суббота, 23 февраля 2019 г.

სერგეი ტუჩკოვის ცნობები 1800–1804 წლების საქართველოს შესახებ (ჯ. სამუშია)

XIX საუკუნის დასაწყისის საქართველოს პოლიტიკური ისტორია ქართულ ისტორიოგრაფიაში კარგადაა შესწავლილი. ქართველი მკვლევრები ძირითადად ეყრდნობიან იმ მასალას, რომელიც შესულია 12 ტომიან გამოცემაში – «Акты, собранные Кавказскою археографическою комиссиею». ეს უნიკალური კრებული, რომელშიც თავმოყრილია XIX ს. I ნახ. დოკუმენტური მასალა (ოფიციალური ბრძანებები, მოხსენებები, პირადი წერილები და სხვა) დაიბეჭდა 1866-1904 წწ. ა. ბერჟეს (ბოლო ორი ტომის რედაქტორია დ. კობიაკოვი) რედაქტორობით.
საზოგადოდ ამ ეპოქის წყაროთმცოდნეობითი ბაზის გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ საგანგებოდ შეგვესწავლა XIX ს. დასაწყისის ცნობილი რუსი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, გენერალ ს. ტუჩკოვის „ჩანაწერები“.1 ეს უკანასკნელი, როგორც თვითმხილველი საქართველოში რუსული მმართველობის დამყარებისა ძვირფას ცნობებს გვაწვდის XIX საუკუნის პირველი ათეულის ქართლ-კახეთისა და იმერეთის შესახებ.
აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგადად მისი „ჩანაწერები“ ეხება კავკასიის ამბებს, მაგრამ ჩვენთვის, ბუნებრივია, მოგონებების, მხოლოდ ის ნაწილია საინტერესო, რომელშიც საკუთრივ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხება.
სერგეი ალექსის ძე ტუჩკოვის „ჩანაწერები“ მნიშვნელოვანი წყაროა XVIII-XIX სს. მიჯნის საქართველოსა და, ზოგადადა, კავკასის ისტორიისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ს. ალ. ტუჩკოვის მოგონებები თითქმის ერთი საუკუნის წინ გამოქვეყნდა. მისი ცნობები ქართულ ისტორიოგრაფიაში ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილად გათვალისწინებული, არადა, ავტორს ბევრი ის დეტალი აქვს მოხმობილი, რომლებიც არცერთი სხვა წყაროთი არ დასტურდება.
ამ ნაწარმოების გარდა ტუჩკოვს ეკუთვნის კიდევ ერთი საინტერესო შრომა – «записки Касающიяся до земель между Чернымь и Каспიйскимъ моремъ находящихся, и особенно о Грузიи; показанიе теперещняго ея состоянიя, съ нѢкоторыми видами къ исправленიю онаго», რომელიც შევიდა მისი თხზულებების 1817 წლის გამოცემაში – «Сочинения и переводы» IV ნაწილში.2 ტუჩკოვის ცნობების ქართულ თარგმანს ახლო მომავალში იხილავს მკითხველი. ამჟამად მხოლოდ ზოგადი მიმოხილვით შემოვიფარგლებით.
სერგეი ტუჩკოვი დაიბადა 1767 წელს მოსკოვში, ცნობილი ინჟინერის, გენერალ ალექსი ვასილის ძე ტუჩკოვის ოჯახში. დედა ცნობილი ოჯახის – ნარიშკინების საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. მათ ოთხი ვაჟი შეეძინათ ნიკოლოზი, სერგეი, პავლე და ალექსანდრე. ოთხივე ძმა სამხედრო კარიერას გაჰყვა და გენერლის ჩინამდე მიაღწიეს. სერგეი ტუჩკოვის მამას, როგორც სამხედრო ინჟინერს ხშირად უწევდა სამსახურის გამო იმპერიის სხვადასხვა რეგიონში წლობით ყოფნა, რის გამოც ოჯახიც იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. მიუხედავად ამისა, სერგეი ტუჩკოვმა საკმაოდ კარგი განათლება მიიღო. ახალგაზრდობაში პოეზიით იყო გატაცებული, წერდა ლექსებს. მისი ლიტერატურული ნიჭი ჩანაწერებიდანაც კარგად ჩანს. 1788 წლიდან ტუჩკოვი სამხედრო სამსახურშია. მონაწილეობდა შვედებთან და აჯანყებულ პოლონელებთან ბრძოლაში. 1800 წლიდან გენერალი ტუჩკოვი განაწესეს კავკასიაში, სადაც მოუწია დარჩენა 1805 წლის მიწურულამდე. იგი ასრულებდა საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორის მოვალეობას. სამხედრო კარიერა ტუჩკოვმა 1834 წელს დაასრულა გენერალ-ლეიტენანტის წოდებით. გარდაიცვალა 1839 წელს მოსკოვში, დასაფლავებულია ნოვოდევიჩის მონასტერში.
ტუჩკოვის „ჩანაწერები“ საკმაოდ დიდ პერიოდს მოიცავს (1766-1808). ამ მონათხრობში ე. წ. კავკასიურ პერიოდს სოლიდური ადგილი უჭირავს. ნაწარმოები წარმოდგენას გვიქმნის მის ავტორზეც. იგი განსვავებით ბევრი რუსი სალდაფონი გენერლისგან, ინტელექტუალური და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანია. ის არ ერიდება იმპერიის სხვადასხვა რანგის ხელისუფალის კრიტიკას, არ ინდობს თვით იმპერატორ ალექსანდრე I-ს და მას მამის მკვლელობაში მონაწილეობაში ამხელს.3 საზოგადოდ ამ თემაზე რუსეთში XIX საუკუნეში აქტიურად მსჯელობდნენ, მაგრამ გენერალ-ლეიტენატისგან ასე თამამად ამ საკითხის წამოწევა გარკვეულ სითამამეს მოითხოვდა.
ტუჩკოვის მონათხრობის შედარება სხვა წყაროებთან გვარწმუნებს, რომ იგი კეთილსინდისიერი მთხრობელია, დეტალების დონეზე ცდილობს დაიცვას სიზუსტე. მიუხედავად ამისა, „ჩანაწერები“ არ არის დაზღვეული სუბიექტურობისგან, გადაჭარბებული შეფასებებისგან. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან ჩვენს ხელთაა ერთი ადამიანის მოგონებები და არა ოფიციალური დოკუმენტი ან არადა მშრალი ქრონიკა.
* * *
1800 წლის ზაფხულში გენერალ-მაიორ ტუჩკოვს დაევალა გრენადერთა პოლკთან ერთად საქართველოსკენ დაძრულიყო, მაგრამ ეს 1801 წლის დასაწყისამდე ვერ მოხერხდა. ტუჩკოვის თბილისში გამოგზავნის გადაწყვეტილება 1800 წლის ივლისში მიიღეს. იმპერატორმა პავლემ 1800 წ. 12 აგვისტოს ბრძანებით დაადასტურა, რომ სხვა სამხედრო შენაერთებთან ერთად ტუჩკოვის პოლკი თბილისში უნდა ჩასულიყო და შეერთებოდა გენერალ ლაზარევის სამხედრო ნაწილებს.4 ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ რუსული პოლკების ზამთარში, კავკასიის ქედის თითქმის გაუვალ უღელტეხილზე გადმოსვლა განაპირობა 1800 წ. 18 დეკემბრის მანიფესტის გამოქვეყნებამ. ვფიქრობთ, აქ ერთი დეტალია დასაზუსტებელი: ტუჩკოვთან კარგად ჩანს, რომ რუსული ნაწილების გადმოყვანა სამხრეთ კავკასიაში უკვე დაგეგმილი იყო ზაფხულში, როგორც ჩანს, ამ დროს უკვე გადაწყვეტილი იყო საქართველოს დაპყრობა, მაგრამ ეს პროცესი ნელა მიმდინარეობდა. დეკემბრის მოვლენებმა (მანიფესტი, გიორგი XII სიკვდილი) აღნიშნული სამხედრო აქცია დააჩქარა. იმპერატორმა პავლე I-მა აუცილებლობად მიიჩნია რუსეთის ჯარის ნაწილების გაგზავნა თბილისში სწორედ ზამთარში, ამას თავის ახსნა აქვს. მანიფესტის გამოცემიდან ათ დღეში, 1800 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა გიორგი XII. საქართველოში მიმდინარე პროცესები რუსეთისათვის მართვადი რომ ყოფილიყო, ამისათვის საჭირო იყო სამხედრო კონტიგენტის გაზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში კავკასიის ქედის გადალახვა საკმაოდ რთული იყო, იმპერატორმა სასწრაფო წესით რამდენიმე პოლკის გაგზავნა ბრძანა ქართლ-კახეთში. ტუჩკოვის მითითებით საკმაოდ მცირე დროის განმავლობაში საქართველოსკენ დაიძრა სამი პოლკი: 1801 წლის მიწურულს გენერალ-მაიორ გულიაკოვის, 1802 წლის დასაწყისში ტუჩკოვის და რამდენიმე კვირაში გენერალ ლეონტიევის (ტუჩკოვი აღნიშნავს, რომ გენერალმა ლეონტიევმა ვერ გაბედა კავკასიის უღელტეხილის გადალახვა და ვლადიკავკაზთან ახლოს დაბინავდა).5 პეტერბურგში, ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ ქართლ-კახეთის შეერთება, მხოლოდ გარკვეული პროცედურის დაცვა იყო საჭირო. ფორმალობა რუსეთის მხრიდან პოლიტიკურ კეკლუცობას უფრო ჰგავდა. რუსული სამხედრო შენაერთების სამხრეთ კავკასიაში გადმოსვლით რუსეთის საჯარისო ნაწილები თბილისში ძლიერდებოდა, რაც საჭირო იყო იმ მომენტისათვის, როცა რუსეთის იმპერატორი საბოლოოდ გადაწყვეტდა ქართლ-კახეთის შეერთებას. იმავდროულად, რუსეთის ჯარს ხელი უნდა შეეშალა, თუ ამას ქართული მხარე მოიწადინებდა, ქართლ-კახეთის ახალი მეფის კურთხევისათვის. პეტერბურგში მშვენივრად იცოდნენ, რომ დავით გიორგის ძის გამეფება მთლიანად შეცვლიდა იმპერიის პოლიტიკურ გეგმებს და ქართლ-კახეთის დაპყრობა დღის წესრიგიდან მოიხსნებოდა, ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე წლით მაინც. გიორგი XII სიკვდილის შემდეგ ისეთი პოლიტიკური ატმოსფერო სუფევდა ქართლ-კახეთში, რომ ეს ვითარება ყველაზე მეტად ხელს აძლევდა რუსეთს და იმპერატორის მხრიდან ასეთი სიჩქარე ამით უნდა იყოს განპირობებული. პავლე I-მა რთული სამხედრო მისიის შესრულებისათვის მეომრებისათვის ჯილდოები და საჩუქრები დააწესა. საკმაოდ უხვი იყო იმპერატორის დაპირება.6
ბრძანების მიღების შემდეგ ტუჩკოვმა დაიწყო კავკასიონზე გადასვლის ოპერაცია. „ჩანაწერებში“ აღწერილია რუსული ჯარის თბილისამდე მოგზაურობის ამბები, განსაკუთრებით საინტერესოა ყაზბეგის ანუ სტეფანწმინდის და მისი სიძველეების აღწერა. რუსი გენერლის მითითებით, 1801 წლის მარტისთვის გერგეტის სამების მონასტერი უკვე დაცარიელებული ყოფილა და იქ, მეზობელ სოფელში მცხოვრები მღვდელი მსახურობდა. აქვე ტუჩკოვი ერთ საინტერესო დეტალს ახსენებს: `ერთი ახალგაზრდა მთიელი, ჩვენს მიერ ნახსენები მღდვლის ვაჟი, რომელმაც ცოტაოდენი რუსული იცოდა, ჩვენთან იმყოფებოდა“.7 როგორც ჩანს, სტეფანწმინდელების ნაწილს უკვე დაეწყოთ რუსულის შესწავლა, ეს კი გამოწვეული უნდა ყოფილიყო ამ რეგიონის მკვიდრთა კავშირით რუსულ რედუტებთან.
ძალიან მძიმე და შრომატევადი აღმოჩნდა ტუჩკოვისათვის კავკასიის თოვლიანი მთების გადალახვა. ადგილობრივი მოსახლეობიდან 800 ადამიანი იყო ჩაბმული მარტო გზის გაწმენდაში. რამდენიმე დღიანი მცდელობის შემდეგ ჯარი კაიშაურთან დაბანაკდა. ტუჩკოვი ერთ, ჩვენთვის უცნობ ფაქტს ახსენებს: „სოფელ კაიშაურის სიახლოვეს არის ერთი მჟავე მინერალური წყარო, ოდნავ მსგავსი კავკასიური მინერალური წყლებისა. დღემდე არ არის მისი თვისებები გამოკვლეული, მაგრამ მე როცა მის შესახებ მითხრეს, მაშინვე ვუბრძანე მოეტანათ რამდენიმე ბოთლი, დავიწყე მისი მოხმარება და ვიგრძენი დიდი შვება. მაგრამ ჩემი კეთილი მასპინძელი მოვიდა ერთხელ ჩემთან და მითხრა: – „არ დალიოთ ეს წყალი, ის არ არის ჯანმრთელი“. – „რატომ, საიდან იცი?“ – ვკითხე მე მას. – „აი, რატომ“, – განაგრძო მან, – „ცხონებული ჩვენი მეფე ირაკლი (ერეკლე ჯ.ს.) დიდხანს ავადმყოფობდა. მკურნალმა ურჩია დაელია ეს წყალი და ჩვენც მოვალენი ვიყავით მასთან გვეზიდა ის ტფილისში. მაგრამ იგი ცოტა ხანს სვამდა ამ წყალს და მალე გარდაიცვალა. „– რამდენი წლის იყო მაშინ თქვენი მეფე?“ – ვუთხარი მე მას. – „80 წელზე მეტის იყო, შესაძლებელია 90-ის. ჩვენმა მღვდელმა უკეთესად იცის ამის შესახებ, შეგიძლიათ მას ჰკითხოთ“.8 სამწუხაროდ, ამ პერიოდის წერილობით წყაროებში ეს დეტალი, ისევე როგორც ბევრი სხვა ფაქტი, არ იხსენიება. ტუჩკოვის მონათხრობით, ერეკლე II-ს ბიოგრაფიის ერთი საინტერესო ეპიზოდი ცოცხლდება.
რუსი გენერალი ანანურის, დუშეთისა და მცხეთის გავლით ჩავიდა თბილისში. აქვე ტუჩკოვი ახსენებს, რომ დუშეთს ამ დროს ფლობდა ერეკლე II-ს ვაჟი ვახტანგ ბატონიშვილი. თბილისში დაბანაკებულ გენერალს პირველი რაც თვალში ეცა, იყო ის საშინელი ნგრევის კვალი, რომელიც აღა-მაჰმად ხანის შემოსევისგან მემკვიდრეობით დარჩენოდა ქალაქს.9
* * *
ტუჩკოვის ჩამოსვლისას ქართლ-კახეთს განაგებდა უფლისწული დავითი, რომელიც, იმავდროულად, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენატი იყო. აქვე ტუჩკოვი ერთ გავრცელებულ ჭორზეც გვესაუბრება: „ზოგიერთები ამბობდნენ, მისი (იმპერატორის ჯ.ს.) გადაწყვეტილებაა, რომ საქართველო აქციოს მალტის ორდენის კავალერთა (რაინდთა ჯ.ს.) ადგილსამყოფელად, ხოლო უფლისწული დავითი ამ ორდენის გროსმაისტერად (მალტის ორდენის ანუ იგივე იოანე ნათლისმცემლის ორდენის ხელმძღვანელის ოფიციალური წოდება იყო გროსმაისტერი – დიდი მაგისტრი ჯ.ს.)“.10 როგორც ცნობილი, 1798 წელს ნაპოლეონის მიერ მალტის დაკავების შემდეგ ჰოსპიტალიტების ანუ იოანიტების ორდენმა კუნძული დატოვა. მალტის ორდენის წევრებმა თავი ევროპის ქვეყნებს შეაფარეს, მათ შორის რუსეთს. იმპერატორმა პავლე I, გადაწყვიტა მათი გამოყენება აღმოსავლურ პოლიტიკაში და, ფაქტობრივად, ხელი შეუწყო რუსეთში ორდენის რესტავრაციას, რის გამოც საძმოს წევრებმა იგი „დიდ მაგისტრადაც“ კი აღიარეს. მალტის ორდენის მკვლევრები ვ. ზახაროვი და ვ. ჩიბისოვი იმასაც კი ვარაუდობენ, რომ რუსეთს სურდა ორდენის აღორძინებით ხელი შეეშალა ოსმალეთის პოლიტიკისათვის ყირიმსა და კავკასიაში.11 არ გამოვრიცხავთ, ტუჩკოვთან აისახა კიდეც ის მოარული ხმები, რომელიც მალტის ორდენის შესახებ პეტერბურგსა თუ თბილისში დადიოდა. საზოგადოების ნაწილს მიაჩნდა, რომ რაინდული ორდენის ფუნქციონირებისათვის საჭირო იყო გარკვეული ტერიტორია, ისევე როგორც ეს მალტაში იყო. ასეთ ტერიტორიად კი ქართლ-კახეთს განიხილავდნენ.
ტუჩკოვის მოგონებებში ცალკე ქვეთავი ეძღვნება გენერალ ლაზარევს. ტუჩკოვი კარგად იცნობდა მას და ამიტომ, მისი პერსონის, რუსი გენერლის მხრიდან დახასიათება საკმაოდ საინტერესოა. იგი ლაზარევის ხასიათის ისეთ შტრიხებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მთლიანობაში კარგად ხსნის მის ამა თუ იმ ქმედებებს. ლაზარევი ბევრს არ მოსწონდა, მას გადაჭარბებულად ეჭვიანად ახასიათებს ტუჩკოვი: ეს უკანასკნელი იმასაც აღნიშნავს, რომ ლაზარევი „იმცირებდა თავს ხელმძღვანელობასთან, რასაც თავადაც ითხოვდა ხელქვეითებისაგანო“.12 ტუჩკოვის თბილისში ჩასვლისას ლაზარევს გართულებული ურთიერთობა ჰქონდა დავით უფლისწულთან, რომელთანაც მანამდე მეგობრობდა.
* * *
ტუჩკოვის „ჩანაწერებში“ დაწვრილებითაა აღწერილი იმერეთის დედოფლის ანნას სოლომონ II-ისგან ფარულად გამოქცევის ისტორია. შეიძლება ითქვას, რომ რუსმა სამხედროებმა სპეციალური ოპერაცია ჩაატარეს დედოფალ ანნას აღმოსავლეთ საქართველოში უსაფრთხოდ გადმოსაყვანად. იმერეთის ყოფილ მეფეს დავით გიორგის ძეს ცოლად ყავდა ანნა ყაფლანიშვილი (იმერეთის ბაგრატიონების ყველაზე სრულყოფილ გენეალოგიურ ტაბულაში, რომელიც დაბეჭდილია წიგნში – „ბაგრატიონები“,13 ანნა ორბელიანად იხსენიება. ეს ბუნებრივიცაა, რამეთუ ის ეკუთვნოდა ორბელიან-ყაფლანიშვილთა სათავადო სახლს), რომელთანაც შეეძინა უფლისწული კონსტანტინე. სოლომონ II-ის მიერ ჩამოგდებული დავითი ახალციხეს აფარებდა თავს, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1795 წელს. მისი ოჯახი იმერეთში ცხოვრობდა, სადაც სოლომონ II ავიწროვებდა მათ, მცირეწლოვანი უფლისწული კონსტანტინე მუხურის ციხეში ჰყავდა გამოკეტილი, დედოფალი კი უფლებააყრილი ცხოვრობდა.
ტუჩკოვი ერთ ასეთ დეტალს იხსენებს: „სოლომონი თავიდან დედოფლის ახალგაზრდობის გამო არ თვლიდა მას საშიშად. როდესაც მან ძალაუფლება განიმტკიცა, მხოლოდ იმით დაკმაყოფილდა, რომ მოიტაცა მისი ვაჟი, რომელიც ჯერ კიდევ ძიძასთან იმყოფებოდა, ბრძანა მისი კოშკში გამოკეტვა. ამასთან მან ბრძანა, რომ არავის გაებედა ამ ბავშვის თანდასწრებით არცერთი სიტყვის თქმა, არცერთ ენაზე. ის ფიქრობდა, რომ ბავშვი ამის გამო მუნჯად დარჩებოდა მთელი ცხოვრება და მისთვის უკვე აღარ იქნებოდა საშიში“.14 აშკარაა, ტუჩკოვი არ წყალობს სოლომონ II-ს. რუსი გენერლის მიერ გავრცელებული ჭორი ნამდვილად არ შეეფერება სიმართლეს. კონსტანტინე მართლაც იყო შინაპატიმრობაში, მაგრამ არა ისეთ აუტანელ მდგომარეობაში, როგორადაც ამას ტუჩკოვი გვიხატავს. მან ლაპარაკიც იცოდა და, როდესაც რუსებს ჩაბარდა, მალევე გაეპარა ამ უკანასკნელთ და ისევე სოლომონს მიუვიდა. არც დედოფალი იყო გაძლიერებული დაცვის ქვეშ. საჭირო დროს ანნამაც ადვილად დააღწია იმერეთის მეფის მეთვალყურეობას თავი და რუსებს ჩაბარდა. რუსი გენერალი აშკარად აჭარბებს, თუმცა ის ფაქტი, რომ სოლომონსა და დავით გიორგის ძის ოჯახს შორის მტრობა იყო ეს სხვა წყაროებითაც დასტურდება. დედოფალი ანნა იძულებული იყო ეთმინა ეს შევიწროვება და დაცინვა. ქართლ-კახეთში რუსი ჯარების შესვლის შემდეგ დედოფალმა გადაწყვიტა ფარულად დაკავშირებოდა რუსებს. მან მოახერხა ქუთაისიდან გაქცევა და იმერეთის ტყეებს შეაფარა თავი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტუჩკოვს ანნა დედოფლის ქართლში გადმოყვანის ოპერაცია დეტალებში აქვს აღწერილი და, ფაქტობრივად, ეს მონათხრობი ერთადერთი წყაროა საიდანაც ამ მოვლენების წვრილმანებია ცნობილი. დედოფლის გაპარვის შემდეგ, იმერეთის მეფემ სოლომონ II-მ ხალხი დააგზავნა მის მოსაძებნად, მაგრამ ამაოდ. ანნა ზემო იმერეთის ტყეებში, ქართლის საზღვართან იმალებოდა რამდენიმე ერთგულ ადამიანთან ერთად. ამასობაში თავად დედოფალმა მოახერხა მსახურის ხელით გაეგზავნა წერილი სურამში მდგომი რუსული ნაწილის უფროსისათვის, რომელმაც სასწრაფოდ ამის თაობაზე აცნობა ტუჩკოვს, ამ უკანასკნელმა კი გენერალ ლაზარევს. მთავარსარდალი კნორინგი ამ დროს საქართველოში არ იმყოფებოდა და ამიტომაც, ლაზარევსა და ტუჩკოვს მოუწიათ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. ტუჩკოვი სასწრაფოდ ჩავიდა სურამში, სადაც ინახულა ანნა დედოფლის გამოგზავნილი კაცი, რომელმაც ზუსტად იცოდა დედოფლის ადგილსამყოფელი. დაიგეგმა ოპერაცია. ეჭვი რომ არ აეღოთ, ტუჩკოვმა ვითომდა ლეკების თავდასხმის შიშით 50 მეომარი გააგზავნა უშუალოდ საზღვართან არსებულ საგუშაგოზე, საიდანაც არც ისე შორს იყო ის ადგილი სადაც თავს აფარებდა დედოფალი. ამის შემდეგ, ერთ ბნელ და ავდრიან ღამეში გამოცხადა ტყუილი განგაში. რუსები, ლეკების დევნის მომიზეზებით, სამხედრო მწყობრითა და დოლის დაკვრით, ტყეში საკმაოდ სიღრმეში შევიდნენ.15 ფაქტობრივად, „დევნის ოპერაცია“ იმერეთის ტერიტორიაზე განხორციელდა, სწორედ იმ მიმართულებით სადაც დედოფალი ეგულებოდათ. ანნა თავის მხლებლებთან ერთად მივიდა ამ რაზმთან და ჩაბარდა. რუსებმა იგი, ჯერ სურამში ჩაიყვანეს, შემდეგ კი თბილიში გადაიყვანეს.16
* * *
1802 წლის აპრილში თბილისში დაბრუნდა კნორინგი, რომელმაც თან ჩამოიყვანა საქართველოს მმართველი კოვალენსკი. 12 აპრილს შედგა რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცების ცერემონიალი. თბილისის საზოგადოება დანაწილდა აღმსარებლობის მიხედვით. სამეფო ოჯახის წევრები, ქართველი თავადაზნაურობა და მართლმადიდებელი მოსახლეობა შეიკრიბა სიონის ტაძართან. მათთან ერთად იყო გენერალი კნორინგი. სომეხი-მონოფიზიტები სომხურ ტაძარში და მათ რიტუალს დაესწრო გენერალი ლაზარევი. მუსლიმთა ლოცვას მეჩეთში გენერალი ტუჩკოვი ესწრებოდა, ხოლო კათოლიკეებისას – თბილისის კომენდანტი.17
მეორე დღეს გადაწყდა პომპეზურად აღენიშნათ რუსული მმართველობის გახსნა. ცერემონიის ორგანიზება დაევალა გენერალ ტუჩკოვს. მისი მონათხრობი საინტერესო დეტალებს შეიცავს: „მეორე დღეს შევუდექი მთავრობის გახსნას, ხოლო მე დანიშნული ვიყავი იმ სამხედრო ნაწილების მეთაურად, ამ ცერემონიას რომ უნდა დასწრებოდნენ. ამიტომ ჯარების დილით გამოყვანისას დავიწყე ამ ბატალიონის განლაგება გზის ორივე მხარეს ქალაქის კარიბჭიდან მთავარსარდლის სახლამდე. არ შემიძლია გავჩუმდე ერთი არაჩვეულებრივი მოვლენის გამო. სასულიერო პროცესია და სამოქალაქო ცერემონია ჯერ კიდევ არ იყო მზად. ყველაზე ნათელ ამინდში, როდესაც დაკავებული ვიყავი ჯარის მოწყობით, მიწის ქვეშიდან ვიგრძენი ყრუ დარტყმა და გუგუნი. მივიხედე და დავინახე, ჩემი მარცხენა ფლანგი ძალიან იყო დაბნეული. პირველად მიწა ქვებითა და თიხის ნაჭრებით თითქმის ათი საჟენის სიმაღლეზე ამაღლდა ჰაერში. მას მოჰყვა ასეთივე მაღალი წყლის ჭავლი... მაშინ გენერალი კნორინგი ფანჯარაში იყურებოდა და, როგორც ყველა, გაოცებული იყო ამ მოვლენით“.18
ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებული აზრი, რომ რუსული მმართველობის გახსნა 8 მაისს მოეწყო.19 ტუჩკოვთან კი ეს მოვლენა 13 აპრილითაა დათარიღებული. შეუძლებელია, ამ მოვლენების თანამედროვე ადამიანს ასეთი ცდომილება მოსვლოდა. ტუჩკოვს ახსოვს, რომ იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცების მეორე დღეს კნორინგს მოუწყვია ახალი ადმინისტრაციის გახსნის ღონისძიება.20 ბუნებრივია, ავტორის მახსოვრობას ვერ დავაბრალებთ ამ ცდომილებას, იმდენად აშკარაა სხვაობა. საქმე იმაშია, რომ ტუჩკოვი არ ცდება და მისი ცნობა ახალ ელემენტს ძენს ქართლ-კახეთში რუსული მმართველობის დამკვიდრების ისტორიას. ოფიციალური დოკუმენტაციიდან კარგად ჩანს, რომ რუსების ახალი ადმინისტრაციის ყველა საფეხურის გახსნას თან სდევდა პომპეზური რიტუალი. 8 მაისს გაიხსნა „საქართველოს უმაღლესი მთავრობა“. ამ ღონისძიების ცერემონიალის დაწვრილებითი აღწერაა მოცემული კნორინგის მიერ კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-სადმი გაგზავნილ წერილში.21
კნორინგი რამდენიმე დღის შემდეგ, 11 მაისს საინტერესო განკარგულებას აძლევს კოვალენსკის, რომ მაზრებშიც ახალი ადმინისტრაციის გახსნა უნდა მომხდარიყო თბილისის მსგავსად, პომპეზური რიტუალით, რომელშიც ჩართული იქნებოდა ადგილზე მყოფი საჯარისო ნაწილები.22
მაშ რა მოხდა 13 აპრილს? ჩვენი აზრით, ამ დღეს კნორინგმა გახსნა რუსული მმართველობა და როგორც მთავარსარდალმა აიღო ხელისუფლება. 8 მაისს კი მოხდა „საქართველოს უმაღლესი მთავრობისა“ და მისი ექსპედიციების გახსნა, რომელსაც „საქართველოს მმართველი“ კოვალენსკი განაგებდა. მოგვიანებით ასეთი „გახსნები“ მაზრებშიც იგეგმებოდა. ასე „პომპეზურად“ შემოაბიჯა რუსულმა ხელისუფლებამ ქართლ-კახეთში. იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცებამ და ახალი მთავრობის გახსნამ მშვიდობიანად ჩაიარა. ამის შემდეგ, ტუჩკოვის მონათხრობით, კნორინგმა მას დაავალა წვეოდა გიორგი XII-ს მეუღლეს მარიამს და მისგან სამეფო რეგალიები წამოეღო.23 რუსი გენერალი საგანგებოდ მიუთითებს, თუ რა განრისხება გამოიწვია დედოფალში ამ გადაწყვეტილებამ, მაგრამ მან დავალებას „თავი გაართვა“. კრემლის იარაღის პალატის აღწერილობებში იხსენიება, საქართველოდან გატანილი სამეფო ინსიგნიები – გვირგვინი, სკიპტრა და ტახტი. აქედან პირდაპირ მხოლოდ ტახტზეა მითითებული, რომ ის ეკუთვნოდა გიორგი XII.24 სავარაუდოდ, გიორგი XII-ის უნდა იყოს „აღწერებში“ მოხსენიებული გვირგვინი და სკიპტრაც. ყოველ შემთხვევაში, ამ უკანასკნელზე ამოტვიფრულია ასო „პ“ ე. ი. პავლე. ეს არის რუსეთის იმპერატორის მიერ გამოგზავნილი სამეფო ნიშანი, რომელიც გიორგიევსკის ტრაქტატის მიხედვით ქართველ მეფეებს რუსეთიდან უნდა მიეღოთ.25 არ გამოვრიცხავთ, სწორედ ეს სამეფო ნიშნები წამოიღო ტუჩკოვმა მარიამ დედოფლისგან.
* * *
ტუჩკოვის „ჩანაწერებში“ საინტერესოდაა აღწერილი სამეფო ოჯახის წევრების რუსეთში გასახლების ისტორია. რუსი გენერალი უშუალოდ მონაწილეობდა უფლისწულების ვახტანგის და ბაგრატის, ასევე დედოფალ მარიამის (გიორგი XII-ს მეუღლე) საქართველოდან გასახლებაში. მთელი ეს მოვლენები ისტორიოგრაფიაში აღწერილია ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით. ტუჩკოვი კი, თავის მხრივ, დეტალების დონეზე მოგვითხრობს და ზოგიერთ ისეთ ფაქტს იხსენებს, რომელიც მხოლოდ მისთვის იყო ცნობილი. ამ კუთხით მისი „ჩანაწერები“ უნიკალურ ინფორმაციას შეიცავს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, უფლისწული ვახტანგი დუშეთში ცხოვრობდა. 1802 ივლისში გადაწყდა უფლისწულის შეპყრობა და რუსეთში გასახლება, ვინაიდან ის ეჭვმიტანილი იყო ქართლ-კახეთში 1802 ზაფხულში დაწყებული არეულობის ორგანიზებაში. ამ პერიოდში საქართველოს მთავრობაში შექმნილი იყო საბჭო, რომელშიც შედიოდნენ – კოვალენსკი, ლაზარევი, ტუჩკოვი, ივანე ორბელიანი, სოლომონ თარხანმოურავი.26 საბჭოზე გადაწყდა, რომ დუშეთში უფლისწულთან ჩავიდოდა ტუჩკოვი და რუსეთის მმართველობის სახელით ითხოვდა მის თბილისში ჩამოსვლას, რათა ახალი ხელისუფლებისათვის დახმარება გაეწია. ტუჩკოვი იმასაც აღიარებს, რომ ეს გადაწყვეტილება საიდუმლოდ უნდა შეენახათ, ვინაიდან „ჩვენს გარემოცვაში უამრავი ჯაშუში იყოო“.27 ამასთანავე, საბჭომ გადაწყვიტა ეს მოთხოვნა უშუალოდ წარედგინათ უფლისწულისათვის, რათა მას საბაბი არ ჰქონოდა თბილისში ჩამოსვლაზე უარი ეთქვა. რუსების დუშეთისაკენ წასვლა უკვე ეჭვებს დაბადებდა, ამიტომ საბჭოს წევრებმა ორბელიანის ქალაქგარეთ არსებულ მამულში ჩაიზე სტუმრობა მოიმიზეზეს და დატოვეს ქალაქი. ასევე ფარულად დატოვა თბილისი რამდენიმე კაზაკმა, რომლებიც ტუჩკოვს უნდა ხლებოდნენ დუშეთში. საღამოს ტუჩკოვმა ქალაქში დაბრუნება მოიმიზეზა და წვეულობა დატოვა. რუსი გენერალი ფარულად დუშეთისაკენ დაიძრა, გზაზე მას მისი კაზაკები შეუერთდნენ და გამთენიისას უკვე დანიშნულების ადგილზე იყვნენ. დუშეთში ჩასულმა ტუჩკოვმა იქ დისლოცირებული რუსული შენაერთის შემოწმება მოიმიზეზა, თან კაცი მიუგზავნა უფლისწულს და აუდენცია სთხოვა.28 ვახტანგ ბატონიშვილი ამ დროს დაბინავებული იყო დუშეთის დედა-ციხეში ანუ ე.წ. „კრემლში“. პლატონ იოსელიანის ცნობით, „კრემლში დღემდე შემონახულია ორსართულიანი სახლი, მომცრო სარკმელებით, აშენებული ვახტანგ (ალმასხან) მეფისწულის მიერ XVIII საუკუნის ბოლოს და სადაც იგი ოჯახით ცხოვრობდა. ეს სახლი კრემლის აღმოსავლეთ კედელზეა მიდგმული. მისგან ჩრდილოეთით წმ. გიორგის სახელობის ხის ეკლესია არსებობდა, რომელიც 1805 წელს დაშალეს“.29 ამჟამად, ეს ციხე და სასახლე დანგრეულია. ამ კომპლექსიდან, დღეისათვის შემორჩენილია მხოლოდ მცირე ფრაგმენტი, ყოფილი სამხედრო კომისარიატის შენობასთან.30 ვახუშტი ბატონიშვილის სახელი დღემდე შემონახული დუშეთში მიკროტოპონიმის სახით. მის მიერ გაყვანილ წყაროს, რომელიც ამჟამადაც მოქმედია, დუშელები „ბატონის წყაროს“ უწოდებენ. ვახტანგ ბატონიშვილისათვის უკვე ყველაფერი გასაგები იყო და დროის გაყვანის მიზნით მან რამდენიმეჯერ სცადა თავიდან აეცილებინა დაუპატიჟებელ სტუმართან შეხვედრა. ბოლოს ტუჩკოვი თავად წავიდა უფლისწულის სამყოფისაკენ. როგორც კი ის გავიდა ქუჩაში, დაინახა მისკენ სირბილით მომავალი ქართველი, რომელმაც უთხრა, რომ უფლისწული გაიქცა. გენერალმა თვალი მოკრა ძალიან შორს მიმავალ უფლისწულს და მის თანხლებ პირს. ისინი მიემართებოდნენ მომცრო სასახლისაკენ, „რომელიც ეკუთვნოდა მის აზნაურს გლალეჟელადზევს“.31 „ჩანაწერების“ შექმნისას ტუჩკოვს, როგორც ჩანს, დავიწყებული ჰქონდა ამ დიდებულის სახელი. 1802 წლის 12 აგვისტოს გენერალ ლაზარევისადმი გაგზავნილ მოხსენებაში ტუჩკოვი ზუსტად უთითებს იმ დიდებულის გვარს და სახელს ვის ციხე-დარბაზშიც გადაწყვიტა დუშეთიდან გაქცეულმა ვახტანგ ბატონიშვილმა გადამალვა და საიდანაც, მოგვიანებით გაიპარა მთიულეთში. „მე იმ წუთში შევჯექი ცხენზე და გავემართე კაზაკებთან ერთად მის შესაპყრობად და რამდენადაც მე მითხრეს, რომ ის დიდებული გლახა ჭილაძის (Глахи Чиладзе) ციხე-დარბაზისკენ გაიქცაო, მეც იქით გავემართე“.32 ჭილაძეთა-ჭილაშვილების სასახლე, ამჟამადაც, დგას დუშეთის დასავლეთით ქალაქის განაპირად. ის XVII-XVIII საუკუნეებს ეკუთვნის. ტუჩკოვთან მოხსენიებული გლახა ჭილაძე ვახტანგ ერეკლეს ძესთან დაახლოებული პირი ჩანს. მასვე ეკუთვნის ციხე-დარბაზე გაკეთებული 1800 წლით დათარიღებული წარწერა, რომელშიც სასახლის მშენებლობაზეა საუბარი: „ქ. ყოვლისა საქართველოსა მეფისა ირაკლი მეორისა ძისა ვახტანგ ალმასხანისა გულითადმან მონამან ჭილაძემან, ბაბანას შვილმან, მილახვარმან, სამთა თემთა მოურავმან და რუსეთის გზის მცველმან გლახამ აღვაშენე ციხე და გალავენი ესე...“.33
ტუჩკოვმა გარემოიცვა ციხე-სიმაგრე. კარების შემტვრევის შემდეგ რუსი მეომრები ციხეში შეიჭრნენ, მაგრამ მათ იქ უფლისწული ვერ აღმოაჩინეს. ციხის გაჩხრეკის შემდეგ ტუჩკოვმა და მისმა ჯარისკაცებმა იარაღის, ტყვიაწამალის, საკვების დიდძალ მარაგს მიაკვლიეს, ხოლო ერთ სარდაფში მოხუცებული ქალბატონი იპოვეს, რომლის დაკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ ბატონიშვილი საიდუმლო გვირაბით გაპარულა მახლობელ ტყეში, საიდანაც მან თავი მთიულეთს შეაფარა.34 რუსი გენერლის ამ მონათხრობში ზუსტადაა ასახული ის გარემო, რომელიც XIX საუკუნის დასაწყისის დუშეთში იყო. ვახუშტი ბატონიშვილის სასახლე, უშუალოდ, ქალაქში მდებარეობდა, ხოლო გლახა ჭილაძის სასახლე დუშეთის ხევის გადაღმა იყო აგებული, მილახვრიანთკარში. მას დასავლეთიდან ტყის მასივი დღესაც ეკვრის. ადგილობრივები, იმასაც ადასტურებენ, რომ საბჭოთა პერიოდში უშიშროების სამსახურის თანამშრომლები იმ გვირაბის პოვნას ცდილობნენ, რომელზეც ტუჩკოვთანაა საუბარი, თუმცა უშედეგოდ. ამჟამად, ძნელია იმის დადგენა, რა იყო ამ „გათხრების“ მიზეზი, არ გამოვრიცხავთ გადამალულ განძსაც ეძებდნენ, თუმცა ეს ფაქტი იმ პერიოდში არ გახმაურებულა.
დუშეთში მყოფმა ტუჩკოვმა მოციქული მიუგზავნა მთიულეთის ხევისბერებს (ტექსტშია დეკანოზები) და შეხვედრა სთხოვა. რუსმა გენერალმა ბრწყინვალე მიღება გაუმართა მათ და უფლისწულის გაცემა სთხოვა, რაზეც პასუხად უარი მიიღო. მათ მე მითხრეს, ყვება გენერალი: „ის ბაგრატიონია და წმინდა მუხასთანაა ნამყოფი. თუმცა მათ უარი მითხრეს, მაგრამ დამეთანხმნენ ეჩვენებინათ ჩემთვის ყველა ის ადგილი, სადაც შემეძლო მისთვის გზის გადაჭრა თუ იგი გადაწყვეტდა მათგან წასვლას. ისინი დამპირდნენ, რომ ხალხს დაარწმუნებდნენ, მიეტოვებინათ იგი“.35 დუშეთის მაზრას კაპიტან-ისპრავნიკის პერეიასლავეცის წერილებში, რომელიც 1802 წლის 12 აგვისტოს გაუგზავნა გენერალ კოვალენსკის, ერთი საინტერესო დეტალია. ბატონიშვილი ვახტანგი გუდამაყარში მოსახლეობას მოუწოდებდა აჯანყებისაკენ. როგორც ჩანს, ამ საკითხზე შეკრებილან უხუცესები. სწორედ აქ 80 წლის პაპიას მიუმართავს უფლისწულისათვის: „უწინ ხელმწიფის ერთგულებაზე გვაფიცებდით, ახლა გვაიძულებთ იარაღი ავიღოთ ხელში. როგორ შეიძლება ეს? რუსები მოვლენ და გაგვანადგურებენ“. ალბათ, მოსახლეობის თავკაცთა ასეთმა ფრთხილმა პოზიციამ აიძულა, ბატონიშვილი ხელი აეღო წინააღმდეგობაზე და ბედს შეგუებოდა.36
რუს გენერალს მაინც მოუწია გუდამაყრის ხეობის შესასვლელამდე მისვლა, სადაც საჩვენებლად ზარბაზნებიც გაისროლეს. დუშეთსა და გუდამაყარში განვითარებულ მოვლენებს ეხება ვახტანგ ბატონიშვილიც იმპერატორ ალექსანდრე I-სადმი გაგზავნილ წერილში. ამ შემთხვრვაში მოვლენები უკვე მეორე მხრის თვალითაა დანახული, მათ შორის საუბარი რუსების მიერ დუშეთში განხორციელებულ ძალადობაზეც.37 1802 წ. 10 აგვისტოს უფლისწული ვახტანგი დუშეთში დაბრუნდა და ტუჩკოვს ჩაბარდა. „ამრიგად, 12 დღეში დავასრულე ეს მოგზაურობა და მასთან (ვახტანგთან) ერთად დავბრუნდი თბილისში, სადაც დარჩა კიდეც ის, საქართველოში გენერალ-ლეიტენატ, თავად ციციანოვის ჩამოსვლამდე“.38 ტუჩკოვის გამგზავრება უფლისწულ ვახტანგთან დუშეთში გადაწყდა 1802 წლის ივლისში, რაზეც გენერალ კნორინგს 30 ივლისის მოხსენებით აცნობებს გენერალი ლაზარევი.39 ამასთან ერთად, 31 ივლისს კოვალენსკი წერილით მიმართავს უფლისწულს და მას თბილისში ჩამოსვლას სთხოვს.40 განმეორებით კოვალენსკიმ ვახტანგ ბატონიშვილს 2 აგვისტოსაც გაუგზავნა წერილი, სადაც ატყობინებდა: „არასდროს ჩემის მხრიდან თქვენთვის ცუდი არ გამიკეთებია... გულწრფელად მსურს თქვენდამი სიკეთე, როგორც ქრისტიანს და თქვენი სახლის მეგობარს. გირჩევთ და გთხოვთ, ღვთის გულისათვის, თქვენი კეთილდღეობისათვის... ჩამობრძანდეთ თბილისში“.41
2 აგვისტოს კოვალენსკი საგანგებო მიმართვას ავრცელებს ვახტანგ ბატონიშვილის ქვეშევრდომებისადმი და მათ უხსნის დუშეთში ტუჩკოვის ვიზიტის მიზეზებს, უფლისწულის გაქცევას აფასებს, როგორც იმპერატორისადმი მიცემული ფიცის დარღვევად.42 9 აგვისტოს ტუჩკოვის შენაერთი ანანურშია, საღამოს კი უკვე გუდამაყარში. შექმნილი სიტუაციის გამო 10 აგვისტოს ბატონიშვილი ვახტანგი კვლავ დუშეთში დაბრუნდა.43 გენერალ ლაზარევისადმი გამოგზავნილ ტუჩკოვის მოხსენებით ბარათში ერთი ასეთი პასაჟია: „უფლისწულმა ვახტანგმა საუბარში ახსენა, რომ „თუ მე რაიმე დავაშავე იმ მრავალ დამსახურებათა გამო, ერთი დანაშაული ალბათ უნდა მეპატიოსო“. ხელმწიფისაგან არაფერს ითხოვს, – არც პენსიას, არც ჯილდოს, მხოლოდ ნებას მშვიდად იცხოვროს თავის მამულში“.44
ასევე ძალიან საინტერესოა ტუჩკოვის მონათხრობი, რომელიც შეეხება უფლისწულ ბაგრატისა და დედოფალ მარიამის რუსეთში გასახლებას. ერთ დღეს გენერალმა ციციანოვმა ჩაიზე დაპატიჟა ტუჩკოვი, ცალკე ოთახში გაიხმო და მასთან ასეთი საუბარი გააბა: „მან მკითხა: _ კარგად იცი თუ არა უფლისწულ დავითის სახლის განლაგება? – ვიცი – ვუპასუხემე, იმიტომ რომ ამ სახლს უფლისწული ჩემს დროს აშენებდა. _ მაშ ასე – განაგრძო მან: წაიყვანეთ ეს კაპიტანი ეგერებთან და კაზაკებთან ერთად, ალყა შემოარტყით აღნიშნულ სახლს, ახლა იქ ცხოვრობს უფლისწული ბაგრატი თავის ოჯახთან ერთად (მეფე გიორგი XIII-ის ვაჟი) განაიარაღეთ ის და გათენებამდე გაიყვანეთ ქალაქიდან, გააცილეთ დაცვის ქვეშ მცხეთამდე (ოთხი მილი ტფილისამდე). იქ თქვენ დაელოდეთ გენერალ ლაზარევს, ის არ დააყოვნებს თქვენთან მოსვლას დედოფალ მარიამთან ერთად (მეფე გიორგი XIII-ის მეუღლე). მაშინ გადაეცით მას უფლისწული და დაცვა, თუ ეს იქნება საჭირო, თქვენ კი დაბრუნდით ტფილისში. გენერალი ლაზარევი, – დაამატა მან, – გააცილებს მათ რუსეთის საზღვარზე“.45 ამჯერადაც, ციციანოვი და რუსი გენერლები საიდუმლოდ ინახავდნენ მთელი ამ ოპერაციის დეტალებს. მართლაც, გვიან ღამით ტუჩკოვმა ალყა შემოარტყა უფლისწულის სახლს და თავად შევიდა მის სამყოფში, სადაც ბაგრატის ოჯახის გარდა 40-მდე წარჩინებული იყო. გენერალმა ცალკე ოთახში გაიხმო უფლისწული და გადასცა მთავარმართებლის ბრძანება. ბაგრატი იძულებული იყო დათანხმებულიყო რუსების მოთხოვნას. იმავდროულად ბატონიშვილმა ერთი პირობა დაუდო ტუჩკოვს, მისი ორსული ცოლი მასთან ერთად უნდა გამგზავრებულიყო რუსეთში.46 იმავე დღეს, გვიან ღამით ლაზარევმა ალყა შემოარტყა დედოფალ მარიამის სახლს და მასაც მოსამზადებლად ვადა გამთენიამდე მისცა. ტუჩკოვი აღნიშნავს, რომ ვიდრე ბაგრატ უფლისწული ემზადებოდა, მან მთავარმართებლის ნებართვით ადგილზე დატოვა გენერალ-მაიორ ორბელიანი, თავად კი სახლში დაბრუნდა დასასვენებლად. გამთენიას, როდესაც ტუჩკოვი უფლისწულის სახლისკენ მიემართებოდა, მან გაიარა გენერალ ლაზარევის სახლთან. იგი მოგვითხრობს: „მე შევჯექი ცხენზე და გენერალ ლაზარევის სახლთან გავლისას დავინახე პარმაღზე მისი პოლკის ოფიცრები. მე ვკითხე მათ, წავიდა თუ არა გენერალი იქ, სადაც უნდა წასულიყო? – არა ჯერ არა, _ მიპასუხეს მათ. – მე დრო არა მაქვს მის სანახავად. – განვაგრძე მე – მაგრამ უთხარით, რომ იჩქაროს, თორემ უკვე საკმაოდ ინათა – ვთქვი ეს და გზა განვაგრძე. მივედი ჩემს ადგილზე. იქ ყველაფერი მზად იყო უკვე. ჩვენ გავემგზავრეთ“.47 უფლისწული ბაგრატი და მისი ოჯახი ტუჩკოვმა ქალაქიდან გაიყვანა და მცხეთისკენ წაიყვანა, სადაც პირობისამებრ უნდა მისულიყო ლაზარევი, გიორგი XII-ს ქვრივთან, დედოფალ მარიამთან ერთად.
მცხეთასთან დაბანაკებულმა შეიტყო მან ლაზარევის სიკვდილი. შემდეგ რუს გენერალთან ციციანოვის მიერ გამოგზავნილი ოფიცერიც მივიდა, რომელმაც გადასცა ფული და ოფიციალური ბრძანება, რომლის მიხედვით სამეფო ოჯახის წევრები რუსეთის საზღვრამდე ტუჩკოვს უნდა ჩაეყვანა. მცხეთაში ამ უკანასკნელს გენერალმა ორბელიანმა მიუყვანა დატყვევებული მარიამი, მისი ოჯახი და მხლებლები.48 ამის შემდეგ ტუჩკოვმა იკისრა მათი ვლადიკავკაზამდე ჩაყვანა. სტეფანწმინდის გავლის შემდეგ, მთიელები შეეცადნენ რუსი მეომრების შეჩერებას და ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წევრთა განთავისუფლებას. სხვათაშორის გენერალ ტუჩკოვს თავად მარიამმა უთხრა, რომ ეს ჩასაფრება მის გასანთავისუფლებლად იყო მოწყობილი და რომ, მათ დიდი ანაზღაურება შეპირდა ამისათვის.49
* * *
გენერალი ტუჩკოვის „ჩანაწერებში“ ვრცელი ქვეთავია, რომელშიც აღწერილია გენერალ ლაზარევის სიკვდილი. ამ შემთხვევაში რუსი გენერალი თავად ორბელიანის მონათხრობს ეყრდნობა. მართალია, ლაზარევის მოკვლის შესახებ სხვა ავტორთა ცნობებიც გაგვაჩნია, მაგრამ ტუჩკოვთან მოვლენები ოდნავ განსხვავებულადაა წარმოდგენილი. იგი მოგვითხრობს: „გამთენისას ბევრ ოფიცერთან ერთად შევიდა გენერალი მასთან ოთახში და ნახა, რომ ის იჯდა ფართო და დაბალ დივანზე ან სოფაზე, როგორებსაც ხმარობდნენ აზიაში. მასთან ერთად იჯდა მისი უფროსი ქალიშვილი და კიდევ ორი ქალი, ყველას დიდი საბანი ეხურა. გენერალმა ლაზარევმა დაიწყო მისი იძულება, რათა გამგზავრებულიყვნენ.
ხოლო ის მას ძველ მიზეზებს ეუბნებოდა. მაშინ გენერალი ლაზარევი სახლის გარშემო არსებულ აივანზე გავიდა და თავის ოფიცრებს უთხრა: „აიყვანეთ ლეიბიანათ, რომელზეც ის ზის“. როგორც კი ისინი დივანს შეეხნენ, დედოფლის, მისი ქალიშვილის და იქ მყოფი ქალების ხელში გაჩნდა ხანჯლები. ოფიცრებმა უკან დაიხიეს, ხოლო ორი მათგანი კი აივანზე გამოვიდა. ერთი გენერალ ლაზარევს უყვიროდა: „ჩხუბობენ ხანჯლებით“, ხოლო მეორე ჯარისკაცებს: „ეგერებო, აქეთ!“ გენერალმა ეს რომ გაიგო, ამ უკანასკნელს უთხრა: „რად გინდა ეგერები?“ ამ სიტყვებით ის შევიდა ოთახში, რომელიც ადრეული დილის გამო არც ისე ნათელი იყო, ფარდებიც ფანჯარაზე ჩამოეფარებინათ. მან დაინახა დედოფალი დივანის გვერდით მდგარი, ხოლო მისი ქალიშვილი, საკმაოდ მაღალი, იდგა მის უკან დივანზე, ამაღლებული იატაკიდან ფუტზე ნაკლებით. დედოფალმა გენერალი ლაზარევი რომ დაინახა, უთხრა: „რაოდენ უმოწყალოდ მექცევით! შემხედეთ, როგორ ავად ვარ. როგორი სიცხე მაქვს!“ და ამასთან მან თავისი მარცხენა ხელი გაუწოდა, მაგრამ ის იყო გენერალი მის ხელს შეეხო, რომ მარჯვენით დედოფალმა ხანჯალი ფერდში ჩაარტყა, დაატრიალა და იმ წუთასვე სხეულიდან გამოაძრო. ამბობენ, რომ ის რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთ ცნობილ ლეკ ყაჩაღთან მეცადინეობდა, თუ როგორ უნდა მოქცეოდა იარაღს... დედოფალმა ლაზარევს გამჭოლი ჭრილობა მიაყენა. მის ქალიშვილს კი უნდოდა გენერლისთვის თავში ჩაერტყა დიდი ქართული ხანჯალი, მაგრამ რადგან გენერალი დიდი ტკივილისაგან მოიხარა, მან ააცილა და დედას მოარტყა ხელზე, მხრიდან ოდნავ ქვემოთ და ხელი ძვლამდე გადაუხსნა. გენერალი ლაზარევი ძლივს მივიდა კარებამდე, დაეცა და გარდაიცვალა“.50
დედოფლის სასახლეში მომხდარის შესახებ აცნობეს თავად ციციანოვს, გენერალ ორბელიანს, ქალაქის კომენდანტს და პოლიცმეისტერს. მთავარმართებლის გარდა ყველა მათგანი მკვლელობის ადგილზე მივიდნენ. განიარაღებული დედოფალი დაცვის ქვეშ გამოიყვანეს და მცხეთისკენ წაიყვანეს, სადაც ის გენერალ ტუჩკოვს გადააბარეს.51
მარიამ დედოფლის მიერ ლაზარევის მკვლელობის საკითხი ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე საკამათოა. ოფიციალურად მიჩნეულია, რომ გენერალი დედოფალმა მოკლა იმ მომენტში, როდესაც მას ოთახში შეუვარდა. მაგრამ განსხვავებით ამისა არსებობს სულ მცირე ორი სხვა მოსაზრება. მკვლევარი ანდრია აბრამიშვილი თვლიდა, რომ ლაზარევი საერთოდ არ მომკვდარა მარიამ დედოფლის სახლში. `ირკვევა, რომ დედოფალ მარიამს არათუ არ მოუკლავს ლაზარევი, არამედ დაჭრილიც კი არ უნახავს ის. გენერლის მოკვლა მარიამმა მხოლოდ სახლიდან გამოსვლის შემდეგ ვერაზე შეიტყო... ჩვენი აზრით, საფუძველს იძლევა სარწმუნოდ მივიჩნიოთ დედოფლის სიტყვები, იმის შესახებ, რომ მას არ მოუკლავს ლაზარევი. სტატსკი სოვეტნიკ კოვალენსკისა და გენერალ ლაზარევს შორის დიდი ხნის განმავლობაში წარმოებულმა ბრძოლამ და მათმა ურთიერთმტრობამ უთუოდ თავი იჩინა შემდგომი დროის ამბებშიც და გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ეს გამხდარიყო ერთ-ერთი მიზეზი გენერლის მოკვლისა... ხელსაყრელი მომენტიც მალე გამოჩნდა და ლაზარევი ისეთ ვითარებაში მოკლეს, რომ მკვლელობის მარიამისათვის დაბრალება და მისი საქართველოდან გასახლება დიდ სიძნელეს აღარ წარმოადგენდა ციცანოვისათვის“.52 ამ მოსაზრებით ლაზარევი საიდუმლო ვითარებაში კვდება, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ არიან თვითმხილველები, როგორ გამოასვენეს რუსი გენერალი სწორედ მარიამ დედოფლის სახლიდან. ტუჩკოვის მონათხრობი ამ მხრივ შეიძლება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. სხვათა შორის, რუსი გენერალი ხელს არ აფარებს იმპერატორ ალექსანდრე I-ს მამის მკვლელობაში და რატომ დაინდობდა იგი ციციანოვს ან კოვალენსკის (მით უფრო, რომ არცერთ მათგანთან მას კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა) თუ ლაზარევის მკვლელობა მათი დაგეგმილი იყო? შეუძლებელია, ისეთი მაღალი თანამდებობის პირს როგორც ტუჩკოვი იყო სიმართლე არ სცოდნოდა, ან რაში სჭირდებოდა მას დაემალა ყოველივე. მარიამ დედოფალი, როდესაც პირად წერილებში უარყოფს ლაზარევის მოკვლის ფაქტს, ამით ცდილობს რუსეთის ხელისუფლების კეთილგანწყობის მოპოვებას. ცნობილია, რომ იგი ამ საქციელის გამო შერისხული იყო. მეორე ვარაუდის მიხედვით, ლაზარევი მოკლა დედოფალთან მყოფმა ნიკოლოზ ხიმშიაშვილმა. ამ მოსაზრებას მხარს უჭერდა პლატონ იოსელიანი. მისი თქმით, დედოფლის სამყოფში ლაზარევის შეჭრისას „მაშინ, მუნ მყოფმან თავადმან ნიკოლოზ ხიმშიაშვილმა მსწრაფლ ამოიღო ხანჯალი, დასცა ლაზარევს მუცელში. ლაზარევი წაიქცა და თვით ხიმშიაშვილი მეორის ეზოს ბალკონით გავიდა ქალაქიდან და გაიქცა ახალციხეს და მუნ მოკვდა 1807 წელს“.53 ამ შემთხვევაში პასუხგასაცემია კითხვა, როგორ მოახერხა თავადმა ხიმშიაშვილმა რუსი ოფიცრებით სავსე ოთახის დატოვება და როგორ შეძლო ალყაშემორტყმული სახლიდან თავის დაღწევა? ეს იოლი საქმე არ იყო, მით უმეტეს, რომ ლაზარევთან ერთად ოთახში სხვა მებრძოლები და მოხელეებიც იყვნენ. ნუთუ ასე შეუმჩნევლად დატოვა მკვლელობის ადგილი ხიმშიაშვილმა? თუნდაც ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მართლაც ისე მომხდარიყო, როგორც ეს პ. იოსელიანს აქვს მოთხრობილი. რუსები და მათთან ერთად მყოფნი განგაშს არ ასტეხდნენ? ისიც ვიცით, რომ სახლი საგულდაგულოდ იყო გარემოცული. წარმოუდგენელია, ეს ნამდვილად ასე მომხდარიყო და ხიმშიაშვილის გაქცევა არავის არ შეემჩნია. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში თბილისში გავრცელებულ ერთ-ერთ ჭორთან გვაქვს საქმე. 1802 წელს გენერალი ტუჩკოვი დაინიშნა საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორად. მას ამ თანამდებობაზე დიდხანს არ მოუწია ყოფნა, თუმცა საკმაოდ ძნელბედობის პერიოდი დაემთხვა მის მმართველობას. 1802 წლის მიწურულს საქართველოში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა. ტუჩკოვი წერს: „ხმები საქართველოში გადამდები სენის გამოჩენასთან დაკავშირებით ჩემამდეც მოდიოდა და თავად ციციანოვამდეც, მაგრამ მას არასგზით არ სურდა ეს დაეჯერებინა. ამ საქმის გამოსარკვევად გაგზავნილი სამედიცინო ჩინოვნიკები (პერსონალი), მისი გულის მოსაგებად, ორაზროვან პატაკებს აგზავნიდა“.54 რუსი გენერლის ეს მინიშნება აბსოლუტურ სიმართლეს შეეფერება. ამ პერიოდის ოფიციალური დოკუმენტებიდან ჩანს ციციანოვის გაურკვეველი პოზიცია, მეტიც დანაშაულებრივიც, რამეთუ თითქმის ნახევარი წელი მთავარმართებელი არწმუნდებდა საკუთარ თავს, გარემოცვას და პეტერბურგს, რომ საქმე ჰქონდა არა შავი ჭირის ეპიდემიასთან, არამედ საქართველოში გავრცელებულ ციებასთან.
1802 წ. 20 დეკემბერს გენერალი ლაზარევი ატყობინებს ციციანოვს, რომ გენერალ ტუჩკოვის ცნობით ჯავახეთში და ქართლ-კახეთის ზოგიერთ სოფელში გამოჩნდა შავი ჭირის ეპიდემია.55 1803 წლის 13 ივლისს პეტერბურგში გაგზავნილ წერილშიც კი მთავარმართებელი შავი ჭირის გავრცელებას ჭორს უწოდებს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ციციანოვი თვალს ხუჭავდა არსებულ რეალობაზე. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე 1803 წლის 14 აგვისტოს ციციანოვი პეტერბურგს ატყობინებს, რომ „ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს თბილისში დანამდვილებით არის შავი ჭირიო“,56 მაგრამ ამ პერიოდამდე უკვე გარდაცვლილი იყო ასობით ადამიანი, როგორც სამხედროებიდან, ასევე სამოქალაქო მოსახლეობიდან.
ტუჩკოვი მოგვითხრობს იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც მან ჟამიანობის დროს გაატარა თბილისში. რატომღაც ციციანოვი უკრძალავდა მოსახლეობას ქალაქის დატოვებას და ეს ტუჩკოვსაც აქვს მითითებული. მოსახლეობა მძვინვარებდა და ითხოვდა თბილისიდან გასვლას, რათა თავი შეეფარებინა შედარებით უსაფრთხო ადგილებისთვის. მოქალაქეთა შორის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია პატრიარქ ანტონ II-ის მცდელობამ დაეტოვებინა თბილისი. მოსახლეობამ არ გაუშვა პატრიარქი ქალაქიდან, ამას დაემატა ისიც, რომ ხალხი საჯაროდ გამოთქვამდა თავის პროტესტს, რაც აშკარად ამბოხების ნიშნებს ატარებდა.57 ამ კრიტიკულ სიტუაციაში ტუჩკოვმა შეძლო დაეყოლიებინა ციციანოვი მიეღოთ შესაბამისი ზომები. ტუჩკოვმა თბილისის ყველა მცხოვრებს დაურიგა ბილეთი, რომლის მიხედვით უნდა გასულიყვნენ ისინი ქალაქიდან – ორთაჭალის ბაღებისაკენ. აქ იქნებოდნენ ისინი შედარებით უსაფრთხოდ და კარანტინის გამკაცრებაც უფრო შესაძლებელი იყო. სამი დღე მოანდომეს ამ პროცესს. ორთაჭალისკენ მოსახლეობის გაყვანის დაწყებას გენერალი უკვე ვეღარ დაესწრო, იგი ლოგინად ჩავარდა. ექიმების მტკიცებით, მასაც შეხვდა შავი ჭირის სენი, თუმცა გადარჩა.58 ტუჩკოვის თქმით, ჟამიანობის გარდა სხვა ავადმყოფობაც მძვინვარებდა თბილისში და ზოგადად, საქართველოში. ტუჩკოვმა თბილისში მოაწყო `საეჭვოთა სახლი“, სადაც ავადმყოფობის ნიშნების გამომჟღავნებისთანავე დაავადებულები გასასინჯად მიჰყავდათ. რუსი გენერლის მიხედვით, ქალაქში ყოველდღე 10-40 ადამიანამდე კვდებოდა. რა თქმა უნდა, ეს ციფრი აღებულია დაავადების გავრცელების კრიტიკული პერიოდიდან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სახეზეა დიდი ტრაგედია. აქვე უნდა ითქვას, რომ ჟამიანობა შეეხო მთელ აღმოსავლეთ საქართველოს. 1804 წლის 12 აგვისტოს მოხსენების მიხედვით, 1803 წ. 15 ივნისიდან 1804 წ. 1 ივნისამდე თბილისში გარდაცვლილა 368 ადამიანი. მთელ საქართველოში 1570 კაცი. ძნელია ითქვას რამდენად ადეკვატურია ეს ციფრები, მაგრამ თუნდაც, მათი მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, მსხვერპლი საკმაოდ დიდი ყოფილა.
* * *
ტუჩკოვი დაწვრილებით აღწერს 1804 წ. განჯაზე ციციანოვის ლაშქრობას, ასევე იმერეთში რუსების შეჭრას. ჩვენთვის, ამჯერად, განსაკუთრებით საინტერესოა უკანასკნელი მოვლენა.
1804 წლის აპრილში ციციანოვმა გადაწყვიტა იმერეთზე გაელაშქრა. ტუჩკოვი მოგვითხრობს, რომ გაზაფხულის დადგომისთანავე გენერალ ციციანოვს უბრძანებია მისთვის დისლოკაციის ადგილი შეეცვალა და სოფელ ალში დაბანაკებულიყო, იმერეთის საზღვრის ახლოს. „ამ სოფელთან ახლოს გადის საკმაოდ დიდი გზა, რომელიც მიემართება იმერეთისკენ“, _ დასძენს გენერალი.59 მან სამი ბატალიონი გააერთიანა და დაიკავა პოზიციები. იქ ყოფნისას მას აცნობეს, რომ სურამში ეგერთა ოთხი ბატალიონი ჩავიდა, რამდენიმე ხანში, ისიც შეიტყო, რომ თვით მთავარმართებელი აპირებდა იმერეთში გადასვლას. ციციანოვი გზად მიმავალი დაბინავდა სოფელ ალის მახლობლად, სადაც მას ეახლა ტუჩკოვი თავისი შტაბით. 14 აპრილს ციციანოვი მივიდა სოფელ ვახანში, რომელიც ქართლისა და იმერეთის საზღვარზე მდებარეობდა. აქედან მან საგანგებო წერილი გაუგზავნა სოლომონ II-ს და თხოვა შეხვედრა. მართლაც, ასეთი შეხვედრა შედგა 19 აპრილს ვახანის მახლობლად ელაზნაურის მინდორზე. მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგა.
დასასრულს ციციანოვმა ასეთი მუქარითაც კი მიმართა სოლომონ II-ს, რომ სამწუხაროდ სხვა შეხვედრისას უკვე ველზე დაშნით ხელში შეიძლება შევხვდეთო. ამ უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ ციციანოვი სრულ კონფრონტაციაზე წავიდა და იარაღის ენით დაუწყო საუბარი სოლომონ II-ს. 20 აპრილს თავადმა ერისთავმა სოფ. ვახანის მოპირდაპირე მხარეს სოფ. სურბთა დაიკავა და აიძულა მოსახლეობა იმპერატორის ერთგულებაზე დაეფიცებინა.
იმავე პერიოდში ციციანოვმა გააგზავნა მაცნე გენერალ ტუჩკოვთან და უბრძანა კორბოულისა და ბერეტისის მიმართულებით ემოძრავა. მ. რეხვიაშვილის მითითებით, „20 აპრილს, რუსეთის ჯარმა გენერალ ტუჩკოვისა და პოლკოვნიკ ერისთავის წინამძღოლობით გადალახა იმერეთის საზღვარი, დაიკავა სოფლები და ხალხს რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე ფიცის მიღება დააწყებინა“.60 ტუჩკოვი და ერისთავი სხვადასხვა მიმართულებით მოქმედებდნენ. ეს უკანასკნელი, საერთოდ, ციციანოვთან ერთად იყო. ტუჩკოვი იმერეთში პოლკოვნიკი კოზლოვსკი გააგზავნა და ასეთი დავალება მისცა: დაეფიცებინა მოსახლეობა იმპერატორ ალექსანდრე I-ს ერთგულებაზე. ტუჩკოვი მთელ ამ მოვლენებს ასე აღწერს: „სამი დღის შემდეგ მივიღე მისგან ბრძანება შემეიარაღებინა ერთი ბატალიონი... იმავდროულად მე მისთვის (ბატალიონის ხელმძღვანელისთვის) უნდა მიმეცა მიწერილობა, რომ მისი იმერეთში შესვლისთანავე ეზრუნა დაეფიცებინა მოსახლეობა რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე. წინააღმდეგობის შემთხვევაში მას სასწრაფოდ უნდა მოეხსენებინა ჩემთვის, ხოლო მე დარჩენილი ორი ბატალიონით იქ შესული ამას მათ ვაიძულებდი იარაღის ძალით. მე იქ გავაგზავნე პოლკოვნიკი კოზლოვსკი თავის ბატალიონით, რომლისგანაც მეორე დღეს მივიღე შეტყობინება, რომ ორმა დიდმა დასახლებამ ნებაყოფლობით დაიფიცეს და რომ იგი, ამასვე ელოდება სხვებისგანაც. მაგრამ იმავე დღეს მოვიდა ჩემთან შიკრიკი გენერალ ციციანოვისგან შეტყობინებით, რომ იმერეთის მეფემ ქვეშევრდომობაზე დაიფიცა და მე მევალებოდა, უკან დამებრუნებინა ბატალიონი, რაც გავაკეთე კიდეც“.61
რუსი გენერლის ამ მონათხრობიდან კარგად ჩანს ციციანოვის მთელი ჩანაფიქრი. მას სურდა, შეექმნა ისეთი სურათი, რომ რუსები ორი მხრიდან იწყებდნენ სამხედრო კამპანიას. იმ ძალებით, რაც ციციანოვს ჰყავდა მობილიზებული იმერეთის საზღვართან მასშტაბული სამხედრო შეტევის განხორციელება შეუძლებელი იყო, უფრო სარწმუნოა, რომ დავუშვათ ციციანოვისათვის მთავარი იყო, სოლომონი დაეთანხმებინა ეღიარებინა იმპერატორის ქვეშევრდომობა, გაეფორმებინა მასთან ხელშეკრულება, სამხედრო აგრესია კი იყო ცრუ მანევრი, ლაშქრობის იმიტაცია. სამწუხაროდ სოლომონ II წამოეგო ამ ფანდს და 1804 წლის 25 აპრილს ელაზნაურში ხელი მოაწერა სათხოვარ მუხლებს, რომლის ძალითაც იმერეთი რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომი ხდებოდა.
ამის შემდეგ ციციანოვი დაბრუნდა ქართლში და სპარსეთზე ლაშქრობის სამზადისს შეუდგა, თუმცა თბილისისკენ მომავალს შეხვედრა ჰქონდა ტუჩკოვთან და მას იმერეთსა და სამეგრელოში რუსეთის წარმომადგენლის თანამდებობა შესთავაზა. ტუჩკოვი ამბობს, რომ ეს წინადადება მან მიიღო ციციანოვის იმერეთიდან დაბრუნების შემდეგ, თუმცა არსებობს ციციანოვის 1804 წლის 14 აპრილის მოხსენებითი ბარათი, სადაც იგი პეტერბურგში ათანხმებდა ტუჩკოვის კანდიდატურას. როგორც ჩანს, რუსეთიდან თანხმობის შემდეგ გაანდო თავისი გადაწყვეთილება ციციანოვმა ტუჩკოვს, მაგრამ ამ უკანასკნელმა ავადმყოფობის მომიზეზებით უარი თქვა შემოთავაზებაზე.
1804 წელს ტუჩკოვი მონაწილეობს ერევანზე ლაშქრობაში. ამავე პერიოდში მას გაურთულდა ურთიერთობა ციციანოვთან. ამ უკანაკნელის სიკვდილის შემდეგ კი გენერალი ტუჩკოვმა დატოვა საქართველო და პეტერბურგში გაემგზავრა.
შენიშვნები
1. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808. под ред. и со вступит. ст. К. А.
Военского. СПб. 1908
2. С. А. Тучков. Записки касающიяся до земель между Чернымь и Каспიйскимъ моремъ находящихся, и особенно о Грузიи; показанიе теперещняго ея состоянიя, съ нѢкоторыми видами къ исправленიю онаго. Сочинено вѢ концѢ 1805 года. Сочинения и переводы. Ч. 4. СПб. 1817.
3. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 217-219.
4. Акты, собранные Кавказскою археографическою комиссиею. Т. I. Издан. под ред. председ. комиссии с. с. Ад. Берже. Тифлис. 1866, გვ. 134.
5. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 179.
6. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 176.
7. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 180.
8. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 183.
9. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 186.
10. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 187.
11. В. А. Захаров, В.Н. Чибисов, История Мальтийского Ордена. М. 2012, გვ. 106.
12. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 187-188.
13. ბაგრატიონები. სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა (მთ. რედ. როინ
მეტრეველი). თბ. 2003.
14. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 189.
15. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 189-190.
16. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 189-190.
17. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 191.
18. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 191.
19. ნ. ბერძენიშვილი. საქართველო XIX საუკუნის პირველ მეოთხედში. საქართველოს
ისტორიის საკითხები. ტ. II. თბ. 1965, გვ. 265; მ. დუმბაძე. ქართლ-კახეთის სახელმწიფოს
გაუქმება და რუსეთთან შეერთება. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. IV. თბ. 1973, გვ. 827; ზ. ცინცაძე. XIX საუკუნის ქართლ-კახეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა. კრ. „საისტორიო კრებული“. ტ. V. თბ. 1976, გვ. 135; რ. ლომიძე. რუსული მართვა-გამგეობლობა საქართველოში. ტ. I. თბ. 2011, გვ. 49.
20. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 191
21. Акты. Т. I, გვ. 443-444.
22. Акты. Т. I, გვ. 474.
23. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 191-192.
24. Опись Московской оружейной палаты. Ч. 2. Кн. 3. Посуда. Утварь. Мебель и одежда. М. 1884, გვ. 182.
25. Опись Московской оружейной палаты. Ч. 1. Кн. 1. Царская образная. М. 1884, გვ. 40, 56.
26. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 193.
27. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 193.
28. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 193-194.
29. პლ. იოსელიანი. აღწერა დუშეთისა თბილისის გუბერნიის ქალაქისა. რუსულიდან
ქართულ ენაზე თარგმანი ლია როინიშვილის მიერ. თბ. 2012, გვ. 122.
30. პლ. იოსელიანი. აღწერა დუშეთისა, გვ. 19. შენიშვნა.
31. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 194.
32. Акты. Т. I, გვ. 275.
33. ვ. ბერიძე. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება. ტ. I. თბ. 1983, გვ. 132-133; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ. II. თბ. 2004, გვ. 195.
34. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 194.
35. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 195.
36. Акты. Т. I, გვ. 277.
37. Акты. Т. I, გვ. 278-280.
38. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 196.
39. Акты. Т. I, გვ. 270.
40. Акты. Т. I, გვ. 270.
41. Акты. Т. I, გვ. 271.
42. Акты. Т. I, გვ. 272.
43. Акты. Т. I, გვ. 274.
44. Акты. Т. I, გვ. 274.
45. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 199.
46. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 199-200.
47. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 200.
48. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 201.
49. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 205-206.
50. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 202-203.
51. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 201.
52. ა. აბრამიშვილი. მარიამ ბაგრატიონის უცნობი წერილები. კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები თბ. 1966, გვ. 413-418.
53. პლ. იოსელიანი. ცხოვრება მეფისა გიორგი მეცამეტისა. თბ. 1978, გვ. 118.
54. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 211.
55. Акты, собранные Кавказскою археографическою комиссиею. Т. II. Издан. под ред.
председ. комиссии ст. сов. Ад. Берже. Тифлис. 1868, გვ. 255.
56. Акты. Т. II, გვ. 259.
57. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 211.
58. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 212-213.
59. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 219.
60. მ. რეხვიაშვილი. იმერეთი XVIII საუკუნეში. თბ. 1982, გვ. 260.
61. Записки Сергея Алексеевича Тучкова. 1766-1808, გვ. 220.

Комментариев нет:

Отправить комментарий