სამცხის წარჩინებულ თავადთა შორის ერთ-ერთი საპატიო ადგილი უჭირავს კალმახელთა ფეოდალურ გვარს. 1516 წლის სამცხის თავადთა სიაში შეყვანილია კალმახელთა გვარი, რომელიც შედიოდა მცხეთის საკათალიკოსო სამწყსოში. მათი ადგილი შემდგომში დაიკავეს უზნაძეებმა1.
ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიის V ტომში, 339-ე გვერდზე ვკითხულობთ: „კალმახი – ისტორიული ციხე საქართველოში, ტაოში. აგებული VIII ს-ში. X ს-მდე ტაოს ცენტრს წარმოადგენდა. XI ს-ში კალმახი გურგენ კურაპალატის რეზიდენცია იყო. კალმახის ციხეში ჩააბარეს მეფე ბაგრატ IV-ს (XI ს.) დატყვევებული კლდეკარის მეამბოხე ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში და მისი ძე ივანე2.
გვარი კალმახელი წარმოდგება გეოგრაფიული სახელწოდებიდან კალმახი. ზემოთხსენებული გვარი „ელ“ სუფიქსით ნაწარმოები ფეოდალური გვარია, რომელიც ისტორიული კალმახის ხეობის მფლობელობას უკავშირდება. წინამდებარე სტატია კალმახელთა ფეოდალურ გვარის ისტორიის შესწავლის ცდას წარმოადგენს.
პირველი ცნობები კალმახელთა გვარის შესახებ ეკუთვნის XI საუკუნის შუახანების „მატიანე ქართლისა“-ს უცნობ ავტორს.
კალმახელთა შორის მატიანის ავტორს პირველი დასახელებული ჰყავს სულა კალმახელი, რომელიც ციხისჯვრის პატრონ გრიგოლ აბუსერიძესთან ერთად მეფე ბაგრატ IV-ის ჯარის შემადგენლობაში მყოფი, ქართლში, არყის ციხესთან, ებრძვის ლიპარიტ ბაღვაშს. ბრძოლაში ლიპარიტმა გაიმარჯვა და მეფე ბაგრატ IV გააქცია. სულა კალმახელი და გრიგოლ აბუსერისძე ტყვედ ჩავარდნენ. „შეიპყრეს სულა კალმახის ერისთავი და მრავლითა ტანჯვითა და ძელსა გასუმითა სთხოვეს კალმახი და არა მისცა. მასვე ომსა შეიპყრეს გრიგოლ ძე აბუსერისა და სთხოვეს არტანუჯი სიკვდილისა ქადებითა და მისცა“1.
XI ს-ის 50-იანი წლების მეორე ნახევარში, ბიზანტიის იმპერატორის შუამდგომლობით მოხდა ბაგრატ IV-ის ლიპარიტ ბაღვაშის შერიგება. შეთანხმების შედეგად ბაგრატ IV იქნებოდა მეფე სრულიად საქართველოსი, ხოლო ლიპარიტი ერთი მხარის, მესხეთის, მფლობელი. მცირეოდენი ხნის შემდეგ მესხმა დიდებულებმა სულა კალმახელის მეთაურობით, რომელთაც ვერ აიტანეს ლიპარიტის ბატონობა, შეიპყრეს ლიპარიტ ბაღვაში, მისი ძე ივანე და ორივენი დატყვევებულნი სულამ წაიყვანა კალმახსა და იქიდან მაცნე გაუგზავნა მეფეს. ჯავახეთში მოსულ მეფეს სულამ მიჰგვარა დატყვევებული ლიპარიტი და ივანე. „და ამის მსახურებისა ნაცვლად მეფემან უბოძა სულას მამულობით ციხისჯვარი და ოძრჴე ბოდოკლდითა და სხუაცა მრავალი საქონელი და სამღვდელმოძღურონი, და რაცა უნდა“2. ვფიქრობთ, რომ „სამღვდელმოძღურონი“-ში „მატიანე ქართლისა“-ს ავტორი აწყურის საკათედრო ტაძარს უნდა გულისხმობდეს. ამის შემდეგ კალმახელებმა საფუძველი ჩაუყარეს ციხისჯვრელთა ფეოდალურ გვარს. ჩვენ აქ ამაზე მეტს საუბარს აღარ გავაგრძელებთ, მხოლოდ დავსძენთ, რომ ციხისჯვრელებმა მომავალში დააფუძნეს ციხისჯვრელ-ჯაყელთა ფეოდალური გვარი.
ახლა ვცადოთ გავარკვიოთ, თუ ვინ არის კალმახელთა გვარის ფუძემდებელი?
ჩვენ გავიზიარებთ მკვლევარ ნ. შოშიაშვილის მოსაზრებას ახალი ჩორჩანელებიდან კალმახელთა საგვარეულოს წარმოშობის შესახებ. ამაზე არც ქართულ და არც უცხოურ წყაროებში პირდაპირი მითითება არ გვაქვს. რაც შეეხება ახალი ჩორჩანელების საგვარეულოს ფუძემდებელს, სულა მირიანის ძეს, მან თავის მხრივ საფუძველი ჩაუყარა ხურსიძეების საგვარეულოს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გეოგრაფიული ადგილი, კალმახის ციხე, ისტორიული ტაოში მდებარეობს. მის შესახებ პირველი ცნობები დაცული აქვს უცნობ ავტორს „მატიანე ქართლისა“-ში. მურვან ყრუს შემოსევის დროს VIII ს-ში, როგორც სხვებმა, ასევე პიტიახშებმაც გადაწყვიტეს თავი შეეფარებინათ კლარჯეთში, მაგრამ ისინი იქ არ შეუშვეს. ამიტომაც მათი ერთი ნაწილი გადასულა ტაოში და იქ კალმახში ციხე-სიმაგრე აუგია, ხოლო მეორე ნაწილი გადასულა კახეთში1.
ვფიქრობთ, ნ. შოშიაშვილის მოსაზრება, სულა მირიანის შთამომავლებისაგან კალმახელთა გვარის წარმომავლობის შესახებ უნდა მიმდინარეობდეს ქართული ტრადიციიდან, რომლის მიხედვითაც ქართველ ფეოდალთა შორის მიღებული იყო საგვარეულო სახელების ტარება, რომლებიც პაპიდან შვილიშვილზე, ზოგჯერ მამიდან შვილზე გადადიოდა. ამ თეორიას, სხვათაშორის, ძალიან ბევრი ქართველი მკვლევარი უჭერს და, მათ შორის, უპირველესად შეიძლება დავასახელოთ მკვლევარი ლ. მუსხელიშვილი, რომლის არაერთი ნაშრომი კვლევებში გამოყენებული აქვს ნ. შოშიაშვილს1.
მიუხედავად ზემოთხსენებულ ავტორთა დიდი დამსახურებისა, აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გავიზიარებთ, ვინაიდან, ამ ვერსიის თანახმად, ჯაყელებში გავრცელებული სახელები: ბოცო, ბეშქენ, მემნა, შემდგომში იცვლება მათთვის არატრადიციული სახელებით: სარგისი, აღბუღა, შაშია, შიბილა, პაფნუტი და სხვა.
ხოლო თორელთა საგვარეულოში მიღებული სახელი ივანე გავრცელებული იყო ასევე ბაღვაშებში, ვარდანიძეებში, ციხისჯვრელებში, სულასძეებში, აბაზასძეებში, აბულეთისძეებში და სხვა. რაც შეეხება სახელს – სულა, იგი ფართოდ ყოფილა გავრცელებული მესხეთში. ამას ადასტურებს, როგორც ეპიგრაფიკული, ისე დოკუმენტური და ნარატიული წყაროები.
ჯავახეთში, მდ. სამსარის ნაპირას კლდეში გამოკვეთილია გუმბათიანი ეკლესია, რომელსაც აქვს სააღმშენებლო წარწერა, რომელიც თარიღდება X ს-ის 20-30-იანი წლებით, სადაც მოხსენიებულია უცნობი სულა. „...სულამ მაშინ დავწერე, ოდეს მცხეთის ეკლესიაი დაწუეს აგარიანთა და წმინდა ნინოის ჴელი წარიტანეს“1. თ. ჟორდანიას ქრონიკებში მოიპოვება ცნობა, რომელშიც მოხსენიებულია სულა და თარიღდება 1038 წლით. „ქ, ე ადიდე სულითა სულა ზოლავარი და შვილნი მათნი“2. ტბეთის სულთა მატიანეში ასევე მოხსენიებულია სახელი სულა. მაგ.: „სულა, იოვანი გოგიტასშვილის შვილი, სულა, კვირიკე მოძღვრის ძმა, სულა შაუსყურიძე და სხვა“.3
ყველაზე ადრეული ეპიგრაფიკული ძეგლი, სადაც სახელი სულა არის მოხსენიებული, გახლავთ სოფ. ხუნამისში (ამჟამად თურქეთში, არტაანის ჩრდილოეთით, 40 კმ. მანძილზე) აღმოჩენილი, რომელიც 1899 წელს თბილისში ჩამოიტანა და მუზეუმს გადასცა ფოცხოვის უბნის უფროსმა მიხეილ ხერხეულიძემ. ძეგლი შემდეგნაირად იკითხება „† ესე ძელი ცხოვრებისა აემართა ქრონიკონსა რიე უფლებასა სულასა ჯაფარის ძისასა“.4 ძეგლი 895 წლით თარიღდება, ხოლო რაც შეეხება ხუნამისს, იგი გეოგრაფიულად კალმახთან ახლოს მდებარეობს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ X ს-მდე კალმახი ტაოს ცენტრს წარმოადგენს. ამის შემდეგ ტაოს ცენტრი გადადის ბანაში. X ს-ში კალმახი კი გურგენ კურაპალატის რეზიდენციაა.
როგორც ჩანს, IX ს-ის 80-იან წლებში დაწყებული სისხლისმღვრელი ბრძოლა ბაგრატიონთა ერთი სახლის ორი შტოს წარმომადგენლებს შორის X საუკუნეშიც გრძელდებოდა. ამის მაგალითია აშოტ კურაპალატის უფროსი ვაჟის ადარნასეს შვილის, ზემოთხსენებული გურგენ კურაპალატის დამკვიდრება შავშეთსა და არტაანს. „ხოლო გურგენ კურაპალატი წამოვიდა ტაოთ, კალმახით, მამულით თვისით, ცხოვრობდა შავშეთს და არტანს“1. ეს ბრძოლა და წამოსვლა, როგორც ჩანს, მიწისმფლობელობის საკითხთან არის დაკავშირებული. გურგენსა და ადარნასე ქართველთა მეფეს შორის ატყდა ბრძოლა. ადარნასე ქართველთა მეფეს მიემხრო გურგენის ძმის სუმბატ მამფალის, არტანუჯელის ვაჟიშვილი ბაგრატ I მამფალი. ჩანს აქ, ამ გამოყოფილ შტოში, არტანუჯელობისათვის (სახლის უფროსობისათვის) მიმდინარეობდა ბრძოლა. „და ამის შემდგომად შეიმტერნენ ურთიერთას და შეკრიბეს ლაშქარი ერთმანერთას ზედა ერთ კერძო გურგენ კურაპალატმან და ერთა მისთა, მეორე – კერძ ადარნასე ქართველთა მეფემან და ბაგრატ არტანუჯელმან. მოვიდეს ესენი ხევსა არტანისასა, სოფელსა მგლინავსა (ნიგალი – რ. გ.) და ჰბრძოდეს ერთმანეთსა“2. გურგენი დამარცხდა, ბრძოლაში დაიჭრა, შეიპყრეს და წყლულებით გარდაიცვალა. ხოლო არტანუჯელობა ამიერიდან ბაგრატის ძმის დავითის სახლმა დაიმკვიდრა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხუნამისის წარწერაში მოხსენიებული პიროვნება სულა ჯაფარიძის ძე კალმახის მიმდებარე ტერიტორიაზე მოღვაწე ხელისუფლების („უფლებასა სულა სა ჯაფარიძისასა“) წარმომადგენელია. როგორც ჩანს ბაგრატიონთა სახლის ორი შტოს წარმომადგენლებს შორის მიმდინარე ბრძოლების დროს სულა ჯაფარისძე ადარნასე ქართველთა მეფის მომხრეა, რის გამოც, შესაძლოა, მეფეს კალმახის საერისთაო წყალობად მისი მემკვიდრეებისათვის გადაეცა. კალმახელის გვარის გაჩენაც სწორედ ამაზე უნდა მიანიშნებდეს. ამდენად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სულა კალმახელის წინაპარი სულა ჯაფარისძეა.
ამრიგად, პირდაპირი წყაროებისა უქონლობის გამო ძნელია განისაზღვროს კალმახელთა საგვარეულოს ფუძემდებლის ვინაობა. არაპირდაპირი მონაცემებით კი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ საგვარეულოს დამაარსებელი იყო, ამიერტაოში IX-X სს მიჯნაზე მოღვაწე წარჩინებული ხელისუფალი სულა ჯაფარისძე, რომელსაც ზემოაღნიშნული წარწერაც ცხადყოფს. საბოლოო ჭეშმარიტების დასადგენად აშკარად იგრძნობა ახალი წყაროებისა და არგუმენტების მოპოვების საჭიროება.
შენიშვნები
1. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVI სს), ტექსტების პუბლიკაცია, გამოკვლევები და საძიებლები ქრ. შარაშიძისა, თბ., 1961, გვ. 35.
2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. V, თბ., 1980, გვ. 339
3. ქართლის ცხოვრება, ტ. I, თბ., 2008, 285-286.
4. ქართლის ცხოვრება, ტ. I, თბ., 2008, 287-288.
5. ქართლის ცხოვრება, ტ. I, თბ., 2008, გვ. 244
6. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე X-B, ლ. მუსხელიშვილი, თორელთა გენეალოგიის გარკვევის ცდა ჰამამლუს XII ს-ის წარწერებთან დაკავშირებით, თბ., 1940, 31.
7. ნ. შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები I. აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს). თბ., 1980, გვ. 275.
8. თ. ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა, ტფ., 1892, 180.
9. ტბეთის სულთა მატიანე, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და საძიებელი დაურთო თინა ენუქიძემ, თბ., 1977, გვ. 154-155.
10. ნ. შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები I. აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს), თბ., 1980, გვ. 109.
11. ქართლის ცხოვრება, ტ. 1, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1955, გვ. 382.
12. ქართლის ცხოვრება, ტ. 1, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1955, გვ. 382.
დამოწმებანი:
1. ქართლის ცხოვრება, 1955 - ქართლის ცხოვრება, ტ. 1, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1955.
2. ქართლის ცხოვრება, 2008 - ქართლის ცხოვრება, ტ. I, თბ., 2008.
3. შარაშიძე, 1961 - სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVI სს), ტექსტების პუბლიკაცია, გამოკვლევები და საძიებლები ქრ. შარაშიძისა, თბ., 1961.
4. საქ. სახ. მუზ. მოამბე, 1940 - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე X-B, ლ. მუსხელიშვილი, თორელთა გენეალოგიის გარკვევის ცდა ჰამამლუს XII ს-ის წარწერებთან დაკავშირებით, თბ., 1940.
5. შოშიაშვილი, 1980 - ნ. შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები I. აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს), თბ., 1980.
6. ჟორდანია, 1892 - თ. ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა, ტფ., 1892.
7. ტბეთის სულთა მატიანე, 1977 - ტბეთის სულთა მატიანე, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და საძიებელი დაურთო თინა ენუქიძემ, თბ., 1977.
8. ქსე, 1980 - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. V, თბ., 1980.
Комментариев нет:
Отправить комментарий