1939 წლის 23 აგვისტოს გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერეს თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას (იგივე რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი), რომლის თანახმად, მხარეებმა საიდუმლო ვითარებაში განიხილეს საკითხი აღმოსავლეთ ევროპაში მათი გავლენის სფეროების განსაზღვრის თაობაზე1. ხელშეკრულებას ერთვოდა საიდუმლო ოქმი – პოლონეთის ფაქტობრივი გაყოფის შესახებ2. მალე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე. პოლონეთი ორ კვირაში დამარცხდა და 14 სექტემბერს მთავრობამ დატოვა ვარშავა. 17 სექტემბერს კი პოლონეთში შეიჭრა საბჭოთა კავშირის ჯარი და თავდაუსხმელობის ხელშეკრულების საიდუმლო ოქმის თანახმად, დაიპყრო მისთვის განკუთვნილი ტერიტორიები – დასავლეთი უკრაინა და დასავლეთი ბელორუსია.3
აღმოსავლეთ პოლონეთში შეჭრისთანავე, საბჭოელებმა დააპატიმრეს პოლონელი ოფიცრები და ელიტის სხვა წარმომადგენლები. მათი უმრავლესობა 1940 წლის გაზაფხულზე გაუჩინარდა. იმ დროიდან მოყოლებული, მათგან არავის არ მიუღია ან წერილი ან რაიმე ინფორმაცია4.
საბჭოთა კავშირში ვერაგული შემოჭრით, ჰიტლერმა თავდაუსხმელობის პაქტი დაარღვია და მართალია დასაწყისში დიდ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში ახლოვდებოდა ძირითადი გარდატეხის ეტაპი, კერძოდ, საბჭოთა კავშირ-გერმანიის ფრონტზე. სწორედ ამ დროს, 1942 წლის ზაფხულში, გაჟღერდა სენსაციური ამბავი. სმოლენსკთან გერმანელებმა სამშენებლო სამუშაოებზე ჩაიყვანეს პოლონელები. სწორედ მათ ადგილობრივმა პოლონელმა ქალმა მიუთითა კატინის საფლავებზე. იქ აღმოჩენილი პირველი ჯვარი, კატინის ტყეში პოლონელი სამხედრო ტყვეების მასობრივი დახვრეტის და დამარხვის პირველი ფოტოსურათები, გახდა ერთ-ერთი დამადასტურებელი ნამდვილი სამხილი იმ დიდი დანაშაულისა და ბოროტებისა, რომელიც ჩაიდინა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა (შინსახკომი) არა მარტო კატინში, არამედ ვინიცაში, ოდესაში, ხარკოვში. საინტერესოა, რომ იქვე ნახეს აგრეთვე ახალი საფლავები, რომლებიც ესესელთა ანგარიშსწორებაზე მეტყველებდა მათ მსხვერპლთა მიმართ.
ბუნებრივია, საბჭოთა კავშირში რადიო, გაზეთები და კინოქრონიკის მასალები ავრცელებდნენ ინფორმაციას ჰიტლერელთა მხეცობის შესახებ. პოლონეთის მოსახლეობა დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს მწირ ინფორმაციას ტყვეებისა და დეპორტირებულთა შესახებ, რომლებიც გაფანტული იყვნენ საბჭოთა კავშირის უზარმაზარ ტერიტორიაზე. მრავალი მათგანის კვალი დაიკარგა, გავრცელებული ხმები კი კარგს არაფერს იტყობინებოდნენ. პოლონეთში სულ უფრო იზრდებოდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, ფაშიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად კი დაიწყო მოლაპარაკებები წინააღმდეგობის მოძრაობის ორ მიმდინარეობას შორის. გერმანიის საოკუპაციო ხელისუფლებამ გააძლიერა ტერორი ზურგში, რათა თავი დაეზღვია მოულოდნელობისაგან და სადაც შეძლო დააპატიმრა მოლაპარაკების მონაწილენი. რაც შეეხებოდა გერმანიას, 1943 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში ხალხის მორალური მდგომარეობა ძალიან დამძიმდა.
მართალია, ერვინ რომელმა შეძლო მოკავშირეთა ჯარები აფრიკაში შეევიწროვებინა და ტობრუკში ავსტრალიის გარნიზონი გარიყა, რაც უინსტონ ჩერჩილისთვის იყო „საშინლად მძიმე დარტყმა“5. 1942 წლის 21 ივნისს რომელის აფრიკულმა კორპუსმა საბოლოოდ აიღო ტობრუკი. ეს მოვლენა, წერდა ჩერჩილი, გახდა „ერთ-ერთი ის მძიმე დარტყმა, რომელიც მე გადავიტანე ომის დროს“6. მოგვიანებით, აფრიკული კორპუსი გაანადგურეს ფელდმარშალ მონტგომერის ხელმძღვანელობით ელ-ალამეინთან7 და ჩრდილოეთი აფრიკა დაიკარგა. სიცილიაში გადასხდნენ მოკავშირეები8. ვერმახტის დივიზიები რუსეთში უკან იხევდნენ. სისხლისმღვრელ ბრძოლაში კურსკის რკალზე გერმანელთა რჩეული დივიზიები განადგურდნენ9. გერმანიის ქალაქები მუდმივად იბომბებოდა, შემცირდა სურსათის ნორმები. ჰიტლერი არ ფლობდა ზუსტ ინფორმაციას ხალხის განწყობის შესახებ. ის მიიჩნევდა, რომ თუ გერმანელ ხალხს არ სურდა ბრძოლა, მაშინ ის სიკვდილს იმსახურებდა.
გერმანიის პროპაგანდის მინისტრს იოზეფ გებელსს არ შეეძლო ასე მარტივად ეცქირა შექმნილი სიტუაციისთვის. მას უნდა გამოეჩინა ინიციატივა, როგორც ეს გააკეთა სტალინგრადის კატასტროფის წინ. ყოველდღიურად მას უხდებოდა აეხსნა, დაემშვიდებინა და გაემხნევებინა ხალხი. ვითარება იმდენად გაუარესდა, რომ ამის გაკეთება გებელსს სულ უფრო უჭირდა. 1943 წლის აპრილში გებელსმა თავის დღიურში აღნიშნა, რომ სტალინგრადის შემდეგ გერმანიამ არა მარტო უნდა გააგრძელოს ბრძოლა, არამედ პოლიტიკაც აწარმოოს. მისი პროპაგანდის მთავარი არგუმენტი კვლავ იყო ბოლშევიზმის მუქარა არა მხოლოდ გერმანიისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. თავის სტატიაში, სახელწოდებით „ევროპული კრიზისი“, რომელიც აშკარად მიმართული იყო ინგლისელი და ამერიკელი მკითხველებისადმი, ის წერდა, რომ ბოლშევიზმი თუ შეიჭრებოდა ევროპაში, ის იქნებოდა გადამდები ავადმყოფობა10. აქედან გამომდინარე, ევროპას ტყუილად ექნებოდა იმედი, რომ წითლები დროთა განმავლობაში აითვისებდნენ ევროპულ ნორმებს.
ამასობაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, შემთხვევით გადააწყდნენ პოლონელი ტყვეების მრავალათასიან სამარხს კატინის ტყეში, სმოლენსკთან. ეს აღმოჩენა გებელსს აძლევდა შესაძლებლობას გაეშალა უნიკალური პროპაგანდისტული კამპანია და, უნდა ითქვას, რომ მან სანიმუშოდ ჩაატარა ეს სამუშაო. 1943 წლის 9 აპრილს იოზეფ გებელსმა თავის დღიურში ჩაწერა: „სმოლენსკთან ახლოს აღმოჩენილი იქნა მასობრივი სამარხები. ბოლშევიკებმა გაუსამართლებლად დახვრიტეს და საერთო საფლავებში დამარხეს დაახლოებით 10000 პოლონელი პატიმარი“11. ორ დღეში ეს ამბავი მთელ მსოფლიოს მოედო ბერლინის რადიოს მეშვეობით. კატინის ტყეში 2-დან 3,5-მდე მეტრის სიღრმის რვა მასობრივი საფლავი იპოვეს, რომლებიც ადამიანთა გახრწნილი გვამებით იყო სავსე. მათი უნიფორმისა და სხვა ჩაცმულობის თანახმად, ისინი ყველანი პოლონელები - უპირატესად პოლონელი ოფიცრები იყვნენ12. რა თქმა უნდა, ინფორმაციის დროული გავრცელება საშუალებას მისცემდა გებელსს დიდი დარტყმა მიეყენებინა არა მარტო პოლონელთა განწყობისათვის, რომელიც ანტიფაშისტური კოალიციის მხარეს იყო, არამედ საბჭოთა და პოლონეთის მთავრობების ურთიერთობებისათვის. გააჩნდა რა ურყევი სამხილი შინსახკომის საშინელი დანაშაულის შესახებ, პოლონელი სამხედრო ტყვეების მიმართ, რასაც გულმოდგინედ მალავდნენ, რაიხსმინისტრ გებელსს იმედი ჰქონდა, რომ მისი გამოაშკარავებით მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის წინაშე, შეძლებდა საბჭოთა კავშირისა და პოლონეთის შეჯახებით გაეთიშა ანტიჰიტლერული კოალიცია; უკიდურეს შემთხვევაში, გებელსის ვარაუდით, შეიძლებოდა მიეღწიათ სსრკ, აშშ და ინგლისს შორის სერიოზული უთანხმოების ჩამოგდებისათვის.
გებელსი იმედოვნებდა, რომ კატინის ტრაგედია – სტალინური ტერორის შედეგი, სამუდამოდ წააჩხუბებდა პოლონელებსა და რუსებს. ამის საფუძველს იძლეოდა მასშტაბური დახვრეტის ფაქტი, რომელიც უნდა დაედასტურებინათ. ეს ტერიტორია იმ დროს გერმანელების ხელში იყო და შეეძლოთ ჩაეტარებინათ შესაბამისი სამუშაოები. 1943 წლის 29 მარტიდან დაიწყო საფლავების წინასწარი გათხრა და გასამრჯელოს ფასად, ადგილობრივ მოსახლეობაში აგროვებდნენ ჩვენებებს ავტოტრანსპორტის მასობრივი გადაადგილების შესახებ, პოულობდნენ მოწმეებს, რომლებმაც დაინახეს დახვრეტები და ესმოდათ სროლის ხმა.
1943 წლის 13 აპრილს, დილის ცხრა საათსა და თხუთმეტ წუთზე, ბერლინის რადიომ გადასცა შეტყობინება, რომ სმოლენსკის მახლობლად იპოვეს მასობრივი საფლავები პოლონელი ოფიცრებისა, რომლებიც დაიკარგნენ საბჭოთა კავშირში სამი წლის წინ. ბრალი ამ დანაშაულზე ედებოდა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ორგანოებს და სახელდებოდა დახვრეტილთა წინასწარი ციფრი - დაახლოებით ათი ათასი ადამიანი13.
გებელსის პროპაგანდისტული მანქანის აქტიურობამ თავის მიზანს მიაღწია. ცნობა კატინის ტრაგედიის შესახებ მთელ მსოფლიოს მოედო და უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია. მოწვეულ პრესკონფერენციაზე გებელსი გამოვიდა გერმანელი ჟურნალისტებისა და რადიოკორესპონდენტების წინაშე და ვრცელი ლექცია წაუკითხა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიეწოდებინათ ეს ინფორმაცია გერმანელი ხალხისთვის. მაგალითად, ის ამბობდა, რომ სურდა დაეტოვებინა თავისთვის უფლება, გამოეყენებინა ეს მასალა ქვეყნის შიგნით საჭიროებისათვის, რათა მოსახლეობას გარკვეულ პირობებში შესძლებოდა დასკვნის გაკეთება გერმანელი სამხედრო ტყვეებისადმი ბოლშევიკების დამოკიდებულების შესახებ. უცხოეთისათვის კი ამ მასალის მიწოდება თავისუფალი იყო.
ნაცისტური პროპაგანდა ჩაეჭიდა შემთხვევით ამოტივტივებულ ბრწყინვალე შანსს, რათა ორგანიზება გაეკეთებინა სენსაციური და ხმაურიანი კამპანიისათვის კინოს, რადიოს და პრესის გამოყენებით. ამასთან დაკავშირებით, პროპაგანდის მინისტრი გებელსი 1943 წლის აპრილში წერდა: „ჩვენი პროპაგანდის სიმძიმის ცენტრი, უახლოეს დღეებში კვლავაც იქნება თავმოყრილი ორ თემაზე: ატლანტიკური ტალღა და ბოლშევიკური საზიზღარი მკვლელობა. მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ ეს საბჭოთა ბოროტება სულ უფრო ახალი ფაქტების უწყვეტი მიწოდების გზით“14. გარდა ამისა, არსებობდა საშუალება, რომ ადგილზე მიეყვანათ მოწმეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფები პოლონეთიდან, საკონცენტრაციო ბანაკებიდან კი – პოლონელი, ინგლისელი, ფრანგი, ამერიკელი სამხედრო ტყვეები. პირველი პოლონური ჯგუფი ადგილზე ჩაიყვანეს ჯერ კიდევ რადიოთი გამოცხადებამდე. კატინის ტყეში მიყავდათ სმოლენსკის მაცხოვრებლებიც, ჟურნალისტები „ნეიტრალური“ ქვეყნებიდან, დასავლეთ პოლონეთის საწარმოთა მუშები.
გებელსმა წამოაყენა მოწოდება: „ჩვენ გვინდა სიმართლე!“ და ცდილობდა საჯარო ყოფილიყო ინფორმაცია, იმ მიზნით, რომ ჩატარებულიყო იდენტიფიკაცია. მასალები კატინის შესახებ და ამოცნობილთა სიები სისტემატურად ქვეყნდებოდა პროპაგანდისტული მიზნებით იმ გამოცემებში, რომელთაც აკონტროლებდნენ გერმანელები, მათ შორის, პოლონეთის ტერიტორიაზეც.
პ ოლონური ინტელიგენციის და იატაქვეშეთის წარმომადგენლები უნდობლად შეხვდნენ გერმანელთა ინფორმაციებს კატინის შესახებ და მიიჩნიეს ის პროპაგანდის შემადგენელ ნაწილად. ამას ხელს უწყობდა საბჭოთა კავშირში წარმოებული კამპანია ჰიტლერელთა მხეცობის შესახებ და კატინის ამბებსაც მათ მიაწერდნენ. ამას დაერთო ყოვლად გაუთვალისწინებელი შემთხვევა – ზოგან აღმოჩნდა გერმანული წარმოების ტყვიები და ვაზნები, რამაც ძალიან დააფრთხო პროპაგანდის რაიხსმინისტრი, რადგან ამ ფაქტს შეიძლებოდა ჩაეშალა მთელი ანტისაბჭოთა პროპაგანდა. ამასთან დაკავშირებით, ბერლინის რადიომ დაუყოვნებლივ გადასცა ცნობა, რომ 1935-1936 წლებში გერმანია აწვდიდა საბრძოლო მასალებს სსრკ-ს, პოლონეთს და ბალტიისპირეთს. აქვე უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტიც, რომ იტალიის დიქტატორი მუსოლინი არ ჩქარობდა დაეჯერებინა გებელსისთვის. იტალიის სახალხო კულტურის სამინისტრო რჩევას აძლევდა ჟურნალისტებს არ შეხებოდნენ კატინის თემას და არ გამოხმაურებოდნენ ახალ მხილებებს.
ასეთ რთულ სიტუაციაში, ნეიტრალური ქვეყნების მეშვეობით, გერმანიის ზოგიერთმა ლიდერმა მიმართა პოლონეთის მთავრობას დაესახელებინა ექსპერტი, რომელიც გააკონტროლებდა საერთაშორისო კომისიის ექსპერტთა მუშაობას. რაიხსმინისტრი ჰიმლერი იმასაც კი სთავაზობდა, რომ კატინში მიეწვიათ ესპანეთის მეშვეობით სიკორსკი, რომლის უსაფრთხოებაც მთლიანად იქნებოდა დაცული. მაგრამ ეს მცდელობა ჩაშალა საგარეო საქმეთა მინისტრმა იოახიმ რიბენტროპმა, რომელიც წინააღმდეგი იყო ნებისმიერი კონტაქტისა პოლონეთის მთავრობასთან და ამ პრინციპს მიიჩნევდა პროპაგანდის ინტერესებზე უფრო მნიშვნელოვნად. შექმნილ სიტუაციაში, გებელსმა მოითხოვა, რომ კატინთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის კომენტირება მასთან შეეთანხმებინათ. ის მიიჩნევდა, რომ „საქმე ჩვენთვის ძალიან კარგად მიდის და შემთხვევით შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რომელიც ახლა შეუძლებელია წარმოვიდგინოთ. მთელი ეს საქმე არ არის უბრალოდ, ეგრეთწოდებული საშინელებების პროპაგანდა, არამედ ეს არის მაღალი პოლიტიკის სახელმ185 წიფო აქცია“15. აქედან გამომდინარე, ის მოითხოვდა: „ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ უდიდესი სიმტკიცით და არ ჩამოვრჩეთ მოწინააღმდეგეს“16.
ლონდონში ემიგრირებული პოლონეთის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა გენერალმა სიკორსკიმ არ გამორიცხა წითელი ჯვრის მიერ ამ საქმის გამოკვლევის შესაძლებლობა, მაგრამ მას არასოდეს შეუთავაზებია თანამშრომლობა გერმანიის მხარისთვის. გაზეთმა „პრავდამ“ კი, პოლონელთა სახელის გატეხვის მიზნით, სიკორსკის გერმანელთა გამოძიებაში თანამშრომლობა დასწამა. ამ სიცრუის გზას ადგა საბჭოთა ხელისუფლება, აშკარა სამხილების მიუხედავად, ორმოცდაათი წელი, ვიდრე მიხეილ გორბაჩოვმა არ გადაწყვიტა სიმართლე ეთქვა მსოფლიოსათვის17.
გერმანელები დეტალურად აწარმოებდნენ ექსჰუმაციის სამუშაოებს. ამაზე ისიც მეტყველებდა, რომ მათ შექმნეს კომპეტენტური გერმანული კომისია ცნობილი სპეციალისტის პროფესორ ბუტცის ხელმძღვანელობით და საერთაშორისო კომისია სასამართლო მედიცინის და კრიმინალისტიკის ცნობილი წარმომადგენლებით. ეს კომისია შედგებოდა 12 ქვეყნის ცნობილი მეცნიერებისგან. ეს ქვეყნები იყო გერმანიის მიერ ოკუპირებული ან მასზე დამოკიდებული ქვეყნები: ბელგია, ბულგარეთი, დანია, იტალია, იუგოსლავია, რუმინეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხოსლოვაკია, შვეიცარია, ჰოლანდია. სამუშაოს დიდ ნაწილს ასრულებდა ე. წ. პოლონეთის წითელი ჯვრის ტექნიკური კომისია, რომელთა საქმიანობას აკონტროლებდნენ გერმანელები.
ე ქსპერტთა საერთაშორისო კომისია მუშაობდა 1943 წლის 28-30 აპრილს. პოლონეთის წითელი ჯვრის კომისია კატინში ჩავიდა 29 აპრილს და მუშაობდა 1943 წლის 3 ივნისამდე. სწორედ პოლონურმა კომისიამ უარყო ჰიტლერელთა მტკიცება, თითქოს კატინში დასაფლავებული იყო 12 ათასი მსხვერპლი. სინამდვილეში, საფლავებიდან ამოიღეს 4143 გვამი 4403-დან, როგორც დღემდე არის ცნობილი. ამოცნობილ იქნა 2815 ნარჩენი, მათგან 2730 სრულიად საფუძვლიანად18.
ტექნიკურმა კომისიამ უარი თქვა ოქმებში ეჩვენებინა ციფრი 12 ათასი, მიუხედავად ზეწოლისა და კომისიის ერთ-ერთ წევრზე მ. ვოძინოვსკიზე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარისა. პოლონელი ექსპერტები დაჟინებით მოითხოვდნენ ეჩვენებინათ, რომ კატინის საფლავებში ესვენა მხოლოდ კოზელის ბანაკის ტყვეები. შემდგომში ეს დადასტურდა დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით.
საბჭოთა კავშირის პასუხი მხოლოდ 15 აპრილს გახდა ცნობილი. დასაწყისში ეს იყო მოსკოვის რადიოს გადაცემა, რომელიც მეორე დღეს დაიბეჭდა გაზეთ „პრავდაში“. პოლონელი ოფიცრების მკვლელობაში ადანაშაულებდნენ გერმანელებს, რომელთაც თითქოს ტყვედ ჩაიგდეს პოლონელი ოფიცრები 1941 წლის ზაფხულში, როდესაც გერმანიის შეიარაღებული ძალების (ვერმახტის) ჯარები შევიდნენ სმოლენსკის რაიონში. საბჭოთა ხელისუფლებამ იცოდა, რომ კატინში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის გერმანელებზე გადაბრალებას საფუძველი არ გააჩნდა, რადგან გერმანიის მხარეს ხელთ ჰქონდა თვითმხილველთა ჩვენებები, რომ დახვრეტა საბჭოელებმა განახორციელეს და, რაც მთავარია, პოლონელთა გვამებზე აღმოჩენილი დოკუმენტებიდან არც ერთი არ იყო 1940 წლის აპრილზე გვიან დათარიღებული, რაც აბსურდულს ხდიდა საბჭოელების მტკიცებას, თითქოს პოლონელები გერმანელებმა 1941 წლის ზაფხულში დახოცეს19.
სიმართლის გამჟღავნება, ბუნებრივია, არასასურველი იყო როგორც სსრკ ხელმძღვანელობისთვის, ისე მისი მოკავშირეებისთვის. უ. ჩერჩილს და ფ. რუზველტს კარგად ესმოდათ, რომ გერმანელებმა კატინის კამპანია იმიტომ წამოიწყეს, რომ უთანხმოება შეეტანათ მოკავშირეთა რიგებში, მაგრამ ანტიჰიტლერული კოალიციის დაშლა ან სერიოზულად დასუსტება რეალობას იყო მოწყვეტილი და, ბუნებრივია, ამას მოკავშირეები არც დაუშვებდნენ20.
ლონდონში, დევნილობაში მყოფმა პოლონეთის მთავრობამ 17 აპრილს მიმართა საერთაშორისო წითელ ჯვარს თხოვნით გამოეძიებინა პოლონელი ოფიცრების კატინში დაღუპვის ფაქტი. იმავე დღეს, წითელ ჯვარს მიმართა გერმანიის მხარემაც. მოსკოვმა ისარგებლა ამ ერთდროული მიმართვით და დაადანაშაულა სიკორსკის მთავრობა გარიგებაში, გერმანიის ნაცისტურ ხელისუფლებასთან. 19 აპრილს „პრავდაში“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით - „ჰიტლერის პოლონელი თანამშრომლები“, რომელშიც პოლონელებს ადანაშაულებდნენ გებელსური პროვოკაციისთვის ხელის შეწყობაში და იმავე დროს, გადმოცემული იყო მოვლენების საბჭოური ვერსია. 21 აპრილს საბჭოთა კავშირის სატელეგრაფო სააგენტომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 19 აპრილის „პრავდის“ სტატია მთლიანად ასახავდა ამ საკითხში საბჭოთა ხელმძღვანელობის პოზიციას.
1943 წლის 19 აპრილს სტალინმა ჩერჩილს და რუზველტს გაუგზავნა მიმართვა, რომელშიც აღწერდა თავის პოზიციას კატინის საქმეზე და აცნობებდა, რომ აპირებდა ურთიერთობის გაწყვეტას ლონდონში მყოფ პოლონეთის მთავრობასთან21.
ჩერჩილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ენტონი იდენი შეეცადნენ, რომ სტალინს უარი ეთქვა ამ ნაბიჯზე. ჩერჩილი სწერდა სტალინს, რომ არ სჯეროდა პოლონელების გერმანელებთან გარიგებისა, რომ იდენი შეხვდა ლონდონში პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლებს, რომელთაც კატეგორიულად უარყვეს ეს ფაქტი. მაგრამ სტალინი ურყევი იყო თავის გადაწყვეტილებაში და 1943 წლის 25 აპრილს პოლონეთის ელჩს მოსკოვში, გადაეცა ნოტა ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ. ამის გარეშეც, სტალინს დიდ უხერხულობას უქმნიდა პოლონეთის ემიგრანტული მთავრობა, რადგან უკვე ამ დროისთვის მას გააჩნდა პოლონეთის ახალი მთავრობის შექმნის გეგმები, რომელიც უფრო ლოიალური იქნებოდა საბჭოთა კავშირის მიმართ. აქედან გამომდინარე, სტალინმა ხელიდან არ გაუშვა ხელსაყრელი შესაძლებლობა გზიდან ჩამოეცილებინა პოლონეთის ემიგრანტული მთავრობა. დასასრულ, რაც შეეხება კატინის ტრაგედიას, თითქოს ყველაფერი ნათელია, მაგრამ იმ დროიდან მოყოლებული დავა, რომელიც შემდგომში გაფართოვდა, ჯერაც არ დასრულებულა და პერიოდულად გრძელდება.
შენიშვნები
1. ლ. სვანაძე. უინსტონ ჩერჩილი. პოლიტიკური ბიოგრაფია. წიგნი მეორე, რთული გზა მწვერვალისაკენ, პრემიერ-მინისტრი. ქუთაისი, 2007, გვ. 365-366.
2. იქვე, გვ. 365.
3. იქვე, გვ. 370.
4. ლ. რიზი. მეორე მსოფლიო ომი დახურულ კარს მიღმა. სტალინი, ნაცისტები და დასავლეთი. თარგმ. ინგლ., თბ., 2016, გვ. 161-162.
5. У. Черчилль. Вторая мировая война, т. 3. Великий Союз. Пер. с англ., М., 1998, с. 173.
6. У. Черчилль, указ. Соч., т. 4. Поворот Судбы, с. 179.
7. Э. Бригсс, П. Клэвин. Европа нового и новейшего времени. Пер. с англ., М., 2006, с. 395.
8. Там же.
9. Там же, с. 376.
10. К. Рисс. Геббельс: Адвокат дьявола. М., 2000, с. 364.
11. ლ. რიზი, დასახ. ნაშრ., გვ. 161.
12. იქვე.
13. Катын, март 1940-сентябрь 2000. Расстрел, судбы живых. Эхо Катыни. М., 2001, с. 447.
14. Бабий Яр под Катынью? – Военно-исторический журнал, 1990, №12, с. 31.
15. Военно-исторический журнал, 1990., №12, с. 33.
16. Там же.
17. ლ. რიზი, დასახ. ნაშრ., გვ. 162.
18. И. С. Яжборовская, А. Ю. Яблоков, В. С. Парсаданова. Катынский синдром в советско-польских и российско-польских отношениях. М., 2001, с. 156.
19. ლ. რიზი, დასახ. ნაშრ., გვ. 211.
20. იქვე, გვ. 166.
21. См. Переписка Председателя Совета Министров СССР спрезидентами США и Премьер-Министрами Великобритании во времяВеликой Отечественной войны 1941-1945 гг. Т. 1-2. М., 1957. - თ. 1, с.120-121; т. 2, с. 59-62.
Комментариев нет:
Отправить комментарий