სამხრეთ საქართველო
ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი მხარეა,
რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა
ჩვენი ქვეყნის
განვითარების ისტორიაში.
იგი კულტურის
უძველესი კერაა, სადაც ეპიპალეოლითის
და განსაკუთრებით
კი ნეოლითის
საფეხურიდან იწყება
მწარმოებლურ მეურნეობაზე
გადასვლა. მომდევნო
ეპოქებში ჭოროხის
აუზში აღმოცენდა
სწორედ გვიანბრინჯაო
ადრერკინის ხანის
(ძვ.წ.
II ათასწლეულის შუა
ხანები) ბრწყინვალე
თვითმყოფადი კოლხური
კულტურა. აქვე
დაირწა ქართული
სახელმწიფოებრიობის აკვანი.
ეს მხარე უაღრესად მდიდარია
ბრინჯაოს მეტალურიგიისათვის
აუცილებელი მეტალებით,
განსაკუთრებით სპილენძის
საბადოებით. ამ
მხრივ მარტო
მურღულის სპილენძის
საბადოების დასახელებაც
საკმარისია. უდიდესი
მნიშვნელობა ჰქონდა
იმ ფაქტსაც,
რომ რეგიონი
უძველესი ეპოქებიდან
წარმოადგენდა აზიური,
ცოტა მოგვიანებით
კი ევროპული
ცივილიზაციების შეხვედრების
ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს ადგილს.
ასურული (თუქულთი
ნინურთა II – 1248-1209 წწ; ტიგლათფილისერ
I – 1115-1077 წწ;
სალმანასარ III - 859-824 წწ)
და ურარტული
(მენუა 810-786 წწ;
არგიშტი I – 786-765წწ; სარდურ
II 765-735 წწ) წყაროების
მიხედვით, გვიანბრინჯაო-ადრერკინის
ხანაშივე ჭოროხის
აუზში არსებობდა
პირველი ქართული
სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები:
დაიაენი – დიაუხა (ძვ.წ.
XIII-IX სს) და
კოლხა (ძვ.წ.
XII-VIII სს). ადრეული
საფეხურიდან შეინიშნება
სამხრეთ საქართველოს
მჭიდრო კონტაქტები
წინა აზიურ-ახლო
აღმოსავლურ თუ
ეგეოსურ ცივილიზაციებთან,
ძვ.წ.
პირველი ათასწლეულის
შუა ხანებიდან
კი ანტიკურ
სამყაროსთან. ეს
ურთიერთობანი საგრძნობია
რომაული და
განსაკუთრებით ბიზანტიური
ეპოქებისათვის.
ადრეშუასაუკუნეებში ჭოროხის
მაგისტრალური ხეობა
თავის მრავალრიცხოვანი
განშტოებებით წარმოადგენდა
ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს რგოლს,
რომელიც საქართველოს
სხვადასახვა რეგიონებს
აკავშირებდა მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნებთან. შავშეთ-კლარჯეთის
აღმავლობა განსაკუთრებით
აშოტ I ბაგრატიონის
მოღვაწეობის ეპოქიდან
იწყება. არაბებთნ
დამარცხებული ქართლის
ერისმთავარი თავისი
ოჯახითა და მცირე ამალით
სწორედ სამხრეთ
საქართველოს ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს რეგიონში
– შავშეთ-კლარჯეთში
გადადის. ეს
ტერიტორია უშუალოდ
ბიზანტიას ესაზღვრებოდა
და ისინი
მასზე ოფიციალურად
აცხადებდნენ პრეტენზიას.
ბიზანტიის ხელისუფლებაც
დაინტერესებული იყო
არაბების წინააღმდეგ
მებრძოლი ერისმთავრის
გაძლიერებით და
მას უმაღლესი
საკარისკაცო ტიტული
– კუროპალატობაც
უბოძეს. აშოტის
გონიერება იმაშიც გამოიხატება, რომ
მან შესანიშნავად
გამოიყენა ეს
სიტუაცია და
მთელი ძალები
მოახმარა დიდი
სამთავროს შექმნას.
მის შემადგენლობაში
დროთა განმავლობაში
მოექცნენ: შავშეთი, კლარჯეთი, ტაო,
ნიგალი, აჭარა,
სპერი, სამცხე,
ჯავახეთი და
არტაანი. მან
დიდი სამთავროს
ცენტრად არტანუჯი
აირჩია. აღადგინა
არაბთა შემოსევებით
განადგურებული ვახტანგ გორგასალისდროინდელი არტანუჯის
ციხე, წმინდა
მოციქულების – პეტრესა და
პავლეს სახელობის
ტაძარი ააშენა
და იგი
თავის საძვალედ
და კარის
ეკლესიად აქცია.
ქალაქი, რომელიც სავაჭრო
გზების შესაყარზე
მდებარეობდა, მალე
დაწინაურდა და
სამხრეთ საქართველოს
ძირითად ცენტრად
იქცა. აშოტ
პირველისა თუ
სხვა ბაგრატიონების
დროს, სამხრეთ საქართველოს
ეკონომიკურ აღმავლობას
თან მოჰყვა
კულტურული დაწინაურებაც.
სწორედ VIII საუკუნის დასასრულიდან, როგორც კლარჯეთში, ისე შავშეთში, განსაკუთრებით მძლავრად გაიშალა სამონასტრო მოძრაობა. ამ დროიდან ჩნდება და შენდება დიდი საეკლესიო-კულტურული ცენტრები. ,,ქვეყნის შეუვალობას’’, ბუნებრივია, გამართული თავდაცვის სისტემაც სჭირდებოდა. როგორც მთლიანად ტაო-კლარჯეთში, ისე შავშეთშიც ციხესიმაგრეები შენდება. აქ არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობების ადგილმდებარეობიდან ჩანს, რომ შავშეთის (იმერხევი, სათლელი, ფიქალთა და სხვა) თითოეულ ხეობას თავისი გამაგრების სისტემა ჰქონდა. ისინი თავის მხრივ ჩართული იყვნენ მთლიანი ქვეყნის ერთიანი თავდაცვის სისტემის ქსელში. შავშეთის ციხეების დიდი ნაწილი (იფხრეული, დაბაწვრილი, ციხისძირი, ხანთუშეთი, ქვათეთრისი და ა.შ.) აშენებულია არსიანის მთაგრეხილის ძირში, მთისა და ბარის გასაყარზე. ისინი იფხვრელიდან მოკიდებული არტანუჯის საზღვრამდე უზრუნველყოფდნენ მთის წინა ზოლსა თუ ბარში არსებული უზარმაზარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სივრცეების, მთისა და ბარის დამაკავშირებელი, და რაც მთავარია, არსიანის მთებზე არსებული უღელტეხილებით შავშეთსა და ნაწილობრივ არტანუჯში შემომავალი გზების გაკონტროლებას. მოკლედ რომ ვთქვათ, შავშეთის ქვეყნის მთისწინა ზოლი, ზურგი ,,ქვეყნის’’-ა, მთელ სიგრძეზე საგულდაგულოდაა გამაგრებულ-დაცული. რაც შეეხება ,,ქვეყნის’’ შესასვლელს, მის გაკონტროლებას უსტამისის ციხესთან ერთად უზრუნველყოფდა სათლელის ციხე. ეს უკანასკნელი სწორედ იქაა აშენებული (მერისა და სათლელისწყლის ხერთვისი), სადაც თავს იყრის ქვეყნის მეზობელ მხარეებთან თუ გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი გზები.
შავშეთის ქვეყნის საეკლესიო ნაგებობებზე (განსაკუთრებით ტბეთი, ამ ბოლო ხანს სინკოთი, სათლელი) შექმნილია საკმაოდ საინტერესო სამეცნიერო გამოკვლევები (ვრცლად იხ. დ.ხოშტარია 2005, იხ. იქვე ლიტერატურა). თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა (ჯ.სამუშია 2008, იხ. იქვე ლიტერატურა), ამას ვერ ვიტყვით საფორტიფიკაციო ნაგებობებზე, რომლებიც ელოდებიან მკვლევარს.
$1. შავშეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი
1.1. სათლელის ციხე
სათლელის ციხე აგებულია მერისა და სათლელისწყლების ხერთვისში. იგი თანამედროვე შავშეთის ცენტრიდან 1 კმ-თაა დაშორებული. სათლელისწყალი არსიანის მთების ძირიდან იღებს სათავეს და ციხიდან 4 კილომეტრის დინების შემდეგ უერთდება მდ. იმერხევს. საკუთრივ ციხე დაშენებულია მერისა და შავშეთის წყალგამყოფი ქედის ბოლო მონაკვეთში, კლდოვან ბორცვზე. ბორცვი აღმოსავლეთით ქედისაგან საკმაოდ ვიწრო ყელითაა გამოყოფილი. მისი დანარჩენი სამი მხარე (სამხრეთი, დასავლეთი და ჩრდილოეთი) საკმაოდ მკვეთრად დახრილი კლდოვანი ფერდობებით სათლელის თუ მერის წყლების სანაპირო ზოლამდე ეშვება. ციხის გეგმას აქაც ძირითადად კლდოვანი რელიეფი განსაზღვრავს. მთელი ანსამბლი შერწყმულია კლდესთან. მისი შიდა ფართობი დაახლოებით 3 000კვ.მ შეადგენს. ციხე საკმაოდ დაზიანებულია. გალავნის კედლებსა თუ ციხის შიდა ტერიტორიაზე შეინიშნება მისი შეკეთებისა თუ აღდგენის კვალი. ციხის გაბატონებულ ელემენტს წარმოადგენს დასავლეთის კოშკი. იგი ციხის უკიდურეს დასავლეთ მონაკვეთშია აშენებული. მისთვის ბორცვის ყველაზე შემაღლებული კლდოვანი კონცხი შეურჩევიათ. კოშკის კედლები, კლდის ფრიალო შვერილებზე ისეა დაშენებული, რომ თვით კოშკი ფუძეკედლის გაგრძელებას წარმოადგენს. კლოდოვანი ბორცვის აღმოსავლეთი მონაკვეთი რამდენადმე სუსტადაა დაცული. ციხის მშენებლებს იგი საგულდაგულოდ გაუმაგრებიათ დამცავი კედლით, რითაც კოშკი მიუვალი ხდებოდა. კოშკის სიმაღლე 19 მ-ია. იგი ექვსსართულიანია. კოშკის შიდა, ანუ ციხის ნაწილი, ნახევარწრიული მოყვანილობისაა, ხოლო გარე მხარე-დაკუთხულია. კოშკის შიდა სივრცეში 2009 წელს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად გაწმენდილი იქნა 6 მეტრი სიმაღლის ნაყარი ფენა. კოშკში დიდძალ არქეოლოგიურ მასალასთან ერთად 2 თონეც აღმოჩნდა. ისინი საკმაოდ კარგადაა დაცული. ორივე მათგანი დახშული ტიპის თონეებია. კოშკთან ახლოს სამხრეთ-აღმოსავლეთით დასტურდება კარიბჭე. იგი ჯერ-ჯერობით ერთადერთი შესასვლელია ციხეში. მას ზემოთ აღწერილი კოშკი აკონტროლებდა. შესასვლელს დამატებით იცავს გალავნის კედლის პარალელურად ამოყვანილი დამცავი კედელი, რომელიც კოშკთან მიახლოებისას ქმნის საკმაოდ ვიწრო შესასვლელს. გალავნის კედელსა და დამცავ კედელს შორის მთელ სიგრძეზე შესასვლელი და კედლებსშორისი სივრცე იმდენად ვიწროა, რომ ერთდროულად რამდენიმე კაცი თუ მოახერხებდა შიგ შეღწევას. საკუთრივ კარის ზომებსა და ფორმაზე, წარმოდგენის შექმნა არ ხერხდება.
გალავნის კედელი სამხრეთ-აღმოსავლეთით მეორე კოშკამდე უსწორმასწორო მოყვანილობისაა. შემორჩენილი ნაშთებისა და მოგვიანებით დაშენებული კედლების მიხედვით ჩანს, რომ იგი თავის დროზე გაცილებით მაღალი უნდა ყოფილიყო. ციხის ამ მონაკვეთში შემორჩენილი კედლის მაქსიმალური სიმაღლე 8-10 მ-ს აღწევს. ციხის მეორე კოშკი სამხრეთ-აღმოსავლეთით კედლის შუა ნაწილშია ჩაშენებული. იგი გალავნის კედლისაგან გარეთაა გაზიდული, კარგად იკითხება კოშკის გარე ფასადი. რაც შეეხება მის შიდა ნაწილს, იგი თითქმის საძირკვლის დონემდეა მორღვეული და მიწის საკმაოდ სქელი ფენითაა დაფარული. კოშკი ნახევარწრიული ფორმისაა. როგორც გარე შემორჩენილი ნაშთებიდან ჩანს, მისი მაქსიმალური სიმაღლე 15 მ-ს აღწევდა. ციხის ამ მონაკვეთიდან გალავნის კედელი კლდოვანი რელიეფის შესაბამისად აღმოსავლეთისაკენ უხვევს. მის შუა მონაკვეთში ჩასმულია, დაახლოებით 17 მ სიმაღლის სწორკუთხა კოშკი. იგი ციხის კედლის გარე მასებს ოდნავ (1,5მ) სცილდება და გალავნის კედლის სიმაღლეს 6 მ-თაა აცილებული. კოშკი ოთხსართულიანი მაინც უნდა ყოფილიყო. დასავლეთის კოშკის ანალოგიურად, როგორც ჩანს, ამ კოშკის ძირითადი ფუნქცია ციხის შიდა ტერიტორიის კონტროლი უნდა ყოფილიყო. კოშკზე შემონახულია თაღოვანი გადახურვის ნაწილი. 2010 წელს არქეოლოგიური სამუშაოები სწორედ ამ მონაკვეთში მიმდინარეობდა. გათხრებმა დაადასტურა, რომ ამ კოშკის ციხისაკენ მიმართული თავდაპირველი კედლები საძირკვლის დონემდეა მორღვეული. კარგად ჩანს, რომ თავდაპირველი კელდების ნაშთების შიგნით ხელახლა ამოუშენებიათ ახალი კედლები. ჟამთა სიავეს ისინიც დაუნგრევია. მხოლოდ ნაწილობრივაა შემორჩენილი. ჩანს, რომ თავდაპირველ და მეორე საამშენებლო დონის კედლების საძირკვლებს შორის ძევს საკმაოდ მძლავრი სტერილური ფენაც. უფრო მეტიც, აღდგენილი კოშკის ჩრდილოეთი კედლის საძირკვლებიც ადრეული ეპოქის კულტურულ ფენაში დაფიქსირებულ ქვევრებზე ზემოდანაა დაშენებული. გათხრებმა დაადასტურა, რომ კოშკის პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისათვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული. მის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში აღმოჩნდა დიდი ზომის ქვევრი, რომელიც მიწაში იყო ჩასმული. მისი გარე ზედაპირი ბრტყელი ზომის ქვებით და კირდუღაბის ნარევის საკმაოდ თხელი ფენითაა დაფარული. იგი, აშკარად ჩანს, წყლისთვის განკუთვნილი ჭურჭელი იყო.
ამ კოშკიდან 4 მეტრის დაცილებით, გალავნის კედელს შიგა მხრიდან ედგმის 19 მეტრი სიმაღლის საკმაოდ მოზრდილი ფორმის კოშკი. იგი ციხის კედლის გარე მასებს არ სცილდება და გალავნის კედლის სიმაღლეს 5 მ-თაა აცილებული. ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ რამდენ სართულიანი უნდა ყოფილიყო იგი. არაა გამორიცხული, ესეც ექვსსართულიანი მაინც ყოფილიყო. ეს კოშკიც, პირველი კოშკის მსგავსდ, შედარებით კარგადაა შემონახული. როგორც ჩანს, ამ კოშკის ძირითადი ფუნქციაც ციხის შიდა ტერიტორიის კონტროლი იყო. არაა გამორიცხული, მისი ქვედა სართული ყაზარმად ყოფილიყო გამოყენებული. გალავნის სამხრეთი კედელი შიდა მხრიდან საკმაოდ მძლავრი კონტრფორსებითაც იყო გამაგრებული.
კოშკის შემდეგ, გალავნის კედელი აღმოსავლეთით ოდნავ გარეთ იწევს და ქმნის, რელიეფის შესაბამისად, ნახევარწრისებურ მორკალებას. კედლები თანდათანობით სიმაღლეში კლებულობს. მათი ძირითადი ნაწილი მორღვეულია. მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთი კედელი, თითქმის მთელ სიგრძეზე, ინარჩუნებს სწორხაზოვან მოყვანილობას და ჩრდილოეთის კედელთან მიახლოებისას საკმაოდ მკვეთრად იხრება შიგნით. რაც შეეხება ციხის ჩრდილოეთ კედელს, იგი ცუდადაა შემონახული. ის საძირკლის დონემდეა მორღვეული. აქა იქ შემორჩენილი ნაშთების მიხედვით მაინც შესაძლებელი ხდება მის ფორმაზე წარმოდგენის შექმნა. იგი, როგორც ჩანს, ემორჩილება კლდოვანი რელიეფის კონფიგურაციას და არასწორხაზოვნად უერთდება დასავლეთით პირველ კოშკს.
გალავნის კედლების სისქე ციხის სხვადასხვა ნაწილში არაერთგვაროვანია. დასავლეთის, სამხრეთ-დასავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის კედლლები 2 მეტრი სისქისაა, ხოლო აღმოსავლეთისა – ზოგიერთ ადგილას 3 მეტრსაც აღემატება. კედლების წყობა ძირითადად რეგულარულია. იგი გრანიტისა და ბაზალტის საშუალო ზომის (40X40, 30X30 სმ და ა.შ.) კვადრებით თუ უხეშად დამუშავებული ქვებითაა ნაგები. გვხდება რიყის ქვების გამოყენების შემთხვევებიც. მათ შემაკავშირებლად თეთრი ფერის კირხსნარია ნახმარი.
ციხის ტერიტორიაზე 2009 წელს დაიწყო არქეოლოგიური გათხრები. ეს ჯერჯერობით ერთადერთი ძეგლია მთელი ტაო-კლარჯეთის ქართულ ძეგლებს შორის, რომლის არქეოლოგიური შესწავლაც ხდება. სამუშაოებს ხელმძღვანელობს პროფესორი ოსმან აითექინი.
გათხრები ძეგლზე 2010 წლის ზაფხულშიც გაგრძელდა. ექსპედიციას უწევს საკმაოდ შრომატევადი სამუშაოების შესრულება. საქმე იმაშია, რომ როგორც კოშკების, ისე ციხის შიდა ტერიტორიაზე საკმაოდ მძლავრი ნაყარია დანგრეული შენობა-ნაგებობებისა თუ მიწისა. 2009 წლის ზაფხულში მარტო პირველი კოშკიდან გაიტანეს 6 მეტრი სიმაღლის ქვაღორღისა და მიწის ფენა. 2010 წლის ოქტომბერში, ამ ტერიტორიის დათვალიერებით ნათელი გახდა, რომ არანაკლები სისქის ნაყარი იყო ციხის შიდა ტერიტორიაზეც. ორი წლის მანძილზე გათხრები ძირითადად წარმოებდა №1,3,4 კოშკებისა და ციხის სამხრეთაღმოსავლეთ ტერიტორიებზე. № 4 კოშკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 2010 წელს წარმოებული გათხრების მიხედით ჩანს, რომ აქ საქმე გვაქვს ორ საამშენებლო პერიოდთან. ეს განსაკუთრებით კარგად იკვეთება №3 კოშკის შიდა ტერიტორიასა და მის წინა მონაკვეთში.
როგორც ზემოთაც აღინიშნა, მესამე კოშკის შიდა ძირითადი ნაწილის თავდაპირველი კედლები სამმხრივ საძირკვლების დონემდეა მორღვეული. დაცულია მხოლოდ ციხის შიდა ტერიტორიისაკენ მიმართული გვერდითი კედლების მცირე ნაწილი. ამ მონაკვეთის გათხრების შემდეგ დადასტურდა, რომ ძველი, დანგრეული კედლების ნაცვლად მოგვიანებით ახალი კედლები ამოუშენებიათ. ისინი კოშკის ძველი კედლების მონგრეულ ნაწილზე კი არაა მიშენებული, არამედ მათგან შიგნითაა შეწეული ისე, რომ ძველი კედლების ნაშთები თავდაპირველ მდგომარეობაში დაუტოვებიათ. კოშკის ძველი, დანგრეული და ახლად ამოშენებული კედლების საძირკვლებს შორის დევს საკმაოდ სქელი სტერილური შრე. უფრო მეტიც, კოშკის ახლადამოყვანილი ჩრდილოეთი კედლის საძირკვლებიც უშუალოდ ძველი მარნის ქვევრების ნაწილზეა დაშენებული. მეორე საამშენებლო დონისა ჩანს კოშკის ჩრდილოეთით მდებარე ახლად აღმოჩენილი ნაგებობის ნაშთებიც. ეს ნაგებობა (5,70X6,50 მ) არცთუ ისე დიდი ზომისაა. მისი შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე 1,70 მ-ს აღწევს. სისქე კი-70-80 სმ-ია. კედლების შიგნით იატაკის დონეზე სამმხრივ (აღმოსავლეთით, სამხრეთით და დასავლეთით) მთელ სიგრძეზე დატანილი აქვს პატარა ზომის სტანდარტული თახჩების სამ-სამი რიგი. მათი ნაწილი მოშლილია. საყურადღებოა ისიც, რომ აღმოსავლეთი კედლის უკიდურეს ჩრდილოეთ და დასავლეთი კედლის, ასევე უკიდურეს სამხრეთ ნაწილში თაროების დონეზე, კედლებში ჩასმულია მცირე ზომის ქვევრები თუ დერგები. მათი დიდი ნაწილი დაზიანებულია. აქაც შესანიშნავად ჩანს, რომ ამ ნაგებობის სამხრეთი კედლის საძირკველი უშუალოდ ადრე არსებული მარნის ქვევრებზეა დაშენებული. არაა გამორიცხული, ეს ნაგებობა თავის დროზე აფთიაქი ყოფილიყო, ხოლო თაროების დასაწყისში, კედლებში ჩასმული პატარა მოცულობის ქვევრები თუ დერგები კი – სამკურნალო სითხეებისათვის განკუთვნილი ჭურჭლები. 2010 წელს თურქ არქეოლოგებს სამუშაოები გაუფართოებიათ ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთითაც. იგი ჯერჯერობით არაა დასრულებული. აქაც მხოლოდ შეინიშნება როგორც ციხის მშენებლობის თანადროული, ისე მოგვიანო პერიოდის არქიტექტურულ ნაგებობათა ნაშთები. მათ გეგმასა და დანიშნულებაზე სამუშაოების დამთავრებამდე საუბარი შეუძლებელია.
ძეგლის ბოლო პერიოდის გათხრების შედეგად აღმოჩენილ მასალათაგან ყურადღებას იქცევს მარანი. იგი განთავსებულია ციხის თანადროულ ფენაში. ქვევრების ნაწილზე, როგორც ზემოთაც აღინიშნა, მოგვიანო პერიოდის ნაგებობათა საძირკვლებია დაშენებული. განათხარში ჩანს მხოლოდ ქვევრების მცირე ნაწილი. აქ ჯერჯერობით სულ 5 ქვევრია ფიქსირებული. არაა გამორიცხული მეტიც იყოს. ისინი ერთიმეორის გვერდითაა მიწაში ჩასმული. ყველა მათგანი დაზიანებულია. დაცულია მხოლოდ მათი ძირის, ტანისა და ყელის ნაწილი. ქვევრები სხვადასხვა ზომისაა. მათ მუცლის არეში გარს უვლის დაძერწილი ჰორიზონტალური ქედები. ქვევრის ნატეხები ბლომადაა ჩაყრილი ახლადაღმოჩენილი, ,,დაწუნებული’’ მასალებისათვის განკუთვნილ ორმოში. მათზე დაკვირვებით ჩანს, რომ ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ქვევრები მრავალრიცხოვნებითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. დასტურდება, რომ აქ მოპოვებულ ქვევრებს ჰქონიათ საკმაოდ მასიური შესქელებული, ბრტყელი ქობა. ფართო ყელი, არცთუ ისე მაღალი ტანი და მასიური ძირი. გადანაყარ ქვევრებში შეიძლება გამოიყოს სადა ზედაპირიანი და რელიეფური წიბოებით შემკული ქვევრები. ფართოდაა გამოყენებული სხვადასხვა სახის ორნამენტი, რომლებითაც ძირითადად ქვევრების ყელი და მხარეა შემკული. ორნამენტებს შორის ხშირად გვხვდება: მიჯრით განლაგებული წრიული ნაჭდევები, ხშირი ნაჭდევებით შემკული რელიეფური წიბოები, მეჩხერი, მძიმისებური ნაჭდევები და ა.შ. მათი კეცი ღია მოყვითალო ან მოყავისფროა. გამოწვის ხარისხი დამაკმაყოფილებელი. ნატეხების სიმრავლის მიხედვით, დასტურდება, რომ ციხის შიგა ტერიტორიაზე საკმაოდ მრავლად უნდა ყოფილიყო ჩაფლული წყლისთვის თუ ღვინისთვის განკუთვნილი ქვევრები. მარანთან ახლოს, სამხრეთ-დასავლეთით აღმოჩნდა თონეც. მისი ნაწილიც სამედიცინო დანიშნულების ნაგებობის საძირკვლის ქვეშაა მოქცეული. იგი საშუალო ზომის დახშული ტიპის თონეა. ზედა ნაწილი მორღვეულია. აქვს არც თუ ისე სქელი კედელი, რომელსაც გარს აკრავს საშუალო ზომის ქვების, მიწისა თუ დუღაბის საკმაოდ სქელი ფენა. 2010 წელს თურქი არქეოლოგების მიერ კიდევ ერთი თონე იქნა აღმოჩენილი ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში. იგი შედარებით დიდი ზომისაა. მონგრეული აქვს ზედა ნაწილი. აქაც თონის კედლებს გარს აკრავს ქვების, მიწისა თუ დუღაბის ნარევის საკმაოდ სქელი ფენა. როგორც ზემოთაც აღინიშნა, ორი თონე აღმოჩნდა #1 კოშკის შიდა ტერიტორიაზეც. ყველა მათგანი დახშული ტიპის თონეა, რაც იმით უნდა ყოფილიყო გამოწვეული, რომ ციხის შემოგარენი ტყით მდიდარი ტერიტორია იყო. სასულიანი თონეები ისეთ რაიონებში ჩანს გავრცელებული, სადაც ტყე ნაკლებია და საწვავ მასალად ,,წივაა’’ გამოყენებული (დ. ხახუტაიშვილი 1965:25). როგორც აკადემიკოსი გ.ჩიტაია აღნიშნავდა, თონეს გამოყენებასთან დაკავშირებულია თავისებური ფორმის პურის გამოცხობა: გომიჯი, შოთი, ლავაში და სხვა (გ. ჩიტაია 1951:380). ასევე თონე გარკვეული პურის ჯიშებს ახლდა და გარკვეული ზოლის მეურნეობისათვის იყო დამახასიათებელი (ბარი და ზეგანი, დოლის პური, თავთუხი, კევრით ლეწვა და სხვა) (გ. ჩიტაია 1951:376, 380). თონეში პურის ცხობაც, ამავე დროს, წმინდა საქმედ ითვლებოდა.
მსგავსი თონეები ფართოდ ჩანს გავრცელებული საქართველოს სხვა რეგიონებშიც, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ საქართველოში (ვ.ჯაფარიძე, ვ. ართილაყვა 1971:64; გ. ჯაფარიძე 1971:76-77; ლ. მუსხელიშვილი 1954:403-413; გ. ლომთათიძე 1988:17-19; 1968:8). დასავლეთ საქართველოში ჯერ-ჯერობით ისინი აჭარისწყლის ხეობის განვითარებული შუასაუკუნეების ძეგლებზე იქნა ფიქსირებული (იხ. შ. მამულაძე 1993:62-63).
სათლელის ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალაში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა მოპოვებული თიხის კეცებიც. მათი ძირების მიხედვით შესაძლებელი ხდება ორი ჯგუფის გამოყოფა: პირველი ჯგუფის კეცებს – ძირებზე აქვთ მორჩისებური გამონაზარდები, მეორე ჯგუფისა კი სადაა, ისინი სხვადასხვა ზომისაა. მათ აქვთ დაბალი, ოდნავ გადაშლილი გვერდი, მომრგვალებული პირბაკო და ბრტყელი ძირი. ორივე ჯგუფის კეცები დღემდე შემონახულია აქაური მკვიდრი მოსახლეობის ეთნოგრაფიულ ყოფაში. დამზადების ტექნოლოგიისა და ფორმების განვითარების თვალსაზრისით მათში რაიმე ცვლილებები დღემდე არ შეინიშნება.
სათლელის ციხის შიდა ტერიტორიაზე ორმოებში ჩანაყარ დამტვრეულ მასალებში დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი სამზარეულო ჭურჭელი. პირველ რიგში აღსანიშნავია ქოთნები. მათ ახასიათებთ მოშავო-მონაცრისფრო კეცი და ძლიერ გამჭლევებული თიხა. მასალები ფრაგმენტულია, მაგრამ პირის, მხრის, ტანისა და ძირების მიხედვით მათ ფორმებზე მიახლოებითი წარმოდგენის შექმნა მაინც შეიძლება. გამოიყოფა მორჩისებურყურიანი ქოთნები. მორჩისებური ყურები მეტწილად დაძერწილია ჭურჭლის ყელზე, ზოგჯერ პირთან ახლოს. ამ ტიპის ქოთნების დიდ ნაწილს პირ-ბაკო გადაშლილი აქვთ, ნაწილს კიდევ სწორი. საკმაოდ დიდი რაოდენობით გვხვდება ყურიანი ქოთნებიც. მათ ძირითადად ახასიათებთ პირზე და მხარზე, ან პირის სიახლოვეს მიძერწილი მრგვალი თუ ოვალურგანივკვეთიანი ყური. ცალკეული ნატეხებით ჩანს, რომ მათ ჰქონიათ საკმაოდ ფართე პირი, არცთუ ისე მაღალი ყელი, ოდნავ მომრგვალებული ტანი და ბრტყელი მასიური ძირი. გადანაყარ მასალაში გვხვდება უყურო ქოთნების ნატეხებიც. მათი ნაწილის პირი სწორი და სადაა, ნაწილის პირქობა-გადაშლილია. აქვს დაბალი ყელი და ფართო დაქანებული მხრები, მომრგვალებული ტანი და ბრტყელი ძირი. ამ ტიპის ჭურჭლის უმეტესობა მორგვზეა ნაკეთები, მცირე ნაწილი კი ხელითაა ნაძერწი; ბევრი მათგანი ბრტყელძირიანია, თუმცა შეინიშნება ქუსლის გამოყოფის ტენდენცია.
გადანაყარ მასალებში დიდი რაოდენობით გვხვდება დოქებიც. ნატეხების მიხედვით ჩანს, რომ მათში წარმოდგენილია როგორც ტუჩიანი (ნისკარტიანი), ისე მომრგვალებული პირის მქონე ნიმუშები. ზოგიერთი მათგანი შედარებით მოზრდილი ზომის, ხოლო ზოგიერთი კი – მცირე ზომის თხელკედლიანი ჭურჭლებია. ჩანს, რომ აქ აღმოჩენილ დოქებს ჰქონია შემაღლებული ყელი, მომრგვალებული ან ოდნავ წაგრძელებული ტანი, ბრტყელი ძირი და ყური, რომელიც უპირატესად ჭურჭლის ყელსა და მხარზეა დაძერწილი. ამ რიგის მასალებში ჭარბობს ყურის ნატეხები, რომელთა უმეტესობა მასიური და ბრტყელგანივკვეთიანია, არის ოვალურ და ოთხკუთხაგანივკვეთიანი ყურებიც. ზოგიერთი ყურის ბოლოზე ღრმა ჭდეებია გაკეთებული, ზოგიერთზე კი – თითის ანაბეჭდებია დატანილი. გადანაყარ მასალაში გვხვდება წერნაქით მოხატული დოქების ყელის, მხრის, ტანისა და ყურის ნატეხებიც, რომლებიც იმდენად ფრაგმენტულია, რომ დეკორის შინაარსის გარკვევა ჭირს.
ეს წესი უძველესი ეპოქებიდან ფართოდ ჩანს გავრცელებული ამიერკავკასიაში, განსაკუთრებით კი შუასაუკუნეებში (ვ. ჯაფარიძე 1956:19-20; თ. არჩვაძე 1974:174-188; შ. მამულაძე 1993:67-68). სათლელის ციხეზე აღმოჩენილ ზემოთ აღწერილ მასალებს (ქოთნები, ქვევრები, კეცები, დოქები და სხვა) დიდძალი პარალელები მოეპოვება განვითარებული შუასაუკუნეების ხანის საქართველოს ნაქალაქარებსა თუ ნამოსახლარებზე აღმოჩენილ მასალებში და თარიღდება XI-XIII საუკუნეებით.
სათლელის ციხის გადანაყარ მასალებში დადასტურებულია სასმისები, განსაკუთრებით დიდი რაოდენიბითაა ჯამები და ა.შ. სასმისები იმდენად ფრაგმენტულია, რომ მათ ფორმებზე წარმოდგენის შექმნა შეუძლებელია. რაც შეეხება ჯამებს, ისინი შედარებით სრულყოფილი სახითაა შემონახული და შესაძლებელი ხდება მათში რამდენიმე ვარიანტის გამოყოფაც კი, კერძოდ:
ა) ჯამები, რომლებიც შედარებით დაბალია, აქვთ დამრეცი კალთები, შიგნით ჩაზნექილი პირი და ქვემოდან შეღრმავებული მკვეთრად გამოყოფილი ქუსლი.
ბ) ჯამები, რომლებსაც აქვთ ბრტყელი ან მომრგვალებული ბაკო, აკეცილი ვერტიკალური გვერდი, დამრეცი კალთა და მკვეთრად გამოყოფილი შიგნით შეზნექილი ქუსლი. ამ ტიპის ჯამების ნაწილს პირის ქვემოთ აკეცილ გვერდზე შემოუყვება წრიული ღარები.
გ) პირმოყრილი ღრმა ჯამები, რომელთაც აქვთ თანაბრად მომრგვალებული შიგნით გადახრილი პირგვერდი, დამრეცი კალთები და მკვეთრად გამოყოფილი შიგნით შეზნექილი ქუსლი.
დ) ცალკე შეიძლება გამოიყოს ბრტყელძირა ქუსლიანი ჯამები. პირი შიგნითაა ჩაკეცილი, ნაწილს კი – აქვს სწორი პირი.
ე) გვხვდება ჯამები, რომელთათვისაც დამახასიათებელია თხელი დამრეცი, ოდნავპროფილირებული კალთა, მკვეთრად გამოყოფილი შიგნით შეღრმავებული ქუსლი. შედარებით სრულყოფილ ჯამებსა თუ სხვა მასალებზე, რომლებიც გადატანილია თურქეთის რესპუბლიკის ნივთსაცავებსა თუ მუზეუმებში, ბუნებრივია, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება.
ჯამების თიხა ძირითადად მოყავისფროა, არის ლეგა-ნაცრისფერიც. გვხვდება ღია მოვარდისფროც. მათ დიდ ნაწილს ემჩნევა ცეცხლში მოხვედრის კვალი. ზემოთ განხილულ ჯამებს მოეპოვებათ არაერთი ანალოგი საქართველოს თითქმის ყველა თანადროული ძეგლიდან. ისინი ძირითადად შეიძლება XI-XIII საუკუნეებით დათარიღდეს. თუმცა გვხვდება მოგვიანო პერიოდის ნიმუშებიც.
2009 წელს სათლელის ციხეზე ყოფნის დროს შესაძლებლობა მოგვეცა გვენახა ერთფრად თუ მრავალფრად მოჭიქული ჭურჭლის ნიმუშებიც. მათში აბსოლუტური უმრავლესობა ჯამებია (არის თითო ოროლა მოზრდილი ჭურჭლის ფრაგმენტებიც). აქ აღმოჩენილი მოჭიქული ჯამებისათვის დამახასიათებელია სუფთად განლექილი, მოყვითალო ან მოვარდისფრო კეცი. ფორმით თითქმის ერთნაირია – ღრმა, სწორი, ზოგჯერ გარეთ გადაკეცილი ან კიდევ შიგნით ჩაკეცილი პირი. აქვთ გამოყვანილი, არცთუ ისე მაღალი ქუსლი და შიგნით შეწეული ძირი. ჯამები უფრო მეტად საშუალო და მცირე ზომისაა. აღმოჩენილ მასალებში მცირე რაოდენობით გვხვდება ერთფრად (მწვანედ და ყვითლად) მოჭიქული კერამიკა. მათში სჭარბობს მწვანედ მოჭიქული ნიმუშები, რომელთა ანგობით დაფარული შიდა ზედაპირი მოჭიქულია ღია მწვანე ფერის ჭიქურით. როგორც ჩანს, აქაური მეთუნეები, აღმოსავლეთ საქართველოს მსგავსად, ყვითელ ფერს, მხოლოდ როგორც დამხმარეს, იყენებდნენ მწვანე და თეთრ ფერთან ერთად. ამ ტიპის კერამიკა მრავლადაა აღმოჩენილი აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ძეგლებზე და ისინი ძირითადად XI-XII საუკუნეებით თარიღდებიან (მ. მიწიშვილი 1969:23-28; მ. მიწიშვილი 1979:29-30; ვ. ჯაფარიძე 1956:24-28; ზ. მაისურაძე 1953:27-37). სათლელის ციხეზე მოპოვებული ერთფრად მოჭიქული კერამიკაც ექცევა საერთოკავკასიურ, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ქართული მოჭიქული კერამიკის წარმოების ტრადიციების ზოგად სფეროში და ისინიც ამავე პერიოდით უნდა დათარიღდეს.
სათლელის ციხის ტერიტორიაზე მოპოვებულ მასალებში შედარებით დიდი რაოდენობით გვხვდება მრავალფრად მოჭიქული კერამიკა. შესაძლებლობა მოგვეცა მხოლოდ რამოდენიმე ნატეხის გადაღებისა. ისინი უმთავრესად პირის, ტანისა თუ ძირის ნაწილებითაა წარმოდგენილი. მათზე დაკვირვებით ჩანს, რომ ჯამების ზოგიერთი ნაწილის თეთრი ანგობით დაფარულ შიგა ზედაპირზე ცალმაგი, უფრო მეტად კი ორმაგი ხაზებით ამოკაწრულია რომბები თუ ოვალები. ისინი, როგორც ჩანს, ენაცვლებიან ერთმანეთს და ხშირად მოიცავენ ჯამის მთლიან ზედაპირს. გვხვდება ზოგიერთი ნიმუში, როცა ჯამის შიგა პირის ნაწილი როგორც ტანისაგან, ისე ქობისაგან გამოყოფილია ამოკაწრვით შესრულებული წრიული ორმაგი ზოლით და მათი შუა სივრცე დაფარულია ასევე ნაკაწრი ოვალებით, ხოლო ტანი – სპირალური ხვიებითა თუ წრეებით. მათი შიგა ზედაპირი თუ ორნამენტული მოტივების გამმიჯნავი ზოლი შევსებულია მწვანე, ყვითელი და ყავისფერი საღებავით. გამოყენებულია ანგობის თეთრი ფერიც, რის გამოც ჯამი პოლიქრომიული ხდება და დაფარულია გამჭვირვალე ჭიქურით.
ზოგიერთი მათგანის ძირზე დატანილია მხოლოდ სპირალური ხვიები და მათი შიდა თუ სპირალების გამმიჯნავი სივრცე შევსილია ასევე მწვანე, ყვითელი თუ ყავისფერი საღებავებით და დაფარულია გამჭირვალე ჭიქურით. გვხვდება ისეთი ნიმუშებიც, სადაც წამყვანი ჩანს ოვალებისა და წრეების ურთიერთმონაცვლე ორნამეტი. აქაც გამოყენებულია მწვანე, ყვითელი და ყავისფერი ფერები.
ყურადღებას იქცევს რამდენიმე ჯამის ძირი, როდესაც ჭურჭლის ფსკერზე სამმაგი ნაკაწრი ზოლებით დატანილია მრავალკუთხედები (ძირითადად ექვსკუთხედები) და ისინი შემდგომი გაგრძელების კვეთაში იძლევიან სამკუთხედებს. სამკუთხედების შიგნით კი დატანილია წრიული თუ სპირალური ფორმის ორნამენტი. მრავალკუთხედის შიგა სივრცე შევსილია ყვითელი, ხოლო სამკუთხედების – მწვანე, ყვითელი და ყავისფერი საღებავების ურთიერთმონაცვლე ფერებით. ესენიც დაფარულია გამჭირვალე ჭიქურით.
გვხვდება ჯამის ნატეხები, რომელთა შიდა ზედაპირზე დატანილი ორნამენტის სრულყოფილ ფორმაზე წარმოდგენის შექმნა არ შეიძლება. ფრაგმენტებიდან ჩანს, რომ შიდა ზედაპირზე ამოკაწრვა-ამოფხეკის წესით დატანილია სხვადასხვა სახის (ერთმაგი თუ ორმაგი ზოლები, რომბები, სპირალისებური ხვიები, წრეები, ოვალური ფორმის ზოლები და ა.შ.) ორნამენტები. მათი შემკობისას ტრადიციულად გამოყენებულია მწვანე, ყვითელი თუ ყავისფერი ფერები, ზემოდან კი გადავლებული აქვთ გამჭირვალე ჭიქური. მოჭიქული კერამიკის ნატეხებში გვხვდება თითო-ოროლა ფრაგმენტი ბიზანტიური მოჭიქული კერამიკისაც. მათი სიმცირისა და ფრაგმენტულობის გამო ამჯერად მათზე აღარ შევჩერდებით.
სათლელის ციხეზე აღმოჩენილი მრავალფრად მოჭიქული კერამიკა ძირითადად პარალელებს საქართველოს თანადროულ ძეგლებზე აღმოჩენილ მასალებთან პოულობს. დასავლეთ საქართველოს მასალებს შორის მრავალფრად მოჭიქული კერამიკა შედარებით მცირეა, მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოში უმრავლესობას შეადგენენ (მ. მიწიშვილი 1976:40) და აღმოჩენილია სხვადასხვა ძეგლებზე (მ. მიწიშვილი 1969:33-52; ზ. მაისურაძე 1953:27-37; ვ. ჯაფარიძე 1956:28-35). მცირეა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთშიც. ბიზანტიაში კი საერთოდ არაა წარმოდგენილი (მ. მიწიშვილი 1976:30-41). ამ ტიპის კერამიკა თითქმის ყველგან XII-XIII საუკუნეებითაა დათარიღებული. ამავე პერიოდისა ჩანს სათლელის ციხეზე აღმოჩენილი მრავალფრად მოჭიქული კერამიკაც.
ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, გალავნის კედელთან ახლოს, დასტურდება მცირე ზომის ეკლესიის ნაშთებიც. ციხის ამ ნაწილშიც არქეოლოგიური გათხრები დაუწყიათ 2010 წელს. ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით ნაყარი ფენის ნაწილი აუღიათ. აქ ჩანს ზედა საამშენებლო დონის ნაგებობათა საძირკვლები. მათ შორის ეკლესიის მომიჯნავე ტერიტორიაზე შედარებით კარგად დამუშავებული ქვების წყობაც. ჭრილში ისინი საკმაოდ კარგად იკითხება. თუმცა მათი ნაწილი კვლავ მიწითაა დაფარული. ამიტომ ჭირს დადგინდეს აქვთ თუ არა მათ რაიმე კავშირი საეკლესიო ნაგებობასთან. არაა გამორიცხული, იგი ეკლესიის სამხრეთი კედლისა თუ მინაშენის საძირკვლების ნაწილი იყოს. ამ მონაკვეთში გათხრების დასრულების შემდეგ ყველაფერი დაზუსტდება. ამჟამად შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ჩანს, რომ ეკლესია პატარა ზომის დარბაზული ტიპის ნაგებობა იყო. შედარებით კარგადაა შემონახული ჩრდილოეთი კედელი მთელ სიგრძეზე. მისი ზედა ნაწილი მონგრეულია. მაქსიმალური სიმაღლე 3,5 მეტრს აღემატება. ჩრდილოეთი კედლის უკიდურესი დასავლეთი ნაწილისათვის კლდის ბუნებრივი შვერილებიცაა გამოყენებული. შემორჩენილია აფსიდის დიდი ნაწილიც – 5,70 მ სიმაღლემდე. რაც შეეხება ეკლესიის სამხრეთ მხარეს, როგორც ზემოთაც აღინიშნა, დანგრეულია საძირკვლის დონემდე და დაფარულია მიწისა თუ ჩამონგრეული თაღოვანი გადახურვის ნაყარით. კედლებს პერანგები უმეტეს ნაწილში შემოცლილი აქვს. აქა-იქ დარჩენილი ნაშთებიდან ჩანს, რომ მათ მშენებლობაში გამოყენებულია სხვადასხვა ფორმისა და ზომის რიყის თუ კლდის ფლეთილი ქვები. მათი ნაწილი უხეშადაა დამუშავებული. აქა-იქ გვხვდება თლილი კვადრებიც. ეკლესიის თარიღის ზუსტი განსაზღვრა შესაძლებელი გახდება უახლოეს მომავალში, როცა დასრულდება ეკლესიის ტერიტორიაზე დაწყებული არქეოლოგიური სამუშაოები.
საკუთრივ სათლელის ციხე მშენებლობის სტილითა და აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალების მიხედვით შეიძლება XI საუკუნით დათარიღდეს. რაც შეეხება ციხესთან დაკავშირებულ მოსაზრებებს, შედარებით ვრცლად ქვემოთ გვექნება საუბარი.
1.2. წეფთის (უსტამისის) ციხე
უსტამისის (წეფთის) ციხე მდებარეობს შავშეთისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, იმიერხევ-შავშეთის ხერთვისიდან ართვინისაკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს. იგი ცენტრალური გზიდან სოფელ უსტამისის შევლით, სოფლის თავში, ყიშლების დასაწყისშია აგებული. ციხე მეტად ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს. ციხისათვის განკუთვნილი ტერიტორია კარჩხლის მთების მონაკვეთიდან შავშეთისწყლის ხეობისაკენ წინწამოწეული უსტამისის ქედის ყველაზე შემაღლებულ კლდეთა სისტემის თხემზეა დაშენებული. ამ ქედს ორმხრივ, ჩიხორისა და ახრანთხევის ხეობები მიჯნავს დანარჩენი სივრცისაგან. საკუთრივ უსტამისის ქედი სოფლის ამჟამინდელი ყიშლების მონაკვეთიდან ორად იტოტება. ერთი ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩიხორის ხეობამდე ეშვება და უსტამისის ქედის მარჯვენა მხარეა, ხოლო მეორე მონაკვეთი – ახრანთხევამდე, რომელიც ქვემოთ შავშეთისწყლამდე გრძელდება. სოფელი უსტამისი სწორედ ამ ორ ირიბად დაშვებულ ქედებს შორის მდებარე ფერდობზე თუ მოვაკებაზეა გაშენებული. ციხეს იმის გამო, რომ უსტამისის ქედზეა დაშენებული ადგილობრივი მოსახლეობა უსტამისის ციხეს ეძახის. ხოლო იმ ადგილს, სადაც კონკრეტულად ციხეა აშენებული წეფთას ეძახიან. ამიტომ მას ზოგჯერ ,,წეფთის ციხის’’ სახელითაც მოიხსენიებენ. როგორც ჩანს, მართლაც ეს ის ციხეა, რომელიც ისტორიულ წყაროებში და, უპირველეს ყოვლისა, ,,ქართლის ცხოვრებაში’’ ,,წეფთის ციხის’’ სახელით მოიხსენიება.
ციხის ტერიტორიიდან ქედი უცებ მკვეთრად ეშვება ფრიალო კლდეებით შავშეთისწყლისაკენ. იგი თავისი ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო ბატონობს მთელ ხეობაში. იშვიათად თუ მოიძებნება საფორტიფიკაციო ნაგებობა, საიდანაც ასე კარგად ჩანდეს ხეობა ოთხივემხრივ. აღმოსავლეთით შესანიშნავად ჩანს შავშეთ-იმიერხევის წყალგამყოფი ქედი თავისი ხევ-ხუვებითა და სოფლებით. კარგად ჩანს მთლიანი შავშეთის ხეობა სათავეებამდე, არტაანისაკენ გადასასვლელი გზები, არსიანის მთათა სისტემა. ასევე აჭარა-შავშეთის მთების ფერდობებზე შეფენილი სოფლები ალპური საძოვრების ჩათვლით. სამხრეთით მთელი შავშეთ-ბერთის წყლის მარცხენა მხარეს არსებული მთები, ხეობები, სოფლები მთელ სიგრძეზე თითქმის ართვინამდე, იქამდე, სადაც ერთმანეთს ერთვის შავშეთისწყალი და ჭოროხი, ან კიდევ არტანუჯის წყალი და ჭოროხი. მოკლედ რომ ვთქვათ, ციხე თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობით შესაშურ ადგილასაა აშენებული. შეიძლება ითქვას, იგი მთლიანად აკონტროლებს ისტორიული შავშეთის ქვეყანას. იგი აჭარა-შავშეთის და არსიანის მთებით შექმნილ ქვაბულში არსებულ მთელ ტერიტორიას ფარავს და აქცევს თავის სივრცეში. ციხე შავშეთის ქვეყნის ერთიანი თავდაცვის სისტემის ჯაჭვის ძირითადი ნაგებობაა, საიდანაც კარგად მოჩანს შავშეთის ქვეყნის ყველა ძირითადი ციხე.
ციხე ზღვის დონიდან 1876 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მის გეგმას კლდოვანი ზედაპირის კონტურები განსაზღვრავს. იგი სამმხრივ მიუვალია. აქვს ერთადერთი, საკმაოდ რთული მისადგომი ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან. ციხის გალავნის კედლებიდან შედარებით კარგადაა შემონახული სამხრეთ-აღმოსავლეთი მონაკვეთი. აქ დაცული კედლების მაქსიმალური სიმაღლე 8-10 მეტრია. რაც შეეხება ციხის გალავნის კედლის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთს, იგი თითქმის საძირკვლის დონემდეა მორღვეული. ციხე სწორედ ამ მხრიდანაა ყველაზე კარგად ბუნებრივად დაცული და მიუვალიც. შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე 10-15 მეტრია. მათი სისქე სხვადასხვაა და მერყეობს 1 მდან 1,70 მ-ს შორის. ციხეს ჰქონია ორი კოშკი. პირველი მათგანი განთავსებულია ციხის სამხრეთ-დასავლეთით, იგი გალავნის კედლიდან 2,40 მ-თაა წინ გაზიდული და ნახევარწრიული მოყვანილობისაა. კოშკის დანარჩენი ნაწილი გალავნის კედლის შიგნითაა მოქცეული, რომელიც თითქმის საძირკვლის დონემდეა მორღვეული. ჩანს, რომ კოშკში შესასვლელი ციხეს შიგა ტერიტორიის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთიდან უნდა ჰქონოდა. ასე, რომ კოშკში მოხვედრა მხოლოდ და მხოლოდ გალავნის შიდა სივრციდან შეიძლებოდა. კოშკი საკმაოდ დიდი მოცულობის ყოფილა. მისი ზომებია: სიგრძე-7,80 მ წინ გაზიდული ნახევარწრიული მოყვანილობის სივრცის ჩათვლით. სიგანე კი - 6,50 მ-ია. გალავნის შიგნით მოქცეული კედლების სიფართე 1-1,20 მ-ია. რაც შეეხება გალავნის კედელში ჩართულ წინ გაწეულ ნახევარწრიულ კედელს, მისი სისქე 1,70 მ-ს აღწევს.
ციხეს ჰქონია მეორე კოშკიც, რომელიც გალავნის კედლის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთშია ჩართული. იგი ნახევარწრიული ფორმისაა. მისი რადიუსი 5 მ-ს უტოლდება. შემორჩენილი კედლების სიმაღლე აქ 9 მ-ია. საკუთრივ კოშკის მაქსიმალური სიგრძე 7 მ-ს აღწევს, სიგანე კი – 6 მ-ია. აქაც კოშკის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებად გამოყენებულია საკუთრივ გალავნის კედლები. ამიტომაცაა, რომ ისინი შედარებით ფართეა და მათი სისქე 1,60 მ-ს აღწევს. საკუთრივ ამ კოშკის შიგა კედლები, რომლებიც თითქმის საძირკვლის დონემდეა მორღვეული, შედარებით ვიწროა – 1 მეტრი.
ციხის გალავნის კედლების წყობა ძირითადად შედგება გრანიტის მსუბუქად დამუშავებული კვადრებისაგან. წყობა რეგულარულია და შემაკავშირებლად კირხსნარის მკვრივი და სქელი მასაა გამოყენებული. განსხვავებულია სამხრეთ-დასავლეთი კოშკის საპირე წყობა. იგი შედგენილია ვერტიკალურად აღმართული ფიქალებით, რომლებიც ზემოდან და ქვემოდან ისაზღვრება ჰორიზონტალურად განთავსებული ფილაქვებითვე. ერთი შეხედვით გვიანანტიკური ხანის ფსევდოისოდომურ წყობას მოგვაგონებს.
ციხის გალავნის შიგნით მოქცეულ ტერიტორიაზე ქვის თუ დუღაბის დიდი ზომის ფრაგმენტებიდან ჩანს, რომ აქ უნდა ყოფილიყო სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები. ისინი დროთა განმავლობაში დანგრეულა. ზოგიც იქაურ ,,არქეოლოგებს” – განძისმაძიებლებს დაუნგრევიათ. შედარებით კარგადაა დაცული ციხის შიგნით, ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში არსებული ეკლესიის ნაშთები. ნაგებობა უშუალოდ გალავნის კედელს ედგმის. ეკლესია საგრძნობლადაა გადახრილ-დამხრობილი ჩრდილოეთისაკენ. მისი გარე ზომებია: სიგრძე – 5,50 მ; სიგანე – 3,30 მ. შეიცავს საკმაოდ ღრმა ნახევარწრიულ აფსიდას. ეკლესიის შიდა სივრცის ზომებია: სიგრძე აფსიდითურთ 3,80 მ; სიგანე – 2,15 მ. კარი, ყველა ნიშნის მიხედვით, დასავლეთიდან უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამჟამად კარის ღიობი არ შეინიშნება. საკუთრივ ეკლესიის კედლები, ციხის გალავნის კედლების მსგავსად, გრანიტითაა ნაგები კირხსნარის სქელ ფენაზე. აქა-იქ ჩართულია ქვიშაქვის კვადრებიც.
საპირე მხარეს ქვები ჩამოსწორებულია. დასავლეთის, აღმოსავლეთის და სამხრეთის კედლების სიგანე 60 სმ-ია, ხოლო აღმოსავლეთის კედლის სიფართე 1 მეტრია. კედლების საშუალო სიმაღლე 60-70 სმ-ია, ხოლო აფსიდის ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარე 2 მეტრამდეა შემორჩენილი.
ეკლესიას სამხრეთის მხრიდან ედგმის აკლდამა, რომლის იატაკი ეკლესიის იატაკიდან 2,50 მ სიღრმეზეა ჩაშვებული. განძისმაძიებლებს იგი გაუძარცვავთ. აკლდამის დასავლეთ კედელზე შიდა მხრიდან იკითხება, რომ იგი თაღოვანი გადახურვისა იყო. თაღის შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ჩანს, რომ ნაგებობა ბრტყელი ფილაქვებით იყო გამართული. აკლდამის შიდა სივრცის სიგანე 2 მ-ია. ხოლო სიგრძე – 3,50 მ. კედლების სისქე კი – 60 სმ-ია. აკლდამის ჩრდილოეთი კედელი უშუალოდ მიშენებულია ეკლესიის სამხრეთის კედელზე. აკლდამის ინტერიერი კარგად განლექილი სქელი ფენით იყო შელესილი.
ციხის ჩრდილო-დასავლეთით 20-30 მეტრის დაცილებით მდებარეობს ე.წ. ღვინის სახლი – ,,მარანი”. იგი ციხის ჩრდილოეთით მდებარე წოწოლა კლდის ძირშია გამართული. ნაგებობა დამხრობილია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო–აღმოსავლეთისაკენ. იგი წარმოადგენს გრძივ ცენტრალურ ნაწილში ორად გაყოფილ სათავსოს. მისი საერთო სიგრძე შიდა მხრიდან 18,10 მ-ია. მათგან ჩრდილო-აღმოსავლეთი სათავსოს სიგრძე – 7,60 მია, ხოლო სიგანე – 3,60 მ-ია. სამხრეთ-დასავლეთი სათავსოს სიგრძე 10,90 მ-ია, სიგანე – 4,80 მ. ე.ი. შედარებით ფართეა. ორივე სათავსო კამარითაა გადახურული. კამარის წყობა გარკვეული შუალედებით განთავსებულ საბრჯენ თაღებს შორის არის მოქცეული. კამარა ოდნავ შეისრულია. ნაგებობის სამხრეთ-დასავლეთის კედელი მთლიანადაა მორღვეული.
გრძივი ფასადის გარე კედლები არ იკითხება – მიწითაა დაფარული. ნაგებობის სიმაღლე (ინტერიერი) დაახლოებით 3.40 მ-ია. უკეთ არის შემორჩენილი ჩრდილო-აღმოსავლეთის საფასადე კედელი. კედლის სიგანე 85 სმ-ია. ამავე ფასადზეა დატანილი კარის ღიობი, რომელიც ჩრდილოეთ კუთხეშია განთავსებული. მისი სიგანე 1,35 მ-ია, სიმაღლე – 2,10 მ. იგი ამავე დროს თაღოვანია. თაღი შეისრულია. ტიხარი 80 სმ სისქის კედელია და კარის ღიობი, რომელიც სათავსოებს აკავშირებს ერთმანეთთან, ასევე ჩრდილოეთითაა გაჭრილი. მისი სიგანე 1,25 მ-ია. სიმაღლე დაახლოებით 1,20 მ-ია. ჩრდილოეთის მხრიდან იგი არქიტრავითაა გადახურული. არქიტრავის ზომებია: სიგრძე – 1,30 მ, სიმაღლე – 55 სმ. სამხრეთის მხრიდან კი კარის ღიობი თაღოვანია და სიმაღლე დაახლოებით ისეთივეა (1,20). ინტერიერში დიდი სათავსოს კედელში ნიშებიც არის შექმნილი. მათი ზომებია 30X60 სმ. ნაგებობა შიგნით მთლიანად გადათხრილია. მცირე სათავსოში გარღვეულია კედლებიც. როგორც ჩანს, განძისმაძიებლების ნამუშევარია. ნაყარში დიდი რაოდენობით ქვევრის ნატეხები იქნა მიკვლეული. ისინი ფორმით, ორნამენტით საკმაოდ ადრეულები ჩანს. ეს ნაგებობა, როგორც ჩანს, გამოყენებული იყო მარნად. იგი არ შეიცავს სარკმლებს, არც კერასა დ შესაბამისად არც საკვამურს. აღმოსავლეთის მხრიდან თითქოს საგანგებოდაა დაცული კლდის მასივით და სრული საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ აქ მარნის არსებობა.
ციხის შიდა თუ გარე მიმდებარე ტერიტორიაზე აქა-იქ ჩანს მიმობნეული არქეოლოგიური მასალების ნატეხებიც. მათში უმთავრესად წარმოდგენილია დოქების, ჯამების, საოჯახო შინსახმარი კერამიკის, ქვევრების, დერგების პირის, ტანის, მუცლისა თუ ძირის ფრაგმენტები. ისინი იმდენად უსახურია, რომ მათზე დაყრდნობით რაიმე სერიოზული დასკვნების გაკეთება შეუძლებელია.
ციხე საკმაოდ ადრეული ნაგებობა ჩანს. იგი შეიძლება დაახლოებით VIII-IX საუკუნეებით დათარიღდეს. მის შესახებ მწირი, მაგრამ საინტერესო ცნობები გვხვდება წერილობით წყაროებში. მათზე შედარებით ვრცლად ქვემოთ გვექნება საუბარი.
1.3. ხანთუშეთის (ყარაღაჯის) ციხე
არსიანის (იგივე ქვაყრილის) მთებიდან ქვემოთ, ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთაღმოსავლეთისაკენ ეშვება შავშეთის უკიდურეს დასავლეთ მონაკვეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქედი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ხანთუშეთის სახელით მოიხსენიებს.
ქედი, რომელზედაც ციხეა აღმართული, დასაწყისში საკმაოდ მკვეთრად განსაზღვრული რელიეფით ხასიათდება. მისი ორივე მხარე ფრიალო კლდეებითაა წარმოდგენილი კარგა მოზრდილ მანძილზე. იგი ბუნებრივი საზღვარია მთისწინა ზოლში არსებულ ორ დიდ სოფელს – ხანთუშეთსა (ხანლი) და ვერხვნალას (ყარაღაჯი) შორის. ორივე მათგანს აქვს კარგად გაშლილი მდიდარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საძოვრები. ქედი ორი პატარა მდინარის – ხანთუშეთის და ვერხვნალისწყლების წყალგამყოფიცაა. ორივე მდინარე ქედის შუა წელზე არსებულ დადაბლებაზე ერთმანეთს ერთვის და ორი კილომეტრის დინების შემდეგ ფიქალთასწყალს უერთდება. უკანასკნელი კი, თავის მხრივ, შავშეთის წყლის მარცხენა მხარის შენაკადია. ვერხვნალა ხეობის სათავეში შავშეთსა და არტანუჯს შორის ბოლო სოფელია. მისი განაპირა მხარე უშუალოდ არტანუჯ-შავშეთის გამმიჯნავი, ბარევანის ქედის დასავლეთი ფერდობებია. ბარევანის ქედზე არსებულ უღელტეხილზე გადადიოდა სწორედ შავშეთისა და არტანუჯის დამაკავშირებელი ძველი გზაც. ხანთუშეთის ციხე განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს ადგილმდებარეობითა და სტრატეგიული თვალსაზრისით. იგი სწორედ ფრიალო კლდეებით წარმოდგენილი ქედის შუა მონაკვეთში, ყველაზე მიუვალ კლდოვან ბორცვზეა დაშენებული. აქედან შესანიშნავად ჩანს მთლიანი შავშეთის ქვაბული. იგი პირდაპირ გადასცქერის აჭარაშავშეთის ქედზე, კარჩხლის მთებსა და მის ფერდობებზე შეფენილ სოფლებს, მთლიანი იმერხევისა და სათლესწყლის ხეობებს. არსიანის ქედის ძირში და ბარში მთელ სიგრძეზე არსებულ საძოვრებსა თუ ალპურ მდელოებს. ხანთუშეთი, შეიძლება ითქვას, შავშეთის ერთერთი ძირითადი საფორტიფიკაციო ნაგებობაა. იგი პირდაპირ კავშირშია კარჩხალის მთების ძირში კლდის თავზე დაშენებულ წეფთის (უსტამისის), იმიერხევის ხეობაში არსებულ ჩაქველთას, იფხვრელის ციხეებთან, არსიანის ქედის სამხრეთი ფერდობების ძირში არსებულ დაბაწვრულის, ციხისძირის, ქვათეთრისის, ჩართულეთის ციხეებსა თუ კოშკებთან, მთლიანი შავშეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სათლეს ციხესთან და ა.შ. ეს ციხე თავისი ადგილმდებარეობით არა მარტო შავშეთის, არამედ კლარჯეთის ერთ-ერთი მთავარი ციხეცაა. იგი ასევე კარგად მეთვალყურეობს არტანუჯის მთისწინა თუ მთის ზოლს კარგა მანძილზე.
ციხე ამავე დროს აკონტროლებს არსიანის მთებზე არსებული ზეკარებით შავშეთისაკენ თუ არტანუჯისაკენ მიმავალ თითქმის ყველა გზას. ტერიტორია, სადაც ციხეა დაშენებული, კლდოვანი ქედის წინ წაზიდული ნაწილია. მთლიანი ზედაპირი სხვადასხვა ზომისა და ფორმის კლდის შვერილებითაა წარმოდგენილი.
ციხის ფართობი დაახლოებით 600 კვ.მ-ია. იგი სოფელ ხანთუშეთის მხრიდან მიუვალია. ამიტომ იძულებული გავხდით ძეგლს ვერხვნალის მხრიდან მივახლოვებოდით, რომელიც, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ხანთუშეთის ქედსა და არტანუჯ-შავშეთის გამყოფი ბარევანის ქედის შუა ქვაბულშია გაშენებული. ციხეს აქვს ერთადერთი მისასვლელი სოფლის თავში მდებარე ჯორიყანას მიდამოებიდან. აქედან მკვეთრად დაქანებულ ფერდობს მიუყვება 2,5 კმ-ის სიგრძის ძალიან ვიწრო და ძნელად სავალი ბილიკი. მცოცავი ბილიკით მიადგები ქედის ყელს, საიდანაც სამხრეთ-დასავლეთით იწყება ციხის ტერიტორია. ციხის მშენებლებს სწორედ ამ ვიწრო ყელზე დაუშენებიათ ოთხკუთხა ფორმის გარეკუთხეებ მომრგვალებული კოშკი. ასე რომ, ეს ერთადერთი ძნელად მისადგომიც საგულდაგულოდ ჩაუკეტიათ. კოშკი მონუმენტური ნაგებობაა. იგი საკმაოდ კარგადაა დღემდე მოღწეული. მისი საძირკველი უსწორმასწორო კლდოვანი რელიეფის მქონე შვერილებზეა დაშენებული. აღმოსავლეთით, სადაც რელიეფი მკვეთრად დახრილია, ბუნებრივად არსებული უსწორმასწორო კლდე ქვის წყობებითა და დუღაბითაა შევსილ-გამაგრებული. კოშკის საძირკველი ამ მხარეს კლდესთან ერთად ერთ მთლიან მონუმენტურ კედლად გამოიყურება.
კოშკი საკმაოდ მაღალია, იგი დაახლოებით 14 მეტრამდე აღწევს. მისი გარე ზომებია: სიგრძე – 5,90 მ, სიგანე – 5,70 მ. შიდა ზომებიც განსხვავებულია. სიგრძე 3,30 მ-ია, ხოლო სიგანე – 3 მ. ნაგებობას აქვს საკმაოდ სქელი კედლები და იგი 1,30-1,50 მ-ს შორის მერყეობს. კოშკი სამსართულიანი მაინც უნდა ყოფილიყო. დღემდე მოღწეულ კოშკს აქვს თაღოვანი გადახურვის პრინციპზე მოწყობილი სახურავი. ბურჯები აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებს ეყრდნობა. თაღის ქვებისათვის გამოყენებულია კარგად დამუშავებული მოგრძო ფორმის ქვები. რაც შეეხება სახურავის ზედა ნაწილს, იგი სხვადასხვა ზომის ბრტყელი ფორმის ქვებითა და დუღაბითაა დაფარული. კოშკის კედლების მშებენლობაში გამოყენებულია კარგად დამუშავებული საშუალო ზომის ქვები. წყობა რეგულარულია. ციხის გალავნის კედლებიც ამ კოშკიდან იწყება. ციხის საერთო გეგმას აქაც რელიეფი განსაზღვრავს. გალავნის კედლები კლდის გარეკიდეებს მიუყვება და ხშირ შემთხვევაში ქმნის ერთ მთლიანობას. მათი დიდი ნაწილი თითქმის საძირკვლის დონემდეა მორღვეული. აქა-იქაა შემორჩენილი მათი ნაშთები. ჩანს, რომ ისინი იწყება სწორედ ზემოთ აღწერილი კოშკის მიდამოებიდან. გალავნის აღმოსავლეთი კედელი მიშენებული იყო კოშკის ჩრდილოაღმოსავლეთ მონაკვეთში და რელიეფის შესაბამისად მეორე კოშკამდე ქმნიდა ნახევარწრისებურ მორკალებას. იგი მეორე კოშკს ებმის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში. გალავნის კედლლის ეს ნაწილი, მცირე გამონაკლისების გარდა, საძირკვლის დონემდეა მორღვეული.
აქა-იქაა შემონახული მხოლოდ ქვის წყობის მცირე ფრაგმენტები და კლდის შვერილებზე შემორჩენილი დუღაბის ნაშთები. მეორე კოშკის გარეკედლიდან აღმოსავლეთი გალავნის კედელი, როგორც შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ჩანს, ოდნავ შიგნით იხრება და ებმის კლდის ბოლო თხემზე დაშენებულ მესამე კოშკს.
რაც შეეხება დასავლეთი გალავნის კედელს, ისიც პირველ კოშკს ებმის ჩრდილოდასავლეთ მონაკვეთში. კედელი აქაც, კლდოვანი რელიეფის შესაბამისად, გარეთ ჩრდილოდასავლეთით იწევს, თითქმის მთელ სიგრძეზე ქმნის ნახევრადწრისებურ მოყვანილობას და ებმის მესამე კოშკს. მთელ სიგრძეზე აქა-იქაა შემონახული საძირკვლის ნაშთები, ისე, რომ კედლის მიმართულებასა და ფორმაზე წარმოდგენის შექმნა შეიძლება. შემორჩენილი კედლების მიხედვით ჩანს, რომ მათი სისქე 1,20 – 1,30 მეტრს შორის მერყეობს. კელდების შემორჩენილი მაქსიმალური სიმაღლე 3,5 მეტრს აღწევს. მათ წყობაში გამოყენებულია გარეზედაპირ ჩამოსწორებული, მოგრძო ფორმის მოზრდილი თუ საშუალო ზომის ქვები.
ციხის ტერიტორიაზე, ზემოთ აღნიშნული კოშკის გარდა, არის კიდევ ორი კოშკი და წყლის რეზერვუარი. მეორე კოშკი ციხის აღმოსავლეთი გალავნის თითქმის შუა მონაკვეთშია ჩაშენებული. აქ, როგორც შემორჩენილი ნაშთებიდან ჩანს, კოშკისთვის გათვალისწინებული ტერიტორია საკმაოდ მკვეთრადაა დახრილი აღმოსავლეთით. ამიტომ, ციხის მშენებლებს აღმოსავლეთიდან საძირკველისათვის ამოუშენებიათ საკმაოდ მაღალი (3,30 მ) კედელი. აღმოსავლეთი და გვერდითი კედლების ამოშენების ხარჯზე შექმნეს მშენებლობისათვის საჭირო მოედანი. კოშკი თითქმის საძირკვლის დონემდეა დანგრეული. შემორჩენილია კედლების მცირე ნაწილი. ჩანს, რომ იგი ოთხკუთხა ფორმისაა. კოშკი გალავნის კედლის შიგნითაა შეწეული. მისი საერთო სიგრძე 3,50 მ-ია, სიგანე – 3,10 მ. მშენებლობაში აქაც გამოყენებულია არც თუ ისე კარგად დამუშავებული ქვები, თუმცა ქვის წყობის რიგები მეტნაკლებად დაცულია.
მესამე კოშკი მდებარეობს ციხისათვის განკუთვნილი ტერიტორიის უკიდურეს ჩრდილოაღმოსავლეთ მონაკვეთში. იგი ციხის ყველაზე სტრატეგიული ადგილია. მას წინა მხრიდან იცავს ზემოთ აღწერილი ორი კოშკი, გალავნის კედლები და, რაც მთავარია, სამმხრივ (ჩრდილოეთით, დასავლეთით და აღმოსვლეთით) კლდის ფრიალო შვერილები, რომლებიც, ერთი მხრივ, ხანთუშეთის წყლამდე, ხოლო, მეორე მხრივ, სოფელ ვერხვნალამდე ეშვება. კოშკის დასასრულს, საკუთრივ კლდოვან ქედს აქვს უზარმაზარი ღრმა და საკმაოდ ფართო უფსკრული, რომელიც აქედან მტრის შემოღწევის ყოველგვარ შანსს სპობს.
კოშკი საკმაოდ დიდი მოცულობისაა. იგიც გეგმაში პირველი კოშკის მსგავსია. მისი გარე კუთხეებიც მომრგვალებულია. ნაგებობა აქაც თითქმის საძირკვლის დონემდეა მორღვეული. გარე ზომებია: სიგრძე – 7,70 მ, სიგანე – 6,20 მ. შიგა ზომები: სიგრძე – 4,60 მ, სიგანე – 3 მ. კედლის სისქე – 1,60 მ-ია.
ციხის შიგნით, ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთში, გალავნის კედელთან ახლოს, პირველი კოშკისაგან დაახლოებით 9-10 მეტრის დაცილებით არის წყლის მოზრდილი რეზერვუარიც. იგი კლდოვან ქანში საკმაოდ ღრმადაა ჩაჭრილი. რეზერვუარი წრიული ფორმისაა. მისი გვერდითი კედლები ამოშენებულია. მიწის ზემოთ შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე 1,70 მ-ია. რეზერვუარის შიდა ზომებია: 2,20 X 2 მ, კედლის სისქე – 70 სმ-ია. წყლის რეზერვუარის შიდა კედლები დაფარულია საკმაოდ სქელი დუღაბის ფენით.
რეზერვუარი ციხის ყველაზე დაბალ ადგილასაა გამართული, რაც წვიმის წყლების შეგროვების შესაძლებლობას იძლეოდა. ადგილობრივ მცხოვრებთა გადმოცემით, ციხეს სოფელ ხანთუშეთის მხარეს უნდა ჰქონოდა კლდეში გაჭრილი გვირაბიც. თუმცა ციხის ტერიტორიაზე მისი არსებობის კვალს ვერ მივაგენით. კედლების წყობაში გამოყენებულია ბაზალტისა თუ კლდის ფლეთილი ქვები, მათი ნაწილის გარე ზედაპირები უხეშადაა ჩამოსწორებული. გვხვდება მოგრძო შედარებით ვიწრო და ამავე დროს ოთხკუთხა ფორმის საშუალო თუ მცირე ზომის ნიმუშებიც. წყობებს შორის არსებული ღრიჭოები შევსებულია პატარა ზომის ქვებით, რიგები აქა-იქაა დაცული. კუთხეებში კედლების გადაბმისას გამოყენებულია ძირითადად მოგრძო ფორმის შედარებით თხელი ფორმის ქვები.
ციხე მშენებლობის სტილით, ტექნიკითა და კოშკების ფორმებით საკმაოდ ადრეული ნაგებობა ჩანს. შეიძლება ითქვას, იგი ორი ,,ქვეყნის” შავშეთისა და კლარჯეთის (არტანუჯის) საზღვარზე დგას და მეტნაკლებად ერთნაირად აკონტროლებს როგორც ერთი, ისე მეორე რეგიონის უზარმაზარ ტერიტორიებს და აქ გამავალ გზებს. იგი ერთმანეთთან აკავშირებდა მთლიანი შავშეთისა და კლარჯეთის თავდაცვით სისტემებს და საერთო ჯამში ქმნიდა ერთიანი კლარჯეთის ,,ქვეყნის’’ დაცვის საკმაოდ საიმედო სისტემას. ხანთუშეთის ციხე მშენებლობის ხელოვნებითა და ისტორიული რეალიების გათვალისწინებით შეიძლება VIII-IX საუკუნეებით დათარიღდეს.
1.4. ქვათეთრისის ციხე
ციხე მდებარეობს სათლელის წყლის მარცხენა მხარეს მდებარე პატარა მდინარის ფიქალთას წყლის ხეობაში, სოფ. ქვათეთრისში. სოფლის თავზე არსებული მოვაკებული ტერიტორიების ბოლო მონაკვეთიდან რელიეფი რამდენადმე იცვლის სახეს. აქედან ქვემოთ, სამხრეთით იკვეთება არცთუ ისე მაღალი, მაგრამ საკმაოდ მკვეთრი დახრილობის მქონე ფიქალთას ქედი. იგი წყალგამყოფიცაა. ქედის დასაწყისიდან მარცხენა მხარეს სათავეს იღებს პატარა მდინარე, ე.წ. კოშლეთის, ხოლო მარჯვენა მხარეს – ფიქალთას წყალი. ისინი ქედის ძირში დაახლოებით 8-10 კმ-ის დინების შემდეგ სოფ. ქვათეთრისის (თანამედროვე სახელწოდება ქირჩელი, რაც კირიან ადგილს ნიშნავს) ბოლოს ერთმანეთს უერთდება. აქედან კი ერთიან მდინარეს მოსახლეობა ფიქალთას წყალს უწოდებს. იგი შავშეთის წყლის მარცხენა შენაკადია. სოფელი ქვათეთრისი სწორედ ამ პატარა მდინარეების შეერთებამდე, მდ. ფიქალთას წყლის როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა სანაპიროზე არსებულ პატარ-პატარა დავაკებებზე თუ ფერდობებზეა შეფენილი. მდინარეები სოფლის დასასრულს უახლოვდებიან ერთმანეთს და ქმნიან ქედის ბოლო მონაკვეთში საკმაოდ ვიწრო ყელს და ორმხრივ ღრმად ჩაჭრილ ხეობებს. ყელის გაგრძელება კი წარმოადგენს ხეობისაკენ წინ წაზიდულ კლდოვან ბორცვს, რომელიც ყველაზე სტრატეგიული ადგილია ამ მიდამოებში. ადგილობრივ მცხოვრებლებს სწორედ ამ ბორცვზე დაუშენებიათ ციხეც. აქედან შესანიშნავად მოჩანს მთელი შემოგარენი კარგა მანძილზე. იგი პირდაპირ გასცქერის უსტამისის (წეფთის) ციხეს და ერთვება მთლიანი შავშეთ-კლარჯეთის თავდაცვის სისტემაში. ციხე უშუალოდ აკონტროლებდა არსიანის (ყალნუ-ქედზე) არსებულ უღელტეხილებზე კოლა-არტაანიდან გადმომავალ იმ გზას, რომელიც არსიანის მთების სამხრეთ ფერდობებზე ეშვებოდა და ფიქალთას ხეობის გავლით სოფელ ქვათეთრისში უერთდებოდა შავშეთ-არტანუჯისაკენ მიმავალ გზას და ბარევანის უღელტეხილის გადავლით ჩადიოდა არტანუჯში.
ციხე საინტერესოა თავისი ადგილმდებარეობითაც. იგი მდებარეობდა მთისა და ბარის ეკონომიკური რაიონების შესაყარზე, მთისწინა ზოლში. ბუნებრივია, ციხე ბატონობს მთელ ხეობაზე, ასევე მის შემოგარენსა და განსაკუთრებით სოფლის ზემოთ, არსიანის მთების ძირში არსებულ უზარმაზარ სამეურნეო დანიშნულების სივრცეზეც. ასევე მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია უნდა ყოფილიყო მთასთან, საზაფხულო იალაღებთან დამაკავშირებელი გზების მეთვალყურეობაც. როგორც ცნობილია, შავშეთის ყოველი მთავარი ციხე-სიმაგრისა და ამავე დროს მნიშვნელოვანი ტერიტორიის მფლობელი იყო. არაა გამორიცხული, ქვათეთრისი რომელიმე მთავრის რეზიდენცია ყოფილიყო.
ციხე ოთხივე მხრიდან ბუნებრივადაა დაცული. მისი დასავლეთი მხარე ფრიალო კლდეებით მდ. კოშლეთის ღრმად ჩაჭრილი ხეობის ძირამდე ეშვება. რაც შეეხება ჩრდილოეთსა და დასავლეთს, ეს მხარეებიც ციხის მიდამოებიდან კლდოვანი რელიეფითა თუ მკვეთრად დახრილი ფერდობებით ქვემოთ თანდათანობით იშლება მდ. ფიქალთას ნაპირებამდე. შედარებით სუსტადაა დაცული ციხის აღმოსავლეთი მონაკვეთი. ქედი ამ მონაკვეთში თანდათანობით კარგავს მკვეთრ დახრილობას და ტერასისებურად დაბლდება ციხის მისადგომებისაკენ და ქმნის საკმაოდ ვიწრო ყელს იმ შემაღლებულ ბორცვთან მიმართებაში, რომელზედაც ციხეა აშენებული. ციხის მშენებლებს თავის დროზე გაუთვალისწინებიათ ეს და შედარებით სუსტად დაცული ციხის ყელზე დაუშენებიათ საკმაოდ დიდი ზომის წრიული ფორმის კოშკი.
ციხეს მოზრდილი ფართობი უკავია. იგი დაახლოებით 700-800 კვ.მ-ია. ციხის გეგმას მთლიანად ბორცვის რელიეფი განსაზღვრავს. გალავნის კედლები მთელ ფართობზე გარე კიდეებს მიუყვება. ციხის გეგმა არაწესიერი სამკუთხედის ფორმისაა. ციხის აღმოსავლეთ მონაკვეთში, იქ სადაც იგი შედარებით თითქოსდა დაუცველია, როგორც ზემოთაც აღინიშნა, აღმართულია საკმაოდ დიდი მოცულობის წრიული ფორმის კოშკი. მისი შიგა დიამეტრი 5 მ-ია. აქვს საკმაოდ სქელი (1,70 მ) კედლები. კოშკი რამდენიმე სართულიანი უნდა ყოფილიყო. მის მშენებლობაში აშკარად ჩანს ორი საამშენებლო პერიოდი. პირველი საამშენებლო დონის კედლების სიმაღლე 5,4 მ-ია, ხოლო შემორჩენილი მეორე საამშენებლო დონისა – 2,5 მ. ჩანს, რომ თავდაპირველი კოშკის კედლების სიმაღლე გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, მისი ზედა ნაწილი მოანგრიეს და შემდეგ მოგვიანებით დააშენეს ახალი კედლები. პირველი საამშენებლო დონის არქიტექტურაც სრულიად განსხვავებულია მეორისაგან. აქ კედლების წყობაში გამოყენებულია დიდი ზომის (50X70; 80X40; 60X35; 40X25; 20X15 სმ) კარგად დამუშავებული გარე ზედაპირის მქონე ქვები. რიგებს შორის წყობა რეგულარულია. კოშკს შიგნიდან აქვს ორი, ისრისებური ფორმის სათვალთვალო: ერთი მათგანი სამხრეთით და მეორე – ჩრდილოეთით. კედლის სისქის შესაბამისად მათი სიღრმე – 1,70 მ-ია. სიფართე შიგნიდან 50 სმ., სიმაღლე – 60 სმ. ისინი თანდათანობით ვიწროვდებიან ისრისებურად.
შესასვლელი კარი კოშკის ჩრდილო-დასავლეთის კედელშია დატანილი. იგი თანამედროვე ზედაპირიდან 4 მ-ის სიმაღლეზეა განთავსებული. როგორც ჩანს, კარი ასაწევი კიბით იხმარებოდა კოშკის II სართულზე მოსახვედრად. მისი სიმაღლე 2,20 მ-ია, სიგანე 1,20 მ. კარის ღიობის შუა ნაწილის კედლებში დატანილია ურდულისათვის განკუთვნილი ბუდეები. მარცხენა მხარის საურდულე ბუდის სიგრძე 1,60 მ-ია, ხოლო მარჯვენასი – 0,60 მ. პირველი საამშენებლო დონის კოშკის შიდა კედლების წყობაც კარგად დამუშავებული ქვებითაა გამართული. აქაც ისეთივე ფორმისა და ზომის ქვებია გამოყენებული, როგორც გარეთა კედლების წყობაში. წყობის ჰორიზონტალური რიგები აქაც დაცულია, რაც შეეხება კოშკის ზედა ნაწილს (II საამშენებლო დონე), იგი თავისი არქიტექტურით, საამშენებლო მასალით აშკარად მოგვიანო პერიოდისაა.
საკუთრივ დედაციხის გალავნის კედლები საკმაოდ დაზიანებულია. ჩანს, რომ გალავნის აღმოსავლეთი კედლები ორივე მხრივ გარედან უშუალოდ კოშკის შუა ნაწილშია მიშენებული. კოშკის დიდი ნაწილი გალავნის კედლებისაგან წინაა გაზიდული. მისგან სამხრეთით დაშვებული აღმოსავლეთი გალავნის კედლის დიდი ნაწილი (3,2 მ) მორღვეულია საძირკვლის დონემდე. შემორჩენილია მხოლოდ ფუნდამენტის ნაშთები. დანგრეული კედლის შემდეგ მთელს სიგრძეზე შემონახულია 4,5 მ სიმაღლისა და 9,5 მ სიგრძის კედელი გალავნის სამხრეთ კედელთან შეერთებამდე. კედლის საფასადე ქვების დიდი ნაწილი როგორც გარეთ, ისე შიგნით არცთუ ისე კარგადაა დამუშავებული. განატეხში ჩანს, რომ პერანგებს შორის სიცარიელე შევსილია თეთრი ფერის კირდუღაბისა და საშუალო თუ მცირე ზომის ქვების ნარევისაგან. კედლის სისქე ამ მონაკვეთში 0,90-1 მ-ია. ციხის სამხრეთი გალავანი შედარებით სწორხაზოვანია. კარგადაა შემორჩენილი კედლების შეერთების კუთხიდან კედლის დასაწყისი 2 მ-ზე. დანარჩენი ნაწილი (30,5 მ) მთელს სიგრძეზეა მორღვეული. აქა-იქ დაცულია მხოლოდ საძირკვლის ნაშთები.
რაც შეეხება ჩრდილოეთის კედელს, იგი დასაწყისიდანვე, რელიეფის შესაბამისად თანდათანობით გარეთ იხრება. შუა ნაწილში კი – შიგნით იწევა და კოშკს ებმის ცენტრალურ მონაკვეთში. გალავნის ჩრდილოეთი კედლის საერთო სიგრძე 26,5 მ-ია. შედარებით კარგადაა დაცული მისი სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი. აქ შემორჩენილია 8,5 მ სიგრძისა და 3,5 მ სიმაღლის კედელი. მისი გაგრძელება 9 მეტრის სიგრძეზე საძირკვლის დონემდე დანგრეული. შემდეგ კვლავ გვხვდება ცენტრალურ მონაკვეთში 6,5 მ და 2,5 მ სიმაღლის კედელი. აქედან კოშკამდე კი (12 მ-ის სიგრძეზე) მხოლოდ აქა-იქ დაცული საძირკვლის ნაშთებია წარმოდგენილი.
ციხის შიდა ტერიტორიაზე ზედაპირულად შეინიშნება სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებიც. ყველა მათგანი საძირკვლის დონემდეა დანგრეული ისე, რომ არცერთი მათგანის გეგმა არ იკითხება.
ციხე თავისი მშენებლობის სტილით საკმაოდ ადრეული ნაგებობა ჩანს. იგი შეიძლება დაახლოებით IX-X საუკუნეებით დათარიღდეს. შეინიშნება მოგვიანო პერიოდში მისი განახლებისა თუ გამოყენების კვალიც.
1.5. დაბაწვრილის ციხე
ციხე მდებარეობს არსიანის მთების შავშეთის ხეობისაკენ დაშვებული ერთ-ერთი ქედის ძირში არსებულ მოვაკებულ ტერიტორიაზე, სოფელ დაბაწვრილში //დაბაწრულში. სოფლის თანამედროვე სახელწოდებაა მეშელი. აქ არსებული ტერიტორიები საკმაოდ დიდ სივრცეს მოიცავს. სოფლიდან 3 კმ-ში მდებარეობს ე.წ. ყარაგოლის ტბა, რომელიც შავშეთის ცენტრიდან 23 კმ-თაა დაშორებული. იგი არცთუ ისე დიდი ზომისაა. მას დაახლოებით 12-15 ჰა ფართობი უჭირავს. ტბა, როგორც ჩანს, ძირითადად მიწისქვეშა წყლებით იკვებება. მის ირგვლივ რაიმე სერიოზული დასახლება არ ჩანს. გამოყენებულია მხოლოდ საზაფხულო დასავენებელ თუ გასართობ ცენტრად. ტბიდან, რამდენიმე კილომეტრში საზაფხულო იალაღებია. საკუთრივ სოფელი დაბაწრული 7 მაჰალესაგან (უბნისაგან) შედგება. ესენია: თავზეთი, ჭოღაძელარ (ჭოღაძეები), აგარა, მუყალელარ, კობაძელარ (კობაძეები), ხარაძელარ (ხარაძეები), დემირჯილარ (დემირჯები), ყარაბელარ. უშუალოდ ციხე კობაძეთა უბანშია აშენებული. იგი სოფლის ცენტრალური მონაკვეთია. მისთვის შემაღლებული პირამიდისებური ფორმის ბორცვი შეურჩევიათ. აქედან შესანიშნავად მოჩანს მთელი სოფელი, არსიანის ქედის სამხრეთ ფერდობებზე შეფენილი სოფლები თუ ტყიანი ზოლი. იგი ზემოდან გადაჰყურებს მთლიან შავშეთის ხეობას და პარალელურად აკონტროლებს (უყურებს, როგორც შავშეთში იტყვიან) აჭარისაკენ, ფოცხოვისა თუ არტაანისაკენ აქ გამავალ გზებს. ციხე მთისწინა ზოლში არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობაა. როგორც ჩანს, იგი მეთვალყურეობდა აქვე არსებულ საკმაოდ დიდი მოცულობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, საძოვრებს და, რაც მთავარია, ალპურ საძოვრებთან დამაკავშირებელ ძველ გზებსაც. არაა გამორიცხული იგი ამ ტერიტორიების მფლობელი რომელიმე ფეოდალის რეზიდენციაც ყოფილიყო. საკუთრივ ციხემ ჩვენამდე საკმაოდ დაზიანებული სახით მოაღწია. შემორჩენილია კოშკის, გალავნის კედლების, კარიბჭის და დამატებითი დამცავი კედლების მცირე ნაწილი. ბორცვი საკმაოდ ძნელად მისადგომია. მისი ფერდობები წვერიდან მკვეთრად იხრება სოფლის სხვადასხვა მხარეებისაკენ. ბორცვის წვერზე თავის დროზე დაშენებული იყო წრიული ფორმის საკმაოდ დიდი მოცულობის კოშკი. იგი თითქმის საძირკვლის დონემდეა მორღვეული. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით, მის კონფიგურაციასა და ზომებზე წარმოდგენის შექმნა შეიძლება. კოშკის შიდა დიამეტრი 4,5, მეტრია. კედლების სისქე 1,10-1,20 მ-ია. აქა-იქ შემორჩენილი წყობებისა და ნაყარის მიხედვით ჩანს, რომ მის მშენებლობაში გამოყენებული იყო საკმაოდ კარგად დამუშავებული საშუალო ზომის ქვები. წყობაში რიგები მკვეთრად დაცულია (ტაბ. VII, 5,6,10). კოშკს სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან მიშენებული ჰქონდა საკმაოდ კარგად გამაგრებული და არქიტექტურული თვალსაზრისით კარგად გადაწყვეტილი კარიბჭე. იგი კოშკზე მიდგმულია სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან.
კოშკი მინაშენიდან საკმაოდ წინაა გაწეული. სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში – კი უშუალოდ ბორცვის კიდეზეა მიბჯენილი. ციხის მშენებლებს სწორედ ამ მონაკვეთში გაუმართავთ კოშკში შესასვლელი და შესაბამისადაც გაუმაგრებიათ. კერძოდ, კოშკის ამ მონაკვეთში ბორცვის ხარჯზე ჩაუჭრიათ 3,80 მ სიმაღლისა და 8,5 მ სიგრძის თხრილი. შემდეგ კი მთელ სიგრძეზე მიუშენებით საკმაოდ ფართე (1,15 მეტრი) კედელი. კარიბჭის მონაკვეთში ორივე მხარეს ამოუყვანიათ 70 სმ. სისქის და ასევე 3 მ სიმაღლის დამცავი კედელი. იგი ძირითად კედელზეა მიდგმული. დამცავი კედლის შემდეგ, დამატებით, კარიბჭის თაღოვანი გადახურვისათვის ამოუშენებიათ მესამე რიგი კედლისა, რომელიც თავის მხრივ მიდგმულია დამცავ კედელზე. მისი სისქე 1,70 მ-ია. ასე რომ კარიბჭის მონაკვეთში არსებული სამმაგი დამცავი კედელი, რომელთაგანაც ბოლო, თაღოვანი გადახურვისთვისაა განკუთვნილი, რაც ციხის ამ მონაკვეთს საკმაოდ მიუვალსა და საიმედოდ დაცულს ხდიდა. ამჟამად დაცულია მხოლოდ თაღოვანი გადახურვის ნაწილი. უშუალოდ კარის მონაკვეთი თუ როგორ იყო გამართული, არ ჩანს. იგი, ალბათ, კოშკის დონეზე, საკმაოდ მაღლა, პირველ დამცავ კედელში უნდა ყოფილიყო დატანილი. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ჩანს, რომ კარიბჭის გვერდითი კედლები, რომელიც ორივე მხრივ დამოუკიდებლად თუ მინაშენების ხარჯზე იყო შექმნილი, საკმაოდ მაღალი უნდა ყოფილიყო. მათგან კარიბჭის მარჯვენა მხარის კედლის დიდი ნაწილი მორღვეულია და საერთო ჯამში 3,80 მ-ის სიმაღლეზეა დაცული. მისი სიფართე 1,70 მ-ია. სამაგიეროდ შედარებით კარგადაა შემონახული მარცხენა მხარის გვერდითი კედლის ნაწილი. მისი ორივე მხარე, როგორც კოშკის, ისე კარიბჭის მონაკვეთიდან დაზიანებულია. სამაგიეროდ, შემონახულია შუა ნაწილი 2,80 მ სიგრძეზე. გადარჩენილის მაქსიმალური სიმაღლე 7,5 მ-ს აღწევს. სიფართე კი – 1,90 მ-ია. რაც შეეხება კარიბჭის ცენტრალური მონაკვეთის სიფართეს, გვერდით კედლებს შორის 4,70 მ-ია.
ციხეს სამხრეთ-დასავლეთით ბორცვის ფერდობზე მთელს სიგრძეზე ჰქონდა დამატებითი დამცავი კელდების ორი რიგი. ისინი ტერასისებურადაა გამართული. პირველი მათგანი, კარიბჭის მონაკვეთიდან დაახლოებით 7-8 მ-ით იყო დაცილებული. იგი, როგორც შემორჩენილი ნაშთებიდან ჩანს, ბორცვს მთელ სიგრძეზე მიუყვებოდა და კარიბჭის წინ ქმნიდა საკმაოდ დიდ საბრძოლო მოედანს. ამჟამად დაცულია მისი მხოლოდ სამხრეთი მონაკვეთი – 4,5 მეტრის სიგრძეზე. იგი, როგორც ჩანს, საკმაოდ მაღალიც უნდა ყოფილიყო. ზედა ნაწილი მორღვეულია. დაცულის სიმაღლე – 2,80 მ-ია. მეორე რიგი დამცავი კედლისა პირველისაგან 5,6 მეტრითაა დაცილებული და თითქმის ბორცვის შუა მონაკვეთშია გაჭიმული 35 მ-ის სიგრძეზე. ჩანს, რომ იგი თავის დროზე საკმაოდ მაღალი უნდა ყოფილიყო. ამჟამად დაცული კედლების მაქსიმალური სიმაღლე 3 მმდე აღწევს, ხოლო მათი სისქე – 80-90 სმ-ია.
ასე რომ, დაბაწვრულის ციხის არქიტექტურა, რელიეფის სფეციფიკურობიდან გამომდინარე, საკმაოდ ორიგინალურადაა გააზრებული და გადაწყვეტილი. პირამიდისებური ფორმის ბორცვს, რომელიც სამმხრივ საკმაოდ მკვეთრად დახრილი ფერდობებითაა წარმოდგენილი, დამატებით იცავდა ბორცვის წვერზე დაშენებული კოშკი. რაც შეეხება მის სამხრეთ-დასავლეთ კარიბჭის მონაკვეთს, სადაც ფერდობი შედარებით გაშლილია, შეუქმნიათ დამატებითი გამაგრების სისტემები, ბარიერები, რის გამოც ციხე მიუდგომელი ხდებოდა. ციხე თავისი მშენებლობის სტილით საკმაოდ არქაული ჩანს. კედლების შიგა და გარე პერანგებად გამოყენებულია კარგად დამუშავებული საშუალო ზომის ქვები. წყობის რიგები რეგულარულია. პერანგებს შორის სივრცე შევსილია ასევე საშუალო და მომცრო ზომის ქვებითა და თეთრი ფერის კირხსნარით. ნაგებობა შეიძლება, დაახლოებით, VIII-IX სს დათარიღდეს.
1.6. ბარაციხე (ჩაქველთა)
იმერხევის ხეობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განშტოებაა შავშეთისწყლის ხეობისა. ეს რეგიონი საგულდაგულოდ ყოფილა ჩაკეტილ-გამაგრებული და გადაჯაჭვული მთლიანი შავშეთის ერთიანი დაცვის სასიმაგრო ნაგებობათა სისტემასთან. ამ სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბარაციხის (ჩაქველთა, ციხისყელი) საფორტიფიკაციო ნაგებობას.
ჩაქველთას ციხე მდებარეობს მდ. იმერხევის შუაწელზე, მარცხენა მხარეს, მდ. ჩაქველთასწყლისა და იმერხევის ხერთვისში ხეობისაკენ წინ წამოზიდულ, უზარმაზარ შემაღლებულ კლდოვან ბორცვზე. აქედან შესანიშნავად ჩანს როგორც იმერხევისწყლის მთელი ხეობა ოთხივე მიმართულებით, ისე შავშეთისწყლის აუზი კარგა მოზრდილ მანძილზე. იგი პირდაპირ გასცქერის ბაზგირეთისწყლის შუაწელზე მდებარე ხევწრულის, იმერხევის ხეობის სათავის ჩამკეტ იფხვრელის, უსტამისის (წეფთის) და სხვა ციხეებს, რითაც იგი შესანიშნავად ერთვება შავშეთის ,,ქვეყნის” ერთიან თავდაცვის სისტემაში. საკუთრივ ციხე დაშენებულია არსიანის მთების ხეობისაკენ დაშვებული ქედის (მას ადგილობრივი მოსახლეობა ციხისყელსაც ეძახის) ბოლო მონაკვეთში არსებულ ვიწრო ყელის შემდეგ ბუნებრივად შექმნილი კლდოვანი სისტემის ერთ-ერთ წვერზე. იგი ზღვის დონიდან 982 მეტრზეა. ციხის სამხრეთი მონაკვეთი მთელ სიგრძეზე (მდ. ჩაქველთასწყლის მხარე) მკვეთრად დაქანებული კლდოვანი რელიეფითაა წარმოდგენილი და მიუვალია. ასეთივეა დასავლეთი მხარეც. ჩრდილოეთი დამრეცი ფერდობი ქვემოთ თანდათანობით ვაკდება და იმერხევისწყლისაკენ იშლება. რაც შეეხება ციხის აღმოსავლეთ მონაკვეთს, იგი შედარებით დაბალი კლდოვანი ფერდობითაა წარმოდგენილი. ციხეს აქვს ერთადერთი, ისიც საკმაოდ რთული და ვიწრო მისასვლელი გზა ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან. ციხის გეგმა მთლიანად ემორჩილება კლდოვან რელიეფს და მის მოხაზულობასაც ის განსაზღვრავს. ციხე წაგრძელებული ფორმისაა და რელიეფის შესაბამისად ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენაა გაწოლილი. კლდოვანი მასივი, რომელზედაც ციხეა აშენებული ონაგირის ფორმისაა. მის ორ საპირისპირო საერთო რელიეფისაგან ამოზიდულ კლდოვან კონცხზე ორი კოშკია დაშენებული. კოშკებს შორის არსებული სივრცე კი გალავნის კედლებს შიგნითაა მოქცეული. არსებული მონაცემების მიხედვით, ციხის მშენებლობაში ორი საამშენებლო დონე შეიძლება გამოიყოს. ადრეული (IX-X სს) საამშენებლო დონე შედარებით კარგადაა დაცული ციხის სამხრეთი და ჩრდილოეთი გალავნის კედლების შემორჩენილ ნაშთებში. აქ ერთბაშად გვხვდება ორი, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული გალავნის კედლების წყობა. ადრეულისათვის დამახასიათებელია შედარებით რეგულარული წყობა და საგანგებოდ შერჩეული, გარეზედაპირჩამოსწორებული თანაბარი ზომის ქვები. ამასთან მათი შემაკავშირებელი დუღაბის ფერიც სრულიად განსხვავებულია და უფრო მოთეთროა. მათი ნაშთები, რომელიც აქა-იქაა წარმოდგენილი თითქმის საძირკვლის დონემდეა მორღვეული. შემორჩენილი მაქსიმალური სიმაღლე – 40-70 სმ-ს აღწევს. მშენებლობაში გამოყენებულია თეთრი ფერის კირხსნარი. როგორც ჩანს, ციხე, რომელიც ადრე ფუნქციონირებდა, მტრის შემოსევების შედეგად დაინგრა და გვიანშუასაუკუნეებში იქვე აღმართეს ახალი საფორტიფიკაციო ნაგებობა. მისი მშენებლობის ხელოვნებაც სრულად განსხვავდება ადრეულისაგან. აქ ციხის გალავნისა თუ კოშკების მშენებლობისას გამოყენებულია ქვიშა-ქვის, ფიქალის თუ აქა-იქ რიყის დამუშავებული ქვები. ისინი ერთმანეთთან გვერდებით კარგადაა მორგებული და შეკრულია მოვარდისფრო კირხსნარით. ქვის წყობაში რიგები არაა დაცული. ორი სხვადასხვა ეპოქის საამშენებლო დონეები გვხვდება ციხის გალავნის სხვა მონაკვეთებშიც. რაც შეეხება ციხის საერთო გეგმას, იგი არაწესიერი ტრაპეციისებური ფორმისაა და მისი მოხაზულობა, როგორც ზემოთაც აღინიშნა, რელიეფის თავისებურებითაა განპირობებული. მშენებლებს ციხის გეგმა რელიეფისათვის მოურგიათ და ბუნებრივი შესაძლებლობანი, უპირველეს ყოვლისა კლდის ფრიალო შვერილები, რაციონალურად გამოუყენებიათ. მისი შიდა ფართობი დაახლოებით 700-800 კვადრატული მეტრია.
ციხის კომპლექსში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს აღმოსავლეთის კოშკი. იგი ციხის საერთო რელიეფიდან აზიდულ შემაღლებულ კლდოვან კონცხზეა დაშენებული (ზღვის დონიდან 989 მ). იგი ოთხკუხა ფორმისაა, გარედან მომრგვალებული კუთხეებით. კოშკი კუთხეებით ქვეყნის მხარეებისაკენაა მიმართული. იგი მრავალსართულიანი ჩანს. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული. ქვედა სართული კარის ღიობს არ შეიცავს. როგორც ჩანს, მასში შესვლა მეორე სართულიდან შეიძლებოდა, სადაც იატაკის დონიდან 2,80 მ-ის სიმაღლეზე დასავლეთის მხრიდან შექმნილია კარის ღიობი. მისი სიმაღლე 1,40 მია, სიგანე – 82 სმ. კოშკის ქვედა სარტყლის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში დატანილია ვიწრო ღიობი, რომელიც, როგორც ჩანს, სინათლის ერთადერთი წყარო იყო. მას ამავე დროს სათვალთვალო ფუნქციაც უნდა ჰქონოდა. მისი სიმაღლე 45 სმ-ია, სიგანე – 25 სმ. კოშკის შიგნით, ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლებში 2,30 მ-ის სიმაღლეზე დატანილია სართულშუა გადახურვისათვის საჭირო კოჭების ბუდეები. კოშკის შიდა ზომებია: 2,30X1,90 მ; კედლის სისქე კი – 1,80 მ-ია. მთლიანი კოშკის შემორჩენილი ნაწილის მაქსიმალური სიმაღლე – 5,90 მ-ია.
კოშკის დასავლეთით, ციხის საერთო რელიეფიდან შემაღლებულ კლდოვან ბორცვზე დაშენებულია მეორე კოშკიც (ზღვის დონიდან 989 მ). კოშკები ერთმანეთისაგან დაცილებულია 26,5 მეტრით. დასავლეთის კოშკი შედარებით მცირე მოცულობისაა და 3 მეტრით მაღლაა ზღვის დონიდან პირველ კოშკთან შედარებით. ისიც ოთხკუთა ფორმისაა, ოღონდაც გარედან I კოშკის მსგავსად, გარდა დასავლეთის კედლისა, კუთხეები აქვს მომრგვალებული. ეს კოშკიც მრავალსართულიანი უნდა ყოფილიყო. Mმისი პირველი სართულიც არ შეიცავდა კარის ღიობს. მასში შეღწევაც კოშკის აღმოსავლეთით, ციხის შიგნით მოქცეულ კედელში 2,5 მ-ის სიმაღლის შესასვლელით შეიძლებოდა. II სართულის იატაკისათვის 2,40 მ-ზე კედელში დატანილია კოჭებისათვის განკუთვნილი ბუდეები. კოშკის ამჟამად შემორჩენილი მაქსიმალური სიმაღლე 5,20 მ-ია. კედლების სისქე კი – 1,80 მ-ია.
რაც შეეხება ციხის გალავნის კედლებს, ისინი საკმაოდ დანგრეულია. აღმოსავლეთის გალავნის კედლების მოყვანილობა არასწორხაზოვანია. მის ცენტრალურ მონაკვეთში ჩაშენებულია ზემოთ აღწერილი კოშკი. შედარებით კარგადაა დაცული აღმოსავლეთი გალავნის კედლის ის მონაკვეთი, რომელიც კოშკზე ჩრდილო დასავლეთითაა მიშენებული. იგი რელიეფის შესაბამისად კლდოვან ფერდობზე დასავლეთით ეშვება, შემდეგ ქმნის მართ კუთხეს და ჩრდილოეთის გალავნის კედელს უერთდება. მისი ბოლო მონაკვეთი საძირკვლის დონემდეა მორღვეული. რაც შეეხება გალავნის აღმოსავლეთი კედლის სამხრეთ მონაკვეთს, ისიც თავის დროზე კოშკზე იყო მიშენებული. კლდის შვერილებზე შემოჩენილი დუღაბისა და ქვის წყობის ფრაგმენტებიდან ჩანს, რომ კედელი აქაც, რელიეფის შესაბამისად, დაბლა ეშვებოდა და ებმოდა დასავლეთის კედელს. გალავნის კედლის სიფართე ამ მონაკვეთში 1,20 მ-ს არ აღემატებოდა.
გალავნის დასავლეთი კედლის მოხაზულობასაც რელიეფი განსაზღვრავს. შუა ნაწილში აქაც მეორე კოშკია ჩაშენებული. კოშკის ორივე მხარეს მიშენებული კედლებისათვის საძირკვლად სალი კლდის ბუნებრივი შვერილებია გამოყენებული. შედარებით კარგადაა დაცული გალავნის დასავლეთი კედლის ჩრდილოეთი მონაკვეთი. იგი ირიბად ეშვება ქვემოთ და ჩრდილოეთის კედელს ებმის. აქ კედლის წყობის რამდენიმე რიგია შემონახული. მაქსიმალური სიმაღლე 1,20 მ-ს აღწევს. კედლის სიფართე კი – 1 მეტრია. რაც შეეხება კოშკიდან სამხრეთით გალავნის კედლის გაგრძელებას, ისიც უცებ ეშვება ქვემოთ და გალავნის სამხრეთ კედელს ებმის. გალავნის დასავლეთი კედლის ეს მონაკვეთი თითქმის მთლიანადაა დანგრეული. აქა-იქაა შემორჩენილი მხოლოდ საძირკვლის ფრაგმენტები.
ციხის სამხრეთი გალავნის კედელიც არასწორხაზოვანია. მისი ადრეული საძირკვლის ნაშთები, თუ შედარებით მოგვიანო პერიოდის კედლების დიდი ნაწილი უშუალოდ კლდეზე, ხოლო ცენტრალური მონაკვეთი თიხნარ ქანზეა დაშენებული. ეს უკანასკნელი დროთა განმავლობაში ჩამორეცხილა და ბუნებრივია ზედ აღმართული გალავნის კედელიც ჩამოშლილა. ასე, რომ მთელს სიგრძეზე მხოლოდ და მხოლოდ კედლის ნაშთები შემოგვრჩა უკიდურეს დასავლეთ და აღმოსავლეთ კუთხეებში. შედარებით სწორხაზოვანია ციხის ჩრდილოეთი გალავნის კედელი. იგი ამავე დროს შედარებით უკეთაა შემონახული. მის საძირკვლად უმეტესწილად გამოყენებულია კლდის შვერილები, თუმცა აქა-იქ გვხვდება თიხნარ ნიადაგზე დაფუძნებული კედლებიც. გალავნის კედლის ამ მონაკვეთშიც საკმაოდ კარგად შეინიშნება ორი საამშენებლო პერიოდი, თუმცა შემორჩენილი კედლების დიდი ნაწილი II საამშენებლო დონისაა. გალავნის კედელი თითქმის მთელ სიგრძეზე საკმაოდ კარგადაა დაცული. მთლიანად ჩამოშლილია მხოლოდ მისი უკიდურესი აღმოსავლეთი მონაკვეთი 5,5 მ-ის სიგრძეზე. როგორც ჩამონაშალი კედლის მასაზე დაკვირვებით ჩანს, სწორედ აქ უნდა ყოფილიყო შიდა მხრიდან მიშენებული საკმაოდ დიდი მოცულობის წყლის რეზერვუარი. შემორჩენილი გალავნის კედლის მაქსიმალური სიმაღლე 6,6 მ-ს აღემატება, კედლის სისქე 1,20 მ-ს აღწევს.
ციხის შიდა ტერიტორიაზე დაკვირვებით ჩანს, რომ აქ თავის დროზე გამართული უნდა ყოფილიყო სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები. ისინი დროთა განმავლობაში საძირკვლის დონემდეა გასწორებული. დღემდე მოაღწია მეტ-ნაკლებად დაზიანებული სახით წყლის ორმა რეზერვუარმა. მათგან პირველი, როგორც ზემოთაც აღინიშნა, გალავნის ჩრდილოეთი კედლის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში იყო გამართული. წყლის I რეზერვუარი ნახევარწრისებური ფორმისაა. იგი ჩამონაშალი გალავნის კედელთან ერთად იქვე ახლოსაა შემოკავებული. ჩანს, რომ რეზერვუარი შიგა მხრიდან უშუალოდ კედელზე იყო მიშენებული. მისი ამჟამად შემორჩენილი მაქსიმალური სიმაღლე 3,20 მ-ია, დიამეტრიც – 1,30 მ. რეზერვუარის შიგა კედლების ძირი საკმაოდ სქელი (10-15 სმ) კირხსნარის მასითაა დაფარული. მეორე რეზერვუარიც საკმაოდ კარგადაა შენახული. ამჟამად მისი შემორჩენილი მაქსიმალური შიდა სიმაღლე ძირიდან 2,35 მ-ია. მისი დიამეტრიც – 1,30 მეტრი. ამ რეზერვუარის კედლებიც და ძირიც სქელი კირხსნარითაა დაფარული. ორივე მათგანი წვიმის წყლების შესაგროვებლად იყო გამოყენებული.
ციხის შიდა ტერიტორიაზე, როგორც ყველგან, აქაც ჩანს ე.წ. ,,მოხალისე არქეოლოგების” საქმიანობის საკმაოდ ძლიერი კვალი. ამონაყარი მიწის გროვებში მრავლად გვხვდება სხვადასხვა დანიშნულების კერამიკული ნაწარმი. ისინი უმთავრესად ფრაგმენტების სახითაა წარმოდგენილი. მათში ჭარბობს დოქების, სასმისების, ჯამების, ქოთნების, ქვევრების, დერგების თუ სხვათა ნატეხები. გვხვდება თითო-ოროლა ცალი ერთფრად (მწვანედ, ყვითლად) თუ მრავალფრად მოჭიქული კერამიკის ფრაგმენტებიც. ეს მასალები თავისი ფორმებით, დამზადების ტექნიკით ძირითადად XI-XIII საუკუნეებით უნდა დათარიღდეს. თუმცა გვხვდება უფრო ადრეული თუ მოგვიანო პერიოდის ნიმუშებიც.
ციხის არქიტექტურაზე დაკვირვება საშუალებას იძლევა მის მშენებლობაში გამოვყოთ ორი პერიოდი. ადრეული კედლებისათვის, რომელიც შეიძლება IX-X საუკუნეებით დათარიღდეს, დამახასიათებელია შედარებით რეგულარული წყობა და საგანგებოდ შერჩეული გარეზედაპირჩამოსწორებული თანაბარი ზომის ქვები. ისინი დაწყობილია დუღაბის საკმაოდ სქელ ფენაზე. შემაკავშირებელი დუღაბის ფერიც განსხვავებულია და უფრო მოთეთროა. წყობაში ძირითადად გვხვდება 20-25 სმ სისქის ქვები. მისი სიგრძე 25-35 სმ-ის ფარგლებშია. უფრო იშვიათად, ძირითადად კუთხეების გადაბმის ადგილას გვხვდება 40-45 სმ სიგრძის ქვებიც. რაც შეეხება მეორე საამშენებლო დონეს, რომელიც შედარებით მოგვიანო პერიოდისაა, სრულიად განსხვავდება პირველისაგან. ამ ეპოქის გალავნის თუ კოშკების ახლადდაშენებული კედლების გამართვისას ძირითადად გამოყენებულია ქვიშა-ქვის, ფიქალისა თუ აქა-იქ მდინარის რიყის დამუშავებული ქვები. ისინი ერთმანეთთან გვერდებით კარგადაა მორგებული და შეკრულია მოვარდისფრო კირხსნარით. ქვის წყობაში უმეტესწილად რიგები არაა დაცული. ვიწრო ქვები შედარებით ღრმადაა ჩამჯდარი კედელში, რაც უზრუნველყოფს პერანგის და საერთოდ კედლის სიმტკიცეს. განსხვავებულია I და II საამშენებლო დონის ქვების ფერიც და ზომებიც.
რეგიონის ისტორიული პროცესების გათვალისწინებით, არქიტექტურულ და მწირ არქეოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით უნდა ვიფიქროთ, რომ ციხე აქ ჯერ კიდევ საკმაოდ ადრე, დაახლოებით IX-X საუკუნეებში აღუმართავთ. შემდეგში იგი დაინგრა, ხოლო მოგვიანებით, ოსმალთა შემოსევების წინა პერიოდში, კვლავ აღადგინეს. ეს ბუნებრივია, რადგან ციხეს თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ყველა დროში. Mმას ხეობის სათავეში მდებარე იფხვრელის ციხესთან ერთად შეეძლო ჩაეკეტა მდინარის სათავეები და ამავე დროს გაეკონტროლებინა შიდა თუ გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი გზები.
1.7. იფხრეულის ციხე
იფხრეულის ციხე მდებარეობს იმერხევის ხეობის სათავეში, მდინარის მარცხენა სანაპიროზე. ადგილობრივი მოსახლეობა მას იმნიენთის ციხესაც უწოდებს. ხეობა შუა წელს ზემოთ, რაც მაღლა მიდიხარ თანდათანობით ვიწროვდება და მისი ფრიალო, კლდოვანი ფერდობები მდინარის ნაპირებს უფრო და უფრო უახლოვდება. ხეობა სოფ. იფხრეულის მისადგომებიდან შედარებით იშლება და მდინარის მარცხენა სანაპოროზე ქმნის კარგა მოზრდილ შემაღლებულ ტერასას, რომელზედაც თანამედროვე სოფელია გაშენებული. სოფელში არსებული მიწისზედა მატერიალური თუ ნივთიერი კულტურის ძეგლების (ციხე, სახიზარები, ქვის თაღიანი ხიდი, ნასაყდრალი, ქვევრის ნატეხები და სხვა) სიმრავლით დასტურდება, რომ აქ ადრეული ეპოქებიდან, განსაკუთრებით შუა საუკუნეებში, საკმაოდ ინტენსიური დასახლება უნდა ყოფილიყო.
სოფლის შესასვლელში არსიანის მთებიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ მერიდიანულად ეშვება უსახელო ქედი. ეს განშტოება მთავარი ქედისა ვიწრო ყელით უერთდება ხეობისაკენ წინ წაზიდულ შემაღლებულ კლდოვან ბორცვს და ქმნის დიდ ბუნებრივ სიმაგრეს. სწორედ ამ კლდოვან ბორცვზე ზღვის დონიდან 1364 მეტრზეა დაშენებული ციხეც. აქედან შესანიშნავად ჩანს მთელი ხეობა ყველა მხრივ. იგი პირდაპირ გასცქერის აჭარა-შავშეთის, კარჩხლის თუ არსიანის ქედების მწვერვალებს და მათ ფერდობებზე შეფენილ სოფლებს თუ ალპურ საძოვრებს. ციხე ჩართულია შავშეთის ერთიანი თავდაცვის სისტემაში. იგი გაჰყურებს ჩაქველთას, უსტამისის (წეფთის) თუ სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობებს, რომლებიც თავის მხრივ მთლიანი რეგიონის წამყვანი ძეგლებია. შეიძლება ითქვას, იფხრელის ციხე ბატონობს მთელს ხეობაზე და ამავე დროს მის ძირში თუ ზემოთ არსებულ სამეურნეო დანიშნულების საკმაოდ დიდ სივრცეზე. ამასთან ციხის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია უნდა ყოფილიყო მთასთან, საზაფხულო იალაღებთან, ზემო აჭარის სხვადასხვა (სხალთის, მარეთის, უჩამბის) ხეობის და მთლიანად აჭარისწყლის ზღვისპირეთთან თუ ხიხანის ციხის ძირში სამცხე-ჯავახეთისაკენ გამავალი გზების გაკონტროლება.
ციხე რელიეფის შესაბამისად ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენაა დამხრობილი. იგი სამხრივ – აღმოსავლეთით, სამხრეთით და ნაწილობრივ დასავლეთით მიუვალია და ფრიალო კლდეები თითქმის ვერტიკალურად საკმაოდ ღრმად ჩაჭრილი ხეობისაკენ ეშვებიან. ციხეს აქვს ერთადერთი საკმაოდ ვიწრო მისასვლელი ჩრდილო დასავლეთიდან. ციხის გეგმას საკუთრივ კლდოვანი ბორცვის კონფიგურაცია განსაზღვრავს. გალავნის კედლები კლდის გარეკიდეებზეა დაშენებული ისე, რომ კედლები ხშირ შემთხვევაში ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს, ციხის შიდა ტერიტორიის მაქსიმალური სიგრძე 21 მეტრია, სიგანე – 13,5 მეტრი.
ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთი გალავნის კედელი, კლდოვანი რელიეფის შესაბამისად რკალს ქმნის, იგი საკმაოდ დაზიანებულია და ზოგან თითქმის საძირკვლის დონემდეა მორღვეული. შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე 7-8 მეტრს აღწევს, სიფართე კი – 1,20-1,30 მეტრს. შედარებით კარგადაა შემონახული ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი. იგი ტეხილი მოყვანილობისაა. ცენტრალურ ნაწილში კედლები ორ ტეხილ მონაკვეთს შორის რამდენადმე შიგნითაა შეწეული. აქ შემორჩენილი კედლის მაქსიმალური სიმაღლე 8 მ-ს აღწევს, ხოლო მათი სისქე – 0,9-1 მ-ს შორის მერყეობს. კედლის სივიწროვე ამ მხარეს, მისი ბუნებრივი დაცულობით უნდა აიხსნას. აღმოსავლეთის მხრიდან კედლები შედარებით კარგადაა შემორჩენილი. ისინი დიდ სიმაღლეზე აპირკეთებენ კლდოვან მასივს და 15-18 მ-ის სიმაღლეს აღწევენ. დასავლეთი კედლის მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთი მონაკვეთია დაცული. რაც შეეხება მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, იგი საძირკვლის დონემდეა მორღვეული. მის კონფიგურაციაზე წარმოდგენა მხოლოდ კლდის გარეკიდეების მიმართულებისა და აქაიქ შემორჩენილი დუღაბის ფრაგმენტებით თუ შეიძლება ვიქონიოთ.
გალავნის კედლების დიდი ნაწილის წყობა არარეგულარულია. აქა-იქ გვხვდება რეგულარული წყობის ნაშთებიც. საპირე ქვებად გამოყენებულია უხეშად გარეზედაპირჩამოსწორებული სხვადასხვა ზომისა და სიფართის ქვები. დუღაბი მოთეთრო ფერისაა. ციხის შიდა ტერიტორიაზე ნანგრევებს შორის ჩანს სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები. მათგან შეიძლება გამოიყოს ციხის შიდა სივრცეში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, უშუალოდ კედელთან მიშენებული თაღოვანი ნაგებობის ნაშთები. შესაძლოა, იგი აკლდამაც იყოს. მისი თაღი რამდენადმე შეისრული მოყვანილობისაა.
ციხე შეიძლება დაახლოებით IX-X საუკუნეებით დათარიღდეს. თუმცა არაა გამორიცხული მისი მოგვიანო პერიოდში შეკეთება-გამაგრება და შესაბამისად გამოყენებაც კი.
სოფლის შუა ნაწილში, იქ სადაც აქაური მცხოვრებლების მეჰმედ ქესკინის, ჰასან თურანის, ოსმან ავჯის და სხვათა მიწის ნაკვეთებია, არის მონოლითური ქვებისაგან ნაგები სახიზარები. ვიზუალურად კარგად ჩანს ის ნაგებობა, რომელსაც ცენტრალური შესასვლელი მეჰმედ ქესკინის ეზოს მხრიდან აქვს. კედლების მიხედვით ჩანს, რომ იგი საკმაოდ დიდი მოცულობისაა და სოფლის თავში არსებული დამრეცი ბორცვის ძირშია მიდგმული. მისი კედლები სამმხრივ (აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთით) კარგად ჩანს, რაც შეეხება ჩრდილოეთ მხარეს, მას ფერდობი ფარავს. ნაგებობა წრიული ფორმის ჩანს. მისი კედლები საკმაოდ მაღალია. მაქსიმალური სიმაღლე 5-6 მეტრს აღწევს. კედლების წყობაში გამოყენებულია დიდი ზომის რიყის ქვები. სახიზარის დიდი ნაწილი საკმაოდ დიდ ფართობზე სწორია, ნაწილი ფერდობის სიღრმეშია შეჭრილი და არ ჩანს. ნაგებობას აქვს ერთადერთი შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდან. შესასვლელის მარჯვენა მხარის ორი, ხოლო მარცხენასი სამი რიგი ნაგებია განსაკუთრებით დიდი ზომის ქვებით. მისი კამარა (სისქე – 60-70 სმ) თაღოვანი გადახურვისაა. სიმაღლე ძირიდან 2,7-3 მ-ს აღწევს, მთლიანი შესასვლელი მონაკვეთის სიგრძე 5 მ-ია, სიფართე – 3,70 მ. ცენტრალური შესასვლელიდან 5 მეტრის სიღრმეში, ჩამკეტი კედელი ასევე დიდი ზომის ქვებითაა ამოყორილი. მის მარჯვენა მხარეს დატანილია შედარებით პატარა ზომის კარი. ეს სივრცე კარისა, ამჟამად ჩამოწოლილი ქვებითაა შევსილი. ადგილობრივთა გადმოცემით, ადრე ამ კარით საკმაოდ ღრმად შეიძლებოდა შიგნით შესვლა. ქვის წყობები შიგნითაც გრძელდებოდა. ცენტრალური შესასვლელის გვერდითი კედლები საკმაოდ ფართოა. მისი სისქე გარეპირთან 1,5-2 მ-ია. როგორც კედლების, ისე თაღოვანი გადახურვის მონაკვეთში გამოყენებულია 60-70 სმ სიგრძისა და 20-25 სმ სისქის ქვები. ისინი თაღიანი ხიდების მშენებლობის პრინციპზეა დალაგებული. მსგავსი სახიზარები ბევრია სოფელში. ნაგებობის კედლებისა თუ ცენტრალური შესასვლელი მონაკვეთის კედლების წყობაში დუღაბი არაა გამოყენებული. ნაგებობა საკმაოდ ადრეული ჩანს.
მოსახლეობის ინფორმაციით, სოფელში ეკლესიაც უნდა ყოფილიყო. იმ ადგილს, სადაც ეკლესიის არსებობაზე მიუთიებენ, ნასაყდრალს უწოდებენ. ტერიტორიის დათვალიერებით ზედაპირულად არაფერი არ ჩანს. მიწის დიდი ნაწილი ამჟამად სიმინდის თუ ლობიოს ნათესებისათვისაა გამოყენებული.
სოფლის ბოლოს, იქ საიდანაც ჩირუხისაკენ თუ აჭარის სხვა სოფლებისაკენ გზები მიემართება, არის კარგად დაცული ქვის თაღიანი ხიდიც. მას ადგილობრივი მოსახლეობა ,,ტაშქოფრის”, იფხრევლის ხიდს უწოდებს. მის შესახებ სხვა ადგილას გვექნება შედარებით ვრცლად საუბარი.
სოფელ იფხვრელში სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების კონცენტრაცია შემთხვევითი არაა. ჩანს, რომ სოფელი ადრეულ ეპოქებში და განსაკუთრებით შუა საუკუნეებში, საკმაოდ ინტენსიურად ყოფილა დასახლებულ-ათვისებული. აქ არსებული ციხის გეოგრაფიული მდებარეობა მკაფიოდ გვიჩვენებს მისი წარმოქმნის ეკონომიკურ საფუძველს. მას გაბატონებული მდგომარეობა ეკავა ხეობის სათავეში არსებულ საკმაოდ მოზრდილ ველზე, მთისწინა ზოლის მდიდარ საძოვრებზე და რაც მთავარია სოფელთან ახლოს მდებარე საზაფხულო იალაღებზე, რომელთაც მესაქონლეობის განვითარებისათვის საარსებო მნიშვნელობა ჰქონდა. ციხე, რომელიც სოფელს ზემოდან გადმოჰყურებს., კეტავს მთლიანად ხეობას სათავეებში. იგი შესანიშნავად აკონტროლებს აქ გამავალ ცენტრალურ ტრასას, რომელიც ერთი მხრივ ს. ივეთისა და ფაფართის უღელტეხილით გადადიოდა გოგაძეებში, უჩამბის (სამოლეთის)წყლის ხეობით ეშვება ოქროპილაურის ციხემდე, ხოლო შემდეგ უერთდება აჭარისწყლის ხეობაზე გამავალ ცენტრალურ ტრასას. ამ ტრასას აკონტროლებდა საკუთრივ იმერხევის ხეობაში არსებული ჩაქველთას და ხევწრულის გარდა, აჭარა-შავშეთის ქედს გადმოღმა უჩამბისწყლის ხეობაში არსებული ცინარეთისა და ოქროპილაურის ციხეებიც. იგი ერთ-ერთი უმოკლესი გზა იყო აჭარისწყლის ხეობის შუა წელის მოსახლეობის შავშეთთან და შემდეგ არტანუჯთან დაკავშირებისა. მეორე მხრივ ხეობის სათავეებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა გადავიდოდა ჩირუხში და იქედან ცნობილი ხიხანის ციხის ძირში, ან კიდევ კალოთისწყლის დაყოლებით ციხისყელისა და ვარდციხის მიდამოებში უერთდებოდა ბათუმ-ახალციხე-არტაანის ცენტრალურ ტრასას. ჩირუხიდან მარეთისწყლის ხეობით დარჩიძეების (გოგოლაურის) ციხის ძირში გავლით ასევე შეიძლებოდა შუახევში, აჭარისწყლის ხეობაში გამავალ ცენტრალურ არტერიასთან დაკავშირება. ასე, რომ იფხრევლის ციხე ჩაქველთას, თუ სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობებთან ერთად, არამარტო ახორციელებდა კონტროლს აქ გამავალ მაგისტრალზე, არამედ ამ გზით დაკავშირებულ მხარეებზეც.
1.8. ხევწრულის ციხე
ციხე იმერხევისწყლის მარჯვენა შენაკად ბაზგირეთის ხეობაში, სოფელ ხევწრულშია აშენებული. აქაც, როგორც მთლიანად შავშეთში, მოსახლეობა თავისი სოფლის სახელწოდებით მოიხსენიებს მდინარეების სახელწოდებას. ისე კი, როგორც ჩანს, მთლიანად ამ ხეობას, ბაზგირეთის ხეობა ჰქვია. ბაზგირეთია სწორედ ხეობის სათავეში და ამავე დროს ყველაზე დიდი სოფელიც. მისი სახელი გამოჰყვა მდინარესაც და, შესაბამისად, ხეობას ბოლომდე. რაც შეეხება ხევწრულს, იგი ბაზგირეთის მარცხენა მხარეს მდებარეობს. ციხეც სოფლის განაპირა მხარეს ზღვის დონიდან 1452 მეტრზე, ხეობისაკენ წინ წაზიდული კლდის თხემზეა დაშენებული. ხეობა განსაკუთრებით ამ მონაკვეთში ღრმადაა ჩაჭრილი და ამავე დროს ვიწროცაა. არაა გამორიცხული სოფლის სახელწოდებაც (ხევწრული) სწორედ თვით ხეობის ხასიათიდან მომდინარეობდეს. ციხის გეგმას თვით კლდის რელიეფი განსაზღვრავს. იგი წარმოადგენს ოვალური მოყვანილობის ზედაპირს, რომელიც განაპირობებს ციხის კონფიგურაციას. თხემის სიგრძე – 10,50 მეტრია, ხოლო სიგანე – 8 მეტრი. მთლიანი ციხის შიდა ფართობი დაახლოებით 80-90 მ2-ია. შედარებით კარგადაა შემონახული ციხის აღმოსავლეთი, ნაწილობრივ სამხრეთი და ჩრდილოეთი გალავნის კედლების ნაშთები. დანარჩენი თუ მხედველობაში არ მივიღებთ აქა-იქ დაცული კედლების ფრაგმენტებს, თითქმის საძირკვლების დონემდეა მორღვეული. ციხე სამმხრივ – სამხრეთით, დასავლეთით და ნაწილობრივ აღმოსავლეთით მიუვალი იყო. რაც შეეხება ჩრდილოეთსა და ჩრდილოაღმოსავლეთი კედლის ნაწილს, სადაც ციხის კონცხი ქედთან ვიწრო ყელითაა მიბმული, შედარებით სუსტადაა დაცული. ციხის მშენებლებს ეს თავის დროზე კარგად გაუთვალისწინებიათ და შესაბამისად გალავნის კედელი აქ ორმაგი წყობით გაუსქელებიათ და საგულდაგულოდ გაუმაგრებიათ. კედლის სისქე ამ მონაკვეთში 2,40 მ-ს აღწევს. აქვე დაუტანებიათ ორი სათვალთვალო ღიობი. მათგან ერთერთი ისრისებური ფორმისაა. იგი დასაწყისში შედარებით ფართო და მაღალია (40X50სმ), გარეთ თანდათანობით ვიწროვდება. შედარებით ყველაზე კარგადაა მოღწეული ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი. აქ გალავნის კედლები უშუალოდ ბაზგირეთისწყლამდე დაშვებული ფრიალო კლდის თავის შვერილებზეა დაშენებული, ისე რომ კლდე კედლებთან ერთად ქმნის მწყობრ გამაგრებულ, მიუვალ მთლიანობას. კედლები აქ კლდის შვერილების შესაბამისად სხვადასხვა სიმაღლისაა. ცენტრალურ მონაკვეთში დღემდე შემორჩენილი კედლის მაქსიმალური სიმაღლე 11 მეტრს აღემატება. სისქე კი – 1,20 მეტრია. რაც შეეხება ციხის სამხრეთი მონაკვეთის დიდ ნაწილს და დასავლეთი კედლის სამხრეთ მონაკვეთს, თითქმის საძირკვლის დონემდეა დანგრეული. შემორჩენილი ფრაგმენტებისა და კლდის შვერილებზე დარჩენილი დუღაბის ნაშთების მიხედვით შესაძლებელი ხდება გარკვეული წარმოდგენა ვიქონიოთ ციხის ამ მონაკვეთის კედლების კონფიგურაციაზე. გალავნის კედელი სწორედ ამ მონაკვეთში ქმნიდა ნახევარწრისებურ მორკალებას, შემდეგ კი ვრცელდებოდა სწორხაზოვნად ჩრდილოეთით. საკუთრივ ციხის დასავლეთი კედლიდან ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ მცირე ნაშთებმა. შემორჩენილი მაქსიმალური სიმაღლე 1,70 მეტრია. პერანგშემოცლილი კედლის სისქე კი – 80 სანტიმეტრია. დასავლეთით კედლის ჩრდილოეთი მონაკვეთი და ჩრდილოეთი კედლის დიდი ნაწილი მთლიანად დანგრეულია. ციხეს ემჩნევა მოგვიანო პერიოდში გამოყენების კვალიც. ეს კარგად ჩანს გალავნის კედლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დღემდე მოღწეული ნაშთებითაც. სწორედ აქ შეინიშნება ადრეულისაგან სრულიად განსხვავებული მშენებლობის ტექნიკა. დაცულია მოვარდისფრო ქვითკირისა და დაუმუშავებელი, სხვადასხვა ზომის ქვებისაგან შექმნილი კონტრფორსების მსგავსი შესქელებანი. მისი დიდი ნაწილიც ამჟამად დაზიანებულია. რაც შეეხება ციხის ძირითადი ნაწილის კედლების მშენებლობის ხელოვნებას, იგი არქაული ხასიათისაა. წყობაში გამოყენებულია საშუალო ზომის (30X30სმ) კვადრები. მათი საფასადო გარე ზედაპირი საკმაოდ კარგადაა დამუშავებული. წყობა რეგულარული ხასიათისაა და გამოყენებულია თეთრი ფერის კირხსნარის საკმაოდ სქელი მასა.
ციხის შიდა ტერიტორიაზე შეინიშნება სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებიც. ისინი საძირკვლის დონემდეა მორღვეული. მათი ფრაგმენტები აქა-იქ ჩანს განძისმაძიებელთა განათხარ ფენებში. ვფიქრობთ, ციხე თავისი მშენებლობის ტექნიკით საკმაოდ ადრეული ეპოქებით, კერძოდ IX-X საუკუნეებით უნდა დათარიღდეს. თუმცა ჩანს მისი მოგვიანო პერიოდში გამოყენებისა და შესაბამისად აქა-იქ მისი აღდგენისა თუ გამაგრების კვალიც.
ციხე, როგორც ჩანს, მეტნაკლები დატვირთვით ყველა დროში ფუნქციონირებდა. მისი ძირითადი დანიშნულება უნდა ყოფილიყო ბაზგირეთისწყლის ხეობის ბოლო მონაკვეთის ჩაკეტვა. ხეობა სათავეებში ალპური მდელოებითა და საკმაოდ რთული ბუნებრივი რელიეფით ისედაც კარგად იყო დაცული. ციხე უზრუნველყოფდა ბაზგირეთისა და იმერხევის წყლების შესართავიდან ალპურ მდელოებამდე არსებული საკმაოდ დიდი მონაკვეთის გაკონტროლებას, დაცვას.
ასევე ციხის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია უნდა ყოფილიყო აქ გამავალი გზების კონტროლიც. იგი უშუალოდ გადაჰყურებდა და კეტავდა იმ გზას, რომელიც იმერხევისა და ბაზგირეთისწყლების ხერთვისიდან იწყებოდა, გაივლიდა სოფლებს უბეს, დაბას, ხევწრულს, ბაზგირეთს, გამეშეთს და ადიოდა საზგირელზე, სადაც ალპური საძოვრებია. თავის მხრივ საზგირელი ის წყალგამყოფი ქედია (ზღვის დონიდან 2357 მ), საიდანაც საკმაოდ ბევრი მდინარე იღებს სათავეს. მათი დიდი ნაწილი ერთვის შავშეთის, ნაწილი კი – იმერხევის წყლებს. შესაბამისად ეს ის ადგილია, სადაც სხვადასხვა მიმართულებით გადიოდა ძველი გზებიც. შეიძლება ითქვას, იგი გზების საყარიცაა და გასაყარიც. ამ მიდამოებშია დღემდე ექვსამდე სოფლის აილებიც. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სწორედ საზგირელის მთის ამ მონაკვეთში არსებულ მოვაკებულ ტერიტორიაზე ყოფილა აშენებული X-XI საუკუნეების საკმაოდ მოზრდილი საეკლესიო ნაგებობა, რომლის ნაშთებმაც ჩვენამდე მოაღწია. იგი იალაღებზე ამომსვლელთათვის, ან კიდევ სხვადასხვა მხრიდან მოსულ თუ წამსვლელ მგზავრთათვისაც უნდა ყოფილიყო გამოყენებული. საზგირელის (ადგილობრივი მოსახლეობა მას ქილისესერსაც ეძახის) სტრატეგიულ მნიშვნელობაზე წარმოდგენა რომ ვიქონოით, მოკლედ შევეხებით ზოგიერთ იმ გზას, რომლებიც აქ გაივლიდა სხვადასხვა მიმართულებით.
საზგირელიდან ერთ-ერთი გზა გადადიოდა მაჭახლის ხეობისაკენ. აქედან მგზავრს უნდა გაევლო ლეკობნი სერი (ქედია), უნდა ჩასულიყო ხერთვისისა და ქვაბითავის აილებში, შემდეგ უნდა ასულიყო ინაწმინდის სერზე, საიდანაც ეშვებოდა ლოდივაკეში (მაჭახლელების ყიშლა), აქედან ჩადიოდა ს. ჩუგათში (ამჟამად იქ 9-10 კომლი ცხოვრობს), ეფრატში, ქვაბითავით გადიოდა ს. ხერთვისში, ადიოდა ზედვაკეში, გაივლიდა სოფლებს: აკრიას, მინდიეთს და აგრძელებდა გზას მაჭახლისწყლის ხეობის იმ ნაწილით მდ. ჭოროხამდე, რომელიც ამჟამად საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაშია. ეს გზა უერთდებოდა იმ ტრასას, რომელიც ისტორიულ ტაო-კლარჯეთს აკავშირებდა ზღვისპირეთთან.
საზგირელიდან მეორე გზა ეშვება კარჩხლისწყლის ხეობით ართვინისაკენ. მგზავრს უნდა ჩაევლო ჯანჯირა აილით (ბაზგირეთლების აილა), ჩავლიეთი (ციხისხეველების ყიშლა), კარჩხალი (ბაზგირეთლების უბანი), შაინას ახოში (დიდვენახის უბანი) და პირდაპირ ჩადიოდა კარჩხლისწყლის შესართავთან ცენტრალურ ტრასაზე, საიდანაც ართვინი ახლოსაა.
საზგირელზე გაივლიდა გზის ის მონაკვეთიც, რომელიც აქაურობას აკავშირებდა უსტამისის (იგივე წეფთის) ციხის ჩავლით შავშეთ-არტანუჯთან დამაკავშირებელ ცენტრალურ ტრასასთან. საზგირელიდან უნდა გასულიყო მგზავრი დედოფალ ავაზანაზე (აქაურთა გადმოცემით თამარა დედოფალი იქ გადიოდა და სვამდა ცივ წყალს), იქედან კი საბუზარა სერით უსტამისურ აილაში, ჩაივლიდა უსტამისის ყიშლებს, ზეგანს, ციხის მიმდებრე ტერიტორიას (წეფთას) და სოფელ უსტამისით დაეშვებოდა ცენტრალურ ტრასაზე.
საზგირელის მიდამოებიდან იღებს სათავეს ჩიხორის წყალიც (მას მეორენაირად ბასილათწყლის ხეობასაც უწოდებენ). აქ თეთრაქეთის, ვარდიყანის, ბერიეთის, წყურიეთის, ჭალათის, დიდჩიხორის, მახრიეთის, ჭედრულის და შარაბულის გავლით გადიხარ შერთულს, საიდანაც ასევე შეიძლებოდა სხვადასხვა მიმართულებით წასვლა. ასე რომ, საზგირელი (ქილისე სერი), რომელიც ბაზგირეთის ხეობის სათავეში მდებარე ადგილია, მეტად მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პუნქტია. აქედან პირდაპირ მოჩანს უსტამისის ციხე, მეორე მხრივ მთელი ბაზგირეთის ხეობა და ბუნებრივია ხევწრულის ციხეც. ხევწრული კი პირდაპირ გასცქერის ჩაქველთას ციხეს. ჩაქველთა კი იმერხევის ხეობის ერთიანი თავდაცვითი სისტემის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ქვემოთ უსტამისის (წეფთის) ციხესთანაა დაკავშირებული. უსტამისი კი თავის მხრივ შავშეთ-იმიერხევის ერთიანი თავდაცვითი სისტემის ჯაჭვის ძირითადი რგოლი და დედა ციხეა. ხევწრულის საფორტიფიკაციო ნაგებობაც ზემოთ დასახელებული ციხეების მეშვეობით, ჩართული იყო მთლიანი რეგიონის ერთიან თავდაცვის სისტემაში.
* * *
შავშეთის ციხეების განლაგების მიხედვით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მათ შეეძლოთ უზრუნველეყო მთლიანი ,,ქვეყნის” თავდაცვა. ყველა ციხე ერთიანი თავდაცვითი სისტემის ჯაჭვზეა ასხმული. არა თუ მთლიანად რეგიონს, არამედ ცალკეულ ხეობებსაც კი თავისი თავდაცვითი სისტემა გააჩნდა. ისინი თავის მხრივ ჩართულნი იყვნენ ქვეყნის ერთიანი უსაფრთხოების ქსელში. მაგალითისათვის შეიძლება დავასახელოთ იმერხევის ხეობა, რომელიც მთელ სიგრძეზე იმერხევ-შავშეთისწყლის ხერთვისიდან მოკიდებული სათავეებამდე საგულდაგულოდაა ჩაკეტილ-გამაგრებული. ხეობის შესავალს, კარებს სინკოთის ციხე-კოშკთან ერთად კარგად აკონტროლებდა კარჩხლის მთისწინა ზოლში მდებარე წეფთის (უსტამისის) ციხე, საიდანაც შესანიშნავად ჩანს იმეხევის შუაწელზე მდებარე ჩაქველთას (იგივე ბარაციხე) და ხეობის სათავეში მდებარე იფხრევლის ციხეები. თავის მხრივ ჩაქველთას ციხე წარმოადგენდა იმ რგოლს, რომელთანაც მჭიდროდაა დაკავშირებული იმერხევის მარჯვენა შენაკადის, ბაზგირეთისწყლის ხეობის თავდაცვის სისტემაც. ბაზგირეთის ხეობის დასაწყისში არსებული ხევწრულის ციხე აკონტროლებდა ბაზგირეთ გამიშეთზე საზგირელისაკენ გამავალ გზებს, საიდანაც ისინი სხვადასხვა მიმართულებით იქსაქსებოდა. იგი ამავე დროს კეტავდა მთლიანად ხეობას და ჩაქველთას ციხესთან ერთად ერთვება მთლიანი იმიერხევისა და საერთოდ შავშეთის ,,ქვეყნის” ერთიანი თავდაცვის სისტემაში. თავის მხრივ ჩაქველთას ციხე სტრატეგიული ადგილმდებარეობით შესანიშნავად მეთვალყურეობდა არა მარტო ხეობის შუაწელს, არამედ ხეობის სათავეებისაკენ თუ განსაკუთრებით იმიერხევის მარცხენა შენაკად ყვირალის ხეობაზე გამავალი გზის დასაწყისს. იგი ამავე დროს უშუალო კავშირში იყო ყვირალას და საკუთრივ იმიერხევის წყლების სათავეებში არსებულ გარყლობისა და იფხვრელის ციხეებთან, რომელთა ძირითადი ფუნქციაც უნდა ყოფილიყო იქ არსებული სამეურნეო სივრცეების, უპირველეს ყოვლისა მთისა და ბარის თუ მეზობელ რეგიონებთან აჭარის სხვადასხვა (სხალთის, კალოთის, მარეთის და უჩამბის წყლების) ხეობებთან თუ ხიხანის ციხის ძირში მდებარე სოფ. ბაკოზე ახალციხე, არტაან, ფოცხოვ, სამცხესთან ან კიდევ სხალთის, ხოლო შემდეგ აჭარისწყლის ხეობებით ზღვისპირეთისაკენ მიმავალი გზების გაკონტროლებაც.
გარყლობის ციხეს სხვა ფუნქციაც ჰქონდა. სწორედ აქედან იწყება შავშეთის ვაკე ნაწილი, რომელიც ტერასებად მიემართება სამხრეთ-დასავლეთით და სოფელ ველთასა და სათლელამდე აღწევს. იგი ციხისძირის ციხე-კოშკთან ერთად კეტავდა სწორედ ყვირალას ხეობიდან შავშეთის ვაკე ადგილებისაკენ შემოსასვლელ გზებსაც.
საინტერესო სურათია სათლელის წყლის მარცხენა სანაპირო ზოლში არსებული ციხეების განლაგების თვალსაზრისითაც. მათი დიდი ნაწილიც მთისწინა ზოლშია აშენებული. საქმე იმაშია, რომ არსიანის (ქვაყრილის) ქედზე სხვადასხვა ადგილას არსებული უღელტეხილებით შეიძლებოდა შავშეთსა თუ არტანუჯის ხეობებში შემოღწევა. აქაური ციხეები სწორედ საგულდაგულოდ კეტავდნენ არა მარტო შავშეთს, არამედ არტანუჯისაკენ გამავალ ზოგიერთ გზასაც. სათლელის წყლის მარცხენა მხარეს არსებულ ტერიტორიაზე ციხეების სიმრავლე იმანაც განაპირობა, რომ საკუთრივ ეს რეგიონი, არტანუჯისა და შავშეთის გამყოფი ბაჰრევანის ქედის მიდამოებამდე, მრავალფეროვანი რელიეფით ხასიათდება. გვხვდება არსიანის მთებიდან ვერტიკალურად დაშვებული მაღალი ქედები, ღრმად ჩაჭრილი ხეობები, მათ ფერდობებსა თუ ხეობებს შორის გაშლილი სოფლები, დიდი რაოდენობით სახნავსათესი მიწები, ჭალები, საძოვრები და ა.შ. აქ არსებულ პატარ-პატარა ხეობებსაც კი (ფიქალთა, ხანთუშეთი, ვერხვნალა) თავთავისი გამაგრებითი სისტემები ჰქონდათ, რომლებიც თავის მხრივ ერთმანეთს უკავშირდებოდნენ და ამავე დროს ჩართულნი იყვნენ ქვეყნის ერთიანი თავდაცვის სისტემაში.
როგორც ზემოთაც დავინახეთ, შავშეთის ციხეების დიდი ნაწილი (იფხრევლი, გარყლობი, ციხისძირი, დაბაწვრილი, ქვათეთრისი, ჩართულეთი, ხანთუშეთი და სხვა) მთისწინა ზოლშია განლაგებული. მათი ძირითადი დანიშნულება უნდა ყოფილიყო მთისწინა ზოლსა თუ ბარში არსებული უზარმაზარი სასოფლო-სამეურნეო სივრცეების, მთისა და ბარის დამაკავშირებელი გზების, აჭარიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, ერუშეთიდან, ფოცხოვიდან და განსაკუთრებით კოლა-არტაანიდან მთაგრეხილებზე არსებული უღელტეხილებით შავშეთში, ნაწილობრივ კლარჯეთში შემომავალი თუ გამავალი გზების გაკონტროლება. მოკლედ რომ ვთქვათ, შავშეთისა და ნაწილობრივ კლარჯეთის მთისწინა ზოლი ამ ციხეებით საგულდაგულოდაა გამაგრებულ-დაცული. უფრო მეტიც, შავშეთის ციხეების ნაწილი (წეფთა და ხანთუშეთი) კლარჯეთის ტერიტორიებზე არსებულ ციხეებთანაც იყვნენ დაკავშირებული და ქმნიდნენ შავშეთ-კლარჯეთის ერთიანი თავდაცვისა და ქვეყნის შეუღწევადობის საიმედო სისტემას.
რა მდგომარეობაა ,,ქვეყნის” დასაწყისში, იმიერხევ-შავშეთისწყლის ხერთვისში, საიდანაც გზები ქვეყნის სიღრმისაკენ იშლებიან? ზოგადი წარმოდგენისათვის მოკლედ გადავხედოთ იმ ისტორიულ პროცესებს, რომლებიც აქაურ ციხე-სიმაგრეებთანაა დაკავშირებული. ციხეებიდან განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს წეფთის ციხე. იგი წყაროებში რამდენიმეჯერ მოიხსენიება. ერთხელ, როდესაც 988 წელს ბაგრატ მესამესა და მისი მამის (გურგენის) წინააღმდეგ იდგა შეერთებული მხედრობა ქართველთა, გვასპურაკანელთა, სივნიელთა და ალბანთა, რომლებიც დაბანაკებულნი იყვნენ დლივს ჯავახეთში და საიდანაც დავით კურაპალატმა ,,გაგზავნა ლაშქარნი გურგენს ზედა. მიეგებნეს წინა გურგენს და შეიბნეს გარდათხრილთა, თავსა შავშეთისასა”, და დამარცხებული გურგენი ,,შთაიხვეწა მეოტი, და შევიდა ციხესა წეფთისასა” (ქ. ცხ. I:277). ხოლო ბაგრატ III თავისი ლაშქრითურთ თრიალეთში მივიდა და სოფელ კარუშეთში დადგა. შემდეგ კი მარტო ეახლა დავით კურაპალატს და ,,ითხოვა შენდობა” და შერიგდნენ. მეორეჯერ ,,მატიანე ქართლისა”-ში წეფთა გარყლობის ციხესთან ერთად იხსენიება ბიზანტიელთა გამოჩენის შემდეგ. ბაგრატ IV-ის გამეფებისთანავე ,,მასვე ჟამსა წარვიდეს აზნაურნი ტაოელნი საბერძნეთს: ვაჩე კარიჭისძე და ბანელი ეპისკოპოსი იოვანე, და მათ თანა სიმრავლე აზნაურთა ტაოელთა. ხოლო კონსტანტინე მეფემან მოქცევასა ოდენ წელიწდისასა გამოგზავნა პარკიმანოზი ლაშქრითა ურიცხვითა, მივიდა და ჩამოდგა და, მოაოხრნა იგივე ქვეყანანი, რომელნი ბასილი მეფესა მოეოხრნეს”. ამის შემდეგ მიადგა უშუალოდ ,,თრიალეთს ციხესა ქუეშე კლდე-კარსა”, რომელიც იმდროისათვის ,,ჰქონდეს ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავსა, ძესა ლიპარიტისასა”, რომელმაც მოახერხა ,,შემოეკრიბნა აზნაურნი, დაუდგეს განძთა და შეებნეს ციხესა ქუეშე. რაჟამს იხილა პარკიმანოზმან, რომელ ვერას ავნებდა, შეიქცა გარე” (ქ. ცხ.1955:292). მართალია, თრიალეთს ვერაფერი დააკლო, მაგრამ, როგორც ივანე ჯავახიშვილი შენიშნავს, ის კი მოახერხა, რომ ზოგიერთი ქართველი დიდებული კეისრის მხარეზე გადაიბირა (ივ.ჯავახიშვილი 1983:137) და ,,მასვე ჟამსა წარვიდა ჩანჩახი ფალელი საბერძნეთს, მისცა ციხე გარყლობისა, მიერთო ბერძენთა, და არჯევან ჰოლოლას-ძემან მისცა ბერძენთა ციხე წერეფთისა” (ქ. ცხ.1955:292). ბერძენთა მეფის სარდლის ზემოთ დასახელებული ლაშქრობა საქართველოში, ქართველ აზნაურთა გადაბირება და ღალატი აღწერილი აქვს აგრეთვე სომეხ ისტორიკოსს არისტაკეს ლასტივერტეცს (არისტაკე ლასტივერტეცი, ისტორია, 1974), რომელიც ამ ამბის თარიღად ასევე კონსტანტინე კეისრის მეფობის მეორე წელიწადს, 1028 წელს ასახელებს (იხ.ივ.ჯავახიშვილი 1983:137-138). რაკი სხვა ღონე აღარ იყო და დიდებული აზნაურები თავიანთი ღალატითა და ვერაგობით სხვებსაც რყვნიდნენ და ქვეყანასაც ღუპავდნენ, ამ საქმეში ტბეთის ეპისკოპოსი ჩაერთო და როგორც ,,მატიანე ქართლისა” მოგვითხრობს, ,,საბა მტბევარმან ეპისკოპოსმან, რომელ შავშეთს არღარა იყო სხუა ღონე, ააგო ციხე თავსა ზედა ტბეთისასა (სუმბატ დავითისძის მიხედვით ,,მახლობლად ტბეთის ეკლესიასა”) და სახელ-სდვა მას სუეტი (ქ. ცხ. 1955:386), დაიჭირა ქვეყანა შავშეთისა, ქმნა დიდი ერთგულება ბაგრატ აფხაზთა მეფისათჳს” (ქ. ცხ. 1955:392). საბა მტბევარმა, სუმბატ დავითისძის მიხედვით, ,,... შეკრიბა მაშინ ... ერი თვისი და შევიდეს მას შინა თჳთ საბა მტბევარი ეპისკოპოსი, და ეზრა ანჩელ ეპისკოპოსი, და შავშეთის აზნაურნი, და განძლიერდა მას შინა” (ქ. ცხ. 1955:386).
როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, მღვდელთმთავარი სამშობლოსა და სამეფოს დამცველად გამოვიდა, უნებლიედ სამხედრო ხელისუფლად, გულად მეომრად და ქვეყნის გამგედ გახდა (ივ.ჯავახიშვილი 1983:138). სტეფანე მტბევარის ამ გაბედულმა ნაბიჯმა შედეგი გამოიღო და შავშეთი ბიზანტიელთა მიტაცებისაგან იხსნა. ,,მატიანე ქართლისაის“ მიხედვით, იმავე 1028 წლის მიწურულს მომხდარა ბიზანტიელთა წასვლა კონსტანტინეპოლში, როდესაც გარდაიცვალა კეისარი კონსტანტინე VIII. ქვეყანამ ამის შემდეგ ცოტა ხნით მაინც იგრძნო შვება. აი, სწორედ ამ მოვლენებთან დაკავშირებით წყაროებში კიდევ ერთი საფორტიფიკაციო ნაგებობა, სვეტის ციხე იხსენიება, რომელიც გახდა ანტიბიზანტიური ძალების თავშეყრის ძირითადი ცენტრი და ქვეყანა იხსნა განადგურებისაგან.
ისტორიულ წყაროებში მოხსენებული წეფთისა და გარყლობის ციხეების ადგილმდებარეობა დღეისათვის დადგენილია. წეფთის ციხე, როგორც ზემოთაც აღინიშნა, შავშეთისწყლის მარჯვენა მხარეს, კარჩხლის მთების ძირში, თანამედროვე სოფ. უსტამისის თავში, ზღვის დონიდან 1876 მეტრზეა აშენებული. ციხე, რომელიც შავშეთის ,,ქვეყნის” შესასვლელ კარიბჭეს მეთვალყურეობდა, ამავე დროს თავისი ადგილმდებარეობით წარმოადგენდა შავშეთ-კლარჯეთის ერთიანი თავდაცვითი სისტემის ძირითად საფორტიფიკავიო ნაგებობასაც. მისი მხედველობის არეალი საკმაოდ დიდი სივრცეა. აქედან შესანიშნავად მოჩანს შავშეთის ქვაბულში არსებული თითქმის ყველა ციხე-სიმაგრე და აკონტროლებს მთლიანად იმერხევ-შავშეთისწყლის ხეობებს მოკიდებული სათავეებიდან თითქმის ჭოროხ-შავშეთისწყლის ხერთვისამდე, შერთულამდე.
ცნობილია გარყლობის ციხის ადგილმდებარეობაც. იგი მდ. ყვირალას ხეობის მარცხენა მხარეს, მთისწინა ზოლშია აშენებული. რაც შეეხება სვეტის ციხის ლოკალიზაციას, მას არა ერთი მოგზაური თუ მკვლევარი შეეცადა (ვრცლად იხ. ჯ. სამუშია 2008), მაგრამ საკითხი დღემდე აზრთა სხვაობის საგანია.
მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ სვეტის ციხე არსიანის მთების ერთ-ერთი ვერტიკალური ქედის ბოლო მონაკვეთში, სოფ. ციხისძირის ზემოთ, ე.წ. ჯამი მეჰელეს თავზე არსებულ კლდოვან ბორცვზე დაშენებული ციხე-კოშკი უნდა იყოს. ამ მოსაზრების ავტორები თვლიან, რომ ბიზანტიელთა შემოტევამდე წეფთისა და გარყლობის ციხეებშიც მათი ჯარები იყვნენ ჩაყენებული, რომ ბიზანტიელებმა სწორედ გარყლობიდან შემოუტიეს შავშეთის ცენტრს და ამ გზაზე ტბეთამდე ერთადერთი ჩამკეტი ციხე ციხისძირშია, რომ სტეფანე მტბევარმა სწორედ აქ ,,ააგო ციხე თავსა ზედა ტბეთისასა”, სუმბატ დავითისძის მიხედვით კი – ,,მახლობლად ტბეთის ეკლესიისა” და სხვა.
საკითხთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენი მოსაზრება. უნდა ვიფიქროთ, რომ ბერძენთა მიერ გადაბირებული ჩანჩახ ფალელისა და არჯევან ჰოლოლასძის მიერ ბიზანტიელთა მხარეზე გადასვლა ,,და მასვე ჟამსა’’ წასვლა საბერძნეთს, არ უნდა ნიშნავდეს წეფთისა და, განსაკუთრებით, გარყლობის ციხეებში ბიზანტიელთა ძალების ჩაყენებას. მითუმეტეს, თუ გავიხსენებთ ტაოელ აზნაურთა საქციელს, როდესაც ბაგრატ IV გამეფდა, მათაც მიატოვეს თავიანთი ციხეები თუ სამფლობელოები და წავიდნენ საბერძნეთს, მაგრამ უცებ არ მომხდარა მიტოვებული ციხეებისა თუ ტერიტორიების დაუფლება ბიზანტიელთა მიერ. ,,კონსტანტინე მეფემან მოქცევასა ოდენ წელიწდისასა გამოგზავნა პარკიმანოზი ლაშქრითა ურიცხვითა, მოვიდა და ჩამოდგა და მოაოხრნა იგივე ქვეყანანი, რომელნი ბასილ მეფესა მოეოხრნეს’’. ვფიქრობთ, ტაოს აოხრებისა და თრიალეთში დამარცხების შემდეგ პარკიმანოზი ვეღარ მოახერხებდა თავისი ძალების ნაწილის ჩაყენებას წეფთისა და გარყლობის ციხეებში. თუ დავუშვებთ, რომ მართლა მოახერხეს ბერძნებმა შავშეთის უამრავ ციხეთაგან მხოლოდ ამ ორ ციხეში ჯარების ჩაყენება, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ თრიალეთთან დამარცხებულ ბიზანტიელებს ,,მასვე ჟამსა’’ აღარ გაყვებოდნენ ამ ციხის მფლობელები. ისინი აქ დატოვებულ ბიზანტიელთა ძალებისათვის ძალზე საჭირო და დასაყრდენი პირები იქნებოდნენ. მათ ადგილებზე მომხრეთა გაჩენისათვის მარტო აზნაურები ან დიდებულები არ ყოფნიდათ. ისინი მოსახლეობის გადაბირებისათვისაც კი ყველანაირ ხერხს მიმართავდნენ. გავიხსენოთ თუნდაც კლარჯეთ-შავშეთის დასაპყრობად მობრუნებული ჯარების წინა მომენტი, როდესაც ,,...გააგზავნა პარკიმანოზმან და პროედროსმან იოვანე ბანელი ხარტულარი, წარიყვანა თანა ვალანგი ლაშქრითა დიდითა და მისცა თანა დემეტრე კლარჯი სუმბატისი, რეცა შესატყუევნელად ქუეყანისა კაცთათვის’’ (ქ. ცხ. 1983.:292). დემეტრეს (ეს ის დემეტრეა ბაგრატიონთა შთამომავლობის შტოდან, რომელიც ბაგრატ III დროს, თავისი მამის ციხეში ჩამწყვდევის შემდეგ, 1012 წელს კონსტანტინეპოლში გაიქცა და ამით სიკვდილს გადაურჩა) გამოყოლებით ბიზანტიელებს სურდათ ხალხისთვის ეჩვენებინათ, რომ ისინი საქართველოს მეფის მიერ განდევნილი და დათრგუნული უფლებების აღსადგენად იბრძოდნენ მხოლოდ. სინამდვილეში კი იგი კლარჯეთის მცხოვრებთა მისაზიდად დაგებული მახე იყო და მეტი არაფერი. ვფიქრობთ, გარყლობსა და წეფთის ციხეებში რომ მდგარიყვნენ ბიზანტიელთა ჯარები, მაშინ ციხის მფლობელებს გასაქცევად აღარ ექნებოდათ საქმე. ისინი მათ უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფდნენ და, პირიქით, მოსალოდნელი ომისათვისაც შესანიშნავად გამოიყენებდნენ ამ სიმაგრეებს.
დავუშვათ, წეფთის და გარყლობის ციხეები ბიზანტიელთა ხელშია, ხოლო მოგვიანებით გარყლობის ციხიდანვე უტევენ და აპირებენ ტბეთისა თუ მისი შემოგარენი ტერიტორიების დაპყრობას. ისმის კითხვა, საიდან, როგორ და რა გზით მოახერხეს ბიზანტიელებმა წეფთის ციხეში და განსაკუთრებით კი მისგან 50-55 კმ-ით დაცილებულ შავშეთის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, შავშეთ-იმერხევის სხვა ციხეებით გარშემორტყმულ არსიანის მთისწინეთში არსებულ გარყლობის ციხეში დამკვიდრება და მეორედ მოსვლის შემდეგ ტბეთისაკენ შეტევა?
გარყლობის ციხეში ბიზანტიელთა ძალების არსიანის მთების უღელტეხილებზე გამავალი გზებით შემოსვლა ნაკლებად სავარაუდოა და, ვფიქრობთ, არც იყო მოსალოდნელი. ბუნებრივი სირთულეების გარდა, გარყლობამდე მისასვლელ გზებს მთისწინეთში მთელ ზოლზე იფხრულიდან მოკიდებული ხანთუშეთის ჩათვლით არსებული სხვა ციხე-სიმაგრეები კეტავენ. ამ გზებით მტერი თუ გარყლობამდე შეაღწევდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ტბეთიცა და სხვა მომიჯნავე ტერიტორიებიც მათ ხელში იქნებოდა.
ბიზანტიელთა შემოსვლა მოსალოდნელი იყო ასევე არტანუჯ-სათლელის გზით. ისინი არტანუჯის წყლის მარჯვენა შენაკად ლონგოთხევით ბარევანის ქედზე არსებული უღელტეხილით გოროშეთ-გვარაშენ-ანკლია-შინდობანით უშუალოდ მოადგებოდნენ სათლელის ციხის მიდამოებს. ეს გზაც შავშეთისწყლის მარცხენა მხარის საკმაოდ ნაყოფიერ სოფლებს გაივლის და ამ სივრცესაც საკმაოდ კარგად მეთვალყურეობს ხანთუშეთის, ქვათეთრისის, ჩართულეთის თუ საკუთრივ სათლელის ციხე-სიმაგრეები.
თუ დავუშვებთ, რომ ბიზანტიელთა შავშეთში გამოჩენის ძირითადი მიზანი იყო გამცემი დიდებულების მიერ ნაბოძები წეფთისა და გარყლობის ციხეებში ჯარების ჩაყენება, ხოლო მოგვიანებით ტბეთზე შეტევა, მაშინ უფრო რეალური ჩანს, მათი შემოსვლა ჭოროხშავშეთისწყლის ხერთვისიდან ხეობაზე ან კიდევ შავშეთისწყლის მარჯვენა მხარის ფერდობებზე არსებული გზებით. წეფთის ციხე სწორედ ამ გზებით იქნებოდა ყველაზე იოლი მისადგომი ბიზანტიელთათვის. წეფთის ციხის დაუფლებით ბიზანტიელებს, მართალია, შეეძლოთ ჩაეკეტათ ჭოროხ-შავშეთისწყლით შემომავალი გზები, მაგრამ ვერ მოახერხებდნენ შავშეთის ,,ქვეყნის” ძირითად ნაწილზე კონტროლის განხორციელებას. წეფთის ციხე მაშინაა ეფექტური, თუ იგი სხვა ციხეებთან კავშირშია. მართალია, ციხე იმერხევ-შავშეთის, ან კიდევ მერთისა და სათლელის წყლების ხერთვისებს ზემოდან დაჰყურებს, მაგრამ იგი საკმაოდ შორსაა. აქედან შერთულამდე დაახლოებით 15-16, ხოლო სათლელამდე – 27 კილომეტრია და, შეიძლება ითქვას, რომ მას შავშეთის ,,ქვეყნის” სიღრმეებისაკენ მიმავალი გზების ჩაკეტვა კონკრეტულ შემთხვევაში გაუჭირდებოდა. რა გზით უნდა შესულიყვნენ ბიზანტიელები გარყლობის ციხეში? გარყლობში წეფთიდან ორი გზით შეიძლებოდა შეეღწია მტერს. პირველი, ეს გახლავთ იმერხევისა და მისი მარცხენა შენაკადის, ყვირალას ხეობით და მეორე, თითქმის ორჯერ მოკლე და უკეთესი გზებით – მერთისა და სათლელის წყლის ხერთვისის მიდამოებიდან.
პირველი გზა მეორესთან შედარებით გრძელია და, ამავე დროს, ცუდიც. წეფთიდან იმერხევით გარყლობში შეიძლება რამდენიმე გზით მოხვდე: ერთ-ერთი მათგანით შეიძლება დაეშვა შავშეთისწყლის მარჯვენა სანაპირომდე (დაახლოებით 12 კმ), გახვიდე შერთულამდე (დაახლოებით 4 კმ) და აქედან იმერხევის ხეობით ყვირალას ხერთვისამდე (დაახლოებით 22-23 კმ), შემდეგ ყვირალას ხეობით ახვიდე სოფ. მიქელეთამდე (დაახლოებით 12 კმ) და აქედან კი გადახვიდე გარყლობის ციხეში (დაახლოებით 4-5 კმ). წეფთის ციხიდან შეიძლება ჩიხორისა და ჩიხისხევის გადაკვეთით ბაზგირეთისწყლის ბოლო მონაკვეთში გასვლა, საიდანაც იმერხევამდე ეშვები და შემდეგ აგრძელებ სვლას გარყლობისაკენ. ეს გზა პირველთან შედარებით მოკლეა, მაგრამ ძნელად სავალი. არის კიდევ ერთი ვარიანტი, წეფთიდან შეიძლება ახვიდე სოფ. უსტამისის იაილებში, შემდეგ ალპურ ზონაში საზგირელის (იგივე ქილისე სერის) უღელტეხილით დაეშვა და ს. გამეშეთითა და ბაზგირეთის ხეობით ჩახვიდე იმერხევზე გამავალ ცენტრალურ ტრასამდე. გზის ეს მონაკვეთი საკმაოდ გრძელია და გარკვეულად დაცულიც, მას ხევწრულის ციხე იცავს. მოკლედ რომ ვთქვათ, წეფთიდან გარყლობის ციხემდე იმერხევ-ყვირალას ხეობით გამავალი ყველა გზა საკმაოდ გრძელია და რთული რელიეფის გამო ყველაზე ცუდიც. როგორც გ. ყაზბეგი აღნიშნავდა, იმერხევის მთავარი ხეობა ყველაზე მკაცრი ტოპოგრაფიული პირობების ურთიერთშეხამების ნიმუშად ითვლება. ეს არის გიგანტურ მთის მასებს შორის არსებული ნაპრალი, რომლის თავზე დაკიდულია ძალზე მკაფიო კონტურების მქონე შიშველი კირქვოვანი კლდეები. საითაც გაიხედავ, თქვენს თვალწინ ამოიზიდება კლდე, რომლის იქეთ წამოწვდილია ათეულობით სხვა ქარაფი, უფრო მაღალი და დამრეცი. ირგვლივ ერთი სტიქიური ძალაა, რომელიც თრგუნავს სიცოცხლეს (გ.ყაზბეგი 1995:84-85). არანაკლებ ცუდი რელიეფია და თითქმის გაუვალი ვიწრო ბილიკები საკუთრივ ყვირალას ხეობაზეც. ს. მიქელეთიდან ,,მდინარე ყვირალა იმერხევისწყალთან შეერთებამდე, მიედინება დასავლეთით, საკმაოდ ღრმა, თითქმის მიუწვდომელ ხეობაში” (გ. ყაზბეგი 1995:76). იმერხევისა და, განსაკუთრებით, მდ. ყვირალას პირქუში ხასიათი, ბუნებრივია, რამდენადმე მაინც განაპირობებდა აქ გამავალი გზების ხარისხსაც. არანაკლებ რთული რელიეფითა და აღმართებით ხასიათდება ს. მიქელეთიდან გარყლობამდე არსებული გზის მონაკვეთიც. ბუნებრივ სირთულეებს დაემატება ისიც, რომ იმერხევის წყლის ხეობა მთელ სიგრძეზეა გამაგრებულ-დაცული ბიზანტიელთაგან თავისუფალი სინკოთის, ხევწრულის, ბარაციხის (ჩაქველთა) საფორტიფიკაციო ნაგებობებით, მაშინ შესაძლოა გამოირიცხოს გამცემი აზნაურის გარყლობის ციხეში ბიზანტიელთა ჯარების ნაწილის დატოვება, ხოლო მოგვიანებით კი აქედან შავშეთის ცენტრალური ნაწილისაკენ მათი შეტევა.
ასე, რომ ბიზანტიელების მიერ შავშეთის ორ ციხეში, წეფთასა და გარყლობში, ამ იზოლირებულ სივრცეში, როცა მთლიანი შავშეთის დანარჩენი ტერიტორიები ბიზანტიელთაგან თავისუფალია და გარემოცულია სხვა ციხეებით, ვფიქრობთ, გარნიზონის მცირე ნაწილის აქ დატოვებას აზრი არ ექნებოდა. ეს განსაკუთრებით შეიძლება ითქვას გარყლობის ციხეზე, რომელიც მდ. ყვირალას სათავის მარცხენა მხარეს, მთისწინა ზოლშია აშენებული და ირგვლივ იზოლირებულია მკაცრი გეოკლიმატური პირობებითა და გარყლობისაკენ მომავალი საარსებო გზების ჩამკეტი ისეთი ციხეებით, როგორიცაა სინკოთი, ბარაციხე, იფხრევლი, ციხისძირი, დაბაწვრილი თუ ზურგიდან აჭარა-სამცხიდან ყვირალას ხეობით შავშეთისაკენ მომავალი გზების სათვალთვალო ხიხანისა და გოგოლაურის ციხეებით, რომელსაც ბაგრატ IV აქტიური მხარდამჭერი აბუსერისძეები ფლობენ. გარყლობის ციხე აჭარა-შავშეთის და არსიანის მთისწინეთში მთელ სიგრძეზე არსებული თავდაცვითი ნაგებობების ჯაჭვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო და მათთან ერთად კავშირში ფუნქციონირებდა კარგად. სხვა შემთხვევაში იგი უმოქმედო, იზოლირებულ ნაგებობად იქცეოდა. გამორიცხულია მისი კავშირი კარჩხლის მთების კლდეზე ზღვის დონიდან 1876 მეტრზე არსებული წეფთის ციხესთანაც, რადგან ისინი ერთმანეთისაგან საკმაოდ შორს – დაახლოებით 50-55 კილომეტრით არიან დაცილებულნი და მათ დამაკავშირებელ გზებსაც, როგორც ზემოთაც აღინიშნა, შესანიშნავად კეტავდნენ იგივე სინკოთის, ხევწრულის, ჩაქველთას (ბარაციხე), ციხისძირის, დაბაწვრილის, სათლელის თუ სხვა ციხეები. ე.ი. გამოდის, რომ ორ, ერთმანეთისაგან ამდენად დაშორებულ ციხეებში ბიზანტიელებმა დატოვეს მათი საჯარისო დანაყოფები. ვფიქრობთ არა.
არსებობდა გარყლობის ციხეში ბიზანტიელთა შეღწევის მეორე გზაც. თუ დავუშვებთ, რომ წეფთის ციხეს ბიზანტიელები ფლობდნენ, მაშინ მათთვის მერთის და სათლელის წყლების ხერთვისიდან შავშეთის ცენტრისაკენ გზა ხსნილია. მათ ორჯერ უფრო მოკლე და უკეთესი გზებით შეეძლოთ ტბეთ-დაბაკეთილ-ციხისძირ-წიწვეთის გავლით გარყლობის ციხემდე მისვლა. გამოდის, რომ თუ ამ გზით გადაადგილდებოდნენ ბიზანტიელები და გარყლობის ციხეში ჩააყენებდნენ მათ ძალებს, მაშინ ტბეთი და მისი შემოგარენი ტერიტორიაც მათ ხელში აღმოჩნდებოდა და მომავალ ომს მათი ხელახლა დაუფლებისათვის, ბუნებრივია, აზრი აღარ ექნებოდა. მსგავსი რამ წერილობით წყაროებშიც არაა ფიქსირებული და ვერც დაფიქსირდებოდა ის, რაც არ მომხდარა. ჩანს მხოლოდ ის, რომ ტბეთიცა და მისი შემოგარენიც თავისუფალია და ბიზანტიელები მოგვიანებით მოდიან მის დასაპყრობად. აშკარაა, რომ ზემოთ დასახელებულიო აზნაურები, როგორც ზ. პაპასქირი შენიშნავს, საქართველოს ხელისუფლებას გაურბიან და შველას ბიზანტიის იმპერიაში ეძებენ. მითუმეტეს, ბიზანტიური ორიენტაციის დიდებულებს სამეფო კარზე დიდი პატივით ღებულობდნენ და ჩინს სოფლებითა თუ დაბებით სამარადისო სამემკვიდრეოდ აძლევდნენ (ვრცლად იხ. ზ. პაპასქირი, 1980: 128-150, იხ. იქვე ლიტერატურა).
წერილობით ძეგლებში არც ისაა ფიქსირებული, რომ სათლელისა და მერთის წყლების ხერთვისში, საიდანაც გზები იყრება და იტოტება სხვადასხვა მიმართულებით, დგას რაიმე ისეთი ნაგებობა, რომელიც ამ სივრცეს კარგად აკონტროლებდა. როგორც ჩანს, ბერძენთა გამოჩენამდე ხეობის ჩამკეტი ციხის მოვალეობას წეფთა ასრულებდა. მოღალატე ციხის მეპატრონე არჯევან ჰოლოლას ძე კონსტანტინეპოლს გაიქცა და ციხე ბიზანტიელებს გადასცა. სტეფანე მტბევარი, როგორც ჩანს, ხედავს, რომ წეფთის ციხე, რომელიც აკონტროლებდა იმერხევ-შავშეთისა და სათლელ-მერთის წყლების ხეობებით ქვეყნის სიღრმეში შემავალ გზებს, ბიზანტიელთა გავლენის ქვეშაა და იგი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ვეღარ ასრულებს თავის ძირითად ფუნქციას. აქედან მოსალოდნელი ომის წინ ბიზანტიელებს შეეძლოთ ,,ქვეყნის” სიღრმისაკენ თავისუფლად გადაადგილება. მართალია იმერხევის ხეობას აქვს თავისი თავდაცვითი სისტემა და იგი იფუნქციონირებდა, მაგრამ მდ. სათლელის წყლის როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა სანაპირო ზოლისაკენ და განსაკუთრებით შავშეთის ცენტრ ტბეთისაკენ გზები ხსნილია. სტეფანე მტბევარმა დარჩენილი დრო, როგორც ეს ,,ქართლის ცხოვრებიდან’’ ჩანს, მაქსიმალურად გამოიყენა – ,,დაიჭირა ქვეყანა შავშეთისა” და ,,მახლობლად ტბეთის ეკლესიასა” ააგო სვეტის ციხე. იგი ადრეულ წერილობით ძეგლებში ერთხელ იხსენიება და ისიც სწორედ ბიზანტიელებთან მიმართებაში. მოსალოდნელი ომის წინ შავშეთის ქვეყნის დაცვა, ვფიქრობთ, მხოლოდ და მხოლოდ სათლელ-მერთის წყლის ხერთვისში აგებული ციხით შეიძლებოდა. იგი სწორედ ხეობის დასაწყისში მაღალ კლდეზე დაშენებული ნაგებობაა, საიდანაც იტოტება როგორც შიდა, ისე გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი გზები. ეს იყო ყელი გზებისა და ქვეყნის შიგნით შეღწევისა. შეიძლება ითქვას, ვინც ფლობდა სათლელის ციხეს, ის ფლობდა შავშეთის ქვეყნის გასაღებსაც. მსგავსი სიდიდისა და არქიტექტურის მქონე საფორტიფიკაციო ნაგებობა შავშეთში ადრეც და შემდეგშიც არ აშენებულა. ციხე ადრე რომ ყოფილიყო აგებული, თავისი ადგილმდებარეობისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, გვჯერა, რაღაცნაირი ფორმით ადრეულ წერილობით ძეგლებში მაინც აისახებოდა. ვფიქრობთ, ციხე, რომელიც ააშენა სტეფანე მტბევარმა ,,ტბეთის ეკლესიის მახლობლად” (სულ 10 კილომეტრია მათ შორის დაცილება), სათლელის ციხე უნდა იყოს. იგი, როგორც ჩანს, სწორედ XI საუკუნიდან იწყებს ფუნქციონირებას, რასაც რამდენადმე მხარს უჭერს აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური გათხთრების შედეგად აღმოჩენილი მასალებიც.
$2. შავშეთის საეკლესიო ნაგებობანი
შავშეთი, ისევე როგორც მთლიანად ტაო-კლარჯეთი, ძალზე მდიდარია საეკლესიო ნაგებობებით. აშოტ I-სა თუ სხვა ბაგრატიონების დროსაც სამხრეთ საქართველოს ეკონომიკურ აღმავლობას თან მოჰყვა მისი კულტურული დაწინაურებაც. სწორედ VIII საუკუნის დასასრულიდან, როგორც კლარჯეთში, ისე შავშეთში განსაკუთრებით მძლავრად გაიშალა სამონასტრო მოძრაობა. მის მეთაურად გვევლინება გრიგოლ ხანძთელი და მისი მოწაფეები. სწორედ ამ დროს ჩნდება და შენდება დიდი საეკლესიო-კულტურული ცენტრები. მათით ადრე თუ ჩვენს დროში არაერთი ქართველი თუ უცხოელი მეცნიერი დაინტერესებულა (დ. ხოშტარია, 2005 იხ. იქვე ლიტერატურა). მათ გვერდით დიდი რაოდენობით იყო მცირე ზომის საეკლესიო ნაგებობანიც. ისინი აქ ძირითადად ბაზილიკური თუ დარბაზული ტიპის ეკლესიებითაა წარმოდგენილი. შავშეთში ვერ ნახავთ სოფელს, სადაც ორი თუ არა ერთი საეკლესიო ნაგებობა მაინც არ ყოფილიყო. დიდი ნაწილი თითქმის საძირკვლის დონემდეა მორღვეული. მათი განადგურების პროცესს რამდენადმე აჩქარებს ე.წ. ,,მოხალისე არქეოლოგების” მიერ წარმოებული ,,სამუშაოებიც”. ეს პროცესი თუ გაგრძელდა, არა მარტო შავშეთში, არამედ მთლიანად სამხრეთ საქართველოში, ამ ტიპის ეკლესიები მთლიანად აღიგვება მიწისაგან პირისა. დიდი მოცულობის ცნობილ საეკლესიო ნაგებობებს შედარებით ყურადღებითა და სიფრთხილით ეკიდება სახელმწიფოც და მოსახლეობაც, მაგრამ მივარდნილ ხეობებსა თუ სოფლებში არსებული მცირე ზომის საეკლესიო ნაგებობანი უმოწყალოდ ნადგურდება. ამიტომაც გადავწყვიტეთ, შეძლებისდაგვარად სწორედ ამ ტიპის ძეგლების აღნუსხვა და მკითხველისადმი მათზე მცირე ინფორმაციის მიწოდება.
2.1. გურნათელის ეკლესია
სოფელი გურნათელი მდებარეობს შავშეთისწყლის მარცხენა მხარეს, პატარა მდინარის ორთვალწყალის (ორთვალსუს) მარჯვენა სანაპიროზე. იგი შავშეთის წყლის მარცხენა შენაკადია. ადგილობრივთა გადმოცემით, მდინარეს ორთვალისი ჰქვია იმიტომ, რომ სოფელს ზემოთ ორი პატარა უსახელო ხეობა უერთდება ერთმანეთს. სოფელი შავშათიდან 5-6 კილომეტრითაა დაცილებული. სოფლისთვის განკუთვნილი ტერიტორია უსწორმასწორო რელიეფით ხასიათდება. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობები აქ ძირითადად ფერდობებზე, მცირედ მოვაკებულ ტერიტორიებსა თუ ტერასებზეა წარმოდგენილი. სოფელში დღესაც გვხვდება ცალკეული უბნებისა (მაჰალეს) თუ ადგილის სახელწოდებები: კოკოშაური, ძველყანა, წიწელთა, აღნაური, ბალათი, ბუჩათი, პატარყანა, ნაურმა, ჭილლუღი, ჯაფარათწყარო და სხვა. აქაურთა გადმოცემით სოფელში ადრე სამი ეკლესია და სხვა ნაგებობათა ნაშთები ყოფილა. ორი მათგანი სოფლის თავში, ქედის ძირში, არსებული ფერდობის სხვადასხვა მხარეს ყოფილა აშენებული. ერთ-ერთი მათგანი სოფლის გარეუბან ბალათში ყოფილა აგებული. იგი სოფლის თავში მდებარე მაჰალეს – კოკოშაურს უშუალოდ ესაზღვრება. საეკლესიო ნაგებობა შავშეთიდან მომავალი საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს 1 კილომეტრითაა დაშორებული. ადგილს, სადაც ეკლესია იყო აშენებული, ადგილობრივი მოსახლეობა ,,ნატაძრევს” უწოდებს. ეკლესიისათვის თავის დროზე ფერდობის მცირედ მოვაკებული ტერიტორია შეურჩევიათ. აქ ამჟამად მცირე ნანგრევებია შემორჩენილი. ერთიმეორის გასწვრივ მდებარე ამ ორი ეკლესიიდან, როგორც ჩანს, ნიკო მარმა სწორედ ეს ძეგლი მოინახულა. იმ დროს ეკლესია ჯერ კიდევ მთლიანად არ იყო დანგრეული. ნიკო მარი აღნიშნავს: ეკლესია ტყეში, მაღალ ადგილასაა აშენებული. ამ ადგილს ეწოდება კოკოშაური. ეკლესია ტიპიურად შავშურია. წაგრძელებული ოთხკუთხა, შიგნით ნახევრად მომრგვალებული საკურთხევლით. აქვს ერთი კარი სამხრეთის მხრიდან. იგი აშენებულია პატარა, მსხვილი, უხეშად დამუშავებული ქვებით. როცა ეკლესიის შენობას ვაკვირდებით, ჩანს, რომ საკმაოდ ძველი ნახელავია. ეკლესია განსაკუთრებით სამხრეთის მხრიდანაა ძლიერ ჩამონგრეული. უფრო კარგადაა შემორჩენილი საკურთხევლის კედელი. საკურთხევლის შიგნით შემორჩენილია ტრაპეზი. ეკლესიის შენობა მიმართულია აღმოსავლეთით. აქ ძალიან ბევრია ჯვრისგამოსახულებიანი ქვები (შ. ჯაფარიძე 1996:53).
მეორე ეკლესია, რომლის არსებობაზეც მიუთითებენ აქაური მცხოვრებლები, მდებარეობდა იგივე ქედის ძირში, ადგილებს ველთასა და კოკოშაურს შორის არსებულ ე.წ. ,,ნაქილისევის” ტერიტორიაზე. ზედაპირულად აქაც აღარაფერი არ შეინიშნება. ნიკო მარი ნაქილისევის შესახებ წერს: იქვე ტყეში, ეკლესიის სიახლოვეს, ადგილს, რომელსაც ველთა ეწოდება, დევს გამოთლილი ქვა ჯვრის გამოსახულებით, მაგრამ იგი დამსხვრეულია (შ. ჯაფარიძე 1996:53). როგორც ჩანს, ნიკო მარის დროსაც აქ არსებული საეკლესიო ნაგებობა აღგვილი იყო პირისგან მიწისა. ამ ორი ეკლესიიდან დღეისათვის შემორჩენილია მხოლოდ ადგილის სახელწოდებები ,,ნატაძრევი” და ,,ნაქილისევი”. აქაურთა გადმოცემით ნატაძრევის ტერიტორიაზე ამ 20-30 წლის წინათ შემორჩენილი იყო ნაგებობის მცირე ნაშთები. მათ საბოლოო გაქრობა-განადგურებაში, სხვა ფაქტორებთან ერთად, დიდი როლი შეასრულეს ჩვენებური ძეგლების ,,შემსწავლელმა” ,,არქეოლოგებმა’’.
სოფელში არსებობდა მესამე ეკლესიაც. იგი სოფლის ბოლოს იყო აშენებული. აქაურობას ტრანსპორტი არ უდგება. კოკოშაურის უბნიდან ძეგლამდე 3-4 კილომეტრია. გზა სოფლიდან განზე, ჭალების გავლის შემდეგ, რელიეფის შესაბამისად, საკმაოდ მკვეთრად ეშვება ქვემოთ მდინარე ორთვალისის შუა წელისაკენ. ძეგლთან მისვლამდე გზის მარჯვენა მხარეს შეინიშნება ადრეულ ნაგებობათა ნაშთები. მათ დანიშნულებაზე წარმოდგენის შექმნა შეუძლებელია. ძეგლთან მიახლოებისას კლდოვანი ბორცვი თანდათან დაბლა ეშვება მდინარის სანაპირო ზოლისაკენ და ქმნის უსწორმასწორო რელიეფის მქონე არცთუ ისე დიდ ტერიტორიას. ჩანს, რომ კლდოვანი ბორცვის ბოლო მონაკვეთის ჩაჭრისა და მდინარის კიდეზე შექმნილი სუბსტრაქციის ხარჯზე შეუქმნიათ მოედანი ეკლესიისა თუ სხვა დანიშნულების ნაგებობის მშენებლობისათვის. ამ ადგილს მოსახლეობა ,,ქილისეს” ეძახის.
ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით, კლდოვანი ქედის ძირში არის პატარ-პატარა დავაკებები თუ ტერასები, რომელიც ტყითა თუ ეკელბარდითაა დაფარული. ადგილობრივთა გადმოცემით ეს ადგილები ადრე სახნავ-სათეს ფართობებად თუ საძოვრებად გამოიყენებოდა. საკუთრივ ეკლესია, თავის დროზე კლდოვანი ბორცვის ძირში ხელოვნურად შექმნილ მოვაკებაზეა დაშენებული. ამჟამად იგი თითქმის მთლიანადაა დანგრეული. შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთი კედლის უკიდურესი დასავლეთი და დასავლეთი კედლის უკიდურესი ჩრდილოეთი მონაკვეთები 3,5 მეტრის სიგრძეზე. კედლების მაქსიმალური სიმაღლე ამ მონაკვეთში 1,3 მეტრს აღწევს. საძირკვლის დონეზე მცირე ნაშთებია დაცული ეკლესიის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში. შესაძლოა გადარჩენილი იყოს უფრო მეტიც, მაგრამ ეკლესიის ეს ნაწილი თითქმის მთლიანად დაფარულია განძის მაძიებელთა ნათხარი და გადანაყარი მიწითა და ქვებით. განსაკუთრებით დაზიანებულია ეკლესიის შიდა ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფენები და სამარხები. ეკლესიის შემოგარენში დიდი რაოდენობითაა მიმოფანტული სამარხებიდან ამოყრილი მიცვალებულთა ჩონჩხების ნაწილები, სახურავისათვის (არაა გამორიცხული აკლდამისთვის) გამოყენებული კრამიტის მთლიანი თუ დაზიანებული ნიმუშები, ჯამების თუ სხვა დანიშნულების ჭურჭლის ფრაგმენტები და ა.შ. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით შეიძლება მისი მიახლოებითი გეგმის დაჭერაც. იგი დარბაზული ტიპის ნაგეობა ჩანს. რაც შეეხება მის ზომებს, შეიძლება მხოლოდ მიახლოებით სიგანე განისაზღვროს – დაახლოებით 7,5 მეტრი. ეკლესიის კედლების სისქე 80 სმ-ია. საპირეებად გამოყენებულია საშუალო ზომის არცთუ ისე კარგად დამუშავებული ქვები. ისინი 30-40 სმ სიმაღლის რიგებად იყო დალაგებული. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით და მიმდებარე ტერიტორიაზე დასტურდება სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები. მათი დანიშნულების შესახებ საუბარი ჭირს.
სოფლის ცენტრში, ,,ნაფუძარში” დასტურდება შენობის საძირკვლებიც. ადგილობრივთა გადმოცემით, აქ მიწის სამუშაოების შესრულების დროს ხშირად ხვდებათ სხვადასხვა ზომის კარგად დამუშავებული ქვები თუ არქიტექტურული დეტალები. ზედაპირული დათვალიერებით აქა-იქ დასტურდება მოზრდილი ნაგებობის საძირკვლის ნაშთები. მის გეგმაზე წარმოდგენის შექმნა არ ხერხდება. არქიტექტურული დეტალებისა და კარგად დამუშავებული ქვების მიხედვით, ჩანს, რომ აქ თავის დროზე მონუმენტური ნაგებობა უნდა მდგარიყო. აქედან წაღებული ქვების დიდი ნაწილი გამოყენებულია იქვე მდებარე სახლების მშენებლობაზე. ყურადღებას იქცებს ორი ნიმუში. ერთ-ერთი მათგანი მოზრდილი ზომის (58X30) კარგად დამუშავებული ქვაა. მის გარეზედაპირზე სხვადასხვა ინტერვალით დატანილია 4 კვეთილი ვერტიკალური ხაზი. ქვის ზურგი დაუმუშავებელია. იგი, როგორც ჩანს, კედელში ჩასმისათვის იყო გათვალისწინებული. სასახლესთან ახლოს, 20-30 მეტრში არის წყლის ძველი რეზერვუარიც. ადგილობრივები მას ,,მუსლუღს” უწოდებენ. იგი ფერდობის ძირში გამომავალი წყაროს წყლის შეგროვებისათვის გათვალისწინებული მოზრდილი ნაგებობაა. ვიზუალურად ჩანს მისი წინა მხარე და გადახურვის ნაწილი. დანარჩენი მიწაშია შესმული და ბუნებრივია, არ ჩანს. რეზერვუარის სიგანე დაახლეობით 3 მეტრია, სიმაღლე – 1,20 მ. წინა კედლის მშენებლობაში სხვადასხვა ზომის ქვებია გამოყენებული. მათი ნაწილი კარგად დამუშავებული კვადრებია, ნაწილს კი მხოლოდ გარე ზედაპირი აქვს ჩამოსწორებული. წყობებს შორის ღრიჭოების შესავსებად გამოყენებულია მცირე ზომის ქვები. რეზერვუარს აქვს თაღოვანი გადახურვა. მისი ძირი ქვითკირისაა. წინა კედლის ცენტრალურ ნაწილში, ძირიდან 30 სმ-ზე დატანილია წრიული ფორმის სადინარი, სადაც ამჟამად ხის ღარია ჩასმული. ამ წყალს სასმელად ადგილობრივი მოსახლეობა დღესაც იყენებს. მოგვიანებით მარცხენა მხარეს, ფერდობის ძირში მთელ სიგრძეზე, მშრალი წყობით ამოუყვანიათ ქვის კედელი. მის წყობაში აქა-იქ გამოყენებულია ,,ნაფუძრის” ტერიტორიაზე არსებული ნაგებობის ნანგრევებიდან მოტანილი კარგად დამუშავებული ქვები. აქაურთა გადმოცემით სათლელის ციხის წყლით მომარაგება ხდებოდა სოფლის ზემოთ არსებული წყაროდან. აქ დღემდე შემორჩენილია წყალგაყვანილობის სისტემებისა და სათავე ნაგებობის ნაშთები. წყალგაყვანილობის თიხის მილები საშუალო ზომისაა. მათი ნაწილი დროთა განმავლობაში აქაურ მოსახლეობას გამოუყენებია ღუმელის საკვამურების გასამართავად.
ასე რომ, სოფელ გურნათელში გვხვდება საკმაოდ ბევრი და ამავე დროს მრავალფეროვანი ძეგლები. მათი აქ არსებობა მოწმობს, რომ ეს სოფელი ადრეშუასაუკუნეებშიც საკმაოდ გამორჩეული და დაწინაურებული ადგილი უნდა ყოფილიყო. სამი ეკლესიისა და სხვა მონუმენტური ნაგებობის მშენებლობა აქაურთა მაღალ ეკონომიკურ შესაძლებლობებზეც მიუთითებს.
ბოლო ხანს სამეცნიერო ლიტერატურაში გამოითქვა კიდევ ერთი მოსაზრება, რომ ნუკა-საყდარი, რომელიც კარჩხლის მარჯვენა ნაპირზე აღმართული კლდოვანი მთის კონცხზეა დაშენებული (ნ. ხოშტარია 2005:206-213), არის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში მოხსენებული გუნათლეს ვანი (დ.კლდიაშვილი 1988:162-189). ამ საკითხთან დაკავშირებით ახლახანს გაზეთ ,,აჭარაში’’ გამოქვეყნდა ასოც. პროფ. მ. ჩოხარაძის საკმაოდ ვრცელი წერილიც. ავტორი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაზე დაყრდნობითა და შავშეთში შეგროვებული მასალების მიხედვით გამოთქვამს მოსაზრებას, რომ გუნათლეს ვანი უნდა იყოს არა ნუკა საყდარი, არამედ შავშეთის სოფელ გურნათელში არსებული სამი ეკლესიიდან ერთ-ერთი (მ. ჩოხარაძე 2010:4-6). ნუკას საყდართან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული მოსაზრებები აქვს გამოთქმული პროფ. მ. ფაღავასაც (მ. ფაღავა 2007; 2008; 2010). მათ განხილვას აქ ჩვენ არ შევუდგებით. გუნათლეს დედათა სავანის ადგილმდებარეობის შესახებ ჩვენც გვსურს გამოვთქვათ ზოგიერთი მოკრძალებული მოსაზრება, რომელიც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასა და გურნათელში ექსპედიციის დროს შეგროვებულ მასალებს ეფუძნება. გაბრიელი ,,იყო ვინმე აზნაური დიდებული” აშოტ კურაპალატის (გ. მერჩულე 1982:102) კარზე დაწინაურებული პიროვნება, ,,ერისმთავარი”. ,,...მეფესა აშოტ კურაპალატსა აუწყა გაბრიელ ერისმთავარმა სანატრელისა მამისა გრიგოლის ღირსებაჲ”. აზნაური, რომელიც ,,...შემკული იყო ყოვლითა სისრულითა და სიმდიდრითა, სიბრძნითა, ჰასაკითა და ახოვნებითა, ყოველსა ზედა საქმესა განმარჯვებითა და კეთილად მორწმუნოებითა ქებული”(გ. მერჩულე 1982:102). როგორც ივანე ჯავახიშვილი შენიშნავს, თითოეული აზნაური ,,დიდებულ”-ად არ ითვლებოდა, არამედ ,,დიდებული” განსაკუთრებული აზნაურობისაგან განსხვავებული ჯგუფის წევრის აღმნიშვნელი ტერმინი იყო (ივ. ჯავახიშვილი,1989:41).
გაბრიელი ერისმთავარიც იყო. გრიგოლ ხანძთელის თხზულებიდან და სხვა წყაროებიდან არ ჩანს, თუ რომელი რეგიონი იგულისხმება აქ. არაბულ წყაროებში დამოწმებულ ქართლის შემადგენელ ქვეყანათა სიისა და სხვა მონაცემების მიხედვით, დ. მუსხელიშვილი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ VII ს-ის 50-იანი და VIII ს-ის 40-იან წლებში შავშეთი ცალკე ადმინისტრაციული ერთეულია, მაგრამ შემდგომში იგი ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის კლარჯეთის შემადგენლობაში იგულისხმება. ეს რომ ასეა, ამას მოწმობს ის, რომ ლეონტი მროველთან და ჯუანშერთან თუ ყოველთვის არა, მეტწილად კლარჯეთის ცნება გულისხმობს შავშეთსაც (დ.მუსხელიშვილი 1980:70-71). ამ ყველაფრის მოტანა აქ ჩვენ იმისთვის დაგვჭირდა, რომ გაბრიელს ,,დიდებულ” აზნაურს, ,,ერისთავს”, ,,სიმდიდრითა და სიბრძნით”, სხვაგვარად რომ ვთქვათ ,,ყოვლითა სისრულითა” შემკულ პიროვნებას, რომელსაც ,,აქუნდეს ზოგნი სოფელნი მახლობელად ვანსა ნეტარისა გრიგოლისსა”, სად უნდა ჰქონოდა მას სხვა მიწები? ტექსტიდან ასევე არ ჩანს, შედიოდა თუ არა სოფელი გუნათლე გაბრიელ დაფანჩულის საკუთრებაში მყოფ სოფლებში. თუ დავაკვირდებით ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას’’, დავინახავთ, რომ კლარჯეთის ძირითადი ტერიტორიები, რომელიც არტანუჯის შემოგარენშია განთავსებული, მეფისა თუ მისი ოჯახის წევრების საკუთრებაა. აშოტ კურაპალატმა შესწირა სწორედ გრიგოლ ხანძთელს ,,ადგილნი კეთილნი და შატბერდისა (დღევანდელი ენირაბათი) ადგილი აგარაკად ხანძთისა”. გრიგოლმა ,,ვითარცა ადგილნი იგი მოითვალნა და კურთხევაჲ მიანიჭა კურაპალატს და ძეთა მისთა... მოვიდა ხანძთად მონასტრად თვისა და ახარა ძმათა ყოველი იგი...’’ (გ. მერჩულე 1982:102). შატბერდი (ენი რაბათი) და მისი შემოგარენი ტერიტორია მდებარეობს მდინარე არტანუჯისწყლის მარჯვენა შენაკად ე.წ. ლონგოთხევის მარჯვენა სანაპიროზე. იგი არტანუჯიდან 14 კმ-ით არის დაშორებული და მის ზემოთ მდებარე ბარევანის ქედით და მისი დასავლეთი ფერდობებით უშუალოდ ემიჯნება შავშეთს. ტექსტის მიხედვით გაბრიელ დაფანჩულს ,,...ზოგნი სოფელნი მახლობლად ვანსა ნეტარისა გრიგოლისსა ე.ი. ხანცთის მახლობლად აქვს, სადაც ,,სათესავი ყანაჲ და სათიბელი ქვეყანაჲ რაჲთურთ არა არს, არცა იქნების ღირღოლოვანთა მათ ფიცხელთა მწუერვალთა მათ ღადოთაჲსა”. თუ დავაკვირდებით შავშეთის წყლის ხანძთის გასწვრივ ტერიტორიას ჭოროხის შესართავამდე, აქაც სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები საკმაოდ მცირეა. ეს ტერიტორიებიც კლარჯეთის შემადგენლობაში შედის და უნდა ვიფიქროთ, რომ რაც იყო ისიც სამეფო კარის საკუთრება უნდა ყოფილიყო. მაშ, სად უნდა ვეძიოთ ამ ,,დიდებული” აზნაურის, ,,ერისმთავრის” დანარჩენი სოფლები? მთელ შავშეთში ყველაზე ნაყოფიერი მიწები სწორედ სათლელის წყლის როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მხარესაა კონცენტრირებული. ისინი ძირითადად ბარსა თუ მთისწინა ზოლშია განლაგებული. ამ ზოლში იფხრეულიდან მოკიდებული არტანუჯის საზღვრამდე მთისა და ბარის გასაყარზეა აშენებული შავშეთის ციხეების დიდი ნაწილიც (იფხრეულის, დაბაწრულის, ციხისძირის, ქვათეთრისის, ხანთუშეთის და სხვა), რომელთა ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაც უნდა ყოფილიყო მთისა და ბარის დამაკავშირებელი გზებისა თუ აქ არსებული სამეურნეო სივრცეების გაკონტროლება. მოკლედ რომ ვთქვათ, აქ არსებობდა ყოველგვარი პირობა, როგორც მიწათმოქმედების, ისე მესაქეონლეობის განვითარებისათვის. უნდა დავუშვათ ვარაუდი, რომ ამ ტერიტორიების გარკვეული ნაწილი, უფრო მეტად კი სათლელის წყლის მარცხენა სანაპირო ზოლში არსებული სოფლები, რომელშიც შედიოდა გურნათელიც, სწორედ ,,დიდებული” აზნაურის გაბრიელ დაფანჩულის საკუთრება უნდა ყოფილიყო. ჩვენი აზრით, ამაზე უნდა მიგვანიშნებდეს რამდენიმე სხვა ფაქტიც.
1. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში გიორგი მერჩულე მოგვიანებით კვლავ ახსენებს სოფელ გუნათლეს, სადაც ცხოვრობს გაბრიელ დაფანჩულის შვილის აბულასათის ოჯახი. ,,...და აბულასათ ესევე ამცნო ცოლსა თვისსა, რამეთუ იყო გუნათლეს და თვით წარვიდა სხვად ქვეყნად” (გ. მერჩულე 1982:102). ე.ი. შვილი თავისი ოჯახით ცხოვრობს გუნათლეში, არ უნდა გამოირიცხოს, რომ მამის გაბრიელ დაფანჩულის ოჯახიც აქ ცხოვრობდა. მითუმეტეს უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ეპოქაში მოქმედი წესის მიხედვით ,,დიდებულ” აზნაურს ,,ერისთავს” თავისი საგამგებლო ტერიტორია (ეს იქნებოდა საერისთავო, საციხისთავო თუ სხვა სამფლობელო) მას უკვე მემკვიდრეობით ან საკუთრად ჰქონდა დაჩემებული და, ბუნებრივია, ასევე მემკვიდრეობით მიიღებდა მას შვილიც.
2. სახლში დაბრუნებულმა გაბრიელმა შეიტყო გრიგოლ ხანძთელის სტუმრობის შესახებ, გაუხარდა და ,,...მსწრაფლ ხოლო დაწერა წიგნი ვედრებისაჲ” და სთხოვა კვლავ მობრძანება. გრიგოლი ,,...მორჩილ იქმნა სიტყუათა მისთა და წარჰყვა კაცთა მათ მოვლინებულთა” (გ. მერჩულე 1982:102). გაბრიელი თხოვს გრიგოლს: ,,...წმიდაო მამაო, სავანე კეთილი, ადგილი დედათათვის სამკვიდრებელად გამონახეთ...” (გ. მერჩულე 1982:102). ,,...გრიგოლ ძიება ყო გულისმოდგინედ და პოვა ადგილი კეთილი გუნათლეს მახლობლად, ჯვარი დასწერა და მუნ აღაშენეს მონასტერი დედათათაჲ, რომელსაც აწ ქვიან გუნათლის ვანი” (გ. მერჩულე 1982:102). ე.ი. გრიგოლმა დიდი ძიების შემდეგ გამონახა ,,ადგილი კეთილი” და არა ისეთი, როგორც ხანძთასა და მის მიმდებარე ნუკას-საყდრის შემოგარენშია: ,,ღირღოლოვანი” (კლდოვანი), ,,ფიცხელი” (სასტიკი,სალი), ,,ღადოი” (კლდოვანი მთა), სადაც ,,სათესარი ყანა და სათიბელი ქვეყანა არა არს”. ასეთ ,,კეთილ ადგილად” გვესახება გუნათლეს მახლობლად (და არა სოფელში) მდინარე ორთვალისის მარჯვენა კიდეზე არსებული ტერიტორია, სადაც ეკლესიაა აშენებული. იგი მართლაც და სოფლის მახლობლად სამი-ოთხი კილომეტრის მოშორებით მყუდრო, იზოლირებული გარემოა. ეკლესიის ტერიტორიაც და შემოგარენიც ტრადიციულად ეკუთვნოდა და ეკუთვნის სოფელ გურნათლეს. ეკლესიის სიახლოვეს არსებობს ის საარსებო სივრცე, რომელსაც შეეძლო უზრუნველეყო დედათა მონასტრის შენახვა. ეკლესიის ტერიტორიასა და მის მიდამოებში დასტურდება სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებიც. არაა გამორიცხული ისინი დედათა მონასტრისათვის საჭირო ნაგებობებისათვის ყოფილიყო განკუთვნილი. ძეგლზე (ეკლესიის შიგნით და გარეთ) მოხალისე არქეოლოგთა გათხრებმა დაადასტურა სამარხების არსებობა. შესაძლოა აქ არსებული კრამიტებიც მათი გამართვისათვის ყოფილიყო გამოყენებული. როგორც ცნობილია, კლარჯეთში (რომელშიც შავშეთიც შედის) არსებული მონასტრების გვერდით დიდი რაოდენობით იყო მცირე ზომის საეკლესიო ნაგებობანიც, ასეთ პატარა მონასტრებს შედარებით მცირე ზომის ბაზილიკური ან დარბაზული ეკლესიები ემსახურებოდა. გურნათელში არსებული საეკლესიო ნაგებობაც სწორედ პატარა ზომის დარბაზული ტიპის ეკლესიაა. ვფიქრობ, იგი დამხმარე ნაგებობებითა და თვითკმარი გარემო სივრცით სავსებით საკმარისი იქნებოდა დედათა სავანისათვის.
3. თუ ეს ასეა, მაშინ სად უნდა ყოფილიყო საკუთრივ სოფელში გაბრიელ დაფანჩულის საცხოვრებელი სახლი? გვსურს გამოვთქვათ კიდევ ერთი მოსაზრება. თუ ტაძარი ,,გუნათლეს მახლობლაა’’, მაშინ სოფელიც ტაძრის მახლობლად უნდა იყოს. ტაძრისაგან ასეთი სოფელი სწორედ გურნათელია. სოფელსა და ეკლესიას შორის დაცილება, როგორც ზემოთაც აღინიშნა, სამი-ოთხი კილომეტრია. არაა გამორიცხული, სოფლის ცენტრში ყველაზე გამორჩეული ვაკე ადგილ ,,ნაფუძარში” არსებული მონუმენტური ნაგებობის ნაშთები, თავის წყლის რეზერვუარით იყოს ის ადგილი, სადაც დაფანჩულთა ოჯახი ცხოვრობდა. საინტერესოა საკუთრივ სოფლის ადგილმდებარეობაც. იგი, შეიძლება ითქვას, სათლელის წყლის მარცხენა მხარეს არსებული სივრცის ცენტრადაც მოიაზრო. მის ზურგს შესანიშნავად იცავს ქვათეთრისისა და ხანთუშეთის ციხეები, ხოლო წინა მხარეს შავშეთის წყლისკენ დაშვებული დამრეცი კლდოვანი ფერდობები და სათლელის ციხე, რომელიც შავშეთის ,,ქვეყნის” გასაღებს წარმოადგენად.
4. თუ დავუშვებთ, რომ გუნათლეს დედათა მონასტერი თანამედროვე სოფელ გურნათლეშია და იქაა გაბრიელ დაფანჩულის ოჯახიც, მაშინ რამდენადმე გასაგები იქნება გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში დაცული ერთი ცნობაც, როცა სტუმრად მოსულ გრიგოლს გაბრიელის მეუღლე, მარიამი ატანს კაცებს და თხოვს:,,...ამათ კაცთა ასწავე გზაი მონასტრისა შენისაჲ (ე.ი. გზა ხანძთისა – ავტ.), რამეთუ არ დაგაკლდეს სახლისა ჩვენისა”... ჩანს რომ მარიამის მიერ წარგზავნილმა კაცებმა არ იციან გზა ხანძთისა. გრიგოლზე მათი გაყოლების ძირითადი მიზანი ის იყო, რომ შეესწავლათ ხანძთის გზა, ე.ი. გაბრიელ დაფანჩულის ოჯახი, სადაც ,,მიიწია” გრიგოლი, საკმაოდ შორსაა ხანძთისაგან. ხანძთა რომ სოფელთან ახლო ძეგლი ყოფილიყო, მაშინ გზა ისედაც ცნობილი იქნებოდა მათთვის და, ბუნებრივია, ეს გზა დამატებით შესწავლას არ მოითხოვდა. ე.ი. გზა, რომელიც ხანძთისაკენ მიდის, უცნობია აქაურთათვის. სწორედ ამიტომაც თხოვს მარიამი გრიგოლს ,,ასწავე გზაი მონასტრისა შენისაჲ”. თუ გავითავლისწინებთ თანამედროვე გურნათელისა და ხანძთის ადგილმდებარეობას, ისინი მართლაც ერთმანეთისაგან საკმაოდ შორი-შორს მდებარე გეოგრაფიული პუნქტებია. მათ შორის მანძილი დაახლოებით 25 კმ-ია. თუ გავითვალისწინებთ რელიეფის სირთულესაც, ,,ფიცხელ”, კლდოვან მთებსა და ხეობებს ხანძთისაკენ მიმავალი გზა მართლაც ძნელად გასაკვლევი იქნებოდა. ეს გარემოებაც ხომ არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში მოხსენებული გუნათლე იგივე თანამედროვე გურნათელია და არა ნუკა-საყდარი, რომელიც ხანძთისაგან 4 კმ-ითაა დაშორებული და ზოგიერთი მკვლვარის მიერ მიჩნეულია გუნათლეს ვანად?.
2.2. დაბაკეთილის (იაშარქოის) ეკლესია
სოფელი დაბაკეთილი (იაშარქოი) შავშეთისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ციხისძირსა და ტბეთს შორის მდებარეობს. იგი თანამედროვე შავშეთის ცენტრიდან 16 კილომეტრითაა დაშორებული. ამ სოფელსაც, ციხისძირის მსგავსად, აქვს საკმაოდ დიდი ტერიტორიები. რაც ქმნიდა მეტად ხელსაყრელ პირობებს მიწათმოქმედებისა და, განსაკუთრებით, მესაქონლეობის განვითარებისათვის. ერთ ზოლზე მდებარე სოფლები – ტბეთი, დაბაკეთილი, ციხისძირი და სხვა საკმაოდ დაწინაურებული უნდა ყოფილიყვნენ შუასაუკუნეებში. ამაზე მიუთითებს აქ არსებული ამ ეპოქის ძეგლების სიმრავლე და აქ გამავალი ის ძველი გზები, რომელიც ამ რეგიონს აკავშირებდა კლარჯეთთან, აჭარასთან თუ სამცხეჯავახეთთან. ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრებით დადასტურდა, რომ ამ სოფელში თავის დროზე ორი ეკლესია ყოფილა. ერთი მათგანი აღგვილია მიწისაგან პირისა. ადგილს მხოლოდ სახელი – ნაქილისევი (ნაეკლესიარი) შემორჩენია. რაც შეეხება მეორე ეკლესიას, იგი მდებარეობს სოფლის თავში, საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, 50 მეტრში, სოფელ ციხისძირსა და დაბაკეთილს შორის საზღვარზე. ეკლესია უშუალოდ დაშენებულია ქედის ბოლო მონაკვეთის შემაღლებულ ბორცვზე. აქედან შესანიშნავად მოჩანს მთელი შემოგარენი კარგა მანძილზე. დაზიანებული ეკლესია თავის დროზე შავშეთში მოგზაურობისას ნიკო მარსაც უნახია. იგი ტაძრის სიახლოვეს მიუთითებს ტბის არსებობაზეც. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით არსებულ ვაკეზე ტბა დღესაც დასტურდება. ოღონდაც უფრო დამცრობილი. როგორც ჩანს, იგი თავის დროზე შედარებით დიდი უნდა ყოფილიყო. ირგვლივ საკმაოდ დიდ ფართობზე შეიმჩნევა ტბისათვის დამახასიათებელი მცენარეული საფარის არსებობაც.
დღემდე მოღწეული ეკლესია საკმაოდ დაზიანებულია. თუმცა მის გეგმაზე წარმოდგენის შექმნა შესაძლებელი ხდება. დაბაკეთილის ეკლესია წარმოადგენს მცირე ზომის დარბაზული ტიპის ერთნავიან ნაგებობას, რომლის აფსიდაც სწორკუთხედშია ჩაწერილი. ეკლესიის სიგრძე 9,5 მეტრია, სიგანე – 5,50 მეტრი, ხოლო მისი კედლების სისქე – 70 სმ. ეკლესიის ძირითადი ნაწილი თითქმის საძირკვლის დონემდეა მორღვეული. შემორჩენილია მხოლოდ აფსიდის და კედლების მცირე ნაწილი. მის გაგრძელებაზე საძირკვლისა და კედლების უმნიშვნელო ნაშთები დაცულია ეკლესიის დასავლეთითაც. აფსიდის ცენტრალურ ნაწილში 4 მ სიმაღლის კედელი დანგრეულია 1,5 მეტრის სიგრძეზე. შემორჩენილ კედლებს როგორც შიგნით, ისე გარეთ პერანგები ძირითადად შემოცლილი აქვს. აქა-იქ შემორჩენილი ნიმუშებისა და კედლებზე არსებული ფოსოების მიხედვით ჩანს, რომ პერანგებად გამოყენებული უნდა ყოფილიყო შედარებით კარგად დამუშავებული კვადრები. ქვების წყობაში რიგები დაცულია. კვადრებს შორის სიცარიელე შევსებულია დუღაბითა და წვრილი ნატეხი ქვით. ეკლესიის ცენტრალური შესასვლელი არ ჩანს. არაა გამორიცხული იგი სამხრეთის ან დასავლეთის კედლებში ყოფილიყო დატანილი. ეკლესიის როგორც მიმდებარე, ისე შიგა ტერიტორია განძის მაძიებელთა მიერ გადათხრილია.
2.3. ახალდაბის (თეფექოის) ეკლესია
შავშეთის ცენტრიდან სოფელ ახალდაბამდე 14 კილომეტრია. სოფელი არსიანის მთებიდან ხეობისაკენ დაშვებულ ქედებს შორის ქვაბულში, უზარმაზარ მოვაკებულ ტერიტორიაზეა გაშენებული. იშვიათად თუ მოიძებნება შავშეთისწყლის მარჯვენა მხარეს ისეთი ლამაზი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისათვის უხვნიადაგიანი ტერიტორია, როგორც ახალდაბაშია. სოფლის ცენტრში, იქ სადაც ამჟამად ჯამეა, დაახლოებით 200 მეტრის დაცილებით მდებარეობს შუასაუკუნეების ეკლესიის ნაშთები. ეკლესია თავის დროზე აუშენებიათ საკმაოდ დახრილი ფერდობის მცირედ მოვაკებულ ტერიტორიაზე. აქედან შესანიშნავად ჩანს მთელი სოფელიც და შავშეთისწყლის ხეობის დიდი ნაწილიც. ეკლესიისათვის განკუთვნილი ტერიტორია, როგორც ჩანს, თავის დროზე დამატებით მოუსწორებიათ და გაუფართოვებიათ. მთლიანი ფართობი დაახლოებით 400-500 კვ.მეტრია. ეკლესია თითქმის საძირკვლის დონემდეა მორღვეული. აქა-იქაა შემორჩენილი მხოლოდ კედლებისა თუ საძირკვლის ნაშთები.
შედარებით კარგადაა დაცული ეკლესიის აფსიდის ჩრდილოეთი მხარისა და ჩრდილოეთი ნავის ნაშთები. აფსიდის ამ ნაწილში კედლის შემორჩენილი მაქსიმალური სიმაღლე 3,5 მეტრს აღწევს. აფსიდიდან ეკლესიის ჩრდილოეთის კედელი დასავლეთით 3,5 მეტრი გრძელდება. შემდეგ კი საძირკვლის დონემდეა მორღვეული. კარგადაა შემონახული ეკლესიის ჩრდილოეთი მინაშენის უკიდურესი აღმოსავლეთი მონაკვეთიც 4 მეტრის მანძილზე. აქ დღემდეა შემორჩენილი კედლების პერანგებიც. ჩანს, რომ ეკლესიის კედლები როგორც შიგნით, ისე გარეთ, თავის დროზე კარგად დამუშავებული კვადრებით იყო შემოსილი. ამჟამად მოღწეული კედლის მაქსიმალური სიმაღლე ამ მონაკვეთში 3 მეტრს აღწევს. კედლის სისქე 80 სმ-ია. რაც შეეხება ეკლესიის ცენტრალური ნავის შემორჩენილი აფსიდის კედლებს, მათ პერანგები მთლიანად შემოცლილი აქვს. ემჩნევა მხოლოდ საშუალო ზომის კვადრებისათვის განკუთვნილი ბუდეების კვალი. ჩანს წყობის რიგები დაცული იყო. ეკლესიის უკიდურეს დასავლეთ მონაკვეთშიც აქა-იქ დაცულია საძირკვლის ნაშთებიც. მათზე დაყრდნობით შეიძლება ეკლესიის მიახლოებითი გეგმის აღდგენა. ჩანს, რომ ეკლესია თავის დროზე პატარა ზომის დარბაზული ტიპის ნაგებობა იყო. ძეგლს აქაც ემჩნევა ,,მოხალისე არქეოლოგების” ძლიერი კვალი. ეკლესია შავშეთისათვის დამახასიათებელი დარბაზული ტიპის ნაგებობაა და იგი შეიძლება IX-X საუკუნეებით დათარიღდეს.
2.4. ციხისძირის (ყაიადიბის) ეკლესია
სოფელი ციხისძირი მდებარეობს შავშეთისწყლის მარჯვენა სანაპიროზე. შავშეთის ვაკე, რომელიც საკმაოდ დიდ და ნაყოფიერ ტერიტორიებს მოიცავს სამხრეთ-დასავლეთით ტერასებად იშლება. ერთ-ერთ ტერასაზე სწორედ სოფელი ციხისძირია გაშლილი. იგი შავშათიდან 19 კილომეტრითაა დაცილებული, ხოლო ცნობილი ტბეთიდან – 3 კილომეტრით. თანამედროვე ყაიადაბი, ანუ ციხისძირი საკმაოდ დიდი სოფელია. იგი რამდენიმე მაჰალესაგან (უბნისაგან) შედგება. მათგან აღსანიშნავია: თეთრიკლდე, ბეჯიდოღლუ, ჯინშენლარ, ასლიოღლუ, კორდეზელერ, ახალჯამემაჰალესი, სასონგილი და სხვა. აქაური მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედება და მესაქონლეობაა. ციხისძირი საინტერესო სოფელია თავისი წარსულითაც. აქ, როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრებით დადასტურდა, ყოფილა ორი საეკლესიო ნაგებობა და სოფლის თავზე, ჯამიმაჰალეში არსებულ წოწოლა კლდის თავზე დაშენებული ციხე-კოშკი. სოფელი XIX საუკუნის მეორე ნახევარშიც მოწინავეობს.
გ. ყაზბეგი აღნიშნავდა, რომ ციხისძირში ცხოვრობს შავშეთის მუდირი. მუდირის აქ ყოფნამ ციხისძირი მთელი შავშეთის ცენტრად გადააქცია. სოფელში არის ხულოს მსგავსი დუქნები, მაგრამ აქ ვაჭრობენ მხოლოდ ართვინელი სომხები (გ. ყაზბეგი 1995:78). ამჯერად მოვახერხეთ მხოლოდ ჯამიმაჰალეს უბანში არსებული საეკლესიო ნაგებობის ზედაპირული შესწავლა. ეკლესია მდებარეობს თანამედროვე სოფლის ჯამის ზემოთ არსებულ საკმაოდ დახრილი ფერდობის მცირედ მოვაკებულ ტერიტორიაზე. ნაგებობისათვის განკუთვნილი ტერიტორია დაახლოებით 300 კვ.მეტრ ფართობს მოიცავს. ეკლესიის დიდი ნაწილი თითქმის საძირკვლის დონემდეა მორღვეული. მიუხედავად ამისა, შეიძლება გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ ეკლესიის გეგმაზე. იგი დარბაზული ტიპის საეკლესიო ნაგებობაა. შემორჩენილია აფსიდისა და ჩრდილოეთი კედლის ნაწილი. ასევე მცირე ნაშთებია დაცული ეკლესიის უკიდურეს დასავლეთ მონაკვეთში. მთლიანი ეკლესიის ნაგებობის სიგრძე 10,5 მეტრი უნდა ყოფილიყო, სიგანე კი – 7,5 მეტრი. აფსიდის მხარეს შემორჩენილი ნაწილის მაქსიმალური სიმაღლე 2,80 მ-ია. აფსიდიდან ჩრდილოეთი კედელი დასავლეთისაკენ 4 მეტრის სიგრძეზეა შემორჩენილი. ეკლესიის მზიდი კედლების სისქე 80 სმ-ია. ჩვენამდე მოღწეული ნაშთების მიხედვით ჩანს, რომ თავის დროზე ეკლესიის როგორც ცოკოლი, ისე კედლების პერანგებიც, არც თუ ისე კარგად დამუშავებული ქვებით ყოფილა აშენებული. პერანგებს შორის სიცარიელე შევსებულია დუღაბით და წვრილი ნატეხი ქვებით. სხვა ეკლესიებისაგან განსხვავებით, აქ არ გვაქვს კედლის სვეტები, პილასტრები, რაც ნაგებობის შედარებით მცირე ზომების გამო, კონსტრუქციულადაც არ იყო საჭირო.
2.5. საზგირელის ეკლესია
საზგირელის ეკლესია მდებარეობს კარჩხლის წყალგამყოფი მთების თხემზე არსებულ მოვაკებულ ტერიტორიაზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა საზგირელის ვაკეს, ,,დუზს” უწოდებს. მას ქილისე სერსაც ეძახიან. ქედის სამხრეთი ფერდობიდან სათავეს იღებს ბაზგირეთის, ხოლო გადაღმა მხრიდან – კარჩხლის, ჩიხორის (ბასილათწყლის) და ახრანთხევის წყლები. სწორედ აქ შავშეთისწყლის ხეობისაკენ მიმართული ექსპოზიციის დასაწყისში არსებულ მოვაკებებსა თუ ფერდობებზეა თავმოყრილი ახლომდებარე ხეობების სხვადასხვა სოფლების საზაფხულო იალაღები. საზგირელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ადგილია ქედზე. იგი ზღვის დონიდან 2353 მეტრზე მდებარეობს. აქედან კარგად ჩანს მთლიანი შავშეთის ქვაბული და იმერხევ-შავშეთისწყლის აუზის ცალკეული ხეობები სოფლებითურთ, სათავეებიდან მოკიდებული თითქმის ჭოროხ-შავშეთისწყლის ხერთვისამდე. ამ ტერიტორიას ამავე დროს ჰქონდა მეტად მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა. აქ სხვადასხვა მიმართულებით გადიოდა გზებიც.
ეკლესია საზგირელის მთის მოვაკებული ტერიტორიის ყველაზე ლამაზ და შემაღლებულ ადგილზეა აგებული. იგი დროთა განმავლობაში დანგრეულა. მიუხედავად ამისა, ჩანს პერანგშემოცლილი კედლების თუ შედარებით კარგად დაცული ცოკოლის ნაშთები. ნაგებობის არქიტექტურაზე მეტნაკლებად სრული წარმოდგენის შექმნა შეიძლება. ტერიტორიის დათვალიერებით ნათელი გახდა, რომ განძისმაძიებლებს საკმაო კვალი დაუმჩნევიათ მისთვის. ნათხარია ეკლესიის შიდა და გარე – ჩრდილოეთი, ნაწილობრივ აღმოსავლეთი სექტორები. დროთა განმავლობაში ეკლესიისათვის, როგორც შიგნით, ისე გარეთ შემოუცლიათ პერანგის ქვები. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას გამოუყენებია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა მშენებლობისათის.
ეკლესიის გეგმა მთლიანად კვადრატს მიახლოებულ სწორკუთხედშია ჩაწერილი. მისი სიგრძე 10 მეტრია. სიგანე მინაშენის ჩათვლით კი – 10,30 მ-ი. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, საკმაოდ ღრმა ნახევარწრიული აფსიდით, სამხრეთის მინაშენით და კარიბჭით. მინაშენის სამხრეთ-აღმოსავლეთი სათავსო კვადრატს მიახლოებული სწორკუთხედია, ხოლო სამხრეთდასავლეთისა – აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მიმართული გრძივი სწორკუთხედი. კედლების სიგანე საშუალოდ 1 მეტრია. ნაგებობის ცოკოლი, რომელიც შედარებით კარგადაა დაცული, კირქვის დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საკმაოდ მოზრდილი ქვებითაა შემოსილი. რაც შეეხება ეკლესიის კედლებს, შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ჩანს, რომ პერანგები შედარებით ფაქიზად დამუშავებული კირქვის კვადრებით ყოფილა შემოსილი. ერთი მეტრის სიმაღლემდეა შემორჩენილი საკურთხევლის აფსიდის ჩრდილოაღმოსავლეთი მხარე და მინაშენის სამხრეთ-აღმოსავლეთი სათავსოს შიდა ნაწილიც. აქაც კედლები შედარებით კარგად დამუშავებული კირქვითაა ნაშენები.
ნაგებობა საგრძნობლადაა გადახრილი ჩრდილოეთისაკენ. მისი სრულყოფილი გაწმენდის გარეშე შეუძლებელი ხდება დაზუსტდეს, თუ საიდან ჰქონდა მას კარის ღიობი. თუ გავითვალისწინებთ ამ ტიპის ეკლესიების უმრავლესობას, არაა გამორიცხული მასაც ცენტრალური შესასვლელი სამხრეთით, ან დასავლეთით ჰქონოდა. ნაგებობის შენების თარიღზე გადაჭრით რაიმეს თქმა არ შეიძლება.
საყურადღებოა ისიც, რომ ძეგლის გარშემო არავითარი დასახლების კვალი არ შეინიშნება და ბუნებრივი პირობების გამო იგი არცაა მოსალოდნელი. ვისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი 2353 მეტრის სიმაღლეზე, ალპურ ზონაში, აგებული ეკლესია? ეს ტერიტორია თავისი ადგილმდებარეობითა და ბუნებრივი რესურსებით ქმნიდა მეტად ხელსაყრელ პირობებს მესაქონლეობის განვითარებისათვის. მას საარსებო მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ახლომდებარე სოფლების მეურნეობისათვის. ეს ადგილი ამავე დროს წარმოადგენდა გზაჯვარედინსაც. საზგირელის დუზს სამხრეთ-დასავლეთით ლეკობნისერი, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით საბუზარა სერის საკმაოდ მაღალი მთები იცავდა. მთისა და ბარის დამაკავშირებელ მთავარ გზებზე იდგა უსტამისის (წეფთის) და ხევწრულის ციხეებიც. ისინი ცხადია ახორციელებდნენ კონტროლს აქ გამავალ გზებზეც და, ბუნებრივია, ამ გზებით დაკავშირებულ მხარეებზეც. თუ გავითვალისწინებთ იმას, რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საზგირელის ვაკესა და მის მიმდებარე ტერიტორიებს აქაური მოსახლეობისთვის, მაშინ გასაგები უნდა იყოს აქ არსებული ეკლესიის დანიშნულებაც – იგი საზაფხულო იალაღებზე ამოსული მოსახლეობისათვის და მგზავრთათვის განკუთვნილი ღვთის სახლი უნდა ყოფილიყო.
* * *
როგორც ვნახეთ, შავშეთის ,,ქვეყნის” განხილული ყველა ეკლესია უგუმბათოა. ამ ტიპის ძეგლები სამ ჯგუფად იყოფა: 1. ბაზილიკური, სამ ნავად შინაგანი სვეტებით; 2. სამეკლესიანი ბაზილიკური და 3. ერთნავიანი დარბაზული ეკლესიები (გ.ჩუბინაშვილი 1936:189).
შავშეთში ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა ბოლო, მესამე ტიპის საეკლესიო ნაგებობანი. ისინი დარბაზული ტიპის ეკლესიებია, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული მთლიანად ჭოროხის ქვეყნებში და განსაკუთრებით შავშეთში. დარბაზული ტიპის ეკლესიების თემას ფართო გავრცელება ჰქონდა ადრეული პერიოდებიდან (V-VI სს-დან) თითქმის XIX საუკუნის ჩათვლით (Г. Чубинашвили 1971:39). იგი ერთადერთი ფორმა იყო უგუმბათო ეკლესიებისა, რომელიც გაჩენის დღიდან ბოლომდე დარჩა გუმბათიანი ტაძრების ,,თანამგზავრად” (ვ.ბერიძე 1974:26). შავშეთში ექსპედიციების დროს განხორციელებული დაზვერვებით დასტურდება, რომ ამ ტიპის ეკლესიები შავშეთისათვის ძირითადია. ისინი თითქმის საძირკვლების დონემდეა დანგრეული, ან კიდევ საერთოდ აღგვილია მიწისაგან პირისა.
ჩვენს მიერ შესწავლილი ეკლესიებისათვის დამახასიათებელია წარგძელებული სწორკუთხედი, რომელიც შიგნით, აღმოსავლეთის მხარეს ნახევარწრიული აფსიდით მთავრდება. აფსიდა სწორკუთხედის ფარგლებში რჩება. მათი სახურავი ორფერდაა, შესასვლელები ჩვეულებრივ სამხრეთით ან დასავლეთით აქვთ, თუ მოზრდილია – ორივეგან. ამ ტიპის ტაძრების შინაგანი სივრცეც უფრო მარტივი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ჩანს, ხუროთმოძღვარი შიდა სივრცის მაღალმხატვრული არქიტექტურული გადაწყვეტით მნიშვნელოვან ეფექტს მაინც აღწევს.
ამ ტიპის ყველა ძეგლი ერთნაირი არაა. თითოეული მათგანი თავისი დროის ნიშნებს ატარებს. აყვავების ხანის ძეგლები (მაგ. საზგირელი) უფრო დახვეწილია და ყოველთვის იგრძნობა შესრულების შედარებით მაღალი სტილი. ამ ტიპის ეკლესიების ერთი ნაწილი სოფლის ან კარის სამლოცველოები უნდა ყოფილიყო. ესენიც ყურადღებას იქცევენ მშენებლობის დახვეწილი მანერით. შავშეთში შესწავლილი დარბაზული ტიპის საეკლესიო ნაგებობების მცირე ნაწილს (საზგირელი) აქვს სამხრეთის მინაშენი. იგი სრულყოფილი სახით არცერთ ძეგლზე არაა დაცული. როგორადაც არ უნდა განვიხილოთ ეს ნაგებობანი, შენობის თანადროულად თუ შემდეგ აგებულად, ისინი მაინც ბუნებრივად თავსდება შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების აყვავების ხანაში. რადგან, როგორც ცნობილია, საქართველოში X-XI საუკუნეებიდან სტოა ტაძრის თითქმის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა (ვ.ბერიძე 1942:105). ზემოთ განხილული ეკლესიების აბსოლუტური უმრავლესობა საერთო პროპორციებით, საშენი მასალის დამუშავების ხასიათით ძირითადად შეიძლება IX-X საუკუნეებით დათარიღდეს. რაც შეეხება საზგირელის ეკლესიას, იგი ცოტათი მოგვიანო პერიოდის (XI ს) ძეგლი ჩანს.
დარბაზული ტიპის ეკლესიები ბევრია კლარჯეთში, ტაოში, ჯავახეთში, სამცხის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, შიდა ქართლში (Г. Чубинашвили 1971:27-66) და ა.შ. სვანეთში იგი ერთადერთ მიღებულ თემას წარმოადგენდა (Г. Чубинашвили 1965:69). ასე ჩანს იგი აჭარისწყლის ხეობაშიც (შ. მამულაძე 1993:72-142). ამ ტიპის საეკლესიო ნაგებობანი იმდენად ბევრია შავშეთში, რომ მათ ნიკო მარი შავშურ-იმერხევურსაც უწოდებს (Н. Марр 1911).
Комментариев нет:
Отправить комментарий