ახალი საარქივო მასალის მიხედვით. ხ. ბაინდურაშვილი
1801 წელს რუსეთმა ქართლ-კახეთში მეფის ხელისუფლება გააუქმა და იგი თავის გუბერნიად გამოაცხადა, რითაც ბოლო მოუღო ქართულ სახელმწიფოებრიობას. 1811 წელს რუსეთიმა გააუქმა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა და იგი რუსეთის სინოდს დაუქვემდებარა. საქართველოს ეკლესიას სათავეში ჩაუდგა რუსეთის სინოდის განყოფილება – დიკასტერია. კათოლიკოსობის ნაცვლად კი შემოიღეს ეგზარქოსის თანამდებობა.1
1801 წლის შემდეგ რუსეთი აქტიურად შეუდგა ჭარ-ბელაქანში ფეხის მოკიდებისათვის ნიადაგის მომზადებას, რადგან ამ მხარეს სტრატეგიულად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმპერიისათვის, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით: სავაჭრო გზა – თბილისი-შემახა-ბაქო ჭარ-ბელაქანზე გადიოდა.
1844 წლის 12 ნოემბერს საქართველოს ეკლესიის ეგზარქოსად დაინიშნა ისიდორე ნიკოლსკი (1844-1858). მის მოღვაწეობის დროს მოხდა არაერთი ქართული ტაძრის (თბილისის სიონის, ალავერდის ტაძრის, სამთავროს, მარტყოფის, ქვათახევის და სხვ.) განახლება. ეგზარქოსი ყურადღებას აქცევდა განათლებას. მისი თაოსნობით მცხეთაში ქალთა, ხოლო გურიაში, ჯუმათში ვაჟთა სასულიერო სასწავლებლები გაიხსნა. ეგზარქოსის ინიციატივით 1849 წელს შეიქმნა ბიბლიის ქართული თარგმანის შემსწორებელი პირველი კომიტეტი. ისიდორე კოვალსკიმ 1849 წელს პლატონ იოსელიანს ათონის მთიდან 978 წელს გადაწერილი ოშკის ბიბლია ჩამოატანინა და ორი (ზოგი ინფორმაციით კი სამი) პირი გადააწერინა.2 ეგზარქოსი დიდ ყურადღებას უთმობდა ოსეთის სასულიერო კომისიის საქმიანობას. მისი ინიციატივით 1851 წელს ხელახლა გაიხსნა საეკლესიო კათედრა აფხაზეთში. ისიდორე ნიკოლსკი იყო ერთ-ერთი ინიციატორი კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების შექმნისა. იგი ხელს უწყობდა საეკლესიოსამონასტრო მიწების ხაზინისათვის გადაცემას –სეკულარიზაციას. 1858 წელს ისიდორე ნიკოლსკი კიევის მიტროპოლიტად გადაიყვანეს და თავისი მოღვაწეობა იქ გააგრძელა.3
საინგილოსთან დაკავშირებით ქართულ ისტორიოგრაფიაში არაერთი საინტერესო ნაშრომი არსებობს,4 რომლებიც ძირითადად განიხილავს ამ მხარის სოციალურ-ეკონომიკურ და ისტორიულ ვითარებას. წინამდებარე სტატიის მიზანია ახალი საარქივო მასალის მიხედვით ვაჩვენოთ ცარიზმის პოლიტიკა ჰერეთის მოსახლეობის მიმართ XIX საუკუნის 40-იან წლებში, რაც თავისთავად განსაზღვრავდა საქართველოს საეგზარქოსოს რელიგიურ პოლიტიკას და ქმედით ღონისძიებებს ინგილოთა შორის მართლმადიდებლობის აღდგენის საქმეში.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლურ საცავში ნომრით ღოს – 155 დაცულია ორი წერილი: ერთი 1847 წლის 22 სექტემბრით დათარიღებული და მეორე 1853 წლის იანვრით დათარიღებული დოკუმენტები. ორივე მათგანი ეკუთვნის საქართველოს ეგზარქოსს – ისიდორეს (წერილებს ვაქვეყნებთ შესაბამისი თარგმანით).
აღნიშნული წერილები ძალზედ საინტერესო და მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს იმდენად, რამდენადაც კარგად ასახავს რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლებისა და საქართველოს საეგზარქოსოს პოლიტიკას ჰერეთის ტერიტორიაზე საკუთარი ხელისუფლების განმტკიცების და აქ ქრისტიანობის ხელახალი გავრცელების შესახებ.
როს – 155-ის ორივე წერილის ადრესატი ნუხის მღვდელი ხუციევია. პირველი წერილი წარმოადგენს ეგზარქოს ისიდორეს მიერ ხუციევისადმი გაგზავნილ საიდუმლო ინსტრუქციას, სადაც დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ და რა თანმიმდევრობით უნდა მომხდარიყო ინგილოთა დაბრუნება მუსლიმობიდან მართლმადიდებლობაზე. ხელნაწერი შეადგენს შვიდ გვერდს. იგი დაწერილია თბილისში. საიდუმლო ინსტრუქცია შედგება შვიდი პუნქტისა და რამდენიმე ქვეპუნქტისაგან. თითოეული პუნქტი მკაფიოდ გამოხატავს საქართველოს ეგზარქოსის ინტერესს კონკრეტული საკითხისადმი, ამ ინტერესის მიზეზს და იქვე იძლევა მოსალოდნელი შედეგის პროგნოზს.
წერილის შესავალში საქართველოს ეგზარქოსი ნუხის მღვდელს, ხუციევს ატყობინებს, რომ ნუხთან ახლოს მცხოვრები ინგილო ტომები ამ ტერიტორიაზე ქართველ მეფეებს დაუსახლებიათ აქ საზღვრის დაცვის მიზნით. ეს მოსახლეობა კი დროთა განმავლობაში იძულებული გახდა ისლამი ეღიარებინა, თუმცა საიდუმლოდ ქრისტიანობას მისდევდნენ. დოკუმენტში ვკითხულობთ: ნუხთან ახლოს ცხოვრობენ ინგილოთა ტომები, რომელთა წინაპრები თითქოსდა ქართველები5 (იგულისხმება ქრისტიანი, – ხ. ბ.) იყვნენ. ისინი ქართველმა მეფეებმა აქ დაასახლეს, რათა დაეცვათ ქვეყნის საზღვარი. მათ ლეკებისაგან ძალდატანებით ისლამი აღიარეს, მაგრამ დღემდე აქვთ ეკლესიები.6
XVIII ს. 20-იან წლებიდან ოსმალთა ბატონობის ხანაში საქართველოს ჩამოსცილდა ჭარ-ბელაქანი (საინგილო).7 მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ფიზიკური გადარჩენის მიზნით ისლამი აღიარა, თუმცა ხშირი იყო ფარული ქრისტიანობის შემთხვევებიც.8 აღნიშნულ პერიოდში ჭარ-ბელაქანში გავრცელებული იყო და მოსახლეობაზე დიდ გავლენას ახდენდა განსაკუთრებით რეაქციული მუსლიმური მოვლენა მიურიდიზმი. მოლები და მიურიდები ოსმალეთის წაქეზებით აშკარად თუ ფარულად სდევნიდნენ ყოველივე ქრისტიანულს. ამ მხრივ ურთულესი ვითარება შეიქმნა XVIII საუკუნის ბოლოდან, როდესაც აღნიშნულ პროცესებს ოსმალეთიდან მართავდა ცნობილი მუსლიმი სასულიერო პირი შეიხ-მანსური, იგივე უშურმა. ეს პიროვნება იყო რეაქციონერი მუსლიმი, რომელიც ფართო აგენტურული ქსელის მეშვეობით იღებდა ინფორმაციას და იძლეოდა შესაბამის დირექტივებს, რომელთა ნაწილი აშკარად, ნაწილი კი საიდუმლოდ უნდა განეხორციელებინათ. ამ დროს ქართული ენა ოჯახებშიც კი იდევნებოდა (ეს პროცესი მხოლოდ XIX საუკუნის 50-60-იან წლებში შეჩერდა, როდესაც ინგილოთა გაქრისტიანება დაიწყო).9
რუსეთისათვის ჭარ-ბელაქანი კავკასიის დაპყრობის ერთ-ერთი უბანი იყო. 1801 წლის შემდეგ რუსეთი აქტიურად შეუდგა აქ ფეხის მოკიდებისათვის ნიადაგის მომზადებას. ჭარ-ბელაქანში გამაგრება ცარიზმს უქმნიდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ უპირატესობას, უადვილებდა კავკასიის მთიელებზე იერიშის მიტანას და ირანის წინააღმდეგ ბრძოლას.10 რუსეთის ხელისუფლების ჩინოვნიკები ჯერ კიდევ 1806 წლიდან გეგმავდნენ და ამუშავებდნენ ჭარ-ბელაქნის დაპყრობის სტრატეგიას, რაც გულისხმობდა აქედან ლეკების გადასახლებას რუსეთში და მათ ადგილზე რუსების ჩასახლებას. ეს კარგად ჩანს ოფიცერ ლოფიცკის მიერ პეტერბურგში 1806 წლის 30 აპრილს წარდგენილ მოხსენებაში.11 რუსეთის ეს პოლიტიკური მოსაზრება კი ეწინააღმდეგებოდა ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა შეხედულებებს, რომლებიც აქ ქართველობის (ქრისტიანობის) აღდგენას ითხოვდნენ.12
ჯერ კიდევ 1801 წ. აპრილში, როდესაც რუსეთის იმპერიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სახელმწიფო საბჭოში საბოლოოდ წყდებოდა ქართლ-კახეთის სამეფოს ბედი, ქართველმა ელჩებმა: ელიაზარ ფალავანდიშვილმა და გიორგი ავალიშვილმა საიმპერატორო კარს წარუდგინეს ნოტა, სადაც სხვა მრავალ მნიშვნელოვან საკითხთა გვერდით გარკვეული ადგილი ეთმობოდა ჭარ-ბელაქნის საკითხს. ნოტაში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ჭარელები ეთნიკურად ქართველები იყვნენ და ლეკებმა ისინი ძალით გაამუსლიმეს.13
1822 წელს საინგილოში საქართველოს ეგზარქოსის იონას გადაწყვეტილებით (ინგილოთა წარმომადგენლების თხოვნის შემდეგ, რომლებმაც ქრისტიანობაზე დაბრუნების სურვილი გამოთქვეს) გაიგზავნა ორი მქადაგებელი. მუსლიმმა სასულიერო პირებმა მათ მისიონერულ საქმიანობას დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს.
1826 წელს საინგილოში მყოფი პოლკოვნიკი კოცებუ აღნიშნავდა, რომ: ინგილო ხალხის თითქმის მთელი ნახევარი საიდუმლოდ იცავს ქრისტიანულ სარწმუნოებას, რადგან მოლები, რომლებიც მებატონე სოფლებს დაუყენებიათ, სასტიკად უთვალთვალებენ მუსლიმურ წეს-ჩვეულებათა დაცვას. ინგილოური სოფლების მამასახლისები ხშირად გულახდილად მარწმუნებდნენ, რომ თუ მათ მიწაწყალზე რუსთა რაზმები მუდმივ სამყოფელად გამოჩნდებიან, მათი სოფლები აშკარად დაუბრუნდებიან მამაპაპურ აღსარებას და მეჩეთების ნაცვლად ეკლესიებს ააშენებენ.14
აშკარაა, რომ საქართველოს ეგზარქოსი ისიდორე კარგად იცნობს კოცებუს, იაიშნიკოვის და ქართველი ელჩების ნოტებსა და რაპორტებს, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებას გარკვეული პერიოდულობით წარედგინებოდა ამ მხარეში არსებული ისტორიული და თანამედროვე მდგომარეობის შესახებ. საქართველოს ეგზარქოსი ინფორმირებულია ინგილოთა შორის არსებული სურვილით ქრისტიანობაზე მოქცევის შესახებ და დაინტერესებულია იმ სოციალური და იდეოლოგიური ფონით, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელი იყო ჭარ-ბელაქანში ქრისტიანობის ქადაგებისათვის. ხაზგასასმელია ის სიფრთხილე და დიპლომატია, რომელსაც ეგზარქოსი ამ საკითხთან დაკავშირებით ავლენს. დოკუმენტიდან ვიტყობთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობდნენ რუსეთის იმპერიის ინფორმატორები, რაც ხელს უწყობდა შესაბამისი სტრუქტურების ადგილზე ეფექტურ მუშაობას. წერილში ვკითხულობთ:
...ზოგმა მათგანმა (იგულისხმებიან ინგილოები, – ხ. ბ.) საიდუმლოდ გამოთქვა სურვილი მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე მოქცევის შესახებ. როგორც სხვა შემთხვევაში, აქაც ხომ არ შევხვდებით მუსლიმთაგან წინააღმდეგობას. შეიძლება გავარკვიოთ, ხომ არ გამოიწვევს მუსლიმი მოსახლეობის გაღიზიანებას აქ მართლმადიდებელი სარწმუნოების ღიად ქადაგება და ხომ არ გააძლიერებს იგი მათში მუსლიმურ ფანატიზმს.15
XIX ს. მთელ მანძილზე, თითქმის 70-იან წლებამდე, მეფის მთავრობა საქართველოსა და ზოგადად ამიერკავკასიაში ქრისტიანობის დაცვის ლოზუნგით მოქმედებდა. აღმოსავლეთ კახეთში რუსეთის მმართველობა თავიდანვე გამოეხმაურა ქართველი ინგილოების ინტერესებს.16 რუსეთის ხელისუფლებამ კარგად იცოდა, რომ რელიგიური საკითხით მანიპულირება გრძელვადიან გეგმებში, ხელსაყრელ შედეგებამდე მიიყვანდა.
ჭარ-ბელაქანში რუსეთის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი ოსმალეთის ხელისუფლებას უყურადღებოდ არ რჩებოდა, რომელიც აქ საკუთარი ინტერესების დასაცავად აქტიურად იყენებდა ისლამს. 1829 წელს დაღესტნიდან ჭარში ჩამოსახლდა მიურიდიზმის ცნობილი მქადაგებელი ჰაჯი-იაჰია, რომელიც მუსლიმ მოსახლეობას წმინდანად მიაჩნდა. მისი აქ მოღვაწეობის შედეგი იყო ის, რომ 1830 წელს ჭარ-ბელაქნის მოსახლეობა რუსეთის წინააღმდეგ აჯანყდა, თუმცა მოსახლეობის ნაწილმა რუსეთის მხარე დაიჭირა. შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობდა რუსებსა და მიურიდებს შორის. ამ დროს მოღვაწეობდნენ ცნობილი მიურიდი იმამები ყაზი-მოლა, ჰამზათ-ბეგი, შეიხ-შაბანი. ეს უკანასკნელი მუსლიმი მოსახლეობისადმი თავის მოწოდებაში – განედევნათ რუსები და აღედგინათ შარიათის კანონები, წყევლიდა ინგილო მოსახლეობას, რომელიც მათ მხარეს არ დადგა. დაღესტანს რუსეთის წინააღმდეგ აქეზებდა ოსმალეთი. დაღესტანი კი თავის აგენტებს აგზავნიდა ჭარ-ბელაქანში. მიურიდიზმის გააქტიურება განსაკუთრებით 1828-1829 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ხდება.17 1830 წ. რუსეთმა ხანგრძლივი ომის შემდეგ შეძლო ჭარ-ბელაქანში თავისი მმართველობის შემოღება.18
1831 წელს საქართველოს საეგზარქოსომ საინგილოში კვლავ გაგზავნა ხუთი მისიონერი, მაგრამ იმ დროს იქ არსებულმა დაძაბულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ მათი მოღვაწეობა ისევ შეაფერხა.19
1834 წლიდან მიურიდებს სათავეში ჩაუდგა შამილი.20 მიურიდების გაძლიერება დიდ ზეგავლენას ახდენდა ჭარბელაქანზე, სადაც მათ ბევრი მომხრე ჰყავდათ. რუსეთით უკმაყოფილო მუსლიმური სამღვდელოება და ფეოდალთა ნაწილი ჭარში შამილის გამოჩენას ელოდნენ. ჭარის მთავარმმართებელი გენერალი შვარცი 1842 წელს წერილით საქართველოს მთავარმმართებელ გოლოვინისაგან ითხოვდა „აუცილებელი სერიოზული შეტევის განხორციელებას“, რაც ვერ მოხერხდა. 1843 წელს რუსეთის მმართველობას კავკასიაში სერიოზული საფრთხე შეექმნა.21
1844 წელსაც ჭარ-ბელაქანში რუსეთისათვის არა სახარბიელო მდგომარეობა რჩებოდა. რუსების მთავრობას ერთგულებდნენ მხოლოდ ინგილოები და მუღალები, თუმცა მათზე ჭარელ ლეკთა გავლენა ჯერ კიდევ ძლიერი იყო.22 1847 წელს მოლა შაბან-ჭარელი და ბელადი ადალოვი ჭარში ჩავიდნენ და სოფელი კატეხი ააჯანყეს. ამას თან ერთვოდა შამილის რაზმების შემოტევები.23 ჭარში 1852 წლამდე ძალზედ დაძაბული ვითარება იყო. დოკუმენტის როს-155-ის (1847 წლის წერილი) მიხედვით, საქართველოს ეგზარქოსი დაინტერესებული იყო ინგილოთა სოციალური ფენებით, მოსახლეობის ტომის უხუცესების ვინაობით, მათი ავტორიტეტითა და გავლენით. ეგზარქოსი დაინტერესებულია არსებული რელიგიური ფონის შესწავლით. აინტერესებს, ინგილოები რამდენად ღრმადმორწმუნეები არიან და რამდენად იცავენ მუსლიმურ წეს-ჩვეულებებს. ეგზარქოსს სურს მიიღოს ინფორმაცია ინგილოთა მხრიდან ქრისტიანობისადმი დამოკიდებულების შესახებ და შესაძლებელია თუ არა მათთან მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე დაბრუნების შესახებ საუბარი. წერილში ვკითხულობთ:
საჭიროა: 1) საიდუმლოდ [გავარკვიოთ] რა საზოგადოებრივ ფენებად იყოფა ინგილოთა ტომი? ვინ არიან [ტომის] უხუცესები, რა აზრისანი არიან ქრისტიანობაზე, როგორც უხუცესები, ისე მათ დაქვემდებარებაში მყოფი მოსახლეობა? სად არის მათი მეჩეთი? მათი მოლები ადგილობრივები არიან, თუ დროდადრო მოდიან და [თუ მოდიან] საიდან? წინააღმდეგობას უწევენ თუ არა მოლები მოსახლეობის მიერ ქრისტიანულის მსგავსი ტრადიციების შესრულებას – მარხვის დაცვას და ზოგიერთი ქრისტიანული დღესასწაულის აღნიშვნას, თუ ამას გულგრილად უყურებენ? ინგილოთაგან კონკრეტულად ვის სურს მამაპაპათა რელიგიაზე [მართლმადიდებლობაზე] მოქცევა და აქვთ თუ არა რაიმე წონა [ავტორიტეტი] მოსახლეობაში? ხომ არ სურთ ვინმეს [დეკანოზთაგან], აღზარდოს შვილი თბილისში ხაზინის ხარჯზე, რომლის შემდეგაც ისინი ინგილოების მღვდლები გახდებიან. რა თქმა უნდა, დასმულ შეკითხვაზე პასუხების შეგროვება ერთბაშად ვერ მოხერხდება. აჩქარებას არც ვითხოვთ... უფრო მეტიც, წერილის მიღებისთანავე ნუ დაიწყებთ ინფორმაციის შეგროვებას, მხოლოდ რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ მიეცით მას კერძო ცნობისმოყვარეობის სახე [და ისე გამოიკითხეთ ამბები] და არა როგორც უფროსის დავალება.24
ეგზარქოსი დეტალურად სწავლობს ჰერეთში არსებულ ვითარებას. მისი ინტერესის მიღმა არც სამხედრო გარნიზონი და მისი ხელმძღვანელობა რჩება. იგი მღვდელ ხუციევს პირდაპირ მოუწოდებს, რომ მან ნუხის სამხედრო ხელმძღვანელთან დაამყაროს კარგი ურთიერთობა, რაც შემდგომში მისგან სასურველი ინფორმაციის მოძიებას გაუადვილებდა. შეეცადეთ: ა) დაიმსახუროთ ნუხთა სამხედრო ხელმძღვანელის კეთილგანწყობა და დროთა განმავლობაში გამოჰკითხეთ, თუ ვინ არიან ინგილოთა და ელისუს სოფლების ჩინოვნიკები? ინგილოები ლეკებთან მტრულ თუ კეთილმეზობლურ ურთიერთობაში არიან? იქ მყოფი ჩინოვნიკები რა სარწმუნოების არიან: მართლმადიდებლები, კათოლიკეები, ლუთერანები თუ მუსლიმები? არიან თუ არა ისინი რაიმე ფორმით ნუხების სამხედრო ხელმძღვანელზე დამოკიდებული? იცის თუ არა მან [ნუხების სამხედრო ხელმძღვანელმა] რომ ინგილოები წარმოშობით ქართველები არიან, რომ მათ სურთ, მაგრამ უჭირთ გაქრისტიანება, და შეიძლება თუ არა იმედი ვიქონიოთ, რომ მათ ოდესმე ეს მოლოდინი შეუსრულდებათ? როგორია ამის თაობაზე სამხედრო ხელმძღვანელის აზრი?25 ეგზარქოსი ისიდორე მღვდელ ხუციევს სთხოვს შესაძლებლობისთანავე გაიცნოს ნუხის სამხედრო ნაწილის მღვდელი და მისგან შეიტყოს, თუ რომელ დღეებში ჩამოდიოდნენ ინგილოები ნუხში სავაჭროდ და ვისთან ჰქონდათ ურთიერთობა. ეგზარქოსი ადრესატისაგან ითხოვდა ინგილოებთან კონტაქტის დამყარებას და მათი კეთილგანწყობის მოპოვებას, რათა შემდგომში შესაძლებელი გამხდარიყო მათთან რელიგიურ თემაზე საუბარი. წერილიდან ირკვევა, რომ ეგზარქოსს ურთიერთობა არ აქვს ნუხის სამხედრო ნაწილის მღვდელთან. ბ) თუ შესაძლებლობა მოგეცემათ, გაიცანით სამხედრო ნაწილის მღვდელი და მისგან გაარკვიეთ რაც საჭიროა: გ) გაიგეთ რომელ დღეებში ჩამოდიან ინგილოები ნუხში სავაჭროდ და ვისთან რჩებიან ბინაზე, გაიცანით ამ სახლების პატრონები, რათა მათთან მისვლისას ინგილოებთან საუბრის საშუალება გქონდეთ. დ) იმ ინგილოებს, ვისაც გაიცნობთ, ეცადეთ გულთბილად მოექცეთ, მიიწვიეთ ისინი სტუმრად თქვენთან სახლში, დაეხმარეთ ყველაფერში, რაც მათ დასჭირდებათ ქალაქში, უშუამდგომლეთ ჩინოვნიკებთან და ა.შ. და როცა მათ ნდობას მოიპოვებთ, მაშინ დაიწყეთ მათთან საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვწუხვართ ჩვენ, რომ [ინგილოთა] წინაპრები ძალით ჩამოაშორეს ქრისტიანობას, რომლის კვალი მათში დღემდეა შემორჩენილი. და რომ ხელისუფლებაც და მთელი საქრისტიანო ძალიან გაიხარებდა თუ ღმერთი გამოუგზავნიდა მათ სურვილს, რომ კვლავ მამა-პაპათა სარწმუნოებას დაუბრუნდებოდნენ. თუ ასეთი საუბარი მათში გაღიზიანებას გამოიწვევს, არავითარ შემთხვევაში მათთან კონფლიქტში არ შეხვიდეთ და თავმდაბლად უპასუხეთ, რომ ჩვენ ვილოცებთ, რათა ღმერთმა მათი გონება და გული გაანათოს და ასე შეწყვიტეთ მათთან საუბარი. [ამის შემდეგაც] არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ მათთან გულისხმიერი და თბილი დამოკიდებულება.26
საიდუმლო წერილიდან ირკვევა, რომ საქართველოს ეგზარქოსს წინასწარ მოფიქრებული და კარგად გაანალიზებული ჰქონდა ჰერეთის მოსახლეობის ხელახლა გაქრისტიანების გეგმა და ისიც, თუ რა ფორმალური მხარის გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო იგი. ამ პროცესებში საექზარქოსო, როგორც წესი, რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებდა.
გაქრისტიანების მსურველთათვის აუცილებლობას წარმოადგენდა, თხოვნით მიემართათ კავკასიის მთავარმმართებლისათვის, რომლის თანხმობის შემდეგაც მონათვლისათვის საჭირო ხარჯებს სახელმწიფო ხაზინა დაფარავდა. საკითხისადმი ამგვარი დამოკიდებულება ცალსახად მიანიშნებს, რომ სახელმწიფო დაიცავდა ჰერეთის ხელახლა გაქრისტიანებულ მოსახლეობას, თუმცა, პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, საეგზარქოსო მიზანშეწონილად მიიჩნევდა, რომ თავდაპირველად მონათლულებს გაქრისტიანების შესახებ არაფერი ეთქვათ.
ამით შესაძლებელი იყო რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილი კონფრონტაციის თავიდან აცილება. დოკუმენტში ვკითხულობთ:
თუ ვინმე გაქრისტიანების მსურველი გამოჩნდება, ურჩიეთ მათ, რომ ფოსტით გამოაგზავნონ ნუხების თხოვნა კავკასიის მთავარმართებლის წინაშე, გაქრისტიანების ყველა მსურველის ხელმოწერით და დაარწმუნეთ ისინი, რომ მღვდლები მათგან არანაირ თანხას [გასამრჯელოს] არ აიღებენ და ყველა საეკლესიო ხარჯებს მათთვის ხაზინა გაიღებს.
თუ ვინმე ნუხში ისურვებს მონათვლას, ასწავლეთ მას მოკლე სწავლება მაცხოვრის ცხოვრებისა და წმინდა სამების შესახებ, ასწავლეთ მათ ათი მცნება და ლოცვები და მონათლეთ ისინი ხელისუფლებისაგან რაიმე განსაკუთრებული ნებართვის გარეშე. მონათლულები დაარწმუნეთ, რომ ადგილზე დაბრუნებისას საიდუმლოდ შეინახონ თავიანთი გაქრისტიანების ამბავი, რათა თავი აარიდონ ურწმუნოთაგან დევნას, ... თითოეულის მონათვლა ჩაწერეთ [საეკლესიო] მეტრიკაში.27
ეგზარქოსი ისიდორე, ვითარების გართულების შემთხვევაში, ხუციევს სთხოვს, რომ დამოუკიდებლად ნუ მიიღებს გადაწყვეტილებას და მხოლოდ მისი ინსტრუქციით იმოქმედოს. ინგილოები საქართველოს ჩამოშორებულნი კვლავ მუსლიმური მოსახლეობის გარემოცვაში რჩებოდნენ და აშკარად და ოფიციალურად ქრისტიანობის აღიარებას დიდი სიძნელეები ხვდებოდა. გარდა ამისა, თვით რუსეთის მთავრობა, გარკვეული ხნის განმავლობაში, XIX ს. 50-60-იან წლებამდე, სანამ იგი დაღესტნელი ტომების და საერთოდ კავკასიის საბოლოო დაპყრობისათვის იბრძოდა, ერიდებოდა ჭარ-ბელაქანში ქრისტიანობის გავრცელებისათვის რაიმე პრაქტიკული ღონისძიების გატარებას, იმ მიზნით, რომ ამით მას არ გამოეწვია ჭარ-ბელაქანში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის უკმაყოფილება. იგი ამ მხარეში ქრისტიანობის ღია პროპაგანდას ჯერ-ჯერობით ნაადრევად თვლიდა. ქრისტიან ინგილოთა რიცხვის ზრდა შესამჩნევი ხდება მხოლოდ 1850 წლიდან. ამ წელს სოფელ კახიდან თბილისში გამოცხადდა რვა ინგილო, რომელთაც სურვილი გამოთქვეს ქრისტიანული სარწმუნოების მიღებაზე. მათი თხოვნა მეფისნაცვალმა ვორონცოვმა დააკმაყოფილა და ისინი სიონის ტაძარში მონათლეს. ამის შემდეგ ქრისტიანობის გავრცელებამ განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში – ყოფილ ელისუს სასულთნოში.28 1850 წლიდან ქრისტიანობის გავრცელებამ უფრო ფართო ხასიათი მიიღო. 1851 წელს 1200 გამუსლიმებულმა ქართველმა საინგილოდან მიიღო ქრისტიანობა.29 1853 წლის 9 იანვრის ვორონცოვის ბრძანებით მონათლული ინგილოები გათავისუფლდნენ კომლობრივი გადასახადებისაგან.30
ამ პროცესების შედეგი იყო ის, რომ ზაქათალაში 1863 წელს მოხდა ცნობილი აჯანყება, როდესაც მიურიდულმა რეაქციამ ჯიჰადის დროშით დაიწყო ინგილოთა დევნა-შევიწროება. მიზეზი კი იქ დაწყებული გაქრისტიანების პროცესი იყო. მუსლიმებთან შედარებით ქრისტიანებს მეტი პრივილეგიები ჰქონდათ რუსულ მმართველობაში და ისინი ხელმძღვანელ თანამდებობებზეც ინიშნებოდნენ, რაც მუსლიმებთან დაკავშირებით იშვიათად ხდებოდა. ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებულ ცალკეულ პოლიტიკურ ერთეულებში მეფის რუსეთი სასტიკად კრძალავდა მხოლოდ ტყვე ქრისტიანებით ვაჭრობას. მუსლიმურ რაიონებში ქრისტიანობის გავრცელებისა თუ აღდგენის დროს საიმპერატორო ხელისუფლება ამსუბუქებდა ახალმონათლულთა მდგომარეობას და ზოგჯერ მათ ხარჯზე ბეგრავდა მუსლიმებს.
როგორც ვხედავთ, ინგილოთა კვლავ გაქრისტიანების პროცესი უპირისპირდებოდა რეაქციულ მიურიდიზმს, რაც, თავის მხრივ, იმართებოდა ოსმალეთიდან. ეს კი დიდ სირთულეებს წარმოშობდა. ამიტომაცაა ასე ფრთხილი ეგზარქოს ისიდორეს აღნიშნული ინსტრუქცია. ჩანს, საინგილოში მიმდინარე პროცესები ეგზარქოსს პირად კონტროლზე ჰქონდა და საერო ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებდა.
1845 წელს პეტერბურგში დაარსდა რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოება, სადაც არსებობდა ეთნოგრაფიული განყოფილება. აქ მოღვაწეობდნენ რუსეთის იმპერიაში ცნობილი მეცნიერები. აღნიშნული საზოგადოების არსებობას და მის სამეცნიერო მუშაობას დიდი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. გეოგრაფიული საზოგადოების ეთნოგრაფიული განყოფილება ახდენდა რუსეთის იმპერიის მიერ ახლადშემოერთებულ ტერიტორიებზე მოსახლე ხალხებისა და ეთნიკური ჯგუფების შესწავლას ეთნოგრაფიული, ანთროპოლოგიური, რელიგიური და პოლიტიკური თვალსაზრისით. სამეცნიერო კვლევის შედეგებს, თავის მხრივ, სწავლობდა საიმპერატორო ხელისუფლება და მნიშვნელოვან ანგარიშსაც უწევდა. კვლევის შედეგები მათ ეხმარებოდა რელიგიური პოლიტიკის და დიპლომატიის სწორად დაგეგმვასა და წარმართვაში.
1850 წელს რეგიონის მნიშვნელობიდან გამომდინარე თბილისში დაარსდა რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილება. როს-155-ის 1853 წლის 6 იანვრით დათარიღებული მეორე წერილიც, როგორც აღვნიშნეთ, ეგზარქოს ისიდორეს ეკუთვნის და მისი ადრესატი კვლავ ევსტაფი ხუციევია. წერილიდან ირკვევა, რომ საქართველოს ეგზარქოსი აქტიურად ეცნობა რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კვლევებს და თანამშრომლობს მათთან. ისიდორე ნიკოლსკი ფლობს ამ საზოგადოების ინფორმაციას სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი ძველი, მკვიდრი მოსახლეობის – უდიების წარმომავლობის შესახებ და დაინტერესებულია აღნიშნული საკითხით.
წერილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეგზარქოს ნიკოლსკის უდი მოსახლეობის წარმომავლობის გარკვევასთან დაკავშირებით ხშირი მიმოწერა ჰქონდა ხუციევთან. ამ საკითხის გარშემო ინფორმაციის მოძიებაში ხუციევს ეხმარებოდა ვინმე ჩოლოყაევი, რომელიც ნუხში არ ცხოვრობდა და იქ კონკრეტული დავალების შესასრულებლად უნდა ჩასულიყო. საქართველოს ეგზარქოსი ხუციევს სთხოვს, რომ მან უფრო სრული ინფორმაცია მოიძიოს უდიების წარმომავლობის, რელიგიური კუთვნილების, ცხოვრების წესის შესახებ. აინტერესებს მათი ანთროპოლოგიური მონაცემები, ხასიათის შტრიხები და მათი შესაძლო მსგავსება-ნათესაობა ებრაელებთან თუ სხვა ხალხებთან. ეგზარქოსის მხრიდან განსაკუთრებული დაინტერესება იგრძნობა იმ გადმოცემის შესახებ, რომლის მიხედვითაც ვართაშენში (ნუხთან ახლოს) მოკლულ იქნა წინასწარმეტყველი ელისე, ხოლო ნუხში მისი სამი მოწაფე. ეს ინფორმაცია თავდაპირველად მოიპოვა პეტერბურგის ეთნოგრაფიულმა საზოგადოებამ. ნიკოლსკი ცდილობს ამ თქმულების სინამდვილეში საკუთარი არხების საშუალებით დარწმუნდეს. ცხადია, თუ რატომ ენიჭებოდა აღნიშნულ ინფორმაციას დიდი მნიშვნელობა. რუსეთის სასულიერო ხელისუფლება ამ ლეგენდას ერთ-ერთ დამატებით კომპონენტად გამოიყენებდა ინგილო და უდ მოსახლეობაში მართლმადიდებლობის აღდგენის საქმეში, თუნდაც მუსლიმ სასულიერო პირებთან და მოსახლეობასთან ურთიერთობისას.
ზემოთ განხილული ორივე წერილი არის თვალსაჩინო და საინტერესო მაგალითი XIX საუკუნის 40-50-იან წლებში რუსეთის საერო და რელიგიური პოლიტიკის წარმოებისა ახლად შემოერთებულ ტერიტორიებზე საკუთარი პოზიციების გასამყარებლად. ამ ამოცანის გადასაწყვეტად კი საჭირო იყო ჭარ-ბელაქანში ქრისტიანობის გავრცელება. რისთვისაც დიდი სიფრთხილე და წინდახედულება იყო საჭირო. ეგზარქოს ისიდორეს წერილებიდან ირკვევა, რომ ჭარ-ბელაქანში რუსეთის ხელისუფლების ფართო აგენტურული ქსელი მოქმედებდა, რომელში მონაწილეობას სამღვდელოებაც იღებდა. მიუხედავად სამისიონერო მოღაწეობის თავდაპირველი წარუმატებლობისა, რუსეთის იმპერიის საერო და სასულიერო ძალების ერთობლივმა მოქმედებამ მაინც მიაღწია გარკვეულ შედეგს ინგილოთა კვლავ გაქრისტიანების საქმეში.31
დანართი: 1.
როს – 155 ეგზარხოს ისიდორეს წერილი (საიდუმლო ინსტრუქცია) ინგილოების მუსლიმობიდან მართლმადიდებლობაზე დაბრუნების შესახებ /თბილისი. 1847 წ. 22 სექტემბერი. 7 გვ. წერილის ადრესატია ნუხეთის მღვდელი ე. ხუციევი.
თარგმანი
ნუხის მღვდელს ე. ხუციევს. საიდუმლო ინსტრუქცია.
ნუხთან ახლოს ცხოვრობენ ინგილოთა ტომები, რომელთა წინაპრები თითქოსდა ქართველები იყვნენ, რომელებიც ქართველმა მეფეებმა აქ დაასახლეს, რათა დაეცვათ ქვეყნის საზღვარი. მათ ლეკებისაგან ძალდატანებით ისლამი აღიარეს, მაგრამ დღემდე აქვთ ეკლესიები რამდენიმე საეკლესიო ჭურჭლით, და არიან მღვდლების შთამომავლები დეკანოზები, და ასრულებენ მათთვის ზოგიერთ რიტუალს. ზოგმა მათგანმა ცალ-ცალკე, საიდუმლოდ გამოთქვა სურვილი მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე მოქცევის შესახებ. რამდენად ბევრია ასეთი. ხომ არ შევხვდებით მუსლიმთაგან ქრისტიანობის აღორძინებისას რაიმე სახის წინააღმდეგობას. თუ შეიძლება გავარკვიოთ, ხომ არ გამოიწვევს მუსლიმი მოსახლეობის გაღიზიანებას აქ მართლმადიდებელი სარწმუნოების ღიად ქადაგება და ხომ არ გააძლიერებს იგი მათში მუსლიმურ ფანატიზმს. და ხომ არ მიმართავს მოსახლეობა ლეკებს თავიანთი სარწმუნოების დასაცავად. ეს გარემოებები და არსებული მდგომარეობა მოითხოვს უდიდეს სიფრთხილეს მართლმადიდებლური სამღვდელოებისაგან. ამისათვის საჭიროა [ჩვენი განზრახვა] შესაფერის დრომდე საიდუმლოდ შევინახოთ. საჭიროა:
1) საიდუმლოდ [გავარკვიოთ] რა საზოგადოებრივ ფენებად იყოფა ინგილოთა ტომი? ვინ არიან [ტომის] უხუცესები, რა აზრისანი არიან ქრისტიანობაზე როგორც უხუცესები, ისე მათ დაქვემდებარებაში მყოფი მოსახლეობა? სად არის მათი მეჩეთი? მათი მოლები ადგილობრივები არიან თუ დროდადრო მოდიან, და [თუ მოდიან] საიდან? წინააღმდეგობას უწევენ თუ არა მოლები მოსახლეობის მიერ ქრისტიანულის მსგავსი ტრადიციების შესრულებას – მარხვის დაცვას და ზოგიერთი ქრისტიანული დღესასწაულის აღნიშვნას, თუ ამას გულგრილად უყურებენ? ინგილოთაგან კონკრეტულად ვის სურს მამაპაპათა რელიგიაზე [მართლმადიდებლობაზე] მოქცევა და აქვთ თუ არა რაიმე წონა [ავტორიტეტი] მოსახლეობაში? ხომ არ აქვთ შიში დეკანოზებს, რომ ისინი ხალხისაგან შემოსავალს დაკარგავენ. ხომ არ სურთ ვინმეს დეკანოზთაგან, აღზარდოს შვილი თბილისში ხაზინის ხარჯზე, რომლის შემდეგაც ისინი ინგილოების მღვდლები გახდებიან. რა თქმა უნდა, დასმულ შეკითხვაზე პასუხების შეგროვება ერთბაშად ვერ მოხერხდება. აჩქარებას არც ვითხოვთ. უფრო მეტიც, წერილის მოღებისთანავე ნუ დაიწყებთ ინფორმაციის შეგროვებას, მხოლოდ რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ მიეცით მას კერძო ცნობისმოყვარეობის სახე და არა როგორც უფროსის დავალება. ამისათვის საჭიროა:
2. შეეცადეთ:
ა) დაიმსახუროთ ნუხთა სამხედრო ხელმძღვანელის კეთილგანწყობა და დროთა განმავლობაში გამოჰკითხეთ, თუ ვინ არიან ინგილოთა და ელისუს სოფლების ჩინოვნიკები? ინგილოები ლეკებთან არიან მტრულ თუ კეთილმეზობლურ ურთიერთობაში? იქ მყოფი ჩინოვნიკები რა სარწმუნოების არიან: მართლმადიდებლები, კათოლიკეები, ლუთერანები თუ მუსლიმები? არიან თუ არა ისინი რაიმე ფორმით ნუხეთის სამხედრო ხელმძღვანელზე დამოკიდებული? იცის თუ არა მან, რომ ინგილოები წარმოშობით ქართველები არიან, რომ მათ სურთ, მაგრამ უჭირთ გაქრისტიანება, და შეიძლება თუ არა იმედი ვიქონიოთ, რომ მათ ოდესმე ეს მოლოდინი შეუსრულდებათ? როგორია ამის თაობაზე სამხედრო ხელმძღვანელის აზრი? ბ) თუ შესაძლებლობა მოგეცემათ გაიცანით სამხედრო ნაწილის მღვდელი და მისგან გაარკვიეთ რაც საჭიროა: გ) გაიგეთ რომელ დღეებში ჩამოდიან ინგილოები ნუხში სავაჭროდ და ვისთან რჩებიან ბინაზე, გაიცანით ამ სახლების პატრონები, რათა მათთან მისვლისას ინგილოებთან საუბრის საშუალება გქონდეთ. დ) იმ ინგილოებს, ვისაც გაიცნობთ, ეცადეთ გულთბილად მოექცეთ, მიიწვიეთ ისინი თქვენთან სახლში სტუმრად, დაეხმარეთ ყველაფერში, რაც მათ დასჭირდებათ ქალაქში, უშუამდგომლეთ ჩინოვნიკებთან და ა. შ. და როცა მათ ნდობას მოიპოვებთ, მაშინ დაიწყეთ მათთან საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვწუხვართ ჩვენ, რომ [მათი] წინაპრები ძალით ჩამოაშორეს ქრისტიანობას, რომლის კვალი მათში დღემდეა შემორჩენილი. და რომ ხელისუფლებაც (მეფის რუსეთი) და მთელი საქრისტიანო ძალიან გაიხარებდა, თუ ღმერთი გამოუგზავნიდა მათ სურვილს, რომ კვლავ მამა-პაპათა სარწმუნოებას დაბრუნებოდნენ. თუ ასეთი საუბარი მათში გაღიზიანებას გამოიწვევს, არავითარ შემთხვევაში მათთან კონფლიქტში არ შეხვიდეთ, და თავმდაბლად უპასუხეთ, რომ ჩვენ ვილოცებთ, რათა ღმერთმა მათი გონება და გული გაანათოს და ასე შეწყვიტეთ მათთან საუბარი. ამის შედეგაც არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ მათთან გულისხმიერი და თბილი დამოკიდებულება. ე) თუ ვინმე გაქრისტიანების მსურველი გამოჩნდება, ურჩიეთ მათ, რომ გამოაგზავნონ ნუხების ფოსტით თხოვნა კავკასიის მეფისნაცვლის წინაშე, გაქრისტიანების ყველა მსურველის ხელმოწერით და დაარწმუნეთ ისინი, რომ მღვდლები მათგან არანაირ თანხას (გასამრჯელოს) არ აიღებენ და ყველა საეკლესიო ხარჯებს მათთვის ხაზინა გაიღებს. ვ) თუ ვინმე ნუხში ისურვებს მონათვლას, ასწავლეთ მას მოკლე სწავლება მაცხოვრის ცხოვრებისა და წმინდა სამების შესახებ, ასწავლეთ მათ ათი მცნება და ლოცვები და მონათლეთ ისინი ხელისუფლებისაგან რაიმე განსაკუთრებული ნებართვის გარეშე. მონათლული დაარწმუნეთ, რომ ადგილზე დაბრუნებისას საიდუმლოდ შეინახოს თავისი გაქრისტიანების ამბავი, რათა თავი აარიდოს ურწმუნოთაგან დევნას, და, რომ ყოველ დილა-საღამოს ილოცოს აღმოსავლეთის მიმართულებით. დაიცვას მარხვა და სიწმიდე ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ უყვარდეს ღმერთი და თავისი ახლობლები. მარხვის პერიოდში ჩამოვიდნენ ნუხში აღსარების სათქმელად და წმიდა სამებასთან მის დასაახლოვებლად [ზიარებისათვის]. თითოეულის მონათვლა ჩაწერეთ [საეკლესიო.] მეტრიკაში.
3) ნუ დაელოდებით როდის შეაგროვებთ ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას. მოგვაწოდეთ ისინი პერიოდულად რაპორტების სახით, თუ რა პასუხები იქნება თითოეულ დასმულ შეკითხვაზე (იგულისხმება ზემოთ ჩამოთვლილი კითხვები, – ხ. ბ.).
4) თუ რამე გართულებას ექნება ადგილი, ჩემგან დაუკითხავად ნუ მიიღებთ რაიმე სახის გადაწყვეტილებას და დაელოდეთ ჩემს ინსტრუქციებს.
5) თუ ინგილოები მოითხოვენ თქვენს ჩასვლას მათ სოფელში, გადაწყვეტილება არ მიიღოთ ჩემი ნებართვის გარეშე.
6) ნუხიდან თუ ვინმე ქართველი ან კეთილმოსურნე სომეხი საინგილოში წავა სავაჭროდ, შეიძლება ისინი გამოვიყენოთ საჭირო ინფორმაციის მიღების იარაღად. მაგრამ მანამდე საჭიროა კარგად გავიცნოთ ეს ადამიანები და მათ სანდოობაში და გულწრფელობაში დავრწმუნდეთ.
7) ეს ინსტრუქცია არავისთვის არ უნდა იყოს ცნობილი. ისიდორე. საქართველოს ეგზარქოსი. სექტემბერი 22.
1847. ტფილისი. როს.-155.
II წერილის თარგმანი.
1853 წლის 6 იანვარი. საქართველოს ეგზარქოსის ისიდორეს წერილი მღვდელ ევსტაფის [ხუციევს].
ევსტაფი! შეეცადეთ დაასრულოთ თქვენზე დაკისრებული დავალება [უდიებთან] დაკავშირებით. დაიბარეთ ჩოლოყაევი ნუხში და მასთნ ერთად შეუდექით დავალების შესრულებას. პეტერბურგის ეთნოგრაფიული საზოგადოება აცხადებს, რომ 1) უდიები [იგივე ხალხია], რაც ჰუნები, უდიებისათვის ცნობილია თუ არა ჰუნების სახელი? 2) რომ უდიებში არის გადმოცემა, თითქოს ვართაშენში მოკლულ იქნა წინასწარმეტყველი ელისე, ხოლო [ნუხში] მისი სამი მოწაფე მოკლეს – სიმართლეა თუ არა ეს? 3) რომ უდიებმა [იციან] მორდოველებთან ნათესაობის შესახებ, [...] და იციან თუ არა უდიებმა რამე [მორდოველთა] შესახებ? სასურველია, რომ აღწეროთ უდიების გარეგნობა – ფერი, სახის [იერი?], სიმაღლე, ხასიათი. [გაიგეთ], ნუხში ისინი რამდენნი არიან. ხომ არ იციან მათ ებრაელებთა თავიანთი მსგავსების შესახებ? რომელი ტომების [გარემოცვაში] ცხოვრობენ – ებრაელების თუ თათრების? რას ეძახიან მათ თათრები, რას სომხები და ებრაელები? ხომ არ იციან უდიებმა [სად ლაპარაკობენ მათ ენაზე?]. ან ხომ არ იციან ამის თაობაზე ებრაელებმა; დაკავებულებმა [...] ვაჭრობით? ხომ არ გადაუკვეთავთ როდისმე [ ] უდიებს სხვა ადგილებში, და სახელდობრ სად? შეკრიბეთ [ ] სმე საკუთარი სახელები და გვარები, ქრისტიანულ სახელებისგან დამოუკიდებლად. გამოკითხეთ ჩოლოკაევს, გაგარკვიოთ მათ ადათებში დატირებისას [ ] ნიშნობის წინ, დაკრძალვისა და ქორწინების ჩვეულებებში. აიძულეთ ის ახსნას რა [ ] არ იციან. ამბობენ, რომ კავკასიასთან [ახლოს] ვართაშენის ჩრდილოეთით, არის დასახლება უდიების მსგავსი. მართალია თუ არა? ჰკითხეთ ვინმე მცხოვანს, ხომ არ იციან მათ შესახებ რაიმე? ხომ არ იციან იქაურმა ებრაელებმა რაიმე სოფლებზე გადმოცემა ზეპირი ან წერილობითი, [...] და ვინ ცხოვრობდა იქ მანამდე?
[მოკლე პასუხი-] თუ ისმის [ ] ანდა [მოიძიეთ, ... იპოვეთ პასუხი] თუმცა [მცდარი] ან [...] მაგრამ [...] თუ მოხდება [ ] მასთან ან მათ დაღესტნელები ან სპარსელები, [ ], ხომ არ გამოვიყენოთ [ ] სიტყვა [?] რასაც შეიტყობთ, მაცნობეთ. [ ] თქვენი კურთხევა.
ისიდორე საქართველოს ეგზარქოსი.
იანვარი, 1853.
შენიშვნები
1. პირველი ეგზარქოსი იყო ვარლამი - ქსნის ერისთავთა ოჯახის წევრი, II იყო თეოფილაქტე რუსანოვი.
2. ილ. ფერაძე, საქართველოს ექსარხოსები, „მოგზაური“, #4, ტფ. გვ. 359. მელიქიშვილი, ნ. ნარკვევები ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ისტორიიდან, I, გვ. 80.
3. ხუციშვილი, მ. ისიდორე, ქსე., V, 1980, გვ. 228.
4. პაპუაშვილი, თ. საინგილოს ისტორიის ნარკვევები, თბ., 2008, მისივე, ჭარ-ბელაქანი, ისტორიული ნარკვევი, თბ., 1972. დუმბაძე, მ. აღმოსავლეთ კახეთის (საინგილოს) ისტორიიდან, თბ., 1953. ბერძენიშვილი, ნ. აღმოსავლეთ კახეთის წარსულიდან, საქართველოს ისტორიის საკითხები, III, თბილისი., 1966.
5. აქ ქართველებში მართლმადიდებელი ქრისტიანები იგულისხმება.
6. როს-155, 1 ვ.
7. დუმბაძე, მ. აღმოსავლეთ კახეთის (საინგილოს) ისტორიიდან, თბილისი., 153, გვ. 19.
8. დუმბაძე, მ. დასახ. ნაშრ. გვ. 236.
9. დუმბაძე, მ. დასახ. ნაშრ. გვ. 28.
10. პაპუაშვილი, თ. საინგილოს ისტორიის ნარკვევები, თბ. 2008, გვ. გვ. 6-7.
11. Лофоцкий, Замечания о Грузии, АСКАК. III, Тифлис,1879. с. 7.
12. პაპუაშვილი, თ. დასახ. ნაშრ. გვ. 8, 148.
13. Нота врученная Министерству Грузинскими послами б Апрель, 1801 г, Цагарели, Грамоты, т. II, выр. I, с. 207., პაპუაშვილი, თ. საინგილოს ისტორიის ნარკვევები, თბილისი, 2008, 145.
14. Коцебу. Статистические сведения о Чарских владениях, собранные на месте полковником Коцебу в 1826 году, Москва, ЦГВИА, ф. ВУА, д. 18498, л. 3-11. პაპუაშვილი, თ., დასახ. ნაშრ., გვ. 8, 211.
15. როს-155, 1რ.
16. დუმბაძე, მ. აღმოსავლეთ კახეთის (საინგილოს) ისტორიიდან, თბილისი, 153, გვ. 229-230.
17. დუმბაძე, მ. დასახ. ნაშრ. გვ. 170-171.
18. დუმბაძე, მ. იმერეთის სახელმწიფოს გაუქმება და ცარიზმის ბატონობის გაფართოება საქართველოში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV. გვ. 887.
19. დუმბაძე, მ. დასახ. ნაშრ. გვ. 235. Коцебу, გვ. 3-11.
20. დუმბაძე, მ. დასახ. ნაშრ., გვ. 212.
21. Волконский, Н. А. История Грузинской пешей его дружины, Тифлис, 1884, გვ. 84.
22. დუმბაძე, მ., დასახ. ნაშრ. გვ. 215.
23. იქვე. გვ. 218.
24. როს-155, 1ვ, 2რ.
25. როს-155, 2რ, 2ვ.
26. როს-155, 2ვ-3რ.
27. როს-155, 3რ- ვ.
28. დუმბაძე, მ. საარქივო საბუთები ჭარ-ბელაქნის შესახებ, საისტორიო მოამბე. ტ. 4, თბ, 1948. გვ. 497. ზაქათალის კომისიის ჟურნალი #45, 1872 , 20 ნოემბერი, პაპუაშვილი თ. დასახ. ნაშრ. გვ. 211.
29. მოგზაური, 1901 , #4 გვ. 359.
30. დუმბაძე, მ. საარქივო საბუთები ჭარ-ბელაქნის შესახებ, საისტორიო მოამბე, ტ. 4. თბ., 1948, გვ. 497.
31. 1858 წლის 1 მარტს საქართველოს ეგზარქოსად დაინიშნა ეპისკოპოსი ევსევი (ილინსკი, 1858-1877 წწ.). მის დროს ოსეთის კომისიის ნაცვლად 1860 წელს დაარსდა კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოება.
Комментариев нет:
Отправить комментарий