ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობები საუკუნეების სიღრმეში იღებს სათავეს. ისტორიამ შემოინახა როგორც ამ ორი ხალხის კეთილმეზობლობის, ასევე ურთიერთმტრობის მაგალითები. ამ მხრივ გამონაკლისს არც XIX საუკუნის დასაწყისი წარმოადგენს. აღნიშნული პერიოდი მეტად რთული ხანაა ორივე ხალხის ცხოვრებაში. საკითხის შესწავლაში სერიოზულ ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოება, რომ ხშირად ერთმანეთისგან არ არის გამიჯნული საქართველოში მცხოვრები ოსებისა და ჩრდილო კავკასიაში მცხოვრები ოთხი დამოუკიდებელი ოსური საზოგადოების (თაგაურის, ქურთათის, ალაგირისა და დიგორის) საქართველოსთან კონტაქტები და ისინი ერთ სიბრტყეზეა განხილული. ამჯერად ჩვენ ქართველებისა და თაგაურების (ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებ ერთ-ერთი ოსური საზოგადოება) ურთიერთობაზე გავამახვილებთ ყურადღებას.
XIX საუკუნის დასაწყისის ქართულ-ოსური (ჩრდილო კავკასიელი ოსების) ურთიერთობები არასათანადოდაა შესწავლილი. არ არსებობს სპეციალური სამეცნიერო ნაშრომი და მას მხოლოდ ფრაგმენტულად, სხვა საკითხების გაშუქების პარალელურად, ეხებიან ოსი და ქართველი ისტორიკოსები. აქედან გამომდინარე არ ხდება აღნიშნული პრობლემის სრული გააზრება და შეფასება. ეს შესაძლოა მწირი წყაროთმცოდნეობითი ბაზითაც იყოს გამოწვეული, რაც კვლევისას წამოჭრილი მთელი რიგი საკითხების უკეთ გააზრებისთვის ხელშემშლელი ფაქტორია. ასევე ყურადღების მიღმაა დარჩენილი პოლიტიკური ლიდერების, როგორც ამ ხალხებს შორის საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის წარმართველი ძალის, კონტაქტები.
ისტორიული ნაშრომების რიცხოვნობის მიხედვით ოსური მხარე ქართულზე ბევრად ნაყოფიერია, თუმცა ანალიზით და, ზოგადად, თვისობრიობით, აქაც არაფერი იცვლება. არაობიექტურობა და ცალმხრივობა ასეთი გამოკვლევების დამახასიათებელი თვისებაა.
ოსური ისტორიოგრაფიის არაობიექტურობის გამოვლენის ერთერთი კონკრეტული მაგალითია ამ პერიოდის ოსურ-ქართული ურთიერთობების იმ ჭრილში განხილვა, თითქოს ოსი ხალხი (როგორც საქართველოში, ისე ჩრდილო კავკასიაში მცხოვრები) რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას მშობლიური მიწა-წყლის დაცვისთვის საკუთარი ნებით კი არ აწარმოებდა, არამედ ქართველი ბატონიშვილების წაქეზებით, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებოდა. საკითხის ასე წარმოჩენა ოს ხალხს მხოლოდ მსხვერპლის როლში წარმოგვიდგენს და აკნინებს იმ ბრძოლას, რასაც ათწლეულების განმავლობაში დამპყრობლის წინააღმდეგ ახორციელებდა. მსგავსი მოსაზრებები დღევანდელი გართულებული ვითარების ფონზე ქართველ და ოს ხალხს შორის ურთიერთობის უკიდურესობამდე დაძაბვას უწყობს ხელს.
სინამდვილეში ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებმა ოსებმა რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის სისასტიკე ქართველებზე ბევრად ადრე იგემეს და თავისუფლებისთვის ბრძოლაც XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან გააჩაღეს. ეს განსაკუთრებით ეხებოდა თაგაურებს, რომლებიც ქართლ-კახეთის სამეფოს, კერძოდ კი არაგვის საერისთავოს, უშუალო მეზობლები იყვნენ.
თაგაურები სტრატეგიულად მეტად მნიშვნელოვან ადგილზე _ დარიალის ხეობაში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, ლარსიდან ბალთამდე ცხოვრობდნენ. დარიალის გზის ყველაზე რთულ მონაკვეთად XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში რუსები, აქ მცხოვრები მოსახლეობის მტრული დამოკიდებულების გამო, სწორედ გზის ამ მონაკვეთს მიიჩნევდნენ. თაგაურებსა და რუსებს შორის ურთიერთობის გართულება XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან, რუსეთის მიერ კავკასიაში აქტიური პოლიტიკის გატარების შემდეგ დაიწყო.
ეკატერინე II-ის მმართველობისას აზოვიდან კასპიის ზღვამდე დაიწყო რუსული საკორდონო ხაზების მშენებლობა, რომელიც კავკასიაზე შეტევისთვის იყო გამიზნული. რუსეთის კავკასიური პოლიტიკის ნებისმიერ ეტაპზე რუსეთის სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში კავკასიის გადასასვლელებზე კონტროლის დამყარების აუცილებლობის საკითხი იდგა, რომელთაგან დარიალის ხეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამ პერიოდში დარიალის კარი რუსეთისთვის საქართველოსთან კომუნიკაციის ერთადერთ გზას წარმოადგენდა, თუმცა რუსეთის სტრატეგიულ და სამხედრო გეგმებში მას სხვა დატვირთვაც ჰქონდა. რუსეთის პოლიტიკურ წრეებში კარგად იცოდნენ, რომ აღნიშნულ მაგისტრალზე კონტროლით შეძლებდნენ კავკასიის ორ ნაწილად გათიშვას და, კავკასიელების წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, კავკასიელი ხალხის გაერთიანების თავიდან აცილებას.
XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან რუსეთი ცენტრალურ კავკასიაში, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებზე, კერძოდ, კი მდინარე თერგის სანაპიროზე დაჩქარებული ტემპით ახორციელებდა ე. წ. სამხედრო ქალაქების მშენებლობას, სადაც შერეული, სხვადასხვა სოციალური მდგომარეობისა და ეთნიკური კუთვნილების, მოსახლეობა ცხოვრობდა. ახალი დასახლებული პუნქტები ძირითადად რუსი კაზაკი- კოლონისტების ბაზაზე იქმნებოდა. ფართოდ გამოიყენებოდა ადგილობრივი რესურსიც _ მთელი რიგი პრივილეგეები ენიჭებოდათ რუსეთის მხარეზე, სასაზღვრო ხაზთან გადასახლებულ კავკასიელებსაც, რომელთა რიცხვიც დღითიდღე იზრდებოდა. მდინარე თერგის მარცხენა სანაპიროზე 1763 წელს აშენებული ქალაქი მოზდოკი ჩრდილო კავკასიის ცენტრალურ ნაწილში რუსეთის პოზიციების განმტკიცებას ემსახურებოდა1. მომდევნო წლებში რუსეთმა უფრო სამხრეთით გადმოსწია საზღვრები და 1784 წელს მდინარე თერგის ხეობის შესასვლელში ვლადიკავკაზის ციხე-სიმაგრეს ჩაუყარა საფუძველი2.
1. ჩრდილო კავკასიის ხალხთა ისტორიის ნარკვევები, გვ. 235.
2. История народов Северного Кавказа (конец XVIII в.-1917 г.), ред. А. Нарочницкий, Москва, 1988, გვ. 12.
3. იქვე, გვ. 35.
1774 წელს სამი ოსური საზოგადოება რუსეთის ქვეშევრდომობაში შევიდა. ამან ოსურ-რუსულ ურთიერთობებში მხოლოდ ის შეცვალა, რომ რუსებმა ოსთა ნაწილი ყაბარდოსგან მიტაცებულ დაბლობზე ჩაასახლეს3, რასაც ამ უკანასკნელთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მოჰყვა, თუმცა მათ მალევე დაკარგეს ეთნიკური მახასიათებლები, მოექცნენ რუსთა ბატონობის ქვეშ და რუსეთის ერთგულ დასაყრდენად იქცნენ. მათგან განსხვავებით, თავიანთ სამკვიდროზე დარჩენილი ოსები რუსებს არ ემორჩილებოდნენ და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას აგრძელებდნენ. აღნიშნულ პერიოდში, კავკასიაში რუსეთის მცირე სამხედრო კონტინენტის გამო, რუსეთი თაგაურებთან ურთიერთობის მშვიდობიანად მოგვარებას ცდილობდა. გზის მომსახურებისა და მგზავრების გაცილების სანაცვლოდ თაგაურებს რუსებისგან საკმაოდ დიდი შემოსავალი _ XVIII-ის 70-იან წლებში წლიურად 50-დან 100 ლარამდე მანეთი ჰქონდათ. ზოგჯერ კი რუსეთის მიერ თაგაურებისთვის მიცემული გასამრჯელო 100 ჩითის ხალათს შეადგენდა1.
ასეთი დიდი სარგებლის მიუხედავად, მდინარე თერგის ხეობაში მცხოვრები თაგაურები, რომლებიც კარგად ხვდებოდნენ რუსების ნამდვილ ზრახვებს, ხშირად ეურჩებოდნენ რუსეთის ხელისუფლებას და არ ასრულებდნენ ნაკისრ ვალდებულებას: არ აცილებდნენ მგზავრებს, არ ახდენდნენ გზებისა და ხიდების შეკეთებას, ძარცვავდნენ რუსეთის ქვეშევრდომებს და ტყვედ მიჰყავდათ ისინი. მაგალითად, 1772 წელს თაგაურებმა დაატყვევეს მოგზაური და მეცნიერი გიულდენშტედტი, რომლის გამოსახსნელად გენერალმა დე მედემმა თაგაურების წინააღმდეგ გაგზავნა რაზმი მაიორ კრიდნერის ხელმძღვანელობით. ამ უკანასკნელმა თაგაურებს 30 მანეთის საჩუქრები გაუგზავნა, რის შემდეგაც მოხერხდა გიულდენშტედტის განთავისუფლება, მათი ლიდერი დუდარუკო ახმეტოვი კი იძულებული გახდა რუსებისთვის მძევალი მიეცა2.
1. Акты Кавказской Археографической Комиссии (შემდგომში АКАК), ред. А. Берже, т. 1, 1866, გვ. 85 .
2. АКАК, I, 86.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაფერი უსისხლოდ მოგვარდა, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდებოდა. XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში ოსების მხრიდან რუსეთის ქვეშევრდომებზე თავდასხმა ხშირად ხდებოდა. ის ცენტრალურ კავკასიაში რუსეთის გააქტიურების პირდაპირპროპორციული იყო1. თაგაურები, რომელთა რაოდენობა ამ პერიოდში 7000 სულს არ აღემატებოდა (მათ მხოლოდ 1000-მდე მეომრის გამოყვანა შეეძლოთ), რუსეთისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას და თავისი სასიცოცხლო სივრცის დაცვას, რა თქმა უნდა, ვერ ახერხებდნენ.
თაგაურებსა და რუსებს შორის ასეთი დამოკიდებულება გრძელდებოდა XIX საუკუნემდე. რუსეთი თაგაურთა დაპყრობის პირობებს ნელ-ნელა ამზადებდა და სამხედრო ექსპედიციებს მათ წინააღმდეგ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში მიმართავდა.
რუსეთის იმპერატორის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გააუქმების შემდეგ. ოსებისა და ქართველების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ძირეული გარდატეხა იწყება, რადიკალური ცვლილებები ხდება მათ ურთიერთობებშიც. 1802 წლამდე ქართული სამეფო სახლის წარმომადგენლები მოლოდინის რეჟიმში იმყოფებოდნენ და ქართლკახეთის სამეფოსა და ბაგრატიონთა დინასტიის გაუქმებას, რა თქმა უნდა, არ ელოდნენ. ამაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ვახტანგ ერეკლეს ძემ, შემდგომში რუსეთის ერთერთმა შეურიგებელმა მოწინააღმდეგემ, კავკასიის ხეობებში რუსული ჯარი უპრობლემოდ გამოატარა, რისთვისაც 1801 წლის ნოემბერში იგი წმინდა ანას პირველი ხარისხის ალმასებით მოოჭვილი ორდენით დაჯილდოვდა2, მასთან დაახლოვებულ პირებს: გაბრიელ ყაზბეგს და გლახა ჭილაძეს კი გადასცეს ოქროს ორდენები იმპერატორის გამოსახულებით, პირველს – ცისფერი, მეორეს კი – წითელი ლენტით3. ქართველი ბატონიშვილებისათვის რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილება ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ ცნობილი გახდა 1802 წლის დასაწყისში, რასაც საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა მოჰყვა. ქართველთა ანტირუსული გამოსვლების ფონზე თაგაურთა ბრძოლასაც აზრი მიეცა.
ორივე მხარისთვის აშკარა იყო, რომ რუსეთის ექსპანსიის თავიდან აცილება მხოლოდ ერთობლივი ბრძოლით იყო შესაძლებელი, მითუმეტეს, რომ მათ ხელში კავკასიიდან რუსეთის განდევნის საკმაოდ ძლიერი ბერკეტი _ დარიალის გზის გადაკეტვის შესაძლებლობა იყო. პოლიტიკური ინტერესების თანხვედრამ და საერთო მტრის ფაქტორმა XIX საუკუნის დასაწყისში თაგაურები და ქართველები პოლიტიკური და სამხედრო მოკავშირეები, მათი ბრძოლა კი ორგანიზებული და შეთანხმებული გახადა.
მეტად მნიშვნელოვანია ამ მხრივ ვახტანგ ერეკლეს ძისა და თაგაურთა ერთ-ერთი გავლენიანი ფეოდალის, რუსეთის წინააღმდეგ შეურიგებელი მებრძოლის, დუდარუკო ახმეტოვის, ურთიერთობა. რუსი ჩინოვნიკები თავიანთ ოფიციალურ წერილებში ხაზს უსვამენ ამ ორი პიროვნების ურთიერთპატივისცემასა და რუსეთის წინააღმდეგ შეთანხმებულ მოქმედებას.
1. იქვე, 229, 396.
2. იქვე, 267.
3 იქვე, 268.
ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის საგამგებლო იყო არაგვის საერისთავო, რომელიც თაგაურთა სამფლობელოს უშუალოდ ესაზღვრებოდა. 1802 წლის თებერვალში ვახტანგ ერეკლეს ძისთვის უკვე ცნობილი იყო რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ1. 1802 წლის თებერვალში ვახტანგი წერდა, რომ ბაგრატიონების ნაწილი რუსეთში სამუდამოდ გადაასახლეს და იგივეს უპირებდნენ დანარჩენებსაც. ამის შემდეგ მან რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო და დუდარუკო ახმეტოვს დაუკავშირდა. დუდარუკო დაახლოვებული იყო ვახტანგ ერეკლეს ძის უახლოეს ადამიანებთან: გლახა ჭილაძესთან და გაბრიელ ყაზბეგთან2, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ბატონიშვილების უახლოესი თანამოაზრეები იყვნენ. განსაკუთრებული პატივისცემით ოს მოსახლეობაში სარგებლობდა გაბრიელ ყაზბეგი. მის უდიდეს ავტორიტეტს რუსეთის კავკასიური ადმინისტრაცია მაშინაც იყენებდა, როდესაც იგი ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას არა მარტო ჩამოსცილდა, არამედ ქართველ და ოს აჯანყებულებს დაუპირისპირდა.
ერთ-ერთი რუსული ოფიციალური დოკუმენტი იუწყება, რომ დუდარუკოს ვაჟი რამდენჯერმე თბილისშიც იმყოფებოდა ქართველ ბატონიშვილებთან მოსალაპარაკებლად3. 1802 წლით დათარიღებულ დოკუმენტში კი დაფიქსირებულია, რომ „რუსეთის წინააღმდეგ კავშირის განმტკიცების მიზნით“, დუდარუკო ახმეტოვი და გლახა ჭილაძე დანათესავებულან და, კავკასიაში მიღებული ტრადიციით, თავიანთი შვილები აკვანში დაუნიშნავთ4.
1. АКАК, I, 268.
2. იქვე, 128
3. იქვე, 268, 269
4. იქვე. 269.
ქართველებისა და ოსების შეხვედრები რუსეთის საწინააღმდეგო ერთობლივი გამოსვლების ორგანიზებას ემსახურებოდა. კავკასიის რუსული ადმინისტრაციისთვის ცნობილი იყო, რომ ქართველები და ოსები მდინარე თერგის ადიდებას ელოდებოდნენ, რომ აჯანყებულიყვნენ. ეს ივნის-ივლისში ხდება1.
XIX საუკუნის დასაწყისი მძიმე პერიოდია თაგაურებისთვისაც. რუსეთი უკვე იწყებს მათ საქმეებში პირდაპირ ჩარევას, რაც ჩქარდება საქართველოში მანიფესტის გამოცხადების შემდეგ აქ არეულობის დაწყების შიშით. საიმპერატორო კარზე უკვე დაგეგმილია ლარსი-ბალთის გზის შეკეთება რუსი ჯარისკაცების საშუალებით2. ეს კი დარიალის გზის რუსული სამხედრო კონტიგენტით გაკონტროლებას ნიშნავდა. თაგაურებისთვის, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული მიზეზი იყო იმისთვის, რომ რუსებთან ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულიყო.
ნელ-ნელა იკვეთება ქართველებისა და თაგაურების პოლიტიკურ ინტერესთა თანხვედრაც. მართლაც, კახეთში, ქელმენჩურის შეთქმულება მდინარე თერგზე წყალუხვობის დროს, 1802 წლის ივნისში, დაიწყო. ეს კიდევ ერთი დადასტურება იყო იმისა, რომ კავკასიის რუსულ ადმინისტრაციაში ზუსტი ცნობა ჰქონდათ კახელ შეთქმულებთან თაგაურების მჭიდრო კავშირის შესახებ3. ამავე პერიოდში, 1802 წლის ივნისში თაგაურებმა დუდარუკოს ხელმძღვანელობით დარიალის ხეობა გადაკეტეს, რითაც საქართველოში მყოფ რუსებს კავკასიის საკორდონო ხაზთან კავშირი გადაუჭრეს4. ეს რუსეთისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა.
ვითარების გართულების თავიდან აცილების მიზნით რუსეთის კავკასიურმა ადმინისტრაციამ ჩრდილოეთიდან (საკორდონო ხაზიდან) და სამხრეთიდან (თბილისიდან) თაგაურთა წინააღმდეგ დამსჯელი ექსპედიციები დაიწყო. რუსები სასტიკად გაუსწორდნენ აჯანყებულებს5.
ამ ექსპედიციას დუდარუკოს ცხრამეტი მომხრე შეეწირა, რუსებმა გადაწვეს მისი საცხოვრებელიც6. დუდარუკო იძულებული გახდა კნორინგისთვის საბრძოლო მოქმედებების შეჩერება ეთხოვა და რუსების მოთხოვნების შესრულების პირობა დაედო. იგი სხვა მამასახლისების მსგავსად მძევლების მიცემაზეც დათანხმდა7.
ამ მოვლენების პარალელურად დაიწყო ვახტანგ ერეკლეს ძის განეიტრალების ოპერაციაც. აჯანყებაში მის მონაწილეობაზე რუსებს ზუსტი ინფორმაცია ჰქონდათ. ნაცვალმა კობიევმა კოვალევსკის აცნობა, რომ „ბატონიშვილი ვახტანგი, და არა სხვა ვინმე იყო მთავარი დამნაშავე მთავარსარდალზე თაგაურთა თავდასხმაში... გლახა ჭილაძის ქალისა და დუდარუკო ახმეტოვის ვაჟის ნიშნობა კი სწორედ ხეობაში რუსეთის ქვეშევრდომებზე ერთობლივი თავდასხმებისთვის კავშირის განმტკიცებას ემსახურებოდა“8.
1. იქვე.
2. მ. ტყავაშვილი, რუსული სამხედრო ექსპედიცია თაგაურელთა წინააღმდეგ კ. კნორინგის ხელმძღვანელობით... გვ. 109; АКАК, I, 130.
3. АКАК, I, 269.
4. მ. ტყავაშვილი, რუსული სამხედრო ექსპედიცია თაგაურელთა წინააღმდეგ კ. კნორინგის ხელმძღვანელობით... გვ. 111.
5. АКАК, I, 588.
6. იქვე, 375, 588.
7. იქვე, 589.
8. АКАК, 269.
1802 წლის ივლისში რუსეთის კავკასიურმა ადმინისტრაციამ ვახტანგ ბატონიშვილისა და გლახა ჭილაძის დაჭერის ბრძანება გასცა1. ამ უკანასკნელებმა მთაში გაქცევა მოასწრეს2.
რუსები ვახტანგ ბატონიშვილს ფეხდაფეხ დასდევდნენ და ჯარის შეყრისა და თაგაურებთან ერთობლივი მოქმედების საშუალებას არ აძლევდნენ. იგი ჯერ გუდამაყარში, შემდეგ კი დუშეთში გლახა ჭილაძის სასახლეს აფარებდა თავს. მას შემდეგ რაც მაიორმა ტუჩკოვმა გლახა ჭილაძის სახლს ალყა შემოარტყა, ვახტანგ ბატონიშვილი ტყეში გაიქცა. რუს მოხელეებს ეშინოდათ, რომ ის თაგაურებთან არ გადასულიყო3. ვახტანგი 1802 წლის აგვისტოში შეიპყრეს და რუსეთში გადაასახლეს. მის ამალაში დუდარუკო ახმეტოვთან დანათესავებულ გლახა ჭილაძესაც ვხედავთ4.
ვახტანგ ბატონიშვილის გადასახლების შემდეგ დუდარუკო ახმეტოვი სხვა ქართველ ბატონისვილებს უკავSირდება. 1803 წლის აგვისტოში რუსეთის კავკასიურ ადმინისტრაციას ჰქონდა ცნობა იმის შესახებ, რომ დუდარუკო იმყოფებოდა იმერეთში იულონ ერეკლეს ძესთან მოსალაპარაკებლად5.
ოსები და ქართველები რუსების წინააღმდეგ ერთობლივ გამოსვლებს არ წყვეტდნენ მომდევნო პერიოდშიც. ამის საუკეთესო დადასტურებაა 1804 წლის მთიულეთის აჯანყება. რუსული ოფიციალური დოკუმენტების ცნობით, თაგაურები რუსეთის ხელისუფლების მიერ დატყვევებული და რუსეთში გადასახლებული ქართველი ბატონიშვილების გამოხსნასაც გეგმავდნენ6.
1. იქვე, 270.
2. იქვე, 270-71.
3. იქვე, 275.
4. იქვე, II, 77.
5. იქვე, 128.
6. იქვე, 128.
რუსეთის წინააღმდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ლიდერი ქართველი ბაგრატიონების ძირითადი ნაწილის (დავით, იულონ, ფარნაოზ, ვახტანგ და ა. შ.) რუსეთში გადასახლების შემდეგ თაგაურებისა და ქართველების ანტირუსულ გამოსვლებს შორის კავშირი შესუსტდა. რუსეთი სულ უფრო სასტიკ ღონისძიებებს მიმართავდა თაგაურთა ურჩობის ასალაგმავად. მათ ამყოფებდა ეკონომიკურ იზოლაციაში, ართმევდა მძევლებს...
1807 წელს რუსეთისგან უკიდურესობამდე შევიწროვებულმა თაგაურებმა კავკასიის მთავარმართებელ გუდოვიჩს შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნეს: „მას შემდეგ, რაც მოგვაკლდა საჩუქრები და შემოსავალი, რომლებსაც ძველად ქართველი მეფეებისგან ვიღებდით, უკიდურეს გაჭირვებამდე მივედით. ამის გამო ზოგიერთი ყმაწვილი კაცი აღარ გვიჯერებს, აწყობს თავდასხმებს თქვენს ქვეშევრდომებზე და ძარცვავს მათ... ამით ჩვენი ხალხი ინაზღაურებს იმ დანაკლისს, რომელიც მიუღებელი გასამრჯელოსგან შეგვექმნა“1.
გუდოვიჩი მათ შემდეგს პასუხობს: „თქვენ წერთ, რომ შეგიწყდათ შემოსავლები და უკიდურეს სიღატაკემდე მიხვედით... რომ ურჩი ყმაწვილები აღარ გიჯერებენ, ძარცვავენ მგზავრებს და იქვე წერთ, რომ გსურთ შეასრულოთ გრაფ იველიჩის ნება-სურვილი, თქვენ ჩივით მაიორ გრინევზე, რომ იგი გავიწროვებთ და იმუქრებით კიდეც, რომ, თუ ის არ შეცვლის თქვენს მიმართ დამოკიდებულებას, მოხდება მრავალი უბედურება და ამაზე თქვენ პასუხი არ მოგეთხოვოთ..., მე მიგითითებთ, რომ ქართველი მეფეების მიერ მიცემულ შემოსავლებს ნუღარც ახსენებთ, რადგანაც ისინი აღარ არიან; ნურც ბატონიშვილებისგან მოცემული ბარათების იმედი გექნებათ, მათ მისი მოცემა აღარ შეუძლიათ. თუ თქვენ დამორჩილდებით და ერთგულად ემსახურებით რუსეთის ხელისუფლებას, აღარ დაესხმებით თავს ჩვენს ქვეშევრდომებსა და ტერიტორიებს, აღარ იქურდებთ, აღარ გაძარცვავთ და დახოცავთ გამვლელებს, ჩვენგან გექნებათ გარკვეული გასამრჯელო“2.
1. АКАК, III, 217-218.
2. იქვე, II I, 217.
გუდოვიჩის აღნიშნული წერილიდან ირკვევა, რომ რუსეთის ხელისუფლება არავითარ დათმობაზე არ მიდის თაგაურების მიმართ, იგი არ ღალატობს იმ პოლიტიკურ კურსს, რომელიც რუსეთმა XIX საუკუნის დასაწყისში კნორინგისა და ციციანოვის მმართველობის დროს აიღო და სიმკაცრით და ეკონომიკური ზეწოლით ცდილობს თაგაურთა ურჩობის მოთოკვას. აშკარაა ისიც, რომ რუსეთის სახელისუფლებო წრეები არ აპირებენ თაგაურების მიერ მათთვის შეთავაზებული გამოსავლის _ ქართული სამეფო კარის გამოცდილების, გაზიარებას.
აღნიშნული წერილებიდან იკვეთება თაგაურების მიმართ ქართული და რუსული სამეფო სახლების განსხვავებული დამოკიდებულება და მიზნები. ერთ მხარეზეა, ქართული სახელმწიფო, რომელიც არავითარ პრეტენზიას არ აცხადებდა თაგაურთა ტერიტორიაზე და მათ დამოუკიდებლობასაც არაფრით ზღუდავდა, პირიქით, გზების შეკეთებისა და მგზავრების უსაფრთხოებისთვის საჩუქრებისა და ფულის სახით თაგაურებს გარკვეულ კომპენსაციას უგზავნიდა. აშკარაა, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ ქართველი მეფეების სახით ოსებს ქომაგი, მათი ეკონომიკური მდგომარეობის შემხიდებელი, საიმედო ეკონომიკური და პოლიტიკური დასაყრდენი და რუსეთის წინააღმდეგ ერთგული მოკავშირე მოჰკლებიათ. გუდოვიჩი წერილში იმ მინიშნებასაც აკეთებდა, რომ ქართველების გარეშე მარტოდ დარჩენილი ოსები რუსეთისთვის არც საშიშნი იყვნენ და აღარც ანგარისგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ. მათი დამოუკიდებლობა დღეებს არა მხოლოდ იმიტომ ითვლიდა, რომ რუსეთი მათ დაპყრობას ახორციელებდა, არამედ იმიტომაც, რომ მათი არსებობის არეალი მოიშალა, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო ჩამოყალიბებული. თაგაურების დამოუკიდებლობას მხოლოდ მათი თავისუფლება და ტერიტორიების ხელშეუხებლობა არ განსაზღვრავდა, არამედ მეზობელ სახელმწიფოებთან, ამ შემთხვევაში ქართლ-კახეთთან, ურთიერთობის ფორმაც.
რადიკალურად განსხვავებულია დარიალის ხეობასთან მიმართებაში რუსეთის მიზნები, რომელიც თავის შეუზღუდავ ბატონობას ამყარებს სტრატეგიულად მეტად მნიშვნელოვან გასასვლელზე, ზღუდავს აქ მცხოვრები ხალხის (ამ შემთხვევაში თაგაურების) სასიცოცხლო სივრცეს და ართმევს მათ დამოუკიდებლობას, რადიკალურად ცვლის მათი ცხოვრების წესს, ამკვიდრებს საკუთარს, ართმევს ეკონომიკური არსებობის საშუალებას და მათ უსიტყვო მორჩილებას აიძულებს.
XIX საუკუნის აღნიშნული დოკუმენტები, რომელიც თაგაურების მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებიდან ხუთი წლის შემდეგ არის დაწერილი, იმ დიდ პატივისცემაზე მიუთითებს, რომელიც ოსებს ბაგრატიონთა საგვარეულოს მიმართ ჰქონდათ.
ოსები და ქართველები დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე შემდგომ პერიოდშიც აგრძელებენ.
დამოწმებანი:
1. История народов Северного Кавказа (конец XVIII в.- 1917 г.), ред. А. Нарочницкий, Москва, 1988.
2. Акты Кавказской Археографической Комиссии, ред. А. Берже, т. 1, 1866.
3. Акты Кавказской Археографической Комиссии, ред. А. Берже, т. 2, 1868.
4. Акты Кавказской Археографической Комиссии, ред. А. Берже, т. 1, 1869.
5. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, რედ. გ. გელაშვილი, თბილისი, 1962.
6. Блиев М., Южная Осетия в колизиях российско- грузинскихотношений, Москва, 2006.
7. ჩრდილო კავკასიის ხალხთა ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბილისი, 1969.
8. გ. თოგოშვილი, ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობა, თბილისი, 1969.
9. ალ. ბენდიანიშვილი, ქართული ეროვნული სახელმწიფოს განვითარების ეტაპები, თბილისი, 2006.
10. მ. ტყავაშვილი, რუსული სამხედრო ექსპედიცია თაგაურელთა წინააღმდეგ კ. კნორინგის ხელმძღვანელობით და მდინარე თერგის ხეობაში ოსთა დასახლების ისტორიიდან, კრებულში: კავკასიის ეთნოლოგიური კრებული, რედ. რ. თოფჩიშვილი, ტ. XIV, თბილისი, 2012.
11. მ. ტყავაშვილი, მთიულეთის 1804 წლის აჯანყების როკის უბანი და ციციანოვის დამსჯელი ექსპედიცია დიდი ლიახვის ხეობაში, კრებულში: კავკასიის ეთნოლოგიური კრებული, რედ. რ. თოფჩიშვილი, ტ. XII, თბილისი, 2010.
Комментариев нет:
Отправить комментарий