დიპლომატი, მოგზაური, მხატვარი და მწერალი რობერტ კერ პორტერი (ფსევდონიმი რეინოლდ სტეინკირკი) დაიბადა 1777 წლის 26 აპრილს დარემში, უილიამ პორტერის ხუთშვილიან ტრადიციულ ბრიტანულ ოჯახში. რობერტის მამა, უილიამი, 23 წელს ქირურგად მუშაობდა დრაგუნთა მე-6 ბატალიონში. იგი გარდაიცვალა 1779 წელს და დაკრძალულ იქნა წმ. ოსვალდში, დარემში.1 მომავალი მხატვრის წინაპრები იყვნენ აგინკურტის ბრძოლის მონაწილე უილიამ პორტერი და როიალისტი ენდიმიონ პორტერი. რობერტის დედა გახლდათ ჯეინ პორტერი (1745-1831), დარემის მკვიდრის – რობერტ ბლენკინსონის ქალიშვილი. ჯეინ პორტერი გარდაიცვალა ეშერში, სურეის საგრაფოში 86 წლის ასაკში. რობერტს ორი უფროსი ძმა ჰყავდა: უილიამ ოგილვიე პორტერი – ფლოტში ქირურგად მუშაობის შემდეგ, 40 წლის განმავლობაში ბრისტოლში ექიმის პროფესიას ემსახურებოდა, გარდაიცვალა 1850 წლის 15 აგვისტოს 67 წლის ასაკში და პოლკოვნიკი ჯონ პორტერი, რომელიც მანის კუნძულზე 1810 წელს 38 წლის ასაკში აღესრულა. რობერტს ორი დაც ჰყავდა – ჯეინ (1776-1850) და ანა-მარია (1780-1832) პორტერები.2 ორივე მათგანი მწერალი იყო. რობერტმა სიყრმის წლები ედინბურგში გაატარა, სადაც დედამისი შვილებთან ერთად საცხოვრებლად 1780 წელს გადავიდა. მათი ოჯახი ძალზე ხელმოკლედ ცხოვრობდა.
პორტერებს ძირითადად არმიაში მყოფი უილიამის მეგობრები ეხმარებოდნენ. ედინბურგში ცხოვრებისას რობერტი გაიტაცა ცნობილი მხატვრის – ფლორა მაკდონალდის ნამუშევრებმა. მან გადაწყვიტა, სამხედრო მხატვარი გამხდარიყო. 1790 წელს დედამ მომავალი შემოქმედი გამოჩენილ ბრიტანელ მხატვართან, ლონდონის სამეფო სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტთან – ბენჯამინ უესტთან წაიყვანა, რომელიც იმდენად აღფრთოვანდა რობერტის ნამუშევრებით, რომ მას სამეფო აკადემიის სომერსეტის სკოლაში რეკომენდაცია გაუწია. რობერტი 13 წლის ასაკში სამეფო აკადემიის სტუდენტი გახდა.3
პორტერის განსაკუთრებული მხატვრული ნიჭი მალე კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა. 1792 წელს მან მხატვართა საზოგადოებისაგან ბიბლიური პერსონაჟის – „აენდორელი ჯადოქრის“ შესრულებისათვის ვერცხლის პალიტრა მიიღო. რობერტ კერ პორტერის ნამუშევრები იმ დროისათვის ცნობილი იყო ფსევდონიმით – რეინოლდ სტეინკირკის სახელით. თექვსმეტი წლის ასაკში მან შოდერიჩის ეკლესიის საკურთხეველი მოხატა, 1794 წელს კი რომის კათოლიკური ეკლესიის სამლოცველოსთვის ქალაქ პორტსმუტში იესო ქრისტეს მიერ ქარიშხლის დაცხრომის სცენა შეასრულა. 1799 წელს პორტერმა კემბრიჯში წმინდა იოანეს კოლეჯში შექმნა ნახატი „უდაბნოში მლოცველი წმინდა იოანე“. 1799 წელს რობერტ კერ პორტერი დებთან – ჯეინთან და ანა-მარიასთან ერთად ლონდონში ცხოვრობდა. მათი ოჯახი ლეიკერსკვერზე მდებარე საცხოვრებელში დაბინავდა, სადაც ადრე სამეფო სამხატვრო აკადემიის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი ჯოშუა რენოლდსი სახლობდა. ამ სახლში თავს იყრიდნენ ცნობილი მხატვრები და ლიტერატორები, მათ შორის: ისტორიული ფერმწერი და პორტრეტისტი ბენჟამინ ვესტი, მოქანდაკე და მხატვარი ჯონ ფლიქსმანი, ჯ. რეინოლდსის მოწაფე, – ხელოვნებათმცოდნე ჯოზეფ ნორკოტი, პოლიტიკური პამფლეტების ცნობილი ავტორი და უპოვართა საკვირაო სკოლის დამფუძნებელი ჰანა მური.4
რობერტი მხატვართა კლუბის წევრი გახდა. ამ დროისათვის ის უკვე აღიარებული შემოქმედი იყო. ნიჭიერ ხელოვანს ასეთი წარმატება სამხედრო ისტორიისადმი მიძღვნილმა ბატალურმა კომპოზიციებმა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ XVIII საუკუნის ბოლოს ინგლისში ფართოდ გავრცელდა მხატვარ რობერტ ბარკერის ფართო ფორმატის ფერწერული პანორამები. მან პირველად 1780 წელს წარმოადგინა „ედინბურგის პანორამა“, რომელიც 3600-იანი სრული მიმოხილვის საშუალებას იძლეოდა. მას შემდეგ სპრინგ-გარდენზე მდებარე დიდ დარბაზში და სტრენდზე მდებარე „ლისეუმის“ თეატრის შენობაში მუდმივად ეწყობოდა ამ მიმართულების ფერმწერთა ნამუშევრების ჩვენებები. ამ მიმართულების მიმდევრები ფართო ფორმატში ასახავდნენ ქალაქის ხედებს, საზღვაო ბატალიებს, ასევე – სხვადასხვა სამხედრო ბრძოლათა პანორამებს. 1800 წლის 17 აპრილიდან 1801 წლის 10 იანვრამდე „ლისეუმში“ გამოფენილმა რობერტ კერ პორტერის პირველმა პანორამამ „იერიში სერინგ-პატამაზე“ საზოგადოებაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ნამუშევარი 200 კვ. მეტრს შეადგენდა და წარმოდგენილი იყო ადამიანის სიმაღლის 700-მდე ფიგურის სცენური ნახატი. ბენჟამენ ვესტმა მას „სამყაროს საოცრება“ უწოდა. პანორამის ჩვენებამ ლონდონში კერ პორტერს შემოსავალი გაუჩინა. ჩვენებას არანაკლები წარმატება ჰქონდა: დუბლინში, ლივერპულში, პლიმუტში, გლაზგოში და სხვ. 1792-1832 წლებში პორტერმა არაერთი ნახატი შეასრულა, მათ შორის: „ლოდის ბრძოლა“ (1803), „1799 სუვოროვის მიერ ფრანგების დამარცხება ეშმაკის ხიდთან“ (1805), „აგინკურტის ბრძოლა“, „ალექსანდრიის ბრძოლა“ და სხვ.5
პორტერმა 1803 წელს რამდენიმე ნახატი შეასრულა თომას მურის „ანაკრეონისათვის“. ეს ნახატები ჯონ ვენდრამინიმ ნაპოლეონის საწინააღმდეგოდ მიმართული გრავიურების სერიისათვის გამოიყენა. 1793-1798 წლების ისტორიული მოვლენების ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდები – მასობრივი მკვლელობები იაფესა და ტულონში საფუძვლად დაედო პორტერის ოთხ ნახატს.6
1803 წელს პორტერმა ვესტმინსტერის მილიციაში დაიწყო სამსახური. 1805 წელს მან კაპიტნის ჩინი მიიღო, თუმცა ოჯახის დაჟინებული თხოვნის გამო მხატვარს უარის თქმა მოუხდა რეგულარული ჯარისკაცის პროფესიაზე, რაც პორტერს ყველაზე მეტად იზიდავდა. ამ დროისათვის პორტერის, როგორც მხატვრის სახელი, პოპულარული იყო არა მარტო დიდ ბრიტანეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ 1805 წელს პორტერმა რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე I მიწვევა მიიღო. საიმპერატორო კარის შეკვეთით მას უნდა შეესრულებინა ისტორიული ნახატები სანკტ- პეტერბურგში არსებული საადმირალო უწყების დარბაზისათვის. როგორც ჩანს, საიმპერატორო კარისათვის ცნობილი იყო მისი ბატალური პანორამები, სადაც სუვოროვისა და ბაგრატიონის ხელმძღვანელობით რუსული არმიის სიმამაცე და გმირობა იყო გამოსახული. მხატვარი ალექსანდრე I მიწვევას დათანხმდა და ის დიდ ბრიტანეთში მყოფი რუსეთის ელჩის – ს. რ. ვორონცოვის რეკომენდაციით პეტერბურგში გაემგზავრა. ვორონცოვის ერთ-ერთი სარეკომენდაციო წერილი, რომელიც პორტერს ეხებოდა, რუსეთის საზღვაო მინისტრს – პ. ვ. ჩიჩაგოვს (1767-1849) გადაეცა. იგი რუსულ პოლიტიკურ წრეებში ცნობილი იყო, როგორც ბრიტანული კულტურის დიდი მოტრფიალე. ჩიჩაგოვს უშუალო ურთიერთობა ჰქონდა საადმირალო კოლეგიის საქმეებთან და მან დახმარება გაუწია ბრიტანელ მხატვარს. სწორედ ჩიჩაგოვმა გადაიტანა ერმიტაჟიდან საადმირალო უწყებაში (საადმირალო შენობის მთავარი დარბაზის რეკონსტრუქციის შემდეგ) პორტერის ნახატები. პორტერი რუსეთიდან სამშობლოში წერილებს გზავნიდა. ერთ-ერთ წერილში იგი აღნიშნავდა: „იმპერატორმა დამდო პატივი და მოიწონა ჩემი ნახატები, რომლებიც ახლად მშენებარე საადმირალო უწყების შენობას დაამშვენებენ. რა წუთს ამ დიდებული დარბაზის რეკონსტრუქცია დამთავრდება, ისინი დიდი საბჭოს დარბაზში განთავსდებიან, მისი პროექტი ჩინებულია, და რადგან კედლებზე უნდა აისახოს ჩემი შრომის შედეგები, მე შევეცდები შეგიქმნათ გარკვეული წარმოდგენა იმის თაობაზე, რის წარმოჩენასაც ემსახურება ჩემი ნამუშევრები“.7
სანკტ-პეტერბურგში ყოფნისას მან რუსი დიდგვაროვნის, თეოდორ შერბატოვის ქალიშვილის – მარიას (1780-1827) კეთილგანწყობა დაიმსახურა. მალე მათ შორის რომანი გაიბა, თუმცა წყვილის ურთიერთობას იმ დროის პოლიტიკურმა მოვლენებმა ხელი შეუშალა. პორტერს სასწრაფოდ მოუხდა რუსეთის დატოვება. რუსეთის მეფემ ნაპოლეონ ბონაპარტთან 1807 წელს ხელი მოაწერა ტილზიტის ხელშეკრულებას, რამაც რუსეთი დიდი ბრიტანეთის მოწინააღმდეგე საფრანგეთთან დააკავშირა.
რობერტ კერ პორტერმა 1807 წელს ფინეთის გავლით რუსეთი დატოვა და შვედეთში გადავიდა. იგი ვარაუდობდა, რომ შვედეთში გარკვეული დროით შეყოვნდებოდა და შემდეგ ისევ რუსეთში დაბრუნდებოდა. ბრიტანელმა მხატვარმა ლოდინში ოთხი წელი დაჰყო. მან საკუთარ თავზე გადაიტანა ომის საშინელება. 1808 წელს რობერტ კერ პორტერი ჯონ მურთან ერთად ესპანეთში გაემგზავრა.
იგი პირინეის ნახევარკუნძულზე იბრძოდა. მხატვარმა მოგზაურობისას არაერთი ჩანახატი შეასრულა. ნაპოლეონის ფლოტის წინააღმდეგ გამოჩენილი მამაცობისათვის კორუნის და ვილმეირის გმირს 1806 წელს შვედეთის მეფემ გუსტავ IV რაინდის წოდება უბოძა. პორტერი გუსტავ IV გაწეული სამსახურისათვის შვედეთისა და წმინდა იოაკიმ ვურტემბერგელის ორდენებითაც დაჯილდოვდა. 1809 წელს პორტერმა ოთხ ტომად გამოსცა „მოგზაურობისას შესრულებული ნამუშევრები რუსეთსა და შვედეთში 1805-1808 წლებში“.
მოგზაურობის შთაბეჭდილებები პორტერის მიერ არის ილუსტრირებული. 1810 წელს მან გამოაქვეყნა „წერილები პორტუგალიიდან და ესპანეთიდან“. 1811 წელს რუსეთის იმპერატორის მიწვევით პორტერი კვლავ რუსეთში ჩავიდა. 1812 წლის 7 თებერვალს იგი დაქორწინდა თეოდორ შერბატოვის ქალიშვილზე. ქორწინების შემდეგ მისი მეუღლე მარია შერბატოვი ლედი პორტერად იწერებოდა.8
რუსეთში ნაპოლეონის არმიის შეჭრამ ხელი შეუშალა ახლადდაქორწინებულთა ინგლისში გამგზავრებას. მხოლოდ 1813-1814 წლებში მოახერხა ლედი პორტერმა მეუღლის სამშობლოს მონახულება. რობერტ პორტერს ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთში მცხოვრები თანამემამულეების სიცოცხლისა და უსაფრთხოების მეურვის რწმუნება უბოძა. ამან საშუალება მისცა მხატვარს, 1812 წლის ისეთი ისტორიული მოვლენების მოწმე გამხდარი- ყო, როგორიცაა: ნაპოლეონის არმიის რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა, ბოროდინოს ბრძოლა, მოსკოვის გადაწვა და შემდეგ ნაპოლეონის განდევნა მოსკოვიდან. ამ მოვლენების შესახებ პორტერმა შექმნა წიგნი „მოთხრობა 1812 წელს რუსეთში ჩატარებული კამპანიის შესახებ“. წიგნს თან ერთვოდა კუტუზოვის გრავირებული პორტრტი და ორი რუკა. აღნიშნული წიგნი ფრანგულ და გერ- მანულ ენებზეც ითარგმნა და რამდენჯერმე გამოიცა. რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება ამ წიგნის ინგლისური ვარიანტის ერთი ეგზემპლარი, რომელიც ოქროთი მოვარაყებულ ყდაშია ჩასმული. ეს წიგნი იმპერატორ ალექსანდრე I ავტორმა გადასცა. 1813 წელს იმპერატორი და მისი მეუღლე მარია ფეოდორის ასული პორტერის ქალიშვილის – მარიას ნათლიები გახდნენ.
ამის აღსანიშნავად იმპერატორმა პატარა პორტერს ბრილიანტის ყელსაბამი აჩუქა.9 1813 წელს რობერტ კერ პორტერს ინგლისის მეფემ ჯორჯ IV თავის რეზიდენციაში, კარლტონ-ჰაუსში რაინდის წოდება უბოძა. რუსულ არისტოკრატულ ოჯახთან დანათესავების შემდეგ პორტერი მიღებულ იქნა რუსეთის უმაღლეს სამხედრო და დიპლომატიურ წრეებში. მხატვარი და დიპლომატი კარგად ერკვეოდა 1812-1813 წლების სამხედრო-პოლიტიკურ მოვლენებში, რამაც ასახვა ჰპოვა მისი შთაბეჭდილებების კრებულში10. 1813 წელს პორტერი სამშობლოდან რუსეთში გაემგზავრა. 1817 წელს მან დაგეგმა მოგზაურობა სანკტ-პეტერბურგიდან თეირანისაკენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1815 წელს ბრიტანეთის კონსული სპარსეთში სერ გორ უოზლი თეირანიდან ლონდონში ბრუნდებოდა, ინგლისელმა დიპლომატმა გავლით მოინახულა სანკტ-პეტერბურგი. იგი შეხვდა ა. ოლენინს – საიმპერატორო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორს და სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტს. უოზლი ა. ოლენინს ოქროს ბეჭედზე სპარსულად ამოტვიფრული დაზიანებული წარწერის ამოკითხვაში უნდა დახმარებოდა. სანკტ-პეტერბურგში ყოფნისას ბრიტანელმა კონსულმა რობერტ კერ პორტერიც მოინახულა. კონსულმა ინგლისელ მხატვარს მეტად საინტერესო ცნობები მიაწოდა სპარსეთის შესახებ, რამაც პორტერს ირანში მოგზაურობის სურვილი კიდევ უფრო გაუმძაფრა. გარდა ამისა, მათ იმსჯელეს სპარსეთში პორტერის დიპლომატიურ სამსახურში მოწყობის შესახებ, თუმცა პორტერმა სპარსეთში დიპლომატიური თანამდებობა ვერ მიიღო. პორტერის რუსეთში მოღვაწეობის მკვლევარი ე. რენე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ პორტერს სპარსეთის მონახულების იდეა შესაძლოა გასჩენოდა 1815-1816 წლებში პეტერბურგში სპარსეთის დელეგაციის ყოფნის დროს. 1815 წელს საიმპერატორო კარზე ჩასულ სპარსულ დელეგაციას მირზა აბდულ ჰასან-ხანი ხელმძღვანელობდა, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებასთან სასაზღვრო საკითხები უნდა გაერკვია. ამ მოსაზრებასთან ერთად ე. რენე აღნიშნავს: „ვინ იცის, იქნებ ის (რობერტ კერ პორტერი - გ.ს) ბრიტანული მთავრობის დავალებით მოქმედებდა, მთავრობისა, რომელსაც გააჩნდა მუდმივი ინტერესი სპარსეთისა და ინდოეთის მისადგომებთან მდებარე ოლქებში არსებული ვითარების გარკვევისა“.11
ჩვენი აზრით, პორტერმა ბრიტანეთის მთავრობის საიდუმლო დავალებით იმოგზაურა სპარსეთში. თუ რა დავალება ჰქონდა, ამაზე ქვემოთ შევჩერდებით. სპარსეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან პორტერმა მოლაპარაკება გამართა. აბდულა ჰასან-ხანმა მისი მოგზაურობის შესახებ ირანში წერილებიც გაგზავნა. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ, როდესაც თავრიზში პორტერი სპარ- სეთის შაჰის მემკვიდრეს შეხვდა, აბას მირზა მის შესახებ კარგად იყო ინფორმირებული. ამასთან დაკავშირებით პორტერი წერდა: „მიმიღო (აბას მირზამ – გ.ს.) როგორც ძველი მეგობარი, რადგან იგი კარგად მიცნობდა მისთვის მიწოდებული მოხსენებითა და პატაკებით“.12
პორტერის ექსპედიციის განხორციელებას დიდად შეუწყო ხელი ალექსი ნიკოლოზის ძე ოლენინმა (1764-1843). სწორედ მისი დამსახურება იყო, რომ პორტერის სპარსეთში მოგზაურობას სამეცნიერო ექსპედიციის სტატუსი მიენიჭა. ირანში ყოფნისას, როდესაც პორტერი სპარსულ ძეგლებზე მუშაობდა, იგი ა. ნ. ოლენინის მითითებს ასრულებდა.
ექსპედიციის დასრულების შემდეგ ა. ნ. ოლენინმა რუსეთის სასულიერო საქმეთა და სახალხო განათლების მინისტრს სპეციალური ანგარიში წარუდგინა და პორტერის სამეცნიერო ექსპედიციას ძალზე მაღალი შეფასება მისცა. ანგარიშში ა. ნ. ოლენინი აღნიშნავდა: „თქვენი ბრწყინვალებისათვის ცნობილი ინგლისელი კერ პორტერის რთული, გაბედული და მეცნიერებისა და ხელოვნებისათვის მეტად სასარგებლო წამოწყება – მოგზაურობა სამხრეთ სპარსეთში მეტად წარმატებით იქნა ჩატარებული“.14 ირანში წასვლამდე რობერტ კერ პორტერმა მოიძია სპარსული ენის სახელმძღვანელო, სპარსულ-ინგლისური ლექსიკონი. ამ საქმეში მას დახმარებას უწევდა თავისი და ჯეინი.15
ირანში ჩასულ პორტერს მასპინძლობას უწევდა აბდულა ჰასან-ხანი. მოგზაური წერდა: „ჩემი ძველი ნაცნობი აბდულა ჰასან-ხანი, რომელიც მისი ელჩობის დროს პეტერბურგში გავიცანი, თავაზიან მასპინძლობას მიწევდა მისი მბრძანებლის დედაქალაქში“.16ირანში განხორციელებული მოგზაურობის ამსახველი დღიურები პორტერმა ორ ნაწილად გამოსცა. მოგზაურობის დროს მან 200-ზე მეტი ნახატი შეასრულა. მისი 87 ნახატის მიხედვით ი. კლარკმა გრავიურები შექმნა და პორტერის წიგნს დაურთო. სპარსეთში მოგზაურობის დროს შესრულებული ნახატების დიდი ნაწილი პორტერის გარდაცვალების შემდეგ მისმა დამ – ჯეინმა ბრიტანეთის მუზეუმს გადასცა. საისტორიო მეცნიერებისათვის განსაკუთრებით ფასეულია ის ნამუშევრები, რომლებზეც უძველესი ძეგლები და არქეოლოგიური ნაშთებია აღბეჭდილი. დაგეგმილი ერთი წლის ნაცვლად სპარსეთში პორტერმა სამი წელი დაჰყო. თეირანში 1819 წელს პორტერს აუდიენცია ჰქონდა ირანის შაჰთან – ფათჰ ალისთან. ინგლისელმა მხატვარმა შაჰის პორტრეტი შეასრულა და ირანის ხელისუფლისგან ჯილდოდ ლომისა და მზის ორდენი მიიღო. (აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თავრიზში ბრიტანელი მოგზაური ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II ვაჟს, ალექსანდრე ბატონიშვილს შეხვდა, რომლის შესახებაც მან თავის თხზულებაში გარკვეული ჩანაწერი გააკეთა, იხ. სოსიაშვილი გ., რობერტ კერ პორტერის ცნობები ალექსანდრე ბატონიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ, კრებ. ქუთაისური საუბრები, ქუთაისი, 2013, გვ. 45.) რა იყო ბრიტანელი მოგზაურის, მხატვრის და დიპლომატის სპარსეთში მოგზაურის ნამდვილი მიზანი? ერთი შეხედვით, უძველესი ცივილიზაციის და კულტურის მქონე ქვეყანაში მოგზაურობით მხატვრის დაინტერესებაში უჩვეულო არაფერია, თუმცა, როგორც მისი ერთ-ერთი წერილიდან ირკვევა, (აღნიშნულ წერილს 1994 წელს ოქსფორდში, ბოდლეანის ბიბლიოთეკაში მიაკვლიეს. წერილის ადრესატი უცნობია, თუმცა შინაარსიდან ჩანს, რომ იგი ინგლისის უმაღლესი პოლიტიკური წრის ერთ-ერთი წარმომადგენლის სახელზეა დაწერილი) იგი სპარსეთში ბრიტანეთის მთავრობის საიდუმლო დავალებას ასრულებდა.
XVIII საუკუნის ბოლოს ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკისრებოდათ საერთაშორისო პოლიტიკაში. აღნიშნულ რეგიონში ევროპის სახელმწიფოები თავიანთი გავლენის მოპოვებას ცდილობდნენ და მათ, ცხადია, აღმოსავლურ პოლიტიკაში დასაყრდენი ესაჭიროებოდათ. ამ მხრივ ირანს განსაკუთრებული ფუნქცია ჰქონდა. თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ის ინდოეთს, ასევე შუა აზიის და კავკასიის ქვეყნებს ემეზობლებოდა და სწორედ ამიტომ ირანი ევროპული სახელმწიფოების, კერძოდ, ინგლისის ყურადღების ცენტრში მოექცა. ეს განსაკუთრებით რუსეთ-ირანის დაპირისპირების შემდეგ გახდა თვალშისაცემი. (ეს დაპირისპირება რუსეთ-ირანის 1804-13 და 1826-28 წწ. ომებში გადაიზარდა. ცნობილია ის ფაქტიც, რომ 1829 წელს თეირანში რუსეთის დიპლომატიური მისიაც დაარბიეს, რასაც ირანში რუსეთის ელჩის – ა. ს. გრიბოედოვის სიცოცხლე ემსხვერპლა). სწორედ ეს პერიოდი შეარჩია რობერტ კერ პორტერმა სპარსეთში სამოგზაუროდ. მხატვრის და მოგზაურის სახით შენიღბულ დიპლომატს ინგლისის უმაღლესი პოლიტიკური წრეებისათვის ირანში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ საიდუმლო ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა და დიდი ბრიტანეთის მესვეურთათვის შემდგომი მოქმედებებისათვის გარკვეული რეკომენდაციებიც მიეცა.
პორტერის საიდუმლო მისიის შესახებ ნათელ წარმოდგენას გვიქმნის მხატვრის მიერ უცნობი ადრესატისადმი გაგზავნილი ზემოთ ნახსენები წერილი. წერილში პორტერი საუბრობს ირანში და, ზოგადად, აზიის ქვეყნებში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. მისი გადმოცემით რუსეთის გააქტიურება კასპიისპირეთში სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ბრიტანეთის ინტერესებს.
ინგლისის უმაღლეს პოლიტიკურ წრეებს პორტერი გადამწყვეტი მოქმედებისკენ მოუწოდებდა: „იმის გამო, რომ მე გარკვეულწილად გამაჩნია არაჩვეულებრივი კავშირ-ურთიერთობები მეზობელ, დიდ ჩრდილო იმპერიასთან, მეძლეოდა განსაკუთრებული უპირატესობა მრავალი დიპლომატიური აგენტის წინაშე. ამ უპირატესობის წყალობით მომეცა შესაძლებლობა მსოფლიოს ამ ნაწილში რუსეთის იმპერიის შეხედულებების შესახებ სათანადო ინფორმაციის მოპოვებისა. ზუსტად ეს ვითარება მაიძულებს გითხრათ შემდეგი: ჩემი შეტყობინება უნდა განიხილებოდეს, როგორც უმკაცრესად საიდუმლო, თუნდაც იმ წყაროების პატივსაცემად, საიდანაც ის მომდინარეობს.
მოკლედ რომ ვთქვათ, სპარსეთში ჩემი ყოფნისას მე ყოველდღიურად, თუ უფრო ხშირად არა, ვიყავი მოწმე იმისა, თუ როგორი გავლენით სარგებლობს რუსეთი სპარსეთის სახელმწიფოზე, თუ როგორ არის ის გაბატონებული აქ, მის საზღვრებზე. უეჭველია, რომ ამჟამად ამ მდგომარეობით სარგებლობა რუსეთს დაუყოვნებლივ აძ- ლევს ყველა წინააღმდეგობის იოლად გადალახვის შესაძლებლობას და მას შეუძლია მცირე სისხლის, ან საერთოდ სისხლის დაღვრის გარეშე გახდეს სპარსეთის მდიდარი ჩრდილო პროვინციების ბატონ-პატრონი. ერთი ასეთი მიზეზი (რომლისთვისაც თუ ეს აუცილებელი იქნება, საბაბი ყოველთვის მოინახება) და დასრულდება ჩვენი გავლენა სპარსეთში... მაგრამ როდესაც ჩვენ განვიხილავთ არსებით მდგომარეობას სპარსეთში და მის საზღვრებზე სიტუაციის განმკარგულებელი დიდი იმპერიის ბუნებრივ ზრახვებს, წარმოუდგენლად არ მიგვაჩნია, რომ შეიძლება სულ მალე ყოფილი მძლავრი ქვეყანა ამჟამინდელის (რუსეთის - გ. ს) სრულ განკარგულებაში აღმოჩნდეს. მაშინ (ეს ჩემი პირადი აზრია) შეიძლება იყოს და ალბათ ასე იქნება კიდეც ჩვენი აღმოსავლური იმპერიის შერყევის მცდელობა. ამჟამინდელი შაჰის სიკვდილის შემთხვევაში ქართულ არმიას სავსებით შესწევს უნარი, სპარსეთის ტახტზე აიყვანოს ნებისმიერი ის, ვისზეც ზემოდან (რუსეთის საიმპერატორო კარზეა საუბარი – გ. ს) მიუთითებენ“.20
პორტერი ძალზე საინტერესო ანალიზს აკეთებდა რუსეთის მიერ აზიურ სახელმწიფოებში განხორციელებული პოლიტიკის შესახებ. ბრიტანელი დიპლომატის ინ- ფორმაციით, კავკასიის ქვეყნებს, კერძოდ, საქართველოს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა: „თურქმენეთი ცდილობს დაიყოლიოს ზოგიერთი მეზობელი ბელადი, რომ მათ გარანტირებულად უზრუნველყონ რუსეთის ქარავნების უსაფრთხო გადაადგილება დიდი და პატარა ბუხარიდან, ან მეზობლად მდებარე სათათრეთიდან და ქაშმირიდან და სხვ. სამხრეთ სანაპიროზე ახალ დასახლებებს გააჩნიათ დიდი მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, თუ რისი მომტანნი იქნებიან კომერციის დარგში, ისინი წარმოადგენენ სამხედრო გეგმის ნაწილს, რაც თავის მხრივ მომავალ დაპყრობებთან არის დაკავშირებული. ამ დასახლებებიდან საქონელი გემებით იგზავნება მტკვრისა და ალაზნის შესართავამდე, სადამდეც მიზაშენწონილია ნაოსნობა და ხელსაყრელია დატვირთვა-გადმოტვირთვის თვალსაზრისით. საქონელი აქედან კარგად გამართული გზების გავლით მტკვრის სანაპიროს გასწვრივ ჩადის ტიფლისამდე, შემდეგ გზა ქუთაისის გავლით კვეთს იმერეთს და მიემართება რიონის შესართავთან, შავ ზღვაზე მდებარე ახალ, აყვავებულ პორტამდე (მოგზაური, სავარაუდოდ, უნდა გულისხმობდეს რედუტ-კალეს, იმავე ყულევის ნავსადგურს – გ.ს.). აქ საქონელი იტვირთება გემებზე და იგზავნება ოდესაში, ტაგანროგში და სხვ. მე უკვე ვახსენე, რომ ქართული საზღვარი რუსეთის მხრიდან რამდენიმე ადგილას ასუსტებს სპარსეთს“.21
მიუხედავად იმისა, რომ პორტერი დამაჯერებლად აყალიბებს თავის შეხედულებებს, იგი გარკვეული სიფრთხილით წერს: „მე არ ვიღებ ჩემს თავზე სპარსეთში ჩვენი ოფიციალური წრეების წარმომადგენლების უფლებების დაჩემებას, მე ვხელმძღვანელობ მხოლოდ ჩემი პირადი დაკვირვებებით, რომელთა მიხედვით კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა შემდეგს – მიუხედავად იმისა, რომ შაჰს და მის შვილს არ გააჩნიათ უშუალო კავშირი ინგლისის ინტერესებთან, ჩვენმა სახელმწიფომ ამჟამად არ უნდა უგულებელყოს შაჰი და მისი შვილი, როგორც პოლიტიკური ძალა, არ უნდა დაკარგოს ისინი პოლიტიკური ხედვის არეალიდან, რამეთუ არიან სხვები, ვინც დაინტერესებულნი არიან საწინააღმდეგო პოლიტიკის განხორციელებაში“.22
წერილის შინაარსის გარდა, პორტერის საიდუმლო აგენტობას ადასტურებს მხატვრის მიერ სამშობლოში გაგზავნილი ტექსტის ბოლო წინადადება, იგი თხოვნით მიმართავს ადრესატს, რათა მან არ გაამხილოს წერილის ავტორის ვინაობა: „თუ ეს ინფორმაცია იქნება თქვენთვის სასარგებლო, მე კვლავ და კვლავ გაფიცებთ – თქვენს გულის სიღრმეში შეინახოთ ჩემი, როგორც თქვენი ინფორმატორის ვინაობა“.23
პეტერბურგში დაბრუნებულმა პორტერმა იმპერატორ ალექსანდრე I საჩუქრად გადასცა აღმოსავლეთში შეგროვილი რამდენიმე ნივთი, ასევე თავისი წიგნის ფრანგულენოვანი გამოცემა. საჯარო ბიბლიოთეკას მოგზაურმა ალბომი უსახსოვრა, სადაც ძველი სპარსული ძეგლების ჩანახატები იყო. როგორც აღვნიშნეთ, პორტერის ექსპედიციამ ოლენინისაგან ძალზე მაღალი შეფასება მიიღო. პორტერი იმდენად შენიღბულად მოქმედებდა, რომ ალექსანდრე პირველს მის საქმიანობაში ეჭვი არ შეუტანია. რუსეთის ხელისუფალმა ბრიტანელ მხატვარს 2,5 ათასი მანეთის ღირებულების ოქროს ბეჭედი აჩუქა, რომელზეც მისი ინიციალები იყო ამოტვიფრული.24
პორტერი ერთხანს ბრიტანეთში გაემგზავრა და მოკლეხნიანი ვიზიტის შემდეგ კვლავ რუსეთში დაბრუნდა. თუმცა, აქაც მცირე ხანი დაჰყო. 1825 წელს მხატვარი ვენესუელაში დიდი ბრიტანეთის კონსულად დაინიშნა. სამხრეთ ამერიკაში იგი ოჯახის გარეშე წავიდა.25 ლედი პორტერმა მეუღლესთან ერთად წასვლა ვერ მოახერხა, იგი შვილის აღზრდით იყო დაკავებული. ვენესუელადან პორტერი თავის ოჯახის წევრებს წერილებს უგზავნიდა და რუსეთში დაბრუნების სურვილს გამოთქვამდა.26
ლედი პორტერის სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ჩასვლას მისმა ავადმყოფობამაც შეუშალა ხელი. იგი მუცლის ტიფით იყო დაავადებული, რაც 1826 წლის 27 სექტემბერს მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. პორტერის შვილის აღზრდა მისმა ნათესავებმა და მეგობრებმა იტვირთეს. დიპლომატიური სამსახურის დროს რობერტი 15 წელს კარაკასში ცხოვრობდა. ესპანეთის გავლენისაგან გათავისუფლებული ქვეყნიდან ინგლისელი დიპლომატი მოხსენებებს გზავნიდა ბრიტანეთში საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივნის – ჯორჯ კანინგის სახელზე.27
პორტერი სამხრეთ ამერიკაშიც მალე გახდა პოპულარული. ამ პერიოდის განმავლობაში ის, დიპლომატიური საქმიანობის გარდა, ხატვასაც განაგრძობდა. ვენესუელაში ყოფნის დროს მან რამდენიმე ნახატი შეასრულა, მათ შორის: „ქრისტეს მიერ ბავშვის განკურნება“, „აი, ადამიანი“, „წმ. იოანე აპოკალიფსის წერის დროს“, ასევე სამხრეთ ამერიკის კონტინენტის გმირის და კოლუმბიის რესპუბლიკის დამაარსებლის, სიმონ ბოლივარის რამდენიმე პორტრეტი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1836 წელს ვენესუელას კონგრესთან არსებულმა ჰერალდიკის კომისიამ პორტერის კონსულტაციით სახელმწიფო გერბი შექმნა.
კონსულად ყოფნის პერიოდში პორტერი აქტიურად ცდილობდა, რომ აღმოეფხვრა რელიგიური დაპირისპირება ადგილობრივ კათოლიკეებს და ვენესუელაში მცხოვრებ არაკათოლიკე უცხოელებს შორის. პორტერმა საკუთარი ხარჯით, ასევე ბრიტანეთის მთავრობის თანადაფინანსებით კარაკასში პროტესტანტული სასაფლაო დააარსა. იმ მრავალმხრივი დახმარების გამო, რაც მან პროტესტანტი მორწმუნეებისთვის ვენესუელაში გააკეთა, 1832 წელს პორტერი ჰანოვერის ორდენის რაინდად დასახელდა. პორტერი დიდ ბრიტანეთში 1841 წელს დაბრუნდა.მხატვრის ქალიშვილი რუსეთის დედაქალაქში ცხოვრობდა. იგი 1837 წელს გათხოვდა პიერ დე კიკინზე, რომელიც საიმპერატორო გვარდიის კაპიტანი იყო. ძმასთან – დოქტორ უილიამ ოგილვიე პორტერთან, ბრისტოლში მცირეხნიანი ვიზიტის შემდეგ, რობერტ პორტერი დასთან – ჯეინთან ერთად სანკტ-პეტერბურგში თავისი ქალიშვილის და სიძის მოსანახულებლად გაემგზავრა. აქ მათ გარკვეული პერიოდი დაყვეს. 1842 წლის 3 მაისს მან თავის ძმას სანკტ-პეტერბურგიდან წერილი გაუგზავნა. წერილის მიხედვით მხატვარი ინგლისში გამგზავრებას აპირებდა, მაგრამ ნიკოლოზ I-თან გამოსამშვიდობებელი საღამოს შემდეგ ეტლში მან გონება დაკარგა და მეორე დღეს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. რობერტ კერ პორტერი დაკრძალულია სანკტ-პეტერბურგში, უცხოელების სასაფლაოზე. მის სამშობლოში, ბრისტოლის მონასტერში პორტერების ოჯახის უკვდავსაყოფად განთავსებულია მარმარილოს დაფა, სადაც მხატვრისა და მოგზაურის სახელიც არის ამოტვიფრული.
ზოგიერთი შენიშვნა პორტერის საქართველოში ჩანაწერების შესახებ როგორც აღვნიშნეთ, რობერტ პორტერმა 1817-1820 წ.წ. კავკასიაზე გავლით აზიის ქვეყნებში იმოგზაურა.28 პორტერმა ექსპედიციაში სამი წელი დაყო და მოგზაურობისას გაკეთებული ჩანაწერები ორ წიგნად გამოსცა.29 ეს არის მოგზაურის და მხატვრის უზარმაზარი ნაშრომი, რომელშიც დაცულია ძალზე საინტერესო ინფორმაცია აზიის უძველესი ქვეყნების, აქ მცხოვრები ხალხების ისტორიული და თანამედროვე ყოფის შესახებ. მოგზაური დაწვრილებით გადმოგვცემს კავკასიასა და აზიაში მცხოვრები მოსახლეობის ისტორიას, მათ წეს-ჩვეულებებს. ჩანაწერებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ ავტორი აღწერილი მოვლენების და ფაქტების თვითმხილველია. პორტერი ეყრდნობა მისი წინამორბედი მოგზაურების, ასევე თანამედროვე და წინა საუკუნეების ცნობილი ისტორიკოსების და გეოგრაფების თხზულებებს, ზეპირსიტყვიერ გადმოცემებს. მის ჩანაწერებს კიდევ უფრო მეტ ღირებულებას სძენს პორტერის მიერ შესრულებული ჩანახატები, რაც აღწერილი ადგილების ვიზუალურ წარმოდგენასაც გვიქმნის. მოგზაურობის დროს მან შეასრულა არაერთი მნიშვნელოვანი ჩანახატი, სადაც გამოსახა აღწერილი ქვეყნების რელიეფი, უძველესი ძეგლები, ისტორიული პერსონაჟები, თანამედროვე პოლიტიკური მოღვაწეები. აზიის უძველეს ქალაქებში ყოფნისას გადაწერა ლურსმული წარწერები, გადმოხატა ძველი ტაძრების კედლებზე არსებული რელიეფური გამოსახულებანი.
რობერტ კერ პორტერმა ირანში საქართველოზე გავლით იმოგზაურა. ინგლისელი მხატვრის ცნობები საქართველოს შესახებ თხზულების პირველ ტომშია. მოგზაური, როგორც მისი ჩანაწერებიდან ჩანს, საქართველოში დარიალის ხეობით შემოსულა. კავკასიონის მთებს მოგზაურზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოუხდენია.30
მოგზაური რუსეთის ევროპული და აზიური ნაწილის საზღვრად მდ. თერგს მიიჩნევდა: „მდინარე თერგი რუსეთის ევროპულ ნაწილს ჰყოფს აზიური ნაწილისგან. ეს მდინარე კავკასიონის მთებიდან მოედინება. მისი სათავე კობის ახლოსაა“.31 პორტერის მიერ რუსეთის აზიური ნაწილის ხსენება შემთხვევითი არ არის. XIX საუკუნეში საქართველოში ნამყოფი სხვა მოგზაურებიც იყენებენ ტერმინს „აზიური რუსეთი“. ამ მხრივ შეგვიძლია დავასახელოთ ავსტრიელი მოგზაური, ქალბატონი იდა პფაიფერი. იგი კავკასიიაში არსებულ ქვეყნებს (სომხეთი, საქართველო) აზიურ რუსეთში მოიაზრებს.32 მოგზაურის ცნობით, თერგის ხეობა ერთგვარ ჭიშკარს წარმოადგენდა.
სწორედ ამ ჭიშკრით ურთიერთობდა ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობა სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ხალხებთან. ამ ადგილს ძველად „პორტა კაუკასია“ ერქვა. გადმოცემით სწორედ აქედან შევიდა საქართველოში ეკატერინე II ლაშქარი ტოტლებენის მეთაურობით, რომელმაც გზის ერთი მონაკვეთიც დააგო. ეკატერინე II სურდა, გზა თბილისამდე გაეყვანა, თუმცა არ დასცალდა. როგორც პორტერი აღნიშნავს, იმპერატორის სურვილი მისმა მემკვიდრემ შეასრულა. საიმპერატორო კარის დავალებით პავლე ციციანოვის მეთაურობით შესანიშნავი გზა გაიყვანეს.33 რობერტ პორტერი საქართველოში დარიალის ხეობით შემოვიდა და მცირე ხნით ყაზბეგში შეყოვნდა, სადაც ადგილობრივ წარჩინებული გვარის წარმომადგენელს – ყაზბეგს შეხვდა, აღწერა აქ მცხოვრები მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება და სამეურნეო საქმიანობა. პორტერის გარდაცვლილი ყაზბეგის (იგი სახელს არ აკონკრეტებს, თუმცა უნდა გულისხმობდეს გენერალ-მაიორ გაბრიელ ყაზბეგს, იხ. გვ. 140) სახლში დარჩენილა, სადაც ყაზბეგის ქვრივი ცხოვრობდა. მოგზაურის ინფორმაციით, ყაზბეგი რუსების სამსახურში ყოფილა. თავისი გვარი მას მთის სახელწოდებისაგან მიუღია, რაც შემდეგ სოფელსაც დაერქვა.34 ჩრდილოეთ კავკასიის საქართველოსთან დამაკავშირებელი გზების კეთილმოწყობას პორტერი რუსების დამსახურებად მიიჩნევს. მისი გადმოცემით, რუსებმა სამიმოსვლო გზები მოაწესრიგეს, ააშენეს ფოსტის შენობები და სამხედრო სადგურები. მოგზაურის შეფასებით, უსაფრთხო მგზავრობა სწორედ რუსების დამსახურება იყო. ეტლებით გადასატანი ტვირთებისათვის დაწესებული იყო გადასახადები 20-დან 25 რუბლამდე, რომელსაც ძირითადად ვაჭრები იხდიდნენ. ამ თანხაში შედიოდა პასპორტის ღირებულებაც. უცხოელებისათვის მგზავრობა უფასო იყო. (გენერალ ერმოლოვს, იმ მიზეზით, რომ საქართველოს სამხედრო გზა ზამთრის პერიოდში ზვავებით ხშირად იხერგებოდა, ახალი გზის გაყვანა სურდა თბილისიდან გორის, ცხინვალის და ონის გავლით კავკასიონის თხემზე, მაგრამ ამ იდეის განხორციელებას ჩეჩნეთის აჯანყებამ შეუშალა ხელი. იხ. ედუარდ აიხვალდი საქართველოს შესახებ, გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებლები დაურთო გია გელაშვილმა, თბ., 2005, გვ. 236. სხვა ცნობით, ერმოლოვს განუზრახავს, გორიდან გაეყვანა გზები რუსეთისაკენ და თბილისიდან მმართველობის აპარატიც ამ ქალაქში გადაეტანა.) რუსული ხელისუფლება გზებზე მძარცველი ოსებისაგან თავდაცვის მიზნით საგუშაგოებს აგებდა. გზის იმ მონაკვეთზე, სადაც რობერტ კერ პორტერი მოძრაობდა, ოსები მიმავალ მგზავრებს უსაფრდებოდნენ და ძარცვავდნენ. ოსების გახშირებულ თავდასმხებზე საყურადღებო ცნობებს გვაწვდის აგრეთვე გერმანელი მოგზაური იოჰან ანტონ გიულდენშტედტი, რომელმაც საქართველოში მეთვრამეტე საუკუნის 70-იან წლებში იმოგზაურა. ოსები თავს ესხმოდნენ არა მარტო მგზავრებს, არამედ რუსულ რაზმებსაც. ბრიტანელი დიპლომატი და მოგზაური მცირე ხნით ანანურში გაჩერდა, სადაც ერთი ღამე გაათია. მისი გადმოცემით, ანანური ქუმლის ციხის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდა. ის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი იყო, რომელსაც ერთ დროს სამხედრო დანიშნულება ჰქონდა. თუმცა, იმ დროს ანანურში მხოლოდ ქოხები იდგა. ანანურში შემორჩენილი იყო შესანიშნავი ქრისტიანული ეკლესია ნატიფი ჩუქურთმებით, რომლის შესასვლელში ქართული წარწერები იყო. მოგზაურის ცნობით, მტრების შემოსევის დროს სამეფო ოჯახი მანდილოსნებს ანანურში ხიზნავდა, აქვე მალავდნენ სამეფო განძს. პორტერის ინფორმაციით, ანანურში გარკვეული პერიოდით ინახებოდა ქართველთა განსაკუთრებული რელიკვია-წმინდა ნინოს ჯვარი.
ანანურში რომ არასახარბიელო საცხოვრებელი პირობები იყო, ამას შოტლანდიელი მოგზაური – რობერტ ლაიელიც ადასტურებს. (შოტლანდიელმა ბოტანიკოსმა და მოგზაურმა საქართველოში რობერტ კერ პორტერის შემდეგ იმოგზაურა). მისი გადმოცემით, ანანურში ძნელად იშოვებოდა საჭმელი და მოგზაურს ღამის გათევამაც მძიმე პირობებში მოუწია.38 ანანურიდან რობერტ კერ პორტერი დუშეთში ჩავიდა. მისი გადმოცემით დუშეთი მთის ძირას გაშენებული ლამაზი ქალაქი იყო, სადაც შემორჩენილიყო ძველი სასახლის და ციხესიმაგრეთა ნაშთები. პორტერის ცნობით, დუშეთი ერთ დროს ქართველ მეფეთა საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. იქაური მოსახლეობა დაკავებული იყო მიწათმოქმედებით.
დუშეთის მიწა, პორტერის ცნობით, ძალზე ნაყოფიერი იყო, თუმცა მოსახლეობა მოუხერხებელი რკინის გუთნით ამუშავებდა ნაკვეთებს, უზარმაზარი სახნისი თოთხმეტ ხარს უნდა გაეწია. მოსახლეობა გამწევ ძალად კამეჩსაც იყენებდა. დუშეთის შესახებ განსხვავებულ ცნობებს გვაწვდის შოტლანდიელი მოგზაური რობერტ ლაიელი. მისი ცნობით დუშეთი ქალაქად იწოდება, მაგრამ იგი ამ სტატუსს არ იმსახურებდა. მისი ქუჩები, ლაიელის ცნობით, ბახჩისარაის ქუჩებს წააგავდა, სადაც დაბალი, პატარა მაღაზიები იყო განლაგებული და სხვადასხვა სახის საქონელი იყიდებოდა. ლაიელის ცნობით დუშეთში ყურადღებას იქცევდა ეკლესია და გარშემო არსებული კოშკებიანი სოფლები.40 რობერტ კერ პორტერი თავის თხზულებაში საუბრობს იმდროინდელი საქართველოს ჩამორჩენის და პოლიტიკური დაქსაქსულობის მიზეზებზე. მისი აზრით, ქვეყანა მძიმე მდგომარეობამდე არა მარტო გამუდმებულმა შემოსევებმა, არამედ გაუთავებელმა შიდა არეულობამ მიიყვანა. ოდესღაც აყვავებული, განვითარებული სამეფო ჩამორჩენილ, დამცირებულ ოლქად გადაიქცა. მტრების გამუდმებულმა შემოსევებმა მოსახლეობის რაოდენობა ძალზე შეამცირა. ქვეყანა, პორტერის შეფასებით, დაღუპა მმართველი წრეების დაუოკებელმა ამბიციებმა და იმას, რომ აქ მცხოვრები ხალხი სოციალურად და პოლიტიკურად განვითარებულიყო, ქვეყნის იმდროინდელი მმართველების აზრით, წლები დასჭირდებოდა.41 რობერტ კერ პორტერი თავის თხზულებაში დიდ ადგილს უთმობს მცხეთის აღწერას. ბრიტანელ მხატვარს საქართველოს ძველ სატახტო ქალაქში არაერთი ისტორიული ძეგლი მოუნახულებია. მოგზაურის ცნობით, მცხეთა ძველი საქართველოს დედაქალაქი იყო. იბერთა მეფეების სატახტო, რომელიც ორი მდინარის შესართავთან მდებარეობდა, ანტიკურ ხანაში მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა, თუმცა პორტერის იქ ყოფნის დროს ის უკვე გაღატაკებული სოფელი იყო. ამის მიუხედავად, ძველი დიდების ნაშთი მრავლად იყო შემორჩენილი. ღამე მოგზაურს ციხესიმაგრის შიგნით სვეტიცხოველთან არსებულ მღვდლის სენაკში გაუთენებია.42 პორტერს მოძღვრის დახმარებით ქრისტიანული სიწმინდეებიც უნახავს. სვეტიცხოველში მეგზურობას მას მღვდელი უწევდა, რომელსაც მოგზაურისთვის არაერთი რელიკვია უჩვენებია. რელიკვიათა შორის პორტერს უნახავს ქრისტეს პერანგი, რომელიც დაცული ყოფილა საკურთხევლის შიგნით და ის ყველა მოგზაურის ინტერესს იწვევდა. პორტერს სხვა სიწმინდეები, მათ შორის წმ. ელიას სამოსის ნაწილი არ უნახავს, რადგან, როგორც თვითონ გადმოგვცემს, არქიმანდრიტი, რომელიც ამ სიწმინდეებზე იყო პასუხისმგებელი, მცხეთაში არ ყოფილა.43
მოგზაურის ცნობა იმის შესახებ, რომ მან ქრისტეს პერანგი (კვართი) ნახა, სიმართლეს არ უნდა შეესაბამებოდეს.44 მცხეთიდან რობერტ კერ პორტერმა გზა თბილისისაკენ გააგრძელა, ქალაქის შესასვლელთან სპეციალურ საკონტროლო შენობასთან მოგზაურმა და მისმა მხლებლებმა კარანტინი გაიარეს, ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინეს და მათ მხოლოდ ამის შემდეგ დართეს ნება, რომ ქალაქში შესულიყვნენ.45 როგორც ჩანს, იმ დროისათვის თბილისში ეპიდემია მძვინვარებდა და შემოწმების პროცედურა დედაქალაქში შემსვლელ ყველა მგზავრს უნდა გაევლო. პორტერის გარდა ამ ფაქტს სხვა მოგზაურებიც ადასტურებენ. ავსტრიელი მოგზაურის, იდა პფაიფერის ცნობით, რუსეთის „საზღვარზე“ გადასვლის დროს იმ შემთხვევაში, თუ ქოლერა ან შავი ჭირი იყო გავრცელებული, კარანტინს აწესებდნენ. გერმანელი მოგზაურის, ედუარდ აიხვალდის ინფორმაციით, საქართველოს ორი მხრიდან ემუქრებოდა შავი ჭირის გავრცელების საშიშროება – კავკასიონის მხრიდან და აზიის მხრიდან. აიხვალდის ცნობით მეცხრამეტე საუკუნის 20-იან წლებში ქვეყანაში რამდენიმე ადგილზე იყო შექმნილი კარანტინი, მათ შორის: ანანურთან, ბაღდადთან, სურამში, ასევე ქარელთან ახლოს. თბილისის შემოგარენში სამი კარანტინი ყოფილა.47 თბი- ლისში ჩასული რობერტ კერ პორტერი მთავარმართებელ ერმოლოვს შეხვდა და მას წერილები გადასცა. იგი ამ წერილების შესახებ დაწვრილებით არ საუბრობს. სავარაუდოდ, მას საიმპერატორო კარიდან გამოტანებული წერილები უნდა გადაეცა. პორტერმა ახლოს გაიცნო კავკასიის მთავარმართებელი. ერმოლოვს ბრიტანელ მხატვარზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია. მისი გადმოცემით, მთავარმართებელი ერმოლოვი სწორედ იმ თვისებებით იყო აღჭურვილი, რომელიც საიმპერატორო კარის მიერ უცხო მხარეში დანიშნულ მმართველს უნდა ჰქონოდა, ერმოლოვს იშვიათი უნარი გააჩნდა, რომ ხალხის გული მოეგო, იგი ლმობიერებით და დიპლომატიით ახერხებდა თავისი მიზნების განხორციელებას, ამიტომაც ანდეს მას კავკასიის მართვა. მთავარმართებელმა კარგად იცოდა ხალხის ენა. მოგზაურის ცნობით, ერმოლოვმა შეძლო მტკიცე, შეუდრეკელი ხასიათის მქონე ქართველების გულის მონადირება და მათი ხასიათების შეცვლა.48
თბილისში ჩამოსულმა პორტერმა ადგილობრივ სომეხს, ვინმე არატუნს (სახელი შესაძლებელია დამახინჯებით უწერია, სავარაუდოდ უნდა იყოს არუთინი – გ.ს.) მიაკითხა. არატუნის მამა, მოგზაურის ინფორმაციით, სპარსეთის მეფის კარზე მუშაობდა. მასპინძელი სომეხისგან პორტერმა ერმოლოვის სპარსეთიდან თბილისში დაბრუნება შეიტყო. იგი მეორე დღეს შეხვდა მთავარმართებელს და მას სანკტ-პეტერბურგიდან წამოღებული წერილები გადასცა.49 სომეხ არატუნს და მის მამას, როგორც ჩანს, რუსეთის პოლიტიკური წრეები კარგად იცნობდნენ.
სწორედ ამიტომ მიაკითხა მას ბრიტანელმა მხატვარმა. სავარაუდოდ, თბილისელ სომეხს მოგზაურისთვის დახმარება უნდა აღმოეჩინა, დაებინავებინა, შემდეგ კი მეგზურობა გაეწია.50 რობერტ პორტერი თავის თხზულებაში თბილისის ისტორიის შესახებაც გვესაუბრება, თუმცა, ქალაქის დაარსების ფაქტს შეცდომით ათარიღებს და ქალაქის დამაარსებლად მეფე ლივანგს მიიჩნევს.51 როგორც ჩანს, მას საქართველოს დედაქალაქის ისტორიის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. სავარაუდოდ, ინფორმაციის მიმწოდებელი არაქართველი არატუნი უნდა ყოფილიყო. რობერტ კერ პორტერი აღწერს თბილისის გარეგნულ იერსახეს. მისი გადმოცემით, თბილისში ვიწრო ქუჩები იყო. საცალფეხო გზები ძალზე ცუდ მდგომარეობაში დახვდა. ერმოლოვის ბრძანებით, როგორც მოგზაური გადმოგვცემს, თბილისში ქვაფენილს აგებდნენ. მთავარმართებელს განზრახული ჰქონდა დანგრევის პირას მისული სახლების აღება და ახალი შენობების აგება. ერმოლოვის სპარსეთში ყოფნის დროს თბილისში გადაუხურავთ ბაზრის შენობა.52 რობერტ კერ პორტერი თბილისის გარეგნული იერსახის შეცვლას კავკასიის მთავარმართებლის – ერმოლოვის სახელს მიაწერს. მისი აზრით, ერმოლოვმა საჯარო შენობების რეკონსტრუქცია განახორციელა, რამაც ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვანი ძვრები შეიტანა. განხორციელებული ცვლილებების შედეგად საქართველოს დედაქალაქი უფრო უკეთესი გახდა, ვიდრე ის თორმეტი წლის წინ იყო.53 პორტერი თბილისზე საუბრის დროს საგანგებოდ ჩერდება საქართველოს დედაქალაქში არსებულ აბანოებზე. მოგზაურის ცნობით, ბაზრის ბოლოს, ხიდის ქვეშ მთის ცივი ნაკადული მოჩუხჩუხებდა, რომელიც ბოლოს თერმულ წყლებს უერთდებოდა. ქალაქს სწორედ თბილი წყლების გამო დაერქვა თბილისი. თერმული წყლები გამოიყენებოდა თბილისის განთქმულ აბანოებში, ქალაქის მაცხოვრებლები და ჩამოსული სტუმრები აბანოებს სამკურნალოდ იყენებდნენ. აბანოები თბილისში გართობის ადგილსაც წარმოადგენდა.54 თბილისის მოსახლეობა, ბრიტანელი მოგზაურის ცნობით, თანდათან ევროპულ წეს-ჩვეულებებზე გადადიოდა, რაც მათ ყოფა-ცხოვრებაშიც შეიმჩნეოდა. მისი გადმოცემით, ბოლო 20 წლის განმავლობაში თბილისის მოსახლეობის ზედა ფენამ აზიურ წეს-ჩვეულებებს ზურგი შეაქცია. ეს განპირობებული იყო ევროპული ქვეყნების სამოქალაქო და სამხედრო პირებთან ურთიერთობით. ასეთივე ტენდენცია, მოგზაურის ცნობით, გზას იკაფავდა მოსახლეობის დაბალ ფენებშიც.55 მოგზაური განსაკუთრებით მოხიბლულია ქართველი მანდილოსნების სილამაზით. მისი ცნობით, ქართვე- ლი ქალი განსაკუთრებული სახის ნაკვთებით, ეშხიანი თვალებით და მოხდენილი ჩაცმით გამოირჩევა. ქართველი მანდილოსნები ძალზე ზრდილობიანები და კარგი ხასიათის მქონენი არიან. პორტერი ხაზს უსვამს მათ ჩაცმულობას. დიდგვაროვანი მანდილოსნები მოხდენილად და მდიდრულად იმოსებიან, ხოლო დაბალი სოციალური ფენების წარმომადგენლებს კი სიღარიბე სამოსზეც ეტყობათ.56 პორტერი აღწერს თბილისში არსებულ ტაძრებს. მისი ინფორმაციით, საქართველოს დედაქალაქში რამდენიმე ქრისტიანული ეკლესიაა. არქიტექტურული სინატიფით ის თბილისის სიონს და კათოლიკურ ტაძრებს მოუხიბლავს, ხოლო სიდიდით სომხურ ეკლესიას.57 თბილისში სიონის მართლმადიდებელთა ტაძრის გვერდით სხვა რელიგიის აღმსარებელთა ეკლესიების მოხსენიება ბრიტანელი მოგზაურის მიერ შემთხვევითი არ არის. ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ 1735 წლის ატლასის ქართლის რუკაზე დართული გეგმის მიხედვით საქართველოს დედაქალაქში რამდენიმე „სომხის საყდარი“ იხსენიება, აქვე გვხდება „ლათინთ საყდარი“.58 რუსი ოფიცრის – ალექსანდრე პიშჩევიჩის გეგმის მიხედვით, რომელიც 1785 წელს არის შედგენილი თბილისში, აღნიშნულია: კათოლიკური ეკლესია, სომხების ახალი ეკლესია, სომეხთა ეკლესია ნორაშენი, სომეხთა ეკლესია საჰაკაშენი, სომხების ეკლესია კოზმანი, სომეხთა ეკლესია მოღნინი, სომხების ეკლესია ციხის საყდარი, სომხის ეკლესია მეტეხი (ავლაბარში), სომეხი ბერების მონასტერი, სომხების ეკლესია ქამოანთი, სომხების მონასტერი. ამავე გეგმაში შეტანილია: სამი მეჩეთი, მათ შორის „მეჩეთი თურქთა“.59 თბილისში გერმანელი მოგზაურის, იოჰან ანტონ გიულდენშტედტის ცნობით, ქართველებს 15 ეკლესია ჰქონდათ, სომხებს – 20 (ამათგან მოგზაურის გადმოცემით 12 ტაძარი მდებარეობდა ქალაქში, ხოლო 8 ქალაქის გარეუბნებში), ამის გარდა კათოლიკე სომხებს ეკუთვნოდათ ერთი საყდარი. თბილისელ სომხებს საქართველოს დედაქალაქში მონასტერიც გააჩნდათ. გიულდენშტედტის ინფორმაციით საქართველოს დედაქალაქში „მაჰმადიან თათრებს“ 3 მეჩეთი ჰქონდათ.60 შოტლანდიელი მოგზაურის, რობერტ ლაიალის ცნობით XIX საუკუნის I მეოთხედში თბილისში არაერთი ტაძარი იყო, მათ შორის: 20 ბერძნული ეკლესია (მოგზაური ბერძნულ ეკლესიებში მართლმადიდებელთა ტაძრებს გულისხმობს), 15 სომხური, 1 თიატინელების მიერ დაარსებული ტაძარი, ასევე 1 სპარსული მეჩეთი და სიონის საკათედრო ტაძარი.61 რობერტ კერ პორტერის აზრით, საქართველოს მძიმე მდგომარეობა ქართველ თავადებს შორის არსებულმა გამუდმებულმა შუღლმა, ქვეყანაში კანონისა და სამართლის არარსებობამ, ასევე ლეკების შემოსევებმა განაპირობა. მისი შეფასებით, თურქებისა და ირანელების სისხლიანმა ომებმა ქვეყანა წელში გატეხა. ამ სასოწარკვეთილმა მდგომარეობამ მოსახლეობა გააზარმაცა და სიღარიბემდე მიიყვანა. მისი შეხედულებით ასეთი ვითარება დამახასიათებელია თითოეული იმ ქვეყნისათვის, სადაც გამუდმებული ომებისა და სხვადასხვა დამპყრობელთა შემოსევების გამო წესრიგი მოშლილია.62
პორტერის შეფასებით, ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი რუსეთთან ურთიერთობას სკეპტიკურად უყურებდა, უფროსი თაობის წარმომადგენლები ქვეყნის დამოუკიდებლობას მისტიროდნენ, თუმცა ბრიტანელი მხატვრის აზრით რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევამ საქართველოს მოსახლეობას კეთილდღეობა მოუტანა. დასრულდა ადამიანების გაუთავებელი ჩაგვრა და შევიწროება. შეწყდა მუსლიმანური სახელმწიფოების თავდასხმები. პორტერის შეფასებით ქვეყანა რუსეთთან შეერთებამდე უსუსურ მმართველთა არასწორი პოლიტიკით იტანჯებოდა. მოსახლეობა ვეღარ უძლებდა დამპყრობელთა გამანადგურებელ შემოსევებს, მას შემდეგ, რაც საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა, ხალხმა შვება იგრძნო.63 თბილისში რობერტ კერ პორტერი რამდენიმე დღეს დარჩა,64 ხოლო შემდეგ თავრიზისაკენ გაემართა. როგორც მისი თხზულებიდან ჩანს, საქართველოს დედაქალაქიდან დაახლოებით 5 ვერსის მანძილზე მოგზაური და მისი ამალა თავად ერმოლოვს გაუ- ცილებია. სპარსეთისკენ მიმავალ ჯგუფს უსაფრთხოების მიზნით მთავარმართებლის დავალებით გამოყოფილი ოფიცრების ესკორტი გაჰყვა. სოღანლუღში ერმოლოვის მითითებით სტუმრებს ღამის გასათევად გაშლილი კარვები და ვახშამი დაახვედრეს. აქედან მოგზაური შულავერის გავლით ირანის გზას დაადგა.
ამრიგად, ინგლისელი დიპლომატის, მოგზაურის და მხატვრის ჩანაწერები საყურადღებო წყაროს წარმოადგენს XIX საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ. მოგზაურის ცნობები ზოგჯერ არაზუსტია, თუმცა, სხვა წყაროებთან შედარება გარკვეული ანალიზის გაკეთების საშუალებას გვაძლევს. ბრიტანელი დიპლომატი და მხატვარი აღწერილი მოვლენების თვითმხილველია, რაც მის ჩანაწერებს კიდევ უფრო მეტ ღირებულებას სძენს. საქართველოს შესახებ ბრიტანელი მხატვრის ჩანაწერების სრული ტექსტი ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება. ვფიქრობთ, რომ რობერტ კერ პორტერის მოგზაურობის ამსახველი დღიურები აღნიშნული ეპოქის მკვლევრებსა თუ ფართო მკითხველს საინტერესო ინფორმაციას მიაწოდებს. მადლობას ვუხდით პროფესორ ელდარ მამისთვალიშვილს, ასოცირებულ პროფესორ იოსებ ალიმბარაშვილსა და ელიზა ისაკაძეს ნაშრომზე მუშაობისას გაწეული დახმარებისთვის.
მოგზაურობა საქართველოში, სომხეთში, სპარსეთსა და ძველ ბაბილონშi
წინასიტყვაობა
მწერალს, რომელიც ამ ნაშრომს სთავაზობს საზოგადოებას, არ ამოძრავებს სურვილი, რომ მკითხველს შეუქმნას თავის პირადულ თვისებებზე წარმოდგენა. აღმოსავლეთის ქვეყნებში სამი წლის განმავლობაში მოგზაურობის დროს ავტორს ჰქონდა ჟურნალი, რომელშიც ის მუდმივად იწერდა თავის დაკვირვებებს და მიღებულ შთაბეჭდილებებს მყისვე ინიშნავდა. ამ დღიურის მეშვეობით შესაძლებელი გახდა მის მიერ გაკეთებული ჩანაწერების შედარება სხვა ავტორების ცნობებთან. ორტომეულის გამოცემას სწორედ ავტორის მიერ მოგზაურობების შედეგად შეგროვებული მასალა დაედო საფუძვლად. დასახული ამოცანის შესრულება – სხვადასხვა თემების წესრიგში ისე მოყვანა, რომ ავტორისეული ენა არ შეცვლილიყო და არ დაკარგულიყო ნაშრომის ლიტერატურული იერი – ძნელი განსახორციელებელი უნდა ყოფილიყო ადამიანისთვის, რომელმაც თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთ მოგზაურობას მოანდომა. აქედან გამომდინარე, ავტორს არანაირი პრეტენზია არა აქვს მისი ჩანაწერების დახვეწილ სტილზე, მას სჯერა, რომ მიუკერძოებელი მკითხველი შეაფასებს და განსჯის იმ სიმართლითა და საქმისადმი ერთგულებით, რომლითაც ის წერს. მოგვყავს რამდენიმე რჩევა, რომელიც ავტორმა მისი აღმატებულების – სენიორ ოლენინისაგან მიიღო, იგი გახლავთ რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მდივანი და ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი. ეს წერილები ავტორს მოგზაურობის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გადაეცა. ბატონი რობერტ კერ პორტერი ხელოვნების დიდი მოტრფიალე და მოსიყვარულეა. მისი გატაცება ბავშვობის წლებიდან დაიწყო და ის დღესაც გრძელდება. მისი თვალი და ხელი ერთნაირადაა გაწაფული თითოეული დეტალის შემჩნევასა და ფანქრით დახატვაში. სიზუსტე და აკურატულობა მისი ხასიათის თვისებებია. ამიტომ სერ რობერტ კერ პორტერის ჩანახატები იმ ერთგულების გამოვლინებაა, რომლის პრეტენზიაც მას გააჩნია. იგივე შეიძლება ითქვას მის გამოცდილებაზე სამხედრო იარაღის მიმართ, რაშიც მას სხვადასხვა ხალხის იარაღზე დაკვირვება დაეხმარა; მას ჩახატული აქვს არაერთი ხალხის (რომელსაც ის შეხვდა თავისი მოგზაურობების დროს) ძველი და ახალი საბრძოლო იარაღი. ადგილობრივმა მოსახლეობამ, ვისთანაც მოგზაურს ჰქონდა ურთიერთობა, მნიშვნელოვნად გაუადვილა კერ პორტერს მიზნების განხორციელება (მთების აზომვა, ზოგიერთი ქალაქისა და ადგილის დალაშქვრა). სერ პორტერმა საკუთარი დაკვირვებების შედეგად შეადგინა სპარსეთის იმპერიის რუკა. პირველი ტომი მთავრდება ავტორის მოგზაურობით სპარსეთში. შემდეგი ტომი მოიცავს ბაბილონს, ქურთისტანს და იმ ქვეყნებს, რომლებიც ღრმა ინტერესს იწვევენ აღმოსავლეთით დაინტერესებულ პირებს შორის და რომლებსაც არაერთი გვერდი მიუძღვნეს სხვადასხვა ავტორებმა და მწერლებმა. ძველთაძველი ეპოქების ნიმუშები, რომლებიც ავტორმა ჩამოიტანა იმ ქვეყნებიდან, სადაც იმოგზაურა, მან სხვადასხვა მუზეუმებს გადასცა, მაგრამ მათი უმეტესობა ინგლისის გაერთიანებული სამეფოს მუზეუმებშია დაცული, კერძოდ კი ლონდონის, ედინბურგისა და დუბლინის მუზეუმებში. მის მიერ შეგროვილი და ჩამოტანილი მრავალრიცხოვანი და იშვიათი მონეტები კერძო კოლექციაშია.
შეუძლებელია ისეთი ამოცანის შესრულება, როგორიცაა დიდი მადლიერების გამოხატვა იმ ადამიანთა მიმართ, ვინც მისი პირველი გამგზავრებიდან ქვეყანაში დაბრუნებამდე გაუადვილა მიზნების განხორციელება და გამოიჩინა სტუმართმოყვარეობა მისი ხანგრძლივი მოგზაურობის დროს. რამდენიმე ადამიანის სახელს ავტორი აღნიშნავს თავის ჩანაწერებში. ასეთი ადამიანების რიცხვი ძალიან დიდია და ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია. მაგრამ, თუ მკითხველი გაიხსენებს, ეს ხალხი ძირითადად ისეთ დაწესებულებებში არიან დასაქმებულები, სადაც ძალაუფლებას საუკეთესო ნიჭის მქონე ხალხი ინარჩუნებს. ასეთი მაღალჩინოსნები სათანადოდ უნდა იყვნენ დახასიათებულები.
*წერილებში ლაპარაკია, თუ როგორ აღწერეს სხვადასხვა მეცნიერებმა, მათ შორის: შარდენმა, ლე ბრანმა და ნიბუამ თავიანთი მოგზაურობები სპარსეთში. წერილების ავტორი სთხოვს კერ პორტერს, რომ მან ასახოს და დააფიქსიროს წარსულის მხოლოდ თვითმყოფადი ნანგრევები; რომ მან სპარსულ გამოსა- ხულებებს, ფიგურებს არ მისცეს არც ფრანგული (როგორც ეს შარდენთანაა), არც ჰოლანდიური (როგორც ლე ბრანმა გამოსახა), არც გერმანული (ნიბუას მსგავსად) და არც ინგლისური იერი. წერილის ავტორი საუბრობს ნაკში რუსტამის კედლის რელიეფებზე არსებულ სასანიდი მეფეებისა და მისი სამეფო კარის მოხელეების გამოსახულებების ფრაგმენტების აღწერა-ჩანახატების შესახებ.
P.S. ამ მოგზაურობების ავტორი ამჟამად საზღვარგარეთაა, ამიტომ გადამწერი სარგებლობს შემთხვევით, რათა საზოგადოებას მოუბოდიშოს ზოგიერთი ხარვეზის გამო, კერძოდ კი საკსაკუთარ სახელებში დაშვებული ორთოგრაფიული შეცდომებისათვის, რომლებიც ნაშრომში ხელნაწერის გაურკვევლობის გამო გაიპარა.
* * *
ჩვენ დილით გავემგზავრეთ სოფელ სევერნაიადან. რვა თუ ათი ვერსის დაშორებით მივაღწიეთ ციცაბო გორას, საიდანაც მე პირველად დავინახე კავკასიონის უზარმაზარი, განსაცვიფრებელი მთები. არავითარ ძალას არ ძალუძს იმ ემოციის გამოხატვა, რომელიც მთების უეცარმა გამოჩენამ აღძრა. ვერანაირ კალამს ვერ შეუძლია აღწეროს ის გრძნობა, რომელიც ჩემში კავკასიის დანახვამ გამოიწვია. მე ნანახი მქონდა თითქმის ყველა ველური და უზარმაზარი მთაგრეხილი პორტუგალიასა და ესპანეთში, მაგრამ არცერთ მათგანს არ მოუნიჭებია სივრცისა და გრანდიოზულობის ისეთი გრძნობა, რომელიც ახლა განვიცადე. კავკასიონი თითქოს ბუნების მიერ აღმართული ბასტიონია ევროპისა და აზიის ერებს შორის. ელბრუსი1, რომლის კლდეებს შორის, გადმოცემის თანახმად, პრომეთე იყო მიჯაჭვული, დაფარული იყო თოვლით. ამ მთის თეთრი და მოელვარე მწვერვალები სამოთხეს სწვდებოდნენ, მაშინ როცა ქვედა ქედის ფერმკრთალი და უთვალავი მწვერვალები, თუმც მაღალი, მაგრამ ზღვის დონიდან შედარებით დაბლა აღმართულები ჰორიზონტის გასწვრივ გადაჭიმულიყვნენ და სადღაც შორს ღრუბლებში იკარგებოდნენ. რამდენიმე უსწორმასწორო, უზარმაზარი შავი კლდის მასა აღიმართა შუალედური ტრამალიდან, ის მთის ზომის იყო, მაგრამ კავკასიონთან შედარებით მხოლოდ გორაკს მოგვაგონებდა. თუმცა, მათ შორის არსებული კონტრასტი მშვენიერი იყო. მუქი კლდეები დიდ ეფექტს უქმნიდნენ თვალისმომჭრელ მწვერვალებს, რომლებიც მათ ზემოდან დაჰყურებდნენ. პოეტები არ სტყუიან, როდესაც საუბრობენ ამ ადგილის სიდიადეზე. მე არ მეგულება ადამიანი, ვისაც კავკასიონი უნახავს და არ განუცდია მღელვარება მისი ეული სიამაყის დანახვაზე.*
...მდინარე თერგი რუსეთის ევროპულ ნაწილს აზიური ნაწილისგან ჰყოფს.** ეს მდინარე კავკასიონის მთებიდან მოედინება. მისი სათავე კობთან ახლოსაა. თერგი, რომელიც მშობლიური მთებიდან ქვემოთ ეშვება, ჩქარი და ხმაურიანია. იმ ძალას, რომლითაც ის მოჩქეფს, ვერ შეედრება ვერც ერთი სხვა მდინარე. თერგი ჩრდილო-დასავლეთისკენ მოემართება. მოზდოკიდან დაახლოებით 30 ვერსის დაშორებით ის იცვლის მიმართულებას აღმოსავლეთისკენ და როდესაც ის კასპიის ზღვის ნაპირს უახლოვდება, საოცრად მშვიდი და წყნარია. ჩემი დამოკიდებულება თერგის მიმართ განსაკუთრებულია. მე მაოცებს მისი სივრცე და შენაკადები. ის ხშირად უწევს მეგზურობას იმ მოგზაურებს, რომლებიც მსოფლიოს ამ კუთხეში ჩამოდიან, იმ სტუმრებს, ვისთვისაც მოგზაურობის მთავარი ადგილი თბილისია. მათ თითქმის ნახევარი გზის გავლა თერგის ახლოს უხდებათ.***
*შემდეგ ავტორი საუბრობს ჩრდილო კავკასიის ქალაქების შესახებ, რომლებიც გზად გაიარა, ესენი იყო: ალექსანდროფი, გეორგიევსკი, კონსტანტინოგორსკი და მოზდოკი.
**ტერმინს – „აზიური რუსეთი“ სხვა მოგზაურებიც იყენებენ. მაგ. სამხრეთ კავკასიაში არსებულ ქვეყნებს ავსტრიელი მოგზაური იდა პფაიფერი „აზიურ რუსეთში“ მოიაზრებს. იხ. იდა პფაიფერის მოგზაურობა კავკასიაში, გვ. 21.
***ამის შემდეგ მოგზაური საუბრობს ყაბარდოელებსა და ჩერქეზებზე.
...ჩვენი თანმხლები პირების ჯგუფი სხვადასხვა მოგზაურისაგან შედგებოდა. მათ შორის 4 თუ 5 მამაკაცი თბილისში მიემგზავრებოდა სამოქალაქო მმართველობაში თანამდებობის დასაკავებლად; იყო რამდენიმე სომეხი და ქართველი ვაჭარი; აგრეთვე მამაკაცი, რომელსაც 8 თუ 10 ქალი ახლდა. იქ რამდენიმე მოსამსახურე პირიც იყო. თითოეული ადამიანი, მიუხედავად იმისა, სამოქალაქო პირი იყო თუ სამხედრო, როდესაც დაინახავდა, რომ მტრულად განწყობილი ხალხის ჯგუფი მათკენ მოემართებოდა, ტენიდა თოფს, ან პისტოლეტს, ან კიდევ იძრობდა ხანჯალს, ან ბებუთს. შეიარაღებულ მამაკაცებს ამ დროს ფერმკრთალი სახეები ჰქონდათ.
...დილის 5 საათზე ჩვენი ჯგუფი გზას გაუდგა. გორები ძალზე ციცაბო იყო, ბილიკები - სველი და სრიალა. ხშირი ტყეები ფარავდნენ მაღალ მთებს. სიარული შემაწუხებელი გახდა. ამას დაემატა ხარების ზანტი სვლა, რაც კიდევ უფრო გვაღიზიანებდა. შვიდი ვერსის შემდეგ ჩვენ ავედით მთაგრეხილის მწვერვალზე, რომელიც ამ ადგილზე კავკასიონის პარალელურადაა გადაჭიმული. მწვერვალზე ასვლისას დაგვხვდა დაპირებული მაშველი რაზმი, რომელიც შედგებოდა 50 ჯარისკაცის, 6 ოფიცრისა და ოცამდე კაზაკისაგან. ოფიცერმა ერთი საათის განმავლობაში შეგვაჩერა, რათა ურმების კოლონა ზემოთ ამოეყვანა.*
*ამის შემდეგ მოგზაური საუბრობს ჩეჩნებზე, მათ რელიგიასა და ადათ-წესებზე.
ვლადიკავკაზში გამგზავრებისას ჩემს მარჯვნივ მიჩუხჩუხებდა თერგი... ჩემს წინ გამოჩნდა დიდებული კავკასიონი, მთელი სამყარო თავისი კლდეებით და დათოვლილი, ზეცაში აწოწილი მწვერვალებით, გადაჭიმული აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით ჰორიზონტამდე. ამ სანახაობამ ადამიანს შეიძლება სუნთქვა შეუჩეროს; სული შემეგუბა იმ საოცარი შთაბეჭდილებისგან და უსაზღვრო სიდიადისგან, რომელიც ჩემს თვალწინ გადაჭიმულიყო. ამაყად აღმართული ელბრუსის მთა შორ მანძილზე კი იყო, მაგრამ მისი თოვლით დაფარული მთაგრეხილები, განსაცვიფრებლად მოჩანდა. ოცდაორი ვერსის გავლის შემდეგ მივაღწიეთ იმ ადგილს, საიდანაც საქართველოსკენ მიმავალი გზა იწყებოდა. ვლადიკავკაზი თავისი სიძლიერით ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი სამხედრო სადარაჯო პუნქტია, რომელსაც რუსეთი ფლობს კავკასიაში. იქ განლაგებულია გარნიზონი.*
დილის 6 საათზე გავემართეთ. ხიდით გადავედით მდ. თერგზე. წელიწადის ამ დროს მდინარე არ არის განიერი, მაგრამ საოცრად სწრაფია. წყლის დინებას კალაპოტში აფერხებს უამრავი ქვა, მდინარის ზათქი დიდ მანძილზე ისმის.
*ამის შემდეგ ავტორი საუბრობს თათრებზე, რომლებიც სახ- ლობდნენ ვლადიკავკაზის მახლობლად.
ველი, რომელზეც თერგი მიედინება, ძველად ცნობილი იყო „პორტა კაუკაზიას“ სახელით, რადგან ის დიდ ჭიშკარს წარმოადგენდა მთაში მცხოვრებ სხვადასხვა ხალხებთან ურთიერთობისთვის. ეკატერინე II2 იყო პირველი ევროპელი მმართველი, რომლის ჯარმა ჩრდილოეთიდან შეძლო იქ შეღწევა. რუსეთის ჯარის ერთი ნაწილი, გენერალ ტოტლებენის3 მეთაურობით, სწორედ აქედან შევიდა საქართველოში და დააგო გზა, რომელმაც შემდეგ განსაზღვრა ეკატერინე დედოფლის სურვილი, ამ ადგილიდან გაეყვანა გზა თბილისამდე. პროექტი, რომელიც ფრიად მნიშვნელოვანი იყო თავისი სამომავლო შედეგის გათვალისწინებით, ვერ განხორციელდა. დედოფლის ეს ჩანაფიქრი განახორციელა მისმა შვილიშვილმა, მისმა ახლანდელმა უბრწყინვალესობამ4. მან გააგზავნა გენერალი ციციანოვი5 1804 წელს, რათა წამოწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა. მუშების დაუღალავი და ყურადღებიანი, გულმოდგინე შრომის წყალობით და გენერლის მონდომებით გზის გაყვანა დასრულდა. ეს გზა ერთ-ერთ საოცრებად მიმაჩნია. ყველა მეგზური, რომელმაც ამ უსაფრთხო გზით იმოგზაურა, ამ გზის დამგები ხალხის მადლიერი უნდა იყოს.
სამხედრო სადგურ ლარსში, სადაც ესკორტი უნდა შეგვეცვალა, ხედი უფრო მეტად გასაოცარი და დიდებულია. აქ ხევი ვიწროვდება და საშინელ უფსკრულამდე მივყავართ; ისეთი ციცაბო, უსწორმასწორო და კლდეებში მოქცეულია, თითქოს წარღვნის წყლებს გაეყოთ ორად. მისი გრანიტის გვერდები თითქმის პერპენდიკულარულია, ხოლო სიმაღლე ასობით ფუტია. მათი წვეროები ღრუბლებში იკარგება, ღრუბლები ქედის გასწვრივ გადიან ან დაბლა უფსკრულისკენ მიემართებიან, სადაც ორთქლის ზღვას ჰქმნიან, რომელიც ჩვენს თავებს მაღლა, კლდეებში ირევა და ეს სანახაობა ძალზე უჩვეულო და დიდებულია. მოკლედ რომ ვთქვათ, სულის ეს აღუწერელი ემოცია, რომელიც ბუნების საოცარი სიდიადის დანახვისას გვეუფლებოდა, ხშირი მეგზური იყო ამ რეგიონში.
რუსების სადარაჯოების უმეტესი ნაწილი განლაგებულია ძველი ციხესიმაგრეების ადგილზე. ამ ძველი საფორტიფიკაციო საშუალებების ნაშთები ახლაც ჩანს, როდესაც ახალი ციხესიმაგრეებისთვის საძირკველს თხრიან. ლარსში და მისგან ერთი ვერსის დაშორებით ახლაც შემორჩენილია საკმაოდ ძველი, მაღალი კედლები და კოშკის ფრაგმენტები, რომლებიც ციცაბო კლდის წვეროებს გადაჰყურებს, ისინი ხევის გასასვლელს იცავდნენ. ამბობენ, რომ ერთ-ერთი მათგანი იყო ის ადგილი, სადაც ხერგილი იყო მოწყობილი, რომელიც ანტიკურ ეპოქაში ხშირად გამოიყენებოდა. ეს ადგილი ისეა ჩახერგილი ბუნების წყალობით, რომ ძალიან მცირე ძალისხმევაა საჭირო ამ ჭიშკრის ჩასაკეტად.
დადგა საღამო, ადგილს, სადაც უნდა გავჩერებულიყავით, გარკვეული მანძილი გვაშორებდა. სულ უფრო და უფრო მწყდებოდა გული, რომ სიბნელის გამო ვერ ვხედავდი ბუნებას, რომლის გავლაც გვიწევდა, გარდა მოსალოდნელი საფრთხისა, სიბნელემაც იმატა და რთული იყო ირგვლივ რამის გარჩევა. ამ ადგილს, მისი წარსულიდან გამომდინარე, ჩვენ ჩუმად, მაგრამ შიშის გრძნობით გავდიოდით; ხევის დასაწყისში მოჩუხჩუხე წყლის ხმაური და ბუნდოვანი აზრები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ღამეში მგზავრობისას, გეუფლება, ადამიანს ეულსა და განმარტოებულს გხდის; ეს გრძნობები გეძალება მაღლა, მთაში, - შიში რაღაც შეუცნობელის წინაშე.
დერიალი6, რუსული სამხედრო სადგური, იყო ის ადგილი, სადაც ღამე უნდა გაგვეთენებინა. როდესაც ვუახლოვდებოდით ამ საგუშაგოს, გზა უფრო მეტად გაურკვეველი გახდა, მისი უმეტესი ნაწილი კლდეში გაყვანილ მიწისქვეშა გასასვლელში გადიოდა. დერიალი დაახლოებით ერთი მილით არის დაშორებული საგუშაგოდან. გამოვედით მდინარის ნაპირთან, რომელიც ციცაბო უფსკრულის ძირში გადიოდა; აქედან ხის ხიდზე გადავედით და საგუშაგოს რაზმის დაცვის ქვეშ, უსაფრთხოდ მივაღწიეთ გასაჩერებელ ადგილს. გავიგეთ, რომ ადგილობრივ მოთარეშეებს* დაკავებული ჰქონდათ გზის ის მონაკვეთი, რომელიც ჩვენ მეორე დღეს უნდა გაგვევლო; გამცილებლების უსაფრთხოების მიზნით, დილით ადრე საგუშაგოს ოფიცერმა მათ დასარბევად ქვეითი რაზმი გაგზავნა. შესაბამისად, ჩვენი მოგზაურობა შეყოვნდა, სანამ არ მივიღეთ ოპერაციის წარმატებით დასრულების ამბავი. მე გამომიჩნდა დრო, დამეთვალიერებინა ქვეყნის ის ნაწილი, რომელიც წინა ღამით გამოვიარეთ.
*ჩვენი აზრით, ამ მოთარეშეებში მოგზაური ოსებს უნდა გულისხმობდეს. ოსების მხრიდან მგზავრების გაძარცვის ფაქტები ძალზე ხშირი იყო. აღსანიშნავია, რომ ისინი გზის იმ მონაკვეთის გავლაში, რომელსაც თვითონ აკონტროლებდნენ, მგზავრებისაგან გასამრჯელოს იღებდნენ. ამის შესახებ ძალზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის გერმანელი მოგზაური იოჰან ანტონ გიულდენშტედტი,იხ. გ. სოსიაშვილი, გერმანელი მოგზაურები ოსების შესახებ, თბ., 2007, გვ. 11-12.
რუსული საგუშაგო დერიალი განლაგებულია უზარმაზარი უღელტეხილის ქვემოთ, რომელსაც იგივე სახელწოდება აქვს. ჩვენ გარშემო ჩამოკიდებული იყო კლდეების უზარმაზარი მასა, რაც იქაურ სიტუაციას საზარელს ხდიდა. ერთ-ერთი ასეთი კლდიდან, თერგის მარცხენა ნაპირზე, მოჩანს ძალიან ძველი კოშკის ნანგრევები. მე შევძელი ავცოცებულიყავი ზემოთ და იქ აღმოვაჩინე ოთხკუთხედი ფორმის ნაგებობის ნანგრევები, რომლებსაც გარშემო სქელი მასიური კედელი ჰქონდა შემორტყმული. კედლის შიგნით დიდი სივრცე იყო, ისეთი, რომ იქ შესაძლებელი იყო რამდენიმე ასეული ჯარისკაცის გარნიზონის განლაგება. ის კონსტრუქცია, უდაოდ, დარიალის ხეობის გასასვლელის ციტადელი უნდა ყოფილიყო. იქვე გამოჩნდა გარეთა სიმაგრის ნანგრევები. კოშკის უკანა მხარეს წყლის ავზის ტიპის ნანგრევებია. სწორედ მისი მეშვეობით მიეწოდებოდა აქ განლაგებულ სამხედრო გარნიზონს სასმელი წყალი.
ჩვენი აზრით, ამ ადგილზე ჯარისკაცებისა და რქოსანი პირუტყვის საჭმლითა და წყლით მომარაგების შესანიშნავი პირობები არსებობდა. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია გარნიზონისთვის განკუთვნილი უკეთესი ადგილი, ვიდრე ის ხეობა.
ხეობის გასასვლელი იმ ადგილას 30 იარდს7 არ აღემატება. ბუნების სიდიადე შერწყმული წარსულის დიდებასთან, უდავოდ მაფიქრებინებს, რომ უძველეს დროში ეს ხეობა იყო ძირითადი კარიბჭე, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ჩრდილოეთში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის იბერიასთან ურთიერთობა. პლინიუსი8 ასე აღწერს დერიალის ხეობას: „თითოეული გასასვლელი ჩაკეტილი იყო ხის დიდი მორებით, რომელთა ბოლოები რკინის იყო. ვიწრო ხეობის შუაში მიედინებოდა მდინარე. მაღალ კლდეზე აგებული კოშკი სამხრეთს ჩრდილოეთის ხალხთა შემოსევებისგან იცავდა.
პტოლემეის9 მიხედვით სამი დიდი ხეობა არსებობდა კავკასიაში: the Pyle Sarmata, the Pyle Albanie და Via Caspia. პირველი the Pyle Sarmata იგივე უნდა იყოს, რაც პორტა იბერია, ანუ, პორტა კავკასია, რომელზეც სტრაბონი10 მიუთითებდა და ის დღევანდელი თერგის11 ხეობაა.
The Pyle Albanie da the Vie Caspia ერთი და იმავე ადგილის სახელწოდებაა, რომელსაც ახლა დერბენტის12 ხეობა ჰქვია. მაგრამ არსებობდა კიდევ ერთი, პორტა კუმანადა. ის მოშორებით, დასავლეთში მდებარეობდა. პლინიუსი მას განსაკუთრებით იხსენებს და ციხესიმაგრეს კუმანიას13 სახელით აღნიშნავს. ეს ხეობები, აღმოსავლეთის გასაღებები, ყოველთვის საგანგებოდ იყო დაცული, რადგან ისინი, ვინც მათ იცავდა, კარგად ხვდებოდნენ მათ მნიშვნელობას. მაგრამ ლეონ I-მა14 ბარბაროსების შემოსევები არჩია, ვიდრე გაეღო მცირედი ხარჯი, რომ დაეცვა ხეობის კარი, რომელიც მის საზღვრებს ამაგრებდა. იმპერატორმა იუსტინიანემ15 უკეთ შეაფასა ამ ხეობის მნიშვნელობა. მან დადო ზავი სასანიანთა ირანის მეფე კავადთან16 523 წელს, რომლის თანახმად ხეობა ორივე ქვეყნის – რომისა და ირანის მმართველებს უნდა დაეცვათ. თუ მხოლოდ კავადის ჯარი დაიცავდა, მაშინ რომაელებს ირანის შაჰისთვის უნდა გადაეხადათ 1 მილიონ 100 ათასი ფუტის წონის ოქრო, რაც ორმაგად გაწეული სამსახურის საფასური იქნებოდა.
სიტყვა დერიალში პირველი მარცვალი, ისევე როგორც სიტყვა დერბენდში, ჭიშკარს აღნიშნავს. ამ სიტყვების მნიშვნელობა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ხეობაში არსებობდა მთავარი ბარიერი და რომ ლარსის კოშკები და მის ქვემოთ არსებული პატარა სამხედრო სადგურები უთუოდ იყო ურთიერთობის ჯაჭვები, უფრო განსხვავებული სიდიდისა და მნიშვნელობის მქონე სადგურთან, მაგრამ მათ ყველას ერთი დანიშნულება ჰქონდა – ბარბაროსების შემოსევებისგან დაცვა. სანამ რაზმი დაბრუნდებოდა, საკმარისი დრო მქონდა ერთი-ორი ესკიზი გამეკეთებინა ხედისა, რომელსაც ჩემ ირგვლივ ვხედავდი. იმ სურათის დიდებულებას, რაც დავინახე ძველი ციხესიმაგრის სიმაღლიდან და ქვემოთ, რუსული საგუშაგოს განლაგების ადგილიდან, ვერც ფანქრით შევასრულებ და ვერც კალმით აღვწერ. მდინარის ნაპირიდან ათასი ფუტის სიმაღლეზე ამოდის კლდე, რომლის გვერდები სავსეა ბზარებით და შვერილებით, იგი ბნელი და პირქუშია; ძალზე მაღალია და იმდენად ახლოს მოწოლილი, რომ დღისითაც კი მთლიანი ადგილი ჩრდილით არის დაფარული. დოქტორ რენიგსის17 გამოთვლებით, რომელიც 1781 წელს ესტუმრა კავკასიას, დერიალის საგუშაგოს გასწვრივ მდებარე მთების სიმაღლე, არანაკლებ სამი ათას შვიდას ოთხმოცდაექვსი ფუტია. ეს იყო ხანგრძლივი დაკვირვებების შედეგი; ეს სიმაღლე შეიძლება ჩავთვალოთ თითქმის მთლიანი ქედის სიმაღლედ, ელბრუსის და ყაზბეგის მთების გარდა.
პირქუში სილამაზე არ ტოვებდა ჩვენს მარშრუტს დერიალიდან იმ ხეობამდე, საიდანაც ჯარისკაცებს დაუპატიჟებელი სტუმრები უნდა გაედევნათ. იქ ერთი უდაბური ადგილი ვნახეთ, რომელსაც მისი ყოფილი მობინადრეები იყენებდნენ. ჩვენ მარცხნივ არსებული დაბლობი სავსე იყო დიდი რაოდენობით დაბალი სქელი ბუჩქებით და ფიჩხით. ადამიანის თვალისგან კარგად დამალული ეს ბუნებრივი თხრილი მთის მისადგომებთან მთავრდებოდა. ჩასასვლელი რთული ჩანდა, მაგრამ ჩვენ, თავგადასავლის მოყვარულებმა, ჩასვლა შევძელით. აქ საკმაო რაოდენობის ხალხი ჩადის, დაბურულ ბუჩქნარში იმალება, სანამ არ გამოჩნდება მსხვერპლი, რომ თავს დაესხან. სანამ უსაფრთხოების ზომებს მიიღებდნენ, გაწმენდდნენ გზას და ბუჩქებს, ეს გზა ძარცვის და სისხლისღვრის ადგილი იყო. მთის ყაჩაღებმა კარგად იცოდნენ ბილიკები და ყოველთვის ახერხებდნენ გაქცევას. ჩასაფრებულები ელოდებოდნენ კოლონის მოახლოებას. ბუჩქნართან და დამსხვრეული კლდეების სიახლოვეს მყოფნი ცეცხლს უშენდნენ დაბნეულ ხალხს, ზოგი იღუპებოდა, ზოგი დაჭრილი იყო. ხოლო ვინც გადარჩებოდა, ხშირად უკან გარბოდა და გამარჯვებულებს რჩებოდათ ნადავლი, რო- მელსაც დინჯად, აუჩქარებლად ინაწილებდნენ.
ჩვენ გაძლიერებული ესკორტით გავუდექით გზას, ყაჩაღებს არ შევუწუხებივართ, თუმცა რამდენჯერმე დავინახეთ მძარცველთა სხვადასხვა დაჯგუფებები, რომლებიც მაღლა, კლდეებზე დაძვრებოდნენ. მათი სასოწარკვეთილი მდგომარეობა და ჩაცმულობა გააძლიერებდა სალვატორ როზას18 ამ სცენის ნახატს. იყო ალბათობა მათთან გზაზე შეხვედრისა. ესკორტის ოფიცერი ნებას არ მრთავდა ჩანახატი გამეკეთა, იმიტომ, რომ ნებისმიერ წუთს ბუჩქებიდან გამოვარდნილ ყაჩაღს შეეძლო სიცოცხლეს გამოესალმებინა ჩამორჩენილი მგზავრი. ცდუნებას ბოლომდე ვერ ვუძლებდი, ერთხელ თუ ორჯერ, გამცილებლებთან ერთად ვეცადე, რამდენიმე უბრალო ჩანაწერით დამემახსოვრებინა ეს დიდებული მთები, რომლებიც შეიძლება ვეღარასდროს მენახა.
როდესაც მინდვრის გავლით გავაგრძელეთ გზა, ბუნების საშინელი კატაკლიზმების მოწმენი გავხდით. ბაზალტის სვეტები აღმოჩნდნენ მთების ზედაპირზე დიდი მასების სახით. ისინი სხვადასხვა მიმართულებით ჩანდა: ჰორიზონტალურად, ზოგი აღმართული იყო გროვად, სხვები კი ვერტიკალური მდგომარეობიდან მეტ-ნაკლებად გადახრილნი იყვნენ. თუ შევხედავდით ამ სვეტებს პატარა მანძილიდან, ისინი მოგვაგონებდა უზარმაზარი ძველი ქალაქის ნანგრევებს. დიდი სასახლის, ტაძრის ნანგრევები, ნაომარი კედლები ყველგან მიმოფანტული იყო.
გრანიტის დიდი ნატეხები ამ სტიქიური უბედურების ნიშანი იყო. ეჭვს გარეშე იყო ის ფაქტი, რომ სიცხისა და სიცივის მონაცვლეობამ გამოიწვია ახლანდელი ქაოტური მდგომარეობა. ძველად მიწისქვეშა ცეცხლმა და შემდეგ მზემ ქვეშ არსებული ყინული დაადნო. დამდნარმა წყალმა მთებში ბზარი გამოიწვია. წელიწადის იმ დროს, როდესაც მზის ძალა ყველაზე ძლიერია, თოვლი დნება და, აღწევს რა ღრმად კლდეების ბზარებში, წყალდიდობას იწვევს. მთის შვერილები ირყევა, ვეღარ ეჭიდებიან მთას და ქვემოთ დიდი, ჭექა-ქუხილის მაგვარი ხმაურით ვიწრო ხევში ეშვებიან, გზად ყველაფერს ხვეტავენ; ხმაური იმდენად მაღალია, რომ ძირს ურყევს ახლომდებარე კლდეებს, ისინიც ქვემოთ ეშვებიან და მიმოფანტული კლდის ნატეხების მასას უერთდებიან. ასეთი შემთხვევების გამო გზა ჩახერგილი იყო და შემოვლას საჭიროებდა; თუ სიახლოვეს არსებული უფსკრულის გამო ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, მაშინ გზა პირდაპირ ჩამონგრეულ კლდეებზე გადადიოდა; რა თქმა უნდა, ასასვლელ-ჩასასვლელი განსაკუთრებით ციცაბო და საშიში იყო. ერთ-ერთი ასეთი გზის გადაკვეთისას ჩვენს ეტლს ღერძი მოსძვრა, რომელიც წინა ბორბლებს აერთიანებდა. დიდი პრობლემა შეგვექმნა, ეტლის შეკეთებაზე დრო დაგვეკარგა; ექვსი ვერსის მანძილზე იყო სოფელი ყაზბეგი, სადაც ჩვენ ეტლის ნელ-ნელა მიყვანას და შეკეთებას ვაპირებდით, თოკებისა და კარგი ხასიათის მქონე გამცილებლების წყალობით, რომლებმაც თავიანთი მხრებისა და გამომგონებლური ნიჭის წყალობით შეძლეს ეტლის დანიშნულების ადგილზე მიტანა; როდესაც ჩავედით სოფელ ყაზბეგში, დაახლოებით დღის 2 საათი იყო.
დაბლობი, რომელიც ჩვენ წინ თანდათან ჩნდებოდა, ულამაზესი სანახავი იყო. მის ზემოთ აღმართული განსხვავებული ფორმისა და ფერის უსასრულო მთები გვერდიგვერდ იყვნენ ჩამწკრივებულნი და თავიანთი სიმაღლითა და სიდიადით ელბრუსის მთას მეტოქეობას უწევდნენ. ყაზბეგის მთა პაროტის19 მიხედვით შავი ზღვის დონიდან 14.400 ფუტზე20 მდებარეობს. სოფელს, რომელიც იმავე დასახელებისაა, რაც მთა, წინათ სტეფანწმინდა ერქვა იმ წმინდანის21 პატივსაცემად, რომლის სახელზეც აგებულია ეკლესია.
სახლი, სადაც მე შევჩერდი ჩემი ეტლის აუცილებელი შეკეთების დროს, ეკუთვნოდა ქვრივ ქალს. მისი მეუღლე ადგილობრივი თავკაცი იყო. მას რუსების ჯარში კარგი და ერთგული სამსახურისთვის გენერალ-მაიორის წოდება უბოძეს. აქ მაცხოვრებელ ხალხში მიღებული არ იყო გვარების ქონა. ამიტომ გარდაცვლილმა, რათა შეწყობოდა თავის ახალ პატრონებს – რუსებს, აიღო გვარი ყაზბეგი22, იმ უძველესი მთის სახელი, რომლის ჩრდილშიც ის და მისი წინაპრები დაიბადნენ და ცხოვრობდნენ. სოფელმაც ამ პიროვნებისგან მიიღო ეს სახელწოდება – ყაზბეგი. ყაზბეგში დასახლებულნი არიან ოსები. ეს ხალხი შერეული რწმენისაა. მათ შორის არიან ქრისტიანები, მუსულმანები და კერპთაყვანისმცემლებიც23. სოფელი ყაზბეგი, ისევე როგორც მის ახლოს მდებარე სხვა სოფლები, დასახლებულია უმეტესად ქრისტიანებით, რომლებსაც იგივე სარწმუნოება აქვთ, რაც ქართველებს.* მათი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ბელადი ცნობილი იყო თავისი ერთგულებით ქრისტიანული რელიგიის მიმართ. ის მაგალითს აძლევდა თავის ხალხს, მკაცრად იცავდა რელიგიურ ადათ-წესებს, ხშირად აღავლენდა ლოცვებს, იცავდა მარხვას და წმინდა დღესასწაულებს. მან შეძლო, ყველა მოექცია თავისი გავლენის ქვეშ. მოსახლეობა მონაწილეობდა არა მარტო ქრისტიანული წესების შესრულებაში, არამედ დიდი პატივისცემით ეპყრობოდა და იცავდა განადგურებულ შენობებს, სადაც ოდესღაც მათი წინაპრები ლოცვებს აღავლენდნენ ერთადერთი ღმერთისადმი. ყაზბეგმა თვითონ ააგო ახალი, შესანიშნავი ეკლესია თავისი ქრისტიანი ძმებისთვის. ტაძარი აშენდა იმ ადგილას, სადაც ადრეც ეკლესია იყო აღმართული, რომლის ნანგრევებს ახლაც დიდ პატივს სცემენ. ძველი ეკლესია აშენებული იყო დაახლოებით 600 წლის წინ ცნობილი ქართველი დედოფლის, თამარის მიერ. ამ მმართველის ერთგულებამ ქრისტიანული რელიგიისადმი მრავალი ხალხი მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, ის ხალხი, რომელიც მის სამეფოს ექვემდებარებოდა. დღესაც პოულობენ საყვარელი დედოფლის სახელზე აგებულ დაზიანებული და ჩამოშლილი ნაგებობების ნაშთებს. ამბობენ, რომ დღევანდელი ქრისტიანი ოსების მოდგმა ყველაზე ცივილიზებულად ითვლება კავკასიაში მცხოვრებ მთის ხალხებს შორის. შესაძლოა ეს ასეცაა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქრისტიანები არიან და უკეთესი კანონებიც აქვთ, ოსები მშვენივრად არიან გაწაფული დაყაჩაღებასა და მკვლელობებში, როგორც მათი მუსულმანი კერპთაყვანისმცემელი ძმები. ოსი მამაკაცები ფიზიკურად ძლიერები, აქტიურები და კარგი აღნაგობის არიან. მათი ადათ-წესები ისეთივეა, როგორც ჩერქეზების. მათ ვერ ნახავთ წელზე შემორტყმული ხმლის გარეშე. ხანჯალი განიერია სახელურთან, ხოლო ბოლოში წვეტიანი. მისი სიგრძე 18 ინჩია24. ყველა მამაკაცი იარაღასხმულია. თითოეული სახლი პატრონისთვის ციხესიმაგრეს წარმოადგენს.
* ყაზბეგსა და მის ახლომდებარე სოფლებში მცხოვრებ ქრისტიანებში ინგლისელი მოგზაური ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსახლებულ ოსებს უნდა გულისხმობდეს.
გენერალ ყაზბეგის სახლი ოთხკუთხედი ფორმისაა, ის ქვისგანაა აშენებული. სახლის გარშემო მაღალი კედელია და პატარა სათვალთვალო კოშკი. სახლს მხოლოდ ერთი შესასვლელი – ძალიან ვიწრო კარი აქვს. ოჯახი ბინადრობს სახლის ერთ ნაწილში, დანარჩენი მხარე – შესანიშნავი ოთახებით განკუთვნილია სტუმრებისთვის. მე მქონდა პატივი გავჩერებულიყავი ერთ-ერთ ასეთ ოთახში. ჩამოსვლისთანავე მე დამხვდა 12 წლის ბიჭი - განსვენებული გენერლის ვაჟი. მან ისეთი სტუმართმოყვარეობით მიმიღო და ისე შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები, რასაც მასზე ორჯერ უფროსი ასაკის ადამიანი ვერ შეძლებდა. დედამისი ავადმყოფობის გამო არ გამოჩენილა. მაგრამ მან გასცა განკარგულება, რომ ჩემთვის მოემზადებინათ საჭმელი, რომელიც შედგებოდა გამოყვანილი თევზის, შემწვარი ხორცის პატარა ნაჭრების, მშვენიერი პურისა და კარაქისგან და ბოლოს ყავისგან. ორმა ჩემმა თანამგზავრმა გაიზიარა ასეთივე მიღება და საჭმელი.
ჩვენი გამცილებლების გარეგნობა, მათი სახის გამომეტყველება გვაგონებდა უფრო ბანდიტებს, დაქირავებულ მკვლელებს, ვიდრე ხალხს, რომელსაც ჩვენი თავი უნდა დაეცვა. ყველა მამაკაცი შეიარაღებული იყო. ტანსაცმლის მკერდის ჯიბეები სავსე ჰქონდათ პატრონებით. თავში რამდენჯერმე გამიელვა, რომ, როდესაც გავემგზავრებოდით კობში, თუ მათ მივცემდი შესაძლებლობას, ამ ველური სახის მქონე მამაკაცებს თავისუფლად შეეძლოთ ჩემი დაყაჩაღება და მოკვლა. გამიგია, რომ კარგი განწყობით მიღებული და პატივნაცემი სტუმრები ხშირად ხდებიან მასპინძლების მსხვერპლნი. მთის ხალხის წარმოდგენით სტუმარი ჭიშკრის შიგნით და მის გარეთ – განსხვავებული მცნებებია.
მითხრეს, რომ გენერალი, რომლის სახლშიც მე ღამე გავათენე, მდიდარი იყო. მას სიმდიდრის დიდი ნაწილი თავისი ცხოვრების ადრეულ წლებში დაუგროვებია. რუსებმა დააგეს გზები, რომელთა საშუალებით შესაძლებელი გახდა ეტლებით და ცხენებით მოძრაობა. მათ აგრეთვე ააშენეს სამხედრო სადგურები, რომლებიც განლაგებულია მოსახერხებელ ადგილებსა და მანძილზე. ფოსტის შენობები და კარგად შეიარაღებული ესკორტებიც მათი დამსახურებაა.
ეტლებზე გადასატანი ტვირთისთვის რუსებმა დააწესეს გადასახადი, რომელიც ვლადიკავკაზში იკრიფება. (ვლადიკავკაზი ითარგმნება, როგორც კავკასიის გასაღები). ვაჭრები იხდიან გარკვეულ თანხას – 20-დან 25 რუბლამდე. ამ თანხაში შედის პირადი პასპორტის თანხაც. სხვა მოგზაურები უფასოდ მგზავრობენ, ისევე როგორც მე.
მინდა მოგითხროთ ჩემი შთაბეჭდილება სუსტი სქესის ორ წარმომადგენელზე, რომლებსაც თვალი მოვკარი გენერალ ყაზბეგის ეზოში ფეხით სეირნობის დროს: მათ არავითარი პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ სილამაზეზე. ისინი საკმაოდ დაბალი ტანის არიან, აქვთ განიერი ლოყები, ბრტყელი ცხვირები. შავგვრემანები და შეუხედავები არიან. მათ გარეგნობაში მხოლოდ თვალებია კარგი. მეხსიერებაში დამრჩა მათი ჭუჭყიანი, შიშველი ფეხები. ქალების სამოსი განსხვავებული იყო. რამდენიმეს ეცვა პერანგისმაგვარი ტანსაცმელი, მაგრამ პირბადე არ ეკეთათ სახეზე. დანარჩენები ღამის პერანგისმაგვარ კაბებში იყვნენ, გრძელი ქართული სახელოებით. ქვემოთ ყველა ქალს განიერი შარვალი ეცვა.
მამაკაცები უხეში ნაჭრისგან შეკერილი ტანსაცმლით იყვნენ შემოსილნი. წელზე შემორტყმულ ქამარზე ხმლები ჰქონდათ ჩამოკიდებული. თუ ქალის ტანსაცმელი მნახველში იწვევდა სიღარიბის გრძნობას, მამაკაცის ჩაცმულობა ასოცირდება ვაჟკაცობასა და კოლორიტულობასთან. ერთ ჯგუფად მდგარი კაცები, რომლებიც მჭედლის სახელოსნოსთან შეგროვდნენ, შესანიშნავი ესკიზი იქნებოდა მხატვრისთვის. მჭედელი მუშაობდა, მის გარშემო კი 10-12 მამაკაცი იდგა და ისინი ისე ხმამაღლა საუბრობდნენ, რომ მათი ლაპარაკის მანერის აღწერა ენით შეუძლებელია. ყველა ლაპარაკობდა ერთდროულად, ზოგი ღრიალებდა და ლაპარაკს თან ერთვოდა ჟესტიკულაცია ხელებით და სახის ნაკვთებით. მე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მათი ლაპარაკი აფეთქებით დასრულდებოდა. მამაკაცი, რომელიც გზების ინსპექტორი იყო და იმ დროს თან მახლდა, კარგად იცნობდა ადგილობრივი მოსახლეობის ხასიათს. მან მითხრა, რომ ასეთი საუბარი ჩვეულებრივი და დამახასიათებელი იყო ამ ხალხისთვის. ისინი დისკუსიის საგანს განიხილავდნენ, მაგრამ თუ არგუმენტი რთულ ფორმას მიიღებდა, მაშინ შედეგი ძნელი წარმოსადგენი იყო. ჩხუბი შეიძლება დაწყებულიყო საშინელი მუქარით, ხანჯლების ტრიალით, რასაც მოჰყვებოდა სიბრაზის ნებისმიერი გამოვლინება. ხშირად ასეთი სიტუაციები „ორთქლის“ გამოშვებით მთავრდება. ორივე მხარის მტრული განწყობა მალე არყის სმით სრულდება. თუმცა, მთის ხალხში არსებული ადათ-წესების თანახმად, სიტყვიერი შეხლა-შემოხლა ყოველთვის მშვიდობიანად არ მთავრდება. თუ რომელიმე პიროვნება მოკვდება მეზობლის ხელით, მთის ხალხში (ყაბარდოელი, ჩეჩენი) გარდაცვლილის უახლოესმა ნათესავმა შური უნდა იძიოს მკვლელზე25. იყო ისეთი შემთხვევები და ისინი ახლა უფრო გახშირდა, როდესაც დაზარალებული მხარე ურიგდება მოწინააღმდეგეს გარკვეული თანხის აღებაზე, ან მყარდება ცოლ-ქმრული კავშირი კარგი მზითვის პირობით. მტრული განწყობა ოჯახებს შორის მთავრდება და ოდესღაც ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ ოჯახებს შორის მყარდება ახლო მეგობრობა.
მარტო მომიხდა მგზავრობა კობისკენ. ჩემი თანამგზავრები გაქრნენ.ეტლს ახლდა 25 ჯარისკაცისგან შემდგარი დაცვა. 15 მათგანი შეიარაღებული იყო მუშკეტებით26. დანარჩენის მოვალეობა იყო დახმარება გაეწიათ ეტლისთვის ციცაბო გორებსა და ცუდ გზებზე მგზავრობის დროს. კობი მდებარეობს ყაზბეგიდან 16 ვერსის დაშორებით.
ღამის 11 საათისთვის გაყინული და სველი ჩავედი კობში. კობის სადარაჯო, სხვა სადარაჯოების მსგავსად, ოთხკუთხა საგუშაგოა. კობის ახლოს მიედინება ჩვენი ძველი თანამგზავრი მდინარე თერგი, რომელიც ივსება მდ. თეთრიწყლის წყლით და ამ მდინარესთან შეერთების შემდეგ დასავლეთიდან 35 ვერსის სიგრძეზე ჩრდილოაღმოსავლეთის მიმართულებით მოედინება. თერგი ულამაზესია იმ ხედის გარემოცვაში, რომლის გასწვრივაც ის მიედინება.
ქვეყნის იმ ნაწილში მრავალი ნათელი და ლამაზი სოფელია, რომლებშიც უმთავრესად მუსულმანები და კერპთაყვანისმცემლები სახლობენ. ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო ქართველი დედოფლის, თამარის მიერ დაარსებულ და შექმნილ ქრისტიანულ ძეგლებთან, დავიწყებას მიეცა ამ კუთხეში. გავრცელებულია მუსულმანური სარწმუნოება, რომელმაც შეცვალა ქრისტიანობა, რასაც ხელი შეუწყო სულთნების პოლიტიკამ27. ისინი გარკვეულ თანხას აძლევდნენ იმ ოჯახებს, რომლებიც თანხმდებოდნენ ბავშვების გამაჰმადიანებაზე. მიუხედავად იმისა, თუ რომელი რელიგიის მიმდევრები არიან ეს მთის ტომები, ყველას სწამს, რომ მათ იცავს კეთილი სული, რომელსაც ისინი ევედრებიან ხოლმე დახმარებას უბედურებისა და ავადმყოფობის დროს, ასევე შინაური შუღლის მოსაგვარებლად, ომების წარმოებისას, ქარავნებისა თუ ცალკეული მგზავრების გაძარცვისას. ზოგიერთი ოსი მამაკაცი ამ მხარეში დასაქმებულია იმით, რომ ზამთარში დახმარებას უწევს მგზავრებს თოვლიან მთებში ასვლის დროს.
ჯვრის მთის მწვერვალზე და იმ ადგილას, სადაც არაგვის ველისაკენ იწყება დაღმართი, აღმართულია დიდი ქვის ჯვარი. ჯვარიც და კვარცხლბეკიც ერთი და იმავე მასალისგანაა დამზადებული. ეს ჯვარი გახლავთ საკადრისი მემორიალური ძეგლი იმ ადამიანებისადმი, ვინც შეძლო, თავი დაეღწია ყველა იმ განსაცდელისათვის, რაც ამ მგზნებარე და საშიშროებით სავსე მოგზაურობის დროს შეხვდა და ვინც უვნებლად მოახერხა ამ პუნქტამდე მისვლა. მართლაცდა, შეუძლებელია ადამიანის გონებამ მეტად გამოხატოს თავისი დამოკიდებულება და მადლიერების გრძნობა [შემოქმედისადმი] აქ, სადაც ეს ქვაა აღმართული. წყალუხვი არაგვი ამაყად და დიდებულად მიედინება სამხრეთ აღმოსავლეთისკენ, კუმლის ციხის28 მთების მაღალ მთაგრეხილებსა და ტყით დაფარულ გოგ და მაგოგ29 მთებს შორის. მშვიდი მთების ხედი ნათელ, კაშკაშა, სახარბიელო და მაცდურ კონტრასტს ქმნის ჩრდილოეთის უზარმაზარ, ცივ და უნაყოფო მხარესთან შედარებით. იქ არაფერი ჩანს, გარდა ფერმიხდილი და ღრუბლებში გახვეული ყაზბეგის მწვერვალის და მისი კლდიანი მცველებისა, რომლებიც თითქოს უბღვერენ ბედნიერ მოგზაურს, რომელიც ასეთ არასტუმართმოყვარე, მაგრამ დიდებულ მხარეს ემშვიდობება.
ჩვენ დავიწყეთ ძირს დაშვება. ასეთი ციცაბო გზა ჯერ არ გაგვივლია. ეტლის ყველა ბორბალი გაფუჭდა. ათი თუ თორმეტი ჯარისკაცი იძულებული გახდა გამოეყენებინა საკუთარი ძალა, რათა თოკებით დაეჭირათ გადამზიდი საშუალება და თავიდან აეცილებინათ ცხენებზე დაწოლა. ცხენები ძლივს იკავებდნენ თავს, რომ ძირს არ დაცურებულიყვნენ. ჩვენ იძულებული გავხდით, კვლავ მთაზე ავსულიყავით, რომელსაც გუდგორა30 ერქვა. მის ზედაპირზე თოვლი არ იდო. როდესაც ზურგი შევაქციეთ ამ უზარმაზარ მთებს, მე ვცდებოდი, როდესაც მეგონა, რომ ყველანაირი ალპური სიძნელე გადავლახეთ, როცა წმინდა ჯვართან ავედით. მაგრამ მალე გავიგეთ, რომ მოგზაურები, რომლებიც აქ ჩამოდიოდნენ საქართველოდან უსაფრთხოდ გავლილი გზის გამო მადლიერები უნდა ყოფილიყვნენ და დარჩენილი გზის მშვიდობით გავლისთვის ღვთის წყალობა ეთხოვათ.
ენით აღუწერელია გზის საშინელი მდგომარეობა, რომელიც ჩვენ წინ გაჩნდა გუდგორას წინ. ის კლდის პერპენდიკულარულად ფოფხვასთან შედარებით ოდნავ უკეთესი იყო. ბილიკი, რომელზედაც მივდიოდით, ფაქტიურად 10-12 ფუტის იყო და მთის გარშემო იკლაკნებოდა. როდესაც ამ ბილიკზე მივდიოდით, შორს, ქვემოთ დავინახეთ მაღალი მთების მწვერვალები, სოფლები, გაშლილი ტყეები. ამ თავბრუდამხვევი სანახაობის თვალის მოწყვეტა შეუძლებელი იყო. მწვანე უფსკრულის ძირში ვერცხლისფერ ზოლად გამოჩნდა არაგვი.
მე აღელვებული ვუთვალთვალებდი ჩემს თანამგზავრებს, რომლებიც ქვიან შვერილებს ებღაუჭებოდნენ და ასე მოიწევდნენ ზემოთ ამ საშინელ კლდეზე. ჩვენ ყველაზე უფრო იმის გვეშინოდა, რომ ცხენებს, რომლებიც ეტლებს ექაჩებოდნენ, არასწორი ნაბიჯი არ გადაედგათ, ან არ დამფრთხალიყვნენ. ორივე შემთხვევაში მათ უფსკრულში ჩავარდნისაგან ვერაფერი იხსნიდა. მაგრამ ჩემი აღფრთოვანება ისეთივე დიდი იყო, როგორც ჩემი გაკვირვება, როდესაც მოწმე გავხდი იმ სრული სიმტკიცისა და პიროვნული სიმამაცის, რომლითაც ჯარისკაცები ჩემს ეტლთან ისე ახლოს მოდიოდნენ, რომ მათ უფსკრულის ნაპირს ერთი ფუტი ძლივს აშორებდათ. ჯარისკაცები ბორბლებს ხელებით აკავებდნენ, რათა არამყარ და უზარმაზარ ლოდებს, რომლებიც გზას ხერგავდნენ, ეტლი არ გადაეყირავებინათ.
ასეთ გზაზე ჩვენ გავიარეთ სამი ინგლისური მილი31. მხოლოდ ამ გზის გავლის შემდეგ შევძელით შიშისგან განთავისუფლება და თავისუფლად სუნთქვა იმ სუნთქვით, რომელიც ჩვენმა თავბრუდამხვევმა მაღლა სვლამ ჩაახშო, მაგრამ ის საშიშროება, რომელსაც ამ საშინელ აღმართთან წავაწყდით, არაფერი იყო იმ საფრთხესთან შედარებით, რომელიც იმ ადამიანებს ექმნებათ, რომლებიც აქ ამოსვლას ზამთარში ბედავენ. წელიწადის ამ დროს ყველაფერი თოვლშია დამარხული. ეს ბილიკი მთის გვერდთან პერპენდიკულარულად მოჩანს. მასზე გავლა სხვაგვარად შეუძლებელია, თუ არა მხოლოდ ფეხით. მოგზაურებს, რომლებიც აქ ამოდიან, მეგზურობას უწევენ და წინ მიუძღვიან ჯარისკაცები, ან ადგილობრივი მკვიდრნი, ისინი ერთ რიგად მიიწევენ მაღლა. მას, ვინც პირველი მიდის, წელზე თოკი აქვს მიბმული. მისი თანმხლები პირები ამ თოკს სხვადასხვა სიგრძეზე ეჭიდებიან, რადგან ისინი ერთიმეორის უკან მიდიან. ეს ხერხი გამოყენებულია ლიდერის დაღუპვის თავიდან ასაცილებლად, თუ მას ფეხი დაუცდება არასაიმედო ბილიკზე. მიუხედავად ასეთი სიფრთხილისა, არც ერთი ზამთარი არ ჩაივლის ისე, რომ მოგზაურების გარდა რამდენიმე ჯარისკაცი, კაზაკი ან ადგილობრივი მკვიდრი არ ჩავარდეს ამ საშინელ ხრამში.
როდესაც ერთ-ერთ ჩემს თანმხლებ პირს, რომელიც ამ ქვეყნის მკვიდრია, ვკითხე, თუ რა ხდებოდა მაშინ, როცა ამ გზაზე ეტლები ერთმანეთს ხვდებოდნენ, მან მიპასუხა, რომ ასეთი შემთხვევის დაშვება შეუძლებელია. როდესაც თანმხლებ პირებს უნდა გაევლოთ რომელიმე მიმართულებით, ხალხი წინასწარ იყო გაგზავნილი საკმაოდ ადრე, რათა შეეყოვნებინა მსვლელობა, სანამ გზა გაიხსნებოდა. როდესაც გზის გასწვრივ მივდიოდით, მე მაოცებდა ის, რომ მთელი გზის მანძილზე მისი ყველა სახიფათო ნაწილი ყველაზე უყურადღებოდ იყო დატოვებული. გარდა იმისა, რომ გზა ძალიან ვიწრო იყო, მისი ამგვარი მდგომარეობა მის დიდ საფრთხეს ზრდიდა. ჩვენ შეგვეძლო, ყოველ ორმოცდაათ იარდზე წავბორძიკებულიყავით უზარმაზარ და არამყარ ლოდებზე, რომელთაგან ზოგი მიწაში ნახევრად იყო ჩაფლული, სხვები კი ზუსტად უფსკრულის კიდეზე ეყარა. მთების ბუნებიდან გამომდინარე, რომელიც ფენოვანი კლდეა, მცირე სიძნელის დაძლევისა და გარჯის შედეგად შესაძლებელი იქნებოდა ამ ბილიკის გაგანიერება და გასწორება.როდესაც ჩავედით ვაკემდე, მთები ისე საზარლად და უდაბურად აღარ გამოიყურებოდნენ. მათი ფორმები ქვემოდან უფრო მომრგვალებული ჩანდა. ისინი ტყითა და მდიდარი მცენარეული საფარით იყვნენ დაფარულნი. მედიდური და ველური კლდეები, რომლებსაც ბოლო დროს ასე შევეჩვიე, იშვიათად მოჩანდა. ოთხ საათზე მივედით კაშოურის საგუშაგომდე32.
ეს ის საგუშაგოა, რომელიც აკონტროლებს ხეობას და თბილისისკენ მიმავალ გზას. კაშოური აშენებულია ძველი ქართული ციხესიმაგრის ნანგრევებზე. მაღალ კოშკს და დანგრეულ კედლებს შემორჩათ ნაშთი ძველი დიდების, თუმცა ისინი მტვრით არიან დღეს დაფარულნი. ეს ძველი დროიდან შემორჩენილი ნაშთები რომანტიულ პეიზაჟს ქმნიან. 7 ოქტომბერს, დილის 6 სთ-ზე, ესკორტისა და კაზაკების თანხლებით, მივატოვეთ კაშოური. ჩვენ გადავედით პატარა, მაგრამ კარგად აშენებულ ხიდზე და აღმოვჩნდით მდინარე არაგვის მეორე ნაპირზე. იმ ადგილას არაგვი მხოლოდ 20-30 ფუტის სიგანისაა. ხეობა ორივე მხრიდან გარშემორტყმულია მდიდარი ტყით. გავიარეთ პატარა და კოხტა სოფლები. იქ მიწა ყველგან დამუშავებული იყო. ადგილობრივ მოსახლეობას მოჰყავს ფეტვი, ქერი, ხახვი და თუთუნი. მათ ისეთი დიდი რაოდენობის ცხვარი და თხა ჰყავთ, რომ მთები ხშირად დაფარულია ცხვრის ფარებით. მეცხვარეებმა მშვიდობიანი და კარგად ნაკვები ადამიანების შთაბეჭდილება დატოვეს. ყველა მათგანს ქამარზე განმასხვავებელი ნიშნები ეკიდა, მხრებზე კი თოფი ჰქონდა ჩამოკიდული. ჩვენ მეცხვარეებს შევხვდით მაშინ, როდესაც მთავარ გზაზე გასასვლელს ვეძებდით. მათი აღჭურვილობა საბრძოლო აღკაზმულობას აღემატებოდა. გარდა ზემოაღნიშნულისა, მათ ჰქონდათ ხმლები, რაღაც მოგრეხილი საგანი. თითოეული მათგანის ქამართან დამაგრებული იყო ტყავით დაფარული მრგვალი, პატარა ფარი, რომელიც უცნაურად იყო ლურსმებით მოჭედილი. ამ მეცხვარეების აღჭურვილობა ძალიან წააგავს ინგლისელი მეფის ჰენრი V33 მეისრეების აღჭურვილობას. როგორც მითხრეს, ეს მთიელი მეცხვარეები ძალიან არიან დაოსტატებულები ხმლის ხმარებაში. ისინი მუსულმანი და კერპთაყვანისმცემელი ოსი ტომების წარმომადგენლები იყვნენ.
მთელ დღეს ჩვენ მივყვებოდით მდინარე არაგვს, ვიდრე არ შევჩერდით გამაგრებულ სადარაჯო პუნქტთან – ფასანაურთან, სადაც შეგვიცვალეს ცხენები და ესკორტი. საღამოს ცეცხლი ჩანდა სხვადასხვა მანძილზე. მე მივედი კოცონთან, სადაც კაზაკების ჯგუფთან ერთად იყვნენ ქართველები და მთის სხვა ხალხიც. გზა გავაგრძელეთ, სუფთა ჰაერის და საინტერესო ბუნების გარემოცვაში მივაღწიეთ ანანურამდე. ეს ის ადგილია, რომელიც თითოეულმა მგზავრმა, რომელიც საქართველოში მიემგზავრება კავკასიის გავლით, აუცილებლად უნდა გაიაროს. აქ უნდა მიიღონ ნებართვა მოგზაურობის გაგრძელებაზე. ქოხის ჭუჭყმა და სიღარიბემ მიმახვედრა, თუ რა პირობებში უნდა გამეთენებინა ღამე. იატაკი შიშველ მიწას წარმოადგენდა, რომელიც ნესტიანი და ჯანმრთელობისთვის საზიანო იყო. ფანჯრებს არც მინა ჰქონდა და არც დარაბები. მყუდრო კუთხე, რომელიც ცეცხლის დასანთებად იყო განკუთვნილი, დანიშნულებისამებრ ვერ გამოიყენებოდა. იატაკიდან მრავლად ჩანდა ამოსული სოკოები. ჩემი მოთხოვნა უკეთეს ადგილზე გადასვლის შესახებ ამაო აღმოჩნდა. ვერსად მივაგენი პასუხისმგებელ პირს, რათა მას გაეცა განკარგულება. სადარაჯოს კომენდანტი ორი მილის დაშორებით ცხოვრობდა. რადგან გვიანი იყო მასთან ვინმეს გაგზავნა, იძულებული გავხდი, ღამე იმ ქოხში გამეთენებინა. მთელი ღამის განმავლობაში არ დამიძინია. „იატაკიდან“ ვაძრობდი სოკოებს, დავანთე ცეცხლი, ამოვავსე ღია ფანჯრები, რადგან გარედან სიცივე შემოდიოდა. ჩემი მომსახურე პირები უარეს მდგომარეობაში აღმოჩდნენ – მათ ღამე სარდაფში გაატარეს.
დილით გავგზავნე ჯარისკაცი ოფიცერთან და ექიმთან თხოვნით, რომ მათ უკეთესი თავშესაფარი მოეძებნათ ჩვენთვის. ორივე პიროვნება მალევე მოვიდა და დაიწყეს დარწმუნება, რომ მე საუკეთესო პირობებში ვიმყოფებოდი. მათ ავუხსენი, რომ მჭირდებოდა მოწყობილი ოთახი და არა მიწური, სადაც მთელ ღამეს ვიჯექი, რადგან ძველ, დამპალ ხის საწოლზე წამოწოლა შეუძლებელი იყო. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მას გამოიყენებდა, ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხე ელოდა. ჩემი სიტყვების შემდეგ მხოლოდ ქაღალდი მოგვაწოდეს ფანჯრიდან.
ღამის გათენება ეტლში გადავწყვიტე. მართალია, იქ არ თბილოდა, მაგრამ ის, ყოველ შემთხვევაში, სუფთა და მშრალი იყო. მაგრამ ეტლშიც ვერ დავიძინე, როდესაც წამთვლიმა, გაისმა შემაწუხებელი, განგმირავი ყვირილი, მოთქმა და წკმუტუნი, რომელიც მთელი ღამე ისმოდა. დილით, როდესაც ვიკითხე ხმაურის მიზეზი, მითხრეს, რომ ხმებს ტყის ბინადარი მგლები და ტურები გამოსცემდნენ. როდესაც მათ ძალიან შიათ, ისინი ხშირად შემოდიან ანანურში. ანანური მდებარეობს კუმლის ციხის მთის სამხრეთ-დასავლეთის ერთ-ერთი განშტოების ძირში. ის უძველესი დროიდანაა ცნობილი. ოდესღაც აქ ბევრი მოსახლე ცხოვრობდა და სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი ქალაქი იყო. დღეისათვის აქ მხოლოდ უბადრუკი, სავალალო ქოხებია შემორჩენილი, ზოგიერთი მათგანი მაღაზიაა. ჩემი პირველი შტაბეჭდილება ანანურის შესახებ იყო შემდეგი: ქალაქი, თავის წარსულთან შედარებით უფერული და გაღატაკებულია. მაგრამ მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ მოსახლეობა ცივილიზებული იყო. ხალხს ერთმანეთთან უფრო მეტი ურთიერთობა ჰქონდა, ვიდრე იმ ადგილებში, რომლებიც მე მოვინახულე აზიაში. ჩემი ნათქვამის საუკეთესო არგუმენტია ის ფაქტი, რომ ამ ხალხში გამორიცხულია ვინმეს დაყაჩაღება და ძარცვა-გლეჯა. ანანურში შემორჩა ნატიფი ეკლესიის ნანგრევები, რომელიც ციხესიმაგრის კედლებში დგას. ოდესღაც ამაყად აღმართული კედლები ინგრევა. ამ ეკლესიის არქიტექტურული დეკორი მიუთითებს მისი მშენებლის დიდ ოსტატობასა და ჩატარებულ შრომატევად სამუშაოზე. ჯვრები და ქვაში ამოტვიფრული რელიეფები, რომლებიც სიყვარულითა და დიდი რუდუნებით არის შესრულებული, ეკლესიის გარე ფასადს ამშვენებს. ნიშის ფორმის კარს შევყავართ ეკლესიის შიგნით. კარის ორივე მხარეს განლაგებულია ქართული წარწერები. ეს ეკლესია თავისი მიმდებარე ტერიტორიით იყო საქართველოს ძლიერი სიმაგრე, თავშესაფარი და წმინდა ადგილი. როდესაც თბილისი განიცდიდა ირანელებისა და თურქების თავდასხმებს, ანანური იყო საიმედო ადგილი, სადაც საქართველოს სამეფო ოჯახის ქალებს გახიზნავდნენ ხოლმე, აქვე ინახავდნენ მეფის ყველაზე მნიშვნელოვან ქონებას. აქ ერთხანს დაცული იყო ქართველების ცნობილი რელიკვია – წმინდა ნინოს ჯვარი. ეს უძველესი რელიკვია შექმნილი იყო ამ წმინდანის მიერ. მან ვაზის ნასხლავი რქისგან ჯვარი გამართა და საკუთარი გრძელი თმის წანაჭერით შეკრა. დღეს ეს ჯვარი ინახება თბილისის დიდებულ სიონის ეკლესიაში.
ანანურში კარანტინი უნდა გაგვევლო. იქ ჩასვლის მესამე დღეს ჩვენს მსახურებს და ბარგს ჩაუტარდა დეზინფექცია. მივიღეთ ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მქონდა რა თავისუფალი დრო, გადავწყვიტე დამეთვალიერებინა ქალაქი და ციხესიმაგრე. 11 ოქტომბერს, დილის 6 საათზე დავიწყე მთაზე ასვლა. ნახევარი გზის გავლის შემდეგ გამოჩნდა დუშეთის მთლიანი ხედი. დუშეთი იყო ჩვენი მომდევნო გაჩერების ადგილი.
დუშეთი განლაგებულია მთის ძირში, ხეობაში, სადაც მიწა დამუშავებულია. ხეობაში ბევრი სოფელია. ადგილობრივი მოსახლეობა დაკავებულია მიწათმოქმედებით, მაგრამ ის მოწყობილობა, რომლითაც ისინი მიწას ხნავენ, საკმაოდ მოუხერხებელია, რადგან მძიმეა. ის რკინით არის დაფარული, მოუხერხებელი სიგრძისაა და ხვნის დროს ორი ფუტი სიგანის კვალს ტოვებს, ხოლო სიგრძეში ისეთივე ღრმაა, როგორც ინგლისში მესერისთვის ამოთხრილი მიწა. აქ ნიადაგი ძალიან მდიდარია, ის შავია და მძიმე. ისეთი მძიმეა, რომ 14 ხარი, რომელიც წყვილად იყო შებმული, ძლივს მიათრევდა გუთანს, აქ ძალიან ბევრი კამეჩია. ისინი ხშირად გამოიყენებიან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს დროს, ისევე როგორც გზების დაგებისას. კამეჩებს ზურგით გადააქვთ ტვირთი და მათ ურემში შესაბმელად იყენებენ. ურმის თვლები დამზადებულია მასიური ხისგან და გარეგნულად ძალიან ჰგვანან ბორბლებს, რომლებსაც პორტუგალიაში იყენებენ. ერთგან თვალი მოვკარი კამეჩის ნახირს, რომელიც გზის გასწვრივ ბალახს ძოვდა. ზოგიერთი მათგანი უზარმაზარი ზომის იყო, იმაზე გაცილებით დიდი, ვიდრე ინგლისში მინახავს. გლეხები ემზადებოდნენ ხორბლისა და ქერის დასათესად, რომელიც აქ ფეტვთან ერთად ერთადერთი მარცვლეულია. აქაურ გლეხებს ის დიდი გულმოდგინებით მოჰყავთ. ქერისა და ფეტვისგან ორნაირ სასმელს ამზადებენ. ერთი სპირტიანი სასმელია, მეორე უფრო მჟავეა და რბილი დასალევი. საქართველოს ამ კუთხეში ღვინო არ მოჰყავთ. აქ არც ვენახი არ შემიმჩნევია.
დუშეთი ფართოდ გაშლილი ლამაზი ქალაქია. მასში ბევრია სასახლისა და ციხესიმაგრეების შემორჩენილი ნანგრევები. ეს ქალაქი ერთ დროს ქართველი მეფეების საზაფხულო რეზიდენცია იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის განსაკუთრებით საყვარელი ადგილი იყო საქართველოს უკანასკნელი განთქმული მეფის ერეკლესთვის. უკანასკნელი იმიტომ ვუწოდე, რომ მის ვაჟს არ დასცალდა მეფობა, ის მალე გარდაიცვალა.
მაინტერესებდა რა, თუ როგორი იყო აზიელი მეფის სასახლე, ვთხოვე დუშეთის საგუშაგოს ოფიცერს ჩემთვის მეგზურობის გაწევა. მე ვიპოვე დიდი ოთხკუთხედი ფორმის ფართობი, რომელიც გარშემორტყმული იყო მაღალი ქვის კედლებით. ოთხივე კუთხეში კოშკები იდგა. ამ ტერიტორიის ერთ მხარეს დგას სამეფო შენობა, რომელიც დაბალი, მოკრძალებული ერთსართულიანი სახლია. ის ყოველგვარ ორნამენტს მოკლებულია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ საშენი ტყის მასალისგან მოპირკეთებულ ჭერზე არსებულ რომბის ფორმის ჩუქურთმებს. კედლებს არავითარი მოხატულობა არ აქვთ. შენობის ბრტყელი სახურავი ქმნის ტერასას, საიდანაც მხოლოდ მთების მწვერვალები ჩანს. ჩემი აზრით, ეს საკმაოდ პატარა ხედია საზაფხულო რეზიდენციისთვის. ოთხკუთხედი ფორმის ეზოში პატარა ხის ეკლესიაა, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია. როგორც მითხრეს, ამ ყოფილი სასახლის სამხედრო შტაბად გადაქცევაა განზრახული, ეზო კი ბარაკებისა და საჯინიბოებისთვის გამოიყენება, რადგან საქართველოს ამ მნიშვნელოვან ადგილზე ახალი ბატალიონი ჩამოდის. საქართველოს ამ კუთხეს ახლა კარტელანიის34 პროვინცია ეწოდება. ის ძველი იბერიის ტერიტორიაზე მდებარეობს. პტოლემეი ასე აღწერდა იბერიის ადგილმდებარეობას: ჩრდილოეთით მას ესაზღვრება სარმატიის მთები, სამხრეთიდან სომხეთის ნაწილი, აღმოსავლეთიდან – ალბანეთი და დასავლეთით – კოლხეთი, ანუ დღევანდელი იმერეთი. პტოლემეის ჩამოთვლილი აქვს ბევრი ქალაქი და სოფელი. მაგრამ სტრაბონი, რომელმაც იმოგზაურა ამ ქვეყანაში, უფრო დეტალურად და მტკიცედ წერს, რომ ქვეყანა იყო აყვავებული და უფრო მეტიც, იბერიის სამეფო ფუფუნებით იყო აღსავსე. ეს ყველაფერი სამწუხარო და არა სანუგეშო კონტრასტია ახლა! ოდესღაც დამოუკიდებელი, განვითარებული სამეფო დღეს ჩამოქვეითებული და დამცირებული პროვინციაა. გამუდმებულმა ომებმა და მტრული მეზობელი ქვეყნების მრავალგზის შემოსევებმა შეამცირა ამ პატარა სამეფოს გულადი მოსახლეობის რაოდენობა. ოდესღაც აყვავებული ქვეყანა დღეს დამონებული და დაჩაგრულია. უნდა ითქვას, რომ ყველაზე დიდი მომაკვდინებელი დარტყმა ქვეყანას მიაყენეს იმათ, ვინც ამბიციით იყო აღსავსე. სხვა ქვეყნების მსგავსად, რომლებმაც იგივე ეროვნული თვითმკვლელობა ჩაიდინეს, იბერიელებსაც მოუხდათ ყოველგვარი სურვილის გარეშე ამ მდგომარეობაში ყოფნა. ლეკებს თვითონ ასწავლეს თავისი ქვეყნის გასასვლელები.
ქვეყანაში არსებული არეულობების დროს იბერიის მმართველი პირების შუღლმა ხელი შეუწყო მეომარ ბარბაროსებს მოეწყოთ ბრძოლები. ამ პროვინციის დღევანდელი მესაკუთრეების აზრით, აქ მაცხოვრებელ ხალხს წლები დასჭირდება პოლიტიკური ცხოვრებისა და სოციალური ყოფის ახლებურად მოწყობის თვალსაზრისით.
როდესაც გამოვედით დუშეთიდან, რამდენიმე ვერსტზე გადაიშალა ხეობა, რომელიც კვეთდა არცთუ ისე კარგად დამუშავებულ მიწებს მთის ფერდობებზე. გზის დასავლეთით მდებარეობს ტბა35 და, როგორც მითხრეს, მასში სხვადასხვა სახეობის თევზია. ერთი ჯიშის თევზი ძალიან დიდი ზომისაა. გარეგნულად ის ორაგულს ჰგავს, მაგრამ მომზადების შემდეგ ის ყვითელი ფერის ნაცვლად თეთრი ხდება. ორი საათის
მგზავრობის შემდეგ გავყევით მდინარე არაგვის ნაპირს. მოპირდაპირე მხარეს დიდი ველი იყო, სადაც ერთადერთი გასასვლელი ჩანდა მთებისკენ, საიდანაც ლეკებს კვლავ შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი თავდასხმები ქვეყანაში. იმ ადგილს რუსი გუშაგი და რამდენიმე ქვეითი ჯარისკაცი -კაზაკი სდარაჯობს. შებინდებისას მივაღწიეთ საგუშაგოს – არტისკალას36, სადაც ცხენები შეგვიცვალეს. თან გავიყოლეთ კაზაკების ესკორტი.
დილის 9 სთ-ზე ჩავედით მცხეთაში, რომელიც ძველად საქართველოს დედაქალაქი იყო. დღეს ის გაღატაკებული და გაუბედურებული სოფელია. ოდესღაც სამეფო ქალაქი დღეს უფრო გაჭირვებისა და სიღარიბის ადგილსამყოფელს ჰგავს.
მცხეთაში ჩასვლითანავე გავეშურე ციხესიმაგრის ნანგრევების სანახავად, სადაც მთელი ღამე დავრჩი. ღამე გავატარე ციხესიმაგრის შიგნით, ტაძართან არსებულ მღვდლის სენაკში. ჩემი მასპინძელი სტუმართმოყვარე ადამიანი აღმოჩნდა. მცხეთა ანტიკურ ხანაში მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. ის გახლდათ იბერიის მეფეების სატახტო ქალაქი, რომელშიც მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ცხოვრობდა. ძველი დედაქალაქის დიდების ნაშთი აქ დღესაც ბევრია შემორჩენილი. იბერიის ამ ქალაქის აშენება გადაწყდა ორი მდინარის – მტკვრისა და არაგვის შეერთების ადგილზე. პლინიუსი, როდესაც იბერიის შესახებ წერდა, აღნიშნავდა, რომ ქვეყნის მთავარ ქალაქს ერქვა ჰარმასტი37 და რომ ის მდებარეობდა მდინარე ნეორისთან38. პტოლემე იმავე ადგილს აღნიშნავს მხოლოდ არტანისის სახელით. ის აგრეთვე მიუთითებს, რომ მდინარე კურის39 ახლოს გაშენებული იყო მეორე ქალაქი – მესტლეტა. ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ „მსკეტ“ და მესტლეთა, ისევე როგორც ჰარმასტისი და არტანისა, ტოპოგრაფიულად ერთი და იგივე ქალაქებია და ის ნანგრევები, რომლებიც მე მოვინახულე, ძველი დედაქალაქის – მცხეთის ციხესიმაგრის ნაშთებია. თავისი დიდებისა და აყვავების პერიოდში ეს ციხესიმაგრე გარს ერტყა იბერიის მეფის სასახლეს, ისევე როგორც დედაქალაქის ეკლესია, რომელშიც შემორჩაშიშველი და დანგრევის პირას მყოფი კედლები, გარდა ერთი პატარა ბნელი ოთახისა ქვის ტახტითა და საკურთხევლით. აი, ესღა გადარჩა ძველი დროიდან. წმინდა ნუნია40 სწორედ აქ ქადაგებდა და აქ მარხულობდა. ამ სათაყვანო წმინდანის პატივსაცემად ეს მელანქოლიური სენაკი წმინდა ნინოს სამრეკლოდაა ცნობილი.
ტაძარი ანუ საპატრიარქო ეკლესია ციხესიმაგრის შუაშია აღმართული. ის დიდი და წარმოსადეგი ნაგებობაა, მისი გარე ფასადის მოხატულობა ისეთივეა, როგორიც ანანურის ეკლესიის, მაგრამ შიდა ინტერიერი განსხვავებულია. კედლები მოხატულია წმინდანების ფრესკებით, რომლებიც ცუდად აღიქმება მათზე არსებული წარწერების გამო, რომლებიც მყვირალა, კაშკაშა ფერებშია შესრულებული. ისინი არღვევენ რუხი საფლავების მოჩვენებით სიდიადეს, რითიც დაფარულია განსვენებული პატრიარქების და მეფეების ნაშთები (ამ ტაძარში დაკრძალულნი არიან ქართველი პატრიარქები და მეფეები). მე მაჩვენეს დიდებული და უიღბლო ქართველი მეფის, ჰერაკლიუსის41 საფლავი. საქართველოს უკანასკნელი მეფე თავის ვაჟებთან ერთად მშვიდად განისვენებს ამ ტაძარში და ვერ გრძნობს, რამდენი უცხოელი დაიარება მისი საფლავის გვერდით. სასიამოვნო მოძღვარმა, რომელიც მე მეგზურობას მიწევდა ამ ტაძარში, მაჩვენა წმინდა რელიკვიები, რომელთა ნახვა ყოველთვის აინტერესებდათ მოგზაურებს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტეს პერანგი და ელიას მოსასხამის ნაწილია. პირველი რელიკვია მრავალი საუკუნეა საიმედოდ არის დაცული მაღალი საკურთხევლის შიგნით*.
*წმ. ელიას ხალენის და ქრისტეს კვართის საქართველოში ჩამობრძანება მცხეთელი ებრაელების სახელს უკავშირდება. ორივე სიწმინდე იქ არის დაკრძალული, სადაც სვეტიცხოვლის ტაძარი დგას. „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით მაცხოვრის კვართის დაკრძალვის ადგილი უნდა ყოფილიყო „მცირე ბაგინი“, რომლის „საკურთხეველისა სიმტკიცისა ქუეშე ქვათა შინა ულპოლველად ვიდრე ჟამამდე მისსა“ აბიათარ მღვდლის მოღვაწეობამდე ელიას ხალენთან ერთად ინახებოდა (IV ს.). დაწვრ. იხ: ელდარ მამისთვალიშვილი, ქრისტეს კვართის ისტორია, გორი, 2003, გვ. 30–31
რაც შეეხება ელიას სამოსის ერთ ნაწილს, ისევე როგორც მაგდაგვარ წმინდა რელიკვიებს, მე ვერ შევძელი მათი ნახვა, რადგან არქიმანდრიტი, რომელიც ამ სიწმინდეებზე იყო პასუხისმგებელი, მცხეთაში არ იმყოფებოდა. მდინარის აღმოსავლეთით, ქალაქის მოპირდაპირე მხარეს აღმართულია წვეტიანი და კლდიანი მთა, რომლის მწვერვალი დაფარულია საკმაოდ დიდი რაოდენობის ნანგრევებით. ნაწილი ეკლესიის ნაშთია, დანარჩენი კი ციხესიმაგრის დანგრეული კედლებია. ამ პირამიდის ფორმის მთას თავისი კედლებიანი გვირგვინით, ოდესღაც დიდებული იერი უნდა ჰქონოდა. დღესაც კი, მიუხედავად იმისა, რომ შემორჩენილი მხოლოდ ნანგრევებია, ის მაინც მშვენიერია. აქ ოდესღაც არსებული ციხესიმაგრე, რომელიც საკმაოდ მაღალი უნდა ყოფილიყო, მუდმივ კავშირში იყო ქალაქ მცხეთასთან. არსებული გზის დადგენა დღესაცაა შესაძლებელი აქ განლაგებული სადარაჯოსა და შემორჩენილი კედლების მეშვეობით. ამ გზას მდინარესთან მივყავართ. მდინარის დასავლეთის სანაპირო საკმაოდ მაღალია და კარგი ადგილი იყო ოთხკუთხედი კოშკისთვის, რომელიც წყალზე გასასვლელს სდარაჯობდა. ოდნავ მოშორებით, ჩრდილოეთით, მდინარის პერპენდიკულარულად, მოჩანს მედიდური კლდე. მისი კენწერო ნანგრევების გროვითაა დაფარული. ზოგი მიწასთანაა გასწორებული, ზოგის მხოლოდ ფრაგმენტია შემორჩენილი. მიუხედავად მათი ცუდი იერისა, ამ ნანგრევებიდან მაინც მოჩანს წარსულის დიდება. მაშინ, როდესაც ეს ნაგებობა პირვანდელი ხელშეუხებელი ფორმით იდგა, ის გაცილებით დიდი კოშკი უნდა ყოფილიყო სხვებთან შედარებით. თავისი განლაგებით აკონტროლებდა არა მარტო თავის გზას, არამედ კავკასიონამდე არსებულ მთელ ტერიტორიას და უთვალთვალებდა მოსაზღვრე მთებიდან ნებისმიერ წერტილს მდინარე არაგვზე.
საქართველოს ამ ნაწილში სამხედრო სადარაჯო სისტემა საუკეთესოდაა აგებული. მე მხედველობაში მაქვს კონსტრუქციის ნაწილების ერთმანეთზე განლაგების განსაკუთრებული მეთოდი. ვვარაუდობ, რომ თუ ამ ქვების წყობას პირველად საფუძველი ჩაუყარეს აზიის უფლისწულებმა, შემდგომში ისინი რომაელმა დამპყრობლებმა გაამაგრეს. ოთხკუთხედი ფორმის კოშკზე, რომელიც იცავდა მდინარეზე გასასვლელ გზებს და რომლის შესახებ მე უკვე მოგახსენეთ, იმავე სამხედრო არქიტექტურის ნიშნებია შემორჩენილი. ძველი კედლის ფრაგმენტებიც, რომლებიც გადაჭიმული იყო მდინარე მტკვრის ჩრდილოეთის სანაპიროს გასწვრივ, გვაოცებენ შესრულების ოსტატობით და გვაგონებენ რომაელი ჯარისკაცების მიერ აშენებულ საოცარ ნაგებობებს. ეს კედლები წყდება მდინარე მტკვარზე არსებულ დანგრეულ ქვის ხიდთან. კედლები დაცულია მდინარის ორივე ნაპირზე არსებული ორი მაღალი მართკუთხედის ფორმის კოშკით. ხიდის მეორე მხარეს კედელი გრძელდება, იგი ადგილ-ადგილ გამაგრებულია და გრძელდება ჩრდილოეთის სასახლემდე, რომელიც მდებარეობს ჩემ მიერ ზემოთ აღწერილ ვეება კლდეზე.
პლუტარქე42 წერდა, რომ სომხეთის მეფის ტიგრანის43 დამორჩილების შემდეგ პომპეუსმა44 სომხეთში საკმაოდ მრავალრიცხოვან ჯართან ერთად დატოვა აფრანიუსი45, რათა მათ გაეკონტროლებინათ ქვეყანა და თვითონ დაედევნა მითრიდატეს46. მისი მარშრუტი გადიოდა კავკასიონთან მოსაზღვრე ქვეყნებზე. ალბანელები მას თავისუფლად გატარებას დაპირდნენ. პომპეუსი მიენდო მათ მიცემულ პირობას და ალბანეთის საზღვრისკენ გაეშურა. მაგრამ როდესაც მისმა ჯარმა მთიან ხეობას მიაღწია, რომელიც მდ. მტკვრის დასავლეთ ნაპირთან იყო განლაგებული, ალბანელები უცბად აღმოჩნდენ მდინარის მეორე მხარეს და პომპეუსისკენ მიემართებოდნენ მტრული განზრახვით. ალბანელების ქმედებას ორი მიზეზი ჰქონდა: ან მათ ინანეს, რომ დათანხმდნენ პომპეუსის გატარებაზე, ან თანხმობა მისცეს მხოლოდ იმიტომ, რომ რომაელი გენერალი ჩამოეშორებინათ თავისი დაცვისგან. ეს მოხდა დეკემბრის თვეში, როდესაც რომაელთა ჯარი ზეიმობდა სატურნალიას47. პომპეუსი მიხვდა, რომ მისი „მეგობრები“ მტრები აღმოჩნდნენ. მან გასცა განკარგულება, რომ ბარბაროსებისთვის მიეცათ მდინარეზე გადასვლის საშუალება. 40000 ალბანელმა გადაკვეთა მდინარე. მიუხედავად მრავალრიცხოვანი ჯარისა, ალბანელები იძულებულნი გახდნენ დანებებულიყვნენ და დამორჩილებოდნენ რომაელების ვეტერანებისგან შემდგარ ჯარს. ამ ბრძოლის შედეგად პომპეუსმა ქვეყნის კლიტეს საკუთარი გასაღები მოარგო და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე იბერიისკენ აიღო გეზი.
იმდროინდელი ავტორების ცნობით, ალბანეთს მაშინ სამხრეთით ესაზღვრებოდა მდინარე კიროსი48 კასპიის ზღვის სანაპიროდან მდინარე არაგვთან შეერთების ადგილამდე. პომპეუსმა იცოდა, რომ მისი მარშრუტი იბერიისკენ ძნელი და საშიში იქნებოდა, რადგან მას უნდა გაევლო გზა კავკასიონსა და სომხეთს შორის, სადაც ცხოვრობდა თავისუფლებისმოყვარე გულადი, მეომარი ხალხი, რომელიც არასდროს არავის ემორჩილებოდა. თბილისსა და მცხეთას შორის დიდი ველია, სადაც უიმედოდ განწყობილი იბერიელები დაბანაკდნენ საშიშ დამპყრობელთან საბრძოლველად. დამპყრობელთან, რომელმაც უკვე დააჩოქა ალბანეთი. ეს ველი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ორ მოწინააღმდეგე ჯარს შეეძლო ებრძოლა. რომაელებს კვლავ გაუმართლათ და იბერიის ყველაზე მდიდარი მხარე გახდა გამარჯვებული რომაელების ნადავლი. პომპეუსმა დაიკავა ზამთრის ყაზარმები, რათა დაემყარებინა კავშირი თავის საგუშაგოებთან მის მიერ დაპყრობილ ალბანეთსა და იბერიაში. ჩვენ მივაგენით იმ ზამთრის ყაზარმებს მცხეთაში.
მცხეთა, ფაქტიურად, ციხესიმაგრეა ბუნების წყალობით. ამისათვის საჭიროა მხოლოდ დახედოთ ქალაქს და უმალ დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სისწორეში. ქალაქი მდებარეობს ორი მდინარის – მტკვრისა და არაგვის შესართავთან. მთების ბუნებრივი კოშკები, ციცაბო კლდეების ციხესიმაგრეები და მათი განლაგება შესაძლებელს ხდის გზის უცბად ჩახერგვას, იმ გზის, რომელიც ორ სხვადასხვა სამეფოში მიდის. იბერიის ყოფილმა მეფეებმა იცოდნენ მცხეთის გეოგრაფიული მდებარეობის უპირატესობის შესახებ და როდესაც საგუშაგოებს იშენებდნენ, მათ ქვებით ამაგრებდნენ. ამ საგუშაგოების ნანგრევებით გარშემო მთებია დაფარული. ნანგრევები, რომლებსაც ჩვენ წავაწყდით, შემდგომ ეპოქებში გაამაგრეს აზიელმა და ევროპელმა დამპყრობლებმა. ბერძნულ და რომაულ საფორტიკაციო ნაგებობებში შეიმჩნევა ძველი აღმოსავლური ციხესიმაგრეების კვალიც, რომელიც არა მარტო იბერიის, არამედ კავკასიონის მთების თითოეულ ხეობაში გვხვდება.
სამოქალაქო თუ სამხედრო არქიტექტურული სტილი სხვადასხვა ერის ხალხის წარმომადგენელთა გემოვნებით ჩამოყალიბდა. როგორც პროფესორი რენიგსი აღნიშნავს, საქართველოში მოგზაურობის დროს მას უთხრეს, რომ მცხეთის ჩრდილოეთის კოშკში იპოვეს ქვა, რომელზეც ამოტვიფრულია ბერძნული წარწერა „აკროსტოპოლისი“. პროფესორი წერს, რომ ყველა ქართველი ისტორიკოსი, ისევე როგორც სხვა სწავლულები, მცხეთას მიიჩნევს იბერიის სამეფოს ყველაზე დიდ ქალაქად და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იბერია აყვავებული სამეფო იყო არა მარტო ანტიკურ ხანაში, არამედ გაქრისტიანების პერიოდშიც. ადრე იქ მნიშვნელოვანი გარნიზონი უნდა ყოფილიყო. დანვილეს49 მოსაზრებით, ქალაქი ჰარმოზიკა (რომელსაც პლინიუსი იხსენიებს ჰარმასტად და პტოლემეი არტანისად) მტკვრისა და არაგვის შესართავთან იყო გაშენებული. ქალაქი ტუმარა50 კი მდებარეობს მდ. არაგვის ნაპირას ჰარმოზიკის მახლობლად.
12 ოქტომბერს, 11-ზე ჩვენ დავტოვეთ ეს საინტერესო, ძველი დედაქალაქი, გავიარეთ მტკვრის ჩრდილოეთი ნაპირი და დაახლოებით ერთი ვერსის მანძილზე გადავკვეთეთ მდინარეზე არსებული ხიდი, რომელიც, როგორც ადრე აღვწერე, მდებარეობს რომაული ხანის ორ დიდებულ კოშკს შორის. ამ ძველი ხიდის კონსტრუქციიდან აღარაფერია შემორჩენილი, გარდა ქვებისა, რომლებიდანაც ძველი თაღები ჩანს. ბოძები, რომლებიც თაღებს იჭერდნენ, გაქრნა და თაღები ერთმანეთთან ხის პლატფორმებით არიან დაკავშირებულები. მათი მეშვეობით მგზავრები გადადიან ხიდზე და მათ ქვეშ მდ. მტკვარი მოჩქეფს. არაგვის კრიალა და კამკამა წყალი კონტრასტულია მტკვრის მუქ და მღვრიე ტალღებთან. მდინარე მტკვრის სათავის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით იმდენი სხვადასხვა აზრია, რამდენი ისტორიკოსი და მწერალიც დაინტერესებულა ამ საკითხით. სტრაბონს ეგონა, რომ ის სათავეს სომხეთში იღებდა, პლინიუსს კი, რომ ის კავკასიაში სკვითების მთებიდან მოედინებოდა. პტოლემეი კი მტკვრის სათავედ კოლხეთს, თანამედროვე იმერეთს ასახელებდა. შარდენის აზრით, მტკვარი კავკასიიდან მოედინებოდა. ეს მოსაზრება გამართლდა. მისი კვალი აღმოჩნდა მთებში, რომლებიც ესაზღვრება პროვინცია აკჰისკას51 დასავლეთით და წარმოადგენს კავკასიის ერთგვარ განშტოებას. აკჰისკას შტოდან გამოდის რამდენიმე პატარა ნაკადული, რომლებიც ერთდება და ჰქმნის არხს ახალციხის მახლობლად*. აქ მას ჰქვია მტკვარი. გაივლის რა ახალციხეს, მტკვარი მიედინება თურქეთის ტერიტორიაზე, თანდათანობით აფართოებს თავის კალაპოტს მცირე მდინარეების მიერთებით. მიუხედავად მისი ბევრი განშტოებისა, მდინარეს გეზი აღმოსავლეთისკენ აქვს აღებული, შემდეგ იგი გადაკვეთს მინდვრებს და მდელოებს, გაივლის ერთ-ორ ფართო ვაკე ადგილს და ასე შემოდის მცხეთაში. იქიდან კი მიედინება ტიფლისამდე. ტიფლისი აღარ არის აზიური მთავრების ჩინებული რეზიდენცია, მაგრამ მაინც დედაქალაქია, გააჩნია ციხესიმაგრე, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე წარმოსადეგი გარეგნობის. აქედან მტკვარი სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიემართება, ანოყიერებს და ამშვენებს ქვეყანას თავისი სილამაზით და სიდიადით. ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარეები, რომლებიც მის კალაპოტში ჩაედინება, არის ალაზანი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან და არაქსი სამხრეთიდან. არაქსი მტკვარში ჩაედინება დაახლოებით 70 მილის დაშორებით მდინარის შესართავიდან. როდესაც ეს შეერთება ხდება, მტკვრის სიგანე და სიღრმე იზრდება და მდინარე გამოსადეგი ხდება დიდი ნავებისთვის. 50 მილით დაბლა მდინარე იყოფა ორ შტოდ და ასე გადის პროვინცია მაგანს52, კასპიის ჩრდილოეთ-დასავლეთ სანაპიროს; აქედან ორმაგი კალაპოტით იგი კასპიის ზღვაში ჩაედინება.
*მოგზაური ახალციხეს ხან ქართული, ხანაც თურქული სახელწოდებით (აკჰისკა) იხსენიებს.
ანტიკური ხანის მწერლები თვლიდნენ, რომ ძველად ნაოსნობა გაცილებით ინტენსიური იყო, ვიდრე დღესაა. სწორედ ამ მდინარის მეშვეობით ხდებოდა ტვირთის გადაზიდვა ინდოეთიდან შავ ზღვამდე. პლინიუსი ასე აღწერს ამ მარშრუტს: როდესაც ტვირთი ბაქტრიაში53 ჩადიოდა (თანამედროვე ბალხი), ვაჭრები ტვირთავდნენ საქონელს მდ. იკარუსზე (მდ. ჯეჰონი54) ოქსუსამდე55 და ასე ჩადიოდა ტვირთი კასპიის ზღვამდე; მდ. მტკვრის მეშვეობით 5 დღის განმავლობაში ის ხმელეთით მოგზაურობდა მდინარე ფაზისამდე, სადაც კიდევ ერთხელ ტვირთავდნენ და საბოლოოდ ეუქსინამდე56 ჩადიოდა.
ანტიკური ხანის ავტორები ერთხმად აღიარებენ, რომ ეს ის დიდი გზა იყო, რომლის მეშვეობითაც ევროპა აღმოსავლეთიდან ღებულობდა ფუფუნების საგნებს. დღეს არც მტკვარი და არც რიონი არ არის წყალუხვი მდინარეები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა დიდი ტვირთის გადაზიდვა. მისტერ გიბონი57, მოძიებულ წყაროებზე დაყრდნობით, თავის ნაშრომში „რომის იმპერიის დაკნინება და დაცემა“ აღნიშნავს, რომ მდ. მტკვარზე ნავიგაცია ისევეა შესაძლებელი, როგორც მდინარე საროპინაზე58. დღეს წარმოუდგენელია რიონზე რაიმე ტვირთის გადაზიდვა.
ერთი დღის მგზავრობის შემდეგ ჩვენ მივადექით საქართველოს დედაქალაქ თბილისს, რომელიც მდ. მტკვრის ორივე ნაპირზე მთებს შორის მდებარეობს. ერთ-ერთ მთაზე დგას ძველი ციხესიმაგრე59. ქალაქში უხვადაა შემორჩენილი ქრისტიანული ტაძრები. რაც თვალში მეცა ქალაქის პირველი დათვალიერებისას, იყო საშინელი აზიური ჭუჭყიანი ქუჩები, გავიარეთ რა პატარა ქვის ხიდი, მივედით საგუშაგო შენობასთან, რომელიც თბილისიდან 3 ვერსით იყო დაშორებული. იქ ყველა კარანტინს გადიოდა. როდესაც წარვუდგინეთ ჩვენი ჯანმრთელობის ქაღალდები, დაგვრთეს ნება, ქალაქის ჭიშკრიდან შევსულიყავით ქალაქში. თბილისში შესვლისთანავე დამეუფლა ისეთი გრძნობა, თითქოს ტროფონიუსის60 გამოქვაბულში შევდიოდი. მე გავემართე სომეხ ხოჯა არატუნის სახლში, რომლის მამა ხაზინადრად მუშაობდა სპარსეთის მეფის კარზე. მასპინძლისგან გავიგე, რომ საქართველოს გამგებელი, გენერალი ერმოლოვი61 დაბრუნდა სპარსეთიდან, სადაც ის დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა. მეორე დღეს მე ვეახლე მის აღმატებულებას, წარვუდგინე ჩემი თავი და გადავეცი წერილები. მისი დახვედრა საერთოდ არ ჰგავდა მოღუშულ დედაქალაქს. მალე მის ირგვლივ არსებული სითბო კედლებს გასცდა.
თბილისი, რუსების გამოთვლით, 2627 ვერსითაა დაშორებული პეტერბურგიდან. ის მდებარეობს 420451 განედზე. შარდენის მიხედვით კი – 430 განედზე. კაპიტან მონტეითის გამოთვლით, თბილისი 410431 განედზეა განლაგებული. ქალაქს არაფერი აქვს საერთო ანტიკურ პერიოდთან. ის დაარსდა 1063 წელს მეფე ლივანგის62 ზეობის დროს, რომელსაც უნდოდა გამოეყენებინა თბილისში არსებული ბუნებრივი ცხელი წყლები. ქალაქის სამხრეთ ნაწილში შემორჩენილია ძველი ციხის ნანგრევები, თურქების მიერ აგებული ახალი ციტადელისგან მოშორებით.
რუსმა გუბერნატორმა თავისი რეზიდენციის ადგილსამყოფელად აირჩია მთა, საიდანაც დიდებული კავკასიონი კარგად მოჩანს. ეს ქალაქის ცენტრიდან მოშორებული ადგილია. რეზიდენციის შეკეთება როდესაც დასრულდება, ის გამორჩეული იქნება დიდი შუშაბანდით, რომლის ფასადს ქვის ორნამენტიანი ფიგურები დაამშვენებს. ეს ნაგებობა არსენალით, საავადმყოფოთი, ეკლესიებით და რამდენიმე ახლოს მდებარე ვილით, ის შენობებია, რომლებიც ევროპულს გვაგონებს. დანარჩენი სახლები ტიპიური აზიური ნაგებობებია, მაგრამ სრულიად განსხვავებული იმ შეხედულებისგან, რომელიც ევროპაშია გავრცელებული: ნათელი მინარეთები, მოხატულგუმბათიანი შენობები, მოოქროვილი გისოსები. აქ იყო დაბალი, ბრტყელსახურავიანი შენობების რიგი, რომელიც აშენებული იყო ქვითა და ტალახით და მათში შერეული მუქი აგურით. კარებები და ფანჯრები ძალიან პატარებია; ფანჯრები დაფარულია ქაღალდით, დეფიციტისა და სიძვირის გამო მინას ნაკლებად იყენებდნენ.
თბილისის გარშემო აღმართული მთების ჩრდილში მცხოვრები მოსახლეობა ისე შეეჩვია სიბნელეში ცხოვრებას, რომ განათების მოთხოვნა ნაკლებად აქვს. ამის დასტურია ის, რომ ქაღალდის გაუმჭვირვალობის მიუხედავად, იშვიათად მიმართავენ საწვავს. თბილისის ყველა ქუჩა ვიწროა. მოძველებული ტროტუარები საშინლად ჭუჭყიანია როგორც სველ ამინდში, ისე მტვრიანი, მშრალი ამინდის დროსაც. მისმა აღმატებულებამ – გუბერნატორმა ბრძანა ქუჩებში ქვების დაგება და ეს სამუშაოები უკვე დაწყებულია. მას განზრახული აქვს დანგრევის პირას მისული სახლების აღება და მათ ადგილზე თანამედროვე დაგეგმარებით ახალი შენობების აგება. გუბერნატორის სპარსეთში ყოფნის დროს დაიწყო ბაზრის გადაკეთება. შენობა მთლიანად გადაიხურა, ადგილი დატოვებულია მხოლოდ ჰაერისთვის და სინათლისთვის. კოლონადების გრძელი რიგი ბაზარს მოედანთან და ქალაქის საგუშაგოსთან აერთებს, სადაც ლამაზთაღიანი მაღაზიებია ჩამწკრივებული. ეს თაღები ვაჭრებსა და გამყიდველებს წვიმისა და სიცხისგან იცავს. ბაზარი განლაგებულია ვიწრო და ზოლიან გრძელ ქუჩაზე, რომლის ორივე მხარეს განთავსებულია სხვადასხვა მაღაზიები: ხილის, ბოსტნეულის, აბრეშუმის, ხავერდის, იარაღის და სამკაულების; აქვეა სადალაქო, სამზარეულოები და ა.შ. საქონელი გამოფენილია დახლებზე. საქონელს ტვირთავენ ცხენებსა და კამეჩებზე, რომლებიც ხშირად საფრთხეს უქმნიან ფეხით მოსიარულეებს, თუმცა პირადად მე არ მოვსწრებივარ ამ ფაქტს. ბაზარი ყოველთვის სავსეა ხალხით და იქ მუდმივი ალიაქოთი სუფევს დილიდან დაბნელებამდე.
ბაზართან ახლოს მდებარეობს ქარვასლა, სადაც მოგზაურ ვაჭრებს ბნელ და სარდაფისმაგვარ ოთახებში ქვისა და მიწის იატაკზე აქვთ გამოფენილი საქონელი. თითოეული საქონლის მეპატრონე ფეხმორთხმით ზის თავის გასაყიდი საქონლის გროვასთან. ერთ-ერთ ვაჭარში მე შევიცანი სომეხი, რომელთანაც ერთად გავიარეთ კავკასიონის გზა. მას გაუხარდა ჩემი დანახვა და გამიმასპინძლდა ჩაშაქრებული ხილითა და ერევანში დამზადებული არყით. ქარვასლა გრძელი სამსართულიანი შენობაა, რომლის თითოეულ კართან შუშაბანდია განლაგებული. ქვის კიბეებით ხალხი ზემოთ და ქვემოთ მოძრაობს. ქარვასლის ეზოში ვაჭრების ცხენები და ჯორებია დაბმული.
ბაზრის ბოლოს ჩვენ წავაწყდით პატარა ხიდს, რომლის ქვეშ მიჩუხჩუხებდა კამკამა და ცივი მთის ნაკადული, რომელიც ბოლოს თბილ წყლებს უერთდებოდა. თბილისი განთქმულია თერმული ცხელი წყლებით, რომლებსაც სამკურნალო თვისებები აქვთ. სწორედ მათ გამო დაერქვა ქალაქს თბილისი. ეს წყლებია გამოყენებული თბილისის ცნობილ აბანოებში. თბილისის მოსახლეობა და აქ ჩამოსული მოგზაურები და სტუმრები ამ წყლებს ხმარობენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. აბანოები აგრეთვე მამაკაცებისა და ქალებისთვის ხშირი თავშეყრის ადგილსაც წარმოადგენს. აბანო ფუფუნებისა და გართობის ადგილად ითვლება.
აბანოსთან მდებარეობს ხიდი, რომლის ერთ მხარეს ციხესიმაგრის რუხი კედლები მოჩანს. წყალი, რომლითაც მარაგდება აბანო, განსაკუთრებულია. ის გოგირდითაა გაჟღენთილი და მას ამ წყლისთვის დამახასიათებელი უსიამოვნო სუნი აქვს. ამ წყლის ტემპერატურა სხვადასხვა ადგილას 150-დან 360-ეა. იქ, სადაც ცხელი წყალი სათავეს იღებს, ტემპერატურა 420-სს აღწევს. ეს წყალი მასიური კლდიდან მოედინება და აბანოს სხვადასხვა ოთახებში შედის. როდესაც აბანოში შევედი, ვერსად ვნახე ადგილი, სადაც შესულ ადამიანს შეეძლო თავისი ტანსაცმლის განთავსება ისე, რომ არ დაესველებინა. აბანოში შესვლა ყველა მსურველს შეუძლია. იქ ყველანაირ ხალხს მოეყარა თავი. ზოგი ჯაგრისით იხეხავდა ტანს, ზოგი იპარსავდა. აბანოში სპეციალური პერსონალია, რომელიც ყოველთვის მზადაა, აბანოში მოსულებს მოემსახუროს.
მამაკაცმა, რომელიც მე მახლდა, შემომთავაზა შეგვეხედა აბანოს იმ ნაწილში, რომელიც ქალებისთვის იყო განკუთვნილი. მისმა შემოთავაზებამ გამაკვირვა და, თუმცა მიუღებელი იყო ჩემთვის, მისთვის რომ მესიამოვნებინა, დავთანხმდი. ჩვენ გეზი აბანოსკენ ავიღეთ და ჩვენდა გასაკვირად, იქ შესვლა სიძნელეს არ წარმოადგენდა. კართან მდგომმა მოხუცმა ქალმა მიგვანიშნა, თუ საით უნდა წავსულიყავით. ერთ-ერთ ოთახში, რომელიც კარებთან ახლოს იყო, ჩვენ სხვადასხვა ასაკის ბავშვები დავინახეთ. ისინი ოთახის შუაში მრგვალი ფორმის აბაზანაში ჭყუმპალაობდნენ, დედები კი მათ ბანდნენ. ბავშვების სხეულის ხილვა ყოველთვის სასიამოვნო სანახავია. ჩვენ სიამოვნებით ვუყურებდით მათ და დადებითი ემოციებით ვიყავით სავსე, რაც არ შეგვიძლია ვთქვათ მათი მამების ბანაობასთან დაკავშირებით. დავტოვეთ რა ბავშვების ოთახი, შევედით გაცილებით დიდ, კარგად განათებულ და კამარით გადახურულ ოთახში, რომელშიც წყალიც არსად ჩანდა, მაგრამ ოთახის შუაში იდგა ქვის ტახტი, რომელზეც ლეიბი და ხალიჩა იდო. ტახტზე ნახევრადჩაცმული და მოსასხამიანი ქალები ისხდნენ. მათ მოახლეები ახლდნენ, რომლებიც მშრალი ტილოთი უხეხავდნენ ნაზ სხეულს, უღებავდნენ თმებს და წარბებს, სახეზე კი ფერუმარილს უსვამდნენ. ჩვენ ისევე ადვილად და უპრობლემოდ გამოვედით ოთახიდან, როგორც შევედით. ჩვენმა იქ ყოფნამ არც განგაში გამოიწვია ქალებში და არც გაოცება. შევედით განიერ, გამოქვაბულის ფორმის ოთახში, საიდანაც ქალები წყლიდან ახალი გამოსულები იყვნენ. ოთახი ორთქლით იყო სავსე და მასში გოგირდის მკვეთრი სუნი იდგა. მიუხედავად იმისა, რომ ოთახი დაბურული იყო, ქალების სხეულის ნაკვთები მაინც გავარჩიეთ, ნებისმიერ მდგომარეობაში, რომელშიც მამაკაცს შეეძლო წარმოედგინა მობანავე ქალღმერთები ქანდაკებაში ამოსატიფვრად. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ფრიად გაოგნებულები დავრჩით იმ მოურიდებელი სიმშვიდით, რომლითაც ჩვენი ყოფნის მიუხედავად ქართველი ვენერები აგრძელებდნენ ბანაობას. ალბათ, მათ იმ რაოდენობის ჰქონდათ ბუნებაში სირცხვილისა და მორიდებულობის გრძნობები, რამდენიც ტანზე ტანსაცმელი. ეს სცენა იმდენად უსიამოვნო იყო ჩემთვის, რომ ჩვენ სასწრაფოდ დავტოვეთ ქალების განყოფილება.
ისინი, რომლებიც გაჯანსაღების მიზნით ბანაობენ, წყალში დიდხანს არ ჩერდებიან, მხოლოდ რამდენიმე წუთს, ან იმდენ ხანს, რამდენიც ექიმის მიერ აქვთ გამოწერილი, მაგრამ ისინი, ვინც ბანაობის მოყვარულნი არიან, საკუთარი სიამოვნებისთვის აბაზანას ისე იღებენ, როგორც თურქები ოპიუმს. ზოგი დიდ დროს უთმობს ამ დამქანცველ ადგილს, ყოველ კვირას აქ ერთ დღეს ატარებენ, თუმცა, დროის დიდი ნაწილი ეთმობა მაკიაჟის გაკეთებას, თმის, წარბების და წამწამების გაშავებას, ისე რომ მომდევნო კვირას იშვიათად მიმართონ თავის მოვლის ასეთ საშუალებებს. აბანო თბილისში არა მარტო ბანაობის ადგილია, არამედ ადგილი, სადაც ხალხი ერთმანეთთან ურთიერთობს. აქ იმართება დებატები სხვადასხვა თემებზე, ქალები თმების, სახის, წამწამების მოვლით არიან დაკავებულნი. ეს აღმოსავლეთის ქალღმერთები აბანოში იახლებენ გარეგნულ იერს, ბჭობენ სხვადასხვა ოჯახურ პრობლემებზე, ყვებიან ჭორებს ახლობლების ოჯახების შესახებ. მე მითხრეს, რომ კვირაში არის ისეთი დღეები, როდესაც თითოეულ ქალბატონს შეუძლია მარტომ იბანაოს, ან მის მიერ არჩეულ ქალების ჯგუფთან ერთად. ქალბატონი, რომელიც ჩვენი გამცილებელი იყო, აბანოში შემსვლელებს განაწილებაში სიამოვნებით ეხმარებოდა.
ბოლო 20 წლის განმავლობაში თბილისის მოსახლეობის ზედა ფენამ მიატოვა ბევრი აზიური მანერა. ცვლილებების მიზეზი ევროპული ქვეყნების სამოქალაქო და სამხედრო პირებთან ურთიერთობის შედეგია. რაც შეეხება დედაქალაქის დაბალ ფენებს, ნაწილობრივი ცვლილებები იქაც შეინიშნება. სახლის პატრონები, რომლებთანაც დროდადრო რუსი ჯარისკაცები ჩერდებოდნენ, უკვე ნებას რთავდნენ ცოლებს, რომ დანახვებოდნენ უცხო სტუმრებს. როდესაც ქართველი ქალი გარეთ გადის, იგი ტრადიციულად თავიდან ფეხებამდე შეხვეულია აზიურ სამოსში, სახეზე პირბადე აქვს აფარებული, რომელსაც „ჩადრი“ ჰქვია. თუ რომელიმე ქალბატონი საკუთარი სახლის კარებთან ჩადრის გარეშე დგას, ის სასწრაფოდ სახლში შედის და იმალება, რომ თავისი სახე არ გამოაჩინოს.*
* აღსანიშნავია, რომ XVIII საუკუნის I ნახევარში, როგორც ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, გასათხოვარი და გათხოვილი მანდილოსნები ერთიმეორისგან თავსაბურავით განსხვავდებოდნენ. ვახუშტის ცნობით, გასათხოვარ ქალებს თავზე ეხურათ „ქუდი ანუ ლეჩაქი“, ხოლო „ქრმოსანთა კავსა ზედა ღაწუს აძესთ თმა შეწნული, მსხვილი იმიერ და ამიერ, „ყბას ქვეშ მარგალიტით შემზადებულს ამოიდებდნენ და თხემსა ზედა შეიკურენ, და ჰბურავთ მასზედ ლეჩაქი“. იხ. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტ. IV, გვ. 46. როგორც კ. მაჩაბელი აღნიშნავს: „წერილობითი წყაროების მითითებით ქართველ ქალთა თავსაბურავი ორმაგი იყო: თავზე შემოხვეული, ნიკაპის ქვეშ ამოდებული თხელი მანდილი (მარცხენა მხარეს შეკრული) და მასზე მოხვეული თავსაკრავი ან ლეჩაქი“. იხ. კ. მაჩაბელი, ქართული ისტორიული კოსტიუმი, V-X სს. თბ., 2013, გვ. 85.
ქართველი ქალის სილამაზეზე კამათიც არ შეიძლება. ქალებს დიდი მუქი თვალები აქვთ, სწორი, სასიამოვნო, თბილი სახის ნაკვთები და კარგი ხასიათი. ისინი ფრიად ზრდილობიანები და თავაზიანები არიან. ეს დახასიათება საერთოა ყველა ქართველი ქალბატონისთვის. მაღალი წრის მანდილოსნების ტანსაცმელი მდიდრულია და ტანზე ლამაზად აქვთ მომდგარი. დაბალი წრის ქალებს დაძონძილი და ჭუჭყიანი ტანსაცმელი აცვიათ.
ერთხელ, როდესაც თბილისის ციხესიმაგრისკენ მივდიოდი, ჩავუარე ბაზარს და შევამჩნიე რამდენიმე ქალი, რომლებსაც სახეზე ჩადრები ჰქონდათ აფარებული. ჩემთვის ძნელი გამოსაცნობი არ იყო, ჩადრის ქვეშ მდიდარი ქალი იმალებოდა თუ მდაბიო. ჩემი ყურადღება მიიპყრო პურის მაღაზიამ. გაღებული კარიდან დავინახე, თუ როგორ აცხობდა პურს მეპურე. ცომს ჯერ ძალიან აბრტყელებდა (ჩვეულებრივი პირსახოცის სიგრძემდე), შემდეგ კი ხელის გულით ცხელი ღუმელის კედელზე აკრავდა. ღუმელის კედელი მუდმივად გავარვარებული იყო. ამდაგვარი ფორმის პური აზიის თითქმის ყველა ქვეყანაში ცხვება. მას ხშირად პურის ფუნქცია კი არ აქვს, არამედ ჭამის დროს გამოიყენება, როგორც თეფში და ხელსახოცი
როდესაც თბილისის ციხე-სიმაგრესთან მივედი, ჩემ წინ ნანგრევების დიდი მასა გამოჩნდა. ციხის ძირამდე მისასვლელად საკმაო შრომა იყო გასაწევი, ბევრი საშიში ფერდობი უნდა გადაგელახა. ციხესიმაგრე წარმოადგენდა აუარებელი ნანგრევის გროვას, მაგრამ იმდენად შთამბეჭდავად და დიდებულად გამოიყურებოდა, რომ ეს ვითარება აძლიერებდა აღმოსავლური კოშკების სიდიადეს
1576 წელს63, როდესაც თურქებმა საქართველო დაიპყრეს, ეს ციხესიმაგრე ააგეს, რათა ადგილობრივი მოსახლეობისთვის შიში ჩაენერგათ. ორი საუკუნის შემდეგ საქართველოს ირანელები შემოესივნენ და მათ დაანგრიეს ეს შესანიშნავი ნაგებობა. ამის შემდეგ მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.
ამ ციხესიმაგრის ასაშენებლად შესაფერისი ადგილი იყო შერჩეული, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მთა, საიდანაც მშვენივრად ჩანს შარდენის მიერ აღნიშნული მეჩეთის64 ნანგრევებიც. დღეს ის დამნაშავეთათვის ციხედაა გამოყენებული; ციხეს კომენდანტი იცავს, რომელსაც დაცვაც ჰყავს. გარდა ამ ციტადელისა, თურქებმა იმავე პერიოდში გაამაგრეს გალავანი, რომელიც ქალაქს ყველა მხრიდან ჰქონდა გარშემორტყმული, თუმცა ეს კედლები დღეს უკვე აღარ არსებობს, გარდა ერთი კედლისა, რომელიც მდინარე მტკვრის მოპირდაპირე მხარეს შემორჩა. სამწუხაროდ, ციხესიმაგრე და ქალაქის დამცავი გალავანი უფრო მეტად დაზიანდა მოსახლეობის უდიერი მოპყრობისგან, ვიდრე ომებით გამოწვეული ნგრევისაგან. მოქალაქეებს ნანგრევებიდან ქვები სახლში მიჰქონდათ და მათ საშენ მასალად იყენებდნენ.
თბილისის გარშემო აღმართული მთები ხეებითა და ბუჩქებით არის დაფარული. ისინი ქალაქს ალამაზებენ. ერთ-ერთი მთის სამხრეთით ჩვენ ვიპოვეთ სასაფლაო. საფლავებზე აღმართული იყო ქვები. ისინი იმ თურქებს ეკუთვნოდა, რომლებიც აქ რამდენი საუკუნის წინ ბატონობდნენ.
მრავალ საფლავს შორის ზომებითა და არქიტექტურით 5 გამოირჩეოდა. ისინი ოთხკუთხედი აგურით აშენებული ნაგებობებია. მათზე კვადრატული და რომბის ფორმის ამოტვიფრული ორნამენტებია, თითოეულ საფლავს თაღის ფორმის კარი აქვს დატანებული, რომელსაც აკლდამაში შევყავართ. ორნამენტით მორთული კედლები უბრალოდაა შელესილი და, ალბათ, მოლების ლოცვების ადგილს წარმოადგენს. მოლები ლოცვებს აღავლენდნენ გარდაცვლილი თურქი წინამძღოლების სულის მოსახსენიებლად. ამ სახის რელიგიური რიტუალები რეგულარულად სრულდებოდა მუსულმანების მიერ განსაზღვრულ დღეებში. ერთ-ერთი საფლავის საფარი გახსნილი იყო და როდესაც ნაპრალში ჩავიხედე, გრძელი და ვიწრო ქვის კუბო დავინახე, რომლის შიგნით გავარჩიე თავის ქალა და ადამიანის სხეულის სხვა ძვლები.
თითოეულ საფლავს გათხრის კვალი ეტყობოდა. ეს ალბათ განძის მაძიებლების ნამოქმედარი იყო. ვერც ერთ საფლავზე ვერ გადავაწყდი წარწერებს. თბილისში რამდენიმე კარგი ქრისტიანული ეკლესიაა. განსაკუთრებით მშვენიერია რომაული კათოლიკური ეკლესიის შენობა, წმინდა სიონის ტაძარი. განსაკუთრებით დიდია სომხური ეკლესია65, რასაც ვერ ვიტყვი მის სიმდიდრესა და არქიტექტურულ დახვეწილობაზე. თუმცა, მისი უპირატესობა ადგილმდებარეობაშია. ტაძრის საძირკველთან მტკვარი მიედინება. მდინარის შევიწროებულ ადგილას ქალაქს საკმაოდ მნიშვნელოვან გარეუბანთან – ავლაბართან ერთთაღიანი ხიდი აერთებს, ავლაბარში უმეტესად სომხები ცხოვრობენ, რომლებიც რუსეთ-სპარსეთის ომების66 დროს გამოიქცნენ ერევნიდან.
იქვე ვნახეთ ძველი სიმაგრე, ეკლესია და სახლები. ქალაქიდან ორი მილის მოშორებით ეკლესიის ნანგრევებია. ის მაღალ მთაზეა, საიდანაც ქალაქის შესანიშნავი ხედი იშლება: ერთი მხრიდან ჩანს ქალაქი, ციტადელი, ეკლესიები, ბაღები; ჩრდილოეთ მხრიდან მოჩანს მტკვრის დაკლაკნილი დინება, რომელიც კვეთს მდელოებს, ვაკე ადგილებს, აქედან ვხედავდი მთაგრეხილს კახეთიდან ყაზბეგამდე, მათ უშველებელ მწვერვალებს, ერთიმეორეზე მიყოლებით, სადამდეც თვალი გასწვდებოდა ჩრდილოეთიდან-დასავლეთამდე და ეს ყველაფერი გვირგვინდება ფერმკრთალი, ღრუბელში გახვეული ელბრუსის მწვერვალით. რუსმა ოფიცერმა, რომელმაც გაზომა ელბრუსის მთა, გამოთვალა, რომ ის არის თექვსმეტი ათას შვიდასი ფუტი სიმაღლის, ზღვის დონიდან.
არსებობს ასეთი თქმულება, რომ წარღვნისას წყლის დონის დაწევის დროს, ნოეს კიდობანმა, რომელიც არარატის მთების მიმართულებით მიცურავდა თავის საბოლოო ადგილამდე, ძირი გასცხო ელბრუსის მწვერვალს და იმის შემდეგ მთას ბზარი გაუჩნდა. მეტი თავდაჯერებულობა რომ მიეცეს ამ თქმულებას, უკეთესია ეთქვათ, რომ კიდობანმა გავლისას მთას წვერი მოატეხა, წინააღმდეგ შემთხვევაში, წმინდა ხომალდი ვერ შეეხებოდა მთას. დღეს ელბრუსი არარატზე ბევრად დაბლა დგას. ასეთი ზეპირი გადმოცემა, რომელიც ელბრუსს ბიბლიასთან აკავშირებს, არაერთია. კლასიკური ხანის მწერლები ამტკიცებენ, რომ ელბრუსის მთა იყო უზარმაზარი კლდე, რომელზეც პრომეთე მიაჯაჭვეს. ყოველივე ეს ბერძენმა დრამატურგმა ესქილემ67 აღწერა. ადგილობრივ მოსახლეობაში, რომელიც დღეს ელბრუსის ხეობაში ცხოვრობს, ახლაც სწამთ ძველი თქმულების, რომლის თანახმად, დიდი გოლიათის ძვლები სააშკარაოზე იყო გამოტანილი ღვთის რისხვის გამო და მათი ნახვა ახლაც შეიძლება ელბრუსის პატარა მწვერვალზე.
კავკასიის ხალხებთან დაკავშირებულია უამრავი საგმირო მითი. მათში არა მარტო ადამიანებს უკავიათ თვალსაჩინო ადგილი, არამედ ზებუნებრივ არსებებსაც. აღმოსავლეთის და დასავლეთის ქვეყნებში გვესმის და ვკითხულობთ კავკასიის მითებისა და აქ მაცხოვრებელი ხალხების შესახებ სხვადასხვა ლეგენდებს, ისტორიებს, იგავ-არაკებს, ლექსებს. კოლხი მედეა თავის სასწაულმოქმედ მალამოებს და ჯადოებს ამზადებდა კავკასიონის მთების ახლოს. რომანტიული და ექსტრავაგანტული ლეგენდების მოსმენა დღესაც შესაძლებელია ყაზბეგისა და ელბრუსის მყინვარების ახლოს დასახლებულ ხალხში.
ჩემი თბილისში ყოფნის დროს თითქმის გამუდმებით წვიმდა. დიდი სურვილი მქონდა დამეთვალიერებინა კახეთი, მაგრამ უამინდობამ ხელი შემიშალა. მაგრამ იმან, რისი ნახვაც შევძელი, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მე მოვიხიბლე ბარაქიანი ველების სილამაზით, მთა-გორებით, რომლებიც დაფარულია ულამაზესი ტყეებით (წაბლის, მუხის, წიფლის, თელას ხეებით), ვენახებითა და ხილის უამრავი ნაირსახეობით. აქაური თეთრი და წითელი ღვინო ყოველთვის ძვირფასი იყო თავისი სინაზით, სიმსუბუქით, დელიკატური გემოთი. ის განსხვავდება საქართველოს სხვა კუთხეებში დაყენებული ღვინოებისგან. კახეთის ველები მდიდარია: კანაფით, სელით, ბრინჯით, ფეტვით, ქერითა და ხორბლით. მათ მოყვანას ხელს უწყობს კახეთის დალოცვილი მიწა. აქ ბინადრობენ ხოხბები, თითქმის ყველა გარეული ფრინველი და ისეთი ცხოველები, როგორებიცაა: ირმები, ჯიხვები, ჰყავთ ცხვრები და ყველა ჯიშის შინაური მსხვილფეხა საქონელი. ისინი ძოვენ კახეთის მდიდარ საძოვრებზე. წყალუხვი მდინარეები თავის ბუნებას ანოყიერებენ. მთების წიაღში ინახება სხვადასხვა მინერალური მადანი.
ღვთის ამდენი წყალობა გვირგვინდება ჰავით, რომელიც განუმეორებელია. მას ალბათ მხოლოდ სამოთხე თუ შეედრება. აქ ყველა პირობაა შექმნილი ადამიანის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ, ღმერთო ჩემო, საოცარია, რომ აქაურ მაცხოვრებლებს, რომლებიც ამქვეყნიურ სამოთხეში ცხოვრობენ, არა აქვთ არავითარი სურვილი განაცალკევონ სარეველა ბალახი კარგისაგან. მათ არ ადარდებთ, იწვიმებს თუ მზიანი დარი იქნება, მათთვის სულერთია, მაყვალს შეჭამენ თუ ყურძენს, მათთვის მნიშვნელობა არა აქვს, მინდორში დაიძინებენ, ყვავილებს შორის თუ ლოგინში. აი, ასეთია დღევანდელი კახეთი! საოცარი კონტრასტია ადამიანსა და ბუნებას შორის, რაზეც გავლენას არც ბუნება და არც ჰავა არ ახდენს.
ბატონი რენიგსი, რომელიც ერთი პერიოდი საქართველოში უიღბლო მეფის, ერეკლე მეორის ზეობის დროს ცხოვრობდა, წერს იმდროინდელი ქართველების ხასიათის შესახებ. ეს დახასიათება, რა თქმა უნდა, კახელებზეც ვრცელდება. მკვლევარი ასაბუთებს და ეძებს მიზეზებს, თუ რატომ განსხვავდებიან მისი დროინდელი კახელები იმ კახელი წინაპრებისაგან, როდესაც საქართველოს ამ კუთხეს ალბანეთი68 ერქვა. რენიგსი წერს: „სიზარმაცე დამახასიათებელია როგორც თავადებისათვის, ისე გლეხებისათვის. ისინი ყველა საქმეში ზარმაცები არიან, რაც კი მუშაობას ეხება. მათ შორის, მიწათმოქმედებასთან დაკავშირებულ ყველა საქმეში. მაგრამ სიზარმაცე არ ვრცელდება ცხოვრების სხვა მხარეებზე. ქართველს კარგად აქვს გაცნობიერებული თავისი სურვილები, თავისი საბრალო სიღარიბე და ამ მდგომარეობის შემსუბუქების საშუალებები. ჩაგვრა არ აძლევს მას საშუალებას გამოვიდეს ამ მძიმე მდგომარეობიდან. ქართველი გლეხი განიცდის ორმაგ ჩაგვრას: საკუთარი მებატონეებისაგან და მათი ზემდგომი სახელმწიფო სისტემისაგან, რაც გლეხის ძალ-ღონეს აღემატება. ის უძლებს ამ მძიმე ტვირთს, სანამ მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდება, რომ გაუსაძლისი გახდება და უბედური, უსარგებლო ადამიანი არაქათგამოცლილი ძირს ეცემა“. ქართველ თავადებს შორის არსებულმა გამუდმებულმა შუღლმა, ქვეყანაში კანონისა და სამართლის არარსებობამ, ლეკების სისტემატურმა შემოსევებმა, თურქებისა და ირანელების სისხლიანმა ომებმა საქართველოს მოსახლეობა სიზარმაცემდე, უვიცობამდე, სიღარიბემდე და სასოწარკვეთილ მდგომარეობამდე მიიყვანა. ასეთი მდგომარეობა საერთოა თითოეული იმ ქვეყნისათვის, სადაც გამუდმებული ომებისა და სხვადასხვა დამპყრობლების არსებობის გამო წესრიგი არ ყოფილა. ზოგიერთი მომხდური ბარბაროსები იყვნენ, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ ახლა ითვისებენ და სწავლობენ ქრისტიანული კანონებით ქვეყნის მართვას, სამწუხაროდ,
ასეთი იყო სიტუაცია საქართველოში დროთა თანმიმდევრული ცვალებადობის დროს. მაგრამ დაახლოებით 20 წლის წინ საქართველო გახდა რუსეთის ქვეშევრდომი ქვეყანა. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერებაში იმედის ბედნიერი ნაპერწკალი გაღვივდა. ახალი მთავრობის დროს ის თავს იმედიანად და უსაფრთხოდ გრძნობს. სანამ საქართველო რუსეთს შეუერთდებოდა, სხვადასხვა ევროპელები, რომლებიც აქ საქმის წარმართვისათვის იყვნენ გამოგზავნილნი, დიდ ძალისხმევას ახმარდნენ თავადებისა და უბრალო ხალხის გაერთიანებას. ეს გამოიხატებოდა თანასწორუფლებიანი მართლმსაჯულებისა და იმ პირობების თანდათანობით გაუმჯობესებასა თუ შეცვლაში, რომლებიც დიდხანს უშლიდნენ ხელს ადგილობრივ მოსახლეობას და სწორედ ამან მიიყვანა ის სიღარიბესა და სავალალო მდგომარეობამდე. ამჟამად საქართველო დაცულია ლეკების შემოსევისაგან, ისევე როგორც თურქებისა და ირანელების თავდასხმისაგან. საქართველოს მაღალი წრის წარმომადგენლებს კვლავ მაღალი თანამდებობები უკავიათ. მისმა უდიდებულესობამ, რუსეთის გულუხვმა მონარქმა ბევრ ქართველ თავადს უბოძა საპატიო საერო და სამხედრო წოდებები, რითაც გამოხატა თავისი დიდი პატივისცემა მამაცი და სანდო ქართველების მიმართ. მოკლედ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მიეცა ქვეყნის აღდგენისა და განვითარების საშუალება.
ქართველები რომ კვლავ გულადი ერია, გამოჩნდა ამ ბოლო 12-14 წლის მანძილზე. ამ პერიოდში ისინი რუსული დროშის ქვეშ იბრძოდნენ რუსეთის მიერ წარმოებულ ომებში69. ქართველი მეთაურები ისე თავგანწირულად იბრძოდნენ, რომ სამართლიანად დაიმსახურეს გენერლის წოდებები. ქართველები ახლაც ერთგულად მსახურობენ რუსეთის ჯარში და სწორედ მათ მოაგებინეს რუსეთს მრავალი ბრძოლა. ქართველები კვლავ აგრძელებენ მამაცურად მოქცევას და ახალ ჯილდოებს იღებენ. ქართველების ახალმა მთავრობამ ადვილად მოახერხა იბერიელებისა და ალბანელების მებრძოლი სულის გაღვიძება, მეტად ადვილია სიმამაცის სულის აღძვრა იბერიელებისა და ალბანელების შთამომავალ ქართველებში, ვიდრე მათ შთააგონო ვაჭრობა ან სოფლის მეურნეობის საქმე. დროა საჭირო ყველაფრის მისაღწევად.
ქართველების მეზობლებმა – სომხებმა აჩვენეს ვაჭრობის განვითარების მაგალითი, რაც მათ მიერ გაწეული დიდი ძალისხმევის შედეგია. მის აღმატებულებას, გენერალ ერმოლოვს, როგორც სამხედრო პირს, კარგი რეპუტაცია აქვს. გარდა ამისა, მისი მთავრობა კარგად ეწყობა ხალხის დამოუკიდებელ აზროვნებას, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მიწას იყო მიჯაჭვული. უიმედობისა და სასოწარკვეთილების წლებმა ჩაიარა, მაგრამ მათ მრავალი ადამიანის ბედს დაღი დაასვეს. ამ ადამიანების იერშიც შეიმჩნევა საშინელი წლების იარები. მოსახლეობის წარბებს ზემოთ ის წყვდიადი და ღრუბელია, რომელიც მათი სულების მუდმივი თანამგზავრი იყო. უკეთესი დღეები ამ ჩრდილს გააქრობს და მათი სახის გამომეტყველება ისეთივე ნათელი იქნება, როგორც თავისუფლად დაბადებული მთის შვილების იერი.
ერთ საღამოს მისმა აღმატებულებამ, მმართველმა გენერალმა70 მიმიწვია გასართობ წვეულებაზე, რომელზეც მე შესაძლებლობა მომეცა მენახა და გამეცნო არა მარტო ადგილობრივი ქართული მაღალი წრის წარმომადგენელი მამაკაცები და ქალბატონები, არამედ სხვა კავკასიელებიც. ქართველი თავადი გამოირჩევა მოღუშული სახის გამომეტყველებით, რომელიც მე უკვე აღვნიშნე. მიუხედავად იმისა, რომ ის მკაცრია და სასტიკი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, იგი ელეგანტურად გამოიყურება. მასში ჰარმონიულადაა შერწყმული ვაჟკაცობა, ტანადობა, უზადო ჩაცმულობა და თავის დაჭერა. ტანსაცმელი მშვენივრად ერწყმის მის ლაღ, მსუბუქ მოძრაობებს და პიროვნების თავისუფლებაზე მიანიშნებს. თანსაცმელი, პირველ რიგში, კარგი ხარისხის ვარდისფერი ნაჭრისაგან შეკერილი პერანგია. ის ლამაზად მოჩანს ჟილეტიდან და ფარავს გულმკერდს, კისერი შიშველია, ის მხოლოდ მის დასაწყისს ფარავს. ჟილეტი სხვადასხვა ფერის ნაჭრისგანაა დამზადებული, მაგრამ ფერით განსხვავდება პერანგისაგან. ჟილეტი გრძელმკლავიანია, მკლავები თავისუფლად არიან მომჯდარი ხელებზე, ჟილეტის ქვემოთ მოსასხამია, რომელიც წინ შეხსნილია და მისი სიგრძე მუხლებს სწვდება. ეს ზედა სამოსი დამაგრებულია წელს გარშემო არსებული შარფით, რომელიც ჩვეულებრივ თეთრი ფერისაა. მასზე ყოველთვის მიმაგრებულია ხმალი. პერანგის კალთები ეხება შარვალს. დაბალი, წაწვეტებული, შავი ან ალისფერი შემოტკეცილი ჩექმის შიგნით წინდები აცვიათ. ტანსაცმელი შეკერილია სხვადასხვა ფერის მაუდისაგან და ხშირად ნატიფი ოქროსფერი ზონარებითა და ნაქარგობით შესრულებული ორნამენტებით არის მორთული.
ქართველი მამაკაცი ზედა ტუჩზე ატარებს ულვაშს. შეხსნილი პერანგიდან მოჩანს დახვეული თმა, თავს კი შავი ცხვრის ტყავისაგან დამზადებული ქუდი უმშვენებს. ამ ქუდის ფორმა და მასალა, რისგანაც ის დამზადებულია, ზუსტად ისეთია, როგორსაც ირანელი მამაკაცები ხმარობენ. განსხვავება მხოლოდ ქუდის ტარებაშია, ქართველი მას „განსხვავებულად ატარებს“. როდესაც ირანელი ქუდს იხურავს, მას ორად გაყოფილი ფორმა უნდა ჰქონდეს, ქართველები კი ქუდს ჩვეულებრივ მრგვალი ფორმით ატარებენ. დაბალი ფენის მამაკაცების ტანსაცმელი განსხვავებულია. მათ ცუდი ხარისხის აბრეშუმისაგან შეკერილი გრძელი შარვალი აცვიათ, რომელიც კოჭებამდე წვდებათ. სარტყელზე ხანჯალი ჰკიდიათ. დანარჩენი სამოსი იმავე სტილისაა, რაც მაღალი ფენის წარმომადგენელ მამაკაცებს აცვიათ. განსხვავება მასალაშია, მათი სამოსის ნაჭერი უხეშია და ყოველგვარ ორნამენტს მოკლებული.
ქართველი მანდილოსნების სამოსი ზედმეტად გადატვირთულია, თუმცა კაბის მოუქნელობა და ორნამენტებით გალამაზება სრულ პროპორციაშია ერთმანეთთან. შუბლზე მათ თასმა არტყიათ, რომელიც მდიდრულადაა მორთული ბრილიანტებითა და სხვა ძვირფასი თვლებით. თასმა მოთავსებულია ორ წყვილ შავ ნაწნავში, რომელიც სიმეტრიულადაა განლაგებული და ჩამოყვება სახეს. სახის სილამაზეზე მისი ნაკვთები მეტყველებენ, მაგრამ იმდენად გადატვირთულია კოსმეტიკით, რომ ბუნებრივი კანი არ ჩანს, და კიდევ უარესი, მათი გარეგნობა დახატულობის გამო იმდენად გაშეშებული და გაყინულია, რომ არც ერთი ნაკვთი არ მიუთითებს სიცოცხლის ნაპერწკალზე, გარდა დიდი, შავი, მშვიდი, წყლიანი და კრიალა თვალებისა, რომლებიც ანათებენ გრძელი შავი წამწამებიდან და რკალის ფორმის წარბებიდან. აბრეშუმის თავშლისმაგვარი პირბადე დამაგრებულია თასმაზე და ის მხრებიდან ჩამოდის ზურგზე. თხელი დოლბანდის ცხვირსახოცი დამაგრებულია ნიკაპის ქვემოთ. ის ფარავს სახის ქვედა ნაწილს და ჩადის მკერდამდე, სადაც ის ებმევა დანარჩენ სამოსს. ოქროს მძივები და სხვა სახის სამკაულები ამშვენებს ქალბატონების კაბის წინა ნაწილს, რომელიც უმეტესწილად ხავერდისგანაა შეკერილი. ზოგჯერ ის მდიდრულადაა მოქარგული აბრეშუმის ძაფებით და ფარავს სამოსის მკერდს და მთელ წელს. კაბის ზემოთ მანდილოსნები ატარებენ ფარჩის მკლავებიან მოსასხამს და ძალზე გრძელ ქვედაბოლოს, რომელიც მიწას სწვდება. ეს მოსასხამი წელიდან წინ არის ჩახსნილი. ტანსაცმელს ალამაზებს ქაშმირის შალი. მოსასხამის სახელოები შეხსნილია ხელის წინა მხარეს, მაგრამ სურვილისამებრ შეიძლება შეიკრას ანანასის ფორმის ოქროს ღილებით. თუ ამინდი ცივია (და სწორედ წელიწადის ის დრო იყო, როდესაც მე ეს ქალბატონები ვნახე), ქალებს ზემოდან აცვიათ მოკლე ოქროსფერი ფარჩის ქსოვილისა და ბეწვისგან შეკერილი სამოსი, რომელიც განიერმკლავიანია და თავისუფლადაა ტანზე მორგებული. ის წინა მხრიდან ჩახსნილია და მუხლებს ფარავს. ეს ტანსაცმელი ლამაზად და კომფორტულად გამოიყურება. როდესაც სუსტი სქესის ქართველები ერთად სხედან ან დგანან, საუცხოო, ჩინებულ ტანისამოსში გამოწყობილნი, უდრეკი თავდაჭერილობით და მოძრაობას მოკლებული თითოეული ნაკვთით, ეს ქალბატონები დიდ ცვილის ფიგურებს უფრო ჰგვანან (რომლებიც თვალებს მექანიკური ხელსაწყოს მეშვეობით აღებენ და ხუჭავენ), ვიდრე ცოცხალ, მშვენიერ ქალებს.
მის აღმატებულებასთან საღამოს სტუმრად ყოფნის დროს რამდენიმე ახალგაზრდა დიდგვაროვანი ქართველი მამაკაცი წარდგა ჩვენ წინაშე ეროვნული ცეკვით. მაგრამ ვერცერთი მანდილოსნის ცეკვაში ჩაბმა ვერ მოხერხდა. რამდენიმე ჩერქეზმა მამაკაცმა, რომელიც მოწვეული იყო იმ წვეულებაზე, თავი გამოიჩინა ცეკვაში და ფრიად საინტერესო სცენის მომსწრენი გავხდით. ეს არ იყო ერთსაათიანი გართობა, არამედ იყო ულამაზესი წარმოდგენა, რომელიც აერთიანებდა საუკუნეებს, ერთ ძირძველ მოსახლეობას მეორესთან. ეს ცეკვა დემონსტრირება იყო ჩვეულებრივი ადამიანის ათლეტური, მოქნილი კიდურების, სწრაფი და ენერგიული მოძრაობისა. შეიძლება ამას უფრო ვარჯიშების სერია ვუწოდოთ, ვიდრე ცეკვა. თუმცა, ყველა ნახევრად ცივილიზებული ერის ცეკვა თითქმის ასეთია; მონაწილეობენ მეტ-ნაკლებად რაინდული, ველური ან უხეში ხასიათის მქონე მამაკაცები, რომლებიც დახვეწილობის იმ წერტილამდე მივლენ, როდესაც ცეკვა ძალ-ღონის მაჩვენებელი კი აღარ იქნება, არამედ დახვეწილი საზოგადოების სასიამოვნო დროსტარება და ქალური სინარნარის გადმოცემის საშუალება. ქართული ცეკვა წარმოადგენს მამაკაცური აქტიურობის დემონსტრირებას. ფეხის უწყვეტი მოძრაობები და ერთმანეთზე გადატანა, მუხლებზე ხტომა, თითისწვერებზე ცეკვა – აი, ეს არის მოძრაობები, რომლებიც შორს არის ელეგანტურობისგან და დამახასიათებელია ქართული ეროვნული ცეკვისთვის. ქართველებმა ტანის ამგვარი რამდენიმე უცნაური მოძრაობის შემდეგ ცეკვა ფეხის წვერებზე ხტუნვით დაასრულეს. ცეკვას ჯეროვან სულისკვეთებას აძლევდა ეროვნული მუსიკა, რომელიც აგრეთვე შორს იყო ცივილურობისგან. მას აკლდა მოხდენილობა და ელეგანტური ჰანგები. მუსიკა, რომელსაც უნდა გადმოეცა და თავისი ხალისიანი ჟღერადობით პეწი და სილამაზე შთაენერგა, თითქოს აცოცხლებდა კავკასიაში მაცხოვრებელთა მოძრაობებს. ადგილობრივი მუსიკოსების მუსიკის თანხლებით მოცეკვავეების ტერფები, ხელები და თავი ინსტრუმენტების ჰანგების შესაბამისად ირხეოდა.
ქართული მუსიკალური ინსტრუმენტები ძნელი აღსაწერია. ერთ-ერთი მათგანი შედგება რამდენიმე პატარა დოლისგან. მათზე განუწყვეტლივ უკრავენ ხელების დარტყმითი მოძრაობებით. მათთან ერთად უკრავენ გიტარის ფორმის ხუთ თუ ექვს საკრავზე; მათ მკვეთრი, არასასიამოვნო ხმა აქვთ, რომელიც ფხეკვას მოგვაგონებს. ეს უსიამოვნო ჟღერადობის ხმა უწყვეტად ერწყმოდა დოლის მონოტონური ბრახუნს და ისეთ ხმაურს გამოსცემდა, რომელიც წყლის წისქვილის ხმას თუ შეიძლება შევადაროთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს მელოდია იყო ველური. განსხვავებულ ინსტრუმენტზე შესრულებული მსგავსი მუსიკა, ანალოგიური ცეკვის მანერით გავრცელებულია რუს გლეხებსა და კაზაკებს შორის, ისევე როგორც აფრიკაში, აზიაში მცხოვრებ ინდოელებში და ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში, სადაც მკვიდრი მოსახლეობა არსებობისთვის იბრძვის.*
*შემდეგ ავტორი მოგვითხრობს ჩერქეზებზე, მათ ადათ-წესებსა და ჩაცმულობაზე.
1776 წლის ივნისში მდინარე თერგმა კავკასიონის მთიდან დაშვებული ყინულოვანი მასის გამო მიმართულება შეიცვალა. როდესაც თერგის წყალმა 258 ფუტის სიმაღლემდე აიწია და კლდოვანი ბარიერების გასასვლელი გაარღვია, ისეთი ხმაური ახლდა, რომ მისი ხმა საშინელ ექოს გამოსცემდა. წყლის ნაკადმა გამანადგურებელი წყალდიდობა გამოიწვია. ანალოგიური საშინელი სცენა აღწერილია მოხსენებაში, რომელიც 1817 წლის ნოემბრით თარიღდება.
ყაზბეგის მწვერვალის ერთი მხარე, ბნელ დარიალის ხეობასა და იმავე სახელწოდების მქონე სოფლის მხრიდან, ჩამოინგრა. მთა ჯერ ამოძრავდა, წინ გადაიხარა, არაფერი არ ჩანდა, გარდა დაძრული თოვლისა და საზარელი დაბნელებისა, რომელიც დაძრულმა თოვლმა გამოიწვია. ხმაური, რომელიც ზვავს ახლდა, ძალზე შემაძრწუნებელი იყო. მთიდან კლდის დიდი მასა წყდებოდა.
როდესაც ზვავი ძირს მიექანებოდა, თოვლი და საუკუნოვანი ყინული უზარმაზარ დამსხვრეულ ნატეხებად ეცემოდა. ყინული ისე ეცემოდა ძირს, როგორც მიწისძვრის დროს ხდება ხოლმე. ყინულმა თვალთახედვიდან გადაფარა სოფლები, მინდვრები და ხალხი. რა საშინელი წუთები იყო, როდესაც ყველაფერი დაწყნარდა, როდესაც აღარ ისმოდა ადამიანისა და ნადირის საზარელი ყვირილის ხმა. უშველებელმა ზვავმა ყველგან დატოვა დიდი, უმოძრაო თეთრი სუდარა. თბილისში ჩამოსვლისას ჯერ კიდევ ვიყავი ამ მთების საშინელი შედეგის შტაბეჭდილების ქვეშ, რასაც ცუდ ამინდში უფრო ვგრძნობდი. ცუდმა ამინდმა ხელი შემიშალა ახლომახლო არსებული ბევრი საინტერესო ადგილის შესწავლაში, რადგან მეც შეიძლება მცირე დოზით, მაგრამ წყალდიდობის წერა გავხმდარიყავი. მხოლოდ ქალაქების დათვალიერებით შემოვიფარგლე, სადაც ტალახის სიღრმე ადამიანებს ქუჩებში სიარულში ხელს არ უშლიდა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სახლების უმეტესობაში ჭუჭყი თითქმის უტოლდებოდა გარეთ არსებულ ჭუჭყს. ასე რომ, მე მალე შევურიგდი იმ გარემოებას, რომ იძულებული ვიყავი ჩავკეტილიყავი ჩემს შედარებით კომფორტულ ბინაში. თბილისის ბინების სტილი ჩვეულებისამებრ აზიურია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სახლებს ბრტყელი სახურავები აქვთ, რომლებიც მყარი მიწით არის დაფარული. ნებისმიერი ხანგრძლივი წვიმის შემდეგ წყალი ისე ჩადის გაუმართავი სახურავიდან, თითქოს ის დიდი გამფილტრავი მოწყობილობა იყოს. სახურავის ზედაპირიდან კედლებზე ჩამოსული წყლით მთელი სახლი ივსება, მაგრამ უბედურება ამით არ მთავრდება. ზემოდან წამოსული ნიაღვრის გამო საწყალ მაცხოვრებლებს არა აქვთ მშრალი ადგილი არც დასაჯდომად და არც დასაწოლად. მათ საშინელ დისკომფორტსა და ტანჯვა-წამებაში უხდებათ ყოფნა. სავარაუდოდ, ყველა სერიოზული დაავადება სწორედ ასეთი წყალდიდობების შედეგად ჩნდება. ის ნესტი, რომელიც ბინებში ჩნდება წყლის შეწყვეტის შემდეგ, დიდხანს რჩება წყლით გაჟღენთილ კედლებსა და იატაკში, სანამ არ დათბება.
ასეთი იყო თბილისი 1817 წელს. თუ სახლების რეკონსტრუქციის შესახებ გენერალ-გუბერნატორის გეგმები განხორციელდება, რომლის ნაწილი მისმა აღმატებულებამ უკვე დაასრულა ქალაქის საჯარო შენობების შეკეთების მხრივ, ეს კარგი მაგალითი იქნება თბილისის აღმშენებლობისა და კეთილმოწყობის საქმეში. განხორციელებული ცვლილებების შედეგად ქართული დედაქალაქი უფრო მიმზიდველი გახდა, ვიდრე ის თორმეტი წლის წინ იყო. მოგზაური ვაჭრები ძლივსღა ცნობენ თბილისის ბაზრებს და ქარვასლას, რომლებიც სრულიად განსხვავდებიან ძველი ნაგებობებისაგან.
7 ნოემბერს ცა მოიწმინდა. დადგა ჩემი მოგზაურობის გაგრძელების დრო და მე დავიწყე სამზადისი, რათა დამეტოვებინა ადგილი, სადაც ბევრი საინტერესო ობიექტი დავათვალიერე და გენერალ-გუბერნატორის და მისი ამალის მიერ ჩემ მიმართ გამოჩენილი ყურადღებისაგან თუ კეთილი მოპყრობისაგან ნასიამოვნები ვიყავი. ეტლი მე თბილისში უნდა დამეტოვებინა; ბარგი ისე უნდა შემეკრა, რომ ცხენებს მისი ზურგით გადაზიდვა შესძლებოდათ.
კაზაკების გენერალმა, რომელსაც ჩემი უსაფრთხოდ გამგზავრება დაევალა, ჩემი ოფიცრები ესკორტით უზრუნველყო. მათ მე უნდა მივეცილებინე რუსეთის უკიდურეს საზღვრამდე. მოგზაურები უდავოდ დავალებულნი არიან იმით, რომ საქართველო რუსეთის მფლობელობაშია. მგზავრები უსაფრთხოდ გრძნობენ თავს მდინარე დონიდან შორეულ მტკვრის ნაპირამდე. ჩვენ შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ კავკასიონის მრავალფეროვანი მთაგრეხილი სათავეს იღებს ერთი მთის ძირიდან, რომელიც დიაგონალურადაა გადაჭიმული დიდ მანძილზე – ეუქსინისა და კასპიის ზღვებს შორის. ეს გაბედულად აღმართული მთა იწყება თურქეთის საგუშაგოს ანაპას71 მიდამოებში, გადაჭიმულია ეუქსინის ზღვის აღმოსავლეთ ნაპირთან, შემდეგ შედის ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა იმერეთი ეწოდება. იქიდან კი კავკასიონი 300 ვერსის მანძილზე გადაჭიმულია აღმოსავლეთისაკენ, საიდანაც კასპიის ზღვამდე აღწევს. ეს მთის გრეხილი ამაყობს უზარმაზარი ელბრუსისა და ყაზბეგის მწვერვალებით, რომლებიც მედიდურად დგანან სხვა მაღალ მთებს შორის, როგორც დიდი ციხესიმაგრის ბურჯები. ამ ორი ცნობილი მთის მწვერვალი თითქმის ყოველთვის ღრუბლებშია მოქცეული და როდესაც ღრუბლები ნაწილობრივ ქრებიან, მიუხედავად წელიწადის დროისა – ზამთარია თუ ზაფხული – მწვერვალებზე ყოველთვის მოჩანს მარადიული თოვლი. აღუწერელია ის ეფექტი, რომელიც ჩნდება ამ მწვერვალებზე სინათლის ზეგავლენის შედეგად. ამ უსპეტაკეს, თვალშეუდგამი მთების ზედაპირზე მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროს ანდა მთვარის შუქზე, როდესაც ღრუბლების თეთრი ჩრდილი ქრება, კავკასიონის მწვერვალი ვერცხლისფერი პირამიდის მსგავსია. მასში იმ სივრცის ათასობით ფერია არეული. ეს სიდიადე და სილამაზე ძნელი აღსაწერია. ამ განცდის გადმოცემა შეუძლებელია. ელბრუსისა და ყაზბეგის მთებს ქვემოთ სხვა ბრჭყვიალა მწვერვალებია, – თოვლის საფარიდან მაღლა აღმართულები, რომლებიც ქვემოთ მდგარ დათოვლილ მთის წვეროებს გადაჰყურებს. თუმცა მათზე დაბალი მთა სხვა ადგილას რომ ყოფილიყო, უდიდეს მწვერვალად წარმოგიდგებოდათ. ეს არის შედარება, რაც განარჩევს კარგს უკეთესისგან, თუმცა მისი ხარისხის შეცვლა არ შეუძლია. ამგვარად, ეს გახლდათ კავკასიონის პირველი და ყველაზე დიდებული მთაგრეხილი.
კავკასიონის მეორე განშტოება გამოირჩევა თავისი სახელწოდებით – მოსიანის გორები72. პტოლემეი მას მოიხსენიებს, როგორც მოსჩისის მთებს. მთის ეს განშტოება მდებარეობს თურქეთის საგუშაგოს – ბათუმის მახლობლად.* ის პირველი მთაგრეხილის პარალელურია, თუმცა დიდ მანძილზეა მისგან დაშორებული. ეს მთის განშტოება მდინარე არაქსის ნაპირს აღწევს და იკარგება მოგანის73 ბარში. მერე ის უერთდება ძირითად მთის ჯაჭვს სხვადასხვა განშტოებებით. ის გვხვდება ნაყოფიერ დაბლობ ადგილებში აკჰისკაში, იმერეთში, ქართლსა და საქართველოში და ბოლოს აღწევს შირვანს. შავი ზღვის აღმოსავლეთით მდებარეობს მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი მთა, რომელიც ცნობილია, როგორც ჩილდირის74 მთაგრეხილი. აქედან ეს ქედი ყველა მიმართულებით გრძელდება, განსხვავებული განშტოებებით უერთდება პირველი და მეორე ძირითადი მთაგრეხილის განშტოებებს და ასე მიემართება მესამისკენ, რომლის ციცაბო კლდეები მდინარე ევფრატის სანაპიროს ქმნის.
*პორტერის საქართველოში ყოფნის დროს ბათუმი თურქეთის შემადგენლობაში რჩებოდა. როგორც ცნობილია, 1828 წელს, რუსეთსა და ოსმალეთს შორის ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების შედგენისას, რუსეთმა მოითხოვა და ოსმალეთმა დაუთმო მას მთელი ტერიტორია ჭოროხამდე, რომელიც შავ ზღვას ბათუმის იქით, დასავლეთით უერთდება. ამ დათმობის მიხედვით, ბათუმი უკვე 1828 წელს უნდა შეერთებოდა რუსეთს, მაგრამ ხელშეკრულებაში და საზავო რუკის შედგენის დროს, საზღვარი მდინარეთა სახელწოდებების არევის გამო გაყვანილ იქნა არა მდინარე ჭოროხთან, არამედ მდინარე ჩოლოქთან, რომელიც ზღვას ბათუმის ჩრდილო-დასავლეთით ერთვის. ამ ხაზის მიხედვით, ბათუმი დარჩა ოსმალეთს. შეცდომა შემჩნეულ იქნა ხელმოწერისა და დამტიცების შემდეგ, მაგრამ უკვე გვიან იყო ამ საკითხის ხელახალი აღძვრა და ბათუმი ოსმალეთს დარჩა.
მესამე მთაგრეხილი, რომელიც პტოლემეისთან ცნობილია პარიარდეს მთების სახელით, მდინარე ევფრატის გაყოლებაზე მიემართება სამხრეთ-დასავლეთისკენ. ის კავკასიონის მესამე პარალელურ ჯაჭვს ქმნის და სომხეთამდე აღწევს, იქ, სადაც დიდებული არარატი ზემოდან გადაჰყურებს სხვა მთებს. აქედან მთაგრეხილი მკვეთრ კუთხეს ქმნის და უხვევს სამხრეთისკენ, იშლება სხვადასხვა განშტოებებად, რომლებიც გადაჭიმულან სპარსეთსა და მცირე აზიაში. ჩემი მარშრუტი თბილისიდან თავრიზამდე ზუსტად ამ ორი მთაგრეხილის გავლით გადიოდა. მე დროებით გადავდებ მათზე საუბარს მანამ, სანამ არ მომეცემა დამატებითი ინფორმაცია მათ შესახებ.
იმავე დღეს, 7 ნოემბერს, ჯენტლმენები, რომლებიც შეადგენდნენ რუსეთის საელჩოს სპარსეთში დიპლომატიური მისიიდან, ბრუნდებოდნენ სანქტ-პეტერბურგში. როგორც ყოველთვის, კავკასიის ჩრდილოეთი გასასვლელი დაკეტილი იყო ზვავის ჩამოწოლის გამო და გადაწყდა, რომ ისინი რუსეთში დერბენდიდან და კისლარიდან75 უნდა ჩასულიყვნენ. ამ მარშრუტის გავლას ერთი დღე სჭირდებოდა. მე მათ შევუერთდი, რათა ის მოკლე მანძილი ერთად გაგვევლო. ჩვენ დილის 3 საათზე დავტოვეთ გენერალ-გუბერნატორის სახლი. მშვენიერი დარი იყო. მისმა აღმატებულებამ76 თავისი გულკეთილობა დააგვირგვინა იმით, რომ გზის გარკვეულ მონაკვეთამდე მიგვაცილა. გზა, რომლის გაყვანასაც მას უნდა ვუმადლოდეთ, მდინარე მტკვრის დასავლეთ ნაპირზეა და სოღანლუღამდე გრძელდება. სოღანლუღი ჩვენი გაჩერების ადგილი იყო.
როდესაც თბილისს ტოვებ, ქალაქი სრულიად განსხვავებულად გამოიყურება. მისი აღქმა ისეთი არაა, როგორც მცხეთიდან მომავალი მოგზაური პირველად დაინახავს მას. ახლანდელი გადასახედიდან თბილისი უფრო გაშლილია. ქალაქის გარშემო მთები არ მეჩვენებოდა პირქუშად და უნაყოფოდ. ბაღებს და ვენახებს ფარავდა მაღალი ალვის ხეები, რომლებიც მდინარის გაყოლებაზეა დარგული. ეს ხეები ამშვენებს მტკვარს წყალში თავიანთი ხვეული ანარეკლებით და სილაღითა და მხიარულების გრძნობით ავსებს მნახველებს.
გენერალ-გუბერნატორი თბილისიდან ხუთი ვერსის დაშორებით დაგვემშვიდობა მეც და თავის თანამემამულეებსაც. ჩვენ მას ვუყურებდით მანამდე, სანამ ჩვენს თვალთახედვას არ მოეფარა. ყველანი მადლიერებისა და პატივისცემის გრძნობით ვიყავით მის მიმართ განმსჭვალულნი. ადამიანმა შეიძლება განიცადოს ეს მაშინ, როდესაც ის შორსაა მისი ნამდვილი მეგობრებისგან, როდესაც დახმარების ხელს გიწვდიან არა ფორმალურად, ცივად, არამედ ღია გულით, როგორც გვხვდებიან არა როგორც უცხო ადამიანს, არამედ როგორც თანამემამულესა და ამხანაგს. ასეთი იყო გენერალ-გუბერნატორი, რომელსაც ჩვენ ახლახანს დავემშვიდობეთ. თავისი ლიბერალური შეხედულებების წყალობით, მასზე უკეთესად ვერავინ შეძლებდა უცხო გარემოში ადაპტირებასა და იმ მაღალი თანამდებობის დაკავებას, რომელიც მას უკავია ქვეყანაში. გენერალ-გუბერნატორის თავაზიანობა და სულგრძელობა მას საიმედოდ იცავს. ყველა ეროვნების წარმომადგენელი, რომლის მიმართაც ის გულისხმიერებას იჩენს, გამსჭვალულია მისადმი მადლიერებით და ნდობით. მას გააჩნია იმის უნარი და ნიჭი, რომ მოიგოს ხალხის გული. უხეში, ძუნწი და უმადური ადამიანი, რომელიც დიდი იმპერიის წარმომადგენელი იქნება საზღვარგარეთ, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მტრად იქნება მიჩნეული. ასეთი მანკიერი თვისებების მქონე ადამიანი შეაფერხებს იმ მიზნების განხორციელებას, რისთვისაც ის გამოაგზავნეს. ასეთი ადამიანი სრულიად განსხვავებულია იმ მინისტრისგან, რომლის უპირველესი მიზანი უნდა იყოს ხალხის სამსახური და იმ ქვეყნის გავლენის და ავტორიტეტის გაძლიერება, რომელმაც ის სამუშაოდ მოავლინა.
გენერალ-გუბერნატორი ერმოლოვი ამ მხრივ სწორედ ისეთი ადამიანია, როგორიც უნდა იყოს უცხო ქვეყნის წარმომადგენელი. მას ანდეს კავკასიის მართვა, რადგან მას კარგად ესმის ხალხის, კარგად იცის მათი ხასიათი და სრულიად საწინააღმდეგო ადათ-წესები, რომლებიც მათ შეძენილი აქვთ საუკუნეების განმავლობაში.
გენერალი ერმოლოვი ლმობიერებითა და გულკეთილობით ახერხებს თავისი მიზნების განხორციელებას. მან შეძლო ამაყი, პირქუში, შეუდრეკელი და მტკიცე ხასიათის მქონე ქართველების შეხედულებების შეცვლა. ისინი უფრო შეგნებულები გახდნენ, მიხვდნენ რა ახალიმ კანონების უპირატესობას, რომლებითაც ისინი უცხო ხელის მეშვეობით, სარგებლობენ. სავსებით ბუნებრივია, რომ საღი გონების მქონე ადამიანები არ უნდა ეჭიდებოდნენ ძველ ასოციაციებს, ისინი უნდა გამოეთხოვონ წარსულში არსებულ ისეთ დაუვიწყარ ეროვნულ გრძნობებს, რომელიც მხოლოდ სახელი იყო და სხვა არაფერი. ქართველები, სანამ შეუერთდებოდნენ რუსეთს, საუკუნეების მანძილზე, დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახელის შენარჩუნების მიზნით, ბევრ ტანჯვას უძლებდნენ დამპყრობლების მხრიდან. იმ დროს ქვეყანა იტანჯებოდა ადგილობრივი მეფეების უძლური, უსუსური მმართველობითა და გამუდმებული, საშინელი, დამანგრეველი თავდასხმებისგან, რომელსაც დაუცველი ქვეყანა განიცდიდა მუსულმანური სახელმწიფოებისა და კავკასიის მთიელი ხალხის ბარბაროსული შემოსევებისგან. გახდა რა საქართველო რუსეთის ნაწილი, ხალხის ჩაგვრის წინააღმდეგ კარი ჩაიკეტა და გამუდმებული რისკის ქვეშ მცხოვრებმა ხალხმა მალე გააცნობიერა კეთილდღეობით და მშვიდობიანად ცხოვრების უპირატესობა დიდი იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ქვეყნის სახელით, ვიდრე ამაო დიდების მქონე სამეფოში ყოფნა, როდესაც ძველი სიდიადის, ტახტზე მჯდომი მეფეების სახით, მხოლოდ აჩრდილი არსებობდა და არა პიროვნება. ლეკები და საქართველოს სხვა თავდამსხმელები ნამდვილი ტირანები იყვნენ, რომლებიც აწიოკებდნენ, ანადგურებდნენ ქვეყანას და უკანონოდ ატყვევებდნენ ქვეყნის უფლებამოსილ პირებს.
ჩვენი სოღანლუღისკენ წინსვლის დროს, რომელიც თორმეტი ვერსითაა დაშორებული თბილისიდან, ვაკვირდებოდით ბევრ საინტერესო, თვალწარმტაც ობიექტს. მათ შორის იყო რამდენიმე დრომოჭმული, გამქრალი ქართული სამეფო დინასტიისა და მათი წინამორბედი მმართველების დროინდელი ისტორიული ძეგლები. მდინარის აღმოსავლეთ ნაპირზე, ჩვენი საცხოვრებელი ადგილიდან მცირე მანძილზე, დავინახეთ ერთ-ერთი ძველი ციხესიმაგრის ნანგრევები, რომლებიც ახლომდებარე შემაღლებულ ადგილზე მდებარეობდა. მათ ქვემოთ კი ორი სადაზვერვო ძველი კოშკი იყო, რომლის ქვემოთ ხიდის ნანგრევები მოჩანდა. სოღანლუღში ჩასვლისთანავე ჩვენ აღმოვაჩინეთ კარვები, რომლებიც ჩვენს მისაღებად იყო გაშლილი. იქ ჩვენ დაგვხვდა დიდებული ვახშამიც, რომელიც გენერალ-გუბერნატორის ბრძანებით მოგვიმზადეს. სოფელი ნახევარი მილით იყო დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც დაგვაბანაკეს. ის ღამე კარვებში გავათენეთ, მეორე დღეს კი ჩვენი ორი ჯგუფი ერთმანეთს დავშორდით.
რუს თანამგზავრებთან განშორების შემდეგ, რომელთა მარშრუტი საწინააღმდეგო იყო ჩვენი პატარა ჯგუფისა, ჩვენ გეზი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსკენ ავიღეთ. ზურგი შევაქციეთ დილის სუსხიან ცივ ქარს, რომელიც ძლიერად უბერავდა ჩრდილოეთის მხრიდან. დავტოვეთ სოღანლუღი, დავემშვიდობეთ მტკვრის ნაპირს. მტკვარი აღმოსავლეთით ჩამოვიტოვეთ. მდინარის გავლის შემდეგ ვაკე ადგილას აღმოვჩნდით. პირველი საგუშაგო პუნქტი იყო კოდი77, სადაც ბარგის დასატვირთად ცხენები გამოვცვალეთ. კოდი პატარა ადგილია, მაგრამ საუცხოოდ განლაგებული. იგი მშვენივრად არის გაშლილი მიწის ზოლზე, რომელიც აღმოსავლეთით თითქმის მდინარე მტკვრის ნაპირამდე აღწევს. ერთი საათის დასვენების შემდეგ გზა გავაგრძელეთ.
ჩვენი მომდევნო პუნქტი იყო შულავერი, რომელიც დაახლოებით 26 ვერსის დაშორებით მდებარეობდა. გზა საკმაოდ კარგი იქნებოდა, რომ არა მრავალრიცხოვანი პატარა არხები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ნიადაგის მორწყვის მიზნით ადგილობრივმა მოსახლეობამ გაიყვანა. გავიარეთ რა 15 ვერსზე მეტი მანძილი, კულაგარის78 საგუშაგო უკან ჩამოვიტოვეთ და მდინარე ალგეთზე გადავედით. წყალი არ იყო ღრმა, ის ჩვენს ცხენებს მუცლამდე სწვდებოდა, მაგრამ თოვლის დნობისა და წვიმების სეზონის დროს მდინარის წყალი დიდდება ნიაღვრის შედეგად. ორი მილის გავლის შემდეგ გადავედით მდინარე ხრამზე ანუ ქციაზე, რომლის შენაკადია ტაბატე79. მათი შეერთების ადგილზე ხიდია, რომელიც შარდენსაც აქვს მოხსენებული. მდინარე ქცია იმ დროს საკმაოდ წყალმცირე იყო. დაღამებისას მივაღწიეთ შულავერს.
საგუშაგოზე სრული სიჩუმე სუფევდა. შულავერი განლაგებულია ვიწრო, ბნელ ხეობაში. როდესაც ამ ხეობაში შევედით, აღმოვჩნდით საქართველოს იმ ნაწილში, რომელსაც სომხეთის ოლქი80 ეწოდება. ძველი ქვის ციხესიმაგრე დროთა განმავლობაში გაშავებულიყო. იგი ღამის ჩრდილებთან ერთად განმარტოებულიყო ღამის წყვდიადში. ციხესიმაგრის მახლობლად განლაგებულია რუსული საგუშაგო, რომლის მცველები კაზაკები არიან. ძველი რელიგიური ნაგებობების ნანგრევები რაღაც განსხვავებულ იერს აძლევდა იქაურ გარემოს. დილის 8 საათზე მთებზე ავედით. გზა, რომელსაც ერთ საათს მივუყვებოდით, ჩვეულებრივი ბილიკის სიგანის იყო და თანაც ძალიან უსწორმასწორო. ჩვენ თვალწინ, მთების ძირში, გადაიშალა ბარაქიანი მშვენიერი მინდორი. მასზე მიედინებოდა მდინარე ბამბეკი81, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთში უერთდება ტაბატესა და ქციას წყლებს. მდინარე ბამბეკის ნაპირებზე მწვანე საძოვრებია და უამრავი ხეა დარგული. მინდვრების შუაგულში გაშენებულია რამდენიმე სოფელი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მოსახლეობა შეძლებულად ცხოვრობს და დოვლათიც გააჩნია. ბარის შუაგულში რამდენიმე საოცარი ნანგრევია შემორჩენილი. იქ ძალიან დიდი ციხესიმაგრე უნდა მდგარიყო. დამშრალ მდინარეზე გადასვლის შემდეგ მივედით დიდ და კარგად დასახლებულ სოფელ სადახლოში, რომელიც მდინარე ბამბეკის დასავლეთ ნაპირზე მდებარეობს. სოფლის მოსახლეობა დაკავებული იყო ქერის გალეწვის პროცესით, რასაც ხის კევრის საშუალებით ახერხებდნენ. კევრში შებმული იყო წყვილი ხარი. კევრის ქვედა ზედაპირზე რიგებად იყო ჩამწკრივებული ბასრი ქვები. მამაკაცი კევრზე იდგა და ხარებს მიერეკებოდა. ხარები კევრს გაულეწავი მარცვლის გროვაზე აქეთ-იქით წევდნენ.
ჩვენი გზა სამხრეთ-დასავლეთისკენ მიდიოდა და თანდათან გვაშორებდა ამ მშვენიერი მდინარის ნაპირს. დაახლოებით სამი ვერსის გავლის შემდეგ დავტოვეთ მდელო და კვლავ შევუდექით ზემოთ ასვლას. მდინარე ბაბეკი თვალს მოეფარა. პირველი მაღლა ასასვლელი ბილიკი ვიწრო და ტყით დაფარული იყო. თითქმის ერთი დღე დაგვჭირდა გასაჩერებელ პუნქტამდე მისასვლელად. ეს იყო საგუშაგო ტჩუსკარი, რომელიც პატარა კონუსური ფორმის გორაზე იყო განლაგებული. აქედან გამოჩნდა მდინარის დიდებული ხედი, რომელსაც დილით ასე ვნატრობდით. ეს მდინარე მიიკლაკნება ღრმა და ვიწრო ხევში კლდეებს შორის. დაახლოებით 30 ან 40 კაზაკი ცხოვრობდა საგუშაგოში, ძალიან ვიწრო და პატარა ფართზე. რადგან ჩვენთვის გასაჩერებელი ადგილი ვერ ვიპოვეთ, მე და ჩემი თანმხლები პირები იძულებული ვიყავით, კიდევ ერთი მილი გაგვევლო მთებში, რათა ახლომახლო სოფელში მოგვეძებნა ბინა. ჩვენი გახანგრძლივებული ლაშქრობის შემდეგ საკმაოდ დაღამდა, მაგრამ საშუალება მოგვეცა დავმტკბარიყავით და ულამაზესი ხედის ნახვით ბედნიერების წუთები განგვეცადა. მთაში არსებულ პატარა, ვიწრო სოფელში ჩვენ ვიპოვეთ თბილი და ფართო საცხოვრებელი ბინა. იქაური მცხოვრებლები კარგი და კეთილი ხალხი აღმოჩნდა. გაგვიმასპინძლდნენ რძით, კვერცხებით, კარაქით და საუცხოო თაფლით. ამ უკანასკნელ სიამოვნებას წინასწარ მოველოდი, რადგან აქ ფუტკრების მოშენებას მისდევენ და ეს საქმე აქაური მოსახლეობისთვის სარფიანი და შემოსავლიანია. ყველაფერი, რაც ამ სოფელში ვიხილეთ, მიუთითებს ნაყოფიერ ნიადაგსა და მიწისმფლობელთა სტუმართმოყვარეობაზე. მათ დიდი რაოდენობით ნახირი ჰყავთ, უხვად მოჰყავთ: ხორბალი, ქერი, ფეტვი და ა.შ.
დილის 8 საათზე დავტოვეთ ჩვენი მასპინძლები და უკან, საგუშაგოსაკენ წამოვედით. მალე მივედით ხრამის ნაპირამდე, რომელიც მაღალი და პერპენდიკულარული უფსკრულის ერთ გვერდს წარმოადგენდა, მისი გავლით მდინარე მოჩუხჩუხებდა. ციცაბო კლდეებს მიღმა მთები იყო აღმართული. როგორც მათი ფორმა, ისე ზედაპირი დერბიშაიას82 მთებს მაგონებდა; სიმაღლით მათ არ ჰგავდნენ, იმიტომ რომ ჩვენი მთები მხოლოდ პატარა გორაკებია დედამიწის ამ გოლიათებთან შედარებით. მთელი მინდვრის გასწვრივ მხვდებოდა ფერთა მრავალფეროვნება და მთის შვერილები, ზუსტად ისე, როგორც ჩემი მშობლიური მიწის მდელოებზე. ათასნაირი რომანტიკული ფორმით წარმოგვიდგება მთის გვერდებიდან წითელი და ნაცრისფერი გრანიტის დიდი მასები, ტაძრების ნანგრევები, რომელთა იავარქმნილი გუმბათები ხშირი ტყის სიმწვანეშია ჩამალული.
სამხრეთ-აღმოსავლეთში მოგზაურობისას შევამჩნიეთ ძველ დროში მოქმედი მაღაროების ნაშთები. ზოგიერთი მაღაროს ბოძი აქედან ნათლად ჩანდა. კლდეებს, სადაც უხვად არის სხვადასხვა წიაღისეული, მოყვითალო ფერი აქვთ. საქართველოს ეს კუთხე მდიდარია სხვადასხვა სახის მადნით და განსაკუთრებით სპილენძით, რომლის კარგი ხარისხი ლორში83 იწარმოება. მივატოვეთ რა ამ სიმდიდრის კვალი, უფრო სწორედ კი ის ადგილი, მდინარე ბამბეკისგან 4 მილის მოშორებით, სადაც მადნის მოპოვებაა შესაძლებელი, მდინარეზე გადავედით. წყალი ისეთი ხმაურით მოედინებოდა, თითქოს ადამიანებისა და ცხენების სიმარდეს სცდიდა. ნაპირზე გამოსვლისას, ზემოთ, სამხრეთის მხარეს დავინახეთ აკპეტის მონასტერი84, რომელიც საკმაოდ დიდი ნაგებობა იყო. ის აშენდა დომინიკანების85 წმინდა საძმოსთვის. მონასტრის გვერდით აყვავებული და მჭიდროდ დასახლებული სოფელია.
აქაური გლეხების საქმიანობა და შრომისმოყვარეობა ფასდება. ისინი მიწას ამუშავებენ პატარა ვაკე ადგილზე, რომელსაც მეზობლად განლაგებული გორები და ვიწრო ბილიკები ემიჯნება. ამ სოფლის მოსახლეობა აღჭურვილია მათთვის საჭირო ცოდნით, რომელიც მათ თავიანთი წინაპრებისგან შეიძინეს. ამ ტერიტორიაზე მდებარე – აკპეტისა და სენარის86 ორი მონასტერი საქართველოს უდიდესი გავლენიანი და მნიშვნელოვანი სამონასტრო კომპლექსებია.
რამდენიმე ვერსის გავლის შემდეგ, ციცაბო მთის წინ, კვლავ მოგვიხდა მდინარეზე გადასვლა. ამჯერად ხიდით გადავედით მდინარის მეორე ნაპირზე. ეს ხიდი იყო ერთთაღიანი და ქვისგან აშენებული. ხიდის მშენებელი რომ სომეხი ხელისუფალი იყო, ეჭვს არ იწვევდა. ხიდი აშენებულია იმ დროს, როდესაც საქართველოს ეს ნაწილი სომხების იურისდიქციის, მისი სამართლისა და რელიგიის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. ხიდის არქიტექტურა უცნაურია. ხიდის აგებისას გამოყენებული ქრისტიანული ემბლემები ნათლად ადასტურებს მის წარმომავლობას. ხიდის ორივე მხარე ციცაბოა და ნაკლებად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა მოპირკეთებული კიბეები. კიბეების ერთ მხარეს, დასავლეთით, რომელიც მდინარის ნაპირს ეკვრის, მაღალი, სწორი გამოთლილი ქვა შევამჩნიე. დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ქრისტიანული სიმბოლოები იყო ამოკვეთილი. ყველაზე თვალშისაცემი იყო ჯვარი და მის ირგვლივ ოსტატურად მოჩუქურთმებული ფიგურები. სანამ ხიდს გადავივლიდით, ერთ მხარეზე ორი ერთნაირი ქვა შევამჩნიე: ერთი იდო დიდი ქვების გროვაზე, ამოტიფრულ ჯვართან ერთად. ქვაზე ძველი სომხური წარწერები იყო გამოსახული, მსგავსი ფორმის მეორე ქვა, მასთან ახლოს იდო მიწაზე.
შენიშვნები
1. ელბრუსი – ავტორი გულისხმობს იალბუზის მთას (რუსულად - Эльбрус) – კავკასიონის მთათა სისტემის უმაღლეს მწვერვალს. იგი დაახლოებით 2000 წლის წინ ჩამქრალი ვულკანია და მდებარეობს ყაბარდო-ბალყარეთსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვართან.
2. ეკატერინე II – (ქალიშვილობაში სოფია ფრედერიკა ავგუსტა ფონ ანჰალტ-ცერბსტი), (1729-1796), რუსეთის იმპერატორი სამ ათწლეულზე მეტი ხნით, 1762 წლიდან 1796 წლამდე.
3. ტოტლებენი – გოტლობ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენი (1715-1773), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, წარმოშობით პრუსიელი, რომელიც შვიდწლიანი ომის (1756-1763 წწ.) ომის დროს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ ეკატერინე II-მ სასჯელი ქონების კონფისკაციით შეუცვალა და ახლად დაწყებულ რუსეთ-ოსმალეთის (1768-1774 წწ.) ომში გამოუშვა საქართველოში. ტოტლებენმა საქართველოშიც მალე შეირცხვინა თავი. აწყურთან ერეკლე II მარტოდმარტო შეატოვა 7000 თურქს, თბილისში დაბრუნდა და სტრატეგიული ციხეების დაკავება დაიწყო, ხოლო მიზეზად რუსის ჯარის სურსათით არასაკმარისი მომარაგება დაასახელა. წინდაუხედავი მოქმედებით ერეკლეს შემორიგებული ლეკებიც აუმხედრა, შემდეგ იმერეთში გადავიდა, ფოთის ციხეზე მოუმზადებელი იერიში წამოიწყო და იქაც დამარცხდა. ქედმაღლურად ექცეოდა ადგილობრივ მოხელეებს და სამეფო კარის წარმომადგენლებს, რის გამოც მალევე დაეძაბა ურთიერთობა ერეკლე II-სთან და სოლომონ I-თან, ამიტომ საიმპერატორო კარმა იგი საქართველოდან გაიწვია და მის მაგივრად სუხოტინი გამოგზავნა. იხ: ვ. მაჭარაძე, მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ნაწილი III, რუსეთ-თურქეთის ომი 1768-1774 წლებში და საქართველო. თბ., 1988; А. Цагарели. Грамоты и др. исторические документы относящиесия по Грузии. Т. II. Вып. I. Груз. тексты с 1768-1801 гг. СПБ., 1898, გვ. 40-68. დე გრაი დე ფუა საქართველოს შესახებ, ფრანგულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ჯუმბერ ოდიშელმა, თბ., 1985.
4. იგულისხმება ეკატერინე II-ს შვილიშვილი, რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I (1801-1825 წწ.).
5. ციციანოვი – პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი (ციციშვილი) (1754-1806) – ქართული წარმოშობის რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს მთავარმართებელი 1802–1806 წლებში.
6. დერიალი - მდ. თერგის ხეობა, სადაც ირგვლივ მოემართებოდა გზა ჩრდილოკავკასიიდან საქართველოსკენ. აქ არსებობდა ცნობილი დარიალის ციხესიმაგრე.
7. იარდი – (ინგლ. ყარდ) – ბრიტანული და ამერიკული სიგრძის საზომი ერთეული, უდრის 0.9144 მეტრს.
8. პლინიუსი – 1. პლინიუს უფროსი – გაიუს პლინიუს სეკუნდუსი (23-79) ასევე ცნობილია როგორც პლინიუს უფროსი, პლინიუს უმცროსის ბიძა, დაწერილი აქვს ისტორიული ხასიათის შრომები, იგი ავტორი „ბუნების ისტორიის“; 2. პლინიუს უმცროსი – გაიუს პლინიუს ცეცილიუს სეკუნდუსი (61/62-113/114) რომაელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
9. პტოლემეი – კლავდიუს პტოლემე (დაახლ. 90-168) - ალექსანდრიელი ასტრონომი, ასტროლოგი, მათემატიკოსი და გეოგრაფი. შექმნა მზის სისტემის გეოცენტრული მოდელი, რომლის თანახმადაც დედამიწა სამყაროს ცენტრი იყო. პტოლემაიოსის „გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში“ დაცულია ძალზე საინტერესო ცნობები საქართველოს შესახებ. იხ. ნ. ლომოური, კლავდიოს პტოლემაიოსი, „გეოგრაფიული სახელმძღვანელო“, ცნობები საქართველოს შესახებ, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 32, თბ., 1955, გვ. 39-63; მ. მშვილდაძე, კავკასიის იბერიის ქალაქები კლავდიოს პტოლემაიოსის გეოგრაფიაში, თბ., 2015.
10. სტრაბონი – (ძვ. წ. 64/63 –ახ. წ. 23/24), ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი, წარმოშობით პონტოელი წარჩინებული ბერძენი. სტრაბონს ბევრი უმოგზაურია, ვარაუდობენ, რომ იგი კოლხეთშიც ყოფილა.
11. თერგის ხეობა – აქ იგულისხმება დარიალის ხეობა, რომელიც იწყება მდინარე ჩხერის შესართავთან და მთავრდება ზემო ლარსთან. დარიალის ხეობაზე გადის საქართველოს სამხედრო გზა. სახელწოდება დარიალი წარმოდგება სპარსული „დარი ალანისაგან“ (ალანთა კარი). ხეობა ცნობილი იყო ჯერ კიდევ ანტიკური ხანის გეოგრაფებისათვის: პლინიუსი მას იხსენიებს როგორც პორტა კაუკასისაე (კავკასიის კარი) და პორტა იბერიაე (იბერთა კარი), პტოლემეოსი - სარმატიკაი პულაი (სარმატების კარი), არაბები და სპარსელები - დარ-ი-ალან (ალანთა კარი). ძველ ქართულ წყაროებში იგი იხსენიება როგორც დარიალანი, დარიელა, არაგვის კარი, იბერიის კარი, კავკასიის კარი, სარმატიის კარი, ოვსთა კარი და სხვა.
12. დერბენტი – (ძვ. ქართ. დარუბანდი) - ქალაქი დაღესტანში, კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე.
13. კუმანია – კუმანებს (კომანებს) ბიზანტიური და ევროპული წყაროები ყივჩაღებს უწოდებდნენ, ხოლო კომანიას - მათ ქვეყანას. (იხ: გ. ალასანია, ყივჩაღები საქართველოში, ვალერიან გაბაშვილის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბ., 2003, გვ. 36-37).
14. ლეონ I – ლეონ I თრაკიელი (401-474) — აღმოსავლეთ რომის იმპერატორი 457-474 წლებში.
15. იუსტინიანე – იუსტინიანე I - ბიზანტიის იმპერატორი 527–565 წლებში, დიდი სახელმწიფო მოღვაწე, რეფორმატორი და თეოლოგი.
16. კავადი – კავად I (დაბადების წელი უცნობია – 531) – სასანიანთა სახელმწიფოს მეფე 488-496 და 499-531 წლებში.
17. პროფესორი რენიგსი - პორტერი გულისხმობს გერმანელ ექიმსა და მოგაზაურს იაკობ რაინეგსს, რომელიც 1779-1783 წლებში იმყოფებოდა ერეკლე II-ის კარზე რუსეთის საიმპერატორო კარის საიდუმლო დავალებებს ასრულებდა. მისი აგენტურული საქმიანობა ქართლ-კახეთის სამეფო კარს შეუმჩნეველი არ დარჩა, რის შემდეგ იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. იაკობ რაინეგსმა XVIII საუკუნის II ნახევრის საქართველოს პოლიტიკური ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ შესახებ ძვირფასი ცნობები დაგვიტოვა. იხ. იაკობ რაინეგსი, მოგზაურობა საქართველოში, გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებლები დაურთო გია გელაშვილმა, თბ., 2002.
18. სალვატორე როსა (1615–1673) - იტალიელი მხატვარი, პოეტი, მუსიკოსი, მსახიობი.
19. პაროტი – შესაძლებელია აქ ავტორი გულისხმობს რუსული წარმოშობის გერმანელ ექიმსა და ნატურალისტს - იოჰან ფრიდრიხ პაროტს, რომელმაც 1829 წელს არარატის მთის მწვერვალამდე მიაღწია.
20. ფუტი – სიგრძის ინგლისური საზომი, უდრის 12 დუიმს (30,5 სმ-ს).
21. სტეფანე პირველდიაკონი და პირველმოწამე - წმიდა მოციქული, პირველმოწამე და მთავარდიაკონი, რომელმაც ქრისტესთვის სიცოცხლე გაწირა. მისი წამების დეტალები მოყვანილია ახალი აღთქმის ფურცლებზე.
22. გარდაცვლილ ყაზბეგში მოგზაური უნდა გულისხმობდეს გაბრიელ ყაზბეგს. აღსანიშნავია, რომ XVIII საუკუნეში გაბრიელის მამა ყაზიბეგი სტეფანწმინდის მოურავი იყო, გაბრიელმა თავისი მამის სახელი გვარად დაამტკიცა და სწორედ სწორედ აქედან იწყება ყაზბეგთა საგვარეულო. გაბრიელ ყაზბეგი ძალზე იყო დაახლოვებული ერეკლე II-სთან. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ გაბრიელი რუსეთის ხელისუფლების სამსახურში ჩადგა. გაწეული ღვაწლისათვის მას გენერალმაიორის სამხედრო წოდება ჰქონდა ბოძებული. გაბრიელის შვილებიდან ცნობილი არიან მიხეილი (ალექსანდრე ყაზბეგის მამა) და ნიკოლოზი (მამა გენერალ-ლეიტენანტ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგისა). იხ. გ. ავალიანი, რუსი და ქართველი ხალხების საბრძოლო თანამეგობრობის ისტორიიდან, თბ, 1967, გვ. 183-184.
23. ქართული წყაროებით, ოსებში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება აფხაზთა მეფე გიორგი II-ს (922-977 წწ.) სახელს უკავშირდება. ვ. ითონიშვილი, ქართულ-ოსურ ურთიერთობათა ისტორიიდან, თბ., 1995. გვ. 11. ქრისტიანული სარწმუნოების გარდა ოსების ერთი ნაწილი ისლამს აღიარებდა. XIX საუკუნის II ნახევრამდე ოსების დიდი ნაწილი კერპთაყვანისმცემლობას მისდევდა. ოსების რწმენის შესახებ XVIIIXIX საუკუნეებში იხ: აუგუსტ ჰაქსტჰაუზენი საქართველოს შესახებ, გერმანულიდან თარგმნა, შესავალი, კომენტარები, საძიებლები დაურთო გია გელაშვილმა, თბ., 2011, გვ. 166-168; Г. Сосиашвили, Из истории религиозной жизни осетин, Археология, этнология, фольклористика Кавказа, Тб., 2010, стр. 543; გ. სოსიაშვილი, გერმანელი მოგზაურები ოსების შესახებ, თბ., 2007, გვ. 34; ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1973. გვ. 638; ზ. ანჩაბაძე, თ. ბოცვაძე, გ. თოგოშვილი, მ. ცინცაძე. ჩრდილო კავკასიის ხალხთა ისტორიის ნარკვევები, ნაკვ. I, თბ., 1969, გვ. 237. ხ. ქოქრაშვილი. რუსეთის რელიგიური პოლიტიკა საქართველოში (XIX ს-ის I ნახევარი), წიგნში: რუსული კოლონიალიზმი საქართველოში, თბ., 2008, გვ. 49. ედუარდ აიხვალდი საქართველოს შესახებ, გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებლები დაურთო გია გელაშვილმა, თბ., 2005, გვ. 150.
24. ინჩი – დუიმი, ინგლისური სიგრძის საზომი ერთეული, უდრის 25,4 მმ-ს.
25. სისხლის აღების წესი მთიელებში – სისხლის აღება მთის მოსახლეობაში ფართოდ იყო გავრცელებული. სისხლის გადაუხდელობა ჩრდილო-კავკასიელ მთიელთა დიდ ნაწილში (ადიღეში, ჩერქეზეთში, დაღესტანში, ხუნძეთში, დარგოელებში, ლაკებში, ჩეჩენ-ინგუშეთში, კუმიკებში, ოსებში და სხვ.) დიდ სირცხვილად ითვლებოდა, რადგან მიაჩნდათ, რომ მათი მიცვალებული საიქიოში იტანჯებოდა, სანამ „სისხლი – სისხლის წილ“ არ მიუვიდოდა. ,,მესისხლე“ აქ შეიძლება ყოფილიყო არა მარტო ცალკეული ოჯახი, ან თოხუმი, არამედ მთლიანი სოფელიც კი. სისხლის დადება მრავალი მიზეზით შეიძლებოდა: ოჯახის, ან ნათესავის შეურაცხყოფა, ქალის მოტაცება, მიწაზე, ან ნადავლზე დავა, სტუმრის შეურაცხყოფა და სხვა. სისხლის აღების ტრადიცია ჩრდილო-კავკასიასა და საქართველოს მთიანეთში გავრცელებული და ერთნაირი წესი იყო, თუმცა ცალკეული დეტალები მაინც განსხვავდებოდა. რ. თოფჩიშვილი, კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია, ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა, თბ., 2007, გვ. 129. მ. ალბუთაშვილი, პანკისის ხეობა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, შესავალი და შენიშვნები დაურთეს პროფესორებმა გიორგი და ნიკო ჯავახიშვილებმა, თბ., 2005; Б. Калоев, Агули, в кн. Кавказский этнографический сборник, т. III, отв. ред. Л. Лавров, Москва-Ленинград 1962, გვ. 100; Н. Дубровин. История войны и владичества русских на Кавказ, т. I, книга I, СПБ 1871, გვ. 359; გ. სოსიაშვილი. ნარკვევები შიდა ქართლის ისტორიიდან, თბ., 2011, გვ. 22-28.; ი. ალიმბარაშვილი, საქართველო-კავკასიის ქვეყნების ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 2014, 230-238; ასევე: საქართველოს მთიანეთისა და ჩრდილო კავკასიის ხალხთა ზოგიერთი ადათისა და ტრადიციის შესახებ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრის შრომათა კრებული #8, თბ., 2015, გვ. 198-211.
26. მუშკეტი – ძველებური პატრუქიანი მსხვილკალიბრიანი თოფი.
27. სამხრეთ კავკასიაში გავლენის გავრცელების შემდეგ ოტომანთა იმპერიის მესვეურნი ცდილობდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში გაბატონებასაც. სწორედ ამის შედეგი იყო სახანოების ჩამოყალიბება და ისლამის გავრცელება.
28. კუმლის ციხე – ქუმლის ციხე მდებარეობს ყაზბეგის რაიონში.
29. გოგი და მაგოგი – ითქმის ყოვლისშემძლე ან შიშისმომგვრელ, თავზარდამცემ არსებაზე (ბიბლიაში მოხსენებული მძვინვარე მეფის - გოგის და მისი ხალხის - მაგოგის სახელის მიხედვით).
30. გუდ გორა – უნდა იყოს გუდაური.
31. მილი – (ინგლ. მილე) - სიგრძის საზომი ერთეული, რომელსაც ახლა უმთავრესად საზღვაო საქმეში იყენებენ. საერთაშორისო საზღვაო მილი უდრის 1,85 კმ-ს.
32. კაშოურის საგუშაგო - უნდა იგულისხმებოდეს კაიშაურის საგუშაგო.
33. ჰენრი V ლანკასტერი, ინგლისის მეფე 1413-1422 წლებში. მან განაახლა ასწლიანი ომი საფრანგეთთან 1415 წელს. აზენკურის ბრძოლის გმირი.
34. კარტელანი – იგულისხმება ქართლი.
35. უნდა იგულისხმებოდეს ბაზალეთის ტბა, რომელიც მდებარეობს ქალაქ დუშეთის სამხრეთით 5 კმ-ზე.
36. არტისკალა – ვფიქრობთ, იგულისხმება ღართისკარი.
37. ჰარმასტი – აქ პორტერი უნდა გულისხმობდეს არმაზციხეს, ძველი მცხეთის შიდაციხეს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ქალაქის სამხრეთ ნაწილში. არმაზციხეს პლინიუსი ჰარმასტუს-ის სახელწოდებით მოიხსენიებს.
38. მდ. ნეორი – პორტერის მიერ დამოწმებულ პლინიუსის „ნეორში“ შესაძლოა იგულისხმებოდეს მდ. არაგვი. ანტიკური პერიოდის ბერძნულ წყაროებში (დიონ კასიოსი) არაგვი იხსენიება „პელორის“ სახელწოდებით. იხ. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ., 1970, გვ. 504.
39. კური – მდინარე მტკვარი.
40. წმინდა ნუნია – იგულისხმება საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწული წმინდა ნინო.
41. ჰერაკლიუსი – ავტორი უნდა გულისხმობდეს ქართლ-კახეთის მეფეს - ერეკლე II-ს. (1720-1798).
42. პლუტარქე – (დაახ. 46/50–125-127) — ბერძენი ისტორიკოსი, ბიოგრაფი და ესეისტი. მისი რამდენიმე მნიშვნელოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა მოღწეულია ჩვენამდეც. ყველაზე ცნობილია პლუტარქეს ნაწარმოები „პარალელური ბიოგრაფიები“.
43. ტიგრანი – ტიგრან II დიდი – სომხეთის მეფე ძვ. წ. 95-55 წლებში.
44. პომპეუსი – გნეუს პომპეუს მაგნუსი (ძვ. წ. 106-48), რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე, მდიდარი და გავლენიანი პატრიუციუსი.
45. აფრანიუსი – აქ უნდა იგულისხმებოდეს ლუციუს აფრანიუსსი (გარდ. 46 ჩვ. წ-აღ-მდე) – რომის რესპუბლიკის კონსული, გამოჩენილი პომპეუსელი.
46. მითრიდატე – აქ იგულისხმება მითრიდატე VI ევპატორი, პონტოს მეფე (ძვ. წ. 120-63). მთელი ცხოვრება ებრძოდა რომაელებს, მაგრამ დამარცხდა და ყველასაგან მიტოვებულმა, ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა.
47. სატურნალია – ძველ რომში სახალხო ზეიმი, დღესასწაული, რომელიც ნაყოფიერების ღმერთის – სატურნის პატივსაცემად მინდვრის სამუშაოების დამთავრების შემდეგ ეწყობოდა.
48. კიროსი – მდინარე მტკვარი (თურქ. „Kურა“)
49. დანვილე – არ იძებნება.
50. ქალაქო ტუმარა – არ იძებნება. სავარაუდოა იგი მდებარეობდა მდ. არაგვის ნაპირას ჰარმოზიკის მახლობლად.
51. აკჰისკა – ახალციხის თურქული სახელწოდება.
52. პროვინცია მაგანი – ვფიქრობთ, პორტერ გულისხმობს მტკვარ-არაქსის სამხრეთით, თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებულ მუღანის ველს.
53. ბაქტრია – ბაქტრიანა, უძველესი ოლქი მდინარე ამუდარიის შუა და ზემო დინებაზე.
54. მდ. ჯეჰონი – მდინარე ამუდარიას არაბულად ჯეიჰუნი ეწოდებოდა.
55. ოქსუსი – მდ. ამუდარიის სპარსული სახელწოდება.
56. ეუქსინის პონტოს – შავი ზღვის ძველი სახელწოდება.
57. გიბონი – ედუარდ გიბონი (1737-1794) ინგლისელი ისტორიკოს-განმანათლებელი.
58. მდინარე საროპინა – მკვლევართა ვარაუდით ბერძნული წყაროებში მოხსენიებული სარაპანისი დღევანდელ შორაპანს ეწოდებოდა. ბერძენი გეოგრაფის – სტრაბონის (ძვ. წ. I - ახ. წ. I ს.ს) მიხედვით: „მდ. ფაზისი, სანაოსნოა ვიდრე ციხე-სიმაგრე სარაპანისამდე“. გ. მელიქიშვილი, ისტორიული კოლხეთის მოსახლეობა ძვ. წ. II-I საუკუნეებში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ., 1970, გვ. 476. „სარაპას“, იგივე სარაპანისს იხსენიებს VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი მენანდრე პროტიქტორი. აკად. ს. ყაუხჩიშვილი ბიზანტიელ ავტორებთან მოხსენიებულ „სარაპანისს“ დღევანდელ შორაპანთან აიგივებს. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, ტ. III, თბ., 1938, გვ. 223. პორტერის მიერ ნახსები მდ. საროპინა უნდა იყოს მდ. ყვირილა.
59. თბილისში არსებულ ციხესიმაგრეში ავტორი გულისხმობს ნარიყალას ციხეს. იხ. ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2013, გვ.275.
60. ტროფონიუსი – ძველი ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი, ხუროთმოძღვარი.
61. ერმოლოვი – ალექსი ერმოლოვი (1777-1861), რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს მთავარმართებელი 1816-1827 წლებში, ბოროდინოს ბრძოლის გმირი.
62. ქალაქის დამაარსებელ მეფე ლივანგში, მეფე ვახტანგ გორგასალი უნდა იგულისხმებოდეს, თუმცა, გაუგებარია, რა წყაროზე დაყრდნობით უთითებს პორტერი თბილისის დაარსების თარიღად 1063 წელს
63. სავარაუდოდ, პორტერი გულისხმობს მუსტაფა-ლალა ფაშას ლაშქრობას. 1578 წლის ზაფხულში ოსმალებმა (24 აგვისტოს) დიდი წინააღმდეგობის გარეშე აიღეს თბილისი.
64. ჟან შარდენი წერს: ,,მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალაქი მაჰმადიანთა სახელმწიფოს ეკუთვნის და, როგორც ამ ქალაქს, ისე მთელ მხარესაც მაჰმადიანი მეფე განაგებს, ტფილისში მეჩეთი სრულებით არ არის. სპარსები ბევრსა ცდილან, ბევრჯერ კიდეც დაუწყიათ მეჩეთის შენება, მაგრამ ვერ დაუსრულებიათ. ქრისტიანები მაშინვე იარაღს ხელში იღებდნენ, არეულობას ახდენდნენ, შენობას ანგრევდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ამშენებლებს. საქართველოს მეფეებს გულში ძლიერ უხაროდათ ხალხის ამგვარი ამბოხება, თუმცა, თავს კი ისე აჩვენებდნენ, ვითომც არ მოსწონდათ ხალხის ასეთი საქციელი. მეფეები თუმცა ქრისტიანობას გადაუდგებოდნენ, და მაჰმადიანობის გავრცელებას ეხმარებოდნენ, მაგრამ ამას მხოლოდ იმიტომ ჩადიოდნენ, რომ მეფობა მოეპოვებინათ, გული კი ისევ ქრისტიანებისაკენ ჰქონდათო“. ჟან შარდენი. მოგზაურობა საქართველოში. თარგმნილი ფრანგულიდან ვასილ ბარნოვის მიერ, თბ., 1935, გვ. 93-94. იხ. აგრეთვე: ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში (ცნობები საქართველოს შესახებ). ფრანგულიდან თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო მზია მგალობლიშვილმა, თბ., 1975, გვ. 321-322.
65. თბილისში, როგორც ზემოთაც მივუთითებდით მართლმადიდებელი ტაძრების გარდა არსებობდა კათოლიკური და სომხური ეკლესიები, იხ. გვ. 31.
66. რუსეთ-სპარსეთის ომები – სავარაუდოდ, პორტერი გულისხმობს რუსეთ-ირანის 1796 წლის, 1804-1813 წლებისა და 1826-1828 წლების ომებს.
67. კახეთის ალბანეთად და კახელების ალბანელებად მოხსენიებას დიდი ხნის ტრადიცია ჰქონდა. XVI საუკუნის იტალიელი ისტორიკოსი პაოლო ჯოვიო კახელებს ალბანელებს უწოდებს. დამოწმებულია: მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), თბ., 2009, გვ. 103.
68. ესქილე – (ძვ. წ. 525-ძვ. წ. 456), ძველი ბერძენი დრამატურგი, ევროპული ტრაგედიის მამა.
69. მოხსენიებულ ომებს პორტერი არ აკონკრეტებს, თუმცა ხაზს უსვამს ქართველების მონაწილეობას რუსეთის მხარეზე. აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის საიმპერატორო კარის სამსახურში არაერთი ქართველი იდგა. 1812 წლის რუსეთის სამამულო ომში 72 ქართველი მონაწილებდა, მათ შორის ცნობილი გენერლები: პეტრე და რომან ბაგრატიონები, ლევან და ვლადიმერ იაშვილები და სხვ. იხ. Н. Джавахишвили, Грузины под российским флагом, Тб., 2003, стр. 10.
70. იგულისხმება საქართველოს მთავარმართებელი ერმოლოვი. იხ. შენიშვნა 61.
71. ანაპა – ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, კლიმატური და ტალახის კურორტი. გაშენებულია შავი ზღვის სანაპიროზე. 1475 წელს დაიპყრეს თურქებმა, 1829 წელს შეუერთდა რუსეთს ადრიანოპოლის ხელშეკრულების საფუძველზე.
72. მოსიანის გორები – შესაძლოა, პორტერი გულისხმობს მესხეთის ქედს, ე. წ. მცირე კავკასიონზე.
73. მოგანის ველი - იხ. შენიშვნა 52.
74. ჩილდირი – ჩვენი აზრით, აქ იგულისხმება ჯავახეთის ზეგანის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილზე ჩილდირის ახალგაზრდა ვულკანური ქედი.
75. კისლარი – ყიზლარი, ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში, დღევანდელ დაღესტანში.
76. იგულისხმება საქართველოს მთავარმართებელი ერმოლოვი. იხ. შენიშვნა 61.
77. კოდი – ეს უნდა იყოს ამჟამინდელი სოფელი კოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლის ვაკეზე, მარნეულიდან 12 კილომეტრში, მდინარე ალგეთის მარცხენა ნაპირას. კოდაზე გადიოდა თბილისიდან სამხრეთით მიმავალი საქარავნო გზა, ამ გზას იხსენებს XVIII საუკუნის ფრანგი მოგზაური ჟ. პ. ტურნეფორი (იხ: ჟ. პ. დე ტურნეფორი. მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყნებში, ფრანგულიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო მზია მგალობლიშვილმა, თბ., 1988, გვ.19)
78. კულაგირი – ჩვენი აზრით აქ იგულისხმება თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით 45 კილომეტრში, მდ. ალგეთის მარცხენა მხარეს ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული სოფ. ქოლაგირი. ქოლაგირში დარეჯან დედოფლის მიერ 1788–1798 წლებში აიგო ციხესიმაგრე.
79. ტაბატე, ხრამის შენაკადი – ვფიქრობთ, ეს უნდა იყოს მდ. დებედა, ლორე-ბამბაკის მთიანეთში.
80. სომხითი – ტერმინი „სომხითის“ ქვეშ იგულისხმება X ს-ის მეორე ნახევარში ქვემო ქართლის, კერძოდ, სამშვილდის საერისთავოს ტერიტორიაზე წარმოქმნილი ტაშირ-ძორაგეტის სამეფო. IX ს-ის ბოლოს ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებს შორის (გვარამ მამფლისა და დავით კურაპალატს) შორის ატეხილი დაპირისპირებით ისარგებლა კვირიკიანთა სომხურმა საგვარეულომ და ეს ტერიტორიები დროებით დაიკავა. სომხურ წყაროებში ამ ტერიტორიებს „გუგარქი“, ანუ ქართველთა ველი ეწოდებოდა, ხოლო ქართულ წყაროებში „სომხითის“ სახელით დამკვიდრდა (მოიცავდა მდ. ფოლადაურის, შულავერის, ბანუშ-ჩაის ხეობებს და მდ. დებედას ქვემო წელს) (დაწვრ. აღნ. საკითხზე, იხ: ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1973, გვ. 50, 275, 311, 404, 708; ივ. ჯავახიშვილი. საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული, თბ., 1919, გვ. 20-43; დავით მუსხელიშვილი. ქვემო ქართლის ისტორიულ-გეოგრაფიული ექსპედიციის საველე სამუშაოთა (1956-1958 წწ.) შედეგები, გვ. 168-186; ასევე: Некоторые вопросы истории Грузии в освещении армянской историографии, გვ. 115-124; კრებულში: დავით მუსხელიშვილი, სამეცნიერო სტატიები, წერილები და პუბლიცისტიკა, თბ., 2014; დევი ბერძენიშვილი. ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან (ქვემო ქართლი), I, თბ., 1979, გვ. 3-103; ზაზა აბაშიძე, ვალერი ვაშაკიძე, ნათია მირიანაშვილი, გიორგი ჭეიშვილი. ყოველი საქართველო (ქართული სახელმწიფოს ისტორიული საზღვრები უძვ. დროიდან დღემდე), თბ., 2014, გვ. 16-17; 69-71; 82-87 და სხვ.
81. ბამბეკი – იგულისხმება ბამბაკი - მხარე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში. მოიცავდა მდინარე დებედის სათავის მთიან ხეობას. იგი სტრაბონისეული გოგარენეს და სომხური წყაროების გუგარქის, ანუ ქვემო ქართლის უკიდურესი სამხრეთი თემი იყო.
82. დერბიშაი – საგრაფო ცენტრალურ ინგლისში.
83. ლორი – აქ უნდა იგულისხმებოდეს ლორეს მაზრა, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში. შეიქმნა 1801 წელს. მაზრის ცენტრი თბილისი. 1802 წელს ქართლ-კახეთის მაზრებად დაყოფის საფუძველზე ლორის მაზრამ მოიცვა ქვემო ქართლის, შამშადილოს, ყაზახის, ბორჩალოსა და ბამბაკის ტერიტორიები.
84. აკპეტის მონასტერი – ახპატის მონასტერი.
85. დომინიკანები – კათოლიკე ბერ-მონაზონთა ორდენი, რომელიც შეიქმნა მე-13 საუკ.-ში (ერესის დასათრგუნავად). არსებობს დღესაც.
86. სენარის მონასტერი – სანაინის მონასტერი. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ახპატისა და სანაინის მონასტრები ქართველ მეფეთა მიერაა აშენებული: „არს ახპატი და სანაინი მეფეთა ქართველთათა აღშენებული, ეკკლესიანი გუმბათიანნი, კეთილნაშენნი, საეპისკოპოზო“. ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1973, გვ. 308. განსაკუთრებით მფარველობდა ამ მონასტრებს დავით აღმაშენებელი. ახპატის 1121 წლის წარწერაში დავით IV „თვითმპყრობელ მეფედ, სხვადასხვა გვართა და ნათესავთა მფლობელად, ჰაღპატსა და სანაინზე მზრუნველად“, იხსენიება, „რომელმაც ჰაღპატი აოხრების სიბნელისაგან გაათავისუფლა“. ბერძენიშვილი დ. ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან (ქვემო ქართლი), I, თბ., 1979, გვ. 77. XVIII საუკუნეში ახპატის მონასტერი ჯერ კიდევ ქართლ-კახეთის მეფის დაქვემდებარებაში შედიოდა. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს, ,,გარნა აწე სხედან სომეხნი, არამედ მეფე ქართლისა დასუამს ეპისკოპოზთა მიწერითა ოქივატერიანთა (სულიერი მამა), ვინაითგან რავდენნი სომეხნი ქართლს მსახლობელნი არიან, სამწყსოსი მისნი არიან“. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 308. ქართველი მეფის იურისდიქცია ახპატში XIX საუკუნის დასაწყისამდე ვრცელდებოდა. ახპატის მონასტერში არაერთი ქართული წარწერა იყო შესრულებული იხ: Джанашия С., Об одном примере искажения исторической правды (по поводу книги Н. Токарского «Архитектура древней Армении», в. сб. Некоторые вопросы истории Грузии в армянской историографии, Тб., 2009, с. 54.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. აბაშიძე ზ., ვაშაკიძე ვ., მირიანაშვილი ნ., ჭეიშვილი გ., ყოველი საქართველო (ქართული სახელმწიფოს ისტორიული საზღვრები უძვ. დროიდან დღემდე), თბ., 2014.
2. ავალიანი გ., რუსი და ქართველი ხალხების საბრძოლო თანამეგობრობის ისტორიიდან, თბ, 1967.
3. ალასანია გ., ყივჩაღები საქართველოში, ვალერიან გაბაშვილის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბ., 2003.
4. ალბუთაშვილი მ., პანკისის ხეობა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, შესავალი და შენიშვნები დაურთეს პროფესორებმა გიორგი და ნიკო ჯავახიშვილებმა, თბ., 2005.
5. ალიმბარაშვილი ი., საქართველო-კავკასიის ქვეყნების ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 2014.
6. ალიმბარაშვილი ი., საქართველოს მთიანეთისა და ჩრდილო კავკასიის ხალხთა ზოგიერთი ადათისა და ტრადიციის შესახებ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრის შრომათა კრებული #8, თბ., 2015.
7. ანჩაბაძე ზ., ბოცვაძე თ., თოგოშვილი გ., ცინცაძე მ., ჩრდილო კავკასიის ხალხთა ისტორიის ნარკვევები, ნაკვ. I, თბ., 1969.
8. აუგუსტ ჰაქსტჰაუზენი, საქართველოს შესახებ, გერმანულიდან თარგმნა, შესავალი, კომენტარები, საძიებლები დაურთო გია გელაშვილმა, თბ., 2011.
9. ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1973.
10. ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან (ქვემო ქართლი), I, თბ., 1979.
11. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ (გეორგიკა), ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, ტ. III, თბ., 1938.
12. გელაშვილი გ., ინგლისელი მოგზაური რობერტ ლაიელი თბილისის შესახებ, კრებ: ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, თბ., 2014.
13. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში. გერმანული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო გ. გელაშვილმა, ტ. II, თბ., 1964.
14. დე გრაი დე ფუას ცნობები საქართველოს შესახებ, ფრანგულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ჯუმბერ ოდიშელმა, თბ., 1985.
15. ედუარდ აიხვალდი საქართველოს შესახებ, გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებლები დაურთო გია გელაშვილმა, თბ., 2005.
16. თბილისის ისტორია, ტ. I, თბ., 1990.
17. თოფჩიშვილი რ., კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია, ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა, თბ., 2007.
18. იდა პფაიფერის მოგზაურობა კავკასიაში, ქართული თარგმანი გერმანულ ტექსტთან ერთად გამოსცა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. გიორგი სოსიაშვილმა, თბ., 2013.
19. ითონიშვილი ვ., ქართულ-ოსურ ურთიერთობათა ისტორიიდან, თბ., 1995.
20. ლომოური ნ., კლავდიოს პტოლემაიოსი, „გეოგრაფიული სახელმძღვანელო“, ცნობები საქართველოს შესახებ, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 32, თბ., 1955.
21. მაკალათია ს., თუშეთი ტფ., 1933.
22. მაკალათია ს., ფშავი, ტფ., 1934.
23. მამისთვალიშვილი ე., გორის ისტორია, I (1801 წლამდე), თბ., 1994.
24. მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), თბ., 2009.
25. მამისთვალიშვილი ე., ქრისტეს კვართის ისტორია, გორი, 2003.
26. მაჩაბელი კ., ქართული ისტორიული კოსტიუმი, VX სს. თბ., 2013.
27. მაჭარაძე ვ., მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ნაწილი III, რუსეთ-თურქეთის ომი 1768-1774 წლებში და საქართველო. თბ., 1988.
28. მუსხელიშვილი დ., ქვემო ქართლის ისტორიულგეოგრაფიული ექსპედიციის საველე სამუშაოთა (1956-1958 წწ.) შედეგები, კრებულში: დავით მუსხელიშვილი, სამეცნიერო სტატიები, წერილები და პუბლიცისტიკა, თბ., 2014.
29. ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში (ცნობები საქართველოს შესახებ). ფრანგულიდან თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო მზია მგალობლიშვილმა, თბ., 1975.
30. რაინეგსი ი., მოგზაურობა საქართველოში, გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებლები დაურთო გია გელაშვილმა, თბ., 2002.
31. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ., 1970.
32. სოსიაშვილი გ., გერმანელი მოგზაურები ოსების შესახებ, თბ., 2007.
33. სოსიაშვილი გ., მხატვარი, მოგზაური და დიპლომატი რობერტ კერ პორტერი საქართველოში, კრებ. ქართული დიპლომატია, თბ., 2015.
34. სოსიაშვილი გ., ნარკვევები შიდა ქართლის ისტორიიდან, თბ., 2011.
35. სოსიაშვილი გ., რობერტ კერ პორტერის საქართველოში მოგზაურობის დღიური, როგორც საისტორიო წყარო, კრებ. `ქართული წყაროთმცოდნეობა~, თბ., 2015 (იბეჭდება).
36. სოსიაშვილი გ., რობერტ კერ პორტერის ცნობები ალექსანდრე ბატონიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ, კრებ. ქუთაისური საუბრები, ქუთაისი, 2013.
37. სოსიაშვილი გ., რობერტ კერ პორტერის ცნობები თბილისის შესახებ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ხელოვნების სერია, თბ., 2015 (იბეჭდება).
38. ტურნეფორი ჟ. პ. დე, მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყნებში, ფრანგულიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო მზია მგალობლიშვილმა, თბ., 1988.
39. ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2013.
40. ქოქრაშვილი ხ., რუსეთის რელიგიური პოლიტიკა საქართველოში (XIX ს-ის I ნახევარი), წიგნში: რუსული კოლონიალიზმი საქართველოში, თბ., 2008.
41. შარდენი ჟ., მოგზაურობა საქართველოში. თარგმნილი ფრანგულიდან ვასილ ბარნოვის მიერ, თბ., 1935.
42. ცინცაძე ვ., თბილისი, თბ., 1958.
43. ციციშვილი მ., თბილისი ქართველი და უცხოელი მხატვრების შემოქმედებაში, თბ., 2004.
44. ჭოღოშვილი ნ., გერმანული მხატვრული ტრადიცია და საქართველო XIX საუკუნის დასაწყისიდან XX საუკუნის 40-იან წლებამდე, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია, თბ., 2006.
45. ჯავახიშვილი ივ., საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული, თბ., 1919.
46. A narrative of the campaign in Russia, during the year 1812. By Sir Robert Ker Porter, Baltimore, E. J. Coale, 1814.
47. A narrative of the campaign in Russia, during the year 1812. By Sir Robert Ker Porter. To which is added, A narrative of the events which followed Buonaparte's campaign in Russia, to the period of his dethronement. By William Dunlap, Hartford, Andrus and Starr, 1815.
48. Ancketil M.D.l. The Silver Palette, Lantern. 1978. July;
49. Armstrong W. M., The many-sided world of Sir Robert Ker Porter, The Historian, #25, Washington, 1962.
50. Barnett R. D., Sir Robert Ker Porter — Regency Artist and Treveller, Iran. 1972. Vol. 10.
51. Barnett R. D., Sir Robert Ker Porter, British Museum Society Bulletin, 7, June, 1971.
52. Comment B., The panorama, 1999.
53. Dupouy W., Sir Robert Ker Porter’s Caracas Diary. 1825- 1842, Caracas, 1969.
54. Giovio P., La seconda parte dell‘ Historie del suo tempo, Firenze, 1553.
55. Hutchison S. C., The Royal Academy Schools, 1768– 1830, Walpole Society, #38, 1960–62.
56. Lister R., British Romantic art, 1973, #8–9.
57. Porter R. K., Letters from Portugal and Spain, written during the march of the British troops under Sir John Moore ... By an officer, London, Longman, Hurst, Rees, and Orme, 1809.
58. Porter R. K., Travelling sketches in Russia and Sweden. During the years 1805, 1806, 1807, 1808, Philadelphia: Published by Hopkins and Earle, 1809.
59. Porter R. K., Caracas diary, 1825–1842, Caracas, 1966.
60. Renne E., British artists in Russia in the first half of the nineteenth century, British art treasures from Russian Imperial collections in the Hermitage, Ed. by B.Allen and L.Dukelskaya. New Haven & London, 1996.
61. Seccombe T., Robert Ker Porter, Dictionary of National Biography. London, 1896, XLVI.
62. Travels in Georgia, Persia, Armenia, ancient Babylonia, During the years 1817, 1818, 1819 and 1820, By Sir Robert Ker Porter, Vol. I, London, 1821.
63. Travels in Georgia, Persia, Armenia, ancient Babylonia, During the years 1817, 1818, 1819 and 1820, By Sir Robert Ker Porter, Vol. II, London, 1822.
64. Travels in Russia, the Krimea, the Caucasus, and Georgia by Robert Lyall, vol. I, London, 1825.
65. Vasileva N.E. About The History of Sir Robert Ker Porter’s Album with his sketches of Achaemenid and Sassanian monuments, Achaeologische Mitteilungen aus Iran. Berlin, 1994. Bd 27.
66. Архив кн. Воронцова, Т. 23, М., 1882.
67. Васильева Н.Е., Альбом Р.Кер Портера с рисунками древнейших памятников скульптуры и архитектуры, Эрмитажные чтения 1986—1994 гг. памяти В.Г. Луконина. СПб., 1995.
68. Васильева Н.Е., Роль А.Н. Оленина в определении научной цели экспедиции Р. Кер Портера в Иран, Центральная Азия от Ахеменидов до Тимуридов: археология, история, этнология, культура. СПб: 2005.
69. Губер К.П., Три картины для Главного Адмиралтейства, Россия - Англия. Страницы диалога. Краткое содержание докладов V Царскосельской научной конференции. СПб., 1999.
70. Джавахишвили Н., Грузины под российским флагом, Тб., 2003.
71. Джанашия С., Об одном примере искажения исторической правды (по поводу книги Н. Токарского «Архитектура древней Армении»), в. сб. «Некоторые вопросы истории Грузии в армянской историографии», Тб., 2009.
72. Дубровин Н., История войны и владичества русских на Кавказ, т. I, книга I, СПБ 1871.
73. Марина М., В старом, радушном дворянском гнезде на Арбате, Русская cтарина. 1909. Т. CXL.
74. Мусхелишвили Д., Некоторые вопросы истории Грузии в освещении армянской историографи, კრებულში: დავით მუსხელიშვილი, სამეცნიერო სტატიები, წერილები და პუბლიცისტიკა, თბ., 2014.
75. Ренне Е.П., Британские художники в России в первой половине XIX века, С берегов Темзы – на берега Невы. Шедевры из собрания британского искусства в Эрмитаже, Под ред. Б.Аллена и Л.Дукельской. СПб., 1997.
76. Ренне Е.П., Роберт Кер Портер в России, Труды Государственного Эрмитажа 25, 1985.
77. Ренне Е., Художник сэр Роберт Кер Портер в России, http://www.nasledie-rus.ru/podshivka/6412.php.
78. Сосиашвили Г., Из истории религиозной жизни осетин, Сбор. Археология, этнология, фольклористика Кавказа, Тб., 2010.79. Цагарели А., Грамоты и др. исторические документы относящиесия по Грузии. Т. II. Вып. I. Груз. тексты с 1768-1801 гг. СПБ., 1898.
80. http://www.encyclopedia.com/article-1G2- 2591307617/porter-anna-maria-17801832.html
Комментариев нет:
Отправить комментарий