ინდოეთის, ისევე, როგორც საერთოდ მთელი მსოფლიო საზოგადოების, სულიერი აზროვნება ვითარდებოდა თანამიმდევრულად და ეტაპობრივად. ინდური ვედების მიხედვით, სული ადამიანის გულში უნდა ვეძიოთ. მაშასადამე, ეროვნული სულიც ხალხის გულთან უნდა იყოს დაკავშირებული. ალბათ, ამიტომაც არის ვედების შემდეგდროინდელი ინდური რელიგიები სენტიმენტალური და არსებული ადამიანური ცნობიერების დახვეწისკენ მიმართული ვედებს მოყვება უპანიშადები, რომლებიც უკვე აკრიტიკებენ წინამავალ რელიგიას, მისთვის დამახასიათებელ ქურუმთა ინსტიტუტსა და რიტუალიზმს. შემდეგ თითქმის ერთდროულად ჩნდება ჯაინიზმი და ბუდიზმი, ანუ ვედების სრული უარყოფა და სხვადასხვა რწმენათა სინთეზირების მცდელობა „ბჰაგავადგიტაში“.
აქვე მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ბუდამდე არსებული ექვსი ძირითადი სისტემა ინდური ფილოსოფიისა, რომელთა დაუცხრომელი მიზანი „ხსნის გზის“ ძიება იყო. და ბოლოს ინდუიზმი, რომელშიც ყველა ზემოხსენებულმა რელიგიურ-ფილოსოფიურმა მიმდინარეობამ შეიტანა თავისი წვლილი გარკვეული დოგმებისა და დებულებების სახით.
საზოგადოდ, ინდური რელიგიები პიროვნებასა და მის შემეცნებასთან დაკავშირებულ პრობლემებს იკვლევენ, თუმცა, განდის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ყველა რწმენა ერთ იდეას ემსახურება: აღამაღლონ ადამიანის ცხოვრება და მისცენ მას აზრი“...
განდი რჯულთშემწყნარებელი იყო, მაგრამ თავს უფლებას არასოდეს აძლევდა, ხელაღებით ემსჯელა ქრისტიანობის, ისლამისა და იუდაიზმის საკითხებზე, სამაგიეროდ, ჰინდუსობაში, ორთოდოქს ჰინდუსობაში, მას ვერავინ შეედავებოდა. განდი თვით ინდურ რელიგიებში ურთიერთსაპირისპიროს ვერაფერს ხედავდა და ხშირად უკვირდა კიდეც, მათ ცალ-ცალკე რომ განიხილავდნენ. მას ყოველთვის მიაჩნდა, რომ ბუდიზმი და ჯაინიზმი იმავე ვედებიდან იღებენ სათავეს, რომელსაც შემდეგში გარკვეულწილად უარყოფენ კიდეც, ხოლო ჰინდუიზმი „მიმღები და შემგუებელი“ რელიგიაა, არავის ებრძვის და თანაც „წარმატებას მიაღწია ბუდიზმის შთანთქმით და არა მისი უარყოფით“. „მე ორთოდოქსი – სანატანი ჰინდუ ვარ. თუმცა ბევრ რამეს მასში უარვყოფ. მე არასოდეს შევფარებივარ ჰინდუიზმის დიადი რწმენის კალთას რაიმეს დასაფარავად. მე ერთხელ და სამუდამოდ უნდა განვსაზღვრო სანატანი ჰინდუიზმის ჩემეული გაგება“,1 – წერს განდი და მუხლობრივად ჩამოთვლის ამ სიტყვების დამამტკიცებელ საბუთებს, რომ სწამს:
1) ვედები, უპანიშადები, პურანები და ყველაფერი, რაც ჰინდუთა წმინდა წიგნებად ითვლება და, მაშასადამე, ავათარები და მეორედ დაბადება; 2) ვარნაშრამა დჰარმა წმინდა ვედური გაგებით; 3) ძროხის დაცვის აუცილებლობა; 4) კერპთაყვანისცემა და სჯერა: 1. ბოროტების არქმნის ანუ არაძალმომრეობის, ანუ აჰიმსის; 2. ჭეშმარიტების, ანუ სათიასი; 3. თავის მოზღუდვის, ანუ ბრაჰმაჩარიის; 4. გურუს ინსტიტუტის, 5. ჰინდური რელიგიის სიმყარისა და მისი სამი წესის: ღმერთის, სულთა გარდასახვისა და ხსნის.
მიუხედავად ამისა, განდი არ იყო ისეთი ორთოდოქსი ჰინდუ, რომელიც ყველაფერს დოგმატური სახით მიიღებდა. იგი თავს ინდოეთის ერთ-ერთ რელიგიურ რეფორმატორად მოიხსენიებდა და ყოველთვის ცდილობდა, მოეხდინა ჰინდუიზმის გაცოცხლება-აღდგენა თვითგანწმენდის გზით. ეს რელიგიური აღორძინება განდიმ მოახერხა ჰინდუიზმის პოლიტიკურ პრაქტიკაში დანერგვით. სხვა რეფორმატორთაგან განსხვავებით კი მან შექმნა ისეთი რელიგია, რომელიც ინდოეთს მომავალი სახელმწიფოს საფუძვლად გამოადგებოდა. ასე რომ, განდის მიზნები უფრო შორს მიმავალი იყო.
მაჰათმა განდის ორთოდოქს ჰინდუსობასთან ერთად ზოგჯერ ჯაინობასაც მიაწერენ. „ბუდა არასოდეს უარყოფდა ჰინდუიზმს, მაგრამ გააფართოვა მისი ფუნდამენტი, შთაბერა ახალი სიცოცხლე და მისცა მას ახალი განმარტება“,2 – ამბობდა განდი. და მართლაც, ბუდიზმი, რომელიც კასტურ სისტემას ვერ შეეგუა და აზროვნებაში უფრო ფართო დამოუკიდებლობას მოითხოვდა, თანდათან ასპარეზიდან გაუჩინარდა, თუმცა მან მოასწრო ღრმა გავლენის მოხდენა ჰინდუიზმზე, ხოლო სხვა ქვეყნებში, კერძოდ კი – იაპონიაში, მან უფრო საზოგადო ხასიათი შეიძინა. ჯაინიზმი კი ერთგვარად შეეგუა კასტობრივ სისტემას და გააგრძელა არსებობა, როგორც შეძლებული ვაჭრების რელიგიურმა მიმდინარეობამ. თუ ჯაინიზმის პირვანდელ ფორმას გავიხსენებთ, რომელიც აქცენტს ეთიკასა და ასკეტიზმზე აკეთებდა, შეიძლება დავასკვნათ, რომ არც ჯაინებს მოელოდათ საზოგადოების მხარდაჭერა და მიმდევართა სიმრავლე, მაგრამ ისინი მეტ კომპრომისზე წავიდნენ ცხოვრებასთან და დამოუკიდებელი მიმდინარეობიდან ჰინდუიზმის ერთ-ერთ განშტოებად იქცნენ. ამიტომაც განდის ბიოგრაფიაში ვერსად შევხვდებით ჯაინიზმის ცალკე განხილვასა და მის მიერ ჯაინად თავის მოხსენიებას.
და მაინც რატომ შეიძლება განდის ჯაინად მიჩნევა? რასაც ის ამბობს ჰინდუიზმშიც ხომ ყველაფერი ასეა? ჯაინიზმის მიზანია საკუთარი ნირვანისაკენ სწრაფვა, რაც სულის კარმის ნარჩენებისგან საბოლოო განთავისუფლებას ნიშნავს. მას რომ მიაღწიო, ყველა ხელის შემშლელი ფაქტორი უნდა მოიშორო თავიდან, თვით ტანსაცმელიც. მხოლოდ ხანგრძლივი მარხვით, ხორცის გვემით, წმინდა წიგნების შესწავლითა და მედიტაციით შეიძლება თავი დააღწიო კარმას და მხოლოდ მკაცრი დისციპლინა შეუშლის ხელს ახალი კარმის სულში შესვლას.
ჯაინი ბერები თმებს კი არ იპარსავდნენ, ძირფესვიანად იღებდნენ თითოეულ ღერს და თვითგვემაზე გადადიოდნენ, მედიტაციას მიმართავდნენ მცხუნვარე მზის სხივებქვეშ, დიდხანს რჩებოდნენ მოუხერხებელ პოზაში, ძალიან ხშირად მარხულობდნენ და ბევრი მათგანი ჯაინიზმის ფუძემდებლის – მაჰავირას წაბაძვით შიმშილით სიკვდილამდეც კი მიდიოდა. ისინი ასრულებდნენ ხუთ წმინდა მცნებას, რომელთაგან სამი პირდაპირ ქრისტიანულ მცნებებს მოგვაგონებს. არა ჰკლა, არა იპარო, არა ცილ სწამო. „განსაკუთრებით სახიფათო იყო „არა ჰკლა“ მცნების დარღვევა, რამეთუ ყოველგვარი მკვლელობა, თუგინდ უნებლიე, მიუტევებლად ითვლებოდა. საკვებად ხორცის ხმარება ყოვლად აკრძალული იყო როგორც ბერთათვის, ისე საერო პირებისთვისაც. თვით მწერთა და მცენარეთა სიცოცხლეც ხელშეუხებლად ითვლებოდა“.3
სოციალური თვალსაზრისით, ჯაინიზმი ბუდიზმთან შედარებით უფრო სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა იმიტომაც, რომ ჯაინების საერო პირები სოფლის თემის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ და ხანგამოშვებით სასულიერო ცხოვრებაშიც იყვნენ ჩართულნი. ისინი გამოდიოდნენ მომჭირნეობისა და პატიოსნების დამცველებად, რამაც ვაჭრობა ჯაინების საქმიანობად აქცია.
თუ ზემოთქმულს შევაჯამებთ, ყველა ჯაინისტური პრინციპი, რისი დაცვაც ჯაინებს მოეთხოვებოდათ, ახასიათებდა განდის, კერძოდ: 1. კასტობრივი სისტემის უარყოფა, თუმცა გარკვეულწილად მის არსებობასთან შეგუება, რადგან განდი თავდაპირველად ოთხი ძირითადი კასტის შენარჩუნების მომხრე იყო; 2. მედიტაცია, რომელსაც განდი ციხეებში ყოფნისას დაეუფლა; 3. ხშირი და ხანგრძლივი მარხვები, რითაც იგი შიმშილით სიკვდილამდეც კი მიდიოდა; 4. თვითგვემა (განდის თანამებრძოლი რ. პრასადი იხსენებს, თუ როგორ დააბიჯებდა განდი უსანდლებო ფეხით ცხელ ქვიშაზე და როგორ კატეგორიულად უარყო მის მიერ შეთავაზებული ფეხქვეშ დასაფენი ტილო); 5. ვეგეტარიანელობის დაცვა – ხორცის ჭამის აკრძალვა; 6. არაძალმომრეობითი მიდგომა ყველაფრისადმი – დაწყებული ადამიანით და მწერებით, მიკროორგანიზმებითა და მცენარეებით დამთავრებული; 7. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა. განდის ჯაინებს ამსგავსებდა ძირფესვიანად გადაღებული თმები და თითქმის შიშვლად სიარულიც.
ყოველივე ზემოთქმული მეტნაკლებად ჰინდუებისთვის იყო დამახასიათებელი. მხოლოდ ორი პრინციპით, კერძოდ: 1. აჰიმსის პრინციპის დაცვით, რაშიც ჯაინიზმი ბუდიზმზეც შორს წავიდა; და 2. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობით (ჰინდუსური წმინდა წიგნები კრძალავენ პოლიტიკის საკითხებში ჩარევას და სწორად არ მიიჩნევენ სასიკვდილო შიმშილობას პოლიტიკური მიზნით) განდი შეიძლება უფრო ჯაინად მივიჩნიოთ, მითუმეტეს, რომ იგი ვაჭართა კლასიდან იყო და ყოველთვის გონივრულ მომჭირნეობასა და ჩაბარებული ფულის პატიოსნად შენახვისაკენ მოუწოდებდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით გამოგვადგება ცნობილი ქართველი ინდოლოგის ნ. კენჭოშვილის სიტყვები: „მრწამსით განდი ჰინდუ-ინდოელი იყო, მაგრამ მისი კონფესიური კრედო არსებითად ემყარებოდა ჯაინ ინდოელთა რელიგიურ-ფილოსოფიურ დოგმას – „აჰიმსას“ (არკვლა, არაძალმომრეობა)“.4
განდი თავის თავს ორთოდოქს ჰინდუდ, ვედების მიმდევრად, მიიჩნევდა, ჯაინობას კი ძველი ჰინდუსური ტრადიციების უფრო პრინციპული დაცვისათვის მიმართავდა. ყოველივე ზემოთქმული მეტნაკლებად ჰინდუებისთვის იყო დამახასიათებელი. მხოლოდ ორი პრინციპით, კერძოდ: 1. აჰიმსის პრინციპის დაცვით, რაშიც ჯაინიზმი ბუდიზმზეც შორს წავიდა; და 2. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობით (ჰინდუსური წმინდა წიგნები კრძალავენ პოლიტიკის საკითხებში ჩარევას და სწორად არ მიიჩნევენ სასიკვდილო შიმშილობას პოლიტიკური მიზნით) განდი შეიძლება უფრო ჯაინად მივიჩნიოთ, მითუმეტეს, რომ იგი ვაჭართა კლასიდან იყო და ყოველთვის გონივრულ მომჭირნეობასა და ჩაბარებული ფულის პატიოსნად შენახვისაკენ მოუწოდებდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით გამოგვადგება ცნობილი ქართველი ინდოლოგის ნ. კენჭოშვილის სიტყვები: „მრწამსით განდი ჰინდუ-ინდოელი იყო, მაგრამ მისი კონფესიური კრედო არსებითად ემყარებოდა ჯაინ ინდოელთა რელიგიურ-ფილოსოფიურ დოგმას – „აჰიმსას“ (არკვლა, არაძალმომრეობა)“.4
განდი თავის თავს ორთოდოქს ჰინდუდ, ვედების მიმდევრად, მიიჩნევდა, ჯაინობას კი ძველი ჰინდუსური ტრადიციების უფრო პრინციპული დაცვისათვის მიმართავდა.
შენიშვნები
1. М. Ганди. Моя жизнь. М., 1969, გვ. 475.
2. Yოუნგ Iნდია, 24.11.1927.
3. А. Бэшем. Чудо, которым была Индия. М., 1977, გვ. 314.
4.ნ. კენჭოშვილი. აზრები მაჰათმა განდისა. თბ., 1993, გვ. 6
Комментариев нет:
Отправить комментарий