суббота, 20 июля 2019 г.

შავშეთის ისტორიიდან (ზაზა შაშიკაძე, ჯემალ კარალიძე)

$1. შავშეთი ქართულ მფლობელობაში
შავშეთის მხარე არსიანის მთის, არტანუჯის კლდის მასივსა და მდ. ჭოროხის ხეობას შორის არის მოქცეული. ადგილის სახელწოდება, როგორც ჩანს, მისი ლანდშაფტიდან გამომდინარეობს. ამასთან დაკავშირებით ვახუშტი წერს: შავშეთი ვითამ შავში და არა სპეტაკში, მთა კლდოვანი ტყის გამო- (ვახუშტი 1973:658). ლანდშაფტი დღემდეა შენარჩუნებული და შავშეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი დღესაც მუქი ფერის წიწვოვანი ტყით არის დაფარული.
მთელი ჭოროხის აუზი და მტკვრის ზემო წელი საქართველოს ისტორიაში ცნობილი იყო ტაო-კლარჯეთად (ექვთ. თაყაიშვილი 1991:197). გიორგი მერჩულის ძეგლი ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა შეიცავს ცნობას, რომლის მიხედვითაც ქართლ-მესხეთის სახელმწიფოს ქართველთა სამეფო ეწოდება, ხოლო აქაურ ბაგრატიონებს ქართველი ბაგრატიონები, ანუ .. კლარჯეთის სახლის მემკვიდრენი.
პავლე ინგოროყვა ეყრდნობა რა მატიანე ქართლისა , სუმბატ დავითის ძის ქრონიკას, გიორგი მერჩულესა და სხვა წყაროებს ქართველთ სამეფოს VIII-IX საუკუნეებში ცხრა მხარედ ყოფს: სამცხე, ჯავახეთი, არტაანი (არტაანი-კოლა), აჭარა, ნიგალი, შავშეთი, კლარჯეთი, ტაონი და სპერი (. გივიაშვილი, . კოპლატაძე 2004:10). ქართველ მეცნიერთა ერთი ნაწილი შავშეთს კლარჯეთის ნაწილად მიიჩნევს, თუმცა შავშეთის გეოგრაფიული მდებარეობისა და სხვა თავისებურებათა გათვალისწინებით პავლე ინგოროყვასეული დაყოფა უფრო მართებულად მიგვაჩნია. ამ მოსაზრების გათვალისწინებით, ჭოროხის ხეობაში მდებარე ისტორიული შავშეთი მოიცავს დღევანდელ შავშეთის რაიონსა და მის მომიჯნავე იმერხევის ხეობას, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია და მაჭახლის ხეობას (. გივიაშვილი, . კოპლატაძე 2004:10). ეს უკანასკნელი ამჟამად ორად არის გაყოფილი, ზედა ნაწილი თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია, ხოლო ქვედა ნაწილისაქართველოს ეკუთვნის.
ისტორიულ წყაროებში სახელწოდება შავშეთი VIII -დან ჩნდება. იგი, როგორც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ნაწილი, კლარჯეთთან, აჭარასთან და მესხეთის სხვა ტერიტორიებთან ერთად იყო ასპარეზი ამ ტერიტორიებზე მიმდინარე ისტორიული პროცესებისა. აქედან გამომდინარე, შავშეთის ისტორიის განხილვა საქართველოს შემადგენლობაში მთლიანი რეგიონის ისტორიის განხილვის გარეშე შეუძლებელია. ამ მხარეზე ცალკე და ვრცლად საუბრის საშუალებას არც ქართული საისტორიო წყაროები გვაძლევენ.
სხვაგვარი მდგომარეობა იქმნება მას შემდეგ, რაც მესხეთი, ოსმალთა მომძლავრების გამო იძულებით ჩამოშორდა დანარჩენ საქართველოს. ოსმალთა მიერ სამხრეთ და სამხრეთდასავლეთ საქართველოს ტერიტორიების დაპყრობას შედეგად მოჰყვა ის, რომ ამ მხარის ისტორიამ თავისებური მიმართულება მიიღო (. ახვლედიანი 1944:5). ყოველივე ამის გამო შავშეთის მხარის კომპლექსური მეცნიერული შესწავლა დღემდე არ მომხდარა, რაც მის ადრეულ წარსულზე უფრო ნათელ წარმოდგენას შეგვიქმნიდა. მიუხედავად ამისა არსებობს მასალა, რომელიც ადრეულ ქვის ხანას ეკუთვნის. ბრინჯაოს ცულები, რომლებიც შავშეთის სოფელ ბალიქლიში აღმოჩნდა ჩვ..აღ-მდე დაახლოებით 2000 წლით თარიღდება და მთელი რეგიონისათვის დამახასიათებელი ფორმისაა (ალიტ იოზდემირ 2002: 12-13). სამწუხაროდ, მსგავსი მასალა ცნობილი მიზეზების გამო უხვად არ არის გამოვლენილი, თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ შავშეთში ადამიანის კვალი უძველესი დროიდან შეინიშნება.
შავშეთის, ისევე როგორც მთელი სამხრეთ საქართველოს კულტურული აღორძინება ბაგრატიონთა საგვარეულოს მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული. შავშეთში თავისი კვალი დატოვა არაბთა, სელჩუკთა და უფრო მოგვიანებითმონღოლთა ლაშქრობებმა. ამის შესახებ ზოგადი, მაგრამ საყურადღებო ცნობებია მოცემულიქართლის ცხოვრებაში’’ (. ცხ. I, 1955:317,319,320; II, 1959:49,55,81,141).
IX -დან, ისევე როგორც მთლიანად სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, შავშეთის მხარეშიც დიდი აღმშენებლობა დაიწყო. საქართველოს გაერთიანების ინიციატორად სწორედ მესხეთი მოგვევლინა (.ახვლედიანი 1944:10). შავშეთი ისევ მესხეთთან ერთად შედიოდა საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის ფარგლებში. X -ის დასაწყისში გურგენ კურაპალატის ძის აშოტ კუხის მიერ აშენებული ტბეთის ტაძარი ამავე სახელწოდების საეპისკოპოსოს ცენტრი გახდა (. ცხ. I, 1955:380). აქვე შეიქმნა არაერთი ძეგლი ძველი ქართული კულტურისა.
XIII საუკუნიდან იწყება საქართველოს პოლიტიკური რღვევის პროცესი. როდესაც ფეოდალური საქართველოს მონარქიის გამთიშველმა ძალებმა იჩინეს თავი, სამცხე-საათაბაგოს მთავრებმაც პოლიტიკური დამოუკიდებლობისაკენ იწყეს ლტოლვა. ასევე დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფოდნენ საქართველოს სხვა მსხვილი ფეოდალებიც. რამდენადაც ეს პროცესი ძლიერდებოდა, იმდენად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება სუსტდებოდა.
საქართველოს პოლიტიკური დაშლის პროცესი ხანგრძლივი აღმოჩნდა, მაგრამ ბოლოს მაინც დაშლა-დანაწევრებით დამთავრდა. საქართველოს მეფეთა ხელისუფლება სეპარატისტ მსხვილ ფეოდალებს ებრძოდა. ფეოდალურ-სახელმწიფოებრივი განდგომისათვის იბრძოდნენ კახეთი, იმერეთი, სამცხე-საათაბაგო.
XV საუკუნის შუა ხანებისათვის საქართველოს პოლიტიკური რღვევის პროცესი საკმაოდ შორს იყო წასული. სამცხის ათაბაგი ყვარყვარე II თავისი დამოუკიდებლობის განმტკიცებისათვის მეფე გიორგი VIII- (1446-1466 წწ.) ებრძოდა. მან სცადა მესხეთის ეკლესიის ქართული ეკლესიისაგან გამოყოფაც, მაგრამ, საბედნიეროდ, ამჯერად ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მეფე გიორგი ყველანაირად ცდილობდა შეენარჩუნებინა ერთიანი საქართველო, მაგრამ ამაოდ.
სამცხე-საათაბაგომ XV -ის სამოციან წლებში მოიპოვა პოლიტიკური დამოუკიდებლობა და იგი ჩამოცილდა საქართველოს. ეს იყო გამოყოფის პირველი ეტაპი. ათაბაგები ამით არ კმაყოფილდებოდნენ და ცდილობდნენ სამცხე-საათაბაგოს ეკლესიის ჩამოშორებას ქართლის საკათალიკოსოსაგან. მათ სურდათ, საკუთარი საკათალიკოსოს დაარსება. ათაბაგები ცდილობდნენ სამცხე-საათაბაგოს სასულიერო პირები კურთხეულიყვნენ უმცხეთოდ სამცხეში და მცხეთის კათალიკოსიც არ მოეხსენიებინათ სამცხის ეკლესიაში (. ჟორდანია 1897:269). ამ მიზნით ყველაზე აქტიური ბრძოლა მზეჭაბუკ ათაბაგმა გააჩაღა და მალე მიზანსაც მიაღწია. მესხეთის ეკლესიამ მიიღო თვითმწყემსობის უფლება (. ჟორდანია 1897:269).
ამ მოვლენების პარალელურად საქართველოს სამხრეთით ახალი სახელმწიფო იწყებს ფორმირებას. აღმოსავლეთიდან მოსულმა თურქთა მომთაბარე ტომებმა მცირე აზიის ტერიტორიაზე ყარა-ჰისარის მცირე სახელმწიფო დააარსეს. XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე წარმოქმნილი ოსმან-ოღლუს ბეილიქი XV-XVI საუკუნეებში სამხედრო-ფეოდალურ სახელმწიფოდ და უზარმაზარ იმპერიად იქცა. მან სერიოზულ წარმატებებს მიაღწა ევროპისა და აზიის კონტინენტებზე, სადაც გამუდმებული დაპყრობითი ომების გზით მისი სახელმწიფოს პოლიტიკურ საზღვრებს სწრაფად აფართოვებდა (. ჯიქია 1960:131).
ეს მოვლენები ქართულ წყაროებში თითქმის არ არის გაშუქებული, რაზეც ივანე ჯავახიშვილი წერს, რომ თითქოს ქართველებს ყველა ეს ამბები გამოჰპარვოდეთ, თითქოს შინაური ბრძოლითა და ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტით გართულნი, ისინი ვერც კი ამჩნევდნენ, როგორ შეიქმნა მათ მახლობლად ახალი დიდი და ძლიერი ოსმალეთის სახელმწიფო, რომელმაც შეუჩერებელი ძლევამოსილებით დედამიწის ზურგიდან აღგავა ოდესღაც ბრწყინვალე მბრძანებელი ბიზანტია (ივ. ჯავახიშვილი 1982:287).
საქართველოს ტერიტორიებს სამხრეთით თანდათანობით უახლოვდებოდა ოსმალთა უძლიერესი სახელმწიფო, რომელმაც ეს-ეს იყო მოიშუშა თემურ ლენგის მიერ მიყენებული ჭრილობები და ახალი ტემპით დაიწყო განვითარება და გაფართოება. იგი თვით ბიზანტიის დიდებული სატახტო ქალაქის ბატონ-პატრონადაც იქცა (ივ. ჯავახიშვილი 1982:287). 1453 წლის 29 მაისს ოსმალეთის სულთანმა მეჰმედ II- (1420-1481 წწ.) ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი აიღო.
ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის აღებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მთელ ქრისტიანულ სამყაროზე. ყველასათვის ნათელი გახდა, თუ რაოდენ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა ოსმალეთი ქრისტიანული ქვეყნებისათვის. განსაკუთრებით საშიში იყო იგი მეზობლებისათვისმცირე აზიის, შავი ზღვის სანაპიროს, აღმოსავლეთ ევროპის, აპენინისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულების ხალხებისათვის (. სვანიძე 1990:116). ამ მიზეზით ევროპაში კვლავ იბადება ჯვაროსნული ლაშქრობის იდეა, რომლის ინიციატორად ისევ რომის პაპი გვევლინება.
ოსმალთა თავდასხმის საფრთხის ქვეშ აღმოჩენილი ქართველი მეფე-მთავრებიც ცდილობენ ევროპასთან კავშირების მოძებნას, სადაც იყო ანტიოსმალური კოალიციის შექმნის მცდელობა. 1454 წლის ზაფხულში ოსმალები თავს დაესხნენ აფხაზეთისა და სამეგრელოს შავი ზღვის სანაპირო ტერიტორიებს, რამაც ქართველი მეფე-მთავრები დიდად შეაშფოთა.
თავის მხრივ დასავლეთიც ცდილობდა ოსმალთა წინააღმდეგ მოკავშირეების მოძებნას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ამ მიზნით რომის პაპმა შუამავლებიც კი გამოაგზავნა ქართველ მეფე-მთავრებთან. მათ მოახერხეს ქართველი მეფე-მთავრების შერიგება და ამ იდეის გარშემო გაერთიანება. რომის პაპის ელჩს ლუდოვიკო ბოლონიელს მეფე გიორგი VIII- და ყვარყვარე ათაბაგმა დასავლეთში წერილები და ელჩებიც კი გააყოლეს (. მამისთვალაშვილი 1981:42).
ყვარყვარე ათაბაგი ბურგუნდიის ჰერცოგს წერილში ჰპირდებოდა, რომ ერთი ზაფხულის განმავლობაში დაიპყრობდნენ მთელ ანატოლიას და ყველა ქვეყანას, რომელიც ოსმალებს ეჭირათ აღმოსავლეთით. ხოლო „იმის მეორე კერძო ადგილებს, რომელიც საბერძნეთია და რომელსაც შავი ზღვა ჰყოფს“ ევროპელებს უტოვებდა დასაპყრობად. ყვარყვარეს მიაჩნდა, რომ მისი აღება ადვილი იქნებოდა, რადგან სულთანი ასე ორ ჯარს შორის მოექცეოდა და დამარცხდებოდა, შედეგად კი მოსპობდნენ მას (ე. მამისთვალაშვილი 1981:44-45).
ქართველი მეფე-მთავრები ამ დროისათვის ევროპელებს დიდი ძალის გამოყვანას ჰპირდებოდნენ, თუმცა საბოლოოდ ანტიოსმალური კოალიციის შექმნა ვერ მოხერხდა და მცდელობის ჩაშლის შემდგომ ქართველ მეფე-მთავრებს შორის კვლავ განხეთქილება დაიწყო. ივ. ჯავახიშვილი ამბობს: „შესაძლებელია ქართველი დესპანები დასავლეთ ევროპითგან ჯერ დაბრუნებულიც კი არ იყვნენ, ან, უფრო საფიქრებელია, ახალი მოსული იქნებოდნენ, თვით საქართველოშიც წინანდელზე უფრო გამწვავებული დაუნდობელი ბრძოლა ატყდა. ყვარყვარე ათაბაგსა, გიორგი მეფეს და დანარჩენ მონაწილეებს ასე მალე დაავიწყდათ თავიანთი შეთანხმების ამბავიც და ისიც, თუ როგორ ტკბილად უგალობდნენ დასავლეთის ქრისტიანებს ერთობა-თანხმობის ჰანგებს“ (ივ. ჯავახიშვილი 1982:300-301).
1461 წელს ოსმალებმა დაიპყრეს ტრაპიზონის იმპერია. ამ მოვლენამ საქართველო უდიდესი საფრთხის წინაშე დააყენა. ტრაპიზონის დაპყრობის შემდეგ ოსმალები უშუალოდ მოადგნენ სამცხე-საათაბაგოს საზღვრებს და დაიწყეს იერიშები მის წინააღმდეგ. ვახუშტი წერს: „დაიპყრო ხონთქარმან ტრაპიზონ–არზრუმი და ეკირთებოდენცა ოსმალნი მცირედმცირედ კლარჯეთსა და ჭანეთს“ (ვახუშტი 1913:236). ყვარყვარე მეორემ კავშირი შეკრა ბაგრატთან, რომელმაც 1462 წელს თავი იმერეთის დამოუკიდებელ მეფედ გამოაცხადა. იმავე წელს გიორგი მერვემ ბაგრატის წინააღმდეგ გაილაშრა. ჩიხორთან მომხდარ ბრძოლაში მეფე გიორგი დამარცხდა. მაშინ „ბაგრატმან დაიპყრა იმერეთი, აღიღო ქუთაისი და ეკურთხა მუნ მეფედ“ (ვახუშტი 1973:300-305). მალე ბაგრატი თავის მოკავშირე ყვარყვარეს მიეშველა დამოუკიდებლობის მოპოვებაში. ათაბაგმა დახმარება სთხოვა აგრეთვე კახაბერ გურიელს, რისთვისაც მას აჭარა და ჭანეთის ნაწილი დაუთმო. „მისცა ყვარყვარემ აჭარა და რომელიმე ჭანეთისა გურიელსა კახაბერს“ [ვახუშტი 1973:704-705). გურიელიც პირობისამებრ დაეხმარა ყვარყვარე ათაბაგს.
1465 წელს გიორგი მეფემ კვლავ გაილაშქრა ყვარყვარეს დასასჯელად. ფარავნის ტბასთან მომხდარ ბრძოლაში მეფე გიორგი სასტიკად დამარცხდა და ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს. დატყვევებული მეფე შემდგომში იძულებული გახდა განთავისუფლების ფასად დამოუკიდებლობა ებოძებინა ყვარყვარეს მემკვიდრე ბაადურისათვის (1466-1475 წწ.). 
ამრიგად, სამცხე-საათაბაგომ XV ს-ის სამოციან წლებში მოიპოვა პოლიტიკური დამოუკიდებლობა და იგი ჩამოცილდა საქართველოს. ეს იყო გამოყოფის პირველი ეტაპი. ათაბაგები ამით არ კმაყოფილდებოდნენ და ამასთანავე ცდილობდნენ სამცხე-საათაბაგოს ეკლესიის ჩამოშორებას ქართლის საკათალიკოსოსაგან. მათ სურდათ საკუთარი საკათალიკოსოს დაარსებას. ათაბაგები ცდილობდნენ სამცხე-საათაბაგოს სასულიერო პირები კურთხეულიყვნენ „უმცხეთოდ“ სამცხეში და მცხეთის კათალიკოსიც არ მოეხსენიებინათ სამცხის ეკლესიაში (თ. ჟორდანია 1897:269).
ამ მიზნით ყველაზე აქტიური ბრძოლა მზეჭაბუკ ათაბაგმა გააჩაღა და მალე მიზანსაც მიაღწია. მესხეთის ეკლესიამ მიიღო თვითმწყემსობის უფლება და ჩამოშორდა ქართლის საკათალიკოსოს (თ. ჟორდანია 1897:269). ათაბაგმა შეძლო ქართლის მეფისაგან თავისი სამთავროს პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვება და აგრეთვე სამცხე-საათაბაგოს ეკლესიის ქართლის საკათალიკოსოსაგან ჩამოცილება, რაც „მტრის გაბატონებას საუკეთესო ნიადაგს უმზადებდა“ (ივ. ჯავახიშვილი 1971:172).
XV ს-ის მეორე ნახევარში ოსმალეთი ჯერ კიდევ არ ისახავდა მიზნად სამხრეთ საქართველოს ინკორპორაციას და მხოლოდ მისი მოხარკეობით კმაყოფილდებოდა, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება ოსმალეთს თანდათან აღარ აკმაყოფილებდა. XVI საუკუნის პირველ ნახევარში თანდათან იცვლება ოსმალეთის პოლიტიკა სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მიმართ. ამ პერიოდისათვის ოსმალეთი უკვე ძლიერი იმპერიაა და მისი არსებობის მთავარი წყარო სხვა ქვეყნების დაპყრობა-დამორჩილებაა.
XVI ს-ის დასწყისში გარკვეული პოლიტიკური ცვლილებები მოხდა ირანშიც. 1502 წელს შეიქმნა ირანის სეფიანთა სახელმწიფო, რომელიც დააარსა ისმაილ პირველმა (1502-1524 წწ.). სეფიანთა სახელმწიფოს შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა შვიდი ყიზილბაშური ტომი. ამის გამო სეფიანთა სახელმწიფოს ყიზილბაშთა სახელმწიფოსაც უწოდებდნენ, რადგან ისმაილის მომხრე თურქული ტომები წითელზოლიან თავსაბურავებს ატარებდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეფე-გამგებლები ისმაილის მომხრედ გამოდიოდნენ.
ამ დროს საქართველო თეთრბატკნიანთა მოხარკე ქვეყანა იყო და ისმაილი, გამარჯვების შემთხვევაში, ქართველებს ხარკისაგან განთავისუფლებას ჰპირდებოდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისმაილმა დანაპირები არ შეასრულა და თანმიმდევრობით ახორციელებდა საქართველოს მიმართ ირანის შაჰების ტრადიციულ პოლიტიკას (მ. სვანიძე 1990:156-157).
ამგვარად, XVI საუკუნის დასაწყისისათვის დაშლილ-დანაწევრებული საქართველო ორი ძლიერი სახელმწიფოს გარემოცვაში აღმოჩნდა.
ოსმალეთი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სამცხე-საათაბაგოს. მის დაპყრობით გეგმებში სამცხე-საათაბაგოს უაღრესად დიდი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. იგი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ოსმალეთს გზას უხსნიდა მთელ ამიერკავკასიაზე და ჩრდილოეთ ირანზე. სწორედ ამით აიხსნებოდა ის შეუპოვრობა, რომელსაც იგი სამცხე საათაბაგოს სრული და საბოლოო დამორჩილებისათვის იჩენდა (მ. სვანიძე 1971:38). მესხეთის დაუფლების გარეშე ოსმალეთის ყველა პოლიტიკური წარმატება ამიერკავკასიაში საეჭვო ხდებოდა (Н. Бердзенишвили 1938:31).
სეფიანთა ირანი არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდა სამცხე-საათაბაგოს გეოგრაფიულ მდგომარეობას. ირანს აღმოსავლეთ საქართველოში ბატონობა მხოლოდ სამცხე-საათაბაგოს შემომტკიცებით შეეძლო.
სამცხე-საათაბაგოს არ შეეძლო საკუთარი ძალებით გამკლავებოდა ირანს, ან ოსმალეთს. თვითონ ფეოდალური საქართველოს ერთი ნაწილი, მესხეთი, თავის მხრივ, როგორც ერთი პოლიტიკური ერთეული, ოცდაორი ფეოდალური სახლის კრებულს წარმოადგენდა (Н. Бердзенишвили 1938:31). წარმოებდა სისტემატური შიდა ბრძოლები ერთი მხრივ, ფეოდალური სახლის მეთაურებსა და სახლის წევრებს, მეორეს მხრივ, ათაბაგსა და ათაბაგის სახლის წევრებს შორის. შინაკლასობრივი ბრძოლის საფუძველზე მესხეთში იქმნებოდა, როგორც ოსმალეთის, ისე ირანის მომხრეთა ფეოდალური დასები.
ოსმალთა და ქართველთ შორის პირველი კონტაქტები სამხრეთ საქართველოს ტერიტორიებზე ჯერ კიდევ სულთან მეჰმედ მეორე ფათიჰის დროს დაიწყო. სულთნის ბრძანებით, მომავალი სულთნის ბაიაზიდის ლალამ (აღმზრდელმა) რაკა სინან ბეიმ თორული დაიპყრო, რომელიც ახლანდელი არდაშენის ერთ-ერთ კაზას წარმოადგენს. იმ დროს თორული ერთ მცირე სამთავროს წარმოადგენდა. გადმოცემის მიხედვით, მისი მმართველი მხარს უჭერდა სულთნის მოწინააღმდეგე უზუნ ჰასანს, რის გამოც ოსმალებმა გადაწყვიტეს თორულის დაპყრობა. ზოგიერთი თურქული წყაროს მიხედვით, თორულის აღების შემდეგ ოსმალებმა დაიკავეს საქართველოს კუთვნილი მიწებიც (მ. დანიშმენდ 1, 1971:344). ზოგიერთი თურქი ავტორი ვერ ასახელებს ამ ტერიტორიებს, ხოლო ზოგი ბათუმის შემოგარენს და მაჭახლის ხეობას მოიხსენიებს, რომლებიც შემდგომში (თუ როდის დაზუსტებით არ არის ცნობილი) განთავისუფლდნენ, მაგრამ საბოლოოდ, XVI ს-ის შუახანებში ოსმალეთმა მაინც მოახერხა მათი დაპყრობა (ფ. კირზიოღლუ 1998:43).
XVI საუკუნის დასაწყისისათვის საგრძნობი ხდება არზრუმისა და ტრაპიზონის ფაშების მოძალება სამცხე-საათაბაგოს საზღვარზე. 1510 წელს ოსმალთა ლაშქარი, რომელსაც სათავეში ედგა ოსმალეთის მომავალი სულთანი, იმხანად კი ტრაპიზონის გამგებელი – სელიმი, სამცხე-საათაბაგოს საზღვრებს მოადგა. მზეჭაბუკ ათაბაგი ოსმალთა სარდალთან გამოცხადდა და მას მორჩილება გამოუცხადა. სარდალმა შეიწყნარა მზეჭაბუკი და მოსთხოვა მას „საზრდელი და ყოლაუზობა იმერეთსა ზედა“, რაზეც მზეჭაბუკი დათანხმდა. მან ოსმალთა ლაშქარი სამცხე-საათაბაგოზე გაატარა და წარუძღვა ოსმალებს იმერეთზე სალაშქროდ. ოსმალები საათაბაგოს გავლით იმერეთში შეიჭრნენ და დაარბიეს იგი.
ამ დროისთვის ათაბაგის ოსმალეთთან პოლიტიკური დამოკიდებულების ფორმა მოხარკეობის საფუძველზე იყო დამყარებული. ათაბაგი რჩებოდა სამცხე-საათაბაგოს გამგებლად ათაბაგის ტიტულის შენარჩუნებით; სამაგიეროდ ვალდებულებას კისრულობდა, რომ ეხადა ხარკი ოსმალებისათვის და საჭიროების შემთხვევაში ლაშქრით გამოცხადებულიყო ოსმალთა მხარეზე და მოემარაგებინა მისი ჯარი სურსათ-სანოვაგით.
სამეგრელოსა და იმერეთისაგან განსხვავებით, რომელთაც სელიმი ებრძოდა ტრაპიზონიდან წასვლამდე, სამცხე-საათაბაგოს ათაბაგებთან იგი მშვიდობიან პოლიტიკას ატარებდა. ათაბაგები ოსმალების მოხარკეები იყვნენ, უფრო მეტიც, ისინი მათ ქვეშევრდომებადაც ითვლებოდნენ. ამას ადასტურებს ოსმალებისადმი მზეჭაბუკის მხარდაჭერაც. ოსმალთა მხარდაჭერას ათაბაგებისადმი განსაკუთრებული მნიშვნედობა ჰქონდა მათთვის, რადგანაც ქართლისა და იმერეთის მეფეები ცდილობდნენ საათაბაგოს ხელში ჩაგდებას (ჟ. ლ. ბაკე-გრამონი 1978:99).
1512 წელს ოსმალეთის სულთანი გახდა სელიმ I (1512-1520 წწ.). სელიმის დროს განსაკუთრებით ძლიერდება აგრესიული პოლიტიკა აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით. სწორედ ამ დროს ოსმალეთსა და ირანს შორის დაიწყო ხანგრძლივი სისხლისმღვრელი ომები, რომელიც მცირე შესვენებებით მთელი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ ომების დროს საომარი მოქმედებების ერთ-ერთი მთავარი ასპარეზი ამიერკავკასიის ქვეყნები და კერძოდ საქართველო იყო. ოსმალეთი, ისევე როგორც ირანი, დაჟინებით ცდილობდა ამ ქვეყნებში გაბატონებას.
1514 წლის აგვისტოში ჩალდირანის ველზე ბრძოლაში ოსმალებმა სასტიკად დაამარცხეს ირანის ლაშქარი. შაჰ ისმაილ პირველის დამარცხების შემდეგ სელიმი შეუდგა არაბული ქვეყნების დაპყრობას. მოვლენების განვითარებას ახლო აღმოსავლეთში ფრთხილად ადევნებდნენ თვალყურს საქართველოში და მათ შორის სამცხე-საათაბაგოშიც (ვ. გაბაშვილი 1954:51).
1516 წელს გარდაიცვალა მზეჭაბუკი და სამცხის ათაბაგი გახდა ყვარყვარე III (1516-1535 წწ.), ქაიხოსრო პირველის ძე. მზეჭაბუკის გარდაცვალების შემდეგ სამცხე-საათაბაგოში დაიწყო ბრძოლა ხელისუფლებისათვის. მოწინააღმდეგეები ცდილობდნენ, ამ ბრძოლაში გარეშე ძალების – ირანისა და ოსმალეთის გამოყენებას და მათი დახმარებით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.
1516 წელს ყვარყვარე მესამეს აუჯანყდა მანუჩარი, მისი ბიძა და ყვარყვარე მეორის მეექვსე შვილი. ბრძოლაში ყვარყვარე დამარცხდა და შაჰისათვის დახმარების სათხოვნელად თავრიზში გაიქცა. შაჰ ისმაილ პირველმა, დივ სულთან რუმლუს სარდლობით, სამცხეში მანუჩარის წინააღმდეგ ლაშქარი გამოაგზავნა. მანუჩარმა ლაშქარს გზაში მოციქულები დაახვედრა, მაგრამ ირანელებმა მოციქულები დახოცეს და სამცხისაკენ გაემართნენ. მანუჩარი ოსმალეთში გაიქცა. ირანელებმა აიღეს თმოგვის ციხე, რის შემდეგაც ხელისუფლება ყვარყვარეს ჩააბარეს და უკან გაბრუნდნენ.
ოსმალეთში გაქცეული მანუჩარი მათი დახმარებით ცდილობდა ხელთ ეგდო ძალაუფლება სამცხეში. ყვარყვარესა და მანუჩარის ბრძოლა ასუსტებდა სამცხის ფეოდალურ სამთავროს და მის თავდაცვისუნარიანობას. ოსმალეთი და სპარსეთი მარჯვედ იყენებდნენ შიდა ფეოდალურ ომს სამცხე-საათაბაგოში და „დახმარების“ საბაბით იპყრობდნენ და არბევდნენ მას (ვ. გაბაშვილი 1954:53).
ოსმალეთში მანუჩარი დაუკავშირდა სელიმ პირველის ამირას ყიზილ აჰმედ ოღლუს და მისი დახმარებით მოინდომა ყვარყვარეს წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ 1518 წელს ბრძოლა ყვარყვარე ათაბაგსა და მანუჩარის მომხრე ოსმალთა ლაშქარს შორის, რომელიც ყარაარდაანში მოხდა, ყვარყვარეს გამარჯვებით დამთავრდა. მანუჩარის მცდელობა, ოსმალთა დახმარებით დაემარცხებინა ყვარყვარე, უშედეგოდ დამთავრდა.
1520 წელს, სელიმ პირველის გარდაცვალების შემდეგ, სულთნის ტახტი მისმა შვილმა სულეიმანმა (1520-1566 წწ.) დაიკავა. სულეიმანის მეფობის პერიოდში ოსმალეთის იმპერიამ თავისი ძლიერების პიკს მიაღწია. მამისაგან განსხვავებით, სულეიმან I კანუნი დასავლეთის ფრონტსაც დიდ ყურადღებას აქცევდა. იგი მონაცვლეობით იბრძოდა დასავლეთსა და აღმოსავლეთში. როგორც ჰამერი ამბობს, „ოსმალები მთელი ორი საუკუნის განმავლობაში რიგ-რიგობით ებრძოდნენ სპარსეთსა და უნგრეთს. ისე, რომ ამ ორ სახელმწიფოთაგან ერთერთთან ზავის დადება მეორესთან ომის დაწყებას ნიშნავდა“ (ჰამმერ 1998:120).
XVI საუკუნის 20-იან წლებში სამცხის მიმართ აქტიური საბრძოლო პოზიცია არც ოსმალეთს ეჭირა და არც ირანს. ორივე მის შინაურ საქმეებში ჩარევითა და საური-ხარაჯის მიღებით კმაყოფილდებოდა (ც. აბულაძემ 1983:15).
იმერეთის მეფე ბაგრატ III (1510-1565 წწ.) ვერ ივიწყებდა წყენას მზეჭაბუკ ათაბაგისაგან, რომელიც გამოჰყვა ოსმალებს იმერეთში ლაშქრობის დროს. ამასთან ბაგრატს უნდოდა ათაბაგ ყვარყვარე მესამის თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა. ყვარყვარეს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ქართლის მეფე დავითთან, რაც ბაგრატის ინტერესებში არ შედიოდა. ამიტომ ბაგრატმა ომი გამოუცხადა ათაბაგს. ბაგრატი დაუკავშირდა გურიისა და ოდიშის მთავრებს და ისინიც თავის მხარეს დაიყენა. 1535 წლის 13 აგვისტოს, ახალქალაქთან ახლოს სოფელ მუჯახეთთან, სასტიკი ბრძოლა მოხდა ათაბაგსა და მოკავშირეებს შორის. ათაბაგი დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. ბაგრატმა დაიპყრო სამცხე-საათაბაგო (ვახუშტი 1913:242).
ათაბაგობა დროებით შეწყდა. ოსმალეთის სულთანმა შეიკედლა ათაბაგის შვილი ქაიხოსრო, რომელიც სტამბოლში ჩაიყვანა ოსმალეთის მომხრე ფეოდალთა ჯგუფმა შალიკაშვილების მეთაურობით. ოსმალეთს კარგი საბაბი ეძლეოდა უფრო აქტიურად ჩარეულიყო ქვეყნის საშინაო საქმეებში.
1536 წლის 4 ივლისს, საფიქრებელია, რომ ქაიხოსროს მხარდასაჭერად, არზრუმის ბეგლარბეგის – ზულკადირლი (ზოგჯერ იგი დურკადირლიდაც მოიხსენიება) მეჰმედ ხანის მეთაურობით ოსმალთა ლაშქარი საათაბაგოს ტერიტორიებს შემოესია. რადგან ამ დროს არზრუმი დანგრეული იყო და ცენტრი დროებით გადასული იყო ბაიბურთში, ოსმალთა ლაშქრობაც ამ ქალაქიდან დაიწყო (მ. დანიშმენდ 2, 1971:190). ამ ლაშქრობაზე თურქი ისტორიკოსი იბრაჰიმ ფეჩევი მოგვითხრობს, თუმცა იგი არ აზუსტებს თუ რა ტერიტორიებზე იყო იგი. „943 წელს, წმინდა მუჰარემის 15-ს [=1536.4.VII.] ბაიბურთის მმართებელმა, სახელოვანმა ემირმა მეჰმედ ხანმა მაგ [ბაიბურთის] მხარის ძლევამოსილი ჯარი თავდამსხმელთა რაზმში გაიწვია და ლაშქარი რომ შეკრიბა, შეესია საქართველოს და მისი აოხრება დაიწყო. ამასობაში ქართველი ურჯულოებიც მომზადებულიყვნენ და ისლამის ლაშქარს წინ აღუდგნენ. დიდი ომისა და ბრძოლის შემდეგ გამარჯვება ისლამის [ლაშქარს] ერგო... აურაცხელი დასამიწებელი ურჯულო გაწყდა. გადარჩენილები რომ დაიფანტნენ, ასქერები ეძგერნენ საშოვარს და იმდენი ნადავლი ჩაიგდეს ხელში, რომ გადმოცემა ძნელია. ასეთი მაგალითის შემდეგ სამმა-ოთხმა სასანჯაყო ადგილის [მოსახლეობამ] მორჩილება გამოაცხადა და სულთანს ვალისა და მმართებლის დანიშვნა სთხოვა“ (ი. ფეჩევი 1964:25). 
როგორც ვხედავთ, ავტორი არც სანჯაყებად გამოცხადებული ტერიტორიების სახელწოდებებს გადმოგვცემს, მაგრამ თვითონ ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ოსმალეთი უკვე იწყებს ქართული ტერიტორიების ინკორპორაციას.
XVI ს-ის 40-იან წლებში სამცხეში განახლდა ბრძოლა ათაბაგის ხელისუფლებისათვის. ბაგრატის ტყვეობაში მყოფი ყვარყვარე მესამე გარდაიცვალა. ყვარყვარეს ვაჟმა ქაიხოსრომ სცადა თავისი მომხრე მესხი ფეოდალების დახმარებით ხელთ ეგდო ძალაუფლება სამცხეში, მაგრამ ცდები, ჩანს, უშედეგოდ დასრულდა. სწორედ ამ დროს იწყებენ ოსმალები სამცხესაათაბაგოს ტერიტორიების დაპყრობას და აქტიურად ერევიან მის საშინაო საქმეებში. ქაიხოსრომ გადაწყვიტა, ოსმალთა დახმარებით დაემარცხებინა ბაგრატ III და აღედგინა ათაბაგის ხელისუფლება სამცხეში.
სულთანი სიამოვმებით გამოვიდა ქაიხოსროს მფარველის როლში, რადგან მას ძალიან კარგად ესმოდა, რომ ოსმალთა დახმარებით ქაიხოსროს გაათაბაგება გააძლიერებდა სამცხეში ოსმალთა გავლენას (მ. სვანიძე 1971:58). 1543 წელს საქართველოში კვლავ შემოვიდა ოსმალთა 22 ათასიანი ჯარი. ბაგრატ მესამემ და გურიელმა ბასიანში დაამარცხეს ოსმალები და მთლიანად განდევნეს ისინი სამცხე-საათაბაგოდან. ამ ფაქტმა განარისხა სულთანი და კვლავ „წარმოავლინა არზრუმისა და დიარბაქირის ფაშანი სპითა სუაზს იქითა“ (ვახუშტი 1913:244).
ბაგრატმა დახმარებისათვის ქართლის მეფე ლუარსაბს მიმართა. 1545 წელს სოხოისტასთან მომხდარმა ბრძოლამ ბოლო მოუღო მეფე ბაგრატ მესამის ბატონობას სამცხესაათაბაგოში. ოსმალთა ბანაკში იმყოფებოდნენ ათაბაგის მემკვიდრე ქაიხოსრო და ოთარ შალიკაშვილი. ქაიხოსრო ოსმალთა დახმარებით საათაბაგოს დაბრუნებას ცდილობდა, ოსმალეთი კი საქართველოს ძალთა ასეთ დაქსაქსულობას თავისი პოლიტიკის გასატარებლად იყენებდა.
ქართველთა დამარცხების შემდეგ ოსმალებმა საათაბაგო დაიჭირეს და ქაიხოსროს უბოძეს, მაგრამ ოსმალებს მაინც არ შეეძლოთ სამცხე-საათაბაგოს სწრაფად დაპყრობა და მისი გაოსმალება.
1548-1549 წლებში არზრუმის, დიარბაქირის, სივასის და ყარამანიის ბეგლარბეგთა ხელმძღვანელობით ოსმალთა ლაშქარი არაერთხელ შემოესია სამხრეთ საქართველოს და დაიპყრო რიგი ტერიტორიებისა. ოსმალებმა დაიპყრეს ათაბაგის დაქვემდებარებაში მყოფი თორთომი, ფანასკერტი, ანზავი (?!), ნიხახი, ოლთისი და სხვა. იბრაჰიმ ფეჩევი გადმოგვცემს, რომ დატოვებულ იქნა თხუთმეტი ციხესიმაგრე, ხოლო დანარჩენები მიწასთან იქნა გასწორებული (ი. ფეჩევი 1964:28).
ამ ბრძოლების საბოლოო შედეგი იყო ის, რომ ოსმალეთმა სამცხეში ოთხი სასანჯაყო ტერიტორია დაიპყრო. თურქებმა მრავალი ციხესიმაგრე აიღეს და უამრავი ტყვე და ნადავლი ჩაიგდეს ხელში (ჰ. იოზდემირ 2002:97).
ფ. კირზიოღლუს ჩამოთვლილი აქვს ოცდაცხრამეტი ციხესიმაგრე, რომლებიც ოსმალებმა წაართვეს ქართველებს (ფ. კირზიოღლუ 1998:203). დაპყრობილი ადგილები დაიყო ოთხ სანჯაყად. ესენია: თორთომი, აქჩაკალე, ქემხისი და ლიგანის ხეობა (ახლანდელი ართვინი). ეს სანჯაყები არზრუმის საბეგლარბეგოს დაექვემდებარა. აჰმედ ფაშას მიერ ამ ლაშქრობების შედეგად დაპყრობილ ციხეთა შორის იყო აგრეთვე ჭოროხის აუზში მდებარე ბარანაქის, ყუმუხის, ფანაკის (ბანა?-ზ.შ.), სამისკარის და ახას (ახის, ახიზის?!) ციხეებიც (ნ. გიუმიუშ 1999:138).
როგორც ვხედავთ, ზემოხსენებული ლაშქრობების შესახებ საუბრისას კონკრეტულად შავშეთს ვერ ვხვდებით, თუმცა ოსმალთა აგრესია მის საზღვრებსაც ემუქრება. როგორც საისტორიო წყაროები გვამცნობენ, შავშეთის დაპყრობაც ზემოთ განხილიული პროცესების თანმდევი იყო. სხვა ტერიტორიებთან ერთად შემდგომში ისიც ოსმალთა იმპერიის პროვინციად იქცა.
$2. შავშეთი ოსმალეთის იმპერიაში
ოსმალთა ბატონობის დაწყებასთან ერთად ქართულ ისტორიოგრაფიაში თითქმის მთლიანად წყდება ცნობები სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შესახებ. ამ მხრივ მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გამოსწორდა 1877-1878 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად ქართული ტერიტორიების შემოერთების შემდეგ, როდესაც ქართველმა მეცნიერებმა: დ. ბაქრაძემ, ნ. მარმა, ე. თაყაიშვილმა იმოგზაურეს უკვე კარგა ხნის მიტაცებულ ქართულ ტერიტორიებზე, მათ შორის შავშეთშიც. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მათი შრომები გარკვეულ მიმართულებებს უკავშირდება და საისტორიო საკითხი ნაკლებად არის შესწავლილი.
შავშეთის ოსმალეთისადმი დაქვემდებარების ზუსტი თარიღი უცნობია როგორც ქართული, ისე თურქული ისტორიოგრაფიისათვის. ისტორიული წყაროებისა და ცნობების არქონის გამო ქართველ ისტორიკოსთა დიდმა ნაწილმა ქართულ საისტორიო ლიტერატურაში დაამკვიდრა არასწორი მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ 1595 წლით დათარიღებულ „გურჯისტანის ვილაეთის დიდ დავთარში“ შავშეთ-მაჭახელი, აჭარა და სამხრეთ დასავლეთ საქართველოს სხვა ტერიტორიები არ არის რეგისტრირებული, ქართველი ისტორიკოსები თვლიდნენ, რომ ეს მხარე ოსმალებმა უფრო მოგვიანებით, XVII ს-ის დასაწყისში დაიპყრეს. ამასთან მიღებული იყო აზრი, რომ აღნიშნული დავთარი მთლიანად მოიცავდა იმ ქართულ ტერიტორიებს, რომლებიც აღნიშნული პერიოდისთვის უკვე დაქვემდებარებული იყო ოსმალეთის იმპერიისადმი. თუმცა, ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც ხელმისაწვდომი გახდა თურქეთის არქივებსა და წიგნთსაცავებში დაცული საისტორიო დოკუმენტები და შესაძლებელი გახდა თანამედროვე თურქი ისტორიკოსების ნაშრომების გაცნობა, არაერთ მსგავს საკითხს მოეფინა ნათელი. გაირკვა, რომ სამხრეთდასავლეთ საქართველო (მათ შორის შავშეთიც) ოსმალებმა უფრო ადრე დაიპყრეს, ვიდრე სამცხე და ჯავახეთი. მიზეზი იმისა, რომ ისინი „ვერ მოხვდნენ“ „გურჯისტანის ვილაეთის დიდ დავთარში“, მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციული დაყოფა იყო. ბათუმი, აჭარა, მაჭახელი, იმერხევი და შავშეთი არზრუმის ვილაეთის შემადგენლობაში იყვნენ გაერთიანებულნი.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თანამედროვე თურქულ ისტორიოგრაფიაში შავშეთის ისტორია უფრო ხშირად მთლიანი რეგიონის კონტექსტში, თუმცა ფრაგმენტულად, მაინც მეტ-ნაკლებად არის ასახული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თურქ ისტორიკოსთა უმრავლესობის გამოკვლევები ქართული ტერიტორიების („ოსმალეთის საქართველოს“) შესახებ, ძირითადად ტენდენციურ ხასიათს ატარებს და მათი გაცნობის შემთხვევაში საკითხების უფრო ღრმად შესწავლა გვმართებს.
ზოგადად იკვეთება, რომ ოსმალებმა ქართული ტერიტორიების ინკორპორაცია XVI სის 40-იანი წლებიდან დაიწყეს. ზემოთ განხილულიდან ჩანს, რომ სამცხე-საათაბაგოს საკმაოდ ფართე ტერიტორიების დაპყრობის მუიხედავად, შავშეთი კვლავ ათაბაგის დაქვემდებარებაში რჩება.
1550 წელს ოსმალებმა ორჯერ ილაშქრეს ქართულ ტერიტორიებზე. პირველ ლაშქრობას არზრუმის ბეგლარბეგი მუსტაფა ფაშა (1549-1550 წწ.) ედგა სათავეში. ამ ლაშქრობით მათ ხელში ჩაიგდეს მამირვანი და ტაოსკარი ოთხი ციხით. მეორე ლაშქრობას ტრაპიზონის სანჯაყბეგი მუსტაფა ფაშა ხელმძღვანელობდა. ეს ლაშქრობა წყაროებში გონიოს ლაშქრობის სახელწოდებით იხსენიება. სტამბოლის მინისტრთა საბჭოს ოსმალურ არქივში დაცულ ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც ჰიჯრით 957 წლის 28 ზილ-ჰიჯეთი თარიღდება (1550.08.12), ფიქსირდება ინფორმაცია ჯალაბა თავადისა და სპირიდონის ძეების მიწებზე ოთხი ციხესიმაგრის აღების შესაახებ. ერთ-ერთ ბრძოლაში მაჭახლის ციხეში მებრძოლ აზნაურებს თავები მოჰკვეთეს და ციხე დაანგრიეს (BOA KKთ 209:137). ეს გახლავთ ოსმალთა მიერ მაჭახლის ხეობის აღებასთან დაკავშირებული ფაქტი.
სხვა დოკუმენტებიდან დგინდება, რომ მაჭახელს, შავშეთს და იმერხევს სპირიდონის ძეები ფლობდნენ. სავარაუდოა, რომ ,,დანარჩენი” შავშეთის მმართველებს ოსმალთა ბატონობის აღიარება არზრუმის ბეგლარბეგმა 1551 წელს არტანუჯისა და არტაანის აღების შემდეგ აიძულა. 
1551 წელს ისქენდერ ფაშამ (1550-1553 წწ.) გამოილაშქრა საქართველოში და დაიპყრო არტანუჯის ციხე, არტაანი, ფარნაკი (ფანაკი) და არსიანის მთამდე ტერიტორიები ოსმალეთის იმპერიას შეუერთა (ფ. კირზიოღლუ 1998:72).
ზემოხსენებული ლაშქრობების შემდეგ ოსმალთა მიერ ქართული ტერიტორიების დაპყრობა და მათ ხარჯზე არზრუმის საბეგლარბეგოს საზღვრების გაფართოება კვლავ ინტენსიურად გრძელდება.
რა თქმა უნდა, ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ოსმალებმა აღნიშნულ ტერიტორიებზე მოკლე ხანში მოიკიდეს ფეხი. მათი დამკვიდრება აქ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო. ამას მოჰყვებოდა ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება, ანტიოსმალური გამოსვლები, ზოგიერთი ტერიტორიის გათავისუფლება მტრისგან, თუმცა რამდენადაც შემდგომ განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს – დროებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენდა ირან-ოსმალეთს შორის მიმდინარე ხანგრძლივი ომების ასპარეზს, სადაც ტერიტორიები ხშირად მონაცვლეობით გადადიოდა ერთი ან მეორე მხარის ხელში.
სტამბოლის თოფქაფი-სარაის მუზეუმში დაცულ მუჰიმე (მნიშვნელოვანი მოვლენების აღმრიცხველ) დავთარში გვხვდება 1552-1553 წწ-ით დათარიღებული ცნობა, რომელიც გადმოგვცემს, რომ ირანული ორიენტაციის ქართველმა თავადებმა, ლუარსაბმა და ქაიხოსრომ (მათი ვინაობა უცნობია, თუმცა ვფიქრობთ, რომ ესენი ქართლის მეფე ლუარსაბი და ათაბაგი ქაიხოსრო უნდა ყოფილიყვნენ – ზ. შ.), 1552 წლის ივნისში ოსმალეთის კუთვნილი რამდენიმე ციხესიმაგრე დაიკავეს, თავს დაესხნენ არტაანს და გაიტაცეს [იქიდან] ხალხი. ისკენდერ ფაშამ მათ მომხრე ირანულ ძალებთან ერთად დაამარცხა ისინი. ამის შემდეგ შავშეთის, ლივანას (ართვინის – ზ. შ.) და აჭარის ქართველი თავადები იძულებულნი გახდნენ ოსმალთა მმართველობა ეღიარებინათ (აიდინ დიუნდარ 1998:72). ამავე წლის ოქტომბერში ფანასკერტი ოჯაქლიქის (შთამომავლობითი მმართველობის – ზ.შ.) წესით შევიდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1553 წლის 23 დეკემბრით დათარიღებულ დოკუმენტში შავშეთიც მოხსენიებულია როგორც ოჯაქლიქი (BOA, KKT 212:60-61). უნდა ითქვას, რომ „ოსმალთა მმართველობის აღიარება“ ხშირ შემთხვევაში არ ნიშნავდა ამა თუ იმ ტერიტორიის იმპერიის შემადგენლობაში შესვლას. იგი უბრალოდ ოსმალთა სიუზერენიტეტის აღიარება უნდა ყოფილიყო. ამას მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ აჭარისწყლის ხეობის შეერთება ოსმალეთის იმპერიასთან მოგვიანებით, 1561 წელს მოხდა, როდესაც იგი სპერის სანჯაყს შეუერთეს, ხოლო ცალკე სანჯაყად იგი მხოლოდ 1564 წელს გამოცხადდა (ზ. შაშიკაძე 2002:152-153).
1553 წლის დოკუმენტის მიხედვით, არტანუჯის სანჯაყისადმი დაქვემდებარებულ სოფელ სამისკარს, როგორც მისი ძველი მფლობელი, ქართველი თავადი იოსებითი მოითხოვს (BOA, KKT, ღ 209: 165). 1554 წლის 26 ივნისით დათარიღებულ დოკუმენტში ხსენებული იოსებითი შავშეთის სანჯაყბეგად მოიხსენიება (ჰ. იოზდემირ 2002:111).
1555 წელს ამასიაში დადებული ზავით დროებით შეწყდა ომი ირანსა და ოსმალეთს შორის. ზავის პირობებით ირანმა ცნო ოსმალეთის უფლებები დასავლეთ საქართველოზე, ხოლო ოსმალეთმა ირანის უფლებები აღმოსავლეთ საქართველოზე. მესხეთი გავლენის სფეროებად გადანაწილდა, რაც აიხსნებოდა იმით, რომ არცერთ მათგანს არ სურდა მიეცა მოწინააღმდეგისათვის საშუალება ფეხი მოეკიდებინა აქ. სამცხის დაპყრობას ოსმალეთისათვის უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმდენად, რამდენადაც აქედან მას გზა ეხსნებოდა ქართლ-კახეთსა და აღმოსავლეთ კავკასიაში შესაჭრელად (მ. სვანიძე 1971:80).
ამასიის ზავის პირობებით ბასიანი, არტაანი და არტანუჯი ოსმალეთის გავლენის ქვეშ გადავიდა, ხოლო სამცხე ირანს დარჩა. თურქი ისტორიკოსი ფ. კირზიოღლუ, როდესაც საუბრობს ამასიის ზავზე, აჭარასა და შავშეთს ოსმალეთის მოსაზღვრე ტერიტორიებად მოიხსენებს (ფ. კირზიოღლუ 1998:247).
სავარაუდოა, რომ რიგ სხვა ტერიტორიებთან ერთად შავშეთიც ოსმალეთის იმპერიას საბოლოოდ უფრო მოგვიანებით, 60-იან წლების დამდეგს შეუერთდა; მიუხედავად სამშვიდობო ხელშეკრულებისა და მისი პირობებისა, ოსმალეთი მესხეთის ტერიტორიების დაპყრობას მაინც აგრძელებდა. ამავე დროს ოსმალეთის აგრესიას მესხეთის მიმართ აჩქარებდა ირანის წარმატება აღმოსავლეთ საქართველოში. ამას კი ოსმალეთი, რომელიც თვითონ აპირებდა მთელს ამიერკავკასიაში გაბატონებას, ვერ შეურიგდებოდა. ამიტომ იგი სისტემატურად არღვევდა ზავის იმ პირობას, რომელიც სამცხე-საათაბაგოს ნაწილს ირანის გავლენის სფეროდ აცხადებდა და თანდათანობით ართმევდა მას ამ ტერიტორიებს.
1563 წლის სექტემბრით დათარიღებულ დოკუმენტში შავშეთის სანჯაყბეგად მეჰმედ ბეგია დასახელებული (BOA, KK, RD 218:11). ვფიქრობთ, რომ იგი ზემოხსენებული იოსებითია. თუ რატომ, ამას ქვემოთ მოგახსენებთ.
სტამბოლში მინისტრთა საბჭოს ოსმალურ არქივში ინახება არზრუმის ლალა მუსტაფა ფაშას მეჩეთის ვაყუფნამეს (სავაყუფო წიგნის) ასლი, რომელიც ჩვენი რეგიონის ისტორიისათვის ძალზე საინტერესო ცნობებს შეიცავს. ვაყუფნამეში აღწერილია აღნიშნული მეჩეთის კუთვნილი სოფლები, რომელთა უმრავლესობა ქართველი თავადებისგან არის შესყიდული. ნიშანდობლივია, რომ შავშეთის და იმერხევის ნაჰიეებში (რაიონებში) მდებარე ყველა სავაყუფო სოფელზე მითითებულია, რომ ისინი შესყიდულია მეჰმედ და აჰმედ სპირიდონის ძეებისაგან, რომლებიც არიან შავშეთ-იმერხევის მმართველები (BOA, EV. VKF, Dosya 20, Gömlek 16). როგორც უკვე ვთქვით, მაჭახლის ციხეებიც სპირიდონის ძეების მფლობელობაში იყო.
ამ ცნობებს ამყარებს სხვა, კერძოდ, არზრუმში დაცული ჯაყელ ათაბაგთა შესახებ შედგენილი ოსმალური დოკუმენტებიც. მათზე დაყრდნობით თურქი ისტორიკოსი მუსტაფა იოზდერი წერს, რომ მაჭახელ-აჭარის ჯაყელი ბეგები თავდაპირველად შავშეთ-იმერხევში მოსულან და ამ მხარეში პირველი სანჯაყბეგები განხდარან. მათგან სპირიდონ ბეგის ძეს იოსებით ბეგს აჰმედის სახელი მიუღია. მისი ძმები მეჰმედ, მაჰმუდ და სეფერ ბეგები იმერხევ-მაჭახელ-შავშეთის მხარეებში მოწილე სანჯაყბეგები გამხდარან (მ. ა.იოზდერ 1971:6).
ვფიქრობთ, ეს გახლავთ ერთ-ერთი საინტერესო მომენტი შავშეთის ისტორიიდან. ეს არის გარდამავალი ეტაპი, როდესაც ქართველი მმართველები ოსმალეთის იმპერიისადმი დაქვემდებარების შემდეგ ისლამის აღიარებით ინარჩუნებენ ქონებას და სოციალურ მდგომარეობას. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეს პროცესი ანალოგიურად მიმდინარეობდა სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში, რომელიც ოსმალებმა დაიპყრეს.
პირობითად შეიძლება ითქვას, რომ XVI საუკუნის 60-იან წლებში დამთავრდა ოსმალთა მიერ ქართული ტერიტორიების ინკორპორაციის პირველი ეტაპი. 1578 წლამდე, როდესაც ლალა მუსტაფა ფაშამ „აღმოსავლეთის ლაშქრობის“ შედეგად სამცხე და ჯავახეთი დაიპყრო და ახალციხის საფაშო დააარსა, ოსმალებს დაპყრობილი ჰქონდათ არტაანი, აჭარა, შავშეთ-მაჭახელი, ნიგალი, კლარჯეთი და ტაონი (ამიერ და იმიერ ტაო).
თურქ ისტორიკოსს დინდარ აიდინს მონოგრაფიაში, რომლის ქრონოლოგიურ ჩარჩოსაც წარმოადგენს 1535-1566 წლები, არზრუმის საბეგლარბეგოს შემადგენლობაში ჩამოთვლილი აქვს შემდეგი ქართული სანჯაყები (სადროშოები): ისფირი (სპერი), ფასინი (ბასიანი), მამერვანი, აქჩაკალე, ოლთუ (ოლთისი), ბათუმი, თორთომი, ფერთექრექი, ტაოსკარი, ქემხისი, ფანასკერტი, არტანუჯი, ლივანა, არტაანი, ქურთქალე (მგელციხე), შავშეთი, მცირე არტაანი, აჭარა, მაჭახელი და ფოთი (დიუნდარ აიდინ 1998:VII). თუმცა, უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ მათგანზე (მაგ. ფოთი, მგელციხე), გარკვეული პერიოდი ოსმალთა მმართველობა მხოლოდ ნომინალურად ვრცელდებოდა. შავშეთი, იმერხევი და მაჭახელი ოსმალეთიის იმპერიაში ცალცალკე სანჯაყებს (სადროშოებს) წარმოადგენდნენ. ისინი იმპერიაში იურთლუქის და ოჯაქლიქის წესით იყვნენ გაერთიანებულნი. აღნიშნული ტიპის სანჯაყებში სხვა სანჯაყებისაგან განსხვავებით მმართველობა შთამომავლობით გადადიოდა. 1609 წლამდე შავშეთის სამივე სანჯაყი არზრუმის საბეგლარბეგოს ექვემდებარებოდა, რის გამოც იგი არ არის რეგისტრირებული „გურჯისტანის ვილაეთის დიდ დავთარში“. ოსმალეთის იმპერიაში ხშირი იყო ადმინისტრაციული რეფორმები და შავშეთის სანჯაყიც ხშირად მონაცვლეობდა სხვადასხვა საფაშოს შემადგენლობაში. 1609 წლიდან 1631 წლამდე იგი ჩილდირის საბეგლარბეგოს შემადგენლობაშია. 1631 წელს შავშეთი კვლავ არზრუმის საბეგლარბეგოს უბრუნდება, ხოლო XVII ს-ის ბოლოს ისევ ჩილდირის საფაშოს დაქვემდებარებაშია. 1839 წელს გამოსული თანზიმათის ფირმანით ოსმალეთის იმპერიაში ახალი ადმინისტრაციული მმართველობა დაინერგა. სანჯაყბეგებმაც დაკარგეს ოფიციალური ფუნქცია (ჰ. იოზდემირ 2002:112].
1878 წლის 13 ივლისის ბერლინის მოლაპარაკების თანახმად, შავშეთი ართვინთან, არტანუჯთან, ბორჩხასთან და სხვა ტერიტორიებთან ერთად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველოს შემოუერთდა. ამ ზავით დადგენილი საზღვრები რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის 1918 წლის 3 მარტამდე არ შეცვლილა, სანამ ბოლშევიკურმა რუსეთმა და ოსმალეთმა ბრესტ-ლიტოვსკის ზავს არ მოაწერეს ხელი. ამ ზავის შემდეგ შავშეთი ისევ ოსმალეთის შემადგენლობაში გადადის.
$3. შავშეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში
1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად შემოერთებულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა ორი ოლქი – ყარსისა და ბათუმის. ყარსის ოლქში კოლა-არტაანთან და ოლთისთან ერთად მოექცა ისტორიული სომხეთის მიწების ნაწილიც. ბათუმის ოლქში შევიდა აჭარა, მაჭახელი, ბათუმ, ქობულეთი, ლივანა, შავშეთი, არტანუჯი და ლაზისტანის ნაწილი (გონიო, სარფი, მაკრიალი, ლიმანი). რუსეთთან შეერთებამდე ყოფილი ლაზისტანის სანჯაყი, რომლის ტერიტორიაზეც ჩამოყალიბდა ბათუმის ოლქი, თურქული დაყოფით ითვლიდა 7 მხარეს, ანუ ნაჰიეს: ბათუმის, ჩურუქ-სუს (ქობულეთის), ზემო აჭარის, ქვემო აჭარის, მაჭახლის, ართვინისა და გონიოს. ყოველი სასოფლო თემის სათავეში იდგა მოსახლეობის მიერ არჩეული მუხტარი. რამდენიმე თემი შეადგენდა ნაჰიეს, რომელსაც სათავეში ედგა მუდირი. ორი ნაჰიეს გაერთიანება შეადგენდა კაზას (მხარეს), რომელსაც კაიმაკამი ხელმძღვანელობდა. კაიმაკამს ნიშნავდა ბათუმის მუთესარიბი (გუბერნატორი) (А.Френкель 1879: 4).
ბათუმისა და ყარსის ოლქებს რუსეთის იმპერიისათვის განსაკუთრებული სამხედროსტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ ოპერატიულად იქნა შემუშავებული ამ ოლქების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და მმართველობის სტრუქტურა. 1878 წლის 20 სექტემბერს კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვმა ხელი მოაწერა ბათუმის ოლქის ადმინისტრაციული მმართველობის დროებით დებულებას. დებულებით, რომელიც 14 მუხლისაგან შედგებოდა, ბათუმის ოლქი დაიყო სამ ოკრუგად და ცხრა საპოლიციო უბნად:
ა) ბათუმის ოკრუგი – ბათუმის, კინტრიშისა და გონიოს უჩასტკები (უბნები)
ბ) ართვინის ოკრუგი – არტანუჯის, ართვინისა და შავშეთის უჩასტკები
გ) აჭარის ოკრუგი – ზემო აჭარის, ქვემო აჭარის და მაჭახლის უჩასტკები (А.Френкель1879:122). ბათუმი, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ნავსადგური, ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყვეს და უშუალოდ გუბერნატორს დაუქვემდებარეს.
ბათუმის ოლქში შემოღებული მმართველობა სამხედრო-პოლიციური ხასიათისა იყო. ოლქის გუბერნატორი, ოკრუგების უფროსები და მათი თანაშემწეები მხოლოდ კადრის სამხედრო ოფიცრები უნდა ყოფილიყვნენ. რუსული მმართველობის განმტკიცებისა და სრულყოფის მიზნით 1879 წლის 5 თებერვალს გამოიცა ახალი დებულება, რომლის საფუძველზეც კიდევ უფრო გაფართოვდა ოლქის სამხედრო გუბერნატორის უფლებები, გაძლიერდა და განმტკიცდა სამხედრო-საპოლიციო მართვის სტრუქტურა და აპარატი. გატარებული ღონისძიებების მიზანი აშკარა იყო – რაც შეიძლება სწრაფად განხორციელებულიყო ახლადშემოერთებული მხარის კოლონიზაცია. დიდი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობის გამო ბათუმისა და ყარსის ოლქების მმართველობა უშუალოდ კავკასიის არმიის მთავარსარდალს დაექვემდებარა. ოლქების სამხედრო გუბერნატორების მთავარი მოვალეობა მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლების აღკვეთა და კოლონიური რეჟიმის განმტკიცება გახდა. ამ მიზნით გუბერნატორებს მიეცათ სამხედრო-საპოლიციო რაზმების შექმნის უფლებაც. მათვე უნდა დაეყენებინათ ხელისუფლების წინაშე საგამგეო ოლქებიდან მთავრობის არაკეთილმოსურნეთა გაძევების საკითხიც.
ოლქის სამხედრო გუბერნატორს მხოლოდ დაბალი თანამდებობის მოხელეთა დანიშვნის უფლება ჰქონდათ. მაღალი საგნის მოხელეებს: ოკრუგების უფროსებს, სამხედრო კანცელარიის, სამხედრო-სამოქალაქო საქმეების გამგებლებს გუბერნატორების წარდგინების საფუძველზე ნიშნავდა კავკასიის მეფისნაცვალი. ყველა უმნიშვნელოვანეს თანამდებობებზე რუსი ეროვნების მოხელეები ინიშნებოდნენ. ცხადია, მკვიდრი მოსახლეობისათვის ძნელი ასატანი და შესაგუებელი იყო უცხო, რუსული მმართველობის ხელაღებით შემოღება. ამას ემატებოდა ცარიზმის აშკარა კოლონიური პოლიტიკა, რომლის მიზანი მხარის ათვისება, შემოერთებულ მხარეებში არაქართველი, უპირატესად რუსი კოლონისტების ჩამოსახლება და მათთვის ახალშენების მოწყობა იყო. რაც მიაჩნდათ ცარიზმის ბატონობის შენარჩუნებისა და განმტკიცების საფუძვლად. სწორედ ცარიზმის პოლიტიკის შედეგი იყო, რომ სამუსლიმანო საქართველოს მკვიდრი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში გადაიხვეწა. „დროება“, რომელიც იმდროინდელი ქართველი ინტელიგენციის პოზიციას გამოხატვა, ეხებოდა რა სამხრეთ საქართველოში შექმნილ ვითარებას, აქაურთა მუჰაჯირად წასვლის ძირითად მიზეზად რუსულ მმართველობას და სამართალს მიიჩნევდა: „ჩვენი მხარე ვერანდება, ხალხი დიდი და პატარა, ფუხარა და შეძლებული, ყველაკაი სტოვებს თავის სახლ-კარს, დედულ-მამულს და მიეშურება ხონთქრის სამკვიდრებელში... სადმე რომ სამართალი იყოს და მთავრობას სურდეს ამ გავერანებას ბოლო მოუღოს, კვლავად გადასახლება შეაჩეროს და ჩვენს ხალხს გული გაუკეთოს – ერთი რაღაცის შემოღების მეტი არაფერი იქნება საჭირო. ამ ერთს რაღაცას სახელად ჰქვია სამართალი. სამართლის მეტი ჩვენ არაფერი გვინდა. იგი დაგვაკმაყოფილებს სულ მთლად. იგი მოგვიბრუნებს გულს, ხელს აგვაღებინებს გადასახლებაზე, შეგვაყვარებს რუს-მმართველობას და ტირილით გარდახვეწილ მუჰაჯირებსაც კი დააბრუნებს („დროება“ #4, 1881). აღნიშნული მდგომარეობის მიუხედავად, ხელისუფლება კოლონიზაციის ტემპებით კმაყოფილი არ იყო, ამას ცხადყოფს ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორის კავკასიის მეფისნაცვლისადმი 1910 წელს გაგზავნილი წერილი: „რუსეთის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველია, ადგილობრივი მოსახლეობის ემიგრაციაში წასვლა, უპირატესად იმ რაიონებიდან, სადაც კარგი ბუნებრივ-გეოგრაფიული და კლიმატური პირობები, მდიდარი წიაღისეულია. ასეთი რაიონებია კინტრიშის უბანი, გონიოს უბანი, ართვინიდან-მურღულის ხეობა“ (ა.მ.ხ.ფ. ს.220,ფ.41-42).
ცარიზმის ასეთ პოლიტიკას მოსახლეობა წინააღმდეგობას უწევდა. 1895 წელს ზემო აჭარისა და შავშეთის გლეხებმა მთავარმართებულ დონდუკოვ-კორსაკოვს გადასცეს თხოვნასაჩივარი, რომელშიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მამა-პაპეულ ადგილებზე თავიანთი უფლებების შელახვის გამო და მოითხოვდნენ ტყეების, საძოვრებისა და სათიბების ძველი წესით, თავისუფლად სარგებლობის უფლების აღდგენას. საქმეში თავდაცვის მინისტრიც ჩაერია, რომელმაც კავკასიის მმართველობას ურჩია ძველი წესის – მამულების მოსახლეობის მფლობელობაში დატოვება, მაგრამ მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონების სამინისტრო პოზიციას არ იცვლიდა. მაშინ მოთმინებადაკარგულმა მოსახლეობამ ბრძოლის თავისებურ ხერხს მიმართა და ორი წლის მანძილზე ტყეების დიდი ნაწილი გაახმო. თ. სახოკია წერდა: „გული გწყდება ადამიანს ამ გავერანებული ტყის ყურებაზე და თანაც ვერ გაგიმართებია ეს საცოდავი ხალხი და ვერც თუ სულ გაგიმტყუნებია“ (თ. სახოკია 1985:220).
გლეხობა პროტესტის სხვა ფორმებსაც მიმართავდა. XX ს. დასაწყისიდან საერთო რევოლუციური გამოსვლების გავლენით შავშეთის გლეხთა გამოსვლებიც გააქტიურდა. 1905 წელს გაზაფხულზე ართვინის ოკრუგის გლეხები მასობრივად უარს ამბობდნენ გადასახადების გადახდაზე. მარტში შავშეთის 66 სოფლის გლეხებმა 441 კაცის ხელმოწერით საპროტესტო განცხადება გადასცეს პოლიცმეისტერს, რომელშიც გმობდნენ არსებულ სასოფლო მმართველობის წესს და უარს ამბობდნენ მასთან დაკავშირებული გადასახადების გადახდაზე.
ანალოგიური ვითარება იყო ართვინის მხარის სხვა უბნებშიც. შეშინებულ ოკრუგის უფროსი ბათუმის სამხედრო გუბერნატორს მოახსენებდა, რომ გლეხთა მღელვარება კიდევ უფრო გაძლიერდა და თხოვდა დახმარებას (აცსა,ფ.1.ს.159,ფ.1). ასეთივე ხასიათის წერილს უგზავნიდა ართვინის ოკრუგის უფროსი ოლქის გუბერნატორს 1905 წლის ნოემბერში (აცსა, ფ. 1, ს.207, ფ.5-6.). 1906 წ. დასაწყისში ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორმა იმოგზაურა ბათუმისა და ართვინის ოკრუგების სოფლებში. შეხვედრისას გლეხებმა გამოთქვეს უკმაყოფილება და გუბერნატორისაგან მოითხოვეს მუჰაჯირთა მიწების, შენობა-ნაგებობების სოფლის საზოგადოებისათვის გადაცემა. გუბერნატორმა მართლაც აღძრა შუამდგომლობა მუჰაჯირების მიწებისა და სხვა უძრავი ქონების სოფლის საზოგადოების გამგებლობაში გადაცემის შესახებ. სამწუხაროდ მთავრობამ გუბერნატორის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა (სცსსა, ფ.231,ა.1, ს.387,ფ.21). იყო შემთხვევები, როცა გლეხებს სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებსაც ართმევდნენ, განსაკუთრებით იმ სოფლებში, სადაც სამთამადნო საწარმოები არსებობდა. მაგალითად, 1907 წლის 19 მაისს ართვინის ოკრუგის ს. ძანსულის გლეხებმა (სულ 43 კაცის ხელმოწერით) საჩივარი გადასცეს კავკასიის მეფისნაცვალს, რომელშიც უჩიოდნენ სამთამადნო ამხანაგობას მიწების მიტაცების თაობაზე, კატეგორიულად მოითხოვდნენ მადნის დამუშავების შეწყვეტას და მიწების ძველი მფლობელებისთვის დაბრუნებას (სცსსა, ფ. 231, ს. 428, ფ. 3). ასეთი მდგომარეობა გლეხებს მამა-პაპეული ადგილებიდან წასვლას აიძულებდა. ამას თვით ხელისუფლების მოხელეებიც აღიარებდნენ. 1906 წლის 26 დეკემბრით დათარიღებულ მოხსენებაში ართვინის ოკრუგის უფროსი ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორს მოახსენებდა, რომ ადგილობრივ მკვიდრთა გადასახლება საადგილმამულო საკითხის მოუწესრიგებლობით და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებით არის გამოწვეულიო. ამის გამო მარტო 1906 წლის მეორე ნახევარში ართვინის ოკრუგიდან ოსმალეთში წასულა 420 სული, ხოლო წასასვლელად მზად ყოფილა 1200 ადამიანი. მშობლიური ადგილებიდან მოსახლეობის გადასახლების პროცესი შემდეგ წლებშიც გრძელდებოდა. 1912-1917 წლებში ართვინის ოკრუგის მოსახლეობის ნახევარზე მეტი უცხოეთში გადასახლებულა. თუ 1911 წელს აქ 63379 სული ცხოვრობდა, 1917 წლის ბოლოს მხარის მოსახლეობა 30179 სულამდე შემცირებულა (календарь 1911:233).
რომ არა ცარიზმის კოლონიური პოლიტიკა, შავშეთი გაცილებით უფრო სწრაფად განვითარდებოდა. მხარეს მდიდარი წიაღისეული რესურსები და სოფლის მეურნეობის განვითარების ფართო შესაძლებლობები გააჩნდა. შავშეთი მადნეული რესურსებით მდიდარი მხარეა. ბათუმის ოლქის გუბერნატორი საგანგებოდ მიუთითებდა მხარის სამრეწველო განვითარების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე. „რაიონი განსაკუთრებით მდიდარია სპილენძის, მარგანეცისა და სხვა წიაღისეულის საბადოებით, რომელთა დამუშავება აუცილებელია არა მარტო ოლქის მოსახლეობის ინტერესებისათვის, არამედ სახელმწიფო ხაზინისთვისაც“ (აცსა,ფ.6,ა.1,ს.716,ფ.1) XX ს. დასაწყისში ართვინის ოკრუგში უკვე მიკვლეული იყო სპილენძის 34, ვერცხლისა და ტყვიის 14, თუთიის, გოგირდის, მარგანეცისა და გრანიტის არა ერთი საბადო („ბათუმის გაზეთი“, #68, 1911). საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა წიაღისეული რესურსების, განსაკუთრებით სპილენძის საბადოების დამუშავება. 1901 წელს ბათუმის ოლქში წიაღისეულის დამუშავებას ეწეოდა 14 სამთო-სამრეწველო ორგანიზაცია, რომელთა უმრავლესობა უცხოური კომპანიები იყო (Батумь 1906: 21).
შავშეთის მხარე ხელსაყრელი იყო სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. XX ს. დასაწყისისთვის დაწინაურებული იყო მეხილეობა, მევენახეობა, მეთამბაქოეობა. 1912 წ. ართვინის ოკრუგში ვენახის ფართობს ეჭირა 1512 დესეტინა ფართობი (სცსსა, ფ.13, ა.10, ს.297, ფ.13). შავშეთის მშრალი კლიმატი ხელსაყრელი იყო ზეთისხილის გაშენებისათვის. ამ მიზნით ს. ლომაშენში მოეწყო ზეთისხილის სანერგე, ქ. ართვინში გაიხსნა ზეთისხილის ქარხანა. ართვინის მხარეში საშუალოდ წელიწადში 16.000 ფუთი ზეთისხილი მოდიოდა (სცსსა, ფ.13,ა.10,ს.297,ფ.14).
შავშეთის განვითარებას სერიოზულად აფერხებდა უგზოობა. ძირითადი სატრანსპორტო არტერია ჭოროხი იყო, რომლის მეშევობითაც შავშეთიდან ბათუმში შემოდიოდა დიდი რაოდენობით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, მაგრამ ჭოროხი წელიწადის ყველა დროს ნაოსნობისათვის ერთნაირად ვარგისი არ იყო. ართვინიდან მომავალი ნავები ძირითადად კაპანდიდთან ჩერდებოდნენ. აქედან ბათუმამდე დაახლოებით 10 კილომეტრი იყო, ამ გზას ართვინიდან მომავალი ნავი მცირე წყლიანობის დროს 6-7 საათში ფარავდა, ხოლო აპრილსა და მაისში, როცა ჭოროხი ადიდდებოდა, გამოცდილი მენავე ერთნახევარ საათში (К. Д. Веиденбаут 1901:140). გაცილებით მეტ დროს ანდომებდნენ ნავით ბათუმიდან ართვინამდე მისვლას. ჟან მურიეს ცნობით „ართვინში ასავლელად 4 დღე იყო საჭირო“ (ჟ. მურიე 1962:16). თვით ოკრუგის ადმინსტრაციულ ცენტრამდეც კი არ მიდიოდა ნორმალური გზატკეცილი. მხარის მოსახლეობა ყოველნაირად ცდილობდა ამ პრობლემის მოგვარებას. არაერთი თხოვნა იქნა გაგზავნილი ხელისუფლების მისამართით, მაგრამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა მაინც ვერ ხერხდებოდა. იგივე საკითხი ადგილობრივებს დაუყენებიათ სათათბიროს დეპუტატ ა. ჩხენკელის ართვინში სტუმრობისას 1913 წლის სექტემბერში. „ა. ჩხენკელს შეხვედრა ჰქონდა ქ. ართვინის წარმომადგენლებთან. ქ. ართვინს არ ჰქონია თვით ართვინში შესავლელი გზატკეცილი. მთავარი გზა მას ოთხი ვერსის მანძილზე გაუვლის და მაღლობზე გაშენებულ ქალაქში ან ფეხით, ან ცხენით უნდა ავიდეს ქალაქში შემსვლელი. მცხოვრებლებს უთხოვნიათ დეპუტატისათვის დახმარება, რათა მთავრობას გაეყვანა ქალაქში შესასვლელი გზატკეცილი. დეპუტატი და გუბერნატორი დაჰპირდნენ აღნიშნულ საქმეში დახმარებას („ბათუმის გაზეთი“, #69, 1913 წელი). სამუშაოები გზის გასაყვანად მართლაც მალე დაიწყო. „ამ დღეებში მუშაობაა შოსე-გზის კეთებაზე, რომელიც უერთდება ბათუმ-არდაგანის შოსეს. გზის გასაკეთებლად მთავრობას გადადებული აქვს 250 ათასი მანეთი.... ამ გზის გაყვანით შავშეთი ბათუმისათვის ერთ დასახმარ კუთხედ გადაიქცევა, რაც მაზანდას გაუხსნის აქაურ წარმოებას და უეჭველია დიდ გავლენას იქონიებს შავშეთელების ქონებრივსა და გონებრივს მდგომარეობაზედ“, _ იუწყებოდა 1913 წლის ნოემბერში „ბათუმის გაზეთი“ („ბათუმის გაზეთი“, #83, 1913).
შავშეთში მეტად რთული იყო ვითარება კულტურის განვითარების თვალსაზრისით. ობიექტურ მიზეზს, ოსმალეთის ბატონობის მძიმე მემკვიდრეობას ემატებოდა ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის მზაკვრული მიზანი – მოეხდინა ახალშემოერთებული ტერიტორიების სრული რუსიფიკაცია. სწორედ ამიტომ კულტურის განვითარება ძალზე ნელი ტემპით მიმდინარეობდა. დაბალი იყო მოსახლეობის წერა-კითხვის მცოდნეობის დონე. 1897 წლის აღწერით, ართვინის ოკრუგში (ქ. ართვინის გამოკლებით) წერა-კითხვის მცოდნე ყოფილა მოსახლეობის 6.6% (Батумь1906:17). თუმცა, ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მდგომარეობა ნელა, მაგრამ მაინც გაუმჯობესებისაკენ მიდიოდა. „თუ ადრე ართვინის ნორმალურ სკოლებში ერთ ქართველ მუსლიმანსაც ვერ იპოვნიდით.... დღეს აქ მრავალი მუსლიმანი სწავლობს“ („ბათუმის გაზეთი“, #30, 1911).
1914 წელს დაწყებულმა პირველმა მსოფლიო ომმა სამხრეთ საქართველო საერთოდ და, კერძოდ, შავშეთი კვლავ დიდი სახელმწიფოების ინტერესების ობიექტი გახადა.
$4. შავშეთი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ
პირველი მსოფლიო ომის პერიოდში თურქებმა არტაანისა და ყარსის ტერიტორიებთან ერთად დროებით მოახერხეს ართვინის ოკრუგის, მათ შორის შავშეთის ხელში ჩაგდება, თუმცა შემდგომში მოვლენები უფრო სხვანაირად განვითარდა და საბოლოოდ საზღვრები დიპლომატიური გზებით დადგინდა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ საზრუნავს წარმოადგენდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, შენარჩუნება და საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების მოპოვება.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება ოსმალეთისათვის მოულოდნელი, მაგრამ მისაღები აღმოჩნდა. ოსმალეთს აღარ გაუჭირდებოდა პატარა ქვეყნისაგან ოკუპირებული ტერიტორიების მითვისება.
1918 წლის 3 მარტს ბრესტში ბოლშევიკურ რუსეთსა და გერმანიას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ბათუმის, ყარსის და არტაანის ოლქები თვითგამორკვევის საფუძველზე უნდა გამოსულიყო რუსეთის საზღვრებიდან და აღდგენილიყო რუსეთ-ოსმალეთის 1877 წლის საზღვრები. ეს საკითხი განსაკუთრებული აქტივობით განიხილებოდა ტრაპიზონისა და ბათუმის კონფერენციებზე.
1918 წლის 31 მაისს ბათუმში დაიწყო კონფერენცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეწყვეტილი ტრაპიზონის კონფერენციის გაგრძელებას წარმოადგენდა. კონფერენციაზე საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს კი არა, ცალკე სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ. 
4 ივნისს ხელი მოეწერა საქართველოსთვის ყოვლად მიუღებელ ზავს, რომლითაც მისი საზღვრები ოსმალეთთან 1829 წლის ადრიანოპოლის ზავის წინა პერიოდის შესაბამისი უნდა ყოფილიყო. ოსმალეთის ხელში ბათუმის, არტაანის და ყარსის გარდა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებიც გადადიოდა.
ბათუმის ხელშეკრულების რატიფიკაცია არ მომხდარა და ძალაშიც არ შესულა. მისი ერთ-ერთი დადებითი მხარე საქართველოსთვის ის იყო, რომ ოსმალეთი დე ფაქტოდ აღიარებდა საქართველოს დემოკრატიულ რესპულიკას.
1919 წლის მაისიდან ოსმალეთში დაწყებულ ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა გენერალი მუსტაფა ქემალ-ფაშა, რომელიც 1920 წლის აპრილში დიდი ეროვნული კრებისა და მთავრობის თავმჯდომარედ აირჩიეს. ანტანტის სახელმწიფოების წინააღმდეგ ბრძოლაში ქემალ ათათურქის მთავრობამ კურსი საბჭოთა რუსეთისაკენ აიღო.
საერთაშორისო პროლეტარული რევოლუციის იმედით ოსმალეთისადმი მხარდაჭერა და დახმარების გაწევა ხელს უწყობდა რუსეთის პოზიციების განმტკიცებას უაღრესად ხელსაყრელ რეგიონში. ამასთანავე, რუსეთის მიერ ქემალ ათათურქის მთავრობასთან დამყარებული კავშირი გულისხმობდა ახალი საგარეო-პოლიტიკური კურსის განხორციელებასაც. ათათურქის მთავრობისათვისაც იმ ეტაპზე ბოლშევიკურ რუსეთთან ურთიერთობები არანაკლებ მომგებიანი იყო, ამიტომაც იგი რუსეთის ამიერკავკასიურ მიზანსწრაფულობას გაგებით ეკიდებოდა.
1921 წლის თებერვალში რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ თურქეთმა რუსეთის მიმართ პოზიცია შეიცვალა, კატეგორიულად დაუჭირა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას. იგი შეეცადა პოზიციების გამყარებას და ბათუმის ოლქზე საკუთარი ხელისუფლების აღდგენას, რაც ნაწილობრივ მოახერხა კიდეც. საბოლოოდ ყველაფერი მაინც რუსეთსა და ოსმალეთს შორის მოლაპარაკების გზით გადაწყდა.
1921 წლის 16 მარტს მოსკოვში თურქეთის მეჯლისსა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის წარმომადგენლებს შორის ხელი მოეწერა მოლაპარაკებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაცია აღიარებდა თურქეთის საზღვრებს. შეთანხმების თანახმად ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი (ართვინის ოკრუგი შავშეთით) თურქეთის შემადგენლობაში შედიოდა. მოლაპარაკების რატიფიცირება უფრო მოგვიანებით რუსეთმა 20 ივლისს, ხოლო თურქეთმა 31 ივლისს მოახდინა. მხარეებმა სიგელები 1921 წლის 22 სექტემბერს გაცვალეს, რის შემდეგაც შავშეთი საბოლოოდ დაექვემდებარა თურქეთს.
ამავე პერიოდში, 1921 წლის 13 ოქტომბერს დაიწყო მოლაპარაკებები ყარსში ერთის მხრივ სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს და, მეორეს მხრივ, თურქეთს შორის რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით. მოლაპარაკების შედეგები ძალაში შევიდა 1922 წლის 11 სექტემბერს. ყარსის მოლაპარაკება საზღვრების საკითხში ფაქტიურად წარმოადგენდა მოსკოვის მოლაპარაკების გავრცელებას ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებზე. მან უფრო გაამყარა თურქეთის საერთაშორისო მდგომარეობა. შავშეთის ილჩე 1921 წლის 27 თებერვალს არტაანის სანჯაყს დაექვემდებარა. იმავე წლის 7 ივლისიდან, იგივე ილჩეს სახით ართვინის ილის შემადგენლობაშია.
თურქული მონაცემების მიხედვით, შავშეთის ილჩე ცენტრისა და 70 სოფლისაგან შედგება. მისი ფართობი 1317 კვადრატული კილომეტრია. 2007 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობა 18780 კაცია (ქალაქ შავშათში 7652, სოფლად 11 128). 1990 წლის მონაცემებით ეს რიცხვი 32279-ს შეადგენდა (ქალაქი – 4850, სოფლები – 27429). როგორც დინამიკა გვიჩვენებს ქალაქში მოსახლეობა მატულობს, ხოლო სოფლები თანდათან იცლება. ეს კი, როგორც წესი, იმით, რომ სოფლის მოსახლეობა ქალაქში გაედინება სამუშაო ადგილების საშოვნელად.
იგივე თურქული მონაცემებით ილჩეს 65%-ს ყივჩაღური, ხოლო 35 % ქართული წარმოშობის მოსახლეობა წარმოადგენს, თუმცა ეს უკანასკნელი ცნობა შეიძლება არ იყოს რეალობის ამსახველი და გადამოწმებას საჭიროებდეს.
 

Комментариев нет:

Отправить комментарий