четверг, 25 июля 2019 г.

ირანის სავაჭრო ურთიერთობები ინგლისთან და რუსეთთან XVIII ს-ის II ნახევარში (ლ. თოგოშვილი)

ნაშრომი მიზნად ისახავს აღადგინოს XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ირან-ინგლისისა და ირან-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობების სურათი და მათი საერთაშორისო მნიშვნელობა; ასევე გაარკვიოს, თუ რა ადგილი ეთმობოდა საქართველოს დამოკიდებულების საკითხს რუსეთის ახლოაღმოსავლურ პოლიტიკაში. ირანში მიმდინარე შინაფეოდალურმა ბრძოლებმა გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკის გაჩანაგება. მოიშალა სარწყავი სისტემა, გაჩანაგდა გლეხის შრომით შექმნილი ნათესი ფართობები, დაეცა ხელოსნური წარმოება.1
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ევროპელებს ირანთან მეტად უმნიშვნელო ურთიერთობა ჰქონდათ. ამის მიზეზი იყო ქვეყნის შიგნით არეულობა, რაც უცხოელ ვაჭრებს მუდმივ საფრთხეს უქმნიდა. ინგლისელების გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა ნადირ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ. 1750 წელს დაიხურა ინგლისელთა ფაქტორია ისფაჰანში. 1756 წლის ოქტომბერში, ინგლის-საფრანგეთს შორის ომის დროს, ფრანგებმა დაარბიეს ინგლისელთა ფაქტორიები ბენდერ-აბასში, დაწვეს ინგლისელთა გემები. ინგლისელები იძულებული გახდნენ თავიანთი სავაჭრო სახლი ჯერ ბასრაში და, შემდეგ, ქერიმ-ხანის ნებართვით, ბუშირში გადაეტანათ.2 ინგლისელი ივესი, რომელმაც ინახულა ბენდერ-აბასი, 1758 წელს წერდა: „ახლა ამ ადგილას არ არის არაფერი მნიშვნელოვანი. ქალაქი ნანგრევებადაა ქცეული. ინგლისელთა და ჰოლანდიელთა სავაჭრო ფაქტორიებიდან დარჩენილა მხოლოდ ორი სავაჭრო სახლი, რაც გვარწმუნებს, რომ ეს ქალაქი ერთ დროს ჰყვაოდა. მუდმივმა ომებმა გადააქციეს იგი ასეთად. ანარქიამ და არეულობამ ინგლისელთა პრივილეგიებს ბოლო მოუღო. ეს ქალაქი დღეს სულ სხვანაირია, ვიდრე იყო იმ დროს, როცა შარდენმა ინახულა“.3 ინგლისელებმა გადაწყვიტეს გაეხსნათ სავაჭრო ფაქტორიები ბუშირში. ამ მიზნით მათ ქერიმ-ხანთან გამართეს მოლაპარაკება. 1763 წლის 12 აპრილს დაიდო ხელშეკრულება ინგლის-ირანს შორის4, რომლის ძალით ინგლისელებს ბენდერ-ბუშირში ვაჭრობის უფლება ეძლეოდათ. ამ ხელშკრულებით ქერიმ-ხანი ინგლისელებს უდიდეს შეღავათებს აძლევდა. ამით იგი ცდილობდა გამოეცოცხლებინა სპარსეთის ყურეში ჩამკვდარი ვაჭრობა და საერთოდ ირანის ეკონომიკა. ინგლისელებმა მიიღეს უფლება ირანში საქონელი უბაჟოდ შეეტანათ და გამოეტანათ. მართალია ეს შეღავათი ეხებოდა მხოლოდ იმ საქონელს, რომელიც მათ სპარსეთის ყურის ნავსადგურებში შეჰქონდათ, მაგრამ რამდენადაც ინგლისელთა ვაჭრობა ირანთან ძირითადად სპარსეთს ყურის ნავსადგურების მეშვეობით წარმოებდა, მათი ინტერესები ამ შეზღუდვის შედეგად არაფერს აგებდა. მეტად მნიშვნელოვანი იყო შეღავათი - შალეულით ვაჭრობის მონოპოლია. მხოლოდ ინგლისელებს ჰქონდათ უფლება შალეულის საქონელი, კერძოდ, მაუდი, შეეტანათ ირანში. ეს შეღავათი ინგლისელებს დიდ შემოსავალს პირდებოდა.5 ფირმანის ძლით, არცერთ ევროპულ სახელმწიფოს, გარდა ინგლისისა, არ ჰქონდა უფლება ირანში შემოეტანა შალეული, მაგრამ თუ ასეთ შემთხვევას ექნებოდა ადგილი, ან რომელიმე სახელმწიფოს, ან კერძო პირის მხრივ, მაშინ უნდა მოეხდინათ შალის საქონლის კონფისკაცია. ამგვარად, შალეულის ვაჭრობის მონოპოლია ინგლისის ხელში გადავიდა. რა თქმა უნდა, ამ უფლებების მოპოვება არც ინგლისელებს დაუჯდათ იაფად.6 ქერიმ-ხანის ფირმანის საფუძველზე, ირანი ინგლისელების წარმომადგენლად სცნობდა ვილიამ ანდრიუ პრაისს, რომელსაც უფლება ეძლეოდა შესულიყო სპარსეთის ყურეში და ნავსადგურ ბუშირში დაეარსებინა ინგლისელების ფაქტორია. ბენიამინ ჯერვისი გამოცხადებულ იქნა სპარსეთის ყურეში ინგლისელების მუდმივ წარმომადგენლად, ხოლო თომას დურნფორდს და სტეფან ჰერმიტს უნდა განეახლებინათ ინგლისელების ვაჭრობა. ორივე მხარე (ინგლისელები და ირანელები) ამ შეუცვლელ ხელშეკრულებას უნდა დაემორჩილოსო.7
ფირმანის მიხედვით, ინგლისელების კომპანიას შეუძლია თავისი სავაჭრო სახლისათვის აიღოს მიწის ნაკვეთი ბუშირში, ან სპარსეთის ყურის ნებისმიერ ადგილზე ნებისმიერი ოდენობით ფაქტორიის ასაგებად. მათ მიეცათ თავიანთ ფაქტორიაში ზარბაზნების განუსაზღვრელი რაოდენობით შეტანის უფლება. ინგლისელი ვაჭრები თავისუფლდებოდნენ ყოველგვარი სავაჭრო გადასახადისაგან როგორც საექსპორტო, ასევე იმპორტულ საქონელზე. ინგლისელებს უფლება ეძლეოდათ გაესაღებინათ თავიანთი საქონელი არა მარტო სპარსეთის ყურეში, არამედ ირანის ტერიტორიის ნებისმიერ ადგილზე და არავის ჰქონდა უფლება აეღოთ მათგან გადასახადი. მხოლოდ სპარსეთის ყურის ნავსადგურების შეიხებსა და ჰაქემებს ჰქონდათ უფლება აეღოთ საბაჟო გადასახადი ირანიდან გატანილ საქონელზე 3 პროცენტის ოდენობით. ის ფაქტი, რომ მხოლოდ სპარსეთის ყურის ადგილობრივ მმართველებს შეეძლოთ აეღოთ ბაჟი, მიგვითითებს, რომ აქ მოსახლე არაბული ტომები ფაქტიურად ნახევრადდამოუკიდებელნი იყვნენ.
თუ რომელიმე ვაჭარი ინგლისის კომპანიისაგან აიღებდა ვალს, ან რაიმე ვალდებულებას იკისრებდა, ადგილობრივი შეიხი, ან ჰაქემი ვალდებული იყო აეძულებინა ირანელი მოქალაქე გადაეხადა ვალი, ან შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება. თუ შეიხი, ან ჰაქემი ამ საქმეში უძლური აღმოჩნდებოდა, მაშინ თვით ინგლისის კომპანიის წარმომადგენელს ეძლეოდა უფლება, არსებული წესის მიხედვით, ამოეღო თავისი ან კომპანიის ვალი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი უფლება ინგლისელებისა, რომლებსაც შეეძლოთ ყოველგვარი საშუალება და გზა გამოეყენებინათ ირანელი ვაჭრების მათდამი სრულ დამოკიდებულ მდგომარეობაში ჩაყენებისათვის. არცერთ ადგილობრივ შეიხს, ან მმართველს არ ჰქონდა უფლება წინააღმდეგობა გაეწია ინგლისელებისათვის საქონლის ექსპორტის ან იმპორტის საქმეში. კომპანიას უფლება ეძლეოდა ირანის ნებისმიერ ადგილზე შეეტანა, გაეყიდა და ეყიდა საქონელი. „როდესაც ინგლისის გემი შედის ირანის რომელიმე ნავსადგურში, - აღნიშნულია ფირმანში, - არცერთ ვაჭარს არ აქვს უფლება აწარმოოს მოლაპარაკება ფარულად, თუ ამის შესახებ არ იცის კომპანიის მთავარმა რეზიდენტმა“.8
ფირმანი ავალებდა ადგილობრივ შეიხებსა და ჰაქემებს, რომ თუ ინგლისის გემი დაზიანდებოდა, ან იყო მისი ჩაძირვის საშიშროება, მათ ყოველი ღონე უნდა ეხმარათ იმისათვის, რომ გადაერჩინათ გემი. ხოლო თუ ამის საშუალება უკვე აღარ იყო, მაშინ მათ უნდა გადაერჩინათ ყველა და ყველაფერი, რაც კი გემზე იყო და არ ჰქონდათ უფლება ამისათვის გასამრჯელო ან საქონლის ნაწილი მოეთხოვათ. ინგლისის კომპანიის წარმომადგენლებს და ყველა იმ პირს, რომელიც ინგლისელების მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა, ნება ეძლეოდათ შეესრულებინათ თავიანთი რელიგიური რიტუალები და არავის ჰქონდა მათთვის ხელის შეშლის უფლება. ინგლისელებისაგან გაქცეული ჯარისკაცი, მეზღვაური თუ მონა უნდა დაბრუნებოდა მის პატრონს, არავის ჰქონდა მისთვის თავშესაფრის მიცემის უფლება. ამრიგად, ინგლისელებს საშუალება ეძლეოდათ კომპანიის სამსახურში მიეზიდათ ირანელთა მომსახურე პერსონალი და თვითონ გამხდარიყვნენ მათი ბატონ-პატრონი.
ინგლისელებისათვის გამოყოფილი იყო ადგილი მიცვალებულთა დასასაფლავებლად. თუ მათ სურდათ ადგილი ბაღის გასაშენებლად და ეს ადგილი ფადიშაჰს ეკუთვნოდა, მაშინ იგი უსასყიდლოდ გადაეცემოდა კომპანიას. მაგრამ, თუ იგი ეკუთვნოდა სხვა რომელიმე პორს, ამ შემთხვევაში ინგლისელებს უნდა შეესყიდათ ეს მიწის ნაკვეთი რიგიან ფასში. ქერიმ-ხანი ინგლისელებს უბრუნებდა იმ სახლს შირაზში თავის წყლით და ბაღჩით, რომელიც ადრე კომპანიის განკარგულებაში იყო. ესე იგი, ქერიმ-ხანს სურდა მიეზიდა ისინი თავის სატახტო ქალაქში.
ყველგან, სადაც კი ინგლისელებს ექნებოდათ სავაჭრო სახლი, მთარგმნელები და სხვა მათი მოსამსახურე პირები თავისუფლდებოდნენ ყოველგვარი გადასახადისაგან. ამავე დროს, აღნიშნული პირები კომპანიას ემორჩილებოდნენ და არავის ჰქონდა მათ საქმეში ჩარევის უფლება.
ფირმანის მიხედვით, ინგლისელებს ნება ეძლეოდათ ირანში შეეძინათ საქონელი ინგლისსა და ინდოეთში გასაგზავნად. მაგრამ მათ ეკრძალებოდათ ირანში გასაყიდად შემოტანილი საქონლის საზღვარგარეთ გატანა, ვინაიდან ამგვარი მოქმედება გააღარიბებდა ირანს და ზიანს მიაყენებდა მთელი ქვეყნის ვაჭრობას.
ინგლისელებს ეკრძალებოდათ მუსლიმებთან ცუდად მოპყრობა. ირანში შეზიდული საქონლის შესყიდვაში უპირატესობას ანიჭებდნენ ცნობილ ვაჭრებს და სანდო პირებს. ქერიმ-ხანი იცავდა გაბატონებული კლასის ინტერესებს და, იმავდროულად, სურდა აეცილებინა უსიამოვნებები, რომლებიც შეიძლებოდა მოჰყოლოდა უბრალო პირის მიერ საქონლის შესყიდვას. ინგლისელებს ეკრძლებოდათ დახმარების აღმოჩენა ფადიშაჰის მტრებისათვის, მეამბოხეებისათვის. არ ჰქონდათ მათი ირანიდან გაყვანის უფლება. ამგვარი პირები დაუყოვნებლივ უნდა გადაეცათ ირანის გამგებლებისათვის.
როგორც ფირმანიდან ჩანს, ინგლისელებმა მოიპოვეს სპარსეთის ყურეში ისეთი უფლებები, რომლის მსგავსი არცერთ სახელმწიფოს არ მოუპოვებია. აშკარაა, რომ ფირმანი ინგლისელების მითითებით და უშუალო მონაწილეობით არის შედგენილი. ამავე დროს, ინგლისელების მიზიდვა ბუშირში ამ ნავსადგურის გამგებლის ინტერესებში შედიოდა, რადგან ინგლისელთა მიერ ინტენსიური ვაჭრობის გაჩაღების შემთხვევაში მასაც კარგი მოგება დარჩებოდა. მათ სრული უპირატესობა მოიპოვეს თავიანთ ევროპელ კონკურენტებზე, მაგალითად, ჰოლანდიელებსა და პორტუგალიელებზე. ახლა მათ ირანში ყოველმხრივ თავისუფალი ვაჭრობის უფლება ეძლეოდათ.9
ინგლისელებმა მიიღეს ბენდერ-ბუშირისა და სხვა ნავსადგურების შეიარაღების უფლებაც, რაც ზღუდავდა ირანელთა სუვერენიტეტს. ამრიგად, ინგლისელები უკვე XVIII ს-ის შუა ხანებში ქმნიდნენ ირანში გამაგრებულ ბაზებს ამ ქვეყნის შემდგომი კოლონიზაციის მიზნით. ხელშეკრულება ინგლისელებს ექსტერიტორიულობის უფლებასაც ანიჭებდა. მასში ნათქვამია: „სადაც არ უნდა ჰქონდეთ ფაქტორიები ინგლისელებს, მათ სამსახურში მყოფი პირები არ გადაიხდიან ბეგარას და ინგლისელებისავე წესებს, კანონებსა და გამგებლობას დაემორჩილებიან“.10 მეტად მნიშვნელოვანია ქერიმ-ხანის მიერ გაცემული ბრძანება, დაკავშირებული ვალუტის საკითხებთან. ფირმანში ამის შესახებ ნათქვამი იყო: „ინგლისელები იყიდიან სპარსელი ვაჭრებისაგან იმ საქონელს, რომლის გატანა შეიძლება ინგლისში ან ინდოეთში და მთლიანად არ წაიღებენ აღებ-მიცემობაში ნახულ მოგებას, რადგანაც ეს ქვეყანას აზარალებს და მთელ ვაჭრობასაც ზიანს მოუტანს“.11
ამგვარად, ასეთი დიდი უფლებების მოპოვების შემდეგ ინგლისელებმა დააარსეს ფაქტორია ნავსადგურ ბუშირში, აღმართეს თავიანთი დროშები და დადგეს ზარბაზნები. ესე იგი, ინგლისელებს უკვე თავიანთი ფაქტორიები ჰქონდათ ბასრასა და ბუშირში. ბასრა ბაღდადის ფაშას ემორჩილებოდა. ეს უკანასკნელი კი თურქეთს ვასალი იყო, ხოლო ბუშირი ქერიმის განკარგულებაში იყო. ინგლისისათვის საჭირო იყო ფართო სავაჭრო ურთიერთობა როგორც თურქეთთან, ასევე ირანთან. მაგრამ მდგომარეობა გართულდა და 1769 წელს ინგლისელები, ქერიმ-ხანთან უთანხმოების გამო, ბენდერ-ბუშირიდან ბასრაში გადადიან. ყოველივე ამან დიდი ზიანი მიაყენა ირანის ვაჭრობას.
ოსმალეთის მთავრობამ ბასრა აშკარად სცნო ინგლისელთა საკონსულოდ. ბრიტანეთის სააგენტოს ირაანიდან ოსმალეთში გადანაცვლება მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა იყო. ბასრაში ინგლისელები ოთხ წელიწადს დარჩნენ. 1773 წელს, როცა აქ შავმა ჭირმა იფეთქა, მათ დატოვეს ქალაქი და ისევ ბუშირში მიბრუნდნენ. მაგრამ ინგლის-ირანის ურთიერთობა მეტად მერყევი იყო, ვიდრე 1788 წელს ინგლისელებმა, სპარსეთის ყურეში ვაჭრობის უზრუნველსაყოფად, ჯაფარ-ხანისაგან სპეციალური ფირმანი არ მიიღეს. ინგლის-ირანის ვაჭრობა მნიშვნელოვნად ფართოვდება XVIII ს-ის 90-იან წლებში.
ირანისა და რუსეთის ურთიერთობები გამოწვეული იყო როგორც შინაგანი ეკონომიკური მოთხოვნებით, ისე საერთაშორისო ვითარების ხშირი და მკვეთრი ცვალებდობით და, ამდენად, ერთნაირი არასდროს ყოფილა. ირანისა და რუსეთის კავშირი რეგულარულ ხასიათს არ ატარებდა. XVI ს-ის ბოლო მეოთხედიდან მოყოლებული, ოსმალთა აგრესიის გაძლიერებასთან ერთად, რუსეთის ხელისუფლების წინაშე მწვავედ დადგა ვოლგისპირეთში ახლად შემოერთებული ტერიტორიებისა და ჩრდილო კავკასიში მოპოვებული პოლიტიკური პოზიციების შენარჩუნების საკითხი, რამაც აღმოსავლეთ საქართველოსა და ირანთან დაკავშირების აუცილებლობის საკითხი დააყენა. ოსმალეთიდან მომდინარე საფრთხის გამო, რუსეთი, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ამ ქვეყნების ბუნებრივ მოკავშირედ იქცა.12 ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ირანი არ მომძლავრდა და რუსეთის წინსვლამ კავკასიაში საშიშროება არ შეუქმნა მის ინტერესებს. აშკარა გახდა ის ფარული წინააღმდეგობა, რომელიც ყოველთვის არსებობდა ამ ფეოდალურ სახელმწიფოებს შორის13.
XVIII ს-ის მეორე ნახევარში, მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, ირან-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობა არ შეწყვეტილა. რუსეთს მთავრობა ყოველმხრივ ცდილობდა ირანთან ვაჭრობის გაფართოებას. ამ მიზნის მისაღწევად მას პირველი რიგის ამოცანად მიაჩნდა ირანული აბრეშუმის ექსპორტის გზების, კერძოდ, თურქეთ-ხმელთაშუა ზღვის მაგის-ტრალის რუსეთზე გადმონაცვლება. ამ თვალსაზრისით წარუმატებლად დამთავრდა ანა ივანეს ასულისა და ელისაბედ პეტრეს ასულის ცდები. ჯერ კიდევ 1734 წლის რუსეთ-ინგლისის შეთანხმებამ ტრანზიტული ვაჭრობის შესახებ მასზე დამყარებული იმედები ვერ გაამართლა - ვერ შეუწყო ხელი ირანული აბრეშუმის ექსპორტის რუსეთის გზებზე გადმონაცვლებას და ამასთან ინგლისელთა ანტირუსული ინტრიგების წყარო გახდა. მაშასადამე, ეკატერინე II-ს სიფრთხილე უნდა გამოეჩინა უცხოეთთან სატრანზიტო შეთანხმებების გამოყენებისას. ირანთან ვაჭრობაში უპირატესობის მოსაპოვებლად რუსეთს უნდა სცოდნოდა ირანისა და ევროპის აღებ-მიცემობა, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ღონისძიებანი ირანში. ამასთან რუსეთს უნდა გაეთვალისწინებინა დაბრკოლებანი, რასაც ირანში უქმნიდნენ ვაჭრებს. მაგალითად, ჩრდილოეთ ირანში ვაჭართა მდგომარეობის შესახებ აკად. ს. გმელინი აღნიშნავს: „ხანი ფულით გაუმაძღარია. ის ტყავს აძრობს არა მარტო თავის ქვეშევრდომებს, არამედ ყველა უცხოელსაც, ვინც მის პროვინციაში სტუმრად ჩამოდის. უცხოელები უკმაყოფილო მიდიან ამ ქვეყნიდან. აქ რეიდზე მდგარ სავაჭრო გემებს, რომლებსაც შემოაქვთ საქონელი გასაყიდად და გადასაცვლელად, ყოველთვის აგვიანდებათ გასვლა. დიდი ხნის ლოდინი ფუჭი გამოდგება ხოლმე, რადგან ირანის ხელისუფლება არასდროს ასრულებს დანაპირებს. არც ვაჭართა მიერ მათი უხვად დასაჩუქრება ჭრის. ვაჭრებს არ ენანებათ საჩუქრები, რადგან დაინტერესებულნი არიან, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, თავი დააღწიონ ამისთანა მასპინძლობას... თვითონ ხანია უპირველესი ვაჭარი და მოიპოვებიან ვერაგი მაკლერები, რომლებიც მას დაწვრილებით ატყობინებენ, რომელი გემით ვინ რა საქონელი მოიტანა. თუ მოესურვებათ და ხანის სახელით საქონელი წაიღეს ნისიად გემიდან, ვაჭარი უნდა გამოეთხოვოს საზღაურს, რადგანაც სამართალს მაინც ვერსად იპოვის“.14 წყაროებით ხშირად დასტურდება რუსეთის ვაჭართა მიმართ ისეთი მეთოდების გამოყენება, როგორიც იყო ძვირფასი ქვების გამოძალვა ჩალის ფასად, გემების გაძარცვა იმ საბაბით, თითქოს ვაჭრებს დავალიანება ჰქონდათ. ყოველმხრივი ტერორი, საერთაშორისო ურთიერთობათა ელემენტარული წესების დარღვევა, ყველანაირი საშუალების გამოყენება რუს ვაჭართა დისკრედიტაციის მიზნით, რუსეთის გემების გაჩხრეკა ვითომდა ვაჭრების მიერ გადამალული საქონლის მისაგნებად და სხვ. რუსეთის მთავრობა გრძნობდა თავის ვაჭართა, როგორც სოციალური ძალის, სისუსტეს და ხვდებოდა, რომ ირანის ბაზარზე დასავლეთ ევროპის ვაჭრებისათვის კონკურენციის გაწევა მათ შესაძლებლობებს აღემატებოდა. გმელინი აღნიშნავს, რომ ირანში რუს ვაჭრებს საქონელი ნისიად ჰქონდათ გაცემული და იძულებული ხდებოდნენ აბრეშუმი შეესყიდათ იმ ფასებში, რასაც იქაური მეაბრეშუმეები მოითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სავსებით ხელცარიელი რჩებოდნენ, რადგან ირანში ჭარბად იყვნენ აბრეშუმის მუშტრები, რომლებსაც, რუსებისაგან განსხვავებით, ადგილობრივი ვაჭრებისათვის აბრეშუმის პარკში ნაღდი ოქრო-ვერცხლის შეთავაზება შეეძლოთ.15
ირანი ცალკეულ სახანოებად იყო დაყოფილი. მას არ ჰყავდა ერთი მმართველი, რომელთანაც შესაძლებელი იქნებოდა სავაჭრო ხელშეკრულების დადება და ვაჭრობის რეგულირება. ამიტომ ვაჭრობა იქ სტიქიურ ხასიათს ატარებდა და უმთავრესად დამოკიდებული იყო კასპიისპირა სანაპიროების სახანოების გამგებლებზე. ქერიმ-ხანმა, საკუთარი პოზიციების განმტკიცების შემდეგ, ჯერ კიდევ 60-იანი წლების დასაწყისში გადაწყვიტა არა მარტო ინგლისელების მიზიდვა სპარსეთის ყურეში, არამედ იგი რუსეთთან ვაჭრობის გაუმჯობესების მომხრეც იყო.16 მიუხედავად იმისა, რომ თავის ქვეყანაში მას არც ჰქონდა და არც შემდეგში შეუქმნია ნორმალური პირობები საგარეო ვაჭრობისათვის, მას ფირმანებიც კი დაუგზავნია მის დაქვემდებარებაში მყოფი ხანებისათვის, რომ არ შეევიწროებინათ და არ შეშალათ ხელი რუსეთის ვაჭრებისათვის. პირიქით, მათ ევალებოდათ ხელის შეწყობა ირან-რუსეთის ვაჭრობისათვის.17
მიუხედავად ირანში შექმნილი რთული ვითარებისა, ქერიმ-ხანის მმართველობის პერიოდში გრძლდებოდა ირან-რუსეთის სავაჭრო ურთერთობა, რომელსაც უფრო მეტი სარგებლობა მოჰქონდა ირანელი ვაჭრებისათვის, ვიდრე რუსეთისათვის.18 ირანთან ვაჭრობა რუსეთის მთელი ვაჭრობის მხოლოდ 3-4 პროცენტს შეადგენდა.19 რუსეთს ირანში უმთავრესად გაჰქონდა მაუდი, ხავერდი, რკინის ჭურჭლი, შაქარი, პურის ფქვილი, ლაქი და სხვ. ირანიდან რუსეთში შეჰქონდათ აბრეშუმის პარკი, აბრეშუმის ქსოვილი, ბამბა, ბრინჯი, ენდროს საღებავი და სხვ. რუსეთის რკინამ ირანთან ვაჭრობაში სათანადო ადგილი ვერ დაიკავა. ეს, ერთი მხრივ, შესაძლოა მიეწერებოდეს სატრანზიტო სიძნელეებს, რასაც რუსეთი განიცდიდა და, მეორე მხრივ, იმ დიდ მოთხოვნებს, რაც მაშინ რუსეთის რკინაზე იყო დასავლეთ ევროპაში.
ამრიგად, XVIII ს-ის მეორე ნახევარში ირანისა და რუსეთის სავაჭრო ურთიერთობები, საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, მკვეთრად იცვლებოდა. ევროპის სახელმწიფოთა და, კერძოდ, ინგლისელთა პოზიციები ირანში მეტად სუსტი იყო. ევროპის სახელმწიფოებს თავიანთი სავაჭრო ფაქტორიები ძირითადად სპარსეთის ყურის სანაპიროსა და კუნძულებზე ჰქონდათ. მათი ინტერესები ჯერჯერობით მხოლოდ ვაჭრობით განისაზღვრებოდა და ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე არსებით გავლენას ვერ ახდენდა.
შენიშვნები
1. Пигулевская Н. В., Якубовский А.Ю., Петрущевский И.П., Строева Д.В., Беленицкий Л. М., История Ирана с древнейших времен до конца 18 века, Издательство Ленинградского универ-ситета, Л., 1958, 318.
2. შენგელია ლ., ირანი ქერიმ-ხან ზენდის დროს, „მეცნიერება“, თბ., 1973, 111.
3. შენგელია ლ., ირანი ქერიმ-ხან ზენდის დროს, „მეცნიერება“, თბ., 1973, 111.
4. Зоненштраль-Пискорский А.Д., Международные торговые договоры Персии, „Мосполиграф“, М., 1931, 74.
5. შენგელია ლ., ირანი ქერიმ-ხან ზენდის დროს, „მეცნიერება“, თბ., 1973, 112.
6. შარაშენიძე ზ., ირანი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, „მეცნიერება“, თბ., 1970, 64.
7. შარაშენიძე ზ., ირანი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, „მეცნიერება“, თბ., 1970, 65.
8. შარაშენიძე ზ., ირანი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, „მეცნიერება“, თბ., 1970, 66.
9. შარაშენიძე ზ., ირანი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, „მეცნიერება“, თბ., 1970, 68.
10. Зоненштраль-Пискорский А.Д., Международные торговые договоры Персии, „Мосполиграф“, М., 1931, 74.
11. შენგელია ლ., ირანი ქერიმ-ხან ზენდის დროს, „მეცნიერება“, თბ., 1973, 113.
12. ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, VI, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1973, 209.
13. ტივაძე თ., საქართველო და რუსეთ-ირანის პოლიტიკური ურთიერთობა XVII საუკუნის მეორე ნახევარში, „მეცნიერება“; თბ., 1977, 195.
14. Гмелин С.Г., Путешествие по России, С-Петербург, Иждивенмем императорской Академии наук, 1785, 655.
15. Гмелин С.Г., Путешествие по России, С-Петербург, Иждивенмем императорской Академии наук, 1785, 606.
16. Маркова О.П., Россия, Закавказье и международные отношения в XVIII веке, „Наука“; М., 1966, 67
17. Покровский С.А., Внешняя торговля и внешняя торговая политика России, „Наука“, М., 1947, 105.
18. Покровский С.А., Внешняя торговля и внешняя торговая политика России, „Наука“, М., 1947, 106.
19. Джанелидзе Д.Д., Иранский вопрос во внешней политике России второй половины XVIII века, „Наука“, М., 1967, 10.
დამოწმებანი:
1) ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, VI, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1973.
2) ტივაძე თ., საქართველო და რუსეთ-ირანის პოლიტიკური ურთიერთობა XVII საუკუნის მეორე ნახევარში, „მეცნიერება“, თბ., 1977.
3) შარაშენიძე ზ., ირანი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, „მეცნიერება“, თბ., 1970.
4) შენგელია ლ., ირანი ქერიმ-ხან ზენდის დროს, „მეცნიერება“, თბ., 1973.
5) Гмелин С.Г., Путешествие по России, Иждивенмем императорской Академии наук, С-Петербург, 1785.
6) Джанелидзе Д.Д., Иранский вопрос во внешней политике России второй половины XVIII века, „Наука“, М., 1967.
7) Зоненштраль-Пискорский А. Д., Международные тор-говые договоры Персии, „Мосполиграф“, М., 1931.
8) Маркова О.П., Россия, Закавказье и международные отношения в XVIII веке, „Наука“, М., 1966.
9) Пигулевская Н. В., Якубовский А.Ю., Петрущевский И.П., Строева Д.В., Беленицкий Л. М., История Ирана с древнейших времен до конца 18 века, Издательство Ленинградского университета, Л., 1958.
10) Покровский С.А., Внешняя торговля и внешняя торговая политика России, „Наука“, М., 1947.

Комментариев нет:

Отправить комментарий