среда, 14 октября 2020 г.

სამურზაყანო ლევან შარვაშიძეს მმართველობის პერიოდში 1757-1789 (კ. კვაშილავა)

XVII ს. მიწურულს აფხაზეთის სამთავრომ წარმატებულად ისარგებლა შინააშლილობით და მეზობელ სამეფო-სამთავროებთან თუ ოსმალეთთან დაპირისპირებით ოდიში დასუსტებით და მიიტაცა კოდორი-ენგურის შუამდინარეთის, რომელის ნაწილზე, კერძოდ, ღალიძგა-ენგურის შორის არსებულ ტერიტორია შარვაშიძეთა სამთავრო სახლის უმცროსი შტოს (ყვაპუ შარვაშიძის) სამკვიდრო გახდა და მას მოგვიანებით, ყვაპუს შვილის, მურზაყანის სახელიდან გამომდინარე, სამურზაყანო ეწოდა, ვინაიდან, მას ეს მხარე „აღუყვავილებია“.1
1702წ. ზამთარში, იმერეთის სამეფოს მხარდაჭერით, ოდიშარებმა დალაშქრეს ღალიძგა-ენგურის შუამდინარეთი: „რამეთუ მიეღოთ აფხაზთა ეგრისის მდინარემდე და აოხრებდნენ ოდიშს კლვითა და ტყუეობითა“.2 აქ ყურადღებას იქცევს ის, რომ გიორგი ლიპარტიან-დადიანს, როგორც ჩანს, „ეგრისის მდინარის“ (თანამ. მდ. ღალიძგა3) გაღმა ტერიტორიაზე უკვე პრეტენზია აღარ ჰქონია. ამის შემდეგ, ჩანს, სამურზაყანოზე დაწესდა აფხაზეთ-სამეგრელოს ერთგვარი „კონდომინიუმი“, რომელიც ამ უკანასკნელის მხრიდან ოდიშის მიმართ ყმადნაფიცობას გულისხმობდა. კერძოდ, გამარჯვებულმა მხარემ არ მოახდინა იქ ხელისუფლების ცვლილება და იმ კუთხის გამგებლობა ისევ შარვაშიძეთა სახლის უმცროსს შტოს დარჩა, რომელიც, როგორც ჩანს, ამის სანაცვლოდ, იძულებული გამხდარა დადიანის უზენაესობა ეღიარებინა.
1757 წ. ხრესილის ბრძოლაში იმერეთის ახალგაზრდა მეფის სოლომონ I-ის გვერდით იბრძოდა მისი ცოლისძმა კაცია (ოტია I დადიანის შვილი), რომელიც საბრძოლველად გამოცხადდა „სპითა ოდიშ-ლეჩხუმ-აფხაზთა“.1 აფხაზთა რაზმს ხელმძღვანელობდა სამურზაყანოს მფლობელი ხუტუნია შარვაშიძე, რომელიც გმირულად დაიღუპა ბრძოლისას. როგორც ვხედავთ, სამურზაყანოს რაზმი ცალკე სუბიექტად არ მონაწილეობდა ომში და ხუტუნიაც კაციას ემორჩილებოდა. საეჭვოა, რომ ეს საგანგებოდ შექმნილი სამხედრო „ბლოკი„ ყოფილიყო. ის უფრო უნდა ასახავდეს იმ პერიოდის ოდიშსამურზაყანოს ურთიერთობათა ფორმას – ანუ, სამურზაყანოელი შარვაშიძე ემორჩილება დადიანს. როგორც ჩანს, ამგვარი ურთიერთობები მისაღები იყო როგორც შარვაშიძეთა, ისე დადიანის სახლისათვის: სამურზაყანოელი შარვაშიძეები არ მოწყვეტილან ძირითად ოჯახს, მაგრამ დადიანის მორჩილებაში იმყოფებოდნენ. ანუ სამურზაყანო ამ პერიოდში წარმოადგენდა გარკვეულ „ბუფერულ ზონას“, რომელზედაც, როგორც აღვნიშნეთ, ორივე სამთავრო სახლის (შარვაშიძე, დადიანი) „კონდომინიუმი“ ვრცელდებოდა.
ხუტუნიას ორი ვაჟიშვილი დარჩა: ლევანი (ლეონ) და სოლომონი.2 მამის გარდაცვალების შემდეგ სამურზაყანოს სათავეში მისი უფროსი ძე ლევანი ჩაუდგა.3 მისი მოღვაწეობა ისტორიოგრაფიაში დღემდე საგანგებოდ არავის უკვლევია. წინამდებარე სტატია ამ ხარვეზის შევსების მოკრძალებულ ცდას წარმოადგენს. ხუტუნიას მემკვიდრეებს გარკვეული უთანხმოება მოსვლიათ სახასო მამულების ფლობასთან დაკავშირებით. ამ კონფლიქტის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს თ. ჭიჭინაძის მიერ მოპოვებულ საბუთში მოცემული მინიშნება ხუტუნიას შემდგომ ძმების მიერ სახასო მამულების განაწილების თაობაზე. დოკუმენტის ავტორი არ ამბობს, რომ ამ გადანაწილების საფუძველი იყო მათი მამის ანდერძი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ძმებს შორის მართლაც ჰქონდა ადგილი გარკვეულ უთანხმოებას, მაგრამ ეს დავა მათ, საბოლოოდ, ყოველგვარი შემდგომი გართულების გარეშე გადაუჭრიათ: ლევანსა და მის მემკვიდრეების წილად დადგენილა სოფელი ბედია, სოლომონისა და მისი შთამომავლებისათვის კი – ბარბალო (კოკი). ფახულანი კი უშუალოდ არც ერთს არ ერგო, მაგრამ ძმებს შორის მოხდა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ფახულანი იქნებოდა სამურზაყანოს მმართველის საზაფხულო რეზიდენცია.1 ვინაიდან იმ პერიოდში მმართველი ლევანი იყო, ამიტომ ფახულანსაც, როგორც საზაფხულო რეზიდენციას, შეთანხმებისამებრ, ის ფლობდა: „სოფელი ფახულანი დაშთენილა [და]2 გაუნაწილებიათ მფლობელობასა ქვეშე უხუცესის ძმისა ლეონისას ვითარცა სამურზაყანოისა მთავრობის [სამყოფელი]3 საზაფხულო“.4
სოლომონს ექვსი ძე დარჩა, რომელთაგან თ. ჭიჭინაძისეულ საბუთში მხოლოდ სამია დასახელებული: მანუჩარი – „უკანასკნელი მფლობელი სამურზაყანოისა“, ბეჟანი და სორეხი.5 დანარჩენი ორის ვინაობა სხვა ისტორიულ წყაროებშია შემორჩენილი: ესენია: ბათუ (ერისთო)6 და ლევანი.7 რაც შეეხება მეექვსეს, მისი ვინაობა უცნობია. ი. ჩიქოვანიც მის მიერ შექმნილ სოლომონ შარვაშიძის გენეალოგიურ ტაბულაში მხოლოდ 5 მემკვიდრეს ასახელებს.8
ლევანი აქტიურად მონაწილეობდა დასავლეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. სამურზაყანოს ახალი ხელისუფალი, მამამისის მსგავსად, დასავლეთ საქართველოს ანტიოსმალური ორიენტაციის ლიდერთა გვერდით იდგა და 1771წ. ოდიშარებთან ერთად, იბრძოდა ოსმალთაგან ფოთის გასათავისუფლებლად.1 დასავლეთ საქართველოს ლიდერებმა ისარგებლეს საქართველოში გენერალ ა. სუხოტინის სარდლობის ქვეშ რუსთა სამხედრო კორპუსის ყოფნით და მათი დახმარებით ამ ციხესიმაგრიდან თურქთა განდევნას შეეცადნენ. მაგრამ თუ ქართველებს ფოთი განთავისუფლება უნდოდათ, რუსებს კი, პირიქით, თავად უნდოდათ ამ ციხის დაჭერა.2 ფოთის განთავისუფლების ოპერაცია მაშინ უშედეგოდ დამთავრდა.
საფიქრებელია, რომ აფხაზეთში XVIIIს. 30-იან წლებში მომხდარი მოვლენების შემდეგ, როცა ურჩ შარვაშიძეთა სახლის პირველი პირები (მანუჩარი, შერვანი და ზურაბი) თურქეთში წაიყვანეს,3 სამურზაყანოს მფლობელები ამ ვითარებით სარგებლობას ცდილობენ და დომენი კარის გავლენას, ერთგვარად, იშორებენ კიდევაც, რითაც ახერხებენ, თავისი სტატუსით და გავლენით, შარვაშიძეთა უფროს შტოს გაუთანაბრდნენ კიდევაც. ი. კვაშილავა ვარაუდობს, რომ ამ დროს სამურზაყანოელმა შარვაშიძეებმა სრული ავტონომია მოიპოვეს,4 თუმცა სტატიიდან ვერ დგინდება რაში მდგომარეობდა ამ „სრული ავტონომიის“ არსი. ლევანი უკვე აღარ სჯერდება მამისა და ბაბუის (მურზაყანის) მშვიდ პოლიტიკურ კურსს და ის გარკვეულ აქტიურ მოღვაწეობას ეწევა საკუთრივ აფხაზეთის სამთავროშიც, რომელიც ოსმალეთიდან დაბრუნებული ზურაბ შარვაშიძის მთავრობის პერიოდში შინაგანად დასუსტებული იყო.1 სამურზაყანოს მფლობელი ცდილობს ისარგებლოს ამ ვითარებით და აფხაზეთის სამთავროში მისი გავლენა გაზარდოს. სავარაუდოდ, ამას ლევანი აღწევს კიდევაც, ვინაიდან წყაროები მას და აფხაზეთის მთავარს ზურაბს „ძმებად“ მოიხსენიებენ,2 თუმცა, სინამდვილეში ეს ასე სულაც არ იყო. ლევანისათვის ზურაბი იყო დიდი ბაბუის ძმის შვილიშვილი.3
აფხაზეთში ლევანის პოლიტიკური გავლენის გაზრდისათვის ხელსაყრელი პირობაც მალე შეიქმნა. 1770წ. 20 აპრილს ასპინძაში ერეკლე II-ს სარდლობით ქართველთა მიერ ოსმალთა არმიის სასტიკი განადგურებით შეგულიანებული აფხაზეთის მთავარი ზურაბ შარვაშიძე 1771წ. ოსმალთა წინააღმდეგ აჯანყდა. ამ ბრძოლაში მან მხარდაჭერა ლევან სამურზაყანოელს სთხოვა, რომელიც თავისი ლაშქრით გამოემართა აფხაზეთში ოსმალთა ცენტრალური ფორპოსტისაკენ. ამბოხებულმა შარვაშიძეებმა ერთობლივად შესძლეს სოხუმ-კალეს აღება.4 ამ გამარჯვების შემდეგ, ლევანი დააშინა ზურაბის გაძლიერებამ, რომელიც, აფხაზეთის მთავრის მიერ სამურზაყანოზე გავლენის გაზრდას გამოიწვევდა. ეს მით უფრო სავარაუდოა, რომ ზუფუს სამთავრო კარი არ იყო კმაყოფილი სამურზაყანოზე ოდიშ-აფხაზეთის „კონდომინიუმით“, სადაც მაინც სამეგრელოს უპირატესობა იგრძნობოდა, ხოლო აფხაზეთის მთავრის გავლენა მინიმუმამდე იზღუდებოდა და დღის წესრიგიდან არ ხსნიდა ამ მხარეზე მისი სრული უფლებების განხორციელების შესაძლებლობის აღდგენას.
როგორც წყაროებიდან ჩანს, 1767წ. ახლო ხანებში სამეგრელოზე აფხაზებს განუხორციელებიათ შეტევა. სავარაუდოდ, მათ სამურზაყანო დალაშქრეს. როგორც სოლომონ I-ის ქაიხოსრო წერეთლის მეუღლის მარიამ ჯაფარიძისადმი მიცემულ წყალობის წიგნშია (1767წ.) აღნიშნული, „დადიანს აფხაზისაგან საქმე გაუჭირდა“.1 კაცია II დადიანის თხოვნით, იმერეთის მეფე მას სამხედრო ძალით დაეხმარა და მათ ერთობლივად აფხაზეთიც დალაშქრეს.
ზურაბის მხრიდან სამუზაყანოზე სავარაუდო პოლიტიკური გავლენის გაზრდის პრევენციისათვის, ჩანს, რომ ლევანმა, მის მიერ გაწეული სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, სოხუმის ციხე მოითხოვა. დ. ზაქარაია, ი. რაინეგსის ერთ ცნობაზე დაყრდნობით, რომელშიც ნათქვამია, რომ ლევანს დარჩა სოხუმი და რამდენიმე სოფელი,2 ვარაუდობს სამურზაყანოს მფლობელის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას.3
თუმცა, მალე ზურაბი ვერ შეეგუა შექმნილ ვითარებას, რომელიც აშკარად უარყოფითად მოქმედებდა მის, როგორც აფხაზეთის მთავრის, პოლიტიკურ იმიჯზე და ლევანისაგან ციხის დაბრუნება მოითხოვა. სამურზაყანოს მფლობელმაც გათვალა, რომ ხანგრძლივი პერიოდით ის, საკუთარი ძალებით, სოხუმის ციხის შენარჩუნებას ვერ შეძლებდა. საკუთარი პოზიციების გაყარებას ის უნდა ცდილიყო კავშირის დამყარებით იმ ხანებში საქართველოში მყოფ რუსულ არმიასთან, ოდიშთან, ან მიმხრობოდა თურქეთს, რომლისთვისაც სოხუმის ციხე სტრატეგიულად მეტად მნიშვნელოვანი იყო. ს. ბრონევსკის შეფასებით, ის ოსმალთათვის დასავლეთ კავკასიის გასაღები იყო.4
პირველი ვარიანტი გამორიცხული იყო ლევანის უშედეგოდ გატარებული პრორუსული ორიენტაციის გამო. კერძოდ, ოდიშის გავლენის შესუსტებისა და შემდგომში გათავისუფლების მიზნით, მან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარება სცადა. იმხანად, სოლომონ I აქტიურად თანამშრომლობდა იმერეთში შემოსულ რუსული არმიის სარდლობასთან და მათი სამხედრო ძალებით იმერეთის საშინაო და საგარეოპოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტას იმედოვნებდა, რაც ურჩ ფეოდალთა დამორჩილებას, ქვეყნის გაერთიანებასა და ოსმალთა განდევნას გულისხმობდა.1 მეფის ამგვარი მეცადინეობა კაცია II დადიანს მხედველობიდან არ გამოჰპარვია და სიფრთხილით აკვირდებოდა იმერეთში მყოფ რუსებს.2 ამასთან ერთად, თავადაც ცდილობდა რუსებთან დაახლოებას სოლომონ მეფის ხელისუფლების შეზღუდვის მიზნით და საკუთარი პოლიტიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სამეგრელოს მთავარმა მეფის შიშით, რუსეთის მფარველობის მიღებაზე დაიწყო ზრუნვა.3 იგი ცდილობდა სანკტ-პეტერბურგის დარწმუნებას იმაში, რომ სამეგრელოს სამთავრო, სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, რუსეთოსმალეთის დაპირისპირების ფონზე, იმპერატორისათვის მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნებოდა, ვიდრე – იმერეთის სამეფო, ვინაიდან ოდიშს, იმერეთისაგან განსხვავებით, შავ ზღვაზე ჰქონდა გასასვლელი.4
სამურზაყანოს მფლობელმაც არ დაახანა მისთვის ამ ხელსაყრელი შესაძლებლობის გამოყენებას შეეცადა. ლევან შარვაშიძე, 1770წ. ა. სუხოტინის წინამორბედ გენერალ გრაფ გ. ტოტლებენს დაუკავშირდა და მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა სამურზაყანოსათვის რუსეთის პროტექტორატის მოპოვების თაობაზე.5 თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგან, გ. ანჩაბაძის ვარაუდით, აფხაზები მიხვდნენ, რომ საქმე ჰქონდათ ოსმალო ფაშაზე არა ნაკლებ ხარბ და მცირე ხალხების დამპყრობელთან.1 როგორც ჩანს, ხარბ და უსინდისო გენერალთან ურთიერთობით უკმაყოფილო ლევანმა თავის რაზმელებს რუს ჰუსართა და კარაბინერთა ცხენების გატაცება უბრძანა, რაც განხორციელდა კიდეც,2 «одним ударом превратив всю кавалерию Тотлебена в пехоту».3 ს. ბრონევსკი, ცდილობს რა დაიცვას რუსეთის იმპერიის ჩინოსანთა „პრესტიჟი“, მოლაპარაკებათა ჩაშლის მიზეზად სწორედ აფხაზთა მიერ ცხენების გატაცებას ასახელებს. რა თქმა უნდა, უდავოა, ეს ბანალური ფაქტი რომც არ მომხდარიყო, ლევან სამურზაყანოელი მაინც ვერ მიიღებდა რუსეთის პროტექტორატს, რადგან სანკტ-პეტერბურგის კარის ინტერესებში ჯერ ეს არ შედიოდა.4
სოხუმის ციხის დაჭერის საკითხში დადიანის მიმხრობა, ბუნებრივია, გამორიცხული იყო საკუთრივ ლევან შარვაშიძის მიზნებიდან – დადიანის გავლენის შემცირება – გამომდინარე. ამიტომ რჩებოდა ისევ თურქეთი, რომელსაც საამისოდ ძალა შესწევდა. თუკი ლევანი მათ დაუახლოვდებოდა, მაშინ, გარკვეულ წილად, მოახერხებდა აფხაზეთში თავისი პოზიციის განმტკიცებას. ჩანს, მას ზურაბის მიერ ბათუმიდან ჩამოყვანილი და აფხაზეთის მთავრის ტახტის მემკვიდრედ გამოცხადებული უფროსი ძმის მანუჩარის შვილი ენერგიული ქელაიშ-აჰმედ-ბეგის (ქელეშ-ბეის)5 პიროვნებაც აფიქრებდა, რომელსაც, როგორც მართლმორწმუნე მუსლიმანს, კარგი ურთიერთობები ჰქონდა „ბრწყინვალე პორტასთან“.1 თან წყაროებში არ ჩანს, რომ ზურაბის ძმისშვილი 1771წ. ბიძის გვერდით იბრძოდა. ამ ვითარებიდან გამომდინარე, ერთადერთ გამოსავალად ლევანს თურქებთან მორიგება რჩებოდა, რაც მოახერხა კიდევაც. მან სოხუმის ციხე ისევ მტერს ჩააბარა, ოღონდ გარკვეული სასყიდლის ფასად (20 თურქული ქესა).2
მკვლევართა ნაწილი, ზოგიერთი წყაროს მონაცემებზე დაყრდნობით3 სოხუმის ციხის თურქებისადმი გადაცემას გაყიდვად აფასებს.4 ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ იზიარებს დ. ზაქარაია, რომელიც, ი. რაინეგსზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ ამ ციხის დროებით გადაცემას ოსმალებისთვის.5 ი. რაინეგსი ერთ ადგილას აღნიშნავს: „ლევან შარვაშიძე შეუთანხმდა თურქებს და წლიური საზღაურის, ოცი ქისა (ექვსი ათასი მანეთი) – ფასად გადასცა იანიჩრებს სოხუმის ციხე: ამ ციხისათვის უკეთ რომ ეპატრონათ“.6 ფ. ტორნაუ თანხას არ ასახელებს, მაგრამ ისიც ციხის გადაცემაზე საუბრობს.7 ჩვენ ვეთანხმებით დ. ზაქარაიას იმაში, რომ ი. რაინეგსის ნდობის ხარისხი უფრო მაღალია, ვინაიდან იგი ამ ამბების თანამედროვეა და, რომ ლევანს ამგვარი ნაბიჯისაკენ ზურაბთან კონფრონტაციამ უბიძგა,1 მაგრამ, ვფიქრობთ, აქ სხვა რამეს ჰქონდა ადგილი, კერძოდ, სავარაუდოა, რომ თურქები და ლევანი შეთანხმდნენ სოხუმ-კალეს ერთობლივ ფლობაზე.
რაინეგსისეული ცნობა „წლიური საზღაურის“ შესახებ, როგორც ჩანს, მიუთითებს იმას, რომ ლევანი ოსმალთა სამსახურში ჩადგა და მას გარკვეული ჯამაგირი (წლიურად 20 ქისა) დაენიშნა.2 ამ ვარაუდს უნდა ადასტურებდეს ს. ბრონევსკის ერთი ცნობა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ლევანს ისლამიც მიუღია და თურქებს ის სოხუმის ციხის ხელმძღვანელად დაუნიშნავთ.3 როგორც ჩანს, ეს იყო სოხუმის ბეგის სახელო, რომელსაც, ოდნავ მოგვიანებით, ქელეშ-ბეი იკავებს. სამურზაყანოს მმართველის მხრიდან ისლამის მიღება, ალბათ, პოლიტიკური სვლა უფრო იყო და მისი პერსონისადმი თურქების ნდობის მოპოვებას ისახავდა მიზნად. როგორც ს. ბრონევსკი აღნიშნავს, ამ აქტით ორივე მხარე დარჩენილა კმაყოფილი: თურქები თავიდან იცილებდნენ სოხუმ-კალეს გარნიზონზე ზრუნვასა და გასაწევ მატერიალურ ხარჯებს, ხოლო ლევანი კი ამ გზით, აძლიერებდა საკუთარ გავლენას აფხაზეთში.4 ს. ბრონევსკი აგრძელებს მსჯელობას და ამბობს, რომ ყოველივე ეს კი ლევანს სჭირდებოდა მომავალში მისი სამფლობელოს5 თურქეთის ბატონობისაგან გასათავისუფლებლად.6 ჩანს, რომ ლევანის მიერ ისლამის მიღება აშკარად დროებით და ოსმალთათვის თვალის ასახვევად იყო გამიზნული. გვიანდელი ხანის ზოგიერთი დოკუმენტიც ადასტურებს, რომ ხუტუნია შარვაშიძის მემკვიდრეთაგან მხოლოდ ლევანი გამაჰმადიანდა, მისი ძმა კი მართლმადიდებელ ქრისტიანად დარჩა. კერძოდ, ეს შეგვიძლია ვივარაუდოთ გენერალ პ. ციციანოვის წერილებიდან სოლომონის შვილების, ლევანისა და ბეჟანისადმი, სადაც წერილის ავტორი აღნიშნავს, რომ ლევანი და ბეჟანი დაიბადნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში (ე.ი. ოჯახში) და ამჟამადაც (ანუ 1805წ.) ამ რელიგიის მიმდევრები ყოფილან.1
ამის შემდეგ, ლევანმა სოხუმი მალევე დატოვა, რადგან აფხაზები არ ეგუებოდნენ იქ მტრის ხელახალ შემობრუნებას და პერმანენტულ თავდასხმებს აწყობდნენ, რომელთა მოთავე ისევ ზურაბ შარვაშიძე იყო და ანაკლიის ციხეს შეაფარა თავი, სადაც თურქული გარნიზონი იდგა,2 რადგან სოხუმში ოსმალთა შემოყვანით და ისლამის მიღებით, მან ორი მტერი გაიჩინა: დასავლეთიდან – ზურაბ შარვაშიძე, აღმოსავლეთიდან კი – კაცია დადიანი. მიუხედავად ამისა, არც ერთ ამ მხარეს, რამდენადაც წყაროები ამის გარკვევის საშუალებას იძლევა, რატომღაც არ უცდიათ სამურზაყანოს მმართველად ახალი კანდიდატის მოყვანა. ჩანს, სოხუმის ბეგზე თურქეთის მფარველობა ორივე მთავარისთვის საკმაო შემაკავებელი ძალა იყო. სამურზაყანოს მფლობელის ამ საქციელს ო. ბღაჟბა და ს. ლაკობა ღალატის კვალიფიკაციას ანიჭებენ.3 ლევანი, ამ შემთხვევაში მოიქცა ისევე, როგორც იქცეოდა XVIII ს. I ნახევარში დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი ფეოდალი, როცა მოწინააღმდეგე დიდებულთან, თუ მეფესთან ქიშპობის გამო, ამა თუ იმ ციხე-სიმაგრეს თუ ქალაქს ოსმალებს გადასცემდა, როგორც ეს მოხდა ქუთაისთან, ცუცხვათისა და შორაპნის ციხეებთან დაკავშირებით.4 მან პიროვნული ამბიციები საკუთარი ხალხის ინტერესებზე მაღლა დააყენა.
ლევან შარვაშიძის მიერ ისლამის მიღებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა სამურზაყანოს სარწმუნოებრივ მდგომარეობაზე. როგორც ე.წ. „დასავლეთ საქართველოს საწმყსოთა ნუსხა“, (მკვლევართა აზრით, შედგენილია 1770წ. აპრილში) გვამცნობს ბედია იყო საყდარი, სადაც ეპისკოპოსი არ იჯდა.1 ეს დასტურდება გერმანელი მეცნიერის ი. გიულდენშტედტის ცნობებითაც, რომელიც 1771-1772 წწ. საქართველოში იმყოფებოდა. იგი ბედიას ყოფილ საეპისკოპოსო ცენტრად მოიხსენიებს.2 ბედიის ეპარქიის უკანასკნელი მღვდელმთავარი მიტროპოლიტი მაქსიმე (იაშვილი) ამ კათედრას XVIII ს. 50-60-იან წლებში განაგებდა.3
მეუფე მაქსიმე პატრიოტი მწყემსმთავარი იყო, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა იმერეთის ცხოვრებაში და სოლომონ I-ის ერთგულ მხარდამჭერთა შორის ჩანდა. კერძოდ, იგი მონაწილეობდა იმერეთის მეფის ინიციატივით 1759წ. დეკემბერში მოწვეულ დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრებაში, რომლის მიზანიც საეკლესიო საქმეთა მოწესრიგება და ტყვის სყიდვის აკრძალვა იყო. 1761წ. მეუფე მაქსიმე ჩანს იმ საეკლესიო კრების მონაწილეთა შორის, რომლის გადაწყვეტილებითაც აღდგა ხონის საეპისკოპოსო.4 ჯ. გამახარია მიიჩნევს, რომ ბედიის საეკლესიო სტატუსის დაკნინებას, იქ ღვთისმსახურების შეწყვეტაც მოჰყვა,5 რაც დასტურდება დადიანების კარის მოძღვრის მამა იოანე იოსელიანის 1809წ. 23 დეკემბერს შედგენილი წერილით გენ. ა. ტორმასოვისადმი.1
სოხუმზე ლევანის ფორმალური მფლობელობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. სულთნის კარი მაინც ბოლომდე არ ენდო მოულოდნელად გამუსლიმებულ ყოფილ ანტიოსმალო პოლიტიკოსს და აფხაზეთში მოქმედებების თავისუფლება მისცა მისთვის სანდო ქელეშბეი შარვაშიძეს, რომელმაც 1774წ. კიდეც დაიჭირა სოხუმის ციხე.2 ის საკმაოდ აქტიურ მოღვაწეობას იწყებს აფხაზეთში გავლენის გასაძლიერებლად. ოსმალეთისათვის ზურაბი სანდო პირი არ იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ის საკმაოდ პოპულარული იყო ანტიოსმალურად განწყობილ აფხაზურ მოსახლეობაში და ამიტომ ერთბაშად მისი ჩანაცვლება პროთურქული პოლიტიკოსით, როგორც ქელეშ-ბეი იყო,3 ალბათ სულთნის კარზე მთლად მიზანშეწონილად არ ჩათვალეს.
1768-1774წწ. რუსეთ-თურქეთის ომი პირველის სასარგებლოდ დასრულდა, რომელმაც ქუჩუკ-კაინარჯის ზავის პირობებით, შავ ზღვაზე მოქმედების საშუალება მოიპოვა.4 ეს რუსეთისთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოდგენდა, რომელიც მან წარმატებით გადაჭრა. ამიტომ, გასაგები ხდება რუსეთის მიერ ის შუალედური დახმარება დასავლეთ საქართველოს მიმართ, რომელიც მან სავსებით წარმატებით გამოიყენა საკუთარი მიზნების მისაღწევად. როგორც ივ. ჯავახიშვილი მიუთითებდა, საიმპერატორო კარის ამოცანა დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების გამოყენებით კავკასიის ფრონტზე თურქთა გარკვეული სამხედრო ძალის დაკავება იყო.5 ეს დასკვნა მ. რეხვიაშვილმაც გაიზიარა.6 დოკუმენტის 23-ე არტიკული საქართველოს ეხებოდა. ამ ზავით, იმერეთი და ოდიში რუსეთმა ოსმალეთის ვასალურ ტერიტორიებად ცნო და დათანხმდა თურქთა მიერ ქუთაისის, შორაპნისა და ბაღდათის ციხეების დაჭერას.1 „ბრწყინვალე პორტამ“ კი ივალდებულა, რომ არ დასჯიდა ომში მის წინააღმდეგ მებრძოლ იმერეთსა და ოდიშს, უარს ამბობდა ქრისტიანობის დევნაზე და აღარ მოითხოვდა ხარკს ნატურით, სხვადასხვა გადასახადებითა და ქალ-ვაჟებით.2
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1702 წლიდან მოყოლებული აფხაზეთის მთავრების მოღვაწეობის დღის წესრიგში მუდამ იდგა სამთავროს, თანამედროვე ტერმინი რომ მოვიშველიოთ, „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, რაც გულისხმობდა სამურზაყანოდან ოდიშის გაძევებას და ამ კუთხის საბოლოო მტკიცედ შემოერთებას. ამის მცდელობანი განსაკუთრებით ზურაბ შარვაშიძის დროს გააქტიურდა. თუმცა მისი მოღვაწეობა ამ მიმართულებით უშედეგოდ დასრულდა. ახალი ეტაპი ამ საკითხის გადაწყვეტაში სწორედ ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შემდეგ დადგა. ს. მაკალათიას აზრით, ამ ტერიტორიების ოსმალეთის გავლენის სფეროდ ცნობამ, სტამბულს ირიბად კარტბლანში მისცა, რამაც რუხის ომი გამოიწვია.3 მკვლევარი თვლის, რომ ოსმალეთმა წააქეზა აფხაზები ოდიშის წინააღმდეგ.4 ეს მოსაზრება, რომელსაც მხარს უჭერენ ბ. ხორავა,5 ზ. პაპასქირი,6 ჯ. გამახარია,7 დასტურდება კიდევაც ერთი ისტორიული საბუთით: „აფხაზნი და თურქნი ურთიერთას შეითქვნენ“.8 მ. რეხვიაშვილი კი ფიქრობს, რომ ამ ომის მიზანი, იმერეთისაგან ოდიშის მოწყვეტა იყო.9 ე.ი. იმ ხანად კაცია II დადიანსა და სოლომონ მეფეს შორის არსებული დაძაბული ვითარება დადიანის წინააღმდეგ სალაშქროდ კარგი პირობებს ჰქმნიდა. ნ. დადიანის თქმით, „დიდი შური იყო მეფესა და დადიანს შუა“.1
ისტორიოგრაფიაში დავის საგანია ამ სამხედრო კამპანიის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობის საკითხი. ირ. ანთელავა მიიჩნევს, რომ ლაშქარს აფხაზეთის მთავარი ზურაბ შარვაშიძე სარდლობდა.2 ნ. დადიანის მიხედვით ამის გარკვევა ძნელდება: „ჟამსა ამას ჰფლობდნენ აფხაზეთსა შარვაშიძენი ზურაბ, ქელაიშ-აჰმედ-ბეგ და ბექირბეგ... და წარმოემართნენ დადიანსა ზედა“.3 როგორც ვხედავთ, ამ ცნობით ლაშქრობის მოთავე ლიდერის დადგენა ჭირს და ისე ჩანს, რომ ეს კოლექტიური გადაწყვეტილება ყოფილა. ამის შემდეგ, ნ. დადიანი ეხება მათთან სამურზაყანოელთა შეერთებას: „განუდგნენ დადიანსა სამფლობელო თვისი, აფხაზეთნი, სამურზაყანოდ4 წოდებული, და მიერთვნენ მათ“.5
ნ. დადიანისაგან განსხვავებით, ოთხივე შარვაშიძე ჰყავს მოთავედ გამოყვანილი ი. გეგეჭკორს: „ოთხ ძმათა შარვაშიძეთა, შური შეექმნათ მრავლად, ქელეშ-ბეის, ზურაბს, ბექირ-ბეგს და ერთს უხმობენ ლევანად“.6 ამ საკითხში ერთგვარი სინათლე შემოაქვს ცნობილ ქართველ პოეტს და დიპლომატს ბესიკ გაბაშვილს, რომელიც ამ ამბების მონაწილე იყო და ამ ომს პოემაც „რუხის ბრძოლა“ მიუძღვნა. იგი მოთავეებად ქელეშ-ბეგსა და ლევან სამურზაყანოელს ასახელებს: „ბექირ-ბეგს ასტეხს ქელეშ-ბეგ და ზურაბს აღძრავს ლევანი“.7 ამ ამონარიდებში ნიშანდობლივია სამურზაყანოს მფლობელის სახელის გამოჩენა. სოხუმის ციხეში კვლავ თურქების შეშვების შემდეგ, ლევანის ავტორიტეტი აფხაზეთის სამთავროს მოსახლეობაში მკვეთრად დაეცა. იგი, ი. რაინეგსის დამოწმებით, აფხაზი ხალხის მიერ იყო შეძულებული.1 როგორც ჩანს, ოსმალეთს, ამ ვითარებაში, ორი ძლიერი მმართველის კავშირი სჭირდებოდა, მით უფრო, რომ აფხაზეთის შეტევა სამეგრელოს წინააღმდეგ XVIIIს. დამდეგიდან მოყოლებული, მუდამ ამ პირველის მარცხით მთავრდებოდა. ამასთან, ამგვარი ნაბიჯი ლევანს შარვაშიძეებთან შეარიგებდა. პორტას ზეგავლენით, ქელეშ-ბეგი და ლევანი შერიგდნენ და მათ ბექირ-ბეი და ზურაბიც მიიმხრეს.
აქ საყურადღებოა ის, რომ ბექირბეის მისამხრობლად ქელეშბეი მოქმედებს, ხოლო ზურაბთან მოლაპარაკებებს ლევანი აწარმოებს. როგორც ჩანს, აქ ასაკით უმცროს (ქელეშ-ბეი და ბექირ-ბეი)2 – უფროსობით (ლევანი და ზურაბი) მიხედვით მომხდარა მათი გადანაწილება. დ. დადიანი კიდევ უფრო აკონკრეტებს სარდლის ვინაობას: „თანაგამზრახად, ლაშქართა სარდლად, ქელაიშ-ახმედ-ბეგ ხელში უჭირავს“.3 მკვლევართა ნაწილი (ბ. ხორავა, ზ. პაპასქირი), რომელთაც ყურადღება მიაქციეს ზურაბ შარვაშიძის ერთგვარ პასიურ პოზიციას ამ პროცესებში, ფიქრობს, რომ სწორედ ქელეშ-ბეი უნდა ყოფილიყო ლაშქრობის მოთავე და სარდალი.4 ვფიქრობთ, ამ ვერსიას უნდა ამაგრებდეს მოვლენები, რომელიც რუხის ომის შემდეგ გაიმართა. კერძოდ, ქელეშ-ბეისა და ზურაბის დაპირისპირების დროს, დადიანმა აფხაზეთის მთავრის მხარე დაიჭირა. მან ზურაბის დასახმარებლად თავისი ძმის გიორგის მეთაურობით ოდიშართა ლაშქარი გაგზავნა „ცხომის ციხეს, სადა მამაცად ბრძოდენ ციხით გამო მეციხოანენი ქელაიშ-აჰმედ-ბეგისანი. გარნა სიმხნე-მამაცობითა საქებელითა აღიღო ციხე იგი გიორგი დადიანის ძემან და მოიქცა გამარჯვებული კვალად ოდიშადვე“.5 როგორც ჩანს, კაცია II-მ ამგვარად იძია შური 1780წ. მის სამთავროზე თავდასხმისათვის. სამეგრელოს დასალაშქრად, შარვაშიძეებმა ჩრდილო კავკასიიდან დაქირავებული რაზმები ჩამოიყვანეს: „ჯიქნი, ალანნი, ზუხუა და მაზუმა“.1 ნ. დადიანის ეს ცნობა დასტურდება დოკუმენტურადაც: „შეიყარა სრულიად აფხაზეთი თავისის ბატონებით შერვაშიძეები, ჯიქი, ალანი და ჩერქეზი, სხვანი კიდევ უცხო ჯარები იყო... ცხენოსანი და ქვეითი... ჯაბახანით, თოფხანით, ზარბაზნებით“.2 ბესიკის ცნობით, ლაშქარში ყირიმელი თათრებიც ყოფილან: „ყირიმელთ, ჯიქელთ, ალანელთ, კერმუგელთ ამცნეს ცნობითა, ყივჩაღთა შემოიწვევდენ, ინდობდენ სჯულის ძმობითა, აფხაზნი შეეფიცოდენ ქრთამით და აგრევ ძღვნობითა... ექვსნი გვარნი ექვს ენითა ერთ-ხმაობდენ ბევრის ბევრად“.3
აფხაზ-ჩრდილო-კავკასიელთა მრავალათასიან ლაშქრისათვის4 დასაპირისპირებლად კაცია დადიანმა მეფე სოლომონს სთხოვა შეწევნა და ხრესილის ომის დროს თავისი დახმარებაც შეახსენა: „ნუ მოიხსენიებ ჩვენ ორთა ურთიერთსა წყენებასა და მოვედ შემწედ ჩემდა სახელოვნითა გულითა და აჰა ჟამი მოიხსენო მსახურება ჩემი ხრესილის ბრძოლისა“.5 აფხაზებთან საომრად ოდიშარებს იმერლები ხშირად ეხმარებოდნენ. გავიხსენოთ 1702წ. ამბები და იგივე სოლომონისათვისაც არ იყო ეს პირველი შემთხვევა, რასაც ზემოთ მოყვანილი „შეწირულობის წიგნიც“ ადასტურებს. ამიტომ, ერთი შეხედვით, გასაკვირიც კი ხდება, რადგან სოლომონის თითქოს „გადახდილიც“ კი აქვს ეს „ვალი“ დადიანის მიმართ. მაგრამ ამ ამონარიდში საყურადღებოა მინიშნება ხრესილის ომზე, რომელიც გვიბიძგებს დავუკვირდეთ არა მხოლოდ ამ ომის ფაქტს, არამედ – საკუთრივ მის მნიშვნელობას იმერეთის ისტორიაში. როგორც ჩანს, რუხის კამპანია განსხვავდებოდა აფხაზ-ოდიშართა სხვა ომებისაგან. ამიტომაც დაიკავა მან განსაკუთრებული ადგილი როგორც მატიანეებში, ასევე მხატვრულ ლიტერატურასა1 თუ სახალხო ზეპირსიტყვიერებაში.2
ამ განსაკუთრებულობაზე მიანიშნებს ერთი ადგილი სოლომონისადმი ოდიშის მთავრის წერილში, სადაც კაცია დადიანი მეფის ყურადღებას რელიგიურ ფაქტორზე ამახვილებდა: „მოვიდენ აგარიანნი დასამხობელად ჩემდა და სამფლობელოსა ჩემისა და შებღალვად ქრისტიანობისა“.3 როგორც ვხედავთ, ეს ლაშქრობა სხვა ელფერსაც იღებდა და იგი უკვე, რამდენადმე, კულტურათა დაპირისპირების ასპექტში განიხილებოდა, ანუ ამ კონფლიქტმა „თათარ-ოსმალ-ყიზილბაშობისა“ და „ქართველობის“ დაპირისპირების ხასიათი მიიღო.
1780წ.4 მარტში სოლომონისა და დადიანის კოალიციამ რუხის მიდამოებში ბრძოლა გაუმართა მომხდურთ და ისინი სასტიკად დაამარცხა: „აფხაზნი ვერ წინააღუდგენ, და ივლტოდენ აფხაზნი, და განემარჯვათ სახელოვანად მეფესა და დადიანსა“.5 ი. გეგეჭკორი ამას კიდევ უფრო ექსპრესიულად აღწერს: „აირივნენ აფხაზები, ძალა არ ჰქონდათ მეტია, აღარ ვახსენებ ქელეშ-ბეგს,1 ზურაბ და ლევანს მეტია ბექირ-ბეგ ბრძოლით იწევა, ვით ვეფხვი სისხლის მხვრეტია და მეფე იძახის: „ვა მაგას“ მტერთა გაქცევის მჭვრეტია“. 2 რუხში სასტიკად დამარცხებულ ქელეშ-ბეის ფარ-ხმლის დაყრა არც უფიქრია და სამურზაყანოს დასაუფლებლად ის ბრძოლას აგრძელებდა. მიუხედავად ამისა, რუხის ომს საეტაპო მნიშვნელობა ენიჭება ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობებში. 1780წ. საბოლოოდ დაესვა წერტილი აფხაზთა მცდელობას ფეხი მოეკიდათ ენგურის მარცხენა სანაპიროზე. ლევან შარვაშიძეც, როგორც ვნახეთ, დამარცხებული გაიქცა ამ ბრძოლის ველიდან.
სამურზაყანოს ლიდერის მცდელობა მოეპოვებინა სუვერენიტეტი როგორც დადიანის, ისე აფხაზეთის მთავრისაგან, ამჯერადაც მარცხით დასრულდა. ამიტომ მას დადიანთან შერიგება სჭირდებოდა. მართალია, სოლომონსა და კაციას, გამარჯვების შემდეგ არ დაულაშქრავთ სამურზაყანო მდ. ღალიძგამდე (ყოველ შემთხვევაში, წყაროებში ამის თაობაზე არაფერია ნათქვამი), როგორც ჩანს, ეს არც იყო საჭირო. სამურზაყანო ჯერ კიდევ დადიანის გავლენის სფეროდ რჩებოდა. ამიტომ, ლევანისათვის აქტუალური იყო კაციასთან ურთიერთობების გამოსწორება.
ამის შემდეგ ნ. დადიანი გვამცნობს გიორგი დადიანის ძის სოხუმში ლაშქრობას და მერე კი ავტორი წერს, რომ სამეგრელოს და აფხაზეთის მთავრები დამოყვრდნენო: კაციას ძეს მანუჩარმა, რომელიც იმ ხანად, სავარაუდოდ, 12-13 წლის1 თუ იქნებოდა, ზურაბის ქალიშვილი შეირთო.2 აქ კი მემატიანეს აშკარად ეშლება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზურაბს შვილი არ ჰყავდა. მაგრამ, ისიც ცნობილია, რომ მანუჩარი ლევან სამურზაყანოელის სიძე იყო.3 რა თქმა უნდა, გასაკვირია, როგორ უნდა დაეშვა ასეთი შეცდომა ნ. დადიანს მისი უახლოესი ნათესავის4 საოჯახო ცხოვრების აღწერისას? ცხადია, რომ მემატიანე ამ ამბების უშუალო მომსწრე არ ყოფილა (სავარაუდოდ, ის ამ დროს 4-5 წლის ბავშვი იყო), თუმცა, ქრონოლოგიურად, ის არც ისე დაშორებული იყო. მანუჩარ დადიანისა და ელისაბედ5 ლევანის ასულ შარვაშიძის ქორწინების შესახებ, ნ. დადიანი მის ოჯახში არსებული ზეპირი გადმოცემებით თუ შეიტყობდა. ამიტომ, უნდა ვიფიქროთ, რომ აქ მოვლენათა აღრევასთან გვაქვს საქმე და, როგორც ჩანს, ზურაბ შარვაშიძის სახელთან ამ ქორწინების დაკავშირება შემთხვევითაც არ უნდა მომხდარიყო. სავარაუდოდ, აფხაზეთის მთავარმა, რომელმაც რუხის ომის შემდეგ შარვაშიძეთაგან დადიანთან პირველმა მოაწესრიგა ურთიერთობები, შუამავლის როლი იკისრა და ლევან სამურზაყანოელი და კაცია ერთმანეთს შეარიგა, რაც ზემოთხსენებული ქორწინებით განმტკიცდა კიდევაც. ეს 1781-1783 წლებში უნდა მომხდარიყო, ვინაიდან ამის შემდეგ ნ. დადიანი ჩაქვის ბრძოლაზე6 საუბრობს, რომელსაც 1784წ. 9 მარტს ჰქონდა ადგილი.1 ბ. ხორავას შეფასებით, ამ ნაბიჯით კაცია დადიანს სამურზაყანოს შემომტკიცება სურდა.2 მოგვიანებით შესამჩნევი ხდება ლევან შარვაშიძის გამოსვლა ქელეშ-ბეის მოკავშირეობიდან, ხოლო სამეგრელოში, როგორც ჩანს, გრძნობდნენ, რომ ბრძოლა სამურზაყანოსათვის ჯერ დასრულებული არ იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ეს ორმხრივი სურვილი უფრო ჩანს. ამიტომ ვერ დავეთანხმებით დ. ზაქარაიას, რომელიც აქ მხოლოდ დადიანის მიერ ლევანის დამორჩილებას ხედავს.3 ეს უკვე რუხის ომის შემდეგ მომხდარი ფაქტი იყო და ამას ხელახალი გამეორება ნამდვილად არ ესაჭიროებოდა. აქ დადიანი ლევანთან დამოყვრების გზით უფრო მის განეიტრალებას ცდილობდა.
XVIII ს. 80-იანი წლების მიწურულს სამურზაყანოს დასავლეთ და აღმოსავლეთ საზღვრებზე მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა, რომელმაც თავისი გავლენა იქონია ამ კუთხეზეც. როგორც ზ. წურწუმია შენიშნავს, თანამედროვე თურქ ისტორიკოსთა კვლევებმა აჩვენა, რომ რუსეთის მიერ 1783წ. 8 აპრილს ყირიმის სახანოს შეერთებისა4 და იმავე წლის 24 ივლისის გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფოს მფარველობაში მიღების5 შემდეგ ოტომანთა იმპერია დიდ ყურადღებას უთმობდა კავკასიის მიმართულებას.6 თუმცა, ალბათ, ეს დასკვნა მთლად მართებულად არ გვეჩვენება, რადგან სულთნის კარის განსაკუთრებული დაინტერესება ამ რეგიონის მიმართ, როგორც ზემოთ მივანიშნეთ ჯერ კიდევ XVIII ს. დასაწყისიდან გახდა შესამჩნევი, როცა ამიერკავკასიას ყურადღება რუსეთის იმპერატორმა პეტრე I მიაპყრო. ბუნებრივია, რეგიონში ისეთი მოკავშირის დაკარგვა, როგორსაც ყირიმის სახანო წარმოადგენდა, ოსმალეთისათვის მტკივნეული იყო, რადგან, ამიერიდან, სულთნის კარს უნდა აეღო იმ ფუნქციების შესრულება, რაც ადრე ყირიმის ხანისათვის ჰქონდათ „დელეგირებული“.
შავ ზღვაზე რუსული სამხედრო ფლოტის გამოჩენა ოსმალეთის უსაფრთხოებას ემუქრებოდა. სანკტ-პეტერბურგში ეკატერინე II-ს კარზე საკმაოდ სერიოზულად ფიქრობდნენ ოსმალეთის განადგურებასა და ბიზანტიის იმპერიის აღდგენის გეგმებზე (ე.წ. „ბერძნული პროექტი“).1 ასეთ ვითარებაში თურქეთისათვის საარსებო მნიშვნელობა მიეცა დასავლეთ საქართველოში გაბატონებას და შავი ზღვის სანაპირო ზოლის მტკიცედ ჩაგდებას ხელში.2 ოსმალეთი ამავე პერიოდში ციხეს აგებს ანაპაშიც.3 ყურადღების გარეშე, ბუნებრივია, სოხუმის ციხეც არ დარჩენილა, რომელსაც სულთნის კარისათვის სტრატეგიული დანიშნულებისა იყო და იქ გემთსაშენიც კი ჰქონდათ.4
ზურაბ შარვაშიძისა და კაცია II დადიანის შერიგებით და ოდიშართა მიერ სოხუმში ქელეშ-ბეის დამარცხებამ, ოსმალეთის შეშფოთება გამოიწვია. მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება „ბრწყინვალე პორტას“ ნამდვილად არ ახარებდა. მით უფრო, მწიფდებოდა ახალი ომი რუსეთთან. ქელეშ-ბეის მარცხი კი აფხაზეთის ტერიტორიაზე ოსმალეთის გავლენის შესუსტებას გამოიწვევდა. საჭირო იყო კონტრზომების მიღება. 1785წ. ქელეშ-ბეგი სტამბულში იმყოფებოდა,5 სადაც, სავარაუდოდ, მას უფლება მისცეს მისი სამემკვიდრო დაეჭირა აფხაზეთის მთავარ ზურაბ შარვაშიძის სიცოცხლეშივე. 1786წ. ის უკვე აფხაზეთშია,6 მაგრამ აფხაზეთის მთავრად ჯერ კიდევ ზურაბია, ხოლო „აყუს ციხესა შინა იყო ქელაიშ-აჰმედ-ბეგი და ეპყრნა მახლობელნი მისნი“.7 1787წ. აგვისტოში რუსეთ-თურქეთის ახალი ომი (1787-1791) დაიწყო.8 უკვე 21 აგვისტოს ოსმალები პირველ წარმატებასაც აღწევენ. როგორც ჩანს, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ქელეშ-ბეიმ სულთან სელიმ III-ის „დავალების“ შესრულება და მთავრის ტახტის დაკავება.1
იმერეთში სოლომონ II-ის გამეფების დროისთვის (1789წ. 12 ივლისი) კი, ნ. დადიანის ცნობით, ქელეშ-ბეი უკვე აფხაზეთის მთავარია. „იქმნა მეფედ იმერთა ზედა სოლომონ, ძე არჩილისა... ხოლო ჟამსა მას მთავრობდა... აფხაზთა შორის ქელაიშ-აჰმედ-ბეგ შარვაშიძე“.2 ირ. ანთელავას მოსაზრებით, ქელეშ-ბეის გამთავრება XVIII ს. 80-იან წლებში უნდა მომხდარიყო.3 ბ. ხორავა ამ ფაქტს XVIIIს. 80-იანი წლების დასაწყისით ათარიღებს.4 ეს მოსაზრება უკრიტიკოდ გაიზიარა ზ. წურწუმიამაც.5 უკანასკნელ პერიოდში ამ საკითხის დაზუსტების მცდელობა ჰქონდა დ. ზაქარაიასაც, რომელმაც მისი ქრონოლოგიური ჩარჩო 1786-1789 წლებით განსაზღვრა.6 ამიტომ ვფიქრობთ, რომ სასახლის გადატრიალება აფხაზეთის სამთავროში 1787წ. შემოდგომის დასაწყისში უნდა მომხდარიყო.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ პერიოდში სამურზაყანოს აღმოსავლეთითაც მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება. 1788წ. 6 დეკემბერს კაცია გარდაიცვალა და ოდიშის მთავარი მისი 18 წლის ვაჟი გრიგოლი გახდა.7 სამურზაყანოს მმართველმა ლევანმა მოინდომა ესარგებლა სამეგრელოს სამთავროში შექმნილი ვითარებით. როგორც ჩანს, კაციასთან შერიგების მიუხედავად, მას მაინც დღის წესრიგიდან არ მოუხსნია ოდიშის სიუზერენიტეტის მოცილება. ზუგდიდსა და ბედიაში ჩამოყალიბდა „მანუჩარის პარტია“, რომელიც კაცია II-ს უმცროსი ძის გამთავრებას ისახავდა მიზნად. თვითონ არც მანუჩარი იყო წინააღმდეგი დაეკავებინა დადიანის ტახტი. ამ პარტიის წევრები საკმაოდ გავლენიანი ოდიშარები და სამურზაყანოელები იყვნენ. სავარაუდოა, ამ საქმეში ქელეშ-ბეის ხელიც მოვიაზროთ, ვინაიდან, როგორც ვნახეთ, მასაც სამურზაყანოზე ეჭირა თვალი.
1789წ. 14 ივნისით დათარიღებულ იმერეთის მეფის დავით გიორგის ძის წერილში ელჩ ბესარიონ გაბაშვილისადმი აღნიშნულია, რომ ქუთაისში ჩასულა აფხაზ დიდებულთა დიდი დელეგაცია: „შარვაშიძენი, მპყრობელნი ყოვლისა აფხაზეთისანი, ყოვლითა ჩინებულითა თავადითა და აზნაურთა“.1 „ზემო აფხაზეთის მპყრობელმა“2 ლევან შარვაშიძემ მეფეს სთხოვა, მხარი დაეჭირა მისი სიძისათვის _ მანუჩარისათვის სამეგრელოს მთავრის ტახტის დაკავებაში.3 ამის სანაცვლოდ სამურზაყანოს მფლობელი აღიარებდა იმერეთის მეფის უზენაეს ხელისუფლებას.4 საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ დავით მეფე ქორწინების გარეშე იყო შობილი, რის გამოც მისი კანონიერება ეჭვსქვეშ დგებოდა.5
როგორც ჩანს, ლევანმა იცოდა დავით მეფის ამგვარი არამყარი მდგომარეობა და, „ხელი ხელს ბანს“ პრინციპით, მისი გეგმის რეალიზაციაში დახმარება მოითხოვა. შემოთავაზებული ვარიანტი დავითსაც დაუჯდა გონებაში. თუკი, ის სამურზაყანოს ხელისუფლის იდეას ხორცს შეასხამდა, მაშინ, ერთის მხრივ, ლევან შარვაშიძის სახით ძლიერ მოკავშირეს შეიძენდა და, მეორეს მხრივ, სამეგრელოს გაკონტროლებასაც შეძლებდა. დავითმა კარგად იცოდა, რომ ოდიშის სამთავრო იმერეთის მეფეთათათვის „აქილევსის ქუსლს“ წარმოადგენდა და ამიტომ მხოლოდ ოდიშის დამორჩილების შემდეგ თუ გაძლიერდებოდა მისი პოზიციები. მით უფრო, რომ მანუჩარი ერთგულ სამსახურს ჰპირდებოდა.6 ამასთანავე, როგორც ჩანს, ლევანიც, იმერეთის მეფეს ქელეშ-ბეისთან კონტაქტების დამყარებაში ხელშეწყობას დაჰპირდა. ამის შემდეგ კათალიკოსი მაქსიმე II ბ. გაბაშვილს სწერდა, რომ „შარვასიძე, აფხაზეთის მთავარი, მეფემან ჩვენმან თავისი ცდით შეიერთოს“.1
ქუთაისიდან ზურგამაგრებულმა ლევანმა და მანუჩარმა აქტიური მუშაობა გააგრძელეს თავიანთი პოზიციების გასამყარებლად. ჩანს, ოდიშში 1789წ. თებერვლისათვის („და შემდგომად ორის თვისა კაცია დადიანის გარდაცვალებისა“),2 შესაფერისი ვითარება შეიქმნა და იმერეთის მეფემაც არ დაახანა და სამეგრელო დალაშქრა. გრიგოლმა და მისმა მომხრეებმა დიდი წინააღმდეგობა ვერ გაწიეს. მეფემ გავლენიანი ოდიშარი დიდებულები გადაიბირა და მთავრის ტახტზე მანუჩარი დაამტკიცა. დავით მეფის ზემოხსენებული წერილით, ლევან შარვაშიძის იმერეთში ვიზიტი 1789წ. მაისითაა დათარიღებული, ხოლო წერილში, რომელიც 14 ივნისსაა შედგენილი, მანუჩარის შესახებ ჯერ კიდევ არაფერია ნათქვამი. პირიქით, მეფე ამბობს, რომ აფხაზთა სათხოვარი გრიგოლისათვის დადიანობის ჩამორთმევაზე „მანამდის ვსთხოვე დაცადება, ვიდრემდისცა ვითარცა რუსეთის უმაღლესმან კარმან ინებოს, ამ საქმის ნება მათი არს“. 3
რა თქმა უნდა, სანქტ-პეტერბურგის გადასაწყვეტი ჯერ არ იყო სამეგრელოს მთავრის დამტკიცებისა თუ გადაყენების საკითხი. აშკარაა, რომ ნ. დადიანის ცნობა გრიგოლის ჩამოგდებასა და დავით მეფის წერილი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მეფემ დამალა, რომ მანუჩარს ხელი შეუწყო ძმის ტახტის უსამართლოდ დაკავებაში. როგორც ჩანს, ქუთაისში, სადაც რუსეთის მოკავშირეობისაკენ მიისწრაფვოდნენ, მიიჩნიეს, რომ, გარკვეულ დრომდე, გაესაიდუმლოებინათ ეს ფაქტი, რათა იმერეთი და მისი მეფე რუსეთისათვის წარმოედგინათ ძლიერ სამეფოდ და ძლიერ ხელისუფლად, რომელიც ყველა საკითხს სამართლით წყვეტდა, რაზეც მიანიშნებდა რუსეთის ხელისუფლების ნებართვისდმი აპელირება. ამიტომ, იმერეთის მეფის კარზე მიიჩნიეს, რომ უსამართლოდ და თან ერთი კონკრეტული „პარტიის“ თხოვნის გამო გრიგოლის გადაყენება მათ ხელისუფლებას არასერიოზულობის სახეს მისცემდა და იმპერატრიცა ეკატერინე II-ის კარიც თავს შეიკავებდა ასეთ პარტნიორთან კავშირისაგან.
მთავრის ტახტიდან გადაყენებული გრიგოლ დადიანი ლეჩხუმში გაიქცა.1 ფიქრობენ, რომ ეს იყო იმერეთის მეფის საბედისწერო შეცდომა.2 დევნილმა მთავარმა შესანიშნავად გამოიყენა იმერეთის სამეფოს იმჟამინდელი უმძიმესი საშინაო და საგარეო ვითარება3 და 1789წ. ივლისში იმერეთს დავით არჩილის ძე (სოლომონ II) მოევლინა მეფედ. ამ გზით, გრიგოლმა მთავრის ტახტი დაიბრუნა და საჭილაოც დაიმკვიდრა.4 საკუთარი პოზიციების გასამყარებლად ის ბაგრატოვანთა ორივე ტახტის მფლობელს დაუმოყვრდა.5 სავარაუდოდ, ოდიშში დაბრუნებული გრიგოლი სამურზაყანოს საკითხს ყურადღების გარეშე არ დატოვებდა. ცხადი იყო, რომ მისი ძმის ამბიციური სიმამრი დადიანისათვის არაკეთილსაიმედო იყო. როგორც ჩანს, ამ პერიოდიდან, სამურზაყანოს ახალი ხელისუფალი ჰყავს: ლევანის ძმისშვილი მანუჩარი, რომელიც გრიგოლ დადიანის ერთგული მოკავშირე იყო. 1790-1792წწ. სიგელებში გრიგოლი ოდიშის, აფხაზეთის, სვანეთის და თაკვერის მფლობელად იწოდება.6 ვფიქრობთ, სამართლიანია ბ. ხორავას შენიშვნა, რომ აქ „აფხაზეთში“ სამურზაყანო მოიაზრება.7 თ. ქადარია ვარაუდობს, რომ მანუჩარი სამურზაყანოს ხელისუფლებაში მხოლოდ 1810წ. მოვიდა.1 ჯ. გამახარიაც ლევან შარვაშიძის მმართველობის პერიოდს 1757-1810წწ. განსაზღვრავს.2 ვ. ზუხბაია კი საერთოდ 1753-1810 წლებით ათარიღებს.3
ის, რომ ლევანი ამ დროს უკვე არ არის სამურზაყანოს მთავარი დასტურდება შემდგომი მოვლენების ანალიზით. 1792წ. გრიგოლ დადიანმა ისევ დაკარგა მთავრის ტახტი.4 სოლომონ II სამეფოს შემომტკიცება-გაძლიერებისათვის ზრუნავდა. სამეგრელოს მთავარი კი მისი სიძის ამ იდეას ნამდვილად არ იწონებდა და მას თავი კი დამოუკიდებელ მთავრად ეჭირა.5 დევნილმა გრიგოლმა ამჯერად თავი სამურზაყანოს შეაფარა: „გრიგოლ წარვიდა სამუზაყანო-აფხაზთ შორის და იყო მუნ“.6 როგორც ჩანს, იქ მისი პოზიციები უკვე საკმაოდ მყარი იყო, ვინაიდან სამურზაყანოელებმა მას დაუჭირეს მხარი და არა ხელახლა გადადიანებულ ლევან შარვაშიძის სიძეს: „შეკრბენ სამურზაყანო-აფხაზნი შესაწევნელად გრიგოლ დადიანისა, ვინათგან იხილეს მფლობელი მათი განძებული უსამართლოდ“.7
საფიქრებელია, რომ გრიგოლმა მხარი დაუჭირა ხუტუნია შარვაშიძის უმცროსი (სოლომონის) მემკვიდრეების (განსაკუთრებით, მანუჩარის) პოზიციების გამყარებას მათი ბიძის, ლევანის, წინააღმდეგ, რომლის პოლიტიკური ძალაუფლებაც, შესაბამისად, მხოლოდ მის მამულზე გავრცელდა. „კონდომინიუმის“ პრინციპიდან გამომდინარე, გრიგოლი, აშკარად, ვერ ჩაერეოდა სამურზაყანოს „საშინაო საკითხში“, რადგან ეს გააღიზიანებდა ქელეშ-ბეი შარვაშიძეს. სამურზაყანოს ლაშქრით მხარდაჭერილმა გრიგოლი 1794წ. იმერეთში ილაშქრა, სადაც იმ ხანად სოლომონს გართულებული მდგომარეობა ჰქონდა დავით გიორგის ძის შემოჭრის გამო.8 ხელისუფლებისათვის ბრძოლამ ყოფილი მეფე და დადიანი ერთმანეთს დააკავშირა.1 თუმცა, მარსილში (ბანძასთან), სადაც დადიანთა ერთ-ერთი სასახლე მდებარეობდა, დაბანაკებულმა გრიგოლმა ამ ლაშქრობით ვერაფერს მიაღწია. 2 ის მალევე დაამარცხეს და ისევ სამურზაყანოში გადავიდა.3 სამურზაყანოს ლაშქარი („აფხაზნი“) იმერელ მხედართა რამდენიმე რაზმმა ღამით მოულოდნელი თავდასხმით დაამარცხა.4 როგორც ჩანს, გრიგოლი არც თუ ისე მცირე რაოდენობის მხედრობით იყო მოსული, ვინაიდან ნ. დადიანი აღნიშნავს, რომ მეფე შეწუხებულა, როცა გაუგია, რომ მას ორ ფრონტზე (გრიგოლთან და დავით გიორგის ძესთან) მოუწევდა შეტაკება.5 უკანა გზაზე აფხაზებმა სამეგრელოს მოსახლეობა გაძარცვეს და სამურზაყანოში „დიდითა ალაფითა სავსე“ დაბრუნდნენ. საყურადღებოა, რომ ნ. დადიანი „სამურზაყანოსთან“ მიმართებაში ხმარობს ეთნონიმ „აფხაზს“. ამის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ სამურზაყანოელ შარვაშიძეთა ლაშქარი, ძირითადად, აფხაზი მხედრებით იყო დაკომპლექტებული. რადგან, სამურზაყანოს არისტოკრატია, ძირითადად, აფხაზური იყო, როგორც ჩანს, შესაბამისად, ისინიც აკომპლექტებდნენ შეიარაღებულ რაზმებს. აქ არ გამოვრიცხავთ, რომ ქართველებისაგან /მეგრელები/, რომლებიც, ძირითადად, დაბალ სოციალურ ფენას წარმოადგენდნენ, ყალიბდებოდა ლაშქრის დაბალი რანგი – ფეხოსნები.
საყურადღებოა, რომ გრიგოლ დადიანი სამურზაყანოში თავს უსაფრთხოდ გრძნობდა და მას მეტი უსაფრთხოებისათვის ქელეშ-ბეისთან გადასვლა არ დასჭირვებია. როგორც ჩანს, ეს კუთხე ამ პერიოდში საკმაოდ გაძლიერებული ყოფილა, ვინაიდან მანუჩარს არც უცდია მისი ძმის იქიდან გაძევება და ამით მან, ფაქტობრივად, სამურზაყანოზე კონტროლი დაკარგა. თუმცა, სამურზაყანო, ზოგადად, დადიანის გავლენიდან არ გასულა. სამურზაყანოელი შარვაშიძე მხოლოდ გრიგოლის ხელისუფლებას აღიარებდა და უჭერდა მხარს. 1798წ. სოფ. ოჯოლაში გრიგოლ დადიანი მეფეს დაეზავა საერთო ენის მონახვა შეძლო და ოდიშის მთავრის ტახტიც დაიბრუნა.1 სამურზაყანოზე ისევ სამეგრელოს გავლენა გავრცელდა.2
XVIII ს. 80-90-იანი წლების მიჯნაზე, ლევან შარვაშიძემ, თავისი საგარეო პოლიტიკური ვექტორი კვლავ ჩრდილოეთისაკენ მიაბრუნა. მით უმეტეს, რომ იმ პერიოდში მიმდინარე რუსეთ-თურქეთისომში რუსთა აშკარა წარმატებები გამოიკვეთა და, ამასთანავე, იგი, ფაქტობრივად, იმერეთის საზღვარსაც იყო მომდგარი, ვინაიდან ქართლ-კახეთის მეფე უკვე იმპერატორის მფარველობის ქვეშ იყო. დავით მეფეც ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას ეწეოდა.3 ქუთაისში მეფესთან აუდიენციის დროს, ლევანს რუსეთის პროტექტორატის მიღების თაობაზეც გაუმართავს დავითთან საუბარი, რაზეც მეფისაგან ამ საკითხში დახმარების პირობაც მიუღია.4 როგორც მეფე წერდა ბ. გაბაშვილს, აფხაზები ამას აღფრთოვანებით შეხვედრიან.5 თუმცა, იმერეთის ხელისუფლება, რუსეთთან მოალპარაკებებში ჯერ კიდევ 1787 წლიდან აყენებდა აფხაზეთის საკითხს და სანკტ-პეტერბურგს წარმოუჩენდა ამ კუთხის სერიოზულ გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას თურქეთის წინააღმდეგ საბრძოლველად როგორც დასავლეთ საქართველოში, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის კონტროლისათვის.6
სამწუხაროდ, წყაროებში დაცული არაა დავითისა და ლევანის საუბრის დეტალები, მაგრამ, იგივე ბ. გაბაშვილის დიპლომატიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებული დოკუმენტებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა საკითხები შეიძლებოდა მათ განეხილათ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის სფეროებში. სავარაუდოდ, ამ მოლაპარაკებების შედეგი, ასევე, იმერეთ-აფხაზეთის კათალიკოს მაქსიმე II-ს წერილში იმერეთის დესპან ბესარიონ გაბაშვილისადმი: „შარვასიძე, აფხაზეთის მთავარი, მეფემან ჩვენმან თავისი ცდით შეიერთოს და მეფის თანახმა იქნეს რუსეთის ხელმწიფის ერთგულობაზე. აჯობებს თუ არა, თუ რომ ამ საქმეზე მოჰყვება, ერთხმა იქნება მეფისა ჩვენისა შარვაშიძე, აფხაზეთის მთავარი, ვგონებ, დიდ ბედნიერებას მიიღებს. თუ რომ არ უსმინა მეფესა ჩვენსა ერთხმობად რუსეთის ერთგულობა, ბოლოს, ვგონებ, შეინანოს და ახლავ სჯობოს, რომ ჩვენს მეფესთან შეერთდეს, ერთგულობა აჩვენოს რუსეთის საიმპერატოროს ტახტისა“.1
რა თქმა უნდა, აქ ძალიან გაზვიადებულადაა მოცემული აფხაზეთის მიმხრობის პერსპექტივა, სადაც პროთურქული ორიენტაციის ქელეშ-ბეი მთავრობდა. ჩვენ ნაკლებ დამაჯერებლად მიგვაჩნია აფხაზეთის ხელისუფალის მიერ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ასეთი კარდინალური ცვლილება ხელისუფლებაში მოსვლიდან მოკლე ხანში. მღვდელმთავარი მართებულად შენიშნავდა, რომ მიმდინარე რუსეთ-ოსმალეთის ომში საქმე პირველის სასარგებლოდ მიმდინარეობდა და ამას გარკვეული ზეგავლენა უნდა მოეხდინა ქელეშ-ბეის პროთურქულ ორიენტაციაზე.2 მაგრამ, ჯერჯერობით იმ პერიოდში, არ გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ აფხაზეთის მთავრის მხრიდან რუსეთთან დაკავშირების გზების მცდელობის მოსინჯვაც კი. მართებულად უარყოფდა ირ. ანთელავა ქელეშ-ბეის ანტიოსმალობას ამ პერიოდში, ვინაიდან იგი, მკვლევრის შენიშვნით, არ ჩანდა 1790წ. გაფორმებულ ქართველ მეფე-მთავართა სამხედრო-პოლიტიკურ კავშირში.3
ამიტომ, ვფიქრობთ, აფხაზეთის მთავარი, XVIII ს-ის 80-იანი წლების მიწურულს, არ გამოთქვამდა რუსეთთან შეერთების სურვილს და არც ამას დაავალებდა ლევანს. ის ფაქტი, რომ რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებში (მოლაპარაკება ტოტლებენთან, დავით მეფესთან) მხოლოდ ლევანი ჩანს, აშკარად მიანიშნებს, რომ რუსეთის პროტექტორატის მიღებით, იმ პერიოდში, შარვაშიძეთა სახლიდან მხოლოდ მათი სამურზაყანოს შტო იყო დაინტერესებული. შეიძლება ამ მიმართულებით გარკვეული ვარაუდი ზურაბის მიმართაც გამოითქვას, მაგრამ მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, ეს მცდელობაც დაიკარგებოდა. იმერეთის მღვდელმთავარი, იმავე წერილში, მითითებას აძლევდა ბ. გაბაშვილს, რუსეთი აფხაზეთით იმითაც დააინტერესებინა, რომ ამ მხარეზე კონტროლით, საიმპერატორო კარი მის წინააღმდეგ მებრძოლ ყუბანელებს ზურგს მოუსპობდა.1 ამ გეგმის მორიგი გაგრძელება ჩანს გრ. პოტიომკინისადმი ბ. გაბაშვილის 1789წ. 5 დეკემბრით დათარიღებულ მოხსენებით ბარათში დაცული ცნობაც: „აფხაზეთი დაიდვას თავისუფლად, რომელნიც ოსმალოს ხლმი[თ დაპყრობილნი] არიან, და ნება მიეცესთ მათ, რომელთაცა საქმე ჩვენ [ვიცით, რომ მალე აღი]რჩევენ ქრისტეანობას... და ესეც დაიდვას...] რათა ამ აფხაზეთის ნავთსაყუდლებზედაც რუსეთ[ის
ნავებმა ივაჭრონ,] რომლითაცა თქვენ მალე ნახავთ სარგებელსა ა[რა მცირესა]“.2 როგორც ვხედავთ, თუკი სამურზაყანო, იმერეთთან ერთად, რუსეთის მფარველობას მიიღებდა, ეს დადებითად იმოქმედებდა საკუთრივ აფხაზეთის სამთავროში პრორუსულ ორიენტაციის გამარჯვებაზე, რაც, ამ დოკუმენტში გამოხატულია ფორმულით „მალე აღირჩევენ ქრისტეანობას“.
1805 წ. 9 ივლისს სოფ. ბანძაში სამეგრელოს ახალმა მთავარმა, ქელეშ-ბეის ტყვეობაში ნამყოფმა, ლევან V გრიგოლის ძე დადიანმა (1805-1840) რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაიფიცა.3 ცერემონიალზე იყვნენ ლევან შარვაშიძე და მისი ძმისწული მანუჩარი, რომლებმაც, აგრეთვე, იმავე დღეს მიიღეს ფიცი, რომლითაც ისინი იმპერატორ ალექსანდრე I-ს ქვეშევრდომები გახდნენ: „ჩვენ ქვემორე ხელის მომწერნი აფხაზის თავადნი, სამირზაყანოს4 მპყრობელნი, შემოვედით ყმად ჩვენის ქვეყნით და თავად-აზნაურებით მისს იმპერატორობის დიდებულებისა ყოვლად-უმოწაყლესისა რუსთა ხელმწიფისა; ვფიცავთ.., რომ ვიყვნეთ ერთგულნი მონა და ყმანი სამინდღეოდ და მისს უდიდებულესობის.., აგრეთვე სამენგრელიოს თვითმპყრობელი ლევან დადიანისა, რადგანაც ჩვენ ჩვენის ქვეყნით ძველადგან ვყოფილვართ სამენგრელიოს თვითმპყრობელი თავადი დადიანისა“.5
აქ რომ უფროსი ლევანი იგულისხმება, ჩანს იმით, რომ ხელმოწერის დროს მისი სახელი წინ უსწრებს მანუჩარისას, ანუ დაცულია უფროს-უმცროსობის ეტიკეტი. როგორც ჩანს, რუსეთმა ხუტუნია შარვაშიძის ორივე შტოსთან გადაწყვიტა შეთანხმების მიღწევა და რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოყვანა, რითაც, ერთგვარად სამურზაყანოს „ტერტიორიული და პოლიტიკური მთლიანობა“ შეინარჩუნა და საფუძველი გამოაცალა ქელეშ-ბეისთან შესაძლო კამათს ამ მხარის მფლობელობასთან დაკავშირებით. ამ ნაბიჯით ბოლო მოეღო ქელეშ-ბეის მცდელობას სამურზაყანოს დასაკავებლად. ამასთანავე მათ, „აფხაზის თავადებმა“, ოფიციალურად დაადასტურეს, რომ სამურზაყანო დადიანის სამფლობელო იყო და შარვაშიძეებიც ძველიდანვე მათ მორჩილებდნენ. ამ დღეს დასრულდა ოდიშ-აფხაზეთის „კონდომინიუმი“ სამურზაყანოზე.
ამრიგად, როგორც ვხედავთ, ლევან შარვაშიძე დიდი ამბიციების მქონე მმართველი იყო, რომელთან კავშირს ესწრაფვოდნენ იმერეთის მეფე და აფხაზეთის მთავარიც. მან დაარღვია ბაბუისა და მამის „ტრადიცია“, რომელიც გამორიცხავდა სამურზაყანოს ხელისუფალთა პოლიტიკურ აქტიურობას მათი სამფლობელოს ფარგლებს გარეთ. ლევანის დროს კი ეს შეიცვალა. ამიერიდან სამურზაყანოელი შარვაშიძეები აქტიურად მონაწილეობენ მათი სამფლობელოს აღმოსავლეთით თუ დასავლეთით განვითარებულ პროცესებში, რიგ შემთხვევაშიც, თავადაც კი აძლევდნენ გარკვეულ მიმართულებას ამ პროცესების განვითარებას (სოხუმის ციხიდან განდევნილი თურქების დაბრუნება, სამთავრო ტახტიდან გრიგოლ დადიანის პირველი ჩამოგდება). ამასთანავე, შევეცადეთ განგვესაზღვრა ლევან შარვაშიძის მმართველობის პერიოდი 1757-1789წწ.
შენიშვნები
1. თ. ჭიჭინაძე. საქართველოს ისტორიის მასალა. – გაზ. „კვალი“, #20, 11 მაისი, 1897, გვ. 394.
2. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. – ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. IV. თბ., 1973, გვ. 862-863.
3. В. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.). Сухуми, 1959, გვ. 7; დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები. ტ. 1. თბ., 1977, გვ. 112; ვ. ზუხბაია. ვახუშტი ბაგრატიონი და აფხაზეთი. თბ., 2000, გვ. 11-12.
4. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება. ტექსტი გამოსცა, წინასიტყვაობა, გამოკვლევა, კომენტარები, საძიებლები და ლექსიკონი დაურთო შ. ბურჯანაძემ. თბ., 1962, გვ. 178.
5. თ. ჭიჭინაძე. საქართველოს ისტორიის მასალა, გვ. 394.
6. ის ამ კუთხის, რიგით, მეოთხე მმართველია ყვაპუს, მურზაყანის, ხუტუნიას შემდეგ.
7. თ. ჭიჭინაძე. საქართველოს ისტორიის მასალა, გვ. 394.
8. ჩვენი ჩამატებაა – კ.კ.
9. ჩვენი ჩამატებაა – კ.კ.
10. თ. ჭიჭინაძე. საქართველოს ისტორიის მასალა, გვ. 394.
11. თ. ჭიჭინაძე. საქართველოს ისტორიის მასალა, გვ. 394.
12. ზ. ცინცაძე. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს საზღვრების საკითხისათვის XIX საუკუნის I ნახევარში, – საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული. ტ. VII. თბ., 1989, გვ. 100.
13. Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммисиею. Под редакциею председателя коммиссии ст. сов. Ад. Берже. Т. II. Тифлис, 1868, დოკ. #1047, 1048, 1049, გვ. 537.
14. Ю. Чиковани. Род Абхазских Князей Шервашидзе (Историко-генеалогическое исследование). Тб., 2007, გვ. 71, ტაბულა #15.
15. ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა (XV-XVIIIსს.). თბ., 1996, გვ. 131; ზ. პაპასქირი. ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან. ნაკვ. I. უძველესი დროიდან 1917 წლამდე. თბ., 2004, გვ. 113.
16. Грамоты и другие исторические документы XVIII столетия относящиеся к Грузии. Т. I (с 1768 по 1774 год). Под редакцией А. А. Цагарели. СПб, 1891, გვ. 469; გ. პაიჭაძე, ქ. ჩხატარაიშვილი. 1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომი და საქართველო, – წგნ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები. რვა ტომად. ტ. IV. თბ., 1974, გვ. 657.
17. Утверждение Русскаго владычества на Кавказе. Под руководством начальника штаба Кавказскаго военнаго округа генерал-лейтенанта Н. Н. Белявскаго. Составлен в Военно-историческом Отделе под редакцией генерал-майора Потто. Т. 3, часть 2. Тифлис, 1904, გვ. 539-540; С. Эсадзе. Историческая записка об управлении Кавказом. Т. I. Тифлис, 1907, გვ. 97-98.
18. ი. კვაშილავა. სამურზაყანოს წარსულიდან (XVI-XVIIსს). – ჟურნ.: „რიწა“, #3-4, 2000, გვ. 25.
19. И. Г. Антелава. Очерки по истории Абхазии XVII-XVIII веков. Второе, исправленное издание. Сухуми, 1951, გვ. 80; З. В. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии.., გვ. 71-72.
20. ი. რაინეგსი. მოგზაურობა საქართველოში. გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებელი დაურთოგ. გელაშვილმა. თბ., 2002, გვ. 109.
21. Ю. Чиковани. Род Абхазских.., გვ. 10, ტაბ. #2.
22. И. Г. Антелава. Очерки по истории Абхазии.., გვ. 79; Ш. Д. Инал-ипа. Абхазы. Историко-этнографические очерки. Второе переработанное, дополненное издание. Сухуми, 1965, გვ. 143.
23. წყალობის წიგნი სოლომონ მეფისა მარიამ ჯაფარიძის ქალს (დოკ. #124). – ისტორიული დოკუმენტები იმერეთის სამეფოსა და გურიაოდიშის სამთავროებისა (1466-1770წწ.). წ. I. ტექსტი გამოსცა, წინასიტყვაობა და საძიებლები დაურთო შ. ბურჯანაძემ. თბ., 1958, გვ. 113-114.
24. ი. რაინეგსი. მოგზაურობა საქართველოში, გვ. 110.
25. დ. ზაქარაია. პოლიტიკური ვითარება აფხაზეთში XVIIIს. ბოლო მეოთხედში. ქელეშ-ბეი შარვაშიძის პოლიტიკური მოღვაწეობის პირველი პერიოდი. 1774-1800წწ. – საისტორიო ძიებანი, წელიწდეული. VI. თბ., 2003, გვ. 64-65; ელექტრონ. ვერსია იხ.: ჰტტპ://საისტორიოდზიებანი. გოოგლეპაგეს.ცომ/დზიებანი2003.
26. Новейшия географическия и историческия известия о Кавказе. Собранныя и пополненныя С. Броневским. Ч. I. М., 1823, გვ. 347.
27. ს. მაკალათია. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია. თბ., 1992, გვ. 127.
28. ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 161.
29. ს. მაკალათია. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, გვ. 127, 128.
30. Грамоты и другие исторические документы.., т. I, გვ. 66-68, 300; ს. მაკალათია. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, გვ. 127-128, 131.
31. Новейшия географическия.., გვ. 346; Статистическое описание Закавказскаго края. В двух частях. Составитель Орест Евецкий. СПб., 1835, გვ. 170; И. Г. Антелава. Очерки по истории Абхазии.., გვ. 79; Ш. Д. Инал-ипа. Абхазы.., გვ. 144; ს. ბრონევსკი შეცდომით აცხადებდა ლევანს აფხაზეთის შემდგომი მთავრის ქელეშ-ბეის მამად. ამაზე ყურადღება ირ. ანთელავამ გაამახვილა და აღნიშნა, რომ ქელეშ-ბეის მამა მანუჩარი იყო (И. Г. Антелава. Очерки по истории.., გვ. 79).
32. Г. Анчабадзе. Абхазская хроника XIX века. Из истории утверждения русского владычества в Абхазии, – წგნ.: გ. ანჩაბაძე. ქართულ-აფხაზური ურთიერთობის საკითხები (სტატიები, მიმართვები, ინტერვიუები). თბ., 2006, გვ. 12.
33. Новейшия географическия и историческия известия о Кавказе, გვ. 346.
34. Г. Анчабадзе. Абхазская хроника XIX века.., გვ. 12.
35. გ. პაიჭაძე, ქ. ჩხატარაიშვილი. 1768-1774 წლების.., გვ. 656.
36. მემკვიდრეობა მას ისედაც ეკუთვნოდა ორი მიზეზის გამო: ვინაიდან ზურაბს საკუთარი შვილები არ ჰყავდა (ირ. ანთელავა, გ. ძიძარია. მასალები აფხაზეთის სამთავროს ისტორიისათვის. _ წგნ.: საისტორიო მოამბე, ტ. 7. თბ., 1953, გვ. 243, 292; დ. ზაქარაია. პოლიტიკური ვითარება აფხაზეთში.., გვ. 75) და ქელეშ-ბეი, მანუჩარის შვილობით, შარვაშიძეთა იმ შტოს წარმოადგენელი იყო, რომელსაც ზუფუს მფლობელობა ანუ აფხაზეთის მთავრობა ერგო წილად.
37. დ. ზაქარაია. პოლიტიკური ვითარება აფხაზეთში.., გვ. 75.
38. И. Г. Антелава. Очерки по истории.., გვ. 80; Г. А. Дзидзария. Присоединение Абхазии к России, – წგნ.: Г. А. Дзидзария. Труды. თ. I. Сухуми, 1988, გვ. 17-18; Ф. Дюбуа де Монпере. Путешествие вокруг Кавказа. Т. I. Сухуми, 1937, გვ. 117.
39. Ф. Дюбуа де Монпере. Путешествие вокруг Кавказа.., გვ. 117; ა. დიაჩკოვ-ტარასოვი. გაგრა და მისი შემოგარენი. რუსულიდან თარგმნეს, შესავალი და კომენტარები დაურთეს ზ. პაპასქირმა და ბ. ხორავამ. თბ., 2003, გვ. 90.
40. Г. А. Дзидзария. Присоединение Абхазии к России, გვ. 17-18; ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 161; ზ. პაპასქირი. ნარკვევები თანამედროვე.., ნაკვ. I, გვ. 113; ზ. წურწუმია. აფხაზეთის ისტორიის ზოგიერთი საკითხი თურქულ ისტორიოგრაფიაში. – საისტორიო ძიებანი, წელიწდეული, V. თბ., 2002, გვ. 128.
41. დ. ზაქარაია. პოლიტიკური ვითარება აფხაზეთში.., გვ. 64.
42. ი. რაინეგსი. მოგზაურობა საქართველოში, გვ. 110.
43. Ф. Торнау. Воспоминания Кавказского офицера. 1835 год. Ч. I. М., 1864, გვ. 6.
44. დ. ზაქარაია. პოლიტიკური ვითარება აფხაზეთში.., გვ. 64.
45. ა. დიაჩკოვ-ტარასოვი მიიჩნევს, რომ ლევანმა ეს ოქროზე დახარბების გამო ჩაიდინა (ა. დიაჩკოვ-ტარასოვი. გაგრა და მისი შემოგარენი, გვ. 90).
46. Новейшия географическия и историческия.., გვ. 346-347; ჯ. გამახარია. აფხაზეთი და მართლმადიდებლობა (Iს. – 1921წ.). თბ., 2005, გვ. 328.
47. Новейшия географическия и историческия известия о Кавказ, გვ. 347.
48. აქ ს. ბრონევსკი აფხაზეთის სამთავროს გულისხმობს, რაშიც ის აშკარად ცდება, მიუხედავად იმისა, რომ სწორად უთითებს ლევანის საცხოვრისს – სოფ. ბედიას (Новейшия географическия и историческия известия о Кавказе, გვ. 346, 347).
49. Новейшия географическия и историческия известия о Кавказе, გვ. 347.
50. Акты, т. II, დოკ. #1048, 1049, გვ. 537.
51. დ. ზაქარაია. პოლიტიკური ვითარება აფხაზეთში.., გვ. 65.
52. О. Х. Бгажба, С. З. Лакоба. История Абхазии. С древнейших времен до наших дней. Сухум, 2007, გვ. 196; ამ ფაქტის გაშუქებისას ავტორები არ ასახელებენ ლევანის სახელს და უბრალოდ აღნიშნავენ ერთერთი ჩაჩბას ღალატს. ძნელი სათქმელია, თუ რატომ არ უმხელენ მკითხველს მოღალატე შარვაშიძის ვინაობას, როცა ეს ცნობილია ისტორიული წყაროებით და სხვადასხვა ისტორიკოსთა (მათ შორის, საკუთრივ აფხაზთა) ნაშრომებით.
53. ნ. ბერძენიშვილი. ირან-ოსმალეთის ომი და საქართველო XVIII საუკუნის პირველ ნახევარში. – წგნ.: ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. წიგნი VI. თბ., 1973, გვ. 345.
54. გ. კალანდია. ეპისკოპოსობა და ოდიშის საეპისკოპოსოები. – ქართული დიპლომატია, წელიწდეული. ტ. VII. თბ., 2000, გვ. 502; ბ. ხორავა. ბედიის საეპისკოპოსო. – საისტორიო ძიებანი, წელიწდეული, III. თბ., 2000, გვ. 41.
55. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში. გერმანული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო გ. გელაშვილმა. ტ. I, თბ., 1962, გვ. 171; ბ. ხორავა. ბედიის საეპისკოპოსო, გვ. 41.
56. ლ. ახალაძე. აფხაზეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო. ტ. 1 (ლაპიდარული და ფრესკული წარწერები). თბ., 2005, გვ. 51; გ. კალანდია. ბედიელ ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური რიგი. – „არტანუჯი“, #4, 1995, გვ. 36; ბ. ხორავა. ბედიის საეპისკოპოსო, გვ. 41.
57. Акты, т. I. Тифлис, 1866, დოკ. #7, გვ. 56-58; ქართული სამართლის ძეგლები. ტ. III. საეკლესიო საკანონმდებლო ძეგლები (XI-XIX სს). ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ. თბ., 1970, გვ. 845; ბ. ხორავა. ბედიის საეპისკოპოსო, გვ. 40.
58. ჯ. გამახარია. აფხაზეთი და მართლმადიდებლობა.., გვ. 331.
59. Акты, т. IV. Тифлис, 1870, დოკ. #557, გვ. 416.
60. დ. ზაქარაია. პოლიტიკური ვითარება აფხაზეთში.., გვ. 66.
61. И. Г. Антелава. Очерки по истории Абхазии.., გვ. 87-88; ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის.., გვ. 161; ზ. პაპასქირი. ნარკვევები ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული.., გვ. 115.
62. Е. И. Дружинина. Кючук-Кайнарджийский мир 1774 года (его подготовка и заключение). М., 1955, გვ. 356.
63. ივ. ჯავახიშვილი. დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის მე-XVIII-ე საუკუნეში. – წგნ.: ივ. ჯავახიშვილი, პ. სურგულაძე, პროფ. ლისტი. ისტორიული რარიტეტები. თბ., 1989, გვ. 82.
64. მ. რეხვიაშვილი. იმერეთის სამეფო (1462-1810). თბ., 1989, გვ. 222.
65. თუმცა ოსმალებმა ეს ვერ შეძლეს, რადგანაც, სოლომონის ბრძანებით, ისინი აღებისთანავე მოთხარეს. თურქთა მიერ მათი ხელახალი აგების მცდელობა შეუპოვარ ომს გამოიწვევდა (ნ. ბერძენიშვილი. საქართველო XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. – საქართველოს ისტორიის საკითხები. წიგნი VI, გვ. 433).
66. Е. И. Дружинина. Кючук-Кайнарджийский мир.., გვ. 356; ნ. ბერძენიშვილი. საქართველო XVIII.., გვ. 433; მ. რეხვიაშვილი. იმერეთის.., გვ. 255.
67. ს. მაკალათია. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, გვ. 131-132.
68. ს. მაკალათია. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, გვ. 132.
69. ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 162.
70. ზ. პაპასქირი. ნარკვევები თანამედროვე.., ნაკვ. I, გვ. 113-114.
71. ჯ. გამახარია. აფხაზეთი და მართლმადიდებლობა.., გვ. 330.
72. ქ. ჩხატარაიშვილი. დასავლეთ საქართველო XVIIIს. 70-80-იან წლებში. – საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. IV. თბ., 1974, გვ. 665.
73. მ. რეხვიაშვილი. დასავლეთ საქართველო XVII საუკუნეში. თბ., 1978, გვ. 154; მ. რეხვიაშვილი. იმერეთის სამეფო.., გვ. 267-268.
74. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 180.
75. И. Г. Антелава. Очерки по истории Абхазии.., გვ. 80-81.
76. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 180.
77. ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად აქ გვხვდება ტოპონიმი „სამურზაყანო“.
78. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 180.
79. ი. გეგეჭკორი. რუხის ბრძოლა ანუ ცხოვრება დიდის მეფისა სოლომონისა. თქმული იოანე გეგეჭკორისგან (გრიგოლ დადიანი). გამოცემა ზ. ჭიჭინაძისა. ტფ., 1895, გვ. 5-6.
80. ბესიკი. რუხის ბრძოლა, გვ. 123.
81. ი. რაინეგსი. მოგზაურობა საქართველოში, გვ. 110; დ. ზაქარაია. პოლიტიკური ვითარება აფხაზეთში.., გვ. 65.
82. დ. ზაქარაია. პოლიტიკური ვითარება აფხაზეთში.., გვ. 68-69.
83. ზ. მოლაშხია. რუხის ბრძოლა. – ჟურნ.: „აია“. #2, 2002, გვ. 11.
84. ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 162; ზ. პაპასქირი. ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის.., ნაკვ. I, გვ. 114.
85. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 179-180.
86. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 180.
87. ქ. ჩხატარაიშვილი. დასავლეთ საქართველო.., გვ. 665.
88. ბესიკი. რუხის ბრძოლა, გვ. 124.
89. ბესიკი 10000-ს კაცის ასახელებს: „მოკრბა დას-დასად მწყობრ ბევრ-ათასად“ (ბესიკი. რუხის ბრძოლა, გვ. 123). როგორც ცნობილია, ძველ ქართულში სიტყვა „ბევრი“ რიცხობრივად 10000-ს უდრიდა (ს.-ს. ორბელიანი. ლექსიკონი ქართული. ორ წიგნად. წ. I. თბ., 1966, გვ. 99). ისტორიოგრაფიაში სახელდება სხვა ციფრებიც: 11000 (ს. მაკალათია. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, გვ. 132; ზ. მოლაშხია. რუხის ბრძოლა, გვ. 11; დ. ზაქარაია. პოლიტიკური ვითარება.., გვ. 70) და 40 000 (დ. ზაქარაია. პოლიტიკური ვითარება.., გვ. 69-70).
90. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 180; შდრ. ბესიკთან: „ქუთაისს მორჭმით მჯდომელსა, ომისა მომანდომელსა, მეფესა ჰკადრეს: „მეგრელი მოჰფრინავს, ჰგავს ნაკრთომელსა“. მოვიდა, წიგნი მოართვა, ფიცი აქვს სწორეთ რომელსა. გაღიმდა: „ვალი ხრესილის აწ უთხოვია მშრომელსა!“ (ბესიკი. რუხის ბრძოლა, გვ. 125).
91. ბესიკი. რუხის ბრძოლა; ნ. ლორთქიფანიძე. რაინდები, – წგნ.: ნ.ლორთქიფანიძე. ერთტომეული. თბ., 1981, გვ. 7-37.
92. ი. გეგეჭკორი. რუხის ბრძოლა ანუ ცხოვრება დიდის მეფისა სოლომონისა. რუხის ომის ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში ასახვის თაობაზე იხ.: ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის.., გვ. 163. ზ. მოლაშხია. რუხის ბრძოლა...
93. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 180.
94. ისტორიოგრაფიაში, ძირითადად, მიღებულია ეს თარიღი, რომელიც ნ. დადიანის ნაშრომშია დაფიქსირებული (ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 180; ს. მაკალათია. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, გვ. 132; ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 162; ზ. პაპასქირი. ნარკვევები თანამედროვე.., ნაკვ. I, გვ. 114; И. Г. Антелава. Очерки по истории Абхазии.., გვ. 80-81). არის მეორე დათარიღებაც: 1779 წ. მიწურული (ქ. ჩხატარაიშვილი. დასავლეთ საქართველო.., გვ. 665). მ. რეხვიაშვილიც ამ თარიღს უჭერს მხარს (მ. რეხვიაშვილი. იმერეთის სამეფო.., გვ. 268.); თუმცა, თავდაპირველად, ამ ომს 1780 წლით ათარიღებდა (მ. რეხვიაშვილი. იმერეთი XVIII საუკუნეში. თბ., 1982, გვ. 154).
95. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 180.
96. ო. ბღაჟბა და ს. ლაკობა, რომლებიც ქელეშ-ბეის მოღვაწეობას ერთ პარაგრაფს უთმობენ და ის აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ეროვნულ გმირად ჰყავთ გამოყვანილი, გაკვრითაც კი არ ახსენებენ რუხის ომს (О. Х. Бгажба, С. З. Лакоба. История Абхазии.., გვ. 194-201). როგორც ჩანს, ამ პროპაგანდისტული ნაშრომის ერთადერთი ამოცანა მხოლოდ ო. ბღაჟბასა და ს. ლაკობას „თვალებით“ ლაჟვარდოვან ფერებში დანახული აფხაზეთის „ჰეროიკული“ ისტორიის წარმოჩენაა. ამ მიზანს ბრმად ადევნებული ავტორები, ამ გზით, ისევ და ისევ საკუთარი ერის ისტორიას ამახინჯებენ და საკუთარი მკითხველიც შეცდომაში შეჰყავთ.
97. ი. გეგეჭკორი. რუხის ბრძოლა ანუ ცხოვრება..., გვ. 14; შდრ. ბესიკთან: „სით გაგვეპარე, ქელეშ-ბეგ? რას ელდით გარდგვეკარგე, რა[ს]? თუ სადმე ნახო ზურაბი, უთხარ: „მეფეა აგერა[ს]!“ ...რა ნახეს მეფე მიჭრილი, გულსა შეაქნეს ბაბანი, დაყარნეს ყოვლნი სახმარნი, გზა ძიეს გასასწრაფანი“ (ბესიკი. რუხის ბრძოლა, გვ. 129). სამტროდ მოსულ ბექირ-ბეის მხედრულ ღირსებასა და მამაცობას არც ბესიკი უკარგავს: „მოყმედ კარგი ძმა მეოთხე... ბექირ-მხნევან“ (ბესიკი. რუხის.., გვ. 126).
98. მისი უფროსი ძმა, გრიგოლი, 1788წ. 18 წლის ასაკში გახდა სამეგრელოს მთავარი. შესაბამისად, მანუჩარი მასზე ყველაზე ნაკლები ერთი წლით უმცროსი თუ იქნებოდა.
99. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 181.
100. ვ. მაჭარაძე. ბესიკი დიპლომატიურ სარბიელზე. თბ., 1968, გვ. 277-278; ო. სოსელია. ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან. ნაწ. III. თბ., 1990, გვ. 93; ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 164.
101. სამეგრელოს მთავარი კაცია II დადიანი ნ. დადიანის მკვიდრი ბიძია (მამის, გიორგის, ძმა) იყო, შესაბამისად, მანუჩარი მისი ბიძაშვილი იყო (ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 10).
102. ნ. დადიანი მას რუსუდანის სახელით გვამცნობს (ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 181).
103. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 181.
104. მ. რეხვიაშვილი. იმერეთის სამეფო.., გვ. 278.
105. ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 165.
106. დ. ზაქარაია. პოლიტიკური ვითარება აფხაზეთში.., გვ. 75.
107. К. Пигарев. Суворов. М., 1948, გვ. 19.
108. ნ. ბერძენიშვილი. საქართველო XVIII საუკუნის მეორე.., გვ. 458.
109. ზ. წურწუმია. აფხაზეთის ისტორიის ზოგიერთი საკითხი.., გვ. 129.
110. Н. В. Коршунова. Восточный вектор геополитики Екатерины II: «Греческий проект». – Вестник Челябинского университета. Сер. 10. Востоковедение. Евразийство. Геополитика. 2003, № 1, გვ. 62-68. იხ. ელექტრონ. ვერსია: ჰტტპ://წწწ.ლიბ.ცსუ.რუ/ვცჰ/10/2003_01/006.პდფ
111. მ. რეხვიაშვილი. იმერეთი XVIII საუკუნეში, გვ. 157; მ. რეხვიაშვილი. იმერეთის სამეფო.., გვ. 270.
112. ზ. წურწუმია. აფხაზეთის ისტორიის ზოგიერთი საკითხი.., გვ. 130.
113. ზ. წურწუმია. აფხაზეთის ისტორიის ზოგიერთი საკითხი.., გვ. 130.
114. მ. რეხვიაშვილი. იმერეთის სამეფო.., გვ. 297.
115. დ. ზაქარაია. პოლიტიკური ვითარება აფხაზეთში.., გვ. 77.
116. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 183-184.
117. А. Н. Петров. Вторая турецкая война в царствование императрицы Екатерины II. 1787-1791. Т. 1-2. СПБ, 1880; Русская военная сила. История развития военнаго дела от начала Руси до нашего времени. С рисунками одежд и вооружения, картами, планами сражении и укреплении. Издание второе И. Н. Кушнерева и А. Е. Пирогова, исправленное и дополненное под редакцией Члена Военно-ученаго комитета Главнаго Штаба, Генеральнаго Штаба Генерал-Маиора А. Н. Петрова. Т. 2. М., 1892, გვ. 128.
118. მკვლევართა აზრით, ეს აქტი თურქეთის მიერ იყო ინსპირირებული. იხ.: И. Г. Антелава. Очерки по истории.., გვ. 82; ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის.., გვ. 164; ჯ. გამახარია. აფხაზეთი და მართლმადიდებლობა.., გვ. 331; ზ. პაპასქირი. ნარკვევები., გვ. 115.
119. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 185.
120 И. Г. Антелава. Очерки по истории Абхазии XVII-XVIII веков, გვ. 82.
121. ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 164.
122. ზ. წურწუმია. აფხაზეთის ისტორიის ზოგიერთი.., გვ. 129.
123. დ. ზაქარაია. პოლიტიკური ვითარება აფხაზეთში.., გვ. 77.
124. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 184; ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 165.
125. ვ. მაჭარაძე. ბესიკი დიპლომატიურ სარბიელზე, გვ. 277.
126. ამგვარადაა იგი აღნიშნულ წერილში მოხსენიებული. იხ.: ვ. მაჭარაძე. ბესიკი დიპლომატიურ სარბიელზე, გვ. 277.
127. ვ. მაჭარაძე. ბესიკი დიპლომატიურ სარბიელზე, გვ. 277-278.
128. ვ. მაჭარაძე. ბესიკი დიპლომატიურ სარბიელზე, გვ. 277-278.
129. მ. რეხვიაშვილი. იმერეთის სამეფო, გვ. 280.
130. ს. მაკალათია. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, გვ. 132.
131. ვ. მაჭარაძე. ბესიკი დიპლომატიურ სარბიელზე, გვ. 281.
132. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 184.
133. ვ. მაჭარაძე. ბესიკი დიპლომატიურ სარბიელზე, გვ. 278.
134. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 184.
135. ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 166.
136. საზღვრებთან თურქები იდგნენ და ახალციხის ფაშაც უარყოფითად იყო განწყობილი იმერეთის მეფის მიმართ; მას, ასევე, გართულებული ურთიერთობები ჰქონდა იმერელ დიდებულთა ნაწილთან, რომელნიც დავითს, თავის დროზე გამეფებაში დაეხმარნენ; ერეკლე II-სთან მყოფი დავით არჩილის ძეც ხელსაყრელ დროს ელოდებოდა იმერეთის ტახტის დასაკავებლად (ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 166).
137. წყალობის წიგნი სოლომონ II-ისა გრ. დადიანისადმი (1789წ. 10 სექტ.) – წგნ.: საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ისტორიული დოკუმენტები და არქივები. ტ. II, ისტორიული დოკუმენტები. წგნ. I: იმერეთის სამეფოს პოლიტიკური საბუთები (1784-1810). ტექსტი შენიშვნებით და საძიებლებითურთ გამოსაცემად მოამზადა შ. ბურჯანაძემ. თბ., 1953, გვ. 13-14.
138. გრიგოლმა ცოლად შეირთო ერეკლეს შვილიშვილი, გიორგი ბატონიშვილის (შემგომში ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII) ასული ნინო, ხოლო სოლომონს კი თავისი და, მარიამი, მიათხოვა (ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 185).
139. Акты, т. VI, ч. II. Тифлис, 1875, გვ. 814.
140. ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 166; ზ. პაპასქირი. ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის.., ნაკვ. I, გვ. 116.
141. თ. ქადარია. სამეგრელოს სამთავრო XIX საუკუნის პირველ ნახევარში. თბ., 2003, გვ. 107.
142. ჯ. გამახარია. აფხაზეთი და მართლმადიდებლობა.., გვ. 294.
143. ვ. ზუხბაია. სამურზაყანო. – გაზ.: „მახარია“. #1 (6), 2001, გვ. 13.
144. ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 167.
145. ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 167.
146. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 186.
147. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 186-187.
148. ნ. დადიანი. ქართველთ.., გვ. 187; Акты, т. I, დოკ. #695, გვ. 553.
149. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ისტორიული დოკუმენტები და არქივები. ტ. II, ისტორიული დოკუმენტები. წგნ. I, გვ. 122.
150. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 187, 241.
151. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 187.
152. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 187; Акты, т. I, გვ. 553.
153. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 187.
154. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 189-190; ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 167-169; ზ. პაპასქირი. ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის.., ნაკვ. I, გვ. 117.
155. Акты. Т. I. დოკ. #34, გვ. 113.
156. მ. რეხვიაშვილი. იმერეთი XVIII საუკუნეში, გვ. 184.
157. ვ. მაჭარაძე. ბესიკი დიპლომატიურ სარბიელზე, გვ. 278.
158. ვ. მაჭარაძე. ბესიკი დიპლომატიურ სარბიელზე, გვ. 278.
159. ვ. მაჭარაძე. ბესიკი დიპლომატიურ სარბიელზე, გვ. 268-269.
160. ვ. მაჭარაძე. ბესიკი დიპლომატიურ სარბიელზე, გვ. 280.
161. ვ. მაჭარაძე. ბესიკი დიპლომატიურ სარბიელზე, გვ. 280.
162. И. Г. Антелава. Очерки по истории Абхазии.., გვ. 87-88.
163. ჯ. გამახარია. აფხაზეთი და მართლმადიდებლობა.., გვ. 334.
164. მოხსენება იმერეთის დესპან ბესარიონ გაბაშვილისა გრიგოლ პოტიომკინისადმი (1789წ. 5 დეკემბერი), – წგნ.: საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ისტორიული დოკუმენტები და არქივები. ტ. II, ისტორიული დოკუმენტები. წგნ. I, გვ. 15.
165. ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 171.
166. ბ. ხორავამ ეს ვარიანტი თავის ნაშრომში გაუმართლებლად შეცვალა „სამურზაყანო“-თი (ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის.., გვ. 171-172).
167. Акты. Т. II. დოკ. #1031, გვ. 526-527.

Комментариев нет:

Отправить комментарий