среда, 27 февраля 2019 г.

სვეტიცხოვლის ორენოვანი ეპიტაფია გიორგი XI-ის გამეფების თარიღის შესახებ


სვეტიცხოვლის ტაძარში აღსავლის კარის წინ, სხვა სამარხებს შორის, იატაკის დონეზე ჩადგმულია სწორკუთხედის ფორმის მარმარილოს საფლავის ქვა (სიგრძე 1 48 სმ, სიგანე 50 სმ), რომელზეც ამოკვეთილია ორენოვანი ეპიტაფია ქართული და არაბული ტექსტით. ქვას ირგვლივ გასდევს აშია.
ქართული ვერსია
ქრისტე. ჟამსა მას, ოდეს ჩვენს სამკვიდროს სახელმწიფოს გავბატონდი მეფის შანავაზის შვილი გიორგი, ინდიკტიონსა მეფობისა ჩვენისა“, უხანომან სოფელმან მოგვივლინა სიკვდილის სალმობა და მიგვეფარა თვალთა ჩვენთაგან თანა-მეცხედრე ჩვენი დედოფალი თამარ და დავრჩით შეჭირვებასა შინა. მივიღეთ საფლავსა ჩვენსა და განვაწყევით მარმარილო ესე ლუსკუმსა ზედა ვინც წარიკითხვიდით, შენდობას ჰყოფდით. უკვე თუ ვინმე მძლავრობით ანუ უძღებობით მეფემან ანუ დიდებულმან ეს მოშალოს ან ეს საფლავი გახსნას ჩვენთა ცოდვათათვის, იგიმც განიკითხვის დღესა მას დიდსა განკითხვისასა. ადამს აქათ ათას (7000) რპიბ (192) ქრონიკონს ტობ (372).
არაბული ვერსია
ჟამსა, რომელსაც მოვედით ჩვენს სამეფოსა და საბრძანებელში და გავმეფდით ჩვენ, ძე მეფისა შაჰნავაზისა გიორგი, ხანსა ჩვენი მეფობისა და მბრძანებლობისა სოფელმა ხრწნადმა გვიმუხთლა ჩვენ და გამოგვიგზავნა ჩვენ სენი და დაგვტოვა გაოგნებულნი და დამწუხრებულნი დარდით და დავასაფლავეთ იგი ჩვენს სასაფლაოზე ამ ადგილას და ვაკმარეთ ჩვენ მას ეს.
ადამს აქეთ 7192 = 1684 წელს (7192-5508)
ქორონიკონი 372= 1684 წელს (780+532-372).
ამდენად გიორგი XI-ის მეუღლე, დედოფალი თამარი გარდაცვლილა 1684 წელს. ეს წელი კი გიორგის მეფობის მეხუთე წელი ყოფილა. ვახუშტი კი 1683 წელს უთითებს.
V – 1683-84; IV – 1682-83; III – 1681-82; II – 1680-81; I – 1679-80. ამდენად გიორგის გამეფება ამ წარწერით ხდება 1679-80 წელს.

Комментариев нет:

Отправить комментарий