როგორც ცნობილია, საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის მიწურულს ჩრდილო კავკასიის ხალხებს: ყარაჩაელებს, ყაბარდოელებს, ბალყარელებს, ჩეჩნებსა და ინგუშებს საბჭოთა ხელისუფლებამ ბრალი დასდო გერმანელ ფაშისტებთან თანამშრომლობასა და სამშობლოს ღალატში. ჩეკისტებმა 1943 წელს დააპატიმრეს გერმანელი ემისარი ოსმან გუბე, რომელმაც „აღიარა“ ცნობილ ჩეჩენ აბრაგთან ჰასან ისრაილოვთან კავშირი. ისრაილოვმა ჯერ კიდევ 1942 წლის 28 იანვარს არალეგალურ დამფუძნებელ კრებაზე შექმნა „კავკასიელ ძმათა განსაკუთრებული პარტია“. შემუშავდა პარტიის პროგრამა და წესდება, რომლის დევიზი იყო „კავკასია კავკასიელებისათვის“, ხოლო მიზანი მთელი კავკასიის გაერთიანება და თავისუფალი ძმური ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა1.
1944 წლის 12 ოქტომბერს ხელისუფლებამ გამოსცა დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ყარაჩაის ავტონომიური ოლქი გაუქმდა, ხოლო ყარაჩაელები, ბალყარელებთან ერთად შუა აზიაში გადაასახლეს. ყარაჩაის სამხრეთ ნაწილი, კერძოდ, მდ. თებერდასა და ყუბანის ზემო წელში მდებარე ტე-რიტორიები (დღ. ყარაჩაი-ჩერქეზეთის ნაწილი), მდინარეების – არღუნსა და ასას ზემოწელში არსებული მიწები (დღ. ინგუშეთის ნაწილი) და ითუმ-ყალეს რაიონი (დღ. ჩეჩნეთის ნაწილი) გადაეცა საქართველოს სს რესპუბლიკას, ცენტრის ქალაქს – მიქოიან-შახარს სახელი შეუცვალეს და ქლუხორი უწოდეს. ახლად შექმნილ რაიონში 5 ათასზე მეტი ქართველი გადაასახლეს2, ძირითადად, სვანეთიდან და რაჭიდან. ახლადგადასახლებულებს რომ ნორმალური პირობები შექმნოდათ, ხელისუფლება მათთვის გეგმავდა 1100 ცხენის, 2577 ძროხის, 29652 ცხვრისა და თხის, 1343 ძირი ფუტკარის უსასყიდლოდ გადაცემას3.
ასევე მოხდა ჩეჩენ-ინგუშეთშიც. 1944 წლის 7 მარტის დადგენილებით ჩეჩენ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკა გაუქმდა, ხოლო ტერიტორია გადაანაწილეს ჩრდილო ოსეთს, დაღესტანსა და საქართველოს შორის. საქართველოს შემადგენლობაში შევიდა ითუმ-ყალეს რაიონი მთლიანად, შაროის რაიონის დასავლეთი ნაწილი, გალანჩოჟის, გალაშკის და პრიგოროდნის რაიონების სამხრეთი ნაწილები. საქართველოს შემადგენლობაში ასევე შევიდა ჩრდილო ოსეთის ასსრ გიზელდონის რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, რის საფუძველზეც შეიქმნა საქართველოს სემადგენლობაში ახალხევის რაიონი, რომლის ფართობი 2000 კმ2-ს შეადგენდა4.
მცირე ხნით ადრე, 1944 წლის თებერვალში 100 ათასი საბჭოთა ჯარისკაცი და 20 ათასი ოფიცერი ჩრდილოეთის ფრონტის ხაზიდან მოხსნეს და ჩეჩნეთის, ინგუშეთის სოფლებში ოჯახებში განალაგეს. ოფიციალურ მიზეზად მათთვის მიცემული შვებულების გატარება დასახელდა. ადგილობრივ კომუნისტებს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა დაავალეს, რამაც პარტიული ჩეჩნების ნაწილი შოკში ჩააგდო, მაგრამ ბერიას დავალებით, ისლამური რელიგიური ლიდერების შეგროვების ბრძანება გასცეს და ანგარიშსწორებით დაემუქრნენ, რათა მოსახლეობა ბრძანებას დამორჩილებოდა და წინააღმდეგობა არ გაეწია.
23 თებერვალს, საბჭოთა არმიის დღეს, ჯარისკაცები მოულოდნელად სახლებში შევიდნენ და ადგილობრივთა მასიური დაპატიმრებები დაიწყეს. ჩეჩნებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, მაგრამ ამაოდ. მათ, ოჯახებთან ერთად, 2 საათიანი ვადა მისცეს, რათა 3 დღის სურსათი აეღოთ და გადასახლებისათვის მომზადებულიყვნენ. ზამთრის სუსხისა და დიდი თოვლის გამო, გადასახლებულთა გადაყვანა ჭირდა, ამიტომ ბევრი მათგანი ადგილზევე გაანადგურეს, მაგ., გალანტიოჟის ტბაში 6000 ადამიანი დააღრჩვეს5. ხაიბახის აულის მოსახლეობა საჯინობოში შერეკეს და 700 კაცი ცოცხლად გამოწვეს6. 352647 ადამიანი 86 სატვირთო მატარებელში ჩასხეს და შორეულ ყაზახეთისა და ციმბირის ტრამალებსა და დაუსახლებელ ადგილებს გაუყენეს.
გადაასახლეს არა მარტო ჩეჩენ-ინგუშეთიდან, არამედ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ პანკისის ხეობაში ჩამოსახლებული ქისტები და ვაინახებიც. ისინი სატვირთო მანქანებით თელავში ჩაიყვანეს, ხოლო იქიდან რკინიგზით ყაზახეთის სტეპებისაკენ გაუყენეს გზას7.
დეპორტაციის დასაწყისშივე სამი ათასი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გზაში შიმშილით, სიცივითა და ავადმყოფობით ათი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ადგილზე ჩასვლის შემდეგ მათ დაემატა ათი ათასობით ადამიანი, რადგან ხელისუფლება საცხოვრებელსა და საკვებს არ აძლევდა.
გადასახლება მიმდინარეობდა ეთნიკური ნიშნით და მთლიანობაში 3 მილიონამდე ადამიანს შეეხო, არა მარტო უბრალო მოსახლეობას, არამედ სასულიერო პირებსა და საბჭოთა მოხელეებსაც.
მიტოვებულ ადგილებში ასახლებდნენ რუსებს, უკრაინელ და ომის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ლტოლვილებს, სოფლებსა და ქუჩებს უცვლიდნენ სახელებს და სხვ.
ყოფილი ჩეჩენ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაუქმების შედეგად საქართველოს შემოუერთდა ითუმ-ყალეს რაიონი, შაროის რაიონის დასავლეთი და გალანჯიკის, გალაშკისა და პრიგოროდნის რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი. შემოერთებული ტერიტორიების დიდი ნაწილი დააფუძნეს ახალხევის რაიონის სახელით, რომელიც 50-იანი წლების დასაწყისში გააუქმეს და სამხრეთი ნაწილი დუშეთის რაიონს, ხოლო ჩრდილო ოსეთის გიზელდონის რაიონისა და ჩეჩენ-ინგუშეთის პრიგოროდნის რაიონი ყაზბეგის რაიონს მიუერთეს. ჩრდილოეთი ტერიტორიების საქართველოსათვის შემოერთების იდეა ლავრენტი ბერიას ეკუთვნოდა, რომელიც ფიქრობდა თავდაცვითი ზონა შეექმნა საქართველოსათვის კავკასიის ქედს იქით8.
როგორც ვხედავთ, ახალი გადანაწილებით საქართველოს გადაეცა ჩრდილო ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის გიზელდონის სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილიც. უფრო ზუსტად, კი არ გადაეცა, არამედ დაუბრუნდა. საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ 1925 წელს ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქის ხელმძღვანელობის თხოვნის საფუძველზე საქართველოს იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ ჩეჩნეთს გადასცა თიანეთის მაზრაში, მდ. არღუნის ხეობაში, ქისტებით დასახლებული სოფლები: ჯარეგო, თერეთეგო, ცეკარო, სახანო და სხვ. იგივე განმეორდა 1928 წელს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება კვლავ დათმობაზე წავიდა და ჩეჩენი ჯარეგოელების თხოვნა დააკმაყოფილა მათთვის დამატებით სათიბების გადაცემის თაობაზე. შატილელები თავიანთი სათიბ-საძოვრების დაკარგვას არ შეურიგდნენ და საქმე შეიარაღებულ შეტაკებამდეც მივიდა. დუშეთის რაიონის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა მიღებული გადაწყვეტილების გადასაინჯვის მიზნით ცენტრალური ხელისუფლებისათვის მიემართა, მაგრამ მალე ომი დაიწყო და ამ საკითხმა უკანა პლანზე გადაინაცვლა.
სულ ყარაჩაი-ჩერქეზებისა და ჩეჩენ-ინგუშების 1944 წელს განხორციელებული დეპორტაციის შედეგად საქართველოს ტერიტორია 74,4 ათასი კვ. კმ-ით, ხოლო მოსახლეობა 26 ათასით გაიზარდა9.
გადასახლებულ მოსახლეობას ხელისუფლებამ თითო ოჯახზე თითო ხარ-ურემი და ძროხა დაურიგა, აუშენა ბინები და მოსავლის აღებამდე თითო ფუთი ფქვილი და სხვა პროდუქტები დაურიგა უფასოდ. ამ ფაქტმა განაპირობა, რომ ახლად დაარსებულ ქართულ სოფლებსა და ქალაქებში განუხრელად მატულობდა მოსახლეობა.
საქართველოს შემადგენლობაში მოქცევამ თავისი გავლენა იქონია ადგილობრივ ტოპონიმებზეც. საბჭოთა იდეოლოგია, რომელიც სოციალისტური წყობილების უპირატესობის პროპაგანდას ეწეოდა, ადგილობრივი ტოპონიმები, ფორმით ქართული, მაგრამ შინაარსით სოციალისტური იდეოლოგიის ტერმინებით ჩაანაცვლეს და ასე გაჩნდა შრომა, ახალშენი, ახალსოფელი, განახლება, შუქურა და სხვ. შეიქმნა თეორიები კავკასიური კულტურის ერთიანობის თაობაზე, რომლებიც ჯერ კოლხურ (მეგრულ-ზანური და სვანური), ხოლო შემდეგ ყუბანო-კოლხურ ერთიან კულტურად იქნა მიჩნეული. ამ თეორიას იმთავითვე კრიტიკით შეხვდნენ რუსი მეცნიერები10.
აღსანიშნავია ერთი მომენტიც. მოგვიანებით, ჩეჩნებისა და ინგუშთა ავტონომიების აღდგენასთან დაკავშირებით, შეიქმნა სახელმწიფო კომისია ცნობილი პოლიტიკური ლიდერების: მიქოიანის, ვოროშილოვის, მალენკოვისა და სხვათა შემადგენლობით. კომისიაში ასევე შევიდნენ საქართველოს, დაღესტნის, ჩრდილო ოსეთის, ანუ იმ კავკასიელ ხალხთა წარმომადგენლები, რომლებზეც გადანაწილდა გადასახლებულთა მიწები. საქართველოსა და დაღესტნელთა წარმომადგენლებმა თანხმობა განაცხადეს ჩეჩენ-ინგუშებისათვის კუთვნილი მიწის დაბრუნების შესახებ. სამაგიეროდ, ჩრდილო ოსეთმა განაცხადა უარი ჯერახის ხეობის დასავლეთი ნაწილის დაბრუნებაზე11, რამაც 80-იანი წლების ბოლოს სისხლისმღვრელი კონფლიქტი წარმოშვა ოსებსა და ინგუშებს შორის.
რა თქმა უნდა, ტერიტორიების გადმოცემისას ხელისუფლება ქართველ ხალხსა და მის მომავალზე სულაც არ ზრუნავდა. ყველა გრძნობდა, რომ ეს ნაბიჯი დროებითი იყო. მართლაც, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ჩეჩენ-ინგუშებისა და ყარაჩაი-ჩერქეზების რეაბილიტაცია განხორციელდა და ისინი მშობლიურ კერას დაუბრუნდნენ. 1955 წელს ქლუხორის რაიონის ტერიტორია რუსეთის ფედერაციას გადაეცა. 1957 წლის 9 იანვარს აღდგა ჩეჩენ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკაც და საქართველო-რუსეთის საზღვარი 1944 წლის 7 მარტამდე არსებულ ვითარებას დაუბრუნდა. შესაბამისად, თანდათანობით გაქრა ქართული ტოპონიმებიც.
გადასახლების საკითხი გააქტიურდა გორის რაიონშიც. 1946-48 წლებში ატენის ხეობის მთიანი ზონის ეთნიკურად ოსებით დასახლებული ზოგიერთი სოფლის მოსახლეობამ (ზ. ახალსოფელი, იკვნევი, ღვედრეთი, ხვწე, წერეთი, ურიული, დიდთავი, ნადარბაზევი) სურვილი გამოთქვა ჩრდილოკავკასიაში, მოსახლეობისაგან დაცლილ ტერიტორიებზე გადასახლებასთან დაკავშირებით. ამისათვის სათანადო განცხადებით უნდა მიემართათ ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება სიებს ცენტრში ათანხმებდა.
გადასახლების მსურველთა რიცხვი ბევრად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ხელისუფლება ვარაუდობდა. ისინი გადასახლების მიზეზებად ადგილზე ცხოვრების მძიმე პირობებს, უგზოობას, უნაყოფო მიწებს, ან უმიწობას ასახელებდნენ.
მალევე პროცესს თან დაერთო გაუთვალისწინებელი სირთულეებიც და ხელისუფლება გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა.
რამდენადაც, გადასახლებულთა ძირითად საქმიანობას მეცხოველეობა წარმოადგენდა, ყველაზე მეტად საქართველოში ეს დარგი დაზარალდა. მაგ., 1946 წლის 11 ნოემბერს გორის რაიაღმასკომი იხილავს საკითხს, გორის რაიონიდან დიდი წერეთის, ურიულისა და ხვწეს კოლმეურნეობის წევრთა მათი უძრავ-მოძრავი ქონებით ჩრდილოეთ ოსეთში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლასთან დაკავშირებით, რის გამოც, გორის რაიონის 1946 წლის მეცხოველეობის გეგმიდან იღებენ: 252 სულ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვს, 369 სულ ცხვარსა და თხას, 6 ცხენს, 250 ფრთა ფრინველს და ა.შ.12“
როგორც ითქვა, გადასახლების სურვილს განსაკუთრე-ბით მთიანი რეგიონის ნაკლებადმოსავლიანი მოსახლეობა გა-მოთქვამდა. 1948 წლის 13 მარტს გორის რაიაღმასკომში შედის სოფ. ზემო ახალსოფლის კოლმეურნეობის წევრთა საერთო განცხადება: „ჩვენ, ზ. ახალსოფლის მოსახლენი 30 კომლის რაოდენობით ვცხოვრობთ მთაგორიან, სრულიად უვარგის და გამოუსადეგარ ადგილას ყველაზე ღარიბად, ამიტომ გთხოვთ ნება დაგვრთოთ ჩრდილოეთ ოსეთში ჩვენი საცხოვრებლად გადასვლის გამოო“13.
1948 წლის 27 იანვარს ტარდება სოფ. იკვნევის ბერიას სახელობის კოლმეურნეთა საერთო კრება, რომელსაც დასწრებია 46 კაცი, მათ შორის 19 ქალი, დღის წესრიგი: გორის რაიონიდან ჩრდილო კავკასიის გროზნოს ოლქის პერ-ვომაისის რაიონში ჩვენი კოლმეურნეობის გადასვლისა და დასახლების შესახებ (მომხს. კოლმეურნეობის თავმჯდომარე ვ. ქერდიყოშვილი).
კრება აღნიშნავს: „დღევანდელი საცხოვრებელი ადგილი სოფ. იკვნევში ვერ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნილებებს, სახნავ-სათესი ფართობები ნიაღვრებისაგან გაირეცხა და უმოსავლოა. განვიცდით სათესი და სათიბი ფართობების დიდ სიმცირეს და უგზოობას. ამიტომ გადავწყვიტეთ, მუდმივ საცხოვრებლად გადავიდეთ ჩრდ. კავკასიაში“14.
დოკუმენტს მოსდევს იკვნევის მაცხოვრებელთა სია (სულ 27 კომლი, მუზაშვილები, ხინჩაგაშვილები, ქერდიყოშვილები), მათ საკუთრებაში არსებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხენის, ცხვრისა და თხის რაოდენობა და განცხადებები გროზნოს „ობლასთში“ ოჯახიანად გადასახლების სურვილის შესახებ. განცხადებები ერთი შინაარსის და ერთი ხელითაა ნაწერი, მათზე თანდართული ხელმოწერებიდან ჩანს, რომ ხელმომწერთა უმრავლესობა წერა-კითხვის უცოდინარი, ან ნაკლებად მცოდნეა15
იგივეს ითხოვს სოფ. ნადარბაზევის გლეხობა: „მოგახსენებთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მთაგორიან ადგილას, ეკონომიკურად ძალზე ჩამოვრჩებით რაიონზედ, ე. ი. რკინის გზასთან ვართ ძალზე დაშორებული და არც მანქანის გზა გვადგება. განათლებაშიც აუცილებად ჩამოვრჩებით ჩვენი ადგილის მიხედვით, აი სწორედ ამის გამო ამა წლის (იგულისხმება 1948 წ. - ი. ა.)16. II-ს ჩვენი სოფლის მოსახლეობა 17 კომლიდან 16 კომლი შემოვიკრიბენით და გადავწყვიტყეთ, რათა გადავსახლდეთ მაცხოვრებლად ჩრდილოეთ ოსეთში, რისთვისაც გთხოვთ დაგვრთოთ ნება“ (მიმართვას ხელს აწერს 17 კაცი)17.
პროცესმა ადგილზე თვითნებური და არაორგანიზებული ხასიათი მიიღო და ხელისუფლება იძულებული გახდა საპასუხო ღონისძიებები გაეტარებინა. 1948 წლის 4 აპრილს სოფ. დიდთავის კოლმეურნეობის თავმჯდომარე ჩივის გორის რაიაღმასკომში: „სოფ. დიდთავის კოლმეურნეობის წევრები მასიურად აიბარგნენ და ორჯონიკიძეში წავიდნენ“18. ამავე წლის 8 ივნისს ჩატარებულა სოფ. ღვედრეთის კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრება, რომელსაც განუხილავს შოთა ცხოშვილის, ასლან, კეკე და მაშო ქისიშვილების, მარუშა ჯერანაშვილის და სხვების კოლმეურნეობიდან გარიცხვისა და მათი კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთების ჩამორთმევის საკითხი, რადგან ისინი თვითნებურად წავიდნენ ოჯახებით ჩრდილოკავკასიაში“19.
1948 წლის 25 ივლისს გორის რაიონის სოფ. იკვნე-ვის კოლმეურნეობის თავმჯდომარე ვლადიმერ ქერდიყოშვილი მიმართავს გორის რაისაბჭოს აღმასკომს4: „ვინაიდან ჩვენი კოლმეურნეობის წევრებს მთლიანად უნდათ გადასახლება ჩრდილოკავკასიაში, გროზნოს ოლქში, პერვომაისკის რაიონში მუდმივ საცხოვრებლად, ნაწილი ხალხისა არიან წასულნი 15 აპრილს აქეთ და ნაწილი კიდევ აქ იმყოფებიან. ...მათ (ჩრდილოკავკასიაში გადასახლებულებს – ი. ა.) მიზომილი აქვთ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და მიღებული აქვთ საცხოვრებელი ბინები. ახლა, როგორც თქვენს მიერ ნებადაურთველნი, აღარ უშვებენ სამუშაოზე და აღარც საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს აძლევენ მოსავალს მაინც და თანაც გვიწერამენ ჩვენი ხალხი იქიდან, რომ თავებს დავიხოცამთ აქაო, მაინც იქ ჩამომსვლელები აღარა ვართ ჩვენაო. აგრეთვე ადგილზე მყოფ ხალხსაც უნდათ წასვლა მუდმივ საცხოვრებლად, ვინაიდან მამული ძალიან გაგვიღარიბდა და წლიდან-წლამდის უფრო ნაკლებ მოსავალს ვღებულობთ და აღარ გვყოფნის რომ დავკმაყოფილდეს ჩვენი შვილები, და ამისათვის გთხოვთ მასზედ, რომ შეხვიდეთ ჩვენს მდგომარეობაში და ნება დაგვრთოთ ჩვენს გადასახლებაზე“20.
ცოტა ხნით ადრე, 1948 წლის 10 ივნისს საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის მდივნის კანდიდ ჩარკვიანის სახელზე შედის გორის რაიონის სოფ. ზემოახალსოფლის სასოფლო საბჭოში შემავალი სოფლის გულხანდისის კოლმეურნეობის თავმჯდომარის ვანო ჯებისაშვილის განცხადება: „ადგილობრივი ხელისუფლის ნება-დართვით ჩვენი სოფელი იქმნა წასული და დასახლებული ჩრდ. ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში კოსტა ხეთაგურის რაიონში ა. წლის 9 მარტიდან და უკვე იქ კოლმეურნეობაში მუშაობენ, მიღებული აქვთ სახლები, საკარმიდამო მიწის ნაკვეთები. აქ გორის რაიონში დარჩენილია მხოლოდ საქონელი და მოხუცი ხალხი, მაგრამ გორის რაიონის ხელისუფლება აღარ გვაძლევს უფლებას წავასხათ საქონელი და გადავსახლდეთ მთლიანად. უკვე სამი კვირაა ჩამოსულები არიან საქონლის წასასხმელად, მივდივართ-მოვდივართ რაიონის ხელმძღვანელებთან და არ გვაძლევენ უფლებას, რომ წავასხათ საქონელი ...საკვირველი საქმეა, ჯერ პირველად რაიონმა დაგვრთო ნება გადასახლებისა, მათი ნება-დართვით წავიდნენ მუშა ხალხი, ზოგმა სახლები დაყიდეს და ეხლა კი რაიონი უფლებას არგვაძლევს საქონელის წასხმაზე ...აქ აღარ გვაქვს ნათესები და თუ დავრჩით ამა წელს ამ სოფელში მთლად გაწყდება მთელი საქონელი და მასთან ხალხიცო“21.
ერთი კვირის შემდეგ (16 ივნისს), ვანო ჯებისაშვილს მსგავსი განცხადებით გორის რაიკომის მდივნის ი. ყუჯიაშვილსთვისაც მიუმართავს, მაგრამ, ამ შემთხვევაში განცხადების ტონი შედარებით კატეგორიულია: „თუ კიდევ უარი გაგვიცხადეს წასვლაზე - ძალით გავიქცევითო“22.
განცხადებას ადევს ყუჯიაშვილის რეზოლუცია: „ამხანაგ კეჩხუაშვილს, მომელაპარაკეთ“. ძნელი არ არის იმის გარკვევა, თუ რით დამთავრდა მათი „მოლაპარაკება“, რადგან 17 ივნისს გორის რაიკომის მდივნის სახელზე შედის ვანო ჯებისაშვილის ახალი განცხადება „აღარ შემიძლიან ასეთ დგმოიარობაშიდ (სიც – ი. ა.) მუშაობა და ამიტომ გთხოვთ, რათა გამანთავისუფლოთ თავმჯდომარეობიდანო“23.
ადგილობრივი ხელისუფლების ყოყმანისა და თავშეკავების მიზეზი მალევე ხდება გასაგები. 1948 წლის 29 ივნისს გორის რაიაღმასკომს, ჩრდილოკავკასიიდან, გროზნოს პირველი მაისის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარის ი. ლევჩენკოს პასუხი მოსდის: „თქვენი წერილის პასუხად, 1 მაისის რაიონში კოლმეურნეთა გადასახლების აკრძალვის თაობაზე გაცნობებთ, რომ კოლმეურნეები ბერიასა და მახარაძის სახ. კოლმეურნეობებიდან ჩვენს რაიონში ჩამოსახლდნენ ყოველგვარი ქონების გარეშე და ჩვენი აკრძალვის მიუხედავდ, სურვილი აქვთ აქ დარჩენისა. გთხოვთ აცნობოთ ზემოაღნიშნული კოლმეურნეობების თავმჯდომარეებს მათი დაუყოვნებლივ გამოწვევის შესახებო“24.
ჩრდილოკავკასიაში გადასახლების სურვილი ხსნებული მოსახლეობას მეტად აღარ გამოუთქვამს, მით უფრო, რომ 1956 წელს დეპორტირებულ ჩრდილოკავკასიელთა რეაბილიტაცია განხორციელდა და ისინი საკუთარ კერებს დაუბრუნდნენ.
1957 წლის დასაწყისში რუსეთმა საქართველოსთან შეთანხმების მიღწევის გარეშე გააუქმა ახალხევის ადმინისტრაციული რაიონი და კვლავ თავის ტერიტორიას შეუერთა აქამდე ყაზბეგის რაიონის დაქვემდებარებაში მყოფი რამდენიმე სოფელი25.
1957 წლის 10 იანვარს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, დუშეთისა და ყაზბეგის რაიონების ტერიტორიის ნაწილის საქართველოს სსრ შემადგენლობიდან რსფსრ შემადგენლობაში გადაცემისა და მათ შორის 1944 წლის 7 მარტამდე არსებული სახელმწიფო საზ-ღვრის აღდგენის შესახებ26.
უკან დაბრუნდა გორის რაიონიდან გადასახლებულთა გარკვეული ნაწილიც. 1963 წლის 10 იანვარს გორის რაიონის აღმასკომი იხილავს საკითხს „გორის რაიონულ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ დაყოფაში ზოგიერთი ცვლილებების შესახებ“, რომელშიც ნათქვამია: „სოფლები ზემო და ქვემო ურიული, რომელიც გადასახლდა 1944 წელს ჩრდილო ოსეთის ავტონომიურ ოლქში გაუქმებულ იქნა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1944 წლის ბრძანებულებით, მაგრამ ამ სოფლების მცხოვრებთა გარკვეული ნაწილი კვლავ დაბრუნდა და დასახლდა ამ სოფლების ტერიტორიაზე. ამჟამად ურიულში ცხოვრობს 11 კომლი 59 მცხოვრებით ...ამიტომ გორის რაიონის მშრომელთა საბჭოს აღმასკომს მიზანშეწონილად მიაჩნია ზემო და ქვემო ურიული სოფლების აღდგენა ერთი სოფლის ურიულის სახელწოდებით“27.
თუმცა, ეთნიკურად ოსი ეროვნების ის ნაწილი, რომელიც ჩრდილო კავკასიაში დარჩა და ინგუშების ბინებში შესახლდა, მოგვიანებით კიდევ ერთი სისხლისმღვრელი კონფლიქტის საბაბი გახდა. დეპორტაციის შემდეგ ოსებმა ინგუშებს თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება არ მისცეს, რამაც მათ შორის დაძაბა ვითარება. 1989 წელს შეიქმნა ინგუშთა მოძრაობა „ნიისხო“, რომელიც პრიგოროდნის რაიონის ინგუშეთის ფარგლებში დაბრუნებას მოითხოვდა.
ელცინის მმართველობის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა და სპეციალურმა კომისიამ მიიჩნიეს, რომ ინგუშთა მოთხოვნები სამართლიანი და დასაბუთებული იყო. მართლაც, 1989 წლისათვის ბევრმა ინგუშმა ლეგალურად, თუ არალეგალურად, პრიგოროდნოეში დაბრუნება მოახერხა და ამ რაიონის გარკვეულ ნაწილებში უმრავლესობა შეადგინა28.
1991 წლის მარტში ინგუშების შეიარაღებულმა ძალებმა სცადეს ძალით დაებრუნებინათ სახლები, აპრილში ოსებსა და ინგუშებს შორის მოხდა შეტაკება, რომელიც, გარკვეული აქტივობებით 1992 წლის ნოემბრამდე გაგრძელდა.
რუსეთის ფედერაციის პროკურატურის მონაცემებით მხოლოდ 1992 წლის 31 ოქტომბრიდან - 5 ნოემბრამდე კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 583 კაცი, მათ შორის 350 ინგუში და 192 - ოსი. დაიჭრა 939, უგზოუკვლოდ დაიკარგა 261 კაცი29.
1992 წლის 1 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით პრიგოროდნის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რუსებმა პრიგოროდნის რაიონიდან ინგუშები კვლავ გაასახლეს, რის გამოც, 1996 წელს კონფლიქტმა ახალი ძალით იფეთქა და დღემდე მოუგვარებლად ითვლება.
შენიშვნები
1. ხასო ხანგოშვილი, დავით პანკელი, აბრაგები, თბ., 2004, გვ. 53-55.
2. როდესაც მოგვიანებით ყარაჩაელებისა და ბალყარელების რეაბილიტაცია და მშობლიურ ადგილებში დაბრუნება განხორციელდა, ქართველებმა მათ დიდსულოვნად დაუთმეს თავიანთი სახლ-კარი და ცხოვრების მოსაწყობად ხელიც გაუმართეს, ქართველები 15 წლის განმავლობაში პატივს სცემდნენ და უვლიდნენ გადასახლებულთა წინაპრების საფლავებს, რასაც ადგილობრივები დღემდე დიდი მადლიერებით იხსენებენ. მდ. ბაქსანის ხეობაში ბალყარელთა თხოვნით 20-მდე ქართული ოჯახი დარჩა ჩრდ. კავკასიაში საცხოვრებლად.
3. სერგო ვარდოსანიძე, ვახტანგ გურული, კობა ხარაძე, ლევან ჯიქია, მაკა კვარაცხელია. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ისტორია, (1917-1957), გამოკვლევა, დოკუმენტები და მასალები, თბ., 2015. გვ. 241.
4. ქშიშტოფ ლუკიანოვიჩი, საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრის სტრატეგიული გადასასვლელები და მათი როლი ქვეყნის უსაფრთხოებაში (გეოპოლიტიკური და ისტორიული ანალიზი). ნაშრომი შესრულებუ-ლი დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 2015, გვ. 56.
5. მერაბ ჩუხუა. კავკასიის ქედს მიღმა. წწწ.დიასპორა.გოვ.გე. ინდეხ.პჰპ?ლანგ_იდ=გეო&სეც_იდ=124&ინფო_იდ=1657.
6. Йорг Баберовский. “Преступление века: Рождение чеченской войны из духа Сталинского террора“, ჰტტპ://ოლდ.მემო.რუ/ჰრ/ჰოტპოინტს/ცაუცას1/მსგ/2004/09/მ26242.ჰტმ.
7. ხასო ხანგოშვილი, დავით პანკელი, აბრაგები, გვ. 80.
8. სიმონ კილაძე. საქართველო ჩრდილოეთ კავკასიაში, ქლუხორისა და ახალხევის რაიონები, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 04. 12. 2007, გვ. 9.
9. მერაბ ნაჭყებია. ქართული ტოპონიმები ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე (1944-1957 წწ.), ჟურნ. „სპეკალი“, 2011, #5.
10. სიმონ კილაძე. საქართველო ჩრდილოეთ კავკასიაში, გვ. 8.
11. სიმონ კილაძე. საქართველო ჩრდილოეთ კავკასიაში, გვ. 20.
12. საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანო, გორის რაიონული არქივი, ფონდი 4, ანაწერი 1, საქმე 654, გვ. 24, 1946 წ. შემდეგ, გორის არქივი.
13. გორის არქივი, ფონდი 4, ანაწერი 1, საქმე 768, გვ. 1, 1948 წ.
14. გორის არქივი, ფონდი 4, ანაწერი 1, საქმე 675, გვ. 8, 1948 წ.
15. გორის არქივი, ფონდი 4, ანაწერი 1, საქმე 675, გვ. 9-32.
16. გორის არქივი, ფონდი 4, ანაწერი 1, საქმე 727, გვ. 6-7, 1948 წ.
17. გორის არქივი, ფონდი 4, ანაწერი 1, საქმე 768, გვ. 9, 1946 წ.
18. გორის არქივი, ფონდი 4, ანაწერი 1, საქმე 767, გვ. 1, 1948 წ.
19. სტილი დაცულია – ი. ა.
20. გორის არქივი, ფონდი 4, ანაწერი 1, საქმე 675, გვ. 4-5, 1948 წ.
21, გორის არქივი, ფონდი 4, ანაწერი 1, საქმე 727, გვ. 18, 1948 წ.
22. გორის არქივი, ფონდი 4, ანაწერი 1, საქმე 727, გვ. 26, 1948 წ.
23. გორის არქივი, ფონდი 4, ანაწერი 1, საქმე 727, გვ. 25, 1948 წ.
24. გორის არქივი, ფონდი 4, ანაწერი 1, საქმე 727, გვ. 21, 1948 წ.
25. ქშიშტოფ ლუკიანოვიჩი, საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრის სტრატეგიული გადასასვლელები, გვ. 56-57.
26. სერგო ვარდოსანიძე, ვახტანგ გურული, კობა ხარაძე, ლევან ჯიქია, მაკა კვარაცხელია. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ისტორია, გვ. 278.
27. გორის არქივი, ფონდი 4, ანაწერი 1, საქმე 1499, გვ. 15-16, 1963 წ.
28. მალხაზ მაცაბერიძე. კავკასიის კონფლიქტების შედარებითი ანალიზი, თბ., 2014, გვ. 34.
29. Осетино-Ингушский конфликт: хроника собитий.
დამოწმებანი:
საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანო გორის ადგილობრივი არქივი, ფონდი 4, ანაწერი 1, საქმე 654, გვ. 24, 1946 წ.
ფ. 4, ანაწერი 1, საქმე 675, გვ. 4-5, 6-7, 8, 9-32, 1948 წ.
ფ. 4, ანაწერი 1, საქმე 727, გვ. 18, 21, 25, 26, 1948 წ.
ფ. 4, ანაწერი 1, საქმე 767, გვ. 1, 1948 წ.
ფ. 4, ანაწერი 1, საქმე 768, გვ. 1, 9, 1948 წ.
ფ. 4, ანაწერი 1, საქმე 1499, გვ. 15-16, 1963 წ.
ვარდოსანიძე სერგო, გურული ვახტანგ, ხარაძე კობა, ჯიქია ლევან, კვარაცხელია მაკა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ისტორია, (1917-1957), გამოკვლევა, დოკუმენტები და მასალები, თბ., 2015.
ლუკიანოვიჩი ქშიშტოფ, საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრის სტრატეგიული გადასასვლელები და მათი როლი ქვეყნის უსაფრთხოებაში (გეოპოლიტიკური და ისტორიული ანალიზი). ნაშრომი შესრულებული დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 2015.
მაცაბერიძე მალხაზ. კავკასიის კონფლიქტების შედარებითი ანალიზი, თბ., 2014.
ხანგოშვილი ხასო, პანკელი დავით, აბრაგები, თბ., 2004.
ჩუხუა მერაბ. კავკასიის ქედს მიღმა.
კილაძე სიმონ. საქართველო ჩრდილოეთ კავკასიაში, ქლუხორისა და ახალხევის რაიონები, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 04. 12. 2007, გვ. 9.
ნაჭყებია მერაბ. ქართული ტოპონიმები ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე (1944-1957 წწ.), ჟურნ. „სპეკალი“, 2011, #5.
Баберовский Йорг. Преступление века: Рождение че-ченской войны из духа Сталинского террора.
Осетино-Ингушский конфликт: хроника собитий.
ელ-რესურსები:
www.diaspora.gov.ge. index.php?lang_id=geo&sec_id=124&info_id=1657.
xpertclub.ge/portal/cnid...ka.../default.aspx.
https://inosmi.ru/inrussia/20040911/212867.html
http://www.spekali.tsu.ge/index.php/ge/article/viewArticle/5/45
http://old.memo.ru/hr/hotpoints/caucas1/msg/2004/09/m26242.htm
www. warandpeace.ru
Комментариев нет:
Отправить комментарий