სამურზაყანოს გადაცემის ისტორიიდან „ჟამსა ამას ჰფლობდნენ აფხაზეთსა შარვაშიძენი ზურაბ, ქელაიშ-აჰმედ-ბეგ და ბექირ-ბეგ. ამათ შეიკრიბნეს ჯიქნი, ალანნი, ზუხუა და მაზუმაი და ამასთან აფხაზეთი და წარმოემართენ დადიანსა ზედა. განუდგენ დადიანსა სამფლობელო თვისი, აფხაზეთნი, სამურზაყანოდ წოდებული, და მიერთვენ მათ ხსენებულთა შარვაშიძეთა. მცნობმან ამისმან დადიანმა შეიკრიბა სპანი თვისნი ოდიშ-ლეჩხუმისა და სვანეთისა და დაებანაკა რუხს კიდესა ზედა ეგურისასა“, - აღნიშნავს ნიკო დადიანი.1 ესაა ქართულ ისტორიულ წყაროებში სამურზაყანოს პირველი მოხსენიება. ხოლო ჩვენთვის საკვლევ საკითხს, რუსეთისადმი სამურზაყანოს გადაცემას, ვფიქრობთ, წინ უძღოდა ის ურთულესი და მტკივნეული მოვლენები, რომელსაც ადგილი ჰქონდა XVI-XVII საუკუნეებიდან დაწყებული საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მიმდინარე ეთნო-კონფლიქტური პროცესები, რასაც მოჰყვა: 1. კავკასიელ მთიელთა ინტენსიური ჩამოსახლება აღნიშნულ ტერიტორიაზე; 2. ადგილობრივ ქართულ მოსახლეობასთან მათი შერევა და ასეთი შერევის საფუძველზე აფხაზური ეთნოსის ჩამოყალიბება. რაც შეეხება წინარე აფხაზეთს, იგი ყოველთვის კოლხეთ-ეგრისის, ქართლისა და სრულიად საქართველოს ორგანული ნაწილი იყო. ამაზე მეტყველებს „ქართლის ცხოვრება“, კერძოდ ლეონტი მროველის თხზულებაც, სადაც ვკითხულობთ, რომ თარგამოსმა თავის შვილს „ხოლო ეგროსს მისცა ქვეყანაი ზღვის ყურისაი დაუჩინა საზღვარი: აღმოსავლით - მთაი მცირე, რომელსაც აწ ჰქვიან ლიხი, დასავლით - ზღუაი; მდინარე მცირისა ხაზარეთისაი, სადა წარსწუდების წუერი კავკასიისას. ხოლო ამან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თვისი ეგრისი. აწ მას ადგილსა ჰქვან ბედია“.2
აღსანიშნავია ჯუანშერის ცნობა მურვან-ყრუს ლაშქრობათა შესახებ, სადაც აფხაზეთის სამეფო 735 წელს უკვე საქართველოს ეკუთვნის. როცა არაბებმა აღმოსავლეთ საქართველო დაიპყრეს, ისინი გაემართნენ დასავლეთ საქართველოსაკენ, გადალახეს კლისურის კედელი, „შემუსრა ქალაქი აფშილეთისაი ცხუმი და მოადგა ციხესა ანაკოფისასა“3. ანაკოფიაში იმყოფებოდნენ ქართლის ერისმთავარი არჩილი და მისი ძმა მირი, ხოლო ციხე სობღისს, რომლის აღებაც არაბებმა ვერ მოახერხეს, იცავდა აფხაზთა ერისთავი ლეონ4. მურვან ყრუსაგან დევნილი ძმები თავშესაფარს პოულობენ ცხუმში. ეს მიმანიშნებელია იმისა, რომ „აფხაზეთი საქართველოს კუთვნილება რომ არ ყოფილიყო, ის ქართლის მეფეთა საიმედო თავშესაფარი არ იქნებოდა... ჩანს აფხაზეთის ცენტრი ანაკოფია ქართველ მეფეთათვის ისეთივე საკუთრება იყო, როგორიც საკუთარი ქვეყნის სხვა ნებისმიერი ციხე“5. აფხაზეთი იყო წმინდა ქართული ადგილ-სამყოფელი, სადაც გრიგოლ ხანძთელს აფხაზთა მეფე თანხმდება აღაშენოს მონასტერი. უფრო მეტიც, იგი IX-X საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს ცენტრს წარმოადგენდა. ხოლო როცა ბაგრატ III მეფედ აკურთხეს, იგი იწოდა აფხაზთა და ქართველთა მეფედ (აფხაზეთში იგულისხმებოდა მთელი დასავლეთ საქართველო). ბაგრატიონების სამეფო ტიტულატურის ჩამონათვალში პირველი ადგილი სწორედ „აფხაზთა მეფეს“ ეკავა. „აფხაზი ისეთივე ქართველი იყო, როგორც ეგრისი და მეგრელი, როგორც ჰერეთი და ჰერი, როგორც ქართლი და ქართლელი“6.
აღსანიშნავია ის, რომ მონღოლ-თათართა თუ, უფრო მოგვიანებით, თურქ-ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში საქართველოს მოსახლეობა მნიშვნელოვნად დასუსტდა, რასაც მოჰყვა ჩრდილოეთ კავკასიიდან მთიელი ტომების გააქტიურება, ადიღე-ჩერქეზების და თურქ-ოსმალების თანდათანობით ჩამოწოლა, რომელსაც უმძიმესად მტკივნეული და დამანგრეველი ხასიათი ჰქონდა. ისინი ჩვენი ქვეყნის ნაყოფიერ მიწა-წყალს ეუფლებოდნენ: „ასე წარმოიშვა „ახალი აფხაზეთი“, რომლის მკვიდრი მოსახლე ქართველობა (ძირითადად მეგრელობა) მოსულმა აფსუებმა (ძირითადად აბაზებმა) გააქციეს ან გაააფსუეს... ასე წარმოიშვა მაჰმადიანური აფხაზეთი, რომელიც თურქეთის შემდეგ რუსეთის ქვეშევრდომი სტრატეგიული პუნქტი გახდა“7.
XVII საუკუნის შუა ხანებში ოდიშის მთავარმა ლევან II დადიანმა (1611-1657 წწ.) ააგო აფხაზეთსა და მის სამფლობელოს შორის კელასურის კედელი. ოდიშის ყოველი თავადი და ეპისკოპოსი ვალდებული იყო, ერთი თვე თავისი რაზმით დაეცვა აფხაზეთის საზღვარი.8 ამ ღონისძიებამ ცოტაოდენი შედეგი გამოიღო, მაგრამ წარმართი აფხაზები ძალზე აქტიურობდნენ და როგორც ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, დაკავებულ ტერიტორიაზე საგულდაგულოდ „დაეშენებოდნენ“. საბედისწერო აღმოჩნდა ასეთ ვითარებაში ლევან III დადიანის გარდაცვალება 1681 წელს. ტახტის მემკვიდრე დადიანი მანუჩარი ამ დროს მძევლად ჰყავდა გურიის მთავარს - გიორგი III გურიელს. გურიელი ოცნებობდა რა ოდიშის დაკავებაზე, მოკლა მანუჩარი და ოდიშის დასაკავებლად მოაწყო ლაშქრობა, მაგრამ სისხლით დატვირთული გურიელი არ ინდომეს მთავრად ოდიშელებმა და იგი „სამთავროში არ შეუშვეს“9. ასეთ უმძიმეს ვითარებაში, როგორც ვახუშტი გვაწვდის ცნობას: „ოდიში იყო უპატრონოდ და კაცია ჩიქოვანი იყო თავ და გამგე მათი“10.
ასეთ ვითარებაში ისარგებლა აფხაზთა მთავრის – საუსტან შარვაშიძის ვაჟმა სავარეხმა და ოდიშში შევიდა, თავი მთავრად გამოაცხადა და მიიტაცა ოდიშის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი. „როგორც ჩანს სორეხს რაღაც ლეგიტიმური უფლებაც ჰქონდა ოდიშის ტახტზე, საფიქრებელია, და ყველაზე უფრო დამაჯერებელი ჩანს, რომ დედა ჰყავდა ოდიშის სამთავროს სახლიდან“11. სორეხის გაბატონების პერიოდში გარდაიცვალა კაცია ჩიქვანი, ოდიშის გამგებელი კი გახდა მისი შვილი გიორგი, რომელიც ლიპარტიანად იწოდებოდა.
გიორგი ლიპარტიანმა გიორგი გურიელის და სორეხ შერვაშიძის დასათრგუნავად გადაწყვიტა, ოდიშის ტახტზე აეყვანა ახალციხის საფაშოში მყოფი ლევან III დადიანის უკანონო შვილი ლევან IV დადიანი (1683 -1691 წწ.), რომელიც ოდიშის ტახტს დაეუფლა. თუმცა სამთავროს ისევ ლიპარტიანი განაგებდა. სორეხის ზემოთ აღნიშნული ქმედების მიუხედავად მის მიერ დაკავებული ტერიტორია არ ითვლებოდა აფხაზეთის ნაწილად. ის თავის თავს სამეგრელოს მთავარს უწოდებდა და აფხაზეთის მთავართან (სორეხის ბიძა ზეგნაყ შერვაშიძე) დიდ წინააღმდეგობაში იყო. სორეხსა და ზეგნაყს შორის ცილობა იმით დასრულდა, რომ 1685 წლის 10 აპრილს აფხაზები თავს დაესხნენ სორეხის სამფლობელოს და „მხოლოდ სორეხ შარვაშიძის სიკვდილის შემდეგ შეუერთდა ეს მხარე აფხაზთა სამთავროს“12.
მას შემდეგ, რაც ერთიანი ფეოდალური საქართველო დაიშალა სხვადასხვა პოლიტიკურ ერთეულებად, ანუ სადადიანო ოდიშის ნაწილს - ცხუმის საერისთავოს აფხაზეთის მთავარი ეუფლება, და იგი მდ. კოდორიდან ენგურამდე ტერიტორიებსაც იკავებს. XVII საუკუნის ბოლოს აფხაზეთის მთავრის - ზეგნაყ შერვაშიძის შვილებმა: როსტომმა, ჯიქეშიამ და ყვაპუმ აფხაზეთის სამფლობელო მიტაცებული მიწაწყლიანად სამ ნაწილად დაიყვეს: „უფროს შვილს როსტომს ერგო მდინარეებს - ბზიფსა და კოდორს შორის ტერიტორია და აფხაზთა მთავრის ტიტული; შუათანა ძმამ, ჯიქეშიამ - მდ. კოდორსა და მდ. ღალიძგას შორის მდებარე მიწები, რომელსაც შემდეგ აბჟუა (აფხ. შუა ნაწილი) ეწოდა; უმცროსმა, ყვაპუმ - მდ. ღალიძგასა და მდ. ენგურს შორის მდებარე მიწები, რომელსაც მოგვიანებით ყვაპუს მემკვიდრის, მურზაყანის სახელის მიხედვით სამურზაყანო ეწოდა“13. სამურზაყანოს ტერიტორიაზე ყვაპუს დაუმკვიდრებია სოფლები: ბედია, ფახულანი, ბარბალო და აქ მოსახლეობა ძირითადად ქართული ყოფილა.
აღსანიშნავია ისტორიკოს კ. კვაშილავას კვლევა სამურზაყანოსთან დაკავშირებით. „XVII-XVIII სს. მიჯნაზე ღალიძგა-ენგურის შუამდინარეთში ოდიშისაგან მიტაცებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთის სამთავროს ფარგლებში ჩამოყალიბდა საუფლისწულო სამფლობელო სამურზაყანო, რომელსაც შარვაშიძეთა გვერდითი შტო ჩაუდგა სათავეში…არ არსებობს ისტორიული საბუთი, რომელიც ღალიძგა-ენგურის შუამდინარეთში აფხაზი ხალხის წინაპართა მოსახლეობას დაადასტურებდა XVII ს-ის II ნახევრამდე“...14. აფხაზი მოსახლეობის ნაწილი აქ მოვიდა ბზიფის აფხაზეთიდან, ასევე ჩრდილოეთ კავკასიიდან, ჩერქეზეთიდან, - აღნიშნავს კ. კვაშილავა. სწორედ ამ დროიდან იწყება მათი ჩამოსახლება ღალიძგა-ენგურის შუამდინარეთში. კ. კვაშილავას მიაჩნია, რომ სორეხ და ყვაპუ შარვაშიძეები იყვნენ „ქართული კულტურულ-პოლიტიკურისამყაროს ორგანული ნაწილი, მაგრამ ღალიძგა-ენგურის სექტორის ქართული მოსახლეობის მიმართ გარკვეულ აგრესიულობას მაინც ამჟღავნებდნენ. ამის მიზანი კი ადგილობრივი მოსახლეობის აყრა და გამოთავისუფლებულ მიწაზე აფხაზეთის სამთავროში (კერძოდ, მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში) ჩრდილო კავკასიელთა ჩამოსახლების შედეგად გაჩენილი ჭარბი მოსახლეობის საცხოვრებლად განთავსება იყო“.15
როგორც ვახუშტი ბაგრატიონი გვაცნობებს, გიორგი IV დადიანმა (1701- 1709, 1710 – 1714 წწ.) (1701 წლიდან ჩიქვანთა საგვარეულო გადადიანდა, რომელიც სამეგრელოს სამთავროს 1857 წლამდე მართავდა) დახმარებისათვის მიმართა იმერეთის ფაქტობრივ გამგებელს - გიორგი აბაშიძეს და დახმარება სთხოვა, რადგან აფხაზები აოხრებდნენ ოდიშს „კლვითა და ტყუებითა“16. აბაშიძემაც გაუწია დახმარება და დაამარცხა შარვაშიძე. შარვაშიძე იძულებული გახდა დაეთმო ენგურსა და ღალიძგას შორის არსებული მიწა-წყალი ოდიშის მთავრისადმი. აქ, ამ მხარის გამგებლად შარვაშიძეები დარჩნენ, რომლებიც აღიარებდნენ ოდიშის მთავრის ხელისუფლებას. ეს მხარე პოლიტიკურად და ეკლესიურადაც ოდიშის შემადგენელი ნაწილი იყო. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ როცა ყვაპუ გარდაიცვალა, კათალიკოსი გრიგოლ ლორთქიფანიძე გელათიდან ჩამოვიდა და ნიშანი აიღო (ნიშანში იგულისხმება ერთდროული გადასახადი, გარდაცვლილის პირადი ნივთები, იარაღი, შეკაზმული ცხენი, ყმა-მამული ეკლესიისათვის და ა. შ.). შარვაშიძეთა მემკვიდრე მურზაყანს ეს მხარე, რომელიც XVIII საუკუნის II ნახევრიდან იწოდებოდა „ზემო აფხაზეთად“ და „სამურზაყანო აფხაზეთად“, აუღორძინებია და მისი სახელი უწოდებიათ ამ მხარისათვის. მურზაყან შარვაშიძის შვილია ხუტუნია შერვაშიძე, რომელმაც 1757 წელს 14 დეკემბერს ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში 16 თურქი აკაფა და ბრძოლის ველზე დაეცა. „...და შეერთებულნი მეფე და კაცია დადიანის ძე მიუხთენ ხრესილს მყოფს ოსმალთა განდიდებულთა მხედრობათა და შეიქმნა ბრძოლა სასტიკი, სადა მამაცად ბრძოდენ მენგრელნი და ლეჩხუმელნი და განსდრიკნეს თათარნი... გარნა ძე დადიანისა მწუხარე იყო, ვინათგან მხლე მისი შარვაშიძე ხუტუნია მოჰკლეს ბრძოლასა ამას შინა, რომელმანცა სამაგალითოდ წარმოაჩინა მამაცობა და სიმხნე მისი, სადა სხვათა სახელოვანთა ბრძოლათა შორის ხრმლითა განჰკვეთა თექვსმეტი ოსმალნი და შემდგომად ოსმალთ რაზმთა შუაგულობასა მყოფი მოჰკლეს შარვაშიძე ხუტუნია.“17
ხუტუნია შარვაშიძეს ჰყავდა ორი ვაჟიშვილი - ლევანი და სოლომონი. ხუტუნიას გარდაცვალების შემდეგ სამურზაყანოს მმართველობა უფროს შვილს - ლევანს ხვდა წილად. მათ გაიყვეს საგამგებლო ტერიტორიები. მაგალითად, ლევანს წილად ხვდა სოფელი ბედია, სოლომონს - სოფელი ბარბალო, რაც შეეხება მესამე სოფელს - ფახულანს, იგი არც ერთის საკუთრებაში არ შესულა. ის იყო სამურზაყანოს მმართველის საზაფხულო რეზიდენცია. რადგან მმართველი ლევანი იყო, ბუნებრივია, რომ ამ სოფელს ამ მომენტში ის ფლობდა. „სოფელი ფახულანი დაშთენილა... მფლობელობასა ქვეშე უხუცესის ძმისა ლეონისას ვითარცა სამურზაყანოისა მთავრობის საზაფხულო“18.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ვითარებაში გამოიკვეთა ლევანის აქტიური როლი, რაც აშკარად ჩანს დასავლეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების წარმართვაში. იგი კარგად გრძნობს რა აფხაზეთს მთავრის - ზურაბ შარვაშიძის შესუსტებულ გავლენას აფხაზეთის სამთავროზე, ცდილობს აფხაზეთში თავისი პოლიტიკური გავლენის გაზრდას. 1771 წელს ოდიშის ლაშქრის შემადგენლობაში ფოთთან ოსმალთა წინააღმდეგ თავისი რაზმით სამურზაყანოს მფლობელი ლევან შარვაშიძეც იბრძოდა, თუმცა იგივე ლევანი აფხაზთა მთავარს ზურაბ შერვაშიძესაც ეხმარებოდა სოხუმის ციხიდან ოსმალთა განდევნაში. ამბოხებულმა შერვაშიძეებმა ერთობლივად შეძლეს სოხუმის ციხის აღება.
ლევანმა მის მიერ გაწეული დახმარების სანაცვლოდ მოითხოვა სოხუმის ციხე. რამდენადაც ლევანს სოხუმთან ერთად რამდენიმე სოფელი დარჩა, ფიქრობენ, რომ სამურზაყანოს მფლობელის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო.19
როგორც ზემოთ აღნიშნული ვითარებიდან ჩანს, აფხაზეთისა და ოდიშის სამთავროები ცდილობდა სამურზაყანოს ძალების გამოყენებას საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, ხოლო თვით სამურზაყანოც ახერხებს მანევრირებას და შემხვედრი ვითარების გათვალისწინებით ორივე მხარეზე მოქმედებს და ორივეს გულს იგებს. სამურზაყანოს მფლობელს აგრეთვე ეიმედება თავისი პოზიციების განმტკიცების გზაზე მესამე ძალაც, რუსული არმია, რომელიც იმ დროს საქართველოშია და 1770 წელს ლევან შარვაშიძე ამყარებს ურთიერთობას ავანტიურისტ გოტლიბ კურტ ჰენრიხ ფონ ტოტლებენთან და სთხოვს მას, მიიღოს რუსეთმა სამურზაყანო ქვეშევრდომად. მაგრამ რუსეთის ინტერესში ჯერ სამურზაყანო არ შედიოდა და ეს მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ტოტლებენს ვერ დააკმაყოფილებდა.
ამაზე გაბრაზებულმა ლევან შარვაშიძემ თავის რაზმელებს მისცა დავალება, რომ რუსების ცხენები გაეტაცა, რაც უმალვე სისრულეში იქნა მოყვანილი. როგორც ისტორიკოსი გიორგი ანჩაბაძე აღნიშნავს: სამურზაყანოელებმა რუსი კავალერისტები ქვეითებად აქციეს.20 და მზად არის, თურქეთიც გამოიყენოს, თუ რაიმე საფრთხე შეექმნება მის პოლიტიკურ მდგომარეობას. იგი სულ მალე ასეც მოიქცა. სამეგრელოს მთავრის გავლენიდან სწრაფად გამოსვლის მიზნით იგი უკავშირდება თურქეთს და სოხუმის ციხეს ისევ მას გადასცემს, რის საანაცვლოდაც მას დაენიშნა ჯამაგირი ყოველწლიურად 20 ქისა. სავარაუდებელია, რომ ლევან შარვაშიძეს საგონებელში აგდებდა აფხაზეთის მთავრის – ზურაბის მიერ ბათუმიდან ჩამოყვანილი და აფხაზეთის მთავრის ტახტის მემკვიდრედ გამოცხადებული უფროსი ძმა – მანუჩარი, სულეიმან ფაშას შვილი ქელაიშ აჰმედ ბეგი - ქელეშ ბეიც, რომელიც გამოირჩეოდა ენერგიულობით და განსაკუთრებული ბრძოლის უნარით. ამ უკანასკნელს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა თურქეთთან. მალე ლევანი მართლმორწმუნე ქელეშ ბეის მსგავსად მუსლიმი და სოხუმის ციხისთავი გახდა. „ეს იყო სოხუმის ბეგის სახელო, რომელიც ოდნავ მოგვიანებით ქელეშ ბეიმ დაიკავა“21. ეს ნაბიჯი უფრო საზიანო აღმოჩნდა ლევანისათვის, რადგან მან სამი მტერი უცებ გაიჩინა. 1. ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ მტრის დაბრუნებას, ამიტომ დრო და დრო თავდასხმებს აწყობდნენ; 2. ზურაბ შარვაშიძე, რომელიც ამ თავდასხმებს ხელმძღვანელობდა, და 3. კაცია დადიანი. ლევანმა ანაკლიის ციხეს შეაფარა თავი, სადაც თურქული ჯარი იდგა. მისმა გამაჰმადიანებამ გამოიწვია მუსლიმი მოსახლეობის რიცხვის ზრდა (4200). სამურზაყანოში ამ დროს მხოლოდ 5900 ქრისტიანი ცხოვრობდა.22 მალე ოსმალეთმა სანდოობის მიმართულებით საკმარის მტკიცებულებად არ ჩათვალა ლევანის გამუსლიმანება და 1774 წელს სოხუმის ციხე გადასცა ქელეშ ბეის. ამასობაში დასრულდა რუსეთ-თურქეთის ომი (1768-1774 წწ.). ქუჩუქ-კაინარჯის ზავით რუსეთმა იმერეთი და ოდიში ოსმალეთის ვასალურ ტერიტორიად ცნო და ქუთაისის, შორაპნისა და ბაღდათის ციხეებში თავისი ჯარი ჩააყენა. სამაგიეროდ უარს ამბობდა ქრისტიანობის დევნაზე, უარს ამბობდა ხარკზე - ნატურით, გადასახადებით და ქალ-ვაჟებით. ამ ბოლო პრეცედენტით რუსეთმა მიაღწია, საყოველთაოდ ეღიარებინა საკუთარი ინტერესები საქართველოს ტერიტორიების მიმართ.
ქუჩუქ-კაინარჯის ზავის შემდეგ ოსმალეთი აკეთებს ახალ სვლებს საქართველოს ტერიტორიაზე თავისი პოლიტიკური სარბიელის განმსატკიცებლად. ამ ვითარებაში რუხის ომისათვის მზადების მთავარი მიზანი იყო სამურზაყანოდან ოდიშის მთავრის საბოლოოდ გაძევება და იმერეთისგან ოდიშის საბოლოოდ მოწყვეტა. თურქეთი არ კარგავდა დროს და ცდილობდა, აფხაზეთის მთავარი წაექეზებინა ოდიშის სამთავროს წინააღმდეგ აქტიური მოქმედებისაკენ. ამ ვითარების მიმართ ნ. დადიანი გვაწვდის ასეთ უაღრესად საინტერესო ინფორმაციას: „ჟამსა ამას ჰფლობდენ აფხაზეთსა შარვაშიძენი ზურაბ, ქელაიშ-აჰმედ-ბეგ და ბექირ-ბეგ. ამათ შეიკრიბნეს ჯიქნი, ალანნი, ზუხუა და მაზუმაი და ამასთან აფხაზეთი და წარმოემართენ დადიანსა ზედა. განუდგენ დადიანსა სამფლობელო თვისი, აფხაზეთნი, სამურზაყანოდ წოიდებული, და მიერთვენ მათ ხსენებულთა შარვაშიძეთა. მცნობმან ამისმან დადიანმა შეიკრიბა სპანი თვისნი ოდიშ-ლეჩხუმისა და სვანეთისა და დაებანაკა რუხს კიდესა ზედა ეგურისასა“.23 კავკასიელი მთიელების დახმარებით გაძლიერებული აფხაზეთის მთავარი მდ. ენგურის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს იტაცებს და ამაში დახმარებას იღებს სამურზაყანოს მფლობელ ლევან შარვაშიძისაგან, მაგრამ კაცია დადიანი სათანადო აქტიურობას იჩენს აღნიშნული საფრთხის მიმართ და უკავშირდება იმერეთის მეფე სოლომონს, შეახსენებს მას ხრესილის ომს, სადაც დადიანები იმერეთის მეფის მხარდამხარ იბრძოდნენ და ამავე დროს რელიგიური პათოსის გამოყენების მიზნით შეუთვლის: „მოვიდენ აგარიანნი დასამხობელად ჩემდა და სამფლობელოისა ჩემისა და შებღალვად ქრისტიანობისა და ნუ მოიხსენებ ჩვენ ორთა ურთიერთსა წყენებასა და მოვედ შემწედ ჩემდა სახელოვნითა გულითა და აჰა ჟამი მოიხსენო მსახურება ჩემი ხრესილის ბრძოლისა“24.
1780 წლის მარტში რუხის ციხესთან „შეიქმნა საშინელი ბრძოლანი. მაშინ მეფე ამხედრდა ჩვეულითა კისკასითა გულითა და წარუძღვა რამოდენსამე გუნდსა მხედრობასა იმერეთ-ოდიშართასა და მიუხთა მარჯვენით კერძო მამაცად და მრავლისა ურთიერთისა ბრძოლისა განგლიჯა რაზმი, და შევიდენ სპანი მეფისა და დადიანისანი რაზმსა შუა. და მხილველი ამისი აფხაზნი ვერ წინააღუდგენ, და ივლტოდენ აფხაზნი, და განემარჯვათ სახელოვნად მეფესა და დადიანსა; სადა მოიკლნენ აფხაზნი მრავალნი და შეპყრობილიცა წამოიყვანეს მრავალნი ტყვედ, და გამარჯვებული და მხიარულქმნილნი უკმოიქცნენ სახლადვე. და გარდაიხადა მეფემან თანამდები ხრესილისა. და მის ჟამიდამ იქმნა მშვიდობა ამა ორთა მეფეთა და დადიანთა შორის. და სიყვარული შესაფერი წელს ქრისტესით 1780“.25 აფხაზთა და კავკასიის მთიელთა გაერთიანებული ჯარი ქართველთა ლაშქარმა (სოლომონისა და დადიანის კოალიციამ) დაამარცხა, „რითაც აფხაზთა შემოტევას ოდიშის სამთავროზე ბოლო მოეღო“.26 რუხის ბრძოლაში სასტიკი მარცხის შემდეგაც აგრძელებს ქელეშ-ბეი სამურზაყანოს დაუფლებისათვის ბრძოლას, მაგრამ ეს ფრიად უშედეგო იყო, რადგან ენგურის მარცხენა სანაპიროს დაკავება ვერაფრით ვერ შეძლო. მალე ზურაბ შარვაშიძე და კაცია დადიანი შერიგდა. ამ ფაქტმა ოსმალეთის აფორიაქება გამოიწვია. მით უმეტეს, საერთაშორისო ვითარება ოსმალთა საზიანოდ მიდიოდა.27. რუსეთმა 1783 წ. აპრილს შეიერთა ყირიმის სახანო, ხოლო 1783 წლის 24 ივლისს ქართლ-კახეთის სამეფო დაიპყრო... ამ ფაქტების გასანეიტრალებლად თურქეთს საწინააღმდეგო ღონისძიებები უნდა გაეტარებინა. ასეთ ვითარებაში ოსმალებმა დაიწყეს დამარცხებული ქელეშ-ბეგის აფხაზეთში გამთავრებაზე ფიქრი. ქელეშბეგი ესტუმრა სტამბულს 1785 წელს, ხოლო 1786 წლისათვის ის უკვე აფხაზეთშია: „აყუს ციხესა შინა იყო ქელაიშ აჰმედ-ბეგი და ეპყრნა მახლობელნი მისნი. და ფლობდა შვასოფელად წოდებულს აყუს საზღვრიდამ ვიდრე ღალიძგამდე ძმისწული ზურაბისა ბექირ-ბეგ“.28
1787-1791 წწ დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი. ამ ომში თავიდანვე წარმატებას მიაღწიეს თურქებმა. აფხაზეთში, ისარგებლეს რა ამ ომში თურქეთის წარმატებით, ხელახლა გაქრისტიანებული ზურაბის სანაცვლოდ, სელიმ მეორის მხარდაჭერით, აფხაზეთის მთავარი გახდა ქელეშ ბეი. „იქმნა მეფედ იმერთა ზედა სოლომონ, ძე არჩილისა, და დაიპყრა ყოველი იმერეთი... ხოლო ჟამსა მას მთავრობდა... აფხაზთა შორის ქელაიშ აჰმედ-ბეგ შარვაშიძე“.29 ყოველივე ეს მიანიშნებდა იმაზე, რომ შეიქმნა მეტად ხელსაყრელი ვითარება აფხაზეთში ოსმალეთის პოზიციების გამყარებისათვის. წარმატების გზაზე დამდგარი სელიმ III-ის ფავორიტობით ქელაიშ ბეგი უკვე აფხაზეთის მთავარი იყო 1787 წლისათვის. ხოლო ეს უკანასკნელი ოსმალეთის მთავრობისადმი სამაგიერო სიკეთის გადახდის მიზნით თავს არ ზოგავდა მის სამსახურში.
ეს ის მომენტია, როცა იმერეთის სამეფოშიც დაიძაბა ვითარება და არეულობისათვის ხელსაყრელი ვითარებაა შექმნილი. კერძოდ, 1784 წლის 23 აპრილს გიორგობის დღესასწაულზე ტრაგიკულად დაიღუპა სოლომონ I და მის ტახტზე პრეტენზია გააცხადა ორმა დავითმა, სოლომონ მეფის ბიძაშვილმა და ძმისშვილმა. ოდიშის მთავრის, იმერელი გავლენიანი ფეოდლის - პაპუნა წერეთლის და ბერი წულუკიძის თავგამოდებით მეფე გახდა დავით გიორგის ძე (ბიძაშვილი სოლომონ მეფისა). 1788 წლის დეკემბრის თვეში გარდაიცვალა ოდიშის მთავარი კაცია დადიანი და მთავარი გახდა მისი შვილი გრიგოლ კაციას ძე. სასიკვდილოდ გადაგებული კაცია, ითვალისწინებდა რა მის მიერ იმერეთის მეფედ დასმული დავით გიორგის ძის შესაძლო ვერაგობას მისი შვილის გამთავრებისადმი ხელის შეშლაში, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად მან სიკვდილის წინ წინასწარ ჩამოართვა სიტყვა (ფიცი) იმერეთის მეფეს, რათა მისი გარდაცვალების შემდეგ, მის შვილებისთვის მამობა გაეწია: „ამისთვის მოიყვანა მეფე დავით, და ძენი თვისნი ხელთა მისთა მიაბარა და სთხოვა, რათა მოიხსენოს მსახურება მისი და ღვაწლნი, რომელნი უჩვენებიეს მას წინაშე მისა სპითა თვისთა, და შეეწიოს ძეთა მისთა და იქმნეს ნაცვლად მისა მამად ძეთა დადიანისათა მცირეწლოვანთა ყრმათა. მაშინ მეფემან აღუთქვა ფიცითა შემწეობა და ნაცვლად მისსა მამობა შვილთა დადიანისათა, და წარვიდა იმერეთს. და შემდგომად სამისა დღისა გარდაიცვალა დადიანი კაცია მთავართა შორის ღირსსახსოვარი, და დაფლეს მარტვილს სამარხოსა მამათასა წელს ქრისტესით 1788 და ქმნეს მთავრად სამენგრელოისად დადიანად ძე კაციასი გრიგოლ თვრამეტი წლისა.“30
ამ მძიმე ვითარებაში თავი წამოყო ლევან შარვაშიძემ. ზუგდიდსა და ბედიაში ჩამოყალიბდა კაცია II-ის უმცროსი ვაჟის მანუჩარის ინტერესების დამცველი ჯგუფი, რომლის მიზანი იყო ამ უკანასკნელის გამთავრება. პირველ რიგში ლევან შარვაშიძემ მიმართა იმერეთის მეფეს, რომ დახმარებოდა თავისი სიძის - მანუჩარის გამთავრებაში, სამაგიეროდ იგი მას მოკავშირეობას აღუთქვამდა და იმედოვნებდა, რომ სამეგრელოზეც თავისი გავლენის გავრცელებას შეძლებდა. როგორც ცნობილია, თვით იმერეთის მეფეს ამ დროს არამყარი ვითარება ჰქონდა თავის სამეფოში. როგორც ვიცით, მისი მოწინააღმდეგე იყო დავით არჩილის ძე. ასეთ ვითარებაში შემოთავაზებული წინადადება მისთვის საცთუნებელი უნდა ყოფილიყო. მით უმეტეს, ლევან შარვაშიძე მას ქელეშ-ბეისთან ურთიერთობის გამყარებაში ხელშეწყობასც ჰპირდებოდა. 1789 წლის თებერვალში იმერეთის მეფის დახამარებით და ლევან შარვაშიძის ინიციატივით მთავრის ტიტული მანუჩარმა მოიპოვა. ცნობილია ის ფაქტი, როგორ მოქმედებდა და გადაიბირა იმერეთის მეფემ ოდიშელი დიდებულები და მთავრის ტახტზე მანუჩარი დაამტკიცა. დავით გიორგის ძის წერილში, რომელიც 1789 წლის 14 ივნისითაა დათარიღებული, მეფე ამბობს: აფხაზთა სათხოვარი გრიგოლისთვის დადიანობის წართმევაზე მანამდე უნდა გადადოს, „ვიდრემდისცა ვითარცა რუსეთის უმაღლესმან კარმან ინებოს, ამ საქმის ნება მათი არს“.31 ამ ფაქტთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება აქვს ისტორიკოს კ. კვაშილავას: „რა თქმა უნდა, სანკტ-პეტერბურგის გადასაწყვეტი ჯერ არ იყო სამეგრელოს მთავრის დამტკიცებისა თუ გადაყენების საკითხი. აშკარაა, რომ ნ. დადიანის ცნობა გრიგოლის ჩამოგდებისა და დავით მეფის წერილი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მეფემ დაფარა, რომ მანუჩარს ხელი შეუწყო ძმის ტახტის უსამართლოდ დაკავებაში“32. ხოლო გამოუვალ მდგომარეობაში მოქცეული „დადიანი გრიგოლ სიყრმისა გამო ვერ წინააღმდეგ ექმნა და წარვიდა ლეჩხუმს“.33
შემდეგ ნ. დადიანის ცნობის მიხედვით, მოვლენები ასე წარიმართა: სულ მალე შეიკრიბა სამეგრელოს სამთავროს შემდეგი დიდებულები, ოთხი გიორგი - კაცია დადიანის ძმა გიორგი, დადიანი კაციას ბიძაშვილი გიორგი კაცოს ძე, ძმისწული კაცია დადიანისა - გიორგი ნიკოლოზის ძე, სამეგრელოს სამთავროს სახლთუხუცესი გიორგი ჩიქოვანი, და ქაიხოსრო გელოვანი. მათ გადაწყვიტეს, რომ, რადგან დავით გიორგის ძემ კაცია დადიანის მიერ მის მიმართ ჩადენილი სიკეთე ვერ შეიფერა და აღთქმული ფიცის სანაცვლოდ მხოლოდ ბოროტება ჩაიდინა ნავედრები გრიგოლ კაციას ძე დადიანის მიმართ, ამიტომ შეთქმულებმა მოუხმეს დავით არჩილის ძე ბაგრატიონს, სოლომონ I-ის ძმისწულს და შეთქმულებას ფარდა ახადეს ლეჩხუმის სასახლე მურში. ოთხი გიორგის შეთქმულების ძირითადი გეგმის წარმატებით დაგვირგვინების შემადგენელი ნაწილი იყო მურს შემდგარი ქორწილი, კერძოდ, დავით არჩილის ძეს „მისცეს მეუღლედ ასული დადიანისა კაციასი და დაი გრიგოლისი მარიამ და უკურთხეს გვირგვინი და ქმნეს ქორწილი“.34 ამის შემდეგ, როგორც ნ. დადიანი აღწერს „ქართველთ ცხოვრებაში“, „ოთხი გიორგის“ ინიციატივით ლეჩხუმის სპა წამოვიდა ორი ყრმით (იგულისხმება დავით არჩილის ძე და გრიგოლ კაციას ძე - ლ. გ.) და მივიდნენ ხუნწში (სოფელია ოდიშში). აქ შეუერთდა მათ „ოდიშისა სპანი“. როგორც კი გაიგო ამის შესახებ იმერეთის მეფე დავით გიორგის ძემ, მანაც შეაგროვა ლაშქარი „იშოვნა ჯარიცა ლეკისა და დიდითა მოქადულებითა წარმოემართა ამა ორთა ყრმათა, დავითსა და გრიგოლსა ზედა, რომელი არარად რიცხვიდა და მოქადული იტყოდა: მრცხვენის ყრმათა მათ ბრძოლა, გარნა შევიპყრობ ყოველსა მენგრელთ დიდთა კაცთა და ამით დავიპყრობ სამენგრელოსაო. და მოვიდა და დაებანაკა გაღმით ცხენისწყლისა ხონის მახლობლად“.35 რამდენიმე დღის შემდეგ გამოემართა მეფე დავითი გრიგოლ დადიანისა და დავით არჩილის ძის წინააღმდეგ. ოდიშელებს ცოტა შიში კი ჰქონდათ, რადგან მეფის ჯარი უფრო მრავალრიცხოვანი იყო, მაგრამ გაიმხნევეს თავი, „ამამაცეს გულნი“36 და რადგანაც მდინარე ცხენისწყალი ადიდებული იყო და ქვეითები მის გადალახვას ვერ შეძლებდნენ, ამიტომ სამეგრელოს ქვეითი ჯარი გააგზავნეს „ბუნბუას ხიდზედ გადასასვლელად“37. ქვეითებს სარდლობდა სამეგრელოს სამთავროს სახლთუხუცესი გიორგი ჩიქოვანი. იგი გაიჭრა ხიდზე და „დაებარგა გაღმით ხუნწისა მათხოჯის ქვეშე. და რა იხილეს ესე მენგრელთ სპამან ცხენოსნისამან, განვიდენ წყალსა პირისპირ ხუნწისა. და გასვლასა თანა ეკვეთნენ ურთიერთას და შეიქმნა ბრძოლაი და შემდგომად დიდისა ბრძოლისა უკუნაქციეს მოქადულობა მეფისა და გაიქცნენ სპანი იმერ-ლეკისანი. და გაემარჯვა დადიანსა გრიგოლს და დავითს სამეფოსა კაცსა, სადა მენგრელთ დიდი მხნეობა წარმოაჩინეს, წელს ქრისტესით 1789“38.
ოთხი გიორგის შეთქმულება დასრულდა იმერლებისა და მეგრელთა ურთიერთ სისხლისღვრით, მოკლეს მრავალი იმერელი და მრავალი მეგრელი, მათ შორის ქაიხოსრო გელოვანის ძე მანუჩარ. გაქცეულ დავით გიორგის ძეს მისდიეს უკან, აიღეს იმერეთის ყველა ციხე-სიმაგრე და იმერეთის მეფედ დასვეს დავით არჩილის ძე: „დასვეს მეფედ ქუთათისს და უწოდეს სახელად სოლომონ. და მოიქცა გრიგოლ დადიანი დიდი გამარჯვებული სპითა თვისთა სახლად თვისად, ხოლო დავით წარვიდა ლტოლვილად ახალციხედ“.39
ოთხი გიორგის შეთქმულების შედეგად იმერეთს ახალ მეფედ დავით არჩილის ძე (სოლომონ II) მოევლინა, ხოლო სამეგრელოს სამთავროს მართვის სადაავეები ისევ გრიგოლ დადიანს ერგო. სოლომონ მეფემ ტახტზე ასვლისთანავე მის გამეფებაში ოდიშის დიდებულების დამსახურების გამო გასცა წყალობის სიგელი 1789 წლის 10 სექტემბერს, რომლის ძალით, ტახტთან ერთად, დაისაკუთრა საჭილაოც, „თავისი სამართლიანის საზღვრით, აზნაურით, გლეხით, ტყით, წყლით, ეკლესიით, თავისის შემავალით სანადიროთა“40.
XIX საუნუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიამ შეძლო ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და ამჯერად მთელი ყურადღება დასავლეთ საქართველოსკენ მიმართა. რუსეთი გულდასმით აკვირდებოდა დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებს შორის მუდმივ ქიშპობას ერთმანეთთან და ეძებდა ხელსაყრელ მომენტს, რათა ექსპანსია დაეწყო იმ ეპიცენტრიდან, საიდანაც დაპირისპირების ცხელი ორთქლი უფრო ჭარბად გამოდიოდა. აღსანიშნავია ის, რომ ოდიშსა და იმერეთს შორის მუდმივი დავის საგანი იყო ლეჩხუმი, ოდიშსა და გურიის სამთავროს შორის პალიასტომის ტბა და მდინარეებს - ფიჩორსა და რიონს შორის არსებული ტერიტორია, ხოლო აფხაზეთის სამთავროსთან მუდმივი ცილობის საგანს წარმოადგენდა სამურზაყანოს მომიჯნავე - ენგურისა და ღალიძგის სივრცეში მოქცეული ტერიტორია. „XVIII საუკუნის II მეორე ნახევარში სამურზაყანო სამეგრელოს მთავრის ვასალი იყო.“41
ოსმალეთის პოზიციები ამ პერიოდში საგრძნობლად შესუსტდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა საფრანგეთმა მას წაართვა ეგვიპტე. სამაგიეროდ საერთაშორისო პოლიტიკურმა სიტუაციამ რუსეთის სასრგებლოდ იწყო შემობრუნება. ქელეშ-ბეი თურქეთის ვასალად თვლიდა თავს, რადგან იგი აფხაზეთის დიდ ნაწილს მისი დახმარებით დაეპატრონა. თუმცა ამ ვითარებაში მას სამეგრელოს მთავრისადმი განსაკუთრებული ბოღმა გააჩნდა და ოცნებობდა მის დასუსტებაზე, რათა სამურზაყანო საბოლოოდ მას დარჩენოდა. ამიტომ ქელაშ ბეი, როცა დადიანს დახმარება სჭირდებოდა, მიდიოდა მის დასახმარებლად, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ღალატობდა მას და ბრძოლაში, თუ საბაბი მიეცემოდა, რეალურად არ ებმებოდა. ასე იყო 1794 წელს, როგორც ნ. დადიანი გვამცნობს: როცა იგი თავისი ჯარით მივიდა ხიბულაში, გრიგოლ დადიანთან, მაგრამ როცა გაიგო ის, რომ დადიანის მოკავშირე იმერეთის ყოფილი მეფე დავით გიორგის ძე დავით არჩილის ძემ დაამარცხა, აიყარა და დადიანი მარტოკა დატოვა.42 ასეთ ვითარებაში ოდიშის სამთავროს მუდმივმა ქიშპობამ მეზობლებთან რუსეთს ხელსაყრელი პირობები შეუქმნა იმისათვის, რომ სწორედ ოდიშის ცხელი წერტილიდან დაეწყო დასავლეთ საქართველოში სასურველი ექსპანსია. 1803 წლის დეკემბერს ოდიშის (სამეგრელოს) მთავარმა გრიგოლ დადიანმა (1788-1792, 1796-1804) რუსეთის იმპერატორისადმი „სათხოვარ პუნქტებს“ მოაწერა ხელი, რომელიც დაამტკიცა 1804 წლის ივლისში. სამეგრელოს სამთავროს რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის შემდეგ ცარიზმი სამეგრელოს სახით ხედავდა თავის ერთადერთ დასაყრდენს და ამ ეტაპზე ცდილობდა, ხელი შეეწყო მისი გაძლიერებისათვის და თითქოს ეხმარებოდა სამურზაყანოს ასევე ლეჩხუმის დაბრუნების საქმეში. „ამ ეტაპზე სამეგრელოს სამთავროს საზღვრების გაფართოება საკუთრივ იმპერიის საზღვრების გაფართოების ტოლფასი იყო“43. ამიტომ, როცა 1806 წელს ნინო ბაგრატიონი იმპერატორისადმი გაგზავნილ წერილში ითხოვს დაუბრუნონ ქელეშ-ბეგისაგან მიტაცებული ტერიტორიები, მისგან თანხმობას იღებს. მთავარმართებელი ციციანოვიც თავგამოდებით ცდილობს აცდუნოს სამურზაყანოელი თავადები, რათა ისევ სამეგრელოს შემადგენლობაში შევიდნენ44. დიახ, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, 1803 წლის „სათხოვარი პუნქტებით“ ოდიში რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, ავტონომიის უფლებით. აღნიშნულ ვითარებაში დასავლეთ საქართველოს ოკუპაციისათვის რუსეთს ჯარი უნდა შემოეყვანა სამეგრელოში, ხოლო დადიანი რუსეთისადმი დიდ ერთგულებას იჩენდადა და ჯარის მისაღებად ემზადებოდა. 1804 წლის ოქტომბერ-დეკემბერში სამეგრელოში რუსთა ჯარების ერთი პოლკი შევიდა, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ქვეყნის საშინაო და საგარეო ცხოვრებაზე. აქ შემოყვანილი ბელეევის პოლკი სამ ნაწილად გაიყო. ერთი ჩააყენეს სამეგრელოში, მეორე - სოფ. ხონში, ხოლო მესამე - ლეჩხუმში. ამ ფაქტის მიმართ ფეოდალთა წინააღმდეგობის გამოვლინება იყო სამეგრელოს მთავრის - გრიგოლ დადიანის მოწამვლა 1804 წლის 24 ოქტომბერს. მალე რუსთა ჯარმა თავისი მოქმედების ასპარეზის გაფართოებაზე დაიწყო ზრუნვა და 1805 წლის გაზაფხულზე მოეწყო სამხედრო ექსპედიცია აფხაზეთში. აფხაზეთში ლაშქრობის მიზეზი იყო ოსმალთა იმპერიის მიერ აფხაზეთის მიმართ გამოვლენილი პრეტენზიებისადმი დაპირისპირება და, შესაბამისად, რუსული ძალის დემონსტრირება. ასეთ ვითარებაში ექსპედიცია-ლაშქრობის საბაბი გახდა გრიგოლ დადიანის შვილის - ლევანის გამოხსნის სურვილი, რომელიც იმ პერიოდში აფხაზეთის მთავარს მძევლად ჰყავდა, მას შემდეგ, რაც იმერეთის მეფესთან ბრძოლაში დამარცხებული დადიანი რევანშის ასაღებად აფხაზეთის მთავარს სთხოვდა დახმარებას. ამ ფაქტის შესახებ ნ. დადიანი აღნიშნავს: „აწ კვალად გრიგოლისას ვიტყოდეთ. გრიგოლი რა შთავიდა ოდიშს, სთხოვა შეწევნა ქელაიშ აჰმედ-ბეგსა შარვაშიძესა, რომელსა ეპყრა ყოველი აფხაზეთი ვიდრე ღალიძგამდე და მძლავრებდაცა დადიანის სამფლობელო სამურზაყანო აფხაზეთსა. ხოლო მან სთხოვა უპირმშოესი შვილი თვისი ლეონ მძევლად, უკეთუ შეეწიოს მეფესა ზედა, მისცეს მან მრავალი თეთრი და წარუგზავნა დადიანმან ძე თვისი ლეონ მძევლად. მაშინ შეიკრიბა ქელაიშ-აჰმედ-ბეგმან ყოველი აფხაზეთი და წარმოვიდა, მოვიდა და დაებანაკა აბედათს. იქით მოვიდა მეფე სპითა იმერთა და ლეკთა და დაებანაკა ივანდიდს. და იწყეს ზრახვად მეფემან და ქელაიშ აჰმედ-ბეგმან და ვერა შემართა ქელაიშ-აჰმედ-ბეგმან ბრძოლად მეფისა და სთხოვა, რათა არ ავნოს დადიანსა. აღუთქვა მეფემან ფიცით არა ვნებად დადიანსა, და წარვიდა ქელაიშ აჰმედ-ბეგ კვალად აფხაზეთად.“45. მამია დუმბაძე ასეთ ვერსიაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს: თითქოსდა შარვაშიძეს დახმარების სანაცვლოდ დადიანისგან ანაკლიაც მიუღია და „პირობის განსამტკიცებლად, როგორც ჩანს, თავისი შვილიც მძევლად გაუგზავნია“.46
მ. დუმბაძე ამ ვითრების აღწერას ასე აგრძელებს: „დადიანის მიერ ანაკლიის „გაჩუქების“ ვერსია, როგორც ჩანს ხელსაყრელი იყო რუსეთის მთავრობისათვის. ასეთი მტკიცება ანაკლიაზე ოსმალეთის პრეტენზიების უარსაყოფელად გამოდგებოდა, მაგრამ იქ ოსმალეთის გარნიზონი იდგა“.47 ანაკლიასთან რუსთა ჯარმა გენერალ რიკხოფის დლობით სულ რაღაც ერთსაათიან ბრძოლაში თვალის დახამხამებაში დაამარცხა ანაკლიის დამცველი ოსმალთა გარნიზონი და იმავე დღეს სამურზაყანოელი თავადები დააფიცა რუსთა ერთგულებაზე. რაც შეეხება ქელეშ-ბეი შარვაშიძეს, მან სასწრაფოდ გაანთავისუფლა ლევან გრიგოლის ძე.
ეს ლაშქრობა იყო სერიოზული ჟესტი რუსეთის მხრიდან, რაც უახლოეს მომავალში მოასწავებდა დასავლეთ საქართველოში რუსთა გავლენის ზრდას, მის უცილობელ უპირატესობას ოსმალთა იმპერიასთან მიმართებაში, რაც საბოლოო ჯამში რუსეთის მიერ ამ ტერიტორიის ანექსიით უნდა დაგვირგვინებულიყო. ამ ფაქტების შემდეგ მოვლენები ასე წარიმართა: ოსმალთა საგანგებო რწმუნებულმა რეჯებ-ეფენდიმ მოსთხოვა რუსეთს ანაკლიის დაცლა. რუსეთი იძულებული გახდა, ეს მოთხოვნა სისრულეში მოეყვანა და ანაკლია დაებრუნებინა ოსმალეთისთვის 1805წლის ივნისში.48 ამ პერიოდისათვის სამურზაყანოს მოსახლეობა ძირითადად ქრისტიანული იყო და ცაიშის ეპისკოპოსის სამწყსოში შედიოდა. ქრისტიანული სარწმუნოება სამეგრელოს საზღვართან არსებულ დასახლებებში სრული გაბატონებული მდგომარეობით სარგებლობდა. 1805 წელის 9 ივლისს სამეგრელოს ახალ მთავრად ლევან V დადიანი (1805-1840) დაამტკიცეს და მან რუსეთის იმპერატორისადმი ერთგულების ფიცი დადო. ამ საზეიმო ცერემონიალზე მანუჩარ და ლევან შარვაშიძეებმა იმპერატორისა და სამეგრელოს მთავრის ერთგულების ფიცი დადეს. საზეიმო ფიცის დროს მათ ხაზი გაუსვეს სამეგრელოს მთავრისადმი მათ ქვეშევრდომობას და ამ სტატუსითვე მისცეს ფიცი რუსეთის იმპერატორს: „ჩვენ ქვემორე ხელის მომწერნი, აფხაზეთის თავადნი სამურზაყანოს მფლობელნი, შემოვედით ყმად ჩვენის ქვეყნით და თავად აზნაურებით მისს იმპერატორობის დიდებულებისა ყოვლად უმოწყალესისა რუსთა ხელმწიფისა, ვფიცავთ ყოვლად ძლიერ ღმერთს და წმინდა სახარებას, რომ ვიყვნეთ ერთგულნი მონა და ყმანი სამარადჟამოდ და მის დიდებულების ურჩობაში და ღალატობაში არასდროს არ შევიდეთდა აგრეთვე თუ სხვათაგან ღალატი ანუ ურჩობა შევიტყვეთ, დიახ სწრაფად შევატყობინოთ, საცა მართებული იყოს და, როგორც ზემოთ არის დაწერილი, ის არ აღვასრულო, ღვთისგან და წმინდა სახარებისგან შეჩვენებული ვიყვნეთ, და აგრეთვე ყოვლად უმოწყალესი ხელმწიფის ყმა ვიმყოფებით, აგრეთვე სამეგრელოს თვითმპყრობელი ლევან დადიანისა, რადგან ჩვენ ჩვენის ქვეყნით ვყოფილვართ სამეგრელოს თვითმპყრობელის თავადი დადიანისა“49. ამ საზეიმო ფიცში გაჟღერებული დამოკიდებულება ადასტურებდა იმას, რომ სამურზაყანომ აღიარა რუსეთისა და სამეგრელოს უზენაესი უფლება მის მიმართ. ეს იყო დასვლეთ ევროპაში შუა საუკუნეებში სენიორ-ვასალის მსგავსი დამოკიდებულება, მხოლოდ იმ განსხავაებით, რომ სამურზაყანო ერთდროულად აღიარებდა თავის სენიორად სამეგრელოს მთავარს და თავისი სენიორის სენიორს (რუსეთის იმპერატორს) სენიორად („ჩემი სენიორი, რა თქმა უნდა, ჩემი სენიორია, მაგრამ ჩემი სენიორის სენიორი აგრეთვე ჩემი სენიორია“). სამურზაყანოს მმართველი ორმაგი ვასალი გახდა სამეგრელოს სამთავროს მთავრის და რუსეთის იმპერატორისა. ეს იყო კონდომინუმის ბრწყინვალე მაგალითი. სამეგრელოს სამთავრო, გარეშე სახელმწიფოს, რუსეთის „დახმარებით“ რუსეთისგან წამოყენებულ გარკვეულ პირობებზე ნაცვალგების საფუძველზე საბოლოოდ იმორჩილებს სამურზაყანოს ურჩ მმართველებს. ამ ორმაგი უზენაესობის აღიარების მიუხედავად 1805 წელს სამურზაყანოს მფლობელის - ლევან შარვაშიძის გარდაცვალების შემდეგ მისმა ძმისშვილმა ამ მხარის ერთ-ერთმა მფლობელმა მანუჩარ შარვაშიძემ, რომელიც იყო გრიგოლ დადიანის სიძე (დის ქმარი), შეძლო თავისი ძმების - ლევანისა და ბეჟანის სამფლობელო მამულების მიტაცება და გახდა სამურზაყანოს სრული მფლობელი. ამის შესახებ დიდი ნიკო ასე მოგვითხრობს: „დროსა ამას განურისხდა დადიანი ლეონ შარვაშიძეს ბეჟანს და შეიპყრა და პატიმარ ჰყო ციხესა შინა ჭაქვიჯისასა და თხოვითა თავადის დიმიტრის ზახარივიჩის ორბელიანისათა განუტევა იგი, ხოლო ყოველი სამურძაყანო-აფხაზეთი მიათვალა და მიაბარა საუფროსოთ და საგამგებლოდ სიძესა თვისსა მანუჩარ სოლომონის ძე შარვაშიძესა. არა თუ სიძობისთვის პატივ სცა ესრეთ, არამედ ვინათგან იყო იგი კაცი სახელოვანი და საქმესა შინა მარჯვე“.50
1810 წელს ოდიშის დედოფალმა ნინო ბაგრატიონ-დადიანისამ კიდევ უფრო გაუმყარა პოზიციები თავის სიძეს და მემკვიდრეობის უფლებით სამურზაყანოს მოურავობა უბოძა. ამ ფუნქციის მინიჭებით მანუჩარ შარვაშიძე გახდა მთავრის მოხელე, რომელიც აღჭურვილი იყო ადმინისტრაციული და შეზღუდული სასამართლო უფლებით, იგი იყო სარდალ-მოურავი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გამოყვანილი ჯარის ხელმძღვანელი გახლდათ. „სიძე ჩემი შარვაშიძე მანუჩარ მოგართვით და მოგეცით საუფროსოდ შენ და შენს მომავალს სამოურავოდ სამურზაყანოს დიდებულნი თავადნი და გლეხნი ღალიძგიდან ენგურის საზღვრამდე დადებული აწ განმტკიცებით და განავრცელებთ სრულსა სიყვარულსა თანხმობით..“51.
ნ. დადიანის გადმოცმით 1811 წელს ახალციხის საფაშოდან თითქმის მთელ საქართველოში შავი ჭირი გავრცელდა „წელსა ამას 1811, გაჩნდა იმერეთსა შინა, ოდიშსა და გურიასა საშინელი მომსვრელი სენი (ესე იგი ჟამი) და ამასთან საშინელი და საკვირველი სიყმილი, რომელ უთვალავნი მოისრნენ და მრავალი განიბნენ, კნინღა და შუა გაიყო ყოველნი ქვეყანანი ესე ზემოხსენებულნი, და მრავალნი წარვიდენ აფხაზეთად... განგრძელდა ესევითარი რისხვა ღვთისა ორსა წელსა და შემდგომად გარდვიდა, გარნა ქვეყანანი მრავალნი და სოფელნი დაშთენ ოხრად“.52 ასეთ მძიმე ვითარებაში იმერეთისა და სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილი სამურზაყანოს და აფხაზეთს აფარებს თავს, რამაც გააძლიერა ტყვეთა სყიდვა. გახიზნულები ახალი უბედურების მსხვერპლი ხდებოდნენ აფხაზი ტყვეთა მსყიდველების ხელში. ასეთ რთულ ვითარებაში მანუჩარ შარვაშიძემ მიმართა ლევან V დადიანს თხოვნით, რომ აფხაზეთში ელაშქრა, რადგან თუ ახლავე არ უშველეთ, ტყვეები კიდევ უფრო მეტი დაიყიდება და კიდევ მრავალი დაიკარგებაო. როგორც დიდი ნიკო აღწერს, რომელიც თვითონ იყო მონაწილე ამ ლაშქრობისა, როგორ შეკრიბა სამეგრელოს მთავარმა ლაშქარი, როგორ იახლა ჭყონდიდელი და ცაიშელი მღვდელმთავრები და 1812 წლის ოქტომბერში აფხაზეთისაკენ გაემართა. „მივედით რა ბედიას, დავებანაკეთ სოფლად ხახუბიასას და დავსდექით მუნ. ხოლო ციხე ბედიისა მას ჟამად ეპყრა ლეონ ხუტუნიას ძეს შარვაშიძეს... ხოლო ძე ლეონ შარვაშიძისა ხუტუნია და სიძე დადიანისა მანუჩარ სოლომონის ძე შურობდენ ერთმანეთში და იყვნენ ერთმანერთისა ბიძაშვილნი. და ღამესა მას ყოფნასა ჩვენსა ბედიას შემოუჩინა ხუტუნიამ კაცი მანუჩარ შარვაშიძესა და მძინარესა სახლსა შინა შეეპარნენ და დასცეს ხანჯალი მძინარეს და მოჰკლეს კაცი ღირსსახსოვარი და საქებელი“53. მანუჩარ შარვაშიძე თხუთმეტდღიანი დატირების შემდეგ დაასაფლავეს ცაიშში და ამის შემდეგ ლევან V დადიანი „მძიმეთ იპყრა თადარიგი თვისი და სთხოვა შეწევნა რუსთა და წარმოუგზავნა ორი როტა მხედრობა და მასთანა არტილერია და მხედრობა იმერთა რამოდენიმე და სარდლათ იმერთა მხედრობისა გრიგოლ ზურაბის ძე წერეთელი და სეხნია წულუკიძე. აგრეთვე სთხოვა შეწევნა მთავარს მამიას გურიელს, და მანცა წარმოაგზავნა გურიელი მხედრობა...“54. რუსთა ჯარით ზურგმიცემული დადიანის მოწოდებას ასევე რუსის გულის მოგების მიზნით დადებითად პასუხობენ ერთმანეთის მტრობით ჯავრშეყრილი მთავრები და 1812 წლის დეკემბერში ლევან V დადიანი ამჯერად მეორეჯერ გაემართა ბედიისკენ. ჯარის მოახლოებისთანავე ხუტუნია შარვაშიიძე „გაიპარა ღამით და წარვიდა წებელად“55 ... ლევან შარვაშიძე მიხვდა, რომ უძლური იყო გაერთიანებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში და ბედიის ციხე უბრძოლველად ჩააბარა. ამის შემდეგ დადიანმა გულმოწყალება გამოიჩინა: „...და ვინაიდან იყო ლეონ შარვაშიძე მოხუცებული... და ამისდა პატივად მიუჩინა გამოსაზრდელად სოფელი ფახულანისა და მუნ წარვგზავნეთ“.56 გამარჯვებულმა დადიანმა ბედიის ციხე დაიკავა, გაამაგრა, შიგ მეციხოვნეები ჩააყენა და ზუგდიდში დაბრუნდა.
ბედიასთან ბრძოლის შემდეგ ლევან დადიანმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამურზაყანოს ოდიშთან უშუალოდ შემოსაერთებლად. მან გარდაცვლილი მანუჩარის შვილების, ე.ი. თავისი დისშვილების, ალექსანდრესა და დიმიტრის მეურვეობა იკისრა და ამ მომენტიდან სამურზაყანო ნომინალური მფლობელის გარეშე დატოვა. სამურზაყანო დაექვემდებარა ოდიშის მთავრს და უშუალოდ მის მფლობელობაში შევიდა.
ოდიშის მთავარი ამ დროიდან აქტიურად შეუდგა თავისი პოლიტიკური ნების რეალურად განმტკიცებისთვის ქმედითი ღონისძიებების გატარებას. ამ დროს მეტად რთული ვითარება იყო აფხაზეთში. წებელის თემის სოფლები სამეგრელოსა და აფხაზეთის ავაზაკთა თავშესაფრად იყო ქცეული და და სამურზაყანოშიც ქურდობა, ავაზაკობა ტყვის სყიდვა ხელობას წარმოადგენდა. ლევან V დადიანმა გამოსცა ვერდიქტი „სამურზაყანოს აფხაზეთის მთავრის“ სტატუსით, რომელიც თარიღდება 1815 წლის 20 ნოემბრით. მან ამ ბრძანებით ფიცი დაადებინა შარვაშიძეებს, ემუხვარებს, ანჩაბაძეებსა და მარღანიებს სამურზაყანოში წესრიგის შენარჩუნებაზე. ამის შემდეგ ლევან V-მ დახმარება სთხოვა კავკასიის მთავარმართებელს და რუსეთის ჯარების მთავარსარდალს ნ. რტიშჩევს, რათა ელაშქრა აფხაზეთში, მაგრამ წებელთან ურთიერთობა მშვიდობიანად გადაიჭრა, რადგან წებელის ბატონები - მისოსტ, სარალუფუ და ზერეფსუ მარშანიები მოლაპარაკებას აწარმოებენ ლევან V-თან და აძლევენ მას ერთგულების ფიცს (1815 წ. 29 ნოემბერი). ისინი დადებული პირობის მიხედვით სამეგრელოდან ტყვეებს არ მოიტაცებდნენ და სამურზაყანოზე თავდასხმასაც შეწყვეტდნენ: „ვიყვნეთვე კეთილითა მეზობლობითა სამთავროსა თქვენისა სამურზაყანოდ წოდებულს აფხაზეთსა ნაწილსა თანა და ოდიშისა და მისთა მცხოვრებთა“57.
მდგომარეობა ოდიშ-აფხაზეთის მთავართა შორის სამურზაყანოსთან მიმართებაში მაინც ვერ მოწესრიგდა და ასეთ ვითარებაში 1818 წლის მაისში მედიატორის ფუნქცია იკისრა იმერეთის მმართველმა ვ. კურნატოვსკიმ. მოლაპარაკება მშვიდობიანად დასრულდა და აფხაზეთის მთავარმა გიორგი შარვაშიძემ სამურზაყანოს მფლობელად ლევან V აღიარა, „მაგრამ ამ გარემოებას მომდევნო მთავარი მიხეილი არ ურიგდებოდა. დადიან-შარვაშიძის მეტოქეობა სამურზაყანოს გარშემო რუსეთის მთავრობას საბაბს აძლევდა, რომ იქ თავისი უშუალო ბატონობა დაემყარებინა. ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი სამურზაყანოში 300 კაცისაგან შემდგარი რუსთა ჯარის ჩაყენებით აღინიშნა (1826 წ.).58 მაგრამ რუსეთ-ირანის ომის დაწყებასთან დაკავშირებით ეს 300 კაციანი რაზმიც გაიყვანეს სამურზაყანოდან, რამაც დადიანს სამურზაყანოში თავისი ხელისუფლების აღდგენის შესაძლებლობა კვლავ მოუპოვა და ასეთ ვითარებაში ამ ტერიტორიის დაკავებისთანავე მან დაარბია თავისი მოწინააღმდეგეები. ამ ტერიტორიაზე დადიანის უფლებების განმამტკიცებელი აქტი იყო 1827 წლის 21 აპრილს გაფორმებული წერილობითი დოკუმენტი, რომლის მიხედვით ზუფუელი თავადები აღიარებდნენ დადიანის უფლებებს ამ მხარეზე. აღნიშნულ დოკუმენტს თავისი ხელმოწერით ამყარებდა აფხაზეთის მთავარი მიხეილ შარვაშიძეც (1823-1864 წწ.). ამდენად უკვე მერემდენე აქტით ხდებოდა სამურზაყანოს სამეგრელოს ნაწილად აღიარების ფაქტი. თუმცა ეს ნაბიჯი მიხეილ შარვაშიძის მხრიდან იყო დროებითი მანევრი მისადმი ყურადღების მოსადუნებლად. იგი ამ ფაქტით შერიგებაზე არც ფიქრობდა და ფარულად მიმდინარეობდა დაუძინებელი ომი ორ მთავარს შორის. სამურზაყანოში საბოლოოდ დამკვიდრების მიზნით ლევან V დადიანმა არ დაინდო თავის მეურვეობაში აყვანილი დისშვილი ალექსანდრე შარვაშიძე. მისი დასმენით იგი ციმბირში გადაასახლეს და გზაში დაიღუპა, ხოლო უმცროსი დიმიტრი 1832 წელს დადიანის ლაშქართან ბრძოლაში დაიღუპა.
1832 წელს რუსეთის მთავრობამ მდ. ინგირის მარჯვენა სანაპიროზე, იქ, სადაც მდინარე ორად იტოტება, ააგო ათანგელოს ციხე და შიგ თავისი ჯარი ჩააყენა. „ამ ციხეს აფხაზეთ-სამეგრელოს სამთავროებს შორის ბუფერული სიმაგრის როლი უნდა ეთამაშნა. ამავე დროს იგი ჰკეტავდა სამეგრელოში შემოსასვლელ გზას და მთავრებისადმი საკონტროლო პუნქტს წარმოადგენდა“59. ამ ფაქტის მიუხედავად მიხეილ შარვაშიძეს არ განელებია სამურზაყანოს დაბრუნების სურვილი და 1834 წელს გადმოლახა ცოცხალი საზღვარი აფხაზეთსა და ოდიშს შორის და შეიჭრა მდ. ღალიძგის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფელ ილორში. ამ ვითარებაში მთავარმართებლი გრაფი როზენი (1832-1837 წწ.) ჩაერია და მკაცრი გაფრთხილება მისცა მიხეილ შარვაშიძეს: „მე ვალდებული ვარ, გთხოვოთ, წერილობით გამოუცხადოთ ყველა ილორელს, რომ მათ მიერ მიცემული ფიცით თქვენდამი ერთგულებაზე უსაფუძვლოა და ისინი ეკუთვნიან არა თქვენს უმაღლესობას, არამედ სამეგრელოს მფლობელს“60. აფხაზეთის აფხაზეთის მთავარმა ილორი უსიტყვოდ დატოვა. რუსეთის ხელისუფლება გულდასმით აკვირდებოდა ოდიშ-აფხაზეთს შორის მიმდინარე მოვლენებს და მოთმინებით ელოდებოდა მომენტს მათ შორის გადაუჭრელი დავები მომავალში გამოეყენებინა ამ სამთავროთა გაუქმების საბაბად და ეს სამომავლო აქტი ამ სამთავროების სიმშვიდეზე ზრუნვის მისიით გაემართლებინა.
1839 წელს მიხეილ შარვაშიძე, მიუხედავად იმისა, რომ დაატოვებინეს ილორი, პოზიციას არ თმობს და თხოვნით მიმართავს რუსეთის ხელისუფლებას, რომ სამურზაყანო გადასცემოდა აფხაზეთის სამთავროს. რაც შეეხება ამ საქმეში მთავარ „მედიატორს“ - რუსეთს, მას, უკვე აღაფრთოვანებდა მთავრებს შორის ატეხილი დავა, რომელიც თავისი ოცნების უმტკივნეულოდ ხორცშესხმის საშუალებას აძლევდა და, ამდენად, ამ ეტაპზე დაიჭირა ისევ სამეგრელოს მხარე, იმ მოტივით, რომ სამურზაყანო აფხაზეთიდან დიდი ხნის წინათ იყო გამოყოფილი. ამ დაუსრულებელი დავის პირობებში მთავარმართებელმა მოდავე მთავრებს მოსთხოვა სამურზაყანოზე მფლობელობის დამამტკიცებელი საბუთების წარმოდგენა. ამ მოთხოვნაზე აფხაზეთის მთვარმა ვერანაირი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა, ხოლო სამეგრელოს მთავარმა დადიანმა 1810 წელს ნინო ბაგრატიონის მიერ მანუჩარ შარვაშიძეზე გაცემული სიგელი, 1818 წელს ლევან დადიანსა და გიორგი შარვაშიძეს შორის დადებული ხელსეკრულება და 1827 წ. 8 აპრილს აფხაზეთის უწინარესი თავადაზნაურების მიერ ლევან დადიანისადმი მიცემული წერილები გადასცა61.
დავით დადიანი გულმოდგინებით უმტკიცებდა რუსეთის ხელისუფლებას, რომ „რუსეთის კანონებით სამფლობელოს ათი წლის განმავლობაში ფლობა საკმარისია მისი კუთვნილების დასამტკიცებლად, დადიანი კი სამურზაყანოს ფლობდა 40 წელიწადი, რაც საკმარისი იყო იმისათვის, რომ ვახტანგის კანონების ძალითაც სამურზაყანო სამეგრელოს საკუთრებად ეცნოთ“62. დადიანის ამ დასაბუთებული პრეტენზიების გათვალისწინება რუსეთს უკვე აღარ მიაჩნდა საჭიროდ, რადგან მას სინამდვილეში უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ სულ მალე სამურზაყანო სამეგრელოს შემადგენლობაშიც არ დარჩებოდა, თუმცა მზად იყო, კომპენსაციის სახით მისთვის რაიმე გადაეგდო. მართლაც, 1840 წლის თებერვალში შეიქმნა სამურზაყანოს საბოქაულო, რომლის ცენტრი ბედიის ნაცვლად იყო ოქუმი. სამუზაყანოს ბოქაული შავი ზღვის სანაპირო ხაზის უფროსს დაუმორჩილეს.63 დადიანები, რომლებმაც რუსები სამეგრელოში დიდი იმედებით და ხვეწნა-მუდარით შემოიყვანეს, მათდა სამარცხვინოდ, ამჯერად შეეცადნენ გაესაჩივრებინათ რუსული მმართველობის შემოღება მათთვის კუთვნილ ტერიტორიაზე და თუ ეს არ იყო შესაძლებელი, მაშინ საზღაური მაინც გადეხადათ. დადიანისეული ვიწრო პოლიტიკის საზღაურმაც არ დააყოვნა და რუსეთმა სამურზაყანოს ნაცვლად 25 ათასი ვერცხლის მანეთი გადაუხადა მის ნამდვილ მფლობელს. ასე დარჩა პოლიტიკურად ხელმოცარული და ბოლომდე გაწბილებული დადიანი „მოყვარე“ რუსეთის დიდმპყრობელური პოლიტიკის მსხვერპლი. ხოლო შარვაშიძეები იმით დაამშვიდეს, რომ შეჰპირდნენ აფხაზეთში პორტის ასაშენებლად მისცემდნენ ყოველწლიურად 12 ათას მანეთს64.
1847 წელს სამურზაყანო დაუმორჩილეს ქუთაისის გუბერნატორს. ეს ფაქტი ისევ გამაღიზიანებლი აღმოჩნდა შარვაშიძეებისთვის და მოითხოვეს სოფელ ფახულანის გადაცემა. მაგრამ რუსებმა ფახულანი და სხვა სოფლები - მუჟავა, ილორი, ფურაში, ჭალე აგრეთვე დადიანს დაუტოვეს პოლიციური ზედამხედველობა კი სამურზაანოს პრისტავს ებოძა. ამჯერად ბეჟან შარვაშიძის შვილი ლევანი პრეტენზიას აცხადებდა კოკზე. რუსი მოხელეების კომისიამ (ესპეხო, ბრუსილოვი, ტარაკანოვი, გალატერი) მდ. ენგურის მარცხენა ნაპირზე მდებარე სოფელი დიდი კოკი დადიანს გადასცეს, ხოლო მდ. ენგურის ორ ტოტს შუა, კუნძულზე მდებარე პატარა კოკი და მასში შემავალი სოფლები: შამგონა, ორსანტია, განარჯიას მუხური და ოტობაიას ნაწილი, აგრეთვე გადასცა დადიანს. საკუთრივ პატარა კოკი, რაც ენგურის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობდა, გადაეცა ლევან ბეჟანის ძე შერვაშიძეს, როგორც მემამულეს. თუმცა ამის მიუხედავდ ეს სოფელიც პოლიციური ზედამხედველობის მხრივ დაექვემდებარა დადიანს65. ამ ფაქტით გაღიზიანებული კაცია, მანუჩარ, პაატა, ზურაბ, ანტონ და ნიკო შარვაშიძეები აწყობენ აჯანყებას და იკავებენ სოფელ ფახულანს. აჯანყება ჩაახშვეს და მისი მეთაურები რუსეთს გადაასახლეს. ამას მოყვა ლევან შარვაშიძის აჯანყება, მაგრამ ისიც სამეგრელოს მილიციის დახმარებით ჩაახშვეს.66 დადიანსა და შარვაშიძეებს შორის სამურზაყანოსათვის ატეხილ დაუსრულებელ დავას მოხერხებულად იყენებდა რუსეთი და ელოდებოდა მომენტს, ოფიციალურად გაეუქმებინა სამეგრელოსა და აფხაზეთის სამთავროები.
ასეთი ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა 1857-1867 და 1864 წლებში და იგი სამეგრელოსა და აფხაზეთის სამთავროს გაუქმებით დასრულდა. ამ ვითარებაში სადაო არც ერთ მხარეს უკვე აღარაფერი დარჩა. მეტროპოლია თანდათანობით ახდენდა კოლონიის პოლიტიკურ-კულტურულ და ეკონომიკურ ათვისებას.
შენიშვნები
1. დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, ტექსტი გამოსცა, წინასიტყვაობა, გამოკვლევა, კომენტარები, საძიებლები და ლექსიკონი დაურთო შ. ბურჯანაძემ. თბ., 1962, 180; მსჯელობისათვის იხ. ხორავა ბ., ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა XV-XVIII სს., თბ., 1996, გვ. 132; კვაშლავა კ., სამურზაყანოს ისტორიული წარსულიდან. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნა-1840 წელი. თბ., 2011, 97.
2. ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა. „ქართლის ცხოვრება“, მთავარი რედაქტორი რ. მეტრეველი. თბ., 2008, 26
3. ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, „ქართლის ცხოვრება“, 2008, 236.
4. იქვე, 236.
5. გასვიანი გ., აფხაზეთი. ძველი და ახალი აფხაზები. თბ., 1998, 35.
6. ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიიის საკითხები. დ. ბერძენიშვილის რედაქციით. თბ., 1990, 608.
7. გასვიანი გ., აფხაზეთი, 45.
8. ლამბერტი ა., სამეგრელოს აღწერა, თბ., 2011, 188.
9. ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ,,ქართლის ცხოვრება“, ტ. IV, თბ., 1973, 844.
10. ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, 845.
11. ხორავა ბ., სამურზაყანო. ისტორიის ფურცლები. წგნ.: „აფხაზეთის სამთავროს გაუქმება“, თბ., 2011, 164.
12. ხორავა ბ., სამურზაყანო. ისტორიის ფურცლები, 165.
13. ხორავა ბ., სამურზაყანო. ისტორიის ფურცლები, 165.
14. კვაშილავა კ., ისტორიული სამურზაყანოს წარსულიდან, 99.
15. კვაშილავა კ., ისტორიული სამურზაყანოს წარსულიდან, 100.
16. ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, 862-863.
17. დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, 178
18. ჭიჭინაძე თ., საქართველოს ისტორიის მასალა, სიგელი. ჟურნ. „კვალი“, #20, 1897, 394
19. იხ. რაინგესი ი., მოგზაურობა საქართველოში. გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებელი დაურთო გ. გელაშვილმა. თბ., 2002, 110; მსჯელობისათვის იხ. ზაქარაია დ., პოლიტიკური ვითარება აფხაზეთში XVIII ს. ბოლო მეოთხედში. ქელეშ-ბეი შარვაშიძის პოლიტიკური მოღვაწეობის პირველი პერიოდი, 1774-1800 წწ., საისტორიო ძიებანი, ტ. VI, თბ., 2003, 63
20. ანჩაბაძე გ., ქართულ-აფხაზური ურთიერთობის საკითხები (სტატიები, მიმართვები, ინტერვიუები). თბ., 2006, 12
21. კვაშილავა, ისტორიული სამურზაყანოს წარსულიდან, 167.
22. კვაშილავა, ისტორიული სამურზაყანოს წარსულიდან, 168.
23. დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, 180.
24. დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, 180.
25. დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, 180.
26. ხორავა ბ., ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა XV-XVIII სს., 161- 163.
27. დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, 183-184.
28. დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, 185.
29. დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, 184.
30. მაჭარაძე ვ., ბესიკი დიპლომატიურ სარბიელზე, 1968, 278; კვაშილავა კ., სამურზაყანოს ისტორიული წარსულიდან, 182.
31. კვაშილავა კ., სამურზაყანოს ისტორიული წარსულიდან, 182.
32. დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, 184.
33. დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, 184.
34. დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, 184-185.
35. დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, 185.
36. დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, 185.
37. დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, 185.
38. დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, 185.
39. ისტორიული დოკუმენტები. ტ. II. იმერეთის სამეფოს პოლიტიკური საბუთები 1784-1810 წწ., 13-14; საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ისტორიული დოკუმენტები და არქივები.
40. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, 1973, 673.
41. დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, 187.
42. ქადარია თ., სამეგრელოს სამთავრო XIX ს. I ნახევარში, სადისერტაციო ნაშრომი, 2002, 99.
43. აქტები, ტ. II, 176-178.
44. დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, 192.
45. დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო XIX ს. I ნახევარში, 181.
46. დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო XIX ს. I ნახევარში, თბ., 1957, 181.
47. აქტები, ტ. II, 528, N1027.
48. აქტები ტ. II, 527.
49. დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, 199.
50. სცსსა, ფ. 4, საქმე 384, ფ. 247.
51. დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, 203.
52. დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, 203.
53. დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, 204.
54. დადიანი ნ, ქართველთ ცხოვრება, 204.
55. დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, 204.
56. აქტები, ტ. V, 507-508.
57. დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო XIX ს. I ნახევარში, 268.
58. დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის I ნახევარში, 268.
59. აქტები, ტ. VIII, 449.
60. ქადარია თ., სამეგრელოს სამთავრო XIX ს. I ნახევარში, 111-112.
61. ცსსა, ფონდი 2, ფურცელი 57.
62. აქტები, ტ. X, 248.
63. აქტები, ტ. X, 256.
64. საქ. ცსსა, ფ. 1087, საქმე N57, ფურცელი 110.
65. აქტები, ტ. X, 256.
Комментариев нет:
Отправить комментарий