შესავალი
XVIII საუკუნის ბოლოს და
XIX საუკუნის I ნახევარში კავკასია არაერთმა უცხოელმა მოგზაურმა მოინახულა. მოგზაურთა ერთი ნაწილი ევროპიდან რუსეთში მოხვდა და ხშირად მათ ექსპედიციებს კავკასიის ქვეყნებში, საიმპერატორო კარი თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა. უცხოელი მოგზაურები აღწერდნენ სხვადასხვა ქვეყნების რელიეფს, ფლორას და ფაუნას, მოსახლეობას, მათ ზნე-ჩვეულებებს, ტრადიციებს, სოციალურ მდგომარეობას. ხშირ შემთხვევაში, რუსეთის საიმპერატორო კარი უცხოელ მოგზაურებს საიდუმლო ინფორმაციის შეგროვებას ავალებდა, რაც რუსეთს კავკასიის კოლონიურ ათვისებაში ხელს შეუწყობდა. ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო გერმანელი მოგზაური იოჰან ანტონ გიულდენშტედტი,
რომელიც საქართველოში სამეცნიერო მიზნით იმყოფებოდა, თუმცა მას საიდუმლო დავალებებიც ჰქონდა, რასაც საიმპერატორო აკადემიისათვის
გაგზავნილ ერთ-ერთ რაპორტშიც აღნიშნავდა. უცხოელ მოგზაურთა ცნობები საინტერესო ინფორმაციას
გვაწვდის კავკასიის და, კერძოდ, საქართველოს
სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, თუ პოლიტიკური ცხოვრების შესახებ, რაც ეპოქის ობიექტური სურათის აღდგენის შესაძლებლობას იძლევა.
XIX საუკუნის პირველ ნახევარში კავკასიაში ნამყოფ მოგზაურთაგან საყურადღებო
ავტორია წარმოშობით ავსტრიელი ქალი იდა (ლაურა) პფაიფერი. იგი დაიბადა 1797 წლის
14 ოქტომბერს, ქალაქ ვენაში შეძლებული ვაჭრის -
რეიერის ოჯახში.
იდა ბავშვობიდანვე
გამოირჩეოდა დამოუკიდებელი აზროვნებით. ექვსი დედმამიშვილიდან
მას განსაკუთრებული მზრუნველობით ეპყრობოდნენ,
რადგან იგი ერთადერთი ქალიშვილი იყო და ამავდროულად ყველაზე უმცროსი. 10 წლის იდას მამა გარდაეცვალა. გოგონას აღზრდა დედამ იტვირთა. ცამეტი წლის იდას მასწავლებლად იოზეფ ტრიმელი მიუჩინეს, რომელსაც მომავალი მოგზაური თავის დღიურებში ძალზე თბილად იხსენებდა. მოგზაურობის სურვილი იდას ადრეული ასაკიდანვე გაუჩნდა. კითხულობდა მოგზაურობის შესახებ არსებულ ლიტერატურას.
მცირე ხანში იდას და მის ყოფილ მასწავლებელს შორის რომანი გაიბა, რასაც იდას დედა წინააღმდეგობას უწევდა. დედამ პირობა წაუყენა ქალიშვილს, რომ ცოლად გაჰყოლოდა დოქტორ ანტონ პფაიფერს - ქვრივ მამაკაცს, რომელსაც შვილიც ჰყავდა. დოქტორი პფაიფერი მდიდარი ადვოკატი იყო და ქალაქ ლემბერგში ცხოვრობდა. თუმცა იმ დროისათვის ვენაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. იგი
24 წლით უფროსი იყო იდაზე. ადვოკატი ძალზე მოხიბლა ახალგაზრდა ქალმა და მათი ქორწინება 1820 წლის 1 მაისს შედგა. იდას ქმარი არ უყვარდა, მაგრამ ამის მიუხედავად მეუღლეს მაინც პატივს სცემდა. მალე დოქტორმა პფაიფერმა სამსახური დაკარგა (ავსტრიელ მაღალჩინოსნებთან უთანხმოების გამო),
რის შედეგადაც ოჯახმა ბევრი გაჭირვება გადაიტანა. იდა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერდა:
„მხოლოდ ღმერთმა იცის, თუ რა გადავიტანე, მე ჩემი 18
წლიანი ცოლქმრული ცხოვრების განმავლობაში, არა ჩემი მეუღლის ცუდი მოპყრობის, არამედ გაჭირვებისა და სიღატაკის გამო. მე დავიბადე მდიდარ ოჯახში და მიჩვეული ვიყავი ახალგაზრდობიდანვე კომფორტს და წესრიგს და ახლა ძალიან ხშირად არ ვიცი, თუ სად გავათენო ღამე და მოვიპოვო მცირეოდენი თანხა, რათა დავიკმაყოფილო
უბრალო
საჭიროებები. მე ვაკეთებდი სახლის მძიმე სამუშაოს, ვუძლებდი სიცივეს და შიმშილს, ჩუმად ვმუშაობდი მცირეოდენი გასამრჯელოსათვის, ვატარებდი ხატვისა და მუსიკის გაკვეთილებს, თუმცა ამის მიუხედავად, ძალიან ხშირად ჩემი საწყალი შვილებისათვის გამხმარი პურის გარდა არაფრის მიწოდება არ შემეძლო“. 1837 წელს იდას დედა გარდაეცვალა. იდამ მემკვიდრეობით მიიღო მშობლების ქონების ნაწილი. სწორედ ამ ქონებით მოახერხა მან შვილებისთვის შესაფერისი განათლება მიეცა.
1838 წელს მომავალი მოგზაური მეუღლეს გაშორდა. მას შემდეგ, რაც იდას შვილები წამოიზარდნენ, მან გადაწყვიტა ბავშვური ოცნებებისთვის ფრთები შეესხა და მოგზაურობა დაეწყო. მისი მიზანი იერუსალიმის წმინდა მიწის მონახულება იყო. იდამ
1842 წელს ვენა დატოვა და
22 მარტს, ბორნით გაუყვა მდინარე დანუბას შავ ზღვამდე, რათა ის კონსტანტინოპოლში ჩასულიყო. იქიდან იდა გაემგზავრა ბრუსაში (თანამედროვე
თურქეთი), ბეირუთში, ჰაიფაში (თანამედროვე ისრაელი),
იერუსალიმში, შემდეგ კი მკვდარი ზღვით ნაზარეთში. იდა პფაიფერმა მოინახულა: დამასკო, ბაალბეკი, ლიბანი, ალექსანდრია
და ქაირო. ამის შემდეგ აისა (აღმოსავლეთ საჰარა), მან გაიარა უდაბნო, რათა სუეციის არხამდე და წითელ ზღვამდე მიეღწია. ეგვიპტიდან მოგზაური მშობლიურ ქალაქში
1843 წლის დეკემბერში დაბრუნდა.
მომდევნო წელს მან გამოსცა დღიური „ვენელი ქალბატონის მოგზაურობა აღთქმულ მიწაზე“. როგორც მკვლევარი გაბრიელა ჰებინგერი აღნიშნავს: „პალესტინაში მოგზაურობის დღიური თავისებურ მოგონებად იყო ჩაფიქრებული, თუმცა იდა პფაიფერმა ვენელი გამომცემლის - დიმბიოკის დაჟინებით ანონიმურად გამოსცა. ბოლოს და ბოლოს წმინდა მიწაზე ვენელი ქალის მოგზაურობის შესახებ მოხერხდა ოთხი გამოცემა და როგორც მისი მოგზაურობის ყველა შემდეგი პუბლიკაცია, მრავალ ენაზე ითარგმნა“.
იდა პფაიფერის წიგნი „Journey of a Viennese Lady
to the Holy Land”. დიდი ინტერესით მიიღო მკითხველმა. მიღებული ჰონორარით იდამ გადაწყვიტა მოგზაურობა განეახლებინა. ამჯერად მან გადაწყვიტა სკანდინავიაში წასულიყო. მისი მოგზაურობა დაიწყო 1845 წლის 10 აპრილს. იგი ვენაში იმავე წლის 5 დეკემბერს დაბრუნდა. მალე იდამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მსოფლიოს გარშემო ემოგზაურა. 1846 წლის 1 მაისს, გაემგზავრა რიო დე ჟანეიროში. 1844 წლის 3 თებერვალს იდა ჩავიდა ჰორნის კონცხზე (წყნარი ოკეანე),
ხოლო 2 მარტს კი ვალპარაისოში (ვენესუელა).
იქიდან გაემგზავრა ტაიტში, სადაც მოგზაური დედოფალ პომარე IV (1813-1874 წ.წ.)
წარუდგინეს. ივლისის დასაწყისში პფაიფერი იმყოფებოდა მაკაუში (მალაიზია), შემდეგ ჩავიდა ჰონკონგსა და კანტონში. სინგაპურის გავლით აღმოჩნდა ცეილონში (შრილანკა). ოქტომბრის დასასრულს, ის უკვე მადრასშია (ინდოეთი). აქედან კალკუტაში მიდის, შემდეგ ბენარესში (მდ. განგის აუზი),
ბენარესიდან კი ბომბეიში. აპრილის ნახევარში იდა გაემგზავრა სპარსეთში.
ქალაქ ბუშირიდან (თანამედროვე ირანის ტეროტორია) გადავიდა ბაღდადში. ქტესიფონის (თანამედროვე
ერაყის ტერიტორია) და ბაბილონის ისტორიული ადგილების მონახულების შემდეგ იდა გაჰყვა ქარავანს ქ. მოსულამდე (თანამედროვე ერაყის ტერიტორია), დაათვალიერა
ნინევიის ნანგრევები. შემდეგ ჩავიდა ქალაქ თავრიზში, სადაც იდა წარუდგინეს ინგლისის ელჩს, რომელიც აღფრთოვანებული დარჩენილა ავსტრიელი ქალის მოგზაურობით.
თავრიზში იდა პფაიფერი შეხვედრია ირანის შაჰის წარმომადგენელს „ვიცე მეფეს“, რომელსაც მოგზაურისთვის თავისი ჰარემი უჩვენებია.
1848 წლის 11 აგვისტოს იდამ გააგრძელა მოგზაურობა სომხეთსა და საქართველოში. დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ, ყულევიდან (მაშინდელი რედუტ-კალე) პფაიფერი გაემგზავრა ანაპაში, შემდეგ ქერჩსა და სევასტოპოლში,
ხოლო ოდესიდან კონსტანტინოპოლში. 1848 წლის 4
ნოემბერს იდა პფაიფერი საბერძნეთის,
იონიის კუნძულების და ტრიესტის (იტალია) გავლით ვენაში დაბრუნდა. ამ დროს ვენა ალყაშემორტყმული იყო იმპერატორ ფრანც იოზეფ I ჯარების მიერ. როგორც ცნობილია, ფრანც იოზეფმა, რომელიც ჰაბსბურგ-ლოთარინგელთა დინასტიის წარმომადგენელი იყო (1830-1916 წ.წ.), ავსტრიასა და უნგრეთში არსებული აჯანყებები ჩაახშო და აბსულუტიზმი აღადგინა. სწორედ ეს მოვლენები დაემთხვა მოგზაური ქალის სამშობლოში დაბრუნებას. იდა პფაიფერის მეორე ნაშრომი „A Woman’s Journey
Round the World”, განსაკუთრებული ინტერესით მიიღო საზოგადოებამ,
იგი ითარგმნა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.
1851 წლის 18 მარტს იდა პფაიფერი, მას შემდეგ რაც ავსტრიის მთავრობამ მას სამოგზაურო ხარჯები მისცა (როგორც ანონიმი ავტორი გადმოგვცემს მისი ბიუჯეტი
1500 ფლორინით გაზრდილა), ლონდონში გაემგზავრა, საიდანაც
11 აგვისტოს კეიპტაუნში ჩავიდა. იგი ვერ აკეთებდა არჩევანს ცენტრალურ აფრიკაში გამგზავრებულიყო, თუ ავსტრალიაში.
საბოლოოდ სინგაპურში წავიდა, შემდეგ კი გადაწყვიტა აღმოსავლეთ ინდოეთი მოენახულებინა.
სარავაკიდან (ირანი) იგი გაემგზავრა პონტინიაკისკენ (მალაიზია), აქედან კუნძულ იავაზე (ანგოლა), შემდეგ კი სუმატრაზე (სამხრეთ აფრიკა). 1853 წლის 27 სექტემბერს მან ორთვიანი მგზავრობის შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკაში, კალიფორნიის შტატში არსებულ ქალაქ სანფრანცისკოში ჩააღწია. მოგზაურს სურვილი ჰქონდა ჩრდილოეთ ამერიკაში მოგზაურობის დასრულებისთანავე გადაეკვეთა ანდების მთები და სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ, ბრაზილიაში ჩასულიყო, მაგრამ პერუში მომხდარმა რევოლუციამ მას განზრახვაზე ხელი ააღებინა. იგი ეკვადორისკენ გაემართა, აქედან კი კორდილიერებზე იმოგზაურა. მაისის ბოლოს იდა ახალი ორლეანისკენ (აშშ, ლუიზიანას შტატი) გაემგზავრა. შემდეგ სენტ ლუისში (მისურის შტატი), სენრ პოლსა და ჩიკაგოში. მოინახულა ნიაგარას ჩანჩქერი. კანადაში მცირეხნიანი ვიზიტის შემდეგ იდამ ნიუიორკსა და ბოსტონში იმოგზაურა. შემდეგ გადაკვეთა ატლანტიკის ოკეანე და 1854 წლის 21 ნოემბერს ინგლისში ჩავიდა. ორი წლის შემდეგ მან გამოსცა წიგნი: „My Second Journey Round the
World”. მისი ბოლო მოგზაურობა იყო მადაგასკარზე, სადაც უკურნებელი დაავადება შეეყარა. როგორც გაბრიელა ჰებინგერი აღნიშნავს, ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტი და კარლ რიტერი (რომელთა ხელშეწყობითაც იდა პფაიფერი ბერლინის გეოგრაფიული საზოგადოების წევრი გახდა) მოგზაურ ქალს ურჩევდნენ მადაგასკარზე მოგზაურობისგან თავი შეეკავებინა, თუმცა იდას განზრახვა ვერ გადააფიქრებინეს. ჰებინგერის თქმით იდას ავსტრიის დედოფლის წინააღმდეგ (ავსტრიის დედოფალი ამ დროს იყო ფრანც იოზეფის მეუღლე ელისაბედი 1837–1898 წ.წ.) შეთქმულებაში მონაწილეობა დაბრალდა და ის ქვეყნიდან გააძევეს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მას ღვიძლის კიბო აღმოაჩნდა და 1858 წლის 27 ოქტომბერს მოგზაური გარდაიცვალა. როგორც აღვნიშნეთ, იდა პფაიფერმა 1848 წელს სპარსეთში იმოგზაურა. აქედან სომხეთში, შემდეგ კი საქართველოში ჩავიდა. კავკასიაში მან თვეზე მეტ ხანს დაჰყო, 1848 წლის 11 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე. იდა პფაიფერის თხზულებაში ცალკე თავი აქვს დათმობილი „აზიურ რუსეთს“ რომლისთვისაც მოგზაურს ასეთი ქვესათაური გაუკეთებია: „სომხეთი, საქართველო და სამეგრელო“. ის დაწვრილებით აღწერს კავკასიაში რუსეთის სასაზღვრო ადგილებს, რომელიც მისი გადმოცემით მდინარე არაქსზე გადიოდა. მოგზაური გვაწვდის ცნობებს სამხრეთ კავკასიის ბუნების, კლიმატის, მდინარეების, ასევე აქ მცხოვრებ ადამიანთა დასახლებების შესახებ.
ავსტრიელი მოგზაური დიდ ადგილს უთმობს კავკასიაში რუსული მმართველობის სტილზე საუბარს, როგორც იდა პფაიფერი წერს: „როგორც კი რუსულ მიწაზე (იგულისხმება სამხრეთ კავკასია - გ.ს.) ფეხი დავდგი, დაიწყო უსირცხვილო მათხოვრობა წვრილმანი გასამრჯელოსთვის“. იდა პფაიფერი ახსენებს სამხრეთ კავკასიაში არსებულ გერმანელ კოლონისტთა დასახლებას, რომელიც მისი ცნობით არარატის მთასთან ახლოს იყო. როგორც ცნობილია, გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლება კავკასიაში მეცხრამეტე საუკუნის პირველ მეოთხედში დაიწყო და ამ პროცესს ხელს უწყობდა რუსეთის საიმპერატორო კარი. ამის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის გერმანელი მოგზაური მორიც ვაგნერი, რომელმაც კავკასიაში 1843–1846 წლებში იმოგზაურა. ვაგნერის ინფორმაციით გერმანელმა კოლონისტებმა საქართველოში თავიანთი ახალშენები დააარსეს. მათი კოლონიები იყო სამხრეთ კავკასიაშიც: კატარინენფელდი, ანენფელდი და ჰელენფელდი. კავკასიაში გერმანული კოლონიების შესახებ ცნობებს გვაწვდის აგრეთვე გერმანელი მოგზაური ედუარდ აიხვალდიც, რომელიც კავკასიაში 1825–1826 წ.წ. იმყოფებოდა. იდა პფაიფერი გერმანელთა ახალშენების გვერდით იხსენიებს რუსულ კოლონიებსაც და ეს შემთხვევით არ არის. საიმპერატორო კარმა XIX საუკუნის 30-იან წლებში მიზნად დაისახა კავკასიის სამხედრო კოლონიზაცია, რათა ამით კიდევ უფრო გაემყარებინა პოლიტიკური პოზიციები. ამის ნათელი დადასტურებაა ნიკოლოზ I ბრძანება ბარონ როზენისადმი: „შედგენილ იქნას პროექტი კავკასიის სამხედრო კოლონიზაციისა, სადაც დასახლებულ იქნან ცოლიანი რიგითი ჯარისკაცები, რომელთაც მოიხადეს 15 წლიანი სამსახურის ვადა; რათა შეიარაღებული რუსი მოსახლეობის დაბინავებით უფრო და უფრო განვამტკიცოთ ჩვენი ბატონობა კავკასიაში და ამგვარ დასახლებათა საშუალებით, რამდენადაც შესაძლებელია, დავიახლოვოთ კავკასიის ხალხები“. იდა პფაიფერი დაწვრილებით აღწერს ქალაქ ერევანს. როგორც ჩანს, მან ადგილობრივი სომხებისგან ჩაიწერა გადმოცემა, რომლის მიხედვით ბიბლიური ნოე წარღვნამდეც ერევნის მიდამოებში ცხოვრობდა და წარღვნის შემდეგაც. იდა პფაიფერს პატარა სომხურ ქალაქ ნახიჭევანში როგორც თავად გადმოგვცემს ნოეს საფლავის ძეგლიც უნახავს. მისი ინფორმაციით სომეხი მწერლები თვლიდნენ, რომ ნახიჭევანი ბიბლიური ნოეს დაარსებული უნდა ყოფილიყო. მოგზაური აღწერს ეჩმიაძინის მონასტერს. პფაიფერის ცნობით ოდესღაც ამ მონასტერში ინახებოდა ქრისტეს ორი სამსჭვალი, ასევე შუბი და უკერავი პერანგი. იდა პფაიფერი აღწერს კავკასიაში არსებული თათრების დასახლებას, მათ ყოფა-ცხოვრებას. თათრების ეთნიკური წარმომავლობა მას დაკონკრეტებული არ აქვს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ისინი ისლამის მიმდევრები იყვნენ. მოგზაურის ცნობით თათრები სხვადასხვა სავაჭრო ქარავნებს კავკასიაში მეგზურობას უწევდნენ.
ადგილობრივი თათრების გარდა, რომლებიც მიწურ სახლებში ცხოვრობდნენ, იდა პფაიფერის ინფორმაციით იყვნენ მომთაბარე თათრებიც, რომლებსაც ცხენებით დაჰქონდათ კარვები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. თათრების დასახლებიდან მას, როგორ თვითონ წერს 24 ვერსი აშორებდა თბილისამდე. კავკასიაში, კერძოდ კი თბილისში თათრებს იხსენიებს მორიც ვაგნერიც. როგორც გერმანელი მოგზაური წერს, თათრები საუბრობდნენ „თურქულ-თათრულ კილოზე“. კავკასიელ თათრებს რუსული სამხედრო ძალის ზემოქმედების მიუხედავად ვაგნერის ცნობით მებრძოლი სული შერჩათ. ისინი ნაკლებად ემორჩილებოდნენ „რუსული პოლიციის მათრახსა და გადასახადის ამკრეფი მოხელეების მხრივ წვალებას“. აღსანიშნავია, რომ მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებში რუსულ დამპყრობლურ პოლიტიკას ამიერკავკასიიდან ბევრი მუსლიმანი გაექცა, მათ ირანს და თურქეთს შეაფარეს თავი. ავსტრიელი მოგზაური თავის დღიურში მოგვითხრობს საქართველოს დედაქალაქის შესახებ. თბილისს ის ევროპულ ქალაქად თვლის და ერთ–ერთ ქალაქ ვალპარაისოს (ვენესუელაში) ადარებს. იდა პფაიფერი აღწერს თბილისის ქუჩებს, ქალაქში არსებულ გოგირდის აბანოებს, აქაურ მოსახლეობას, მათ ჩაცმულობას. თუმცა თბილისზე საუბრის შემდეგ ის ჩერქეზების აღწერაზე გადადის. მოგზაური აღწერს ჩერქეზი მამაკაცების და მანდილოსნების აღნაგობას და სამოსს. აქ ორი ვერსიაა დასაშვები: 1. იდა პფაიფერმა თბილისში ნახა ჩრდილოეთ კავკასიიდან სავაჭროდ ჩამოსული ჩერქეზები და ამიტომ გვაწვდის მათ შესახებ ცნობებს. თბილისში ჩერქეზები რომ ხშირად ჩამოდიოდნენ, ამას მორიც ვაგნერიც ადასტურებს. მისი ცნობით: „ჩამოთვლილ ხალხებთან შედარებით ერთეულებათ (დაფანტულად) ჩანან ტფილისში ოსები, ჩერქეზები, ლეკები, ყაზი-ყუმუხები, ლაზები, სვანები და ქურთები“. მორიც ვაგნერი იდა პფაიფერის მსგავსად თბილისზე საუბრის დროს გარკვეულ ადგილს უთმობს ჩერქეზი მამაკაცების აღწერას. 2. რაც შეეხება მეორე ვერსიას, შესაძლოა იდა პფაიფერს ერთმანეთში აერია ქართველები და ჩერქეზები და საქართველოს დედაქალაქში მყოფი მოგზაური ქართველების ნაცვლად ჩერქეზებზე გვესაუბრება. 1848 წლის 6 სექტემბერს, იდა პფაიფერი თბილისიდან დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა. გზად მიმავალი აღწერს საქართველოს ბუნებას.
იდა შეჩერებულა ქალაქ გორში, შემდეგ კი გზა გაუგრძელებია სურამისკენ. სურამიდან ის ჩავიდა ქუთაისში, იქიდან კი რედუტ-კალეში (ყულევში), საიდანაც საქართველო დატოვა და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში გაემგზავრა. იდა პფაიფერის თხრობას ახასიათებს სადა სტილი. ფაქტებს და მოვლენებს ავსტრიელი მოგზაური აღწერს შეულამაზებლად, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე. როგორც მისი თხზულების გამომცემელი გაბრიელა ჰებინგერი წერს: „იდა პფაიფერის ჩანახატებზე გავლენა იქონია მისმა ევროპულმა ღირებულებებმა და მორალურმა წარმოდგენებმა. ის ხშირად განსჯიდა ახალსა და უჩვეულოს, უცხო ადამიანებისგარეგნობა და ცხოვრების წესი მის ევროპულ ხედვას ძლივს უმკლავდებოდა, მაგრამ ის არც კრიტიკას იშურებდა საკუთარი საზოგადოების მიმართ: დაუნდობლად ამათრახებდა მონობას, კოლონიური მმართველობისა და მისიონერული საქმიანობის ნაკლოვანებებს. არც თუ იშვიათად, ნამდვილი „ცივილიზებული“ ევროპელები, „არაცივილიზებულ“ ხალხთან შედარებით არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩენილან. გარდა ამისა, თავისი მოგზაურობის ჩანაწერებში იგი შურს იძიებდა ხოლმე არგაწეული დახმარების გამო, მაგრამ მით უფრო აქებდა მათ, ვინც ბევრი ტვირთისა და მსახურების გარეშე მყოფს გზაში უანგაროდ დაეხმარა. მიუხედავად მისი ცალმხრივი, სუბიექტური საზომისა, იდა პფაიფერის ჩანახატები გვხიბლავს ზედმიწევნით ზუსტი დაკვირვებებით, თავისი მახვილგონივრულობითა და სისადავით, ასევე იუმორითა და ირონიით. მისი ყველაზე დიდი ამოცანა იყო, განცდილი და ნანახი ობიექტურად გადმოეცა და გადაჭარბება-გაზვიადებისთვის თავი აერიდებინა. პირველივე მოგზაურობის ჩანაწერებში იგი ირწმუნება: ყველაფერს ისე აღვწერ, როგორც ვხედავ, როგორც თვალწინ წარმომიდგება, შეულამაზებლად, მაგრამ სწორად. მოგზაურობის აღწერანი წარმოაჩენს, ერთი მხრივ, ამ თავნება ქალბატონის ხასიათს, მეორე მხრივ, გვაჩვენებს გასული საუკუნის შუახანების სამოგზაურო პირობებს, ასევე იმდროინდელ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ურთიერთკავშირებს“. დასასრულს, გვსურს აღვნიშნოთ, რომ იდა პფაიფერის ცნობები კავკასიის შესახებ ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს. ამიტომ მისი შემოტანა სამეცნიერო ბრუნვაში, სარგებელს მოუტანს, როგორც მკვლევარებს, ისე ფართო მკითხველსაც. იდა პფაიფერის ცნობების ქართულ ენაზე გამოცემისას ვისარგებლეთ წიგნით: Ida Pfeiffer, Eine Frau Fahrt, Um Die Welt, Die Reise 1846 nach Sudamerika, China, Ostindien, Persien und Kleinasien, Herausgegeben von Gabriele Habinger, Wien, 2005.
წინათქმა
გაზეთებში მე მომიხსენიებდნენ, როგორც ტურისტს, თუმცა ეს სახელი - თავისი ჩვეულებრივი, მნიშვნელობისდა მიხედვით - სამწუხაროდ არ შემეფერება. ერთი მხრივ, მაკლია მახვილგონიერება და განწყობა იმისათვის, რომ სახალისოდ ვწერო, და მეორე მხრივ, არ მაქვს საკმარისი ცოდნა ნანახისა და განცდილის შესახებ დასკვნების გამოტანა რომ შევძლო. მე შემიძლია მხოლოდ უბრალოდ და შეულამაზებლად გადმოვცე ის, რაც შემხვედრია, რაც მინახავს; და თუ მინდა რაიმე შევაფასო, შემიძლია ეს მხოლოდ უბრალო შეხედულებების, თვალსაზრისების მხრიდან გავაკეთო.
ალბათ ზოგიერთებს ჰგონიათ, პატივმოყვარეობა უნდა ყოფილიყო საბაბი ამ დიდი მოგზაურობისა. არაფერი მაქვს ამაზე სადაო, თუ არა, ვინც ასე ფიქრობს, შეუძლია თვითონ წამოიწყოს მსგავსი მოგზაურობა იმისათვის, რომ დაინახოს რომ ასეთი ტვირთი, ასეთი გაჭირვება და ხიფათი მხოლოდ დაბადებიდან თანდაყოლილი მოგზაურობის წყურვილით, უსაზღვრო ცნობისმოყვარეობით შეიძლება გადაილახოს. როგორც მხატვარს მოუწოდებს გრძნობა დახატოს სურათი, პოეტს კი - თავისი აზრები გამოთქვას, ასე მივილტვი სამყაროს სანახავად.
მოგზაურობა იყო ჩემი სიყმაწვილის ოცნება, ახლა კი ნანახის გახსენება ჩემი სიბერის სიამეა. პატივცემულმა საზოგადოებამ გულთბილად და სიკეთით მიიღო ჩემი მოგზაურობის შეულამაზებელი ცნობები: ამბები „წმინდა მიწისკენ, ისლანდიისა და სკანდინავიისკენ“, და ეს მაძლევს ძალას კვლავ წარვსდგე საზოგადოების წინაშე ჩემი ბოლო და უდიდესი მოგზაურობის დღიურებით. მინდა ჩემი თავგადასავლის მონათხრობით პატივცემულ მკითხველს შევთავაზო მხოლოდ ერთი ნაწილი იმ სიამოვნებისა, რომელიც მოგზაურობამ ასე გულუხვად მომანიჭა! ავტორი ვენა, 16 მარტი, 1850 წ.
აზიური რუსეთი, სომხეთი, საქართველო და სამეგრელო
სოფია* მარანდი* რუსეთის საზღვარი* ნაჩივანი* ქარავანით მოგზაურობა* ერთი ღამე ტყვეობაში* მგზავრობის გაგრძელება* ერივანი* რუსული ფოსტა. *თათრები *ტიფლისში ჩასვლა * იქვე გაჩერება. * მგზავრობის გაგრძელება. *ქუთაისი * მარანდი * რიბონზე მგზავრობა * რედუტკალე
11 აგვისტო. თავრიზსა1 და ნაჩივანს2 შორის მდებარე სადგურები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგრამ პირველი სადგური ერთ-ერთი უდიდესია სოფიას3 შემდეგ, რომლის გავლასაც ექვსი საათი მოვანდომეთ. გზა უმეტესად უნაყოფო და დაუსახლებელი ველებს მიუყვებოდა. როცა სოფიას მივაღწიეთ, უკვე სამი საათი იყო, ამიტომ ჩემი გადაყვანა აღარ მოინდომეს - მიმითითეს მზეზე, იმის ნიშნად, რომ უკვე გვიანი იყო, ამასთან ისეთი გამომეტყველება მიიღეს, რომ შეიძლებოდა თავს დამსხმოდნენ, დავეყაჩაღებინე, ან სულაც მოვეკალი. მაგრამ ამისთანა წინააღმდეგობა მე ვერასოდეს მთრგუნავდა. და მას შემდეგ, რაც დიდი გაჭირვებით დავადგინე, რომ შემდეგ სადგურამდე ოთხი საათის სავალი იყო, გადავწყვიტე გზა გამეგრძელებინა და ჩემი მსახურის გულის დასაწყვეტად, რომელიც ნაჩივანამდე მყავდა დაქირავებული, ახალი ცხენების შეკაზმვის ბრძანება გავეცი. მიუხედავად იმისა, რომ სადგურ მარანდში4 რვა საათისთვის ჩავედით, თავიც ზედ გვება და ბარგიც თან გვქონდა.
12 აგვისტო. დღეს ჩვენ ერთადერთი სადგური გვქონდა გასავლელი არაქსამდე5, რუსეთის საზღვრამდე. მართალია მხოლოდ ერთი სადგური იყო, მაგრამ თერთმეტი საათის სავალზე ერთ პატარა ნაკადულს მივუყვებოდით, რომელიც მიყრუებულ ხევებსა და ველებზე მიედინებოდა, გზაზე, გარდა რამდენიმე პატარა წისქვილისა და მეჩეთის ნანგრევებისა, პატარა სოფელიც კი არ შეგვხვედრია. სპარსეთის ქვეყანაში არც ერთი შენობისთვის არ მომიკრავს თვალი. სპარსეთი საერთოდ წყლის ნაკლებობის გამო მეჩხრად არის დასახლებული. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფრო მეტი მთა და ნაკლები მდინარე, ვიდრე სპარსეთს. ამიტომ ჰაერი ძალიან მშრალი და ცხელია. მთისწინეთის შორიახლოს მიედინება მდინარე არეზი, თუ არაქსი, რომელიც სომხეთს მიდიისგან6 ყოფს, საშინლად მოჰქუხს და მაღალ ტალღებს ისვრის. აქ ის სპარსულ და რუსულ ტერიტორიებს შორის ბუნებრივ საზღვარს წარმოქმნის. ეს მდინარე ნავით გადავლახეთ. მდინარის მეორე ნაპირზე პატარა სახლებია, სადაც მგზავრები ჩერდებიან ხოლმე და აქ საჭიროა ადგილობრივი მცხოვრებნი დაარწმუნო, რომ არც ყაჩაღი, არც მკვლელი და განსაკუთრებით, პოლიტიკურად საშიში ადამიანი არ ხარ. დროდადრო, როცა შავი ჭირი, ან ქოლერა მძვინვარებს, რაღაც დროით კარანტინს აწესებენ.
თავრიზში რუსი კონსულის წერილმა აქაური მაღალი ჩინოვნიკისადმი უზრუნველყო ძალიან თავაზიანი მიღება - ამ დროს არც შავი ჭირი იყო და არც ქოლერა, კარანტინსაც ავერიდე. ის იყო რუსეთის მიწაზე ფეხი დავდგი, რომ დაიწყო უსირცხვილო მათხოვრობა წვრილმანი გასამრჯელოსთვის. ჩინოვნიკს თავის მოსამსახურეთა შორის ჰყავდა ერთი კაზაკი, რომელიც თავს ისე აჩვენებდა, თითქოს გერმანული იცოდა. ჩემი ყოფნის მიზნის დასადგენად იგი ჩემთან მოგზავნეს. ამ არამზადამ ისევე იცოდა გერმანული, როგორც მე ჩინური. სამ-ოთხ სიტყვას ძლივს უყრიდა თავს. ამიტომ ავუხსენი, რომ მისი დახმარება არ მჭირდებოდა, მიუხედავად ამისა, მაშინვე ხელი გამომიწოდა და სამსახურისთვის გასამრჯელო მოითხოვა.
13 აგვისტო. დილაადრიან ერთი მებაჟის თანხლებით არაქსი დავტოვე და ოცდათხუთმეტი ვერსი ჭენებით გავიარე პატარა ქალაქ ნაჩივანამდე, რომელიც ერთ-ერთ უდიდეს ველზე მდებარეობს და არარატის7 მაღალი მთებით არის გარშემორტყმული. ეს ველი ნაყოფიერია, მაგრამ ხეებით ღარიბი, როგორც მთელი შემოგარენი.
თავშესაფრის პოვნა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ისე არ გამჭირვებია, როგორც აქ. ორი წერილი მქონდა, ერთი გერმანელი ექიმისადმი, მეორე კი - გუბერნატორისადმი. ამ უკანასკნელთან სამგზავრო ტანსაცმლით მისვლა არ მინდოდა (მე ხომ კულტურულ ხალხთან ვიმყოფებოდი, რომლებიც სხვას ჩაცმულობით აფასებენ), ვფიქრობდი, რომ აქ არ იქნებოდა, ისეთი სასტუმრო, ექიმს შესახვედრად რომ შევთავაზებდი. წერილის მისამართი, რომელიც ამ ქვეყნის ენაზე ეწერა, ბევრ ადამიანს წავაკითხე და ვთხოვე მათ გზა ეჩვენებინათ, მაგრამ ყველა თავს იქნევდა და მეც იძულებული ვიყავი გზა გამეგრძელებინა. ასე მივედი საბაჟოს შენობასთან, სადაც ჩემი მცირეოდენი ბარგი ჩაიბარეს და ინსპექტორთან წამიყვანეს. ამ კაცმა ცოტა გერმანული იცოდა, მაგრამ ჩემი თხოვნა მხედველობაში არ მიიღო, საბაჟოს ოთახში მიმიხმო და ჩემი პატარა ჩემოდანი გამახსნევინა.
ინსპექტორის ცოლმა და დამ გამაცილეს. ძალინ გაკვირვებული ვიყავი ასეთი ზრდილობიანი მოპყრობით, მაგრამ მალე მივხვდი, რა ამოძრავებდათ - ორივე ქალბატონს უნდოდა ენახა, თუ რა ჩამოვიტანე თან. სკამები მოატანინეს, ჩემი პატარა ჩემოდნის წინ ჩამოსხდნენ და როგორც კი გავხსენი უკვე ექვსი ხელი ფუთფუთებდა შიგ (ორივე ქალისა და საბჟოს მოხელის). ერთი დუჟინი ერთმანეთზე დაწყობილი ქაღალდი, მონეტები, გამხმარი ყვავილები და ბაბილონიდან8 და ნინევიადან9 წამოღებული სხვა ნივთები თვალისდახამხამებაში აურ-დაურიეს და მიყარ-მოყარეს. თითოეული შეკვრა, თითოეული ჩაჩი ამოიღეს. ინსპექტორის ცოლი აშკარად მიხვდა, რომ დიდი ბრძოლა ქონდა გადასატანი მათ წესრიგში მოსაყვანად. ბოლოს ნამდვილად იმ აზრზე ვიყავი, რომ ველურებში მოვხვდი.
მას შემდეგ, რაც ჩემოდანი საკმარისად გაისინჯა, პატარა ყუთის ჯერი დადგა, რომელშიც ჩემს უდიდეს განძსნინევიის თავს10 ვინახავდი*. ხელი სტაცეს მძიმე ცულს, ერთი ფუტის სიგრძის ყუთისთვის თავი რომ აეხადათ. ამან მეტად გამაბრაზა. მივვარდი და ეს არ გავაკეთებინე. ჩემდა საბედნიეროდ, სწორედ მაშინ მოვიდა მესამე ქალი, ეროვნებით გერმანელი.** მას ვუთხარი, თუ რა იყო ყუთში და რომ სულაც არ ვაპირებდი მის გახსნაზე უარის თქმას, მხოლოდ ხვეწისა და მარწუხის ხმარებისას ფრთხილად იყვნენ-მეთქი. მაგრამ, აი სასწაული! საბაჟოში, სადაც ასეთი შემთხვევები ყოველ დღე ხდება, ეს ხელსაწყოები არ აღმოაჩნდათ! იმას მაინც მივაღწიე, რომ ყუთის სახურავი სიფრთხილით სამ ნაწილად გავატეხინე. ჩემი დიდი აღელვების მიუხედავად, იძლებული ვიყავი გამეღიმა მათ ბრიყვულ გამომეტყველებაზე, რომელიც სახეზე გამოეხატა ორივე ქალბატონსა და საბაჟოს მოხელეს, როცა ბაბილონური აგურის ნამტვრევები და ცოტა დაზიანებული თავის ქალა დაინახეს, ვერაფრით მიხვდნენ, რა საჭირო იყო ამისთანა რამეების თრევა.
* ეს თავი მას შემდეგ მივიღე, როცა ჩემი ბარგი-ბარხანა მოსულიდან გაგზავნილი მქონდა, ამის გამო იძულებული გავხდი თან წამეღო.
** რუსეთის ტერიტორიაზე ყველგან შეხვდებით ბევრ გერმანელს, ჯერ ერთი, რომ ბევრი ჩამოსული გერმანელია დასაქმებული, მეორეც, რუს ხელმწიფეს უამრავი პროვინციები აქვს, სადაც გერმანული ენაა გაბატონებული.
გერმანელმა ქალმა, ჰენრიეტა ალექსანდერმა, თავისთან დამპატიჟა ფინჯან ყავაზე და როცა თავშესაფართან დაკავშირებით წარმოქმნილი სირთულეების შესახებ შეიტყო, მაშინვე თავის სახლში ერთი ოთახი გამომიყო. მეორე დღეს გუბერნატორს ვესტუმრე, რომელმაც ძალიან თავაზიანად მიმიღო და არაერთგზის შემომთავაზა - მაშინვე მის სახლში გადავსულიყავი. მან იზრუნა ჩემს პასპორტსა და ვიზაზე, რომელიც ამ მოკლე ხანში, რაც ქრისტიანულ ქვეყანაში ვიმყოფებოდი, ნახევარი დუჟინი მაინც დამჭირდა. ჩემს გამო ერთ თათარსაც მოელაპარაკა, რომლის ქარავანიც ტიფლისს11 მიემართებოდა.
კეთილ ქალბატონ ალექსანდერთან ერთად დავათვალიერე შესაბრალისი, ნახევრადდანგრეული პატარა ქალაქი და ნოეს საფლავის ძეგლი. სპარსული ცნობებით ნაჩივანი სომხეთის ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი ქალაქი უნდა ყოფილიყო. სომეხი მწერლები ამტკიცებენ, რომ ამ ქალაქის დამაარსებელი ნოე იყო. თანამედროვე ქალაქი მთლიანად აღმოსავლური სტილით არის აშენებული. ახალი შენობებიდან მხოლოდ რამდენიმე სახლის კარ-ფანჯრები იყურება ვიწრო ქუჩაში, უფრო ხშირად ფასადები პატარა ბაღებისკენაა მიმართული. ამ ხალხის ჩაცმულობაც სპარსელებისას გავს. მხოლოდ ჩინოვნიკები, ვაჭრები და ა. შ. ევროპულად იცვამენ.
17 აგვისტო. დღეს თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, ყველაზე არასასიამოვნო ის იყო, რომ საღამოს ქარავანი წავიდა. რამდენიმე დღე საკვებიც არ მქონდა და ძალიან დასუსტებული ვიყავი. მაინც წამოვდექი ტახტიდან და ქარავნის ცხენზე შევჯექი. ვფიქრობდი, რომ ჰაერის შეცვლა ყველაზე კარგი გამაჯანსაღებელი საშუალება იქნებოდა. საბედნიეროდ, ძალიან პატარა მანძილი გავიარეთ ქალაქის კარიბჭემდე და იქ დავრჩით ღამე და მომდევნო დღე.
18 აგვისტოს ისევ გავუდექით გზას. ქარავანს მხოლოდ სავაჭრო საქონელი მიჰქონდა, გამყოლები თათრები იყვნენ. მგზავრობას ნაჩივანიდან ტიფლისამდე (500 ვერსი) ჩვეულებრივ 12-14 დღე უნდა. ჩემი ქარავნით კი, თუკი მოგზაურობის დასაწყისს გავითვალისწინებთ, ალბათ ექვს კვირას მოვუნდებოდით, რადგან პირველ ღამეს მხოლოდ ერთი საათი ვიარეთ, მეორე ღამეს ოთხ საათზე ცოტა მეტი - ალბათ ფეხით უფრო შორს წავიდოდი.
19 აგვისტო. ჭეშმარიტად რთული ასატანია, მთელი დღე ნაწვერალ მინდორზე მცხუნვარე მზის ქვეშ ვეყარეთ, მხოლოდ საღამოს ცხრა საათზე შევჯექით ცხენებზე და ოთხი საათის შემდეგ, პირველ საათზე შევჩერდით და დავბანაკდით. ამ ქარავნის ერთადერთი სიკეთე კვება იყო. თათრები13 არაბებივით ძუნწად არ ცხოვრობდნენ: ყოველ საღამოს ცხიმით გემრიელად შეზავებულ საუცხოო ფლავს აკეთებდნენ, ხშირად გამომშრალ ქიშმიშსა და ქლიავსაც კი მოგვართმევდნენ ხოლმე. გარდა ამისა, თითქმის ყოველდღე მოჰქონდათ გასაყიდად შესანიშნავი საზამთრო და ნესვი. გამყიდველები, უმეტესად თათრები, ყოველთვის გამოარჩევდნენ ხოლმე კარგ პატარა ნაჭერს და შემომთავაზებდნენ უსასყიდლოდ.
21 აგვისტო. ისევ არარატის სიახლოვეს ვიმყოფებოდით. ხანდახან რუსულ14 და გერმანულ კოლონიებს15 ჩავუვლიდით გვერდით. ამ უკანასკნელის სახლები ისე გამოიყურებოდა, როგორც გერმანულ მთიან სოფლებში. გზა სულ ოღროჩოღრო და ქვიანი იყო. წარმოდგენა არ მქონდა, როგორ ახერხებდა საფოსტო ეტლი აქ გავლას.
დღეს ძალიან არასასიამოვნო თავგადასავალი გადამხდა. ჩემი ქარავანი სადგურ სიდინის16 სიახლოვეს იყო დაბანაკებული, საფოსტო გზიდან დაახლოებით ორმოცდაათიოდე ნაბიჯზე. საღამოს რვა საათისთვის გზამდე გავისეირნე და როცა უკან დაბრუნება მოვინდომე, ფოსტის ცხენების ეჟვნების ხმა შემომესმა. გზაზე შევჩერდი, რათა მგზავრებისთვის თვალი შემევლო. ოთხთვალაში ვიღაც ბატონი იყო, გვერდით კი თოფიანი კაზაკი უჯდა. როცა გვერდით ჩამიარეს, მშვიდად შემოვბრუნდი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, გავიგონე, როგორ გაჩერდა ოთხთვალა და თითქმის იმწამსვე მკლავში ღონიერი ხელისწავლება ვიგრძენი. კაზაკს ჩემი წათრევა უნდოდა ოთხთვალასკენ. ვეცადე დავსხლტომოდი, თავისუფალი ხელით ქარავანზე მივუთითე და ვიყვირე, რომ იმ ქარავანს ვეკუთვნოდი. ვაჟბატონმა მეორე ხელი მაშინვე პირზე ამაფარა და ოთხთვალაზე შემაგდო, სადაც იმ კაცმა მაგრად შემბოჭა. კაზაკი ცოცხლად ამოხტა ზევით და მეეტლემ მთელი სისწრაფით გააჭენა ცხენები. ყველაფერი ისე თავლისდახამხამებაში მოხდა, რომ ვერც კი მივხვდი რა შემემთხვა. კაცებს მაგრად ვყავდი შებოჭილი მხრებში. პირზე ხელი მაშინ მომაცილეს, როცა ქარავანს ისეთ მანძილზე დავშორდით, რომ ჩემი ხმა აღარ მისწვდებოდათ.
საბედნიეროდ, შიშს არ შევუპყრივარ - მაშინვე ვიფიქრე, რომ ეს ორივე „თავაზიანი“ რუსი, გამოიჩინეს რა გულმოდგინება და უაღრესად საშიშ პერსონად მიმიჩნიეს, ფიქრობდა ამით კარგი სარგებელი ენახა. როგორც კი პირი გამითავისუფლეს, დაიწყო ჭკვიანური შეკითხვები: ვინა ვარ, სადაური ვარ და ა.შ. ცოტა რუსული კი ვიცოდი, რომ მათთვის ასეთი ცნობები მიმეცა. თუმცა, ეს არ იკმარეს და პასპორტის ნახვა მოითხოვეს. მე ვუთხარი მათ, რომ გაეგზავნათ ვინმე ჩემი ჩემოდნის მოსატანად. აი, მაშინ შევძლებდი მათი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას. როგორც იქნა მივაღწიეთ ფოსტის შენობას, სადაც ერთ პატარა ოთახში შემიყვანეს, თოფიანმა კაზაკმა ღია კართან მოიკალათა, რომ ჩემთვის თვალი არ მოეცილებინა და ის ბატონიც, რომელიც თავისი მუქი მწვანე ხავერდის ყურთმაჯების გამო იმპერიის ჩინოვნიკად მივიჩნიე, რამდენიმე ხანს ოთახში დარჩა. ნახევარი საათის შემდეგ მოვიდა საფოსტო განყოფილების უფროსი, თუ ღმერთმა უწყის ვინ იყო, რომ მე ვენახე და ჩემი შემპყრობის საგმირო ამბები მოესმინა. ისინიც ჩქარობდნენ, საკმაოდ დაწვრილებით და სახალისოდ ეამბნათ მომხდარი.
მთელი ღამე მკაცრი თვალთვალის ქვეშ ხის სკამზე უნდა გამეტარებინა, თან არც საბანი მქონდა, არც პალტო და ამასთან შიმშილი და წყურვილი მაწუხებდა. არც საბანი მომცეს, არც ლუკმა-პური. როგორც კი სკამიდან ავდექი, რომ ოთახში გამევლო და გამომევლო, კაზაკი მაშინვე მეცა, მკლავში ხელი წამავლო და სკამთან მიმაბრუნა, წყნარად იყავიო. დილისთვის ჩემმა მცდელობამ შედეგი გამოიღო, ჩემი საბუთები ვუჩვენე და გამათავისუფლეს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ასეთი მოპყრობისთვის ბოდიში მოეხადათ, დამცინეს კიდეც. როგორც კი ეზოში გავედი, ყველა ჩემსკენ იშვერდა ხელს და სიცილში ბანს აძლევდა ჩემს „მოსამართლეებს“.
ო, კეთილო არაბებო, თურქებო, სპარსელებო, ინდუსებო და ყველა, ვინც ხართ, ამის მსგავსი თქვენთან არაფერი შემმთხვევია! რა მშვენივრად გამოვიარე თქვენი ქვეყნები, როგორ მოწყალედ მომექცნენ სპარსეთის საზღვარზე, როცა ვერ ვიგებდი პასპორტს რომ მთხოვდნენ და აქ კი, ქრისტიანულ ქვეყანაში რამდენი წყენა შემხვდა ამ მცირე მანძილზე!
22 აგვისტოს დავუბრუნდი ჩემს ქარავანს, რომელიც დიდი თანაგრძნობით შემომეგება.
24 აგვისტო. სადგური ერივანი17. ბედნიერებას ვგრძნობდი ამ ქალაქში რომ ჩამოვაღწიე, რადგან ვიმედოვნებდი, რომ აქ რამოდენიმე ადგილობრივს შევხვდებოდი და მათი დახმარებით შევძლებდი რაც შეიძლება მალე გავმგზავრებულიყავი ტიფლისში. ჩემი გადაწყვეტილება, დამეტოვებინა ქარავანი, მყარი იყო, რადგან დღეში ოთხ საათზე მეტს არ მოძრაობდა. თან მქონდა ორი წერილი, ერთი ქალაქის ექიმის ბატონ მიულერის18, მეორე კი გუბერნატორისთვის. ეს უკანასკნელი სოფლად იმყოფებოდა. ექიმმა მიულერმა კი ისეთი მზრუნველობა გამიწია, რომ უკეთესი დახვედრა ნამდვილად წარმოუდგენელი იქნებოდა.
სომხეთისა, თუ ტრანსკავკასიის დედაქალაქი ერივანი,* მდებარეობს მდინარე ზენგუიზე20, ითვლის 17000 მაცხოვრებელს, გადაშლილია გორაკებიან პლატოზე, რომელიც ყოველი მხრიდან მთებითა და რამდენიმე ციხე-გალავნით არის შემოზღუდული. მიუხედავად იმისა, რომ, ევროპული არქიტექტურული სტილი სწრაფად იკრებს ძალას, ეს ქალაქი არავითარ შემთხვევაში არ მიეკუთვნება ლამაზ და სუფთა ქალაქების რიცხვს. ყველაზე დიდ სიამოვნებას ბაზარში სეირნობით ვიღებდი, არა სავაჭრო დახლების - რომლებიც ვერაფერს მშვენიერს ვერ გვთავაზობდა, არამედ სრულიად განსხვავებული, ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი ჩაცმულობის ცქერით. აქ იყვნენ თათრები, კაზაკები, ჩერქეზები, ქართველები, მეგრელები, თურქმენები, სომხები და ა.შ. უმეტესად ძლიერი აღნაგობის, მშვენიერი შესახედაობის ხალხი ლამაზი, მეტყველი სახის ნაკვთებით, რაც განსაკუთრებით თათრებსა და ჩერქეზებს ეხება. მათი ჩაცმულობა ცოტათი სპარსულს წააგავს, ეს არის რომ, რიგითი სპარსელის ჩაცმულობისგან იგი განსხვავდება წვეტიანი ჩექმებითა და ბევრად დაბალი ქუდით. ჩექმების წვეტი ხშირად ოთხ დუიმს აღწევს და ბოლოში ცოტა შიგნით არის მოკაუჭებული, ქუდიც წვეტიანია, შავი ბეწვისგან შეკერილი, სიმაღლით კი სპარსულის ნახევარი. ამ მოდგმის ქალებს იშვიათად თუ დაინახავთ ქუჩებში, ისიც თავსაფარშემოხვეულს, თუმცა სახეს მთლიანად არ იფარავენ.
* თქმულება გვიამბობს, რომ მიდამო ერივანის გარშემო სხვა მიდამოებზე ადრე უნდა ყოფილიყო დასახლებული. ნოე თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა აქ მსოფლიო წარღვნამდე და მის შემდეგაც. აქ უნდა ყოფილიყო სამოთხეც, ერივანს ადრე თერვა ერქვა და სომხეთის დედაქალაქი იყო. ერივანის ახლოს მდებარეობს სომეხ ქრისტიანთა უდიდესი სალოცავი ეჩმიაძინის მონასტერი19. ეკლესია უბრალოდ არის მოწყობილი, 73 ფეხის სიმაღლის სვეტები შედგება ერთმანეთზე დალაგებული ქვის გროვებისაგან. საგანძურში ოდესღაც ორი ლურსმანი უნდა ყოფილიყო, რომლებითაც ქრისტე ჯვარზე იყო მილურსმული. გარდა ამისა აქ არის შუბი და ქრისტეს შეუკერავი პერანგი. ეკლესიის შუაგულში, როგორც ირწმუნებიან, უნდა ყოფილიყო ადგილი, სადაც ნოეს განთვისუფლების შემდეგ ღმერთისათვის საკურთხეველი უნდა აეშენებინა და შესაწირავი უნდა მიეტანა. იქვე არის ეკლესია, სადაც დღესაც მნიშვნელოვანი რელიქვიებია.
რუსებსა და კაზაკებს აქვთ კალმიკების მსგავსი უხეში სახის ნაკვთები, მათი საქციელი სრულ შესაბამისობაშია ნაკვთებთან. არც ერთი სხვა ხალხი არ შემხვედრია მათზე უფრო ხარბი, ველური და მონური მიდრეკილებით. როცა რაიმეს შევეკითხებოდი, ან სულ არ მპასუხობდნენ, ან უხეშად, ან კიდევ გაიცინებდნენ და გზას აგრძელებდნენ. ასეთი მოპყრობა ალბათ ისე თვალშისაცემი არ იქნებოდა, მე რომ ევროპიდან არ ვყოფილიყავი ჩამოსული.
ნაჩივანში უკვე განზრახული მქონდა, რომ რუსული საფოსტო ეტლით მემგზავრა, თუმცა კი ცდილობდნენ გადამეფიქრებინა, მარწმუნებდნენ, რომ მარტოდმარტო ქალი ვერ შევძლებდი ფოსტის „თავაზიან“ პერსონალთან საქმის მოგვარებას. მაგრამ მე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, მაინც ასე მოვქცეულიყავი და ექიმ მიულერს ვთხოვე ხელი შეეწყო ჩემთვის.
ძვირფას რუსულ სახელმწიფოში რომ ფოსტის ცხენებით იმგზავრო, ამისათვის ნებართვა უნდა შეიძინო, რომლის მიღებაც მხოლოდ იმ ქალაქშია შესაძლებელი, სადაც სხვადასხვა უწყებებია თავმოყრილი, რადგან ამ მნიშვნელოვანი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად ექვსი საფეხურის გავლაა საჭირო - 1. ხაზინის უფროსი, 2. პოლიცია (ცხადია პასპორტით, ჩამოსვლის ბარათით და ა.შ.), 3. კომენდანტი, 4. ისევ პოლიცია, 5. ისევ ხაზინის უფროსი 6. და ბოლოს ისევ პოლიცია. მოწმობაში საჭიროა ზუსტად მიეთითოს, სადამდე სურს ადამიანს მგზავრობა, რადგან ფოსტის უფროსი მითითებული სადგურის იქით ერთი ვერსის გავლის უფლებასაც აღარ იძლევა. ამასთან საჭიროა თითოეული ცხენისთვის ყოველ ვერსზე ნახევარი კაპიკის (1/2 კროიცერი) გადახდა. ერთი შეხედვით ბევრი არ ჩანს, მაგრამ სერიოზული ფასია, თუკი დაფიქრდები იმაზე, რომ შვიდი ვერსი ერთ გეოგრაფიულ მილს შეადგენს და სულერთავად სამი ცხენით მგზავრობ.
26 აგვისტო. დილის ოთხ საათზე ფოსტის ეტლი სახლთან უნდა ყოფილიყო, თუმცა ექვსმა დარეკა და ის კიდევ არ ჩანდა. ექიმ მიულერს რომ სიკეთე არ გამოეჩინა და თავად არ წასულიყო, ალბათ საღამოს თუ მოვიდოდა. შვიდ საათზე გავუდექი გზას, შესანიშნავი წინათგრძნობა მქონდა მგზავრობასთან დაკავშირებით.
ახლა, რა თქმა უნდა, სწრაფად ვმგზავრობდით, მაგრამ თუ რკინის, ან რბილად გადაკრული ეტლში არ ზიხარ, ეს სისწრაფე დიდ სიამოვნებას ვერ მოგანიჭებს და, ცხადია, გირჩევნია ოღრო-ჩოღრო, ცუდ გზაზე უფრო ნელა იარო. საფოსტო ეტლი, რომელშიც ყოველი სადგურისთვის ათ კაპიკს იხდიან, მეტი არაფერია, თუ არა ხის მოკლე, გადაუხურავი ოთხთვალა. დასაჯდომი ადგილის მაგივრად დაგებულია ცოტა თივა და სწორედ იმდენი ადგილი გაქვს, რომ პატარა ჩემოდანი დადო, რომელზეც ფოსტალიონი ჯდება. ეს ოთხთვალა გემრიელად გაჯაყჯაყებს, ამასთან დასაყრდენიც არ გაქვს, ასე რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყო, ძირს რომ არ მოადინო ზღართანი. ოთხთვალაში სამი ცხენია გვერდიგვერდ შებმული. შუა ცხენს თავს ზემოთ ხის რკალი აქვს. მასზე ორი ან სამი ეჟვანი ჰკიდია, რომლებიც დროთა განმავლობაში ჯოჯოხეთურ ხმაურს გამოსცემენ. ამასთან წარმოიდგინეთ ეტლის ჭრიალი, მეეტლეს ყვირილი, რომელიც გამუდმებით იმის მცდელობაშია, რომ საბრალო ცხენები წინ გაირეკოს და გასაგები ხდება, თუ რატომ არის, რომ სულ უფრო ხშირად ეტლი სადგურზე მგზავრების გარეშე შემოდის. ბედშავი მგზავრის ყვირილი მეეტლის ყურს ვერ სწვდება. სადგურებს შორის მანძილი სხვადასხვაა, თოთხმეტიდან ოცდაათ ვერსამდე მერყეობს. მეორე და მესამე სადგურებს შორის ძალიან მოკლე მანძილი გავიარე, იქ რაღაც სახის ლავა ვნახე, რომელიც ძალიან წააგავდა ისლანდიურ პრიალა შუშისებურ ლავას (შავი აქატი, ოფსიდიანსაც რომ უწოდებენ) და რომლის შესახებაც ამტკიცებენ, რომ მხოლოდ ისლანდიაში მოიპოვებაო. მესამე სადგურს მივყავდით ახალაშენებულ რუსულ სოფელში, რომელიც ლიმანის ტბასთან21 იყო გადაშლილი.
27 აგვისტო. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა „სასიამოვნოა“ რუსული ფოსტით მგზავრობა. საღამოს ყველაფერი წინდაწინ შევუკვეთე და გადავიხადე, მაგრამ მაინც მომიწია დილით თავად გამეღვიძებინა ფოსტის მოხელე და მეეტლეზეც მეზრუნა. ამ ხალხს უკან ვდიე, რომ გავმგზავრებულიყავით. მესამე სადგურში ოთხი საათი ცხენებისთვის მაცდევინეს, მეოთხეში კი საერთოდ არ მომცეს. ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ ღამის გასათევად აქ დარჩენა მიწევდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის მანძლზე ორმოცდათხუთმეტ ვერსზე მეტი ვერ გავიარე.
28 აგვისტო. გაუთავებელი ტანჯვა-წამება ფოსტის მოხელეების გამო. ჩხუბისა და აყალმაყალის უდიდესი მტერი ვარ, მაგრამ ამ ხალხთან ალბათ უკეთესი იქნებოდა სახრეებით მელაპარაკა. მათ გონებაჩლუნგობაზე, უხეშობასა და უგრძნობლობაზე წარმოდგენის შექმნა თითქმის შეუძლებელია.
მოხელეებს, ისევე როგორც მსახურებს ხშირად დღის ნებისმიერ მონაკვეთში მძინარესა და გამომთვრალს ნახავთ. ასეთ მდგომარეობაში ისე იქცევიან, როგორც მოეპრიანებათ, ადგილიდან ფეხს არ იცვლიან და საცოდავ მგზავრებს ამასხარავებენ. დიდი ჩხუბისა და ხმაურის შემდეგ, ბოლოს ერთ-ერთი წამოდგება, ეტლს გამოაგორებს, მეორე გაპოხავს, სხვა ცხენებს აჭმევს, რომლებიც ხშირად დასაჭედები არიან, მერე ცხენის კაზმულობა არ არის წესრიგში, რომელიც გასასწორებელი და შესაკრავი ხდება - და ასე, უთვალავი საქმე, რომელიც დიდი ზოზინით სრულდება. როცა მოგვიანებით უარყოფითი დამოკიდებულება გამოვთქვი უბადრუკი ფოსტის სადგურების შესახებ, პასუხად მივიღე, რომ ცოტა ხნის წინათ ეს ქვეყნები რუსეთის ბატონობის ქვეშ იყო, საიმპერატორო ქალაქი კარგა მანძილზეა დაშორებული და მე, როგორც მსახურების გარეშე მყოფი მარტოხელა ქალი ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, თუ სირთულეებს თავს გავართმევდი. არ ვიცოდი რა მეპასუხა, გარდა იმისა, რომ ინგლისელთა ოკეანესმიღმა ახალ კოლონიებში, რომლებიც დედაქალაქიდან მოშორებით მდებარეობენ, ყველაფერი შესანიშნავად არის მოწყობილი და კარგად მოწესრიგებული და იქ მსახურების გარეშე მყოფ ქალსაც ისევე სწრაფად ემსახურებიან, როგორც ჯენტლმენს-მეთქი, რადგან მათი ფული და მოთხოვნები არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯენტლმენისაზე. მაგრამ სულ სხვაგვარადაა საქმე რუსულ პოსტამტში: როცა ჩინოვნიკი ან ოფიცერი მოდის, სადგური ფეხზე დგება, თავს არ ზოგავენ, რადგან სახრისა და ჯარიმების ყველას ეშინია. რუსეთში ოფიცრები და ჩინოვნიკები პრივილეგირებულ კასტას მიეკუთვნებიან და საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ. მაგალითად, არასამსახურებრივი მოგზაურობის დროს, წესდებით, მათ უბრალო მგზავრზე მეტი უფლება არ აქვთ. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ სხვას მაგალითი მისცენ, ხალხს აჩვენონ, რომ აუცილებელია კანონისა და წესრიგისადმი მორჩილება, კანონებს ფეხით თელავენ. ისინი წინასწარ აგზავნიან მსახურს, ან სთხოვენ მეგობარს, რომელიც მგზავრობას აპირებს, სადგურებში შეატყობინონ, რომ ამა და ამ დღეს მოვდივართ და რვიდან თორმეტამდე ცხენი დაგვჭირდებაო. თუკი ასეთ დროს რაიმე დაბრკოლება წარმოიშვა, წამოიწყეს ნადირობა, ქეიფი, ან ქალბატონს ასტკივდა თავი, ანდა კრუნჩხვებში ჩავარდა, მაშინ მგზავრობა ერთი ან ორი დღით გადაიწევს - ცხენები მუდამ მზადყოფნაში არიან და ფოსტის მოხელე ვერც კი გაბედავს, რომ ისინი კერძო მგზავრებს მისცეს.*
* ისედაც ხდება, რომ როცა ცხენები შებმულია და მგზავრები უკვე თავთავიანთ ადგილებზე სხედან, მათთან მიდის ვინმე ოფიცერი, ან მოხელე, რომელიც ისევ გამოუშვებს ცხენებს, კერძო პირებს ადგილზე დატოვებს და ბატონებს კი გაამგზავრებს.
ისეც ხდება ხოლმე, რომ ადამიანს ერთი ან ორი დღე უწევს ერთიდაიგივე სადგურზე ყოფნა. სწრაფი რუსული ფოსტით ქარავანზე შორს ვერ წახვალ. რუსული ფოსტით ჩემი მოგზაურობისას მთელი დღის მანძილზე ერთ სადგურზე მეტი არ გამივლია. როგორც კი უნიფორმას დავინახავდი, მაშინვე ციებ-ცხელება მემართებოდა - უნდა მივხვდარიყავი, რომ ცხენებს ვერ მივიღებდი.
თითოეულ ფოსტის სახლში არის ერთი ან ორი სასტუმრო ოთახი, აქვე ცხოვრობს ერთი ცოლ-შვილიანი კაზაკი, რომელიც თავის დედაკაცთან ერთად უცხოებს ემსახურება და მათთვის სადილს ამზადებს. ოთახის ქირას არ იხდიან, პირველად მოსულ მგზავრს ამის უფლება აქვს. მომსახურე პერსონალი ისეთივე თავაზიანია, როგორც საჯინიბოსი და ხშირად ადამიანს წვალებად უჯდება, რომ არცთუ იაფად რამდენიმე კვერცხი, რძე, ან სხვა რამე შეიძინოს. სპარსეთში მოგზაურობა სიცოცხლისთვის საშიში იყო, აზიურ რუსეთში კი ისეთი აღმაშფოთებელი, რომ მე აუცილებლად პირველს ვარჩევდი. პიპისიდან22 ლამაზი ბუნება ნელ-ნელა ისევ იცვლება, ველები ფართოვდება, მთები დაბლდება, ველებიცა და მთებიც უმეტესად შიშველი და ხეებით ღარიბია.
დღეს თათრების ბევრი მომთაბარე ჯგუფი შემომხვდა. ადამიანები ხარებზე და ცხენებზე ისხდნენ და მათზე თავიანთი კარვები და ოჯახისთვის საჭირო ნივთები ჰქონდათ აკიდებული. ძროხებსა და ცხვრებს, რომელიც ყოველთვის მრავლად ჰყავდათ, გვერდით მიერეკებოდნენ. თათრის ქალებს უმეტესად ძვირფასი და ამავე დროს საკმაოდ გაცვეთილი სამოსი ეცვათ. მათი კოსტუმი შედგებოდა მთლიანი, ალისფერი აბრეშუმისგან, რომელიც ხშირად ოქროს ძაფით იყო ნაკერი. ეცვათ განიერი შარვლები, ერთი გრძელი და მას ზემოთ ერთიც მოკლე ხიფთანი. თავზე ველური ფუტკრის სკის მსგავსი ქუდები ეხურათ, რომელიც ხის ქერქისგან იყო დამზადებული და წითელი ქსოვილი ჰქონდა გადაკრული. კაბები მკერდიდან ქამრამდე მორთული იყო მეტალით, ღილებით, ჟღარუნებით, ბეჭდებით და მსგავსი რამე-რუმეებით, ბეჭებზე თასმა ჰქონდათ, რომელზეც ავგაროზი ეკიდა. ცხვირსახოცებში პატარა ბეჭდები ჰქონდათ გახვეული. მართალია დიდი თავსაბურავები ჰქონდათ მოხვეული, მაგრამ სახე დაუფარავი რჩებოდათ.
მათ ავლა-დიდებას შეადგენდა კარვები, მშვენიერი ფარდაგები, რკინის ქვაბები, სპილენძის სურები და ა.შ. თათრები უმთავრესად მუსულმანური რელიგიის მიმდევრები არიან. მობინადრე თათრებს სრულიად განსხვავებული სახლები აქვთ, რომლებსაც თხუნელის სოროები შეიძლება უწოდოს კაცმა. მათი სოფლები უმეტესად ფერდობებსა და გორაკებზეა გაშენებული, სადაც ისინი დიდ, ფართო ოთახებს თხრიან. სინათლე შიგნით მხოლოდ შესასვლელიდან აღწევს. შესასვლელი უფრო განიერია, ვიდრე მაღალი და დაცულია გრძელი და განიერი საფარით, რომელიც ხის მორზე, ან კოჭზეა ჩამოდებული.
არაფერია ისე სასაცილო, როგორც ასეთი სოფლის დანახვა, რომელიც მხოლოდ ფარდულებისგან შედგება და მათ არც კარ-ფანჯარა აქვთ, არც ღობეები და კედლები. ვაკეზე მცხოვრებნი იკეთებენ ხელოვნურ მიწაყრილებს, ისინი ქოხებს ქვისა და ხისგან აშენებენ, მიწით ფარავენ, რომელსაც ისე ტკეპნიან, რომ ქოხები აღარ ჩანს. ჯერ კიდევ სამოცი წლის წინ ქალაქ ტიფლისში ბევრი მსგავსი მიწური უნდა ყოფილიყო.
29 აგვისტო. ამ დილით კიდევ ერთი სადგური მქონდა გასავლელი ტიფლისისკენ 24 ვერსის მანძილზე. გზა, როგორც ყველგან, ორმოებითა და ქვებით იყო სავსე, იძულებული ვიყავი, რომ შუბლი თავსაფრით მაგრად შემეკრა, ეს ჯანჯღარი რომ ამეტანა და მაინც ყოველ დღე თავის ტკივილი მაწუხებდა. მხოლოდ დღეს შევიგრძენი ჩვენი ოთხთვალას გაუმართავობა. მარტო ღამე არ უწვიმია, წვიმა მთელი დღეც გადაუღებლად გრძელდებოდა. ოთხთვალას თვლები იმდენ ტალახს გვესვროდა, რომ მალე სქელ წუმპეში ვიყავი ამოვლებული, თავიდან ბოლომდე ტალახში ამოვისვარე, სახეც კი არ გადამირჩა. პატარა ხის დაფის დამაგრება ბორბლების თავზე, იოლად მოაგვარებდა ამ უბედურებას. მაგრამ ვინ ზრუნავს ამ ქვეყანაში მგზავრის კეთილდღეობაზე? სადგურამდე ნახევარი გზის სავალიდან მოჩანს ტიფლისი. ამ ქალაქის იერმა ძალიან გამაოცა, რადგან ის, ეკლესიის გუმბათებს თუ არ ჩავთვლით, ევროპული სტილით არის აშენებული და ვალპარაისოს23 შემდეგ ასეთი ევროპული ქალაქი არ მინახავს.
ქალაქში გოგირდის ბევრი თბილი წყაროა, საიდანაც მისი სახელი წარმოდგება: ტიფლისი, ანუ თბილისი ნიშნავს „თბილ ქალაქს“. ბევრი აბაზანიდან უმეტესობა ცუდ მდგომარეობაშია. შენობებს თავზე ადგას ფანჯრებიანი პატარა გუმბათები, შიგნით კი წყაროები მოსჩქეფს. აბაზანები, იატაკი და კედლები ნაწილობრივ დიდი ქვის ფილებით არის დაფარული, მათ შორის ცოტაა მარმარილო. არის როგორც ცალკე აბაზანები, ისე საერთო. შენობებში, სადაც ქალები იკრიბებიან, კაცებს შესვლა ეკრძალებათ. და მაინც, აქ ისეთი სიმკაცრე არ არის, როგორც აღმოსავლეთში. ბატონს, რომელმაც სიკეთე გამოიჩინა და ერთ-ერთ ასეთ აბანოში შემიძღვა, უფლება ქონდა უყოყმანოდ შესულიყო წინაოთახში, მიუხედავად იმისა, რომ მას აბაზანის ოთახიდან ფიცრული კედელი ყოფდა. ქუჩებში ერთმანეთის გვერდიგვერდ ისე ხშირად დაინახავთ ევროპულ და აზიურ ტანსაცმელს, რომ არც ერთის სიჭარბე არ გაგაკვირვებთ. ჩემთვის სიახლე იყო ჩერქეზული სამოსი. ეს არის განიერი შარვალი, მოკლე, ხშირნაოჭიანი ქურთუკი, ვიწრო ქამრითა და გულის ჯიბეებით ექვსი-ათი ვაზნისათვის, შემოტმასნილი მოკლეყელიანი ჩექმები შიგნით შეწეული წვეტებით და პატარა, ვიწრო ბეწვის ქუდი. მდიდრების ქურთუკები ნაზი, მუქიყავისფერი მაუდისგან იყო ნაკერი და ვერცხლის, ან ოქროს ძაფით გაწყობილი კანტები ჰქონდა შემოვლებული.
ჩერქეზები24 სილამაზით გამოირჩევიან სხვა კავკასიელებისგან. კაცები ტანმაღლები არიან, სახის სწორი ნაკვთები აქვთ და მოძრაობაშიც დიდი სიყოჩაღე იგრძნობა. ქალებს ნაზი აგებულება აქვთ, თეთრი კანი, მუქი ფერის თმა, სწორი ნაკვთები, საროს ტანი და სავსე მკერდი. თურქულ ჰარემებში მათ სილამაზეს დიდი დაფასება აქვს. უნდა გამოვტყდე, რომ სპარსულ ჰარემებში სპარს ქალებს შორის უფრო მეტი სილამაზე მინახავს, ვიდრე თურქულში, მიუხედავად იმისა, რომ იქ ჩერქეზები ჭარბობენ.
აზიელი ქალები, რომელთაც აქ ქუჩებში შეხვდებით, გახვეულნი არიან დიდ, თეთრ მოსასხამებში, ზოგი პირსაც იფარავს, მაგრამ ძალიან ცოტანი სახეს. რუსი ჩინოვნიკებისა და ოფიცრების ოჯახურ ცხოვრებაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. თუმცა წერილები მქონდა კანცელარიის დირექტორის, ბატონი ლილესათვის25, მეორე კი გუბერნატორის - ბატონ ერმოლოვისთვის26. ესაა, რომ არცერთ მათგანს დიდი სიმპატია არ გამოუხატავს ჩემ მიმართ. ალბათ აზრის თავისუფალი გამოხატვით საქმე გავაფუჭე. მე მათ დაუფარავად მოვუყევი ფოსტის გაუმართავ მუშაობაზე, სავალალო ქუჩებზე, ვუამბე ჩემი დატყვევების ამბავი და ყველაფერი დავაგვირგვინე იმით, რომ ვუთხარი, მქონდა გეგმა: აქედან კავკასიონის გავლით მოსკოვსა და პეტერბურგში წავსულიყავი, მაგრამ ამ მოკლე მოგზაურობამ რუსეთის მხარეში სრულიად შემაცვლევინა აზრი და ახლა ისღა მსურს, უმოკლესი გზა ვნახო, რომ რაც შეიძლება ჩქარა გადავლახო საზღვარი-მეთქი. მე რომ კაცი ვყოფილიყავი, ალბათ დიდი ხნით მიკრავდნენ თავს ციმბირში27.
ბატონი ლილე მაინც ყოველთვის თავაზიანად მიღებდა, როცა ჩემი პასპორტის გამო მივსულვარ. გუბერნატორმა კი ერთხელაც არ ჩამთვალა ყურადღების ღირსად, რომ დრო გამოენახა და ჩემს პასპორტზე ხელი მოეწერა. მიბარებდა ხან ერთ, ხან მეორე დღეს, მერე ვიღაც წარჩინებულ ბატონთან ინება ორი დღე სოფლად გაეტარებინა. როცა ის დაბრუნდა, კვირა დღე იყო, როცა ასეთი დიდი საქმის მოგვარება შეუძლებელია. ასე, რომ ჩემი პასპორტი მხოლოდ მეექვსე დღეს მივიღე. ასეთი ამბავი გადამხდა მე, რომელსაც ხელთ მქონდა მაღალჩინოსნებისადმი მიწერილი წერილები. თქვენ წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩაცვივდებოდნენ უბრალო ადამიანები! - ყური მოვკარი, რომ ხშირად ამ საქმის მოგვარებას 2-3 კვირას უნდებოდნენ.
მეფის ნაცვალი თავადი ვორონცოვი28 სამწუხაროდ, სწორედ ახლა ტიფლისში არ იმყოფებოდა. ძალიან მეწყინა მისი არყოფნა, მით უფრო, რომ მას დიდად განათლებულ, სამართლიან და კაცთმოყვარე ადამიანად ახასიათებდნენ. ჩემთვის ყველაზე საინტერესო და საჭირო აღმოჩნდა ერთი გერმანელი ბატონის - ზალცმანის29 გაცნობა. ამ ბატონს ეკონომიკისა და მშენებლობის სფეროს დიდი ცოდნა აქვს, რაც მთავარია - არაჩვეულებრივად კეთილი გულის პატრონია. ის ყველა ადამიანზე ზრუნავს და განსაკუთრებით კი თავის თანამემამულეებზე. სადაც კი მის სახელს ვახსენებდი, მასზე დიდი პატივისცემით ლაპარაკობდნენ. რუსეთის ხელისუფლებისგან ორდენიც კი მიიღო, თუმცა მათ სამსახურში არ დგას. ორშაბათს, 5 სექტემბერს თერთმეტ საათზე მივიღე ჩემი პასპორტი და ერთ საათში ფოსტაც შევუკვეთე. ნაშუადღევის სამ საათზე დავტოვე ტიფლისი.
6 სექტემბერი. მგზავრობა სულ უფრო რომანტიული ხდება. ბუჩქნარი და ტყეები ფარავენ გორაკებსა და ხევებს. ყანებში მწვანედ ბიბინებს მაღალტანიანი თურქული მარცვლეული. არც ძველი ციხე-კოშკების ნაკლებობაა. საღამოსთვის, მას შემდეგ, რაც დღეს დიდი გაჭირვებით ოთხი სადგური გავიარე, ჩავაღწიე პატარა ქალაქ გორში30, რომლის მდებარეობაც განსაკუთრებით მომხიბვლელია.
7 სექტემბერი. დღეს ერთი სადგური გავიარე სურამამდე31. გზა ვეღარ გამაგრძელებინეს, რადგან ერთი ოფიცრისთვის, რომელიც თავისი მეუღლის, კომპანიონის და ა.შ. თანხლებით კურორტიდან ბრუნდებოდა, თორმეტი ცხენი შეეკვეთათ.
8 სექტემბერი. მესამე სადგურის გზა უმეტესად მდინარე მირაბკას32 ნაპირს მიუყვებოდა ვიწრო ხევში. გზა მდინარესა და კლდეებს შორის ისე ვიწრო იყო, რომ ბევრ ადგილას მხოლოდ ერთ ოთხთვალას თუ შეეძლო გავლა. ხშირად იძულებულნი ვიყავით ათი-ოცი წუთი გავჩერებულიყავით, რათა ხით დატვირთული ოთხთვალები გაგვეტარებინა, რომლებიც მრავლად გვხვდებოდა - და ამას ქვია საფოსტო გზა! საქართველო უკვე ორმოცდაათი წელია რუსეთის ბატონობის ქვეშ არის და მხოლოდ ცოტა ხნის წინ დაიწყეს აქა-იქ გზების მშენებლობა. თუკი ორმოცდაათი წლის შემდეგ აქ კვლავ მოვალთ, ან მზად დაგვხვდება, ან სულაც დანგრეულგანადგურებული იქნება. გზების მსგავსად აქ ხიდების ნაკლებობაც არის. ღრმა მდინარეების გადაკვეთისას, როგორიც, მაგალითად, მირაბკაა, უბადრუკ ნავებში სხდებიან; არცთუ ღრმა წყალში პირდაპირ შედიან. წვიმის დროს და უეცარი დათბობისას თოვლიან მთებში მდინარეები დიდდება, მაშინ მგზავრმა მთელი დღე უნდა იცადოს, ან საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს. რამხელა განსხვავებაა რუსეთისა და ინგლისის კოლონიზაციას შორის!
გვიან საღამოს სულ მთლად გალუმპული და ტალახში ამოგანგლული ქუთაისამდე33 ორი ვერსით დაშორებულ სადგურში მივედი. უცნაურია, რომ ფოსტის სახლები ჩვეულებრივ დასახლებებსა და ქალაქებიდან ერთი-ორი ვერსის დაშორებით მდებარეობს. ამის გამო უსიამოვნება შეგხვდება, თუკი თავადვე მოინდომებ ქალაქში რაიმეს შეძენას.
მარანდში34 სასტუმროს არარსებობის გამო ერთ კაზაკთან გავჩერდი. ამ ადამიანებს, აქ რომ კოლონისტებად ცხოვრობენ, აქვთ ორ-სამოთახიანი დაბალი ხის სახლები და მიწის ნაკვეთი, რომელსაც ყანად, ან ბაღად იყენებენ. ზოგიერთი მათ შორის უარს არ ამბობს მგზავრების მიღებაზე და ახერხებენ იმ მცირედისა და საწყალობელი მასპინძლობისთვის, რომელსაც ისინი სტუმრებს სთავაზობენ გვარიანი თანხა მოითხოვონ. ერთი პატარა, ჭუჭყიანი უსაწოლო ოთახისთვის 20 კაპიკი ვერცხლის ფული გადავიხადე, ამდენივე ვარიკაში. მეტი არაფერი მიმიღია, რადგან ძალიან ეზარებათ დასაქმება. თუ პურს, რძეს, ან კიდევ რამეს მოვინდომებდი, რაც ჩემს მასპინძლებს არ ქონდათ, თავად უნდა მეშოვნა. ისინი, როგორც უკვე გითხარით, ბევრი-ბევრი ოფიცრის, ან ჩინოვნიკის გამო გაისარჯონ.
ტიფლისი 5 სექტემბერს ნაშუადღევის სამ საათზე დავტოვე და აქ 9 სექტემბრის საღამოს ჩამოვედი. 274 ვერსის (39 გერმანული მილი) გავლას ხუთი დღე მოვუნდი - და ამას ქვია პატივცემული რუსული სწრაფი ფოსტა! მხოლოდ 11 სექტემბერს დილით უნდა წასულიყო ნავი ყულევში35 (80 ვერსი). ცუდი ამინდი იყო და რიბონის36, ჩვეულებრივ ლამაზი მდინარის გადალახვა უამრავი ძვირფასი ხის მორისა და ხერგილების გამო უამინდობისას, ან ღამით შეუძლებელია.
12 სექტემბერს შორს არ წავსულვართ. სუსტი ქარი ამოვარდა და რადგან შავი ზღვის შესართავთან ახლოს ვიმყოფებოდით, ღუზა უნდა ჩაგვეშვა.
13 სექტემბერი. ქარი ჩადგა, უშიშრად შეგვეძლო ზღვას მივნდობოდით, სადაც რამდენიმე საათის რწევა მოგვიხდებოდა, ვიდრე რიონის მთავარი დინებიდან შენაკადს არ მივაღწევდით, სადაც ყულევი მდებარეობს. მართალია, მდინარესა და მის შენაკადს შორის არხია, მისი გავლა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა წყლის დონე ძალიან მაღალია, რადგან კალაპოტში ბევრი ქვიშაა.
ყულევშიც ერთმა მოსპეკულიანტო კაზაკთა ოჯახმა მიმასპინძლა, რომელსაც სტუმრებისათვის სამი პატარა ოთახი ჰქონდა. რუსული კალენდრის მიხედვით დღეს აგვისტოს ბოლო დღე იყო. პირველ სექტემბერს ორთქლმავალი გემი უნდა ჩამოსულიყო, რომელიც ორსაათიანი გაჩერების შემდეგ ისევ უნდა გამგზავრებულიყო. ამიტომ მაშინვე ქალაქის კომენდანტთან გავიქეცი ვიზის გასაკეთებლად და გემზე ასვლის ნებართვის სათხოვნელად. ყოველთვე ორჯერ, 1 და 15 რიცხვებში მიცურავენ გემები ყულევიდან ოდესამდე37 ქერჩის38 გავლით. ნიჩბიანი გემები დიდი იშვიათობაა. გემები ყოველთვის ჩერდებიან სანაპიროს სიახლოვეს, გაივლიან თვრამეტ სადგურს (სიმაგრეებსა და სამხედრო პოსტებს), ზრუნავენ ყველა სახის სამხედრო ტრანსპორტზე და ბორტზე მგზავრობის საფასურის გარეშე აჰყავთ მგზავრები, რომელთაც არც საკუთარი თავის და არც ბარგისთვის შეუძლიათ მცირედის გადახდაც კი. სამაგიეროდ გემბანს უნდა დასჯერდნენ. კაიუტები ცოტაა და გემის პერსონალისა და წარჩინებული ოფიცრებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ერთი სადგურიდან მეორეში მიემგზავრებიან ხოლმე. დასაქირავებელი ადგილები არ არის. კომენდანტმა პასპორტი და მოწმობა მაშინვე გამიმზადა. არ შემიძლია არ შევნიშნო ის გარემოება, რომ რუსული მთავრობის ქაღალდომანია ბევრად აჭარბებს ავსტრიელებისას. ნაცვლად ერთი უბრალო ვიზისა, მოზრდილი ქაღალდი მივიღე, რომლის არაერთი ასლი გადაიღეს, რაც ნახევარ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
შენიშვნები
1. თავრიზი - ქალაქი ირანში, ურმიის ტბის აღმოსავლეთით.
2. ნაჩივანი - (ნახიჭევანი), ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრი აზერბაიჯანის შემადგენლობაში. ტერიტორიული ანკლავი, დასავლეთით ესაზღვრება თურქეთი, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით - სომხეთი, სამხრეთით - ირანი.
3. სოფია - ამ შემთხვევაში არ უნდა ვიგულისხმოთ ბულგარეთის დედაქალაქი. იდა პფაიფერი სოფიას ასახელებს თავრიზიდან ნახიჩევნისაკენ მიმავალ გზაზე. შესაძლოა ეს იყოს ქალაქი ჯულფა.
4. მარანდი - ქალაქი თანამედროვე ირანის ჩრდილო-დასავლეთით, ქ. თავრიზის მახლობლად. მარანდიდან მდ. არაქსამდე იდა პფაიფერის ცნობით მხოლოდ ერთი სადგური (დასახლებული პუნქტი) იყო.
5. არაქსი (არეზი) - მდინარე, მტკვრის უდიდესი მარჯვენა შენაკადი, მოედინება თურქეთის, ირანისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე.
6. მიდია (პროვინცია) - შესაძლოა იგულისხმებოდეს მიდიის სახელმწიფო ძვ. წ. აღრიცხვის IX-VII საუკუნეებში, თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე. იდა პფაიფერის ცნობით მდ. არაქსი სომხეთის ტერიტორიას მიდიისგან ჰყოფდა. შესაძლებელია მოგზაურმა ირანიის პროვინციის აღსანიშნავად ძველი სახელი გამოიყენა.
7. არარატის მთები - შედგება ორი ჩამქრალი ვულკანური კონუსისაგან: დიდი არარატისა (სომხური სახელწოდება მასისი, თურქული - ბუიუქ-აღრი-დაღი), სიმაღლე 5165 მ. და მცირე არარატისაგან, სიმაღლე 3925 მ. მდებარეობს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, სომხეთის მახლობლად. ბიბლიის მიხედვით, მასზე გაჩერდა ნოეს კიდობანი.
8. ბაბილონი - ანტიკური მესოპოტამიის დედაქალაქი, მისი ნანგრევები დღესაც არის შემორჩენილი ქალაქ ჰილის მახლობლად. განთქმულია თავისი ღირშესანიშნაობებით და ისტორიით. მას უკავშირდება მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი ,,ბაბილონის დაკიდული ბაღები”, ბაბილონის გოდოლი, იშთარის ჭიშკარი და ა.შ.
9. ნინევია - ასურეთის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ქალაქი. მდებარეობდა მდ.ტიგროსის მარცხენა სანაპიროზე. გადმოცემით, აქ დაარსდა მსოფლიოში პირველი ბიბლიოთეკა.
10. ნინევიის თავი - გაურკვეველია რას გულისხმობს მოგზაური „ნინევიის თავში“, სიტყვა-სიტყვით ასე ითარგმნება: „პატარა თავი რელიეფში ნინევიადან.“ შესაძლებელია ეს იყო - ნინევიის გათხრებიდან წამოღებული პატარა თავის ქალა.
11. ტიფლისი - (ტფილისი, თბილისი), საქართველოს დედაქალაქი; ამიერკავკასიის უმსხვილესი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი. თბილისში იყო მთავარმართებლებისა და მეფისნაცვლების რეზიდენციები.
12. ნოე - ბიბლიური პერსონაჟი.
13. თათრები - იდა პფაიფერი იხსენიებს ქარავნის გამყოლ თათრებს, რომლებიც კავკასიაში მომთაბარებდნენ. მათ ცხენებით დაჰქონდათ კარვები და საყოფაცხოვრებო ნივთები. მოგზაური იხსენიებს ასევე ადგილობრივ თათრებსაც, რომლებიც თბილისთან ახლოს ცხოვრობდნენ. აღსანიშნავია, რომ რუსეთის კოლონიური პოლიტიკა კავკასიაში მცხოვრებ მუსლმებზეც მძიმედ აისახა. მათ რუსულ წნეხს ვერ გაუძლეს და ნაწილმა თურქეთს, ნაწილმა კი ირანს შეაფარა თავი.
14. რუსული კოლონიები - იდა პფაიფერი სომხეთში ყოფნისას, არარატის მთების სიახლოვეს იხსენიებს რუსულ კოლონიებს. რუსეთის საიმპერატორო კარმა, როგორც შესავალშიც მივუთითებდით, XIX საუკუნის 30-იან წლებში კავკასიის სამხედრო კოლონიზაცია დაისახა მიზნად. იმპერატორ ნიკოლოზ I დავალებით სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ რუსი ჯარისკაცები ოჯახებით უნდა გადმოესახლებინათ კავკასიაში, რათა ამით რეგიონში უფრო მტკიცედ მოეკიდებინათ ფეხი. (იხ. შესავალი, გვ. 15).
15. გერმანული კოლონიები კავკასიაში - საქართველოსა და კავკასიაში გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლება დაიწყო ჯერ კიდევ XVIII საუკუნის 60-70-იან წლებში ეკატერინე II-ის ინიციატივით, ამის უზრუნველსაყოფად რუსეთში არაერთი კანონი და დადგენილება მიიღეს, რომლებიც მოწვეულ კოლონისტებს კარგ პირობებსა და პრივილეგირებულ მდგომარეობას უქმნიდა. 1817-1819 წლებში საქართველოსა და კავკასიაში გერმანელ კოლონისტთა ჩამოსახლება გერმანიაში შექმნილმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ვითარებამაც განაპირობა. კაპიტალიზმის განვითარებამ და ნაპოლეონის ომებმა მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი გერმანიიდან ემიგრაციის გაძლიერებას, განსაკუთრებით აქტიურობდნენ პროტესტანტული რელიგიური ჯგუფები, რომელთა ერთი ნაწილი აღიარებდა „ჰილიაზმს“ - მოძღვრებას მეორედ მოსვლის, მსოფლიო წარღვნისა და „ათასწლოვანი“ სამეფოს შექმნის შესახებ. ისინი ცდილობდნენ ამ მოვლენას აღმოსვლეთში, არარატის მთასთან შეხვედროდნენ. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის „სეპარატისტების“ წარმომადგენლები 1815 წელს შტუტგარტში მყოფ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ს შეხვდნენ და მიიღეს მისი თანხმობა ამიერკავკასიაში გადმოსახლების თაობაზე. 1817 წლის დამდეგს ამიერკავკასიისკენ, დუნაის გზით, კოლონისტების რამდენიმე ნაკადი დაიძრა. მათი უმრავლესობა ვიურტემბერგელი და ბადენელი პროტესტანტები იყვნენ. რუსეთის ხელისუფალთა ყოველმხრივი დახმარების მიუხედავად, კოლონისტებს უმძიმეს პირობებში უხდებოდათ მგზავრობა. რამდენიმე ასეული კოლონისტი გზაში გარდაიცვალა. 1819 წლის ბოლოსათვის გერმანიიდან გადმოსახლებულებმა, საიმპერატორო კარის დახმარებით დახმარებით, კავკასიაში რამდენიმე კოლონია შექმნეს: მარიენფელდი - კახეთის გზატკეცილზე, სართიჭალაში, პეტერსდორფი - მარიენფელდის მახლობლად, თბილისის კოლონია - კუკიაზე, სადაც მხოლოდ ხელოსნები დასახლდნენ; ალექსანდერსდორფი - დიდუბეში, ელიზაბეტტალი - ქვემო ქართლში (დღევანდელი ასურეთი), კატარინენფელდი - მდებარეობდა ბორჩალოს მაზრაში, ბოლნისთან, ანენფელდი - შამქორის სახაზინო მიწებზე, ჰელენენდორფი - განჯის მახლობლად.
16. სიდინი - ამ სახელით იხსენიებს ერთ-ერთ სადგურს ავსტრიელი მოგზაური სომხეთში, არარატის მთების სიახლოვეს, ვიდრე ის ერევანში ჩააღწევდა.
17. ერივანი - (ერევანი) სომხეთის დედაქალაქი, კავკასიაში არსებული ერთ-ერთი უძველესი ქალაქი.
18. ექიმი მიულერი - იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება; იდა პფაიფერის ინფორმაციით ექიმი მიულერი მოღვაწეობდა ქალაქ ერევანში. როგორც მოგზაური აღნიშნავს, მიულერისთვის მას წერილი გადაუცია, ოღონდ არ აკონკრეტებს რა წერილზეა საუბარი. სავარაუდოა, რომ ექიმი მიულერი გერმანელ კოლონისტებს ჩამოჰყვა კავკასიაში
19. ეჩმიაძინის მონასტერი - ერთ-ერთი უძველესი მონასტერი სომხეთში, სომხური სამოციქულო (გრიგორიანული) ეკლესიის კათალიკოსის რეზიდენცია. მდებარეობს ერევნიდან დასავლეთით 20 კმ-ში. ეჩმიაძინი დაარსდა ძვ.წ. მე-4 ან მე-3 საუკუნეში ვაღარშაპატის სახელით, რომელიც დღემდე რჩება ქალაქის ოფიციალურ სახელად. მე-IV საუკუნემდე იგი სომხეთის დედაქალაქი იყო. ქალაქის ისტორიულ ნაგებობათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ეჩმიაძინის ტაძარი, რომელიც გადმოცემით წმ. გრიგოლ განმანათლებელს აუგია 301-303 წლებში. მთავარი საკათედრო ტაძრის გარდა, ეჩმიაძინში მნიშვნელოვან ნაგებობებს წარმოადგენს უძველესი ეკლესიები: წმ. გაიანეს (აგებულია 630 წ.) და რიფსიმეს (აგებულია 618 წ.) სახელობის ტაძრები. ეს ორი ეკლესია, საკათედრო ტაძარი და ახლომდებარე არქეოლოგიური ზონა -ზვართნოცი, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
20. მდ. ზენგუი - ეს უნდა იყოს მდ. რაზდანი, რომელიც ერევანს შუაზე ჰყოფს.
21. ლიმანის ტბა - სავარაუდოდ, იგულისხმება სევანის ტბა.
22. პიპისი - ლოკალიზაცია ვერ ხერხდება.
23. ვალპარაისო - ქალაქი ვენესუელაში, სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე. იდა პფაიფერი ვალპარაისოს ადარებდა ქალაქ თბილისს.
24. ჩერქეზები - ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ერთ-ერთი უძველესი ხალხი. იდა პფაიფერი ჩერქეზებს აღწერს ქალაქ თბილისზე საუბრის დროს. რაც გარკვეულ ეჭვს იწვევს. ამის შესახებ ჩვენ უკვე აღვნიშნეთ შესავალში (იხ. გვ. 18).
25. ბატონი ლილლე - პფაიფერი ამახინჯებს გვარს, სავარაუდოდ, ეს არის დოქტორი ლილი, ვორონცოვის კანცელარიის მაღალი რანგის მოხელე.
26. ერმოლოვი ალექსი - (დაიბ. 4 ივნისი, 1777 წ. – გარდ. 23 აპრილი, 1861წ.) - საქართველოს მთავარმართებელი 1816- 1827 წლებში. ბოროდინოს ბრძოლის გმირი. ალექსი ერმოლოვმა უარყო თავის წინამორბედთაგან დამკვიდრებული კავკასიის ხელისუფალთა მოქრთამვა-მოსყიდვის მეთოდი და იარაღის ძალით შეუდგა დასახული მიზნის შესრულებას. მან ერთი მეორის მიყოლებით გააუქმა მუსლიმანური სახანოები და დაიწყო ომი ჩრდილოეთ კავკასიის დასამორჩილებლად. ერმოლოვმა სისხლში ჩაახშო იმერეთისა და გურიის 1819-1820 წლების აჯანყებები. მისი თერთმეტწლიანი მოღვაწეობა კავკასიაში სასტიკი სამხედრო ექსპედიციებით გამოირჩეოდა. იდა პფაიფერის კავკასიაში მოგზაურობის დროს ერმოლოვი მთავარმართებელი აღარ იყო, ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ მას მოგზაური ქალბატონი შეცდომით იხსენიებს.
27. ციმბირი - ვრცელი გეოგრაფიული რეგიონი რუსეთში, ევრაზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. გადაჭიმულია ურალიდან წყნარი ოკეანის გასწვრივ აღმართულ ქედებამდე და ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანის ნაპირიდან ცენტრალური აზიის საზღვრამდე. გამოირჩევა მკაცრი კლიმატით, მდიდარია ხე-ტყით და სასარგებლო წიაღისეულით. XIX საუკუნეში კავკასიის დაპყრობის დროს რუსეთის ხელისუფლება ციმბირში ასახლებდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს.
28. ვორონცოვი მიხეილ - (დ. 19 მაისი/ 1782 - გ. 6 ნოემბერი, 1856, ოდესა) - რუსი თავადი, გენერალ-ფელდმარშალი, ცნობილია მისი წარმატებები ნაპოლეონის წინააღმდეგ ომებში. სახელი გაითქვა რუსეთის მიერ კავკასიის დასაპყრობად წარმოებული ომების წინამძღოლობით (1844-1853 წ.წ). ბავშვობა და სიყმაწვილე მამასთან ერთად ლონდონში გაატარა, სადაც ბრწყინვალე განათლება მიიღო. 1803-1804 წლებში მსახურობდა კავკასიაში პავლე ციციანოვისა და გულიაკოვის ასისტენტად. 1805-1807 წლებში მონაწილეობს ნაპოლეონის წინააღმდეგ წარმოებულ ომებში; 1809-1811 წლებში არსებულ რუსეთთურქეთის ომში იგი თავს იჩენს თითქმის ყველა მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციაში. 1812 წელს ნაპოლეონის რუსეთზე თავდასხმისას ვორონცოვი მეთაურობდა პეტრე ბაგრატიონის გრენადერთა შენაერთს. ბოროდინოს ბრძოლაში მისი დივიზია წინა ხაზზე იმყოფებოდა, სადაც დაიჭრა, თუმცა ძალ-ღონე მალევე აღიდგინა და 1813 წელს არმიაში დაბრუნდა. იგი მონაწილეობდა ლაიპციგის ბრძოლაში, ხოლო 1815-1818 წლებში ვორონცოვი საფრანგეთის ოკუპაციის ძალთა მეთაური იყო. 1823 წლის 7 მაისს, ვორონცოვი დანიშნეს ბესარაბიის ნამესნიკად. 1844-1854 წლებში კი იგი კავკასიის მეფისნაცვალი და კავკასიის განსაკუთრებული კორპუსის მთავარსარდალი იყო. შამილის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის მას პრინცის წოდება მიენიჭა. 1853 წლის დასაწყისში, ვორონცოვი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აქტიურ სამხედრო სამსახურს ჩამოცილდა. 1856 წელს იგი ფელდმარშალი გახდა და იმავე წელს გარდაიცვალა ოდესაში. კავკასიაში მთავარმართებლობის დროს ვორონცოვის მიზანი იყო კავკასიის კოლონიზაცია და იმპერიასთან შეერთება, მაგრამ ამას აკეთებდა ძალზე მოქნილად და მეთოდურად, უპირატესად კულტურული ღონისძიებებით: მის დროს აღდგა ქართული თეატრი, გაიხსნა საჯარო ბიბლიოთეკა, ადგილობრივ თავად-აზნაურთა შვილებს ვორონცოვი გზავნიდა რუსეთის სასწავლებლებში, რათა მათ რუსული განათლება მიეღოთ და იმპერიის სამსახურში ჩამდგარიყვნენ. ვორონცოვი მეფის უერთგულესი მსახური იყო, სხვა მოხელეთაგან გამოირჩეოდა გამჭრიახი გონებით, განათლებითა და ლიბერალიზმით.
29. ზალცმანი ალბერტ - ცნობილი გერმანელი არქიტექტორი XIX საუკუნის მეორე ნახევარში. მის მიერაა აგებული თბილისში ქალთა გიმნაზიის შენობა (ამჟამინდელი საქართველოს ეროვნული მუზეუმი), ბორჯომის საზაფხულო სასახლე, სასტუმრო ,,ორიენტი”, ცისფერი გალერეა, საქალაქო ბიბლიოთეკა და სხვ. იდა პფაიფერის ინფორმაციით ზალცმანს ეკონომიკის და მშენებლობის სფეროში დიდი ცოდნა ჰქონდა, მას რუსეთის ხელისუფლებისაგან ორდენიც მიუღია, თუმცა მისივე ცნობით იგი იმპერიის სამსახურში არ იდგა.
30. გორი - აღმ. საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, სამაზრო ცენტრი.
31. სურამი - ქალაქი ქართლში.
32. მდ. მირაბკა - ძნელი სათქმელია რომელ მდინარეს გულისხმობს იდა პფაიფერი. აღწერილობის მიხედვით, მდ. მირაბკა დასავლეთ საქართველოში მიმავალმა მოგზაურმა სურამის გავლის შემდეგ ნახა. გზა მისი აღწერით მიემართებოდა მდინარესა და კლდეებს შორის. მირაბკას იგი ღრმა მდინარედ იხსენიებს. შესაძლებელია ეს იყო მდ. რიკოთულა.
33. ქუთაისი - მნიშვნელოვანი ქალაქი დასავლეთ საქართველოში, საგუბერნიო ცენტრი.
34. მარანდი - მარანდს მოგზაური იხსენიებს, როგორც სადგურს ქუთაისიდან ორ ვერსზე, აღმოსავლეთით. მარანდში სასტუმროს უქონლობის გამო იგი გაჩერებულა ადგილობრივ კაზაკთან. პფაიფერი მარანდში იხსენიებს კოლონისტებს სავარაუდოდ, იგი ქუთაისის სიახლოვეს არსებული ერთ-ერთი დასახლებული პუნქტის დამახინჯებული სახელწოდებაა. შესაძლებელია ეს იყოს ქუთაისთან ახლოს მდებარე სოფ. მარანი, რომელსაც გერმანელი მოგზაური მორიც ვაგნერიც (კავკასიაში იმყოფებოდა 1843-1846 წ.წ.) იხსენიებს. ვაგნერის ცნობით მარანში რუსული კოლონიები იყო, სადაც რუსეთში არსებული ერთ-ერთი სექტის „სტარეველცების“ წარმომადგენლები ცხოვრობდნენ.
35. ყულევი - იგივე რედუტ-კალე. XIX ს. I ნახევარში დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ნავსადგური. მდებარეობდა მდ. ხობისწყლის შესართავში. იგი იყო დასავლეთ საქართველოში განლაგებული რუსეთის არმიის მთავარი სასურსათო ბაზა. მნიშვნელობა დაკარგა ფოთის პორტის მშენებლობისა და თბილისი-ფოთის სარკინიგზო ხაზის გავლების შემდეგ.
36. რიონი - საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წყალუხვი მდინარე.
37. ოდესა - ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ უკრაინაში, უმნიშვნელოვანესი პორტი შავ ზღვაზე. XIX საუკუნეში სიდიდით მესამე ქალაქი იყო რუსეთის იმპერიაში მოსკოვისა და პეტერბურგის შემდეგ. გამოირჩეოდა შერეული (აღმოსავლურ-დასავლური) არქიტექტურით და მდიდარი ტრადიციებით.
38. ქერჩი - ქალაქი ყირიმის ნახევარ-კუნძულის დასავლეთ ნაწილში, ქერჩის სრუტესთან. გამოირჩევა ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების სიუხვით.
Комментариев нет:
Отправить комментарий