ნაპოლეონ ბონაპარტი როდესაც მიხვდა, რომ შეუძლებელი იყო ეგვიპტის შენარჩუნება მცირერიცხოვანი, იზოლირებული არმიით, პირველი ხელსაყრელი შემთხვევისთანავე გადაწყვეტს ეგვიპტის დატოვებას და საფრანგეთში დაბრუნებას. გასამგზავრებლად მან ყველაფერი გაამზადა, ხელი მოაწერა ბრძანებას არმიის სარდლობის გენერალ კლებერისთვის გადაცემის შესახებ; დაუტოვა მას 20 ათასზე მეტი კარგად შეიარაღებული და აღჭურვილი ჯარი გამოცდილი ოფიცრებით [4, 310]. ბონაპარტმა ისე, რომ თავის შემცვლელს არც შეხვედრია, ოთხი გემით და დაახლოებით ხუთასი კაცით 1799 წ. 23 აგვისტოს დატოვა ეგვიპტე [2, 63]. ბონაპარტი შემთხვევით გადაურჩა ინგლისური ესკადრის გემებთან შეხვედრას, რომლებიც მთელ სანაპიროს აკონტროლებდნენ და 8 ოქტომბერს მიადგა საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროს ფრეჟიუსის კონცხთან.
პოლიციის მინისტრმა ფუშემ კარგად იცოდა, რომ ბონაპარტი მალე პარიზში იქნებოდა [3, 110], მაგრამ ჩუმად იყო. დირექტორია მშვიდად იყო, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ბონაპარტი ვერ გაბედავდა არმიის მიტოვებას თვითნებურად და პარიზში დაბრუნებას [3, 110-111]. დირექტორია გამოაფხიზლა ცნობამ, რომ ეგვიპტიდან დაბრუნებულ ბონაპარტს პარიზისაკენ მიმავალ გზებზე მოსახლეობა როგორც ტრიუმფატორს, ისე ხვდებოდა [3, 112].
საფრანგეთის არმიის მდგომარეობა ეგვიპტეში, ბონაპარტის იქიდან წამოსვლის დროისათვის რთული იყო. მან ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს დირექტორიას წერილი გაუგზავნა, რომელშიც დაჟინებით მოითხოვდა დამხმარე ძალის გაგზავნას. თუ დირექტორია ამას ვერ მოახერხებდა, მაშინ საჭირო იქნებოდა ზავის დადება, რადგან ეგვიპტის შემცირებულ არმიას გაუჭირდებოდა ბრძოლა გადმოსხმულ დესანტთან და უდაბნოდან შეჭრილ სახმელეთო ძალებთან. საფრანგეთის არმია არა მარტო რიცხვობრივად მცირდებოდა, არამედ აკლდა მას იარაღი, საბრძოლო მასალები, აღჭურვილობა, წამლები, რომელთა შეძენა ადგილზე შეუძლებელი იყო [6, 125]. ჯარისკაცებისა და ოფიცრების მორალური მდგომარეობა უარესდებოდა. სულ უფრო ხმამაღლა გაისმოდა მოთხოვნები სამშობლოში დაბრუნების შესახებ. ბონაპარტი ხვდებოდა, რომ შექმნილ სიტუაციაში სულ უფრო გაჭირდებოდა მტერთან წინააღმდეგობის გაწევა ეგვიპტეში და კლებერისადმი დატოვილ ინსტრუქციაში წერდა, რომ „თუ მომავალი წლის მაისამდე საფრანგეთიდან არ ჩამოვა დამხმარე ძალა, ეგვიპტის არმია კი შეტაკებებში, ჩვეულებრივ, დანაკარგების გარდა კიდევ დაკარგავს ათას ხუთას ჯარისკაცს შავი ჭირის შესაძლო ეპიდემიისგან, მაშინ საჭირო იქნება ზავის დადება პორტასთან, ეგვიპტის დატოვების ფასადაც კი“ [3, 144-145]. საზავო მოლაპარაკების შესახებ კონსტანტინოპოლიდან წინადადების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული ვადის გასვლამდე ე. ი. 1800 წ. მაისამდე, კლებერს ნება ეძლეოდა მოლაპარაკება დაეწყო. მისი მიზანი უნდა ყოფილიყო: თურქეთის გამოსვლა კოალიციიდან; ექვსთვიანი ზავის დადება; თურქეთის იმპერიის ფარგლებში დაპატიმრებული ყველა ფრანგის გათავისუფლება და ნებართვა ფრანგული ვაჭრობისათვის შავი ზღვის სანაპიროებზე. ასეთი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, კლებერი უნდა დაპირებოდა პორტას, რომ დატოვებდა ეგვიპტეს პარიზიდან რატიფიკაციის მიღების შემდეგ. ბონაპარტი ცდილობდა საფრანგეთისათვის ეგვიპტე ნებისმიერი გზით შეენარჩუნებინა და ინსტრუქციის ბოლოს კლებერს შთააგონებდა: „თქვენ იცით რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეგვიპტის ფლობა. თურქეთის არმია ამჟამად ინგრევა და ეგვიპტის მიტოვება დიდი უბედურება იქნება ჩვენთვის, რადგან მალე დავინახავთ, როგორ მოხვდება ეს მშვენიერი პროვინცია სხვა ევროპელთა ხელში. ჩვენგან დატოვებული ეგვიპტე შესაძლოა აღმოჩნდეს რუსების ან ინგლისელების ხელში“ [3, 145]. ბუნებრივია, ბონაპარტმა იცოდა, რომ რუსეთი ამას ვერ შეძლებდა, რადგან პირდაპირი გასასვლელი ხმელთაშუა ზღვაში არ გააჩნდა და ამასთანავე, ეგვიპტეში არავითარი ინტერესი არ გააჩნდა. თურქეთის მოკავშირის სახით ეგვიპტეში შეიძლებოდა ინგლისი დამკვიდრებულიყო და ბონაპარტს ყველაზე მეტად ამის ეშინოდა.
კლებერი მოვლენათა მსვლელობის წყალობით ეგვიპტური არმიის მთავარსარდალი გახდა. როდესაც ის გაეცნო არმიის მდგომარეობას, დაუყოვნებლივ გაუგზავნა წერილი დიდ ვეზირს წინადადებით საზავო მოლაპარაკებათა დაწყების შესახებ. იმავე დროს, მან დირექტორიას გაუგზავნა მოხსენებითი ბარათი, რომელშიც დაწვრილებით აღწერდა ეგვიპტური არმიის მდგომარეობას. კლებერი წერდა, რომ ეგვიპტეში ყოფნის პერიოდში არმია განახევრდა და მას აკლდა ტანსაცმელი, ზარბაზნები, თოფები, საბრძოლო მასალები, სამშენებლო ხე, ფული. ჯარისკაცებს შეუჩერდათ ხელფასი 4 მილიონი ფრანკის ოდენობით და 7-8 მილიონი უნდა გადაეხადათ მიმწოდებლებისათვის. გადასახადების მიღების ყველა ადრინდელი წყარო ამოიწურა, ახლის შემოღების შემთხვევაში კი მოსახლეობა შეიძლებოდა აჯანყებულიყო. მამლუქები გაიფანტნენ, მაგრამ არ იყვნენ განადგურებულნი. დასასრულს, კლებერი ასკვნიდა, რომ ამ მდგომარეობაში მას არაფერი არ რჩებოდა გარდა იმისა, რომ დაეწყო მოლაპარაკებანი. თუ ვეზირი თანხმობით უპასუხებდა, იგი შესთავაზებდა მას ეგვიპტის დაბრუნებას შემდეგ პირობებზე: სულთანი აღადგენს იქ ყოფილ ფაშას, ფრანგები კი დარჩებიან ეგვიპტეში ინგლისთან ზავის დადებამდე [13, 10-15].
ამ მოხსენების ერთი ეგზემპლარი ინგლისელებს ჩაუვარდათ ხელში, მეორემ კი პარიზამდე ჩააღწია და ბონაპარტის ხელში მოხვდა, რომელიც იმ დროს უკვე პირველი კონსული იყო. ბონაპარტმა შენიშვნები დაურთო კლებერის მოხსენებით ბარათს, საიდანაც ჩანდა, რომ საფრანგეთის არმია ეგვიპტეში, მისი გამომგზავრების შემდეგ, კარგ მდგომარეობაში დარჩა, ყველაფრით იყო უზრუნველყოფილი და შეადგენდა 28 ათასამდე ადამიანს დაჭრილებსა და ავადმყოფებთან ერთად [13, 10-15]. ამით ბონაპარტს სურდა თავისი ყოფნა ეგვიპტეში წარმატებულ კამპანიად წარმოეჩინა, პასუხისმგებლობა კი არმიის იმდროინდელ მდგომარეობაზე თავისი მემკვიდრისთვის დაეკისრებინა.
კლებერის წინადადებაზე ზავის შესახებ, დიდმა ვეზირმა წინასწარი პირობა წამოაყენა-საფრანგეთის ჯარების ევაკუაცია ეგვიპტიდან თურქული და ფრანგული გემებით. დასაწყისში, კლებერი ცდილობდა ფრანგების პირობებზე დაეყოლიებინა თურქები, მაგრამ წარუმატებლობის შემდეგ, ის დაეთანხმა ეგვიპტიდან ევაკუაციას ზავის დადებამდე და პარიზიდან რატიფიკაციის მიღებამდე. მაგრამ ეგვიპტის დატოვებამდე კლებერმა თავის ხელქვეითებს მითითება მისცა ბოლომდე გაეძარცვათ ქვეყანა. 1800 წ. 22 იანვრის წერილში გენერალ დიუგასადმი ის წერდა: „ამჟამად აუცილებელია, რომ ჩვენ გამოვწუროთ ეგვიპტე ისევე, როგორც ლიმონათის დამზადებისას ადამიანი წურავს ლიმონს“ [14, 35].
შემდგარი მოლაპარაკების შედეგად, 1800 წ. 24 იანვარს ელარიშში ხელი მოაწერეს საფრანგეთ-თურქეთის კონვენციას ეგვიპტიდან ევაკუაციის შესახებ [1, 135-141]. კონვენციის თანახმად, ეგვიპტეში 3 თვით იდებოდა ზავი, რომლის განმავლობაშიც საფრანგეთის არმიას, მთლიანი შემადგენლობით, მთელი შეიარაღებით და აღჭურვილობით, უნდა დაეხია ალექსანდრიის, როზეტის და აბუქირისკენ, რათა საფრანგეთის და თურქეთის გემებით მათი ევაკუაცია განხორციელებულიყო. კონვენციის რატიფიკაციის მომენტიდან, ყველა ფრანგს ლევანტში და თურქეთში, აგრეთვე ეგვიპტეში სულთნის ყველა ქვეშევრდომს, სრული თავისუფლება ენიჭებოდა. მთელი ქონება, რომელიც ჩამოერთვა ფრანგებს ლევანტსა და თურქეთში და თურქებს ეგვიპტეში, უნდა დაბრუნებოდათ, მისი დაკარგვის შემთხვევაში კი მათი კომპენსირება ფულით მოეხდინათ. ინგლისური ესკადრის სარდალი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში სიდნეი სმიტი, თავისი ქვეყნის და მოკავშირეების სახელით ვალდებულებას იღებდა საფრანგეთის არმიისათვის საფრანგეთისკენ თავისუფალი გასვლის საშუალება მიეცა. რატიფიკაციის შესახებ საკითხის გადაწყვეტის მიზნით, კლებერმა სამხედრო საბჭო შეკრიბა. საბჭოს წევრებმა რატიფიკაციას ხმა ერთხმად მისცეს [13, 28].
ომით გამოფიტული თურქეთი კმაყოფილი იყო დადებული კონვენციით. სულთანს საშუალება ეძლეოდა ეგვიპტე, მშვიდობიანი გზით, თავისი ძალაუფლების ქვეშ დაებრუნებინა. მაგრამ ამ შეთანხმების შესრულება ინგლისმა დაარღვია. ამის მიზეზი ის იყო, რომ ამ დროისთვის ინგლისმა გააძლიერა თავისი ძალები ინდოეთში და ხელში ჩაგდებული დოკუმენტებიდან დაასკვნა, რომ საფრანგეთის არმიის მდგომარეობა ეგვიპტეში უიმედო იყო. ამან უბიძგა ინგლისს ხელი შეეშალა ფრანგების დაბრუნებისათვის საფრანგეთში. ელ-არიშის კონვენციაში ლონდონმა დაინახა თავისი გავლენის დაცემა თურქეთზე და მიიჩნია, რომ ამ შეთანხმების საფუძველზე ფრანგების ევაკუაციას შეეძლო გამოეწვია საფრანგეთ-თურქეთის მეგობრული ურთიერთობების აღდგენა და თურქების გასვლა ანტიფრანგული კოალიციიდან. ინგლისელი მინისტრების აზრით, მხოლოდ საფრანგეთის ჯარების უსიტყვო კაპიტულაციას შეეძლო თავიდან აეცილებინა დაახლოების შესაძლებლობა საფრანგეთსა და თურქეთს შორის.
ლონდონში მიიღეს გადაწყვეტილება, მოეთხოვათ ფრანგების უსიტყვო კაპიტულაცია ეგვიპტეში და საყოველთაო ზავის დადებამდე ფრანგები, როგორც ტყვეები ინგლისში ან მისი მოკავშირე ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა გადაეყვანათ. ეს გადაწყვეტილება აცნობეს კონსტანტინოპოლს და ხმელთაშუა ზღვაში ინგლისის ფლოტის სარდალს ადმირალ კეიტსს, რომელმაც სიდნეი სმიტის მეშვეობით, ამის შესახებ, კლებერს აცნობა. ინგლისის მთავრობამ, ეყრდნობოდა რა 1799 წ. დასაწყისში თურქეთთან დადებულ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, პორტასგან მოითხოვა, რომ მას მოლაპარაკებანი ფრანგებთან მხოლოდ ინგლისის რწმუნებულებთან ერთად ეწარმოებინა და ფრანგების კაპიტულაცია ყოველგვარი პირობების გარეშე მიეღოთ, დაუტოვებდნენ რა მთელ შეიარაღებას, აღჭურვილობას და ქონებას მოკავშირეებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლონდონი იმუქრებოდა, რომ ხელში ჩაიგდებდა ყველა გემს, რომლითაც ფრანგები ეგვიპტიდან ევროპისკენ წამოვიდოდნენ [10, 306].
თურქეთი უკმაყოფილო იყო ინგლისის მოთხოვნით, მაგრამ პრაქტიკულიდ არაფრის გაკეთება არ შეეძლო. კლებერმა კატეგორიულად უარყო ინგლისის მოთხოვნები, თავი მოუყარა ჯარებს ქაიროსთან და თურქეთს ზავის დარღვევის შესახებ აცნობა. 1800 წ. 19-20 მარტის ბრძოლებში თურქეთის არმიამ სრული მარცხი განიცადა ფრანგებთან [1, 144]. ფრანგების გამარჯვებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ მურად-ბეის თავისი მამლუქებით ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია, შემდეგ კი ფრანგების მხარეს გადავიდა და კლებერისაგან სამართავად ზემო ეგვიპტე მიიღო.
თურქებთან ბრძოლის დროს, ფრანგების წინააღმდეგ ქაირო აჯანყდა. ქალაქის აჯანყებულ მოსახლეობას შეუერთდა 6 ათასი თურქი და მამლუქი, რომლებიც გადარჩნენ თურქეთის არმიის განადგურების დროს და მეზობელი სოფლების 6-8 ათასი მცხოვრები.
თურქების განადგურების შემდეგ, კლებერი მთელი ძალებით აჯანყებულებს მიუბრუნდა და მკაცრად გაუსწორდა. ამ მოვლენების თვითმხილველის ალ-ჯაბარტის ცნობით, „ქაიროს მოსახლეობას არასოდეს არ განუცდია ასეთი საშინელი უბედურება“ [5, 289]. დამარცხებულ ქალაქს 10 მილიონი კონტრიბუცია დაადეს. მძიმე გადასახადები დააკისრეს ყველა პროვინციას, ქალაქს და სოფელს, სადაც კვლავ შევიდნენ ფრანგები თურქეთთან ზავის დარღვევის შემდეგ [5, 300]. არმია რომ შეევსოთ, 1800 წ. მაისის ბოლოდან, საფრანგეთის არმიის სარდლობამ თავისი არმიის რიგებში ადგილობრივი მოსახლეობის-კოპტების ჩარიცხვა დაიწყო.
გაძლიერებულმა ძალადობამ, ძარცვამ და შევიწროებამ კიდევ უფრო გააბოროტა მოსახლეობა. 1800 წ. 14 ივნისს, დიდი ვეზირის მიერ მოგზავნილმა ერთმა არაბმა, დღისით ხანჯლით მოკლა კლებერი [1, 151]. ქაირო კვლავ საყოველთაო აჯანყების დაწყებით იმუქრებოდა. კლებერის შემცვლელმა გენერალმა მენუმ მოსახლეობის დაშინების მიზნით, 1800 წ. ნოემბერში და 1801 წ. მარტში სპეციალური პროკლამაციები გამოუშვა, რომელშიც ეგვიპტის მოსახლეობას სასტიკი შურისძიებით ემუქრებოდა, თუ ისინი შეეცდებოდნენ აჯანყებას ფრანგების წინააღმდეგ. გამოიცა ბრძანება ყველა ეჭვმიტანილი დაეხვრიტათ, რომელიც არეულობისაკენ აქეზებდა [1, 151].
1800 წ. 19-20 მარტს თურქეთის არმიის განადგურებამ ძალიან შეაშფოთა სამთავრობო წრეები ლონდონში. მათ ეშინოდათ, რომ სამხედრო დამარცხებებით და შინაური არეულობით დაუძლურებულ თურქეთს საფრანგეთთან სეპარატული ზავი არ დაედო. ამიტომ, ინგლისის ხმელთაშუა ზღვის ფლოტის სარდალს ადმირალ კეიტსს ლონდონიდან მითითება გაეგზავნა, რომ ელ-არიშის შეთანხმების რატიფიკაცია მოეხდინა. კეიტსმა ეს ინსტრუქცია 1800 წ. აპრილის ბოლოს მიიღო და თავის მხრივ, გააგზავნა მეკავშირე გემი კუნძულ კვიპროსზე, სადაც ბაზა ჰქონდა სიდნეი სიმიტის ესკადრას. ახალი მითითებების თანახმად, სმიტმა კლებერის სახელზე წერილი გააგზავნა ეგვიპტეში. წერილში ის სთავაზობდა ზუსტად შეესრულებინათ ელარიშის კონვენცია იმავე საფუძველზე ახალი დაედოთ. წერილის ჩასვლის დროისთვის კლებერი უკვე გარდაცვლილი იყო, საფრანგეთიდან კი მოვიდა ცნობა ძალაუფლების ბონაპარტის ხელში გადასვლის და მარენგოსთან ავსტრიელებზე მისი გამარჯვების შესახებ. კელებერის შემცვლელმა გენერალმა მენუმ არც კი განიხილა ინგლისელების წინადადება და მათ პარიზისკენ, პირველი კონსულისკენ მიუთითა.
1800 წ. 5 სექტემბერს ინგლისმა ხელში ჩაიგდო მალტა და რუსეთთან ადრე დადებული ხელშეკრულების მიუხედავად, იქ რუსეთის რაზმი არ შეუშვეს, რამაც საბოლოოდ გააუარესა ურთიერთობები ინგლისსა და რუსეთს შორის [8, 461]. ამას შედეგიც მოჰყვა, 1800 წ. დეკემბერში დანიასთან, შვეციასთან და პრუსიასთან რუსეთმა ხელი მოაწერა კონვენციას შეიარაღებული საზღვაო ნეიტრალიტეტის შესახებ. კონვენციის მონაწილეებმა ივალდებულეს იარაღის ძალით დაეცვათ ზღვებზე გემების თავისუფალი მიმოსვლა, რომელსაც ინგლისი არღვევდა.
იმ მიზნით, რომ ინგლისელების მდგომარეობა ხმელთაშუა ზღვაში გაერთულებინა, ბონაპარტმა გააძლიერა ზეწოლა ინგლისის მოკავშირეებზე - პორტუგალიასა და ნეაპოლზე. ის ვარაუდობდა, რომ თუ ჩრდილოეთის ზღვებში ინგლისელებს დაუპირისპირდებოდა შეიარაღებული ნეიტრალიტეტის ლიგა, დასავლეთ ხმელთაშუა ზღვაში - ესპანეთის ფლოტი, ადრიატიკაში კი - რუსეთის ესკადრა, მაშინ ინგლისი, მოაკლდებოდა რა პორტუგალიისა და ნეაპოლის მხარდაჭერა, დიდხანს ვერ შეძლებდა ხმელთაშუა ზღვაში დიდი ძალების ყოლას [11, 32]. მისი ძალების შემცირება საშუალებას მისცემდა ნაპოლეონს დახმარება გაეგზავნა მენუსთვის და ზავის დადების დროს თურქეთისათვის თავისი პირობები ეკარნახა.
იმავე დროს, ინგლისის ყურადღება რომ ჩამოეცილებინა ეგვიპტისგან, საფრანგეთის დიპლომატია ფრთხილად იწყებს ხმის გავრცელებას ინდოეთში რუსეთსაფრანგეთის გაერთიანებული ექსპედიციის გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ. ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ 1801 წ. დასაწყისში ბონაპარტი და პავლე I შეთანხმდნენ ასეთი ლაშქრობის გეგმის შესახებ [12, 166; 15, 30-31; 9,301], მაგრამ მალე ის დაასამარეს პავლე I-ის ძალადობრივ სიკვდილთან ერთად [1, 152-153]. ამ გეგმის შესახებ საუბრისას, ჩვეულებრივ ეყრდნობიან თვითონ ბონაპარტის განცხადებას, რომელიც მან გააკეთა წმ. ელენეს კუნძულზე, ან „ინდოეთში ექსპედიციის პროექტს“, რომელიც თითქოსდა ნაპოლეონმა შესთავაზა პავლე I-ს [16, 369], მაგრამ ასეთი გეგმის კვალი არ ჩანს ბონაპარტის ფართო მიმოწერაში მის მინისტრებთან და პავლე I-თან. არაფერია ნათქვამი ამ პროექტის შესახებ პავლე I-ის ინსტრუქციებშიც მისი აგენტებისადმი პარიზში და წერილებში ბონაპარტისადმი. პირიქით, როცა პავლე I ინდოეთში სალაშქროდ კაზაკებს აგროვებდა, ბონაპარტს წერილი გაუგზავნა, რომელშიც არაფერს არ ამბობდა ინდოეთში ლაშქრობაზე, უბრალოდ, სთხოვდა მას დივერსიები მოეწყო ინგლისის სანაპიროებზე. ამდენად, საეჭვოა რაიმე ერთობლივ ექსპედიციაზე შეთანხმება ყოფილიყო მათ შორის. ამას ადასტურებს პარიზში პრუსიის ელჩის წერილიც, რომელშიც ის თავის მეფეს ფრიდრიხ-ვილჰელმ III-ს 1801 წ. თებერვლის ბოლოს სწერდა, რომ მისი ვარაუდით, ამ საკითხის შესწავლა ბონაპარტს მხოლოდ დაუწყია [7, 495]. ეს ნიშნავდა, რომ 1801 წ. თებერვალში ნაპოლეონ ბონაპარტი შეუდგა ამ საკითხის გაცნობას, პავლე I-მა კი უკვე იანვარში გასცა ბრძანება 24-ათასიანი კაზაკთა ჯარით შუა აზიაში წასვლის შესახებ, რათა კარგად გაერკვიათ ინდოეთისაკენ მიმავალი გზები. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ არავითარი რეალური გეგმა, რუსეთსაფრანგეთის ერთობლივი ლაშქრობის შესახებ ინდოეთში, არ არსებობდა. ყველაფერი ეს იყო ფრანგული დიპლომატიის მიერ ინსპირირებული საუბარი, ინდოეთში ლაშქრობის შესახებ, ინგლისის შანტაჟისათვის, ისიც ბონაპარტის მითითებით.
დამოწმებანი:
1. სილაგაძე ბ., ქართველი მამლუქები ეგვიპტის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში 1798-1807 წლებში, თბ., 1984.
2. ტარლე ე. ნაპოლეონი, თბ., 1996.
3. ცვაიგი შტეფან, ჟოზეფ ფუშე, პოლიტიკური მოღვაწის პორტრეტი, თარგ. გერმ., ბათუმი, 1972.
4. ცისკარიშვილი დ., ნაპოლეონი, წიგნი I. თბ., 1994.
5. Абд ар-Рахман ал-Джабарти, Египет в период экспедиции Бонапарта (1798-1807 гг.). М., 1962.
6. Бертье, Записки маршала Бертье, ч. II. Пер. с. фран., М., 1948.
7. Валишевский К., Сын великой Екатерины Павел I. Петербург, 1914.
8. История дипломатии, т. I. М., 1959.
9. Маркова О.П., Россия, Закавказье и международные отношения в XVIII веке. М., 1966.
10. Мордвинов Р.Н., Адмирал Ушаков (документы), т. 3. М., 1952.
11. Мэхен А.Т., Влияние морской силы на французскую революцию и империю, т. 2. М.-Л., 1940.
12. Станиславская А.М., Русско-английские отношения и проблемы Средиземного моря (1798-1807 гг.). М., 1962.
13. Тьер А., История консульства и империи во Франции, т. 2, ч. 3. Пер. с фран., Петербург, 1846.
14. Фильштинский И.М., Предисловие к сочинению Абд ар-Рахман ал-Джабарти. Египет в период экспедиции Бонапарта (1798-1807 гг.). М., 1962.
15. Штеинберг Е.Л. История британской агрессии на Среднем Востоке, М., 1951.
16. Dasette A., Napoléon, Pensées politiques et sociales, Paris, 1969.
Комментариев нет:
Отправить комментарий