вторник, 19 февраля 2019 г.

გიორგი VII გარდაცვალების მიზეზის შესახებ (ლ. თავაძე)

ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი VII (1395-1407) ცნობილია მისი შეუდრეკლი ბრძოლით თემურ-ლენგის წინააღმდეგ (ტაბატაძე 1974: 96-215; კაციტაძე 1975: 110-162). თემურის გარდაცვალების (1405) შემდეგ ბრძოლები მის მემკვიდრეებსა და ყარა-ყოინლუს თურქმანულ ტომებს შორის წარმოებდა (ტაბატაძე 1974: 215-223). ჩაღათაელთა მემკვიდრეების წინააღმდეგ ბრძოლა 1405-1406 წლებში წარმატებით მიდიოდა, რაც გამოიხატა იმ რამდენიმე ბრწყინვალედ წარმოებულ სამხედრო კამპანიით, რომელნიც გიორგი VII აწარმოა მუსლიმური ქვეყნების წინააღმდეგ (მამისთვალაშვილი 1992: 24-38).
შედეგი გიორგის მიერ წარმოებული ამ ბრძოლებისა იყო საქართველოს ჩაღათაელთა ბატონობისგან განთავისუფლება, ქვეყნის საზღვრების განვრცობა და მტრის წინააღმდეგ შეტევითი ოპერაციების განხორციელება. ერთ-ერთი ასეთი წამოწყების დროს ქართველებმა ირანის აზერბაიჯანის ცენტრსთავრიზის კედლებსაც კი მიაღწიეს.
გიორგი VII გარდაცვალება 1407 წლით თარიღდება. მიიჩნევენ, რომ ის უნდა მოეკლათ შავბატკნიანთა ფადიშაჰის ყარა-იუსუფის მეომრებს, ნახიდურთან ბრძოლაში (ყაუხჩიშვილი 1973: 276; ჯავახიშვილი 1966: 424; სანაძე და ბერაძე 2003: 214; ტაბატაძე 1979: 714; ნინიძე 2003: 332; კაციტაძე 1975: 162; დუმბაძე და გუჩუა 1990: 190).
ქართულ ისტორიოგრაფიაში გაზიარებულია ეს ვერსია, რომელიც არსებითად ემყარება ვახუშტი ბაგრატიონის (1696-1757) მონაცემებს გიორგი VII დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით.
ხოლო ვითარ იყო ჭირი დიდი გიორგი მეფისაგან ყოველთა გარემოთა მაჰმადიანთა ზედა, ვიდრე რახსისა კიდემდე მოსრვითა და ალაფობითა, ამისთვის შეიკრიბნენ ყოველნი თურქთა ლაშკარნი დიდძალნი, უკეთუ არა ესუათ ყეენი, არამედ ბილწისა რჯულისა მათისა მხურვალებითა წარმოემართნენ ქართლსა ზედა. მოესმა რა მეფესა მოსლვა მათი და ვითარ გამარჯუებული იყო მათ ზედა მრავალგზის, სისწრაფითა არღარა მოიცადნა სხუანი სპანი თვისნი, გარნა რაოდენნი ესწრნენ თვისთანა, მიეგება წინა და იქმნა ბრძოლა ძლიერი და სასტიკი, რამეთუ მოისრნენ თურქნი უმრავლესნი; არამედ ძლიერსა ბრძოლასა მოიკლა მეფე გიორგი თურქთაგან სა (ქორონიკონსა) უზ ქართულს და მოისრნეს სპანი მისნი” (ყაუხჩიშვილი 1973: 276).
არსებობს მეორე ცნობაც, რომელიც ასევე ეხმაურება ამ შემოსევას. ეს არის სომხურ ანდერძ-მინაწერში დაცული ინფორმაცია, სადაც მისი ავტორი ჰოვანესი ლექსის სახით ყარაიუსუფის შემოსევას აღწერს სომხეთსა და საქართველოში. ეს ანდერძ-მინაწერი სომხური წელთაღრიცხვით „პნზ” ანუ 1407 წლით თარიღდება: „ცუდად იქცევა ყარა იუსუფი / იგია პატრონი თურქესტანისა / ამპარტავანი და უძლეველი ამა ქვეყნისა / ციხე მერდინიდან ქალაქ თავრიზამდე / ასვა სამსალა და დაამწუხრა / ქართველთა ქვეყანას მიაშურა, / გველისებრის შხამით ავსებულმა / და ამოწყვიტა ქრისტიანები / აქედან მრავალი წაასხა ტყვედ / თხუთმეტი ათასი იყო მათი რიცხვი / ხუთი ათასი მათგანი მოკლეს / ნაირ-ნაირი ტანჯვა-წამებით” (აბდალაძე 1978: 31-32).
ამგვარად, დასტურდება რომ, ყარა-იუსუფი მართლაც შემოესია საქართველოს 1407 წელს და ტყვეთა სახით 15000 მოსახლე წაუყვანია. ამათგან, ჰოვანესის ცნობით, 5000 ტანჯვა-წამებით დაღუპულა.
ჰოვანესის ცნობა იმითაა გამორჩეული, რომ ის არის ერთ-ერთი იშვიათი წყარო, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას 1407 წლის შავბატკნიანთა ლაშქრობაზე. იგი ორიგინალურია იმითაც, რომ მასში არაფერი არის ნათქვამი გიორგი VII დაღუპვაზე. რითი შეიძლება ეს უკანასკნელი აიხსნას? შესაძლო პასუხი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ორი:
1) ავტორს შემთხვევით გამორჩა ქართველი მეფის ბრძოლაში დაცემის ფაქტი;
2) გიორგი VII ყარა-იუსუფის შემოსევის დროს ბრძოლის ველზე არ დაღუპულა.
დავიწყოთ პირველი ვარაუდის განხილვით. როგორც ქართულ ისტორიოგრაფიაში სამართლიანად არის აღნიშნული გიორგი VII ძმა კონსტანტინე I (1407-1412) იმავე შავბატკნიანთა ფადიშაჰთან – ყარა-იუსუფთან ბრძოლაში საკუთარ ძმასთან (უნდა იგულისხმებოდეს უმცროსი ძმა დავითი და არა გიორგი, რომელიც 1412 წლისათვის 5 წლის გარდაცვლილი იყო) და 300 მეომართან ერთად გამოასალმეს სიცოცხლეს. კონსტანტინეს ბრძოლაში დაღუპვის ამბავი არამარტო სომხური წყაროებიდან, არამედ მუსლიმი ავტორების მიერ დაწერილი აღმოსავლური და ქართული წყაროებითაც დასტურდება. კონსტანტინე 1412 წლის დეკემბერის ჩავარდა ტყვედ და პატიმრობაში მყოფს მოუსწრაფეს სიცოცხლე (ყაუხჩიშვილი 1973: 277-278; აბდალაძე 1978: 33-37; ჟორდანია 1897: 206; ტაბატაძე 1974: 219-223; კაციტაძე 1975: 162-163; იუსუპოვი 1980: 164-165; ვასილიევი 1967: 102; ჯაკსონი და ლოკჰართი 1986ბ: 147-178).
ამდენად ყველა ქართველი, მუსლიმი თუ სომეხი ავტორი საჭიროდ თვლიდა კოსტანტინეს დაღუპვის ამბავი სათანადოდ დაეფიქსირებინა. მუსლიმები ამ ფაქტს, „ურწმუნოებზე“ გამარჯვებად წარმოაჩენდნენ, ხოლო ქრისტიანები (ქართველები, სომხები) კი, პირიქით, მართლმორწმუნეთა უბედობად სახავდნენ (იუსუპოვი 1980: 164–165; აბდალაძე 1978: 31-32).
ამგვარად, როგორც ირკვევა, კონსტანტინეს დაღუპვას საერთაშორისო რეზონანსი მოჰყოლია. ეს მაშინ, როდესაც გიორგი VII „დაჭრილ ვეფხვად” წოდებული, რომელიც 1386-1406 წლების განმავლობაში – ოცი წელი ებრძოდა მტერს (ტაბატაძე 1974: 96-215; კაციტაძე 1974: 110-162) არცერთმა წყარომ არ დააფიქსირა ბრძოლაში დაღუპულად, გარდა ვახუშტისა, რომელიც მეორად წყაროს წარმოადგენს. როგორც ცნობილია, ეს უკანასკნელი XVIII ს შუა წლებით თარიღდება და თუ რა მონაცემებით სარგებლობდა ვახუშტი 1407 წლის მოვლენების თხრობისას, ჩვენთვის ბოლომდე გარკვეული არ არის.
თუ კოსტანტინეს დაღუპვას ასეთი დიდი გამოხმაურება მოჰყვა, წარმოუდგენელია გიორგის შემთხვევაშიც ანალოგიური ვითარება არ შექმნილიყო და წყაროებს მისი დაღუპვის ფაქტი არ დაეფიქსირებინათ. მუსლიმური და სომხური წყაროები, როგორც უკვე ითქვა და ქვემოთაც ვნახავთ, გიორგის დაღუპვას არ აფიქსირებს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში საქმე წყაროების მიერ არა გიორგი VII ბრძოლაში დაღუპვის ფაქტის გამორჩენასთან, არამედ სულ სხვა მოვლენასთან გვაქვს.
* * *
ახლა რაც შეეხება სხვა მეორად წყაროებს. მათ შორის აღსანიშნავია ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება”. ეგნატაშვილი ფართოდ ეხება გიორგი VII ბრძოლებს თემურ-ლენგის წინააღმდეგ (ყაუხჩიშვილი 1959: 331-338). ეგნატაშვილი მოგვითხრობს ომის ბოლოს თემურ-ლენგის გარდაცვალების ამბავს და წერს, რომ სიკვდილამდე თემურმა მის შვილებს გაუყო საკუთარი სამფლობელოებიო:
„და მაშინ განუყო ძეთა თუისთა თემნი და ქუეყანანი: რომელსამე მისცა ინდოეთი, რომელსამე ხორასანი და რომელსამე ადრაბაგანი” (ყაუხჩიშვილი 1959: 339).
ამას, ავტორის სიტყვით, მათ შორის შური და შუღლი მოჰყოლია, რის გამოც თემურლენგის მემკვიდრეებმა შეწყვიტეს საქართველოზე თავდასხმა (ჯაკსონი და ლოკჰართი 1986ა: 98-120).
თემურ-ლენგი, როგორც ცნობილია 1405 წელს. გარდაიცვალა. ამდენად, ავტორი გიორგი VII გარდაცვალებას 1405 წლის შემდეგი პერიოდით საზღვრავს. იგი აღნიშნავს: „და ხანსა რაოდენსამე უკან მოკუდა მეფე გიორგი” (ყაუხჩიშვილი 1959: 339).
გიორგი VII გარდაცვალება თემურის მემკვიდრეების შიდა ბრძოლების პერიოდს უკავშირდება და ბერი ეგნატაშვილთან გაკვრითაც არ არის ნახსენები გიორგი მეფის ყარაყოინლუს, თუნდაც სხვა რომელიმე თურქული ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო კამპანიის დროს დაღუპვა.
მსგავსად ბერი ეგნატაშვილისა, „ახალი ქართლის ცხოვრების” მეორე ტექსტის ავტორი დაწვრილებით აღწერს დიდი მეფის გიორგი VII დაუნდობელ ბრძოლას ჩაღათაელთა დიდ ემირთან – თემურ-ლენგთან (ყაუხჩიშვილი 1959: 453-472). მსგავსად ბერი ეგნატიშვილისა, მეორე ტექსტის ავტორიც გიორგის გარდაცვალებას თემურის გარდაცვალების (1405) შემდეგ სდებს და არაფერს ამბობს მის დაღუპვაზე თურქებთან ომში: „და მეფობდა მეფე გიორგი და მიიცვალა” (ყაუხჩიშვილი 1959: 472).
თარიღი გიორგის გარდაცვალებისა არც ბერ ეგნატაშვილს აქვს მითითებული და არც მეორე ტექსტის ავტორს.
ახლა რაც შეეხება ე.წ. პარიზის ქრონიკაში დაცულ ინფორმაციას. გიორგი VII გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებული ქრონიკისეული მასალა მწირია; კერძოდ, პარიზის ქრონიკა 1407 წლის მოვლენების შესახებ შემდეგ ცნობას იძლევა: „ქორონიკონსა ჟ’ე (95) მეფე კონსტანტინე ჩალაღ[ა]ნს მოკლეს” (ალასანია 1980).
ამ ცნობაში ორი შეცდომა გაიპარა; პირველი არის ის, რომ კონსტანტინე 1407 წელს არ მოუკლავთ, ხოლო მეორე გიორგი ბაგრატის ძე მის ძმაში კონსტანტინე I არის არეული. 1407 წელს გარდაიცვალა გიორგი VII და არა კონსტანტინე I. დასახელებულ თარიღს ამ შემთხვევაში ვახუშტისგან ვგებულობთ, ხოლო კონსტანტინეს 1412 წელს დაღუპვა, მრავალი წყაროთი დასტურდება (იუსუპოვი 1980: 164-165; ვასილიევი 1967: 102; ტაბატაძე 1974: 219-223; კაციტაძე 1975: 162-163).
სხვა ქრონიკიდან მომდინარე ცნობა ამ პერიოდის საქართველოს ისტორიისა, რომელიც რაიმე სახით იქნება გიორგი VII სიკვდილთან დაკავშირებული, ჩვენ არ მოგვეპოვება. საერთოდ, XIV-XV საუკუნეების საქართველოს ისტორია ღარიბია საისტორიო მასალებით. აქედან გამომდინარე, ყველა ავთენტურ თუ მეორად წყაროებს, ამ პერიოდის შესახებ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
საისტორიო ქრონიკებისა და მეორეადი მასალების შეჯერების საფუძველზე ჩვენ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ გიორგი VII არ დაღუპულა 1407 წელს ნახიდურთან მომხდარ ბრძოლაში. მისი გარდაცვალების მიზეზი, რომ მუსლიმანთა წინააღმდეგ ბრძოლაში სიკვდილი ყოფილიყო, ამას აუცილებლად დააფიქსირებდა, რომელიმე აღმოსავლური ან სომხური წყარო. მიუხედავად ქართული წყაროების სიმცირისა, იქნება ეს ავთენტური თუ მეორადი სახის წყარო, არცერთ მათგანში, გარდა ვახუშტი ბაგრატიონისა, როგორც ითქვა, გიორგის მკვლელობა აღნიშნული არ არის.
* * *
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ბუნებრივად ისმის კითხვა: საიდან გაჩნდა ვახუშტი ბაგრატიონის წყაროში გიორგი VII მაჰმადიანებთან ბრძოლაში დაღუპვის ფაქტი?
ვახუშტის ერთ-ერთი წყარო გადმოცემების სახით დაფიქსირებულია მისივე ნაწარმოებში, სადაც აღნიშნულია შემდეგი სახის ინფორმაცია: „საგონებელ არს ბრძოლა ესე ნახიდურის, სადაცა არიან საფლავნი მათნი მრავალთა გუამთა შეყრილნი, რომლისასას იტყვიან მუნ მოწყვედილთა მრავალთა ქართველთა და არღარა წარიღეს თვისთვისთა სასაფლაოთა და დაფლეს მუნვე, ვინადგან მეფე მოკლეს და არღარა იყო, ივლტოდეს და მოსწყდნენ მუნ სრულიად, რომელი საჩინო არს დიდ-დიდთა ფიქალის ქვითა შემოზღუდვილი” (ყაუხჩიშვილი 1973: 276).
ვახუშტის ეს ცნობა აშიაზე არის მიწერილი და ის, როგორც თხზულებიდან ირკვევა, ფოლკლორული ხასიათისაა – „რომლისას იტყვიან”, რომელიც თავად ავტორმა მიაწერა გიორგი VII დაღუპვას ნახიდურთან ბრძოლაში – „საგონებელ არს ბრძოლა ესე ნახიდურის”.
რაც შეეხება ბრძოლას ნახიდურთან, აქ არა გიორგი VII დაღუპვა, არამედ სიმონ I ტყვედ ჩავარდნა უნდა ყოფილიყო გადმოცემული ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, რაც ვახუშტიმ შედომით გიორგი VII სიკვდილს დაუკავშირა. ნახიდურთან ბრძოლა 1599/1600 წელს მოხდა და იქ მეფე სიმონი ოსმალო თურქებმა ჩაიგდეს ტყვედ (ნარსია 1984: 352; გუჩუა 1973: 148-149; ყაუხჩიშვილი 1973: 418).
ამდენად თუ ნახიდურთან ბრძოლაში სიმონ I ქართლის მეფე ჩავარდა ტყვედ, ხოლო გიორგი VII მაჰმადიან თურქებს არ მოუკლავთ, მაშინ რატომ დააფიქსირა ვახუშტი ბატონიშვილმა მეფე გიორგი VII, ბაგრატ V დიდის ძის სიკვდილი მუსლიმთა ხელით? ჩვენი აზრით, ეს მოვლენა, გიორგი ალასტანელის სიკვდილის შესახებ ცნობასთან უნდა იყოს პირდაპირ კავშირში.
ერთ-ერთი პირველი ვინც გიორგი VII სიკვდილი გიორგი ალასტანელის დაღუპვას დაუკავშირა, იყო გ. ალასანია (ალასანია 1980: 125-126). მან გამოსცა უცნობი ავტორის მიერ XVIII ს პირველ ნახვარში დაწერილი „ცხოვრება საქართველოისა” ანუ ე.წ. “„არიზის ქრონიკა”. მისი ერთერთი პირველი ცნობა ეხება 1373 წელს ვინმე გიორგი მეფის დაღუპვას: „ქორონიკონისა ა(61) თურქნი მოვიდნენ; მეფე გიორგი მოკლეს; ლაშქარი ს[რულია]დ დახოცეს; საქართველო მოარბიეს და წარტყუნეს თუესა აგვისტოსა ვ(6)” (ალასანია 1980: 38).
ტექსტისადმი დართულ შენიშვნაში გ. ალასანია აღნიშნავს, რომ ეს უცნობი მეფე გიორგი უნდა ყოფილიყო, ვახუშტისთან მოხსენიებული გიორგი VII, რომელიც, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, 1407 წელს დაიღუპა. გ. ალასანიას აზრით, ცნობა 1373 წელს დაღუპული მეფის შესახებ, 1407 წელს გიორგი VII მკვლელობის არასწორი ასახვა უნდა იყოს (ალასანია 1980: 125-126).
ჩვენ ვიზიარებთ იმას, რომ ეს ორი ფაქტი ქართულმა ისტორიოგრაფიამ არასწორად დაუკავშირა ერთმანეთს, თუმცა გვიჭირს დავეთანხმოთ იმ შეხედულებას, რომლის მიხედვითაც, შეცდომა „პარიზის ქრონიკის” უცნობმა ავტორმა დაუშვა. პირიქით, „პარიზის ქრონიკის” ავტორი, სავსებით სწორად აღწერს 1373 წელს, „პროვინციის მეფე” გიორგი ალასტანელის მუსლიმებთან დაღუპვის ფაქტს. ეს ცნობა ორი სხვადასხვა წყაროთი დასტურდება, მათ შორის, „ძეგლი ერისთავთას” უცნობი ავტორის მიერ (დოლიძე 1965: 110) და ალექსანდრე I დიდის მიერ სვეტიცხოველისადმი 1434 წელს სოფელ ამუჭის შეწირულობის სიგელში (სურგულაძე 1991: 243-244: ჟორდანია 1897: 242-243). ამასთან ორივე წყარო დიდი მნიშვნელობისაა, რადგან ისინი 1373 წლის უშუალო სიახლოვეს – XV საუკუნის I ნახევარში არიან დაწერილი.
ალასტანელებსა და „პროვინციის მეფეების” საკითხი კარგად შეისწავლა დ. ნინიძემ. ის აღნიშნავს, რომ „პროვინციის მეფე” წარმოადგენდა მმართველს, რომელიც იოანე ბატონიშვილის განმარტებით „ჯერერ არ იყო კურთხეული მეფედ და იწოდებოდა მეფედ“ (ნინიძე 2004: 66).
დ. ნინიძემ შეისწავლა არამარტო პროვინციის მეფეების ინსტიტუტი, არამედ ალასტანელების თემაც და დაასკვნა, რომ გიორგი ალასტანელი იყო დავით VIII ჩამომავალი, რომელიც გიორგი ბრწყინვალის მემკვიდრეების შორეული ნათესავი გახლდათ. ალასტანელების სამფლობელოების ძირითადი ნაწილი ჯავახეთში, გორის ქვეყანაში და სომხეთში მდებარეობდა (ნინიძე 1995: 46-91; ნინიძე 2004: 66-80).
ასე რომ, „პარიზის ქრონიკის” უცნობი ავტორის ცნობა „პროვინციის მეფე” გიორგი ალასტანელის 1373 წელს დაღუპვის შესახებ, რეალობას შეეფერება. ამიტომ, ჩვენი აზრით, არა ქრონიკის ავტორმა, არამედ თავად ვახუშტიმ შეცდომით დაუკავშირა 1373 წელს გიორგი ალასტანელის თურქებთან დაღუპვის ფაქტი გიორგი VII გარდაცვალებას.
ვახუშტი, როგორც ამას მისი ნაწარმოებიდან ვარკვევთ, არ იცნობდა გიორგი ალასტანელს, როგორც ისტორიულ პიროვნებას და, ამდენად, მისი გარდაცვალება, საკუთარი ლოგიკის მოშველიებით სავსებით შესაძლებელია დაეკავშირებინა გიორგი VII სიკვდილის ფაქტისათვის და აღენიშნა, რომ ის მაჰმადიანმა თურქებმა მოკლესო (ყაუხჩიშვილი 1973: 276).
ამ შემთხვევაში ვახუშტის წყარო ვერ იქნებოდა, ვერც „პარიზის ქრონიკა” და ვერც „ძეგლი ერისთავთა”, რომელთა ნაწარმოებებს ვახუშტი ბატონიშვილი არ იცნობდა. ამასთან ამ წყაროებში თარიღებიც არის დასახლებული: 1373 წლის აგვისტოს 6, რაც შეუძლებელია სწავლულ ბატონიშვილს გამორჩებოდა.
ჩვენი აზრით, ვახუშტის წყარო ალექსანდრეს 1434 წლის სიგელი უნდა ყოფილიყო, სადაც ავტორი აგარის ნათესავთა მიერ გიორგი ალასტანელის მკვლელობა ფიქსირდება (სურგულაძე 1991: 243-244; ჟორდანია 1897: 242).
„ამა უსჯულოთა ა[გარის] ნათესავთა ანდრონიკესშვილი ალასტანელი გ’გი (გიორგი) მოუკლავს და მრავლნი ქრისტიანენი წამებითა აღუსრულებიან და დაუტყუებიან და ტახტი მეფეთა განურყვნია და საპატ(ი)ონი და ცამდის მაღალი საყდარნი შეურაცხ უქმნიან, სახლსალოცველი ქუაბ ავაზაკთა უქმნია და უნეთა მათთვის საყოფად განუჩენია” (ჟორდანია 1897: 242).
ანალოგიური სახის ცნობა ოღონდ „ძეგლი ერისთავთას” უცნობი მემატიანეზე დაყრდნობით წარმოდგენილი აქვს „ახალი ქართლის ცხოვრების” ავტორს, სადაც ნათქვამია, რომ ხოსია ბაედარის ძის წინამძღოლობით ურიცხვი თურქი მოსულა და ქვეყანა აუოხრებია და მეფე გიორგი მოუკლავთ. ავტორის ცნობით, ეს ამბავი 1373 წლის 8 აგვისტოს მომხდარა:
„შეიკრიბა ერი ურიცხვი და მოვიდა ქართლს წინაძღომითა ბაედარის ძისა ხოსიასითა. ეწყუნენ ქართველნი და თურქნი, მოკლეს მეფე გიორგი და მის თანა ქუენიფნეველი იოანე და ყოველლნი მთავარნი დიდებულნი ქართლისანი, და ლაშქარნი სრულიად დახოცნეს, საქართველო მოარბიეს და წარტყუენეს თთუესა რვასა, ქ’კსა ჲ’ა” (ყაუხჩიშვილი 1959: 446).
აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე ტექსტის ავტორის ეს ცნობა, ნანახი ჰქონდა ვახუშტისაც, რომლის ფუნდამენტური ნაშრომი სწორედ „ახალი ქართლის ცხოვრების” ლაფსუსების გასწორებისთვის და საქართველოს ისტორიის ცოდნის გაღრმავებისათვის შეიქმნა.
ალექსანდრე I დიდის (1412-1442) 1434 წლის სიგელსა და „ახალი ქართლის ცხოვრების” მეორე ტექსტში დაცული ინფორმაციები უნდა ყოფილიყო ვახუშტი ბაგრატიონის წყარო, გიორგი VII გარდაცვალების მიზეზის დაზუსტებისათვის. ვახუშტი, როგორც ცნობილია, ალექსნდრე I დიდს, გიორგი VII ძედ მიიჩნევდა, რაც თავის დროზე სამართლიანად გააკრიტიკა ი. ჯავახიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ალექსანდრე გიორგი VII ძმის კონსტანტინეს უფროსი ვაჟი იყო (ყაუხჩიშვილი 1973: 278; ჯავახიშვილი 1967: 21-23).
ვახუშტი რომელიც გიორგი VII ალექსანდრეს მამად თვლიდა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ალექსანდრე დიდს მის სიგელში მამის ანუ გიორგი VII გმირული დაღუპვის ამბავი უნდა მოეთხრო, მიუხედევად იმისა, რომ ალქსანდრე, გიორგის არც მამად მოიხსენიებს და არც ბიძად.
აქედან გამომდინარე უნდა აღნიშნოს ისიც, რომ ვახუშტისეული იდენტიფიკაცია არასწორი იყო. ვახუშტი ბაგრატიონი არ იცნობდა არც გიორგი ალასტანელს და არც „პროვინციის მეფეთა” აპანაჟების ინსტიტუტს. ვახუშტიმ მისთვის უცნობი გიორგი ალასტანელის სიკვდილი გიორგი VII გარდაცვალებას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ ის 1407 წელს „მაჰმადიანებთან” (ალექსანდრეს სიგელში „აგარიანები”) ბრძოლაში დაიღუპაო. მეცნიერი გიორგი ალასტანელის „მეფედ” მოხსენიებამ შეიყვანა შეცდომაში, რომელიც მეორე ტექსტის ავტორთან ფიქსირდება.
აუცილებელია ხაზი გავუსვათ იმ ფაქტსაც, რომ გიორგი VII იყო საკმაოდ ცნობილი ფიგურა იმდროინდელ აღმოსავლურ სამყაროში. მის ბრძოლებს თემურ-ლენგთან და მის მემკვიდრეებთან ქართული წყაროების გარდა აღნიშნავდნენ რიგი მუსლიმი ავტორებისა, რომელთა შორის დიდი ნაწილი, მოვლენების უშუალო თვითმხილველი იყო. მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი მემატიანეები: ნეზამ ად-დინ შამი, შარაფ ად-დინ ალი იეზდი, ისქანდერის ანონიმი, მოინ ად-დინ ნათანზი, ჰაფეზე აბრუ, ფასიჰი ხაფავი (ხაფი), მირხონდი, აბდ ალ-რაზაყ სამარყანდი, ჰასან რუმლუ, შარაფ ხან იბნ შამს ად-დინ ბიდლისი და ა.შ. (ტაბატაძე 1974: 5-12; კაციტაძე 1975: 7-20; იუსუპოვი 1980: 110-111, 120-125; ვასილიევი 1967: 91).
არცერთი ზემოთ დასახელებული ავტორი არაფერს არ მიუთითებს გიორგი VII მკვლელობაზე. სამაგიეროდ, ყველა ავტორი განიხილავს მისსა და თემურ-ლენგის ბრძოლებს. უმრავლესობა ზემოთ დასახელებული მემატიანეებისა, აღწერს კონსტანტინე I (1407-1412) ყარაყოინლუს თურქებთან დაღუპვის ფაქტს. ფასიჰ ხავაფი მიუთითებს მეფე კონსტანტინესთან ერთად მისი ძმის (დავითის) ბრძოლაში დაღუპვის ფაქტსაც:
„გადალახა ყარა-იუსუფმა მდინარე მტკვარი და მოხდა ბრძოლა მასსა და ემირ შეიხ იბრაჰიმს, სეიდ აჰმედ შაქსა და კუსტანდილ (კონსტანტინე I – ლ.თ.) ქართველსა და მის საქართველოდან გამოსულ ემირებს შორის, შუა რამაზანის თვეში (19 დეკემბერი 1412). დაატყვევეს შეიხ იბრაჰიმი და მისი ძმა შეიხ ბაჰლულა, კუსტანდილ ქართველი და მისი ძმა სამას გამოჩენილ და მამაც ქართველთან ერთად დასცეს ისინი მიწაზე ორი ბასრი მახვლით, დამცირებულნი და ქარის მრისხანებით გააგზავნეს ჯოჯოხეთის ცეცხლში” (იუსუპოვი 1980: 164-165).
ანალოგიური ცნობა მოეპოვება შარაფ ხან ბიდლისის და სხვა მუსლიმ ავტორებს (ვასილიევი 1967: 102; ტაბატაძე 1974: 219-223; კაციტაძე 1975: 162-163).
* * *
ამრიგად, მეფე კონსტანტინეს ყველა მუსლიმი ავტორი, ყარა-იუსუფთან ბრძოლის დროს დაღუპულად მოიხსენიებს, რასაც ვერ ვიტყვით გიორგი VII შესახებ. გიორგი რომელიც უფრო მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა ჩაღათაელების წინააღმდეგ ომში, სპარსელ მემატიანეებთან საერთოდ არ მოიხსენიება, სამხედრო შეტაკებაში გარდაცვლილად. მუსლიმი ავტორების დუმილი ამ ფაქტთან დაკავშიებით, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ გიორგი მეფე არ დაღუპულა თურქებთან ბრძოლაში.
თურქებთან ანუ შავბატკნიანებთან ბრძოლაში იღუპება მისი ძმა კონსტანტინე I, თავის უმცროს ძმასთან დავითთან და სამას აზნაურთან ერთად (ვასილიევი 1967: 102).
ამრიგად, არცერთი წყარო – ქართული, სომხური, თუ აღმოსავლური (დაწერილი მუსლიმი ავტორების მიერ) არ იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ გიორგი VII დაღუპვა შავბატკნიანებთან ან სხვა თურქულ ტომებთან შეტაკებას დაუკავშიროთ.
გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ გიორგი VII ბუნებრივი სიკვდილით უნდა გარდაცვლილიყო და ქართულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებული მოსაზრება, გიორგი VII ბრძოლის ველზე, დაღუპვასთან დაკავშირებით არასწორია. ეს ინფორმაცია ემყარება მხოლოდ ვახუშტი ბაგრატიონის ინფორმაციას, რომელიც, როგორც ზემოთ ვაჩვენეთ, ზუსტი არ არის. ამ შემთხვევაში ჩვენში მეტ ნდობას აღძრავს ბერი ეგნატაშვილისა და ახალი „ქართლის ცხოვრების” მეორე ტექსტის ავტორის ცნობები, რომლებიც გიორგი VII ბუნებრივ სიკვდილზე აკეთებენ აქცენტს.
ახალი „ქართლის ცხოვრების” ავტორების ცნობა მეფე გიორგის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით, მსგავსებას ავლენს იმ ცნობებთან, სადაც ლაპარაკია სხვადასხვა მეფეების გარდაცვალებაზე, რომელთა ბუნებრივი სიკვდილი უმეტეს შემთხვევაში არანაირ ეჭვს არ ბადებს.
მემატიანეებთან მეფეთა გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ხშირად ფიქსირდება სიტყვები: „გარდაიცვალა”, „გარდახდა”, „მიიცვალა”, „მოკუდა” და აშ. მსგავსი პასაჟები წყაროებში მხოლოდ იმ შემთხვევაში ფიქსირდება, როდესაც მეფის ბუნებრივ სიკვდილზე არის გაკეთებული აქცენტი. ამდენად ბერი ეგნატაშვილთან და მეორე ტექსტის ანონიმთან დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გიორგი VII ბუნებრივ სიკვდილზე არის ლაპარაკი და არა მისი სიკვდილის ხელოვნურ შეწყვეტაზე, რომელიც ყარა-ყოინლუს თურქმანთა შემოსევას შეეძლო გამოეწვია.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩვენი დასკვნები შემდეგია:
1) ვახუშტი ბატონიშვილი 1407 წლის მოვლენების აღწერისას სარგებლობდა ალექსანდრეს 1434 წლის სიგელით სვეტიცხოველისადმი და “ახალი ქართლის ცხოვრების” მეორე ტექსტით, ასევე ხალხური გადმოცემებით სიმონ მეფის (1556-1600) მარცხის შესახებ ნახიდურთან ბრძოლაში.
2) ვახუშტის შეცდომა 1407 წლის მოვლენების გადმოცემისას, კერძოდ, გიორგი VII დაღუპვის თარიღად ამ წლის მიჩნევა გამოწვეულია იმით, რომ მან გიორგი VII გააგივა გიორგი ალასტანელთან, რომელიც დაიღუპა მუსლიმი თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში 1373 წელს.
3) გიორგი VII (1395-1407) ბრძოლაში დაღუპვის შესახებ ცნობა არ არის სწორი, მეფე გარდაცვლილი ჩანს ბუნებრივი სიკვდილით.
დამოწმებები
აბდალაძე 1978: სომხური ანდერძ-მინაწერები (ჰიშტარაკანები) საქართველოს შესახებ XIV-XV სს. ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო ა. აბდალაძემ. თბილისი: მეცნიერება (1978).
ალასანია 1980: უცნობი ავტორი. ცხოვრება საქართველოსა (პარიზის ქრონიკა). ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, შენიშვნები და საძიებელი დაურთო გ. ალასანიამ. თბილისი: მეცნიერება (1980).
გუჩუა 1978: ვ. გუჩუა. ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური მთლიანობის აღდგენისათვის XVI საუკუნეში . საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტომი IV. თბილისი: საბჭოთა საქართველო (1978).
დოლიძე 1965: უცნობი ავტორი. ძეგლი ერისთავთა. ქართული სამართლის ძეგლები. საერო საკანონმდებლო ძეგლები (X-XIX სს ). ტომი II. ტექსტები გამოსცა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ი. დოლიძემ. თბილისი: მეცნიერება (1965).
დუმბაძე და გუჩუა 1990: თბილისის ისტორია. ტომი I (492+60 ტაბულა). რედაქტორები მ. დუმბაძე და ვ. გუჩუა. თბილისი: მეცნიერება (1990).
ვასილიევი 1967: Шараф-хан ибн Шамсаддин Бидлиси. Шараф-наме. Том 2. Текст и перевод Е.И. Васильева. Москва: Наука (1967).
იუსუპოვი 1980: Фасих Хавафи. Фасихов свод (Муджмал-и Фасихи). Текст воспроизведен по изданию: Фасих Ахмад ибн Джалал ад-Дин Мухаммад ал-Хавафи. Фасихов свод. Перевод Д.Ю.Юсупова. Ташкент: Фан (1980).
კაციტაძე 1975: დ. კაციტაძე. საქართველო XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზე (სპარსული და სპარსულენოვანი წყაროების მიხედვით). თბილისი: თსუ გამომცემლობა (1975).
მამისთვალაშვილი 1992: რუი გონსალეს დე კლავიხო. ცნობები საქართველოს შესახებ. ესპანურიდან თარგმნა, შესავალი და საძიებელი დაურთო ე. მამისთვალაშვილმა. თბილისი: მეცნიერება (1992).
ნარსია 1984: გ. ნარსია. ნახიდურის ბრძოლა. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტომი VII. მთავარი რედაქტორი ი. აბაშიძე. თბილისი (1984).
ნინიძე 1995: დ. ნინიძე. „პროვინციის მეფეები” XIV-XV საუკუნეების საქართველოში . თბილისი: მერიდიანი (1995).
ნინიძე 2003: დ. ნინიძე. საქართველოს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა და დიპლომატია XIII-XV სს-ში. ქართული დიპლომატიის ისტორია. რედაქტორი რ. მეტრეველი. თბილისი: თსუ გამომცემლობა (2003).
ნინიძე 2004: დ. ნინიძე. ბაგრატიონთა სამეფო სახლის განშტოებათა ისტორია (XIII-XVIII საუკუნეები). თბილისი: მერიდიანი (2004).
ჟორდანია 1897: თ. ჟორდანია. ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა. შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ. ტომი II (1213-1700). პირველი გამოცემა. ტფილისი (1897).
სანაძე და ბერაძე 2003: მ. სანაძე და თ. ბერაძე. საქართველოს ისტორია. წიგნი I. თბილისი: საქართველოს მაცნე (2003).
სურგულაძე 1991: მ. სურგულაძე. ბაგრატოვანი. პირთა ანოტირებული ლექსიკონი. ტომი I. რედაქტორები მ. სურგულაძე და ჯ. ოდიშელი. თბილისი: მეცნიერება (1991).
ტაბატაძე 1974: კ. ტაბატაძე. ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზე . თბილისი: მეცნიერება (1974).
ტაბატაძე 1979: კ. ტაბატაძე. ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზე. საქართველოს ისტორიის ნარკვევები . ტომი III. თბილისი: საბჭოთა საქართველო (1979).
ყაუხჩიშვილი 1959: ბერი ეგნატაშვილი. ახალი ქართლის ცხოვრება . ქართლის ცხოვრება (პირველი ტექსტი ). ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტომი II. თბილისი: საბჭოთა საქართველო (1959).
ყაუხჩიშვილი 1973: ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტომი IV. თბილისი: საბჭოთა საქართველო (1973).
ჯავახიშვილი 1966: ი. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. ტომი III. თბილისი: საბჭოთა საქართველო (1966).
ჯავახიშვილი 1967: ი. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. ტომი IV. თბილისი: საბჭოთა საქართველო (1967).
ჯაკსონი და ლოკჰართი 1986ა: H.R. Roemer. The successors of Timür. The Cambridge history of Iran. Volume 6. The Timurid and Safavid periods. Edited by P. Jackson and L. Lockhart. Cambridge: Cambridge University Press (1986).
ჯაკსონი და ლოკჰართი 1986ბ: H.R. Roemer. The Turkmen dynasties. The Cambridge history of Iran. Volume 6. The Timurid and Safavid periods. Edited by P. Jackson and L. Lockhart. Cambridge: Cambridge University Press (1986).

Комментариев нет:

Отправить комментарий