ბაგრატიონთა გვარი საქართველოში დაახ. ათი საუკუნის განმავლობაში მეფობდა (დაახ. 800-1801 წწ.) და მათ მბრძანებლობას საქართველოში, მათი გვარის ღვთიური წარმომავლობის იდეოლოგია თუ მითი ამყარებდა. როდის და რატომ გაჩნდა ქართულ სამეფო გვარში (ბაგრატიონთა გვარი) ბიზანტიური ღვთივკურთხეული ხელისუფლების მოდელი? ვინ იყო მისი ორგანიზატორი? რას ნიშნავს ბიზანტიური ღვთივკურთხეული ხელისუფლება და როგორ მოხდა ამ პოლიტიკური მოდელის გამოსახვა ხელოვნებაში? რა საერთო ქონდა ქართულ და ბიზანტიურ პოლიტიკურ ფორმას? შუა საუკუნეებში როგორ ხდება ქართული სახელმწიფო ევროპული ქვეყანა? როგორ შეიქმნა ბაგრატიონთა გვარის ღვთიური წარმომავლობის მითი? ეს ის კითხვებია რომელზე პასუხის გაცემასაც ჩვენ შევეცდებით ნაშრომში.
დასმულ კითხვებზე პასუხი იმ პერიოდში და იმ წყაროებში უნდა ვეძებოთ, როცა პირველად ჩნდება ცნობები ბაგრატიონთა გვარში ბიზანტიური ხელისუფლისგან მაღალი სამეფო ტიტულის - კურაპალატის მინიჭება, უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ წყაროდ ვიყენებთ IX საუკუნეს აშენებულ ოპიზის ტაძრის ბარელიეფს, სადაც როგორც მეცნიერთა ნაწილი თვლის, გამოსახულია აშოტ I ბაგრატიონი, როგორც ქტიროტი, უფლის და დავით წინასწარმეტყველის გვერდით. წერილობით წყაროებს კი რომლებიც ჩვენ შევისწავლეთ განაეკუთნება X საუკუნის ორი ისტორიული წყარო მათ შორის ერთი ქართულია, ჰაგიოგრაფიული ძეგლი გიორგი მერჩულის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და მეორე ბიზანტიური კონსტანტინე პორფიროგენეტის იბერთა შესახებ. შემდგომი პერიოდის წყაროებიდან აღსანიშნავია XI საუკუნის სამი საისტორიო თხზილება ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა ჯუანშერის ავტორობით; მატიანე ქართლისა, რომლის ავტორიც უცნობია და ცხოვრება და უწყება ბაგრატოვანთა სუმბატ დავითის ძის ავტორობით, ასევე გავეცანით თანამედროვე ისტორიოგრაფიის კომენტარებსა და შენიშვნებს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. იქიდან გამომდინარე რომ დასახელებული წყაროების შესწავლის შედეგად ჩვენთვის საინტერესო საკითხები უკავშირდება IX საუკუნის მოვლენებს კავკასიაში და უშუალოდ ბაგრატიონთა გვარის ერთ-ერთ მამამთავარს აშოტ I-ს, შევისწავლეთ აგრეთვე XIII საუკუნის არაბი ისტორიკოსის იაკუბის ცნობები.
ამ პერიოდის ქრონოლოგიისათვის ქართულ ისტორიოგრაფიაში უამრავი მოსაზრებაა გამოთქმული და საკვლევი თემის თემატიკიდან გამომდინარე თავს ვიკავებთ ზუსტი დათარიღების კვლევისაგან.
წყაროების შესწავლამ გვიჩვენა, რომ სავარაუდოდ, სწორედ აშოტ I ბაგრატიონია ქართულ სამეფოში, ბიზანტიის იმპერატორისგან კურაპალატის ტიტულის მიმღები და არ არის გამორიცხული, რომ ის ყოფილიყო ბაგრატიონთა გვარის ღვთიური წარმომავლობის ორგანიზატორი. თემა საინტერესო და აქტუალურია დღესდღეობით, იქიდან გამომდინარე, რომ კვლავ არის მცდელობა საქართველო დაუბრუნდეს ევროპის წიაღს და კვლავ ევროპული სახელმწიფოს მოდელის (ამ შემთხვევაში ლიბერალურ დემოკრატიული გ.ქ.) გადმოტანა და დაფუძნება ხდება საქართველოში, როგორც ეს აშოტ I ბაგრატიონის დროს იყო, ბიზანტიური ხელისუფლების მოდელის დაფუძნება ქართულ სამეფოში. ეს პროცესი ერთობ საინტერესოდ და დრამატულად ვითარდებოდა, მაშინაც და დღესაც. თუმცა ურიგო არ იქნებოდა პარალელები გაგვევლო წარსულსა და დღევანდელობასთან, და ის შეცდომები არ გაგვემეორებინა, რაც ბაგრატიონთა მეფობას ჰქონდა საქართველოში, მხედველობაში გვაქვს საქართველოს ხელისუფლებაში ბაგრატიონთა სამეფო გვარის ისეთი საფუძველი, რაც IX საუკუნის მსოფლმხედველობიდან გამომდინარე ბრძნული სიცრუე იყო, მაგრამ ამ გაგებამ მოგვიანებით ბევრი ქართველის სიცოცხლე იმსხვრპლა, ვისაც კი ბაგრატიონთაგან, ქვეყნის განვითარების სხვაგვარი ხედვა ან იდეა გააჩნდა. კვლავ არის მცდელობა ბაგრატიონთა სამეფო გვარის აღდგენის საქართველოში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, თუ პოლიტიკური პარტიის მოთხოვნით (ახალი მემარჯვენეები, ქრისტიან დემოკრატები და სხვ.) ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ ბაგრატიონთა გვარს რომელიც შუა საუკუნეებში მეფობდა, ამავე პერიოდის აზროვნების ფორმაზე ჰქონდა მორგებული თავიანთი იდეოლოგია (გვარის წარმომავლობის-გ.ქ.). დღესდღეობით კი როდესაც თანამედროვე მსოფლიოს ახალი მოთხოვნები და პრეტენზიები აქვს, მიგვაჩნია რომ იმ იდეოლოგიის მქონე სამეფო გვარის, რომელიც შუასაუკუნეების აზროვნების ფორმას იყო მორგებული შაუსაბამოა დღევანდელობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით მსოფლიოში არსებობს ქვეყნები რომელთა სათავესიც მეფე დგას და მათგან უმეტეს გვარს, განსაკუთრებით კი ევროპის მონარქებს გააჩნია ის ისტორია და ფასეულობები, რაც დღეს არის გაბატონებული მსოფლიოში. თუ გვსურს სამეფო გვარის აღდგენით მსოფლიოს დავანახოთ ჩვენი წარსული და კულტურა, მაშინ შეიძლება გამართლებულადაც კი მივიჩნიოთ, როგორც გერმანელი ისტორიკოსი ჰოსტ თურმანი იტყოდა ყველგან არის შუა საუკუნეები.
ბაგრატიონთა სამეფო გვარი ქართულ სამეფოს სათავეში VIII საუკუნის დასასრულს IX საუკუნის დასაწყისში ჩნდება, იმისათვის რომ ამ პერიოდის კავკასიის ისტორიაში კარგად გავერკვეთ საჭიროა მაშინდელი გეოპოლიტიკური სიტუაციის მიმოხილვა. აღნიშნულ პერიოდში მსოფლიოში გაბატონებულია ორი ძალა, ორი იმპერია, ბიზანტიის იმპერია და არაბთა სახალიფო, ორი ურთიერთმოწინააღმდეგე და დაპირისპირებული სახელმწიფო, როგორც რელიგიურად ასევე კულტურულად. ისინი იბრძოდნენ ერთმანეთის შესავიწროვებვლად და ახლო აღმოსავლეთში გასაბატონებლად. კავკასია, რომელიც VIII საუკუნეში არაბული ბატონობის გავლენის ქვეშ არის მოქცეული, როგორც ორი ომპერიის მოსაზღვრე და მასზე კონტროლის დამყარების სურვილით გამოწვეული საინტერესო რეგიონი ხდება. ამ ყოველივეს თან ერთვის ადგილობრივი ძალის გამოჩენა, როგორც აჯანყებებით, ასევე გამიზნული პოლიტიკით წინააღმდეგობა არაბული ბატონობის წინააღმდეგ. რაც თვითგამორკვევის საშუალებას აძლევდა ქართველ ხალხს, ქართლის ცხოვრებაში ბაგრატიონთა აქტიურად გამოჩენემდე, როგორც სიმბატ დავითის ძე გვამცნობს „ხოლო ვინაითგან მოკლდა მეფობა შვილთა გორგასლისათა, მით ჟამითგან ეპყრა უფლება ქართლისა აზნაურთა ვიდრე ამათამდე. არამედ დაესრულა უფლება ქართლის აზნაურთა ბოროტთა საქმეთა მათგან“.(4)
ამის საწინაარმდეგო ცნობას ვხვდებით ჯუანშერთან, რომ ამ პერიოდში ქართლის მეფე არის არჩილი, რომელიც გორგასალ ვახტანგ ხოსროიანის ჩამომავლად არის მოხსენიებული, არ არის გამორიცხული ჯუანშერს უფრო ადრინდელი პერიოდის წყარო ჰქონოდა გამოყენებული, ვიდრე სიმბატს, სადაც ნათლად არის აღწერილი ის კომფლიქტი, რაც სამეფოს ხელისუფლებაში მოსვლის სურვილით იყო გამოწვეული, არჩილი არაბთაგან შევიწროვებული ჯერ თავის ძმასთან, მირთან ერთად აფხაზეთში აფარებს თავს, ხოლო არაბთა შესუსტების შემდეგ, როდესაც ბიზანტიის იმპერატორისგან კვლავ მათი ხელისუფლების კურთხევა ხდება და წარავლინეს მოციქული წინაშე მეფისა მირ და არჩილ ... „ხოლო მან წარმოსცა გვირგვინი და გუჯარი მირსა და არჩილს, და მოსწერა მათ თანა, ვითარმედ: თქვენი იყო მეფობა, სიმხნე და სიბრძნე ქართლსა შინა, აწ დაღაცათუ იდევნებით ჩვენ თანა მსახურებისათვის ჯვარისა...“ (4) მირის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ხელისუფლება არჩილზე გადადის ის კახეთში მიდის, საიდანაც ცდოლობს ძალების მოკრიბას, რათა კვლავ აღიდგონოს ქართლის სამეფოზე კონტროლი. მისი ვაჟი ჯუანსერიც მის პოლიტიკას აგრძელებს მაგრამ ამაოდ, არაბთა შემოსევებით მოშლილი სამეფო აპარატი და განადგურებული დასახლებული პუნქტები ვეღარ ახერხებენ აღდგენას. რის შედეგადაც კავკასიის მაშტაბით ახალ სამეფო სამთავროები წარმოიქმნა. (13. 94).
ჯუანშერის ცნობით პირველად ბაგრატიონები ჯერ ქორწინებით უკავშირდებიან გორგასლის ხოსროიან ჩამომავლებს, შემდეგ კი არჩილს სთხოვენ დასამკვიდრებელ ადგილს (როგორც საცხოვრისად ისე სამართავად) მაშინ მოვიდა მისა მთავარი ერთი, რომელი იყო ნათესავისაგან დავით წინასწარმეტყუელისა, სახელით ადარნასე, ძმის წული ადარნასე ბრმისა, რომლისა მამა მისი მზახებულ იყო ბაგრატონიანთად-ვე, და ბერძენთა მიერ დადგინებულ იყო ერის-თავად არეთა სომხითისათა (ქვემო ქართლის ქართული ისტორიული პროვინცია - გ.ქ.), და ტყვეობასა მას ყრუისასა (მურვან იბნ-მუჰამედი - ქართულ ისტორიოგრაფიაში ცნობილი მურვან-ყრუ) შთასრულ იყო იგი შვილთა თანა გუარამ კურაპალატისათა კლარჯეთს, და მუნ დარჩომილ იყო, ითხოვა არჩილისაგან და რქუა: უკეთუ ინებო და მყო მე ვითარცა მკვიდრი შენი, მომეც ქუეყანა. და მისცა შულავერი და არტანი,(4) როგორც ჩანს თუ ჯუანშერი თავად არ არის თანამედროვე, ხელთ უნდა ჰქონოდა თანამედროვის წყარო, რადგან აქ ჯერ კიდევ არის სამეფო ხელისუფლების სპარსულიდან მომდინარეობის თეორია, რა საშუალებითაც ბაგრატიონები ცდილობდნენ სამეფო ხელისუფლებაში მოსვლას, და ამავედროს ხაზგასმა ხდება მათ ქრისტიანული წიაღიდან წარმომავლობაზე, რაც ასევე ბიზანტიის იმპერიისაგან კავკასიის მიმართ მიდმივი ინტერესითაა განპირობებული. მატიანე ქართლისა ერთგვარად აგრძელებს ჯუანშერის ისტორიას და ბაგრატიონებს კვლავ ნათესაურად აკავშირებს გახტანგ გორგასლის ჩამომავლებთან, როდესაც აღნიშნავს არჩილის ძის ჯუანსერის მიერ ადარნასეს ასულის ცოლად მოყვანის ფაქტს: „ხოლო ამან ჯუანშერ შეირთო ცოლი ნათესავი ბაგრატონიანთა, ასული ადარნასესი, სახელით ლატავრი“. ჯუანშერი იყო უკანასკნელი ხოსროიანი რომელიც ქართლში იურიდიულად თუ ფაქტიურად მეფობდა, მისი გარდაცვალების შემდეგ და მის სიცოცხლეშიც საფუძველი ეყრება კავკასიაში ახალ სამეფო-სამთავროებს, ერთ-ერთი პირველი აფხაზეთის სამეფო იყო, რომლის დამაარსებლადაც ლეონი იხსენიება, მატიანე ქართლისას ცნობითვე: „სიცოცხლესა-ვე ჯუანშერისსა იცვალა ადარნასე ბაგრატონიანმან ნასიმილი კლარჯეთისა, შავშეთისა, აჭარისა, ნიგალისა, ასისფორისა, არტანისა ქუემოსა ტაოსა, და ციხეთაგან-ცა რომელნი ჰქონდეს შვილის-შვილთა ვახტანგ მეფისათა. და წარვიდა ადარნასე კლარჯეთად და მუნ მოკუდა“.(3) თითქოს გარკვევით არცერთი ქართული წყარო არაფერს ამბობს აშოტის ადარნასეს შვილობაზე, სავარაუდოდ, მათ შორეული ნათესაური კავშირი უნდა ჰქონოდათ: „შემდგომად სიკვდილისა ადარნასესისა განდიდა უფალმან მეფობა აშოტ კურაპალატისა: ხოლო ეუფლა ქართლს და საზღვართა მისთა. რამეთუ მათ-ვე ჟამთა შესრულ იყო მასლამა საბერძნეთად, და შეიქცა მოძლურებული და განწბილებული“.(2)
იაკუთი გვამცნობს ჰარუნ არ რაშიდის ხალიფობის პერიოდში, 786-809 წლებში კავკასიაში 17 მმართველი შეიცვალა. დაახ. 800-801 წლებში ხალიფას მიერ წარმოგზავნილი კავკასიის მმართველი იზიად იბნ-მაზიდი შესდგომია მღელვარებაში მყოფი ქვეყნის დაწყნარებას. მას იბერიის მმართველი წრეების წარმომადგენლებთან სეფეწულებთან და პატრიკიოსებთან დიპლომატიური კავშირი დაუმყარებია. ამ გზით არაბთა მმართველმა ბრძოლას აარიდა თავი და მიაღწია ქვეყნის დაშოშმინებასო. (7) 802-809 წლებში ჰარუნ-არ-რაშიდმა კავკასიაში გამოგზავნა ოთხი მმართველი:
1. ჰუზაიმა ჰაზიმის ძე, რომელმაც გამოიწვია თავისთან პატრიკიოსები და სეფეწულები და დახოცა, რასაც შედეგად მოჰყვა აჯანყება ჯურზანში (ქართლ - გ.ქ.) და წანარეთში (ქართლ-კახეთის მთიანეთი), ხალიფას გაუგზავნია დამატებითი ლაშქარი აჯანყებულთა წინააღმდეგ, მაგრამ ქართველ წანართა ლაშქარმა ისინი დაამარცხეს. ამის გამო არაბთა მმართველმა გაგზავნა მათ წინააღმდეგ.
2. საიდ-იბნ ალ-ჰასიმი იბნ შუაბი დიდი ლაშქრით და მან ისინი გადარეკა ქვეყნის გადაღმა. ის თბილიში ერთ წელსღა იყო მმართველად. მის მაგივრად დაინიშნა.
3. შულეიმან იზიადის ძე, იგი იყო მოხუცი, პატიოსანი, მაგრამ უზრუნველი. იგი იმდენად სუსტი იყო, რომ არც ერთი მისი განკარგულება არ სრულდებოდა, ქვეყანა კინაღამ გადაუდგა მას. ჰარუნ-არ-რაშიდმა იგი შეცვალა და დანიშნა.
4. ალაბას იბნ-ზეფარი ალ-ხალილი, მას აუჯანყდნენ წანარები, რომელთაც იგი დაამარცხეს ... უკანასკნელი მმართველი რომელიც ჰარუნ არ-რაშიდმა გაგზავნა კავკასიაში მუჰამედ იბნ ზუჰაირი.
809 წელს ჰარუნ არ რაშიდი გარდაიცვალა, ბრძოლამ ხალიფატის პრეტენდენტთა შორის 813 წლამდე გასტანა. 809-813 წლებში ალ-ამინის ხალიფობის დროს ხალიფატში ნამდვილი ანარქია იყო გამეფებული, ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა ალ-მამუნის ხალიფობის პირველ ნახევარშიც 813-820 წლებშიც. რაც შეეხება ბიზანტიის იმპერიას, ამ პერიოდში ისავრიელთა დინასტია მართავს, რომელთა პირველი წარმომადგენელები: ლეონ III (717-740წწ.) და კონსტანტინე V(740-775წწ.) ცნობილნი არიან თავიანთი ხატმებრძოლეობით, მათ მიერ გატარებულმა რელიგიურმა რეფორმამ დაასუსტა იმპერია, რასაც დაერთო VIII საუკუნის მიწურილს იმპერიის შიდა უთანხმოებები სამეფო ტახტის ხელში ჩაგდების დაპირისპირებით, ნათესავების განადგურებით, ჯერ რძალსა და მაზლებს შორის, ირინესა (797-802წ. (კონსტანტინე V-ს ვაჟის ლეონ IV-ის (775-780წ.) მეუღლე) და კონსტანტინე V-ის ვაჟებს შორის და შემდეგ დედა შვილს შორის, ირინესა და კონსტანტინე VI-შორის (780-797წ.), საიდანაც ორივე შემთხვევაში გამარჯვებული ქალი გამოვიდა, მაგრამ იმპერიამ საგარეო პოლიტიკაში როგორც დასავლეთით ისე აღმოსავლეთით მარცხი განიცადა, ჯერ აღმოსავლეთით, ბაღდადის ხალიფამ ჰარუნ არ რაშიდმა 798 წელს აიძულა იმპერია ხარკი ეხადა მისთვის და მერე დასავლეთით, ფრანკთა მეფე კარლოს დიდმა 800 წელს რომის იმპერია აღადგინა. ამრიგად იმპერია დათმობებზე წავიდა, როგორც დასავლეთით ასევე აღმოსავლეთით.(9. 63-64).
IX საუკუნის 10-იანი წლებიდან ორივე იმპერია, არაბულიც და ბიზანტიურიც ანარქიით არის მოცული. თუმცა ბიზანტიის იმპერატორი ლეონ V სომეხი (813-820წ.) მაინც ახერხებს სტაბილურობის შენარჩუნებას.
იბრძვის ქვეყნის დასაცავად, როგორც დასავლეთში ასევე აღმოსავლეთში. ეს ის პერიოდია როცა კლარჯეთში, არტანუჯის ციხეში აშოტ I გამეფდა (10. 225)
„შემდგომად სიკვდილისა ადარნასესისა განდიდა უფალმან მეფობა აშოტ კურაპალატისა: ხოლო ეუფლა ქართლსა და საზღვართა მისთა, რამეთუ მათ-ვე ჟამთა შესრულ იყო მასლამა საბერძნეთად, და შეიქმნა მოძლურებული და განწბილებული“(2).
ამ დაპირისპირების ფონზე კავკასიაში წარმოიქმნა კომფლიქტი რომლის უკანაც ერთის მხრივ ბიზანტიის იმპერია იდგა. ხოლო მეორეს მხრივ არაბთა სახალიფო, კავკასიაში ახალად წარმოქმნილ სამეფო-სამთავროებს შორის დაპირისპირება მათ დაჯგუფრბაში და ბრძოლაში გამოიხატა, ბრძოლა მდ. ქსანზე მოხდა, სადაც პრო-ბიზანტიურმა მხარემ გაიმარჯვა მას ჟამსა გამოილაშქრა აშოტ კურაპალატმან, და უშველა თეოდოსი აფხაზთა მეფემან, ძემან მეორისა ლეონისმან, რომელი-იგი სიძე იყო აშოტ კურაპალატისა. მოვიდა გრიგოლ კახეთით, და გრიგოლს უშველეს მთიულთა და წანართა და ამირამან ტფილელმან. და შეიბნეს ქსანსა ზედა აშოტ და გრიგოლ, მთავარი კახეთისა, და დაიპყრეს ქვეყანა, რომელი ჰქონდა ქართლისაგან. და დაიპყრა აშოტ კლარჯეთითგან ვიდრე ქსანამდე. (3) მატიანე ქართლისაის მიერ აღწერილი ეს ფაქტი კარგად გამოხატავს ზოგადად საქართველოს ისტორიის განმავლობაში, თითქმის გამუდმებით ორი იმპერიის ინტერესების შედეგს.
არტანუჯის ციხე-სიმაგრიდან, აშოტის მოკვლის შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა ტაო-კლარჯეთის სამეფო შექმნეს (14. 60-61). ტაო-კლარჯეთის გარდა IX-X საუკუნეებში საქართველოს ტერიტორიაზე წარმოიშვა ქართული სამეფო-სამთავროები - აფხაზეთის სამეფო, კახეთის სამთავრო, ჰერეთის სამეფო და არაბთა დაქვემდებარებაში მყოფი თბილისის საამირო. რაც თავის მხრივ ნიშნავდა ქვეყნის გაერთიანებისათვის ბრძოლას. ამ გაერთიანებას კი რეალური საფუძველი აშოტ I ჩაუყარა, მან ბიზანტიის იმპერიასთან დაახლოებით შეძლო არაბების წინააღმდეგ ეწარმოებინა ბრძოლა. (11. 173).
აშოტ I-ის მიერ ხელისუფლების მიღება ბიზანტიისგან და ქართული სამეფოს აშენებისთვის ძლიერი საფუძველის ჩაყრა, ალბათ მაინც ბიზანტიური ხელისუფლების მოდელის გადმოტანით აიხსნება, ეს მოდელი საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა. I-III საუკუნის განმავლობაში ქრისტიანობა და იმპერატორის ხელისუფლება ერთმანეთს გამუდმებით ებრძოდა, სამი საუკუნის განმავლობაში არ წყდეობოდა ქრისტიანთა დევნა, რომის იმპერატორები გამუდმებით დევნიდნენ ქრისტიანობას და ეს უკანასკნელი თავისი იდეოლოგიიდან გამომდინარე მით უფრო ძლიერდებოდა რაც უფრო იდევნობოდა, რადგან ქრისტიანობა ღარიბ-ღატაკთა რელიგია იყო და მათ თავიანთი თავისუფლების შესანარჩუნებლად, რომელიც თითქმის არ გააჩნდათ ყოველთვის მზად იყვნენ ებრძოლათ. დევნილობის პერიოდში იპოლიტე რომაელი: იმპერატორის ხელისუფლებას ეშმაკისეულად მიიჩნევს. თუმცა კი მაინც ხდებოდა ერთის გაძლიერების და მეორის შესუსტების ფონზე მათი ურთიერთგაგება. ქრისტიანობის მხრიდან საერო ხელისუფლების აღიარება სახარებისეული ტექსტებითაც აიხსნება. საერო ხელისუფლების ღვთაებრივი წარმოშობის განსაზღვრება გადმოცემულია პავლე მოციქულის წერილში რომაელთა მიმართ: „დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია“. პეტრე მოციქული: „პატივი ეცით ყველას; გიყვარდეთ ძმობა; გეშინოდეთ ღმერთის; პატივი მიაგეთ მეფეს და უთხრა მათ“; „მიაგეთ კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმერთისა“ (ლუკა 20,25) იესოს სიტყვები პილატეასდმი მიმართული: „არ გექნებოდა არავითარი ხელმწიფება ჩემზე, მაღლიდან რომ არ მოგცემოდა. ამიტომ უფრო დიდი ცოდვა აქვს მას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა ეს ძველი აღთქმის გაგრძელებას წარმოადგენს“; დანიელ წინასწარმეტყველი: „მეფეო, შენ ის მეფეთა მეფე ხარ, რომელსაც ზეციურმა ღმერთმა ხელმწიფება და ძალა და დიდება უბოძა“. საერო ხელისუფლების მხრიდან კი პირველად ევსევი კესარიელის მიერ დაწერილ კონსტანტინე დიდის ბიოგრაფიაში ჩნდება იმის შესახებ, რომ იმპერატორი კონსტანტინე (306-337) არის ღვთისგან არჩეული და კურთხეული.
დევნილობის პერიოდში მოციქული მამები ასევე ცდიობდნენ გამართლება მოეძებნათ იმპერატორის ხელისუფლების არსებობისთვის:
- წმ. კლიმენტი რომაელი:
მოგვეც ჩვენ მორჩილება შენი, ყოვლადძლიერო ღვთაებრივი სახელისა და ჩვენი ამაქვეყნისა ზედა წინამძღოლებისა წინაშე.
- იუსტინე ფილოსოფოსის აპოლოგიაში, რომლითაც მან მიმართა 150 წელს რომის იმპერატორს ანტონიუს პიუსს და მის ვაჟს მარკუს ავრელიუსს, მაცხოვრის სიტყვების მიხედვით აღნიშნულია:
„მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთისა ღმერთს“. მაგრამ აქვე ხაზგასმულია რომ მორჩილება სამეფო ხელისუფლებისადმი არ ნისნავს მეფის აღიარებას ღმერთად:
„ჩვენ ვლოცულობთ მხოლოდ ღმერთთან და ყოველივე ხელისუფლება არის ვალდებული ღვთის წინაშე; ცუდი მმართველობისათვის მათ ელოდებათ საშინელი სასჯელი - მუდმივი ცეცხლი ჯოჯოხეთში“.
პაპი კლიმენტი რომაელი ჩვენ გაღიარებთ შენ, როგორც ბატონს და იმპერატორს თქვენ ღმერთის მიერ ხართ თქვენს ადგილზე დადგენილი.
IV საუკუნეში ქრისტიანულმა საზოგადოებამ ქრისტინათა მდევნელი რომის იმპერატორის ხელისუფლება კონსტანტინე დიდის დროს აღიარა, როგორც ღვთის ნებით მიცემული ხელისუფლება. ასეთი სახით აღიარების დამადასტურებელია ასევე ვენაში დაცულ ოქროს მედალიონზე გამოსახულება, რომელზედაც კონსანტინე დიდს ზეციდან მაცხორის ხელი აკურთხებს. კონსტანტინე დიდის სწორუპოვარმა ღვაწლმა ქრისტიანთა წინაშე გარკვეულწილად განაპირობა თანამედროვეთა მიერ ხშირად ქრისტიანული თეოლოგიისათვის შეუსაბამო ღვთაებრივი პატივით მისი მოხსენება. მუხლის მოყრა ხდებოდა იმპერატორის წინაშე ანუ მაცხოვრის სამსჭვალისის წინაშე რომელიც დედოფალმა ელენემ ჩამოიტანა იერუსალიმიდან და ჩასმული იყო იმპერატორის გვირგვინში.(12. 52-53) ქრისტიანებისა და იმპერატორის შერიგების შემდეგ, სახელმწიფო სისტემა მოითხოვდა იდეოლოგიას რომელიც კარგად იქნებოდა მორგებული ქრისტიანულ მრწამს, კონსტანტინე დიდმა უფლისაგან მიიღო ხელისუფლება მისთვის ჯვრის გადაცემით, რომლის წინ წამძღვარებითაც მოეცა მას გამარჯვება წარმართ იმპერატორ მაქსენციუსზე, რაც შემდგომ წმინდა მამათაგან და ასევე ოფიციალური ეკლესიიდანაც მიეცა განმარტება, როგორც უფლისაგან მისთვის, როგორც იმპერატორისთვის ამქვეყნიური ხელისუფლების გადაცემისა (12.- 114). რომის იმპერიაში ქრისტიანული სამეფო ხელისუფლების ჩამოყალიბების შედეგად, კონსტანტინე დიდი იღებს ქრისტიანობას, როგორც რელიგიას, ქმნის იდეოლოგიას რომელიც მას იმპერიის ტახტის მოპოვებასა და შენარჩუნებაში ეხმარება, მას იმპერიის დედაქალაქი წარმართული რომიდან მის მიერვე აშენებულ კონსტანტინოპოლში გადააქვს, რაც ხდება საფუძველს ახალი იმპერიის (ბიზანტიის იმპერია) და მსოფლიოს ახალი ცენტრის შექმნის. კონსტანტინეს მიერ ქრისტიანობის მიღება და შექმნილი იდეოლოგია, სამეფო ხელისუფლებაში მოსვლის მაგალითი ხდება რომაულ სივრცეში. ბ. ჯავახია ნაშრომში ანტიკურობიდან შუასაუკუნეებისაკენ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს IV საუკუნის ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღების მოვლენებს, იმპერიასა და ქართლში. სავსებით ვეთანხმებით ავტორისეულ შეფასებას რომ : ასეთივე სახის უნდა იყოს, ჩვენი აზრით, გადმოცემა, რომელიც მოცემულია მოქცევაი ქართლისაი-ში, როდესაც მირიან მეფე შეიტყობს ქრისტეს კვართის მცხეთაში არსებობის შესახებ. ბ. ჯავახიას ვარაუდით ასევე გადმოვიდა ქართველთა სამეფო საგვარეულოზე ქრისტეს მადლყ, როგორც კონსტანტინესთვის ჯვრის გადაცემა. სახელმწიფოს ახალი კურსის განვითარება ბიზანტიურ სივრცეში კონსტანტინეს სახელმწიფოს მოწყოების - მონოთელისტური ქრისტიანული რელიგიისა და რომაული იმპერატორის ურთიერთთანამშრომლობის სახით - მოდელის მიხედვით ხდება. ბიზანტიიდან ქართლში ჩამოსული სასულიერო პირები და ხურითმოძღვრები:
ასწავლებდეს სახესა მას ჯვრისასა, და რაჟამს შექმნეს ჯვარი იგი, მოვიდეს და უთხრეს მირეან მეფესა ხურითა მათ, ვითარმედ:
შევქმენით ჩვენ ჯვარი იგი, ვითარცა მღვდელთა მათ გუასწავეს. ამგვარად სახელმწიფოს პოლიტიკური მოდელი:
ქრისტიანული სახელმწიფო მსიფლმხედველობა - ხელისუფლების ღვთისაგან ბოძებულობა ... არის შუა საუკუნეების აზროვნებისათვის მთავრი მახასიათებელი (12.-118) ასეთი გაგებით ჯვარი არის მტერზე გამარჯვების სიმბოლო, ხოლო ბიზანტირი ხელისუფლების მიღება ნათესაობის გზით ან მის ქვეშევრდომობაში შესვლით უფრო ღვთივკურთხეულობით გამოიხატებოდა, ბიზანტიის იმპერიაში იმპერიის დინასტიების ხშირი ცვლის შემდგომ სწორედ ღვთივკურთხეულობის - ხელდასხმულობის პრინციპით იყო გამართლებული. ეს ყოველივე კარგად აისახა ხელოვნებაში მაგალითისთვის მოვიყვანთ XI საუკუნის ბიზანტიურ რელიეფს, სადაც იმპერატორი რომანოზ IV, რომელიც კონსტანტინე X არმიის სარდალი იყო, მან იმპერატორის სიკვდილის შემდეგ აჯანყება მოაწყო ტახტის ხელში ჩასაგდებად, მაგრამ დამარცდად და შეიპყრეს კიდეც. საპყრობილედან იგი იმპერატრიცა ევდოკიას წყალობით გაათავისუფლეს, რომელზეც მან მომდევნო 1068 წელს იქორწინა და ბიზანტიის იმპერატორიც გახდა. ორივე იმპერატორიც და იმპერატრიცაც კვარცხლბეკზე ამაღლებულ უფლის მარჯვნივ და მარცხნივ ხის რელიეფზე არიან გამოსახულნი. უფალს მარჯვენა ხელი მის მარჯვნივ მდგომ რომანოზის თავზე, გვრიგვინზე აქვს დადებული, ხოლო მარცხენა ევდოკიაზე... ეს რელიეფი კარგად ასახავს შუასაუკუნეობრივ აზროვნების ფორმას - უფლის მიერ ხელდასხმულობის. ასეთივე აზრია გატარებული IX საუკუნის ოპიზის ბარელიეფზე. აღსანიშნავია რომ ოპიზა უძველესი სავანეა არა მარტო ტაო-კლარჯეთში, არამედ საერთოდ საქართველოში. ოპოზას ინახებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიწმინდე, ქვედა ყბა წმ. იოვანე ნათლისმცემლისა, თავდაპირველად მისი დაარსება უკავშირდება ვახტანგ გორგასალს (Vს.) ბარელიეფი ქვაშია შესრულებული და ორი ნაწილისგან შედგება, ერთზე აშოტ I ბაგრატიონია ასახული, მას ხელთ ოპიზის ტაძრის მაკეტი უპყრია რომელზეც უფლის ხელია დადებული. ხოლო მეორეზე ტახტრევანზე მჯდომი უფალია გამოსახული და მის მარცხნივ მდგომი დავითი, მართალია ეს ორი ბარელიეფი ზომით განსხვავდება ერთმანეთისგან მაგრამ ის რომ ერთ კომპოზიციას წარმოადგენს უფლის ხელის გამოსახვაშია გასაგები, რომელიც ერთი ბარელიეფიდან მეორეში გადადის. მეცნიერთა ნაწილი (ვ, ჯობაძე; ნ.მარი) მიიჩნევს რომ ბარელიეფზე გამოსახული აშოტ კურაპალატი, აშოტ IV, ხოლო დავითი - მისი ძმა, ქართველთა მეფე 923-937 წწ-ში, ხოლო ნაწილი (ე.თაყაიშვილი; ივ. ჯავახისვილი) ალბათ უფრო სამართლიანად აშოტ I ბაგრატიონს და ბაგრატიონთა ბიბლიურ პერსონაჟს დავით წინასწარმეტყუელს.
ბაგრატიონთა გვარის წარმომავლობაზეა XI საუკუნის ქართველ ისტორიკოსს სუმბატ დავითის ძის თეორია. რომლის მიხედვითაც ბაგრატიონთა გვარის შთამომავლობა ადამიდან მომდინარეობს.
საინტერესო ცნობა აქვს სუმბატ დავითის ძეს, რომელიც აშოტს თბილისის და ბარდავის (სომხითი-გ.ქ.) მთავრად აცხადებს, ჯუანსერის ცნობით ვიცით რომ სომხითის მთავარი ადარნასე არაბთაგან შევიწროვებული არჩილს თხოვს კლარჯეთში სამკვიდრებელს, ამ შემთხვევაშიც აშოტი თითქმის იგივე ტერიტორიიდან არაბთაგან შევიწროვებული მიდის კლარჯეთში, თუმცა ამჯერად ხელისუფლებას ის ბიზანტიის იპმერატორისგან იღებს, შესაძლოა ეს ორი წყარო ერთ პიროვნებაზე მოგვითხრობდეს ან ნათესავებზე, როგორც ჩანს ჯუანშერის ცნობა უფრო ადრეა დაწერილი ვიდრე სუმბატის, რადგან ის პირველ შემთხვევაში ხელისუფლებას ქართლის მეფე არჩილ ხოსროიანისგან იღებს, რომელსაც მეფობა ბიზანტიის იმპერატორისაგან აქვს მიღებული.
ხოლო ხევი შავსეთისა უშენებელი იყო მაშინ, გარეშე მცირედთა სოფელსა. რემეთუ ჟამთა სპარსთა უფლებისასა აოხრდა, ოდეს-იგი ყრუმან ბაღდადელმან შემუსრნა ყოველნი ციხენი და მოვლო შავშეთი-ცა და ღადონი. და კვლად შემდგომად მისსა სვრამან სატლობისამან მოაოხრა შავშეთი, კლარჯეთი და მცირედ-ღა დაშთეს კაცნი ადგილ-ადგილ. ხოლო დაშთომილთა მათ მკვიდრთა შავშეთისათა შეიწყნარეს იგი სიხარულითადა სიყვარულითა, და დაემკვიდრა მუნ. და მისცა ღმერთმან გამარჯუება და ახელმწიფა იგი შავშეთ-კლარჯეთსა ზედა. ამან სოფლები ზოგი იყოდა საფასოთა, და ზოგი ოხერი აღაშენა, და განამრავლა სოფლები აშოტ კურაპალატმან ქუეყანათა მათშინა, და მისცა ღმერთმან და განამტკიცა ხელმწიფება მისი ნებითა ბერძენთა მეფისათა. (2)
ბერძენთა მეფისგან - ბიზანტიის იმპერატორისგან (გ.ქ.) აშოტის ტაო-კლარჯეთში ხელისუფლებია აღიარება მატიანე ქართლისას ცნობითაც დასტურდება:
მაშინ ბერძენთა მეფემან მოუბოძა კურაპალატობა აშოტს. და მოძლურებულ იყვნეს სარკინოზნი. და განდიდნა აშოტ კურაპალატი. (3).
ბაგრატიონთა გვარზე ბიზანტიური ტიტულის მინიჭებას კონსტანტინე პორფიროგენეტი შემდეგნაირად აღწერს:
დავითმა, სპანდიატის ძმამ, შვა ძე ბაგრატი, ბაგრატმა შვა ძე აშოტი, აშოტმა შვა ადარნასე, რომელსაც კურაპალატობა ებოძა რომაელთა ქრისტესმოყვარე მეფის ლეონისაგან (5-259). ეს ადარნასე შესაძლოა ჯუანშერის მიერ მოხსენიებული ადარნასეა რომელმაც ალბათ არჩილის წამების შემდეგ მიიღო კურაპალატის ტიტული ბიზანტიის იმპერატორისგან (8. 98), თუმცა საინტერესოა ქართული ისტორიოგრაფია რატომ იცნობს მას აშოტის სახელით? სავარაუდოდ შეიძლება ვიფიქროთ აშოტი მემკვიდრეა ადარნესესი რომელსაც არ იცნობს ჯუანშერი ან მის მიერ გამოყენებული წყარო ამ სახელით.
სავარაუდოდ აშოტი უნდა ყოფილიყო ბაგრატიონთა გვარის ღვთიური წარმომავლობის ორგანიზატორი, გიორგი მერჩულის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ეს სწორედ პირველად აშოტთან მჟღავნდება, როცა გრიგოლ ხანძთელი სასახლეში ხვდება აშოტს და მიმართავს:
თქუენ, ხელმწიფენი, უფალგყვნა ღმერთმან ქუეყანისა განგებისა, ვითარცა გულისხმავყოფთ კეთილყოფასა ღმრთისასა ჩუენდა მომართ მეფობითა შენითა. დავით წინასწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულის შვილად წოდებულო ხელმწიფეო (1. 259).
განსაკუთრებული ყურადღების ღირსია კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობები, სადაც იგი ბაგრატიონებს თავისი თავის განმადიდებელს უწოდებს და აღნიშნავს რომ კურაპალატის იბერები, ამბობენ, რომ ისინი ურიას ცოლის შთამომავალნი არიან, რომელიც დავითმა, წინასწარმეტყველმა და მეფემ, შეაცდინა; ისინი ამბობენ, რომ თვითონ შთამომავლობენ მისი შვილისაგან, დავითთან რომ შეეძინა, და რომ ისინი დავითის, წინასწარმეტყველის და მეფის, ნათესავნი არიან და აქედან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაც, რადგან ესეც დავითის თესლისაგან არის წარმოშობილი. (5. 255).
ხოლო თუ ვინ ჰყავს მხედველობაში კონსტანტინე პორფიროგენეტს ამის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ:
ადგა დავითი საღამოჟამს თავისი საწოლიდან და სამეფო სახლის ბანზე იწყო სიარული. ბანიდან მობანავე ქალი დაინახა; ქალი ძალზე ლამაზი იყო სახით. ააგზავნა დავითმა ქალის ამბის გასაგებად. უთხრეს ეს ხომ ბარშებაყია (ქართულად ბერსავია), ელიაყამის ასული, ურია ხეთელის ცოლი. (ურია - ეს იყო ხეთების გმირი, რომელიც დავითის ჯარში მსახურობდა) გაგზავნა დავითმა მოციქულები ქალის მოსაყვანად. მოვიდა ქალი და დაწვა მასთან დავითი. როცა განიწმინდა თავისი წვრისაგან, დაბრუნდა ქალი თავის სახლში. როცა ქალი დაორსულდა, შეუთვალა დავითს: ორსულად ვარ. ამის შემდეგ დავითმა ურია ხეთელი მოაკვლევინა და როცა გავიდა გლოვის დღეები, მოაყვანინა დავითმა ქალი თავის სახლში და შეირთო ცოლად და უშვა ვაჟი. არ მოეწონა უფალს ეს საქმე, რაც დავითმა ჩაიდინა. (6. 279) ცოდვის გზით გაჩენილი ბავშვი უფალმა მოუკლა დავითს.
ანუგეშა დავითმა ბერსაბე, თავისი ცოლი, შევიდა და დაწვა მასთან. შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად სოლომონი, რომელიც შეიყვარა უფალმა. შემოუთვალა ნათან წინასწარმეტყველის პირით და უწოდა უფლის გამო სახელად იედიდია.
სწორედ ამ დავითან-სოლომონიანებად იწოდებოდნენ ბაგრატიონები შუა საუკუნეებში და მათ შთამომავლობაზე აქვს აგებული სუმბატ დავითის ძეს თავისი ქრონიკა.
თუ ემოციური თვალით შევხედავთ ერთ-ერთი ქართული სამეფო გვარის ღვთიურ წარმომავლობას მაშინ, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, თუ დავუშვებთ, რომ ბაგრატიონები მართლაც იყვნენ დავით წინასწარმეტყველის ჩამომავლები, მაშინ ისეთი სახით როგორც ბაგრატიონებმა იმეფეს საქართველოში თორმეტი საუკუნის განმავლობაში, მხოლოდ დავით წინასწარმეტყველის მიმართ უფლის წყევლით შეიძლება აიხსნას:
ამიერიდან მახვილი არ მოსცილდება შენს სახლს სამარადისოდ, რადგან უგულებელმყავი და ურია ხეთელის ცოლი მოიყვანე, რომ ცოლად დაგესვა ... (6. 280).
დასასრულს აშოტის მოკვლის გაურკვეველ მდგომარეობას გვსურს შევეხოთ. მისი მოკვლის ცნობას გვაწვდის მატიანე ქართლისაი და სუმბატ დავითის ძე.
შემდგომად ამისსა მოვიდა ხალილ იზიდის ძე არაბიელი და დაიპყრა სომხეთი, ქართი და ჰერეთი. და მოკლეს აშოტ კურაპალატი გარდაბანს, ეკლესიასა შინა, და სისხლი მისი, რომელი მაშინ დაითხია, აწცა იხილვების ვითარცა ახალი.(3)
სუმბატი უფრო ვრცლად მოგვითხრობს:
და იყო ერთსა შინა ჯამსა, განვიდა აშოტ, რათა-მცა შეკრიბა ლაშქარი ბრძოლისათვის სარკონოზთასა. მოვიდა იგი ადგილსა რომელსა-მე და განავლინა ლაშქრის მაწუეველნი. და ვიდრე არღარა შეკრებილ იყო ლაშქარი იგი მისი მის თანა, დაესხნეს მას სარკინოზნი უცნაურად და აოტეს იგი. წარმოემართა და მოიწია ხევსა ნიგალისასა და იწყო ძებნად ერისა, რათა-მცა ვიტა განიმრავლა ლაშქარი თვისი, და წარმოემართნეს მოსვლად მის წინაშე იგინი, რომელთა მან უბრძანა, ხოლო იგინი მოვიდოდეს კვალად მისსა, მაშინ ვიდრე მოწევნადმდე მათდა კარად მისსა არა უწყოდა აშოტ ზაკუა მათი, და რაჟამს მოიწივნეს იგინი კარად მისსა, მაშინ-ღა აგრძნა რაი-იგი ეგულვებოდა მათ, და არა ჰყვეს მას თვისი თვინიერ მცირედთასა, ვერ წინა-აღუდგებოდა იგი მათ. ამისთვის-ცა შეივლტოდა აშოტ კურაპალატი ეკლესიად, და მოწყლეს იგი მახვილითა საკურთხეველსა ზედა და შეისვარა საკურთხეველი სისხლითა მისითა, რამეთუ დაკლეს იგი მუნ, ვითარცა ცხოვარი. (2)
თუ ვინ მოკლა აშოტ კურაპალატი? ამ საკითხზეც ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს მრავალი მოსაზრება და ჩვენ აქ მხოლოდ ერთ ფაქტზე გვსურს ხაზგასმა, რომ თავად სუმბატი ასახელებს მოიკლა უფალი იგი აშოტ ხელითა ოროზ-მოროზის ძისათა ამავედროს ეს წყარო არ ასახელებს აშოტის არჩილთან კავშირს ან ჯუანშერთან კავშირს, რომლებიც ქართლის უკანასკნელი მეფეები იყვნენ, იგი გვერდს უვლის მათ მიერ საერო ხელისუფლების მიღების ფაქტს და ასევე ვახტანგ გორგასლის შემდეგ აშოტ კურაპალატამდე ქართლის მმართველებს ბოროტი საქმის მკეთებლად იხსენიებს:
არამედ დაესრულა უფლება ქართლისა აზნაურთა ბოროტთა საქმეთა მათგან (2). ასევე ცნობილია ფაქტი არჩილის მემკვიდრე ქართლის სამეფოში წარმოქმნილი დაპირისპირებით, რომელიც მდ. ქსანის ბრძოლაში გამოვლინდა. არაბთა შემოსევის შედეგად გაძლიერებული პრო-არაბული ორიენტავიის თავადები კი არაა ძნელი წარმოსადგენი თუ ვის მიემხრობოდნენ ... არც ისაა გამორიცხული სუმბატი მათ ოროზ-მოროზის ძენი-თ მოიხსენიებდეს.
აშოტის პოლიტიკურ მისწრაფებებს და ბრძოლას არაბთა წინააღმდეგ მხარში უდგას გრიგოლ ხანძთელი ტაო-კლარჯეთში ეკლესიის გაძლიერებით, ქართლიდან ჩასულ მღვდელს საეკლესიო ცხოვრების დაწყება თითქმის ნულიდან უწევს, როგორც ამას გიორგი მერჩულე გვამცნობს და ერთობით ჯუარი დასწერეს ადგილსა მას და იწყეს საქმედ სენაკებისათვის ქუეყანისა დავაკებად. რამეთუ კლდეი იგი ხანძთისაი უფიცხლეის არს უფროის ყოველთა მათ კლარჯეთისა უდაბნოთა და შრომითა დიდითა ქმნეს ადგილი იგი, რამეთუ არა აქუნდა მათ ცული და წერაქვი, არცა სხუაი ეგევითარი სახმარი, არამედ ოპიზელთა მამათა მოსცეს ყოველი, რომელი იპოვა ხელითა მათთა, და თანაშემწე ექმნნეს ყოვლითა სახმრითა და ხორცთა საღუაწითა, რამეთუ მას ჟამსა სხუაი მონასტერი არა შენ იყო მათ ქუეყანათა თვინიერ ოპიზისა, და არცა მსოფლიონი ერისკაცნი ახლვიდეს ახლად შენებისათვის მათ ქუეყანათაისა, რამეთუ კლარჯეთს და ტაოთა შინა, და შავშეთს და ყოველთა მათ მახლობელთა ქუეყანათა მცირედნი იპოვებოდეს დაშენებულ ტყეთა შინა ადგილდ-ადგილდ. (1. 257).
ამის შემდეგ გრიგოლი აშოტის დიდ აზნაურს გაბრიელ დაფანჩულს ხვდება და მისგან იღებს დახმარებას, აგრეთვე ისაკუთრებს დამკვიდრებისათვის საჭირო ტერიტორიას, გაბრიელი აშოტს აცნობებს გრიგოლის შესახებ, რის შემდეგაც კურაპალატი მას თავისთან მიიწვევს სასახლეში (121-128). მეფე სიხარულით იღებს გრიგოლს. ისინი ურთიერთგაგებით აშენებენ ქართულ სამეფოს, ოპიზის ბარელიეფზე ასევე კარგად არის ასახული აშოტის ეკლესიისადმი დამოკიდებულება, ბიზანტიური მოდელისგან განსხვავებით თუ ბიზანტიაში იმპერატორის კურთხევა უფლის ხელდასხმულობით გადადიოდა, აშოტის შემთხვევაში ის უფლის მიერ ეკლესიის კურთხევის გზით გადადის.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ აშოტ I ბაგრატიონი იყო ტაო-კლარჯეთის სამეფოს პირველი მეფე, იგი თავდაპირველად ქართლის ერისმთავარი იყო, მაგრამ არაბთა შემოსევების შედეგად იძულებული გახდა პოლიტიკური ცენტრი ქართლიდან ქართლის სამეფოს სამხრეთ-დასავლეთში გადაეტანა, იგი დამკვიდრდა ქალაქ არტანუჯში და მისი ძალაუფლება თავდაპირველად ვრცელდებოდა ორ პროვინციაზე ტაოსა და კლარჯეთზე, სწორად ამ პროვინციების მიხედვით მიიღო აშოტის მიერ ახლად შექმნილმა სამეფომ სახელწოდება, რომელიც მოიცავდა ტერიტორიას მდ. ჭოროხიდან - მდ. ქსანამდე.
ტაო-კლარჯეთის სამეფოს მსგავსად IX-X საუკუნეებში საქართველოს ტერიტორიაზე წარმოიშვა ქართული სამეფო-სამთავროები - აფხაზეთის სამეფო, კახეთის სამთავრო, ჰერეთის სამეფო და არაბთა დაქვემდებარებაში მყოფი თბილისის საამირო. რაც თავის მხრივ ნიშნავდა ქვეყნის გაერთიანებისათვის ბრძოლას. ამ გაერთიანებას კი რეალური საფუძველი აშოტ I ჩაუყარა, მან ბიზანტიის იმპერიასთან დაახლოებით შეძლო არაბების წინააღმდეგ ეწარმოებინა ბრძოლა. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ აშოტ I იყო პირველი ბაგრატიონი მეფე, რომელიც ბიზანტიის შუასაუკუნეობრივი და ქრისტიანული აზროვნებიდან გამომდინარე უფლის მიერ ხელდასხმული ქვეყნის მმართველი გახდა, ეს ყოველივე კარგად არის ასახული აშოტ I სტელაზე, სადაც იგი ბიზანტიური ტიტულით კურაპალატად იწოდება, ამ სტელაზე აშოტს ტაძრის ბარელიეფი უპყრია (ოპიზის), რომელსაც მარჯვნივ გამოსახული უფალი ხელით აკურთხებს. ეს ბარელიეფი კარგად ასახავს მეფის დამოკიდებულებას ქრისტიანული ეკლესიისადმი და ასევე ქვეყნის მმართველისადმი.
აშოტ I ღვთივკურთხეული მეფობის აზრი გატარებულია ასევე X საუკუნის ჰაგიოგრაფის გიორგი მერჩულეს თხზულებაშიც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, სადაც იგი ეკლესიათა სიმტკიცედ და ქრისტიანობის ზღუდედ (1. 264) იწოდება. ასევე ამ ნაწარმოებშია ბაგრატიონთა ღვთიური ჩამომავლობის აღნიშვნა, როდესაც თავად გრიგოლ ხანძთელი ახსენებს მეფეს.
შესაძლოა, სწორედ აშოტ I დიდი ყოფილიყო ორგანიზატორი ბაგრატიონთა გვარის გაღვთიურებისა, რაც მის მსოფლმხედველობაზე და დიდ პოლიტიკურ ნიჭზე მეტყველებს. მან ამ იდეოლოგიით საფუძველი ჩაუყარა საქართველოს სამეფოს, რითაც ამაყობდა, ამაყობს და იამაყებს ქართველი ხალხი.
წყაროები:
1. გიორგი მერჩულე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება
2. სუმბატ დავითის ძე ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა
3. უცნობი ავტორი მატიანე ქართლისა
4. ჯუანშერი ცხოვრება ვახტან გორგასლისა.
5. კონსტანტინე პორფიროგენეტი იბერთა შესახებ
6. ბიბლია. საქართველოს საპატრიარქო; თბ. 1989წ.
ლიტერატურა:
8. ბადრიძე, შოთა ქართულ პოლიტიკურ გაერთიანებათა სახელმწიფო წყობილების ისტორიიდან მე-9-10 სს.; თსუ. სადისერტაციო ნაშრომი;1965 წ.
9. დილი, შარლ ბიზანტიის იმპერიის ისტორია, 1998 წ.
10. კეკელიძე, კორნელი აშოტ დიდი კურაპალატის ქრონოლოგიისათვის; ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან; თ.8; 1962 წ.
11. ლორთქიფანიძე, მარიამ ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა; საქართველოს ისტორიის ნარკვევები; ტ. 2; 1963 წ.
12. ჯავახია, ბეჯან ანტიკურობიდან შუასაუკუნეებისაკენ . თბ. 2005წ.
13. ჯავახიშვილი, ივანე ქართველი ერის ისტორია; თხზულებენი თორმეტ ტომად; ტ. 2; თბ. 1983წ.
14. ხოშტარია დავით ქალაქი არტანუჯი და მისი სიძველენი; ჟურ. არტანუჯი #5 თბ. 1996წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий