თ ა ვ ი I. ოსმალეთის პოლიტიკა აფხაზეთში. XVს. II ნახევარი – XVIIIს.
§1. ოსმალეთის ექსპანსია აფხაზეთში. XV ს. II ნახევარი – XVII ს.
XV ს. I ნახევარში, საქართველოს სამხრეთით, ოსმალეთის სახელმწიფო თანდათან აფართოებდა თავის ტერიტორიებს დაუძლურებულ ბიზანტიის იმპერიასთან ბრძოლაში. ბიზანტიის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლებისა და ჯვაროსნული კოალიციების დამარცხების შედეგად, ოსმალეთმა ვრცელი ტერიტორიები შემოიერთა როგორც ანატოლიაში, ისე ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და ალყაში მოაქცია ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი [89, 15]. ბიზანტიის უკანასკნელი კეისრები მხოლოდ კონსტანტინოპოლს და მის შემოგარენს ფლობდნენ. [161, 13].
1448წ. ბიზანტიის იმპერიის ტახტზე ასულმა კონსტანტინე XI, იმპერიის გადასარჩენად მოკავშირის ძიებაში საქართველოს ან ტრაპიზონის სამეფო კართან დამოყვრება გადაწყვიტა. ამ მიზნით, ტრაპიზონის იმპერიასა და საქართველოში გამოაგზავნა თავისი წარმომადგენელი და მეგობარი გიორგი სფრანძესი და დაავალა შეერჩია მისთვის საცოლე [17, 74]. გიორგი სფრანძესი პირველად საქართველოში ჩამოვიდა და საქართველოს მეფე გიორგი VIII გამართა მოლაპარაკება, რის შედეგად საქართველოს სამეფო კარი დათანხმდა დინასტიურ ქორწინებაზე. აღსანიშნავია, რომ გიორგი VIII ბიზანტიასთან დინასტიური ქორწინების პოლიტიკური და სამხედრო საჭიროებიდან გამომდინარე, ქორწინების შეთანხმებაში რამდენადმე შეუფერებელი პირობებიც კი მიიღო, რაც სასიძოს მხრიდან მზითევზე უარის თქმასთან იყო დაკავშირებული. საქართველოს მეფე დიპლომატიურად საყვედურობდა ბიზანტიის იმპერატორს, სამაგიეროდ თავისი ქალიშვილისათვის ატანდა მდიდრულ მზითევს: ,,ამას ვაკეთებთ ჩვენ, – განუმარტავდა საქართველოს მეფე იმპერატორის დესპანს, – „როგორც სამარცხვინოს... და ვაძლევ ჩემს ასულს, გარდა ტანსაცმლისა და ჭურჭლისა მისი საჭიროებისათვის, 36 ათას ფლურს და ექნება კიდევ ყოველწლიურად სამი ათასი“ [17, 80]. ბიზანტიასთან დინასტიური კავშირიდან გამომდინარე, საქართველო იღებდა ვალდებულებასაც, მომავალში ოსმალეთის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციებში მონაწილეობა მიეღო.
კონსტანტინოპოლში დაბრუნებულმა სფრანძესმა იმპერატორს ურჩია, რომ საქართველოს მეფის ასულზე დაქორწინებულიყო. იმპერატორმა მიიღო სფრანძესის რჩევა [17, 84]. ეს დინასტიური ქორწინება 1453წ. 29 მაისს კონსტანტინოპოლის დაცემის გამო არ შედგა. ოსმალებმა ქალაქი დაიპყრეს და თვით იმპერატორიც მტერთან ბრძოლაში დაიღუპა [114, 48].
კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ოსმალეთის იმპერიამ, რომელიც დაეუფლა შავის ზღვის სრუტეებს, სამხედრო ექსპანსია მიმართა შავიზღვისპირეთის ქვეყნების – ტრაპიზონის იმპერიისა და საქართველოს წინააღმდეგ. ამ ქვეყნებთან სავაჭრო კავშირი ჰქონდათ გენუელებს, რომელთაც XIIIს. უკანასკნელ მეოთხედში სოხუმში (სებასტოპოლისი), დაარსეს სავაჭრო ფაქტორია. [62, 22-25].
ოსმალეთის სულთანი მეჰმედ II ცდილობდა, შავი ზღვა „ოსმალეთის ტბად“ გადაექცია, ამიტომ მას სურდა ხელში ჩაეგდო ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ქ. კაფა, რომელიც გენუელთა უმნიშვნელოვანეს სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. აქ ოსმალეთის სულთნისა და ყირიმის ხანის ჰაჯი გირეის ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა. 1454წ. დამდეგს კონსტანტინოპოლის დამპყრობელ სულ- თან მეჰმედ II და ყირიმის ხანს ჰაჯი გირეის შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ოსმალები გენუელების წინააღმდეგ კაფაზე იერიშს ზღვიდან მიიტანდნენ, ხოლო ყირიმის ხანი კი მათ ხმელეთიდან შეუტევდა [88, 57]. ოსმალეთის სულთანი ამ მიზნის მისაღწევად აუცილებლად თვლიდა მოლდავეთისა და საქართველოს დამორჩილებას. კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ, 1454წ. ზაფხულის ბოლოს, მეჰმედ II -ს დედაქალაქ ადრიანოპოლში (ედირნე) ეახლნენ მეზობელი ქვეყნების ელჩები ძვირფასი საჩუქრებით და სულთანს მორჩილება გამოუცხადეს. საქართველოსა და მოლდავეთის წარმომადგენლები სულთანთან არ გამოცხადებულან. მეჰმედ II ამ ქვეყნების დასჯა და მორჩილებაში მოყვანა გადაწყვიტა. საქართველოსა და მოლდავეთის საზღვაო სანაპიროებზე განლაგებული იყო გენუელთა სავაჭრო ფაქტორიები. სულთანი მათზე თავდასხმით ორ მიზანს მიაღწევდა: დაიმორჩილებდა როგორც ამ ქვეყნების გამგებლებს, ასევე გენუელთა სავაჭრო ფაქტორიებს [88, 58]. კონსტანტინოპოლის დაპყრობამ ოსმალებს ნათლად დაანახა შავიზღვისპირეთის მთლიანად დამორჩილების აუცილებლობაც. შავი ზღვის სრუტეების ფლობა ოსმალეთის ხელისუფლებას მთელი შავიზღვისპირა რეგიონის დამორჩილებისაკენ უბიძგებდა. ოსმალეთის გეგმებში შედიოდა ამ მხარეში გენუელთა ვაჭრობის აღკვეთა და სავაჭრო გზების მთლიანად გაკონტროლება. ყირიმის სახანოს დამორჩილება ამ გეგმის პირველი ის ნაწილი იყო, რომ ოსმალებს ყირიმი რეგიონში გაბატონებისათვის თავის დასაყრდენად უნდა ექციათ [179, 49].
1454წ. ზაფხულის დამდეგს, 56 გემისაგან შემდგარი ოსმალეთის ფლოტი ბოსფორიდან გამოვიდა და მონკასტროზე (აკერმანი) მიიტანა იერიში, შემდეგ ოსმალებმა გეზი აღმოსავლეთისაკენ, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსაკენ აიღეს [88, 58]. 1454წ. ზაფხულში, ცხუმზე ოსმალეთის სამხედრო საზღვაო-ფლოტის იერიში იყო ოსმალეთის პირველი თავდასხმა საქართველოზე. ოსმალებმა აიღეს ქალაქი ცხუმი და ააოხრეს [89, 111]. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ოსმალებმა „აღაოხრნეს და ამოსწყვიდნეს ცხომი და აფხაზეთი და ზღვის პირნი. უკუნ იქცნენ და წარვიდნენ‘‘ [3, 284]. ოსმალებმა დაარბიეს გენუელთა სავაჭრო ფაქტორია, დაწვეს ნავსადგურში მდგარი გენუელთა ხომალდი. გენუელთა ნაწილი ტყვედ ჩავარდა, სხვებმა გაქცევა შეძლეს [123, 105].
თურქი ისტორიკოსი ფ. კირზიოღლუ, აღნიშნავს რა 1454წ. ოსმალთა მიერ სოხუმის აღებას, დასავლეთ საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის, ოსმალეთის იმპერიის ვასალიტეტის ქვეშ მოქცევას უკავშირებს კონსტანტინოპოლის აღების თარიღს – 1453წ. ფ. კირზიოღლუ ეყრდნობა 1820 წლით დათარიღებულ დოკუმენტს თურქეთის პრემიერ მინისტრის არქივიდან, რომლის თანახმად, იმავე, 1820წ. დასავლეთ საქართველოს აჯანყებულ ხალხს თავისი წინამძღოლის „დადიან-სოლომონის“ ხელმოწერით გაგზავნილ დახმარების თხოვნაში, რუსთა დამსჯელი სამხედრო ძალების წინააღმდეგ საშველად მიუმართავს ახალციხის ფაშასთვის. კირზიოღლუს მტკიცებით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ დასავლეთ საქართველო ოსმალეთის ქვეშევრდომ ქვეყნად მიიჩნევს თავს ოსმალთა მიერ კონსტანტინოპოლის აღების დღიდან. კირზიოღლუ ასევე აღნიშნავს, რომ სულთან მეჰმედ II კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ადრიანოპოლში საქართველოს მფლობელებიდან „გურიელი, მეგრელები და აფხაზები“ ეახლნენ და მორჩილება გამოუცხადეს [188, 4-5]. „დადიან-სოლომონ“-ის სახელს იმდროინდელი საქართველოს არცერთი ხელისუფალი არ ატარებდა, ეს პოლიტიკური მიზნით შედგენილ ტერმინად ჩანს. ფ. კირზიოღლუს მტკიცება, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა
1453წ. სულთანს მორჩილება გამოუცხადეს, გასაზიარებელი არ არის. ეს თუნდაც იქიდან ჩანს, რომ საქართველოს მეფე გიორგი VIII ოსმალური დესანტის განადგურების მიზნით, აფხაზეთისკენ გაეშურა, მაგრამ მტერს ვეღარ მიუსწრო. მეფემ ოსმალთა შემოსევის გამო გახიზნული მოსახლეობა დააბრუნა, სოხუმი და ციხეები გაამაგრა [3, 284]. დაბრუნდნენ ქალაქიდან გაქცეული გენუელებიც. ჯერ კიდევ 1453წ. ნოემბერში, გენუის შავიზღვისპირეთის ფაქტორიების მმართველი „წმინდა გიორგის ბანკის“ გადაწყვეტილებით, სებასტოპოლისში კონსულად დაინიშნა ჯერარდო პინელი. მან კაფაში შეიტყო სოხუმზე ოსმალების თავდასხმის შესახებ, მიუხედავად ამისა, მაინც ჩამოვიდა სოხუმში და შეუდგა თავისი მოვალეობების შესრულებას, მაგრამ ოსმალთა თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგ, 1455წ. ივლისში, გენუელები იძულებულნი იყვნენ ისევ დაეტოვებინათ ქალაქი მტრის შემოსევის შედეგად. ჯერარდო პინელი, გენუელი პროტექტორებისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ ქალაქს თავს დაესხნენ „ავოგაზები“, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ გენუელთა დატყვევება. პინელი იძულებული შეიქნა კაფაში გახიზნულიყო [123., 105-106]. „ავოგაზებში“ იგულისხმება „აფხაზები“ [109, 48]. ამ დროს „აფხაზთა“ ტომი სოხუმიდან მოშორებით მოსახლეობს. ქალაქში თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას წარმოადგენს საქართველოს მეფის ქვეშევრდომი, ოდიშის მთავარი დადიანი. სოხუმზე ამ პერიოდში დადიანის ბატონობას ადასტურებენ XVს. იტალიური წყაროები, მათ შორის საზღვაო რუკები, სადაც მდ. კელასურის შესართავთან, თანამედროვე ქ. სოხუმის შესასვლელთან, აღნიშნულია სამეგრელოს პორტი (პორტო მენგრელლო) [128, 247].
1455წ. გენუელთა მთავარი სავაჭრო ფაქტორია შავ ზღვაზე - კაფა, ოსმალეთის მოხარკე გახდა. ყირიმის ხანი ოსმალეთის სულთნის მოკავშირედ რჩებოდა. გენუელთა პოზიციები ამ რეგიონში მნიშვნელოვნად დასუსტდა, ხოლო ოსმალეთისა გაძლიერდა [88, 58-59]. ოსმალთა ფლოტის მიერ სოხუმის აღებისა და კაფის დახარკვის შემდეგ დაიწყო აფხაზ-ჯიქების ექსპანსია სოხუმის მიმართულებით. ეს არ იყო ადგილობრივი აფხაზური მოსახლეობის აჯანყება გენუელთა წინააღმდეგ, არამედ უცხო ტომის შემოსევა ალაფისა და ტყვეების მოპოვების მიზნით. ეს შემოსევა ოდიშის წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგან სოხუმი ამ დროს ოდიშის შემადგენლობაშია, შარვაშიძეები კი აფხაზთა და ჯიქთა ხელმძღვანელებად ჩანან [86, 77-79].
ოსმალთა შემოსევისა და აფხაზეთში აფხაზ–ჯიქთა ექსპანსიის დაწყების დროისათვის, XVს. II ნახევარში, თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია არ წარმოადგენდა ერთიან სახელმწიფოებრივ ერთეულს საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში. მოცემულ პერიოდში დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ქართველური ტომებით იყო დასახლებული და ოდიშის შემადგენლობაში შედიოდა. ცხუმი იყო ქართული ქალაქი და წარმოადგენდა სამეგრელოს მფლობელის ერთ-ერთ რეზიდენციას. საკუთრივ აფხაზურ ტომებსა და ჩრდილოეთით მათ მოსაზღვრე და მონათესავე ჯიქებს, აფხაზეთის საერისთავო ეკავათ, რომლის სამხრეთი საზღვარი ანაკოფიას (ახალი ათონი) არ სცილდებოდა.
XVს. 60-იან წლებში, აფხაზეთის საერისთავო, შარვაშიძეთა საგვარეულოთი სათავეში, ჩართულია საერთო-ქართულ მოვლენებში. შარვაშიძემ მხარი დაუჭირა ბაგრატ ბაგრატიონს, რომელმაც თავი იმერეთის მეფედ გამოაცხადა, და მისგან აფხაზთა და ჯიქთა მფლობელობის უფლება მიიღო [3, 806; 86, 79].
გენუელები, ოსმალთა და აფხაზ-ჯიქთა თავდასხმების მიუხედავად, კიდევ 20 წლის განმავლობაში აგრძელებდნენ სავაჭრო ურთიერთობებს საქართველოს- თან, კერძოდ ოდიშის მფლობელ დადიანთან, რომელსაც იტალიური წერილობითი წყაროები „ბენდიანის“ სახელით იცნობენ. სებასტოპოლისში გენუელთა ფაქტორიის ფუნქციონირებისა და ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები დავის საგანიც ხდებოდა ოდიშსა და გენუელთა შორის. გენუა დიდ ყურადღებას აქცევდა სებასტოპოლისის ფაქტორიის მესვეურებსა და ადგილობრივ ხელისუფალს შორის კარგი ურთიერთობების დამყარებას. 1460-იანი წლების დასაწყისში, გენუელთა და დადიანს შორის ერთი ასეთი დავის გადასაწყვეტად, გენუიდან კაფაში გაიგზავნა მოთხოვნა, რომ დაუყონებლივ მოეგვარებინათ ურთიერთობა ოდიშის მთავართან. 1465წ. ეს დავა მოგვარდა, რასაც კმაყოფილებით აღნიშნავდნენ გენუელი პროტექტორები. 1453-1475წწ. გენუელები განაგრძობდნენ ვაჭრობას საქართველოში აფხაზეთის სანაპიროსთან, თუმცა მათი უსაფრთხოება უკვე აღარ იყო სათანადოდ დაცული და გენუელი ვაჭრები ხშირად ჩიოდნენ კაფაში იმ ზიანზე, რაც მათ ქართველებთან ვაჭრობითა და ურთიერთობებით ადგებოდათ. სებასტოპოლისში გენუელებს კვლავ ჰყავდათ კონსული. 1473წ. სებასტოპოლისში გენუის კონსული ქროსტოფორო დე კანევალეა. სოხუმელი ქართველებიც ინტენსიურ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში იმყოფებოდნენ გენუელებთან. ქართველი სამხედრო საქმის სპეციალისტები, კაფის გენუელებს ყირიმის ხანისა და ოსმალთაგან თავდაცვის ორგანიზებაშიც უწევდნენ დახმარებას. გენუის „წმინდა გიორგის ბანკის“ დოკუმენტებიდან ცნობილია „სოხუმელი გიორგი“ (Gეორგიო დი შევასტოპოლი), რომელიც წლიური 6 დუკატის გასამრჯელოს სანაცვლოდ ზარბაზნებს ამზადებდა [123, 107-110]. ქართველები კაფაში ოსმალთა მიერ ქალაქის დაპყრობისა და ყირიმში გენუელთა სავაჭრო კოლონიის გაუქმებამდე იმყოფებოდნენ. 1475წ. ოსმალებმა კაფა დაიპყრეს, ხოლო ყირიმის ხანი სულთნის ვასალი გახდა [191, 512]. კაფის დაპყრობის შედეგად, გენუელთა ფაქტორია სებასტოპოლისში, რომელიც ორი საუკუნის განმავლობაში აკავშირებდა საქართველოს ევროპასთან, მოიშალა [123, 110].
ოსმალეთის პოლიტიკა, რომელიც მიმართული იყო შავი ზღვის „ოსმალეთის ტბად“ გადაქცევისაკენ, ბიზანტიის დამხობის შემდეგ სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენდა ტრაპიზონის იმპერიისთვის. ტრაპიზონის დაცემის შემდეგ კი საქართველოს რიგიც დადგებოდა. საქართველოს მეფე-მთავრებმა, რომლებიც შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს ოსმალთა ექსპანსიას შავიზღვისპირეთში, მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე შინაომისა, გადაწყვიტეს გაერთიანებულიყვნენ და რომის პაპის ინიციატივით წამოწყებულ ანტიოსმალურ კოალიციას შეერთებოდნენ. რომის პაპმა კალიქსტ III-მ, თავისი ლეგატი, მარონიტების წესის ფრანცისკანელი ბერი ლუდოვიკო ბოლონიელი, 1456წ. აღმოსავლეთის ქვეყნებში გამოაგზავნა, რათა მას მოეხდინა იქაური ქვეყნების მმართველების შეკავშირება ოსმალების წინააღმდეგ და თან გამოატანა წერილები ქრისტიან მეფე-მთავრებთან, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებთან [73, 51].
ლუდოვიკო ბოლონიელი პირველად ტრაპიზონში ჩავიდა. ტრაპიზონის კეისრის კარზე რომის პაპის გეგმას მოწონებით შეხვდნენ. ტრაპიზონის კეისარმა იოანემ გადაწყვიტა ანტიოსმალურ კოალიციაში ჩაერთო უზუნ ჰასანის აყ-ყოინლუს (თეთრბატკნიანთა) სახელმწიფო. კეისარმა, ამ მიზნით, უზუნ ჰასანს ქალიშვილი დესპინე (ეკატერინა) მიათხოვა. უზუნ ჰასანს ოსმალეთი თავის ძირითად მოწინააღმდეგედ მიაჩნდა მცირე აზიაში გაბატონების გზაზე, ამიტომ ანტიოსმალურ კოალიციას მხარი დაუჭირა [88, 61-62].
საქართველოში ჩამოსულმა ლუდოვიკო ბოლონიელმა მოლაპარაკებები გამართა დაპირისპირებულ ქართველ მეფე-მთავრებთან, ანტიოსმალურ კოალიციაში მონაწილეობის მიღებისა და ამ მიზნით გაერთიანებისათვის. ლუდოვიკო ბოლონიელმა შეისწავლა პოლიტიკური ვითარება, რომელიც ტრაპიზონსა და საქართველოში სუფევდა და დაიმედებული გაემგზავრა იტალიაში, დარწმუნებული, რომ აღმოსავლეთის ქვეყნები ჩაებმებოდნენ ანტიოსმალურ კოალიციაში.
1458წ. გარდაიცვალა პაპი კალიქსტ III და ტახტზე პიუს II ავიდა. ახალი პაპი უფრო მეტი ენერგიით შეუდგა ანტიოსმალური კოალიციისათვის მზადებას, ამიტომ პაპმა აღმოსავლეთის ქვეყნებში კიდევ ერთხელ გამოაგზავნა ლუდოვიკო ბოლონიელი, რათა მას მანტუას კრებაზე ამ ქვეყანათა ელჩები ჩაეყვანა [83, 88]. საქართველოში ამ დროს ფეოდალური შინააშლილობა ძალას იკრებდა. მეფე გიორგი VIII, ყვარყვარე ათაბაგი და იმერეთის ერისთავი ბაგრატი ერთმანეთს ებრძოდნენ. ლუდოვიკო ბოლონიელის შუამავლობით და ოსმალთა მხრიდან მომავალი საფრთხის შეგნებით, ქართველები გაერთიანდნენ. გაერთიანების საფუძველი მხოლოდ რომის პაპის მოწოდება არ ყოფილა. საქართველოს მეფე-მთავრები უკიდურესად შეაშფოთა 1454წ. სოხუმზე ოსმალთა თავდასხმამ. ისინი ხვდებოდნენ, რომ ევროპასთან და უზუნ ჰასანთან მძლავრი ანტიოსმალური კოალიციის შეკვრა საქართველოს ოსმალთაგან მომდინარე საფრთხეს აარიდებდა, ამიტომ საქართველოს პოლიტიკურმა მესვეურებმა შინაომები შეაჩერეს და ლუდოვიკო ბოლონიელის მეცადინეობით დაზავდნენ კიდეც. ლუდოვიკო ბოლონიელმა არა მარტო შეაჩერა შინაომი საქართველოში, არამედ ფიცით შეაკავშირა ქართველი მეფე-მთავრები, რომ საერთო მტრის – ოსმალეთის წინააღმდეგ ძალები გაეერთიანებინათ [73, 57; 89, 118-119].
ივანე ჯავახიშვილმა დაადგინა ქართველ მეფე-მთავართა სია, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს მონაწილეობა მიეღოთ ანტიოსმალურ კოალიციაში: საქართველოს მეფე გიორგი VIII, სამცხის ათაბაგი ყვარყვარე II, სამეგრელოს მთავარი ბედიანი, გურიის მთავარი მამია, ანაკოსიის (აფხაზეთის) მთავარი რაბია (ფაბია). ზოგიერთი დოკუმენტის მიხედვით კოალიციაში მონაწილეობას იღებდა ქუთაისის (იმერეთის) მეფე ბაგრატიც. ანტიოსმალურ კოალიციაში საქართველოს წილად მეფე-მთავრებს თავიანთი სამხედრო ძალები გამოჰყავდათ. გიორგი მეფე გამოიყვანდა ჯიქებისა და ალანების დაქირავებულ რაზმებსაც [115, 294-296; 73, 54-60]. აფხაზეთის ერისთავი შარვაშიძე, ჩანს უზრუნველყოფდა ქართველთა ლაშქრის შევსებას აფხაზთა და ჯიქთა რაზმებით, ამასთან იგი უშუალოდ მეფის
დროშის ქვეშ აპირებდა ბრძოლას. აფხაზეთის ერისთავი კოალიციაში შედიოდა მისი მოკავშირე და მორჩილი წარჩინებულებით. ტრაპიზონის კეისრის წერილში ბურგუნდიის ჰერცოგისადმი, ანტიოსმალური კოალიციის წევრებად დასახელებულია ბენდიანი სამეგრელოს მეფე, რაბია მისი ძმებითა და ბარონებით. აქვე ნახსენებია ჯიქთა და ალანთა ლაშქარი, რომელნიც თანახმანი იყვნენ საქართველოს მეფის დროშის ქვეშ გამოსულიყვნენ [83, 130].
ლუდოვიკო ბოლონიელი საქართველოდან ევროპაში 1460წ. დამდეგს გაბრუნდა. მას თან ახლდნენ საქართველოს მეფის, ათაბაგის, ტრაპიზონის კეისრის, უზუნ ჰასანისა და კილიკიის სომხეთის სახელმწიფოს ელჩები. ელჩებმა შეხვედრები გამართეს რომის პაპთან და ევროპის ქვეყნების მეფე-მთავრებთან, მაგრამ ანტიოსმალური კოალიციის შექმნა ჩაიშალა, რადგან ევროპელმა ხელისუფლებმა მასში მონაწილეობაზე უარი თქვეს [191, 512; 83, 140].
ანტიოსმალური კოალიციის ჩაშლამ საქართველოს შინაპოლიტიკური ვითარება უკიდურესად გაამწვავა და ქვეყნის დაშლაც შეუქცევადი გახადა. იმერეთის ერისთავმა ბაგრატმა, ყვარყვარე ათაბაგის წაქეზებით იმერეთის მეფობისათვის ბრძოლა გააჩაღა და დადიანის, გურიელის, შარვაშიძისა და გელოვანის მხარდაჭერით, რომელთაც გამარჯვების შემთხვევაში „განთავისუფლებას“ შეპირდა, 1462წ. ჩიხორის ბრძოლაში დაამარცხა მეფე გიორგი VIII. ქუთაისში ბაგრატს ეახლნენ „დადიან-გურიელ-აფხაზნი და სვანნი“ და იმერეთის მეფედ აღიარეს. ერისთავებმა ბაგრატისგან შეპირებული პრივილეგიები მიიღეს და სამეფო ხელისუფლების წინაშე, მხოლოდ ომის შემთხვევაში, ლაშქრის გამოყვანისა და ფორმალური, ვასალური დაქვემდებარების ვალდებულება აიღეს. იმერეთის მეფე ბაგრატმა ქართლის ტახტი დაიკავა და თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა. გიორგი მეფე კახეთში გადავიდა და კახეთის მეფობას დასჯერდა. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გაიმარჯვა სამცხის სამთავრომ [78, 739-740].
1475წ. ოსმალებმა ყირიმის სახანო დაიმორჩილეს და იტალიელთა სავაჭრო კოლონიების გაუქმებას შეუდგნენ. ოსმალებმა დაიკავეს ყირიმის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო ზოლი, კაფას ჩათვლით, აზოვის ზღვის სანაპირო და ქალაქი აზოვი (ტანა). რეგიონის მთელი ვაჭრობა ოსმალეთის ხელში გადავიდა. ყირიმის ხანი ოსმალეთის სულთანის ვასალი გახდა და მას უშუალოდ სულთანი ამტკიცებდა ტახტზე. ყირიმის ხანები, ძლევამოსილი ოსმალეთის სულთნის მხარდაჭერით, უმნიშვნელოვანეს ძალად იქცნენ და მომდევნო სამი საუკუნის განმავლობაში, საქართველოს მოსაზღვრე შავიზღვისპირეთის რეგიონსა და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში, პოლიტიკური და სამხედრო თანაფარდობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდნენ.
1484წ. ოსმალებმა აკერმანი დაიკავეს და საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისაკენ გასასვლელი საზღვაო გზაც გადაუკეტეს. XVს. დამლევისათვის შავიზღვისპირეთი, საქართველოს სანაპიროს გამოკლებით, ოსმალთა ხელში გადავიდა. ოსმალებმა უცხოეთის გემებისათვის შავ ზღვაში შემოსვლისთვის სპეციალური ნებართვა, საბაჟო გადასახადი და ოსმალეთის დროშის ქვეშ ნაოსნობის ვალდებულება დააწესეს. შავ ზღვაზე ვაჭრობის მნიშვნელოვან დარგად კვლავ რჩებოდა ტყვეებით ვაჭრობა [88, 66-67].
ოსმალეთის ქვეშევრდომი ყირიმის ხანი, ჩრდილოეთ კავკასიის ტომებს საქართველოს წინააღმდეგ აგულიანებდა. ასე ჩაეყარა საფუძველი ქართულ წყაროებში „ჯიქების“ სახელით ცნობილი აბაზური ტომის ექსპანსიას აფხაზეთში [89, 38]. XVს. 70-იანი წლებისათვის, პირველად გამოჩნდა ქართული სამყაროსაგან აფხაზთა გაუცხოების კვალი, რაც ,,მცნებაი სასჯულოში‘‘ შემდეგნაირად არის აღწერილი: „აფხაზეთი ქრისტეანობისაგან სრულიად მიდრეკილ იყუნეს, ქრისტეს მცნებათაგან განშორებულ იყუნეს“ [22, 222].
„აფხაზთა მიდრეკა ქრისტეანობისგან“ გამოწვეული იყო საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის დასუსტებითა და დაშლით, ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ქართული, ქრისტიანული ცენტრალური ხელისუფლების მოშლით. აფხაზთა ერისთავი შარვაშიძე, ანტიოსმალური კოალიციის შექმნის პროცესში მხარს უჭერდა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი VIII, მაგრამ ანტიოსმალური კოალიციის წარუმატებლობისა და ერთიანი ქვეყნის დაშლის შემდეგ, აფხაზთა ერისთავი და მისი საგამგებლო, მეზობელი მთიელების შემოსევებს ვერ უმკლავდება და მათი სამხედრო-პოლიტიკური და ეთნიკურ-კულტურული გავლენის ქვეშ ექცევა. აფხაზეთში თანდათან ქრება ქრისტიანობა, რადგან ჩამოსახლებული მთიელები ვერ ითვისებენ ქრისტიანობას, ისევე როგორც ფეოდალურ მეურნეობასა და სოციალურ წყობას. [63, 614].
XVI ს. პირველი მეოთხედის ერთი ოსმალური წყაროს ცნობით, ოდიშ-აფხაზეთის საზღვარი მდ. ფსირცხაზე (ახალ ათონთან, ანაკოფიასთან) გადის. ამ წყაროს ცნობით, გურიის ,,იქით სოხუმამდე დადიანის ქვეყანაა. იგი (სოხუმი) ძველ დროში ნავსადგური ყოფილა. მასთან ეშვება იალბუზის მთის კალთა. ამას იქით არის აფხაზეთის ქვეყანა. მთებს უკან მდებარეობს ჩერქეზეთის ქვეყანა და ლეკისტანი დარუბანდამდე‘‘ [8, 57]. ანაკოფიიდან გაგრის ვიწროებამდე „აფხაზეთის ქვეყანა“ – აფხაზეთის საერისთავო მდებარეობდა, რომლის ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ტერიტორიები ჯიქთა ტომს ეკავა. ოსმალური წყაროები ადიღეურ და აბაზურ ტომებს „ჩერქეზების“ სახელით იხსენიებდნენ.
XVI ს. ოდიშის სამთავრო ძლიერ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ქ. სოხუმი და ჩრდილოეთით საზღვარი მდ. ფსირცხაზე გადიოდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აფხაზეთი ოდიშთან ვასალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა [119, 27-28].
XVI საუკუნიდან, ოსმალთა აგრესიის ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენდა აფხაზეთსა და ოდიშზე ჯიქების მარბიელი ლაშქრობების წაქეზება და ორგანიზება. ოსმალეთმა ყირიმის სახანოში გაბატონებასთან ერთად ანაპა დაიკავა და ამგვარად დასავლეთ კავკასიაში ექსპანსიისათვის მნიშვნელოვანი ბაზა შეიქმნა. ამ დროიდან კავკასიელი მთიელების დასავლეთ საქართველოზე თავდასხმების მიზანი მხოლოდ ძარცვა და ნადავლი ტყვეების გაყიდვა არ იყო [89, 38]. ოსმალთა მხარდაჭერით იწყება დასავლეთ კავკასიის მთის ტომების ჩამოწოლა აფხაზეთში და ბრძოლა აქ ტერიტორიების დასაკუთრებისათვის. საპასუხოდ, ქართველები ოსმალეთის იმპერიის მოსაზღვრე პროვინციებს არბევდნენ. ფ. კირზიოღლუს მოჰყავს ოსმალური საარქივო დოკუმენტი, რომლის მიხედვით ,,ტყვეთა სყიდვის მიმდევარი, მეკობრე აფხაზებისა და დადიან–მეგრელებისგან‘‘ ტრაპიზონის ვილაიეთის სანაპიროების დასაცავად, სულთან სელიმ I მიერ, 1516წ. გამოიცა ბრძანება, რითაც ხოფის მოსახლეობას მეკობრეებისგან თავდასაცავად განსაკუთრებული ღონისძიებების მიღება დაევალა [188, 11-12].
1533წ. იანვარში, ჯიქების მოწოლის შესაჩერებლად, მამია III დადიანმა და მამია I გურიელმა, იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის მხარდაჭერით, ჯიქეთში ლაშქრობა მოაწყვეს. ჯიქებთან ბრძოლაში პირველ დღეს გაიმარჯვეს ქართველებმა, მაგრამ მეორე დღეს დამარცხება იწვნიეს [3, 811]. ბრძოლაში დაიღუპა მამია დადიანი. „ომისაგან დაღალულნი“ ქართველები, საძების წინამძღოლის, ცანდია ინალიფას ვერაგობით ჯიქებს ტყვედ ჩაუვარდნენ. აფხაზეთის კათალიკოსმა მალაქია I აბაშიძემ, ქართველი ტყვეები, მათ შორის გურიელი, და მიცვალებულთა ცხედრები ჯიქთაგან დიდი საფასით გამოიხსნა [25, 42].
საქართველოში მძვინვარე შიდააშლილობის პარალელურად, სულ უფრო მძიმდებოდა ქვეყნის საგარეო ვითარება. ირანთან დაპირისპირებაში ოსმალეთი საქართველოს ჩათრევასაც ცდილობდა. თურქი ისტორიკოსი ჰალილ ინალჯიკი აღნიშნავს, რომ 1514წ. ოსმალეთმა ირანიდან აბრეშუმის შემოტანა აკრძალა, მაგრამ ნებადართული იყო ქართული აბრეშუმის შემოტანა, რომელიც ოსმალეთში სოხუმიდან შემოდიოდა. [184, 282].
საქართველოს ორი დიდი მეზობლის დაპირისპირება 1555წ. ამასიის ზავით დამთავრდა. ამ ზავით ოსმალეთმა და ირანმა საქართველო შუაზე გაიყვეს. ამ პერიოდისთვის ძლიერდება ჯიქების თავდასხმები აფხაზეთსა და ოდიშზე. XVI ს. შუახანებში, მათი თავდასხმების შედეგად, აფხაზეთის კათალიკოსის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში იქნა გადატანილი [86, 82].
ლევან I დადიანი, 1554წ. რიონის შესართავთან ოსმალების ოდიშში შემოსვლას წინ აღუდგა, მაგრამ მალე იძულებული გახდა, ჯიქთა წინააღმდეგ ისევ ოსმალეთისთვის ეთხოვა დახმარება. 1557წ. თებერვალში ლევან დადიანი სტამბოლში ჩავიდა. დადიანი ოსმალეთის სულთანთან „სამეგრელოს მეფის“ ტიტულით იქნა მიღებული. დადიანის სულთნის კარზე ყოფნის მიზნის შესახებ უცხოელი დიპლომატების მიმოწერაში აღნიშნულია, რომ ის სულთანთან სამხედრო კავშირის დასამყარებლად ჩამოვიდა სპარსეთის წინააღმდეგ. დადიანმა ითხოვა, რომ ოსმალეთი ხომალდებით დახმარებოდა ჯიქთა წინააღმდეგ. დადიანმა სულთნისაგან ჯიქების წინააღმდეგ საბრძოლველად ექვსი სამხედრო ხომალდი – გალერა მიიღო [95, 76-77; 80, 150].
ოდიში, ამ ვიზიტის შედეგად, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქნა აღიარებული ოსმალეთის მიერ. დადიანმა სულთნის უზენაესობა ცნო და თავისთავს „ხელმწიფე-დადიანი‘‘ უწოდა, რასაც სამეგრელოს სამთავროს იმერეთისგან სრული დამოუკიდებლობისათვის უნდა გაესვა ხაზი. დადიანს, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე შიდადაპირისპირებაში, სულთნის მხარდაჭერა იმერეთის მეფის წინააღმდეგაც სჭირდებოდა. ოდიშის მთავარმა, ახალი ენერგიით დაიწყო ბრძოლა მეზობლებთან. დადიანმა გადაიმტერა გურიელი და იმერეთის მეფე, მათთან ბრძოლაში დასუსტებულმა კი 1560-იანი წლების ბოლოს ისევ სულთანს თხოვა დახმარება, საიდანაც ტრაპიზონისა და არზრუმის საფაშოების ჯარი მიიღო. გურიელმა ოსმალების ძლიერ ჯართან შებრძოლება ვერ გაბედა და დადიანთან მორიგება არჩია [3, 816].
ლევან I დადიანი თავისი მთავრობის მიწურულს ოსმალეთს აუმხედრდა და საზღვრისპირა პროვინციების რბევა დაიწყო. კირზიოღლუს მოჰყავს ოსმალური საარქივო მასალა, რომლის მიხედვით, 1571წ. ივნისში „დადიანმა და მისმა შვილებმა“ 15 ხომალდით ორჯერ დაარბიეს ბათუმის სანჯაყი, არხავის, გონიოს და ათინეს თემები და ტყვეები წამოასხეს‘‘ [188, 13-14]. თურქი ისტორიკოსი ჰანეფი ბოსტანი იმოწმებს ოსმალურ დოკუმენტს, რომლის თანახმად, იმავე წელს, აფხაზთა გემები თავს დაესხნენ გონიოსა და მის შემოგარენს, აიკლეს იქაურობა და ნადავლითა და ტყვეებით გაბრუნდნენ [177, 386].
ოსმალეთის ხელისუფლებამ, ქართველების თავდასხმების აღსაკვეთად განსაკუთრებულ სამხედრო ღონისძიებებს მიმართა. საქართველოს მოსაზღვრე პროვინციებს სასტიკად აეკრძალათ ქართველებთან იარაღით ვაჭრობა, გაიცა ბრძანება „ქართველ მეკობრეთა სანაპიროებზე‘‘ საზღვაო დესანტის გადმოსხმისა და მათი თავშესაფრების განადგურების შესახებ. 1571წ. გონიოს და ტრაპიზონის სანჯაყებიდან სამეგრელო-აფხაზეთში, სამხედრო ფლოტით სადამსჯელო ექსპედიცია გაიგზავნა [188, 14].
1578წ. ოსმალეთსა და ირანს შორის ახალი ომი დაიწყო. ოსმალეთის სულთანმა მურად III, ირანთან ომის პირობებში ჩრდილოეთკავკასიის მიმართულების დაცვის მიზნით, სოხუმში ოსმალური ადმინისტრაციული ერთეულის – საბეგლარბეგოს შექმნა გადაწყვიტა. აფხაზეთის ნაპირებისკენ 5 გალერისაგან შემდგარი ოსმალური ესკადრა გაიგზავნა. სოხუმის ბეგლარბეგად დანიშნულმა ჰაიდარ ფაშამ 1578წ. ზაფხულში ქალაქი დაიკავა [188, 14; 89, 124]. სოხუმის საბეგლარბეგო 1578წ. სექტემბერში დაარსდა. თურქი ისტორიკოსი მ. სადიკ ბელგე აღნიშნავს, რომ თუმცა სოხუმის ბეგლარბეგი ჰაიდარ ფაშა ოსმალურ წყაროებში ჩერქეზად იხსენიება, სინამდვილეში ის აფხაზური წარმოშობისა იყო და სოხუმში დანიშვნამდე ბათუმის სანჯაყბეგის თანამდებობაზე იმყოფებოდა. სოხუმში ბეგლარბეგად დაწინაურებულმა ჰაიდარ ფაშამ სულთნისაგან გასამრჯელოდ 800 ათასი აკჩა მიიღო [174, 217]. 1578წ. სექტემბერში, ამიერკავკასიაში ოსმალეთის არმიის მთავარსარდლის ლალა მუსტაფა ფაშას მიერ სტამბოლს გაგზავნილ მოხსენებით ბარათში, კავკასიაში დაპყრობილი ქვეყნებისა და მხარეების ჩამონათვალში, სოხუმის საბეგლარბეგო რიგით მეოთხეა. სოხუმში საბეგლარბეგოს შექმნა, დასავლეთ საქართველოს მიმართულებაზე კონტროლის განმტკიცების საშუალებას წარმოადგენდა [180, 578].
1580წ. თებერვალში, სულთნის კარზე განიხილეს ჰაიდარ ფაშას მიერ სოხუმიდან გამოგზავნილი თხოვნა, სადაც სოხუმის ბეგლარბეგი, ოსმალეთის სამხედრო სამსახურში გაწეული ღვაწლის გამო, მამულს მოითხოვდა. გაზაფხულისთვის ჰაიდარ ფაშა სოხუმიდან გამოწვეულ იქნა, მაგრამ ოსმალეთი უფრთხილდებოდა ჰაიდარ ფაშას გავლენას აფხაზებსა და ჯიქებზე და საჭიროების დროს ისევ მას მიმართავდა რჩევა-დახმარებისათვის [188, 20]. საქართველოში ოსმალთა სარდალმა სინან ფაშამ, სოხუმში და ბათუმში თავისი ბეგლარბეგები გაამწესა. [93, 113]. სინან-ფაშას მონდომების მიუხედავად, ოსმალებმა 1580წ. შემოდგომისთვის სოხუმის ციხე დატოვეს და სოხუმის საბეგლარბეგომაც არსებობა შეწყვიტა. მისი ტერიტორია ბათუმის (ტრაპიზონის) ოლქის გამგებლობას მიეკუთვნა [188, 19; 174, 217]. ოსმალებმა დასაყრდენ პუნქტად სოხუმის ნაცვლად ფოთი აირჩიეს, სადაც ოსმალეთის ფლოტის ადმირალმა კილიჩ ალი ფაშამ, 1579წ. რიონის შესართავთან ფოთის ციხე ააგო და ფოთის საადმირალო დააარსა [188, 20]. კილიჩ ალი ფაშას წერილში მუსტაფა ლალა ფაშასადმი აღნიშნულია, რომ ციხის მშენებლობაში მას დახმარება დადიანმა და გურიელმა აღმოუჩინეს [180, 41].
XVI ს. 80-იანი წლებიდან, ოსმალებს შავ ზღვაზე მრისხანე მეტოქე გამოუჩნდა დონის და ზაპოროჟიეს კაზაკების სახით. ისინი მუდმივად თავს ესხმოდნენ, არბევდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ ოსმალთა სანაპირო პუნქტებს. ამიტომ ოსმალებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ფოთის ხის სიმარის ადგილზე ქვის ციხის აშენებას. რადგან ადგილობრივ პირობებში ქვა ვერ მოიპოვეს, 1581-1582 წლებში, 50 დიდი ხომალდით მოზიდეს სამშენებლო ქვები ფოთის ციხის ასაშენებლად ოსმალეთის პროვინციებიდან [188, 20].
XVIს. მეორე ნახევარში, ოსმალეთის ხელისუფლებამ, ოდიშის სამთავროსა და თავის ვასალ ყირიმის სახანოს შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების რეგულირება მოახდინა. ჰიჯრის 979 წლით (1542-1543წწ.) დათარიღებულ დოკუმენტში „სულეიმან I წესდება კაფის ლივასათვის‘‘ რომელიც კაფის საბაჟო წესდებას წარმოადგენს, დადგენილია სოხუმიდან აბრეშუმისა და ბრინჯის შემომტანი ვაჭრებისათვის დადგენილი საბაჟო გადასახადი. დაწესებული იყო გადასახადი სოხუმიდან შემოყვანილ მონებზე, ამასთან ხაზინის სასარგებლოდ გადასახადს მონის მყიდველიც იხდიდა [123, 125].
XVI ს. დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური ერთეულებისათვის საზღვაო ვაჭრობას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველოში საყოფაცხოვრებო საქონელთან ერთად ოსმალეთიდან და მისი ვასალი ყირიმის სახანოდან იარაღიც შემოდიოდა, რაც ოსმალეთის ხელისუფლებას აიძულებდა მკაცრი სანქციებისათვის მიემართა. ოსმალეთი შიშობდა, რომ ქართველი მეფე-მთავრები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ფორმალურად აღიარებდნენ სულთნის სუზერენობას, ოსმალეთისგანვე მიღებული იარაღით ისარგებლებდნენ და ამ ფორმალური მორჩილებიდანაც გამოვიდოდნენ. 1571წ. დადიანის თავდასხმების შედეგად, ოსმალებისგან დასავლეთ საქართველოს სანაპიროზე დაწესებული საზღვაო ბლოკადისგან ქართველები საგრძნობლად ზარალდებოდნენ, თუმცა ახერხებდნენ ამ ბლოკადის გარღვევასაც, რაშიც თვით ოსმალური ხომალდების კაპიტნები უწყობდნენ ხელს. იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა ძირითადად გონიოდან შემოდიოდა. 1572წ. დადიანმა 9 ხომალდი გამოყო ოსმალეთიდან იარაღის შემოსაზიდად [188, 410].
1573წ. სულთნისაგან სპეციალური ნებართვის მიღების გარეშე, სასტიკად აიკრძალა სამეგრელოსა და აფხაზეთში სავაჭრო გემების გაგზავნა. მკაცრი სანქციების მიუხედავად, ოსმალების კონტრაბანდული ვაჭრობა საქართველოსთან მაინც გრძელდებოდა. 1574წ. მაისით არის დათარიღებული ბრძანება გონიოს (ბათუმის) სანჯაყ-ბეგისადმი, სადაც აღნიშნულია, რომ ოსმალეთის ხელისუფლებამ მიიღო ცნობა აფხაზეთის, სამეგრელოსა და ჩერქეზეთის მიმართულებით თოფისწამლით, თოფებით და ხმლებით („გორდა“) დატვირთული რვა ხომალდის გამგზავრების შესახებ. სანჯაყ-ბეგს ებრძანა დაეკავებინა ეს ხომალდები და უმაღლესი მითითების გარეშე არ გაეტარებინა. მკაცრი სანქციების პირობებში, ყირიმის ხანიც იძულებული შეიქნა სოხუმში გემის გასაგზავნად ნებართვა სულთნის კარისაგან გამოეთხოვა. ყირიმის ხანი სოხუმში გემს შევარდნებისა და სხვა სანადირო ფრინველების შესაძენად აგზავნიდა. ყირიმის ხანმა 1577წ. სულთნისაგან მიიღო ნებართვა შეესყიდა აფხაზეთში სანადირო ფრინველები. ხანს ნება ეძლეოდა სოხუმში შევარდნებზე გასაცვლელად მარილი, ქსოვილები და ტყავის ნაწარმი ჩაეტანა [188, 14-17].
საზღვაო ბლოკადამ, რომელიც 1578 წლამდე, სოხუმის ოსმალთა მიერ დაკავებისა და აქ საბეგლარბეგოს დაარსებამდე გასტანა, არამარტო საქართველოს პოლიტიკური ერთეულები, არამედ ქართველებთან მოვაჭრე ყირიმის სახანოც დააზარალა. 1573წ. სტამბოლიდან კაფის ბეისადმი გაგზავნილ ბრძანებაში ნათქვამია: „მივიღეთ თქვენი წერილი, რომ რამდენიმე წელია აკრძალული გაქვთ გემების გაგზავნა სოხუმის ვილაეთში, (ვილაეთი – ოსმალური ოლქი, ზ.წ.) საიდანაც სათევზაო ბადეები შემოგქონდათ. დიდ ზარალს ნახულობენ ამ სათევზაო ბადეებს მოკლებული მებადურები. იმის გამო, რომ არ შემოდის ბადეები სოხუმის ვილაეთიდან, მცირდება ხაზინის შემოსავალი. აუცილებელია ბადეების შემოტანისათვის იმ მხარეს გემების გაგზავნაზე ნებართვის მიღება. რადგან ჩვენ შევისმინეთ თქვენი თხოვნა, გაძლევთ უფლებას ამ ბრძანების მიღებისთანავე გააგზავნოთ ერთი გემი იმ ვილაეთიდან ბადეების შემოსატანად, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ ამ საბაბით თქვენს შორის იარაღის ყიდვა-გაყიდვა არ მოხდეს‘‘ [188, 410]. ოსმალეთი საქართველოსთან ვაჭრობაზე ემბარგოს მიმართავდა, როგორც სამხედრო-პოლიტიკური დიქტატის იარაღს. ირან-ოსმალეთს შორის 1603-1612წწ. მიმდინარე ომის შემდეგ, ოსმალეთმა გადაწყვიტა დასავლეთ საქართველოზე კონტროლის აღდგენა და ამჯერადაც შავი ზღვის სანაპიროს ბლოკადას მიმართა. ბლოკადამ, განსაკუთრებით კი მარილისა და რკინის შემოზიდვის აკრძალვამ, მოსახლეობა მძიმე დღეში ჩააგდო.
1614-1615წწ. ოდიშისა და გურიის მთავრები ოსმალეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. მამია II გურიელმა 1614წ. ბათუმში ხელი მოაწერა საზავო ხელშეკრულებას და ხარკის გადახდა იკისრა, ლევან II დადიანმა კი ოსმალეთთან საზავო ხელშეკრულებას 1615წ. თავის რეზიდენციაში, სოფ. მერკულაში (თანამედროვე ოჩამჩირის რაიონი) მოაწერა ხელი [94, 46]. სამეგრელოსა და გურიის გარდა, ოსმალეთის მოხარკე ქვეყნად ითვლებოდა იმერეთი. როგორც ვასალურ დამოკიდებულებაში მყოფი მხარე, ოსმალეთს სულადობრივ გადასახადს „ხარაჯას“ უხდიდა აფხაზეთიც [120, 273]. ამ დროისათვის აფხაზეთი, ხარკს უხდის ოსმალეთის სულთანს, როგორც დამოუკიდებელი ერთეული, რადგან აფხაზეთს ოსმალეთი ცალკე ქვეყნად აღიარებდა. ახალი პოლიტიკური ვითარება აფხაზეთში XVIIს. 10-იან წლებში შეიქმნა, როდესაც აფხაზებმა ისარგებლეს ოდიშის სამთავროში შექმნილი რთული შიდაპოლიტიკური ვითარებითა და მთავრის მცირეწლოვნებით, გათავისუფლდნენ დადიანისადმი ვასალური დამოკიდებულებისაგან და აფხაზეთის სამთავრო ჩამოაყალიბეს ცენტრით ზუფუში (ლიხნი) [119, 28; 64, 288].
ლევან II დადიანი, თავისი მოღვაწეობის პირველ ეტაპზე, აფხაზეთის მთავართან მოკავშირეობას აღრმავებდა. ამ მიზნით აფხაზთა მთავრის სეტემან შარვაშიძის ასული დარეჯანი შეირთო. ლევან დადიანს ეს დინასტიური ქორწინება აფხაზ-ჯიქთა ლაშქრით სარგებლობისათვის სჭირდებოდა, მაგრამ 1622წ. ეს კავშირი დაირღვა. დადიანმა შარვაშიძის ასულს ცოლქმრულ ღალატში დასდო ბრალი, სასტიკად დასაჯა, რის შემდეგაც აფხაზთა მხარეს შეესია, ცოლი იქ დატოვა, მოარბია აფხაზეთი და ოდიშში გამობრუნდა [10, 16-19]. XVII ს. 50-იან წლებში, საზღვარი ოდიშსა და აფხაზეთის სამთავროს შორის უკვე მდ. კელასურზე გადიოდა, სადაც ლევან დადიანის ბრძანებით აიგო სიმაგრეთა სისტემა და გაივლო საზღვარი აფხაზეთთან [124, 209].
აფხაზეთის მოსახლეობა XVს. მეორე ნახევრიდან განიცდიდა მთის ტომების ჩამოწოლას, რამაც განსაკუთრებით მძიმე ხასიათი მიიღო ოსმალეთის იმპერიის მიერ ყირიმის სახანოს დაპყრობისა და აფხაზეთში ჯიქების, აბაზური და ჩერქეზული ტომების შემოსევების წაქეზებისა და მხარდაჭერის შედეგად. მთიელთა ლაშქრობებს თან ახლდა მათი ჩამოსახლება. ადგილობრივმა მოსახლეობამ დაკარგა თავისი ეთნიკურ_კულტურული სახე, ქართველობის ნაწილი შეერია მომხვდურებს, ნაწილი მათთან ბრძოლაში დაიღუპა, ნაწილი გადაიხვეწა.
XVIIს. აფხაზეთში მხოლოდ წარჩინებულმა წოდებამ შეინარჩუნა ქართველობა და ქრისტიანობა. აფხაზეთში ჩრდილო-დასავლეთ კავკასიიდან ჩამოსახლებულ ტომებს ქართული წყაროები ჯიქების, ხოლო უცხოური წყაროები აბაზას კრებითი სახელით იხსენიებენ. აფხაზეთში ჩამოსახლებულ ამ ტომებსა და მათთან შერწყმულ ადგილობრივ მოსახლეობას ქართველები ტრადიციულად ისევ „აფხაზებად“ მოიხსენიებდნენ, მოსულნი კი თავის თავს „აფსუას“ ეძახდნენ. ოსმალო მოგზაური ევლია ჩელები, ამ ტომს „აბაზას“ უწოდებს და განასხვავებს მას მეგრელებისაგან. პირველ აბაზურ ტომად ევლია ჩელები სამეგრელოს მეზობლად „ჩაჩების“ ტომს ასახელებს. ევლია ჩელები, რომელმაც 1641წ. იმოგზაურა აფხაზეთში, მთაში და ზღვისპირზე აბაზების 25 საზოგადოებას აღწერს. ევლიას მიერ დასახელებული თითოეული აბაზას ტომი, ადგილობრივი ფეოდალის მამულის ან ამ ფეოდალის გვარეულობის დასახელებას ატარებს. აფხაზეთში აბაზა ტომებს შორის ევლია ჩელები გაგრა-ცანდრიფშის (განთიადის) სექტორში გამოყოფს „ჩანდებს“ და შენიშნავს, რომ „ნამდვილი აბაზები ესენი არიან“ [7, 100-106].
ქათიბ ჩელების ცნობითაც, აბაზები შავი ზღვის სანაპიროზე ცხოვრობენ, ჩერქეზების სამხრეთით. მათი ბეგები თავიანთი სამფლობელოების სახელებს ატარებენ. ქათიბ ჩელები ასახელებს აჩვია ბეგს, ჯუმთა ბეგს და რამდენიმე ფეოდალურ სამფლობელოს: კაღარ დერბენტს (გაგრა), ბუჩინდეს (ბიჭვინთა), ასევე თიბითას ვილაიეთს მთებში [19, 132-133].
აფხაზეთში მთის ტომების დემოგრაფიული ექსპანსია მიმდინარეობდა რეგიონში ოსმალეთსა და კაზაკებს შორის წინააღმდეგობების გამძაფრების ფონზე. 1637წ. დონის კაზაკებმა აზოვს ალყა შემოარტყეს. ამან დიდი გავლენა მოახდინა შავიზღვისპირეთის ხალხებზე და მათ შორის ქართველებზეც. ოსმალებმა, პრევენტული დარტყმა განახორციელეს ოდიშის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე) და 1637წ. მაისში აქ დესანტი გადმოსხეს. ოსმალებმა ადგილობრივი მოსახლეობის რბევას მიჰყვეს ხელი, მაგრამ ქართველების მედგარ წინააღმდეგობას გადააწყდნენ. მაშინ როდესაც ოსმალები აზოვის დაცვით იყვნენ დაკავებულნი, ქართველებმა ფოთის ციხე წაართვეს ოსმალებს და აფხაზეთის ჩათვლით, მთელი სანაპირო გაწმინდეს მათგან [123, 61].
ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნიდან“ ჩანს, რომ ოსმალეთის იმპერია სამეგრელოსა და აფხაზეთს თავის ვასალურ ქვეყნებად თვლის, მაგრამ აქ ოსმალური სამხედრო ნაწილები არ დგას და შესაბამისად ოსმალეთის სამხედრო – პოლიტიკური ზეგავლენა ფორმალურ ხასიათს ატარებს. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მხოლოდ გონიოს სასაზღვრო ციხეში დგას ოსმალური გარნიზონი. თვითონ ევლია თან ახლდა ტრაპიზონის ფაშას მიერ სამეგრელოში საჩუქრებით გაგზავნილ ელჩობას და მას სანაპირო გაჩანაგებული დახვდა, რაც იმით აიხსნება, რომ ოსმალებს აქ ადვილად შეეძლოთ გემებიდან მარბიელების გადმოსხმა, მაგრამ სამეგრელოს „მთებში კი ბაღ-ვენახიანი დასახლებული და აყვავებული, დაუმორჩილებელი მეგრული სოფლებია. ზღვისოდენა ჯარიც რომ იყოს, მათ მთებში შესვლა ძნელია. ორმოც-ორმოცდაათი ათასამდე თოფით შეიარაღებული მოსახლეობაა“. ევლია ზღვისპირა აფხაზეთს დამორჩილებულად თვლის, მაგრამ აღნიშნავს, რომ აქაც, სამეგრელოს მსგავსად, მთიან ადგილებში ოსმალეთის გავლენა ვერ აღწევს. ევლია აფხაზებს ურჩ და მეამბოხე ხალხს” უწოდებს. მისი აზრით, საჭიროა ანაპის ციხის გამაგრება და „აბაზასა და ჩერქეზეთის ქვეყნის დამორჩილება ამ საშუალებით გაადვილდება“ [7, 109].
ევლია ჩელები აფხაზეთში და სამეგრელოში ტყვის სყიდვასაც ეწეოდა, რაც იმდროინდელ დასავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებული მოვლენა იყო. ადგილობრივ ტყვის მსყიდველთათვის ოსმალეთთან „ცოცხალი საქონლით“ ვაჭრობა სარფიან საქმეს წარმოადგენდა. ევლიამ აფხაზეთში ორი ტყვებიჭი შეიძინა. საქართველოდან ყირიმში ჩასულ ევლიას ნაყიდი თუ ოსმალო დიდებულებისგან ნაჩუქარი 18 მონა ქართველი ჰყავდა [7, 122]. ევლიას სიტყვებით, ადამიანებით ვაჭრობა ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა: „აბაზები მეგრელებს იტაცებენ, მეგრელები აბაზებს და ვაჭრებს მიჰყიდიან ხოლმე‘‘ [7, 96]. ტყვის სყიდვა გავრცელებული ყოფილა აფხაზებშიც: „აბაზები ერთმანეთს ებრძვიან, ბავშვებსა და ქალებს იტაცებენ, ტყვეებს ჰყიდიან და ამით ცხოვრობენ“ [7, 102].
XVIIს. 60-იანი წლებიდან დასავლეთ საქართველოში გაბატონებულმა ფეოდალურმა ანარქიამ, მუდმივმა შინაომებმა და მასში ოსმალეთის ჩარევამ, ოდიშის სამთავროს დასუსტებამ, აფხაზეთის სამთავროს შესაძლებლობა მისცა სამეგრელოს ხარჯზე გაეფართოებინა საკუთარი ტერიტორია.
1672წ. ახალციხის ფაშამ ქუთაისში დაიბარა ოდიშის მთავარი ლევან III (1661-1681წწ.). ოსმალებს სურდათ მთავრის გადაყენება და ახალციხის ფაშის კარზე გაზრდილი ლევან II დადიანის შვილიშვილის ოდიშში მთავრად დასმა. სამეგრელოს მთავარმა დახმარებისათვის აფხაზებს მიმართა, მაგრამ ოდიშში შემოსულმა აფხაზებმა, დახმარების ნაცვლად სოფლები დაარბიეს, მოსახლეობა ტყვედ გაიტაცეს და ნადავლით დატვირთულები აფხაზეთში გაბრუნდნენ. იმავე წელს ოსმალები ოდიშში შეიჭრნენ და საშინლად ააოხრეს [109, 108-109].
1672წ. კაფიდან გონიომდე იმოგზაურა ჟან შარდენმა. მისი მოწმობით, ამ დროისათვის კელასურის დამცავი სასაზღვრო კედელი მოშლილია [24, 107]. ოდიშის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში აფხაზთა გამუდმებული შემოსევები დაიწყო [119, 34-35; 120, 270]. ოდიშში აფხაზთა გამანადგურებელ შემოსევებს ხელმძღვანელობდა აფხაზთა მთავარი საუსტან შარვაშიძე, რომლის მეთაურობით 1681წ. აფხაზებმა მიიტაცეს ოდიშის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი მდ. კელასურიდან მდ. ღალიძგამდე [109, 112]. აფხაზები დაპყრობილ მიწებზე სახლდებოდნენ, მათი შემოსევების შედეგად გაუქმდა დრანდისა და მოქვის საეპისკოპოსოები [3, 845]. აფხაზეთის მთავრის ზეგნაყ შარვაშიძის მემკვიდრეებმა გაინაწილეს აფხაზეთის სამთავრო, რომელიც ოდიშისგან დაპყრობილი ტერიტორიების ხარჯზე გაიზარდა. XVIIIს. დასაწყისისათვის, მდ. ბზიფიდან მდ. კოდორამდე მდებარე მიწებსა და აფხაზეთის მთავრის სტატუსს ფლობს როსტომი, საშუალო ძმა ჯიქეშია მდ. კოდორსა და მდ. ღალიძგას შორის ტერიტორიას დაეუფლა, ხოლო უმცროსმა ყვაპუმ მიიღო მდ. ღალიძგასა და მდ. ენგურს შორის მდებარე ტერიტორია, რომელსაც მოგვიანებით, ყვაპუს მემკვიდრის, მურზაყან შარვაშიძის სახელის მიხედვით სამურზაყანო ეწოდა [119, 37-38; 120, 271].
XVII ს. დამლევს ოსმალებმა დაიკავეს ფოთისა და სოხუმის ციხეები და უკვე 1701 წლისთვის, ოსმალეთის იმპერიის უმნიშვნელოვანეს სამხედრო-საზღვაო ბაზებს შორის მოიხსენიება ფოთისა და სოხუმის ციხეები. ფოთის გარნიზონი 35, ხოლო სოხუმის გარნიზონი 5 ქვემეხით იყო აღჭურვილი [123, 62].
§2. ოსმალეთის პოლიტიკური გაბატონება აფხაზეთში XVIII საუკუნეში
XVII-XVIIIსს. მიჯნაზე, დასავლეთ საქართველო ოსმალეთის პოლიტიკური გავლენის სფეროში რჩებოდა. იმერეთის მეფეს, ოდიშის, გურიის, აფხაზეთის მთავრებს ტახტზე სულთანი ამტკიცებდა. მათი ოსმალეთზე დამოკიდებულება, სულთნისათვის ყოველწლიური მისართმევლის – ქრთამის, გაგზავნაში გამოიხატებოდა. რაც შეეხება სასულიერო ხელისუფლებას, ის ოსმალეთზე არაფრით იყო დამოკიდებული და მუსლიმანობის მოძალებას ებრძოდა [9, 45; 103, 43-44].
1702წ. ახალციხის ფაშას ყოველწლიური მისართმევლის მიცემა შეუწყვიტეს იმერეთის, გურიის, ოდიშის მესვეურებმა, რითაც ოსმალეთის მორჩილებაზე უარი თქვეს. ოსმალო ვაჭრებს თავს ესხმოდნენ აფხაზები. ოსმალებმა ამ დროს დასავლეთ საქართველოში რამდენიმე ციხე დაკარგეს [13, 25].
ქართველების ანტიოსმალურ გამოსვლებს კავშირი ჰქონდა რუსეთის იმდროინდელ ანტიოსმალურ გეგმებთან. პეტრე I-ის მიერ 1696წ. ოსმალებისთვის აზოვის ციხის წართმევამ და რუსეთის ფლოტის შავ ზღვაზე გამოჩენამ დასავლეთ საქართველოს მესვეურებს გარკვეული იმედები ჩაუსახა.
1703წ. ზაფხულში, ოსმალები დასავლეთ საქართველოში შეიჭრნენ. ოსმალებმა გურიის ციხეები დაიკავეს, შემდეგ ოდიშში შეიჭრნენ და ააოხრეს, რუხში მეციხოვნეები ჩააყენეს, ზღვისპირას ახალი დასაყრდენის შექმნის მიზნით ანაკლიის ციხე ააშენეს. იმავდროულად ოსმალებმა ხომალდები გაგზავნეს აფხაზების წინააღმდეგ, რომლებმაც ოსმალეთის სანაპირო სიმაგრეებს ზღვიდან შეუტიეს [92, 63]. დასავლეთ საქართველო სრული დაპყრობის საფრთხის წინაშე იდგა, მაგრამ მალე ვითარება შეიცვალა. სტამბოლში აჯანყდა საქართველოში სალაშქროდ გამზადებული ჯარი, რასაც ოსმალეთში ხელისუფლების შეცვლა მოჰყვა. ოსმალეთის ახალმა სულთანმა აჰმედ III (1703-1730წ.წ.) დასავლეთ საქართველოდან ლაშქრის გამოწვევა ბრძანა, რადგან შინაარეულობით მოცულ ოსმალეთს ლაშქრობის გაგრძელება არ შეეძლო. ოსმალები მხოლოდ ბათუმის, ფოთის, რუხის, ანაკლიის ციხეებში დარჩნენ. მალე მათ წინააღმდეგ ქართველებმა ბრძოლა გააჩაღეს. 1704წ. ზაფხულში, ოდიშის მთავარმა ოსმალთა მიერ დაკავებულ ციხეებზე მიიტანა იერიში. ოდიშის მთავარს ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში ამ დროს აფხაზებიც ეხმარებოდნენ. ქუთაისის ყადის, ელჰაჯ ომერის 1704წ. 1 სექტემბრით დათარიღებულ წერილში ნათქვამია, რომ დადიანი მორჩილებიდან გამოვიდა, ხმელეთზე აჯანყებულ დადიანს ზღვაზე აფხაზები შეუერთდნენ და ოსმალთა ხელში მყოფი რუხისა და ანაკლიის ციხეები დაიკავეს, თუმცა მალე ეს ციხეები კვლავ ოსმალებმა დაიბრუნეს [14, 21; 23-27].
ოდიშის ლაშქარი აფხაზებთან ერთად ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებდა, თავს ესხმოდა და ანადგურებდა ციხეებში გამაგრებულ ოსმალებს. თურქეთის პრემიერ_მინისტრის არქივში დაცული ერთი ცნობის თანახმად, 1711წ. ივნისში, ზღვიდან და ხმელეთიდან სოხუმის ციხის დაცვის გაძლიერებისათვის ციხის ოთხივე კოშკზე დამატებითი ქვემეხები და სამხედრო რაზმი გაიგზავნა [58. 1]. 1714წ. დიდი სიძნელეები შეექმნათ რუხისა და ანაკლიის ოსმალო მეციხოვნეებს „აფხაზ და მეგრელ ურწმუნო ყაჩაღთა“ თავდასხმების გამო. ოსმალები იძულებული გახდნენ რუხის ციხე დაეცალათ, თუმცა 1719წ. მიწურულს, ციხე კვლავ დაიკავეს და 65 მეციხოვნე ჩააყენეს [14, 90-92. 97].
20-იანი წლების დასაწყისში, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მიმართულებით რუსეთის იმპერია გააქტიურდა. რუსეთის იმპერატორ პეტრე I მოკავშირედ ქართლის მეფე ვახტანგ VI გამოვიდა. ისახებოდა ქართული და რუსი სამხედრო ძალების ერთობლივი მოქმედებების გეგმები. რუსეთის სამხედრო წარმატებებმა და ურთიერთობამ საქართველოს სამეფო-სამთავროებთან ოსმალეთის მმართველი წრეების შეშფოთება გამოიწვია. 1723წ. ოსმალეთმა, რომელმაც სეფიანთა დინასტიის დაცემის (1722წ.) შემდეგ ირანის ჩრდილოეთი და ცენტრალური ოლქები დაიკავა (1723წ.), სასწრაფოდ გადმოისროლა დამატებითი ძალები კავკასიაში და რუსეთი აიძულა შეეწყვიტა წინსვლა კასპიისპირეთში. 1723წ. ივნისში, ოსმალებმა თბილისი აიღეს, თავიდან ააშენეს ფოთისა და სოხუმის ციხეები, დაარღვიეს რუხის ციხე და მისი ქვა-ლოდებით კიდევ უფრო გაამაგრეს ანაკლია. ოსმალო მეციხოვნეები ჩადგნენ ციხისძირში, ანაკოფიასა და ბიჭვინთაში [104, 461-462]. 1722წ. სოხუმის ციხეს ფლობს როსტომ-ბეგის ძმისწული გიორგი [19, 134]. 1723წ. სულთანმა აფხაზეთის მთავარ როსტომს წყალობის ნიშნად ხალათი გამოუგზავნა, მოსახლეობას კი დიდი რაოდენობით მარილი. ოსმალეთი აფხაზეთს თავის ვასალ ქვეყნად თვლიდა, მაგრამ მთავარს მაინც არ ენდობოდა [193, 129]. 1725წ. ოსმალებმა ფოთში ორთუღიანი ფაშა დასვეს და მას შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს გამგებლობა ჩააბარეს [67, 183].
ამრიგად, ოსმალეთი დაეუფლა შავი ზღვის სანაპირო პუნქტებს. მოსახლეობა ოსმალთა ძალადობას არ ურიგდებოდა.ოსმალო მემატიანის ქუჩუკ ჩელები ზადეს ცნობით, აფხაზები ზღვიდან და ხმელეთიდან ნიადაგ თავს ესხმოდნენ ოსმალებს, რომლებიც სოხუმში ციხეს აშენებდნენ [100, 116]. 1725წ. გაზაფხულზე, ოდიშის მთავარი ბეჟან დადიანი და იმერეთის მესვეურები ოსმალთა წინააღმდეგ გამოსვლისათვის ემზადებოდნენ, მაგრამ ეს გამოსვლა ვერ შედგა.
აფხაზებმაც უშედეგოდ სცადეს ოსმალთა განდევნა სოხუმის ციხიდან [104, 467]. რუსეთის დესპანი სტამბოლში ა. რუმიანცევი და რეზიდენტი ი. ნეპლიუევი იტყობინებოდნენ: „სამეგრელოს ცნობილი მთავრის ბეჟან დადიანის მიერ დაწყებული არეულობა იზრდება და თითქოს აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე ახლადაგებული ერთ-ერთი ციხიდან თურქები განდევნეს“-ო. 1726წ. 22 ივნისს ა. რუმიანცევი იტყობინებოდა სამეგრელოსა და აფხაზეთში ახალი არეულობის შესახებ. 1728წ. აფხაზებმა ისევ შემოარტყეს ალყა სოხუმის ციხეს. ოსმალები ვარაუდობდნენ, რომ დასავლეთ საქართველოში ანტიოსმალური გამოსვლები რუსეთის მხარდაჭერით ხორციელდებოდა და მას ქართლის დევნილი მეფე ვახტანგ VI (1703-1724წწ.) ხელმძღვანელობდა. [160, 63.79]. 1728წ. ახალციხელი ისაკ ფაშას შვილმა აფხაზები შემოირიგა, ხოლო ანტიოსმალური ბრძოლის მოთავე ბეჟან დადიანი ღალატით მოაკვლევინა. მიუხედავად ამისა, ოსმალთა აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა დასავლეთ საქართველოში არ ჩამცხრალა.
ოსმალებმა ვერ შეძლეს საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის, სრული დამორჩილება. დამპყრობლები მათ მიერ დაკავებულ ციხეებშიც თავს მყარად ვერ გრძნობდნენ [117, 217-223]. ეს იყო პერიოდი, როდესაც ვახუშტის გადმოცემით, შარვაშიძეები, „არავის მორჩილებასა შინა“ არ იმყოფებოდნენ‘‘ [3, 784]
1730წ. გაზაფხულზე ოსმალებმა გადაწყვიტეს ბათუმიდან აზოვამდე ზღვის სანაპიროს საბოლოოდ დაპყრობა და ჯიქების დამორჩილება. ლაშქრობას, რომელშიც იმერეთის მეფეც მონაწილეობდა, ფოთის ფაშა სარდლობდა. ოსმალებმა ოდიში მოარბიეს. „არბევდნენ ოსმალნი და იმერნი და სტყუევნიდნენ, სადა ვის ჰპოვებდნენ, – წერს ვახუშტი ბატონიშვილი, – შევიდნენ ოსმალნი ილორს, არამედ ხატნი და ჯუარნი და სახმარნი ეკლესიისანი დაეხიზნათ. შეუდვეს ცეცხლი, მოწვეს ეკლესია და აღძარცვეს კრამიტი ბრპენისა და მოსპნეს დახატულებანი და შემდგომად განვლეს და მივიდნენ აფხაზეთს“. აფხაზთა მთავარმა წინააღმდეგობა გაუწია მათ, მაგრამ დამარცხდა და მორჩილება გამოაცხადა. ოსმალებმა მთავარი და მისი ახლობლები ძალით გაამაჰმადიანეს, რის შემდეგაც, ჯიქეთისაკენ დაიძრნენ. იმერეთის მეფე მიხვდა, რომ ოსმალთა ლაშქრობაში მონაწილეობას მხოლოდ უბედურება მოჰქონდა მისი ქვეყნისთვის, ამიტომ თავისი ლაშქრით გზიდან გამოიპარა. მალე აფხაზებიც აჯანყდნენ და ოსმალებმა ვეღარ გააგრძელეს ლაშქრობა. აფხაზებმა მათი დიდი ნაწილი გაჟლიტეს, ნაწილი გაიქცა. ფაშამაც გაქცევით უშველა თავს [3, 887-888]. მოგვიანებით ოსმალებმა ისევ აღადგინეს თავიანთი გავლენა აფხაზეთზე. 1730-31წწ. სოხუმის ციხეში ალი არსლან ბეგის ხელმძღვანელობით ოსმალთა 100-მდე მეციხოვნე იდგა. 1731-1735წწ. ოსმალების 70 კაციანი გარნიზონი ანაკოფიის ციხეში იდგა [99, 311-314; 169, 286]. აფხაზები, ოდიშთან დაპირისპირების მიუხედავად, ქართველებთან ერთად ებრძოდნენ დამპყრობლებს. ამავე დროს მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოს შინაომებში, სადაც ოდიშის მთავარს უჭერდნენ მხარს. მალე ანაკოფიიდან და ბიჭვინთიდან ოსმალებმა მეციხოვნეები გაიყვანეს, სამაგიეროდ, ოსმალეთმა სოხუმის ციხე გააძლიერა. 1737წ. აქ ორთუღიანი ფაშა იჯდა, რომელსაც ანაკლიის ციხეც ემორჩილებოდა. სოხუმის ციხის გარნიზონი 200 იანიჩარისაგან შედგებოდა, ხოლო შეიარაღებაში 60 ქვემეხი იყო [67, 225-226].
თურქეთის პრემიერ-მინისტრის არქივში არსებული ერთი დოკუმენტის მიხედვით, სოხუმის ციხე-სიმაგრეში ადგილობრივი მოსახლეობისაგან შემდგარი რაზმები იხდიდნენ სამხედრო სამსახურს, ოსმალეთის ხელისუფლება მათ ამისათვის ჯამაგირს უხდიდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც 1745წ. 25 თებერვლით არის დათარიღებული, სოხუმის ციხეს ორას ოცი ადგილობრივი, დაქირავებული მეომარი იცავდა, რომელთაც წლიური ანაზღაურების სახით, ოსმალეთის სახელმწიფო ხაზინიდან თანხა ეძლეოდათ [58. 2].
შინაომებისა და ოსმალთა შემოსევებისაგან დასავლეთ საქართველო საშინლად იყო აოხრებული. მძიმე მდგომარეობა შეიქმნა აფხაზეთში, რომელიც შინაურმა არეულობამ მოიცვა. აფხაზთა მთავრები ვერ აკონტროლებდნენ ვითარებას. შავი ზღვის სანაპიროზე ტყვის მსყიდველები თარეშობდნენ. მათ შორის განსაკუთრებით აფხაზები აქტიურობდნენ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, აფხაზები „დაუხდებიან ოსმალთა ნავთა და ლაზ-ჭანთა და უფროსად ოდიშ-გურიასა“ [3, 785] ისინი მოულოდნელად ადგებოდნენ ნაპირს, ვისაც მოიხელთებდნენ, იტაცებდნენ და ოსმალოებზე ყიდდნენ, ან მონებად ასახლებდნენ აფხაზეთში [119, 156]. ამასთან, აფხაზეთი ხშირად განიცდიდა მეზობელი მთის ტომების თავდასხმებს, შიდა რაიონებში შემოსევებს აწყობდნენ მთის თავისუფალი აფხაზური თემების – წებელის, დალის, ფსხუს მკვიდრნი [51, 45]. აფხაზთა მეზობელმა მთის ტომებმა, წებელისა და დალის თემების მკვიდრთა მხარდაჭერით, მძარცველური თავდასხმის დროს მოარბიეს დრანდა, მერხეული, კვიტოული, დიდძალი ნადავლი და ტყვე იგდეს ხელთ და ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდნენ. აფხაზთა მთავარი ჯიქეშია ამ ტომების მეთაურებთან მოსალაპარაკებლად გაემართა. მოლაპარაკება წარმატებით დამთავრდა, მაგრამ უკან დაბრუნებული მთავარი, ღამით, ტყეში გადააწყდა მარბიელთა სხვა ჯგუფს და მათთან შეტაკებაში დაიღუპა [154, 246].
აფხაზთა სამთავრო ტახტზე ჯიქეშიას უფროსი ვაჟი მანუჩარი ავიდა. ოსმალები მხარს უჭერდნენ სამთავრო სახლის მოწინააღმდეგე ძალებს. 30-იან წლებში ოსმალებმა ტახტიდან ჩამოაგდეს მანუჩარ შარვაშიძე და ორ უმცროს ძმასთან – ზურაბთან და შირვანთან ერთად, ოსმალეთში გააგზავნეს, სადაც ძალით გაამაჰმადიანეს. აფხაზეთის გამგებლობა სოხუმის კომენდანტად დანიშნული ჯიქის ასლან-ბეი გეჩის ხელში გადავიდა. ამ პერიოდში აფხაზეთში დიდი გავლენა მოიპოვა სამთავრო სახლის მეტოქე ძაფშ-იფების საგვარეულომ, რომლის გაძლიერებასაც მხარს უჭერდა ასლან-ბეი გეჩი. ძაფშ-იფებმა დაიკავეს სოხუმის მიდამოები, ტერიტორია მდინარეებს ფსირცხასა და კოდორს შორის და მთავრის კუთვნილი მთელი რიგი ფეოდალური შემოსავლები მიითვისეს [109, 131].
ოსმალეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა შარვაშიძეთა მეშვეობით განმტკიცებას აფხაზეთში. 1744წ. მანუჩარ შარვაშიძე ბათუმის ბეგად იჯდა, ზურაბი – სოხუმისა, ხოლო შირვანი ფაშას ტიტულით განაგებდა რიონის (ფოთის) ციხესა და ჭანეთს, რიზეს „ამოღმა“ [104, 469]. ოსმალეთის მიერ აფხაზეთში მთავრად გამოგზავნილი ზურაბი პატივით მიიღეს აფხაზეთში, მაგრამ გაქრისტიანება მოსთხოვეს, ისიც მოინათლა ილორის ეკლესიაში და მხოლოდ ამის შემდეგ დაიკავა სამთავრო ტახტი [154, 247]. აქედან ჩანს, რომ მაშინ აფხაზეთში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ტრადიცია, რომლის თანახმად აფხაზეთის მთავარი ქრისტიანი უნდა ყოფილიყო. ზურაბს ვაჟიშვილი არ ჰყავდა, ამიტომ ოსმალეთიდან ჩამოიყვანა თავისი ძმისწული ქელეშ-აჰმედ-ბეი (ქელეშ-ბეი), მანუჩარის ძე, რომელიც ახალგაზრდობიდან მძევლად იყო სტამბოლში და ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. შემდეგ, ზურაბმა ბათუმიდან ჩამოიყვანა მეორე ძმისწული ბექირ-ბეი შერვანის ძე, რომელსაც აბჟუა უბოძა. აფხაზთა მთავარმა ძაფშ-იფების ძლიერი და გავლენიანი საგვარეულოს მისამხრობად მათი ასული შერთო ქელეშ-ბეის, რასაც ძაფშ-იფების ოპოზიციის შესუსტება მოჰყვა [109, 131-132].
XVIII ს. შუა ხანებში, აფხაზეთის საზღვარი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდ. ღალიძგაზე გადიოდა, სადაც მას ოდიში ესაზღვრებოდა. ჩრდილო-დასავლეთით, მდ. ბზიფს იქით აფხაზეთს ჯიქეთი ესაზღვრებოდა [3, 783]. მდ. ღალიძგასა და მდ. ენგურს შორის მდებარე ტერიტორია – სამურზაყანო, ოდიშის სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა ამ მხარის მმართველებად აფხაზეთის სამთავრო სახლის გვერდითი შტოს წარმომადგენლები დარჩნენ. ამის გამო, სამურზაყანოს აღმნიშვნელად ამ ხანის ქართულ წყაროებში მკვიდრდება ტერმინები: „ზემო აფხაზეთი“ და „სამურზაყანო აფხაზეთი“. ეს რეგიონი კვლავ ქართველებით დასახლებულ, კულტურულად ქართულ მხარედ რჩებოდა და ოდიშის შემადგენლობაში იმყოფებოდა. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია 1757წ. სამურზაყანოს მაშინდელი მფლობელის, ხუტუნია შარვაშიძის მონაწილეობა, იმერეთის ახალგაზრდა მეფის სოლომონ I-ის მეთაურობით, ოსმალთა წინააღმდეგ გამართულ ხრესილის ბრძოლაში, სადაც შარვაშიძე აფხაზთა რაზმს მეთაურობდა და გმირულად დაიღუპა [74, 143].
XVIII ს. 60-იან წლებში, ოსმალური გარნიზონი სოხუმის ციხეში იდგა. იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ელჩის, მიტროპოლიტ მაქსიმე ქუთათელის მიერ 1769წ. შედგენილ იმერეთის აღწერილობაში აღნიშნულია, რომ სოხუმი არის ნავსადგური და ციხე, სადაც ოსმალთა გარნიზონი დგას [112, 200]. რუსი ოფიცერი, კაპიტანი იაზიკოვი, 1770წ. შედგენილ მოხსენებაში, შავი ზღვის სანაპირო სიმაგრეთა შორის ასახელებს აყუს, ანუ სოხუმს, სადაც იდგა ოსმალთა გარნიზონი და მცხოვრებნიც ყველანი ოსმალები იყვნენ [112, 261] თურქეთის პრემიერ-მინისტრის არქივის ერთი დოკუმენტის თანახმად, იმავე 1770წ. სტამბოლიდან სოხუმისა და მახლობელი ციხესიმაგრეების გარნიზონებისათვის ზარბაზნის ჭურვები და თოფისწამალი გაიგზავნა [58. 3].
XVIIIს. II ნახევარში, დასავლეთ საქართველოში გააქტიურდა ოსმალო დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი იმ გარემოებამ, რომ იმერეთ-ოდიშ-გურიის მესვეურნი ერთად გამოდიოდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ. სოლომონ I-მა კარგად იცოდა, რომ საბოლოო გამარჯვების მისაღწევად საკუთარი ძალები საკმარისი არ იყო, ამიტომ როგორც ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II (1762-1798წწ.), სოლომონიც რუსეთთან კავშირს ეძიებდა.
1768წ. რუსეთ-ოსმალეთის ახალი ომი (1768-1774წწ.) დაიწყო. ომის თეატრმა ამიერკავკასიაც მოიცვა. ერეკლე II და სოლომონ I რუსეთის დახმარებით გეგმავდნენ ოსმალთა განდევნას საქართველოდან. 1769წ. საქართველოში რუსეთის საექსპედიციო კორპუსი შემოვიდა, რომელიც 1770წ. ივნისიდან ქართველებთან ერთად, თითქმის ორ წელს დასავლეთ საქართველოში ეწეოდა საომარ მოქმედებებს ოსმალთა წინააღმდეგ. მოკავშირეთა ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოს შავიზღვისპირეთიდან ოსმალების განდევნა იყო. 1770წ. ოქტომბერში რუსთა კორპუსი ფოთისკენ დაიძრა. კორპუსის სამეგრელოში შემოსვლისას ოსმალებმა რუხისა და ანაკლიის ციხეები დაცალეს და ისინი ოდიშის მთავარმა დაიკავა. ამის შემდეგ ტოტლებენმა დადიანთან ერთად ფოთს ალყა შემოარტყა, რომელიც სამთვენახევარს გაგრძელდა. 1771წ. თებერვალში, სოლომონ I-მა ტოტლებენს აცნობა, რომ ზურაბ და ქელეშ-ბეი შარვაშიძეები აპირებდნენ, რუსეთის კორპუსს თავს დასხმოდნენ, რათა აეძულებინათ ტოტლებენი ფოთს გასცლოდა. ეს ცნობა დადასტურდა, აფხაზები თავს დაესხნენ რუსთა კორპუსს და ცხენები გაიტაცეს [81, 42-45]
1771წ. ზაფხულში რუსთა კორპუსმა ფოთს კვლავ შემოარტყა ალყა, თუმცა ისევ უშედეგოდ. ოდიშის ლაშქრის შემადგენლობაში ფოთთან იბრძოდა სამურზაყანოს მფლობელი ლევან შარვაშიძეც თავისი რაზმით. იმავდროულად აფხაზები აჯანყდნენ ოსმალების წინააღმდეგ. აფხაზთა მთავარმა ზურაბ შარვაშიძემ და სამურზაყანოს მფლობელმა ლევან შარვაშიძემ შეუპოვარი ბრძოლის შედეგად დაიკავეს სოხუმის ციხე და ოსმალები განდევნეს, მაგრამ ზურაბ და ლევან შარვაშიძეებს შორის მალე უთანხმოება ჩამოვარდა და ლევანმა ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ციხე ოსმალებს დაუბრუნა [15, 110; 42, 117]. ამ ამბების შემდეგ ოსმალეთი უკვე აღარ ენდობოდა ზურაბ შარვაშიძეს და ყოველმხრივ უჭერდა მხარს ქელეშ-ბეის, თუმცა ამჯერად მაინც ვერ გაბედა ზურაბისათვის მთავრობა ჩამოერთმია. 70-იან წლებში იმერეთის ციხეებიდან ოსმალები განდევნეს. რუსეთთან ქუჩუკ-კაინარჯის ზავის (1774წ. 10 ივლისი) დადების შემდეგ, ოსმალეთი ხედავდა, რომ იმერეთს კარგავდა, ამიტომ ოდიშში ცდილობდა პოზიციების განმტკიცებას. ასეთ ვითარებაში, ოსმალეთმა ხელი შეუწყო აფხაზი მფლობელებისა და მთიელთა კოალიციის ლაშქრობას ოდიშზე. ოსმალები შეუთანხმდნენ აფხაზებს. ზურაბ შარვაშიძე, სოხუმის (აყუს) ციხის მფლობელი ქელეშ-ბეი და აბჟუას მფლობელი ბექირ-ბეი შეკავშირდნენ. ოდიშის მთავარს განუდგა სამურზაყანოს მფლობელი ლევან შარვაშიძე. ქელეშ-ბეი და ლევან შარვაშიძე ოსმალეთის ზეგავლენით შეკავშირდნენ. [74, 156-156]. შარვაშიძეებმა ჩამოიყვანეს დაქირავებულ მთიელთა რაზმები: „ჯიქნი, ალანნი, ზუხუა და მაზუმაი“ [6, 180]. კოალიციას მთავარი ზურაბ შარვაშიძე კი არ სარდლობდა, არამედ ქელეშ-ბეი. საფიქრებელია, რომ ოსმალები უშუალოდ ქელეშ-ბეის შეუთანხმდნენ და ზურაბს სარდლობა ჩამოერთვა, მაგრამ როგორც აფხაზეთის მთავარი, მაინც იძულებული იყო მონაწილეობა მიეღო ლაშქრობაში [109, 162].
კაცია II დადიანმა დახმარებისათვის იმერეთის მეფეს მიმართა. სოლომონმა თავის ლაშქარს სოფ. ბანძაში უბრძანა თავმოყრა, აქვე დაიბარა გურიელიც. ბანძიდან მეფე თავისი ჯარით მალევე მივიდა რუხის ციხემდე. ბრძოლა გაიმართა 1780წ. მარტში, სოფ. რუხში. ნ. დადიანი ბრძოლის სურათს ასე გადმოგვცემს: „შემდგომად რაოდენისამე ჟამისა მოვიდენ აფხაზნი და მოურიდებლად გამოვიდნენ ენგურს და დასდგენ პირისპირ მათსა. მეორესა დღესა ამხედრდენ აფხაზნი და წარმოემართნენ ზარბაზან-არტილერიითა და დიდძალითა მხედრებითა მეფესა და დადიანსა ზედა. აქათ მიეგებნენ სპანი მეფისა და დადიანისანი და შეიქმნა საშინელი ბრძოლანი. მაშინ მეფე ამხედრდა ჩვეულითა კისკასითა გულითა და წარუძღვა რაოდენსამე გუნდსა მხედრობასა იმერეთ-ოდიშართასა და მიუხტა მარჯვენით კერძო მამაცად და მრავლისა ურთიერთისა განგლიჯა რაზმი, და შევიდენ სპანი მეფისა და დადიანისა რაზმსა შუა და მხილველი ამისი აფხაზნი ვერ წინააღუდგენ, და ივლტოდენ აფხაზნი და გაემარჯვათ სახელოვნად მეფესა და დადიანსა“ [6, 180]
რუხის ბრძოლამ, რომელიც ქართველთა ლაშქრის ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა, ბოლო მოუღო აფხაზების შემოტევას ოდიშის სამთავროზე. ეს ბრძოლა ქართველობამ თავიდანვე აღიქვა, როგორც ბრძოლა ქრისტიანობასა და მუსლიმანობას შორის. ქართველთა სიმამაცემ და მხნეობამ ოდიში იხსნა აფხაზ–ჯიქ–ჩერქეზთა კოალიციის მხრიდან წალეკვისაგან, რომელთა ზურგს უკან ოსმალეთი და მისი ვასალი ყირიმის ხანი იდგნენ.
XVIII ს. აფხაზეთში ქრისტიანული რელიგიის აღმსარებელთა არეალი საგძნობლად შემცირდა. ახალმა, მთის მოსახლეობამ თან ჩამოიტანა წარმართობა, ფართოდ ვრცელდება ისლამიც. დასავლეთ საქართველოს მღვდელმთავრები ზრუნავდნენ ქრისტიანობის აღორძინებისათვის აფხაზეთში, თუმცა ამას მაშინდელ პირობებში არსებითი შედეგი არ მოჰყოლია. სულხან-საბა ორბელიანის მიერ საფრანგეთის მეფის ლუი XIV-ის სახელზე შედგენილ მემორანდუმში (1714წ.), აფხაზეთის კათოლიკოსის გრიგოლ ლორთქიფანიძის (1696-1742წწ.) თხოვნით შევიდა პუნქტი კათოლიკე მისიონერების გაგზავნის შესახებ ჩერქეზეთსა და აფხაზეთში ქრისტიანობის ასაღორძინებლად [91, 84]. მიუხედავად სულხან-საბას ძალისხმევისა, მისიონერების ჩამოყვანა ვერ მოხერხდა [68, 302-303].
XVIII ს. 60-იანი წლების მიწურულს აფხაზთა მძლავრობის გამო სამურზაყანოში ბედიის კათედრა გაუქმდა. დრანდის, მოქვისა და ბედიის ეპარქიების გაუქმების შემდეგ აფხაზეთში მხოლოდ ილორის წმ. გიორგის ეკლესია მოქმედებდა, რომელიც ცაიშის ეპარქიაში შედიოდა. მიტროპოლიტი გრიგოლ ცაიშელი (1777-1823წწ.) აღნიშნავდა: „მახლობელობისათვის სამურზაყანო აფხაზეთსაც ვმწყსიდი და ვიღვწოდი, რათა სარწმუნოება განმრავლებით მრავალთა შორის მტკიცედ გებულ იყო“ [96, 97]. მიტროპოლიტი ძალისხმევას არ იშურებდა აფხაზებში ქრისტიანობის გავრცელებისათვის. მრავალი მათგანი მონათლა და ბევრჯერ დაიფარა ეპარქია აოხრებისაგან. XVIIIს. მიწურულს იგი თავის ანდერძში აღნიშნავდა: „გულმოდგინებით მაქვნდა აფხაზეთის ერნი გარდაქცეულნი სარწმუნოებისაგან, რომელიც ხელმისაწთომელ იყო ჩემ მიერ, იგინი მომეყვანა სარწმუნოებად და მრავალნიცა მოქცეული იქმნენ და მონათლულ. სიფრთხილითა და ღვაწლითაცა ჩემითა დავფარე მრავალგზის წარტყვევნისაგან წარმართთასა საეკლესიო მამული და საეპარხიოცა“ [96, 65]
სამურზაყანოს ქართველობა მართლმადებლობას ინარჩუნებდა. განსხვავებული ვითარება იყო აფხაზეთში, სადაც ჩამოსახლებულმა მთიელმა წარმართებმა ბოლო მოუღეს ქრისტიანობას. მთელი XVIIIს. განმავლობაში მდ. ღალიძგის ჩრდილო-დასავლეთით არ მოქმედებდა არცერთი ეკლესია [68, 303-309].
XVIIIს. ქართული და აფსუური ეთნოსების, შესაბამისად, ქართული ქრისტიანული კულტურისა და ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოტანილი წარმართობის შერწყმის საფუძველზე მიმდინარეობდა თანამედროვე აფხაზი („აფსუა“) ერის ფორმირების პროცესი. ამან განაპირობა აფხაზების რელიგიურ-კულტურული წარმოდგენების გაორება. აფხაზი ერის ჩამოყალიბების აღნიშნულმა თავისებურებამ განსაზღვრა ქართველებისა და აფხაზების კულტურათა და ტრადიციათა სიახლოვე და რიგ შემთხვევებში იდენტურობა.
მიუხედავად წარმართობის დამკვიდრებისა, აფხაზეთში ქრისტიანობა სავსებით არ აღმოფხვრილა. XVIII საუკუნიდან აფხაზეთში ვრცელდება ისლამი, მაგრამ საუკუნის პირველ ნახევარში მას ფართო მასშტაბებისთვის არ მიუღწევია. პირველად მხოლოდ მოსახლეობის ზედაფენა – სამთავრო სახლი და ფეოდალური წრეები, გამაჰმადიანდნენ. თუმცა, აფხაზი წარჩინებული წოდების მხრიდან, ისლამის აღიარებას უფრო პრაგმატული მიზნები ჰქონდა, ვიდრე რელიგიური. აფხაზი ფეოდალები ისლამის წესებისაგან თითქმის არაფერს იცავდნენ, მაგრამ კარგად სარგებლობდნენ იმით, რომ მუსლიმან ოსმალებთან ქრისტიანი ტყვის სყიდვას დიდი გასავალი ჰქონდა. ოსმალები ქრისტიანი ტყვეებით ვაჭრობას აქეზებდნენ და ამ პოლიტიკიდან გამომდინარე არ ესწრაფვოდნენ დასავლეთ საქართველოს გამაჰმადიანებას [76, 65-66]. ქართლ-კახეთის სამეფოში XVIIIს. I ნახევარში, ტყვეთა გამოსახსნელად დაწესებული იყო სპეციალური გადასახადი „სატყვეო“, ერეკლე II მეფობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მეხუთედი იყო გამოყოფილი გაყიდულ ადამიანთა გამოსახსნელად. ამ მიზნით სახელმწიფო ხაზინაში სპეციალური ფონდიც შეიქმნა [75, 229-230]. სოლომონ I მიერ 1759წ. მოწვეულ საეკლესიო კრებაში, რომელმაც აკრძალა „ტყვის სყიდვა“, აფხაზეთის წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ. XVIIს. დასავლეთ საქართველოდან ყოველწლიურად გაჰყავდათ 4-დან 7-8 ათას კაცამდე. იგივე ვითარება უნდა ყოფილიყო XVIIIს. I ნახევარში. ადამიანებით ვაჭრობა მოსახლეობის კატასტროფულ შემცირებას იწვევდა [77, 184-185].
XVIIIს. აფხაზეთი გამოირჩევა ოსმალეთის დომინირებადი გავლენით. გაიზარდა სამთავროს ტერიტორია, ცვლილებები მოხდა აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაშიც. მიუხედავად ამისა, სამთავროს ოფიციალური ენა არის ქართული, შარვაშიძეები კი ქართველი წარჩინებული წოდების განუყოფელ ნაწილად რჩებიან. ვახუშტი ბატონიშვილი თავისი დროის აფხაზების შესახებ წერდა „ენა საკუთარი თვისი აქუსთ, არამედ უწყიან წარჩინებულთა ქართული“ [3, 786]. სულხან-საბა ორბელიანი, რომელიც ევროპიდან სამშობლოში ბრუნდებოდა, 1714წ. დეკემბერში, კუნძულ მალტაზე შემთხვევით ქართველებს შეხვდა. „ქართველნიც ვნახე – ზოგი აფხაზი, ზოგი იმერელი, გურული, მეგრელი, რომ თათრისათვის წაერთმიათ. ენა ისევ კარგად იცოდნენ. აფხაზმა რატომ იცოდა, ის გამიკვირდა, ქართული“ [20, 272]. XVIII ს. აფხაზების ერთიანი ქართული ენობრივ–კულტურული ოჯახიდან გაუცხოება მიმდინარეობს, რასაც უპირველეს ყოვლისა განაპირობებდა ოსმალეთისა და მისი გავლენის ქვეშ მყოფი აბაზურ-ჩერქეზული ტომების სამხედრო-პოლიტიკური და ეთნიკურ-კულტურული ექსპანსია აფხაზეთში.
ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლის, რუსეთთან ყირიმის სახანოსა და დუნაისპირეთის გარშემო გამძაფრებული დაპირისპირებების ფონზე, ოსმალეთი ცდილობდა აფხაზეთში პოზიციების განმტკიცებას. 80-იანი წლების დასაწყისში, ოსმალეთი შეეცადა თავიდან მოეშორებინა აფხაზეთის მთავარი ზურაბ შარვაშიძე და მის წინააღმდეგ თავისი ემისარი ქელეშ-ბეი წააქეზა. „დროსა ამას, – წერს ნ. დადიანი, – შეიშურვენ ურთიერთისადმი შარვაშიძე ზურაბ, რომელი ფლობდა ზუფუს და ძმისწული მისი ქელაიშ-აჰმედ-ბეგ, რომელი ფლობდა აყუს და მიმდგომსა მისსა“. ზურაბ შარვაშიძემ ოდიშის მთავარ კაცია დადიანს სთხოვა დახმარება. დადიანმა სასწრაფოდ შეყარა ლაშქარი, სარდლად თავისი ძმა გიორგი ჩაუყენა და აფხაზეთში გაგზავნა. „მივიდნენ რა აფხაზეთს, ურჩნი ზურაბისანი მოსწვეს, მოსწყვიდეს და შემდგომად მოადგნენ ცხომის ციხეს“. გიორგი დადიანის ძემ ციხე აიღო და ურჩნი ისევ ზურაბ შარვაშიძეს დაუმორჩილა [6, 181].
ამრიგად, ზურაბ შარვაშიძემ, ოდიშის მთავრის დახმარებით შეინარჩუნა ხელისუფლება. დადიანისათვის, რა თქმა უნდა, აფხაზეთის ტახტზე სასურველი იყო პროქართული ორიენტაციის ზურაბ შარვაშიძე, ვიდრე ოსმალეთის ერთგული ქელეშ-ბეი. ამ პერიოდში, აფხაზთა სამთავროს მხარეებიდან შუა სოფელს, ანუ აბჟუას – ტერიტორიას მდ. ღალიძგასა და მდ. კოდორს შორის, ფლობდა ზურაბ შარვაშიძის ძმისწული ბექირ-ბეი; სოხუმის ციხეს (აყუ) და გუმისთის აფხაზეთს, ანუ ტერიტორიას მდ. კოდორსა და მდ. გუმისთას შორის – ქელეშბეი; ბზიფის აფხაზეთს მდ. გუმისთასა და მდ. ბზიფს შორის, – ზურაბ შარვაშიძე, რომელიც აფხაზეთის დანარჩენ მხარეთა სიუზერენია [6, 183-184; 49, 244]. 80-იანი წლების მეორე ნახევარში, რუსეთ–ოსმალეთის ურთიერთობა დაიძაბა, რაც პირველ რიგში იმით იყო გამოწვეული, რომ ოსმალეთი ყირიმისა და საქართველოს დაკარგვას ვერ ურიგდებოდა. ოსმალეთის დიდი ვეზირი, წარმოშობით ქართველი კოჯა იუსუფ ფაშა, რუსეთის ელჩს სტამბოლში არწმუნდებდა, რომ ყირიმი და საქართველო ოსმალეთს ეკუთვნოდა. უთანხმოებები დიპლომატიური გზით ვერ გადაწყდა და 1787წ. 27 აგვისტოს ოსმალეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა. [88, 257]
ჩვენი აზრით, ამ დროს უკავშირდება აფხაზეთში ქელეშ-ბეის გამთავრება, რომელსაც დავალებული ჰქონდა რუსეთ-ოსმალეთის დაპირისპირების დროს დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის ინტერესების დაცვა. ქელეშ-ბეის გამთავრება რუსეთ-ოსმალეთის ომის დაწყების წელსვე უნდა მომხდარიყო. ქელეშ-ბეიმ, სამხედრო და პოლიტიკური მოსაზრებით, მთავრის რეზიდენცია ლიხნიდან, სამთავროს ძველი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრიდან, სოხუმის ციხეში გადმოიტანა, სადაც ოსმალო მეციხოვნეები იდგნენ. [119, 82; 139, 22].
ქელეშ-ბეი დიდი გავლენით სარგებლობდა დასავლეთ კავკასიის მთიელებში. როდესაც ქელეშ ბეი აფხაზეთის მთავარი გახდა, ის გაშორდა ცოლს – ძაფშიფების ასულს, რომელიც პოლიტიკური გარიგებით შერთეს. ამის შემდეგ ის დაქორწინდა დაბალი წარმოშობის ქალზე, გვარად ლეიბაზე (ტომით ჯიქი) სოფ. მუგუძირხვადან. ამით ქელეშ-ბეი ძაფშ-იფების გავლენიან საგვარეულოს დაუპირისპირდა. [49, 231. 244] ქელეშ-ბეი მტკიცე მმართველი გამოდგა. მან თავიდანვე დაიწყო ზრუნვა მთავრის ხელისუფლების განმტკიცებისა და ცენტრალიზაციისათვის: დაამარცხა და დაიმორჩილა თავისი მეტოქე ბიძაშვილი, აბჟუის მმართველი ბექირ-ბეი, რომელსაც ანჩაბაძეთა მსხვილი და გავლენიანი ფეოდალური საგვარეულო უჭერდა მხარს, დაიმორჩილა წებელის მფლობელი მარშანიებიც, ცდილობდა თავისი გავლენა სამურზაყანოზეც გაევრცელებინა. დაქუცმაცებული სამთავროს გაერთიანებასა და ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისათვის ბრძოლაში მან მაქსიმალურად გამოიყენა ოსმალეთის მხარდაჭერა, ამასთან მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა ჯიქებთან და უბიხებთან. ამრიგად, ქელეშ-ბეიმ განამტკიცა თავისი ხელისუფლება.
კავკასია, და განსაკუთრებით, საქართველო ოსმალეთის იმპერიის საგარეო პოლიტიკაში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს XVIIIს. 80-იანი წლებიდან, ყირიმის სახანოს რუსთა მიერ დაპყრობისა და ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლის გარემოებებიდან გამომდინარე. მანამდე ოსმალეთის იმპერია განსაკუთრებულად დიდ ყურადღებას არ უთმობდა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებას. ჩერქეზები და სხვა მთიელებიც ოსმალეთის სულთნის სუზერენიტეტს სამართლებრივი თვალსაზრისით არ სცნობდნენ, მხოლოდ სულთნის ქვეშევრდომ ყირიმის ხანთან ურთიერთობდნენ [178, 162]. რუსეთის მხრიდან კავკასიაზე ექსპანსიის დაწყებამ ოსმალეთი შეაშფოთა, რადგან მისი გავლენა დასავლეთ კავკასიაზე სუსტი იყო. ოსმალეთის მხრიდან ჩერქეზებთან ურთიერთობა, მათში ისლამის გავრცელება ტრადიციულად ყირიმის ხანზე იყო მინდობილი, მაგრამ ყირიმის სახანოზე რუსეთის მხრიდან განხორციელებული შეტევისა და რუსეთის სამხრეთით წინსვლის აღსაკვეთად, ოსმალეთმა ანაპის ციხის გამაგრება გადაწყვიტა. 1780-1784წწ. ოსმალო დიდმოხელემ, წარმოშობით ქართველმა ფერაჰ ალი ფაშამ, მის მიერ გამაგრებული ანაპის ციხე რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ჩრდილო–დასავლეთ კავკასიის ტომების დასაყრდენად და თავშესაფრად აქცია [182, 51]. ფერაჰ ალი ფაშამ ანატოლიიდან, სივასის, სინოპის, ამასიისა და თოკათის ოლქებიდან ანაპაში 10 ათასამდე ჯარისკაცი ჩამოაყვანინა, რომელთაგან მრავალმა მთიელ ქალებთან შექმნა ოჯახები და იქვე დასახლდა. ამ ღონისძიებებს შემდგომში ჩერქეზთა მძაფრი ანტირუსული გამოსვლებისათვის ნიადაგი უნდა შეემზადებინა. 1785წ. გარდაცვლილი ფერაჰ ალი ფაშა, იმავე წელს, აჭარელმა ბიჯანოღლუ ალი ფაშამ შეცვალა [175, 321]. ოსმალეთის მიზანი ანაპიდან ჩერქეზ და აფხაზ წარჩინებულებს შორის ისლამის გავრცელებისათვის ხელის შეწყობა და მთიელებისათვის ოსმალეთის იმპერიის ძლიერებისა და მორალური ავტორიტეტის დემონსტრირება იყო. ჯერ მთიელები მუსლიმანობაზე უნდა მოექციათ, რასაც მათთან მჭიდრო სამხედრო და პოლიტიკური კავშირებიც მოჰყვებოდა. ოსმალებმა თავიანთი გავლენა გაავრცელეს ჩერქეზებში, მხოლოდ ვერ შეძლეს ყაბარდოელების გადმობირება, რომლებიც XVI საუკუნიდან რუსეთთან სიახლოვეს იცავდნენ [183, 99-100].
რუსეთ-ოსმალეთის გამწვავებული დაპირისპირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად სოხუმი იქცა. ოსმალეთის ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობდა მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სოხუმის ციხისა და ნავსადგურის შენარჩუნებასა და გაძლიერებას. 1788წ. 9 აგვისტოთი დათარიღებულ დოკუმენტში, რომელიც თურქეთის პრემიერ-მინისტრის არქივშია დაცული, აღნიშნულია, რომ აუცილებელია სოხუმის ციხის გაძლიერება სამხედროებით, უნდა მოხდეს სურსათით ციხის გარნიზონის მომარაგების გაუმჯობესება, რადგან სოხუმი მტრებით არის გარემოცული. დოკუმენტში ასევე ნათქვამია: „საქართველოს მფლობელები მოსკოველებს (რუსებს – ზ.წ.) უწევენ დახმარებას და ქართველების საწინააღმდეგოდ საჭიროა სანაპიროს ჩერქეზების ამხედრება, ამისათვის ჩერქეზებს ძვირფასი საჩუქრები უნდა გაეგზავნოთ“ [58. 4].
სოხუმის მნიშვნელობა ოსმალეთისათვის იქიდანაც ჩანს, რომ აქ სულთან სელიმ III-ის ბრძანებით დაარსდა გემთსაშენი, სადაც ოსმალური ფლოტისათვის სამხედრო გემი აშენდა. თურქი ისტორიკოსის ენვერ ზია კარალის ნაშრომში „სელიმ III-ის დროინდელი ოსმალეთის ფლოტის შესახებ დოკუმენტები“, დასახელებულია ოსმალური ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც სელიმ III-ის მმართველობის დროს აგებულ გემების აღწერას შეიცავს. დოკუმენტში, იმპერიის სხვა გემთსაშენებს შორის დასახელებულია სოხუმის გემთსაშენიც [185, 7-9].
ქელეშ-ბეის მიერ სოხუმში 60 ქვემეხიანი ხომალდის აგებისა და ოსმალეთის სულთნისთვის საჩუქრად გაგზავნის შესახებ ნახსენებია 1810წ. 24 მარტით დათარიღებულ გენერალ ა. ტორმასოვის წერილში [30, 450]. ოსმალური წყარო ადასტურებს გემის აშენების ფაქტს, მაგრამ მოჰყავს ა. ტორმასოვის მიერ დასახელებული გემისაგან განსხვავებული მახასიათებლები [108, 130-132].
სოხუმში ოსმალების მიერ გემთსაშენის აგება განაპირობა რუსეთისა და ოსმალეთის ინტერესების შეჯახებამ კავკასიაში. 1789წ. სულთნის ტახტზე ასულმა სელიმ III მიზნად დაისახა ევროპული ყაიდის არმიისა და ფლოტის შექმნა. სულთნის ბრძანებით მთავარი გემთსაშენების აშენების ადგილებად დადგინდა სტამბოლი, ბოდრუმი, გემლიქი, კალაისულტანიე, მიდილი, კვიპროსი, ქემერი, კალასი, სილისტრე და სოხუმი. ყოველ გემთსაშენს შეუდგინეს ხითა და საიალქნეებით მომარაგების, გემთმშენებელი სპეციალისტებისა და მუშახელის რაოდენობისა და დასაქმების გეგმა. 1791-1799წწ. ამ ნავსადგურებში აშენდა და ზღვაში გავიდა 45 გემი. ოსმალეთის ფლოტისთვის ახლადაშენებული გემების ქვემეხთა საერთო რიცხვი 2329, ხოლო მეზღვაურთა და ჯარისკაცთა რაოდენობა 20495 კაცს შეადგენდა [185, 2-3].
სოხუმში აშენებული ოსმალეთის სამხედრო ფლოტის ხომალდი, სახელწოდებით „კილიდ ულ ბაჰირ“, ოსმალური საზღვაო ტერმინოლოგიით „კალიონი ჯედით“-ის ტიპის იალქნიანი საბრძოლო გემი იყო. ხომალდის კორპუსი ბრინჯაოს ფირფიტებით იყო შეჭედილი, რაც გემს საზღვაო ბრძოლებისას გარკვეულ უპირატესობას ანიჭებდა. „კილიდ ულ ბაჰირ“-ის შეიარაღება 28 ქვემეხისაგან შესდგებოდა და მასზე 300 მეზღვაური და ჯარისკაცი მსახურობდა [185, 7]. თურქეთის პრემიერ-მინისტრის არქივში დაცული დოკუმენტები შუქს ფენენ სოხუმში, ოსმალური სამხედრო-საზღვაო ფლოტისათვის გემთმშენლობის საკითხებს.
1793წ. 26 აგვისტოთი დათარიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ სოხუმის გამგებელის, მირლივა (შეესაბამება ოსმალეთის არმიის გენერლის სამხედრო წოდებას - ზ.წ.) ქელეშ-აჰმედ-ბეის მეცადინეობით გემსაშენის აშენებისათვის მომარაგებული ხის მასალის საფასურად, გაიგზავნოს სოხუმში 34 ათას 600 ყურუში“ [58. 5]. ამ ცნობის საფუძველზე, 1793 წელი უნდა ჩაითვალოს სოხუმში ოსმალეთის სამხედრო ფლოტისათვის გემთსაშენის მშენებლობის დასაწყისად.
ამასთან, ირკვევა, რომ ქელეშ-ბეის, როგორც ოსმალეთის ვასალის მოვალეობებში შედიოდა სოხუმის გემთსაშენში ოსმალური სამხედრო-საზღვაო ფლოტისათვის გემების აგება, და მის მიერ სულთნისათვის ხომალდის საჩუქრად გაგზავნა, როგორც ამას ა. ტორმასოვის წერილში ვხვდებით, გამორიცხულად მიგვაჩნია. ქელეშ-ბეის არათუ საჩუქრად არ მიურთმევია საბრძოლო ხომალდი ოსმალეთისათვის, არამედ პირიქით, ცდილობდა სოხუმის გემთსაშენი საკუთარი გავლენისა და სიმდიდრის გაზრდის წყაროდ ექცია და ამ ნიადაგზე ვაჭრობა და საქმიანი მიმოწერა ჰქონდა ოსმალეთის ხელისუფლებასთან.
სოხუმში გემთსაშენის მშენებლობისა და ოსმალეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისათვის ხომალდის აგებასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები სულთნის კანცელარიასა და აფხაზეთის მთავარს შორის წლების მანძილზე ვაჭრობისა და უთანხმოების საგანი ყოფილა. ქელეშ-ბეი მუდმივად მოითხოვდა თანხებს, რაც ოსმალეთის ხელისუფლების უნდობლობასა და უკმაყოფილებას იწვევდა. 1794წ. 3 ნოემბრით დათარიღებულ ბრძანებაში სოხუმის გამგებელ ქელეშ-ბეისადმი აღნიშნულია, რომ სოხუმში ასაშენებელი სამხედრო გემისათვის გამოიყო ძალიან დიდი რაოდენობის თანხა, რის გამოც დამატებით რაიმე თანხის მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ იქნება [58. 6]. ორი წლის შემდეგ, სულთნის კანცელარია ისევ სწავლობს სოხუმში გემთმშენებლობის დაფინანსების საკითხს. ქელეშ-ბეი ამჯერადაც დიდ თანხას მოითხოვს და ოსმალეთის ხელისუფლება, იძულებულია ეს დაფინანსება გამოყოს. 1796წ. 2 სექტემბრით დათარიღებულ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მიღებულია გადაწყვეტილება სოხუმში გემთმშენებლობის დასაფინანსებლად დამატებით 7 ათას 500 ყურუში გამოიყოს [58. 7]. ოსმალეთის ხელისუფლება თავისი ვასალის, ქელეშ-ბეის დაფინანსებას დიდ ყურადღებას აქცევდა, მაგრამ ქელეშ-ბეი, ჩანს, გემთმშენებლობის ხარჯების გაზრდას ხელოვნურადაც ცდილობდა. ოსმალეთის ხელისუფლებამ 1797-1798წწ. სოხუმში გემთმშენებლობის დაფინანსება შეწყვიტა. ზია კარალის მიერ მოყვანილ ოსმალურ დოკუმენტში მითითებულია ამ გადაწყვეტილების დასაბუთება: სოხუმის გემთსაშენი იმპერიის ცენტრიდან დიდი მანძილით არის დაშორებული, დროზე არ ხდება გემის მშენებლობისათვის აუცილებელი მასალების მიწოდება, არ არის საკმარისი რაოდენობით მუშახელი და გემთმშენებლობის სპეციალისტები. [185, 9].
აფხაზეთის მთავრისათვის ოსმალეთისგან მნიშვნელოვანი დაფინანსების მიღება აფხაზეთის ოსმალეთის იმპერიის მფარველობაში ყოფნის დამადასტურებელ მტკიცებასა და, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე შიდადაპირისპირების ფონზე, აფხაზეთის შეუვალობის გარანტიას წარმოადგენდა. 1793წ. ქელეშ-ბეი მისთვის გადაცემული ანაკლიის ციხის შეკეთებისათვის სამოცი ათას ყურუშს ითხოვს ოსმალეთისაგან [58. 8]. 1795წ. ოსმალეთის ხელისუფლება, ქელეშ-ბეის სოხუმის ციხის გასამაგრებლად საჭირო სამუშაოების ჩატარებას ავალებს და გარკვეულ თანხას უგზავნის [58. 9].
1783წ. ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის შემდეგ ოსმალეთი ყოველნაირად ცდილობდა დასავლეთ საქართველოში პოზიციების გამყარებას. 1784წ. სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ, იმერეთის მეფის ტახტი მისმა ბიძაშვილმა დავით გიორგი ძემ დაიკავა, რომელმაც ქართლ-კახეთის სამეფოს მიერ რუსეთთან დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის ანალოგიური ტრაქტატის დადების მიზნით, 1784წ. პეტერბურგში აფხაზეთის კათოლიკოს მაქსიმე II აბაშიძე, ზ. წერეთელი და დ. კვინიხიძე გააგზავნა. იმერეთის ელჩების შეხვედრამ ეკატერინე მეორესთან 1784წ. 29 დეკემბერს შედეგი ვერ გამოიღო. 1787 წლიდან მაქსიმე II, იმერეთის ახალ ელჩთან, ბესარიონ გაბაშვილთან ერთად აგრძელებს დიპლომატიურ საქმიანობას. ისინი ცდილობდნენ აფხაზეთის მხრიდან რუსეთის ჯარების შემოყვანას, აფხაზეთისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ოსმალებისგან გათავისუფლებასა და ერთიანად რუსეთის მფარველობაში მიღებას, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. მაქსიმე II სამშობლოში ვერ დაბრუნდა. 1795წ. 30 მაისს ის კიევში გარდაიცვალა და კიევ-პეჩორის ლავრაში დაიკრძალა [68, 331-339].
XVIIIს. 90-იან წლებში, დასავლეთ საქართველოში ახალი ძალით იფეთქა ფეოდალურმა შინაომმა, რომელშიც ქელეშ-ბეიც ჩაერია. იმერეთის მეფე სოლომონ II-მ (1789-1810წწ.) მიზნად დაისახა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება. ამას საგარეო-პოლიტიკური ვითარებაც ხელს უწყობდა. ოსმალეთის იმპერია, რომელიც სეპარატისტულ ძალებს უჭერდა მხარს, ამ დროს უწინდელ კონტროლს ვერ უწევდა დასავლეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ამით ისარგებლა სოლომონ II-მ და უზენაესი ხელისუფლის პრეტენზიები გამოხატა. იგი თავს „ქუემოისა ივერიისა და სხუათა მეფეს“ უწოდებდა. მეფის მარჯვენა ხელი, სოლომონ ლიონიძე წერდა, რომ „აფხაზეთი უძველესი დროიდანვე იმერეთისა იყო“. იმერეთის მეფე სამეგრელოს მთავარ დადიანს ურჩ ვასალად, „ყმად“ მიიჩნევდა, რომელსაც მეფისადმი ურჩობის უფლება არ ჰქონდა [69, 135]. იმერეთის მეფის მცდელობის მიუხედავად, დასავლეთ საქართველოს მთავრებს სრულიად დამოუკიდებლად ეჭირათ თავი და იმერეთის მეფის უზენაესობას არ სცნობდნენ. აქაც გამოირჩეოდა აფხაზეთი და მისი მთავარი, რომელიც ოსმალეთის ერთგულ ვასალს წარმოადგენდა. ამ გარემოებით იყო გამოწვეული, რომ ქელეშ-ბეის ქართველ მეფე-მთავართა სამხედრო-პოლიტიკურ კავშირში – 1790წ. ტრაქტატში მონაწილეობა არ მიუღია. [119, 87-88]
1801წ. აღმოსავლეთ საქართველოში რუსული მმართველობა დამყარდა. ქართლ–კახეთის სამეფოს შემდეგ საქართველოს დანარჩენი პოლიტიკური ერთეულების რუსეთთან შეერთება დროის საქმე იყო. რუსეთი ფლობდა მნიშვნელოვან სამხედრო-სტრატეგიულ პლაცდარმს და მისთვის ადვილი იყო დანარჩენი საქართველოს ძალით დაპყრობა ან „ნებაყოფლობით“ დამორჩილება.
თ ა ვ ი II. რუსეთ-ოსმალეთის ბრძოლა აფხაზეთისათვის XIXს. I ნახევარში და ყირიმის ომი
§1. აფხაზეთის რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლა
აღმოსავლეთ საქართველოს შემოერთების შემდეგ, ცარიზმის პოლიტიკის არსი დასავლეთ საქართველოს მიმართ აშკარად გამოჩნდა უკვე 1802წ. როცა საქართველოს მთავარსარდალსა და ასტრახანის გენერალ-გუბერნატორს, ფაქტობრივად, კავკასიის მთავარმართებელ, გენერალ პ. ციციანოვს (1802-1806წწ.) დაევალა ყველა ღონე ეხმარა დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების რუსეთთან მიერთებისა და რუსეთის შავი ზღვის კავკასიის სანაპიროზე განმტკიცებისათვის. გარკვეული მიზეზების გამო, რუსეთის ხელისუფლება დასავლეთ საქართველოში ფრთხილად მოქმედებდა და მხარის უშუალო შემოერთებისაგან ჯერჯერობით თავს იკავებდა. მიუხედავად ამისა, პ. ციციანოვის მეცადინეობით მოხერხდა დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების რუსეთთან ფაქტობრივი მიერთება. ამაში რუსეთს ხელს უწყობდა დასავლეთ საქართველოში მიმდინარე შინააშლილობა [79, 127].
1802წ. ზაფხულში იმერეთის მეფემ დაამარცხა გრიგოლ დადიანი და ლეჩხუმი დაიკავა. ოდიშის მთავარმა დახმარებისათვის ქელეშ-ბეი შარვაშიძეს მიმართა, „რომელსა ეპყრა ყოველი აფხაზეთი ვიდრე ღალიძგამდე და მძლავრებდაცა დადიანის სამფლობელო სამურზაყანო აფხაზეთსა“ [6, 190]. აფხაზთა მთავარმა მძევალი მოითხოვა. დადიანმა ტახტის მემკვიდრე ლევანი გაუგზავნა მძევლად. ამის შემდეგ ქელეშ-ბეი თავისი ლაშქრით 20 ათასი მეომრითა და 3 ზარბაზნით ოდიშში გადმოვიდა და სოფელ აბედათში დაბანაკდა. შემოდგომაზე სოლომონ II ოდიშში შეიჭრა და მის შემომტკიცებას შეუდგა. ქელეშ-ბეიმ მეფესთან შებრძოლება ვერ გაბედა, დაუზავდა მას და აფხაზეთში დაბრუნდა [28, 577]. გრიგოლ დადიანისთვის ცხადი შეიქნა, რომ საკუთარი ძალებით იმერეთის მეფის შემოტევებს წინ ვერ აღუდგებოდა, ამიტომ რუსეთის მფარველობაში შესვლა გადაწყვიტა და შესაბამისი თხოვნით აღმოსავლეთ საქართველოს რუსულ ადმინისტრაციას მიმართა. 1803წ. გრიგოლ დადიანმა ხელი მოაწერა ,,სათხოვარ პუნქტებს‘‘ იმპერატორისადმი, სადაც ის ოდიშისა და აფხაზეთის მთავრად წარმოადგენდა თავს, რითაც აფხაზეთზე პრეტენზიას აცხადებდა. სამეგრელოს ნაწილად აფხაზეთის წარმოჩენას ისახავდა მიზნად აგრეთვე გრიგოლ დადიანის მიერ რუსეთში დესპანად გაგზავნილ არქიმანდრიტ პაფნოტი ხოზიაშვილისთვის მოქვის ეპისკოპოსის ხარისხის მინიჭება [68, 343].
1803წ. დეკემბერში, გრიგოლ დადიანმა ხელი მოაწერა „სამფარველო“ ხელშეკრულებას და რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაიფიცა. იმავდროულად მდ. ხობისწყლის შესართავში გადმოსხდა რუსული პოლკი, რომელმაც სოფელ ყულევის ადგილას 1804წ. სიმაგრე რედუტ-ყალე ააგო. ეს იყო რუსების მიერ დაკავებული პირველი პუნქტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. 1803 წელსვე, გრიგოლ დადიანმა პ. ციციანოვს აცნობა, რომ ,,ქელეშ-ბეგ შარვაშიძე, მფლობელი აფხაზეთისა, ეძიებს მფარველობასა რუსეთისა‘‘ და თითქოს ქელეშბეი არ იყო დამოკიდებული ოსმალეთზე და თვითონ სთხოვა სამეგრელოსმთავარს, რუსეთის ხელისუფლებასთან მისი შუამავალი ყოფილიყო. პ. ციციანოვმა გრიგოლ დადიანს შესთავაზა, ერჩია ქელეშ-ბეისთვის, საგანგებო კაცი გამოეგზავნა თბილისში ან წერილობით განეცხადებინა თავისი სურვილი რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის შესახებ. ამასთან განეცხადებინა, რომ ფოთს თავისი ხალხით იცავდა არა იმიტომ, რომ ოსმალეთისაგან ჯამაგირს იღებდა, არამედ იცავდა როგორც საკუთარ სამფლობელოს, რომელიც მზად იყო გადაეცა რუსეთისთვის, ისევე როგორც ანაკლია. პ. ციციანოვი გრიგოლ დადიანს პირობას აძლევდა, რომ ყოველივე ეს შეწყნარებული იქნებოდა და ქელეშ-ბეი „მფარველობას“ მიიღებდა. პ. ციციანოვი მიიჩნევდა, რომ სამეგრელოს სამთავროს შეერთებით რუსეთი გზას იკაფავდა შავი ზღვის სანაპიროსკენ და შეეძლო ზეწოლა მოეხდინა იმერეთის სამეფოზეც. 1804წ. 25 აპრილს, სოლომონ II იძულებული გახდა, რუსეთის მთავრობის მიერ ნაკარნახევი „სამფარველო“ პირობები მიეღო. 25 აპრილის ელაზნაურის „სამფარველო“ ხელშეკრულება გურიის სამთავროზეც ვრცელდებოდა, რადგან გურია იმერეთის სამეფოს შემადგენელ ნაწილად ცხადდებოდა [113, 206].
იმპერატორმა იმერეთის მეფესთან დადებული ხელშეკრულება და დადიანის „სათხოვარი პუნქტები“ 1804წ. 4 ივლისს დაამტკიცა. მალე საქართველოს მთავარსარდალმა, „სამეგრელო-იმერეთისა და გურიის მმართველად“ საგანგებო მოხელე – გენერალი პ. ლიტვინოვი მოავლინა, რომლის მიზანი მეფე-მთავრებთან დადებული შეთანხმების პრაქტიკული ხორცშესხმა იყო. რუსეთის ხელისუფლებას განსაკუთრებით აინტერესებდა შავი ზღვის კავკასიის სანაპირო და კერძოდ აფხაზეთი. 1803წ. 2 იანვარს, იმერეთის მეფე სოლომონ II წერდა, რომ აფხაზები, ისევე როგორც სხვა მთიელები (მათ შორის სვანები, ჯიქები, ალანები), კანონების გარეშე ცხოვრობენ. პ. ციციანოვმა აფხაზეთის შემოერთების ისტორიულ-ქრისტიანული საფუძველი ჩამოაყალიბა. იგი წერდა, რომ აფხაზეთი ივერიის (საქართველოს) პროვინცია იყო, სადაც თურქებმა გაანადგურეს ადგილობრივი მოსახლეობა, გადაშენების პირამდე მიიყვნეს ქრისტიანობა. [28, 340-341].
XIXს. დასაწყისში, კავკასიაში რუსეთის პოზიციების განმტკიცების შემდეგ, ქელეშ-ბეი შარვაშიძე საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლას იწყებს. ვასალური დამოკიდებულება ოსმალეთზე აფხაზეთის მთავარს უკვე არ აკმაყოფილებდა. საქართველოში თანდათან მტკიცდებოდა რუსეთის პოზიციები, ოსმალეთის იმპერია კი ღრმა კრიზისს განიცდიდა. იმპერიას ბალკანეთის ხალხთა ეროვნული მოძრაობები არყევდა. დასავლეთ საქართველოში რუსეთის გაბატონების კვალობაზე აფხაზეთის ჯერიც დადგებოდა, რადგან აფხაზეთი საქართველოს ორგანული ნაწილი იყო [98, 109].
აფხაზეთის მთავარი რუსეთთან დაახლოების სურვილს კი იჩენდა, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება რთული საერთაშორისო ვითარების გამო ქელეშ-ბეისთან პირდაპირი და ღია ურთიერთობების დამყარებისაგან თავს იკავებდა. მოსალოდნელი იყო ომი ნაპოლეონთან, ამიტომ რუსეთს ოსმალეთთან, რომელსაც საფრანგეთი მის წინააღმდეგ აქეზებდა, ურთიერთობის გამწვავება არ სურდა. რუსეთმა ფრთხილად და ფარულად დაიწყო ქელეშ-ბეის პოლიტიკისა და აფხაზეთის სამთავროს შემოერთების საკითხების გამოკვლევა. ქელეშ-ბეი ეძიებდა რუსეთის მფარველობას, მაგრამ, ამავე დროს, არ წყვეტდა კავშირს ოსმალეთთან, ითვლებოდა სულთნის ვასალად და მის სამსახურში იმყოფებოდა. ამ პერიოდში ქელეშ-ბეი რუსეთსა და ოსმალეთს შორის ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას ატარებდა. თუმცა, თანდათან იკვეთება ქელეშ-ბეის დაპირისპირება ოსმალეთთან. მან, როგორც ჩანს, უკვე აშკარად გადაწყვიტა ჩამოშორებოდა ოსმალეთს და მხოლოდ საბაბს ეძებდა. ჯერ კიდევ 1803წ. გრიგოლ დადიანის რწმუნებულებმა, ქაიხოსრო და როსტომ კვინიხიძეებმა პ. ციციანოვს აცნობეს, რომ ქელეშ-ბეი არაფრით არ იყო დამოკიდებული ოსმალეთზე.
რუსეთის ხელისუფლებას აინტერესებდა, რამდენად გულწრფელი იყო ქელეშ-ბეის ერთგულება რუსეთისადმი და რა დამოკიდებულებაში იმყოფებოდა ის ოსმალეთთან, რომელიც მას ქვეშევრდომად თვლიდა. პ. ციციანოვმა პ. ლიტვინოვს დაავალა, საიდუმლოდ ეწარმოებინა მოლაპარაკება ქელეშ-ბეისთან რუსეთის მფარველობაში შესვლის თაობაზე, თუმცა აფხაზთა მთავრის სურვილის გულწრფელობაში ეჭვი ეპარებოდა. პ. ლიტვინოვმა შეისწავლა დასავლეთ საქართველოს ხელისუფალთა ორიენტაციის საკითხი და პ.ციციანოვს მოახსენა, რომ აფხაზეთის მთავრის ნდობა შეუძლებელი იყო [28, 536].
1804წ. 23 ოქტომბერს გრიგოლ დადიანი გარდაიცვალა. ტახტის მემკვიდრე, 12 წლის ლევანი აფხაზთა მთავარს ჰყავდა მძევლად. სამეგრელოს სამთავროს მესვეურებმა ქელეშ-ბეის სთხოვეს ლევანის გათავისუფლება, მაგრამ მან საზღაურად დიდი თანხა მოითხოვა. როდესაც ეს ცნობილი გახდა პ. ციციანოვისათვის, მან იმერეთსა და სამეგრელოში დისლოცირებული რუსეთის ჯარების სარდალს გენერალ-მაიორ ი. რიკჰოფს უბრძანა, თუ ქელეშ-ბეი ლევანს არ გაათავისუფლებდა, „წარვიდეს თვისითა რწმუნებულითა მხედრობითა აყუს და შემუსროს, რათა არა დაშთეს ქვა-ქვასა ზედა, რომელ არა დაირღვეს, და გამოიყვანოს ლეონ და ქმნას თვისსა სამკვიდროსა ზედა მთავრად“ [6, 194].
1805წ. მარტში, ი. რიკჰოფმა თავისი რაზმით და სამეგრელოს სახალხო ლაშქრით გადალახა მდ. ენგური, სამურზაყანოს თავად-აზნაურებს რუსეთის ერთგულების ფიცი დაადებინა და მძევლები აიყვანა. შეტევის შემდგომი გაგრძელება უგზოობამ შეაფერხა, ამიტომ გენერალი უკან მობრუნდა და გეზი ანაკლიისკენ აიღო. 28 მარტს ი. რიკჰოფმა სამ საათში აიღო კარგად გამაგრებული ანაკლიის ციხე და ზღვით სოხუმზე იერიშის მისატანად ემზადებოდა, როდესაც საომარი მოქმედებებით შეშფოთებულმა ქელეშ-ბეიმ 2 აპრილს ლევანი გაათავისუფლა, თავისი 8 მძევალიც გამოგზავნა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა ითხოვა [28, 510]. 16 აპრილს გენერალი ი. რიკჰოფი პ. ციციანოვს აცნობებდა, რომ აფხაზი თავადები, ვისგანაც მძევლები მიიღო, და ასევე ისინიც, ვინც წინათ დადიანის მორჩილებაში იყვნენ მდ. ღალიძგამდე, კვლავ სამეგრელოს სამთავროს მფლობელობაში შემოვიდნენ, რაზეც ფიცი მისცეს ლევან დადიანს და სურთ რუსეთის მფარველობაში შესვლა [28, 514].
რუსეთის გააქტიურებას აფხაზეთის მიმართ მძაფრი რეაქცია მოყვა ოსმალეთის მხრიდან. ანაკლიის ციხის აღების გამო, რომელსაც ქელეშ-ბეი ფლობდა, თუმცა ოსმალეთს ეკუთვნოდა და ოსმალო მეციხოვნეებიც იდგნენ, ოსმალეთმა რუსეთის ხელისუფლებას პროტესტი განუცხადა. იმპერატორმა ალექსანდრე I-მა სულთან სელიმ III-სადმი გაგზავნილ წერილში ბოდიში მოიხადა ამ ინციდენტის გამო და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი შეცდომისა და გაუგებრობის ნიადაგზე მოხდა. ივლისში გენერალ პ. ლიტვინოვს შეხვდა ოსმალეთის ფლოტის მეთაური რეის ეფენდი, რომელმაც კატეგორიულად მოითხოვა რუსებისაგან შავი ზღვის სანაპიროს „სოხუმიდან დაწყებული ვიდრე ბათუმამდე“ დაცლა. იმპერატორმა პ. ციციანოვს დაავალა დაებრუნებინა ოსმალეთისათვის ანაკლია, ხოლო სტამბოლში რუსეთის ელჩს იტალინსკის დაევალა, დაერწმუნებინა ოსმალეთი, რომ ეს ფაქტი უნებლიე შეცდომის გამო მოხდა. ოსმალეთი აღნიშნული განმარტებით დაკმაყოფილდა. ოქტომბერში რუსებმა ქელეშ-ბეის ანაკლია დაუბრუნეს და ათასი მანეთიც გადასცეს მიყენებული ზარალის საზღაურად. პ. ლიტვინოვმა გააფრთხილა ოსმალები, შარვაშიძისთვის ტყვის სყიდვა აეკრძალათ. [28, 534; 98, 111].
ამრიგად, ოსმალეთის მძაფრი პროტესტის გამო, რუსეთის ხელისუფლებამ ენერგიული მოქმედება აფხაზეთში ამჯერად მიზანშეუწონლად მიიჩნია და ოსმალეთთან კონფლიქტის გაღრმავებისაგან თავი შეიკავა.
1805წ. 9 ივლისს სოფ. ბანძაში სამეგრელოს ახალმა მთავარმა ლევან V დადიანმა (1805-1840წწ.) რუსეთის ერთგულების ფიცი დადო. ფიცი დადეს აგრეთვე სამურზაყანოს მფლობელებმა – მანუჩარ და ლევან შარვაშიძეებმა. სამურზაყანოს მფლობელები იმპერატორის ერთგულების ფიცთან ერთად სამეგრელოს მთავარსაც უცხადებენ მორჩილებას: „ყოვლად უმოწყალესი ხელმწიფის ყმა ვიმყოფებით, აგრეთვე სამეგრელოს თვითმპყრობელი ლევან დადიანისა, რადგანაც ჩვენ ჩვენის ქვეყნით ვყოფილვართ სამეგრელოს თვითმპყრობელის თავადი დადიანისა“ [28, 527]. სამურზაყანომ, სადაც XVIIIს. 90-იანი წლებიდან ქელეშბეის გავლენა ვრცელდებოდა, სამეგრელოს მთავრის უზენაესობა აღიარა.
დასავლეთ საქართველოში რუსეთის პოზიციების განმტკიცების პირობებში, ქელეშ-ბეი სულთანთან აშკარა კონფრონტაციისაკენ იღებს კურსს. მეზობელი სამეგრელოს სამთავროს გაძლიერება აფხაზეთის მთავრის შეშფოთებას იწვევდა. ქელეშ-ბეი კარგად იყო ინფორმირებული ოსმალეთის იმპერიის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კრიზისზე, ამიტომ მან ოსმალეთთან ღია კონფრონტაციის გზა ირჩია. ქელეშ-ბეის პოლიტიკური კურსის რადიკალური ცვლილება, აფხაზეთში ოსმალეთის პოლიტიკური და სამხედრო ჰეგემონობის დასასრულის მომასწავებელი იყო.
აფხაზეთის მთავარმა მოხერხებულად ისარგებლა რა სულთნისაგან დევნილი ტრაპიზონელი ტაიარ ფაშასათვის თავშესაფრის მიცემის საკითხით, დევნილი ფაშა ოსმალეთისგან ჩამოშორების ფორმალურ საბაბად გამოიყენა. 1806წ. მარტის ბოლოს, ოსმალეთიდან ქელეშ-ბეისთან ჩავიდა ტრაპიზონის გამგებელი ტაიარ ფაშა, რომელსაც სახელმწიფო ღალატში ედებოდა ბრალი და გადაეწყვიტა, რუსეთისათვის შეეფარებინა თავი. ტაიარ ფაშა ცდილობდა სულთან სელიმ III-ის ხელისუფლების წინააღმდეგ ანატოლიის სხვა ფაშებიც აემხედრებინა. დევნილმა ფაშამ მიმოწერა გამართა რუსეთის ხელისუფლებასთან მფარველობაში შესვლის შესახებ და პირობას დებდა, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს და მთელ ანატოლიასაც რუსეთის ქვეშევრდომობაში შეიყვანდა. [28, 885]. როგორც ჩანს, ტაიარ ფაშამ კარგად იცოდა ქელეშ-ბეის პრორუსული განწყობის შესახებ, რადგან სწორედ მას შეაფარა თავი. სოხუმიდან ტაიარ ფაშამ მოლაპარაკებები გამართა რუსეთის ხელისუფლებასთან, ამასთან თავისი სამსახური შესთავაზა რუსეთის მფარველობაში აფხაზეთის შესვლის საქმეში, რაც, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, რუსეთისათვის უაღრესად ხელსაყრელ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას ქმნიდა [28, 872].
ოსმალეთის სულთანმა ქელეშ-ბეის მოსთხოვა, თავი მოეკვეთა მოღალატე ფაშასთვის. თურქეთის პრემიერ მინისტრის არქივში დაცული რამოდენიმე დოკუმენტიდან ჩანს, თუ როგორ გადადის სულთნის კატეგორიული მოთხოვნა ქელეშბეისადმი სიკვდილით დასაჯოს მოღალატე ფაშა, აშკარა მუქარაში, რომ ბრძანების შეუსრულებლობის გამო ქელეშ ბეიც დაისჯება. სულთნის პირველ მიწერილობაში ქელეშ-აჰმედ-ბეისადმი ნათქვამია: „ვინაიდან ჯანიკლის (ჭანეთის-ზ.წ) ჰაჯიალი ფაშაზადე ტაიარ ფაშას პატიება შეუძლებელია, ეძლევა ბრძანება სოხუმის მუტესელლიმს (გამგებელს – ზ.წ.) ქელეშ-აჰმედ-ბეის, რომ სიკვდილითმ დასაჯოს ფაშა და მისი თანმხლები პირნი და გამოგზავნოს მათი მოკვეთილი თავები“ [58. 10]. ქელეშ ბეის მხრიდან სულთნის ბრძანების შეუსრულებლობას მოჰყვა სულთნის მუქარის წერილი, სადაც ქელეშ-აჰმედ-ბეი მოხსენიებულია უკვე სოხუმის ციხის მცველად. ამ წერილში, რომლის გაგზავნის თარიღად აღნიშნულია 1806წ. 6 ივლისი, ნათქვამია: „გაფრთხილება მიეცა სოხუმის მუჰაფიზს (მცველს-ზ.წ.) ქელეშ აჰმედ ბეის, არ შეიფაროს მეამბოხე და დევნილი ტრაპიზონის ვალი (გუბერნატორი-ზ.წ.) და გამოაგზავნოს მისი მოკვეთილი თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე გაიგზავნება დამსჯელი ჯარი“ [58. 11]. ქელეშბეის უარი სუზერენის, სულთნის ბრძანების შესრულებაზე აშკარა დაუმორჩილებლობად შეფასდა. სულთანმა ტაიარ ფაშას გადაცემის მოთხოვნით მიმართა აფხაზ ფეოდალებს – ძაფშ-იფას, მარღანიას და სხვებს, შესთავაზა მათ გავლენა მოეხდინათ ქელეშ-ბეიზე ტაიარ ფაშას სიკვდილით დასასჯელად [139, 33].
1806წ. მაისში, ქელეშ-ბეიმ თხოვნით მიმართა კავკასიის რუსულ ადმინისტრაციას, მიეღო აფხაზეთი რუსეთის მფარველობაში და ოსმალეთისაგან დაეცვა იგი. რუსეთის ხელისუფლება მასთან, როგორც ოსმალეთის ვასალთან, ღია ურთიერთობისგან თავს იკავებდა, თუმცა მიაჩნდა, რომ იმჟამინდელ პირობებში ქელეშ-ბეის მიმხრობა სასარგებლო იქნებოდა. რუსეთს სურდა აფხაზეთის მთავრის დაყოლიება, რომ მას ურთიერთობა არ ჰქონოდა რუსეთის წინააღმდეგ ამბოხებულ იმერეთის მეფესთან, რომელიც თუ ქელეშ-ბეის თავის მხარეზე გადაიყვანდა, სამეგრელოს მნიშვნელოვნად ავნებდა [29, 190, 194].
იმავდროულად ქელეშ-ბეიმ მეგობრული ურთიერთობა დაამყარა სამეგრელოს სამთავრო სახლთან. გენერალ ი. რიკჰოფის შუამავლობით აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავრები, რომლებიც XIXს. დასაწყისში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, შერიგდნენ. 1806წ. 20 მაისს, სამეგრელოს დედოფლის ნინო დადიანის სახელზე გაგზავნილ წერილში ქელეშ-ბეი წერდა: „ჩვენ შენი კარგის მდომი ვიქმნეთ და თქვენს საზიანოსა და დასამდაბლებელ საქმეშიდ არ შევიდე და არც შემეძლოს; შენი კარგის მდომი ვიქმნე და შენი მტრის მტერი ვიქმნე, მოყვარისა მოყვარე ვიქმნე“ [29, 190].
ქელეშ-ბეის ვაჟი, საფარ-ბეი ფარულად მოინათლა (ნათლობის სახელი – გიორგი) და სამეგრელოს მთავრის, გრიგოლ დადიანის და, თამარი შეირთო [166, 541]. ეს დინასტიური კავშირი ხელს შეუწყობდა აფხაზეთის სამთავროს პოლიტიკურ კავშირს რუსეთის „მფარველობაში“ მყოფ სამეგრელოსთან და ქელეშბეის პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლაზე მეტყველებდა. როგორც ჩანს, ქელეშ-ბეის საბოლოოდ და მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი რუსეთის მფარველობაში შესვლა და ეს საკითხი 1806წ. ივნისში განსახილველად გაიტანა სახალხო ყრილობაზე, რომელიც ლიხნში, მთავრის სასახლისწინა მოედანზე გაიმართა. ყრილობამ მხარი დაუჭირა ქელეშ-ბეის პოლიტიკურ კურსს. [29, 191-192, 574]. ოსმალეთი შეეცადა, სამხედრო ძალით დაემორჩილებინა ურჩი ვასალი. ამასთან, ოსმალეთი დიდი ხანია დასავლეთ საქართველოში შეჭრისთვის საბაბს ეძებდა და ჩათვალა, რომ ხელსაყრელი დრო დაუდგა. რუსეთის აქტიურობამ შავ ზღვაზე და ანაკლიის დაუფლებამ ოსმალეთის შეშფოთება გამოიწვია, რომელიც დასავლეთ საქართველოს დაკარგვას ვერაფრით ეგუებოდა. 1806წ. ივნისის დასაწყისში, სულთანმა ახალციხისა და არზრუმის ფაშებს უბრძანა, იმერეთსა და სამეგრელოში შეჭრილიყვნენ და შავი ზღვის სანაპიროს დაუფლებოდნენ. ხმელეთზე მოქმედი ჯარისთვის მხარი უნდა დაეჭირა სამხედრო-საზღვაო ფლოტს [29, 517-518]. ივლისში აფხაზეთის სანაპიროსკენ დაიძრა ოსმალეთის ესკადრა 11 ხომალდის შემადგენლობით იორუკ ბაირახდარის მეთაურობით. ესკადრის მეთაური ცდილობდა, გადაებირებინა ზოგიერთი აფხაზი ფეოდალი, მათ შორის, სამურზაყანოს მფლობელი მანუჩარ შარვაშიძე, მაგრამ უშედეგოდ. ქელეშ-ბეიმ რუსეთის ხელისუფლებას მიმართა დახმარების თხოვნით, მაგრამ რუსეთი აფხაზეთის საკითხში ისევ სიფრთხილეს იჩენდა. მიუხედავად ამისა, კავკასიის სარდლობამ მიიღო ბრძანება, თუ ოსმალეთის არმია სამეგრელოს გავლით აფხაზეთისაკენ დაიძრებოდა, მისთვის გზა მოეჭრათ [29, 192; 159, 133-134].
ოსმალეთის აგრესიის მოსაგერიებლად ქელეშ-ბეიმ შეძლო 25 ათასი მებრძოლის დარაზმვა. აქედან აფხაზი იყო 10-12 ათასი, დანარჩენი კი დაქირავებული ჩერქეზები. 25 ივლისს ოსმალეთის ესკადრა სოხუმს მიადგა, მაგრამ, როდესაც ოსმალები დარწმუნდნენ, რომ ქალაქი მტკიცედ იყო დაცული და ქელეშ-ბეის განზრახული ჰქონდა მედგარი წინააღმდეგობის გაწევა, იძულებული გახდნენ, უკან გაბრუნებულიყვნენ. ახალციხისა და არზრუმის ფაშებმაც აფხაზეთში ლაშქრობას თავი აარიდეს [29, 192-193, 519-520]. საბოლოოდ, ოსმალეთის ხელისუფლებამ თავი შეიკავა ხმელეთით ჯარების გაგზავნისაგან, რადგან ეს რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფ სამეგრელოში შეჭრასა და რუსეთთან საომარ დაპირისპირებას გამოიწვევდა.
მალე აფხაზეთში პოლიტიკური სიტუაცია გართულდა. ოსმალეთმა გამოიყენა აფხაზეთის სამთავრო კარზე არსებული უთანხმოება და ქელეშ-ბეის უფროსი შვილი ასლან-ბეი დაუპირისპირა. ქელეშ-ბეიმ, რომელმაც ოსმალეთისგან ჩამოშორება დაისახა მიზნად, სამთავრო ტახტის მემკვიდრეობის უფლება ჩამოართვა ასლან-ბეის, რომელიც პირველი ქორწინებიდან, ძაფშ-იფას ქალისგან ჰყავდა და ეს უფლება გადასცა საფარ-ბეის, რომელსაც როგორც დაბალი წარმოშობის ქალის შვილს, ადათით ტახტი არ ეკუთვნოდა. ოსმალოფილური დაჯგუფების მიერ, რომელშიც შედიოდნენ ეშერელი ძაფშ-იფები და ასლან-ბეი, ოსმალეთის მხარდაჭერით მომზადდა შეთქმულება აფხაზეთის მთავრის წინააღმდეგ, მაგრამ ქელეშ-ბეი სასტიკად გაუსწორდა შეთქმულებს, მოაკვლევინა მასთან მოსალაპარაკებლად მიწვეული სამი ძმა ძაფშ-იფა. ამ საგვარეულოს დანარჩენი წარმომადგენლები შურისძიების შიშით წებელში გაიქცნენ. მათი საგვარეულო მამული, მდ. შიცკვარას და მდ. აძაფშს (დამპალა) შორის, ქელეშ-ბეიმ თავის მამულს შეუერთა. [49, 231]. ქელეშ-ბეიმ მოწინააღმდეგენი დათრგუნა და ხელისუფლება განიმტკიცა.
ასეთ ვითარებაში, ოსმალეთი რუსეთთან ომისათვის მზადებას შეუდგა. ოსმალეთი აძლიერებდა შავი ზღვის სანაპირო ციხეებს – ბათუმს, ფოთს, სოხუმს, სუჯუკ-კალეს, ანაპას, რათა ისინი რუსეთისათვის აუღებელ ფორპოსტებად ექცია. რუსეთის მთავრობა კი, რომელიც დღე-დღეზე მოელოდა ოსმალეთთან ომის დაწყებას, ცდილობდა შავი ზღვის სანაპიროს ციხე-სიმაგრეთა კომენდანტები მოესყიდა [98, 114]. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ა. ბუდბერგმა 1806წ. 5 სექტემბერს, კავკასიის ხაზისა და საქართველოს მთავარსარდალ ი. გუდოვიჩს (1806-1809წწ.) აუწყა იმპერატორის ნება, ოსმალეთთან ურთიერთობის გაწყვეტისთანავე გამოეცხადებინა ქელეშ-ბეისათვის რუსეთის ქვეშევრდომობაში ოფიციალურად მიღების შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოხდებოდა პეტერბურგიდან სიგელისა და ინვესტიტურის ქელეშ-ბეისათვის გაგზავნა [29, 193]. რუსეთის ხელისუფლება დიდად იყო დაინტერესებული აფხაზეთის დაუფლებით. შავი ზღვის სანაპირო ზოლი, ანაპის ციხიდან მდ. ენგურის შესართავამდე და რიონის მარცხენა ნაპირიდან სამხრეთით, ოსმალთა მფლობელობაში იყო, მათ შორის, სოხუმის, ანაკლიის, ფოთის, ბათუმისა და გონიოს ციხეები. ა. ბუდბერგი 1806წ. 25 სექტემბრის წერილში ი. გუდოვიჩს სწერდა: „ეს ციხეები უძველესი დროიდან საქართველოს სამეფოს ეკუთვნოდა, ამიტომ არ შეიძლება, არ გვსურდეს ყველა ამ ადგილის რუსეთთან შეერთება და მთის ხალხების, ყუბანს იქით მცხოვრები ტომების დამორჩილება, რომლებიც ანაპასა და სხვა თურქულ ციხეებში თავშესაფარს პოულობენ“ [29, 525-526].
1806წ. ოქტომბერში, ქელეშ-ბეიმ ტაიარ ფაშა ყირიმს გაისტუმრა და ნება დართო, შუამდგომლობა გაეწია აფხაზეთის რუსეთის მფარველობაში მიღების საქმეში. ქელეშ-ბეიმ ტაიარ ფაშას გაატანა წერილი, სადაც რუსეთს გააცნო ის მოთხოვნები, რა პირობებითაც სურდა აფხაზეთს რუსეთის მფარველობაში შესვლა. ტაიარ ფაშამ ნოვოროსიის გენერალ-გუბერნატორს ე. რიშელიეს გადასცა რვა მუხლისაგან შემდგარი ქელეშ-ბეის მოთხოვნები. ამ მოთხოვნებში აღნიშნული იყო, რომ აფხაზები მზად იქნებიან, ერთგულად ემსახურონ იმპერატორს ქვეშევრდომად აღიარების შემთხვევაში; ქელეშ-ბეი დარჩეს აფხაზთა მთავრად; ებოძოს მას ჩინი და დაენიშნოს წოდების შესაფერისი ჯამაგირი; მისი 6 შვილიდან უფროსს – საფარ-ბეის ებოძოს ასევე შესაფერისი ჩინი და დაენიშნოს ჯამაგირი; ხოლო მეორე შვილი მზად იყო პეტერბურგში სასწავლებლად (ფაქტობრივად, მძევლად) გაეგზავნა; ამასთან ითხოვდა 30 აფხაზი აზნაურის დაჯილდოებას; ოსმალთა თავდასხმის შემთხვევაში მთავარი უნდა ყოფილიყო სათანადოდ მომარაგებული სურსათით; ქელეშ-ბეის სიმაგრე შეიარაღდებოდა რუსული ქვემეხებით და იქ გაიგზავნებოდა კანონირები; რუსეთში აკრძალული ტყვის სყიდვა აფხაზებს არ უნდა შეხებოდათ, რადგან უამისოდ არსებობა არ შეეძლოთ. ამასთან, ქელეშ-ბეი პირობას დებდა, რომ თავისი 6 ათასი მეომრით საქართველოს საზღვრებზე და თბილისის მახლობლად გააგრძელებდა რუსეთის ტახტისადმი სამსახურს, ხელისუფლებას ჰპირდებოდა ხე-ტყეს გემთმშენებლობისათვის, რამდენიმე კარგ ადგილს ნავმსადგომად, რომლებიც ზამთარში საიმედო თავშესაფარი იქნებოდნენ რუსეთის ფლოტისათვის. [29, 191-192]. ა. ბუდბერგი, 1806წ. 14 ნოემბერს, ე. რიშელიესადმი გაგზავნილ წერილში ხაზს უსვამდა აფხაზთა მთავრის რუსეთის ქვეშევრდომობაში მიღების მნიშვნელობას და რეკომენდაციას აძლევდა, ხელი მოეწერა ქელეშ-ბეისთან წინასწარ შეთანხმებაზე მის მიერ წარმოდგენილი პირობებით [29, 194-195].
1806წ. 24 დეკემბერს ოსმალეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა. ამასთან დაკავშირებით, 1807წ. 7 იანვარს, ა. ბუდბერგმა საგანგებო მიწერილობა გაუგზავნა ი. გუდოვიჩს და დაავალა კავკასიაში არსებული რუსეთის მთელი ძალები საქართველოს მეზობელი ოსმალური ოლქების წინააღმდეგ წარემართა, ოსმალეთთან საბრძოლველად მიეწვია ქელეშ-ბეი, ყარსის ფაშა, ტრაპიზონის ფაშა ტაიარი და მოლაპარაკება დაეწყო ანაპის ციხის უფროსთან რუსეთის მფარველობაში შემოსვლის თაობაზე [29, 531-532]. ოსმალეთთან ახალი ომის (1806-1812წწ.) დაწყება ხელ-ფეხს უხსნიდა რუსეთს აფხაზეთის საკითხის მოსაგვარებლად. ომის დაწყებისას ქელეშ-ბეიმ რუსეთის სარდლობას აცნობა, რომ ოსმალებს განზრახული ჰქონდათ თავს დასხმოდნენ ყულევს. მთავარი, საჭიროების შემთხვევაში, რუსთაგან ჯარის მიშველებას ითხოვდა [29, 196].
ოსმალეთის მოკავშირე საფრანგეთის ხელისუფლება, 1807წ. 20 იანვარს საფრანგეთის ელჩს ოსმალეთში სებასტიანს საგანგებო ინსტრუქციას აძლევდა იმის შესახებ, რომ აუცილებელი იყო ოსმალეთის ესკადრას ემოქმედა შავ ზღვაზე. „კეთილი ურთიერთობა შეინარჩუნეთ აფხაზთა მთავართან და დაარწმუნეთ ის, მონაწილეობა მიიღოს საერთო მტრის წინააღმდეგ დიდ დივერსიაში. დაე, ამ მთავარმა, არზრუმის ფაშამ, სპარსელებმა და ოსმალებმა ერთდროულად შეუტიონ საქართველოს, ყირიმსა და ბესარაბიას“ [146, 145; 59, 29-30]. ჩანს, აფხაზეთის მთავარი ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა არა მარტო რუსეთისა და ოსმალეთისთვის, არამედ ძლევამოსილი ნაპოლეონისთვისაც.
კავკასიაში საომარი მოქმედებები 1807წ. 8 თებერვალს, ოსმალების რედუტყალეზე (ყულევი) თავდასხმით დაიწყო. რუსებმა შეძლეს ამ შეტევის მოგერიება. რუსეთის სარდლობას გადაწყვეტილი ჰქონდა, ხელთ ეგდო შავი ზღვის სანაპირო სიმაგრეები – ანაპა, სოხუმი, ფოთი და სხვა. ამიტომ ი. გუდოვიჩს ებრძანა, არ შემოფარგლულიყო პასიური თავდაცვით, შეტევითი მოქმედება ეწარმოებინა ოსმალების წინააღმდეგ და ეს ციხეები დაეკავებინა. 1807წ. მაისში ი. გუდოვიჩი, რუსთა და ქართველთა ლაშქრით, ფოთისა და ახალქალაქის ციხეების აღებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. შემდგომში მოვლენები რუსეთის სასარგებლოდ წარიმართა – 1807წ. ივნისში ი. გუდოვიჩმა სასტიკად დაამარცხა სპარსეთი, ივლისში რუსეთ-საფრანგეთს შორის დაიდო ტილზიტის ზავი, ხოლო სპარსეთ-ოსმალეთის კავშირის გაფორმების მცდელობა ჩაიშალა.
კავკასიაში საომარი მოქმედებების მსვლელობისას ქელეშ-ბეის მომლოდინე პოზიცია ეკავა. ი. გუდოვიჩი, 1807წ. 14 ივლისის წერილში ქელეშ-ბეისადმი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ის რუსეთის არმიას დახმარებას არ უწევდა და უფრო მეტიც, ეჭვს აღძრავდა, რომ მოწინააღმდეგეს ეხმარებოდა. ი. გუდოვიჩი ქელეშ-ბეისაგან მოითხოვდა რუსეთისადმი ერთგულების დამტკიცებას ოსმალეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმით და აშინებდა, რომ თუ არ გამოიყვანდა მაშველ ჯარს ყულევთან, მაშინ „დიდ წყალობას“, ანუ იმპერატორის მფარველობას ვერ მიიღებდა [29, 197-198]. ქელეშ-ბეი ომში არ ჩაბმულა, მაგრამ მან საშუალება არ მისცა ოსმალებს დესანტი გადმოესხათ აფხაზეთის სანაპიროზე და ეს მხარე საომარი მოქმედებების პლაცდარმად ექციათ [29, 199].
1807წ. 12 აგვისტოს რუსეთსა და ოსმალეთს შორის დროებითი ზავი დაიდო ვადით 1809 მარტამდე. საზავო ხელშეკრულებით დასავლეთ საქართველოში რჩებოდა რუსეთის არმია, მტკიცდებოდა რუსეთის პოზიციები შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და ოსმალეთის ხელიდან შავიზღვისპირა პროვინციების, მათ შორის, აფხაზეთის გამოხსნისათვის ნიადაგი მზადდებოდა [98, 185].
1807წ. 23 აგვისტოს რედუტ-ყალედან სოხუმში ჩავიდა გემი „კონსტანტინი“, რომლის მეთაური იყო ფ. სკირნევსკი. იგი სოხუმში შეხვდა ქელეშ-ბეის. მისი ინფორმაციით, აფხაზთა მთავარი მოუთმენლად ელოდა ცნობას რუსეთის ქვეშევრდომობაში მიღების შესახებ. როდესაც ქვეშევრდომობაში მიიღებდნენ, იგი მზად იყო, თავისი 16 წლის შვილი პეტერბურგში გაეგზავნა სამხედრო სამსახურში. ამასთან თანახმა იყო, რუსეთის ფლოტის ხომალდებს სოხუმის რეიდისათვის თავი შეეფარებინათ. ფ. სკირნევსკიმ დაათვალიერა ციხე და ქალაქი. მისი დახასიათებით, ქელეშ-ბეი იყო დაახლოებით 60 წლის, ვაჟკაცური იერის, მაღალი, ძლიერი აგებულების ადამიანი [39, 49-50].
1808წ. 2 მაისის ღამეს, ასლან-ბეი, ბეჟან შარვაშიძესთან და თავის ამალასთან ერთად, სოხუმის სასახლეში თავს დაესხა ქელეშ-ბეის, სასიკვდილოდ დაჭრა და შემდეგ ხმლით აკუწა. თავდასხმისას დაიჭრა ქელეშ-ბეის უმცროსი შვილი ბათალ-ბეი. ასლან-ბეი დაეუფლა სოხუმის ციხეს და თავი აფხაზთა მთავრად და ოსმალეთის ქვეშევრდომად გამოაცხადა [29, 200; 6, 197]. როგორც მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, მკვლელობა მთლიანად ოსმალეთს აძლევდა ხელს და მკვლელიც მის ინტერესებში მოქმედებდა. ამ დღიდან დაიწყო
ასლან-ბეის ბრძოლა ოსმალეთზე დაყრდნობით აფხაზეთში გამთავრებისათვის. საფარ-ბეი (გიორგი), რომელიც ქელეშ-ბეის სიცოცხლეშივე იყო გამოცხადებული მემკვიდრედ, ზუფუში (ლიხნი) იმყოფებოდა. იგი შეეცადა საკუთარი ძალებით აეღო სოხუმის ციხე, მაგრამ ვერ შეძლო და სამეგრელოში წავიდა [6,197]. საფარ-ბეიმ წერილობით სთხოვა ნინო და ლევან დადიანებს, ეშუამდგომლათ იმპერატორის წინაშე რუსეთის მფარველობაში აფხაზეთის მიღების თაობაზე. თავის მხრივ, ნინო დადიანი საფარ-ბეის ჩააგონებდა, რომ სამთავრო უფლების განსამტკიცებლად მისთვის საუკეთესო საშუალება რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლა იქნებოდა. სამეგრელოდან საფარ-ბეი დედოფალ ნინოს მეშვეობით დაუკავშირდა რუსულ ადმინისტრაციას, დახმარება ითხოვა და აცნობა თავისი გადაწყვეტილება, რუსეთის მფარველობაში შესულიყო [29, 200-202; 6, 197]. სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე, ქელეშ-ბეიმ გადაწყვეტილება შეცვალა და მემკვიდრედ ბათალ-ბეი დაასახელა. მიუხედავად ამისა, რუსები თვლიდნენ, რომ საფარ-ბეის კანონიერი უფლება ჰქონდა გამთავრებულიყო [71,58]. 1808წ. 19 მაისის წერილით, ი. გუდოვიჩმა ალექსანდრე I-ს აცნობა აფხაზთა მთავრის ქელეშ-ბეის მოკვლა შვილის, ასლან-ბეის მიერ და რომ იგი აფხაზეთის დაუფლებას ცდილობდა. ტახტის კანონიერი მემკვიდრე საფარ-ბეი კი დახმარებას ითხოვდა და პირობას დებდა, რომ რუსეთის ქვეშევრდომობაში შევიდოდა. ი. გუდოვიჩი აღნიშნავდა, რომ არ შეეძლო დასახმარებლად ჯარის გაგზავნა, რადგან ეს საბაბს მისცემდა ოსმალეთს, ზავი დაერღვია [29, 198-199]. სამეგრელოს დედოფალი ნინოც დაუკავშირდა რუსეთის ხელისუფლებას და ცდილობდა აფხაზეთის ტახტზე გიორგი შარვაშიძის დამკვიდრებისათვის ხელი შეეწყო. დედოფალი ნინო, ი. გუდოვიჩისადმი 8 ივნისს გაგზავნილ წერილში, რუსეთისათვის აფხაზეთის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მიუთითებდა. იგი წერდა, რომ საფარ-ბეი საიდუმლოდ მონათლული იყო და თუ ხელმწიფე მას ქვეშევრდომობაში მიიღებდა, მთელ აფხაზეთში ქრისტიანობა გავრცელდებოდა. ამიტომ ითხოვდა, იმპერატორს, მისი სიძე ქვეშევრდომობაში მიეღო და აფხაზეთში ჯარები შეეყვანათ [29, 203]. იმავე დღეს, ნინო დადიანმა იმპერატორს გაუგზავნა წერილი, რომელშიც წერდა, რომ მან საფარ-ბეი უკვე დააფიცა „ერთგულებით მონებად საიმპერიოსა ტახტსა თქვენსასა“ [29, 201-202].
1808წ. 13 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნ. რუმიანცევმა ი. გუდოვიჩს გაუგზავნა მიწერილობა, რომლითაც დაავალა, დარწმუნებულიყო საფარ-ბეის სურვილის გულწრფელობაში და ამის შემდეგ დაეკმაყოფილებინა მისი თხოვნა იმ პირობით, რომ არ იქნებოდა გამოცხადებული აფხაზეთის რუსეთის მფარველობაში შესვლის შესახებ ღიად, სანამ ოსმალეთთან საზავო მოლაპარაკება არ დასრულდებოდა [29, 205-206]. საფარ-ბეიმ, 21 ივნისს გენერალ ი. რიკჰოფს მიმართა წერილით და სთხოვა, მის ქვეშევრდომ ხალხთან ერთად, რუსეთს მფარველობაში მიეღო. [29, 206]. ასლან-ბეიმ დაინახა საშიშროება, რაც მის ძალადობით მოპოვებულ ხელისუფლებას ემუქრებოდა და თვითონ ცდილობდა ეთხოვა რუსეთის მფარველობა, მაგრამ უარი მიიღო [71, 57-58].
ი. გუდოვიჩმა ბრძანება მიიღო, შედგომოდა საქმიანობას რუსეთის იმპერიის მფარველობაში აფხაზეთის შესაყვანად. ი. გუდოვიჩი არ ჩქარობდა, მან ი. რიკჰოფს მისწერა, აფხაზების დასაშინებლად ეჩვენებინა, რომ რუსეთი მზად იყო საფარ-ბეისთვის დახმარება გაეწია, თუმცა ი. რიკჰოფი აფხაზეთში ჯარით არ უნდა შესულიყო. ამასთან, ი. გუდოვიჩმა სამეგრელოს დედოფალს და მანუჩარ შარვაშიძეს დაავალა, საფარ-ბეის დახმარებოდნენ. იმავდროულად მან საფარბეის აცნობა, რომ იმპერატორი მას ქვეშევრდომობაში მიიღებდა [98, 261].
1808წ. აგვისტოს დასაწყისში, რუსეთის არმიისა და სამეგრელოს რაზმები სოხუმის დაკავებას შეეცადნენ. გენერალმა ი. რიკჰოფმა სოხუმისკენ დაძრა ჯარის ნაწილი სამეგრელოს სახალხო ლაშქართან ერთად, რომელსაც ნიკო დადიანი სარდლობდა. სოხუმის ციხის აღება ვერ მოხერხდა, მაგრამ ასლან-ბეი აიძულეს, გაეთავისუფლებინა ქელეშ-ბეის მეუღლე (მესამე ცოლი), რებია-ჰანუმ მარშანია და მისი შვილი ბათალ-ბეი [6, 197]. ამავე ხანებში, ასლან-ბეის დასახმარებლად სოხუმში სამი ხომალდით ჩავიდა მისი ნათესავი, ფოთის ციხის კომენდანტი ქუჩუქ-ბეი შარვაშიძე, ხოლო მთიდან სამასამდე ჩერქეზი ჩამოვიდა. ასლან-ბეისთან იმყოფებოდა ქელეშ-ბეიზე თავდასხმის მონაწილე ბეჟან შარვაშიძე, რომელიც სამურზაყანოს რუსეთის მფარველობაში შესვლის დროიდან მთებში იყო გაქცეული. ასლან-ბეის მნიშვნელოვანი მომხრეები ჰყავდა აფხაზ ფეოდალთა შორის. მას მხარს უჭერდნენ უმცროსი ძმა, გუმის ოლქის მმართველი ჰასან-ბეი და აბჟუის მფლობელი ალი-ბეი შარვაშიძე. [113, 213].
სოხუმის ციხის დაუფლების უშედეგო ცდამ გიორგი შარვაშიძე დაარწმუნა, რომ აუცილებელი იყო რუსეთთან სამფარველო ხელშეკრულების, ე.წ. „სათხოვარი პუნქტების“ გაფორმება. „სათხოვარი პუნქტების“ ტექსტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეადგინეს, შემდეგ ის ქართულად ითარგმნა და როგორც ორიგინალი, გიორგი შარვაშიძეს წარედგინა. 1808წ. 12 აგვისტოს, გიორგი შარვაშიძემ და აფხაზეთის თავად-აზნაურთა წარმომადგენლებმა „სათხოვარი პუნქტების“ ქართულ ტექსტს ხელი მოაწერეს. გიორგი შარვაშიძე აღნიშნავდა, რომ რუსებთან ადრე გაგზავნილი წერილები და „სათხოვარი პუნქტებიც“ დაწერილია სამეგრელოს სამთავრო კარის მოძღვრის დეკანოზ იოანე იოსელიანის მიერ, რომელიც „წრფელი გულით მირჩევდა გავმხდარიყავი საიმპერატორო ტახტის ქვეშევრდომი“ [29, 202]. დოკუმენტი ქართულ ენაზეა შედგენილი, რაც ადასტურებს, რომ მთავრის კანცელარიისა და სამთავროს ოფიციალური ენა ქართული იყო [160, 217; 84, 128]. ამ დოკუმენტით გიორგი შარვაშიძე ითხოვდა, მისთვის მემკვიდრეობით დაემტკიცებინათ აფხაზეთის მმართველობა და თავისი სამფლობელოთი რუსეთის იმპერიის მფარველობაში მიეღოთ. „სათხოვარი პუნქტების“ მიხედვით, გიორგი შარვაშიძემ რუსეთის წინაშე აიღო ის ვასალური, ეკონომიკური ხასიათის ვალდებულება, რაც ოსმალეთის იმპერიისადმი მამამისს, ქელეშ-ბეის გააჩნდა: „მივართმევ ხესა ხომალდისათვის ვითარ იგი მიირთვა უწინარეს ამისა პორტამან ათამანმან“ [113, 214].
1809წ. მარტში, რუსეთსა და ოსმალეთს შორის დროებითი ზავიის ვადა დამთავრდა და საომარი მოქმედებებიც განახლდა. ამ დროიდან რუსეთის სარდლობამ აფხაზეთის საკითხის გადასაჭრელად ბრძოლა გაააქტიურა. ივნისში ახალ მთავარმართებელ ა. ტორმასოვს (1809-1811წწ.) პეტერბურგიდან აცნობეს, რომ საფარ-ბეის მიღება „მფარველობაში“ გადაწყვეტილი იყო და ინვესტიტურის ნიშნებიც მალე გამოეგზავნებოდა. იმპერატორის ბრძანებით, გიორგი შარვაშიძე დაჯილდოვდა წმ. ანას I ხარისხის ორდენით და დაენიშნა პენსია 2500 ვერცხლის მანეთი წელიწადში, ხოლო მის დედინაცვალს, რებია-ჰანუმ მარშანიას – 1500 მანეთი. ამ წყალობას გავლენა უნდა მოეხდინა აფხაზ თავადაზნაურებზე და საფარ-ბეის ავტორიტეტს აამაღლებდა [29, 204; 65, 408].
აფხაზეთი აღიარებულ იქნა რუსეთის „მფარველობაში“ მყოფ მხარედ. ა. ტორმასოვი, იმერეთ-სამეგრელოში განლაგებული რუსეთის ჯარის სარდალს დ. ორბელიანს, რომელიც მისი დავალებით ურთიერთობაში შევიდა აფხაზ მფლობელებთან და მათი ნდობა მოიპოვა, ავალებდა საფარ-ბეისათვის მხარი დაეჭირა და აფხაზი მფლობელები მიემხრო მისთვის [30, 206].
ოსმალეთი მხარს უჭერდა მამისმკვლელ ასლან-ბეის. ნინო დადიანმა დ. ორბელიანს აცნობა, რომ სტამბოლიდან სოხუმში ჩამოვიდა ასლან-ბეისთან თურქული გემი საჩუქრებითა და ფულით. ოსმალეთი ასლან-ბეის ჰპირდებოდა დახმარებას სამეგრელოში განლაგებული რუსეთის ჯარების წინააღმდეგ. მანუჩარ შარვაშიძემ რუსებს აცნობა, რომ ფოთის კომენდანტმა ქუჩუქ-ბეი შარვაშიძემ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ ტომებს სთხოვა დახმარება მეომრებით, იმ მიზნით, რომ ფოთი დაეცვა და ხელში ჩაეგდო რედუტ-კალე და ანაკლია. ა. ტორმასოვმა დ. ორბელიანს უბრძანა, ოსმალების თავდასხმის შემთხვევაში რედუტ-ყალესა და სამეგრელოს დასაცავად საჭირო ზომები მიეღო, ასევე აფხაზი მფლობელები ასლან-ბეისაგან ჩამოეშორებინა [30, 202-203, 389-390].
1809წ. 12 აგვისტოს, ორბელიანი რუსეთის ჯარის ნაწილებით რედუტ-ყალედან ფოთისკენ დაიძრა. მას სამეგრელო-სამურზაყანოს სახალხო ლაშქარიც ახლდა ნიკო დადიანისა და მანუჩარ შარვაშიძის მეთაურობით. სამეგრელოს სახალხო ლაშქარში იმყოფებოდნენ ლევან V დადიანი, ბესარიონ ჭყონდიდელი და გრიგოლ ცაიშელი. 15 ნოემბერს დ. ორბელიანმა ფოთის ციხე აიღო [30, 393-394; 6, 200]. ფოთისათვის ბრძოლაში გურიისა და სამეგრელოს სახალხო ლაშქართან ერთად მხნედ იბრძოდნენ საფარ-ბეის მომხრე აფხაზებიც [65, 408]. ფოთის ციხის აღებამ მნიშვნელოვნად განამტკიცა რუსეთის პოზიციები. ჯერი მიდგა სოხუმის დაკავებაზე, რადგან გამოიკვეთა კავკასიის შავიზღვისპირეთში რუსეთისთვის მნიშვნელოვანი დასაყრდენი პუნქტის შექმნის აუცილებლობა. სოხუმის აღებით არსებითად შესუსტდებოდა ოსმალეთის კავშირი მთის ხალხებთან და მათი მტრული მოქმედება რუსეთის მიმართ შეიზღუდებოდა. რუსეთის ხელში იქნებოდა ანაკლია და სოხუმ-ყალე, ამდენად სამეგრელო სრულიად დაცული იქნებოდა, ყირიმიდან მომავალი გემები მშვიდობიანად გადაცურავდნენ ზღვას, რუსეთი დაეუფლებოდა გემთმშენებლობისათვის საჭირო მასალას. [29, 209; 98, 257].
1810წ. 17 თებერვალს, იმპერატორმა ალექსანდრე I-მა საფარ-ბეი (გიორგი) შარვაშიძე დაამტკიცა აფხაზეთის მთავრად მემკვიდრეობის უფლებით, რუსეთის იმპერიის უმაღლესი ხელისუფლების მფარველობის ქვეშ [139, 48-49; 132,50]. 1 ივნისს, ა. ტორმასოვმა ნინო დადიანს აუწყა, რომ იმპერატორმა საფარ-ბეი დაამტკიცა აფხაზეთის მთავრად. საფარ-ბეი დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ მას ყოველგვარი დახმარება გაეწეოდა ასლან-ბეის წინააღმდეგ და პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში რუსები სოხუმს დაიკავებდნენ 8 ივნისს, ა. ტორმასოვმა ნინო დადიანს სთხოვა, საფარ-ბეისათვის გაეგზავნა სამეგრელოს სახალხო ლაშქარი მანუჩარ შარვაშიძის მეთაურობით, თუნდაც 1000 მეომარი, სანამ სოხუმის დასაუფლებლად ჯარი და ფლოტილია მოვიდოდა [30, 396-397]. ივნისის დასაწყისში, სევასტოპოლში თავი მოუყარეს საზღვაო ესკადრას, რომელსაც სოხუმი უნდა აეღო. ოპერაციის ხელმძღვანელად კაპიტან-ლეიტენანტი კ. დოტი დაინიშნა. ესკადრას სოხუმის სანაპიროზე უნდა გადმოესხა დესანტი – მეოთხე საზღვაო პოლკის ბატალიონი 600 მეომრით, რომელიც სახმელეთო ჯარების მოსვლამდე იქ უნდა დარჩენილიყო, ასევე ზომები მიეღო აფხაზების სოხუმიდან გასახლებისთვის [30, 412; 158, 266].
1810წ. 8 ივლისს, დილით, რუსეთის ესკადრა სოხუმს მიადგა. დოტმა ციხის ოსმალურ გარნიზონს დანებების წინადადება მისცა, მაგრამ უარი მიიღო. იმავდროულად მოწინააღმდეგემ რუსეთის ესკადრას ცეცხლი გაუხსნა. მეორე დღეს, 9 ივლისს, დღის 4 საათზე რუსულმა ესკადრამ სოხუმის დაბომბვა დაიწყო და ნავსადგურში მდგარი 7 ოსმალური ხომალდი ჩაძირა. 10 ივლისს, როდესაც ციხის კედლები ზღვის მხრიდან მნიშვნელოვნად დაინგრა, დესანტი ნაპირზე გადასხდა და სოხუმის ციხე შტურმით აიღო [170, 248-249; 139, 46]. ვიდრე სოხუმისათვის ბრძოლა დაიწყებოდა, ასლან-ბეი რუსთა წინააღმდეგ მებრძოლი იმერეთის მეფის სოლომონ II-ის დასახმარებლად გაემართა 4-ათასიანი მხედრობით. ასლან-ბეი აპირებდა სამეგრელოზე თავდასხმას, რათა მას იმერეთის წინააღმდეგ მოქმედი რუსეთის ჯარისთვის დახმარება ვერ გაეწია. სოხუმზე რუსების თავდასხმის ცნობის მიღებისთანავე ასლან-ბეი უკან გამობრუნდა, მაგრამ ციხე უკვე აღებული დახვდა და რუსებს მთებში გაექცა [30, 328; 98, 264-265].
სოხუმისა და მისი შემოგარენის მცხოვრებნი დოტთან მიდიოდნენ, მფარველობას სთხოვდნენ და რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის სურვილს გამოთქვამდნენ. მას ეახლნენ საფარ-ბეის ძმები – ჰასან-ბეი და ბათალ-ბეი [30, 425;158, 266] ოსმალეთიდან ასლან-ბეისადმი გამოგზავნილმა სამხედრო დახმარებამ დაიგვიანა, სოხუმის ციხესთან მოსული ოსმალური გემი რუსებმა დააკავეს, გემზე სულთნის ფირმანები და იარაღი აღმოაჩინეს [30, 397; 71, 62].
სოხუმის აღებას რუსეთში დიდი რეზონანსი ჰქონდა. 6 აგვისტოს ა. ტორმასოვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, გრაფ ნ. რუმიანცევს ულოცავდა „სოხუმის ციხის შეძენას, რომელიც ბატონობს მთელ აფხაზ ხალხზე“ და იმედს გამოთქვამდა, რომ სოხუმის ფლობა რუსეთს „შავი ზღვის იმ ნაპირის სრულ მბრძანებლად“ აქცევდა [159, 140].
1810წ. აგვისტოს დასაწყისში, ფ. სიმონოვიჩი იმერეთის მმართველად დაინიშნა. ოფიციალურად მას ეწოდებოდა „იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აფხაზეთის მმართველი“. იმავდროულად, ფ. სიმონოვიჩი დასავლეთ საქართველოში განლაგებული ჯარების სარდალიც იყო და ემორჩილებოდა შავი ზღვის სანაპირო ციხე-სიმაგრეები და ნავსადგურები. [30,312; 70, 117]. 23 აგვისტოს გიორგი შარვაშიძემ რუსეთის იმპერატორის ერთგულების ფიცის ტექსტს ხელი მოაწერა. [30, 425]. 19 სექტემბერს, ა. ტორმასოვი იმერეთის მმართველს, გენერალ-მაიორ ფ. სიმონოვიჩს სწერდა, რომ მხარი დაეჭირა სეფერ ბეისთვის მისი ძმის, ასლან-ბეის წინააღმდეგ და როდესაც ამისი საშუალება იქნებოდა, სეფერბეისთვის სიგელი, სამთავრო ნიშნები და ინვესტიტურა გადაეცა, რომ აფხაზებს თვალნათლივ დაენახათ მთავარზე იმპერატორის მფარველობა [6, 322]. ოქტომბერში რუსთა ასეულმა გიორგი შარვაშიძე სოხუმში ჩამოიყვანა. აფხაზი წარჩინებულებისა და ხალხის თანდასწრებით, გიორგი შარვაშიძემ დაიფიცა რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე. რუსმა ოფიცერმა გიორგის გადასცა სამთავრო ნიშნები და სიგელი აფხაზეთის მთავრად დამტკიცების თაობაზე [6, 425].
სოხუმის ციხის დაუფლება მთელი აფხაზეთის დაუფლების წინაპირობას წარმოადგენდა. აფხაზეთის სამთავრო ტახტზე ქრისტიანი მთავრის დასმას საქართველოს ამ მხარეში პოლიტიკური გაბატონებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საფარ-ბეისა და ასლან-ბეის შორის ბრძოლა რუსულ და ოსმალურ გავლენას შორის ბრძოლას წარმოადგენდა. სოხუმ-კალეს აღება რუსების მიერ და ასლან-ბეის განდევნა, იყო არა იმდენად საფარ-ბეის გამარჯვება ასლან-ბეიზე, რამდენადაც რუსეთის გამარჯვება ოსმალეთზე აფხაზეთში [113, 213].
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი შარვაშიძე (საფარ-ბეი), რუსებმა სოხუმში სამთავრო ტახტზე დასვეს, ახალი მთავრის ხელისუფლება მყარი არ იყო. რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა სამთავრო სახლის წევრები და აფხაზი წარჩინებულები, გიორგი შარვაშიძისათვის დაემორჩილებინა. ა. ტორმასოვი ნინო დადიანს სწერდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მისი პატივისცემით და ხათრით გაუწია დახმარება გიორგი შარვაშიძეს და კვლავაც მხარს დაუჭერდა. მთავარმართებელი ავალებდა ნინო დადიანს, დახმარებოდა მთავარს, რომ მას „აფხაზი ხალხი მიემხრო“ და გაერკვია სჭირდებოდა თუ არა შარვაშიძეს რუსეთისგან უფრო მეტი სამხედრო დახმარება [30, 398-399].
რუსეთის მფარველობაში შესვლის დროისთვის აფხაზეთის სამთავრო ერთიან პოლიტიკურ ერთეულს არ წარმოადგენდა. აფხაზეთის მთავრის ხელისუფლება მხოლოდ ზუფუზე ანუ ბზიფის ოლქზე (მდ. ბზიფსა და მდ. გუმისთას შორის) ვრცელდებოდა. გუმის ანუ აფხაზეთისა (მდ. გუმისთასა და მდ. კოდორს შორის) და აბჟუის (მდ. კოდორსა და მდ. ღალიძგას შორის) ოლქებს შარვაშიძეთა სამთავრო სახლის სხვა წევრები ფლობდნენ. მარშანიების საგვარეულო განაგებდა მდ. კოდორის შუა და ზემო წელში მდებარე წებელსა და დალს, ასევე ფსხუს მდ. ბზიფის ზემო წელში. მარშანიები არ ცნობდნენ გიორგი შარვაშიძეს მთავრად და რუსეთის მფარველობაშიც არ შესულან. [30, 425; 113, 218]. 1810წ. აფხაზეთის მთავრის მაგალითით, ჯიქების მფლობელი ლევან ცანბა რუსეთის მფარველობაში შევიდა. ამასთან, ლევანმა გიორგი შარვაშიძე თავის ხელისუფლად აღიარა [30, 426, 429].
§2. ოსმალოფილური ჯგუფის ბრძოლა ხელისუფლებისათვის აფხაზეთში XIXს. I მესამედში
აფხაზეთის სამთავროს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ, მთავრის არაერთგზისი თხოვნის მიუხედავად, რუსეთს ვერ გადაეწყვიტა ქვეყნის სიღრმეში შესვლა და ურჩი მთიანი მხარეების – ფსხუს, წებელის, დალის დამორჩილება. ამ პერიოდში ცარიზმი ცდილობდა შავი ზღვის სანაპიროზე განმტკიცებულიყო და, ფაქტობრივად, აფხაზეთის მართვაში არ ერეოდა. ამასთან სამთავროში არსებობდა მძლავრი ოსმალოფილური ბანაკი, რომელსაც მთავრის ძმა ასლან-ბეი შარვაშიძე ედგა სათავეში. ამ უკანასკნელს, მთავრისგან განსხვავებით, ხალხში მნიშვნელოვანი დასაყრდენი ჰქონდა ანტირუსულად განწყობილი ძალების სახით. რუსეთის ხელისუფლების პოზიციები აფხაზეთში ჯერ კიდევ სუსტი იყო. სოხუმის დაუფლება სულაც არ ნიშნავდა აფხაზეთის დამორჩილებას.
უფრო მეტიც, ასლან-ბეის მომხრეები სოხუმის ციხის სიახლოვეს თავს ესხმოდნენ სოფლებს, ძარცვავდნენ, ადამიანებს და საქონელს იტაცებდნენ. ამ უწესრიგობების აღსაკვეთად და ქვეყნის დასამორჩილებლად გიორგი შარვაშიძემ 1810წ. დეკემბერში, გენერალ-მაიორ ფ. სიმონოვიჩს სთხოვა, მისი ნათესავი, სამურზაყანოს სარდალ-მოურავი მანუჩარ შარვაშიძე ჯარით დასახმარებლად გამოეგზავნა. ფ. სიმონოვიჩმა აფხაზეთის მთავრის ამ თხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ნინო დადიანს მიმართა [30, 399].
დედოფალმა ნინომ სამეგრელოს სახალხო ლაშქარი აფხაზეთში გაგზავნა. ლაშქარმა ოსმალოფილური დაჯგუფება დაამარცხა, რის შემდეგაც ასლან-ბეი ტრაპიზონში გაიქცა. ნინო დადიანმა გიორგი შარვაშიძესთან შეარიგა და მას დაუმორჩილა ბექირ-ბეი შარვაშიძის შვილები, გავლენიანი აფხაზი მფლობელები, სოსლან-ბეი და ალი-ბეი, რომლებიც მას მტრობდნენ და ასლანბეის უჭერდნენ მხარს. ნინომ მათგან მძევლები აიყვანა და იმპერატორის ერთგულებაზე დააფიცა. მისივე მითითებით, რებია-ჰანუმ მარშანია მოლაპარაკებებს აწარმოებდა თავის ძმებთან, წებელის მფლობელ მარშანიებთან, გიორგი შარვაშიძის მთავრად ცნობისა და რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის თაობაზე [30, 405-406]. თურქეთის პრემიერ მინისტრის არქივში დაცული დოკუმენტის მიხედვით, 1812წ. აპრილში, ასლან-ბეიმ თხოვნით მიმართა ოსმალეთის მთავრობას შვიდასი ჯარისკაცი გამოეყოთ მისთვის სოხუმსა და ანაკლიას შორის მდებარე სანაპიროზე რუსთა წინააღმდეგ დივერსიების მოწყობისათვის. ასლან-ბეი ოსმალეთის ხელისუფლებას არწმუნებდა, რომ აფხაზთა ბეგები მზად იყვნენ მის მხარეზე ებრძოლათ. ოსმალეთის ხელისუფლებამ ასლან-ბეისათვის სამასი ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ გონიოს ციხის გარნიზონის უფროს მემიშ-აღას მითითება მისცა [58. 12].
1812წ. 28 მაისს, დიდი დიპლომატიური ბრძოლის შემდეგ, რუსეთსა და ოსმალეთს შორის ბუქარესტში ზავი დაიდო. საზავო ხელშეკრულების VI მუხლის მიხედვით, კავკასიაში საზღვრები ომამდელი სახით უნდა აღდგენილიყო. ხელშეკრულების საიდუმლო მუხლის მიხედვით, შავი ზღვის სანაპირო ორი საათის სავალზე მდ. რიონის მარჯვენა ნაპირიდან და ანაკლიიდან ოთხი საათის სავალზე, სადაც არ იყო სიმაგრეები, კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით, რუსეთის სარგებლობაში გადადიოდა, თუმცა ოსმალეთის მფლობელობაში ითვლებოდა. არცერთ მხარეს არ შეეძლო აქ სიმაგრეების აგება. ხელშეკრულების VI მუხლი რუსეთს საშუალებას აძლევდა, თავის მფლობელობაში შეენარჩუნებინა დასავლეთ საქართველო. საიდუმლო მუხლის თანახმად კი, ფაქტობრივად, რუსეთის გამგებლობაში ექცეოდა საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლი მდ. ბზიფიდან მდ. ჩოლოქამდე [98, 420-421]. ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის სარდლობამ 1812წ. 29 სექტემბერს ახალქალაქი, ხოლო 7 დეკემბერს ფოთი, როგორც „იარაღის ძალით“ დაპყრობილი, ოსმალებს გადასცა. ოსმალეთი კატეგორიულად მოითხოვდა სოხუმის გადაცემასაც, მაგრამ მთავარმართებელმა და საქართველოს კორპუსის მთავარსარდალმა ნ. რტიშჩევმა ამ საკითხის გადაწყვეტა 1813წ. გაზაფხულისთვის გადადო [31, 785].
1811წ. შიმშილობამ და ახალციხიდან თითქმის მთელ საქართველოში მოდებულმა შავი ჭირის ეპიდემიამ ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. იმერეთისა და სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილი სამურზაყანოსა და აფხაზეთში გაიხიზნა, რის შემდეგაც გაძლიერდა ტყვის სყიდვა. სამურზაყანოს მფლობელმა მანუჩარ შარვაშიძემ სამეგრელოს მთავარს, ლევან V დადიანს (1805-1840წწ), წესრიგის დასამყარებლად აფხაზეთში გალაშქრება ურჩია. სამეგრელოს მთავარმა ლაშქარი შეკრიბა, ჭყონდიდელი და ცაიშელი მღვდელმთავრები იახლა და 1812წ. ოქტომბერში აფხაზეთისკენ გაემართა. სამურზაყანოში გადასული ლევან V დადიანი მანუჩარ შარვაშიძის ძმის, ლევანის მამულში, ბედიაში გაჩერდა ღამის გასათევად. ღამით, ლევან შარვაშიძის შვილის, ხუტუნიას მიგზავნილმა კაცებმა მანუჩარ შარვაშიძე მოკლეს. სამეგრელოს მთავრის ცნობით, მოკვლას მასაც უპირებდნენ, მაგრამ დროზე შეიტყო და გადარჩა [16, 136]. ლევან V დადიანი დაუყოვნებლივ დაბრუნდა ზუგდიდში. მას არ შეეძლო საკუთარი ძალებით აეღო კარგად გამაგრებული ბედიის ციხე, ამასთან ლევან შარვაშიძეც საკმაოდ გავლენიანი კაცი იყო სამურზაყანოში, ამიტომ დადიანმა დახმარება რუსულ ადმინისტრაციას სთხოვა. მთავარმართებლის ბრძანებით, დადიანის დასახმარებლად იმერეთისა და გურიის სახალხო ლაშქარი გაიგზავნა. 1812წ. დეკემბერში, ლევან V დადიანი ბედიისკენ გაემართა. ჯარის მიახლოებისთანავე ხუტუნია შარვაშიძე წებელში გაიქცა. ლევან შარვაშიძე მიხვდა, რომ დადიანს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და ციხე ჩააბარა. სამეგრელოს მთავარმა გულმოწყალება გამოიჩინა, ლევან შარვაშიძე მოხუცებულობის გამო არ დასაჯა, საცხოვრებლად სოფ. ფახულანი მიუჩინა და იქ გაგზავნა, შემდეგ ბედიის ციხე გაამაგრა, თავისი მეციხოვნეები ჩააყენა და ზუგდიდში დაბრუნდა [6, 204].
ოსმალეთი რუსეთის ხელისუფლებისაგან დაჟინებით მოითხოვდა სოხუმის მისთვის დაბრუნებას. ოსმალეთი არ ცნობდა რუსეთის მფარველობას აფხაზეთზე და მას კვლავინდებურად თავის ვასალ ქვეყანად მიიჩნევდა. 1813წ. 3 იანვარს, კანცლერ ნ. რუმიანცევისადმი გაგზავნილ წერილში ნ. რტიშჩევი წერდა, რომ აფხაზეთზე, როგორც ნებაყოფლობით შეერთებულ მხარეზე, ოსმალთა პრეტენზია რუსეთს არ უნდა მიეღო, რადგან აფხაზები სოხუმის დათმობას ოსმალეთისადმი რუსეთის მხრიდან აფხაზეთზე ხელის აღებად შეაფასებდნენ. ნ. რტიშჩევს მიაჩნდა, რომ აფხაზები ემორჩილებოდნენ მხოლოდ იმას, ვინც სოხუმს ფლობდა. თუ ოსმალეთი დაეუფლებოდა სოხუმს, აფხაზები მთავარს განუდგებოდნენ, ქრისტიანობა, რომელიც კვლავ ვრცელდებოდა ამ მხარეში, დავიწყებას მიეცემოდა, რუსეთის ხელში თუ არ იქნებოდა სოხუმი და მისი ნავსადგური, აფხაზების დამორჩილება გაძნელდებოდა და აფხაზეთის შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ნ. რტიშჩევი სვამდა კითხვას, საჭირო იყო თუ არა ოსმალებისათვის დაებრუნებინათ სოხუმი, იმ მთავრის რეზიდენცია, რომელიც მთელი თავისი ხალხით და სამფლობელოთი რუსეთის ქვეშევრდომობაში შევიდა. საბოლოოდ, ნ. რტიჩევი მაინც უშვებდა სოხუმის გადაცემის შესაძლებლობას, მაგრამ დროის მოგების ტაქტიკას ადგა. [31, 785-786].
ნ. რტიშჩევის დასაბუთება პეტერბურგში მხედველობაში მიიღეს. მალე, მან იმპერატორის დირექტივა მიიღო, მიუხედავად ოსმალების მოთხოვნისა, სოხუმი მათთვის არ გადაეცა [31, 504]. პეტერბურგის პოზიციის გარკვევის შემდეგ ნ. რტიშჩევმა ოსმალებს უარი განუცხადა სოხუმის გადაცემაზე იმ მოტივით, რომ აფხაზეთი ოსმალეთის საკუთრებას არასოდეს წარმოადგენდა, სამშვიდობო ხელშეკრულებაშიც არ იხსენიებოდა და ამიტომ ოსმალეთის მოთხოვნის დაკმაყოფილება რუსეთს არ შეეძლო [31, 505]. ოსმალეთი მხოლოდ სოხუმ-კალეს გადაცემის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა და იმერეთზე, გურიასა და სამეგრელოზე პრეტენზია წამოაყენა. ოსმალები და მათი აგენტურა აფხაზეთში ავრცელებდნენ ხმებს, თითქოს რუსეთმა ეს მხარე ბუქარესტის ტრაქტატით ოსმალეთს დაუთმო, ხოლო სოხუმ-კალე ასლან-ბეის გადაეცა [113, 220].
კავკასიის რუსული ადმინისტრაცია, 1812წ. ბოლოს სამურზაყანოში მომხდარ ამბებში, ოსმალეთის მომხრე ძალებს ადანაშაულებდა, და მიაჩნდა, რომ ასლან-ბეის მომხრე ლევან შარვაშიძემ, ოსმალების ჩაგონებით მოკლა თავისი ძმა, რუსეთის ერთგული, პოლკოვნიკი მანუჩარ შარვაშიძე. გაძლიერდა ტყვის სყიდვა, მარტო 5 თვის განმავლობაში აფხაზეთიდან და სამეგრელოდან ოსმალებმა 300 ტყვე გაიყვანეს [31, 789]. ოსმალები საგანგებოდ ამარაგებდნენ ფოთის ციხეს და ჯარს აძლიერებდნენ. 1813წ. 29 ივნისს ფოთში ჩავიდა სერასკირი სეიდ-სულეიმან ფაშა, რომელმაც 2 ათასი ჯარისკაცი ჩამოიყვანა. მას დავალება ჰქონდა, დაეპყრო დასავლეთ საქართველო. ამავე ხანებში, ჯიქეთში მყოფი ასლან-ბეი სამხედრო დახმარებისა და თანხების მისაღებად სტამბოლში ჩავიდა. სტამბოლიდან ასლან-ბეი ფოთში ჩამოვიდა, შემდეგ ოსმალთა რაზმით, ზღვით სოფ. გუდავაში გადავიდა. ასლან-ბეი მთელი აფხაზეთის დასაუფლებლად ემზადებოდა. გიორგი შარვაშიძემ დახმარების თხოვნით რუსეთის ხელისუფლებას მიმართა [6, 205; 98, 446]. ასლან-ბეის აფხაზების დიდი ნაწილი მიემხრო. მის მხარეზე გადავიდა რებია-ჰანუმ მარშანია ორ უმცროს შვილთან ერთად. მათ სოხუმი დატოვეს და ასლან-ბეის ბანაკში გადავიდნენ, აფხაზეთის დიდებულთა მნიშვნელოვანი ნაწილიც მის მხარეს დადგა. ოსმალები ასლან-ბეის ჯარით, საომარი საჭურვლით და სურსათით ფოთიდან ამარაგებდნენ. 6 ივლისს სერასკირმა ფოთიდან ასლან-ბეის 17 ნავით ჯარი და სურსათი, აგრეთვე ფული გაუგზავნა, ხოლო ჯარის მეორე ნაწილი სოხუმის ასაღებად გაემართა [31, 798; 6, 446].
ივლისის დასაწყისში, არზრუმის სერასკირმა ნ. რტიშჩევს მოთხოვა, ოსმალეთისთვის გადაეცა იმერეთი, გურია, სამეგრელო და აფხაზეთი ყველა სიმაგრით. ასეთივე მოთხოვნით მას ტრაპიზონის სერასკირმა სეიდ-სულეიმან ფაშამაც მიმართა [31, 790]. ნ. რტიშჩევის მტკიცებით კი, ეს მოთხოვნები ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების VI მუხლის პირობას არ შეესაბამებოდა და ამდენად, არ შეეძლო დაეკმაყოფილებინა. ნ. რტიშჩევმა ტრაპიზონის სერასკირი გააფრთხილა, რომ ოსმალთა ჯარის შესვლა აფხაზეთში ასლან-ბეის მეთაურობით და იმ ტერიტორიების იარაღით დაპყრობის მცდელობა, რომელსაც ადრე ოსმალეთი მოითხოვდა, ტრაქტატის დარღვევად მიაჩნდა, რის გამოც ამ სამფლობელოების დასაცავად სათანადო განკარგულება გასცა. იგი სერასკირს მოუწოდებდა, აფხაზეთიდან ჯარები გაეყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი ადექვატურ ზომებს მიიღებდა [31, 796-797]. ნ. რტიშჩევმა პოლკოვნიკ ს. მერლინს უბრძანა, აფხაზეთიდან ოსმალები განედევნა. მერლინი შეუთანხმდა ლევან V დადიანსა და გიორგი შარვაშიძეს, ასლან-ბეისა და ოსმალთა წინააღმდეგ ერთობლივი გამოსვლის შესახებ. მე-15 ეგერთა პოლკის მეთაურს, მაიორ კუტიევს დაევალა, სამეგრელოს სახალხო ლაშქართან ერთად შეჭრილიყო აფხაზეთში, წინადადება მიეცა ოსმალებისთვის, დაეტოვებინათ ეს მხარე, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ძალის გამოყენებით განედევნა ისინი [31, 798, 800].
რუსთა და ქართველთა ჯარის მიახლოებისთანავე ოსმალებმა მიატოვეს ასლან-ბეი და ფოთში დაბრუნდნენ, ასლან-ბეი კი ჯიქეთში გაიქცა. გიორგი შარვაშიძემ ითხოვა, დახმარებოდნენ სამთავროს მოსახლეობის დამორჩილებაში, ამიტომ ჯარმა წინსვლა განაგრძო, აბჟუის ოლქში თავად-აზნაურები მთავრის ერთგულებაზე დააფიცა, შემდეგ კოდორი გადალახა, აფხაზეთის ოლქშიც აიყვანა მძევლები და თავად-აზნაურები მთავრის ერთგულებაზე დააფიცა. როდესაც ჯარი სოხუმში ჩავიდა, რებია-ჰანუმი და მისი ორი უმცროსი შვილიც მონანიებით გამოცხადდნენ, სოხუმში მოიწვიეს ზუფუელი თავად-აზნაურებიც და ერთგულების ფიცი დაადებინეს. ლევან V დადიანის რჩევით, აფხაზეთის მთავარმა მოლაპარაკება გამართა წებელის მფლობელ მარშანიებთან და მოსთხოვა ყაჩაღობასა და ყაჩაღების მფარველობას შეშვებოდნენ. უკან გამობრუნებულმა რუსთა და ქართველთა ლაშქარმა ლევან V დადიანსა და მანუჩარ შარვაშიძის ქვრივს ქეთევანს სამურზაყანო დაუმორჩილა [31, 305-506; 6, 205]. 1812წ. სამხედრო ექსპედიცია აფხაზეთში ოსმალოფილური ჯგუფის დამარცხებითა და მთავრის ხელისუფლების დროებითი გაძლიერებით დასრულდა.
1813წ. ნოემბერში ოსმალეთმა კვლავ მოითხოვა იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის, ასევე ციხეების – სოხუმ-კალეს, ანაკლიის და კემხელის დაბრუნება [31, 805]. ოსმალეთი არ აპირებდა აფხაზეთზე ხელის აღებას, რაც შემდგომში მისი მარიონეტის, ასლან ბეის შეიარაღებული გამოსვლებით დადასტურდა. რუსული ადმინისტრაცია თვლიდა, რომ ასლან-ბეის მტრული საქმიანობა მთავრის ხელისუფლებას უკიდურესად ასუსტებდა [31, 480].
ოსმალეთს ჰქონდა საფუძველი აფხაზეთში საკუთარი მომხრეების გამარჯვების იმედი ჰქონოდა. მთავარს არ ემორჩილებოდნენ მისი ძმები და ცალკეულ მხარეთა მფლობელები. სამთავროს თავს ესხმოდნენ მეზობელი ტომები და აფხაზეთის მთის თემების მკვიდრნი. აფხაზეთში ანარქია მეზობელ სამეგრელოზეც ახდენდა გავლენას. 1815წ. შემოდგომაზე ლევან V დადიანმა აფხაზეთში არეულობის მთავარ კერასთან-წებელთან ურთიერთობა მშვიდობიანად მოაგვარა. 29 ნოემბერს, სამურზაყანოს სოფ. ოქუმში ჩამოვიდნენ წებელის თემის ბატონები და ლევან V დადიანს ერთგულების ფიცი მისცეს. წებელელმა მარშანიებმა ქრისტიან მთავარს მუსლიმანთა წმინდა წიგნზე ყურანზე შეჰფიცეს. წებელში ისლამი განსაკუთრებით იყო გავრცელებული და ოსმალეთი ისლამს ამ მხარეში თავისი გავლენის იარაღად წარმატებით იყენებდა [31, 507-508].
XIX ს. დასაწყისში ცარიზმისთვის გადაუდებელ სტრატეგიულ და პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენდა ჩრდილოეთ კავკასიის დაპყრობა. რუსეთის იმპერიის ახლადმიერთებული ტერიტორიები კავკასიონის ქედის სამხრეთით მდებარეობდა. მათი დაპყრობა ჩრდილოეთ კავკასიის მთიანი ზოლის შემომტკიცებამდე მოხდა. ამდენად, იმპერიის სამხრეთ-კავკასიური სამფლობელოები დაუმორჩილებელი ჩრდილოეთ კავკასის გადაღმა აღმოჩნდა. ამიტომ აუცილებელი გახდა ყუბან-თერგის ხაზის სამხრეთით მდებარე მიწა-წყლის დაპყრობა. ამის გარეშე, რუსეთის ბატონობა ამიერკავკასიაში მტკიცე ვერ იქნებოდა. ნაპოლეონთან ომის დამთავრების შემდეგ, ცარიზმი ჩრდილოეთ კავკასიის დაპყრობისათვის გაძლიერებულ მზადებას შეუდგა [168, 282].
1815წ. კავკასიის ხაზზე, საქართველოში და საერთოდ ამიერკავკასიაში განლაგებული რუსეთის ჯარის ნაწილებისაგან ცალკე საქართველოს კორპუსი შეიქმნა. 1815წ. დამლევისათვის აფხაზეთში ოსმალოფილური დაჯგუფების ბრძოლამ ხელისუფლებისათვის გარკვეულ წარმატებას მიაღწია. თურქეთის პრემიერმინისტრის არქივში დაცული დოკუმენტის მიხედვით, 1815წ. დეკემბრის დასაწყისში ოსმალეთის ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია საფარ ბეის „ატალიკ“-ის (გამზრდელის – ზ.წ.) ჰაჯი აჰმედისაგან, თითქოს საფარ-ბეი მზად იყო მოენანიებინა დანაშაული და კვლავ ოსმალეთის ქვეშევრდომობას დაბრუნებოდა. ჰაჯი აჰმედისგან ოსმალეთის ხელისუფლებამ შეიტყო, რომ მას შემდეგ, რაც ასლან ბეიმ მოუკლა მამა, საფარ ბეი შიშობდა, რომ ძმა მასაც გამოასალმებდა სიცოცხლეს, ამიტომ იძულებული გახდა რუსებისათვის ეთხოვა მფარველობა. საფარბეი მზად იყო, დანაშაული ოსმალეთის წინაშე იმით გამოესყიდა, რომ სოხუმის ციხიდან რუსები გაეყარა და კვლავ სულთანს დამორჩილებოდა [58. 13]. როგორც ჩანს, გიორგი შარვაშიძე, ორმაგი პოლიტიკის წარმოებას ცდილობდა. ის შიშობდა, რომ რუსეთი საბოლოოდ აფხაზეთს ოსმალეთს დაუთმობდა და ხელისუფლების შენარჩუნებისათვის წინასწარ თადარიგს იჭერდა.
1816წ. 12 ოქტომბერს, კავკასიის მთავარმართებლად გენერალ-ლეიტენანტი ა. ერმოლოვი დაინიშნა. რუსები, რომლებიც ადრე კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ცალკეულ სადამსჯელო ექსპედიციებს ატარებდნენ, ჩეჩნეთისა და დაღესტნის სიღრმეში გეგმაზომიერ შეტევაზე გადავიდნენ. რუსები ანადგურებდნენ მთიელთა სოფლებს, კაფავდნენ ტყეებს, გაჰყავდათ გზები, აგებდნენ ციხე-სიმაგრეებს და მთების სიღრმეში ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდნენ [170, 32; 151, 35]. ცარიზმი ცდილობდა ჩრდილოეთ კავკასიაში რუსული სამხედრო-ადმინისტრაციული მმართველობის დანერგვას, რამაც მისი კოლონიური პოლიტიკა გამოაშკარავა. რუსეთის სამხედრო-ბიუროკრატიულ ექსპანსიას ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა საპასუხო რეაქცია მოჰყვა. დაიწყო რუსეთ–კავკასიის ომი (1817-1864წწ), რომელშიც რუსეთი მიზნად ისახავდა მთიანი დაღესტნისა და დასავლეთ კავკასიის დაპყრობას, ხოლო კავკასიელ მთიელთა მხრიდან ომს ანტიკოლონიური, ეროვნულ-განმათავისუფლებელი ხასიათი ჰქონდა [102, 144].
ომის მსვლელობისას რუსეთის სარდლობა დიდ ყურადღებას აქცევდა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს დაკავებას, რადგან დასავლეთ კავკასიის მთიელები გარესამყაროსთან კავშირს აქედან ამყარებდნენ. ინგლისი და ოსმალეთი მთიელებს იარაღით და ტყვია-წამლით აქედან ამარაგებდნენ. რუსეთი შავი ზღვის აფხაზეთის სანაპიროზე მხოლოდ სოხუმს ფლობდა, სადაც 500 ჯარისკაცი იყო დისლოცირებული. სოხუმის მცირერიცხოვანი გარნიზონი ვერ უზრუნველყოფდა სტაბილურობას ამ მხარეში. რუსეთის პოზიციების სისუსტეს აფხაზეთში მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა ის გარემოება, რომ მთავარი უძლური იყო საკუთარი ძალებით დაეცხრო შინაპოლიტიკური ბრძოლა და ოსმალეთის მომხრე დაჯგუფებების თარეში სამთავროში. აფხაზეთში გრძელდებოდა ადამიანების გატაცება, მკვლელობები, მთავრისადმი დაუმორჩილებლობა. 1818წ. მაისში, იმერეთის მმართველ, გენერალ-მაიორ ი. კურნატოვსკის თანდასწრებით, აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავრებს შორის შეთანხმება დაიდო. გიორგი შარვაშიძემ სამურზაყანო დადიანის სამფლობელოდ ცნო. როგორც ლევან V დადიანი აღნიშნავდა, ეს აქტი მიზნად ისახავდა ორ სამთავროს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის აღდგენას. შეთანხმების მიხედვით, სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის საზღვრად მდ. ღალიძგა დადგინდა. ორივე მხარე ვალდებულებას იღებდა, მეამბოხეებისა და დამნაშავეთათვის თავშესაფარი არ მიეცათ [32, 537].
1819წ. იმერეთში რუსეთის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო. ი. კურნატოვსკი საქართველოს კორპუსის შტაბის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ა. ველიამინოვს სწერდა: „გურულები და მეგრელები მზად არიან იმერლებთან ერთად იმოქმედონ, ხოლო აფხაზი გლეხები იმდენად თანაუგრძნობენ იმერეთის აჯანყებას, რომ იმერლებს ისღა დარჩენიათ, მხოლოდ მოიწვიონ აფხაზები“ [136, 21]. 1820წ. ივლისში რუსეთის ჯარმა იმერეთის 1819-1820 წწ. აჯანყება სასტიკად ჩაახშო. ოსმალეთი კვლავ დაჟინებით მოითხოვდა სოხუმისა და აფხაზეთის დაბრუნებას. რუსეთის ხელისუფლება ორჭოფობდა და დასაშვებადაც კი მიაჩნდა ოსმალეთის მოთხოვნის დაკმაყოფილება. საკითხის შესწავლა კავკასიის მთავარმართებელ ა. ერმოლოვს დაევალა. 1820წ. 16 ივლისს ა. ერმოლოვმა პეტერბურგს ვრცელი მოხსენება წარუდგინა, სადაც იმ საფრთხის თაობაზე მიუთითებდა, რასაც აფხაზეთისა და სოხუმის დათმობა გამოიწვევდა. მისი აზრით, აფხაზეთის დათმობა ნეგატიურად იმოქმედებდა რუსეთის პოზიციებზე ამიერკავკასიის სხვა სამფლობელოებში, სადაც ოსმალეთის ჩარევა გაძლიერდებოდა და სამომავლოდ რეგიონში პოზიციების შესანარჩუნებლად მეტი სამხედრო ძალა იქნებოდა საჭირო, მით უმეტეს, რომ რუსეთის გავლენა შავ ზღვაზე შესუსტდებოდა, გიორგი შარვაშიძე იძულებული გახდებოდა, ქრისტიანობა დაეთმო, სამთავრო ტახტზე კი ქრისტიანობის მოძულე მისი ძმა ჰასან-ბეი ავიდოდა. ერმოლოვი მიუღებლად მიიჩნევდა აფხაზეთის დათმობას იმის გამოც, რომ დასავლეთ საქართველოს სხვა ქვეშევრდომთა თვალში რუსეთს სახელი შეელახებოდა, გაძლიერდებოდა ტყვის სყიდვა, აფხაზებს დიდი რაოდენობით ჰქონდათ ნავები და სანაპიროს მახლობლად ყაჩაღობას ეწეოდნენ, თუ მათ ნავმისადგომებად ექნებოდათ სოხუმისა და ბიჭვინთის ყურეები, რუსეთის ხომალდებს არ შეეძლებოდათ თავიანთი სამფლობელოების დაცვა და აფხაზეთის დაკარგვით რუსეთს შეიძლებოდა მთელი დასავლეთ საქართველოც დაეკარგა. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის ან სოხუმის ბედი სხვაგვარად გადაწყდებოდა, ა. ერმოლოვი თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდა. [32, 653-654]. ა. ერმოლოვის მიერ საკითხის ასეთი კატეგორიულობით დაყენებამ, უმაღლესი ხელისუფლება დაარწმუნა, სოხუმისა და აფხაზეთის ოსმალეთისთვის გადაცემაზე ხელი აეღო. რუსეთი მოითხოვდა, ოსმალეთს მის მფლობელობაში ეცნო ანაკლია და კემხელი, როგორც სამეგრელოს კუთვნილი პუნქტები, ამასთან არც სოხუმისა და აფხაზეთის დათმობას აპირებდა [33, 430].
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პოზიცია კატეგორიული იყო, ოსმალეთი მოითხოვდა ანაკლიისა და სოხუმ-კალეს დაცლასა და მისთვის დაბრუნებას. ოსმალეთი აფხაზეთში თავის მომხრე ძალების გამოყენებას ცდილობდა. 1820წ. დეკემბერში ა. ერმოლოვმა პეტერბურგს შეახსენა, რომ რუსეთს გაუძნელდებოდა ამ ციხეების მიმდებარე ტერიტორიების დაცვა, თუ ოსმალები მოსახლეობას რუსეთის წინააღმდეგ წააქეზებდნენ [52, 190].
1821წ. 7 თებერვალს აფხაზეთის მთავარი გიორგი შარვაშიძე ლიხნში გარდაიცვალა. მთავარმა სიკვდილის წინ უმცროს ძმას, ჰასან-ბეის მეუღლესა და შვილებზე მზრუნველობა სთხოვა და რუსეთის ხელისუფლების მორჩილება ურჩია [27. 2]. მეორე დღეს, 8 თებერვალს, თამარ შარვაშიძემ წერილით აუწყა სოხუმის ციხის კომენდანტს, მაიორ პ. მოგილიანსკის გიორგი შარვაშიძის გარდაცვალება და სთხოვა, ეს ამბავი მთავარმართებლისთვის ეუწყებინა. თამარი ითხოვდა, გამოეგზავნათ უფროსი შვილი დიმიტრი, რომელიც პეტერბურგში პაჟთა კორპუსში იზრდებოდა და მისთვის ქვეყნის მართვა ჩაებარებინათ [27. 1.]
ამ დროისათვის აფხაზეთის მთავრის ქვრივი, თამარ შარვაშიძე ვერ აკონტროლებდა ვითარებას სამთავროში. მისი ვაჟიშვილი, ტახტის მემკვიდრე დიმიტრი რუსეთში იყო, ხოლო აფხაზეთში რუსი სამხედროები მხოლოდ სოხუმის ციხეს ფლობდნენ, სადაც 500 კაციანი გარნიზონი იდგა [140, 456-457]. შექმნილი ვითარებით სარგებლობდნენ ოსმალეთის მომხრე ძალები აფხაზეთში. 8 თებერვალს, სოხუმის ციხიდან გამოსულ ჯარისკაცთა რაზმს თავს დაესხნენ აფხაზები. თავდასხმა ჰასან-ბეის სამფლობელოში მოხდა, ამიტომ კომენდანტმა პ. მოგილიანსკიმ დამნაშავეთა გაცემის მოთხოვნით მას მიმართა. ლიხნში მყოფმა ჰასან-ბეიმ პირობა დადო, რომ დამნაშავეებს მოძებნიდა და მთავრობას გადასცემდა [27. 2; 166, 552]. იმავე დღეს პ. მოგილიანსკიმ კავკასიის კორპუსის შტაბის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ა. ველიამინოვს, რომელიც კავკასიას ერმოლოვის არყოფნის გამო მართავდა, გიორგი შარვაშიძის გარდაცვალებისა და სოხუმის ციხის გარნიზონის ჯარისკაცებზე აფხაზების თავდასხმის თაობაზე აუწყა. პ. მოგილიანსკი ამტკიცებდა, რომ მთავრის გარდაცვალების შემდეგ აფხაზეთში ანტირუსული გამოსვლები იყო მოსალოდნელი. მას მიაჩნდა, რომ რუს ჯარისკაცებზე თავდასხმა ჰასან-ბეის წაქეზებით მოხდა და ეს იყო აფხაზების აჯანყება რუსეთის წინააღმდეგ [166, 552].
ა. ველიამინოვი თვლიდა, რომ თუმცა ჰასან-ბეის მომხრეთა დაჯგუფებას ოსმალეთის დახმარების გარეშე რაიმე წარმატების მიღწევა არ შეეძლო, აფხაზეთში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მისი იზოლირება აუცილებელი იყო, ამიტომ პ. მოგილიანსკის უბრძანა, ჰასან-ბეი დაეპატიმრებინა, ხოლო იმპერატორის მიერ აფხაზეთის მთავრის დამტკიცებამდე, ქვეყნის მმართველად თამარ შარვაშიძე დაენიშნა. პ. მოგილიანსკიმ 6 მარტს, სოხუმის ციხეში მოსალაპარაკებლად მიიწვია ჰასან-ბეი და იქვე დააპატიმრა [140, 461-462].
1821წ. 14 მარტს თამარ შარვაშიძემ წერილით უშუალოდ ა. ველიამინოვს მიმართა და სთხოვა, ტახტის მემკვიდრე დიმიტრი აფხაზეთში გამოეგზავნათ. იგი წერდა, რომ მისმა შვილმა ამ ქვეყნის „არც ქცევა და არც ენა“ არ იცოდა, მაგრამ სამთავროს მაინც კარგად უპატრონებდა. ამასთან, ჰასან-ბეის გათავისუფლებასაც ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისთვის შეუძლებლად მიაჩნდა აფხაზეთში დარჩენა. თამარი ველიამინოვს არწმუნებდა, რომ რუსეთის ხელისუფლების წინაშე ჰასან-ბეის დანაშაული არ მიუძღოდა [27. 3]. ჩანს, თამარ შარვაშიძე რეალურად აფასებდა ჰასან ბეის გავლენას და შექმნილ რთულ პოლიტიკურ ვიტარებაში მის მიმხრობას ცდილობდა. 1 აპრილს ველიამინოვმა თამარ შარვაშიძეს დამამშვიდებელი წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნავდა, რომ რუსეთი მუდამ მზად იყო მხარი დაეჭირათ მისი სახლისათვის. ველიამინოვი წერდა, რომ ჰასან-ბეის დაპატიმრების მიზეზი გახდა მისი დაუმორჩილებლობა, რის გამოც განსვენებულ მთავარს არაერთხელ მიუმართავს რუსეთის ხელისუფლებისთვის. გენერლის აზრით, მას შეეძლო არეულობის მოხდენა, ამიტომ თამარ შარვაშიძეს ჰასან-ბეის გათავისუფლება კი არ უნდა ეთხოვა, არამედ აფხაზეთიდან სასწრაფოდ მოშორება [32, 655].
იმერეთის მმართველს, გენერალ-მაიორ პ. გორჩაკოვს (1820-1825წწ.) მიაჩნდა, რომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე ჰასან-ბეის შეპყრობა არ იყო გონივრული, რადგან ეს ხელს არ შეუწყობდა აფხაზთა დაშოშმინებას და უფრო მეტ მღელვარებას გამოიწვევდა. 1821წ. 22 მარტს, ველიამინოვისადმი გაგზავნილ მოხსენებით ბარათში იგი აღნიშნავდა, რომ მოგილიანსკის ცნობამ აფხაზთა აჯანყების შესახებ მას თავიდანვე ეჭვი აღუძრა. მდგომარეობიდან გამოსასვლელად რუსეთის ხელისუფლებას ორი გზა ჰქონდა: პირველი, დაეკმაყოფილებინა ხალხის მოთხოვნა და ჰასან-ბეი გაეთავისუფლებინა; მეორე, აფხაზეთისკენ ჯარები დაეძრა. ამასთან, პირველი ღონისძიება არ იქნებოდა სისუსტის გამოვლენა; მეორე შემთხვევაში კი, დამატებით ათასამდე ჯარისკაცი მაინც გახდებოდა საჭირო; ჯარს უნდა გაევლო დაუმორჩილებელი სოფლები, წინააღმდეგობა იქნებოდა დესანტის გადასხმის დროსაც; აჯანყება მაინც არ შეწყდებოდა, თუ ჯარის ნაწილი დიდი ხნით აფხაზეთში არ ჩადგებოდა, რადგან სოხუმის ციხის გარნიზონს აფხაზეთის გასაკონტროლებლად ძალა არ შესწევდა. [166, 553-554].
ა. ველიამინოვი იმდენად უარყოფითად იყო განწყობილი ჰასან-ბეის მიმართ, რომ აფხაზთა აჯანყება ნაკლებ უბედურებად მიაჩნდა, ვიდრე მისი გათავისუფლება. „ჩვენთვის ბევრად უფრო მომგებიანია მშფოთვარე აფხაზეთი, ვიდრე ჰასან-ბეის გათავისუფლება, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს როგორც ხალხში, ასევე თურქეთის მთავრობაშიც“, – წერდა ა. ველიამინოვი 28 მარტს პ. გორჩაკოვს. ხელისუფლებისათვის სასურველი იყო აფხაზეთიდან მისი მოშორება, აფხაზთა აჯანყების შედეგები ხელისუფლებისათვის იმდენად მნიშვნელოვანი არ იქნებოდა. ა. ველიამინოვი დარწმუნებული იყო, რომ აჯანყებულები სოხუმის ციხეს ოსმალების დახმარების გარეშე ვერ აიღებდნენ. აუცილებლობის შემთხვევაში პ. გორჩაკოვს შეეძლო ციხის დასახმარებლად ქვემეხით შეიარაღებული ორი ან სამი ასეული გაეგზავნა. ა. ველიამინოვმა გამოიყენა სარდლის უფლებამოსილება და მისი ბრძანებით 1821წ. აპრილში ჰასან ბეი ციმბირში გადაასახლეს, მაგრამ იმედი, რომ ჰასან-ბეის გადასახლებით აფხაზეთში პრობლემები მოგვარდებოდა, როგორც მოსალოდნელი იყო, არ გამართლდა. აფხაზეთის მმართველად თამარ შარვაშიძის დანიშვნას ხალხი უკმაყოფილებით შეხვდა. ხალხი ეჭვობდა, რომ ჰასან-ბეის დაპატიმრება თამარ შარვაშიძის გარეშე არ მოხდებოდა, რომელსაც ალბათ მისი მოშორება სურდა, რათა დიმიტრისათვის ტახტისაკენ გზა გაეკაფა. აპრილის შუა რიცხვებში პ. გორჩაკოვი სოხუმში ჩავიდა, რათა აფხაზეთში შექმნილ ვითარებას ადგილზე გასცნობოდა. მან თანამდებობიდან გადააყენა პ. მოგილიანსკი და მის ნაცვლად სოხუმის ციხის კომენდანტად მაიორი მიხინი დანიშნა [166, 554-557].
აფხაზეთში სახალხო მღელვარების ასაცილებლად პ. გორჩაკოვმა აფხაზი თავად-აზნაურობა მოსალაპარაკებლად სოხუმში მიიწვია. აფხაზმა წარჩინებულებმა პ. გორჩაკოვს ჰასან ბეის დაპატიმრების გამო მტკიცე პროტესტი განუცხადეს და, რუსის ჯარის შემოსვლის შემთხვევაში, სახლ-კარის გადაწვითა და მთებში გახიზვნით დაიმუქრნენ. სოხუმში არ ჩამოვიდა თამარ შარვაშიძე, პ. გორჩაკოვმა კი მთავრის ქვრივთან ლიხში გამგზავრება სახიფათოდ ჩათვალა, და ქუთაისში უშედეგოდ დაბრუნდა. სულ მალე საყოველთაო მღელვარება აფხაზეთში რუსეთის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყებაში გადაიზარდა. ჰასან-ბეის უმცროსი ძმები – ბათალ-ბეი, ტაიარ-ბეი და როსტომ-ბეი, ხალხს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდნენ. მათ მხარი დაუჭირეს ჰასან-ბეის სიმამრმა, ინალ-იფებმა და მარშანიებმა. აფხაზმა თავადებმა მაიორ მიხინს შეუთვალეს, რომ არ დაემორჩილებოდნენ რუსეთის ხელისუფლებას და თამარ შარვაშიძეს, სანამ რუსები ჰასან-ბეის არ დააბრუნებდნენ. [166, 558].
ოსმალეთისათვის კვლავ დადგა აფხაზეთის საქმეებში, ასლან ბეის ფაქტორის გამოყენებით, უშუალო ჩარევის დრო. 1821წ. ივნისში, ასლან-ბეი ოსმალეთიდან ჯიქეთში ჩავიდა. ასლან-ბეიმ თამარ შარვაშიძეს მძევლები და აფხაზეთში თავისუფლად შეშვება მოსთხოვა. თამარმა ასლან-ბეის მოციქულები, მაიორ მიხინის თანდასწრებით, სოხუმის ციხეში მიიღო და განუცხადა, რომ მამისმკვლელს აფხაზეთში არასდროს შეუშვებდა. თამარ შარვაშიძის ამალაში მყოფი ბზიფელი თავად-აზნაურებიც მას დაეთანხმნენ. თამარმა მიხინს თხოვა, მისი სასახლის დასაცავად ლიხნში მცირე რაზმი გაეგზავნა [166, 558-559].
აფხაზეთში რუსეთის ბატონობას ისევ სერიოზული საფრთხე დაემუქრა. რუსების მომხრეთა რიცხვი მცირე იყო და ადგილობრივი ქრისტიანებით შემოიფარგლებოდა.
მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კი, მაჰმადიანი და წარმართი აფხაზები, ოსმალურ ორიენტაციაზე იდგნენ და მზად იყვნენ ასლან-ბეის გვერდით დამდგარიყვნენ [140, 459]. სოხუმის ციხის გარნიზონის მეთაური მიხინი ყოველდღე თავდასხმას ელოდა. მან თამარ შარვაშიძეს სოხუმის ციხეში დაბინავება შესთავაზა, მაგრამ მთავრის ქვრივს არ სურდა ხალხის წინაშე თავისი უძლურების აღიარება, ამიტომ არჩია, სოფ. კოდორში წასულიყო, სადაც სახლი ჰქონდა, მაგრამ მეამბოხეებმა კოდორში თამარ შარვაშიძის ტყვედ აყვანა მოინდომეს, ისინი ასლან ბეის გამოცხადებას აპირებდნენ მთავრად. თამარმა რუსებისგან შველა ითხოვა. მიხინმა კოდორის კონცხისკენ დაუყოვნებლივ გააგზავნა სამხედრო ხომალდი „კონსტანტინი“ და მის მეთაურს, ლეიტენანტ ხომუტოვს დაავალა მთავრის ქვრივი და მისი შვილები დაეხსნა. იმავე ღამით ხომუტოვმა ისინი გამოიხსნა და 2 ივლისს სოხუმში ჩაიყვანა [32, 659; 166, 560].
პეტერბურგში მყოფი ა. ერმოლოვი, რომელსაც კარგად ესმოდა აფხაზეთის სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთისათვის და მხარეში ოსმალეთის მომხრე ძლიერი დაჯგუფების არსებობას უწევდა ანგარიშს, გადაუდებლად თვლიდა დიმიტრი შარვაშიძის სასწრაფო ჩაყვანას აფხაზეთში, მისთვის პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მინიჭებას, რომ „აფხაზეთის ველური და მხეცი ხალხი“ აფხაზეთის ახალ მთავარსა და რუს სამხედრო ოფიცერს დაემორჩილებინა [32, 655].
აგვისტოში დიმიტრი შარვაშიძე პაჟთა კორპუსიდან გამოიყვანეს, იმპერატორის ბრძანებით მას პოლკოვნიკის ჩინი ებოძა და აფხაზეთის მთავრად დაინიშნა [6, 209; 32, 656]. ამ დროს ოსმალეთის ემისარი ასლან-ბეი გამალებულ საქმიანობას ეწეოდა რუსთა წინააღმდეგ დიდი სამხედრო გამოსვლის მოსამზადებლად. ის, ანაპის ფაშის დახმარებით, კრებდა ლაშქარს აფხაზეთში შესაჭრელად. ასლან-ბეი აფხაზეთში წერილებს აგზავნიდა და აჯანყებისაკენ მოუწოდებდა მოსახლეობას [33, 746].
აგვისტოს შუა რიცხვებში აფხაზეთში ოსმალეთის მომხრე დაჯგუფებამ გადამწყვეტი შეტევა წამოიწყო. ასლან-ბეი, 600 კაციანი რაზმით, ჯიქეთიდან აფხაზეთში შეიჭრა. ამ დროისათვის სოხუმიდან წამოსული თამარ შარვაშიძე კოდორის მამულში იმყოფებოდა. ასლან-ბეიმ კოდორის სასახლეს ალყა შემოარტყა. თამარის მომხრეებიდან ბევრი ასლან-ბეის მხარეზე გადავიდა. ორი კვირა სასახლის კოშკში ჩაკეტილი თამარ შარვაშიძე იძულებული გახდა ფიცი დაედო, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან ყოველგვარ ურთიერთობას გაწყვეტდა. 11 სექტემბერს აჯანყებულთა მხედრობა გაშლილი დროშებით მიადგა სოხუმის ციხეს, მაგრამ გარნიზონმა ძლიერი ცეცხლი გაუხსნა და უკუაგდო ისინი. ასლან-ბეიმ ალყა შემოარტყა სოხუმს და თითქმის მთელი აფხაზეთი დაიკავა. სექტემბრის შუა რიცხვებში ის სამეგრელოს სამთავროს საზღვართან, მდ. ღალიძგაზე გამოჩნდა. ლევან V დადიანმა მას შეუთვალა, რომ ნებას არ მისცემდა, მის სამფლობელოში შეჭრილიყო და ქვრივსა და ობლებს, – თამარ შარვაშიძეს და მის შვილებს, დაიცავდა [6, 209]. სამეგრელოს მთავარი თავის სამფლობელოში ჯარს აგროვებდა, რომ სამეგრელო დაეცვა და აფხაზეთის მთავრის ქვრივსა და მის შვილებს მიშველებოდა, მაგრამ იმერეთის მმართველმა პ. გორჩაკოვმა ჩათვალა, რომ დადიანს უნდოდა გამოეყენებინა აფხაზეთში შექმნილი ვითარება და სამხედრო ძალით დაეკავებინა აფხაზეთის ის ტერიტორია, რომელიც წარსულში ოდიშს ეკუთვნოდა. ამით უნდა აიხსნას პ. გორჩაკოვის დაჟინებული მოთხოვნა, რომ დადიანს არ ელაშქრა აფხაზეთში, თამარ შარვაშიძისა და მისი შვილებზე ზრუნვა კი რუსებისთვის მიენდო [140, 460; 166, 560]. ასლან-ბეიმ გამოაცხადა, რომ მას ხელთ ჰქონდა სულთნის ფირმანი, რომლის ძალით ის აფხაზეთის მთავრად იყო დანიშნული და რუსეთიც სოხუმს მას უთმობდა. ასლან-ბეის მხარეზე გადავიდნენ მისი ძმები ბათალ-ბეი, თაიარ-ბეი და როსტომ-ბეი შარვაშიძეები, აგრეთვე ჰასან-ბეის სიმამრი ნარჩოუ ინალიშვილი, მისი ძმა გიორგი ინალიშვილი, აბჟუის მფლობელი ალი-ბეი (ალექსანდრე) შარვაშიძე. აჯანყებამ მთელი აფხაზეთი მოიცვა, განსაკუთრებულ თავგამოდებას ჰასან-ბეის ქვეშევრდომები იჩენდნენ, მხოლოდ ლიხნელებმა გაუწიეს ამბოხებულებს წინააღმდეგობა და მთავრის სახლს უერთგულეს, მაგრამ ისინიც მალე იძულებულნი შეიქნენ ასლან-ბეის მიმხრობოდნენ [32,659; 166, 560].
კავკასიაში რუსეთის მმართველობამ აფხაზეთში ოსმალეთის მომხრე დაჯგუფების ამბოხების ჩასახშობად სამხედრო ოპერაციის განხორციელების სამზადისი დაიწყო. სექტემბრის ბოლოს დიმიტრი შარვაშიძე თბილისში ჩამოვიდა. რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზთა აჯანყების ჩახშობა და სამთავრო ტახტზე დიმიტრის აყვანა პ. გორჩაკოვს დაევალა. აფხაზეთის სამხედრო ექსპედიციაში სამეგრელოს სამთავროს ლაშქარსაც უნდა მიეღო მონაწილეობა. ველიამინოვმა მომავალ მთავარ დიმიტრი შარვაშიძეს დაწვრილებითი ინსტრუქცია მისცა. ველიამინოვი მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო ასლან-ბეის სიცრუის საწინააღმდეგოდ – თითქოს რუსეთის ხელისუფლებამ დაადასტურა სულთნის ფირმანი და აღიარა აფხაზეთის მთავრად ასლან-ბეი, – დიმიტრის მოემხრო სამთავრო სახლის ერთგული თავადები და მათი მეშვეობით გაევრცელებინა პროკლამაცია, რომელიც აფხაზეთის მოსახლეობას აუწყებდა, რომ დიმიტრი დაინიშნა აფხაზეთის მთავრად. რუსეთის ჯარის ნაწილების შესვლა კიდევ უფრო დაარწმუნებდა აფხაზებს, რომ იმპერატორმა დიმიტრი შარვაშიძე დაამტკიცა აფხაზეთის მთავრად და სამთავრო ტახტის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე ის იყო. ველიამინოვი საჭიროდ მიიჩნევდა, რომ ახალ მთავარს დაუყოვნებლივ დაედგინა თამარ შარვაშიძის ადგილსამყოფელი და ეცნობებინა ჯარით მისი აფხაზეთში შესვლა, დაერწმუნებინა ის, რომ სოხუმში გადასულიყო და იქ დალოდებოდა; დიმიტრი შემწყნარებელი და გულმოწყალე უნდა ყოფილიყო იმათ მიმართ, ვინც მოინანიებდა და მორჩილებას გამოაცხადებდა, განსაკუთრებით უბრალო ხალხისადმი, მაგრამ ვინც იარაღით გაუწევდა წინააღმდეგობას, მკაცრად უნდა დასჯილიყო; აჯანყების მოთავეები ძლიერი საგვარეულოებიდან, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე მტრობდნენ სამთავრო სახლს და კვლავაც შეეძლოთ აფხაზეთში სიმშვიდის დარღვევა, აუცილებლად უნდა გაენადგურებინათ ან შეეპყროთ და აფხაზეთიდან გაესახლებინათ. ამასთან, არ უნდა ყოფილიყო სარწმუნოებრივი დევნა და ძალით გაქრისტიანება. სიმშვიდის დამყარების შემდეგ წარმართთა გასაქრისტიანებლად მთავრობა იზრუნებდა. ველიამინოვი მთავარს ურჩევდა არაფერი მოემოქმედებინა პ. გორჩაკოვის რჩევის გარეშე. დიმიტრის უსაფრთხოებისათვის სასურველი იყო მისი პირველ ხანებში საცხოვრებლად სოხუმის ციხის გარნიზონში დარჩენა [32, 658-659; 166, 563-564].
პ. გორჩაკოვმა რედუტ-კალეში თავი მოუყარა ამბოხებულთა წინააღმდეგ გასაგზავნ აფხაზეთის ექსპედიციას, რომელიც შედგებოდა სამეგრელოს ქვეითთა და 44-ე ეგერთა პოლკების ორი ბატალიონისაგან 600 მეომრის შემადგენლობით და აღჭურვილი იყო ორი ქვემეხით, ასევე კაზაკთა რაზმისა და სამეგრელოს სამთავროს ცხენოსან მილიციისგან [32, 659; 140, 465; 166, 565]. 1821წ. 21 ოქტომბერს დიმიტრი შარვაშიძე ქუთაისში გაემგზავრა, იქიდან კი, პ. გორჩაკოვისა და სამეგრელოს სამთავროს ცხენოსანი მილიციის თანხლებით, აფხაზეთისკენ გაემართა. ლაშქარს სამეგრელოს სამთავროს საზღვრიდან, მდ. ღალიძგიდან, პოლკოვნიკი ნიკო დადიანი წარუძღვა. ნიკო დადიანი, როგორც ლეჩხუმის სარდალ-მოურავი, თანმხლებ 600 ლეჩხუმელ მხედარს მეთაურობდა [6, 209; 32, 659].
1821წ. 1 ნოემბერს პ. გორჩაკოვმა სამურზაყანოს საზღვარზე ცნობა მიიღო, რომ ასლან-ბეის 3 ათასკაციანი აფხაზთა და ჯიქთა რაზმი კოდორის კონცხსა და სოფ. კელასურს შორის იყო გამაგრებული. თვით ასლან-ბეი აფხაზთა ლაშქრით მოქვში იდგა. ნიკო დადიანმა გადმოიბირა ასლან-ბეის ბანაკში მყოფი მისი სიძე, ალი-ბეი შარვაშიძე და ცოლისძმა, სალარუფუ მარშანია, „რომელსა უსმენდნენ სრული წებელნი და სხვანიცა. და იყო მას ჟამსა აფხაზთა შორის შემძლე კაცი“, და ისინი თავის ბანაკში გადმოიყვანა. მათი გადაბირების შემდეგ ასლან-ბეი მოქვიდან გაიქცა. რუსთა და ქართველთა მხედრობაც უკან მიჰყვა და წყაბაში დაბანაკდა [6, 210; 140,468; 166, 566]. აფხაზეთის ექსპედიცია მოწინააღმდეგის გააფთრებულ წინააღმდეგობას გადააწყდა. ასლან-ბეის რაზმებმა კელასურამდე რამოდენიმე ძლიერი საფარი მოაწყვეს. 4 ნოემბერს სამეგრელოს მხედრობა, რომელიც ავანგარდში იყო, მდ. კოდორიდან 4 ვერსზე მოწინააღმდეგის ძლიერ საფარს წააწყდა და მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა. მას მიეშველა ეგერთა პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი ივანე აფხაზი, რომელმაც მოწინააღმდეგის ხერგილები ბრძოლით დაიკავა. აჯანყებულები თავგამოდებით ცდილობდნენ შეტევის შეჩერებას, მაგრამ მათ ქვემეხების ცეცხლი ანადგურებდა. ნ. დადიანის ცნობით, დიდი ბრძოლა მოხდა აშიღვარასთან ახლოს, რომელიც 16 საათს გაგრძელდა. რუსებისა და ქართველების გაერთიანებულმა ლაშქარმა ასლან-ბეის საფრები აიღო და მისი რაზმი გააქცია, თუმცა თავადაც საკმაოდ დაზარალდა.
პ. გორჩაკოვის რაზმი იმ ღამით მდ. მაჭარის პირას დაბანაკდა, ხოლო დილით ისევ გააგრძელა შეტევა. აფხაზებმა სცადეს წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ლეჩხუმელთა შეტევას ვერ გაუძლეს და გაიქცნენ. პ. გორჩაკოვის რაზმი თხუბუნში ჩავიდა და დაბა, ახლო-მახლო სოფლები, ჰასან-ბეი შარვაშიძის სასახლე სოფ. კელასურში გადაწვა და სოხუმში ჩავიდა [6, 210-211].
პ. გორჩაკოვის დამსჯელი ექსპედიციის სოხუმში ჩასვლის შემდეგ აჯანყება თანდათან ჩაცხრა. რუსთა და ქართველთა ლაშქარი სოფ. ლიხნისაკენ გაემართა. ლიხნში ბზიფის აფხაზეთის თავადებმა მორჩილების პირობა დადეს. ნარჩოუ და გიორგი ინალიშვილები არ გამოცხადნენ, ამიტომ პ. გორჩაკოვმა საინალიშვილოს მორჩილებაში მოსაყვანად დამსჯელი რაზმი გაგზავნა ნიკო დადიანისა და ივანე აფხაზის მეთაურობით. გიორგი ინალიშვილმა მორჩილება გამოაცხადა, მას ეპატია დანაშაული, ნარჩოუ ინალიშვილი კი მიიმალა. ლეჩხუმელთა რაზმი აფხაზებთან მცირე შეტაკების შემდეგ ლიხნში დაბრუნდა [6, 211; 140, 468; 166, 566]. ასლან-ბეი კვლავ ოსმალეთში გადაიხვეწა, თან აფხაზ წარჩინებულთაგან მძევლები წაიყვანა [137, 264-265].
30 ნოემბერს, ლიხნში, პ. გორჩაკოვმა აფხაზ თავად-აზნაურთა და რუსეთის ჯარის ნაწილების თანდასწრებით დიმიტრი შარვაშიძე აფხაზეთის მთავრად საზეიმოდ გამოაცხადა. მას გადაეცა დროშა და ხმალი, როგორც უმაღლესი ძალაუფლების სიმბოლო, და აფხაზმა თავად-აზნაურებმა მისი ერთგულების ფიცი დადეს. პ. გორჩაკოვმა მთავრის დასაცავად ლიხნში სამეგრელოს ეგერთა პოლკის ორი ასეული დატოვა მაიორ რაკოცის მეთაურობით. ამის შემდეგ პ. გორჩაკოვმა თავისი ფუნქცია აფხაზეთში ამოწურულად ჩათვალა, რუსთა და ქართველთა ლაშქრით სოხუმში დაბრუნდა, იქიდან კი რეგულარული ჯარის ნაწილებით ზღვით რედუტ-ყალეში ჩავიდა, ხოლო ნიკო დადიანი სახალხო ლაშქრით სახმელეთო გზით სამეგრელოში დაბრუნდა [6, 211; 140, 469- 470; 166, 566].
ახალმა მთავარმა ვერ გაამართლა რუსეთის ხელისუფლების იმედი. დიმიტრი შარვაშიძის (1821-1822წწ.) ხელისუფლება მთლიანად რუსეთის სამხედრო ძალას ეყრდნობოდა. როგორც ჟ.-ფ. გამბა აღნიშნავდა, პეტერბურგიდან, ალექსანდრე I-ის სასახლიდან „მამისეულ ხის უბრალო სახლში გადმოსახლებული მთავარი, რომელიც არც თავის ხალხს იცნობდა და არც მისი ენა იცოდა, ორი წლის განმავლობაში უფრო ტყვეს ჰგავდა, ვიდრე სუვერენს“. ამის გამო ქვეყანას ფაქტობრივად დედამისი, თამარ შარვაშიძე განაგებდა [5, 86].
1821წ. მიწურულს ცნობილი გახდა, რომ ასლან-ბეი, ანაპის ფაშას დახმარებით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ ტომებში ლაშქარს აგროვებდა და რუსეთის მიერ დანიშნული მთავრის განსადევნად კვლავ აფხაზეთში შეჭრას აპირებდა. დიმიტრი შარვაშიძემ ჯიქების თავადებს, რომლებიც ადრე აფხაზეთის მთავარს ემორჩილებოდნენ, მოსთხოვა ასლან-ბეი თავიანთ სამფლობელოზე არ გაეტარებინათ. ჯიქეთის თავადებმა უარი თქვეს ამ მოთხოვნის შესრულებაზე და განაცხადეს, რომ შარვაშიძეთა სამთავრო სახლის მემკვიდრედ დიმიტრის არ ცნობდნენ. ისინი აფხაზეთიდან და სოხუმიდან რუსების განდევნას მოითხოვდნენ [140, 471]. ასლან-ბეის მოსალოდნელი შემოსევის გამო, მთავარი ლიხნიდან სოხუმის ციხეში გადავიდა. 1822წ. იანვარში, ასლან-ბეი, ჯიქებისა და სხვა მთიელ ტომთა ლაშქრით აფხაზეთში შეიჭრა და ლიხნის გარნიზონზე მიიტანა იერიში. ნიკო დადიანის ცნობით, „რუსთა დაუწყეს ბრძოლა და გააქციეს ჯიქნი და მრავალნი მოკლეს და ალაფი დააყრევინეს“ [6, 211]. ლიხნისათვის ბრძოლაში (31 იანვარი – 3 თებერვალი) ასლან-ბეი დამარცხდა. მან მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და ისევ ჯიქეთში გაიქცა, შემდეგ კი ოსმალეთში წავიდა და ტრაპიზონში დამკვიდრდა, თუმცა ბრძოლაზე ხელის აღებას არ აპირებდა. კავკასიის რუსული ადმინისტრაციისთვის აშკარა იყო, რომ აფხაზთა მღელვარების მიზეზი ასლან-ბეი, ოსმალეთის მხარდაჭერით სარგებლობდა და აფხაზთა ამბოხებას ოსმალეთი წარმართავდა [33, 437-438].
1822წ. ზაფხულში, აფხაზეთში იმოგზაურა ჟ. ფ. გამბამ. მან ნათლად დაინახა, რომ ამ მხარეში რუსების გამგებლობაში მხოლოდ სოხუმის ციხე იყო, მისი გალავნის მიღმა კი რუს ჯარისკაცებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე საფრთხე ემუქრებოდათ. აფხაზთა თავდასხმისა და ტყვედ ჩავარდნის შიშით ჯარისკაცები ციხიდან მხოლოდ სრული შეიარაღებით გადიოდნენ. სოხუმის ციხეში ყოველდღე შემოდიოდნენ აფხაზები საქონლის გაცვლის მიზნით. ჩვეულებრივ, ისინი დიდი ჯგუფებით მოდიოდნენ, შეიარაღებულნი იყვნენ და ვიდრე ციხეში შევიდოდნენ, იარაღს აიხსნიდნენ, ხოლო გასვლისას კვლავ აისხამდნენ [5, 81-82].
ლიხნში დაბრუნებულ დიმიტრი შარვაშიძეს ციების ნიშნები აღმოაჩნდა. მალე სენი გაუძლიერდა და ლოგინად ჩააგდო. 1822წ. 16 ოქტომბერს დიმიტრი შარვაშიძე 20 წლის ასაკში გარდაიცვალა. თამარ შარვაშიძემ პ. გორჩაკოვს დიმიტრის გარდაცვალება აცნობა და სამთავროს მართვაში დახმარება და მატერიალური შემწეობა ითხოვა. თამარი სამხედრო დახმარებას – ლიხნის გარნიზონის გაძლიერებას ითხოვდა, რადგან აფხაზეთში ისევ ვრცელდებოდა ხმები ასლანბეის მოსალოდნელი შემოსევის შესახებ [32, 660].
დიმიტრი შარვაშიძის გარდაცვალების შემდეგ, იმ მიზეზით, რომ მას პირდაპირი მემკვიდრე არ ჰყავდა, აფხაზეთის სამთავრო ტახტის კანონიერი მემკვიდრე მისი მომდევნო ძმა, 13 წლის მიხეილი იყო. პ. გორჩაკოვმა აცნობა ა. ველიამინოვს, რომ მიხეილ შარვაშიძე ნამდვილად ფლობდა ისეთ თვისებებს, რასაც კავკასიის მთიელები დიდად აფასებდნენ: ის იყო მამაცი ყმაწვილი და კარგი მხედარი, უფროს ძმასთან შედარებით უფრო თამამი და მარჯვეც ჩანდა. ხელისუფლებისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ 1821წ. ლიხნის დაცვისას მან სამხედრო უნარის ნიშანი გამოავლინა. [32, 661; 166, 570]. ნოემბრის ბოლოს თამარ შარვაშიძემ ა. ერმოლოვთან გაგზავნა თემურყვა ანჩაბაძე და თლაფს მარღანია წერილით, რომელშიც მთელი აფხაზი ხალხის სახელით მიხეილის მთავრად დამტკიცებას ითხოვდა [32, 661]. 1823 წ. 14 თებერვალს, იმპერატორმა ალექსანდრე I-მა, მიხეილ შარვაშიძე აფხაზეთის მთავრად დაამტკიცა. მას ებოძა მაიორის ჩინი და ჯამაგირი დაენიშნა [6, 212; 32, 662; 140, 471]. ა. ერმოლოვმა მიხეილ შარვაშიძე თბილისში დაიბარა და გააცნო იმპერატორის ბრძანება მისი მთავრად დამტკიცების შესახებ. მთავარმართებელმა დაარიგა ახალი მთავარი მმართველობის წეს-რიგზე და აფხაზეთში გაამგზავრა [32, 664]. პ. გორჩაკოვმა მიხეილი ლიხნში ჩაიყვანა, სადაც აფხაზი თავად-აზნაურობისა და რუსული ჯარის ნაწილის წინაშე წაიკითხა იმპერატორის ბრძანება მიხეილის მთავრად დამტკიცების თაობაზე, რის შემდეგაც მთავარმა იმპერატორის ერთგულების ფიცი დადო. პ. გორჩაკოვმა მიხეილის დასაცავად ლიხნში სამეგრელოს ეგერთა პოლკის ორი ასეული დატოვა და ქუთაისში დაბრუნდა [43, 133].
მიხეილის მცირეწლოვნობის გამო სამთავროს დედამისი თამარ შარვაშიძე მართავდა. ერმოლოვი თამარს ურჩევდა, მიხეილი სათანადოდ დაემოძღვრა, თავად მთავარს კი დაავალა მუდმივად ჰქონოდა კავშირი პ. გორჩაკოვთან, რომელსაც მისი მოთხოვნები, რომლებიც „სამთავროს მართვისა და რუსეთის იმპერატორის ინტერესებს წაადგებოდნენ“, უნდა დაეკმაყოფილებინა [32, 662; 166, 570].
აფხაზეთის მეზობელი სამეგრელოს სამთავრო სახლი, ტრადიციულად მიმართავდა ღონისძიებებს, რომლებიც ითვალისწინებდა აფხაზეთის მმართველი ფენის გამოხსნას ოსმალეთისა და ისლამური რელიგიის გავლენისაგან და ტრადიციულ, ქართულ ქრისტიანულ-კულტურულ გარემოში დაბრუნებას. 1823წ. მარტში, ურჩმა აფხაზმა და წებელელმა თავად-აზნაურებმა, მათ შორის როსტომ-ბეიმ, თამარ შარვაშიძეს იმპერატორის ერთგულების, ქვეშევრდომობისა და აფხაზეთის მთავრისადმი მორჩილების ფიცი მისცეს. პ. გორჩაკოვმა მიიღო თხოვნა, პატიება გამოეცხადებინა როსტომ-ბეისთვის და ლევან V დადიანის დაზე, მანუჩარ შარვაშიძის ქვრივ ქეთევანზე ქორწინების ნება დაერთო. კავკასიის რუსული ადმინისტრაცია არ აპირებდა როსტომ-ბეის შეწყალებას, მაგრამ სამეგრელოს მთავრის პატივისცემით აპატია და ქორწინების ნებაც დართო. ლევან V დადიანმა 1823წ. როსტომ-ბეი მოანათვლინა და ქეთევანი შერთო [32, 662-663].
ოსმალეთის მომხრეები აფხაზეთში ყოველ ღონეს მიმართავდნენ, რომ მხარის პოლიტიკური მმართველობა კვლავ ხელში ჩაეგდოთ. რუსული ადმინისტრაცია ვარაუდობდა, რომ ასლან-ბეი, რომელმაც საკუთარი მამის სისხლი დაღვარა აფხაზეთში გამთავრებისათვის, არ მოერიდებოდა მცირეწლოვანი ძმისშვილის და ახალი მთავრის, მიხეილის განადგურებასაც. ჩანს, ასლან-ბეიმ, პირდაპირ ბრძოლაში წარუმატებლობის შემდეგ, პოლიტიკური მკვლელობების ხერხს მიმართა. თამარ შარვაშიძემ დიმიტრის გარდაცვალებიდან სამი თვის შემდეგ რუსულ ადმინისტრაციას აცნობა, რომ დიმიტრი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა, არამედ ის მოწამლეს. თამარ შარვაშიძე სოხუმის ციხის კომენდანტ მიხინს არწმუნებდა, რომ დიმიტრი შარვაშიძე მისმა ერთ-ერთმა მოსამსახურემ ურუს ლაკვარმა მოწამლა. რუსებმა ეჭვმიტანილი დააპატიმრეს, მაგრამ იგი ბრალდებას უარყოფდა. მიხეილ შარვაშიძის განცხადებით, ეჭვმიტანილი მისი და უმცროსი ძმის – კონსტანტინეს მოწამვლასაც ცდილობდა. აღსანიშნავია, რომ აფხაზმა თავად-აზნაურებმა ჩვენებებში დაადასტურეს ურუსის კავშირი ასლან-ბეისთან. პ. გორჩაკოვმა ის დამნაშავედ ცნო და ერმოლოვისგან სიკვდილით დასჯის ნებართვაც გამოითხოვა. დიმიტრი შარვაშიძის მოწამვლაში ბრალდებული ურუსი ლიხნში, მთავრის სასახლის წინ ჩამოახრჩვეს [32, 663-665; 166, 571].
ოსმალეთი, აფხაზეთში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური წარმატებების საწინაღმდეგოდ, ანაპის ფაშას მეშვეობით, მთიელ ტომთა ბელადებს აფხაზეთის დასალაშქრად აგულიანებდა. 1823წ. ზაფხულში, უბიხების ათასკაციანი რაზმი საჰათქერ ადაგვას ძე ბარზეგის მეთაურობით, მთის ბილიკებით აფხაზეთში გადმოვიდა, მაგრამ მწყემსებმა შენიშნეს და ხალხს შეატყობინეს. აფხაზებმა უბიხებს უკანდასახევი გზები მოუჭრეს და მთლიანად ამოწყვიტეს. მათი წინამძღოლიც შეტაკებისას დაიღუპა. ამის შემდეგ უბიხები მხოლოდ ზამთარში, იანვარ-თებერვალში, მცირე რაზმებად ესხმოდნენ თავს აფხაზეთს [142, 15-16].
მიხეილ შარვაშიძის ხელისუფლება მუდმივად განიცდიდა ოსმალური ორიენტაციის მომხრეთა თავდასხმებს. ოსმალური დაჯგუფება სარგებლობდა იმ სიძულვილით, რასაც რუსები აფხაზ ხალხში იწვევდნენ, ყოველგვარი შიდაკონფლიქტი აფხაზეთში ასლან-ბეის და ოსმალური დაჯგუფების ინტერესებში შედიოდა. 1824წ. გაზაფხულზე, წებელელმა აზნაურმა მარშანიამ მოკლა სამეგრელოს მთავრის სიძე როსტომ-ბეი შარვაშიძე. 1824წ. 22 მაისს, მიხინის მეთაურობით რუსთა რაზმი თავს დაესხა სოფ. აკაფას, სადაც, მკვლელი მარშანია აფარებდა თავს. რუსებმა მარშანია დაატყვევეს, მაგრამ აკაფიდან მობრუნებულებს აფხაზები ჩაუსაფრდნენ და შეტაკებისას მიხინი და 42 ჯარისკაცი დაიღუპა. თავდამსხმელ აფხაზებს ასლან-ბეის წებელელი მოკავშირეები ყაზილბეკ და ლევან მარშანიები მეთაურობდნენ [1, 217; 32, 668]. ოსმალეთიდან ჯიქეთში სასწრაფოდ ჩამოვიდა ასლან-ბეი, ლაშქარი შეკრიბა და აფხაზეთში შეიჭრა. მან თამარ შარვაშიძის მმართველობით უკმაყოფილო აფხაზებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. აჯანყებულები თავს ესხმოდნენ რუსული ორიენტაციის თავადაზნაურთა მამულებს. მიხეილ შარვაშიძემ დედა და და-ძმები სოხუმის ციხეში გაგზავნა, თვითონ ლიხნის სასახლეში გამაგრდა, რომელსაც სამეგრელოს პოლკის 300 ჯარისკაცი იცავდა [43, 133]. ასლან-ბეის დროშის ქვეშ ანტირუსულ აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს გავლენიანმა ბზიფის ფეოდალებმა, ამბოხებას მეთაურობდა აზნაური კაც მარღანია. მეამბოხეებმა ფიცი დადეს, ბოლომდე ებრძოლათ აფხაზეთში რუსეთისა და მისი ხელდასმული მთავრის მიხეილ შარვაშიძის წინააღმდეგ. ლიხნისაკენ ჩრდილოკავკასიელთა რაზმები გამოემართნენ. ასლან-ბეიმ 12 ათასამდე მეომარი მოაგროვა [166, 572]. 7 ივნისს, აჯანყებულთა თავდასხმის მომლოდინე ლიხნის გარნიზონის უფროსმა, შტაბს-კაპიტანმა მარაჩევსკიმ მთავრის სასახლესთან პატარა მიწური სიმაგრე დაიკავა. მეორე დღეს, დილით, ასლან-ბეის მეომრებმა სიმაგრეს ალყა შემოარტყეს, შევიდნენ სიმაგრის გვერდით მდებარე ლიხნის კარის ეკლესიაში – ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, საიდანაც ცეცხლს უხსნიდნენ სიმაგრეს. რუსთა რაზმი 18 ივნისს ღამით შეიჭრა ეკლესიაში და იქ გამაგრებული აფხაზები ამოწყვიტა. ამის შემდეგ, აფხაზები ლიხნის ეკლესიაში გამაგრებას ვერ ბედავდნენ [32, 665, 668].
თვის ბოლოს ლიხნის გარნიზონს სურსათი გამოელია. სოხუმიდან დახმარების იმედი არ ჩანდა, რადგან ისიც მეამბოხეების მიერ ალყაშემორტყმული იყო და ყოველდღე იერიშს ელოდა [166, 574-575]. ასლან-ბეის წამოწყებული, ოსმალეთის მომხრე აფხაზთა აჯანყების ჩახშობა კავკასიის სარდლობამ პ. გორჩაკოვს დაავალა. მას ლიხნის გარნიზონი და მიხეილ შარვაშიძე უნდა გამოეხსნა და აფხაზეთში სიმშვიდისა და მისი ხელისუფლების აღდგენამდე სოხუმში უნდა გადაეყვანა [140, 513-514]. სამხედრო ექსპედიციაში მონაწილეობის შესახებ მიწერილობა ლევან V დადიანმაც მიიღო. 1824წ. 1 ივლისს, დამსჯელი ექსპედიცია პ. გორჩაკოვის მეთაურობით რედუტ-ყალედან აფხაზეთისკენ დაიძრა. ექსპედიციის შემადგენლობაში შედიოდა სამეგრელოს ქვეითთა და 44-ე ეგერთა პოლკების 1400 მეომარი ქვემეხით, აგრეთვე სამეგრელოს სახალხო ლაშქარი – 1100 მეომარი ლევან V დადიანის მეთაურობით. ექსპედიციას სანაპიროს გასწვრივ ორი სამხედრო ხომალდი აცილებდა [1, 217; 43, 134].
ექსპედიცია მძიმე ბრძოლებით მიიწევდა წინ. მის შეტევას მასირებული ცეცხლით მხარს უჭერდა სამხედრო-საზღვაო ხომალდების არტილერია. 8 ივლისს ექსპედიციამ მდ. კოდორს მიაღწია. კოდორიდან სოხუმამდე პ. გორჩაკოვს კვლავ აფხაზთა ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდა. 10 ივლისს, დიდი მსხვერპლის ფასად სოხუმს მიაღწია. 16 ივლისს, პ. გორჩაკოვი ხომალდ „ორფეოსით“ სანაპიროს გასწვრივ, ლიხნისაკენ გზის დასაზვერად გაემართა და დარწმუნდა, რომ სოხუმიდან ლიხნამდე ხმელეთით გზის გაგრძელება დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა, რადგან აფხაზებს ყველგან საფრები ჰქონდათ მოწყობილი, ამიტომ მან ჯარის ნაწილების ზღვით გაყვანა გადაწყვიტა [1, 217, 43, 134; 140, 516].
21 ივლისს, დილით, პ. გორჩაკოვმა დესანტი ბომბორის მახლობლად გადასხა და სანაპიროზე პლაცდარმი დაკავა. 24 ივლისს, განთიადისას, ჯარის დანარჩენი ნაწილიც გადასხდა და პ. გორჩაკოვი ლიხნისკენ გაემართა. ასლან-ბეის მეომრები დესანტს გააფთებულ წინააღმდეგობას უწევდნენ, მაგრამ მათ ზურგიდან ლიხნის გარნიზონმაც შეუტია. ისინი ორცეცხლშუა აღმოჩნდნენ და გაიფანტნენ. პ. გორჩაკოვმა დაიხსნა მიხეილ შარვაშიძე ლიხნის გარნიზონთან ერთად და იმავე საღამოს სოხუმში დაბრუნდა [166, 578]. პ. გორჩაკოვმა სოხუმის ციხის გარნიზონის გასაძლიერებლად სამი ასეული და ერთი საველე ქვემეხი დატოვა, თვითონ ჯარის დანარჩენი ნაწილებით და სამეგრელოს სახალხო ლაშქრით ზღვით რედუტ-ყალეში გადავიდა, იქიდან კი ქუთაისისკენ გაემართა [43,136; 140, 517; 177, 578].
ანტირუსული აჯანყების სიმწვავე მინელდა. ასლან-ბეი კვლავ ჯიქეთში გაიქცა. ამის მიუხედავად, ახალგაზრდა მთავარმა ვერ შეძლო ხელისუფლების განმტკიცება, თავის სამთავროში მას სერიოზული დასაყრდენი არ გააჩნდა. მიხეილ შარვაშიძე იძულებული გახდა აფხაზეთს გასცლოდა. ის, დედასთან და და-ძმასთან ერთად, პ. გორჩაკოვმა სამეგრელოში გადაიყვანა. აფხაზეთის მთავრის ოჯახი სოფ. ხეთაში, ხოლო შემდეგ რედუტ-ყალეში, სახელმწიფო ხარჯზე რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა [48, 211; 140, 517].
1824წ. ივლისის ექსპედიციის წარმატებით დასრულების შემდეგ ერმოლოვს აინტერესებდა, როდის შეიძლებოდა ექსპედიციის განმეორებით მოწყობა აფხაზთა საბოლოოდ დასამორჩილებლად. პ. გორჩაკოვმა 24 აგვისტოს ა. ერმოლოვს მოხსენებითი ბარათი გაუგზავნა, სადაც აღნიშნავდა, რომ აფხაზები არცერთ ხელისუფლებას არ ემორჩილებოდნენ. ამიტომ უმჯობესი იყო აფხაზეთის სანაპიროზე რამდენიმე ადგილას – გაგრასა და ბიჭვინთაში, აგრეთვე ილორში, სიმაგრეების მოწყობა და ერთი წლის შემდეგ, აფხაზეთი სრულად იქნებოდა დამორჩილებული. ა. ერმოლოვმა დამაჯერებლად მიიჩნია პ. გორჩაკოვის არგუმენტები და დამსჯელი ექსპედიციის მოწყობაზე ხელი აიღო [166, 578, 580]. აფხაზეთში რუსეთის მფლობელობაში მხოლოდ სოხუმი იყო, რომელიც რუსებისადმი მტრულად განწყობილ აფხაზთა გარემოცვაში იმყოფებოდა.
1824წ. სექტემბერში, აფხაზეთში კვლავ შემოვიდა ასლან-ბეი. ამჯერად მან დიპლომატიური მოლაპარაკებების ხერხს მიმართა. ასლან-ბეიმ მთავარს შესთავაზა, რომ დაემორჩილებოდა მის ხელისუფლებას, თუ სანაცვლოდ მიიღებდა ჰასან-ბეის მამულს, ამასთან, მიხეილს პირობა უნდა დაედო, რომ რუსებს აფხაზეთში არ შემოუშვებდა. მიხეილ შარვაშიძემ ბიძას უარი შეუთვალა [140, 517].
ასლან-ბეი კვლავ სულთნის ავტორიტეტს იშველიებდა, მოსახლეობისაგან მთავრად აღიარებას, ერთგულების ფიცსა და მძევლებს მოითხოვდა. ამასთანავე პირობას დებდა, რომ ოსმალების დახმარებით სოხუმიდან რუსებს განდევნიდა. გახშირდა ოსმალური ხომალდების მიმოსვლა აფხაზეთის სანაპიროსთან, ოსმალებს იარაღი შემოჰქონდათ და ადამიანებით ვაჭრობას ეწეოდნენ [166, 581]. ოსმალური ორიენტაციის აფხაზი წარჩინებულების მიზანი აფხაზეთში ჰასან-ბეის დაბრუნება იყო. თავის მხრივ, ლევან V დადიანი და კავკასიის რუსული ადმინისტრაცია ითვალისწინებდნენ მიხეილ შარვაშიძის აზრს, რომ მისი ბიძის, ჰასანბეის ავტორიტეტს შეეძლო აფხაზები მთავრისათვის დაემორჩილებინა. აფხაზეთის მთავარმა ა. ერმოლოვს სთხოვა ციმბირიდან ჰასან-ბეის დაბრუნება. შარვაშიძე ამტკიცებდა, რომ ჰასან-ბეი იმპერატორის მორჩილი ქვეშევრდომი იქნებოდა. კავკასიის მთავარმართებელმა გაითვალისწინა აფხაზეთის მთავრის თხოვნა და 1827წ. 15 იანვარს, იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე შესაბამისი შუამდგომლობა აღძრა [ 166, 581-582].
აფხაზეთში ოსმალოფილური ჯგუფის ანტირუსულ ბრძოლაზე გავლენა მოახდინა რუსეთსა და ოსმალეთს შორის 1826წ. 7 ოქტომბერს ხემოწერილმა აკერმანის კონვენციამ, რომლის ძალით, ოსმალეთმა რუსეთის მფლობელობაში აღიარა სოხუმი, ანაკლია და რედუტ-კალე. ოსმალეთი აკერმანის კონვენციას, რუსეთისადმი დროებით დათმობად განიხილავდა. 1827წ. დეკემბერში სულთანმა მაჰმუდ III-მ, აკერმანის კონვენცია გაუქმებულად გამოაცხადა, რაც 1828-1829წწ. ოსმალეთ-რუსეთის ომის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა [151, 127].
1827წ. 27 მარტს ა. ერმოლოვი კავკასიიდან გაიწვიეს, 28 მარტს კი კავკასიის კორპუსის მთავარსარდლად გენერალ-ლეიტენანტი, გრაფი ი. პასკევიჩი (1827-1831წწ.) დაინიშნა. ამ გარემოებამ მცირე ხნით შეაფერხა აფხაზეთში პოლიტიკური ვითარების მოწესრიგება. 30 აპრილს, 129 აფხაზმა და წებელელმა თავადაზნაურმა მოინანია ანტირუსულ აჯანყებაში მონაწილეობა და რუსეთის იმპერატორის ერთგულების ფიცი დადო. ი. პასკევიჩი საიმპერატორო მთავარი შტაბის უფროსს აუწყებდა, რომ აჯანყებულმა აფხაზეთმა სურვილი გამოთქვა, რუსეთის იმპერატორის ნებას დამორჩილებოდა. ზოგიერთმა აფხაზმა და წებელელმა თავად-აზნაურმა ერთგულების ფიცი დადო და მათ იმპერატორის სახელით პატიება გამოეცხადათ. სხვა თავად-აზნაურებისაგან ფიცის ჩამოსართმევად ლევან V დადიანი და კაპიტანი ნიკოლოზ დადიანი გაიგზავნა. ი. პასკევიჩი კმაყოფილებით აღნიშნავდა, რომ 3 წლის განმავლობაში რუსეთის იმპერიას ჩამოშორებული აფხაზეთი ერთი გასროლის გარეშე იქნა დაბრუნებული [34, 401].
1827წ. მაისში, მიხეილ შარვაშიძე სოხუმში ჩავიდა, სადაც იგი დიდი პატივით მიიღეს, რეიდზე მდგარმა რუსეთის სამხედრო ხომალდებმა მთავრის დაბრუნება ზარბაზნების სალუტით აღნიშნეს [162, 180].
აფხაზი თავადაზნაურობისა და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის ოსმალური ორიენტაციის დემონსტრირება, საკუთარი პრივილეგიებისა და წეს-ცხოვრების შენარჩუნებას ისახავდა მიზნად. რუსეთის ხელისუფლება კი, რომელიც აფხაზეთში ოსმალურ გავლენას ებრძოდა, საკუთარი ბატონობის განმტკიცებისათვის ხელს უწყობდა სამთავრო სახლისა და მასთან დაახლოებული არისტოკრატიის გაძლიერებას და მხარის მოსახლეობის ქრისტიანობაზე მოქცევას ცდილობდა. აფხაზეთში მთავრის ხელისუფლება რეალურად მხოლოდ ბზიფის ოლქზე ვრცელდებოდა. მთავარს ნომინალურად ემორჩილებოდა აფხაზეთისა და აბჟუის ოლქები. მთავრის ხელისუფლებას არ ცნობდნენ აფხაზეთის მთის თემები – წებელი, დალი და ფსხუ. აფხაზეთში მარბიელ ლაშქრობებს აწყობდნენ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროდან ჯიქები და უბიხები, სანაპირო ზოლში – აფხაზეთის მთის თემების მკვიდრნი, გრძელდებოდა ადამიანების გატაცება და ტყვეებით ვაჭრობა ოსმალებთან. ამ ვითარებაში, მიხეილ შარვაშიძე ისევ ბიძამის ჰასან-ბეიზე ამყარებდა იმედებს. ამიტომ მიხეილმა, დედამისთან ერთად, რუსეთის ხელისუფლებას ჰასან-ბეის გადასახლებიდან დაბრუნება სთხოვა. თვით ჰასან-ბეი პირობას დებდა, რომ შეწყალების შემთხვევაში, რუსეთის ერთგული იქნებოდა და მისი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, აფხაზეთის მოსახლეობაც რუსეთის ხელისუფლების მორჩილი გახდებოდა. ი. პასკევიჩმაც აღძრა შუამდგომლობა ჰასან-ბეის გადასახლებიდან დაბრუნების თაობაზე. საბოლოოდ რუსეთმა ჰასან-ბეის სამშობლოში დაბრუნების ნება დართო [34, 402].
ასლან-ბეის მრავალწლიანი ბრძოლა ოსმალური ორიენტაციის გამარჯვებისათვის მარცხით დამთავრდა. ოსმალეთის მომხრე აფხაზი თავადაზნაურობა და მუსლიმანური მოსახლეობა ახლა ცდილობდა ჰასან-ბეის სახით აფხაზეთის ქრისტიანი მთავრისთვის შიდა ოპოზიცია შეექმნა. 1828წ. რუსებმა ჰასან-ბეი აფხაზეთში დააბრუნეს. მალე ცხადი გახდა, რომ მიხეილ შარვაშიძის მხრიდან ჰასან-ბეის ჩამოყვანის მოთხოვნა იძულებითი ნაბიჯი იყო და მთავარმა ვერ მოახერხა ბიძის სახით მოკავშირე შეეძინა, ჰასან-ბეი თავს არ თვლიდა მიხეილ შარვაშიძის ქვეშევრდომად. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჰასან-ბეის ნება დაერთო, გახიზნული თანამემამულეები შემოეკრიბა. ის აფხაზ თავად-აზნაურებს რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა, იმპერატორის ერთგულებას ფიცულობდა, მაგრამ მიხეილ შარვაშიძეს მტრობდა. რუსეთის ჩარევამ, აიძულა მთავარი და ჰასან-ბეი გარეგნულად მაინც, ლოიალური ურთიერთობა გამოევლინათ ერთმანეთისადმი [167, 108].
XIX ს. 20-იან წლებში, რუსეთმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია კავკასიაში. 1826-1828წწ. რუსეთ-ირანის ომში გამარჯვებამ, ცარიზმს აღმოსავლეთ ამიერკავკასია მოუპოვა. ირანთან ომის დამთავრებისთანავე, რუსეთ-ოსმალეთის ახალი ომი (1828-1829წწ.) დაიწყო. ამ ომში რუსეთის გამარჯვებამ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს საკითხი გადაწყვიტა. ადრიანოპოლის ზავით (1829წ. 14 სექტემბერი), რომელსაც აკერმანის კონვენციის პირობები დაედო საფუძვლად, კავკასიაში რუსეთის ხელში გადავიდა სამცხე-ჯავახეთი, ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, აწყური და სხვ. აგრეთვე შავი ზღვის სანაპირო, მდ. ყუბანის შესართავიდან მდ. ჩოლოქამდე ციხეებით: ანაპა და ფოთი. ოსმალეთი უარს ამბობდა ყოველგვარ პრეტენზიაზე რუსეთ-ოსმალეთის ახალი საზღვრის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიებზე და მათ „რუსეთის იმპერიის სამუდამო მფლობელობაში“ ცნობდა [88, 282-283], ეს გარემოება რუსეთს ჯერ კიდევ დაუპყრობელი მიწების დაკანონების საფუძველს აძლევდა. ამ ტერიტორიებში შედიოდა დასავლეთ კავკასია, რომლის მოსახლეობა თავს სულთნის ქვეშევრდომად არასოდეს მიიჩნევდა, მაგრამ სულთანი კი თავს ჩერქეზების მფარველად და სუზერენად თვლიდა. ჩერქეზები პოლიტიკურად დამოუკიდებლები იყვნენ. ოსმალეთმა დასავლეთ კავკასია, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, რუსეთს დაუთმო, რუსეთმა კი ოსმალეთისაგან დაუმორჩილებელი და დასაპყრობი ტერიტორია მიიღო.
ირანთან და ოსმალეთთან ომებში გამარჯვების შემდეგ, XIX ს. 30-იანი წლების დასაწყისში, რუსეთის ჯარებმა გაააქტიურეს მოქმედება ჩრდილოეთ კავკასიაში, მათ შორის, შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. იმპერატორ ნიკოლოზ I-ის დირექტივის რეალიზების მიზნით, პასკევიჩმა შეიმუშავა კავკასიის მთიელების, მათ შორის აფხაზების, სწრაფი დამორჩილების გეგმა. გადაწყდა შავი ზღვის სანაპიროზე არსებული სიმაგრეების რედუტ-ყალეს, სოხუმის, ანაპას გარდა, ახალი სიმაგრეების აგება და მათი ერთმანეთთან დაკავშირება სანაპირო გზით. შეიქმნა „აფხაზეთის ექსპედიცია“, რომლის მიზანს სოხუმიდან ანაპამდე სანაპირო ზოლის დაკავება, გამაგრებული სანაპირო ხაზის შექმნა და სიმაგრეებს შორის სახმელეთო მიმოსვლის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. რუსეთს, ოსმალეთისა და მისი მოკავშირეებისათვის საზღვაო გზით კავკასიასთან დაკავშირების ყოველგვარი საშუალების მოსპობა სურდა.
1830წ. 8 ივლისს, რუსთა დესანტმა გაგრა, 19 ივლისს კი ბიჭვინთა დაიკავა. აფხაზეთის სანაპირო ზოლში – ბომბორაში, ბიჭვინთაში, გაგრაში რუსები სიმაგრეების აგებას შეუდგნენ. ბომბორაში დაბინავდა „აფხაზეთის ექსპედიციის“ შტაბი. ამ სიმაგრეებს ჯიქებისა და უბიხებისათვის უნდა გადაეკეტათ სანაპირო გზა, რომლითაც ისინი აფხაზეთში იჭრებოდნენ, მათ უნდა განემტკიცებინათ აგრეთვე რუსეთის ბატონობა აფხაზეთში. [110, 93]. გაგრასთან ბრძოლებში კვლავ გამოჩნდა ასლან-ბეი, რომელმაც წარუმატებელი თავდასხმა მოაწყო რუსთა რაზმზე. გაგრასთან რუსებთან შეტაკების შემდეგ, ასლან-ბეიმ მიატოვა აფხაზეთი და საბოლოოდ გადასახლდა ოსმალეთში [165, 139]. თურქეთის პრემიერ-მინისტრის არქივში დაცული დოკუმენტის მიხედვით, 1848წ. ასლან-ბეი ტრაპიზონში იმყოფებოდა. 1848წ. 16 ოქტომბრით დათარიღებულ ტრაპიზონის ვალის (გუბერნატორის) წერილში ცენტრალური ხელისუფლებისადმი, მოყვანილია სოხუმის ყოფილი გამგებლის ქელეშ-ბეის შვილის, ასლან-ბეის თხოვნა, გაეზარდათ მისთვის გამოყოფილი სახელფასო ანაზღაურება [58. 14]. 1830 წლიდან, ოსმალეთისგან ასლან-ბეისათვის დანიშნული ყოველწლიური ანაზღაურება, სამი ათას ყურუშს შეადგენდა [58. 15].
1837წ. მაისში, ბარონმა გ. როზენმა ექსპედიცია მოაწყო წებელში და მარშანიები დაიმორჩილა, რომლებმაც მას რუსეთის ერთგულების ფიცი მისცეს. როზენს დაემორჩილნენ დალელი მარშანიებიც [159, 180].
ადრიანოპოლის ზავის შემდეგ გაიზარდა ინგლისის ინტერესი ჩრდილო-დასავლეთ კავკასიისადმი. ოსმალთა მიერ, ადრიანოპოლის ზავით ჩრდილოეთ კავკასიაზე სუზერენის უფლებების რუსეთისათვის გადაცემამ, მთიელების აღშფოთება გამოიწვია. როგორც ისინი აცხადებდნენ მათთან ჩასულ ინგლისელ ემისრებთან, ჩერქეზებს თავი არასოდეს უცვნიათ სულთნის ქვეშევრდომებად. ინგლისელი მზვერავების ინფორმაციებზე დაყრდნობით, ამ ქვეყნის საელჩო სტამბოლში, აფრთხილებდა თავის მინისტრთა კაბინეტს ჩერქეზების ოსმალეთით უკმაყოფილების გამო [181, 89]. ინგლისი არ ცნობდა ადრიანოპოლის ზავის იმ ნაწილს, რომლის მიხედვით ოსმალეთმა ჩერქეზეთზე უფლებები რუსეთს დაუთმო. ინგლისის ხელისუფლებამ, იმის ნიშნად, რომ არ ცნობდა რუსეთის უფლებებს ჩერქეზებზე და მხარს უჭერდა ჩერქეზეთის დამოუკიდებლობას, გადაწყვიტა ჩერქეზებისადმი რუსეთის მხრიდან დაწესებული ბლოკადის გარღვევა და ჩრდილოდასავლეთ კავკასიის ნაპირებისაკენ სავაჭრო გემის გაგზავნა. 1836წ. 25 ნოემბერს, ინგლისელი ვაჭრისა და მოგზაურის ჯეიმს ბელის კუთვნილი გემი „ვიქსენი“ სუჯუკ-კალესთან რეიდზე დადგა. რამდენიმე საათის შემდეგ, რუსულმა სამხედრო გემმა „ვიქსენი“ და მისი ეკიპაჟი დააპატიმრა. რუსებმა ტყვედ აიყვანეს გემზე მყოფი ინგლისელები, ბრალად დასდეს მათ ჩერქეზებზე დაწესებული ემბარგოს დარღვევა და გემზე არსებული საქონლის კონფისკაცია მოახდინეს. ამ ინციდენტმა ინგლისის საზოგადოებისა და პოლიტიკური წრეების აღშფოთება გამოიწვია. რუსებმა ჯ. ბელი მალევე გაანთავისუფლეს. ჯ. ბელი 1837წ. კვლავ ჩავიდა ჩერქეზეთში [56, 11-12].
ინგლისი, თავისი ემისრების მეშვეობით ცდილობდა ადიღურ და აბაზურ ტომებში დასაყრდენის პოვნას, რუსეთის წინააღმდეგ მათი შეიარაღებული გამოსვლების ორგანიზებისათვის. ინგლისელმა ემისრებმა, ლონგვორთმა და ბელმა, 1837წ. 26 მაისს, სუჯუკ-კალესთან შეკრებილ მთიელებს, ჩერქეზი წარჩინებულის, სეფერ-ბეი ზანუყოს მიერ სტამბოლიდან გამოგზავნილი წერილი გააცნეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ჩერქეზებს შეუძლიათ ინგლისელთა შუამავლობით, მიმართონ რუსეთს ზავის დასადებად. ლონგვორთმა და ბელმა რუსეთთან წინააღმდეგ ომში ჩერქეზებს ინგლისის დახმარებაც აღუთქვეს [56, 82-83]. ტრაპიზონიდან მთიელებისადმი იარაღის მიწოდება დაიწყო. ჯერ კიდევ 1830წ. ინგლისელი დიპლომატის დავიდ ურქვარტის მეცადინეობით, სტამბოლში ჩამოყალიბდა „ჩერქეზული პოლიტიკური ცენტრი“, რომელსაც რუსებთან მებრძოლი ჩრდილოეთ კავკასიის მთიელებისათვის საერთო პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა უნდა გაეწია. კომიტეტის ხელმძღვანელის სეფერ-ბეი ზანუყოს რწმუნებებით აღჭურვილი ურქვარტი ჩერქეზეთს გაემგზავრა, სადაც ჩერქეზეთს გახიზნული პოლონელი ოფიცრებისაგან რაზმი შეადგინა რუსებთან საბრძოლველად. ინგლისმა დაიწყო ოსმალეთის პორტებიდან ჩერქეზეთში იარაღის მიწოდება, რის აღკვეთასაც რუსეთის სანაპირო დაცვის ხომალდები ცდილობდნენ. ყოველივე ამან გაამწვავა რუსეთის ურთიერთობები ინგლისთან და ოსმალეთთან, რომელიც ატარებდა თავისი სრუტეებით ინგლისურ გემებს შავ ზღვაში [181, 93]. 1837წ. ლონგვორთისა და ბელის გავლენით, ჩერქეზებმა რუსეთის სამხედრო სარდლობას მოსთხოვეს შეეწყვიტა ოლგინსკ-გელენჯიკის სამხედრო ხაზზე სიმაგრეების მშენებლობა. ხაზი მათ გასასვლელს უკეტავდა ზღვისაკენ. იმავე წელს, იმპერატორმა ნიკოლოზ I იმოგზაურა საქართველოში. მან თბილისში დაიბარა შამილი, მაგრამ იმამი არ გამოცხადდა. 1838 წლიდან რუსებმა მასიური შეტევა წამოიწყეს გელენჯიკ-ადლერს შორის. ჩერქეზები დამარცხდნენ, მათ ინგლისისაგან შეპირებული დახმარება ვერ მიიღეს [173, 48-49].
1840წ. ოქტომბერში, შავი ზღვის სანაპირო ხაზის მესამე განყოფილებას მიეკუთვნა აფხაზეთში გაგრის, ბიჭვინთის, ბომბორის, სოხუმ-კალეს სიმაგრეები და მრამბის, დრანდის, კვიტოულის საგუშაგოები; სამეგრელოსა და გურიაში ილორის საგუშაგო, ანაკლიის, რედუტ-კალეს, ფოთის, ოზურგეთის სიმაგრეები და წმ. ნიკოლოზის საგუშაგო. მესამე განყოფილების უფროსი ვალდებული იყო, „პოლიტიკური მეთვალყურეობა გაეწია აფხაზეთზე“. იმავდროულად, ის აფხაზეთში რუსული ჯარების სარდლობას ითავსებდა [35, 460-461].
რუსული სამხედრო ძალით დამორჩილებული აფხაზეთის მთავარმა მიხეილ შარვაშიძემ, ძალაუფლების განმტკიცების კვალობაზე, მამისა და თავად მის მიერ, სამეგრელოსათვის გადაცემული სამურზაყანოს დაბრუნება მოისურვა. 1839წ. მიხეილ შარვაშიძემ თხოვნით მიმართა რუსეთის ხელისუფლებას, რომ სამურზაყანო, როგორც ადრე აფხაზეთის კუთვნილი მხარე, ჩამორთმეოდა დადიანს და აფხაზეთის სამთავროს გადასცემოდა [107, 97]. სამეგრელოს მთავარმა ლევან V დადიანმა მიუღებლად ჩათვალა შარვაშიძის პრეტენზიები. ორი მთავრის დავა რუსეთმა თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა – სამურზაყანო ჩამოაშორეს სამეგრელოს, მაგრამ არც აფხაზეთს მიუერთეს. მდ. ღალიძგასა და მდ. ენგურს შორის ტერიტორიაზე შეიქმნა ადმინისტრაციული ერთეული, სამურზაყანოს საბოქაულო, რომელიც ქუთაისის გუბერნატორს ემორჩილებოდა [36, 248]. 1847წ. დადიანმა, სამურზაყანოსათვის ფულადი კომპენსაცია მიიღო რუსეთისაგან, შარვაშიძეს კი, გარდა იმისა, რომ არ დაუკმაყოფილეს პრეტენზია სამურზაყანოზე, იმავე წელს ჩამოართვეს ოჩამჩირის, კელასურისა და გუდაუთის ნავსადგომები, საიდანაც მთავარი ოსმალეთთან კონტრაბანდული ვაჭრობით მოგებას ნახულობდა. ნავსადგურების ჩამორთმევის სანაცვლოდ, მთავარს ყოველწლიური პენსია დაენიშნა. შარვაშიძემ თავი შეურაცხყოფილად ჩათვალა და თავისი პროტესტი იმით გამოხატა, რომ 1847წ. დემონსტრაციულად თქვა უარი აფხაზეთის მთავრის უფლებებზე [36, 268]. მთავარი ასე ცდილობდა რეგიონში რუსების დამკვიდრებისა და გაძლიერების კვალდაკვალ, შეენარჩუნებინა საკუთარი, თუნდაც შეზღუდული სუვერენიტეტი სამთავროზე და არ მოერიდა პროტესტის უკიდურეს ფორმას –
გადადგომას მთავრობიდან. შარვაშიძე ცდილობდა დაენახვებინა რუსეთისათვის, რომ იმ პირობებში, როდესაც მხოლოდ იწყებოდა დასავლეთ კავკასიელი მთიელების დამორჩილება, აფხაზეთის მთავარი რუსებისათვის საჭირო და შეუცვლელი იყო. აფხაზეთის მთავარს დიდი გავლენა ჰქონდა ჯიქებს, უბიხებს, შაფსუღებს, აბაძეხებს შორის, ამიტომ რუსეთს მიხეილ შარვაშიძე ჯერ კიდევ სჭირდებოდა. მეფისნაცვალმა მ. ვორონცოვმა (1844-1854წწ.) მთავარს წერილით მიმართა, რომელშიც არწმუნებდა, ხელი აეღო განზრახვაზე. მიხეილმა მეფისნაცვლის არგუმენტები მიიღო და სამთავროს სათავეში დარჩა [170, 135-137].
ამრიგად, XIXს. პირველ ნახევარში, რუსეთ-ოსმალეთის ბრძოლა აფხაზეთისათვის რუსეთის გამარჯვებით დასრულდა. აფხაზეთში რუსეთის ხელისუფლების დამკვიდრებისა და გაძლიერების წინააღმდეგ ოსმალეთმა აფხაზეთში სამთავრო ტახტზე თავისი კანდიდატის, ასლან-ბეის რამოდენიმე ლაშქრობა მოაწყო. ოსმალეთი აფინანსებდა, აიარაღებდა და აქეზებდა აფხაზეთის მოსაზღვრე მთიელებს აფხაზეთში შეჭრისათვის, რუსეთისა და მისი ხელდასმული ქრისტიანი მთავრის წინააღმდეგ. ოსმალეთი მუდმივად ცდილობდა შეენარჩუნებინა ოსმალური ორიენტაცია აფხაზურ წარჩინებულ წოდებასა და მოსახლეობის ფართო ფენებში, რაშიც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა, როგორც რელიგიურ ფაქტორს, ასევე აფხაზების მისწრაფებას – შეენარჩუნებინათ საკუთარი პრივილეგიები და ცხოვრების წესი, აფხაზეთში შემოსული უცხო და მტრული რუსული ადმინისტრაციის პირობებში. აფხაზეთში ოსმალური დაჯგუფებების მარცხი უმთავრესად განპირობებული იყო რუსეთსა და ოსმალეთს შორის ომებში რუსეთის გამარჯვებებით, რაც შესაბამისად, ბუქარესტისა და ადრიანოპოლის ზავით გაფორმდა.
§3. აფხაზეთი ყირიმის ომის პერიოდში (1853-1856წწ.)
XIXს. 40-იანი წლების მიწურულს, კვლავ გამწვავდა „აღმოსავლეთის საკითხი“. ახლო აღმოსავლეთში გაბატონების პრეტენზია ჰქონდა, ერთი მხრივ, რუსეთს, რომელიც ცდილობდა გავლენის განმტკიცებას ოსმალეთის იმპერიაში შემავალ ქვეყნებზე და მეორე მხრივ, ინგლისსა და საფრანგეთს, რომლებიც დომინირებდნენ ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე, სურდათ ამ რეგიონში გადამწყვეტი ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური უპირატესობის მოპოვება და ოსმალეთისა და მთელი ახლო აღმოსავლეთის დამორჩილება. თავისი ინტერესები ჰქონდა ბალკანეთში ავსტრიას, სადაც რუსეთიც ცდილობდა პოზიციების განმტკიცებას. ყველა ეს სახელმწიფო შიშობდა, რომ უპირატესობის მიღებას მოწინააღმდეგეები დაასწრებდნენ, ამიტომ, 50-იანი წლების დასაწყისში, ისინი ცდილობდნენ კონფლიქტური საკითხების კვანძის გახსნა დაეჩქარებინათ. ასე შეიქმნა ოსმალურ-ევროპული, ანტირუსული კოალიცია, რომლის ერთი მიზანიც იყო კავკასიის მთლიანად ჩამოცილება რუსეთისგან, ყირიმისა და საქართველოს ოსმალეთისათვის გადაცემა, ხოლო ჩერქეზებისათვის სულთნის პროტექტორატით დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა. [66, 35].
1853წ. 4 ოქტომბერს, ოსმალეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა. დაიწყო აღმოსავლეთის ომი (1853-1856წწ.), რომელიც ასევე ყირიმის ომის სახელითაა ცნობილი. ომის დაწყების წინ, რუსეთის ჯარების მდგომარეობა კავკასიის ფრონტზე სავალალო იყო. შამილისა და დასავლეთ კავკასიაში მისი ემისრის – მუჰამედ ემინის მიზანს წარმოადგენდა დასავლეთ კავკასიის მთიელთა დაქსაქსული ძალები გაეერთიანებინა საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. კავკასიის მეფისნაცვალი მ. ვორონცოვი თვლიდა, რომ მუჰამედ-ემინს შეეძლო გარკვეული წარმატებებისათვის აფხაზეთშიც მიეღწია. მ. ვორონცოვმა აფხაზეთის მთავარს აცნობა, რომ მუჰამედ ემინი აფხაზეთში გაემართა თითქოსდა ოსმალეთის ჯარების შესახვედრად, ხოლო დასავლეთ კავკასიის მართვა ოსმალეთის ემისარ სეფერ-ბეი ზანუყოს მიანდო. სეფერ-ბეი სტამბოლიდან ბათუმში ჩამოვიდა, შემდეგ ნავით რედუტ-კალეს მახლობლად ნაპირზე გადმოვიდა და მერე აფხაზთა ხელშეწყობით მშვიდობიანად მიაღწია მეკჰემეს მდ. ბელაიაზე, სადაც მუჰამედ ემინი მას დიდი ზეიმით შეხვდა. მ. ვორონცოვმა მიხეილ შარვაშიძეს დაავალა საჭირო ზომები მიეღო, რათა შემდგომში აფხაზეთის გავლით საეჭვო პირების გადაადგილება არ მომხდარიყო და სეფერ-ბეის ხელშემწყობნი გამოევლინა [36, 269]. შარვაშიძეს დაუშვებლად მიაჩნდა აფხაზთა გადასვლა ოსმალთა ემისრების მხარეზე, აფხაზეთის ინტერესებს კი თავის საკუთარ ინტერესებად მიიჩნევდა. „ყველაფერი, რაც აფხაზეთის სარგებლობასა და ზიანს ეხება, ეს ჩემი პირადი სარგებლობა და ზიანია, – აღნიშნავდა ის, – მე ვარ მთავარი აფხაზეთისა და მხოლოდ მე ერთს მაქვს გავლენა აფხაზეთის ხალხზე. სხვა გავლენა ჩემს სამფლობელოში არ უნდა არსებობდეს, მაგრამ თუკი ის არის, თუნდაც ფარული სახით, რა თქმა უნდა, ის საზიანოა“ [106, 197].
ოსმალების სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები ნოემბრის დასაწყისში აფხაზეთის ნაპირებთან გამოჩნდნენ. 1853წ. 7 ნოემბერს, რუსულ სამხედრო ფრეგატ „ფლორასა“ და სამ ოსმალურ ხომალდს შორის აფხაზეთის სანაპიროსთან შეტაკება მოხდა. რუსეთის ერთგული წარჩინებულების მეთაურობით, ბზიფის ოლქის მცხოვრებნი დაუყოვნებლივ შეიკრიბნენ ბომბორის მახლობლად, რათა ხელი შეეშალათ ოსმალებისათვის დესანტის გადმოსხმაში, თუ მტერი ამას დააპირებდა. შექმნილი რთული ვითარების გამო, კავკასიის კორპუსის სარდლობა ფიქრობდა, რომ საჭირო იყო სოხუმის გარნიზონის დამატებით, ორი ბატალიონის რაოდენობით გაზრდა [106, 138].
ოსმალეთის სახმელეთო ნაწილებმა კავკასიის ფრონტზე ახალციხესთან, ხოლო სამხედრო საზღვაო ფლოტმა სინოპის ბრძოლაში, სასტიკი დამარცხება იწვნიეს. ცხადი გახდა, რომ ოსმალეთი განწირული იყო რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენის შემთხვევაში, ამიტომ ინგლისმა და საფრანგეთმა ოსმალეთის მხარეზე ომში ჩაბმის გადაწყვეტილება მიიღეს. 1854წ. იანვარში, ინგლის-საფრანგეთის ფლოტი შავ ზღვაში შევიდა, რაც ლონდონის 1840 და 1841 წლების კონვენციების დარღვევა იყო. თებერვლის ბოლოს, ინგლისმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს ოსმალეთთან სამხედრო-თავდაცვით კავშირს, რითაც ვალდებულება იკისრეს დაეცვათ „ოსმალეთის უფლებები“, ხოლო მარტში ომი გამოუცხადეს რუსეთს [150, 247-250].
1854წ. დასაწყისში, კავკასიის კორპუსის სარდლობა, სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამდა შავი ზღვის სანაპირო ხაზის სიმაგრეების ბედის გამო, მოკავშირეთა ფლოტის შავ ზღვაზე გამოჩენის შემთხვევაში. მ. ვორონცოვის აზრით, ომის პირველი აქტი იქნებოდა რუსეთის მიერ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს თითქმის ყველა სიმაგრის დაკარგვა, რადგან შავ ზღვაზე რუსეთის სუსტი ფლოტი ვერ გაწევდა დიდ წინააღმდეგობას და ციხესიმაგრეთა გარნიზონებს ზღვით ვერ გაიყვანდნენ, არც ხმელეთით არსებობდა მათი გამოყვანის შესაძლებლობა. არადა, მტერს ციხესიმაგრეთა გარნიზონი და იქ არსებული საბრძოლო და სასურსათო მარაგი ხელში არ უნდა ჩავარდნოდა. ამიტომ, მეფისნაცვალი საჭიროდ თვლიდა, შავი ზღვის სანაპირო ხაზის გაუქმებას, რადგან მისი დაცვა დასავლურ კოალიციასთან საომარი მოქმედებების პირობებში შეუძლებლად მიაჩნდა. მ. ვორონცოვის აზრით, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი არ იყო იმდენად ძლიერი, რომ სათანადო წინააღმდეგობა გაეწია მტრისთვის, მოკავშირეთა ფლოტის სოხუმზე თავდასხმის შემთხვევაში, ძნელი იქნებოდა არამარტო ამ მნიშვნელოვანი პუნქტის, არამედ ბიჭვინთის, ბომბორის და, საერთოდ, ამ მხარის შენარჩუნება, ამიტომ ვორონცოვი იმპერატორს დასავლურ კოალიციასთან იმთავითვე მშვიდობიან მოგვარებას ურჩევდა [36, 29].
მეფისნაცვლის შეშფოთებას იმპერატორიც იზიარებდა, თუმცა ჯერ-ჯერობით ვერ ხედავდა აფხაზეთის სიმაგრეების მოხსნის აუცილებლობას, რადგან ამ სიმაგრეთა გარნიზონების სახმელეთო გზით გამოყვანა შესაძლებლად მიაჩნდა, მაგრამ იმპერატორი არც ადგილობრივი სარდლობის შეხედულების წინააღმდეგ წასულა. ამრიგად, შავი ზღვის სანაპირო ხაზის გაუქმებისა და აფხაზეთიდან რუსული გარნიზონების მოხსნის საკითხი გადაწყდა [143, 313].
1853-1854 წწ. ზამთარში ამიერკავკასიის ფრონტზე მხარეებს შორის საომარი შეტაკებები არ მიმდინარეობდა [66, 246]. 1854წ. თებერვალში, მ. ვორონცოვმა, აფხაზეთის სიმაგრეებიდან ჯარების გამოყვანის თაობაზე ინსტრუქცია მისცა შავი ზღვის სანაპირო ხაზის მესამე განყოფილების უფროსს, გენერალ-მაიორ მირონოვს, რომელსაც დაავალა სახმელეთო გზით ბიჭვინთის, ბომბორის და მრამბის გარნიზონების სოხუმში გადმოყვანა, რათა უკიდურეს შემთხვევაში სოხუმი მაინც შეენარჩუნებინათ. რაც შეეხება გაგრას, რომელიც კავკასიელ მთიელებს აფხაზეთისაკენ გზას უკეტავდა, იმ დრომდე უნდა შეენარჩუნებინათ, სანამ აფხაზეთის სხვა სიმაგრეებს დაცლიდნენ. მაგრამ კავკასიის კორპუსის საინჟინრო სამსახურის უფროსის, გენერალ-მაიორ განზენის მიერ სოხუმისა და მისი შემოგარენის საფუძვლიანი დათვალიერების შედეგად, შეუძლებლად იქნა მიჩნეული ზღვიდან შეტევის შემთხვევაში სოხუმის დაცვაც [36, 272-273]. 4 მარტს, მიხეილ შარვაშიძემ, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცოდა სარდლობის განზრახვა სანაპირო ხაზის მიმართ, კავკასიის კორპუსის შტაბის უფროსს, გენერალ-ადიუტანტ ა. ბარიატინსკის აუწყა აფხაზეთის სამთავროს გარშემო შექმნილ რთულ ვითარებაზე, და იმ ზომებზე, რომელთა გატარებასაც აპირებდა, რათა მთიელების აფხაზეთში შეჭრისათვის წინააღმდეგობა გაეწია. მთავარი ფიქრობდა გაგრის ხეობისა და მდ. ბზიფის ნაპირის გამაგრებას იქ განლაგებული ჯარების გაძლიერებით, რათა მთიელების შემოჭრისათვის წინააღმდეგობა გაეწია. მთავრის საზრუნავი იყო ამ მიმართულებიდან დაეცვა აფხაზეთი [36, 270].
6 მარტს რუსები შეუდგნენ გაგრის ჩრდილო-დასავლეთით შავი ზღვის სანაპირო სიმაგრეების დაცლას. იმავდროულად, კავკასიის კორპუსის მეთაურმა გენერალმა ნ. რეადმა მიხეილ შარვაშიძის წერილი მიიღო. აფხაზეთის მთავარი მხარის შენარჩუნების მიზნით, აუცილებლად თვლიდა აფხაზეთში 10 ბატალიონისა და მასთან 30 ქვემეხის გაგზავნას იქაური გარნიზონების გასაძლიერებლად, მაგრამ გენერალ რეადს არც თავისუფალი ჯარის ნაწილები ჰყავდა, და აფხაზეთის სიმაგრეების ბედიც უკვე გადაწყვეტილი იყო. რეადმა აუცილებლად ჩათვალა დაუყოვნებლივ შედგომოდნენ აფხაზეთის სიმაგრეებიდან გარნიზონების გამოყვანას, რადგან მოკავშირეთა ხომალდებს ყოველთვის შეეძლოთ აფხაზეთის ნაპირებთან გამოჩენა. შემდეგ შეიძლებოდა ხმელეთითაც ვერ გამოეყვანათ ისინი მდინარეების ადიდების გამო, რაც გაზაფხულიდან აგვისტომდე გრძელდებოდა. ამასთან, ამიერკავკასიაში ჯარის ნაწილები საკმარისი არ იყო მხარის დასაცავად, ამიტომ აუცილებლად ჩაითვალა აფხაზეთიდან ჯარის ნაწილების გამოყვანა და სამხედრო მინისტრის ბრძანების თანახმად მათი გურიის რაზმთან შეერთება. ამის შესაბამისად, გენერალმა რეადმა გაგრის გარდა, აფხაზეთის ყველა სიმაგრის დაცლის ბრძანება გასცა [36, 270, 273].
თბილისში გადაწყვიტეს აფხაზეთიდან ჯარის გამოყვანის ოპერაციის ხელმძღვანელობა მიხეილ შარვაშიძისათვის მიენდოთ. გაითვალისწინეს, რომ მას ფართო კავშირები და გავლენა ჰქონდა ჯიქებსა და უბიხებზე. კავკასიის კორპუსის სარდლობა ფიქრობდა, რომ შარვაშიძის დანიშვნა ოპერაციის წარმატების საწინდარი იქნებოდა. რაც შეეხება გაგრას, ფიქრობდნენ მისი გარნიზონი შემდეგ ზღვით გამოეყვანათ [143, 314]. პეტერბურგში, აფხაზეთის გარშემო შექმნილი რთული ვითარების გამო, აფხაზების რუსეთისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გაჩენის საშიშროებას ხედავდნენ და ამ მიმართულებით შესაბამისი ზომების მიღებას გადაუდებლად მიიჩნევდნენ. იმპერატორის აზრით, რამენაირად უნდა შეემცირებინათ ის უარყოფითი შთაბეჭდილება, რასაც აფხაზეთში გამოიწვევდა რუსეთის ჯარის ნაწილების გაყვანის შესახებ ბრძანება და აფხაზები გაემხნევებინათ. სამხედრო მინისტრს, ვ. დოლგორუკოვს აინტერესებდა, რამდენად შეიძლებოდა აფხაზეთის მთავრის და იმ მხარეში გავლენიანი პირების, მაგალითად, კაც მარღანიას ლოიალობაზე დაყრდნობა, რუსეთის ჯარების გაყვანის შემდეგ რა საშუალებები იქნებოდა მიხეილ შარვაშიძის ხელში და შეძლებდა თუ არა ის შინა და გარეშე მტრებისათვის წინააღმდეგობის გაწევას და მხარის დაცვას; მონახავდა თუ არა მუჰამედ ემინი ბევრ მომხრეს აფხაზებში და შეეძლო თუ არა რუსეთის ხელისუფლებას მოსახლეობის ნაწილის თანაგრძნობის იმედი ჰქონოდა. სამხედრო მინისტრი გენერალ ნ. რეადს წერდა, რომ თუ აფხაზეთის მთავარი რუსეთის ხელისუფლების ერთგული დარჩებოდა და ამ მხარეში გავლენას შეინარჩუნებდა, სასურველი იქნებოდა მისი გამოყენება გაგრის გარნიზონის სამეგრელოში გამოსაყვანად სახმელეთო გზით ან სამხედრო ფლოტის ხომალდების მეშვეობით. მინისტრი აუცილებლად თვლიდა ყველა ზომის მიღებას გაგრის გარნიზონის გამოსახსნელად [36, 269, 273].
ნ. რეადის 19 მარტის ბრძანებით, მიხეილ შარვაშიძე დაინიშნა აფხაზეთში განლაგებული ჯარების სარდლად და დაევალა აფხაზეთის სიმაგრეებიდან ჯარის ნაწილების გამოყვანა, გარდა გაგრის გარნიზონისა, რომელიც ყველაზე გვიან უნდა გამოსულიყო, როდესაც მისი ფლობა არ იქნებოდა საჭირო რუსეთის ჯარების აფხაზეთიდან გამოყვანის დასაცავად [36, 271-272]. იმავე დღეს, მიხეილ შარვაშიძე ბიჭვინთაში გაემგზავრა, რათა გარნიზონის გამოყვანისათვის პირადად ეხელმძღვანელა. მთიელები გაგრასთან იყვნენ თავმოყრილი, რაც მთავრის შეშფოთებას იწვევდა. 20-21 მარტს ბიჭვინთის გარნიზონი ბომბორაში გადავიდა, ხოლო სიმაგრე აფხაზეთის მთავრის ბრძანებით დაწვეს. 29 მარტს, ჯარის ნაწილები ბომბორიდან სოხუმში გადავიდნენ. იმავდროულად, გრიგოლ შარვაშიძემ და კაპიტანმა ბათალ-ბეი მარშანიამ წებელდიდან მრამბის გარნიზონიც გამოიყვანეს სოხუმში. მიხეილ შარვაშიძემ ხმები გაავრცელა, რომ სოხუმის დაცვას ბოლომდე აპირებდნენ და ამ მიზნით გარკვეული ზომებიც მიიღო: სოხუმის დაცვა გუმის ხეობის მხრიდან მისოუსტ ანჩაბაძეს დაავალა და მას მილიციის ნაწილი გადასცა. ამასთან, სოხუმიდან დასავლეთის მიმართულებით ჯარის ნაწილები განალაგა მთიელთა თავდასხმებისაგან დაცვის მიზნით; ზღვისსანაპიროზე გამაგრებული პუნქტები შექმნა, სადაც რუსეთის ხომალდებს შეეძლოთ მიდგომოდნენ მტრის ესკადრის გამოჩენის შემთხვევაში [36, 271].
გაგრის გარნიზონის გამოყვანა კავალერიის გენერალ ხომუტოვს დაევალა. ნ. რეადმა მიხეილ შარვაშიძესაც სთხოვა ყველა ღონე ეხმარა გაგრის გარნიზონის დასახსნელად. აფხაზეთის მთავარი რედუტ-კალეში ორი ხომალდის ნავმტეს მოელაპარაკა. ისინი შეპირდნენ, რომ როცა ამინდი ამის საშუალებას მისცემდა, გაგრაში წავიდოდნენ. 25 მარტს, ხომალდები რედუტ-კალედან გაგრისკენ გაემართნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გაგრის 600 კაციანი გარნიზონი მოხალისე ქერჩელ ბერძენ ნავმტეს ფოტი სანუდოს ქერჩში მშვიდობით ჩაეყვანა, ხოლო გაგრის სიმაგრე მის დამცველებს აეფეთქებინათ [36, 272, 276].
რუსეთის ჯარის ნაწილების აფხაზეთიდან გამოყვანით იმპერატორი უკმაყოფილო იყო. მისი აზრით, ამ მხარეს ჯერ კიდევ არ ემუქრებოდა საფრთხე ზღვიდან. გენერალი ნ. რეადი თავს იმართლებდა, რომ ეს ნაბიჯი აუცილებლობით იყო გამოწვეული [36, 272-274]. ნ. რეადი, ვ. დოლგორუკოვისადმი 13 აპრილს გაგზავნილ წერილში, აღნიშნავდა აფხაზეთის მთავრის ერთგულებაზე, რომელიც მან შექმნილ რთულ პირობებში გამოამჟღავნა. აფხაზეთის მთავრის და სხვა პირების ნდობაც სავსებით შეიძლებოდა. როდესაც აფხაზეთის ნახევარი უკვე დატოვებული იყო, მათ რუსებისადმი ორგულობა არ გამოუვლენიათ, მაგრამ ნ. რეადი აფხაზეთიდან რუსების გასვლის შემდეგ მოსალოდნელ ვითარებაზე წუხდა. მისი აზრით, აფხაზეთიდან რუსეთის ჯარის ნაწილების გაყვანის შემდეგ, მიხეილ შარვაშიძე ვერ შეძლებდა ეს მხარე მორჩილებაში ჰყოლოდა, მას გარეშე მტრებისაგან სამთავროს დასაცავად ძალები არ ჰყავდა, მუსლიმანი და დაუმორჩილებელი მთიელების მეზობლად მდებარე ბზიფის ოლქი აუცილებლად აჯანყდებოდა; ამიტომ, ნ. რეადი თვლიდა, რომ ვინც რუსეთის ხელისუფლების თანამგრძნობი იყო, მას აფხაზეთი უნდა დაეტოვებინა [36, 270-271].
რუსეთის ხელისუფლება მიხეილ შარვაშიძის მადლიერი იყო აფხაზეთიდან ჯარის ნაწილების გამოყვანის გამო, რისთვისაც იმპერატორმა ის თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვა. [143, 358]. მ. ვორონცოვი, რომელიც ყურადღებით ადევნებდა თვალს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, გენერალ ა. ბარიატინსკის წერდა, რომ ისევე როგორც კავკასიის კორპუსის სარდლობა, აღფრთოვანებული იყო მიხეილ შარვაშიძის მიერ დაკისრებული მოვალეობის წარმატებით შესრულებით. მისი აზრით, სოხუმისა და აფხაზეთის დატოვება რუსეთის ხელისუფლებისათვის მძიმე, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელი ნაბიჯი იყო [143, 363]. ა. ბარიატინსკისადმი გაგზავნილ სხვა წერილში მ. ვორონცოვი აღნიშნავდა, რომ საინტერესო იქნებოდა აფხაზებზე დაკვირვება, როგორ მოიქცეოდნენ ისინი, როდესაც რუსეთის არმიის ნაწილები დატოვებდნენ აფხაზეთს. ვორონცოვი თვლიდა, რომ მუჰამედ ემინის მეთაურობით, უბიხებს შეეძლოთ აფხაზეთის გავლით სამეგრელოსთვის შეეტიათ [142, 136].
1854წ. მარტში, დასავლეთ კავკასიაში არსებული ვითარებას საფუძვლიანად სწავლობდა ბრიტანეთის სამხედრო მისია. ხანგრძლივი დისკუსიისა და პარიზთან მოლაპარაკებების შემდეგ, ლონდონის კაბინეტმა გადაწყვიტა მთავარი დარტყმა ყირიმში განეხორციელებინა [151, 160-161].
ოსმალეთმა გადაწყვიტა უშუალოდ მიემართა აფხაზეთის მთავრისათვის, რომელსაც კვლავ თავისი მფარველობის ქვეშ მყოფ ხელისუფლად განიხილავდა. ოსმალთა ბათუმის კორპუსის სარდალმა მუჰამედ სელიმ ფაშამ, 1854წ. 21 აპრილს, მიხეილ შარვაშიძეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებისაკენ მოუწოდებდა, რისთვისაც ოსმალეთისგან დიდ ჯილდოს ჰპირდებოდა. აფხაზეთის მთავარმა ფაშას პასუხი არ გასცა და მისი წერილი რეადს გადაუგზავნა, თვითონ კი მდ. კოდორზე წავიდა, რათა აბჟუის მოსახლეობა ამ ხაზის დასაცავად მოემზადებინა, თუმცა ფიქრობდა, რომ კოდორის ადიდების გამო, მის დაცხრომამდე მაინც, ამ მხრიდან შემოტევა მოსალოდნელი არ იყო [36, 277].
ყირიმის ომის დროს ისევ ამოქმედდა ოცდაათიან წლებში დავიდ ურქვარტის მიერ ინგლისელთა ზედამხედველობით სტამბოლში შექმნილი „ჩერქეზული პოლიტიკური ცენტრი“, რომლის საქმიანობას ხელმძღვანელობდა ჩერქეზული წარმოშობის სეფერ-ბეი ზანუყო. სეფერ-ბეის, რომელიც სოხუმში ოსმალთა სარდალ ბეჰჩეთ ფაშასთან ერთად ჩამოვიდა, თან ახლდა მუჰაჯირ ჩერქეზთა ამალა [173, 66]. სეფერ-ბეი და ოსმალთა სარდალი აფხაზების გადაბირებას ცდილობდნენ. ბეჰჩეთ ფაშა სამთავრო სახლთან შეუდგა მოლაპარაკებებს, ხოლო სეფერ-ბეი აფხაზეთიდან ტუაფსეში ჩავიდა, სადაც შაფსუღებთან ერთობლივი საომარი მოქმედებების გეგმები განიხილა, მაგრამ საბოლოოდ შაფსუღებს რუსებთან ომისათვის დიდი ხალისი არ გამოუჩენიათ. სეფერ-ბეიმ რუსების წინააღმდეგ გამოსვლის პირობა მხოლოდ ნათუხაელთა ტომისაგან მიიღო. სოხუმში მყოფი ბეჰჩეთ ფაშა კი სამთავრო სახლის წარმომადგენლებს შორის არსებულ შეურიგებელ წინააღმდეგობებს წააწყდა, რაც რუსეთ-ოსმალეთის ომში აფხაზეთის პოზიციის განსაზღვრასთან იყო დაკავშირებული. სამთავრო სახლის ქრისტიანი წევრები ამ ომში აშკარად რუსეთს უჭერდნენ მხარს, მაგრამ მუსლიმანი ალექსანდრე (ისკანდერ) შარვაშიძე, თავისი სამფლობელოს მოსაზღვრე სამურზაყანოს რუსების მხრიდან დაკავებას აპროტესტებდა და მზად იყო ღიად გამოსულიყო ოსმალეთის მომხრედ, თუ სულთანი მას აფხაზეთის მთავრად აღიარებდა. ოსმალთა და მთლიანად მოკავშირეთა სარდლობას მიაჩნდა, რომ შარვაშიძის პრეტენზიები სამურზაყანოზე ხელს შეუშლიდა მათ გეგმას, რომელიც აფხაზეთ-სამეგრელოს ანტირუსული კოალიციის შექმნას ითვალისწინებდა. მოკავშირეთა სარდლობა იმედოვნებდა, რომ მიუხედავად სამეგრელოს დედოფლის მკვეთრად გამოხატული ანტიოსმალური პოზიციისა, მასზე გავლენას მოახდენდა საფრანგეთის აგენტი, რომელიც დედოფლის ზუგდიდის სასახლეში მასწავლებლად იყო მიღებული [173, 67].
ამ დროს, აფხაზეთის მთავარმა რუსეთის ერთგულება გამოიჩინა. მან გამოიყენა თავისი გავლენა, რათა ბათალ-ბეი მარშანიას მეშვეობით ბზიფელებისათვის სეფერ-ბეისა და ჩერქეზებისადმი უნდობლობა ჩაენერგა. მალე ჩერქეზთა რაზმი გაიფანტა, ხოლო სეფერ-ბეი ბათუმში წავიდა [36, 277].
1854წ. მაისში, ოსმალებმა ახალი კამპანია წამოიწყეს დასავლეთ საქართველოში და სამხედრო დესანტი გადმოსხეს ყულევში, ანაკლიასა და სოხუმში. მაისის პირველ რიცხვებში სოხუმში მოკავშირეთა ორი ხომალდი მოვიდა, რომელმაც ოსმალეთის ჯარის ნაწილები ჩამოიყვანა სეფერ-ბეი ზანუყოს მეთაურობით, 1500-მდე ჯარისკაცი 36 ქვემეხით. ხომალდის მეთაურებმა მიხეილ შარვაშიძე მოიკითხეს, მაგრამ მთავარმა უფრო ადრე დატოვა აფხაზეთი და სამეგრელოში გადავიდა, იქიდან კი თბილისში გაემგზავრა [36, 277-278].
სეფერ-ბეის, რომელსაც სულთანმა ფაშას ტიტული უბოძა, დაევალა კავკასიის მთიელთა გამოყვანა ოსმალეთის დროშის ქვეშ, აგრეთვე აფხაზეთის მთავრის გადმობირება. როდესაც სეფერ-ბეიმ მიხეილ შარვაშიძის თბილისში გამგზავრების შესახებ გაიგო, მის მოლოდინში სოხუმში დარჩა. იმავდროულად, მან კავკასიის მთიელებს რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდა. სეფერბეის მოწოდებას გამოეხმაურნენ უბიხები, შაფსუღები, აბაძეხები და დასავლეთ კავკასიის სხვა მთიელი ტომები [36, 275, 278]. შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მოხერხებული სტრატეგიული ადგილების დაკავების შემდეგ, ოსმალეთი აფხაზეთის, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის დასაკავებლად ემზადებოდა. დასავლეთ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, ოსმალები აღმოსავლეთ საქართველოში გადასვლასა და ამიერკავკასიის ცენტრის – თბილისის დაკავებას გეგმავდნენ. ამასთან, იმედი ჰქონდათ, რომ გადაიბირებდნენ მოსახლეობას და რუსების წინააღმდეგ საომრად გამოიყვანდნენ [106, 123-124].
მიხეილ შარვაშიძე 19 მაისს თბილისში ჩავიდა. მთავარმა აფხაზეთში ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტული გეგმა წარმოადგინა, რომელიც ითვალისწინებდა კოდორის ხაზის დაცვას აფხაზეთის, სამურზაყანოს, სამეგრელოს, იმერეთის მილიციით და რეგულარული ჯარის ნაწილებით [36, 277-278].
მთავარი აპირებდა შეეკრიბა აფხაზეთის მილიცია – 500-600 ცხენოსანი და 1500-მდე ქვეითი, რომელსაც ხაზინიდან თანხა არ დასჭირდებოდა, სანამ აფხაზეთის სოფლებში იდგებოდა. გენერალმა ნ. რეადმა მას სთხოვა, სახალხო ლაშქარი იმდენი შეეკრიბა, რამდენიც აბჟუის დასაცავად იქნებოდა საჭირო, ხოლო მდ. კოდორის დაკლების დროისათვის ის გენერალ ივანე ანდრონიკაშვილს დაავალებდა აფხაზეთის მილიციისთვის შეეერთებინა სამურზაყანოს, სამეგრელოს და იმერეთის სახალხო ლაშქარი და სამურზაყანო–აფხაზეთის მიჯნაზე რეგულარული ჯარის რეზერვი განელაგებინა. თუ მტერი ზღვით შემოუვლიდა კოდორის შესართავს, რეზერვი აბჟუის დაცვას მხოლოდ მთიელთა მცირე ჯგუფების შემოსევისაგან შეძლებდა და არა მუჰამედ ემინის 15-20 ათასიანი ლაშქრისაგან და იძულებული იქნებოდა აფხაზეთი დაეტოვებინა. გამოსავალი უნდა ყოფილიყო მუჰამედ ემინის დაკავება საომარი მოქმედებებით ჩრდ. კავკასიაში [36, 278].
მიხეილ შარვაშიძე, აფხაზეთში დარჩენას მტრის დესანტის გადმოსხმის შემთხვევაში მანამდე აპირებდა, სანამ წინააღმდეგობის გაწევას შეძლებდა და ფიქრობდა მხოლოდ მაშინ დაეტოვებინა ეს მხარე, როდესაც წინააღმდეგობის ყველა საშუალებას ამოწურავდა [36, 276]. 26 მაისს, მიხეილ შარვაშიძემ თბილისი დატოვა. მისი შვილები სამეგრელოში იყვნენ, ხოლო მეუღლე აბჟუაში ჰყავდა და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში აპირებდა სამეგრელოში ან იმერეთში მის გადაყვანას, რადგან შექმნილ ვითარებაში მთავრის მეუღლის მიერ აფხაზეთის დატოვება აფხაზებზე უარყოფით შთაბეჭდილებას მოახდენდა [36, 278].
რუსეთის ხელისუფლება კარგად ხედავდა, რომ სეფერ-ბეის ჩრდილოეთ კავკასიაში დიდი გავლენა ჰქონდა. გავრცელდა ხმა, რომ მან 60 ათასამდე ქვეითი და ათასობით მხედარი შეკრიბა. მიხეილ შარვაშიძე შესაძლებლად მიიჩნევდა სეფერ-ბეისთან შეხვედრას და ამ შეხვედრაზე აფხაზეთში შემოსევასთან დაკავშირებით მისი გეგმების ჩაშლას აპირებდა. აფხაზეთის მთავარი რეადს მდ. კოდორზე პოზიციების გამაგრებას და, იმპერატორის ბრძანების თანახმად, აფხაზეთის ამ ნაწილის შენარჩუნებას ურჩევდა. რუსეთის სარდლობის აზრით, მუჰამედ ემინი ჩრდილოეთ კავკასიაში საომარი მოქმედებებით უნდა დაეკავებინათ, რაც აფხაზეთის მიმართ მისი გეგმების განხორციელებას შეაფერხებდა. მიხეილ შარვაშიძეს ყველაფერი უნდა ეღონა და თავისი ქვეშევრდომები მტერთან შეერთებისაგან შეეკავებინა [36, 275]. იმპერატორის მითითებით, რაკი მიხეილ შარვაშიძეს აფხაზეთის დატოვება მოუხდა, დროებით თბილისში უნდა წასულიყო და შემდგომ მითითებებს იქ დალოდებოდა. იმპერატორი ნიკოლოზ I დადებითად აფასებდა აფხაზეთის მთავრის თანხმობას, გენერალ ი. ანდრონიკაშვილს დაქვემდებარებოდა, თუმცა ეს აუცილებლად არ მიაჩნდა, რადგან მთავარმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ღირსეულად შეეძლო დამოუკიდებლადაც მოქმედება. ხელისუფლებისათვის ცნობილი იყო, რომ მიხეილ შარვაშიძე დიდი პატივისცემით სარგებლობდა უბიხებსა და დასავლეთ კავკასიის სხვა მთიელ ტომების მეთაურებში და მათი მეშვეობით ცდილობდა ჩაეშალა მუჰამედ ემინის გეგმა აფხაზეთის მიმართ [36, 276].
მაისის დასაწყისში ვ. დოლგორუკოვმა ნ. რეადს აუწყა, რომ ოსმალეთი და მისი ევროპელი მოკავშირეები ივნისის ბოლომდე მაინც არ იქნებოდნენ მზად კავკასიაზე მიეტანათ იერიში. მისი აზრით, რადგან კოდორის ადიდების გამო რამდენიმე თვის განმავლობაში მდინარის მარცხენა ნაპირზე გადასვლა შეუძლებელი იქნებოდა, კავკასიის კორპუსის მარჯვენა ფლანგი სრულიად უზრუნველყოფილი იყო მოწინააღმდეგის დესანტის გადმოსხმისაგან. მუჰამედ ემინს აფხაზეთის ჩრდილოეთი ნაწილიც რომ დაეკავებინა, ის კოდორს ვერ გადალახავდა. ამით უნდა ესარგებლა ი. ანდრონიკაშვილს, დაუყოვნებლივ შეეტია მტრისთვის ახალციხესთან და გურიის საზღვრებიდან უკუეგდო, რაც გავლენას მოახდენდა საერთო ვითარებაზე კავკასიის ფრონტზე, ასევე კავკასიის მთიელებზეც და ჩაშლიდა მუჰამედ ემინის გეგმას ოსმალეთის ჯარებთან შეერთების თაობაზე. იმპერატორი თვლიდა, რომ თუ ვერ მოხერხდებოდა დასავლეთ აფხაზეთის შენარჩუნება, მაშინ ყველა ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული კოდორის ხაზის დასაცავად, რადგან მისი დაკარგვა სამურზაყანოსა და სამეგრელოს აოხრებასაც გამოიწვევდა. სანამ კოდორზე ფონით გადასვლა შეუძლებელი იყო, მიხეილ შარვაშიძე აფხაზეთის მილიციით შეძლებდა ამ ხაზის დაცვას, შემდეგ კი პოზიციებს ანდრონიკაშვილი გააძლიერებდა გურიის რაზმის ნაწილებით. ვ. დოლგორუკოვის აზრით, კოდორის მარჯვენა ნაპირზე ჯარების მოქმედების მიზანი მთიელთა მცირე რაზმებთან ბრძოლა უნდა ყოფილიყო, ხოლო აფხაზეთის დაკავება ომის დასასრულისათვის უნდა გადაედოთ. ხელისუფლება ნ. რეადისგან მოითხოვდა, ამ მხარეში და, განსაკუთრებით, სოხუმში მტკიცედ დამკვიდრებისათვის საჭირო ღონისძიებები დროულად მოეფიქრებინა. რუსეთი ოსმალებისაგან დიდ შემოტევას მოელოდა. ნ. რეადმა ი. ანდრონიკაშვილს უბრძანა გარკვეული ძალებისათვის თავი მოეყარა ენგურის მარცხენა ნაპირზე და მთავართან შეთანხმებულად ემოქმედა. [36, 276-279].
1854წ. ივნისის დამლევს, მუშირი (მარშალი) სელიმ ფაშა, რედუტ-კალეში ჩავიდა. აქ ოსმალო სარდალი მუჰამედ ემინს შეხვდა და ერთობლივი მოქმედებების გეგმა დაუსახა. ივლისის დასაწყისში, სელიმ ფაშა ქობულეთში დაბრუნდა, ხოლო მუჰამედ ემინი სოხუმში ჩავიდა, იქიდან კი ჩრდ. კავკასიაში გადავიდა. მთიელები თანახმა იყვნენ რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ემოქმედათ, მაგრამ სამხედრო მოქმედებებში ჩაბმის სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას მოითხოვდნენ [54, 412]. ოსმალეთი ცდილობდა გადმოებირებინა დასავლეთ საქართველოს წარჩინებული წოდების წარმომადგენლებიც. სვანეთის მთავარს, როტმისტრ დადეშქელიანს, მისმა სიძემ, წებელდელმა ეშსოუ მარშანიამ შესთავაზა სვანეთიდან, ენგურის ხეობით გაეტარებინა მთიელთა რაზმი, რომელიც ჯვარის მხრიდან თავს დაესხმოდა სამეგრელოს. იმავდროულად, აფხაზეთიდან შეიჭრებოდა მთიელთა მხედრობა, ზღვიდან სამეგრელოში, აჭარიდან კი გურიაში ოსმალთა და მის მოკავშირეთა ჯარები შევიდოდნენ. დადეშქელიანმა უარყო ეს წინადადება და ამის შესახებ რუსეთის სარდლობას აცნობა, ამასთან, მთის ბილიკებზე გუშაგები დააყენა. რუსეთის სარდლობას ინფორმაცია ჰქონდა, რომ ეშსოუ მარშანია და უბიხი ჰაჯი ბარზეგი, მთიელთა რაზმებით აფხაზეთში იმყოფებოდნენ. მიხეილ შარვაშიძე ყოველნაირად ცდილობდა დას. კავკასიის მთიელებში მუჰამედ ემინის ავტორიტეტი და გავლენა შეერყია. ამ მიზნით, მთავარი ჰაჯი ბერზეგს და სხვა უბიხ მამასახლისებს შეხვდა. აფხაზეთის მთავარი მთიელთა სიამაყის გრძნობას შეეხო და უსაყვედურა, რომ ისინი მზად იყვნენ დამორჩილებოდნენ ყოველ უცხოელს, რომელიც თავს მნიშვნელოვან პირად წარმოაჩენდა. უბიხებმა აღნიშნეს, რომ ემინისადმი მათი დამორჩილება გამოწვეული იყო რუსებისადმი ერთსულოვანი წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობით, მაგრამ, რადგან რუსეთი ამ მხარიდან განიდევნა და ოსმალეთთანაც აღდგა თავისუფალი ურთიერთობა, მათ უკვე არ სჭირდებოდათ გარეშე პირი უფროსად, ამიტომ მუჰამედ ემინს მორჩილებაზე უარი უთხრეს. მიხეილ შარვაშიძე რუსეთის სარდლობას აუწყებდა, რომ სეფერ-ბეის გავლენა დაცემული იყო და მთიელებთან ურთიერთობები სასიკეთოდ იცვლებოდა. [36, 279].
სეფერ-ბეი და მუჰამედ ემინი მეტოქეები იყვნენ. ორივე მათგანი ცდილობდა დასავლეთ კავკასიის მთიელებზე გავლენის მოპოვებას, ორივე ესწრაფვოდა ოსმალეთს მთიელთა წინამძღოლად მხოლოდ ის ეცნო. 1854წ. 7 სექტემბერს, კავკასიის სარდლობამ ცნობა მიიღო, რომ სეფერ-ბეიმ, ოსმალებთან თავის გამოჩენის მიზნით, სამურზაყანოს დაპყრობა გადაწყვიტა. მან მუჰამედ ემინს შესთავაზა მთიელთა რაზმი შეეკრიბა და სოხუმ-კალეში ჩაეყვანა, მაგრამ მუჰამედ ემინმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სულთანი არც მას და არც მთიელებს ყურადღებას არ აქცევდა, ამასთან ემინს სულაც არ სურდა სეფერ-ბეის განდიდებისათვის ხელი შეეწყო. მალე ემინი სოხუმ-კალეში ჩავიდა და იქიდან სტამბოლს გაემგზავრა, ამასთან, უბიხებს შეუთანხმდა, რომ მის ჩამოსვლამდე სეფერ-ბეის სალაშქროდ არ გაჰყვებოდნენ. სეფერ-ბეი მართლაც შეეცადა უბიხები აეყოლიებინა, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ ის ცდილობდა აფხაზეთსა და წებელდაში შეეკრიბა რაზმი და ამრიგად განეხორციელებინა თავისი განზრახვა, მაგრამ ესეც ვერ მოახერხა. ასე, რომ აფხაზეთში ოსმალეთის მთავარი წარმომადგენლის გეგმები სამურზაყანოს მიმართ ჩაიშალა. ამასთან, სეფერ-ბეიმ სელიმ-ფაშას ბრძანება მიიღო, მისი ნებართვის გარეშე შეტევითი მოქმედება არ ეწარმოებინა. მანვე აცნობა, რომ ოსმალეთისა და მოკავშირეთა ჯარები სევასტოპოლში გაიგზავნა და სევასტოპოლის ოპერაციის შედეგებამდე ოსმალეთი არ აპირებდა აფხაზეთში საომარი მოქმედებების წარმოებას. [54, 413-414].
რუსეთის სარდლობა დასავლეთ საქართველოში სამხედრო ძალების ნაკლებობას განიცდიდა. იმპერატორს შესაძლებლად მიაჩნდა დაევალებინათ აფხაზეთის მთავრისათვის რაზმის შედგენა, რათა მას აფხაზეთში ემოქმედა, მაგრამ ეს რაზმი ვერ ჩამოყალიბდა. ნ. რეადი თვლიდა, რომ აფხაზეთის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაზმი სურსათ-სანოვაგით ვერ მომარაგდებოდა [36, 793, 803].
აფხაზეთიდან ჯარების გამოყვანის შემდეგ, მიხეილ შარვაშიძე სამეგრელოში დამკვიდრდა, თავისი სიმამრის გიორგი დადიანის მამულში, და ხან სოფ. კურზუში იმყოფებოდა, ხან სოფ. ჭკადუაშში. ის იმედოვნებდა, რომ როგორც რუსეთის არმიის გენერალს, შესაფერის სამსახურს შესთავაზებდნენ, თუნდაც გურიის რაზმის უფროსის თანამდებობას, მაგრამ მისი იმედები არ გამართლდა. 1854წ. ივლისში, გურიის რაზმის უფროსად გენერალ-მაიორი ი. ბაგრატიონ-მუხრანელი დაინიშნა. კავკასიის კორპუსის სარდლობის აზრით, გურიის რაზმის უფროსად მიხეილ შარვაშიძის დანიშვნა არ შეიძლებოდა მის მიერ ჯარის მართვის არცოდნისა და სამხედრო საქმეში გამოუცდელობის, ასევე სამეგრელოს სამთავრო სახლთან მტრობის გამო. შეუძლებელი იყო მიხეილ შარვაშიძის დანიშვნა იმ რაზმის მეთაურად, რომელიც მაშინ სამეგრელოში იდგა [37, 54].
აფხაზეთის სამთავროში მთავრის არყოფნის დროს, მოსახლეობისა და წარჩინებული წოდების მნიშვნელოვანი ნაწილი თანაგრძნობას უცხადებდა ოსმალეთის საოკუპაციო რეჟიმს. როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრის არქივში დაცული 1854წ. 5 აგვისტოთი დათარიღებული ერთი დოკუმენტიდან ჩანს, სულთანი ფრიად კმაყოფილი იყო სოხუმიდან მიღებული მონაცემებით, რომელთა თანახმად, სოხუმისა და შემოგარენის მოსახლეობა სულთნის ქვეშევრდომობის მიღებასა და ოსმალეთის მხარეზე ბრძოლაზე თანხმობას აცხადებდა [58. 16]
აფხაზეთის მთავრის მდგომარეობა სამეგრელოში სახარბიელო არ იყო, ის აქ როგორც კერძო პირი იმყოფებოდა, ფაქტობრივად, გარიყული საომარი მოქმედებებისაგან. ამასთან, სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე დადიანი ხელისუფლებისაგან კატეგორიულად მოითხოვდა მიხეილ შარვაშიძეს სამეგრელო დაეტოვებინა, რადგან მისი აქ ყოფნა სამთავროში სიმშვიდეს არღვევდა. 1854წ. 11 დეკემბერს, მიხეილ შარვაშიძე სამხედრო მინისტრ ვ. დოლგორუკოვს წერდა, რომ აუცილებლად მიაჩნდა მისი ყოფნა აფხაზეთში, რადგან შესაძლებლობა ჰქონოდა თავისი გავლენით ემოქმედა ქვეშევრდომებზე და მათ მეზობელ ტომებზე, რითაც მოწინააღმდეგის გეგმებს გააქარწყლებდა. იგი წერდა, რომ იმედები, რასაც მოკავშირეები მუჰამედ ემინზე ამყარებდნენ, გაუცრუვდათ. შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ტომებიც ოსმალებს უნდობლად ეკიდებოდნენ [106, 140-142].
მიხეილ შარვაშიძის დაპირისპირებაში სამეგრელოს სამთავრო სახლთან ძირითადი სამურზაყანოს საკითხი იყო. უნდობლობა, სამეგრელოს სამთავრო სახლსა და აფხაზეთის მთავარს შორის, უფრო გაიზარდა მიხეილ შარვაშიძის სიმამრის ოჯახში ყოფნის დროს. გიორგი დადიანი, ძმებთან ერთად, ოპოზიციაში ედგა ეკატერინე დადიანს. ეკატერინე დადიანის დამოკიდებულებაში აფხაზეთის მთავრისადმი მნიშვნელოვანი იყო ის, რომ დედოფალს აფრთხობდა აფხაზეთის მთავრისა და გიორგი დადიანის შესაძლო გაერთიანება სამეგრელოს სამთავრო სახლისა და პირადად მის წინააღმდეგ [106, 140].
1854წ. 29 ნოემბერს, გენერალ-ადიუტანტი ნ. მურავიოვი დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლად და კავკასიის კორპუსის მთავარსარდლად. 1855წ. თებერვალში ნ. მურავიოვი თბილისში ჩამოვიდა [144, 383].
1855წ. ანტირუსულმა კოალიციამ მოქმედება დაიწყო შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. 10 და 12 თებერვალს, ინგლის-საფრანგეთის ხომალდები ყუბანის შესართავთან გამოჩნდნენ და დესანტი გადმოსხეს; 28 თებერვალ – 2 მარტს მოწინააღმდეგის ესკადრამ ნოვოროსიისკი დაბომბა და იმავდროულად, მას მთიელებიც უტევდნენ. ნოვოროსიისკის დასახმარებლად ანაპიდან ჩავიდა ვიცე-ადმირალი ლ. სერებრიაკოვი და მთიელები უკუაგდო, თუმცა ცხადი იყო, რომ ასეთ პირობებში ნოვოროსიისკის შენარჩუნება დიდხანს შეუძლებელი იქნებოდა. 1855წ. მარტში, სოხუმში, მუსტაფა-ფაშას მეთაურობით ოსმალეთის არმიის ოთხი ბატალიონი გადმოსხდა. მუსტაფა ფაშამ მოლაპარაკებები გამართა აფხაზთა, წებელდისა და ჩერქეზთა თავადებთან მათი ოსმალეთის მთავრობისადმი დამოკიდებულების გასარკვევად [37, 282]. მუსტაფა-ფაშასთან ამალით გამოცხადდა მთავრის ძმა ალექსანდრე შარვაშიძე, რომელმაც ფაშას ხელშეწყობა და დახმარება აღუთქვა [47, 200].
მუსტაფა-ფაშა, რომელიც სათავეში ჩაუდგა ოსმალურ ადმინისტრაციას სოხუმში, აფხაზური არისტოკრატიის გადაბირებას აქტიურად ცდილობდა. ალექსანდრე შარვაშიძეს ოსმალებმა ფაშას ტიტული უბოძეს და აფხაზეთის მართვა დაავალეს. ოსმალებთან თანამშრომლობდნენ ასევე მთავართან დაახლოებული პირები: გენერალ-მაიორი კაც მარღანია, პორუჩიკი ჰასან მარღანია, რომელიც სოხუმის მმართველად დაინიშნა, მაიორი ბათალ-ბეი მარშანია [37, 49]. კავკასიის კორპუსის სარდლობასთან მიმოწერაში მიხეილ შარვაშიძე უარყოფდა ძმის ოსმალების მხარეზე გადასვლას და ხელისუფლებას არწმუნებდა, რომ ალექსანდრე აფხაზეთში მისი დავალებით დარჩა და თუმცა ოსმალების მოთხოვნებს ასრულებდა, რამდენადაც შესაძლებელი იყო, იგი მთავრის მითითებებსაც მისდევდა და ამ მხარეში მის ხელისუფლებას წარმოადგენდა. ჰასან მარღანია იქ დარჩა როგორც მემამულე თავის მამულში, ისევე, როგორც მრავალი სხვა და აუცილებლობის შემთხვევაში, როცა წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყო, ოსმალების მოთხოვნებს ასრულებდა. რაც შეეხება კაც მარღანიას, მიხეილ შარვაშიძე თვლიდა, რომ მას რუსის ჯართან ერთად უნდა დაეტოვებინა სამთავრო [106, 142-143].
მუსტაფა-ფაშამ სამეგრელოში მყოფ მიხეილ შარვაშიძეს რამდენჯერმე შესთავაზა აფხაზეთში ჩასვლა. შარვაშიძე წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ გამგზავრებას აყოვნებდა. ბოლოს, ფაშამ კაც მარღანიას პირით მთავარს აცნობა, რომ თუ აფხაზეთში არ ჩავიდოდა, მასთან ურთიერთობას გაწყვეტდა [37, 50].
მთავარსარდალი ნ. მურავიოვი არ ენდობოდა აფხაზეთის მთავარს, თუმცა სამხედრო მინისტრმა ვ. დოლგორუკოვმა 1854წ. დეკემბერში მურავიოვს გადასცა იმპერატორის აზრი შარვაშიძის ერთგულების შესახებ [106, 144]. 1855წ. აპრილში ნ. მურავიოვი ზუგდიდში ჩავიდა და მიხეილ შარვაშიძესაც შეხვდა. ნ. მურავიოვმა მთავარს მოსთხოვა დაეტოვებინა სამეგრელო და საცხოვრებლად ქუთაისში ან თბილისში გადასულიყო. ამ უნდობლობით შეურაცხყოფილმა მთავარმა მთავარსარდლის მოთხოვნა არ მიიღო და აფხაზეთში დაბრუნება გადაწყვიტა, რაც ნ. მურავიოვმა თვითნებურ გადაწყვეტილებად შეაფასა [4, 16].
1855წ. 8 მაისს, მიხეილ შარვაშიძე სამურზაყანოში გაემგზავრა. 9 მაისს ის სოფელ გუდავაში ჩავიდა და სამურზაყანოს ბოქაულს, მაიორ მიქელაძეს აუწყა, რომ მთავარსარდლისაგან საიდუმლო დავალება ჰქონდა და აფხაზეთში მიემგზავრებოდა. 12 მაისს მთავარი უკვე ოჩამჩირეში ჩავიდა. აფხაზეთში ჩასული მთავარი ოსმალთა საოკუპაციო ჯარის სარდლობასთან მოლაპარაკებებს შეუდგა [37, 45]. ნ. მურავიოვი აფხაზეთში შარვაშიძის თვითნებურ გადასვლაზე მიუთითებდა და ამას არა დაუმორჩილებლობად, არამედ საომარი მოქმედების პირობებში ჩადენილი პირდაპირი ღალატის შეფასებას აძლევდა [106, 230].
მიხეილ შარვაშიძემ ოსმალთა საოკუპაციო ჯარის სარდალს აცნობა, რომ ის აფხაზეთში არ ჩამოსულა მათთან საბრძოლველად. მთავარს სურდა ნეიტრალიტეტის შენარჩუნება, სანამ აფხაზეთში მოკავშირეთა დესანტი არ გადასხდებოდა და მთიელების საერთო შეტევა არ დაიწყებოდა დასავლეთ საქართველოზე. ამ შემთხვევაში, აფხაზეთის მთავარი მოკავშირეებთან შეერთების პირობას დებდა და ირწმუნებოდა, რომ ერთობლივი შეტევის შემთხვევაში სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვდებოდათ. მთავრის ამ წინადადებას ფაშა დათანხმდა, მაგრამ მიხეილის ოჯახთან ერთად სოხუმში გადასვლა მოითხოვა [37, 45-48].
შარვაშიძე მოერიდა საკუთარი ფეხით ხლებოდა ოსმალო სარდალს და შვილებიც მისთვის მძევლად მიეგვარა, ამიტომ, რამდენიმე დღის შემდეგ, მუსტაფა-ფაშა თვითონ ჩავიდა გემით ოჩამჩირეში და მიხეილ შარვაშიძე თავისთან მიიწვია, მაგრამ ამ უკანასკნელმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და არ შეხვდა. ამის შემდეგ ფაშას არ მოუნდომებია მისი ნახვა. მიხეილ შარვაშიძე მიხვდა, რომ ფაშა გაანაწყენა და მას კერენტუხ ბარზეგი მიუგზავნა, რომელსაც ფაშა უნდა დაერწმუნებინა, რა დიდ სარგებლობას მოუტანდა ოსმალეთს მთიელებზე დიდი გავლენის მქონე აფხაზეთის მთავრის მიმხრობა. ჩანს, ამ არგუმენტმა იმოქმედა და 3 ივნისს ფაშა კვლავ ჩავიდა ოჩამჩირეში ალექსანდრე შარვაშიძის, ჰასან მარღანიას და ბათალ-ბეი მარშანიას თანხლებით, შეხვდა მთავარს და სამი სააათი ესაუბრა მას. 8 ივნისს მიხეილ შარვაშიძე სოხუმში ჩავიდა, სადაც დიდი პატივით შეხვდნენ [37, 46, 48, 50-51].
ივნისის პირველ რიცხვებში კავკასიის კორპუსის სარდლობამ მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმად აფხაზეთის მთავარი ოსმალების მხარეზე გადავიდა. ნ. მურავიოვი მიიჩნევდა, რომ შარვაშიძეს ღალატისაკენ სამეგრელოს სამთავრო სახლისადმი სიძულვილმა უბიძგა და ამიტომ აფხაზეთის მთავარი ოსმალთა დახმარებით სამეგრელოსთან სადავო სამურზაყანოს დაუფლებას შეეცდებოდა. 7 ივნისს, კავკასიის კორპუსის სარდალმა, ვ. ბებუთოვმა მიხეილის წერილი მიიღო. მთავარი ამტკიცებდა, რომ მტრებმა გაუვრცელეს ხმები მტრის მხარეზე მისი გადასვლის შესახებ. იგი წერდა: „კაცი ვითარცა უქმი, მე ყოვლად დაიმედებული თავის თვისსა ზედა, რომელ არა ვარ გამოუსადეგ და უქმი, ვარჩიე უსაქმოდ ყოფნას, შემოსვლა ისევ ჩემივე სამთავროში... და დაცვა მათი მყუდროებასა შინა და უკეთუ მომცემდა შემთხვევა, აქედანაცა აღმომეჩინა სარგებლობა ჩემის ხელმწიფე იმპერატორისა“ [106, 238].
იმ დროს, როცა აფხაზეთი ოსმალთაგან ოკუპირებული იყო, კავკასიის რუსულ ადმინისტრაციას საფუძველი ჰქონდა უნდობლობა გამოეჩინა მთავრისადმი, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ შარვაშიძემ შეძლო თავისი ორმაგი, სახიფათო თამაშის წარმატებით წარმართვა. ბზიფის ოლქში ჩასულ აფხაზეთის მთავარს იქ დახვდა ჩერქეზთა და აფხაზთა ლაშქარი, რომელსაც განზრახული ჰქონდა მარბიელი ლაშქრობის მოწყობა სამურზაყანოში ტყვეებისა და ნადავლის ხელში ჩაგდების მიზნით, მაგრამ მთავარმა შეძლო ამ ლაშქრობის ჩაშლა, სხვა დროსაც, როდესაც შესაძლებლობა მიეცემოდა, იგი ხელს უშლიდა ოსმალებს ჩერქეზებისა და აფხაზების სალაშქროდ შეკრებაში [72, 114-115]. ამავე დროს, მთავარი, ჩანს, ელოდა ანტირუსული კოალიციის გამარჯვებას და ცდილობდა ოსმალებთან საერთო ენა გამოენახა. კავკასიის რუსული ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა, რომ მან ოსმალთა სარდლობისაგან მოითხოვა ყველა ის უფლება, რაც მის პაპას ქელეშ-ბეის ჰქონდა, როდესაც ოსმალეთის ვასალი იყო. მიხეილს უნდა გადასცემოდა აფხაზეთში განლაგებული ჯარების სარდლობა; ყველა ოლქი, რომელსაც იარაღით ან მოლაპარაკებებით შეუერთებდა თავის სამფლობელოს, სამუდამოდ დარჩენილიყო მის მემკვიდრეობით მფლობელობაში იმავე უფლებით, რა უფლებაც აფხაზეთზე ჰქონდა [37, 51; 106, 182-183]
მუსტაფა-ფაშამ განაცხადა, რომ ასეთ პირობებზე დათანხმება მის უფლებებს აღემატებოდა, ამიტომ ეს პირობები სტამბოლში გადააგზავნა განსახილველად [37, 51]. მიხეილ შარვაშიძის ოსმალებთან ურთიერთობების შესახებ ცნობებზე დაყრდნობით, ნ. მურავიოვი ამტკიცებდა, რომ Mმთავარი არც ერთ მეომარ მხარეს არ ემხრობოდა, მხოლოდ სურდა თავისი სამფლობელო შეენარჩუნებინა და ნეიტრალიტეტი დაეცვა. ნ. მურავიოვი მთავრის ქმედებას იმპერატორის გენერალ-ადიუტანტის წოდებისათვის მიუღებლად თვლიდა [106, 247]. ვ. ბებუთოვიც მიიჩნევდა, რომ მიხეილის აფხაზეთში გადასვლა განპირობებული იყო სამთავროს შენარჩუნების სურვილით, რადგან რუსული იარაღის გამარჯვებაში ბოლომდე დარწმუნებული არ იყო [106, 170].
ოსმალეთი და მისი მოკავშირეები, ინგლისი და საფრანგეთი, დიდ იმედებს ამყარებდნენ ჩრდილოეთ კავკასიის მთიელებისა და შამილის მხარდაჭერაზე. ინგლისელმა სტრატეგებმა შეიმუშავეს გეგმა, რომლის თანახმადაც კავკასიის აქტიურად უნდა ემოქმედათ და ამით რუსეთის ჯარების ნაწილი ფრონტის სხვა მხარეებისაგან ჩამოეშორებინათ. ამისთვის გადაწყდა დესანტი გადაესხათ სოხუმში და მთიელთა აჯანყება მოეწყოთ რუსეთის წინააღმდეგ [122, 639].
1855წ. 13 მაისს, რუსეთის ჯარის ნაწილებმა ნოვოროსიისკი დატოვეს და გენერალ-მაიორ ი. დებუს მეთაურობით 17 მაისს ანაპაში ჩავიდნენ. 25 მაისს რუსეთის ჯარებმა ვიცე-ადმირალ სერებრიაკოვის მეთაურობით ანაპა და ახლომახლო სტანიცები დატოვეს, ციხე დაანგრიეს და ყველა შენობა გადაწვეს. ინგლის-საფრანგეთის დესანტი ანაპაშიც გადმოსხდა, მაგრამ ადიღეელებმა მათ რეალური დახმარება არ გაუწიეს [130, 79; 163, 217-218]. კავკასიის მთიელთა წინამძღოლებმა – მუჰამედ ემინმა და სეფერ-ბეი ზანუყომ ვერ შეძლეს დაპირებული ძალების გამოყვანა, ხოლო ადგილობრივი ტომების დახმარების გარეშე მოკავშირეთა დესანტს სერიოზული წარმატების იმედი არ უნდა ჰქონოდა. მუჰამედ ემინი კიდევ ერთხელ შეეცადა შამილთან შეერთებას და ამ მიზნით ყარაჩაისა და ყაბარდოს დაკავება სცადა, თუმცა უშედეგოდ. შამილიც ცდილობდა შეერთებოდა ემინს, მაგრამ რუსეთის ჯარის ნაწილებმა ეს მცდელობა აღკვეთეს. ანაპაში ოსმალეთის ჩინოვნიკებთან მოლაპარაკებების შემდეგ, რომლებიც ცდილობდნენ მთიელები სულთნის ქვეშევრდომებად გადაექციათ, ჩერქეზები ოსმალებისადმი უნდობლად განეწყვნენ. ჩერქეზებს კარგად ახსოვდათ როგორ გადაულოცა ოსმალეთმა ისინი რუსეთს ადრიანოპოლის ზავით. ჩერქეზები დამოუკიდებლობას რუსეთთან ბრძოლაში იცავდნენ, მაგრამ არც ოსმალეთის ქვეშევრდომობა სურდათ [148, 557].
ოსმალეთის ყოფილი დიდვეზირის შვილის, ოსმალეთის არმიის ოფიცრის ოსმან-ბეის ცნობით, ინგლისელები არაფერს იშურებდნენ, რომ „ჩერქეზები რუსების წინააღმდეგ განეწყოთ და რუსეთთან ბრძოლაში ჩაებათ“ [47, 206]. ამ მიზნით დიდი პროპაგანდა ეწეოდა „ჩერქეზების დამოუკიდებელი სახელმწიფოს“ შექმნას, მაგრამ ოსმალეთი აქ უპირველესად თავის ინტერესებს ატარებდა დათავისუფლებისმოყვარე მთიელების მისწრაფებებს მხოლოდ იყენებდა. „დამოუკიდებლობა უეჭველად უნდა ყოფილიყო ერთ-ერთ ილუზიად, რადგან თურქეთი თავის პროექტებს საკუთარი სარგებლობისთვის ადგენდა და არა ჩერქეზთა შესანიშნავი თვისებების გამო“ [47, 171].
მაისის მიწურულს, რუსეთის ჯარის ნაწილებმა გაააქტიურეს მოქმედება კავკასიის ფრონტზე. 24 მაისს რუსეთის კორპუსმა უშუალოდ ნ. მურავიოვის მეთაურობით, მდ. არფაჩაი გადალახა და ოსმალეთის ანატოლიის არმიის წინააღმდეგ, რომლის ძირითადი ნაწილები ყარსში იყო დისლოცირებული, შეტაკებებში ჩაება. ყარსის ციხე არზრუმიდან ამიერკავკასიისკენ მიმავალ უმოკლეს გზაზე მდებარეობდა. ოსმალეთის სარდლობა თვლიდა, რომ ყარსი იმპერიის „აზიური საზღვრების გასაღებს“ წარმოადგენდა. მისი აღებით რუსები არზრუმს, შემდეგ კი მთელ ანატოლიას დაემუქრებოდნენ [66, 179-180]. 1855წ. სექტემბერში, მოკავშირეებმა თერთმეტთვიანი ალყის შემდეგ, აურაცხელი მსხვერპლის ფასად, სევასტოპოლი აიღეს. საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ III, რომლის არმიაც ძირითადი ძალა იყო ყირიმში, სევასტოპოლის აღებით ომის დამთავრება გადაწყვიტა, მაგრამ ინგლისის პრემიერ-მინისტრი პალმერსტონი, რომელსაც საფრანგეთის გაძლიერების ეშინოდა, ომის ასეთი დასასრულის წინააღმდეგი იყო. ის დაჟინებით მოითხოვდა ომის გაგრძელებას და თავისი გეგმის – რუსეთის დანაწილების – განხორციელებას. პალმერსტონი ამ გზით იმედოვნებდა ევროპის სახელმწიფოთა თვალში ინგლისის პრესტიჟი აემაღლებინა. ინგლისისგან განსხვავებით, საფრანგეთს არ სურდა რუსეთის შემდგომი დასუსტება, რადგან მას ინგლისის საპირისპირო ძალად განიხილავდა [150, 263]. ომის გაგრძელების მომხრე იყო ოსმალეთიც, რომელსაც ყარსის გადარჩენის მიზნით, საქართველოში საომარი მოქმედებების გაშლა სურდა.
ყარსისთვის დაცემის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ოსმალეთის სამხედრო სარდლობამ დაგეგმა დასავლეთ საქართველოში დესანტის გადმოსხმა და ამ გზით რუსეთის არმიების ზურგში მოქცევა. მოკავშირეთა სარდლობა ოსმალების მიერ დასავლეთ საქართველოში შეჭრას მისაღებად არ თვლიდა. ამის მიუხედავად, ოსმალთა არმიის მთავარსარდალი ომერ ფაშა დაჟინებით მოითხოვდა თავისი გეგმის განხორციელებას. ომერ ფაშა წარმოშობით ხორვატი იყო და გარშემო თავის თანამემამულე ოფიცრებთან ერთად, რუსეთის დაუძინებელი მტრების – უნგრელი და პოლონელი დევნილი ოფიცრებისაგან შემდგარი ამალა ახლდა. მართალია ისინი რუსების წინააღმდეგ ბრძოლის ჟინით იყვნენ შეპყრობილნი, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ხშირად მიუღებელ და ავანტიურისტულ ქმედებებს მიმართავდნენ. ომერ ფაშამ, ყირიმის ევპატორიაში განლაგებულ მოკავშირეთა არმიის ცენტრალურ სარდლობაში წარადგინა დასავლეთ საქართველოში შეჭრის გეგმა. ომერ ფაშას პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევდა სტამბოლის „ჩერქეზული პოლიტიკური ცენტრი“ და არაერთი მხარდამჭერი ჰყავდა სულთნის კარზე ჩერქეზული და აფხაზური წარმშობის დიდმოხელეებს შორისაც. ომერ ფაშას გეგმით, აფხაზეთ-სამეგრელოს გავლით უნდა მომხდარიყო ქუთაისის დაკავება, რასაც უნდა მიჰყოლოდა თბილისისაკენ გაჭრა და მისი დაპყრობა. თბილისში ომერ ფაშა კახეთიდან შემომავალ შამილის რაზმებს დაელოდებოდა. ამრიგად, ალყაში მოექცეოდა ყარსის ფრონტზე განლაგებული რუსული არმია.
ომერ ფაშა 1855წ. 17 ივლისს ყირიმიდან სტამბოლს გამოემგზავრა, სადაც მთელი აგვისტოს განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა მოკავშირეთა სარდლობის წარმომადგენლებთან. მოკავშირეები კვლავ მიუღებლად მიიჩნევდნენ ომერ ფაშას გეგმებს, მაგრამ მიღებული იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება. სტამბოლში ინგლისის ელჩის მხარდაჭერით, ინგლისის მთავრობამ მისაღებად მიიჩნია ომერ ფაშას გეგმა. მოკავშირეთა მთავარმა შტაბმაც მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო შესაბამისი განკარგულება, რომ ოსმალეთის არმიისათვის გეგმის განხორციელებაში შესაბამისი მხარდაჭერა აღმოეჩინა [173, 83-84].
1855წ. სექტემბერ-ოქტომბერში, ოსმალებმა სოხუმში ომერ ფაშას სარდლობით 45 ათასიანი დესანტი გადმოსხეს, რომელმაც აფხაზეთი დაიკავა [46, 270]. ინგლისელმა ოფიცერმა ბალარდმა წინასწარ შეისწავლა აფხაზეთის ის პუნქტები, სადაც ომერ-ფაშას არმია უნდა ჩასულიყო. იგი მიხეილ შარვაშიძესაც შეხვდა. აფხაზეთის მთავარმა ინგლისელი ოფიცერი კარგად მიიღო. მთავარი არც მასთან საუბარში მალავდა, რომ ომში უპირატესობას რუსებს ანიჭებდა. მიხეილ შარვაშიძე გარეგნულად მოკავშირეების მიმართ სიმპათიას გამოხატავდა, თუმცა, რეალურად მათ მხარეზე არ დამდგარა [105, 149-150]. ომერ ფაშას გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს გავლით ყარსამდე ჩაეღწია და ალყაშემორტყმულ ციხეს დახმარებოდა. ამასთანავე, მასზე იყო დაკისრებული საქართველოსა და ჩერქეზეთის რუსი სამხედროებისგან გაწმენდა და ამრიგად, მთელი კავკასიის რუსთაგან გათავისუფლების წინაპირობის შექმნა. ოსმალთა მთავარსარდლის უახლოესი სტრატეგიული მიზანი იყო ქუთაისის აღება, სურამის ქედის გადალახვა და კავკასიის პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრის – თბილისის დაუფლება, სადაც შამილს უნდა შეერთებოდა [145, 325-326].
ომერ ფაშამ, საქართველოს სიღრმეში შეტევის დაწყების საწყის პუნქტად აირჩია არა რედუტ-კალე, რომელიც ქუთაისიდან 108 ვერსზე იყო, არამედ 200 ვერსით დაშორებული სოხუმ-კალე, ამასთან მას მოუწევდა ორ მდინარეზე – კოდორსა და ენგურზე გადასვლა. ომერ ფაშას ამ გადაწყვეტილების რეალური მიზეზი ის იყო, რომ ოსმალთა სარდალი თავის სამხედრო ექსპედიციაში დიდ იმედებს ამყარებდა ჩერქეზებისა და აფხაზების მხედრობაზე, რომელიც მას უნდა მისვლოდა აფხაზეთში გადმოსხმისთანავე, რაშიც ომერ ფაშას მუჰამედ ემინი და ოსმალეთის ემისრები არწმუნებდნენ. ინგლისელი სამხედრო მრჩევლები ომერ ფაშას მიუთითებდნენ, რომ აფხაზეთ-სამეგრელოს ექსპედიციის წარმატებით განხორციელებისათვის მას დასჭირდებოდა 15 ათასიანი ცხენოსანთა კორპუსის ჩამოყალიბება.
ომერ ფაშა აფხაზეთში შემოსვლით ვარაუდობდა ჩერქეზებისა და აფხაზებისაგან მიეღო მხედრები, მაგრამ საბოლოოდ ოთხასიოდე ცხენოსანისშეგროვებაღა შეძლო [173, 92]. მან ქუთაისზე შეტევისათვის აფხაზეთიდან დაძვრა არჩია იმიტომ, რომ სწორედ სოხუმში უნდა შეერთებოდნენ ოსმალებს აფხაზთა და დასავლეთ კავკასიის მთიელთა რაზმები [145, 328].
ომერ ფაშას სოხუმში გადმოსვლისა და თავისი შტაბის აქ გადმოტანის მიზეზი, ჩანს სამხედრო თვალსაზრისთან ერთად პოლიტიკურ ანგარიშსაც ეფუძნებოდა. სტამბოლში „ჩერქეზული პოლიტიკური ცენტრის“ მესვეურები ოსმალოსარდალს არწმუნებდნენ, რომ სოხუმში მას რუსების წინააღმდეგ განწყობილი აფხაზებისა და ჩერქეზებისგან შემდგარი მრავალრიცხოვანი მხედრობა ეახლებოდა, მაგრამ ჩერქეზებში, მუჰამედ ემინის მცდელობების მიუხედავად, ომერ ფაშას მხარდასაჭერი მოძრაობა ვერ გაიშალა. ჩერქეზი წარჩინებულები არ ამჟღავნებდნენ საქართველოზე ლაშქრობაში მონაწილეობის მიღების სურვილს, თან დაინახეს, რომ ოსმალეთის სულთანი, რომელზეც თვითონ ამყარებდნენ იმედს და რუსებისაგან გათავისუფლებას მისგან ითხოვდნენ, თავად ჩერქეზებს თხოვდა დახმარებას. ამ გარემოებამ ჩერქეზებს სულთნის ძლიერებისადმი რწმენა შეურყია და ოსმალთა მხარდაჭერა გადააფიქრებინა [173, 93].
კავკასიის კორპუსის მთავარსარდალი ნ. მურავიოვი, ომერ-ფაშას აფხაზეთის ექსპედიციის მიზანს ხედავდა არა ანატოლიის არმიასთან შეერთებასა და ამრიგად ალყისაგან ყარსის დახსნის მცდელობაში, არამედ მიიჩნევდა, რომ ომერ ფაშას აფხაზეთიდან სამეგრელოსკენ განვითარებული ლაშქრობა ქუთაისსა და შემდგომ თბილისისაკენ შეტევას ისახავდა მიზნად, რაც ოსმალთა არმიას რუსული ნაწილების ზურგში მოაქცევდა. ომერ ფაშას წარმატების შემთხვევაში რუსები იძულებულნი იქნებოდნენ ყარსს შეშვებოდნენ [46, 174].
19 სექტემბერს სოხუმში გემით ჩავიდა ომერ ფაშა. ნავსადგურში მას მიხეილ შარვაშიძე დახვდა. თვითმხილველთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ ფაქტს გენერალი ნ. კოლუბაკინი ასე აღწერს: „19 რიცხვში დილით, ომერ-ფაშა მოვიდა სოხუმში გემით. ნავსადგურში აფხაზეთის მთავარი ელოდებოდა. მას სურდა თურქული წესისამებრ თაყვანი ეცა, მაგრამ ომერმა შეაჩერა ის, ხელი ჩამოართვა და რუსულად უთხრა: გამარჯობა მიხეილ... ჯარის დათვალიერებიდან მობრუნებულმა გენერალისიმუსმა დაინახა თავისი სახლის წინ მდგარი მთავარი... რამდენიმე სიტყვა უთხრა როგორც უწინ, რუსულად. ვერავინ გაიგო ეს სიტყვები, მაგრამ ხალხში ხმა გავრცელდა, რომ მან შესთავაზა ან თავისუფლება მისცა დაბრუნებულიყო რუსებთან“ [106, 193]. ომერ-ფაშა აფხაზეთის მთავარს აშკარად მიანიშნებდა, რომ არჩევანის დრო დადგა და თუ ის ოსმალებთან თანამშრომლობას აპირებდა, ამის ღიად დაფიქსირება იყო საჭირო. მიხეილ შარვაშიძე ვ. ბებუთოვისადმი წერილში წერდა: „მოვიდა რა ომერ ფაშა სოხუმს... წინადამიდვა – უკეთუ არა ვარ წინააღმდეგი მათის მპყრობელობისა, მაშ შეუერთდე მას ჩემის და მთიელის ლაშქრითა და იგი მომიტანს ფირმანს, დამტკიცებულსა სოიუზნი დერჟავებისაგან, მას შინა: რომელ რაოდენს ადგილებსაც ომერ-ფაშა დაიპყრობს ჩემის თანაშეწყობითა ვიდრე საქართველომდე იქმნების ჩემს გამგებლობაში. მე გარდაწყვეტილად გამოუცხადე, რომელ აღება საჭურველისა პირისპირ იმ მხედრობისა, რომლისაგან მე სიყრმიდანვე აღზრდილ და დაცულ ვარ, არ ძალმიძს“ [106, 239].
ჩვენ ვხედავთ, რომ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ომერ-ფაშამ სულთნისა და მოკავშირეების სახელით მისცა გარანტიები აფხაზეთის მთავარს არა მარტო მთავრად დატოვების, არამედ დანარჩენ საქართველოში დასაპყრობი ტერიტორიების გადაცემაც შესთავაზა ოსმალებთან შეერთების სანაცვლოდ, აფხაზეთის მთავარმა ამაზე დიპლომატიური, მაგრამ მტკიცე უარი განაცხადა. ომერ-ფაშამ თანამშრომლობისაკენ მოუწოდა აფხაზ ფეოდალებსაც, მათ შორის, რუსეთის არმიის პოლკოვნიკს, დიმიტრი ჰასან-ბეის ძე შარვაშიძეს. ომერ-ფაშა მას წერდა. რომ ოსმალთა მხარეზე გადასვლის შემთხვევაში შეუნარჩუნდებოდა იგივე ჩინი, რაც რუსულ არმიაში საკუთარი უნარითა და მამაცობით მოიპოვა, მაგრამ დიმიტრი შარვაშიძემ ოსმალთა სარდალს ასეთი ამაყი პასუხი შეუთვალა: „მე ვაცნობიერებ აფხაზის მოვალეობებსა და თქვენი შემოჭრის მიზნებსაც. ამ საკითხში ჩვენს შორის არაფერი შეიძლება იყოს საერთო. ჩემთვის არ არის გადამდები სხვისი ცუდი მაგალითი... ყოველთვის და ყველგან, გაქცევა და საკუთარი დროშებისაგან თავის არიდება სამარცხვინო საქციელია“ [46, 386-387]. მიხეილ შარვაშიძე, ჩანს, ოკუპანტების მოთხოვნით ცდილობდა დიმიტრი შარვაშიძის დაყოლიებას ოსმალებთან თანამშრომლობაზე. მთავარმა იცოდა, რომ დიმიტრი ამ ნაბიჯს არავითარ შემთხვევაში არ გადადგამდა, მაგრამ მისი მცდელობა დიმიტრის გადმოსაბირებლად ჯეროვნად იქნებოდა შეფასებული ოსმალთა მხრიდან [106. 191].
ოქტომბრის დასაწყისში სოხუმში ომერ ფაშასთან მუჰამედ ემინი ჩავიდა. მთავარსარდალმა სულთნის სახელით ის აბაძეხებისა და მათი მეზობელი ტომების წინამძღოლად დანიშნა და ფაშას ეპოლეტები გადასცა. ასეთივე ეპოლეტები და საჩუქრები გაუგზავნა სეფერ-ბეის ანაპაში. ომერ-ფაშამ კარგად იცოდა, რომ ჩერქეზთა დახმარების გარეშე გაუჭირდებოდა, ამიტომ მუჰამედ ემინს განუცხადა, რომ სულთნისადმი ერთგულების ნიშნად, ის ვალდებული იყო პირობა შეესრულებინა – მთიელთა ლაშქარი შეეკრიბა და მას შეერთებოდა [145, 327-328]. ემინმა მთიელებს მოუწოდა შავიზღვისპირეთზე გადამწყვეტი შეტევისაკენ და აბაძახებს მეომრების გამოყვანა მოსთხოვა, მაგრამ ჩერქეზები მის მოწოდებას არ აჰყვნენ [151, 177]. მუჰამედ ემინი ფაშას შეპირდა, რომ 20 ათასიან ლაშქარს გამოიყვანდა, მაგრამ მისი იმედები არ გამართლდა. მუჰამედ ემინი მიმართავდა რეპრესიებს, უხვად არიგებდა დაპირებებსაც, მაგრამ მთიელებს შორეულ ლაშქრობაში წასვლა არ სურდათ. მთიელებს თავი ოსმალეთის სულთნის ქვეშევრდომად არ მიაჩნდათ. შედეგი ვერ გამოიღო ომერ ფაშას წერილმაც აბაძეხების მამასახლისებისადმი. მასთან მხოლოდ თემირგოელი თავადი კორბეკ ბოლოთუყო გამოცხადდა მცირე რაოდენობის უზდენებით [145, 328].
დასავლეთ კავკასიის მთიელების გარდა, ოსმალეთისა და მისი მოკავშირეების გეგმებში დიდი როლი ენიჭებოდა ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის, ჩეჩნეთდაღესტნის მიურიდულ მოძრაობას, მაგრამ არც შამილმა ისურვა მოკავშირეების დახმარება. სულთანმა შამილს მუშირის (მარშალის) წოდებაც კი უბოძა, მაგრამ მთიელთა ბელადზე რაიმე შთაბეჭდილება არც ამ უმაღლეს სამხედრო წოდებას მოუხდენია. იმამი არ ენდობოდა სულთნის დაპირებებს [151, 178].
ომერ ფაშა ხვდებოდა საქართველოში ოსმალეთის არმიის გამოყენების მიზანშეუწონლობას. აქ ოსმალების ყოფნამ მოსახლეობას ძველი მტრობა გაახსენა და შეიარაღებული წინააღმდეგობის გასაწევად განაწყო. ომერ ფაშას უფრო გამართლებულად მიაჩნდა მისი კორპუსის რუსების წინააღმდეგ გამოყენება ყუბანში, სადაც ჩერქეზების მხარდაჭერითაც ისარგებლებდნენ, ხოლო საქართველოში ინგლის-საფრანგეთის ჯარებს მეტი წარმატება ექნებოდათ, მაგრამ ოსმალთა სარდალს უკვე აღარ შეეძლო მოვლენათა და საკუთარი არმიის შემოტრიალება. ოქტომბრის დასაწყისში დასრულდა ომერ ფაშას კორპუსის სოხუმში თავმოყრის პროცესი. იმავდროულად, ყარსის გარნიზონის მდგომარეობა კრიტიკული გახდა. ციხეში შიმშილობა დაიწყო, რამაც გარნიზონის ბრძოლისუნარიანობა დასცა. ყარსის დამცველთა ერთადერთი იმედი ომერ ფაშა იყო [105, 177].
ოქტომბრის მეორე ნახევარში ომერ-ფაშას კორპუსი სოხუმიდან სამეგრელოსკენ დაიძრა. გზა ოსმალთათვის მეტად რთული აღმოჩნდა. ი. ბაგრატიონ-მუხრანელმა ხერგილები მოაწყობინა, სოფლები გაამაგრებინა, შეკრებილი იყო ადგილობრივი მილიციაც, მაგრამ ომერ ფაშამ ყველა წინააღმდეგობა გადალახა და მთავარ ძალებს – 30 ათასამდე მებრძოლი და 37 ქვემეხი, 20 ოქტომბრისათვის მდ. ენგურის მარჯვენა ნაპირზე მოუყარა თავი. ოსმალთა ჭარბი ძალების წინააღმდეგ ენგურზე 5 ათასი ჯარისკაცი და სახალხო ლაშქრის რაზმელები იდგნენ. 25 ოქტომბერს, ძლიერი საარტილერიო მომზადების შემდეგ, ომერ ფაშა მდ. ენგურის გადალახვას შეეცადა. გვალვიანი შემოდგომა იდგა და ენგური საკმაოდ დაპატარავებული იყო. ამიტომ მასზე ფონით გადასვლა შეიძლებოდა. ოსმალებმა რამდენიმე მიმართულებით მიიტანეს იერიში. ბრძოლა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. რუსთა და ქართველთა ლაშქარი თავდადებით იბრძოდა, მაგრამ მტრის ჭარბ ძალებთან ვერაფერს გახდა და ღამით ორგანიზებულად უკან დაიხია. რამდენიმე დღის შემდეგ ი. ბაგრატიონ-მუხრანელმა მოულოდნელად სამეგრელო დატოვა, იმერეთში გადავიდა და ჯარი მდ. ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე განალაგა [46, 293, 296; 164, 535]. ენგურთან ბრძოლაში, რუსეთის არმიის შემადგენლობაში აფხაზთაგან თავი გამოიჩინეს მეთერთმეტე ბატალიონის მეთაურმა, პოლკოვნიკმა სოლომონ ზვანბამ, რომელიც გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე, ცხენოსანი რაზმის უფროსმა, პოლკოვნიკმა დიმიტრი შარვაშიძემ, საარტილერიო ბატარეის მეთაურმა სამსონ შარვაშიძემ და მრავალმა სხვამ [133, 81].
26 ოქტომბერს ოსმალებმა უბრძოლველად დაიკავეს სამეგრელოს სამთავროს ცენტრი ზუგდიდი და მალე მთელ სამეგრელოს მოედვნენ, მაგრამ მათი შემდგომი წინსვლა შეფერხდა. მტრის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე მძლავრი პარტიზანული მოძრაობა გაჩაღდა. ოსმალებმა სამურზაყანო საფაშოდ გადააქციეს და ფაშად რუსეთის სამსახურის ყოფილი გენერალ-მაიორი, აფხაზეთის მთავართან დაახლოებული კაც მარღანია დანიშნეს. მას დიდი გავლენა ჰქონდა აფხაზებში, წებელდასა და დასავლეთ კავკასიის მთიელებში. კაც მარღანიამ სამურზაყანოელებს გამოუცხადა, რომ ამიერიდან ოსმალეთის ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ, ვალდებული იყვნენ სურსათ-სანოვაგე მოეტანათ ოსმალთა ბანაკში [4, 33]. აფხაზეთში ოკუპანტებმა ტყვის სყიდვა გააჩაღეს. 26 ოქტომბერს სოხუმის რეიდზე დადგა ინგლისური გემი „კენგურუ“, რომლის ეკიპაჟი ტყვის სყიდვას ეწეოდა [127, 18].
ინგლისური გაზეთი „ტაიმსი“ წერდა: „აქაური აფხაზების სიძულვილი თურქებისადმი არავითარ ეჭვს არ იწვევს... ისინი არამარტო არ გვეხმარებიან, არამედ დაანგრიეს რამდენიმე ხიდი, რომლებსაც შეეძლო ჩვენი მოქმედება გაეადვილებინა. ამ ხალხში არ მალავენ თანაგრძნობას და ერთგულებას რუსებისადმი“ [133, 81]. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზ ფეოდალთა ნაწილი ოსმალების მხარეზე გადავიდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ანტიოსმალურ განწყობას ინარჩუნებდა და მათ წინააღმდეგ საომარ ოპერაციებში მონაწილეობდა. ამიტომაც იყო, რომ ოსმალებმა მნიშვნელოვანი რაოდენობით აფხაზური სახალხო ლაშქრის შეკრება ვერ მოახერხეს. გაზეთ „ტაიმსი“-ს 1855წ. 25 სექტემბერს გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია: „აფხაზების სიძულვილი თურქებისადმი ეჭვგარეშეა... ისინი (აფხაზები – ზ.წ.) არა მხოლოდ არ გვეხმარებიან ჩვენ, არამედ ის ხიდებიც გაანადგურეს, რომელთა მეშვეობით გვიადვილდებოდა გადაადგილება და სადაც ხელი მიუწვდებათ, გზებსაც აფუჭებენ“ [121, 82].
მიუხედავად იმისა, რომ ომერ ფაშას ახალ-ახალი ძალები ემატებოდა, წინსვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. დაიწყო შემოდგომის კოკისპირული წვიმები, რამაც გზები გაუვალი გახადა. ოსმალთა კორპუსი საკვებისა და ნაკლებობას განიცდიდა. ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა ოსმალთა მიმართ სულ უფრო იზრდებოდა. ასეთ ვითარებაში ომერ ფაშას ლაშქრობის გაგრძელება შეუძლებელი ხდებოდა [126, 120]. მიუხედავად ომერ ფაშას მცდელობისა, დაეცვა წესრიგი და დისციპლინა ჯარში, ოსმალო ჯარისკაცები არ ერიდებოდნენ მშვიდობიანი სოფლელების დარბევასა და ძარცვა-გლეჯას, რითაც მოსახლეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო იზრდებოდა [105, 150]. ომერ-ფაშას ჯარს უკან მოჰყვებოდნენ აფხაზები და სხვა მთიელები, რომლებიც არბევდნენ მოსახლეობას, ქალები და ყმაწვილები ტყვედ მიჰყავდათ. ომერ-ფაშას ბრძანებით, ვისაც ძარცვა-რბევაზე წაასწრებდნენ, იქვე ასამართლებდნენ და ხვრეტდნენ, ან ტომარაში აგდებდნენ და წყალში ახრჩობდნენ, მაგრამ მთავარსარდალს არ შეეძლო ყველაფრისათვის პირადად თვალი მიედევნებინა. ოსმალებმა შეიპყრეს ალი-ბეი შარვაშიძის შვილები გიდი და მაჟარა, რომელთა დედამ ომერ ფაშას სთხოვა შეწყალება. მთავარსარდალი პატივისცემით მოეპყრა შარვაშიძის მეუღლეს და შვილები უვნებელი ჩააბარა [4, 33-34].
მოსახლეობა სახლ-კარს თავს ანებებდა და ტყეებსა და მთებში იხიზნებოდა. შედეგი არ მოჰყოლია ომერ ფაშას პოლიტიკურ მანევრებსაც, რომელიც სამეგრელოს მოსახლეობისა და სამთავრო სახლის კეთილგანწყობის მოპოვებისაკენ იყო მიმართული. ჯერ მთავარსარდალმა, ხოლო შემდეგ მასთან მივლინებულმა ინგლის-საფრანგეთის წარმომადგენლებმა, წერილებით მიმართეს სამეგრელოს დედოფალს. ისინი ეკატერინე დადიანს არწმუნებდნენ, რომ ოსმალეთის არმიის მიზანი იყო რუსების წინააღმდეგ ბრძოლა, რუსეთის აგრესიის აღკვეთა კავკასიაში და სამეგრელოს დამოუკიდებლობის აღდგენა, რომ „სამეგრელო და მისი მეზობელი ქვეყნები დამოუკიდებელი იყვნენ რუსეთისაგან და სხვა ნებისმიერი სახელმწიფოებისაგან“. ისინი დედოფალს ზუგდიდში დაბრუნებისა და ძალაუფლების ხელში აღებისაკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ ეკატერინე დადიანი არ ენდო მათ დაპირებებს და ოსმალების წინააღმდეგ სამეგრელოში გაჩაღებულ პარტიზანულ ბრძოლას თვითონ ჩაუდგა სათავეში [4, 43-46].
აფხაზეთის მთავარმა მიხეილ შარვაშიძემ, ოსმალთა სარდლის ომერ ფაშას აფხაზეთიდან გასვლის შემდეგ, კავკასიის კორპუსის სარდლობას მნიშვნელოვანი ცნობები მიაწოდა ოსმალთა ჯარების რაოდენობისა და განლაგების შესახებ აფხაზეთსა და სამეგრელოში. იგი წერდა: „სოხუმის მცველნი – ექვსი ბათალიონ, ოჩამჩირეს ოთხი ბათალიონ და რვა ზარბაზანი, გუდავის ხევის პირზედ – ერთი ბათალიონ და ორი ზარბაზანი, ზუგდიდს – ხუთი ბათალიონი ქვეით და სამასი ცხენოსანი და ყულევს მათი გლავნი შტაბი გადმოიყვანეს სოხუმიდან და თვით ომერ-ფაშა მანდ არის გარნიზონიანათ – ვგონებ რვა ბათალიონის მეტი არ იყოს. მათი მოქმედება ჩვენთვის ფარული არის“ [106, 232].
1855წ. 15 ნოემბერს ყარსის გარნიზონმა კაპიტულაცია გამოაცხადა. ომერ ფაშას ლაშქრობა, რომელიც ყარსის გასანთავისუფლებლად იყო მიმართული, უნაყოფო აღმოჩნდა. რუსეთის ჯარის ნაწილებმა და ქართველების სახალხო ლაშქარმა გააქტიურეს მოქმედება ოსმალთა კორპუსის წინააღმდეგ. ყოველივე ამან ომერ-ფაშა აიძულა შავი ზღვის სანაპიროსკენ დაეხია [66, 418-421]. ომერ ფაშას ლაშქრობის მიზანი მიუღწეველი დარჩა, მაგრამ მოკავშირეთა სარდლობამ მდგომარეობის გამოსწორება განიზრახა. ოსმალთა მთავარსარდალმა ბრძანება მიიღო 1856 წლის ზამთარი სამეგრელოში გაეტარებინა, და გაზაფხულზე საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში ლაშქრობა დაეწყო იმ მიზნით, რომ კავკასიის ადმინისტრაციული ცენტრი – თბილისი დაეკავებინა. თბილისშივე დაელოდებოდა ომერ ფაშა შამილის რაზმებთან შეერთებას, რომლებიც დაღესტნიდან კახეთში უნდა შემოჭრილიყვნენ [151, 173].
საომარი მოქმედებების სამმა წელმა მოწინააღმდეგეთა ძალები გამოფიტა. ომის გაგრძელებას განსაკუთრებით საფრანგეთი ეწინააღმდეგებოდა, რადგან მთავარი მიზანი – რუსეთის დასუსტება შავი ზღვის აუზში, უკვე მიღწეული იყო, და ინგლისის ინტერესებისათვის კავკასიაში ომის გაგრძელება საფრანგეთს არ სურდა. ამასთან, საფრანგეთისა და ინგლისის საზოგადოება ანტისაომარმა განწყობამ მოიცვა. ბრიტანეთის პარლამენტმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა მთავრობა, რომელსაც დიდ მსხვერპლში და წარუმატებელ საომარი მოქმედებებში დასდო ბრალი. ამიტომ საფრანგეთის ინიციატივას, დაეწყოთ სამშვიდობო მოლაპარაკება რუსეთთან, ბრიტანეთის კაბინეტისაგან დიდი წინააღმდეგობა არ შეხვედრია [149, 81].
1856წ. თებერვალში, ომერ ფაშას არმიის გადარჩენილი ნაწილების ევაკუაცია განხორციელდა რედუტ კალედან ბათუმისა და ტრაპიზონის მიმართულებით [66, 421].
1856წ. თებერვალ-მარტში, პარიზში, ყირიმის ომის შედეგებზე ევროპული კონფერენცია გაიმართა. ინგლისი ცდილობდა რუსეთის მიმართ თავისი გეგმის რეალიზებას – კავკასიის მოწყვეტას რუსეთისაგან და მის უკუგდებას ყუბანი – თერგის ხაზზე. აღსანიშნავია, რომ ეს ინგლისის კავკასიური პოლიტიკის ტრადიციების გაგრძელებას წარმოადგენდა, რომელიც არ ცნობდა 1828წ. ადრიანოპოლის ზავის შედეგებს. ინგლისის პოლიტიკა კავკასიასთან მიმართებაში ტრადიციულად ეყრდნობოდა იმ გარემოებას, რომ ითვალისწინებდა ჩერქეზების მიერ ადრიანოპოლის ზავის არცნობას და რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში ინგლისის დახმარების ძიებას, მაგრამ საფრანგეთს არ სურდა რუსეთის შემდგომი დასუსტება და ინგლისის გაძლიერება, ამიტომ გულგრილი ვერ იქნებოდა ინგლისის აგრესიული ზრახვების მიმართ ყირიმში, კავკასიასა და შავი ზღვის აუზში. ამ გარემოებამ გამოიწვია ინგლის-საფრანგეთის ანტირუსული კავშირის დაშლა და საფრანგეთის რუსეთთან დაახლოება, შესაბამისად, ინგლისის გეგმების განუხორციელებლობა [147, 669]. საფრანგეთის წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრაფმა ა. ვალევსკიმ, რომელიც პარიზის კონგრესზე თავმჯდომარეობდა, წამოაყენა წინადადება სპეციალურად განეხილათ „შავი ზღვის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიების მდგომარეობა“, რომელშიც იგულისხმებოდა საქართველო და, საერთოდ, ამიერკავკასია, მაგრამ ევროპაში ძალთა ახალი გადაჯგუფების გამო, ამ საკითხს გვერდი დუმილით აუარეს [151, 185-186].
1856წ. 30 მარტს ხელი მოეწერა პარიზის ტრაქტატს, რომლის მიხედვით, რუსეთმა შეინარჩუნა თავისი კავკასიური სამფლობელოები ომამდელ საზღვრებში, ხოლო დაპყრობილი ყარსისა და ბაიაზეთის საფაშოები თურქეთს დაუბრუნა. შავი ზღვა ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა, რუსეთს და ოსმალეთს აეკრძალა შავ ზღვაზე სამხედრო ფლოტის ყოლა და შავი ზღვის ნავსადგურების გამაგრება [130, 83-84]. პარიზის კონგრესის დამთავრების შემდეგ ომერ-ფაშამ სამეგრელოს დატოვების ბრძანება მიიღო. ოსმალებმა გააგრძელეს გასვლა რედუტ კალედან [151, 185].
სამეგრელოში გაშლილმა პატრიოტულმა მოძრაობამ დიდი წვლილი შეიტანა ოსმალთა არმიის დამარცხებაში. აღსანიშნავია ეკატერინე ჭავჭავაძის პირადი მამაცობა და მაგალითი, რასაც სამეგრელოს დედოფალი აძლევდა სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლ მის ქვეშევრდომებს. ოსმალეთის არმიის უკანასკნელმა ნაწილებმა აფხაზეთი დატოვეს 1856წ. გაზაფხულზე [88, 308].
აფხაზეთ-სამეგრელოში ომერ ფაშას სამხედრო ექსპედიციის სრული ფიასკო რამოდენიმე მიზეზმა განაპირობა. მოკავშირეთა სარდლობამ დააყოვნა დასავლეთ საქართველოში ოსმალური არმიის შეჭრის გეგმაზე თანხმობის მიცემა, რის გამოც ომერ ფაშამ მხოლოდ ნოემბრის დასაწყისში შეძლო აფხაზეთიდან სამეგრელოში გადასვლა, სადაც მისი არმია მკაცრ კლიმატურ პირობებში აღმოჩნდა, დაკარგა მობილურობა და ვერ შეძლო რაიმე სახის დახმარება აღმოეჩინა ყარსისათვის. ოსმალთა არმიას როგორც აფხაზეთში, ასევე სამეგრელოში ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან რაიმე სახის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა არ მიუღია, მეტიც, სამეგრელოს მოსახლეობა მტერს იარაღით ხელში დაუხვდა. ომერ ფაშამ ვერ შეძლო ჩერქეზებისა და აფხაზების მასიური აჯანყების ორგანიზება. ოსმალთა ამ წარუმატებლობაში თავისი წვლილი შეიტანა აფხაზეთის მთავარმა მიხეილ შარვაშიძემ. მიუხედავად ამისა, კავკასიის რუსულმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა გამოეკვლია, ჩაიდინა თუ არა აფხაზეთის მთავარმა ღალატი რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. 1855წ. ზაფხულში, ამ საკითხის შესწავლა დაევალა კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის თანამშრომელს დიმიტრი ყიფიანს, რომელიც კეთილსინდისიერებითა და ობიექტურობით იყო ცნობილი. სექტემბერში დიმიტრი ყიფიანი თბილისიდან დასავლეთ საქართველოში ჩავიდა და შარვაშიძის საქმის შესწავლას შეუდგა. 1855წ. ოქტომბერში, დ. ყიფიანმა დასავლეთ საქართველოში ჩატარებული კვლევა-ძიების ვრცელი ანგარიში წარუდგინა ხელისუფლებას, სადაც უარყო მიხეილ შარვაშიძისადმი წაყენებული ბრალდება ღალატის შესახებ და დაადასტურა, რომ მთავარი მოქმედებდა, როგორც შეეფერებოდა იმპერატორის ერთგულ ქვეშევრდომს [23, 61].
ნ. მურავიოვი მიხეილ შარვაშიძეს კვლავ ღალატში დებდა ბრალს, ამიტომ მიიჩნევდა რომ ყიფიანის მოკვლევა უფრო მიმართული იყო შარვაშიძის გამართლებისაკენ ვიდრე ატარებდა ღალატის ობიექტური გამოძიების ნიშნებს [106,230]. ნ. მურავიოვმა ვ. ბებუთოვს შესთავაზა ამ საკითხის თაობაზე თავისი აზრი წარმოედგინა. ვ. ბებუთოვი გაემგზავრა დასავლეთ საქართველოში და დაუკავშირდა მიხეილ შარვაშიძეს, რომელიც მაშინ ოჩამჩირეში იმყოფებოდა. 1856წ. 22 იანვარს, მიხეილ შარვაშიძემ ვრცელი წერილი გაუგზავნა ვ. ბებუთოვს, რომელშიც შეეცადა აეხსნა და გაემართლებინა თავისი მოქმედება [106, 238-242, 37, 52].
ვ. ბებუთოვმა მის მიერ შეგროვილი მასალა, მათ შორის, მიხეილ შარვაშიძის წერილიც, ნ. მურავიოვს წარუდგინა და თავისი აზრიც დაურთო. იგი თვლიდა, რომ არსებული ცნობებით ძნელი იყო მიხეილ შარვაშიძის ღალატში გადაჭრით დადანაშაულება, ამიტომ მიზანშეწონილად მიაჩნდა საბოლოო განაჩენის გამოტანა მომავლისათვის გადადებულიყო, როდესაც საამისოდ ხელსაყრელი ვითარება შეიქმნებოდა [37,46-49].
ამის შემდეგ, ნ. მურავიოვი შარვაშიძეს მხოლოდ ორპირობაში ადანაშაულებდა. სამხედრო მინისტრ ვ. დოლგორუკოვისადმი 1856წ. 27 თებერვლის წერილში ნ. მურავიოვი აღნიშნავდა, რომ მიხეილ შარვაშიძე როგორც რუსეთის, ისე ოსმალეთის მიმართ ორპირობას იჩენდა, რაც გამომდინარეობდა მისი ეჭვიდან, მეომარი მხარეებიდან ვის დარჩებოდა აფხაზეთი. ნ. მურავიოვი ასკვნიდა, რომ მთავარი გულწრფელი არ იყო არც რუსეთთან და არც ოსმალეთთან, მას მხოლოდ საკუთარი სამთავროს შენარჩუნება სურდა და ამიტომაც ნეიტრალიტეტის დაცვას ცდილობდა, მაგრამ ამავე დროს ავიწყდებოდა, რომ რუსეთის გენერალ-ადიუტანტის მაღალ წოდებას ატარებდა. ეს გარემოება ნ. მურავიოვის აზრით, ნათელს ხდიდა, რომ შარვაშიძემ უღალატა ფიცს, რის გამოც იგი უნდა დასჯილიყო [106, 244-247].
ნ. მურავიოვს ცნობა შარვაშიძის მიერ „ნეიტრალიტეტის“ მცდელობის შესახებ მიაწოდა გრიგოლ შარვაშიძემ. მისი ცნობის მიხედვით, ოჩამჩირეში შედგა შეხვედრა ანატოლიის ჯარების მთავარსარდალ მუშირ მუსტაფა ფაშასა და მიხეილს შორის. ამ შეხვედრაზე მთავარმა განაცხადა, რომ სურდა დარჩენილიყო ნეიტრალურ პოზიციაზე [37, 45]. იგივე შინაარსის შეტყობინება იქნა მიღებული რუსეთის დიპლომატიური არხებიდან, რომელიც ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქ სტამბოლში რუსულ წყაროებს ეყრდნობოდა [45, 89].
ნ. მურავიოვი, 1856წ. 8 მაისს, სამხედრო მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში ითხოვდა ნებართვას, მიხეილ შარვაშიძე, რომელიც პეტერბურგში აპირებდა გამგზავრებას, თბილისში ჩამოსვლისთანავე დაეპატიმრებინა, მაგრამ პეტერბურგში მეფისნაცვლის დაჟინებულ თხოვნას მთავრის დაპატიმრების შესახებ არ დაეთანხმნენ, თუმცა საჭიროდ ჩათვალეს მიხეილ შარვაშიძისათვის საიდუმლო მეთვალყურეობის დაწესება. აქ თავისი როლი შეასრულა პარიზის საზავო ხელშეკრულების მეხუთე მუხლმაც, რომლის ძალით ომში მოწინააღმდეგესთან თანამშრომლობაში შემჩნეულ პირებს ეპატიათ დანაშაული [106, 248].
იმპერიის ხელისუფლებამ მიზანშეწონილად ჩათვალა აფხაზეთის მთავრისთვის დანაშაული ეპატიებინა. თანაც რუსეთის ხელისუფლება ითვალისწინებდა შარვაშიძის დიდ ავტორიტეტს მთიელებში და კავკასიის საბოლოოდ დამორჩილებამდე არ ჩქარობდა აფხაზეთის სამთავროს გაუქმებასა და მთავრის დასჯას. 1856წ. 22 მაისს, სამხედრო მინისტრმა ნ. სუხოზანეტმა ნ. მურავიოვს აცნობა, რომ იმპერატორის ბრძანებით, მიხეილ შარვაშიძე ყოველგვარი მეთვალყურეობისაგან უნდა გაეთავისუფლებინათ და ნება მიეცათ პეტერბურგში დაუბრკოლებლად გამგზავრებულიყო [106, 249]. 12 ივნისს ნ. სუხოზანეტისადმი გაგზავნილ წერილში ნ. მურავიოვმა ისევ მოითხოვა, ყირიმის ომში მიხეილ შარვაშიძის ღალატის გამო, ხელისუფლებას განეხილა აფხაზეთის სამთავროს გაუქმებისა და მთავრის რუსეთის რომელიმე შორეულ გუბერნიაში გადასახლების საკითხი იმპერატორი ალექსანდრე II მიხეილ შარვაშიძეს აფხაზეთსა და დასავლეთ კავკასიაში რუსეთის შემდგომი წინსვლისა და დამკვიდრებისათვის საჭიროდ მიიჩნევდა. საომარი მოქმედებები კვლავ გრძელდებოდა ჩეჩნეთ-დაღესტანში, დასავლეთ კავკასია დასაპყრობი იყო, არც აფხაზეთში იყო სიმშვიდე, ამიტომ ცარიზმს მიხეილ შარვაშიძე ჯერ კიდევ სჭირდებოდა. იმპერატორმა აფხაზეთის მთავრის ღალატი დადასტურებულად არ ცნო [37, 54]. იმპერატორმა ნ. სუხოზანეტს დაავალა მიხეილ შარვაშიძისათვის შექების წერილი მიეწერათ. იმპერატორი ბრძანებდა, რომ შარვაშიძე შეექოთ და იმპერიის მომავალი სამსახურისათვის წაექეზებინათ. ეს „კეთილგანწყობა“ შარვაშიძისადმი ადვილად აიხსნება სამხედრო მინისტრ ნ. სუხოზანეტის შენიშვნით, რომ მიხეილ შარვაშიძის პირადი ძალისხმევა რუსეთს გამოადგებოდა „აფხაზეთსა და წებელდაში ხელახალი დამკვიდრებისათვის“ [106, 251]. აფხაზეთის მთავარი ჯერ კიდევ საჭირო იყო იმპერიისათვის იმ გადამწყვეტი შეტევის წინ, რასაც რუსული სამხედრო მანქანა ჩრდილოეთ კავკასიის მთიელების წინააღმდეგ ამზადებდა ყირიმის ომის დამთავრების შემდეგ. სამხედრო მინისტრის მხრიდან წებელდის ხსენება მიუთითებს მთავრის ზეგავლენას აფხაზეთის მთიანეთში, წებელდასა და სოხუმის სამხედრო გზის გასწვრივ მცხოვრებ აფხაზებზე, რომელთაც ჩერქეზების წინააღმდეგ მებრძოლი რუსული არმიისათვის პრობლემების შექმნა შეეძლოთ.
16 ივნისს ნ. სუხოზანეტმა ნ. მურავიოვს აცნობა, რომ სასურველი იყო შავი ზღვის სანაპირო პუნქტები, რომლებიც ჯერ კიდევ მტრის ჯარების მიერ იყო დაკავებული, რუსეთის მხარეს გადასცემოდა არა ოსმალეთის მხარის განზრახვითა და გაანგარიშებით, არამედ ტრაქტატის ზუსტი დაცვით, დადგენილ ვადებში, ოსმალთა ჯარების მთავარსარდლისა და კავკასიის კორპუსის მთავარსარდლის ორმხრივი შეთანხმებით და რომ აფხაზეთის სიმაგრეები პირადად შარვაშიძეს ჩაებარებინა. ნ. მურავიოვმა 10 ივლისს სუხოზანეტს აცნობა, რომ ბათუმის კორპუსის, გურიის, სამეგრელოს სანაპირო პუნქტებში და იმერეთში განლაგებული ოსმალეთის ჯარების მთავარსარდალი ჯერ კიდევ ზავის დადებამდე წავიდა ოსმალეთში, ხოლო ოსმალთა ნაწილებმა პარიზის ტრაქტატის დადებამდე ნებაყოფლობით დატოვეს რედუტ-ყალე და შეკვეთილი. რაც შეეხება მიხეილ შარვაშიძისათვის აფხაზეთის სიმაგრეების ჩაბარებას, კორპუსის მთავარსარდალი მინისტრს აუწყებდა, რომ ოსმალებმა სოხუმი, ზამთარში, უკანდახევისას, სანახევროდ დაცალეს, ხოლო 27 მაისს საბოლოოდ დატოვეს. [37, 55].
1856წ. 10 ივლისს სოხუმში რუსული ჯარი შევიდა [159, 196]. რუსეთმა პოლიტიკური
გადაწყვეტილება მიიღო და სოხუმში შემსვლელ სამხედროებს სათავეში აფხაზეთის მთავარი ჩაუყენა. ამით რუსეთი კვლავ ცნობდა სამთავროს ავტონომიურობას და მიხეილ შარვაშიძეს აფხაზეთის ხელისუფლად აღიარებდა.
თ ა ვ ი III. რუსეთ-ოსმალეთის ბრძოლა აფხაზეთისათვის XIXს. II ნახევარსა და XXს. I მეოთხედში
§1. აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა
1856წ. ივნისში მეფისნაცვლად და კავკასიის კორპუსის მთავარსარდლად გენერალი ა. ბარიატინსკი (1856-1862წწ.) დაინიშნა. მან კავკასიის კორპუსის მართვის რეორგანიზაცია განახორციელა, აგრეთვე შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული მოწყობის საკითხი ახლებურად გაიაზრა. ყირიმის ომის დროს საომარმა მოქმედებებმა ქუთაისის გუბერნიის სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების გაერთიანება გამოიწვია. მართვის ცენტრალიზაციის მიზნით, 1856წ. აგვისტოში, ქუთაისის გუბერნიისა და შავი ზღვის სანაპირო ხაზის მესამე განყოფილების გაერთიანებით შეიქმნა ქუთაისის საგენერალ-გუბერნატორო; შემოღებულ იქნა აფხაზეთის ჯარების უფროსის თანამდებობა. აფხაზეთის სამთავრო ნომინალურად ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს, ხოლო რეალურად კი მეფისნაცვალს დაექვემდებარა [170, 97-99]. იმავდროულად ცარიზმი თავისი პოზიციების განმტკიცებას საქართველოში 1857წ. სამეგრელოს, ხოლო 1858წ. სვანეთის სამთავროების გაუქმებითა და იქ რუსული მმართველობის შემოღებით შეეცადა.
ყირიმის ომის დამთავრების შემდეგ ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია რუსეთის ომს კავკასიის მთიელებთან. ცარიზმს საშუალება მიეცა, კავკასიაში თავი მოეყარა მნიშვნელოვანი ძალებისათვის. კავკასიის კორპუსი არმიად გარდაიქმნა. ა. ბარიატინსკის მიაჩნდა, რომ აფხაზეთში განმტკიცების გარეშე, დასავლეთ კავკასიის დაპყრობა შეუძლებელი იქნებოდა [143, 33-35].
ყირიმის ომის შემდეგაც რუსეთი სრულად ვერ აკონტროლებდა აფხაზეთს და მისი სამხედრო ნაწილები მუდმივი თავდასხმების საშიშროების ქვეშ იყვნენ. კავკასიის არმიის მარჯვენა ფრთის სარდალი, გენერალი გრ. ფილიპსონი კავკასიის არმიის მთავარი შტაბის უფროსს, გენერალ დ. მილიუტინს 1858წ. 13 მაისს სწერდა: „ვითარება აფხაზეთში უკეთესობისკენ არ შეცვლილა. ჩვენს ჯარისკაცებს ისე არ შეუძლიათ მოშორდნენ თავიანთ სიმაგრეებს ერთ ვერსზე, რომ ტყვედ ჩავარდნის ან სიკვდილის საფრთხის ქვეშ არ იყვნენ. ერთი სიტყვით, ჩვენ გვიკავია აფხაზეთი, მაგრამ ვერ ვფლობთ მას“ [38, 776]. რუსეთის ჯარების სარდალი აფხაზეთში, გენერალი მ. ლორის-მელიქოვი, 1858წ. 12 აგვისტოს მოხსენებითი ბარათით, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს, გენერალ-ლეიტენანტ გ. ერისთავს აუწყებდა: „ჩვენ დავიკავეთ სოხუმი 1810 წელს. უკვე ნახევარი საუკუნე გავიდა ამის შემდეგ და უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი გავლენა აფხაზეთში მცირედითაც არ გაზრდილა. როგორც გენერალმა ფილიპსონმა აღნიშნა, ჩვენ კი არ ვფლობთ აფხაზეთს, არამედ გვიკავია იგი და ისიც გაცილებით სუსტად, ვიდრე უწინ“ [38, 792].
1859წ. 25 აგვისტოს რუსეთის სარდლობას დანებდა შამილი. რუსეთმა ჩეჩნეთ-დაღესტანი დაიპყრო. მთიელები დარწმუნდნენ, რომ რუსეთთან ბრძოლის განახლება უაზრობა იყო და გადაწყვიტეს გაცლოდნენ კოლონიურ რეჟიმს. რუსეთის ხელისუფლების ზეწოლით, სოციალური ზედაფენისა და სასულიერო წრეების ზეგავლენით, ოსმალეთში გადასახლდნენ ჩეჩნები, დაღესტნელები და მუსლიმანი ოსების ნაწილი [102, 139].
რუსეთის მიერ ჩეჩნეთ-დაღესტნის დაპყრობის შემდეგ ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდნენ დასავლეთ კავკასიის მთიელები. ამიტომ რუსეთის სარდლობამ აქეთკენ გადმოისროლა 200 ათასიანი კავკასიის არმიის ძირითადი ნაწილები. იმპერატორი ალექსანდრე II (1855-1881წწ.) სარდლობისაგან მოითხოვდა, რომ რუსეთ-კავკასიის ომი, რომელიც ნახევარი საუკუნის მანძილზე გაჭიანურდა და უზარმაზარ სახსრებს ნთქავდა, მალე დაემთავრებინათ. დასავლეთ კავკასიის დაპყრობისათვის ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა აფხაზეთს. ნათელი იყო, რომ სანამ რუსებს აფხაზეთში მხოლოდ სანაპირო ზოლი ეჭირათ, მათი გავლენა ამ მხარეში მტკიცე ვერ იქნებოდა. 1860წ. დამდეგს, რუსეთის სარდლობამ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ჩრდილოეთ კავკასიასთან დამაკავშირებელი გზების გაყვანაზე, რასაც სამხედრო და ადმინისტრაციული მნიშვნელობა ჰქონდა. პირველ რიგში, გადაწყდა, აფხაზეთის სანაპიროდან ფსხუმდე სასაპალნე გზის გაყვანა. ფსხუელები კვლავ ესხმოდნენ თავს აფხაზეთის სოფლებს, რუსულ სიმაგრეებს, მიჰყავდათ ტყვეები. ამიტომ გზის გაყვანა რომ არ შეფერხებულიყო და საბოლოოდ დაემორჩილებინათ ეს თემი, გადაწყდა სამხდრო ექსპედიციის მოწყობა. 1860წ. აგვისტოში რუსეთის ჯარის ნაწილები ფსხუსკენ დაიძრნენ. ექსპედიციაში სამი ათასი აფხაზი მილიციელიც მონაწილეობდა. მიუხედავად მედგარი წინააღმდეგობისა, ფსხუელები დამარცხდნენ და რუსეთის სარდლობას მორჩილება გამოუცხადეს, თუმცა ექსპედიციის წარმატებას მთის ამ თემში რუსეთის გავლენის გაძლიერება არ მოჰყოლია. 1860წ. სექტემბერში, კავკასიის არმიის სარდლობამ ომის სწრაფად დამთავრების მიზნით ახალი გეგმა შეიმუშავა, რომელიც ითვალისწინებდა დასავლეთ კავკასიის მთიელების აყრას თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან და იქ რუსების ჩასახლებას. რუსულ კოლონიზაციას არა მხოლოდ უნდა დაეგვირგვინებინა კავკასიის დაპყრობა, არამედ თვითონ უნდა ყოფილიყო საბოლოო დაპყრობის ერთ-ერთი მთავარი საშუალება [143, 371]. გადაწყდა, შეეწყვიტათ დიდ მსხვერპლთან დაკავშირებული სამხედრო ექსპედიციები და შედგომოდნენ ჩრდილოეთ კავკასიის სისტემურ დასახლებას კაზაკთა დასახლებებით (სტანიცებით), ხოლო კავკასიელი მთიელები დაესახლებინათ დაბლობზე, ან საერთოდ, მოეშორათ იმპერიიდან და გადაესახლებინათ ოსმალეთში. რუსეთი ამ გზით ცდილობდა მოესპო ჩრდილოკავკასიელი ტომებისათვის ბუნებრივი თავშესაფარი და წინააღმდეგობის ბაზა მთების სახით და თავისი ადმინისტრაციის კონტროლისათვის დაექვემდებარებინა ან ოსმალეთში გადასახლებით გადაეწყვიტა დაუმორჩილებელი მთიელების პრობლემა. ა. ბარიატინსკი აღნიშნავდა, რომ მთიელების გადასახლების მიზანი იყო ამ ადგილების კაზაკთა დასახლებებისათვის გამოთავისუფლება [137, 198].
დასავლეთ კავკასიაში საომარი მოქმედებების მსვლელობისას რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა აფხაზეთის ფაქტორს და მიხეილ შარვაშიძის როლს. 1862წ. აპრილში ა. ბარიატინსკი სამხედრო მინისტრს დ. მილიუტინს სწერდა, რომ შარვაშიძის „გავლენა აფხაზეთში და მეზობელ ტომებზე, როგორც ჩემთვის ცნობილია, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია... ამიტომ ამ კაცის კეთილად განწყობა ჩვენ მიმართ ძალზე საჭიროდ მიმაჩნია“ [143, 388].
1864წ. თებერვალში რუსებმა დაიწყეს მასიური შეტევა მთიელებზე. ისინი უტევდნენ მთებსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლშიც. მეფისნაცვალი მიხეილ რომანოვი (1862-1881წწ.) ალექსანდრე II-ს სწერდა: „ვიმოქმედოთ წინდახედულად, მაგრამ გაბედულად, რათა საბოლოოდ გავწმინდოთ შავი ზღვის მთელი სანაპირო. საფიქრებელია, რომ მთიელების დიდი ნაწილი არჩევს თურქეთში გადასახლდეს, ვიდრე გადავიდეს მათთვის განსაზღვრულ ადგილებზე ყუბანში. შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს საბოლოო დაპყრობა ყველაზე მეტად დამოკიდებულია ადგილობრივ მკვიდრთა გასახლების სისწრაფეზე“ [137, 183].
1864წ. მაისში, რუსეთის ჯარის ნაწილებმა კავკასიელ მთიელთა წინააღმდეგობის უკანასკნელი კერა, ჯიქების მთის თემი აჰჭიფსი დაიკავეს მდ. მძიმთას ზემო წელში. 21 მაისს, აჰჭიფსის ცენტრში, სოფ. გუბაადვში, კავკასიის ომი დამთავრებულად გამოცხადდა. ივლისში რუსეთის ჯარის ნაწილები ფსხუში შეიჭრნენ. ფსხუელები თავგანწირვით იბრძოდნენ, მაგრამ დამარცხდნენ. 1864წ. ივლისში რუსებმა ფსხუ დაიკავეს. ფსხუელებმა გადაწვეს სახლ-კარი და 105 ოჯახი (862 კაცი) ფსხუს ჩრდილოეთით, მდინარე კუმას ხეობაში გადასახლდა, ხოლო სამი ათას ხუთასი კაცი ოსმალეთში წავიდა [137, 195].
ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში მცხოვრები ადიღეელებისა და აბაზების მნიშვნელოვანი ნაწილი, უბიხები კი მთლიანად, 1858-1864წწ. იძულებით ოსმალეთში გადასახლდნენ. რუსეთის სარდლობის ანგარიშის თანახმად, დასავლეთ კავკასიიდან ოსმალეთში გადასახლდა 418 ათასი, ხოლო ყუბანსა და ლაბაზე – დაახლოებით 90 ათასი კაცი. გადასახლება 1865 წელსაც გრძელდებოდა. შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე თითქმის არ დარჩნენ ადიღეელები და აბაზები, მათი მცირე ნაწილი ჩაასახლეს ყუბანზე. ოფიციალური მონაცემებით, დასავლეთ კავკასიიდან ოსმალეთში 470 ათასი ადამიანი გადასახლდა [170, 52].
რუსეთ-კავკასიის ომის დამთავრების შემდეგ ცარიზმმა ვრცელი ტერიტორია მიიღო საკოლონიზაციოდ. 1861-1864წწ. დასავლეთ კავკასიაში კაზაკთა 111 სტანიცა (14239 ოჯახი, 85 ათასი კაცი) ჩაასახლეს. იმავდროულად, ამ მხარეში ასახლებდნენ რუსეთის შიდა გუბერნიებიდან გადმოსახლებულ რუსებს, უკრაინელებს, ოსმალეთიდან ჩამოსულ ბერძნებს და სომხებს [137, 208]. დაპყრობილ ტერიტორიაზე 1866წ. ადმინისტრაციული რეფორმა გატარდა. მდ. ყუბანიდან კავკასიონის ქედამდე ყუბანის ოლქი შეიქმნა, შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპირო კი შავი ზღვის ოკრუგის შემადგენლობაში შევიდა, რომელიც ყუბანის ოლქის უფროსს ექვემდებარებოდა.
დასავლეთ კავკასიის დაპყრობისა და კავკასიის ომის დამთავრების შემდეგ, როდესაც კავკასიელ მთიელთა ნაწილი ბრძოლაში გაწყდა, ხოლო ნაწილი ოსმალეთში გადასახლდა, ცარიზმმა კავკასიაში თავი მყარად იგრძნო. რუსეთის იმპერია დაპყრობილი მხარის სამხედრო-ადმინისტრაციული მოწყობისა და კოლონიზაციისათვის ზრუნვას შეუდგა. ჯერ კიდევ კავკასიის ომის დამთავრებამდე, მეფისნაცვალი მიხეილ რომანოვი აფხაზეთის სამთავროს გაუქმებისთვის თადარიგს იჭერდა. კავკასიის რუსულმა ადმინისტრაციამ აფხაზეთის მიმართ სპეციალური გეგმა შეიმუშავა, რომელიც შავი ზღვის აფხაზეთის სანაპიროზე კაზაკების დასახლებას ითვალისწინებდა. ამ მიზნის მიღწევისათვის აფხაზეთის მთავრის ხელისუფლებისა და მემამულური მიწისმფლობელობის არსებობა დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა. მხარის კოლონიზაციისათვის თავისუფალი მიწები არ არსებობდა, ამიტომ ჯერ საჭირო იყო მკვიდრი მოსახლეობისაგან ამ მიწაწყლის „გაწმენდა“.
1863წ. მთელი ზაფხული მიხეილ შარვაშიძემ პიატიგორსკში გაატარა, მთავრის არყოფნაში აფხაზეთში ახალი ძალით იფეთქა შინაურმა შუღლმა, გახშირდა კაცისკვლა, ძარცვა და რბევა, რამაც სამთავროში უკიდურესად დაძაბა ვითარება და მხარე ქაოსის პირამდე მიიყვანა [18. 2, 20]. მთავარი აფხაზეთში ოქტომბრის შუახანებში დაბრუნდა. მიხეილ შარვაშიძემ, რომელიც ხვდებოდა ხელისუფლების განზრახვას სამთავროს გაუქმების შესახებ, გადაწყვიტა სამთავროს მართვა გადაეცა უფროსი შვილის, გიორგისთვის, რომელიც მეფისნაცვალთან ადიუტანტად მსახურობდა. 1863წ. 27 ოქტომბერს მთავარმა წერილი გაუგზავნა კავკასიის არმიის მთავარი შტაბის უფროსს გენერალ ა. კარცოვს. მიხეილ შარვაშიძე თავისი ავადმყოფობის გამო, მემეკვიდრე გიორგისათვის სამთავრო უფლებების გადაცემის გადაწყვეტილებას აცნობდა კარცოვს და გიორგის აფხაზეთში გამოგზავნას თხოვდა. მეფისნაცვლის დავალებით, ა. კარცოვმა მთავარს უპასუხა, რომ გიორგისთვის აფხაზეთის მართვის გადაცემის საკითხი იმპერატორის გადასაწყვეტი იყო, რადგან ახალ მთავარს ის ამტკიცებდა. ამასთანავე, ა. კარცოვი აღნიშნავდა, რომ გიორგი მრავალი დადებითი თვისების მიუხედავად, ახალგაზრდობისა და გამოუცდელობის გამო, იმჟამად მთავრის მოვალეობის შესრულებას ალბათ ვერ შეძლებდა [18. 3, 4]. ა. კარცოვი აშკარად ფარისევლობდა, როცა გიორგის ასაკზე ამახვილებდა ყურადღებას. იგივე რუსეთის ხელისუფლებამ, როცა ამის საჭიროებას ხედავდა, 13 წლის მიხეილი აიყვანა სამთავრო ტახტზე. მისი შვილი, გიორგი შარვაშიძე კი იმ დროისათვის 17 წლის ჭაბუკი იყო.
სამხედრო მინისტრის დ. მილიუტინისადმი 1864წ. 27 მარტს გაგზავნილ წერილში კავკასიის მეფისნაცვალმა მ. რომანოვმა აფხაზეთის სამთავროს გაუქმების საკითხი აღძრა. მისი აზრით, ეს ღონისძიება საჭირო იყო იმისათვის, რომ შესრულებულიყო უმაღლესი მთავრობის მიერ მოწონებული პროექტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მდ. ყუბანის შესართავიდან მდ. ბზიფამდე კაზაკთა სტანიცების მოწყობის შესახებ. მეფისნაცვალმა აუცილებლად მიიჩნია, რომ მთავარსა და მის მეკვიდრეს ნებაყოფლობით ეთქვათ უარი სამთავრო უფლებებზე, ამისათვის მათ უნდა დანიშნოდათ ფულადი ანაზღაურება, აფხაზეთის სამთავროსგან უნდა შემდგარიყო სამხედრო ოკრუგი ქუთაისის გენერალ-გუბერნატორისადმი დაქვემდებარებით. მეფისნაცვალი აფხაზეთში დემოგრაფიული ვითარების რადიკალური ცვლილების განხორციელებასაც გეგმავდა: „თუ თავისუფალი მიწების რაოდენობა საშუალებას მოგვცემს, შავი ზღვის სანაპიროზე, მდ. ენგურის შესართავამდე განლაგდეს კაზაკთა სტანიცები, რომლებიც მდ. ბზიფზე განლაგებულ სტანიცებთან ერთად შექმნიდნენ აფხაზეთის კაზაკთა ჯარს აფხაზეთის სამხედრო ოკრუგის უფროსის სარდლობით“ [18.1, 41].
იმპერატორმა ალექსანდრე II-მ ბრძანება გასცა აფხაზეთში დაუყოვნებლივ შემოეღოთ უშუალო რუსული მმართველობა. მიხეილ შარვაშიძეს შეუნარჩუნდებოდა გენერალ-ადიუტანტის წოდება და ნება ეძლეოდა საცხოვრებლად აერჩია პეტერბურგი ან მოსკოვი, მთავარსა და მისი ოჯახის წევრებს დაენიშნებოდათ პენსია [18. 2, 24-24]. მიხეილ შარვაშიძემ იმპერატორის ბრძანების უპირობოდ შესრულებაზე უარი განაცხადა. მთავარს თავისი პირობები ჰქონდა. მან ავადმყოფობის მომიზეზებით სამთავროს დატოვებაზე უარი თქვა და სურვილი გამოთქვა აფხაზეთი ემართა სიკვდილამდე. თუ ეს შეუძლებელი გახდებოდა, ის დაემორჩილებოდა იმპერატორის ნებას, საზღაურად კი 1 მილიონ მანეთს ვერცხლით და მის მფლობელობაში არსებული მამულისა და ქონების შენარჩუნებას ითხოვდა [18. 2, 39].
1864წ. აპრილში ალექსანდრე II-მ მოიწონა კავკასიის არმიის მთავარსარდლისა და კავკასიის მეფისნაცვლის მიერ წარმოდგენილი წინადადებები. მაისში მ. რომანოვს გაეგზავნა შესაბამისი მითითებები, რომელთა რეალიზაცია მან ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს დ. სვიატოპოლკ-მირსკის და აფხაზეთის ჯარების სარდალს, გენერალ პ. შატილოვს დაავალა.
მეფისნაცვალი აფხაზეთში მიხეილ შარვაშიძის დატოვების კატეგორიულად წინააღმდეგი გამოდიოდა. მეფისნაცვალი თვლიდა, რომ თუ ვერ მოხერხდებოდა აფხაზეთიდან მიხეილ შარვაშიძის მშვიდობიანად გაყვანა, არ უნდა გამორიცხულიყო ძალის გამოყენებაც. კავკასიის რუსული ადმინისტრაცია ჩქარობდა აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღებას. 1864წ. 24 ივნისს მეფისნაცვალმა გენერალ-ლეიტენანტ დ. სვიატოპოლკ-მირსკის უბრძანა აფხაზეთის მართვა უშუალოდ თავის ხელში აეღო. იმავე დღეს მეფისნაცვალმა მიხეილ შარვაშიძეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც გამოუცხადა იმპერატორის ნება მთავრის მოვალეობისაგან მისი გათავისუფლების შესახებ [18. 2, 48]. სამთავროს გაუქმება აფხაზეთში რუსული კოლონიზაციის დასაწყისს მოასწავებდა. დ. სვიატოპოლკ-მირსკის 1864წ. 6 ივნისის წერილში გენერალ ა. კარცოვისადმი მოცემულია აფხაზეთის რუსული კოლონიზაციის გეგმა: „თუ ჩვენ დავეუფლებით ცარიელი ადგილებს ბზიფის ორივე ნაპირზე, მაშინ შევძლებთ დასაბამი დავუდოთ რუსულ მოსახლეობას აფხაზეთში“. დ. სვიატოპოლკ-მირსკი გენერალ ა. კარცოვს 1864წ. 27 ივნისს წერდა: „თუ აფხაზების ნაწილი სამთავროს გაუქმების შემდეგ თურქეთში გადასახლებას მოისურვებს, ვფიქრობ, ამას ხელი არ უნდა შევუშალოთ“.[116, 7].
6 ივლისს მიხეილ შარვაშიძემ განკარგულება გასცა აბჟუის, ბზიფისა და აფხაზეთის ოლქების მმართველებს იმპერატორის ბრძანება თავიანთ ოლქებში გამოეცხადებინათ; შეეკრიბათ ოლქების უხუცესები და მათთან ერთად, 12 ივლისს, სოხუმში მხარის მართვის შესახებ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის შემდგომი განკარგულების მისაღებად გამოცხადებულიყვნენ [18. 2, 65].
12 ივლისს დ. სვიატოპოლკ-მირსკიმ აფხაზეთში რუსეთის ჯარების სარდალს, გენერალ-მაიორ პ. შატილოვს უბრძანა აფხაზეთის დროებით მართვას დაუყონებლივ შედგომოდა. იმავე დღეს, მიხეილ შარვაშიძის განკარგულების შესაბამისად, აფხაზეთის სამთავროს სამივე ოლქის საპატიო პირები და მამასახლისები სოხუმში შეიკრიბნენ. ქუთაისის გენერალ-გუბერნატორმა აფხაზებს გამოუცხადა იმპერატორის ბრძანება ქვეყანაში რუსული მმართველობის შემოღების შესახებ და მოუწოდა, ამიერიდან მხოლოდ იმპერატორის სახელით დანიშნულ მოხელეებს დამორჩილებოდნენ [18. 2, 70-71].
ამრიგად, რუსეთმა 1864წ. 12 ივლისს აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და მხარეში პირდაპირი მმართველობა შემოიღო. შეიქმნა სოხუმის სამხედრო განყოფილება, რომელიც ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს დაექვემდებარა. სამთავრო ტახტზე მიხეილ შარვაშიძემ ნებაყოფლობით თქვა უარი. ყოფილი მთავარი მიხეილ შარვაშიძე მიხეილ რომანოვს კვლავ აფხაზეთში დატოვებას სთხოვდა. იგი ხელისუფლებას შეახსენებდა, რომ რუსეთისთვის 40 წლის განმავლობაში ბევრი სამსახური გაუწევია და ახლა, მოხუცი და ავადმყოფი არ იმსახურებდა სამშობლოდან გაძევებას. თუ მაინც არ დატოვებდნენ აფხაზეთში, საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას, რომ იერუსალიმში მაცხოვრის საფლავთან ჩასულიყო და იქ დალოდებოდა აღსასრულს [18. 5, 2-5]. მიხეილ რომანოვმა დ. სვიატოპოლკმირსკის აცნობა, რომ მიხეილ შარვაშიძის აფხაზეთში ყოფნის უკანასკნელ ვადად იმპერატორის ბრძანებით 1 ოქტომბერი განისაზღვრა. შარვაშიძე დანიშნულ ვადამდე აფხაზეთიდან უნდა გასულიყო [18. 4, 11-12].
იმდენად უსამართლოდ ეპყრობოდა ხელისუფლება მოხუც და ავადმყოფ შარვაშიძეს, რომ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი დ. სვიატოპოლკ-მირსკიც კი მეფისნაცვლისადმი გაგზავნილ წერილში, ითხოვდა მთავარი მომავალ წლამდე დაეტოვებინათ აფხაზეთში, შემდეგ კი მისი სურვილისამებრ იმერეთში გადაესახლებინათ და არა რუსეთში [18. 4, 7-8]. დ. სვიატოპოლკ-მირსკი არ გამორიცხავდა შარვაშიძის იძულებით გასახლებას აფხაზთა საპროტესტო გამოსვლებიც გამოეწვია. ასეთ შემთხვევაში ის რადიკალური ზომების მიღებას გეგმავდა და აფხაზეთის მუსლიმანური მოსახლეობის ოსმალეთში გადასახლების წინადადებას აყენებდა [18. 4, 17].
სამთავროს გაუქმებასა და მთავრის აფხაზეთიდან გასახლებასთან დაკავშირებული მოვლენებისადმი ოსმალეთის დამოკიდებულების თვალსაზრისით საინტერესოა სტამბოლში რუსეთის ელჩის, გენერალ-ადიუტანტ ნ. იგნატიევის შეტყობინება კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიისადმი, სადაც აღნიშნულია, რომ ოსმალეთმა მიიღო გადაწყვეტილება, აფხაზეთის მთავარი მის მხლებლებთან ერთად წამოეყვანა აფხაზეთიდან და თავშესაფარი მიეცა. 29 ოქტომბერს, მეფისნაცვლის დიპლომატიურმა კანცელარიამ მიიღო სტამბოლში რუსეთის ელჩის ნ. იგნატიევის უწყება, რომ ოსმალეთმა დააკმაყოფილა „აბაზების მთავრის“ ჰამიდ-ბეის თხოვნა, მიეცათ მისთვის ოსმალეთში ჩასვლის ნება და ამ მიზნით სოხუმში გემი გამოეგზავნათ. ოსმალეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნ. იგნატიევს განუცხადა, რომ მათ განზრახული ჰქონდათ აფხაზთა გადმოსაყვანად სოხუმში სამხედრო გემები გაეგზავნათ [18. 2, 104].
მიხეილ შარვაშიძისათვის ელჩის მიერ სტამბოლიდან გამოგზავნილი ეს უწყება საბედისწერო აღმოჩნდა. ნ. იგნატიევმა კავკასიის ადმინისტრაციისაგან შეიტყო, რომ ჰამიდ-ბეის სახელით ოსმალეთში მიხეილ შარვაშიძეს იცნობდნენ. შესაბამისად, რუსეთის ელჩმა ოსმალეთის ხელისუფლებას მოსთხოვა არავითარი ზომები არ მიეღოთ შარვაშიძის თხოვნის დასაკმაყოფილებლად. ელჩმა განმარტა, რომ მიხეილ შარვაშიძე იმპერატორის გენერალ-ადიუტანტის წოდებას ატარებდა და მისი ოსმალეთში გადასახლება მიუღებელი იყო. შარვაშიძე ამ თხოვნის გამო რუსეთის კანონებით დაისჯებოდა [18. 2, 106-107]. მიხეილ შარვაშიძის ოსმალეთთან ურთიერთობის შესახებ ცნობის მიღებისთანავე, 31 ოქტომბერს, დ. სვიატოპოლკ-მირსკიმ სოხუმში პოდპოლკოვნიკი გრაფი პ. ქუთაისოვი გააგზავნა აფხაზეთის ჯარების სარდალთან, რომ მას დაუყოვნებლივ დაეპატიმრებინა მიხეილ შარვაშიძე და სოხუმში ჩაეყვანა. დ. სვიატოპოლკ-მირსკიმ 1 ნოემბერს წერილი გაუგზავნა მეფიცნაცვალს, რომელიც ყირიმში ისვენებდა და აფხაზეთის ყოფილი მთავრის ოსმალეთთან ურთიერთობის თაობაზე აცნობა. ამ ცნობის მიღებისთანავე მიხეილ რომანოვი სასწრაფოდ ჩამოვიდა თბილისში. მისი აზრით, მიხეილ შარვაშიძის არათუ ქუთაისში, არამედ, საერთოდ, კავკასიაში დატოვება უკვე არ შეიძლებოდა [18. 2, 111-112]. 4 ნოემბერს, დ. სვიატოპოლკმირსკიმ მიიღო მეფისნაცვლის ბრძანება ყოფილი მთავრის ნოვოროსიისკში გაგზავნის შესახებ, იქიდან სტავროპოლში უნდა გადაეყვანათ, სადაც შემდგომ განკარგულებას დაელოდებოდა [18. 2, 82, 105].
მიხეილ შარვაშიძემ ოსმალეთთან ურთიერთობის შესახებ განაცხადა, რომ ოსმალეთისგან მოითხოვა მხოლოდ გემი იერუსალიმში წასასვლელად. შარვაშიძის განმარტებით მას არ ეგონა, რომ ასეთი სახის დახმარების მოთხოვნა რუსეთის ხელისუფლებისათვის მიუღებელი იქნებოდა. მთავარმა აღნიშნა, რომ იერუსალიმში გამგზავრების ნებართვა მეფისნაცვალს ადრევე სთხოვა [18. 2, 86].
1864წ. 7 ნოემბერს, მიხეილ შარვაშიძე ოჩამჩირიდან რუსული სამხედრო გემით ნოვოროსიისკისკენ წაიყვანეს. ნოვოროსიისკიდან სტავროპოლში, შემდგომ კი საბოლოოდ ვორონეჟში გადაიყვანეს, სადაც აფხაზეთის უკანასკნელმა მთავარმა უპატიობაში, ავადმყოფობასა და სამშობლოს მონატრებაში დალია სული. მიხეილ შარვაშიძე 1866წ. 16 აპრილს, ვორონეჟში გარდაიცვალა. ზაფხულში მისი ნეშტი აფხაზეთში ჩამოასვენეს და ანდერძისამებრ მოქვის ტაძარში, მეუღლის გვერდით დაკრძალეს [198. 1]. საფლავზე გაკეთებული ქართული ასომთავრული წარწერა გვაუწყებს: „აქა განისვენებს მთავარი აბხაზეთისა მიხაილ გიორგის ძე შარვაშიძე, მიცვალებული 1866 წელსა“.
აფხაზეთის მთავრის წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრება და მოღვაწეობა დაკავშირებული იყო რუსეთ-ოსმალეთის ბრძოლასთან აფხაზეთში გაბატონებისათვის. მიხელ შარვაშიძე, თავისი მთავრობის ორმოცი წლის განმავლობაში, ცდილობდა შეენარჩუნებინა აფხაზეთის ავტონომიურობა რუსეთის იმპერიაში. რუსეთ-ოსმალეთის დაპირისპირების კრიტიკულ მომენტებში ყირიმის ომის დროს შარვაშიძის ქმედებებში გამოჩნდა, რომ მისთვის მთავარი იყო არა რუსეთის ერთგულება, არამედ საკუთარი სამშობლოს – აფხაზეთისა და თავისი ხელისუფლების ინტერესები. სწორედ ეს არ აპატია მას ცარიზმმა.
1866წ. სოხუმის სამხედრო განყოფილებაში საგლეხო რეფორმის გატარებისათვის მზადება დაიწყო, მაგრამ აფხაზეთის სოციალურ-საზოგადოებრივი წყობის თავისებურებების გაუთვალისწინებლობამ, ადგილობრივი მოსახლეობისათვის მიუღებელმა ადმინისტრაციულმა რეფორმამ და ჩინოვნიკური აპარატის უხეშმა ჩარევამ აფხაზთა ცხოვრების წესში, აფხაზეთის მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია, რომელიც სახალხო აჯანყებაში გადაიზარდა. მღელვარება დაიწყო 1866წ. 26 ივლისს სოფელ ლიხნში მრავალათასიანი შეკრებით. აჯანყებულებმა მთავრის სასახლეში შეხიზნული სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსი, პოლკოვნიკი კონიარი და რუსი ჩინოვნიკები სიცოცხლეს
გამოასალმეს. აჯანყებამ თითქმის მთელი აფხაზეთი მოიცვა. ცარიზმმა აფხაზეთში სასწრაფოდ გადაისროლა ჯარის ნაწილები და აგვისტოში აჯანყება ჩაახშეს. მისი ხელმძღვანელები და აქტიური მონაწილეები სასტიკად დასაჯეს. აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ცარიზმი აფხაზეთში ადმინისტრაციული რეფორმის მომზადებას შეუდგა, რომელიც მიზნად ისახავდა ხელისუფლების მხრიდან კონტროლის გაძლიერებას. 1866წ. 11 აგვისტოს დებულების თანახმად სოხუმის სამხედრო განყოფილება (აფხაზეთი) ბიჭვინთის, დრანდის, წებელდის, ოქუმის ოლქებად დაიყო. ცალკე ადმინისტრაციული ერთეულის სახით შევიდა მასში ქალაქი სოხუმი. სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსს სამხედრო გუბერნატორის უფლება მიენიჭა, თუმცა ნომინალურად ის ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს ექვემდებარებოდა. იმის გამო, რომ ცარიზმს გადაწყვეტილი ჰქონდა მდ. ბზიფიდან მდ. ენგურამდე შავი ზღვის სანაპიროს კოლონიზაცია კაზაკ-რუსებით, სამურზაყანო (ოქუმის ოლქი) აფხაზეთს შეუერთეს [160; 228-229]. 1866წ. აჯანყების შემდეგ, აფხაზთა ოსმალეთში გადასახლების გეგმის განხორციელება დაიწყო. ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის დ. სვიატოპოლკ-მირსკის 1866წ. 27 ოქტომბრის მიმართვაში კავკასიის მთიელთა სამმართველოს უფროსის დ. სტაროსელსკისადმი ნათქვამია: „არსებობს მხოლოდ ერთი რადიკალური საშუალება სოხუმის განყოფილების მხრიდან ყოველგვარი საშიშროების აღმოსაფხვრელად, ესაა აფხაზეთის მოსახლეობის თურქეთში გადასახლება“ [18. 6, 21; 137, 283]. დ. სვიატოპოლკ-მირსკის აზრით, ამ შემთხევაში ყველა სხვა საშუალება ზედმეტი იქნებოდა. ეს ღონისძიება წმენდის იმ სისტემას დააგვირგვინებდა, რაც მიღებულ იქნა დასავლეთ კავკასიის მთიელთა მიმართ [18. 6, 21]. კავკასიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აფხაზთა ოსმალეთში გადასახლებას მნიშვნელოვან ღონისძიებად მიიჩნევდნენ, მათი აზრით, მუსლიმანური მოსახლეობის შემცირება ხელს შეუწყობდა რუსეთის ხელისუფლების განმტკიცებას ამ მხარეში [137, 284]. მეფისნაცვალი მ. რომანოვი პირდაპირ აღნიშნავდა, რომ აფხაზთა გადასახლების მთავარ ამოცანად მიაჩნდა რუსეთის იმპერიის საზღვრებიდან მოსახლეობის იმ ნაწილის მოშორება, რომელიც ხელისუფლებისადმი ყველაზე უფრო მტრულად იყო განწყობილი [18. 6, 74; 137, 284]. ხელისუფლების აზრით, გადასახლების პროცესი უნდა დაერეგულირებინათ. მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ გადასახლებულთათვის უკან დაბრუნების ნება არ დაერთოთ [137, 285].
1866წ. ნოემბერში, რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II დათანხმდა, პირველივე შესაძლებლობისთანავე აფხაზეთისა და წებელდის მუსლიმანი მოსახლეობა ოსმალეთში გაესახლებინათ. იმპერატორისაგან თანხმობის მიღების შემდეგ, მიხეილ რომანოვმა კავკასიის ჯარების შტაბის უფროსს, გენერალ ა. კარცოვს უბრძანა, დაუყოვნებლივ შედგომოდა ამ გადაწყვეტილების შესრულებას [18. 6, 19; 137, 284]. რუსეთის ხელისუფლებამ წინასწარ განსაზღვრა გადასახლებისათვის საჭირო რიცხვი. ნავარაუდევი იყო აფხაზთა 4500 ოჯახის გასახლება. თავის მხრივ, ოსმალეთი მზადყოფნას გამოთქვამდა, აფხაზეთიდან 4000 ოჯახი მიეღო [18. 6, 4-6]. რუსების მტკიცებით, მუსლიმანი აფხაზები მოითხოვდნენ ოსმალეთში გადასახლებას, ამიტომ რუსეთის ხელისუფლებამ ელჩს ოსმალეთში, გრაფ ნ. იგნატიევს დაავალა, ამის თაობაზე მოლაპარაკება გაემართა. მალე რუსეთის ელჩი შეუთანხმდა ოსმალეთის ხელისუფლებას აფხაზთა გადასახლების შესახებ. შეთანხმება მოხდა იმაზეც, რომ ოსმალეთის ხელისუფლებას მუჰაჯირები რუსეთის საზღვრისპირა ადგილებში არ დაესახლებინა [137, 284].
მეფისნაცვალი მ. რომანოვი 1867წ. 13 თებერვალს იმპერატორს სწერდა, რომ კავკასიის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ძალით არ განდევნოს აფხაზები ოსმალეთში, მაგრამ ყოველმხრივ შეუწყოს ხელი მათ გადასახლებას. ხელისუფლებას სურდა პირველ რიგში გაესახლებინა წებელდა-დალის მუსლიმანური მოსახლეობა, რომელიც გამოირჩეოდა აფხაზეთში რუსული მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლით და კავკასიონის ქედის უღელტეხილებით კავშირი ჰქონდა ყარაჩაელებთან და ყაბარდოელებთან. ამასთან ხელისუფლება მათ რეფორმის საწინააღმდეგო მოძრაობაში სდებდა ბრალს და თვლიდა, რომ წებელდა-დალი დაკავშირებული იყო 1866წ. აჯანყებასთან [137, 285-286].
ოსმალეთისაგან თანხმობის მიღების შემდეგ მეფისნაცვალმა ბრძანა, აპრილის ბოლოდან დაწყებულიყო აფხაზთა გადასახლების პროცესი. სოხუმსა და აფხაზეთის სხვა ადგილებში კვლავ გადაისროლეს ჯარები [137, 286]. გადასახლების დაწყებამდე, 1867წ. 6 აპრილს, სოფელ ფსირცხადან მუჰაჯირთა პირველი ნაკადი წავიდა ბათუმში, რომელიც მაშინ ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ესენი იყვნენ ჯიქები და ფსხუელები (49 ოჯახი, 218 სული), რომლებიც სოფ. ფსირცხაში 1864 წლიდან ცხოვრობდნენ [18. 6, 115; 137, 286].
1867წ. აპრილის ბოლოს, მუჰაჯირობის ორგანიზებული პროცესი დაიწყო. აფხაზთა გადასახლება ძირითადად ძალდატანებით ხასიათს ატარებდა, რაც აშკარად ჩანს იმდროინდელი დოკუმენტებიდან. 1867წ. 31 მარტს, მეფისნაცვალი იმპერატორს სწერდა, რომ ბიჭვინთის ოლქის მცხოვრებთ არ სურდათ გადასახლება. აფხაზები ნებაყოფლობით ქრისტიანობასაც იღებდნენ, დარჩენა რომ მოეხერხებინათ [137, 288]. კავკასიის არმიის მთავარი შტაბის უფროსი, გენერალი ა. კარცოვი აღნიშნავდა, რომ გადასახლების ხელშემწყობი გარემოება იყო „აფხაზური საგვარეულოების ნათესაური თუ მეგობრული კავშირები ოსმალეთში წასულ აფხაზებსა და დასავლეთ კავკასიის მთიელებთან“ [18. 6, 27; 137, 282]. გაზ. „დროება“ ასე აღწერდა აფხაზეთში შექმნილ ვითარებას: „აფხაზები ძლიერ დაჯავრიანებულნი არიან... წებელდელები, დალელები და გუფუელები წავიდნენ. აბჟუის მაზრიდანაც მრავალი წავიდა. ჭილოუელები და ჯგერდელები გამორეკეს თავიანთი ბინიდან. მათ საშინელი გულით არ უნდათ წასვლა. აფხაზები დიდად აქებენ ბზუფუს მაზრის უფროსს დიმიტრი ჭავჭავაძეს. მან მამობრივი მზრუნველობით აუხსნა, რომ რუსის მმართველობის ქვეშ ყოფნა სჯობს ოსმალეთში გადასახლებას“ [197. 1]. ა. კარცოვი აღნიშნავდა, რომ აფხაზეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით, ზედაფენებს, არაერთხელ გამოუთქვამთ სურვილი, მიებაძათ ერთმორწმუნე მთიელებისათვის და თურქეთში წასულიყვნენ [18. 6, 28]. აფხაზი მემამულეები დაშინებული იყვნენ საგლეხო რეფორმითაც. ისინი ხედავდნენ, რომ სამთავროს გაუქმებისა და 1866წ. აჯანყების შემდეგ ხელისუფლების დამოკიდებულება მათ მიმართ შეიცვალა. ცარიზმს ადგილობრივი თავადაზნაურობა უკვე არ მიაჩნდა დასაყრდენად, რაც იმაში გამოიხატა, რომ არ ცნო მათი უფლებები გლეხთა მიწებზე. ამაში მჟღავნდებოდა ცარიზმის სურვილი, თავის განკარგულებაში მიეღო მიწების მნიშვნელოვანი ფონდი შემდგომი კოლონიზაციისათვის [137,279-280]. ამის გამო, აფხაზმა თავადაზნაურობამ გადაწყვიტა, ოსმალეთში წაეყვანა დამოკიდებული გლეხობაც და მათი მეშვეობით ოსმალეთში შეენარჩუნებინა ფეოდალის ჩვეული პრივილეგიები. სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსი, გენერალი მ. ტოლსტოი, 1867წ. 16 მარტს, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს სწერდა, რომ ორმოცამდე წებელდელ თავადს, 1 მაისიდან განზრახული ჰქონდა ოსმალეთში გადასახლება თავიანთ გლეხთა 2170 ოჯახთან ერთად [18. 6, 1]. როცა გადასახლების პროცესმა მნიშვნელოვანი გაქანება მიიღო, ხელისუფლება შეეცადა, შეეზღუდა იგი, რასაც მიაღწია კიდეც. 1867წ. ივნისის დასაწყისში გადასახლების პროცესი დასრულდა. ოსმალეთმა, რუსეთთან შეთანხმებისამებრ, აფხაზი მუჰაჯირები რუსეთის საზღვრებიდან შორს დაასახლა [137, 289].
ზოგიერთი, მუჰაჯირობის მომხრე აფხაზი ფეოდალი, რუსებისგან მოსყიდული იყო. დალელმა თავადმა მიხეილ მარშანმა დიდი დახმარება გაუწია ხელისუფლებას მტრულად განწყობილი წებელდელებისა და დალელების, მათ შორის, მასზე დამოკიდებული გლეხების ოსმალეთში გადასახლებაში [18. 7, 1-6]. მიხეილ მარშანისა და მისი ძმის, ხრიფსის გლეხებს მათ გარეშე არ სურდათ გადასახლება. ამიტომ გადაწყდა ხრიფს მარშანიც წასულიყო ოსმალეთში გლეხებთან ერთად, თუმცა მას რუსებმა მისცეს ფული და საიდუმლოდ უცხოეთის პასპორტიც, რომ აფხაზეთში დაბრუნება შეძლებოდა [18.7, 63].
გადასახლების პროცესში დგებოდა მუჰაჯირთა სიები სოფლების მიხედვით, ოჯახების რაოდენობის, ოჯახის თავკაცების სახელისა და გვარის მითითებით, ოჯახის წევრთა (ქალები, კაცები) რაოდენობის ჩვენებით. ამ სიების მიხედვით, 1867წ. აფხაზეთიდან გადასახლდა 3358 ოჯახი, 19342 სული [111, 72-73]. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან და აფხაზეთიდან ოსმალეთის იმპერიაში ცარიზმისადმი ურჩი მოსახლეობის გადასახლებით, თანაბრად იყო დაინტერესებული როგორც რუსეთი, ასევე ოსმალეთი. ოსმალეთის ხელისუფლება 1859 წლიდან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსეთთან, რის შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება პირველ ეტაპზე 50 ათასი გადმოსახლებულის მიღების შესახებ. ოსმალეთმა პირობა დადო, რომ გადმოსახლებულ ჩერქეზებს არ დაასახლებდა რუსეთის იმპერიის საზღვრების სიახლოვეს [196, 67]. 1860წ. 16
იანვარს, ოსმალეთის ხელისუფლებასთან შეიქმნა სპეციალური „მუჰაჯირთა კომისია“, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ტრაპიზონის ვალი (გუბერნატორი) წარმოშობით ჩერქეზი ჰაფიზ ფაშა. კომისია შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. მის კომპეტენციაში შედიოდა მუჰაჯირთა ოსმალეთში ჩამოსვლის ნავსადგურების კონტროლი, მუჰაჯირების ადგილზე აღრიცხვა და განსახლების ადგილებში გადაგზავნა [192, 106].
რუსეთის ხელისუფლებას იმდენად ეჩქარებოდა ურჩი მთიელების თავიდან მოშორება, რომ ხელს არ უშლიდა ოსმალო საზღვაო კონტრაბანდისტებს, თავიანთი გემებით ბათუმის, სოხუმის, სოჭის, ტუაპსეს, ნოვოროსიიკისა და ანაპის რეიდზე დამდგარიყვნენ და სანაპიროზე შეგროვილი ხალხის უკანონო გადაყვანა ეწარმოებინათ [172, 182]. რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, 1858-1864 წწ. ჩრდილოეთ კავკასიიდან გადასახლებულთა რაოდენობა 470 ათას ადამიანს შეადგენდა [125, 165-166]. ოსმალეთის ოფიციალური მონაცემები განსხვავებულია. 1870წ. სულთან აბდულაზიზს წარედგინა სპეციალური მოხსენება კავკასიიდან ოსმალეთის იმპერიაში გადმოსახლებული მთიელების შესახებ, რომლის მიხედვით, 1865წ. ზაფხულისათვის გადმოსახლებულთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 682 ათას ადამიანს [192, 91].
ამრიგად, 1867წ. განხორციელდა აფხაზთა პირველი დიდი მუჰაჯირობა, რაც განაპირობა, კავკასიის ომის დამთავრების შემდეგ ცარიზმის მიერ აფხაზეთის სამთავროს გაუქმებამ და აფხაზების 1866წ. ანტირუსულმა აჯანყებამ.
ოსმალეთის პოლიტიკამ აფხაზ-ჩერქეზებთან მიმართებაში, რომელიც ითვალისწინებდა სამხედრო სტრუქტურებსა და სახელმწიფო-ადმინისტრაციულ აპარატში კავკასიელი მთიელების მოზიდვის წახალისებას, გამოიწვია ქვეყნის მმართველობის ყველა სფეროში „ჩერქეზული“ გავლენის გაძლიერება. ტერმინით „ჩერქეზები“ ოსმალეთში ზოგადად აღნიშნავდნენ, როგორც საკუთრივ ჩერქეზულ ტომებს, ასევე აფხაზეთიდან გადასახლებულ აფხაზურ მოსახლეობასაც, რომელსაც აგრეთვე „აბაზას“ უწოდებდნენ. ამავე დროს, ოსმალეთში იცოდნენ, რომ აფხაზეთიდან გადმოსახლებული აფხაზები განსხვავდებოდნენ „ჩერქეზებისაგან. მათი ცალკე ეთნიკური კუთვნილების აღმნიშვნელად „აბაზას“ ხმარობდნენ. აფხაზური წილი და, შესაბამისად, გავლენა ოსმალეთის იმპერიის სამხედრო-პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ აპარატში არ ჩამოუვარდებოდა ჩერქეზული (ადიღური) ეთნოსის წარმომადგენლების მონაწილეობას. ოსმალეთის ისტორიაში ცნობილია აფხაზური წარმოშობის მრავალი პოლიტიკური, სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე. მიუხედავად იმისა, რომ, XIXს. ოსმალეთში ძირითადად მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ ჩრდილოკავკასიელი მუჰაჯირების ეთნიკურ წარმოშობას და ზოგადად ყველას „ჩერქეზის“ სახელით იხსენიებდნენ, აღსანიშნავია, რომ შუასაუკუნეების ოსმალური წყაროებისათვის „აფხაზი“ სხვა ხალხია, „ჩერქეზები“ სხვა. ისინი აფხაზეთს „აბაზას ქვეყანას“, ხოლო აფხაზებს „აბაზა“-ს უწოდებენ და განასხვავებენ მას „ჩერქეზებისა“ და „ჩერქეზეთისაგან“.
§2. რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომი და აფხაზეთი
XIX ს. 70-იან წლებში აღმოსავლეთის საკითხი კვლავ მოექცა საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრში. გაძლიერდა ევროპის დიდ სახელმწიფოთა ბრძოლა ოსმალეთის მემკვიდრეობის გაყოფისათვის. ავსტრია-უნგრეთს, რომელსაც სურდა ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ხელში ჩაგდება, აშინებდა რუსეთის გავლენის ზრდა ბალკანეთზე. ინგლისი გაბატონებული იყო ოსმალეთის ბაზარზე და ეწინააღმდეგებოდა რუსეთის მიერ ბოსფორ-დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდების ცდებს. გერმანია ხელს უწყობდა აღმოსავლეთის საკითხის გამწვავებას, რადგან ეს აძლევდა მას მოქმედების თავისუფლებას ცენტრალურ ევროპაში. 1875წ. ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში ანტითურქულმა აჯანყებამ იფეთქა. მალე აჯანყებას შეუერთდნენ ბულგარეთი, სერბია და ჩერნოგორია. რუსეთმა მხარი დაუჭირა სლავი ხალხების ეროვნული განთავისუფლებისათვის ბრძოლას. რუსეთის იმპერია, ოსმალეთის მიერ დაჩაგრული ბალკანეთის ქრისტიანი ხალხების დაცვის საბაბით, ბალკანეთში სამხედრო-პოლიტიკური პლაცდარმის შექმნასა და შავი ზღვის სრუტეებზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა. 1877წ. 12 აპრილს რუსეთმა ომი გამოუცხადა ოსმალეთს. რუსეთის ჯარებმა გადალახეს ოსმალეთის საზღვრები, როგორც ბალკანეთში, ისე კავკასიასა და მცირე აზიაში. [88, 327].
ქართველი ხალხი თანაგრძნობით შეხვდა ოსმალეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას, რადგან იმედოვნებდა, რომ ამას შედეგად მოჰყვებოდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ოსმალთა ბატონობისაგან განთავისუფლება. საქართველოს ისტორიული საზღვრების აღდგენის იდეა, რაც რუსეთის საქართველოში შემოსვლას ჯერ კიდევ ერეკლე მეორემ დაუკავშირა, XIX ს.-ის 60–70-იან წლებში ფართოდ გავრცელდა ქართველ საზოგადოებრიობაში. ქართველი პატრიოტები ცდილობდნენ კვლავ აღედგინათ კავშირი ოსმალეთის საქართველოსთან. ომის წინ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში იმოგზაურეს დ. ბაქრაძემ, გ. ყაზბეგმა, მ. გურიელმა, ა. მეფისაშვილმა, ივ. კერესელიძემ, გ. წერეთელმა და სხვ. ივ. კერესელიძე შეხვდა აჭარელთა თვალსაჩინო თავკაცს შერიფ ბეგ ხიმშიაშვილს, რომელიც აჭარის დედასამშობლოსთან შეერთებისათვის მოსახლეობაში აქტიურ საქმიანობას ეწეოდა [60, 116, 123].
1875წ. ოსმალეთის მთავრობამ აჭარლებს ჯარში წასვლა მოსთხოვა. აჭარლებმა არ შეასრულეს სულთნის ბრძანება და აჯანყდნენ [60, 110]. აჯანყება აჭარაში ოსმალეთის ხელისუფლების დასასრულსა და საქართველოს ამ უძველესი კუთხის დედასამშობლოსთან დაბრუნებას უმზადებდა საფუძველს. ომის დაწყებისას ამიერკავკასიაში უკვე შექმნილი იყო მილიციონერთა 8 ქვეითი და 3 ცხენოსანი პოლკი, 6 ქვეითი რაზმი, 4 ცხენოსანი დივიზიონი და 3 ქვეითი ასეული. აქედან ქართველი მოლაშქრეებით დაკომპლექტდა 6 ქვეითი რაზმი, 1 ცხენოსანი პოლკი, 2 დივიზიონი და 2 ასეული. ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე გავიდა დაახლოებით 30 ათასი ქართველი მოლაშქრე [155, 47]. აფხაზეთში სოხუმის განყოფილების სამხედრო ძალების შემადგენლობაში ირიცხებოდა აფხაზური მილიცია პოლკოვნიკ გრიგოლ შარვაშიძის მეთაურობით. 1876წ. ხელისუფლებამ შექმნა სპეციალური საჯარისო დაჯგუფება – სოხუმის რაზმი, რომლის დანიშნულება იყო აფხაზურ მოსახლეობაში წესრიგის შენარჩუნება. 1877წ. სოხუმის რაზმში 4752 ოფიცერი და ჯარისკაცი ირიცხებოდა. რაზმს მეთაურობდა სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსი გენერალ-მაიორი პ. კრავჩენკო [44, 256].
ომის დაწყებისთანავე, რუსეთის ჯარმა და ამიერკავკასიის მილიციონერებმა გადალახეს საზღვარი და საომარი ოპერაციები ოსმალეთის ტერიტორიაზე გააჩაღეს. აჭარაში შესულ რუს და ქართველ მეომრებს სარდლობა მოუწოდებდა, რომ არ დაერღვიათ მოსახლეობის ზნე-ჩვეულებანი და პატივისცემით მოპყრობოდნენ ხალხს. „დაე გახსოვდეთ, რომ თქვენ წინ გადაშლილია მინდვრები და მთები ძველი ქრისტიანული საქართველოსი“ [82, 116, 125].
1877წ. 30 აპრილს, რუსეთის არმიის ნაწილებმა დაიკავეს ქალაქი ბაიაზეთი და მისი მთელი დაბლობი. 17 მაისს ორსაათიანი ძლიერი იერიშის შემდეგ რუსთა ჯარმა არტაანი აიღო [41, 54-57]. მიუხედავად ამ წარმატებებისა, 1877წ. ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე, რუსთა ჯარის მდგომარეობა კავკასიის ფრონტზე არასახარბიელო იყო. რუსეთს 1856წ. პარიზის ტრაქტატით, აკრძალული ჰქონდა შავ ზღვაში სამხედრო ფლოტის ყოლა. ოსმალეთის სამხედრო გემებს, რომლებიც ბომბავდნენ რუსეთის სანაპირო სიმაგრეებს, ახალ-ახალი ნაწილები გამოჰყავდათ ბრძოლის ველზე და შეუფერხებლად ამარაგებდნენ არმიას იარაღით და სურსათ-სანოვაგით. შავ ზღვაზე, რუსეთი მხოლოდ საქართველოს შავიზღვისპირა ზოლისა და შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროების დაცვას ახორციელებდა. ამის მიუხედავად, 1877წ. აპრილში, აფხაზეთის სანაპიროებთან ოსმალური ესკადრა გამოჩნდა. მაისის განმავლობაში, გუდაუთასთან და ბიჭვინთის კონცხთან სანაპიროზე ოსმალო ასკერებთან და ოფიცრობასთან ერთად აფხაზი და ჩერქეზი მუჰაჯირებისაგან შემდგარი რაზმები გადმოვიდნენ [155, 77-78]. ოსმალეთის არმიის ნაწილებისა და მუჰაჯირების გადმოსხმა აფხაზეთის სანაპიროზე, კავკასიაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას რუსების ძალების შებოჭვისა და დასავლეთ საქართველოს მიმართულებით შეტევის იმიტაციას წარმოადგენდა. ოსმალურ დესანტთან ერთად გადმოვიდნენ უფრო ადრე გადასახლებული აფხაზი და ჩერქეზი მუჰაჯირები. ოსმალთა ერთ-ერთ სარდალ მუსა კუნდუხოვს ოცდაათამდე აფხაზური წარმოშობის ოსმალო ოფიცრისგან შემდგარი ამალა ახლდა. მთლიანად აფხაზეთში, ზოგიერთი მონაცემით, სამი ათასამდე აფხაზი მუჰაჯირი გადმოვიდა ნაპირზე. აფხაზმა მუჰაჯირებმა მოსახლეობაში დასარიგებლად ჩამოიტანეს ოსმალეთის არმიის შეიარაღებაში არსებული 30 ათასი შაშხანა [173, 120]. დესანტის გადმოსხმის დღეებში, გუდაუთაში აფხაზთა სახალხო ყრილობა გაიმართა. ოსმალეთის წარმომადგენელმა წაიკითხა სულთნის ფირმანი, რომელიც აფხაზებს რუსების წინააღმდეგ ომისაკენ მოუწოდებდა. შეკრებილი აფხაზობა მოწონებით შეხვდა სულთნის მოწოდებას. ამის შემდეგ მოლამ გამოიტანა მუსლიმანთა საღვთო წიგნი, ყურანი და შეკრებილები მუსლიმანური წესით დააფიცა სულთნის ერთგულებაზე. ხალხი რელიგიურმა ექსტაზმა შეიპყრო, ქრისტიანმა აფხაზებმა უარყვეს სარწმუნოება, იხსნიდნენ ჯვრებს, ხის ტოტებზე ჰკიდებდნენ და ყურანს ეთაყვანებოდნენ [118, 208]. მუჰაჯირებმა ლიხნის ეკლესიის მღვდელი ივანე გეგია მოკლეს, მონაზონი ბესარიონი (მიქაბერიძე) და მისი სიძე, მღვდელი ახვლედიანი დაპატიმრეს, ოსმალთა სარდალმა შევქეთ ფაშამ მათ დახვრეტა გადაუწყვიტა, მაგრამ ქართველი სასულიერო პირები, იქვე მყოფი აფხაზური წარმოშობის ოსმალო ოფიცრის შუამდგომლობით, შეიწყალა და გაანთავისუფლა [26, 463-464].
აფხაზეთში მუჰაჯირთა აქტიურობამ ოსმალეთის ხელისუფლების მოწონება გამოიწვია. ოსმალეთში თვლიდნენ, რომ რუსები იძულებულნი გახდებოდნენ აფხაზთა აჯანყების გამო, მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა გადაესროლათ აფხაზეთში. ოსმალეთი აფხაზეთში ომს „თვალის ახვევის ოპერაციად“ განიხილავდა, რომელსაც იქ რუსეთის მნიშვნელოვანი ძალები უნდა შეებოჭა [189, 95]. ოსმალეთის სამხედრო სარდლობისათვის მოულოდნელობად იქცა, რომ აფხაზეთის მონაკვეთი შედარებით სუსტად იყო დაცული. ნოვოროსიისკსა და ფოთს შორის განლაგებული იყო მხოლოდ ერთი საარტილერიო დივიზიონი. ოსმალეთის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, აფხაზეთში დისლოცირებული იყო რუსეთის არმიის 4 ათას კაციანი შენაერთი, რომლის რიგებში ხუთასამდე ადგილობრივი მილიციის წევრებიც შედიოდნენ. ეს სამხედრო შენაერთი დაქსაქსული იყო აფხაზეთის სანაპიროზე ბიჭვინთაში, სოხუმში, ოჩამჩირესა და კოდორის ხეობაში. ნოვოროსიისკში, სოჭში და ადლერში განლაგებულ რუსული გარნიზონების შემადგენლობაში მყოფ ოთხი ათასი ჯარისკაცს პოლკოვნიკი ბ. შელკოვნიკოვი სარდლობდა [173, 121-122].
1877წ. 2 მაისს ოსმალთა გემებმა სოხუმს ცეცხლი გაუხსნეს. რუსულმა ჯარმა სოხუმი დატოვა. ქალაქის ქუჩებში ანარქიამ, ძარცვა-რბევამ და ყაჩაღობამ იფეთქა. სოხუმის რაზმს, რომელიც სოხუმის სამხრეთით მდ. მაჭარისკენ იხევდა, ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობა და სოხუმის გარშემო მდებარე სოფლების ბერძენი და სხვა ეროვნების ქრისტიანი გლეხობა მოაწყდა. რაზმი ბრძოლით იგერიებდა აფხაზთა თავდასხმებს. გენერალმა კრავჩენკომ ვერ შეძლო წებელდაში დაბანაკება. მიუხედავად იმისა, რომ წებელდის ბაზა განსაზღვრული იყო, როგორც სათადარიგო სამხედრო პუნქტი შესაბამისი სურსათ-სანოვაგისა და შეიარაღების მარაგით, აფხაზთა რაზმების განუწყვეტელმა თავდასხმებმა რუსები აძულა მდ. კოდორის გადალახვას შედგომოდნენ. სოხუმის რაზმმა კოდორის ხეობაში უკანდახევისას დააგდო მთელი აღალი, საბრძოლო მასალების ნაწილი, სოხუმის სამხედრო განყოფილების დოკუმენტაცია [141, 207].
რაზმმა და ლტოლვილებმა დაიწყეს კოდორის გადალახვა ბაგადის კლდეებთან. კლდეებს შორის, მდ. კოდორის თავზე, 30 მეტრის სიმაღლეზე დაკიდულ 28 მეტრის სიგრძისა და მეტრნახევრის სიგანის ხიდზე ჯარისკაცები და ლტოლვილები ორი დღის განმავლობაში გადადიოდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სოხუმის რაზმის არიერგარდი, პოლკოვნიკ გრიგოლ შარვაშიძის მეთაურობით გმირულად იგერიებდა აფხაზთა რაზმებისა და ოსმალური არტილერიის შეტევებს, რამაც უზრუნველყო მთელი პირადი შემადგენლობის, დაჭრილებისა და ლტოლვილების სამშვიდობოზე გადაყვანა. შარვაშიძე 17 მაისს გადავიდა კოდორის მარცხენა ნაპირზე და ხიდი ჩაშალა ოჩამჩირის ოკრუგში სოხუმის რაზმის დასახმარებლად გამოგზავნილი გენერალ-მაიორ ი. ალხაზოვის (ალხაზიშვილი) მეთაურობით დამხმარე ძალა შემოვიდა, რომელმაც სამურზაყანოში გადმოსულ კრავჩენკოს რაზმთან გაერთიანების შედეგად ინგურის რაზმის დასახელება მიიღო. გენერალმა ალხაზოვმა აფხაზებთან რამდენიმე წარუმატებელი შეტაკების შემდეგ, ინგურის რაზმი მდ. ღალიძგის ნაპირზე გაამაგრა. მაისის ბოლოსთვის ინგურის რაზმმა გადაკეტა სამურზაყანო-სამეგრელოსაკენ სავალი გზები. [155, 84].
23 მაისს ოსმალეთის სამხედრო ფლოტმა ადლერი დაბომბა და ნაპირზე ათასხუთასამდე მუჰაჯირი გადმოსხა. პოლკოვნიკმა ბ. შელკოვნიკოვმა ადლერიდან გამოხმობილი რაზმებით ქ. სოჭი გაამაგრა. 2 ივნისს ოსმალეთის გემებმა სოჭის დაბომბვა დაიწყეს, მაგრამ რუსების თავგანწირული წინააღმდეგობისა და ბ. შელკოვნიკოვის უნარიანი სარდლობის გამო აქ დესანტის გადმოსხმა ვერ მოახერხეს. ოსმალეთის ფლოტი თავისი მანევრირების შესაძლებლობების გამოყენებით ცდილობდა რუსთა სანაპირო დაცვა რამოდენიმე ადგილას გაერღვია, მაგრამ ოსმალეთის სამხედრო სარდლობისათვის არ წამოადგენდა მთავარ ამოცანას უზრუნველეყო აქ მუჰაჯირების დესანტის გადმოსხმა, რადგან არ ელოდნენ წინა მუჰაჯირობებიდან დაცლილ ამ მხარეში სერიოზულ მხარდაჭერას [173,122]. აფხაზეთში საომარი მოქმედებების წარმოებისას ოსმალები ძირითადად აფხაზ მუჰაჯირთა ძალებს ეყრდნობოდნენ. სამურზაყანოში ძირითადად აფხაზ-ჩერქეზი მუჰაჯირებისა და ადგილობრივი აჯანყებული აფხაზების შენაერთები იბრძოდნენ, რომელთა მხარეზე გადავიდა აფხაზური მილიციის ნაწილიც. მათ ზღვიდან ოსმალეთის სამხედრო ფლოტის ჯავშნოსნები უჭერდნენ მხარს. ოსმალების ძირითადი სამხედრო ძალა ქ. სოხუმში დაბანაკდა და რუსებთან პირდაპირ შეტაკებებში ჩაბმისაგან თავს იკავებდა. ოსმალო სარდლობა, აფხაზთა და მუჰაჯირთა რაზმების გამოყენებას აფხაზეთში რუსული არმიის დიდი კონტინგენტის გადმოსროლისა და ამგვარად სამხრეთ კავკასიაში უპირატესობის მიღებისათვის ცდილობდა. ოსმალები არ იშურებდნენ თანხებს აფხაზთა მოსასყიდად და სამხედრო აღჭურვილობას მათ შესაიარაღებლად. ოსმალებმა აფხაზებს დაურიგეს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესყიდული უახლესი ჰენრი ვინჩესტერისა და პიბოდ-მარტინის შაშხანები. რუსთა რაზმები კი შეიარაღებულნი იყვნენ მოძველებული კარლეს სისტემის თოფებით. ინგურის რაზმის სამურზაყანოსა და ქუთაისის ქართული მილიციის მებრძოლები კი კაჟიანი თოფებით იყვნენ აღჭურვილნი, რაც ანაქრონიზმს წარმოადგენდა [40, 162].
ოსმალებმა აფხაზეთში ფართოდ გაშალეს ადგილობრივი მოსახლეობიდან მოხალისეების შეკრების კამპანია. როგორც რუსული სამხედრო წყარო აღნიშნავს, რუსების წინააღმდეგ ბიჭვინთის ოკრუგში კომლზე ერთი კაცი, ხოლო კოდორის უბანში მდ. მოქვამდე მთელი მოსახლეობა გამოვიდა [44, 133].
აფხაზური შენაერთები შედგებოდნენ მუჰაჯირებისა და მილიციის რაზმებისაგან, რომელთაც სათავეში ადგილობრივი გავლენიანი ფეოდალები ჩაუდგნენ – ჯანბულათ და სალიჰ მარღანიები, ხერიფს მარშანია, რაშიდ გეჩბა და სხვ. აჯანყებულმა აფხაზებმა ძირითადი დარტყმა მიმართეს კოდორის უბანში, რომ გაერღვიათ რუსების თავდაცვითი ხაზი, გაჭრილიყვნენ სამურზაყანოში და გასულიყვნენ მდ. ენგურზე. რუსული სამხედრო სარდლობა შიშობდა, რომ ენგურამდე უკანდახევას, აუცილებლად მოჰყვებოდა სამურზაყანოელების აჯანყებაც და მათი გადასვლა ოსმალების მხარეზე [44, 304]. რუსეთის სარდლობას რომ შეშფოთების რეალური საფუძველი ჰქონდა, იქიდანაც ჩანს, რომ სამურზაყანოს მილიცია არ იჩენდა თავგამოდებას ბრძოლაში [41, 209]. ზოგიერთი ცნობით ადგილი ჰქონდა მტრის მხარეზე გადასვლის შემთხვევებსაც [44, 333]. 2 ივნისს, გამთენიისას აფხაზებმა სოფელ ილორთან, მდ. ღალიძგაზე გამაგრებულ ინგურის რაზმის მარცხენა ფრთაზე მიიტანეს იერიში. ორი ოსმალური ჯავშნოსანი, ინგურის რაზმის პოზიციების საარტილერიო დაბომბვით უჭერდა მხარს აფხაზთა შეტევას. აფხაზთა შეტევები შუადღემდე გაგრძელდა, მაგრამ თავდამსხმელებმა დაცვის ხაზის გარღვევა ვერ შეძლეს და ტყეს შეეფარნენ [44, 324-326]. იმავდროულად, აფხაზებმა შეტევა განახორციელეს ინგურის რაზმის მარჯვენა ფლანგზე მდ. ღალიძგაზე სოფელ ფოქვეშთან. გააფთრებული ბრძოლის შედეგად ინგურის რაზმმა შეძლო პოზიციების შენარჩუნება და მტერი მოიგერია. გენერალ ალხაზოვის უნარიანმა სარდლობამ საშუალება მისცა თავდამცველებს დროულად ჩაებათ ბრძოლაში სარეზერვო ნაწილები [41, 326-328].
აფხაზებმა თავიანთ დამარცხებაში ბრალი ოსმალებს დასდეს და მათგან ქმედითი და უფრო ძლიერი სამხედრო დახმარება მოითხოვეს. ოსმალთა სარდლობა იძულებული გახდა სოხუმის საოკუპაციო შენაერთისა და არტილერიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოჩამჩირეში გადაესროლა. აფხაზ-ოსმალთა დაჯგუფებამ 13 ივნისს კვლავ შეუტია ენგურის რაზმის პოზიციებს, თუმცა ამ დროისათვის გენერალი ალხაზოვი უკვე გაძლიერებული იყო მაშველი ძალით და თავად განავითარა კონტრიერიში ოჩამჩირის მიმართულებით. შეტაკებებში ორივე მხარე მძიმე დანაკარგებს განიცდიდა, მხოლოდ 15 ივნისს ინგურის რაზმის დანაკარგმა მოკლულთა და დაჭრილთა სახით 368 ჯარისკაცი და ოფიცერი შეადგინა. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასაწყისში, რუსთა სამხედრო სარდლობის უკანდახევამ მოსახლეობაში რუსებისადმი უნდობლობა გააღრმავა. „არა მარტო აფხაზები, სამურზაყანოელებიც არ ენდობოდნენ ჩვენი იარაღის ძალას და თურქების მხარეზე გადადიოდნენ“, – ნათქვამია ერთი რუსი ოფიცრის მოხსენებაში აფხაზეთში იმდროინდელი საომარი მოქმედებების შესახებ [44, 338].
ივლისის დასაწყისში გენერალმა ალხაზოვმა საერთო იერიშის ბრძანება გასცა. ენგურის რაზმმა სამეგრელოსა და სამურზაყანოს მილიციის მხარდაჭერით განახორციელა შეტევა ფრონტის ჩრდილოეთ უბანზე და 19 ივლისს სოფ. ჯგერდას მიაღწია. აფხაზებმა მდ. კოდორამდე დაიხიეს. ენგურის რაზმი მდ. მოქვის მარჯვენა ნაპირით ზღვის სანაპიროსკენ დაეშვა და სოფლების გადაწვას შეუდგა. ოჩამჩირეში დაბანაკებულმა ოსმალო ასკერებმა სასწრაფოდ დაიწყეს სოხუმში ევაკუაცია. ენგურის რაზმმა მთელი კოდორის უბანი დაიკავა. მოსახლეობამ, რომელმაც გაქცევა ვერ მოასწრო, რუსებს მძევლები მისცა და იარაღის ჩაბარება დაიწყო [198. 2].
აფხაზების ნაწილი იბრძოდა რუსული სამხედრო შენაერთების რიგებში. აღსანიშნავია გრიგოლ შარვაშიძე, რომელმაც სოხუმის რაზმის ევაკუაციის დროს გამოჩენილი მამაცობისა და უნარიანი სარდლობისათვის გენერლის წოდება მიიღო. თავდადებით იბრძოდა სამურზაყანოელთა ასეული ბათა ემუხვარის მეთაურობით, რომელმაც აფხაზთა აჯანყების ერთ-ერთი მოთავე ხრიფს მარშანია დაატყვევა, ხოლო თავადმა მისოუსტ მარშანიამ შემოვლითი გზით მოახერხა ზურგში მოქცეოდა მტრის თავდაცვით პოზიციას, რომელზე შეტევისას პოზიციის ყველა დამცველი განადგურებულ იქნა [44, 343].
ოსმალები ძირითად მნიშვნელობას ანიჭებდნენ სამთავროს ცენტრის სოხუმის მაქსიმალურად დიდი ხნით შენარჩუნებას, რაც მათი გეგმით უზუნველყოფდა ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსეთის სახმელეთო ძალების დიდი რაოდენობის შებოჭვას. ეს გარემოება, ფრონტის სხვა უბნებზე მებრძოლ ოსმალებს უპირატესობის მიღების საშუალებას მისცემდა. სოხუმის სამხედრო ოკუპაციას ახორციელებდა ოსმალთა 12 ბატალიონი სამი საარტილერიო ბატარეით. ოსმალური არმიის ბატალიონის შემადგენლობაში ირიცხებოდა 774 ოფიცერი და
ჯარისკაცი, ხოლო საარტილერო ბატარეა 6 ქვემეხისა და 110 არტილერისტისგან შედგებოდა. ძლიერ სამხედრო ძალას წარმოადგენდნენ აფხაზ-ჩერქეზ მუჰაჯირთა რაზმები და ადგილობრივი მუსლიმანი მოხალისეები [44, 343-344].
2 აგვისტოს დაიწყო რუსული არმიის შეტევის გადამწყვეტი ფაზა აფხაზეთში ოსმალთა წინააღმდეგ. სოხუმზე სამი მიმართულებიდან დაიძრნენ სოჭის, მარუხისა და ენგურის რაზმები. სოჭიდან აფხაზეთში შემოვიდა პოლკოვნიკ ბ. შელკოვნიკოვის შენაერთი 2500 კაცითა და 2 ზარბაზნით, მარუხის უღელტეხილიდან სოხუმის სამხედრო გზით დაეშვა გენერალ ლეიტენანტ პ. ბაბიჩის 3 ათასკაციანი მარუხის რაზმი 2 სამთო ქვემეხით, მდ. კოდორის მხრიდან კი სოხუმზე შეტევას ახორციელებდა გენერალ ალხაზოვის შენაერთი 10 ბატალიონითა და მილიციის დრუჟინებით. ქალაქზე საერთო შეტევის მეთაურობა გენერალ ალხაზოვს დაევალა. ამავე დროს რუსული სარდლობა ადგილობრივი მოსახლეობის მტრული განწყობის განეიტრალებასაც ცდილობდა. ოსმალები, აფხაზ მუჰაჯირებთან ერთად მნიშვნელოვან და ანგარიშგასაწევ სამხედრო ძალას წარმოადგენდნენ, ამიტომაც რუსები ცდილობდნენ ზეგავლენა მოეხდინათ მოსახლეობაზე, რომ მათ ხელი აეღოთ ოსმალებისადმი სამხედრო მხარდაჭერაზე. კავკასიის არმიის სარდლის თანამშემწე, თავადი დ. სვიატოპოლკ-მირსკი გენერალ ი. ალხაზოვისადმი წერილში, ხაზს უსვამდა სოხუმზე შეტევის დროს აფხაზი მოსახლეობის განწყობის მნიშვნელობას: „ჩვენთვის ხელსაყრელია, რომ აფხაზეთში სამი მხრიდან ჯარების შეყვანის მუქარამ, თუნდაც რაზმების მოძრაობის დაწყებამ აიძულოს ადგილობრივი მოსახლეობა დაგვმორჩილდეს“ [44, 353].
დ. სვიატოპოლკ-მირსკი აღნიშნავდა, რომ აფხაზთა მუხანათობა, (რაშიც იგი აჯანყებული აფხაზების ოსმალთა მხარეზე გადასვლას გულისმობს – ზ.წ) სასტიკად უნდა დასჯილიყო, მაგრამ „ამ უბედურმა ხალხმა ჯერ კიდევ შეიძლება შეიმსუბუქოს თავისი ხვედრი და დაიმსახუროს შებრალება თუ მოტრიალდება თურქების წინააღმდეგ და დაეხმარება ჩვენს ჯარებს მათი სოხუმიდან განდევნაში“. დ. სვიატოპოლკ-მირსკი ი. ალხაზოვს მოუწოდებდა, იარაღის გამოყენებით დაესაჯა ურჩი სოფლები, მაგრამ არ მოეთხოვა მოსახლეობისათვის აჯანყების მოთავეების გადაცემა, რადგან ეს გაამძაფრებდა წინააღმდეგობას. ის ურჩევდა ი. ალხაზოვს, არ დაებრკოლებინა თურქებთან ერთად, „დამნაშავე“ აფხაზების გაქცევა აფხაზეთიდან [44, 200].
გენერალი ი. ალხაზოვი ხედავდა ოსმალთა მხრიდან ევაკუაციის სამზადისს და აყოვნებდა ქალაქის დაკავების ბრძანებას. ეს ტაქტიკა საფიქრებელია გამოწვეული იყო ზედმეტი მსხვერპლის თავიდან აცილების სურვილით. ოსმალებმა ქალაქს ცეცხლი რამოდენიმე მხრიდან წაუკიდეს, ჩასხდნენ ხომალდებში და სოხუმი დატოვეს. სოხუმში ხანძარი ორი დღე მძვინვარებდა. 20 აგვისტოს ქალაქში შესულ რუსული არმიის მეწინავე ნაწილებს დანგრეული ქალაქი და ათასობით დახოცილი მსხვილფეხა საქონელი დახვდათ, რომლებიც წასვლისას ოსმალებს გაეჟლიტათ. ოსმალთა ხომალდებთან ერთად ათასობით აფხაზმა დატოვა სამშობლო. ოსმალებმა მცირე რაოდენობით ქრისტიანი ქართველები და ბერძნები ძალით წაიყვანეს [141, 206-208; 137, 365-369]. აფხაზ-ჩერქეზ მუჰაჯირთა ნაწილები, რომლებმაც ოსმალებთან ერთად დატოვეს სოხუმი, კავკასიის ფრონტის სხვადასხვა უბნებზე გადაისროლეს. სოხუმიდან გასული აფხაზები, ბათუმსა და ციხისძირთან ჩაებნენ რუსეთის არმიის წინააღდეგ ბრძოლაში [197. 2].
ასე დასრულდა ოსმალების სამხედრო ექსპედიცია აფხაზეთში 1877 წელს. სისხლისმღვრელმა ბრძოლებმა ტრაგიკული კვალი დააჩნია მხარეს. რუსული ოფიციალური სამხედრო ისტორია ამგვარად აღწერს აფხაზეთში ოსმალური დესანტისა და აფხაზთა ანტირუსული გამოსვლის უმძიმეს შედეგებს: „ცოტა ხნის წინ დასახლებულ და სიცოცხლით სავსე ვრცელ ფართობებზე მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი.. თურქებმა თან გაიყოლეს აფხაზეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარი... გადაწვეს რუსული, ბულგარული, ბერძნული დასახლებები, ასევე იმ აფხაზთა აულები, რომლებიც მათ არ დაემორჩილნენ, ჩვენ კი იძულებულნი შევიქენით მოღალატე აფხაზთა აულები გაგვენადგურებინა!‘‘ [41, 227].
რუსეთის არმიამ დიდი წარმატებები მოიპოვა ამიერკავკასია-მცირე აზიის ფრონტზე, მაგრამ გადამწყვეტი ოპერაციები ბალკანეთში გაიშალა. 1877წ. 10 დეკემბერს, რუსთა ჯარმა აიღო ძლიერი ციხე-ქალაქი ბულგარეთში პლევნა, 1878წ. 20 იანვარს რუსთა ჯარმა დაიკავა ადრიანოპოლი (ედირნე) და გეზი სტამბოლისაკენ აიღო. ოსმალეთი იძულებული გახდა ზავი ეთხოვა. 1878წ. 31 იანვარს ადრიანოპოლში დაიდო დროებითი ზავი, 3 მარტს კი სტამბოლის მახლობლად, სან-სტეფანოში საზავო ხელშეკრულება გაფორმდა. სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების თანახმად, ბულგარეთი, ჩერნოგორია და რუმინეთი დამოუკიდებლობას ღებულობდნენ, რუსეთს უნდა გადასცემოდა ევროპაში ბესარაბია, აზიაში კი – სამხრეთდასავლეთ საქართველოსა და დასავლეთ სომხეთის ტერიტორიების დიდი ნაწილი სოღანლუღის მთებამდე, რუსეთის მფლობელობაში გადავიდა ბათუმი, არტაანი და ყარსი. [88, 328-329].
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს ოსმალეთის მხრიდან აფხაზ მუჰაჯირთა გამოყენება და ადგილობრივი აფხაზი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გამოსვლა ოსმალო ოკუპანტთა მხარეზე, აფხაზთა მეორე დიდი მუჰაჯირობით დასრულდა. 1877წ. რუსული ოფიციალური აზრის მიხედვით, ადგილი ჰქონდა გამუსლიმანებული აფხაზების ოსმალეთში ნებაყოფლობით წასვლას. ამ შეხედულებით, აფხაზობა ოსმალო ემისრებისა და ადრე გადასახლებული მუჰაჯირების აგიტაციის მსხვერპლი გახდა. „ნებაყოფლობით გადასახლდა იმ რაიონებისა და დასახლებების ხალხი, სადაც ყველაზე ძლიერი იყო მუსლიმანური რელიგიის გავლენა. ასეთები იყვნენ, კოდორის უბანში ჯგერდა, ჭლოუ, გუფი. ასევე შეგვიძლია ვთქვათ გუმისთის უბანზე მთლიანად“. [198. 3, 3].
უდავოა, რომ აფხაზური მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ოსმალთა მიერ აფხაზეთის ოკუპაციის დროს მათ მხარეზე გამოვიდა, მაგრამ იმდროინდელი პრესიდან ჩანს, რომ ოსმალები აფხაზეთში მოვიდნენ არა როგორც განმანთავისუფლებლები, არამედ როგორც მოძალადეები და ოკუპანტები. გაზ. „დროება“ წერდა: „თურქები უმოწყალოდ ძარცვავდნენ აფხაზეთს, ძალიან ხშირად ადგილი ჰქონდა მათსა და მოსახლეობას შორის შეტაკებას“ [197. 3, 2].
1877წ. დიდი მაშსტაბის მუჰაჯირობის გამომწვევ მიზეზთაგან, ჩვენი აზრით, უმთავრესი იყო ოსმალო ოკუპანტების მხრიდან გადასახლების პროპაგანდა და პირდაპირი, იარაღის ძალით იძულება. ოკუპანტები მოსახლეობას არ აძლევდნენ საშუალებას, თავი დაეღწია მათგან და სამთავრობო ჯარების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასულიყო. იმდროინდელი პრესის მოწმობით, „აფხაზები მტრის მხრიდან ჩვენკენ გადმორბოდნენ, მაგრამ თურქების ალყამ ამის საშუალება არ მისცა. უჩივიან თურქებს, რადგან წაართვეს საქონელი, სარჩოსაბადებელი და ახალგაზრდა ქალები და გოგონებიც კი. აფხაზებს სრულებითაც არ სურდათ თურქეთში გადასახლება, მაგრამ თურქებმა ძალითა და მუქარით აიძულეს ისინი. თურქები მათ ეუბნებოდნენ, რომ უმჯობესია გადასახლდეთ, რადგან რუსები ყველას დაგხოცავენ, როგორც მოღალატეებსო“ [199, 3].
ქართველი ინტელიგენცია დიდი თანაგრძნობით ეკიდებოდა აფხაზი ხალხის ტრაგედიას. მკაცრი ცენზურის პირობებში, გაზ. „დროება“ პირუთვნელად ასახავდა „დამნაშავე“ აფხაზი ხალხის განსაცდელს: „აფხაზთა უმრავლესობა, რომელიც მოყვანილი იყო გემებზე ჩასასხდომად და თურქეთში გასამგზავრებლად, ტიროდა, ხელებს იშვერდა, გადაეცით რუსეთის მთავრობას, რომ ჩვენ მივდივართ ჩვენი სურვილის წინააღმდეგ, ძალით მიგვერეკებიან და მთავრობამ ჩაგვთვალოს როგორც ტყვეებიო [197. 4, 2].
ცარიზმი თავისი წარუმატებლობასა და უკანდახევას სოხუმიდან აფხაზების „ღალატს“ აბრალებდა, რამაც ქართველი საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. გიორგი წერეთელი, აფხაზთა მუჰაჯირობის ტრაგედიას რუსთა ჯარის უკანდახევასა და მოსახლეობის ოკუპანტების ანაბარა მიტოვებას უკავშირებდა. ცნობილი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე გ. წერეთელი არ იზიარებდა ხელისუფლების პოზიციას აფხაზთა ღალატის შესახებ და ღალატს მიუღებლად მიიჩნევდა იმ აფხაზეთისათვის, რომელიც, როგორც საქართველოს ნაწილი, საუკუნეების განმავლობაში ებრძოდა ოსმალეთს: „ჩვენ არ ვიცით, რა სტრატეგიული მოსაზრებით ხელმძღვანელობდნენ სოხუმის ჩაბარების დროს. როგორ? იმ აფხაზეთმა, რომელიც საქართველოს სამეფოს საუკეთესო ნაწილს წარმოადგენდა უძველესი დროიდან და ოთხი საუკუნის განმავლობაში იბრძოდა თურქეთის წინააღმდეგ, ხელი გაუწოდა თავის საუკუნოვან მტერს?“ [201].
1877წ. აფხაზეთიდან მუჰაჯირობაში წასულთა რაოდენობის დადგენა შესაძლებელია 1878წ. ბოლოს სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსის, პოლკოვნიკ პ. არაკინის მასალების მიხედვით. 1878წ. სოხუმის სამხედრო განყოფილების, ოჩამჩირის ოკრუგის სამურზაყანოს უბანში (9 სასოფლო თემი) 24.461 სული ცხოვრობდა. ოჩამჩირის ოკრუგის კოდორის უბანში (9 სასოფლო თემი) 3.935 ოჯახი ცხოვრობდა. აქედან 1.071 ოჯახი გადასახლდა. „კავკაზსკი კალენდრის“ რედაქციას საჭიროდ მიუჩნევია კოდორის უბნის მოსახლეობის სულადობრივი გაანგარიშება, რისთვისაც ამოსავლად აუღია გუმისთისა და გუდაუთის უბნების კომლობრივ-სულადობრივი მონაცემები. თითოეული კომლის წევრთა საშუალო ოდენობის განმსაზღვრელად, ოთხნახევარი სული მიუჩნევიათ. ასეთი გაანგარიშებით, ოსმალეთში გადასახლებამდე კოდორის უბანში მოსახლეობის ოდენობა დაახლ. 17.707 სული უნდა ყოფილიყო, საიდანაც ოსმალეთში დაახლოებით 4819 სული გადასახლდა, ხოლო დაახლოებით 12.888 ადგილზე დარჩა. ბიჭვინთის ოკრუგის გუმისთის უბნიდან (8 სასოფლო თემი), სადაც 2 221 ოჯახი (9.985 სული) ცხოვრობდა, ყველა გადასახლდა. გუდაუთის უბნის (17 სასოფლო თემი) 5.293 ოჯახიდან (23.545 სული) 17.160 მცხოვრები (3.775 ოჯახი) გადასახლდა, ხოლო 6.385 სული ადგილზე დარჩა [200, 330-331]. სამურზაყანოს მუჰაჯირობის პროცესი ამჯერადაც არ შეხებია.
ამრიგად, 1877წ. მუჰაჯირობაში აფხაზეთის 32 ათასამდე მცხოვრები წავიდა. თუ 1867წ. მუჰაჯირობის შედეგად მთლიანად დაიცალა კოდორის ხეობის ზემო წელი – წებელდა და დალი, 1877წ. მუჰაჯირობის შედეგად თითქმის დაცარიელდა აფხაზეთის სანაპირო ზოლი. აღსანიშნავია, რომ ქართველი ქრისტიანი სასულიერო მოღვაწეების დაუღალავმა საქმიანობამ, ათასობით აფხაზის მონათვლამ, რაც მათ, როგორც ქრისტიანებს, გადასახლებას აარიდებდა, აფხაზი ხალხი მასობრივი გადასახლებისაგან იხსნა, უბიხების მსგავსად ფიზიკური გაქრობის საფრთხისაგან დაიფარა. [68, 511, 515].
ოსმალეთში გადასახლებული აფხაზი მუჰაჯირები, რომელთაც ვერ მიიღეს ქმედითი დახმარება ოსმალეთის ხელისუფლებისაგან და შიმშილით სიკვდილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, დაბრუნებას შეეცადნენ, მაგრამ რუსეთს მათი მიღება არ სურდა. რუსეთსა და ოსმალეთს შორის არსებული შეთანხმებითაც მუჰაჯირებს სამშობლოში დაბრუნების უფლება არ ჰქონდათ, რამაც უკან დაბრუნების მსურველთა ნაკადი შეამცირა. მიუხედავად ამისა, მუჰაჯირები ყოველნაირად ცდილობდნენ სამშობლოში დაბრუნებას. ბათუმში ჩასულმა მუჰაჯირთა ჯგუფმა მეფისნაცვალს მიმართა განცხადებით: „ჩვენ ძალით გამოგვრეკა თურქეთის ჯარმა, არასოდეს არაფერი გვქონდა რუსეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო, ამიტომ გთხოვთ მოგვცეთ უფლება უკან დაბრუნებისა“ [197. 5, 2].
სან-სტეფანოს ზავის დადების შემდეგ, აფხაზი მუჯაჰირები პირველ რიგში ბათუმისკენ გაემართნენ და იქიდან შეეცადნენ აფხაზეთში დაბრუნებას. ბევრი მათგანი ბათუმსა და მის შემოგარენში დამკვიდრდა და მათი შთამომავლები დღესაც იქ ცხოვრობენ. 1879წ. 27 იანვარს, რუსეთ-ოსმალეთს შორის სტამბოლში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც კავკასიის რუსულმა ადმინისტრაციამ დაუშვა აფხაზების ნაწილობრივი რეპატრიაცია ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან სამი წლით. ამის შედეგად, გადასახლებულთაგან 15 ათასამდე მუჰაჯირმა შეძლო აფხაზეთში დაბრუნება [137, 381, 396].
რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთის ხელახლა დამორჩილების შემდეგ გადაწყვიტა სამაგალითოდ დაესაჯა აფხაზები. იმპერატორ ალექსანდრე II-ის 1880წ. 31 მაისის ბრძანებულებით, გუდაუთის, გუმისთის და კოდორის უბნების აფხაზურ მოსახლეობას ჩამოერთვა მიწაზე საკუთრების უფლება და მათი მიწები სახაზინო უწყებას გადაეცა. აფხაზებს აეკრძალათ სოხუმიდან 20 ვერსზე და სანაპირო ზოლში მდ. კოდორსა და მდ. ფსირცხას შორის დასახლება. მათ დაუკანონდათ „დამნაშავე“ მოსახლეობის სტატუსი. დამნაშავე მოსახლეობას იმპერიისადმი მცირე დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სამუდამო გადასახლება ემუქრებოდა კავკასიის გარეთ. ეს სტატუსი აფხაზებს 1907წ. მოუხსნეს [153, 35]. რუსეთის იმპერია, აფხაზეთში, თავისი კოლონიზატორული პოლიტიკის შესაბამისად, მოსახლეობის რუსიფიკაციასა და მის მთლიან კულტურულ ასიმილაციას ისახავდა პირველი რიგის ამოცანად. ამ პოლიტიკის აპოლოგეტი, ა. ვერეშჩაგინი, 1878წ. 19 იანვარს წერდა: „შავი ზღვის კავკასიის სანაპიროზე, როგორც სახელმწიფოს განაპირა მხარეში, რომელიც ასე ბევრი რუსული სისხლი და ფული დაჯდა, სამართლიანად უნდა ბატონობდნენ რუსული ეკლესია, რუსული ენა, რუსული წერა-კითხვა. მოსახლეობის სხვადასხვა ტომობრიობა იწვევს სკოლების დაარსების აუცილებლობას, რადგან მხოლოდ სკოლით შეიძლება ეს სხვადასხვა ტომობრივი მოსახლეობა მომავალში რუსად იქცეს“ [131, 22].
ქართული ინტელიგენციისა და სამღვდელოების წარმომადგენლები კარგად ხედავდნენ აფხაზეთის ტრაგედიის ნამდვილ მიზეზებს და მას რუსეთ-ოსმალეთის ომებს უკავშირებდნენ, რომლის მსხვერპლიც აფხაზები აღმოჩნდნენ. არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია (შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) აღნიშნავდა, რომ აფხაზებმა და მთიელებმა ვერ აიტანეს რუსების მხრიდან მათი თავისუფლების შეზღუდვა, ამიტომ, მათ შეიძულეს რუსები და ქრისტიანული რელიგია, რომლის მიმდევრებიც რუსები იყვნენ. ამ მხრივ ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა ომერ ფაშას ლაშქრობამ აფხაზეთში. 1877-1878 წლების ომმა კი აფხაზებში ქრისტიანობისათვის უფრო მძიმე შედეგები მოიტანა [26, 455-458].
§3. აფხაზეთი ოსმალეთის იმპერიის საგარეო პოლიტიკაში (XXს. I მეოთხედი)
პირველი მსოფლიო ომის წინ ოსმალეთის ხელისუფლებაში მყოფმა „ახალგაზრდა თურქთა“ პარტიის ლიდერებმა თავიანთი და ქვეყნის მომავალი გერმანიას დაუკავშირეს. ისინი იმედოვნებდნენ, რომ გერმანიასთან კავშირში განახორციელებდნენ თავიანთ იდეალს – რუსეთის იმპერიას მოწყვეტდნენ კავკასიას, ყირიმს, ვოლგისპირეთს, შუა აზიას და შექმნიდნენ თურქთა დიდ სახელმწიფო „თურანს“ [88, 352]. პირველ მსოფლიო ომში ჩაბმამდე, ოსმალეთის ხელისუფლება გარკვეულ საქმიანობას აწარმოებდა კავკასიაში ექსპანსიონიზმისათვის საფუძვლის შესამზადებლად და რუსეთთან საომარი კონფრონტაციის შემთხვევაში, მუსლიმანური მოსახლეობის ანტირუსული განწყობილებების გასაღვივებლად. კავკასიით განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ოსმალეთის მმართველი ტრიუმვირატის (ენვერ ფაშა, თალაათ ფაშა და ჯემალ ფაშა) წევრი, სამხედრო მინისტრი ენვერ ფაშა. ენვერ ფაშას რუსეთთან გარდაუვალი ომის მოლოდინი ჰქონდა. ეს გარემოება გამოწვეული იყო რუსეთთან გამძაფრებული პოლიტიკური დაპირისპირებით, რაც უმთავრესად უკავშირდებოდა აღმოსავლეთ ანატოლიაში მცხოვრებ სომხურ მოსახლეობასა და ბალკანეთში შექმნილ ვითარებას. ენვერ ფაშას მიერ კავკასიაში, როგორც დიპლომატიური, ასევე ფარული მისიით გაგზავნილი წარმომადგენლების პირველი რიგის ამოცანას რუსული შეიარაღებული ძალების, სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციის, ადგილობრივი მოსახლეობის განწყობილებებისა და ოსმალური ექსპანსიისათვის დასაყრდენი რელიგიური და ეთნიკური თემების თაობაზე ინფორმაციების შეგროვება, მხარდამჭერთა შეგულება და, მათი მეშვეობით, ძირგამომთხრელი საქმიანობა წარმოადგენდა [186, 141; 190, 291-292].
ოსმალეთის ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობდა, რომ მარტო არ აღმოჩენილიყო რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო დაპირისპირებაში და ცდილობდა, გერმანიასთან 1914წ. 2 აგვისტოს დადებული საიდუმლო სამოკავშირეო ხელშეკრულების გამოყენებით, ძლიერი მოკავშირე შეეძინა. ამ საიდუმლო ხელშეკრულებით, რუსეთ-გერმანიის ომის დაწყების შემთხვევაში, ოსმალეთი ვალდებულებას იღებდა ომში გერმანიის მხარეზე გამოსულიყო. გერმანია-რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ოსმალეთმა ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, რადგან მზად არ იყო ომისათვის და გერმანიისაგან ფინანსური დახმარების მიღებაც სურდა. ოსმალეთის მსოფლიო ომში ჩაბმა დააჩქარა გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ორი სამხედრო გემის „ბრესლაუ“ და „გებენი“, დარდანელის სრუტეში შემოსვლამ. ოსმალეთმა შეიფარა გემები და გერმანული ეკიპაჟი, განაცხადა, რომ იყიდა ეს გემები გერმანიისაგან, გადაარქვა სახელები („მიდილი“ და „იავუზი“) და მათზე ოსმალური დროშა აღმართა. შავ ზღვაზე, ოსმალეთის დროშის ქვეშ, ორი გერმანული მძლავრი გემის გამოჩენამ ოსმალეთის ხელისუფლებას რუსეთთან ომი საბოლოოდ გადააწყვეტინა. ოსმალეთი მხოლოდ დიდი რაოდენობით სესხის მიღებას ელოდა გერმანიისაგან, რაც ომში ჩაბმის სიგნალი უნდა გამხდარიყო. 1914წ. 27 ოქტომბერს, გერმანიისაგან 5 მილიონი ოქროს ლირას ოდენობით სესხის მიღების შემდეგ, ოსმალეთის ფლოტი მოულოდნელად თავს დაესხა შავ ზღვაში მყოფ რუსეთის გემებს და ჩაძირა ისინი. 30 ოქტომბერს ოსმალეთის ფლოტმა ბათუმი დაბომბა. 2 ნოემბერს რუსეთმა, 5 ნოემბერს ინგლისმა და 6 ნოემბერს საფრანგეთმა ოსმალეთს ომი გამოუცხადეს. ოსმალეთმა 11 ნოემბერს სამივე სახელწიფოს ომი გამოუცხადა და სულთანმა ყველა მუსლიმანს „საღვთო ომისაკენ“ მოუწოდა [88, 353-354].
გერმანიის მხარეზე ომში ჩაბმის შემდეგ, ოსმალეთის კავკასიის არმიის სამხედრო მოქმედებების პარალელურად, გააქტიურდა ოსმალეთის სამხედრო-პოლიტიკური დაზვერვის სამსახური „თეშკილათი მაჰსუსა“ (ქართ: სპეციალური ორგანიზაცია – ზ.წ.), რომლის მიზანს კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში ანტირუსული გამოსვლების პროვოცირება, საბოტაჟებისა და დივერსიების მოწყობა და მტრის ზურგში სამხედრო დაზვერვის წარმოება წარმოადგენდა. ოსმალეთის ქალაქ რიზეში განლაგებულ „თეშკილათი მაჰსუსას“ შტაბში მიმდინარეობდა საქართველოს შავიზღვისპირეთში, მათ შორის, აფხაზეთში დივერსიული აქტებისა და, შედეგად, ქაოსური მდგომარეობის გამოწვევის გზით, სანაპიროზე ოსმალური დესანტის გადასხმის გეგმების დამუშავება [187, 38].
„თეშკილათი მაჰსუსას“ უფროსის, სულეიმან ასკერი ბეის მიერ, 1914წ. 5 ნოემბერს, ქ. რიზეში განლეგებული ორგანიზაციის შტაბისადმი გაგზავნილ სრულიად საიდუმლო სატელეგრაფო შეტყობინებაში მითითებულია, რომ დაუყონებლივ უნდა დაიწყოს მტრის სანაპიროზე არეულობების გამოწვევა მარბიელი დესანტის გადასხმის გზით. დივერსანტთა რაზმების მხარდასაჭერად საიდუმლოდ უნდა შეირჩეს ადგილობრივი პირობების მცოდნე, შესაფერისი ხალხი. სულეიმან ასკერი ბეი განსაკუთრებულად აღნიშნავს ქ. სოხუმში ისეთი დესანტის გადასხმის აუცილებლობას, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სოხუმის სანაპიროსა და ადგილობრივ პირობებში გარკვეული პირებით. „თეშკილათი მაჰსუსას“ ხელმძღვანელი ავალებს თავის წარმომადგენელს, სოხუმის დესანტში ქრისტიანი ქართველები ჩართოს. ოსმალებს განზრახული ჰქონდათ, ესარგებლათ 1914წ. გერმანიის მხარდაჭერით, ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების მიერ ჩამოყალიბებული „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ დახმარებით. პირველი მსოფლიო ომის (1914-1918წწ.) მსვლელობისას, ქართველი ემიგრანტებისაგან დაკომპლექტებული „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“, გერმანიის, ავსტრიის და ოსმალეთის მხარდაჭერით ცდილობდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. უნდა აღმდგარიყო საქართველოს სამეფო, მაგრამ ტახტზე ავიდოდა არა ბაგრატიონი, არამედ გერმანიის კაიზერის ვილჰელმ მეორის პირველი შვილი იოახიმი, რომელიც დასაბამს მისცემდა ახალ დინასტიას. მისი მეუღლე უნდა გამხდარიყო მარინე მაჩაბელი და შექმნილიყო „ნახევარმთვარისა და ჯვრის ქვეყანა“, გაერთიანებული დიდი საქართველო [12, 54-56].
„საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“ საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდა ოსმალეთის მთავრობასთან. მხარეებმა მიაღწეს შეთანხმებას დამოუკიდებელი საქართველოს შესახებ, რომლის საზღვრებიც მოგვიანებით შეთანხმდებოდა [195, 13], გადაწყდა, რომ კავკასიის ფრონტზე, ოსმალეთის არმიაში იბრძოლებდა „ქართული ლეგიონი“, რომელიც დაკომპლექტდებოდა ქართველ სამხედრო ტყვეთაგან, ოსმალეთს თავშეფარებული ქართველებისაგან და სხვა მოხალისეებისაგან. ოსმალეთის ტერიტორიაზე ქართული ლეგიონის ფორმირება 1914წ. დაიწყო. ამ წლის დამლევისთვის ძირითადად დასრულდა ლეგიონის ფორმირება. იგი ამ დროს 600 კაცს მოითვლიდა. ლეგიონის მეთაურად დაინიშნა სოციალ-ფედერალისტი ლეო კერესელიძე, შტაბის უფროსად ნესტორ კერესელიძე, ასეულის მეთაურებად – ძმები ვანო და სერგო ლაბაძეები, მეტყვიამფრქვევეთა ასეულის მეთაურად – ვანო წერეთელი. საინტენდანტო ლეგიონერთა რაოდენობამ 1916წ. მარტში 1200-ს გადააჭარბა [90, 14-18].
„ქართული ლეგიონი“ გერმანიისა და ოსმალეთის შეთანხმების საფუძველზე მოქმედებდა კავკასიის ფრონტზე. 1914წ. ოქტომბერში, რუსეთ-ოსმალეთის საზღვრის მახლობლად, მურღულის ხეობაში, მოხდა შეტაკება რუსულ და ოსმალურ რაზმებს შორის. ოსმალური რაზმი რეალურად წარმოადგენდა ქართულ შენაერთს – „ქართულ ლეგიონს“, რომელიც გერმანიის სარდლობისა და „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ ერთობლივ დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. ოსმალეთის ტერიტორიაზე „ქართული ლეგიონის“ შექმნაზე ოფიციალურ თანხმობას შეიცავს ოსმალეთის უმაღლესი სარდლობის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის ძალით ოსმალეთმა გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მზადყოფნა [97, 140]. ლეგიონში შედიოდნენ როგორც გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის ტყვეთა ბანაკებიდან შეკრებილი ქართველები, ისე თურქეთში მცხოვრები მუსლიმანი ქართველებიც, მათ შორის მუჰაჯირები, რომლებიც სისხლხორცეულად იყვნენ დაინტერესებულნი სამშობლოს მომავლით, მაგრამ ოსმალეთს თავისი ინტერესები და გეგმებიც ჰქონდა, რომელსაც „კომიტეტის“ მესვეურები ყოველთვის არ იზიარებდნენ [61, 68].
1914წ. 15 ნოემბერს, ტრაპიზონის გუბერნატორ ჯემალ აზმის მიერ ოსმალეთის მმართველი ტრიუმვირატის წევრის თალაათ ფაშასადმი გაგზავნილ სატელეგრაფო შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ სოხუმში დესანტის გადმოსხმას ქართველები აფერხებენ. ტრაპიზონის გუბერნატორს მოჰყავს „ბატონი სურგულაძის“ („საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ დამფუძნებელი პეტრე სურგულაძე –ზ.წ.) განცხადება, საიდანაც ირკვევა, რომ ოსმალებს დაგეგმილი ჰქონდათ ქრისტიანი, ემიგრანტი ქართველების მონაწილეობით, სოხუმში ოთხასკაციანი სადესანტო რაზმის გადმოსხმა, რაც პეტრე სურგულაძეს მიუღებლად მიაჩნდა. ის ამტკიცებდა, რომ არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში, ასეთი მცირერიცხოვანი დესანტის გადასხმა აფხაზეთში სარგებელს ვერ მოიტანდა და მხოლოდ მის განადგურებას გამოიწვევდა [187, 39].
ამრიგად, „კომიტეტის“ წინააღმდეგობამ ოსმალების გეგმა ჩაშალა. 1914წ. ნოემბერში, სოხუმში დაგეგმილი დესანტი არ შედგა. მისი გადმოსხმა სხვა, უფრო ხელსაყრელი დროისათვის გადაიდო [176, 479-480]. როგორც ვხედავთ, ოსმალეთი, კავკასიაში საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღეებიდანვე ცდილობდა აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო დესანტის გადასხმასა და აქ სამხედრო პლაცდარმის შექმნას.
რუსეთში მომხდარი ბოლშევიკური გადატრიალებისა და კავკასიის ფრონტის დაშლის შემდეგ, კავკასიაში გაბატონებული სამხედრო მდგომარეობა ოსმალეთმა მოიპოვა. საბჭოთა რუსეთის გამოსვლა პირველი მსოფლიო ომიდან დამტკიცებულ იქნა 1918წ. 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულებით. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალეთმა რუსეთთან სამხედრო ოპერაციებში მარცხი განიცადა, ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით იგი გამარჯვებული სახელმწიფოების – გერმანიისა და ავტრია-უნგრეთის გვერდით აღმოჩნდა [88, 363].
1918წ. 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ხოლო 1918წ. 4 ივნისს, ოსმალების მიერ ოკუპირებულ ბათუმში დაიდო ხელშეკრულება „მშვიდობისა და მეგობრობის შესახებ“ საქართველოსა და ოსმალეთს შორის. ხელშეკრულება მეტად მძიმე იყო საქართველოსთვის და მოითხოვდა მისგან ტერიტორიულ დათმობებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმის ხელშეკრულების რატიფიკაცია არ მოხდა და იგი ძალაში არ შესულა [88, 366].
1918წ. 27 ივნისს, კოდორის შესართავთან, თავად ალექსანდრე შარვაშიძის მამულში ოსმალური დესანტი გადმოსხდა. დესანტის შემადგენლობაში ოსმალეთში გადასახლებულ აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავლებიც იყვნენ. იმავე დღეს, ბათუმში განლაგებული ოსმალეთის მესამე არმიის სარდალმა ესად ფაშამ სოხუმის დაკავების ბრძანება გასცა [134, 206]. ეს იყო ოსმალეთის მხრიდან 1918წ. აფხაზეთში სამხედრო ინტერვენციის დაწყების მეორე ცდა, რადგან ოსმალეთის სარდლობა უფრო ადრე, მაისშიც გეგმავდა აფხაზეთში დესანტის გადმოსხმას. ამ მიზნით ოსმალეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეეცადა ზეგავლენა მოეხდინა აფხაზთა სახალხო საბჭოს წევრებზე.
1918წ. მაისში, ოსმალეთის იმპერიასა და ამიერკავკასიის სეიმს შორის მიმდინარე ბათუმის სამშვიდობო კონფერენციაზე ჩასულ აფხაზთა სახალხო საბჭოს დელეგაციას, საბჭოს სახელით დავალებული ჰქონდა, პროტესტი გამოეთქვა საქართველოში ოსმალთა შემოჭრასთან დაკავშირებით [134, 206]. სახალხო საბჭოს დელეგაციაზე ზეგავლენის მოხდენას შეეცადნენ ბათუმში ჩასული აფხაზი თავადები ალექსანდრე შარვაშიძე და ტატაშ მარშანია. მათ კავშირი დაამყარეს ბათუმში განლაგებულ ოსმალეთის მესამე არმიის ოფიცრებთან, წარმოშობით აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლებთან, ჯემალბეკ მარშანსა და სულეიმან ბგანბასთან. აფხაზი თავადების მიზანს წარმოადგენდა ოსმალეთის აფხაზეთთან დაკავშირებული გეგმების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. მათ მოლაპარაკებები გამართეს ოსმალების სამხედრო სარდლობის წარმომადგენელ ხალილ ბეისთან. მოლაპარაკებაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ოსმალეთში მყოფი აფხაზი მუჰაჯირების აფხაზეთში დაბრუნება და ოსმალეთის მხრიდან ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი აფხაზეთისათვის დახმარების გაწევა. ხალილ ბეისთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ალ. შარვაშიძე და ტ. მარშანია. ა. ჭოჭუამ, ა. გიცბამ და ხ. ჩუკბარმა უარი განაცხადეს მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღებაზე [53, 68-69]. ბათუმის მოლაპარაკებებზე გამოირკვა, რომ ოსმალეთის მიზანი იყო ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა კავშირში აფხაზეთის გაერთიანების უზრუნველყოფა. ოსმალეთი ამ მიზნით აგზავნიდა ჯარებს აფხაზეთში [134, 206].
1918წ. 17 მაისს, ამიერკავკასიის სეიმის დავალებით, ეროვნულმა გვარდიამ ვ. ჯუღელის მეთაურობით, ქ.სოხუმიდან ბოლშევიკური რევკომი განდევნა. ვ. ჯუღელის გვარდიას სოხუმის პორტში ოსმალთა ხომალდები დახვდა, რომელთაც ორი-სამი ასეულის ხმელეთზე გადმოსხმაც მოესწროთ. ამიერკავკასიის მთავრობის თავმჯდომარე ა. ჩხენკელი აღნიშნავდა, რომ ბათუმში ჩამოსული აფხაზთა წარმომადგენლები ამზადებდნენ თურქების თავდასხმას აფხაზეთზე და მხოლოდ ქართული გვარდიის მიერ სოხუმის დაკავებამ და კომუნისტების განდევნამ აიძულა თურქები ხელი აეღოთ თავის განზრახვაზე [85, 13; 101, 160-168; 156, 19]. 1918წ. მაისში, ვ. ჯუღელის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაცია აფხაზეთში, მიმართული იყო, როგორც ბოლშევიკების, ასევე ოსმალური ოკუპაციის წინააღმდეგ.
26 მაისს, გერმანიის მხარდაჭერითა და მფარველობით გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგაც, ოსმალეთის ხელმძღვანელობა აფხაზეთში სამხედრო შეჭრისათვის მზადებას აგრძელებდა. ოსმალეთის მხრიდან აფხაზეთში სამხედრო პლაცდარმის შექმნის სურვილი დაკავშირებული იყო ენვერ ფაშას მიერ შემუშავებულ გეგმასთან, რომელიც ითვალისწინებდა ოსმალეთის პროტექტორატით ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმანური სახელმწიფოს შექმნას. ეს სახელმწიფო, რომლის შემადგენლობაში ენვერ ფაშა აფხაზეთსაც განიხილავდა, უნდა ქცეულიყო ბუფერად ოსმალეთსა და რუსეთს შორის. ენვერ ფაშას ამ გეგმის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ ოსმალეთის მოკავშირე გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის მთავრობები. მოკავშირეები უნდობლობით ეკიდებოდნენ ოსმალეთის ხელისუფლების პანთურქისტულ და პანისლამისტურ მისწრაფებებს. 1918წ. 25 ივნისს, ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქ სტამბოლში ავსტრია-უნგრეთის იმპერიის საელჩოს სამხედრო ატაშემ იოსებ პომიანკოვსკიმ, ქ. ვენაში, გენერალური შტაბისადმი გაგზავნილ პატაკში აღნიშნა, რომ თურქების სამხედრო სარდლობას კავკასიაში და საქართველოში შორსმიმავალი ექსპანსიონისტური გეგმები გააჩნია და არ აპირებს რეგიონში თავისი მოკავშირე გერმანიის შეიარაღებული ძალებისათვის პოზიციების დათმობას. ამის დასტურად, ატაშეს მოჰყავს ენვერ ფაშას მიერ ოსმალეთის არმიის გენერალ ზეკი ფაშასადმი გაგზავნილი საიდუმლო სატელეგრაფო შეტყობინება, სადაც აღნიშნულია, რომ ოსმალეთის ხელისუფლებამ უნდა დაამყაროს მჭიდრო კავშირი კავკასიის მუსლიმანებთან, ხელი შეუწყოს მათში ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების შექმნას მომავალში ოსმალეთთან შეერთების მიზნით [194, 196-197]. ოსმალეთის მოკავშირე სახელმწიფოები, ოსმალური დესანტის აფხაზეთში გადმოსხმას, კავკასიაში ენვერ ფაშას სამხედრო-პოლიტიკური გეგმების შემადგენელ ნაწილად მიიჩნევდნენ. გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის წარმომადგენლებმა თბილისში, 1918წ. 28 ივნისს, თავიანთი ქვეყნების საგარეო უწყებებს შეატყობინეს აფხაზეთში 27 ივნისს ოსმალური დესანტის გადმოსხმის შესახებ. მოკავშირეთა წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ოსმალური დესანტი შედგება რვაასი ჯარისკაცისაგან. აქვე ნათქვამია, რომ აფხაზთა სახალხო საბჭომ გააპროტესტა დესანტის გადმოსხმა [194, 197].
ენვერ ფაშა სოხუმში დესანტის გადმოსხმას იმ გარემოებით ამართლებდა, რომ აფხაზეთი ჩრდილოეთ კავკასიასთან იყო დაკავშირებული და საქართველოს შემადგენლობაში არ შედიოდა. კონფლიქტში საქართველოს მფარველის – გერმანიის ჩარევისა და პროტესტის შემდეგ, ენვერ ფაშამ საჭიროდ ჩათვალა აფხაზეთში ოსმალური დესანტის გადასხმის ფაქტი ასე განემარტა საქართველოს მთავრობისათვის გაგზავნილ სატელეგრაფო შეტყობინებაში: „სოხუმისა და მისი ოლქის მოსახლეობასთან ერთად, აფხაზებიც განიცდიდნენ ბოლშევიკებისგან თავდასხმებს. ჩვენ მოგვმართა მათმა დელეგაციამ და გვთხოვა თავდაცვა და მფარველობა. ამ მიზნით სოხუმში გაიგზავნა სამხედრო შენაერთი. ის იყო გამიზნული არა ოკუპაციის განხორციელებისათვის, არამედ მფარველობისა და დახმარების აღმოსაჩენად. არსებითად, სოხუმი არ არის საქართველოს შემადგენლობაში და დაკავშირებულია ჩრდილოეთ კავკასიის მთავრობასთან, რის გამოც დარწმუნებული ვარ, რომ ეს შემთხვევა არ შელახავს ჩვენს ურთიერთობებსა და მეგობრობას [194, 198-199].
სინამდვილეში ამ დროისათვის აფხაზეთზე ვრცელდებოდა ქართული სახელმწიფოს იურისდიქცია. აფხაზთა სახალხო საბჭოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული 1918წ. 11 ივნისის ხელშეკრულებით, აფხაზეთი გაფორმდა საქართველოს ავტონომიურ ერთეულად, ცენტრალურ მთავრობაში შემოღებულ იქნა აფხაზეთის საქმეთა მინისტრის თანამდებობა, რომელზეც აფხაზთა სახალხო საბჭოს წარდგინებით რ. ჩქოტუა დაინიშნა [85, 14-15]. ენვერ ფაშა აფხაზთა დელეგაციაში გულისხმობდა ბათუმის კონფერენციაზე ჩასულ პრო-თურქულად განწყობილ ალ. შარვაშიძესა და ტ. მარშანიას, მაგრამ ისინი არ ყოფილან აფხაზთა სახალხო საბჭოს დელეგაციის წევრები და არავითარი უფლებამოსილება არ გააჩნდათ ესაუბრათ მისი სახელით [53, 69-70].
აფხაზეთში სამხედრო დესანტის გადმოსხმაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ოსმალეთის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის მხრიდან ერთობლივად, მაგრამ 1918წ. 10 ივლისს, ენვერ ფაშა, ოსმალეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილში, აფხაზეთში სამხედრო დესანტის გადმოსხმაზე მეტწილ პასუხისმგებლობას სარდალ ვეჰიბ ფაშას აკისრებდა და აღნიშნავდა, რომ ოსმალო ასკერები იძულებულნი გახდნენ აფხაზეთი დაეტოვებინათ გერმანიის პროტესტის შედეგად [58. 17].
28 ივნისს დესანტის გადმოსხმის ადგილას, წყურგილში ჩავიდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ისიდორე რამიშვილი, მან დესანტს საქართველოს მთავრობის სახელით განიარაღება მოსთხოვა [134, 206]. ოსმალური დესანტის მეთაური აღმოჩნდა აფხაზი მუჰაჯირი, ოსმალო ოფიცერი ჯემალბეკ მარშანი. ის პირისპირ ესაუბრა ისიდორე რამიშვილს და მისცა მას შესაბამისი განმარტებები. ჯემალბეკ მარშანმა აღნიშნა, რომ დესანტი წარმოადგენდა სამხედრო ძალას, რომელიც აფხაზეთში გამოიგზავნა აფხაზი ხალხისათვის დახმარების გაწევის მიზნით ანარქიასთან ბრძოლაში. აფხაზთა სახალხო საბჭომ დაგმო დესანტის გადმოსხმის ფაქტი, მაგრამ დესანტის შემადგენლობაში აფხაზი მუჰაჯირების ყოფნის შესახებ მიღებული ინფორმაციების შეფასების შედეგად, წყურგილში მოლაპარაკებების გასამართავად მიავლინა დელეგაცია ს. ბასარიას, ა. ჭოჭუასა და სხვათა შემადგენლობით [53, 70].
ამ დროისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალები აფხაზეთში სოჭიდან შემოჭრილი ბოლშევიკების წინააღმდეგ აწარმოებდნენ ბრძოლებს. 18 ივნისს სამხედრო მინისტრის ბრძანებით, სოხუმის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა გიორგი მაზნიაშვილი, რომელმაც 28 ივნისისთვის მთელი აფხაზეთი გაწმინდა ბოლშევიკებისაგან და შეტევა გააგრძელა აფხაზეთის საზღვრებს გარეთ [11, 59-60]. გენერალ გ. მაზნიაშვილისა და საქართველოს ხელისუფლების დროული ღონისძიებების შედეგად, მოხერდა დესანტის მიერ წამოწყებული სამხედრო ოპერაციის ლოკალიზება და აღკვეთა. გენერალი მაზნიაშვილი პირადად გაემგზავრა დესანტის დისლოკაციის ადგილზე, პირისპირ ესაუბრა ოსმალო ოფიცრებს. გ. მაზნიაშვილთან საუბრის შემდეგ ოსმალო ოფიცრებმა განაცხადეს, რომ ისინი დესანტის მიზნებისა და ამოცანების საკითხში შეცდომაში იქნენ შეყვანილი, რადგან დააჯერეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა შეხვდებოდა მათ, როგორც აფხაზეთის განმათავისუფლებელ ძალას, რეალურად კი დესანტს მოსახლეობის მხრიდან იგნორირება დახვდა და ქართული ჯარის გარემოცვაში აღმოჩნდა. ოსმალეთთან პოლიტიკური გართულებების თავიდან ასაცილებლად, გენერალ გ. მაზნიაშვილის გადაწყვეტილებით, უზრუნველყოფილ იქნა ოსმალო ასკერების ბარჟით ფოთში, სამხედრო კომენდანტის განკარგულებაში გადაყვანა, შემდგომში ოსმალეთში გადაგზავნის მიზნით. დესანტის იმ ნაწილის ლიკვიდაცია, რომელიც კოდორის მაზრის სოფლებში გადასვლა მოასწრო, გენერალმა მაზნიაშვილმა თავისი შტაბის უფროსს, პოლკოვნიკ თუხარელს უბრძანა [11, 70-71].
აფხაზთა სახალხო საბჭოში პროთურქულად განწყობილი დეპუტატები ცდილობდნენ დესანტი წარმოეჩინათ, როგორც აფხაზეთში ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად ჩამოსული მუჰაჯირების რაზმი. ამასთან დაკავშირებით, აფხაზთა სახალხო საბჭოს წევრმა, ვ. ემუხვარმა განაცხადა, რომ დესანტი შედგება თურქეთის რეგულარული არმიის ჯარისკაცებისაგან და დღემდე ასეთად რჩება. 19 ივლისს, საბჭოს სხდომაზე მისმა თავმჯდომარე ვ. შარვაშიძემ საბჭოს სახელით განაცხადა, რომ „აფხაზეთის სახალხო საბჭოს არსებული შემადგენლობა საქართველოს მთავრობასთან ერთად ერთ პლატფორმაზე დგას და საბჭო არ დაუშვებს აქ თურქეთის სამხედროების კონცენტრაციას“ [18. 9, 11].
დესანტის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების აღმოსაჩენად გენერალ გ. მაზნიაშვილს მიუვიდა სამასი რჩეული მხედარი აფხაზ წარჩინებულთა ოჯახებიდან, ქართულ ჯარში მოწყალების დებად აფხაზ თავადაზნაურთა ქალიშვილები მსახურობდნენ [134, 187]. დესანტის ნარჩენების ლიკვიდაციისკენ მიმართულ სამხედრო ოპერაციას პოლკოვნიკ თუხარელის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო ნაწილები ივლის-აგვისტოს განმავლობაში აწარმოებდნენ. აფხაზეთის მოსახლეობა მტრულად შეხვდა დესანტის გამოჩენას. სამურზაყანოში, სოფელ მოქვში გამართულმა მოსახლეობის კრებამ დესანტის მონაწილეთა გასამართლება მოითხოვა, სოფელ ბედიაში კი განიარაღებულ იქნა 120 ოსმალო ასკერი [134,207]. 15 აგვისტოს სოფელ მოქვთან და 25 აგვისტოს სოფელ ჯგერდასთან შეტაკებების შედეგად ოსმალური დესანტი ლიკვიდირებულ იქნა. ალ. შარვაშიძისა და ტ. მარშანიას წინააღმდეგ ოსმალური დესანტის შემოყვანის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა [132, 763-766].
1918წ. მაის-ივნისში, აფხაზეთში ბოლშევიკებთან ბრძოლის დღეებში, აფხაზთა სახალხო საბჭოში დეპუტატების ერთი ჯგუფი კოდორის მაზრაში ოსმალური დესანტის გადმოსხმისათვის ნიადაგს ამზადებდა. იგივე ჯგუფი იცავდა იმ პირებს, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ კოდორის მაზრაში ოსმალო ასკერებისათვის დახმარების გაწევაში. დესანტის განადგურების შემდეგ თურქოფილები სამშობლოდან განდევნილებად გამოცხადნენ [101, 227].
არსებობს საფუძველი, რომ 1918წ. მაისსა და ივნისში ბოლშევიკებისა და ოსმალო სამხედროების აქციები აფხაზეთში კოორდინირებულად მივიჩნიოთ. აფხაზეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ სეპარატისტული – პროთურქული და ბოლშევიკური – დაჯგუფებების ურთიერთკავშირი შეინიშნება აფხაზთა სახალხო საბჭოს პირველი თავმჯდომარის ს. ბასარიას პოლიტიკურ საქმიანობაში. ს. ბასარიას როლი აფხაზეთში ოსმალური დესანტის მომზადების საქმეში მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო მისი კავშირებით სტამბოლში მოქმედ ,,ჩრდილოეთ კავკასიის პოლიტიკურ საზოგადოებასთან“, რომელიც ოსმალეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის იარაღს წარმოადგენდა კავკასიის მიმართულებით. 1917წ. ს. ბასარია კავკასიის „მთიელთა კავშირის“ დელეგაციის შემადგენლობაში, იმყოფებოდა სტამბოლში. მასთან შეხვედრების შესახებ ცნობა დაცული აქვს აფხაზური წარმოშობის თურქ პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწე მუსტაფა ბუტბაის (ბუტბა). მუსტაფა ბუტბაი ესკიშეჰირის ოლქში მცხოვრებ აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავალი იყო. უმაღლესი განათლება მიიღო სტამბოლში. ხელმძღვანელობდა სტამბოლის „ჩერქეზ ქალთა ლიცეუმს“. აქტიურ მონაწილეობას იღებდა სტამბოლის აფხაზურ- ჩერქეზული ორგანიზაციების საქმიანობაში. 1919წ. სტამბოლში გამოსცა ლათინურ გრაფიკაზე შედგენილი აფხაზური ანბანი. 1920წ. სტამბოლის „ჩრდილოეთ კავკასიის პოლიტიკური საზოგადოების“ დავალებით იმოგზაურა ჩრდილოეთ კავკასიასა და საქართველოში, მათ შორის, აფხაზეთში. ამ მოგზაურობის შესახებ მისი ჩანაწერები სათაურით „მოგონებები კავკასიაზე“ გამოქვეყნდა თურქეთში 1990წ. მუსტაფა ბუტბაი გარდაიცვალა თურქეთის რესპუბლიკაში 1946წ. [57, 3-4] ბუტბაი, ბასარიასა და ჩრდილოეთ კავკასიის „მთიელთა კავშირის“ დელეგაციის ვიზიტს უკავშირებს ოსმალეთის საგარეო პოლიტიკის კავკასიის მიმართულებას, რომელიც მიზნად ისახავდა ჩრდილოეთ კავკასიისა და აფხაზეთის გაერთიანებას ერთ, ოსმალეთის პროტექტორატის ქვეშ მყოფ ჩრდილოეთკავკასიის ისლამურ სახელმწიფოდ [57, 6].
პირველი მსოფლიო ომის წლებში, ოსმალეთის იმპერიის საგარეო პოლიტიკური მიმართულებიდან გამომდინარე, ოსმალეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ინიციატივით, სტამბოლში შეიქმნა ჩერქეზ და აფხაზ მუჰაჯირთაგან შემდგარი ორგანიზაციები, რომელთა მეშვეობით ოსმალეთი კოორდინირებას უწევდა აფხაზეთისა და ჩრდილოეთკავკასიის პროთურქულად განწყობილ ძალებს. ენვერ ფაშას ინსტრუქციით, ჩერქეზი მუშირ ფუად ფაშას ხელმძღვანელობით, ოსმალეთის იმპერიის ჩერქეზული წარმოშობის დიდმოხელეთა და სამხედროთაგან შეიქმნა სპეციალური კომიტეტი, რომელიც მიზნად ისახავდა ოსმალეთის სულთნის დინასტიის წარმომადგენლის ქვეშ ჩრდილოეთ კავკასიის გაერთიანებას. ოსმალეთი კავკასიაში თავისი ინტერესების გატარებისათვის მნიშვნელოვან საშუალებად მიიჩნევდა მუჰაჯირთა შთამომავლებს. [57, 6-7].
აღსანიშნავია, რომ ბასარია აქტიურობას იჩენდა აფხაზ მუჰაჯირთა რეპატრიაციის საკითხთან დაკავშირებით. 1918წ. 28 ივლისს, აფხაზთა სახალხო საბჭოს დადგენილების საფუძველზე, საბჭოს წევრებს, ს. ბასარიასა და გ. თუმანოვს მიენიჭათ რწმუნებები, რომ შესულიყვნენ, როგორც მრჩევლები, საქართველოს დიპლომატიურ მისიაში სტამბოლის კონფერენციაზე, მისიის მუშაობაში მონაწილეობისა და იმ საკითხთა გარკვევისათვის, რომლებიც უკავშირდებოდა ოსმალეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზთა სამშობლოში დაბრუნებას [2, 22].
ბასარიას მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა აფხაზეთში მოქმედი ბოლშევიკური რაზმის „კიარაზის“ მეთაურ ვ. აგრბასთან და გამოჩენილ აფხაზ ბოლშევიკ ნესტორ ლაკობასთან. ს. ბასარია და ვ. აგრბა იყვნენ 1917წ. მაისში, ე.წ. აფხაზური სამღვდელოების კრების მოწვევის ინიციატორები, რომელმაც ქართული ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის გამოცხადების საწინააღმდეგოდ, დამოუკიდებელი აფხაზური ეკლესიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ამ კრებას ესწრებოდა და სიტყვით გამოვიდა ნ. ლაკობა [135, 287-288]. აფხაზეთის ბოლშევიკთა აღიარებული ხელმძღვანელი ნ. ლაკობა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებული იყო სისხლის სამართლის დამნაშავედ და „საზღვარგარეთული კომიტეტების“ ხელმძღვანელად [138, 61]. ნ. ლაკობა ოჯახური წრით მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბათუმში და ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრებ აფხაზ მუჰაჯირებთან. ნ. ლაკობა, გამოჩენილ აფხაზ ბოლშევიკ ეფრემ ეშბასთან ერთად, საბჭოთა რუსეთის განსაკუთრებულად საიდუმლო დავალებებს ასრულებდა კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის მუსლიმანურ მოსახლეობაში [152, 9].
პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში, ოსმალეთის იმპერია, თავისი სამხედრო და პოლიტიკური მიზნების შესაბამისად, აფხაზ მუჰაჯირებს და აფხაზეთში არსებულ თურქოფილურ ძალებს იყენებდა აფხაზეთში სამხედრო-პოლიტიკური პლაცდარმის შესაქმნელად. ოსმალეთი დიდი მნიშვნელობას ანიჭებდა აფხაზეთის მეშვეობით კავკასიაში თავისი სტრატეგიული მიზნების განხორციელებას და ცდილობდა აფხაზეთში დამკვიდრებით, ერთი დიდი ნაბიჯი გადაედგა შემდგომში ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის, რომელიც ოსმალეთის პროტექტორატის ქვეშ, რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ბუფერულ ზონად უნდა ექცია [57, 8].
რუსეთში ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარებამ და აფხაზეთში ბოლშევიკების გააქტიურებამ, აფხაზი თურქოფილები ბოლშევიკებს დაუკავშირა დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ. 1918წ. მაის-ივნისში აფხაზეთში ბოლშევიკებისა და თურქოფილების ერთდროული გამოსვლები ერთმანეთთან დაკავშირებულად მიგვაჩნია. ამ კავშირის მთავარი მიზანი აფხაზეთის საქართველოდან ჩამოცილება იყო.
1918-1921წწ. აფხაზეთში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილის, აფხაზთა სახალხო საბჭოს წევრ მ. ტარნავას მოგონებებში აღნიშნულია, რომ „მენშევიკური“ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში აფხაზთა სახალხო საბჭოს დეპუტატთა ერთი ჯგუფი დასაყრდენს საბჭოთა რუსეთში ეძებდა, მეორე ჯგუფი კი პროთურქული ორიენტაციისა იყო. ტარნავა წერს: „უფრო ადრე თავი იჩინა თურქულმა ორიენტაციამ. აფხაზთა სახალხო საბჭოს რამოდენიმე გამოჩენილი დეპუტატი საქმის კურსში იყო იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთში არალეგალურად გაემგზავნენ თავადები ტატაშ მარშანია და ალექსანდრე შერვაშიძე, აფხაზეთის მენშევიკებისგან განთავისუფლებისათვის დახმარების მისაღებად. ამ მიზნით მათ გადმოიბირეს ყოფილი აფხაზი მუჰაჯირები და მიიღეს იარაღი [50, 201; 132, 79-80]. აფხაზი ბოლშევიკი ეფრემ ეშბა კი აღნიშნავდა, რომ „მთიელთა კავშირის“ სახელით აფხაზეთში ჩამოსული ჩეჩენი ბოლშევიკი ასლანბეკ შერიპოვი, თურქებთან კავშირის დამყარების მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებდა [171, 161]. 1917წ. 8 ნოემბერს, ა. შერიპოვი ერთ-ერთი ძირითადი მომხსენებელი იყო სოხუმში გამართულ აფხაზი ხალხის ყრილობაზე, რომელსაც ს. ბასარია თავმჯდომარეობდა. ამ ყრილობაზე გადაწყდა აფხაზთა სახალხო საბჭოს ჩამოყალიბება და „მთიელთა კავშირის“ შემადგენლობაში შესვლა [132, 68-69, 740].
აფხაზეთში სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფებების კავშირებზე ოსმალეთთან ინფორმაციას ფლობდნენ ქართველი პოლიტიკური მოღვაწეებიც. სოხუმის ქალაქისთავი ბ. ჩხიკვიშვილი 1918წ. 21 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოსადმი გაგზავნილ მოხსენებაში აღნიშნავდა: „აფხაზებმა შეიძლება თურქებს დესანტის გადმოსხმა მოსთხოვონ, თუ არ იქნა თქვენი მხრიდან წესრიგის დამყარებაში დახმარება აღმოჩენილი“ [132, 80, 404].
აფხაზეთში რეალური ავტონომიის დამყარება თურქული და რუსული ორიენტაციების დამარცხების შემდეგ გახდა შესაძლებელი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება ავტონომიური აფხაზეთის მოსახლეობის უფლებებს იცავდა საერთაშორისო არენაზეც. 1920წ. აფხაზეთში წამოიჭრა თავისუფალ, ე.წ. „საფონდო მიწებზე“ მოსახლეობის მოზიდვის საკითხი. 1920წ.
ივნისში, აფხაზი ინტელიგენციის კრებაზე დაფუძნდა „აფხაზი მუჰაჯირების საქმეთა სოხუმის ცენტრალური კომიტეტი“. კომიტეტმა გამოაცხადა, რომ თურქეთში მყოფი აფხაზი მუჰაჯირები წარმოადგენდნენ რუსეთ-ოსმალეთის ომების დროს აფხაზეთიდან იძულებით გადასახლებულებს. კომიტეტმა გამოაქვეყნა მოწოდება აფხაზეთის მოსახლეობისადმი, სადაც აღნიშნული იყო, რომ თურქეთში მცხოვრებ აფხაზ მუჰაჯირებს სურთ სამშობლოში დაბრუნება და დაბრუნების ნებართვის მისაღებად მიმართეს საქართველოს მთავრობას [137, 497-498].
კომიტეტის მოწოდებაში აღნიშნული თხოვნით აფხაზმა მუჰაჯირებმა 1920წ. 16 თებერვალს მიმართეს თურქეთში საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გ. რცხილაძეს. თავის მხრივ, გ. რცხილაძემ ეს თხოვნა გადაუგზავნა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს ნ. ჩხეიძეს. ამასთან, გ. რცხილაძე, თავის წერილში ნ. ჩხეიძისადმი შეეხო არა მხოლოდ აფხაზი მუჰაჯირების, არამედ საქართველოდან წასული მუსლიმანი მოსახლეობის საკითხსაც. გ. რცხილაძის წერილში აღნიშნულია, რომ 16 თებერვალს მან მიიღო თურქეთში გადასახლებულ აფხაზთა წარმომადგენლები მარშანია და მარღანია, რომელთაც აფხაზი მუჰაჯირების სახელით მიულოცეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება (აქ იგულისხმება „ანტანტის“ მიერ 1920წ. იანვარში საქართველოს დე-ფაქტო დამოუკიდებლობის აღიარება – ზ.წ). აფხაზ მუჰაჯირთა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პირადად ისინი, ისევე როგორც ყველა აფხაზი, საქართველოს ერთიანობის მომხრენი არიან და ამ მიმართულებით გააგრძელებენ საქმიანობას მომავალშიც. მუჰაჯირთა წარმომადგენლებს აინტერესებდათ, რა გზითა და საშუალებებით მოხერხდებოდა გადასახლებული აფხაზების დაბრუნება აფხაზეთში. მათი სიტყვებით, აფხაზ მუჰაჯირთა რაოდენობა თურქეთის იზმითის ოლქში 150 ათას ადამიანს შეადგენდა. გ. რცხილაძე გამოთქვამდა თავის მოსაზრებას აფხაზ მუჰაჯირთა თხოვნასთან დაკავშირებით და მიუთითებდა, რომ საქართველოს ყველა კუთხიდან გადასახლებული მუჰაჯირები ოსმალეთის ქვეშევრდომებად ითვლებიან და მათი გადმოსახლება საქართველოში გამოიწვევდა მრავალ სირთულეს, ამიტომ კონფერენციაზე ეს საკითხი წინასწარ უნდა გაეთვალისწინებინათ. გ. რცხილაძე იძლეოდა რეკომენდაციას, თურქეთთან საზავო მოლაპარაკებებისას, საქართველოს მოეთხოვა, მიეღოთ სპეციალური დადგენილება, რომელშიც აღიარებული იქნებოდა რუსეთის ბატონობის დროს კავკასიიდან თურქეთში გადასახლებულ მუჰაჯირთა და მათ შთამომავალთა სამშობლოში დაბრუნების უფლება. ამ უფლების რეალიზაციისათვის უნდა შექმნილიყო სპეციალური კომისია და დადგენილიყო რამდენიმეწლიანი ვადა. უნდა ესარგებლათ დაბრუნების უფლებით არა მარტო აფხაზებს, არამედ ქართველ მუსლიმანებსაც [157, 279-280].
ნ. ჩხეიძემ მოკავშირე სახელმწიფოების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს 7 აპრილს გაუგზავნა წერილი, სადაც აღნიშნულია შემდეგი: „საქართველოსა და აფხაზეთის მკვიდრი ძალიან ბევრი მუსლიმანი, რომელიც იძულებული შეიქნა სხვადასხვა ეპოქაში დაეტოვებინა სამშობლო, გადასახლდა ოსმალეთის იმპერიაში, განსაკუთრებით ბერლინის ტრაქტატის (1878წ.) შემდეგ, რუსეთის მთავრობის მიერ საქართველოში დანერგილი და შემდგომშიც გატარებული ანტიმუსლიმანური პოლიტიკის შედეგად. ქართველებსა და მუსლიმან აფხაზებს, უპირატესად ბათუმისა და სოხუმის ოლქების მკვიდრთ, რომელთაც „მუჰაჯირები“ ეწოდათ გასახლების რელიგიური ხასიათის გამო, ხშირად გამოუთქვამთ მშობლიურ ადგილებში დაბრუნების სურვილი, მაგრამ მათი დაბრუნება სამშობლოში შეუძლებელი იყო რუსების ბატონობის პერიოდში. დამოუკიდებელ საქართველოს კი პირიქით, სურს ყოველნაირად გაუადვილოს სამშობლოში დაბრუნება თავის გაფანტულ შვილებს. იმისათვის, რომ თურქეთი ან ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრე სხვა ქვეყანა, წინ არ აღუდგეს ემიგრანტი ქართველების სამშობლოში დაბრუნებას, დიდად მნიშვნელოვანი იქნებოდა თურქეთთან მომავალ ხელშეკრულებაში შესულიყო მუხლი, რომელიც გაითვალისწინებდა საქართველოს ოლქებში იმათ თავისუფალ დაბრუნებას, რომელთაც პოლიტიკური თუ რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე დატოვეს (საქართველო) და აქვთ სურვილი იქ დაბრუნებისა. პატივი მაქვს ვთხოვო თქვენს აღმატებულებას, გადასცეს უმაღლეს საბჭოს მოსახლეობისა და საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული სურვილი“ [157, 280].
როგორც ვხედავთ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება ისევე იცავდა ქართველი ხალხის უფლებებს, როგორც აფხაზებისას. ქართველი და აფხაზი მუჰაჯირების სამშობლოში დაბრუნების საკითხი საქართველოს ხელისუფლებამ იმდროინდელ უპირველეს საერთაშორისო დონეზე – „ანტანტის“ უმაღლეს საბჭოზე გაიტანა განსახილველად. 1921წ. საქართველოს გასაბჭოებამ ქართველ და აფხაზ მუჰაჯირთა სამშობლოში გადმოსახლების გეგმების განხოციელება შეუძლებელი გახადა.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 1918წ. აფხაზეთში სამხედრო ძალის გამოყენებით ჩაშალა როგორც თურქოფილი, ასევე ბოლშევიკი სეპარატისტების გეგმები. აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა ავტონომიური ერთეულის სახით, რაც გამოცხადდა 1919წ. 20 მარტს აფხაზეთის სახალხო საბჭოს მიერ მიღებული „აფხაზეთის ავტონომიის აქტით“ [2, 51-52].
აფხაზეთი (სოხუმის ოლქი) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში ცნო რუსეთის ფედერაციამ 1920წ. 7 მაისის ხელშეკრულებით. [132, 783-784]. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და თურქეთის დიდი სახალხო კრების მთავრობას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს საფუძველი ჩაეყარა 1920წ. ნოემბერში, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა თურქეთის ოფიციალური წარმომადგენელი, პოლკოვნიკი კიაზიმ ბეი. მის ჩამოსვლას საქართველოში დადებითად შეხვდნენ. საქართველოს პარლამენტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კონსტანტინე საბახტარაშვილმა განაცხადა: „ქიაზიმ ბეის მინდობილი აქვს საქართველოს მთავრობასთან მეგობრული ურთიერთობების დასამყარებლად მოლაპარაკებების გამართვა... ჩვენ ამას სიხარულით მივიღებთ, მაგრამ ყოველგვარი მოლაპარაკების აუცილებელ საფუძვლად ჩვენ მოვითხოვთ მისგან (თურქეთისგან – ზ.წ.) ყოველი პირობის გარეშე საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას იმ საზღვრებში, რომელიც ცნობილია რუსეთთან 1920წ. 7 მაისს დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებით“ [88, 392-393]. 14 ნოემბერს კიაზიმ ბეიმ, ანკარაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილ შეტყობინებაში აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას გადასცა ელჩის რწმუნების სიგელი. ელჩი თავის შეტყობინებაში აღნიშნავს: „თბილისში შიშით უყურებენ ანკარისა და მოსკოვის დაახლოებას, რადგან ქართველები არ ენდობიან რუსების მეგობრებს. საქართველო აღიარებს ანკარის მთავრობას და არ ცნობს სტამბოლის ხელისუფლებას. საქართველო მოელის ანკარის მხრიდან აღიარებას და სასაზღვრო საკითხების გადაწყვეტას“. [194, 584]. ელჩის სიტყვებით, მან ქართველებს განუმარტა, რომ ანკარის ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობა არ იქნება მიმართული საქართველოს წინააღმდეგ, რადგან თურქეთი დამოუკიდებელი საქართველოს მომხრეა და რუსეთ-თურქეთის კავშირმა არ უნდა გამოიწვიოს თბილისის შეშფოთება [194, 584-585].
კავკასიაში შექმნილ ვითარებაში თურქეთს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება ხელს აძლევდა. თურქეთის მთავრობა ძლიერ და დამოუკიდებელ საქართველოს თავისი ინტერესებისათვის ხელსაყრელად მიიჩნევდა და 1920წ. 21 ოქტომბრის ნოტით ამის შესახებ საქართველოს მთავრობას აცნობა. თურქეთის მთავრობამ ამ საკითხში თავისი გულწრფელობა საქართველოს ცნობით დაამტკიცა [194, 617].
საქართველოს სრულუფლებიან წარმომადგენლად ანკარაში დაინიშნა საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე სვიმონ მდივანი. ანკარაში საქართველოს მისია ჩავიდა 1921წ. 31 იანვარს, სადაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ წამყვანმა სახელმწიფოებმა – აშშ-მ, ინგლისმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ესპანეთმა და სხვებმა იცნეს საქართველო დე-იურედ. 1921წ. 8 თებერვალს ანკარაში თურქეთის დიდი სახალხო კრების თავმჯომარემ და თურქი ერის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ბელადმა მუსტაფა ქემალ ფაშამ მიიღო საქართველოს ელჩი სვიმონ მდივანი. ელჩმა მას რწმუნების სიგელები გადასცა. საქართველოს მისიის საგანგებო დავალებათა ოფიცრის, დიმიტრი შალიკაშვილის (1993-1997წწ. აშშ-ს შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის მამა) მოწმობით, საქართველოს ელჩის მიღებას ესწრებოდა ქემალ ფაშას ადიუტანტი გვარად ანჩაბაძე, თურქეთში გადასახლებული აფხაზი მუჰაჯირის შვილი [88, 394]. სიმონ მდივანმა რწმუნების სიგელის გადაცემისას გამართულ საზეიმო ცერემონიალზე წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ანკარის მთავრობას მის სამართლიან ბრძოლაში წარმატებებს უსურვებს და თავის მხრივ დარწმუნებულია, რომ ანკარის მთავრობა სათანადოდ აფასებს მეზობელი საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. მუსტაფა ქემალ ფაშამ განაცხადა, რომ მოხარულია ელჩის სახით მიესალმოს ქართველ ერს. მან მადლობა გადაუხადა ქართველ ელჩს იმ შეფასებისათვის, რაც ელჩმა თურქი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას მისცა. „თურქეთის დიდი ეროვნული კრების მთავრობის მიერ, თქვენს საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი 1920წ. 21 ოქტომბერს გაგზავნილ ნოტაში აღინიშნა, რომ დამოუკიდებელი და ძლიერი საქართველოს არსებობა ჩვენს ინტერესებს შეესაბამება. ვსარგებლობ შემთხვევით და ვადასტურებ თურქეთის დიდი ეროვნული კრების ამ თვალსაზრისს. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ თურქეთი, რომელიც იბრძვის უფლებისათვის, რომ თვითონ გადაწყვიტოს თავისი ბედ-იღბალი, რა თქმა უნდა იგივე უფლებას აღიარებს ყველა ხალხისათვის და განსაკუთრებით მეზობელი ქართველი ხალხისათვის.“ – აღნიშნა მუსტაფა ქემალ ფაშამ [194, 620-621].
როგორც ვხედავთ, თურქეთის მეთაური დაინტერესებული იყო ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველოს არსებობით და მასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. თურქეთმა ცნო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ავტონომიური ერთეულის სახით აფხაზეთი და დაამყარა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა.
დასკვნა
ამრიგად, აფხაზეთის, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილის, ისტორიის მნიშვნელოვანი მონაკვეთი დაკავშირებულია რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიების ურთიერთობებთან, მათ პოლიტიკასთან, როგორც მთლიანად საქართველოს, ასევე კავკასიის მიმართულებით.
ოსმალეთის იმპერიის პირველი თავდასხმა საქართველოზე ქ. ცხუმსა და აფხაზეთის სანაპიროზე განხორციელდა. ეს ოსმალეთის სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა შავი ზღვის თავის „შიდა ტბად“ გადაქცევასა და საქართველოს პოლიტიკური ერთეულების დამორჩილებას. ამ მიზნის განხორციელებაში ოსმალეთი იყენებდა თავის ვასალ ყირიმის ხანს. ოსმალეთი, დასავლეთ საქართველოში გაბატონების მიზნის შესაბამისად, აფხაზეთის მეზობელ ჯიქთა ტომს იყენებდა აფხაზეთის საერისთაოსა და ოდიშის წინააღმდეგ. ჯიქები აფხაზეთსა და ოდიშში შემოსევებს ახდენდნენ. აფხაზეთი, უძველესი ქართული ქრისტიანული კულტურის ქვეყანა, ოსმალეთისა და მისი მოკავშირე ჯიქების ტომების შემოსევების წყალობით, „მიდრკა ქრისტიანობისგან“, რადიკალური ცვლილებები მოხდა მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაში და მხარის კულტურულ-ისტორიულ ყოფაში.
XVII ს. დასაწყისში, აფხაზეთის ერისთავი შარვაშიძეები გამთავრდნენ. აფხაზეთის სამთავროს ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო ოდიშის სამთავროს მიერ ოსმალეთის სუზერენიტეტის აღიარებამ. XVII ს. დასასრულისათვის აფხაზეთის სამთავრომ ოდიშის ხარჯზე გაიფართოვა ტერიტორიები მდ. ენგურამდე. ოსმალეთმა აფხაზეთში საბოლოო პოლიტიკურ გაბატონებას XVIII საუკუნეში მიაღწია. ძლიერი ოსმალური სამხედრო გარნიზონი იმყოფებოდა სოხუმისა და აფხაზეთის სხვა ციხეებში. საუკუნის დასასრულისათვის, ქ. სოხუმში, ოსმალური სამხედრო-საზღვაო ბაზის – გემთსაშენისა და გამაგრებული ფორტის – მესვეურობა, ოსმალებმა გამაჰმადიანებულ აფხაზეთის მთავარს, ქელეშ-აჰმედ-ბეი შარვაშიძეს ჩააბარეს. ამ პერიოდს ემთხვევა რუსეთის შემოსვლა კავკასიაში. რუსეთის მხრიდან ქართლ-კახეთის სამეფოსთან მფარველობის ტრაქტატის დადებამ და ყირიმის სახანოს დამორჩილებამ ოსმალეთი აიძულა დასავლეთ საქართველოს საქმეებისადმი მეტი ყურადღება გამოეჩინა. ოდიშის სამთავროს რუსეთის მფარველობაში შესვლის შემდეგ თავისი ვასალის, ქელეშ-ბეის რუსეთთან დაახლოების აღსაკვეთად ოსმალეთმა მთავრის მკვლელობის ორგანიზება მის შვილ ასლან-ბეის დაავალა. ქელეშ-ბეის მკვლელობის შემდეგ, ასლან-ბეისა და მისი მომხრე ადგილობრივი ოსმალური დაჯგუფებების მეშვეობით, ოცი წლის განმავლობაში ოსმალეთი შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდა რუსეთს აფხაზეთში დამკვიდრების საქმეში. 1829წ. ადრიანოპოლის ზავით ოსმალეთმა აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში აღიარა, მაგრამ კვლავინდებურად აგრძელებდა აფხაზეთში სამხედრო-პოლიტიკური დასაყრდენის შექმნისა და მისი მეშვეობით, ჩრდილოეთ კავკასიის მთიელებთან დაკავშირების პოლიტიკას. ოსმალეთს ამ გეგმების განხორციელებაში ხელს უწყობდა რუსეთის მოწინააღმდეგე ინგლისი, რომელიც სტამბოლში ქმნიდა ჩრდილო-კავკასიელ მუჰაჯირთა კომიტეტებს, აიარაღებდა მთიელებს, პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს კავკასიაში.
ყირიმის ომის პერიოდში (1853-1856წწ.) აფხაზეთი ოსმალეთისა და მისი მოკავშირეების რუსეთთან ომის ერთ-ერთ არენად იქცა. აფხაზეთის მთავარი მიხეილ შარვაშიძე ამ რთულ ვითარებაში ცდილობდა გარკვეული ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას, ელოდა ვის დარჩებოდა მებრძოლ მხარეთაგან აფხაზეთი, მაგრამ საბოლოო ჯამში მთავარმა რუსეთს უერთგულა, რამაც იმჟამად აფხაზეთის მოსახლეობას მუჰაჯირობა ააცილა თავიდან.
1864წ. აფხაზეთის სამთავროს გაუქმებასა და მხარეში რუსული კოლონიზაციის დაწყებას მოჰყვა 1867წ. აფხაზთა პირველი დიდი მუჰაჯირობა ოსმალეთში. ოსმალეთის ხელისუფლება ცდილობდა აფხაზი მუჰაჯირებისგან რუსეთთან საბრძოლველი მოწინავე რაზმი შეექმნა, რაც წარმატებით განახორციელა 1877წ. როდესაც რუსეთ-ოსმალეთის ახალი ომის დროს, აფხაზეთში ისევ გაჩაღდა საომარი მოქმედებები. აფხაზი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მუჰაჯირთა მოწოდებებს აჰყვა და რუსების წინააღმდეგ გაილაშქრა, რასაც, ომში ოსმალეთის დამარცხების შემდეგ აფხაზეთიდან მუჰაჯირობის მეორე ტალღა მოჰყვა.
ოსმალეთის იმპერია თავისი არსებობის ბოლო წლებში ცდილობდა ჩრდილოეთ კავკასიაში ექსპანსიისა და იქ რუსეთის წინააღმდეგ ბუფერული სახელმწიფოს შექმნის მიზნით აფხაზეთში სამხედრო-პოლიტიკური პლაცდარმის შექმნას. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ქართველმა პატრიოტებმა „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტიდან“ ჩაშალეს ოსმალეთის სარდლობის გეგმა, რომელიც სოხუმში დესანტის გადასხმას ითვალისწინებდა. 1918წ. აფხაზეთში ბოლშევიკებთან მებრძოლმა გენერალმა მაზნიაშვილმა კოდორის მაზრაში შემოჭრილი ოსმალური დესანტის ავანტიურა აღკვეთა. ასე ჩაიშალა აფხაზეთში თბილისის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული გეგმა, რომლის მონაწილეები იყვნენ, როგორც თურქოფილი სეპარატისტები, ასევე მათთან კავშირში მყოფი ბოლშევიკები.
ამრიგად, აფხაზეთში რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიების პოლიტიკა ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში გაბატონებას ისახავდა მიზნად. შესაბამისად, ოსმალეთი მხარეში ისლამს ავრცელებდა, ერთმორწმუნე რუსეთი კი აფხაზეთში უძველესი, ქართული ქრისტიანული კულტურის კვალს გულმოდგინედ შლიდა. რუსეთის იმპერია ებრძოდა ოსმალეთის აფხაზეთში გაბატონების ცდებს, სასტიკად ახშობდა ანტირუსულ გამოსვლებს და ოსმალეთთან ომებს აფხაზეთის ურჩი მოსახლეობისაგან დაცლის საბაბად იყენებდა. ოსმალეთისთვის კი აფხაზეთი წარმოადგენდა, ერთის მხრივ, დასავლეთ საქართველოზე ბატონობისათვის გამიზნულ სამხედრო-პოლიტიკურ დასაყრდენს, მეორის მხრივ ჩრდილოეთ კავკასიის მთიელებთან დამაკავშირებელ სტრატეგიულ პლაცდარმს. ამ პოლიტიკიდან გამომდინარე, ოსმალეთი, საქართველოში რუსეთის იმპერიის დამკვიდრების შემდეგ, XIX ს. განმავლობაში და XX ს. პირველ მეოთხედში, აფხაზეთში სამხედრო-პოლიტიკური გაბატონებისათვის ბრძოლაში ეყრდნობოდა ადგილობრივ, ანტირუსულად განწყობილი ძალებს, სამხედრო-პოლიტიკურ და ფინანსურ დახმარებას უწევდა ოსმალოფილურ დაჯგუფებებს, რუსეთთან საომარი მოქმედებების პერიოდში კი საომარი ფრონტი უშუალოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაჰქონდა. პირველი მსოფლიო ომის დროს, აფხაზეთში ოსმალური სამხედრო ინტერვენცია და ბოლშევიკების შემოსევა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ძალებმა აღკვეთა. საქართველოს დამოუკიდებელმა, დემოკრატიულმა რესპუბლიკამ აფხაზეთის მოსახლეობის უფლებები დაიცვა და მხარეს ავტონომიის სტატუსი მიანიჭა. რუსეთის ფედერაციამ და თურქეთის დიდი ეროვნული კრების მთავრობამ, ცნეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის შემადგენლობაში ავტონომიური ერთეულის სახით იმყოფებოდა აფხაზეთი.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა
ა) საისტორიო წყაროები:
1. აიხვალდი ედუარდ საქართველოს შესახებ. XIX საუკუნის პირველი მესამედი. გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებლები დაურთო გ. გელაშვილმა. თბ., 2005.
2. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რეგიონების სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში (1917-1988). პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული. კრებულის შემდგენელი და მთავარი რედაქტორი თ. დიასამიძე. თბ., 2004.
3. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, – ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. IV. თბ., 1973.
4. ბოროზდინი კ. სამეგრელო და სვანეთი 1854-1861. მოგონებანი. ტფ., 1934.
5. გამბა ჟაკ ფრანსუა. მოგზაურობა ამიერკავკასიაში. ტ. I. ფრანგულიდან თარგმნა, კომენტარები დაურთო მ. მგალობლიშვილმა. თბ., 1987.
6. დადიანი ნ. ქართველთ ცხოვრება. ტექსტი გამოსცა, წინასიტყვაობა, გამოკვლევა, კომენტარები, საძიებლები დაურთო შ. ბურჯანაძემ. თბ., 1962.
7. ევლია ჩელების „ოგზაურობის წიგნი“. თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გიორგი ფუთურიძემ. ნაკვ I. თბ., 1971.
8. თურქული წყაროები XVI საუკუნის I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის. თურქული დოკუმენტები ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და შენიშვნებით გამოსცა ც. აბულაძემ. თბ., 1983.
9. ისტორიული დოკუმენტები იმერეთის სამეფოსა და გურია-ოდიშის
სამთავროებისა (1466-1770წწ.), შ. ბურჯანაძის რედაქციით. თბ., 1959.
10. ლამბერტი დონ არქანჯელო. სამეგრელოს აღწერა. თარგმანი იტალიურიდან ალ. ჭყონიასი, მე-2 გამოც., ლ. ასათიანის რედაქციით, წინასიტყვაობითა და შენიშვნებით. თბ., 1938.
11. მაზნიაშვილი გ. მოგონებები. ბათუმი, 1990.
12. მაღლაკელიძე შ. მოგონებანი. ქართველები გერმანული დროშის ქვეშ მეორე მსოფლიო ომში. მასალები გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ვიქტორ რცხილაძემ, თბ., 1994.
13. მეჰმედ რაშიდის ცნობები საქართველოსა და ზოგიერთი მეზობელი ქვეყნის შესახებ. თურქული ტექსტი ქართული თარგმანით გამოსცა, გამოკვლევა და შენიშვნები დაურთო ვ. ჩოჩიევმა. თბ., 1976.
14. ოსმალური დოკუმენტური წყაროები ანაკლიისა და რუხის ციხეების შესახებ (XVII-XVIII სს.). თურქული ტექსტი ქართული თარგმანით, შესავლით, ტერმინოლოგიური ლექსიკონით, ფაქსიმილეებითა და საძიებლებით გამოსაცემად მოამზადა ნ. შენგელიამ. თბ., 1982.
15. რაინეგსი ი. მოგზაურობა საქართველოში. გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებლები დაურთო გ. გელაშვილმა. თბ., 2002.
16. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ისტორიული დოკუმენტები და არქივები, II. ისტორიული დოკუმენტები, წ. I. იმერეთის სამეფოს პოლიტიკური საბუთები (1784-1810). ტექსტი შენიშვნებითა და საძიებლებით გამოსაცემად მოამზადა შ. ბურჯანაძემ. თბ., 1953.
17. სფრანძესი გიორგი. მცირე ქრონიკა, _ გეორგიკა. ტ. VIII. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა . თბ., 1970.
18. 1. სცსსა. ფონდი 5, აღწერა 1, საქმე 7506.
18. 2. სცსსა. ფ. 416, აღწ. 3, ს. 177.
18. 3. სცსსა. ფ. 416, აღწ. 3, ს. 178.
18. 4. სცსსა. ფ. 416, აღწ. 3, ს. 182.
18. 5. სცსსა. ფ. 545, აღწ. 1, ს. 75.
18. 6. სცსსა. ფ. 545, აღწ. 1, ს. 91.
18. 7. სცსსა. ფ. 545, აღწ. 1, ს. 301.
18. 8. სცსსა. ფ. 1087, აღწ. 2, ს. 357.
18. 9. სცსსა. ფ. 1861, აღწ. 2, ს. 37.
19. ქათიბ ჩელების ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ. თურქულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გ. ალასანიამ. თბ., 1978.
20. ქართული მწერლობა. ტ. VII. თბ., 1989.
21. ქართული სამართლის ძეგლები. ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ. ტ II. თბ., 1965.
22. ქართული სამართლის ძეგლები. ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ. ტ. III, თბ., 1970.
23. ყიფიანი დ. მემუარები. ს. ხუნდაძის რედაქციით. ტფილისი, 1931.
24. ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის ქვეყნებში. ფრანგულიდან თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო მ. მგალობლიშვილმა. თბ., 1975.
25. ცხოვრება საქართველოისა (პარიზის ქრონიკა). ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გ. ალასანიამ. თბ., 1980.
26. წმინდა აღმსარებელი ამბროსი და აფხაზეთი. კრებული შეადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ჯ. გამახარიამ. თბ., 2006.
27. 1. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ე. ვეიდენბაუმის ფონდი. საბ. #1716.
27. 2. საბ. #1717.
27. 3. საბ. # 1718.
28. Акты собранные Кавказской археографической комиссией под ред. Ад. Берже. т.II. Тифлис,1868.
29. Акты, Т. III. Тифлис,1869.
30. Акты, Т. IV. Тифлис, 1870.
31. Акты, Т. V. Тифлис, 1873.
32. Акты, Т. VI., ч. I . Тифлис, 1874.
33. Акты, Т. VI., ч. II. Тифлис, 1875.
34. Акты, Т. VII. Тифлис, 1878.
35. Акты, Т. IX. Тифлис, 1884.
36. Акты, Т. X. Тифлис, 1885.
37. Акты, Т. XI, Тифлис, 1888.
38. Акты, Т. XII, ч. II Тифлис,1904.
39. Внешная политика России XIX и начала XX века. Документы Российского Министерства Иностранных дел. т. IV. М., 1965.
40. Военное искусство капиталистического общества (1789-1917 гг.), Сборник материалов для военных училищ, Москва, 1953.
41. Война 1877 и 1878 гг. т. III. Война в Азиатской Турции, под ред. генерал-майора Зыкова. Вып. 2. Батум, Сухум и стоянка на границе, С.-Петербург, 1882.
42. Ф.Дюбуа де Монпере. Путешествие вокруг Кавказа т. I. Сухуми, 1937.
43. Записки Иосифа Петровича Дубецкого. ,, Русская старина”. № 5, 1895.
44. Материалы для описания Русско-турецкой войны 1877-1878 гг. на Кавказско- Малоазиатском театре. თ.V. Составлен в Военно-историческом отделе при штабе Кавказского военного округа полковнгиком Фон-Климан, Тифлис, 1909.
45. Материалы и записки по вопросу о владетельских и имущественных правах потомков светлейшего князя Михаила Шервашидзе, последнего владетеля Абхазия. Венден, 1913.
46. Муравьев Н. Н. Война за Кавказом, т. I. СПб,1877, т. II. СПб, 1877.
47. Осман-бей. Воспоминания 1855 года майора Осман-бея, – ,, Кавказский сборник” т. II. Тифлис, 1877.
48. Очерк устройства общественно-политического быта Абхазии и Самурзакани, – ССКГ, вып. III. Тифлис,1870.
49. Пахомов А. Записка об имениях Георгия Шервашидзе. – საისტორიო მოამბე. თბ., 1953, #7.
50. Тарнава М. Воспоминания. Литературная Абхазия. №1.Сухуми,1991.
51. Торнау Ф.Ф. Воспоминания кавказского офицера. ч. I. М., 1864.
52. Филипсон Г.И. Воспоминания. М., 1885.
53. Чочуа А.М. Избранные сочинения. Тб., 1987.
54. Шамиль-ставленник султанской Турции и ангглийских колонизаторов. Сборник документальных материялов. Тб., 1953
55. Щастливцев П. Наступление Сочинского отряда, ,, Тифлисский Вестник”. №201, 1877.
56. Bell. J.S. Çerkesya’dan savaş mektupları.Türkçesi Sedat Özen, İstanbul,1998.
57. Butbay M. Kafkasya Hatıraları. Eski yazıdan yeni yazıya çeviren, sadeleştirip bugünkü dile uyarlayan ve yayına hazırlayan Ahmet Cevdet Canbulat. Türk Tarih Kurumu Basımevi. Ankara, 1990.
58.1. T.C. Başbakanlık Devlet Arşivleri Genel Müdürlüğü Osmanlı Arşivi Daire Başkanlığı
http://www.devletarsivleri.gov.tr ,- Tarih: 08/Ca/1123 , (Hicrî), Dosya No:74, Gömlek No:3464, Fon Kodu: C..AS..
58.2. Tarih: 23/M /1158(Hicrî), Dosya No:671, Gömlek No:28193, Fon Kodu: C..AS..
58.3. Tarih: 06/Ş /1184 (Hicrî), Dosya No:336, Gömlek No:13941, Fon Kodu: C..AS..
58.4. Tarih: 07/Za/1202 (Hicrî), Dosya No:1179, Gömlek No:52527, Fon Kodu: C..AS..
58.5. Tarih:18/M /1208 (Hicrî), Dosya No:193, Gömlek No:9079, Fon Kodu: C..BH..
58.6. Tarih: 09/R /1209 (Hicrî), Dosya No:187, Gömlek No:8794, Fon Kodu: C..BH..
58.7. Tarih: 28/S /1211 (Hicrî), Dosya No:6, Gömlek No:296, Fon Kodu: C..BH..
58.8. Tarih: 29/L /1207 (Hicrî), Dosya No:809, Gömlek No:34353, Fon Kodu: C..AS..
58.9. Tarih: 29/N /1205 (Hicrî), Dosya No:874, Gömlek No:37507, Fon Kodu: C..AS..
58.10. Tarih: 20/Ş /1220 (Hicrî), Dosya No:122,Gömlek No:6092, Fon Kodu:C..DH..
58.11. Tarih: 19/R /1221 (Hicrî), Dosya No:103, Gömlek No:4067, Fon Kodu: HAT
58.12. Tarih: 04/R /1227 (Hicrî) Dosya No:1203, Gömlek No:53908, Fon Kodu: C..AS..
58.13. Tarih: 29/Z /1230 (Hicrî), Dosya No:1103, Gömlek No:44567/A, Fon Kodu: HAT
58.14. Tarih: 17/Za/1264(Hicrî), Dosya No:154, Gömlek No:45, Fon Kodu: A.}MKT.
58.15. Tarih: 08/M /1246 (Hicrî), Dosya No:348, Gömlek No:17395, Fon Kodu: C..DH..
58.16. Tarih: 11/Za/1270 (Hicrî), Dosya No:82, Gömlek No:67, Fon Kodu: HR.MKT.
58.17. Dosya No:2455, Gömlek No:79, Fon Kodu: HR.SYS.
ბ) სამეცნიერო ლიტერატურა
59. არდაშელია ო. ნაპოლეონ პირველის აღმოსავლური პოლიტიკა და საქართველო. თბ., 2005.
60. ახვლედიანი ბ. სახალხო-განმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორიიდან სამხრეთ საქართველოში. თბ., 1957.
61. ბატიაშვილი ზ. ქართველები ოსმალური პერიოდის ტრაპიზონში. თბ., 2008.
62. ბერაძე თ. საქართველოს საზღვაო ვაჭრობის ისტორიიდან.- მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის სერია, # 2. თბ., 1983.
63. ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები. თბ., 1990.
64. ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები. წ. III. თბ., 1966.
65. ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები. წ. II. თბ., 1965.
66. ბურჭულაძე ე. ყირიმის ომი და საქართველო. თბ., 1960.
67. ბურჯანაძე შ. ლიხთ-იმერეთის 1737წ. რუკა, როგორც საქართველოს ისტორიის პირველწყარო, - ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე. I. თბ., 1959.
68. გამახარია ჯ. აფხაზეთი და მართლმადიდებლობა. თბ., 2005 წ.
69. დუმბაძე მ. დასავლეთ საქართველო XIXს. პირველ ნახევარში. თბ, 1957.
70. ვაჭრიძე გ. იმერეთის დროებითი მმართველობა (1810-1840წწ.). ქუთაისი. 1999.
71. ზაქარაია დ. ასლან-ბეი შარვაშიძის ბრძოლა აფხაზეთის სამთავრო ტახტისთვის.- საისტორიო ძიებანი. წელიწდეული. VII, თბ., 2004.
72. თაკალანძე ნ. მიხეილ შარვაშიძე და ყირიმის ომი.- საისტორიო ძიებანი. წელიწდეული. II. თბ, 1999.
73. თამარაშვილი მ. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის. ტფილისი. 1902.
74. კვაშილავა კ. სამურზაყანო ლევან შარვაშიძის მმართველობის პერიოდში 1757-1789. -საისტორიო ძიებანი. წელიწდეული. X_XI. თბ., 2008.
75. კილასონია ა. ტყვეთა გამოხსნის საშუალებები და მისი სამართლებრივი რეგულირება საქართველოში XVIII ს. - საისტორიო ძიებანი. წელიწდეული. III, თბ, 2000.
76. კილასონია ა. ადამიანებით ვაჭრობა საქართველო-კავკასიაში XVI-XIX საუკუნეებში. თბ., 2006.
77. კილასონია ა. ოსმალეთი-ადამიანით ვაჭრობის სულისჩამდგმელი და და ორგანიზატორი საქართველოში XVI-XVII საუკუნეებში. - საისტორიო ძიებანი. წელიწდეული. X_XI. თბ., 2008.
78. ლომინაძე ბ. ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან. ტ. I, სენიორიები. თბ., 1966.
79. ლომინაძე რ. რუსეთის ბატონობის დამყარება საქართველოში, თბ., 2000.
80. მამისთვალიშვილი ე. საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი XV საუკუნის მეორე ნახევარსა და XVI საუკუნეში (ევროპული წყაროების მიხედვით). თბ., 1981.
81. მაჭარაძე ვ. მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ – საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან. II. თბ., 1968.
82. მეგრელიძე შ. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიიდან. თბ., 1963.
83. პაიჭაძე დ. ევროპის ქვეყნების ანტიოსმალური კოალიცია და საქართველო. თბ., 1989.
84. პაპასქირი ზ. ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან. ნაკვ I. თბ., 2004.
85. პაპასქირი ზ. ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან. ნაკვ II. თბ., 2007.
86. პაპასქირი ზ. დღევანდელი აფხაზეთი XIII-XV საუკუნეებში. _ აფხაზეთის ისტორიის პრობლემები. თბ., 1998.
87. როგავა გ. რელიგია და ეკლესია საქართველოში XIX-XX სს. თბ., 2002
88. სვანიძე მ. თურქეთის ისტორია. (1299-2000). თბ., 2007.
89. სვანიძე მ. საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები (XIV-XVIII საუკუნეები). თბ., 1990.
90. სურგულაძე ა, სურგულაძე კ. ქართული ლეგიონი თურქეთში. ბათუმი, 1994.
91. ტაბაღუა ი. სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა საფრანგეთში.- მაცნე, ისტორიის... სერია, #3, 1965.
92. ტაბაღუა ი. საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობა. თბ., 1972.
93. ტაბაღუა ი. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში. ტ. I. თბ., 1974.
94. ტაბაღუა ი. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში. ტ II. თბ., 1986.
95. ტარდი ლ. უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობა XVI საუკუნეში. თბ., 1980.
96. ტუღუში ა. ცაიშის საეპისკოპოსო. ზუგდიდი, 2001.
97. ურუშაძე ლ. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს სადაზვერვო საქმიანობა კავკასიაში 1900-იან-1910-იან წლებში. კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებრივი ინსტიტუტის მოამბე. XX. მონრეალი-თბილისი. 2008.
98. ქორთუა ნ. საქართველო 1806-1812 წლების რუსეთ-თურქეთის ომში. თბ., 1964.
99. შენგელია ნ. ოსმალური ,,ქუჩუქ ბერათები~ სოხუმის ციხის შესახებ. _ ახლო აღმოსავლეთი და საქართველო. თბ., 1991.
100. შენგელია ნ. XV-XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები. თბ., 1974.
101. ჩიტაია დ. აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში. აფხაზეთის სახალხო საბჭო 1917-1918 წლებში. თბ., 2006.
102. ჩრდილო კავკასიის ხალხთა ისტორიის ნარკვევები. რედაქტორი ზ. ანჩაბაძე. ნაკვ II, თბ., 1978.
103. ჩხატარაიშვილი ქ. საქართველოს საგარეო ურთიერთობათა ისტორიიდან (XVIII ს. პირველი მეოთხედი),-კრ: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები. ტ. II. თბ., 1972.
104. ჩხატარაიშვილი ქ. დასავლეთი საქართველო XVIII საუკუნის პირველ ნახევარში. საქართველოს ისტორის ნარკვევები. ტ. IV. თბ., 1973.
105. ჩხეიძე ა. ინგლისის პოლიტიკა კავკასიაში. თბ., 1973.
106. ჩხეტია შ. აფხაზეთის სამთავროს ისტორიისათვის (1853-1856). - საისტორიო მოამბე, #15-16. თბ., 1963.
107. ცინცაძე ზ. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს საზღვრების საკითხისათვის XIX საუკუნის I ნახევარში. _ სიგკ, VII. თბ., 1989.
108. წურწუმია ზ. აფხაზეთის ისტორიის ზოგიერთი საკითხი თურქულ ისტორიოგრაფიაში. _ საისტორიო ძიებანი. წელიწდეული. V. თბ., 2002.
109. ხორავა ბ. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა XV-XVIII საუკუნეებში. თბ., 1996.
110. ხორავა ბ. 1830 წლის აფხაზეთის ექსპედიცია. - საისტორიო ძიებანი. წელიწდეული. VI. თბ., 2003.
111. ხორავა ბ. აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა. თბ., 2004.
112. ხორავა ბ. აფხაზეთი XVIII საუკუნის დასაწყისიდან 80-იან წლებამდე, - წგნ.: ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან. აფხაზეთი უძველესი დროიდან დღემდე. თბ., 2007.
113. ხორავა ბ. აფხაზეთი XVIIIს. მიწურულსა და XIXს. დამდეგს. აფხაზეთის შესვლა რუსეთის მფარველობაში. წგნ.: ნარკვევები საქართველოს
ისტორიიდან. აფხაზეთი უძველესი დროიდან დღემდე. თბ., 2007.
114. ჯავახიშვილი ივ. ქართველი ერის ისტორია. ტ. IV. თბ., 1967.
115. ჯავახიშვილი ივ. ქართველი ერის ისტორია.წ. III, - თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. III. თბ., 1982.
116. ჯანაშია ს. გიორგი შარვაშიძე. კულტურულ-ისტორიული ნარკვევი. შრომები. VI. თბ., 1988.
117. ჯიქია ს. დოკუმენტები ოსმანთა გარნიზონის სოხუმში ყოფნის ეპიზოდის შესახებ. _ წგნ.:საქართველო და აღმოსავლეთი. თბ., 1984.
118. Абхазия и в ней Ново-Афонский Симоно-Кананитский монастырь. составил И.Н. Москва, 1898.
119. Антелава И. Г. Очерки по истории Абхазии XVII-XVIII веков. Сухуми, 1951.
120. Анчабадзе З.В. Из истории средневековой Абхазии. Сухуми, 1959.
121. Анчабадзе З.В. Дзидзария Г.А., Куправа А.Э. История Абхазии. Сухуми, 1986.
122. Афанасьев Д. К. К истории Черноморского флота, –Русский архив. кн.I, М., 1902.
123. Берадзе Т. Мореплавание и морская торговля в средневевековой Грузии. Тбилиси, 1989.
124. Берадзе Т. Этнополитические процессы на территории современной Абхазии в XV XVIII вв. Разыскания по истории Абхазии/Грузия. Тб.,1999.
125. Берже Ад. Выселение горцев Кавказа. ,, Русская старина”. т. XXIII. СПб, январь, 1882.
126. Богданович М.И. Крымская война. М., Т.1, 1967.
127. Бурчуладзе Е.Е. Грузия в Восточной войне 1853-1856 гг. Р-н-Д., 1970.
128. Брун Ф. Черноморье. сборник исследованиий по исторической географии Южной России. ч. II.Одесса.1880.
129. Бушуев С. К. Борьба горцев за независимость под руководством Шамиля. М.-Л., 1939.
130. Бушуев С. К. Из истории внешнеполитических отношений в период присоединения Кавказа к России (20-70-е годы XIX в.), М., 1955.
131. Верещагин А. В. Черноморское прибрежье Кавказа и его колонизация. СПб,1878.
132. Дж.Гамахария., Б. Гогия. Абхазия-историческая область Грузии, Тб., 1997.
133. Дзидзария Г. А. Восстание 1866 года в Абхазии. Сухуми, 1955.
134. Дзидзария.Г. А. Очерки истории Абхазии 1910-1921гг. Тбилиси, 1963.
135. Дзидзария Г. А. Формирование дореволюционной абхазской интеллигенции. Тб; 1979. 136. Дзидзария Г. А, Ю. Качарава. Из истории совместной борьбы грузинского и абхазского народов (XIX- начало XX в. ). Тб.,1981.
137. Дзидзария Г. А. Махаджирство и проблемы истории Абхазии XIX столетия, 2-е дополненное издание. Сухуми, 1982.
138. Дзидзария Г. А. Киараз. Сухуми, 1987.
139. Дзидзария Г. А. Присоединение Абхазии к России. – Труды, I. Сухуми, 1988.
140. Дубровин Н. История войны и владычества русских на Кавказе, т. VI. СПб.1888.
141. Дьячков-Тарасов А.Н. Абхазия и Сухум в XIX столетии/Известия Кавказского отдела Русского географического общества. Т. XX, №2. Тифлис 1910.
142. Званба С. Т. Абхазские этнографические этюды. Сухуми, 1982.
143. Зиссерман А.Л. Фельдмаршал князь Александр Иванович Барятинский,1815- 1879, Т.I. М.,1888.
144. Зиссерман А.Л. Фельдмаршал князь Александр Иванович Барятинский, 1815- 1879, Т. II. М., 1890.
145. Ибрагимбейли Х.-М. Кавказ в Крымской войне 1853-1856 гг. и международные отношения. М., 1971.
146. Иоаннисян А.Р. Присоединение Закавказья к России и международные отношения в начале XIX столетия. Ереван, 1958.
147. История дипломатии. издание второе, переработанное и дополненное. т. I, М., 1959.
148. История СССР с древнейших времен до наших дней. т. IV, М.,1967.
149. История России XIX – начала XXвв., под ред. В. А. Федорова. М., 1998.
150. Киняпина Н. С. Внешняя политика России первой половины XIX в. М., 1963.
151. Киняпина Н. С., Блиев М. М., Дегоев В. В. Кавказ и Средняя Азия во внешней политике России (второя половина XVIII – 80-е годы XIXв. ). М. , 1984.
152. Лакоба Н. Статьи и речи. Сухуми, 1987.
153. Лакоба С. З. Очерки политической истории Абхазии. Сухуми, 1990.
154. Мачавариани К. Д. Описательный путеводитель по г. Сухуму и Сухумскому округу. Сухум, 1913.
155. Мегрелидзе Ш. Грузия в русского-турецкой войне 1877 –1878 гг. Батуми, 1955.
156. Ментешашвили А. Исторические предпосылки современного сепаратизма в Грузии. Тб., 1998.
157. Ментешашвили А. Грузино-Абхазские отношения в первой четверти ХХ века. Разыскания по истории Абхазии/Грузия. Тб.,1999.
158. Михайловский-Данилевский А. Описание турецкой войны с 1806 до 1812 г. т.3. СПб.,1849.
159. Очерки истории Абхазской АССР. ч. I. Сухуми, 1960.
160. Паичадзе Г. Абхазия в составе Российской Империи. 1810 1917гг. – Разыскания по истории Абхазии/Грузия. Тб.,1999.
161. Рансиммен С., Падение Константинополья в 1453 году. М., 1983.
162. Селезнев М. Руководство к познанию Кавказа, кн. II. СПб. ,1847.
163. Смирнов Н. А. Политика России на Кавказе в XVI-XIX веках. М., 1958.
164. Тарле Е. Крымская война. т.II. М. 1950.
165. Утверждение наше в Абхазии. - ,, Кавказский сборник”. т. X. Тифлис,1889.
166. Утверждение русского владычества на Кавказе. под ред. г.-м. Потто, т. III, ч. 2. Тифлис, 1904.
167. Фадеев А. В. Хозяйство и двор абхазского помещика накануне реформы 1870 года. Сухуми, 1939.
168. Фадеев А. В. Россия и Кавказ первой трети XIX в. М., 1960.
169. Шенгелия Н. Н. Османские арзы 30гг XVIII в. О крепостях Сухуми и Анакопия, Вопросы истории народов Кавказа. Сборник статей посвященных памяти З.В. Анчабадзе. Тб., 1988.
170. Эсадзе С. Историческая записка об управлении Кавказом. т. I. Тифлис, 1907.
171. Эшба Е. Асланбек Шерипов. Опыт характеристики личности и деятельности А. Шерипова в связи с народно-революционным движением в Чечне. Сухуми, 1990.
172. Alpaslan O. Kafkasya üzerine beş konferans. İstanbul, 1997.
173. Allen W.E.D., Muratoff Paul. 1828-1921 Türk-Kafkas Sınırındaki Harplerin Tarihi. Ankara.1966.
174. Bilge M.Sadik. Osmanlı Devleti ve Kafkasya. İstanbul, 2005.
175. Berkok I. Tarihte Kafkasya. Istanbul. 1958.
176. Beyoğlu S. Birinci Dünya Savaşında Trabzon (1914-1919). Trabzon Tarihi İlmi Toplantısı 1998, Bildiriler. Trabzon 1999.
177. Bostan H. XV-XVI. asırlarda Trabzon Sancağında sosyal ve iktisadi hayatı. Ankara, 2002.
178. Cevdet A. Tarih, III, Ahmet Cevdet Paşa. Tarihi-Devlet, I-XII. İstanbul, 1894.
179. Canbek A. Kafkasya’nın Ticaret Tarihi. İstanbul, 1978.
180. Danişmendi I.H. İzahlı Osmanlı Tarihi kronolojisi. III. İstanbul, 1972.
181. Ersoy H., Kamacı A. Çerkes Tarihi. İstanbul.1992.
182. Gökçe C. Kafkasya ve Osmanlı İmparatorluğu’nun Kafkasya siyaseti. Istanbul, 1979.
183. Habiçoğlu B. Kafkasya’dan Anadolu’ya Göçler. İstanbul, 1993.
184. İnalcik Halil. Osmanlı İmparatorluğu’nun ekonomik ve sosyal tarihi. cilt I.(1300-1600). İstanbul. 2009.
185. Karal E. Ziya. Selim III devrinde Osmanlı Bahriyesi hakkında vesikalar. Maarıf Matbaası, 1941.
186. Keleşyılmaz V. Belgelerle Türkiye’nin Birinci Dünya Savaşına giriş süreci. Erdem, Sayı 31, Cilt:11,1999.
187. Keleşyılmaz V. Kafkas Harekatının Perde Arkası.TC Başbakanlık Atatürk Kültür, Dil ve Tarih Yüksek Kurumu. Atatürk Araştırma Merkezi Dergisi. Sayı 47, Cilt XVI. 2000.
188. Kırzıoğlu F. Osmanlılar’ın Kafkas Elllerini Fethi (1450-1590). Ankara, 1976.
189. Kurat A.N. Türkiye ve Rusya. Kültür Bakanlığı Yayınları. Ankara, 1990.
190. Kurtcephe İ. Birinci Dünya Savaşında Bir Süryanı Ayaklanması. AÜ Osmanlı Tarihi Araştırma ve Uygulama Merkezi Dergisi (OTAM), sayı 4, 1993.
191. Mufassal Osmanli Tarihi. Istanbul, 1957.
192. Saydam A. Kırım ve Kafkas Göçleri (1856-1876). Ankara, 1997.
193. Uzunçarşılı İ. H. Osmanlı Tarihi. IV. Ankara, 1973.
194. Yılmaz Serpil. Türk-Gürcü ilişkileri (1918-1921). Atatürk Kültür, Dil ve Tarih Yüksek Kurumu. Atatürk Araştırma Merkezi. Ankara, 2001.
195. Jaeschke G. Der Turanismus der Jungtürken. Die Welt Islams. Bd. 23, Heft 2/3 Leipzig, 1941.
196. Karpat Kemal H. Ottoman Population 1830-1914. Demographic and Social Characteristics. Madison, 1985.გ) პრესა:
197. 1. ,,დროება”, 1867, #23.
197. 2. ,,დროება”, 1877 #133.
197 3. ,,დროება”, 1878, #157.
197. 4. ,,დროება”, 1878, #158.
197. 5. ,,დროება”, 1879, #123.
198. 1. ,, Кавказ”, 1866, #68.
198. 2. ,, Кавказ”, 1877, №147.
198. 3. ,, Кавказ”, 1877, #222.
199. ,, Тифлисский Вестник” 1877, #193.
200. Кавказский календарь на 1879 год, Тифлис, 1878.
201. ,,Голос”, 1877, #257.
Комментариев нет:
Отправить комментарий