воскресенье, 21 июля 2019 г.

ქართულ-ოსური კოალიციის შექმნის ცდა რუსეთის წინააღმდეგ (XIX საუკუნის I მეოთხედი) გ. სოსიაშვილი

XIX საუკუნის დასაწყისიდან საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. რუსეთმა კარგად გამოიყენა ერთმორწმუნეობის ნიღაბი და ქართლკახეთის სამეფო გააუქმა. სამეფო სახლის და ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენლებმა გააცნობიერეს თავს დატეხილი უბედურება და რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ აჯანყებები დაიწყეს.
სამეფო სახლის წევრები ამ საქმეში ჩრდილოკავკასიელი ხალხების, მათ შორის ოსების ჩაბმასაც აპირებდნენ. როგორც ჩანს, ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენლებს ოსები საიმედო მოკავშირეებად ეგულვოდათ. ქართულ-საისტორიო წყაროებში საკმაოდ ბევრი ცნობაა შემონახული, ქართველი მეფეების აქტიურ ურთიერთობაზე ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ოსებთან, რომლებიც საგარეო მტრების შემოსევების დროს ხშირად ქართველების მხარდამხარ იბრძოდნენ. რუსეთის საიმპერატორო კარმა კავკასიაში მცხოვრები მცირე ერები პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოაქცია. რუსების აგრესიას ვერც ოსები გადაურჩნენ. Gგერმანელი მოგზაური გიულდენშტედტი გადმოგვცემს ოსი მოსახლეობის დაპირისპირებაზე რუსულ რაზმებთან, რაც ხშირად ოსების მსხვერპლით სრულდებოდა [5: 68].
ოსების მხარდაჭერა რუსეთის კოლონიალური პოლიტიკის წნეხის ქვეშ მოქცეული საქართველოს მიმართ იმთავითვე გამოიკვეთა. 1802 წელს რუსეთის წინააღმდეგ ამბოხებულ ვახტანგ ბატონიშვილს აქტიურად ეხმარებოდნენ თაგაურელი ოსები. ამის გამო რუსმა გენერალმა ტუჩკოვმა ოსებს ეკონომიკური სანქცია დაუწესა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ოსებს ბარიდან მარცვლეულის შეტანა ეკრძალებოდათ, ეს რა თქმა უნდა მთაში მცხოვრები ოსებისათვის დიდ პრობლემას შექმნიდა [2 : 73].
მთავარმართებელმა ციციანოვმა 1804 წელს თაგაურელი ოსებისათვის გზის გადაკეტვაც სცადა, რათა ისინი საქართველოს აღარ დაკავშირებოდნენ [2 : 73]. რუსეთი კავკასიაში მცხოვრები ხალხების საერთო მტრად იქცა, ამიტომაც ქართლ-კახეთის სამეფო სახლის წარმოადგენლები ერთიანი ძალით შეეცადნენ რუსეთის წინააღმდეგ გამოსვლას. ქართველი უფლისწულები განსაკუთრებულ იმედებს ოსებზე ამყარებდნენ, რომლებიც მათი ისტორიული მოკავშირეები იყვნენ. მას ადასტურებს ფარნაოზ ბატონიშვილის მიმართვა ოსებისადმი. ფარნაოზ ერეკლეს ძე „ქურთაულ ოსებს“, „თაგაურებთან“ ერთად რუსებისათვის გზების შეკვრას სთხოვდა. ფარნაოზ ბატონიშვილის წერილი ოსებისადმი ექვთიმე თაყაიშვილისათვის ვლადიკავკაზის გიმნაზიაში მოღვაწე მასწავლებელს – ტიტე კახიძეს გადაუცია. წერილი 1800 წლით თარიღდება: „ქ. საქართველოს მეფის ფარნაოზის მიერ ძმური სიყვარულით სახსოვარნო ერთობით ქურთაულელნო. მერმეთ თქვენც კარგად იცით, რომ ძველთაგან ჩვენი მამაპაპანი და თქვენი ერთმანეთისანი ყოფილან და ძმური სიყვარულით და მამაშვილობის სახით ჰყვარებიათ. ახლა კიდე ჩვენ ერთმანეთისანი ვართ და ჩვენი ოჯახი თქვენი იქნება და რომელსაც ჯამაგირის წიგნი გაქვთ თქვენი მამაპაპისა იმასაც ერთი-ორად დაგიმტკიცებთ და ვისაც არა გაქვსთ წყალობა ყეენისა მეტი იქნება და ჩვენ საუკუნოდ საკუთარნი ვიქნებით. ახლა თქვენ იცით როგორ ჯარად გამოხვალთ და თაგაურთ შემწენი იქნებით და მაგ გზებს შეჰკრავთ, რომ რუსთა ვეღარ გაიარონ და ვერც შემოვიდნენ და ჩვენგან როგორც გინდოდეთ, იმ წყალობით გუგლი შეისრულეთ. ღვთის წყალობით ჩვენ აქ სტეფანწმინდას მოვედით და ქალაქს ვაპირებთ წასვლას, რომ იქიდამ ჩვენი ძმა ალექსანდრე მოვა ყიზილბაშის ჯარით და ახლა თქვენ იცით, რომ როგორც ამ საქმეს არ უსუსტებთ და მხნედ მოიქცევით და თქვენ ამბავსაც ჩვენ გვაცოდინებთ. სექტემბერს იც ქორონიკონს უჟბ. საფარი ქალაქსა გვაქვს და ღვთის მოწყალებით იქაურ საქმეს რო მოვრჩებით აქავე მოვალთ და კახეთის თავადები ჩვენთან მოვიდნენ. საქართველოს ხალხი ყველა უკუდგა, ღვთით საქმე კარგად არის, ახლა თქვენ იცით“ [9].
როგორც ამ წერილიდან ჩანს, თაგაურელ და ქურთათელ ოსებს ბაგრატიონთა სამეფო სახლის წარმომადგენლები რუსთა რაზმებისათვის გზების გადაკეტვას სთხოვდნენ. ეს ტერიტორია, ჩვენი აზრით, საქართველოს სამხედრო გზის დასაწყისი უნდა ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ XVIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში სამხედრო გზის ამ მონაკვეთს თაგაურელი ოსები აკონტროლებდნენ. ამ ფაქტს ადასტურებს გერმანელი მოგზაურის იოჰან ანტონ გიულდენშტედტის ცნობაც, საიდანაც ჩანს, რომ ოსები მდ. თერგზე გადებულ ხიდებს ხევსურებთან ერთად დარაჯობდნენ [5 : 11]. გიულდენშტედტის ცნობით გზის ამ მონაკვეთის გავლა შესაძლებელი იყო ოსებისათვის გარკვეული გასამრჯელოს მიცემის შემდეგ [5 : 11].
როგორც მოგზაური გადმოგვცემს: „მათ (იგულისხმებიან ოსები – გ.ს.) ბევრი უსიამოვნება მიაყენეს რუსულ რაზმებს ხაზზე, თუმცა ისინი მათგან მოშორებით ცხოვრობენ, მაგრამ თავს ესხმოდნენ და ხოცავდნენ მგზავრებს, რომლებიც საქართველოდან მიდიოდნენ და საქართველოში მიემართებოდნენ, თავს ესხმოდნენ ზედ თერგის ხაზზე, როცა მათ დრო და დრო ჭკუას ასწავლიდნენ ხოლმე, ისინი აღიარებდნენ რუსულ უზენაესობას და მფარველობას და აძლევდნენ მძევლებს; ხოლო როცა ეს უკანასკნელნი გაიქცეოდნენ ან დაიხოცებოდნენ და, მაშასადამე, აღარ ეშინოდათ უახლესი სასჯელისა, მაშინვე მტრობით იმსჭვალებოდნენ.“ [5 : 68-69].
ოსების ასეთი დამოკიდებულება რუსების მიმართ შემთხვევითი არ იყო. რუსი ჯარისკაცები და კაპიტან-ისპრავნიკები მათ განსაკუთრებული სისატიკით ექცეოდნენ [6:161]. ყოველივე ეს ოსებს რუსი მოძალადეების წინააღმდეგ საბრძოლველად განაწყობდა.
საყურადღებოა, რომ რუსების წინააღმდეგ 1810 წელს აჯაყებული ლევან იულონის ძე ბატონიშვილი დიდი ლიახვის ხეობაში გამაგრდა. ლევანი თავისი ბიძის ალექსანდრე ბატონიშვილის მოწოდებით ლიახვის ხეობაში რაჭის გზით შევიდა, რათა სამაჩაბლოში მცხოვრები ქართველები და ოსები რუსეთის წინააღმდეგ აეჯანყებინა [4 : 42-43].
ბაგრატ ბატონიშვილის ცნობით: „ხოლო წელსა 1810 მსმენელთა იმერთა მოსცეს პირი მტკიცე მეფესა სოლომანს, მყოფსა ახალციხესა და აწვიეს რათა ჩავიდეს იმერეთს და დაიპყროს იმერეთივე, მსმენელი ამისი მეფე სოლომან წარემართა ახალციხით და შთავიდა იმერეთს. მაშინ მოერთვნენ იმერნი ყოველნივე, შეკრეს გზანი ქართლისანი და დადგნენ მყარად. მაშინ მეფის ძემან, ალექსანდრემაც წარავლინა ახალციხით ძმისწული თვისი ლეონ ოსეთსა სამაჩაბლოსა შინა, რათა მანცა, შეკრებულმან ოსთამან ბრძოს რუსთა. Mმისრულე ლეონ შეიწყნარეს ოვსთა და შეკრბნენ მისთანა“ [1 : 106].
ლევან ბატონიშვილის ოსებთან ურთიერთობის შესახებ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს მთავარმართებელ ტორმასოვის წერილი სამხედრო მინისტრისადმი, სწორედ აქედან ჩანს, რომ ოსთა ერთი ნაწილი რუსეთის მოწინააღმდეგე იყო, ხოლო ნაწილი მათთან თანამშრომობდა: „სპარსეთი აგზავნის გაქცეულ ლევან იულონის ძეს, ახალციხის გავლით აჯანყებულ იმერეთში და რაჭის მთის ოსებთან. ოსებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ გაუვალ მთებში და სჩადიოდნენ ყაჩაღობას, სიამოვნებით მიიღეს ლევანი. როდესაც ამის შესახებ გაიგო საქართველოს მმართველმა ახვერდოვმა, საჩქაროდ გაემგზავრა ცხინვალში, რათა დაემშვიდებინა მცხოვრებლები, დროის დაუკარგავად, ის შეუდგა თავისი გეგმის განხორციელებას, რათა ოსების დახმარებით რომლებსაც გააჩნდათ სიხარბე ოქროს მიმართ, ხელში ჩაეგდო ლევანი და მოეკლა. Lლევანმა დაიწყო თავდასხმა ქართლის სოფლებზე, თავადი მაჩაბლები, რომლებმაც ლევანი მიიღეს და იარაღით ამარაგებდნენ, დაჭერილები იყვნენ“ [8 : 468].
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ლევან ბატონიშვილის შემოსარიგებლად არაერთი მეთოდი გამოიყენა, მასთან საერთო ენა მაინც ვერ გამონახა [4 : 45]. ხელისუფლებამ მეამბოხე ბატონიშვილის ხელში ჩაგდების მიზნით ლიახვის ხეობაში სამხედრო ექსპედიცია მოაწყო. ლევან ბატონიშვილი, როგორც ჩანს კარგად იყო ინფორმირებული რუსთა ძალის გადაადგილების შესახებ, ამიტომ იგი ლიახვის ხეობიდან ნარში გადაიმალა [4: 45]. ხელისუფლებამ მოახერხა ერთ-ერთი ადგილობრივი ოსის გადმობირება და ბატონიშვილის მოტყუებით შეპყრობა სცადა, თუმცა უშედეგოდ.
ლევან ბატონიშვილის აჯანყებას რუსების წინააღმდეგ რეალური შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა ბაგრატიონების ბრძოლა სახელმწიფოებრიობის აღდგენის მიზნით არ შეწყვეტილა. ამ საქმის მთავარი სულისჩამდგმელი ალექსანდრე ბატონიშვილი იყო [7 : 11].
ალექსანდრე ერეკლეს ძე რუსების წინააღმდეგ კავკასიელების გაერთიანებას ესწრაფოდა. ალექსანდრეს მიერ ოსებისათვის გაგზავნილი წერილებიდან ნათლად ჩანს ბატონიშვილის დამოკიდებულება ოსი ხალხისადმი. ერთ-ერთი წერილში, რომელიც 1813 წლის 30 მარტით თარიღდება, აღნიშნულია: „წერილი მეფის ძის ალექსანდრესი მირზაბეგ თულათისშვილთან და დუდავ მასურიშვილთან, ქ. მეფის ძე ალექსანდრე ძმურის სიყვარულით მოგიკითხავთ თულათისშვილო მირზაბეგ და მასურიშვილო დუდავ. მერმე ვიცით, ჩვენს ვითარებას იკითხავთ. ღვთის მოწყალებით მშვიდობით ვიმყოფებით. Aახლა თქვენც კარგად იცით, რომ რუსებმა ჩვენი ოჯახი როგორ დაამხეს და თუ ჩვენ ასე გვიყვეს, ჩვენზედ დაბალს ოჯახს რას უზამენ? თქვენ ჭკვიანი კაცნი ბრძანდებით, კარგად უნდა იფიქროთ, მაგათის ამ ქვეყანაში დათესლებას ბოლოს რა მოსდევს ან თქვენთვის ან ჩვენთვის. ხოლო ახლა ჩვენც ღვთის მოწყალებით საქმესა და თადარიგებაში ვართ და თქვენც ჩვენი ოჯახისათვის და ჩვენი გულისათვის თავი უნდა დასდვათ და ოჯახიცა. თქვენ ჩიმითელთა ქურთაულელთ მზევალი უნდა მისცეთ და ერთმანეთში დაზავდეთ. ჩვენ ვაძლევთ თქვენს ზევალს იმათ და თქვენცა ჩვენის ოჯახისა და ჩვენი გულისათვის უნდა გამოიმეტოთ. არც უარის თქმა იქნება და მერმე როგორც გინდოდესთ ისე მიძმეთ და ჩვენი ოჯახიც გაისაკუთრეთ საუკუნოდ. თქვენ და ეგენი ერთი უნდა შეიქმნათ და სადაც ან ჩვენი ოჯახის მტერი არის და ან თქვენ იმაზედ მიხვიდეთ ღვთით და ამ ჩვენ მტერს რო მოვრჩებით, მერე მშვიდობასა და განსვენებაში ვიქნებით, თქვენცა და ჩვენი ოჯახი თქვენი საკუთარი სახლი იქნება და ჩვენი კარი ყოველთვის თქვენთვის ღია იქნება. ახლა თქვენ იცით, როგორც ამ საქმეს შეჰფერობოდეს ისე მოიქცევით(თ) მარტს ლ. ქორონიკონს ფა.„ [9].
ალექსანდრე ბატონიშვილის მეორე წერილიც 1813 წლით თარიღდება „წერილი მეფის ძისა ალექსანდრესი, მიწერილი მასურისშვილის ქელეხსანისა და დუდარისადმი 1813 წელს, აპრილის 1:
ქ. მეფის ძე ალექსანდრე ძმური სიყვარულით მოგიკითხავ მასურისშვილო ქელეხსან და დუდარ. მერმეთ ამას წინათაც მოგწერთ მზევლების საქმეზე წიგნი და ახლაც ეს არის რომ ჩვენი გულისათვის თქვენ ქურთაულებსაც და ქისტებსაც მზევლები უნდა მისცეთ. თქვენ ამ საქმეზე ბეჯითად იყავით ღვთის მოწყალებით. Mმერმე ჩვენი ოჯახი თქვენი იქნება. რასაც ამ ჟამად თქვენ ჩვენთვის გაირჯებით, ის საქმე თქვენთვის საშვილიშვილო იქნება. ახლა როგორც თქვენი იმედი გვაქვს, ისე ერთგულად და ბეჯითად მოიქეცით, რომ ერთმანეთს ზავი გქონდესთ და მისვლა-მოსვლა და ღვთით ჩვენი საქმეც და თქვენიც კარგად მოვა. სხვა ჩვენს სიტყვას თქვენი ძმა და ბიძაშვილი გიამბობსთ. აპრილის ა. ქორონოკონს ფა“ [9].
როგორც წარმოდგენილი მასალებიდან ჩანს, ოსები საუკუნეების განმავლობაში ქართველების ერთგული მოკავშირეები იყვნენ. მათ გარკვეული წვლილი შეჰქონდათ საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. დასანანია, რომ ორ ხალხს შორის ასწლეულების მანძილზე არსებული კავშირი გარეშე ძალების ზემოქმედების შედეგად შეწყდა, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ ისტორიული სამართლიანობა მალე აღდგება და ქართულ-ოსური ურთიერთობაც ტრადიციულად გაგრძელდება.
დამოწმებანი:
1. ბატონიშვილი ბ., ახალი მოთხრობა, თ. ლომოურის რედ. თბ., 1987.
2. თოგოშვილი გ., საქართველო-ოსეთის ურთიერთობა XVXVIII ს.ს. თბ., 1969.
3. ორჯონიკიძე ე., ალექსანდრე ბატონიშვილის ბრძოლა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ, თბ., 1999.
4. სოსიაშვილი გ., სამაჩაბლოს პოლიტიკური ისტორიიდან (ლევან ბატონიშვილის აჯანყება), საისტორიო ალმანახი ”კლიო,” # 25, 2005.
5. სოსიაშვილი გ., გერმანელი მოგზაურები ოსების შესახებ, თბ., 2007.
6. სუხიტაშვილი ვ., ოსური მოსახლეობის საპროტესტო მოძრაობა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ 1817 –1821 წლებში, გორის უნივერსიტეტის პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, შრომათა კრებული, გორი 2008.
7. სუხიტაშვილი ვ., ალექსანდრე ბატონიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა, თბ., 2006.
8. აქტები,NVI, 1874.
9. htt://publish..dif.ge/eqvtimetakaishvili/semoqmedeba.html

Комментариев нет:

Отправить комментарий