понедельник, 17 сентября 2018 г.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჩამოყალიბების ისტორია XX საუკუნეში (ნ. სამხარაძე)

სტატიაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფორმირების ისტორია სამ პერიოდად არის დაყოფილი: 19181921 – პირველი დამოუკიდებლობის პერიოდი, 19211991 – საბჭოთა პერიოდი და 19911993 – მეორე დამოუკიდებლობის პერიოდის ადრეული ეტაპი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრების თანამედროვე სახით ჩამოყალიბება სწორედ აღნიშნულ პერიოდებში მოხდა.
1. პირველი დამოუკიდებლობის პერიოდი
XX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ახლანდელი ტერიტორია მთლიანად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო და კავკასიის მეფისნაცვლის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა. 1917 წლის იანვრისათვის კავკასიის სამეფისნაცვლო შემდეგი ერთეულებისაგან შედგებოდა: ბაქოს, ელიზავეტპოლის, ქუთაისის, ტფილისის, შავი ზღვის და ერევნის გუბერნიები. გუბერნიები თავის მხრივ შედგებოდა ოლქებისა – (ბათუმი, დაღესტანი, ყარსი, ყუბანი, თერგი) და მომცრო ადმინისტრაციული ერთეულებისგანოკრუგი და მაზრა. ეს ტერიტორიები იმართებოდა 1883 წლის კავკასიის ადმინისტრაციული აქტის შესაბამისად (კავკასიის სამხარეო მართვის დაწესებულებაУчреждение управления Кавказского края) და ყუბანისა და თერგის ოლქების გარდა შეადგენდნენ ამიერკავკასიას (Закавказье). ამასთან, შავი ზღვის გუბერნიას გააჩნდა განსაკუთრებული სტატუსი. ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიების სამხრეთ მიწები რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა 1877-1878 წლის რუსეთ-თურქეთის ომში რუსეთის გამარჯვების შედეგად.
1917 წლის თებერვლისა და ოქტომბრის რეოლუციების და რუსეთში გააფთრებული სამოქალაქო ომის გაჩაღების შემდეგ, ამიერკავკასიის კომისარიატმაამიერკავკასიის მართვის მიზნით რუსეთის გარდამავალი მთავრობის მიერ შექმნილი ამიერკავკასიის სპეციალური კომიტეტის მემკვიდრემ, 1918 წლის იანვარში ამიერკავკასიის პარლამენტი (სეიმი) მოიწვია. სეიმი რუსეთის დამფუძნებელი კრების კავკასიელი დეპუტატებისაგან შედგებოდა, რომელიც ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკებმა დაითხოვეს.
სეიმს რთული მისია ჰქონდა მძიმე საერთაშორისო მდგომარეობის ფონზე. რუსეთსა და გერმანიას შორის 1918 წლის მარტში დადებული ბრესტ-ლიტოვსკის შეთანხმება სხვა საკითხებთან ერთად ბათუმის, ყარსისა და არტაანის მიწების თურქეთისთვის გადაცემას ითვალისწინებდა4. თუმცა, ეს გადაწყვეტილება კავკასიის პოლიტიკურ ელიტასთან კონსულტაციის გარეშე იყო მიღებული რამაც მდგომარეობის დაძაბვა გამოიწვია. სეიმი არ დაეთანხმა ბრესტ-ლიტოვსკის შეთანხმების პირობებს და თურქეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.
ტრაპიზონის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი წარუმატებლად დასრულდა და შედეგად, ოსმალებმა დაიპყრეს ბათუმი, არტაანი, ოზურგეთი და ახალციხე, აგრეთვე აზერბაიჯანისა და სომხეთის დიდი ნაწილი. მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ოსმალებმა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადება მოითხოვეს. 1918 წლის 22 აპრილს გამოცხადდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა, რომელიც 27 აპრილს აღიარა თურქეთმა.5 ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შიდა და გარე საზღვრები ემთხვეოდა იმ ტერიტორიული ერთეულების – გუბერნიების, ოლქებისა და ოკრუგების საზღვრებს, რომლებიც კავკასიის სამეფისნაცვლოს ამიერკავკასიის ნაწილს შეადგენდნენ. ამიერკავკასიის დემოკრატიულმა ფედერაციულმა რესპუბლიკამ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო თურქეთთან, მაგრამ ქართველ მენშევიკებს, სომეხ დაშნაკებსა და აზერბაიჯანელ მუსავატებს შორის შიდა დაპირისპირებამ (რომლებიც რესპუბლიკის სეიმის უმრავლესობას შეადგენდნენ), აგრეთვე თურქეთთან დაზავების მიმართ ამ პარტიების ინტერესთა შეუთავსებლობამ ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის პოლიტიკური ერთიანობა შეარყია. 1918 წლის 26 მაისს თურქეთმა ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკას ულტიმატუმი წაუყენა, რომ 72 საათის განმავლობაში ეღიარებინა ახალი საზღვრები და თურქეთის ჯარისთვის საქართველოს ტერიტორიაზე გავლის საშუალება მიეცა. სეიმის სხდომაზე სამი პარტიის საგარეო პოლიტიკური ინტერესები კვლავ ერთმანეთს შეეჯახა და გადაწყვეტილები მიღება შეუძლებელი გახდა. შედეგად, სეიმმა თავი დაშლილად გამოაცხადა.6 რამდენიმე საათის შემდეგ საქართველომ, ხოლო ორი დღის შემდეგ კი – სომხეთმა და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (სდრ) ომის პირობებში დაიბადა. თურქეთს უკვე დაპყრობილი ჰქონდა სამხრეთ საქართველო და ბორჯომის ხეობასა და ტფილისს ემუქრებოდა. ამასთან, საზღვრები, რომელზეც სდრ პრეტენზიას აცხადებდა რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, სადავო გახდა ყველა მეზობელ სუბიექტთან. თურქეთის ოკუპაციისგან დანარჩენი საქართველოს გადასარჩენად, 4 ივნისს სდრ-ის მთავრობამ ოსმალეთის იმპერიასთან ბათუმის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც ითვალისწინებდა თურქეთისთვის ბათუმის და ყარსის ოლქებისა და ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების (სულ 11000 კვ. კმ) გადაცემას.7 თუმცა, ეს ხელშეკრულება არ ყოფილა რატიფიცირებული საქართველოს პარლამენტის მიერ და შესაბამისად არასოდეს ჰქონია იურიდიული ძალა. 1918 წლის ზაფხულში, საქართველოში გერმანული ქვედანაყოფების შემოსვლამ თურქეთის ინტერვენცია შეაჩერა და საქართველოს მთავრობას მიეცა საშუალება შედარებით მშვიდობიან ვითარებაში ეშენებინა სახელმწიფო და დაედგინა საზღვრები.
1918 წლის სექტემბერში საქართველომ მოლაპარაკებები დაიწყო გენერალ დენიკინთან საქართველოსა და მის მიერ შექმნილ ყუბანის რესპუბლიკას შორის საზღვრების დადგენის თაობაზე. ყუბანის რესპუბლიკამ საქართველოსგან სოჭისა და აფხაზეთის დათმობა მოითხოვა და სამხედრო ოპერაციაც კი ჩაატარა გაგრის დასაპყრობად. ქართულმა ჯარებმა შეტევა მოიგერიეს და განლაგდნენ სოჭთან ახლოს მდინარე მეხადირთან. სასაზღვრო ხაზის დადგენის თაობაზე მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.8
ამასობაში, გერმანიამ და თურქეთმა პირველ მსოფლიო ომში კაპიტულაცია გამოაცხადეს და ამიერკავკასიაში განლაგებული გერმანული ქვედანაყოფები ბრიტანული კონტიგენტით შეიცვალა. მუდროსის საზავო ხელშეკრულების თანახმად, თურქეთს საკუთარი ჯარი უნდა გაეყვანა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების შემდეგ ოკუპირებული სამხრეთ საქართველოს რეგიონებიდან. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში აღდგა თბილისის მმართველობა, გამონაკლისს მხოლოდ ბათუმის ოლქი წარმოადგენდა, რომელიც ბრიტანეთის ჯარების უშუალო კონტროლს ექვემდებარებოდა.9
1919 წლის მარტში საქართველოს მთავრობამ პარიზის საზავო კონფერენციისათვის მოხსენება მოამზადა საკუთარი პოლიტიკური მოთხოვნებისა და საქართველოს საზღვრების შესახებ. მოხსენებაში ჩამოყალიბებული იყო მოთხოვნა იმის შესახებ, რომ საქართველოს საზღვრები უნდა მოიცავდეს ტფილისისა და ქუთაისის ყოფილ გუბერნიებს, ჩრდილო-დასავლეთით სოხუმის ოკრუგს და შავი ზღვის გუბერნიის სოჭის ოკრუგის ტერიტორიას მდინარე მაკოფსემდე, სამხრეთ-დასავლეთით ბათუმის ოლქს, ყარსის ოლქის არტაანისა და ოლთისის ოკრუგებს, ერზრუმის ვილაიეთის ნაწილს (ჭოროხის ზედა ნაპირი) და ლაზისტანის სანჯაყის ნაწილს, აღმოსავლეთით ასევე ზაქათალის ოკრუგს. მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს ისტორიული მიწებია და მოსახლეობის 75% ეთნიკური ქართველებისგან შედგება.10 აქედან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფოსთვის ამ მიწების დაბრუნება ისტორიულ სამართლიანობას აღადგენდა. ბედის ირონიით, ერთა ლიგამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ამ საზღვრებში 1921 წლის 27 იანვარს აღიარა, მას შემდეგ რაც ერთი თვით ადრე უარი უთხრა ორგანიზაციაში გაწევრებაზე, თუმცა ეს აღიარება ძალიან დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბედი კრემლში უკვე გადაწყვეტილი იყო.11
მანამდე, საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის უკვე შეთანხმებული იყო, საქართველოსა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას (რსფსრ) შორის 1920 წლის 7 მაისს ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში. ამ შეთანხმების მე-3 მუხლის მიხედვით „სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის გადის შავი ზღვიდან მდ. ფსოუს გასწვრივ ასახჩის მთამდე, გადადის ასახჩის და აგაპეტის მთაზე და მიდის ყოფილ შავი ზღვის, ქუთაისისა და თფილისის გუბერნიების ჩრდილოეთ საზღვრით ზაქათალის ოლქამდე და ხსენებული ოლქის აღმოსავლეთ საზღვრით მიდის სომხეთის საზღვრებამდე“.12 მე-4 მუხლის თანახმად, მესამე მუხლში ჩამოთვლილი შავი ზღვის გუბერნიის მიწების გარდა, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად სცნო შემდეგი გუბერნიები და რუსეთის ყოფილი ოლქები: ტფილისი, ქუთაისი და ბათუმი ყველა მაზრითა და ოკრუგით, სოხუმის და ზაქათალის ოკრუგები. 1922 წლამდე ნეიტრალურად გამოცხადდა სასაზღვრო უღელტეხილები, სპეციალური კომისიის მიერ ამ ადგილებზე საზღვრების დადგენამდე.13
რუსეთთან ხელშეკრულების დადება ქართული დიპლომატიის უდიდესი წარმატება იყო, რთულ რეგიონში ჩრდილოეთისა და ჩრდილო-დასავლეთის საზღვრის უსაფრთხოების თვალსაზრისით. საქართველოს ტერიტორიული მოთხოვნების ძირითადი ნაწილი დაკმაყოფილდა და კიდევაც გასცდა ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგის საზღვრებს და გაგრის ტერიტორია მოიცვა, რომელიც მანამდე შავი ზღვის გუბერნიის სოჭის ოკრუგის შემადგენლობაში შედიოდა.
რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების გაფორმებამ საქართველოს ამიერკავკასიელი მეზობლების უკმაყოფილება გამოიწვია. იმ დროისათვის უკვე გასაბჭოებული აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ პროტესტი გამოთქვა ზაქათალის ოკრუგის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებში მოქცევის გამო, რადგან მისი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მუსლიმანი იყო. 1916 წელს, ზაქათალის ოკრუგის 76000 მოსახლიდან მხოლოდ 19000 იყო ქართველი, ხოლო დანარჩენ მოსახლეობას 45000 ლეკი და 12000 თურქი, სპარსი და ქურთი შეადგენდა.14 პროტესტს მოჰყვა ზაქათალაში ქართული და აზერბიჯანული ჯარების განთავსება და მცირემასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები. დაპირისპირების აღსაკვეთად რუსეთმაც განათავსა თავისი ჯარები ოკრუგში. 1920 წლის 12 მაისს საქართველომ და რუსეთმა დამატებით ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს და აზერბაიჯანის წარმომადგენლებისგან შემდგარი ერთობლივი კომისიის შექმნას, რომელსაც რუსეთის (რსფსრ) წარმომადგენელი უხელმძღვანელებდა. კომისიასთან უნდა შეეთანხმებინათ ზაქათალის სადავო ტერიტორიის და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სტატუსი. კომისიის გადაწყვეტილებების შესრულება ორივე მხარისათვის სავალდებულო იყო.15
რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებამ სომხეთის პროტესტიც გამოიწვია. 1920 წლის 15 ივნისს საქართველოში სომხეთის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა ბეკზადიანმა ნოტა გაგზავნა რომელშიც აპროტესტებდა ტფილისის გუბერნიის და ბათუმის ოლქის ყველა ოკრუგისა და მაზრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად აღიარებას. „ეს ხელშეკრულება არღვევს საქართველო-სომხეთის 1919 წ. 17 იანვრის ხელშეკრულებას სადავო ტერიტორიების შესახებ. ამიტომ სომხეთის მთავრობა ამ ხელშეკრულების ნაწილს, რომელიც ტფილისის გუბერნიასა და ბათუმის ოლქს ეხება, ბათილად აცხადებს“ – ნათქვამი იყო საპროტესტო ნოტაში.16 სომეხი დიპლომატის მიერ მოხსენიებული ხელშეკრულება დაიდო 1918 წლის დეკემბრის საქართველო-სომხეთის ხანმოკლე ომის შემდეგ. ქართულმა ჯარმა მოიგერია რა სომხეთის ჯარის შეტევა, რომელსაც ბორჩალოს და ახალქალაქის მაზრების ნაწილი ჰქონდა დაკავებული, კონტრშეტევაზე გადავიდა. ბრიტანეთის შუამდგომლობის შედეგად მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებამ ქართულ ნაწილებს ბორჩალოს მაზრის სოფელ სადახლოში მოუსწრო.17 სომხეთმა მოითხოვა ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრების ნეიტრალურ ზონებად გამოცხადება საერთო მმართველობით, მათი საბოლოო სტატუსის დადგენამდე. საქართველომ უარი განაცხადა ახალქალაქის მაზრის ერთობლივ ადმინისტრაციაში გადაცემაზე და იქ ქართული ადმინისტრაცია შეინარჩუნა, თუმცა დათანხმდა ერთობლივ მმართველობაზე ბორჩალოს მაზრის ლორეს ტერიტორიაზე სადახლოს ხაზის სამხრეთით, სადაც ქართულმა ჯარებმა შეტევა შეაჩერეს. 17 იანვარს დროებითი ხელშეკრულება დაიდო, რომლის შედეგად სომხეთის მთავრობამ უარი თქვა თავის პრეტენზიაზე ახალქალაქთან დაკავშირებით, ხოლო საქართველომ დაკარგა ტერიტორიის ნაწილი ლორეს სამხრეთით. ლორეს დარჩენილი ტერიტორია ბრიტანეთის მიერ დაკავებულ ქართულ-სომხურ ერთობლივ ადმინისტრაციას გადაეცა.18 ნეიტრალური ზონის ჩრდილოეთის საზღვრად ის ხაზი უნდა დადგინდა, რომელიც ქართულ ჯარებს ეკავათ 1918 წლის 31 დეკემბრის ღამის 12 საათის მდგომარეობით (ცეცხლის შეწყვეტამდე): „...დეღლი-დაღის მთა, პირდაპირი ხაზი უღელტეხილზე ს. ირღანჩაიმდის პირდაპირი ხაზი 798 სიმაღლემდის; შემდეგ კულუდაშის სიმაღლემდის (855.5) სიმაღლე 676, სოფ. საათლი, სიმაღლე 694; სოფ. ახკერპი, პირდაპირი ხაზით სოფელ ოფრეთის სიმაღლე 492, ხოჯორნის ახლოს სოფ. ბარაძორის ეკლესიის ნანგრევები, – სოფ. სადახლო, სადგ. სადახლო, სადახლოს ჩრდილოეთით მთის წვერი 1554, – შემდეგ 2660 სიმაღლიმდის (მთა ტანა დაღი), შემდეგ წყაროს წარწერამდის, რომელიც ბორჩალოს მთის ჰალუთლი-ბაში წარწერის ჩრდილოეთით არის. სოფლები ირღანჩაი, ჯანდარი, ახკერპი, ოფრეთი, ხოჯორნი, ბარაძორი, სადახლო – რჩებიან ამ ხაზის ჩრდილოეთით“.19 აღსანიშნავია, რომ დღეისათვის საზღვარი საქართველოსა და სომხეთს შორის სწორედ ამ ხაზზე გადის.
ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობის მიხედვით კონფლიქტი საბოლოოდ პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე უნდა მოგვარებულიყო, ისევე როგორც საზღვრის საბოლოო დელიმიტაციის საკითხი, რაც სინამდვილეში ვერ მოხერხდა. 1920 წლის სომხეთ-თურქეთის ომში, თურქეთის მიერ სომხეთის ტერიტორიების დაკავებამ სურათი კიდევ ერთხელ შეცვალა. თურქების მიერ ლორეს შესაძლო მიტაცების შიშით დაშნაკურმა სომხეთმა სდრ-ის ჯარებს სექტორში სამი თვით შესვლის საშუალება მისცა.20 მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სექტორის სტატუსის შესახებ 1921 წლის თებერვალში უნდა გამართულიყო, მაგრამ 1920 წლის 29 ნოემბერს სომხეთში საბჭოთა წყობილება დამყარდა და ლორეს სექტორი კიდევ ერთი წლით– საქართველოს გასაბჭოებამდე დარჩა საქართველოს გამგებლობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ-სომხური ტერიტორიული დავა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე ასევე უკავშირდებოდა არტაანის, ყარსის და ოლთისის მიწებს, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ეს ტერიტორიები დღეს არც სომხეთს და არც საქართველოს არ ეკუთვნის, ეს საკითხი ნაკლებად მნიშვნელოვანია ქართულ-სომხური საზღვრის ფორმირებისთვის.
ზაქათალის ოკრუგის საკითხთან დაკავშირებული დაძაბულობის შედეგად საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ (ასსრ) 1920 წლის 12 ივნისს აღსტაფაში სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვით საზღვარი ორ ქვეყანას შორის ბორჩალოსა და ყაზახის მაზრების საზღვრებზე, რომელიც იწყება სომხეთის ზონიდან, გადადის პოვერჩაშის მთაზე, შემდეგ გადაივლის ვარტიშის მთების გასწვრივ, შუაზე ჭრიდა წითელ ხიდს და ფოილოს ხიდს, შემდეგ გრძელდებოდა ძველი ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ზაქათალის ოკრუგის საზღვრამდე. ყაზახის მაზრაში რამდენიმე ნეიტრალური ზონა განისაზღვრა, სადაც ერთი წლით აიკრძალა ჯარების განთავსება და ფორტიფიკაციების მშენებლობა. ნეიტრალური ზონების მმართველობა აზერბაიჯანის ხელში რჩებოდა.
ეს დოკუმენტი ადასტურებდა რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების პუნქტს იმის თაობაზე, რომ ზაქათალის ოკრუგის სტატუსის გადაწყვეტა ერთობლივი კომისიის პრეროგატივას წარმოადგენდა,21 და რომ მოლაპარაკებაში ჩართული დელეგაციები ამ საკითხში ვერ შეთანხმდნენ. იგივე დოკუმენტით დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის სსრ-ს შორის. ხელშეკრულების რატიფიკაცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ ორი კვირის შემდეგ განხორციელდა.22
სამწუხაროდ, ეს ხელშეკრულება აღმოჩნდა უკანასკნელი შეთანხმება სასაზღვრო საკითხებზე, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაში დაიდო მეზობელ ქვეყანასთან. 1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა წითელ არმიასთან ბრძოლაში დამარცხდა და თბილისში საბჭოთა წყობილება დამყარდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად (სსსრ) გადაიქცა. მართალია, საქართველო-რუსეთის და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დიდი მონაკვეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ უკვე შეთანხმებული იყო, მაგრამ უღელტეხილების, ნეიტრალური ზონებისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზაქათალის საკითხის მოგვარება, რომელიც ერთობლივ კომისიას 1921 წელს უნდა გადაეჭრა, ასევე სასაზღვრო ხელშეკრულებების დადება სომხეთთან და თურქეთთან, საქართველოს სსრ-ის ახალი ბოლშევიკური მმართველობის ორგანოს – რევოლუციური კომიტეტის პრეროგატივა გახდა.
2. საბჭოთა მმართველობა
1921 წლის 12 თებერვალს ლორეს ნეიტრალურ ზონაში ადგილობრივი კომუნისტების აჯანყების საბაბით, წითელი არმიის საჯარისო ერთეულები საქართველოს საზღვრებში შემოიჭრნენ და ცამეტი დღის შემდეგ თბილისი დაიკავეს. თურქეთმა, რომელსაც სომხეთთან ომში უკვე დაბრუნებული ჰქონდათ 1878 წელს დაკარგული ტერიტორიების უდიდესი ნაწილი, ისარგებლა შემთხვევით და 1878 წელს დაკარგული ტერიტორიის ქართული ნაწილის დაბრუნებაც გადაწყვიტა. 22 თებერვალს, ანკარაში საქართველოს ელჩს აცნობეს, რომ თურქეთის ჯარები არტაანის და ართვინის დაპყრობას აპირებდნენ და მართლაც მეორე დღეს თურქეთის ჯარები შევიდნენ არტაანსა და ართვინში.23 11 მარტს, თურქებმა ბათუმიც დაიკავეს, რომელიც საქართველოს მხოლოდ ამიერკავკასიიდან ბრიტანეთის ჯარების საბოლოო გასვლის შემდეგ, 1920 წლის ივლისში დაუბრუნდა. მენშევიკებისა და საქართველოს ახალი ბოლშევიკური ხელმძღვანელობის ერთობლივი სამხედრო ქმედების წყალობით ექვსი დღის შემდეგ თურქები ბათუმიდან განდევნეს.
ამ დროს, 1921 წლის 16 მარტს, რუსეთის საბჭოთა ფედერაციულმა სოციალისტურმა რესპუბლიკამ და თურქეთის ქემალისტურმა დიდმა ეროვნულმა ყრილობამ, რომელთაც საკუთარ ქვეყნებში ლეგიტიმაციის პრობლემა ჰქონდათ, მოსკოვში „ძმობისა და მეგობრობის ხელშეკრულებას“ მოაწერეს ხელი. ეს ხელშეკრულება სხვა საკითხებთან ერთად ადგენდა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთის საზღვარს. ამ ხელშეკრულების პირველ მუხლში წერია რომ: „საზღვარი იწყება შავი ზღვის სანაპიროზე სოფ. სარფში, კვეთს ხედისმთას და გაუყვება შავშეთის და კანი-დაღის მთების წყალგამყოფ ხაზს. შემდეგ მიუყვება არტაანის და ყარსის სანჯაყის ჩრდილოეთ ადმინისტრაციულ ზოლს, მდ. არფა-ჩაის და არაქსს, და ყარა-სუს ქვედა დინებამდე აღწევს“.24 მეორე მუხლიც საქართველოს ტერიტორიას ეხებოდა: „თურქეთი თანახმაა საქართველოს დაუთმოს სუვერენიტეტი ქალაქ-პორტ ბათუმზე, აგრეთვე საზღვრის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიებზე, რომლებიც წინამდებარე ხელშეკრულების 1-ელ მუხლშია განსაზღვრული და რომლებიც ბათუმის ოლქის ნაწილს შეადგენენ....“.25 იმ ფაქტის გამო, რომ თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის ტერიტორია ფორმალურად დამოუკიდებელ საბჭოთა რესპუბლიკებს – საქართველოსა და სომხეთს ესაზღვრებოდა, მოსკოვის ხელშეკრულებას ამ სახელმწიფოებისთვის კანონიერი ძალა არ ჰქონდა. ამრიგად, მოსკოვში შეთანხმებული საზღვრების დასამტკიცებლად დიდი ეროვნული ყრილობის მთავრობამ და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკებმა 1921 წლის 13 ოქტომბერს ყარსში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მე-4 მუხლი ფაქტიურად მოსკოვის ხელშეკრულებაში განსაზღვრულ საზღვრებს ამტკიცებდა26 იმ განსხვავებით, რომ მისი I და II დანართები განასხვავებდა თურქეთ-საქართველოსა და თურქეთ-სომხეთის საზღვრებს.27 ყარსის ხელშეკრულება ძალაში 1922 წლის 11 სექტემბერს შევიდა, როდესაც მხარეებმა ერევანში სარატიფიკაციო სიგელები გაცვალეს.
ყარსის ხელშეკრულებით საქართველომ ბათუმის ოლქის ართვინისა და არტაანის მაზრები დაკარგა, რომლებსაც იგი სრულად აკონტროლებდა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის თანახმად ავტონომიური სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული28. დაიკარგა აგრეთვე ისტორიული ტაოს და ლაზეთის (ოლთისის მაზრა და ლაზისტანის სანჯაყი) სხვა ტერიტორიებიც, რომლებიც ერთა ლიგის მიერ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიად იყო აღიარებული, მაგრამ ვერასოდეს კონტროლდებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ. საინტერესოა, რომ ამ საზღვრის გადახედვის საკითხი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოტსდამის კონფერენციაზე კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში. 1945 წლის 22 ივლისს, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლოტოვმა განაცხადა, რომ ართვინის, არტაანისა და ყარსის ტერიტორიები საქართველოს და სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკებს უნდა დაბრუნებოდათ, რათა აღდგენილიყო ისტორიული სამართლიანობა.29 საბჭოთა გეგმას წინ აღუდგნენ ბრიტანეთისა და ა.შ.შ. დელეგაციები, რომლებიც ეჭვის თვალით უყურებდნენ საბჭოთა კავშირის გეგმებს ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. კავკასიაში ტერიტორიების დაბრუნების საკითხმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სსრკ-ის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი თემა იყო, თანდათან დაკარგა მნიშვნელობა და საბოლოოდ 1953 წლის მაისში სსრკ-მ თურქეთის მიმართ ყველა ტერიტორიული პრეტენზია მოხსნა.30 ამრიგად, საქართველო-თურქეთის საზღვარი საბოლოოდ დაფიქსირდა.
საკვირველია, მაგრამ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ყველა სასაზღვრო დავა მეზობლებთან (აზერბაიჯანი და სომხეთი) სწრაფად მოგვარდა, იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოთა საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა ყველა სადავო ტერიტორიაზე. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სტალინმა 1921 წლის ივლისში გამართულ კომუნისტური პარტიის კავკასიის ბიუროს სხდომაზე რამდენიმე მაღალჩინოსანს პარტიული კურსიდან ნაციონალიზმისკენ გადახვევის ბრალდება წაუყენა.
1921 წლის 5 ივლისს, ამიერკავკასიის რესპუბლიკების საშინაო საზღვრების დარეგულირებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოიცა დადგენილება საქართველოს სსრ-სა და აზერბაიჯანის სსრ-ს სასაზღვრო ზოლის შესახებ. დადგენილების 1-ელი პუნქტი ამტკიცებდა არსებულ საზღვარს თუ კი სხვაგვარად არ იქნებოდა განსაზღვრული სხვა მუხლებში. მე-2 პუნქტში კი ყარაიას ველის სტატუსი იყო განსაზღვრული, კერძოდ, იგი ყაზახის მაზრის გლეხების საკუთრებაში უნდა ყოფილიყო იმ პირობით, რომ ზუსტ საზღვრებს სპეციალური ერთობლივი კომისია განსაზღვრავდა. იგივე კომისიას დაევალა ელდარის ველის სტატუსის განსაზღვრა. მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს სს რესპუბლიკამ უარი განაცხადა ზაქათალის ოკრუგზე.31 კონფერენციის გადაწყვეტილების და სპეციალური ერთობლივი კომისიის მასალების საფუძველზე 1921 წლის 15 ნოემბერს საქართველოსა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკებმა სასაზღვრო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების თანახმად “საზღვრის ხაზი საქართველოსა და აზერბაიჯანის სსრ შორის განსაზღვრულია შემდეგნაირად: საზღვარი იწყება წითელ ხიდიდან, მიემართება ჩრდილოეთისკენ თორფან-თანისკენ, მიდის სწორი ხაზით, კვეთს მდ. მტკვარს და ქოზლუხის ტყის გავლით აღწევს ყარაიას სარწყავი სისტემის მე-17 რუს სამხრეთით ბოლომდე, საიდანაც იმავე მე-17 რუს დასავლეთის მხრიდან მიდის ჩრდილოეთის მიმართულებით და მოიცავს სოფელ შიხლის მცხოვრებთა მიერ დამუშავებულ ყველა მიმდებარე მიწას. შემდეგ საზღვარი მიემართება ჩრდილოეთისაკენ, მოიცავს ბეკ-ქიასიქის მამულს, კვეთს ჯანდარის ტბას, ტოვებს რა მის აღმოსავლეთ – აზერბაიჯანის სს რესპუბლიკის მფლობელობაში, ხოლო დასავლეთ ნახევარს საქართველოს სს რესპუბლიკის მფლობელობაში და მიემართება ჩრდილოეთისაკენ, ყირიშლის მთაზე, აღწევს ქეშიშ-გზეის მთამდე, ეშვება სამხრეთ-აღმოსავლეთით და მიემართება შიხლი-ქარავან-ელის უღელტეხილის გავლით, კვეთს დიდ გზას, უხვევს ჩრდილოეთისაკენ, ადის ლებსიზინდააზე, კვეთს არამ-დიარე ხრამს, შემოუვლის ქუთნას, აღწევს ყალაგერის მთამდე, მიდის მდინარე იორამდე, მასზე გაყოლებით კი ქესამალის მიჯნამდე და შემდეგ მიემართება სახელმწიფო საზღვრის გაყოლებით“.32 ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების მე-3 პუნქტით ძალაში შედის ზაქათალის ოკრუგთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საზღვრების რეგულირებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მიღებული დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად. ამ ხელშეკრულებამ საბოლოოდ გადაწყვიტა ზაქათალის ოკრუგის და ყარაიას ველის ბედი, რომლებიც აზერბაიჯანის სსრ-ის განუყოფელ ნაწილად იქცნენ. საქართველო-აზერბაიჯანის ახლანდელი საზღვარი თითქმის იდენტურია იმ საზღვრისა, რომელიც 1920 წელს შეთანხმდა აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით.
რაც შეეხება საქართველო-სომხეთის საზღვარს, 1921 წლის 6 ნოემბერს საქართველოს და სომხეთის სსრ-ებმა ხელი მოაწერეს სასაზღვრო ხელშეკრულებას, რომლის თანახმად საზღვარი „იწყება უჩ-თაფალარის მთაზე კლაკნილი ხაზით მიდის დასავლეთისაკენ აღმოსავლეთის 8456 სიმაღლემდე და აღწევს ორთულ-დაღის უღელტეხილს და ოქიუზ-დაღის მთას, შემდეგ ხაზი უხვევს ჩრდილო-დასავლეთისაკენ, შემდეგ აღმოსავლეთით, ტოვებს ჩრდილოეთით მადათის ტბას და სოფელ ტროიცკოეს, ხოლო სამხრეთით – ტატოი-ხარაბა, კარმირ-ხარაბა და დარ-ქეი და აღწევს დელი-დაღის მთას“.33 აქედან, საზღვარი ნეიტრალური ზონის ჩრდილოეთით გადიოდა, როგორც ეს 1919 წლის ხელშეკრულებაშია აღწერილი (იხ. ზემოთ). ამ ხელშეკრულებით, საბოლოოდ დადგინდა ლორეს ტერიტორიის სტატუსი, რომელიც საქართველოს სსრ-ის ხელმძღვანელობამ საბჭოთა სომხეთს გადასცა. ნეიტრალური ზონის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორია და ყოფილი ახალქალაქის მაზრის ტერიტორია საქართველოს სსრ-ის ფარგლებში დარჩა.
ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან საზღვრების დადგენის შემდეგ 1922 წლის 12 მარტს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სსრ-ებმა შექმნეს ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა (ასფსრ). 1922 წლის დეკემბერში ასფსრ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს (სსრკ) შეუერთდა როგორც დამფუძნებელი წევრი.
საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიის ავტონომიური ერთეულების გაუქმების და ჩრდილო კავკასიელი ხალხების შუა აზიაში დეპორტაციის გამო რამდენიმეჯერ შეიცვალა საქართველოს სსრ-ის ჩრდილოეთ საზღვარი რსფსრ-სთან. 1943 წელს, ყარაჩაის ავტონომიური ოლქი გაუქმდა და მისი ტერიტორია რსფსრ-ის სტავროპოლის მხარესა და საქართველოს სსრ-ს შორის გადანაწილდა. ანალოგიურად, 1944 წელს გაუქმდა რსფსრ-ის ჩეჩენ-ინგუშეთის ავტონომიური სსრ და მისი სამხრეთი ტერიტორია საქართველოს სსრ-ს გადაეცა. იმავე წელს ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური სსრ-ის სამხრეთ-დასავლეთის ნაწილი საქართველოს სსრ-ს ტერიტორიას შეუერთდა. ამ ცვლილებების შედეგად საქართველოს სსრ-ის ჩრდილოეთ საზღვარმა ჩრდილოეთ კავკასიაში გადაინაცვლა. თუმცა, ეს მდგომარეობა მალევე შეიცვალა. ჩრდილოეთ კავკასიიდან დეპორტირებული ერების რეპატრიაციისა და მათი ავტონომიური ერთეულების თანმიმდევრობით აღდგენის შემდეგ, დაიწყო საქართველოს მიერ 1943-44 წლებში მიღებული ტერიტორიების რსფსრ-თვის და მისი ავტონომიური ერთეულებისთვის დაბრუნება. ეს პროცესი 1955 წელს დაიწყო და 1957 წელს დასრულდა.
სსრკ-ს პერიოდში საქართველოს საზღვარმა სომხეთისა და აზერბაიჯანის სსრ-ებთან ძალზედ მცირედი ცვლილება განიცადა. ამიერკავკასიის სფსრ-ის გაუქმების შემდეგ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სსრ-ების ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტებმა 1938 წელს დაამტკიცეს ადმინისტრაციულ/რესპუბლიკური საზღვარი 1:500000 მასშტაბის ვერსტულ რუკაზე. 1945 წელს, მეტრული სისტემის ტოპოგრაფიული რუქების შემოღების შემდეგ, შეიქმნა ახალი 1:100000 მასშტაბის რუქები და საბჭოთა რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმებს მათი ხელახალი დამტკიცება სთხოვეს. საქართველო-სომხეთის ადმინისტრაციულ/ რესპუბლიკური საზღვარი 1963 წელს დამტკიცდა საქართველოს და სომხეთის სსრ-ების უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმების მიერ. რაც შეეხება საქართველო- აზერბაიჯანის საზღვარს, იგი მხოლოდ საქართველოს სსრ-მ დაამტკიცა. აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ახალი რუქის რატიფიკაციაზე უარი განაცხადა. ამრიგად, საქართველო საბჭოთა კავშირიდან იგივე საზღვრებით გამოვიდა, რომლებიც მას გააჩნდა სსრკ-ში შესვლისას.
3. მეორე დამოუკიდებლობის პერიოდი
1991 წლის 8 დეკემბრის მინსკის (ბელოვეჟის ტყე) ხელშეკრულება, რომელსაც სსრკ-ის სამი დამფუძნებელი წევრის – რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი, საბჭოთა კავშირის დასასრულის დასაწყისს ნიშნავდა. ლიდერებმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შექმნა გამოაცხადეს და სსრკ-ს სხვა რესპუბლიკებს მისი წევრობისკენ მოუწოდეს. ხელშეკრულების მე-5 მუხლით „მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა ...... აღიარეს და პატივს სცემენ თანამეგობრობის არსებული საზღვრების ხელშეუხებლობას“.34 1991 წლის 21 დეკემბერს ალმა-ათაში ხელმოწერილი ოქმის საფუძველზე ამ სამ რესპუბლიკას რვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაც შეუერთდა, საქართველოსა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკების გარდა. ალმა-ათის დეკლარაციით ოფიციალურად შეიქმნა დსთ და შესაბამისად, დაიშალა სსრკ.35 დეკლარაციის პრეამბულა ადასტურებს თანამეგობრობაში არსებული საზღვრების ხელშეუხებლობასა და პატივისცემას.36 აგრეთვე, დსთ-ის 1993 წელს მიღებული წესდება მხარს უჭერს საზღვრის ხელშეუხებლობის შესახებ დებულებას და მკაფიოდ აცხადებს რომ „დსთ“-ის წევრ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა დამყარებული იქნება სახელმწიფო საზღვრების ურღვევობაზე, არსებული საზღვრების აღიარებაზე და ტერიტორიის უკანონო მითვისების უარყოფაზე; სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე და უცხო ქვეყნის ტერიტორიის დაშლის მოტივით მიმართული ნებისმიერი მოქმედების აღკვეთაზე“.37 ალმა-ათის დეკლარაციის შედეგად თითოეული საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოს ჩათვლით გახდა დამოუკიდებელი იმ საზღვრებში, რომლებიც მათ 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით გააჩნდათ. 1992 წლის ივლისში, საქართველო გაეროს 179-ე წევრად მიიღეს. 1993 წლის დეკემბერში კი იგი დსთ-ს შეუერთდა. ისტორიის ირონია განმეორდა, რადგან გაერო-ში მიღებისას საქართველო ნაწილობრივ უკვე ვეღარ აკონტროლებდა საკუთარ საზღვრებს, მსგავსად 1921 წლის მდგომარეობისა, როდესაც საქართველომ კონსტიტუცია მიიღო.
დამოუკიდებლობის აღდგენამ კვლავ მოიტანა მეზობელ სახელმწიფოებთან საზღვრების დადგენის აუცილებლობა. 1992 წლის ივლისში, საქართველომ და თურქეთმა საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით სახმელეთო საზღვარი დაადასტურეს. თბილისში ხელმოწერილ ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ „მხარეები დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული ყარსის შეთანხმებით. მხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის“.38 ორ ქვეყანას შორის საზღვაო საზღვარი ოფიციალურად იქნა შეთანხმებული 1997 წლის ივლისში საქართველოსა და თურქეთის მთავრობების მიერ ხელმოწერილი ოქმის საფუძველზე. ოქმის მიხედვით მხარეებმა აღიარეს სსრკ-თურქეთის საზღვაო საზღვარი ტერიტორიული წყლების შესახებ 1973 წლის ხელშეკრულების, 1978 წლის კონტინენტური შელფის და 1980 წლის საზღვრის დემარკაციის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად.39 ამრიგად, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი საბოლოოდ დამტკიცდა, თუმცა დანარჩენ მეზობლებთან საზღვრის დადგენა ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემად გვევლინება.
მოლაპარაკებები დელიმიტაციის შესახებ
გასაკვირი არ არის, რომ კავკასიაში, სადაც რეგიონის ოთხივე ქვეყანა რუსეთი, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი პოსტ-საბჭოთა პერიოდში ტერიტორიულ ომში იყო ჩართული, საზღვრების დადგენა ძალიან მტკივნეული საკითხი აღმოჩნდა. საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობაც დარღვეულია დანარჩენი ორი მეზობელი ქვეყნის – რუსეთისა და სომხეთის მიერ. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ამ რთულ რეგიონში სასაზღვრო ხელშეკრულების დადებას დიდი ძალისხმევა და ძლიერი პოლიტიკური ნება ესაჭიროება.
გასაკვირია, რომ საქართველოს არც ერთ სტრატეგიულ დოკუმენტში, როგორებიცაა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საგარეო პოლიტიკის სტრატეგია და საფრთხეების შეფასება, არ არის ნახსენები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის აუცილებლობა. მხოლოდ 2008 წელს მიღებულ საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგიაშია აღნიშნულია, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს, რადგან მისი გაჭიანურება არა მარტო საზღვრის მართვაზე ახდენს გავლენას, არამედ ქვეყნის და რეგიონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს.40 ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტებში ამ საკითხის არარსებობა ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ საზღვრის დელიმიტაცია არ წარმოადგენდა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულ ამოცანას.
ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან საზღვრის დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკებები დამოუკიდებლობის აღდგენიდან მალე დაიწყო. 1993 წელს შეიქმნა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისია, 1994 წელს კი – საქართველო-აზერბაიჯანის და საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიები.41 რუსეთთან და აზერბაიჯანთან შექმნილმა კომისიებმა მუშაობა შექმნისთანავე დაიწყეს, ხოლო საქართველო-სომხეთის კომისიამ - ცოტა მოგვიანებით, მისი სომეხი წევრებისა და თავმჯდომარეების ხშირი ცვლილების გამო. ეფექტიანობის ასამაღლებლად 2006 წელს ეს სამი კომისია საქართველოს მხრიდან გაერთიანდა ერთ სახელმწიფო კომისიაში, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და შედგება ეროვნული უშიშროების საბჭოს, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის, ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების წარმომადგენლებისგან. მოლაპარაკებები სამივე მეზობელ ქვეყანასთან სხვადასხვანაირად წარიმართა.
მიუხედავად იმედისმომცემი პერსპექტივისა, რომ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდებოდა, რადგან 2008 წლის დასაწყისისთვის საზღვრის 894 კილომეტრიდან 768 კილომეტრი უკვე შეთანხმებული იყო, აგვისტოს ომმა და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამ მოლაპარაკებები გაურკვეველი ვადით – საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციამდე გადადო.42 აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობით რუსეთმა დაარღვია კომისიის დონეზე მიღწეული შეთანხმებები. ტერიტორიები, რომელთა შეთანხმება ექპერტთა დონეზე ვერ მოხერხდა, ეხებოდა სოფელ აიბღას (აფხაზეთი), სოფლებს ჭეროსა და ინცოხს (თუშეთი), ასევე დარიალის ხეობის გვირაბებსა (ლარსის სასაზღვრო საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან) და სოფელ ფიჭვების (შატილთან) მონაკვეთებს.43 2011 წლის მარტში, რუსეთმა კვლავ წამოსწია სოფელ აიბღას საკითხი, ამჯერად რუსეთ-აფხაზეთის დელიმიტაციის კომისიის წინაშე, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდეგ შეიქმნა. რუსეთის წარმომადგენლებმა აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთით მდ. ფსოუზე განლაგებული სოფ. აიბღას გადაცემა მოითხოვეს. საბჭოთა პერიოდში ეს სოფელი ორად იყო გაყოფილი. მისი სამხრეთი ნაწილი საქართველოს ეკუთვნოდა, ჩრდილოეთი კი – რუსეთს. აღსანიშნავია, რომ აიბღა სტრატეგიულად ახლოსაა სოფელ კრასნაია პოლიანასთან, სადაც 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები უნდა გაიმართოს. გადაუმოწმებელი წყაროების თანახმად, რუსეთმა ასევე მოითხოვა რიწის ტბის მიმდებარე 160 კვ. კილომეტრი ფართობის ტერიტორია გაგრის რაიონში.44 აფხაზური მხარე დაჟინებით ითხოვდა საბჭოთა დროინდელ საზღვრებს და მას შემდეგ რაც მათ წარმოადგინეს დოკუმენტაცია, რომლის თანახმად სოფ. აიბღას სამხრეთის ტერიტორია საქართველოს სსრ-ს ეკუთვნოდა, რუსეთის დელეგაციამ მოხსნა პრეტენზია. ბუნებრივია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ჩიხური ურთიერთობის ფონზე შეუძლებელი იქნება უახლოეს პერიოდში ქართულ-რუსული სასაზღვრო შეთანხმების მიღწევა.
აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები ასევე ნელი ტემპით ვითარდებოდა, თუმცა გარკვეული შედეგი მაინც გამოიღო. კომისიებმა საზღვრის 458 კილომეტრიდან 302 კილომეტრზე მიაღწიეს შეთანხმებას. კომისიის ერთ-ერთი წევრის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ სამართლებრივ მიდგომაზე, რომ საზღვრის დელიმიტაცია განხორციელდება 1938 წელს ორმხრივად დამტკიცებული ადმინისტრაციული საზღვრის ხაზის შესაბამისად. თუმცა, საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე ფაქტიური მდგომარეობა განსხვავდება იმისგან რაც სამართლებრივად არის დადგენილი. როგორც ქართული მხარე აცხადებს, „საჭიროა კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის ტერიტორიების გაცვლა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით აზერბაიჯანული მხარე მზად არ არის ასეთი შინაარსის გადაწყვეტილების მისაღებად“.45 ყველაზე უფრო პრობლემური სადავო ტერიტორიებია სოფელი ერისიმედი სიღნაღის რაიონში და დავით გარეჯის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ბერების სენაკები, ფრესკებიანი მღვიმეები და ჩიჩხიტურის კოშკია განლაგებული. დავით გარეჯის უდიდესი კულტურული და რელიგიური მნიშვნელობის გამო ქართულმა მხარემ შესთავაზა საზღვრის ამ მონაკვეთის სხვა ტერიტორიებში გაცვლა, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ანალოგიურად, სოფელი ერისიმედი, რომელიც აჭარელი ეკომიგრანტებით არის დასახლებული, ალაზნის კალაპოტის შეცვლის გამო მდინარის მარცხენა სანაპიროზე მოექცა. ვინაიდან, საზღვარი მდინარის გასწვრივ გადიოდა, მარცხენა სანაპირო ადმინისტრაციულად აზერბაიჯანს ეკუთვნის. ქართული მხარის თანახმად, აზერბაიჯანს დღემდე არ წამოუყენებია საკუთარი წინადადება სადავო მიწების საკითხის გადასაჭრელად და ბოლო დროს მოლაპარაკებები მინავლდა.
კიდევ ერთ მეზობელ სახელმწიფოსთან – სომხეთთან მოლაპარაკებები ასევე ნელა ტემპით მიმდინარეობს. დღეისათვის კომისიებს შეთანხმებული აქვთ საზღვრის 225 კილომეტრიდან 160 კილომეტრი. სამართლებრივი თვალსაზრისით, საქართველო-სომხეთის საზღვარი ყველაზე ნაკლებად პრობლემურია. იგი დამტკიცებულია ორმხრივად 1938 წელს, შეთანხმებულია მხარეთა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმების მიერ 1945 წელს და 1958-63 წლებში. დღეისათვის, საზღვრის დაცვა ხორციელდება ამ ხაზის მიხედვით.
ქართული მხარის განცხადებით, საქართველო ეთანხმება ამ საზღვრებს, მაგრამ სომხური მხარე ეფუძნება 1929-35 წლების არასრულყოფილ მასალას და საქართველოსგან ამ პერიოდში თითქოს დაკარგული ტერიტორიის კომპენსაციას მოითხოვს. ამრიგად, სომხეთი საზღვრის დანარჩენი 6 მცირე მონაკვეთის თაობაზე შეთანხმებას აჭიანურებს46. ქართული მხარის თანახმად, სომხეთის მიდგომა მოკლებულია სამართლებრივ და ტექნიკურ არგუმენტაციას და მიუღებელია საქართველოს კომისიისთვის.
ერთის მხრივ რუკებსა და დოკუმენტებს შორის არსებული შეუთავსებლობა და მეორეს მხრივ ფაქტობრივი მდგომარეობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე აბრკოლებს დელიმიტაციის შესახებ სრულმასშტაბიანი შეთანხმების მიღწევას. 2008 წელს დაიწყო საზღვრის მონაკვეთებზე ახალი 1:10000 რუკების მომზადება ახალი გეოდეზიური მოწყობილობების და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რამაც შესაძლოა მოლაპარაკებებს ახალი ბიძგი მისცეს. საქართველო-სომხეთის საზღვრის რუკები მხარეების მიერ სავარაუდოდ 2012 წლის ბოლოს უნდა დამტკიცდეს. საქართველომ ახალი რუკები აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთზეც შეიმუშავა, მაგრამ ეს ჯერჯერობით მხოლოდ ცალმხრივ ქმედებად რჩება და ჯერჯერობით მათზე შეთანხმების პერსპექტივა არ ჩანს. გასაგები მიზეზების გამო, რუსეთის საზღვრისთვის ასეთი რუკები არ მომზადებულა.
ცალსახად იკვეთება, რომ მხარეებს განსაკუთრებული ინტერესი გააჩნიათ ცალკეული მონაკვეთების მიმართ. სამივე შემთხვევაში დელიმიტაციის პროცესის ხელშემშლელი გარემოება პოლიტიკური მიზეზები და არა ექსპერტთა დონეზე არსებული შეუთანხმებლობაა. ხშირად გაცხადებულის საწინააღმდეგოდ, პრაქტიკულად არ იკვეთება პოლიტიკური ნება და მზადყოფნა.47
დასკვნა
საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდმა და გასაბჭოების პირველმა წელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს დღევანდელი საზღვრების ფორმირებაში. ფაქტიურად, 1921 წლის ნოემბრის შემდეგ საქართველოს საზღვრები არ შეცვლილა. სამხრეთ-დასავლეთი საზღვრის ამჟამინდელი სახით ჩამოყალიბება განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა: პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე საქართველომ ვერ მოიპოვა მოკავშირეების მხარდაჭერა საკუთარი ნაწილობრივ გადაჭარბებული ტერიტორიული პრეტენზიების თაობაზე და ვერ დაიცვა სადავო ტერიტორია თურქეთის სამხედრო ინტერვენციისგან. რაც შეეხება სადავო საზღვრებს სამხრეთ კავკასიელ მეზობლებთან, საბჭოთა საქართველოს მთავრობამ პარტიული კურსიდან ნაციონალიზმისკენ გადახვევის ბრალდების შიშით ზაქათალის ოკრუგი და ყარაიას ველი აზერბაიჯანს გადასცა, ლორეს სექტორი კი – სომხეთს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის გადაცემულ ტერიტორიებზე ქართული მოსახლეობა უმცირესობას შეადგენდა, ან თითქმის არ ცხოვრობდა. მიუხედავად მცირე ცვლილებებისა, რომლებსაც საბჭოთა პერიოდში ადმინისტრაციული საზღვრების დადგენისას ჰქონდა ადგილი, საქართველომ დამოუკიდებლობა იგივე საზღვრებში დაიბრუნა, რომლებიც მას სსრკ-ში შესვლისას ქონდა.
დამოუკიდებლობის აღდგენიდან 21 წლის შემდეგ საქართველოს ჯერ კიდევ არ შეუთანხმებია სახელმწიფო საზღვარი სამ მეზობელ სახელმწიფოსთან. როგორც ეს კვლევა გვიჩვენებს, ეს ორი მიზეზით არის განპირობებული. პირველი, რომ საზღვრის დელიმიტაცია არ წარმოადგენდა სახელმწიფოს პრიორიტეტულ ამოცანას, რადგან არც ერთ სტრატეგიულ დოკუმენტში არ არის იგი მოხსენიებული, გარდა საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგიისა, რომელიც სულ ახლახანს – 2008 წელს არის მიღებული. თუმცა, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიამ მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა 1990-იან წლებსა და ამ საუკუნის დასაწყისში და გარკვეულ პროგრესსაც მიაღწია.
მეორე დამაბრკოლებელი ფაქტორია პოლიტიკური ნების არარსებობა ამ პრობლემის დროულად გადასაჭრელად. მოლაპარაკებები თვითდინებაზეა მიშვებული. ქართული მხარის განცხადებებიდან ჩანს, რომ საქართველო მზად არის გამოამჟღავნოს პოლიტიკური ნება და წავიდეს კომპრომისზე ტერიტორიების გაცვლასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც ჩანს ამ თემაზე კონსენსუსი არ არსებობს. შედეგად, საზღვრების დელიმიტაციის პერსპექტივა ბუნდოვანია. ამ მხრივ უმძიმესი მდგომარეობაა რუსეთთან მიმართებაში, რადგან ძნელი წარმოსადგენია, რომ რუსეთი უარს იტყვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე და უახლოეს მომავალში დეოკუპაციის პროცესს დაიწყებს. ამიტომ, საქართველოს ჩრდილოეთის საზღვრის თაობაზე შეთანხმება დროის განუსაზღვრელი ვადით არის გადადებული.
რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების პროცესი შენელდა, დიპლომატიური რესურსები არ არის ამოწურული და დარჩენილ მონაკვეთებზე შეთანხმება მიღწევადია, რადგან ფუნდამენტური უთანხმოება არცერთ ქვეყანასთან არ იკვეთება. სახელმწიფო კომისიის წევრები იზიარებენ იმ აზრს, რომ თუ საქართველო მოახერხებს ერთ-ერთ ქვეყანასთან საზღვრის დელიმიტაციას, ეს ავტომატურად დააჩქარებს მეორე ქვეყანასთან შეთანხმების მიღწევას ურთიერთობებში წონასწორობის შესანარჩუნებლად.48 შესაბამისად, არსებობს მომდევნო ორი წლის განმავლობაში სომხეთთან და აზერბაიჯანთან საზღვრის იურიდიულად გაფორმების რეალური პერსპექტივა, იმ შემთხვევაში თუ მხარეები გამოიჩენენ პოლიტიკურ ნებას დელიმიტაციის პროცესის დასასრულებლად.
შენიშვნები
4 ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება, 3 მარტი, 1918.
5 ფრანც ფონ ლისტი, საქართველოს რესპუბლიკის უფლებები, ტფილისი, 1918,: აკაკი ბაქრაძე, ისტორიული რარიტეტები, თბილისი, 1989
6 ა. სურგულაძე, პ. სურგულაძე, საქართველოს ისტორია, თბილისი, 1991, გვ. 196
7 როინ მეტრეველი, საქართველოს ისტორია, ლექსიკონი, თბილისი 1979, გვ. 114
8 ა. სურგულაძე, პ. სურგულაძე, საქართველოს ისტორია, თბილისი 1991 , გვ. 221
9 ა. სურგულაძე, პ. სურგულაძე, საქართველოს ისტორია, თბილისი 1991 , გვ. 218
10 ა. სურგულაძე, პ. სურგულაძე, საქართველოს ისტორია, თბილისი 1991 , გვ. 380
11 ავთანდილ მენთეშაშვილი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთთან და ანტანტის სახელმწიფოებთან ურთიერთობის ისტორია 1918-1921 (რუსულ ენაზე), თბილისი, 2000, გვ . 86
12 1920წ. 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება: მანანა ხვედელიძე, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი კონსტიტუციებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებში, თბილისი, 1999. გვ. 8.
13 1920წ. 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება: მანანა ხვედელიძე, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი კონსტიტუციებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებში, თბილისი, 1999. გვ 8.
14 ივანე ჯავახიშვილი, საქართველოს საზღვრები, თბილისი, 1919: აკაკი ბაქრაძე , ისტორიული რარიტეტები, თბილისი, 1989
15 რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმება, : მანანა ხვედელიძე, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი კონსტიტუციებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებში, თბილისი, 1999. გვ. 17
16 ავთანდილ მენთეშაშვილი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთთან და ანტანტის სახელმწიფოებთან ურთიერთობის ისტორია 1918-1921 (რუსულ ენაზე), თბილისი, 2000, გვ. 61
17 აკაკი რამიშვილი, ჩვენი შეცდომები 1918-1921, თბილისი, 2000, გვ. 29.
18 Andersen, Andrew and Egge, Georg, Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century, http://www.conflicts.rem33.com/images/Georgia/Armeno-Georgian War18 E.html
19 Andersen, Andrew and Egge, Georg, Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century, http://www. conflicts. rem33. com/images/Georgia/Armeno-Georgian War18 E.html
20 ავთანდილ მენთეშაშვილი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთთან და ანტანტის სახელმწიფოებთან ურთიერთობის ისტორია 1918-1921 (რუსულ ენაზე), თბილისი, 2000, გვ. 86
21 სამშვიდობო ხელშეკრულება სდრ-სა და ასსრ-ს შორის: მანანა ხვედელიძე საქართველოს სახელმწიფო საზღვარი კონსტიტუციებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებში, თბილისი, 1999. გვ. 19-22.
22 მანანა ხვედელიძე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი, გეოგრაფიული და პოლიტიკური ასპექტები, თბილისი, 2000. გვ. 35
23 Mango, Andrew, Atatuerk, London, 2004, p.310
24 1921 წ. 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულება, http://www. deutscharmenischegesellschaft. de/?page-id=2407
25 1921 წ. 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულება, http://www.deutscharmenischegesellschaft. de/?page_id=2407
26 ყარსის ხელშეკრულება, მუხლი 4: მანანა ხვედელიძე საქართველოს სახელმწიფო საზღვარი კონსტიტუციებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებში, თბილისი, 1999. გვ.36
27 ყარსის ხელშეკრულება, დანართი I, : მანანა ხვედელიძე საქართველოს სახელმწიფო საზღვარი კონსტიტუციებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებში, თბილისი, 1999. გვ.42
28 სდრ 1921 წლის კონსტიტუცია, მუხლი 107, www.tbappeal.court.ge/upload/r_848.pdf
29 პოტსდამის სამი ლიდერის კონფერენცია – სსრკ, აშ.შ. და დიდი ბრიტანეთი (რუსულ ენაზე), მოსკოვი, 1984, გვ. 135-136.
30 სსრკ მთავრობის განცხადება თურქეთის მთავრობისადმი, 30 მაისი, 1953, www.obraforum.ru/pdf/fourth.pd გვ.109
31 მანანა ხვედელიძე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი, გეოგრაფიული და პოლიტიკური ასპექტები, თბილისი, 2000. გვ. 42
32 მანანა ხვედელიძე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი, გეოგრაფიული და პოლიტიკური ასპექტები, თბილისი, 2000. გვ. 51
33 მანანა ხვედელიძე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი, გეოგრაფიული და პოლიტიკური ასპექტები, თბილისი, 2000. გვ. 48
34 1991 წ. 8 დეკემბრის მინსკის ხელშეკრულება: Zbigniew Brzezinski, Paige Sullivan „Russia and the Commonwealth of Independent States: Documents, Data, and Analysis“, CSIS, 1997
35 1991 წ. 21 დეკემბრის ალმა-ათის დეკლარაცია http:// lcweb2.loc. gov/frd/cs/belarus/by_appnc.html.
36 1991 წ. 21 დეკემბრის ალმა-ათის დეკლარაცია http://lcweb2.loc.gov /frd/cs/belarus/by_appnc.html.
37 დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წესდება: Zbigniew Brzezinski, Paige Sullivan Russia and the Commonwealth of Independent States: Documents, Data, and Analysis”, CSIS, 1997.
38 საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულება, 30 ივლისი, 1992: მანანა ხვედელიძე საქართველოს სახელმწიფო საზღვარი კონსტიტუციებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებში, თბილისი, 1999. გვ.108
39 მანანა ხვედელიძე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი, გეოგრაფიული და პოლიტიკური ასპექტები, თბილისი, 2000. გვ. 128
40 საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგია, 2008, თავი 5.1
41 ინტერვიუ საქართველოს დელიმიტაციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფის უფროსთან.
42 საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგია, 2012, თავი 5.2
43 ინტერვიუ საქართველოს დელიმიტაციის კომისიის წევრებთან
44 ინალ ხაშიგი, „უპირობო ჩიხი“, ჟურნალი „ლიბერალი“, 14 აპრილი, 2011
45 ინტერვიუ საქართველოს დელიმიტაციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფის უფროსთან.
46 ინტერვიუ საქართველოს დელიმიტაციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფის უფროსთან.
47 ინტერვიუ საქართველოს დელიმიტაციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფის უფროსთან.
48 ინტერვიუ საქართველოს დელიმიტაციის კომისიის წევრებთან.
 

Комментариев нет:

Отправить комментарий