1936 წლის 16 თებერვალს, ესპანეთში, კორტესის (პარლამენტის) არჩევნებში სახალხო ფრონტმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. მიუხედავად მარცხისა, ესპანელმა ფაშისტებმა მნიშვნელოვანი პოსტები შეინარჩუნეს სახელმწიფო აპარატსა და არმიაში. დაკარგა რა ხელისუფლების სათავეში „ლეგალურად“ მოსვლის იმედი, რეაქცია დაადგა შეთქმულების გზით ფაშისტური დიქტატურის დამყარებისათვის მზადებას.
ესპანეთში მიმდინარე მოვლენების მიმართ ინგლისის ინტერესი გაიზარდა, რადგან დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთს ლონდონი თავის სასიცოცხლო ინტერესების სფეროდ მიიჩნევდა. ბოლდუინის კონსერვატორული მთავრობა შეშფოთებული იყო ესპანეთში მემარცხენე-ბურჟუაზიული მთავრობის შექმნით, რადგან ამაში ხედავდა საფრთხეს ევროპაში ჩამოყალიბებული ძალთა თანაფარდობის მიმართ.1 გარდა ამისა, ინგლისის მმართველ წრეებს აღელვებდა ფინანსური ჯგუფების მიერ ესპანეთის მრეწველობაში ჩადებული კაპიტალის ბედი.
ესპანეთში ინგლისის ელჩი ჩილტონი მიიჩნევდა, რომ ესპანეთის მთავრობა, კიროგას მეთაურობით, სოციალისტურ იდეოლოგიას თანაუგრძნობდა. აქედან გამომდინარე, ინგლისელი დიპლომატები თავისი მოხსენებითი ბარათებით კიდევ უფრო აღვივებდნენ ინგლისური საზოგადოების ანტირესპუბლიკურ განწყობილებებს. ამიტომ იყო, რომ ცნობას, ესპანეთში ფაშისტური ამბოხების დაწყების შესახებ 1936 წლის 18 ივლისს, კმაყოფილებით შეხვდნენ ლონდონში. საინტერესო პოზიცია ეკავა უინსტონ ჩერჩილს, რომელიც სამოქალაქო ომს ესპანეთში ბოროტებად მიიჩნევდა და ფრანკოს მომხრეებთან ერთად, მის გაჩაღებაში რესპუბლიკელებსაც ადანაშაულებდა.2
ესპანეთში დაწყებული კონფლიქტის პირველი დღეებიდანვე ინგლისის მთავრობა შეუდგა საგარეო-პოლიტიკური კურსის შემუშავებას, რომელიც შექმნილ ვითარებაში მაქსიმალურად შეუწყობდა ხელს ინგლისის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ინტერესების განმტკიცებას. მმართველი წრეების აზრით, ამ მიზნებს პასუხობდა ე.წ. ჩაურევლობის პოლიტიკა ესპანეთში მებრძოლი ორივე მხარის მიმართ, რაც იარაღის მიყიდვაზე აკრძალვას ითვალისწინებდა.3
1936 წლის 29 ივლისს, ინგლისის მთავრობის სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა იდენმა თავის კოლეგებს აცნობა, რომ შესაძლებელი იყო ესპანეთის რესპუბლიკას მიემართა ინგლისისათვის თხოვნით იარაღის მიყიდვის შესახებ. ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, გადაწყდა, რომ თუ ასეთი თხოვნა იქნებოდა - უარით ეპასუხათ. ამის შესაბამისად, იდენმა ფორინ ოფისის თანამშრომლებს მკაფიო ინსტრუქიები მისცა - ნებისმიერი საშუალებით თავი აერიდებინათ რესპუბლიკელებისათვის იარაღის მიყიდვის საკითხის განხილვისაგან.4 1936 წ. ივლისის ბოლოს ინგლისის მთავრობამ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია ესპანური კონფლიქტისადმი. მისი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ინგლისი არ უნდა ჩარეულიყო სამოქალაქო ომში, თავი უნდა აერიდებინა როგორც ესპანეთის კანონიერი მთავრობის, ისე ნაციონალისტების დახმარებისათვის. სინამდვილეში, ასეთი პოზიცია მეამბოხეთა ფარულ მხარდაჭერას ნიშნავდა5, რადგან ამბოხებულებს გენერალ ფრანკოს მეთაურობით ფაშისტური ბლოკის სახელმწიფოები ეხმარებოდნენ.6
ჩაურევლობის პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისათვის ინგლისს ესაჭიროებოდა თავისი ევროპელი მოკავშირის - საფრანგეთის - მხარდაჭერა. მით უმეტეს, რომ დასაწყისში საფრანგეთის მთავრობის მეთაურის ბლუმის პოზიცია, ესპანეთის მოვლენების მიმართ, რესპუბლიკელების სასარგებლოდ იყო, რასაც განაპირობებდა საფრანგეთ-ესპანეთის საიდუმლო შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს 1935 წ. დეკემბერში. ამ შეთანხმების თანახმად, ესპანეთის რესპუბლიკას გააჩნდა უფლება-შეესყიდა საფრანგეთში იარაღი 40 მლნ. ფრანკის ოდენობით, მაგრამ საფრანგეთის გავლენიანმა პოლიტიკურმა წრეებმა ყველაფერი გააკეთს, რომ ესპანეთს დახმარება არ მიეღო. ბუნებრივია, ასეთ პოზიცია საშიში იყო თვითონ საფრანგეთისათვის, რადგანაც ფრანკისტების გამარჯვების შემთხვევაში, საფრანგეთი აღმოჩნდებოდა ფაშისტური სახელმწიფოების რკალში და მოწყდებოდა თავის კომუნიკაციებს ჩრდილოეთ აფრიკაში. საფრანგეთის რეაქციული წრეების პოზიცია კარგად გამოიყენა ლონდონმა და შედეგსაც მიაღწია - ესპანეთის მიმართ საფრანგეთის პოზიცია შეიცვალა. ესპანეთი შესაძლოა, მეორე მსოფლიო ომის პოლიგონი გამხდარიყო. ინგლისი და საფრანგეთი უფრთხოდნენ, რომ ესპანეთის სამოქალაქო ომი საერთაშორისო კონფლიქტის პრელუდიად გადაიქცეოდა. ლონდონსა და პარიზში არ სურდათ სახალხო ფრონტის დახმარება ფრანკოს წინააღმდეგ ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, ისინი უარს ამბობდნენ ჩარეულიყვნენ კონფლიქტში, მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერი და მუსოლინი მათი პასიურობით სარგებლობდნენ.7
1936 წ. 22-23 ივლისს ლონდონში გაიმართა კონფერენცია ინგლისის, საფრანგეთის და ბელგიის მთავრობის მეთაურთა და საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით. იქ მრავალი პოლიტიკური პრობლემა განიხილეს. ინგლისის პრემიერმა ბოლდუინმა შეშფოთება გამოხატა საფრაგეთის პოზიციის გამო - მიეყიდა ესპანეთისათვის იარაღი 1935 წლის შეთანხმების თანახმად. მისი აზრით, თუ საფრანგეთის დახმარება გამოიწვევდა კონფლიქტს იტალიასთან, მაშინ ინგლისი იძულებული იქნებოდა ნეიტრალიტეტი დაეცვა. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ხრიკები ინგლისმა მოგვიანებითაც გამოიყენა ინგლის-საფრანგეთის მოლაპარაკების დროს ლონდონში 1938 წლის 28-29 აპრილს, როცა განიხილავდნენ საკითხს ჩეხოსლოვაკიისათვის დახმარების აღმოჩენის შესახებ. მაშინ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორდმა ჰალიფაქსმა გააფრთხილა საფრანგეთის პრემიერი დალადიე და საგარეო საქმეთა მინისტრი ბონე, რომ ინგლისი დაიცავდა ნეიტრალიტეტს, თუ საფრანგეთი მხარს დაუჭერდა ჩეხოსლოვაკიას.8 თავის მხრივ, იდენმა რჩევა მისცა პრემიერ ბლუმს სიფრთხილე გამოეჩინა ესპანეთისათვის იარაღის მიყიდვის საკითხში.9 ინგლისის ასეთმა პოზიციამ, თუმცა არაოფიციალურმა, მაინც იქონია ზეგავლენა საფრანგეთის მთავრობის პოზიციაზე. 1936 წ. 25 ივლისს საფრანგეთის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე დაფიქსირდა ესპანეთთან 1935 წლის შეთანხმების პირველი დარღვევა - საფრანგეთმა მექსიკასთან დადო შეთანხმება, რომლის თანახმად საფრანგეთი თავის უფლებას - მიეყიდა იარაღი რესპუბლიკური ესპანეთსათვის, მექსიკას უთმობდა.
ამბოხებულები, იყენებდნენ რა გერმანიისა და იტალიის სამხედრო დახმარებას, მადრიდისკენ მიიწევდნენ. ასეთ სიტუაციაში, საფრანგეთის მთავრობა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გერმანიისა და იტალიის დახმარება ფრანკოსადმი აიძულებდა პარიზს რესპუბლიკური ესპანეთის დახმარებაზე ეფიქრა. მეორე მხრივ, მემარჯვენეთა ზეწოლა ქვეყნის შიგნით და ინგლისის პოზიცია უბიძგებდა საფრანგეთის მთავრობას ესპანეთთან დადებული შეთანხმება დაერღია. ეს საკითხი მწვავე განხილვის საგანი იყო საფრანგეთის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე 1936 წ 1 აგვისტოს, რის შედეგადაც მოინახა ესპანეთის საკითხის „კომპრომისული“ გადაწყვეტა: საფრანგეთის მთავრობამ მიმართა ინგლისისა და იტალიის მთავრობებს მოწოდებით, რომ გაერთიანებულიყვნენ ჩაურევლობის პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც შეიძლებოდა გავრცელებულიყო სხვა დაინტერესებულ ქვეყნებზეც.10
ასეთი შეთანხმების მიღწევა ინგლისის მთავრობას აუცილებლობად მიაჩნდა, მაგრამ საჭიროდ თვლიდა, რომ ის მოეწონებინა ევროპის სხვა დიდ სახელმწიფოებსაც. ამასთან დაკავშირებით, ფორინ ოფისის მაღალი რანგის მოხელე მაუნზი, ლორდ ჰალიფაქსს სწერდა: „მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა ვიყოთ სრულიად თავისუფალი ესპანეთში ჩაურევლობის პოლიტიკის გატარებაში. ინგლის-საფრანგეთ-იტალიის შეთანხმებას არ ექნება არავითარი სარგებლობა და შესაძლოა სახიფათოც იყოს მანამდე, ვიდრე სხვა დიდი სახელმწიფოები, როგორიცაა გერმანია და საბჭოთა რუსეთი, არ შეუერთდებიან მას და ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა შევიზღუდოთ შეთანხმებით, რომელიც არ არის უნივერსალური“.11
საფრანგეთის პრემიერმა ბლუმმა, რომელიც გამოირჩეოდა მოქნილი დიპლომატიით12, გადაწყვიტა, ერთხელ კიდევ დაეზუსტებინა ინგლისის მთავრობის მოსაზრება ესპანეთის პრობლემაზე. ამ მიზნით, ლონდონში მიავლინეს ადმირალი დარლანი, რომელსაც დაევალა შეხვედროდა საზღვაო მინისტრ ლორდ ჩეტფილდს და ინგლისის მთავრობის გენერალურ მდივან ჰენკს. ამ ვიზიტმა ნათლად აჩვენა, რომ ესპანეთის სამოქალაქო ომის მიმართ ლონდონი ადრინდელ პოზიციას იცავდა - ეს იყო კეთილსასურველი დამოკიდებულება მეამბოხეების მიმართ ფრანკოს მეთაურობით.13 უნდა აღინიშნოს, რომ ფრანკო ძველმოდური ყაიდის სამხედრო დიქტატორი უფრო იყო, ვიდრე ჰიტლერის მსგავსი ფაშისტი ფიურერი.14 ამას დაემატა ლონდონის ზეწოლა პარიზზე, ელჩის კლერკის მეშვეობით, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრ დელბოს განუცხადა, რომ თუ საფრანგეთი თავისი მოქმედებით აღმოჩნდებოდა ესპანური კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილის მხარეზე, ასეთ შემთხვევაში ინგლის-საფრანგეთის სამოკავშირეო ურთიერთობებს დიდი პრობლემები შეექმნებოდა.
ინგლისის ელჩის ამ დემარშს მალე შედეგი მოჰყვა. მეორე დღეს, 8 აგვისტოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საფრანგეთი ვალდებულებას იღებდა დაეხურა თავისი სამხრეთი საზღვარი ესპანეთთან, ყოველგვარი სახის სამხედრო ტვირთების ტრანზიტისათვის.15
ინგლისის მთავრობამ, იმ შემთხვევისათვის თუ საერთოევროპული პაქტის დადება ჩაურევლობის შესახებ შეუძლებელი გახდებოდა, შეიმუშავა ოფიციალური კურსი ესპანეთის მიმართ. მას საფუძვლად დაედო მაუნზის მიერ დამუშავებული და იდენის მიერ მოწონებული შემდეგი რეკომენდაციები:
1. აუცილებელია გაგრძელდეს ჩვენი „მიუკერძოებლობის“ უწინდელი პოლიტიკა, ჩავშლით რა ყოველგვარ სურვილს მომარაგდეს იარაღით და სამხედრო მასალებით ესპანეთში მეომარი ერთერთი მხარე. უნდა მოინახოს აგრეთვე მიზეზები იმისათვის, რომ არ მივცეთ ნებართვა იარაღის ექსპორტზე რესპუბლიკური მთავრობისათვის, მისგან შესაბამისი განცხადების მიღების შემთხვევაში თხოვნით ამის შესახებ; იმავე დროს, ეს უნდა გაკეთდეს აშკარა უარის გარეშე, ვიმოქმედებთ რა რესპუბლიკური მთავრობის შესაბამისი განცხადების განხილვის პრინციპით.
2. მხარი დაუჭიროთ ისეთ პოლიტიკას, რომელსაც ჰქონდა ადგილი სხვა მთავრობების მიმართ მშვიდობიან დროს, ე.ი. მივცეთ ნებართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაიცემა გარანტიები, რომ იარაღი და აღჭურვილობა გამოყენებული იქნება ესპანეთის მთავრობის მიერ თავდაცვის მიზნით.
3. მივცეთ ნებართვა იარაღის ექსპორტზე ესპანეთის ნებისმიერ ადგილზე.16
ამ რეკომენდაციების არსი ნათელი იყო: ინგლისს ყველანაირად უნდა შეეშალა ხელი რესპუბლიკური მთავრობის კანონიერი მოთხოვნისათვის - შეეძინა აუცილებელი იარაღი. მეორე შემთხვევაში, სამხედრო მასალების შეტანა შეიძლებო-და მომხდარიყო ესპანეთის ნებისმიერ ტერიტორიაზე, ე.ი. უზრუნველყოფილი იქნებოდა როგორც რესპუბლიკელების, ისე ნაციონალისტების საჭიროებანი.
თავის საგარეო-პოლიტიკურ სტრატეგიას, რომ ამუშავებდა დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ინგლისს არ შეეძლო ანგარიში არ გაეწია იტალიასთან ურთიერთობისათვის - იტალია ხომ თავისი სასიცოცხლო ინტერესების სფეროდ მიიჩნევდა ამ რეგიონს. ამასთან დაკავშირებით, იმპერიის უშიშროების ბრიტანეთის კომიტეტმა მოამზადა შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამი იყო:
1. ჩვენი ინტერესები ახლანდელ ესპანურ კრიზისში, მდგომარეობს ესპანეთისა და მისი სამფლობელოების ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებასა და ესპანეთის მთავრობასთან ისეთ ურთიერთობებში, რომლებიც უზრუნველყოფენ კეთილსასურველ ნეიტრალიტეტს ევროპულ ომში ჩვენი ჩართვის შემთხვევაში.
2. იტალიის აშკარა ინტერვენცია იმ მიზნით, რომ მხარი დაუჭიროს მეამბოხეებს ესპანეთში, დააჩქარებს სერიოზული საერთაშორისო კრიზისის მომწიფებას.
3. იტალიის მიერ ესპანეთის ტერიტორიის ნებისმიერი ნაწილის ოკუპაციამ შეიძლება ზიანი მოუტანოს ბრიტანეთის ინტერესებს; იტალიის მიერ ესპანეთის მაროკოს ნებისმიერი ნაწილის და განსაკუთრებით სეუტის ოკუპაცია დაემუქრება დიდი ბრიტანეთის სასიცოცხლო ინტერესებს; იტალიის მიერ ბალეარის და კანარის კუნძულების დაპყრობა ძალზედ არასასურველია, თუმცა არ განიხილება, როგორც სასიცოცხლო მუქარა.
4. დიდი ბრიტანეთის სასიცოცხლო ინტერესებისათვის დამუქრება იქნება იტალია-ესპანეთის ნებისმიერი კავშირის დადება.
5. ყველა მოქმედება, აღნიშნული მე-2 და მე-3 პუნქტებში, მეტ-ნაკლებად აზიანებს საფრანგეთის ინტერესებს.
6. იტალიის გეგმების ჩაფუშვის მიზნით, ნებისმიერ სფეროში გადამწყვეტი მოქმედებების ჩატარების მუქარამ, დიპლომატიურის გამოკლებით, ომის დიდი საფრთხე შეიძლება გამოიწვიოს.17
აფასებდა რა მდგომარეობას დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში, იმპერიის უშიშროების კომიტეტმა მთავრობას შესთავაზა ზეწოლა მოეხდინა ევროპულ სახელმწიფოებზე, რათა სასწრაფოდ დადებულიყო პაქტი ჩაურევლობის შესახებ ესპანეთის საქმეებში. თუ ასეთ შეთანხმებას ხელს ვერ მოაწერდნენ, მაშინ აუცილებელი იქნებოდა ერთი მხრივ, დიდი ბრიტანეთის ინტერესების დაცვაზე ეზრუნათ დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში საკმარისი სამხედრო-საზღვაო ძალების შენარჩუნების გზით. მეორე მხრივ, საფრანგეთისათვის უნდა ჩაეგონებინათ აზრი, რომ არ იყო სასურველი ესპანეთსა და კოლონიებში იტალიის ინტერვენციის პროვოცირება. ამის ფონზე, ცოტა უცნაურად გამოიყურება დიდი მასშტაბის პოლიტიკოსის, უინსტონ ჩერჩილის, პოზიცია, რომელიც მიიჩნევდა, რომ ესპანეთში მიმდინარე მოვლენებს არ ექნებოდა დიდი მნიშვნელობა ინგლისისათვის სტრატეგიული თვალსაზრისით.18
1936 წ. 15 აგვისტოს ინგლისმა და საფრანგეთმა გაცვალეს ნოტები, რომლის თანახმად ორივე ქვეყნის მთავრობამ ვალდებულება აიღო - აეკრძალა იარაღის და სამხედრო მასალების ექსპორტი ესპანეთსა და მის სამფლობელოებში19; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით აქტიურობდნენ აფრეთვე აშშ მმართველი წრეები. მაგალითად, 1937 წ. იანვარში ამერიკის კონგრესმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც კრძალავდა იარაღის მიყიდვას ესპანეთში მებრძოლი ძალებისათვის20.
მაშასადამე, 1936 წ. აგვისტოს შუა პერიოდიდან, ესპანეთის კონფლიქტში ე.წ. ჩაურევლობის იდეა შეიარაღების ექსპორტის აკრძალვის გზით, საბოლოოდ იღებს კონკრეტულ ხორცშესხმას ჩაურევლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით, რომელსაც ინგლისის გარდა, 1936 წ. 15 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე შეუერთდა 27 ევროპული სახელმწიფო. ჩაურევლობის შესახებ შეთანხმების დეკლარაცია (ნონ – ინტერვენტიონ აგრეემენტ - NIA), რომლის ტექსტიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაუგზავნა ევროპის ქვეყნების სახელმწიფოებს, ორი ნაწილისაგან შედგებოდა. დოკუმენტის პრეამბულა შეიცავდა მოწოდებას თავი შეეკავებინათ ესპანეთის კონფლიქტში ჩარევისაგან ნებისმიერი ფორმით, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი გზით. მეორე ნაწილი შედგებოდა სამი სპეციალური პუნქტისაგან, რომელიც კრძალავდა იარაღის ნებისმიერი სახეობის, სამხედრო მასალების, თვითმფრინავების და სამხედრო გემების ექსპორტს, რეექსპორტს და ტრანზიტს ესპანეთსა და მის კოლონიებში.
შეთანხმება ჩაურევლობის შესახებ წარმოადგენდა დოკუმენტების ერთობლიობას, რომელსაც არ გააჩნდა კანონის ძალა. არ არსებობდა დოკუმენტი, რომელიც დააკავშირებდა სხვადასხვა სახელმწიფოების ტექსტებს მთლიანობაში. ნებისმიერ ქვეყანას შეეძლო უარი ეთქვა შეთანხმების ამა თუ იმ პუნქტზე, ისე რომ არ დამუქრებოდა საფრთხე დაედანაშაულებინათ საერთაშორისო უფლებების დარღვევაში.
ხანგრძლივი დიპლომატიური მოლაპარაკებების შემდეგ, კომიტეტის პირველი სხდომა შედგა 1936 წ. 9 სექტემბერს ლონდონში, ფორინ ოფისის ლოკარნოს დარბაზში უ. მორისონის თავმჯდომარეობით, რომელიც მალე შეცვალა ამ პოსტზე კონსერვატიული პარტიის ცნობილმა წევრმა ლორდმა პლიმუტმა. ჩაურევლობის საერთაშორისო კომიტეტს, ინგლისის ხელმძღვანელობის აზრით, თვალი უნდა ედევნებინა იმისთვის, რომ ყველა ქვეყანას, რომელმაც ხელი მოაწერა IA-ს, მკაცრად დაეცვა საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები. უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტი დამოუკიდებელი იყო ერთა ლიგისაგან. თუმცა, ეს უკანასკნელი ფაქტიურად ჩამოცილებულ იქნა საკითხის განხილვისაგან, რომელიც ეხებოდა ფაშისტური ბლოკის საელმწიფოების აგრესიას ესპანეთის მიმართ. ამის მიუხედავად, ერთა ლიგა მაინც ფლობდა ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციების ერთობლიობას ინტერვენციების ასალაგმავად.21
ჩაურევლობის კომიტეტს მსგავსი უფლებამოსილებანი არ გააჩნდა. მას დაეკისრა მიუკერძოებელი მეთვალყურის როლი, რომელსაც შეეძლო განეხილა პროტესტები თუ დაირღვეოდა შეთანხმებანი ჩაურევლობის შესახებ. კომიტეტზე დაკისრებული ამოცანების წარმატებით გადასაჭრელად, 1936 წ. 14 სექტემბერს მორისონის წინადადებით ჩამოყალიბდა მუდმივი ქვეკომიტეტი, რომელშიც შევიდნენ ესპანეთის მეზობელი საფრანგეთის და პორტუგალიის, აგრეთვე იმ სახელმწიფოთა წარმომადგენლები, რომლებიც აწარმოებდნენ შეიარაღებას - ინგლისის, გერმანიის, იტალიის, ბელგიის, შვეციის, ჩეხოსლოვაკიის და საბჭოთა კავშირის წარმომადგენლები.22
ლონდონის კომიტეტის ეფექტიანად მოქმედების მიზნით, დამუშავდა სპეციალური პროცედურა პროტესტების განსახილველად, რომელსაც ადგილი ექნებოდა ჩაურევლობის შესახებ შეთანხმების დარღვევისას. ისინი უნდა წამოსულიყო სერიოზული წყაროდან, ე.ი. მისულიყო ლორდ პლიმუტის კომიტეტში იმ სახელმწიფოს წარმომადგენლისაგან, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას ჩაურევლობის შესახებ. კერძო პირების ინფორმაცია არ მიიღებოდა. ამასთანავე, მასში წარმოდგენილი ფაქტები საკმაოდ დასაბუთებული უნდა ყოფილიყო, საიმედო მტკიცებებს დაყრდნობოდა. უკანასკნელი პირობა სამართალდამრღვევთა გამოაშკარავებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა, რადგანაც ინტერვენციის უმრავლესი მტკიცებულება შეიძლებოდა შეფასებულიყო, როგორც საეჭვო.23
ამრიგად, ლონდონის კომიტეტი და მუდმივი ქვეკომიტეტი ესპანეთის საქმეებში ჩაურევლობის პროცედურული მექანიზმის განხორციელების ორ ძირითად ბერკეტად იქცა. თავისი არსებობის მრავალი თვის მანძილზე (ოფიციალურად კომიტეტი გააუქმეს 1939 წ. 20 აპრილს), ამ ორგანოს არ შეუტანია რაიმე არსებითი შედეგი ესპანური პრობლემის გადაწყვეტის საქმეში. პირიქით, იყო რა მორჩილი იარაღი ბრიტანეთის მმართველი წრეების ხელში, ის ემსახურებოდა მუდმივი დათმობების პოლიტიკას ფაშისტური სახელმწიფოებისადმი პატარა ქვეყნების ხარჯზე.
1936 წ. 27 ნოემბერს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალვარეს დელ ვაიომ მიმართა ერთა ლიგას მოთხოვნით, უმოკლეს ვადაში განეხილათ გერმანიისა და იტალიის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევის ფაქტები და დახმარებოდნენ ესპანელ ხალხს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. სამწუხაროდ, ერთა ლიგის საბჭომ ამ მოთხოვნაზე რეაგირება არ მოახდინა.24 დასავლეთის სახელმწიფოთა „ჩაურევლობა“ ტრაგიკულად დამთავრდა ესპანეთისათვის. იმავე დროს, ასეთმა პოლიტიკამ არანაკლებ სავალალო შედეგები მოუტანა თვითონ ევროპულ სახელმწიფოებს, რამაც გაუხსნა გზა მიუნხენის სამარცხვინო გარიგებას, შემდეგ კი მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებას 1939 წ. 1 სექტემბერს.
შენიშვნები
1. Малай В. Судьба республики решалась не в Мадриде. Белгород, 1999, გვ. 10.
2. სვანაძე ლ. უინსტონ ჩერჩილი. პოლიტიკური ბიოგრაფია. წიგნი მეორე, რთული გზა მწვერვალისაკენ. პრემიერ-მინისტრი. ქუთაისი, 2007, გვ. 282-287.
3. Илюхина Р. М. Англия и Лига Нации. – Проблемы британской истории. М., 1984, გვ. 368.
4. ჩატტელ D.თ. შოვიეტ Dიპლომაცყ ანდ ტჰე შპანისჰ ჩივილ ჭარ. Bერკელეყ, 1957, პ. 19.
5. სვანაძე ლ. დასახ. ნაშრ., გვ. 282.
6. იქვე.
7. დოიჩერი ი. სტალინი, II. თარგმ. ინგლ., თბ., 2014, გვ. 104
8. Eდწარდს ჟ. თჰე Bრიტისჰ Gოვერნმენტ ანდ ტჰე შპანისჰ ჩივილ ჭარ. 1936-1939. Lონდონ, 1979, პ. 148.
9. Томас Х. Гражданская война в испании. 1936-1939. М., 2003, с. 205.
10. Eდწარდს ჟ. ოპ. ციტ., პ. 149.
11. Прицкер Д. П. Подвиг Испанской республики. М., 1962, ც. 22.
12. Демидов С. Международные отношения в Европе. 1919-1939. М., 2001, ც. 135.
13. Сориа Ж. Война и революция в испании. 1936-1939. т. 1. М., 1987, ც. 104.
14. Дипломатический словарь, т. II. М., 1971, ც. 335.
15. Аскарате М., Сандоваль Х. 986 дней борьбы. Национально-революционная война испанского народа. М., 1964, ც. 49.
16. ჩატტელ D.თ. ოპ. ციტ., 1957, პ. 34.
17. Iბიდემ, პ. 36.
18. Томас Х. указ. соч., ც. 205.
19. Прицкер Д. П. указ. соч., ც. 635.
20. Там же.
21. История дипломатии, т. 3. М., 1965, ც. 117.
22. ჩატტელ D.თ. ოპ. ციტ., პ. 20-21.
23. ჩატტელ D.თ. ოპ. ციტ., პ. 39-40.
24. Прицкер Д. П. указ. соч., ც. 640.
დამოწმებანი:
1. დოიჩერი ი. სტალინი, II. თარგმ. ინგლ., თბ., 2014.
2. სვანაძე ლ. უინსტონ ჩერჩილი. პოლიტიკური ბიოგრაფია. წიგნი მეორე, რთული გზა მწვერვალისაკენ. პრემიერ-მინისტრი. ქუთაისი, 2007.
3. Аскарате М., Сандоваль Х. 986 дней борьбы. Национально-революционная война испанского народа. М., 1964.
4. Демидов С. Международные отношения в Европе. 1919-1939. М., 2001.
5. Дипломатический словарь, т. II. М., 1971.
6. Илюхина Р. М. Англия и Лига Нации. – Проблемы британской истории. М., 1984.
7. История дипломатии, т. 3. М., 1965.
8. Малай В. Судьба республики решалась не в Мадриде. Белгород, 1999.
9. Прицкер Д. П. Подвиг Испанской республики. М., 1962.
10. Сориа Ж. Война и революция в испании. 1936-1939. т. 1. М., 1987.
11. Томас Х. Гражданская война в испании. 1936-1939. М., 2003.
12. Edwards J. The British Government and the Spanish Civil War. 1936-1939. London, 1979.
13. Cattel D.T. Soviet Diplomacy and the Spanish Civil War. Berkeley, 1957., 1957.
Комментариев нет:
Отправить комментарий