пятница, 19 июля 2019 г.

უფლისწულ პაატა ვახტანგის ძის შეთქმულებაში ჩაბმულ ქართლელ ფეოდალთა ვინაობისათვის (ნ. ჯავახიშვილი)

ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის უმცროსი ვაჟის _ პაატა ბატონიშვილის (1720-1765) შეთქმულება _ XVIII საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ნაკლებად შესწავლილ მოვლენათა რიცხვს განეკუთვნება. მართალია, პაატა ბატონიშვილისა და მისი შეთქმულების შესახებ ცნობები დაცულია რამდენიმე საისტორიო წყაროში, კერძოდ, საქართველოს ისტორიის ქრონიკებში (იოსელიანი 1980), პაპუნა ორბელიანის (ცაგარეიშვილი 1981),
ალექსანდრე ამილახვრის (კიკნაძე 1997), უფლისწულების _ დავითის, ბაგრატისა (ლომოური 1941) და თეიმურაზის (მიქიაშვილი 1983) თხზულებებში და ასევე მკვლევარების: ნიკო ბერძენიშვილის (ბერძენიშვილი 1965), ალექსანდრე ფირცხალაიშვილის (Пирцхалайшвили 1970), მამია დუმბაძის (დუმბაძე 1973), ავთანდილ იოსელიანის (იოსელიანი 1966), ლოვარდ ტუხაშვილის (ტუხაშვილი 1983), შოთა ხანთაძის (ხანთაძე 1984) და სხვათა ნაშრომებში, მაგრამ აღნიშნული პრობლემა ამომწურავად ჯერაც არ არის შესწავლილი. ზემოხსენებულ საკითხს ჩვენც მივუძღვენით გამოკვლევა, რომელშიც შევეცადეთ დაგვედგინა აღნიშნული შეთქმულების დღემდე უცნობი დეტალები (ჯავახიშვილი 2010). წინამდებარე სტატია ჩვენი ხსენებული გამოკვლევის შევსებული და გადამუშავებული ვარიანტია.
* * *
ცნობილია, რომ აღნიშნული შეთქმულება მიზნად ისახავდა ქართლის სამეფოს აღდგენას და ტახტზე უფლისწულ პაატა ვახტანგის ძის დასმას.
ქართულ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ეს შეთქმულება შეფასებული იყო, როგორც ცალსახად უარყოფითი მოვლენა, კერძოდ, „ერეკლე II-ის გამაერთიანებელი პოლიტიკის წინააღმდეგ თავადაზნაურთა რეაქციული ნაწილის ხანგრძლივი ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდი“ (ხანთაძე 1984: 630).
სამეფო ლეგიტიმიზმის (მომდინარეობს ლათინურად სიტყვიდან ლეგიტიმუს, რაც კანონიერს, მართლზომიერს ნიშნავს) საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან გამომდინარე, ამა თუ იმ მონარქის ტახტის კანონიერი მემკვიდრეა იმავე მეფის უფროსი ძე. თუ ეს უკანასკნელი ცოცხალი აღარ არის, მაშინ მისი უფროსი ძე. თუ ცოცხალი არც ის არის, მაშინ მისი მომდევნო ძმა. იმ შემთხვევაში, თუ ტახტის მემკვიდრე ქმედუუნაროა, კერძოდ, იმყოფება ტყვეობაში ან სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვერ ახერხებს თავის სამშობლოში დაბრუნებას, მაშინ მის კუთვნილ ტახტზე შეიძლება ავიდეს მისივე მომდევნო ძმა, ან ძმისწული, ან უკიდურეს შემთხვევაში უახლოესი ნათესავი მამრობითი ხაზით. როდესაც ცოცხალია მონარქის თუნდაც ერთი შთამომავალი მამაკაცი (მამრობითი ხაზით), მას ტახტზე მეტი უფლება გააჩნია, ვიდრე მდედრობითი ხაზის წარმომადგენელს.
ზემოხსენებული პრინციპიდან გამომდინარე, ვახტანგ VI-ის გარდაცვალების (1737) შემდეგ, ქართლის სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო ჯერ ბაქარ ვახტანგის ძე (1700-1750), ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, ამ უკანასკნელის უფროსი ვაჟი _ ალექსანდრე ბაქარის ძე (1723-1791). ეს უფლება გათვალისწინებული იყო რეშთის ხელშეკრულებითაც (Пирцхалайшвили 1970: 88). ლ. ტუხაშვილი მიუთითებდა: „ქართლელ თავადებს საფიცრად გამხდარი ჰყავდათ ვახტანგ VI-ის ნაშიერები“ (ტუხაშვილი 1983: 23).
ყოველივე ამის გამო, ქართლის სამეფო ტახტზე კახეთის ბაგრატიონთა გამეფებას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა არა მხოლოდ ბაგრატიონთა ქართლის შტოს წარმომადგენელთა მხრიდან, არამედ ქართლელ თავადაზნაურთა მხრიდანაც. ამიტომ, ვახტანგ VI-ის შთამომავალთა საკითხი დიდხანს იდგა პრობლემად თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის წინაშე. ეს იყო ძლიერი ოპოზიცია, რომელიც ქართლის სამეფო ტახტზე კახეთის ბაგრატიონთა გამეფებას ვერ შეეგუა [ნინიძე 2004: 327-328].
საინტერესოა, როგორ დასრულდა ქართლის მეფობის ორი ზემოხსენებული ძირითადი პრეტენდენტის მცდელობანი ტახტის დაბრუნების მიზნით. მათი გახსენება აუცილებლად მიგვაჩნია ამ სტატიაში დასმული პრობლემის გლობალურად გააზრებისათვის.
სამშობლოში დაბრუნება სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ მოახერხა რუსეთის საიმპერიო არმიის გენერალ-პორუჩიკმა, წმ. მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ორდენის კავალერმა ბაქარ ვახტანგის ძემ, რომელიც 1750 წლის 1 თებერვალს რუსეთში გარდაიცვალა (Думин 1996: 48). საქართველოში წამოსასვლელად ფარულად ემზადებოდა იზმაილის პოლკის ლაიბ-გვარდიის ოფიცერი ალექსანდრე ბაქარის ძე, მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა. როგორც ჩანს, რუსეთის საიმპერიო ხელისუფლება ტახტისმაძიებელ ბატონიშვილს ამის ნებას გარკვეულ დრომდე არ აძლევდა, რითაც ფაქტობრივად თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მხარდამჭერის როლში გვევლინებოდა.
1761 წელს, როდესაც ქართლის მეფე თეიმურაზ II მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში იმყოფებოდა, მას ალექსანდრე ბაქარის ძე არ შეხვედრია (მაჭარაძე 1968: 91-143). 1766 წელს ეკატერინე II-ის ბრძანებით, ალექსანდრე ბატონიშვილს სამშობლოში დაბრუნების ნება დართეს (სიხარულიძე 1997: 100). მანამდე მას აჰყარეს სამხედრო წოდება, ჩამოართვეს მუნდირი და გადასცეს საგზაო თანხა _ 1.000 რუბლის ოდენობით (Думин 1996: 48).
სხვა ცნობის თანახმად, 1765 წელს ალექსანდრე უკვე მოზდოკში იყო, მაგრამ საქართველოში მან ვერ შემოაღწია, რადგან პაატა ბატონიშვილის შეთქმულების ჩახშობისა და მის მონაწილეთა სასტიკად დასჯის გამო, ახალი შეთქმულების მოსაწყობად ქვეყანაში ფრიად არახელსაყრელი ვითარება სუფევდა (დუმბაძე 1973: 635).
რუსეთის ხელისუფლების მიერ ალექსანდრე ბაქარის ძის საქართველოში გამოშვება საეჭვოდ დაემთხვა ერეკლე II-ის დაახლოებას ოსმალეთის სულთანთან. როგორც ჩანს, ქართულ-ოსმალურმა ალიანსმა რუსეთის საიმპერატორო კარი დიდად შეაშფოთა.
ნიკო ბერძენიშვილის მოსაზრებით, ალექსანდრე ბაქარის ძის სამშობლოში გამოშვება და მისი აქტიურობა წარმოადგენდა რუსეთის საიმპერიო ხელისუფლების მიერ მიღებულ ერთ-ერთ კონტრზომას მეფე ერეკლე II-ის მცდელობაზე _ შესულიყო ოსმალეთის სულთნის მფარველობაში (ბერძენიშვილი 1967: 169). ამ მოსაზრებას სხვა ქართველი ისტორიკოსებიც იზიარებენ (დუმბაძე 1973: 683-684; ჭეიშვილი 1982: 7-8).
მამია დუმბაძე წერდა: „რუსეთში მყოფი ტახტისმაძიებელი ალექსანდრე ბაქარის ძე განსაკუთრებით აქტიურობდა, მომხრეებს ეძებდა და ქართლისაკენ მოიწევდა. ეკატერინეს მთავრობა ოფიციალურად თითქოს „აკავებდა“ მას, მაგრამ ძალზე საეჭვოდ გამოიყურებოდა იმპერატრიცას 1764 წლის 13 თებერვლის ბრძანებულება“ (დუმბაძე 1973: 635), რომლითაც ბატონიშვილს სამშობლოში დაბრუნების ნება დართეს.
ტახტისმაძიებელი ალექსანდრე თავს აფარებდა სხვადასხვა ქვეყანაში და ერეკლე II-ის წინააღმდეგ გალაშქრების გეგმებს აწყობდა. ერთხანს ის იმყოფებოდა სპარსეთის ვაქილთან (რეგენტთან) ქერიმ-ხან ზენდთან, ერთხანს _ ჩრდილო კავკასიის სამფლობელოთა მმართველებთან (ბოცვაძე 1963: 117), ერთხანს კი იმერეთის მეფესთან სოლომონ I-თან. ეს უკანასკნელი იმიტომ მფარველობდა ალექსანდრე ბაქარის ძეს, რომ მას აფიქრებდა ქართლ-კახეთის მეფის დაახლოება ოსმალეთის სულთანთან. სოლომონი ეჭვობდა, რომ ერეკლე II თავისი სამეფოსათვის იმერეთის შეერთებას გეგმავდა.
1779 წელს, როდესაც ერეკლე II-მ ერევანზე გაილაშქრა, ალექსანდრემ ქართლის თავადაზნაურობას აჯანყებისაკენ მოუწოდა. ლაშქრობიდან დაბრუნებულმა მეფემ გადამჭრელ ზომებს მიმართა და მის წინააღმდეგ შეიარაღებული გამოსვლის მცდელობა ამჯერადაც წარუმატებლად დასრულდა (ბერძენიშვილი 1965: 227).
1782 წლიდან ალექსანდრე ბაქარის ძემ თავის ერთგულ თავადთან ალექსანდრე დიმიტრის ძე ამილახვართან (1750-1802) ერთად, თავი შეაფარა დერბენტის მმართველ ფათ-ალიხან იბნ ჰუსაინს (სიხარულიძე 1997: 100). იმხანად შექმნილ ვითარებაში ერეკლე II-ის წინაშე მთელი სიმწვავით დადგა ქართლის სამეფოს დაკარგვის საშიშროება. ქართლ-კახეთის მეფემ გადაწყვიტა, რომ შესულიყო რუსეთის იმპერატორის მფარველობაში, ოღონდ ამის ერთ-ერთ წინაპირობად, საიმპერატორო კარს ხელი უნდა აეღო ალექსანდრე ბაქარის ძის მხარდაჭერაზე. პროფესორების გიორგი პაიჭაძისა და ვახტანგ ჯაფარიძის შეფასებით: „ვახტანგის მემკვიდრეობის მაძიებელთა პოზიციების ასეთი დასუსტება თავის მხრივ არსებითად შეარყევდა ბაგრატიონთა კახური შტოსადმი მტრულად განწყობილი ქართლელი თავადების ოპოზიციას“ (პაიჭაძე, ჯაფარიძე 1974: 6).
მფარველობითი ტრაქტატის დადებამდე, ერეკლე II-ის თხოვნით, რუსეთის საიმპერიო მთავრობამ დერბენტის ხანს მოსთხოვა ქართლ-კახეთში გასალაშქრებლად შეგროვილი ჯარის დათხოვნა და მასთან მყოფი ქართლის უფლისწულის რუსეთში დაბრუნება. ფათ-ალი-ხანმა ალექსანდრე აიძულა, რომ რუსეთში გაბრუნებულიყო. იგი გზაშივე დააპატიმრეს (ბერძენიშვილი 1965: 229-230). ამისათვის, ფათ-ალი-ხანმა რუსეთის ხელისუფლებისაგან გარკვეული თანხა მიიღო. ბატონიშვილი გადაასახლეს სმოლენსკში, სადაც იგი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა და მიმოწერა ეკრძალებოდა.
ასეთივე პირობებში ჩააყენეს მისი თანამოაზრე ალექსანდრე ამილახვარიც, რომელიც ვიბორგში გადაასახლეს (Пирцхалайшвили 1970: 89).
სმოლენსკში მცხოვრები ალექსანდრე ბაქარის ძის სახლში მუდმივად იმყოფებოდა მთავრობისაგან ყარაულად მიჩენილი ოფიცერი, რომელიც მის ყოველ ნაბიჯს თვალ-ყურს ადევნებდა. იმედგაცრუებული ბატონიშვილი იქვე გარდაიცვალა (Думин 1996: 48).
იმხანად განვითარებული მოვლენების ანალიზი მოწმობს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ალექსანდრე ბაქარის ძის ფაქტორი საკმაოდ მარჯვედ გამოიყენა ერეკლე II-ზე ზემოქმედებისათვის. საშიში კონკურენტის ნეიტრალიზაციის სანაცვლოდ (სხვა ობიექტურ მიზეზებთან ერთად), მეფე ერეკლემ უარი თქვა ოსმალურ ორიენტაციაზე და დააჩქარა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლის იურიდიულად გაფორმება, რაც 1783 წლის 24 ივლისს, გეორგიევსკში განხორციელდა.
მას შემდეგ, რაც რუსეთის მესვეურებმა თავიანთ მიზანს მიაღწიეს, ქართლის ტახტისმაძიებელი ბატონიშვილი პოლიტიკურ არენას დაუყოვნებლივ ჩამოაცილეს. ასე, რომ ალექსანდრე ბაქარის ძის მრავალწლიანი მცდელობა ქართლის სამეფო ტახტის დაუფლებისათვის პირადად მისთვის სრულიად უშედეგოდ დასრულდა.
ახლა, რაც შეეხება ვახტანგ VI-ის ნაბოლარა ვაჟს, მხევლისაგან შობილ პაატას. მართალია, თავის უფროს ძმასთან _ ბაქართან და ძმისწულთან _ ალექსანდრესთან შედარებით, პაატას ნაკლები უფლებები გააჩნდა მამის მემკვიდრეობაზე, მაგრამ ლეგიტიმიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ქართლის ტახტი მას უფრო მეტად ეკუთვნოდა, ვიდრე მის დისწულს, ბაგრატიონთა კახეთის შტოს წარმომადგენელს _ ერეკლე II-ს.
საგულისხმოა, რომ მეფე ვახტანგ VI-ის შთამომავალ მამაკაცთაგან ერთადერთმა პაატამ მოახერხა, რომ რუსეთის საიმპერიო ხელისუფლების სურვილის საწინააღმდეგოდ, ამ ქვეყნიდან გაქცეულიყო და ქართლში დაბრუნებულიყო. საინტერესოა, რამ აიძულა უფლისწულ პაატას რუსეთიდან გაქცევა?
პაატა თავისი დროისათვის საკმაოდ განათლებულ პიროვნებას წარმოადგენდა. რუსეთში მან საფუძვლიანად შეისწავლა სამხედრო ხელოვნება, საფორტიფიკაციო საქმე, არტილერია და ზარბაზნების ჩამოსხმის საქმეშიც დახელოვნდა (დუმბაძე 1973: 633).
მამის გარდაცვალების (1737) შემდეგ, უფლისწული ფინანსურ გასაჭირში ჩავარდა. 1745 წლის მაისში პაატამ რუსეთის იმპერატრიცას ანა იოანეს ასულს სთხოვა, რომ შესაფერის სამსახურში აეყვანათ, ანდა საქართველოში გამგზავრების ნებართვა მიეცათ. ამის პარალელურად, მან ითხოვა თანხა ვალების გასასტუმრებლად.
იმპერიის ხელისუფალნი შიშობდნენ, რომ საქართველოში დაბრუნებული უფლისწული სპარსეთის სამსახურში არ ჩამდგარიყო და თავისი სამხედრო განათლება იქ არ გამოეყენებინა. ამის გამო, მათ პაატას შესთავაზეს ქვეით პოლკში ჩარიცხვა პოდპოლკოვნიკის წოდებით და ფულადი დახმარება, რითაც შესაძლებელი იქნებოდა მისი ვალის მხოლოდ მცირე ნაწილის გასტუმრება. ამ შეთავაზებით უკმაყოფილო უფლისწულმა გადაწყვიტა, რომ რუსეთი საიდუმლოდ დაეტოვებინა. 1749 წლის 22 იანვარს იგი ქართველი აზნაურის ვასილ ეგოროვის პასპორტით ეწვია ჯერ რიგას, ხოლო შემდეგ მიტავას (ელგავა), საიდანაც მემელში ჩავიდა (Пирцхалайшвили 1970: 71-77).
იმავე წლის 5 მაისს რუსეთის იმპერიის სენატში ქართველი უფლისწულის საქმე განიხილეს. იმ დღეს შედგენილი დოკუმენტის სახელწოდებაა: “Протокол собрания правительствующего Сената об отказе в отпуске на родину грузинского царевича Пааты, о принятии на службу подполковником, а также о тайном отъезде его с подложным пас- портом в Мемель” (Сенатский архив 1895: 519).
პროტოკოლში ნათქვამი იყო: „Царевич Паата подлежным паспортом, под именем грузинского дворянина Егорова, с одним человеком приехал в Ригу из Петербурга и объявя об себе, отпросился до Митавы, откуда тайно в Мемель приехал“ (Сенатский архив 1895: 519-520).
მემელიდან კენიგსბერგში ჩასულმა პაატამ პრუსიის მონარქს ფრიდრიხ II-ს ქვეშევრდომობაში მიღება და სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა სთხოვა, რასაც შედეგი არ მოჰყვა. როგორც ჩანს, რუსეთიდან გაქცეული უფლისწულისათვის თავშესაფარის მიცემას პრუსიის ხელისუფლება მოერიდა. ამის გამო, პაატა სხვა ქვეყნებისა და კონსტანტინოპოლის გავლით, მოგვიანებით (1752 წ.) საქართველოში დაბრუნდა (ხანთაძე 1984: 629).
მისი მოგზაურობის მარშრუტი ასეთი იყო: სანკ-ტპეტერბურგი_ რიგა _ მიტავა _ მემელი _ კენიგსბერგი _ვარშავა _ კამენეცი _ ბუქარესტი _ კონსტანტინოპოლი _ერზურუმი _ თბილისი (Пирцхалайшвили 1970: 79).
პაპუნა ორბელიანი მოგვითხრობს: „მოვიდა პაატა ბატონიშვილი, ძე მეფის ვახტანგისა, ხარჭა სტამბოლით. რუსეთს სასწავლოში ყოფილიყო, ესწავლა არტილერია, საქმე თოფხანისა. მეფე ვახტანგ რომ მიცვლილიყო, რუსეთს აღარ დამდგარიყო, იქიდამ გაპარვით წასულიყო, საფრანგეთის ქვეყანა მოევლო, სტამბოლს მისულიყო და იქიდამ მოვიდა ქალაქსა თბილისისასა. ნახა მეფემ თეიმურაზ და მეფემ ერეკლემ, ვითაც ბიძა იყო მეფის ერეკლესი და მისცეს პატივი, დააყენეს მიჩნევით ქალაქში“ (ცაგარეიშვილი 1981: 191).
ასე, რომ სამშობლოში დაბრუნებული უფლისწული დიდი პატივით მიიღეს მეფეებმა თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ. ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პაატა წარმოადგენდა თეიმურაზისათვის _ ცოლისძმას, ხოლო ერეკლესათვის _ ბიძას (დედის ძმას). ზაქარია ჭიჭინაძე მიუთითებდა: „სხვათა მრავალთ ჩინებულ ქართველთ შორის იყო ცნობილი პაატა ბატონიშვილი, კაცი სწავლული, მრავალ საქმეთა მცოდნე და გამოცდილი. ეს პირი მცნობი იყო ინგლისის სახელმწიფო წესების, ხალხის განვითარების, სამოქალაქო წეს-წყობილების. ამ გვამს დიდათ სურდა, რომ საქართველო ინგლისს დაახლოვებოდა ინდოეთის გზით და ამ დაახლოვებით საქართველოც წარმატების გზაზედ დამდგარიყო... გარდა ამისა, იგი იყო თავის დროის კვალად საკმარისად განსწავლულ-განვითარებული... მოსვლისთანავე მეფე ერეკლეს დაუახლოვდა... უამბობდა ევროპის ერთა სახელმწიფო ცხოვრებას, წესებს და სხვადასხვა ცნობებს... პაატა ბატონიშვილი ურჩევდა მეფე ერეკლეს, რომ რაკი საფრანგეთი შორს არის საქართველოდან, მათთან დაახლოვებას თავი დავანებოთ და ჩვენ ინგლისს დავუახლოვდეთ კალკუტის გზითაო... მაგრამ საქმე იმან შეაბრკოლა, რომ მეფე ერეკლე ჭოჭმანობდა, საკმარისად ერიდებოდა ინგლისელებზედ ლაპარაკი, მათთან დაახლოვება და ერთობა. მეფე აღიარებდა, რომ იგინი ჩვენი მერჯულენი არ არიან და ვაითუ მოვტყუვდეთო“ (ჭიჭინაძე 1900).
ქართლისა და კახეთის მეფეები შეეცადნენ, რომ პაატას დახმარებით, საკუთარი არტილერია შეექმნათ (ხანთაძე 1984: 629). მათ თავიანთი ნათესავი ჯერ სამხედრო მრჩევლად, ხოლო შემდეგ თბილისის მოურავად დანიშნეს (Думин 1996: 48).
პაატას დაეკისრა ქვემეხების ჩამოსხმის საქმის მოგვარება, რასაც მან თავი საკმაოდ წარმატებით გაართვა (დუმბაძე 1973: 633).
ქართლელ ბატონიშვილს თავისი მამისეული ტახტის დაუფლება სურდა. როგორც ჩანს, მისი ეს სურვილი შეუმჩნეველი არ დარჩენია მის დისწულს _ ერეკლე II-ს, რომელიც რუსეთიდან ჩამოსული ბიძის „პიროვნებაში თავიდანვე იყო დაეჭვებული“ (იოსელიანი 1980: 22). საგულისხმოა, რომ ტახტისმაძიებელი უფლისწული თავის მკვეთრ ანტირუსულ განწყობას არ მალავდა. ამასთან დაკავშირებით მამია დუმბაძე მიუთითებდა: „არის საფუძველი ვიფიქროთ, რომ პაატა ბატონიშვილი რუსეთის ორიენტაციის წინააღმდეგი უნდა ყოფილიყო. თავისი ძმისადმი _ გიორგი ბატონიშვილისადმი გაგზავნილ ერთ წერილში იგი რუსეთის თვითმპყრობელურ მთავრობას ეძახის „მატყუარას“ და „სამართლებრივ ნორმათა უარმყოფელ სახელმწიფოს“, სადაც „კაცი კაცად არაა მიჩნეული“. პაატას ასეთ გულაცრუებას რუსეთის თვითმპყრობელობაზე სუბიექტური მიზეზები ჰქონდა (მცირე პენსია, სამშობლოში დაბრუნების აკრძალვა და სხვ). რუსეთში მყოფ მუხრანელ ბაგრატიონთა ნაშიერების უკმაყოფილება იმ დროს საკმაოდ გახმაურებულა. ამასვე აღნიშნავდა პეტერბურგში მყოფი ფრანგი ელჩი” (დუმბაძე 1973: 633).
ხსენებული წერილი პაატამ თავის ძმას 1751 წლის 20 აგვისტოს, კონსტანტინოპოლიდან გაუგზავნა. წერილი _ რუსული თარგმანითურთ დაცულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივში (АВПР 1751: 6-8).
წერილის რუსულ თარგმანში ვკითხულობთ: „Дай бог, чтобы народ всех наших грузинских земель так освободился, как я освободился от обманского министерства. Вы рассудите: в таком великом государстве такие большие министры такого человека, как я, ложным ответом четыре года промучили... И в таком государстве как можно человеку, жить, ежели человек за человека себя не признавает? А мое требование, как вам известно, неважное было. Но, славу богу, что безвредно освободился“ (Пирцхалайшвили 1970: 80).
ტახტისმაძიებელი უფლისწულის გარშემო ქართლის თავადაზნაურობის მრავალი წარმომადგენელი დაირაზმა. მათი თავშეყრის ადგილს „მარკოზაშვილის დარბაზი“ წარმოადგენდა (ხანთაძე 1983: 446).
ზ. ჭიჭინაძე წერდა: „პაატა ბატონიშვილს და სხვათა... სურდათ, რომ ქართლის მეფობა ერეკლესთვის წაერთმიათ... ამ პირებმა ეს იმიტომ განიზრახეს, რადგანაც იგინი ამჩნევდნენ, რომ ერეკლე მეფის მეფობა საქართველოს დასაღუპად გარდაიქცევაო. მას არც შვილები ჰყავს კარგები და არც შვილის შვილები. არცერთ მათში სამეფო პირი არ არის, ეგენი მეფობას ვერ შესძლებენ. ერეკლესებური მეფე გიორგი ვერ იქნებაო და გიორგი კიდევ საქართველოს აღარ გამოადგება; საქართველოსთვის საჭიროა შორსმხედველი მეფე, განათლებული და ევროპის სამხედრო წესებთა მცნობიო“ (ჭიჭინაძე 1900).
1765 წლის 5 დეკემბერს შეთქმულება გამჟღავნდა. გაიმართა უზენაესი საერო სასამართლო, რომლის მიერ დადგენილი განჩინება ხელისუფლებამ სისრულეში ათი დღის შემდეგ მოიყვანა (იოსელიანი 1980: 121) და შეთქმულებაში მხილებული პირები სასტიკად დასაჯა. 15 დეკემბერს, რიყეზე, ანჩისხატის პირდაპირ, დამნაშავეთა სახალხო დასჯა შედგა. მთავარ დამნაშავედ ცნობილ პაატა ბატონიშვილს თავი მოჰკვეთა ყულარაღასმა გიორგი რევაზის ძე ქსნის ერისთავმა (იოსელიანი 1980: 121).
აქვე დავსძენთ, რომ გიორგი ქსნის ერისთავი 1777 წელს მიემხრო ქართლის ტახტისმაძიებელ ალექსანდრე ბაქარის ძეს. ამის გამო, ერეკლე II-მ დასაჯა გიორგი ერისთავი, გააუქმა ქსნის საერისთავო და იგი დაუნაწილა თავის ვაჟებს _ გიორგი და იულონ ბატონიშვილებს (იოსელიანი 1980: 140).
მიუხედავად ზემოთქმულისა, მოგვიანებით, ერეკლე II-ის ვაჟმა ფარნაოზ ბატონიშვილმა ცოლად შეირთო ანა გიორგის ასული ერისთავი, ხოლო მეფის ასული ანასტასია ბატონიშვილი მისთხოვდა რევაზ გიორგის ძე ერისთავს (Думин 1998: 270-275).
ქართლის მეფის იესეს (მეფობდა 1714-1716 და 1724-1727 წლებში) შვილიშვილს დავით არჩილის (აბდულა-ბეგის) ძეს ხმლით თავი მოჰკვეთა მარტყოფელმა ნაზირმა ბარამ გურგენიძემ, ელიზბარ თაქთაქიშვილი _ კოცონზე დაწვეს, გლახა ციციშვილს _ ენა მოაჭრეს, დიასამიძეს _ ცალი თვალი დათხარეს და მარჯვენა ხელზე ცერა თითი მოჰკვეთეს, სახლთუხუცესი დიმიტრი ამილახვარი საჯაროდ შეარცხვინეს (ვირზე შესმული ჩამოატარეს), ხოლო მის ძეს ალექსანდრეს ცხვირი მოჰკვეთეს და ფეხის ძარღვები გადაუჭრეს და ა. შ. (იოსელიანი 1980: 121).
ალექსანდრე ამილახვრის ცნობით, მათი ერთი აზნაური, რომელმაც ძალდატანებით მიცემული პირვანდელი ჩვენება მოგვიანებით შეცვალა _ მოკლეს, ხოლო ელიზბარ თაქთაქიშვილის ვაჟს _ ხელი მოჰკვეთეს და თვალები დასთხარეს (კიკნაძე 1997: 83-84),
ზ. ჭიჭინაძე წერდა: „პაატა ბატონიშვილს თავი მოსჭრა მეხლმემ მაშინდელს რიყეზედ, ავლაბრის ხიდის გვერდით... იმ პირის თავის მოკვეთა ბევრს დანანდა თურმე, ბევრი დიდათაც სწუხდა, ეს რა მოხდაო. მეფე ერეკლეს სთხოვეს პაატას პატიობა. მეფეს შეუწყნარებია. მალე რიყეზედ კაცი უფრენიათ, რომ პაატას ეპატიოსო, მაგრამ საქმე უკვე აღსრულებული ყოფილა. პაატა თავმოჭრილი გდებულა. მეფე ერეკლემ ბოლოს ძლიერ დაინანა ამის მოკვლაო, დიდათ სწუხდაო. სწორედ ეს სამართალი და დასჯა გახდა მის მიზეზად, რომ დასჯილის ამილახვრის შვილმა ერეკლეს მოღვაწეობის ცნობები და საქართველოს ამბები _ 1779 წელს პეტერბურგში რუსულად დაბეჭდა. ამ რუსულს წიგნში მეფე ერეკლეს დიდათ ჰყვედრიან და ჰკიცხავენ უსამართლობისათვის“ (ჭიჭინაძე 1900).
ალ. ფირცხალაიშვილი მიუთითებდა: „Печальная судьба Пааты и Александра Бакаровича говорит о том, что имигрировавшие в Россию Багратионы Мухранские и их потомки не хотели отказываться от своего права на картлийский престол и неоднократно пытались овладеть им...
С другой стороны мы видим, что русское правительство, оказывая мухранским Багратионам в России гостепримство, не хотело помогать им в их намерении, чтобы не вовлекать в эту борьбу Персию и Турцию. В соответствии с интересами России, оно поддерживало в Грузии Кахетскую династию, стараясь не выпускать из России ее соперников. Этим объясняется, например, нежелание русского правительства отпустить в Грузию Бакара Вахтанговича, установление за ним секретного наблюдения и угроза, в случае самовольного отъезда, отнять у него имение. Надо полагать, что и нежелание выпустить из России Паату могло быть отчасти вызвано этим же соображением” (Пирцхалайшвили 1970: 89-90).
საგულისხმოა, რომ შეთქმულების თავკაცის _ პაატა ბატონიშვილის დასჯა ქართულ ფოლკლორშიც აისახა. კერძოდ, ხალხურ ლექსში „ბაქარიანთა დალევა“, რომლის ტექსტიც შეტანილია „ქართული ხალხური პოეზიის“ მრავალტომეულში, ვკითხულობთ:
„ბაქარიანთა დალევა ქართველზე წილნაყარია,
სიკვდილი პაატაისა ღმერთმა იცოდეს, ბრალია,
შეინახიდით ხევსურნო, ვინც გყვანდათ წილნამრგალია.
ეკიდას ბაგრატიონთა ამაგათ ცოდვა-ბრალია,
დალივნეს ბაქარიანნი, სულ საქართველოს კარია“
(ქართული ხალხური პოეზია 1984: 50).
შეთქმულთა შორის, ზემოხსენებულთა გარდა, იყო ქართლის თავადაზნაურობის მრავალი სხვა წარმომადგენელიც, რომელთა ვინაობის შესახებაც თითქმის არაფერი ვიცით. ცნობილია მხოლოდ, რომ მათი მამულების ნაწილი მეფემ ნასისხლად აიღო (ხანთაძე 1984: 630).
ნიკო ბერძენიშვილი წერდა: „მეფემ სწრაფად დააჭერინა შეთქმულების მეთაურები. ერეკლეს კარგად ესმოდა ამ საქმის საზოგადოებრივი აზრი. მან იცოდა, რომ შეთქმულებს სხვა მომხრეებიც ჰყავდათ. მეფემ დარბაზის სხდომა მოიწვია, საქმე გასარჩევად მას გადასცა და თვითონ კი მომჩივარის როლში გამოვიდა. დარბაზმა საქმე განიხილა, დამნაშავეებს ქონება ჩამოართვა და მეფეს ნასისხლად მისცა, შეთქმულების მეთაურები კი კანონის თანახმად დასაჯეს“ (ბერძენიშვილი 1965: 210)
მამია დუმბაძე აღნიშნავდა: „შეთქმულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო. სამწუხაროდ, დაწვრილებითი ცნობები მათ შესახებ ჩვენ არ მოგვეპოვება“ (დუმბაძე 1973: 634).
ალექსანდრე ფირცხალაიშვილი წერდა: „Возглавлявший загавор кн. Дмитрий Амилахвари мстил Ираклию за развод своего сына Георгия с сестрой царя Елизаветой; участниками загавора были князья Цицишвили, Тактакишвили, Диасамидзе и др. К ним примкнули многие Дворяне“ (Пирцхалайшвили 1970: 84).
საინტერესოა ვინ იგულისხმებიან ზემოხსენებული სიტყვების: „многие дворяне“ ქვეშ, რომელთა შესახებაც ჩვენს ისტორიოგრაფიაში ფაქტობრივად არაფერია ცნობილი? ამ კითხვაზე საყურადღებო პასუხს ვპოულობთ ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, თერგდალეულთა მიერ წამოწყებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილის ნიკო იაკობის ძე ავალიშვილის (1844-1929) მოგონებებში. აქვე დავსძენთ, რომ იგი იყო მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, რეჟისორი და მსახიობი, რომელიც მესვეურობდა განახლებულ ქართულ თეატრს (1878-1879) და რედაქტორობდა ჟურნალ „მნათობს“ (1869-1872). მან ქართულ ენაზე თარგმნა მსოფლიო ლიტერატურის შედევრები, კერძოდ, სერვანტესის „დონ კიხოტი“, ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“, ფ. შილერის „ფიესკოს შეთქმულება გენუაში“, „ვილჰელმ ტელი„, „ყაჩაღები“, „მგზავრი“, ჰ. სენკევიჩის „ვიდრე ჰხვალ“ და სხვ. (ენციკლოპედია „თბილისი“ 2002: 272). მას თარგმნილი აქვს ასევე ალ. სუმბათაშვილ-იუჟინის დრამა „ღალატი“, ს. ურბანოვსკაიას მოთხრობა „თავადის ქალი, შრომა და ფუფუნება“ და სხვ. (ხუციშვილი 1997: 61).
ამ მრავალმხრივი მოღვაწის შვილიშვილი იყო გამოჩენილი მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი ბიძინა გიორგის ძე ავალიშვილი (1922-2002), ხოლო შვილთაშვილი _ ცნობილი არქეოლოგი, პროფესორი გიორგი ბიძინას ძე ავალიშვილი (1941-2004).
ნ. ავალიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა მონოგრაფიულად შეისწავლა სოლომონ ცაიშვილმა (1900-1957), რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, საფუძვლიანად იკვლევდა XIX საუკუნის ცნობილ ქართველ მოღვაწეთა ცხოვრება-მოღვაწეობას.
ს. ცაიშვილი წერდა: „ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი დაიბადა 1844 წლის 4 (ახალი სტილით 16) ივლისს, გარეკახეთში, სოფელ საგარეჯოში, მცირე შეძლების მქონე აზნაურის ოჯახში... ძირეულად ავალიშვილები ქართლის მკვიდრნი იყვნენ, რომელთაგან მომდინარეობს კახეთის შტოც... გარეკახელ ავალიშვილთა ოჯახში დღემდე დაცულია ერთი მნიშვნელოვანი გადმოცემა, რომელიც მათი გვარის აქ დასახლებაზე მიგვითითებს და ამიტომ, ინტერესს მოკლებულიც არ იქნება მისი მოყვანა. ამ გადმოცემიდან ირკვევა, რომ მეფე ერეკლე მეორის წინააღმდეგ მოწყობილ ე. წ. „პაატას შეთქმულებაში“ მონაწილეობდნენ სამი ძმა _ თავადი ავალიშვილები: ქაიხოსრო, დავითი და ზაქარია. შეთქმულების გამომჟღავნებისა და შეთქმულთა განადგურების დღეებში ცოცხლად გადარჩენილი ეს ძმები თეთრაძის გვარშერქმეული თბილისის განაპირა, ე. წ. ძაღლის უბანში შეფარებულან და ქალაქისათვის შეშის დამზადებით ირჩენდნენ თურმე თავს, მაგრამ მათი ეს ყოფა თანდათან კიდევ გაუარესებულა, მათს თეთრაძეობაზედ ეჭვი აუღიათ და როცა ძალზე შეუვიწროებიათ ისინი, უდაბნოში გადასახლებულან და იქ დავით გარეჯის მონასტერში შეფარებულან.
ერეკლეს გარდაცვალების (1798) შემდეგ, უფროს ძმას ქაიხოსროს მოუხერხებია მონასტრიდან გამოსვლა და საზოგადოებაში შერევა, დავითი და ზაქარია კი იმის შიშით, რომ მამულების სიხარბით გატაცებულ ნათესავებს არ გაეცათ, საგარეჯოში დასახლებულან, თუმცა, აქაც რამდენიმე ხანს მალავდნენ ნამდვილ გვარს. მხოლოდ საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, როცა პრივილეგიური წოდების მქონე გვართა რეგისტრაცია დაწყებულა, მათაც თავიანთი საბუთი და ნამდვილი გვარი გამოუჩენიათ და ავალიშვილობა აღუდგენიათ. ამგვარად, საგარეჯოელი ავალიშვილები სწორედ ამ ორი ძმის _ დავითისა და ზაქარიას ჩამომავლები არიან...
როგორც საგულისხმო მომენტი, ნათქვამს ისიც უნდა დავუმატოთ, რომ ნიკო ავალიშვილის აზრით, ერეკლეს წინააღმდეგ შეთქმულებაში აქტიური მონაწილეობის გამო დაქვეითებული, ე. ი. თავისი ძველი წოდება ართმეული გვარები დღეს საგარეჯოსა და მის მიდამოებში საკმაო რაოდენობით მოსახლეობენ. ასეთებია: ჯავახიშვილები, მხარგრძელები, ფავლენიშვილები, ყარალაშვილები, თულაშვილები, ფურცელაძეები, საგინაშვილები, ყორღანაშვილები და სხვ.“ (ცაიშვილი 1955: 5-7).
ახლა, ვნახოთ, თუ რას მოგვითხრობს თვით ნ. ავალიშვილი თავის თხზულებაში „ქართული თეატრის ისტორიისათვის“, რომლის ხელნაწერიც დაცულია თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში. ხსენებულ ნაშრომში ვკითხულობთ: „ჩემს ოჯახში თაობიდან თაობაში ასოცდაათი წელიწადია ერთი გადმოცემა ინახება. იგი მოგვითხრობს, რომ მეფე ერეკლეს გარდაწყვეტილებამ საქართველოს რუსეთისადმი გარდაცემისამ _ მრავალი უკმაყოფილო-მოწინააღმდეგე გაუჩინა მას. შეითქვნენ, რომ ერეკლე ტახტიდგან ჩამოეხდინათ და... აეყვანათ ტახტზედ... ქართლის მეფის ვახტანგის შვილი, რათა მით საქართველო გაერთიანებულიყო. ამ შეთქმულობის მონაწილე, სხვათა შორის, სამი ავალიშვილი იყო, სახელით: უფროსი _ ქაიხოსრო, ორი უმცროსი (შვილები თუ ძმები) _ დავითი და ზაქარია. შეთქმულობა გამჟღავნდა, შეთქმულნი დაიქსაქსნენ...
საგარეჯოში ქართლ-კახეთ-ბორჩალოს მაზრის თავადაზნაურთა გვარეულობის ჩამომავალი ბევრია და აქ მხოლოდ ზოგს მოვიხსენიებ: ჯავახიშვილი, მხარგრძელი, ფავლენიშვილი, ავალიშვილი, ფურცელაძე, ყარალაშვილი (რუსული დაბოლოებით _ ყარალოვ), ჯაფარიძე, თულაშვილი, ყორღანაშვილი, საგინაშვილი და სხვ. უეჭველია, ამათი მამამთავარნიც ხსენებული შეთქმულობის გამო იყვნენ იქ გადახვეწილნი“ (ავალიშვილი. ავტოგრაფი: 215-216).
აქ მოყვანილ ციტატაში ჩამოთვლილ წარჩინებულ გვართაგან ქართლში სახლობდნენ (ჩამოთვლილია ანბანურად): ავალიშვილები (თავადები), თულაშვილები (თავად ქსნის ერისთავის აზნაურები), საგინაშვილები (ტახტის აზნაურები), ფავლენიშვილები (თავადები და თავად ქსნის ერისთავის აზნაურები), ფურცელაძეები (ტახტის და თავად ციციშვილის აზნაურები), ყორღანაშვილები (ტახტის აზნაურები), ჯავახიშვილები (თავადები და ტახტის აზნაურები), ჯაფარიძეები (თავად ქსნის ერისთავის აზნაურები) (კაცელაშვილი 1997; ჭუმბურიძე 2005).
დასახელებული წყაროდან ჩანს, რომ პაატა ბატონიშვილის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის, ქართლის ზემოხსენებულ წარჩინებულ საგვარეულოთა ერთი ნაწილისათვის წოდებები ჩამოურთმევიათ და გარეკახეთში გადაუსახლებიათ. მათი უმეტესობა (როგორც ჩანს, გადმოსახლებულთა აზნაურული ნაწილი) ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებამდე სახასო ყმად ირიცხებოდა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ, ისინი სახაზინო (ანუ სახელმწიფო) ყმებად ჩარიცხეს. აქვე დავსძენთ, რომ სახასო ყმები უშუალოდ მეფეს ექვემდებარებოდნენ და გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ვიდრე სამონასტრო-საეკლესიო, ხოლო განსაკუთრებით კი _ საბატონო, კერძოდ, თავადთა და აზნაურთა გლეხები.
აქ შეიძლება გავიხსენოთ ერთი საყურადღებო ფაქტი საქართველოს ისტორიიდან. 1810 წლის ზაფხულში, როდესაც ოსმალეთში გადახვეწილი სოლომონ II, ტახტის დაბრუნების მიზნით, იმერეთში დაბრუნდა და აჯანყებას სათავეში ჩაუდგა, რუსეთის საიმპერიო ხელისუფლებამ ამბოხებულ გლეხობას აღუთქვა: ის, ვინც რუსთა წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებს დატოვებდა, ბატონისაგან გათავისუფლდებოდა და სახაზინო ანუ სახელმწიფო გლეხად ჩაირიცხებოდა (რეხვიაშვილი 1989: 378).
ასე, რომ სახაზინო გლეხად ჩარიცხვა სხვა კატეგორიის გლეხობისათვის ფრიად სასურველად ითვლებოდა.
ამრიგად, როგორც ზემოთ განხილული საისტორიო წყაროებიდან და ლიტერატურიდან ირკვევა, პაატა ბატონიშვილის შეთქმულებაში (1765 წ.) მონაწილეთა რიცხვი იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე დღემდე იყო ცნობილი. ამ შეთქმულების გამჟღავნების შემდეგ, მასში გარეული ქართლელი თავადაზნაურობა მკაცრად დაისაჯა, კერძოდ, მათი ნაწილი ფიზიკურად გაანადგურეს, ნაწილი _ დაასახიჩრეს, ხოლო ნაწილს _ წოდებები და მამულები ჩამოართვეს და ისინი გარეკახეთში, ამჟამინდელი საგარეჯოს რაიონის ტერიტორიაზე გადაასახლეს.
დამოწმებანი:
ავალიშვილი. ავტოგრაფი: ნ. ავალიშვილი. ქართული თეატრის ისტორიისათვის (ავტოგრაფი). თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდი III. ხელნაწერი # 5127, # 2.
ბერძენიშვილი 1965: ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. წიგნი II. თბილისი (1965).
ბერძენიშვილი 1967: ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. წიგნი IV. თბილისი (1967).
ბოცვაძე 1963: თ. ბოცვაძე. საქართველო-ყაბარდოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI-XVIII სს.). თბილისი (1963).
კაცელაშვილი 1997: ი. ბაგრატიონი. შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა (მასალა ისტორიისათვის). თბილისი (1997).
ენციკლოპედია “თბილისი” 2002: ავალიშვილი ნიკო იაკობის ძე. ენციკლოპედია „თბილისი“. თბილისი (2002).
მიქიაშვილი 1983: თ. ბაგრატიონი. ახალი ისტორია. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და საძიებლები დაურთო ლ. მიქიაშვილმა. თბილისი (1983).
დუმბაძე 1973: მ. დუმბაძე. ქართლ-კახეთის საგარეო და საშინაო ვითარება XVIII საუკუნის 60-იან წლებში. წიგნში: საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტომი IV. თბილისი (1973).
იოსელიანი 1966: ა. იოსელიანი. პაატა ბატონიშვილის შეთქმულებისადმი საიათნოვას დამოკიდებულების საკითხისადმი. კრებული: „კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები“, თბილისი (1966).
იოსელიანი 1980: საქართველოს ისტორიის ქრონიკები XVIIXIX სს. ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები, შენიშვნები და განმარტებები დაურთო ა. იოსელიანმა. თბილისი (1980).
კიკნაძე 1997: ა. ამილახვარი. ბრძენი აღმოსავლეთისა. გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ბიოგრაფიული ნარკვევი დაურთო ვ. კიკნაძემ. თბილისი (1997).
ლომოური 1941: დავით ბატონიშვილი. ახალი ისტორია.
ბაგრატ ბატონიშვილი. ახალი მოთხრობა. თ. ლომოურის გამოცემა. თბილისი (1941).
მაჭარაძე 1968: ვ. მაჭარაძე. მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის. ნაწილი II. თეიმურაზ მეორის ელჩობა რუსეთში. თბილისი (1968).
ნინიძე 2004: დ. ნინიძე. ბაგრატიონთა სამეფო სახლის განშტოებათა ისტორია (XIII-XVIII საუკუნეები). თბილისი (2004).
პაიჭაძე, ჯაფარიძე 1974: გ. პაიჭაძე, ვ. ჯაფარიძე. ქართული ისტორიული ძეგლები ქალაქ ასტრახანში. თბილისი (1974).
რეხვიაშვილი 1989: მ. რეხვიაშვილი. იმერეთის სამეფო (1462-1810 წწ.). თბილისი (1989).
სიხარულიძე 1997: ფ. სიხარულიძე. ალექსანდრე ბაქარის ძე, ენციკლოპედია „საქართველო“. ტომი 1. თბილისი (1997).
ტუხაშვილი 1983: ლ. ტუხაშვილი. რუსეთი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა აღმოსავლეთ საქართველოში. თბილისი (1983).
ქართული ხალხური პოეზია 1984: ქართული ხალხური პოეზია. ტომი XI. ისტორიული ლექსები. ტომი შეადგინა, ვარიანტები და შენიშვნები დაურთო ქ. სიხარულიძემ. გამოსაცემად მოამზადეს, საძიებლები და ლექსიკონი დაურთეს დ. გოგოჭურმა და ვ. მაცაბერიძემ. თბილისი (1984).
ცაგარეიშვილი 1981: პ. ორბელიანი. ამბავნი ქართლისანი. ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ე. ცაგარეიშვილმა. თბილისი (1981).
ცაიშვილი 1955: ს. ცაიშვილი. ნიკო ავალიშვილი. თბილისი (1955).
ჭეიშვილი 1982: ა. ჭეიშვილი. ერევნის ხანების მიერ საქართველოში გამოგზავნილი წერილები (XVIII საუკუნის მეორე ნახევარი). თბილისი (1982).
ჭიჭინაძე 1900: ზ. ჭიჭინაძე. საქართველოს შესახებ ევროპელ მოძღვართა და მოგზაურთა ცნობები, ვახტანგ მეფის წერილები საფრანგეთის მეფესთან, მეფე ერეკლეს მიწერმოწერა ინგლისის წარმომადგენელთან და ქართველი კათოლიკენი. გამოცემა ზ. ჭიჭინაძისა. ტფილისი (1900).
ჭუმბურიძე 2005: ქართლ-კახეთის თავადთა და აზნაურთა ოჯახები. ფოტოტიპიური გამოცემა ზ. ჭუმბურიძის რედაქციით. თბილისი (2005).
ხანთაძე 1983: შ. ხანთაძე. მარკოზაშვილის დარბაზი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტომი 6. თბილისი (1984).
ხანთაძე 1984: შ. ხანთაძე. პაატა ბატონიშვილი. პაატა ბატონიშვილის შეთქმულება. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტომი 7. თბილისი (1984).
ხუციშვილი 1997: ს. ხუციშვილი. ავალიშვილი ნიკოლოზ იაკობის ძე, ენციკლოპედია „საქართველო“. ტომი 1. თბილისი (1997).
ჯავახიშვილი 2010: ნ. ჯავახიშვილი. პაატა ბატონიშვილის შეთქმულების უცნობი ფურცლები, კრებული: „ქართული წყაროთმცოდნეობა“. ტომი XII. თბილისი (2010).
АВПР 1751: Архив внешней политики России. Ф. Сношения России с Грузией. Оп. 110/I, д. 14 (1751-1753 гг.).
Думин 1996: Дворянские роды Российской империи. Т. III. Князья. Под редакцией С. Думина. Москва (1996).
Думин 1998: Думин С. Гребельский П. Дворянские роды Российской империи. Т. IV. Князья Царства Грузинского. Под редакцией С. Думина и Ю. Чиковани. Москва (1998).
Пирцхалайшвили 1970: А. Пирцхалайшвили. Царевич Паата (сын царя Вахтанга VI-го). В сборнике: «Вопросы истории Грузии феодальной эпохи». Т. II. Тбилиси (1970).
Сенатский архив 1895: Сенатский архив. Т. 7. Протоколы Правительствующего Сената. Санкт-Петербург (1895).

Комментариев нет:

Отправить комментарий