вторник, 19 февраля 2019 г.

რომაული გარნიზონები და სასაზღვრო ციხესიმაგრეები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში I-II სს. (კ. ფიფია)

ძვ. . I საუკუნის 60-იან წლების წინა აზიაში ახალი საერთაშორისო-პოლიტიკური წესრიგი დამყარდა. პომპეუსის აღმოსავლური ლაშქრობის შედეგად თითქმის მთელი მცირე აზია რომაელთა ხელში გადავიდა. იბერიის, არმენიისა და ალბანეთის სამეფოები რომის ვასალურ, .. მეგობარ და მოკავშირე ქვეყნებად გამოცხადდა. ასე რომ, რომის პოლიტიკური გავლენის არეალი კავკასიონის ქედამდე და კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპირომდე გაფართოვდა. გარდა ამისა, ძვ.. 64 წელს პომპეუსმა ოფიციალურად გააუქმა სელევკიდური სირიის სამეფო და ქვეყანა რომის პროვინციულ მმართველობას დაუქვემდებარა.[1]
გლობალური საგარეო ექსპანსიის შედეგად რომი ახალი გეოპოლიტიკური რეალობის წინაშე აღმოჩნდა. აღმოსავლეთში მისი უშუალო მეზობელი გახდა პართიის ძლიერი სამეფო. იგი წარმოადგენდა რომის მოსაზღვრე ერთადერთ ძლიერ სახელმწიფოს. პართია არ ცნობდა რომაელთა პრეტენზიებს მსოფლიო ბატონობაზე და საუკუნეების მანძილზე იბრძოდა აქემენიდთა დიადი მემკვიდრეობის დასაბრუნებლად“.[2] რომსა და პართიას შორის საზღვარი მდ. ევფრატზე გადიოდა. ძვ. . I საუკუნის 50-იანი წლების მიწურულიდან კი, აღმოსავლეთში შექმნილი პოლიტიკური დუალიზმის პირობებში [3], ევფრატის საზღვრის უსაფრთხოების დაცვა რომის ორიენტალური პოლიტიკის ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად იქცა, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მთლიანად წინა აზიის პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
ევფრატის სასაზღვრო პერიმეტრზე არსებული კონკრეტული პოლიტიკური სიტუაცია დიდ გავლენას ახდენდა კოლხეთის მდგომარეობაზეც, რომელიც ძვ. . 65 წლიდან რომის პოლიტიკურ სისტემაში იყო ჩართული. მართალია, კოლხეთი ევფრატის სასაზღვრო ხაზს ტერიტორიულად ძალზე დაშორებული იყო და უშუალოდ არ ემეზობლებოდა პართიას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა რომაულ გეოპოლიტიკაში. კოლხეთი ესაზღვრებოდა არმენიას, რომელიც წარმოადგენდა პართია-რომის დაპირისპირების ძირითად მიზეზს და მათ შორის გაუთავებელი ომების მთავარ ასპარეზს.[4] აზიაში პირველობისათვის მიმდინარე პერმანენტულ ომებში, კოლხეთს რომისათვის უნდა უზრუნველეყო მტკიცე ზურგი და შეესრულებინა პლაცდარმის როლი პართიის წინააღმდეგ სომხეთისათვის ბრძოლაში. გარდა ამისა, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთს გარკვეული სტრატეგიულ-საკომუნიკაციო მნიშვნელობა ჰქონდა ჩრდილოეთ კავკასიისა და ბოსფორის მიმართაც. [5] ასეთი გეოსტრატეგიული მდებარეობის გამო, რომაელთა მიერ, მძლავრი ანტიპართული პლაცდარმის შექმნის მიზნით, აღმოსავლეთის სასაზღვრო რეგიონებში განხორციელებული ხშირი რეორგანიზაციების დროს, კოლხეთის პოლიტიკური სტატუსი რამდენჯერმე შეიცვალა.[6] თუმცა, ახ. . I საუკუნის 60-იან წლებამდე კოლხეთში რომაული გარნიზონები არ გამოჩენილან და იმპერიის სამხედრო-პოლიტიკურ ინტერესებს რეგიონში პოლემონიდური პონტოს სამეფოს იცავდა.[7]
ახ. წ. 63 წელს ვითარება შეიცვალა. იმპერატორმა ნერონმა (54-68 წწ.) საბოლოოდ უარი თქვა „ბუფერულ“ სამეფოთა სისტემაზე და პოლემონიდთა სამეფო გააუქმა. მისი ტერიტორია, კოლხეთთან ერთად, გალატიის პროვინციას შეუერთდა.[8] იმავდროულად ბოსფორიც უშუალოდ რომის პროტექტორატის ქვეშ მოექცა.[9] ნერონის ბრძანებით ყირიმსა და კავკასიის სანაპიროზე განლაგებულ იქნა რომაული სამხედრო ნაწილები. იოსებ ფლავიუსის (37-95 წწ.) ცნობით, მეოტიდა – პონტოსპირეთში იმპერიის ინტერესებს 3000 მძიმედ შეიარაღებული მეომარი და 40 ხომალდისაგან შემდგარი სამხედრო ფლოტი იცავდა.[10] როგორც ირკვევა, ეს ხომალდები რავენის ესკადრას მიეკუთვნებოდა.[11] დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ნერონის დროს რომაული ჯარის ნაწილები კოლხეთის სანაპიროზე სამ პუნქტში – აფსაროსში, ფასისსა და სებასტოპოლისში იყვნენ დისლოცირებული.[12] 
ცნობილია, რომ რომაელები მუდმივი, სტაციონარული სამხედრო ბანაკების-კასტელუმების, მშენებლობამდე აგებდნენ ე.წ. „Pila muralia“- ს, ხის დროებით სასიმაგრო ნაგებობებს. მსგავსი ხის ძელური ნაგებობების ნაშთები აღმოჩენილია ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, რეინ-დუნაისპირეთში და ისინი უპირატესად ახ. წ. I საუკუნისთვისაა დამახასიათებელი.[13] როგორც ჩანს, კოლხეთის ზღვისპირა პუნქტებშიც რომაელებს თავდაპირველად სწორედ ასეთი ხის დროებითი საფოსტიფიკაციო ნაგებობები უნდა აეგოთ. ყოველ შემთხვევაში, ფასისის მიმართ ეს ეჭვს არ იწვევს, რამდენადაც ფლავიუს არიანეს (დაახლ. 95-175 წწ.) ცნობით, I საუკუნის ფასისის ციხესიმაგრის „კედელი თიხისა იყო და ხის კოშკები იდგა მასზე“.[14] თუმცა, იმპერიის ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მალევე უნდა დაეწყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის საფორტიფიკაციო სისტემის მოდერნიზაცია. ყოველ შემთხვევაში, 69 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მომხდარი დიდი ანტირომაული გამოსვლის დროს, როდესაც აჯანყებულებმა, პონტოს სამეფო ფლოტის ყოფილი სარდლის, ანიკეტის მეთაურობით, აიღეს ახალშექმნილი პროვინციის სამხედრო-ადმინისტრაციული ცენტრი – ქ. ტრაპეზუნტი, და თავისუფლად დათარეშობდნენ შავ ზღვაზე,[15] მათ ნათლად უნდა დაენახათ, რომ პონტოსპირეთში საჭირო იყო მუდმივი, უფრო ძლიერი საყრდენი პუნქტების მშენებლობა. 
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის, ისევე როგორც მთლიანად წინა აზიის რომაული სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემის რეორგანიზაცია იმპერატორ ვესპასიანეს (69-79 წწ.) სახელთანაა დაკავშირებული. 72 წელს აღმოსავლეთის საზღვრების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით, პროვინციები გალატია და კაპადოკია გაერთიანდა და შეიქმნა ე.წ. „კაპადოკიური კომპლექსი“. მის შემადგენლობაში კოლხეთიც შევიდა.[16] „კაპადოკიური კომპლექსის“ შექმნა განპირობებული იყო აღმოსავლეთის საზღვრებზე მდგომარეობის გართულებით, რაც გამოწვეული იყო ალანთა ნომადური ტომების გააქტიურებით, სომხეთზე რომაელთა გავლენის ფაქტობრივი დაკარგვითა და საკუთრივ პართიის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხით.[17] 
კაპადოკიის, როგორც სასაზღვრო პროვინციის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა იმის გამო, რომ იმავე 72 წელს ვესპასიანემ გააუქმა მცირე არმენიისა და კომაგენის „ბუფერული“ სამეფოები. შესაბამისად, დიდი ყურადღება დაეთმო კაპადოკიის სასაზღვრო ხაზის გამაგრებას. „კაპადოკიურმა კომპლექსმა“ მიიღო ორი ლეგიონი, რომლებიც განლაგებულ იქნა უშუალოდ  საზღვრის სიახლოვეს, კაპადოკია – მცირე არმენიის ხაზზე, სატალასა და მელიტენეში. მელიტენეში ჩააყენეს სირიიდან გადმოყვანილი ლეგიონი XII Fulminata (ელვისებური),[18] ხოლო სატალაში ახალშექმნილი XVI Flavia Firma, რომელიც მოგვიანებით შეცვალა პანონიიდან  გადმოყვანილმა ლეგიონმა XV Apollionaris-მა.[19]
„კაპადოკიური კომპლექსის“ შექმნამ და სირიის ჩრდილოეთით იმპერიის მთელი საზღვრების ერთი ლეგატის ხელში გაერთიანებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა აღმოსავლეთის სასაზღვრო სისტემის თავდაცვითი პოტენციალი. თუმცა, აღმოსავლეთის საზღვრის რეორგანიზაციის პროცესი ამით არ დასრულებულა. 74-76 წლებში აღმოსავლეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დაიწყო რომაული სამხედრო ძალების ინტენსიური კონცენტრაცია.[20] ვესპასიანეს ბრძანებით, სალეგიონო გარნიზონები განლაგდნენ არმენიაში, კომაგენაში, ჩრდილოეთ სირიის ქალაქებში – ზევგმასა და სურაში. ახალი ლეგიონები იქნა დისლოცირებული სირია-პალესტინის ხაზზე, ეგვიპტესა და „ბედნიერ არაბეთში“ (Arabia Felix). იმავე ხანებში რომაული გარნიზონები ჩადგნენ ანკირასა და ევმენიაში, ხოლო სირიის ცნობილ საქალაქო ცენტრებში – პალმირაში, ბოსტრასა და ჰერასაში ციხესიმაგრეები აშენდა.[21] 
ვესპასიანეს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მთლიანად შეიცვალა რომაული აღმოსავლეთის თავდაცვითი სისტემა. თუ I საუკუნის 70-იან წლებამდე წინა აზიაში იმპერიის მსხვილ სამხედრო ცენტრს მხოლოდ სირია წარმოადგენდა,[22] რეფორმის შემდეგ რეგიონში რომაული სამხედრო ძალების კიდევ ორი მნიშვნელოვანი დაჯგუფება შეიქმნა. სირიამ, რომლის შემადგენლობაში შევიდა კომაგენაც, შეინარჩუნა თავისი ოთხი ლეგიონი, ხოლო კაპადოკიასა და პალესტინაში, სადაც აქამდე მხოლოდ დამხმარე შენაერთები იდგნენ, დამატებით განლაგდა კიდევ სამი ლეგიონი.[23] შესაბამისად, აღმოსავლეთში მუდმივად მყოფი ლეგიონების რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. შეიცვალა მათი განლაგების პრინციპიც. ავგუსტუსისა და იულიუს-კლავდიუსების დინასტიის (14-68 წწ.) იმპერატორთა მმართველობის დროს აღმოსავლეთში რომაელთა მთელი ძირითადი სამხედრო ძალა – ოთხი ლეგიონი, სირიაში ქვეყნის სიღრმეში იყო განლაგებული და არც ერთი მათგანი არ იდგა ევფრატის საზღვარზე;[24] ვესპასიანემ კი, რომაული სამხედრო ნაწილები აღმოსავლეთის საზღვრების მთელ პერიმეტრზე განალაგა. 
ყოველივე ამასთან ერთად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კაპადოკია-მცირე არმენიის სასაზღვრო ხაზის მოდერნიზებას. სატალასა და მელიტენეს შორის ტერიტორია რომაელებმა ციხესიმაგრეებითა და ფორტებით გაამაგრეს, რითაც დაიწყო დიდი არმენიის საზღვრის გასწვრივ ე.წ. „ზემოევფრატის ლიმესის“ ფორმირება. საფორტიფიკაციო ნაგებობათა ეს ქსელი ევფრატის დინების გასწვრივ თითქმის ორ პარალელურ ხაზად მიემართებოდა.[25] დიდი არმენია რომაული გარნიზონებით იქნა გარშემორტყმული. სასაზღვრო ბანაკებისა და ფორტების გარდა, 76 წელს იმპერიის აღმოსავლეთ საზღვრის გაყოლებით დაიწყო დიდი სამხედრო-სტრატეგიული გზის მშენებლობა, რომელიც ტრაპეზუნტს სატალასთან, მელიტენესა და სამოსატასთან აერთებდა. ეს მაგისტრალი აქვედუკებით, ხიდებითა და სპეციალური საგზაო ნიშნებით იყო აღჭურვილი. მის უსაფრთხოებას კი, თითო დღის სავალზე განლაგებულ მცირე ზომის სიმაგრეებისა (ბურგი) თუ უფრო მოზრდილ ციხეებში (castra) დისლოცირებული სასაზღვრო ჯარის (numeri) ნაწილები უზრუნველყოფდა.[26] ზემოევფრატის ლიმესის მნიშვნელოვანი ქალაქები და სამხედრო-სტარტეგიული პუნქტები ერთმანეთთან დაკავშირებული იყო მცირე ფორტებით, საგუშაგო კოშკებითა და ქვაფენილიანი გზით.[27] 
ზემოევფრატის სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემის უკანასკნელი რგოლები სატალა და მელიტენე იყო. ისინი ითვლებოდნენ კაპადოკიასა და სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით კაპადოკიის მთავარსარდლის დაქვემდებარებაში მყოფ ამიერკავკასიაში[28]  რომაული სამხედრო ქვედანაყოფების ძირითად გამანაწილებელ ბაზად. მელიტენეს სამხრეთით იწყებოდა სირიის ლიმესი, ხოლო სატალა საფორტიფიკაციო ნაგებობათა ქსელით უკავშირდებოდა ტრაპეზუნტს.[29] ამ უკანასკნელი პუნქტიდან კი სათავეს იღებდა რომაული მორიგი სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემა, რომელიც მთელ კოლხეთს აკონტროლებდა. ეს სისტემაც აქტიურ ფუნქციონირებას ვესპასიანეს ხანაში იწყებს. 
ტრაპეზუნტი წარმოადგენდა რომის კავკასიურ პოლიტიკის საყრდენს და რეგიონის მნიშვნელოვან სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრს. 64 წლიდან იგი რომაული ფლოტის – Classic Pontica-s მთავარი ბაზა გახდა.[30] (პონტოს სამეფოს გაუქმების შემდეგ, რომაელთა ხელში გადავიდა პოლემონიდთა სამხედრო ფლოტიც. მკვლევართა ნაწილის აზრით, Classic Pontica მთლიანად სწორედ პოლემონიდების სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზაზე ჩამოყალიბდა (T.B. Mitford. Some inscriptions.., გვ. 163), სხვების აზრით კი, მას რავენის ესკადრისა და მეზიურ-ფლავიუსისეული ფლოტის (Classic Flavia Moesica Gordiana) ნაწილებიც უნდა დამატებოდა (В.Д. Блаватский. Военное дело. – Античная цивилизация, М., 1973, გვ. 212). როგორც ჩანს, Classic Pontica-s ხომალდების ნაწილი 69 წელს აჯანყებულებმა დაწვეს (Tac., Hist., III, 47-48). მოგვიანებით, „პონტოს ფლოტის“ ცალკეული ნაწილები კოლხეთის ნავსადგურებშიც უნდა მდგარიყო (იხ. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 170, შენ. 22)).
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სასაზღვრო ხაზზე განლაგებული კასტელუმების მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება ცენტრალიზებული წესით სწორედ ტრაპეზუნტიდან ხორციელდებოდა.[31]
ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით, ზღვის სანაპიროზე მცირერიცხოვანი გარნიზონები განლაგებული იყვნენ ჰისოსში, რიზესა და ათენაში.[32] ამ პუნტების გარდა, როგორც ზემოთ ვნახეთ, ახ.წ. 63 წლის შემდგომ რომაული გარნიზონები განლაგდნენ აფსაროში, ფასისსა და სებასტოპოლისში. II საუკუნის შუახანებამდე სებასტოპოლისი რომაელთა ბატონობის უკიდურესი ფორპოსტი იყო ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში. 132-152 წლებს შორის სამხედრო ნაწილები დისლოცირებულ იქნა პიტიუნტშიც,[33] რითაც დასრულდა კიდეც პონტო-კავკასიის საზღვრის ორგანიზაციული გაფორმება.[34] აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემა სამხედრო-საზღვაო ხასიათისა იყო და მასში შემავალ ასტელუმებს შორის საკომუნიკაციო კავშირი საზღვაო გზით ხორციელდებოდა.[35]
პონტო-კავკასიის სასაზღვრო სისტემის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენდა რომის პოზიციების განმტკიცება რეგიონში, გაძლიერებული იბერიის სამეფოს ზღვის სანაპიროსაკენ ექსპანსიის შეკავება, ჩრდილოეთ კავკასიის გადმოსასვლელების გაკონტროლება და არ დაეშვა გააქტიურებული იმიერკავკასიელი ნომადების-ალანების მოულოდნელი შემოჭრა წინა აზიის რომაულ სამფლობელოებში „მეოტიდა-კოლხეთის“ გზით. სტრატეგიული ფუნქციების გარდა, მის მოვალეობაში შედიოდა მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლა, საკაბოტაჟო ნავიგაციისა და ვაჭრობის უსაფრთხოების დაცვა.
კოლხეთის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ერთიორად გაიზარდა II საუკუნის დასაწყისში, როდესაც იმპერატორმა ტრაიანემ (98-117 წწ.) პართია-სომხეთის წინააღმდეგ გრანდიოზული ლაშქრობისათვის დაიწყო მზადება. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმოადგენდა ხელსაყრელ სტრატეგიულ პლაცდარმს სომხეთის მიმართ და, საჭიროების შემთხვევაში, რომაელებს შეეძლოთ აქედანაც შეჭრილიყვნენ არმენიაში. გარდა ამისა, სომხეთში მებრძოლი რომაული ჯარების მომარაგება სურსათითა და დამატებითი ძალებით შავიზღვისპირეთიდან, ძირითადად კი, ტრაპეზუნტიდან ხდებოდა.[36] ასეთ ვითარებაში, ცხადია, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა რომაელთა პოზიციების სტაბილურობას აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, (ტრაიანეს წინამორბედის, დომიციანეს (81-96 წწ.) მმართველობის პერიოდში რომის გავლენა კოლხეთზე მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა (იხ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 55-56; М.П. Инадзе. К истории Грузии античного периода (Флавий Арриан и его сведения о Грузии). Автореферат кандидатской диссертации, Тб., 1953, გვ. 13-14.) საიდანაც „მეოტიდა-კოლხეთის“ მაგისტრალით მცირე აზიაში თავისუფლად შეეძლოთ შემოღწევა ჩრდილოკავკასიელ მომთაბარეებს. ამიერკავკასიაში გადმოსვლის შემთხვევაში, მეომარი ალანები რომაელთა ზურგში აღმოჩნდებოდნენ და, რაც მთავარია, მათ შეეძლოთ ტრაპეზუნტიდან არმენიისაკენ მიმავალი ძირითადი კომუნიკაციების გადაჭრა, რისი დაშვებაც ტრაიანეს, რა თქმა უნდა, არ შეეძლო.[37]
აქედან გამომდინარე, ტრაიანეს მიერ შემუშავებულ სამხედრო-ტაქტიკურ გეგმაში კოლხეთს გარკვეული ადგილი დაეთმო, რამაც ფაქტობრივად ისტორიული ცვლილებები გამოიწვია აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 106-114 წლების მომავალი საომარი ასპარეზისათვის ფლანგების გამაგრების მიზნით გატარებული დიდი მოსამზადებელი სამუშაოების დროს, ტრაიანემ გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით, კოლხეთის ტერიტორიაზე არსებულ ცალკეულ ტერიტორიულ-ტომობრივ გაერთიანებათა მეთაურებს, სკეპტუხებს ფორმალურად გადასცა „სამეფო ხელისუფლება“, რითაც უზრუნველყო პართია-სომხეთთან მომავალ დაპირისპირებაში მათი მოკავშირეობა და მინიმუმამდე დაიყვანა „მეოტიდა-კოლხეთის“ გზით ჩრდილოკავკასიელ ნომადთა შემოჭრის საფრთხე.[38] 
ტრაიანეს მიერ კოლხეთის ცალკეულ სკეპტუხთათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემამ საფუძველი ჩაუყარა ცალკეულ „სამეფობს“ _ მაკრონ-ჰენიოხების, ლაზების, აფსილების, აბაზგებისა და სანიგების გაერთიანებებს,[39] რომლებიც მთელი II საუკუნის მანძილზე ინარჩუნებდნენ რომისადმი ერთგულებას.
როგორც ჩანს, ტრაიანეს დროს გარკვეული ცვლილებები უნდა შეხებოდა პონტო-კავკასიის სასაზღვრო სისტემასაც. „მეოტიდა-კოლხეთის“ მაგისტრალისა და განსაკუთრებით, ტრაპეზუნტის ნავსადგურის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომოდინარე, გამორიცხული არ არის, რომ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაულ ციხესიმაგრეებში ტრაიანეს დამატებითი ძალები ჩაეყენებინა. შესაძლოა, გარკვეულწილად ამის მიმანიშნებელიც იყოს VI საუკუნის ავტორის პროკოპი კესარიელის ცნობაც: „ამბობენ, აგრეთვე, რომ რომაელთა თვითმპყრობელ ტრაიანეს დროს, იქ (იგულისხმება რიზეს რაიონი – კ.ფ.) ვიდრე ლაზებისა და სანიგების ქვეყნამდე დაფუძნებულ იქნა რომაელ ჯარისკაცთა რაზმები“.[40] მართალია, ლაზებისა და სანიგების ტერიტორიაზე, ისევე როგორც მთლიანად კოლხეთში, რომაული რაზმები ტრაიანემდე რამდენიმე ათეული წლის წინ, ჯერ კიდევ ნერონის დროს ჩადგნენ, მაგრამ, ეს ცნობა შეიძლება ჩაითვალოს იმის შორეულ გამოხმაურებად, რომ ტრაიანეს დროს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში დამატებითი ძალები იქნა შეყვანილი. (ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ტრაიანეს დროს რომაელებმა კოლხების წინააღმდეგ სამხედრო ექსპედიაციაც კი განახორციელეს და ძალის გამოყენებით დაიმორჩილეს ისინი (იხ. А.Г. Бокоанин. Парфия и Рим, ч. II. გვ. 234-235). თუმცა, ამ მოსაზრებას რეალური საფუძველი არ გააჩნია (იხ. კ. ფიფია. ერთი ასპექტი ტრაიანეს ლაშქრობის ისტორიიდან. – თსუ სოხუმის ფილიალი. ახალგაზრდა მეცნიერთა და ასპირანტთა შრომები. წიგნი III. თბ., 2003, გვ. 106-110; კ. ფიფია. ტრაიანეს აღმოსავლური პოლიტიკა და საქართველო, გვ. 20-22.) 
ტრაიანეს აღმოსავლეთ კამპანიის შემდეგ, ადრიანეს (117-138 წწ.) პრინციპატის ხანაში რომის საგარეო პოლიტიკამ მკვეთრი ცვლილება განიცადა. იმპერიამ ფაქტობრივად ამოწურა გლობალური ომების წარმოების ყველა რესურსი და იძულებული გახდა საზღვრების მთელ პერიმეტრზე ტოტალურ თავდაცვაზე გადასულიყო. ადრიანემ უარი თქვა ტრაიანეს მიერ არმენიისა და პართიის ტერიტორიებზე შექმნილ პროვინციებზე და კვლავ ევფრატის სასაზღვრო ხაზს დაუბრუნდა.[41] თუმცა შექმნილი სიტუაციით სარგებლობა ვერც პართიის სამეფომ შეძლო. ტრაიანეს კამპანიის დროს განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, მასაც არ აღმოაჩნდა კონტრშეტევაზე გადასვლისა და წინა აზიაში პოლიტიკური ინიციატივის საკუთარ თავზე აღების ძალა.[42] 
ასე რომ, აღმოსავლეთში საუკუნეების მანძილზე პოლიტიკური ამინდის განმსაზღვრელმა ორივე სახელმწიფომ – რომმა და პართიამ, თანდათანობით დათმო პოზიციები; შედეგად კი, წინა აზიაში შესუსტდა ე.წ. „პოლიტიკური დუალიზმის“ სისტემა, რამაც გამოიწვია უფრო პატარა პოლიტიკური ერთეულების გაძლიერება-გააქტიურება, რაც აისახა კიდეც კოლხეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამ პერიოდში რომი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ვერ ახერხებს აქტიური თავდაცვითი პოლიტიკის გატარებას და აღმავლობის გზაზე მდგარი იბერიის სამეფოს შავი ზღვის სანაპიროსაკენ ექსპანსიის შეკავებას. 117-129 წლებს შორის იბერიის მეფე ფარსმანმა მიიტაცა კოლხეთის ზღვისპირეთის ერთ-ერთი სექტორი, მაკრონ-ჰენიოხებსა და ლაზებს შორის მოსახლე ზიდრიტთა ოლქი.[43] 
ზიდრიტთა ოლქის დაკარგვით გარკვეულწილად დაირღვა პონტო-კავკასიის სასაზღვრო ხაზის მთლიანობაც. როგორც აღვნიშნეთ, პონტო-კავკასიის სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემა სათავეს ტრაპეზუნტში იღებდა და ადრიანეს მმართველობის პერიოდისათვის სებასტოპოლისამდე  ვრცელდებოდა. ამ ერთიან სასაზღვრო პერიმეტრზე იბერიის გამოჩენით კი, გადაჭრილ იქნა რომაულ სამხედრო-სტრატეგიულ პუნქტებს შორის სახმელეთო კომუნიკაცია, რის შედეგადაც კოლხეთის ორ უმნიშვნელოვანეს რომაულ ფორპოსტს – აფსაროსსა (მაკრონ-ჰენიოხთა ტერიტორიაზე) და ფასისს (ლაზეთის ტერიტორიაზე) შორის დაკავშირება მხოლოდ საზღვაო გზით გახდა შესაძლებელი.[44] მიუხედავად ამისა, ადრიანემ, რომელსაც არ აწყობდა კავკასიაში სიტუაციის გამწვავება, უარი თქვა ვითარების შემდგომ ესკალაციაზე, ფარსმანთან ღია კონფლიქტის დაწყებაზე და იბერიის საზღვრების სიახლოვეს, კოლხეთის სასაზღვრო ციხესიმაგრეების გაძლიერებით სცადა რეგიონში სიტუაციის დარეგულირება. 
როგორც ცნობილია, ადრიანემ, სხვა პრინცეპსებთან შედარებით, ყველაზე მეტად მოაწესრიგა იმპერიის თავდაცვითი სისტემა. საზღვრების უსაფრთხოების გასაძლიერებლად დაიწყო გრანდიოზული სამხედრო-სტრატეგიული სამუშაოები.[45] იმპერატორი პირადად მოგზაურობდა სასაზღვრო პროვინციებში და ადგილებზე ეცნობოდა რომაული გარნიზონების მდგომარეობას. ადრიანეს თან ახლდა სამხედრო მშენებელთა შტაბი და მის გამოჩენას რომის სახელმწიფო საზღვრებზე ჩვეულებრივ თან ახლდა დიდი საფორტიფიკაციო სამუშაოების დაწყება. 
129 წელს იმპერატორმა ადრიანემ პირადად იმოგზაურა კაპადოკიაში.[46] ამ პროვინციის საინსპექციო შემოსვლისას ის იმყოფებოდა ტრაპეზუნტშიც.[47] როგორც ჩანს, ადრიანეს მიერ სიტუაციის ადგილზე გაცნობის შემდეგ დაიწყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემის მოდერნიზაცია. 131 წ. კაპადოკიის პროვინციის პროკონსულის ფლავიუს არიანეს მიერ შავი ზღვის სანაპიროზე ჩატარებული სამსახურებრივი მოგზაურობის დროს,[48] ტრაპეზუნტ-სებასტოპოლისის ხაზზე განლაგებული რომაული ფორპოსტების განახლება-განმტკიცების პროცესი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. ტრაპეზუნტში ისევ გრძელდებოდა ადრიანეს ბრძანებით დაწყებული ნავსადგურის მშენებლობა.[49] როგორც წყაროთა მონაცემებით ირკვევა, აფსაროსის, ფასისისა და სებასტოპოლისის ციხეების გამაგრებაც 129 წელს დაიწყო და 131 წელს უნდა დასრულებულიყო.[50]
იბერიის საზღვრებთან რომაული ფორპოსტების მოდერნიზაცია, რა თქმა უნდა, ხელს არ აძლევდა მეფე ფარსმანს და პროტესტის ნიშნად მან 135-137 წლებში იმიერკავკასიის გადასასვლელები გაუხსნა მეომარ ალანებს და ისინი რომის სამფლობელოებს შეუსია.[51] ამ აქციითა და თავისი რეალური ძალის დემონსტრირებით, ფარსმანმა მოახერხა კოლხეთის ზღვისპირეთში ადრე დაპყრობილი ზიდრიტთა ოლქის შენარჩუნება.[52]
როგორც არიანეს ცნობიდან ირკვევა, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული ციხესიმაგრეებიდან განსაკუთრებით შთამბეჭდავად აფსაროსი გამოიყურებოდა. აფსაროსი დიდი ხანია იდენტიფიცირებულია დღევანდელ გონიოსთან. ციხესიმაგრე გასაოცრად კარგადაა შემონახული. იგი გეგმით სწორკუთხედია, კოშკებსა და ციხის გალავანს ეტყობა მრავალგზის რესტავრაცია-გადაკეთების კვალი. თუმცა, რომაული კასტელუმის ძირითადმა ღერძებმა (194 მ X 245 მ) ჩვენამდე უცვლელად მოაღწია. მკვლევრები აფსაროსში კასტელუმის მშენებლობის ორ ეტაპს გამოყოფენ, რომლებიც შესაბამისად I-II და IV-VI საუკუნეებით თარიღდება.[53] ადრიანეს პრინციპატის დროს აფსაროსში იდგა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ყველაზე ძლიერი რომაული გარნიზონი. არიანეს ცნობით, აფსაროსში ხუთი სპეირა იდგა.[54] არიანე რომაული არმიის ქვედანაყოფების საყოველთაოდ მიღებულ, ტრადიციულ სახელწოდებას რატომღაც არ იძლევა და ბერძნულ ტერმინოლოგიას ხმარობს, რაც მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. არიანესეული „სპეირა“ მკვლევართა ნაწილის აზრით, ლათინურ კოჰორტას შეესაბამება,[55] თუმცა, როგორც ჩანს, იგი „მანიპულას“ პირდაპირი თარგმანი უნდა იყოს. მანიპულა კი, როგორც ცნობილია, კოჰორტის ერთ მესამედს – 150-200 კაციან რაზმს უდრის. ასეთ შემთხვევაში, აფსაროსის ციხის გარნიზონის შემადგენლობა 900-1000 კაცით უნდა განისაზღვროს, რაც სავსებით შეესაბამება კიდეც აფსაროსის კასტელუმის ტევადობას.[56] დოკუმენტურად დადსტურებულია, რომ აფსაროსის გარნიზონის შემადგენლობაში შედიოდა დამხმარე ჯარის ნაწილები – კლავდიუსის სახელობის II კოჰორტა (Cohors II Claudiana), სპეციფიკური აღჭურვილობის მშვილდოსანთა რაზმი  (Sagitarius) და იმპერატორ ავრელიუსის სახელობის კოჰორტა (Cohors Aurelia)[57]. გამორიცხული არ არის, რომ აფსაროსის გარნიზონის ერთი ნაწილი ლეგიონური ჯარის ქვედანაყოფებით ყოფილიყო დაკომპლექტებული, რასაც გარკვეულწილად მოწმობს მის ავანპოსტში – პეტრაში (ციხისძირი) აღმოჩენილი აგურის ფრაგმენტი ლათინური დამღით – VEX-FA, რომელიც იშიფრება, როგორც VEX [illationes Legionum XII] F [ulminatae et XV] A [pollinaris][58], რაც XII და XV ლეგიონების ერთობლივი სამშენებლო საქმიანობის მაჩვენებელია. თუმცა, არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. ამერიკელი მეცნიერის მ. შპაიდელის აზრით, ეს წარწერა უნდა იკითხებოდეს როგორც Vex(illatio) FA(siana).[59] ამ შემთხვევაში, საფიქრებელია, რომ ეს დამღიანი აგური დამზადებული იყო ფასისში მდგარი სამხედრო ნაწილის სახელოსნოში და ამავე ნაწილის ჯარისკაცებს რაღაც სამხედრო-საინჟინრო სამუშაოები ჩაუტარებიათ პეტრაშიც.[60] 
წარწერის ასეთნაირად გაშიფრვა მ. შპაიდელს საშუალებას აძლევს ივარაუდოს, რომ ფასისის აგურის ციხესიმაგრე ააგეს კაპადოკიის „pedites singularis“-ებმა, ანუ სპეციალურმა სამშენებლო ქვედანაყოფებმა, და ისინი სხვა ციხეებისთვისაც ამზადებდნენ სამშენებლო მასალებს.[61]
მ. შპაიდელის ეს მოსაზრება საკმაოდ საყურადღებოა, მაგრამ, ჩვენი აზრით, ციხისძირში აღმოჩენილი აგურის დამღის გაშიფრვის პირველი, ვ. ლექვინაძისეული ვარიანტი უნდა იყოს უფრო მართებული. მართალია, რომაული არმიის შემადგენლობაში შედიოდა და სპეციალური ნაწილები, რომლებსაც ევალებოდათ საფორტიფიკაციო სამუშაოების ჩატარება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ საქმიანობას რომაული ლეგიონების ცალკეული ვექსილაციებიც ეწეოდნენ. სწორედ ლეგიონების ტრადიციული სამშენებლო საქმიანობის მაჩვენებელია ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში აღმოჩენილი ლეგიონების დამღიანი კრამიტები და აგურ-ფილები.[62] გარდა ამისა, როგორც ვაჰარშაპატში (ეჩმიაძინი) აღმოჩენილი II საუკუნის ლათინური წარწერიდან ირკვევა, კაპადოკიური ლეგიონების – XII Fulminata-სა და XV Apollinaris-ის ვექსილაციები ერთობლივ სამშენებლო საქმიანობას ეწეოდნენ არმენიის დედაქალაქში.[63] და ბოლოს, როგორც ქვემოთ ვნახავთ, დოკუმენტურად დასტურდება, რომ II საუკუნის ბოლოს, და III საუკუნის დასაწყისში პიტიუნტის ციხის მშენებლობაში მონაწილეობას იღებდნენ XV ლეგიონის ჯარისკაცები. 
ასე რომ, ციხისძირში აღმოჩენილი დამღიანი აგური XII და XV ლეგიონების იმ ცალკეული ვექსილაციების ერთობლივი სამშენებლო საქმიანობის მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს, რომლებიც ხანგრძლივო დროით იდგნენ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. ამ ლეგიონების ცალკეული ქვედანაყოფების ყოფნა კოლხეთის სანაპიროზე მოულოდნელი არ უნდა იყოს. როგორც უკვე აღინიშნა, კოლხეთი, ისევე როგორც მთლიანად ამიერკავკასია, სამხედრო თვალსაზრისით კაპადოკიის მთავარსარდლობას ექვემდებარებოდა. ამიტომ მთელ ამ ტერიტორიაზე დისლოცირებული რომაული გარნიზონები დაკომპლექტებული იყო კაპადოკიის ლეგატის განკარგულებაში მყოფი XII და XV ლეგიონების ცალკეული ვექსილაციებით. ამ ლეგიონების ქვედანაყოფები განლაგებულნი იყვნენ ტრაპეზუნტში,[64] სომხეთის ქალაქებში[65] და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის თითქმის მთელ მონაკვეთზე.[66] რომის ლეგიონური ჯარის ნაწილების ყოფნა, როგორც ქვემოთ ვნახავთ, დასტურდება კოლხეთის სანაპირო პუნქტებშიც – პიტიუნტსა და ფასისში. ასეთ ვითარებაში, ძნელი წარმოსადგენია, რომ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში გეოსტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ციხესიმაგრის-აფსაროსის გარნიზონი მხოლოდ ნაკლებად ბრძოლისუნარიანი დამხმარე რაზმებით ყოფილიყო დაკომპლექტებული და აქ აუცილებლად დისლოცირებული იქნებოდნენ ლეგიონური ნაწილებიც. ასე რომ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გაიშიფრება ციხისძირში აღმოჩენილი აგურის დამღა და ვ. ლექვინაძის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი, თუნდაც რომ არადამაჯერებელი იყოს, ჩვენი აზრით, ამ ფაქტს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს და აფსაროსში ლეგიონური ჯარის ნაწილების ყოფნა ეჭვს არ უნდა იწვევდეს.
აფსაროსში ასეთი სერიოზული სამხედრო ძალის ყოფნა განპირობებული იყო მისი გეოსტრატეგიული მდებარეობით. იგი უშუალოდ ესაზღვრებოდა ზიდრიტთა ოლქს და წარმოადგენდა ძირითად ფორპოსტს იბერიის წინააღმდეგ, ამასთან, თვალყურს ადევნებდა დარიალის გადმოსასვლელს და მთლიანად კავკასიას.[67] აფსაროსი ჭოროხის ხეობის გავლით, კოლხეთის დაბლობიდან აღმოსავლეთ მცირე აზიის შიდა რაიონებისაკენ მიმავალი გზების საკვანძო გზაჯვარედინს წარმოადგენდა და ამავე დროს, სანაპირო ზოლსაც კეტავდა.[68] რაც შეეხება საკუთრივ აფსაროსის სასიმაგრო ნაგებობას, არიანეს მოგზაურობის დროისაათვის იგი უკვე „Castella Murata“- ს ტიპის მუდმივმოქმედ, ხანგრძლივი დროისათვის განკუთვნილ კასტელუმს წარმოადგენდა. რომაული ციხესიმაგრეების საერთო სტანდარტებიდან გამომდინარე, იგი საშუალო სიდიდის ბანაკების კატეგორიას მიეკუთვნებოდა.[69]
აფსაროსის ჩრდილოეთით, 65 კმ-ის დაშორებით, მდ. რიონის შესართავთან მდებარეობდა ფასისის ციხე. იგი წარმოადგენდა რომაელთა ძალაუფლების საყრდენს ლაზეთის მიწა-წყალზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 129-131 წლებში მოდერნიზებულ იქნა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული სასაზღვრო სისტემა. როგორც ჩანს, რომაელებს სათანადოდ უზრუნიათ ფასისის ციხესიმაგრის გაძლიერებისათვის. არიანეს ცნობით, „წინათ კედელი თიხისა იყო და ხის კოშკები იდგა მასზე, მაგრამ ახლა კედელი და კოშკები გამომწვარი აგურისაგანაა გაკეთებული. საძირკველი მისი მყარია, ზედ სამხედრო მანქანებია დადგმული. ერთი სიტყვით, ყოველმხრივ იმდაგვარადაა მოწყობილი, რომ ვერავინ მიუახლოვდეს ბარბაროსთაგან და რომ ალყის საფრთხე არ მოელოდეს ციხის დამცველთ“.[70] იმავე არიანეს ცნობით, ფასისში ოთხასი რჩეული მეომარი იდგა.[71] რამდენადაც სატყორცნი მოწყობილობები (ონაგრები, კატაპულტები, ბალისტები) დამხმარე სამხედრო შენაერთებს შეიარაღებაში არ ჰქონდათ და ეს იარაღები უფრო გამოცდილი, მაღალკვალიფიცირებული ლეგიონური ჯარის ნაწილების ტექნიკურ აღჭურვილობაში შედიოდა.[72] აქედან გამომდინარე, ფასისის გარნიზონი ლეგიონურ კოჰორტად უნდა მივიჩნიოთ. 
ფასისის გარნიზონი ლეგიონური ჯარის ნაწილებით რომ იყო დაკომპლექტებული, ამაზე მიგვანიშნებს მის ავანპოსტში, სოფ. მოედანთან (ლანჩხუთის რ-ნი) არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობის ტერიტორიაზე  XV ლეგიონის დამღიანი აგურის აღმოჩენაც.[73] ამდენად, ფასისში, ისევე როგორც კოლხეთის სხვა სანაპირო პუნქტებში დისლოცირებული იყო XV ლეგიონის ქვედანაყოფები, რომელსაც, როგორც ჩანს, შეიარაღებაში ჰქონდა 4-5 კარობალისტა და ერთი ონაგრი.[74] 
ფასისის ციხესიმაგრის ასე საგანგებოდ გამაგრება-განმტკიცება და მისი სამხედრო მანქანებით აღჭურვა იბერიის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხით უნდა ყოფილიყო განპირობებული. ეს საფრთხე კი, როგორც ჩანს, რეალური იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფასისის ციხე რომაელების მიერ ახალგამაგრებული იყო, მას კარგად შეიარაღებული გარნიზონი იცავდა და ბუნებრივადაც მიუდგომელ, „უშიშროების თვალსაზრისით მეტად მოხერხებულ ადგილზე იყო აგებული“.[75] არაინემ საჭიროდ ჩათვალა დამატებითი ღონისძიებების გატარება ნავსადგურისა და ციხის გარშემო არსებული დასახლების გასამაგრებლად.[76] თუმცა, რომაელებს, როგორც ჩანს, ფასისის უსაფრთხოება მაინც აეჭვებდათ. ამიტომ, ფასისის მიდამოებში მოგვიანებით ისინი აგებენ გამაგრებათა მთელ სისტემას, რომელიც რომაულ კასტელუმს ზურგიდან იცავდა „ბარბაროსების“ მოსალოდნელი თავდასხმისაგან. ამ სისტემაში ჩართული იყო სოფ. მოედნისა და მდ. ნატანების ხეობაში განლაგებული ვაშნარის (ოზურგეთის რაიონი) საფორტიფიკაციო ნაგებობები.[77] მართალია, ვაშნარი რომაულ-ბიზანტიურ წყაროებში არ იხსენიება, მაგრამ მისი თავდაპირველი ციხე, რომელიც კვადრატული ფორმისაა და რომაული კასტელუმების პრინციპითაა ნაგები, ასეთი ვარაუდის საფუძველს ნამდვილად იძლევა.[78] მკვლევართა აზრით, მოედნისა და ვაშნარის სიმაგრეები სწორედ იბერიის შესაჩერებლად იყო გათვალისწინებული.[79] არსებობს მოსაზრება, რომ ასეთივე პუნქტი უნდა ყოფილიყო არქეოპოლის-ნოქალაქევიც, რასაც გარკვეულწილად მოწმობს იქ აღმოჩენილი კონსტანტინე დიდის სპილენძის მონეტა.[80] ამგვარი მონეტები კი, როგორც წესი, ჩნდება იქ, სადაც რომაელთა სამხედრო ნაწილები იდგა.[81] 
სოფ. მოედანში რომაული ლეგიონის ტვიფრიანი აგურის აღმოჩენა ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევაა ეგრისის შიდა რაიონებისათვის და მრავალმხრივ საყურადღებოა. იგი მოწმობს, რომ რომაელთა სამხედრო ძალების გარკვეული კონტიგენტი არა მხოლოდ კოლხეთის სანაპირო ზოლში, არამედ ქვეყნის შიდა რაიონებშიც იყო დისლოცირებული. მათი იქ ყოფნა კი, მხოლოდ იბერიის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხით არ უნდა ყოფილიყო განპირობებული. ყოველ შემთხვევაში, ვაშნარისა და განსაკუთრებით კი, არქეოპოლისის სიმაგრეები იბერიის შესაჩერებლად კი არა, უფრო კოლხეთის შიდა რაიონებზე რეალური კონტროლის დასამყარებლად უნდა ყოფილიყო გამიზნული. არქეოპოლისი ქვეყნის სიღრმეში, იბერიის საზღვრებიდან მოშორებით მდებარეობდა და ამ მხრიდან ფასისს არ შეიძლებოდა იბერიელთა შემოსევის საფრთხე დამუქრებოდა. ამასთან, მიგვაჩნია, რომ თუკი დადასტურდა ვაშნარსა და არქეოპოლისში რომაული სამხედრო ნაწილების ყოფნა, მაშინ ისინი აქ უნდა გამოჩენილიყვნენ სეპტიმიუს სევერუსის (193-211 წწ.) მმართველობის პერიოდში, როდესაც „იბერიის საკითხი“ ნაკლებაქტუალური იყო რომის კავკასიურ პოლიტიკაში და ამ უკანასკნელს, უკვე აღმავლობის გზაზე მდგარი ლაზიკის სამეფოს დამორჩილებისათვის უწევს ბრძოლა. ამ საკითხს ჩვენ ქვემოთ კვლავ დავუბრუნდებით. 
არიანეს მოგზაურობის დროისათვის რომაელთა მფლობელობის უკიდურესი ფორპოსტი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში სებასტოპოლისი იყო. სებასტოპოლისის გარნიზონს უნდა დაეცვა რომაული სამფლობელოები ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მეომარი ტომების თავდასხმებისაგან და აფსილების, აბაზგებისა და სანიგების „მეფეებთან“ კავშირში გაეკონტროლებინა მარუხისა და ქლუხორის გადასასვლელები.[82] როგორც ცნობილია, ახ. წ. I საუკუნის პიტიუნტი და დიოსკურია მეკობრე ტომთა თავდასხმებს განიცდიდა.[83] ეს საფრთხე ბოლომდე არიანეს დროსაც არ ყოფილა განეიტრალებული, რასაც მოწმობს ის, რომ კოლხეთის სხვა რომაული ციხეებისაგან განსხვავებით, სებასტოპოლისის გარნიზონის შემადგენლობაში შედიოდა კავალერიის ნაწილებიც.[84] კავალერია კი, თავისი სისწრაფიდან და ოპერატიულობიდან გამომდინარე, ხმელეთზე გადმოსული მეკობრეების წინააღმდეგ განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებდა და რომის საზღვრებზე მათი მოულოდნელი თავდასხმების აღსაკვეთად გამოიყენებოდა.[85] 
არიანე არაფერს ამბობს სებასტოპოლისის გარნიზონის რაოდენობის შესახებ, მაგრამ, მკვლევართა აზრით, სებასტოპოლისის ადრეული, I-II საუკუნეებით დათარიღებული კასტელუმის ფართობიდან (0,6-0,8 ჰა) გამომდინარე, იგი 200 ჯარისკაცს არ აღემატებოდა.[86] მაშასადამე, სებასტოპოლისის თავდაპირველი კასტელუმი სანუმერო, ანუ მცირე ციხესიმაგრის კატეგორიას მიეკუთვნებოდა.[87] 
არიანეს დროისათვის სებასტოპოლისთან მთავრდებოდა „რომაელთა სამფლობელოები პონტოს მარჯვენა მხარეს მცურავთათვის“[88] და ამის იქით რომაული გარნიზონები არ იდგა. თუმცა, იმპერატორ ადრიანეს მიერ დაწყებული კოლხეთის თავდაცვის სისტემის გაძლიერება-განმტკიცების პროცესი შემდეგშიც გაგრძელდა და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 132-152 წლებში რომაული გარნიზონი დისლოცირებულ იქნა პიტიუნტშიც.[89] II საუკუნის შუახანებში დაიწყო პიტიუნტის კასტელუმის მშენებლობაც.[90] პიტიუნტში რომაული გარნიზონის ჩადგომით პონტო-კავკასიის სასაზღვრო სისტემის ჩამოყალიბების პროცესი საბოლოოდ დასრულდა. ამ სისტემის მეშვეობით რომმა თითქმის მთელი II საუკუნის მანძილზე წარმატებით შეძლო რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება; შეჩერებულ იქნა ჩრდილო-კავკასიელ ნომადთა შემოტევა და თარეში; შავი ზღვის სანაპიროზე აღკვეთილ იქნა მეკობრეობა და ძარცვა-ყაჩაღობა; უზრუნველყოფილ იქნა იმპერიის შორეული მისადგომების უსაფრთხოება და ადგილობრივი ტომების რომის რეალური კონტროლქვეშ ყოფნა.
კოლხეთის ზღვისპირეთში დისლოცირებული გარნიზონები ადგილობრივ სატომო გაერთიანებათა მმართველების (ჯერ სკეპტუხების, შემდეგ კი „მეფეების“) რომზე რეალური დამოკიდებულების გარანტიას წარმოადგენდნენ. გარნიზონთა მეთაურები კოლხეთის ტერიტორიაზე არსებული ცალკეული „სამეფოების“ უზენაეს ხელისუფლად, რომის პოლიტიკის ადგილზე გამტარებლად ითვლებოდნენ. მაგ., აფსაროსის გარნიზონის უფროსს ევალებოდა მაკრონ-ჰენიოხთა მეთვალყურეობა, ფასისის რომაულ გარნიზონს – ლაზების, ხოლო სებასტოპოლისის კასტელუმს – სანიგების, აბაზგებისა და აფსილების „სამეფოთა“ გაკონტროლება.[91] რომაულ გარნიზონთა მეთაურებს ადგილობრივ „მეფეებთან“ კავშირში უნდა უზრუნველეყოთ გადასახადების აკრეფა, რომაული დამხმარე ჯარის ნაწილებში კონტინგენტის გაწვევის ორგანიზება და რეგიონში სტაბილური პოლიტიკური სიტუაციის დაცვა, რასაც რომი, როგორც აღვნიშნეთ, თითქმის მთელი II საუკუნის მანძილზე წარმატებით ახერხებდა.
თუმცა, II საუკუნის მიწურულს ვითარება შეიცვალა. 192 წელს მოკლეს ანტონინუსთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი კომოდუსი (180-192 წწ.), რის შემდეგაც გაჩაღდა დაუნდობელი ბრძოლა იმპერატორის ტახტისათვის. მდგომარეობა განსაკუთრებით იმანაც გაართულა, რომ სამოქალაქო ომი პართიასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღმავლობის გზაზე მდგარმა და კოლხეთის პოლიტიკური გაერთიანებებიდან შინაგანი პოტენციით ყველაზე ძლიერმა ლაზეთის სამეფომ, რომელსაც, როგორც ჩანს, უკვე ხელს უშლიდა რომზე დამოკიდებულება,[92] ისარგებლა 193-197 წლებში რომში მიმდინარე სამოქალქო ომით და სცადა რომის გავლენისაგან გათავისუფლება.[93] მაგრამ, კონკურენტებთან ბრძოლაში გამარჯვებულმა იმპერატორმა სეპტიმიუს სევერუსმა (193-211 წწ.), ბიზანტიელი ავტორის გიორგი სინგელოზის (VIII-IX სს.) ცნობით, „დაიმორჩილა კოლხიკე, ესე იგი ლაზიკე“.[94] 
ლაზეთის, ე.ი. კოლხეთის ცენტრალური ნაწილის იარაღის ძალით დამორჩილების შემდეგ, ვფიქრობთ, რომის პოლიტიკური გავლენა მთლიანად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში უფრო გაძლიერდებოდა. არქეოლოგიური მასალებით ირკვევა, რომ II საუკუნის ბოლოს იწყება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემის მოდერნიზაციის ახალი ეტაპი, რაც, ჩვენი აზრით, პირდაპირ კავშირშია ზემოაღწერილ მოვლენებთან. ლაზეთში იმპერიის პოლიტიკური ძალაუფლების რესტავრაციის შემდეგ, იმპერატორი სეპტიმიუს სევერუსი ყოველნაირად ეცდებოდა რეგიონში რომაული საყრდენი პუნქტების გაძლიერებას. სწორედ ამით უნდა აიხსნას ის მასშტაბური ღონისძიებები, რომელიც რომაელებმა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში II საუკუნის მიწურულსა და III საუკუნის დაწყისში გაატარეს. სატალიდან პიტიუნტში გადმოყვანილ იქნა XV ლეგიონის ვექსილაცია.[95] პიტიუნტსა და სებასტოპოლისში იწყება ახალი კასტელუმების მშენებლობა. მათ მისადგომებთან აგებულ იქნა საგუშაგო კოშკებიც.[96] პიტიუნტის კასტელუმის ცენტრში აღმოჩენილია II საუკუნის დასასრულიდან და III საუკუნის დასაწყისიდან მოქმედი რამდენიმე ნაგებობა, რომელთა შორის გამოირჩევა მეთაურის რეზიდენცია – პრეტორიუმი, რომელიც რამდენიმე ნაწილისაგან შედგებოდა და სამხედრო ადმინისტრაციისათვის განკუთვნილი შენობები – პრინციპია.[97] ციხე-ქალაქის გარშემო (ინკიტში, ლიძავაში, ფიჭვნარში) გამოვლენილია რომაული სადარაჯო კოშკები, რომლებიც პიტიუნტის ერთიანი საფორტიფიკაციო სისტემას შემადგენლობაში შედიოდნენ[98] და კასტელუმის მისადგომებს კეტავდნენ.[99] მართალია, ფასისიდან არქეოლოგიური მონაცემები არ გაგვაჩნია, მაგრამ რომაელთა მიერ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში გატარებული საინჟინრო-საფორტიფიკაციო ღონისძიებებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, გარკვეული სამუშაოები საკუთრივ ფასისის კასტელუმის გასაძლიერებლადაც უნდა ჩატარებულიყო. გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფასისის მიდამოებში იქმნება გამაგრებათა მთელი სისტემა, რომელშიც ჩართული იყო სოფ. მოედნისა და ვაშნარის საფორტიფიკაციო ნაგებობები. მკვლევართა ნაწილის აზრით, რომაული სამხედრო შენაერთი არქეოპოლისშიც უნდა მდგარიყო.[100] 
კოლხეთის შიდა რაიონებში რომაული სასიმაგრო ნაგებობების აგების ზუსტი თარიღი უცნობია. მკვლევრები სოფ. მოედანში აღმოჩენილ რომაულ დამღიან თიხის ფილასაც, რომელიც კოლხეთის შიდა რაიონებში რომაული გარნიზონების ყოფნის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, ზოგადად II-IV საუკუნეებით ათარიღებენ.[101] თუმცა, ჩვენი აზრით, იმ დროს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებითა და არქეოლოგიური მონაცემების ანალიზით შესაძლებელი ხდება რომის მიერ კოლხეთის შიდა რაიონებში გატარებული საფორტიფიკაციო ღონისძიებების ქრონოლოგიური ჩარჩოების დადგენა. ვფიქრობთ კოლხეთის ზღვისპირა ციხესიმაგრეების განახლება-განმტკიცება და ქვეყნის შიდა რაიონებში რომაული შენაერთების გამოჩენა ერთდროულად უნდა მომხდარიყო და მას სეპტიმიუს სევერუსის მმართველობის დროს ჰქონდა ადგილი. 
როგორც ცნობილია, I-II საუკუნეებში რომაელთა უშუალო მფლობელობის ქვეშ მოქცეული იყო კოლხეთის მხოლოდ ზღვისპირა ნაწილი, ქვეყნის შიდა რაიონებში კი მათ სამხედრო-სტრატეგიული პუნქტები არ გააჩნდათ. ეს რაიონები ადგილობრივი მმართველების ხელში იყო, რომლებიც ანგარიშვალდებულნი იყვნენ რომაული გარნიზონების მეთაურთა წინაშე.[102] როგორც ჩანს, რომის სამხედრო ნაწილების მიერ ქვეყნის შიდა რაიონებზე განხორციელებული კონტროლი არც თუ ისე ეფექტური იყო და ფაქტობრივად, ფორმალურ ხასიათს ატარებდა.[103] მიგვაჩნია, რომ ლაზთა მეფეს, 193-197 წლებში სწორედ კოლხეთის შიდა რაიონების ანტირომაულად განწყობილ ძალებზე დაყრდნობით უნდა მოეხერხებინა იმპერიის გავლენისაგან გათავისუფლება. ამიტომ, როდესაც იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსს ძალის გამოყენებით მოუხდა ლაზეთის დამორჩილება, მისთვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ ქვეყნის შიდა რაიონებში რომაული საყრდენი პუნქტების შექმნის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა მისი მორჩილებაში ყოლა. სწორედ კოლხეთის ჰინტერლანდზე რეალური კონტროლის დამყარების მცდელობას წარმოადგენდა რომაული სამხედრო შენაერთების ჩაყენება მოედანში, ვაშნარსა და არქეოპოლისში. 
ასე, რომ კოლხეთის შიდა რაიონებში იმპერიის სამხედრო ნაწილების გამოჩენას, ჩვენი აზრით, ადგილი უნდა ჰქონოდა იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის მმართველობის დროს. ყოველ შემთხვევაში, სოფ. მოედნის მიმართ ეს ეჭვს არ უნდა იწვევდეს, რასაც გარკვეულწილად არქეოლოგიური მასალებიც ადასტურებს. სოფ. მოედნის დამღიანი აგური ბიჭვინთაში აღმოჩენილი აგურ-ფილების ანალოგიურია. ამ ფილების კეცი იდენტურია.[104] ბიჭვინთის დამღიანი აგურები კი, თითქმის ზუსტად თარიღდება. ისინი II საუკუნის დასასრულისა და III საუკუნის დასაწყისის კულტურულ ფენაშია აღმოჩენილი.[105] ბიჭვინთის დამღიანი აგურები, მკვლევართა აზრით, XV ლეგიონის იმ ჯარისკაცთა მიერაა ადგილზე დამზადებული, რომლებსაც იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის დროს, პიტიუნტის საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობაში მიუღიათ მონაწილეობა.[106] აქედან გამომდინარე კი, სოფ. მოედნის დამღიანი აგური და შესაბამისად, იქ რომაული სამხედრო ნაწილების გამოჩენაც, სეპტიმიუს სევერუსის დროით უნდა დათარიღდეს. ამრიგად, არქეოლოგიური და წერილობითი მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, II საუკუნის ბოლოს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში განვითარებული მოვლენები ასე წარმოგვიდგენია: 193-197 წლებში ლაზეთის სამეფომ, რომელიც გამორიცხული არ არის, რომ ამ დროისათვის თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოს აერთიანებდა, ისარგებლა რომში შექმნილი მდგომარეობით და იმპერიის გავლენისაგან გათავისუფლდა. მაგრამ, იმპერატორმა სეპტიმიუს სევერუსმა 197 წელს საბოლოოდ გაანადგურა კონკურენტები, სასწრაფოდ დაბრუნდა აღმოსავლეთში, სასტიკად დაამარცხა პართიელები და 198-199 წლებში დაიბრუნა ჩრდილოეთ მესოპოტამია, გაიარა ადიაბენა და პართიის ორივე დედაქალაქს – სელევკიასა და ქტეზიფონს დაეუფლა[107]. დაპყრობილ ტერიტორიაზე შეიქმნა ახალი რომაული პროვინცია – მესოპოტამია,[108] რის შემდეგაც კი, სევერუსმა დაიმორჩილა ლაზეთი.[109] სეპტიმიუს სევერუსმა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში იმპერიის პოზიციების განმტკიცების მიზნით გარკვეული საფორტიფიკაციო ღონისძიებები გაატარა; მოდერნიზებულ იქნა კოლხეთის სანაპიროზე არსებული რომაული ფორპორტები, ხოლო ქვეყნის შიგნით – მოედანში, ვაშნარსა და არქეოპოლისში დამატებით სამხედრო ძალები განალაგა; გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ამ დროს დაეწყო ფუნქციონირება აფსაროსის ავანპოსტ – პეტრა-ციხისძირსაც.[110] 
საინტერესოა, რომ რომაული სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემის გაძლიერება ლოკალური, მხოლოდ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მასშტაბით განხორციელებული ღონისძიება არ ყოფილა. როგორც ცნობილია, სეპტიმიუს სევერუსმა მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა არმიაში.[111] იგი დიდ ყურადღებას უთმობდა იმპერიის საზღვრების უსაფრთხოების დაცვასაც. მესოპოტამიაში შეყვანილ იქნა  ორი ლეგიონი და იქ ახალ თავდაცვით სისტემას ჩაეყარა საფუძველი.[112] განმტკიცებულ იქნა აღმოსავლეთის ერთიანი, ადრიანეს დროინდელი სასაზღვრო-თავდაცვითი ხაზიც.[113] მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთისა და დუნაის საზღვრებზე, რომელსაც II საუკუნის დასასრულსა და III საუკუნის დასაწყისში სამხრეთისაკენ მოძრავი გოთების უზარმაზარი ტალღა მოაწვა[114], მათ შესაკავებლად დუნაის საზღვარზე რეორგანიზებულ იქნა ლიმესის სისტემა, გასროლილ იქნა ახალი სამხედრო ქვედანაყოფები. ჩრდილოეთის საზღვრების უსაფრთხოების უკეთ დასაცავად და რეგიონში რომის სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის გასამყარებლად, სემპტიმიუს სევერუსმა ქ. ოლბია შეურთა ქვემო მეზიის პროვინციას.[115] ასე რომ, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული ფორპოსტების გაძლირება მხოლოდ რეგიონული ხასიათის ღონისძიება არ იყო და იგი წარმოადგენდა სეპტიმიუს სევერუსის მიერ აღმოსავლეთის საზღვრების მთელ პერიმეტრზე განხორციელებული ღონისძიებების ნაწილს. 
ამდენად, იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის მმართველობის დროს დასრულდა პონტო-კავკასიის სისტემის მოდერნიზაციის მორიგი ეტაპი, რის შემდეგაც ამ სისტემის ეფექტურობა რამდენადმე გაიზარდა და იგი III საუკუნის შუახანებამდე წარმატებით იცავდა რომის სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში.
შენიშვნები
1. პომპეუსის აღმოსავლეთში ლაშქრობის შესახებ დაწვრ. იხ. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს. (პოლიტიკური ურთიერთობები), თბ., 2005, გვ. 27-30; Н.Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения. Тб., 1981, გვ.  99-117.
2. ამ პრობლემის შესახებ დაწვრილებით იხ. კ. ფიფია. პართია-რომის ურთიერთობა ძვ.წ. I ს. შუახანებში და „პოლიტიკური დუალიზმის“ სისტემის შექმნა წინა აზიაში. – კავკასიის მაცნე, XII, თბ., 2005, გვ. 67-70; Г. Бокщанин, Парфия и Рим, ч. II, М., 1996, გვ. 49-78.
3. იხ. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 34, 165, შენ. 2; История армянского народа., ч. I, под редакцией Б.И. Аракеляна и А.Р. Иоаннисяна, Ереван, 1951, გვ. 50.
4. კ. ფიფია, დასავლეთ საქართველოს ურთიერთობა რომთან ახ.წ. ჳ საუკუნეში. – საისტორიო ძიებანი, ჳჳ, თბ., 1999, გვ. 10; Н.Ю. Ломоури, Грузино-римские ..,  გვ.  105-106.
5. იხ. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი – I-II სს., გვ. 39-56.
6. გამორიცხული არ არის, რომ ავგუსტუსის (ძვ.წ. 27-ახ.წ. 14 წწ.) დროს რომაული გარნიზონი ჩამდგარიყო სებასტოპოლისში. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მაინც დროებითი მოვლენა იყო. ისინი მალევე გამოიყვანეს სებასტოპოლისიდან და მათ კვლავ პონტოელთა გარნიზონი ჩაენაცვლა (იხ. კ. ფიფია, სებასტოპოლისში რომაული გარნიზონის ჩადგომის დროის საკითხისათვის. - ისტორიულ-ეთნოგრაფიული შტუდიები, VIII თბ., 2004, გვ. 25-32). 
7. Tac., Hist., III, 47; Suet., Nero, 18; SHA, Vit. Aurel., XXI, 11; Eutr., Brev., VII, 14; С.Ю. Сапрыкин, Понтийское царство, М., 1996, გვ. 338; The Cambridge Ancient History, vol. X, Cambr., 1963, გვ. 774.
8. В.Н. Дьяков, Оккупация Таврики в I в. н.э. – Вестник древний истории, 1941, №1, გვ. 92; В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство. М., -Л., 1949, გვ. 330.
9. Jos. Flav., Bell. Jud., II, 366-368.
10. В.Д. Блаватский, Харакс. – Материалы и исследования по археологии СССР, 1951, №19, gv. 260; С.Ю. Сапрыкин, Черепицы с клеймами римского легиона из усадьбы хоры Херсонеса. – Краткие сообoения АН СССР, 1981, №168, გვ. 59; Э.И. Соломоник, О пребывании римского флота в Крыму. – Античная древность и средние века, сб.10. Свердловск, 1973, გვ. 142-145. 
11. ამ საკითხის შესახებ დაწვრ. იხ. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 67-80. იქვე იხ. პრობლემის ირგვლივ არსებული მთელი ლიტერატურა. 
12. G. Webster. The Roman imperial army. London, 1985, gv. 168; P.T. Bidwell. Roman Forts in Britain. London, 1997, გვ. 30, 47.
13. Arr., PPE, 9.
14. Tac., Hist., III, 47-48.
15. О.В. Кудрявцев. Провинция Каппадокия в системе римской Восточной политики (17 72 гг.). – Вестник древней истории, 1955, №2, გვ. 70-71.
16. О.В. Кудрявцев. Провинция Кападокия..., gv. 69-71.
17. Jos. Flav., Bell. Jud., VII, 18; XII ლეგიონს რომაელებმა დამხმარე ძალებად მისცეს ძველი პონტოური, პაფლაგონიის, გალატიისა და კაპადოკიის მილიცია (numeri). – იხ. М.И. Ростовцевь. Новыя латинскiя надписи с] юга Россiи. -Изв]стiя Императорской архелогической комиссiи, вып. 33. СПб., 1909, გვ. 10.
18. Legio XVI Flavia Firma შეიქმნა ვესპასიანეს დროს და 70/71 წ. ჩაყენებულ იქნა სატალაში. ადრიანეს (117-138 წწ.) მმართველობისას ის გადაიყვანეს სამოსატაში, მისი ადგილი კი დაიკავა XV ლეგიონმა (О.В. Кудрявцев. Провинция Каппадокия.., გვ 70; М.И. Максимова. Античные города Юго-Восточного Причерноморья. М., Л., 1956, გვ. 312; T.B. Mitford, Some inscriptions from the Cappadocian Limes. – Journal of Roman Studies, LXIV, 1974, გვ. 164-168. შდრ. Т. Моммзен. История Рима. V. M., 1949, გვ. 358, შენ. ს A.B. Bosworth. Vesspasians reorganization of the North-East Frontier. – Anticton, 10, 1979, გვ. 63-67; E. Dabrova. La Limes Anatolien et la Frontiere Caucasienne au Temps des Flavians. – Klio, 62, 1980, გვ. 381-385).
19. Tac., Ann., II, 6; Tac., Hist., III, 47; Jos. Flav., Bell. Jud., VII, 220-222; Suet., Vesp., 8,4.
20. Cembridge Ancyclopedia of Archaeology.  London, 1980, გვ. 236-238. 
21. ავგუსტუსის დროიდან მთელ რომაულ აღმოსავლეთში იმპერიის სამხედრო ძალას მხოლოდ ოთხი ლეგიონი წარმოადგენდა. ეს ლეგიონები სირიაში იყვნენ დისლოცირებული და ემორჩილებოდნენ სირიის ლეგატს (Tac., Ann., IV, 5). ამდენად, აღმოსავლეთის უზარმაზარ საზღვარს, შავი ზღვიდან ერიტრეიის ზღვამდე, მხოლოდ ოთხი ლეგიონი იცავდა, რაც, რა თქმა უნდა, საკმარისი არ იყო ევფრატის სასაზღვრო ხაზის მიმართულებით აქტიური ექსპანსიური პოლიტიკის გასატარებლად. 
22. კაპადოკიაში, როგორც უკვე აღინიშნა, ჩაყენებულ იქნა ლეგიონები – XII Fulminata და XVI  Flavia Firma, ხოლო პალესტინაში – X   Fretensis-ი.
23. О.В. Кудрявцев. Римская политика в Армении и Парфии в первой половине правления Нерона. – Вестник древней истории, 1948, №3, გვ. 53-54. 
24. А.П. Акопян. Римская система укреплений на границе Малой и Великой Армении. – Историко-филологический Журнал, 4(115), 1986, გვ. 155.
25. М.И. Максимова.  Античные города..., გვ. 313; T.B. Mitford, Some inscriptions..., გვ.161. ამ სტრატეგიულმა მაგისტრალმა წინა აზიისათვის დიდი ეკონომიკური მნიშვნელობაც შეიძინა. მისი მეშვეობით გაადვილდა საქონლის გადატანა, სასიმაგრო პუნქტები ღამის გასათევად გამოიყენებოდა, ხოლო სამხედრო დანაყოფები კი მგზავრთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა (B. Isaac. Reflections on the Roman Army in the East. – Defence of the Roman and Buzantine East, I, გვ. 385-392). 
26. А.П. Акопян. Римская система укреплений на границе Малой и Великой Армении,.  გვ 155; M.H. Stein. Old Routes of Western Iran. L., 1940, გვ. 8-10. 
27. Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 365.
28. ამჟამად სატალა ტრაპეზუნტის მონაკვეთზე ხუთი რომაული ფორტია გამოვლენილი (იხ. თ. თოდუა, რომაული სამყარო და კოლხეთი, თბ., 2003, გვ. 13-15; Ф.Е. Кюмон, Научно-археологическое путешествие в Понт и Малую Армению. Понтийское исследование. II. Перевод и коментарии А. Ташяна, Вена, 1919, გვ 370-374; А.П. Акопян, Экономические и кульурные взаимоотношения Армении с Римом (I в. до н.э. – IV  в.н.э. Автореферат кандидатской диссертации. М., 1985, გვ 14; T.B. Mitford. Cappadocia and Armenia Minor. – Aufstieg und Niedergang der R–mischen Welt, II, 7, 2, 1975, გვ 1187; T.B. Mitford, Billotti`s excavations at Satala. – Anatolian Studies, XXIV, 1974, გვ. 212; R.P. Harper. Pagnik – reni. – Anatolian Studies, V, XXI, 1971, გვ 11-12).
29. А.И. Амиранашвили. Иберия и римская экспансия в Азии. – Вестник древней истории, 1938, №4(5), გვ. 171; S. Gregory. Roman Military Architecture on the Eastern Frontier. vol. II. Amsterdam, 1997, გვ. 32. Sdr. М.И. Максимова. Антчные города..., გვ 318.
30. თ. თოდუა. რომაული სამყარო და საქართველოს შავიზღვისპირეთი. სადოქტორო დისერტაცია. თბ., 1995, გვ. 11. 
31. ე. კახიძე. რომის იმპერია და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი ახ.წ. ჳ-ვ სს. საკანდიდატო დისერტაცია. თბ., 2002, გვ. 65-67. 
32. M.P. Speidel, T.T. Todua. Three inscriptions from Pityus on the Caucasus Frontier. – Saalburg Jarbuch, 44, 1988, გვ. 56-58.
33. მკვლევართა ნაწილის მიერ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემა „ლიმესად“ იყო კვალიფიცირებული (В.А. Леквинадзе. Понтийский лимес. – Вестник древней истории, 1969, №2, გვ. 75-93), რაც მიუღებლად მიგვაჩნია. ჩვენ გვქონდა საშუალება აღნიშნულ საკითხს საგანგებოდ შევხებოდით და ვაჩვენეთ, რომ ლიმესი, როგორც მაღალორგანიზებული, კარგად გამართული ერთიანი საფორტიფიკაციო და საკომუნიკაციო სისტემა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, მისი ბუნებრივ-გეოგრაფიული სირთულეების გამო ვერ შეიქმნებოდა და პრინციპში არც იყო საჭირო. კოლხეთი ყველა მხრიდან მძლავრი ბუნებრივი საზღვრებით არის შემოფარგლული და აქ დამატებითი ხელოვნური ბარიერის აგების აუცილებლობა არ არსებობდა (იხ. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს. გვ. 81-93).  
34. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს, გვ.. 90-91; В.А. Леквинадзе. Понтийский лимес,  გვ. 90-91.
35. როგორც ირკვევა, ტრაიანეს მიერ დუნაისპირეთიდან გადმოსროლილი ლეგიონები – XV Apollinaris და XXX Ulpia, ასევე VII Claudia-სა და XIII Gemina-ს ვექსილაციები, სწორედ ტრაპეზუნტის გავლით იქნა სომხეთში შეყვანილი (იხ. კ. ფიფია. ტრაიანეს აღმოსავლური პოლიტიკა და საქართველო. თბ., 2005, გვ. 44-46). 
36. კ. ფიფია. კოლხეთის ტერიტორიაზე ცალკეული „სამეფოთა“ წარმოქმნის საკითხისათვის. – სოხუმის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. მაცნე, I, თბ., 2007, გვ. 159-162; კ. ფიფია. აფსილებისა და აბაზგების „სამეფოები“ რომის პოლიტიკურ სისტემაში ახ.წ. II ს. (ე.წ. „აფხაზური სახელმწიფოებრიობის“ საკითხისათვის). – ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი, IX, თბ., 2007, გვ, 304. ჯერ კიდევ ნერონის მმართველობის დროს, არმენიაში მებრძოლი რომაული ჯარების მომარაგება პროვიანტითა და დამატებითი ძალებით ტრაპეზუნტის ნავსადგურიდან ხორციელდებოდა (Tac., Ann., III, 39; М.И. Максимова. Античные города., გვ. 311-312). ამიტომ სომხებმა არაერთხელ სცადეს ტრაპეზუნტიდან არმენიისაკენ მიმავალი კომუნიკაციების გადაჭრა, მაგრამ უშედეგოდ (Т. Моммзен. История Рима, ვ, გვ. 350). ამ გზის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ისიც მოწმობს, რომ ვესპასიანეს დროს იგი საგანგებოდ იქნა გამაგრებული. 
37. იხ. კ. ფიფია. რომის მიერ აღმოსავლეთ შავზღვისპირეთის ეთნო-პოლიტიკურ გაერთიანებათა მმართველთათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემის დროის საკითხისათვის. – საისტორიო ძიებანი. III. თბ., 2000, გვ. 60-75; კ. ფიფია. ტრაიანეს აღმოსავლური პოლიტიკა და საქართველო. გვ. 28-38; კ. ფიფია. აფსილებისა და აბაზგების „სამეფოები“.., გვ. 304-305. 
38. Arr., PPE, 11.
39. Procop., De BG, VIII, 2. – გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ტ. II ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა. თბ., 1965, გვ. 125.40. SHA. Hadr., V, 3; IX, 1; XXI, 12; Eutr., Brev., VIII, 6,2; Dio Cass., LXVIII, 33. 
41. А.Г. Бокоанин. Парфия и Рим, ч. II. gv. 253; М.М. Дьяконов. Очерки истории древнего Ирана. М., 1961, გვ. 227.
42. Arr., PPE, 11. ამ საკითხის შესახებ დაწვრ. იხ. კ. ფიფია, რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 109-115. 
43. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფაქტს პონტო-კავკასიის სასაზღვრო თავდაცვითი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენადაც ეს სისტემა, როგორც ზემოთ ვნახეთ, სამხედრო-საზღვაო ხასიათისა იყო. მასში შემავალ კასტელუმებს შორის საკომუნიკაციო კავშირი და მათი მატერიალურ-ტექნიკური მომარაგებაც საზღვაო გზით ხორციელდებოდა. როგორც ჩანს, პონტო-კავკასიის საზღვრის კოლხეთის მონაკვეთზე სახმელეთო კომუნიკაციებს მეორეხარიხოვანი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ყოველ შემთხვევაში, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში რომაული კასტელუმების ერთმანეთთან დამაკავშირებელი სამხედრო გზის არც ერთი მონაკვეთი აღმოჩენილი არ არის. მაგრამ, ყოველივე ზემოთქმული, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ იბერიის შეჭრას ზიდრიტთა ოლქში, რომისათვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. 
44. SHA. Hadr., XII, 6.
45. R. Syme. Handrian and the Vassal Princes. – Athenaeum, 59, 1981, გვ. 276; D. Braund. Hadrian and Pharasmanes. – Klio, vol. 73, 1991, გვ  211-212. 
46. Arr., PPE, 1; М.И. Максимова. Античные города..., გვ.  314. 
47. ფლავიუს არიანესა და მისი თხზულების შესახებ იხ. ნ. კეჭაღმაძე. ფლავიუს არიანე. მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, თბ., 1961, გვ. 1-27; ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. V. ძველი ბერძნულიდან თარგმნა, გამოკვლევა და საძიებლები დაურთო თ. ყაუხჩიშვილმა. თბ, 1983, გვ. 94-116, 153-160. 
48. Arr., PPE, 16. 
49. იხ. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 115, 147. 
50. Dio Cass., LXIX, 15,1; ალ. გამყრელიძე. ახლადაღმოჩენილი ლათინური წარწერა ფარსმან მეფისა. – ცისკარი, #9, 1959, გვ. 139. 
51. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 115-117. 
52. В.А. Леквинадзе. Материалы по монументальному строительству в Лазике. – ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე. XXII-B. 1961, გვ. 137-167; О.Д. Лордкипанидзе. Наследие древней Грузии. Тб., 1989, გვ. 339.
53. Arr., PPE, 6. 
54. კოჰორტა (ლათ. Cohors – მწკრივი) – რომაული ლეგიონის ძირითადი ტაქტიკური ერთეული. მასში 500-600 ჯარისკაცი ირიცხებოდა. კოჰორტა თავის მხრივ სამ მანიპულად, თითოეული მანიპულა 2 ცენტურიად (ასეულად), ეს უკანასკნელი კი, შესაბამისად, ათეულებად (დეკა) იყოფოდა (G. Webster. The Roman imperial army, გვ. 170-180; P. Connoly. Greece and Rome at war. L., 1988, გვ 215-225). ასე რომ, თუ არიანესეულ „სპეირას“ კოჰორტად ჩავთვლით (იხ. М.И. Максимова. Античные города..., გვ. 315; Г.А. Меликишвили. К истории древней Грузии. Тб. 1959, გვ. 376; Н.Ю. Ломоури. Грузино-римские..., გვ. 228, შენ. 63; В.А. Леквинадзе. Понтийский лимес, გვ. 77; N.T. Rowel, Numerus. – Pauly-Wissowa-Kroll. Realencyclop@die der Klassichen Altertumswissenschaft, XVII, 1937, გვ. 1327-1330; T.B. Mitford, Cappadocia and Armenia Minor, გვ. 1202), მაშინ აფსაროსის გარნიზონი 3000 კაცით ყოფილა დაკომპლექტებული, რაც არარეალური ჩანს (იხ. კ. ფიფია, მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფო“ – რომის მოკავშირე აღმოსავლეთში. – საისტორიო ძიებანი, IV, თბ., 2001, გვ 57).  
55. შდრ: XVII ს. აფსაროს-გონიოს ციხეში თურქთა 800 კაციანი გარნიზონი იდგა (ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“. თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გ. ფუთურიძემ. ნაკვ. I. თბ., 1971, გვ. 94).
56. მ. შპაიდელი, კავკასიის საზღვარი. II საუკუნის გარნიზონები აფსაროსში, პეტრასა და ფასისში. – მაცნე, ისტორიის..., სერია 1985, გვ. 135-136; მ. ხალვაში, რომაული გარნიზონები აფსაროსში. – ლიტერატურული აჭარა, 1999, #11, გვ. 112-115; შ. მამულაძე, მ. ხალვაში, ლ. ასლანიშვილი. აფსაროსის რომაული გარნიზონები. – კავკასიის მაცნე, #2, თბ., 2000, გვ. 91-93; Ш.Х. Мамуладзе, М.С. Халваши, Л.Г. Асланишвили, Римские гарнизоны Апсара. – Вестник древней истории, 2002, №1, გვ. 35; М.П. Спейдел. Древнейший манускрипт с территории СССР. Письмо из римской крепости Апсар. – Вестник древней иостории, 1985, №4, გვ.176-179.57. В.А. Леквинадзе. Римский кирпич со штампом из Цихидзири. – Сообшения Академии наук Грузинской ССР. XLV, #3, 1967, გვ 798; В.А. Леквинадзе. Понтийский лимес, გვ. 87. 
57. მ. შპაიდელი. კავკასიის საზღვარი. II საუკუნის გარნიზონები აფსაროსში, პეტრასა და ფასისში,   გვ. 138. 
58. მ. შპაიდელი. კავკასიის საზღვარი, გვ. 138-139.
59. მ. შპაიდელი. კავკასიის საზღვარი, გვ. 139. თუ მ.შპაიდელის ეს მოსაზრება სწორია და ფასისის კასტელუმი მართლაც კაპადოკიის „pedites singularis“-ების მიერ იყო აგებული, მაშინ ისინი ფასისში ძალიან ცოტა ხნით დარჩებოდნენ და მალევე დაბრუნდებოდნენ ძირითად შტაბ-ბინაში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადრიანეს მიერ კოლხეთის ციხესიმაგრეთა გამაგრებას ადგილი ჰქონდა 129-131 წლებში. სწორედ ამ დროს იქნა აგებული ფასისის აგურის კასტელუმი, რომელსაც იხსენიებს არიანე (Arr, PPE, 9). აქედან გამომდინარე, კაპადოკიის „pedites singularis“-ები, თუ ისინი მართლა მონაწილეობდნენ ფასისი კასტელუმის მშენებლობაში, კოლხეთის ამ სანაპირო ცენტრში 129-131 წწ. უნდა მდგარიყვნენ. ამ შემთხვევაში ციხისძირში აღმოჩენილი აგურიც, შესაბამისად, 129-131 წწ. უნდა დათარიღდეს.
60. აქ სამშენებლო საქმიანობას V Macedonica, I Italica და XI Claudia ეწეოდნენ (В.Д. Блаватский. Раскопки Харакса в 1931, 1932 и 1935 гг. – Вестник древней истории, 1938, №2(3), გვ. 323; В.Д. Блаватский. Харакс, გვ. 252; С.Ю. Сапрыкин. Черепицы с клеймами..., გვ. 58-60). ლეგიონების სამშენებლო მოღვაწეობა დოკუმენტურად დასტურდება საუდის არაბეთშიც (იხ. M.P. Speidel. The Roman Road tu Dumata (Jawf in Saudi Arabia) and the Frontier Strategy of Praetensione Colligare. – Historia, 1987, Bd. XXXVI, 2, 2, გვ. 216).
61. М.И. Ростовцев]. Новыя латинскiя надписи..., გვ. 3-8; А.П. Акопян. Экономические и культурные..., გვ18.
62. М.И. Максимова. Античные города..., გვ. 316.
63. К.В. Тревер. Очерки по истории культуры древнй Армении (II в. до н.э.-IV в.н.э.). М.-Л., 1953, გვ. 251-260.
64. T.B. Mitford. Some inscriptions..., გვ. 161-162.
65. ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია. თბ., 1968. გვ. 36; მ. შპაიდელი. კავკასიის საზღვარი..., გვ. 136; М.П. Спейдел. Древнеиший манускрипт..., გვ. 177-178.66. Д. Браунд. Римское присутствие в Колхиде и Иберии. – Вестник древней истории, 1991, №4, gv. 38-39. 
67. გ. ლორთქიფანიძე. ბიჭვინთის ნაქალაქარი. თბ., 1991, გვ, 51; გ. გამყრელიძე, თ. თოდუა. რომის სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსია საქართველოში. თბ., 2006, გვ. 66-67. 
68. Arr., PPE, 9. სამწუხაროდ, ფასისის კასტელუმი ჯერჯერობით მიკვლეული არ არის, ამიტომ არიანეს ამ ცნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 
69. Arr., PPE, 9.
70. G. Webster. The Roman imperial army, გვ. 98.
71. 1995 წ. გურიის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სოფ. მოედანში, ზღვის სანაპიროდან 12 კმ-ს დაშორებით მიაკვლია ძველი სასიმაგრო ნაგებობის კვალს. ანაკრეფ მასალაში აღმოჩნდა აგურის ფრაგმენტი დამღით – LEG, რომელიც იშიფრება, როგორც LEG (io XV Apollinaris). იდენტურ დამღიანი აგურები და კრამიტები დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი XV ლეგიონის თავდაპირველი დისლოკაციის ტერიტორიაზე პანონიაში (ემონაში, კარნინენტუმში), ამ ლეგიონის აღმოსავლეთში გადმოყვანის შემდეგ კი, მის ძირითად შტაბ-ბინაში – სატალაში, ასევე ბიჭვინთაშიც (თ. თოდუა, ბ. მურვანიძე. რომაული ლეგიონის ტვიფრიანი აგური სოფ. მოედნიდან. – გურია. მხარის კვლევა-ძიების შედეგები. II. თბ., 1997, გვ. 108-110. 
72. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 143. 
73. Arr., PPE, 9.
74. Arr., PPE, 9.
75. თ. თოდუა, ბ. მურვანიძე. რომაული ლეგიონის ტვიფრიანი აგური სოფ. მოედნიდან, გვ. 110-112; შ. მამულაძე, ე. კახიძე, მ. ხალვაში. რომაელები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. – კულტურის ისტორიის და თეორიის საკითხები. X. თბ., 2001, გვ. 171-172.
76. თ. თოდუა, ბ. მურვანიძე. რომაული ლეგიონის.., გვ. 111.
77. თ. თოდუა, ბ. მურვანიძე. რომაული ლეგიონის.., გვ. 111.
78. თ. თოდუა, ბ. მურვანიძე. რომაული ლეგიონის.., გვ. 112; გ. გამყრელიძე, თ. თოდუა. რომის სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსია..., გვ. 68.
79. თ. თოდუა, ბ. მურვანიძე. რომაული ლეგიონის.., გვ. 112.
80. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 146.
81. Plin., NH, VI, 15-16; Г.А. Меликишвили, К истории..., გვ. 376. 
82. Arr., PPE, 10. 
83. Д. Браунд. Римское присутствие..., გვ. 376.
84. გ. გამყრელიძე, თ. თოდუა. რომის სამხედრო-პოლიტიკური..., გვ. 70. 
85. გ. გამყრელიძე, თ. თოდუა. რომის სამხედრო-პოლიტიკური..., გვ. 71; თ. თოდუა, რომაული სამყარო და კოლხეთი, გვ. 23.
86. Arr., PPE, 17. 
87. M.P. Speidel, T.T. Todua. Three inscriptions..., გვ. 56-58. 
88. М.П. Инадзе. Причерноморские города древней Колхиды, Тб., 1968, გვ. 248; О.Д. Лордкипанидзе. Наследие древней Грузии, Тб., 1989. გვ. 340.
89. კ, ფიფია. კოლხეთი რომის იმპერიის პროვინციულ სისტემაში. – საისტორიო ძიებანი. VI. თბ., 2003, გვ. 196-197; კ. ფიფია, აფსილებისა და აბაზგების „სამეფოები“..., გვ. 299-301. 
90. გამორიცხული არ არის, რომ ამ დროისათვის ლაზეთის სამეფო უკვე მოიცავდა თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოს (იხ. დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები. I. თბ., 1977, გვ. 88).
91. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 157-160.
92. Georg. Syncell., 671, 1-10. – გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ტ. ჳვ. ნაკვ. ჳ. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა. თბ., 1941, გვ. 68.
93. XV ლეგიონის ჯარისკაცები მონაწილეობდნენ პიტიუნტის კასტელუმის მშენებლობაში, რასაც მოწმობს ციხის ტერიტორიაზე ლეგიონის დამღიანი აგურ-ფილების ფრაგმენტების აღმოჩენა. ერთი ფრაგმენტი, რომელზეც გარკვევით იკითხება ლათინური წარწერა LEG, ინკიტის ტბის მიდამოებში მდებარე მრგვალი კოშკის II-III სს. ფენაში დაფიქსირდა. დანარჩენი ორი ფილის ფრაგმენტზე, რომლებიც გამოვლენილია კასტელუმის ტერიტორიაზე II ს. დასასრულისა და III ს. დასაწყისის ფენებში, შემორჩენილია დამღის ნაწილი [LE]G და ლეგიონის ნიშანი XV, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იშიფრება როგორც LEG(io) XV (Apollinaris). ყველა ეს ფილა მოწითალო ფერისაა და რომაელ ჯარისკაცთა მიერ ადგილზე დამზადებული (იხ. Н.Ш. Кигурадзе, Г.А. Лордкипанидзе, Т.Т. Тодуа. Клейма  XV легиона из Пицундского городина. – Вестник древней истории, 1987, №2, გვ. 88-92).
94. თ. თოდუა. სებატოპოლისის გამაგრების სისტემა (ახ.წ .I-VI სს). – ძეგლის მეგობარი, #4(111), 2000, გვ. 20-21; ო. ლორთქიფანიძე. ინკიტის ტბის მიდამოებში ჩატარებული სადაზვერვო-არქეოლოგიური მუშაობის წინასწარი ანგარიში. – მასალები საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიისათვის, ჳჳჳ, 1963, გვ. 97-106; М.М. Трапш. Труды. Т. II. Сухуми, 1969, გვ. 313-317; О.Д. Лордкипанидзе. Наследие древней Грузии, გვ. 340.
95. გ. ლორთქიფანიძე. ბიჭვინთის ნაქალაქარი, გვ. 85. ბიჭვინთის პრეტორიუმის მსგავსი ტიპის პრეტორიუმები ცნობილია ბრიტანეთისა და გერმანიის ლიმესის ბანაკებში – ელგინჰაგში, ჰესელბახში, შლოგენსა და ფენდოხში (გ. გამყრელიძე, თ. თოდუა. რომის სამხედრო-პოლიტიკური..., გვ. 120). 
96. ა. აფაქიძე. დიდი პიტიუნტი, არქეოლოგიური გათხრები ბიჭვინტაში. – „დიდი პიტიუნტი“. თბ., 1975, გვ. 48-49; ო. ლორთქიფანიძე. ინკიტის ტბის..., გვ. 100-105.
97. პიტიუნტის ასეთი საგანგებო გამაგრება იმით აიხსნება, რომ იგი რომაელთა მფლობელობის უკიდურეს ფორპოსტს წარმოადგენდა ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში და მისი უპირველესი ამოცანა იმიერკავკასიელი ნომადების შეკავება იყო. პიტიუნტი საკოჰორტო, საშუალო სიდიდის სიმაგრეს წარმოადგენდა და მისი გარნიზონი 500-600 მეციხოვნით განისაზღვრებოდა. არქეოლოგიური მონაცემებით ირკვევა, რომ პიტიუნტში XV ლეგიონის კარგად შეიარაღებული, ქვასატყორცნი არტილერიით აღჭურვილი კოჰორტა იდგა და აქ თავმოყრილი იყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში განლაგებული რომაული სამხედრო ნაწილების ძირითადი ბირთვი, შტაბითა და მთავარსარდლის რეზიდენციით (იხ. გ. ლორთქიფანიძე. ბიჭვინთის ნაქალაქარი, გვ. 91; თ. თოდუა. რომაული სამყარო და კოლხეთი. გვ. 35-36). 
98. თ. თოდუა, ბ. მურვანიძე. რომაული ლეგიონის ტვიფრიანი..., გვ. 110-111.
99. თ. თოდუა, ბ. მურვანიძე. რომაული ლეგიონის ტვიფრიანი..., გვ. 111. 
100. კ. ფიფია. კოლხეთი რომის იმპერიის..., გვ. 196-197; კ. ფიფია. კოლხეთის ტერიტორიაზე ცალკეულ „სამეფოთა“..., გვ. 156-162. 
101. კ. ფიფია. კოლხეთის ტერიტორიაზე..., გვ. 158-162. 
102. თ. თოდუა, ბ. მურვანიძე. რომაული ლეგიონის..., გვ. 108. 
103. Н.Ш. Кигурадзе, Г.А. Лордкипанидзе, Т.Т. Тодуа. Клейма XV Легиона..., გვ. 88-89.
104. Н.Ш. Кигурадзе, Г.А. Лордкипанидзе, Т.Т. Тодуа. Клейма XV Легиона..., გვ. 92. 
105. Herod., Hist., III, 5-9; El. Spart., Sept. Sev., 9, 16-19; Dio Cass., LXXV, 9; Eutr., Brev., VIII, 18, 4.
106. სეპტიმიუს სევერუსის მიერ 193-197 წწ. ტახტის პრედენდენტებისა და 195-199 წწ. პართიის წინააღმდეგ წარმოებული ომების შესახებ დაწვრ. იხ. Т. Моммзен. История  Рима, V, გვ. 368-370; А.Г. Бокoанин. Парфия и Рим, ч. II, გვ 278-283; К. Крист. История времен римских императоров от Августа до Константина. Т. I. Ростов-на-Дону, 1997, 232-240.
107. Georg. Synkell., 671, 1-10.
108. იხ. გ. გრიგოლია. ეგრის-ლაზიკის სამეფოს საისტორიო გეოგრაფიის პრობლემები. თბ., 1994, გვ. 95; შ. მამულაძე, ე. კახიძე, მ. ხალვაში. რომაელები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გვ. 171. 
109. История древнего Рима. под редакцией В.И. Кузиина. М., 1981, გვ. 269-271; P. MacMullen. Soldier and Civilian in the Later Roman Empire. Cambr.- Mass., 1963, გვ. 50-70.
110. Т. Моммзен. История Рима, V, გვ. 175. 
111. T.B. Mitford. Some inscriptions.., გვ. 175.
112. Т. Моммзен. История Рима, V, გვ. 206; А.Р. Корсунский, Р. Гюнтер. Упадок и гибель Западной Римской империи и возникновение германских королевств. М., 1984, გვ. 30.
113. В.Ф. Гайдукевич. Боспорское царство. М.-Л., 1949, გვ. 440; Г.А Цветаева. Боспор и Рим. М., 1979, გვ. 19; В.М. Зубарь. Северное Причерноморье и Септимий Север. – Вестник древней истории, 1993, №4, გვ. 35-40.
 

Комментариев нет:

Отправить комментарий