თავი I საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცება საქართველოში
საბჭოთა რუსეთს საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალის ახვევის მიზნით საქართველოს ოკუპაციის ფაქტის შენიღბვა სჭირდებოდა. ამიტომ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველო დამოუკიდებელ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა. ფორმალურად საქართველოში ხელისუფლების უმაღლესი ორგანო რევოლუციური კომიტეტი (რევკომი) იყო, სინამდვილეში კი ქვეყნის მართვას რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტი (მდივანი სერგო ორჯონიკიძე) ახორციელებდა. საქართველოში რევკომის ერთადერთ დასაყრდენ ძალას საბჭოთა რუსეთის XI წითელი არმია წარმოადგენდა, რომელსაც სახელი შეუცვალეს და „კავკასიის განსაკუთრებული არმია“ უწოდეს. რეგიონებში ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს გუბერნიებისა და ოლქების რევკომები (თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის გუბერნიების რევკომები, სოხუმის ოლქის რევკომი) წარმოადგენდნენ, რომლებსაც ექვემდებარეოდნენ მაზრების რევკომები, ამ უკანასკნელს კი - თემებისა და სოფლების რევკომები. საქართველოს რევკომის საბოლოო მიზანი ქართული ეროვნული ძალებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დაშლა-განადგურება იყო. დაიწყო სათანადო მუშაობა ქვეყანაში ერთპარტიული სისტემის, ტოტალიტალური რეჟიმის დასამყარებლად. პოლიტიკური პარტიების მიმართ განსაკუთრებულ „მზრუნველობას“ საქართველოს საგანგებო კომისია (საქჩეკა) იჩენდა. ხელისუფლებამ მოახერხა ყველა პოლიტიკურ პარტიაში აგენტურის შეგზავნა. დაიწყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ე. წ. „თვითლიკვიდაციის“ პროცესი. საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (მენშევიკების) 1923 წლის აგვისტოში თვითლიკვიდაცია გამოაცხადა (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. VII, რედაქტორი. ი. კაჭარავა, თბილისი, 1976), საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ - 1923 წლის 28 ოქტომბერს. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტია 1921 წელს ორ ფრთად მემარცხენე და მემარჯვენე ფრთად გაიყო. მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ 1923 წლის 8 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კომუნისტურ პარტიასთან გაერთიანების შესახებ. 1923 წლის 30 ივლისს დაშნაკციუტინის პარტიის საქართველოს ცენტრალურმა კომიტეტმა („აშხატავორ“) საბჭოთა ხელისუფლებასთან ლოიალური დამოკიდებულების დეკლარაცია მიიღო, დაშნაკციუტინის ერევნის ყრილობამ კი იმავე წლის 20 ნოემბერს პარტია დაშლილად გამოაცხადა. 1923 წლის 28 ოქტომბერს დაშლილად გამოცხადდა „ახალგაზრდა მარქსისტთა“ სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია, ახალგაზრდული ორგანიზაციები: „ახალგაზრდა მემარჯვენე ფედერალისტთა ორგანიზაცია“, „ახალგაზრდა ნაციონალ-დემოკრატები“, „ახალგაზრდა დაშნაკთა ორგანიზაცია“, „ახალგაზრდა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა ორგანიზაცია“, „ებრაელ ახალგაზრდათა ორგანიზაცია“, სომხური ნაციონალისტური ორგანიზაციები - „ჰნჩაკ“, დაშნაკური „მიუტიუნ“ და სხვ. დაიშალნენ მათი იდეური და ორგანიზაციული ხელმძღვანელი პოლიტიკური პარტიების დაშლასთან ერთად (კაჭარავა 1958: 297-298).
ამდენად, საბჭოთა ხელისუფლებამ საწადელ მიზანს მიაღწია - მთელ ქვეყანაში ერთპარტიული რეჟიმი დამყარდა.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებით უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა თავადაზნაურობის ფენა, რადგან კერძო საკუთრების გაუქმება პირდაპირ მათ წინააღმდეგ იყო მიმართული. თავადაზნაურობას სახნავ-სათესი მიწებისა და ტყის მასივები ჩამოართვეს. საბჭოთა ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს მეფის ოფიცრობისაგან ქართული ჯარის გაწმენდა წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა სერგო ორჯონიკიძის არგუმენტები: „ამ 2 თვის წინეთ (1924 წლის ივლისი-აგვისტო - ავტ.) სურამში ვიყავი, შევხედე ჯარის კაცებს - სამაგალითო ბიჭები არიან, მაგრამ მეთაურები რომ დავინახე გული გამისკდა. ყველა ნიკოლოზის ოფიცრები იყვნენ და რა დღესაც გინდა საბჭოთა ხელისუფლებას ხიშტზე წამოაგებდენ. ამიტომ 400 კაციდან 200 გამოვრეკე. ამ 200 კაცმა ყველამ მიიღო მონაწილეობა ამ აჯანყებაში...“ (სშსსა (III), ფონდი №14, აღწერა №2, საqმე №41, ფურცელი 43).
საბჭოთა ხელისუფლებას „მზრუნველობის“ გარეშე არ დარჩენია ვაჭართა ფენა. ვაჭრები საბჭოთა ხელისუფლებამ „არასაიმედოებს“ მიაკუთვნა და ამიტომაც „კერძო ვაჭრებს, შუამავალთ და კომერციულ შუაკაცებს“ ჩამოერთვათ როგორც აქტიური ისე პასიური საარჩევნო ხმის უფლება (ანალოგიურად ჩამოერთვათ ხმის უფლება ყოფილ პოლიციელებს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული საგანგებო რაზმის ყოფილ წევრებს და სხვ. - ავტ.) (საქართველოს სსრ კონსტიტუციური აქტების კრებული (1921-1978 წ.წ.) 1983: 28). მართალია საარჩევნო ხმის უფლებით სარგებლობდნენ გლეხები, მაგრამ არჩევნების დროს მათ წინასწარ ეკითხებოდნენ, თუ ვის აძლევდნენ ხმას (სშსსა (III), ფონდი #14, აRწერა #2, საqმე #41, ფურცელი 46).
კომუნისტები (ბოლშევიკები) ხელისუფლების უზურპაციამდე გლეხობას მიწებს ჰპირდებოდნენ. საქართველოს რევკომმა 1921 წლის 6 აპრილის #17 დეკრეტით მთელი მიწა მშრომელი ხალხის საერთო კუთვნილებად გამოაცხადა და მისი ყიდვა-გაყიდვა და იჯარით გაცემა აკრძალა. დეკრეტის შესაბამისად გლეხობისათვის მიწების გადაცემა მემამულეების, ეკლესია-მონასტრებისა და სხვა მსხვილ მფლობელთა ხარჯზე უნდა მომხდარიყო. ამასთანავე, რევკომმა მანამდე არსებული ყველა კანონი მიწის შესახებ (1917 წლის 16 დეკემბრის, 1918 წლის 7 მარტის, 1919 წლის 28 იანვრის და 1920 წლის 10 თებერვლის) გააუქმა. (საქართველოს სსრ კონსტიტუციური აქტების კრებული (1921-1978) 1983: 28-31). აგრარული რეფორმა საქართველოში დაჩქარებული წესით რამდენიმე თვეში განხორციელდა (1922 წლის შემოდგომა - 1923 წლის გაზაფხული). საგანგებოდ შექმნილი „გლეხთა კომისიები“ თავადაზნაურთა მიწების გარდა საშუალო შეძლების გლეხებსაც ართმევდნენ მიწას, თუ მათ ნორმაზე ოდნავ მეტი მიწა გააჩნდათ. ადგილი ჰქონდა ისეთ შემთხვევასაც, როდესაც ღარიბ აზნაურს, რომელიც თავის მიწაზე თვითონ შრომობდა, მთლიანად ართმევდნენ სახნავ მიწას, ეზოს, სახლს, მიუხედავად იმისა, რომ დეკრეტის ძალით ხელისუფლებას ამის უფლება არ ჰqონდა. ადგილი ჰქონდა ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც კომისიის წევრები ჩამორთმეული მიწებიდან საუკეთესო ნაკვეთებს თვითონ ითვისებდნენ. ყოველივე ამის შედეგად ზოგან გლეხებს მიწები საერთოდ არ მიუღიათ, მაგალითად, გურიაში (ბ. ლომინაძის პირადი წერილიდან საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის მ. კახიანისადმი (1924 წ. შემოდგომა), „საქართველოს კომუნისტი“, 1989, #3). გლეხების მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა სხვადასხვა გადასახადების დაწესებით (საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის „მოამბე“, 1921, #14, #17, #18, #19; 1923, #53, #55).
ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბედი იმთავითვე გადაწყვეტილი იყო. ამის უმთავრესი მიზეზი საბჭოთა ხელისუფლების ათეისტურ პოლიტიკაში მდგომარეობდა. გარდა ამისა, ბოლშევიკებს კარგად ახსოვდათ საბჭოთა რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ქართველი სამღვდელოების პოზიცია. ხელისუფლების უზურპაციის შემდეგ ბოლშევიკების ერთ-ერთი პირველი დეკრეტი საqართველოს ეკლესიას ეხებოდა. დეკრეტის ძალით ეკლესია გამოეყო სახელმწიფოს, ხოლო სკოლა - ეკლესიას. ამასთანავე, ეკლესიას უძრავი და მოძრავი საკუთრების ფლობის უფლება ჩამოერთვა და ეკლესიის მთელი ქონება სახალხო საკუთრებად გამოცხადდა (საქართველოს სსრ კონსტიტუციური აქტების კრებული (1921-1978) 1983: 33). 1923 წელს საქართველოს სახალხო კომისართა საბჭომ „საეკლესიო განძეულობის გამოყენების წესის შესახებ“ მიღებული კანონით დაკეტილი ეკლესიების მთელი ქონება ადგილობრივ აღმასრულებელ კომიტეტებს გადასცა (საqართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფონდი #600, აღწერა #1, საქმე #144, ფურცელი 15). ბოლშევიკებმა მასობრივი ანტირელიგიური კამპანია საქართველოში 1922 წლის დამლევიდან დაიწყეს. ქრისტიანულ შობას მათ ე. წ. „კომკავშირული შობა“ დაუპირისპირეს. ამ კამპანიის ჩასატარებლად ამიერკავკასიის მასშტაბით სპეციალური სამხარეო კომისია შეიqმნა რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბ) სამხარეო კომიტეტის მდივნის, მამია ორახელაშვილის თავმჯდომარეობით (როგავა 1994: 16). მთელ ქვეყანაში ეკლესია-მონასტრების დახურვა-გადაკეთების პროცესი დაიწყო, რისთვისაც ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭომ ხუთი მილიარდი მანეთი გამოყო (სუიცსა, ფონდი #600, აღწერა #2, საქმე #2, ფურცელი 373). ეკლესია-მონასტრების გადაკეთებაში ცალკეული თემებისა თუ სოფლების ხელმძღვანელები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. საqართველოში თითქმის ყველა ეკლესია-მონასტერი დახურეს. დახურვას გადარჩენილ ეკლესიებში ღვთისმსახურებს უკიდურესად ავიწროებდნენ და დევნიდნენ. ბოლშევიკები ანტირელიგიური კამპანიის დროს წმინდა ხატებს, წმინდა წიგნებს და წმინდა ნაწილებსაც ხელყოფდნენ. ბოლშევიკები ცდილობდნენ სასულიერო პირებში თავიანთი მომხრეები გაეჩინათ. ამ თვალსაზრისით გარკვეულ „წარმატებასაც“ მიაღწიეს. ეკლესიებში გაჩნდა ე. წ. „განახლებისა და რეფორმების“ ჯგუფი, რომელმაც „სიახლეები“ შეიმუშავა - მარხვის აკრძალვა და სხვ. (ვარდოსანიძე 2009: 126). სასულიერო პირების წინააRმდეგ ბრძოლა ბოლშევიკებმა სასულიერო წოდებისათვის ხმის უფლების ჩამორთმევით დააგვირგვინეს (საქართველოს სსრ კონსტიტუციური აქტების კრებული (1921-1978 წ.წ.) 1983: 93). ქართველ ინტელიგენტებს, სომხებისა და რუსებისაგან განსხვავებით, დაწესებულებებში სამსახურს არ აძლევდნენ. სხვადასხვა ორგანიზაციაში ჩატარებული ე. წ. „წმენდა“ მხოლოდ ქართველებს ეხებოდათ. ამის მიზეზად ს. ორჯონიკიძე იმ გარემოებას ასახელებდა, რომ ქართველი ინტელიგენტი ჯერჯერობით მათი ინტერესების გამტარებელი არ იყო (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #41, ფურცელი 59).
საბჭოთა ხელისუფლებას რუსეთ-საქართველოს ომის დროს უნივერსიტეტის პროფესურისა და სტუდენტების პოზიცია კარგად ახსოვდა. 1921 წლის 26 თებერვალს „რუსთა ეროვნული საბჭოს წარმომადგენლები მე-11 არმიის სარდლობასთან გამოცხადნენ და თბილისის უნივერსიტეტის დახურვა მოითხოვეს“ (ივანე ჯავახიშვილი ტირანიის სამსჯავროს წინაშე, დოკუმენტები და მასალები (XX საუკუნის 20-30-იანი წლები). გამოსაცემად მოამზადეს, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთეს პროფ. მერაბ ვაჩნაძემ და პროფ. ვახტანგ გურულმა, თბილისი, 2004). საბჭოთა ხელისუფლებამ უნივერსიტეტის ძირფესვიანი „წმენდა“ დაიწყო, რის შედეგად თბილისის უნივერსიტეტში მოსწავლე 4 ათასი სტუდენტიდან 1200 გარიცხეს (ჟვანია 1956: 55). მოსკოვის მითითებით საqართველოს საბჭოთა ხელისუფლებამ ქართული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი გაასხვისა. თურქეთს გადაეცა 9969.71 კვ. კმ. ტერიტორია 158728 მცხოვრებით, სომხეთს - 2575.38 კვ. კმ. ტერიტორია 37800 მცხოვრებით, აზერბაიჯანს - 5199.47 კვ. კმ. ტერიტორია 92608 მცხოვრებით (თოიძე 1991: 197).
საბჭოთა ხელისუფლებისგან წაქეზებული ოსები ყოველგვარ უმსგავსობასა და თვითნებობას მიმართავდნენ. „ერთა თვითგამორკვევის“ პრინციპის ერთგულმა საბჭოთა ხელისუფლებამ ოსებს ავტონომიაც კი მისცა. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი 1922 წლის 20 აპრილს შეიქმნა, რომელსაც ოსურ სოფლებთან ერთად 40 ქართული სოფელი და 1 ქალაქი გადაეცა (თოიძე 1999: 90-94).
საქართველოს მოჩვენებით სუვერენიტეტს ბოლო მოეRო ჯერ ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის, 1922 წლის 30 დეკემბერს კი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შეqმნით და მასში ამიერკავკასიის ფედერაციის გაერთიანებით.
1923 წლის 10 აპრილს საqართველოს დამოუკიდებლობის უკანასკნელი ნიშანსვეტი საqართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფულის ერთეული ქართული ბონები საბოლოოდ გაუqმდა და ხმარებაში ამიერკავკასიის ერთიანი ფულის ნიშნები შემოვიდა (ჯავახიშვილი 1996: 102).
ასეთია მოკლედ საბჭოთა რუსეთის სამხედრო-საოკუპაციო რეჟიმის მოღვაწეობის შედეგები საქართველოში. ოკუპანტებმა ფეხქვეშ გათელეს საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი, შელახეს qართველი ხალხის ეროვნული ღირსება, დაარბიეს საქართველოს სამოციქულო-მართლმადიდებელი ეკლესია, უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდეს ყველა სოციალური ფენა. ქართველი ერის უკმაყოფილება საოკუპაციო რეჟიმით დღითიდღე იზრდებოდა.
თავი II. რუსული სამხედრო-საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობის დასაწყისი (1921-1922 წწ.)
1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში დამყარებულ საოკუპაციო რეჟიმს ქართველი ერი არ ცნობდა. მთელ საქართველოში 26 მაისთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები იმართებოდა (ხშირ შემთხვევაში საბჭოთა ხელისუფლების თვალის ასახვევად 26 მაისის აღნიშვნა 24 მაისს ან სხვა რომელიმე დღეს ხდებოდა - ავტ.). ამ აქციებზე გამუდმებით გაისმოდა: „მოვითხოვთ... რუსეთის ჯარის გაყვანას საქართველოდან. პოლიტიკური ტუსაღების განთავისუფლებას, სიტყვის და პრესის თავისუფლებას. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!..“ (სშსსა (II), ფონდი #6, საqმე #22939-61, ფურცელი 4). იყო შემთხვევები, როდესაც 24 და 26 მაისის დემონსტრაციებში მონაწილეობას საბჭოთა მოსამსახურეებიც ღებულობდნენ. მაგალითად, 1921 წლის 24 მაისის დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თანამშრომლებმა: ვეფხვაძემ (საქმისმწარმოებელი), შუშანიკა ცინცაძემ (რეგისტრატორი), ქურციკიძემ (მემანქანე) და ლომინაძემ (მემანქანე). ადმინისტრაციის გაფრთხილების მიუხედავად ცინცაძე და ქურციკიძე სამჯერ გავიდნენ გარეთ და სამჯერ შეუერთდნენ დემონსტრაციას. ლომინაძემ პირველსავე გაფრთხილებაზე დემონსტრაცია მიატოვა და სამუშაოს დაუბრუნდა. ასევე, ვეფხვაძეც გაფრთხილების შემდეგ გარეთ არ გასულა, მაგრამ მთელი დღე გამოძახების მოლოდინში იყო. ყოველივე ამის გამო, აღნიშნული თანამშრომლები სამსახურიდან დაითხოვეს. მხოლოდ ლომინაძე აღადგინეს თანამდებობაზე, რადგან მისი წასვლა დიდად დაეტყობოდა სამსახურს (სუიცსა, ფონდი #600, აღწერა #2, საქმე #2, ფურცელი 14ა). საბჭოთა ხელისუფლებამ ყველა იმ მაღაზიისა და სავაჭრო დუქნის საქონლის კონფისკაცია მოახდინა, რომლებიც 1921 წლის 24 და 26 მაისს პოლიტიკური მოტივით დაკეტილი იყო (სუიცსა, ფონდი #600, აღწერა #2, საქმე #2, ფურცელი 15).
1921 წელს, რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის გამო, საქართველოს საბჭოთა მთავრობამ 26 მაისის დღესასწაულის აკრძალვა ვერ გაბედა (თოიძე 1999: 180). 1922 წლის 24 მაისს თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ეროვნული დროშების აფრიალებას ხელისუფლებამ ჯარების მისევით უპასუხა. უნივერსიტეტს ალყა შემოარტყეს. „ამ დროს უნივერსიტეტის რეqტორი ივანე ჯავახიშვილი შემოვიდა და იკითხა, რა ხდებაო. „რუსულად ილაპარაკე“, იყო რუსი ჯარისკაცის პასუხი. ივანე ჯავახიშვილი და ანდრია რაზმაძეც დააპატიმრეს, მაგრამ მალე გამოუშვეს“ (ვარდოსანიძე 2000: 37).
1922 წლის 11 თებერვალს ანტისაბჭოთა სამგლოვიარო დემონსტრაცია მოაწყო მოსწავლე ახალგაზრდობამ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, შორაპანში, ზესტაფონში, ფოთში, სამტრედიაში, ოზურგეთში, თელავში, ბანძაში, ლანჩხუთში, ნატანებში და სხვაგან (კაჭარავა 1958: 284). 1922 წელს მუშათა დიდი გაფიცვა მოხდა საჭილაოს ტყის საჭრელ ქარხანაში და ტყიბულის მაღაროებში (წენგუაშვილი 2005: 129).
1922 წლის 11 თებერვალს და 24 მაისს მოწყობილ გამოსვლებში აქტიური მონაწილეობა სპორტული საზოგადოება „შევარდენი“-ს წევრებმაც მიიღეს (საზოგადოება 6700 წევრს აერთიანებდა). ამის გამო, 1922 წლის 23 ნოემბერს საქართველოს სახალხო კომისართა საბჭომ მიიღო დადგენილება საზოგადოება „შევარდენი“-ს დაშლის შესახებ. დაშალეს ასევე სპორტული საზოგადოებები „სოკოლი“ და „სკაუტი“, რომლებიც „კონტრრევოლუციურ საზოგადოებებად“ მონათლეს (ჟვანია 1956: 57).
1923 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა საქართველოს კომუნისტურ პარტიას და მთავრობას თხოვნით მიმართა, ჩაეტარებინა საqართველოში რეფერენდუმი იმის შესახებ, თუ როგორ მმართველობას ამჯობინებდა ქართველი ერი. ამასთანავე რეფერენდუმი უნდა ჩატარებულიყო ფარული კენჭისყრით. თუ რეფერენდუმში ბოლშევიკები ხმების თუნდაც ერთ მესამედს მიიღებდნენ, სოციალ-დემოკრატები საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ყოველგვარ ბრძოლაზე ხელს აიღებდნენ. სოციალ-დემოკრატების ეს შეთავაზება ბოლშევიკებმა უარყვეს (კირთაძე ნ., ისტორიულ-პოლიტიკური პროცესი, გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“, 1991, #4). 1924 წლის შემოდგომაზე საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივნის ბესარიონ ლომინაძის მიხეილ კახიანისადმი მიწერილ წერილში სავსებით სამართლიანადაა აღნიშნული, რომ „...მენშევიკთა შეიარაღებული გამოსვლა მნიშვნელოვანწილად გარდაუვალი იყო...“ (ბ. ლომინაძის პირადი წერილიდან საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის მ. კახიანისადმი (1924 წ. შემოდგომა), „საქართველოს კომუნისტი“, 1989, #3). საქართველოს ემიგრანტულმა მთავრობამ საფრანგეთში ჩასვლისთანავე კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბა. მთავრობის შემადგენლობაში ეროვნულ- დემოკრატიული პარტიიდან გრიგოლ ვეშაპელი შევიდა (მალე ის სპირიდონ კედიამ შეცვალა), სოციალისტ-ფედერალისტებიდან - იოსებ მდივანი (შემდგომ ის სამსონ ფირცხალავამ შეცვალა), სოციალისტ-რევოლუციონერებიდან - იოსებ გობეჩია. მალევე ე. წ. „პოლიტიკური ცენტრი - საერთო ფრონტი“ ჩამოყალიბდა შემდეგი შემადგენლობით: ნოე რამიშვილი (თავმჯდომარე), იოსებ მდივანი (თავმჯდომარის მოადგილე), გრიგოლ ვეშაპელი (მდივანი), ევგენი გეგეჭკორი, კარლო ჩხეიძე, აკაკი ჩხენკელი, ირაკლი წერეთელი. ნოე ჟორდანია ამ კომიტეტის საქმიანობაში მონაწილეობას გადამწყვეტი ხმის უფლებით ღებულობდა (სულაძე 2010: 65).
1921 წლის ბოლოს საქართველოს ემიგრანტულმა მთავრობამ კონსტანტინე საბახტარაშვილის მეშვეობით ვატიკანთან კონტაქტი დაამყარა. კარდინალმა შუსტერმა ნოე ჟორდანიას ვატიკანისა და პირადად რომის პაპის მხრიდან დახმარება აღუთქვა. იმავდროულად კარდინალმა ნ. ჟორდანიას საქართველოზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.
ქართველი ემიგრანტებით განსაკუთრებით პოლონეთი იყო დაინტერესებული. ამის გამოხატულებას წარმოადგენდა ქართველი გენერლების ალექსანდრე ზაქარიაძისა და ბაქრაძის, აგრეთვე ქართველი იუნკრებისა და ოფიცრების პოლონეთის არმიაში ჩარიცხვა. ქართველი ემიგრანტებით დაინტერესება საბერძნეთმაც გამოთქვა და, შესაბამისად, ქართველი იუნკრების მცირე ჯგუფი საბერძნეთის სამხედრო სასწავლებელში ჩაირიცხა.
1921 წლის ზაფხულში ჟენევაში საფუძველი ჩაეყარა „ლტოლვილთა კომისარიატს“, რომელმაც სპეციალური „ნანსენსის პასპორტები“ შეიმუშავა. ამ პასპორტების მეშვეობით ქართველ ემიგრანტებს ევროპის ქვეყნებში გადაადგილება გაუადვილდათ. „ლტოლვილთა კომისარიატმა“ დევნილებისთვის გარკვეული თანხებიც გამოყო. სტამბოლში მყოფ საქართველოდან დევნილ 400 ქართველს დახმარება ერთა ლიგამ, ერთა ლიგის ლტოლვილთა დამხმარე ამერიკულმა კომიტეტმა და შრომის საერთაშორისო ბიურომ აღმოუჩინეს (სულაძე 2010: 60-62). საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას მსოფლიოში საერთაშორისო სამართალსუბიექტად არ აღიარებდნენ. 1921 წლის 22 ივნისს კარპეზ მოდებაძე კონსტანტინოპოლიდან ალექსანდრე სვანიძეს წერდა, რომ „...ჯერჯერობით ძალიან შეურიგებელია საფრანგეთი, რომელსაც არ უნდა გაიგონოს სიტყვა „საბჭოთა რესპუბლიკა“. ამ სიტყვას დღემდის ვერ ინელებენ და პირდაპირ ცოფდებიან მითი... ძველი მთავრობა (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა - ავტ.) დღემდის ცნობილია როგორც კანონიერი მთავრობა საქართველოსი და იგინი ითვლებიან მხოლოთ როგორც გარეშე ძალით გამოგდებულები... ამათ (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას - ავტ.) აქვთ აქ თავისი საკონსულო და თუ მისი ვიზა არ აქვს არავის საქართველოში არ უშვებს interallie... სასაცილოა, მაგრამ რას იზამ, ასე რომ თვით შენც რომ აქ ჩამობრძანდე ჩემო ალიოშა, ან თვით ჩვენი ფილიპე (იგულისხმება ფილიპე მახარაძე - ავტ.) და უკან დაბრუნება დაგჭირდესთ, არ არსებულ მთავრობის საკონსულოში გაგზავნიან...“ (სუიცსა, ფონდი #600, აღწერა #2, საქმე #3, ფურცელი 143).
საქართველოს ემიგრანტული მთავრობა დიდ იმედს საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ დახმარებაზე ამყარებდა. პირველი ასეთი იმედი გენუის კონფერენციის მიმართ გაჩნდა, რომელიც 1922 წლის 10 აპრილიდან 19 მაისამდე მიმდინარეობდა. გენუის საერთაშორისო კონფერენციაში 29 სახელმწიფო და ინგლისის 5 დომინიონი მონაწილეობდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. გენუის კონფერენციის მიზანი იყო რუსეთის იმპერიის საგარეო ვალები საბჭოთა რუსეთისათვის დაეკისრებინა ამ ქვეყნის დე იურე ცნობის სანაცვლოდ. საქართველოს ემიგრანტული მთავრობის წარმომადგენელმა აკაკი ჩხენკელმა კონფერენციამდე საფრანგეთის პრეზიდენტთან მილეირანთან და საფრანგეთის მთავრობის თავმჯდომარესთან პუანკარესთან შეხვედრისას მოითხოვა გენუის კონფერენციაზე საქართველოს ემიგრანტული მთავრობის წარმომადგენელი დაეშვათ და, პირიქით, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის წარმომადგენელი არ დაეშვათ. მართალია ა. ჩხენკელის მეორე მოთხოვნა დააკმაყოფილეს და საბჭოთა საქართველოს წარმომადგენელი კონფერენციაზე არ დაუშვეს, მაგრამ არც ემიგრანტული მთავრობის წარმომადგენელი დაასწრეს მას.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაცია გენუაში მიწვეული არ ყოფილა, მისი სრულუფლებიანი ელჩი პარიზში აკაკი ჩხენკელი რამდენიმე ქართველ პოლიტიკურ მოღვაწესთან (ირაკლი წერეთელთან, სვიმონ მდივანთან, გრიგოლ ვეშაპელთან, ზურაბ ავალიშვილთან) ერთად გენუაში მაინც ჩავიდა, რათა საჭირო საბუთები მიეწოდებინა იმ სახელმწიფოთა წარმომადგენლებისათვის, რომლებიც მზად იყვნენ საქართველოს საკითხი კონფერენციაზე დაეყენებინათ. კონფერენციის დაწყებისთანავე ა. ჩხენკელმა წერილით მიმართა გენუის კონფერენციის თავმჯდომარეს, იტალიის პრემიერ-მინისტრს ლუიჯი ფაქტას საბჭოთა რუსეთის ძალმომრეობისაგან საქართველოს დაცვის თხოვნით. მაგრამ იმ მოტივით, რომ საქართველო არ იყო მიწვეული კონფერენციაზე, მისი საკითხის განხილვა დღის წესრიგიდან მოიხსნა. თუმცა კონფერენციაზე აRინიშნა, რომ საბჭოთა რუსეთმა საqართველო დაიპყრო და ამიტომ საბჭოთა რუსეთს უფლება არ ჰქონდა საqართველოს სახელით ელაპარაკა (ცხოვრებაძე გ., გენუის კონფერენცია და საქართველოს საკითხი, ქართული დიპლომატია, #3, 1996).
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ, საკათალიკოსო საბჭოსთან ერთად, სპეციალური მემორანდუმი შეიმუშავა და გენუის კონფერენციაზე გააგზავნა. კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვამ კონფერენციის მონაწილეთა შორის და საერთოდ ევროპაში დიდი რეზონანსი ჰპოვა. 1922 წლის 5 მაისს პატრიარქის წერილის ტექსტი გენუის გაზეთ „კაფარა“-ში დაიბეჭდა (სუიცსა, ფონდი #600, აღწერა #2, საქმე #12, ფურცელი 39).
გენუის კონფერენციის მსვლელობის დროს სვანეთში ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება მიმდინარეობდა (მოგვიანებით მოძრაობა რაჭა-ლეჩხუმშიც გავრცელდა). აჯანყებულებმა თავდაპირველად მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ საბოლოოდ საოკუპაციო ჯარის ნაწილებს ვერ გაუმკლავდნენ. სვანეთში სისხლიანი ანგარიშსწორება დაიწყო. სვანეთში მიმდინარე მოვლენები ნოე ჟორდანიამ დეპეშით გენუის კონფერენციის მონაწილეებს აცნობა და სთხოვა მათ იძულებული გაეხადათ რუსეთი, სვანეთში სამხედრო მოქმედებები შეეჩერებინა. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, მცირე კომისიის თავმჯდომარის შანცერის წინადადებით მიიღეს მიმართვა რუსეთის საგარეო საqმეთა სახალხო კომისრის გ. ჩიჩერინის სახელზე. გ. ჩიჩერინის პასუხი ამაზე შემდეგი იყო: „საქართველოში არავითარი ომი არ მიმდინარეობს და რუსეთს არავითარი მე-9 არმია არ ჰყავს და ეს მხოლოდ კერძო პირის ნ. ჟორდანიას მონაგონია და თუ სიმართლე გსურთ ამის შესახებ, აქ წარმოდგენილი საქართველოს საბჭოთა მთავრობის წარმომადგენელი ალაპარაკეთ“-ო (ცხოვრებაძე გ., გენუის კონფერენცია და საქართველოს საკითხი, ქართული დიპლომატია, #3, 1996).
კათოლიკოს-პატრიარქისა და მასთან კავშირში მყოფი პირების წინააღმდეგ საგანგებო კომისიაში დაიწყო აგენტურული მონაცემების შეგროვება კოდური სახელწოდებით „სვიატოი“. აგენტურული მონაცემებით ცნობილი ხდება, რომ კათოლიკოს-პატრიარქი კომუნისტებს ანტიქრისტეებს, გამყიდველებსა და იუდებს ეძახდა (სუიცსა, ფონდი #600, აRწერა #2, საქმე #12, ფურცელი 49ა). 1922 წლის 13 ივნისს საქართველოს საგანგებო კომისიის თანამშრომლებმა პატრიარქი მესამე განყოფილებაში წაიყვანეს დასაკითხად. დაკითხვის დასრულების შემდეგ პატრიარქი უკან დააბრუნეს. 1922 წლის 2 ივნისს პატრიარქი იძულების წესით საპატრიარქო რეზიდენციიდან გამოასახლეს, 23 ივნისს რეზიდენცია და პატრიარქის სამუშაო ოთახები დალუქეს. ამასთანავე, წაიღეს როგორც საეკლესიო, ისე საერო დანიშნულების ნივთები. 1922 წლის 17 ნოემბერს მთავრობამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სასახლის კონფისკაცია მოახდინა (ვარდოსანიძე 2000: 37-44). 1923 წლის 12 იანვარს საქართველოს საგანგებო კომისიამ „გაბედული“ ნაბიჯი გადადგა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი და მასთან ერთად საკათალიკოსო საბჭოს წევრები პატიმრობაში აიყვანა. მოგვიანებით პატრიარქს შინა პატიმრობა მიესაჯა (სუიცსა, ფონდი #600, აღწერა #2, საქმე #20, ფურცელი 28-28ა).
1924 წლის 19 მარტს, საღამოს 8 საათზე საართველოს სსრ უზენაესმა სასამართლომ დაპატიმრებულებს სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა (სასულიერო პირებს გენუაში გაგზავნილი მემორანდუმის გარდა ბრალად საეკლესიო განძეულის გადამალვა წაუყენეს) (ვარდოსანიძე 2009: 114-115).
რუსული სამხედრო-საოკუპაციო რეჟიმის დამყარების პირველსავე თვეებში ცხადი გახდა, რომ ქართველი ერის ყველა სოციალური ფენა, მათ შორის მუშებიც და გლეხებიც, ვერ ეგუებოდა არსებულ რეჟიმს და შეძლებისდაგვარად გამოხატავდა პროტესტს. საბჭოთა ხელისუფლება რეპრესიების გზით ცდილობდა საპროტესტო მოძრაობის ჩახშობას.
თავი III. სვანეთის აჯანყება (1921-1922 წწ.)
საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მშვიდობიანი ფორმებით ბრძოლის უპერსპექტივობის გამოკვეთის პარალელურად არსებული რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოში შეიარაღებული გამოსვლები დაიწყო. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის პირველ წელსვე საბჭოთა ხელისუფლებისათვის განსაკუთრებით საშიშ ძალად ზემო სვანეთში მოქმედი პარტიზანული რაზმები იქცნენ, რომელთა ფორმირებას საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტი ეწეოდა. ამ რაზმებს ხელმძღვანელობდნენ: ნესტორ გარდაფხაძე, მოსესტრო დადეშქელიანი და ბიძინა პირველი. ეროვნულ- დემოკრატიულმა პარტიამ სვანეთში ეროვნულ-დემოკრატ სტუდენტთა სამი ათეულიც კი გააგზავნა. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა სვანეთში მოქმედი პარტიზანული რაზმების მეთაურებს ქართლ- კახეთის კოოპერატორთა კავშირის „წარმოკავშირის“ (თავმჯდომარე ივანე ციციშვილი) ხელშეწყობით 10 მილიონი მანეთი გადასცა შეიარაღებული გამოსვლების მოსამზადებლად (ენდელაძე 2003: 94-95).
სვანეთში ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება 1921 წლის 28 ოქტომბერს დაიწყო. აჯანყებული სვანები სოფ. მულახში მდებარე სამაზრო რევოლუციური კომიტეტის შენობას თავს დაესხნენ. სროლისას განყოფილების გამგე და ერთი მილიციელი დაიჭრა. მეორე დღეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის სროლები კვლავ განახლდა. საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები და სვანეთში მყოფი რუსული წითელი ჯარის ნაწილები ჯვარის მიმართულებით გაიქცნენ. გზაზე ჩასაფრებულმა აჯანყებულთა რაზმმა მოწინააღმდეგის დიდძალი იარაღი ჩაიგდო ხელში. მოგვიანებით აჯანყებულებმა ადგილობრივი მოსახლეობის ხატზე დაფიცება დაიწყეს. აჯანყებულების გარშემო 2000 კაცი შეგროვდა. ეს ძალა კვლავ სოფ. მულახისაკენ დაიძრა, სადაც ამ დროს საბჭოთა ხელისუფლების 80 შეიარაღებული წარმომადგენელი იმყოფებოდა. აჯანყებულებმა სოფ. მულახს ალყა შემოარტყეს. აჯანყებულებმა სოფ. კალაში თათბირი მოიწვიეს, რომელზეც ცაგერზე და ქუთაისზე თავდასხმის განხორციელებაზე იყო საუბარი, მაგრამ საბოლოოდ მათ ეს აზრი უარყვეს. აჯანყებულ სვანებს წითელი ჯარის ხელმძღვანელებმა ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნეს: „დაუყოვნებლივ შემოგვაგებეთ იარაღი და თქვენი ქალების გახდილი საცვლები მზად დაგვახვედრეთო“. ასეთი შეურაცხმყოფელი წერილის შემდეგ სვანებს განუცხადებიათ: „გაგვწყვეტენ და თავი მაინც ვისისხლოთო“. აღშფოთებული 80 სვანი ჩაუსაფრდა რუსის ჯარს მიუდგომელ კლდეებზე და ცეცხლი გაუხსნა. რუსის ჯარმა 80 კაცი დაკარგა და ჯვარისაკენ დაიხია (დაუშვილი ა., ანტისაბჭოთა აჯანყება სვანეთში, „საისტორიო მოამბე“, 2009-2010, #79-80). სვანეთის აჯანყების შესახებ საქართველოს საგანგებო კომისია იტყობინებოდა: „მიმდინარეობს აშკარა ანტისაბჭოთა აჯანყება. აჯანყებულთა რიცხვი 1600 კაცამდე აღწევს. უშუალო ხელმძღვანელობას უწევს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია... მოსახლეობა შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს საბჭოთა ხელისუფლების მიერ აჯანყების სალიკვიდაციოდ გაგზავნილ ძალებს. აჯანყებას მიემხრო სვანეთის მაზრის პირველი უბნის რევკომის ყოფილი თავმჯდომარე სამსონ ქალდანი. აღინიშნება მაზრის მილიციის დიდი ნაწილის გადასვლა აჯანყებულთა მხარეზე... შეიარაღებულნი არიან რუსული, გერმანული და თურქული მაუზერებით... საბრძოლო მასალებისა და ვაზნების რაოდენობა უცნობია. მათ განკარგულებაშია ორი გამართული ზარბაზანი“ (დაუშვილი ა., წენგუაშვილი კ., „იქ სიკვდილი განა ბედნიერება არ არის, თამარ!“ თბილისი, 2005). საბჭოთა ხელისუფლებამ სვანეთში ჯარის ახალი ნაწილები გააგზავნა. ზამთარმა აჯანყების მსვლელობაში გარკვეული კორექტივები შეიტანა - სვანეთი ჩაიკეტა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია აჯანყებულებთან კავშირს აგრძელებდა, მორალურად ამხნევებდა მათ და მატერიალურად ეხმარებოდა. აჯანყებულმა სვანებმა საბჭოთა ხელისუფლების სახელზე პეტიცია შეადგინეს, რომელიც თბილისში 1922 წლის 20 იანვარს ჩაიტანეს. პეტიციაში აჯანყებულები ითხოვდნენ: 1. აღიძრას შუამდგომლობა საქართველოს რევკომის წინაშე შეაჩეროს ჯარების შეყვანა სვანეთში; 2. შეიქმნას განსაკუთრებული კომისია, რომელიც შეისწავლის ადგილობრივი რევკომის საქმიანობას; 3. გაიხსნას გზები და სვანეთი დაუკავშირდეს საქართველოს სხვა რეგიონებს; 4. მიეცეს სვანეთს უფლება დააფუძნოს საბჭოთა აღმასრულებელი კომიტეტები ისეთივე პირობებით, როგორიც მინიჭებული აქვთ ყარაჩაელებს და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებს.
სვანების დეპუტაციას თბილისში კარგად შეხვდნენ, ვითარებაში გარკვევას დაჰპირდნენ და 300 მილიონი მანეთიც მისცეს მათ ადგილობრივი ადმინისტრაციის შესაქმნელად. თუმცა დაპირებები არ შესრულდა, უფრო მეტიც, ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა მთელ რიგ უმსგავსოებებს. შესაბამისად, სვანები კვლავ აჯანყდნენ და 1922 წლის 15 მარტს ლენტეხის, ჩოლურისა და ლაშხეთის საგუშაგოებს დაესხნენ თავს და ბოლშევიკები და წითელარმიელები განაიარაღეს და დაატყვევეს. მოგვიანებით აჯანყებულებმა ცაგერს შეუტიეს, მაგრამ ვერ აიღეს და უკან დაიხიეს.
1922 წლის 16 მარტს თბილისში სასწრაფოდ შეიკრიბა საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის ბიუროს სხდომა, რომელსაც სამსონ მამულია უძღვებოდა. სხდომამ მიიღო დადგენილება, დაუნდობლად ჩაექროთ აჯანყება სვანეთში. სადამსჯელო ექსპედიციის პოლიტიკური ხელმძღვანელობა პ. აღნიაშვილს დაევალა. 1922 წლის 14 აპრილს სახელმწიფო კომისიამ და სვანეთის გლეხობის დეპუტაციამ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელშიც ნათქვამია: „1) წითელი ჯარის ნაწილები შევლენ ზემო სვანეთში, როცა ამას მთავრობა დაინახავს საჭიროდ; 2) მოხდება სვანეთის მოსახლეობის სრული განიარაღება; 3) მოძრაობის ბელადები უნდა ჩაბარდნენ მთავრობას. უკანასკნელი იძლევა სრულ გარანტიას, რომ მათ სიცოცხლეს არავითარი საფრთხე არ დაემუქრება“. შეთანხმების ტექსტში აჯანყების ორგანიზატორებად დასახელებულები არიან: გრიშა ონიანი, გიორგი ფოჩიანი, ბიძინა პირველი, ბიძინა გვიშიანი, ბიძინა ნიჟარაძე, სამსონ ქალდანი და სხვები. სამაგიეროდ მთავრობა სვანებს დაჰპირდა ზემო სვანეთში ცალკე ადმინისტრაციული ერთეულის შექმნას, რომელიც უშუალოდ თბილისს დაუკავშირდებოდა და დაინიშნებოდა ზემო სვანეთის რევოლუციური კომიტეტი 5 კაცის შემადგენლობით, რომელშიც აუცილებლად შეიყვანდნენ ნესტორ გარდაფხაძეს.
საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან დანაპირების შესრულება გვიანდებოდა, რამაც სვანეთში კვლავ შექმნა ერთგვარი დაძაბული ფონი. 1922 წლის 5 მაისს საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებისა და სვანეთის ყველა საზოგადოების წარმომადგენელთა კრება გაიმართა. შეკრებაზე ბიძინა პირველმა სვანების ტრადიციების მიმართ ღირსეული დამოკიდებულება და წითელი ჯარის ნაწილების მიერ რეკვიზირებული საქონლის დაბრუნება მოითხოვა (დაუშვილი ა., ანტისაბჭოთა აჯანყება სვანეთში, ჟურნალი „საისტორიო მოამბე“, 2009-2010, #79-80).
სვანეთის ერთგვარად დამშვიდების შემდეგ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიზნად სვანეთის სრული განიარაღება დაისახა, რათა სვანეთში აჯანყების განმეორება არ მომხდარიყო. 1922 წლის 9-15 აგვისტოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ძალოვანი სტრუქტურების აქტიური მონაწილეობით ზემო სვანეთში მოსახლეობიდან 300 შაშხანა, 100 ბერდანა და 4 ტყვიამფრ ქვევი ამოიღო (ენდელაძე 2003: 95-99).
1922 წლის ზაფხულში საბჭოთა ხელისუფლებას ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი აუჯანყდა, თუმცა ეს აჯანყება დამარცხდა. სვანეთის აჯანყება მარცხის მიუხედავად დიდმნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს ქართული ეროვნული მოძრაობის ისტორიაში. აჯანყებულმა სვანებმა მთელ ცივილიზებულ საზოგადოებას დაანახეს, რომ საბჭოთა რუსეთი საქართველოს ოკუპანტი იყო, ხოლო ქართველი ერი ვერ ეგუებოდა სამხედრო-საოკუპაციო რეჟიმს და ოკუპანტთა წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლას აწარმოებდა.
თავი IV. ეროვნულ-პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაცია.
„საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ შექმნა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში (1918-1921 წწ.) ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებში, უმრავლესობაში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (მენშევიკების) წარმომადგენლები იყვნენ. საქართველოს დანარჩენი პოლიტიკური პარტიები მმართველ ძალას ოპოზიციაში ედგნენ. გამომდინარე აქედან, სოციალ-დემოკრატებსა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის მძაფრი წინააღმდეგობა არსებობდა. 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის შემდეგ ამ წინააღმდეგობამ კულმინაციას მიაღწია. საბჭოთა რუსეთთან ომში საქართველოს დამარცხებას ქართული პოლიტიკური პარტიები სოციალ-დემოკრატების მიზანშეუწონელი და არაადეკვატური პოლიტიკის შედეგად მიიჩნევდნენ. თავის მხრივ, სოციალ-დემოკრატები ბრალს სდებდნენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს იმაში, რომ ისინი საკმარისად არ ეხმარებოდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას და თავიანთი შეურიგებელი პოლიტიკით მის საქმიანობას ხელს უშლიდნენ. ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთ ბრალდებების წაყენებამ დიდხანს გასტანა. აზრთა ასეთი სხვადასხვაობის მიუხედავად ყველა პოლიტიკური პარტია კარგად ხვდებოდა, რომ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ეფეqტური ბრძოლის ორგანიზებისათვის გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა და ერთიანი ეროვნული ფრონტის შექმნა იყო საჭირო. გაერთიანებისაკენ მიმართული პირველი ნაბიჯი საზRვარგარეთ გადაიდგა.
1921 წლის 8 მაისს პარიზში აზერბაიჯანის მთავრობის რეზიდენციაში ერთმანეთს კავკასიის რესპუბლიკების ემიგრანტული მთავრობების წარმომადგენლები შეხვდნენ. თათბირს ესწრებოდნენ: საქართველოს წარმომადგენლები: ე. გეგეჭკორი, ნ. ჩხეიძე, ნ. რამიშვილი, კ. საბახტარაშვილი; აზერბაიჯანის წარმომადგენლები: ა. შეიხ-ულ- ისლამოვი, დ. ჰაჯიბეკოვი, მ. მაგერამოვი, ალ. თოფჩიბაშევი; სომხეთის წარმომადგენლები: ა. აგარონიანი, ა. ხატისიანი, ნ. ბეკზადიანი; ჩრდილო კავკასიის წარმომადგენელი: ა. ჩერმოევი (კირთაძე 1998: 289). 1921 წლის 10 ივნისს კავკასიის ემიგრანტული მთავრობების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმების ხელმოწერისთანავე მათ ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს არისტიდ ბრიანს აცნობეს. ა. ბრიანისადმი წარდგენილ მოხსენებით ბარათში შეთანხმების მონაწილეები აღწერდნენ კავკასიის ბუნებრივ სიმდიდრეებსა და იმ სარგებლობას, რომელსაც მიიღებდა საფრანგეთი თუ მისი მთავრობა კავკასიაში ეროვნული ხელისუფლებების აღდგენაში დაეხმარებოდა ემიგრაციაში მყოფ პოლიტიკურ ძალებს (საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. VII, რედაქტორი. ი. კაჭარავა, თბილისი, 1976). ამასთანავე, კავკასიის წარმომადგენლები მზად იყვნენ რუსეთის იმპერიის ვალებიდან მათი კუთვნილი წილი გადაეხადათ.
1921 წლის 7 ნოემბერს ა. ბრიანის წარმომადგენელ ლუშერსა და კავკასიის ემიგრანტული მთავრობების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება გაიმართა. ლუშერმა მოითხოვა კონკრეტულად აეხსნათ მისთვის კავკასიის ემიგრანტული მთავრობების წარმომადგენლებს, თუ რა სახის დახმარებას ითხოვდნენ ისინი საფრანგეთისაგან და რა კომპენსაციას მიიღებდა საფრანგეთი ამის სანაცვლოდ. დელეგატებმა ლუშერს პირობა მისცეს, რომ სპეციალურ კომისიებს შექმნიდნენ ამ საკითხების დეტალურად დასამუშავებლად. 1921 წლის 9 ნოემბერს კავკასიის ემიგრანტული მთავრობების წარმომადგენელთა თათბირზე შეიქმნა სამხედრო კომისია, საფინანსო-ეკონომიკური კომისია, ნავთობმრეწველობის კომისია და გზათა კომისია. 1921 წლის 16 ნოემბერს სამხედრო კომისია კავკასიის ემიგრირებული მთავრობების წარმომადგენელთა საერთო თათბირზე მოხსენებით წარსდგა. მოხსენებაში საუბარი იყო საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის საერთო გეგმაზე. ამ გეგმის თანახმად განსაზღვრული იყო 2700 სამხედროსაგან არმიის შექმნა კავკასიის რესპუბლიკების ტერიტორიაზე. თათბირზე გადაწყდა, რომ სამხედრო შტაბი პარიზში უნდა ყოფილიყო, ხელმძღვანელი ცენტრი კი - რაც შეიძლება ახლოს მოqმედების თეატრთან. ა. ბრიანის რჩევით კავკასიის წარმომადგენლებმა იმ ფრანგ კაპიტალისტებთან დაამყარეს კავშირი, რომლებიც კავკასიის სამრეწველო პოტენციალით იყვნენ დაინტერესებული (კირთაძე 1998: 289-291).
თავის მხრივ საქართველოს ემიგრანტული მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა სხვადასხვა ქვეყნის ნავთობკომპანიებთან და მათი მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა. განსაკუთრებული დაინტერესება გამოთქვა დიდი ბრიტანეთის ნავთობმომპოვებელმა ფირმა „შელი“-მ, რომელიც მზად იყო „დაეფინანსებინა მენშევიკური რევოლუცია, რომელიც ბათუმის ჭიშკრის გავლით გაუხსნიდა მათ გზას ბაქოსაკენ“ (კ. წენგუაშვილი. ლ. ტროცკი - „ქართველი მენშევიკების შესახებ“, „ანალები“, 2000, #2).
კავკასიის ემიგრანტული მთავრობების წარმომადგენლების შეთანხმების პარალელურად ემიგრაციაში მყოფი ქართული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დაიწყეს მუშაობა გაერთიანების მიზნით. საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების გაერთიანებული ორგანოს როლს საზღვარგარეთ ჯერ „დამფუძნებელი კრების კომისია“ და „პარტიათა წარმომადგენლობა“ ასრულებდა, რომელიც შემდეგ „პარიტეტულმა კოლეგიამ“ შეცვალა, ეს უკანასკნელი კი - „საზღვარგარეთის ბიურომ“ (საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. VII რედაქტორი. ი. კაჭარავა, თბილისი, 1976). საზღვარგარეთის ბიურო პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 3). საზღვარგარეთის ბიუროში შევიდნენ: სოციალ-დემოკრატი ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, ეროვნულ-დემოკრატი გრიგოლ ვეშაპელი (შემდეგ - სპირიდონ კედია), სოციალისტ-ფედერალისტი სოსიკო მდივანი და სოციალისტ-რევოლუციონერი იოსებ გობეჩია (კირთაძე 1998: 286). საღვარგარეთის ბიუროსა და ემიგრანტული მთავრობის ყველა მოქმედება ევროპის სახელმწიფოებში „ქართული საკითხის“ პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. ამ მუშაობის შედეგად შეიძლება ჩაითვალოს საბჭოთა კავშირ-დიდ ბრიტანეთს შორის წარმოებულ მოლაპარაკებაში ისეთი პუნქტის შეტანა, სადაც ინგლისი აცხადებდა, რომ ის ცნობდა საბჭოთა კავშირს იმ ტერიტორიებზე, რომელი ტერიტორიის მოსახლეობაც ცნობდა საბჭოთა ხელისუფლებას. საზღვარგარეთის ბიუროსა და საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მოღვაწეობის შედეგად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ მეორე ინტერნაციონალში შემავალი პარტიები ვალდებულებას იღებდნენ თავიანთ ქვეყნებში ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში დახმარებოდნენ საქართველოს ემიგრანტულ მთავრობას.
ევროპის სახელმწიფოებში საქართველოს საკითხთან დაკავშირებით საერთო აზრის ჩამოყალიბების მიზნით საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ პარიზში, ლონდონში და ჟენევაში „საქართველოს დახმარების კომიტეტები“ დაარსა. კარლო ჩხეიძე ჟენევაში სპეციალური მოხსენებით გამოვიდა. კ. ჩხეიძე ინგლისს ურჩევდა სესხი არ მიეცა საბჭოთა კავშირისათვის, რადგან ეს თანხა, მისი აზრით, წითელი არმიის გაძლიერებას მოხმარდებოდა. ამ მოხსენების ანგარიში ჟენევის ყოველდღიურ გაზეთ „ტრავაი“-ში დაიბეჭდა. აკაკი ჩხენკელი და ირაკლი წერეთელი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ საფრანგეთში დემურგთან და ერიოსთან, რის შედეგადაც ა. ჩხენკელი საზეიმოდ მიიღო დემურგმა, როგორც საქართველოს ოფიციალური ელჩი. ფრანგი სოციალისტი რენოდელი ი. წერეთელს წერდა, რომ ფრანგი სოციალისტები შეეცდებოდნენ საქართველოს საკითხში ჩარევას. ეს წერილი საქართველოს საგანგებო კომისიას ჩაუვარდა ხელში (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 3-5). საქართველოს ემიგრანტულმა მთავრობამ 1922 წლის 28 დეკემბრის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება სტამბოლში მყოფი „პოლიტიკური კომისიისათვის“ 10 000 ფრანკი გაეგზავნა ე. წ. „პუნქტების“ მოსაწყობად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საზღვრის სიახლოვეს შექნილი ამ პუნქტების მეშვეობით ფოსტა-ტელეგრაფისა და სპეციალური ლიტერატურის საქართველოში გადატანა და არალეგალი პირების გადაყვანა ხორციელდებოდა. ქართული ანტისაბჭოთა პოლიტიკური პარტიების გაერთიანების მიზნით ინტენსიური მუშაობა საქართველოშიც მიმდინარეობდა. გაერთიანების იდეის ინიციატორები სოციალ-დემოკრატები იყვნენ. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინიციატივით ანტისაბჭოთა პარტიების წინაშე დაისვა ერთიანი ეროვნული ფრონტის შექმნის საკითხი, რომლის მიზანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა უნდა ყოფილიყო (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 769). ეს მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდა, რადგან თითოეული პარტია მეტისმეტად გადაჭარბებულად აფასებდა თავის გავლენას საქართველოში და არ სურდა წასულიყო რაიმე დათმობაზე (კირთაძე 1998: 129). სოციალ-დემოკრატები, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დაემხობოდა, მოითხოვდნენ როგორც საზღვარგარეთ ემიგრაციაში წასული საქართველოს ყოფილი მთავრობის, ისე ყოფილი დამფუძნებელი კრების სრულად აღდგენას (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #28, ფურცელი 798). საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მოითხოვდა საქართველოში საბჭოთა წყობილების დამხობის შემდეგ შექმნილიყო მთავრობა, რომელიც დაკომპლექტდებოდა თანაბარი რაოდენობით სოციალისტებისა და არასოციალისტებისაგან (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 4). თითოეულმა პარტიამ მოლაპარაკებისათვის თითო წარმომადგენელი გამოყო. სოციალ-დემოკრატებიდან მოლაპარაკებას ნიკოლოზ ქარცივაძე აწარმოებდა, ეროვნულ-დემოკრატებიდან - სპირიდონ კედია (მისი დაპატიმრების შემდეგ - იასონ ჯავახიშვილი), სოციალისტ-ფედერალისტებიდან - გრიგოლ რცხილაძე, სოციალისტ-რევოლუციონერებიდან - იოსებ გობეჩია, დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატებიდან - მუხრან ხოჭოლავა (კირთაძე 1998: 150, 283). ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის დაწყებული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. საერთო მიზნის მისაღწევად საქართველოს ხუთი წამყვანი პოლიტიკური პარტია გაერთიანდა: საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (მენშევიკები), საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტია, საქართველოს სოციალისტ- რევოლუციონერთა (ესერთა) პარტია და საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას ჩამოშორებული ჯგუფი „სხიველები“ (დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატები). ამ პოლიტიკურმა პარტიებმა 1922 წლის აგვისტოში საფუძველი ჩაუყარეს ინტერპარტიულ ორგანიზაციას „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს“ („დამკომს“), იგივე „პარიტეტულ კომიტეტს“. ადრე მიჩნეული იყო, რომ დამკომი 1922 წლის აპრილ-მაისში შეიქმნა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 769).
ხუთ ქართულ პოლიტიკურ პარტიას შორის დადებული შეთანხმების ტექსტი შემდეგი შინაარსის იყო: „1. დაარსდეს „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“, აღნიშნულ პარტიათა თითო წარმომადგენლისაგან. კომიტეტს დაევალოს გაერთიანება და საერთო ხელმძღვანელობა საქართველოს გასათავისუფლად მიმართული მთელი მუშაობისა.
შენიშვნა: კომიტეტში ყველა საკითხი წყდება შეთანხმებით.
2. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უცხოეთში მყოფი კანონიერი მთავრობა განაგრძობს თავის მუშაობას მიმართულს დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ.
3. დამოუკიდებლობის კომიტეტი მხარს უჭერს მთავრობის ამ მუშაობას, მთავრობა კი თავის მხრივ არ სდგამს მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ახალი ურთიერთობის შემქმნელ ნაბიჯს დამოუკიდებლობის კომიტეტის დაუდასტურებლად.
4. მთავრობა ვალდებულია მიაწოდოს ნივთიერი საშვალებანი მხოლოდ დამოუკიდებლობის კომიტეტს ეროვნული მუშაობის საწარმოებლად იმ ქონებიდან და თანხებიდან, რომელიც საქართველოს რესპუბლიკას ეკუთვნის ან რომლის გამო რესპუბლიკა პასუხისმგებელია.
შენიშვნა: მთავრობასა და დამოუკიდებლობის კომიტეტს შორის არსებობს ურთიერთ ფინანსური ანგარიშ-ვალდებულება და კონტროლი.
5. გარდამავალ ხანაში მთავრობის ფუნქციების შესრულება მიენდოს დროებით მმართველობას, რომელსაც შეადგენს დამოუკიდებლობის კომიტეტი კოალიციის საფუძველზე, ყველა შეთანხმებულ პარტიათა წარმომადგენლებისგან იმ აუცილებელი პირობით, რომ არც ერთ პარტიას მმართველობაში ერთ მესამედზე მეტი ადგილი არ ქონდეს.
6. დროებითი მმართველობა დემოკრატიულ რესპუბლიკას და მის კონსტიტუციას აღდგენილად აცხადებს.
7. ადგილობრივი ხელისუფლების (თვითმმართველობის) ორგანოები ეწყობიან დროებითი მმართველობის პრინციპით და პროპორციით. განაპირა კუთხეებში (აფხაზეთში, ბათუმსა და მის ოლქში, ბორჩალოს და ახალციხე-ახალქალაქის მაზრებში), ხელისუფლების შექმნის საკითხი რჩება ღიათ და გადასწყდება დროებითი მმართველობის მიერ.
შენიშვნა: დროებით მმართველობას უფლება აქვს გამოსცეს განსაკუთრებული დადგენილება საერთოდ ადგილობრივ ხელისუფლების შედგენის შესახებ.
8. დამფუძნებელი კრება იკრიბება პირველ შემთხვევისთანავე და ადასტურებს დროებით მმართველობას.
9. მთავრობა ჩამოსვლისთანავე წარუდგება დამფუძნებელ კრებას მოხსენებით და გადადგება. ასევე მოიქცევა და ამავე დროს გადადგება დროებითი მმართველობა. ამის შემდეგ დამფუძნებელი კრება ადგენს კოალიციონურ მთავრობას იმავე პრინციპით, როგორც დროებითი მმართველობა.
10. დამფუძნებელი კრება უხსნის კრედიტს მთავრობას, იმუშავებს კანონს ერთიანი სამხედრო სისტემის შესახებ, ირჩევს საგანგებო, საგამომძიებლო პარიტეტულ კომისიას საქართველოს დამარცხების მიზეზების გამოსარკვევად, ირჩევს საარჩევნო პარიტეტულ კომიტეტს და იშლება.
11. არა უადრეს ორი თვისა, დამფუძნებელი კრების დაშლის შემდეგ, ან არა უგვიანეს ოთხი თვისა ხდება საქართველოს პარლამენტის არჩევნები“ (კირთაძე 1996: 85-87).
შეთანხმების ტექსტს ხელს აწერდნენ: სოციალ-დემოკრატებიდან - გიორგი (გოგიტა) ფაღავა, ეროვნულ-დემოკრატებიდან - იასონ ჯავახიშვილი, სოციალისტ- ფედერალისტებიდან - გრიგოლ რცხილაძე, სოციალისტ-რევოლუციონერებიდან _ იოსებ გობეჩია, დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატებიდან - მუხრან ხოჭოლავა (კირთაძე 1998: 284).
პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში (პარიტეტულ კომიტეტში) შემავალი ყველა პოლიტიკური პარტია თანაბარუფლებიანი იყო. მოსახლეობაში პარტიის გავლენას არანაირი ყურადღება არ ექცეოდა. დამკომში დასმული ნებისმიერი საკითხი დღის წესრიგიდან იხსნებოდა, თუ დამკომის ერთი წევრი წინააღმდეგი აღმოჩნდებოდა. გარდა ამისა, დამკომში შემავალ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ჰქონდა უფლება, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნაბიჯი დამკომთან შეთანხმების გარეშე გადაედგა. თუ დამკომი წინააღმდეგი აღმოჩნდებოდა, მაშინ პარტიას ეს საკითხი დღის წესრიგიდან უნდა მოეხსნა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საqმე #377, ტომი #3, ფურცელი 289-291). თბილისში მიღწეული შეთანხმების ტექსტი ესერ იოსებ გობეჩიას ხელით საზღვარგარეთ მყოფ ნოე ჟორდანიას მთავრობას გაეგზავნა (კირთაძე 1998: 129-134, 173).
საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის პირველი შემადგენლობა ასეთი იყო: სოციალ-დემოკრატებიდან დამკომში შევიდა გიორგი (გოგიტა) ფაღავა, ეროვნულ-დემოკრატებიდან - იასონ ჯავახიშვილი, სოციალისტ-ფედერალისტებიდან - გრიგოლ რცხილაძე, სოციალისტ-რევოლუციონერებიდან - იოსებ გობეჩია, დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატებიდან - მუხრან ხოჭოლავა. შესაბამისად დამკომის პირველი თავმჯდომარე გოგიტა ფაღავა გახდა, ხოლო მდივანი - იასონ ჯავახიშვილი. მოგვიანებით საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში გარკვეული ცვლილებები მოხდა. დამკომში სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი გოგიტა ფაღავა 1922 წლის აგვისტოშივე ნიკოლოზ ქარცივაძემ შეცვალა. შესაბამისად დამკომის თავმჯდომარე ნიკოლოზ ქარცივაძე გახდა. ნიკოლოზ ქარცივაძე დამკომს 1922 წლის აგვისტოდან 1923 წლის მარტამდე თავმჯდომარეობდა. 1923 წლის მარტში ნ. ქარცივაძე დააპატიმრეს. 1923 წლის მარტიდან დამკომის თავმჯდომარე სოციალ-დემოკრატი კონსტანტინე (კოტე) ანდრონიკაშვილი გახდა. კ. ანდრონიკაშვილი დამკომს 1924 წლის აჯანყების დამარცხებამდე თავმჯდომარეობდა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საqმე #40, ფურცელი 769). როდესაც დამკომში კონსტანტინე ანდრონიკაშვილი შევიდა, იქ ფაქტიურად მხოლოდ იასონ ჯავახიშვილი იყო. კოტე ანდრონიკაშვილმა იკითხა, თუ სად იყვნენ სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ამაზე მას იასონ ჯავახიშვილმა უპასუხა, რომ მასობრივი დაპატიმრებების შემდეგ ისინი დამკომში არ ცხადდებოდნენ. კოტე ანდრონიკაშვილმა დამკომში შემავალ პარტიებთან მოლაპარაკებები დაიწყო. სოციალისტ-ფედერალისტებს კ. ანდრონიკაშვილმა გედეონ სვანიძე მიუგზავანა. სოციალისტ-ფედერალისტებმა და სოციალისტ-რევოლუციონერებმა დამკომში თავიანთი წარმომადგენლები გამოგზავნეს (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საqმე #377, ტომი #3, ფურცელი 348-349). 1922 წლის დეკემბერში მუხრან ხოჭოლავას გარდაცვალების შემდეგ დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატებს დამკომში წარმომადგენელი არ გაუგზავნიათ (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საqმე #40, ფურცელი 769). სოციალისტ-ფედერალისტი გრიგოლ რცხილაძე დამკომიდან 1923 წლის თებერვალში გავიდა. გ. რცხილაძის დამკომიდან გასვლა გამოიწვია დამკომის ერთ-ერთ სხდომაზე აჯანყების საკითხის დასმამ. გ. რცხილაძე აჯანყების წინააღმდეგი იყო, რის გამოც მან პროტესტის ნიშნად სხდომა და შესაბამისად დამკომი დატოვა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #377, ტომი #3, ფურცელი 292-296). 1924 წლის თებერვალში სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ დამკომში სამსონ დადიანი გააგზავნა. კ. ანდრონიკაშვილმა ს. დადიანს „შეთანხმების ტექსტი“ გააცნო. ამასთანავე, ამ სხდომაზე კ. ანდრონიკაშვილმა საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ მოხსენება გააკეთა (დამკომის სხდომები ერთ საათზე მეტხანს არ გრძელდებოდა). დამკომის მომდევნო სხდომაზე კ. ანდრონიკაშვილმა შეიარაღებული აჯანყების საკითხი დასვა. ს. დადიანმა ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა. კ. ანდრონიკაშვილმა ამაზე ს. დადიანს უპასუხა, რომ მან საკითხი დასვა დამკომის წევრების აზრთა გაცვლა-გამოცვლისათვის და არა გადასაწყვეტად. აღნიშნულ სხდომაზე აჯანყების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. 1924 წლის ივლისის თვეში გამართულ დამკომის მორიგ სხდომაზე კ. ანდრონიკაშვილმა კვლავ გააცნო წევრებს საერთაშორისო მდგომარეობა. ამასთანავე, მან განაცხადა, რომ საქართველოს საკითხი ევროპაში ძალიან პოპულარული იყო. სხდომის ბოლოს კ. ანდრონიკაშვილმა შეიარაღებული აჯანყების საკითხი დასვა და, თავის მხრივ, დაასაბუთა თუ რატომ იყო პირადად იგი და სოციალ-დემოკრატიული პარტია აჯანყების მომხრე. კ. ანდრონიკაშვილის პოზიცია ეროვნულ-დემოკრატებმა გაიზიარეს. ს. დადიანმა შეიარაღებული აჯანყების საკითხთან დაკავშირებით თავისი უარყოფითი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამოხატა და დამკომიდან გასვლით დაიმუქრა, თუ აჯანყების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნებოდა. სოციალისტ-რევოლუციონერების წარმომადგენელი აჯანყების იდეას მიემხრო. ს. დადიანმა სხდომის მონაწილეებს განუცხადა, რომ ის დამკომიდან სოციალისტ- ფედერალისტების გასვლის შესახებ დეკლარაციას გამოაქვეყნებდა. ამ სიტყვების შემდეგ ს. დადიანი კარისკენ წავიდა ნელი ნაბიჯებით იმ იმედით, რომ მოაბრუნებდნენ, მაგრამ ამაოდ (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #377, ტომი #3, ფურცელი 258-262). ს. დადიანმა დამკომი 1924 წლის 18-19 აგვისტოს დატოვა. სოციალისტ-რევოლუციონერი იოსებ გობეჩია დამკომში მიხეილ ბოჭორიშვილმა შეცვალა, რომელიც დამკომში 1924 წლის აჯანყების დამარცხებამდე მუშაობდა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საqმე #40, ფურცელი 769). მოგვიანებით დამკომში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება შეიცვალა და კენჭისყრის დროს „ვეტოს“ გამოყენების უფლება გაუქმდა. ამიერიდან საკითხები ხმათა უმრავლესობით წყდებოდა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #377, ტომი #3, ფურცელი 298).
კ. ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობის დროს დამკომმა საზღვარგარეთიდან 10000 ლირა მიიღო (ორჯერ 5000-5000 ლირა). საზღვარგარეთიდან გამოგზავნილ ფულს გოგიტა ფაღავა ღებულობდა. ეს ფული ორგანიზაციულ მუშაობას ხმარდებოდა. საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფულის ნაწილს დამკომი ქაქუცა ჩოლოყაშვილს უგზავნიდა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #377, ტომი #3, ფურცელი 370-372).
საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა საფინანსო კომისია, წითელი ჯვრის კომისია, სარედაქციო კომისია და „გაერთიანებული სამხედრო ცენტრი“ ჩამოაყალიბა. სამხედრო ცენტრის შექმნის ისტორია ასეთია: საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე რამდენიმე სამხედრო ორგანიზაცია შეიქმნა: ქაქუცა ჩოლოყაშვილის სამხედრო ორგანიზაცია, ოფიცერთა და ჯარისკაცთა სამხედრო კომიტეტი (რომელსაც გიორგი მაზნიაშვილი მეთაურობდა), აჯანყებულთა რაზმების კომიტეტი, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული სამხედრო ორგანიზაცია და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული სამხედრო ორგანიზაცია. დამკომის შექმნის შემდეგ ყველა ამ ორგანიზაციის გაერთიანების საკითხი დაისვა, რის შემდეგაც, 1922 წლის აგვისტო-სექტემბრისთვის გაერთიანებული სამხედრო ცენტრი შეიქმნა (თუმცა სამხედრო ცენტრში ყველა ეს ძალა არ შედიოდა). სამხედრო ცენტრში სოციალ-დემოკრატებს და სოციალისტ-ფედერალისტებს გენერალი ვარდენ წულუკიძე წარმოადგენდა, ეროვნულ-დემოკრატებს - გენერალი კონსტანტინე (კოტე) აფხაზი. სამხედრო ცენტრის დაზვერვას პოლკოვნიკი ივანე ნარიკელაძე განაგებდა. დამკომი სამხედრო ცენტრს საჭირო ინფორმაციებს აწვდიდა, ეს უკანასკნელი კი მათ ამუშავებდა. სამხედრო ცენტრი ადგილებზე საქართველოს სხვადასხვა რაიონში ფილიალების შექმნას შეუდგა.
საქართველოს საგანგებო კომისიამ და ამიერკავკასიის საგანგებო კომისიამ მოიპოვეს ინფორმაცია გაერთიანებული სამხედრო ცენტრის შესახებ, რის შემდეგაც 1923 წლის 21 მაისს სამხედრო ცენტრის 15 ოფიცერი დააპატიმრეს და დახვრიტეს, ძებნილებად კი გამოცხადნენ: ვასილ კობიაშვილი (ეროვნულ-დემოკრატი), ვასილ (ვასო) ზანდუკელი, სამსონ ერისთავი, ნიკოლოზ ზაქარიას ძე კეცხოველი (ეროვნულ-დემოკრატი), მიხეილ მილითაური, გერასიმე ნინიძე (სოციალ-დემოკრატი), ილია მაისურაძე (სოციალ-დემოკრატი), ივანე ლოლუა, იასონ ჯავახიშვილი (ეროვნულ-დემოკრატი), სამსონ დადიანი (სოციალისტ-ფედერალისტი), ბიქტორ ელისაბედაშვილი (სოციალ-დემოკრატი), გიორგი კლიმიაშვილი (ეროვნულ-დემოკრატი), შალვა ამირეჯიბი (ეროვნულ-დემოკრატი), ნიკოლოზ ანდროს ძე კაიშაური, მიხეილ იშხნელი (ეროვნულ-დემოკრატი), ირაკლი ცაგურია (ეროვნულ-დემოკრატი), შალვა ჭუმბურიძე (სოციალ-დემოკრატი), გიორგი წინამძღვრიშვილი (ეროვნულ-დემოკრატი), ნიკიფორე იმნაიშვილი (დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატი), იოსებ ცინცაძე (სოციალ-დემოკრატი), გიორგი (გოგიტა) ფაღავა (სოციალ-დემოკრატი), ნოე ხომერიკი (სოციალ-დემოკრატი), შალვა ქარუმიძე (ეროვნულ-დემოკრატი), სიმონ ყიფიანი (ეროვნულ-დემოკრატი), დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე (ეროვნულ-დემოკრატი), გიორგი ფურცელაძე (სოციალისტ-ფედერალისტი), ელიზბარ ჭიჭინაძე (სოციალ-დემოკრატი), ვალიკო ჯუღელი (სოციალ-დემოკრატი), გიორგი ამილახვარი, იოსებ მაჭავარიანი (ეროვნულ-დემოკრატი), ილია ჩაჩიბაია (სოციალ-დემოკრატი), პართენ გოთუა (ეროვნულ-დემოკრატი), დიმიტრი დუმბაძე (ეროვნულ-დემოკრატი), აკაკი ჯიბლაძე (სოციალ-დემოკრატი), ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ცაგარელი (სოციალისტ-ფედერალისტი), აპოლონ სიმონის ძე ნიკოლაძე, არჩილ არაბიძე (სოციალ- დემოკრატი), ალექსანდრე ვასილის ძე ახმეტელი, აბესალომ შალამბერიძე (სოციალ- დემოკრატი), ნიკოლოზ ციციშვილი, ვარლამ რუხაძე (სოციალ-დემოკრატი), კირილე ნინიძე, მიხეილ იასონის ძე ლაშხი (სოციალ-დემოკრატი), გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე (დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატი), მიხეილ შავდია და სხვ. ამის შემდეგ სამხედრო ცენტრმა მუშაობა შეწყვიტა. სამხედრო ცენტრის ფუნქციები ე. წ. „სამხედრო კომისიამ“ იკისრა. სამხედრო კომისია შეიქმნა სოციალ-დემოკრატ ნოე ხომერიკის (რომელიც საქართველოში 1922 წლის ნოემბერში ჩამოვიდა) და ეროვნულ-დემოკრატ მიხეილ ჯავახიშვილის (ცნობილი ქართველი მწერალი) შემადგენლობით. საქართველოს საგანგებო კომისიის მიერ მ. ჯავახიშვილის დაპატიმრების შემდეგ სამხედრო კომისიაში ეროვნულ-დემოკრატი გიორგი წინამძღვრიშვილი შევიდა (კირთაძე 1998: 32-33, 52, 81-84, 301).
აღსანიშნავია, რომ საღვარგარეთიდან ნოე ხომერიკის ჩამოსვლის შემდეგ დამკომი უფრო ქმედუნარიანი გახდა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #376, ტომი #2, ფურცელი 186). ნ. ხომერიკმა დამკომის ერთ-ერთ სხდომაზე საქართველოს ემიგრანტული მთავრობისა და საზღვარგარეთის ბიუროს საქმიანობის შესახებ მოხსენება წაიკითხა. მისი თქმით, სწორედ მათი ეფექტური მუშაობის წყალობით საქართველოს საკითხი ევროპაში უფრო პოპულარული გახდა. ნ. ხომერიკმა დამკომის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ თუ საქართველო აჯანყების შემდეგ შეძლებდა ძალაუფლების ხელში აღებას და მის შენარჩუნებას ერთი-ორი თვის განმავლობაში, მაშინ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების მხრიდან დიპლომატიური საშუალებებით და ფულადი სახსრებით დახმარების დიდი ალბათობა არსებობდა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 3). დამკომის გააქტიურებული მუშაობა 1923 წლის 9 ნოემბერს ნ. ხომერიკის დაპატიმრებამ შეწყვიტა. სამხედრო კომისიაში ნ. ხომერიკი გოგიტა ფაღავამ შეცვალა. ამის შემდეგ სამხედრო კომისიამ თბილისში სპეციალური „სამხედრო ქვეკომისია“ შექმნა საზღვარგარეთიდან ჩამოსული სოციალ-დემოკრატ ნაპოლეონ კახიანისა და ეროვნულ-დემოკრატ სოლომონ ზალდასტანიშვილის შემადგენლობით. ნ. კახიანის დაპატიმრების შემდეგ თბილისის სამხედრო ქვეკომისიაში ვასილ (ვასო) ნოდია შევიდა. გოგიტა ფაღავას და გიორგი წინამძღვრიშვილის დაპატიმრების შემდეგ თბილისის ქვეკომისიამ ვასო ნოდიასა და სოლომონ ზალდასტანიშვილის შემადგენლობით სამხედრო კომისიის ფუნქციები თავის თავზე აიღო. მოგვიანებით დაპატიმრებული ვ. ნოდია საზღვარგარეთიდან ჩამოსულმა ვალიკო ჯუღელმა შეცვალა (კირთაძე 1998: 305, 245). სამხედრო კომისია რეგიონებში არსებულ დამკომის სამხედრო ორგანიზაციებს ეყრდნობოდა, ხოლო იქ, სადაც ასეთი არ არსებობდა - სპეციალურ სამხედრო რწმუნებულებს. ეს რწმუნებულები იმ პირების აღრიცხვას ახორციელებდნენ, რომლებსაც აჯანყებაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ. ეს ისეთნაირად კეთდებოდა, რომ ამის შესახებ ხშირ შემთხვევაში აღრიცხვაზე აყვანილებმაც კი არ იცოდნენ (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 13). სამხედრო კომისია მოსამზადებელი სამუშაოების დამთავრების შემდეგ აჯანყების საკითხს დამკომში სვამდა, გადაწყვეტილებას კი დამკომის გაფართოებული სხდომა იღებდა. აჯანყების თარიღის განსაზღვრა აჯანყების წინ დანიშნული მთავარსარდლისა და მისი შტაბის კომპეტენციას შეადგენდა (ზალდასტანიშვილი 1989: 19). აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი „სამხედრო კომისიები“ ჰქონდათ. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ სამხედრო კომისიაში თავდაპირველად ვასილ ნოდია და გოგიტა ფაღავა შედიოდნენ, შემდეგ - გიორგი ჯინორია და კოტე ანდრონიკაშვილი. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო კომისიაში თავიდან შედიოდნენ დავით (დათა) ვაჩნაძე, ილიკო სიხარულიძე და სოლომონ ზალდასტანიშვილი, მოგვიანებით - სოლომონ ზალდასტანიშვილი და გიორგი წინამძღვრიშვილი (კირთაძე 1998: 308). ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაქვემდებარებაში მყოფი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი 1923 წლის დასაწყისიდან დამკომის განკარგულებაში გადავიდა. აქედან მოყოლებული დამკომი ქ. ჩოლოყაშვილს ყოველთვიურად 200 ლირას უგზავნიდა. დამკომი ქ. ჩოლოყაშვილთან ურთიერთობას სამხედრო კომისიის მეშვეობით აწარმოებდა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 771).
სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის სამხედრო კომისია ამავე პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან არსებობდა. სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას სამხედრო კომისია არ ჰქონდა. სოციალისტ-რევოლუციონერებმა მხოლოდ 1924 წლის აჯანყების წინ თბილისში „საგანგებო სამხედრო რაზმი“ შექმნეს. დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას სამხედრო ორგანიზაცია არ შეუქმნია (კირთაძე 1998: 308).
დამკომთან არსებულ სარედაქციო კომისიას სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი დავით ონიაშვილი ხელმძღვანელობდა. სარედაქციო კომისია დამკომის თავმჯდომარის მითითებებით დამკომის ბრძანებების, წერილების, პროკლამაციების გადამუშავებას ახორციელებდა. დ. ონიაშვილს დამკომის სხდომებზე დასწრების უფლება არ ჰქონდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს რეგიონებში წარმომადგენლები - რწმუნებულები და კომისიები ჰყავდა. დამკომი რწმუნებულებს ისეთ დიდ რაიონებში ნიშნავდა, სადაც „პარიტეტული კომისიის“ შექმნა ვერ მოხერხდებოდა. ასეთი იყო ბათუმის ოლქი, სადაც დამკომის ერთადერთი სრულუფლებიანი წარმომადგენელი გიორგი (გიზო) ანჯაფარიძე იყო (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #377, ტომი #3, ფურცელი 310-314, 352-353).
საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტთან ტერორისტული ჯგუფი არსებობდა, რომელსაც მიხეილ კოღუაშვილი ხელმძღვანელობდა. 1923 წლის 10 თებერვალს ამ ჯგუფმა ოზურგეთის მაზრის სოფ. ლიხაურში სამხედრო კომისარ ალექსანდრე ობოლაძეზე, წითელი ჯარის მეთაურებზე - სანიკიძეზე და ჩუბინიძეზე თავდასხმა განახორციელა, რომელსაც აღნიშნული პირები შეეწირნენ (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 771).
მართალია საქართველოს საგანგებო კომისია თავისი აგენტურული ქსელის მეშვეობით იღებდა ინფორმაციებს 1924 წლის აჯანყების მზადების შესახებ და ამდენად „კარგად“ მუშაობდა, მაგრამ არანაკლებ კარგად მუშაობდნენ პატრიოტული ძალები. მათ ამიერკავკასიის საგანგებო კომისიაში თავიანთი კაციარჩილ ნიკოლოზის ძე კახიანი ჰყავდათ (ზოგიერთ დოკუმენტში ის კახიშვილად მოიხსენიება - ავტ.). ა. კახიანის გადაბირება ნოე ხომერიკის ინიციატივით მოხდა. ნ. ხომერიკი ა. კახიანის ბიცოლას, ალექსანდრა ჯუღელს დაუკავშირდა და თხოვა მას ეცადა ა. კახიანის საზღაურის საფასურად გადმობირება. ა. კახიანი ამ წინადადებას დათანხმდა და 1923 წლის ივნის-ივლისიდან ალექსანდრა ჯუღელისათვის ინფორმაციების მიწოდება დაიწყო. 1923 წლის აგვისტოში ნოე ხომერიკმა ალექსანდრა ჯუღელის მეშვეობით არჩილ კახიანს დაავალა გაერკვია შემდეგი: „ვინ გასცა სამხედრო ორგანიზაცია, მოეცა ყველა ცნობა, რომელიც გააჩნდა ინფორმატორებზე, მენშევიკების ცეკას წევრების (ხომერიკი, ცინცაძე, ფაღავა) რა მისამართები იყო ცნობილი ჩეკასთვის“. 1923 წლის ოქტომბერში ნ. ხომერიკმა არჩილ კახიანს ახალი დავალება მისცა. მას უნდა გაერკვია: „იყო თუ არა ცნობილი ჩეკასთვის რომ მენშევიკები აგრძელებდნენ მუშაობას პარტიის მიერ სალიკვიდაციო კონფერენციის ჩატარების შემდეგ, გადაეცა ასლები დაპატიმრებულების ჩვენებების, მათ შორის ჭუმბურიძის ჩვენება, ინფორმატორების სია, რა ცნობები ჰქონდა ჩეკას ფედერალისტებზე და ეროვნულ-დემოკრატებზე, რა ხდებოდა აზერბაიჯანში, ცნობები მენშევიკების მუშაობაზე საზღვარგარეთ“. დავალების მიცემიდან რამდენიმე დღეში არჩილ კახიანმა ალექსანდრა ჯუღელის მეშვეობით ნ. ხომერიკს გადასცა საზღვარგარეთ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამი შეკრების ამსახველი დოკუმენტის ასლი და საგზაო- სატრანსპორტო საგანგებო კომისიის თვიური მოხსენების ასლი. 1923 წლის ოქტომბერში ნ. ხომერიკმა არჩილ კახიანს დაავალა გაერკვია, თუ რა იცოდნენ საქართველოს საგანგებო კომისიაში საზღვარგარეთ მყოფ და საქართველოში დაბრუნებულ პოლიტიკურ მოღვაწეებზე. როგორც არჩილ კახიანმა გაარკვია, საქართველოს საგანგებო კომისია ფლობდა ინფორმაციას საზღვარგარეთიდან ვალიკო ჯუღელის ჩამოსვლის შესახებ. ნ. ხომერიკმა არჩილ კახიანს ალექსანდრა ჯუღელის ხელით მიწოდებული ინფორმაციებისთვის 150 ლირა გადასცა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23472, ფურცელი 8-23). საქართველოს საგანგებო კომისიამ ნ. ხომერიკი 1923 წლის 9 ნოემბერს დააპატიმრა (ენდელაძე 2004: 28). დაპატიმრებისას ნ. ხომერიკს აღმოაჩნდა: სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს შესახებ ცნობები 1923 წლის 6 სექტემბრიდან 1923 წლის 30 სექტემბრამდე, ცნობები ვარშავიდან და საგზაო-სატრანსპორტო საგანგებო კომისიის პოლიტიკური განყოფილების 1923 წლის სექტემბრის თვის მოხსენება (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #28, ფურცელი 11). ნ. ხომერიკს ასევე აღმოაჩნდა საზღვარგარეთიდან სპეციალურად მისთვის გამოგზავნილი წერილი. წერილში მას საქართველოს ემიგრაციაში მყოფი მთავრობის წარმომადგენლები წერდნენ: „გიგზავნით რადიო-აპარატს. თუ ეს აპარატი იმუშავებს, ჩვენ საშუალება გვექნება სამხედრო ცნობები შევკრიბოთ მთელ კავკასიაში, ჩვენი მიზნებისათვის ამას დაუფასებელი მნიშვნელობა ექნება“ (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 770). ნ. ხომერიკის დაპატიმრებისას აღმოჩენილმა მასალებმა არჩილ კახიანის საქმიანობა გამოააშკარავა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #28, ფურცელი 11) და 1923 წლის 10 ნოემბერს ის დააპატიმრეს (ენდელაძე 2004: 28). პატიმრობაში აიყვანეს ასევე ალექსანდრა ჯუღელი. საქართველოს საგანგებო კომისიაში ხანგრძლივი დაკითხვების შემდეგ 1924 წლის მარტში ალექსანდრა ჯუღელი გაათავისუფლეს, არჩილ კახიანი კი 1924 წლის 15 იანვარს, ღამის 1 საათზე დახვრიტეს (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23472, ფურცელი 41-47). წარმოებული კონტრდაზვერვითი სამუშაოების შედეგად მოპოვებულ მასალებს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს ემიგრანტულ მთავრობას აწვდიდა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 770).
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის დავალებით გიორგი წინამძღვრიშვილი აგროვებდა ცნობებს ქართული და რუსული წითელი არმიის რაოდენობის, მილიციისა და საგანგებო დანიშნულების ნაწილების მდგომარეობის შესახებ საქართველოში. ამ მიზნით, გ. წინამძღვრიშვილს მაზრებში სათანადო რწმუნებულები ჰყავდა. დასავლეთ საქართველოში მსგავსი ხასიათის ცნობებს „დასავლეთ საქართველოს კომიტეტი“ აგროვებდა. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარეს სეით დევდარიანს დაპატიმრებისას წითელი ჯარის დისლოკაციისა და რაოდენობის აღმნიშვნელი მასალები აღმოაჩნდა. გოგიტა ფაღავას დაპატიმრების დროს კონსტანტინოპოლიდან გამოგზავნილი წერილი უპოვეს, რომელსაც ხელს „დიმიტრი“ აწერდა. წერილი 1923 წლის 5 სექტემბრით თარიღდებოდა. წერილში შემდეგი ფრაზა იყო: „ამას გარდა მოგვაწოდეთ სამხედრო ინფორმაცია“. გ. ფაღავას აღმოაჩნდა ასევე საზღვარგარეთიდან „ფრანსუას“ მიერ გამოგზავნილი წერილი (1923 წლის 3 სექტემბრით დათარიღებული). ამ წერილში ავტორი იძლეოდა ცნობებს სამხედრო გადაჯგუფების შესახებ სარატოვ-ასტრახან-ბაქოს რეგიონებში და ითხოვდა ამ ცნობების გადამოწმებას. საქართველოს საგანგებო კომისიას ხელში ჩაუვარდა საზღვარგარეთიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის სახელზე გამოგზავნილი წერილი, რომელიც 1924 წლის 5 ივლისით თარიღდებოდა. წერილში ითხოვდნენ: „რაც შეიძლება ჩქარა გვაცნობეთ რუსული ჯარის რეორგანიზაცია, მისი ძალები და ქართული ჯარის რაოდენობა“. მეორე წერილში კი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტს კონსტანტინოპოლიდან წერდნენ: „გვაცნობეთ შემდეგი: გადავიდნენ ჩვენში სამილიციო სისტემაზე თუ არა, ან თუ რეგულარულ ნაწილებთან ერთად არსებობენ ტერიტორიალური ნაწილები. როდის და სად მოეწყვნენ და რამდენია რუსის ჯარი... ფრიად საჭიროა“ (საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ (საბრალდებო დასკვნა). 1925: 79-81). არალეგალურად მომუშავე პირები კონსპირაციის მიზნით სხვადასხვა სახელს (ფსევდონიმს) ირქმევდნენ, მაგალითად: „სოლომონი“ იყო კონსტანტინე ანდრონიკაშვილის ფსევდონიმი (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #28, ფურცელი 605), „ზურაბი“ - ვალიკო ჯუღელის (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #28, ფურცელი 605), „გაიოზი“ - ალექსი ბოკერიასი (ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტთა თავმჯდომარე) (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #377, ტომი #3, ფურცელი 270), „ფრიდონი“ - დავით ონიაშვილის (ატარებდა 1921-1922 წ-ში) (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 194), „ფრანსუა“ - ნოე ხომერიკის (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #377, ტომი #3, ფურცელი 375), „ფრიდონი“ - გრიგოლ ცინცაბაძის (ატარებდა 1924 წ.) (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საqმე #40, ფურცელი 194), „მთის არწივი“ - მიხეილ ლაშქარაშვილის (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #24060-64, ფურცელი 44), „ორბი“ - სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელის (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #24060-64, ფურცელი 44), „ლუკა“ - იოსებ ცინცაძის (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #24060-64, ფურცელი 44), „გოგი“ - ქაქუცა ჩოლოყაშვილის, „ქართლოსი“ - სოლომონ ზალდასტანიშვილის, „სიკო“ - ვასილ (ვასო) წულაძის, „სამფერი“ - დავით ვაჩნაძის (კირთაძე 1998: 33), „ავთანდილი“ - გიორგი (გოგიტა) ფაღავასი. საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ჩრდილო კავკასიასთან და აზერბაიჯანთან დაკავშირება და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შექმნა იყო. სომხებმა შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. 1923 წლის მაისში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ბაქოში ევტიხი სალუქვაძე მიავლინა, რათა მას მუსავატელებთან კავშირი დაემყარებინა. ე. სალუქვაძე მუსავატელების პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მირზა-ბალა-მამედ-ზადეს (მამედოვის) რწმუნებულს აღა-ალი იუსუფ-ზადეს შეხვდა. მამედ-ზადემ თავის მხრივ იუსუფ ზადეს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტთან კავშირის დამყარება დაავალა. 1923 წლის ნოემბერში ი. ზადე თბილისში ჩამოვიდა და გოგიტა ფაღავას შეხვდა, რომელმაც ის ნოე ხომერიკს შეახვედრა. ნ. ხომერიკმა ი. ზადეს შესთავაზა აზერბაიჯანს აჯანყებაში მონაწილეობა მიეღო, რომელიც ნ. ხომერიკის თქმით, საქართველოში 2-3 კვირის შემდეგ დაიწყებოდა. ი. ზადემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანს 6 თვეზე უფრო ადრე არ შეეძლო აჯანყებაში მონაწილეობის მიღება. ამასთანავე, ი. ზადემ ქართველებისგან მატერიალური დახმარება ითხოვა. ნ. ხომერიკი მას 300 თურქულ ლირას შეჰპირდა. 1923 წლის 9 ნოემბერს საქართველოს საგანგებო კომისიამ ნ. ხომერიკი დააპატიმრა, 1924 წლის თებერვალში - ე. სალუქვაძე და ი. ზადე, მოგვიანებით - გ. ფაღავა. ამის შემდეგ დამკომის კავშირი აზერბაიჯანთან გაწყდა (კირთაძე 1998: 33, 46, 322-323, 356).
საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა კავშირი დაამყარა ჩრდილო კავკასიასთან. ჩრდილო კავკასიასთან კავშირის დამყარება პირველად ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელს უკავშირდება. ქ. ჩოლოყაშვილს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა დაღესტნის განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერ ნაჯბუდინ გაცინსკისთან. 1923 წლის აგვისტოში ქ. ჩოლოყაშვილი 7-8 კაციან რაზმთან ერთად ნ. გაცინსკისთან შესახვედრად გაემართა. 1923 წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში ქ. ჩოლოყაშვილი დაღესტნიდან ჩეჩნეთში, კონკრეტულად კი ტუმსოიში გადავიდა (სუიცსა, ფონდი #285, აღწერა #1, საქმე #652, ფურცელი 289). ჩეჩნეთში ქაქუცამ გავლენიანი ბეგის ათაბაი უმაევის მეშვეობით ალი მიტაევთან (ჩეჩნეთის შეიხი) კონტაქტი დაამყარა. ა. მიტაევი ქაქუცას კავკასიის მასშტაბით აჯანყების მოწყობაში დახმარებას დაპირდა. ცოტა ხნის შემდეგ ათაბაი უმაევმა ქ. ჩოლოყაშვილს აცნობა, რომ ჩეჩნეთში შეიარაღებული ქისტების რაზმი შეიქმნა, რომელიც კახეთში გადასასვლელად მზად იყო. მაგრამ ქისტების ეს რაზმი თუშებმა არ გამოატარეს, რადგან ქისტების მიერ მათი საქონლის გატაცების დიდი ალბათობა არსებობდა (კირთაძე 1998: 153-324).
1923 წლის სექტემბერში სამხედრო კომისიის დავალებით (მაშინ მას ნოე ხომერიკი და გიორგი წინამძღვრიშვილი წარმოადგენდნენ) გიორგი წინამძღვრიშვილი, კონსტანტინე ყარანგოზიშვილთან ერთად, ბაქოს გავლით ჩეჩნეთში ალი მიტაევთან გაემგზავრა. ა. მიტაევი მზად იყო აჯანყებაში მიეღო მონაწილეობა და რამდენიმე ათასი მებრძოლიც გამოეყვანა, ოღონდ ის საქართველოდან 50 ოფიცრის ინსტრუქტორად გაგზავნას ითხოვდა. გ. წინამძღვრიშვილმა კ. ყარანგოზიშვილი ჩეჩნეთში დატოვა, თვითონ კი ათი დღის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 16). საქართველოში დაბრუნებულმა გ. წინამძღვრიშვილმა ჩრდილო კავკასიაში მოგზაურობის ანგარიში ნოე ხომერიკს გააცნო, ამ უკანასკნელმა - კოტე ანდრონიკაშვილს. დამკომმა მოისმინა გ. წინამძღვრიშვილის მოგზაურობის ანგარიში და გადაწყვიტა ჩრდილოეთ კავკასიასთან კავშირი შეენარჩუნებინა. რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიაში 50 ქართველი ოფიცრის გაგზავნას, უსახსრობის გამო ეს ვერ ხერხდებოდა. მოგვიანებით საქართველოში ერთი ჩეჩენი ჩამოვიდა, რომელმაც კ. ყარანგოზიშვილის წერილი ჩამოიტანა. კ. ყარანგოზიშვილი ჩეჩნეთში 50 ქართველი ოფიცრის გაგზავნის დაჩქარებას ითხოვდა. 1923 წლის მიწურულს საქართველოდან ჩეჩნეთში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი ლეო დგებუაძე გაიგზავნა, რომელსაც ჩეჩნეთზე და მის მეზობლებზე მასალების შეგროვება დაევალა. ლ. დგებუაძე საქართველოში 1924 წლის იანვრის დამდეგს დაბრუნდა. მისი თქმით, ალი მიტაევმა უკვე გააბა კავშირი კაზაკებთან ვინმე გენერალ ფედიუშკინის მეშვეობით. მოგვიანებით სამხედრო კომისიის წინადადებით (მაშინ მას გოგიტა ფაღავა და გიორგი წინამძღვრიშვილი წარმოადგენდნენ) ჩეჩნეთში მიხეილ იშხნელი გაემგზავრა. 1924 წლის თებერვლის შუა რიცხვებისათვის მ. იშხნელმა ჩეჩნეთიდან საქართველოში ვიღაც ჩეჩენის ხელით წერილი გამოაგზავნა. ამ წერილით იგი საქართველოდან სათანადო ინფორმაციების მიწოდებას ითხოვდა. სწორედ ამ დროს საქართველოს საგანგებო კომისიამ გიორგი წინამძღვრიშვილი დააპატიმრა, რის გამოც ჩეჩენი ფაქტიურად საქართველოდან უპასუხოდ წავიდა. გ. წინამძღვრიშვილის დაპატიმრების შემდეგ მალე ჩეჩნეთიდან საქართველოში მ. იშხნელი დაბრუნდა, რომელმაც ჩეჩნეთთან კავშირის შენარჩუნების მიზნით თან ერთი ჩეჩენი ჩამოიყვანა. დამკომის მიერ 1924 წლის თებერვლისათვის დანიშნული აჯანყება გოგიტა ფაღავასა და გიორგი წინამძღვრიშვილის დაპატიმრების გამო გადაიდო. ამიტომ დამკომი ცდილობდა ჩრდილო კავკასიასთან კავშირი შეენარჩუნებინა. 1924 წლის 14 აგვისტოს დამკომმა ყალბი პასპორტებით ჩეჩნეთში ეროვნულ-დემოკრატი ივანე ავალიშვილი (ზურაბ ავალიშვილის ძმა), ეროვნულ-დემოკრატი ვლადიმერ ბერიძე და ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ნაკაშიძე გააგზავნა. მათ დამკომმა სახარჯო ფული - 500-700 მანეთი გამოუყო. ამ ჯგუფმა გროზნოში ჩასვლის შემდეგ გაიგო, რომ ალი მიტაევი დაპატიმრებული იყო. ამის შემდეგ ჩრდილო კავკასიასთან კავშირი შეწყდა (კირთაძე 1998: 154-155, 327). ასე რომ, საქართველო იძულებული იყო 1924 წლის აჯანყება მხოლოდ საკუთარი ძალებით დაეწყო.
ამ მუშაობის პარალელურად საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი ცდილობდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა მოეპოვებინა. ამ მიზნით დამკომმა 1923 წლის 26 მაისს ერთა ლიგას წერილი გაუგზავნა (წერილის ასლი გაეგზავნა ასევე ევროპის სოციალისტურ პარტიებს, ამსტერდამის ინტერნაციონალს და ევროპის სახელმწიფოების მთავრობებს). წერილში ნათქვამი იყო: „ქართველი ერის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი, რომლის გარშემო ადგილობრივ შემოკრებილია დღეს მრავალტანჯული ქართველი ერი, მიმართავს ერთა ლიგას და მისი საშუალებით მთელ განათლებულ კაცობრიობას და აუწყებს მათ ქართველი ერის დღევანდელ უბედურ მდგომარეობას.
ჩვენს მიერ აღწერილი სურათი ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობისა იქნება მკრთალი, რადგან შეუძლებელია სიტყვით გადმოცემა იმ ვაების, იმ წამებისა, რომელსაც დღეს განიცდის საქართველო...
1921 წლის თებერვალში რუსის ჯარი მოულოდნელად შემოესია ჩვენს საქართველოს... რუსეთმა ის კვლავ დაიპყრო. დღეს საქართველო კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა. ეს ოკუპაცია - დაპყრობა არ შეედრება არც ერთ ისტორიაში არსებულ ეროვნულ ძალდატანებას და დაპყრობას... საქართველოში გამეფდა უსაშინელესი კულტურული და ფიზიკური ტერორი. დღეს საქართველოს განაგებს რუსეთის ჩეკა და დამსჯელი რაზმები... საქართველო სასაკლაოდ არის გადაქცეული. ნადგურდება და ისპობა პატარა კულტურული ერი. ვფიქრობთ, რომ ერთა ლიგა აიმაღლებს თავის ავტორიტეტულ ხმას ამ ბარბაროსობის წინააღმდეგ... რუსეთის ჩეკამ და დამსჯელმა რაზმებმა ამ ორი წლის განმავლობაში ააოხრეს, ცეცხლს და მახვილს მისცეს საქართველოს მთელი ოლქები: კახეთი, სვანეთი, გურია. ამ ორი თვის წინათ გურია, საქართველოს ეს საუკეთესო და კულტურული ნაწილი, სამხედრო ექსპედიციებმა მთლად გაანადგურეს. აქ ჩეკამ გაგზავნა დამსჯელი რაზმების მეთაურად ყოფილი ყაჩაღი, ახლა ბოლშევიკი ობოლაძე. ობოლაძემ გადასწვა მთელი სოფლები, დახვრიტა უდანაშაულო ხალხი, ცეცხლში დაწვა ახალგაზრდა უდანაშაულო 15 წლის ვაჟი. ეს ვერაგი მოკლეს და ამ მკვლელობას დამპყრობლებმა იმით უპასუხეს, რომ ერთ ღამეში 92 კაცი გამოიყვანეს თბილისის ციხიდან და დახვრიტეს, მათ შორის 15 პოლიტიკური მოღვაწე, მასწავლებლები, სტუდენტები, კოოპერატორები, მუშები, გლეხები... ამა წლის 20 მაისს რუსეთის ჩეკამ გაუსამართლებლად დახვრიტა 15 ქართველი მხედარი. ქართველი მხედრობის ხელმძღვანელნი - გენერლები, შტაბის ოფიცრები, სახელგანთქმული მეომრები და პოლიტიკური მოღვაწენი...
ისპობა და ნიავდება საუკუნეობით შექმნილი კულტურული ნაშთები. საქართველოში არ გაისმის არა თუ თავისუფალი სიტყვა და აზრი, მორწმუნე ხალხს ლოცვაც აღარ შეუძლია. ბოლშევიკურმა რუსეთმა დაანგრია და გაანადგურა ეკლესია-მონასტრები... საშუალო საუკუნეების ინკვიზიცია არარაა იმ წამებასთან, რომელსაც ოკუპანტები აყენებენ მუშებსა და გლეხებს... მაგრამ ქართველი ერი შეგნებულად ებრძვის დამპყრობელთ და იცავს თავის კულტურას და დამოუკიდებლობას.
ერთა ლიგისადმი მიმართვა ქართველი ერისათვის არის ერთი ამ საშუალებათაგანი... ისმინეთ ხმა კულტურული პატარა ერისა. ეს ერი იჟლიტება ფიზიკურად, ისპობა მისი კულტურა, ინგრევა მისი კულტურული კერა. საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს იმედი აქვს, რომ ერთა ლიგა - ეს სამართლიანობის უაღრესი ორგანო, მიიღებს ყოველგვარ ზომებს ქართველი ერის გადასარჩენად და მისი დამოუკიდებლობის აღსადგენად“ (ქართული დიპლომატიის ისტორია (ქრესტომათია). რედ. აკ. როინ მეტრეველი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2004, გვ. 550-552). აღნიშნული წერილი კონსტანტინე ანდრონიკაშვილმა შეიმუშავა და რედაქტირებისთვის ის დავით ონიაშვილს გადასცა. დ. ონიაშვილმა რედაქტირების შემდეგ წერილი წასაკითხად იასონ ჯავახიშვილსა და მიხეილ ბოჭორიშვილს გადასცა. სოციალისტ-ფედერალისტები და დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატები წერილზე ხელმოსაწერად არ გამოცხადნენ (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #377, ტომი #3, ფურცელი 374).
1924 წლის მაისში საზღვარგარეთიდან თბილისში ვასილ (ვასო) ნოდია, ვალიკო ჯუღელი, ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი, ვლასა მგელაძე, ვასილ ცინცაბაძე და ბიქტორ ცენტერაძე ჩამოვიდნენ. მათ შემდეგი სახის ინფორმაცია ჩამოიტანეს: „საერთაშორისო მდგომარეობა ხელს უწყობს აჯანყების დაწყებას და თუ ვინიცობაა აჯანყება დამარცხდეს, მაშინ მოძრაობა პროვინციებში უნდა გაგრძელდეს, რომ ამით პარიზში მყოფმა გაერთიანებულმა ცენტრმა შესძლოს ზოგიერთ მეგობრულად განწყობილ სახელმწიფოსთან დიპლომატიური წესით მოაგვაროს საქართველოს საკითხი რუსებთან“ (ზალდასტანიშვილი 1989: 27). საქართველოს ემიგრანტული მთავრობა ვალიკო ჯუღელზე დიდ იმედს ამყარებდა. მას მალულად დაამთავრებინეს პარიზში სენ-სირის სამხედრო სკოლა. სწორედ ვ. ჯუღელი უნდა ჩადგომოდა სათავეში აჯანყებას სამხედრო თვალსაზრისით (სულაძე 2010: 80).
1924 წლის ზაფხულში დამკომმა ნოე ჟორდანიასაგან სადირექტივო წერილი მიიღო (ეს წერილი ვლასა მგელაძემ ჩამოიტანა, რომელიც შემდეგ ბენია ჩხიკვიშვილს დაპატიმრებისას აღმოუჩინეს). ამ წერილში ნ. ჟორდანია დაწვრილებით მიმოიხილავდა საქართველოში აჯანყების საკითხს და მეზობლებთან (ჩრდილო კავკასია, აზერბაიჯანი) დამოკიდებულებას. თუმცა ეს წერილი საქართველოს საგანგებო კომისიას ჩაუვარდა ხელში (კირთაძე 1998: 308). საქართველოში აჯანყების თარიღის დანიშვნა დამკომისა და მთავარსარდლის კომპეტენცია იყო. აჯანყების მთავარსარდლად სპირიდონ ჭავჭავაძე დაინიშნა. მთავარსარდლის დასახმარებლად ორი პოლკოვნიკი გამოყვეს. დამკომის გადაწყვეტილებით აჯანყება საბჭოთა კავშირის საშინაო და საგარეო მდგომარეობის გართულებას უნდა დამთხვეოდა (ზალდასტანიშვილი 1989: 23-26). საერთაშორისო ვითარების გასარკვევად დამკომმა საღვარგარეთ ვასო ნოდია გაგზავნა. ვ. ნოდიამ საზღვარგარეთიდან ჩამოიტანა პასუხი - საერთაშორისო სიტუაცია აჯანყების დასაწყებად ხელსაყრელი იყო (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #377, ტომი #3, ფურცელი 373). საზღვარგარეთიდან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით დამკომმა საქართველოში აჯანყება 1924 წლის თებერვლისათვის დანიშნა. მაგრამ 1923 წლის 9 ნოემბერს საქართველოს საგანგებო კომისიამ ნოე ხომერიკი დააპატიმრა, 1924 წლის 24 იანვარს - გოგიტა ფაღავა (ზალდასტანიშვილი 1989: 23). ამიტომ, დამკომი იძულებული გახდა აჯანყების თარიღი გადაეწია.
დამკომისა და სამხედრო კომისიის ერთობლივი სხდომა 1924 წლის ივლისის დასაწყისში ჩატარდა. სხდომას ესწრებოდნენ: კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, იასონ ჯავახიშვილი, მიხეილ ბოჭორიშვილი, ვალიკო ჯუღელი, სოლომონ ზალდასტანიშვილი და შალვა ამირეჯიბი. სამხედრო კომისიის მოხსენება ს. ზალდასტანიშვილმა წაიკითხა, რომელიც შემდეგში მდგომარეობდა: აჯანყების მოწყობას აღმოსავლეთ საქართველოში თავის თავზე ქაქუცა ჩოლოყაშვილი იღებდა, რომლის განკარგულებაში 600 შეიარაღებული მებრძოლი იყო. ქაქუცა ჩოლოყაშვილს უნდა აეჯანყებინა კახეთი, დუშეთის მაზრა და მანგლისის რაიონი. გარე კახეთში აჯანყებისათვის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას უნდა ეხელმძღვანელა. გურიას (ძირითადად სოციალ-დემოკრატებს) 700 შეიარაღებული უნდა გამოეყვანა, სვანეთს - 600, სამეგრელოს - რამდენიმე ასეული. სვანეთისა და სამეგრელოს შეიარაღებულ ძალებს აფხაზეთი უნდა დაეკავებინათ. იმერეთში ძირითადად იმედები შორაპნის მაზრაზე იყო დამყარებული. აჯანყების გეგმაში შედიოდა მთავრობის იარაღის საწყობების ხელში ჩაგდება, ამ იარაღების გადაცემა მოსახლეობისათვის და ამით აჯანყების კიდევ უფრო გაფართოება. ქ. თბილისში 500 შეიარაღებული მებრძოლი უნდა გამოეყვანათ სოციალ-დემოკრატებს, ეროვნულ- დემოკრატებს - 150, სოციალისტ-რევოლუციონერებს - 60. სამთავრობო ჯარების რაოდენობა (რუსული წითელი არმია და წითელი არმიის ქართული ნაწილები), სოლომონ ზალდასტანიშვილის ინფორმაციით, 10-11 ათასს აღწევდა. ს. ზალდასტანიშვილის აზრით, წითელი არმიის ქართული ნაწილების აჯანყებულთა მხარეზე გადასვლის ალბათობა დიდი იყო (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 14).
1924 წლის ივლისის ბოლოს დამკომისა და სამხედრო კომისიის მეორე გაფართოებული სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ: კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, იასონ ჯავახიშვილი, ვალიკო ჯუღელი, სოლომონ ზალდასტანიშვილი, შალვა ამირეჯიბი (კირთაძე 1998: 246) და მთავარსარდალი გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე. ბინას, სადაც სხდომა ტარდებოდა მიხეილ (მიშა) კოღუაშვილის და ეროვნულ-დემოკრატთა შეიარაღებული რაზმი იცავდა. ეს სხდომა ფაქტიურად წინა სხდომის გაგრძელება იყო. მთავარსარდალმა განაცხადა, რომ ძალები აჯანყებისათვის და აჯანყების ტექნიკური თვალსაზრისით მომზადება მას საკმარისად მიაჩნდა (ზალდასტანიშვილი 1989: 29). სხდომამ შეიარაღებული აჯანყების საკითხი დადებითად გადაწყვიტა. ამის შემდეგ თანხმობის მიღების მიზნით აჯანყების საკითხი დამკომში შემავალი პოლიტიკური პარტიების ცენტრალურ კომიტეტებში გადაიტანეს (კირთაძე 1998: 246). დამკომმა აჯანყების თარიღად 1924 წლის 17 აგვისტო დანიშნა. აჯანყება შემდეგი გეგმით უნდა წარმართულიყო: პირველად აჯანყება თბილისში დაიწყებოდა. ამისათვის ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავისი რაზმით თბილისს 20 კილომეტრზე მიუახლოვდებოდა და სოფ. ნახშირის გორასთან დაბანაკდებოდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილს დაუკავშირდებოდნენ: მიხეილ (მიშა) ლაშქარაშვილი თავისი რაზმით, გ. ნაცვლიშვილი დუშეთისა და დიღმის რაზმით, ელიზბარ ვაჩნაძე ბორჩალოს რაზმით. ამ ძალებს დაემატებოდა მანგლისის რაზმი. ამ დროს ვაზიანში დისლოცირებული წითელი არმიის არტილერია 120 ზარბაზანს ითვლიდა. ამ იარაღის ხელში ჩაგდება ნახევრად მაინც წყვეტდა თბილისის ბედს. ამიტომ აჯანყებულებს ეს არტილერია ხელში უნდა ჩაეგდოთ. ამ რაიონის სარდლად არტილერისტი, პოლკოვნიკი ი. ცაგურია დაინიშნა. ი. ცაგურიას განკარგულებაში სოციალ-დემოკრატთა რაზმი იყო. შემუშავებული გეგმით, ამ რაზმს რუსებისათვის უნდა წაერთმია ზარბაზნები და თბილისს ნავთლუღის მხრიდან უნდა მისდგომოდა. აჯანყების მეორე დღეს თელავის, სიღნაღისა და გურჯაანის რაზმები ი. ცაგურიას განკარგულებაში უნდა გადასულიყვნენ. 1924 წლის 6 აგვისტოს ვალიკო ჯუღელი დააპატიმრეს. ამან ძალაუნებურად აჯანყების გეგმა შეცვალა. საპყრობილეში ვ. ჯუღელს აჯანყების გეგმა დაუდეს წინ (შესაძლებელია საგანგებო კომისიის მიერ შედგენილი) და უთხრეს, რომ სამხედრო კომისიის ერთ-ერთი წევრი ხელისუფლებას ინფორმაციებს აწვდიდა. ამან ვ. ჯუღელზე დიდად იმოქმედა და მან დამკომს რამდენიმე წერილი გამოუგზავნა, რომელშიც აჯანყების საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას ითხოვდა. დამკომმა ვ. ჯუღელის წერილებს დიდი ყურადღება არ მიაქცია, რადგან საქართველოს საგანგებო კომისიის საპყრობილიდან ანალოგიური შინაარსის წერილები ადრე გიორგი წინამძღვრიშვილისა და გოგიტა ფაღავას სახელითაც მოვიდა. განსხვავება მხოლოდ წერილის კატეგორიულობაში იყო. დამკომმა მიიღო გადაწყვეტილება ვ. ჯუღელთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტის შესახებ და მას თავისი წერილები უკანვე გაუგზავნა. მაშინ ვ. ჯუღელმა საქართველოს საგანგებო კომისიას შესთავაზა დროებით გაეთავისუფლებინათ ის თანამებრძოლებთან მოსალაპარაკებლად, მაგრამ უარი მიიღო. საქართველოს საგანგებო კომისიამ მხოლოდ ვანო ღლონტი გაათავისუფლა, რომელმაც ვ. ჯუღელის სახელით საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტს სთხოვა აჯანყებაზე ხელი აეღოთ. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ვ. ღლონტს უპასუხა: „გადაეცით ჯუღელს და ჩეკას, რომ გამოსვლის საკითხი ახლო მომავალში არა სდგას და არც არავითარ აჯანყებას არ ვაპირებთ“-ო. ამ პასუხით საქართველოს საგანგებო კომისია რასაკვირველია არ დაკმაყოფილდა და მასობრივ რეპრესიებს მიმართა. ხელისუფლებამ მანევრებზე მყოფი წითელი არმიის ნაწილები თბილისში დააბრუნა, თბილისის ირგვლივ გზები შეკრა. საღამოს 9 საათიდან თბილისიდან გასვლა და თბილისში შემოსვლა აკრძალა, ქალაქის მნიშვნელოვანი პუნქტები გაამაგრეს, ქუჩებში პატრულები გამოიყვანეს და საეჭვო სამხედრო პირების დაპატიმრება დაიწყეს. აჭარაში გ. ფურცელაძე და ს. ყარალაშვილი დააპატიმრეს. ყოველივე ამან დამკომს თავზარი დასცა (ზალდასტანიშვილი 1989: 30-31). დამკომმა აჯანყების 1924 წლის 17 აგვისტოს დაწყება გადაიფიქრა.
1924 წლის 18 აგვისტოს დამკომის პრეზიდიუმმა პლენარული სხდომა მოიწვია, რომელსაც ესწრებოდნენ: კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, იასონ ჯავახიშვილი, მიხეილ ბოჭორიშვილი და სამსონ დადიანი. სხდომას დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატებიდან არავინ დასწრებია. სხდომამ განიხილა აჯანყების საკითხი. აჯანყებას მხარი დაუჭირეს: კონსტანტინე ანდრონიკაშვილმა, იასონ ჯავახიშვილმა და მიხეილ ბოჭორიშვილმა, ხოლო სამსონ დადიანმა სოციალისტ-ფედერალისტების სახელით პროტესტი განაცხადა და სხდომა დატოვა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 772). დამკომის ამავე სხდომაზე გადაწყდა აჯანყების თარიღი ხუთ კაცს განესაზღვრა: კონსტანტინე ანდრონიკაშვილს, იასონ ჯავახიშვილს, შალვა ამირეჯიბს, დავით ონიაშვილს (სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბიუროს თავმჯდომარე) და მთავარსარდალ გენერალ სპირიდონ ჭავჭავაძეს. ს. ჭავჭავაძეს აჯანყების წარმატებაში ეჭვი შეეპარა და დამკომს აჯანყების გადადება სთხოვა. იასონ ჯავახიშვილმა ს. ზალდასტანიშვილის პირით ს. ჭავჭავაძეს შეუთვალა: „აჯანყება უკვე დაწყებულია და ამ პირობებში უკან დახევა და მისი შეჩერება უფრო მეტ მსხვერპლს გამოიწვევს. ვთხოვ მთავარ-სარდალს თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგეს“. ი. ჯავახიშვილმა დამკომში მთავარსარდლის გადაყენება და მის ნაცვლად ქაქუცა ჩოლოყაშვილის დანიშვნა მოითხოვა. დამკომმა ეს წინადადება უარყო და ს. ჭავჭავაძე მთავარსარდლად დატოვა (ზალდასტანიშვილი 1989: 31-34).
1924 წლის 22 აგვისტოს დამკომის უკანასკნელი სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ: კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, იასონ ჯავახიშვილი და შალვა ამირეჯიბი. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად აჯანყება საქართველოში 1924 წლის აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში უნდა მომხდარიყო. დამკომის ამავე სხდომაზე გადაწყდა, რომ უარი ეთქვათ თბილისში აჯანყების დაწყებაზე, რადგან ხელისუფლებამ ქალაქში დამატებითი ძალების შემოყვანით კიდევ უფრო გაამაგრა იგი. თბილისზე შეტევა პროვინციებში წარმატების მიღწევის შემდეგ უნდა განხორციელებულიყო (კირთაძე 1998: 247). თბილისში დარჩა სამხედრო კომისია, რომლის წინაშე შესასრულებლად შემდეგი ამოცანები იდგა: ვაზიანის სამხედრო ბაზის დაკავება, აეროპლანების ხელში ჩაგდება, ფოსტა-ტელეგრაფის აღება, ჯავშნოსანი ავტომობილებისა და ჯავშნოსანი მატარებლის ხელში ჩაგდება, საქართველოს საგანგებო კომისიის შენობის დაკავება, სამხედრო კურსანტებისა და საავიაციო რაზმის დაპატიმრება (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #377, ტომი #3, ფურცელი 356-357).
დამკომის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურმა პარტიებმა ადგილებზე თავიანთ ორგანიზაციებს შეატყობინეს. ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და გოგი ჭაჭიაშვილს (ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი დასავლეთ საქართველოში) შეტყობინებები გაუგზავნა (კირთაძე 1998: 247).
1924 წლის 24 აგვისტოს ხუთმა კაცმა (კონსტანტინე ანდრონიკაშვილმა, იასონ ჯავახიშვილმა, შალვა ამირეჯიბმა, სპირიდონ ჭავჭავაძემ და დავით ონიაშვილმა) აჯანყების თარიღად 1924 წლის 28-29 აგვისტოს ღამის 2 საათი დანიშნეს (ზალდასტანიშვილი 1989: 36). საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით დამკომმა თბილისი 1924 წლის 27 აგვისტოს დატოვა და შიო მღვიმის ტყეში გადავიდა. შიო მღვიმის ტყეში გადავიდნენ ასევე დავით ონიაშვილი და შალვა ამირეჯიბი. შიო მღვიმის ტყეში ისინი ქაქუცა ჩოლოყაშვილს შეხვდნენ. საუბარი 2 საათს გაგრძელდა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საqმე #40, ფურცელი 192-194).
თავი V. საქართველოს საგანგებო კომისიის მოღვაწეობა ეროვნული მოძრაობის ჩახშობის მიზნით
1917 წლის 25 ოქტომბერს პეტროგრადში განხორციელებული კონტრევოლუციური სახელმწიფო გადატრიალების შედეგად რუსეთში ხელისუფლებაში ბოლშევიკები (კომუნისტები) მოვიდნენ. ცხადია, რუსეთში იმთავითვე ძველი სახელმწიფო სტრუქტურების ნგრევა და ახლის შექმნა დაიწყო. 1917 წლის 8 ნოემბერს რუსეთის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი (შინსახკომი) შეიქმნა. ჩამოყალიბდა ასევე სხვა სახალხო კომისარიატები (სამინისტროები).
საბჭოთა რუსეთის მთავრობას ჰაერივით სჭირდებოდა ისეთი სახელმწიფო ორგანოს ფორმირება, რომელიც ბოლშევიკების ძალაუფლების შენარჩუნებას უზრუნველყოფდა. სწორედ ამ მიზნით საბჭოთა რუსეთის სახალხო კომისართა საბჭომ 1917 წლის 20 დეკემბერს სრულიად რუსეთის საგანგებო კომისია შექმნა, რომლის პირველ თავმჯდომარედ ფილიპ ძერჟინსკი დაინიშნა. საგანგებო კომისიისმთავარი ამოცანა შემდეგში მდგომარეობდა: გაენადგურებინა საბჭოთა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად და მტრულად განწყობილი ძალები, აღეკვეთა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ყოველგვარი გამოსვლა, მათ შორის საბოტაჟი. საგანგებო კომისიის კომპეტენციაში ბანდიტიზმთან, სპეკულაციასთან, თანამდებობრივ დანაშაულთან ბრძოლა და პირველ ხანებში სახელმწიფო საზღვრების დაცვაც შედიოდა. საგანგებო კომისიის ორგანოებს შეეძლოთ სასამართლოს სანქციის გარეშე მოქალაქეების ჩხრეკა და დაპატიმრება, საეჭვო პირებზე აგენტურული თვალთვალის დაწესება, ფოსტა-ტელეგრაფის კორესპონდენციების შემოწმება, მოქალაქეების საზღვარგარეთ გასახლება და სხვ. საგანგებო კომისია ფაქტიურად რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბ) სადამსჯელო ორგანოს წარმოადგენდა, რომელიც ცენტრალური კომიტეტის დირექტივებით მოქმედებდა. საგანგებო კომისიის ოპერატიული განყოფილების თანამშრომლები ფეხქვეშ თელავდნენ ისედაც დრაკონულ საბჭოთა კანონებს, თვითნებურად აპატიმრებდნენ როგორც რუსეთის, ისე უცხოელ მოქალაქეებს (Коровин 1998: 4, 6-27, 248).
საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობის შემდეგ საქართველოშიც რუსეთის ანალოგიური ძალოვანი სტრუქტურების ფორმირება დაიწყო. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში მამია ორახელაშვილის თავმჯდომარეობით საქართველოს რევოლუციური კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომამ შალვა ელიავას, მიხეილ ოკუჯავას, ლადო დუმბაძის, გიორგი ელისაბედაშვილის, შოთა გაბრიჩიძის (სხდომის მდივანი) მონაწილეობით პირველ საკითხად მოისმინა საქართველოს საგანგებო კომისიის ორგანიზებისა და კომისიის დროებით თავმჯდომარედ გიორგი ელისაბედაშვილის დანიშვნის საკითხი. 1921 წლის 26 თებერვალს საქართველოს რევკომმა #2 ბრძანებით შექმნა „კონტრრევოლუციასთან, სპეკულაციასთან და საბოტაჟთან ბრძოლის საგანგებო საგამომძიებლო კომისია“.
1921 წლის მარტში შეიქმნა ბათუმის საოლქო და ქუთაისის საგუბერნიო საგანგებო კომისიები. დამტკიცდა მათი კოლეგიები თითოეული ოთხ-ოთხი წევრის შემადგენლობით. 1921 წლის მარტის ბოლოს შეიქმნა აფხაზეთის საგანგებო კომისია. ამიერკავკასიის რკინიგზის გაერთიანებასთან დაკავშირებით შეიქმნა ამიერკავკასიის საგზაო-სატრანსპორტო საგანგებო კომისია ცენტრით თბილისში, რომლის უფროსად საქართველოს საგანგებო კომისიის თავმჯდომარე დაინიშნა. საქართველოს საგანგებო კომისია რუსეთის საგანგებო კომისიისაგან პერიოდულად ღებულობდა სახელმძღვანელო დოკუმენტებს, რომელთაც, როგორც წესი, გრიფი „სრულიად საიდუმლო“ ან „საიდუმლო“ ჰქონდათ. 1921 წლის 16 ივლისს საბჭოთა საქართველოს რევოლუციური კომიტეტის მიერ მიღებული დეკრეტით აჭარა ავტონომიურ რესპუბლიკად გამოცხადდა. ამის შემდეგ ბათუმის საოლქო საგანგებო კომისიამ თავისი მოqმედების სფერო აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე გაავრცელა და აჭარის საგანგებო კომისიად გარდაიქმნა.
1921 წლის სექტემბერში საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა რუსეთის კომპარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის სადირექტივო წერილის თანახმად მიიღო დადგენილება საქართველოს საგანგებო დანიშნულების ნაწილების შექმნის შესახებ, რომლის სარდლადაც 1921 წლის 7 ოქტომბერს გ. ხუტულაშვილი დაინიშნა. შეიქმნა საქართველოს საგანგებო დანიშნულების ნაწილების სამხედრო საბჭო, რომელშიც შევიდნენ: გ. ხუტულაშვილი, საქართველოს კომპარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენელი, საქართველოს საგანგებო კომისიის კოლეგიის წევრი, საქართველოს ახალგაზრდობის კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი და საქართველოს წითელი არმიის პოლიტგანყოფილების წარმომადგენელი.
საქართველოს საგანგებო კომისიასთან შეიქმნა ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სამეული საქართველოს კომპარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივნის თავმჯდომარეობით. აჭარის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სამეულები განისაზღვრა საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) საოლქო კომიტეტის მდივნის, ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისა და საგანგებო კომისიის ერთი თანამშრომლის შემადგენლობით. სამაზრო საინფორმაციო სამეულში შედიოდნენ საქართველოს კომუნისტური (ბ) პარტიის სამაზრო კომიტეტის მდივანი, მაზრის აღმასკომის თავმჯდომარე და მაზრის საგანგებო კომისიის უფროსი. საინფორმაციო პუნქტის უფროსი საქართველოს საგანგებო კომისიის დავალებისა და სხვა გადაუდებელი ოპერატიული ამოცანების შესრულებისათვის იყენებდა მაზრის მილიციას მის უფროსთან წინასწარი მოლაპარაკების შემდეგ. საბჭოთა საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის 1922 წლის 10 ნოემბრის დადგენილების თანახმად საქართველოს საგანგებო კომისიის თავმჯდომარედ ეპიფანე კვანტალიანი დაინიშნა. ქუთაისის გუბერნიის საგანგებო კომისია პოლიტბიუროდ გადაკეთდა, ზუგდიდის, ლეჩხუმის, რაჭის პოლიტბიუროების ბაზაზე საინფორმაციო პუნქტები შეიქმნა. მაზრებში საფილტრაციო კომისიები ფუნქციონირებდა, რომელთა წევრები სამაზრო კომიტეტის მდივნები, აღმასკომის თავმჯდომარეები და პოლიტბიუროს უფროსები იყვნენ. პერიოდულად ეწყობოდა საფილტრაციო კომისიის სხდომები, რომლებზეც ანტისაბჭოთა პარტიების დაპატიმრებულ წევრთა ფილტრაციის საკითხებს იხილავდნენ (ენდელაძე 2004: 11-16). საქართველოს საგანგებო კომისიასთან არსებობდა სპეციალური კომისია, რომელიც „მავნე პირების“ ადმინისტრაციულ გადასახლებას ახორციელებდა (სუიცსა, ფონდი #285, აღწერა #1, საქმე #811, ფურცელი 7).
1921 წლის ივლისიდან საქართველოს საგანგებო კომისიის სამხედრო განყოფილების ბაზაზე საბჭოთა საქართველოს წითელი არმიის განსაკუთრებული განყოფილება ჩამოყალიბდა.
1921 წლის გაზაფხულიდან თბილისში ფუნქციონირება დაიწყო საბჭოთა რუსეთის საგანგებო კომისიის სრულუფლებიანმა წარმომადგენლობამ ამიერკავკასიაში. რუსეთის საგანგებო კომისიის წარმომადგენლობა უხეშად ერეოდა საქართველოს საგანგებო კომისიის საქმიანობაში.
1922 წლის 12 მარტს შეიქმნა ამიერკავკასიის საგანგებო კომისია, რომლის თავმჯდომარედ სოლომონ მოგილევსკი დაინიშნა. საქართველოს საგანგებო კომისიისა და ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის მუშაობაში მნიშვნელოვანი ადგილი აგენტურულ-ინფორმატორულ მუშაობას ეკავა. 1922 წლის ზაფხულისათვის საქართველოს საგანგებო კომისიას საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში 17 აგენტ-ინფორმატორი ჰყავდა, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში - 14 (ენდელაძე 2004: 15-17).
საქართველოს საგანგებო კომისიასა და ამიერკავკასიის საგანგებო კომისიას შორის გარკვეული წინააღმდეგობა არსებობდა. ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის თანამშრომლები უხეშად ერეოდნენ საქართველოს საგანგებო კომისიის კომპეტენციაში. მაგალითად, 1924 წლის მარტის შუა რიცხვებში ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის თანამშრომელი ურუშაძე საქართველოს საგანგებო კომისიის ინფორმატორ „ტარზანის“ სახლში მივიდა და აუწყა მას, რომ ამიერკავკასიის საგანგებო კომისიაში იბარებდნენ. „ტარზანი“ ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის კანცელარიაში ერთ საათიანი ლოდინის შემდეგ კონტრდაზვერვის უფროს აშუკინთან მიიყვანეს. აშუკინმა „ტარზანს“ მოსთხოვა გადაეცა მისთვის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის შესახებ მის ხელთ არსებული მასალები. „ტარზანმა“ მიუგო, რომ ის საქართველოს საგანგებო კომისიაში მუშაობდა და არ შეეძლო მისთვის ინფორმაციის მიწოდება. აშუკინმა მუქარით აიძულა „ტარზანი“, შეევსო ინფორმატორის ანკეტა, რის შემდეგაც მას ახალი მეტსახელი „ჯუღელი“ მისცა. გარდა ამისა, საქართველოს საგანგებო კომისიის ინფორმატორი „X“ ამიერკავკასიის საგანგებო კომისიამ დააპატიმრა. საქართველოს საგანგებო კომისია „X“-ის გათავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ უშედეგოდ.
ამიერკავკასიის საგანგებო კომისიამ „X“ მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც ამ უკანასკნელმა უარი თქვა საქართველოს საგანგებო კომისიაში მუშაობაზე და თანხმობა განაცხადა ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის სასარგებლოდ ემუშავა. თავის მხრივ საქართველოს საგანგებო კომისიის მიმართ პრეტენზიები ამიერკავკასიის საგანგებო კომისიასაც გააჩნდა. ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე პანკრატოვი საქართველოს საგანგებო კომისიის თავმჯდომარის ეპიფანე კვანტალიანის სახელზე გაგზავნილ წერილში საყვედურით აღნიშნავდა, რომ საქართველოს საგანგებო კომისია იგნორირებას უკეთებდა ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის მოთხოვნებს (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #28, ფურცელი 8-15). საქართველოს საგანგებო კომისიასა და ამიერკავკასიის საგანგებო კომისიას შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობა წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. საკითხი ვერ გადაწყდა ვერც საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალურ კომიტეტში და ვერც კომუნისტური პარტიის (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტში. საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) XIII ყრილობის მუშაობის დროს სერგო ორჯონიკიძე, ლავრენტი ბერია და ლევან ღოღობერიძე ფილიპე ძერჟინსკის შეხვდნენ, სადაც გადაწყდა, რომ ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის კოლეგიას დარჩებოდა საერთო ხელმძღვანელობა, მთელი ოპერატიული აპარატი კი საქართველოს საგანგებო კომისიის ხელში გადავიდოდა. ამასთანავე, ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის შემადგენლობაში უნდა შეეყვანათ საქართველოს საგანგებო კომისიის თავმჯდომარე და მისი მოადგილე. მიუხედავად ამ ცვლილებისა, საქართველოს საგანგებო კომისიასა და ამიერკავკასიის საგანგებო კომისიას შორის დაპირისპირებები შემდეგშიც გრძელდებოდა (ბ. ლომინაძის წერილი მ. კახიანისადმი, „საქართველოს კომუნისტი“, 1989, #3).
1922 წლის მიწურულიდან საქართველოს საგანგებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ლავრენტი ბერია დაინიშნა. ლ. ბერიას მისვლის შემდეგ საქართველოს საგანგებო კომისიის მუშაობა უფრო ეფექტური გახდა. საქართველოს საგანგებო კომისია თავის მუშაობაში განსაკუთრებულ ყურადღებას მოქმედი პოლიტიკური პარტიების დაშლა-განადგურებას უთმობდა. საგანგებო კომისიაში სპეციალურად მესამე და მეოთხე ქვეგანყოფილებები შეიქმნა, რომლებიც შესაბამისად მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ მუშაობდნენ (ენდელაძე 2004: 18). საგანგებო კომისიას თავის დაქვემდებარებაში ჰყავდა ინფორმატორები, რომლებიც კონსპირაციის მიზნით სხვადასხვა სახელს (ფსევდონიმს) ატარებდნენ: „ჟორდანია“, „ფაღავა“ (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #28, ფურცელი 10), „ელიზბარი“ (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #2520, ფურცელი 274), „ენვერი“, „Приезжий“, „სულეიმანი“, „ჩ“, „კიაზიმ ბეი“, „ახმედი“, „X“ (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #28, ფურცელი 13-14), „მაუზერი“ (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #28, ფურცელი 667), „კილი“ (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #24333-61, ფურცელი 90), „სხულუხია“, „ჩიქავა“ (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #24333-61, ფურცელი 124-126), „აფხაზეთი“ (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23581, ფურცელი 130), „მოსკოვი“ (ენდელაძე 2003: 54), „ტარზანი“, „ჯუღელი“ (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #28, ფურცელი 12), „სალია“, „ალიოღლი“, „ლორჟუ“, „გაიდაშკინი“, „ტემნიძე“, „კალანდია“, „თოდუა“ (ენდელაძე თ., საბჭოთა ძალოვანი სტრუქტურების ბრძოლა პარტიზანული მოძრაობის წინააღმდეგ საქართველოში (1921-1923 წწ.), „საისტორიო შტუდიები“, 2003, ტ. IV) და სხვ. საქართველოს საგანგებო კომისიას ფარული აგენტები ჰყავდა საზოგადოების სხვადასხვა ფენაში. წარმატებული აღმოჩნდა საგანგებო კომისიისათვის საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კომიტეტის წევრთან კალე მისაბიშვილთან ურთიერთობა. კ. მისაბიშვილი საქართველოს საგანგებო კომისიამ 1923 წლის დასაწყისში საპყრობილიდან გაათავისუფლა. კ. მისაბიშვილი არალეგალურ საქმიანობაში კვლავ ჩაერთო, თუმცა მის მიმართ თანაპარტიელებში ერთგვარი ეჭვები გაჩნდა. მიხეილ ჯავახიშვილის, კოტე აფხაზის, ვარდენ წულუკიძისა და სხვების დაპატიმრების შემდეგ კ. მისაბიშვილის საგანგებო კომისიასთან თანამშრომლობა გამომჟღავნდა. ამიტომ საიდუმლო თათბირზე იასონ ჯავახიშვილმა, გიორგი წინამძღვრიშვილმა, ნიკო კეცხოველმა და სხვებმა კ. მისაბიშვილის ფიზიკური ლიკვიდაცია გადაწყვიტეს. კ. მისაბიშვილმა ი. ჯავახიშვილისა და გ. წინამძღვრიშვილის წინაშე აღიარა, რომ პატიმრობაში მყოფი იძულებული გახდა საქართველოს საგანგებო კომისიასთან ეთანამშრომლა (სულაძე 2010: 75).
საქართველოს საგანგებო კომისიაში არსებულ მესამე ქვეგანყოფილებას დამატებით საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე და სასულიერო პირებზე კონტროლის დაწესება ევალებოდა. საქართველოს საგანგებო კომისია სასულიერო პირების დევნა-შევიწროების პარალელურად მათ კომპრომეტირებას ეწეოდა. ჩეკისტების მიერ შეთითხნილი პასკვილები პერიოდულად იბეჭდებოდა პრესის ფურცლებზე (ენდელაძე 2003: 58,66).
1923 წლის იანვარში საქართველოს საგანგებო კომისიამ საქართველოს სოციალ- დემოკრატიული პარტიის 53 წევრი დააპატიმრა და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს განკარგულებაში გადააგზავნა. 1923 წლის 27 იანვარს საქართველოს საგანგებო კომისიამ რესპუბლიკის მასშტაბით სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც 1000 ადამიანი დააპატიმრა. ამ დაპატიმრებულთაგან 40%-მა პარტია დატოვა, რის შესახებაც მათ პრესაში სათანადო განცხადება გააკეთეს. 1923 წლის 17 თებერვალს საგანგებო კომისიამ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის 34 აქტიური წევრი დააპატიმრა და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს განკარგულებაში გადააგზავნა. 1923 წლის 22 თებერვალს საგანგებო კომისიამ საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტების ცენტრალური კომიტეტის მთელი შემადგენლობა დააპატიმრა. ჩხრეკის დროს საგანგებო კომისიამ შემდეგი სახის მასალები ამოიღო: საქართველოს საგანგებო კომისიის ბრძანებები და ინსტრუქციები, რუსეთის საგანგებო კომისიის ბრძანება, საქართველოს საგანგებო კომისიის 1922 წლის აგენტურული მუშაობის საინსტრუქტურო ტელეგრამა, საქართველოს საგანგებო კომისიის 1922 წლის აგვისტოს ტელეგრამა და საქართველოს საგანგებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მოხსენების დედანი საქართველოში ბანდიტიზმის შესახებ. 1923 წლის 7 მარტს საქართველოს საგანგებო კომისიამ ხელში ჩაიგდო საქართველოს სოციალ- დემოკრატიული პარტიის სტამბა, პატიმრობაში აიყვანა სტამბის გამგე რუსიაშვილი და ასოთამწყობი ურუშაძე. 1923 წლის 13 მარტს საქართველოს საგანგებო კომისიის მიერ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის თბილისის მეოთხე და მეექვსე რაიონების კომიტეტები ლიკვიდირებულ იქნა, დააპატიმრეს 9 კაცი, მათ შორის თბილისის კომიტეტის წევრი ნაკაიძე. 1923 წლის 15 მარტს საქართველოს საგანგებო კომისიამ მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის თბილისის კომიტეტის უფლებამოსილი პირი კალანდაძე, წევრები - ჩანტლაძე და ხაფავა დააპატიმრა, ასევე დააპატიმრეს რაიონული ორგანიზატორები. 1923 წლის 17 მარტს საგანგებო კომისიამ ხელში ჩაიგდო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე სტამბა, პატიმრობაში აიყვანა სტამბის გამგე მანასე გოგუაძე და სახლის მეპატრონე მუჯირიშვილი (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #28, ფურცელი 814-16). 1923 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კომიტეტის წევრის კალე მისაბიშვილის ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს სამხედრო ცენტრის 15 წევრი (კერესელიძე ლ., თხუთმეტთაგან ერთ-ერთი, „საარქივო მოამბე“, 2010, #9).
1923 წლის 19 მაისს საქართველოს საგანგებო კომისიისა და ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის კოლეგიების ერთობლივი სხდომა ჩატარდა. სხდომას სოლომონ მოგილევსკი თავმჯდომარეობდა. სხდომას ესწრებოდნენ: პანკრატოვი, ეპიფანე კვანტალიანი, ლავრენტი ბერია, მამია ორახელაშვილი, მიქელაძე და შალვა ელიავა. სხდომის დღის წესრიგში სამხედრო ცენტრის დაპატიმრებულ წევრთა საკითხი იდგა. ამ საკითხზე მოხსენება კონტრდაზვერვის უფროსმა აშუკინმა გააკეთა. სხდომამ სამხედრო ცენტრის წევრებს „დაუმტკიცა“ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა, საქართველოში ბანდიტური მოძრაობის შექმნა და მასში მონაწილეობა, ანტანტის სასარგებლოდ შპიონაჟი, მუშურ-გლეხური სახელმწიფოს გაცემა და ღალატი (გაზეთი. „დილის გაზეთი“, თბილისი, 1999, #153). სხდომამ სამხედრო ცენტრის წევრებს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა შეუფარდა. 1923 წლის 21 მაისს დილის 4 საათსა და 30 წუთზე თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, ჩეკისტებმა სამხედრო ცენტრის წევრები დახვრიტეს (იხ. დანართი #1). დახვრეტის წინ კოტე აფხაზის უკანასკნელი სიტყვები იყო: „მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!“ (ეძგვერაძე 1996: 31). თხუთმეტივე ქართველი ოფიცერი დახვრეტის წინ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნ „დიდებას“ მღეროდა (კერესელიძე ლ., თხუთმეტთაგან ერთ-ერთი, „საარქივო მოამბე“, 2010, #9). 1923 წლის 13 აპრილს საქართველოს საგანგებო კომისიამ საქართველოს სოციალ- დემოკრატიული პარტიის კონტრდაზვერვის უფროსი ჩიქოვანი დააპატიმრა. ჩხრეკის დროს ჩიქოვანს საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი მასალები აღმოუჩინეს. დააპატიმრეს ასევე კონტრდაზვერვის რამდენიმე წევრი (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #28, ფურცელი 816).
1923 წლის 10 მაისს საქართველოს საგანგებო კომისიამ მთელი რესპუბლიკის მასშტაბით მეორე სპეცოპერაცია ჩაატარა. სულ 1198 ადამიანი დააპატიმრეს, რომელთაგან 1000 მას შემდეგ გაათავისუფლეს, როცა მათ თავიანთი პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთეს. 1923 წლის მაისში საგანგებო კომისიამ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის 81 აქტიური წევრი დააპატიმრა და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს განკარგულებაში გადააგზავნა. 1923 წლის 7 ივნისს საგანგებო კომისიამ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის 1922 წლის არქივი ჩაიგდო ხელში. აღნიშნული მასალა ამიერკავკასიის საგანგებო კომისიაში გადააგზავნეს. 1923 წლის ივნისში საგანგებო კომისიამ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის თბილისის კომიტეტის 1923 წლის შემადგენლობა დააპატიმრა. დაპატიმრებულთაგან ორი - ვადაჭკორია და ვასაძე საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები იყვნენ. 1923 წელს საგანგებო კომისიამ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ორგანიზაციების ლიკვიდაცია განახორციელა ახალი სენაკში, ფოთში, გორში და სოხუმში. 1923 წლის აგვისტოში საგანგებო კომისიამ ქ. ჩოლოყაშვილთან კავშირის გამო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური ხელმძღვანელი სიმონ ვასილის ძე ყიფიანი დააკავა. 1923 წელს საგანგებო კომისიამ საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე მარო დვალი დააპატიმრა. როგორც გამოირკვა ქალთა ორგანიზაციას მიზნად ჰქონდა დასახული გაეერთიანებინა ის ქალები, რომლებიც საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტურ პარტიას თანაუგრძნობდნენ. 1923 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში საქართველოს საგანგებო კომისიამ საქართველოს სოციალ- დემოკრატიული პარტიის წევრები ილარიონ გეორგაძე და სამსონ დობორჯგინიძე დააპატიმრა. 1924 წლის ივლისში საგანგებო კომისიამ საქართველოს ეროვნულ- დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის დაშიფრული წერილი და ფული ჩაიგდო ხელში. წერილი საქართველოს საგანგებო კომისიის მიერ დაკავებულ ქ. ჩოლოყაშვილის კურიერს აღმოაჩნდა, რომელიც თბილისიდან კახეთში ბრუნდებოდა. წერილი 1923 წლის 7 დეკემბრით იყო დათარიღებული (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #28, ფურცელი 25, 816-824).
1924 წლის 25 ივლისს საქართველოს საგანგებო კომისიამ პარიზიდან საქართველოში სპეციალური დავალებით ჩამოსული საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი ბენია ჩხიკვიშვილი დააპატიმრა. 1924 წლის 6 აგვისტოს თბილისში, საღამოს 10 საათზე და 35 წუთზე საქართველოს საგანგებო კომისიამ ვალიკო ჯუღელი დააპატიმრა (ნარიმანიძე 2000:167-169). 1924 წლის 7 აგვისტოს ვ. ჯუღელმა თავის მოკვლა სცადა: მარცხენა ხელზე 6 ადგილას ძარღვები გაიჭრა და ჭრილობა ჟანგით ამოივსო, თუმცა გადარჩა. ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის #19 კამერაში მოთავსებული ვ. ჯუღელი საქართველოს საგანგებო კომისიის თავმჯდომარემ ე. კვანტალიანმა მოინახულა. ე. კვანტალიანმა ვ. ჯუღელს გააცნო მასალები, რომლის შემდეგ ვ. ჯუღელი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ საქართველოს საგანგებო კომისიაში ყველაფერი იცოდნენ მოსალოდნელი აჯანყების შესახებ. ამის შემდეგ ვ. ჯუღელმა იზოლატორიდან თავის ამხანაგებს წერილი მისწერა და მოუწოდა აჯანყებაზე ხელი აეღოთ. ამასთანავე, ვ. ჯუღელმა წინადადებით მიმართა ე. კვანტალიანს, ის 3-4 დღით გაეთავისუფლებინა. ეს დრო ვ. ჯუღელს თავის თანამებრძოლებთან მოსალაპარაკებლად სჭირდებოდა, რის შემდეგ ის კვლავ ჩეკისტებს დაუბრუნდებოდა. ვ. ჯუღელმა ამ თხოვნაზე უარი მიიღო (ვალიკო ჯუღელი. ღია წერილი ყველა ამხანაგებისა და ყოფილ სახალხო გვარდიელებისადმი. - გაზეთი „კომუნისტი“, 1924, #196, 29 აგვისტო, გვ. 3-4).
საქართველოს საგანგებო კომისიის ინფორმაციით, 1923 წლის 1 იანვრისათვის მთელ საქართველოში 273 „პოლიტბანდიტი“ მოქმედებდა, მათ შორის კახეთში ქაქუცა ჩოლოყაშვილი - 20 კაცით, შორაპნის მაზრაში მიხაკო აბულაძე - 4 კაცით, შორაპნის მაზრაში გრიგოლ აბაშიძე - 7 კაცით, შორაპნის მაზრაში ვარლამ კაპანაძე - 30 კაცით, შორაპნის მაზრაში მორჩიაშვილი - 9 კაცით, შორაპნის მაზრაში ილიკო ჯუღელი - 15 კაცით, ოზურგეთის მაზრაში ღლონტია გოგუა - 15 კაცით, ბათუმის მხარეში მანწკავა და გოგიტიძე - 40 კაცით, ოზურგეთის მაზრაში დობორჯგინიძე - 35 კაცით, ქუთაისის მაზრაში კეთილაძე - 3 კაცით, ოზურგეთის მაზრაში მათითაიშვილი - 16 კაცით, ფოთში ბესარიონ ჯაში - 8 კაცით, ზუგდიდის მაზრაში ბაგრატ ხონელია - 5 კაცით, აფხაზეთსა და სვანეთში კონსტანტინე (კოწია) დადეშქელიანი - 6 კაცით, აფხაზეთში ევტიხი სიჭინავა - 3 კაცით (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #28, ფურცელი 827).
1923 წლის აგვისტოში საქართველოს საგანგებო კომისიაში 97150 დაშიფრული წერილის გაშიფვრა მოხდა, მათ შორის 1261 შემოსული იყო უცხოეთიდან, წითელი არმიიდან კი - 650. გარდა ამისა საგანგებო კომისიამ 97568 ტელეგრამის გაშიფვრა მოახდინა. კონფისკაციაქმნილი წერილების რაოდენობამ 10630 შეადგინა. 1923 წლის სექტემბრის თვეში საგანგებო კომისიაში 97623 წერილი გაშიფრეს. 1923 წლის აგვისტოში საგანგებო კომისიამ 430 წიგნის კონფისკაცია განახორციელა, სექტემბერში კი - 17 წიგნის. 1923 წლის 1 იანვრიდან 1923 წლის 1 ოქტომბრამდე სულ 447 წიგნი იქნა კონფისკებული. ამ წიგნების უმეტესობას ძველი და ახალი აღთქმის, საღვთისმსახურო, მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიისა და სხვა წიგნები შეადგენდა. 1923 წლის აგვისტოში საგანგებო კომისიამ შემდეგი ფილმების კონფისკაცია მოახდინა: 1) გათავისუფლებული იერუსალიმი (ოთხ ნაწილად); 2) ორი ძმა (ერთ ნაწილად); 3) პატე-ჟურნალი (ერთ ნაწილად); 4) მოჯადოებული გასაღები (ერთ ნაწილად); 5) სინდისის ხმა (ხუთ ნაწილად); 6) მოდი ჩემთან (შვიდ ნაწილად); 7) ამერიკელი ყაჩაღები (ერთ ნაწილად); 8) დერუტი (ერთ ნაწილად); 9) ხალხი იღუპება ლითონისთვის ან გაყიდული ცხოვრებისთვის (ხუთ ნაწილად). 1923 წლის სექტემბერში საგანგებო კომისიამ ფილმის მოზეიმე სატანა-ს კონფისკაცია მოახდინა. 1923 წლის აგვისტოში საგანგებო კომისიამ კონტროლი დააწესა 348 პერიოდულ და 41 ერთჯერად გამოცემაზე, ხოლო სექტემბრის თვეში - 337 პერიოდულ და 28 ერთჯერად გამოცემაზე (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #28, ფურცელი 832-833).
1924 წლის აჯანყების მზადების შესახებ საქართველოს საგანგებო კომისიაში ინფორმაციები 1924 წლის ადრე გაზაფხულზე შევიდა. ამით იყო განპირობებული ის, რომ საქართველოს საგანგებო კომისიამ თხოვნით მიმართა საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალურ კომიტეტს საქართველოს საგანგებო კომისიის ორგანოებში წინა წლებში მომუშავე ჩეკისტების აღრიცხვა მოეხდინა აუცილებლობის შემთხვევაში მათგან საგანგებო კომისიის დაკომპლექტების მიზნით. 1924 წლის მარტის თვეში საგანგებო კომისიაში მოთხოვნილი სიები ადგილებიდან მართლაც შევიდა. 1924 წლის 14 მარტს ლ. ბერიამ აჭარის საგანგებო კომისიის, აფხაზეთის საგანგებო კომისიის, პოლიტბიუროებისა და სატრანსპორტო განყოფილებების უფროსებს გაუგზავნა ტელეგრამა გრიფით სრულიად საიდუმლო, რომელიც იტყობინებოდა, რომ 1924 წლის 25-26 მარტს ინგლის-საბჭოთა კავშირის კონფერენციასთან დაკავშირებით მოსალოდნელი იყო შეიარაღებული აჯანყების დაწყება. მოსალოდნელი გამოსვლების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით საგანგებო კომისია კატეგორიულად მოითხოვდა: მუდმივ სიფხიზლეს, სიმძიმის ცენტრის გადატანას აგენტურულ-ინფორმატორულ მუშაობაზე და თვალთვალის მაქსიმალურად გაძლიერებას; მუშაობის გააქტიურებას არალეგალური ორგანიზაციების სამხედრო ნაწილებთან კავშირის გამოვლენის მიმართულებით; განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას მილიციისადმი და განსაკუთრებული დანიშნულების ნაწილებისადმი იქ არასასურველი ელემენტების აღმოჩენის შემთხვევაში კომუნისტური პარტიის კომიტეტებში ფილტრაციის საკითხის დასმა და ამ გზით აღნიშნული დაწესებულებებიდან მათი გაძევება; მუშაობის წარმართვა ანტისაბჭოთა პარტიების ყოფილი წევრების მიმართ, რომლებიც შესაძლოა აგრძელებდნენ ძველ საქმიანობას; საქართველოს საგანგებო კომისიის აპარატის მომზადებას აქტიური ანტისაბჭოთა ელემენტების მასობრივი დაპატიმრებისათვის; საგანგებო კომისიის საიდუმლო ოპერატიული ნაწილისათვის ანტისაბჭოთა პარტიების მუშაობის შესახებ ინფორმაციული ცნობების დაუყოვნებლივ მიწოდებას.
1924 წლის 16 ივლისს საგანგებო კომისიამ თავის ადგილობრივ ორგანოებს გაუგზავნა ტელეგრამა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული და საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიების მიერ უახლოეს პერიოდში შეიარაღებული აჯანყების შესაძლო დაწყების შესახებ. მოსალოდნელი აჯანყების აღკვეთის მიზნით საგანგებო კომისია თავის ადგილობრივ ორგანოებს ნებას რთავდა განეხორციელებინათ არალეგალური ორგანიზაციების ხელმძღვანელების დაპატიმრება. 1924 წლის 12 აგვისტოს საგანგებო კომისიამ საიდუმლო ცირკულარით აჭარის საგანგებო კომისიისა და აფხაზეთის საგანგებო კომისიის თავმჯდომარეებს, ყველა პოლიტბიუროსა და საინფორმაციო პუნქტის უფროსს მოსალოდნელი აჯანყების შესახებ კიდევ ერთხელ შეატყობინა. 1924 წლის 27 აგვისტოს ე. კვანტალიანმა პირდაპირი სატელეფონო ხაზით, დაშიფრული ტექსტით, ადგილობრივ ორგანოებს გადასცა ინფორმაცია, რომ უტყუარი მონაცემებით ანტისაბჭოთა პოლიტიკურ პარტიებს განზრახული ჰქონდათ შეიარაღებული გამოსვლის მოწყობა 1924 წლის 28-29 ან 29-30 აგვისტოს ღამით და ავალებდა მათ დაუყოვნებლივ მიეღოთ ზომები შეიარაღებული აჯანყების აღკვეთის მიზნით, ემოქმედათ საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ადგილობრივ კომიტეტებთან ერთად, შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, დაშიფრული ინფორმაციები დღეში სამჯერ მიეწოდებინათ მაზრის ხელმძღვანელებისათვის. 1924 წლის 28 აგვისტოს ე. კვანტალიანმა აჭარის საგანგებო კომისიას, აფხაზეთის საგანგებო კომისიასა და ყველა პოლიტბიუროს უფროსს გაუგზავნა შეტყობინებები, რომ 1924 წლის 28 აგვისტოს, ღამის 2 საათზე, მოსალოდნელი იყო ანტისაბჭოთა აჯანყება. შესაბამისად, ე. კვანტალიანი ზემოთ ხსენებულ ორგანოებს ნებას რთავდა მასობრივი რეპრესიული ღონისძიებები განეხორციელებინათ, ემოქმედათ საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) სამაზრო კომიტეტებთან ერთად, შედეგების შესახებ კი საქართველოს საგანგებო კომისიისათვის ეცნობებინათ (ენდელაძე 2003: 121-124).
თავი VI. აჯანყების მომზადება დასავლეთ საქართველოში
$ 1. იმერეთი (შორაპნის მაზრა. ქუთაისის მაზრა)
დასავლეთ საქართველოში საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ არალეგალური მუშაობისათვის ელისე პატარიძე მიავლინა. ქუთაისში ასევე ეროვნულ-დემოკრატი მიხეილ გვალია ჩავიდა, რომელმაც საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დასავლეთ საქართველოს კომიტეტი ჩამოაყალიბა. ქუთაისში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ეგიდით აქტიურ მუშაობას ეწეოდნენ: ვასილ ლეჟავა, შალვა ელიავა, ალექსანდრე კედია, ივანე მებურიშვილი, მიხეილ ქობულია. ვ. ლეჟავამ ვაჭარ პორფირე კუჭავას ხელმძღვანელობით ათეული ჩამოაყალიბა, რომელიც საწევრო გადასახადს აგროვებდა. ამ მიზნით შეხვედრები პ. კუჭავას დუქანში იმართებოდა. შეგროვილ ფულს ი. მებურიშვილი ინახავდა. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები ქუთაისში საიდუმლოდ ვასილ მაქსიმეს ძე ლეჟავას ბინაში იკრიბებოდნენ. საქართველოს საგანგებო კომისიის ქუთაისის მაზრის განყოფილების (ქუთაისის პოლიტბიუროს) საინფორმაციო ნაწილის რწმუნებულმა ვ. ბახტაძემ 1924 წლის 13 მარტს, საქამოს 7 საათზე, ვ. ლეჟავას ბინაში მიხეილ გვალია (ატარებდა ფსევდონიმს „კოტე კოდუა“) და შვიდი ადამიანი დააპატიმრა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #24395, ტომი #2, ფურცელი 3, 32-35, 49).
არალეგალური მუშაობისათვის მომზადებულმა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრებმა ჭიათურის მაღაროში დაიწყეს „მუშაობა“, რათა მუშებში გარკვეული გავლენა მოეპოვებინათ. ამ მეთოდმა გაამართლა. ერთ-ერთ „მუშასთან“, სინამდვილეში სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ მაღაროს მუშათა შორის საგანგებო დავალებით შეგზავნილ ვალიკო ჩუბინიძესთან, ჭიათურის მახლობლად მდებარე სოფლების მცხოვრებლებმა კავშირი დაამყარეს: დიდი რგანიდან - კონსტანტინე (კოწია) ხვედელიძემ, პატარა რგანიდან - პორფირე სამყურაშვილმა, ხრეითიდან - სეით ცერცვაძემ, კაცხიდან - ფილიპე ცერცვაძემ, ქვაციხიდან - გრიგოლ ბეონაშვილმა. ვ. ჩუბინიძესთან კავშირში მყოფმა ადამიანებმა, თავის მხრივ, სამეულები შექმნეს. ამასთან, ვ. ჩუბინიძის კომპეტენციას სამხედრო აღრიცხვა შეადგენდა. ვ. ჩუბინიძეს აჯანყების მზადების შესახებ ცნობებს გიორგი წერეთელი და გიორგი გურული აწვდიდნენ (ჩუბინიძე 1953: 255-258).
იმერეთში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ ბანდიტად შერაცხული სოციალ-დემოკრატი (მ) ვარლამ კაპანაძე მოქმედებდა, რომლის დაპატიმრება ან მოკვლა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. 1922 წელს ვ. კაპანაძე საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა პოლიტიკურ რწმუნებულად დანიშნა. ვ. კაპანაძეს უნდა მიეღო ზომები სვირის რაიონში აჯანყების ორგანიზების მიზნით. 1922 წლის 14 სექტემბერს ვ. კაპანაძემ სვირის სათემო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე და სვირის რაიმილიციის თანამშრომელი ალექსანდრე ჭულუხაძე მოკლა. გარდა ამისა ვ. კაპანაძე 1923 წლის 3 იანვარს სადგურ ბოსლევთან სამგზავრო მატარებელს თავს დაესხა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #24441, ფურცელი 263). მოგვიანებით ილიკო ჯუღელისა და ვარლამ კაპანაძის რაზმების გაერთიანება მოხდა. ამ რაზმში ირიცხებოდნენ: ილიკო ჯუღელი, ვარლამ კაპანაძე, ვლადიმერ ბურჯანაძე, კონსტანტინე (კოლია) იშხნელი, აკაკი ჭიჭინაძე, გერასიმე ჭუმბურიძე, ივანე ბრეგაძე და შალვა გეორგაძე. რაზმს ანტისაბჭოთა პოლიტიკურ პარტიებთან და განსაკუთრებით სოციალ-დემოკრატების ხელმძღვანელებთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა. რაზმის შემადგენლობა ხშირად იცვლებოდა. საბჭოთა ხელისუფლების მიერ რაზმის სალიკვიდაციოდ მიღებულ ზომებს შედეგი არ მოჰყოლია, რადგან რაზმს ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ეხმარებოდა (სუიცსა, ფონდი #284, აღწერა #3, საქმე #9, ფურცელი 133).
1923 წლის 14 მაისს სვირში საბჭოთა ხელისუფლებამ აკაკი ჭიჭინაძე დააპატიმრა, რომელსაც ვ. კაპანაძის რაზმთან შეერთება სურდა (სუიცსა, ფონდი #285, აღწერა #1, საქმე #652, ფურცელი 135). სოფ. სვირში არალეგალურად მუშაობდნენ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები: ალექსანდრე პავლეს ძე თუთარაშვილი და ვასილ გიორგის ძე მემარნიშვილი. საბჭოთა ხელისუფლებამ ვასილ კაკაურიძე დააპატიმრა, რომელმაც მთავრობას პირობა მისცა, რომ ვარლამ კაპანაძის ლიკვიდაციაში დაეხმარებოდა. სწორედ ამ პირობით ვ. კაკაურიძე გაათავისუფლეს, მაგრამ მან არათუ პირობა არ შეასრულა, პირიქით, თვითონაც მიიმალა. 1924 წლის 7 აპრილს ხელისუფლებამ ვ. კაკაურიძე ისევ დააპატიმრა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #24441, ფურცელი 67, 262).
1923 წლის 4-7 აგვისტოს ვარლამ კაპანაძე, ილიკო ჯუღელი, ვლადიმერ (ლადიკო) ბურჯანაძე და კონსტანტინე ბოჭორიშვილი ქუთაისის პოლიტბიუროში გამოცხადნენ და მთავრობას იარაღი ჩააბარეს (სუიცსა, ფონდი #285, აღწერა #1, საქმე #652, ფურცელი 108).ქუთაისის მაზრაში სოციალისტ-ფედერალისტების მუშაობას ამბროსი კვირიკაძე ხელმძღვანელობდა.
ანტისაბჭოთა მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩაბმულები ქუთაისში არსებული სასწავლებლების მოსწავლეები (ახალგაზრდა ფედერალისტები). ქუთაისში ქალაქის ორივე ტექნიკუმის მოსწავლეთა კომიტეტი დაარსდა. პირველი ტექნიკუმიდან მოსწავლეთა კომიტეტში შალვა (შალიკო) ქელბაქიანი შედიოდა, მეორე ტექნიკუმიდან - გიორგი (გოგია) ჩოგოვაძე. გარდა ამისა ორივე ტექნიკუმში უჯრედები არსებობდა, რომელთა ხელმძღვანელებს უშუალო კავშირები ტექნიკუმების მოსწავლეთა კომიტეტის ერთ-ერთ წევრთან ჰქონდათ. მეორე ტექნიკუმში სულ 7-8 უჯრედი მოქმედებდა. თითოეულ უჯრედში ათი წლის და უფრო დიდი ასაკის მოსწავლეები ირიცხებოდნენ. უჯრედში ორიდან ხუთ წევრამდე იყო გაერთიანებული (სულ მეორე ტექნიკუმის ყველა უჯრედში 56 მოსწავლე იყო გაერთიანებული). გარდა ამისა, ქალთა უჯრედი არსებობდა. უჯრედების ხელმძღვანელები იკრიბებოდნენ და მათ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე მოხსენებებს შოთა აბესაძე უკითხავდა. კერძოდ, შ. აბესაძის ლექციებს ესწრებოდნენ: ნუქიბიშვილი (მეორე ტექნიკუმის მეშვიდე კლასის მოსწავლე, ოკრიბელი), პოლიევქტი გოგელია (მეორე ტექნიკუმის მეშვიდე კლასის მოსწავლე), კიკვაძე (მეორე ტექნიკუმის მეექვსე კლასის მოსწავლე), ვანო კოსტავა (მეორე ტექნიკუმის მეოთხე კლასის მოსწავლე). ქალთა უჯრედის წევრები 13-14 წლის გოგონები იყვნენ (ერთ-ერთი მათგანი გვარად ცქიტიშვილი იყო). ქალთა უჯრედს დიდხანს არ უარსებია. მოსწავლეთა უჯრედების წევრები მოხსენებებს ხან რიონის პირას ნაციხართან (მომხსენებელი გიორგი კოსტავა), ხან გოგელიას ნაქირავებ ბინაში ორპირის ქუჩაზე (მომხსენებელი შოთა აბესაძე), ხან ფერმასთან რიონის პირას კითხულობდნენ. ერთხელ შ. აბესაძემ მოხსენება გიორგი კოსტავას სახლშიც წაიკითხა. რაიონების ორგანიზაციასთან კავშირი შოთა აბესაძეს ჰქონდა. ორგანიზაციები ხონში და სოფ. ტობანიერში კარგად იყო მოწყობილი. სულ ქუთაისის მაზრის მასშტაბით სოციალისტ-ფედერალისტებს 100-მდე წევრი ჰყავდათ. ორგანიზაციას აჯანყებისათვის მუშაობა უნდა დაეწყო, იარაღი და ვაზნები შეეძინა და სხვ. ორგანიზაციას უნდა გამოეყო პირი, რომელიც სამხედრო სექციას უხელმძღვანელებდა. შოთა აბესაძემ თავიდან ყურადღება გაამახვილა მიხეილ (მიშა) მიხაილოვზე, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა, რადგან მისი აზრით მიშა მიხაილოვი ამ საქმეში არ გამოდგებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხული იყო, არ მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი და მოსწავლეები უმეტესწილად ქუთაისში არ იმყოფებოდნენ, სამხედრო მზადება ორგანიზაციას პრაქტიკულად არც ჰქონია. შოთა აბესაძემ გიორგი კოსტავას აუწყა, რომ ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტების სამხედრო შტაბის ხელმძღვანელად ციცერონ ლორთქიფანიძე იყო დანიშნული. შოთა აბესაძის თქმით, სწორედ ციცერონ ლორთქიფანიძეს უნდა მოეტანა მათთვის იარაღი და, შესაბამისად, ორგანიზაციის წევრებსაც აჯანყებაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ. შოთა აბესაძე ორგანიზაციის წევრებს აჯანყების ზუსტ თარიღს არ ეუბნებოდა, რადგან მისი თქმით, შესაძლებელი იყო აჯანყების თარიღის გადაწევა. 1924 წლის 28 აგვისტოს ღამეს შოთა აბესაძემ ორგანიზაციის წევრები ილიკო ჩხაიძის სახლში დაიბარა. ილიკო ჩხაიძის სახლში გამოცხადნენ: შალვა დოლაქიძე, შოთა აბესაძე, მიშა მიხაილოვი, შალიკო ქელბაქიანი, გიორგი კოსტავა. შოთა აბესაძის თქმით, ქუთაისში როგორც კი ტყვია გავარდებოდა და აჯანყებულები საპყრობილეს და საგანგებო კომისიის შენობას აიღებდნენ ისინი სადგურს უნდა დაცემოდნენ. მაგრამ ორგანიზაციის წევრები გამთენიისას დაიშალნენ და სახლში წავიდნენ, რადგან აჯანყება დაგეგმილი სცენარით არ მიმდინარეობდა. სოციალისტ-ფედერალისტების არქივი და ბეჭედი გიორგი კოსტავასთან ინახებოდა. პარტიული ფსევდონიმები კი იყო: შოთა აბესაძის - „ქუთაისელი“, გიორგი კოსტავას - „გრიშა“ და „მთისპირელი“, პოლიევქტი გოგელიას - „მთისშვილი“, ნუქუბიშვილის - „ოკრიბელი“, შალვა დოლაქიძის - „კაენი“.
1924 წლის აჯანყებამდე ათი დღით ადრე ჭიათურაში მყოფ გიორგი კოსტავას შ. აბესაძის წერილი მიუვიდა, რომლითაც ეს უკანასკნელი თხოვდა მას ქუთაისში ჩამოსვლას. ქუთაისში ჩამოსულ გ. კოსტავას შ. აბესაძემ სათანადო ინსტრუქცია მისცა და გადაკვრით აუწყა, რომ მოსალოდნელი იყო აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. შ. აბესაძის თქმით, როდესაც დაიწყებოდა ტერიტორიების განაწილება თუ ვის რა უნდა აეღო, გარკვეული ტერიტორია მათაც უნდა დაეკავებინათ. შ. აბესაძემ ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტებს სადგურის აღება დაავალა, რომ ამით მათ აჯანყებაში გარკვეული წვლილი შეეტანათ. ამ ოპერაციისათვის ც. ლორთქიფანიძეს უნდა ეხელმძღვანელა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #24383, ტომი #2, ფურცელი 5-7).
1924 წლის 17 აგვისტოს თბილისიდან იმერეთში ლადო გიორგობიანი ჩავიდა, რომელსაც უკან დაბრუნებისას თან გიორგი წერეთელი გაჰყვა. გ. წერეთელი ჭიათურაში 1924 წლის 23 აგვისტოს ჩავიდა და ადგილობრივ ორგანიზაციას აჯანყების დრო აცნობა - 1924 წლის 28 აგვისტო. სინამდვილეში აჯანყება 1924 წლის 29 აგვისტოს იყო დანიშნული (ჩუბინიძე 1953: 259). ვისი დავალებით მოქმედებდა გ. წერეთელი, იყო თუ არა მისი მოქმედება წინასწარ გამიზნული, ძნელი დასადგენია. ერთი რამ ცხადია: 29 აგვისტოს ნაცვლად ჭიათურაში აჯანყების 28 აგვისტოს დაწყებამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა აჯანყების მარცხი.
1924 წლის 25 აგვისტოს თბილისიდან ჭიათურაში სოციალისტ-ფედერალისტი ალექსანდრე (ალიოშა) ბოკერია ჩავიდა. ა. ბოკერიამ ადგილობრივ სოციალისტ- ფედერალისტებს მითითებები მისცა, რომლის მიხედვითაც სოციალისტ-ფედერალისტმა გრიგოლ ვაშაძემ შეიარაღებული რაზმი ჩამოაყალიბა, რომელშიც შედიოდნენ: ალექსანდრე (ალეკო) მაჭავარიანი, ტიტიკო საყვარელიძე და დავით კიღურაძე. სოციალისტ-ფედერალისტების მეორე რაზმს ჭუნა (ჭუნია) იაშვილი (პაოლო იაშვილის ძმა) ხელმძღვანელობდა. ა. ბოკერიამ ამ ორ რაზმს დაავალა რკინიგზის სადგურის დაკავება, რკინიგზის მილიციის განიარაღება, ტელეგრაფის დაკავება. ა. ბოკერია 25 აგვისტოს ღამესვე წავიდა ჭიათურიდან (ა. ბოკერიას გამყოლ მცველად ახლდა ვახტანგ ბარათაშვილი) (ვაშაძე 2009: 102-103).
1924 წლის 27 აგვისტოს კონსტანტინე ჩაჩანიძე გიორგი წერეთელს შეხვდა, რომელმაც აუწყა მას, რომ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით უნდა მომხდარიყო ანტისაბჭოთა აჯანყება. გ. წერეთლმა კ. ჩაჩანიძეს, როგორც გამოცდილ ოფიცერს აჯანყებაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა, რაზეც კ. ჩაჩანიძემ თანხმობა განაცხადა. გ. წერეთელმა კ. ჩაჩანიძეს დაავალა ეხელმძღვანელა აჯანყების დროს ქ. ჭიათურის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის დაკავებისათვის (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #25153, ტომი #4, ფურცელი 196).
1924 წლის 27 აგვისტოს, ნაშუადღევის 3 საათისათვის, ჭიათურაში ნესტორ წერეთლის ბინაზე სამხედრო ხელმძღვანელების ინტერპარტიული კრება დაინიშნა. კრებას დაესწრენ: გიორგი წერეთელი, პოლკოვნიკი ემელიანე (ეკო) წერეთელი (ეროვნულ-დემოკრატი), გრიგოლ (გრიშა) წერეთელი (სოციალისტ-ფედერალისტი), გიორგი გურული, შ. რამიშვილი, კ. ჯაფარიძე და ვალიკო ჩუბინიძე. კრებაზე გაირკვა, რომ ჭიათურის დასაკავებლად სოციალ-დემოკრატებს ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი 112 მებრძოლი (მათ შორის 4 ოფიცერი) ჰყავდათ მობილიზებული, ჰქონდათ ერთი ტყვიამფრქვევი. ფედერალისტებმა თავი მოუყარეს 12 მებრძოლს (მათ შორის 2 ოფიცერს), ხოლო ეროვნულ-დემოკრატებმა - 15 მებრძოლს (მათ შორის ორ ოფიცერს).
აჯანყების მეთაურებმა ჭიათურა შემდეგ რაიონებად დაჰყვეს: 1. რკინიგზის სადგური; 2. მილიციისა და საგანგებო კომისიის ადმინისტრაციული შენობები მდინარე ყვირილის მეორე ნაპირზე. 3. კომუნისტური პარტიის ადმინისტრაციული შენობა და მუშათა საგანგებო რაზმის (ჩონის) ყაზარმები. პირველ რაიონში მოქმედება გრიგოლ (გრიშა) წერეთელს დაევალა, მეორე რაიონში - ვალიკო ჩუბინიძეს, მესამე რაიონში - კონსტანტინე (კოწია) ჩაჩანიძეს (ის კრებას არ ესწრებოდა). ჭიათურის დასაკავებლად მობილიზებული ძალების მეთაურად პოლკოვნიკი სვიმონ წერეთელი დაინიშნა. პაროლად სიტყვა ,,ჭაღარა” დაწესდა. კრება საღამოს 7 საათზე დაიშალა (ჩუბინიძე 1953: 259-261).
ქ. ქუთაისში მყოფ სოციალისტ-ფედერალისტ ამბროსი კვირიკაძეს აჯანყების დაწყების შესახებ ცენტრიდან არავითარი ინფორმაცია არ მიუღია. 1924 წლის 26 აგვისტოს ა. კვირიკაძე გიორგი მახვილაძესთან (სოციალ-დემოკრატი) მივიდა, რათა მოსალოდნელი აჯანყების შესახებ გაეგო. ა. კვირიკაძე და გ. მახვილაძე ერთმანეთს აკაკი წერეთლის ქუჩაზე შეხვდნენ. გ. მახვილაძემ ა. კვირიკაძეს ამცნო, რომ ის იცნობდა ერთ პიროვნებას, რომელსაც წესით მოსალოდნელი აჯანყების თარიღი უნდა სცოდნოდა. ა. კვირიკაძე და გ. მახვილაძე ივანოვ-მარდალეიშვილის ქუჩისაკენ ერთად გაემართნენ. ღამის ცხრა საათისათვის ისინი ერთ სახლში მივიდნენ. ა. კვირიკაძე გარეთ დარჩა, ხოლო გ. მახვილაძე სახლში შევიდა. ცოტა ხნის შემდეგ სახლიდან ივანე გოლდავა გამოვიდა, რომელიც ა. კვირიკაძეს გადაეხვია. მათ გ. მახვილაძისგან მოშორებით „საქმეზე“ ილაპარაკეს (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #24383, ტომი #2, ფურცელი 15).
$ 2. სამეგრელო (სენაკის მაზრა. ზუგდიდის მაზრა)
საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა სამეგრელოში აჯანყების მოსამზადებელი სამუშაოები 1924 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ამ მხრივ პირველი ნაბიჯი რეგიონალური (სამეგრელოს) სამხედრო შტაბის შექმნა იყო. სამხედრო შტაბში დამკომმა შეიყვანა: „გენერალი თოფურია - მთავარ ხელმძღვანელად, პოლკოვნიკი კოდუა - შტაბის უფროსად, გენერალი ჯიჯიხია - ზურგის უფროსად, დავით მხეიძე - სამხედრო კავალერიის უფროსად“. სამხედრო შტაბს სენაკის, ზუგდიდისა და სამურზაყანოს მაზრებში და ქ. ფოთში (ფოთი არცერთ მაზრას არ ეკუთვნოდა, ის ცალკე ქალაქს წარმოადგენდა) სამაზრო შტაბების ფორმირება უნდა მოეხდინა. პრაქტიკულად რეგიონალური სამხედრო შტაბი და სამაზრო შტაბები არ ფუნქციონირებდნენ. ამიტომ, დამკომმა სამხედრო შტაბის უკეთ ორგანიზებისა და რეგიონალური დამკომის შესაქმნელად სამეგრელოში ეროვნულ-დემოკრატი აკაკი მათეს ძე კალანდარიშვილი მიავლინა. ა. კალანდარიშვილმა თავის უფროს ძმა შალვასთან ერთად (ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის რწმუნებული სამეგრელოში), მიზანშეწონილად ჩათვალა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სენაკის სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ვანო ესვანჯიასთან დაკავშირება. ძმებმა კალანდარიშვილებმა და ვ. ესვანჯიამ პირველ რიგში მიზნად რეგიონალური სამხედრო შტაბის შეკრება დაისახეს, თუმცა ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა. დიდი ძალისხმევის მიუხედავად მათ გენერალი თოფურია ვერ იპოვეს. პოლკოვნიკ კოდუასთან დაკავშირება ოფიცერ სპირიდონ სულუხიას მეშვეობით გახდა შესაძლებელი. კოდუას აჯანყებაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ რეალური საგარეო დახმარების პირობებში მიაჩნდა მიზანშეწონილად. რაც შეეხება გენერალ ჯიჯიხიას, ის საგანგებო კომისიამ დააპატიმრა და გამომდინარე აქედან ვერც მისი ნახვა მოხერხდა. ერთადერთი პიროვნება, რომელიც მზად იყო აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიეღო ოფიცერი დავით მხეიძე იყო. ამიტომ ძმებმა კალანდარიშვილებმა და ვ. ესვანჯიამ ის რეგიონალურ სამხედრო შტაბს ჩაუყენეს სათავეში. სამხედრო შტაბში ასევე შევიდნენ: ხარიტონ ლაშხია, ავქსენტი შალამბერიძე და სპირიდონ სულუხია. ზემოხსენებული პირების მთავარი საზრუნავი სამეგრელოს რეგიონალური დამკომის ფორმირება იყო. სამეგრელოს დამკომში შევიდნენ: სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან მასში ვანო ესვანჯია და თედო ესართია შევიდნენ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან - შალვა კალანდარიშვილი და შალვა თვალთვაძე. სამეგრელოს დამოუკიდებლობის კომიტეტი იმავე დროს იყო სენაკის მაზრის დამოუკიდებლობის კომიტეტი, რომელიც ზუგდიდის მაზრის დამოუკიდებლობის კომიტეტს ზედამხედველობას უწევდა.
სენაკის მაზრის დამოუკიდებლობის კომიტეტმა აჯანყების მოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველსაყოფად რაიონებში (მაზრის მასშტაბით) პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელები მიავლინა. აბაშის რაიონში აჯანყების პოლიტიკური მომზადება სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან თეოფანე შენგელიას დაევალა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან - ლადო ჭანტურიას. ამავე რაიონში სამხედრო ხელმძღვანელებად სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან ოფიცერი ვაშალამიძე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან ლადო ჭანტურია დანიშნეს; ბანძის რაიონში პოლიტიკური ხელმძღვანელობა სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან დავით (დათიკო) კოკაიას დაეკისრა (ის იმავე დროს იყო ამ რაიონის სამხედრო ხელმძღვანელი), ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან პოლიტიკური ხელმძღვანელობა სტუდენტ გუგუ ხაინდრავას დაევალა, სამხედრო ხელმძღვანელობა - ოფიცერ ძუკუ ხატავას; სალხინოს რაიონში პოლიტიკურ ხელმძღვანელად სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან მიავლინეს მელიტონ სხულუხია (დანარჩენი პარტიების წარმომადგენელთა ვინაობა უცნობია - ავტ.), სამხედრო ხელმძღვანელად სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან ოფიცერი ხარიტონ ადამია შეირჩა, სოციალისტ-ფედერალისტური პარტიიდან - ნიკო ლაშხია, სოციალისტ-რევოლუციონერთა (ესერთა) პარტიიდან - ნიკო კუხალეიშვილი (ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის ვინაობა უცნობია - ავტ.) (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #24235-61, ფურცელი 28-34). გარდა ამისა, ქ. ახალი სენაკში მაზრის დამკომთან კოორდინირებულად სტუდენტების ორგანიზაცია მოქმედებდა, რომელსაც სათავეში სტუდენტი კეშილავა ედგა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #24235-61, ფურცელი 22).
სამეგრელოს სოფლებს აგიტატორები მოედვნენ, რომლებიც ცდილობდნენ მოძრაობაში მოსახლეობის დიდი ნაწილის ჩაბმას. სენაკის მაზრის სოფლებში ფოცხოსა და უშაფათში ცხენით დადიოდა ირაკლი გოგინავა და ამტკიცებდა, რომ „ამ მოკლე ხანში აუცილებლად მოხთება შეიარაღებული გამოსვლები და ძალა უფლება ჩვენი ხელში ავიღებთო. ეს ყველაფერი მოწყობილია ევროპიდანო. ევროპიდან ჩვენი ამხანაგები უკვე ჩამოვიდენ ყველა გარდა ნოე ჟორდანიასიო, ნოე ჟორდანია კი საზღვარგარეთულ ჯართან ერთად ჩამოვაო“. ი. გოგინავა იყო აღნიშნულ სოფლებში უახლესი ინფორმაციების მთავარი მიმწოდებელი. სამხედრო შტაბმა სოფ. უშაფათში ჩამოყალიბებულ სამხედრო რაზმს სათავეში იროდიონ გოგინავა და ირაკლი გოგინავა ჩაუყენა. სოფ. ფოცხოში ირაკლი გოგინავასთან ერთად აგიტაციას კოლია დემურია ეწეოდა. ფოცხოსა და უშაფათის სოფლებში აჯანყების მომზადებისათვის მომუშავე პირებს ირაკლი გოგინავას, იროდიონ გოგინავას, მოსე გაბერდავას, თეოფანე შეროზიას, იასონ ქუჩულორიას სამჯერ ჰქონდათ საიდუმლო შეკრება. პირველი შეკრება ირაკლი გოგინავას სახლში გაიმართა, მეორე - ირადიონ გოგინავას სახლში, მესამე კი – მოსე გაბერდავას სახლში. კრებებზე ირჩეოდა აჯანყებასთან დაკავშირებით სხვადასხვა საკითხები.
ამავე კრებებზე თითოეულ ხელმძღვანელს სამოქმედო ზონები განესაზღვრა, მაგალითად, ირაკლი გოგინავას დაევალა უშუალოდ ლეგოგინე - უშაფათში და ლეკოკაიეში მოემზადებინა ხალხი გამოსვლისთვის; მოსე გაბერდავას ფოცხოში უნდა ემოქმედა (ასევე კავშირი უნდა ჰქონოდა კოლია დემურიასთან, როგორც იმ რაიონში მთავარ ხელმძღვანელთან); იასონ ქუჩულორიას დაევალა ლექუჩლორიესა და სახაბურზანიოში მოემზადებინა „მაგარ-მაგარი“ ბიჭები აჯანყებისათვის. ამისათვის მის განკარგულებაში ოთხი კაცი კონსტანტინე (კოსტა) ფაცია, დანე ფაცია, რაჟდენ ხაბურზანია და მიტრო კარტოზია იყვნენ; იროდიონ გოგინავას, როგორც გამოცდილ გვარდიელს ფოცხოსა და უშაფათის სოფლებში სამხედრო საქმეების მოგვარება უნდა უზრუნველყო. სოფ. ნოქალაქევის მკვიდრ მელიტონ ბეგლარის ძე კარტოზიას (სოფ. ნოქალაქევის სკოლის მასწავლებელი) კანდია ხუბულავამ (ისინი ერთად იხდიდნენ სასჯელს მეტეხის საპყრობილეში) არალეგალურად მუშაობის დაწყება შესთავაზა. კ. ხუბულავა მას არწმუნებდა, რომ „ევროპის დიდ სახელმწიფოთა მმართველ წრეებში მწიფდება გადასაწყვეტად საქართველოს საკითხი“-ო. მ. კარტოზიასგან თანხმობის მიღების შემდეგ კ. ხუბულავამ მას არალეგალურად მომუშავე ბაგრატ უჩანეიშვილი (მისი პარტიული მეტსახელი იყო „დურმიშხანი“) გააცნო. ბ. უჩანეიშვილმა, თავის მხრივ, კარტოზიას ალექსანდრე კალანდარაშვილი გააცნო, ამ უკანასკნელმა - დავით (დათიკო) გაწერელია. დ. გაწერელიამ მ. კარტოზიას სოფ. ნოქალაქევში მუშაობა დაავალა, რაც არალეგალური ლიტერატურის გავრცელებაში უნდა გამოხატულიყო. ამის შემდეგ კარტოზია სისტემატურად ღებულობდა სათანადო ლიტერატურას წიგნის მაღაზიის გამგის ი. აფშილავასგან. ორჯერ ლიტერატურა მას ალექსანდრე კალანდარაშვილმა გადასცა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23402-60, ფურცელი 38-50).
ანალოგიური ხასიათის მუშაობები მიმდინარეობდა სენაკის მაზრის სხვა სოფლებში. სენაკის მაზრის დამოუკიდებლობის კომიტეტმა ზუგდიდის მაზრაში დამოუკიდებლობის კომიტეტის შესაქმნელად და მასზე მუდმივი მეთვალყურეობის მიზნით ეროვნულ-დემოკრატი შალვა თვალთვაძე მიავლინა. შ. თვალთვაძემ ზუგდიდში ჩასვლისთანავე ზუგდიდის მაზრის დამოუკიდებლობის კომიტეტი შექმნა, რომელშიც შევიდნენ: მამია ანჯაფარიძე (თავმჯდომარე), ალექსანდრე გაბუნია (ზუგდიდის არქივში დაცულ დოკუმენტში ის ზუგდიდის მაზრის დამკომის თავმჯდომარედ იხსენიება, რაც რეალობას არ შეესაბამება - ავტ.), ესტატე ლატარია, ტიტე საჯაია, ლუკა გვასალია (მოლარე), ბიდი წულეისკირი (ოფიცერი), ნიკოლოზ გვათუა (ეროვნულ-დემოკრატი, სტუდენტი), გრიგოლ ჭაბუკიანი (ეროვნულ-დემოკრატი, სტუდენტი) (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #24235- 61, ფურცელი 22, 26). ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირი შედიოდა ზუგდიდის მაზრის სამხედრო შტაბში. სამხედრო შტაბის ხელმძღვანელი ქ. ზუგდიდის კომენდანტი და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი ბიდი წულეისკირი იყო (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #24388, ფურცელი 12-14).
ზუგდიდის მაზრის დამკომმა დარჩელის რაიონის (ამჟამად სოფელი ზუგდიდის რაიონში) სამხედრო ხელმძღვანელებად სოკრატ კეზუა (მცხოვრები სოფ. კახათში) და კალისტრატე ზარანდია (მცხოვრები სოფ. დიდინეძში) დანიშნა. ამავე რაიონში აჯანყების ორგანიზატორობა სოკრატ კეზუასა და ადამურ ცხაკაიას (მცხოვრები სოფ. კოკში) დაევალათ. საჭირო ინფორმაციებს მათ კოლი კეიდია აწვდიდა. ს. კეზუა ითავსებდა ასევე ორგანიზატორის ფუნქციებს სოფ. დიდინეძში. მასთან უჯრედში 12 კაცი იყო გაწევრიანებული: კალისტრატე ზარანდია, მიხეილ შონია, ერასტო ქარჩავა, ლევან ზარანდია, გრიგოლ კუკავა, ალექსი თოდუა, გრიგოლ კუტალია, გრიგოლ ნანავა, ესტატე ქირია, ვარლამ მაქაცარია, არსენ წურწუმია და მიხეილ (მიხა) შონია. ხშირ შემთხვევაში მაზრის დამკომი ამა თუ იმ სოფელში „მუშაობას“ მთლიანად სოციალ-დემოკრატიული პარტიის შესაბამის უჯრედს ანდობდა. სოფ. დარჩელში სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ოთხი უჯრედი ჰქონდა. ერთ-ერთ უჯრედს ბაადურ აბესაძე ხელმძღვანელობდა, ხოლო წევრები კი იყვნენ: ბიქტორ ჯიქია, ნიკო ჟვანია, მიხეილ შენგელია, ბარდღუ აბსანძე, კირილე ქეცბაია. მეორე უჯრედს პავლე ბიგვავა მეთაურობდა (ის აცხადებდა, რომ უჯრედში მარტო იყო) მეთაურობდა. მესამე უჯრედს სათავეში ფედია კორკელია ედგა, წევრები კი იყვნენ: კალისტრატე ყუფუნია, პორფირე სორდია, დუდუ ქართიშვილი, დომე კორკელია. მეოთხე უჯრედის ორგანიზატორი ბესა ბერაია იყო, ხოლო წევრი - დომე ქართიშვილი.
სოფ. ანაკლიაში საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას მხოლოდ ერთი უჯრედი ჰქონდა, რომელსაც ოქროპირ ჭანტურია ხელმძღვანელობდა. ჩხოროწყუს რაიონში სამეგრელოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა სამხედრო ხელმძღვანელად სამსონ როდონაია (მცხოვრები სოფ. ჩხოროწყუში) დანიშნა. ს. როდონაიას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა სპირიდონ შენგელიასთან (სოფ. ახუთის სკოლის მასწავლებელი), რომელსაც სოფ. ახუთში სოციალ-დეოკრატიული პარტიის უჯრედი ჰქონდა შექმნილი. უჯრედში გაწევრიანებული იყო 25 კაცი: იაკობ ქაჯაია, ძუკუ ქაჯაია, კალე ქაჯაია, კოსტა ხევცურიანი და სხვ. (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23402-60, ფურცელი 2-3). მოგვიანებით სამეგრელოს დამკომმა ჩხოროწყუს რაიონში ჩამოაყალიბა დამკომის სამეული სპირიდონ შენგელიას, სამსონ როდონაიასა და ვალოდია შუბლაძის შემადგენლობით. ს. შენგელიასა და მისი თანამოაზრეების ინიციატივით ჩხოროწყუს „სოფლებში გამოჩნდნენ კაკლის ხის მორების შემსყიდველები, რომლებიც გლეხებს წინასწარ აძლევდნენ თანხას, სინამდვილეში ეს გამიზნული იყო იარაღის შესაძენად“ (ახალაია 2002: 36). საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის უჯრედების შექმნა (აღდგენა) მოხდა ჩხოროწყუს სხვა სოფლებშიც. სოფ. ლესიჭინეში უჯრედს სათავეში პაისი ჭიჭინაძე ედგა, სოფ. ლეწურწუმეში - სპირიდონ წახნაკია, სოფ. ხაბუმეში - მოსე შენგელია, სოფ. ჩხოროწყუში - სამსონ როდონაია.
1924 წლის ივნისში ქ. ზუგდიდიდან ჩხოროწყუში სტუდენტი კანდია ხუბულავა (მცხოვრები სოფ. მოიდინახეში) ჩავიდა და ჩხოროწყუს რაიონის აქტივისტები შეკრიბა. პარტიული შეკრება სამსონ როდონაიას სახლში გაიმართა. შეკრებას ესწრებოდნენ: სპირიდონ შენგელია (სოფ. ახუთის წარმომადგენელი), სპირიდონ წახნაკია (სოფ. ლეწურწუმის წარმომადგენელი), პაისი ჭიჭინაძე (სოფ. ლესიჭინის წარმომადგენელი), მოსე შენგელია (სოფ. ხაბუმის წარმომადგენელი), ნესტორ შენგელია (სოფ. ჭოღისა და სოფ. ნაფიჩხოვოს წარმომადგენელი). თითოეული მათგანი იმავე დროს იყო შესაბამისი სოფლის სამხედრო ხელმძღვანელი. კ. ხუბულავამ შეკრების მონაწილეებს მუდმივი მზადყოფნისაკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, ხელსაყრელი მომენტი უკვე ძალიან მალე დადგებოდა. ჩხოროწყუს რაიონში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალურ გაზეთს „ერთობა ჩვენი“ ცენტრიდან სპირიდონ შენგელია ღებულობდა, რომელიც თავის მხრივ ავრცელებდა მას როგორც თავის უჯრედში, ისე სხვა უჯრედებში. წალენჯიხის რაიონში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის რაიონული კომიტეტის წევრები იყვნენ: იოსებ კვარაცხელია, აკაკი კვარაცხელია (იოსების ძმა) და იოსებ მიქაია. რაიონში სამხედრო ხელმძღვანელის ფუნქციას რაიკომიტეტის წევრი იოსებ კვარაცხელია ასრულებდა. ცენტრიდან გაზეთს „ერთობა ჩვენი“, პროკლამაციებს და სათანადო დირექტივებს ძმები კვარაცხელიები კანდია ხუბულავასგან ღებულობდნენ. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წალენჯიხის ერთ-ერთი უჯრედის ხელმძღვანელი დანიელ ფიფია იყო. მასთან უჯრედში 15 კაცი იყო გაწევრიანებული: თევდორე ფიფია, პეტრე კაკაჩია, ანტონ კაკაჩია, დავით კაკაჩია, ანტონ კონჯარია, ძიკი გიგიბერია, ფარნა კაკაჩია, ძიკი კონჯარია და სხვ. დ. ფიფიას დაპატიმრების შემდეგ უჯრედს სათავეში თ. ფიფია ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობისას უჯრედში გაწევრიანდნენ: მიხეილ ფიფია, რაჟდენ შენგელია, ისააკ ფიფია, ლევან მესხია, პეტია ჭონჭია და იასონ სონგულია. ლიის რაიონში (ამჟამად სოფელი წალენჯიხის რაიონში) 1924 წლის აჯანყების სათავეში ალექსანდრე ბერიშვილი (მასწავლებელი, მცხოვრები სოფ. ლიაში), ტარას ბერიშვილი, ტრიფონ ბერიშვილი (ეროვნულ-დემოკრატი), სოლომონ გეთია (ეროვნულ-დემოკრატი, ყოფილი მღვდელი), შალვა დადიანი (ეროვნულ-დემოკრატი, მცხოვრები სოფ. ჯვარში), კოწო დადიანი (ეროვნულ-დემოკრატი), ყარამან ხუბუტია (ეროვნულ-დემოკრატი) და პლატონ შამუგია იდგნენ.
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხობის კომიტეტის წევრები იყვნენ: ლევან დუნდუა (თავმჯდომარე), ესტატე ლატარია (ცენტრალური კომიტეტიდან მივლენილი ზუგდიდის მაზრაში საგანგებო ხელმძღვანელად), გერასიმე ლატარია (სამხედრო ხელმძღვანელი), ვლადიმერ თამარიშვილი, ბესარიონ ქირია, ჩაქვა ქუთელია (კომიტეტში შევიდა ვარლამ ნაჭყებიას გარდაცვალების შემდეგ). ლ. დუნდუას კავშირი ჰქონდა როგორც თბილისთან, ისე ზუგდიდის კომიტეტთან. კავშირი როგორც ერთთან, ისე მეორესთან დირექტივებისა და არალეგალური ლიტერატურის მიღებაში გამოიხატებოდა. ხობის რაიონში სოციალ-დემოკრატიული პარტიის რამდენიმე უჯრედი მოქმედებდა. ერთ-ერთი უჯრედის მეთაური ერისტო ქარჩავა იყო, რომელიც მითითებებს და არალეგალურ ლიტერატურას ლ. დუნდუასაგან იღებდა. ხობის რაიონის სოფლებში სამხედრო ხელმძღვანელები იყვნენ: ვლადიმერ თამარიშვილი (დაბა ხობში), სანდრო ჟორდანია (სოფ. ხორგაში), ბესარიონ ქირია (სოფ. აბასთუმანში), პაჩუ ჯორჯიკია (სოფ. ნოჯიხევში), რაჟდენ ქირია (სოფ. ხეთაში) (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23402-60, ფურცელი 2-12).
1924 წლის 20 ივლისს სოფ. ახალი ხიბულაში (1924 წელს ცალკე რაიონს წარმოადგენდა) საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის რაიონული კრება გაიმართა, სადაც მოხსენება სიმონ ადამიამ წაიკითხა. ახალი ხიბულის რაიონში აჯანყებას სათავეში ჩაუდგნენ: ალექსანდრე ლომაია, ფუხული ლომაია, ჯუგუ დადიანი, დურუ როგავა. ახალი ხიბულის რაიონის სამხედრო ხელმძღვანელობა დ. როგავას დაეკისრა, თუმცა უმოქმედობის გამო, ის ყოფილმა ოფიცერმა დიმიტრი თოდუამ შეცვალა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23402-60, ფურცელი 26-27). ნაბადაში (ფოთის უბანი) საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი ვლადიმერ გოგია იყო. 1924 წლის თებერვალში ვ. გოგია გრიგოლ გოგიასთან მივიდა და მას სოციალ-დემოკრატიული პარტიის პროკლამაცია მიუტანა. გ. გოგია პროკლამაციას გაეცნო და ის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ნაბადის ორგანიზაციის წევრ ერმოლოზ გვარამიას გადასცა. ნაბადაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ არალეგალურ უჯრედს საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) წევრი ივანე კოკაია ხელმძღვანელობდა. ამ უჯრედში შედიოდნენ: ბათლომე ბაღათურია (კომუნისტი), ავქსენტი ერაგია (კომუნისტი), გრიგოლ გოგია (კომუნისტი), ლავრენტი კოკაია (კომუნისტი), ერმოლოზ გვარამია (კომუნისტური პარტიის წევრობის კანდიდატი), ივანე გუდავაძე, ალექსი ლაშხია და ვასილ ახალაია. ი. კოკაია სისტემატურად კრებდა უჯრედში საწევრო გადასახადს 25 კაპიკის ოდენობით. ი. კოკაიას კავშირი ჰქონდა სოკრატე ქაჩიბაიასთან, ონოფრე ლომთათიძესთან და თეოფანე ჩოლოქავასთან. აღნიშნული პირები აძლევდნენ ი. კოკაიას დირექტივებს, თუ როგორ უნდა ემუშავა მას, როგორ უნდა მოეწყო უჯრედი, როგორ უნდა მოეზიდა ახალი წევრები და სხვ. თავიდან ი. კოკაია პარტიულ საწევროებს კირილე სეფერთელაძეს აძლევდა, მაგრამ მოგვიანებით ამ უკანასკნელმა საწევროების მიღებაზე უარი განაცხადა. 1924 წლის აპრილში ი. კოკაია ფოთის ბულვარში ონოფრე ლომთათიძესა და სოკრატე ქაჩიბაიას შეხვდა, რომლებმაც მას ვინმე „ივანე“ გააცვნეს, რომელიც მათი თქმით ქ. ფოთში სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე იყო. ო. ლომთათიძემ და ს. ქაჩიბაიამ სთხოვეს ი. კოკაიას საწევრო მას არქიფო ჩაჩავასთვის გადაეცა, ანუ იგივე „ივანესთვის“. ამ შეხვედრის შემდეგ არალეგალური ლიტერატურა ი. კოკაიამ თვით „ივანესგან“ მიიღო. აპრილის თვეში ი. კოკაიამ უჯრედში შეკრებილი საწევრო, სამი თურქული ლირა, ა. ჩაჩავას გადასცა. 1924 წლის აპრილში ვ. გოგია და ი. კოკაია ერთად წავიდნენ ა. ჩაჩავასთან, რათა მისთვის შეკრებილი პარტიული საწევრო გადაეცათ. ისინი ა. ჩაჩავას ბაზართან შეხვდნენ და საწევრო გადასცეს. ი. კოკაიამ ა. ჩაჩავას თავისი უჯრედისათვის არალეგალური ლიტერატურა სთხოვა. ა. ჩაჩავა მას მომდევნო დღისათვის არალეგალური ლიტერატურის გადაცემას შეჰპირდა. მეორე დღეს ა. ჩაჩავამ ი. კოკაიას არალეგალური ლიტერატურა გადასცა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #28, ფურცელი 100-103).
$ 3. გურია (ოზურგეთის მაზრა)
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მთელ გურიაში მიტინგები იმართებოდა. 1922 წლის 23-24 მაისის ღამეს გურიის სოფლებს შეიარაღებულმა პირებმა ჩამოუარეს, რომლებმაც ადგილობრივი გლეხები გააფრთხილეს მიტინგის ჩასატარებლად სად და რა დროს მისულიყვნენ. 1922 წლის 24 მაისს ნატანების რაიონის სოფელ კონჭკათში მიტინგი გაიმართა. მიტინგს საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსალოდნელი დარბევის აღკვეთის მიზნით შეიარაღებული რაზმი იცავდა. ადგილობრივმა მილიციამ და კომკავშირელთა რაზმმა მიტინგის დარბევა სცადეს. დაიწყო ორმხრივი სროლები. კომუნისტმა ილარიონ ღლონტმა მიტინგის ერთ-ერთი დამცველი მალაზონია მოკლა. ამის საპასუხოდ მიტინგის დამცველებმა კომუნისტი ი. ღლონტი მოკლეს, დაიჭრა ორი კომუნისტი. ხანგრძლივი ორმხრივი სროლების შემდეგ მომიტინგეები გაიქცნენ. 1922 წლის 24 მაისს ანტისაბჭოთა მიტინგი სუფსის რაიონის სოფელ ჩოჩხათში გაიმართა. აქაც მომიტინგეებსა და მილიციელებს შორის შეტაკებას ჰქონდა ადგილი. მომიტინგეებმა მილიციელებისათვის იარაღის აყრა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ამ დროს მომიტინგეებმა მაუზერიდან სუფსის რაიონის მილიციის უფროს გობრიძეს ესროლეს, მაგრამ გობრიძეს ტყვია აცდა. იმავდროულად მომიტინგე გიორგი გუჯაბიძემ ერთ-ერთი მილიციელისათვის თოფის წართმევა სცადა, თუმცა ის იქვე მოკლეს. მილიციელებმა მომიტინგეების მისამართით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ოთხი მომიტინგე დაიჭრა. მომიტინგეების ნაწილი გაიქცა, ნაწილი კი დააპატიმრეს. დაპატიმრებულები ოზურგეთის პოლიტბიუროში გადაიყვანეს. 1922 წლის 24 მაისს ლანჩხუთში მიტინგი ფაქტიურად არ ჩატარებულა. სამაგიეროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ლანჩხუთის რაიონის თითქმის ყველა სოფელში მიტინგის ჩატარებით აღინიშნა. სოფელ შუხუთში მიტინგის მსვლელობის დროს მომიტინგეებმა კომუნისტი მელიტონ ორაგველიძე მოკლეს. მომიტინგეების მხრიდან კი ერთი ქალი დაიჭრა. მომიტინგეების უმეტესობა დააპატიმრეს. დაპატიმრებულებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშები ჩამოართვეს. საბჭოთა ხელისუფლებამ სოფელ ნიგვზიანში მიტინგი ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე დაშალა. სოფელ ჩიბათში მიტინგის დამშლელებს მომიტინგეებმა რევოლვერებიდან გასროლითა და ქვების სროლით უპასუხეს. მომიტინგეებმა ადგილობრივ სამმართველოში შეჭრა სცადეს, რომლის დროსაც დაიღუპა ერთი და დაიჭრა ერთი მომიტინგე. სოფ. ჩიბათში სულ 150 მომიტინგე შეიპყრეს, მათ შორის ქალები. მიტინგის აქტიური წევრები ოზურგეთის პოლიტბიუროში გადაიყვანეს. ჩოხატაურის რაიონში ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლების მიერ წინასწარ მიღებული ზომების შედეგად ანტისაბჭოთა მიტინგი არ ჩატარებულა. ნაგომარის რაიონში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიტინგები საბჭოთა ხელისუფლებამ ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე დაშალა. ხიდისთავის რაიონში მიტინგები ალაგ-ალაგ ჩატარდა. ერთი მიტინგი სოფელ ფიჩხისჯვარის ეკლესიის ეზოში გაიმართა. მიტინგის მსვლელობის დროს მომიტინგეებს მილიციის უფროსის ჭანიშვილის მეთაურობით ადგილობრივი მილიციელები და კომუნისტები თავს დაესხნენ. ჭანიშვილმა მიტინგის ხელმძღვანელს სერგო წიტაიშვილს და ერთ-ერთ მომხსენებელს ისიდორე ლომთათიძეს სასწრაფოდ მიტინგის დაშლა უბრძანა. იმავე დროს, მომიტინგეებს მაუზერებითა და შაშხანებით შეიარაღებულმა მიტინგის დამცველებმა ალყა შემოარტყეს და შეკრებილებს ურჩიეს მილიციელების შიშით არ დაშლილიყვნენ. მომიტინგეებმა მილიციის მიმართულებით ბომბი ისროლეს, რომელიც იქვე მდგარ ცაცხვის ხეს მოხვდა, ბომბმა პირი იბრუნა და მომიტინგეეების სიახლოვეს გასკდა. ბომბის გასკდომას მომიტინგეებს შორის მსხვერპლი მოჰყვა. ამის შემდეგ მილიციელებმა მომიტინგეების დაშლა დაიწყეს. მომიტინგეები მათ სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდნენ. ამ ჭიდილში დამშლელთა მხრიდან ჟოჟო სიმონიშვილი და აკაკი ფირცხალაიშვილი დაიჭრნენ (ეს უკანასკნელი მოგვიანებით გარდაიცვალა), მომიტინგეების მხრიდან დაიჭრნენ სერგო წიტაიშვილი და 15-მდე ქალი და კაცი. მომიტინგეებმა გაქცევის დროს დაღუპული მომიტინგეების ცხედარი გაიტაცეს. მიტინგის დაშლის დროს შეიპყრეს ისიდორე ლომთათიძე, გერმანე ჯიბლაძე, გრიგოლ (გრიშა) ჭანიშვილი და სხვ. სულ 15 მომიტინგე. დაპატიმრებულები ოზურგეთის პოლიტბიუროში გადაიყვანეს. 1922 წლის 24 მაისის დილის 12 საათისათვის ანტისაბჭოთა მიტინგი მთელ გურიაში დაშლილი იყო (სუიცსა, ფონდი #285, აღწერა #1, საქმე #324, ფურცელი 221-221ა).
1922 წლის 22 დეკემბერს საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა ოზურგეთის მაზრაში ბანდიტიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ხუთეულის მოღვაწეობა მოიწონა, რომელსაც სათავეში ალექსანდრე ობოლაძე ედგა. ა. ობოლაძემ კარგად გამოიყენა თავისი უფლებები და „ბანდიტებისათვის“ ხელშეწყობის ბრალდებით ბევრი უდანაშაულო ადამიანი დახვრიტა. საბჭოთა ხელისუფლება აქტიურად იყენებდა პატრიოტების წინააღმდეგ ნამდვილ ბანდიტებს: მანწკავას და მის ჯგუფს ღლონტს, კვაშალს, ჩიგოგიძეს, ლოლაძეს, სირაძეს, ანდღულაძეს, მაშავას, თოფურიას და სხვებს, რომლებიც ადრე ყაჩაღობისათვის იხდიდნენ სასჯელს. ისინი საბჭოთა ხელისუფლებამ იმ იმედით გაათავისუფლა, რომ ანტისაბჭოთა რაზმების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებდა. ზოგიერთი მათგანი სამაზრო ადმინისტრაციაში, საგანგებო კომისიაში და სხვა დაწესებულებაში სამუშაოდ მიიღეს. პირველად მანწკავა ხელისუფლებამ 1921 წლის აღდგომის დღეებში სერგო მათითაიშვილის წინააღმდეგ გამოიყენა. ჯგუფის წევრები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ოზურგეთში 1921 წლის 26 მაისის მიტინგის დარბევაში. მანწკავას ჯგუფის რამდენიმე წევრს მთავრობამ არაკეთილსაიმედო პირების ლიკვიდაცია დაავალა. ეს ფაქტი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მოკლულ ჩიგოგიძეს 25 კაცის სია აღმოუჩინეს. ეს 25 კაცი ჩიგოგიძეს ვითომდა პირადი ინტერესის გამო უნდა გაენადგურებინა. დიდი მცდელობის მიუხედავად საგანგებო კომისიამ მანწკავას რაზმის თავისი შეხედულისამებრ მართვა ვერ შეძლო და მალე ყაჩაღთა ეს ჯგუფი ხელისუფლებისათვის საშიშ ძალად იქცა. მანწკავას ბანდასთან ბრძოლაში 1923 წლის თებერვალში დაიღუპნენ: ა. ობოლაძე, სანიკიძე, ჩუბინიშვილი. ამის შემდეგ გურიას რეპრესიების ახალმა ტალღამ გადაუარა, დაწვეს რამდენიმე სახლი, ოზურგეთის სატუსაღოდან 13 კაცი გამოიყვანეს და ა. ობოლაძის მკვლელობის ადგილას დახვრიტეს. რამდენიმე დღეში ოზურგეთში ი. ტალახაძე ჩავიდა და დამსჯელ ექსპედიციას ჩაუდგა სათავეში (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #1, საქმე #60, ფურცელი 134).
გურიაში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობას გურიის კომიტეტი წარმართავდა. გურიის კომიტეტში შედიოდნენ: გიორგი სალუქვაძე, აკაკი ვადაჭკორია და პროკოფი კიღურაძე (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23489, ფურცელი 16). გ. სალუქვაძე კონსპირაციის მიზნით ატარებდა ფსევდონიმებს: „ამირანი“, „გოჯაფერი“ და „რევაზი“. გურიის სამხედრო ორგანიზაციას ვანო ცომაია ხელმძღვანელობდა, გვარდიის შტაბში გიორგი სალუქვაძე, პარმენ ჭანუყვაძე, სერგო მათითაიშვილი, თეოფილე მუხაშავრია და გოგი ლომთათიძე შედიოდნენ. შეიარაღებულ რაზმს სათავეში ს. მათითაიშვილი ედგა. პროპაგანდისტებად მიხეილ საბაშვილი და ვასილ ჩიტაიშვილი იყვნენ. თბილისთან კავშირს ჭეიშვილი ახორციელებდა. ჭეიშვილი 1923 წლის მაისში თბილისში იმყოფებოდა, სადაც შვიდი დღე დარჩა. თბილისიდან გურიაში ჭეიშვილმა ორი ყუთი სხვადასხვა სახის ლიტერატურა წამოიღო. ღამე ჭეიშვილმა თავის ნაცნობ დიმიტრი თოთიბაძესთან გაათია. გამთენიისას ის სოფელ მელექედურში წავიდა, სადაც ვ. ჩიტაიშვილსა და გ. სალუქვაძეს შეხვდა. გურიის კომიტეტს მაზრის ყველა დაწესებულებაში თავისი აგენტურა ჰყავდა. დაზვერვას აკაკი ვადაჭკორია ხელმძღვანელობდა (მისი ფსევდონიმი „აფროდიტე“ იყო). ოზურგეთის პოლიტბიუროში გურიის კომიტეტს ინფორმატორად იმავე დაწესებულების თანამშრომელი ჰყავდა, რომლის ფსევდონიმი „იორამი“ იყო. თავის მხრივ დაზვერვასა და ინფორმატორებს აქტიურად იყენებდა საბჭოთა ხელისუფლება. 1924 წლის 6 ივლისს ოზურგეთის სამაზრო პოლიტბიუროს რწმუნებულმა შავიშვილმა მასთან კავშირზე მყოფ ინფორმატორ „დინჯს“ დავალება მისცა, კიდევ უფრო დაახლოებოდა ვანო ცომაიას და დახმარებოდა ის ოზურგეთის პოლიტბიუროს ვ.ცომაიასა და სხვა პირების დაკავებაში. ამის სანაცვლოდ შავიშვილი „დინჯს“ თითოეულ დაკავებულ პიროვნებაში 200 მანეთს ჰპირდებოდა. 1924 წლის 8 ივლისს „დინჯი“ შავიშვილს ატყობინებდა, რომ ხვალ ან ზეგ ის ერთი პიროვნების დახმარებით ოზურგეთთან ახლოს ვ. ცომაიასა და გ. სალუქვაძეს შეხვდებოდა. ოზურგეთის პოლიტბიურომ გადაწყვიტა ინფორმატორი „დინჯი“ მეთვალყურეობის ქვეშ აეყვანა. დაკავების ოპერაციაში ოზურგეთის მაზრის პოლიტბიუროს უფროსის მოადგილე ვლადიმერ შარმაზანაშვილი, პოლიტბიუროს თანამშრომლები თედო შავიშვილი და პოლშინი, პოლიტბიუროს ინფორმატორები „ზორსკი“ და „რაკი“ და რამდენიმე მეთვალყურე მონაწილეობდა. 1924 წლის 9 ივლისს, დილის 8 საათზე, ინფორმატორ „დინჯთან“ ერთი უცნობი ქალბატონი მივიდა, რომელმაც „დინჯი“ ვ. ცომაიასთან და გ. სალუქვაძესთან მიიყვანა სოფელ დვაბზუში სიმინდის ყანაში. აქ ჩეკისტებმა ვ. ცომაია, გ. სალუქვაძე და „დინჯი“ აიყვანეს. ვ. ცომაია გაქცევას შეეცადა, მაგრამ ის ჩეკისტებმა ფეხში დაჭრეს. გ. სალუქვაძემ ერთ-ერთი ჩეკისტისათვის პისტოლეტის წართმევა სცადა, მაგრამ ამაოდ. ვ. ცომაიასთან და გ. სალუქვაძესთან ერთად ოზურგეთის პოლიტბიუროში ინფორმატორი „დინჯიც“ გადაიყვანეს (ენდელაძე 2003: 60-62). ოზურგეთის მაზრის პოლიტბიუროსინფორმატორ „მაუზერს“ ს. მათითაიშვილის რაზმის წევრ ანდრო თავბერიძესთან ჰქონდა კავშირი (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #28, ფურცელი 667). „მაუზერის“ მიერ ს. მათითაიშვილის ადგილსამყოფელის დადგენისთანავე გადაწყდა 1923 წლის 2 ივნისისათვის სპეცოპერაციის ჩატარება. ს. მათითაიშვილი ამ დროს თ. მუხაშავრიასთან, ურუშაძესთან და ინაშვილთან ერთად ხიდისთავის რაიონის სოფელ ფიჩხისჯვარში იმყოფებოდა (სუიცსა, ფონდი #285, აღწერა #1, საქმე #652, ფურცელი 39). სპეცოპერაციას პოლშინი ხელმძღვანელობდა, მაგრამ მოხდა კი პირიქით. ღამის პირველ საათზე ს. მათითაიშვილმა თვითონ მოუწყო ჩასაფრება პოლშინს და მის მეგობრებს. ხანგრძლივი სროლების შემდეგ ს. მათითაიშვილი და მისი რაზმელები გაიქცნენ და ადგილზე ნაბდები, ქურქები და ერთი შაშხანა დატოვეს. ამასთან, ამ სპეცოპერაციის დროს ინფორმატორ „მაუზერის“ საქმიანობა გამოაშკარავდა, რის შემდეგაც ს. მათითაიშვილის რაზმელები მას უკვე არ ენდობოდნენ (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #28, ფურცელი 667).
1924 წლის 2 თებერვალს გურიაში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენცია გაიმართა. ამ დღეს დელეგატებმა თბილისიდან ჩამოსული ვანო ღლონტისაგან საქართველოში აჯანყების მოწყობის თაობაზე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის გადაწყვეტილება მოისმინეს. მოგვიანებით გურიაში პარიზიდან ახლად ჩამოსული სოციალ-დემოკრატი ვალიკო ჯუღელი ჩავიდა. ვ. ჯუღელმა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის გურიის სამაზრო კომიტეტს და სამხედრო შტაბს ახალი ამბები აცნობა. მეორე დღეს გაიმართა კრება, რომელსაც გურიის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი სალუქვაძე, სამხედრო შტაბის თავმჯდომარე პოლკოვნიკი ვანო ცომაია და სარაიონო შტაბების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კრებაზე აჯანყების ორი გეგმა იქნა შემუშავებული: 1. აჯანყების პირველ ღამეს ოზურგეთის აღება, შემდეგ კი რაიონებზე თავდასხმა. გარდა ამისა, გურული აჯანყებულები ბათუმის და ქუთაისის აჯანყებულებს უნდა დახმარებოდნენ. ტექნიკურად #1 გეგმა ასე უნდა შესრულებულიყო: ოზურგეთის რაიონში მყოფი აჯანყებულების რაზმი, რომელიც სხვებთან შედარებით მეტისმეტად სუსტი იყო, მარტო თავისი ძალებით ქალაქის აღება არ შეეძლო. ამიტომ თითოეულ რაიონს ქ. ოზურგეთის ასაღებად 50 მებრძოლი უნდა გამოეყო, ანუ მთლიანობაში - 150 კაცი 2 ტყვიამფრქვევით. ამ სამხედრო ძალას ქ. ოზურგეთის სამხედრო ძალა უნდა დამატებოდა. გარდა ამისა, ს. მათითაიშვილის გეგმის შესაბამისად, ხიდისთავის რაზმი მთლიანად ქ. ოზურგეთის ასაღებად უნდა დაძრულიყო; 2. გეგმა #2 კი მდგომარეობდა შემდეგში: უნდა მომხდარიყო თავდასხმა რაიონებზე, სადაც ძალაუფლების სრულად მოპოვების შემდეგ შეერთებული ძალებით განხორციელდებოდა ქ. ოზურგეთზე გალაშქრება.
ოზურგეთის რაიონში პარმენ ჭანუყვაძის შეიარაღებული რაზმი იმყოფებოდა. საჭირო იყო პ. ჭანუყვაძისათვის აჯანყების გეგმის გაცნობა, რათა ამ უკანასკნელს თვითნებურად არ ემოქმედა. სწორედ ამ მიზნით პ. ჭანუყვაძესთან მოსალაპარაკებლად გ. სალუქვაძე და ვ. ცომაია გაემართნენ, მაგრამ ორივე მათგანი გზაში ჩეკისტებმა დააპატიმრეს. ეს აუნაზღაურებელი დანაკლისი იყო. მდგომარეობას ის გარემოებაც ართულებდა, რომ ვანო ღლონტი ამ დროისათვის დაჭრილი იყო, ვასო ჩიტაიშვილი კი არალეგალური მუშაობისათვის ბათუმში გადაიყვანეს. გ. სალუქვაძე გურიის კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა შეცვალა (გოგიბერიძე 1991: 57-63), ვ. ცომაიას შემცვლელად თბილისიდან სოლომონ ყარალაშვილი გამოგზავნეს (ზალდასტანიშვილი 1989: 21). ს. ყარალაშვილი გურიაში ჩასვლამდე ჯერ ბათუმში ჩავიდა, სადაც იგი დააპატიმრეს. ამას ვ. ჯუღელის დაპატიმრებაც დაემატა, რამაც მთელ გურიაში ძალიან არასასურველი განწყობა შექმნა (გოგიბერიძე 1991: 57-63).
1924 წლის 20 აგვისტოს გურიის კომიტეტს საქართველოს დამკომის წარმომადგენელი ქავთარაძე ესტუმრა, რომელსაც გურიაში აჯანყებისათვის პოლიტიკური ხელმძღვანელობა უნდა გაეწია (ზალდასტანიშვილი 1989: 21).
1924 წლის 26 აგვისტოს დღის პირველ საათზე თბილისიდან გურიაში დამკომის კურიერი ჩავიდა, რომელმაც გურიის კომიტეტს აჯანყების თარიღი აუწყა. გურიის კომიტეტმა თავის მხრივ 1924 წლის 27 აგვისტოს გურიის ყველა რაიონის მეთაურს აჯანყების თარიღი აცნობა. ამასთანავე გურიის კომიტეტმა გადაწყვიტა აჯანყება გურიაში გეგმა #2-ის შესაბამისად განეხორციელებინა (გოგიბერიძე 1991: 65-68). ფხიზლად იყო გურიის ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლება და ოზურგეთის მაზრის ყველა პარტიული ორგანიზაცია ფეხზე დააყენა. 1000-მდე კომუნისტის მობილიზება მოხდა, რომლებიც 1924 წლის 7 ივნისამდე სხვადასხვა საგუშაგოებზე იდგნენ დარაჯებად. 7 ივნისს კი მობილიზებული ძალებიდან ოზურგეთში, ლანჩხუთში, სუფსაში და ჩოხატაურში 120 კაცი დატოვეს (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #45, ფურცელი 76).
$ 4. სვანეთი. რაჭა-ლეჩხუმი
საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი სვანეთს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა, სადაც მუდმივად იყო ანტისაბჭოთა მუხტი. მართალია ხელისუფლებამ მეამბოხე სვანების შემორიგება და სვანეთის ნაწილობრივი განიარაღება მოახერხა, მაგრამ სვანეთი კვლავაც დენთის კასრად რჩებოდა. ამიტომ, საბჭოთა ხელისუფლება სვანეთის 1921-1922 წლების აჯანყების მეთაურებზე მუდმივ თვალთვალს ახორციელებდა. ამ თვალთვალის შედეგად, 1923 წლის 7 ივნისს ლეჩხუმის მაზრის მილიციის უფროსი სოფ. ჩოლურში (ლეჩხუმის მაზრა), ორი ცხენოსანი მილიციელის თანხლებით, ნესტორ გარდაფხაძეს თავს დაესხა და დააპატიმრა. ნ. გარდაფხაძემ სიბნელით ისარგებლა და გაიქცა. ნ. გარდაფხაძის გაქცევა საბჭოთა ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა, ამიტომ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი ალექსანდრე (საშა) გეგეჭკორი 1923 წლის 18 ოქტომბერს ცაგერიდან ნესტორ გარდაფხაძეს წერდა: „ბ. ნესტორ! მე ვარ, ცაგერში მინდოდა თქვენი ნახვა და პირადად გადმოცემა, რომ თქვენი საწინააღმდეგო საქართველოს მთავრობას არაა აქ რა, პირიქით, მადლობელი ვართ, ვინაიდან რაც კი ... (ტექსტი არ იკითხება - ავტ.) ყოველივე პირნათლად შეასრულეთ. გაძლევთ პატიოსან სიტყვას თქვენი დაჭერა იყო მარტოდ-მარტო გაუგებრობა და მეტი არასფერი, რისთვისაც ყველა ჩვენ დიდად ვწუხვართ. ნესტორ, მე იშვიათად ვიძლევი სიტყვას ხოლო თუ მივეცი, მას ვასრულებ, თუ შესრულებამდი სიკვდილმა არ მისწრო. თუ ეს თქვენ გჯერათ და წვრილმან გამცემლად არ მთვლით იკმარიეთ ჩემი თავდებობა, წამოდით და მანამდე, ოთხშაბათამდის, მოხვალთ ჩემ ძმასთან, გრიშასთან, სამშაბათ საღამოს“. ამის შემდეგ ნესტორ გარდაფხაძე ალექსანდრე გეგეჭკორთან გამოცხადდა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #24333, ფურცელი 63, 119, 903).
საბჭოთა ხელისუფლებამ ანალოგიურად სვანეთის აჯანყების სხვა მეთაურებიც გადაიმტერა. 1923 წლის 12 სექტემბერს სვანეთის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური ბიძინა პირველი ზემო სვანეთის მილიციაში ნებაყოფლობით გამოცხადდა და საბჭოთა ხელისუფლებასთან შერიგების სურვილი გამოთქვა (სუიცსა, ფონდი #285, აღწერა #1, საქმე #652, ფურცელი 264). მიუხედავად ამისა, სვანეთში მოქმედებას აგრძელებდა რამდენიმე ანტისაბჭოთა რაზმი, რომელთა შორის აღსანიშნავია კონსტანტინე (კოწია) დადეშქელიანისა და ოთარ დადიანის რაზმები. კ. დადეშქელიანის განკარგულებაში მუდმივად 5 შეიარაღებული იმყოფებოდა, რომელთაგან ორი მისი შვილი, დანარჩენი კი - ძმისშვილები იყვნენ. ო. დადიანის (მასთან მუდმივად საბჭოთა ხელისუფლების აქტიური მოწინააღმდეგე დავით მხეიძე იმყოფებოდა) შეიარაღებული რაზმი მთლიანად სვანებით იყო დაკომპლექტებული და 40 მებრძოლს აერთიანებდა. ო. დადიანსა და კ. დადეშქელიანს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირი არსებობდა (ო. დადიანის მეუღლე კ. დადეშქელიანის დისშვილი იყო). ო. დადიანმა და დ. მხეიძემ თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტთან წერილი გააგზავნეს, რომლითაც ისინი თბილი ტანსაცმლის გაგზავნას ითხოვდნენ. დამკომმა მათ აუწყა, რომ აღნიშნული თხოვნა საზღვარგარეთიდან ფულის მიღებისთანავე დაკმაყოფილდებოდა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #24333, ფურცელი 110, 145, 150).
1923 წლის 22 ნოემბერს საქართველოს საგანგებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ლ. ბერიას, კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსის ლორთქიფანიძისა და კონტრდაზვერვის განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების უფროსის ხუმაროვის ხელმოწერით ზუგდიდის საინფორმაციო პუნქტის სამაზრო რწმუნებულს საიდუმლო მიწერილობა გაეგზავნა, რომლის თანახმად მას ევალებოდა გაერკვია, თუ რაში გამოიხატებოდა კ. დადეშქელიანისა და მისი ჯგუფის ბანდიტური ქმედება და მისი კავშირი ო. დადიანთან და რა მიზნით დადიოდა ო. დადიანი ზაფხულში სვანეთში; ასევე, საბჭოთა ხელისუფლების მოწინააღმდეგეთაგან ვინ იქნა გამოვლენილი სვანეთში, მათი სახელები, გვარები, პოლიტიკური პორტრეტი, საიდან ჩამოვიდნენ და საით წავიდნენ, ვისთან ჰქონდათ კავშირი; ვინ იყვნენ ბანდიტები შელია და ციმინტია და რა კავშირი ჰქონდათ მათ ო. დადიანთან. თუ აღნიშნული კავშირი დადასტურდებოდა, მაშინ დავალების ადრესატს ევალებოდა გადაებირებინა ო. დადიანი, რომლის მეშვეობითაც შელიასა და ციმინტიას ლიკვიდაცია უნდა განხორციელებულიყო. მოწერილობის ავტორები ადრესატებს აძლევდნენ გაფრთხილებას, რომ კ. დადეშქელიანთან და ო. დადიანთან წარმოებული მოლაპარაკების დროს ძალზე ფრთხილად ყოფილიყვნენ და საკითხის მოგვარების დროს დიპლომატიურობა გამოეჩინათ და საგანგებო კომისიის ნებართვის გარეშე არანაირი რეპრესიები არ გაეტარებინათ. 1923 წლის 4 დეკემბერს საბჭოთა ხელისუფლებამ სოფ. დალში (კოდორის მაზრა) კ. დადეშქელიანისა და ო. დადიანის დაპატიმრება მოახერხა, თუმცა ისინი ხელისუფლებამ მალევე გაათავისუფლა. კ. დადეშქელიანი და ო. დადიანი ამის შემდეგაც აგრძელებდნენ ანტისაბჭოთა საქმიანობას. საქართველოს საგანგებო კომისიამ ო. დადიანის შემორიგება გადაწყვიტა მისი ძმის მუშნი დადიანის მეშვეობით, რომელიც თბილისში ქართულ ცხენოსანთა დივიზიაში მსახურობდა.
1924 წლის 26 ივნისს მ. დადიანი, საგანგებო კომისიის ერთ მოსამსახურესთან ერთად, ავტომობილით სამეგრელოში გაემგზავრა. მ. დადიანის მიერ ო. დადიანის ადგილსამყოფელის დადგენისა და ამ უკანასკნელის საბჭოთა ხელისუფლებასთან შერიგების შემდეგ, ო. დადიანი შელიასთან და ძვაბავასთან ერთად (საბჭოთა ხელისუფლების აქტიური მოწინააღმდეგეები) საქართველოს საგანგებო კომისიის განკარგულებაში გადააგზავნეს. 1924 წლის ივნისში საბჭოთა ხელისუფლებამ ო. დადიანს სრული ამნისტია გამოუცხადა და წარსულის ყველა „დანაშაული“ აპატია.
1924 წლის 22 თებერვალს საბჭოთა ხელისუფლებამ საკუთარი ინფორმატორისაგან შეიტყო შემდეგი: ზემო სვანეთში ნესტორ გარდაფხაძეს 200 შეიარაღებული მებრძოლი ჰყავდა; ნ. გარდაფხაძეს თანამოაზრეების სია ჰქონდა შედგენილი (ხელისუფლებისათვის ეს სია უცნობი დარჩა); მალაქია ონიანს ნ. გარდაფხაძისათვის წერილი გაუგზავნია, რომლის თანახმად სოფ. ლაშხეთში ყველაფერი მზად იყო და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ზემო სვანეთში გადასვლა; ბოსი გვიდიანი ქვემო სვანეთში იმყოფებოდა და აჯანყებისათვის ემზადებოდა, რომლის დაწყებასაც ის ახლო მომავალში ელოდება.
1924 წლის 30 მარტს ანალოგიური ინფორმაცია საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო. ამ ინფორმაციის თანახმად სვანეთში განსაკუთრებული გავლენით სარგებლობდა პოლიტიკური დაჯგუფება, რომელშიც ნესტორ გარდაფხაძე (ეროვნულ-დემოკრატი), ბიძინა პირველი (ეროვნულ-დემოკრატი), ეგნატე გაბლიანი (ყოფილი სოციალისტ-ფედერალისტი) და ილარიონ მარგველიანი (ეროვნულ-დემოკრატი) შედიოდნენ. როგორც ინფორმატორი იტყობინებოდა, აღნიშნული პირები ზემო სვანეთში თავისუფლად მოძრაობდნენ. მათ ადგილობრივი ხელისუფლების არანაირი შიში არ ჰქონდათ და ხშირად სამაზრო აღმასკომის შენობაშიც კი თავისუფლად შედიოდნენ. ინფორმატორის თქმით, ზემო სვანეთში ასევე დიდი გავლენით სარგებლობდა მეორე პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც სოციალ-დემოკრატებს (მ) აერთიანებდა. ამ დაჯგუფებას მალაქია ონიანი მეთაურობდა, წევრები კი იყვნენ: შაშიკო ბერიძე, ქიშუ ჯამბურიძე, არტემ ონიანი და სხვები, სულ 10 შეიარაღებული მებრძოლი.
ქვემო სვანეთში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გავლენა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან შედარებით უფრო სუსტი იყო. მიუხედავად ამისა, ნ. გარდაფხაძე და ბ. პირველი ქვემო სვანეთში აქტიური მუშაობის გაშლას ცდილობდნენ. მათ ქვემო სვანეთში ბესარიონ კვიტიანთან და ერმოლოზ ხაბულიანთან ჰქონდათ კავშირი. 1924 წლის 24 მარტისათვის ნ. გარდაფხაძის რაზმში რაღაც უთანხმოება მოხდა, რის გამოც, ნ. გარდაფხაძის რაზმი ფაქტობრივად დაიშალა. მოგვიანებით ნ. გარდაფხაძემ რაზმის ხელახლა ფორმირება დაიწყო. ეს პროცესი მან 1924 წლის 11 აპრილისათვის დაასრულა. 1924 წლის 14 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა დასავლეთ საქართველოში, მათ შორის სვანეთში, აჯანყების მოსამზადებელი სამუშაოებისათვის რწმუნებულები გაგზავნა. ცენტრიდან გაგზავნილი პირები ნ. გარდაფხაძეს, ო. დადიანსა და სხვებს შეხვდნენ (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #24333, ფურცელი 15, 54, 92, 112, 145, 148, 150, 903).
1924 წლის აჯანყების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე სვანეთში სამხედრო ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, რომელშიც შევიდნენ: ბიძინა პირველი, ეგნატე გაბლიანი, თენგიზ დადეშქელიანი და ბესარიონ ხერგიანი. ორგანიზაციაში მთავარ როლს ბ. პირველი და ე. გაბლიანი ასრულებდნენ. ორგანიზაციის დანარჩენ წევრებს დამკომთან კავშირი არ ჰქონდათ (საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ (საბრალდებო დასკვნა). თბილისი, 1925, გვ. 111-112).
1924 წლის ივლისში თბილისში ბ. პირველი ჩავიდა. ბ. პირველს ეროვნულ-დემოკრატი ელისე პატარიძე შეხვდა და აუწყა, რომ მისი ნახვა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მდივანს იასონ ჯავახიშვილს სურდა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #28, ფურცელი 23, 29). ი. ჯავახიშვილი ბ. პირველს საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა და აუწყა, რომ ევროპის სახელმწიფოები მზად იყვნენ საქართველოსათვის დახმარება გაეწიათ, თუ საქართველოში ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება დაიწყებოდა. ი. ჯავახიშვილმა ბ. პირველს სთხოვა პირადად ეხელმძღვანელა აჯანყებისათვის სვანეთში და ლეჩხუმში. ბ. პირველმა ამაზე თანხმობა განაცხადა. ი. ჯავახიშვილი ბ. პირველს შეჰპირდა, რომ აჯანყების თარიღს შეატყობინებდა (საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ (საბრალდებო დასკვნა). თბილისი, 1925, გვ. 111). მოგვიანებით ბ. პირველი დამკომის თავმჯდომარეს კ. ანდრონიკაშვილს შეხვდა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #28, ფურცელი 31). ამის შემდეგ ბ. პირველი სვანეთში დაბრუნდა. სვანეთში ჩასვლისას ბ. პირველმა ე. გაბლიანს დამკომთან წარმოებული მოლაპარაკების შინაარსი გააცნო (საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ (საბრალდებო დასკვნა). თბილისი, 1925, გვ. 111).
ცაგერის რაიონის (ლეჩხუმის მაზრა) სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციას ილია სვანიძე ხელმძღვანელობდა (ცაგერის რაიონის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია ლეჩხუმის მაზრის მასშტაბით მუშაობდა). ამ ორგანიზაციის წევრები იყვნენ: მოსე ბრეგვაძე, ზოსიმე კოპალიანი, კონსტანტინე (კოწია) კოპალიანი, აბელ სალუქვაძე, ილარიონ ხვადაგიანი, თომა დაშნიანი, სამსონ შკუბულიანი, ვლადიმერ ჩარკვიანი (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23352, ფურცელი 22, 33), გიორგი ჭაბუკიანი (მასწავლებელი), პორფირე ბანძელაძე, ერმოლოზ მუშკუდიანი (ცხოვრობდა სოფ. ოყურეშში), კონსტანტინე (კოტე) ბანძელაძე, ისიდორე მუშკუდიანი (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #24333, ფურცელი 15). ისინი ი. სვანიძის სახლში ან გიორგი გოგიძის სარდაფში იკრიბებოდნენ. თბილისიდან კორესპონდენციებს ილარიონ ლეშკაშელი (მცხოვრები სოფ. ლაჯანაში) და ალექსანდრე ექვთიმეს ძე ფუტკარაძე (მცხოვრები სოფ. სამორჩიშში) ღებულობდნენ. მიღებული კორესპონდენციები სვანეთში აბელ საგინაძის მეშვეობით იგზავნებოდა. ცაგერის რაიონში მომუშავე სოციალ-დემოკრატებს ქვემო სვანეთში კავშირი ელიზბარ ონიანთან (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23352, ფურცელი 30, 33) და რაჟდენ მიშველიანთან ჰქონდათ. ამ უკანასკნელს კი, თავის მხრივ, ზემო სვანეთთან მალაქია ონიანის მეშვეობით ჰქონდა კავშირი. 1923 წლის თებერვლის პირველ რიცხვებში ლეჩხუმის მაზრის სოციალ-დემოკრატებმა ქუთაისიდან არალეგალური ლიტერატურა და პროკლამაციები მიიღეს სახელწოდებით „გაძევებული სტუდენტები“. იმავე წლის 10 მარტს ორგანიზაციამ გაზეთ „დამოუკიდებელი საქართველოს“ ერთი ეგზემპლარი მიიღო. ამასთანავე, მოსე ბრეგვაძემ, მელიტონ მანდარიამ და კაპიტონ ყურაშვილმა თბილისიდან დავალება მიიღეს, რაც შეიძლება ჩქარა გამოეცოცხლებინათ ლეჩხუმის მაზრაში მუშაობა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #24333, ფურცელი 15, 22).
1923 წლის თებერვალში ცაგერის რაიონში ადგილობრივი დამოუკიდებლობის კომიტეტი ჩამოყალიბდა, რომლის წევრები იყვნენ: კაპიტონ ყურაშვილი (ეროვნულ-დემოკრატი), ილარიონ კოპალიანი (მემარჯვენე სოციალისტ-ფედერალისტი) და სამსონ ბრეგვაძე (სოციალ-დემოკრატი). სამივე მათგანი მასწავლებელად მუშაობდა. ისინი დუქანში იკრიბებოდნენ, ღვინოს მიირთმევდნენ და აქტუალურ საკითხებს იხილავდნენ. დუქანში არასასურველი პიროვნების შემოსვლის შემთხვევაში მათ საუბარი სხვა თემაზე გადაჰქონდათ. ლეჩხუმის მაზრის დამკომს ნესტორ გარდაფხაძესთან ჰქონდა კავშირი (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23352, ფურცელი 4, 11, 17, 38).
ლეჩხუმის მაზრის ხელმძღვანელობამ 1923 წლის 13 ივნისისათვის საბჭოთა ხელისუფლების აქტიური მოწინააღმდეგები დააპატიმრა. ქუთაისის პოლიტბიუროში გადააგზავნეს: დიანოზ კაკუჩოს ძე ცვარიანი (ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლეჩხუმის სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარე, ჩაბარებული ჰქონდა პარტიის ბეჭედი), კაპიტონ ყურაშვილი (ცაგერის ტექნიკუმის მასწავლებელი, ლეჩხუმის მაზრის დამკომის წევრი, საიდუმლო კორესპონდენციებს ილარიონ კოპალიანისაგან ღებულობდა), მოსე ექვთიმეს ძე ბრეგვაძე (საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მ) პარტიის ცაგერის რაიონული ორგანიზაციის ინსტრუქტორი, ღებულობდა არალეგალურ გაზეთ „დამოუკიდებელ საქართველოს“), ილია ექვთიმეს ძე სვანიძე (სოციალ-დემოკრატიული (მ) პარტიის ცაგერის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი), ელიზბარ ონისიმეს ძე ონიანი (მისი მეშვეობით მყარდებოდა კავშირი სვანეთსა და ლეჩხუმს შორის), გერონტი არსენას ძე კოპალიანი (ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მექვენის სასოფლო ორგანიზაციის მდივანი), ვლადიმერ გიორგის ძე ყურაშვილი (ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი სოფ. ოყურეშში), ილარიონ ივანეს ძე ლეშკაშელი (სოციალ-დემოკრატი, ღებულობდა კორესპონდენციებს ცენტრიდან), ილარიონ იასონის ძე კოპალიანი (ლეჩხუმის მაზრის დამკომის წევრი, მემარჯვენე სოციალისტ-ფედერალისტი), ბიძინა რომანის ძე გვიშიანი, აკაკი როფოზოს ძე ჩიქოვანი, ტერენტი ბიჭოს ძე ასლანიკაშვილი, ლავრენტი ნიკოლოზის ძე კუხალაშვილი, ირადიონ მიხეილის ძე კუხალაშვილი, ინდისი არსენას ძე ჩაკვეტაძე, დისიონ ივანეს ძე ახვლედიანი, პლატონ სიმონის ძე ჩხეტიანი, ესაია კირიმეს ძე ახვლედიანი, გრიგოლ ევგენის ძე სვანიძე, ივანე თედოს ძე სულცაძე, ელიზბარ ნიკოლოზის ძე უგრეხელიძე, ვლადიმერ მოსეს ძე ჩაკვეტაძე, მარკოზ გლახოს ძე აბროლიანი, გერასიმე საბას ძე მანაგაძე, გიორგი ნიკოლოზის ძე მანდარია და ერმოლოზ ივანეს ძე მამარდაშვილი (ეროვნულ-დემოკრატი, 65 წლის). მოგვიანებით ყველა მათგანი გაათავისუფლეს იანოზ ცვარიანის, გერონტი კოპალიანის, ილარიონ კოპალიანის, ილია სვანიძისა და ერმოლოზ მამარდაშვილის გარდა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23352, ფურცელი 40-46).
რაჭის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ განსაკუთრებით სოციალისტ-ფედერალისტები აქტიურობდნენ. 1923 წლის 4 ივლისს რაჭის მაზრის ინფორმპუნქტის უფროსის თანაშემწემ კონსტანტინე (კოტე) დვალმა მაზრის ინფორმპუნქტის უფროსის განკარგულების შესაბამისად, ქ. ონში მცხოვრები მიხეილ (მიშა) დავითის ძე კერესელიძის (სოციალისტ-ფედერალისტი) ბინის ჩხრეკა განახორციელა. ჩხრეკის შედეგად კ. დვალმა სხვადასხვა ხასიათის წერილები აღმოაჩინა. აღნიშნული წერილებიდან გაირკვა, რომ მ. კერესელიძე საბჭოთა ხელისუფლების აქტიური მოწინააღმდეგე იყო. წერილებიდან გაირკვა ისიც, რომ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მ. კერესელიძესთან ერთად მუშაობდნენ: პოლისკა პლატონის ასული ჯაფარიძე (სოციალისტ-ფედერალისტი), ინდიკო მინას ძე გოცირიძე (სოციალისტ-ფედერალისტი), კონსტანტინე (კოწია) თევდორეს ძე დარახველიძე (მილიციელი) და ბუკურა ჯანელიძე (სოციალისტ-ფედერალისტი). კ. დვალმა გაარკვია, რომ დროებით თბილისში მყოფ პ. ჯაფარიძეს არალეგალური ლიტერატურა (ჟურნალები) მარო ჩიგოგიძემ გადასცა, პ. ჯაფარიძემ კი ეს ლიტერატურა კონსტანტინე დარახველიძეს გამოატანა. გარდა ამისა, ცხადი გახდა, რომ სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის რაჭის ორგანიზაციას პ. ჯაფარიძისათვის დაუვალებია თბილისში ვინმე „გ. შ.“ ენახა. მ. კერესელიძეს ასევე სატირული ხასიათის ლექსი აღმოუჩინეს, რომელიც 1922 წლის 16 მარტით იყო დათარიღებული. ლექს ხელს მ. კერესელიძე და ვინმე გ. ბაიზოვი აწერდნენ (როგორც მინაწერიდან ირკვევა ორივე მათგანი ქ. ონის ტექნიკუმის მეშვიდე კლასის მოსწავლეები იყვნენ). ლექსი იმ დროს საქართველოში გაბატონებულ საყოველთაო შიშსა და საზოგადოების უმწეო მდგომარეობას ასახავდა. კ. დვალმა მიხეილ კერესელიძე, პოლისკა ჯაფარიძე, ინდიკო გოცირიძე, კონსტანტინე დარახველიძე და ბუკურა ჯანელიძე დააპატიმრა, რომლებიც დაკითხვის შემდეგ, სათანადო ხელწერილით, გათავისუფლდნენ (შსსა (II), ფონდი #6, საქმე #23323, ფურცელი 4-14).
1924 წლის 26 აგვისტოს ეგნატე გაბლიანმა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტისაგან შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო: „სვანეთის ორგანიზაციას. საჩქაროდ გაცნობებთ, რომ გამოსვლა მთელ საქართველოში დაიწყება შუაღამისას 28-29 აგვისტოს. დარწმუნებული იყავით, რომ ქართველი ხალხი და ჯარი ჩვენს მხარეზე არიან. ჩვენ დახმარებას გვიწევს აგრეთვე ევროპა. ამიტომ წინადადებას გაძლევთ დანიშნულ დღეს მოაწყოთ შეიარაღებული ამბოხება სვანეთში და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ლიკვიდაციის შემდეგ დაიძრათ ლეჩხუმისა და ქუთაისისაკენ, ვინაიდან ლეჩხუმის ორგანიზაცია სისუსტეს იჩენს და საჭიროა მას დახმარება გაეწიოს!~ (საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ (საბრალდებო დასკვნა). თბილისი, 1925, გვ. 111). წერილი კ. ანდრონიკაშვილის ფსევდონიმით იყო ხელმოწერილი. ე. გაბლიანმა აღნიშნული წერილი ვინმე ხებლიანის მეშვეობით ბ. პირველს გაუგზავნა. დამკომისგან ანალოგიური შინაარსის წერილი პირადად ბ. პირველმაც მიიღო. ბ. პირველი და ე. გაბლიანი ერთმანეთს 1924 წლის 27 აგვისტოს სოფ. ლატალში შეხვდნენ (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #28, ფურცელი 10, 24, 39). იმავე დღეს ბ. პირველმა და ე. გაბლიანმა ცხენებით მულახის, მესტიის, ლატალის, ცხუმარის, ბეჩოსა და ეცერის საზოგადოების სოფლები შემოიარეს. ბ. პირველმა და ე. გაბლიანმა ამ სოფლების მცხოვრებლებს გამოუცხადეს, რომ ვისაც კი იარაღი ჰქონდა 1924 წლის 28 აგვისტოს, საღამოს, ბალის მთაზე სოფ. ბეჩოს მახლობლად გამოცხადებულიყო. 1924 წლის 28 აგვისტოს საღამოს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა ბ. პირველსა და ე. გაბლიანს კიდევ ერთი წერილი გაუგზავნა. დამკომის ხელმძღვანელები მათ სათანადო დირექტივებს აძლევდნენ (საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ (საბრალდებო დასკვნა). თბილისი, 1925, გვ. 112).
$ 5. აფხაზეთი
1921 წლის 4 მარტს აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. აფხაზეთში მომუშავე საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრების უმეტესობამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად საქართველო დატოვა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის რიგითი წევრები კი აფხაზეთის სხვადასხვა სოფლებში გაიხიზნენ. მიუხედავად ამისა, აფხაზეთში ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობა მალევე დაიწყო. 1922 წლის 26 მაისის აღსანიშნავად მთელ აფხაზეთში პროკლამაციები გავრცელდა. ფხიზლად იყო ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლება, ქ. სოხუმში მრავალი ეჭვმიტანილი დააპატიმრეს (კერესელიძე ლ., 1922 წლის 26 მაისი საქართველოში, „საარქივო მოამბე“, 2010, #9). 1922 წლის პირველ ნახევარში ქ. ოჩამჩირეში თბილისიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები ჩავიდნენ. ისინი გლეხებში აგიტაციას ეწეოდნენ, რათა საბჭოთა ხელისუფლებას არ დამორჩილებოდნენ, გადასახადები არ გადაეხადათ და ანტისაბჭოთა ეროვნულ მოძრაობაში აქტიური მონაწილეობა მიეღოთ. აგიტატორების თქმით, მათ თბილისში, ქუთაისში და ოჩამჩირეში შეიარაღებული რაზმები ჰყავდათ და აჯანყებისათვის ემზადებოდნენ. ამ რაზმებს, როგორც ისინი ამბობდნენ, შეეძლოთ პირველივე ნიშანზე თავისუფლების დროშა აღემართათ. კოდორის მაზრაში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის უჯრედები აღმოცენდა. ქ. ოჩამჩირეში (კოდორის მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი) სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები კონსპირაციულად ნოჩო მიქელაძის კუთვნილ რესტორან „სამოთხეში“ იკრიბებოდნენ. კრებებს ესწრებოდნენ: კონსტანტინე (კოწია) დადეშქელიანი, გრიგოლ ჭედია, რაჟდენ ჟვანია, კონსტანტინე გაბლია, გრიგოლ ჯინჯოლია, ნიკოლოზ მალანია, სოლდატ შერვაშიძე (შარაშია), ბიქტორ ჟორჟოლიანი, იასონ მარღანია, მაქსიმე კორსანტია, ანდრო ხოფერია, გრიგოლ გამესონია, ასტამურ აქირთავა, ჭიჭიკო უჩანაშვილი, სეით-ბეი ანჩაბაძე, დიჟ კვეკვესკირი, ნესტორ დადიანი. სოფლებში სააგიტაციოდ დადიოდნენ: ნოჩო მიქელაძე, ალექსანდრე მარშანია, ვლადიმერ ქორქია, ალექსანდრე მიქელაძე და ნესტორ დადიანი. სოციალ-დემოკრატები მოსახლეობაში ქართულ და რუსულ ენებზე ხელით ნაწერ და ნაბეჭდ პროკლამაციებს ავრცელებდნენ. პროკლამაციებში ლენინი, ტროცკი, ჩიჩერინი და სხვები ყაჩაღებად იყვნენ მოხსენიებული. პროკლამაციის ავტორები წითელ არმიასა და პროფკავშირებს აუგად იხსენიებდნენ. პროკლამაცია მთავრდებოდა მოწოდებით: „გაუმარჯოს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“ და „გაუმარჯოს მენშევიკების ლიდერ ნოე ჟორდანიას!“ მოსახლეობაში გარკვეული სამუშაოების ჩატარების შემდეგ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებმა აფხაზეთში შეიარაღებული აჯანყების მოწყობა განიზრახეს. აჯანყების მეთაურებმა იატაკქვეშა კომიტეტთან ერთად გენერალური შტაბიც შექმნეს. შტაბში ინსტრუქციებს ბიქტორ ჟორჟოლიანი იძლეოდა, აჯანყების საერთო ხელმძღვანელი ნოჩო მიქელაძე იყო. აჯანყების თარიღად 1922 წლის 26 მაისი დაინიშნა. 1922 წლის 12 მაისს კოდორის მაზრის პოლიტბიუროში ინფორმაცია შევიდა, რომ მაზრაში ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყება მზადდებოდა. 23-24 მაისს კოდორის მაზრის პოლიტბიუროსა და საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) კოდორის სამაზრო კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა. სხდომაზე მოსალოდნელი აჯანყების საწინააღმდეგო ღონისძიებები დაისახა. კოდორის მაზრაში ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყება ვერ მოხერხდა, რადგან ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმე საეჭვო პირი დააპატიმრა. მიუხედავად ამისა, აჯანყების მეთაურებს თავიანთ განზრახვაზე ხელი არ აუღიათ.
1922 წლის 29 მაისს აჯანყების ხელმძღვანელებმა სოფ. აბაცახუში შეკრება მოაწყვეს. თათბირზე აჯანყების აუცილებლობაზე იყო საუბარი. აჯანყების ხელმძღვანელებმა მეორე შეკრება 1922 წლის 1 ივნისის ღამეს სოფ. მოქვის ტყეში გამართეს. შეკრებაზე გადაწყდა იმ ღამესვე დაეწყოთ აჯანყება და ქ. ოჩამჩირე დაეკავებინათ. გეგმის თანახმად აჯანყებულებს ქ. ოჩამჩირეში კომუნისტები უნდა დაეპატიმრებინათ და ძალაუფლება ხელში აეღოთ. აჯანყებულებისათვის დახმარება სოციალ-დემოკრატიული პარტიის ტამიშის ორგანიზაციის შეიარაღებულ რაზმსა და ქ. ოჩამჩირის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას უნდა აღმოეჩინა. შეკრებილებმა ქ. ოჩამჩირეში საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაწყებული მასობრივი რეპრესიების შესახებ გაიგეს და დაიშალნენ.
1922 წლის 7 ივნისს სოფ. აჟარაში დისლოცირებულმა წითელი არმიის ნაწილებმა, მისი მეთაურის ჩერნიშოვის გადაწყვეტილებით სოფელი დატოვა და ჩხალთის მიმართულებით დაიძრა. ამ დროს სოფ. აჟარაში სოფ. ტამიშიდან მოვიდნენ კონსტანტინე (კოწია) დადეშქელიანი, მისი ძმები თენგიზი, არდევანი და ტარიელი, ასევე ნიკოლოზ გერლიანი. მათ დაიწყეს მოსახლეობის დარწმუნება, რომ ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე მძლავრი ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება მიმდინარეობდა. მათი თქმით, ისინი სოფელში აჯანყების მოსაწყობად მოვიდნენ. კ. დადეშქელიანის განმარტებით, აჟარიდან ხელისუფლების შეიარაღებული რაზმის გასვლა ტყვედ ჩავარდნის შიშით მოხდა. ყოველივე ამის შემდეგ 50 შეიარაღებული სვანი კ. დადეშქელიანის გარშემო დაირაზმა. კ. დადეშქელიანი შეიარაღებულ სვანებთან ერთად ჩერნიშევის რაზმის მოძრაობის მიმართულებით, ანუ სოფ. ჩხალთისაკენ დაიძრა. ჩერნიშევის რაზმმა სოფ. ჩხალთა კ. დადეშქელიანის მისვლამდე დატოვა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23480, ფურცელი 281-282, 316, 751-752).
აფხაზეთის საგანგებო კომისიამ მასობრივი დაპატიმრებები 1922 წლის 28 მაისს დაიწყო. ამ დღეს დააპატიმრეს: ექვთიმე გაბუნია (სოციალ-დემოკრატი), ალექსანდრე მაჭავარიანი (სოციალ-დემოკრატი), პელაგია პინტურია, ტარასი კვარაცხელია, ვასილ ანტონის ძე კვარაცხელია, მუშნი დადეშქელიანი, ჭიჭიკო იოსების ძე კოპალეიშვილი. მალე აფხაზეთში უფრო ფართო მასშტაბის დაპატიმრებები დაიწყო. აფხაზეთის საგანგებო კომისიამ 1922 წლის 16 ივნისს დააპატიმრა: ბარდღუ მიქვაბია, კაპიშ ფილია, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯიჯელავა, ნესტორ ანუა, ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ბჟანია, კონსტანტინე გაბლია, მახმედ (ალექსი) გაბლია, 1922 წლის 21 ივნისს - ნიკოლოზ მალანია, თამშუღანჩაბაძე, ნარბეი მარშანია, ბიჯგვა ატუმავა.
აფხაზეთის საგანგებო კომისია აფხაზეთში აჯანყების მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილების დასაპატიმრებლად არაფერს იშურებდა. მალე ამ ბრალდებით პატიმრობაში აიყვანეს: ბიქტორ გიორგის ძე ჟორჟოლიანი, ნოჩო მიქელაძე, ალექსანდრე არჩილის ძე მაჭავარიანი, ექვთიმე ფილიფეს ძე გაბუნია, თეიმურაზ ანდროს ძე კუპრავა, ვასილ გურჯუა, სეითბი ანჩაბაძე, ხერიპს ანჩაბაძე, გუჯუჯ მარღანია, გრიგოლ გამისონია, ალექსანდრე მარშანია, ვლადიმერ ქორქია; ნესტორ დადიანი, გიორგი მიქელაძე; ბიჯგვა ათუმავა, კვაკვანა სოლმაქის ძე აგირბა, ედიკ სულეიმანის ძე აბიდჟი, სოლდატ შერვაშიძე; კონსტანტინე (კოწია) დადეშქელიანი; იპოლიტე ჟორჟოლიანი; ტარას კვარაცხელია; ალექსანდრე ყურაშვილი; მუშნი დადიანი; ოთარ დადიანი; ასტამურ ძიაპშიპა; ალექსანდრე მარშანია; დაჟგუ ხინდბა; მაჯგა ადლეიბა; სეითბეი ძიაპშიპა; ტაია ემუხვარი; იასონ მარღანია; ჩიკ კვარაცხელია; ფარნა ფილია; ფეხუ კვარჩაია; პლატონ ბერია; რაჟდენ ჟვანია; ბეგი (ბეგლარ) მინჯგია, ნესტორ გოგიძე; იაკობ აბაკელია, არსენ ალანია, სამსონ ალანია, ჩიჟ ახუბა; ზოვარბექ ანჩაბაძე; ჟვილვ ადჟიბაია; პლატონ გოგი, ერმოლოზ გაბელია; ძუკუ კვარაცხელია; ევგენი კვარაცხელია; სეიდიკ ქარდავა, იასონ მარღანია; გუჯუჯ მარღანია; თამაშ მარშანია; შურა მაჭავარიანი; ჯოტო მარშანია, ალექსანდრე მარშანია; ბარდღუ მიქვაბია; ტარა მიქვაბია; ჯოტო მიქვაბია; ქვათა მიქვაბია; კონსტანტინე მოდზელევსკი; კირბეი მარშანია; პეტრე ლაგვილავა; სპირიდონ სალაყაია; თამაშ ძიაპშიპა; ტარასხან ანჩაბაძე; ყარამან ბარკალაია; ზაფას კვეკვესკირი; ზოსიმე ხაბურზანია, ბესარიონ ჭურღულია; ხუხუტი ჩაჩავა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23480, ფურცელი 87, 281-282).
აფხაზეთის საბჭოთა ხელისუფლებას ახალი თავსატეხი გაუჩნდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს აფხაზეთის განსაკუთრებული რაზმის ხელმძღვანელი ტარასხან დიმიტრის ძე ეშბა აფხაზეთში დაბრუნდა. აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებისთანავე ტ. ეშბამ აფხაზეთი დატოვა და თავი ქ. კონსტანტინოპოლს შეაფარა. ტ. ეშბა თურქეთიდან სამურზაყანოს მაზრაში (აფხაზეთში) 1922 წლის აგვისტოში ჩავიდა. ტ. ეშბას ჩასვლის შემდეგ სამურზაყანოს მაზრაში ანტისაბჭოთა მუხტი საგრძნობლად გაიზარდა. ტ. ეშბამ სამურზაყანოში ჩასვლისთანავე შეიარაღებული რაზმი ჩამოაყალიბა, რომელშიც შედიოდნენ: ტარასხან ეშბა, აკუმ კაჭარავა, ევგენი ჯობავა, იონა ჯინჯოლია, ლეონტი ოკუჯავა, იასონ ჯინჯოლია, სხულუხია (სახელი უცნობია - ავტ.). თუმცა, როგორც ჩანს, ტ. ეშბას რაზმის წევრების რაოდენობა ხშირად იცვლებოდა. ტ. ეშბას რაზმი 1923 წლის 21 აპრილს საბერიოს რაიონში იმყოფებოდა. აქ ტ. ეშბას რაზმსა და ადგილობრივ მილიციას შორის შეტაკება მოხდა. ხანგრძლივი ორმხრივი სროლების შემდეგ ტ. ეშბას რაზმი სამ ნაწილად დაიშალა. აფხაზეთის საგანგებო კომისიის ინფორმაციით, ტ. ეშბა 1923 წლის 30 მაისს სოფ. რეჩხოცხირში ბოკო ჩეხერიას სახლში იმყოფებოდა, საიდანაც ჯერ სოფ. ოქუმში, შემდეგ კი კოდორის მაზრაში გადავიდა. ტ. ეშბამ 1923 წლის ივნისის პირველ რიცხვებში აფხაზეთის საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ აფხაზეთის საბჭოთა ხელისუფლებამ ტ. ეშბას ძებნა კიდევ უფრო გააძლიერა. ყოველივე ამის შედეგად 1923 წლის 7 ივლისს ტ. ეშბა სოფ. ბედიაში ხელისუფლებას ნებაყოფლობით ჩაბარდა. მოგვიანებით ტარასხან ეშბა თბილისში გადააგზავნეს. ტ. ეშბას რაზმის გარდა აფხაზეთში მრავალი ანტისაბჭოთა შეიარაღებული რაზმი მოქმედებდა. ერთ-ერთი ასეთი რაზმის მეთაური ხუდა ემუხვარი იყო. ხ. ემუხვარს ტ. ეშბასთან მუდმივი კავშირი ჰქონდა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #25223, ფურცელი 4-5, 18, 30, 32, 36, 39, 90). 1923 წლის 28 ოქტომბერს ხ. ემუხვარმა თავის რაზმთან ერთად სოფ. ბარღეფში სამურზაყანოს მაზრის მილიციის უფროს ქოცბაიას და მასთან მყოფ მილიციელებს საფარიდან ცეცხლი გაუხსნა. სროლის დროს მილიციის უფროსი ქოცბაია ორ ადგილას დაიჭრა, ერთი მილიციელი გვარად ხვიტია ადგილზევე დაიღუპა. აფხაზეთის საბჭოთა ხელისუფლებისათვის სერიოზულ პრობლემად იქცა ასევე სიჭინავას რაზმის წინააღმდეგ ბრძოლა. თავდაპირველად სიჭინავას რაზმის დისლოკაციის ადგილი ზუგდიდის მაზრა იყო, შემდეგ - გუმისთის მაზრა (აფხაზეთი). აფხაზეთის საბჭოთა ხელისუფლებამ სიჭინავას რაზმის წინააღმდეგ რამდენიმე წარუმატებელი სპეცოპერაცია ჩაატარა.
აფხაზეთში სოციალ-დემოკრატიული პარტიის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარე არტემ სილიბისტროს ძე ფანცულაია იყო. ა. ფანცულაია აფხაზეთში 1922 წლის აპრილში ჩავიდა და იქ 1924 წლის 8 სექტემბრამდე დარჩა. ა. ფანცულაიამ აფხაზეთის ყველა მაზრასთან კავშირი აღადგინა. 1922 წლის ნოემბერში ქ. სოხუმში სოციალ-დემოკრატი ალექსანდრე ბეგლარის ძე ძაძამია ჩავიდა და იქ 1924 წლის სექტემბრამდე ანუ დაპატიმრებამდე დარჩა (სშსსა III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #377, ტომი #3, ფურცელი 41, 55-62). ა. ძაძამიამ ა. ფანცულაიას განუცხადა, რომ მას აფხაზეთში სამხედრო ორგანიზაციის შექმნა სურდა. ა. ძაძამიას თქმით, მას ეს დავალება სოციალ-დემოკრატმა ნოე ხომერიკმა მისცა. ა. ფანცულაიამ ა. ძაძამიას ამ განზრახვის შესრულების ნებართვა მისცა. თუმცა იმავდროულად ა. ფანცულაიამ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტს განცხადებით მიმართა, რომ აფხაზეთში მოსახლეობის სიჭრელის გამო სამხედრო ორგანიზაციის შექმნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. საბოლოოდ, ა. ძაძამიამ აფხაზეთში სამხედრო ორგანიზაციის შექმნა ვერ შეძლო.
1924 წლის დამდეგს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის დავალებით სოხუმში ივანე ჯაგუს ძე ბაძაღუა ჩავიდა. ი. ბაძაღუას სოხუმში ჩასვლის მიზანი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სოხუმის საოლქო კომიტეტის მუშაობის შემოწმება იყო. ი. ბაძაღუამ ა. ფანცულაიას აუწყა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სოხუმის საოლქო კომიტეტის მუშაობით უკმაყოფილი იყო, რადგან ამ უკანასკნელმა ადგილობრივი დამკომი და სამხედრო ორგანიზაცია ამ დრომდე ვერ შექმნა. ი. ბაძაღუას თქმით, აფხაზეთის საოლქო კომიტეტი ცენტრიდან (თბილისიდან) სუბსიდიას ვერ მიიღებდა მანამ, სანამ სამხედრო ორგანიზაცია არ შეიქმნებოდა. სოხუმში ყოფნისას ი. ბაძაღუამ კავშირი დაამყარა ა. ძაძამიასთან და სოხუმის საოლქო კომიტეტის წევრ ქუჩულორიასთან (კირთაძე 1998: 386-388).
1924 წლის 29 მარტს აფხაზეთის საგანგებო კომისიამ ა. ძაძამიას დაკავების მიზნით სპეცოპერაცია ჩაატარა, მაგრამ ოთახში ა. ძაძამია არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ მათ ხელში ი. ბაძაღუა ჩაიგდეს (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #24378, ფურცელი 34).
1924 წლის ივლისის დამლევს სოხუმში გიორგი ჯინორიას დავალებით სოციალ-დემოკრატიული პარტიის კიდევ ერთი რწმუნებული აკაკი ალექსის ძე ფიჩხაია ჩავიდა. წასვლის წინ გ. ჯინორიამ ა. ფიჩხაიას 80 მანეთი და სალაყაიას სახელზე გაცემული ყალბი პასპორტი მისცა. ა. ფიჩხაიას სოხუმში ჩასვლის მიზანი იყო, გაერკვია სოხუმის საოლქო კომიტეტი რა ტიპის მუშაობას ეწეოდა და, საერთოდ, რამდენი წევრი ჰყავდა მას. ა. ფიჩხაია აფხაზეთში ერთ თვეზე მეტხანს დარჩა. ა. ფიჩხაიას სოხუმში ჩასვლისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ თითქოს იქ სოციალ-დემოკრატიული პარტიის საოლქო კომიტეტი არც არსებობდა. წესით კომიტეტში 5 კაცი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სინამდვილეში იქ მხოლოდ ა. ფანცულაია და ქუჩულორია იყვნენ. მაზრებში კი, როგორც ა. ფანცულაიამ და ქუჩულორიამ განუცხადეს მას, ხელისუფლების მიერ სრულიად იქნა ლიკვიდირებული სამაზრო ორგანიზაცია. გარდა ამისა, ა. ფიჩხაიამ შეიტყო, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებს შორისაც არ იყო ჯანსაღი დამოკიდებულება. საბოლოოდ, ა. ფიჩხაიამ აფხაზეთი დატოვა.
აფხაზეთში საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის რწმუნებული სიმონ (ხუხუ) ხოფერია იყო. ს. ხოფერია აფხაზეთში გიორგი წინამძღვრიშვილმა გაგზავნა. აფხაზეთში ჩასვლიდან 15-20 დღის შემდეგ ს. ხოფერიამ გ. წინამძღვრიშვილს წერილი გაუგზავნა. ს. ხოფერია საპასუხო წერილს ერთი თვის განმავლობაში უშედეგოდ ელოდა. ს. ხოფერიამ აფხაზეთი დატოვა და თბილისში დაბრუნდა (სშსსა III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #377, ტომი #3, ფურცელი 71-79, 190).
სამურზაყანოს მაზრაში სამხედრო მუშაობა სამეგრელოს სამხედრო შტაბს დაევალა. სამეგრელოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სამეგრელოში 1924 წლის აჯანყების წარმატების შემთხვევაში ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებს სამურზაყანოს მაზრა უნდა დაეკავებინათ და შემდეგ ქ. სოხუმის მიმართულებით გაელაშქრათ. სოხუმისაკენ უნდა დაძრულიყვნენ ასევე აჯანყებული სვანები.
$ 6. აჭარა
1921 წლის 18 მარტს აჭარაში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა. საქართველოს რევკომის 1921 წლის 16 ივლისის დეკრეტის საფუძველზე აჭარა ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა. 1921 წლის 20 მარტს ბოლშევიკ სერგო ქავთარაძის თავმჯდომარეობით ბათუმის რევკომი ჩამოყალიბდა.
1921 წლის მარტის ბოლოს სერგო ორჯონიკიძის რეკომენდაციით შეიქმნა ე.წ. „ბანდიტიზმის, საბოტაჟის და სხვა კონტრრევოლუციურ გამოვლინებათა“ წინააღმდეგ მებრძოლი ბათუმის საგანგებო კომისია. მის ხელმღვანელად გიორგი ქავთარაძე დაინიშნა (მანველიძე 2006: 29). აჭარის გასაბჭოების შემდეგ ბათუმის რევკომის გვერდით არსებობასგანაგრძობდა აჭარის მეჯლისი, რომლის დაშლა საბჭოთა ხელისუფლებამ პოლიტიკური მოსაზრებით თავდაპირველად მიზანშეუწონლად ცნო. საბჭოთა ხელისუფლებამ მეჯლისის ახალი შემადგენლობის არჩევნები 1921 წლის მაისში ჩაატარა. მეჯლისის პირველი სხდომა 1921 წლის 6 ივნისს გაიმართა. ახალი მეჯლისი აჭარის ტერიტორიაზე ხელისუფლების უმაღლეს ორგანოდ გამოცხადდა და მას აჭარის რევოლუციური კომიტეტის უფლებები მიენიჭა. მალე საქართველოს კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობამ მეჯლისის სხვა ორგანოთი ჩანაცვლება გადაწყვიტა. ეს უმტკივნეულოდ მხოლოდ მაშინ მოხდებოდა, თუ მეჯლისის საწინააღმდეგო მოძრაობაში ფართო მასებს ჩააბამდნენ.
აჭარაში ღარიბი გლეხების კომიტეტების („ფუხარა“) შექმნა დაიწყო. ამ კომიტეტის მთავარ ამოცანას ბეგებისა და მოლების გავლენისაგან გლეხთა ფართო მასების განთავისუფლება შეადგენდა. მათ უნდა უზრუნველყოთ აგრეთვე მეჯლისის წინააღმდეგ გლეხთა დარაზმვა (თოიძე 1999: 53). ასეთ პირობებში მეჯლისის მომხრე რევკომებმა ანტისაბჭოთა საქმიანობა დაიწყეს, განსაკუთრებით ქედაში. აქ რევკომის წევრები ამბოხების მეთაურებად მოგვევლინენ. მათ შორის იყვნენ: აბდულ კირილე ზადე (ქედის რევკომის თავმჯდომარე), ქაზიმ ბასილაძე (ქედის რევკომის მდივანი) და ქედის რევკომის წევრები: აბდულ გოგიბერიძე, მერჯან ჩურჩხელ-ოღლი, ჰასან ჰაჯი-ოღლი. მათ მხარს ქედის მილიციის უფროსი რემზი ცინცაძე (ზემი თორნი ზადე) და სანაპირო რაზმის ყოფილი მეთაური რასიმ ნიჟარაძე უჭერდნენ. აღნიშნული ჯგუფის წევრები საიდუმლოდ სოფელ მერისში იკრიბებოდნენ და ცალკეულ სოფლებში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აგიტაციას ეწეოდნენ. ამ ჯგუფის მოქმედებას თანაუგრძნობდნენ მეჯლისის წევრები: ყემბერ კონცელიძე, შაქირ აღა ჩალ-ოღლი, აჰმედ აღა დავითაძე (ველი-ოღლი), სულეიმან ცინცაძე და ჰუსეინ ბეგ ბიბინზადე. ისინი აჭარის მოსახლეობაში აგიტაციას ეწეოდნენ და შეიარაღებულ რაზმებს ქმნიდნენ. მეჯლისის წევრი ჰუსეინ ბეგ ბიბინზადეს (ბიბინეიშვილი), შევქეთ აჭარელის, ალი და უსუფ დავითაძეების თანხლებით სარიჩაირის იაილაში იმყოფებოდა და ოსმალეთის ხელისუფლებასთან აჯანყების შემთხვევაში მოქმედების კოორდინირებაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა. მართლაც, ამბოხებამდე რამდენიმე დღით ადრე სარფი-გონიოს გავლით საჭირო დოკუმენტებითა და ინსტრუქციით აჭარაში სამი პირი შემოვიდა, რომლებიც ამბოხების ორგანიზატორებს დაუკავშირდნენ. ქედის მეჩეთში შეკრებილებმა გადაწყვიტეს ამბოხება, თუნდაც ამას წითელ ჯართან შეტაკება მოჰყოლოდა. წარმატების შემთხვევაში აჯანყების მონაწილეები ბათუმის მიმართულებით შეტევის განხორციელებას გეგმავდნენ. აღნიშნული ჯგუფი მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. განსაკუთრებით პოპულარული იყო მათი მოწოდება: „ძირს აჭარისტანის კომიტეტი“, „ძირს ღარიბთა კომიტეტი“ და „გაუმარჯოს ძველ მეჯლისს“. შეიქმნა შეიარაღებული რაზმი, რომელიც 500-მდე მებრძოლს აერთიანებდა. მას ქედის რევკომის ყოფილი თავმჯდომარე აბდულ მუფთი-ზადე (გოგიბერიძე) და რევკომის რაზმის ყოფილი უფროსი რასიმ ნიჟარაძე მეთაურობდნენ. 1921 წლის 19 სექტემბერს რაზმმა ქედის მიმდებარე მაღლობი დაიკავა, საიდანაც ისინი მილიციის სამმართველოს შენობის აღებას და იქ მყოფი ე.წ. „სანაპირო რაზმის“ („სასაზღვრო რაზმი“) განიარაღებას აპირებდნენ. ქედაში მოქმედი ჯგუფის არსებობა შეიტყო ბათუმის რევკომმა. ამ უკანასკნელმა ქედის მილიციის უფროსად ვინმე არჯევანიძე დანიშნა. 1921 წლის 20 სექტემბერს ამბოხებულებმა ქედის სკოლის შენობა დაიკავეს და მილიციის სამმართველოს შენობას ალყა შემოარტყეს. მათ მილიციის სამმართველოს შენობაში ხუთკაციანი დელეგაცია შეაგზავნეს წერილობითი ულტიმატუმით. ამბოხებულები მოითხოვდნენ, რომ მათ ქვედა აჭარის ტერიტორია დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ, რადგან მეჯლისის მიერ გაცემული რწმუნებულების მანდატი არ გააჩნდათ. არჯევანიძე იძულებული გახდა ულტიმატუმი შეესრულებინა. ამბოხებულებმა ქედა დაიკავეს და მოსახლეობას აჯანყებისაკენ მოუწოდეს. აჭარის საბჭოთა ხელისუფლებამ სასწრაფო ზომები მიიღო მოძრაობის ლოკალიზაციის მიზნით. ქ. ბათუმიდან აჯანყებულთა მიმართულებით ჯავშნოსანი მანქანა და წითელი ჯარის ცხენოსანთა ესკადრონი დაიძრა არალოვის მეთაურობით. 1921 წლის 21 სექტემბერს წითელი ჯარის ნაწილები უკვე ქედის მისადგომებთან იყვნენ. ჯარის ნაწილების გამოჩენით დამფრთხალმა ამბოხებულებმა ქედა დატოვეს. შეტაკებას და მსხვერპლს ადგილი არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ ორმხრივი სროლები იყო. 1921 წლის 25 სექტემბერს ქედაში უკვე სრული სიწყნარე იყო. ამბოხების ორგანიზატორები და რევკომის წევრების ნაწილი ოსმალეთში გაიქცნენ, ნაწილმა კი ტყეებს შეაფარა თავი. რევკომის გაქცეული წევრების ნაცვლად რევკომში ახალი წევრები დანიშნეს. ქედის რევკომის ახალ შემადგენლობაში შევიდნენ: აჰმედ ბერიძე, კურნალ დიასამიძე და შუქრი მახარაძე (მანველიძე 2006: 29-31).
ღარიბთა კომიტეტების წყალობით აჭარის მეჯლისმა როგორც ხელისუფლების ორგანომ არსებობა შეწყვიტა. მას სოფლის საქმეთა დარგში მხოლოდ სათათბირო ორგანოს ფუნქცია დარჩა. ძალაუფლება მთლიანად რევოლუციური კომიტეტების ხელში გადავიდა. 1921 წლის 7-11 ნოემბერს ქ. ბათუმში აჭარის გლეხთა ყრილობა ჩატარდა, რომელმაც მეჯლისი დაშლილად გამოაცხადა და მისი უფლებამოსილება ახლად არჩეულ გლეხთა ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს გადასცა. ყრილობისავე დადგენილებით ამ ორგანოს წითელი მეჯლისი ეწოდა. ფუხარებმა დიდი მუშაობა გასწიეს მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოების არჩევნების დროსაც. ბათუმის საბჭოს არჩევნები 1921 წლის 8 დეკემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს დამთავრდა. ბათუმის საბჭოს პირველი საზეიმო სხდომა 1921 წლის 17 დეკემბერს გაიმართა. საბჭოს თავმჯდომარედ თენგიზ ჟღენტი აირჩიეს (თოიძე 1999: 53-54).
1921 წლის ზაფხულში საზღვარგარეთიდან აჭარაში საგანგებო დავალებით ოფიცერი ჭიჭიკო ხეცია ჩავიდა. მას აჭარაში არალეგალური სახალხო რაზმის ჩამოყალიბება ევალებოდა. ჭ. ხეციას მიერ შექმნილ რაზმში 14 პირი ჩაეწერა. მათი მუშაობა ძირითადად ბათუმის ე. წ. ჭაობისა და ბარცხანის უბნებში იყო კონცენტრირებული. იმავდროულად ქ. კონსტანტინოპოლიდან აჭარაში გენერალი ასლან აბაშიძე ჩავიდა. მან კავშირი დაამყარა როგორც ადგილობრივ პატრიოტებთან, ისე თავის მეგობარ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან. აჭარაში ა. აბაშიძის მეთაურობით ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება მზადდებოდა, მაგრამ ის ვერ განხორციელდა.
1922 წლის 24 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციამ მორიგი დემონსტრაცია მოაწყო. ქ. ბათუმის თვითმმართველობის შენობის წინ ხალხი შეიკრიბა, რომლებმაც ეროვნული დროშები გაშალეს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“ ააჟღერეს. მიტინგის წინააღმდეგ ხელისუფლებამ შეიარაღებული ძალები გამოიყენა, რომლებმაც დემონსტრანტების დარბევა დაიწყეს. ნაცემთა შორის ბევრი ქალი იყო (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #22173, ფურცელი 7). ხელისუფლებამ 350 დემონსტრანტი დააპატიმრა, მათ შორის ქალები. საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) აჭარის კომიტეტმა საიდუმლო დავალება მიიღო, რომლის თანახმად აჭარიდან ბეგების მასიური გასახლება უნდა მომხდარიყო. ბეგები აჭარაში დიდ მიწებს ფლობდნენ, ამიტომ მიწის რეფორმის გატარება მათთვის მიწების ჩამორთმევის გარეშე შეუძლებელი იყო. ბეგებისათვის მიწების ჩამორთმევა დაიწყო, რამაც მათი სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. სწორედ ამ დროს თბილისიდან ბათუმში დამკომმა ივანე შარაშიძე გაგზავნა. მან ბეგების ერთ ნაწილს, კერძოდ, ნური აბაშიძეს, ყადირ აბაშიძესა და დედე ბეჟანიძეს დამკომის წერილი გადასცა, რომელშიც დამკომი ბეგებს აჭარის მოსახლეობის აჯანყების მოწყობისაკენ მოუწოდებდა. დამკომი ბეგებს ასევე თხოვდა გურიაში მყოფ სერგო მათითაიშვილთან კავშირი ჰქონოდათ. აღსანიშნავია, რომ აჭარაში მცხოვრები ბეგების ნაწილი ანტისაბჭოთა მუშაობაში უკვე ჩაბმული იყო. ზოგიერთ მათგანს მჭიდრო კავშირი ჰქონდა დამკომის ბათუმის წარმომადგენელ გენერალ გიორგი ფურცელაძესთან და დამკომის წევრ ვასილ მგალობლიშვილთან.
1924 წლის 10 აგვისტოს ხელისუფლებამ ქედის მაზრის სოფ. მახუნცეთში შაკირ ირემაძის მეთაურობით მოქმედი ანტისაბჭოთა ჯგუფი აღმოაჩინა. შ. ირემაძე დამკომის საქმიანობაში აქტიურად იყო ჩაბმული. შ. ირემაძის ჯგუფი მოსახლეობაში პროკლამაციებს ავრცელებდა და ხალხს აჯანყებისაკენ მოუწოდებდა. შ. ირემაძე თბილისიდან ჩამოსულ დამკომის წევრებს ხშირად ხვდებოდა. 1924 წლის 8 აგვისტოს შ. ირემაძესთან თბილისიდან გივი კახაძე ჩავიდა. გ. კახაძე შ. ირემაძესთან ერთად მოქმედების გეგმას ადგენდა. გ. კახაძეს ასევე ოსმალეთთან კავშირის დამყარება ევალებოდა. ამ მიზნით შ. ირემაძემ გ. კახაძე ხულოში „საბჭოთა ხელისუფლების დაუძინებელ მტერთან“ ჰასან აბდი-ოღლისთან დააკავშირა. ჰასან აბდი-ოღლს გ. კახაძე ოსმალეთში უნდა გადაეყვანა „იქედან საჭირო დახმარების მიღების მიზნით“. 1924 წლის 10 აგვისტოს შ. ირემაძის სახლში მორიგი შეკრების დროს სახლს ჩეკისტებმა ალყა შემოარტყეს. დაიწყო ორმხრივი სროლები. სროლების დროს გ. კახაძე, ჰასან აფაქიძე და კიდევ ორი პიროვნება დაიღუპნენ. საგანგებო კომისიამ შ. ირემაძე შეიპყრო. ჩხრეკის დროს შ. ირემაძის სახლიდან ე.წ. გეგმა ამოიღეს, სადაც „მოქმედების ობიექტები“ იყო აღნიშნული. შ. ირემაძე 1924 წლის 12 სექტემბერს დახვრიტეს.
1924 წლის 6 აგვისტოს საბჭოთა ხელისუფლებამ ქ. ბათუმში საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ გაგზავნილი პირები ვარლამ დარჩია და ნოდარ რურუა დააპატიმრა. ბათუმში მათი ჩასვლის მიზანი იყო „ანტისაბჭოთა მოძრაობის გაჩაღება მუშებს შორის“. შეპყრობისას მათ პროკლამაციები უპოვეს. ვ. დარჩია და ნ. რურუა თბილისში გადააგზავნეს, სადაც ისინი დახვრიტეს (გოგოლიშვილი 2000: 58-60). საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ 1923 წლის დასაწყისში ქუთაისში დასავლეთ საქართველოს კომიტეტი შექმნა მიხეილ გვალიასა და სევერიან ჭირაქაძის შემადგენლობით. იმავე წლის ზაფხულში მათ ელისე პატარიძე შეუერთდა. დასავლეთ საქართველოს კომიტეტს ბათუმში მუშაობაც ევალებოდა. ადრე ბათუმში ვასილ (ვასო) მგალობლიშვილი და ნიკოლოზ მიქელაძე მუშაობდნენ. ქუთაისში ე. პატარიძის ჩასვლის შემდეგ მუშაობა გამოცოცხლდა, მაგრამ ქუთაისიდან მისი გამგზავრების შემდეგ მუშაობა მოდუნდა და ბათუმთან კავშირი გაწყდა (კირთაძე 1998: 234-235).
ქ. ბათუმში და მთელ აჭარაში საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის რწმუნებული სოციალ-დემოკრატი გიორგი (გიზო) ანჯაფარიძე იყო. ის დამკომის რწმუნებულად 1924 წლის აჯანყებამდე ორი თვით ადრე დაინიშნა. აჯანყებისათვის ქ. ბათუმში სამხედრო ორგანიზაციას უნდა ეხელმძღვანელა, რომელიც უშუალოდ თბილისს ემორჩილებოდა. სამხედრო ორგანიზაციას სათავეში ვასილ (ვასო) ჩიტაიშვილი ედგა, რომელმაც დამკომისაგან 600 ლირა მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი აჭარას დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა და იქ ისეთ მუშაობას არ აწარმოებდა, როგორსაც საქართველოს სხვა რეგიონებში (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #377, ტომი #3, ფურცელი 199-201, 208). მიუხედავად ამისა, აჯანყების დროს ბათუმს 300 შეიარაღებული მებრძოლის გამოყვანა ევალებოდა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 14). აჯანყების მზადების პერიოდში აჭარიდან თბილისში გიგა ჩიქოვანი ჩავიდა და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტისაგან სათანადო დირექტივები და 700 მანეთი მიიღო. გ. ჩიქოვანი დამკომის წევრ სამსონ დადიანს შეხვდა, რის შემდეგაც ის ბათუმში დაბრუნდა. აჭარაში სამხედრო ხასიათის ცნობებს სოციალისტ-ფედერალისტი ახვლედიანი კრებდა და გენერალ გ. ფურცელაძეს აწვდიდა (გაზეთი. „კომუნისტი“, თბილისი, 1925, #174). არალეგალურად მომუშავეები წითელი არმიის ქართულ პოლკზე დიდ იმედს ამყარებდნენ, რომელიც ქ. ბათუმში არტილერიის საწყობს იცავდა. მოხერხდა კიდეც იქ მომუშავე ოფიცრების გადაბირება და მათი მეშვეობით არსენალის ხელში ჩაგდება იგეგმებოდა. საბჭოთა ხელისუფლებამ ქართულ პოლკზე ეჭვი მიიტანა და არსენალის დაცვა „უფრო საიმედო ჯარისკაცებით“ შეცვალა. ხელისუფლებამ აჭარაში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის აჭარის ორგანიზაციების ხელმძღვანელების დაპატიმრებები დაიწყო. დააპატიმრეს ქ. ბათუმში სამხედრო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვასილ ჩიტაიშვილი, დასავლეთ საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაური გენერალი სოლომონ ყარალაშვილი, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის რწმუნებული ვიქტორ ცენტერაძე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ (მიხა) საბაშვილი და სხვ.
თავი VII. 1924 წლის აჯანყების მიმდინარეობა და დამარცხება
$ 1. იმერეთი (შორაპნის მაზრა. ქუთაისის მაზრა)
1924 წლის 14 აგვისტოს შორაპნის მაზრის საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია მოსალოდნელი აჯანყების შესახებ. ხელისუფლების ინფორმაციით აჯანყება 1924 წლის 15 აგვისტოდან 1924 წლის 25 აგვისტომდე უნდა მომხდარიყო. ინფორმაციის მიღებისთანავე შორაპნის მაზრის პარტიულმა კომიტეტმა ალექსანდრე ვაშაძეს დაავალა ყოველდღიურად 20-30 კომუნარი გამოეყვანა და ქ. ჭიათურა სათანადოდ გაემაგრებინა. ანალოგიური განკარგულება გაიცა ქ. ზესტაფონის დასაცავად. 1924 წლის 25 აგვისტოს შორაპნის მაზრის პოლიტბიუროსთან შეთანხმებით კომუნარები სახლებში დააბრუნეს. 1924 წლის 26 აგვისტოს ჭიათურის აღმასკომის თავმჯდომარე ტარასი მგალობლიშვილი, შორაპნის მაზრის საგანგებო კომისიის უფროსი გრიგოლ (გრიშა) ლომიძე, საკონტროლო კომისიის რწმუნებული მიქაძე, კომუნალური განყოფილების გამგე ბურჯანაძე, დამზღვევი კასის გამგე ჭაოშვილი, ერთი მილიციელის თანხლებით, ამაშუკეთის რაიონში გზების დასათვალიერებლად და იქ კომუნისტებს შორის მომხდარი ინციდენტის გამოსარკვევად გაემგზავრნენ. 26 აგვისტოს დღის 2 საათზე ისინი უკვე სოფ. ამაშუკეთში იმყოფებოდნენ. სოფ. ამაშუკეთში მათ კომუნისტების კრება მოიწვიეს, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გაარკვიეს. 1924 წლის 26აგვისტოს ღამეს ხსენებული დელეგაცია სოფ. შროშაში გაემგზავრა. 27 აგვისტოს დილას ისინი სოფ. შროშის მაღაროებისაკენ გაემგზავრნენ და იქ მაღაროს მუშების მდგომარეობას ადგილზე გაეცვნენ. სოფ. შროშადან დელეგაცია ქ. ჭიათურისაკენ გაემართა და 27 აგვისტოს საღამოს 5 საათისათვის უკვე ადგილზე იყო. ჭიათურის აღმასკომის თავმჯდომარე ტ. მგალობლიშვილი პარტკომის შენობის გვერდით მდებარე ოთახში მოთავსდა დასაძინებლად. 1924 წლის დილის 3 საათზე ტ. მგალობლიშვილთან პოლიტბიუროს უფროსი გ. ლომიძე მივიდა და აუწყა, რომ ერთ საათში სოციალ-დემოკრატები ქ. ჭიათურაზე თავდასხმას და პარტკომის მდივნის, აღმასკომის თავმჯდომარის, საგანგებო კომისიის უფროსისა და შორაპნის მაზრის მილიციის უფროსის გატაცებას გეგმავდნენ. ინფორმაციის მიღებისთანავე ტ. მგალობლიშვილმა გ. ლომიძეს დაავალა ჩონის ყოფილ თანამშრომელ კარანაძესთან წასულიყო, რათა მას კომუნარები შეეკრიბა. ერთი საათის შემდეგ 30-მდე კომუნარი უკვე პარტკომის შენობასთან იმყოფებოდა, თუმცა მათ უმეტესობას ვაზნები არ გააჩნდა. ვაზნები ჩონის ყოფილ შენობაში ინახებოდა. ამიტომ ტ. მგალობლიშვილმა გასცა განკარგულება საწყობი გაეტეხათ და ვაზნები კომუნარებისათვის დაერიგებინათ. კომუნარების ნაწილი ვაზნების მისაღებად გაემართა, ნაწილმა კი პარტკომის შენობის მიდამოებში სადარაჯოები დაიკავა.
1924 წლის 27 აგვისტოს ოთხშაბათს ქ. ჭიათურაში გიორგი წერეთელი ჩავიდა. იმავე საღამოს აჯანყებულებმა შუქრუთელ კომუნისტებს იარაღი აყარეს, დააპატიმრეს და კოოპერატივის შენობაში მოათავსეს. ამის შემდეგ აჯანყებულები ქ. ჭიათურისაკენ გაემართნენ. 1924 წლის 28 აგვისტოს დილის 4 საათზე აჯანყებულები ჭიათურაში გიორგი წერეთლის მეთაურობით შეიჭრნენ. პირველად მათ იმ შენობას მიაშურეს, რომელშიც მუშათა საგანგებო რაზმი (ჩონი) იყო განლაგებული და სადაც რამდენიმე შაშხანა (კარაბინი) ვაზნებითურთ, ბომბები და ერთი ტყვიამფრქვევი ინახებოდა. აჯანყებულებმა დაიწყეს ყვირილი: „დაყარეთ იარაღები!“ კომუნარებმა, რომლებმაც მოასწრეს ვაზნების მიღება, აჯანყებულებს სროლით უპასუხეს. კომუნარების ნაწილი ჩონის შენობაში შევარდა, ნაწილი კი სადგურის მიმართულებით გაიქცა. სროლების დროს აჯანყებულებმა კომუნისტი სოფრომაძე მოკლეს. ა. ვაშაძემ, ტ. მგალობლიშვილმა, გ. ლომიძემ და რიგითმა მილიციელებმა მილიციის შენობას შეაფარეს თავი. ისინი დანებებას არ აპირებდნენ, მაგრამ აჯანყებულმა ლადია ვაშაძემ როგორც კი ყუმბარა შენობის შიგნით შეაგდო (ყუმბარა არ გასკდა) მათ იარაღი დაყარეს. ქ. ჭიათურა მთლიანად აჯანყებულების ხელში აღმოჩნდა. აჯანყებულებმა მოახერხეს იარაღის საწყობის ხელში ჩაგდება, რის შედეგადაც მათ ხელში 200-მდე შაშხანა და ბომბები აღმოჩნდა. დაპატიმრებულები აჯანყებულებმა სამაზრო პროფესიული ბიუროს შენობაში მოათავსეს. მოგვიანებით აჯანყებულებმა დაპატიმრებულები გადაარჩიეს და პოლიტბიუროს შენობაში გადაიყვანეს (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 130-131). აჯანყებულებმა ხელში ჩაიგდეს პროფკავშირის შენობა მისივე თანამშრომლებითურთ. კომუნისტმა ვალიკო შავგულიძემ შორაპნის მიმართულებით გაქცევა მოახერხა, რათა დამხმარე ძალა ჭიათურის მიმართულებით დაეძრა (სუიცსა, ფონდი #285, აღწერა #1, საქმე #1069, ფურცელი 27ა). ჭიათურის დაკავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო გამოცდილმა ოფიცერმა კონსტანტინე ჩაჩანიძემ. 1924 წლის 28 აგვისტოს კ. ჩაჩანიძე სოფ. ტეხისში გამოცხადდა. მის განკარგულებაში 20 მებრძოლი იყო. კ. ჩაჩანიძემ თავისი რაზმით პარტიული კომიტეტისა და საავადმყოფოს დაკავება მოახერხა. ქ. ჭიათურის აღების შემდეგ აჯანყებულთა რიცხვმა 200 მიაღწია. შეიარაღებულ ძალებს, მთავარი ხელმძღვანელის სიმონ წერეთლის მოსვლამდე სწორედ კ. ჩაჩანიძე ხელმძღვანელობდა. ს. წერეთლის მოსვლის შემდეგ კ. ჩაჩანიძე ქ. ჭიათურის კომენდანტად დაინიშნა. კ. ჩაჩანიძე კომენდანტის ფუნქციების შესრულებას შეუდგა. ჭიათურაში აჯანყებულებმა ხელში ჩაიგდეს კომუნისტები: ტარასი მგალობლიშვილი, გრიგოლ (გრიშა) ლომიძე, ჭაბუკი მიშველიძე, მიხაკო კავთელაძე, ალექსანდრე ვაშაძე, სეფე ბუაძე, ვარლამ მასხარაშვილი, ონისიმე მოდებაძე, ილიკო წაქაძე, დავით კიღურაძე, ივანე ლომთათიძე, ვანო მოდებაძე, კოწია პოპოვი, ირაკლი ჯაოშვილი და სხვ. პროფკავშირის შენობაში მოთავსებული პატიმრების ყარაულის უფროსად დავით კონსტანტინეს ძე ლეჟავა დაინიშნა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #25153, ტომი #4, ფურცელი 10-11, 22-23, 196). აჯანყებულებმა ჭიათურის მანგანუმის წარმოების დამზღვევი სალაროდან 20 000 მანეთი გაიტაცეს, პროფკავშირების სალაროდან - 400 მანეთი, სამაზრო მილიციის სალაროდან - 258 მან. და 80 კაპიკი (სუიცსა, ფონდი #285, საქმე #1069, აღწერა #1, ფურცელი 27ა). აჯანყებულებმა ქ. ჭიათურის კოოპერატივის დარაჯად ივანე სერგოს ძე წერეთელი დანიშნეს (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #25153, ტომი #4, ფურცელი 46-47). 1924 წლის 28 აგვისტოს დილის 10 საათისათვის აჯანყებულები ვაშას ძახილით რკინიგზის სადგურ ჭიათურაში შეიჭრნენ და ყველა იქ მყოფს ხელები ააწევინეს (გაზეთი. „კომუნისტი“, თბილისი, 1924, #202). აჯანყებულები ჭიათურიდან შორაპნისაკენ გაემართნენ და შორაპანთან ახლოს რკინიგზის ლიანდაგები აყარეს. ერთი საათის შემდეგ შორაპნიდან ორთქმავალი გამოვიდა, რომელსაც შეიარაღებული კომუნარები მოჰყავდა ჭიათურის მიმართულებით. მემანქანემ დროზე შენიშნა მწყობრიდან გამოყვანილი ლიანდაგი და დაამუხრუჭა. ამ დროს იქვე ჩასაფრებულმა აჯანყებულებმა ორთქმავალს ცეცხლი გაუხსნეს. ორთქმავალი უკან გაბრუნდა. სროლისას არავინ დაშავებულა (ვაშაძე 2009: 106). ჭიათურაში აჯანყებულთა მხარეზე გმირულად ორი ქალი იბრძოდა - ნინა წერეთელი და იულია გაფრინდაშვილი. ჭიათურელმა აჯანყებულებმა 40 კაცი პავლე (პავლუშა) ვაშაძისა და გრიგოლ (გრიშა) გამყრელიძის მეთაურობით საჩხერეში გაგზავნეს, მაგრამ საჩხერე უკვე ადგილობრივ აჯანყებულებს ჰქონდათ დაკავებული (ჩუბინიძე 1953: 271-272).
ჭიათურაში დროებითი მთავრობა შეიქმნა, რომელსაც სათავეში გიორგი წერეთელი ჩაუდგა. მან ჭიათურის კომენდანტებად კონსტანტინე (კოწია) ჩაჩანიძე და ეკო (ემელიანე) წერეთელი დანიშნა, მილიციის უფროსად - გ. ჩაჩანიძე, ფოსტა- ტელეგრაფის კომისრად - ბარნაბა ჩუბინიძე (ენდელაძე 2004: 15). აჯანყებულებმა სოფ. შუკინეთში წესრიგის დასაცავად ტიტე (დიმიტრი) ჩაჩანიძე გაგზავნეს. სოფ. შუკინეთში დაპატიმრებული კომუნისტების დარაჯად გრიგოლ ლეონტის ძე ჩაჩანიძე დაინიშნა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #25153, ტომი #4, ფურცელი 55, 65). ჭიათურის რაიონის სოფლებიდან თბილისში მოდიოდა ინფორმაცია ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლების დაპატიმრების თაობაზე. სოფ. ქვაციხეში აღმასკომის თავმჯდომარედ აჯანყებულებმა მელიტონ ჩუბინიძე დანიშნეს, სოფ. კაცხში - ფილიპე ცერცვაძე, სოფ. დიდი რგანში - კონსტანტინე (კოწია) ხვედელიძე, სოფ. პატარა რგანში - პორფილე სამყურაშვილი, სოფ. ხრეითში - სეით ცერცვაძე, სოფ. წირქვალში - კოლია გაფრინდაშვილი (ჩუბინიძე 1953: 271). საჩხერის აღებაში განსაკუთრებით ანდრო მაჭავარიანი აქტიურობდა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #25153, ტომი #4, ფურცელი 49). საჩხერის რაიონი აჯანყებულებს ორი დღის განმავლობაში ეკავათ. საჩხერის რაიკომის მდივანმა, როგორც კი აჯანყებულთა მიერ ქ. ჭიათურის დაკავების შესახებ შეიტყო, რაჭაში გადასვლა მოახერხა, აღმასკომის თავმჯდომარემ - სამხრეთ ოსეთში. რაჭიდან და სამხრეთ ოსეთიდან საჩხერის მიმართულებით კომუნარები გაემართნენ. რაჭიდან და სამხრეთ ოსეთიდან წამოსული კომუნარები საჩხერეში შევიდნენ. აჯანყებულები მთების მიმართულებით მიიმალნენ. მოგვიანებით მათი უმრავლესობა დააპატიმრეს, ნაწილი კი საბჭოთა ხელისუფლებას თვითონ ჩაბარდა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 132).
ზესტაფონის რაიონის საბჭოთა ხელისუფლებამ მოსალოდნელი აჯანყების შესახებ წინასწარ იცოდა, ამიტომაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმე „საეჭვო“ პირი დააპატიმრა, რის შედეგადაც ზესტაფონში 1924 წლის აჯანყება არ მომხდარა. ქ. ზესტაფონს აჯანყების დღეებში საფრთხე სვირის რაიონში მყოფი აჯანყებულების მხრიდან დაემუქრა, ამიტომაც ზესტაფონი სათანადოდ გაამაგრეს. ხორაგაულის (ხარაგაულის) რაიონში 1924 წლის აჯანყებას ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მასობრივი დაპატიმრებები მაინც განხორციელდა. ამაშუკეთის რაიონში 1924 წლის აჯანყებას ადგილი არ ჰქონია. ამაშუკეთის რაიონის კომუნარებმა ჭიათურიდან გაქცეული აჯანყების რამდენიმე ხელმძღვანელის დაპატიმრება მოახერხეს.
აჯანყების დღეებში ჭიათურიდან და საჩხერიდან გაგზავნილმა აჯანყებულთა რაზმებმა კორბოულის რაიონის ხელმძღვანელი პირები განაიარაღეს და ერთი დღით კორბოულის რაიონს დაეპატრონენ. თუმცა აჯანყებულები კორბოულის რაიონიდან მალევე განდევნეს (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 132). აჯანყებულების მიერ ჭიათურის საბოლოოდ დაკავებამდე საბჭოთა საქართველოს ხელისუფლება ჭიათურის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ტელეფონით დაუკავშირდა. მიღებული ინფორმაციის შედეგად თბილისში შექმნილ ვითარებაში გაერკვნენ. ჭიათურაში სამხედრო კურსანტთა რაზმი და დასაზვერად აეროპლანი გაიგზავნა. ღრუბლიანობის გამო აეროპლანმა უღელტეხილზე გადაფრენა მხოლოდ 1924 წლის 29 აგვისტოს დილით მოახერხა. 1924 წლის 29 აგვისტოს ღამის სამი საათისათვის კურსანტთა რაზმი ჭიათურას 5 ვერსზე მიუახლოვდა. ამ დროისათვის ჭიათურის მისადგომებთან თავი მოიყარეს კომუნართა რაზმებმა ქუთაისიდან და ზესტაფონიდან, სულ 50-60 კაცმა. 29 აგვისტოს დილის 8 საათზე აეროპლანი ქალაქ ჭიათურის თავზე გამოჩნდა. აჯანყებულებს ის ინგლისური ეგონათ და მოსახლეობას არწმუნებდნენ: აეროპლანში ნ. ჟორდანია ზის, რომლითაც იგი თბილისში ჩამოფრინდაო. აეროპლანმა ძირს დაშვება დაიწყო და აჯანყებულებს ტყვიამფრქვევის ცეცხლი დაუშინა (გაზეთი. „საქართველოს რესპუბლიკა“, თბილისი, 1991, #33).
1924 წლის 28 აგვისტოს დილის შვიდის ნახევარზე შორაპნის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტის ინსტრუქტორმა გერონტი კიკნაძემ მაზრის მილიციის უფროსს ქალაქ ჭიათურაში აჯანყებულების შეჭრის თაობაზე შეატყობინა. შორაპნის მაზრის მილიციის უფროსმა ზესტაფონიდან დამხმარე ძალის მოსვლის შემდეგ ჭიათურის მიმართულებით წასვლა გადაწყვიტა. მან სადგურ სალიეთთან თავისი ძალები ორი მიმართულებით გაშალა. შორაპნის მაზრის მილიციის უფროსის განკარგულებაში მყოფი შეიარაღებული ძალების პირველი შეტაკება აჯანყებულებთან სოფ. კაცხთან მოხდა. აჯანყებულები გაიქცნენ. ჭიათურის მაღლობამდე მისულ შორაპნის მაზრის მილიციის უფროსის რაზმს აჯანყებულებმა ყოფილი პოლკოვნიკის დავით ნოზაძის მეთაურობით ალყა შემოარტყეს. დაიწყო ორმხრივი სროლები. ბრძოლა 28 აგვისტოს საღამოს შვიდ საათამდე გაგრძელდა. სროლების შედეგად მილიციელებს ერთი მებრძოლი დაეჭრათ, გვარად მენაბდე. მილიციის უფროსმა გადაწყვიტა სამი კომუნარის თანხლებით სადგურ სალიეთში დაბრუნება. სადგურ სალიეთში შორაპნის მაზრის მილიციის უფროსმა თბილისიდან დეპეშით დამხმარე ძალები გამოითხოვა. საღამოს 9 საათზე ჩეკისტთა რაზმი მარქაროვის მეთაურობით და ჩეკისტთა მეორე რაზმი ჟორჟიკ ქავთარაძის მეთაურობით მოვიდა. გადაწყდა გაერთიანებული ძალებით ჭიათურაზე შეტევა განეხორციელებინათ. ჭიათურისაკენ მიმავალი ხელისუფლების შეიარაღებული ძალები სოფ. ქვაციხეში აჯანყებულებს თავს დაესხნენ. შეტაკების დროს რამდენიმე აჯანყებული ხელისუფლებას ტყვედ ჩაუვარდა, ზოგი კი ბრძოლაში დაიღუპა. 29 აგვისტოს დილის 9 საათზე ხელისუფლების შეიარაღებული ძალები ჭიათურას ერთი ტყვიამფრქვევით მიადგნენ, ქალაქში შეიჭრნენ და პირველ რიგში მილიციისა და საფინანსო განყოფილების შენობები დაიკავეს. შეტაკების შემდეგ აჯანყებულებმა ჭიათურა დატოვეს. 1924 წლის 29 აგვისტოს საღამოს 8 საათისათვის ჭიათურიდან აჯანყებულები მთლიანად განდევნეს (სუიცსა, ფონდი #285, აღწერა #1, საქმე #1069, ფურცელი 26ა). ჭიათურაში მომხდარ შეტაკებაში აჯანყებულებთა მხრიდან დაიღუპნენ: ანტონ ბერიძე, მამუკა აბაშიძე, ვლადიმერ ნადირაძე, გიორგი გუჯეჯიანი, ვლადიმერ (ელო) ლილუაშვილი, ნიკოლოზ (კოლია) ჩაჩანიძე, ალექსანდრე გაფრინდაშვილი, ივანე ფხალაძე, ერემია ცერცვაძე, ტიხონ წერეთელი, თეოფილე და ნიკიტა კავთელაძეები, პარმენ სამხარაძე, არჩილ არაბიძე, ვლადიმერ (ვალიკო) არსენაძე, ტიტიკო საყვარელიძე (ენდელაძე 2004: 16).
ჭიათურიდან უკან დახევის შემდეგ აჯანყებულებმა ჭიათურელი კომუნისტები გაიტაცეს: ბიტოლი ლეჟავა, ჭაბუკ მიშველიძე, ალექსანდრე სიმონის ძე ვლაშაძე, ტარასი მგალობლიშვილი, ისააკ მიქაძე (ყოფილი სოციალ-დემოკრატი), სეფე ჭეიშვილი, ვარლამ მასხარაშვილი, მიხეილ ლომიძე, ირაკლი ჯაოშვილი, მიხეილ (მიშა) კავთელიძე, ფილიმონ ლაბაძე, დავით (დათიკო) მაჭარაშვილი და ონისიმე მოდებაძე. აჯანყებულებმა გატაცებული კომუნისტები სოფ. პერევისაში გაათავისუფლეს (გაზეთი. „კომუნისტი“, თბილისი, 1924, #202).
აჯანყებულთა ნაწილმა გრიგოლ ვაშაძის მეთაურობით სოფ. ზოდისაკენ წასვლა გადაწყვიტა. სოფ. დარკვეთის სადგურის მისადგომთან მათ ი. ტალახაძის შეიარაღებულმა რაზმმა ცეცხლი გაუხსნა. აჯანყებულებმა სროლითვე უპასუხეს. სროლა თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. აჯანყებულებმა ტყეში მიმალვა უდანაკარგოდ მოახერხეს. ამის შემდეგ აჯანყებულებმა ღამით სოფ. კაცხისაკენ წასვლა გადაწყვიტეს. სწორედ ამ დროს აჯანყებულების სიახლოვეს ალექსანდრე ვაშაძის შეიარაღებული რაზმი განლაგდა (სულ 40 კაცი). ა. ვაშაძემ აჯანყებულებს დანებების მოთხოვნით გიორგი (გოგია) მამულაიშვილი მიუგზავნა, რაზედაც აჯანყებულებმა თანხმობა განაცხადეს (ვაშაძე 2009: 107-114).
აჯანყებულთა წინააღმდეგ მოქმედების კოორდინირების მიზნით ხაშურიდან სამტრედიისაკენ დრეზინა გაემართა, რომელშიც იმყოფებოდნენ კომუნისტები: ვანო სტურუა, რუბენი და ტარობკინი. აჯანყებულებმა ტელეგრაფისტის მეშვეობით ეს ამბავი გაიგეს და სოფ. მუხიანთან ჩასაფრება მოაწყვეს, დრეზინა გააჩერეს და მგზავრები შეიპყრეს. აჯანყებულებმა დაპატიმრებულები ვანის მიმართულებით წაიყვანეს, რომლებიც მას შემდეგ გაათავისუფლეს, როცა აჯანყება პრაქტიკულად დამარცხდა.
1924 წლის 29 აგვისტოს 11 საათზე ქ. ჭიათურაში ჯარით ი. ტალახაძე ჩავიდა. ი. ტალახაძემ კომუნარებს ვაზნები მიაწოდა. იმავე დღეს კომუნარებისაგან სათანადო რაზმები შეიქმნა, რომლებიც ქ. ჭიათურიდან ყველა მიმართულებით აჯანყებულების დასაჭერად გაიგზავნენ. მთლიანად შორაპნის მაზრაში აჯანყების დროს 16 აჯანყებული, 4 კომუნარი და 7 წითელარმიელი დაიღუპა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 131-133).
ვანის რაიონში (ქუთაისის მაზრა) აჯანყებულთა გამოსვლა 1924 წლის 29 აგვისტოს დაიწყო. აქ აჯანყების საერთო ხელმძღვანელი სერგო თვალაბეიშვილი იყო, პოლიტიკური - ამბერკი ადეიშვილი (დვალიშვილი 2006: 68). ვანის რაიონში აჯანყების სათავეში ასევე იდგნენ: ფერშალი პოლიკარპე ნაფეტვარიძე, ანდრიუშა კიკნაძე, კონსტანტინე (კოწია) ბაქრაძე და სხვ. (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #43, ფურცელი 3). აჯანყებულებმა შეტევა დაიწყეს სოფლებიდან: ყუმური, ზედა ბზვანი, ქვედა ბზვანი. აჯანყებაში ასვევ ჩაებნენ სოფლები ინაშაური, ამაღლება და დვალიშვილების თემი. დვალიშვილების თემში აჯანყებულებს იოველ დვალიშვილი ხელმძღვანელობდა. მათ გაათავისუფლეს სოფლები: ისრითი, დიხაშხო, საქარხიდე. ი. დვალიშვილის რაზმს მოხალისეები ემატებოდნენ. ისინი ჩავიდნენ სოფ. ამაღლებაში, სადაც შეთანხმების მიხედვით თავი უნდა მოეყარა ყველა აჯანყებულს (დვალიშვილი 2006: 68). ა. ადეიშვილის რაზმი დაეუფლა სოფლებს: საპაიჭაოს, მუქეთსა და ტობანიერს. ამ სოფლების დაკავების შემდეგ აჯანყებულებმა ვანის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის შენობა დაიკავეს. შენობაში ვანის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე კოღუაშვილი იმყოფებოდა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #2520, ფურცელი 273). ა. კოღუაშვილმა ა. ადეიშვილი დაჭრა, საპასუხო გასროლით ა. ადეიშვილმა კიკოღუაშვილი მოკლა (დვალიშვილი 2006: 69). აჯანყებულებმა შეტაკების დროს ასევე კომუნისტი ვალოდია ახვლედიანი მოკლეს, აჯანყებიდან მესამე დღეს სიცოცხლეს კომუნისტი არტემ ლომინაძე გამოასალმეს. მომდევნო დღეს აჯანყებულებმა სოფ. პატრიკეთში 4 კომუნარი მოკლეს, სოფ. სულორში - ვანის რაიონული ინსტრუქტორი ერმილე ძაგნიძე (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #2520, ფურცელი 273). ს. თვალაბეიშვილმა და ა. ადეიშვილმა დაპატიმრებული კომუნისტები სოფ. ამაღლებაში პარკის საწყობის საშრობში მოათავსეს და დაცვა დაუყენეს. აჯანყებულებს განზრახული ჰქონდათ მდინარე რიონზე გადასულიყვნენ, ერთიანიძალით აეღოთ ყველა სოფელი ქუთაისამდე და შემდეგ იერიში ქუთაისზე მიეტანათ. საპრასია-უხუთის რაზმს გრიგოლ ხურციძე მეთაურობდა. ისინი საპრასია-უხუთის გათავისუფლების შემდეგ სოფ. ბაღდათში გადავიდნენ, აქედან კი - სვირში და იქ არსებული რკინიგზა გადაკეტეს (დვალიშვილი 2006: 70). ამბერკი ადეიშვილმა სამტრედია-მუხიანის მიმართულებით ბრძოლით დაიკავა სოფლები: ბაში, საყულია, მუხიანი. მოგვიანებით ა. ადეიშვილი სოფ. პატრიკეთში (ქუთაისის რაიონი) შეიჭრა. ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ აჯანყებულებმა სოფ. პატრიკეთი დაიკავეს. კომუნარი დომენტი ვაჩაბერიძე ბრძოლის დროს დაიღუპა. აჯანყებულები სოფ. უკანეთში შეიჭრნენ და კომუნარ გვანცელაძეს თავს დაესხნენ,
ის დაჭრეს, მისი ცოლი კი მოკლეს. სოფ. უკანეთში ბრძოლის დროს ორი კომუნარი დაიჭრა. ხელისუფლების ადგილობრივი მოხელეებიდან ზოგი ტყვედ ჩაუვარდა აჯანყებულებს, ზოგმა კი გაქცევა მოახერხა (სუიცსა, ფონდი #285, საქმე #1069, აღწერა #1, ფურცელი 54). ა. ადეიშვილის შეიარაღებული რაზმი 200 კაცამდე გაიზარდა. აჯანყებულები სოფ. გეგუთთან დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ, ვინაიდან კომუნისტ თემურხან პაპიაშვილს ქუთაისიდან დამხმარე ძალა მოუვიდა. თ. პაპიაშვილის რაზმს აჯანყებულებმა იოველ დვალიშვილისა და ვასილ ახვლედიანის მეთაურობით ორი მხრიდან შეუტიეს. დაიწყო სასტიკი ბრძოლა. ამ ბრძოლაში აჯანყებულთაგან სასიკვდილოდ დაიჭრნენ: ბენია ტყეშელაშვილი და მიხა ძიგრაშვილი. აჯანყებულებმა გეგმა შეცვალეს და გადაწყვიტეს ქუთაისზე შეტევა სოფ. უკანეთიდან დაეწყოთ. მათ ბრძოლით დაიკავეს სოფლები მესხეთი და ბაკისუბანი. საერთო გეგმის მიხედვით აჯანყებულებს ქუთაისზე ლეჩხუმის მხრიდანაც უნდა შეეტიათ. აჯანყებულებმა მიიღეს ცნობა, რომ მათ წინააღმდეგ ქუთაისელი კომუნისტები და რუსული წითელი ჯარის ნაწილები მოემართებოდნენ. სამტრედია ადგილობრივმა აჯანყებულებმა მძიმე ბრძოლების შემდეგ დაიკავეს. სოფ. ჯიხაიშთან ბრძოლის დროს ბოლშევიკებმა იარაღი დაყარეს და აჯანყებულებს ჩაბარდნენ (დვალიშვილი 2006: 71-72).
ბაღდათის რაიონში აჯანყებას მეთაურობდნენ: ანდრო კიკნაძე, კონსტანტინე (კოწია) ბაქრაძე, აბესალომ თავხელიძე, ვანიკო გებუაძე. ბაღდათის რაიონში მყოფმა კომუნისტებმა შეიარაღებული ძალების სიმცირის გამო სოფ. სვირის მიმართულებით დაიხიეს. ამ გარემოებამ აჯანყებულებს საშუალება მისცა ბაღდათისა და ვანის რაიონებში თავისუფლად ემოქმედათ, სადაც ისინი ძალაუფლებას ორი დღის განმავლობაში ფლობდნენ (სუიცსა, ფონდი #285, საქმე #1069, აღწერა #1, ფურცელი 34, 54).
აჯანყების დაწყებამდე ხრესილისა და ტყიბულის რაიონების ხელმძღვანელად ვინმე კუპრაშვილი დაინიშნა. მან ალიმ დარახველიძეს სასწრაფოდ რაზმის შექმნა დაავალა. კუპრაშვილის გეგმით აჯანყებულებს ტყიბული ხრესილის მხრიდან შეტევით უნდა აეღოთ. კუპრაშვილი ა. დარახველიძეს სოფ. გურნის დაკავებას ავალებდა. ა. დარახველიძემ სოფ. გურნი დაიკავა და კომუნისტები განაიარაღა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #27497-07, ფურცელი 5, 19).
ხრესილში აჯანყებულების წინააღმდეგ კომუნარების რაზმს ეზეკია კუბლაშვილი ჩაუდგა სათავეში (გაზეთი. „მოწამეთა“, თბილისი, 1990, #7-8). სოფ. კაცხში აჯანყებას შალვა ისმაილის ძე კუპატაძე მეთაურობდა. სოფ. რგანში აჯანყებულებმა ძალაუფლების ხელში აღების პარალელურად კომუნისტებს იარაღი ჩამოართვეს, რომელიც სოფლის სკოლის შენობაში შეინახეს და შემდეგ ხალხს დაურიგეს. ჩხარში აჯანყებულებს ალექსანდრე არაბიძე მეთაურობდა. ჩხარში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: კლემენტი კუტივაძემ, კაკოლი არაბიძემ, მიხეილ (მიშა) ხიდისბეგიშვილმა, ლეუშკი მესხმა, დავით (დათიკო) სოფრომაძემ, სეფე კახიძემ და სხვ. სულ ოცამდე აჯანყებულმა. ჩხარში მათთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია. 1924 წლის 31 აგვისტოს კი ქ. ჭიათურიდან ჩხარის მიმართულებით საბჭოთა ხელისუფლებამ 85 კომუნარი გაგზავნა, ზესტაფონიდან ჩხარის მიმართულებით კი წითელი ჯარი დაიძრა. ამ ძალებმა ჩხარის რაიონიდან აჯანყებულები განდევნეს. აჯანყებულების ნაწილი დააპატიმრეს, ნაწილმა კი მიმალვა მოახერხა. ჩხარის რაიონში აჯანყებაში მონაწილეობა 100-მდე გლეხმა მიიღო (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #25153, ტომი #4, ფურცელი 83).
1924 წლის 28 აგვისტოს ღამეს სოფ. ორპირის კანცელარიასთან ლუკა კუპრაშვილის მეთაურობით 11-მდე შეიარაღებული აჯანყებული შეიკრიბა. მეორე დღეს 29 აგვისტოს აჯანყებულებსა და კომუნარებს შორის შეტაკება მოხდა, რომლის დროსაც აჯანყებულთა მეთაური ლუკა კუპრაშვილი დაიღუპა, აჯანყებული კაპიტონ დოღონაძე კი დააპატიმრეს. დანარჩენი აჯანყებულები გაიქცნენ (გაზეთი. „მუშა და გლეხი“, თბილისი, 1924, #38). სამტრედიის რაიონის სოფ. გომში და ხონის რაიონის სოფ. მათხოჯში აჯანყებამდე ცოტა ხნით ადრე ადგილობრივმა ხელისუფლებამ მასობრივი დაპატიმრებები განახორციელა. გომსა და მათხოჯში აჯანყებულები მეზობელი სოფლებიდან შეიჭრნენ.
1924 წლის ოქტომბერში სოფ. საპაიჭაძეოში ა. ადეიშვილისა და ს. თვალაბეიშვილის რაზმს მილიციისა და კომუნარების 300 კაციანი რაზმი დაესხა თავს. სროლების დროს მილიციელებმა შეცდომით სამი თავისიანი დაჭრეს. აჯანყებულთა შეპყრობა ვერ მოხერხდა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #2520, ფურცელი 373). სოფ. ბაშში (ქუთაისის მაზრა) აჯანყებულებმა შორაპნის მაზრის მილიციის უფროსი მელიტონ ჟორჟოლიანი დააპატიმრეს (ავადმყოფობის გამო ამ დროს შვებულებაში იმყოფებოდა). მ. ჟორჟოლიანმა მოახერხა მისი დაპატიმრების ამბავი ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლებისათვის ეცნობებინა. მ. ჟორჟოლიანის გათავისუფლება 1924 წლის 31 აგვისტოს დილით მოხერხდა. გათავისუფლების შემდეგ მ. ჟორჟოლიანმა სოფ. ბაშში აჯანყებულების წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო. მან ამბერკი ადეიშვილის რაზმის 6 ცხენოსანი შეიპყრო, მათ იარაღი აჰყარა და ისინი სადგურ მუხიანში მყოფ კურსანტების სკოლის კომისარს მარქაროვს გადასცა. 2 სექტემბერს მ. ჟორჟოლიანმა მარქაროვთან ერთად ვანის გათავისუფლებაში მიიღო მონაწილეობა (სუიცსა, ფონდი #285, აღწერა #1, საქმე #1069, ფურცელი 40-40ა).
ალიმ დარახველიძემ სოფელში კომუნარების შემოსვლისთანავე თავის რაზმთან ერთად გურნი დატოვა და სოფ. ძმუისში დაბანაკდა. ა. დარახველიძე გეორგობიანთან ერთად გაიქცა და ჯერ ხრესილის რაიონში შემდეგ კი ლეჩხუმში იმალებოდა. 1924 წლის სექტემბრის ბოლოს ა. დარახველიძე ქუთაისის პოლიტბიურომ დააპატიმრა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #27497-07, ფურცელი 9, 19). 1924 წლის აჯანყების დროს იმერეთში საბჭოთა ხელისუფლების 19 წარმომადგენელი დაიღუპა (იხ. დანართი #2).
გამოსვლები ქუთაისის მაზრაში 1924 წლის 7 სექტემბერს სრულად იქნა ლიკვიდირებული, რომლის შემდეგ აჯანყებულთა დაპატიმრების პროცესი დაიწყო (სუიცსა, ფონდი #285, აღწერა #1, საქმე #1069, ფურცელი 34). ქუთაისის მაზრაში აჯანყებაში მონაწილეობა 1120 კაცმა მიიღო (სუიცსა, ფონდი #285, საქმე #1069, აღწერა #1, ფურცელი 34, 54).
$ 2. სამეგრელო (სენაკის მაზრა. ზუგდიდის მაზრა)
1924 წლის აჯანყების წინა დღეებში სენაკის მაზრის დამოუკიდებლობის კომიტეტმა მაზრის ყველა რაიონში აჯანყების ხელმძღვანელად დანიშნული პირები შეკრიბა. შეკრებაზე გაირკვა, რომ აბაშის, ბანძისა და სალხინოს რაიონებში აჯანყების მოსამზადებელი სამუშაოები კარგად იყო ჩატარებული. საპირისპირო ვითარება იყო მარტვილისა და ნოქალაქევის რაიონებში. ამიტომ სალხინოსა და ბანძის აჯანყებულებს თავიანთ რაიონებში ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ მარტვილისა და ნოქალაქევის დაკავებაზე უნდა ეზრუნათ. ქ. ახალი სენაკი 200 შეიარაღებულს უნდა აეღო. აჯანყების ზუსტი თარიღი აჯანყებამდე სამი დღით ადრე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა თედო ესართიას შეატყობინა. თ. ესართიამ 1924 წლის 26-27 აგვისტოს სენაკის, ზუგდიდისა და სამურზაყანოს მაზრებში აჯანყების მეთაურები გააფრთხილა. 1924 წლის 28 აგვისტოს, დილით, სენაკის მაზრის დამკომისა და სამხედრო შტაბის გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე სენაკის რაიონის ასაღებად კონკრეტული გეგმა შემუშავდა. ამისათვის, როგორც აღვნიშნეთ, 200 შეიარაღებული იყო მობილიზებული. გადაწყდა ეს ძალა ორად გაეყოთ. პირველ რაზმს სამოქმედოდ განესაზღვრა სოფლების: ნოსირის, ქვემო და ზემო შხვიის, ხორშის ტერიტორიები და ქ. ახალი სენაკი. ეს რაზმი 1924 წლის 29 აგვისტოს დილის ორი საათისათვის საკალანდარიშვილოს ეკლესიის ეზოში (ახალი სენაკიდან ერთი ვერსის დაშორებით) უნდა შეკრებილიყო. მეორე რაზმს სამოქმედოდ განესაზღვრა სოფლების: თეკლათის, ქვემო და ზემო (ტექსტი არ იკითხება - ავტ.) და ქვალონის ტერიტორიები. პირველი რაზმის მეთაურად დავით მხეიძე დაინიშნა, მეორის - ავქსენტი შალამბერიძე. პაროლად სიტყვა „სიმინდი“ დაწესდა. დილიდან საღამომდე კურიერებს მოჰქონდათ ინფორმაცია ქალაქში არსებული ვითარების შესახებ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ მოსალოდნელი აჯანყების შესახებ არაფერი იცოდა. უფრო მეტიც, ხელმძღვანელი პირები ამ დროისათვის ქალაქში არ იმყოფებოდნენ. აჯანყებულთა ინფორმაციით, ქ. ახალი სენაკში არსებული შეიარაღებული ძალები მათ რეალურ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ. აჯანყებულებს მილიციაში თავისი კაცი ნოე გვაზავა ჰყავდათ, რომელსაც საღამოსათვის მილიციის ნაწილების ქალაქიდან გატყუება დაევალა. ნ. გვაზავამ ეს ამოცანა ვერ შეასრულა. აჯანყებულები განსაკუთრებულ ყურადღებას საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) სენაკის მაზრის კომიტეტის დაკავებას უთმობდნენ, რადგან ამ შენობაში იარაღისა და ტყვია-წამლის მარაგი ინახებოდა. აჯანყებულებმა მზვერავებს მისცეს დავალება, გაერკვიათ, იმყოფებოდა თუ არა ქ. ახალი სენაკში კომუნისტი ბესარიონ მელიქაძე. მზვერავების ინფორმაციით, ბ. მელიქაძე ქალაქში არ იმყოფებოდა. რაც შეეხება სენაკის სამაზრო აღმასკომის თავჯდომარეს სამსონ მამულიას, ის ტიფით იყო ავად და ამიტომ აჯანყებულებმა გადაწყვიტეს ის თავის სახლშივე დაეპატიმრებინათ.
1924 წლის 28 აგვისტოს, საღამოს, საკალანდარიშვილოს ეკლესიასთან სენაკის მაზრის დამკომისა და სამხედრო შტაბის წევრები შეიკრიბნენ. აქ ისინი შეიარაღებული რაზმების გამოჩენას ელოდებოდნენ. ადგილზე პირველად ახალგაზრდების ჯგუფი მივიდა, რომლებიც სანიტრებად დანიშნეს. მოგვიანებით დანიშნულ ადგილზე სოფ. ქვემო შხეფის 8 კაციანი რაზმი და ეროვნულ-დემოკრატების შეიარაღებული რაზმი გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ მათთან კურიერები გაგზავნეს, ადგილზე არ გამოცხადნენ სოფლების: ხორშის, ნოსირისა და ზემო შხეფის რაზმები. მოგვიანებით აჯანყებულთა პირველ რაზმს სოფ. წყემის 8 კაციანი რაზმი შეუერთდა ალექსანდრე ჯალაღონიასა და ჭ. თოფურიას მეთაურობით. ივსებოდა მეორე რაზმიც. აჯანყებულებმა 15 შეიარაღებული და 15 უიარაღო გამოყვეს, რომლებსაც მიეცათ დავალება ქალაქში შეჭრისთანავე ეხმაურათ და ამ ხერხით მოწინააღმდეგე დაეშინებინათ. 29 აგვისტოს დილის 3 საათისათვის აჯანყებულებმა წაიხემსეს. ამის შემდეგ ა. კალანდარიშვილმა აჯანყებულებს სიტყვით მიმართა და კიდევ ერთხელ მოუწოდა მათ მამაცობისაკენ. დ. მხეიძემ, რომელიც აჯანყებულთა საერთო ხელმძღვანელად დაინიშნა, რაზმები საბრძოლველად მოამზადა. აჯანყებულები ნელა ქალაქის ცენტრისაკენ დაიძრნენ. აქ მათ ორი მებაღე და ორი ქვეითი პატრული შენიშნეს, რომლებმაც ასევე შეამჩნიეს აჯანყებულები. მეტის დაყოვნება არ შეიძლებოდა და აჯანყებულები მათკენ გაემართნენ შეძახილებით: „გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“ „გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას!“ „ძირს ოკუპაცია!“ რამდენიმე წუთში აჯანყებულებმა აღმასრულებელი კომიტეტის შენობა დაიკავეს. ამ ოპერაციისას ორი აჯანყებული მსუბუქად დაიჭრა. ამის შემდეგ აჯანყებულებმა იერიში პარტიული კომიტეტისა და აღმასრულებელი კომიტეტის შენობებზე მიიტანეს, სადაც კომუნისტები იყვნენ გამაგრებულები. ამ დროს წინასწარ გამოყოფილმა 30 აჯანყებულმა ყიჟინა ატეხა, რამაც აჯანყებულებს რაიმილიციის, პარტიული კომიტეტისა და აღმასრულებელი კომიტეტის შენობების დაკავება გაუადვილა. სადგურის და ფოსტის შენობა ა. შალამბერიძის რაზმმა დაიკავა. ამის შემდეგ აჯანყებულები დაიძრნენ საპყრობილის მიმართულებით, შეიპყრეს მისი უფროსი და პატიმრები გაათავისუფლეს (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #24235-61, ფურცელი 28-34). აჯანყებულებმა ციხის უფროსად გრიშა სპირიდონის ძე მატახერია დანიშნეს (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23402-60, ფურცელი 33-35). ქ. ახალი სენაკის დასაკავებლად მიმდინარე ბრძოლა საათნახევარი გაგრძელდა. ბრძოლაში 10 აჯანყებული და ერთი კომუნარი დაიჭრა. ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ აჯანყებულებმა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული ქონების ყოფილი მფლობელებისათვის დაბრუნება დაიწყეს (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #42, ფურცელი 20-21). აჯანყებულებმა მოსახლეობაში შემდეგი შინაარსის პროკლამაცია გაავრცელეს: `მოწოდება მოქალაქენო! დიდი თავგანწირულ ბრძოლით და მრავალის მსხვერპლის გაღებით ქართველმა ერმა თავი დააღწია რუსეთის ასოცი წლის მონობას და 1918 მაისს 26 ქვეყანას აუწყა, რომ ის არის თავისუფალი სუვერენული ერი, აქვს თავის ისტორიული მიწა-წყალი და ითხოვა, ამ მიწა-წყალზე ეცნოთ მისი სახელმწიფოებრივობა. ყველა სახელმწიფოებმა ეს მოთხოვნილება სამართლიანად დაინახა და საქართველოს სახელმწიფოებრივობა იურიდიულად იცნო.
საქართველოს რუსეთიდან ჩამოშორება და მისი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობა იცნო რუსეთმაც. მაგრამ რუსეთი როდის ინდობდა საქართველოს, რომ ეხლა დაენდო და საქართველოს მოღალატე-ქართველ ბოლშევიკების დახმარებით 1921 წლის თებერვალში საქართველოს თავისი ჯარი შემოუსია, დაიპყრო და ხელ მიჰყო მის აკლება-გაპარტახებას. დღიდან საქართველოს დაპყრობისა რუსეთის მიერ მოვლინებულ საოკუპაციო მთავრობამ მოსპო ყოველგვარი თავისუფლება, კანონის გარეშე გამოაცხადა ყველა პოლიტიკური პარტიები, გარდა ქართველ ერის ნაძირალების, ე.წ. კომუნისტური პარტიისა, რომელზედაც თვითონ ეყრდნობოდა, დაარსდა საგანგებო კომისია „ჩეკა“, რომელსაც მიენდო საქართველოს სრულიად მოკვლა. ამ მიზნის მისახწევად „ჩეკამ“ გაავსო ქალაქები, დაბები და სოფლები თავისი ჯაშუშებით. იწყო საქართველოს მებრძოლთა ჭერა-დაპატიმრება, (მოიგონეთ სხვათა-შორის 15 აფიცრების დახვრეტა) დახვრეტა, გახურებულ შანთებით წამება, ჩეკის ნესტიან ჯურღმულებში ცემა, დაცინვა, ადამიანის ღირსების დამცირება, ხელის მოწერით უარეყოთ თავიანთი აზრები წამების, დახვრეტის და გადასახლების შიშით, გადასახლება საზღვარგარედ, გადასახლება რუსეთში და საქართველოს მთავრობის და დამფუძნებელ კრების წევრთა და აგრეთვე, თვალსაჩინო პოლიტიკურ მოღვაწეთა მძევლად დაჭერა რუსეთის ციხეებში. ის ამაზედ არ დაჯერდა, მან დახურა და გაძარცვა საქართველოში ათას ოთხასი ეკლესია; ზოგი მადგანი სრულიად დაანგრია, ზოგიც სათეატრო სახლად და კლუბად გადააკეთა და ზოგიც სხვა რამედ, რითაც დასჭირდებოდა. მან სამასხაროთ და ქუჩის ბიჭების დასაცინად გახადა სარწმუნოება. ეკლესიის მსახურნი, ვინც კი გაბედა სარწმუნოების გამოქომაგება, გაკრიჭა, ციხეში ჩაყარა კათალიკოსიანათ, ციხის გარეთ დარჩენილი მღვდლები აიძულეს, მღვდელ-მოქმედებაზედ ხელი აეღოთ და ძალად გაკრიჭეს. ამავე დროს ყველა ეს სისაძაგლე დააბრალეს ხალხს, განაცხადეს რა თავიანთ ყრილობებზე - ეკლესიები ხალხმა დახურაო, თარეში განაგრძეს სწავლა განათლების საქმეშიც და ეს დარგი სრულიად გაათახსირეს. გაყარეს სკოლიდან პატიოსანი და ნიჭიერი მასწავლებლები და მათ მაგიერად სასწავლებელში შეიყვანეს უმეტეს ნაწილი ახალგაზრდა კომკავშირის წრიდან - ნაკლები ღირსების მასწავლებლები და დაავალეს მათ, რუსეთის მონების აღზრდა საქართველოში. ამ ბოლო დროს მისწვდნენ ქართულ უნივერსიტეტს წასახრჩობად. არც ამას დასჯერდა საოკუპაციო მთავრობა და სულიერად აკლებასთან ერთად შეუდგა ნივთიერ გაპარტახებასაც, რომ გაპარტახებულ რუსეთის დაბალ-ღირსების ნაწარმოებისთვის ბაზა მოეპოვა (მოაქცია რა საქართველო რუსეთის სახელმწიფო ფარგლებში და სავაჭრო რკალში), ჯერ არ გაგონილი სიდიდის საბაჟო გადასახადები დააწესეს უცხო სახელმწიფოთათვის შემოსატან საქონელზე, იწყო თავისი გაძვირებულ საქონლის გასაღება აქ და აქედანვე გაზიდვა ყოველივე იმ ნედლი მასალისა, რაც კი ჩვენს ქვეყანაში მოიპოვება და ამავე დროს რუსეთს ესაჭირვება. რუსეთი აწესებს ფასებს ჩვენს საქონელზედ (მატყლი, ბამბა, პარკი და სხვ.) და ამ მიზეზით ხალხი გაშიშვლდა. ამრიგად, ჩვენს ქვეყანას დაღუპვისაკენ მიაქანებს. იღუპება საქართველო - სარგებლობს რუსეთი, ასეთია დაპყრობის შედეგი.
მოქალაქენო! თქვენ უკვე მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ნაციონალურ მთავრობას რუსეთის ურდოებმა საქართველო დაატოვებინეს და საზღვარგარედ გააქციეს. ამის შემდეგ დაარსდა საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი, რომელშიც შედიან საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური პარტიები, გარდა კომუნისტური პარტიისა. დღიდან თავისი არსებობისა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი ცდილობს საქართველოს განთავისუფლებას რუსეთის მონობისაგან. ის აწარმოებს შეუწყვეტელ ბრძოლას შინ და გარეთ, საქართველოში და ევროპაში; და აი დადგა კიდეც დრო გადამჭრელი ბრძოლისა, დრო, ქართველი ერის აღდგომისა. მოქალაქენო! განვლო სამნახევარმა წელმა, წლებმა ტანჯვისამ, წამებისამ, რჩეულ პატრიოტთა სიკვდილით დასჯისამ, გადასახლებისამ, დამცირებისამ და შეურაცხყოფისა, ერის ნაოფლარის გაფლანგვისამ, მითვისებისამ. ამ პირობებში საქართველოს დარჩენა ნიშნავს - საქართველოს დაღუპვას, ხოლო განთავისუფლება - აღორძინებას. ამიტომ ქართველმა ერმა, მთიულეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, დაიწყო თავის განთავისუფლებისათვის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა დილით, 29 აგვისტოს. მოქალაქენო! ვისაც გინდათ ეროვნული თავისუფლება, ვისაც გინდათ პოლიტიკური თავისუფლება, სარწმუნოების თავისუფლება, ვისაც გინდათ თქვენი ნაოფლარის პატრონი იყოთ - იარაღს მოკიდეთ ხელი. ყველამ მიიღეთ მონაწილეობა ამ ბრძოლაში, ყველამ, ვისაც რითი შეგეძლებათ. ამ ბრძოლაში ჩვენთანაა ევროპა და ჩვენი გამარჯვება უზრუნველყოფილია. ძირს საოკუპაციო მთავრობა! გაუმარჯოს დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს!
საქ. დამ. სამეგრელოს კომიტეტი“ (ლომინაძე რ., 1924 წლის აჯანყების დოკუმეტი, 1991, #8).
მოწოდებას მოსახლეობა აქტიურად გამოეხმაურა, ისინი აჯანყებულებს სხვადასხვა სახის დახმარებას უწევდნენ. ქალაქში კომუნისტების ახალი ძალების შემოსვლა რკინიგზის საშუალებით იყო მოსალოდნელი, ამიტომ აჯანყებულებმა მისი გამაგრების გადაწყვეტილება მიიღეს. სადგურ ახალი სენაკის კომენდანტად სერგო მიქაძე დაინიშნა, მის თანაშემწედ - გრიგოლ აფაქიძე. აჯანყებულებმა დააპატიმრეს კომუნისტები: სამსონ მამულია, ანია მამულია (სამსონის მეუღლე), ბაგრატ გოგინავა, ვანო ჩაკვეტაძე, ერმალო შალამბერიძე, ესტატე გვილავა, ნიკო შამათავა, გრიგოლ გვარამია, ხუტუ ხუბუტია, ანტონ გვარამია, პანტე ნაჭყებია, იასონ ნადარაია, კ. ჯანჯღავა, გ. ჯიქია, მ. კაჭარავა, კ. ლომია, ა. რუხაძე, ლ. გაგუა, შ. ჯოჯუა და სხვა. ისინი საპყრობილეში მოათავსეს. მარტო #2 საპყრობილეში პატიმართა რიცხვმა 300 მიაღწია (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23402-60, ფურცელი 33-35). ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ აჯანყებულებმა ეტლზე დასვეს რამდენიმე მღვდელი და ქ. ახალი სენაკი და მისი შემოგარენი აკურთხებინეს „კომუნისტების ნაკვალევის და მაცდურობისაგან გვიხსნასო უფალმაო!“ (სამუშია 2002 :41). მღვდელმა არისტრახო კალანდარიშვილმა იმ ადგილას, სადაც კომუნისტებმა ეკლესია დაანგრიეს, დიდი ზარი ჩამოაკიდებინა და წირვის ჩატარება დაიწყო. „სად იყავი ამდენ ხანს, მამაო!“ – ეკითხებოდნენ მას. „გამოვედი ღვთის ნებით და აჰა თქვენთან ვარ მართმორწმუნე, ღვთის მოციქულიო!“ - პასუხობდა ის (გაზეთი. „კომუნისტი“, თბილისი, 1924, #206). ქ. ახალი სენაკში აჯანყებაში მონაწილეობა სულ 296 კაცმა მიიღო, მათ შორის საბჭოთა დაწესებულების 15 მოსამსახურემ, 20 მოსწავლემ, 6 მღვდელმა, 30 სოციალ-დემოკრატმა, 70 ეროვნულ-დემოკრატმა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #42, ფურცელი 20).
1924 წლის 29-30-31 აგვისტოს და 1 სექტემბრის საღამომდე აჯანყებულები ქ. ახალი სენაკში სრულ ძალაუფლებას ფლობდნენ. ამ დროის განმავლობაში მათ ლენინის, მარქსის, ენგელსის, ტროცკის ძეგლები და სურათები გაანადგურეს. მათ ადგილზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა აღმართეს (გაზეთი. „კომუნისტი“, თბილისი, 1924, #206). 1924 წლის 1 სექტემბრის საღამოს ქ. ახალი სენაკში კომუნისტების ახალი ძალების შემოსვლა დაიწყო. სროლები განახლდა. შეტაკებისას ქ. ახალი სენაკში და მის რაიონში აჯანყებულთა მხრიდან დაიღუპნენ: ბაგრატ ბეგლარის ძე ჟვანია, გიორგი დიმიტრის ძე ბერულავა, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ფარცანია, ტერენტი ზურაბის ძე გაბუნია, მიხეილ გერასიმეს ძე ხუხია, პართენ ფილიპეს ძე კემულარია, ნიკოლოზ ტარიელის ძე ჩიქოვანი, აკაკი ბიქტორის ძე მონიავა, ილარიონ ტატუზოს ძე დაჟემია, ხუხუ თომას ძე ელიავა, იპოლიტე ნესტორის ძე ბარამია, გიორგი გუჯუს ძე გაბუნია, კიწი ივანეს ძე ფაღავა, პავლე გიორგის ძე გაბუნია, ივანე გრიგოლის ძე ფაღავა, ბაგრატ ტუტუს ძე ხაინდრავა, ფომი ტარასის ძე გაბუნია, ილია ისიდორეს ძე ანჯაფარიძე, რაჟდენ პავლეს ძე ყურუა, პორფირე პავლეს ძე ხურცილავა, ძიკი თედოს ძე გარდავა, დიანოზ ქვარცხავა, ტარას შარტავა, ალექსი სიმონის ძე წულეისკირი, გოჯე კაბანოს ძე ჩიჩუა, ჩიჩუ (ნიკო) ლაზარეს ძე გვასალია, შალვა (შალიკო) კაბანოს ძე ჩიჩუა, კოკი გრიგოლის ძე დადიანი, მატუშა ანდროს ძე ქაჯაია, უტუ ჯათუს ძე ბეჭვაია, პარმენ იოანეს ძე კოკაია, თადა პეტრეს ძე რატიანი, მიხეილ ქიშვარდის ძე ფიჩხაია, პორფირე ქიშვარდის ძე ფიჩხაია, ესტატე კვაშილავა, სიმონ ბერულავა, ესტატე (სიმონ) აროსიანი, მელენტი გიგოს ძე ჩაჩიბაია, ნიკოლოზ (ნიკო) პავლეს ძე გვასალია, იპოლიტე ნესტორის ძე ბარამია, ბესარიონ თანაფიეს ძე პინტურია, იროდიონ ერასტოს ძე გოგინავა, ბარნაბა თეიმურაზის ძე წითლიძე, მიხეილ კონსტანტინეს ძე კეკელია, ბიქტორ კონსტანტინეს ძე კეკელია, ალექსანდრე ბესარიონის ძე კარტოზია, ფედე გერასიმეს ძე გაბუნია, ლევან გვაჩის ძე კვარაცხელია (გაზეთი. „სრულიად არასაიდუმლოდ“, თბილისი, 1997, #2). აჯანყებულებმა მოწინააღმდეგის შეტევას ვერ გაუძლეს და ქ. ახალი სენაკის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. აჯანყებულები მოგვიანებით ქალაქზე იერიშის განხორციელებას გეგმავდნენ. ქ. ახალი სენაკის დატოვებისას აჯანყებულებმა წაიყვანეს ოცამდე ტყვე კომუნისტი (გაზეთი. „კომუნისტი“, თბილისი, 1924, #206). სოფ. ზანაში მისვლისთანავე ა. კალანდარიშვილმა კომუნისტები ხუტუ ხუბუტია და ერმოლოზ შალამბერიძე ახალი სენაკში მყოფ კომუნისტებს მიუგზავნა მოსალაპარაკებლად, რათა მათთვის ტყვე კომუნისტების წაყვანის ნამდვილი მიზეზი აეხსნათ. მოგვიანებით აჯანყებულებმა სოფ. ჯვარის ეკლესიასთან (ამჟამად ეკუთვნის წალენჯიხის რაიონს) ტყვეები არჩილ რუხაძისა და სამსონ მამულიას გარდა ყველანი გაათავისუფლეს. აჯანყებულებმა ა. რუხაძის მეშვეობით საბჭოთა ხელისუფლებასთან მოლაპარაკება სცადეს, თუმცა უშედეგოდ. სოფ. ჯვარში მყოფი აჯანყებულების მიზანი სვანეთში გადასვლა იყო. სოფ. ჭუბერში მათ სვანების 60-80 კაციანი რაზმი დახვდათ არდევან ჭკადუასა და დავით ნიჟარაძის მეთაურობით. სვანებმა აჯანყებაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს, რის შემდეგ ისინი ერთად სოფ. ხუდონამდე ჩამოვიდნენ. სვანებმა როგორც კი სოფ. ჯვარის ეკლესიასთან საბჭოთა ხელისუფლების შეიარაღებული ძალების გამოჩენის შესახებ შეიტყვეს, ბრძოლაზე უარი განაცხადეს. ამის შემდეგ აჯანყებულებმა თავი ცხომარის ტყეს შეაფარეს (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #24235-61, ფურცელი 28-34).
მართალია ქ. ახალი სენაკის საბჭოთა ხელისუფლებამ მოსალოდნელი აჯანყების შესახებ სამი დღით ადრე შეიტყო, მაგრამ მათ აჯანყების აღსაკვეთად არაფერი გაუკეთებიათ (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 164). სოფ. ზემო ჭალადიდის (ახალი სენაკის რაიონი) საბჭოთა ხელისუფლება მოსალოდნელი აჯანყების შესახებ ინფორმირებული იყო. აჯანყებულებმა ორ საათიანი ბრძოლის შემდეგ კომუნარების ნაწილი ტყვედ ჩაიგდეს. კომუნარების ნაწილი გაიქცა და ქ. ფოთის კომუნარებს შეუერთდა. სოფ. ზემო ჭალადიდში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: დოროთე ნანეიშვილმა, შალვა იოსელიანმა და ჭიჭიკო ქოჩაკიძემ. სოფ. ზემო ჭალადიდში აჯანყებაში მონაწილეობა 68 კაცმა მიიღო. აჯანყებულებმა სოფ. ქვემო ჭალადიდში (ახალი სენაკის რაიონი) ძალაუფლების ხელში აღება ვერ მოახერხეს, რადგან კომუნარებთან ბრძოლაში დამარცხდნენ. აჯანყებულთაგან განსაკუთრებით კოლია ნორაკიძე აქტიურობდა. ქვემო ჭალადიდში აჯანყებაში მონაწილეობა 12 კაცმა მიიღო.
სოფ. ხორშის საბჭოთა ხელისუფლება მოსალოდნელი აჯანყების შესახებ გაფრთხილებული იყო. აჯანყებულებმა ერთ საათიანი ბრძოლის შემდეგ სოფელი დაიკავეს და კომუნარები ტყვედ ჩაიგდეს. შეტაკებისას ერთი უპარტიო კომუნარი დაიჭრა. აჯანყებულები სოფელს ორი დღის განმავლობაში ფლობდნენ. სოფ. ხორში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: იოსებ ეჯიბიამ, ჯონჯი დადიანმა და სალადინ ჭანტურიამ. სოფ. ხორში აჯანყებაში მონაწილეობა 69 კაცმა მიიღო. სოფ. ზანის (ახალი სენაკის რაიონი) საბჭოთა ხელისუფლება მოსალოდნელი აჯანყების შესახებ ინფორმირებული იყო. კომუნარებმა აჯანყებულთა პირველი შეტევა მოიგერიეს, მაგრამ მეორე შეტევის დროს აჯანყებულებს ტყვედ ჩაუვარდნენ. შეტაკების დროს ერთი აჯანყებული დაიჭრა. აჯანყებულებმა როგორც კი ძალაუფლება ხელში აიღეს ყოფილ მფლობელებს მიწები დაუბრუნეს. სოფ. ზანაში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: პლატონ ანდროს ძე კვაშილავამ, ფარნა ღვინჯილიამ, ნესტორ შურღაიამ, კოკი აფაქიძემ, მიხეილ (მიშა) აფაქიძემ, ილიკო ბობოხიძემ, დუტუ აფაქიძემ, კირილე ესებუამ, პლატონ აფაქიძემ, ათანასე თოდუამ. აჯანყებულები ძალაუფლებას სოფ. ზანაში ერთი დღის განმავლობაში ფლობდნენ. სოფ. ზანაში აჯანყებაში მონაწილეობა 101 კაცმა მიიღო.
სოფ. ძონძირ-ისულის (ახალი სენაკის რაიონი) საბჭოთა ხელისუფლება მოსალოდნელი აჯანყების შესახებ ინფორმირებული იყო. სოფელი აჯანყებულებმა ორ საათიანი ბრძოლის შემდეგ დაიკავეს და კომუნარები ტყვედ აიყვანეს. შეტაკების დროს ერთი კომუნარი დაიღუპა. სოფ. ძონძირ-ისულაში აჯანყებულთა მხრიდან განსაკუთრებით ძაკუ პილას ძე ხოფერია აქტიურობდა. აჯანყებულები სოფელს სამი დღის განმავლობაში ფლობდნენ. სოფ. ძონძირ-ისულაში აჯანყებაში მონაწილეობა 34 კაცმა მიიღო.
სოფ. თეკლათის (ახალი სენაკის რაიონი) საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყების მზადების შესახებ წინასწარ იცოდა. აჯანყებულებმა რამდენიმე საათიანი ბრძოლის შემდეგ სოფელი დაიკავეს და კომუნარები ტყვედ ჩაიგდეს. აჯანყებულთა მხრიდან განსაკუთრებით ძიკა გარუჩავა აქტიურობდა. აჯანყებულები სოფელს სამი დღის განმავლობაში ფლობდნენ. სოფ. თეკლათში აჯანყებაში მონაწილეობა 299 კაცმა მიიღო. ახალი სენაკის რაიონში აჯანყებაში მონაწილეობა 879 კაცმა მიიღო. სოფ. ძველი სენაკის (ძველი სენაკის რაიონი) საბჭოთა ხელისუფლება მოსალოდნელი აჯანყების შესახებ გაფრთხილებული იყო. სოფელი აჯანყებულებმა ადვილად დაიკავეს. შეტაკების დროს მსხვერპლს ადგილი არ ჰქონია. სოფ. ძველი სენაკში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: კალისტრატე ბოხუამ, პეტრე ფაჩუაშვილმა და კაპიტონ ანჯაფარიძემ. აჯანყებულები სოფელს ორი დღის განმავლობაში ფლობდნენ. სოფ. ძველი სენაკში აჯანყებაში მონაწილეობა 124 კაცმა მიიღო.
სოფ. ეკის (ძველი სენაკის რაიონი) საბჭოთა ხელისუფლება მოსალოდნელი აჯანყების შესახებ ინფორმირებული იყო. აჯანყებულებმა სოფელი ადვილად დაიკავეს. შეტაკების დროს ერთი აჯანყებული დაიღუპა. აჯანყებულები სოფელში ძალაუფლებას ორი დღის განმავლობაში ფლობდნენ. სოფ. ეკში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: ტარას შარტავამ, იპოლიტე წულეისკირმა, ევგენი წულეისკირმა, არტემ წულეისკირმა, დავით (დათიკო) საჯაიამ, ლევან გუნიამ, თეოფანე პეტრეს ძე ადამიამ, ძიკი გალდავამ, დოროთე ჟვანიამ. სოფ. ეკში აჯანყებაში მონაწილეობა 96 კაცმა მიიღო.
სოფ. გეჯეთის (ძველი სენაკის რაიონი) საბჭოთა ხელისუფლებამ მოსალოდნელი აჯანყების შესახებ წინასწარ იცოდა. სოფელი აჯანყებულებმა ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე დაიკავეს. სოფ. გეჯეთში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: დომენტი კიმოთეს ძე ჯღამაძემ და გრიგოლ სპირიდონის ძე მატახერიამ. აჯანყებულები სოფელს ორი დღის განმავლობაში ფლობდნენ. სოფ. გეჯეთში აჯანყებაში მონაწილეობა 68 კაცმა მიიღო.
ძველი სენაკის რაიონში აჯანყებაში მონაწილეობა 288 კაცმა მიიღო (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #42, ფურცელი 13-24).
1924 წლის 29 აგვისტოს დილის 7 საათზე ძველი სენაკის რაიონში მყოფმა კომუნისტებმა აჯანყებულთა მიერ ქ. ახალი სენაკის დაკავება შეიტყვეს. მათ ადგილობრივი საგანგებო სამეული შექმნეს ლავრენტი დავითაიას, მიხეილ გოგიასა და ი. ბეჭვაიას შემადგენლობით. სამეულმა სოფ. ნოქალაქევში მყოფ მაკარ ბედიას ქ. ახალი სენაკის დაცემის შესახებ აცნობა. მ. ბედია ძველი სენაკის რაიონში დაბრუნდა და სამეულს სათანადო დირექტივები მისცა. სამეულმა 25 შეიარაღებული კომუნისტი შეკრიბა. სამეულის დადგენილებით აჯანყებულებისათვის გადამწყვეტი ბრძოლა სოფ. ნოქალაქევში უნდა გაემართათ. ამ მიზნით საჭირო იყო სოფ. ნოქალაქევში სტრატეგიული ადგილების დაკავება. სამეულის განკარგულებაში მყოფი ძალები სოფ. ნოქალაქევის მიმართულებით დაიძრნენ, მაგრამ მათ გზაში 50 შეიარაღებული აჯანყებული დაესხა თავს. მიუხედავად ამისა, კომუნისტებმა სოფ. ნოქალაქევში შესვლა მოახერხეს და იქ მყოფ კომუნარებს შეუერთდნენ. სოფ. ნოქალაქევში აჯანყებულების წინააღმდეგ ბრძოლა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას შემდეგ რაც კომუნარებს ტყვია-წამლის მარაგი ამოეწურათ, ისინი იძულებული გახდნენ ტყეში გახიზნულიყვნენ. გახიზნულმა კომუნარებმა როგორც კი შეიტყვეს ქ. ახალი სენაკში აჯანყების დამარცხება, ლ. დავითაია და მასთან მყოფი კომუნარები უმალვე ძველი სენაკში დაბრუნდნენ. ძველი სენაკში ლ. დავითაიამ მობილიზაცია დაიწყო.
1924 წლის 3 სექტემბერს საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) სენაკის სამაზრო კომიტეტისა და წითელი არმიის შტაბის განკარგულებით კომუნარები ლ. დავითაიას მეთაურობით აჯანყებულებისაგან სოფლების: ლეძაძამეს, თამაკონისა და სალხინოს გასათავისუფლებლად გაიგზავნენ. მათ ახალი სენაკის და ნოქალაქევის რაიონის კომუნარებიც შეუერთდნენ. ყველა ამ ძალის მეთაურად ლ. დავითაია დაინიშნა. ლ. დავითაიამ მისთვის დაკისრებული ამოცანა წარმატებით გადაჭრა და დასახელებული სოფლები აჯანყებულებისაგან სრულად გაათავისუფლა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 161).
აჯანყებულებმა სოფ. აბაშაში 3-4 დღით ძალაუფლების ხელში აღება მოახერხეს, რის შემდეგაც მათ ყველა ადგილობრივი კომუნისტი განაიარაღეს და დააპატიმრეს. კომუნისტებმა სოფ. აბაშაში შემოსვლა ჯავშნიანი მატარებლით სამტრედიიდან სცადეს. ამბოხებულებმა სათანადო თადარიგი დაიჭირეს და რკინიგზის ხაზი მწყობრიდან გამოიყვანეს, თუმცა მემანქანემ დროზე შეძლო მატარებლის შეჩერება. კომუნისტებმა მდ. ტეხურის ხიდთან განლაგებული ქვემეხებიდან მოწინააღმდეგეს ცეცხლი გაუხსნეს. აჯანყებულები გაიფანტნენ (ფარი-საიმედო, მახვილი-ბასრი. რედაქტორი ა. ინაური, თბილისი, 1987).
1924 წლის 28 აგვისტოს ღამით აჯანყებულები სოფ. უშაფათში (ნოქალაქევის რაიონი) კვარჩხალის მთაზე შეიკრიბნენ. შეკრებას ესწრებოდნენ: ირაკლი გოგინავა, იროდიონ გოგინავა, ავქსენტი გოგინავა, მაინჩა გოგინავა, აკაკი ბახვას ძე საბახტარიშვილი, იასონ ქუჩულორია, მიტროფანე კარტოზია, კონსტანტინე (კოსტა) ფაცია, დანე ფაცია, თედო გოგინავა, დავით (დათიკო) კუბეცია, მოსე გაბერდავა, ალექსი შამათავა, ალე კარტოზია, არისტრახო ბუსკაძე, მიხეილ (მიხა) კუბეცია, რაჟდენ ბუსკაძე, კოლია დემურია და სხვ. შეკრებილებთან კურიერი უნდა მოსულიყო, რომელიც მათ საჭირო მიმართულებით წაიყვანდა, მაგრამ კურიერი არ გამოცხადდა და შეკრებილებიც დაიშალნენ. 1924 წლის 29 აგვისტოს, დილით, ირაკლი გოგინავამ და იროდიონ გოგინავამ აჯანყებულების მიერ ქ. ახალი სენაკის აღების შესახებ შეიტყვეს. ამიტომაც მათ რაზმის ხელახლა შეკრება და სოფ. ფოცხოსაკენ წასვლა გადაწყვიტეს. იმავდროულად სოფ. ფოცხოდან მათ წერილი მიიღეს, რომლითაც ფოცხოს აჯანყებულები დახმარებას ითხოვდნენ. სოფ. უშაფათის აჯანყებულთა 10 კაციანი რაზმი სოფ. ფოცხოსაკენ გაემართა. რაზმში იყვნენ: ირაკლი გოგინავა, დანე ფაცია, მიტროფანე კარტოზია, იროდიონ გოგინავა, მაინჩა გოგინავა, იასონ ქუჩულორია, კოსტა ფაცია, თედო გოგინავა, ავქსენტი გოგინავა, რაჟდენ ხაბურძანია (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23402-60, ფურცელი 48-50). სოფ. ფოცხო ადგილობრივმა აჯანყებულებმა უშაფათის რაზმის მისვლამდე აიღეს. ამის შემდეგ უშაფათელი აჯანყებულები უკან გაბრუნდნენ რათა სოფ. უშაფათის კანცელარია დაეკავებინათ. სოფლის კანცელარიაში მისულ აჯანყებულებს იქ არავინ დახვდათ. ადგილობრივი კომუნისტები სოფ. ნოქალაქევში აღმოჩნდნენ წასულები. ამის შემდეგ მათ სახალხო კრება მოაწყვეს და თავდაცვის კომიტეტი აირჩიეს შემდეგი შემადგენლობით: ისიდორე გაბელია, დავით (დათიკო) ივანეს ძე გოგინავა, იასონ ქუჩულორია. სოფ. უშაფათში აჯანყებაში მონაწილეობა 38 კაცმა მიიღო. აჯანყებულებმა სამფეროვანი დროშები ააფრიალეს, ეკლესიებში ზარები ჩამოკიდეს. სოფ. უშაფათში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: მაქსიმე ქუჩუს ძე ახალაიამ და სოკრატ ღვინჯილიამ (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #42, ფურცელი 6-7, 10).
1924 წლის 1 სექტემბერს, საღამოს 4 საათზე, სოფ. უშაფათის კანცელარიაში მიხეილ (მიშა) ევგენის ძე ბოკუჩავა და აკაკი ხორავა გამოცხადნენ და ქ. ახალი სენაკიდან შემდეგი შინაარსის წერილი მოიტანეს: „ფოცხო-უშაფათს. გთხოვთ საჩქაროთ გამოგზავნოთ, თუ რამე გაგაჩნიათ ასაფეთქებელი მასალები!“ წერილს ხელს შალვა კალანდარიშვილი და ვანო ესვანჯია აწერდნენ. არც უშაფათის და არც ფოცხოს აჯანყებულებს მსგავსი საბრძოლო საშუალება არ ჰქონდათ. სოფ. უშაფათში მყოფმა აჯანყებულებმა კომუნისტების მიერ ქ. ახალი სენაკის აღების შესახებ შეიტყვეს, კანცელარიაში ყარაულები დააყენეს და სოფლის ტერიტორია დატოვეს (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23402, ფურცელი 48-50).
სოფ. ფოცხოში (ნოქალაქევის რაიონი) აჯანყებულებმა კოლია დემურიასა და დავით (დათიკო) კუბეციას მეთაურობით სოფლის კანცელარიის შენობა დაიკავეს, რის შემდეგ თავდაცვის კომიტეტი აირჩიეს. კომიტეტში შევიდნენ: კოლია დემურია (თავმჯდომარე), დავით კუბეცია, ბაგრატ ღვინჯილია, მოსე გაბერდავა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23402, ფურცელი 44-45). აჯანყებულებმა კომუნარები დააპატიმრეს და მათი სახლები გაჩხრიკეს, შემდეგ მიტინგი ჩაატარეს, სამფეროვანი დროშა აღმართეს და ეკლესიებში ზარები ჩამოკიდეს. სოფ. ფოცხოში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: დავით (დათიკო) ზურაბის ძე კუბეციამ, ჭუკუ დიმიტრის ძე საჯაიამ, არისტრახო დიმიტრის ძე ბუსკანძემ, ვარლამ იოსების ძე გაბისონიამ, მოსე გაბისონიამ, კოლია ტუტუს ძე დემურიამ, კონსტანტინე (კოსტა) სტეფანეს ძე ხეცურიანმა, კოლია ივაკის ძე მამულიამ, ფანო დათას ძე ჯოჯუამ და სხვ. სულ 74 კაცმა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #42, ფურცელი 6-9). მოგვიანებით ფოცხოდან აჯანყებულებმა სოფ. ნოქალაქევის მიმართულებით გალაშქრება გადაწყვიტეს, მაგრამ მათ ნოქალაქევი ადგილობრივი აჯანყებულების მიერ აღებული დახვდათ (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23402, ფურცელი 36-37). აჯანყებულებმა სოფ. ფოცხოს კანცელარიის შენობა კომუნისტების მიერ ქ. ახალი სენაკის აღების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დატოვეს.
სოფ. ლეძაძამეს (ნოქალაქევის რაიონი) აჯანყებულები ადვილად დაეუფლნენ და ორ ნახევარი დღის განმავლობაში აკონტროლებდნენ მას. აჯანყებულებმა კომუნარები დააპატიმრეს და მათი სახლები გაჩხრიკეს, შემდეგ მიტინგი ჩაატარეს, სამფეროვანი დროშები აღმართეს და ეკლესიებში ზარები ჩამოკიდეს. სოფ. ლეძაძამეში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: სარდი ჯარუს ძე კაკაშვილმა, ნოე ბათურას ძე ძიმისტარაშვილმა, გრიგოლ (გრიშა) არისტოს ძე შუშანიამ, ისააკ უთუს ძე აფშილავამ, იოსებ ნიკოლოზის (ნიკოს) ძე ხურცილავამ. სოფ. ლეძაძამეში აჯანყებაში სულ მონაწილეობა 59 კაცმა მიიღო, მათ შორის იყო საბჭოთა დაწესებულების 4 მოსამსახურე, 3 მოსწავლე, 5 ღარიბი გლეხი, 2 მღვდელი, 21 სოციალ-დემოკრატი, 5 ეროვნულ-დემოკრატი.
ნოქალაქევის რაიონში აჯანყებაში მონაწილეობა 274 კაცმა მიიღო (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #42, ფურცელი 6-11).
1924 წლის 28 აგვისტოს ღამეს სოფ. ნოქალაქევში (ნოქალაქევის რაიონი) მასვანჯებულის მთაზე აჯანყებულებმა საიდუმლო კრება გამართეს. კრებას ესწრებოდნენ: ევგენი ბესელია, რაჟდენ ხელაია, მიხეილ (მიხა) კილასონია, ივანე ბესელია, ალექსანდრე ბაღათურია, გრიგოლ (გრიშა) როგავა, ამირან შავდია, თადა ბესელია და ბიქტორ კოღუა. კრებაზე აჯანყების კონკრეტული გეგმა შემუშავდა. 29 აგვისტოს, დილით, აჯანყებულები ადგილობრივ კომუნისტებს თავს დაესხნენ, დაამარცხეს ისინი და ძალაუფლება ხელში აიღეს (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23402-60, ფურცელი 42-43). სოფ. ნოქალაქევში აჯანყებულები ძალაუფლებას დღენახევრის განმავლობაში ფლობდნენ. ამის შემდეგ მათ მიტინგი ჩაატარეს, სამფეროვანი დროშები აღმართეს და ეკლესიებში ზარები ჩამოკიდეს (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #42, ფურცელი 7). აჯანყებულების შემდეგი ნაბიჯი თავდაცვის კომიტეტის შექმნა იყო. კომიტეტის ერთ-ერთი წევრი ვლადიმერ მანუჩარის ძე კარტოზია იყო (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23402-60, ფურცელი 42-43). სოფ. ნოქალაქევში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: თადეოზ ეგნატეს ძე ბესელიამ, მელიტონ ბეგლარის ძე კარტოზიამ, ვლადიმერ მანუჩარის ძე კარტოზიამ, ალექსანდრე გიორგის ძე ბარკალაიამ, გრიგოლ (გრიშა) გუსარის ძე როგავამ, ამირან გიორგის ძე შავდიამ, იასონ სიკოს ძე სანიკიძემ, შალვა ანდრიას ძე შალამბერიძემ, ილარიონ ბიქტორის ძე ბაღათურიამ.
სოფ. ნოქალაქევში აჯანყებაში მონაწილეობა 103 კაცმა მიიღო (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #42, ფურცელი 6, 8).
მარტვილის რაიონის სოფ. გაჭედილში აჯანყებულები სალხინოს რაიონიდან შეიჭრნენ, რომლებსაც ადგილობრივი აჯანყებულებიც შეუერთდნენ. კომუნარებმა აჯანყებულთა შეტევებს ვერ გაუძლეს, უკან დაიხიეს და მარტვილში მყოფ კომუნარებს შეუერთდნენ. შეტაკების დროს აჯანყებულთა მხრიდან ხუთი კაცი დაიღუპა, კომუნარების მხრიდან - ერთი. სოფ. გაჭედილში აჯანყებაში მონაწილეობა 23 კაცმა მიიღო. სოფ. გაჭედილში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: მიხეილ (მიხა) ჯანჯღავამ, მაკარ შავდიამ, პლატონ შავდიამ, აკაკი შავდიამ, ფარნა წულაიამ, სანდრო წულაიამ, მიხეილ (მიხა) ხურცილავამ, სოლომონ წულაიამ, მალაქია ღვინჯილიამ. სოფლის ხელმძღვანელობამ მოსალოდნელი აჯანყების შესახებ არ იცოდა.
სოფ. ნახუნავოში (მარტვილის რაიონი) აჯანყებულებსა და ადგილობრივ კომუნისტებს შორის მომხდარ შეტაკებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აჯანყებულებმა სოფელი დაიკავეს და მას ორი დღის განმავლობაში აკონტროლებდნენ. აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: თეოფანე ჭილაიამ, კოლია ცანავამ, ანტონ ცანავამ, ბოკო ჭოჭუამ, ვახტანგ ჭოჭუამ, პლატონ ქურდიანმა, ყარამან ჭოჭუამ, სოლომონ სიგუამ, მიხა სულაბერიძემ, გიგო ნარსიამ,ხარიტონ ადამიამ, მოსე ცანავამ. სოფლის ხელმძღვანელობა მოსალოდნელი აჯანყების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. სოფ. ნახუნავოში აჯანყებაში 55 კაცი მონაწილეობდა.
სოფ. ნაგვაზავო (მარტვილის რაიონი) აჯანყებულებმა ადგილობრივი კომუნარების მიერ მარტვილის რაიონის დატოვების შემდეგ დაიკავეს და სოფელს დღენახევრის განმავლობაში ფლობდნენ. სოფლის ხელმძღვანელობა მოსალოდნელი აჯანყების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. სოფ. ნაგვაზავოში აჯანყებაში მონაწილეობა 32 კაცმა მიიღო.
სოფ. ხუნწში (მარტვილის რაიონი) 1924 წლის აჯანყების დაწყებისთანავე ადგილობრივმა კომუნარებმა ხონის მიმართულებით დაიხიეს. აჯანყებულებმა სოფელი დაიკავეს და დღე-ღამის განმავლობაში აკონტროლებდნენ მას. აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: თენგიზ რევიამ, რაჟდენ გეგეჭკორმა, ლუკა ბერიამ, პავლე გელენიძემ, ბახვა კირთაძემ, ლადი მონიავამ, ჭიჭიკო რევიამ, ილია რევიამ, პლატონ გაბისონიამ, მიხა თოფურიამ, ალექსანდრე გოგიამ, ისააკ გოგიამ, რაჟდენ წოწერიამ. სოფლის ხელმძღვანელობა მოსალოდნელი აჯანყების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. სოფ. ხუნწში აჯანყებაში მონაწილეობა 51 კაცმა მიიღო. სოფ. მარტვილი (მარტვილის რაიონი) აჯანყებულებმა ადვილად დაიკავეს და 18 საათის განმავლობაში აკონტროლებდნენ მას. სოფ. მარტვილში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: სილოვან ფარულავამ, შალვა ჩიქოვანმა, გრიგოლ გაბისონიამ, ლუკა ხვინგიამ, კაკო მონიავამ, ხუხუ ელიავამ, ნოე კვანტალიანმა. სოფ. მარტვილში აჯანყებაში მონაწილეობა 86 კაცმა მიიღო. მარტვილის რაიონში აჯანყებაში მონაწილეობა 247 კაცმა მიიღო (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #42, ფურცელი 3-4).
სოფ. სალხინოს (სალხინოს რაიონი) აჯანყებულები 7 დღის განმავლობაში ფლობდნენ. მათ კომუნისტები საკუთარ სახლებშივე განაიარაღეს და დააპატიმრეს. შეტაკების დროს ორი კომუნარი დაიჭრა. სოფ. სალხინოში აჯანყებაში მონაწილეობა 112 კაცმა მიიღო. სოფ. სალხინოში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: ნიკოლოზ (ნიკო) ლაშხიამ, ნიკოლოზ (ნიკო) კუხალაშვილმა, ანტონ მებონიამ, სევერიანე სხულუხიამ, გრიგოლ (გრიშა) აბულაძემ, ბარნაბა გაგუამ, ტუტუ დგებუაძემ, მარკოზ კალანდიამ, იასონ გვარამიამ, მელიტონ სხულუხიამ. სოფლის ხელმძღვანელობამ მოსალოდნელი აჯანყების შესახებ არაფერი იცოდა. სოფ. კურზუ (სალხინოს რაიონი) აჯანყებულებმა ადვილად დაიკავეს და 7 დღის განმავლობაში აკონტროლებდნენ მას. აჯანყებულებმა კომუნისტები თავიანთ სახლებშივე განაიარაღეს და დააპატიმრეს. სოფლის ხელმძღვანელობამ აჯანყების თარიღი არ იცოდა. სოფ. კურზუში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: სამსონ ფირცხალავამ, ჯადული ნაჭყებიამ, იონა ნაჭყებიამ, აკაკი ნაჭყებიამ, დიმიტრი ნაჭყებიამ, დავით ნაჭყებიამ, ჯოტო ნაჭყებიამ, ილია ნაჭყებიამ, კირილე ჯოჯუამ, ექვთიმე ნაჭყებიამ, იონა დიმიტრის ძე ნაჭყებიამ, გიორგი პეპუს ძე ნაჭყებიამ და გიორგი სისოს ძე ბერულავამ და სხვ. სულ 72 კაცმა.
სოფ. თამაკონი (სალხინოს რაიონი) აჯანყებულებმა ყოველგვარი გართულების გარეშე დაიკავეს. აჯანყებულები სოფელს 7 დღის განმავლობაში ფლობდნენ. მათ კომუნისტები თავიანთ სახლებშივე განაიარაღეს და დააპატიმრეს. სოფლის ხელმძღვანელობამ მოსალოდნელი აჯანყების შესახებ არაფერი იცოდა. სოფ. თამაკონში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: ხარიტონ ადამიამ, სისო ხეიძემ და ჯვებე დგებუაძემ. სოფ. თამაკონში აჯანყებაში მონაწილეობა 117 კაცმა მიიღო. სოფ. კიწია (სალხინოს რაიონი) აჯანყებულებმა ადვილად აიღეს. აჯანყებულები სოფელს 7 დღის განმავლობაში ფლობდნენ. მათ კომუნისტები თავიანთ სახლებშივე განაიარაღეს და დააპატიმრეს. სოფლის ხელმძღვანელობამ აჯანყების დაწყების თარიღი არ იცოდა. სოფ. კიწიაში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს გიორგი ჟვანიამ და ივლიანე ბოკუჩავამ. სოფ. კიწიაში აჯანყებაში მონაწილეობა 145 კაცმა მიიღო. სალხინოს რაიონში აჯანყებაში მონაწილეობა 446 კაცმა მიიღო (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #42, ფურცელი 13-18).
სოფ. ნოსირში (ახალი აბაშის რაიონი) აჯანყებულებმა ძალაუფლება ხელში ყოველგვარი გართულების გარეშე აიღეს. სოფ. ნოსირში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: ბარნაბა პავლეს ძე ძველაიამ, შალვა ამირანის ძე ძველაიამ, ბონდო ბარნაბას ძე ძველაიამ, კონსტანტინე (კოტე) წირღვავამ, ჯვანდი ანტონის ძე დგებუაძემ. სოფ. ნოსირში აჯანყებაში მონაწილეობა 201 აჯანყებულმა მიიღო. აჯანყებულებმა ძალაუფლება სოფ. ნოსირში ორი დღის განმავლობაში შეინარჩუნეს. სოფ. წყემში (ახალი აბაშის რაიონი) აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: ალექსანდრე ბესას ძე ჯალაღონიამ, გრიგოლ დიმიტრის ძე თოფურიამ, ლევთერ გოგის ძე ჯალაღონიამ, ყირიმ გიორგის ძე თუნგიამ და ალექსანდრე ამბაკოს ძე მელიამ. სოფ. წყემში აჯანყებაში მონაწილეობა 66 აჯანყებულმა მიიღო. სოფ. ძველი აბაშაში (ახალი აბაშის რაიონი) აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: ვარლამ ლევანის ძე ქოიავამ, ვარლამ ფარნას ძე ქოიავამ, ვარლამ ათანასეს ძე ქოიავამ, ტარასი ფარნას ძე ქოიავამ, არისტრახო ისიდორეს ძე ქოიავამ, ივანე მანუჩარის ძე ჭანტურიამ, მიხეილ პავლეს ძე ქოიავამ, შალვა დიმიტრის ძე იოსავამ, არტემ ზოსიმეს ძე კორძაიამ, ვასილ იაგორას ძე კუპრავამ, გალაკტიონ პავლეს ძე კუპრავამ, ლუკა მოსეს ძე კუპრავამ, ლავრენტი გაბრიელის ძე გრიგოლიამ, სანდრო სამსონის ძე ტყებუჩავამ, ელიზბარ მურზას ძე ტყებუჩავამ, კოლია ბეკოს ძე ტყებუჩავამ, ბესარიონ დათიკიას ძე ტყებუჩავამ და თადა ნოდიამ და სხვ. სულ 72 კაცმა. სოფ. სუჯუნაში (ახალი აბაშის რაიონი) აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: იოსებ ბეგლარის ძე ნოდიამ, სოლომონ ისიდორეს ძე მატკავამ და სხვ. სულ 146 კაცმა. სოფ. ნაესაკოვოში (ახალი აბაშის რაიონი) აჯანყებაში მონაწილეობა 70 კაცმა მიიღო. სოფ. ახალი აბაშაში (ახალი აბაშის რაიონი) აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს: სამსონ მიმინოშვილმა, აკაკი თოფურიამ, დავით თოფურიამ, იოსებ დიმიტრის ძე თოფურიამ, ილიკო კაჭარავამ და სხვ. სულ 177 კაცმა.
სოფ. მარანში (ახალი აბაშის რაიონი) აჯანყებაში მონაწილეობა 52 აჯანყებულმა მიიღო. სოფ. ონტოფოში (ახალი აბაშის რაიონი) აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს: სანდრო სტეფანეს ძე ფირცხალავამ, ჭიჭიკო ერისტოს ძე ჟვანიამ, მოსე ეგნატეს ძე ჟვანიამ, დიომიდე მეტოს ძე ჟვანიამ, ევგენი ნიკოლოზის ძე ნადარეიშვილმა, ნესტორ ბესას ძე ნადარეიშვილმა, ანტონ ტრიფონის ძე ნადარეიშვილმა, ზაქარია დუტუს ძე დავითაიამ, ჭიჭიკო ივანეს ძე ურუდიამ, ილია კინტირიას ძე ჭანტურიამ, კონდრატე მელიტონის ძე ბარკალაიამ, ბათუ ბესას ძე ნადარეიშვილმა, ბეგი სტეფანეს ძე ბოკერიამ, გიორგი ბესას ძე ნადარეიშვილმა და სხვ. სულ 93 აჯანყებულმა. სოფ. გეზათ-გულუხეთში (ახალი აბაშის რაიონი) აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს: ბუჭუ გიორგის ძე ბოკერიამ, კაკო გიორგის ძე ბოკერიამ, ისააკ დიმიტრის ძე შუბლაძემ, ვარლამ ბარნაბას ძე ჯიბლაძემ, თეოფილე სიმონის ძე შენგელიამ და სხვ. სულ 116 აჯანყებულმა. სოფ. სეფიეთში (ახალი აბაშის რაიონი) აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს: ხუხუ მელიტონის ძე თოფურიძემ, ივანე გაბუნიამ, იაკობ კოსტას ძე მელიამ, ივლიანე ფარნას ძე ლაბარტყავამ, ერასტი ნიკოლოზის ძე ლაბარტყავამ და სხვ. სულ 36 აჯანყებულმა. სოფ. სამიქაოში (ახალი აბაშის რაიონი) აჯანყებაში მონაწილეობა 162 კაცმა მიიღო, სოფ. ქოლობანში (ახალი აბაშის რაიონი) - 62 კაცმა.
ახალი აბაშის რაიონში აჯანყებაში მონაწილეობა 1253 აჯანყებულმა მიიღო. სოფ. ბანძაში (ბანძის რაიონი) აჯანყებულებმა ძალაუფლება ხელში აიღეს და ოთხი დღის განმავლობაში შეინარჩუნეს ის. აჯანყებულებმა კომუნარებისა და მათი მშობლების დაპატიმრებები დაიწყეს, რის შემდეგაც სოფელში მიტინგი ჩაატარეს. მღვდლებმა ანაფორა ჩაიცვეს და გულზე ჯვრები დაიკიდეს. აჯანყების დროს ადგილობრივმა მილიციამ და კომუნარების ნაწილმა ნოქალაქევისა და მარტვილის რაიონებში გადასვლა მოახერხეს. სოფ. ბანძაში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: გიორგი ალექსანდრეს ძე ხაფავამ, ბათლომე ლუკას ძე ჭოჭუამ, ძორგო ლევარსას ძე გაბუნიამ, დათიკო გიორგის ძე კოკაიამ, მიხეილ კოსტას ძე კეკელიამ, ანდრო სესის ძე კეკელიამ, ტარას ანტონის ძე ეჯიბიამ, გიორგი ალექსანდრეს ძე ფაღავამ, ბაგრატ კოსტას ძე კეკელიამ, პლატონ მიხეილის ძე გაბუნიამ, ექვთიმე ფანცულაიამ, ვარლამ ექვთიმეს ძე ფანცულაიამ, ერასტო მაქსიმეს ძე კეკელიამ, ვარლამ პეტრეს ძე ფაღავამ, მეტია პეტრეს ძე ფაღავა, გაიოზ ტარიელის ძე ფაღავა, სევერიან ნიკოლოზის ძე კეკელიამ, კონსტანტინე მიხეილის ძე კეკელიამ, დავით მიხეილის ძე კეკელიამ, ბეე (? - ავტ.) გერასიმეს ძე გაბუნიამ, ევგენი ივანეს ძე ფოჩხუამ, არსენ ვარლამის ძე ყურუამ, სამსონ გიორგის ძე პატარაიამ, ვასილ ივანეს ძე პატარაიამ, მაჭუ დავითის ძე ქაჯაიამ, ანდრია გიატის ძე სართანიამ, ხუტუ ევგენის ძე გოგინავამ, ბუხუ კოსტას ძე გაბუნიამ, დავით იასონის ძე ფაღავამ, სევერიანე ბასილის ძე ესვანჯიამ. სოფ. ბანძაში აჯანყებაში მონაწილეობა 96 კაცმა მიიღო. სოფ. ლეხაინდრავოში (ბანძის რაიონი) აჯანყებაში მონაწილეობა 58 აჯანყებულმა მიიღო.
სოფ. ჯოლო-აბედათში (ბანძის რაიონი) აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: პარმენ დიმიტრის ძე შელეგიამ, აკაკი ბახვას ძე შელეგიამ, ჭიჭიკო ერმინეს ძე ანჯაფარიძემ, ილია იოსების ძე ანჯაფარიძემ, ილია სტეფანეს ძე ლომიამ, ალექსანდრე უთუს ძე მიქავამ, ჯონდი უთუს ძე მიქავამ, პარმენ კოსტას ძე ჩიქოვანმა, ანდრო ნესტორის ძე ყურუამ და პეტრე ფაჩუაშვილმა. სოფ. ჯოლო-აბედათში აჯანყებაში მონაწილეობა 89 კაცმა მიიღო. ბანძის რაიონში აჯანყებაში მონაწილეობა 253 კაცმა მიიღო (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #42, ფურცელი 26-40).
ზუგდიდის მაზრის დამოუკიდებლობის კომიტეტმა აჯანყების თარიღი თედო ესართიასაგან შეიტყო. ზუგდიდის მაზრის დამკომმა მაზრის სამხედრო შტაბი და აჯანყებულთა შეიარაღებული რაზმების მეთაურები გააფრთხილა. აჯანყების მოსამზადებელი სამუშაოები, მაზრის დამკომის მტკიცებით, დამაკმაყოფილებელი იყო. აჯანყებულები 1924 წლის 28 აგვისტოს სოფ. კახათის კოოპერატივის შენობას განზრახ დაეცნენ (სუიცსა, ფონდი #600, აღწერა #1, საქმე #282, ფურცელი 10ა). სოფ. კახათისაკენ ზუგდიდის რაიონული მილიციის უფროსი ა. თოლორაია მილიციელების თანხლებით გაემართა (სუიცსა, ფონდი #285, აღწერა #1, საქმე #1069, ფურცელი 29). მანამდე ა. თოლორაიასთან მივიდა პიროვნება (აჯანყებულების მიერ მოსყიდული), რომელიც მას ყაჩაღების ბინის ჩვენებას დაპირდა (სუიცსა, ფონდი #600, აღწერა #1, საქმე #282, ფურცელი 10ა). ამ ინფორმაციის საფუძველზე ყაჩაღების ბინისაკენ (სოფ. ობუჯისაკენ, წალენჯიხის რაიონი) მაზრის მილიციის უფროსის თანაშემწე როგავა სამი მილიციელის თანხლებით გაემართა. რაიონის მილიციიდან ორი მილიციელი ჩხოროწყუში ტუსაღების ბადრაგად იყო გაგზავნილი. ამდენად, მაზრის მილიციის უფროსის განკარგულებაში დამატებით მაზრის მილიციიდან მხოლოდ ოთხი მილიციელი აღმოჩნდა, ზუგდიდის რაიონის მილიციიდან - ხუთი მილიციელი. 1924 წლის 28 აგვისტოს, საღამოს, ზუგდიდის მაზრის მილიციის უფროსმა მოსალოდნელი გამოსვლის შესახებ ინფორმაცია ინფორმპუნქტის რწმუნებულის თანაშემწისაგან მიიღო. მან მილიციელებს სათანადო მითითება მისცა, თვითონ კი პარტიულ ამხანაგებთან ერთად ქალაქში პატრულირება დაიწყო, თუმცა საეჭვოს ვერაფერს ამჩნევდა (სუიცსა, ფონდი #285, აღწერა #1, საქმე #1069, ფურცელი 29). აჯანყებულებმა ქ. ზუგდიდზე იერიში 1924 წლის 29 აგვისტოს დილის ოთხ საათზე მიიტანეს (კალანდია 2006: 102). აჯანყებულები ინფორმპუნქტის შენობაში შეიჭრნენ და აღმასკომის თავმჯდომარე გრიგოლ როგავა სიცოცხლეს გამოასალმეს. აჯანყებულთა სხვა ძალები ქალაქისაკენ სამხრეთის მხრიდან მიიწევდნენ. აქ ისინი მაზრის მილიციის უფროსსა და მილიციელებს წააწყდნენ. ხანგრძლივი სროლის შემდეგ აჯანყებულებმა უკან დაიხიეს. ამასობაში გააფთრებული ბრძოლა დადიანების სასახლეების მახლობლად მიმდინარეობდა. აქ აჯანყებულებს ტყვიამფრქვევით სამხედრო კომისარი ჩიჩუა უმკლავდებოდა. რიცხობრივი უპირატესობა აჯანყებულთა მხარეზე იყო, ამიტომ დადიანების სასახლისაკენ მაზრის მილიციის უფროსი ვანიჩკა ჩხეტიასთან და მილიციელებთან ერთად გაემართა. ბრძოლაში ვ. ჩხეტია სასიკვდილოდ დაიჭრა. პოზიციური ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. კომუნისტებს ტყვია-წამლის მარაგი აღმასკომის შენობაში ჰქონდათ, ამიტომ აღმასკომის დაუფლებისათვის ბრძოლას აჯანყებულები დიდ ყურადღებას უთმობდნენ. მაგრამ აჯანყებულებმა აღმასკომის შენობის დაკავება ვერ შეძლეს. შენობები ხელიდან ხელში გადადიოდა (საავადმყოფო, გამასწორებელი სახლი და სხვ.). აჯანყებულებმა გამასწორებელი სახლიდან (საპყრობილიდან) პატიმრები გაათავისუფლეს (სუიცსა, ფონდი #285, აღწერა #1, საქმე #1069, ფურცელი 29). ქ. ზუგდიდის დაუფლებისათვის მიმდინარე ბრძოლა აჯანყებულთა გამარჯვებით დამთავრდა. ამის შემდეგ აჯანყებულებმა კომუნისტების განიარაღებასა და დაპატიმრებას მიჰყვეს ხელი. აჯანყებულებმა დააპატიმრეს: კირილე მიქაია, მელიტონ ხორავა და სხვ. ამის პარალელურად აჯანყებულები მოსახლეობაში მოწოდება-პროკლამაციას ავრცელებდნენ და აცხადებდნენ: „ყველაფერი გათავებულია (ირფელქ გეთუუ, ირფელი გათებული რე)“ (კალანდია 2006: 102-107). მამია ანჯაფარიძე და ესტატე ლატარია ცენტრიდან ტელეგრამებს ღებულობდნენ. ზუგდიდის მაზრაში აჯანყებულთა რიცხვმა 1 500 მიაღწია. მამია ანჯაფარიძემ ვლადიმერ ალექსანდრეს ძე გეგეჭკორი ზუგდიდის მაზრის მასშტაბით სამხედრო ხელმძღვანელად დანიშნა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23402-60, ფურცელი 26). 1924 წლის 31 აგვისტოს ზუგდიდში კომუნისტების ახალი ძალების შემოსვლა დაიწყო, რომელსაც სათავეში საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი აქირთავა და გალის საინფორმაციო პუნქტის უფროსი შარია ხელმძღვანელობდნენ (ენდელაძე 2004: 30). განახლდა შეტაკებები. სროლები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23402-60, ფურცელი 28). აჯანყებულთა ერთ-ერთი რაზმი, რომელსაც ვ. გეგეჭკორი მეთაურობდა, მდინარე ჩხოუშის ხიდთან დაბანაკდა. ამ დროს აჯანყებულებთან ვინმე კალანტარია მივიდა და აუწყა, რომ მათკენ მოიწევდნენ სამურზაყანოელი კომუნისტების შეიარაღებული რაზმები კოლბაიასა (სოფ. ჭუბურხინჯის საბჭოს თავმჯდომარე) და იასონ ქარდავას ხელმძღვანელობით. კალანტარიას თქმით, ი. ქარდავას აჯანყებულებთან მოლაპარაკება სურდა. ვ. გეგეჭკორმა კალანტარიას დაავალა ი. ქარდავასთვის გადაეცა, რომ ის უკან იხევდა და მათ გზას უთმობდა. სამურზაყანოს შეიარაღებული ძალები ქ. ზუგდიდში შევიდნენ. ვ. გეგეჭკორი აჯანყებულთა შტაბში გამოცხადდა (აჯანყებულთა შტაბი სასტუმრო „ფრანციაში“ მდებარეობდა). შტაბში ვ. გეგეჭკორს ჰკითხეს, თუ რატომ გაიარეს თავისუფლად კომუნისტებმა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ის იცავდა. ამაზე ვ. გეგეჭკორმა უპასუხა, რომ მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალა 150 მებრძოლისაგან შედგებოდა და მათი შეჩერება შეუძლებელი იყო. სამხედრო შტაბში თათბირი დაიწყო. თათბირის დასრულების შემდეგ შტაბიდან სოციალ-დემოკრატი ალექსანდრე ქავთარაძე გამოვიდა და ვ. გეგეჭკორს უბრძანა მათთვის იარაღი ჩაებარებინა, რადგან ის არასანდო პიროვნება იყო. ვ. გეგეჭკორმა შაშხანა და რევოლვერი ა. ქავთარაძეს ჩააბარა. იარაღის ჩაბარებას ესწრებოდნენ: იასონ ჯღამაია, კონსტანტინე ჟვანია, ბიდი წულეისკირი (აჯანყებულების მიერ ქ. ზუგდიდის კომენდანტად დანიშნული), კაკულია და სხვ. ამ ოფიცრებმა განაცხადეს, რომ ვ. გეგეჭკორი მათი მეგობარი იყო. ოფიცრები თვითონაც იარაღის დაყრით იმუქრებოდნენ. ე. ლატარიამ და ა. ქავთარაძემ ვ. გეგეჭკორს მოუბოდიშეს და იარაღი დაუბრუნეს. ვ. გეგეჭკორმა ზუგდიდის მაზრაში არსებული აჯანყებულთა ცალკეული შეიარაღებული რაზმების ხელახლა შეკრება დაიწყო. სოფ. მანცხვარში აჯანყებულთა ოთხი რაზმი შეიკრიბა. თითოეული რაზმი 100 მებრძოლისაგან შედგებოდა. რაზმებში სულ ხუთი ოფიცერი იყო: პირველ რაზმში იასონ ჯღამაია, მეორეში - დურუ როგავა, მესამეში - კონსტანტინე ჟვანია, მეოთხეში - გეთია და მეხუთეში - ვლადიმერ გეგეჭკორი. თითოეულ მებრძოლს შაშხანა და 15 ვაზნა ჰქონდა. ვ. გეგეჭკორმა შემდგომი მოქმედების გეგმის შედგენის მიზნით თათბირი ჩაატარა. ვ. გეგეჭკორმა სენაკის მიმართულებით წასვლა გადაწყვიტა. ამასთანავე მან განაცხადა, რომ მსურველებს შეეძლოთ არ გაჰყოლოდნენ მას. აჯანყებულთა სამხედრო შტაბი და 200 აჯანყებული ვ. გეგეჭკორს გაჰყვა. ვ. გეგეჭკორმა რაზმიდან 30 შეიარაღებული გამოყო, რომლებსაც პატიმარი კომუნისტების წაყვანა ევალებოდათ. მოიყვანეს 20-მდე პატიმარი კომუნისტი. აჯანყების მეოთხე დღეს სოფ. ცაიშთან აჯანყებულები 8 შეიარაღებულ კომუნისტს გადაეყარნენ. ვ. გეგეჭკორმა კომუნისტი შამუგია კომუნისტებთან გაგზავნა მოსალაპარაკებლად, რათა მათთვის გზა მიეცათ. ვ. გეგეჭკორმა აჯანყებულებთან ერთად სოფ. ცაიში გაიარა. სოფ. ხეთაში ვ. გეგეჭკორი აჯანყებულთა 60 კაციან რაზმს შეხვდა, რომელსაც სოციალ-დემოკრატი ვარლამ კობახიძე მეთაურობდა. მათ თან 200 დაპატიმრებული კომუნისტი მოყავდათ.
1924 წლის 1 სექტემბერს აჯანყებულებმა სოფ. ხეთა დატოვეს და ახალი სენაკისაკენ გააგრძელეს გზა. აჯანყებულებმა დაბა ხობში შეისვენეს. მოგვიანებით ვ. გეგეჭკორმა ე. ლატარიასთან და ჭაბუკიანთან საუბარი მოისურვა, მაგრამ ისინი ადგილზე არ აღმოჩნდნენ. ვ. გეგეჭკორი ახალი სენაკიდან მოსულ ერთ სოციალ- დემოკრატს გაესაუბრა, რომელმაც მას კომუნისტების მიერ ახალი სენაკის აღება აცნობა. ვ. გეგეჭკორმა აჯანყებულებს ყველაფერი აუწყა და დასძინა, რომ მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე ის პასუხს არ აგებდა და თითოეულ მათგანს თვითონ შეეძლო ეშველა საკუთარი თავისათვის. აჯანყებულებმა ხობის დატოვება დაიწყეს, მაგრამ ამ დროს მათ კომუნისტებმა ცეცხლი გაუხსნეს, რასაც აჯანყებულებმა სროლითვე უპასუხეს. შეტაკებისას აჯანყებულები დაიქსაქსნენ (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #24388, ფურცელი 12-14).
სოფ. კახათში აჯანყებულები 1924 წლის 29 აგვისტოს, დილით, ზუგდიდის რაიონის მილიციის უფროსს ა. თოლორაიას დაესხნენ თავს, რომელიც ორი მილიციელის თანხლებით სოფელში იყო მივლინებული იქ მომხდარი ყაჩაღობის ფაქტის გამოსარკვევად. ა. თოლორაია აჯანყებულებს გაექცა და ზუგდიდისაკენ აიღო გეზი. ა. თოლორაიამ ზუგდიდში შესვლა ვერ შეძლო, რადგან ქალაქი აჯანყებულების ხელში იყო. ა. თოლორაია სოფ. ჯოღეჯიანში გადავიდა, იქიდან - სოფ. ცაიშში და კომუნისტების შეგროვება დაიწყო. ამ ორ სოფელში მან ხუთ მებრძოლს მოუყარა თავი. სოფ. ცაიშში მათ აჯანყებულები დაესხნენ თავს, თუმცა აჯანყებულებისაგან გაქცევა ადვილად მოახერხეს. ამის შემდეგ ა. თოლორაია, შეკრებილ კომუნისტებთან ერთად, სოფ. კახათში დაბრუნდა და აჯანყებულების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო (აჯანყებულები 60 კაცს შეადგენდნენ). ა. თოლორაიამ 25 აჯანყებულის განიარაღება და მათ მიერ დაპატიმრებული კომუნისტების გამოხსნა შეძლო. ამასობაში ა. თოლორაიას რაზმი თანდათანობით ივსებოდა, რის შემდეგაც მათ აჯანყებულები საბოლოოდ დაამარცხეს. სოფ. კახათის დაკავების შემდეგ ა. თოლორაია სოფ. ცაიშში გადავიდა. აქ აჯანყებულებთან ცხარე ბრძოლა გაიმართა. შეტაკებისას ერთი აჯანყებული გვარად ბიბლაია დაიღუპა, ცხრა კი ტყვედ ჩავარდა. ა. თოლორაიამ 40 კომუნისტი აჯანყებულთა ტყვეობიდან გაათავისუფლა. აჯანყებულებმა სოფ. ხეთის მიმართულებით დაიხიეს. 1924 წლის 1 სექტემბერს ა. თოლორაია ქ. ზუგდიდიდან უკან დახეულ აჯანყებულებს ჩაუსაფრდა. ბრძოლაში ერთი აჯანყებული გვარად ჯიშკარიანი დაიღუპა, დანარჩენები კი სოფ. ხეთის მიმართულებით გაიქცნენ, სადაც საბოლოოდ დაიშალნენ (სუიცსა, ფონდი #285, აღწერა #1, საქმე #1069, ფურცელი 31). სოფ. აბასთუმანში აჯანყებულებმა 23 კომუნისტი დააპატიმრეს. აქ აჯანყებაში მონაწილეობდა 140 კაცი, სოფ. ჯოღეჯიანში - 45, სოფ. შამგონაში - 42, სოფ. ცაიშში - 51, სოფ. ყულისკარში - 250, სოფ. ცაიშის კახათში - 43. სოფ. რიყეში - 36, სოფ. კორცხელში - 130, სოფ. ნიკოსიაში - 27, სოფ. ჯიხასკარში - 100, სოფ. ლედგებიეში - 64 (სშსსა (III), ფონდი #28, აღწერა #1, საქმე #163, ფურცელი 48, 57, 60, 62, 64).
1924 წლის 28 აგვისტოს, ღამის 7 საათისათვის დარჩელის რაიონში ქ. ზუგდიდიდან იაკობ ახალაია (დარჩელის რაიონის აგრონომი) და ვარლამ თორია (სოციალისტ-ფედერალისტი) ჩავიდნენ, რომლებმაც ადგილობრივებს აჯანყების თარიღი აცნობეს. ადგილობრივმა აჯანყებულებმა დანიშნულ ადგილზე შეკრება დაიწყეს. 1924 წლის 28 აგვისტოს, ღამის ორი საათისთვის, 22 კაცი მოგროვდა, რომელთაგან 10 შეიარაღებული იყო, დანარჩენები კი - უიარაღო. აქ მათ დილამდე დაჰყვეს, დილას კი აჯანყება დაიწყეს (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23402-60, ფურცელი 2-3) ვარლამ ანჩაბაძისა და ვალოდია ჩხოლარიას ხელმძღვანელობით (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #45, ფურცელი 55). აჯანყებულებმა ადგილობრივი კომუნისტები განაიარაღეს და დააპატიმრეს. კომუნისტებისათვის წართმეული იარაღებით აჯანყებულები შეიარაღდნენ. აჯანყებაში მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო, რის შემდეგაც აჯანყებულთა რიცხვმა 500-600 მიაღწია. აჯანყებულებმა ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ ჩამოაყალიბეს თავდაცვის კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: ვარლამ ანჩაბაძე, კალისტრატე ხუფენია, ესავა სიჭინავა და ტარასხან სიჭინავა. ბრძანებას და განკარგულებას ვ. ანჩაბაძე და კ. ხუფენია იძლეოდნენ. აჯანყებულებმა დარჩელში ძალაუფლების მოპოვების შემდეგ 10 კაციანი რაზმი კირილე ქეცბაიას მეთაურობით სოფ. ანაკლიის მიმართულებით გაგზავნეს (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23402-60, ფურცელი 2-3). ფოთიდან დამხმარე ძალების მოსვლის შემდეგ დარჩელის რაიონის მილიცია აჯანყებულების წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა და სოფ. ანაკლია მთლიანად გაწმინდა აჯანყებულებისაგან (სუიცსა, ფონდი #600, აღწერა #1, საქმე #282, ფურცელი 10ა). მდინარე ჯუმს (რომლის ორივე ნაპირზე მდებარეობს სოფ. დარჩელი) მიადგნენ სოფლების ერგეტასა და ორულუს კომუნისტები. ხიდის ერთ მხარეს პოზიციები დაიკავეს აჯანყებულებმა, მეორე მხარეს - კომუნისტთა რაზმმა. შუადღისთვის სოფ. დარჩელი კომუნისტებმა აიღეს (არნანია ა., შონია ვ., დარჩელი (ნარკვევები სოფლის ისტორიიდან), თბილისი, 1999).
სოფ. ორულუ-ერგეტაში (ამჟამად წარმოადგენენ ცალ-ცალკე სოფლებს და შედიან ზუგდიდის რაიონის შემადგენლობაში) აჯანყება 1924 წლის 29 აგვისტოს, დილით დაიწყო. აჯანყებულები ზუგდიდის მაზრის უფროს მილიციელს ს. მიქავასა და მის ძმას დაესხნენ თავს. ძმები მიქავეები სროლით გავიდნენ სახლიდან და სოფ. ორულუ-ერგეტაში მყოფი კომუნისტის მიხა მამფორიას რაზმს შეუერთდნენ. ამ რაზმმა რამდენიმე დღიანი ბრძოლის შემდეგ სოფ. ორულუ-ერგეტა აჯანყებულებისაგან გაწმინდა და 1924 წლის 31 აგვისტოს ქ. ზუგდიდში დაბრუნდა. ს. მიქავა მაზრის მილიციის უფროსთან გამოცხადდა და არსებული ვითარების შესახებ პატაკი ჩააბარა (სუიცსა, ფონდი #285, აღწერა #1, საქმე #1069, ფურცელი 31). სოფ. კოკში (ამჟამად სოფელი ზუგდიდის რაიონში) აჯანყებაში მონაწილეობდა 150 კაცი, სოფ. დიდინეძში (ამჟამად სოფელი ზუგდიდის რაიონში) – 100 (სშსსა (III), ფონდი #28, აღწერა #1, საქმე #163, ფურცელი 12-15).
აჯანყებამდე რამდენიმე დღით ადრე ხობში ესტატე ლატარია გერმანე ლატარიას ოჯახში მივიდა და აჯანყების თარიღი აცნობა. გ. ლატარიამ კი ყველა „თავისიანი“ გააფრთხილა. 70 აჯანყებული 1924 წლის 28 აგვისტოს ღამით დათქმულ ადგილზე შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ: გერმანე ლატარია, პაჩუ ჯორჯიკია, ვლადიმერ თამარიშვილი, სიმონ როდონაია, ბესარიონ ქირია. გ. ლატარიამ აჯანყებულები ოთხ რაზმად დაყო და თითოეულ მათგანს მეთაური მიუჩინა. აჯანყებულები 1924 წლის 29 აგვისტოს დილის ოთხ საათზე ხობში შეიჭრნენ (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23402-60, ფუცელი 2-6) და ადგილობრივი კომუნისტები განაიარაღეს და დააპატიმრეს. სოფ. ბიის მღვდელი ლ. იოსავა ხალხს არწმუნებდა, რომ სამეგრელოს ყველა კუთხე აჯანყებულების მიერ იყო აღებული და საბჭოთა ხელისუფლება აღარ არსებობდა (გაზეთი. „კომუნისტი“, თბილისი, 1924, #216). ლევან დუნდუამ ხალხს ტელეგრამა წაუკითხა, რომელშიც თბილისის აღებაზე იყო საუბარი. ხალხი აჯანყებაში მასიურად ჩაება, მოხუცებიც კი ითხოვდნენ იარაღს. აჯანყებულთა რიცხვმა 400 მიაღწია. 1924 წლის 29 აგვისტოს, დილის 8 საათზე, ხობის ბულვარში აჯანყებულებმა კრება ჩაატარეს. კრებაზე სოციალისტ-ფედერალისტმა ბესარიონ ჯორჯიკიამ ხალხს საქართველოს გათავისუფლება მიულოცა და ხობის რაიონის დამკომის დაუყოვნებლივი შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა (ზოგან აჯანყებულები მას თავდაცვის კომიტეტს ეძახდნენ). არჩეულ იქნა დამკომი ლევან დუნდუას (თავმჯდომარე, სოციალ-დემოკრატი), ნესტორ როდონაიასა (სოციალ-დემოკრატი) და ბიქტორ პაჭკორიას (ეროვნულ-დემოკრატი) შემადგენლობით. დამკომმა გერმანე ლატარია სამხედრო ხელმძღვანელად დატოვა. დამკომმა ექვთიმე წიფურია ხობის კომენდანტად დანიშნა, ჭაჭია (ყოფილი ოფიცერი) - მის თანაშემწედ, ჯორჯიკია - მილიციის უფროსად, სილვესტრ კობახიძე - ხობის რაიონის კომისრად. 1924 წლის 31 აგვისტოს ხობის აჯანყებულებმა მზვერავისაგან შეიტყვეს, რომ ქ. ფოთისა და სოფ. ქვალონის კომუნისტების შეერთებული ძალები ხობს უახლოვდებოდნენ. აჯანყებულებმა ხობის საზღვრის გამაგრების გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ ამის გაკეთებას აზრი არ ჰქონდა. აჯანყებულებსა და კომუნისტებს შორის შეტაკება დაიწყო. შეტაკებისას აჯანყებულები გაიფანტნენ.
სოფ. ხეთაში აჯანყებულები აჯანყების წინა ღამეს ორად გაიყვნენ, რათა უფრო მობილურად ემოქმედათ. აჯანყება სოფ. ხეთაში 1924 წლის 29 აგვისტოს, დილით, დაიწყო. აჯანყებულებმა ყველა ადგილობრივი კომუნისტი განაიარაღეს, დააპატიმრეს და სკოლის შენობაში მოათავსეს. ერთადერთი კომუნისტი, რომელიც წინააღმდეგობას აგრძელებდა ლევან გოგია იყო, მაგრამ საბოლოოდ ისიც იძულებული გახდა ფარ-ხმალი დაეყარა. აჯანყებულებმა რაჟდენ ქირიას მეთაურობით სოფლის კანცელარიის შენობა დაიკავეს, რომლის შემდეგაც ადგილობრივი დამკომი აირჩიეს. დამკომში შევიდნენ: ვარლამ კობახიძე (თავმჯდომარე), ჩაქვა (იასონ) კუტალია, რაჟდენ ქირია, თეიმურაზ კუკუვა და დოროთე კიტია (ავადმყოფობის გამო არ უმუშავია). სამხედრო საქმეების გაძღოლა ჩ. კუტალიასა და გიორგი პეტრეს ძე ლატარიას დაევალათ. მათ ეხმარებოდნენ სერაფიონ კობახიძე და დომენტი ქორთუა. 1924 წლის 29 აგვისტოს, დღის ორ საათზე, სოფ. ხეთაში მოიტანეს ცნობა კომუნისტების მიერ სოფ. ცაიშის დაკავების შესახებ. ხეთის აჯანყებულებმა ცაიში-ხეთის საზღვრის დაცვის გადაწყვეტილება მიიღეს, რაც შესრულდა კიდეც. უფრო მეტიც, მათ სოფ. ცაიშიც კი დაიკავეს და 26 კომუნისტი დააპატიმრეს.
1924 წლის 31 აგვისტოს ქ. ზუგდიდიდან უკანდახეულმა აჯანყებულებმა მამია ანჯაფარიძემ, ვარლამ გობეჩიამ, ვარლამ ხუბუტიამ, ბაგრატ ვეკუამ, არსენ კუჭავამ, ბეგი გეგეჭკორმა და სხვებმა ხეთაში 150 კომუნისტი პატიმარი მოიყვანეს 100 მცველის თანხლებით. მათ 40 ავადმყოფი პატიმარი სოფ. ხეთაში დატოვეს, დანარჩენები კი ხობის მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით ვ. კობახიძემ ხობში კაცი გააგზავნა კითხვით - შეეძლოთ თუ არა მათ დამატებით პატიმრების მიღება? აღმოჩნდა, რომ ხობი უკვე კომუნისტებს ჰქონდათ დაკავებული. ამასთან, სოფ. ხეთაში ცნობა მოვიდა, რომ სოფ. ანაკლიის კომუნისტებისაგან შემდგარი რაზმი სოფ. ხეთაზე თავდასხმისათვის ემზადებოდა. ვ. კობახიძემ რაზმი დაშალა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23402-60, ფურცელი 5-6, 25). სოფ. ხეთაში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა 220 ადამიანმა მიიღო (სშსსა (III), ფონდი #28, აღწერა #1, საქმე #163, ფურცელი 1). სოფ. ნოჯიხევში აჯანყებაში მონაწილეობდა 65 ადამიანი, სოფ. ქარიატაში - 30, სოფ. ქვალონში - 54, სოფ. პირველი ხორგაში - 30, სოფ. შუა ხორგაში -21 (სშსსა (III), ფონდი #28, აღწერა #1, საქმე #163, ფურცელი 1).
ახალი ხიბულის რაიონში (ამჯამად სოფელი ხობის რაიონში) აჯანყებას ხელმძღვანელობდნენ: ჯუგუ დადიანი, ფუხული ლომაია, ალექსანდრე ლომაია, რაჟდენ ყურაშვილი, აკაკი ქაჯაია (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #45, ფურცელი 55). სოფ. ახალი ხიბულაში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა 35 კაცმა მიიღო (სშსსა (III), ფონდი #28, აღწერა #1, საქმე #163, ფურცელი 18).
სოფ. საჩიჯაოში აჯანყებულებმა ადგილობრივი კომუნისტები და კომკავშირლები დააპატიმრეს. აჯანყებულმა გრიგოლ თირქიამ ერთ-ერთ კომუნისტს მუქარის ძალით სოფლის კანცელარიის ეზოს ჭიშკარზე გამოსახული ჩაქუჩი და ნამგალი წააშლევინა. ერასტო ქუჩულორიამ ლენინის სურათი დანით დაჭრა და პატიმრებს ზედ დააფურთხებინა. სოფ. საჩიჯაოში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: ერასტო ქუჩულორიამ, ამბაკო კუჭავამ, გრიგოლ გუსარის ძე თირქიამ, ნესტორ გუსარის ძე თირქიამ (გრიგოლ თირქიას ძმა), ნესტორ კოსტას ძე კვარაცხელიამ, გიორგი (კუკი) იოსების ძე ჩიჩუამ, ანტონ ბასას ძე ფულარიამ, ესტატე სიმონის ძე ახალაიამ, ხუტუ ესტატეს ძე ახალაიამ (ესტატე ახალაიას შვილი), ამბაკო თანაფიას ძე კუჭავამ, ლადი თანაფიას ძე კუჭავამ, კალისტრატე მიხეილის ძე ნანეიშვილმა (საქართველოს სახელმწიფო არქივის ზუგდიდის ფილიალი, ფონდი #2, აღწერა #1, საქმე #41, ფურცელი #214-215). აჯანყებულთა რიცხვმა 100 მიაღწია. სოფ. საჩიჯაოს თავდაცვის კომიტეტში შევიდნენ: გრიგოლ თირქია, ნესტორ კვარაცხელია და ერასტო ქუჩულორია.
სოფ. ძველი ხიბულაში აჯანყების სათავეში სიმონ ადამია იდგა, რომლის განკარგულებაში 25 შეიარაღებული იყო. სოფ. ძველი ხიბულაში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: ალექსანდრე ლომაიამ, ფუხული ლომაიამ, ჯუგუ დადიანმა, დურუ როგავამ და სხვ. აჯანყებულებმა მოახერხეს ძალაუფლების ხელში აღება, რომლის შემდეგ თავდაცვის კომიტეტი ჩამოაყალიბეს. თავდაცვის კომიტეტში შევიდნენ: იგორ კვირკვაია, ბეგი ჯიშკარიანი, ლევან გოგია. სოფ. ხორგაში აჯანყების სათავეში პილა ბერაია იდგა. თუ როგორ განვითარდა მოვლენები აღნიშნულ სოფელში ჩვენთვის უცნობია (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23402-60, ფურცელი 7, 25).
სოფ. ნარაზენში (ამჟამად სოფელი ზუგდიდის რაიონში) აჯანყებაში მონაწილეობდა 17 კაცი, სოფ. ჭაქვინჯში (ამჟამად სოფელი ზუგდიდის რაიონში) - 10 (სშსსა (III), ფონდი #28, აღწერა #1, საქმე #163, ფურცელი 18).
1924 წლის 28 აგვისტოს ცენტრიდან გამოგზავნილმა პიროვნებამ სამსონ როდონაიას აჯანყების თარიღი აუწყა. ს. როდონაიამ, თავის მხრივ, ჩხოროწყუელი აჯანყებულები გააფრთხილა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23402-60, ფურცელი 7, 25). აჯანყება ჩხოროწყუში 1924 წლის 29 აგვისტოს, გამთენიისას, დაიწყო. აჯანყებულთა მთავარი რაზმი სპირიდონ შენგელიას ხელმძღვანელობით სოფ. ხაბუმიდან წამოვიდა და დღევანდელი #1 ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე დაბანაკდა. აჯანყებულებმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან დელეგაცია გაგზავნეს (რომელიც ძირითადად ქალებისგან შედგებოდა) და შეუთვალეს წინააღმდეგობის გაუწევლად დანებებულიყვნენ. პასუხად მიიღეს - თუ მთელი საქართველო აჯანყებულთა ხელშია, დავაზუსტებთ და ჩაგბარდებითო. აჯანყებულთა რიცხობრივმა უპირატესობამ თავისი როლი შეასრულა და მათ სოფ. ჩხოროწყუში ძალაუფლება ხელში აიღეს. აჯანყებულებმა კომუნისტების ნაწილი განაიარაღეს, დააპატიმრეს და ეკლესიებსა და სხვა ნაგებობებში მოათავსეს. ამასობაში ჩხოროწყუს მილიცია ვარლამ შოგირაძის მეთაურობით ჩხოროწყუს სოფლებიდან გამოქცეული კომუნისტებით ივსებოდა და გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებოდა (ახალაია 2002: 36-37). ჩხოროწყუს აჯანყებულებმა ჩამოაყალიბეს თავდაცვის კომიტეტი სპირიდონ შენგელიასა (სოციალ-დემოკრატი) და აკაკი შამათავას (ეროვნულ-დემოკრატი) შემადგენლობით (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23402-60, ფურცელი 12). სოფ. ჩხოროწყუში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა 46 კაცმა მიიღო (სშსსა (III), ფონდი #28, აღწერა #1, საქმე #163, ფურცელი 34). სოფ. ახუთის აჯანყებულებმა ვალოდია შუბლაძის მეთაურობით სოფლები ახუთი და გარახა დაიკავეს და სოფ. ჩხოროწყუში დაბანაკებულ კომუნისტებს შეუტიეს (ახალაია 2002: 162-239). სოფ. ახუთში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა 58 კაცმა მიიღო (სშსსა (III), ფონდი #28, აღწერა #1, საქმე #163, ფურცელი 34).
სოფ. კირცხში აჯანყებულებმა ზებე ჯიქიას მეთაურობით ადგილობრივი კომუნისტები დაატყვევეს და ეკლესიაში მოათავსეს (ახალაია 2002: 162-239). სოფ. კირცხში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა 61 კაცმა მიიღო (სშსსა (III), ფონდი #28, აღწერა #1, საქმე #163, ფურცელი 34).
სოფ. ლეწურწუმეში აჯანყებულებმა ავქსენტი ქუთელიას, ბუხუტი ქუთელიას, დავით გობეჩიას, სპირიდონ გობეჩიასა და ალექსანდრე პერტაიას ხელმძღვანელობით ადგილობრივი კომუნისტები დააპატიმრეს და სოფ. ეგიარზენში, ვინმე ანთიას სახლში გამოკეტეს (ახალაია 2002: 37-38). სოფ. ლეწურწუმეში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა 31 კაცმა მიიღო (სშსსა (III), ფონდი #28, აღწერა #1, საქმე #163, ფურცელი 34).
სოფ. ლესიჭინეში პაისი ჭიჭინაძის, იონა სიჭინავას, ილიკო სიჭინავას, ნიკოლოზ (ნიკო) სიჭინავასა და ნიკოლოზ (ნიკო) ფაციას ხელმძღვანელობით მოქმედმა აჯანყებულთა რაზმმა სოფელში ძალაუფლება ხელში აიღო და ორი დღის განმავლობაში შეინარჩუნა (ახალაია 2002: 162-239). სოფ. ლესიჭინეში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა 69 კაცმა მიიღო (სშსსა (III), ფონდი #28, აღწერა #1, საქმე #163, ფურცელი 34). სოფ. მუხურში აჯანყებულებს ალექსანდრე (საშა) ბენდელიანი და ივანე ბაძაღუა მეთაურობდნენ (ახალაია 2002: 162-239).
სოფ. ნაფიჩხოვოში ადგილობრივ კომუნისტებს აჯანყებულები პროფი ფიჩხაიასა და მიხეილ (მიხა) ფიჩხაიას მეთაურობით დაუპირისპირდნენ. სოფ. ნაფიჩხოვოში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა 19 კაცმა მიიღო (სშსსა (III), ფონდი #28, აღწერა #1, საქმე #163, ფურცელი 34).
სოფ. ქვედა ჩხოროწყუში აჯანყებულებმა ძალაუფლება ხელში აიღეს და ორი დღე-ღამის განმავლობაში ფლობდნენ მას (ახალაია 2002: 162-239). რაც შეეხება სოფ. ხაბუმეს, სწორედ ამ სოფლიდან დაიწყო მოქმედება ჩხოროწყუს აჯანყებულთა მთავარმა რაზმმა სპირიდონ შენგელიას მეთაურობით (ახალაია 2002: 162-239). სოფ. ხაბუმეში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა 49 კაცმა მიიღო (სშსსა (III), ფონდი #28, აღწერა #1, საქმე #163, ფურცელი 34). სოფ. ჭოღაში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა 44 კაცმა მიიღო (სშსსა (III), ფონდი #28, აღწერა #1, საქმე #163, ფურცელი 34). ჩხოროწყუს მილიციის რაზმმა აჯანყებულთა წინააღმდეგ აქტიური მოქმედება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ გიორგი სოსელია, ევგენი უბირია და თომა ლუკავა შეუერთდნენ. მათ მოიტანეს ცნობა, რომ აჯანყებულებს საქართველოს მხოლოდ ცალკეულ რეგიონებში ჰქონდათ ძალაუფლება ხელში აღებული. აჯანყებულების წინააღმდეგ ბრძოლა ჩხოროწყუს მილიციამ წარმატებით დაამთავრა და მთელი ჩხოროწყუს მასშტაბით აჯანყებულები დაამარცხა. 1924 წლის 30 აგვისტოს, საღამოსათვის, ჩხოროწყუს რაიონის ყველა სოფელი კომუნისტების ხელში იყო. აჯანყებულთა ნაწილმა ჩხოროწყუ დატოვა და წალენჯიხის გავლით სვანეთის ტყეებს შეაფარა თავი.
ჩხოროწყუს კომუნისტებმა ქ. ზუგდიდიდან დახმარების თხოვნა მიიღეს. ზუგდიდისაკენ მიმავალი ჩხოროწყუელი კომუნისტები გზაში სოფ. ჯიხაშკართან აჯანყებულებს შეეტაკა. ასევე მდ. სინწასთან ისინი რიცხობრივად უპირატეს მოწინააღმდეგეს გადაეყარნენ, რომელსაც ჭუჭუ ხუბულავა მეთაურობდა. კომუნისტებმა ბრძოლას თავი აარიდეს და შემოვლითი გზით ქ. ზუგდიდში შესვლა მოახერხეს. მათ ზუგდიდის რაზმთან ერთად, რომელსაც ვლადიმერ ზაქარაია ხელმძღვანელობდა, ალყაშემორტყმული მაზრის ხელმძღვანელების გათავისუფლება მოახერხეს (ახალაია 2002: 37-38).
წალენჯიხელი აჯანყებულებიდან აჯანყების ზუსტი თარიღი იოსებ მიქაიამ შეიტყო. ი. მიქაიამ თედო ფიფია და სხვები გააფრთხილა. 1924 წლის 29 აგვისტოს, დილის საათებში, აჯანყებულებმა წალენჯიხა უომრად აიღეს (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23402-60, ფურცელი 11-12). წალენჯიხის რაიონში აჯანყებასხელმძღვანელობდნენ: შალვა თვალთვაძე (ეროვნულ-დემოკრატი) და იოსებ კვარაცხელია (დამფუძნებელი კრების ყოფილი წევრი) (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა @#2, საქმე #45, ფურცელი 55). ძალაუფლების ხელში აღებისთანავე აჯანყებულებმა რაიონული დამკომი შექმნეს ისიდორე კვარაცხელიასა (სოციალ-დემოკრატი) და გუდუ კვარაცხელიას (ეროვნულ-დემოკრატი) შემადგენლობით.
დამკომმა შტაბის ხელმძღვანელად მიხეილ ბელქანია დანიშნა (ის იყო ასევე წალენჯიხის რაიონის კომენდანტი), მილიციის უფროსად - იოსებ მიქაია, მილიციის უფროსის თანაშემწედ - ცხონდია, მწერლად - თედო ფიფია, მდივნად - მიხეილ თვალთვაძე. მოსახლეობა აჯანყებულებთან მასიურად ცხადდებოდა და მათ თანადგომას უცხადებდა. აჯანყებულთა რიცხვმა 300 მიაღწია (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23402-60, ფურცელი 9-12, 27-28).
სოფ. ობუჯში აჯანყება 1924 წლის 29 აგვისტოს, გამთენიისას დაიწყო. ამ დროს სოფელში ზუგდიდის მაზრის მილიციის უფროსის თანაშემწე ვ. როგავა იყო ჩასული, რომელსაც ბანდიტები უნდა შეეპყრო. იმავდროულად სოფელში წალენჯიხის რაიმილიციის უფროსი ვასილ მანია იმყოფებოდა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო გადასახადის აკრეფის მიზნით იყო მივლინებული. ორივე მათგანის განკარგულებაში ოთხი მილიციელი იყო (სამი ახლდა როგავას, ერთი მანიას). აჯანყებულები ვ. როგავას თავს დაესხნენ. ორმხრივი სროლის დროს ვ. როგავამ სოფლის სამმართველომდე მისვლა მოახერხა. სამმართველოში ტელეფონი იყო. მან შეიტყო აჯანყებულების მიერ ქ. ზუგდიდის დაკავება, რის გამო, სოფ. ობუჯის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. აჯანყებულებმა სოფ. ობუჯში ადგილობრივი კომუნისტები ადვილად განაიარაღეს. მოგვიანებით ობუჯელ აჯანყებულებს წალენჯიხიდან მოსული 10 კაციანი რაზმი შეუერთდა, რომელსაც მეტო გიგიბერია მეთაურობდა. მ. გიგიბერიამ შეკრებილ ხალხს აჯანყებულების მიერ საქართველოს ყველა ქალაქის დაკავებისა და საბჭოთა ხელისუფლების დამხობის შესახებ ამცნო. აჯანყებულებმა სოფ. ობუჯის თავდაცვის კომიტეტი აირჩიეს ლევან მესხიას (თავმჯდომარე), მიხეილ ფიფიასა და სხვათა შემადგენლობით. მ. გიგიბერია სოფ. ობუჯიდან წალენჯიხაში 20 კაციანი რაზმით დაბრუნდა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23402-60, ფურცელი 9-12, 27-28). სოფ. ობუჯში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა 50 კაცმა მიიღო (სშსსა (III), ფონდი #28, აღწერა #1, საქმე #163, ფურცელი 26). სოფ. ჯგალი აჯანყებულებმა კონსტანტინე კვარაცხელიას მეთაურობით ადვილად აიღეს. ამის შემდეგ ისინი წალენჯიხაში გამოცხადნენ დახმარების აღმოსაჩენად. წალენჯიხის დამკომმა ისინი უკან გააბრუნა იარაღის მოსატანად. სოფ. ჯგალში მისვლისთანავე აჯანყებულებმა სოფლის აღმასრულებელი კომიტეტის წევრს ბაგრატ კვარაცხელიას ორი შაშხანა წაართვეს, ფოსტის უფროსს - რევოლვერი „სმიტ-ვერონა“. აჯანყებულებმა იარაღი სხვა კომუნისტებსაც წაართვეს და წალენჯიხის დამკომს ჩაუტანეს (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23402-60, ფურცელი 9-12, 27-28). სოფ. ჯგალში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა 40 კაცმა მიიღო. სოფ. საჩინოში აჯანყებაში მონაწილეობდა 38 კაცი, სოფ. მუხურში (ამჟამად ჩხოროწყუს რაიონი) - 60 (სშსსა (III), ფონდი #28, აღწერა #1, საქმე #163, ფურცელი 24, 27-28). წალენჯიხელმა აჯანყებულებმა ძალაუფლება 3-4 დღის განმავლობაში შეინარჩუნეს, ბოლოს კი ისინი გატყდნენ. წალენჯიხის რაიონის მილიციამ ზუგდიდის რაიონის მილიციასთან ერთად 70 აჯანყებული დააპატიმრა (სუიცსა, ფონდი #600, აღწერა #1, საქმე #282, ფურცელი 10ა).
ლიის რაიონის სოფ. ლიაში (ამჟამად სოფელი წალენჯიხის რაიონში) აჯანყება 1924 წლის 29 აგვისტოს, დილის 10 საათზე, დაიწყო. 40 აჯანყებული (აქედან მხოლოდ 20 იყო შეიარაღებული) ტარასი ბერიშვილის მეთაურობით სოფლის კანცელარიის შენობაში შეიჭრა და დაიკავა. აჯანყებულებმა ადგილობრივი კომუნისტები განაიარაღეს და დააპატიმრეს (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23402-60, ფურცელი 27). ლიის რაიონში აჯანყებაში მონაწილეობდნენ: ტრიფონ ბერიშვილი, მელიტონ სამუშია, პროკოფი ჩიქოვანი, ალექსი ბერიშვილი, ლეო ჭანტურია, შალვა დადიანი, კოწო დადიანი, სოლომონ გეთია (მღვდელი), ბებითუ ფიფია, ანტო გერგედავა, ილარიონ ხუბუტია, ჭუჭუ ჩიქოვანი, სევერი ჭიჭინაძე, ანდრო წულუკიძე, ტარასი ბერიშვილი, კაი ბერიშვილი, რაჟდენ აკობია (მოსწავლე), მათე ფიფია, ილარიონ ფიფია (მოსწავლე), ბიკა ფიფია (მოსწავლე), ავქსენტი ფიფია (მოსწავლე), ალექსანდრე კვაჯას ძე ბერიშვილი, ტვირი სამუშია, კოლია ჭანტურია, ფარნა ციმინტია, გრიშა აფაქიძე, სამსონ შონია, კირილე აფაქიძე, იოსებ ფიჩხაია, სტეფანე გოგია, ბათლომე გეთია, ბიჭიკო გობეჩია, გრიშა დადიანი და სხვ. აჯანყების დაწყებისთანავე ლიის რაიონის საბჭოთა ხელისუფლებამ საეჭვო პირების დაპატიმრება დაიწყო. დააპატიმრეს 60 პირი. კომუნარების ერთი რაზმი ჯვარის მიმართულებით გააგზავნეს, სადაც აჯანყებულებთან შეტაკებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც რამდენიმე აჯანყებული დაიჭრა, რამდენიმე კი ტყვედ ჩავარდა. კომუნარების მეორე რაზმი სოფ. ლიის ცენტრში დარჩა და იცავდა საპყრობილეს და რაიონულ დაწესებულებებს. კომუნარების მესამე რაზმი (6 კაცი) ქ. ზუგდიდის მხრიდან იცავდა სოფელ ლიას. კომუნარების ამ რაზმთან აჯანყებულების შეტაკება მოხდა. კომუნარებმა ვერ გაუძლეს აჯანყებულთა შეტევას და გაიქცნენ. შეტაკება მოხდა სოფ. ლიის ცენტრში, სადაც აჯანყებულთა მხრიდან დაიღუპნენ: პლატონ ხუბუტია, ელიზბარ გვახარია და მელიტონ ხორავა, ანდრო წულუკიძე კი დაიჭრა. კომუნარების მხრიდან ვლადიმერ ქობალია დაიჭრა.
ადგილობრივმა საბჭოთა ძალებმა ვერ შეძლეს აჯანყების ჩაქრობა და ამიტომაც მათ რაიონში წითელი ჯარი შემოიყვანეს და საბერიოს რაიონიდან კომუნარები გამოიძახეს (სშსსა (III), ფონდი #28, აღწერა #1, საქმე #163, ფურცელი 80-82). ძალაუფლების ხელში აღებისთანავე აჯანყებულებმა რაიონული თავდაცვის კომიტეტი აირჩიეს: ალექსი ბერიშვილის (თავმჯდომარე), ალექსანდრე ბერიშვილის, მელიტონ სამუშიას, ესტატე სამუშიას, ივლიანე ბერიშვილისა და კაი ბერიშვილის შემადგენლობით. აჯანყებულებმა სამხედრო ხელმძღვანელად ტარასი ბერიშვილი დანიშნეს. ბრძანებას და განკარგულებას ალექსი ბერიშვილი იძლეოდა. აჯანყებული ლიელების დასახმარებლად სოფ. ჭკადუაშიდან მოვიდა 40 შეიარაღებული ჭანტურიას მეთაურობით და სოფ. კორცხელიდან 10 შეიარაღებული ანდრო წულუკიძის მეთაურობით. სოფ. ლიაში მათ ორი დღე დაჰყვეს (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23402-60, ფურცელი 27). კომუნისტების ახალი ძალების სოფელში შემოსვლისთანავე ლიელმა აჯანყებულებმა თავიანთი პოზიციები დატოვეს და სოფ. ჯვარის მიმართულებით გაიქცნენ, რომ სვანეთის ტყეებისათვის შეეფარებინათ თავი (სსაზფ, ფონდი #2, აღწერა #1, საქმე #43, ფურცელი 11). სოფ. ლიაში აჯანყებაში მონაწილეობა 23 კაცმა მიიღო.
სოფ. ჭკადუაშში (ამჟამად სოფელი ზუგდიდის რაიონში) აჯანყებაში მონაწილეობდა 19 კაცი, სოფ. ტყაია ბეჟაშღალში (ამჟამად წარმოადგენს ორ სოფელს ტყაიასა და ჩხორიას და ორივე შედის ზუგდიდის რაიონის შემადგენლობაში) - 19, სოფ. ფახულანში (ამჟამად სოფელი წალენჯიხის რაიონში) – 20, სოფ. ჭალეში (ამჟამად სოფელი წალენჯიხის რაიონში) - 8, სოფ. ჯვარში (ამჟამად წარმოადგენს დაბას და შედის წალენჯიხის რაიონის შემადგენლობაში) - 33, სოფ. ეწერში (ამჟამად სოფელი წალენჯიხის რაიონში) - 11 (სშსსა (III), ფონდი #28, აღწერა #1, საქმე #163, ფურცელი 72). ზუგდიდის მაზრაში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: ხარიტონ ივანეს ძე ქვარაიამ, ლავრენტი ალექსის ძე ჩიქავამ, პავლე (ქარსანა) შენგელიამ (ნაყოფიამ), ადამურ სიკოს ძე ცხაკაიამ, ივლიანე ხუტუს ძე ნორაკიძემ, ოთარ კაჭის ძე ჩხოლარიამ, ტარას ყარამანის ძე ნავეიშვილმა, ვარლამ გრიგოლის ძე ანჩაბაძემ, ვარლამ გვარდღას ძე თორიამ, კაჭია კუკავამ, კონსტანტინე პახვალას ძე ჩხოლარიამ, ისიდორე ძოღოს ძე ხუფენიამ, იასონ ლატარიამ, ამროსი სტეფანეს ძე სორდიამ, კაპიტონ მიხეილის ძე გაბილაიამ, დვირია გოჩას ძე ნარუამ, რაჟდენ ერჩქინდის ძე შელიამ, იოსებ დავითის ძე ჭითანავამ, ასტამურ თადის ძე ჯაიანმა, ხუტუ ალექსის ძე ორზოლიამ, ალექსი თოდუამ, ერასტო შალვას ძე ქარჩავამ, ჯინჯერი ბორდღუს ძე ნოსირიძემ, კალისტრატე გაიოზის ძე ზარანდიამ, თარა კუტალიამ, გრიგოლ კუდნათის ძე შერვაშიძემ, ჭუჭუ ნესტორის ძე დგებუაძემ, შამელი ბაზალიას ძე გელენავამ, არსენა ქვათის ძე ნაყოფიამ, სპირიდონ მორგოშიამ, იოსებ მიხას ძე ლემონჯავამ, ტრიფონ ფიოლიამ, ვალოდია ქიბარის ძე როგავამ, იონა მარკოზის ძე სიჭინავამ, ცხოფო მიხეილის ძე მგალობლიშვილმა, ბეგო ქანთარიამ, ესტატე შენგელიამ, ბარნაბა შურღაიამ, კონსტანტინე (კოტე) ანჯაფარიძემ, ლუკა მურზაყანის ძე გვასალიამ, ძუკუ კონსტანტინეს (კოწიას) ძე წულეისკირმა, სოლომონ გერანდუხუს ძე ქუთელიამ, იასონ ჯინჯოლავამ, ევგენი ბულიამ, ფარნაოზ ნიკოლოზის ძე ფიჩხაიამ, ნიკოლოზ (ნიკო) სვიმოს ძე გოროზიამ, აკაკი ბასას ძე დარასელიამ, აქვსენტი კვარაცხელიამ, ექვთიმე თოდუამ, გრიგოლ (გრიშა) ბერანძემ, დოროთე საბას ძე ცხაკაიამ, ბეგლარ მესხმა, მაკარ პეხუს ძე დარასელიამ, რაჟდენ ტაიას ძე დგებუაძემ, ილარიონ ჯიშკარიანმა, დიმიტრი შენგელიამ, ლადი გოგიამ, თადეოზ პეტრეს ძე ვეკუამ, ძარგუ კოსტაიას ძე წულეისკირმა (სსაზფ, ფონდი #2, აღწერა #1, საქმე #41, ფურცელი 3-106).
1924 წლის აჯანყების დროს ზუგდიდის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან 13 კაცი დაიღუპა, 15 კი დაიჭრა. დაღუპულთა შორის იყვნენ: ზუგდიდის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ როგავა, საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ზუგდიდის სამაზრო კომიტეტის საინფორმაციო განყოფილების გამგე ჩხეტია და საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) წალენჯიხის რაიონული კომიტეტის მდივანი სოლომონ გოგია (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა @#2, საქმე #45, ფურცელი 55).
ქ. ფოთში საბჭოთა ხელისუფლების მიერ წინასწარ მიღებული ენერგიული ზომების შედეგად 1924 წლის აჯანყებას ადგილი არ ჰქონია (სუიცსა, ფონდი #600, აღწერა #1, საქმე #287, ფურცელი 1ა-8).
$ 3. გურია (ოზურგეთის მაზრა)
1924 წლის 28 აგვისტოს, დილით სიმონ გოგიბერიძემ, რომელსაც დავალებული ჰქონდა ნაგომარის რაიონის დაკავება, სოფლების ასკანის, ბუკნარისა და ნაგომარის რწმუნებულები გამოიძახა. ს. გოგიბერიძემ მათ სათანადო დირექტივები მისცა, ადგილი და დრო დაუნიშნა, თუ სად შეკრებილიყვნენ. გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ს. გოგიბერიძემ თითოეულ რწმუნებულს თითო მეგზური გააყოლა. ს. გოგიბერიძეს დაბა ნაგომარში ორი კურიერი ჰყავდა, რომლებმაც მას დაღამებამდე ორჯერ აცნობეს, თუ რამდენი მილიციელი იმყოფებოდა ნაგომარის რაიონული მილიციის სამმართველოში, რამდენი კაცი იცავდა ფოსტას, რამდენი დარაჯი იდგა საგრენაჟო საწარმოსთან და ა. შ. ს. გოგიბერიძემ თავისი რაზმიდან ე. წ. „მეორე რაზმი“ გამოყო, რომელსაც აჯანყების დაწყებისთანავე სოფ. ნაგომარის მოსახლეობის გაფრთხილება ევალებოდა. მეორე რაზმს სურსათ-სანოვაგისა და სანიტარული ნივთების მომარაგებაც დაეკისრა (გოგიბერიძე 1991: 69-70).
1924 წლის 28 აგვისტოს ოზურგეთის აღმასრულებელმა კომიტეტმა, რომელიც ოზურგეთის მაზრაში გზების გაყვანისა და ხიდების აგების საკითხზე მსჯელობდა, ღამის 12 საათზე მოსალოდნელი აჯანყების შესახებ შეტყობინება მიიღო. სამაზრო აღმასრულებელმა კომიტეტმა რაიონების გაფრთხილება დროულად ვერ მოასწრო, რადგან მანამდე აჯანყებულებმა სატელეფონო მავთულები მწყობრიდან გამოიყვანეს (გაზეთი. „კომუნისტი“, თბილისი, 1924, #206).
1924 წლის 28-29 აგვისტოს ღამეს ს. გოგიბერიძის რაზმელები დანიშნულ ადგილზე შეიკრიბნენ. მათ თოფები და ერთი ტყვიამფრქვევი ჰქონდათ. ერთ-ერთი ათეულის მეთაური სიცხიანი იყო, მაგრამ დანიშნულ ადგილას თავშეხვეული მაინც გამოცხადდა. ს. გოგიბერიძემ თავისი რაზმიდან მცირე ჯგუფი გამოყო, რომელიც სოფ. ნაგომარის ბაზრის პირდაპირ პატარა მაღლობზე დაბანაკდა. ტყვიამფრქვევი ამ რაზმს გადაეცა. ს. გოგიბერიძე 12 რაზმელთან ერთად ბაზრისაკენ გაემართა. მისი გეგმის თანახმად, 5 მებრძოლს მილიციის სამმართველო უნდა აეღო, დანარჩენებს - ფოსტის შენობა. სანამ აჯანყებულები აღნიშნულ დაწესებულებებამდე მიაღწევდნენ, მათ ერთი კილომეტრის სიმინდის ყანებში გავლამ მოუწიათ, რამაც ხმაური გამოიწვია. ხმაურზე ძაღლებმა ყეფა დაიწყეს. ს. გოგიბერიძის რაზმმა ბაზრის გასწვრივ მდებარე ღობეს მიაღწია თუ არა სოფ. ხიდისთავში თოფი გავარდა. თოფის ხმაზე სოფ. ნაგომარის მილიციის შენობიდან მილიციელები აივანზე გამოცვივდნენ. მილიციელებმა მათკენ მომავალი შეიარაღებულები შენიშნეს და ცეცხლი გახსნეს. ორმხრივი სროლები დაიწყო. აჯანყებულებმა ტყვიამფრქვევიდან ცეცხლი გახსნეს. მილიციელები შენობაში შეიკეტნენ. აჯანყებულები მილიციის შენობაში შეცვივდნენ და მილიციელები განაიარაღეს და დააპატიმრეს. მხოლოდ პარტიული კომიტეტის მდივანმა მოახერხა გაქცევა, რომელიც სამმართველოს უკანა კარებიდან გაიპარა. აჯანყებულებმა ის ერთ-ერთ სოფელში დააპატიმრეს. ს. გოგიბერიძის რაზმმა ფოსტის შენობა ადვილად დაიკავა. აჯანყებულებმა ფოსტაში მყოფი კომუნისტები დააპატიმრეს, რომლებიც კედელთან მიაყენეს და აძახებინეს: „გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“ აჯანყებულებმა მწყობრიდან გამოიყვანეს გადამცემი აპარატი. მათ იპოვეს ტელეფონოგრამა, რომელიც აჭარის სამხედრო კომისარიატისაგან იყო გამოგზავნილი. ტელეფონოგრამაში აჭარის სამხედრო კომისარიატი გურიის სამაზრო და სარაიონო ადმინისტრაციას სთხოვდა ორ დღეში მომზადებულიყვნენ რეგულარული წითელი ჯარის ნაწილების მისაღებად. ამასთანავე, მათ ჯარის საჭიროებისათვის ცალკეული შენობები უნდა გამოეყოთ. მეორე დღესვე ს. გოგიბერიძემ ტელეფონოგრამა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის რწმუნებულს გურიაში ქავთარაძეს გადასცა. ამდენად, სოფ. ნაგომარი აჯანყებულებმა დაიკავეს. სოფ. ნაგომარში აჯანყების წარმატებით დასრულებისთანავე აჯანყებულებმა დროებითი ხელისუფლება შექმნეს.
ს. მათითაიშვილმა სოფ. ხიდისთავში და სოფ. ჩოხატაურში შიკრიკები გააგზავნა და სოფ. ნაგომარში აჯანყების გამარჯვება ახარა. ს. მათითაიშვილმა ჩოხატაურის რაიონში მისვლისთანავე ცნობები დააგზავნა სოფლებში: სურებში, საჭამიასერში, საჯავახოში და ჩოხატაურის დასაკავებლად ძალების მობილიზებას შეუდგა. სოფ. სურებში აჯანყებულებმა პირნათლად შეასრულეს დაკისრებული მისია და ძალაუფლება ხელში აიღეს. საჭამიასერის რაიონში აჯანყების მეთაურს ჰქონდა ერთი ნაგანი ოთხი ვაზნით. 1924 წლის 28 აგვისტოს (მარიამობას) ყველა ოჯახში დიდი სტუმრიანობა იყო და აქედან გამომდინარე, აჯანყებისათვის საჭირო რაოდენობის მებრძოლების შეკრება ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, საჭამიასერის აჯანყებულთა მეთაურმა ადგილობრივ სარაიონო დაწესებულებებზე თავდასხმა მაინც განიზრახა. თავდასხმისას კომუნისტებმა აჯანყებულებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. შეტაკების დროს რამდენიმე აჯანყებული დაიჭრა. აჯანყების პირველ დღეს აჯანყებულებმა ვერც ერთი დაწესებულება ხელში ვერ ჩაიგდეს. ამის შემდეგ აჯანყებულები რაზმის შევსებას შეუდგნენ და მეორე დღეს, 29 აგვისტოს დილას რაიონის ყველა დაწესებულება დაიკავეს. სოფ. საჯავახოში მყოფ აჯანყებულებს რკინიგზის ხაზის მწყობრიდან გამოყვანა ევალებოდათ, მაგრამ დავალების დაგვიანებით მიღების გამო მათ ეს ამოცანა ვერ შეასრულეს. თუმცა აჯანყებულებმა საჯავახოს სოფლებში ძალაუფლება ხელში აიღეს. ს. მათითაიშვილი თავისი რაზმით ჩოხატაურისაკენ გაემართა. სოფ. სუფსასთან აჯანყებულები კომუნისტების რაზმს გადაეყარნენ, რომელსაც სამსონ ჭანიშვილი მეთაურობდა. დაიწყო ორმხრივი სროლები. კომუნისტებმა სიბნელით ისარგებლეს და სიმინდის ყანებში გაიფანტნენ. აჯანყებულებმა ჩოხატაურისაკენ გზა განაგრძეს. ჩოხატაურში მყოფი კომუნისტები სროლის ხმის გაგონებისთანავე დაირაზმნენ. მათ განკარგულებაში ორი ტყვიამფრქვევი იყო. ს. მათითაიშვილმა ფოსტა, მილიციის შენობა და სხვა დაწესებულებები დაიკავა. აჯანყებულებმა კომუნისტები დააპატიმრეს (გოგიბერიძე 1991: 73-75).
აჯანყებულებმა სოფელ ამაღლების დაკავების შემდეგ ამ სოფელში სუფრაზე მიწვეული ოზურგეთის სასულიერო ორკესტრი ქ. ოზურგეთისაკენ წაიყვანეს. აჯანყებულთა მოთხოვნით ორკესტრი გზაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნ „დიდებას“ უკრავდა.
სოფ. ხიდისთავის დაკავების შემდეგ აჯანყებულებმა ოფიცრების აღრიცხვა და მობილიზაცია დაიწყეს. აჯანყებულებმა კოოპერატივიდან ტანსაცმლები გამოიტანეს და თავისიანებს დაურიგეს (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 139). სოფ. ხიდისთავში გურიის ცენტრალური შტაბი შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ: სერგო მათითაიშვილი (ხელმძღვანელი), ავქსენტი კალანდაძე, გერმანე კალანდაძე, ისიდორე ლომთათიძე, გრიგოლ გოგიბერიძე და სხვ. შტაბთან თანამშრომლობდნენ: ნოე შერმადინის ძე კალანდაძე, პოლიო ანტიფოს ძე კალანდაძე და სხვ. (გოგოლიშვილი 2000: 63).
1924 წლის 29 აგვისტოს, დილით, ზემო გურიაში შემდეგი სურათი იყო: აჯანყებულებმა დაიკავეს ნაგომარის, ხიდისთავის, სურებისა და საჭამიასერის რაიონები. ამ რაიონებში აჯანყებულებმა კომუნისტების უმეტესობა დააპატიმრეს. გაქცეული კომუნისტების მცირე ნაწილმა სოფ. ერკეთს და სოფ. ხევს შეაფარა თავი, ჩოხატაურიდან გაქცეულმა კომუნისტებმა კი - სოფ. ნიგოითის მთის კალთებს. ს. მათითაიშვილის წინაშე სამი ამოცანა იდგა: 1) სოფ. ერკეთში და სოფ. ხევში გამაგრებული კომუნისტებისათვის შეეტია; 2) ჩოხატაურიდან გაქცეული კომუნისტებისათვის შეეტია; 3) იმერეთთან კავშირის დასამყარებლად საჯავახოში აჯანყებულთა რაზმი გაეგზავნა და გურია სამტრედიაში მყოფი რუსის ჯარის მოსალოდნელი შეტევისაგან დაეცვა. პირველი ამოცანის შესრულება ს. მათითაიშვილმა სოფ. ხიდისთავიდან გამოძახებულ რაზმს მიანდო. ამ რაზმმა დაკისრებულ მისიას წარმატებით გაართვა თავი და სოფლები ერკეთი და ხევი სრულად გაწმინდა კომუნისტებისაგან. ამის შემდეგ სოფ. ხიდისთავის რაზმი საჯავახოში მესამე ამოცანის შესასრულებლად გაიგზავნა. საჯავახოში მისვლისთანავე ხიდისთავის რაზმმა რკინიგზის სადგური აიღო, მაგრამ ამ დროს ისინი, ერთი მხრივ, ჯავშნოსანი მატარებლის და, მეორე მხრივ, იმერეთიდან რიონზე ბორანით გადმოსული კომუნისტების რაზმის ცეცხლის ქვეშ მოექცნენ. ორივე მხრიდან დაჭრილთა და დახოცილთა რაოდენობამ 50 მიაღწია. ბრძოლაში აჯანყებულთა მხრიდან დაიღუპნენ სოფ. ხიდისთავის მცხოვრებლები ძმები ევგენი და თეოფილე ცხოიძეები. აჯანყებულებმა რკინიგზის სადგური დატოვეს და იქვე გორაკზე დაბანაკდნენ. სოფ. ხიდისთავის რაზმი 1924 წლის 30 აგვისტოს დილიდან 1924 წლის 2 სექტემბრის ღამემდე კომუნისტების იერიშებს იგერიებდა. სოფ. ხიდისთავის რაზმის გმირულმა ბრძოლამ ბევრი აჯანყებული ალყაში მოქცევას გადაარჩინა. ჩოხატაურიდან გაქცეული კომუნისტების წინააღმდეგ ს. მათითაიშვილმა თავის რაზმთან ერთად ერთი ჩოხატაურელი ოფიცერი გააგზავნა (მეორე ამოცანა). რაზმმა დაკისრებული ამოცანა შეასრულა და კომუნისტების ნაწილი გააქცია, ნაწილი კი დააპატიმრა.
აჯანყებულთა გურიის სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარემ და დამკომის რწმუნებულმა სამხედრო ცენტრი შექმნეს. სამხედრო ცენტრში შევიდნენ: ს. მათითაიშვილი, თ. მუხაშავრია და კიდევ ერთი პირი. სამხედრო ცენტრი ქ. ოზურგეთის ასაღებად შეიქმნა. ოზურგეთის დასაკავებლად აჯანყებულთა ძალები ნასაკირალზე უნდა შეკრებილიყვნენ. ქ. ოზურგეთში ამ დროს ასეთი ვითარება იყო: აჯანყების ბრძანება ოზურგეთის რაიონის შტაბმა 1924 წლის 27 აგვისტოს, ნაშუადღევის 3 საათზე, მიიღო. შტაბმა პარმენ ჭანუყვაძის მეთაურობით სპეციალური გეგმა შეიმუშავა, რომელიც შემდეგში მდგომარეობდა: ბახვის, შემოქმედის, ლიხაურისა და სხვა სოფლების გათავისუფლება და შემდეგ ქ. ოზურგეთის აღება და გამაგრება (გოგიბერიძე 1991: 76-78).
შემოქმედის რაიონის სოფ. გომში აჯანყება 1924 წლის 28-29 აგვისტოს ღამეს დაიწყო. ამ დროს სოფ. გომში თავის მეუღლესთან ერთად ფილიპე მახარაძე იმყოფებოდა. საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ოზურგეთის სამაზრო კომიტეტმა აჯანყების დაწყებისთანავე ფ. მახარაძის გასაფრთხილებლად ოზურგეთის მაზრის მილიციის უფროსი ლავრენტი სოსელია ორ წითელარმიელთან და სამ მილიციელთან ერთად გააგზავნა (გაზეთი. „კომუნისტი“, თბილისი, 1924, #213). აჯანყებულებმა ფ. მახარაძე მის გაფრთხილებამდე დააპატიმრეს. ლ. სოსელიამ ფ. მახარაძის გათავისუფლება მოახერხა (სუიცსა, ფონდი #285, აღწერა #1, საქმე #1069, ფურცელი 44). აჯანყებულები ფ. მახარაძის კვლავ დაპატიმრებას ცდილობდნენ. აჯანყებულები სოფ. გომის ფოსტის შენობაში გამაგრდნენ, ლ. სოსელიას რაზმი - სოფ. გომის ტყეში. ლ. სოსელიამ მზვერავები გააგზავნა, რომლებსაც აჯანყებულებმა სროლა აუტეხეს. ორმხრივი სროლის დროს მზვერავებს ერთი შეიარაღებული და ერთი უიარაღო აჯანყებული ხელში ჩაუვარდათ. აჯანყებულებმა ლ. სოსელიას დამორჩილებისა და ფ. მახარაძის მათთვის გადაცემის მოთხოვნით დელეგაცია გაუგზავნეს. ფ. მახარაძის დასაცავად სოფ. გომში და სოფ. გონების კარში 45 კომუნარი შეიკრიბა. დიდი ძალისხმევის შედეგად მილიციელებმა ფ. მახარაძე მეუღლესთან ერთად ჯერ სოფ. გომის მთაზე გადაიყვანეს, აქედან კი - აჭარაში. აჭარის საზღვართან ფ. მახარაძეს აჭარის საგანგებო ხუთეულის თავმჯდომარე ხიმშიაშვილი დახვდა (გაზეთი. „კომუნისტი“, თბილისი, 1924, #213).
აჯანყებულებმა სოფლები ბახვი და ლიხაური დაიკავეს და ყველა ადგილობრივი კომუნისტი დააპატიმრეს. სოფ. ლიხაურში აჯანყებულებს მხოლოდ ერთი ჩეკისტი გაექცათ. სოფ. ლიხაურის დაკავებაში განსაკუთრებით თავი სევერიანე თოიძემ გამოიჩინა. აჯანყებულებმა სოფლებში: ბახვში, შემოქმედში და ლიხაურში ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ მთელი თავიანთი ძალები ქ. ოზურგეთის ასაღებად წარმართეს (გოგიბერიძე 1991: 79).
ლანჩხუთის რაიონის დაკავებას თეოფილე მუხაშავრია ხელმძღვანელობდა. ლანჩხუთის რაიონული ფოსტის შენობას მილიციელი ალექსანდრე ერქომაიშვილი მარტო იცავდა. ა. ერქომაიშვილი აჯანყებულებს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უმკლავდებოდა. ლანჩხუთის რაიონული მილიციის უფროსი კ. ორაგველიძე ერთ მილიციელთან ერთად მილიციის სამმართველოში გამაგრდა. მალე კ. ორაგველიძეს ადგილობრივი კომუნარების რაზმმა მოუსწრო. რამდენიმე საათიანი ბრძოლა აჯანყებულთა დამარცხებით დამთავრდა (სუიცსა, ფონდი #285, აღწერა #1, საქმე #1069, ფურცელი 43-43ა). ლანჩხუთის რაიონში 1924 წლის შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს: პროკოფი თურნავამ, სოფ. სახურის სკოლის მეორე კლასის მოსწავლემ; სოფრომ გურგენიძემ, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ქიმიური ტექნიკუმის სტუდენტმა; ქრისტეფორე ბოლქვაძემ, ფოსტა-ტელეგრაფის სასწავლებლის მსმენელმა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #42, ფურცელი 41). სოფ. სუფსაში აჯანყებულები 1924 წლის 29 აგვისტოს, დილის 4 საათზე, შეიჭრნენ. აჯანყებულები პირველად მილიციის სამმართველოს დაესხნენ თავს. მილიციის უფროსმა ტუღუშმა გაქცევა მოასწრო. აჯანყებულებმა მილიციელებს, რომლებსაც ტყვიამფრქვევი გაეჭედათ, იარაღი აჰყარეს. სროლის ხმის გაგონებისთანავე სუფსის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე დ. მეგრელიძე სახლიდან გამოვიდა და რამდენიმე კომუნისტთან ერთად მდინარე სუფსის ხიდთან გამაგრდა. ის ხიდს ჯავშნოსანი მატარებლის მოსვლამდე იცავდა (გაზეთი. „კომუნისტი“, თბილისი, 1924, #206). სუფსაში აჯანყებულებმა ტელეგრაფით შეიტყვეს ხაშურში მყოფი რუსეთის წითელი ჯარის უფროსის ბრძანება, რომელიც სამტრედიაში დაბანაკებულ წითელი ჯარის რაზმებს გურიის აჯანყებულების წინააღმდეგ მოქმედებას ავალებდა. მანამდე სუფსა ბათუმიდან მოსულმა წითელმა ჯარმა დაიკავა.
1924 წლის 30 აგვისტოს აჯანყებულები ნასაკირალის მთაზე შეიკრიბნენ, რათა ქ. ოზურგეთზე შეტევა დაეწყოთ. იმავე დღის ნაშუადღევისათვის ქ. ოზურგეთში მყოფმა საბჭოთა საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა და რუსის ჯარმა, რომლებსაც ჯავშნოსანი მატარებელიც მიემატა, აჯანყებულების წინააღმდეგ სოფ. ექადიის მიმართულებით შეტევა დაიწყეს. აჯანყებულებმა სოფ. შემოქმედისაკენ დაიხიეს. სოფლები ლიხაური და ექადია კომუნისტების ხელში აღმოჩნდა. აჯანყებულებმა ტყვე კომუნისტებთან ერთად ნიგოითის ქედი გადაიარეს. მიუხედავად ამისა, აჯანყებულებს ქ. ოზურგეთზე შეტევაზე ხელი არ აუღიათ. სურების რაზმს თ. მუხაშავრიას მეთაურობით სოფ. სიროულ-ჯუმათის მიმართულებით მოქმედება დაევალა. ამ რაზმს ნიგოითის მთიდან კომუნისტები უნდა განედევნა. სურების რაზმს სოფ. მოდინახეს მხრიდან ქ. ოზურგეთზე უნდა შეეტია. ლანჩხუთის ორ რაზმს და ნაგომარის რაზმს მდინარე ნატანებზე გადასვლა დაევალა, რის შემდეგაც ისინი საბჭოთა ხელისუფლების იმ რაზმს მოექცეოდნენ ზურგში, რომელიც პარმენ ჭანუყვაძეს მისდევდა. აჯანყებულებმა პ. ჭანუყვაძეს მათი გეგმა აცნობეს და უბრძანეს, არავითარ შემთხვევაში უკან არ დაეხია. ამ ორი ამოცანის წარმატებით შესრულების შემდეგ, ეს რაზმები აჯანყებულთა მარჯვენა და მარცხენა ფრთად გადაიქცეოდნენ, ნასაკირალის მთაზე მყოფი აჯანყებულთა რაზმი - ცენტრალურ რაზმად. 1924 წლის 1 სექტემბერს ამ ძალებს ქ. ოზურგეთზე შეტევა უნდა დაეწყოთ. სურების რაზმმა დაკისრებული ამოცანა პირნათლად შეასრულა: გაათავისუფლა სოფლები სიროული და ჯუმათი, გაამაგრა ნიგოითის ქედი, მოწინააღმდეგის მიერ აჯანყებულთა ტყვეობიდან გათავისუფლებული კომუნისტები ხელახლა დააპატიმრა და ქ. ოზურგეთზე შეტევისათვის მოემზადა. სამწუხაროდ, ლანჩხუთისა და ნაგომარის რაზმებმა დავალება ვერ შეასრულეს, რადგან პ. ჭანუყვაძემ თავისი პოზიცია დატოვა და სოფ. ბაღდადის სიმაღლეებისაკენ გაემართა. პ. ჭანუყვაძემ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ბათუმიდან წამოსული მუშათა საგანგებო რაზმის ნაწილები სოფლების: შემოქმედ-ასკანა-ბასილეთის მიმართულებით მოიწევდნენ და მას ალყაში მოქცევა ემუქრებოდა (გოგიბერიძე 1991: 80-82).
1924 წლის 1 სექტემბერს, საღამოს, აჯანყებულთა ხელმძღვანელობამ თათბირი მოიწვია. თათბირზე გადაწყდა ორგანიზებულად უკან დაეხიათ. პ. ჭანუყვაძის რაზმმა და სოფ. აკეთის რაზმმა პ. თოხაძის მეთაურობით, ბრძოლით სოფლების: ასკანა-ბასილეთ-ჭაჭიეთის გზით სოფ. ხიდისთავისაკენ დაიხია. სურების რაზმმა ბრძოლით გაიკაფა გზა და ბახმაროს მთაზე მყოფ აჯანყებულებს შეუერთდა. ნასაკირალის მთაზე მყოფმა აჯანყებულთა რაზმმა სოფ. ნაგომარისაკენ დაიხია. ფხიზლად იყო აჭარის საბჭოთა ხელისუფლება, რადგან გურული აჯანყებულების აჭარაში გადასვლა იყო მოსალოდნელი. აჭარის საგანგებო ხუთეულის გადაწყვეტილებით ქობულეთში გაიგზავნა 50 შეიარაღებული კომუნარი და 10 წითელარმიელი ერთი ტყვიამფრქვევით (ამ დროს გურული აჯანყებულების ნაწილი ქობულეთის მიმართულებით მიდიოდა). აჯანყებულებმა სოფლები შემოქმედი და გომი გაამაგრეს, მაგრამ კომუნარებმა აქაც მოახერხეს მათი წინააღმდეგობის დაძლევა. გაქცეულმა აჯანყებულებმა ბახმაროს მთას მიაშურეს. აჭარის საგანგებო ხუთეულმა ხულოს მაზრის საგანგებო სამეულს აჯანყებულების მიერ დაკავებული ბახმაროს მთის გათავისუფლება და ბახმარო-ზოიტის და გომის მთის გაყოლებით სამხედრო ხაზის გამაგრება უბრძანა (აჭარის ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფონდი #2, აღწერა #1, საქმე #19, ფურცელი 226). სოფ. ხიდისთავს ოზურგეთის მხრიდან მოსული რუსული წითელი არმიის ნაწილები მიადგნენ და აჯანყებულებს ტყვიამფრქვევიდან ცეცხლი გაუხსნეს. ბრძოლაში რამდენიმე აჯანყებული დაიღუპა. სოფ. ხიდისთავში აჯანყებულთა მეთაურებმა 180 ტყვე კომუნისტიდან 38 დაიტოვეს: ანდრო დოლიძე (ოზურგეთის მაზრის ხუთეულის თავმჯდომარე), პორშინი (რუსი ჩეკისტი), ჭანიშვილი, ნინიძე და სხვ. დანარჩენი ტყვეები კი გაათავისუფლეს.
სოფ. ჭაჭიეთის მაღლობზე აჯანყებულებსა და ბათუმიდან წამოსულ მუშათა საგანგებო რაზმის ნაწილებს შორის შეტაკება მოხდა. შეტაკებისას ლანჩხუთის რაზმმა რამდენიმე მებრძოლი დაკარგა.
1924 წლის 2 სექტემბერს, 13 საათზე, ჩოხატაურისაკენ მიმავალი აჯანყებულთა რაზმი ს. მათითაიშვილის რაზმს სოფ. ჯვარცმის მაღლობზე შეუერთდა. იქვე იმყოფებოდა აჯანყებულთა სამაზრო კომიტეტი, დამკომის წარმომადგენელი ქავთარაძე და სხვ. სოფ. ჯვარცმაში აჯანყებულებსა და რუსის ჯარს შორის შეტაკება მოხდა. სოფ. სურებისაკენ მიმავალმა აჯანყებულებმა ტყვე კომუნისტები გზაში დატოვეს და მათ დამცველად რამდენიმე შეიარაღებული აჯანყებული გამოყვეს. აჯანყებულებმა სურებში 1924 წლის 3 სექტემბერს, შუადღისას, ჩააღწიეს. სოფ. სურების მცხოვრებლები აჯანყებულთა მიმართ დიდ მზრუნველობას იჩენდნენ. სოფ. სურებში მყოფ აჯანყებულებს იმერეთიდან გადმოსული ვლასა მგელაძე შეუერთდა. ვ. მგელაძემ მათ იმერეთში განვითარებული მოვლენების შესახებ აუწყა. ამ დროს აჯანყებულთა თავზე აეროპლანმა გადაიფრინა, რომელმაც აჯანყებულებს ტყვიამფრქვევიდან ცეცხლი გაუხსნა და ფურცლები გადმოყარა. ფურცლები დამკომის მოწოდება აღმოჩნდა. საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტისხელმძღვანელები აჯანყებულებს აჯანყების მთელ საქართველოში დამარცხებას აცნობებდნენ და ყოველგვარი წინააღმდეგობის შეწყვეტისაკენ მოუწოდებდნენ.
წითელმა არმიამ ჩოხატაური 1924 წლის 3 სექტემბერს დაიკავა, სოფ. სურები - 4 სექტემბერს (გოგიბერიძე 1991: 83-88). 4 სექტემბერს წითელმა ჯარმა გომის მთა, ბახმარო და ზოტიყელი დაიკავა. იმავე დღეს აჭარის ხუთეულის თავმჯდომარე თ. ხიმშიაშვილმა ხულოში ო. მოწყობილს აცნობა, რომ დაახლოებით 200-250 შეიარაღებული აჯანყებული ს. მათითაიშვილის მეთაურობით სოფ. სურებისაკენ მიემართებოდა. წითელი არმიის ნაწილებმა სოფ. სურებისაკენ მიმავალი გზა გადაკეტეს და ს. მათითაიშვილს სოფელში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს (აცსა, ფონდი #2, აღწერა #1, საქმე #30, ფურცელი 473).
ხულოს მაზრის საბჭოთა ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება ბახმარო-გომის მთის გამაგრებას მიაქცია. დაიწყო აჯანყებულებთან შეტაკება. ერთ- ერთი შეტაკების დროს ხულოს მაზრის რაზმმა სოფ. ბახმაროში 17 აჯანყებული დაატყვევა, გომის მთაზე - 15.
აჭარიდან გურული აჯანყებულების წინააღმდეგ 1924 წლის 28 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით სულ 500 კომუნარი გაიგზავნა სამი ტყვიამფრქვევით და ერთი ჯავშანმანქანით. კომუნარების ამ რაზმებს ქავთარაძე, კილაძე, ახალაძე, რამიშვილი, ცხომელიძე და კომროვსკი ხელმძღვანელობდნენ (მანველიძე 2006: 49). გურიაში 1924 წლის აჯანყების ჩახშობის დროს საბჭოთა ხელისუფლების 20 წარმომადგენელი დაიღუპა (იხ. დანართი #3).
$ 4. სვანეთი. რაჭა-ლეჩხუმი
1924 წლის 28 აგვისტოს, ღამით ბალის მთაზე 150 სვანი შეიკრიბა, რომელთა შორის იყვნენ: იშმაგ ქურდიანი (მღვდელი), ბაუჩი ქალდანი, ელიზბარ იოსელიანი, ალექსანდრე შერვაშიძე, ვარლამ შერვაშიძე, ბესარიონ ჟორჟოლიანი, აფრასიონ ჟორჟოლიანი, მიხეილ (მიშა) ჟორჟოლიანი, ივანე გაბლიანი, ვლადიმერ გაბლიანი, გიორგი გაბლიანი, თედო გუჯეჯიანი, არჩილ გუჯეჯიანი, არდევან ზურაბიანი, გოჯი ჯაფარიძე, გრიგოლ ჯაფარიძე, კონსტანტინე ჯაფარიძე, სარდიონ გოშტელიანი, ერმოლე გოშტელიანი, ბესარიონ ხერგიანი, გიორგი ხვისტანი, ისიდორე გულბანი, გიორგი გულბანი, ილარიონ მარგველანი (ბიძინა პირველის მარჯვენა ხელი), ვასილ არღვლიანი, გიორგი გუჯეჯიანი, სილო მარგიანი, რაფა გულბანი, თენგიზ დადეშქელიანი, კონსტანტინე (კოწია) დადეშქელიანი, მოსესტრო დადეშქელიანი, მირზაყან დადეშქელიანი, თენგიზ დადეშქელიანი (კოწია დადეშქელიანის ძმა), არდევან ჭკადუა, კილინებეი რეზესიძე, ბიქუ ცინდელიანი, ერასტი შერვაშიძე, კოსტა შერვაშიძე, სალიბე ბალდანი, თავადე გადრანი და სხვ. (სუიცსა, ფონდი #285, აღწერა #1, საქმე #1062, ფურცელი 5-6). შეკრებილებს ბიძინა პირველმა და ეგნატე გაბლიანმა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტისაგან გამოგზავნილი წერილები წაუკითხეს. ამის შემდეგ ბ. პირველმა და ე. გაბლიანმა შეკრებილები სამ 50 კაციან რაზმად დაჰყვეს. ერთ-ერთ რაზმს სათავეში ბ. პირველი და ე. გაბლიანი ჩაუდგნენ, დანარჩენ ორს - ძმები კონსტანტინე (კოწია) და მოსესტრო დადეშქელიანები (საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ (საბრალდებო დასკვნა).
1925, გვ. 112). აჯანყებული სვანები 1924 წლის 28-29 აგვისტოს, ღამის 2 საათზე, ზემო სვანეთის ადმინისტრაციულ ცენტრს სოფ. ბეჩოს თავს დაესხნენ. აჯანყებულებმა ადგილობრივ საბჭოთა ხელისუფლებას მოსთხოვეს მთელი სახაზინო ქონება და იარაღი მათთვის გადაებარებინა, რადგან, მათი თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება დაიწყო და ძალაუფლება პატრიოტულმა ძალებმა აიღეს ხელში. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებულთა წინადადება უარყო. ორმხრივი სროლები დაიწყო. ხელისუფლების შეიარაღებულმა ძალებმა აჯანყებულებთა შტურმს ვერ გაუძლეს, იარაღი დაყარეს და აჯანყებულებს ტყვედ ჩაბარდნენ. ტყვედ ჩავარდნილთა შორის იყვნენ: ანდრო ამაშუკელი (ზემო სვანეთის მაზრის მილიციის უფროსი), შალვა (შალიკო) ამილახვარი (ზემო სვანეთის მაზრის მილიციის უფროსის თანაშემწე), ბესარიონ (ბესო) ამაშუკელი (სოფ. ბეჩოს მილიციის უფროსი), გრიგოლ (გრიშა) კარანაძე, შალვა (შალიკო) ნიკურაძე (მესტიის რაიონული მილიციის უფროსი), პარმენ ნოდია (სახალხო მოსამართლე) და სხვები, სულ 35 კაცი. აჯანყებულებმა ისინი განაიარაღეს და გაათავისუფლეს (სუიცსა, ფონდი #285, აღწერა #1, საქმე #1069, ფურცელი 7-8).
1924 წლის 29 აგვისტოს, დილით, სოფ. ბეჩოს დაკავების შემდეგ აჯანყებულებმა მიტინგი ჩაატარეს. მიტინგზე პირველად ყოფილი თავადი თენგიზ დადეშქელიანი გამოვიდა, რომელმაც ხალხს საბჭოთა წყობილების დამხობის მიზნით გაერთიანებისაკენ მოუწოდა. თ. დადეშქელიანის თქმით, 1924 წლის 29 აგვისტოს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლას საქართველოსთან ერთად სომხეთი და თითქმის მთელი რუსეთი დაიწყებდა და არა უმეტეს ერთი კვირისა საბჭოთა წყობილება ყველგან დაემხობოდა. ანალოგიურად ილაპარაკა ე. გაბლიანმა. ამის შემდეგ აჯანყებულთა რიცხვმა ათასს მიაღწია (სუიცსა, ფონდი #285, აღწერა #1, საქმე #829, ფურცელი 37). ბ. პირველმა და ე. გაბლიანმა ხალხს აუხსნეს, რომ შესაძლებელი იყო აჯანყების დამარცხება, ამიტომ, მათი თქმით, ვისაც არ ჰქონდა აჯანყებაში მონაწილეობის სურვილი, შეეძლო არ ჩაბმულიყო მასში. ხალხმა ერთხმად განაცხადა, რომ მათ წინასწარ ჰქონდათ ყველაფერი აწონილ-დაწონილი (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #377, ტომი #3, ფურცელი 38). ბ. პირველმა ზემო და ქვემო სვანეთის რაზმების შტაბი შექმნა. რაზმების მეთაურობა თავის თავზე ბ. პირველმა აიღო. შტაბის უფროსად ე. გაბლიანი დაინიშნა, სვანეთის ცენტრის რწმუნებულად - ექიმი ილია კობალაძე, შტაბის მდივნად - კაპიტონ ჭიჭინაძე. შტაბში მნიშვნელოვან ფუნქციებს პავლე კობეშავიძე (მესტიის აღმასკომის საქმის მწარმოებელი, ყოფილი ოფიცერი) ასრულებდა (საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ (საბრალდებო დასკვნა). 1925, გვ. 112).
სოფ. ბეჩოს დაკავების შემდეგ აჯანყებულთა მხარეზე ნებაყოფლობით გადავიდნენ: ადგილობრივი რაიონული მილიციის უფროსი, ყოფილი ოფიცერი კაპიტონ ჭიჭინაძე, სადაზღვევო სალაროს რწმუნებული გიორგი ბერულოვი, მეანე ქალი სოფიო პავლეს ასული ახალაძე, მილიციელები: იასონ ლაგოშვილი, დილიმონ გერგასლიდი, ზაქარია სამადაშვილი და დავით გორდაძე.
1924 წლის 31 აგვისტოს სვანეთიდან ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე უღელტეხილ უსენგის (მდებარეობს ამ ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე) გავლით აჯანყებულების მიერ გათავისუფლებული მილიციელები გადავიდნენ, რომელთა შორის იყვნენ: სამაზრო მილიციის უფროსის თანაშემწე შალვა ამილახვარი, სახალხო მოსამართლე პარმენ ნოდია, სამაზრო გამომძიებელი კუგუნალო და სხვ. ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური ოლქის ხელმძღვანელობამ ენერგიული ზომები მიიღო სვანეთ-ბალყარეთის საზღვრის სათანადოდ გასამაგრებლად, რათა ბალყარელებს აჯანყებული სვანებისათვის მხარი არ დაეჭირათ (სუიცსა, ფონდი #285, აღწერა #1, საქმე #829, ფურცელი 37).
1924 წლის 29 აგვისტოს ზემო სვანეთის თხუთმეტივე საზოგადოებას ბ. პირველისა და ე. გაბლიანის მიერ ხელმოწერილი ბრძანება დაეგზავნა. ბრძანებაში აღნიშნული იყო, რომ ყველა სვანი 20-იდან 40 წლამდე, ვისაც თოფი გააჩნდა, მიმდინარე წლის 2 სექტემბერს სოფ. კალაში საკუთარი იარაღით და ორი დღის სამყოფი სურსათით უნდა გამოცხადებულიყო. სოფ. კალაში შეკრების შემდეგ აჯანყებულები ქვემო სვანეთში გადასვლას გეგმავდნენ. 1924 წლის 2 სექტემბერს სოფ. კალაში 120 შეიარაღებული სვანი შეიკრიბა. 3 სექტემბერს აჯანყებულები სოფ. ჩოლურში შევიდნენ, სადაც ძალაუფლება უკვე აეღო ხელში აჯანყებულ გრიგოლ კვასტიანს. ბ. პირველის რაზმს შეუერთდნენ გრიგოლ კვასტიანი, სოფ. ლაშხეთის აჯანყებულთა მეთაური მალაქია ონიანი და სოფ. ლენტეხის აჯანყებულთა მეთაური. მათ განკარგულებაში 50 შეიარაღებული და 150 უიარაღო სვანი იყო (საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ (საბრალდებო დასკვნა). 1925, გვ. 112).
1924 წლის 4 სექტემბერს ქვემო სვანეთიდან აჯანყებულებმა ლეჩხუმის მაზრის მიმართულებით წასვლა გადაწყვიტეს. აქ მათ ჩასაფრებულმა კომუნარებმა სროლა აუტეხეს. კომუნარებმა აჯანყებულთა იერიშებს ვერ გაუძლეს და რამდენიმე მათგანი ტყვედ ჩავარდა, დანარჩენები კი ცაგერის მიმართულებით გაიქცნენ. აჯანყებულები გაქცეულებს დაედევნენ. ბ. პირველი და ე. გაბლიანი თავიანთი რაზმებით ცაგერში შეიჭრნენ და საპყრობილე აიღეს (სშშსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #377, ტომი #3, ფურცელი 24-25). ლეჩხუმის მაზრაში შესულ აჯანყებულ სვანებთან ერთად საბჭოთა ხელისულების წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდნენ ადგილობრივი აჯანყებულები. ლეჩხუმის მაზრაში აჯანყებულებთან შეტაკებაში დაიღუპნენ უმცროსი მილიციელები: ფილიპე გიორგის ძე ჩხეტიანი და გიორგი ილარიონის ძე ჩაკვეტაძე. დაიჭრა 4 კომუნისტი და კომუნარი (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #43, ფურცელი 12, 22).
მექვენის რაიონის (ლეჩხუმის მაზრა) ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლება მოსალოდნელი აჯანყების შესახებ აჯანყებამდე ორი საათით ადრე ცენტრიდან (ცაგერიდან) გააფრთხილეს (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #45, ფურცელი 62). მექვენის რაიონში აჯანყების აღსაკვეთად ცაგერიდან ცხენოსანი რაზმი გაიგზავნა, რომელშიც იყვნენ: ინდისი სვანიძე, კოლია ნერგაძე, გრიგოლ ლაკვებელიანი, კოლია ლეთოდიანი, გრიგოლ სვანიძე, იაკობ ახვლედიანი და სხვ. რაზმს მექვენის რაიონში აჯანყების ჩახშობასთან ერთად აჯანყების მონაწილეების დაპატიმრება და ცაგერში გაგზავნა ევალებოდა. ამოცანის წარმატებით შესრულების შემდეგ რაზმი ადგილზე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ცაგერში აჯანყებული სვანების შეჭრის გამო ეს რაზმი მალევე ცაგერში გამოიძახეს. ამ რაზმმა მექვენის რაიონში საეჭვო პირები დააპატიმრა. დაპატიმრებულთა შორის მრავლად იყვნენ ქალები. რაზმის წევრებმა კ. ნერგაძემ და გ. ლაკვებელიანმა პატიმარი ქალები გააუპატიურეს (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #42, ფურცელი 39). ცაგერში მყოფმა ბ. პირველმა და ე. გაბლიანმა საბჭოთა ხელისუფლების მიერ აჯანყების მთელი საქართველოს მასშტაბით ჩახშობის შესახებ შეიტყვეს. ამიტომ მათ ყველა სტრატეგიული ადგილი გაამაგრეს. ცაგერში აჯანყებული სვანები რუსის ჯარს შეეტაკნენ. აჯანყებულები დარწმუნდნენ ბრძოლის გაგრძელების უპერსპექტივობაში და სვანეთში დაბრუნდნენ (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #377, ტომი #3, ფურცელი 25-26).
ქვემო სვანეთში მყოფ აჯანყებულებს 1924 წლის 11 სექტემბერს სოფ. ლექსურაში ზემო სვანეთიდან მოსული აჯანყებულები შეუერთდნენ, რომელთა შორის იყვნენ სამეგრელოს აჯანყების მეთაურები: ხარიტონ ლაშხია, დავით მხეიძე, შალვა კალანდარაშვილი, აკაკი კალანდარაშვილი, თეოფანე შენგელია და სხვები, სულ 120 კაცი (სამეგრელოში აჯანყების დამარცხების შემდეგ მათ სვანეთის ტყეებს შეაფარეს თავი) (საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ (საბრალდებო დასკვნა). 1925, გვ. 113). სამეგრელოდან გაქცეულმა აჯანყებულებმა ბ. პირველს აჯანყების დამარცხების შემდეგ დაწყებული უსასტიკესი რეპრესიების შესახებ აუწყეს. ბ. პირველს გაზეთები მოუტანეს, რომლებიც აჯანყების მთელი საქართველოს მასშტაბით დამარცხებას ადასტურებდა. გაზეთში საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ხელმძღვანელების განცხადება იყო მოთავსებული, რომლითაც ისინი აჯანყებულებს მოუწოდებდნენ, წინააღმდეგობა შეეწყვიტათ. ბ. პირველმა აჯანყების ყველა აქტიურ მონაწილეს წერილები დაუგზავნა და ურჩია მათ რუსის ჯარისათვის წინააღმდეგობა არ გაეწიათ. მიუხედავად ამისა, აჯანყებულებსა და რუსის ჯარს შორის შეტაკება მაინც მოხდა, რომლის დროსაც 9 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #377, ტომი #3, ფურცელი 27). 1924 წლის 14 სექტემბერს ბ. პირველმა აჯანყებულები დაითხოვა, თვითონ კი იფარის ტყეს შეაფარა თავი (საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ (საბრალდებო დასკვნა). 1925, გვ. 113).
$ 5. აფხაზეთი
1924 წლის 28-29 აგვისტოს ღამეს აჯანყებულებმა კონსტანტინე (კოწია) დადეშქელიანის მეთაურობით წებელდის რაიონში ძალაუფლება ხელში აიღეს. კ. დადეშქელიანმა სოფ. აჟარის სოფლის საბჭოს თავმჯდომარედ ბესარიონ გიორგის ძე აფროსიძე დანიშნა (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23581, ფურცელი 135). კ. დადეშქელიანმა ხმები გაავრცელა, რომ მთელ საქართველოში, და მათ შორის აფხაზეთშიც, საბჭოთა ხელისუფლება დაემხოო (გაზეთი. „კომუნისტი“, თბილისი, 1924, #205).
1924 წლის აგვისტოს აჯანყებას ადგილი ჰქონდა საბერიოს რაიონში. აქ აჯანყების სათავეში ჩხოტუა იდგა (ფარი - საიმედო, მახვილი - ბასრი. რედაქტორი. ა. ინაური, თბილისი, 1987). მასალები საბერიოს რაიონში აჯანყების მსვლელობის შესახებ არქივში ფრაგმენტული სახითაა შემონახული, რის გამოც აჯანყების დეტალურად აღწერა ვერ ხერხდება.
$ 6. აჭარა
აჭარას საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი ანტისაბჭოთა ეროვნულ აჯანყებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. აჯანყებისათვის მზადება ბათუმში სტამბოლიდან რამდენიმე პირის ჩამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა. ქ. ბათუმში სამხედრო შტაბი შეიქმნა, თუმცა ის დაარსების დღიდან საგანგებო კომისიის ფარული მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა. საქართველოს საგანგებო კომისიიდან და ამიერკავკასიის საგანგებო კომისიიდან ბათუმში მაღალი რანგის ჩეკისტები გაიგზავნა. აჭარის საგანგებო კომისიამ 1924 წლის 27 აგვისტოს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის (მ) ბათუმის კომიტეტისა და სამხედრო ორგანიზაციის წევრები დააპატიმრა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 128). დაპატიმრებულთა შორის აღმოჩნდნენ: საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის (მ) მიერ აჭარაში შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დანიშნული გენერალ-მაიორი სოლომონ ყარალაშვილი, სოციალ დემოკრატიული პარტიის (მ) ბათუმის სამხედრო ორგანიზაციის შტაბის წევრი აკაკი რამიშვილი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის (მ) სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე აჭარაში ვასილ ჩიტაიშვილი, ვალიკო ჯუღელთან ერთად პარიზიდან სპეციალური დავალებით ჩამოსული ვიქტორ ცენტერაძე. აჭარის საგანგებო კომისიის ხელში აღმოჩნდა აჭარაში განსახორციელებელი აჯანყების გეგმა და „ფრიად მნიშვნელოვანი დოკუმენტები“. გეგმის მიხედვით ქ. ბათუმში სამასი შეუიარაღებელი კაცი უნდა გამოსულიყო. ნავარაუდევი იყო ქობულეთში შეიარაღებული რაზმის შექმნა. გეგმის მიხედვით აჯანყებაში დიდი როლი ბათუმში დისლოცირებული ქართული წითელი ჯარის ერთი პოლკის ჯარისკაცებს უნდა შეესრულებინათ. ბათუმის არტილერიის საწყობს ქართველი ჯარისკაცები იცავდნენ. 300 შეუიარაღებელი აჯანყებული ამ საწყობიდან გამოტანილი იარაღით უნდა აღჭურვილიყო. აჭარის საბჭოთა ხელისუფლებამ ქართული წითელი ჯარის (პოლკის) მეთაურები სანდო პირებით შეცვალა. საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის გეგმის მიხედვით გურიაში აჯანყების წარმატების შემთხვევაში ბათუმზე გალაშქრება იგეგმებოდა (მანველიძე 2006: 43-45).
1924 წლის 28 აგვისტოს აჭარის საგანგებო კომისიამ სადგურ მწვანე კონცხთან სოციალისტ-ფედერალისტების სამხედრო შტაბის წევრები დააპატიმრა. დაპატიმრებულთა შორის აღმოჩნდნენ: სოციალისტ-ფედერალისტების ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე, დამკომის სამხედრო რწმუნებული ქობულეთში გიგა ჩიქოვანი, ქობულეთის სამხედრო უბნის სარდალი გენერალი გიორგი ფურცელაძე; სოციალისტ-ფედერალლისტების სამხედრო შტაბის წევრი, უფროსი ლეიტენანტი ვლადიმერ ახვლედიანი და სხვ. გარდა ამისა, ქ. ბათუმში „არასანდო“ პირთა მასობრივი დაპატიმრებები განხორციელდა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 128). საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) აჭარის საოლქო კომიტეტის განკარგულებით ქობულეთში 120 წითელარმიელისა და კომუნარისაგან შემდგარი რაზმი გაიგზავნა აჭარის საგანგებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის კილაძის მეთაურობით. 1924 წლის 29 აგვისტოს რკინიგზის სადგურების ნატანებისა და სუფსის მიდამოებში ამ რაზმსა და აჯანყებულებს შორის შეტაკება მოხდა. შეტაკების შემდეგ აჯანყების მეთაურები დააპატიმრეს (ბენიძე 1991: 27).
სოციალისტ-ფედერალისტმა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჩხაიძემ მოსალოდნელი აჯანყების შესახებ 1924 წლის 27 აგვისტოს სოციალისტ-ფედერალისტ იესე კეჭეყმაძისაგან (ბიძამისი) გაიგო. ი. კეჭეყმაძემ ა. ჩხაიძეს აუწყა, რომ ის ქ. ბათუმიდან ფარულად უნდა გასულიყო, რადგან წინა ღამეს თურმე მის სახლში ჩეკისტები მივიდნენ. ი. კეჭეყმაძემ ა. ჩხაიძე მეორე დღეს, დილისათვის, დაიბარა. ა. ჩხაიძემ მას თანხმობა მისცა და მეორე დღეს ქობულეთში გაემგზავრა. ქობულეთში ა. ჩხაიძის გარშემო 70 შეიარაღებული და უფრო მეტი შეუიარაღებელი კაცი დაირაზმა. სოფ. ლიხაურში ა. ჩხაიძის რაზმსა და რუსული წითელი არმიის კავალერიას შორის შეტაკება მოხდა. შეტაკებისას აჯანყებულთაგან ერთი მებრძოლი დაიღუპა. აჯანყებულთა რაზმმა სოფ. შემოქმედისაკენ დაიხია (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #377, ტ. #3, ფურცელი 212-215). გაბრიელ კონსტანტინეს ძე გოგოლეიშვილს 1924 წლის 28 აგვისტოს ვლადიმერ ახვლედიანმა აცნობა, რომ აჭარაში ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება იწყებოდა. ვ. ახვლედიანის თქმით, გ. გოგოლეიშვილს იესე კეჭეყმაძე უნდა ენახა, რომელიც მას მითითებებს მისცემდა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #377, ტომი #3, ფურცელი 220-221). ი. კეჭეყმაძის მითითებით, გ. გოგოლეიშვილი ა. ჩხაიძესთან ერთად ქობულეთში გაემგზავრა. გ. გოგოლეიშვილი ბათუმიდან ჩამომავალ შტაბს რკინიგზის სადგურზე ელოდებოდა, მაგრამ შტაბიც და გ. გოგოლეიშვილიც დააპატიმრეს (გაზეთი. „კომუნისტი“, თბილისი, 1925, #174).
საქართველოს რეგიონებში 1924 წლის აჯანყების დაწყებისთანავე აჭარის საგანგებო ხუთეული შეიკრიბა. შეკრებაზე აჯანყების შესახებ მოხსენება ი. ქავთარაძემ გააკეთა. 1924 წლის 28 აგვისტოდან აჭარაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ხუთეულმა იანოვსკის დაავალა სამხედრო მდგომარეობის შესახებ ბრძანების პროექტი წარმოედგინა. სხდომაზე საგანგებო სამეულები შეიქმნა. 1924 წლის 29 აგვისტოს ქ. ბათუმის მოსახლეობისათვის სპეციალური ბრძანება გამოიცა (გოგოლიშვილი 2000: 62).
1924 წლის 28 აგვისტოს საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) აჭარის საოლქო კომიტეტის ბიურომ დაადგინა: `მენშევიკების და ანტისაბჭოთა ძალების გამოსვლების სალიკვიდაციოდ შეიქმნას ცენტალური საგანგებო ხუთეული - თ. ხიმშიაშვილის (თავმჯდომარე), ს. ქავთარაძის, დ. კილაძის, იანოვსკის, ტაკუნოვის, ახალაძის და წითლიძის შემადგენლობით. ხუთეულის ყველა განკარგულება შესრულებულ იქნას უსიტყვოდ და რიგგარეშედ, აჭარაში არსებულ ყველა დაწესებულებათა მიერ“ (მანველიძე 2006: 45). მაზრებში საგანგებო სამეულების ხელმძღვანელებად მიავლინეს მაღალი თანამდებობის კომუნისტები: ქობულეთის მაზრაში - ბარამიძე, ხულოს მაზრაში - კომახიძე, ქედის მაზრაში - თავდიშვილი, აჭარის-წყლის მაზრაში - სულუხია, ჭოროხის მაზრაში - გოგიტიძე (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 128). 1924 წლის 29 აგვისტოს გამოიცა აჭარის საგანგებო ხუთეულის ბრძანება #1, რომლითაც აჭარაში სამხედრო წესები გამოცხადდა. 1924 წლის 30 აგვისტოს აჭარის ცენტრალურმა საგანგებო ხუთეულმა მიიღო დადგენილება შავი ზღვის სანაპიროს საქართველოს მონაკვეთის დაცვის გაძლიერების შესახებ. ბათუმის მისადგომების დასაცავად 5 გემი გამოიყო, სანაპიროს დარჩენილი ნაწილისათვის - 7 გემი (მანველიძე 2006: 45-46).
1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყების პირველ დღეებში ქ. ბათუმში 260 კომუნისტის, 260 კომკავშირელისა და 150 უპარტიოს მობილიზირება მოხდა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 128). ისინი შეიარაღეს და სრულ მზადყოფნაში მოიყვანეს. კომუნართა მთავარ სამხედრო ხელმძღვანელად ვ. ჩაჩბა დაინიშნა. აჭარის ხუთივე მაზრაში სულ მობილიზებული იყო 2234 გლეხი, მათგან 771 ქობულეთის მაზრიდან იყო მობილიზებული, 430 - ჭოროხის მაზრიდან, 255 - აჭარისწყლის მაზრიდან, 365 - ქედის მაზრიდან და 413 - ხულოს მაზრიდან (მანველიძე 2006: 46). მობილიზებულმა გლეხებმა თურქეთთან აჭარის სასაზღვრო პუნქტები გაამაგრეს, რათა თურქეთში მყოფი შეიარაღებული რაზმები აჭარაში არ შემოჭრილიყვნენ. მობილიზებულმა გლეხებმა გაამაგრეს ასევე ბახმარო-ზოტის სასაზღვრო ხაზი, რომ ამით აღკვეთილიყო აჯანყებული გურულების მხრიდან აჭარაში გადმოსვლის შესაძლებლობა (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 128). აჯანყებულების გურიის შტაბმა აჭარაში ლეო ლომაძე და კირილე სიხარულიძე გააგზავნეს. 1924 წლის 31 აგვისტოს ქ. ბათუმის ცენტრალურ მოედანზე ოცამდე კაცი შეიკრიბა, რომლებმაც მიტინგის ჩატარება სცადეს, მაგრამ უშედეგოდ - ყველა მათგანი დააპატიმრეს. დაპატიმრებისას ნოდარ მენაბდემ ხმამაღლა დაიძახა: „ძირს სისხლიანი ხელისუფლება, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“
1924 წლის 1 სექტემბერს საგანგებო ხუთეულის თავმჯდომარეს, თ. ხიმშიაშვილს აცნობეს, რომ მდ. ჩოლოქთან განლაგებულ ჩაჩბას რაზმს გურული აჯანყებულები თავს დაესხნენ. ჩაჩბას რაზმსა და აჯანყებულებს შორის ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა, ბოლოს თავდამსხმელები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. აჯანყებული გურულების ერთი ნაწილი ნიკოლოზ ურუშაძის ხელმძღვანელობით გურიიდან ქობულეთისაკენ დაიძრა. სოფ. ქაქუთთან აჯანყებულებს საბჭოთა ჯარის ნაწილებმა გზა გადაუღობეს. ორმხრივი სროლების შემდეგ აჯანყებულებმა უკან დაიხიეს. ნ. ურუშაძის რაზმის დასახმარებლად ქობულეთიდან სოფ. ქაქუთის მიმართულებით მაჰმუდ დიასამიძის რაზმი დაიძრა. მ. დიასამიძე ბრძოლის ველზე იმ დროს მივიდა, როდესაც ნ. ურუშაძის რაზმი უკან იხევდა. ნ. ურუშაძემ უკან დახევა შეაჩერა. მ. დიასამიძის რაზმი ბრძოლაში ჩაერთო. წითელი ჯარის ნაწილები ალყაში მოექცნენ. ამ დროს წითელი ჯარის ნაწილებს ოზურგეთიდან და ბათუმიდან დამხმარე ძალები მოუვიდათ. მ. დიასამიძის რაზმი მთლიანად განადგურდა. თითქმის სრულად განადგურდა ნ. ურუშაძის რაზმიც. მსხვერპლი წითელ არმიაშიც დიდი იყო.
ზემო აჭარაში, ხულოს მიმართულებით საბჭოთა ხელისუფლებამ დამატებითი რაზმის ნაწილები გააგზავნა რამდენიმე ტყვიამფრქვევით. ამ დროს ზემო გურიაში შუქრი კეკელიძის რაზმმა სოფლები: ქვაბღა, ზოტი და ჩხაკოურა დაიკავა. აჯანყებულებმა ამ სოფლებში საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები დაატყვევეს. ამის შემდეგ გურული აჯანყებულები აჭარის მიმართულებით დაიძრნენ. შ. კეკელიძემ მისი რაზმის წევრის ალიოსმან თავართქილაძის ხელით ხულოში მყოფ თანამოაზრეებს წერილი გაუგზავნა და აჯანყებისაკენ მოუწოდა, მაგრამ ხულოში აჯანყების დაწყება ვერ მოხერხდა, რადგან აჭარის საგანგებო კომისიამ რამდენიმე პირი დააპატიმრა. სოფ. ხულოში მყოფი ანტისაბჭოთა ძალები სოფ. ღორჯომში გადავიდნენ და მოსახლეობის დარაზმვა დაიწყეს. 1924 წლის 4 სექტემბერს სოფ. ღორჯომში ხალხი გამოვიდა და საბჭოთა ხელისუფლების ლიკვიდაცია მოითხოვა. აჯანყებულებმა საბჭოთა ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლები დააპატიმრეს. ხალხის წინაშე სიტყვით მემედ გაბაიძე გამოვიდა, რომელმაც აღნიშნა, რომ გურიაში ხელისუფლებაში აჯანყებულები მოვიდნენ. მ. გაბაიძის თქმით, ზემო გურიაში მოქმედი აჯანყებულები მათ დასახმარებლად მოემართებოდნენ. ამიტომაც, მ. გაბაიძის აზრით, საჭირო იყო დაუყოვნებლივ შეიარაღება და ხულოს მიმართულებით წასვლა. მ. გაბაიძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ასამდე თოფებით შეიარაღებული კაცი სოფ. ხულოს მიმართულებით დაიძრა. აჯანყებულებმა დიდი მანძილის გავლა ვერ მოახერხეს, რადგან მათ სოფ. ხულოდან სოფ. ღორჯომში გამოგზავნილი წითელი ჯარის ნაწილები გადაეღობნენ ო. მოწყობილის მეთაურობით. ო. მოწყობილმა აჯანყებულებს დაპატიმრებული კომუნისტების გათავისუფლება მოსთხოვა, მაგრამ უშედეგოდ. ო. მოწყობილის რაზმმა შესაშინებლად ჰაერში გაისროლა. ამან მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა. აჯანყებულები საბრძოლველად მოემზადნენ. დაიწყო ორმხრივი სროლები, რის შედეგადაც ორივე მხრიდან დაიღუპა 5 და დაიჭრა 3 მებრძოლი. ო. მოწყობილი იძულებული გახდა უკან დაეხია, მაგრამ შორს არ წასულა, რადგან შეიტყო, რომ ხულოდან ბასოვის მეთაურობით წითელარმიელები მის დასახმარებლად მოემართებოდნენ (მათ მოჰქონდათ ორი ტყვიამფრქვევი). დამხმარე ძალის მოსვლის შემდეგ ო. მოწყობილი შეტევაზე გადავიდა. ამასთანავე ბასოვის რაზმმა ტყვიამფრქვევიდან აჯანყებულებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 4 აჯანყებული დაიღუპა. აჯანყებულები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. ბასოვმა გადაწყვიტა მთლიანად გადაეწვა სოფელი ღორჯომი. ის მივიდა სოფ. ღორჯომის ცენტრში, შეკრიბა ადგილობრივი მოსახლეობა და მათ „ბუნტოვშიკების“ გადაცემა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სოფლის განადგურებით იმუქრებოდა. მიუხედავად მუქარისა ხალხმა აჯანყებულები არ გასცა. მოსახლეობისათვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ბასოვის წინაშე აჯანყების მეთაურები მემედ გაბაიძე, ჰასან მეკეიძე და სხვ. თვითონ გამოცხადნენ. ბასოვის ბრძანებით ისინი იქვე, ხალხის თვალწინ ჯერ სასტიკად გაროზგეს, შემდეგ კი დახვრიტეს. ბასოვმა ესეც არ იკმარა და რამდენიმე სახლი გადაწვა. ბასოვმა თავისი რაზმის ნაწილი სოფ. ღორჯომში დატოვა, თვითონ კი ო. მოწყობილთან ერთად ხულოსაკენ გაეშურა, სადაც კეკელიძის რაზმი ხულოს აღებას ცდილობდა. კეკელიძის რაზმი ხულოდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იდგა. ო. მოწყობილმა კეკელიძეს ულტიმატუმი წაუყენა წინააღმდეგობა არ გაეწია მისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სასტიკად დასჯას „დაჰპირდა“. კეკელიძე დანებებას არ აპირებდა. ბასოვმა საიდუმლო თათბირი მოიწვია, სადაც გადაწყდა, რომ შემოვლითი გზით ზურგიდან დაერტყათ მოწინააღმდეგისათვის. ამ მანევრის შესასრულებლად ოცამდე ჯარისკაცი გამოიყო. ჯარისკაცები, რომლებსაც ვინმე საფრონოვი მეთაურობდა, საცალფეხო ბილიკით გაემართნენ, მაგრამ მათ თავს აჯანყებულები დაესხნენ. წითელარმიელებს ბრძოლაში 7 მებრძოლი დაეღუპათ, მათ შორის საფრონოვიც. აჯანყებულებმა თავდასხმისას 4 მებრძოლი დაკარგეს. ამასობაში ო. მოწყობილს და ბასოვს შეუერთდა ბათუმიდან წამოსული რაზმი კაპიტან პანოვის მეთაურობით. კეკელიძე დარწმუნდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა და თურქეთში გადასვლა გადაწყვიტა. თურქეთის საზღვრისაკენ მიმავალ კეკელიძის რაზმს სანისლიას ტყესთან წამოეწივნენ. დაიწყო ორმხრივი სროლები. წითელარმიელებმა 6 აჯანყებული შეიპყრეს. კეკელიძემ რევოლვერით თავი მოიკლა. გაბოროტებულმა რუსმა ჯარისკაცებმა კეკელიძის გვამი ხიშტებით დაასახიჩრეს და ხევში გადააგდეს. დაპატიმრებული ექვსი აჯანყებულიდან სამი იასონ წითელაძე, გაბრიელ ლომიძე და ალექსანდრე კაკაბაძე ფეხებით ხეზე ჩამოკიდეს და ცემით მოკლეს, შემდეგ კი მათი გვამები ხევში გადააგდეს. დანარჩენი სამი აჯანყებული კი ხულოში ჩაიყვანეს. აქ წინასწარ შედგენილი სცენა გათამაშდა. ხულოს ცენტრში თავი მოუყარეს ადგილობრივ მოსახლეობას, დაასვენეს მოკლული წითელარმიელები (მათ შორის საფრონოვი) და მათ წინ სამი დაპატიმრებული დააყენეს. ო. მოწყობილი, ბასოვი, პანოვი და სხვ. სიტყვებით გამოვიდნენ. მათ მოითხოვეს მოსახლეობას აღეძრა შუამდგომლობა აჭარის საბჭოთა ხელისუფლების წინაშე „ბანდიტებთან ბრძოლის დროს გმირულად დაღუპულების მედლებით დაჯილდოვების და მათი ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების გაწევის შესახებ“. შემდეგ პანოვმა ხალხს ჰკითხა თუ რისი ღირსნი იყვნენ დაპატიმრებულები. დაშინებულმა ხალხმა ერთხმად იღრიალა: „ჩაქოლვის, ჩაქოლვისო!“ და ის ის იყო, რომ ხალხის ერთი მოზრდილი ჯგუფი აჯანყებულების ჩასაქოლად მოემზადა, რომ ამ დროს მათ წინ ო. მოწყობილი გადაეღობა და შეაჩერა ისინი. ო. მოწყობილმა ხალხს მიმართა: „მართალია ეს ბანდიტები მართლაც რომ ჩაქოლვის ღირსნი არიან, მაგრამ ამჯერად უმჯობესია, რომ თავი შევიკავოთ ასეთი მოქმედებისაგან. ისინი სამართალში გადაეცემა და რა თქმა უნდა მიიღებენ საკადრის პასუხს“-ო (გოგოლიშვილი 2000: 63-68). აჭარის საგანგებო ხუთეულის ყურადღება მიპყრობილი იყო აჭარა-გურიის საზღვრისაკენ, ვინაიდან მოსალოდნელი იყო გურული აჯანყებულების აჭარის ტერიტორიაზე გადასვლა. გამომდინარე იქიდან, რომ ქ. ოზურგეთიდან გაქცეული აჯანყებულების ერთი ნაწილი ქობულეთის მიმართულებით გაემართა, საგანგებო ხუთეულის დადგენილებით ქობულეთში 50 კომუნარი და 10 წითელარმიელი გაიგზავნა ერთი ტყვიამფრქვევით. აჯანყებულებმა სოფლები შემოქმედი და გომი გაამაგრეს, მაგრამ კომუნარებმა აქაც მოახერხეს მათი წინააღმდეგობის დაძლევა. უკუქცეულმა აჯანყებულებმა ბახმაროს მთას მიაშურეს. აჭარის საგანგებო ხუთეულმა ხულოს მაზრის სამეულს დაავალა აჯანყებულების მიერ დაკავებული ბახმაროს მთის გათავისუფლება და ბახმარო-ზოტის, გომის მთის გაყოლებით სამხედრო ხაზის გამაგრება. ხუთეულის ასეთი ყურადღება გურიის მიმართ იმით იყო განპირობებული, რომ გურიაში ფილიპე მახარაძე იმყოფებოდა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ფ. მახარაძემ ბათუმში ჩასვლა მოახერხა (მანველიძე 2006: 48-49).
1924 წლის 5 სექტემბერს ბათუმიდან ხულოს მაზრის მიმართულებით 110 კომუნარი გაიგზავნა 2 ტყვიამფრქვევით იქ მყოფი გლეხთა შეიარაღებული რაზმის დასახმარებლად. გლეხთა რაზმს დავალებული ჰქონდა აჭარიდან თურქეთში აჯანყებულთა გადასვლა აღეკვეთა.
აჭარის საბჭოთა ხელისუფლების ინიციატივით, 1924 წლის 29 აგვისტოდან მოყოლებული ქ. ბათუმში და აჭარის ყველა მაზრაში ხალხმრავალი მიტინგები იმართებოდა. 1924 წლის 2 სექტემბერს ქ. ბათუმში მორიგი მიტინგი ჩატარდა, რომელზეც სიტყვით ფ. მახარაძე გამოვიდა.
1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ ქ. ბათუმში 200 შეიარაღებულის გარდა ყველა ძალის დემობილიზაცია მოხდა. ანალოგიურად მოხდა შეიარაღებული ძალების დემობილიზაცია აჭარის მაზრებში. იქ მხოლოდ მცირე რაზმები დატოვეს. 1924 წლის 8 სექტემბერს საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) აჭარის საოლქო კომიტეტის ყველა უჯრედების ერთობლივი სხდომა გაიმართა, რომელზეც აჯანყებულთა წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების ანგარიში მოისმინეს. სხდომამ აჯანყების დღეებში აჭარის ცენტრალური ორგანოების მუშაობა ერთხმად მოიწონა. აჯანყებულების წინააღმდეგ წარმატებული მოქმედებისათვის რამდენიმე ადამიანი დააჯილდოვეს (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #40, ფურცელი 128).
1924 წლის 6 სექტემბერს სოფ. დღვანში დავით ფუტკარაძის სახლში ანტისაბჭოთა ჯგუფი შეიკრიბა ისკენდერ ფუტკარაძის, ოსმან ფუტკარაძის, მევლუდ ფუტკარაძის, ომერ ფუტკარაძის, ქერიმ ფუტკარაძისა და სხვათა შემადგენლობით. შეკრებილებმა შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ სოფელ კვიახიძეებში დავითაძის 150 კაციანი ჯგუფის შეჭრა იყო მოსალოდნელი. შეკრებილებმა დავითაძის რაზმთან შეერთების სურვილი გამოთქვეს.
აჭარის საგანგებო ხუთეულის თავმჯდომარე თ. ხიმშიაშვილმა ხულოში ო. მოწყობილს აცნობა, რომ მოსალოდნელი იყო თურქეთის მხრიდან „ბანდის“ შემოჭრა. თ. ხიმშიაშვილმა ო. მოწყობილს განსაკუთრებული ზომების მიღება დაავალა. „ბანდას“ თ. ხიმშიაშვილის თქმით, სოციალ-დემოკრატებთან ჰქონდა კავშირი. 1924 წლის 5 სექტემბერს ხულოს მაზრაში სასწრაფოდ გააგზავნეს 110 კომუნარი ორი ტყვიამფრქვევით, რათა თურქეთის მხიდან გადმოსასვლელები საიმედოდ ჩაეკეტათ. 1924 წლის 8 სექტემბერს მეექვსე სანაპირო საგუშაგოს სარიჩაირ-ჩირუხის ხაზზე შემოიჭრა 30 კაცისაგან შემდგარი შეიარაღებული ჯგუფი დავითაძის მეთაურობით, მაგრამ სანაპირო რაზმის წინააღმდეგობის გამო იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო. 1924 წლის 7 სექტემბერს დავითაძის ჯგუფის შემოჭრამდე ჭოროხისპირეთში სოფ. თხილნარის თავზე თურქული აეროპლანი გამოჩნდა. 8 სექტემბერს სოფელ კობალთის მხრიდან გადმოფრინდა აეროპლანი, რომელმაც ორი ბომბი ჩამოაგდო. როგორც ჩანს აეროპლანს სადაზვერვო დავალება ჰქონდა. თ. ხიმშიაშვილმა მომხდარი თბილისს შეატყობინა.
1924 წლის აჯანყების დროს აჯანყებულთათვის თურქეთიდან იარაღის მიწოდების არა ერთი მცდელობა იყო. აჭარაში იარაღის შემოტანის ორგანიზებას აჭარიდან ემიგრირებული ბეგები ცდილოდნენ, მათ შორის ყოფილი „სედაი მილეთის“ ორგანიზაციის წევრები: ჰუსეინ ბეგ ბიბინ-ოღლი (ბიბინეიშვილი) და მაჰმუდ მათარაჯ-ოღლი. პირველი ართვინში იმყოფებოდა, მეორე - რიზეში. ჰ. ბიბინეიშვილმა თავისი შვილების იუსუფის და ომერის მეშვეობით გურიაში, მაჭახელა-მარადიდის გავლით, დიდი რაოდენობით იარაღი გაგზავნა გუნთაიშვილის რაზმისათვის. მაჰმუდ მათარაჯ-ოღლიმ რიზედან ფოთისაკენ იარაღით დატვირთული მოტორიანი ნავი გამოაგზავნა. თუ რა ბედი ეწია ამ ნავს უცნობია (მანველიძე 2006: 46-48).
აჭარის საგანგებო ხუთეულის ინიციატივით 1924 წლის 25 სექტემბერს აჭარის მშრომელი მოსახლეობის ყრილობა ჩატარდა, რომელზეც ხალხმა ერთსულოვნად მოიწონა პარტიის გენერალურ ხაზი (გოგოლიშვილი 2000: 69).
Комментариев нет:
Отправить комментарий