ძვ.წ. I ს. 60-იან წლებში იბერიის სამეფო, ისევე როგორც მახლობელი აღმოსავლეთის ბევრი ქვეყანა, რომის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ იბერია „რომაელი ხალხის მეგობრად და მოკავშირედ“ გამოცხადდა, რაც ფაქტობრივ ვასალობას ნიშნავდა, რომაელთა ამიერკავკასიაში შემოსვლა მისთვის ობიექტურად სასარგებლოც კი აღმოჩნდა.1
პომპეუსის ლაშქრობის შედეგად მითრიდატული პონტოს ძლიერი მონარქია დაემხო, ხოლო ტიგრან II-ის „დიდი არმენია“ დაიშალა2 და მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ იქცა. ძვ.წ. I ს. 50-იანი წლების ბოლოდან კი, პართია-რომის დაპირისპირების დაწყებისა და წინა აზიაში „პოლიტიკური დუალიზმის“ სისტემის3 ჩამოყალიბების შემდეგ, არმენია გახდა „ბუფერული“ სამეფო, რომსა და პართიას შორის გაუთავებელი და სისხლისმღვრელი ომების ძირითადი ასპარეზი.4
მძლავრი მეზობლების დაცემამ იბერიას ახალი პერსპექტივები დაუსახა და მის გაძლიერებას შეუწყო ხელი. სწორედ აზიაში შექმნილი ახალი პოლიტიკური კონიუნქტურის პირობებში იწყება იბერიის სამეფოს აღმავლობა და იგი თანდათანობით მახლობელ აღმოსავლეთში ანგარიშგასაწევ ძალად ყალიბდება.5 იბერიის მზარდი ამბიციები და პოლიტიკური გავლენის გაძლიერება განპირობებული იყო იმ ფაქტორითაც, რომ იგი აკონტროლებდა დარიალის გადმოსასვლელს, რომლის მეშვეობითაც საჭიროების შემთხვევაში შეეძლო იმიერკავკასიელ მომთაბარეთა გადმოყვანა და მათი სამხედრო ძალის საკუთარი სურვილისამებრ გამოყენება.6
იბერიის მმართველი წრეები, რა თქმა უნდა, ცდილობდნენ მაქსიმალურად გამოყენებინათ რეგიონში შექმნილი ხელსაყრელი სიტუაცია საკუთარი პოლიტიკური მიზნების რეალიზაციისა და თავისი სამეფოს საზღვრების გაფართოებისათვის. ამ მხრივ ისინი იმდენად მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ, რომ ახ.წ. Iს. 30-იანი წლებიდან იბრძვიან არა მარტო სომხეთის მიერ ძვ.წ. II ს. დასაწყისში მიტაცებული სამხრეთის ცალკეული ოლქების7 დასაბრუნებლად, არამედ საერთოდ მთელი სომხეთის შემოსაერთებლად. გარდა ამისა, იბერიის მეფეები რომისაგან საკმაოდ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ახორციელებდნენ და მხოლოდ ფორმალურად აღიარებდნენ „რომაელი ხალხის მეგობრობა- მოკავშირეობას“.8
I ს. 30-იან წლებში რომის საგარეო პოლიტიკის წინაშე კვლავ მწვავედ დადგა სომხეთის საკითხი. 34წ. გარდაიცვალა რომაელთა მიერ სომხეთის ტახტზე დასმული ზენონ-არტაშესი, რითაც ისარგებლა პართიის მეფე არტაბან III-მ (13-38წწ.) და სომხეთში თავისი ვაჟი არშაკი გაამეფა.9 საპასუხოდ იმპერატორმა ტიბერიუსმა (14-37წწ.) პართიაში გასამეფებლად გაგზავნა არშაკიდთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი, ფრაატ IV-ის (ძვ.წ. 37-2წწ.) შვილიშვილი, რომში მცხოვრები, ტირიდატე,10 ხოლო სირიის ახალდანიშნულ ლეგატს, ლუციუს ვიტელიუსს, არტაბანის საწინააღმდეგო შეთქმულების ორგანიზება დაავალა.11
პარალელურად ტიბერიუსმა არშაკიდთა საწინააღმდეგო დიპლომატიური საქმიანობა გააჩაღა ამიერკავკასიაშიც. მისი გეგმით, არტაბანს პრობლემები უნდა შექმნოდა როგორც საკუთრივ პართიაში, ასევე სომხეთშიც და ეს უკანასკნელი, საბოლოოდ უნდა გათავისუფლებულიყო პართიის გავლენისაგან. მაგრამ სომხეთში სამხედრო მოქმედებების დასაწყებად იმპერატორს საკმარისი ძალები არ ჰყავდა. ამიტომ სომხეთის პრობლემის გადასაწყვეტად იგი ახალ ტაქტიკას ირჩევს და არმენიიდან პართელთა გასაძევებლად მეზობელი იბერიის ძალებს ეყრდნობა.
ტიბერიუსმა სომხეთში გამეფებულ არშაკის წინააღმდეგ წააქეზა იბერიის სამეფო სახლი და მის ერთ-ერთ წარმომადგენელს _ ფარსმან მეფის ძმას, მითრიდატეს, სომხეთის ტახტი შესთავაზა.12 როგორც მ. ინაძე აღნიშნავს, „რომი ყოველ ღონეს მიმართავს, რათა გამოიყენოს იბერია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის. ამის მისაღწევად იგი მოხერხებულად იყენებს გაძლიერებული იბერიის მისწრაფებებს, მიმართულს თავის სამხრეთ მეზობელ არმენიაზე გავლენის გავრცელებისა და ტერიტორიული გაფართოებისაკენ“.13 თავის მხრივ, იბერიის მმართველი წრეები, რა თქმა უნდა, ასეთ ხელსაყრელ წინადადებაზე უარს არ იტყოდნენ და ენერგიულადაც ამოქმედდნენ. ფარსმანმა და მითრიდატემ არშაკი მისსავე მსახურებს მოაწამვლინეს და დიდძალი ლაშქრით სომხეთში შეიჭრნენ.
იბერებმა სწრაფად აიღეს არტაშატი და სომხეთის ტახტზე მითრიდატე აიყვანეს. საპასუხოდ არტაბანმა სომხეთში თავისი მეორე შვილის, ოროდის სარდლობით მრავალრიცხოვანი ჯარი გაგზავნა. ამასთან, მან იმიერკავკასიელი ნომადების დაქირავებაც სცადა.14 თუმცა, ტაციტუსის ცნობით, „ფარსმანმა დაიხმარა ალბანები, მოუწოდა სარმატებს, რომელთა სკეპტუხები, იღებენ რა საჩუქრებს ორივე მხრიდან, მამაპაპური ჩვეულების თანახმად, ორივე მხარეს ემხრობიან. მაგრამ ადგილების მფლობელმა იბერებმა კასპიის გზით15 სწრაფად გადმოუშვეს არმენიელების მოწინააღმდეგე სარმატები; ხოლო მათ, ვინც პართებთან მიდიოდნენ, ადვილად აჩერებდნენ“.16 გადამწყვეტ ბრძოლაში იბერებმა სასტიკად დაამარცხეს პართელები, ფარსმან მეფემ კი ორთაბრძოლაში მძიმედ დაჭრა პართელთა სარდალი ოროდი.17 როგორც ტაციტუსის ცნობიდან ირკვევა, პართელთა დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა ბრძოლებში განთქმულმა სარმატთა კავალერიამ.18
არტაბანი, რა თქმა უნდა, ვერ შეურიგდებოდა სომხეთის დაკარგვას და იგი მთელი თავისი ძალებით პირადად დაიძრა არმენიიდან იბერების გასაძევებლად, თუმცა უშედეგოდ. ადგილმდებარეობის ცოდნის წყალობით იბერები უკეთ იბრძოდნენ.19 ამასთან არტაბანის მიერ პართიის დატოვება და მისი სომხეთში დაყოვნება რომაელთა გეგმებშიც შედიოდა.20 რომაულმა ლეგიონებმა ვიტელიუსის სარდლობით ევფრატი გადალახეს, ხოლო პართიაში იფეთქა კარგად მომზადებულმა აჯანყებამ. არტაბანის მმართველობით უკმაყოფილო სატრაპებმა სამეფო კარზე გატრიალება მოაწყვეს. არტაბანი იძულებული გახდა პართიის აღმოსავლეთ რაიონებში გაქცეულიყო, თუმცა მან მალევე შეძლო ძალაუფლების დაბრუნება, რის შემდეგაც 36წ. რომსა და პართიას შორის დაიდო ზავი. ზავის თანახმად, პართელებმა სომხეთის მეფედ მითრიდატე იბერი აღიარეს.21
მომდევნო იმპერატორის გაიუს კალიგულას (37-41წწ.) მმართველობის დროს, მითრიდატე რომში გამოიძახეს და რაღაც მიზეზის გამო დააპატიმრეს.22 უმეფოდ დარჩენილი არმენია კვლავ პართელებმა დაიპყრეს.23 თუმცა, მოგვიანებით იმპერატორმა კლავდიუსმა (41-54წწ.) მითრიდატე ტყვეობიდან გაათავისუფლა და ამ უკანასკნელმა 47წ. რომაელებისა და იბერთა ჯარების დახმარებით კვლავ დაიბრუნა არმენიის ტახტი.24
ამრიგად, I ს. 30-იანი წლებიდან რეგიონში იბერიის სახით გამოჩნდა ახალი გეოპოლიტიკური ძალა, რომელიც აქტიურად ჩაება პართიის წინააღმდეგ სომხეთისათვის ბრძოლაში. იბერიას, როგორც 35 წლის მოვლენებმა აჩვენა, ჩრდილოკავკასიელი ნომადების მრისხანე ურდოებთან კავშირში, შეეძლო თვით ძლევამოსილი პართიის სამეფოს დამარცხებაც. თუმცა თუ არმენიისათვის ბრძოლის პირველ ეტაპზე იბერია რომის ერთგული მოკავშირის საფარველქვეშ ცდილობს საკუთარი პოლიტიკური მისწრაფებების განხორციელებას,25 I ს. 50-იანი წლებიდან ის აშკარად არ ერიდება თავისი მიზნების დემონსტრირებას და თავად რომისათვის მიუღებელ პოლიტიკასაც ატარებს.
51 წ. იბერიის მეფე ფარსმანი დაუფარავად იწყებს ბრძოლას სომხეთის მეფის, მითრიდატეს წინააღმდეგ. ტაციტუსი პირდაპირ მიუთითებს, რომ ფარსმანს სურდა ხელში ჩაეგდო არმენიის სამეფო.26 ბრძოლა არმენიის ტახტისათვის იბერიის სამეფო სახლის წარმომადგენელთა შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა და საშინელი ტრაგედიით დასრულდა.
ტაციტუსის ცნობით, ფარსმანმა გადაწყვიტა არმენიაში თავისი ვაჟი, რადამისტი გაემეფებინა. რადამისტი მითრიდატესთან სომხეთში გამოცხადდა იმ საბაბით, თითქოს მას მამასთან უთანხმოება მოუვიდა. მითრიდატემ დიდი სიხარულით მიიღო ძმისწული, ამ უკანასკნელმა კი, სამეფო კარის ინტრიგების წყალობით, ნიადაგი მოამზადა სახელმწიფო გადატრიალებისათვის, კვლავ იბერიაში დაბრუნდა და ფარსმანს განუცხადა, რომ „რაც მზაკვრობით შეიძლებოდა გაკეთებულიყო, გაკეთებულია, დანარჩენი კი იარაღით უნდა აღსრულდესო“.27 ფარსმანსაც ომის საბაბის გამონახვა არ გასჭირვებია, მითრიდატეს რომაელთა ინტერესების ღალატში დასდო ბრალი და სომხეთისაკენ რადამისტის სარდლობით ძლიერი არმია დაძრა. ომისათვის მოუმზადებელმა მითრიდატემ თავი რომაული გარნიზონით გამაგრებულ ციხესიმაგრე გორნეას (თანამ. გარნისი – კ.ფ.) შეაფარა. რადამისტმა, რაკი პირდაპირი იერიშით ვერ შეძლო ციხის აღება, მოისყიდა რომაული გარნიზონის მეთაური, ღალატის გზით მითრიდატე ხელში ჩაიგდო და ფარსმანის საიდუმლო განკარგულებით, მოაკვლევინა. მითრიდატესთან ერთად მისი ცოლ-შვილიც დახოცეს.28
თუმცა რადამისტის მეფობა სომხეთში დიდხანს არ გაგრძელებულა. მისმა მკაცრმა მმართველობამ მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რითაც ისარგებლა პართიის ახალმა მეფემ ვოლოგეზ (ვალარშ) I-მა (52-80წწ.), არმენიაში შეიჭრა და იქ მეფედ თავისი ძმა ტირიდატე დანიშნა. პართელთა გამოჩენისთანავე იბერებმა სომხეთი უბრძოლველად დატოვეს.29 მაგრამ, მკაცრი ზამთრისა და სურსათის ნაკლებობის გამო, პართელები იძულებული გახდნენ სომხეთი დაეტოვებინათ. დაცარიელებული არმენია კვლავ რადამისტმა დაიპყრო, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივი აჯანყება მოჰყვა და 53წ. იგი ხელმეორედ გააძევეს სომხეთიდან30. როგორც ჩანს, რადამისტმა და იბერებმა ამის შემდეგაც არაერთხელ სცადეს სომხეთის დამორჩილება, მაგრამ პართელთა ზეწოლის შემდეგ, ყოველთვის უბრძოლველად ტოვებდნენ მას.31 მოგვიანებით კი, 57წ. რადამისტი ფარსმან მეფის ბრძანებით მოკლეს.32
I ს. 30-50-იანი წლების მოვლენები დიდი ხანია იპყრობს მკვლევართა ყურადღებას და არაერთხელ ყოფილა განხილვა-ანალიზის საგანი. თუმცა, მისი შემდგომი შესწავლა არ შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს. ჩვენ აქ გვინდა შევჩერდეთ ერთ საკითხზე, რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურაში რატომღაც სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. როგორც ზემოთ ვნახეთ, 35წ. იბერებმა, რომაელების დაუხმარებლად, შეძლეს პართელების სომხეთიდან გაძევება. ამის შემდეგ დაწყებულ ფართომასშტაბიან ომშიც პართელთა ძირითად მეტოქეებად კვლავ იბერები გამოდიან. საყურადღებოა, რომ ტაციტუსი, ამ ომის პერიპეტიების გადმოცემისას, საბაბსაც კი ვერ პოულობს, თუნდაც გაკვრით მაინც აღნიშნოს საომარ მოქმედებებში რომაელთა მიერ იბერებისათვის გაწეული რაიმე დახმარების შესახებ,33 მაშინ როცა ვრცლად აღწერს სარმატთა რაზმების აქტიურ როლსა და დიდ დამსახურებას პართელთა დამარცხებაში.34 მაგრამ თუ I ს. 30-იან წლებში იბერია სომხეთისათვის ბრძოლებში საკმაოდ თავდაჯერებულად გამოდის და სარმატებთან კავშირში მას არ უჭირს პართელთა დამარცხება, 51-53 წლებში სიტუაცია იცვლება.
ამ პერიოდში სომხეთისთვის მიმდინარე ბრძოლებში წყაროები სარმატებს უკვე აღარ ახსენებენ, იბერები კი ვერ ახერხებენ პართელებისათვის რეალური წინააღმდეგობის გაწევას. ფაქტია, რომ რადამისტი, რომელიც საკმაოდ ძლიერი სამხედრო მოღვაწე ჩანს და დიდი სახელიც ჰქონდა მოხვეჭილი,35 პართელებთან ბრძოლას თავს არიდებს. ფაქტობრივად, მან პართელების სომხეთში შესვლისთანავე ყოველთვის ისე დატოვა ქვეყანა, რომ მათთან ერთი ბრძოლაც კი არ გაუმართავს. ტაციტუსი პირდაპირ წერს, რომ რადამისტი „ხშირად იპყრობდა იქ (სომხეთში _ კ.ფ.) სამეფო ხელისუფლებას და მერე გარბოდა“.36 როგორც ჩანს, ამ პერიოდში იბერია იმდენად ძლიერად ვერ გრძნობდა თავს, როგორც 35წ. და იგი თავს იკავებდა პართელთა წინააღმდეგ პირდაპირი საომარი მოქმედებების დაწყებაზე, რაც, ჩვენი აზრით, გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ მას ზურგს უკვე აღარ უმაგრებდა ძლიერი სამხედრო ძალა ჩრდილოკავკასიელი სარმატების სახით.
I ს. 40-50-იანი წლების მიჯნაზე, სარმატულ ტომებს შორის დაპირისპირების შედეგად, ჩრდილოეთ კავკასიაში პოლიტიკური სიტუაცია იბერიის საზიანოდ შეიცვალა. იმიერკავკასიაში განსახლებული სარმატული ტომები ორ ძირითად დაჯგუფებად, სირაკებისა და აორსების პოლიტიკურ გაერთიანებად იყოფოდა. სირაკებს ეჭირათ იმიერკავკასიის ტერიტორია აზოვის ზღვიდან თერგ-სუნჯის რაიონამდე, ხოლო მათი აღმოსავლეთით, მდ. სულაკამდე, დასახლებული იყვნენ აორსები.37 სირაკები და აორსები ისტორიულად ერთმანეთის მტრები იყვნენ და მათ შორის ურთიერთობა მუდმივად დაძაბული იყო.38
I ს. 50-იან წლებამდე, იმიერკავკასიაში დარიალის ხეობის მისადგომები სირაკთა ხელში იყო. ისინი ტრადიციულად იბერიის მოკავშირეებს წარმოადგენდენ. სწორედ სირაკები ეხმარებოდნენ 35წ. ფარსმანს პართიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო სარმატთა მეორე ნაწილი, რომელიც, ტაციტუსის ცნობით, პართელების დასახმარებლად მიდიოდა, აორსები იყვნენ. თუმცა მათ ვერ მოახერხეს ამიერკავკასიაში შემოსვლა, რამდენადაც დერბენტის გზა ზაფხულობით გაუვალი იყო, ხოლო კავკასიის სხვა გასასვლელებს იბერები და სირაკები აკონტროლებდნენ.39
სირაკებისა და აორსების ხანგრძლივი მტრობა, 49წ. გამანადგურებელ ომში გადაიზარდა. სირაკებმა მხარი დაუჭირეს რომაელთა მიერ გაძევებულ ბოსფორის მეფე მითრიდატე VII-ს. მათ წინააღმდეგ კი, რომაულ ლეგიონებთან ერთად, გამოვიდნენ აორსთა ცხენოსანი ურდოები. აორსთა კონფედერაციისა და რომაელთა ძალებმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს სირაკების ტომთა კავშირს,40 რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა დაკარგა ჰეგემონობა თერგი-სუნჯის რაიონში. დარიალის გადმოსასვლელის მიმდებარე ტერიტორია კი დაიკავა სარმატთა ახალმა ჯგუფმა – ალანებმა.41 ალანები სირაკების მოსისხლე მტრები იყვნენ და, ამდენად, პირველ ხანებში, მტრულად იყვნენ განწყობილი სირაკთა ამიერკავკასიელი მოკავშირეების, იბერების მიმართაც.42
ამრიგად, I ს. 40-50-იან წლების მიჯნაზე, იბერიამ დაკარგა ძლიერი მოკავშირე და, ჩვენი აზრით, სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მან ვერ მოახერხა სომხეთის შენარჩუნება.
შენიშვნები
1.. ნ. ლომოური. საქართველოს საგარეო ურთიერთობათა სათავეებთან. – ქართული დიპლომატია, I. თბ., 1994, გვ. 52; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения. Тб., 1981, გვ. 115.
2. Aპპ. Mიტჰრ., 114-118; კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს. პოლიტიკური ურთიერთობები. თბ., 2005, გვ. 30.
3. ამის შესახებ დაწვრ. იხ. კ. ფიფია. პართია-რომის ურთიერთობა ძვ. წ. I ს. შუახანებში და „პოლიტიკური დუალიზმის“ სისტემის შექმნა წინა აზიაში. _ კავკასიის მაცნე, XII. თბ., 2005, გვ. 67-70.
4. Я. А. Манандян. Тигран второй и Рим. Ереван, 1943, გვ. 202-215; История армянского народа, ч. I. Под редакцией Б. Н. Аракеляна и А. Р. Иоаннисяна. Ереван, 1951, გვ. 50-55.
5. ნ. ლომოური. საქართველოს საგარეო ურთიერთობათა სათავეებთან, გვ. 52; კ. ფიფია. ტრაიანეს აღმოსავლური პოლიტიკა და საქართველო. თბ., 2005, გვ. 8-9.
6. ს. ჯანაშია. ადრეული ფეოდალიზმი. _ შრომები, II. თბ., 1952, გვ. 181-182; მ. ინაძე. კასპიის კარი (დარიალი, დარუბანდი) ახ. წ-ის I-VI საუკუნეთა საერთაშორისო დიპლომატიურ ურთიერთობებში. _ ქართული დიპლომატია, 3. თბ., 1996, გვ. 49-54; კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 29-30; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения, გვ. 105-106.
7. ამ ტერიტორიების შესახებ იხ. ს. ჯანაშია. იბერიის (ქართლის) სამეფოს პოლიტიკური გეოგრაფიისათვის უძველეს პერიოდში, _ შრომები, II. თბ., 1952, გვ. 257-259; ნ. ლომოური. იბერიის (ქართლის) სამეფოს პოლიტიკური საზღვრების ისტორიისათვის. – მ. გორკის სახ. სოხუმის პედინსტიტუტის შრომები, VII, 1955, გვ. 3-4; ნ. ლომოური. რომისა და ამიერკავკასიის ქვეყნების ურთიერთობისთვის ახ. წ. I საუკუნეში. – თსუ შრომები, ტ. 77. თბ., 1959, გვ. 128; გ. მელიქიშვილი. ქართული პოლიტიკური და ეთნიკური წარმონაქმნები ელინისტურ ხანაში. – საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I. თბ., 1970, გვ. 466-467.
8. ნ. ლომოური. საქართველოს საგარეო ურთიერთობათა სათავეებთან, გვ. 52; კ. ფიფია., ტრაიანეს აღმოსავლური პოლიტიკა და საქართველო, გვ. 9; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения, გვ. 112.
9. თაც. Aნნ., VI, 31; შუეტონ. თიბერიუს, 41; ჟოს. Fლავ. Aნტიქ. ჟუდ., XVIII, 4,4.
10. თაც. Aნნ., VI, 32, 37; ჩასს. Dიო, LVIII, 26, 2.
11. თაც. Aნნ., VI, 32, 36; ჟოს. Fლავ. Aნტიქ. ჟუდ., XVIII, 4,4.
12. თაც. Aნნ., VI, 32. შდრ. ჩასს. Dიო. LVIII, 26, 3-4.
13. მ. ინაძე. იბერიისა და რომის ურთიერთობა II საუკუნის პირველ ნახევარში. – ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. I. თბ., 1955, გვ. 314.
14. თაც. Aნნ., VI, 33.
15. იგულისხმება დარიალის გასასვლელი (იხ. გ. გოზალიშვილი. კასპიის კარი. _ ენიმკის მოამბე, V-VI. თბ., 1940, გვ. 469-477; ტაციტუსის ცნობები საქართველოს შესახებ. ლათინური ტექსტი ქართული თარგმანით, შესავალი ნარკვევითა და კომენტარებითურთ გამოსცა ალ. გამყრელიძემ. თბ., 1973, გვ. 131, შენ. 23; В. И. Модестов. Сочинения Корнелия Тацита, т. II. М., 1887, გვ. 280, შენ. 180; Корнелий Тацит. Сочинения в двух томах, т. I. Анналы, Л., 1970, გვ. 420, შენ. 48.
16. თაც. Aნნ., VI, 33.
17. თაც. Aნნ., VI, 34-35.
18. თაც. Aნნ., VI, 35.
19. თაც. Aნნ., VI, 36.
20. ჩასს. Dიო. LVIII, 26, 3.
21. ამ მოვლენების შესახებ დაწვრ. იხ. Т. Моммзен. История Рима, V. М., 1949, გვ. 342-343; А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, ч. II. М., 1966, გვ. 176-179; N. ჩ. Dებევოისე. A. Pოლიტიცალ Hისტორყ ოფ Pარტჰია. ჩჰიცაგო-Iლლინოის, 1938, გვ. 155-157.
22. თაც. Aნნ., XI, 8; ჩასს. Dიო. LX, 8, 1; შენეცაე. Dიალ, IX, XI, 12; ჩვენამდე მოღწეულ წყაროებში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა გახდა მითრიდატეს რომში გაწვევის მიზეზი. აქედან გამომდინარე, სამეცნიერო ლიტერატურაში კალიგულას მიერ მითრიდატეს დატყვევებას სხვადასხვანაირად ხსნიან. – იხ. ნ. ლომოური. დიონ კასიოსის ცნობები საქართველოს შესახებ. თბ., 1966, გვ. 119-123; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения, გვ. 161-167. იქვე პრობლემის გარშემო არსებული ლიტერატურა.
23. Т. Моммзен. История Рима, V, გვ. 344, შენ. 1.
24. თაც. Aნნ., XI, 8-9; ჩასს. Dიო. LX, 8, 1.
25. იხ. Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии. Тб., 1959, გვ. 341; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения, გვ. 155-165.
26. თაც. Aნნ., XII, 47.
27. თაც. Aნნ., XII, 44-45.
28. თაც. Aნნ., XII, 45-47.
29. თაც. Aნნ., XII, 50.
30. თაც. Aნნ., XII, 50.
31. თაც. Aნნ., XIII, 6.
32. თაც. Aნნ., XIII, 37. Iს. 50-იან წლებში იბერიისა და სომხეთის სამეფო კარზე მომხდარი მოვლენების შესახებ დაწვრილებით იხ. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, წ. I. _ თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. I. თბ., 1979, გვ. 209-211; Т. Моммзен. История Рима, V, გვ. 346, 350; Г.А. Меликишвили. К истории древней Грузии, გვ. 341-343.
33. В. Д. Дондуа. Некоторые замечания на коллективный труд – История армянского народа. – მიმომხილველი, III, თბ., 1953, გვ. 311.
34. თაც. Aნნ., VI, 35.
35. თაც. Aნნ., XII, 44.
36. თაც. Aნნ., XIII, 6.
37. ზ. ანჩაბაძე, თ. ბოცვაძე, გ. თოგოშვილი, მ. ცინცაძე. ჩრდილო კავკასიის ხალხთა ისტორიის ნარკვევები, ნაკვ. I. თბ. 1969, გვ. 24.
38. В. Б. Виноградов. Сарматы Северо-Восточного Кавказа. – Чечено- ингушский научно-исследовательский институт при совете министров ЧИАССР, Труды, т. VI. Грозный, 1963, გვ. 161-164; История Северо-Осетинской АССР, т. I. Орджоникидзе, 1987, გვ. 47-51.
39. В. Б. Виноградов. Сарматы Северо-Восточного Кавказа, გვ. 161; История Северо-Оссетинской АССР, გვ. 59-60.
40. თაც. Aნნ., XII, 15-17; В. Ф. Гайдукевич. Боспорское царство. М.-Л., 1949, გვ. 327-328; В. Б. Виноградов. Сарматы Северо-Восточного Кавказа, გვ. 161; История Северо-Оссетинской АССР, გვ. 51.
41. В. Б. Виноградов. Сарматы Северо-Восточного Кавказа, გვ. 164.
42. В. Б. Виноградов. Сарматы Северо-Восточного Кавказа, გვ. 164.
Комментариев нет:
Отправить комментарий