среда, 30 октября 2019 г.

ნატო და ცივი ომი

მოკლე ისტორია
1939 წლის სექტემბერში გერმანიის, იტალიისა და იაპონიის ნაცისტურ-ფაშისტურმა კოალიციამ მეორე მსოფლიო ომი წამოიწყო მსოფლიოზე გაბატონების იმედით. მათ წინააღმდეგ გაერთიანდა აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რომელთაც 1941 წლიდან საბჭოთა კავშირიც შეუერთდა. 1941 წლის აგვისტოში აშშ- პრეზიდენტმა რუზველტმა და ბრიტანეთის პრემიერმა ჩერჩილმა ხელი მოაწერესატლანტიკის ქარტიას“, რომელიც მსოფლიო მოწყობის ძირითად პრინციპებს მოიცავდა. მოგვიანებით ქარტიას შეუერთდა საბჭოთა კავშირიც. ეს ზოგადი პრინციპები იყო: ერების თვითგამორკვევის უფლება; მათი პოლიტიკური არჩევანის თავისუფლება; „ღია კარისპრინციპი მსოფლიო ვაჭრობაში; საზღვაო მიმოსვლის თავისუფლება; ძალისმიერი პოლიტიკის საყოველთაო უარყოფა; მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო წესრიგის დამკვიდრება.
 
 
 
 
 

1945 წელს სამი მოკავშირე ქვეყნის (აშშ-, დიდი ბრიტანეთისა და სსრკ-) ძალისხმევით გერმანიის ნაცისტური რეჟიმი დამარცხდა და თითქოს, ევროპის კონტინენტზე ჰარმონიული თანაცხოვრება და სტაბილური განვითარება უნდა დაწყებულიყო. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ილუზია იყო. დასავლეთ ევროპელი ლიდერები და მათი მოკავშირეები რეალისტურად აფასებდნენ საბჭოთა კავშირის კომუნისტური ერთპარტიული რეჟიმის ექსპანსიური პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეებს. ცხადი იყო, რომ გამარჯვებულმა საბჭოთა კავშირმა ევროპაში ფაშისტური დიქტატურის ჩანაცვლება არანაკლებ საფრთხის შემცველი კომუნისტური დიქტატურით განიზრახა. მაშინ, როცა დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა შეასრულეს ომის შემდგომ ნაკისრი ვალდებულებები, სამხედრო ძალების შემცირებასა და სამხედრო მოსამსახურეების დემობილიზაციასთან დაკავშირებით, საბჭოთა კავშირი არ ჩქარობდა ამ ვალდებულებების შესრულებას და ევროპის კონტინენტზე სამხედრო ძალების სრულ შემადგენლობას ინარჩუნებდა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში უსაფრთხოების განსაკუთრებული გარემოებები ჩამოყალიბდა. საბჭოთა კავშირს მომგებიანი პოზიცია ეკავა და ცდილობდა შექმნილი სტრატეგიული უპირატესობით მანიპულირებას. საბჭოთა კავშირის არმია უკუქცეული მტრის დევნისას ღრმად შეიჭრა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ტერიტორიაზე. მოახდინა პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის, რუმინეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, ასევე ავსტრიისა და გერმანიის ტერიტორიების ოკუპაცია და დაიკავა სტრატეგიული პოზიციები. ოკუპირებულ ქვეყნებში საბჭოთა კავშირი მოსკოვისადმი ლოიალურ და კომუნისტური იდეოლოგიის მიმდევარ რეჟიმებს ახალისებდა. ასევე ნათელი იყო, რომ საბჭოთა კავშირის ზრახვები აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებით არ შემოიფარგლებოდა. საბჭოთა კავშირის ლიდერს, სტალინს კომუნისტური იდეოლოგიის გავრცელება და მისი გავლენის სფეროს გაფართოება სურდა ცენტრალურ და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში, კერძოდ საფრანგეთში, იტალიასა და საბერძნეთში, სადაც კომუნისტური იდეოლოგიისადმი სიმპათიით განწყობილი პოლიტიკური ძალების მომძლავრების ტენდენცია თვალში საცემი იყო. მოსალოდნელ საფრთხეზე 1946 წლის 5 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ფულტონში უინსტონ ჩერჩილმა (რომელიც დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერის რანგში წარდგა) გაამახვილა ყურადღება და გამოაცხადა, რომ „აღმოსავლეთ ევროპას რკინის ფარდა ფარდა ჩამოეფარა“ და მოუწოდა მსოფლიოს თავისუფალ ერებს ჯვაროსნული ლაშქრობისკენ კომუნიზმის წინააღმდეგ.

XX საუკუნის ორმოციანი წლების მიწურულს ევროპის კონტინენტზე მშვიდობის შენარჩუნებისა და აღმშენებლობის გზაზე მნიშვნელოვანია, ჯეროვნად შეფასდეს ამერიკის შეერთებული შტატების დროული და თამამი პოზიცია, რომელიც, ე.წ. შეკავების დოქტრინის სახელითაა ცნობილი. პრეზიდენტ ტრუმენის დოქტრინა, რომლის მთავარი არსი ორ იდეოლოგიას შორის კრიტიკულ შეუთანხმებლობასა და მიუღებლობაში მდგომარეობდა, ევროპის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებდა. შეკავების დოქტრინის ავტორი ამერიკელი დიპლომატი ჯორჯ ფ. კენანი გახლდათ, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიული ექსპანსიის შეჩერებას ძალისმიერი პოლიტიკითა და დასავლეთის უხვი ეკონომიკური დახმარებით. ეს დოქტრინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯორჯ მარშალმა განახორციელა, მისი გეგმა „მარშალის გეგმის“ სახელითაა ცნობილი. 1948 წლის 2 აპრილს აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი „ევროპის აღორძინების“ შესახებ, რომლის მთავარი ამოცანა ეკონომიკურ დონეზე კომუნიზმის შეკავება გახლდათ. „მარშალის გეგმის“ შედეგად თექვსმეტმა ევროპულმა სახელმწიფომ აშშ-სგან 13 მლრ. დოლარის დახმარება მიიღო.
კენანის დოქტრინა ამოქმედდა, როცა „გაწითლების“ საფრთხე საბერძნეთსაც დაემუქრა. აშშ-მ საჯაროდ გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის პოლიტიკის მიმართ: 1947 წელს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა თავის მიმართვაში კონგრესისადმი გამოაცხადა მზადყოფნა ყოველმხრივ დახმარებოდა არამხოლოდ ამ ბალკანურ ქვეყანას, არამედ საერთოდ „თავისუფალ ერებს“ მათ ბრძოლაში შინაური შეიარაღებული უმცირესობისა თუ გარეშე ძალების წინააღმდეგ. „ტრუმენის დოქტრინით“ გათვალისწინებულმა სამხედრო და ეკონომიკურმა დახმარებამ დასავლეთისათვის სასურველი შედეგი გამოიღო. ბერძენი კომუნისტები დამარცხდნენ. შეერთებულმა შტატებმა შეძლო ბალკანეთზე საბჭოთა კავშირის გავლენის გაფართოების შეჩერება.

მარშალის გეგმა
1947 წლის ივნისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯორჯ მარშალმა, ჰარვარდის უნივერსიტეტში გამოსვლისას აუდიტორიას გააცნო გეგმა, რასაც შემდგომში მარშალის გეგმა ეწოდა. მარშალმა აღწერა ის უკიდურესი გაჭირვება და უიმედობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომგამოვლილ ევროპაში სუფევდა. ამის შემდეგ მან შეახსენა ამერიკელებს, რა გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა ევროპის სამუდამო განადგურებას მათსავე ეკონომიკაზე. გეგმა არც ერთი იდეოლოგიისა თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ არ იყო მიმართული. მიუხედავად ამისა, სტალინის მითითებით, ე.წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებმა უარი თქვეს აშშ-ის დახმარების მიღებაზე. მარშალის გეგმა ითვალისწინებდა ამერიკელთა დახმარებას ევროპის რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური აღორძინების პროცესში. დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებისათვის მარშალის გეგმით გათვალისწინებული დახმარების გასანაწილებლად შეიქმნა ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის კომიტეტი. ეს გეგმა მოგვიანებით ევროპის აღორძინების პროგრამად გადაიქცა. აშშ-ის მოთხოვნით, აღნიშნული დახმარების შესაბამის პრიორიტეტებზე განაწილება ევროპელებს უნდა ეკისრათ. ამ მიზნით, ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის კომიტეტი 1948 წელს ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციად გადაკეთდა. პროგრამა 1952 წლამდე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში ევროპის რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური აღორძინებისათვის (16 ქვეყნისთვის)  გაწეულმა დახმარებამ 13 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. მარშალის გეგმით, პრეზიდენტ ტრუმენის მიერ გამოცხადებული დოქტრინითა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნით შეერთებული შტატები აქტიურად ჩაერთო დასავლეთ ევროპაში მიმდინარე პროცესებში.

„ჟდანოვის დოქტრინა“
საბჭოთა კავშირი მტრულად შეხვდა მარშალის გეგმის ამოქმედებას. 1947 წელს საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელმა ჟდანოვმა კომინფორმის დამფუძნებელ კონფერენციაზე განაცხადა, რომ „მსოფლიო გაყოფილია ორ ურთიერთდაპირისპირებულ კაპიტალისტურ (იმპერიალისტურ) და სოციალისტურ ბანაკად“.
ამით საბოლოოდ გაქარწყლდა იმედი საბჭოთა კავშირთან „ერთიანი მსოფლიოს“ კონცეფციის ფარგლებში თანამშრომლობისა და ორ ბანაკს შორის სასტიკი დაპირისპირება დაიწყო.
მსოფლიო ჯერ ეკონომიკურ ბლოკებად დაყოფილი აღმოჩნდა: „ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (OEEC) შექმნის საპასუხოდ საბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის დამორჩილებული სახელმწიფოები „ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოში“ გააერთიანა. ორგანიზაციაში შედიოდნენ: საბჭოთა კავშირი, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი, პოლონეთი, ალბანეთი, ჩეხოსლოვაკია. 1950 წელს დაემატა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა.

ნატოს შექმნა და რაობა
მდგომარეობა განსაკუთრებით 1947-1948 წლებში დაიძაბა. უნდა გამოიყოს სახელმწიფო გადატრიალება ჩეხოსლოვაკიაში (საბჭოთა კავშირის ზეწოლით, მრავალპარტიული, დემოკრატიული მთავრობა, მოსკოვის მორჩილი კომუნისტური ერთპარტიული რეჟიმით შეიცვალა)  და ბერლინის ბლოკადა, რომელიც 1947 წელს დაიწყო. ცხადი გახდა, რომ დასუსტებული ევროპის ქვეყნები დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ თავის დაცვას და გაეროს წესდება და სხვა არსებული საერთაშორისო მექანიზმები ევროპის დემოკრატიული და თავისუფალი განვითარების გარანტი ვერ იქნებოდა. 1948 წლის მარტში დასავლეთ ევროპის ხუთმა სახელმწიფომ – ბელგიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს „ბრიუსელის პაქტს“. ეს კავშირი მიზნად ისახავდა ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობას და თავდაცვის საერთო სისტემის შექმნას, რომელიც საბჭოთა კავშირის იდეოლოგიურ, პოლიტიკურ და სამხედრო ექსპანსიას წინ აღუდგებოდა.
„ბრიუსელის პაქტი“ დასავლეთ ევროპის საერთო უსაფრთხოების სისტემის შექმნის წინაპირობად იქცა და სწორედ ის გახდა ნატო-ს დაარსების საფუძველი. „ბრიუსელის პაქტის“ ქვეყნები ერთიან თავდაცვით სისტემაში ჩართვის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადასთან, ასევე დანიასთან, ისლანდიასთან, იტალიასთან, ნორვეგიასა და პორტუგალიასთან. მოლაპარაკებები 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონის ხელშეკრულების (ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულება) ხელმოწერით დასრულდა შეიქმნა უსაფრთხოების ერთიანი სისტემა, რომელიც ალიანსში შემავალი თორმეტივე წევრი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობასა და საერთო ფასეულობებს ეფუძნებოდა. ჩრდილო ამერიკის ჩართვა დასავლეთ ევროპის დასაცავად მოწმობდა იმას, რომ დასავლეთ ევროპაზე პოლიტიკური თუ სამხედრო ზეწოლის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელი იქნებოდა. ნატოს თავდაცვის ქოლგის ქვეშ დასავლეთ ევროპამ და ჩრდილო ამერიკამ მალე მიაღწიეს სტაბილურობის უპრეცედენტოდ მაღალ დონეს და ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისათვის მყარი საფუძველი შექმნეს. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება, ანუ ვაშინგტონის ხელშეკრულება ნატოს ფუძემდებლური დოკუმენტი 1949 წლის 4 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში გაფორმდა. ამიტომ უწოდებენ მას ვაშინგტონის ხელშეკრულებას. ხელშეკრულება 14 პუნქტისაგან შედგება. თუმცა, მეხუთე პუნქტი ხელშეკრულების ქვაკუთხედს წარმოადგენს, რომლის თანახმადაც თავდასხმა ერთ წევრ სახელმწიფოზე განიხილება თავდასხმად მთლიანად ალიანსზე.
ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცის (ქართ. ნატო, ინგლ. NATO, ფრანგ. OTAN) ძირითად ამოცანას წარმოადგენს ალიანსის წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. NATO იცავს მოკავშირეების დემოკრატიის საერთო ფასეულობებს, პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობასა და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ნატო არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ყველა გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ კონსესუსის საფუძველზე. ალიანსში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანო არის ჩრდილო ატლანტიკური საბჭო.
გადაწყვეტილების მისაღებად ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრები სამ დონეზე იმართება: ელჩების დონეზე, მინისტრების დონეზე და სახელმწიფოს მეთაურების დონეზე (მათ შეხვედრას სამიტი ეწოდება).
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომებს ნატოს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს. ნატოს შესახებ გენერალურ მდივანს სამი ძირითადი ფუნქცია აკისრია: 1. ის არის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, თავდაცვის დაგეგმვის კომიტეტისა და ბირთვული დაგეგმვის ჯგუფის, ნატო-რუსეთის საბჭოს, ნატო-უკრაინის საბჭოს, ნატო-საქართველოს საბჭოსა და ხმელთაშუა ზღვის დიალოგის თავმჯდომარე; 2. ის მოქმედებს ორგანიზაციის სახელით; გამოხატავს ორგანიზაციის პოზიციას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით; 3. ის არის ალიანსის უმაღლესი წარმომადგენელი და ორგანიზაციის მთავარი აღმასრულებელი პირი. ნატოს გენერალურ მდივანს ხმის მიცემის უფლება არ აქვს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ-ერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც გენერალური მდივანი წარმოადგენს, ორი ხმით ისარგებლებდა,  ნატოში კი თითოეულ წევრ ქვეყანას ერთი და თანაბარი ძალის ხმის უფლება აქვს. ნატოს გენერალური მდივანი წევრი სახელმწიფოების მიერ 4 წლის ვადით ინიშნება.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია კოლექტიური თავდაცვა. ნატოს დამფუძნებელი ქარტიის (ვაშინგტონის ხელშეკრულება) მე-5 მუხლში მოცემულია კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება, რომლის თანახმად, ერთ ან ერთზე მეტ სახელმწიფოზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა ნატოს ყველა წევრ სახელმწიფოზე. არსებულ შემთხვევაში, ალიანსი დახმარებას გაუწევს საფრთხის ქვეშ მყოფ წევრ ქვეყანას ან ქვეყნებს და განახორციელებს ყველა საჭირო ქმედებას, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებას, ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით. მე-5 მუხლი ნატოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, 2001 წლის 12 სექტემბერს ამოქმედდა, აშშ-ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის მომდევნო დღეს.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ გააჩნია შეიარაღებული სამხედრო ძალები მუდმივ საწყისებზე. ყოველი წევრი სახელმწიფო, რომელიც მონაწილეობს ნატოს გაერთიანებულ სამხედრო სტრუქტურაში, ვალდებულია გამოყოს განსაზღვრული რაოდენობისა და სახეობის შეიარაღებული ძალები შეთანხმებული ამოცანებისა და ოპერაციების განსახორციელებლად. თუმცა 2006 წლიდან ნატოს სრულ მზადყოფნაში ჰყავს ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული, კარგად გაწვრთნილი „სწრაფი რეაგირების ძალები“ (NRF-NATO Response Force), რომლებიც მოიცავენ სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალური დანიშნულების ძალების კომპონენტებს.
სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ალიანსის წევრი ქვეყნების მეთაურებმა ნატოს პრაღის სამიტზე 2002 წელს მიიღეს. ნატოს დოქტრინის თანახმად, ამ ძალების მთავარი ამოცანა, საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული პლაცდარმის ხუთი დღის განმავლობაში დაკავება და ძირითადი ძალების მხრიდან სრულმასშტაბიანი ოპერაციის დაწყების ხელშეწყობაა. ბოლო პერიოდში ევროპაში შექმნილი ახალი გარემოებების გათვალისწინებით სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობა 13000-დან 30000-მდე გაიზარდა.
ნატოს შტაბ-ბინა ქ. ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) მდებარეობს. მასში განთავსებულია: წევრი სახელმწიფოების ეროვნული დელეგაციები, ორგანიზაციის პოლიტიკური და სამხედრო კომიტეტები, გენერალური მდივნის ოფისი და საერთაშორისო სამსახური, საერთაშორისო სამხედრო სამსახური, პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური მისიები და სხვა მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულები.
ნატოს აქვს სამოქალაქო და სამხედრო სტრუქტურა, რომლის საქმიანობაც მოიცავს პოლიტიკურ და სამხედრო ასპექტებს. თითოეული ეს სტრუქტურა ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს – ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს. ნატოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული.

„ცივი ომი“
1955 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გაწევრიანების შემდეგ, საბჭოთა კავშირმა სასწრაფოდ შექმნა საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია – „ვარშავის პაქტი“ (1955 წლის 14 მაისი), რომელშიც შევიდნენ: პოლონეთი, ბულგარეთი, ჩეხოსლოვაკია, რუმინეთი, უნგრეთი, გდრ, ალბანეთი (დატოვა ორგანიზაცია 1968 წელს). ამით მსოფლიო ოფიციალურად გაიყო ორ დაპირისპირებულ სამხედრო ბანაკად.
კორეის ომი და ორ ნაწილად გაყოფა
კორეა 1910 წლიდან მოყოლებული იაპონიის კოლონიას წარმოადგენდა. იაპონიის დამარცხების შემდეგ საბჭოთა კავშირი და აშშ შეეცადნენ მის ყოფილ კონტროლირებად ქვეყნებში თავიანთი მომხრე ხელისუფლებები გაეყვანათ. 1948 წელს საბჭოთა კავშირ-აშშ-ს შეთანხმებით კორეა ორ ნაწილად გაყვეს: ჩრდილოეთში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა, ხოლო სამხრეთში აშშ-ს მომხრე კაპიტალისტური.
1949 წელს კომუნისტებმა სრული გამარჯვება მოიპოვეს ჩინეთის სამოქალაქო ომში და 1 ოქტომბერს ჩინეთი სახალხო რესპუბლიკად გამოაცხადეს. ამავ დროს საბჭოთა ჯარებმა ჩრდილეთ კორეა დატოვეს.
1950 წელს საბჭოთა კავშირის წაქეზებით ჩრდ. კორეის ჯარები სამხრეთში შეიჭრნენ. სამხრეთელებს აშშ-ს ჯარები მიეშველა გენერალ დაგლას მაკარტურის ხელმძღვანელობით, ხოლო კორეელებს 300000 ჩინელი მოხალისე. ყველაფერი 1953 წელს ახალი ზავით და კორეის საბოლოოდ ორ ნაწილად გაყოფით დასრულდა. დღეისთვის ჩრდილო კორეა ერთპარტიულ ტოტალიტარულ რეჟიმში უკიდურესად სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო სამხრეთი კორეა კაპიტალისტური და თავისუფალი ქვეყანაა და ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მდიდარი სახელმწიფოა.




„უკუგდების დოქტრინა“
1954 წელს აშშ-ში მიიღეს „უკუგდების დოქტრინა“, რომლის მიხედვით აშშ იერიშზე გადავიდა და ანტისაბჭოთა ახალი რეგიონული სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციები შექმნა.
1954 წელს შეერთებულმა შტატებმა, ინგლისმა და საფრანგეთმა ავსტრალიასთან, ახალ ზელანდიასთან, პაკისტანთან, ტაილანდსა და ფილიპინებთან დადეს ხელშეკრულება „სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კავშირის“  სეატო-ს შექმნის შესახებ. სეატო რეგიონში უსაფრთხოების გარანტი უნდა გამხდარიყო.
1955 წელს მსგავსი კავშირი შეიკრა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სახელმწიფოებთან. ერაყმა, თურქეთმა, ირანმა, პაკისტანმა და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს „ბაღდადის პაქტს“. აშშ ამ ორგანიზაციაში დამკვირებლის სტატუსით იყო. 1959 წლიდან კავშირი ერაყმა დატოვა და სენტო-დ იქცა. იარსება 1978 წლამდე.
შეჯიბრი შეიარაღებაში
1945 წელს აშშ-მ ატომური ბომბი შექმნა, რომლითაც იმავ წლის 6 და 9 აგვისტოს იაპონიის ქალაქები ჰიროსიმა და ნაგასაკი დაბომბა. 1949 წელს ატომური ბომბი უკვე სსრკ-მაც შექმნა. 1952 წელს ამერიკელებმა ამჯერად წყალბადის ბომბი შექმნეს. შემდგომ წელს ეს სსრკ-მაც გააკეთა. 1952 წელს ატომურო ბომბი შექმნა ბრიტანეთმა, 1960 წელს საფრანგეთმა, 1964 წელს ჩინეთმა, 1974 წელს ინდოეთმა, 1998 წელს პაკისტანმა. ატომური იარაღი აქვს ისრაელსაც. იქმნება ატომური იარაღის მატარებელი თვითმფრინავები, წყალქვეშა ნავები, რაკეტები.
1957 წელს საბჭოთა კავშირმა კოსმოსში პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა და კონკურენცია აქაც დაიწყო.

კუბის რევოლუცია და კარიბის კრიზისი
1956 წლის დეკემბერში სასაზღვრო ბრძოლების შემდეგ კასტროს მებრძოლები ფიდელის, რაულის და არგენტინელი ექიმის ერნესტო ჩე გევარას მეთაურობით კუბაში ორიენტეს პროვინციაში გადმოსხდნენ. ფიდელის რევოლუცია დაიწყო.
ორწლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ 1959 წლის 1 იანვარს რევოლუციონერები ჰავანაში შევიდნენ და ბატისტას რეჟიმი დაამხეს. ყველა ბრძოლის დროს ფიდელი, როგორც უმამაცესი სარდალი მუდამ ცეცხლის ხაზზე იბრძოდა და მებრძოლებს პირად მაგალითს აძლევდა და ამხნევებდა. 1957 წ. „ნიუიორკ თაიმსის“ ჟურნალისტისადმი მიცემულ ინტერვიუში ფიდელ კასტრო ამბობდა: „მე ხელისუფლება არ მაინტერესებს, გამარჯვების შემდეგ მე დავბრუნდები საკუთარ სოფელში და გავაგრძელებ ადვოკატის საქმიანობასო“. მალე ფიდელი პრემიერ-მინისტრი გახდა (1965 წ. ქვეყნის კომპარტიის ლიდერი გახდა, 1976 წლიდან კი პრეზიდენტობაც შეითავსა, რის შემდეგაც პრეზიდენტ-პრემიერის პოსტების ნაცვლად სახელმწიფო საბჭოს მეტაურისა და მინისტრთა საბჭოს მეთაურის პოსტები დააწესა, თან ისე რომ ორივეს ერთი კაცი იკავებდა).
1959 წლისთვის აშშ-ს პრესა კასტროს აღმერთებდა. აშშ-ს პრეზიდენტი ეიზენჰაუერი მას თავის კაცად მიიჩნევდა. თუმცა მალევე გამოჩნდა, რომ ფიდელი სულაც არ აპირებდა აშშ-ს წესებით თამაშს. „კუბა იქნება აშშ-ს მეგობარი მანამ, სანამ აშშ იქნება კუბის მეგობარი“- განუცხადა მან ნიუიორკ თაიმსის ჟურნალისტებს. როცა ამაზე ამერიკელმა ჟურნალისტმა ჰკითხა – რას იზამთ თუ აშშ მოინდომებს კუბაში წესრიგის დამყარებასო? უპასუხა: „ეს მათ 200000 გრინგოს (ასე ეძახიან ამერიკელებს ლათინურ ამერიკაში) სიცოცხლედ დაუჯდებათო”.
1959 წლის აპრილში აშშ-ს პრესის ასოციაციის მიწვევით ფიდელი აშშ-ში ჩავიდა. ეიზენჰაუერი ქალაქგარეთ გაემგზავრა, კასტროსთან შეხვედრა, რომ აეცილებინა. ვიცე პრეზიდენტი ნიქსონი კი ნახევარი საათი ესაუბრა მას და უჩვენა დაზვერვის მონაცემები თუ როგორ იყვნენ „შეპარულნი“ მისი გარემოცვის რიგებში კომუნისტები. თუმცა ამაზე ფიდელს ყურადღება არ მიუქცევია. ამ საუბრის შემდეგ ნიქსონმა დაასკვნა, რომ კასტრო ან ვერ აფასებს კომუნისტური სენის საშიშროებას, ან უკვე დიდი ხანია მოწამლულია ამ სენით. ამიერიდან აშშ-ს ხელისუფლებამ კასტროს დამხობაზე ან ლიკვიდაციაზე დაიწყო ფიქრი.
ცოტა ხანში ფიდელ კასტრომ აშშ „გადააგდო“, შეაჩერა კონსტიტუცია, დაამყარა ერთპარტიული რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობისა და კერძო საკუთრების ნაცვლად კი კუბაში სოციალიზმის მშენებლობა გამოაცხადა და ქვეყანა ლათინურ ამერიკაში სსრკ-სა და კომუნიზმის მთავარ ბაზად აქცია. ამიერიდან კასტრო ამერიკის ნომერ პირველ მტრად იქცა.
1959 წელსვე აშშ-მა იტალიაში 30 და თურქეთში 15 ატომური რაკეტა განათავსა, რომელთა სავარაუდო მიზანი სსრკ-ის სამხრეთი ნაწილი იყო. 1962 წლის აპრილში თურქეთში განლაგებული ამერიკული „თორის“ და „იუპიტერის“ სისტემის რაკეტები საბრძოლო მდგომარეობაში იყო მოყვანილი. სსრკ-მა ეს ქმედება მისი უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ აქციად შეაფასა და საპასუხო ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.
1962 წლის მაისში სსრკ-მა დაიწყო ოპერაცია „ანადირის“ განხორციელება. ამ გასაიდუმლოებული აქციის მიხედვით წითელმა არმიამ დაიწყო კუბაზე ატომური რაკეტების სტაციონიერება და 40000 მებრძოლის გადასხმა. მიზეზად დასახელებულ იქნა აშშ-ის მხრიდან კუბის სავარაუდო ინტერვენცია. ნამდვილი მიზეზი კი იმ სტრატეგიული წონასწორობის აღდგენა იყო, რომელიც აშშ-მა დაარღვია იტალიასა და თურქეთში რაკეტების განლაგებით.
1962 წლის აგვისტოში სი-აი-ეი-ის აგენტებმა და მზვერავი თვითმფრინავის ლოკჰიდ უ-2-ის საშუალებით აღმოაჩინეს საბჭოური რაკეტების სასტარტო ნაგებობები კუბაზე (პროვინცია პინარ დელ რიო). თავდაპირველად აშშ კუბაზე რაკეტების არსებობის ფაქტს არ უშვებდა და ამიტომაც ამ აღმოჩენას მძაფრი რეაქცია არ მოჰყოლია.
14 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯონ ფ. კენედიმ „სი-აი-ეის“ ნება დართო საიდუმლო საჰაერო ფოტოგადაღებები ეწარმოებინა მზვერავ თვითმფრინავ „ლოკჰიდ უ-2“-ის გამოყენებით. 15 ოქტომბრის ფოტოგადაღებებმა დაადასტურეს კუბაზე საბჭოთა ატომური რაკეტების არსებობა. გაირკვა რომ რაკეტები „სს-4“ ტიპის საშუალო დიაპაზონის რაკეტები იყვნენ, რომლებსაც შეეძლოთ ვაშინგტონამდე მიღწევა. სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ყველა ატომურ ომს ელოდა, თუმცა ორივე ქვეყნის ლიდერმა ტავშეკავება გამოიჩინა. ერთი კვირის შემდეგ ხრუშჩოვმა რაკეტების უკან წაღება გადაწყვიტა.
 

ვიეტნამის ომი (1964-1975)
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ვიეტნამი საფრანგეთის კოლონია იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთი იაპონიის მთავრობას მოელაპარაკა, იმის შესახებ, რომ იაპონია მიიღებდა ყველა სტრატეგიულ რესურს, თუ ის ვიეტნამის ტერიტორიას საფრანგეთს შეუნარჩუნებდა. 1945 წელს იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკა. თუმცა საფრანგეთი არ აპირებდა ამ ქვეყნის დათმობას და 1946 წელს იქ საექსპედიციო კორპუსი გადაისროლა, რომელმაც მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ვიეტნამელებმა, რომლებიც მნიშვნელოვან დახმარებას იღებდნენ, კონტრშეტევა დაიწყეს. საბოლოოდ რვა წლიანი ომი ჟენევის შეთანხმებით დასრულდა. ამ შეთანხმებით ვიეტნამი – 17 პარალელზე ორ ნაწილად გაიყო.
50-იან წლებში საგრძნობლად გაიზარდა აშშ-ს როლი, ვიეტნამის საქმეებში. კომუნისტების გამარჯვების შემდეგ ჩინეთში, აშშ ვიეტნამში განვითარებულ მოვლენებს მიიჩნევდა, როგორც სსრკ-ს ექსპანსიას ამ რეგიონში და დაიწყო სამხედრო დახმარების გაწევა საფრანგეთისთვის.
ჟენევის შეთანნხმების შემდეგ ამერიკამ ამ რეგიონში საფრანგეთის ჩანაცვლება გადაწყვიტა და სამხეთ ვიეტნამის პრემიერ მინისტრის – ნგო დინ ზიემის (პრემიერი 1954 წლიდან, პრეზიდენტი 1955 წლიდან) მოკავშირე გახდა. თუმცა ზიემის დაშავებულმა რამდენიმე შეცდომამ სამხრეთ ვიეტნამელების აჯანყება გამოიწვია, რომლებსაც ზურგს ჩრდილო ვიეტნამელები და კომუნისტები უმაგრებდნენ. ამან ამერიკა აიძულა ვიეტნამში მეტი სამხედრო დახმარება გაეგზავნა. 1961 წლიდან ქვეყანაში ამერიკის შიარაღებული ძალების პირველი რეგულარული ნაწილები შევიდა. 1963 წელს პარტიზანებმა ქალაქ აჰბაკთან ბრძოლისას, შეძლეს პირველი მნიშვნელვანი გამარჯვების მოპოვება. უკვე ნათლად ჩანდა, რომ ზიემი სიტუაციას ვერ აკონტროლებდა და ამიტომ ამერიკის ზეგავლენით 1963 წლის 1 ნოემბერს ჩამოგდებულ და მოკლულ იქნა სამხედრო მეთაურ ზიონგ ვან მინის მიერ, რომელიც 3 თვით ქვეყნის დიქტტორი გახდა. 
1964 წლის 2 აგვისტოს ტონკინის ყურეში შეტაკება მოხდა ამერიკული გემ „მედოკსა“ და ჩრდილო-ვიეტნამელების კატერებს შორის. ერთ-ერთი ვესიით ამის მიზეზი ის იყო, რომ ამერიკელები ჩრდილო-ვიეტნამის ტერიტორიულ წყლებში შეიჭრა. ამერიკელებმა, რომლებმაც შეტაკებაში „F-8“ ტიპის თვითმფრინავები ჩართეს, ვიეტნამელებს უკან დახევა აიძულეს. ამ ინციდენტთან დაკავშირებით კონგრესმა 5 აგვისტოს მიიღო „ტონკინის რეზოლუცია“ რომლითაც ამერიკის პრეზიდენტს ეძლეოდა, საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალის გამოყენების უფლება. ამ დროს მდგომარეობა სამხრეთ ვიეტნამში უარესდებოდა, რისი შედეგიც იყო პარტიზანების თავდასხმა ამერიკული სამხედრო ძალების ობიექტზე ქალაქ პლეიკში, სადაც ათობით ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა. ამ შემთხვევის გამო აშშ-ს პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა გადაწყვიტა ჩრდილოეთ ვიეტნამის სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა.
1965 წლის მარტში დანანგის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აეროპორტის დასაცავად სამხრეთ ვიეტნამში გაიგზავნა ქვეითთა ორი ბატალიონი. წლის ბოლოსათვის სამხრეთ ვიეტნამში 185 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფებოდა. შემდეგ სამ წელიწადში მათი რიცხვი 540 ათასამდე გაიზარდა. პირველი ფართომაშტაბიანი შეტაკება ამერიკელთა მონაწილეობით 1965 წლის აგვისტოში მოხდა. 1965 წლიდან 1969 წლამდე აშშ ატარებდა ფართომაშტაბიან ოპერაციებს პარტიზანების და ჩრდილო ვიეტნამელთა არმიის მნიშვნელოვანი ჯგუფების გასანადგურებლად. ეს სტრატეგია „მოძებნა და განადგურება“ შეიმუშავა აშშ-ს გენერალმა უილიამ უესტმორლენდმა. მას შემდეგ, რაც ჩრდილო ვიეტნამის ბაზების დაკავების გეგმა ჩაიშალა, ამერიკელები ემზადებოდნენ ახალი ფართო მაშტაბიანი ოპერაციისთვის. გადამწყვეტი როლი ითამაშა მოულოდნელობამ, რადგან შეტევა დაიწყო „ტეტ“-ის დღესასწაულის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული ვიეტნამელებისთვის. საპასუხოდ 1968 წლის 30-31 იანვარს პარტიზანებმა შეტევა დაიწყეს მთელს სამხრეთ ვიეტნამზე, მათ შორის მის დედაქალაქ საიგონზეც. თუმცა ყველა შეტევა თავიდან იქნა აცილებული. ამ ოპერაციით ჩრდილო ვიეტნამელებმა და კომუნისტებმა დიდი დანკლისი მიიღეს.
1968 წლის ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა რიჩარდ ნიქსონმა, რომელიც ომის დასრულების მომხე იყო. ომ დროს კომუნისტების მთავარი ამოცანა ამერიკული ჯარისკაცებისთვის დანაკლისის მიყენება იყო. თებერვალში ჩრდილო ვიეტნამელებმა დაიწყება იერიშის მიტანა, რაც მოკავშირეებისათვის დანაკარგით დასრულდა. 1970 წლის მარტი მეზობელ კამბოჯაში გადატრიალება მოხდა. ახალმა ხელმისუფლებამ ქვეყნიდან კომუნისტების განდევნა გადაწყვიტა. საპასუხოდ ჩრდილო ვიეტნამელებმა დაიწყეს წარმატებული სამხედრო ოპერაციების ჩატარება კამბოჯაში. დასახმარებლად ამერიკამ იქ სამხედრო ნაწილები გაგზავნა, რაც მასობრივი საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, ამიტომ ორი თვის შემდეგ, ამერიკულმა სამხედრო ნაწილებმა, ნიქსონის ბრძანებით, კამბოჯის ტერიტორია დატოვეს.
1972 წლის 30 მარტს დაიწყო ჩრდილო ვიეტნამური ჯარის მორიგი შეტევა, რომელიც ისტორიაში „სააღდგომო თავდასხმის” სახელით შევიდა. მათი რაოდენობა 125 ათასს აღწევდა და პირველად ჰყავდათ ტანკები. ამას ემატებოდა ის, რომ ამერიკელთა ჯარში არ იყო საომარი განწყობა, რასაც შეეზლო ომი პარტიზანებისთვის სასარგებლოდ დაემთავრებინა. ამერიკული ავოაციის ეფექტური მხარდაჭერით შეტევა მოიგერიეს, თუმცა სამხრეთ ვიეტნამის ტერიტორიის ნაწილი კომუნისტების ხელში აღმოჩნდა. ამ ოპერაციის უარყოფითმა შედეგმა აიძულა ჩრდილო ვიეტნამელები მოლაპარაკებები დაეწყოთ ამერიკელებთან. პირველი მოლაპარაკებები პარიზში გაიმართა, რასაც ამერიკული ჯარების ვიეტნამიდან გამოსვლა უნდა დაეჩქარებინა.
1973 წლის 27 იანვარს ხელი მოეწერა პარიზის მშვიდობის ხელშეკრულებას, რომლითაც ამერიკული სამხედრო ნაწილებმა ვიეტნამი დატოვეს. ამავე წლის 29 მარტს ამერიკულმა ჯარების გაყვანა დაასრულეს. შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამხრეთ ვიეტნამელებში არ შესრულებულა. პარტიზანები კვლავ აგრძელებდნენ ომს და საბოლოოდ, 1975 წლის 30 აპრილს კომუნისტებმა საიგონში დამოუკიდებლობის სასახლეზე დროშა აღმართეს, რითაც ომი დასრულდა.
ვიეტნამის ომი პორველი ომი იყო, რომელშიც ფართოდ გამოიყენეს ზენიტური რაკეტები და საბრძოლო თვითმფრინავები. ამერიკულმა ავიაციამ ჩაატარა ოპერაციები როგორც სამხრეთ ისე ჩრდილოეთ ვიეტნამში, ლაოსსა და კამბოჯაში. 1962-დან 1973 წლამდე ამერიკელებმა და მისმა მოკავშირეებმა ჯამში 3339 თვითმფრინავი დაკარგეს, ჩრდილო ვიეტნამელელთა ცნობებით კი მათ 4181 ამერიკული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. პირველი საჰაერო დარტყმები ამერიკელებმა ვიეტნამს 1964, 1965 წლებში მიაყენეს. ამ ოპერაციების მთავარი დანიშნულება, დაზვერვა და დარტყმების მიყენება იყო სტრატეგიულ ობიექტებზე. ვიეტნამელების მთავარი იარაღი ამერიკული ავიაციის წინააღმდეგ სხვადასხვა კალიბრის ტყვიამფრქვევები იყო, ხოლო 1966 წლიდან კი აქტიურად დაიწყეს „მიგ-17“-სა და „მიგ-21“-ის გამოყენება. მონაცემებით 1967 წლეს ჩრდილოეთ ვიეტნამის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს 1067 თვითმფრინავი 435-საზენიტო რაკეტებით, 129 სამხედრო თვითმრინავით, 503-საზენიტო არტილერიით. ვიეტნამის ომი შესულია, როგორც – ომი დანაშაული რადგან ხშირი იყო უდანაშაულო მოსახლეობაზე თავდასხმის ფაქტი. მაგალითად: 1968 წლის 16 მარტს ამერიკელმა ჯარისკაცებმა ამოხოცეს სოფელ სიოგმის მოსახლეობა. მოკლულია 500 ადამიანი, ხოლო ყველა ნაგება დამწვარი და განადგურებული. მთელი ომის განმავლობაში ხშირი იყო ასევე ტყვეების დახოცვა, მიცვალებულთათვის ყურების მოჭრა და სკალპების აძრობა. ხშირი იყო სისასტიკის ფაქტები კომუნისტებისგან და პარტიზანებისგან მაგალითად 1967 წლის 5 დეკემბერს შეუტიეს სამხრეთ ვეტნამს და დახოცეს 250-მდე უდანაშაულო პირი სოფელ დაკონში. ბევრი ამერიკელი პილოტი, რომელიც ჩრდილოეთ ვიეტნამის თავზე ჩამოვარდა, აწამეს დაკითხვის დროს.
დიდი იყო მხარეთა დანაკარგი. ამერიკელთა მხრიდან დაიღუპა 58000 ჯარისკაცი, დაიჭრა 303000, ბევრმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამხრეთ ვიეტნამმა დაკარგა 250000 ჯარისკაცი, ხოლო დაიჭრა 1 მილიონზე მეტი. ოფიციალური მონაცემებით მთლიანად ომში დაიღუპა 1.1 მილიონი ჯარისკაცი, ხოლო უდანაშაულო მოსახლეობის მსხვერპლმა ორივე მხარეს 2 მილიონს გადააჭარბა.
 
 


ავღანეთის ომი (1979-1989)
1973 წლის ივლისში ავღანეთში მონარქია სამხედრო გადატრიალების შედეგად დაემხო. სახელმწიფოს სათავეში გენერალი დაუდ ხანი მოვიდა. ამას მოჰყვა ხელისუფლებისათვის ბრძოლის გაძლიერება ცალკეულ პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის. წარმოიშვა სამოქალაქო ომის კერები.
1978 წელს აპრილში სსრკ-ს დახმარებით ავღანეთში ახალი სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და სათავეში სახალხო-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ნ. თარაკი მოვიდა. 
სოციალისტურმა გარდაქმნებმა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. სსრ კავშირი და სოციალისტური ბლოკის ქვეყნები თარაკის უჭერდნენ მხარს, ოპოზიცია კი დახმარებას იღებდა მუსლიმანური ქვეყნებიდან, ჩინეთიდან და ა.შ. სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელსაც ავღანელი მოჯაჰიდები (არაბ. წმინდა საქმისთვის მებრძოლი – მუსლიმური სარწმუნოებისთვის მებრძოლები) ხელმძღვანელობდნენ.
1979 წლის სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა ხ. ამინმა ახალი გადატრიალება მოაწყო, ნ. თარაკი მოკლეს. საბჭოთა ხელმძღვანელობამ, რომელსაც ეშინოდა ავღანეთში გავლენის დაკარგვის (სსრკ-ში თვლიდნენ, რომ სახელმწიფო მეთაური ჰაზიფულა ამინი ამერიკასთან დაახლოებას ცდილობდა), მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში თავისი ჯარები შეეყვანა. ინტერვენცია დაიწყო 1979 წლის 25 დეკემბერს. საბჭოთა მედესანტეებმა ამინი მოკლეს, ხოლო სახელმწიფოს მეთაურად დაინიშნა სსრ კავშირისადმი ლოიალურად განწყობილი ბაბრაქ ქარმალი.
სისხლიანმა გადატრიალებებმა და საბჭოთა აგრესიამ უფრო დაძაბა ვითარება ავღანეთში. საბრძოლო მოქმედებები უფრო ინტენსიური გახდა. ერთ მხარეს მონაწილეობდა ავღანეთის სოც. მთავრობის და სსრკ-ს ჯარები, ხოლო მეორე მხარეს ავღანელი მოჯაჰიდები, რომლებსაც სამხედრო და ფინანსურ დახმარებას აშშ, საუდის არაბეთის, პაკისტანი, ჩინეთი და ირანი უწევდა. ქარმალის სამთავრობო ჯარების ბრძოლისუნარიანობა დაბალი იყო და ოპოზიციის რაზმებთან ბრძოლაში მთავარი სიმძიმე საბჭოთა სამხედრო კონტინგენტს დააწვა, რაც იწვევდა მისი რიცხოვნობის ზრდას (1985 საბჭოთა ჯარების რაოდენობამ ავღანეთში მაქსიმუმს მიაღწია – 108,7 ათ. კაცს).
1987 წელს ავღანეთის პროსაბჭოური რეჟიმის სათავეში მოვიდა მოჰამად ნაჯიბულა, მაგრამ მოჯაჰედების პარტიზანული მოძრაობის ჩახშობა ვერ ხერხდებოდა. ოპოზიციის ძალები ავღანეთის ტერიტორიის 75% აკონტროლებდნენ. პარტიზანებთან ბრძოლა განსაკუთრებით გაძნელდა 1986–87 წლებიდან, როდესაც მათ ამერიკიდან „სტინგერები“ (სარაკეტო დანადგარები) მიიღეს.
ამ დროისათვის საბჭოთა კავშირში უკვე დაწყებული იყო ე.წ. გარდაქმნა და ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას მოითხოვდა. ეს პროცესი 1989 წლის თებერვალში დასრულდა. ომში მონაწილეობა მიიღო 500000 სამჭოთა და 300000-ზე მეტმა ავღანელმა ჯარისკაცმა ერთი მხრივ და 200000-მდე მოჯაჰიდმა. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ (1991) ნაჯიბულას რეჟიმს ყოველგვარი დახმარება შეუწყდა, რამაც დააჩქარა მისი დამხობა (1992). ქვეყნის სათავეში მოვიდნენ ოპოზიციური ძალები. პრეზიდენტად აირჩიეს ბურანუდინ რაბანი (1992-2001). პროსაბჭოური მთავრობის გადაგდებას ავღანეთისთვის სტაბილურობა არ მოუტანია; ხანგრძლივმა ომმა აქ რადიკალური ისლამის გავლენა გააძლიერა.
1996 წელს ქაბული აიღეს რადიკალური ისლამური მოძრაობის „თალიბანის“ რაზმებმა, რომელთა კონტროლი ქვეყნის დიდი ნაწილზე გავრცელდა. თალიბთა მოწინააღმდეგე დაჯგუფებებმა პოზიციები შეინარჩუნეს ქვეყნის ჩრდილოეთში, ძირითადად, ეთნიკური ტაჯიკებითა და უზბეკებით დასახლებულ რეგიონში. თალიბების ხელისუფლება დაემხო აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შედეგად (2001).
 
 
 


ცივი ომის დასასრული საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის დაშლა.
1985 წელს სსრკ-ს ხელისუფლებაში მიხეილ გორბაჩოვი მოვიდა, რომელმაც ქვეყნის სრული „გარდაქმნა“ (პერესტროიკა) გამოაცხადა. მის მიერ წამოწყებულ „გარდაქმნას“ საბჭოთა კავშირში რეალური სოციალიზმის მშენებლობისა და კრიტიკული აზროვნების ხანა უნდა შემოეტანა. პოლიტიკის ასეთმა განვითარებამ კომპარტიას მაკონტროლებელი როლი ნელ-ნელა დაუკარგა.
გორბაჩოვი საგარეო პოლიტიკის შეცვლას და. შეერთებულ შტატებთან და დასავლეთ ევროპასთან ურთიერთობის გაუმჯობესება ცდილობდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ საბჭოთა კავშირს აღარ შეეძლო ბიუჯეტის დაახლოებით 25% სამხედრო საჭიროებებზე დაეხარჯა. ხელისუფლებაში ყოფნის წლებში გორბაჩოვმა გამოაცხადა მორატორიუმი ბირთვული იარაღის გამოცდაზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, რონალდ რეიგანთან, 1985-1988 წლებში გორბაჩევმა ოთხი დიდი შეხვედრა ჩაატარა. პირველად გორბაჩოვი რეიგანს 1985 წლის 19 ნოემბერს, ჟენევაში შეხვდა. 1988 წლის ივნისში, მოსკოვში ვიზიტის დროს, წითელ მოედანზე რეიგანმა განაცხადა, რომ აღარ განიხილავდა საბჭოთა კავშირს როგორც ბოროტების იმპერიას. სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის როლში გორბაჩოვი 11-ჯერ შეხვდა ამერიკის პრეზიდენტებს. ხუთჯერ რეიგანს, ხოლო ექვსჯერ ჯორჯ ბუშ უფროსს.
1989 წელს საბჭოთა კავშირი ღრა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა. ამით ისარგებლეს აღმ. ევროპის ქვეყნებმა და კომუნისტური რეჟიმები დემოკრატიული არჩევნებით შეცვალეს. ასე მოვიდნენ ხელისუფლებაში დისიდენტური (წინააღმდეგობის) მოძრაობის ლიდერები პოლონეთში, (ლეხ ვალენსა), ჩეხოსლოვაკიაში (ვაცლავ ჰაველი) და რუმინეთში (ტრაიან ბესესკუ). 1990 წელს თვით საბჭოთა კავშირიდან გასვლა და დამოუკიდებლობა გამოაცხადა ლიეტუვამ და ლატვიამ. კომუნისტური რეჟიმი შეცვალა უნგრეთმა, ბულგარეთმა. გდრ-მ კი არსებობა შეწყვიტა და გერმანიის ერთიანობა აღსდგა.
1993 წელს ჩეხოსლოვაკია მშვიდად დაიშალა ჩეხეთად და სლოვაკეთად და კაპიტალისტური განვითარების გზა აირჩია.
1991 წელს დაიწყო იუგოსლავიის დაშლა. დამოუკიდებლობა ეტაპობრივად გამოაცხადეს ხორვატიამ, სლოვენიამ, მაკედონიამ, ბოსნია ჰერცეგოვინამ. სერბებს ბოსნიის ტერიტორიის ნახევარი ეკავათ, ამიტომ მათ სამოქალაქო ომი წამოიწყეს, რათა მთელი ბოსნია-ჰერცეგოვინა სერბეთის შემადგენლობაში მოექციათ. 1995 წელს ნატოს ჩარევით ბოსნია ჰერცეგოვინა ერთიან რესპუბლიკად ჩამოყალიბდა, ადგილობრივი სერბების, ბოსნიელებისა და ხორვატების უფლებების გათვალისწინებით.
1991 წელს საბჭოთა კავშირიდან გასვლა გამოაცხადა დარჩენილმა ყველა რესპუბლიკამ, თვით რუსეთის ჩათვლით.  1991 წლის 8 დეკემბერს ბელოვეჟის ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერეს უკრაინის, რუსეთისა და ბელორუსიის ლიდერებმა (ლეონიდ კრავჩუკი ბორის იელცინი სტანისლავ შუშკევიჩი), რომლითაც საბჭოთა კავშირმა არსებობა დაასრულა. 25-ში არარსებული სახელმწიფოს პრეზიდენტის პოსტი დატოვა გორბაჩოვმა. 26 ში საბჭოთა რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ოფიციალურად გამოაცხადა საბჭოთა კავშირის დაშლა.
ასე დასრულდა საბჭოთა კავშირი.

1991 წლის 8 დეკემბერი. ბელოვეჟის ხელშეკრულებას ხელს აწერენ: მარცხნივ  უკრაინის წარმომადგენლები: ვიტოლდ ფოკინი და ლეონიდ კრავჩუკი; ცენტრში ბელორუსიის წარმომადგენლები: სტანისლავ შუშკევიჩი და ვიაჩესლავ კებიჩი; მარჯვნივ რუსეთის წარმომადგენლები: ბორის იელცინი და გენადი ბურბულისი.
 
 




„ცივი ომის“ შემდეგ
ნატოსა და საბჭოთა კავშირის მეტოქეობა „ცივი ომი“ 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლით და კომუნისტური ბანაკის დაცემით დასრულდა. ყოფილი კომუნისტური ქვეყნები ეტაპობრივად შედიან ნატოში. 2000 წლიდან რუსეთის ახალმა პრეზიდენტმა თვის მიზნად საბჭოთა კავშირის აღდგენა და ნატოსთან კონკურენცია გამოცხადა. ამიერიდან ნატოს მეტოქე საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაცია იქცა. ამასთან ნატო სერიოზულ ბრძოლას უცხადებს ტერორიზმსა და ტერორისტულ რეჟიმებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატომ ე.წ. „სამშვიდობო მისიების“ განხორციელება დაიწყო. კერძოდ, ბოსნია-ჰერცეგოვინაში 1995 წელს, კოსოვოში 1999 წელს, მაკედონიაში კი  2001 წელს, სადაც იუგოსლავიის სოციალისტურ-ფედერალური რესპუბლიკის დაშლის სისხლიანმა კონფლიქტმა სერიოზული საშიშროება წარმოშვა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ საერთო – ევროპული უსაფრთხოებისათვის.
ყოფილი იუგოსლავიის სოციალისტურ-ფედერალური რესპუბლიკის დაშლის შემდეგ ნატო გადამწყვეტ როლს ასრულებს ბალკანეთში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებათა პროცესში. 1992-1995 წლების განმავლობაში ნატო აქტიურად უჭერდა მხარს ბოსნია-ჰერცეგოვინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესაჩერებლად გაეროს ძალისხმევას რეზოლუციებისა და დიპლომატიური მოლაპარაკებების მეშვეობით. გაეროს მხრიდან ყველა მცდელობა, რეგიონში მშვიდობიანი გზით შეეჩერებინა ძალადობა, ამაო აღმოჩნდა. 1995 წლის 30 აგვისტოს ნატოს თვითმფრინავებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ბოსნია-ჰერცეგოვინაში სერბთა სამხედრო ფორმირებების პოზიციებზე. საჰაერო ოპერაცია იმავე წლის 15 სექტემბრამდე გაგრძელდა. დიპლომატიურმა ძალისხმევამ და საჰაერო ოპერაციის წარმატებამ ხელი შეუწყო ბოსნია-ჰერცეგოვინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტას და ნიადაგი მოამზადა ქალაქ დეიტონში (აშშ) დაპირისპირებული მხარეების წარმატებული მოლაპარაკებისათვის, რომელიც დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებით (Dayton Peace    Accord) დასრულდა. ნატოს წარმომადგენლობა დარჩა ბოსნიაში და ხელი შეუწყო მის მოწესრიგებას და ნორმალურ სახელმწიფოდ ქცევას. დღეისთვის ბოსნია ნატოს სამოქმედო პროგრამაზეა.



1999 წელს ნატომ 78 დღიანი (24 მარტი–12 ივნისი) სამხედრო-საჰაერო კამპანია განახორციელა სერბეთში, რომლითაც დაასრულა სერბთა და კოსოვოელ ალბანელთა სამოქალაქო ომი და ხელი შეუწყო მშვიდობის ჩამოგდებას, რომლის შემდეგ კოსოვოელებმა საკუთარი სახელმწიფოს ჩამოყალიბება დაიწყეს და სერბეთის შემადგენლობიდან გავიდნენ.
ნატოსთან მარცხმა დააჩქარა სერბეთის კომუნისტური რეჟიმის კრახი. უკვე ფორმალურად არსებული იუგოსლავიის სოციალისტური რესპუბლიკა სერბეთ-ჩერნოგორიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკად იქცა. 2006 წელს ჩერნოგორიამაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ორი წლის შემდეგ მას ალბანელებით დასახლებულმა სერბულმა პროვინცია კოსოვომაც მიბაძა.





2001 წლის ივნისში მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ბორის ტროიკოვსკიმ თხოვნით მიმართა ნატო აღმოეჩინა დახმარება ქვეყნის ტერიტორიაზე ეროვნულ გამათავისუფლებელი არმიისა და ეთნიკურ ალბანელთა მეამბოხე ჯგუფების განიარაღების პროცესში. ნატოს ძალისხმევის შედეგად დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგი შედგა, რომელსაც სამშვიდობო ჩარჩო-გეგმის შემუშავება და რეგიონში საომარი მოქმედებების შეწყვეტა მოჰყვა. ოჰრიდის ჩარჩო ხელშეკრულების (Ohrid Framework Agreement)  საფუძველზე, 2001 წლის 27 აგვისტოს ოპერაციის, კოდური სახელწოდებით მთავარი მოსავალი (Operation Essential Harvest), ფარგლებში ნატომ მაკედონიაში სამხედრო მოსამსახურეთა პერსონალი შეიყვანა. ნატოს მისიას ეროვნულ-გამათავისუფლებელი არმიის ჯარისკაცების მიერ ნებაყოფლობით ჩაბარებული იარაღის შეგროვება და განადგურება დაევალა. ოცდაათდღიანი ოპერაციის შედეგად ნატოს სამხედრო მოსამსახურეებმა დიდი რაოდენობის იარაღი და სხვადასხვა ფეთქებადი ნივთიერება ამოიღეს, რამაც ხელი შეუწყო სამოქალაქო კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებას. მოგვიანებით, სკოპიეს მთავრობამ თხოვნით მიმართა ნატოს, მაკედონიის რესპუბლიკაში დესტაბილიზაციის თავიდან აცილების, ევროკავშირისა და ეუთოს დამკვირვებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შეენარჩუნებინათ მცირერიცხოვანი სამხედრო კონტინგენტი. 2003 წლის მარტიდან ნატოს მისია მაკედონიაში ევროკავშირს (EU) გადაებარა.
ნატო სამხედრო ოპერაციას 13 წლის მანძილზე (2001-2014) ახორციელებდა ავღანეთში, რომლის მიზანი ადგილობრივი ტერორისტული რეჟიმის (თალიბანის) განეიტრალება და ახალი დემოკრატიული ხელისუფლების ფორმირება იყო.
2004 წლიდან ნატო ხელს უწყობს ერაყის დემოკრატიულ ძალებს ჯერ სადამ ჰუსეინის დამხობასა და მის მომხრეებთან ომში, 2014 წლიდან კი ტერორისტული გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ომში.

ნატოს გაფართოება
ნატოს „ღია კარის პოლიტიკა“ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლს ემყარება. ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს მოწვევას, გახდეს ალიანსის წევრი, იღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭო, ალიანსის წევრების კონსენსუსის საფუძველზე. ნატოს არაწევრი სახელმწიფო არ მონაწილეობს ამგვარი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ნატოს მიმდინარე გაფართოების პროცესი არ წარმოადგენს საფრთხეს არც ერთი ქვეყნისთვის. გაფართოების მიზანი მდგომარეობს სტაბილურობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაში, ერთიანი და თავისუფალი ევროპის მშენებლობაში, მშვიდობისათვის გაერთიანებასა და საერთო დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებაში.
ნატოს კარი ღიაა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელიც მზადაა, წევრობისთვის საჭირო ვალდებულებები შეასრულოს და ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყოს ხელი. 1949 წლიდან ნატოს წევრი ქვეყნების რაოდენობა, გაფართოების შვიდი საფეხურის გავლით 12-დან 28 ქვეყანამდე გაიზარდა.
გაფართოების პირველი სამი საფეხური, რომლის დროსაც საბერძნეთი და თურქეთი (1952), დასავლეთ გერმანია (1955) და ესპანეთი (1982) წევრი ქვეყნები გახდნენ, „ცივი ომის“ დროს მიმდინარეობდა, როდესაც გადაწყვეტილება მიიღებოდა სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით.
ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატოს გაფართოების პროცესი ინტენსიური დებატების საგანი გახდა. ბევრი პოლიტიკური ანალიტიკოსი არ იყო დარწმუნებული, რომ გაფართოება სასურველ შედეგს მოიტანდა. ზოგიერთი შიშობდა, თუ როგორ აისახებოდა გაფართოების პოლიტიკა ალიანსის კავშირებსა და სოლიდარობაზე სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით რუსეთთან  ურთიერთობებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით 1995 წელს, ალიანსმა ჩაატარა სწავლება ნატოს გაფართოების შესახებ, რომლის საფუძველზეც 1997 წლის მადრიდის სამიტზე, გაწევრიანების მიზნით ალიანსმა ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი და პოლონეთი მოიწვია, ისინი ალიანსს 1999 წელს შეუერთდნენ. ეს ქვეყნები გახდნენ ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი ქვეყნებიდან პირველი ნატოს წევრი სახელმწიფოები.
1999 წლის ვაშინგტონის სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (Membership Action Plan – MAP) შეიმუშავეს, რაც ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შესაძლო წევრობისათვის მომზადებაში დაეხმარებოდა.
ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია მოლაპარაკებების დაწყების მიზნით ალიანსის პრაღის სამიტზე 2002 წელს მიიწვიეს. ჩამოთვლილი ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას შვიდივე ქვეყანა ასრულებდა.
ალბანეთი და ხორვატია, რომლებიც ნატოში 2008 წლის აპრილში ჩატარებულ ბუქარესტის სამიტზე მიიწვიეს, ოფიციალურად კი ალიანსის წევრები 2009 წლის 1 აპრილს გახდნენ.
2015 წელს ბრიუსელის მინისტერიალზე ჩერნოგორიამ ნატოსგან ალიანსის წევრობაზე მიწვევა მიიღო, ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს ნატოს გაფართოების პირველი შემთხვევაა. „ვულოცავთ მონტენეგროს. ეს არის ძალიან ლამაზი კავშირის დასაწყისი“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. 2015 წლის დეკემბრიდან მონტენეგრო ნატოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში იყო, 2017 წლის 5 ივნისს კი 29-ე წევრი ოფიციალურად გახდა.
 

ნატოს წევრები
დამფუძნებლები
04 .04.1949
1. ბელგია
2. დიდი ბრიტანეთი
3. დანია
4. ისლანდია
ისლანდია ჰყავს მხოლოდ სანაპირო დაცვის ნაწილები.
5. იტალია
6. კანადა
7. ლუქსემბურგი
8. ნიდერლანდი
9. ნორვეგია
10. პორტუგალია
11. აშშ
12. საფრანგეთი
1966-2009 წლებში საფრანგეთი გასული იყო ნატოდან.

პირველი გაფართოება
18.02.1952
13. საბერძნეთი
1974-80 წლებში საბერძნეთი არ იღებდა მონაწილეობას ალიანსის სხვა წევრთან - თურქეთთან დაძაბული ურთიერთობების გამო.
14. თურქეთი

მეორე გაფართოება
08.05.1955
15. გერმანია
1990 წლის 3 ოქტომბერს გერმანია გაერთიანდა.

მესამე გაფართოება
30.05.1982
16 ესპანეთი
ესპანეთი არ იღებს მონაწილეობას ალიანსის სამხედრო ორგანიზაციაში.

მეოთხე გაფართოება
12.03.1999
17. უნგრეთი
18. პოლონეთი
19. ჩეხეთი

მეხუთე გაფართოება
29.03.2004
20. ბულგარეთი
21. ლატვია
22. ლიეტუვა
23. რუმინეთი
24. სლოვაკეთი
25. სლოვენია
26. ესტონეთი

მეექვსე გაფართოება
01.04.2009
27. ალბანეთი
28. ხორვატია

მეშვიდე გაფართოება
05.06.2017
29. ჩერნოგორია


მერვე გაფართოება
27.03.2020
30. ჩრდილოეთ მაკედონია

ნატოში შესვლის სამოქმედო პროგრამაზე (მეპი) მყოფნი
--.12.2018  ბოსნია და ჰერცეგოვინა
აქტიურ დიალოგზე მყოფნი
--.04.2005  უკრაინა
--.09.2006 საქართველო
ნატოსთან პარტნიორობა დაიწყო 1994 წლის თებერვლიდან. 2004 წლის ოქტომბრიდან გადავიდა ინდივიდუალურ პარტნიორობაზე.

2013 წელს კიპროსის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ სურს ქვეყანა ნატოში შეიყვანოს.

ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამაზე მყოფნი
აზერბაიჯანი    მაისი 2005
არმენია            დეკემბერი 2005
ყაზახეთი         იანვარი 2006
მოლდოვა         მაისი 2006
სერბეთი            მარტი 2015



ნატოს გენერალური მდივნები
ნატოს სულ 13 ოფიციალური გენერალური მდივანი ჰყავდა.

№  სახელი და გვარი    სამშობლო 
1. ჰასტინგს ისმეი          ბრიტანეთი
 გენარალური მდივანი 24.03.1952 - 16.05.1957
1951-52 თანამეგობრობის საქმეთა მინისტრი          


2. პოლ ანრი სპააკი            ბელგია
1938-39, 1946, 1947-49 წლებში ბელგიის პრემიერ მინისტრი;
1946-47 გაეროს გენერალური ასამბლეის I თავმჯდომარე;
1949-51 ევროსაბჭოს ასამბლეის I თავმჯდომარე;
1952-54 ევროპარლამენტის I თავმჯდომარე
გენარალური მდივანი  16.05.1957 - 21.04.1961


3. დირკ სტიკერი     ნიდერლანდი
1948-1952 წლებში ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრი
გენარალური მდივანი  21.04.1961 - 01.08.1964


4. მანლიო ბროზიო        იტალია
1945-46 წლებში იტალიის სამხედრო მინისტრი
გენარალური მდივანი 01.08.1964 - 01.10.1971


5. იოზეფ ლუნსი      ნიდერლანდი
1956-71 წლებში ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრი
გენარალური მდივანი 01.10.1971 - 25.06.1984


6. პიტერ კერინგტონი   დიდი ბრიტანეთი
გენარალური მდივანი  25.07.1984 - 01.07.1988

7. მანფრედ ვიორნერი   გერმანია
1982-89 წლებში გერმანიის თავდაცვის მინისტრი
გენარალური მდივანი  01.07.1988 - 13.08.1994


— სერჯიო ბალანცინო (მ. შ.) იტალია
გენარალური მდივანი  13.08.1994 - 17.10.1994


8. ვილი კლასი                   ბელგია
გენარალური მდივანი   17.10.1994 - 20.10.1995
გადადგა თანაგუნდელების კორუფციაში მხილების გამო
ბელგიის განათლების მინისტრი 1972-73
ბელგიის ეკონომიკის მინისტრი 1973-74, 1977-82, 1988-92
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი 1992-94.


— სერჯიო ბალანცინო (მ. შ.)  იტალია
გენარალური მდივანი  20.10.1995 - 05.12.1995

9. ხავიერ სოლანა                ესპანეთი
1999-2009 წლებში ევროკავშირის საბჭოს გენერალური მდივანი.
1982-1995 წლებში ესპანეთის რამდენიმე დარგის მინისტრი.
გენარალური მდივანი 05.12.1995 - 06.12.1999


10. ჯორჯ რობერსტონი   დიდი ბრიტანეთი
გენარალური მდივანი  14.10.1999 - 17.12.2003


— ალესანდრო მანუტო-რიცო (მ. შ.)  იტალია
გენარალური მდივანი  17.12.2003 - 01.01.2004


11. იააპ ჰე ჰოოპ სხეფერი    ნიდერლანდი
2002-03 წლებში ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრი
გენარალური მდივანი 01.01.2004 - 01.08.2009


12. ანდრეს ფოგ რასმუსენი   დანია
2001-09 წლებში დანიის პრემიერ მინისტრი. 2016-19 წლებში უკრინის პრეზიდენტ პოროშენკოს მრჩეველი.
გენარალური მდივანი  01.08.2009 - 01.10.2014


13. იენს სტოლტენბერგი       ნორვეგია
2000-01 და 2005-13 წლებში იყო ნორვეგიის პრემიერ მინისტრი
გენარალური მდივანი   01.10.2014 - მოქმედი


ნატოს სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით
სახელმწიფო   რაოდენობა
აშშ                         1305000
თურქეთი                411000
საფრანგეთი            207000
იტალია                   182000
გერმანია                  180000
დიდი ბრიტანეთი  161000
ესპანეთი                 121000
საბერძნეთი             106000
პოლონეთი              103000
რუმინეთი                 70000
კანადა                        65000
ნიდერლანდი            41000
პორტუგალია            31000
ბულგარეთი              31000
ბელგია                      29000
ჩეხეთი                       22000
ნორვეგია                   20000
უნგრეთი                   18000
დანია                         16000
ხორვატია                  15000
სლოვაკეთი               13000
ლიტვა                       13000
სლოვენია                    7000
ალბანეთი                    7000
ესტონეთი                    6000
ლატვია                        5000
ლუქსემბურგი               900
სულ                       3185900


ნატოს სახელმწიფოთა სამხედრო ხარჯები 2016 წლის მონაცემებით
სახელმწიფო                 თანხა მილიარდებში
აშშ                                     664,1
დიდი ბრიტანეთი              60,3
საფრანგეთი                        43,6
გერმანია                             40,7
იტალია                               21,9
კანადა                                 15,4
თურქეთი                           11,6
ესპანეთი                            11,1
პოლონეთი                          9,3
ნიდერლნდი                       9,0
ნორვეგია                             5,9
საბერძნეთი                         4,6
ბელგია                                4,0
დანია                                   3,5
პორტუგალია                      2,8
რუმინეთი                           2,8
ჩეხეთი                                1,9
უნგრეთი                             1,2
სლოვაკეთი                         1,0
ბულგარეთი                        0,7
ლიტვა                                 0,6
ხორვატია                            0,6
ესტონეთი                           0,5
სლოვენია                            0,4
ლატვია                               0,4
ლუქსემბურგი                    0,3
ალბანეთი                           0,1
სულ                               918,3

      ნატოს კონკურენტი ჩინეთი და რუსეთი 2015 წლის მონაცემებით წლიურად სამხედრო სფეროზე შესაბამისად 2015 და 66 მილიადს ხარჯავდნენ.


Комментариев нет:

Отправить комментарий