფირფიტები ზემოდან ნაწილობრივ ფარავენ ერთმანეთს, რაც გარეგნულად ჰგავს თევზის კერეჭს. ამ აბჯრის კლასიკური სახე, კერეჭების მომრგვალებული ქვედა ნაპირით, ძველებურად პოპულარული მხოლოდ არაბებთან იყო, სხვაგან კი იშვიათი გახდა9. ევროპაში კი ვრცელდება სწორკუთხა ფორმის კერეჭები და აბჯარი გარეგნულად ემსგავსება ფირფიტოვან აბჯარს10.
3. ლამილარული აბჯარი, რომელზეც ფირფიტები ერთმანეთს უშუალოდ, სარჩულის გარეშე არის მიმაგრებული. შუა საუკუნეებში ჭარბობდა მისი საკმაოდ რთული ფორმები, სადაც ფირფიტები ერთმანეთს ნაწილობრივ ფარავენ. ზოგიერთი ვარიანტიკერეჭსახოვან ჯავშანს ჰგავდა, ხშირად _ თავდაყირა გადმობრუნებული კერეჭებით (ნახ. III, D).
4. ტყავის აბჯარი თითქმის მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. მისი უმარტივესი ნაირსახეობა უბრალოდ უხეშ პერანგს წარმოადგენს, მაგრამ გვხვდება უფრო დახვეწილი ვარიანტებიც, რამდენიმე დამცავი ფენით. VIII ს.-დან ჩრდილოეთ ევროპაში ვრცელდება ტყავის ჯავშანი, რომლის ზედა შრე ტყავის ქამრებისგანაა დაწნული. მაგარი ტყავისაგან გაკეთებული აბჯრის ფირფიტები, რომლებიც ლითონის ფირფიტების ფორმას იმეორებენ, ცნობილია მხოლოდ აღმოსავლეთში11, თუმცა ძვლისგან გაკეთებული ფირფიტები ევროპაშიც გვხვდება.
5. რგოლსახა ჯავშანი, სადაც რგოლები ერთმანეთს კი არ უერთდებოდა, არამედ რბილ სარჩულზე იყო მიმაგრებული, ერთმანეთს მიყოლებით (ნახ. III, A). ძალიან გავრცელდა ევროპაში XI ს.-ში. როგორც ჩანს, სწორედ ეს აბჯარი ძირითადად ასახული „ბაიოს ხალიჩაზე“ (ნახ. VIII).
XI ს. ბოლოს რგოლსახა აბჯრის მეორე გაუმჯობესებული ვარიანტი ვრცელდება, სადაც რგოლები ასხმული იყო მსხვილ მავთულებზე (ნახ. III, B). ამ ვარიანტს ზოგჯერ „ზოლიან აბჯარს“ ეძახიან. რგოლსახა აბჯარი ჯაჭვის პერანგის ნაირსახეობად ითვლებოდა და XIXს. მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ჯვაროსნულ ლაშქრობამდე ევროპაში მხოლოდ ასეთი ჯაჭვის პერანგები არსებობდა12.
6. ბოლო 3 ტიპის სინთეზის შედეგად შეიძლება წარმოვიდგინოთ სამფენოვანი ჯავშანი, რომელსაც კერეჭის ან რგოლის თითო ჰორიზონტალურ რიგზე ტყავის ზოლი ჰქონდა მიკერილი. საკმაოდ პოპულარული იყო XII-XIII სს-ში.
დანარჩენი აბჯრებისაგან უნდა გამოვყოთ მუზარადი. ადრეულ შუა საუკუნეებში ის, როგორც წესი, რკინის ფირფიტებისაგან დამოქლონილი იყო ან რკინის კარკასიან ტყავის ჩაფხუტს წარმოადგენდა. მოგვიანებით ევროპაში ისწავლეს მისი გაკეთება რკინის მთლიანი ფურცლისაგანაც. VIII-IXს.-ში მუზარადს, როგორც წესი, ნახევარსფეროს ფორმა ჰქონდა. უფრო ადრეულ პერიოდში ფრანკთა სამეფოში ზომიერად წაწვეტილი ჩაფხუტიც იყო გავრცელებული, პატარა ბურთულით ან ისრით თავზე (ნახ. V, ჩ-D), მაგრამ ადრეკაროლინგურ ხანაში დომინირებს მომრგვალებული ჩაფხუტი პატარა ფარფლებითა და ვერტიკალური თხემით კეფაზე (ნახ. V, A-B). ცალკეულ ეგზემპლარებზე დეკორატიული დეტალებია, ძირითადად რქებისა და ფრთების სახით. ეს შიდა ევროპის უძველესი ტრადიციაა, მაგრამ აღნიშნულ ეპოქაში ძირითადად მხოლოდ სკანდინავიისათვისაა დამახასიათებელი.
ჩაფხუტის კარკასი წარმოადგენს შუბის სალტეს, თავზე რკალისებურად გადაჯვარებული რკინის ზოლებით, რომლებიც ქმნიდნენ კამარის საფუძველს, რომელსაც ემაგრებოდა ტყავისაგან გაკეთებული ან რკინის მოღუნული ფილებისაგან შედგენილი მუზარადის კორპუსი (ნახ. V).
იმ ქვეყნებში, სადაც ცოცხალი იყო კელტური ტრადიციები, მუზარადს ზოგჯერ ემატებოდა კერეჭსახოვანი სამხრეული, თუმცა X ს. II ნახევრამდე სამხრეული ევროპაში იშვიათია. უფრო ხშირად ხმარობდნენ სქელი ტილოსგან ნაქსოვ, ლურსმნებით გამაგრებულ ჩაბალახს, რომელიც თავიდან თვითონ ასრულებდა მუზარადის ფუნქციას, მოგვიანებით კი იცმებოდა მუზარადის ან რკინის კაპიუშონის ქვეშ. Xს.-ში ჩნდება ცხვირის დასაცავი ფილები ან რკინის ზოლებისაგან შემდგარი ნახევარნიღაბი (ნახ. V, G-H). Xს. ბოლოს ცხვირსარიდი, რომელიც ადრეულ ნორმანულ ჩაფხუტებში მხოლოდ ჩანასახის სახით თუ არსებობდა, სრულყოფილ ფორმას იძენს (ნახ. V, ჟ), ხოლო „ბაიოს ხალიჩაზე“ (XI ს.) ის უკვე ყველა იქ ასახულ ჩაფხუტზე ჩანს.
ფარები X ს. მეორე ნახევრამდე იყო ძირითადად მრგვალი ფორმის, ამობურცული (ტყავისა) ან უფრო ხშირად ბრტყელი (ხის), თუმცა ზოგჯერ ტყავით დაფარული. მათ ამაგრებდა უმბონი, ხშირად ირგვლივი არშიაც. უმბონისა და არშიის შორის სივრცეს მთლიანი ლითონის დაფარვა არ ჰქონდა გარდა ცალკეული ბალთების და რკინის ზოლებისა (ნახ. VI, A). სწორედ ფარით დაიწყო X-XI სს.-ში ცვლილებები, რომლის შედეგად შეიქმნა რაინდული შეიარაღების კომპლექსი, რომელმაც უმნიშვნელო ცვლილებებით XIV ს.-მდე იარსება. ფარის ქვედა ნაწილი წაგრძელდა და წაიწვეტა, ზომა კი გაიზარდა ისე, რომ მეომარის მარცხენა მხარეს მთლიანად ფარავდა ცხვირიდან კოჭამდე, ხოლო თუ ის ცხენზე იჯდა, ქუსლამდეც კი (ნახ. VI, B). ამ სიტუაციაში მეომარს ძირითადად მხოლოდ შემხები და ირიბი მჭრელი დარტყმები ემუქრებოდა, რომლებისაგან ჯაჭვის პერანგი კარგად იცავდა, ამავე დროს ეს ძალიან მოხერხებული და მსუბუქი აბჯარი იყო. ამ დროიდან ჯაჭვის პერანგი მთელს ევროპაში ვრცელდება, უსწრებს სამფენოვან ჯავშანს, ხოლო აბჯრის ყველა სხვა სახეობა უკეთეს შემთხვევაში დამხმარე ქვეითი ჯარის ატრიბუტად იქცა. მრგვალი მუზარადი წაწვეტებულით იცვლება, რადგან სახის ნაწილი უკვე ფარით იყო დაფარული და თავს ძირითადად ვერტიკალური დარტყმა ემუქრებოდა. ცხვირს და სახეს იცავდა ცხვირსარიდი. კისერსა და მხრებს ფარავდა ჯაჭვის სამხრეული, სავარაუდოდ, უპირატესად ტყავის საფუძველზე ადრე აღწერილი რგოლსახე ჯავშანის ტიპისა (ნახ. V, ჟ). ჯაჭვის პერანგი შედგებოდა რგოლებისაგან, რომელთა ფორმა ყოველთვის არ იყო დახვეწილად მრგვალი. ზოგჯერ რგოლის ერთი მხარე თავისებურად გაფართოებული იყო. ამ ადგილზე რგოლის ორი ბოლო ერთმანეთს უერთდებოდა მოქლონის (ანუ „ლურსმნის“) მეშვეობით. ასეთ დამოქლონილ რგოლებს „ჭვავის მარცვლებს“ ეძახდნენ. რგოლები ჰორიზონტალურ რიგებად ლაგდებოდა. ზოგ შემთხვევაში მრგვალი რგოლებისა და მარცვლების რიგები ენაცვლებოდა (ნახ. III, ჩ). ზოგჯერ პერანგი შედგებოდა მხოლოდ „მარცვლების“ რიგებისაგან, სადაც წაწვეტილი მხარეები საპირისპიროდ იყო მიმართული. საუკეთესოდ ითვლებოდა აბჯარი, რომლის ყოველი 4 „მარცვალზე“ ერთი რგოლი მოდიოდა. უბრალო ჯაჭვის პერანგის რგოლები რკინის ფურცლისგან გამომტვრეული იყო, ძვირი ეგზემპლარებისათვის კი თითო რგოლს ცალკე ჭედავდნენ. მაინც ჯაჭვის პერანგის დამზადებაში ევროპელი მჭედლები შესამჩნევად ჩამოუვარდებოდნენ წინააზიელებს, რომლებისთვის ჯაჭვის პერანგი დამცავი აღჭურვის ძირითად კომპონენტად რჩება მთელი შუასაუკუნეების განმავლობაში. ევროპაში ხშირად ლითონიც ნაკლები ხარისხის იყო, რის გამოც ევროპელები უფრო დიდი და უხეში რგოლების გამოყენებით უმატებდნენ აბჯარს სიმტკიცეს. გარდა ამისა, მაჰმადიანები ხშირად კაზმავდნენ ჯაჭვის პერანგებს სპილენძისა და ვერცხლის რგოლებით. ამ მიზეზების გამო ევროპაში ძვირად ფასობდა ესპანური ჯაჭვის პერანგები.
ზოგიერთი რუსი მკვლევარი მიუთითებდა, რომ მაღალი ხარისხით რუსული ჯაჭვის პერანგებიც გამოირჩეოდნენ13. თუ გავითვალისწინებთ რუსეთის შედარებით მჭიდრო კონტაქტებს აღმოსავლეთთან, ეს საკმაოდ დამაჯერებელი ჩანს. კერძოდ, რუსეთში ნაკლებ სავარაუდოა ზემოთ აღწერილი რგოლსახა ჯავშნის ფართო გავრცელება ნამდვილი ჯაჭვის პერანგის ნაცვლად, რასაც ადგილი ჰქონდა ევროპაში, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთი ფოლადის ხარისხით ჩამოუვარდებოდა არა მარტო აზიურ, არამედ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასაც. ფოლადი აქ მხოლოდ X ს.-დან ჩნდება, ისიც მარტო ქალაქებში.
XI ს.-ში მახვილის ფორმაც იცვლება, ჩნდება „რომანული მახვილი“. მისი სახელურის ქუდი პარანუსის (სამხრეთის ნიგვზის) ფორმას იძენს. ვადა წვრილია და გრძელი (25სმ-მდე), კვადრატული განაკვეთით (ნახ. I, L). მახვილის პირი ზოგჯერ (ძირითადად XIII ს. ბოლოდან), წაწვეტებულ ბოლოს იძენს. კაროლინგური მახვილების მსგავსად, სახელური ზოგჯერ ფერადი ლითონებითა და ჩუქურთმებით, აგრეთვე ქრისტიანული სიმბოლიკითა და წარწერებითაა მორთული. ამ დროიდან სახელურის თავი ზოგჯერ ცარიელი კეთდება, აქ ინახება წმინდა ნაწილები, საყვარელი ქალის თმის კულულები და სხვა.
XI ს. რაინდთა ფენის საბოლოო შექმნით და რაინდული საბრძოლო ტაქტიკის ნათლად ჩამოყალიბებით ხასიათდება. ამის ერთგვარ ასახვას მთელი ევროპისთვის საერთო შეიარაღების კომპლექსის არსებობაც წარმოადგენს. ამ სფეროში ბრიტანეთი და სკანდინავია Xს. მეორე ნახევრიდან გარკვეულწილად ჩამორჩებოდნენ14, მაგრამ ნორმანთა კონტინენტური კოლონიური სამფლობელოები (ჩრდ. საფრანგეთში, სამხრეთ იტალიაში, რუსეთში), პირიქით, ამ პროცესების ავანგარდში გვევლინება15. ამ ასპექტში განსაკუთრებით საინტერესოა რუსეთი.
რუსეთის ისტორიოგრაფიის „თავის ტკივილს“ ე.წ. „ნორმანული თეორია“ წარმოადგენდა. აქ ყველა მისი ასპექტის განხილვის ადგილი არ არის, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ საბჭოთა ეპოქის ისტორიკოსების უმეტესობა ყურადღებას არ აქცევდა უამრავ ფაქტს, რომლებიც კერძოდ ადასტურებენ სიტყვა „რუსი“-ს არასლავურ წარმოშობას, აგრეთვე რუსეთის პირველი მმართველებისა და მათი შეიარაღებული რაზმების სკანდინავიურ ეთნიკურ წარმომავლობას. მაგალითად დ. ავდუსინის რედაქციით გამოსულ სახელმძღვანელოში „Археология СССР“, აქცენტი კეთდება რუსეთსა და სკანდინავიის მატერიალური კულტურის განსხვავებაზე16, მაგრამ ამ დროს XIს. რუსეთის მასალებს ადარებენ გაცილებით უფრო ადრინდელ სკანდინავიურს. ბუნებრივია, განსხვავება დიდია, რადგან რუს-ნორმანთა პირველი ტალღის შთამომავალთა სლავიზაცია აქ დასრულდა XIს. პირველ მეოთხედში. და საერთოდ, კოლონისტთა და მეტროპოლიის კულტურის პროგრესირებადი განცალკევება ჩვეულებრივი მოვლენაა. ნორმანრუსები კი, ჩვენი აზრით, ამ დროს დიდ როლს ასრულებდნენ არამარტო აღმოსავლეთ, არამედ დასავლეთ ევროპის შეიარაღებაშიც, ბიზანტიასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში ნამყოფ ნორმანთა სხვა ჯგუფებთან ერთად.
ცნობილია, რომ ფრანგიზირებული ნორმანები (ანუ „ნორმანდიელები“) სამხედრო საქმეში XI ს.-ში ერთგვარი ფლაგმანის როლს ასრულებდნენ ევროპაში. მათ სამფლობელოებში მიმდინარეობდა სკანდინავიური და კონტინენტური სამხედრო ტრადიციების შერწყმის ინტენსიური პროცესი. ვილჰელმ დამპყრობლის ჯართან შედარებით მისი ინგლისელი მოწინააღმდეგეების ჯარი უკვე „გუშინდელ დღეს“ წარმოადგენდა, თუმცა აქაც ახალი დროს დარი ჩანს. „ბაიოს ხალიჩაზე“ ასახულ ინგლისელ მეომრებს პრაქტიკულად იგივე შეიარაღება აქვთ, რაც ნორმანებს (ნახ. VIII), მათ მეფეს, ჰაროლდს მცირერიცხოვანი მხედრობაც ჰყავდა, თუმცა იმდენად სუსტი, რომ მისი ქვეით ჯართან შეერთება ამჯობინა17.
ევროპულ შეიარაღებაზე ნორმანთა ძლიერ გავლენაზე წვეტიანი მუზარადების პირობითი დასახელებაც მოწმობს – „ნორმანული მუზარადები“. ჩაფხუტის მსგავსი ფორმები ევროპაში ადრეც გვხვდება, მაგრამ მისი საყოველთაო გავრცელება ალბათ ნორმანებთანაა დაკავშირებული, თანაც, პირველ რიგში, კონტინენტურ „ნორმანდიელებთან“, რომელთანაც ის უფრო გავრცელებული იყო, ვიდრე სკანდინავიაში, სადაც ძველებური მომრგვალო ფორმის ჩაფხუტები ისევ არსებობს, ხოლო ახალი გუმბათოვანი ფორმა მხოლოდ სკანდინავიური სახვითი ხელოვნების ნიმუშებზე გვხვდება18. ეს ალბათ დანარჩენ ზემოთ აღწერილ სიახლეებსაც ეხება. ამ პროცესებში რუს-ნორმანების როლი საინტერესოდ მიგვაჩნია. ხაზარებისა და ბულგარელების მეშვეობით მათ მჭიდრო კონტაქტები ჰქონდათ ახლო აღმოსავლეთთან, სადაც მუზარადის აღნიშნული ფორმა ბრინჯაოს ხანიდანაა გავრცელებული.
ახლო აღმოსავლეთში გავრცელებული იყო აგრეთვე დრეკადი ჩაჩქანი (სამხრეული), რომელიც კისერს იცავდა, ჯაჭვის პერანგი, კავალერია კი იყო ნებისმიერი ძლიერი ჯარის ღერძი19. სვიატოსლავი, შეიძლება, პირველი ნორმანი ბელადი იყო, რომელიც პაჭანიკების, უნგრელებისა და ბულგარელების კავალერიას ასე აქტიურად იყენებდა, რამაც ის ბიზანტიის სერიოზულ მოწინააღმდეგედ აქცია. ერთ-ერთ ბრძოლაში მან თავისი მეომრები („დრუჟინნიკები“) ცხენებზე შესვა, თუმცა უშედეგოდ (მანამდე ვიკინგები და აღმოსავლეთ სლავები გადაადგილდებოდნენ ხოლმე ცხენებით, მაგრამ ბრძოლის წინ ყოველთვის ქვეითდებოდნენ). მის მეომრებს, ლევ დიაკონის მონაცემებით, 971 წელს უკვე ჰქონდათ ჯაჭვის პერანგები და გრძელი ფარები20.
ნორმან-რუსები, ცხადია, ევროპელ ნორმანებთან კავშირს არ კარგავდნენ და ზემოთ აღწერილი შეიარაღების სიახლეების საყოველთაო გავრცელებაში მათ არანაკლები წვლილი მიუძღვით, ვიდრე ბიზანტიაში ნამყოფ „ვარანგებს“ (რომლებიც ხშირად სწორედ რუსეთის გავლით მიდიოდნენ ბიზანტიაში).21 ერთ ფრანგულ მინიატიურაზე ვიკინგთა ხომალდია ასახული (ნახ. VII). მინიატურა X საუკუნისაა, მაგრამ მასზე წარმოდგენილია შეიარაღების მთელი კომპლექტი, რომელიც უფრო XI საუკუნისთვისაა დამახასიათებელი: ზომიერად წვეტიანი მუზარადები სამხრეულით, ზოგჯერ _ ცხვირსარიდითაც, ჯაჭვის პერანგები, გრძელი ფარები. შეიძლება აქ რუს-ნორმანთა ხომალდია ასახული, სკანდინავთა შეიარაღება X საუკუნის ბოლო მეოთხედამდე მაინც უფრო კონსერვატიული უნდა ყოფილიყო. XI ს.-ში, როგორც რუსი, ისევე ფრანგი ნორმანების პროგრესირებადი ასიმილაციის მიუხედავად, მათი შეიარაღება პრაქტიკულად იდენტურია. შემდგომში მათ შორის განსხვავება მატულობს. ბიზანტიასა და ახლო აღმოსავლეთთან მჭიდრო კავშირში მყოფ რუსეთში ძველებურად დომინირებს მოკლესახელოიანი ჯაჭვის პერანგი, გრძელი ფარი, რომელიც მომთაბარეთა ისრებისგან კარგად იცავდა, და წვეტიანი მუზარადები (თუმცა XII ს. ევროპაში გავრცელებული ფორმების მუზარადებიც გვხვდება). კათოლიკურ ქვეყნებში კი განვითარება თავისებურად მიდის. დღის წესრიგში დგას კიდურების დაცვა, წვეტისებური ფარი სხეულის ნახევარს იცავდა, მაგრამ მარჯვენა ხელ-ფეხი დაუცველი რჩებოდა.
აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში კიდურებს იცავდნენ სპეციალური აბჯრით, ხელნავითა და წვივსაფარით. დასავლეთში კი XII ს. მიჯნაზე დააგრძელეს ჯაჭვის პერანგის სახელოები, შექმნეს ჯაჭვის შარვალი, ცოტა მოგვიანებით _ ხელთათმანი და წინდები. ჯაჭვის სამხრეული კი ჯაჭვის ან კერეჭის კაპიუშონმა – ჰაუბერკმა შეცვალა. მის ქვემოთ იხურავდნენ სქელ ქუდს ან ჩაბალახს, ზემოთ კი – მუზარადს. იყო რამდენიმე მცდელობა თავის მარტო ჰაუბერკით დაცვისა, მაგარმ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. კუნძ. გოტლანდზე აღმოჩენილია თავის ქალები, რომლებიც შუაზე იყო გაჩეხილი ძლიერი დარტყმით ჰაუბერკთან ერთად. ამიტომ უმუზარადო ჰაუბერკი მარტო ქვეით კნეხთებში თუ არსებობდა.
მუზარადის ფორმა XIIს. დასაწყისში იცვლება. მისი გუმბათი ან „სივდება“, კვერცხისებური ხდება, ან წინ იკეცება სკვითური ქუდის მსგავსად (ნახ. V, ჟ-K). ეს კარგ დამცავ ეფექტს იძლეოდა, რადგან მუზარადის კედლები თავის ქალას არ ეხებოდა. ოდნავ მოგვიანებით, XIIს. მეორე მეოთხედში მუზარადს ემატება უძრავი რკინის ნიღაბი (ჩაჩქანი), რომელიც ნიკაპსაც იცავდა. ამ ცვლილებების მიზეზი ისევ ფარი იყო. აბჯრის დამძიმებამ მისი შემსუბუქების სურვილი გააჩინა. XIIს. დასაწყისში ფარის ზედა ნაწილი მოჭრილ იქნა. მან მიიღო სამკუთხედის ფორმა და ნიკაპს უკვე არ იცავდა.
მთლიანობაში, გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, თავიდან ევროპელ რაინდთა აბჯარი აღმოსავლეთ ევროპულზე ან წინააზიურზე მსუბუქი იყო და მხოლოდ XIII საუკუნეში გაუტოლდა მათ. აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც დამცავი აღჭურვილობის საფუძველი ჯაჭვის პერანგი იყო. თუმცა დასავლეთში იგი კიდურებსაც ფარავდა, სამაგიეროდ აღმოსავლეთში მას ხშირად უმატებდნენ ფირფიტოვან ან კერეჭიან საჭურველს (რასაც დასავლეთ ევროპაში XIIIს.-მდე თითქმის არ აკეთებდნენ), ხელფეხს კი მკლავსაფარებითა და ხელნავებით იცავდნენ, რომლებიც ჯაჭვის სახელოებზე და წინდებზე მძიმე იყო.
თანდათანობით აბჯარი მძიმდებოდა დასავლეთშიც. ამაში თავისი როლი შეასრულა როგორც სარკინოზთა მაგალითმა, ისე რაინდულ საბრძოლო იარაღში მომხდარმა ცვლილებებმა. XIII ს.-დან ჯერ იშვიათად, შემდეგ კი უფრო ხშირად გვხვდება მახვილი წაწვეტებული პირით. ზოგჯერ ის პრაქტიკულად იღებს ძალიან წაგრძელებული სამკუთხედის ფორმას, რომბისებური განივკვეთით (ნახ. I, M). მჩეხავი მახვილის მჩხვლეტავი ფუნქციაც ძლიერდება, რომელიც დომონირებულიც კი ხდება შუა საუკუნეების ბოლო ეტაპზე.
XIII ს. II ნახევარში მახვილის სახელურის ქუდის ფორმაც იცვლება. ამ დროიდან მრგვალთან მიახლოებული ფორმები ჭარბობს22, თავიდან ძირითადად დისკოსებური, მოგვიანებით კი ბურთულები, „დაწახნაგებული ვაშლები“, ბრტყელი რვაკუთხედები და სხვა. ვადა ძველებურად გრძელი და ვიწროა, ზოგჯერ – ოდნავ გაბრტყელებული და წინ წაწეული ბოლოებით (ნახ. I, N). XIII ს. ბოლოდან სახელური წაგრძელებულია. ჩნდება ე.წ.
გოთიკური ანუ „ერთნახევარი ხელის“ მახვილი. სახელურის სიგრძე უტოლდება შემკვეთის გაშლილი ხელის გულისა და მუშტის ერთად აღებულ სიგანეს. ამან, მიუხედავად პირის შევიწროებისა, გააძლიერა როგორც მჩეხავი, ისევე მჩხვლეტავი ფუნქცია, გააადვილა რაინდებში პოპულარული ფარიკაობა ორივე ხელით. ფარიკაობის ილეთები უფრო მრავალფეროვანი გახდა, თუმცა ნამდვილი დახვეწილი ფარიკაობა ევროპაში არ არსებობდა XVI ს.-მდე, როცა მახვილი დაშნად იქცა. მანამდე დარტყმები იყო
არც თუ ხშირი, მაგრამ ძალიან ძლიერი23. „ერთნახევარი ხელის“ მახვილის სიგრძე იყო 120-150 სმ. ამ მახვილით შეიარაღებული მეომარი ითვლებოდა ძველებური მახვილითა და ფარით შეიარაღებულის ტოლად. თუმცა ახალი მახვილითაც შეიძლებოდა ერთი ხელით მოქმედება, ფართან კომპლექტში, მაგრამ დიდი სიგრძის გამო ეს არც თუ მოსახერხებული იყო.
ფარი კარგავს ზოგიერთ ფუნქციას. ძირითადად ის სჭირდება ცხენოსანს, მტრის შუბისაგან დასაცავად. ქვეითად კი რაინდები ხშირად ორი ხელით ბრძოლას ამბჯობინებდნენ. ფარი ამ დროს ზურგზე ეკიდათ სპეციალურ ქამარზე. ის შემსუბუქდა, დაკარგა უმბონი და სხვა რკინის საფარი, დაპატარავდა. მის ზედა ნაწილში ზოგჯერ კეთდება სპეციალური ამონაჭერი შუბისთვის (ნახ. VI, D), სამაგიეროდ შესაძლებელი გახდა მისით აქტიური მოქმედება, ფარიკაობა. XII ს.-დან რაინდის ფარზე ჩვეულებრივ ასახულია ღერბი, თავიდან საგვარეულო ან სიუზერენისა, XIII ს.-დან კი – მისი პირადი24. XIII ს.-ში ფარის ფუნქციების შეზღუდვამ გამოიწვია აბჯრის გაძლიერება. ის გამოწვეული იყო მახვილის შეცვლითა და აღმოსავლეთიდან შემოსული შემდეგი იარაღების გაჩენით:
1. კვერთხი, ანუ გურზი („მორგენშთერნი“) – ლითონის თავიანი, როგორც წესი ქიმიანი კომბალი. აღმოსავლეთისაგან განსხვავებით, სადაც ჭარბობდა მრგვალთავიანი გურზები, დასავლეთში XIII ს.-დან მათ ხშირად წაგრძელებული, ან ცილინდრისებური ფორმის თავები ჰქონდა (ნახ. X, A-B). მის ვარიანტს წარმოადგენს კისტენი, სადაც ბირთვი ჯაჭვითაა მიმაგრებული ტარზე (ნახ. X, ჩ-F), 6 - ან 8-წვერიანი კვერთხი (ნახ. X, M), აგრეთვე ფლანდრიული გოდენდაგი _ გურზისა და შუბის ჰიბრიდი (ნახ. X, G). მეომარს ამ ტიპის იარაღისგან დრეკადი ჯაჭვის პერანგი ვერ იცავდა, რადგან მისი ძირითადი მოქმედება იყო არა ჩხვლეტა ან ჭრა, არამედ დარტყმა. გურზის ზოგიერთი ტიპით შეიძლებოდა კაცის მოკვლა სისხლისღვრის გარეშე, რის გამოც ეს იარაღი პოპულარული იყო სასულიერო ფეოდალებში, რომლებიც სისხლის არდაღვრის ფიცს დებდნენ. ასეთი, მაგალითად, იყო ძველებური მრგვალთავიანი გურზი, არც თუ მჭრელი გასწვრივი ზღუდეებით, ზემოთ აღწერილი 6-წვერიანი კვერთხის წინამორბედი (ნახ. X, M).
2. თაგი, ანუ წვეტიანი ჩუგლუგი. მისი მოქმედების პრინციპი იგივე იყო რაც ცულისა, მაგრამ მის წვეტიან წვერს დიდი სახვრეტი ძალა ჰქონდა (ნახ. X, H).
3. არბალეტი _ უძლიერესი დაზგური მშვილდი, რომელიც ტილოსავით ხვრეტდა ჯაჭვის პერანგს.
4. ფალშონი, დიდი მჭრელი დანა, ხმლისა და სეკირის ნაჯვარი (ნახ. X ჟ). ზოგჯერ მას ხმარობდნენ ხმალივით, გრძელი ტარის გარეშე.
5. ალებარდა – შუბის, ცულისა და ჩუგლუნგის ნაჯვარი (ნახ. X, ჟ-L). აბჯრის გაძლიერება მუზარადით დაიწყო. მისი კეფა ეშვება, გუმბათი კი ბრტყელდება, საპირალი ფართოვდება და სქელდება. ეს ე.წ. „ქოთნისებური“ მუზარადია, ვედროსებური ფორმის, თვალებისა და ჰაერისათვის გაკეთებული ნახვრეტებით. ამ დროს ის არსად ეხება თავს, რადგან არა მარტო ჰაუბერკის ქვეშ არის ტილოს სარჩეული, არამედ მის ზემოდაც დახურულია სქელი ქუდი (ნახ. IX, A). XIII ს. მეორე მეოთხედში ჯაჭვის პერანგს ამაგრებენ რკინის ფილებით25. არაა გამორიცხული, რომ ესეც აღმოსავლეთიდან იყოს შემოტანილი ჯვაროსნების მიერ, მაგრამ ფორმები საკმაოდ ორიგინალურია. ჩნდება „ბრიგანდინის“ ტიპის აბჯარი, რბილ სარჩულზე მიმაგრებული რკინის ფურცლებისაგან გაკეთებული. ეს იყო ძველი ფირფიტოვანი ჯავშნის იდეისკენ დაბრუნება, მაგრამ ფილები ხშირად უფრო დიდი ზომის იყო, ზოგჯერ ასიმეტრიული, თანაც გამოიყენებოდა (ქვეითი კნეხთების გამონაკლისით) ჯაჭვის პერანგთან კომპლექტში. ფილებიც, უმეტეს შემთხვევაში, სარჩულს უმაგრებდა შიგნიდან, გარედან კი მხოლოდ მოქლონების რიგები ჩანდა (ნახ. IX, A-B). ზოგჯერ ამ აბჯარს მოკლე მკერდსაფარის სახე ჰქონდა (ნახ. IX, B), ზოგჯერ კი _ გრძელი, უსახელოებო მოსასხამის 4 ჭრილით კალთაზე, თუმცა რკინით გამაგრებული მხოლოდ მისი ზედა ნაწილი იყო (ნახ. IX, A). XIIIს. ბოლოდან თვით ჯაჭვის პერანგის სუსტი ადგილებიც ფილის დამატებითაა გამაგრებული. XIIIს.-ში ვრცელდება სამუხლეები (ნახ. IX, A), ხოლო ამ საუკუნის ბოლოდან _ რკინის წინდები, საბეჭურები, სამხრეები, რომელიც ჯაჭვის სახელოებისა და წინდების ზემოთ იცმევა (ნახ. IX, B).
ფარის შემსუბუქების შემდეგ რაინდს ხშირად ერთდროულად ფარითა და მახვილით ფარიკაობა უხდებოდა. ბრძოლას მეტი დაკვირვება და ყურადღება სჭირდებოდა. ამიტომ რაინდებმა დროებით უარი თქვეს სახის დაცვაზე. ქოთნისებური მუზარადი XIII ს. ბოლოს მხოლოდ სატურნირო საჭურველად იქცა. ახალ მუზარადს ღია სახე ჰქონდა, კისერსა და ყელს ჯაჭვის ყელსაკიდი იცავდა (ნახ. IX, B). ამ ჩაფხუტის 2 ვარიანტი არსებობდა.
ცენტრალურ-ევროპული ვარიანტი წარმოადგენდა ზომიერად წვეტიან მუზარადს, ოდნავ უკან წაწეული წვეტით. იტალიაში კი ჭარბობდა მეორე ვარიანტი _ ოვალური ჩაფხუტი, ცხვირსაფრით26. მაგრამ ღია ადგილების დატოვება დამცავ საჭურველში რაინდებს არ უყვარდათ. მიუხედავად ამისა, ღია ჩაფხუტმა თითქმის მთელი საუკუნე გაძლო. ამას ისიც უწყობდა ხელს, რომ კრესის ბრძოლის შემდეგ (1346) რაინდები ხშირად იბრძოდნენ ქვეითად, რამაც დროებით შეამცირა შუბის როლი. მახვილით ბრძოლა კი მეტ დაკვირვებას მოითხოვდა. გამოსავალი XIV ს. ბოლო მეოთხედში ნახეს. გავრცელდა მოძრავი ჩაჩქანი საყრდენებზე (თუმცა ის XII ს.-ში მოიგონეს, მაგრამ მაშინ გავრცელებული მუზარადების ფორმები მის პოპულარობას ხელს არ უწყობდა, ახლა კი შესაძლებელი გახდა დაცული ან ღია სახით ბრძოლა სურვილის მიხედვით).27
ამავე დროს ცხენის აბჯარიც ვითარდება, რომლის იდეა აგრეთვე აღმოსავლეთიდან შემოვიდა. XII ს. ევროპაში ცხენებს იცავდნენ მზისა და წვიმისაგან ტილოს წამოსასხამით. მაშინვე გაჩნდა უნაგირი-სავარძელი, მაღალი კოტებით. წინა კოტა მხედრის მუცელს იცავდა, ხოლო უკანა კი მას დასაყრდენს აძლევდა შუბის დარტყმის შემთხვევაში. XIII ს.-ში ცხენის წამოსასხამი, ე.წ. „ბარდი“ ჯაჭვის პერანგისა გახდა, თავი კი დაცულ იქნა რკინის ნიღბით. შემდეგში ცხენის აბჯარი, ისევე როგორც კაცისა, ფირფიტოვანი ხდება.
ასე რომ, რაინდულ საჭურველში X-XIVსს.-ში ყველა ცვლილება შინაგანი კანონზომიერებით იყო განპირობებული. მისი ერთი ნაწილი მეორის ხარჯზე ძლიერდებოდა, თუმცა XIIIს.-ში მისი საერთო წონის ზრდა ჩანს. XIIIს. და XIV ს. პირველი ნახევარი დიდი ექსპერიმენტული მუშაობის დროა. ფარი, რომლითაც XI-XIII სს.-ში მომხდარი რაინდული აბჯრის პრაქტიკულად ყველა ძირითადი ცვლილება იწყება, XIVს.-დან თანდათანობით კარგავს წამყვანი დამცავი საშუალების როლს. ჯავშნის ევოლუცია კი XIV ს.-ში მივიდა მთლიანი რკინის ფურცლისგან გაკეთებულ მკერდსაფარის შექმნამდე, ტყავის ან ტილოს სარჩულზე, რომელსაც ჯაჭვის პერანგის ქვემოთ იცვამდნენ. XIVს. შუა ხნიდან კი მთლიანი ამობურცული რკინის ჯავშანი – კირასა ჯაჭვის პერანგის ზემოთ იცმევა, მაგრამ კაბის ქვეშ. თუ XIVს.-მდე ევროპელი მესაჭურვლეეები აზიელებთან მიმართებაში ძირითადად ნიჭიერი მოწაფეების როლში გამოდიოდნენ, ახლა მდგომარეობა იცვლება. კირასა წმინდა ევროპული გამოგონებაა, აზიაში ის ევროპის გავლენით თუ ჩნდება და შედარებით მცირე როლს თამაშობს. ევროპაში კი ის XV-XVI სს.-ში აბჯრის საფუძვლის როლს ასრულებს და სწრაფად ვითარდება, მაგრამ ეს ცალკე საკვლევი თემაა.
შენიშვნები
1. Г. Дельбрюк. История военного искусства. Т. 2. Смоленск, 2003, გვ. 13.
2. აქ იგულისხმება ანგლო-საქსური სამეფოები. კელტური ბრიტანეთი, რომელიც ცალკეულ სუბკულტურას წარმოადგენდა, ამ სტატიის მიღმა დარჩა.
3. Г. Лебедев. Эпоха викингов в Северной Европе. Л., 1985, გვ. 124.
4. А. Кирпичников. Древнерусское оружие. Л., 1971, გვ. 68.
5. Д. М. Вильсон. Англосаксы, покорители кельтской Британии. М., 2004, გვ. 122.
6. Д. Авдусин. Археология СССР. М., 1980, გვ. 159.
7. Г. Лебедев. Эпоха.., გვ. 125.
8. А. Кирпичников. Древнерусское оружие.., გვ. 10-11.
9. Д. Николле, А. МакБрайдт. Армии Мусульманского Востока. VII-XI века. М., 2003, გვ. 46.
10. А. Кирпичников. Военное дело на Руси в XIII-XV века. Л., 1976, გვ. 36-37.
11. Д. Николле, А. МакБрайдт. Армии.., გვ. 32, 40.
12. Энциклопедический словарь Российской империи под ред. Брокгауза. Т. 30. СПб, 1895, გვ. 805-806.
13. Е. Разин. История военного искусства. Т.2. СПб, 1999, გვ. 39.
14. Г. Лебедев. Эпоха.., გვ. 22-23.
15. У. Черчилль. Рождение Британии. Смоленск, 2002, გვ. 155.
16. Д. Авдусин. Археология СССР, გვ. 227-229.
17. Г. Дельбрюк. История.., გვ. 63.
18. А. Кирпичников. Древнерусское.., გვ. 24.
19. არაბთა სახალიფოში ნამდვილი რეგულარული კავალერია VIIIს. მიწურულს ჩამოყალიბდა. აზიაში, ევროპისაგან განსხვავებით მაღალკვალიფიციური ქვეითი ჯარიც ყოველთვის არსებობდა. იყო, მაგალითად, დელეიმითების ტომი, რომელიც სულ ქვეითად იბრძოდა, მაგრამ დიდი ჯარის შემადგენლობაში ის, როგორც წესი, მაინც მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა (Д. Николле, А. МакБрайдт. Армии.., გვ. 25-31).
20. История Льва Диакона Калойского. – წგნ.: История Отечества в романах, статьях, документах. Века VI-X. М., 1986, გვ. 558.
21. В. Г. Васильевский. Варяго-русская и варяго-английская дружина в Константинополе X-I пол. XIIвв. Т. I. СПб, 1908, გვ. 196-210; З. В. Папаскири. У истоков грузино-русских взаимоотношений. Тб., 1982, გვ. 29-30, 43-46.
22. Большая иллюстрированная энциклопедия древностей. Прага, 1980, გვ. 430-431.
23. იმას, რომ ფარიკაობას ევროპაში XVს. მეორე ნახევარში უკვე ჰქონდა სერიოზული წარმატებები, შემდეგი ფაქტი მოწმობს: მოსკოვის მმართველმა ივანე III-მ (1462-1505) ბრძანებით აუკრძალა მოსკოველებს სასამართლო ორთაბრძოლები უცხოელებთან. ამის მიზეზი იყო ცნობილი რუსი მეომრის ორთაბრძოლაში დამარცხება ჩამოსულ ევროპელთან, რომელიც უცნობ ილეთებს ფლობდა.
24. Большая иллюстрированная энциклопедия древностей, გვ. 442.
25. Большая иллюстрированная энциклопедия древностей, გვ. 442-444.
26. Большая иллюстрированная энциклопедия древностей, გვ. 442-444.
27. Большая иллюстрированная энциклопедия древностей, გვ. 443.
Комментариев нет:
Отправить комментарий