უცხოელ მოგზაურთა ცნობებს საქართველოს
ისტორიის სხვადასხვა პერიოდის სრულყოფილი შესწავლის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა
აქვს. XX საუკუნის დასაწყისი ის პერიოდია, რომელიც განსაკუთრებული პოლიტიკური და ეკონომიკური კატაკლიზმებით
ხასიათდება მთელს მსოფლიოში და, ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა.
ახალმა საუკუნემ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. აღნიშნული პერიოდის ირგვლივ არაერთი უცხოური წყაროა გამოვლენილი და შესწავლილი. ვფიქრობთ, ამ მხრივ, ძალზე საყურადღებო ცნობები მოეპოვება ამერიკელ მკვლევარ-მოგზაურს – აბრაჰამ ვალენტინ უილიამს ჯეკსონს, რომელმაც კავკასიის რეგიონის გავლით არაერთხელ იმოგზაურა ირანსა და ინდოეთში. შთაბეჭდილებათა წიგნებში: „სპარსეთი წარსული და აწმყო“, ასევე „კონსტანტინოპოლიდან ომარ ხაიმის სახლამდე “ ჯეკსონმა საინტერესო ცნობები დაგვიტოვა საქართველოს შესახებ.
აბრაჰამ ვალენტინ უილიამს ჯეკსონი დაიბადა 1862 წელს ნიუ-იორკში. პაპის საპატივსაცემოდ, რომელიც ნიუ-იორკის ალდერმანის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე იყო, ახალშობილს აბრაჰამ ვალენტინ უილიამსი დაარქვეს. ჯეკსონი სწავლობდა ნიუ-იორკის როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებში. 1879 წელს მან ჩააბარა კოლუმბიის კოლეჯში, რითაც საფუძველი ჩაეყარა მომავალი მკვლევრის აკადემიურ კარიერას. იგი აშშ-ში ირანისტიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი გახდა. ჯეკსონს თითქმის არასოდეს მიუტოვებია კოლუმბიის უნივერსიტეტი, გარდა იმ პერიოდისა, როდესაც იგი უცხო ქვეყნებში სამოგზაუროდ იმყოფებოდა.
თავდაპირველად უილიამსი კლასიკურ ჰუმანიტარულ მეცნიერებებს სწავლობდა, მაგრამ ამავდროულად ის დიდ ინტერესს ამჟღავნებდა შედარებითი ფილოლოგიის მიმართაც. სწავლობდა ანგლო-საქსურ, სპარსულ და სანსკრიტულ ენებს. სანსკრიტული ენების შესწავლაში მას ედვარდ დელავენ პერი ეხმარებოდა. მან სანსკრიტული ენის შესწავლა კოლეჯის ბოლო საფეხურზე დაიწყო და პერის რეკომენდაციით ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ, 1883 წელს, სწავლა მაგისტრატურის საფეხურზე განაგრძო.
სანსკრიტის შესწავლისთანავე მან ავესტური ენის შესწავლა დაიწყო, რომელსაც ე. უოსბურნ ჰოპკინსი ასწავლიდა. 1884 წელს აბრაჰამ ვალენტინ უილიამს ჯეკსონმა მაგისტრის აკადემიური ხარისხი მოიპოვა. ჯეკსონის მიერ უძველეს ხელნაწერთა წარმატებით გამოკვლევის გამო, ინდოეთში მცხოვრებმა ფარსებმა კოლუმბიის უნივერსიტეტს ზოროასტრიზმის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ხელნაწერი გადასცეს. ხელნაწერებზე ჩატარებული ნაყოფიერი კვლევების შედეგად ერთი წლის შემდეგ ჯეკსონს ხელნაწერთა დოქტორის ხარისხი მიენიჭა, ხოლო 1886 წელს მომავალი მოგზაური ფილოსოფიის დოქტორი გახდა. თუმცა, სამეცნიერო ხარისხების ჩამონათვალი ამით არ დასრულებულა. ჯეკსონმა მუშაობა გააგრძელა იურისპრუდენციაში. ამ სფეროში მისი კვლევითი საქმიანობა 1904 წელს წარმატებით დასრულდა. მას კოლუმბიის უნივერსიტეტში სამართლის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
1887 წელს ჯეკსონმა ერთი წლით კოლუმბიის უნივერსიტეტში ანგლო-საქსური და ინდო-ირანული ენების ინსტრუქტორად დაიწყო მუშაობა. ჰარვარდის უნივერსიტეტის სანსკრიტული ენის სპეციალისტის – ჩარლზ როკველ ლენმანის პირადი წერილის შემდეგ, რომელიც მან კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს გაუგზავნა (იგი ჯეკსონის გერმანიაში სასწავლებლად გაგზავნას ითხოვდა), უილიამსი წელიწადნახევრით გერმანიაში, ქალაქ – ჰალეში გაემგზავრა, რათა უფრო ღრმად შეესწავლა ავესტური და სანსკრიტული ენები (კარლ ფრიდრიხ გელდნერის ხელმძღვანელობით), პრაკრიტული და სანსკრიტული ენები (რიჩარდ პიშელეს ხელმძღვანელობით) და ანგლო-საქსური (ედვარდ სივერსის ხელმძღვანელობით ). მან 1891–1892 წლებში ბერლინში გელდნერთან კვლავ გააგრძელა ანგლო-საქსურ ენებზე მუშაობა. სწორედ გელდნერი მიაჩნდა ჯეკსონს თავის მოძღვრად და მეგობრად. ჯეკსონი დიდ ყურადღებას უთმობდა და აფასებდა ირანულ ტრადიციებს, რაც კარგად ჩანს მის ნაწარმოებში „ზარატუსტრა“, ასევე მისი მოგზაურობის პერიოდში შექმნილ ორ ნაწარმოებში, „სპარსეთი, წარსული და აწმყო“ და „კონსტანტინოპოლიდან ომარ ხაიამის სახლამდე“.
1891 წელს ჯეკსონი კოლუმბიის უნივერსიტეტში ინგლისური ენის ასისტენტ-პროფესორად აირჩიეს. 1895 წელს ჯეკსონი პროფესორი გახდა და ინდო-ირანული ენების და ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. მის სამეცნიერო საქმიანობაში ინგლისური ლიტერატურა საბოლოოდ აღმოსავლურ მეცნიერებათა კვლევამ გადაწონა. ჯეკსონი ამერიკის აღმოსავლური საზოგადოების დირექტორი გახდა და დიდი წვლილი შეიტანა ამ საზოგადოების ჟურნალის დაარსებაში. აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობის გარდა ჯეკსონი დიდ დროს უთმობდა სამეცნიერო მოღვაწეობასაც. მან ძველი სპარსული რელიგიის შესწავლას არაერთი ნაშრომი მიუძღვნა, მათ შორის: Zoroaster, the
Prophet of An-cient Iran, New York, 1898; Die iranische Religion, in Grundriss
II, pp. 612-708; The Religion of the Achaemenian Kings: The Religion According
to the Inscriptions, JAOS 21, 1900, pp. 160-84; The Ancient Persian Conception
of Salvation According to the Avesta, or Bible of Zoroaster, American Journal
of Theology, April-May 1913, pp. 195-205; Zoroastrian Studies: The Iranian
Religion and Various Monographs, New York, 1928, repr. New York, 1965; The
Religion of the Achaemenian Kings: The Religion According to the Inscriptions, JAOS
21, 1900, pp. 160-84; The Ancient Persian Conception of Salvation According to
the Avesta, or Bible of Zoroaster, American Journal of Theology, April-May
1913, pp. 195-205; The Location of Farnbāg Fire, the Most Ancient of the
Zoroastrian Fires, JAOS 41, 1921, pp. 81-106. მის კალამს ეკუთვნის ასევე „ავესტური გრამატიკა“ (An Avesta Grammar
in Comparison with Sanskrit, Part I: Phonology, Inflection, Word-Formation,
Stuttgart, 1892); „ავესტური საკითხავი,“ (Avesta Reader: First Series,
Stuttgart, 1893); „ზარატუსტრა, ანტიკური ირანის წინასწარმეტყველი“ (1899).
ევროპაში ხშირი სამეცნიერო ვიზიტების გარდა ჯეკსონს თავიდანვე იტაცებდა მოგზაურობა. სწორედ მეცნიერულმა ცნობისმოყვარეობამ და თავგადასავლებისადმი ლტოლვამ არაერთხელ ჩაიყვანა ის სპარსეთსა და ინდოეთში. ყველაზე რთული გამოდგა მისი 1903 წლის მოგზაურობა სპარსეთსა და ცენტრალურ აზიაში, რამაც ასახვა ჰპოვა მის ნაწარმოებში „სპარსეთი, წარსული და აწმყო “ (Persia Past and Present:
A Book of Travel and Research, New York, 1906). ამას მოჰყვა ორი მოგზაურობა 1907 და 1910 წლებში. ეს მოგზაურობები აღწერილ იქნა მის ნაწარმოებში „კონსტანტინოპოლიდან ომარ ხაიამის სახლამდე“ (From
Constantinople to the Home of Omar Khayyam: Travels in Transcaucasia and
Northern Persia for Historic and Literary Research, New York, 1911). 1931 წლის ზაფხულში ჯეკსონს განუკურნებელი სენი შეეყარა. 1935 წელს მკვლევარი აკადემიურ საქმიანობას ჩამოცილდა. ღვაწლმოსილ მეცნიერს კოლუმბიის უნივერსიტეტში ემერიტუსის წოდება მიენიჭა. იგი გარდაიცვალა 1937 წლის 8 აგვისტოს. მკვლევარს დასამთავრებელი დარჩა წიგნი „მანიქეველიზმი“. თუმცა, მან ამ თემაზე რამდენიმე ნაშრომი გამოაქვეყნა: The Second
Evocation: The Manichaean System of Cosmogony, JRAS, Centenary supplement,
1924, pp. 137-55; The Doctrine of Metamorphosis in Manichaeism,” JAOS 45, 1925,
pp. 246-68; Researches in Manichaeism, with Special Reference to the Turfan
Fragments, New York, 1932; თანამედროვენი ჯეკსონს ახასიათებდნენ, როგორც დახვეწილ ინტელიგენტს, მომთხოვნ მასწავლებელს, რომლის სამართლიან გადაწყვეტილებებს ყოველთვის დიდ პატივს სცემდნენ კოლუმბიის უნივერსიტეტში. მისი ყოფილი სტუდენტი და შემდგომში კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალის რედაქტორი (სტუდენტის სახელი და გვარი სამწუხაროდ მის ბიოგრაფიაში ვერ მოვიძიეთ. გ.ს.) იხსენებდა ეპიზოდს ჯეკსონის მიერ წაკითხული ლექციიდან: „მოლოდინი გვქონდა, რომ მოხუცი ფილოლოგი რაიმე საინტერესოს გვეტყოდა დარგთაშორის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს, ჩვენ გაოცება ვერ დავმალეთ, როდესაც სურათზე აღბეჭდილ ქარავანში ჩვენი პროფესორის სახე ამოვიცანით.“
როგორც აღვნიშნეთ, აბრაჰამ ვალენტინ უილიამს ჯეკსონის წიგნებში: „სპარსეთი წარსული და აწმყო“, აგრეთვე მის წიგნში „კონსტანტინოპოლიდან ომარ ხაიმის სახლამდე“ დაცულია საინტერესო ინფორმაცია საქართველოს შესახებ. (პირველ წიგნში ერთი თავი ეთმობა თბილისს - საქართველოს დედაქალაქს, ხოლო მეორე ნაშრომის ერთერთ თავში „შავი ზღვიდან კასპიის ზღვისკენ“ აღწერილია დასავლეთი საქართველო, კერძოდ, შავი ზღვის სანაპირო ქალაქი ბათუმი და მცირე ადგილი ეთმობა ქალაქ თბილისს).
ჯეკსონის წიგნი: „სპარსეთი წარსული და აწმყო“ 1906 წელს ნიუ-ორკში გამოიცა. როგორც შესავალში წერს, ავტორი ამ წიგნზე სამი წელი მუშაობდა. მას ირანში 1903 წელს უმოგზაურია, თუმცა, მანამდე ის სამეცნიერო მივლინებით ნამყოფი იყო ინდოეთსა და ცეილონში. მოგზაური წერს: „1903 წლის იანვრის ბოლო იყო, როდესაც კოლუმბიის უნივერსიტეტიდან ნახევარი წლით განთავისუფლების ნებართვა მივიღე, რათა კვლავ ვწვეოდი აღმოსავლეთს“.
ჯეკსონის დაინტერესების საგანს წარმოადგენდა უძველესი რელიგია – ზოროასტრიზმი და ასევე ირანში არსებული სიძველეები. როგორც მკვლევარი აღნიშნავს, წიგნში ერთად იყო თავმოყრილი მოგზაურობის შთაბეჭდილებები და მეცნიერული კვლევები. მისი ჩანაწერები გათვლილი იყო როგორც სტუდენტებზე, ისე ფართო მკითხველზე. ჯეკსონს უსარგებლია მის ხელთ არსებული სხვადასხვა წყაროებით, საიდანაც მდიდარ ინფორმაციას იღებდა არამარტო ირანის, არამედ მთელი აზიის შესახებ. იგი ასახელებს იმ წყაროებს, რომელთაც წიგნზე მუშაობის პროცესში იყენებდა. მათ შორის: ჰეროდოტეს, არაბ მწერლებს, კერ პორტერს.
ჯეკსონი წიგნის შესავალში მადლიერებით იხსენიებს კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს ნიკოლას მიურეი ბატლერს სამეცნიერო მივლინებაში გაწეული ხელშეწყობისათვის. წიგნზე მუშაობისას მას დახმარებას უწევდნენ ყოფილი სტუდენტები: პროფ. ლუის ჰ. გრეი, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში ინდო-ირანული ენების მიმართულებით მუშაობდა, ასევე ჯორჯ კრისტიან ოტო ჰაასი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი. წიგნის შესავალში ჩანს აბრაჰამ ვალენტინ უილიამს ჯეკსონის მოგზაურობის მარშრუტი. ამერიკელი მეცნიერი ნიუ-იორკიდან ბერლინში ჩავიდა, სადაც თავის მასწავლებელს პროფ. კარლ ფრიდრიხ გელდნერს შეხვდა. აქედან ჯეკსონი სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა. მისთვის დახმარება გაუწევია ყოფილ მოსწავლეს – მონტგომერ შუილერ უმცროსს. იგი ამერიკის საელჩოში მდივნად მუშაობდა. სანკტ-პეტერბურგიდან ჯეკსონი მოსკოვში ჩავიდა, სადაც გარკვეული პერიოდი დაჰყო. აღსანიშნავია, რომ ჯეკსონს ვაშინგტონიდან ოფიციალური რეკომენდაცია ჰქონდა, რის გამოც მას ყველგან დიდი პატივით იღებდნენ. მოგზაური მოსკოვიდან მატარებლით ვლადიკავკაზში ჩავიდა. ჯეკსონი საინტერესოდ აღწერს კავკასიონს: „პირველად მოვკარი თვალი კავკასიის გიგანტურ ბარიერს, რომელიც ღრუბლიანი ცისკენ აღმართულიყო და შუბლშეკრული გადმოჰყურებდა ქვემოთ გაშლილ თეთრ სივრცეს. კლდეებზე ზოგგან თოვლი აღარ იდო და ალაგ-ალაგ მყოფი ღრმა ხეობები, ტიტანის დაჭრილ, პირქუშ სახეზე დარჩენილ ღრმა ნაჭრილობებს მოგაგონებდათ. დღე მიიწურა და ზემოთ აღნიშნული სცენა საღამოს შთამბეჭდავ დიდებულებაში გარდაისახა. პრომეთეს უძველესი მითი გაცოცხლდა ჩემს წარმოდგენაში. შორს, სივრცეში დაიხატა სვავებით დაფარული მწვერვალი, სადაც ბორკილდადებული ნახევრად ღმერთკაცი იყო მიჯაჭვული, რომელსაც ღმერთისთვის ცეცხლი მოეპარა კაცთა მოდგმის საკეთილდღეოდ“. ამერიკელ მოგზაურს განსაკუთრებით ხიბლავდა კავკასია. იგი ფლობდა ინფორმაციას უძველესი კოლხეთის შესახებ. მასში განსაკუთრებულ აღტყინებას იწვევდა ბერძნული მითი ოქროს საწმისზე. ის ერთგან წერს: „მთებიდან მომდინარე ნაკადულებმა და ალაგ-ალაგ თოვლისაგან თავისუფალ ადგილებში შეგროვილმა ცხვრის ფარამ გონებაში აღმიდგინა კოლხეთისა და ოქროს საწმისის ისტორია. მოგზაურობისას შევიტყვე, რომ ტრადიციის მიხედვით წარსულში მწყემსებს ჩვეულებად ჰქონდათ ახალგაკრეჭილი ცხვრის ტყავში ჩამალული ოქროს მარცვლების ძებნა, როდესაც იმ ნაკადულიდან ამოიღებდნენ მას, სადაც რეცხავდნენ. მთიდან წამოსული მდინარის ნაკადი ოქროს მარცვლებს სწირავდა მატყლის კულულებს. ლეგენდა ამ მდიდრული ჯილდოს შესახებ როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ არის დავიწყებული.“ ჯეკსონი ვლადიკავკაზიდან ბაქოში გაემგზავრა. ხოლო ბაქოდან კი თბილისში. თუ რატომ აირჩია ასეთი მარშრუტი ამას თვითონვე განმარტავს: „იმის ნაცვლად, რომ გზა კასპიის ზღვის გადაკვეთით გამეგრძელებინა და თეირანისაკენ წავსულიყავი, რატომღაც, უფრო რთული გზა ავირჩიე და გეზი ტიფლისისაკენ ავიღე. მინდოდა შევსულიყავი სპარსეთში აზერბაიჯანის გავლით. ეს არის მხარე, რომელმაც როგორც მე ვიცი ზოროასტრიზმს შთაბერა სული“. მატარებლით ბაქოდან თბილისამდე მანძილის გავლას ჯეკსონმა 14 საათი მოანდომა და შეღამებისას ჩავიდა. გზად გაიარა ელიზავეტპოლი, იგივე განჯა. ეს სახელი განჯას რუსეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ უწოდა, რაც რუსეთის იმპერიამ კავკასიაში მტკიცედ მოიკიდა ფეხი. „მატარებლით 14 საათია საჭირო ბაქოდან ტიფლისში ჩასასვლელად. მარშრუტის დიდი ნაწილი კვეთს კავკასიის სამხრეთ ნაწილს, რომლის გასწვრივაც ჩვენ ერთი დღის წინ ვიმგზავრეთ. სურათი ისეთი საუცხოო არ არის, მაგრამ ბარი გამოირჩევა ბუნების სილამაზით. სამხრეთ ნაწილში არსებული ქედი პარალელს ავლებს მის მონათესავე ჯაჭვთან ჩრდილოეთით. კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე ის ძალიან დიდი ჩანს სარკინიგზო ზოლთან სიახლოვის გამო. ნახირი, იგივენაირი იყო როგორიც ჩვენ წინა დღეს ვნახეთ, მაგრამ ყოველ ნაბიჯში შემხვედრი აქლემების ჯოგი გვამცნობდა, რომ აღმოსავლეთს მივუახლოვდით“.
ჯეკსონის წიგნში „სპარსეთი წარსული და აწმყო“ ცალკე თავი ეთმობა თბილისს. ამერიკელი მოგზაური საქართველოს დედაქალაქში რამდენიმე დღე დარჩა და თბილისის შესახებ ძვირფასი ცნობები დაგვიტოვა. იგი აღწერს ქალაქის იერსახეს, მოგვითხრობს მისი დაარსების შესახებ (რაც, სავარაუდოდ, მისი ქართველი გიდის – როსტომის ნაამბობი უნდა იყოს), ჯეკსონი აღწერს ასევე თბილისში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების ხალხს. დიდ ადგილს უთმობს საქართველოს დედაქალაქში მცხოვრებ იეზიდებს. მას დაწვრილებით აქვს აღწერილი თბილისის განლაგება. მოგზაური აქ არსებულ არაერთი ღირსშესანიშნაობის შესახებ გვესაუბრება. იგი განსაკუთრებით მოხიბლულა კავკასიის მუზეუმის ხილვით. ჯეკსონმა კავკასიაში მეორედ 1911 წელს იმოგზაურა. აღნიშნული მოგზაურობის ამსახველი შთაბეჭდილებები შესულია მკვლევრის მეორე წიგნში: „კონსტანტინოპოლიდან ომარ ხაიამის სახლამდე,“ რომელიც ნიუ-ორკში 1911 წელს გამოიცა (Abraham Valentine Williams Jackson, From Constantinople to the Home of Omar Khayyam: Travels in Transcaucasia and Northern Persia for Historic and Literary Research, New York, 1911). როგორც თვითონ აღნიშნავს, აღნიშნულ წიგნში აღწერილია მარშრუტი – კონსტანტინოპოლიდან შავი ზღვისა და კასპიის ზღვის სანაპიროების გასწვრივ, ჩრდილო ირანის გადაკვეთით რუსეთის აზიაში.
ჯეკსონის აღმოსავლეთში მოგზაურობის ხარჯები კოლუმბიის უნივერსიტეტს დაუფინანსებია. ამის გამო უნივერსიტეტის პრეზიდენტს ნიკოლას მურეი ბატლერს იგი განსაკუთრებული მადლიერებით იხსენიებს. აღმოსავლეთში მოგზაურობის დროს მკვლევარს სხვადასხვა სახის (მათ შორის აღჭურვილობით) დახმარებას უწევდნენ: ვაშინგტონის, თეირანის, სანკტ-პეტერბურგის მაღალი წრის წარმომადგენლები. ნიუ-იორკიდან ჯეკსონი ევროპაში ჩამოვიდა და ერთი დღე პარიზში გაჩერდა. პარიზიდან ჯეკსონი კონსტანტინოპოლში ჩავიდა, სადაც რამდენიმე დღე დარჩა. დაწვრილებით აღწერა ძველი ბიზანტიის დედაქალაქი, აქედან კი რუსული გემით ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში გაემგზავრა. ჯეკსონმა მოინახულა იალტა, ფეოდოსია. შემდეგ კი გაგრაში გაემგზავრა. აღსანიშნავია, რომ იგი გაგრას რუსების საყვარელ კურორტად იხსენიებს.
გაგრას როგორც საკურორტო ადგილს რუსეთის ხელისუფლებამ XIX ბოლოს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია. ამ დროისათვის საქართველოში ნამყოფი ფრანგი მოგზაური ბარონი დე ბაი აღნიშნავს, რომ გაგრის, როგორც კურორტად ჩამოყალიბების საქმეში დიდი წვლილი შეიტანა გრაფმა ალექსანდრე ოლდენბურსკიმ. დე ბაი წერდა: „გაგრა გახდება მოდური კურორტი, სადაც მხოლოდ ფუფუნება დაისადგურებს“, ბარონი დე ბაი საქართველოში, ფრანგულიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო ლეილა მაღრაძემ, თბ., 2011.
აქედან ამერიკელი მოგზაური ბათუმში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე დღე დარჩა. ბათუმიდან ჯეკსონი მატარებლით თბილისში ჩავიდა, სადაც მხოლოდ ერთი დღე გაჩერდა, აქედან კი ასევე მატარებლით ბაქოს გაემგზავრა. ამერიკელი მოგზაურის აღნიშნულ თხზულებაში საქართველოს არც თუ დიდი ადგილი აქვს დათმობილი, თუმცა მისი ცნობები ძალზე საინტერესო ინფორმაციას შეიცავს საქართველოს შავი ზღვისპირა ტერიტორიის, ასევე საქართველოს დედაქალაქის შესახებ. როგორც აღვნიშნეთ, მოგზაური ახსენებს გაგრას, როგორც რუსების საყვარელ კურორტს. მოხსენიებული აქვს ფოთი, რომლის ისტორიის შესახებ მეცნიერს საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია ჰქონია. როგორც იგი აღნიშნავს, ფოთი სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა მთელს აღმოსავლეთში, სანამ ის ბათუმმა არ ჩაანაცვლა.
ჯეკსონს, როგორც ჩანს, არაერთი წყარო ჰქონდა წაკითხული კავკასიის ისტორიული საქარავნო გზის შესახებ, რადგან ამ საკითხზე ის დაწვრილებით საუბრობს და ბევრ მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას. მის თხზულებაში საკმაოდ ვრცლად არის აღწერილი ქალაქი ბათუმი, რომლის განვითარება და მნიშვნელოვან საპორტო ქალაქად ქცევა მოგზაურის აზრით რუსეთის ინტერესებში შედიოდა. ის მოკლედ მიმოიხილავს ქალაქის ისტორიას. ხაზს უსვამს 1878 წლის ბერლინის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ბათუმი რუსეთის ხელში გადავიდა. მისი აზრით, სწორედ აქედან დაიწყო ქალაქის განვითარება. ის აღწერს ქალაქის გარეგნულ სახეს, მოსახლეობას. ჯეკსონის ცნობით, ბათუმის მოსახლეობას შეადგენდნენ: რუსები, სომხები, ბერძნები, რომლებიც მის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობდნენ, ხოლო მოსახლეობის მუსლიმანური ნაწილი თურქები, თათრები და ირანელები - დასავლეთ ნაწილში. მისი თქმით, განსხვავებული ეთნოსების და სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების ცხოვრება ქალაქში მუდმივ არეულობას იწვევდა.
ერთ-ერთი არეულობის დროს, 1909 წელს, აქ ამერიკელი კონსული დაღუპულა. ჯეკსონის ცნობით, ბათუმს ძალზე დიდ ფუნქციას სძენდა ნავთობსადენი, რომლითაც საპორტო ქალაქი ბაქოდან ექვსასმილიანი სადენით ნავთობს იღებდა. ბათუმში მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდებების პერსპექტივა არსებობდა. ქალაქის შემოგარენზე საუბრისას ის აღწერს ბათუმიდან ნახევარი საათის სავალზე არსებულ თამარ მეფის სასახლეს, რომელიც მას ფრაგმენტების სახით უნახავს. ქვეყნის აღწერისას, ასევე სხვადასხვა ხალხთა წარმომავლობაზე საუბრისას იყენებდა: ანტიკურ წყაროებს, თანამედროვე ავტორთა ნაშრომებს, ასევე მისი წინამორბედი მოგზაურების ჩანაწერებს. მოგზაურობის დროს იგი ფოტომასალასაც იღებდა. ძალზე საინტერესოა, რომ ბათუმში ყოფნისას მან რამდენიმე ფოტო გადაიღო, რომელიც დასახელებულ წიგნშია შეტანილი. ეს ფოტოები ჩვენს წინაშე აცოცხლებს XX საუკუნის 10–იანი წლების საქართველოს ერთ-ერთ მსხვილ საპორტო ქალაქს. როგორც აღვნიშნეთ, ბათუმიდან ჯეკსონი თბილისში მატარებლით ჩავიდა და საქართველოს დედაქალაქში ერთი დღე დარჩა. ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა რკინიგზის გაყვანას. როგორც მოგზაური წერდა: „მოგზაურობა, რომელიც ანტიკურ პერიოდში ორ კვირას საჭიროებდა, ახლა მარტივად, 24 საათზე ნაკლებ დროში, სარკინიგზო გზის საშუალებით იფარება, რომელიც შავ და კასპიის ზღვებს აერთებს“. თბილისში ყოფნისას მას დაუთვალიერებია ბაზარი, ფუნიკულიორი, საბაგირო გზით მოუნახულებია მამა დავითის მთა. ჯეკსონი ყოფილა ასევე კავკასიის მუზეუმშიც. ვფიქრობთ, აბრაჰამ ვალენტინ უილიმს ჯეკსონის ცნობები არაერთი საინტერესო დეტალით გაამდიდრებს XX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ისტორიის შესახებ არსებულ ჩვენი ცოდნის თვალსაწიერს.
სპარსეთი წარსული და აწმყო
თავი I
თბილისი, ტრანსკავკასიის დედაქალაქი
თბილისი არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაერთებელი. ეს იმ ქალაქთაგანია, სადაც დასავლური ცივილიზაცია შეერწყა აღმოსავლურ ტრადიციებს, მაგრამ ამისი ნიშნები არასოდეს გაქრება. იქ იმდენ ენაზე საუბრობენ, რამდენზეც მოციქულებმა სულთმოფენობის დღესასწაულზე დაიწყეს საუბარი და იმდენი ენის ტიპი არსებობს, რამდენიც ძველსა თუ თანამედროვე ცხოვრებას შეუძლია დაიტიოს. ქალაქის სავსე ქუჩებში, ცხვრის ტყავში შემოსილ კავკასიის მკვიდრს ურთიერთობა აქვს სომეხთან, ქართველთან, ირანელთან, ქურთთან, თურქთან და მონღოლთან, ან მაუდში გამოწყობილი ევროპულად ჩაცმულთან ერთად დასეირნობს. მუდმივად გადაადგილებადი ჯგუფები და ცვალებადი ფერები ეჯიბრებიან ერთმანეთს მრავალფეროვნებაში. ადგილობრივი უბნების ვიწრო ქუჩები, ბაზრების ლაბირინთები და ჯიხურებს შორის არსებული ხალხით სავსე ადგილები აღმოსავლურია, მაგრამ ქალაქის ევროპული ნაწილები, ფართო ქუჩებით, გრძელი გამზირებითა და დიდი მოედნებით, დასავლურია და მეტყველებს რუსულ წინსვლაზე.
რადგანაც იგი ტრანსკასპიის დედაქალაქია, თბილისში განთავსებულია სამოქალაქო და სამხედრო ორგანოების შტაბი. იგი წარმოადგენს მთავრობის ადგილსამყოფელს. მისი კომერციული თვალსაზრისით ზრდა შესამჩნევი იყო უკანასკნელ წლებში; ქალაქის გული ძგერს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ორმაგი პულსით და მასზედ ლტოლვა ას სამოცი ათასი მაცხოვრებლის მხრიდან სულაც არ არის გადაჭარბებული.
ისტორიულად თბილისი ყოველთვის გახლდათ ინტერესის საგანი, რადგანაც იგი ძველი საქართველოს დედაქალაქი იყო. ცნობილია, რომ მას ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში პოპულარობა მოუტანა ქართველმა მეფემ ვახტანგ გორგასალმა8, რომელსაც მოეწონა ეს ადგილი გოგირდის აბანოების სამკურნალო თვისებების გამო. ამ ცხელი წყაროების მნიშვნელობის შესახებ გვიამბობს მეათე საუკუნის არაბი მოგზაური იბნ ჰაუკალი9, რომელიც აღნიშნავს: „წყალი ცხელია ცეცხლის გარეშე“ და იქვე დასძენს: „თბილისი არის სასიამოვნო ადგილი და გააჩნია ბევრი საკვები; მას აქვს ორი თიხის კედელი, მოჰყავთ ბევრი ხილი. აქვე განვითარებულია სოფლის მეურნეობა“. მეთოთხმეტე საუკუნის მეორე ნახევარში, იგი, ისევე როგორც აზიის სხვა ბევრი ქვეყანა, განადგურებული იქნა თემურ ლენგის10 მიერ. თბილისის მეტროპოლისად განვითარებას მუდმივად თან სდევდა თურქების ხშირი თავდასხმები, ამას თან ერთვოდა ირანელების ბატონობა 180111 წლამდე, ხოლო ამის შემდეგ თბილისი ხელში ჩაიგდეს რუსებმა და ქალაქი დარჩა რუსეთის მთავრობის ბატონობის ქვეშ, სადაც კავკასიის შერეული მოსახლეობის ურჩი ხასიათის გამო აქ დროდადრო არეულობები და აჯანყებები12 ხდებოდა.
ქალაქი ნაწილობრივ მდებარეობს მთაზე. უძველესი ციხესიმაგრე, ასევე ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთისკენ არსებული შემაღლებული ადგილები, ქალაქს ტერასულ13 ეფექტს სძენს. მის ცენტრში ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მოედინება მდინარე მტკვარი14, რომელიც ქალაქს ორ ნაწილად ყოფს. მდინარეს ძველად კიროსად მოიხსენიებდნენ. სწრაფი დინების ორივე მხარეს, რომელიც ქალაქის სამხრეთ ნაწილს ქმნის, არის თბილისის უძველესი უბნები, ქართული ნაწილი (ავლაბარი15) აღმოსავლეთ, ანუ მარცხენა სანაპიროზეა, ბაზრები კი - დასავლეთით, ანუ მარჯვენა სანაპიროზე, ხოლო ჩრდილოეთით რუსული ნაწილი მდებარეობს შესანიშნავი შენობებით, ფართო გამზირებით და გრანდიოზული ალექსანდრეს ბაღით16. იგი ესაზღვრება ბაზრებს, მდინარის იმავე მხარესაა და ქალაქის ცენტრს წარმოადგენს. ამ ადგილას, ერთ-ერთი ხიდის გადაკვეთისას, ჩვენ შევდივართ გერმანულ უბანში17, რომელიც გადაჭიმულია ქართული კვარტლის ჩრდილოეთიდან და მისი სახელი მომდინარეობს ვიურტემბერგელი ემიგრანტებისგან18, რომლებმაც გასული საუკუნის დასაწყისში რელიგიურ შეხედულებათა გამო დატოვეს თავიანთი სამშობლო და თბილისი ახალ საცხოვრებლად გაიხადეს.
რუსულ უბანში არის მდიდრული შენობები, რომელიც განკუთვნილია ადმინისტრაციისთვის, ფოსტისთვის და ბანკისთვის, აგრეთვე ეკლესიებისთვის, თეატრებისთვის, კლუბებისთვის, მაღაზიებისთვის, სასტუმროებისთვის, კერძო საცხოვრებლებისა, თუ ოფიციალური ადგილებისთვის, ასევე ბაღებისა და პარკებისთვის. ყველა მათგანი გადმოსცემს დასავლურ იდეებს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შენობათაგანია კავკასიის მუზეუმი19 საილუსტრაციო მასალის მდიდრული კოლექციით, რომელიც დაკავშირებულია კასპიისა და შავი ზღვის რეგიონებთან. აქ სტუდენტი იპოვის დოქტორ გუსტავ რადეს20 მიერ რუდუნებით და ყურადღებით დაგროვილი ანტიკვარული ქონების საწყობს, რომელსაც მან თავისი ცხოვრების წლები მიუძღვნა. როდესაც თბილისში ჩამოვედი, მე გავიგე, რომ ეს ენთუზიასტი და ერუდირებული კოლექციონერი სერიოზულად იყო ავად, რაც მისი უკანასკნელი ავადმყოფობა აღმოჩნდა. უსუსური მდგომარეობის მიუხედავად, იგი დაჟინებით მოითხოვდა ჩემს მისვლას და გამომიგზავნა გიდი, რომელიც გამიძღვებოდა მუზეუმში. იგი ძალზე მეგობრულად მომესალმა და ბოლოს ისე თბილად დამემშვიდობა, რომ ყოველთვის მემახსოვრება.
მუზეუმი უნდა დაათვალიერო გულდასმით. იგი შეუდარებელია, როგორც განსაკუთრებული კოლექცია, რომელიც წარმოაჩენს ბუნების ისტორიას, ფლორასა და ფაუნას, კავკასიის ეთნოლოგიასა და არქეოლოგიას − რეგიონისა, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა როგორც ხიდი აზიასა და ევროპას შორის. კასპიის ზღვის ბინადართა და ცხოველთა ექსპონატებიდან ორმა ნიმუშმა ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, რადგანაც ისინი ნახსენებია ავესტაში, ანუ ზოროასტრიულ ბიბლიაში. ერთ-ერთი მათგანი გიგანტური ზუთხის საუკეთესო ნიმუში იყო, რომელიც ცნობილია როგორც accipenser huso, თხუთმეტი ფუტის21, თუ მეტი სიგრძის თევზი, რომელიც ჩემის აზრით, მოხსენიებულია ავესტაში, როგორც kara masya ანუ მატსია. მეორე იყო ველური ტახების კოლტი, რომელიც ტაქსიდერმისტმა22 შესანიშნავად გააკეთა და ასახავს varāza-ს, ანუ ზოროასტრიულ ტექსტებში აღწერილი გარეული ტახის მთელ სისასტიკესა და აგრესიულობას. ჩვენთვის, დასავლეთელებისთვის, თბილისის მთავარი ხიბლი მდგომარეობს არა მის ევროპულ მახასიათებლებში, არამედ მის აღმოსავლურ იერსა და ნანგრევებში, რომელიც გვიჩვენებს უძველეს ცივილიზაციას. შუასაუკუნეების აღმოსავლური სული ჩანს ციხე-სიმაგრეში, რომელიც ქალაქს გვირგვინად ადგას და მასზე ძველისძველი გალავნებით მბრძანებლობს.
უფრო ძველია კოშკის ნანგრევები და მორღვეული წყალსადგომი, რომელიც თბილისის სამხრეთით ბოტანიკურ ბაღს23 გადაჰყურებს. ხიდები, რომელიც მტკვარს (კიროსი) კვეთენ და ქალაქის ორ მხარეს აერთიანებენ, ნაწილობრივ ძველია და ნაწილობრივ ახალი. ყველაზე საინტერესო, თავისი ხალხმრავლობით ცნობილი თათრების მეიდნის24 ხიდია, რომელიც ადგილობრივი ბაზრების ერთ-ერთ რაიონს უკავშირდება. ეს ბაზრები არ არის ირანული ბაზრებივით აღმოსავლური, მაგრამ მათი ხალხმრავალი ჯიხურები, გამოფენილი საქონლის მრავალფეროვნება, ასევე დაღესტნური ხალიჩებისა და კავკასიური იარაღის შემოთავაზება მიმზიდველ ადგილს ხდის მათთვის, ვისაც აღმოსავლეთში ჯერ არ უმოგზაურია.
იეზიდები ანუ ეშმაკის თაყვანისმცემლები
თბილისში25 სამ-ოთხდღიანი ვიზიტის განმავლობაში, მე შევაგროვე დამატებითი ინფორმაცია იეზიდების, 26 ანუ ეშმაკის თაყვანისმცემლების შესახებ, რომლებმაც ყურადღება მიიქციეს ზოროასტრიზმის27 – უძველესი სპარსული რელიგიის შესახებ ჩემს მიერ უწინ გაკეთებულ კვლევების პერიოდში. ჩემი ინფორმატორები იყვნენ შვედი მისიონერი, მისი უწმინდესობა ე. ჯონ ლარსონი28 და მისი მეუღლე, რომლებმაც ბევრი სამუშაო ჩაატარეს თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ იეზიდებთან, გაეცნენ მათ ტრადიციებს, ადათწესებსა და რწმენას.
იეზიდებს ძირითადად შეხვდებით კავკასიაში, სომხეთსა და ქურთისტანში29, თუმცა ისინი გაცილებით დიდ ტერიტორიაზე არიან გაფანტულნი, ხოლო მათ ძირითად სამყოფელს წარმოადგენს მესოპოტამიაში არსებული მოსულის30 პროვინცია. ისინი მთელი ისტორიის მანძილზე იდევნებოდნენ, ამიტომ მათი რიცხოვნობა დიდი არ არის; კავკასიის რეგიონში თორმეტი ათასი იეზიდია, ხოლო რამდენიმე ათასი იეზიდი ცხოვრობს თბილისის შემოგარენში. ისინი არ უწოდებენ თავისთავს იეზიდებს, არამედ იყენებენ საკუთარ საგვარეულო სახელებს, ან სურვილისამებრ იწოდებიან როგორც დასნი. ეს ტერმინი მომდინარეობს მოსულის მახლობლად არსებული იეზიდების საგვარეულოდან. ამ საგვარეულოს საცხოვრებელი ძველი ნინევიის 31 ახლოსაა და მათი რელიგიის ერთ-ერთ სამშობლოდ ითვლება. იეზიდის სახელს სხვადასხვა ახსნა მოეძებნა; ერთ-ერთი მათგანი უკავშირდება იაზდანს32, სპარსულ ენაში ღმერთის აღმნიშვნელ სიტყვას, რადგანაც იეზიდებს სწამთ ღმერთი, თუმცა ჩვეულებისამებრ ისინი მასზე არ საუბრობენ. მეორე ვარიანტი იყო მისი დაკავშირება ქალაქთან იეზდი (იაზდი) 33. მესამე - სახელი მოდის იეზიდისგან, საძულველ მუსულმან ხალიფასაგან, რომელმაც მუჰამედის34 შვილიშვილი ჰუსეინი35 მოკლა, ის ჰუსეინი, რომელიც იეზიდების იგავებში მათი რწმენის დამცველად იყო მიჩნეული. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს იეზიდების სახელის წარმოშობის რამდენიმე ვარიანტი, ჩემი შეფასებით არც ერთი ვარიანტი არ შეიძლება მივიჩნიოთ დამაჯერებლად. იეზიდების სარწმუნოების თანახმად, ქვეყნიერების შემქმნელმა ღმერთმა, საკუთარი არსებისგან თავდაპირველად ექვსი ღვთაება შექმნა: მზე, მთვარე, ვარსკვლავები და მათთან ერთად ანგელოზები. ღმერთის ქმნილება ეშმაკი აუჯანყდა თავის ბატონს, რის გამოც ჯოჯოხეთში მოხვდა. შემდგომ მან მოინანია თავისი ცოდვა. იგი შვიდი ათასი წელი სინანულის ცრემლებს ღვრიდა. მან ცრემლით შვიდი წყლის ჭურჭელი აავსო, რომლებიც განკითხვის დღეს შვიდი ჯოჯოხეთის ცეცხლის ჩასაქრობად გამოიყენებოდა. მოწყალე ღმერთმა აპატია მოღალატეს, აღადგინა იგი და ზეციური წოდება დაუბრუნა. გაათანაბრა საკუთარ თავთან, ხოლო ანგელოზებს აუკრძალა სიძულვილით შეეხედათ დაბრუნებული ძმისთვის. რაკი უფალმა აპატია სატანას, ადამიანმა ზიზღით არ უნდა შეხედოს ბოროტებას. ამიტომაც არის, რომ იეზიდები არასდროს არ იყენებენ სიტყვას - სატანა. თავს არიდებენ იმ ბგერასაც კი, რითიც იწყება ეს სიტყვა. ხოლო თუ სხვისგან გაიგებენ ამ სიტყვას შიშისგან კანკალებენ. ისინი პატივს სცემენ მის უდიდებულესობას „მეფე ფარშევანგს“. მათი რელიგიის სიმბოლოა ფარშევანგი, რომელიც ხელოვნებაში მამლის სახით არის წარმოდგენილი. Malik Taus-ი (მეფე ფარშევანგი) მომხიბვლელი ჭაბუკის სხეულით და ფარშევანგის კუდით ეცხადება შეიხ აადს, მას ვინც სარწმუნოებაზე ქადაგებს. ზოგჯერ მიფიქრია, რომ ასეთი თაყვანისცემა ბოროტული ძალისადმი თავისი ხასიათით ანალოგიურია გამოსასყიდ მსხვერპლშეწირვასთან, რომელსაც ჰეროდოტეს და სხვა ავტორების მიხედვით ძველ დროში ქსერქსეს36 მეუღლე - ამესტრისი37 მიწის ქვეშ მყოფი ღვთაებისადმი ახორციელებდა. შესაძლებელია აგრეთვე, რომ ეშმაკის თაყვანისცემლები, რომლებიც დაწყევლილები იყვნენ ავესტაში38 (ზოროასტრელთა წმიდა ტექსტების კრებულში), შეიძლება თავს ირთობდნენ სიბნელის სამეფოს თაყვანისცემაზე ფიქრით. იეზიდების უცნაური რწმენის, ეშმაკის თაყვანისცემის გადმონაშთები, რასაც ზოროასტრი ასე მკაცრად გმობდა, უკავშირდება მაზანდარანის39 პროვინციას.
ნათელია, რომ იეზიდურ სარწმუნოებას გააჩნია ირანული ნიშან-თვისებები, როგორიც არის დუალისტური თვისებები, სტიქიების: ცეცხლის, წყლის, მიწის თაყვანისცემა და პირველი ადამიანის რწმენა, რომელიც ადამამდე ცხოვრობდა და ცოდვა არ ჩაუდენია. ეს უკანასკნელი გვაგონებს ავესტაში (ზოროასტრიელების წმინდა ტექსტების კრებული) არსებულ გაია მარეტანს40, რომელიც ცხოვრობდა ირანელ ადამ41 და ევამდე42, ანუ მაშია და მაშიოიამდე (პირველი ხალხი ირანულ მითოლოგიაში). იეზიდები არასდროს არ აფურთხებენ მიწას - ეს ჩვევა ისეთივე ძველია, როგორც სამყარო. ისინი მიწაზე არც მდუღარე წყალს ასხამენ, რათა პატარა ეშმაკებს სახე არ დაუწვან. მე ხშირად მეუბნეოდნენ, თუ იეზიდის ირგვლივ წრეს შემოხაზავ, ის არც ეცდება წრიდან გამოსვლას, საათების განმავლობაში წრეში იდგება, რაც გვაგონებს მისტიურ წრეს, რომელიც ვენდიდადის43 მიხედვით (წმინდა ტექსტების კრებული) იხაზებოდა ეგზორციზმის44 რიტუალის დროს.
იეზიდური რელიგია გვიჩვენებს შორეულ კავშირს ძველი ასურელების45 და ბაბილონელების46 მიერ მზის, მთვარის და ვარსკვლავების თაყვანისცემასთან, რადგან მათ რელიგიაში შემორჩა მზის ღმერთი შამაში47 შეიხ შემსის სახით და მთვარის ღმერთი შეიხ სინი48, თვით ღმერთის სახით. იეზიდურ დოქტრინაზე გავლენა იქონია მანიქეველიზმმა49, მისმა სწავლებამ სიწმინდეზე, ნესტორიანულ50 ქრისტიანობამ და განსაკუთრებით მუჰამედის მოძღვრებამ. იეზიდელებს კავშირი აქვთ თითოეულ ჩამოთვლილ რელიგიასთან. ისინი აღიარებენ მუჰამედს, როგორც თანაბარი წოდების მქონე მქადაგებელს აბრაჰამთან51 და პატრიარქებთან. მათ სწამთ, რომ ქრისტე იყო ადამიანის სხეულის მქონე ანგელოზი. ერთი უცნაური რამ, რაც მოვისმინე ის არის, რომ იეზიდები ყოველ წელს ერთ ცხვარს სწირავენ ქრისტეს და ოცდაათს ეშმაკს. გააჩნიათ ნათლობის რიტუალი; წინადაცვეთა ზოგადად არსებობს, მაგრამ საყოველთაო არ არის. საქორწილო ცერემონიალის დროს ნეფე-პატარძალი პურის ნაჭერს - იყოფენ. იეზიდები ნებას რთავენ მუსლიმანურ მოძღვარს ჩაატაროს ღვთისმსახურება როგორც ქორწილში, ისე დაკრძალვაზე. ისინი აღიარებენ სამღვდელოების სისტემას, რომელსაც სათავეში უდგას მღვდელმთავარი მღვდელმსახურებთან და აგრეთვე ღარიბ, ღვთისმოსავ ხალხთან ერთად. ამ ხალხში შედის მამაკაცთა და ქალთა ორდენი – ფაკირი52 და ფაკირიაჰი (fakir და fakiriah).
იეზიდები არ ატარებენ მსხვერპლშეწირვას. მათ არც ტაძარი გააჩნიათ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, თუმცა აქვთ სხვადასხვა რელიგიური რიტუალი. იცავენ მარხვას და აწყობენ არაერთ ღონისძიებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოდგომის დღესასწაული, რა დროსაც ხდება „მეფე ფარშევანგის“ გამოსახულების თაყვანისცემა. ეს არის ღონისძიება, რომელსაც თან ახლავს შემოწირულობები და ლოცვები. მათი ცრურწმენებს შორის ყველაზე უცნაურია სიძულვილი ცისფერი ფერისადმი. იეზიდებს არ ეკრძალებათ ყოველდღიურად ღვინის მირთმევა, რასაც ვერ ვიტყვით მუსულმანებზე, თუმცა იეზიდები თავს არ ინებივრებენ ღვინის მირთმევით. მათთან არც პოლიგამიაა53 აკრძალული, მაგრამ სიღარიბის გამო, ხალხი ამას ვერ ახორციელებს.
საიქიო ცხოვრების რწმენა, დაჯილდოების და დასჯის სისტემა მათი რწმენის ნაწილია. იმ ფაქტის დაგმობა, რომ საიქიოში ადამიანი აგრძელებს ცხოვრებას რომელიმე ცხოველის სახით, მათთვის მიუღებელია, რადგან მათ აღიარებული აქვთ სულების გადასახლების დოქტრინა. იეზიდებს აქვთ წმინდა წიგნი, სახელად ალ-იალვა. ისინი თაყვანს სცემენ წმინდა შეიხ აადს54, როგორც სარწმუნოების მქადაგებელს. იგი ჩვ.წ. აღ-მდე 1200 წ. ცხოვრობდა. რაც შეეხება იეზიდების სოციალურ სტატუსს, მათ თბილისსა და ერევანში55 დაბალი სოციალური კლასის წევრებად მოიხსენიებენ და მინდა ვთქვა, რომ ასევეა ყველა სხვა ტერიტორიაზეც. ისინი თბილისში დასაქმებულები იყვნენ მენაგვეებად და ძირითადად მძიმე სამუშაოებზე. ამის გამო, ისინი ყველაზე უფერული ტანისამოსით იყვნენ შემოსილნი. ისტორიები, რაც მათზე თქმულა, მაგონებს ინდოეთში არსებულ „დამგველთა კლასს“; მაგრამ თბილისში რუსული მუნიციპალური განკარგულებებით იეზიდების მოვალეობები სხვათა ხელში გადავიდა, რამაც განაპირობა მათი ძირითადი საქმიანობის შეცვლა ბოლო ერთი, თუ ორი წლის განმავლობაში. ზოგადად, ისინი მიეჩვივნენ ქალაქგარეთ ცხოვრებას და დღის განმავლობაში მხოლოდ სამუშაოსთვის ჩამოდიან ქალაქში. მეუღლეები კი დიასახლისები არიან და მიჰყვებიან სოფლის მეურნეობას, ძირითადად მიწათმოქმედებას. მოთხოვნა იეზიდების ოჯახებისა არის მწირი და როგორც ჩანს, ისინი კმაყოფილები არიან არსებული ცხოვრების სტილით. დამატებით უნდა ითქვას, რომ თბილისის გარშემო მცხოვრები იეზიდები, მიუხედავად მათი გაუბედურებული შესახედაობისა, მნიშვნელოვანი ფულადი სახსრების მფლობელები არიან. თბილისში ყოფნის ბოლო დღეები შემდგომი მოგზაურობისთვის სამზადისს დავუთმე, რადგან სპარსეთი ჯერ კიდევ დარჩენილი იყო სასტუმროებისა და რკინიგზის გარეშე. თეირანის გარდა სპარსეთში მოგზაურობისათვის შეიძლება ვთქვათ, რომ უმძიმესი პირობებია.
ქარავანისთვის ტვირთი უნდა იყოს მსუბუქი და რაც შეიძლება მჭიდრო, აუცილებელია სალაშქრო მსუბუქი საწოლი, რომელიც მოგზაურობისას საწოლის, მერხის და სასადილომაგიდის მაგივრობას გაგიწევთ. რაც შეეხება ტანსაცმელს, კარგად უნდა დავიმახსოვროთ, რომ ზამთარში ცივ მთებში ძლიერი სიცივეები იცის და ზაფხულში უდაბნოს სიცხეც ასევე ძალიან აუტანელია. ნებისმიერ შემთხვევაში შავი დაბურული სათვალეები შესანიშნავად გიცავს თოვლისგან, მზისგან თუ მტვრისგან. აუცილებელი სამზარეულოს მოწყობილობისა და სამგზავრო ნივთების გარდა, მე აგრეთვე თან წავიღე ტყავის ქამრების მარაგი, ბოქლომები, ორი კამერა, რამდენიმე წიგნი რუკის ჩათვლით, უბრალო საჩუქრები და სხვადასხვა ნივთი, რომელიც შეიძლება დამჭირდეს ხანგრძლივი მოგზაურობისას. გამოცდილებამ მიჩვენა, რომ ამ ნივთების ჩასალაგებლად ორი მძიმე ტყავის ჩემოდანი და სამგზავრო ჩანთა სრულებით საკმარისი იყო, შეიძლებოდა პატარა ტომარა კიდევ დამემატებინა. ქარავანთან ერთად მოგზაურობისას აუცილებელია თან იქონიო რამდენიმე პატარა, ვიდრე ერთი ან ორი დიდი ფუთა, რადგანაც ისინი ასე უფრო ადვილი გასანაწილებელია, რათა საპალნე ცხენმა წონასწორობა უკეთ დაიცვას. სასტუმროში დავიქირავე ქართველი გიდი, მოხუცი როსტომი56,
რომელიც საზღვრამდე გამიძღვა; მისი სახელი ძალიან მომეწონა, რადგან მან ისტორიული რუსტამი57, სპარსი გმირი გამახსენა. როგორც გიდი, ის კარგად ინფორმირებული იყო და ლინგვისტურადაც შესანიშნავად მომზადებული, რადგანაც ის არა ნაკლებ 6 ენაზე საუბრობდა. ჩვენი კომუნიკაციის ძირითადი ენა ფრანგული იყო. ბარგი, გასაშლელი ლოგინისა და ბალიშის ჩათვლით, მოხერხებულად იყო შეკრული, საბოლოო სამზადისი დასრულდა და რამდენიმე საათით ადრე მე უკვე მატარებელში ვიჯექი, საიდანაც 15 საათიანი მგზავრობა იწყებოდა ერევნისკენ, სადაც რკინიგზა არარატის მთის58 ჩრდილქვეშ სრულდება.
კონსტანტინოპოლიდან ომარ ხაიამის სახლამდე
თავი II
შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე
ჯერ კიდევ განთიადი იყო, როდესაც კარზე საშინელმა ბრახუნმა გამაღვიძა და მომესმა, „სერ, გაიღვიძეთ - პორტში რუსული გემი შემოვიდა და მზად არის ათ საათზე სევასტოპოლისა და ბათუმისაკენ გასასვლელად“. ეს დემეტრიოსის ხმა იყო, ჩვენი ბერძენი მეგზურისა კონსტანტინოპოლში, რომელიც გავაფრთხილეთ, რომ ეცნობებინა ყოველი ახალი ამბავი ნებისმიერი გემის, ტანკერის, ან რაიმე მისი მსგავსის შესახებ, რომელსაც შეეძლო შავი ზღვის გავლით ბათუმში გადავეყვანეთ, ვიდრე ბათუმის მიმართულებით მიმავალი ყოველკვირეული გემი მოვიდოდა. დროის დაზოგვის შესაძლებლობამ ძალიან გაგვახარა. ხოლო დემეტრიოსი, რომელსაც საშინლად სძულდა საქმის ადრე დაწყება, ან გვიანსაღამომდე მუშაობა, ჩვენს სწრაფ გამგზავრებას სიხარულით შეხვდა.
ერთგული კურიერის წყალობით ბარგის ჩალაგებასა და ამგვარ წვრილმან საქმეებში დრო არ დაგვიკარგავს, მან არ დააყოვნა ჩვენი ნივთების სასტუმროდან გემზე გადატანა და ყოველივე ამის წყალობით გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე უკვე „პუშკინის“ (გემის სახელწოდება) წინა გემბანში მოვთავსდით. შესანიშნავი დილა იყო, რუსული კალენდრის მიხედვით აღდგომის კვირა იდგა, ჩვენი აღდგომიდან (მოგზაური გულისხმობს კათოლიკური კალენდრით არსებულ აღდგომას) ორი კვირის მოგვიანებით.
კაპიტანი, ოფიცრები და ეკიპაჟი, ისევე როგორც მგზავრები დასვენებისა და იუმორის ხასიათზე იყვნენ. ყველა, ხიდიდან დაწყებული ბულვარამდე ერთმანეთს კოცნიდა და ბედნიერ აღდგომას უსურვებდა. ძრავების ხმა გაისმა და გემმა ბოსფორის59 გავლით ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ აიღო კურსი. შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ ხუთდღიანი მოგზაურობა გველოდა. სტამბოლი60, გალათა61, პერა62, შორეული სკუტარი63 აზიის მხარეზე ნელ-ნელა გაფერმკრთალდა და გაუჩინარდა. მათი ადგილი სწრაფად დაიკავეს აღმოსავლურდასავლური არქიტექტურის შესანიშნავმა ნიმუშებმა, რომელიც ბოსფორის სრუტის სანაპიროს ბოლომდე გასდევს. პირველად ჩვენს თვალწინ, საუკუნის წინათ სულთან აბდ ალ-მაჯიდის64 მიერ აგებული „დოლმა ბახჩე“-ს სასახლის65 თვალის მომჭრელი ბრწყინვალება გადაიშალა. მის უკან კი სარკისებურ ლურჯ ბოსფორში ჩირაგანის66 მარმარილოს ფასადი გამოჩნდა, რომლის აღმართვაც 1867 წელს სულთან აბდ ალაზიზის67 სახელს უკავშირდება (დაწვამდე 1911); თითქმის ნახევარ მილზე, ზღვის სანაპიროს გასწვრივ გადაშლილიყო ბრწყინვალე ხედი, სამეფო სასახლეებით, რაც უცხოთათვის მიუღწეველი იყო და საოცნებო, აკრძალულ მხარეს წარმოადგენდა.
ამ ორი მეფური სასახლის მიღმა, ბრწყინვალე მარმარილოს ფონზე მთის წვერზე მოჩანდა მათნაირად გასაოცარი არა, თუმცა უფრო სახელგანთქმული ილდიზ კიოსკი68, ახლახანს გადაყენებული სულთან აბდ ალ-ჰამიდ მეორის69 სამფლობელო. ამ სასახლის ბედი, რომელსაც დღესაც არ აკლია სახელი და დიდება, უფრო და უფრო გაფერმკრთალდა და შეიძლება ითქვას გაუფერულდა კიდეც ბოლო დროინდელი ცვლილებების, განსაკუთრებით 1908 წლის რევოლუციის70 გამო. ჩვენი გემი უკვე ღრმად იყო ბოსფორის ამ ცნობილ წყლებში შესული, რომელიც ხანდახან მხოლოდ ერთი, ან ორი მილის სიგანისაა, ხანდახან კი გაშინებს თავისი თვრამეტი მილის სიგანითა და აგრესიულობით. იგი ოლიმპოსავით71 ძველია.
გავრცელებული თქმულება მოგვითხრობს, თუ როგორ გადაკვეთა ხარის სახიანმა ზევსმა72 ეს წყლები, როდესაც იგი ულამაზეს, გაცოფებულ იოს73 მისდევდა. სწორედ ამ მითმა დაუდო დასაბამი ამ სიტყვის ეტიმოლოგიას, ბოსფორი როგორც ოქს-ფორდი. მაგრამ ახლა საკმარისია მითებსა და ლეგენდებზე საუბარი! ისტორიიდან ცნობილია, რომ არა მხოლოდ გოთების74 ვანდალურმა ტომებმა, არამედ ქრისტიანებმაც ილაშქრეს ამ ვიწრო სრუტეზე. ჰეროდოტე75 მოგვითხრობს, როგორ მოუძღოდა დარიოს დიდი76 სპარსელთა ურიცხვ არმიას ამ სრუტის გადასალახად. 513 წ. ქრ. შ-მდე გამართული ლაშქრობის მიზანი გემებისაგან გაკეთებულ ხიდის მეშვეობით საბერძნეთის დაპყრობამდე სკვითების77 დალაშქვრა იყო.
ჩვენ შეგვიძლია თვალნათლივ დავინახოთ ეს ადგილი, რომელიც რუმაილის78 ციხე-ქალაქის დასავლეთ ფერდობზე მდებარეობს. ეს არის თურქული ციხესიმაგრე, აშენებული 1452 წელს. ეს იყო ის ადგილი, სადაც თვით დიდებულმა დარიოსმა დაიდგა გვირგვინი, როდესაც ის აზიიდან ევროპისაკენ მომავალ თავის ურიცხვ არმიას ადევნებდა თვალს. სწორედ ამ დიდებული მოვლენების მომსწრე გამხდარა ეს საოცარი ადგილი! რაც უფრო წინ მიიწევდა ჩვენი გემი, კიდევ უფრო ნათლად ვხედავდით, თუ როგორ ვიწროვდებოდა, ხან კი ისევ ფართოვდებოდა სანაპირო ზოლი. ჩიტების ჭიკჭიკი და ძაღლების ყეფის ხმა ჩაგვესმოდა ამ ვიწრო სანაპიროს გასწვრივ. ერთ-ერთი კუნძული კვლავ დგას მარცხნივ, ევროპულ სანაპიროსთან ახლოს; მეორე კი მარჯვნივ, აზიატიკის სანაპიროს რომ ესაზღვრება, წყლისგან თითქმის ჩარეცხილია და ოდნავღა მოჩანს.1
იმ დღიდან მოყოლებული, როცა იაზონმა79 და არგონავტებმა80 ეს მხარე გაცურეს, „მოხეტიალე კლედეები“, როგორც მათ ჰომეროსი უწოდებს, სამუდამოდ მიეწებნენ ზღვას. ჩვენმა ორთქმავალმა-გემმა ანტიკური არგოს მსგავსად სწრაფად, ყოველგვარი სირთულის გარეშე ჩაუქროლა მათ.2 ამ განსაკუთრებულ დღეს ზღვას რომ გავყურებდი, უნებლიედ ოტელოს81 ღიმილი გამახსენდა: „პონტოს ზღვა, რომლის ყინულოვანი დინება და ძალდატანება თავისთავად გიზიდავს“3. ცაში ატყორცნილი რუსული და ბერძნული ტაძრის გვერდით კლდეში ამოკვეთილი ფოროსის თაღის გასწვრივ, ციცაბო, ზიგზაგისებური დაქანებაა. მყარი პიკებისა და ბასრი კლდეების ველურ ბუნებაში, ლურჯ ევქსინს82 თავზე რომ დაჰყურებენ აღფრთოვანებას ვერ მალავ და ამ სილამაზით გამოწვეული სიამოვნება გიორმაგდება. ეს გაორმაგებული შეგრძნება, თითქოსდა დადნა და მზის ჩასვლით გამოწვეულ ესთეტიკურ სიამოვნებას შეუერთდა, როცა იალტას83 მივუახლოვდით. სამანქანო გზა მწვანე ეზოებითა და მდიდრული ჩრდილოვანი ხეებით დამშვენებულ სააგარაკო სახლებს შორის გადიოდა. ამ გზას სამეფო პარკამდე მივყავდით, სადაც ხე-მცენარეების უმრავლესობა ტროპიკული წარმომავლობისა იყო. ჩვენი ეტლიც ამ ქუჩაზე მიჰქროდა, სანამ „სასტუმრო რუსეთის“ ტერასას არ მიღწია. როდესაც სიბნელე ჩამოწვა, სასტუმრო და მისი შემოგარენი ელექტრო ნათურებით განათდა.
1. Grosvenor, 1, 199-205.
2. Homer, Od, 12. 59 ff. Apollonius Rnodius, 2. 255-620. Compare many more references in Gruppe, Gr. Myth. Und Religionagesch. pp. 396, n. 13, 397, n. 3 Munich, 1906.
3. Shakespeare, Othello, 3.3. 453-455.
განათებული იყო ასევე ფართო გზაც, რომელიც ეშვებოდა ბაქანთან, საიდანაც ჩვენი გემი აღმოსავლეთისაკენ უნდა გამგზავრებულიყო. ჩვენი ხომალდი, შავ ზღვაში თუ ამინდიც ხელს შეგვიწყობდა, ისეთივე სასიამოვნო იყო, როგორც იახტა. ფეოდოსიაში84 ვიზიტმა ნათლად დაგვანახა, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე კომერციულმა პორტმა მემკვიდრეობით მიიღოს გარდასული დღეების დიდება. მილეტიანების85 მიერ ჩვენს წ-აღ-მდე მეექვსე საუკუნეში თეოდოსიის სახელწოდებით დაარსებული ნავსადგური მალევე გადაიქცა საბერძნეთის ბეღელად და დღესაც არ დაუკარგავს თავისი ტრადიცია იყოს მარცვლეულის ექსპორტის ძირითადი ცენტრი. გენუელები86 ამაყობდნენ, რომ ამ ტერიტორიას, როცა მათ ზღვაზე ბატონობის ამბიცია ჰქონდათ სწორედ ისინი ფლობდნენ მეცამეტე საუკუნეში. ფეოდოსიის ფასი თურქებმა კარგად იცოდნენ, რომლებმაც ის მოგვიანებით დაიპყრეს. მოგვიანებით კი რუსებმა დააფასეს ეს ადგილი და იგი მათ მფლობელობაში გადავიდა. სანაპიროზე არსებული ქალაქის უძველესი კედლები ნათლად გვიჩვენებს მის დიდ ისტორიულ წარსულს. აქ ბევრი კომერციული ადგილი და თვალისმომჭრელი ვილაა, რომლებიც უმდიდრესი ვაჭრების საკუთრებას წარმოადგენენ, თუმცა ახალი რუსული ქალაქი მაინც თანამედროვეა. კიდევ ერთი დღე და ჩვენს წინაშეა გაგრა87, რუსების საყვარელი კურორტი და ზღვის სანაპირო, რომელიც გაშლილია ფიჭვის ტყიან მთებსა და ზღვას შორის. ეს ადგილი ისეთი პოპულარულია, რომ თითოეული გემი უამრავ მგზავრს ემსახურება ყოველ დღე. მგზავრებს შორის, რომლებიც გემზე ამოვიდნენ იყო რამდენიმე ისეთი, რომელიც კავკასიას კარგად იცნობდა და შეეძლო მოეყოლა ძველი ამბები გმირული შეტაკებებისა და სისხლისმღვრელი კონფლიქტის შესახებ მაჰმადიანებს, სომხებსა და ქრისტიან რუსებს შორის არეულობის პერიოდში, რომელსაც მალევე რუსეთ-იაპონიის ომი88 მოჰყვა. მომდევნო დღეს, როდესაც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს მივუახლოვდით, ნელ-ნელა გამოჩნდა კავკასიის გოლიათი მთები და თვალი მოვკარით ფოთის შორეულ ხედს, რომელიც ბერძნების ფაზისი89 იყო. ერთ დროს ეს ქალაქი სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა მთელს აღმოსავლეთში, მანამდე, სანამ ის არ ჩაანაცვლა ბათუმმა90, რომელიც მისგან ორმოციოდე მილის დაშორებით მდებარეობს. საუკუნეების განმავლობაში ფოთი91 იყო პორტი, საიდანაც საბერძნეთის და რომისაკენ ტრანზიტულ გემებს საქონელი გადაჰქონდათ, რომლებიც კასპიის ზღვიდან შემოდიოდა ტრანსკავკასიური გზის გავლით. ამ საკითხის შემთხვევით გახსენებამ ერთ-ერთ მგზავრთან საუბარი წარმოშვა ანტიკური ხანის ვაჭრობაზე აღმოსავლეთში. მან მომითხრო ორი ამჟამად დანგრეული პორტის შესახებ სოხუმს კალესა92 და ფოთს შორის, რომლიდანაც იწყება დიდი კედლის ზოლი, ძლევამოსილ ბურჯს დერბენტს93 რომ უერთდება კასპიის ზღვასთან, რაზეც საუბარი მეხუთე თავში გვექნება. მგზავრის თქმით, ერთ-ერთი ტრადიციის მიხედვით მისი წარმოშობა მიეწერება ალექსანდრე დიდს94, მაგრამ მეორე ტრადიცია მის წარმოშობას მონღოლთა შემოსევას უკავშირებს. ისტორია მოგვითხრობს, რომ ის აშენდა ინდოეთიდან მომავალი ქარავნების დასაცავად. ეს კიდევ ერთი ვერსია იყო, რომელიც, როგორც ვიცოდი, დერბენტში თავდაცვითი პოზიციების გამაგრების საკითხს უკავშირდებოდა, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი და ის კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რა დამაჯერებელია მონათხრობი მისი ნამდვილი წარმოშობის შესახებ. გათენდა მეორე დილა და ჩვენი ხომალდი უსაფრთხოდ მიუახლოვდა ბათუმს, რომლის უკან ძლიერი მთაგრეხილების თოვლიანი ხედი იშლება. ბათუმი გადაიქცა ზუსტად ისეთად, როგორიც შესაძლოა ფოთი ყოფილიყო უკეთესი სიტუაციის შემთხვევაში. იმის მიუხედავად, რომ ფოთი არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა, ბათუმი თავდაპირველად არ წარმოადგენდა ისეთ ქალაქს, რომ მნახველისათვის თავი მოეწონებინა. რუსეთი ყოველმხრივ ცდილობდა მისი ადგილმდებარეობის ათვისებას.* ქალაქის ისტორია, ისევე როგორც ისტორია მისი ტერიტორიული მეტოქისა (აქ ჩვენი აზრით ფოთს უნდა გულისხმობდეს მოგზაური – გ.ს.) არის ძალიან ხანგრძლივი, რადგან სწორედ მის ახლოს იყო განლაგებული ანტიკური პეტრა95 და კიდევ უფრო ადრე ბათუსი.
* მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ბათუმმა, როგორც ქალაქმა მნიშვნელოვანი ფუნქცია შეიძინა, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო აქ არაერთი საწარმო გაიხსნა. მათ შორის: საექსპორტო კასრების დამამზადებელი მანუფაქტურები, ლითონდამამუშავებელი მექანიკური ქარხნები და სხვ. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. VI. თბ., 1972, გვ. 51, 56; ბათუმის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც იგი ბაქოს ნავთობის საექსპორტო ნავსადგურად გადაიქცა. ბათუმი საექსპორტო ჭურჭლის მთავარი მწარმოებელი პუნქტი გახდა. იგი დიდ სავაჭრო-სამრეწველო ცენტრად ჩამოყალიბდა, რასაც ნიადაგი შეუმზადა ჯერ კიდევ 1879–1886 წლებში ბათუმში „პორტო ფრანკოს“ არსებობამ. რუსეთი აქტიურად იყო დაინტერესებული ნავთობის ექსპორტით. იგი კონკურენციას უწევდა აშშ ნავთობის კომპანიებს. ბაქოს ნავთობის გადაზიდვას ფაქტობრივად რკინიგზა ვერ აუდიოდა, ამიტომ გადაწყდა ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის გაყვანა, რითაც დიდად იყვნენ დაინტერესებულნი არამარტო ადგილობრივი, არამედ უცხოელი კაპიტალისტები. მილსადენის აგება საბოლოოდ 1897 წელს დაიწყო და 1906 წელს დასრულდა. მილის წლიური გამტარიანობა 60 მლნ. ფუთს უდრიდა, რამაც ბათუმის როგორც სამრეწველო-სავაჭრო ცენტრის ფუნქცია კიდევ უფრო გაზარდა. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. VI, გვ. 63; 1919–1920 წლებში საქართველოში ნამყოფი ინგლისელი ჟურნალისტი ბეჩჰოფერი ბათუმს ევროპისკენ გამავალ ამიერკავკასიის ჭიშკარს უწოდებდა. როგორც უცხოელი ჟურნალისტი აღნიშნავდა, ნავთობის მილი ბაქოდან ბათუმამდე რკინიგზას მიჰყვებოდა, შემდეგ ნავთობი ევროპაში გემებით გაჰქონდათ. გ. გელაშვილი, ინგლისელი ჟურნალისტი ბეჩჰოფერი ბათუმის შესახებ, (1919–1920 წლები), ბათუმი, წარსული და თანამედროვეობა, ტ. II. თბ., 2012, გვ. 80–81.
თურქებს ის დიდი ხანი ჰქონდათ დაპყრობილი, მაგრამ მაინც ვერაფერი მოუხერხეს ქალაქს, მიუხედავად ყველა იმ დამამცირებელი გამონათქვამებისა, რაც მათი მმართველობის პერიოდში გაისმოდა.* ქალაქმა ფეხზე წამოდგომა იწყო მაშინვე, როდესაც ის რუსეთს დაუთმეს ბერლინის 1878 წლის ხელშეკრულების შედეგად96 და ამ დროიდან მოყოლებული ბათუმი გადაიქცა განვითარებულ ქალაქად, თავისი გაცხოველებული ბიზნესით1 და მზარდი საექსპორტო ვაჭრობით. ის დღევანდელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის შერწყმას განასახიერებს. მისი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ: რუსები, სომხები და ბერძნები, რომლებიც მის აღმოსავლეთ ნაწილში სახლობენ; ხოლო მუსლიმანური ნაწილი, - თურქების, თათრებისა და ირანელებისაგან შემდგარი - უფრო დასავლეთ მხარეში სახლობს.**
* აქ შესაძლებელია მოგზაური გულისხმობდეს თურქების დამოკიდებულებას ადგილობრივ მაცხოვრებლებზე.
1. On the noticeable improvement the took place, see expecially Brugsh Im Lande der Sonne, pp. 20-26, Berlin, 1880.
** 1921 წლის მონაცემებით ბათუმში სულ 35200 სული მოსახლე იყო, იხ. მ. ფუტკარაძე, ბათუმის მოსახლეობის დინამიკის თავისებურებანი, ბათუმი, წარსული და თანამედროვეობა, III, ბათუმი, 2013, გვ. 327; 1922 წელს ბათუმის ეთნოსტრუქტურული სურათი ასე გამოიყურებოდა: ქართველები შეადგენდნენ ქალაქის 30,5%, სომხები – 24,6%, რუსები – 17,6%, ბერძნები – 12,6%, ებრაელები – 6,1%, სპარსელები – 2,9%, დანარჩენი ეთნიკური ჯგუფი ერთ პროცენტს არ აღემატებოდა, იხ. ო. თურმანიძე, ბათუმის მოსახლეობა XX საუკუნის 20–30–იან წლებში, ბათუმი, წარსული და თანამედროვეობა, III, ბათუმი 2013, გვ. 331–332; 1915 წელს ბათუმში მყოფი ინგლისელი ჟურნალისტის – ბეჩჰოფერის ცნობით ბათუმში ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ: რუსები, თურქები, ბერძნები, სპარსელები, ბერძნები, თათრები, ასირიელები, ებრაელები, სომხები, მანჯურიიდან ჩამოსული ჩინელები, ასევე ჩრდილოეთ კავკასიური მოდგმის ხალხები: ლეკები, ჩერქეზები, გ. გელაშვილი, ინგლისელი ჟურნალისტი ბეჩჰოფერი ბათუმის შესახებ (1919–1920 წლები), ბათუმი, წარსული და თანამედროვეობა, II, ბათუმი 2012, გვ. 79;
მისი სასეირნო და ღირსშესანიშნაობებით სავსე გზა გადის საზოგადოებრივ ბაღებსა და სკვერებზე, ასევე მთავარ ბულვარზე, რომელიც ზღვას გადაჰყურებს.* აქაური მცენარეები ტროპიკულია, ირგვლივ მრავლად იხილავთ პალმების გადაშლილ კენწეროებს, მაშინ როდესაც შორეულ მთებზე ჯერ კიდევ თოვლია. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ალექსანდრე ნევსკის** რუსული კათედრალური ტაძარი, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის დასავლეთ სანაპიროს არქიტექტურას - მუსლიმანურ სალოცავებს. ხოლო რაც შეეხება ქალაქის საქმიან ნაწილს, აქ ევროპული ტიპის ბანკის შენობებს, სავაჭრო სახლებს, მაღაზიებს, ღვინის სახლებს და კაფეებს შეხვდებით, აქვეა პატარა ჯიხურები და ბაზრები, რომლებიც ქალაქის ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მსგავსად კავკასიის სხვა ქალაქებისა, აქაც რადიკალურად განსხვავებული რასების არევ-დარევის მუდმივი პროცესი მიმდინარეობს. სწორედ ერებისა და ხალხების, ისევე როგორც მათი იდეალებისა და პოლიტიკური შეხედულებების რადიკალური განსხვავება დროდადრო იწვევდა აჯანყებებსა და სისხლისღვრებს. ერთ-ერთ ამ არეულობაში ორი წლით ადრე, ვიდრე ჩვენ ამ ქვეყანას ვეწვეოდით ამერიკელი კონსული უბედური შემთხვევის გამო ბომბით იქნა მოკლული***, რაზეც ინფორმაცია ადგილობრივ პრესაში არ გამოქვეყნებულა. ირგვლივ სიწყნარე სუფევდა, საქმიანი გარემო მაინცდამაინც შესამჩნევი არ იყო. ისინი ვისთვისაც ვაჭრობა უცხო არ არის და ამ სფეროში ერკვევიან აქ არსებულ ვაჭრობას აქტიურ საექსპორტო ვაჭრობას უწოდებენ. ბათუმი ნავთობს ბაქოდან97 ტიფლისის გავლით პირდაპირი კავშირით იღებს და ეს ხდება არა მხოლოდ რკინიგზით, არამედ ექვსასი მილის სიგრძის მილსადენითაც. ამ ყველაფერმა ბათუმს დასავლეთისთვის კასპიის ნავთობის ჭებიდან საწვავის ტვირთგადაზიდვის თვალსაზრისით მთავარი შტაბის ფუნქცია მისცა.
* ცნობილია, რომ ბათუმის ბულვარის ისტორია 1885 წელს იწყება. ზღვის სანაპირო ზოლში ბულვარის გაშენების იდეა, რომელიც ბათუმის პოლიცმაისტერ ვოზნესენსკის ეკუთვნოდა, ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორის – ა. სმეკალოვის ინიციატივით განხორციელდა. იხ. ნ. ინაიშვილი, ბათუმის ისტორიული ბულვარის განვითარება, ბათუმი, წარსული და თანამედროვეობა, III, ბათუმი 2013, გვ. 71.
** იგულისხმება ალექსანდრე ნეველი - გ.ს.
*** აღსანიშნავია, რომ ბათუმში პოლიტიკური არეულობა ჯერ კიდე 1905–1907 წლების რევოლუციის დრო დაიწყო, რამაც არაერთი ადამიანი (მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე) შეიწირა. არეულობა მომდევნო წლებშიც გაგრძელდა, რაც განპირობებული იყო ერთის მხრივ მოსახლეობის უკმაყოფილებით მეფის რუსეთის მიმართ, მეორეს მხრივ კი რამდენიმე ქვეყნის პოლიტიკური ინტერესების გადაკვეთით, იხ. ო. გოგოლიშვილი, ფრანგები ბათუმში, კრებ. ზურაბ პაპასქირი – 60, თბ., 2013, გვ. 315–317.
ეს მშვენიერი გზა გამოიყენება არა მხოლოდ ხე-ტყის, ტყავის, თაფლის, ცვილის ექსპორტირებისათვის, არამედ ყველა იმ პროდუქტისათვის, რომლითაც ვაჭრობენ და აქ ვერ ჩამოვთვლი. მინერალური რესურსები მოიპოვება მოსაზღვრე მთებში და აი, რით ხიბლავს კავკასია ევროპულ და ამერიკულ ქალაქებს. ყველა რისკიანი კაპიტალდაბანდება გვაიმედებს, რომ შემოსავალი გაიზრდება, რაც სავაჭრო ქალაქის მთავარ პერსპექტივას წარმოადგენს. ისტორიული ნაწილი, რომლითაც დავინტერესდით არის მეფე თამარის98 სასახლის ნანგრევები, რომელიც საქართველოს ჩვენი წ.აღ.-ის 12–ე საუკუნეში მართავდა. მას მიაწერენ არაერთი შენობის აგებას, რომლებმაც სახალხო აღიარება მოიპოვეს კავკასიაში, თუმცა ახლა ყველაფერი ნანგრევებშია მოქცეული. ბათუმიდან ნახევარი საათის სავალზე, მაღლობზეა აღმართული განადგურებული ციხე-სიმაგრე, რომელიც სევდიანად გამოიყურება.*
* სამეცნიერო კვლევების შედეგად დასტურდება, რომ ბათუმის სიახლოვეს არსებულ თამარის ციხე-დარბაზის ადგილზე მდებარეობდა ადრეკოლხური ხანის სამოსახლო „გორა“. ბათუმის, იგივე თამარის ციხე გორა – სამოსახლოს წარმოადგენდა. ამ ადგილზე მოსახლეობის ცხოვრების უწყვეტი კვალი ჩანს ჩვ.წ.აღ.-მდე მეორე ათასწლეულიდან, ნ. მიქელაძე, უცხოელების თვალით დანახული ძველი ბათუმი და მისი შემოგარენი, ბათუმი, წარსული და თანამედროვეობა, II, ბათუმი, 2012. გვ. 47; ჯეკსონის მსგავსად ბათუმის სიახლოვეს თამარის ციხეს იხსენიებს ფრანგი ორიენტალისტი ჟან მურიე, რომელიც აჭარაში მეცხრამეტე საუკუნის 80 წლებში იმყოფებოდა, ჟან მურიე, ბათუმი და ჭოროხის აუზი, თბ., 1962, გვ. 8.
ვიწროდ გადაჭიმულა გზა, რომელიც ზღვის ნაპირს გასდევს. აქ უმთავრესად ნოტიო ჰავაა, მაგრამ შუადღით მძიმე ატმოსფერომ სქელი ჰაერი მძიმე ღრუბლებად გარდაქმნა. ასე, რომ შეუძლებელია ერთი შეხედვით მოავლო თვალი დანგრეულ კედლებს, ეს განსაკუთრებით რთულდება ფოტოგრაფირებისთვის. მოზრდილ მიწა-ყრილთან გაშლილა დაცემული ციხე-სიმაგრის ნანგრევები. სიმაღლის მბრძანებლური ხასიათი უფრო ძლიერდებოდა ჩქარი დინებით, რომელიც ბრუნდება და ჩქარი კურსით მიედინება ზღვაში. მე ფოტოზე აღვბეჭდე თავდაცვითი ნაგებობის კვლავაც შენარჩუნებული ციტადელი, რომელიც შექმნილი იყო ყველა სიკეთისა და კეთილშობილების განსახიერების მქონე ამორძალი დედოფლისათვის. მისი სახე ერთნაირად გამოხატავს სინაზესაც და სიძლიერესაც. ლეგენდები თამარის სათნოებებზე კვლავ ცოცხლობს ქართველების გულებში. ყველასათვის ცნობილია მისი მეფობის წლები (1184-1213). იგი თავისი ისტორიული მიღწევებით დახასიათებულია როგორც გამოჩენილი ქალი-მმართველი, მათ შორის, რომელთაც ბედმა ერის მართვა არგუნა.1
1. See Holldack, Von der Sage und dem Reich der Grusinischen Königin Tamara, Leipzig, 1906 (dissertation), and consult the interesting chapter on Tamara in Shoemaker, Heart of the Orient, pp. 40-64, New York, 1904
თამარის ციხის მოშორებით, ერთი მილის მანძილზე, ჩვენი ცხენები და ეტლები ხიფათს გადაეყარნენ. ამას შეეძლო ჩვენი მოგზაურობისათვის უბედურობაც კი მოეტანა. მდინარის ქანქარა ხიდიდან ცხენები უცაბედად გადაცვივდნენ და თან გადაიყოლეს მიბმული ეტლი. საბედნიეროდ, ტრანსპორტიდან გადმოხტომა მოვახერხეთ. ცხენები სასწაულებრივად გადარჩნენ, იქ ჩაცვივდნენ, სადაც წყალი ღრმა აუზს იკეთებდა დაკბილულ კლდეებს შორის. ცხოველთა ბრძოლა საბოლოოდ მათი გადარჩენით დასრულდა და ვაგონიც აღვადგინეთ. შინისაკენ მიმავალი გზა გავაგრძელეთ და შიშით ვუყურებდით ყველა საეჭვო ადგილს, საბოლოოდ უსაფრთხოდ მივაღწიეთ ქალაქს, საიდანაც უნდა გავმგზავრებულიყავით ტიფლისში მზის ჩასვლიდან 2 საათის შემდეგ. რკინიგზით გასავლელი მარშრუტი ბათუმიდან ტიფლისისა და ბაქოს გავლით კვეთს კოლხეთის, იბერიის და ალბანეთის ანტიკურ ისტორიულ მიწას. გვიანი პერიოდის საქართველოს ახლომდებარე რაიონების და თანამედროვე პერიოდის მთელი ეს ტერიტორია ცნობილია, როგორც ტრანსკავკასია. მოგზაურობა, რომელიც ანტიკურ პერიოდში ორ კვირას საჭიროებდა გავლას, ახლა მარტივად იფარება 24 საათზე ნაკლებ დროში, სარკინიგზო გზის საშუალებით, რომელიც შავ და კასპიის ზღვებს ერთმანეთთან აკავშირებს. ერთი საათი ძლივს იქნებოდა გასული მას შემდეგ, რაც ბათუმიდან გამოვემგზავრეთ, ჩრდილოეთით მივუყვებოდით ზემოთხსენებულ ანტიკურ საქარავნო მარშრუტს აზიიდან ევროპისაკენ. ქუთაისის99 რეგიონი თითქმის შეესაბამება ანტიკურ კოლხეთს, მედეას100 სამშობლოს, იასონის მიზანს, როდესაც ეძებდა ოქროს საწმისს101. მთელი ღამის სიარულის მიუხედავად კარგად აღჭურვილ რუსულ მანქანებს გასაჭირი არ ეტყობოდათ და ჩვენი დანიშნულების ადგილზე, კავკასიის დედაქალაქში (თბილისში – გ.ს.) დილით ადრე ჩავედით. ბედნიერი ვიყავი, ქართველ მოხუც როსტომთან შეხვედრით, რომელიც ჩემი გიდი იყო ირანში ოთხი წლის წინ და ასევე ჰოვანეს აკოფიანის ნახვით, რომელსაც ფამილარულად ჯონს ვეძახდით, ანუ ეს იყო იგივე ჩვენი ამერიკელი კურიერი, რომელიც გვახლდა ამ მოგზაურობაში. ვწუხდით, რადგან ახალგაზრდა თავრიზელი ირანელი საფარ ადილბეღის მოძებნა ვერ შევძელით, იგი დიდი ხნის წინ ჩემთან ერთად იმყოფებოდა სპარსეთში. იგი ისევ თან მახლდა, თუმცა შემდეგი მოგზაურობაც ამტკიცებდა, რომ წინა მოგზაურობა იყო მისთვის ყველაზე სარგებლიანი, რადგანაც მან სამედიცინო განათლება გაიღრმავა.1
ტიფლისში დარჩენა მხოლოდ ერთი დღით გვქონდა გადაწყვეტილი, რადგან მე ძლიერი შთაბეჭდილებების ქვეშ რამდენიმე დღე დავყავი იქ 1903 წელს და ამის შესახებ დავწერე კიდეც.2*
* ავტორი გულისხმობს 1906 წელს ნიუ-იორკში გამოცემულ წიგნს: „სპარსეთი: წარსული და აწმყო“.
1. See Jackson, Persia, pp. 55-56.
2. See my Persia, pp. 8-15.
ქალაქი წყნარად გამოიყურებოდა, როდესაც ის პირველად ვნახე, ხოლო მას შემდეგ მან გადაიტანა ხშირი დაპირისპირებები და ბრბოთა არეულობები; ახლაც კი მეგობრები მაფრთხილებდნენ გავცლოდი ყველა თავშეყრის ადგილს. საბედნიეროდ, ჩვენ არ შეგვხვედრია უსიამოვნო შემთხვევები. ვისიამოვნეთ მთელი დღე ბაზარში ხეტიალით. ხელახლა ვესტუმრეთ კავკასიის მუზეუმს და დავათვალიერეთ სხვადასხვა საინტერესო ადგილები ამ აყვავებულ, სხვადასხვა ეროვნებებით სავსე ქალაქში. საკმარისი დრო გვქონდა და საღამოს ფუნიკულიორის საბაგირო გზას გავუყევით წმინდა დავითის გორაკისაკენ102, საიდანაც გადმოვხედეთ ქალაქს და საბოლოოდ ვისიამოვნეთ მშვენიერი ხედით, ვიდრე ბაქოსკენ მიმავალ გზას შევუდგებოდით. ერთდღიანი მგზავრობის შემდეგ მატარებელი შევიდა ბაქოს მშვენიერ სადგურში, რომელშიც უკვე მეოთხედ ვიმყოფებოდი. მე ყოველთვის ვთვლი, რომ ნამდვილი მოგზაურობა სპარსეთისაკენ სწორედ რომ კასპიის ზღვით იწყება. მომდევნო ორ თავში მოგაწვდით მის სანაპიროზე არსებული სავაჭრო ურთიერთობების სრულ აღწერილობას.
შენიშვნები
1. პართია (პართიის სამეფო) (ბერძნ. Παρθία) - ძველი სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა ქრ.შ. 247 წელს კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დღევანდელი თურქმენეთის ტერიტორიაზე. სახელმწიფოს მოსახლეობის ძირითად ნაწილს შეადგენდნენ პართელები, სპარსელები, სომხები, ქურთები და სხვ.
2. მიდია (ძვ. ბერძნ. Μῆδοι) - ძველი სახელმწიფო და ძველი ეთნოგრაფიული მხარე ირანის დასავლეთით - მდინარე არაქსიდან ფარსის საზღვრებამდე, სამხრეთით ზაგროსის მთიანეთიდან დასავლეთით დეშთე-ქევირის უდაბნომდე. მიდიელთა ირანულენოვანი ტომები ისტორიისთვის ძვ. წ. IX საუკუნიდან არიან ცნობილნი, როდესაც ისინი შუა აზიიდან (სხვა ვერსიით, კასპიისპირა ჩრდილოეთ კავკასიიდან) ირანში გადასახლდნენ.
3. ელამიტები - ელამი - ძველი სახელმწიფო სპარსეთის ყურის აღმოსავლეთ ნაპირზე, თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე. არსებობდა IV - III ათასწლეულებში. მისი დედაქალაქი იყო სუსა.
4. შუამდინარეთი, მესოპოტამია - რეგიონი ახლო აღმოსავლეთში, მოიცავს ტერიტორიას ტიგროსსა და ევფრატს შორის. შუამდინარეთი თითქმის მთლიანად მოიცავდა დღევანდელ ერაყს და სირიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს, აგრეთვე ირანისა და თურქეთის მცირე ტერიტორიას.
5. იუდეა (ებრ. იეჰუდა; ებრ. ერეც-იეხუდა, „იეჰუდას მიწა“) - ისრაელის ფართო ისტორიული ოლქი, რომელიც სამარიიდან (შომრონი) სამხრეთით მდებარეობს.
6. კაპადოკია (ბერძნ. Καππαδοκία, „ლამაზი ცხენების ქვეყანა“) - აღმოსავლეთ მცირე აზიაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ოლქის სახელწოდება.
7. პონტო - პონტოს სამეფო - ელინისტური სამეფო შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ძირითადად დასახლებული იყო კაპადოკიელებით.
8. ვახტანგ გორგასალი - (დ. დაახლ. V საუკუნის 40-იანი წლები - გ. 502) ქართლის მეფე, გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი.
9. იბნ ჰაუკალი - X ს. არაბი გეოგრაფი.
10. თემურ ლენგი, ტამერლანი (1336-1405) - შუააზიელი მხედართმთავარი, ემირი (1370-1405), გათურქებული მონღოლური ტომის ბეგის თარაღაის შვილი. თემურ ლენგის ლაშქრობები გამოირჩეოდა სისასტიკით. იგი რვაჯერ შემოესია საქართველოს, რითაც უდიდესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის შემდგომ განვითარებას.
11. 1801 წელი - რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და რიგითი გუბერნიის სატატუსით მათი შეერთება.
12. აჯანყებები - რუსეთის იმპერიის მიერ XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ანექსიის შემდეგ პერმანენტულად ხდებოდა ანტირუსული აჯანყებები. მაგალითად, 1804 წლის მთიულეთის აჯანყება, 1810 წლის იმერეთის აჯანყება, 1812 წლის კახეთის აჯანყება, 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყება, 1832 წლის შეთქმულება, 1841 წლის გურიის აჯანყება და სხვ.
13. ტერასა - ტერასა [ფრანგ. terrasse] – 1. საცხოვრებელ სახლს მიშენებული აივანი, რომელსაც აქვს ბოძებზე დაყრდნობილი სახურავი. 2. ტერასები - ფერდობზე კიბე-კიბე გაჩენილი ან გაკეთებული ჰორიზონტალური ან ოდნავ დაქანებული ბაქნები.
14. მტკვარი - ამიერკავკასიის უდიდესი მდინარე, რომელიც სათავეს იღებს თურქეთში. ერთვის კასპიის ზღვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სიგრძე 1515 კმ. საქართველოში მოქცეულია მტკვრის შუაწელის დაახლოებით 400 კმ მონაკვეთი.
15. ავლაბარი - თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი. მდებარეობს მდ. მტკვრის მარცხენა მხარეს.
16. ალექსანდრეს ბაღი - დღევანდელი 9 აპრილის (ზედა) და გოგლა ლეონიძის (ქვედა) ბაღები.
17. გერმანული რაიონი - ქალაქ თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და რკინიგზის სადგურის სამხრეთით გაშლილია სუფთა გერმანული უბანი, სადაც ვიურტემბერგიდან გადმოსახლებული (1818) გერმანელების შთამომავლები სახლობენ.
18. ვიურტემბერგელი ემიგრანტები - საქართველოში გერმანელთა დასახლებული პუნქტები XIX საუკუნეში წარმოიშვა. 1804 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა სამხრეთ კავკასიაში ვიურტემბერგელი ემიგრანტების დასახლების გადაწყვეტილება მიიღო. 1817-1818 წლებში საქართველოში ცარიზმის ხელშეწყობით ჩამოსახლდნენ ვიურტემბერგელი გერმანელები, რომლებმაც აღმოსავლეთ საქართველოში შექმნეს რამდენიმე კოლონია.
19. კავკასიის მუზეუმი - მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი კერა საქართველოსა და ამიერკავკასიაში 1852-1919 წლებში. კავკასიის მუზეუმი, როგორც კომპლექსური სამხარეთმცოდნეო დაწესებულება, დაარსდა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებასთან (რგსკგ) მწერალ ვლადიმერ სოლოგუბის ინიციატივით. მის შექმნაში მონაწილეობდნენ რუსი და ქართველი მოღვაწეები (ადოლფ ბერჟე, ი. ბარტოლომეი, ნიკოლოზ ხანიკოვი, ალექსანდრე ნიკოლაი, გრიგოლ ორბელიანი, დიმიტრი ყიფიანი, გ. ერისთავი, რაფიელ ერისთავი და სხვა). 1853 წლის დამდეგს რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებამ აირჩია კავკასიის მუზეუმის დირექცია (დირექციის თავმჯდომარე ა. ნიკოლაი, ერთ-ერთი დირექტორი ვ. სოლოგუბი, ზედამხედველი ა. ბერჟე).
20. გუსტავ რადე (1831-1903) - რუსი (წარმოშობით გერმანელი) ბუნებისმეტყველი, მოგზაური, გეოგრაფი, ნატურალისტი და ეთნოგრაფი. იყო კავკასიის მუზეუმისა და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი. შეაგროვა დიდძალი ზოოლოგიური, ბოტანიკური, ეთნოგრაფიული ხასიათის კოლექციები.
21. ფუტი - სიგრძის ინგლისური საზომი; უდრის 12 დუიმს (ე. ი. 30,5 სმ-ს).
22. ტაქსიდერმისტი - ტაქსიდერმიის სპეციალისტი. (ტაქსიდერმია [ბერძ. Taxis მოწყობილობა და derma კანი, ტყავი] - ცხოველთა ფიტულების დამზადება).
23. ბოტანიკური ბაღი - თბილისის ბოტანიკური ბაღი, ყოფილი სამეფო ბაღი, სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის (ლეღვთახევის) ხეობაში მდებარეობს. რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა. 1845 წელს მას ბოტანიკური ბაღი ეწოდა.
24. თათრების მეიდანი - თათრის მოედანი. „თათრის მოედანი“ ეწოდებოდა დღევანდელი გორგასლის მოედნის ადგილას მდებარე თბილისის ერთ-ერთ უძველეს მოედანს. ვახუშტი ბაგრატიონი მას „ციხის მოედანს“, ხოლო ჟან სარდენი „სამხედრო მოედანს“ უწოდებდა.
25. თბილისი, ტიფლისი - საქართველოს დედაქალაქი.
26. იეზიდები - ეთნიკური ქურთების მცირერიცხოვანი რელიგიური განშტოება, რომლის მიმდევრები ძირითადად ჩრდილოეთ ერაყსა და თურქეთში ცხოვრობენ, შედარებით მცირერიცხოვანი თემები სომხეთში, საქართველოში, აგრეთვე ირანში, სირიასა და უკრაინაში. იეზიდები ერთ ღმერთს აღიარებენ და თაყვანს სცემენ მთავარანგელოზ მალაქ-ტაუსს, რომელიც ფარშევანგის სახით ჰყავთ წარმოდგენილი.
27. ზოროასტრიზმი - (ანუ ცეცხლთაყვანისმცემლობა, ატროშანი, მაზდეანობა), ერთ დროს სასანიდური სპარსეთის ოფიციალური რელიგია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სპარსეთის აქამენიდთა და პართთა იმპერიებში. რელიგია ასევე ცნობილია, როგორც ზარათუსტრიანიზმი.
28. ჯონ ლარსონი - არ იძებნება.
29. ქურთისტანი (თარგმანში: ქურთების მიწა) - ეთნოგეოგრაფიული რეგიონი ევრაზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რომლის ფარგლებში ქურთები მოსახლეობის აბსოლუტურ ან შედარებით უმრავლესობას წარმოადგენენ. ისტორიულად მდებარეობს ყოფილი ჰურიტების სამეფოების ტერიტორიაზე (ქურთები წარმოშობით ჰურიტებისგან არიან).
30. მოსული - ქალაქი ჩრდილოეთ ერაყში. ზოგიერთი წყაროს მიხედვით მოსული ძველი ნინევიის გარეუბანი იყო.
31. ნინევია - ასურეთის უძველესი ქალაქი. მდებარეობდა მდინარე ტიგრის მარცხენა ნაპირზე.
32. იაზდანი - მომდინარეობს სიტყვიდან „იაზდან“ („Yazdan“): „ღმერთის სახელი“ ძველ სპარსეთში.
33. იეზდი (იაზდი) - ირანის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი.
34. მუჰამედი - მაჰმადი, (570/571-632), ისლამის დამაარსებელი, რელიგიური მქადაგებელი და პოლიტიკური მოღვაწე. მუსლიმანური ტრადიციისა და ყურანის მიხედვით , ალაჰის უკანასკნელი მოციქული, წინასწარმეტყველი.
35. ჰუსეინი - წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილი. იაზიდ იბნ მუავიას ბრძანებით მოკლეს მუჰამედის შვილიშვილი იმამ ჰუსეინი, რამაც ბიძგი მისცა სუნიტებსა და შიიტებს შორის განხეთქილების წარმოშობას.
36. ქსერქსი - ქსერქს I - სპარსეთის მეფე, მართავდა 486-465 წლებში ჩვ. წ. აღ-მდე, აქემენიდების დინასტიიდან.
37. ამესტრისი - დედოფალი ამესტრიდა (ზოგიერთი წყაროს მიხედვით ამესტრისი), ქსერქს I-ის მეუღლე.
38. ავესტა - ზოროასტრის სარწმუნოების წმინდა წიგნების კრებული (ადგენდნენ ძვ. წელთაღრიცხვის მე-9 საუკუნიდან მოყოლებული ჩვენი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნემდე); გავრცელებული იყო სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში.
39. მაზანდარანი - ირანის 30 ოსტანიდან ერთი. ესაზღვრება 5 ირანული ოსტანი. ოსტანი (სპარს. ოლქი, პროვინცია).
40. გაია მარტანი, გაიომარტი - (ავესტ. „ცოცხალი მოკვდავი“), ირანულ მითოლოგიაში კაცობრიობის წინაპარი, ფუძემდებელი, პირველი მოკვდავი.
41. ადამი - პირველი ადამიანი , შექმნილი ღმერთის მიერ, ადამიანთა პირველი წინაპარი. ევას ქმარი, კაენის, აბელისა და შეთის მამა.
42. ევა - ადამიანის პირველი წინაპარი, ადამის ცოლი, პირველი ქალი, კაენის, აბელისა და შეთის დედა.
43. ვენდიდადი, ვიდევდატი - ტექსტების კრებული ავესტას დიდ კრებულში.
44. ეგზორციზმი - დემონის ან სულის განდევნა ადამიანისგან ან რაიმე ადგილიდან.
45. ასურელები - სემიტური მოდგმის ხალხი, არამეელების შთამომავალნი. ცნობილი არიან აგრეთვე, როგორც სირიელები, აისორები. ცხოვრობენ ძირითადად ირანში, ერაყში, სირიაში, თურქეთში, სომხეთში, საქართველოში (თბილისი, მცხეთა) და ყოფილ სსრკ-ის ევროპის ნაწილის დიდ ქალაქებში. ენა - ასურული. რელიგია - ქრისტიანობა.
46. ბაბილონელები - შუამდინარეთში მოსული სემიტები. ისინი შუამდინარეთში მოვიდნენ მაშინ, როდესაც აქ არსებობდა ძლიერი შუმერული სახელმწიფო. ბაბილონელები მოექცნენ შუმერების კულტურის გავლენის ქვეშ, მათ გადაიღეს შუმერების მიერ შექმნილი ლურსმული დამწერლობა და შეითვისეს მათი რელიგიური ტრადიციები.
47. შამაში - ასურულ-ბაბილონურ რელიგიასა და მითოლოგიაში მზის ღვთაება. წარმოდგენილი ჰყავდათ ადამიანების მფარველ ღვთაებად, სამართლიანობისა და სიკეთის განსახიერებად.
48. სინი - შუმერული მთვარის ღვთაება, „ცისა და მიწის ნათელი“. შედიოდა შუმერული პანთეონის მეორე ტრიადაში: სინი, შამაში და იშთარი.
49. მანიქეიზმი, მანიქეველობა – III ს-ში ახლო აღმოსავლეთში წარმოშობილი რელიგიური მოძღვრება, რომელიც წარმოადგენდა ქალდეურ-ბაბილონური, სპარსული (ზოროასტრიზმი, მაზდეანობა, ფარსიზმი) და ქრისტიანული მითებისა და რიტუალების სინთეზს.
50. ნესტორიანელობა, ნესტორიანული – ქრისტიანული სექტა, რომლის ერესიარქი იყო კონსტანტინეპოლელი ნესტორი. ნესტორიანული დოქტრინით, ქრისტე მხოლოდ კაცია, რომელშიც სულიწმიდის საშუალებით ჩასახლდა სიტყვა – ღმერთი (ლოგოსი). 431 წელს ეფესოს III მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაგმო ნესტორიანელობა და განკვეთა ნესტორი.
51. აბრაამი (აბრამი) - ძველი სამყაროს პატრიარქი, მოხსენებული ძველ აღთქმასა და ყურანში. ებრაელთა მეთაური, მამამთავარი. ბიბლიური ტრადიცია აბრაამის სამშობლოდ მიიჩნევს ურს, ყურანში აბრაამი (იბრაჰიმი) მიჩნეულია ებრაელთა და არაბთა საერთო წინაპრად. მაჰმადის ერთ-ერთი წინამორბედი.
52. ფაკირი (არაბ. - ღარიბი, ღატაკი) - მუსლიმანი მოხეტიალე დავრიში. ვიწრო მნიშვნელობით, ფაკირი არის ღატაკი ასკეტი - მისტიკოსი, რომელსაც არ გააჩნია არავითარი პირადი საკუთრება, დახეტიალობს ან დარვიშთა თავშესაფარში ცხოვრობს. ფართო მნიშვნელობით, ფაკირი სუფის სინონიმია და აღნიშნავს ბერს, რომელიც ეკუთვნის ერთ-ერთ სუფიურ ორდენს. ინდოეთში ფაკირი აღნიშნავდა არა მარტო მუსლიმან, არამედ ინდუისტ ბერსაც, რომელიც არცერთ ორდენს არ ეკუთვნოდა. ფაკირები იყვნენ ცხოველების გამწვრთნელები, წინასწარმეტყველები, ექიმბაშები, ჯამბაზები (ამ მნიშვნელობით გავრცელდა ეს ტერმინი ევროპაში).
53. პოლიგამია – (poly ბევრი და gamos ქორწინება), ქორწინების ფორმა, როდესაც თითოეულს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე მეუღლე ჰყავდეს.
54. შეიხ ადი ან შიხადი - იეზიდიზმის რეფორმატორი (დაბ. 1070-იანი წლები - გარდ. 1162/63 წწ.) იეზიდიზმის მიმდევრები თვლიან, რომ შეიხი ადი არ იყო ხორციელად ნაშობი და იგი უფალმა გამოგზავნა, სხვა ლეგენდის მიხედვით კი, შიხადი დაიბადა ისტორიულ სირიაში (დღევანდელი ლიბანი) და მის დაბადებამდევე იყო ცნობილი, რომ იგი დიდი პიროვნება გახდებოდა. შეიხ ადი შედის წმინდა ტრიადაში (მალაქ ტავუსი, ეზიდი, შეიხ ადი) და მთავარანგელოზის გამოვლენად ითვლება.
55. ერევანი - სომხეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე რაზდანზე.
56. როსტომი - ქართველი გიდი, რომელიც მეორე მოგზაურობის დროსაც თან ახლდა აბრაჰამ ვალენტინ უილიამს ჯეკსონს .
57. რუსტამი - შესაძლებელია აქ ავტორი გულისხმობს სპარსული ლიტერატურის ბრწყინვალე ძეგლის „შაჰნამეს“ ცნობილ გმირს - რუსტამს. „შაჰნამე“ ირანელ მეფეთა ისტორიული ქრონიკების, ეპიკური თხზულებების, მითოლოგიური გადმოცემებისა და ლეგენდების კრებულია. მისი ავტორია სპარსული პოეზიის უდიდესი წარმომადგენელი ფირდოუსი.
58. არარატის მთა - არარატი - ვულკანური მასივი მდინარე არაქსის შუაწელში (მარჯვენა ნაპირზე), თურქეთში, სომხეთის საზღვრის მახლობლად. ბიბლიის მიხედვით არარატის მთაზე გაჩერდა ნოეს კიდობანი.
59. ბოსფორი - შავი და მარმარილოს ზღვების დამაკავშირებელი სრუტე, რომელიც აზიურ და ევროპულ ნაწილებად ყოფს სტამბოლს.
60. სტამბოლი - ძველი კონსტანტინოპოლი, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი.
61. გალათა - კონსტანტინოპოლის გარეუბანი, ოქროს რქის ყურის ჩრდ. ნაპირზე. მოგვიანებით ის სტამბოლის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო ცენტრი გახდა.
62. პერა - არ იძებნება.
63. სკუტარი - არ იძებნება.
64. სულთანი აბდ ალ-მაჯიდი - (დაიბ. 1823 წლის 23 აპრილს, გარდ. 1861 წლის 25 ივნისს). იყო ოსმალეთის ოცდამეთერთმეტე სულთანი, მაჰმუდ II მემკვიდრე. მის სახელს არაერთი რეფორმა უკავშირდება. მან საფუძველი ჩაუყარა ოსმალეთის იმპერიის მოდერნიზაციას, რითაც ოსმალეთი მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახს.
65. „დოლმა ბახჩე“ - თურქი სულთნების სასახლე სტამბოლში, ბოსფორის ევროპულ მხარეს. აგებულია 1842-53 წლებში აბდულ-მეჯიდ I-ისთვის.
66. ჩირაგანის სასახლე - სასახლე, აშენებული 1863-1867 წლებში სულთან აბდულ-აზიზის მიერ. XX საუკუნის დასაწყისში სასახლეში ცხოვრობდა სულთანი აბდულ-ჰამიდ II. 1910 წელს ნახევრად ხის სასახლე დაიწვა. 1989 წლამდე იგი დანგრეულ მდგომარეობაში იყო, ვიდრე მისი დაჩქარებული აღდგენით არ დაკავდნენ იაპონელი ბიზნესმენები. ამჟამად ბოსფორის ევროპულ ნაპირზე მდებარე ჩირაგან-პალასის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს კი სულთან აბდულ-აზიზის ნანგრევებიდან აღდგენილი სასახლის შენობა უკავია.
67. სულთანი აბდ ალ-აზიზი - (9/18 თებერვალი 1830–4 ივნისი 1876), ოსმალეთის იმპერიის ოცდამეთორმეტე სულთანი. იგი იმპერიას მართავდა 1861 წლიდან 1876 წლამდე. ის იყო სულთან მაჰმუდ მეორის ვაჟი. ტახტი გადაეცა მისი ძმისგან – აბდულმაჯიდ პირველისაგან 1861 წელს. მისი ყველაზე დიდი მიღწევა იყო ოსმალეთის საზღვაო ფლოტის მოდერნიზაცია. მან ააშენა პირველი რკინიგზა. მის სახელს სხვა კულტურულ ღონისძიებებთან ერთად უკავშირდება სტამბოლოს არქეოლოგიური მუზეუმის დაარსება.
68. ილდიზ კიოსკი (Yildiz Kiosk) - თურქეთის სულთნების სასახლე სტამბოლში.
69. სულთანი აბდ ალ-ჰამიდი მეორე - (დაიბ. 21/22 სექტემბერი, 1842 – გარდ. 10 თებერვალი, 1918) - ოტომანთა იმპერიის 34-ე სულთანი. მისი მმართველობა დაემთხვა იმპერიის დაცემის ხანას, ის მმართველობდა 31 აგვისტო 1876 წლიდან მის გადაყენებამდე, 27 აპრილი 1909 წლამდე. აბდულ-ჰამიდ II იყო უკანასკნელი ოტომანი სულთანი რომელიც მართავდა აბსოლუტური ძალაუფლებით, 1909 წელს ის შეცვალა მეჰმედ V -მ.
70. 1908 წლის რევოლუცია - ახალგაზრდა თურქების რევოლუცია - თურქეთის პირველი ბურჟუაზიული რევოლუცია, რომელმაც დაამხო სულთან აბდულჰამიდ II-ის დესპოტური რეჟიმი ოსმალეთის იმპერიაში და აღადგინა 1876 წლის კონსტიტუცია.
71. ოლიმპო - (ბერძნ. λυμπος) - უმაღლესი მთათა მასივი საბერძნეთში (2917 მ), ეროვნული პარკი. ძველბერძნულ მითოლოგიაში ოლიმპო ღმერთების სამყოფელი უწმინდესი მთა იყო. მასივი მდებარეობს თესალიასა და მაკედონიას (საბერძნეთის რეგიონი) საზღვარზე, საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქ სალონიკიდან დაახლოებით 100 კილომეტრში.
72. ზევსი - (ძვ. ბერძნ. Ζεύς) - ძველბერძნულ მითოლოგიაში ცის, ელვისა და ქუხილის ღმერთი, რომელიც მთელ მსოფლიოს განაგებდა. ოლიმპიელების მეთაური, ტიტანების, კრონოსისა და რეას მესამე შვილი.
73. იო - (ბერძნ. Ίώ) - ბერძნულ მითოლოგიაში ინაქისა, ძველი არგოსის მეფე და ამავე დროს მდინარის ღმერთი.
74. გოთები - ჩამოყალიბდნენ სკანდინავიაში. დაახლოებით 230 წელს, გუთები ჩამოვიდნენ შავიზღვისპირეთში. როდესაც გუთებს პირველად რომაელები შეეჯახნენ, გოთები ორ შტოდ გაიყვნენ. (ოსტგუთები და ვესტგუთები).
75. ჰეროდოტე - „ისტორიის მამად“ წოდებული ძველი ბერძენი ისტორიკოსი, მოღვაწეობდა ძვ. წ. აღ. V საუკუნეში.
76. დარიოს დიდი - აქემენიდური ირანის მეფე, ალექსანდრე მაკედონელის თანამედროვე, მოღვაწეობდა ძვ.წ. აღ. დაახ. ძვ. წ. 380-330 წ. წ.
77. სკვითები – ძველირანული ტომები, მოსახლეობდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში. ძვ. წ. VII საუკუნეში სკვითებმა. კიმერიელები გამოდევნეს და მათი ტერიტორია დაიკავეს. ჰეროდოტეს ცნობით, სახლობდნენ დნეპრსა და დონის სტეპებში, ეწეოდნენ მომთაბარეობას, მისდევდნენ მესაქონლეობას. ძვ. წ. IV საუკუნეში ჩამოყალიბდა სკვითების სახელმწიფო.
78. რუმელი ჰისარი (აგრეთვე ცნობილია როგორც რუმელის ციხესიმაგრე) – ციხესიმაგრე, განლაგებული სტამბულის ევროპულ ნაწილში ბოსფორის ნაპირზე. იგი აშენებულ იქნა სულთან მეჰმედ II-ის ბრძანებით 1451-1452 წლებში.
79. იაზონი - მითიური გმირი, არგონავტების მითის მიხედვით სწორედ ის ჩამოვიდა საქართველოში სხვა ბერძენ ზღვაოსნებთან ერთად ოქროს საწმისის წასაღებად.
80. არგონავტები - ბერძნულ მითოლოგიაში გმირთა ჯგუფი, რომელთაც ტროას ომამდე იასონთან ერთად კოლხეთში იმოგზაურეს ოქროს საწმისის მოსაპოვებლად.
81. ოტელო – შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ტრაგიკული გმირი. ამავე სახელწოდების ტრაგედიის მთავარი პერსონაჟი - ოტელო მავრია, ვენეციის რესპუბლიკის მხედართმთავარი.
82. ევქსინი (Euxin) - იგივე ევქსინის პონტო, შავი ზღვის ძველი სახელწოდება.
83. იალტა - ქალაქი ყირიმში, სამხრეთ უკრაინა, შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე. ქალაქი მდებარეობს ძველი ბერძნული კოლონიის ნამოსახლარზე.
84. ფეოდოსია - ყირიმის ნახევარკუნძულზე არსებული ტერიტორიული ერთეული.
85. მილესიანები (Milesians) - იგივე მილესელები. ძველი ბერძენი კოლონისტები კუნძულ მილესიდან, რომლებმაც არაერთი ახალშენი დააარსეს ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში.
86. გენუელები – გენუელებმა ადგილას, სადაც ამჟამად სოფელი ალახაძეა, დააარსეს ფაქტორია „სანტა-სოფია“, ხოლო ბიჭვინთის კონცხზე - „პიცუნდო“. XVI საუკუნეში გენუელები და ვენეციელები შავი ზღვის სანაპიროდან ოსმალებმა განდევნეს.
87. გაგრა - ისტორიული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ზღვისპირა კურორტი.
88. რუსეთ-იაპონიის ომი - მიმდინარეობდა 1905 წლის 27 ივლისამდე. ომი დაიწყო მანჯურიაზე და კორეაზე ბატონობისათვის.
89. ფაზისი - იგივე ფასისი, თანამედროვე ფოთი, საქართველოს ერთ–ერთი უძველესი ქალაქი. იგი წარმოიქმნა მდინარე ფაზისის ქვემო წელზე მცხოვრებ უძველეს მოსახლეობათა საფუძველზე ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში.
90. ბათუმი - ქალაქი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი.
91. ფოთი -უძველესი ქართული ქალაქი, ძველი ფაზისი. იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნავსადგურს, რომლის მეშვეობითაც ევროპელები საქართველოში გამავალი სავაჭრო-სატრანზიტო გზით აზიას და ინდოეთს უკავშირდებოდნენ.
92. სოხუმი - ისტორიულ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ზღვისპირა ქალაქი.
93. დერბენტი (Derbent) - (ძვ. ქართ. დარუბანდი) - ქალაქი დაღესტანში. მოსახლეობის მთავარი შემადგენელი ეთნიკური ჯგუფებია: ლეზგები, აზერბაიჯანელები და თაბასარანელები.
94. ალექსანდრე დიდი - ალექსანდრე დიდი, მაკედონელი (ძვ. წ. 356-ძვ. წ. 323), ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში.
95. პეტრა – ისტორიული ციხე-ქალაქი ეგრისის სამეფოში, ახლანდელი სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე. ბერძნებმა მას პეტრა უწოდეს.
96. ბერლინის 1878 წლის ხელშეკრულება - ბერლინის კონგრესის საბოლოო აქტი (13 ივნისი - 13 ივლისი, 1878), რომლითაც დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრო-უნგრეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, რუსეთმა და ოსმალეთის მთავრობამ ცვლილებები შეიტანეს იმავე წლის 3 მარტს დადებულ სან-სტეფანოს ხელშეკრულებაში. ხელშეკრულებით ამ ქვეყნებმა ცნეს რუმინეთის, სერბეთისა და მონტენეგროს სრული დამოუკიდებლობა, ასევე ბულგარეთის ავტონომია, თუმცა ეს უკანასკნელი რჩებოდა ოსმალეთის ფორმალურ ვასალად და იყოფოდა ორ სამთავროდ (ბულგარეთისა და აღმ. რუმელიის), რამაც ხელი შეუშალა „დიდი ბულგარეთის“ შექმნის რუსულ გეგმას. ოსმალეთის პროვინცია ბოსნია-ჰერცეგოვინა და ყოფილი ნოვი პაზარის სანჯაყი ავსტრო-უნგრეთის ოკუპაციის ქვეშ მოექცა, თუმცა ფორმალურად ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო.
97. ბაქო - აზერბაიჯანის დედაქალაქი.
98. მეფე თამარი - (დაიბ. დაახ. 1160 – გარდ. 1213) - საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა.
99. ქუთაისი – საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი. მდებარეობს დასავლეთ საქართველოში.
100. მედეა – მითიური პერსონაჟი. კოლხეთის მეფის აიეტის ქალიშვილი, სწორედ მისი დახმარებით მოახერხა იაზონმა კოლხეთიდან ოქროს საწმისის გატაცება.
101. ოქროს საწმისი - ბერძნულ მითოლოგიაში ცხვარი ქრიზომალოსის ოქროს ტყავი.
102. წმინდა დავითის გორაკი - მამადავითის მთა თბილისში (მთაწმინდა), სადაც მდებარეობს მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესია, ეკლესიის ირგვლივ კი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი.
გამოყენებული ლიტერატურა
1. ბარონი დე ბაი საქართველოში, ფრანგულიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო ლეილა მაღრაძემ, თბ., 2011.
2. გოგოლიშვილი ო., ფრანგები საქართველოში, კრებ: ზურაბ პაპასქირი – 60, თბ., 2013.
3. ვარშანიძე ნ., კახიძე ე., ბათუმის დემოგრაფიული ვითარების იმპერიული ხედვა XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში და მისი თანამედროვე ანალოგიები, ბათუმი, წარსული და თანამედროვეობა, II, ბათუმი, 2012.
4. თურმანიძე ო., ბათუმის მოსახლეობა XX საუკუნის 20–30–იან წლებში, ბათუმი წარსული და თანამედროვეობა, III ბათუმი, 2013.
5. იდა პფაიფერის მოგზაურობა კავკასიაში, ქართული თარგმანი გერმანულ ტექსტთან ერთად გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთი პროფ. გიორგი სოსიაშვილმა, თბ., 2013.
6. ინაიშვილი ნ., ბათუმის ისტორიული ბულვარის განვითარება, ბათუმი წარსული და თანამედროვეობა, III, ბათუმი, 2013.
7. ლომოური ნ., დასავლეთ საქართველოს ბერძნული კოლონიზაცია, თბ., 1962.
8. მიქელაძე ნ., უცხოელების თვალით დანახული ძველი ბათუმი და მისი შემოგარენი, ბათუმი წარსული და თანამედროვეობა, III, ბათუმი, 2012.
9. ჟან მურიე, ბათუმი და ჭოროხის აუზი, თბ., 1962.
10. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. VI, თბ., 1972.
11. სოსიაშვილი გ., რობერტ კერ პორტერის ცნობები ალექსანდრე ბატონიშვილის მოღვაწეობის შესახებ, კრებ. ქუთაისური საუბრები, ქუთაისი, 2013.
12. სოსიაშვილი გ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა XIX საუკუნის I ნახევარში, ფრანგი მოგზაურის ბარონ დე ბაის ცნობების მიხედვით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, კონფერენციის მასალები, თბ., 2014.
13. სოსიაშვილი გ., აბრაჰამ ვალენტინ უილიამ ჯეკსონი და მისი ცნობები საქართველოს შესახებ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ცენტრის შრომათა კრებული, VII, გორი, 2014.
14. სოსიაშვილი გ., აბრაჰამ ვალენტინ უილიამს ჯეკსონის ცნობები თბილისის შესახებ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის „მაცნე“ I, ისტორიის სერია, თბ., 2014.
15. Travels in Georgia, Persia, Armenia, Ancient Babylonie, During the 1817, 1818, 1819 and 1820, By Sir Robert Ker porter, Vol. I, London 1821;
16. Travels in Georgia, Persia, Armenia, Ancient Babylonie, During the 1817, 1818, 1819 and 1820, By Sir Robert Ker porter, Vol. II, London 1822;
17. Travels in Russia, the Krimea, the Caucasus and Georgia, by Robert Lyul M. D. P. L. S. vol. I London 1825.
18. Abraham Valentine Williams Jackson Persia Past and Present: A Book of Travel and Research, New York, 1906.
19. Abraham Valentine Williams Jackson, From Constantinople to the Home of Omar Khayyam: Travels in Transcaucasia and Northern Persia for Historic and Literary Research, New York, 1911.
20. William W. Malandra, “Abraham Valentine Williams Jackson”, Encyclopedia Iranica, 2007.
21. http://www.iranicaonline.org/articles/jackson-abraham-valentinewilliams.
22. Obituaries and biographical sketches. B[oris] A. B[akhmeteff], obituary in Columbia University Quarterly, New York, USA, 29, 1937.
23. The Encyclopedia Americana, 1920.
Комментариев нет:
Отправить комментарий