„...სელჯუკთა სულთანმა ტოღრულმა ქართველების და მათი მეფის დავითის წინააღმდეგ დახმარება თხოვა ილ-ღაზი ორთოვის ძეს და ისინი, მსოფლიოში უძლიერესნი, გაემართნენ მისკენ მრავალრიცხოვანი არმიით; მათ თან ახლდა დუბეის სადაკას ძე. მუსლიმებმა, რომლებმაც თავდაპირველად დაამარცხეს ქართველები, მოსდიეს მტერს ბილიკით და მოექცნენ მათ ზურგში მთის გადასასვლელზე. შემდეგ ქართველები გზაზე შემოუბრუნდნენ და ეკვეთნენ მათ და დამარცხდნენ მუსლიმები. მისდევდნენ რა, ქართველები ხოცავდნენ და ტყვედ იგდებდნენ მათ. დუბეისი, რომლისგანაც წართმეული ნადავლის ღირებულება შეადგენდა 300 000 დინარს, ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზისთან ერთად გაემართა მარდინში უვნებლად...“
ამ ტექსტის შემდეგ ავტორი მოგვითხრობს სირიაში მომხდარ იმ არეულობაზე, რომელიც მოჰყვა დიდგორთან ილ-ღაზის მარცხს, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით, სხვაგვარ კავშირში ვისაუბრებთ.
ჯერ შევეხებით ამ ცნობის ავტორის ვინაობას: ქემალ ად-დინი თვითონ არ ყოფილა დიდგორის ბრძოლის თანამედროვე. იგი დაიბადა 1192 წელს ალეპოში, გარდაიცვალა 1262 წელს ეგვიპტეში (12: 573-574). ჩანს, რომ მას თავისი დროისათვის კარგი განათლება მიუღია და ადგილობრივი (ალეპოს) მთავრობის ნდობაც დაუმსახურებია: ჯერ იყო და ათ წელზე მეტ ხანს (1230- 1242) ასრულებდა სხვადასხვა დიპლომატიურ მოვალეობებს, ხოლო 1243 წლიდან უკვე ალეპოს გამგებლის მრჩეველია (12: 574).
ირკვევა ისიც, რომ დიპლომატიური მოღვაწეობის დროს და უფრო ადრეც ქემალ ად-დინი ბევრს მოგზაურობდა და დაუტოვებია არაერთი ნაშრომი ამ მოგზაურობების შესახებ. მოგზაურობის დროს და თვით ალეპოშიც იგი ისტორიულ მასალებს აგროვებდა. სწორედ ამ მასალების საფუძველზეა შედგენილი მისი „ალეპოს ისტორია“, სადაც მოთხრობილია ამბები, მოყოლებული 1097 წლიდან, ვიდრე 1146 წლამდე (12: 575).
ქემალ ად-დინი უმთავრესად იმეორებს მის წინამორბედ არაბ ავტორთა ცნობებს, თუმცა განსხვავებული მასალაც მოაქვს. ეს ითქმის მის იმ ცნობაზეც, რომელიც დიდგორის ბრძოლას ეხება. როგორც ვთქვით, ქემალ ად-დინის ცნობების დიდი ნაწილი უცნობი იყო ქართული ისტორიოგრაფიისათვის; გამოყენებული იყო მხოლოდ ის ნაწილი, სადაც საუბარია სირიაში მომხდარ დიდ არეულობაზე, სულეიმანის მამის (ილ-ღაზის) საწინააღმდეგო აჯანყებაზე, რომელიც მოჰყვა დიდგორთან მარცხს. ეს მასალა ქველი ჩხატარაიშვილს მოაქვს 1973 წელს გამოქვეყნებულ წიგნში - „დიდგორის ბრძოლა“. ამ შემთხვევაში მას უსარგებლია ფრანგი ავტორის რ. გრუსეს ნაშრომით - „ჯვაროსნული ომებისა და იერუსალიმის ფრანკთა სამეფოს ისტორია“ (3).
მაინც რით იპყრობს ყურადღებას ქემალ ად-დინის ცნობა დიდგორის ბრძოლის შესახებ?
უპირველესად იმით, რომ იგი ერთხელ კიდევ თვალსაჩინოს ხდის ქართველ ავტორთა იმ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც დავით აღმაშენებელს ბრძოლა მოუხდა მუსულმანთა არა ცალკეულ რაზმთან, როგორც ამას ინგლისელი ავტორი მონორსკი ფიქრობს (13), არამედ კოალიციურ ლაშქართან, რომელსაც მოუძღოდნენ აღმოსავლეთის ისეთი ცნობილი და გავლენიანი მფლობელები, როგორებიც იყვნენ: ილ-ღაზი ორთოკის ძე, დუბეის სადაკას ძე და ტოღრული. ჩანს, რომ ეს უკანასკნელი, რომელიც იყო არანისა და განძის გამგებელი, თავის ძმა მაჰმუდთან (სელჯუკთა სულთანთან) ერთად ამ ლაშქრობის სულისჩამდგმელი და ინიციატორი იყო. ისინი არაერთხელ შეუვიწროებია დავით აღმაშენებელს (7, I, 337). მარტოდმარტო შებრძოლება გაუჭირდებოდათ და ამიტომ ერთობლივი ლაშქრობა შეუთავაზებიათ მუსულმანი გამგებლებისათვის, ჯარის გაძღოლა კი უთხოვიათ ილ-ღაზისათვის, რომელიც გამოჩენილი სარდალი იყო, არაერთ ბრძოლაში დაუმარცხებია ჯვაროსნები (6: 96). ილ-ღაზი ორთოკის ძე მალე გამოხმაურებია მუსულმანი გამგებლების თხოვნას და საქართველოსკენ წამოსულა „მრავალრიცხოვანი არმიით“(12: 628).
ქემალ ად-დინის ცნობა, როგორც ვთქვით, სიახლის შემცველიცაა. ეს ეხება დავით აღმაშენებლის მიერ გამოყენებულ ტაქტიკურ ხერხს, მაგრამ, ვიდრე ამაზე ვისაუბრებდით, ჯერ გავიხსენოთ იბნ ალ-ასირისეული ცნობა, რომლის მიხედვით, შეხვდნენ რა ერთმანეთს, მუსულმანთა და ქართველთა არმიები მოეწყვნენ საბრძოლველად. ქართველთა ლაშქარს გამოეყო 200 ყივჩაღი და მტრის განლაგებისაკენ გაემართა. მუსლიმებმა ისინი დანებების მოსურნეებად მიიჩნიეს და ამიტომ არ მიიღეს უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ზომები. ყივჩაღებმა მიახლოებისთანავე მათ ისრები დააყარეს, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა მუსულმანებისათვის, ისინი დაიბნენ, მათი ჯარის წინა რიგები აირია, უკან მდგომ რაზმებს ეგონათ დავმარცხდითო და გაიქცნენ. გაქცეულები ერთმანეთს ეხეთქებოდნენ, ერთმანეთს თელავდნენ. რა თქმა უნდა, ქართველებიც ხოცავდნენ მათ (8: 104). მაშასადამე, იბნ ალასირის მიერ მოთხრობილი ტაქტიკური ხერხი, რომელიც დავით აღმაშენებელმა გამოიყენა, ემყარებოდა მტერზე უეცარი თავდასხმის პრინციპს და ამ გზით მოწინააღმდეგის განადგურებას, რაც სიახლე იყო სამხედრო ხელოვნებაში. ეს აზრია გაზიარებული ჩვენს ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში, ამ უკანასკნელ დრომდე ამ აზრს გამოთქვამდნენ არა მარტო ქართველი ისტორიკოსები, არამედ სამხედრო ხელოვნების ისტორიის ისეთი მკვლევარიც კი, როგორიც იყო სტროკოვი.
რაც შეეხება ქემალ ად-დინის ცნობას, მას იბნ ალ-ასირისეული ცნობისაგან ის განასხვავებს, რომ მასში სულ არაფერია ნათქვამი დავითის მიერ გამოყენებულ უეცარი თავდასხმის პრინციპზე. პირიქით კი არის: ქემალ ად-დინი იმაში გვარწმუნებს, რომ თავდაპირველი იერიში მუსლიმებმა მიიტანეს ქართველებზე. „მუსლიმებმა, წერს იგი, თავდაპირველად დაამარცხეს ქართველები და მისდიეს რა მტერს ბილიკებით, მოექცნენ მათ ზურგში მთის გადასასვლელზე“ (12: 628). ეს შეტევა მუსლიმებისა მართლაც მოსალოდნელი იყო, თუ გავითვალისწინებთ იმ ფსიქოლოგიურ მომენტს, რომელზეც ვალტერ გოტიე და მათე ურჰაელი მიუთითებენ. გოტიეს ცნობით, დიდგორთან მისული თურქები ხეობაში შევიდნენ „ძლიერი ყიჟინით, ცხენითა და აბჯართა უკიდურესი ხმაურობით“..., ზარდამცემ ბაირაღებით...“ „ამ ხმურობებს მთა და ბარი ბანს აძლევდა: (1: 46). „ლაშქართა საშინელ ყიჟინს მთები ბანს აძლევდნენ“ (4: 246), წერს მათე ურჰაელიც. ამ ფსიქოლოგიური მომენტის ლოგიკური გაგრძელება უნდა ყოფილიყო შეტევა და ქართველების ის „მარცხიც“, რომელზეც მიუთითებს ქემალ ად-დინი. მხოლოდ „მარცხისა“ და გაქცევის შემდეგ შემოუბრუნდნენ ქართველები მუსლიმებს, რომლებსაც „ხოცავდნენ და ატყვევებდნენ“. ამგვარად, „თავდაპირველი დამარცხება“ და „დევნა“ ქართველებისა, რომელზედაც მიუთითებს ქემალ ად-დინი, დავითის გეგმაში შედიოდა და ითვალისწინებდა მტრის რაზმების შეტყუებას ქართველთა განლაგების სიღრმეში, სადაც მოულოდნელი დარტყმის მიყენებას როგორც `გაქცეულების~ მხრიდან, ისე ფლანგებიდან მეტი ეფექტი ექნებოდა – მას შეეძლო მტრის რაზმების დაბნევა და მოსალოდნელი კატასტროფისაგან თავის დაღწევის მიზნით უკუქცევის დაჩქარებაც.
ქართველთა „თავდაპირველი დამარცხებისა“ და დევნის ამ საინტერესო დეტალს ალ-კალანისის ცნობაც ადასტურებს, რომელიც, ს. მარგიშვილის თქმით, ქემალ ად-დინის ცნობის იდენტურია (6: 135). ეს ცნობა სამეცნიერო ბრუნვაში პირველად გ. ჯაფარიძემ შემოიტანა. სხვათა შორის, ეს საინტერესო დეტალი არა აქვს აღნიშნული არც დავითის ისტორიკოსს, არც მათე ურჰაელს, არც გოტიესა და არც ალ-ფარიკს, თუმცა არც ერთი მათგანის ცნობა არ გამორიცხავს ქართველთა ზემოაღნიშნული „დამარცხებისა“ და „დევნის“ შესაძლებლობას. თვით დავითის ისტორიკოსი მიგვანიშნებს:
„ყველაფერ იმის აღწერა, რაც დავითმა გააკეთა, ყოველთა ბრძენთა სოფლისათა ენა ვერ შემძლებელ არს მოთხრობად ზედმიწევნით ყოველსავე“ (8, I :341). ამგვარად, ქემალ ად-დინის და ალ-კალანისის ცნობებიდან ის ირკვევა, რომ დავით აღმაშენებელმა გამოიყენა მტერზე არა უეცარი თავდასხმის ტაქტიკა, რომელსაც მოჰყვა მუსლიმების გაქცევა და განადგურება, არამედ ის ტაქტიკური ხერხი (ჰუნური ანუ მონღოლური ტაქტიკა), რომელიც უცხო არ იყო აღმოსავლეთის სამხედრო ხელოვნებაში“. (10:49). დამარცხების იმიტაციით მან მტერი იქ შეიტყუა, სადაც მისთვის ბრძოლა უფრო მოსახერხებელი იყო. ამდენად, მართალია ზ. ავალიშვილი, როცა წერს: თურქებმა ბრძოლა „ქართველთა მიერ შერჩეულ ადგილზე“ გამართეს და კიდეც დამარცხდნენ (1: 39). ილ-ღაზმა დაუშვა უდიდესი შეცდომა; მან დაარღვია სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი წესი, რომლის მიხედვით „მთებზე იერიში არ მიაქვთ“ (ნაპოლეონ ბონაპარტე), რადგან აქ შეუძლებელია ჯარის საბრძოლო წყობად გაშლა (9: 17).
ჩვენი თხრობის დასასრულს იმასაც ვიტყვით, რომ ქემალ ად-დინი დაუფარავად წერს იმ კატასტროფულ შედეგებზეც, რომელიც მოჰყვა მაჰმადიანთა ლაშქრობას საქართველოში. მართალია, იგი არ ასახელებს ზუსტ რიცხვს, თუ რამდენი მუსლიმი დაიხოცა და რამდენი ტყვედ იქნა წაყვანილი ბრძოლის ველიდან, მაგრამ მისი თხრობიდან აშკარად ჩანს, რომ ეს რიცხვი საკმაოდ დიდი იყო. დიდგორის ბრძოლაში მაჰმადიანებმა არა მარტო ადამიანების მხრივ განიცადეს დანაკარგი, არამედ მატერიალურადაც. ქემალ ად-დინის ცნობით, მარტო დუბეის სადაკას ძისაგან წართმეული ნადავლის ღირებულება შეადგენდა 300 000 დინარს (12: 628). აღსანიშნავია, რომ დუბეის სადაკას ძის კისრისაგან „მოძარცული“ ძვირფასი თვლებით შემკულ ოქროს მანიაკს“ თამარის ისტორიკოსიც იხსენიებს (5, II).
ქემალ ად-დინისგან იმასაც ვიგებთ, რომ დიდგორის მარცხს დიდი არეულობა მოჰყვა მუსულმანთა სამყაროში. ილ-ღაზის სამშობლოში სიურპრიზიც ელოდა, მას განუდგა უფროსი ვაჟიშვილი სულეიმანი, „დუბეისთან მამის საეჭვო გარიგების გამო“. მამის რჩევასა და მუდარას, რომ ეჭვები უსაფუძვლო იყო, სულეიმანმა ყური არ უგდო, მიატოვა მამა და დაატყვევა მისი მსახურები, სასტიკად მოეპყრო მამის ხალხს, „სილები გააწნა და თან წვერებიც მოპარსა“, დაეპატრონა მათს ქონებას (12: 628). ფაქტობრივად, ეს ურჩობა იყო, რომელსაც ქაოსი მოჰყვა ქვეყანაში. თანაც შვილი „ფრანგებთან (ე.ი. ჯვაროსნებთან) „დაახლოების მოსურნეც აღმოჩნდა, დაიახლოვა ფრანგები“ (12: 628). შექმნილი ვითარებით კარგად ისარგებლეს ჯვაროსნებმა და მრავალ წარმატებასაც მიაღწიეს. ამგვარად, როგორც მართებულად შენიშნავს ქ. ჩხატარაიშვილი, დიდგორის ბრძოლას საერთაშორისო მნიშვნელობაც ჰქონდა“ ბოლო მოეღო (დროებით მაინც) მუსლიმების ერთიანობას და უზრუნველყო ჯვაროსნების წარმატება.
Комментариев нет:
Отправить комментарий