დაჯდა მეფედ გიორგი,
ძე
დემეტრესი,
დავითის
შვილისა,
ქორონიკონსა
სამას
სამოცდათხუთმეტსა (1155 წ).
ამან
დაჰყო
მორჭმასა
შინა
ყოველი
ჟამი
და
დღენი
მისი
და
იმეფა
კეთილითა
მეფობითა
და შემატა
ყოველთა
საყდართა,
მონასტერთა
და
ეპისკოპოსთა.
ამას
შვილი
არა
ესვა
და ამისთვის
მწუხარე
იყო
უშვილოებისათვის.
მერე
ინება
ზეგარდამო
მოწყალებამან
ღმრთისამან,
და
იწყო
მობერვად
ნიავმან
ამომან,
და
იშვა
მათგან
ქალი,
ქმნილ-კეთილი,
ყოვლითურთ
უნაკლო
და
შესატყვისი.
ამას
დაარქვა
სახელი
თამარ.
გარდახდა ამას შინა
წელი
რაოდენიმე,
და
გარდაიცვალა
მეფე
გიორგი.
და
იქმნა
გლოვა
და
მწუხარება
უზომო,
უფრო მეტად წუხდა და მისი რუსუდანი.
ეს იყო
რძალ-ყოფილი
დიდთა
სულტანთა
შამირამეთი
და
დედოფალი
ყოვლისა
ხორასნელთა
უფლებისა,
რომელიც
სიქვრივისათვის
თვისადვე
მამულად
მოყვანილი
დედოფლად
დაჯდა
ქართველთად,
უფროსღა
დიდებად
სახლისა
თვისისად
და
ყოვლისა
ამის
სამეფოსა.
ამას
წინაშე
იყო
თამარ
მაშინ,
ვითარცა
თვისსა
მამიდასა
თანა,
დითურთ
თვისით,
რომელსაც
რუსუდანივე
ქონდა
სახელად.
რომლისათვის
აწ
დამაკლებს
წინამდებარე
ესე
მითხრობად,
თუ
რაოდენ მშვენიერება
და
თავდგმულობა
ექმნა
ყოველთა
პირველ
მისსა
ყოფილთა
დედოფალთა.
ვიკადროთ
რამე,
რამეთუ
ოთხმოცისა
წელიწადისა
დღეთამან
შეიყვარა
მტკიცედ
ქალწულება,
სიწმიდე
და
სიკეთე
დიდად
სრული.
და ჩვენ პირველსავე სიტყვასა წარუძღვეთ. გლოვა იყო ნამდვილად ღირსეული, მაგრამ არა თავს იდვეს წარჩინებულთა სამეფოსათა, მიმხედველთა თამარისთა. უკუაგდეს გლოვა და დასცეს საყვირსა, დადგეს სვიანი ტახტი ვახტანგეთი, საყდარი დავითიანი, აღმართეს სკიპტრა დიდებულთა, ძელი ჯვარისა და მის თანა დროშა დავითისი, არასოდეს მობერილი წინააღმდგომთაგან ნიავთა. და ყოველთა ერთხმაქმნილთა აწვიეს თამარს ხმალი მამული თანა-საყდრითურთ მამისა მინიჭებული.
ლიტონად-მე მიიღოა დიდმან ამან გონებამანა არა, ნუ იყოფინ! უმშვენოდ-მე შეიწყნარა იგი გვირგვინმან და მეფობამანა ანუ არა მაღნანტ ექმნა ყოველსა თვალსა თვისად? ვინ ძველი სიტყვა აქა ახლად ვიხმაროთ ბრმა-შობილმან ბრმადვე წარვლო უმხედველომან თამარისმან. ტანსა ზომიერსა გრემანობა თვალთა და ღაწვთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნობა, მორცხვი ხედვა, ლაღი მიმოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყვის სინარნარე და ზრახვისა უჩუკნობა. არა ცუდად დასდვა ღმერთმან მადლად თამარს ესეთი შემკულობა. რომლისათვის არა უჯერო მიჩნს თქმად, ვითარმედ პირი ამისი პირველვე იყო დავითის მიერ თქმითა, რათა ლიტანიაობით თაყვანის-სცემდენ მეფენი და მთავარნი, და მეძღვნეობდენ ნათესავნი.
ესე იდიდა ღმერთი ყოველთა პირთაგან. იხილეს რა ხელითა მღვდელთმოძღვართა მეფე გვირგვინოსანი, და ქება შეასხეს ძალითა საქებებსა ხმითა ოხრისათა. და სთქვამცა, თუ ყოველნი ძალნიცა ზეცისანი თანაშემწე არიან სიხარულსა ქვეყანისათა. და ესე უსაკვირველეს მიჩნს ყოვლისამე, რომელ სხვა მხედარი არასოდეს იხილა მის ჟამისათა მამადებრ მეფედ და ყოველნი ვითარ გამოცდილნი სასოებითა წინასწრობითა უძღოდა ერთი-ერთსა, და სიხარულითა სავსენი ღმერთსა ჰმადლობდნენ, მეფესა აქებდნენ და თავთა ჰნატრიდნენ.
დაჯდა ნებითა ღმრთისათა თამარ მეფედ დასაბამიდან წელთა ექვსიათას ექვსას ოთხმოცდაექვსსა, ქორონიკონსა ოთხას და სამსა (1183), შვილი მეფეთ-მეფისა გიორგისი, დიდისა დავითის ძისა დემეტრეს ძისაგან, ცოლისაგან ბურდუხან ოვსთა მეფისა ასულისა, რომელიც ჰმატდა სიკეთესა დედათასა სხვითა ყოვლითა, მაგრამ თამარის დედობითა, რძალი სხვა მისებრი მაშინ არა ეხილა ქართლისა თემსა. და შემდგომითი-შემდგომად აქონ.
ამიერიდან რა ჯერ არს თამარის თქმად, მაგრამ მონაცვალეობა ღმრთისა, სამეფოსა და ერისათვის რამეთუ აიღო გონება მაღლად და მდაბლითა სულითა, და განიცადა სიდიდე საქმისა, მისდა რწმუნებულისა, მიაყვნა მყვანებელსა თვისსა ხედვა და იწყო განგებად, ვითარ იგი მობერვიდა სული. მიმოიხილა სიმახვილითა ცნობისათა თვისსა გარემო ყოველი და მყისსა შინა შეემეცნა ხილვითა ოდენ წრფელთა და მრუდთა, გულარძნილთა და უმანკოთა, ერთგულთა და ორგულთა, და სიბრძნითა განგებითა თვისითა პირველად ყოველთა ზედა დასსა წყალობა უხვებით, რათა ჟამთა საქმეთასა ერთნი ერთგულობით მადლიერობენ, ხოლო მეორენი უსიტყველ იყვნენ მიგებისათვის სამართლისა.
ხოლო სჯულთათვის სულითთა მეორე კოსტანტინე იქმნებოდა და მისებრვე ჰგოროვნებდა დაწყებასა საღმრთოსა საქმეთასა, რამეთუ იწყო ალესვად ორპირსა მახვილსა მოსასრველად თესლთა ბოროტთა და ინება. რათა იქმნას შეყრა და გამორჩევა დიდთა მათ და მსოფლიოთა კრებათა.
პირველად მოუწოდა წმიდა ქალაქი იერუსალემიდან ნიკოლაოზს გულაბერისძესა, რომელიც სიმდაბლისა ძალითა გადამდგარიყო ქართლისა კათალიკოზობისაგან. ესე რა მოიყვანა, შემოიკრიბა ყოველნი სამეფოსა თვისისა მღვდელთ-მოძღვარნი, მონაზონნი და მეუდაბნოენი. კაცნი მეცნიერნი სჯულისა საღმრთოსანი და მოსწრაფე იყო, რათა მართლ-მადიდებლობასა ზედა შემოთესილნი თესლნი ბოროტნი აღმოიფხვრეს სამეფოსაგან თვისისა. რომელი-ესე ადრე გაემარჯვა სასოებისა კეთილისა მქონებელსა.
ხოლო შემოიკრიბეს რა ორისავე სამთავროსა ეპისკოპოსნი, რომელთაც მეთაურობდათ ზემო მოხსენებული ნიკოლაოს, მსგავსი სეხნისა თვისისა, და ანტონი ქუთათელი საღირის-ძე, დიდად განთქმული სათნოებათა შინა და ძლიერი საქმით და სიტყვით. მიეგებოდა მათ თამარ დიდითა სიმდაბლითა, ვითარცა კაცი და არა მეფე, ვითარ ანგელოზთა და არა კაცთა შეკრიბა ყოველნი ერთსა სადგურსა და დასხა საყდრებითა, ხოლო თვით დაჯდა შორის მათსა მარტოდ და არა მეფობით და ესე ეუბნებოდა:
„წმიდანო მამანო, თქვენ ღმრთისა მიერ განჩინებულ ხართ მოძღურად ჩვენდა და მმართველად წმიდასა ეკლესიასა და თანა გაც სიტყვის მიცემა სულთათვის ჩვენთა. გამოიძიეთ ყოველი კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განხადეთ გულარძნილი. იწყეთ ჩემ ზედა, რამეთუ შარავანდი ესე მეფობისა არს და არა ღმრთის მბრძოლობისა. ნუ თვალ-ახუამთ მთავართა სიმდიდრისათვის, ნუცა გლახაკთა უდებჰყოფთ სიმცირისათვის. თქვენ სიტყვითა, ხოლო მე საქმით; თქვენ სწავლით, ხოლო მე განსწავლით; თქვენ წვრთნით, ხოლო მე განწვრნთით, ზოგად ხელი მივსცეთ დაცვად სჯულთა საღმრთოთა შეუგინებელად, რათა არა ზოგად ვიზღვივნეთ: თქვენ ვითარცა მღვდელნი, ხოლო მე ვითარცა მეფე; თქვენ ვითარცა მნენი, ხოლო მე ვითარცა ებგური“.
უსმინეს რა სიტყვანი ესე ყოველსა მას კრებულსა მამათასა, მადლობდნენ ღმერთსა და თანად მეფესა ღმრთივ-განბრძნობილსა. იჯდა უკვე თამარ მცირედ-ჟამს შორის მათსა, მერე მიიღო კურთხევა მათგან და წავიდა პალატად თვისად.
ხოლო წინამძღვართა კრებისათა ნიკოლაოს და ანტონი, რომელნი ვითარ პირმეტყველნი მთიებნი უძღოდნენ მომრგვალებასა ცაებრისა მის ვარსკვლავთა კრებულისასა, არა ინებეს შორის მათსა ყოფად მაშინდელი იგი ქართლისა კათალიკოსი, რამეთუ წინაუკმო რამე იწყო წესთაგან ეკლესიისათა და ჭყონდიდელ-მაწყვერელობა და მწიგნობართ-უხუცესობა მოევერაგა უფლისაგან. მაგრამ ვერა გადააყენეს, თუმცა კი ფრიად იღვაწეს. რომელიც ადრე თვით გადააყენა სასჯელმან ღმრთისამან. ხოლო სხვანი ვინმე ეპისკოპოსნი შეიცვალნენ და მათ წილ საღმრთონი კაცნი დასხეს და სხვანი საეკლესიაონი წესნი გამართეს უდებთა მიერ დახსნილნი.
ხოლო აივსებოდა რა კრება, შემოვიდნეს ყოველნი სპასალარნი და ერისთავნი სამეფოსანი და მოახსენეს მამათა, რათა ზოგად იღვაწონ შემოყვანებად სიძისა თამარისთვის, რომელიც ყვესცა. და შემოიკრიბენ წინაშე რუსუდან დედოფლისა და განზრახვითა ყოველთათა წარავლინეს კაცი ვინმე რუსთა სამეფოდ ქრისტიანობისა და მართლ-მადიდებლობისათვის მათ ნათესავთასა და ესე ვერა კეთილად განაგეს, რამეთუ არცა კაცი იგი ღირსი საქმისა წარავლინეს და არცა მისსა მეცნიერ იყვნეც, რომელსაც იგი მოიყვანდა.
შემდგომად ჟამისა მოიწია კაცი იგი წარვლინებული და მოიყვანა კაცი დიდად გვარიანი, უდიდესი ყოველთა მათ მეფეთა მის კერძოსათა და სახითაცა არა უმარჯვი. რომელიცა იხილეს რა, ყოველთა კაცთა მოეწონათ, მაგრამ არარას მეცნიერ იყვნენ ჩუეულებისათვის მისისა.
შეიკრიბენ წინაშე რუსუდან დედოფლისა პატრიაქი და დიდებულნი, სპასპეტნი და ერისთავნი და აცნობეს თამარს და აწვევდენ ქორწინებასა და ასწრაფებდენ ამის პირისათვის.
თუმცა იგი მიუგებდა: „კაცნო ვითარ ღირს არს შეუტყუებული ესე ქმნად? არა ვიცით კაცისა ამის უცხოსა ქცევა და საქმე. არცა მხედრობისა, არცა ბუნებისა, და არცა ქცევისა. მაცალეთ, ვიდრემდის განიცადოთ ყოველთა სიკეთე, გინა სიმრუდე მისი“.
ხოლო ისინი წინააღუდგებოდნენ, უშვილოებასა მოახსენებდნენ სახლისა მისისა უნაყოფოებასა დრტვინვიდნენ, წინამძღვარსა სპათასა ითხოვდნენ, და ყოვლითურთ შეავიწრებდნენ სულსა მისსა, და ირემსა ემსგავსებოდნენ სახისა ოდენ მიხედვითა, პილოთაებრ არა განიხილვიდნენ მისაყრდნობელსა და ყოვლითურთ შეავიწრებდნენ სულსა მისსა და ესეოდენ მძიმესა საქმესა მსუბუქად შეეხებოდნენ.
რასაღა მრავალსა ვიტყოდით? მრავლისა ცილობისა გარეშე ნებისა მისისა ყვეს ქორწილი და მრავალ-ჟამ შემდგომად იყვნენ განცხრომასა შინა, მსგავსად საქმისასა.
არა მრავალთა დღეთა შემდგომად მიიღო აღსასრული სიტყვამან თამარისმან და გამოაჩნდებოდეს რუსსა სკვითურნი ვითარ ნაღებთა ბუნებითნი და სიმთვრალეთა შინა საძაგელთა უწესოებად იწყო მრავალთა, რომელთათვის ნამეტნავ არს წერად და თქმად, რათა არა სიგრძედ მიიწიოს სიტყვა.
ორისა და ნახევრისა წელთა, ვითარ გრდემლი მოითმენდა მხნე თამარ უკეთურებათა რუსისათა, თუმცა სხვა ვერღარავის მოითმენდა და იწყეს უგვანად ძახილი, მაგრამ ცილობათა მათთვის პირველთა რცხვენოდა ყოველთა თამარისგან.
ხოლო ბრძენმან თამარ იძია მრავალი ღონე განკურნებისა მისისა და უბძანა სარწმუნოთა მონაზონთა პირითა მრავალგზის, დაღათუ ყოვლად არა სარგებელ ეყო რუსსა. ამისთვისცა თვისი პირისპირ იწყო მხილებად მისდა, მაგრამ უფრო განძვინდებოდა რუსი, ვითარცა ღმრთისაგან საფარველ-მოძურცული. ვითარ იტყვის წერილი, „ვკურნებდით ბაბილონს და არა იკურნებოდა“. არა თუ ოდენ არა შეიგონა, არამედ უძვირესთა მიმართ იწყო და შერაცხილნიცა კაცნი უბრალოდ გვემნა და ასოთა აღმოგდებითა ტანჯნა.
დაუმძიმდა ესე ყოველი თამარსა და წინაშე ყოველთასა ესე თქვა: „მართალია საღმრთოსა სჯულისა მიერ სწავლულ ვარ მე „არა განშორებად პირველსა საწოლსა“, მაგრამ რომელმან არა დაიცვას საწოლი თვისი წმიდად, არა ჯერ არს მის თანა მოთმენა, რამეთუ შემაგინებელ არს ტაძრისა ღმრთისა. და მე არა მიძლავს აჩრდილისა მრუდისა ხისასა გამართვად და უბრალოდ განვიყრი მტვერსაცა, რომელი აღმეკრა შენ მიერი“.
ესე თქვა და ადგა და დაუტევა იგი. ხოლო რუსუდან დედოფალმან და ყოველთა მთავართა საწყალობელად განაძევეს იგი, და არა ეგეოდენ უბადრუკი მეფობისაგან დამხობითა, რაოდენ მშვენიერებისაგან თამარისსა დაკლებითა.
კვლავ იწყეს ურვად ყოველთა, რამეთუ თამარს ხედავდნენ უშვილოდ და მარტოსა მკვიდრად სახლისა თვისისა.
იყო უკვე შვილი ოვსთა მეფისა, გაზრდილი რუსუდან დედოფლისა, ყრმა ფრიად მშვენიერი ასაკითა, ვითარცა მშვენის მეფეთა შვილსა, სხვითა ზრდილობითა კეთილად წვრთნილი. მხნე და მხედარი ძლიერი, რაინდობითა უსწორო და მშვილდოსნობითა შემმართებელი. ტანითა ახოვანი და ყოვლითურთ სრული სიკეთითა ამისი ინებეს ყოველთა შეერთება თამარისი და საქმე ღმერთსა მიანდვეს თამარცა მიემორჩილა ნებასა მათსა მეცნიერებისათვის ყრმისა. არღარა ყოვნეს, არამედ შეიყარნენ დიდუბეს, და შერთეს დავით თამარს.
შემოვიდნენ ტფილისად, დასხდეს ტახტსა ბედნიერსა ორნი მნათობნი, ორნი მზენი, ორნი განმანათლებელნი. გაიხარა დიდიდან მცირედმდე ყოველმან ერმან, და ნიშანნი ცხოვრებისანი მაშინვე იხილვებოდეს მათ ზედა: იყვო ლაშქრობანი გამარჯვებულნი ზემოთ და ქვემოთ, და არა სადათ ვინ გაჩნდა წინააღმდგომი.
მოკვდა ქართლისა კათალიკოსი, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ქართველი, მირიანის ძე მიქაელ, რომელსა ქონდა სამთავისიცა, და არავინ შეწუხდა მისთვის, არცა დიდი და არცა მცირე, რამეთუ ყოველთა სძულდათ.
მოკვდა ამირსპასალარი გამრეკელი და ესე ყოველთა იგლოვეს.
ამას ჟამსა მცირედ რამე აღიძრნეს იმერელ-სუანნი მსგავსად ჩვეულობისა ურჯუკობისა და რუსი მოიყვანეს, რეცა კვლავ გასამეფებლად. ეუბნებოდნენ მესხთაცა მირთვასა, რომელი ვერა უძლეს, არამედ უფროსღა შეიმტერნეს. გააქციეს და წავიდნენ სირცხვილეულნი, რამეთუ ღმერთი თამარისთვის მოურნეობდა.
ხოლო თამარ ევედრებოდა ღმერთსა და იგონებდა, თუ ვის მიანდეს დავით, და სპა თვისი, და განსაგებელი სახლისა თვისისა რომლისათვისცა არა არცხვინა ღმერთმან, არამედ აღავსო სიბრძნითა და მეცნიერებითა. და მიმოიხილა ყოველთა ზედა სამეფოსა თვისისა მთავართა, და განიცადა თვალისა გონებისათა, მიანდო ღმერთსა საქმე, მოიყვანა ანტონი გლონისთავის-ძე გარეჯიდან, რომელი პირველად ჭყონდიდელ იყო და მიქაელ კათალიკოსმან მას მოსტაცა, მოძმაცვითა. ვიეთმე მეფისა განმზრახთათა; ესე მოიყვანეს, ნამდვილვე კაცი ღირსი ქებისა, ჭეშმარიტი ქრისტიანე, მართალი, წრფელი, უმანკო, სახიერი, მოწყალე ყოველთა, ტკბილი, მდაბალი, პატრონისა ერთგული უზომოდ, ეკლესიათა და მონასტერთათვის რადღა სახმარ არს თქმად: თვით წამებენ ქმნილნი მისნი ყოველთაგან, ვითარცა მღვიმესა და კლარჯეთს თვით მის მიერ ქმნილსა მონასტერსა და ყოველთა ადგილთა. ესე დასვეს ვაზირად მისცეს ჭყონდიდი სამთავისი, კისის-ხევი და მწიგნობართ-უხუცესობა, რამეთუ მართალსა უკეთუ უბრკუმეს, არავე დაეცეს.
იწყეს განზრახვათა კეთილთა სამეფოსათვის და ერისა უმჯობესთა. მოიყვანეს. სარგის ამირსპასალარისა მხარგრძელისა ორნი ძენი, ზაქარია და ივანე, კაცნი ბრძენნი, მხნენი, ბრძოლათა შინა დიდად გამოცდილნი და გვარეულადცა ერთგულნი მეფეთანი, ამისთვის დიდად შეყვარებულნი თვით თამარის პაპათა და მამათაგანცა. ამათ მიხედა თამარ და ესეცა ღმერთსა მიანდო და შეიწყალა. და ზაქარიას უბოძა ამირსპასალარობა და უმცროსსა დღითა, ივანეს, მსახურთა-უხუცესობა. ესე კაცნი ღირსნი იყვნენ კაცობისანი: მართალია სჯულითა სომეხნი იყვნენ, მაგრამ ყოვლითურთ მართლმადიდებლობისა მოსავნი. ესე ივანე წერილთა ზედამიწევნითა სწავლული იყო, რომლისათვისცა გულისხმა ჰყო სიმრუდე სჯულისა სომეხთასა, ნათელ იღო და იქმნა ჭეშმარიტ ქრისტიანე.
და შემდგომად ამისსა მოიყვანეს ჭიაბერი, კაცი ესეცა მართალი და ერთგული, და მისცეს მანდატურტ-უხუცესობა. და დღითი-დღე წარემატებოდეს საქმენი თამარისნი უმჯობესად და უკეთესად ბრძნად და მართლად განგებისათვის.
ამიერიდან განგება ღირს, რომელმან შეუძლოს აღწერასა მიცემად წარმართებანი თამარის საქმეთანი, რამეთუ ვითარ თმანი თავისანი თვითეულად ვერავინ აღრიცხვეს, ეგრეთვე ვერცავინ ესენი აღწერეს, და რომელთაცა ოდენ შეუძლონ, საეჭველ მიჩნს მომავალთაგან შემდგომად არა დარწმუნებად. მაგრამ ლომი ბრჭალთაგან საცნაურ არს. და თამარ საქმეთაგან: ვის უნდეს ცნობად, იხილეს ქალაქნი, ციხენი და თემნი სულტანთა სასხდომნი, მისგან ახმულნი, მზღვარნი, რომელნი მას დახუდეს მას გარეთ მისხა სამეფოსა ორად გაფართოებულნი, და ამისგან ცნას მეძიებელმან საქმეთამან, მერმე ცნას ერაყამდის ქვემოთ მისგან დადებული ხარაჯა და ბაღდადის კერძ მარღამდის, და თვით იგი ხალიფა შეშინებული და მოაჯე კმა არს ქვე-ჯდომით მოქმედისაგან.
ითქმოდენ წერილისა: „მოაკლდენ ძალი ბაბილოვნისა და აღაშენა მთა ერმონისა, განქარდა კვამლი სუბაკთა და განძლიერდა ბჭენი სილიმისანი“.
ესევითართა წყალობათა შინა ღმრთისათა იშვება ერი ქრისტიანეთა, მაგრამ წუხდნენ და იურვოდნენ უნაყოფოებისათკვამლი სუბაკთა და განძლიერდა ბჭენი სილიმისანის თამარისა. თუმცა ღმერთმან, რომელმან მოხედა პირველ მანოეს და აბრაამს, და მდედრთაცა ანნას და ელისაბედს, არა ყოვნა არცა აქა, რამეთუ შემდგომად მცირედისა ჟამისა დაორსულდა თამარ. და ცნეს რა ესე ყოველთა, იწყეს ლიტანიაობით ღმრთისა ვედრება, მარხვითა, ლოცვითა და ცრემლითა, რათა მისცეს ღმერთმან შვილი წული. რომელი-ესე იქმნაცა, და შვა შვილი ყოვლითურთ მსგავსი პაპისა. და დაარქვეს სახელი გიორგი. და გაიხარეს ყოველთა სიხარულითა მიუთხრობელითა.
და შემდგომად წელიწადსა კვლავ დაორსულდა და შვა ასული, თვისი შემსგავსებული, რუსუდან, რომლისათვის უფრო დიდი სიხარული შეიქმნა ყოველთა ზედა.
და უმეტეს გარდაემატა ბედნიერობით ქვეყანა ყოვლითა კეთილითა და გამარჯვებითა ლაშქართათა. იწყეს ყოველგნით რბევად სპარსეთისა და იქმნებოდნენ გამარჯვებანი საკვირველნი: ციხეთა მქონებელნი ბრძანებითა ოდენ დასცლიდნენ, ტყვისა და ალაფისაგან აივსო ყოველი კაცი, ხოლო დარჩენილნი მათნი ვითარცა მელიები იმალვოდნენ და ვითარცა თხუნელნი ძვრებოდნენ მიწათა შინა.
შევიწროვდნენ ყოველმხრივ სპარსნი და უღონოებამან მოიცვა და მხოლოდ ერთიღა სასოება ცხოარებისა მოიპოვეს ესე იგი არს სიკვდილითა ხსნა თავისა. ამისთვისცა შეიკრიბნენ ყოვლით შეთქმულებითა, შეიღებეს სამოსელნი და პირნი, და მივიდნენ წინაშე ხალიფასსა, აუწყეს თვისი ჭირი და იწვევდნენს, რათა უბრძანოს ყოველსა სპარსეთსა შეწევნად მათდა. რომელი-ესე ყო ხალიფა: გახსნა ძველნი საგანძურნი და იდუმალ წარავლინა კაცი ყოველსა შინა სპარსეთსა, მისსა ოქრო აურაცხელი, რათა შეკრიბონ ყოვლით ლაშქარი ურიცხვი. და მისცა ბრძანება რათა რომლისაცა სამთავროსაგან სპარსთასა არა წამოვიდენ, თვით მათ ზედა მისლვითა იავარ ყვნენ. ესე ესეთ იქმნა: იწყეს ამოღმართ რომ-გვიროს და ინდოეთისა და ქვემოთ სამარყანამდი და დარუბანდამდი. შეიკრიბა ესეოდენი, ვიდრემდის არცა რიცხვი იცოდე; და ვერცა ერთსა თემსა დაეტეოდეს. შეიკრიბეს ადარბადაგანს და მაშინღა გაამჟღავნეს წაკიდება თვისი.
ესმა ესე ყოველი თამარს და მოუწოდა ყოველთა ვაზირთა თვისთა და შეიქმნა გამორჩევა. უბრძანა ჭყონდიდელსა ანტონის არა ავითა გულითა, არცა დედაკაცურითა სიტყვითა, არამედ ესე: „ისწრაფეთ დაწერად და მიმოდადევით, ბრძანება, რათა მსწრაფლ შემოიკრიბოს მხედრობა. და აცნობეთ ყოველთა ეკლესიათა და მონასტერთა, რათა დაუცადებელნი ღამისთევანი და ლიტანიაობანი აღესრულებოდიან ყოველსა ადგილსა. და წარგზავნეთ, ფრიადი საფასე და სახმარი გლახაკთათვის, რათა მოიცალონ ლოცვად და მოწყალე ყონ ღმერთი, ნუ სადა თქვან წარმართთა: „სადა არს ღმერთი იგი მათი“.
ესე უბრძანა და ბრძანება საქმე იყო. და ათსა შინა დღესა, ვითარცა გროი შავარდენთა, მოფრინდა ყოველი მხედარი, ყოვლიდან. სავსენი სიხარულითა რომელნიც ძალით იპყრობოდნენ თავთა შინა თვისთა. შეიკრიბეს სომხითს შინა. და მივიდა თამარ და იხილა. დაეყვნეს მცირედნი დღენი მათცა ლოცვისათვის. მერე უთხრა მათ:
„ძმანო, ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი სიმრავლისა მათისათვის და სიმცირისა თქვენისა, რამეთუ ღმერთი ჩვენ თანა არს. გასმია გედეონისთვის სამასნი და სიმრავლე ურიცხვი მადიამელთა მათ მიერ ამოწყვედილი, კვლავ ასურასტანელთა ბანაი ლოცვითა ეზეკიელისითა წამსა შინა ანგელოზისა მიერ დაცემულნი? მხოლოდ ღმერთსა ოდენ მიენდვენით და გულნი თქვენნი სიმართლით იპყრენით წინაშე მისსა და სასოება ყოველი ჯვარისა მიმართ ქრისტესისა იყავნ. შეისწრაფეთ ქვეყანად მათდა შეწევნითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათა და ძალითა უძლეველისა ჯვარისათა წარემართენით“.
ულოცა მათ და შეავედრნა ღმერთსა, წარუძღვანა ძელი ცხოვრებისა და თანა წარატანა ანტონი ჭყონდიდელი.
ხოლო თვით გაიხადა სამოსელნი ფეხთანი, და ფეხივ შიშვლითა ფეხთა მიიწია ტაძარსა ღმრთისმშობელისასა მეტეხთა, და წინაშე ხატსა მას წმიდასა მდებარე არა დასცხრებოდა ცრემლითა ვედრებად, ვიდრემდის სრულ ყო ღმერთმან სათხოველი მისი.
რამეთუ შემდგომად მცირედთა დღეთა მოიწია სარგის მხარგრძელი თმოგველი და მოართვა სახარება ლაშქართა გამარჯვებისა და ყოვლითურთ უნაკლულოება მხედრებისა.
არამედ აწ ჯერ არს მოხსენებად, თუ ვითარი შეწევნა მოიღეს თამარის ცრემლთაგან სპათა ჩვენთა. შევიდეს უკვე ქვეყანას მათდა, და იხილეს განძას და შამქორს. საშუალ მდგომნი, რომელნი სიმრავლითა უმეტეს იყვნეს რიცხვსა, ვითარცა კალიანი.
მყის გარდახდა ცხენიდან ყოველნი, თაყვანის-სცეს ღმერთსა, და წმიდასა ჯვარსა ევედრნეს ცრემლითა, და ვითარ არწივთა მიმართეს, და ვითარ ვეფხვნი ეკვეთეს. და პირველსავე წყობასა ათკეცი რაზმი მათი დახსნეს და შესდვეს მახვილი მათი და ძალი ღმრთისა, და ვითარცა თაგვთა მოსრვიდეს, და ვითარცა ქათამთა იპყრობდეს დიდთა მათ ამირათა მათთა ბაღდადელთა და მუსშლელთა, ავრიელთა და ერაყელთა და ადარბადაგანელთა და ერანელთა და სხვათა მრავალთა ადგილთასა, რომელნი ნიჯადად ჰყვეს, ვითარ ვთქვა ინდოეთითგან მზარეულნი, წვერითა ზიდვით მოიყვანებდეს წინაშე დავით მეფეცა და იხილვებოდა დიდი საკვირველი და გარდამატებული შეწევნა ღმრთისა, რამეთუ თვით მოიღებდეს საქონელთა მათთა და თვით მოსხმიდეს აქლემთა და ჯორთა კიდებულთა, და თვით იყვნეს მსახურ იავარისა მათისა და ნატყვენავისა.
ხოლო ათაბაგმან ბუბაქარ აქო თვისი ღონე და ღონიერება, რამეთუ მიწევნულმან ხნარცვსა სადმე მცირესა მიწასა შინა დაფლა თავი თვისი. ესეთ მოწყალებათაგან ღმრთისათა ავსებულნი მიიწივნეს განძად და გამოეგებნეს მოქალაქენი, თავთა თვისთა მშვიდობა ითხოვეს და ქალაქი ნებით შესწირეს. შეიყვანეს დავით დარბაზსა შინა, ტახტსა სასულტნოსა ზედა დასვეს, თანჯანობათასა სასულტნოსა უკრეს, და ღორის ხორცითა დიდად ძალი პურობა გადაიხადეს. ყოველთა მას წინაშე განძელთა დიდი ძღვენი და ხარაჯა შესწირეს, გახსნეს საჭურჭლენი მათნი და მრავალი ტურფა ფიალ-ჯამი და ფეშხუმები სხვისა თანა განძისა მრავლისა წამოიღეს. და გარეგან ქალაქისა დაიბანაკეს მცირედთა დღეთა, რამეთუ ეძიებდეს ათაბაგსა და ვერა იპოვეს. ეგრეთვე შამქორელთა ითხოვეს მშვიდობა და მონება.
აქა ვერ კეთილად განაგეს ზაქარია და ივანემ, და ესეოდენ იქმნა დაკლება ამას გამარჯვებასა შინა. იყო ვინმე კაცი სპარსი შარვანშეთ სიძე სახელით მირმირან. ესე შემოხვეწით იყო წინაშე თამარისსა სათხოველისა რომლისათვისმე და მაშინ დავითს წინაშე სამსახურად. ამან მირმირან გამოითხოვა განძა ცნობადმდე თამარისსა და მისცეს შესანახავად.
რაჟამს ბუბაქარ ცნა ჩვენთა ლაშქართა შინამოსლვა, გამოჩნდა და განძელთა ქალაქი მასვე მისცეს, თუმცა მირმირან შიშითა ცოცხალი გამოუშვეს. ვითარცა ვთქვი.
მცირენი რა დღენი გარდახდა, წარმოემართა ლაშქარნი დიდად მოხარულნი ულუმპიანსა ამას ზედა ძლევასა, ფრიად უაღრესსა საქებელისა მისგან ძლევისა, რომელი ყო ალექსანდროს დარიოსს ზედა.
ვითარცა მიეახლეს, მოძიებოდა მათ თამარცა, რამეთუ მოსულ იყო სარგის თმოგველი მახარობელად. იხარებდა და მადლობდა ღმერთსა, მოიკითხვიდა თვითეულსა, ვითარცა შვილთა. და იშვებდნენ ისინი ხილვითა მისითა.
აივსნენ ყოველნი ველნი გარემო ტფილისისა და ვერღარა იტევდა კაცსა, ცხენსა, ჯორსა და აქლემსა. და ესეოდენ მოსაწყინელიცა იყო სიმრავლე იგი ტყვეთა, ვიდრემდის შეიყვანიან ქალაქად და ერთად კუტლად ფუკისად გაყიდიან. და ამისი მოწამე თვით იგი ღმერთი უტყუელი არს, და რათა არა ტყუილი ვისმე ეგონოს და ზღაპარი გიჩნდეს თქმულნი ესე მომავალთა ჟამთა.
ნამდვილვე ერმიონთასა უსახელოვნესთა მათ კაცთა, ზაქარია და ივანე, აიღეს. ფანჯიაკი სამეფოდ და განაწყვეს ველსა დიდუბისასა ავჭალამდი აქლემი ყველა ტვირთითა, ცხენი ყველა შეკაზმული. ეგრეთვე ყოველნი იგი ამირანი თვის-თვისითა დროშითა: პირველად ხალიფას დროშა, მერე ათაბაგისა შემდგომი - შემდგომად. გააწყვეს კარიდან ქალაქისათა ხევამდე გლდანისა ტყვე ყოველი, გაიყვანეს თამარ, და შესწირეს, და ათაყვანეს ყოველნი იგი თავნი სპარსეთისანი. მერე თვითცა თაყვანის სცეს და მიულოცეს ბედნიერი მეფობა ღმრთისა-მიერი.
ამისსა შემდგომად შევიდნენ ქალაქად, და თვითეულმან იწყო ძღვენთა მოღებად: ოქროსა და სამკაულისა, და ჭურჭელთა მისთა, თვალთა პატიოსანთა და მარგალიტთა უსასყიდლოთა, ჯაჭვთა, მუზარადთა, ხმალთა ამათ გამოცდილთა, ნაქსოვთა ფერადფერადთა, ოქროქსოვილთა და შესამოსელთა მრავალ-სასყიდლოანთა, ცხენთა და ჯორთა, მანიაკთა ოქროსათა თხალიან-მარგალიტიანთა, სულნელთა მრავალფერთა და ალვისა ხეთა სპილენძებითა ტვირთულად. იწყეს ანაკოფის ციხით ვიდრე ციხედმდე გულისტანისა. სეფენი აზნაურთანი აივსნენ ტყვითა რჩეულითა, და ყოველნი საგანძურნი ოქროთა, ვითარცა მიწათა, და ინდოურითა ქვითა, და პატიოსანთა მარგალიტთა მიერ ურიცხვთა.
მაგრამ ამას ყოველსა ზედა აღზვავნა გული თამარისი, განლაღდა ერთგზისცა წარბთა აღებითა? არა. ნუ იყოფინ არამედ უფროსად დამდაბლდებოდა წინაშე ღმრთისა მადლობელი და მოქენე მისგან წყალობისა, აავსებდა ხელსა მოქენეთასა და წიაღებსა გლახაკთასა, გაამდიდრებდა სამზრუნველოთა ეკლესიათა, ქვრივთა და ობოლთა და დავრდომილთა, ზოგად ყოველთა ზედა. ღმრთისა ხელობად მიუპყრობდა მასვე ძღვნად, რომელმან არწმენა განგებად, და მასვე მიუზღვიდა, რომელი მისცემდა მდიდართაგან და მოუკლებელთა წიაღთა. ძველთა აუმსგავსოებდა თვისთა საქმეთა ზედა, ახალთა წახდებოდა, ვითარცა უახლესთა მოქმედი, ვინა ზემოვე ვთქვა, არამედ ჩვენ ვიტყოდეთ წერილისასა: იყო სიმტკიცე ქვეყანასა ჩვენსა და მშვიდობა თავსა მთათასა.
არა ოდენ ქვეყანა იავარსა განადიდებდა თამარ, არამედ სარწმუნოება განმტკიცნებოდა, წმიდანი ეკლესიანი შეიმკობოდა მრავალფერთა მიერ სამკაულთა, ლოცვათი და ღამისთევანი განმრავლდებოდა, უფროსღა თვით პალატსა შინა წმიდათა საიდუმლოთა სრულყოფანი მიმდემნი. და რასა მრავალსა ვიტყოდი? წყალობა ღმრთისა განმრავლდებოდა და ყოველი სიბოროტე ეშმაკისა მოუძლურდებოდა.
ყოველნი თვის-თვის იღწვიდნენ, რათამცა თამარ მოიმადლეს და ვინაცა გამოაჩინნეს საქმეთა შინა საქებელთა. მონაპირენი, რომელნი იყვნენ, ღამეთა დაღეთავე ზედა დართვიდეს შეუსვენებელად, და რომელნი შიგნით იყვნენ იგინი სანაპიროთა იჯდნენ.
და ესევითარმან გულს-მოდგინებამან და მოსწრაფებამან ყოველთამან ესევითართა მიაღწია სამეფო:
რამეთუ პირველ ქვემოთი სანაპირო გაგი იყო, რომელიც ჰქონდა ზაქარიას. მხარგრძელსავე, ვარამის მამასა, და ესენი იქ მოინაპირობდნენ, კაცნი მხნენი, ბრძოლასა შინა მრავალგზის გამოცდილნი და გამარჯვებულნი, და შიშითა ღმრთისათა და პატრონისა ერთგულობითა დიდად საქებელნი.
ამოღმართ ძორაკერტი იყო და ტაშირი, სადაც ზაქარია და ივანე დაიწყეს პირველად ბრძოლა ლომურად ზემოთ, და ქვემოთ, და ყოველსა ადგილსა.
და ზემოთ ჯავახეთი, სადა სარგის მხარგრძელივე თმოგველი და შალვა თორელი მონადირობდნენ. ზედათ არტანი, სადა მესხნი მონაპირობდნენ, რომელთა შორის იყო ყვარყვარე, სამცხისა სპასალარი, ჯაყელი, კაცი დიდად გამარჯვებული და ერთგული მეფეთა.
შავშეთიდან სპერიდან კერძო ფანასკერტი იყო. ამის შავშეთისა ღადოთა შინა გამოჩნდა ვინმე კაცი ასპაანის-ძე, გვარითა არა უაზნო და ქცევითა და არცა ღმერთო უბედო. ამას ზაქარია ერქვა სახელი. არცა სახელსა არცხვინა, არცა პატრონისა წყალობა აუქმა თვისსა ზედა, მაგრამ საქებელთა ზედა შერთო თავი. მარტოდ იქმოდა მრავალთა და დიდთა საქმეთა: აიღო ბანა, ხახული და სხვანი მრავალნი სახელოვანნი ციხენი და ადგილნი.
ქვემოთ ნაპირის კერძ გრიგოლის-ძენი, და უფროსღა ტბელი, და მახატლისძენი მონაპირობდნენ, რომელთა შიშითა განძას და ბარდავს ყრმა მცირე ვერ აუტირდებოდა დედასა, და ვერცა თურქნი იორის პირსა და მტკვრის პირსა საძოვარსა აწყენდნენ.
ესე ყოველი რა გესმოდის, ნუ ვინ ესეთ ჰგონებთ, თუმცა გარეშე თამარისსა რამე ქმნილ იყო ვისგანცა, არამედ ესეთ გაიგონე: მონაპირეთა მონახიან საქმე, ან ციხე ასაღებელი, ან თურქმანი შემოდგომილი, ან ქალაქი განსატეხელი, ან ქვეყანა მოსარბეველი, მოახსენიან თამარს და მან გასინჯის საქმე იგი და გამოიკითხის. უკეთუ ღირს იყოს შეყრასა ლაშქართასა, უბრძანის ზაქარიას და ივანეს და შეყარნიან ლაშქარნი, თვით დავით მეფე წავიდოდა და არა საიდან შემოქცეულიყო ცუდად. უკეთუ უმცირესი რამე იყვის, მყის შესხნის დარბაისელნი თვისნი და, ვითარ შავარდენთა, მოისაქმიან. თუ თვით იყვის ან მინდორით ნადირობასა შინა, ან შინა მყოფსა და ესმის რამე, და შესხნის იქ ღირსნი მისნი, ვითარ არწივთა კაკაბნი ეგრეთ, დანაბნიან ყოველნი წინააღმდგომნი.
არცა თვით უხმობდა და არცა თვისთა ყმათა აუმებდა, ვითარ-იგი იტყვის ვინმე ჟამთაღმწერელი ალექსანდრესთვის. და ამან სარწმუნო ყოს სიტყვა ესე, რამეთუ დიდად სახელ-განთქმულისა ქალაქისა ტფილისისა შემოსავალი წელიწადისა მასვე და ერთსა წელიწადსა არა ეყვის გასაცემრად მახარობელთა ზედა. მრავალგზის და ერთსა მასვე დღესა სამნი და ოთხნი მოვიდიან მახარობელად. და, თუ ვითარ, ისმინე: ქმნიან რამე ერთი საქმე და წარმოავლინიან ამბავი გამარჯვებისა; და მას დღე მას არა დასჯერდიან და კვლავ სხვა რამე წარუმართის ღმერთმან და სხვაცა მახარობელი წარმოგზავნიან. და სხვანი ესევითარნი აურაცხელ არიან, რამეთუ ზემონი სხვათა იქმოდიან, ხოლო ქვემონი სხვათა, და ერთსა შინა დღესა მოიწიის მრავალი ამბავი და მახარობელი, რომელთა ნამეტნავ არს და შეუძლებელ არს აღწერა, ესე ღმერთმან უწყის თვით.
ამას ყოველსა დაუშრომელად და მოქმედებდა, არა თვისისა ქონებისა მოქენე იყო და არცა სამეფოდ იმჭირვიდა ესეოდენთა ქალაქთა და ციხეთა, არამედ თვით მათვე მისცემდა, რომელთა აუცალოებდა, თვისთა ლაშქართა, ვითარ წამებს დიდი და სახელგანთქმული სახლი სომეხთა მეფეთა ანისი, რომელი წარუღის სპარსთა შანშეობისა თანა მრავალჟამ მათგან ქონებული, ხოლო სპარსთა სახლი სახელოვანი დვინი და ამათ ორთა პირთათვის იქმოდა: პირველად, რათა მარადის გული უთქმიდეს და შური აიღონ ერთმანერთისა წარმართთა შეძინებისათვის თვისისა, და მეორედ, რათა მოუკვეთოს ყოველი მიზეზი, რომელი დახსნის ერთგულობასა.
და კვლავ ამისთვის არა უდებებდა, რათა არა მოცლილთა განსვენებად სიჩუკნედ განსცენ თავი და სხვათა განზრახვათა დამოეკიდნენ, ვითარცა სიმდიდრითა ალაღებულთა, ანუ ერთი-ერთისა მტერობად მოიცლიდეს და ბრძოლად, ვითარ ყვესცა ვიეთმე დაწყებასავე ამისსა მეფობისასა მისვე მრუდესა ძირისა ნაყოფთა ლიპარიტეთთა, შვილთა კახაბერთა, რამეთუ იწყეს ძმაცუად და ბრძოლად მახლობელთა თვისთა, რომელთა არცა მხილებულთა შეიგონეს, არცა წყალობათაგან თამარისთა შეიკდიმეს, არამედ ძველად მათთვის დაწერილი კვლავ განაახლდეს და კუდსა ძაღლისა, გინა კუთხსა ფლასისასა ემსგავსებოდეს. და ქმნესცა დიდი ბოროტი: და ორნი ძმანი ანტონი ჭყონდიდელისანი დახოცეს და ამით შეაწუხეს მართალი იგი და განარისხეს თავთა თვისთა ზედა ღმერთი და თამარ, რამეთუ ჭალასა მდგომმან, მოუწოდა ხუთთავე, და სიბრძნითა თვისითა შეიპყრა და თვითო თვითოსა ციხესა შესვა, რათამცა განიწვრთნენ. არამედ იგინი იგივე იყვნეს, ამისთვის ექსორია ყვნა მაკედონიას საბერძნეთისასა და იქ ამოსწყდნენ ყივჩაყთა მიერ კარგნი ჭაბუკნი ბრძოლასა შინა, ვითარცა გვესმა.
ამისთვის არავის მისცემდა მოცალეობასა: ანუ იყვნიან წინაშე მისსა, ახარებდის და საბოძვარითა ღირსებისაებრ სწყალობდის და განუსვენებდის, ანუ თჳთ წარუძღვის, იორის პირი და მტკვრის პირი მოინადირის. მერე დასოს შემოდგის და იქ იხარებდიან, ვიდრემდის თოვლმან არა დაამძიმის კარავი. იქიდან სომხითს შემოვიდიან, ნადირობდიან ამოთა თამაშითა. და ამას შინა თუ რამე სადით ესმის ან ნახიან, ყოვლად არა მომედგრდებოდეს განსვენებისა ძალითა, არცა რას დააცადებდეს, რომელიცა რა წინააღმდგომი ცნიან სამეფოსა და თამარისი.
აივსებოდა ნილოსი და იეფობდა ეგვიპტე მოაკლდებოდა ისმაელს, განიქიტნებოდა აღარ, იკურთხეოდა ისაკ. ესე სხვამან ვინმე სხვისათვის თქვა, და მე აქა ამისთვის წინასიტყვა ვყოფ, რამეთუ მოაკლდებოდა ძალსა მოჰმადიანთასა, და მცემელიცა ებანსა, რამეთუ ქრისტიანეთა ორღანონი ხმოვანობდეს კიდით კიდედმდე. დაშრტა სასოება მუსურმანთა, და ყოვლითურთ უღონონი ღონე-ყოფდეს, რათა წყალობად მოიზიდონ წყალობის-მოყვარე თამარ. ამისთვის კვლავ წავიდეს ხალიოასა, აღარა პირველებრ, არამედ ფრიად შეცვალებით. და შესახვეწელთა სიტყვათა მოახსენებდეს, რათა ავედროს თამარს აღებად ხარკისა ოდენ, მახვილი მსრველი დააყენონ და ჯაჭვი შემკრველი. რომელი-ესე ყო ხალიფამან და წარმოავლინა მოციქული ორგზის ამის პირისათვის. და დიდნი და მრავალჯერნი სამეფონი ძღვენნი უცხონი წარმოგზავნნა, და დიდითა სიმდაბლითა შემოეხვეწა თამარს, რათა აიღოს ხარკი და დააცადოს რბევა. ისმინა თამარ ამისი ვედრება. და ესეთ მისცა პასუსი: „აღმისრულებიეს თხოვა შენი და, რომელთაცა ინებონ მშვიდობა თავთა თვისთა და მოიღონ ხარკი წინაშე ჩემსა, ამათდა მიმინიჭებიეს მეცა ცხოვრება ვედრებისათვის შენისა“. რომელი-ესე ესეთ იქმნა.
ესე რა ელმოდა საბერძნეთის სულტანსა მაღალსა, ჩარასლანის ძესა, სახელით ნუქარდინს, რომელი უმაღლეს და უდიდეს იყო სხვათა ყოველთა სულტანთა, რომელი მთავრობდა დიდსა საბერძნეთსს, ასიასა და კაპადუკიასა, ვიდრე პონტოდ ზღვამდე.
ესე იჩემებდა ზაკვით სიყვარულსა, და გვლანიდა მოციქულთა მშვიდობისათვის მრავალჟამ, და ძღვენთა მშვენიერთა მრავალთა, ეგრეთვე თამარ ჰყიფდა, ნაცვალსახედ მოციქულთა წარავლენდა ძღვენითა მაგრამ იგი ზაკვასა ჰფარვიდა, და ფიცთა მიერ განმსტრობად მოსწრაფე იყო ამის სამეფოსა. ამან მოუწოდა ყოველსა სიმრავლესა სპასა მისსა, და შეკრიბა კაცი ოთხმოცი ბევრი, რომელ არს რვაასი ათასი.
გააღო პაპა-მამურნი საუნჯენი და გამოყარა ოქრო აურაცხელნი და წარგზავნიდა ოქროთა შეკრებისათვის მხედრობისა, და ამცნებდა, რათა ორსა კეცსა მისცემდენ გაჩენილისასა. და წარავლინნა ყოველთა რა ზღვართა თვისთა, და იწყო მესოპოტამიას და კალონეროთ, გალატიას, ღანგრას, ანკვირიას, ისავრიას, კაპადუკიას, დიდსა სომხითს, ბითვინიას და საზღვართა პაფლაღონისათა, და არა დაუტევა გარდა დედაკაცისა სოფელთა შინა მათთა, არამედ ყოველნი აამხედრა.
ხოლო თვით ამოისწრაფა და მიიწია უჯად სახელდებულთა მათ თურქთა თანა რომელ არიან მხნე ბრძოლასა შინა და არიან სიმრავლითა ვითარცა კალიანი, გინა ჯინჭველნი. ამათ მისცა ოქრო მრავალნი, და კვლავ ნიჭნი დიდნი ესეოდენ, ვიდრე ასი ათასი მხედარი შეკაზმული გამოიყვანა მათგან.
და კვლავ მიიერთა, გარეშე ნებისა მათისა, შიშით, ეზინკელნი, ხალფერდელნი და კარნუ-ქალაქელნი; სალდუხის ძე რომელსა ნაცვლად მსახურებისა წაართვა კარნუ-ქალაქი. და თვისი ძე დასვა იქ.
ვითარცა იტყვიან ზღარბისათვის ხმელისასა, შვილ-მრავალ არს ცხოველი ესე და, რაჟამს იხილეს ნაშობნი თვისნი მრავალად, გამოვალს ბუდიდან თვისით მართვეებით და განაწყობს და გოდლოის მათ ზედა. ხოლო ეგრეთვე ყო ნუქარდინცა: იხილა რა ფრიადი იგი სიმრავლე შეკრებულად, რომელთა ზეშთა იყო რიცხვისა, აღზვავნა გულითა, მსგავსად სენაქერემისა, და ამაღლდა ღმერთსა ზედა, და არა შეიშინა პირველთა მათ მზაკვართა ფიცთაგან და სიყვარულისა აღთქმათა, არამედ ფრიად წინა-უკუმო განმზადა თავი თვისი და მოიწია ქალაქად სევასტიად, და იწყო იქ განმზადებად საომართა მანქანათა.
მაშინ წარმოავლინა მოციქული წინაშე თამარისა ესევითარითა წიგნითა, რომელსა შინა წერილ იყო სახე ესევითარი:
„მე ნუქარდინ. სულტანი ყოვლისა ცისა-ქვეშისა უმაღლესი, მიმსგავსებული ძლიერებასა ანგელოზთასა, თანამდგომი ღმრთისა, მოვლინებული მოჰმედისაგან მოგიმცნობ მეფესა ქართველთასა თამარს.
ყოველი დიაცი რეგვენია და შენ გიბრძანებია ქართველთა აღებად ხმალთა და ღმრთისაგან საყვარელისა ისლამთა ერისა დახოცად მუსულმანთა.
და კვლავ ნათესავსა ზედა თავისუფალსა დადებად ხარკი ყმებური. და აწ მე მოვალ, რათა უსაჯო სამართალი სახლსა სპარსთასა და განგწვართო შენ და ერი ეგე შენი არასოდეს კადრებად აღებად ხმლისა, რომელი ღმერთსა ჩვენდა უბოძებია. ხოლო ცხოვნებით იგი ოდენ ვაცხოვნო, რომელმან უწინარეს მოსლვისა ჩემისა თაყვანისმცეს წინაშე კარვისა ჩემისა და აღიაროს ქადაგება მოჰამად მოციქულისა, და უარ ყოს სჯული შენი და ხელითა თვისითა იწყოს წინაშე ჩემსა ლეწად ჯვარისა, რომლისა მიმართ დაგიცთ ცუდი სასოება, და აწ მოელოდი ნაცვალსა ჩემსა, რომელი შეამთხვიე სპარსთა“.
წიგნი ვითარცა მიართვეს და იხილა თამარ, ყოვლად არცა აჩქარდა, არამედ სხვა ეზეკია იქმნებოდა სიმდაბლითა და განმარტა წიგნი იგი წინაშე ღმრთისა, სულთ-ითქვა სიღრმით გულისათ და ცხელთა ცრემლთა დამოდინებითა, და ღმრთისა მიმართ სასოებისა დამდებელმან მერმე მოუწოდა მაშინ რომელნიცა დახვდეს, და ეზრახა მათ ამის პირისათვის, არცა ჩუკნად, არცა მდედრად, არცა განუბრძნობელად.
და ბრძანება და წიგნები ქროდა მალე-მსრბოლთა. და ცოტათა შინა დღეთა შემოიარეს ვითარცა ვეფხვნი სიკისკასითა და ვითარცა ლომნი გულითა. ქრისტესა ღმერთსა ესვიდეს და არღარა ყოვნეს, არამედ მსწრაფლ მიმართეს ტაძარსა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისასა ვარძიას. და ვარძიისა ღმრთისმშობელსა წინაშე ცრემლით შევედრა სოსლან დავით და სპა მისი, და დროშა ბედნიერად ხმარებული, და წარგზავნა ვარძიით ლაშქარნი, რომელთა თვით თამარ უძღოდა წინა შიშვლითა ფეხითა და ცრემლითა ასოვლებდა ღაწვთა თვისთა. და წარუძღვა ბასიანს და მიიწივნეს მახლობელად კარისა, და დადგნენ დღისა ერთისა სავალსა.
და მაშინღა წარგზავნნა მოციქულნი სულტნისა, და წარატანა თანა მოციქულიცა თვისი, და მიუწერა ნაცვალი წიგნისა ესეთ:
„ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა მინდობილმან, და მარადის ქალწულისა მარიამის მვედრებელმან, და პატიოსნისა ჯვარისა სასოებით მოსავმან წავიკითხე ღმრთისა განმარისხებელი წიგნი შენი ნუქარდინდა. ვსცან სიცრუენი შენნი რომელთა ბჭე ღმერთი იყოს; არა გასმიესა, რამეთუ ყოველი ცრუდ მფიცავი სახელსა ღმრთისასა მის მიერ აღიხოცოს?
შენ ოქრისა შეკრებულთა სიმრავლისა მევირეთა მინდობილ ხარ უმეცარი მსჯავრსა ღმრთისასა. ხოლო მე არცა სიმდიდრეთა, არცა სპათა ჩემთა სიმრავლესა, არცა რას სხვასა კაცობრივსა საქმესა მინდობილ ვარ, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა და შეწევნასა ქრისტეს ჯვარისასა. რომელსა შენ ჰგმობ.
ესე-რა-ვითარი შემოგეთვალა. წარმომივლენია მხედრობა ქრისტეს მოსახელე, არა შენდა თაყვანის-ცემად, არამედ დამხობად შენდა ზვავისა მაგის და ამპარტავანისა გულისა შენისა, რათა განისწავლო ღმრთისა მიერ აღარა გმობად სახელსა მისსა. იყავნ ნება ღმრთისა და ნუ შენი! სამართალი მისი და ნუ შენი! ხოლო მე უწყი დახსნილობა მსახურთა შენთა. ამისთვის წარმომივლენიეს მსახური ჩემი, რათა წიგნისა შენისა პასუხი ადრე მოგართვას და განგაკრძალოს, რამეთუ ჩემ მიერ წარმოვლენილთა სპათა ფეხნი ესერა კართა შენთა ზედა დგანან“.
მისცა ესევითარი წიგნი, და მერე შემოსეს და უბოძეს ნიჭი. და წარავლინა მოციქული სულტნისა. ხოლო თვით უბრძანა თვისთა სპათა ყველთა შესხდომა, და თვით გავიდა უმაღლესსა ადგილსა, სადათ ყოველთა ხედავდა, და დავარდა მუხლთა თვისთა ზედა დიდხან, და ტიროდა წინაშე ღმრითისა. მერე, ადგა რა, იხილვებოდა ადგილი იგი ყოვლად დალპობილად ცრემლთაგან მისთა.
მერე მოიყვანა წინაშე თვისსა ყოველნი წარჩინებულნი და უბრძანა ერისთავთა, რათა თვითოეული მათი მოვიდოდის წინაშე წმიდასა ჯვარსა და თაყვანის-ცემდენ და შეემთხვეოდიან. და იწყეს მოსლვად ყოველთა და ტირილით ვედრებად, და თაყვანისცემად პატიოსნისა ჯვარისა, და ამბორის-ყოფად, და ეგრეთვე შემთხვევად ხელსა თამარისსა. და ანდერძ-ყოფდეს ყოველნი სახლთა, შვილთა და სულთა წინაშე მისსა. რამეთუ ერთითა ხელითა თვით მას ეპყრა ძელი ჯვარისა, ხოლო ერთითა ეზოსმოძღვარსა ბასილის და ჯვარის-მტვირთველსა. სრულ იქმნა რა ყოველთაგან ესე სახედ თაყვანისცემა ჯვარისა, მერე თვით მიიქვა პატიოსანი იგი ჯვარი ხმლითა თვისითა, და ამხედრებულთა ზედა ყოველსა მხარსა ნიში ჯვარისა გამოსახა სამგზის, დაულოცა, და ეგრეთ გაემართნენ მინდობილნი ღმრთისანი და თამარის ცრემლთანი.
ხოლო წინამებრძოლად იყო ზაქარია მხარგრძელი ამირსპასალარი, და ორნიცა იგი ძმანი ახალციხელნი, შალვა და ივანე, და შალვა მანდატურთ-უხუცესი იყო, ჭიაბერი და სხვანი თორელნი, და წარემართნენ ბასიანსა.
და მეფე თამარ მობრუნდა სამცხეს, და მოვიდა ოძრხეს, და მოიცალა ლოცვად და მარხვად. იქ იყო წინაშე მისსა თევდორე, ქართლისა კათალიკოსი, კაცი წმიდა და სახიერი, და მას თანა მრავალნი ეპისკოპოსნი და მონაზონნი, ღმრთისა სათნონი,
რომელთა თანა იყო იოანე შავთელი, კაცი ყოვლად განთქმული და საკვირველი მოღვაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი, და ევლოგი ქრისტესთვის სულელი, რომელსა მოეღო მადლი წინასწარმცნობელობისა.
იყვნეს მიმდემნი ღამისთვანი და ლიტანიობანი.
აწ ჯერ არს მოხსენებად, ვითარ იგი წყალობა ყო ღმერთმან ერსა თვისსა ზედა მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათა და შეწევნით ცხოველს-მყოფელისა ჯვარისათა. ხოლო ვითარ მიიწივნეს ქვეყანად ბასიანისა, იქ იყო სულტანი დაბანაკებული ადგილსა ბოლსტიკედ1 წოდებულსა და იახლეს რა ბანაკსა სულტანისასა, არა იყო რიცხვი ცხენისა, ჯორისა და აქლემისა მათისა, კარვებისა და სარაფარდაგებისა მათისა, მინდორი იგი ძლით იტევდა კარვებსა მათსა.
ესეთ ნებიერად მდგომარე იყვნენ, და არა უდგა დარაჯანი სულტანსა. იქ დააწყვეს რაზმი ქართველთა და იქ წინამბრძოლად იყო ზაქარია მხარგრძელი ამირსპასალარი, და ახალციხელნი შალვა და ივანე, და სხვანი თორელნი. და ერთ-კერძო აფსაზნი და იმერნი, და ერთ-კერძო ამერნი და ჰერ-კახნი. და ვითარ იხილეს სულტანი ცოტად ცხენნი ააჩქარეს და მიმართეს. ხოლო ვითარ იხილნეს სპარსთა, რამეთუ აუზიდავად მიდიოდეს, დააგდეს სადგომი მათი, და სიმაგრეთა მიმართეს, რამეთუ მიავლინა მათ ზედა ღმერთმან შიში დიდი. ხოლო ქრისტიანეთა იხილეს რა მათ წინაშე გაქცეულნი, მიეტევნეს, და არა უტევეს წასლვად, არამედ გარემოიცვეს.
და იქმნა ომი ფიცხელი და ძლიერი, და გაგრძელდა მყოვარ-ჟამ. და ამოსწყდეს ორგნითვე ურიცხვნი, ხოლო, უმეტეს სულტნისა სპანი მოისრვოდეს, და ესოდენ გაგრძელდა ომი, რომელ ცხენი მოუკლეს ივანეს მსახურთ-უხუცესსა, ზაქარია გაგელს, ახალციხელთა შალვას და ივანეს, და სხვათა მრავალთა თავადთა. და კნინღა სივლტოლად მიდრიკეს ქართველნი, და ქვეითად დარჩეს რაზმსა შიხა მხნენი იგი ქართველნი.
მაშინ ვითარცა იხილეს ლაშქართა თვის-თვისნი პატრონნი ქვეითნი, გაწირეს თავნი სიკვდილად, ჩამოხდეს ცხენისაგან და პატრონთა მათთა გვერდსა დაუდგეს, ქვეითნი ქვეითთა და ეგრეთ ძლიერი ომი შეიქნა. და ვითარ იხილა დავით მხნემან, მორიდა ერთ-კერძ, და მარჯვენასა მხარსა მორიდა ზაქარია მხარგრძელმან. და ვითარ ქართველთა განეშორეს, რათა არა ცხენთა მათთაგან დაითრგუნენ ქვეითნი ქართველნი, და მიმართეს სპარსთა-კერძ მსწრაფლ მიეტევნეს ერთკერძო სოსლან დავით და ერთ-კერძო ზაქარია, და ვითარ მგელნი ცხვართა, ეგრეთ შეუცვივდეს ურიცხვთა მათ სპათა სულტანისათა.
და პირველსა მოკიდებასა და ხეთქებასა ხმალთასა მოხედა წყალობა აურაცხელმან ღმერთმან მოსავთა ჯვარისათა, და განადიდა დიდება დავითისი და თამარისი ვარძიისა ღმრთისმშობელმან. და ანაზდად ეგეოდენი იგი სიმრავლე გასკდა. იძლია და დაიფანტა და ამას გვანდა თვალგარდაუწვდომელი იგი ლაშქართა სიმრავლე, ვითა მაღნარი მიწითურთ მოგლეჯილ იყო და გაქცეულ, და სადათცა თვალი მისწვდებოდა. ყოველგან ტყეთა მსგავსი ლაშქარი იხილვებოდა ლტოლვილად.
ხოლო ჯერ არს ამისიცა მოხსენება, რომელ მეფისა თამარისა ოძრხეს ყოფასა შინა იყვნეს. რა მიმდემნი ლოცვანი და ღამისთევანი ლაშქართა გამარჯვებისათვის, დღესა ერთსა აღესრულა რა საღმრთო ჟამის-წირვა ზემოხსენებულისა ევლოგის მიერ, განკვირვება დაეცა ევლოგის, და იწყო ღაღადებად სულელის მსგავსად, და იწყო აღმართ ხედვად. და ვითარ ხედვიდა ევლოგი, ხმა ყო ევლოგი ჭმუნვის სახედ და სამგზის დაეცა. და მყისეულად ახტა და აღიტყველა ხელნი: „აჰა, დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს. ხელნო ევლოგისნო. სპარსთაგან არა გეშინის განუტევეთ, რათა ვიდოდის მშვიდობით“. ცნეს ყოველთა რამეთუ წინასწარმეტყუელელბით იყო სიტყვა მისი. მაგრამ ევლოგი არავის რა გამოუცხადა საიდუმლო თვისი, გარდა იოანე შავთელსა. რამეთუ მას ოდენ აუწყა, ვითარმედ ჟამსა ამას მოსცა ღმერთმან ბარბაროზნი საძლეველად ხელთა ქრისტიანეთასა. და მყის წავიდა ევლოგი პირისაგან მათისა და დაიმალა.
რამეთუ მისცა ღმერთმან ხელთა მათთა, და იხილვებოდა საქმე საკვირველი, რამეთუ თვით იყვნენ მსახურ თვისისა შეკრვისა, რომელნიც განერიდეს პირსა მახვილისასა. უდიდესი მათი შეიკროდა უმცროსისა მიერ თვისსა, და უწარჩინებულეს მათი, მოიყვანებოდა გამობმული ძუასა ცხენისასა, და ერთითა საბლითა ერთისა მიერ კაცისა შეიკროდა ოცი, და თმითა გამოებმოდა ერთი-ერთსა, ყრმისა მიერ მცირისა უმჯობესნი მბრძოლთანი მოიყვანებოდეს ვითარცა თიკანნი. გამოიძიეს ყოველნი ადგილნი, და გაქცეულთა ხოცდნენ, ხოლო ნეშტთა ვითარცა მართვეთა ქათამთასა მოჰკრეფდეს და გაუშვებდეს აურაცხელსა სიმრავლესა. რამეთუ ასსა სპარსსა ერთი ქრისტიანე ხელით მიხუდებოდა წამომყვანელად.
ესეთ აღესრულა წინასწარმეტყველება ევლოგისი. მასვე ჟამსა შინა ქმნითა, რომელსა შინა იხილა ჩვენება იგი.
ესეოდენი დიდებული ძლევა მიმადლა ღმერთმან ცრემლთა და სასოებისა სიმტკიცეთა თამარისთა. ხოლო ესე ყოველი რა ესეთ იქმნა, მერე მოუხდეს ბარგსა მათსა, რამეთუ არა იყო განცდა და აღრიცხვა სიდიდეთა ოქროსა და ვეცხლისა ჭურჭელთა, ნაქსოვთა სიმრავლე აურაცხელი, სასმურნი ოქროსანი. თვალ-მარგალიტოვანი ლანკნები და პინაკები, ლაგვინებისა და ქვაბებისა თანა ყოვლითურთ სავსეთა მიუწვდომელითა ალაფითა. ხოლო ცხენ-ჯორისა და აქლემებისა სიმრავლე და კარავთა და საფენელთა სიმრავლე და ურიცხველობა, რომელ დაყარეს, ვინ-მე აღრაცხესა რამეთუ სავსე იყო ყოველი საბანაკო მათი.
და ესეთ ძლევა-შემოსილნი, მადიდებელნი ღმრთისანი უკ-მიიქცნენ და დადგნენ კარავთა შინა მათთა.
ამისა შემდომად შეეკაზმა მოქალაქეთა დიდითა მოკაზმულობითა ქალაქი ტფილისი, და შევიდა თამარ და დავით ვითარცა მზისა შარავანდედი მიფენითა, და შეიტანეს დროშა ნუქარდინისი. შეიყვანეს პირველად ეზინკელი, და მერე სხვანი იგი წარჩინებულნი მოიყვანა, რომელნიც სთნდეს, წინაშე თვისსა. თამარ ყოველთა ნუგეში მისცა და დიდად სახელოვნად სერითა ისტუმრა და უბოძა ყოველთა შესატყვისად. და წარგზავნა ციხეთა შინა ყოველსა ადგილსა, გარდა ეზინკელისა. იგი დაიჭირა ტფილისს პატიმრად, თავიდან პატივისა და სიყვარულისა მისისა წილ, ხოლო ბოლოს ეგეოდენი სახელოვანი კაცი და დიდებული გაყიდა ნალად ცხენთა, რომელი-ესე ყო თამარ პატივად სახლისა თვისისა და დიდებად, რომლის არასოდეს ვისგან ქმნილ იყო დასაბამიდან. ესე ყო დიდებად და სახსენებელად თვისა.
აწ კვლავ აივსეს ყოველნი საგანძურნი სამეფონი ოქროთა და ჭურჭლითა ოქროსათა, რამეთუ მიწისა მსგავსად შეასხმიდეს ოქროსა, ხოლო თვალსა და მარგალიტსა წყვით დასდებდეს, ხოლო ოქრო-ქსოვილთა ბერძნულთა და სხვათა ნაქსოვთა ძვირად საპოვნელთა, ვითარცა ცუდთა სამოსელთა, ურიცხვთა დაყრიდეს. ხოლო ვეცხლისა ჭურჭელთა აარა ქონდა პატივი პალატსა შინა მეფისასა, რამეთუ ყოველი ოქროსა და ბროლისა წინადაგებული იყო, ინდოურთა ქვათაგან შემკობილი, რომლითა აავსნა ყოველნი ეკლესიანი, რომელთა მიანიჭა სამსახურებელად სიწმიდდეთა საიდუმლოთასა და აავსნა ყოველნი ხელნი მთხოველთანი, და განაძღა ყოველნი გლახაკნი და აუვსო წიაღნი მათნი უხვებით.
ესეთ ადიდებს ღმერთი მადიდებელთა თვისთა, ესეთ აღამაღლებს წინაშე თვისსა მდაბალთა, ესეთ შემწე არს მონათთა მისთა, ესევითართა ნიჭთა მიანიჭებს მინდობილთა თვისთა, რამეთუ არარა სხვა დაიდვა თამარ გულსა თვისსა, ვითარ „დასაბამი იგი სიბრძნისა, შიში ღმრთისა“ და სამართალი და წყალობა სწორად ყოველთა ზედა.
იყო დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშვიდობა, განაფინა მადლი ბაგეთა მისთა. ამისთვის აკურთსა იგი ღმერთმან უკუნისამდე და დაადგა თავსა მისსა გვირგვინი პატიოსნობისა, და დასდვა წელთა მისთა მახვილი ძლიერებისა და წარემართა სუფევად უკუნისამდე ჭეშმარიტებისათჳს, სიმშვიდისა და სიმართლისა. ჯერ არს ამისთვისცა თქმად, ვითარმედ ქმნეს მრავალთა დედათა მოღვაწება და ძლიერება, არამედ არა ესეთ ვითარ ამან: არა ვერაგობისაა ღონითა აცხოვნებდა ერსა თვისსა, არამედ სიბრძნისა წინაძღომითა, და სიმართლითა, და უმანკოებითა დავითიანითა, სიმშვიდითა იაკობის მსგავსითა, სიუხვითა აბრამისებრითა, მოწყალებითა იესოს. ღმრთისა მსგავსითა, და სამართალითა მისისა მობაძავითა.
დღეთა შინა თამარისთა არავინ გამოჩნდა მიმძლავრებული მეცნიერებითა მისითა, არცა-ვინ დასჯილი, გარდა ძველისა სჯულისა, რომელი ძეს ავაზაკთა ზედა ძელსა ზედა ჩამოხრჩობა. თვით არცა-ვის ღირსსა სიკვდილისასა და არცა პატიჟისასა მიეხადა თანანადები, არცა-ვინ ბრძანებითა მისითა ასო-მოკვეთილ იქმნა, და არცა სიბრმითა დაისაჯა, გარდა გუზან, ღირსი სიკვდილისა, რომელიც ორგულებით განდგა და კოლას სადმე მთათა შინა ავაზაკობდა მალვით. ესე შეიპყრეს მთიბავთა თივისათა, და დავით მეფისა წინაშე მოიყვანეს, ხოლო მან იცოდა დიდი მოწყალება თამარისი, ამისთვის მისსა შეკითხვამდის თვალნი დასწვა, ნაცვლად მრავალთა სისხლთა ქრისტიანეთასა.
არა ოდენ თვისსა სამეფოსა შინა იყო კეთილიანობა, არამედ ყოველთა ქრისტიანეთათვის. და რომელნიც მძლავრობდნენ ქრისტიანეთა, ყოველთა მიუმცნო, რათა აზადად იყვნენ და ფიცხლად დამორჩილდენ შიშითა და სიყვარულითა მისითა.
წარავლენდის სარწმუნოთა თვისთა და დაავედრის ესეთ: „იწყეთ ალექსანდრიიდან ყოვლისა თანა ლუბიისა, სინისა მთისა, და მათ კერძოთა ეკლესიათა, მონასტერთა და ერთა ქრისტიანეთა მიიკითხვიდის. ხოლო იერუსალიმისათვის რადღა სახმარ არს. თქმად. რამეთუ წარგზავნიდის ამათ ყოველთა შინა ეკლესიათა ბარძიმ-ფეშხუმებსა, და სიწმიდეთა საბურავებსა და მონაზონთა და გლახაკთათვის ოქროთა აურაცხელთა.
ტყვენი განათავისუფლნის და ხარკი ერისა თვით უკუნ სცის, და ყოველი ჭირი დაჭირებული აიღის მათგან.
კვლავ კერძოთა ელადისათა და მთაწმიდას, ეგრეთვე მაკედონიისათა პეტრიწონს, კერძოთა თრაკისათა და კოსტანტინეპოლის მონასტრებთა, რომანას და ყოველგან, კვლავ ისავრიას, კურუსეთს, და ყოველთა მათ სანახებთა შავისა მთისათა და კვიპრისათა. ესე ყოველნი აავსნა ქველის საქმითა, რომლისათვის ისმინეთ, თუ ვითარ მოხედვიდა ღმერთი საქმეთა მისთა:
მოიწიეს ოდესმე ჩუეულებისაებრ ქველის-მოქმედებათათვის ამისთა მონაზონნი შავისა მთისა, ანტიოქიიდან და კვიპრისა ჭალაკიდან, ეგრეთვე მთაწმიდიდან და მრავალთა ადგილიდან. შეიწყნარა თამარ ჩვეულებისამებრ ვითარ ანგელოზნი, და მრავალ დღე არა გაუშვა, მერე მისცა ყოველთა დიადი, და აავსო ყოვლითა სახმრითა. უკანასკნელ მათგან უფრო შორიელთა მისცა დიდძალი ოქრო თვით მათთვის და ყოველთა მონასტერთა განსაყოფელად. წავიდნენ მონაზონნი იგი და მიიწივნეს რა კოსტანტინეპოლედ, ესმა მეფესა ბერძენთასა ალექსის, ანგარსა, რომელმან ძმასა თვისსა ისაკს თვალნი დასწვა და მეფობა წარუღო. ესე ყოვლითურთ ბოროტი კაცი იყო, და შეუტყუებელი მეფობისა, მაგრამ უმეტეს ანგარებისათვის საძაგელ იყო ყოველთა მიერ. იხილა სიდიდე იგი ოქროსა, რომელი მიეცა თამარს და წარუღო მათ მონაზონთა.
ცნა რა ესე თამარ მეფემან ნაცვლად სხვა უფროსი წარგზავნა მათ წმიდათა მიმართ, და ამით უმეტეს არცხვინა ეშმაკი. ხოლო განარისხა მეფესა ზედა ბერძენთასა, წარგზავნნა მცირედნი ვინმე ლიხთ-იქითნი, და წარუღეს ლაზია, ტრაპიზონი, ლიმონი, სამისონი, სინოპი, კერასუნდი, კიტიორა, ამასტრია, არაკლია და ყოველნი ადგილნი პეფლაღონიისა და პონტოსანი, და მისცა ნათესავსა თვისსა ალექსის კომნიანოსსა, ანდრონიკეს შვილსა, რომელიც იყო მაშინ თვით წინაშე თამარ მეფისა შემოხვეწილი.
ხოლო ესმა ესე ფრანგთა (ე.ი. ჯვაროსანთა), რამეთუ მოეღო ბერძენთა შეწევნა აღმოსავლეთიდან, გამოვიდნენ ვენეტიკნი და წარუღეს სამეუფო ქალაქი, მეფობისა თანა, და შეიხვეწა უბადრუკი იგი ალექსი ბორღალეთს, თვისისა სიძისა თანა. იხილა რა ბორღალელთა მეფემან, სიძემან მისმან, შეიყვანა ციხესა ერთსა, და დაუთინა წინაშე მისსა ოქრო დიადი, და უთხრა: „აჰა ალექსი, გულის-სათქმელი იგი შენი; ოქრო ესე მიიღე, გარდა სხვისა რომლისამე საზრიელისა, და წყლისა წილ, რამეთუ ამისთვის წარწყმიდე სახლი სამეუფო ქრისტიანეთა, და დახსენ თვითმპყრობელობა ბერძენთა“. და ესეთ მოკვდა საწყალობელი იგი შიმშილითა, დაკლებული შეწევნისაგან ღმრთისა.
ესეთ საზარელ იყო თამარ მტერთა ზედა, და კვლავ ესეოდენ ტკბილ და ძვირუხსენებელ, ვიდრემდის ესმა რა ესე ყოველი, დიდითა ტკივილითა იგლოვა, დაღათუ არა ღირს იყო მისთვის ტკივილი. რამეთუ რაცა ვის არა ჭეშმარიტებით ქონდეს, არა იპყრობს დიდხან, მაგრამ თამარ უცხოსაცა ზედა და დავრდომილთა ლმობიერ იყო მტკივნეულობად და წყალობად, ვითარ აწ ამასცა ზედა.
ხოლო წარმოვთქვათ ესეცა, რამეთუ ოცდამესამედ, გინა-თუ მეოთხედ, აღმავლობასა მეფობისა მისისა წელიწადსა იკითხა საქმე კარისა რამ თუ მრავლით ჟამითგან იბრძოდეს სარგის თმოგველი, შალვა თორელი და მესხნი, მაგრამ ვერარა ღონე ქმნეს აღებისა, რამეთუ ზამთრის მყინვარებისაგან და სიცივისა უღონო იყვნეს მიდგომად. ხოლო ჟამსა ყინვისასა წყლისაგან გაყინულისა ვერ შეუძლებდეს ბრძოლად, გარე დაიპყრეს ყოველნი ციხენი და სოფელნი, და იგი მხოლოდ მარტო ჰქონდათ სპარსთა. ამისთვის განიზრახა კეთილისა გონებითა და წარავლინა დავით ზემოთ ლაშქრითა. გაატანა ზაქარია და ივანე, და უბრძანა, რათა დადგენ იქ და ძლიერად ეომონ. და ხანგრძლად იქმნა ესე, და თვით თამარ დადგა ჯავახეთს, და იქ მოელოდა ამბავსა მათსა.
ხოლო ისინი მივიდნენ და ებრძოლეს უკვე შეკრულსა მას ღობესა წყლისათვის. და მრავალთა შინა დღეთა გატეხეს ადგილი იგი. და გამოიცალა წყალი და მის თანა უმრავლესნი მოქალაქენიცა. ხოლო დარჩენილთა მათ ითხოვეს დავითისგან, რათა თვით თამარ მივიდეს და მას მიენდვნენ, რამეთუ ეშინოდათ სიტყვათა მათთათვის. გინებისათა, რომელთა ციხდან გამო იტყოდეს პირველ.
მაშინ მოახსენეს ესე ყოველი თამარს. ხოლო იგი მივიდა. და მოიტანეს ციხოვანთა მათ კლიტენი წინაშე ძისა მისისა გიორგისა და მერე თამარის წინაშე და ითხოვდეს მშვიდობასა და ფიცსა, რათა არა გასცეს კარი, ვითარ ანისი და დვინი არამედ სამეფოდ დაიჭიროს. ამისთვის მისცა სიტყვა მტკიცე და უბრძანა ძესა თვისსა გიორგის რათა შევიდეს და თვით მოითვალოს ქალაქი და ციხე. რომელი-ესე ესეთ იქმნა. და ესე ერთი ქალაქი და ციხე თვისად დაიჭირა, მათ ყოველთაგან, რომელნიც აიღო ზორაკერტიდან რახსამდის, გაგიდან განძამდის და ჯავახეთიდან სპერამდის.
და ვისცა ათჩვიდმეტსა წელიწადსა შინა ესე საქმენი თამარისგან ემცრებიან. და მისთა ლაშქართაგან, წელიწდისა ერთისა დღეთა თუ ვითარ შეუძლო ყოველთა მათ, გარეთა აღმართ ოდენ შეხედენ, რომელნიც ჰქონდათ ციხენი მხარგრძელთა ოდენ სახლთა, ზემოთ და ვემოთ.
მხიარულად ამბისაგან მეტყველი პირი აწ მწუხარებისა მიმართ მიიქცევის. რამეთუ მეგულვების აწ წარმოთქმა ყოვლისა სოფლისა საგლოველისა ამბისა.
ნაჭარმაგევს გადმოდგა მეფე თამარ და მის წინაშე იყვნეს ყოველნი დიდებულნი და წარჩინებულნი. და იურვნა და განაგნა საქმენი სამეფოსა თვისისანი, და უფროსღა ეკლესიათა და მონასტერთანი. და იქ დგომასა შინა გამოაჩნდა სენი რამე მომაოხრებელი ჩვენი, რომელი დღითი-დღე დამძიმდებოდა მის ზედა და დიდხან ფარვიდა, რათა არავინ შეაწუხოს. მაგრამ ურგებელ იქმნა რა ჭირი, არა მიმთვალველი კურნებისა, მაშინღა განაცხადა, რამეთუ დედობრივმან უძლურებამან განგრძობილთა შინა მხედრობათა არა თავს-იდვა შეუმთხვეველად მიშვება აგებულებისა.
და აქა საბრალობელ მიჩნს დიდად ერთგულნი იგი კაცნი, თუ ვითარ უგულებელს ყვეს ეგოდენი ტკივნეულობა მისი. რამეთუ წამოიყვანეს კუბოთა ტფილისს, და შემდგომად მცირედთა დღეთა ენებათ ჩვეულებისაებრ, რათა დასოს გავიდნენ. ისწრაფდნენ და იქ წაიყვანეს კუბოთავე და დიდად გაძნელდა სენი იგი უწყალო. და კვლავ წამოიყვანეს აგარათა ციხესა.
და უქმ იქმნა მის ზედა ყოველივე ბუნებათა გამომეძიებლობა მკურნალთა ხელოვნებისა. ამისთვისცა იყვნეს თვით იქ და ყოველსა ადგილსა ლიტანიობანი და ღამისთევანი მიმდემნი, და ცრემლთა დინებანი იხილვებოდე! მდიდართა და გლახაკთანი სწორებით. მაგრამ განჩინება წინააღუდგომელი იყო და დღემან იწყო მიდრეკად, და მზემან დასლვად, და ჰაერმან სხვად ფერად უფერულობა და ცისკარსა დღისასა ზედა იწყეს შემოსად ბნელთა ღრუბელთა: ღაწვთა მათ ვარდოვანთა იწყეს დაჭნობად, და თვალთა მათ ტბაებრ მზისა შემცხრომელთა სიმრუმედ მიმართეს. ხელთა მათ, მსახურებისაგან გლახაკთასა არასოდეს დაცხრომილია, იწყეს მოუძლურებად; და ფეხთა მათ მარადის ღმრთისათვის მაშვრალთა იწყეს შედრეკად; და ყოველნი ნიშნი ცხოვრებისანი სხვად და სხვად ფერად იხილვებოდეს.
ზოგადმან უღონოებამან მოიცვა ყოველნი და არა უწყოდეს, თუ რამცა ყვეს. მთავარნი იცემდეს პირთა, გლახაკნი იტყებდეს თავთა, და ყოველნი ნაცვლად მიუპყრობდნენ თავთა თვისთა და შვილთა თვისთა ღმერთსა, და ითხოვდნენ მის ზედა მომავალსა სიკვდილსა: „რათა მარტო ესე დარჩეს და ჩვენ ყოველნი მოგვსრენ“. ამას ხმობდეს და მოეცვათ სასვენებელი პალატისა, რომელსაც ქონდა ცხედარი უბადრუკებისა ჩვენისა, და ღონე თუმცა იყო, ეცდებოდეს, რათა არა აუფლონ სიკვდილსა შემოსლვად. რა იყო, რომელი არა იხილვებოდა იქ, ანუ სავედრებელთაგანი გინა მწუხარებათა, მაგრამ მწოდებელი კართა ზედა დგა და მბრძანებელისა წინააღდგომა შეუძლებელ იყო.
ბრძენმან ბრძნისა ნეტარება აქაცა მოიღო თამარ, რამეთუ შემოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა სამეფოსა თვისისათა წინაშე მისსა, განიმტკიცა თავი თვისი, და მხნედ მდგომარე ესეთ ეტყოდა: „ძმანო ჩემნო და შვილნო მე ესერა მივიწოდები მსაჯულისაგან საშინელისა, უსაშინელესისა უფროს მეფეთა ქვეყანისათა, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი. თქვენ ყოველნი თვით მოწამე ხართ, რამეთუ თავისა ჩემისა თანა მქონდა სიყვარული თქვენი, და სარგებელსა და სათნოსა თქვენსა არა დავაკლე თვითოეულისაებრ არზანგისა ვიდრემდის განგებითა ღმრთისათა ვიყავ თქვენ ზედა მეფედ. აწ მეცა წავალ მამათა ჩვენთა თანა გზასა ჩემგან უცხოსა, ბრძანებითა საშინელითა და განყოფითა საკვირველითა. გევედრები ყოველთა, რათა მარადის კეთილსა შინა იყვნეთ, მახსენებელ ჩემდა. აჰა, ესერა მკვიდრად სახლისა ჩემისა დაგიტევებ რომელნი მომცა ღმერთმან შვილნი ჩემნი, გიორგი და რუსუდან. ეგენი მიიხუენით ჩემ წილ. და მაგათ აღმოგივსონ დაკლებული ჩემი“.
შევედრა ყოველთა და მიუთუვალა წინაშე ხატსა ქრისტესსა და ჯვარსა ცხოველსმყოფელსა. და მერე უკანასკნელ ხმა აღმოუტევა, და ყოველთა მშვიდობა მისცა ესეთ მეტყველმან: „ქრისტე, ღმერთო ჩემო მხოლო, დაუსრულებელო მეუფეო ცათა და ქვეყანისაო! შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელიც შენ მიერ მერწმუნა, და ერსა ამას, პატიოსნითა სისხლითა შენითა მოსყიდულსა, და შვილთა ამათ ჩემთა, რომელნიც შენ მომეც, და მერე სულსა ჩემსა“.
მაშინ გავიდნენ ყოველნი მწარედ მტირალნი. და თამარ დაიძინა ძილი იგი მართალთა თვესა იანვარსა იჱ (18). და აივსო მზე ქართლისა, და საფლავმან სადიდებელად თვისად დაგვაჭირვა ცხოვრება მსოფლიო ყოველთა ქრისტიანეთა.
აქა რაღა ჯერ არს თქმა, მაგრამ ბავთისა ღაღადი, ბნელი უნათლო და გლოვა უნუგეშინისცემო, რამეთუ ვინ იყო ნუგეშინისმცემელი, ოდეს მწუხარება ზოგადი იყო ყოველთათვის. სატუხელ იქმნა პირი ქვეყანისა, აღეპარსა ყოველთა თავისა თმანიცა მხოლოდ სახელისა ოდენ მქონებელთა ხმასა თანა ვაებისასა ქვესკნელნიცა შეიძრნეს, ყოველნი ფლასითა შეიმოსეს. ესეთ გვანდა, დაღათუ ჩვენ თანა იგლოვა ცა და ყოველი სოფელი.
მაშინ უკუ აღმოივანეს და მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს, და მერე უკანასკნელ თვით იქვე გელათს დაამკვიდრეს თვისსა შინა სამარხოსა, დიდებად იქ შინა დამკვიდრებულთა პაპათა და მამათა მისთა, სახელოვანთა დიდთა მეფეთა თანა.
იცვალა ფერი ქართველთა მხიარულებისა, რამეთუ განბიცნეს ბაგენი მათნი, რომელთა პირსა შინა პირველ სხვა არარა მოქონდა, ვითარ თამარ. რამეთუ სახლთა ზედა აკროსტიხორად თამარის შესხმათა დასწერდეს ბეჭედთა ზედა და დანათა და არგანთა შეამკობდეს და ზედა თამარის ქებასა დასწერდეს და ყოველთა პირნი ერთბამად მზა იყვნეს, რათა ღირსი რამე თამარის საქებლობისა სიტყვა აღმოთქვან: ყრმანი მემროწლენი, განპებასა შინა ორნატთასა, თამარის ქებათა მელექსეობდიან; ერაყს მყოფნი მეებნენი, გინა მეჩანგენი თამარის შესხმათა მუსიკელობდიან; ფრანგნი და ბერძენნი ზღვასა შინა მენავენი, ნიავ-კეთილობათა შინა თამარის ქებათა იტყოდიან. ესეთ ყოველი სოფელი სავსე იყო მის-მიერითა ქებითა, და ყოველი ენა ადიდებდა, რომელსაცა ოდენ სახელი მისი ესმოდეს.
ხოლო საქმეთა მისთათვის რადღა სახმარ არს თქმად, რამეთუ კიდით-კიდედმდე განისმნეს, ვითარცა თვით მოწამე არს ყოველი ჩვენ მიერ ხილული სიტყვისაებრ ბრძნისა.
არა უცთომელობა მგონიეს ძალისა უზენაესსა მეცადინობა, რამეთუ დაწყება და აღსასრული ამის ხელ-ყოფისა სრულებით ესეთ ჩანს, ვითარცა სიმძიმესა და პატიოსნებასა თანა, ოქროსასა ქარქუეტისა ნამუსრევი. რამეთუ ვინ რა წარმოთქვას ღირსი ამისთვის, გინა რა ვინ პირველ აქოს, ანუ რომელი უკანასკნელ: სიმდაბლე უზომო, სიმაღლე შეუსწორებელი, სიმშვიდე საქებელი, სიმქისე ჯეროვანი, ლმობიერება მოწლე, მოწყალება თანა-ლმობილი, უმანკოება უზაკველი, სიწრფოება უსიცრუო, სახიერება ზოგადი, სიუხვე აღუზვავებელი და - თავი ყოვლისა კეთილისა შიში ღმრთისა და მსახურება მისი შეუორგულებელი, - რომელი-ესე ყოველი ამან ესეთ მოიგო, ვითარ ვერცა ერთი სხვამან ვერავინ. და წამებს ამას ყოველი მახლობელი სამეფო გარეშემო ქართლისა, თუ რამდენი დაგლახაკებულნი მეფენი განამდიდრა, რამდენთა წართმეულთა უკუ სცა სამეფო თვისი, რამდენი განდევნილნი სამეფოდვე თვისად კვლავ აღადგინა და რამდენი სიკვდილად დასჯილნი გაათავისუფლა. და ამისი მოწამე არს სახლი შარვანშეთი და დარუბანდელთა, ღუნძთა, ოვსთა, ქაშაგთა, კარნუ-ქალაქელთა და ტრაპიზონელთა, რომელნიც თავისუფლებითსა ცხოვრებასა ამის მიერ იყვნენ და მტერთაგან უზრუნველობასა.
ხოლო სჯულთა მიმართ საღმრთოთა ვინ იყო ესეთ მოშურნე, გინა სიმდაბლით თავისა მომდრეკელ, რამეთუ თეოდოსი დიდსაცა აღემატებოდა. ლოცვანი და ღამისთევანი, რომელნიც პალატსა შინა ამისსა აღესრულებოდეს, საეჭველ მიჩნს მეუდაბნოეთაგანცა; ხოლო მარხვისათვის რაღა ვთქვა, რამეთუ წესი იყო მონაზონთა და მამხილებელ უდებთა ერი პალატისა.
ეგრეთვე სიყვარულისათვის ხუცესთა და მონაზონთასა ნამეტნავ არს თქმად, რამეთუ წესიერად ცხორებულნი კარნი მარადღე იყვნიან წინაშე მისსა, და მახლობელად სასვენებელისა მისცის მათ საყოფელი, და თვით ზრდიდის საზრდელითა და ყოვლითა სახმრითა, რაცა უნებნ. და უკეთუ მათგანი ვინმე იყო უძლურ, თვით მივა მოხილვად და ნუგეშინის ცემად, და თვით გაუმზადებდა ცხედარსა და სარეცელსა.
ხოლო გლახაკთათვის განეჩინეს სარწმუნონი ზედამდგომელნი, და ყოვლისა სამეფოსა მისისა შემოსავალნი, რაცა იყო შინათ და გარეთ, ყოვლისა ნაათალი გლახაკთა მიეცემოდა დაუკლებელად ერთისა ქრთილისა მარცვლამდეცა. და ამას ყოვლადვე არა გონებდა ქველის საქმედ მითვალვად წინაშე ღმრთისა, რამეთუ რაჟამს მოიცალის მარტოებით ყოფად, მყის აიღის სასთუელი, გინა საკერავი, და ნაშრომსა მას თვისთა ხელთასა ხუცესთა და გლახაკთა განუყოფნ თვისითა ხელითა.
ესეთ წესითა განმტკიცებულითა ღმრთისა სახიერისა სათნოებისათა არა დაწყებისასა მიხედვიდა, არამედ აღსასრულისათა, და, ვითარცა მზე სწორ-პატიობით ყოველთა ზედა განუტეობდა ნათელსა თვისთა შარავანდედთასა. ესეთ წყალობითა ყოველთათა მოიზიდვიდა წყალობად ღმრთისა, ესეთ გამოიფრდიდა ჟამთაგან, ესეთ განაძლიერებდა მეგობართა, დაღათუ არარათ სიცრუით მოგებულითა და სამართლოთა.
არასოდეს მომედგრდა ჟამისაგან, არცა უდებ იქმნა ოდესცა განგებისათვის, არასოდეს აუქმა გონება მისდა რწმუნებულთა საქმეთათვისი არა დაუმძიმა კრთომასა გონებისასა დამზიდველი რამე ჩუკენებრივი, არცა სიმდაბლესა მირიდა, არცა სიმაღლესა განეყენა, არცა სიტკბოება ჟამიერი უმოთნო ყო, არცა საშინელება შეურაცხყო; ყოველი განზავა ყოვლითა, რათა სრულებით სრულისაგან წარმოაჩინოს თავსა შორის თვისსა. უღაფრობა მაარსებელისა განუგმობელად დაიცვა, რათა მოქცევსა შინა სიმრგულისასა არარად ელმად და უცხოდ მიდრკეს, არცა გარდაყვეს სავსებელისა დუღილსა შინა, არცა მოაკლდა ჩაზიდვასა შინა საბლისასა, არამედ მეტად დამდაბლებულმან გონიერისა გონებისაგან იყოვლისფერა გარემოდ, რათა მოქცევი თვისი მარტიობით იხილვოს გვარსა შინა ანაგისასა შეუყოფელად ვნებათა. ისურვებდა და სასურველ იყო, იწადებოდა და საწადელ იყო, იქებოდა და საქებელ იყო, ნატრიდეს და სანატრელ იყო, და არარა იყო სხვა კეთილი, რაცა იგი არა იყო მის შორის.
ურჩნი თვისნი დაამდაბლნა და მოყვარენი აღამაღლნა. არა იღვწიდა უმეზობლობასა, არცა შერთვიდა სახლსა სახლსა ზედა, არცა აგარაკსა აგარაკსა ზედა უცხოსა, არამედ თვისი მამული ძველი კმა იყო, რათა არა უსამართლოდ ჰგონონ და მიმხვეჭელად, ვინაიდან სამართალმანცა ზენამან უბჭო მართალსა. არა შინებით უთქმიდა მეზობელთა, არამედ უფროსღა სცვიდა მაშინებელთაგან, და მათ საშინელ ყოფდა მტერთა ზედა. შორს განიოტა წურბლის მსგავსი ვერ-მაძღრისობა, ვინ არა გესლოვან ყო ნაყოფი, და არცა ბუგრიან ნაშრომი.
ბჭედ ჯდა შორის თავისა თვისისა და მეზობელთა მეფეთა, არა მიშვებად ბრძოლისა, არცა გარდადებად უღელსა მძლავრობისასა ურთიერთას, და სახედ თავსა თვისსა მისცემდა და ამისთვის მათ ზედა მეორე სოლომონ იქმნა მეფეთა შორის; და არა ერთი საბელი (საბას ქვეყენა ძველად მდებარეობდა არაბეთის ნკ. სამხრეთ-დას, დღევ იმენის ტერიტორიაზე) აღძრა სურვილად, არამედ ყოველნი რომელთა ესმა სახელი მისი, ვინა დიდითა მეფეთა, ცუდად შერაცხეს თვისი ბედ-კეთილობა ვერ-ხილვისათვის მისისა. კნინღა-და ყოველსა ზღვასა აღმოიწრედდა თვისად, ვითარცა ღრუბელი ყოველთა ზედა მსხურებელი ტკბილთა წვიმათა.
განიგემნე ყოველნი მატიანენი, ძველთა გინა ახალთა მეფეთა მაქებელნი, რამეთუ გარდაემატა თამარის საქმეთა ჭეშმარიტებით საქებელობა სიტყვისაებრ პირველთასა: „სახარელ იყო თხრობათა შინა და კდემულ განმსწავლელობათა, შემხებელ ლბილობით და გამწვრნთელ სიტკბოებით, მგვემელ მოწყალეობით და შემრისხველ თანალმობით“. რათა ყოვლად ყოვლითურთ განუგმობელ აჩვენოს თვისება ღმრთისა. სანთელი იყო გონიერთა და უგუნურთა, პირველთა განმანათლებელ და მეორეთა დამწუველ. აღვირი იყო უწესოდ მკრთომთა და დეზ უდებთათვის; კანონი სირცხვილისა მოხუცებულთა და კვერთხი რკინისა ჭაბუკთათვის; კეთილ-მავალთა სიბრძნით მცველ, ხოლო მბორგალეთა თვალ-უხვავად მგვემელ.
მღვდელთ-მოძღვართა შეიმოსეს შიში; მღვდელთა დაიცვეს წესი თვისი. მონაზონთა მოიგეს წესიერი მოქალაქობა; მთავარნი განისწავლეს სიწმიდით ცხოვრებად და სიმართლით სლვად; ერნი განემტკიცნეს შიშით მონებად ღმრთისა და ერთგულობით უფალთა თვისთა; ყრმანი განიწვართეს მოძაგებად უჯეროსა უსჯულოებისა, რამეთუ ბილწებამან უწესომან და ყრმებრივმან მბორგალებითმან ბორგნეულობამან ვერცა თუ კვალი პოვა დღეთა თამარისთა. ვინა-და თვით გინებადცა შორს იყვნეს, რომელნიცა პალატსა შინა ღირს იყვნეს გინა კარსა ზედა მსახურებად.
ესეთ ყოველსა შინა დაცვითა ღმრთისა მცნებათათა მოიგო წყალობა ღმრთისა, და აკურთხა ღმერთმან ცხოვრება მისი, და გაამრავლა ნაყოფი მისი, და სხმულ ყო მსგავსად წერილისა: „ნათელი აღმოუბრწყინდა მართალსა“ განთიადისა თანა, და მეუღლე მისი სიხარული შუადრე, და მწუხრი მშვიდობით დაიძინა სარეცელსა ზედა თვისსა. შეამკვნა ღმერთმან დღენი მისნი პატიოსნებით და ჟამნი მისნი მშვიდობით. და მეფობასა შინა მისსა არა შეიჭუა პირი მისი, ამისთვის რამეთუ არასოდეს გარე მიაქცია ხელი სათხოველისაგან ქვრივთა, ობოლთა და მიმძლავრებულთასა. წარავლინა დღენი მისნი სიხარულსა შინა. ამისთვის რამეთუ მარადღე ახარებდა ყოველთა გლახაკთა და დავრდომილთა. და ბოლოს წავიდა მამათა თვისთა თანა, და შეეძინა; და დატოვა ორი შვილი, გიორგი და რუსუდან, მშვენიერნი, საწადელნი, სასურველნი და საქებელნი, შექმნით სეფის პირნი, გონიერებით აღსავსენი, სიბრძნით შემკობილნი, და ყოვლითა სიკეთითა სრულნი. თამარ ოცდასამთა შინა წელიწადთა შეაწყვდიალ ყოველი გვარი კეთილ-მეფობისა.
აქა დავხში სიტყვისა წყობა. მომავალთათვის ყოველთაგან აწინდელთა სხვათა ძლევისა მიცემითა ყოველთა, და უმჯობესად შესატყვის შესაძლებელად სახის-მეტყველებასა უაღრესისა სიტყვისასა პოვნით, და ამისთვის ჩვენ მიერ დუმილით პატივცემით დავიდუმოთ.
1. ბოლოსტიკე უნდა იყოს ზემო ბასიანში, ბასიანის ველის სამხრეთ ზონაში, მდინარეების მურცის (ჰასან ყალა-ჩაი) და არაქსის შეერთების ადგილზე არსებული ბოლორაპაჰაკის ციხე (იგივე ბოღბერდი), დღევ. ქოფრიქოის ხიდთან.
Комментариев нет:
Отправить комментарий