ახ. წ. 63 წ. იმპერატორ ნერონის მიერ პოლემონის პონტოს სამეფოს გაუქმების შემდეგ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, ისტორიული კოლხეთი, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე პოლემონიდთა სამეფოს განუყოფელი ნაწილი იყო, უშუალოდ რომის პროვინციული მმართველობის ქვეშ მოექცა, მაგრამ რომაელთა ძალაუფლება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მყარი არ აღმოჩნდა. ახ.წ. Iს. ბოლოდან აღმოსავლეთში იმპერიის სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის გაუარესების, კოლხეთის ეთნო-ტერიტორიული წარმონაქმნების _ ე.წ. „სკეპტუხიების“ გააქტიურებისა და მათი ცენტრიდანული ტენდენციების გაძლიერების შედეგად რომის მმართველი წრეები იძულებული გახდნენ, ანგარიში გაეწიათ ადგილობრივ ეთნო-პოლიტიკურ გაერთიანებათა მეთაურების პრეტენზიებისათვის და ეცნოთ კოლხეთის ცალკეული ტერიტორიულ-ტომობრივი ერთეულების გარკვეული სუვერენიტეტი1.
ასე რომ, ახ. წ. II ს. დასაწყისიდან ერთ დროს ერთიანი კოლხეთის სახელმწიფოებრივ სივრცეში გაჩნდნენ ახალი ეთნო-პოლიტიკური გაერთიანებები _ მაკრონ-ჰენიოხების, ლაზების, აფსილების, აბაზგებისა და სანიგების „სამეფო“-ები, რომლებიც უშუალოდ რომის პროვინციული მმართველობისაგან გამოსვლის შემდეგ რომთან გარკვეულ პოლიტიკურ ურთიერთობას ამყარებენ და იმპერიისაგან ფორმალურ დამოუკიდებლობასა და საკუთარ „სამეფო ხელისუფლებასაც“ ღებულობენ.
როდის უნდა მომხდარიყო რომის მიერ აღნიშნულ ეთნო-პოლიტიკურ ერთეულთა ოფიციალური ცნობა, ე. ი. ადგილობრივ მმართველთათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემა?
კოლხეთის ტერიტორიაზე ახლადჩამოყალიბებული ცალკეული პოლიტიკური ერთეულების შესახებ პირველხარისხოვანი ცნობები არის შემონახული კაპადოკიის პროვინციის პროკონსულის, ცნობილი ისტორიკოსის ფლავიუს არიანეს (დაახლ. 95-175წწ.) მიერ 131წ. შავი ზღვის სანაპიროზე ჩატარებული სამსახურებრივი მოგზაურობის ოფიციალურ ანგარიშში _ ისტორიულ-გეოგრაფიული ხასიათის ნაწარმოებში „მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო“, რომელიც დართული ჰქონია იმპერატორ ადრიანესადმი გაგზავნილ ლათინურ წერილს2. არიანეს ცნობით, უშუალოდ რომის პროვინციული მმართველობის ქვეშ მოქცეული სანების „გვერდით არიან მაკრონები და ჰენიოხები. მათი მეფე ანქიალეა. მაკრონებისა და ჰენიოხების მეზობლები _ ძიდრიტები ფარსმანის ქვეშევრდომნი არიან. ძიდრიტების გვერდით ლაზები არიან. ლაზების მეფე მალასაა, რომელსაც ტახტი შენგანა აქვს მიღებული. ლაზების მეზობლები აფსილები არიან, მათმა მეფემ იულიანემ მეფობა შენი მამისაგან მიიღო. აფსილების მეზობლები აბასკები არიან. აბასკთა მეფე რესმაგაა, ამასაც ტახტი შენგანა აქვს მიღებული. აბასკთა მეზობლები სანიგები არიან... სანიგთა მეფემ სპადაგამ შენგან მიიღო ტახტი“.3
აღნიშნულ „სამეფოთა“ წარმოქმნის თარიღს პირველად ს. ჯანაშია შეეხო. მკვლევარმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ, არიანეს ცნობით, აფსილების მეფემ ხელისუფლება იმპერატორ ადრიანეს მამისაგან მიიღო. აქ, ცხადია, იგულისხმება ადრიანეს მამობილი და წინამორბედი იმპერატორი ტრაიანე (98-117წწ.). ს. ჯანაშიას აზრით, სხვა სამთავროებიც, რომელნიც გარშემო ერტყნენ აფსილებისას, ამ უკანასკნელზე უფრო ახალგაზრდა არ უნდა ყოფილიყვნენ. ამდენად, არიანეს მიერ დასახელებული პოლიტიკური ერთეულები უნდა ჩამოყალიბებულიყვნენ, ყოველ შემთხვევაში, არა უგვიანეს ახ. წ. I საუკუნის მეორე ნახევრისა4.
ამ „სამეფოთა“ წარმოქმნის თარიღს შეეხო აგრეთვე გ. მელიქიშვილი. მან ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ, განსხვავებით სხვა „მეფეებისაგან“, არიანე არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ ვისგან ჰქონდა მიღებული ძალაუფლება „მაკრონებისა და ჰენიოხების მეფე“ ანქიალეს. მკვლევარის აზრით, ეს განპირობებული უნდა ყოფილიყო იმით, რომ მაკრონ-ჰენიოხების „სამეფო“ სხვა პოლიტიკურ ერთეულებთან შედარებით უფრო ადრე ჩამოყალიბდა და იგი უკვე I ს. შუახანებიდან იწყებს აქტიური როლის შესრულებას კოლხეთისა და მეზობელი რაიონების პოლიტიკურ ცხოვრებაში5.
ჯერ კიდევ პოლემონის პონტოს სამეფოს არსებობის დროს, ახ. წ. 58წ. რომაელთადმი მეგობრულად განწყობილი ჰენიოხები თავს დასხმიან სომხეთს და ამით დახმარება აღმოუჩენიათ რომაელი სარდლის კორბულონისათვის (ტაც., ანნ., XIII, 37). გ. მელიქიშვილის აზრით, ეს სამოკავშირეო ურთიერთობები შემდგომში უფრო უნდა განმტკიცებულიყო: 115 წ. იმპერატორმა ტრაიანემ პართიაზე ლაშქრობის დროს სატალაში საჩუქრები უძღვნა „ჰენიოხებისა და მახელონების მეფე ანხიალს“ (დიო კასს., LXVIII, 19, 2) და როგორც აღნიშნავს მკვლევარი, „უნდა ვიფიქროთ, რომ „მახელონებისა და ჰენიოხების“ ეს ერთგულება რომისადმი მნიშვნელოვანწილად შეპირობებული იყო ძლიერი მეზობლებისაგან (სომხეთი, იბერია) თავდაცვის მიზნით, რომელნიც, უამისოდ, ადვილად მოუღებდნენ მას ბოლოს“.6
ეგების რომსა და „მაკრონ-ჰენიოხთა სამეფოს“ შორის ასეთი ურთიერთობის გამო აუცილებელი არ იყო იმპერატორის მიერ „მაკრონ-ჰენიოხების მეფის“ ფორმალური დანიშვნა თუ დამტკიცება7 და რომსა და ამ ერთეულს შორის ურთიერთობა ისეთ გაფორმებას (მმართველის „დანიშვნის“ აქტს) არც საჭიროებდა, როგორსაც ადგილი ჰქონდა ლაზების, აფსილების ან სანიგების სამთავროთა მიმართ8.
ჩვენი აზრით, მაკრონებისა და ჰენიოხების „სამეფოს“ წარმოქმნა უნდა მომხდარიყო სხვა პოლიტიკურ ერთეულთა ჩამოყალიბების თანადროულად. მართალია, მაკრონებისა და ჰენიოხების „სამეფო“ მთელი II ს. მანძილზე გამოდის რომაელთა მოკავშირედ აღმოსავლეთში, მაგრამ საეჭვოა, რომ ეს „სამეფო“ ჩამოყალიბებული ყოფილიყო ახ. წ. 58 წ. და მას დახმარება აღმოეჩინა რომაელებისათვის. ჯერ ერთი, ტაციტუსის „ანალების“ იმ ეპიზოდში, რომელსაც ეყრდნობა გ. მელიქიშვილი, საუბარია რომაელთადმი მეგობრულად განწყობილ ტომზე, რომლებიც თავს დაესხმიან სომხეთს9, მაგრამ ამ ტომის ვინაობის შესახებ ტაციტუსის ცნობა არაზუსტია და ხელნაწერში ისინი „ინსოხი“-ებად მოიხსენებიან. ამ „ინსოხი“-ებს კი გ. მელიქიშვილი „ჰენიოხებად“ ასწორებს, ხოლო მკვლევართა ნაწილი მას „მოსხებად“ მიიჩნევს10, რაც, ჩვენი აზრით, უფრო სარწმუნოა, რადგანაც, როგორც აღნიშნავს ნ. ლომოური, ტაციტუსის თხზულების მოცემულ კონტექსტში საუბარია იბერიის მეფის ფარსმან I-ის სურვილზე, დაუმტკიცოს რომაელებს თავისი ერთგულება. ამდენად, უფრო მართებული ჩანს ამ ტომის „მოსხებად“ მიჩნევა11. ყოველ შემთხვევაში, ტაციტუსის ეს ცნობა ძნელია მივიჩნიოთ ამ პერიოდში მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოს“ დამოუკიდებლად არსებობის კონკრეტულ მოწმობად12.
გარდა ამისა, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის პოლიტიკური ერთეულებიდან მაკრონ-ჰენიოხების „სამეფოს“ სხვებთან შედარებით უფრო ადრე ჩამოყალიბება ნაკლებად სავარაუდოა იმის გამოც, რომ პოლემონიდთა სამეფოს არსებობის პერიოდში, პონტოელთა ძალაუფლება რეგიონში საკმაოდ ძლიერი და სტაბილური იყო, ხოლო მაკრონ-ჰენიოხების ტერიტორია კოლხეთის ტერიტორიულ-ტომობრივი ერთეულებიდან ყველაზე სამხრეთით მდებარეობდა და უშუალოდ ესაზღვრებოდა პოლემონიდთა სამეფოს ცენტრალურ რაიონებს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ არიანე არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ ვისგან მიიღო ხელისუფლება მაკრონებისა და ჰენიოხების მეფე ანქიალემ, შეიძლება იმით აიხსნას, რომ რომში კარგად იცნობდნენ ამ მეფეს, ის აქტიურად ეხმარებოდა რომაელებს ჯერ კიდევ ტრაიანეს დროს, ამიტომ არიანემ ზედმეტად მიიჩნია ადრიანესათვის შეეხსენებინა, თუ ვის მიერ იყო მეფედ დანიშნული ანქიალე13.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არიანეს ცნობით, ლაზების, აბასგებისა და სანიგების „მეფეებმა“ ძალაუფლება მიიღეს ადრიანესაგან (117-138წწ.), ხოლო აფსილების მმართველმა იულიანემ _ წინამორბედ იმპერატორ ტრაიანესაგან. ამ ფაქტთან ერთად გ. მელიქიშვილმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ განსხვავებით ლაზების, აბაზგებისა და სანიგების „მეფეთა“ სახელებისაგან, რომელნიც ადგილობრივ იერს ატარებენ, აფსილთა მეფის სახელი (იულიანე) აშკარად რომაულია. ამის საფუძველზე გ. მელიქიშვილი ვარაუდობს, რომ აფსილები უფრო ადრე დაადგნენ რომაული ორიენტაციის გზას და „მეფედ“ დამტკიცების პრაქტიკა დამკვიდრდა აფსილების მიმართ შედარებით ადრე _ ტრაიანეს მმართველობის დროს, ხოლო დანარჩენთა მიმართ _ ადრიანეს ხანაში14. თუმცა მკვლევარი დასაშვებად მიიჩნევს იმასაც, რომ ლაზების, აბასგებისა და სანიგების „მეფეთა“ წინამორბედებსაც ძალაუფლება მიეღოთ ტრაიანესაგან ან რომელიმე სხვა იმპერატორისაგან15.
კოლხეთის ტერიტორიაზე ცალკეული პოლიტიკური ერთეულების ჩამოყალიბების დროის საკითხს შეეხო ნ. ლომოური, რომლის აზრით, ამ „სამეფოთა“ წარმოქმნის პოსტ გუემ ნონ თარიღად ახ. წ. I ს. დასასრული უნდა მივიჩნიოთ16.
რომის მიერ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ცალკეულ ეთნიკურ გაერთიანებათა მეთაურებისათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემის თარიღის შესახებ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა მ. მაქსიმოვამ. მისი შეხედულებით, არიანეს მიერ დასახელებული თითქმის ყველა მეფე ადრიანეს მიერ იყო დანიშნული და მათი დამტკიცება უნდა მომხდარიყო იმპერატორის აღმოსავლეთის პროვინციებში მოგზაურობის დროს, როდესაც 131წ. ის ეწვია ტრაპეზუნტს და შესაძლოა სებასტოპოლისსაც17.
ამ პრობლემაზე თავის მსჯელობას მ. მაქსიმოვა აგებდა გერმანელ მეცნიერთა (j. Dürr და w. weber) ნაშრომებზე18, რომელთა გაცნობის საშუალება ჩვენ სამწუხაროდ არ მოგვეცა. ამდენად, ძნელია იმის თქმა, თუ რა არგუმენტები მოჰყავთ აღნიშნულ მკვლევარებს ადრიანეს ტრაპეზუნტში ყოფნის 131 წლით დათარიღებისას და მისი სებასტოპოლისში სტუმრობის დასამტკიცებლად. საერთოდ, ადრიანეს აღმოსავლეთში მოგზაურობის მარშრუტი და ქრონოლოგია არ არის ბოლომდე დაზუსტებული19, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, იმპერატორ ადრიანეს სებასტოპოლისში ვიზიტის შესახებ წყაროებში არავითარი მინიშნება არ არის. ამასთან, ადრიანეს სებასტოპოლისში ყოფნა შეუძლებელია არ ასახულიყო არიანეს „პერიპლუსში“. ასე რომ, მოსაზრებას ადრიანეს სებასტოპოლისში ჩასვლის შესახებ რეალური საფუძველი არ უნდა გააჩნდეს, განსხვავებით ტრაპეზუნტისაგან, სადაც ადრიანეს სტუმრობა ეჭვს არ იწვევს. ასევე ვერ დავეთანხმებით ამ ვიზიტის 131 წლით დათარიღებას, რადგანაც არიანეს „პერიპლუსიდან“ აშკარად ჩანს, რომ ადრიანე ტრაპეზუნტს 131 წ.-მდე, ე. ი. არიანეს მიერ ჩატარებულ საინსპექციო მოგზაურობამდე სწვევია20. თანაც თუ გავიზიარებთ მ. მაქსიმოვას მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კოლხეთის პოლიტიკურ გაერთიანებათა მეთაურების „მეფედ“ დამტკიცება უნდა მომხდარიყო ადრიანეს ტრაპეზუნტში ყოფნის დროს, მაშინ ფლავიუს არიანეს იმავე წელს არ უნდა დასჭირვებოდა, შეეხსენებინა იმპერატორისათვის, თუ ვის მიერ იყო დანიშნული ეს „მეფეები“. აშკარაა, რომ მ. მაქსიმოვას ზემოთმოტანილ მსჯელობაში დარღვეულია მოვლენათა ქრონოლოგიური თანმიმდევრობა. მკვლევარი არიანეს მოგზაურობის თარიღადაც, რომელსაც, როგორც ცნობილია, ადგილი ჰქონდა 131 წ., შეცდომით მიიჩნევს 134 წ.21 მიუხედავად მ. მაქსიმოვას მიერ დაშვებული ფაქტობრივი შეცდომებისა, ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ იმპერატორს რომის აღმოსავლეთის პროვინციებში ყოფნის დროს „სამეფო ხელისუფლება“ გადაეცა კოლხეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული ზოგიერთი პოლიტიკური ერთეულის მმართველისათვის. ჩვენ ამ ფაქტს დაწვრილებით ქვემოთ განვიხილავთ. ახლა კი გვინდა, კვლავ დავუბრუნდეთ ზემოთმოტანილ ზოგიერთ მოსაზრებას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, არიანეს ცნობებზე დაყრდნობით გამოითქვა მოსაზრება, რომ ლაზების, აბასგებისა და სანიგების „მეფეთა“ წინამორბედებსაც შესაძლებელია თავისი ძალაუფლება ტრაიანესაგან ან უფრო ადრე, სხვა იმპერატორისაგან მიეღოთ22. მაგრამ ტრაიანეს მმართველობამდე არც ერთ წყაროში მინიშნებაც არ არის კოლხეთის ტერიტორიაზე „სამეფო“ ხელისუფლების არსებობაზე, ტრაიანეს დროიდან კი დასახელებულ „მეფეებს“ ერთბაშად რამდენიმე ავტორი აფიქსირებს (არიანე, დიონ კასიოსი, ევტროპიუსი), თანაც დომიციანეს (81-96წწ.) მმართველობის პერიოდში, მართალია, რომის გავლენა კოლხეთზე ძალიან შესუსტდა და იგი მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა23, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დროს დაიშალა ე.წ. „კაპადოკიური კომპლექსი“ და კოლხეთი ოფიციალურად შეყვანილ იქნა პროვინცია კაპადოკიის შემადგენლობაში24. დომიციანეს შემდგომ, იმპერატორ ნერვას (96-98წწ.) ხანმოკლე მმართველობისას აღმოსავლეთში არავითარი ცვლილება არ მომხდარა და, ამდენად, რომის მიერ კოლხეთის ეთნო-პოლიტიკურ გაერთიანებათა ცნობა და მათი მმართველებისათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემა ტრაიანეს მმართველობამდე გამორიცხულია.
გარდა ამისა, ჩვენ ვერ დავეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ „სამეფო ხელისუფლება“ ყველაზე ადრე აფსილთა გაერთიანების მეთაურს მოუპოვებია და რომ იმპერიის მიერ „მეფედ დამტკიცების“ პრაქტიკა დამკვიდრდა აფსილების მიმართ შედარებით ადრე _ ტრაიანეს მმართველობის დროს, ხოლო დანარჩენთა მიმართ _ ადრიანეს ხანაში25. ჩვენი აზრით, აღნიშნული პოლიტიკური ერთეულების ცნობა და მათი მმართველებისათვის „სამეფო“ ხელისუფლების გადაცემა უნდა ყოფილიყო ერთდროული აქტი და იგი უნდა განხორციელებულიყო ტრაიანეს მიერ რეგიონში წარმოქმნილი გაერთიანებებიდან თუ ყველას არა, რამდენიმეს მიმართ მაინც ერთდროულად. ყოველ შემთხვევაში, მაკრონ-ჰენიოხებისა და ლაზების გაერთიანებების მიმართ ეს ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მაკრონ-ჰენიოხების შესახებ ჩვენ გაგვაჩნია დიონ კასიოსის ზემოთ ერთხელ უკვე აღნიშნული ცნობა, რომლის თანახმადაც 114-115წწ. ტრაიანეს აღმოსავლეთში ლაშქრობისას მათ უკვე ჰყავთ საკუთარი „მეფე“ ანქიალე, რომელიც აქტიურ დახმარებას უწევს რომაელებს და იმპერატორისაგან საჩუქრებსაც იღებს26. ანქიალე „მეფედ“ სწორედ ტრაიანეს მიერ იქნებოდა დამტკიცებული, რადგანაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტრაიანეს მმართველობამდე აღნიშნული პოლიტიკური ერთეულების ოფიციალური ცნობა რომის მიერ გამორიცხულია.
გარდა ამისა, ჩვენთვის ძალზე საყურადღებოა ცნობა არის დაცული IV ს. ისტორიკოს ევტროპიუსთან. ამ ცნობის თანახმად, 114-115წწ. ტრაიანემ „სომხეთი, რომელიც დაკავებული ჰქონდათ პართელებს, გაათავისუფლა, მას შემდეგ, რაც მოკლა მისი მმართველი პართამასირისი, ალბანელებს მისცა მეფე, ხოლო იბერების, სავრომატების, ბოსფორელების, არაბების, ოსდროენებისა და კოლხების მეფეები ქვეშევრდომობაში მიიღო“.27 ასე რომ, ევტროპიუსის ცნობით, ტრაიანეს აღმოსავლური ლაშქრობის კონტექსტში 115წ. ამბებში სხვა მეფეთა შორის იხსენიება „კოლხების მეფე“. ისტორიულ-რეალურად ვინ უნდა ყოფილიყო ეს „კოლხების მეფე“? თვითონ კოლხების პატარა ეთნიკური ჯგუფი, რომელსაც ამ დროისათვის უკვე დაკარგული ჰქონდა ძველი დიდება და ეთნო-პოლიტიკური მნიშვნელობა, მოსახლეობდა ტრაპეზუნტის მახლობლად28. მათ სამეფო ხელისუფლება არ გააჩნდათ და ისინი უშუალოდ რომის პროვინციულ მმართველობის ქვეშ იყვნენ მოქცეულნი29.
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში „სამეფო ხელისუფლება“ ტრაიანეს დროს წყაროთა პირდაპირი მოწმობით, როგორც ვნახეთ, მიღებული ჰქონდათ მაკრონ-ჰენიოხებსა და აფსილების მმართველებს. მაგრამ ევტროპიუსისეულ „კოლხების მეფეში“ არ შეიძლება რომელიმე მათგანი იგულისხმებოდეს. მაკრონ-ჰენიოხების გაერთიანება რომაელების ერთგული მოკავშირე და „რომაული წესრიგის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო აღმოსავლეთში და ის ამ პერიოდის რომაელ ავტორთათვის კარგად იყო ცნობილი. ამდენად, გამორიცხულია, რომ ევტროპიუსს მაკრონ-ჰენიოხების „მეფე“ „კოლხების მეფედ“ მოეხსენიებინა.
ასევე ძალზე ძნელია, ტრაიანეს მოკავშირე „კოლხების მეფედ“ აფსილთა გაერთიანების მეთაურის მიჩნევა. მართალია, აფსილები მოსახლეობდნენ ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე და მათ ჰყავდათ ტრაიანეს მიერ დამტკიცებული „მეფე“, მაგრამ, ჯერ ერთი, ისინი არც ერთ წყაროში არ გამოდიან კოლხების სახელით და მეორეც, საეჭვოა, რომ აფსილების „სამეფოს“, რომელიც ყველაზე სუსტი იყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტერიტორიულ-ეთნიკური გაერთიანებათა შორის30, ისეთი მნიშვნელოვანი დახმარება გაეწია ტრაიანესათვის*, რომ იგი ევტროპიუსს თავის ძალზე ლაკონურ და სწორხაზოვან, რომის საგარეო პოლიტიკის შესახებ მოკლე, საცნობარო ხასიათის ნაშრომში _ ე.წ. „ბრევიარიებში“ დაეფიქსირებინა31.
* ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ევტროპიუსის ამ ერთ ლაკონურ ფრაზაში გაერთიანებულია ყველა, ვინც ეხმარებოდა ტრაიანეს პართელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. _ იხ.: Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 185.
ევტროპიუსის „კოლხების მეფე“ რეალურ-ისტორიულად ლაზების „მეფე“ უნდა იყოს, რადგანაც ლაზები გვიანანტიკურ მწერლობაში კოლხების მემკვიდრეებად არიან მიჩნეული და ტერმინი „კოლხიდა“ და „ლაზიკა“ ერთმანეთის იდენტურია32. ასე რომ, ევტროპიუსის მიერ ლაზთა „მეფის“ „კოლხების მეფედ“ მოხსენიება უფრო ძველი ტრადიციის ინერციით გაგრძელებას წარმოადგენს, ვიდრე II ს. დასაწყისში აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში რეალურად შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის ასახვას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ევტროპიუსის ამ ცნობაში ზედაპირულად აირეკლა კოლხეთის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი _ „კოლხების მეფის“, ე.ი. რეალურად ლაზების „მეფისა“ და ახალი პოლიტიკური გაერთიანების _ ლაზების „სამეფოს“ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა. ასე რომ, ევტროპიუსის ცნობის თანახმად, 115 წ., ე. ი. იმპერატორ ადრიანეს მიერ ლაზების „მეფე“ მალასასათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემამდეც, ლაზებს ჰყავდათ ტრაიანეს მიერ დამტკიცებული „მეფე“, რომლის სახელიც, სამწუხაროდ, ისტორიამ არ შემოგვინახა.
ამრიგად, ახ. წ. IIს. დასაწყისში, ტრაიანეს მმართველობის ეპოქაში, ანტიკური წყაროები აფიქსირებენ მაკრონ-ჰენიოხების, ლაზებისა და აფსილების „მეფეებს“, რომლებსაც „სამეფო ხელისუფლება“ სწორედ ხსენებული იმპერატორისაგან ჰქონდათ მიღებული. კონკრეტულად რომელ წლებში უნდა მომხდარიყო ტრაიანეს მიერ აღნიშნული პოლიტიკური ერთეულების ცნობა და მათი მმართველებისათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემა? როგორც ვნახეთ, 114-115 წწ. კოლხეთი ევტროპიუსის ცნობაში რომის მოკავშირე სხვა სამეფოებთან ერთნაირ კონტექსტში იხსენიება და ამ დროისათვის კოლხებს (ე. ი. რეალურ-ისტორიულად ლაზებს) უკვე ჰყავთ საკუთარი „მეფე“, რომელსაც ტრაიანე სხვა მეფეებთან ერთად ღებულობს ქვეშევრდომობაში.**
** ევტროპიუსის ამ ცნობის თითქმის იდენტურია ასევე IV ს. ავტორის ფესტუსის ცნობა: „ტრაიანემ წაართვა პართელებს სომხეთი... ალბანელებს მისცა მეფე, იბერები, ბოსფორელები და კოლხები კი რომაელთა ქვეშევრდომობაში მიიღო“ (Fესტ., XX; В. В. Латышев. Известия.., გვ. 281.). როგორც ვხედავთ, ფესტუსის ეს ცნობა ევტროპიუსის ცნობის თითქმის ანალოგიურია, თუმცა აქ არ არის დაფიქსირებული კოლხების „მეფე“, მაგრამ ამ ფაქტს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, რადგანაც „კოლხების რომაელთა ქვეშევრდომობაში მიღება“ და მათი იბერების, ბოსფორელებისა და ალბანელების გვერდით დასახელება, ჩვენი აზრით, აშკარად მიუთითებს, რომ კოლხები უკვე აღარ ემორჩილებიან უშუალოდ რომის პროვინციულ მმართველობას და რომ მათაც საკუთარი „მეფე“ ჰყავთ, რაც უფრო ზუსტად არის დაფიქსირებული ევტროპიუსის მიერ, როდესაც ის საუბრობს „კოლხების მეფის“ რომის ქვეშევრდომობაში მიღებაზე.
ამდენად, 114-115 წწ. ლაზების მმართველისათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემა უკვე მომხდარი ფაქტია. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტერიტორიულ-ეთნიკურ გაერთიანებათა მმართველებს „სამეფო ხელისუფლება“ რომ 114 წლამდე ჰქონდათ მიღებული, მოწმობს ისიც, რომ როცა პართია-სომხეთზე სალაშქროდ მიმავალ ტრაიანესთან ქ. სატალაში გამოცხადდა მაკრონ-ჰენიოხთა გაერთიანების მეთაური ანქიალე, იგი უკვე ფლობდა „მეფის“ ტიტულს33. ასე რომ, ტრაიანეს მიერ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის პოლიტიკურ-ეთნიკურ ერთეულთა ოფიციალურ ცნობას და მათი მმართველების „მეფედ“ დანიშვნა-დამტკიცებას ადგილი უნდა ჰქონოდა 114 წლამდე, დიდი აღმოსავლური ლაშქრობის დაწყებამდე.
კოლხეთის ტერიტორიულ-ეთნიკურ გაერთიანებათა მმართველებისათვის იმპერიის მიერ „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემის კონკრეტული თარიღის დადგენა, ჩვენი აზრით, შესაძლებელი ხდება იმ დროს რომაულ აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებისა და ტრაიანეს საგარეო პოლიტიკის გაანალიზების შედეგად. როგორც ცნობილია, რომის სახელმწიფოს სათავეში ტრაიანეს მოსვლისთანავე ძირითადი ყურადღება და იმპერიის ექსპანსიონისტური მისწრაფებები გადატანილ იქნა დუნაის საზღვარზე, სადაც რომაელებმა დაკიის სამეფოს წინააღმდეგ 101-102 და 105-106 წწ. გადაიხადეს სისხლისმღვრელი ომები34. ამ პერიოდში ტრაიანე მთლიანად დაკავებული იყო იმპერიის ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოების დაცვით და რომაული აღმოსავლეთის, მით უმეტეს, კოლხეთის ტერიტორიულ-ეთნიკურ გაერთიანებათა სტატუსის საკითხისათვის მას ნამდვილად არ ეცალა. მართლაც, თავისი მმართველობის პირველ წლებში ტრაიანეს არავითარი მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია აღმოსავლეთთან ურთიერთობაში35, თუ არ ჩავთვლით რომაელთა მიერ 100 წ. ვასალური იუდეის სამეფოს36, ხოლო 106 წ. არაბეთში, ბოსტრასა და პეტრას რაიონებში არსებული ასევე რომზე დამოკიდებული ნაბატეელთა სამეფოს ლიკვიდაციას37. ამ უკანასკნელი ფაქტიდან გამომდინარე კი ტრაიანესა და მის გარემოცვას თუნდაც რომ მიექცია ყურადღება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის საკითხისათვის, საეჭვოა, რომ ამ ეტაპზე, ე. ი. აღმოსავლეთში რომზე დამოკიდებული სამეფოების გაუქმებისა და მათი ანექსიის პირობებში, მოეხდინა, მართალია, არც თუ ისე მორჩილი, მაგრამ ოფიციალურად მაინც რომის პროვინციულ სისტემაში ჩართული კოლხეთის ტერიტორიულ-ეთნიკური გაერთიანებების გარკვეული დამოუკიდებლობის ცნობა და ამ პოლიტიკურ ერთეულთა მმართველებისათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემა.
ამრიგად, IIს. დასაწყისში რომაულ სამყაროში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციისა და ანტიკური წყაროების მონაცემების გაანალიზების შედეგად შესაძლებელი ხდება ტრაიანეს მიერ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის პოლიტიკურ-ტერიტორიულ ერთეულთა მმართველებისათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემის დროის როგორც ქვედა, ასევე ზედა ქრონოლოგიური ზღვარის დადგენა და ეს წლებია შესაბამისად 106 და 114 წწ. სწორედ ამ წლებს შორის უნდა მომხდარიყო რომის მიერ კოლხეთის ტერიტორიულ-ეთნიკურ გაერთიანებათა გარკვეული დამოუკიდებლობის აღიარება და მათი მმართველებისათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემა. 106 წლიდან იწყება რომის საგარეო პოლიტიკის რადიკალური შემობრუნება აღმოსავლეთის საკითხისაკენ და 106-114წწ. შორის ტრაიანეს მიერ აღმოსავლეში გატარებული პოლიტიკურ-სტრატეგიული ღონისძიებები, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ, კიდევ ერთ დამატებით საბუთს წარმოადგენს ჩვენს მიერ გამოთქმული თვალსაზრისის სასარგებლოდ. ამასთან, 106 წლიდან 114 წლამდე აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების განხილვა საშუალებას იძლევა კიდევ უფრო დაკონკრეტდეს ჩვენთვის საინტერესო პოლიტიკური აქტის თარიღი.
106 წ. შემდეგ, დუნაისპირეთიდან რომში ტრიუმფალური გამარჯვებით დაბრუნებისთანავე, ტრაიანემ დაიწყო მზადება დიდი აღმოსავლური ლაშქრობისათვის, რომელიც მიზნად ისახავდა რომის ისტორიული მტრის _ პართიის სამეფოს დამხობასა და აზიაში რომსა და პართიას შორის პერმანენტული დაპირისპირების შედეგად შექმნილი ე.წ. „პოლიტიკური დუალიზმის“ სისტემის საბოლოოდ მოსპობას. ტრაიანე დიდი მონდომებით ემზადებოდა პართიასთან ომისათვის, ყურადღებით აანალიზებდა მომავალი ოპერაციის როგორც სამხედრო-ტექნიკურ მხარეს, ასევე მორალურ-პოლიტიკურ სიტუაციასაც არა მარტო მოწინააღმდეგის ქვეყანაში, არამედ იმპერიის აღმოსავლური პროვინციების მოსახლეობაშიც38. ტრაიანე და მისი გარემოცვა ხანგრძლივი დროის მანძილზე ემზადებოდა პართია-სომხეთში შესაჭრელად, ისინი გულდასმით სწავლობდნენ პართიის საზღვრებთან შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას. ტრაიანეს კავშირი ჰქონდა პართიის აღმოსავლეთის მეზობელ და მეტოქე ქუშანის სამეფოსთან, გათვალისწინებული ჰქონდა პართიის ჩრდილოეთის საზღვრების დაუცველობა ალანთა მუდმივმოქმედი საფრთხის წინაშე39. დიდი სამუშაოები ჩატარდა მომავალი სამხედრო ასპარეზის მარჯვენა ფლანგის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაც. რომაელებმა დიდ სამხედრო ბანაკები ააგეს ბოსტრასა და დანავეში (პალმირასა და დამასკოს შორის), აშენებულ იქნა ახალი კასტელუმები, გაიყვანეს სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულების გზები40.
მომავალი ფართომასშტაბიანი ომისათვის ასეთი საფუძვლიანი მომზადების პირობებში ტრაიანეს გამორიცხულია, არ გაეთვალისწინებინა რომაელთა პოზიციების სისუსტე აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, რომელსაც დიდი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა სომხეთის მიმართ. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთს არა მარტო ამ პერიოდში, არამედ მისი რომთან ურთიერთობის დაწყების დროიდანვე სრულიად განსაზღვრული ადგილი ეკავა რომაულ გეოპოლიტიკაში, როგორც უსაფრთხო ზურგსა და ხელსაყრელ სტრატეგიულ პლაცდარმს სწორედ პართიის წინააღმდეგ სომხეთისათვის ბრძოლაში. მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დომიციანეს დროიდან კოლხეთზე რომის გავლენა ფაქტობრივად დაკარგული იყო და იგი აქ მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. კოლხეთის რომის გავლენის სფეროში დაბრუნების შემდეგ კი ტრაიანეს, საჭიროების დროს, შეეძლო აქედანაც განეხორციელებინა სამხედრო ღონისძიებანი სომხეთის წინააღმდეგ და ასეთ შემთხვევაში სომხეთი აღმოჩნდებოდა თითქმის ყველა მიმართულებიდან: დასავლეთიდან _ კაპადოკიის, სამხრეთ-დასავლეთიდან _ ჩრდილოეთ სირიის, ხოლო ჩრდილოეთიდან _ კოლხეთის მხრიდან რომაული ჯარების დარტყმების საშიშროების წინაშე. სწორედ მომავალი საომარი ასპარეზისათვის ჩრდილოეთის ფლანგების გამაგრების და ახალი დამხმარე ძალების მოზიდვის მცდელობად მიგვაჩნია ჩვენ ტრაიანეს მიერ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის პოლიტიკურ-ტომობრივ ერთეულთა მმართველებთან ახალი, სამოკავშირეო ურთიერთობების დამყარება და მათთვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემა.
ამრიგად, დიდი აღმოსავლური კამპანიის მზადების პერიოდში, აღმოსავლეთში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის დეტალურად გაანალიზებისა და მომავალი ოპერაციებისათვის ფლანგების გამაგრების მიზნით, დიდი სამხედრო-საკომუნიკაციო ღონისძიებების გატარების დროს ტრაიანემ, გაითვალისწინა რა ისიც, რომ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთზე იმპერიის კონტროლი ფაქტობრივად დაკარგული იყო, შეეცადა ამ რეგიონის კვლავ რომის გავლენის სფეროში დაბრუნებას. კოლხეთის პოლიტიკურ-ეთნიკურ ერთეულთა მმართველების მიმხრობის მიზნით ტრაიანემ გადადგა დიპლომატიური ნაბიჯი და ამ ცალკეულ პოლიტიკურ გაერთიანებებს მისცა ფორმალური დამოუკიდებლობა, ხოლო მათ მმართველებს _ „სამეფო ხელისუფლება“, რითაც უზრუნველყო პართიასთან მომავალ დაპირისპირებაში მათი მოკავშირეობა.
ტრაიანეს მიერ ხელდასმულ და რომაული გარნიზონებით ზურგგამაგრებულ „მეფეს“ უკეთ შეეძლო სამოკავშირეო დამხმარე ჯარებისათვის კონტინგენტის გაწვევის ორგანიზება და, ამდენად, უფრო ქმედითი სამხედრო დახმარების გაწევა. როგორც შემდგომმა მოვლენებმა გვიჩვენა, ტრაიანეს ამ ნაბიჯმა გაამართლა კიდეც და 114-115წწ. მას აქტიურ დახმარებას უწევენ მაკრონ-ჰენიოხებისა41 და ლაზების „მეფეები“42. რაც შეეხება ტრაიანეს მიერ აღნიშნული ეთნიკური გაერთიანებების მეთაურებისათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემის დროს, ჩვენი აზრით, ამ აქციას ადგილი უნდა ჰქონოდა ტრაიანეს მიერ აღმოსავლური კამპანიისათვის მზადების საწყის ეტაპზევე. როგორც ცნობილია, ტრაიანემ, რომელიც საფუძვლიანად ემზადებოდა მომავალი გრანდიოზული ომებისათვის, 108 წ. პირადად იმოგზაურა აღმოსავლეთის პროვინციებში, რათა ადგილზე გაცნობოდა იქ შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას43. სავარაუდოა, რომ ამავე წელს, ტრაიანეს აღმოსავლეთში ყოფნის დროს მომხდარიყო მის მიერ მაკრონ-ჰენიოხების, ლაზებისა და აფსილების ეთნო-პოლიტიკურ გაერთიანებათა მეთაურების „მეფედ“ დამტკიცება თუ დანიშვნა. შედარებით უფრო ძნელია მსჯელობა აბაზგებისა და სანიგების გაერთიანებათა შესახებ. როგორც ზემოთ ვნახეთ, არიანეს ცნობით, მათ „მეფეებს“ _ რესმაგასა და სპადაგას ძალაუფლება ადრიანესაგან ჰქონდათ მიღებული44, მაგრამ, მოვლენათა განვითარების საერთო კონტექსტიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რომ ამ „მეფეთა“ წინამორბედებსაც თავისი ხელისუფლება ასევე ტრაიანესაგან მიეღოთ, თუმცა შესაძლებელია ისიც, რომ ტრაიანეს 108 წ. ნაკლები ყურადღება მიექცია კოლხეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არსებული აბაზგებისა და სანიგების გაერთიანებებისათვის, რამდენადაც მათი ტერიტორია უფრო მოშორებული იყო მოვლენათა ერთ-ერთ ძირითად ეპიცენტრს _ სომხეთს და, აქედან გამომდინარე, ამ გაერთიანებათა მეთაურების „მეფედ“ დამტკიცების პრაქტიკა მოგვიანებით, ადრიანეს დროიდან დაწესებულიყო. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ფაქტია, ადრიანეს დროს ხდება კოლხეთის ეთნო-პოლიტიკურ გაერთიანებათა ერთბაშად სამი მმართველის „მეფედ“ დამტკიცება. ლაზების, აბაზგებისა და სანიგების „მეფეთათვის“ ძალაუფლების გადაცემა უნდა მომხდარიყო იმპერატორ ადრიანეს მცირე აზიაში მოგზაურობის დროს, როგორც ამას მიიჩნევს მ. მაქსიმოვა, თუმცა მისი მოსაზრების ჩვენს მიერ ზემოთ მოტანილი ანალიზის შემდეგ ამ აქციის თარიღად ვერ მივიჩნევთ 131 წ. და მას ვერ დავუკავშირებთ იმპერატორის ტრაპეზუნტში ვიზიტს. ჩვენი აზრით, უფრო სავარაუდოა, რომ აღნიშნულ მმართველთათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემა მომხდარიყო 129 წელს.
ადრიანეს ბიოგრაფის ელიუს სპარტიანეს ცნობით, კაპადოკიაში ყოფნისას იმპერატორმა „მეგობრულ შეხვედრაზე მოიწვია ადგილობრივი მმართველები და მეფეები. მოწვეულ იქნა პართიის მეფე ხოსროც, დაუბრუნა მას ქალიშვილი და შეჰპირდა წართმეული ტახტის უკან დაბრუნებას. როცა მასთან გამოცხადდა ზოგიერთი მეფე, მათ ისე მოექცა, რომ იმათ, ვინც არ ისურვა მასთან მისვლა, სანანებელი გაუხდათ“.45
ჩვენი აზრით, გამორიცხული არ არის, რომ ამ „ადგილობრივ მმართველებში და მეფეებში“ ლაზების, აბაზგებისა და სანიგების ეთნიკურ გაერთიანებათა მეთაურებიც იგულისხმებოდნენ და, შესაძლებელია, რომ ადრიანეს მიერ სწორედ კაპადოკიაში*** 129წ. მოწვეული კრების46 დროს მომხდარიყო აღნიშნულ მმართველთა „მეფედ“ დამტკიცება. შესაძლებელია, რომ ტრაიანეს მიერ შემოღებული „მეფედ“ დამტკიცების წესი აბასგთა და სანიგთა გაერთიანებების მიმართ პირველად ამ დროს გავრცელებულიყო, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ, ისევე როგორც ლაზების „მეფე“ მალასას, მათაც ძალაუფლება მიეღოთ წინამორბედი „მეფის“ ჩვენთვის უცნობი მიზეზით შეცვლის შემდეგ.
*** ადრიანეს მიერ კაპადოკიაში მოწვეული აღმოსავლეთის ქვეყნების მმართველების შეხვედრის და კრების ჩატარების ზუსტი ადგილი არ არის ცნობილი. მკვლევართა ნაწილის აზრით, ეს შეკრება უნდა ჩატარებულიყო სატალაში (D. Mაგიე. ღომან ღულე ინ Aზია Mინორ, Pრინცეტონ, 1950, ვოლ. I, გვ. 621; A. B. Bოსწორტჰ. Aრრიან ანდ ტჰე Aლანი, – Hარწარდ შტუდიეს ინ ჩლასსიცალ Pჰილოლოგყ, 1977, 81, გვ. 228.), სხვების აზრით კი _ სამოსატაში (იხ. D. Bრაუნდ. Hადრიან ანდ Pჰარასმანეს, გვ. 211-212.). იქვე იხ. სათანადო ლიტერატურა.
ამრიგად, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე არსებული ცალკეული ეთნო-პოლიტიკური გაერთიანებების რომის მიერ ოფიციალური ცნობისა და მათი მმართველებისათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემის კონკრეტულ თარიღებად შეიძლება მიჩნეულ იქნას 108 და 129 წლები. 108 წ. ადგილი უნდა ჰქონოდა ტრაიანეს მიერ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის თუ ყველა არა, ყოველ შემთხვევაში, მაკრონ-ჰენიოხებისა, ლაზებისა და აფსილების ეთნო-პოლიტიკურ გაერთიანებათა ცნობას და მათი მმართველების „მეფედ“ დამტკიცებას, ხოლო რაც შეეხება აბასგებისა და სანიგების გაერთიანებებს, იმპერიის მიერ მათი ოფიციალური აღიარება უნდა მომხდარიყო თუ იმავე 108 წ. არა, 129წ. მაინც, როცა, ჩვენი აზრით, იმპერატორმა ადრიანემ, ლაზთა ახალ „მეფე“ მალასასთან ერთად, „სამეფო ხელისუფლება“ გადასცა აბასგთა და სანიგთა მმართველებს _ რესმაგასა და სპადაგას. რომაელ იმპერატორთა მიერ კოლხეთის ეთნოპოლიტიკურ გაერთიანებათა მმართველთათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემამ საფუძველი ჩაუყარა ცალკეულ „სამეფო“-სამთავროებს და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომზე დამოკიდებულების ახალ პოლიტიკურ ფორმას _ ვასალურ-სამოკავშირეო ურთიერთობას, რომელმაც დიდი გავლენა იქონია დასავლეთ საქართველოს შემდგომ ისტორიულ განვითარებაზე.
შენიშვნები
1. კოლხეთის ტერიტორიაზე ახალი პოლიტიკური ერთეულების წარმოქმნის მიზეზების შესახებ დაწვრ. იხ.: ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია, თბ., 1968, გვ. 12-24; მისივე, იბერია და კოლხეთი ახ. წ. I-II საუკუნეების საერთაშორისო ურთიერთობებში, _ „ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები“, I, თბ., 1998, გვ. 60-62; მისივე, დასავლეთ საქართველო რომის პოლიტიკურ სისტემაში ახ. წ. II-III საუკუნეებში, _ ქართული დიპლომატია, „წელიწდეული“, 6, 1999, გვ. 74-75. იქვე იხ. პრობლემის ირგვლივ არსებული ლიტერატურა.
2. ფლავიუს არიანესა და მისი თხზულების შესახებ იხ.: მ. ინაძე. ანტიკური ხანის საქართველოს ისტორიისათვის (ფლავიუს არიანე და მისი ცნობები საქართველოს შესახებ), სადისერტაციო ნაშრომი ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად (ხელნაწერი), თბ., 1953; ფლავიუს არიანე. მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, _ თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები და რუკა ნათელა კეჭაყმაძისა, თბ., 1961; ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, V, _ ძველი ბერძნულიდან
თარგმნა, გამოკვლევა და საძიებლები დაურთო თ. ყაუხჩიშვილმა, თბ., 1983, გვ. 94-116, 153-160.
3. Aრრ., PPE, §11. ქართული თარგმანი მოყვანილია ნ. კეჭაღმაძის აღნიშნული გამოცემის მიხედვით: ფლავიუს არიანე. მოგზაურობა.., გვ. 42-43.
4. ს. ჯანაშია. საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე, _ შრომები, ტ. I, თბ., 1949, გვ. 210; მისივე, ეგრისის სამეფოს წარმოშობა, _ შრომები, ტ. II, თბ., 1952, გვ. 310-311.
5. Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии, Тб., 1959, გვ. 367, 372; გ. მელიქიშვილი. ისტორიული კოლხეთის მოსახლეობა ახ. წ. პირველ საუკუნეებში. ლაზთა სამეფოს წარმოქმნა და განმტკიცება, _ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ., 1970, გვ. 541, 546.
6. გ. მელიქიშვილი. ისტორიული კოლხეთის.., გვ. 546.
7. Г. А. Меликишвили. К истории.., გვ. 372.
8. გ. მელიქიშვილი. ისტორიული კოლხეთის.., გვ. 546.
9. თაც., Aნნ., XIII, 37.
10. Т. Моммзен. История Рима, V, М., 1949, გვ. 350; В. В. Латышев. Известия древних писателей о Скифии и Кавказе, Вестник древней истории, 1949, №3, გვ. 219; ტაციტუსის ცნობები საქართველოს შესახებ, _ ლათინური ტექსტი ქართული თარგმანით, შესავალი ნარკვევითა და კომენტარებითურთ გამოსცა ა. გამყრელიძემ, თბ., 1973, გვ. 87; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения, Тб., 1981, გვ. 225-226.
11. Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 226.
12. იქვე, გვ. 227.
13. Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 227.
14. Г. А. Меликишвили. К истории.., გვ. 372; გ. მელიქიშვილი. ისტორიული კოლხეთის.., გვ. 546.
15. Г. А. Меликишвили. К истории.., გვ. 372.
16. ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 12.
17. М. И. Максимова. Античные города юго-восточного Причерноморья, М.-Л., 1956, გვ. 405.
18. იქვე, შენ. 5.
19. D. Bრაუნდ. Hადრიან ანდ Pჰარასმანეს, – “Kლიო”, ვოლ. 73, 1991, #1, გვ. 211-215.
20. Aრრ., PPE, 1.
21. М. И. Максимова. Античные города.., გვ. 405.
22. Г. А. Меликишвили. К истории.., გვ. 372; ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 12.
23. М. П. Инадзе. К истории Грузии античного периода (Флавий Арриан и его сведения о Грузии), автореферат диссертации, Тб., 1953, გვ. 13-14.
24. О. В. Кудрявцев. Провинция Каппадокия в системе римской восточной политики (17-72гг.), Вестник древней истории, 1955, #2, გვ. 69-71; გ. მელიქიშვილი. ისტორიული კოლხეთის.., გვ. 538.
25. Г. А. Меликишвили. К истории.., გვ. 372; გ. მელიქიშვილი. ისტორიული კოლხეთის.., გვ. 546.
26. Dიო ჩასს., LXVIII, 19, 2; დიონ კასიოსის ცნობები საქართველოს შესახებ, _ ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და შესავალი და კომენტარები დაურთო ნ. ლომოურმა, თბ., 1966, გვ. 82.
27. Eუტრ., Bრევ., VIII, 3; В. В. Латышев. Известия.., გვ. 281.
28. Aრრ., PPE., 11.
29. ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 7.
30. Г. А. Меликишвили. К истории.., გვ. 372; გ. მელიქიშვილი. ისტორიული კოლხეთის.., გვ. 546.
31. ევტროპიუსისა და მისი თხზულების შესახებ იხ.: В. С. Дуров. Художественная историография древнего Рима, СПб., 1993, გვ. 119; ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები, თბ., 1998, გვ. 276-278
32. ნ. ლომოური. საქართველოს სახელწოდებანი ბიზანტიურ წყაროებში, _ კრ. „საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია“, თბ., 1993, გვ. 73-78.
33. Dიო kასს.., LXVIII, 19, 2.
34. И. Т. Кругликова. Дакия в эпоху римской оккупации, М., 1955, გვ. 64-72; Т. Д. Златковская. Мёзия в I и IIвв. н. э., М., 1951, გვ. 71-84; Н. А. Чаплыгина. Римляне на Дунае (I-III века н. э.), Кишинев, 1990, გვ. 42-53.
35. Т. Моммзен. История Рима, V, М., 1949, გვ. 359.
36. იქვე, გვ. 359, 428, 453, 482; თჰე ჩამბრიდგე Aნციენტ Hისტორყ, ვოლ. XI, ჩამბრ., 1954, გვ. 237.
37. Т. Моммзен. История Рима, V, М., 1949, გვ. 359, 428; А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, ч. II, М., 1966, გვ. 230-231.
38. А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, ч. II, გვ. 227.
39. იქვე, გვ. 225-226, 233.
40. იქვე, გვ. 231-234.
41. Dიო ჩასს., LXVIII, 19, 2.
42. Eუტრ., VIII, 3; Fესტ., XX. ევტროპიუსისა და ფესტუსის ამ ცნობებში ტრაიანეს მოკავშირეთა შორის (იხ.: Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 185.), როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დასახელებულია „კოლხების“, ე. ი. რეალურად ლაზების „მეფე“.
43. თჰე ჩამბრიდგე Aნციენტ Hისტორყ, ვოლ. XI, გვ. 241, შენ. 2; А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, ч. II, გვ. 232-233.
44. Aრრ., PPE, 11.
45. Eლ. შპარტ., Hადრ., 13; Авторы жизнеописаний Августов, – перевод С. П. Кондратьева, под редакцией А. И. Доватура, Вестник древней истории, 1957, №1, გვ. 263.
46 G. Kერლერ. Dიე Aუბენპოლიტიკ ინ დერ Hისტორია Aუგუსტა, Bონნ, 1970, გვ. 34; ღ. შყმე. Hადრიან ანდ ტჰე Vასსალ Pრინცეს, – ინ: Aტჰენაეუმ, 59, 1981, გვ. 276; D. Bრაუნდ. Hადრიან ანდ Pჰარასმანეს, გვ. 211-212.
Комментариев нет:
Отправить комментарий