ნაშრომი წარმოადგენს XVII საუკუნის იტალიელი მოგზაურის პიეტრო დელა ვალეს (1586-1652) 1627 წლის მოხსენებით ბარათს პაპ ურბან VIII-სადმი („Informazione dalla Giorgia data alla Santita di
nostro signore Papa Urbano VIII la Pietro della Valle, il pellegrino, l'anno
1627“). ეს დოკუმენტი დაცულია ვატიკანის ბიბლიოთეკაში. იგი გამოაქვეყნა XVII საუკუნის ცნობილმა ფრანგმა მწერალმა და მოგზაურმა მელქისედეკ ტევენომ (1620-1692) თავის ნაშრომში Melchisedrk
Thevenot – „Relations de divers voyages
curieux qui n’ont point été publiés“.
პიეტრო დელა ვალე იყო იტალიელი არისტოკრატი, მოგზაური, ლიტერატორი, კომპოზიტორი და დიპლომატი. აზიაში თავისი თორმეტწლიანი მოგზაურობის დროს მან მოინახულა ოსმალეთის იმპერია (იონიის კუნძულების, სტამბული, ეგვიპტე, პალესტინა), სპარსეთი და ინდოეთი. ჟიულ ვერნიმ მას პირველი ტურისტი უწოდა, რადგან პიეტრო მოგზაურობდა არა შემოსავლისთვის ან სამსახურეობრივი დავალებით, არამედ უბრალოდ საკუთარი სიამოვნებისთვის და ყველაფერს ნახულს დეტალურად აღწერდა.
პიეტრო დელა ვალემ ირანში პირველად ნახა ქართველები, ძირითადად შირაზსა და ისპაჰანში, გაოცებული დარჩა მათი მომხიბლაობით. პიეტრო იმდენად იყო ქართველების სილამაზით აღფრთოვანებული, რომ ცოლად ქართველი ისპაჰანელი ტყვე გოგონა მოიყვანა, როცა მას უსაყვარლესი ცოლი მაანი გარდაეცვალა.
პიეტრო დელა ვალემ ირანში პირველად ნახა ქართველები, ძირითადად შირაზსა და ისპაჰანში, გაოცებული დარჩა მათი მომხიბლაობით. პიეტრო იმდენად იყო ქართველების სილამაზით აღფრთოვანებული, რომ ცოლად ქართველი ისპაჰანელი ტყვე გოგონა მოიყვანა, როცა მას უსაყვარლესი ცოლი მაანი გარდაეცვალა.
ინფორმაცია საქართველოს შესახებ პაპ ურბან VIII-სადმი 1627 წ.
უნეტარესო მამაო!
საქართველო სამეფო და მისი დაშლა
ქვეყანა, რომელსაც დღეს ჰქვია საქართველო (Georgia), შეიცავს ყველა იმ მხარეებსა, რომელთაც ძველი ხალხები უწოდებდნენ კოლხიდას (Colcho) და ივერიას (Iberia); შეიცავს ეგრეთვე სომხეთის და შეიძლება კიდევ ალვანიის (Albania) ნაწილებსაც. ამ საზღვრებში სტრაბონის აზრით მდებარეობს მესხების ქვეყანა (la regione de popoli Moschi). ამ სახით საქართველოს უჭირავს სულ ის ქვეყანა, რომელიც იწყება შავის ზღვის აღმოსავლეთის ნაპირიდან და მიაღწევს თითქმის კასპიის ზღვამდე. აღმოსავლეთით მას აქვს მხოლოდ რამოდენიმე ზღვის ნაპირის მცირე ადგილები ალვანიისა, რომელნიც ეხლა სპარსეთის ხელქვეშ არიან და რომელთაც აქვთ ქალაქები: ბაქო და დერბენდი ანუ, როგორც ამბობენ თურქები, დემიკარპი, ე.ი. რკინის კარი; ამ ადგილებიდან სამხრეთით არის შემახია და რომელიც ჩემის აზრით არის ნაწილი ატროპატენ-მიდიისა. შემდეგ, დასავლეთით შავი ზღვა, ჩრდილოეთით კასპიის მთები - კავკასიის ტოტები, რომელნიც ერთის ზღვიდან მეორემდი მიაღწევენ და სადაც ცხოვრობენ ერთგვარნი ბარბაროსულნი და ავაზაკნი ხალხნი, წოდებული ლეკებათ (Lezghi, o Legzi). ესენი უმეტეს ნაწილად არიან მაჰმადიანები, სხვები კი მგონია არიან კერპთთაყვანის მცემნი, ან სრულებით უღმერთონი; ეგენი ადვილად შეიძლება იყვნენ სტრაბონის სვანები (Soani) ან ფთიროფაგები1 უკანასკნელად, სამხრეთით მდებარებენ სომხეთის ნაწილები, რომელთა მხრით საქართველოს საზღვრად არის მიდია. სამხრეთ-დასავლეთით, ე.ი. ტრაბიზონისაკენ, თუ არ ვცდები, კაპადოკიის რამდენიმე ნაწილია. - მთელი ეს ქვეყანა დღეს ხმარობს მხოლოდ ერთს მისს საკუთარს ენას, რომელიც ყველა იქ მცხოვრებ ხალხების საზოგადო ენაა. ამ ქვეყანას, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ჯორჯიას (Georgia) და იქაურები საქართველოს (Cardueli), უწინ ფლობდა მხოლოდ ერთი მეფე, ვიდრე ერთმა მეფეთთაგანმა არ გაუყო სახელმწიფო თავის ოთხ შვილს2 და არა ჰქმნა ყველა იგინი დაუმოკიდებელ და სრულ მთავრებათ თავიანთ სამფლობელოებში. მხოლოდ ერთ მათგანს, რომელსაც მისცა შუაგული და უდიდესი ნაწილი თავის სახელმწიფოსა, დაუტოვა ერთგვარი უპირატესობა სხვებზე; ამიტომაც დღემდი ამ ნაწილის მთავარი დიდად პატივცემულია სხვა მთავრებისაგან, რომელნიც მას უწოდებენ მეფეთ-მეფეს, რაიცა მათ ენაზე ნიშნავს ხელმწიფეების ხელმწიფეს; თვითონ კი თავიანთ თავს რაცხავენ საქართველოს ლიტონ მთავრებათ და ამით კმაყოფილდებიან. ამ ჟამად საქართველოში ექვსი მთავარია, რადგანაც გარდა იმ ოთხისა, რომელნიც, როგორც ზემოდ ვთქვი, მეფის შთამომავლობისანი არიან, ორნი კიდევ სხვანი არიან, რომელნიც უწინ იყვნენ მეფეთ-მეფის მოურავებათ (Ministri) და მისის სამეფოს ორის ნაწილების მმართველებათ შავის ზღვის ნაპირზედ. ისინი განუდგნენ რა მეფეთ-მეფეს, დაისაკუთრეს ის მხარეები, რომელნიც მათ ჰქონდათ ჩაბარებულნი სამმართველოდ და შემდეგ ამისა თვითონ შეიქმნენ სრულ მთავრებათ. როცა თანდათან მათი გავლენა და სახელი გავრცელდა, მაშინ იგინი არამც თუ გაუსწორდნენ, არამედ დაუმოყვრდნენ კიდევაც ყველა მთავრებს. ამიტომაც დღეს ყველა მთავრები ეპყრობიან მათ, როგორც თავის სრულ თანასწორებს. იმათ ახსოვთ დღემდი მხოლოდ მეფეთ-მეფის უპირატესობა. მაგალითად, როცა მეფეთ-მეფე ცხენზედ ჰჯდება და ის ორი მთავარი, რომელნიც უწინ იყვნენ მის მოურავებათ და ერისთავებათ (Vassalli), სასახლეში არიან, მაშინ ერთი მათგანი ცხენს უკავებს და მეორე აბჟანდსა.
შენიშვნები
1. ავტორი ცდება.
2. საქართველოს განაწილება მოხდა მეხუთმეტე საუკუნეში. პიეტრო დელავალლე შემცდარია, როცა ამბობს, რომ საქართველო ოთხ სამეფოთ და ორ სამთავროთ გაიყოვო. ნამდვილად საქართველო განაწილდა სამ სამეფოთ: ქართლი, კახეთი და იმერეთი, და ხუთ სამთავროთ: სამეგრელო, გურია, სამცხე-კლარჯეთის საათაბაგო, აფხაზეთი და სვანეთი. როგორც შემდეგ მოთხრობიდან სჩანს, პიეტრო დელავალლე მეოთხე მეფეთ ალბად თვლის სამცხე-კლარჯეთის ათაბეგს.
იმერეთი
შემდგომ იმისა, როცა ქვეყანა გაიყო ექვს მთავრებს შუა და ეს მთავრები სრულ ბატონებათ შეიქმნენ, მეფეთ-მეფე ჰფლობდა და დღემდისაც ჰფლობს იმ მხარეს, რომელსაც იქაურები უწოდებენ იმერეთს და რომელიც მდებარეობს, როგორც ვთქვი, შუაში და არის უძლიერესი სხვა ნაწილებზე. სწორედ ეს მხარე არის ივერია. მთავარს, რომელიც ეხლა იქ მეფობს, ჰქვია გიორგი, ესე იგი (იტალიანურად) ჯორჯიო. მეფეთ-მეფეს მაგიერ, როგორც მას უწოდებენ მხოლოდ წერილებში, საზოგადოდ ლაპარაკში მას ეძახიან გიორგი მეფეს, ან გიორგის, მაგრამ თურქები, როგორც ამ მეფეს, ეგრეთვე ქვეყანას და ხალხს ამ ქვეყნისას, ეძახიან არ ვიცი რატომ, ბაშაჩივეს, რომელიც თურქულად ნიშნავს თავღიას, ანუ თავშიშველს.
კახეთი
იმერეთის აღმოსავლეთით მდებარეობს მეორე თემი, წოდებული კახეთათ, რომელიც, თუ არ ვცდები, არის ეგრეთვე ივერიის ნაწილი და შეიძლება ალვანიისაც და შეადგენს იმ მეფის უმცროსის შვილის შთამომავლობის სამეფოს, რომელმაც თავისი სახელმწიფო პირველად გაუნაწილა თავის ოთხ შვილებს. დედაქალაქი ამ თემისა იყო ზეგანი (Zegain)1, თუმცა მთავრებსა და ადგილობრივ კეთილშობილებსა (Nobili), რომელთაც უწოდებენ აზნაურებს, უფრო მოსწონთ ცხოვრება სოფლებში, როგორც საფრანგეთის კეთილშობილებს, ვიდრე ქალაქებში. სხვა აღმოსავლეთის ბარბაროსულ ხალხების წესის წინააღმდეგ ქართველებს ჰყავსთ თავისი თავად-აზნაურობა (Nobilita), რომელსაც სცნობენ და არჩევენ მდაბალ ხალხისაგან, როგორც ჩვენ, ევროპელები, გვაროვნობის შთამომავლობით და იმ ჩვეულობის შემწეობით, რომ თავად-აზნაურობა და მდაბალი ხალხი ერთმანეთს არ ემოყვრებიან. თავად-აზნაურები, ვამბობ მე, არ სცხოვრობენ ქალაქებში. მათის აზრით ქალაქებში უნდა იცხოვრონ მდაბალ ხალხის კაცებმა და ხელოსნებმა, რომელთაც შეუძლიანთ იქ მიეცნენ ვაჭრობას და აღებ-მიცემობას. ეს აზრი ისე გავრცელებულია ქართველებში, რომ იმისთანებსაც, რომელნიც არ არიან აზნაურები, ეძაგებათ ქალაქში ცხოვრება და ხელობის და ვაჭრობის ვარჯიშობა; როგორც ხელობას, ისე ვაჭრობას ქართველები უთმობენ უცხო ქვეყნელებს, მაგალითად სომხებს, ურიებს, რომელნიც ბლომად არიან მათს ქვეყანაში, და სხვებს ამათ მსგავსებს. თვითონ კი თავის ცხოვრებას ატარებენ ან ომიანობაში, როცა საჭიროა, ან ეკლესიის სამსახურში, საკუთრად ისინი, რომელნიც სამღვდელოებას ეკუთვნიან, ან და უმეტესი ნაწილი ეძლევა თავიანთ მიწების შემუშავებას. მათი მიწები ფრიად ნაყოფიერნი არიან ყოველგვარი ხილთათვის. სოფლებში ბლომად მოჰყავთ აბრეშუმი. სოფლის მამული ბევრი თუ ცოტა, თითქმის ყველას აქვს. ამიტომაც ძველი ბერძნები საფუძვლიანად უწოდებდნენ ქართველებს გეორგს, რომელიც ნიშნავს მიწის მუშაკს. ამიტომაც ამ ქვეყანაში ცოტაა ქალაქები და არაფრად შესანიშნავნი, მაგრამ სოფლებში კი ყოველგან ძლიერ ხშირი მოსახლეობაა და ეგრეთვე კარგნი შენობები, თუმც უმეტესი ნაწილი მათებურად ხისგან არის გაკეთებული. არც სხვადასხვაგვარი და კარგად აშენებული ეკლესიები აკლიათ, მაგრამ ჩვეულებისამებრ ცუდად ინახავენ. მეფეს, რომელიც ჩვენებურების სიტყვით, მეფობდა ზემოხსენებულს კახეთში, ჰქვია სახელად თეიმურაზ და ეხლაც ცოცხალია, მაგრამ, როგორც ქვემოდ ვიტყვი, სახელმწიფო მას ჩამორთმეული აქვს. როცა თეიმურაზს პირველი ცოლი მოუკვდა, სპარსეთის ხელმწიფემ შაჰაბაზმა, რომელიც მაშინ მისი მეგობარი იყო და რომელიც დღესაც ხელმწიფობს, გაუგზავნა მას სამძიმრის სათქმელად პატრი ფრა ჯოვან-თადეო წმინდა ელისეის კარმელიტანელი ფეხ-შიშველი2 ეს პატრი ეხლა სპარსეთშია და უწინ იქაურის მისიის უმფროსი იყო. თეიმურაზ მეფემ განუცხადა მას მეგობრობა და დიდი პატივისცემა, არამც თუ როგორც სპარსეთის ხელმწიფისგან გამოგზავნილს, არამედ როგორც კაცად-კაცს და როგორც ჩვენებურ ქრისტიან სამღვდელო პირს; მას საჯაროდ აწირვინა თავის უმთავრეს ეკლესიაში, იმ ქვეყნის მიტროპოლიტის თანდასწრებით. მეფეს თვითონაც უნდოდა დასწრებულიყო, მაგრამ არ ვიცი რამ დაუშალა. გარდა ამისა მეფემ უბოძა და ჩააბარა მას მიწა-ადგილი იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში მას, თუ ისურვებდა, გაეკეთებინა თავის რჯულის მონასტერი და ეკლესია. ერთის სიტყვით, როგორც მეფემ, ისე ალავერდ მიტროპოლიტმაც, რომელიც ითვლებოდა როგორც ფრიად გონიერი კაცი და რომის საქმის ერთგულად მსახური, გამოიჩინეს, თვითონ პატრის სიტყვით, რომის ეკლესიისადმი ისეთი გულ-მიდრეკილობა, რომ მეტი აღარ შეიძლება.
შენიშვნა
1. იგულისხმება ზაგემი ანუ ძაგემი.
2. ეს პატრი ეკუთვნოდა იმ დასს (ორდენს), რომლის წევრები ფეხშიშველნი დადიან.
2. ეს პატრი ეკუთვნოდა იმ დასს (ორდენს), რომლის წევრები ფეხშიშველნი დადიან.
ქართლი
მეფის შთამომავლობის მესამე მთავარი მეფობს იმ თემში, რომელიც კახეთის და იმერეთის სამხრეთით არის და რომელსაც ჰქვია ქართლი (Cardel o Carduel). ეს არის დიდ სომხეთის ნაწილი და მისი დედაქალაქი არის ტფილისი (Teflis). ჩვენის პატრების დროს აქ მეფობდა სიმონი, რომელიც შემდეგ ტყვეთ მოკვდა კოსტანტინოპოლში1. ეს მეფე ძლიერ სახელგანთქმული იყო იმ ომების გამო, რომელნიც მას ჰქონდა, როგორც მოგვითხრობენ ჩვენი ისტორიები, თათრებთან და ძლიერ ერთგული იყო რომის წმინდა საყდრისა, როგორც ცხადად გამოაჩინეს მისმა წერილებმა (თუ ისინი იყვნენ, როგორც მე ვფიქრობ, ამავე სიმონისა) ნეტარ ხსენებულ პაპი პავლე მესამესთან. ერთი ამ წერილთაგანი და ეგრეთვე მოხსენება იმ წერილისა (con la nota anco di quella), რომელიც ხსენებულმა მღვდელთმთავარმა უწინ მისწერა მას, დაბეჭდილია პატრის ფრა თომასო კარმელიტანელ ფეხ-შიშველის წიგნში „De procuranda salute omnium gentium“.
ჩვენს დროში ამ ქვეყანაში უფლობდა ზემოხსენებულის სიმონის შვილისშვილი (nipote cio e figlio del sopradetto Simone) ლუარსაბ, მეფე ახალგაზრდა და დიდის იმედის მომცემი, მაგრამ ცოტა ხნის წინად, სანამ მე სპარსეთში ჩავიდოდი, მან იქ საწყალ ობლად დალია თავისი დღენი. იგი მოჰკლეს ციხეში, რომელშიაც რამოდენიმე წელიწადი დამწყვდეული იყო. მას არ დარჩენია არავითარი შთამომავლობა, რადგანაც ცოლი ჯერ მოყვანილი არ ჰყავდა, თუმცა საცოლო კი დანიშნული ჰყავდა. ლუარსაბის შემდეგ მის ქვეყანას ჰფლობდა მისივე გვარის მეფე, რომელიც იყო მისი ძმისწული თუ ბიძაშვილი2. ეს მეფე იყო მაჰმადის სარწმუნოებისა და თავის სამეფოში აღარ იყო სრული ბატონი, არამედ გახდა სპარსეთის ხელმწიფის ერისთავად, როგორც ეხლავე ვიტყვი.
შენიშვნები
1. ეს იყო სვიმონ I, რომელიც მოჰკლეს კოსტანტინოპოლში 1611 წ.
2. აქ ლაპარაკია უსათუოდ ბაგრატ VI-ზედ, რომელიც იყო ლუარსაბის მამის, გიორგი X-ის ბიძაშვილი და არა თვითონ ლუარსაბისა.
სამცხე
მეოთხე მთავარს მეფის შთამომავლობისას ჰქონდა თავისი სამეფო დასავლეთისაკენ, მიდიის საზღვარზე, რომელსაც შეადგენდნენ როგორც ქართლის, ისე, ჩემის აზრით, სომხეთის და კაპადოკიის ნაწილები. მხოლოდ ეს სამეფო ეხლა აღარ არსებობს, როგორც შემდეგ აიხსნება.
ოდიში
რაც შეეხება უკანასკნელ ორ მთავარს, რომელნიც არიან მოურავების შთამომავლობისა, და არა მეფისა, და რომელთა სამთავრონი არიან შავის ან ევქსინის ზღვის ნაპირად, ერთი მათგანი ჰფლობს იმ მხარეს, რომელიც არის უფრო ჩრდილოეთით და მიემხრობა კასპიის მთებს1 და ეგრეთვე დადიანებს2, ე.ი. მოსიარულეთა და მღოღველთა. ეგრე უწოდებენ მათ, იმიტომ რომ ძველად ისინი უსახლკაროდ გადადიოდნენ ერთ ადგილიდან მეორე ადგილას, როგორც არაბები თავის კარვებით; მაგრამ შემდეგ მათ გამოიცვალეს თავისი ჩვეულება, და დღეს ეს მხარე საუკეთესო მხარეა, სადაც მოსახლეობა უფრო ბევრია, ვიდრე საქართველოს სხვა ნაწილებში. ეს არის ძველ ხალხების კოლხიდა. თურქები კი მას უწოდებენ მეგრელიას. დღეს მას ჰფლობს ახალგაზრდა მთავარი, რომელსაც ჰქვია, თუ კარგად მახსოვს, ლევან.
ერთი კოსტანტინოპოლელ იეზუიტთაგანი პატრი, რომელიც წასულიყო სამეგრელოში ქრისტიანობის მდგომარეობის გამოსაცნობლად, დაბრუნდა იქიდგან 1615 წელს, როცა მეც კოსტანტინოპოლში ვიყავი. დაბრუნების შემდეგ მან იცოცხლა მხოლოდ სამი თუ ოთხი დღე, რადგანაც ჩავიდა თუ არა კოსტანტინოპოლში, მას შეეყარა უშველებელი ჭირი, რომელიც მაშინ იქ გავრცელებული იყო. ამ რამოდენიმე დღის განმავლობაში მან მოკლედ მიამბო, რომ ზემოხსენებული მთავარი ვნახეო, რომელიც მაშინ იქნებოდა თორმეტის წლისაო და ამიტომ ქვეყანას განაგებდა მისი დედაო. ისინი სცხოვრობდნენ უბრალოდო და რამდენადმე ბინძურადაცაო, როგორც სოფლელებიო. ერთს დღეს ვნახეო, რომ მთავარმა ეკლესიაში მიიტანა შესაწირავად ერთი დიდი ველურის ღორის თავიო, რომელიც იმას ნადირობაში მოეკლაო. მე ძლიერ მეფერებოდაო და მესიყვარულებოდაო მთავარი, მაგრამ რადგანაც მისი ენა არ ვიცოდიო, ვერც ვლაპარაკობდითო და ვერც ერთმანეთის გავიგეთ რაო. ამის მეტი იმ პატრის მოგზაურობისაგან იმ ადგილებში მაშინ არ შეიძლებოდა შეტყობა, ჯერ იმიტომ რომ ის პატრი, როგორც ვთქვი, მოკვდა, და გარდა ამისა მისი ნაწერები ზღვაში დაიღუპნენ ღელვის დროს; მაგრამ მე მინდა ვაიმედო თავი, რომ კოსტანტინოპოლელ იეზუიტებს, - რომელნიც ისე მეზობლად არიან ამ ქვეყანასთან, რომ რვა დღეში, და უფრო ადრეც, თუ კარგი ტაროსი იქნა, შეუძლიანთ იქ ჩავიდნენ ზღვით, - არ მიუტოვებიათ ეს მისსია, არამედ იქნება კიდევაც გაგზავნეს იქ სხვები, ან და მზად არიან მაინც შემდგომისათვის გაგზავნონ.
შენიშვნები
1. ამ სახელით ავტორი, როგორც ზემოთ სჩანს, უწოდებს კავკასის მთებს.
2. დადიანების გვარის თავდაპირველ მნიშვნელობაზე ათიოდე სხვადასხვა ახსნა არსებობს. ყველაზე უფრო უსაფუძვლო პიეტრო დელლავალლეს ახსნა არის, რომელსაც საბუთათ აქვს მხოლოდ ხმების შემთხვევითი მსგავსება და არა რამე ნამდვილი ფილოლოგიური ან ისტორიული საბუთი. უფრო საფუძვლიანი ის განკარგულება არის, რომ „დადიანი“ უნდა წარმომდგარიყოს სპარსულის სიტყვისაგან „დად“, რომელიც ნიშნავს „მსაჯულს“ და შემდეგ ეს თანამდებობის სახელი უნდა გადაქცეულიყოს გვარათ. ეს აზრი, რომელმაც გამოიწვია პოლემიკა ბროსეს მხრით, ვრცლად აქვს განმარტებული გერმანელ კოხს თავის წიგნში რუსეთის და კავკასიის შესახებ, რომელიც გამოვიდა ტიუბინგენში 1843 წელს.
გურია
ამ სამთავროს სამხრეთით, ეგრეთვე შავის ზღვის ნაპირზე, ტრაბზონის და კაპადოკიის საზღვრებზე, არის მეორე სამთავრო, რომელსაც ჰქვია სახელად გურია (Guriel). ეს არის, ჩემის აზრით, ან კაპადოკიის და ან კოლხიდის ნაწილი. ამ ქვეყნის მთავარი მეორე მთავარია არა მეფის შთამომავლობისა. ეხლანდელ მთავარს, თუ არ ვცდები, ჰქვია იესე1 მე მგონია, რომ ამისვე გვარის უნდა იყოს მიტროპოლიტი, რომელიც ეხლა მართავს ეკლესიას ქართველებისას იმ ადგილებში, რომელნიც არ ემორჩილებიან სპარსეთს, რადგანაც იმ ადგილებში, რომელნიც უფრო აღმოსავლეთით არიან და სადაც უფლობს სპარსეთის ხრლმწიფე, ამ უკანასკნელმა დააყენა თავის ნებით მეორე მიტროპოლიტი. ეს იყო იმ ალავერდის მოადგილე, რომელიც მე ზემოდ ვახსენე, და სცხოვრებდა ჩემს დროს. სახელად ამასაც ალავერდი ერქვა, თუ ვინიცობაა ეს სახელი არ წარმოსდგება თვით კათედრიდგან და არ მიეცემა ყველას, ვინც იქ იჯდება2. ერთი და ამ მიტროპოლიტისა დღეს სცხოვრობს სპარსეთში, სადაც ის სხვების რიცხვში წაიყვანეს ქართველების შესანიშნავ გარდასახლების დროს, რაზედაც გაკვრით ვიტყვი, რამოდენიმე სიტყვას. ეს იყო მიცვალებულ დიდ ალავერდის დისწულის ცოლი. ამ დიდ ალავერდის სამი და ერთად წაიყვანეს სპარსეთში ხსენებულ გარდასახლების დროს და დღეს სცხოვრობენ ისპაჰანში. ერთს მათგანს მე სამი შვილი მოვუნათლე. იგი მრავალი წელიწადი, როგორც მე თვითონ ვნახე, სცხოვრობდნენ ძლიერ გაჭივრებულად და საცოდავად, იმიტომ რომ არ გამოიცვალეს თავისი სარწმუნოება. ხელმწიფე მათ არც აძლევდა რამეს, არც პატივს სცემდა. ყოველი ესე მათ მიეცემოდათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგინი დასტოვებდნენ თავიანთ რჯულს. თუმც ისინი მიჩვეულნი იყვნენ საქართველოში კარგად და მდიდრულად ცხოვრებას, მაგრამ, რადგანაც სპარსეთიდან აღარ უშვებდნენ მათ, ისინი დიდის სულგრძელობით ითმენდნენ სპარსეთში ღარიბ ცხოვრებას. როცა მათ დახარჯეს და დაყიდეს რისაც წამოღება შეიძლეს თავის ქვეყნიდან, მაშინ მათ თავი უნდა დაემდაბლებინათ და დაეწყოთ თავის რჩენა თავიანთ ხელსაქნარით და ხშირადაც ჩვენის სპარსეთში მცხოვრებ ბერებისაგან მიწოდებულ მოწყალებითა. ჩვენები არ აკლებენ მათ თავის მფარველობას და ეგრეთვე სხვა ევროპიელებსაც. სანამდე ჩვენები იქ იყვნენ, არ დაზარებიათ თავიანთ შეძლებისდაგვარად მათი შემწეობა.
შენიშვნები
1 გურიელების სქემა აქვსთ მოყვანილი ბროსეს ქართლის ცხოვრების ფრანგულ თარგმანში და დ. ბაქრაძეს თავის ახალ წიგნში: „Археологическое путешествие по Гругии и Адчаре“,- მაგრამ არც ერთი და არც მეორე არ ახსენებს ამ იესეს. მხოლოდ უკანასკნელი ახსენებს იესე გურიელს, რომელიც ეხლა სცხოვობს და არის ოზურგეთის უეზდის თავად-აზნაურობის წინამძღოლი. პიეტრო დელა ვალე გვარწმუნებს, რომ ამ სახელით ვინმე გურიელი უნდა ყოფილიყო, თუ ავტორის დროს არა, წინედ მაინც.
2. მხოლოდ ეს უკანასკნელი აზრია მართალი. ეს მღვდელ-მთავარი იჯდა ალავერდში და ამიტომ იმას ალავერდელი ერქვა.
სამცხის დაცემა
რაც შეეხება საერო (temporale) ცხოვრებას, საქართველო თითქმის ჩვენს დრომდი არის იმ მდგომარეობაში, რომელზედაც ზემოთ ვლაპარაკობდი. რომ საქართველოს ამ მდგომარეობაში თავი შეუნახავს, ესეც საკვირველია, და არა მცირედი მიზეზი ამისა არის ქართველების მამაცობა. რიცხვით საქართველოს ხალხი ძლიერ მცირეა და ამასთანავე დაყოფილიც რამოდენიმე მოთავეების შუა, რომელნიც, მის მაგიერ რომ ერთად ებრძოლონ მტერს, ხშირად ერთმანეთს ებრძვიან. გარდა ამისა ქართველებს არა აქვთ არავითარი არტილერია; თოფებსაც (archibugeria) ცოტად ხმარობენ ან თითქმის სრულებით არ ხმარობენ. ამდენ ნაკლულევანებასთან, ვამბობ მე, მათ მაინც დაიცვეს თავისთავი უცვლელად და თავისუფლად; ეგრეთვე მათ მაიც დაიცვეს თავისი რჯული, თუმც ყოვლის მხრით გარს შემორტყმულნი ურჯულოებით და მტრებით. ყველაზედ უფრო შესანიშნავი ის არის, რომ ისინი მარტოკა იყვნენ ორ უძლიერესთა, სპარსეთის და თურქების იმპერიათა შუა, და არსაიდან არავითარ შემწეობას არ ელოდნენ. როგორც სპარსელებს, ისე თურქებს მუდამ მათის გაქრობის და დამხობის განზრახვა ჰქონდათ, უფრო მათის რჯულის სიძულვილის გამო, ვიდრე სხვა რამე მიზეზით. ამიტომაც მე მგონია, რომ ისინი არამც თუ ღირსნი არიან ქებისა, არამედ მთელი ეკლესია რამდენადმე დავალებულია მათგან იმ სათნოებით და იმ მხნეობით, რომელიც მათ მრავალჯერ გამოიჩინეს ომებში და რომლის შემწეობით მათ არა ერთხელ დაამარცხეს ან უკუაქციეს მთელი ჯარები, ხან სპარსელებისა და ხან თურქებისა. უფრო სამძიმო ის არის, რომ ასეთის სიმტკიცის შემწეობით ისინი მუდამ იცვავდნენ და იფარავდნენ, რამდენადაც შეეძლოთ, ქრისტეს სარწმუნოებას. რომ სიტყვა არ გამიგრძელდეს ამის მაგალითებს აღარ მოვიყვან. ამ ჩვენს საუკუნეში კი, რომელსამე მათის ცოდვის გამო, თუ ღვთის სამართლიან განგებით, ქართველები დიდად შევიწროებულნი დარჩნენ. უფრო შინაურ განხეთქილების გამო, ვიდრე სხვა რამე მიზეზით, იმათ ძალას ბევრი მოაკლდა, თუმცა არა მცირედი ძალა კიდევ დარჩათ. აი რად დაიღუპა ერთი იმ მთავართაგანი, რომლებზეც მე ვლაპარაკობდი ზემოდ. ეს მთავარი იყო მეფის შთამომავლობისა და ჰქონდა თავისი სამყოფი სომხეთის და კაპადოკიის შუა, არა მოშორებულად თავრიზისა (Tabril) და მიდიის საზღვრებისა. იმ განუწყვეტელ ომებში, რომელნიც მრავალ წელიწადს ერთმანერთთან ჰქონდათ სპარსელებს და თურქებს, ეს მეფე იძულებული იყო ხან ერთს მიდგომოდა, ხან მეორეს, რადგანაც მისი სამეფო მთლად ღია და თითქმის თურქის მიწებს შუა იყო. თურქებმა ცოტ-ცოტად გამოაცალეს მიწები და ბოლოს მისი სამეფო სულ გააქრეს.
მათ ეს სამეფო დაიპყრეს, როგორც მე მგონია, იმ მიზეზით, ვითამ ეს ყოფილიყოს ამ განხეთქილების მიზეზი. მე მითხრეს, რომ ამ მეფის შთამომავლობის ერთი ახალგაზრდა მთავარი დღეს სცხოვრობსო იმავე თურქების კარზე და ელისო, - მაგრამ, როგორც დღემდე სჩანს, ამაოდ, - რომ ისინი მისცემენ მას საბძანებლად სხვა ქვეყანას, სამაგიეროდ იმისა, რომელიც მას დაეკარგა.
თეიმურაზი და ლუარსაბი
რამოდენიმე წლის წინათ იმგვარისავე შემთხვევისა გამო, ესე იგი, სპარსეთის და თურქების შორის აღძრულ ომის გამო, ცოტათი წინათ ჩემის სპარსეთში ჩამოსვლამდე, დაეცნენ ორნი ქართველნი მთავარნი, რომელნიც იყვნენ ეგრევე მეფის შთამომავლობისა. თუმცა მათი სამეფონი სრულებით გამქრალნი არ არიან, მაგრამ ბოლო ცუდი დაადგებათ, თუ რამე ბედნიერმა შემთხვევამ, რაზედაც მე იმედი აღარ მაქვს, არა აღადგინა ისინი. ეს მეფენი იყვნენ თეიმურაზ და ლუარსაბ, რომელნიც თითქმის ყოველთვის სპარსეთზედ იყვნენ დამოკიდებულნი, რადგანაც მათი სამეფონი სპარსეთს ესაზღვრებოდნენ. გარდა ამისა უმეტესი ნაწილი ამ ქვეყნების მეფეებისა იზრდებოდნენ სპარსეთის ხელმწიფის კარზე, როგორც მაგალითად თეიმურაზ და ლუარსაბ, რომელნიც ყმაწვილობიდანვე რამოდენიმე ხანს იქ გამოზრდილან. ამიტომაც იმ ომიანობის დროს, რომელიც მე ვახსენე, როცა თურქები და სპარსელები თავიანთ ჯარებით მეფეებს ძლიერ დაუახლოვდნენ და თითქმის მათ ქვეყანაში შევიდნენ და დაიწყეს მორიგებაზე ლაპარაკი, მაშინ სხვათა შორის იმაზეც დაიწყეს ბაასი, თუ ვის უნდა ემორჩილებოდნენო თეიმურაზ და ლუარსაბიო. თურქები ამტკიცებდნენ, რომ ამ მეფეებს ჩვენი მხარე უნდა ეჭიროთო; სპარსეთის ხელმწიფე თავის მხრით ეუბნებოდა თურქის ელჩს, რომელიც მეცადინეობდა შერიგების მოხდენას, რომ თეიმურაზ და ლუარსაბ არიან და ყოველთვის იყვნენ ჩემსკენო; დასამტკიცებლად ამისა მე შემიძლიანო, როცა ვისურვებო, ისინი ჩემს ბანაკში დავიბაროო. ელჩი არ ერწმუნა მას და მოითხოვა, რომ სპარსეთის ხელმწიფეს გამოეცადა და დაებარებინა.
სპარსეთის ხელმწიფემ დიაღ დაიბარა მეფეები, მაგრამ რადგანაც ესენი ხედავდნენ, რომ თურქის ჯარი ეგრე ახლო იდგა, იმათ ვერ გაბედეს ცხადათ გამოემჟღავნათ მათი სურვილი და ვერაგობდნენ ხან ერთთან და ხან მეორესთან; სპარსეთის ხელმწიფის წინაშე ზრდილობიანად დიდს ბოდიშს იხდიდნენ, მაგრამ მის ბანაკში კი არ მივიდნენ. მათი ამისთანა მოქმედება კარგად იგრძნო სპარსეთის ხელმწიფემ და ამიტომაც თურქებთან ცოტა შერცხვენილი დარჩა. თუმცა მაშინ დაფარა თავისი გრძნობა და იმ ჟამად არაფერი უყო მათ, და არც არა შეეძლო; მაგრამ როცა შერიგება მოხდა და თურქების ჯარი წავიდა და იარაღი დაყარა, მაშინ ხელმწიფე ეცადა, რომ თავის ახალ გამოგონილ ზომებით განხეთქილება ჩამოეგდო ლუარსაბის და თეიმურაზის შორის. იმდენად იხმარა მან თავისი ჩვეულებრივი მზაკვრობა, რომ თითქმის იგინი შეატაკა ერთმანეთს, თუმცა ეს მეფეები ერთმანეთის მოყვრები იყვნენ (თეიმურაზის მეორე ცოლი ლუარსაბის და იყო). ისინი უსათუოდ შეეტაკებოდნენ ერთმანეთს (რადგანაც გამოსული იყვნენ უკვე ბრძოლის ველზე თავიანთ ჯარებით ერთი მეორის წინააღმდეგ), რომ ბოლოს არ გამოჩენილიყვნენ ერთგულნი თავად-აზნაურები და ერისთვები და ამათ არ ემეცადინათ მათი შერიგება. ამათ დაანახვეს მეფეებს, რომ მათი უთანხმოება სპარსეთის ხელმწიფის ქმნილებაა, რომ ამითი იმას სურდა ორივესი დაღუპვა. ისიც გამოაშკარავდა, რომ მას თითოეულს მათგანისთვის ცალკე გაუგზავნია ფარულად ჩვეულებრივი წერილი ან ბრძანება, მაგრამ ორივესთვის ერთისა და იმავე შინაარსისა. ამ წერილებში თითოეულს მათგანს იგი უბრძანებდა, რომ მოეკლა მეორე და დაეპყრა მისი სამეფო; პირდებოდა თავის მხრით შემწეობას და მეორის სამეფოში მაგრად ფეხის ჩადგმევინებას. ამის გარდა იმას, ვისაც წერილს სწერდა, უცხადებდა მეგობრობას და მეორის შესახებ კი მტერობას, და ამის მიზეზებსაც სთვლიდა. ყოველი ესე საკმაოდ არ დარჩა მეფეების გასაფრთხილებლად; ეგრე სიწრფელით და ადვილად დაენდობიან ხოლმე სხვას ქართველები.
ქეთევან დედოფალი და თეიმურაზი
გარდა ამისა სპარსეთის ხელმწიფემ მტრობა თუ არა სამდურავი მაინც ჩამოაგდო თეიმურაზისა და მის დედის შორის, რომელსაც ერქვა ქეთევან დედუფალი (Ketevan Dedupali, eioe la Regina Ketevan). ქეთევან იყო ლუარსაბის გვარისა და მისი ნათესავი. მას ჰქონდა დიდი ნიჭი სახელმწიფოს მართვისა. რამოდენიმე წლის განმავლობაში, როცა თეიმურაზ მცირე წლოვანი იყო, ქვრივი ქეთევან ჰმართავდა სახელმწიფოს, რომელიც მასთანვე დიდებულად დაიცვა თავის მაზლის (cognato) კოსტანტინე მაჰმადიანისაგან1. შემდეგ იმისა, როცა მოჰკვდა დავით, ქმარი ქეთევანისა და ძმა კოსტანტინესი, ამ უკანასკნელმა უწყალოდ მოკლა თავისი მოხუცებული მამა ალექსანდრე და მეორე თავისი ძმა და განიზრახა კახეთის დაპყრობა; კიდევაც დაიპყრობდა უსათუოდ, რომ ქეთევანს მამაცურად არ გამოეჩინა წინააღმდეგობა, არ მოეკლა იგი ბრძოლაში2 და არ დაემარცხებინა იგი მრავალ სპარსელებით, რომელნიც მას ეხმარებოდნენ. აი, ამისათვის ქეთევან ყოველთვის ძლიერ უყვარდა მის ხალხს და პატივცემული იყო მისგან. სპარსეთის ხელმწიფემ, ვამბობ მე, დაამდურა ქეთევან თავის შვილს. მან ჩააგონა თეიმურაზს რომ დედას მისას განზრახვად აქვსო რომ ქმრად შეირთოსო ერთი გამოჩენილი სარდალი, რომლის ვაჟკაცობით და სახელმწიფო საქმეების ცოდნით იმან ბევრი ისარგებლაო. ამ შემთხვევაში ის ეცდებაო, რომ მას უწინააღმდეგოსო იმისათვის, რომ სახელმწიფო მოუმზადოსო სხვა შვილებს, რომელნიც ეყოლებაო მეორე ქმრის ხელშიო. ამითი მოტყუებულმა თეიმურაზმა მოაკვლევინა ეს სარდალი, რომელიც იყო საუკეთესო თავი ამ ქვეყნისა; მმართველობა გამოგლიჯა ხელიდან თავის დედას, მაგრამ რადგანაც იყო ჯერ ძლიერ ყმაწვილი, მცირე გამოცდილებისა და აკლდა პატივისცემა თავის თავად-აზნაურებისაგან, ის დარჩა ხიფათში გამბული. ამასთანავე სპარსეთის ხელმწიფე მუდამ აჩხუბებდა მას თავის თავად-აზნაურებთან, რომელთა წინაშე იგი აძაგებდა თეიმურაზს, როგორც თითქმის ბავშვს. თავად-აზნაუირებს, რომელნიც მივიდოდნენ იმ დროის სპარსეთში, ხელმწიფე პატივს სცემდა, დიდის სიყვარულით ეალერსებოდა და აძლევდა ძვირფას საჩუქრებს. სარწმუნოების მხრით იგი ყველას უთავსებოდა თითოეულის სიამოვნების დაგვარად. ამ გვარმა სპარსეთის ხელმწიფის მათთან მოქცევამ მათ დაუკარგა თავის ბუნებითის მეფისადმი სიყვარული და მაგივრად შეაყვარა მათ ეს ხელმწიფე, რომელიც სურდათ ჰყოლოდათ ბატონათ, რადგანაც ჰფიქრობდნენ რომ ის მოუტანდა მათ უმაღლეს ბედნიერებას.
შენიშვნები
1. ეს იყო კოსტანტინე I, რომელმაც მოჰკლა თავისი მამა ალექსანდრე II და ძმა გიორგი.
2. ქეთევანს თვითონ არ მოუკლავს კოსტანტინე ბრძოლაში.
შაჰ-აბასის პირველი ლაშქრობა საქართველოში
რამოდენიმე ხანი ეგრე იმოქმედა სპარსეთის ხელმწიფემ და შემდეგ, თუ არ ვცდები, 1613 წელსა1, უცებ წარემართა უმძლავრესის ჯარითა საქართველოზე. მიზეზად ის აიღო, რომ თეიმურაზმა წაიყვანა ცოლათო, მის ნება დაურთველად, ლუარსაბის და, ხოროშანიო, რომელიც მას ჰყავდა წინათ შეპირებული2. როცა დაუახლოვდა მათის ქვეყნების საზღვრებს, მან დაიბარა ორივე, თეიმურაზ და ლუარსაბ, რომ მოსულიყვნენ მის ბანაკში, პასუხი ეგოთ ამისთანა მოქმედებისათვის, მოეყვანათ მისთვის ცოლი, რომელიც ყოველ შემთხვევაში მას თავისთვის უნდოდა. თხოულობდა, რომ იმ ქალის და თეიმურაზის ცოლ-ქმრობა დარღვეულიყო, თუმცა ეს ცოლქმრობა დიდი ხნის წინათ მოხდა, თითქოს ქრისტიანებში შესაძლო ყოფილიყოს ის, რაც მათში, მაჰმადიანებში, ადვილად მოხდებოდა ხოლმე. საქართველოს მეფეებს სწორედ თავზარი დაეცათ, რადგანაც იგინი მოუმზადებელნი იყვნენ და ამ დროს სულ სხვაზე ფიქრობდნენ. ყველაზე უარესი ის იყო, რომ მათ მრავალმა თავად-აზნაურებმა უღალატეს, რომელთაც თავისის ნდომით და სურვილით მისცეს გზა ხელმწიფეს და შეიყვანეს იგი შიგ ქვეყანაში. იქნება უამისოდ, გზების და ადგილ-მდებარეობის სიმაგრის გამო, ის ვერასდროს ვერ შესულიყო იქ. ამიტომაც მეფეები დაიბნენ და არ იცოდნენ რა ექნათ.
შენიშვნები
1. შაჰაბაზ პირველად შემოვიდა საქართველოში 1614 წლის მარტში.
2. ავტორი ცდება. შაჰაბაზს წინათ ჰყავდა შერთული ცოლად ლუარსაბის ერთი და, თინათინ. მეორე და, ხვარაშან, შეირთო თეიმურაზმა თვითონ შაჰაბაზის რჩევით; ლუარსაბ უარს ეუბნებოდა თეიმურაზს, რადგანაც ეს ნათესავი იყო მისი, მაგრამ ბოლოს შაჰაბაზის ბრძანებით მას უნდა მიეცა თავისი და ცოლად თეიმურაზისთვის. მიზეზი შაჰაბაზის შემოსვლისა საქართველოში, იყო კოსტანტინეს მოკვლა და ქართლ-კახეთის დაპყრობის სურვილი.
ლუარსაბ მეფის დატყვევება და სიკვდილი
ლუარსაბმა, რომელიც იყო უფრო მიამიტი, გადაწყვიტა დამორჩილებულიყო, წავიდა დაბარებისამებრ ხელმწიფესთან და მიეცა მას. ხელმწიფემ გაგზავნა ის ესტერაბადში, რომელიც არის კასპიის ზღვაზე საქართველოზე კარგად დაშორებული. ამ ქვეყანაში ლუარსაბი იყო რამოდენიმე ხანი იქაური ხანის ზედამხედველობის ქვეშ. მას ეპყრობოდნენ პატივისცემით და ეძლეოდა თავისუფლება რომ ეარა სადაც უნდოდა. ის იყო უფრო დაკავებულსავით ვიდრე ტყვეთ. მის ქვეყანაში, რომელშიაც ხელმწიფე არ შესულა და რომლისათვისაც არაფერი არ უვნია, იმან გაგზავნა მმართველად ვიღაც რაირეი ან ბაგრატ მირზა. ეს ბაგრატი იყო ლუარსაბის გვარისა, მისი ბიძა, თუ ბიძაშვილი1, მაგრამ თავისი სარწმუნოება უარჰყო სპარსეთში და დიდის ხნის წინათ გახდა მაჰმადიანი. ჩემ დროს იქ ჰფლობდა ამისი შვილი2, ეგრეთვე მაჰმადიანი, რომელიც დაბადებიდგანვე ამ სარწმუნოებისა იყო. ის სრულ მეფეს კი არ წარმოადგენდა, არამედ იყო, როგორც სხვა ხანები, სპარსეთის ხელმწიფის დამოკიდებულებაში, მორჩილებაში და თითქმის მის მონათაც. მართალია, რომ უმეტეს ნაწილად მის ჯარში სარდლები ქრისტიანები იყვნენ, რომელთა შორის ზოგიერთებს მე ვიცნობ, და ეგრეთვე ხალხის უმეტესი ნაწილიც ქრისტიანია. ამ მიზეზის გამოც ხელმწიფემ გადაიყვანა ლუარსაბ ესტერაბადიდან სადაც ამ უკანასკნელმა გაატარა რამოდენიმე წელიწადი იმ მდგომარეობაში, რომელზედაც მე ზემოთ ვლაპარაკობდი, ფარსის თემში, ან ფარსისტანში, ესე იგი, საკუთრად წოდებულ სპარსეთში. ეს ძლიერ შორს არის საქართველოზე. ხელმწიფეს ამით უნდოდა, რომ ლუარსაბ უფრო მტკიცედ ჩაეგდო ხელში. ამ ქვეყანაში ლუარსაბ რამოდენიმე ხანი დამწყვდეული იყო ძლიერ შევიწროებულად ციხეში, რომელიც დედაქალაქის შირაზის სიახლოვეს არის. ბოლოს, 1621 წელს დაახლოვებით, როცა მის თანა მემამულეებს უფრო იმედი ჰქონდათ მისი განთავისუფლებისა, როცა მათ იმედი ჰქონდათ, რომ ხელმწიფე ერთს დღეს ნახავსო ლუარსაბს და შეიწყალებსო, საქმით სულ წინააღმდეგი მოხდა. თურმე ხელმწიფე იყო ჩაგონებული ერთის გამოჩენილ და ძლიერი ქართველ მოურავისაგან, რომელიც გამწყრალი იყო ლუარსაბზე, იმიტომ რომ წინათ იგი შეჰპირდა მისის დის ცოლად წაყვანას და მგონია კიდევაც დაიწერა ჯვარი, მაგრამ შემდეგ უარჰყო და ეს ქალი აღარ ინდომა. ამის გამო ის მტრად გაუხდა ლუარსაბს და მთელს საქართველოს და იყო მიზეზი იმ უბედურებისა, რომელზედაც ეხლა მე ვამბობ. ამასთანავე მან დიდი გავლენა შეიძინა სპარსეთის ხელმწიფის წინაშე. სპარსეთის ხელმწიფეს, ვფიქრობ მე, ამისგან ჰქონდა ჩაგონებული ის აზრი, რომ ლუარსაბის ქვეყანა არ იქნებოდა მის ფლობელობაში წყნარად და მოსვენებულად, სანამ თვითონ ლუარსაბი ცოცხალი იქნებოდა, რადგანაც ხალხს უყვარსო ეს თავისი მეფეო და ყოველთვის იმედი ექმნებაო, სინამ ის ცოცხალი იქნებაო, რომ ერთ დროს იგი ხელახლავ თავის მეფედ იყოლიოსო; ხალხის გული და სული მუდამ მისკენ არისო. ამით იყო შეშინებული, თუ იმ შეთქმულობით, რომელიც ვითამ იმ დროს სხვა ქართველებს ჰქონდათ იმის მოსაკლავად, ხელმწიფემ გადაწყვიტა მოესპო მათთვის ეს მიზეზი, რომელსაც შეეძლო წაექეზებინა ისინი ამისთანა მოქმედებებზე. მან მშვილდის ბაწრით წაახრჩობინა საწყალი ლუარსაბ თვით იმ ციხეში, რომელშიაც ის ტყვეთ იყო3.
შენიშვნები
1. აქ არის ლაპარაკი ბაგრატ მეექვსეზე, რომელიც ლუარსაბის მამის გიორგი მეთერთმეტის ბიძაშვილი იყო.
2. სვიმონ II, რომელმაც იმეფა 1619-1629 წ.
3. ეს მოხდა 1622 წ.
თეიმურაზი და შაჰ-აბასი
თეიმურაზი უფრო ფრთხილად იყო. ის არას გზით არ მიენდო ხელმწიფეს. როცა ამან დაიბარა, იგი არ წავიდა; ბოდიში მოითხოვა და შეუთვალა, რომ ვერ გეახლებიო, რადგან მეშინია თქვენის რისხვისაო მას აქეთ, რაც თქვენ ფიქრობთო, რომ ვითომ მე შეურაცხყოფა მოგაყენეთო; ვერც ჩემს ცოლს გაახლებთო, რადგანაც შეუძლებელია ქრისტიანებშიო, რომ დაიშალოსო ცოლ-ქმრობა; გარდა ამისა არც ჩემი ღირსება მაძლევსო ნებას, რომ ჩემი საკუთარი ცოლი სხვას მივსცეო. მაგრამ რომ დაინახოთო რა პატივის-მცემელი ვარ თქვენიო, გიგზავნითო (მართლაც გაუგზავნა) ჩემს საკუთარ დედასო, ორს ჩემს ახალგაზდა და გაუთხოვარ დებსო და პატარა ბავშვებს, რომელიც ჩემი ცოლის ხელში მეყოლაო. ეგრე მოიქცა თეიმურაზ იმ იმედით, რომ მის დედას ქეთევან დედოფალს, როგორც ძლიერ ჭკვიან ადამიანს და რამოდენიმეჯერ სპარსეთში ნამყოფს, ხელმწიფის ხასიათის მცოდნეს, შეეძლო მისი დამშვიდება და შერიგების მოთხოვნა. მაგრამ ყველაფერი ამაოდ დარჩა. ხელმწიფე ულმობელად დარჩა და, თითქოს ძლიერ შეყვარებული ყოფილიყოს, დაჟინებულად თხოულობდა ხვარაშან დედოფალს, თუმცა კი იცოდა რომ ეს ურცხვი მოთხოვნილება იყო, და თეიმურაზს დათმობა ამაში არც შეეძლო არასოდეს და არც ისურვებდა. ამასთანავე ამბობდა, რომ თეიმურაზ თვითონ მოვიდესო და დამიმორჩილდესო. რადგანაც ეს არ მივიდა, ხელმწიფემ დააკავა ქეთევან დედოფალი და არამც თუ აღარ გაუშვა უკან, არამედ გაგზავნა იგი თავის შვილიშვილებით შირაზში, სადაც ჩემ დროს მას პატივისცემით ეპყრობოდნენ. სპარსეთის ხელმწიფემ კი განაგრძო მსვლელობა საქართველოსკენ, ე.ი. კახეთისაკენ, რომელიც თეიმურაზის ბრძანებლობის ქვეშ იყო. მას მიუძღოდნენ მრავალნი თავად-აზნაურები, რომელთაც უღალატეს თავის მეფეს და დაიჭირეს სპარსეთის ხელმწიფის მხარე, რადგანაც ბევრს რამეს მოელოდნენ ამისაგან. ამათ ცვენეს მას გზები საქართველოში შესასვლელათ და გაუადვილეს საშიშ ადგილებზე მსვლელობა.
კახეთის აოხრება
თეიმურაზ მოულოდნელად დიდ გასაჭირში დარჩა: მას არ ჰყავდა იმისთანა ჯარი, რომელსაც შეეძლებოდა სპარსელებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, არც დრო ჰქონდა ერთად შეეყარა თავისი ჯარები; თავისიანების ნდობა აღარ ჰქონდა და ამისი საფუძველიც ჰქონდა. სხვა სახსარი აღარ იყო: ამ მდგომარეობაში მას მხოლოდ გაქცევა უშველიდა. მართლაც, იგი ცოლით და რამოდენიმე ერთგულ კაცებით, რომელნიც მას გაჰყვნენ, გადავიდა უფრო შიგნით მდებარე და უფრო მაგარ ქვეყანაში, იმერეთში; ჯერ იქაურ მეფესთან და მერე ოდიშის ანუ დადიანის მთავართან შეიფარა თავი. მრავალნი თავად-აზნაურნი, რომელთაც გულში ჩაუვარდათ ამაო იმედი, მიეცნენ თავისის ნებით სპარსეთის ხელმწიფეს; უარესი კიდევ ის იყო, რომ მათ უღალატეს რა თავის სარწმუნოებას, ჩადგნენ სპარსეთის ჯარში. სხვები, რომელთაც არ უნდოდათ იგივე ექნათ, ძალით იყვნენ დამორჩილებულნი. მთელი ხალხი კი, უთვალავი რიცხვით, დარჩა მძლეველის ხელში გასაოხრებლად. როცა სპარსეთის ხელმწიფე შევიდა საქართველოსი, ნახა ადგილების სიმაგრე და დაფიქრდა, თუ რა შეეძლოთ ქართველებს, რომ ისინი ერთობით ყოფილიყვნენ, დარჩენილიყვნენ თავიანთ სახლებში და ჰქონოდათ რიგიანი ნართებლობა, - ის არამც თუ აღარ ეცადა ამ ქვეყნის ხელში ჩაგდება - იცოდა, რომ ვერას გზით ვერ ჩაიგდებდა - არამედ მოუთმენლად ისწრაფა იქიდან გამოსვლა და უსაშიშო ადგილზე დაბანაკება. მაგრამ თუ ხელში ჩაგდება ქვეყნისა არ შეეძლო, არც ეგრე ხელიდგან გაშვება უნდოდა ამ მშვენიერი ნადავლისა, რომელმაც შექმნა ამოდენა ხალხი; იქნება ეს ხალხი უფრო ბევრად ღირდა, ვიდრე თვით ქვეყანა. აი ამიტომ მან სწრაფად მოაცილა მთელი ხალხი თავის სახლ-კარს და ძალით წაიყვანა თან. ადვილად წარმოსადგენია რა არეულობა იქნებოდა მთელ ქვეყნის ხალხის გადასახლების დროს1. ამათ შორის იყვნენ მამაკაცები და დედაკაცებიც, თავად-აზნაურები და გლეხებიც, დიდები და პატარებიც; ყოველ წლოვანებისა, ყოველ წოდებისა და ყოველ მდგომარეობისა. ესენი თავიანთ ბარგით, რამოდენის წამოღებაც შეეძლოთ, დააყენეს ჯარის წინ და სიჩქარით წაიყვანეს სპარსეთისაკენ, სადაც მშვიდობით მიიყვანეს. აქ იმათ მიუჩინეს ის ადგილები, რომელნიც ძლიერ დაშორებულნი იყვნენ საქართველოზე და რომელთაც უფრო უჭირდათ დასახლება. აი, საიდან არის ის, რომ დღეს საკუთრად თქმული სპარსეთი, მაგალითად კირმანი ან კარმანია, მაზანდარანი კასპის ზღვის ნაპირზე და სპარსეთის სახელმწიფოს სხვა ადგილები სავსენი არიან ქართველებით და ჩერქეზებით. უკანასკნელნი რამოდენიმე ხნის წინ გადმოვიდნენ თეიმურაზის სამეფოში, თავის ქვეყნის სიახლოვედ და დაესახლენ ქართველებთან, რომელთანაც ისინი დანათესავდნენ და სრულებით შეერთდნენ, და როგორც ქართველები, ისინი მეფის ქვეშევრდომნი გახდნენ. მაგრამ ზემოხსენებულ არეულობის დროს, როგორც ვთქვი, ისინიც წაიყვანეს სპარსეთში და დაასახლეს სხვადასხვა მხარეებში. დღეს იგინი თავისუფლად სცხოვრობენ სპარსეთის ქვეყნებში, როგორც სხვა ქვეშევრდომები სპარსეთისა. უმეტეს ნაწილად იგინი არიან ფარსისტანში და მაზანდარანში და უჭირავთ არამც თუ ქალაქები და მაზრები, არამედ მთელი ქვეყნებიც, რომელშიაც მათ გარდა ვერავის ვერ შეხვდებით. თავს ისინი ირჩენენ იმ მიწებით, რომელნიც დაუნიშნა მათ სპარსეთის ხელმწიფემ და რომელთაც ისინი ამუშავებენ. ამ მიწებისთვის ისინი იხდიან, როგორც სხვა მაჰმადიანები, მცირე ღალას.
უმეტესი ნაწილი ამ ხალხებისა არიან ქრიატიანები და ქრისტიანებათ დარჩნენ ჩვენს დრომდე, მაგრამ აგერ ახლა ისინი თითქმის არაფერს არ ემსახურებიან. იქნება ამის მიზეზი ის იყოს, რომ მათ არ ჰყავთ მღვდლები და უფროსები, რომელთაც მათი სწავლება შეეძლოთ; რაც არიან, ისინი არ ჰკმარიან ამდენი ხალხისთვის, რომელიც მასთანვე ამდენ სხვადასხვა ადგილებზე გაფანტულია; ან იქნება ამის მიზეზი იყოს მათი უგუნურება. თავად-აზნაურებმა, რომელნიც არ არიან დაჩვეულნი მოთმინებას, მხედრობის უმეტესმა ნაწილმა და ბევრმა ხალხთაგანმაც მიიღეს მაჰმადიანობა, ზოგმა პატივის მოყვარეობის გამო და ზოგმა სიხარბის გამო, რადგანაც რჯულის გამოცვლისათვის მოელიან რამე საჩუქარს ხელმწიფისაგან, რომელიც ამ შემთხვევაში ძლიერ გამცემია და თავის რჯულისკენ სხვების მიზიდვისათვის ყოველთვის უხვად ხარჯავს. ზოგიერთები კი იძულებულნი არიან მაჰმადიანობა მიიღონ, რომ შიმშილით არ მოკვდნენ. ეს ამბავი ყოველ დღე ხდება მათ შორის და ამისთანა მაჰმადიანებით ხელმწიფის ჯარი გავსებულია. მათი რიცხვი თანდათან მატულობს შაჰაბაზის მოხერხებულობით, რომელსაც ყოველთვის მიზნად ჰქონდა, რომ ამისთანა უცხოეთელ მომხრეების შემწეობით, რომელთაც იგი მონებს უწოდებდა, დაემდაბლებინა ამაყი ყიზილბაშები და აედვა ამათთვის ლაგამი. ამ გვარად დღეს ხელმწიფის მხედრობაში ოცდაათი ათასზე მეტი ქართველია, რამდენიმე ჩერქეზი და ცოტაოდენი სომეხი. უკანასკნელებსაც თავისი რჯული მიტოვებული აქვთ. ისინი ჩარეულნი არიან პირველთ შორის და ითვლებიან ეგრეთვე უცხო-ქვეყნელებად და მონებად. ზოგიერთ მათგანს უჭრავთ გამოჩენილი ადგილები როგორც მხედრობაში, ისე ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობაში და შეიქმნენ კიდევაც სულთნებათ, ხანებათ და სხვა წარჩინებულ პირებათ.
გარდა ზემოხსენებულ ქართველებისა, რომელნიც სპარსეთში სცხოვრობენ თავისუფლად, არიან მრავალნი იმისთანანი, რომელნიც მონად ჩაუვარდნენ სპარსელებს იმ არეულობის დროს, რომელიც მოხდა სპარსეთის ხელმწიფის შემოსვლისა და მცხოვრებთა სამშობლოდან ძალდატანებით გადასახლების თაობაზე. ამათი რიცხვი ისე დიდი იყო, რომ დღეს არ იპოვება არც ერთი სახლი მთელს სპარსეთში, რომელიც სავსე არ იყოს ამისთანა ქართველებით, მამაკაცებით და დედაკაცებითაც. იქ არ არის იმისთანა დიდკაცი, რომელსაც არ ჰსურდეს, რომ ყველა მისი ქალები ქართველები იყვნენ, იმიტომ რომ ესენი მშვენიერები არიან. თვით ხელმწიფეს გავსებული აქვს თავისი სასახლე მათის კაცებით და ქალებით და სხვებს თითქმის არ იმსახურებს. მაგრამ ამ უბედურებმა, რომელნიც მონად არიან ჩავარდნილნი, ყველამ, - თუ სიყვარულის, თუ ძალადობის გამო, - მიატოვეს თავისი რჯული, ან და გარეგნად მაინც აჩვენებენ, ვითომ და მივატოვეთო. მე ბევრს ვიცნობდი იმისთანებს, რომელნიც მალვით ინახვიდნენ თავის სარწმუნოებას. ისინი მოტყუებულნი იყვნენ იმ ცრუ, მაგრამ ძლიერ გავრცელებულ აზრით, რომ ღმერთის წინაშე ესეც კმარაო.
რა მდგომარეობა მოჰყვა ამ საზარელ გადასახლებას, რა წყვეტა-ჟლეტა, რამდენი სიკვდილი ნამდვილ გაჭირვებისაგან, რა გლეჯა, რა გახრწნა, რა ძალდატანება, რამდენი ჩვილი ყმაწვილები თავიანთ მამებმა დაახჩვეს ან წყალში ჩააგდეს სასოწარკვეთილებისაგან! რამდენი სხვა მოჰკლეს სპარსელ ჯარისკაცებმა იმიტომ რომ სასიცოცხლო არ იყვნენ! რამდენი ძალად მოჰგლიჯეს დედის ძუძუს და დააგდეს შარაზე მხეცების საჭმელად ან მხედრობის ცხენებისა და აქლემების სასრესად! მხედრებს არა ერთხელ უვლიათ ლეშებზე. რამდენჯერ მამა შვილს, ქმარი - ცოლს, ძმა - დას მოაშორეს და წაიყვანეს სხვადასხვა შორ ქვეყნებში, ისე რომ დაშორებულებს იმედიც არ შერჩენიათ როდისმე ერთმანეთის შეხვედრისა! ამ შემთხვევაში რამდენი ქალი და კაცი იყიდებოდა ყველგან პირუტყვზე უფრო იაფად! რამდენი ამისთანები სხვა მოხდა, ღირსი შებრალებისა, მაგრამ ყველას ვინ მოსთვლის.
ვიტყვი მხოლოდ, რომ თეიმურაზ რო წავიდა თავის ქვეყნიდან, რამოდენიმე დღე იარა სხვადასხვა ქართველ მთავრების ქვეყნებში და ბოლოს კი თავი შეიფარა თურქების ქვეყანაში, სადაც ამ უკანასკნელ წლების განმავლობაში სცხოვრობდა. თუ მართალი მითხრეს მე, თურქებს მისთვის მიუციათ ქალაქი გონია და სხვა ადგილებიც კაპადოკიისა, სადაც უმეტეს ნაწილად სახლობენ ქრისტიანე ბერძნები; აქ სცხოვრობდაო და თავს ირჩენდაო თეიმურაზ. იგი სცდილობდა და მუდამ სცდილობს შური უგოს შაჰაბაზს. მისი მუდამ თხოვნის გამო მოხდა ის, რომ 1618 წელსა თურქების და თათრების შველებელი ჯარი, რომელზედაც უდიდესი სპარსეთში არას დროს არ მისულა, შევიდა შიგ სპარსეთში, თითქმის არდებილამდე. რადგანაც ეს ქალაქი წარმოადგენდა სპარსელების წმინდა ადგილს, სადაც სპარსეთის აწინდელ ხელმწიფის გვარისშვილები იმარხებოდნენ, ამიტომ თეიმურაზს, რომელიც თან მიჰყვებოდა ჯარს, ძლიერ სურდა მისი დანგრევა, სამაგიეროდ იმისა, რომ საქართველოში საქრისტიანო ეკლესიები დაანგრიეს სპარსელებმა. ამ ომიანობის დროს, რომელზედაც უფრო საშიშო შაჰაბაზს თავის დღეში არ შეხვედრია, მე ვიყავი იმასთან და ვნახე ყოველიფერი, მაგრამ ბოლოს თურქებმა, რომელთაც ბევრი რამ შეეძლოთ, არ ვიცი რა უგუნურების გამო, რამოდენიმე წლის წინათ დადგენილ ჩვეულებისამებრ, არა გააკეთეს რა და ისე დაბრუნდნენ თითქოს მტერს გამოექცნენო. მათ შეეშინდათ დახოცილთა სიმრავლისა მათის მხრით. ნამდვილი მიზეზი ამისთანა ყოფა-ქცევისა არის ის, რომ მათ, როგორც ეხლა ეტყობა, დაჰკარგეს ძველებური სათნოება და ძველებური კარგი მართებლობა. სპარსეთის ხელმწიფე ამის გამო დაბრუნდა სასახლეში, როგორც გამარჯვებული. თეიმურაზ კი წავიდა იმ მხარეში, რომელიც მის გამგეობის ქვეშ იყო. იგი არავითარ მოძრაობას აღარ ახდენს. როგორც მგონია მე, ის ელის უკეთეს დროს და უკეთეს შემთხვევას, თუ სხვაფრივ არა, ეს შემთხვევა უსათუოდ მიეცემა მას შაჰ-აბაზის სიკვდილის გამო, რომელიც ბევრად უფრო მოხუცებულია მასზე. ამ შემთხვევაში ის გარემოებაც დაეხმარება, რომ სპარსეთში მყოფნი და თავის რჯულის უარმყოფელნი ქართველები უკმაყოფილონი არიან ხელმწიფისა. თვით იმ თავად-აზნაურებმაც, რომელნიც შეაცდინეს და აღალატებინეს თეიმურაზისთვის და რომელთაც სურდათ სპარსეთის ხელმწიფე ჰყოლოდათ თავის ბატონად, ვერ ჰპოვეს ის, რაც სურდათ. ხელმწიფემ მათ არ მისცა, რასაც ესენი მოელოდნენ; მან ის პატივი არ ჰსცა და არც ჰსცემს მათ სპარსეთში, რა პატივსაც იგი უწინ სცემდა, როცა ისინი ჯერ მისი ქვეშევრდომები არ იყვნენ. შესახებ რჯულისაც, მათის მოლოდინების წინააღმდეგ, ძალას ატანდა მათ, თუ შეიძლება ეგრე ითქვას, რადგანაც არავის მათგანს არ იღებდა თავის სამსახურში, არცერთ მათგანს, არც აზნაურს, არც ჯარისკაცს ცხოვრების სახსარს არასოდეს არ აძლევდა, თუ ისინი მაჰმადიანობას არ მიიღებდნენ. ამიტომაც თითქმის ყველანი გაჯავრებულნი არიან და ნანობენ რაც უქნიათ; ასე რომ ისინი ხმამაღლა აღიარებენ, რომ მოტყუებულნი დავრჩითო და ხელახლად დასაწყები რომ იყოსო ჩვენი მოქმედებაო, სხვა გვარად მოვიქცეოდითო. ეხლანდელ მდგომარეობის დაცვა მხოლოდ შაჰაბაზს შეუძლიან თავის სიცოცხლეში, რადგანაც ის გონიერი კაცია და მისი ყველას ეშინია. იმის სიკვდილის შემდეგ კი, - მეტადრე თუ იგი მოკვდა, როგორც ადვილი შესაძლებელია, იმ ქართველთა სიცოცხლის დროს, რომელთაც ახსოვთ თავისი სამშობლო და დაესწრენ მის დანგრევაზე,- თეიმურაზ უსათუოდ მოახდენს დიდს მოძრაობას სპარსეთში და ქართველები დიდ ომს გასწევენ ამ სახელმწიფოის დასაპყრობლად, თუ კი საერთოდ იმოქმედებენ და ეყოლებათ მოთავეც; მაგრამ ამაში კი ეჭვი მაქვს, რადგანაც ვიცი მათი ბუნებითი თავქარიანობა. მე სხვაგან მითქვამს, რომ სპარსეთის ხელმწიფის დამარხვა ისე არ ჩაივლის, რომ ხმალი არ იხმარონ და რამე არეულობა არ მოხდეს მეთქი. შესაძლებელია, რომ ამ შემთხვევაში ლუარსაბის სამეფო ისევ რომელსამე ქრისტიანს მეფეს დაუბრუნდეს; იქნება თვითონ ახლანდელმა მეფემ მიატოვოს მაჰმადიანობა, ან და იქნება სხვა ქრისტიანი მეფე შემოვიდეს ამ ქვეყანაში და ეს მაჰმადიანი მეფე გადააყენოს ქრისტიან ქვეშევრდომების შემწეობით, როგორც ხშირად მომხდარა საქართველოში ამისთანა არეულობის დროს.
შენიშვნა
1. ფარსადან გორგიჯანიძის ცნობით შაჰაბაზმა ამ დროს გადაასახლა 80000 კაცი.
ქეთევან დედოფალის წამება
თეიმურაზის დედა ქეთევან დედოფალი, როგორც ვთქვი, წაყვანილი იყო თავის პატარა შვილიშვილებით შირაზში, სადაც ჩემს დროს მას კარგად ეპყრობოდნენ. მთელი თავის სახლით (მას ჰყავდა მრავალი მოსამსახურე ქალი თუ კაცი) დიდი სიმტკიცით ადგა ქრისტეს სარწმუნოებას, რომელსაც ასრულებდა, რამდენადაც იცოდა და შეეძლო, დიდის გულმოდგინებით; ძვირფასს საეკლესიო ნივთებს, წიგნებს და სამოსლებს დიდის თაყვანისცემით ინახავდა. მაგრამ იმ დროს მას არა ჰყავდა არცერთი თავისიანი მღვდელმთავარი წირვა-ლოცვის შემსრულებელი. ერთი კი ჰყავდა წინათ, რომელიც, ვფიქრობ, იყო რაღაც საეკლესიო თანამდებობისა; მაგრამ რადგანაც ის იყო ძლიერ კეთილი ქრისტიანე და მაჰმადიანებს ეგონათ, რომ ის იმაგრებსო დედოფალს და რა კი მოშორდება დედოფალიც განუდგება თავის სარწმუნოებასაო, და ამისათვის მას დასწამეს, არ ვიცი, რაღაც დიდი დანაშაულობა და მოკლეს. ის მოკვდა ცეცხლზე დამწვარი შირაზში თავდადებული სარწმუნოებისათვის და აღსავსე დიდი მოთმინებითა. მეორე მღვდელთაგანი, რომელიც ქეთევან დედოფალს თან ჰყავდა, როცა მე იქ ჩავიარე, იყო ვითარცა მოურავი; განაგებდა მთელს მის სახლს და უფრო კარისკაცათ ჩაითვლებოდა, ვიდრე სხვა რამეთ; უცოდინარობისა, თუ სხვა რამე მიზეზის გამო, არ ვიცი, ის არასოდეს არ სწირავდა. გარდა ამისა ჰყავდა კიდევ ერთი ბერი, მაგრამ წმინდად ჩურჩუტი, და ერთი ერის კაცი, რომელიც ამისთანებში ვერაფრით გამოადგებოდა.
მე ვფიქრობ რომ მას აქეთ, რაც ჩვენს პატრებს კარმელიტანელ ფეხშიშველებს და ეგრეთვე ავგუსტინიანებს აქვთ შირაზში დგომა და ეკლესია, ისინი არ დააკლებდნენ იმას ნუგეშს და გაამხნევებდნენ ყოვლის გვარის სულიერ შემწეობით. მე გავიგონე ეგრეთვე, რომ დედოფალს, არასოდეს, ვიდრე ცოცხალი იყო, არ დაუკლია მათთვის უხვი საწირავები და სხვა გვარი შემწეობაც. მე ვამბობ ვიდრე ცოცხალი იყო მეთქი, იმიტომ რომ რამდენიმე თვის წინათ ინდოეთიდან დაბრუნებული ბაზორაში რო ჩაველ, იქ მე შევიტყე შემდეგი ამბავი. 221 სექტემბერს 1624 წელსა ქეთევან დედოფალი სპარსეთის ხელმწიფის ბრძანებისამებრ დიდის წვალებით მოუკლავთ, ქრისტეს რჯულზე სიმტკიცით დგომისათვის, იმავე ქალაქ შირაზში, სადაც ამდენი ხანი დაკავებული იყო. არ ვიცი რა მოქმედებას თხოულობდნენ მისგან. სიკვდილს შეხვდა იგი მხნედ, ვითარცა უდიდებულესი მოწამე. ამ ცნობების საფუძვლად მე ვასახელებ ღირსის პატრი ფრა გრეგორი-ორსინო დომინიკანელის მოხსენებებსა. იგი იყო სამხრეთის მთავარი ვიკარი და თავის მოგზაურობის დროს გადასულიყო სპარსეთში, სადაც ცოტა ხნის წინედ ეს შემთხვევა მომხდარიყო. ბაზორაში მას შევხვდი მე, და პირველად მან მიამბო მე ეს ამბავი. გარდა ამისა მან ამის შესახებ რომში მიიტანა ვრცელი მოხსენება.
თუმცა პატარა შვილისშვილები ზემოხსენებული დედოფლისა, რომელთაც ჰქვიათ, თუ კარგად მახსოვს, ერთს ლევან და მეორეს ალექსანდრე, იყვნენ იმავე ქალაქ შირაზში, მაგრამ მაჰმადიანები იმათ არასოდეს ანახვებდნენ დედოფალს, რადგან ხელმწიფეს ჰქონდა განზრახვა აღეზარდა იგსინი და რათა დედოფალს ამ უღვთო რჯულის სიყვარული არ გაექარვებინა მათში და სხვა გზაზე არ დაეყენებინა ისინი. იმავე წელს, როცა ლუარსაბი მოჰკლეს საპყრობილეში, ხელმწიფემ გამოიჩინა უშველებელი უწყალოება და ორივე ისინი გახადა საჭურისებად; ამ გზით უნდოდა, რომ ისინი უფრო საიმედოდ ჰყოლოდა ხელში და სრულებით მოესპო მათთვის შთამომავლობის იმედი და მასთანავე ყოველი განზრახვა და ყოველი სურვილი (რომელიც შეიძლებოდა მოსვლოდათ მათ შემდეგ) სამშობლო სახელმწიფოში დაბრუნებისა.
მათმა ბებიამ ეს არ იცოდა ჩემს დროს. მას ეს ამბავი არ უთხრეს, რომ მითი მეტად არ შეეწუხებიათ, და როცა მე ვიყავი შირაზში და შემიხვდა მასთან მისვლა ყველაზე პირველად მისიანებმა იმაზე გამაფრთხილეს, რომ მე არ მეთქვა მისთვის ამისთანა ცუდი ამბავი. თეიმურაზს კიდევ ჰყავდა მეორე ცოლის ხელში სხვა შვილები ვაჟებიც და ქალებიც. ალბათ ღმერთს არ უნდოდა რომ მისი გვარი სრულებით ამოვარდნილიყო.
თუ მართალია ის ამბავი, რომელიც ხმამ გაავრცელა ალეპოში, როცა რამოდენიმე თვის წინათ მე იქ მგზავრად გავიარე, თეიმურაზ წასულა ბოლოს თურქების ქვეყნიდან, რომელთაც როგორც მაჰმადიანებმა მოინდომეს მისი გადაბირება, და შეუფარებია თავი მოსკოვში2, რომლის მთავარი ქრისტიანია ეგრეთვე და, როგორც ის, ბერძნის ტიბიკონისაა. თეიმურაზი ბევრს ეცადა, მაგრამ ამაოდ, გამოეხსნა თავისი დედა ამ მთავრის შემწეობით, რომელიც იყო მეგობარი სპარსეთის ხელმწიფისა და რომელიც ხშირად უგზავნიდა ამ უკანასკნელს დესპანებს.
ზოგიერთები ფიქრობენ, იქნება არც უსაფუძვლოდ, რომ ამ გარემოებამ მოაკვლევინაო სპარსეთის ხელმწიფეს ქეთევან დედოფალი, რადგანაც მისი გაშვება არ უნდოდაო, და არ გაეშვა არ იქნებოდაო; ამისთვის მან დედოფალი ან უნდა ძალით გაეხადა მაჰმადიანად და მაშინ შეეძლო მისი გაშვება თავიდან აეცილებინა და ბოდიშის მოსახდელი მიზეზიც ექნებოდა, ანდა, როგორც მართლადაც ჰქმნა, უნდა მოეკლა.
შენიშვნები
1. ე.ი. 10 სექტემბერს.
2. თეიმურაზ ამ დროს არ ყოფილა წასული მოსკოვში. იგი წავიდა იქ მხოლოდ 1658 წ., ალექსი მიხაილოვიჩის დროს.
თეიმურაზის ბრძოლა ქართლ-კახეთის დასაბრუნებლად
ამის შემდეგ თეიმურაზმა გადაწყვიტა ომის დაწყება. მას იმედი ჰქონდა, რომ მას დაეხმარებოდნენ ამ შემთხვევაში მოსკოველები, რომელთაც შეეძლოთ საქართველოში ჩასვლა ჩერქეზეთით და კასპიის მთებიდან, რომელნიც არიან მოსკოველების და ქართველების ქვეყნებს შუა. თეიმურაზ დაბრუნდა საქართველოში და დიდი წარმატებით თავზე დაეცა არამც თუ თავის ქვეყანას, არამედ განსვენებულ ლუარსაბისასაც. ამისი გზა გაუხსნა მას, მრავალ მაჰმადიანების გაწყვეტით, თვით იმ ქართველმა დიდ მოურავმა1, რომელიც, როგორც ზემოთ ვამბობდი, იყო მიზეზი ამდენი უბედურობისა.
ეს მოურავი განაგებდა ლუარსაბის სამეფოს ახალგაზრდა მთავრის შემწეობით, რომელიც იყო სპარსეთის მორჩილი. ბოლოს მოურავს დაეკარგა სპარსეთის ხელმწიფის ნდობა, შეიძლება იმიტომ, რომ იგი დიდ უფლებას იჩენდა. აღმოჩნდა, რომ ამ მიზეზით სპარსეთის ხელმწიფე უმზადებდა მას სიკვდილს. მან ინანა თავისი შეცდომები და ლუარსაბის წამება, რომელიც მეტისმეტად დასჯილი დარჩა. ამბობენ, რომ მოურავმა უარჰყოო მაშინ ცუდად მიღებული რჯული, აღიარა ისევ ქრისტეს სარწმუნოებაო; მოჰკლაო ვერაგობით რამოდენიმე უმთავრესნი სპარსეთის სარდლები, რომელნიც უკანასკნელ დროს გამოგზავნილნი იყვნენ ამ ქვეყანაში; განაგდოო ეგრეთვე ახალგაზრდა მაჰმადიანი (თუ არ მოჰკლა კიდევაც) და ეცადაო ყველა მხარეების პატრონად შექმნილიყო თეიმურაზ2 და ხალხი განთავისუფლებულიყო სპარსეთის მტარვალობისაგან და შეჩვენებული მაჰმადიანობის რჯულისაგან. - მე უნდა დავძინო, რომ ამ ამბის სინამდვილეს და უეჭველობას არ ვამტკიცებ, არამედ, როგორც მითხრეს იგი (საეჭვოდ და აბნეულად) ისე მომყავს მეც.
მაშ ეგრე ჩამოვარდნენ თავიანთ ტახტებიდგან, როგორც ზევით ვთქვი, ორნი მეფენი, თეიმურაზ და ლუარსაბ. ეს უკანასკნელი რომ მოჰკლეს მისი სამეფი ხელუხლებლად დარჩა, როგორც უწინ, მისივე გვაროვნობის მთავრის ხელქვეშ, მაგრამ მისი მოადგილე მაჰმადიანი და სპარსეთის მორჩილი. თუ ზემოხსენებული ამბავი მართალი არ არის, თეიმურაზ დარჩენილა მოკლებული თავის მამეულ სამეფოსაგან. მისი ხალხი და მისი შვილები სპარსეთში დატყვევებულნი უნდა იყვნენ; დედა მოუკლეს; ქვეყანა მისი უხალხო და გაოხრებულია, რომელსაც არ ჰფლობდნენ დღემდე არც იგი და არც სპარსეთის ხელმწიფე, რადგანაც უყურებდნენ, თუ რას იზამსო მომავალში ბედ-იღბალი, ან უკეთ ვთქვათ, ღვთის განგება.
შენიშვნები
1. გიორგი სააკაძე.
2. თეიმურაზს თვითონ მოურავი არ ეხმარებოდა, არამედ ეწინააღმდეგებოდა. მას ეწეოდა არაგვის ერისთავი ზურაბ, რომელიც იყო მოურავის ცოლის ძმა და მისი გაზდილი. ესენი მუდამ ერთად მოქმედებდნენ პოლიტიკურ ასპარერზზე, მაგრამ ბოლოს მტრებმა წაჰკიდეს იგინი. როცა თეიმურაზ დაბრუნდა კახეთში თავის სამეფოის ასაღებად, ზურაბ მას მიუდგა; მოურავმა კი ბრძოლა გაუმართა, რომელშიდაც ეს უკანასკნელი დამარცხდა. მაშინ, მოურავი წავიდა სტამბოლს, სადაც მიიღო მაჰმადიანობა.
დასავლეთ საქართველო და თურქეთი
დანარჩენი ქართველნი მთავრები, ესე იგი იმერეთისა, ოდიშისა და გურიისა, ყოველთვის აყვავებულნი იყვნენ და ეხლა კიდევ უფრო აყვავებულან. მათ დაიცვეს თავიანთი ქვეყნები საუკეთესო მდგომარეობაში და ქრისტეს სარწმუნოებაში, ისე რომ მაჰმადიანებისაგან არავითარი აყალ-მაყალი არ მომხდარა მათს ქვეყნებში. ორ მათგანს, ოდიშის და გურიის მთავრებს, აქვთ სამთავროები შავის ზღვის პირათ და ამიტომ მათ უფრო მიწვდებიან თურქის ჯარები. მაგრამ სამაგიეროდ ეს მდგომარეობა მათთვის ძლიერ სასარგებლოდაც რჩება. იმათ დიდი ვაჭრობა აქვთ კოსტანტინეპოლთან და მთელ საბერძნეთთან აბრეშუმისა და სხვა რამეებისა. ისინი აღიარებენ, რომ არავითარ ზარალს არ ჰხედავენ იმაში, როგორც მათ აქვთ მეგობრობა და დამოკიდებულება თურქებთან, რომ სიმშვიდე და მოსვენებული ცხოვრება უნდა იყიდონ საჩუქრებითა და მუდამის მორჩილებითა; რადგანაც თურქებს მაინც აძლევენ ნებას, რომ შემოვიდნენ იმათ ქვეყნებში არამც თუ საბრძანებლად, არამედ ჯარების სხვაგან გასატარებლადაც. თითქმის იქამდე დაიცვეს საკუთარი თავისუფლება, რომ პოლშის ყაზახებს, რომელნიც სცხოვრობენ დნეპრის შავს ზღვასთან შესართავზე, დიდის სიყვარულით იღებენ თავიანთ ქვეყნებში, როგორც ქრისტიანებს, თუმც ისინი არიან თურქების დიდი მტრები და დიდს ზარალს აძლევდნენ და აძლევენ ეხლაც ამათ.
გარდა ამისა, როგორც მე გავიგონე, ეს ორნი ხალხნი ემოყვრებიან ერთმანეთს; თვითონ პოლშის ხელმწიფეს, როგორც ამბობენ, აქვს ამ მთავრებთან მეგობრობა და მიწერ-მოწერა. ხშირად ერთ ქვეყნიდან მეორეში დადიან სავაჭრო ხომალდები. ამ გარემოებას შეიძლება დიდი შედეგი მოჰყვეს ქართველებისათვის, რადგანაც ყაზახები დღეს შავის ზღვის ბატონები არიან და ბევრად ძლიერნი; პოლშის ხელმწიფეს შეუძლია კიდევ ამ გზით, რომელიც ძლიერ მოკლეა, დიდად დაეხმაროს ქართველებს ყოველ გაჭირვებაში, რომელსაც მათ მიაყენებენ ან სპარსელები, ან თურქები. ქართველებს თავის მხრით შეუძლიანთ მათი ნავსადგურებით და უსაშიშო თავშესაფარ ადგილებით, რომელნიც აქვთ ზღვის ნაპირებზე, დიდად დაეხმარონ ყაზახებს მათ საქმეებში. ამით ქართველები ჩვენებისათვისაც ძლიერ გამოსადეგნი იქნებიან, თუ ჩვენ ოდესმე დიდი რამ დავიწყეთ, ზღვით ან ხმელეთით, ოსმალეთისა და განსაკუთრებით კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ.
რაც შეეხება იმერეთის მეფეს, ის არ იმყოფება იმდენად არც სპარსელების და არც თურქების დამოკიდებულებაში, რადგანაც მისი, სამეფო არის, როგორც ვთქვი ზევით, უფრო შუაგულ ქვეყანაში, მოშორებული თურქებზე და სპარსელებზედაც და გამაგრებული ყოვლის მხრით მთებით, მდინარეებით და საშიშო ადგილებით. თუმცა იგი გარეგნად როგორც ერთს, ისე მეორეს უჩვენებს თავს მეგობრად, გულით კი არცერთს არ ენდობა და არცერთის ჯარს არ უშვებს თავის ქვეყანაში. კარგადაც შვრება, რადგანაც ერთიც და მეორეც, სპარსელებიც და თურქებიც, როგორც სხვა რჯულისანი, გააოხრებდნენ მის სამეფოს, რომ შესძლებოდათ. თუმცა მაჰმადიანები თავს სხვაფრივ აჩვენებენ და მრავალჯერ მეგობრობასაც აცხადებენ, მაგრამ არასდროს არ დაზოგავენ ქრისტიანებს, როცა შეუძლიათ, თუ კი რამე დიდმა მათმა სარგებლობამ ან საჭიროებამ არ მოითხოვა ქრისტიანების სიცოცხლე. უთვალავ მაგალითებს ამისას ყოველ ჟამს ვხედავთ; ქრისტიანე მთავართაგანი, ვინც კი მიენდო მათ, ყველანი გაწყვეტილ იქნა, მაგალითად კოსტანტინეპოლელი ბერძნები, უკანასკნელი უნგრეთის ხელმწიფეები და მრავალნი სხვანი, რომელნიც მთელს ქვეყანას ახსოვს.
ქართველთა სარწმუნოება
მე გადაგიშალეთ ვრცელი სურათი საერო მდგომარეობისა, რომელშიაც იმყოფება საქართველო. ეხლა ვიტყვი რამეს სასულიერო მდგომარეობაზედაც. ქართველებმა ძველის დროიდან მიიღეს ქრისტეს სარწმუნოება, რომლითაც ისინი გაანათლა ერთმა უცხო ქვეყნიდგან ჩამოსულმა მხევალმა. ამ ქალის მრავალ და შესანიშნავ სასწაულებს მოგვითხრობენ ქართველები, მაგრამ დღემდე ვერ შევიტყე, რა ერქვა მას. მისი სახელი არც ქართველებმა იციან, თუმცა ისტორია მისი კი იციან1. მხოლოდ ჩვენს მარტირიკებში უწოდებენ მას ქრისტეს წმიდა მხევალს.
მე ვფიქრობ, რომ მათ მიიღეს სარწმუნოება ბერძნებისაგან, კოსტანტინოპოლი იმპერატორების დროს, და თავიდანვე მიიღეს ბერძნების ტიბიკონი, რომელსაც დღემდე ასრულებენ. მხოლოდ წირვა-ლოცვა საკუთარ ენაზე აქვთ. მათ ენაზე ორგვარი მწიგნობრობა არის: ერთს ჰქვია ხუცური, რომელსაც ხმარობენ მხოლოდ ეკლესიაში და სამღვთო წერილში; მეორეს ჰქვია მხედრული, რომელსაც საზოგადოდ ყოველგვარ მიწერ-მოწერაში ხმარობენ; სამღვთო წიგნებიც იწერებიან ხოლმე მხედრულით ერის კაცებისთვის.
რადგანაც ქართველები მიუყვებოდნენ ბერძნების ტიბიკონს და ეკლესიას, იმიტომ იმათ შეითვისეს ის შეცდომილებანი, რომელნიც აქვთ ბერძნებს თავის სარწმუნოებაში. მართალია რომ ბერძნებს უფრო ნაკლებ აქვთ შეცდომილებანი, ვიდრე დანარჩენ აღმოსავლეთის ხალხებს. მე გაბედვით ვიტყვი, რომ ქართველებს კიდევ ნაკლები აქვთ შეცდომილებანი ვიდრე ბერძნებს. ეს იქნება, იმიტომ არის ასე, რომ ქართველები ცოტად ეტანებიან მწიგნობრობას, უფრო ბევრს დროს ატარებენ ომში და ამის გამო უფრო უმეცარნი არიან, ნაკლებ შეუძლიათ იცოდნენ და ნაკლებ იციან კიდეც ამისთანა საგნები; ისინი მხოლოდ სცხოვრებენ კეთილის განზრახვით. ამისა გამო მათ შორის უფრო ადვილად შეხვდებით უძლეველს მარტივ უმეცრებას, ვიდრე ბერძნებს შორის, რომელთაც უყვართ თავის წიგნების ფურცვლა. ამიტომაც ქართველებს ბევრი მოეტევებათ.
ამის მიზეზი, იქნება, კიდევ ის არის, რომ იმ უკანასკნელ კრებაში, რომელშიაც ბერძნებმა გამოიჩინეს ჟინიანობა თავის რაღაც შემცდარ აზრებში, ქართველები მაშინ იქ არ იყვნენ და ამ შეცდომებში არავითარი მონაწილეობა არ მიუღიათ, როგორც ცხადად ამტკიცებენ ბარონიო თავის მარტირიკაში და კიდევ გაბრიელ პრატეოლო თავის „მწვალებლების ალფაბეტურ სიაში“, რომელნიც ამ შეცდომების შესახებ ქართველებს უფრო ამართლებენ, ვიდრე ბერძნებს. ამასთანავე ქართველები არ მედიდურობენ, როგორც ბერძნები, თავის ეკლესიის უპირატესობით. თუმცა ისინი არ ეუცხოვებიან კოსტანტინეპოლელ პატრიარქს, მაგრამ პირდაპირ მის დამოკიდებულებაში არ არიან, რადგანაც თავიანთ მიტროპოლიტებს თვითონ აყენებენ; აქვთ, თუ არა რამე უფლება საქართველოში კოსტანტინეპოლელ პატრიარქ, არ ვიცი.
გარდა ამისა მათ დიდი პატივისცემა აქვთ რომისადმი, წმინდა პავლეს და წმინდა პეტრესადმი და რომის მღვდელმთავრისადმი. მათ არ აქვთ ის რაღაც ძულვა ურთიერთშორის, რომელიც აქვთ ბერძნებს უპირატესობისთვის; არ არიან ისე ამაყნი, როგორც ბერძნები, არც ჟინიანები, არც ცუღლუტები ან მატყუარნი საქმეებში, არამედ არიან მშვიდნი, წყნარნი, კეთილი გულისა, წრფელნი. მათი დაჯერება და რაიმე საქმეში დაყოლიება ისე ადვილად შეიძლება, რომ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მარტო ამ თვისების გამო, იმათ ბევრი ზარალი ნახეს მაჰმადიანობისაგან.
გარდა ამისა, იმათ ჰყავთ, როგორც ვთქვი, ქრისტიანი მთავრები, აქვთ საკუთარი სახელმწიფო და მართველობა საერო და სასულიეროც. ეს დიდი საქმეა. აბა რას უნდა მოველოდეთ რომლისამე ხალხისაგან, რომელსაც არც მოთავე ჰყავს, არც სახელმწიფო აქვს, არც რაიმე მართველობა აქვს და, როგორც თითქმის დანარჩენი აღმოსავლეთის ქრისტიანენი, არის დამოკიდებული ურჯულო მთავრებზე, რომელნიც საყოველთაოდ ჩვენი მტრები არიან.
ამისთანა ხალხთან როგორ შეიძლება საზოგადო შეერთება, კრების ქონა? ან და რა კეთილ განჩინებას დაადგენს ამ კრებაში ამისთანა ხალხი? რომ კიდევაც დაადგინოს, ვინ შეასრულებს, ან ვის შეეძლება შეასრულებინოს ეს განჩინებანი? ამისთანა შემთხვევაში უფრო საფიქრებელია ხოლმე, რომ უკანასკნელს და უბოროტესს მათგანს, რომელიც არ ეთანხმება სხვებს, შეეძლება ცილისწამების შემწეობით მაჰმადიანების წინაშე დაშალოს ყოველიფერი და დიდი ზარალი მოუტანოს სხვებს.
ქართველებს შორის კი ყველაფერის გაკეთება შეიძლება, რადგანაც მათ აქვთ თავისი მმართველობა, სარწმუნოება და ჰყავთ ხელმწიფე თავის ხალხოსნობისა. მათი ხელმწიფე მართავს ქვეყანას აღმოსავლეთურად; მისი უფლება უფრო დესპოტურია და უფრო განუსაზღვრელი, ვიდრე ჩვენის ევროპის ხელმწიფეებისა. ამიტომაც მათის მომხრეობით და შემწეობით იმედია, მათს ქვეყანაში ბევრი რამ გაკეთდეს. ყველა ეს მიზეზები მართლა გაადვილებენ მათს ჩვენთან შემოერთებას, თუ მხურვალე მეცადინეობა არ დააკლდა ამ საქმეს და თუ იმათ გასანათლებლად წავლენ ჩვენგან ნიჭიერნი პირნი, იცხოვრებენ მათ შორის და კარგად შეისწავლიან მათს ენას.
მაგრამ არ ვიცი რად არ სწყალობენ ეგრე ქართველებს, რომ დღემდე ამის შესახებ არავითარი მეცადინეობა არავის გამოუჩენია. იქნება ამის მიზეზი ისაა, რომ მათ ცოტა დამოკიდებულება ჰქონიათ ევროპასთან, ან ის, რომ მათი ენა ჩვენთვის თითქმის უცნობია. მაშინ როდესაც სამოციქულო ტახტმა ამოდენი იზრუნა ყველა სხვა აღმოსავლეთის ხალხების შემოერთებისათვის და ამოდენი დახარჯა ამ საგნისთვის ბერძნების და სხვა ხალხების შესახებ, ქართველების შესახებ კი არავის არაფერი გახსენებია, თუმცა ესენი არც უფრო შორს და უფრო მიუწვდომელნი არიან სხვებზე, არც ღვთისა ნაკლებად საყვარელნი, არც რომის ეკლესიის წინაშე ნაკლები ღირსება აქვთ მათ.
ჩვენების ამისთანა გულგრილობამ ქართველებისადმი, რომელიც სუფევს ეხლაც, მაიძულა მე მომეხსენებია მათი ამბავი. ვინაიდან მე შევიტყე მათი გარემოება და მაქვს მრავალ ქართველებთან როგორც სულიერი ნათესაობა, ისე მეგობრობაც, მე ჩემს ვალად ვთვლიდი მომეხსენებინა თქვენი სიწმინდისთვის მდგომარეობა და საჭიროება ამ ხალხისა, და კიდევაც მოგახსენეთ. ამასთანავე დიდი გულმოდგინებით გევედრებით, რომ ინებოთ მათი დახმარება. რამდენად ეხლა ნაკლებად აქვთ მათ შეცდომილებანი, იმდენად თქვენს უწმიდესობას მეტი დამსახურება ექმნება ღვთის წინაშე და მეტი სახელი ქვეყნის წინაშე.
შენიშვნა
1. ცხადია, რომ აქ ლაპარაკი წმ. ნინოზე არის.
მისიონერების საქართველოში შემოსვლის სამი გზა
ხოლო, რათა თქვენმა უწმიდესობამ იცოდეს თუ რა საშუალებანი უნდა იქნენ ხმარებულნი ამ საქმეში და რა გზით შეიძლება მათი მიშველება, მე მოგახსენებთ, რომ ჩვენებს შეუძლიანთ საქართველოში წასვლა სამი გზით. პირველი და უფრო მოკლე არის კოსტანტინოპლის გზა, რომლითაც წაისვლება საქართველოში რვა თუ ხუთ დღეში, ტაროსის დაგვარად. კოსტანტინოპოლიდან სკუტარაში (აზიაშია) მივა კაცი უსაშიშო ქარავნებით, ესე იგი, სავაჭრო ამხანაგობებთან, რომელნიც ყოველ დღე დადიან ტრაბიზონის გზაზე. ეს ადვილად შეუძლიანთ კოსტანტინოპოლის იეზუიტის პატრებს და ეგრეთვე დომენიკანელებს და ფრანცისკანელებს, რომელთაც აქვთ იქ ეკლესიები და მონასტრები. მაგრამ მართალი რომ ვთქვათ, უფრო გამოსადეგნი არიან იეზუიტები, რადგანაც მათ განსაკუთრებულ წესად აქვთ მოყვასთ მიაქციონ ყურადღება, ასწავლონ, სკოლები და პანსიონები გახსნან. როგორც გამოცდილება გვაჩვენებს ეს საშუალებანი ყველა სხვებს სჯობიან. კოსტანტინოპოლიდან საქართველოში წასვლას მხოლოდ ერთი დაბრკოლება ექნება, მგონია: - თურქები იქ არ გაუშვებენ ადვილად ჩვენებს, უმეტესად მაშინ, თუ შეიტყვეს რომ ისინი არიან ბერები ან მღვდლები, რომელთაც ჩვენ ვიბარებთ ამ საქმისათვის. მაგრამ მე მგონია, რომ გონიერ კაცებს, რომელთაც ეცოდინებათ რამდენადმე ოსმალეთი და იქაური ენა, შეუძლიათ ცოტ-ცოტად და დრო გამოშვებით დაფარულად ჩაიარონ თუ ტანისამოსს გამოიცვლიან და თავს ვაჭრებათ ან სხვა რამეთ უჩვენებენ.
მეორე გზა არის სპარსეთიდან, საიდანაც ჩვენს ბერებს კამელიტანელ ფეხშიშველებს და ეგრეთვე პორტუგალიის ავგუსტინიანებს, რომელთაც აქვთ ეგრეთვე ეკლესიები სპარსეთში, უფრო ადვილად შეუძლიანთ წასვლა კაფილებით, ესე იგი, სავაჭრო ქარავნებით, იმ მხარეში, რომელიც წინათ ლუარსაბისა იყო და ეხლა სპარსეთს ემორჩილება. ამ კუთხიდან იმათ მერე შეუძლიათ გადავიდნენ საქართველოს ყველა სხვა კუთხეებში. ამ შემთხვევაში უფრო გამოსადეგნი იქნებიან ფეხშიშველები, რადგანაც მათის მარხულობით და ცხოვრებაში გაჭირვებით ისინი ჰბაძავენ აღმოსავლეთის ბერებს და ქართველებისაგან, ამათის ბერების და მღვდელმთავრებისაგან ძლიერ კარგად იქნებიან მიღებულნი და ძლიერ სამაგალითონი დარჩებიან. გარდა ამისა შეუძლიათ სპარსეთში ამ განზრახულებისათვის დიდი შემწეობა იპოვონ წამებულის ქეთევან დედოფლის კაცებისაგან, რომელნიც ჯერეც შირაზში არიან და რომელთაც იციან, რომ დედოფლის გვამი არის, როგორც ამბობენ, ავგუსტინიანების ხელში. შემწეობას ეგრეთვე გაუწევენ მათ მიტროპოლიტის ალავერდის ნათესავები და მრავალნი წარჩინებულნი ქართველნი, რომელთთანაც იმათ მეგობრობა აქვთ. მაგრამ როგორც იქ წასვლის დროს, ისე მოქმედებაში ძლიერ გონივრულად და სიფრთხილით უნდა მოიქცნენ, რომ სპარსეთის ხელმწიფემ არ შეიტყოს ის განზრახულებანი, რომელნიც მას არ ესიამოვნება; რომ აქედან არც თვითონ მათთვის და არც მეგობართ ქართველებისთვის უსიამოვნება არ მოხდეს.
მესამე და უკანასკნელი გზა არის პოლშის გზა. ამ სახელმწიფოის იმ ადგილებიდან, რომელნიც შავის ზღვის ნაპირზე არიან, ეგრეთვე ადვილად და მალე შეიძლება საქართველოში გადასვლა. ამ ზღვამდეც ადვილად შეიძლება მისვლა შუაგულ პოლშიდან მდინარე დნეპრით, რომელიც ჩაუვლის კიევს. ზოგიერთის აზრით ეს ქალაქი არის ძველი დროის პონტის თომი, სადაც ექსორიად გაგზავნილი იყო ოვიდიო. პოლშიდგან ამ საქმეს ბერები არ დააკლდებათ, განსაკუთრებით იეზუიტები, დომინინკანელები და კარმელიტანელი ფეხშიშველები, რომელნიც იქაც არიან დამყარებულნი. არც პოლშის ხელმწიფე მოაკლებს თავის შემწეობას; იგი ფრიად კათოლიკეა და ღვთის მოყვარე, და დიდის სიმხურვალით ეცდება ხელი შეუწყოს ამ მისვლა-მოსვლას. ამისათვის ყაზახების ხომალდები ბლომად იქნებიან, რომლითაც მოსვენებულად შეუძლიანთ საქართველოში წასვლა ჩვენებს, არა მარტო ბერებს, არამედ, როცა საჭირო იქმნება, ეპისკოპოზსაც, ნუნციოსაც და დესპანსაც თავიანთ მოწყობილობით. უკანასკნელად, არა მცირედი შემწეობა ამ საქმეში შეუძლიანთ პოლშის რუთენის კათოლიკებს, რომელთაც ჯერ აქვთ ბერძნის ტიბიკონი და რომელთაც ამის გამო დიდი გავლენა და ზედ-მოქმედება ექმნებათ ქართველების შორის.
სხვა საშუალებებს და გზებს მოიფიქრებს თქვენი უწმიდესობა, რადგანაც ხართ ყოვლად ბრძენი და წმიდა სულისაგან ჩაგონებული. ჩემი მხრით მე გთხოვთ ეს მცირედი მოხსენება, რომელიც არის ნაყოფი ჩემის გამოცდილებისა, მიიღოთ ნიშნად ჩემის კეთილ-მსახურებისა ამ წმიდა სარწმუნოების მიმართ და ნიშნად იმისა, რომ მე მსურს ამ სარწმუნოების გავრცელება და ღვთის სამსახური. ამით ვათავებ ჩემს მოხსენებას და თქვენს წმიდის წმიდა ფეხთა ვეამბორები.
რაღაც თავისებური ნაკვთები და სინაზე აქვთ, დიდებული იერი, საუცხოო სახითა და ტანით. გარდა ამისა, მათ აქვთ ისეთი მიმზიდველი და ალერსიანი გამოხედვა, რომ მაყურებლისაგან თითქოს ტრფობას ითხოვენ, აქვთ ჭეშმარიტად გამჭრიახი და მახვილი გონება, არიან თავაზიანები, ზრდილნი, დარბაისელნი და გულთბილნი, მაგრამ ამავე დროს ამაყნი, ქედმაღალნი, დაუნდობელნი და ულმობელნი.
ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი, ცდილობენ შიგნით შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ. საერთოდ, წყნარი, გამგონი, კეთილი გულის, ურთიერთობაში უბრალონი არიან; მოლაპარაკების დროს არ არიან ჯიუტნი, მატყუარანი, ორპირნი, მათთან ყოველი კეთილი საქმის მოგვარება შეიძლება.
„სპარსეთის მეფის აბასის მდგომარეობა“ 1628 წ.
ქართველი ქალები ძალიან ლამაზები არიან, ტანმაღალნი, ყველას თმები შავი აქვს და თვალებიც შავი-დიდრონი და მომხიბლავი, პირსახე თეთრი ფერისა, ხოლო ლოყები ვარდისფერი. მე ვთვლი ქართველებს ერთ-ერთ ულამაზესად მსოფლიოში.რაღაც თავისებური ნაკვთები და სინაზე აქვთ, დიდებული იერი, საუცხოო სახითა და ტანით. გარდა ამისა, მათ აქვთ ისეთი მიმზიდველი და ალერსიანი გამოხედვა, რომ მაყურებლისაგან თითქოს ტრფობას ითხოვენ, აქვთ ჭეშმარიტად გამჭრიახი და მახვილი გონება, არიან თავაზიანები, ზრდილნი, დარბაისელნი და გულთბილნი, მაგრამ ამავე დროს ამაყნი, ქედმაღალნი, დაუნდობელნი და ულმობელნი.
ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი, ცდილობენ შიგნით შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ. საერთოდ, წყნარი, გამგონი, კეთილი გულის, ურთიერთობაში უბრალონი არიან; მოლაპარაკების დროს არ არიან ჯიუტნი, მატყუარანი, ორპირნი, მათთან ყოველი კეთილი საქმის მოგვარება შეიძლება.
Комментариев нет:
Отправить комментарий