ცნობები გაეტანო რასპონის შესახებ
გაეტანო რასპონი დაიბადა 1654 წლის დასაწყისში იტალიის ქალაქ რავენაში. ბენედიქტელი ერუდიტის პიერ პაოლო ჯინანის1 ცნობით, გაეტანო რასპონი მოუნათლავთ 1654 წლის 4 აპრილს და დაურქმევიათ ბიაჯო. იტალიაში ერაზმუს მუნდუსის სადოქტორო პროგრამით ყოფნის პერიოდში რავენა-ჩერვიას საარქიეპისკოპოსო ისტორიულ არქივში მივაკვლიეთ ჩანაწერს ზემოთ აღნიშნული ნათლობის შესახებ, რომელშიც მისი სახელი ლათინიზირებული ფორმით – ბლაზიუს მოიხსენება. მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის 1654 წლის დასაწყისში დაიბადებოდა, ვინაიდან, იმ დროს არსებული ჩვეულების თანახმად, ახალშობილებს დაბადებიდან ცოტა ხანში ნათლავდნენ.
შუა საუკუნეებიდან მოყოლებული რასპონის გვარი იყო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი, ცნობილი და გავლენიანი გვარი რავენაში. საეკლესიო და საერო ცხოვრების თვალსაჩინო წარმომადგენლები ატარებდნენ ამ გვარს. რასპონების საგვარეულო ბიოგრაფიის შემქმნელები ხაზს უსვამენ ამ გვარის წარმომადგენლების როლს საეკლესიო ცხოვრებაში2, რის ნათელ მაგალითსაც წარმოადგენს კარდინალი ჩეზარე მარია ანტონიო რასპონი
(1615-1675). იგივეზე მეტყველებენ შექმნილი გენეალოგიური ხეებიც3.
პიერ პაოლო ჯინანისგან ვიგებთ გაეტანო რასპონის სასულიერო ცხოვრების საწყისი პერიოდის შესახებ. 1668 წლის 12 ნოემბერს იგი მიუღიათ თეათინელთა ორდენში, მას აღთქმა მიუცია რომში, მონტე კავალოს სან სილვესტრეს ტაძარში 1670 წლის 25 მაისს, რის შემდეგაც ის მიავლინეს რიმინიში4. მან აირჩია ორდენის ერთ-ერთი დამაარსებლის – გაეტანო თიენელის სახელი და იწოდა გაეტანოდ5. მისი რიმინიში მოღვაწეობის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. ვიცით მხოლოდ ის, რომ მან წარმატებით შეისწავლა ფილოსოფია და თეოლოგია6.
ყველა ავტორი ერთხმად აღნიშნავს, რომ ის ღმერთისგან იქნა შთაგონებული, რათა წასულიყო მისიონერად სამეგრელოში. როგორც ჩანს, გაეტანო რასპონი პირდაპირ პროპაგანდა ფიდეს წმინდა კონგრეგაციასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ამავეს ამტკიცებს თეათინელთა ორდენის მისიონერული მოღვაწეობის ისტორიის შემქმნელი ბართოლომეო ფერო თავის 1704 წელს გამოცემულ წიგნში და აკონკრეტებს კიდეც, რომ გაეტანო რასპონის საიდუმლო მოლაპარაკებები ჰქონია რომში საქართველოს მისიების ყოფილ პრეფექტთან ანდრეა ბორომეოსთან7.
გაეტანო რასპონი ფერარადან წავიდა ვენეციაში და იქიდან გამოემგზავრა საქართველოსკენ. კორფუს, ძაკინთოსის, ხანეას და საბერძნეთის არქიპელაგის სხვადასხვა კუნძულის გავლით ჩავიდა კონსტანტინოპოლში, საიდანაც შავი ზღვით 1681 წლის ოქტომბერში მოხვდა სამეგრელოში. არსებული მძიმე სიტუაციისა და ომების გამო იმ პერიოდში თეათინელების მისია სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ჯორდანო კონტი სამართლიანად უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ სამეგრელო იმ დროს განიცდიდა ადგილობრივი მეფე-მთავრების ურიცხვ შემოსევებს8. სერაფინო პაზოლინო კი მოკლედ ასე აღწერს გაეტანო რასპონის: „პადრე გაეტანო რასპონი, რომელიც იყო მისიონერი სამეგრელოში, სადაც მრავალი განსაცდელი გადაიტანა, დაღვარა უამრავი ოფლი იმ ხალხში კათოლიკური სარწმუნოების დათესვის გამო“9. 1686 წლის მაისში მისიის პრეფექტმა გაეტანო ტურკომ და ჯუზეპე ტორიჩელამ რასპონი მიავლინეს იტალიაში, რათა მას პირადად პროპაგანდა ფიდეს წმინდა კონგრეგაციისთვის მოეხსენებინა მისიაში არსებული სიტუაციის შესახებ და ეთხოვა, მისიის შენარჩუნება10. იტალიაში დაბრუნების შემდეგ გაეტანო რასპონიმ გენუადან 1687 წლის 8 იანვარს გაუგზავნა წერილი პროპაგანდა ფიდეს კარდინალებს, რომელშიც აღწერა მისიაში საკუთარი თავგადასავალი, ადგილობრივი ხალხების წეს-ჩვეულებები და ხაზი გაუსვა მისიის შენარჩუნების აუცილებლობას. ვეცოზის მიხედვით, ჯინანი რასპონის თეათინელ მწერლებს შორის მხოლოდ ამ ერთი წერილის გამო ასახელებს11. როგორც ჩანს, XVIII საუკუნის ამ ერუდიტებმა არ იცოდნენ მეორე წერილისა12 და რელაციის არსებობის შესახებ. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ მოხსენებაში ჩვენ მხოლოდ რელაციაში მოყვანილ ცნობებს განვიხილავთ. გაეტანო რასპონის იტალიაში მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს ხელნაწერი Cose
succedute nel convento dello Spirito Santo, რომელიც ინახება რავენას სახელმწიფო არქივში. მასშია დაცული ცნობა 1720 წლის 13 თებერვალს გაეტანო რასპონის გარდაცვალების შესახებ. ის 66 წლის ასაკში გარდაიცვალა რავენაში და დაკრძალულია „სული წმინდის“ სახელობის თეათინელთა ეკლესიაში.
თუ თვალს გადავავლოთ ბიბლიოგრაფიას გაეტანო რასპონის შესახებ, მივხვდებით, რომ დიდი ხნის განმავლობაში მისი მისიონერული მოღვაწეობა დავიწყებას მიეცა როგორც იტალიაში, ასევე საქართველოში. XVIII საუკუნეში მას არც თუ ისე იშვიათად ახსენებენ იტალიაში. ორი საუკუნის შემდგომ იწყება კვლავ მისი მოღვაწეობის ხსენება პუბლიკაციებში, მათ შორის ქართულ ენაზეც, კერძოდ, მხედველობაში გვაქვს მიხეილ თამარაშვილის „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“13. შესაძლოა, სწორედ ამ დავიწყებამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ ჩვენ ვერ მივაკვლიეთ რავენას „სული წმინდის“ ეკლესიაში გაეტანო რასპონის საფლავს.
1. P.P. GINANNI, Memorie storico-critiche degli scrittori
Ravennati, II, Faenza 1769, p. 261.
2. C. GUARDIGLI, Le famiglie nobili e notabili
ravennati e i loro ecclesiastici (1509-1796), Ravenna 2010, pp. 103, 154.
3. ფორლის საქალაქო ბიბლიოთეკის „პიანკასტელის“ ფონდი, Sala N,
372 CR 37; Sala N, 372 CR 38.
4. Nomi, e cognomi de’ padri e fratelli professi della
congregazione de’ Chierici Regolari, Roma 1747, p. 59.
5. A.F. VEZZOSI, I scrittori de’Chierici Regolari
detti Teatini, I, Roma 1780, p. 206.
6. GINANNI, Memorie storico-critiche, cit., p. 261.
7. B. FERRO, Istoria delle missioni de’ chierici
regolari, teatini. Con le descrizzione de’ Regni, Provincie, Città, Luoghi,
Fede, Riti, e costumi delle Genti ove andarono, e passarono li Missionarii, Con
li viaggi pericolosi, fatiche fattevi, e frutto raccoltovi per la Cattolica
Religione, De’ Quattro Regni della Giorgìa, Iberia, Odisci, Guriel, Imereti, I,
Roma 1704, p. 612.
8. G. CONTI, La Romagna e l’altrove, Cesena 2012, p.
53.
9. S. PASOLINO, Huomini illustri di Ravenna antica et
altri degni Professori di Lettere et Armi, Bologna 1703, p. 64.
10. Archivio Storico de Propaganda Fide, Scritture
Riferite nei Congressi, (SC) Georgia, vol. 1 (1626-1707), Ill(u)st(rissi)mi et
Emi(nenti)ss(im)i Sig(no)ri e P(adro)ni Col(endissi)mi, f. 355r.
11. VEZZOSI, I scrittori de’Chierici Regolari, cit.,
p. 207.
12. Archivio Storico de Propaganda Fide, Scritture
Riferite nei Congressi, (SC) Georgia, (1626-1707), vol. 1, 356r-v.
13. მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფილისი 1902/2011, გვ. 208-212,
658-659.
ეპიზოდები გაეტანო რასპონის მიკროისტორიიდან
გაეტანო რასპონი რელაციას იწყებს ღმერთის შთაგონებით, რომელმაც მოუწოდა მასაც, უღირსობის მიუხედავად, „ეშრომა უფლის ვენახში“, ანუ გამხდარიყო მისიონერი. ფერარაში ყოფნის დროს მიიღო უფლება პროპაგანდა ფიდეს წმინდა კონგრეგაციისგან, რომ „შესდგომოდა მოციქულთა ნაკვალევს“. ამიტომ ჩავიდა ვენეციაში და ვენეციური ნავით 1681 წლის 9 თებერვალს გაემართა კონსტანტინოპოლისკენ. ნავს გაუვლია კორფუ, კეფალონია, ძაკინთოსი, ხანეა და არქიპელაგის სხვა კუნძულები. 10 ივნისს ჩასულა კონსტანტინოპოლში, სადაც დარჩენილა 22 დღეზე მეტი, ვიდრე ავიდოდა თურქულ „საიკაზე“ და გაემართებოდა შავი ზღვით სამეგრელოსკენ. პირველად ჩასულან კაფაში, რომელიც რასპონის თქმით, გენუელების კოლონია ყოფილა. ქალაქის კარიბჭის თავზე ჯერაც ყოფილა თურმე წმინდა გიორგის მარმარილოს ქანდაკება, რომელსაც თავი არ ჰქონდა და ქალაქში შეინიშნებოდა დიდგვაროვანი გენუელების იარაღები, მათ შორის ჯუსტინიანების. რასპონის გადმოცემით, ქალაქს თურქები მართავდნენ, რომელთაც ის ჯაშუში ეგონათ, დააკავეს და „უბნელესსა და უვიწროეს“ საკანში ჩასვეს. იქიდან გემის თურქმა კაპიტანმა იხსნა, რომელმაც ქალაქის მმართველის ნებართვით მოინახულა რასპონი ციხეში, მიუტანა მის ბარგში შენახული პასპორტი, რომელიც ვენეციის წარმომადგენელმა – პიეტრო ჩურანიმ მოუპოვა Gran Signore – „დიდი ბატონისგან“. ის მაშინვე გაათავისუფლეს და დიდი პატივითაც ეპყრობოდნენ. კაფაში 20 დღე დარჩნენ. შემდეგ გაემართნენ ჩერქეზეთისკენ. აქ რასპონი იწყებს ჩერქეზების აღწერას: ისინი თათარი ხალხია, რომლებიც იკვებებიან ყველა სახის ხორცით: ცხენის, დათვის, მელიის და სხვა. ცხოვრობენ ქოხებში, რომლებსაც ხისგან აშენებენ, გაერთიანებული ას-ორას მოსახლედ. როგორც ქალები, ასევე კაცები იცვამენ ბამბის პერანგებს მუხლის სიგრძეზე და იხურავენ ქუდებს (berrettino) თავზე. ბევრი მათგანი მაჰმადიანია, დანარჩენები ცრუმორწმუნეები არიან. მსხვერპლს სწირავენ მთვარეს და ქუხილს. რასპონი დაწვრილებით აღწერს ამ რიტუალს: სავსე მთვარობას მარტში, ჩერქეზებს, რომლებიც თაყვანს სცემენ ქუხილს, ზღვისკენ მიჰყავთ ცხვარი სპეციალურად განკუთვნილ ადგილას. ატყავებენ მას და შიგნეულს წვავენ. შესთხოვენ ზეცაში ქუხილის ღმერთს არ გაუწყრეს, არამედ ლმობიერ-ეყოს მათ. პირველ ქუხილს როცა გაიგონებენ, იშიშვლებენ ხმლებს და ხმლებით სხვადასხვა ნიშნებს გამოსახავენ ცის მიმართულებით, თან გამოხატავენ დიდ სიხარულს, რომ მათმა ღმერთმა გაიღვიძა.
ჩერქეზეთიდან 15 დღის შემდეგ გაემგზავნენ ჯიქეთის ქვეყანაში, სადაც მისვლა ზარბაზნის გასროლით აცნობეს მოსახლეობას. იქ თურქებმა დაიწყეს ტყვეებით ვაჭრობა. გაეტანო რასპონის ძალიან შეეცოდა ცხოველების მსგავსად ყელზე შებმული ჯაჭვით ნანახი საწყალი ტყვეები. უამინდობის გამო 3 დღე დაჰყვეს ჯიქეთში და შემდეგ გაემგზავრნენ აფხაზების ქვეყანაში. 20 დღის შემდეგ იქიდან გეზი აიღეს სამეგრელოსკენ და 2 დღეში – 1681 წლის 4 ოქტომბერს ჩავიდნენ ანაკლიაში. რასპონიმ სასწრაფოდ მისწერა სამეგრელოს მისიის პრეფექტს – გაეტანო ტურკოს ჩამოსვლის შესახებ, რომელიც ჯუზეპე ტორიჩელასთან ერთად მიეგება მას ერთ-ერთი დიდებულის სახლში. აქ რასპონი იხსენებს, თუ როგორ გასინჯა პირველად ღომი და მოეწონა.
მეორე დღეს გემიდან წამოიღეს რასპონის ნივთები, დააბინავეს რასპონი დიდებულის სახლში, რომელსაც მეგობრად მიიჩნევდნენ და თვითონ გაბრუნდნენ წიფურიაში, სადაც თეათინელთა ეკლესია და სახლი იყო. დიდებული, სახელად მამუკა ძალზედ ცბიერი და მოღალატე აღმოჩნდა. მან დაატყვევა და წაართვა ყველაფერი ახლად ჩამოსულ მისიონერს. ერთმა თურქმა, სახელად ახმედმა შეატყობინა ეს ამბავი წიფურიაში მყოფ პადრებს. ისინიც დაუყოვნებლივ მივიდნენ, გაათავისუფლეს გაეტანო რასპონი და თავისთან ერთად წაიყვანეს წიფურიაში.
ერთი თვეც არ იყო გასული წიფურიაში დაბინავებიდან, რომლის დროსაც რასპონი ენის შესწავლას ცდილობდა, რომ მოულოდნელად შემოესია აფხაზეთის უფლისწული, რომელიც ომს უცხადებდა ლევან დადიანს. თეათინელთა სახლი დაწვეს, 400 კაცზე მეტი ტყვედ წაიყვანეს. გაძარცვეს ეკლესია და გადაწვეს მათი მდიდარი ბიბლიოთეკა, რომელიც 1687 წლის 8 იანვრის პროპაგანდა ფიდეს კარდინალებისადმი მიწერილი წერილის მიხედვით, 2000 ტომისგან შედგებოდა1. ყველა ტყეში გაიქცა. თვითონ რასპონი მძიმედ ყოფილა ავად და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ერთი სომეხის წყალობით, თბილისში მოღვაწე კაპუცინელებისგან მიიღეს დახმარება. შემოსევები გაგრძელდა და დამალვა მთებში გადაწყვიტეს. რასპონი მამუკა ახვლედიანის სამფლობელოში წავიდა, სადაც ნუგეშად ერთი კათოლიკური წესის მღვდელი ლავრენტი ჰყავდა, რომელიც რომშიც იყო ნამყოფი და მას აბარებდა აღსარებებს. რასპონი აღწერს იქაურ მოსახლეობასა და ცხოვრების სტილს: მარცვლეულით მდიდარი ქვეყანაა; მარცვლეულს ხელის წისქვილებით ფქვავენ; არ არის ღვინო, მაგრამ სვამენ ლუდს, რომელსაც თაფლისგან და ფეტვის ფქვილისგან ამზადებენ. მოსახლეობა „ბერძნული სქიზმის“ მიმდევრები არიან (ანუ მართლმადიდებლები). მათი ცრუ სარწმუნოების მიუხედავად, საკმაოდ თავაზიანები და ჰუმანურები არიან განსაკუთრებით უცხოელების მიმართ, მათ ახლოს მცხოვრები სხვა ხალხების ჩვეულებათა საწინააღმდეგოდ.
რასპონი აღნიშნავს, რომ იქაურმა უფლისწულმა დიდი წყალობით მიიღო. შეისწავლა თუ არა იქაური ენა მცირედ, მაშინვე შეუდგა არსებულ ბოროტებასთან ბრძოლას, რაც მისიონერის ცნობით შემდეგში მდგომარეობდა: იქაური ქალები იმდენად კეთილშობილურად (მშვენივრად) გამოიყურებოდნენ, რომ თურქები დიდ თანხას იხდიდნენ მათში, რის გამოც ბევრ მათგანს ჰყიდიდნენ და მხარეში ქალების ნაკლებობა იყო. ამის გამო, 4-5, ან მეტი ძმა ან ნათესავი ერთიანდებოდა და მოჰყავდათ ერთი ცოლი. რასპონი აღნიშნავს, რომ ისინი თვითონ ხვდებოდნენ ამ ბოროტებას, მაგრამ არ ცვლიდნენ არსებულ მდგომარეობას. იმის გამო, რომ ვერ ახერხებდა ხალხის სწორ გზაზე დაყენებას, რომელიც მას, როგორც მისიონერს, ევალებოდა, დატოვა ისინი და შეუერთდა ჯუზეპე ტორიჩელას, რომელთან ერთადაც დაბრუნდა სამეგრელოში. რასპონის ცნობით, სამეგრელოს ლევან დადიანის სიკვდილის შემდეგ დაეპატრონა საუსტან (შარაშია) შერვაშიძის შვილი, სორეხი. მას წყალობით მიუღია მისიონრები, საცხოვრებლად ხეთას ციხე-სიმაგრეში გაუგზავნია, საიდანაც ისინი ერთ „სქიზმატიკოს“, ანუ მართლმადიდებელი მღვდლის სახლში გადასულან.
გაეტანო რასპონი აღნიშნავს, რომ დაახლოებით, ოთხი თვის განმავლობაში სორეხ შერვაშიძემ საკუთარი ხარჯით აღადგინა მათი ეკლესია და სახლი წიფურიაში, ქოხებითურთ და სრულად დაუბრუნა მათ მოპარული საეკლესიო ნივთები. აქ რასპონი იწყებს აფხაზების აღწერას: აფხაზები ქრიასტიანები არიან, მაგრამ მხოლოდ სახელწოდებით, რადგან არ იციან არაფერი ღმერთისა და საიდუმლოებების შესახებ, აბსოლუტურად უარყოფენ სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობას; ამტკიცებენ მხოლოდ, რომ სიკვდილის შემდეგ სულები ერთი წლის მანძილზე სხეულების ახლოს რჩებიან, რის გამოც ისინი მიცვალებულს ხის კუბოში აწვენენ, აფარებენ აბრეშუმს და დებენ ხეზე მიცვალებულის სახლის ახლოს; ამბობენ, რომ სული მუდამ მის გარშემო ტრიალებს. ასევე, დიდებულის სიკვდილის დროს კლავენ მის ცხენსაც, რომელსაც ხის ძირში მარხავენ, რათა პატრონის სულს ემსახუროს სიარულის დროს.
წიფურიაში დიდი მხურვალებით შეუდგნენ მისიონრები მოღვაწეობას, მაგრამ იმედგაცრუებულები იყვნენ უნაყოფობის გამო. ბევრჯერ იფიქრეს, მიეტოვებინათ მისია. აქ რასპონი იწყებს მეგრელების არასრულყოფილი სარწმუნოების აღწერას ნათლობით. მოაქვს ნათლობის ფორმულის ტრანსლიტერაცია:
Natolisichebz sachelita, Mamisita, Sisisita, Sulismindisita, amin და განმარტავს მას იტალიურად. აქედან ნათლად ჩანს, რომ ლიტურგიის ენა სამეგრელოში ქართული იყო. შემდეგ განაგრძობს ნათლობის რიტუალის აღწერას: მიდიან მარანში, სადაც მღვდელი იმოსება და წარმოთქვამს ფორმულას, ის სხვას მიანდობს განბანვას და არ აღასრულებს ხელდასხმას. სხვა საიდუმლოებებიც აქვთ, მაგრამ დიდი შეცდომებითა და ნაკლოვანებებით, იმდენად, რომ ჯობია, არც კი ჰქონდეთო. ზეთისცხებას კვირაში 3-4-ჯერ იღებენ, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელნი არიან. ევქარისტიას კანდელაკები ატარებენ ყოველგვარი მოწიწების გარეშე ტყავის ჩანთით და დაძველების შემდეგ ძაღლებს აძლევენ საჭმელად. ქორწინებას კარგად აღასრულებენ, თუმცა ხშირად აქორწინებენ ბავშვებს, რომელთაც მეუღლეები 4-5 წლის შემდეგ უშვებენ და სხვებს ირთავენ. ხდება კიდეც, თუმცა იშვიათად, რომ ორ ცოლთან ერთად ცხოვრობენო. რწმენაში მოტყუებულნი არიან, ვინაიდან ქრისტიანობის არსი მხოლოდ ღორის ხორცის ჭამა და მირონის რწმენა ჰგონიათო. ვერ შევიტყვე მათგან, რა არის ეს მირონი. ვიცი მხოლოდ, რომ მათი მთავარი, რომელსაც კათოლიკოსს უწოდებენ, აკურთხებს რაღაც შავ ნივთიერებას, რომლისაც ისე გიჟურად სწამთ, რომ მისი ცხების შემდეგ თავს ერთმანეთთან უფრო მეტად დაკავშირებულად თვლიან, ვიდრე ნათესაობაა და არ ქორწინდებიან ერთმანეთის შთამომავლებზე მეშვიდე თაობის ჩათვლითო. ქრისტიანობის არსად თვლიან აგრეთვე წელიწადში 4-ჯერ მარხვასო: ერთი 40 დღიანია შობის აღსანიშნავად, მეორე 48 დღიანი, რომელსაც დიდს უწოდებენ, მესამე პეტრე-პავლეს მარხვაა, რომელიც სამების დღესასწაულის შემდეგ ორშაბათს იწყება და მეოთხეა ღვთისმშობლის მიძინების მარხვა, რომელიც 1 აგვისტოს იწყება და 15-ში მთავრდებაო. დიდ მარხვას და მარიამობისას იმდენად მძიმედ ინახავენ, რომ თევზსაც არ ჭამენ, გარდა ხარების, ფერისცვალების და ბზობის დღესასწაულებისაო. მხოლოდ შეუკაზმავ მცენარეულს ჭამენ, ისიც ისეთი მცირე რაოდენობით, რომ ძალიან სუსტდებიან, იმდენად, რომ იძულებული ხდები ძალით ჩაუდო პირში საჭმელი, რომ სული არ განუტევონო. თან ისეთი სულელები არიან, რომ ყველაზე წმინდად ის მიაჩნიათ, ვინც უფრო მეტად იკავებს თავს საჭმლისგანო. სხვა დღეებშიც მარხულობენ. ყველაზე მძიმეა ნათლისღების მარხვა, რომლის დროსაც, მათი თქმით, იხსენებენ დღეს, როცა ჰეროდეს შიშით ეგვიპტეში გაქცეულმა მარიამმა და იოსებმა ჯარისკაცების დანახვაზე ჩვილი იესო ერთ ბაღჩაში დამალეს კომბოსტოებსა და თალგამებს შორის, თან კალათი დააფარესო. ამას გარდა, ძალიან ცრუმორწმუნენი არიან ხატებთან დაკავშირებით. მათი უფრო ეშინიათ, ვიდრე ეთაყვანებიან და ცხოველებს სწირავენ მსხვერპლად, რომელთა სისხლს წმინდანს სწირავენ, შიგნეულს კი წვავენ, რათა ღმერთმა მოიღოს მოწყალება მათზე ამ სისხლის გამოო. ყველა წმინდანს შორის, რომელსაც ეთაყვანებიან, გამოირჩევა წმინდა გიორგი, მათი უპირატესი მცველი და პატრონი, რომლის განაც მიიღო სახელი ქართლის (Georgia) პროვინციამ2. აურაცხელ მცდარ ამბავს იგონებენ მასზე. ერთ-ერთია ის, რომ მისთვის თავი კი არ მოუკვეთავთ თურმე, არამედ აჩრდილს მოჰკვეთეს თავიო. თვით წმინდა გიორგი კი ცოცხალია და დადის მთელ საქართველოშიო. არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ესაუბრნენ მას. ამას გარდა, ამბობენ, რომ ერთ განსაზღვრულ დღეს ეს წმინდანი იპარავს ხარს. ამის შესახებ არქანჯელო ლამბერტიც წერდა „წმინდა კოლხეთშიო“. ბერძნული კალენდრის მიხედვით 13 ნოემბერს ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მართავენ ღამისთევას. მზის ჩასვლის შემდეგ უფლისწული ხალხის თანხლებით დიდი ყურადღებით ამოწმებს ეკლესიას, კეტავს კარებს და ადებს საკუთარ ბეჭედს. დილით ამოწმებს ბეჭედს და ისე ხსნის კარს. ეკლესიის შუაში ცოცხალ ხარს პოულობენ. ამ ამბავს რასპონი მხოლოდ დემონის ხრიკებს უკავშირებს. თან აღნიშნავს, რომ ამ ფაქტით ისინი ამართლებენ ქურდობას და იმ დღეს, ყველა იპარავს რამესო. უარყოფენ ათი მცნებიდან ყველას, გარდა ცრუ ფიცისაო. თაყვანს სცემენ ერთ ღმერთს, სამებას – მამას, ძეს და სულიწმინდას. სწამთ ქრისტე, რომელიც ქალწული მარიამისაგან იშვა და ჯვარზე მოკვდა ადამიანთათვის. ამის მიუხედავად, ცოდვად არ მიაჩნიათ ერთმანეთის თურქებზე ტყვედ მიყიდვა: მამები შვილებს ჰყიდიან, შვილები მამებს, ქმრები ცოლებს, ძმები დებს. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ 2-3 შვილს სჯერდებიან და თუ კიდევ ეყოლებათ შვილი, ყოველგვარი შეცოდების გარეშე ჰკლავენ მასო.
რასპონი იხსენებს ერთ ამბავს: სორეხის ნათესავს ღუაპო შერვაშიძეს ბერძნებმა მოპარეს სამი მტკაველის სიმაღლის, ძვირფასი თვლებით მოჭედილი, ვერცხლის, წმინდა სტეფანე პირველმოწამის ქანდაკება. ამან სასტიკად განარისხა იგი და მათი დახოცვა ბრძანაო. ამით უფლისწულმა ჩამოიშორა ბერძნები. სორეხს კვლავ მოუბრუნდა გული ისევ მისიონრებზე; მოსწონდა და თითქმის ყოველდღე ესწრებოდა მათ წირვას. მოსახლეობამაც შეიყვარა მათი კათოლიკური წესები, განსაკუთრებით სომხებმა, რომლებმაც მრავლად ააშენეს წიფურიაში ეკლესიის ახლოს ქოხები და ვაჭრობდნენ სხვადასხვა საქონლით. მათი უმრავლესობა რომის კათოლიკე იყოო.
რასპონი აღწერს 1685 წლის ბზობის დღესასწაულზე წიფურიაში მათ ეკლესიაში შეკრებილ 900 ადამიანს, რომლებიც დაესწრნენ მათ ღვთისმსახურებას და გალობდნენ საკუთარ ენაზე ანტიფონებს. ამას მოჰყვა ნათლობების მომრავლება და რასპონის თქმით, მაშინ 250 ყრმა მონათლეს.
კვლავ გაგრძელდა შემოსევები. ამჯერად სორეხის ნათესავი – კერეკ შერვაშიძე განაწყენდა და 10 აპრილს შემოესია მის სამფლობელოს. წინა დღით ჯუზეპე ტორიჩელა ხალხთან ერთად ტყეში დაიმალა, რასპონიც უნდა გაჰყოლოდა მას მეორე დღეს, მაგრამ ჩაეძინა და მხოლოდ თოფის ხმამ გამოაფხიზლა. ის სასწრაფოდ გაიქცა ტყეში და წყლით სავსე თხრილში დამალვით ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ამის შემდეგ რასპონიმ მტკიცედ გადაწყვიტა იტალიაში დაბრუნება და ნებართვა პრეფექტს – გაეტანო ტურკოს სთხოვა, რომელიც მათგან მოშორებით ცხოვრობდა. წიფურიაში სახიფათო იყო ცხოვრება, ამიტომ სორეხმა კვლავ ხეთას ციხე-სიმაგრეში გაგზავნა საცხოვრებლად მისიონრები. 24 აგვისტოს ჯუზეპე ტორიჩელა ცაიშში წასულა. სორეხმა კი რასპონი დაატყვევებინა თავის ქვეშევრდომებს და ციხეში ჩასვა. ამით მან ხელი შეუშალა რასპონის იტალიაში გამგზავრებას და უკან დაბრუნებულ ტორიჩელას შეპირდა კიდეც, რომ თურქული გემები დატოვებდნენ თუ არა სამეგრელოს პორტებს, მაშინათვე გაათავისუფლებდა ტყვეს. იგი ასეც მოიქცა. 11 ნოემბერს გაათავისუფლა რასპონი ციხიდან და რამდენიმე კაცის თანხლებით ალანიაში გაისტუმრა, რათა გაერთო და გულიდან ამოეღებინებინა იტალიაში დაბრუნების განზრახვა. აქ რასპონი აღწერს ალანებს: ისინი თათარი ხალხია, რომლებიც მთებში ქოხებში ცხოვრობენ. ეს ქოხები ისე ლამაზად არის შიგნიდან შელესილი თეთრი ქვიშით, რომ მაიოლიკა (ფაიფური) გეგონებაო. ზოგი მათგანი მაჰმადიანია, არიან იუდეველნიც, ზოგი მზეს აღმერთებს, ზოგი მთვარეს, ზოგიც ჩერქეზების მსგავსად, ქუხილს და მათსავით სწირავენ მსხვერპლს. ქვეყანაში მრავლადაა ცხვრები და თხები. რადგანაც არანაირი ღვინო არ მოიპოვება, წყალში გაზავებულ რძეს სვამენ, რომელსაც „იაურტს“ უწოდებენო. დიდი რაოდენობით აქვთ პური, ბრინჯი, ბამბა. ძირითადად სხვათა ძარცვით ცხოვრობენ, ესხმიან რა თავს მეზობელ ქვეყნებს: ჯიქეთსა და სამეგრელოს. იპარავენ ადამიანებსა და ცხოველებსო.
23 დეკემბერს გაეტანო რასპონი დაბრუნდა სამეგრელოში და პადრე ტორიჩელასთან ერთად განაგრძო მისიონერული მოღვაწეობა. ამ დროს მისიონის პრეფექტისგნაც მიიღო თანხმობა იტალიაში გამგზავრებაზე. რასპონი 1686 წლის 4 მაისს ღამე გაიპარა ხეთას ციხე-სიმაგრიდან, გაიარა შიშით ტყე, შეხვდა ნაცნობ მეგრელს, რომელმაც იგი დააპურა თოფით მოკლული ნადირის ხორცით და სანაპიროსკენ წაიყვანა, სადაც შეპირებული თურქული გემი იცდიდა. უფლისწულ სორეხს არ სურდა მისი გაშვება, მაგრამ ბოლოს მოუწია დათმობაზე წასვლა. გემით გაიარეს სამეგრელოს სანაპიროები: ბიჭვინთა, მერკვილა და 20 სექტემბერს ჩავიდნენ კონსტანტინოპოლში. იქიდან ფრანგული გემით საბერძნეთის არქიპელაგის და ტუნისის გავლით ჩავიდნენ ტულონში, სადაც გაატარა კარანტინი და 21 დეკემბრის 18 საათზე უკვე გენუაში იმყოფებოდა.
„ეს არის ჩემი ჭეშმარიტი და გულწრფელი რელაციაო“, ამთავრებს რასპონი.
ხელნაწერში არის კიდევ რამდენიმე ფურცელი ჩართული, რომლებიც აკონკრეტებენ ზემოთ აღწერილ ამბებს, რადგან ავტორის თქმით, მას გააზრებული ჰქონდა ვალდებულება, რომ დაწვრილებით მოეთხრო ყველაფერი, მაგრამ ქაღალდის უქონლობის გამო ვერ მოახერხა, ამიტომაც ამატებს ან აკონკრეტებს რამდენიმე ამბავს.
გაეტანო რასპონი აღწერს მისიონერის – ონორატო დრაგოს მოღვაწეობას ძალზედ მოკლედ. ამ აღწერაში ჩვენთვის საინტერესოა ფაქტი, რომელიც გვამცნობს, რომ აღნიშნული მისიონერი საღვთო სჯულს ასწავლიდა სამეგრელოში ჩასვლისთანავე რამდენიმე ადამიანს, რომელთაც ესმოდათ იტალიური, დანარჩენ დროს კი უვლიდა ბაღს წიფურიაში.
საგულისხმოა კარლო ჯულიანისა და გიორგი გურიელის ამბავი, რომელმაც თავის სამფლობელოში მისცა მისიონერს 15 კომლი და ერთი მარმარილოს ეკლესია, რომელიც მარმარილოთივე ყოფილა გადახურული და სომხებს ეკუთვნოდაო. ომიანობის გამო იქ შეაფარეს თავი მისიონის პრეფექტმა გაეტანო ტურკომ და პადრე ჯუზეპე ტორიჩელამაც.
ძალზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელსაც აკონკრეტებს რასპონი ეხება მის ყოფნას ბიჭვინთაში. აქ იგი ახსენებს „უამპარტავნეს“ ეკლესიას, რომლის აღწერაც არ სურს, მაგრამ სიდიდით ტოლია რავენას Basilica di
San Vitale-სი. მნიშვნელოვანია გაეტანო რასპონის მიერ დახატული ამ ეკლესიის სურათი: ის მთლიანად გამშვენებული ყოფილა მოზაიკით. გამოსახულნი ყოფილან ქრისტე, რომელიც თევზაობს მოციქულებთან ერთად. იქვე წმინდა ნიკოლოზი სამღვდელო სამოსში და სხვა წმინდანები, რომელნიც ბერძნულ (ბიზანტიურ) სტილში იყვნენ ჩაცმულნი, თუმცა წმინდანთა სახელები ვერ დაადგინა. ეკლესია წმინდა ნიკოლოზის სახელზე ყოფილა ნაკურთხი. იყო აგრეთვე, იმპერატორისა და იმპერატრიცას მოზაიკაც, რომლებიც ბერძნულ სამოსში დიადემით იყვნენ გამოსახულნი. იქვე იყო იმპერატორის სახელი მიწერილი ბერძნულ ენაზე, მაგრამ ენის უცოდინრობის გამო, ვერ წაიკითხა. გემზე მყოფ ბერძნებს ჰკითხა, მაგრამ ვერც მათ შეძლეს პასუხის გაცემა. ეკლესიის გარშემო სხვადასხვა ნაგებობის ნანგრევები ყოფილა, რომლებიც შესაძლებელია, მღვდელმსახურების საცხოვრებლები ყოფილიყოო.
დასკვნა
გაეტანო რასპონის რელაცია აზუსტებს და ავსებს უკვე არსებულ მწირ ინფორმაციებს XVII საუკუნის მიწურულის დასავლეთ საქართველოსა და კავკასიის ქვეყნების შესახებ. იგი აღწერს ჩერქეზებს, აფხაზებს, მეგრელებს, ალანებსა და სვანებს, მათ ყოფას, წეს-ჩვეულებებსა და რელიგიურ წარმოდგენებს. ამით გაეტანო რასპონი ამდიდრებს არსებულ ეთნოგრაფიულ მასალებს. აგრეთვე მნიშვნელოვნად აზუსტებს მონაცემებს დასავლეთ საქართველოში საეკლესიო ცხოვრების, კერძოდ, მარხვების, საეკლესიო საიდუმლოებების, მირონისა და „მრწამსის“ შესახებ. რელაციებისა და დეტალური ანგარიშების გაგზავნა მისიონერთა ვალდებულებას წარმოადგენდა და ამის ტრადიცია უკვე ჩამოყალიბებული იყო. გაეტანო რასპონის ხელნაწერიც სწორედ ამ კონტექსტში უნდა იქნას განხილული. საქართველოდან იტალიაში დაბრუნებული მისიონერები წერდნენ და გამოსცემდნენ წიგნებს საქართველოს შესახებ, რითაც ევროპას აცნობდნენ ჩვენს ქვეყანას. გაეტანო რასპონის მოღვაწეობა თეათინელ მისიონერთა დამსახურების კონტექსტში უნდა შეფასდეს. მათ დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოში განათლების, ვაჭრობის, ხელოსნობისა და მედიცინის განვითარების საქმეში. მისიონერთა მიერ დაარსებულ სკოლებში ასწავლიდნენ ღვთისმეტყველებას, მათემატიკას, კათოლიკობის ისტორიას, ქართულ, იტალიურ და ლათინურ ენებს. ასევე ოქრომჭედლობას, დურგლობასა და მხატვრობას. ისინი ბეჭდავდნენ და სწავლებაში იყენებდნენ ქართულ წიგნებს, ადგენდნენ წიგნთსაცავებს, შემოჰქონდათ და აცნობდნენ ქართველებს ევროპაში მიმდინარე საგანმანათლებლო საქმიანობას. იმ ეპოქაში მისიონერთა მეშვეობით განხორციელებული კულტურული ურთიერთობა ევროპასთან ძალზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის, რამაც ხელი შეუწყო განმანათლებლობის იდეების შემოსვლასა და დამკვიდრებას.
1. Ravenna, Biblioteca Classense, Miscellanea di
Documenti e Memorie Istoriche della Città di Ravenna, scritte da D. Carlo
Scuttelari, Sacerdote Ravennate, Mob 3.1P, f. 41r.
2. ეს მცდარი აზრი საკმაოდ იყო გავრცელებული ევროპაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий