воскресенье, 16 сентября 2018 г.

აჭარის ისტორიის რამდენიმე საკითხი

ბათუმის საკითხი XVIII-XIX საუკუნეების რუსეთ-თურქეთის ომებში (. დიასამიძე)
1878 წლის გვიანი ზაფხულის – 25 აგვისტოს ზეიმს ბათუმსა და მთელ საქართველოში, წინ უძღოდა რუსეთ-თურქეთის ექვსი ომი, რომლებშიც აქტუალურ პრობლემად იდგა ბათუმისა და მთლიანად აჭარის ოსმალთა ბატონობისაგან გათავისუფლების საკითხი.
ბათუმიაღმოსავლეთ და სამხრეთ შავიზღვისპირეთის ეს ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ნავმისადგომი და სტრატეგიულად ხელსაყრელი ქალაქი, ყველა დროში იქცევდა დიდი სახელმწიფოების ყურადღებას. განსაკუთრებული ინტენსივობით მოუწია ქალაქს თავდაცვა XV საუკუნის დასაწყისიდან, როცა ოსმალებმა 1461 წლიდან, ტრაპიზონის დაპყრობის შემდეგ, დაიკავეს ჭოროხის მარცხენა სანაპირო ტერიტორია გონიო-აფსაროსით და უშუალოდ დაუმეზობლდნენ ქალაქს. XVI საუკუნის მანძილზე მათ რამდენჯერმე აიღეს ქალაქი, მაგრამ აქ ხანგრძლივი დროით დამკვიდრებული ჩანან ისინი XVI საუკუნის ბოლოდან. ამ დრო მთელი აჭარისწყლისა და ჭოროხის ხეობები, სამხრეთი საქართველო ოსმალთა ბატონობის ქვეშ იყო მოქცეული.
სამეფო-სამთავროებად დაყოფის მიუხედავად, საქართველოს მეფე-მთავრები არასდროს შერიგებიან ქართული მიწების დაკარგვას და ხელსაყრელი ვითარებისას, ყოველნაირად ცდილობდნენ მათ გათავისუფლებას ოსმალთაგან. 1768–1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომის მსვლელობისას, სოლომონ I-ის მიერ ტოტლებენის რუსულ ძალებთან ერთად ოსმალთაგან შორაპნისა და ბაღდათის, აგრეთვე 1770 წლის აგვისტოში ქუთაისის გათავისუფლების შემდეგ, გათვალისწინებული იყო ბათუმზე ლაშქრობაც, მაგრამ ტოტლებენთან ვერც სოლომონმა ნახა, ერეკლე მეორეს მსგავსად, საერთო ენა და ლაშქრობა ჩაიშალა (მეგრელიძე, 1963:14). არადა, საამისოდ ხელსაყრელი სიტუაცია ბათუმსა და აჭარისწყლის ხეობაში შექმნილი იყო. ტოტლებენის საქმეთა შესასწავლად რუსეთიდან გამოგზავნილი კაპიტანი იაზიკოვი ცენტრს ატყობინებდა: „აჭარლები, რომლებადაც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან გურიასა და თურქეთს შორის მთებში დასახლებული ხალხი იწოდება, ოსმალთა ქვეშევრდომობას მთლიანად განუდგა; როდესაც ახალციხის ფაშა მათ დასაწყნარებლად თურქთა ჯარით აჭარაში შევიდა, ამ ხალხმა ფაშა დაამარცხა და აჭარიდან განდევნა“ (მეგრელიძე, 1963:15).
მეფე ერეკლე მეორის მოთხოვნით, 1783 წლის ტრაქტატის ერთ-ერთი მუხლით, რუსეთს ევალებოდა ეზრუნა საქართველოს დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ამ მოთხოვნას კანონიერებას ანიჭებდა ისიც, რომ ხელშეკრულების ტექსტში ერეკლე II იწოდება: „მეფე ქართლისა, მეფე კახეთისა, მემკვიდრე მფლობელი სამცხე-საათაბაგოსი“ (საერთაშორისო სამართლის.., 1949,32).
1788 წელს, რუსეთ-თურქეთის (1787-1791) ომის მსვლელობისას, ერეკლე მეორე ეკატერინე II-ს სთხოვდა, რომ „საქართველოს შეერთებოდა ახალციხის პროვინცია, ხოლო აჭარა კი იმერეთს, როგორც ძველთაგან მისი კუთვნილი“. 1801 წლიდან, როცა აღმოსავლეთ საქართველოში მეფობა გაუქმდა და რუსული მმართველობა დამყარდა, კიდევ უფრო გაიზარდა რუსეთის ინტერესები საქართველოს შავიზღვისპირეთში. 1804 წ. გენერალი პავლე ციციანოვი საგარეო საქმეთა მინისტრს (ჩორტოროცკი) წერდა: ბათუმი და ანაკლია „ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე უნდა გვეკუთვნოდეს ჩვენ და იგი ჩვენს ხელში უნდა იყოსო“ (მეგრელიძე, 1956:22). ასე, რომ ბათუმის ოსმალთაგან გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში იდგა 1806-1812 წლების რუსეთ-თურქეთის ომის წლებშიც. ამ მიზნის განხორციელებისათვის ჩატარდა საზღვაო ფლოტის ოპერაცია, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთის არმიის მიერ ჩოლოქიდან ტრაპიზონამდე ტერიტორიის დაკავებას, მაგრამ 30 ოქტომბერს ფლოტი უშედეგოდ დაბრუნდა სევასტოპოლში.
რუსეთი სხვა გზითაც ცდილობდა ბათუმის ხელში ჩაგდებას. კერძოდ, 1810 წელს გარდაიცვალა ბათუმის მმართველი ქუჩუკ ბეი შარვაშიძე (აფხაზური შტოს წარმომადგენელი). შემცლელად მოიაზრებოდა აფხაზეთის მმართველის სეფერ ალი ბეის უმცროსი ძმა სოსლან ბეი შარვაშიძე, ოღონდ ქუჩუკ ბეის ქვრივზე დაქორწინებით. რუსებს სოსლან ბეი შეუთანხმდა ბათუმის ჩაბარებაზე, თუ რუსეთის ფლოტი შევიდოდა ბათუმის ყურეში (მეგრელიძე, 1956:23), მაგრამ ვიდრე სარდლობა ამას განახორციელებდა, ზავი ბუქარესტში დაიდო ძველ საზღვრებში. რუსების მიერ დაკავებული ფოთი და ახალქალაქიც კი დაუბრუნდა თურქებს. ასე, რომ საზავო მოლაპარაკებისას ბათუმის საკითხი საერთოდ არც დასმულა.
პრაქტიკული ნაბიჯები ბათუმის ოსმალთაგან გასათავისუფლებლად 1828–1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომის წლებში გადაიდგა. ომის დაწყებამდე მოისინჯა ახალციხის ფაშისა და აჭარის მმართველის – ახმედ ფაშა ხიმშიაშვილის პოზიციაც, რომელიც მზად იყო სამხრეთ საქართველოს ცალკე გამოყოფისათვის რუსეთთან ეთანამშრომლა, თუ შემდეგ რუსეთი მას დაამტკიცებდა გუბერნატორად, სამემკვიდრეოდ აქცევდა ამ თანამდებობას, მისცემდა მას გენერლის ჩინს და არ შეეხებოდა აქაურთა რელიგიას. რუსეთისათვის ეს პირობები ომის დასაწყისში, როცა ჯერ კიდევ გაურკვეველი სიტუაცია იყო, მისაღები ჩანდა და გენერალი ბებუთოვი აგრძელებდა მოლაპარაკებას ხიმშიაშვილთან, მაგრამ შემდეგ, ამ უკანასკნელის (ახმედ ფაშა) მერყევმა პოზიციამ, ომში რუსეთის წარმატებებმა და ბებუთოვის ადგილზე დანიშნული გენერლის ოსტენ-საკენის პროვოკაციულმა ლაშქრობამ აჭარაში (1929 წ. აგვისტო) და მოსახლეობის აკლებამ, ახმედ ფაშას საბოლოოდ აბრუნებინა პირი ოსმალებისაკენ. ვერც ციხისძირის მიმართულებით რუსეთის ჯარით მოქმედმა გენერალმა გესემ გამოიჩინა თავი. აგვისტოს პირველ ნახევარში, როცა ოსმალები დამარცხდნენ, ციხისძირის პოზიციები მიატოვეს და ბათუმისაკენ გზა თავისუფალი იყო, შეტევა კი არ გააგრძელა, არამედ ბეგებთან მოლაპარაკება დაიწყო, რითაც დრო დაკარგა. ამას დაემთხვა ოსტენ-საკენის პროვოკაცია აჭარაში და ოსმალთა მიერ ციხისძირის გამაგრება. ამიტომ 17 აგვისტოს დაწყებული შეტევა ციხისძირზე მარცხით დამთავრდა, რასაც ადრიანოპოლის ზავმა (1829 წ. 2 სექტემბერი) მოუსწრო. საზავო მოლაპარაკებისას ბათუმზე საერთოდ არაფერი თქმულა, 19 მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 1828 წლის 26 ივლისს კავკასიის კორპუსის უფროსი პასკევიჩი საგარეო საქმეთა მინისტრს წერდა, რომ „იხმარეთ თქვენი გავლენა, რომ საზავო ხელშეკრულების დადებისას, თუნდაც ახალციხის ერთი საფაშო თავის საზღვრებში და თურქეთის საქართველოს ერთი ნაწილი ქალაქ ბათუმით შემოუერთდეს რუსეთსო“, ხოლო ნიკოლოზ პირველის წინადადება ყოფილა, რომ თურქეთის მიერ გადასახდელი კონტრიბუციის ნაწილი შეეცვალათ ტერიტორიული დათმობით აზიაში. „ბათუმი და ყარსი, – უთქვამს მეფეს, ღირს იმად, რომ მათთვის გავწიროთ რამდენიმე მილიონი“ (Потто, 1908, ст.43).
ასეა თუ ისე, მართალია, 1828-29 წლების ომში ბათუმის საკითხი სერიოზულად იდგა დღის წესრიგში, მაგრამ მისი შესრულება არ მოხერხდა, რუსეთმა ომში გამარჯვების მიუხედავად, ის ვერ მიიღო, რასაც იმსახურებდა. ადრიანოპოლის ზავით (1829 წ. 2 სექტემბერი), მართალია, კავკასიაში მას მიეცა ფოთი, ახალციხე და ახალქალაქი მიმდებარე ტერიტორიებით, რაც 10 სანჯაყს მოიცავდა, მაგრამ სამაგიეროდ დათმო მის მიერ დაკავებული ყარსი, არტაანი, ბაიაზეთი, რომელთა ტერიტორიები 14 სანჯაყს შეადგენდა (მეგრელიძე, 1963:71).
აჭარისა და ბათუმის გათავისუფლების საკითხი აქტიურად იყო დასმული 1853-1856 წლების ყირიმის ომის დროსაც. ითვალისწინებდა რა ბათუმის გეოგრაფიულ მდებარეობას, მეფისნაცვალი კავკასიაში ვორონცოვი თვლიდა, რომ ბათუმის ასაღებად საჭირო იყო შეტევა ზღვიდან და ხმელეთიდან ერთდროულად. ადგილობრივი მოსახლეობის პოზიციის შესახებ კი წერდა, რომ „აჭარლები და უმეტესი ნაწილი ზღვისპირის მოსახლე მცხოვრებლებისა, ომის შემთხვევაში, ჩვენ გვეყოლება წინამძღოლებად და გვთავაზობენ ჩვენს ავანგარდში სამსახურსო“ (მეგრელიძე, 1963:95).
მართალია, ომი 1853 წლის 14 ივლისს დაიწყო ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მაგრამ აქტიური მოქმედებები გვიან განხორციელდა და პირველი შეტაკებაც მტერთან არა ბალკანეთში, არამედ სოფელ შეკვეთილთან მოხდა 1853 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში. აქ რუსთა ორი არასრული ასეული და გურიის მილიციის 345-კაციანი რაზმი იდგა. რუს-ქართველთა მამაცობის მიუხედავად, ოსმალთა სიმრავლემ თავისი გაიტანა. გამთენიისას ოზურგეთიდან მოსულმა ძალებმა, ოსმალებს სოფელი დაატოვებინეს, მაგრამ მტრის სიჭარბის გამო, რუსებმა ოზურგეთი დატოვეს და აკეთის სიმაღლეები დაიკავეს. სამაგიეროდ, 14 ნოემბერს გენერალმა ადრონიკოვმა თურქების დიდი ჯარი გაანადგურა ახალციხესთან, ხოლო 19 ნოემბერს გენ. ბებუთოვმა თურქთა 35-ათასიანი კორპუსი დაამარცხა ბაშკიდიკლართან. ერთი დღით ადრე, სინოპთან ადმირალმა ნახიმოვმა სასტიკად გაანადგურა თურქთა ფლოტი. ასე რომ, 1853 წლის შემოდგომა წარმატებული გამოდგა რუსეთისათვის. ნიკოლოზ I საჭიროდ თვლიდა ბათუმის, ყარსის, ერზრუმის და არტაანის მიმართულებით შეტევას, მაგრამ მეფისნაცვალი ვორონცოვი საამისო ძალებს არ ფლობდა და საბრძოლო მოქმედების 1854 წლის ზაფხულისათვის გადატანა მოითხოვა.
ზამთრის განმავლობაში თურქებმა საკმაოდ დიდ ძალებს მოუყარეს თავი ბათუმში. ქობულეთში თურქთა ჯარით მდგარი ჰასან ფაშა გეგმავდა ნიგოითზე გავლით, ჩოხატაურისთვის გვერდი აევლო და ქუთაისს დაპატრონებოდა. მას სურდა „კოფე დაელია სოფელ მარანში და კარგად ევახშმა ქუთაისში“ (შ. მეგრელიძე, 1956,42), მაგრამ თავად ერისთავის მცირერიცხოვანმა რაზმმა და ადგილობრივი მოსახლეობის გმირობამ მტერს პოზიციები დაატოვებინა დიდი დანაკლისით. გენერალმა ადრონიკოვმა 2 ივნისს აიღო ოზურგეთი. ამის შემდეგ შეტევა განვითარდა ჩოლოქის მიმართულებით და 34 ათასიანი თურქთა ჯარი ლეღვასაკენ გაიქცა.
რუსეთის სარდლობამ კვლავ გაიმეორა 25 წლის წინანდელი შეცდომა: როცა გენერალი ოსტენ-საკენი გაგზავნა მთიან აჭარაში იქაური მოსახლეობის დასასჯელად. ამჯერადაც, რუსეთის სარდლობამ დააბრალა რა აჭარის მოსახლეობას 1853-54 წლების ზამთარში თურქთა მიერ აჭარის მხრიდან ცალკეული თავდასხმების ორგანიზაცია და მასში მონაწილეობა, გენერალ-ლეიტენანტ კოვალევსკის დაავალა მათი დასჯა. 30 მაისს, შტაბის უფროსმა ციმერმანმა გადაწვა ზედა და ქვედა თხილვანა, პოლკოვნიკმა დავიდოვმა სოფ. მუმსუ (მთისუბანი), კოვალევსკიმ – სოფ. ბაკო. ასევე გადაწვეს ფოცხოვის სასაზღვრო სოფლებიც.
ამან, რა თქმა უნდა, მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. 1855 წლის ზაფხულში რუსეთის არმიისათვის მთავარი ყარსის აღება იყო, წარმატებულად მოქმედებდა გურიის რაზმიც. მან 24 მაისს ქობულეთი დაიკავა. 1855 წ. ნოემბერში ყარსის ოსმალმა დამცველებმა იარაღი დაყარეს. ახლა შეიძლებოდა შეტევის განხორციელება ბათუმის მიმართულებით, მაგრამ მალე ზავი დაიდო. მართალია, ეს ომი რუსეთის მარცხით დასრულდა, მაგრამ კავკასიის ფრონტზე მიღწეულმა გამარჯვებებმა ხელი შეუწყო რუსეთს პარიზის საზავო მოლაპარაკებისას, რომ აქ საზღვრები უცვლელი დარჩენილიყო. თურქებს დაუბრუნდათ რუსთა მიერ დაკავებული ტერიტორიები, მათ შორის ქობულეთის სანჯაყიც. პარიზის საზავო ხელშეკრულების 30-ე მუხლით დადგინდა რუსეთ-თურქეთის საზღვარიც – მდ. ჩოლოქზე.
ასე რომ, მიუხედავად დიდი სურვილისა, ყირიმის ომშიც ვერ გადაწყდა ბათუმის გათავისუფლება-დაბრუნების საკითხი. ყირიმის ომში რუსეთის დამარცხებამ აშკარა გახადა ახალი ომისათვის მზადების აუცილებლობა. საამისოდ ორივე მხარე თადარიგს იჭერდა, როგორც სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. რუსეთის მხრივ, ამ მიზანს ისახავდა „ოსმალოს საქართველოში“ ცნობილი ქართველი მოღვაწეების მოგზაურობა 1877–78 წლების ომის წინ (ივ. კერესელიძე, დ. ბაქრაძე, გ. ყაზბეგი...) მზადდებოდა საზოგადოებრივი აზრი თანამემამულეთა ოსმალთაგან გათავისუფლებაში აქტიური მონაწილეობისათვის. ეს პროცესი 1876 წელს დაიწყო და ომის დაწყებისას შექმნილი იყო 12 სამხედრო შენაერთი 10000 კაცის რაოდენობით (მილიციის ჯარის სახით). სულ ომში მონაწილეთა რაოდენობა 30000-ს აჭარბებდა (შ. მეგრელიძე, 1956,51). ომი დაიწყო 1877 წლის 22 აპრილს და იგი ორ ფრონტზე მიმდინარეობდა: ბალკანეთსა და კავკასიაში. კავკასიის ფრონტს, რომელსაც რუსეთის სარდლობა მეორეხარისხოვან როლს აკისრებდა, აჭარა – გურიის მთები ბრძოლის ორ ასპარეზად ჰყოფდა: სამხრეთის, სადაც ლორის მელიქოვის კორპუსი (50000 კაცი) იბრძოდა და რიონისპირეთ–ოზურგეთის, სადაც ოკლობჟიოს 25000-კაციანი ჯარი ახორციელებდა შეტევას (შემდეგ ქობულეთის რაზმი). რუსულ სამხედრო ნაწილებთან ერთად იბრძოდნენ ქართველ მილიციელთა ნაწილებიც (სახალხო ლაშქარი).
12 აპრილს, ომის დაწყების პირველ დღესვე, ქობულეთის რაზმმა გადალახა მაშინდელი თურქეთის საზღვარი ჩოლოქთან და ორი მიმართულებით შეუტია მტერს: ზღვის სანაპირო დაბლობებით (გენ. შერემეტიევი) და მთიანი ადგილების გავლით (გენ. დენიბეკოვი). ორივე ნაწილის შეერთება ნავარაუდევი იყო ციხისძირთან. მთავარი მიზანი – ბათუმის გათავისუფლება იყო. რამდენადაც კონფერენციაზე გათვალისწინებულ არაერთ მოხსენებაში იქნება საუბარი აჭარის ტერიტორიაზე მიმდინარე ბრძოლებსა და რუს და ქართველ მეომართა მხედრულ მამაცობაზე, დავჯერდებით მხოლოდ იმის თქმით, რომ რუსეთის არმიის წარმატებებმა ბალკანეთში და კავკასიის სამხრეთ ასპარეზზე (ყარსი, არტაანი, არზრუმი), ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერამ და შერიფ ხიმშიაშვილის (ზემო აჭარის მმართველი) ეროვნულმა პოზიციამ, ბევრად განსაზღვრა აჭარისა და ქ. ბათუმის ბედი, რადგან ომის დამთავრების დროსაც ქობულეთის რაზმის ჯარები კვლავ ციხისძირთან იდგნენ, ბათუმის გათავისუფლება იარაღით არ მოხერხდა. ამიტომ, იყო რომ მიუხედავად სან-სტეფანოს 1878 წლის 3 მარტის ხელშეკრულებით რუსეთზე სამხრეთ-საქართველოს და დასავლეთ სომხეთის ტერიტორიების (ქალაქები-არტაანი, ყარსი, ბათუმი) მიკუთვნებისა, თურქეთი, ევროპის კონგრესის გადაწყვეტილების მიღებამდე, არ ათავისუფლებდა ბათუმს.
საქმე იმაშია, რომ ევროპის ქვეყნები (ინგლისი, საფრანგეთი, ავსტრია, იტალია, გერმანია) შეაშფოთა რუსეთის წარმატებებმა ომში და მიაღწიეს იმას, რომ ზავის პირობები ძალაში შესულიყო ევროპის კონგრესზე განხილვის შემდეგ. ინგლისის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე ნათქვამი, „ინგლისს არ შეუძლია დაუშვას ცალმხრივი ხელშეკრულების დადება რუსეთსა და ოსმალეთს შორის“, მიღწეულ იქნა. აშკარა იყო, რომ რუსეთი ან დათმობებზე უნდა წასულიყო, ან ჩაბმულიყო ახალ ომში კოალიციურ ძალებთან. საამისოდ მზადება უკვე გაჩაღებული იყო: ახალი სამხედრო ძალების, სპეციალისტების (ინგლისელი, ფრანგი) და იარაღის თავმოყრა ბათუმის მიმართულებით, მოსახლეობაში მუშაობის გაშლა რუსეთის საწინააღმდეგოდ; საჭირო ზომებს იღებდა რუსეთიც. იგი მზად იყო რიგ დათმობებზე წასულიყო ახალი ომის თავიდან ასაცილებლად (1878 წ. მაისში ინგლის-რუსეთის საიდუმლო მოლაპარაკება). ასეთ პირობებში 1878 წლის ივნისში ბერლინში შეიკრიბა ევროპის სახელმწიფოთა კონგრესი.
კონგრესზე გამოიკვეთა ბათუმის განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ ომში. სოლსბერი (ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი) აცხადებდა: „ინგლისი უკანასკნელ პირობად რუსეთს განუცხადებს, რომ მან უარი სთქვას ბათუმზეო“ (Батумъ и его окрестности...,1906,92). რუსეთის წარმომადგენელს დავალებული ჰქონდა, თუ ოსმალები უარს იტყოდნენ ბათუმის ნებაყოფილებით დაცლაზე, განეცხადებინა: „კონგრესის ყველა დადგენილებას რუსეთი სისრულეში მაშინ მოიყვანდა, როდესაც სულთანი ბათუმს რუსეთს გადასცემდა (მეგრელიძე შ., 1963,158). მართლაც, ბათუმის საკითხმა კონგრესზე მწვავე დისკუსია და შეხლა-შემოხლა გამოიწვია და იგი დასრულდა იმით, რომ ინგლისის მთავრობის მეთაურის – ბიკონსფილდის მოთხოვნით, ბათუმი გადაეცა რუსეთს პორტო-ფრანკოს, ანუ საერთაშორისო ვაჭრობის ქალაქის სტატუსით, ხოლო ოსმალეთს დაუბრუნდა ვალაშკერტი და ბაიაზეთი.
ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, თურქეთმა დაიბრუნა ომის დროს რუსეთის მიერ დაკავებული ქართველებითა და სომხებით დასახლებული ტერიტორიის თითქმის ნახევარზე მეტი. მართალია, კონგრესის გადაწყვეტილებით, 3 წლის განმავლობაში ნება ეძლეოდათ მცხოვრებლებს (ქრისტიანებს, მუსლიმანებს) სურვილისამებრ აერჩიათ სად სურდათ ცხოვრება: ოსმალეთის, თუ რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ სინამდვილეში ოსმალეთი ამის საშუალებას არ აძლევდა ქართველებს...
კონგრესის შემდეგ კარგა ხანს გაჭიანურდა გადაწყვეტილებათა პრაქტიკული შესრულება. რუს-ქართველთა ჯარი ბათუმში მხოლოდ 1878 წლის 25 აგვისტოს შევიდა.
ლიტერატურა
1. ბაქრაძე დ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათ., 1987.
2. გოგოლიშვილი ო., ბერლინის კონგრესი, „საისტორიო მაცნე“, XIV, 2005.
3. დუმბაძე მ., დასავლეთი საქართველო XIX ს. პირველ ნახევარში, თბ., 1957.
4. ზოიძე ნ., რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომი და საქართველო, „საისტორიო მაცნე“, XII, 2008.
5. მეგრელიძე შ., აჭარის გათავისუფლება თურქთა ბატონობისაგან, ბათუმი, 1956.
6. მეგრელიძე შ., სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიიდან, ბათუმი, 1963.
7. მეგრელიძე შ., საქართველო აღმოსავლეთის ომებში, თბ., 1974.
8. საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობის დოკუმენტები, შეადგინა და კომენტარები დაურთო დ. ენუქიძემ, თბილისი, 1949.
9. Батумъ и его окрестности, к 25-летию присоединения гор. Батуми к Россиской империи. Батуми, 1906.
10. Потто, Утверждение русского владычества на Кавказе, т.IV, часть II, тифлис,1908.


ბათუმის დაუფლებისათვის რუსეთის საზღვაო ბრძოლების ისტორიიდან 1877-1878 წლებში (რევაზ უზუნაძე)
ყირიმის ომის შემდგომ რუსეთში ვაჭრობისა და შესაბამისად საზღვაო ნაოსნობის საკმაოდ სწრაფმა განვითარებამ გააძლიერა სწრაფვა ბათუმის დაუფლებისათვის. 1860 წელს რუსეთის ტრაპიზონელი კონსული ე.ნ. მოშნინი ხელმწიფეს სწერდა: „ბათუმი ფლობს პატარა, მაგრამ უშიშარ და იმდენად მოხერხებულ ნავსადგურს, რომ ჩვენი გემები თვით ნავმისადგომთან ჩერდებიან, აგრეთვე ის მდებარეობს სპარსეთის სატრანზიტო გზაზე. მომავალში, კავკასიაში ტრანზიტის მოწობის შემდეგ, ბათუმი მალე დაიკავებს ტრაპიზონის ადგილს. მით უფრო, რომ ნავსადგურის გაშენება ფოთში დიდ დროსა და კაპიტალს მოითხოვს. მანამდე კი ბათუმი წარმატებით მიიზიდავს კავკასიის ტრანზიტს. რუსეთი რომ ბათუმს შეიძენდეს გაცვლის ან შესყიდვის საშუალებით, ასეთ შენაძენს დიდი მნიშვნელობა ექნებოდა სავაჭრო და წმინდა ეკონომიკური ურთიერთობისათვის“ (Акты, 1904, 575).
მართლაც, 1864 წელს დაისვა ბათუმის შესყიდვის საკითხი. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ თურქეთის სულთან აბდულ აზიზს წინადადება მისცა მიეყიდა ბათუმი 40 მილიონ რუბლად. დასავლეთის სახელმწიფოთა რჩევითა და წაქეზებით, სულთანმა უარი უთხრა რუსეთს შემოთავაზებულ წინადადებებზე („Новое время“, 787 1878). „ამ ბოღაზის ყიდვის ამბავი არ გამართლდა. აბა რომელი სახელმწფო შეელევა, მერე ზღვაზე, ამნაირ ბოღაზს“ (ნ. ნიკოლაძე, 1960. 547), – წერდა გულისტკივილით ნ. ნიკოლაძე.
70-იანი წლების მეორე ნახევარში კიდევ უფრო გაიზარდა ინტერესი ბათუმის მიმართ. ბათუმის ისტორიის, მისი საზღვაო-სანავსადგურო პირობების, რუსეთისათვის ბათუმის დაუფლების მნიშვნელობის შესახებ სისტემატურად ქვეყნდებოდა მასალები რუსულ სამეცნიერო კრებულებსა და ჟურნალ-გაზეთებში (რ. უზუნაძე, 2001, 38). გაზეთი „ობზორი“ მიუთითებდა, რომ აღმოსავლეთ სანაპიროს საზღვაო ვაჭრობა ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაშია. მისი შემდგომი განვითარებისათვის აუცილებლად საჭიროა თუნდაც ერთი მოხერხებული ნავსადგური, რაც ორჯერ და სამჯერ გაზრდიდა სავაჭრო მიმოქცევას („Обзор“, „180“ 1878). „ბათუმი სამართლიანად ითვლება შავი ზღვის ერთ-ერთ საუკეთესო ნავსადგურად. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვაო ნაოსნობისათვის, იმიტომ რომ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არ არის სხვა თავშესაფარი კომერციული გემებისათვის“, წერდა გაზ. „ნოვოე ვრემია“ („Новое время“, „787“ 1878). გაზ. „რუსკი მირ“ დასძენდა – „ბათუმს აქვს რუსეთის ვაჭრობისა და უშიშროებისათვის დიდი მნიშვნელობა“ („Русский мир“, „135“ 1878).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ფაქტობრივად ბათუმისათვის ბრძოლა წარმოადგენდა რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წწ. ომის ერთ-ერთ მთავარ, საკვანძო საკითხს (В. Потто, 1906, 151). ომისათვის მზადებასთან დაკავშირებით. კავკასიაში მოწინააღმდეგეებმა თავი მოუყარეს მნიშვნელოვან ძალებს. ომის დასაწყისში რუსეთის არმია კავკასიაში ითვლიდა 200 ათას კაცსა და 400 ქვემეხს. ბათუმის მიმართულებით სამოქმედოდ გამოიყო „ქობულეთის რაზმი“. იგი შედგებოდა 25 ათასი მებრძოლისაგან. რაზმს მეთაურობდა გენერალ-მაიორი ოკლობჟიო (შ. მეგრელიძე. 1974, 61-62).
არც ოსმალეთი იდგა უმოქმედოდ. მან კავკასიის ფრონტზე თავი მოუყარა 280-ათასიან არმიას, რომელიც საკმაოდ კარგად იყო შეიარაღებული. ბათუმში იდგა ოსმალთა 50-ათასიანი ჯარი (Колюбакин Б., 1906, 202-203). მათ მხარს უმაგრებდა შავი ზღვის ფლოტი. იგი შედგებოდა 30 სამხედრო გემისაგან. ფლოტს სარდლობდა გობარტ ფაშა, წარმოშობით ინგლისელი. ფლოტის შტაბის უფროსი იყო მონტორნ ბეი, ასევე წარმოშობით ინგლისელი.
რუსეთმა ძლივს მოახერხა ზღვაზე მოწინააღმდეგებისათვის დაეპირისპირებინა 7 პატარა სამხედრო ხომალდისაგან შემდგარი ფლოტი, რომელთა დიდი ნაწილი სასწრაფოდ სავაჭრო გემებისაგან გადაკეთდა (История русской арми и флота, 1903, 202-203, Ф. Врангель, 1911, 132).
მოწინააღმდეგის უპირატესობა ზღვაზე აშკარა იყო, რაც აიძულებდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლობას უფრო მეტად ეზრუნა თავდაცვაზე. ამ მდგომარეობას, შეუძლებელი იყო, რუსეთისათვის უარყოფითი გავლენა არ მოეხდინა საომარი კამპანიის მსვლელობაზე (Аренса Е, 1913, 44). ფლოტის ძირითად წამყვან ძალას წარმოადგენდა ჯავშნოსანი ხომალდი „დიდი მთავარი კონსტანტინი“. იგი შეიარაღებული იყო 5 მძიმე ქვემეხითა და საბუქსირო ნაღმებით. ამ ახალ იარაღზე რუსეთის სარდლობა დიდ იმედებს ამყარებდა. ჯავშნოსნის მთავარ საბრძოლო ძალას წარმოადგენდა ორთქლის ოთხი ნაღმოსანი კატერი. ისინი მოთავსებული იყო ხომალდზე. საჭიროების შემთხვევაში ხუთი წუთის მონაკვეთში შეიძლებოდა მათი ზღვაში ჩაშვება და საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა. ჯავშნოსანს მეთაურობდა ცნობილი ზღვაოსანი, ვიცე-ადმირალი ს. ო. მაკაროვი (Врангель Ф, 1911, 56). ასევე საზღვაო ოპერაციებში მონაწილეობას ღებულობდნენ გემები „ვესტა“, „როსია“, „ვლადიმირი“. შავ ზღვაზე რუსეთის ფლოტის სარდლად დაინიშნა გენერალ-ადიუტანტი ნ.ა. არკასი.
წინა ომების გამოცდილებიდან გამომდინარე, რუსეთისათვის ცხადი იყო, რომ ბათუმის მიმართულებით საომარი მოქმედებების წარმატება დიდად იქნებოდა დამოკიდებული საზღვაო ძალების აქტიურობაზე, მის თანამოქმედებაზე სახმელეთო ჯარებთან. მაგრამ შავი ზღვის ფლოტის არსებული კონტინგენტი საეჭვოს ხდიდა ამის განხორციელებას. რაც გააძნელებდა ბრძოლას ბათუმის დაუფლებისათვის (Сборник, 1904, 17). როგორც ქვემოთ დავინახავთ, მათი მოქმედება შავი ზღვის აღმოსავლეთ აუზში აგებული იყო დროდადრო მცირე მასშტაბის საზღვაო დივერსიების მოწ’ობაზე. იგი ყირითადად გამოიხატებოდა ღამით მოწინააღმდეგის გემებზე თავდასხმით. ეს არ იყო საკმარისი გადამწყვეტი წარმატების მოსაპოვებლად. ასე რომ ქობულეთის რაზმს ძირითადად თავისი ძალებით მოუხდა ბრძოლა ბათუმის მიმართულებით კარგად გამაგრებული ოსმალთა ჯარების წინააღმდეგ. ამ უკანასკნელს ზღვიდან აქტიურად უჭერდა მხარს ფლოტი. ქობულეთის რაზმის ყველა ცდა – თავისი ძალებით დაეძლია მოწინააღმდეგის წინააღმდეგობა და დაუფლებოდა ბათუმს – უშედეგოდ დამთავრდა (სიჭინავა ვ., 1958, 53-62. მეგრელიძე შ. 1974, 72-74). რაზმის სარდალი გენ. ოკლობჟიო აანალიზებდა რა წარუმატებლობის მიზეზებს, მიუთითებდა – „ხელს გვიშლიდა ცუდი გზები, კარგად გამაგრებული მისადგომები. მოწინააღმდეგემ ბათუმში თავი მოუყარა მნიშვნელოვან სახმელეთო და საზღვაო ძალებს. ბათუმის მისადგომებს იჯავდა თურქეთის ფლოტი (Потто В, 1906, 152).
ბრძოლის სადავეების ხელში ასაღებად, ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე მოწინაღმდეგის საზღვაო ძალები გადავიდნენ აქტიურ მოქმედებაზე. 1877 წლის 13 აპრილს ისინი თავს დაესხნენ წმინდა ნიკოლოზის საგუშაგოს. დაბომბეს ფოთი, გუდაუთა, ოჩამჩირე და სხვა სანავსადგურო პუნქტები. 2 მაისს ოსმალეთის ხუთმა ჯავსნოსანმა დაბომბა სოხუმი, შემდეგ გადმოსხეს დესანტი და დაიკავეს ქალაქი (Врангель, 1911, 56, история русской армии и флота, 1914, 47). კავკასიის ნაპირების გასწვრივ განუწყვეტლად დაცურავდნენ მოწინააღმდეგის სამხედრო გემები, რომლებიც პირველ ხანებში ფაქტობრივად აკონტროლებდნენ მთელ სანაპირო ხაზს. 1877 წლის 23 აპრილს ოსმალეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის შავიზღვისპირა პუნქტების ბლოკირების შესახებ (История, 1914, 46-47). არც რუსეთის ფლოტი იდგა უმოქმედოდ. იგი გადავიდა აქტიურ თავდაცვით მოქმედებაზე. სამხედრო გემები აწყობდნენ გაბედულ დაზვერვით რეიდებს. ღამით მოულოდნელ თავდასხმებს კავკასია-ანატოლიის სანავსადგურო პუნქტებში მდგომ მოწინააღმდეგის გემებზე. გადაჰქონდათ ჯარისათვის ტყვია-წამალი, სურსათი.
1877 წლის აპრილის დამლევს ს. მაკაროვმა ჯავშნოსან „კონსტანტინით“ კავკასიის ნაპირებისაკენ მოაწყო გაბედული საბრძოლო ექსპედიცია. მიღებული ცნობებით, ფოთთან ხშირად იყრიდნენ თავს მოწიააღმდეგის სამხედრო გემები. მაკაროვმა გადაწყვიტა მოულოდნელად თავს დასხმოდა მათ და ჩაეძირა ისინი. 28 აპრილს „კონსტანტინმა“ კურსი აიღო ფოთისაკენ ოპერაცია მეტად სახიფათო იყო, რადგან ასე შორ მანძილზე გამორიცხული არ იყო გადაწყდომოდა მოწინააღმდეგის სამხედრო გემებს, რაც შეიძლებოდა „კონსტანტინის“ დაღუპვით დამთავრებულიყო. მით უმეტეს სევასტოპოლიდან გასვლის მეორე დღეს მიღებული იქნა ცნობა, რომ მის შესახვედრად მოემართებოდა ექვსი ჯავშნოსანიგან შემდგარი მოწინააღმდეგის ესკადრა (История, 1914, 47). ს. მაკაროვმა მოახერხა გვერდი აევლო მათთვის. 30 აპრილს მიადგა ფოთს, მაგრამ რეიდზე მოწინააღმდეგის გემები არ ჩანდნენ. გადაწყვიტა განეგრძო მოწინააღმდეგის ძებნა და გაემართა ბათუმისაკენ. რეიდიდან შვიდი მილის მანძილზე ზღვაში ჩაუშვეს კატერები. მაკაროვმა ხომალდი ჩააბარა უფროს ოფიცერს, თავად კი სათავეში ჩაუდგა ნაღმოსანთა ფლოტილიას, რომელიც შედგებოდა კატერების, ნავარინის, ჩესმას, სინოპისა და მინერისაგან.
ნავარაუდევი იყო, თავს დასხმოდნენ რეიდის სიღრმეში მდგომ ჯავშნოსანს, მაგრამ გზაზე კატერები გადააწყდნენ საგუშაგო გემს. მისთვის გვერდის ავლა და ზურგში დატოვება მეტად სახიფათო იყო, რადგან იგი შეიძლება შეჩეხოდა უეკიპაჟოდ დარჩენილ „კონსტანტინს“. ამიტომ მაკაროვმა გამოყო სწრაფმავალი კატერი „ჩესმა“ (მეთაურ-ლეიტენანტი ზაცარენი) და უბრძანა აეფეთქებინა მოწინააღმდეგის საგუშაგო გემი (Макаров, 1953, 161). ლეიტენანტმა ზაცარენმა ნაღმი ხომალდს ბორტის ქვეშ შეუგდო, მაგრამ ტექნიკური გაუმართობის გამო ნაღმი არ აფეთქდა (Макаров, 1953, 167)& მოწინაამდეგემ გემიდან თოფების ცეცხლი გაუხსნა კატერს, შემდეგ კი სრული უკანსვლით დაედევნა მას. „ჩესმა“ გაემართა დანარჩენ კატერებთან შესაერთებლად. თურქეთის საგუშაგო ხომალდი მოულოდნელად წაადგა თავს ნაღმოსან ფლოტილიას და ტყვიებისა და კარტეჩების (საარტილერიო ჭურვის ერთ-ერთი სახეობა – რ. უ.) მასა დაუშინა. კატერი „მინერი“ (მეთაურობდა თავად ს. მაკაროვი) გაეცალა ცეცხლის არეს, რათა კოორდინაცია გაეწია ახალი შეტევისათვის, მაგრამ ამ დროს მოწინააღმდეგის ჯავშნოსანმა კურსი ნავსადგურისაკენ აიღო და მიიმალა.
ამასობაში რეიდზე მდგომ გემებზე აინთო ფარნები და ატყდა განგაში. ასეთ ვითარებაში ნავსადგურში შესვლის მცდელობა გემებზე თავდასხმის მოსაწყობად არაკეთილგონიერი იყო. მაკაროვმა გადაწყვიტა ხელი აეღო განზრახვაზე. ასე წარუმატებლად დამთავრდა ჯავშნოსან „კონსტანტინის“ პირველი გაბედული საბრძოლო ოპერაცია ბათუმის ყურეში. იგი უკან დაბრუნებისას გზად შეხვდა მოწინააღმდეგის ოთხ იალქნიან და ერთ ორთქლის სამხედრო გემს, მაგრამ დღე იყო და მოერიდა მათთან ბრძოლაში ჩაბმას.
6 მაისს „კონსტანტინმა“ ისევ აიღო კურსი კავკასიის ნაპირებისაკენ. ფოთში ადმირალმა მაკაროვმა გაიგო, რომ სოხუმში იდგა მოწინააღმდეგის ფლოტი, მან გადაწყვიტა თავს დასხმოდა ესკადრას. 8 მაისს ღამის 11 საათზე ჯავშნოსანი კონსტანტინი მიუახლოვდა სოხუმს, მაგრამ იქ ისეთი ხშირი ნისლი იყო, შეუძლებელი გახდა განესაზღვრათ მოქმედების ადგილი. ამიტომ მაკაროვმა თავი შეიკავა ოპერაციის ჩატარებაზე. 9 მაისს გვიან ღამით „კონსტანტინი“ სევასტოპოლში დაბრუნდა (Макаров, 1953, 169).
28 მაისს ნაღმოსანი ფლოტილია მაკაროვის მეთაურობით თავს დაესხა სულინის ნავსადგურში მდგომ მოწინააღმდეგის გემებს, მაგრამ ოპერაცია წარუმატებლად დამთავრდა. ვერ მოახერხეს გემი „იჯალიეს“ ჩაძირვა.
1877 წლის ივნისში მოეწყო საბრძოლო ექსპედიციები კავკასია-ანატოლიის ნაპირებთან. ჩაძირული იქნა თურქეთის რამდენიმე კომერციული გემი.
უმოქმედოდ არც თურქეთის ფლოტი იდგა, მაგრამ იგი წინანდებურად შემოიფარგლებოდა სანავსადგურო პუნქტების დაბომბვით. ისინი ერიდებოდნენ დიდი საბრძოლო ოპერაციების მოწყობას.
მაკაროვი არ იყო კმაყოფილი განხორციელებული დივერსიების შედეგებით. გადაწყვიტა ნაღმის გამოყენებით მოწინააღმდეგისათვის უფრო მყიმე დარტყმები მიეყენებინა. ამ მიზნით 1877 წლის 12 აგვისტოს ღამით მოაწყო თავდასხმა სოხუმის რეიდზე მდგომ მოწინააღმდეგის სამხედრო გემებზე, სადაც იდგა აგრეთვე ჯავშნოსანი „ასსარ-შევქეთი“.
11 აგვისტოს ღამით ხომალდი „კონსტანტინი“ მიადგა სოხუმს, ოპერაციის ჩასატარებლად, ნავსადგურიდან ექვსი მილის დაშორებით, ზღვაში ჩაუშვეს ნაღმოსანი კატერები. ნავარაუდევი იყო პირველად აეფეთქებინათ ბონები (ტივტივა), რომელიც იცავდა რეიდს. შემდეგ თავს დასხმოდნენ ორ ჯავშნოსანს ერთდროულად. კატერები ორ კოლონად გაემართნენ რეიდისკენ. ისინი ღამის 2 საათსა და 45 წუთზე (მთვარის სრული დაბნელების მომენტში) შეიპარნენ რეიდზე და მიადგნენ ჯავშოსან „ასსარ-შევქეთს“. გადაწყდა ჩაეძირათ იგი. კატერები გადავიდნენ იერიშზე. მათ ერთმანეთის მიყოლებით მარჯვენა ბორტთან შეუგდეს ნაღმები ჯავშნოსანს, მაგრამ ამას დიდი წარმატება არ მოჰყოლია. მათ ვერ მოახვედრეს ზუსტად მიზანში (История, 1914, 52).
ამ დროს ხომალდიდან კატერებს გაუხსნეს თოფებისა და ქვემეხების ცეცხლი. აგრეთვე ამოქმედდა სანაპირო ბატარეა. ხოლო ნაღმოსანი „სინოპი“ მოექცა ნიჩბიანი კატერების ალყაში. გაიმართა ხელჩართული ბრძოლა. იგი ძლივს გადაურჩა მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდნას (Макоров, 1953, 205). ასე რომ, მაკაროვის ნაღმოსანი ფლოტილიის ცდა – ჩაეძირათ მოწინააღმდეგის სამხედრო ჯავშნოსანი წარუმატებლად დამთავრდა. „ასსარ-შევქეთი“ მცირედ დაზიანდა. ამ ბრძოლამ ერთხელ კიდევ დაადასტურა საბუქსირო ნაღმისათვის დამახასიათებელი აშკარად უარყოფითი მხარეები, კერძოდ, მეტად მოუქნელი იყო იგი სწრაფი მანევრებისა და მოწინააღმდეგის ხომალდის ქვეშ მოსახვედრად, ამიტომ საბუქსირო ნაღმი შეიცვალა თვითმავალი ნაღმით (История, 1914, 52).
1877 წლის ოქტომბრის ბოლოს მოეწ’ო სამხედრო-საზღვაო ექსპედიცია ქობულეთ-ბათუმ-ტრაპიზონის მიმართულებით. ოპერაციაში მონაწილეობდნენ ხომალდები – „კონსტანტინი“ და „ვესტა“. ოპერაციას ხელმძღვანელობდა კაპიტან-ლეიტენანტი ს. მაკაროვი. ექსპედიციის მიზანი იყო თავს დასხმოდნენ ციხისძირის მისადგომებთან მყოფ მოწინააღმდეგის გემებს და ამით გარკვეული დახმარება გაეწიათ ქობულეთის რაზმისათვის.
30 ოქტომბერს ისინი მიადგნენ ფოთს, აქ შეკრებილი ცნობებით, ყოველ ღამით ქობულეთის შორიახლოს დაცურავდნენ მოწინააღმდეგის გემები. გადაწყდა მოეწყოთ მათზე თავდასხმა. 31 ოქტომბერს, ღამის პირველ საათზე, ნაღმოსანი ფლოტილია გაემართა ოპერაციის ჩასატარებლად. მთელი ხუთი საათი დაეძებდნენ ისინი მოწინააღმდეგეს, მაგრამ ვერსად მიაგნეს& შემდეგ ხომალდით განაგრძეს მოწინააღმდეგის ძებნა. ისინი ბათუმამდე მივიდნენ, არც ამ ოპერაციას მოჰყოლია შედეგი. მაკაროვმა გადაწყვიტა მოეწყო თავდასხმა ბათუმის ნავსადგურში მდგომ გემებზე, მაგრამ ამასობაში ამოვარდა ძლიერი ქარი და ეს განზრახვაც ჩაიშალა (Макоров, 1953, 215-216, Врангель, 191,187).
ნოემბრის მეორე ნახევარში გაააქტიურეს მოქმედება თურქეთის სამხედრო გემებმა. ისინი სისტემატურად ბომბავდნენ ქობულეთის მიმართულებით მოქმედი რუსეთის ჯარის პოზიციებს. რუსეთის საზღვაო ძალებმა ვერ აღმოუჩინეს დახმარება ქობულეთის რაზმს, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა საკმაო დარტყმა (Сборник, 1903, 190).
დეკემბერში რუსეთის საზღვაო ძალებმა გაააქტიურეს მოქმედება. ფლიგელ-ადიუტანტ ბარანოვის მეთაურობით გემ „როსიათი“ მოეწყო დაზვერვა ანატოლიის ნაპირების გასწვრივ. 13 დეკემბერს „როსია“ თავს დაესხა თურქეთის ბაკეტბოტ „მერსინას“ და ხელთ იგდო იგი. მას სტამბოლიდან ბათუმში გადაჰქონდა ფოსტა და გადაჰყავდა ბაში-ბუზუკთა 800-კაციანი რაზმი. ტყვედ აიყვანეს ეკიპაჟის მთელი შემადგენლობა. ხელთ იგდეს ჯარისათვის განკუთვნილი სურსათ-სანოვაგე და ფული, აგრეთვე მუხტარ-ფაშას უაღრესად მნიშვნელოვანი მიმოწერა (История, 1914, 52-53).
ამავე პერიოდში ხომალდებმა „კონსტანტინმა“ და „ვლადიმირმა“ კავკასიის არმიისათვის სოჭსა და ტუაფსეში გადაიტანეს დიდი რაოდენობის სურსათ-სანოვაგე, ფურაჟი, რაც მეტად სარისკო იყო ზღვაზე მოწინააღმდეგის ფლოტის ბატონობის პირობებში.
ახალი ოპერაციის ჩატარების მიზნით, 14 დეკემბერს ჯავშნოსანი „კონსტანტინი“ გაემართა ფოთისაკენ, სადაც ს. მაკაროვმა გაიგო, რომ ბათუმის ნავსადგურში იდგნენ მოწინააღმდეგის ჯავშნოსნები. გადაწყდა, მოეწყოთ მათზე თავდასხმა და თვითმავალი ნაღმის გამოყენებით გაენადგურებინათ ისინი. 15 დეკემბერს საღამოს ხომალდი მიადგა ბათუმს. ნავსადგურში იდგა შვიდი ჯავშნოსანი და რამდენიმე პატარა გემი.
ს. მაკაროვის ბრძანებით ნაპირიდან ერთი მილის დაშორებით წყალში ჩაშვებული იქნა ნაღმოსანი კატერები – ჩესმა, სინოპი, სუხუმ-კალე, ნავარინი. ოპერაციის ჩასატარებლად გაუშვეს ორი საუკეთესო ნაღმოსანი ჩესმა და სინოპი. ხოლო დანარჩენი ორი მზად იყო ბრძანებისთანავე ბრძოლაში ჩასაბმელად. ბნელი ღამე იყო. 16 დეკემბერს ღამის 1 საათზე კატერები შეუმჩნევლად შევიდნენ ნავსადგურში. თავდასხმისათვის შერჩეული იქნა ყველაზე ახლოს მდგომი საადმირალო ხომალდი „მახმუდიე“ „ჩესმამ“ და „სინოპმა“ ერთმანეთის მიყოლებით გაუშვეს თავიანთი ნაღმები, მაგრამ ისინი აცდა მიზანს. პირველი ნაღმი მოხვდა გემმისაბმელს, გაგლიჯა იგი, ჩაერჭო გრუნტში და აფეთქდა. მეორე ნაღმი თავის გზაზე არ შეხვედრია არავითარ დაბრკოლებას და მთლად ავარდა ნაპირზე („Кавказ“, №10,1878; Макаров, 1953; 240-241).
როგორც ჩანს, მოწინააღმდეგე არ ელოდა თავდასხმას. მათ გვიან შენიშნეს ყურეში შემოსული რუსეთის ნაღმოსანი კატერები. ატყდა განგაში. მეზობელი ხომალდებიდან ნაღმოსნებს გაუხსნეს თოფების ცეცხლი. ამოქმედდა სანაპირო ბატარეაც. კატერები შეეცადნენ დაუყოვნებლივ გასცლოდნენ იქაურობას. შეტაკებისას დაზიანდა „სინოპი“, რომელიც ბუქსირზე აიყვანა „ჩესმამ“ („Кавказ“, № 10, 1878).
აღნიშნული წარუმატებლობა გარკვეულად განაპირობა ახალი იარაღის ბრძოლაში გამოყენების პირველმა ცდამ. ამავე დროს ძალზე ბნელოდა, რამაც გააძნელა მისი მიზანში მოხვედრა. ამ თავდასხმის საპასუხოდ ოსმალეთის ჯავშნოსანთა ესკადრამ დაბომბა ევპატორია, ფეოდოსია, ანაპა და სხვა ზღვისპირა ქალაქები (История, 1914, 53).
როგორც კი მოწინააღმდეგის ესკადრა დაბრუნდა თავის ნავსადგურში, ხომალდები „როსია“, „ვლადიმირი“, „ვესტა“ გავიდნენ ზღვაში სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად, ხოლო ჯავშნოსანმა „კონსტანტინმა“ 1878 წ. 10 იანვარს ისევ კურსი აიღო ბათუმისაკენ.
მაკაროვი 9 იანვარს შავი ზღვის ფლოტის სარდალ ნ. არკას სწერდა, „განზრახული მაქვს დავბომბო ბათუმის სიმაგრე“ გავანადგურო მოწინააღმდეგის არმიის მარაგი, (Макaров, 1953, 227). მან ფოთში გაიგო, რომ ბათუმში იდგა მოწინააღმდეგის ესკადრა გობარტ-ფაშას სარდლობით. იგი ფოთიდან არკასისადმი გაგზავნილ ტელეგრამაში იტყობინებოდა – გადაწყვიტა წინასწარ პირადად დაეზვერა ბათომის რეიდი, შემდეგ კი თუ შესაძლებელი იქნებოდა დაებომბა მოწინააღმდეგის ჯავშნოსნები და მოეხდინა ახალი იარაღის დემონსტრირება (Макaров, 1953, 229).
13 იანვარს, ღამით, 4-5 მილის მანძილზე მაკაროვი მიუახლოვდა ბათუმს. გადაწყვიტა ესარგებლა სიბნელით და ნაღმების გამოყენებით მოეწყო ესკადრაზე თავდასხმა. ოპერაციის ჩასატარებლად წყალში ჩაუშვეს კატერები „ჩესმა“ და „სინოპი“. ზღვაზე ჩამოწოლილმა ხშირმა ნისლმა ძალზე გააძნელა ყურესაკენ გზის გაკვლევა. ღამის ორის ნახევარზე, როდესაც მთვარე ამოვიდა, კატერებმა ბათუმის რეიდზე დაინახეს შვიდი გემი. შუქურასთან ახლოს, საგუშაგო პოსტზე იდგა დიდი ორანძიანი გემი „ინთიბახი“. კატერები მიუახლოვდნენ მას 30-40 საჟენის მანძილზე და ერთდროულად დაუშინეს ნაღმები. ორივე ნაღმი მიზანში მოხვდა. აფეთქება ძლიერი აღმოჩნდა. ერთი-ორი წუთის შემდეგ ხომალდმა იწყო ჩაძირვა (История, 1914, 54, Макоров, 1953% 229-230). ატყდა განგაში. სანაპირო ბატარეამ გაუხსნა ცეცხლი კატერებს. მაგრამ უშედეგოდ.
არც ეს ეპიზოდური წარმატებები აღმოჩნდა საკმარისი ბათუმის დასაუფლებლად. მხოლოდ, ჯერ სან-სტეფანოს (08.03.1878) შემდეგ კი ბერლინის საზავო ხელშეკრულებით (05.07.1878) მოხერხდა რუსეთის მიერ ბათუმის დაკავება.
ლიტერატურა
1. გაზ. „დროება“ 85 1878.
2. მეგრელიძე შ. საქართველო აღმოსავლეთის ომებში. თბ. 1974.
3. ნიკოლაძე ნ. თხზ. ტ.2 თბ. 1960
4. სიჭინავა ვლ. ბათუმის ისტორიიდან. ბათუმი 1958.
5. უზუნაძე რ. ნაოსნობა ბათუმის ოლქში. ბათუმი 2001
6. Акты, т. XII, Тифлис, 1904.
7. Аренса Е., Операция на Черном Море, - История русской Армии и Флота, т.12, м.1914.
8. Врангель Ф., Вице-адмирал Степан Осипович Макаров, Ч.1, С.–Тб., 1911.
9. История русской Армии и Флота, т.11, м.1913.
10. История русской Армии и Флота, т.12, м.1914.
11. газ. «Кавказ», №10, 1878.
12. Колюбакин Б., Русско-турецкая война в 1877-1878 г.г. на Кавказе и малой Азии, ч.1, С-Пб., 1906.
13. Макаров С.О., «Документы», т.1, м., 1953.
14. газ. «Новое время», №787, 1878.
15. газ. «Обзор», № 177, 1878.
16. газ. «Обзор», № 180, 1878.
17. газ. «Русский Мир», №135, 1878.
18. Потто В., Три прошлых компаний, - в Сб. Батуми и его окрестности, Батуми, 1906.
19.Сборник материалов по Русско-турецкой войне в 1877-1878 г.г. на кавказско-Малоазиатском театре, т .1, С-Пб ., 1904.

ბათუმი 1878 და 1920 წლებში (ტარიელ ფუტკარაძე)
ბათუმი 1878 წელს
XIX საუკუნის 70-იან წლებში ევროპასა და წინა აზიაში მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშეები არიან: ინგლისი, გერმანია, ავსტრია-უნგრეთი, საფრანგეთი, რუსეთი და ოსმალეთი; კერძოდ: ინგლისი და რუსეთი დაპირისპირებულია შუა აზიის გამო; ინგლისი და საფრანგეთი - ევროპაში ჰეგემონობისათვის; რუსეთი და ოსმალეთი შავი ზღვის აკვატორიაში (ბალკანეთი, კავკასია...) გაბატონებისათვის იბრძვიან და სხვ. არის დროებითი კოალიციებიც: ინგლისი კავშირშია ოსმალეთთან, ბისმარკის გერმანია და ავსტრია-უნგრეთი - რუსეთთან.
აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის გადანაწილებისათვის ბრძოლაში ალექსანდრე მეორის რუსეთი ამარცხებს სულთნის ოსმალეთს1. 1878 წლის 3 მარტს სან-სტეფანოს ზავით დამარცხებულმა თურქებმა რუსებს დაუთმეს ბათუმიც (ყარსთან ერთად).
საქართველო, როგორც დამხვდური ქვეყანა, ამ დროს არ არსებობს; დეზორიენტირებულია ქართული ეროვნული ცნობიერებაც; ამ დროს საქართველოს მასშტაბით აქტიურად ჩნდება ილია ჭავჭავაძის გუნდი, რომელიც ერის კონსოლიდაციას ცდილობს. 1878 წლის 30 მაისის რუსეთ-ინგლისის საიდუმლო გარიგებით2 ინგლისი თანხმდება რუსეთს, რომ ამ უკანასკნელმა დაიკავოს ბათუმი (ყარსთან ერთად), მაგრამ 1878 წლის 13 ივნისს ბერლინის კონგრესზე ინგლისმა მხარი დაუჭირა გერმანია-თურქეთის კოალიციას, რათა ბათუმი გამოცხადებულიყო პორტო-ფრანკოდ. განაწყენებული რუსები შეეცადნენ ჩაეშალათ ბერლინის კონგრესი, მაგრამ ბისმარკის მოქნილობით რუსეთი მაინც დაიყოლიეს და ბათუმი გამოცხადდა ყველასთვის საზიარო ქალაქად (თავისუფალ სავაჭრო ზონად, თანამედროვე ტერმინოლოგიით: თავისუფალ ეკონომიკურ ზონად). ამავე კონგრესმა 3 წელი დაადგინა სამხრეთ საქართველოდან მუსლიმან ქართველთა აყრისა და შუა თურქეთში გადასახლებისათვის.
1886 წლის 23 ივლისს რუსეთმა ცალმხრივად გააუქმა ბათუმის პორტო-ფრანკო; ამ ფაქტმა რეგიონის სხვა გეოპოლიტიკური მთავარი მოთამაშეების აღშფოთება გამოიწვია, მაგრამ იმხანად ომში გამარჯვებულ რუსეთთან კონფლიქტი არ გაამწვავეს; თუმცა, ბათუმის საკითხი მათთვის ღია ჭრილობად დარჩა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბათუმის ფორტო-ფრანკოს გაუქმებას მიესალმა ილია ჭავჭავაძე, ვინაიდან, მისი აზრით, „თავისუფალმა ეკონომიკურმა ზონამ“ გააუარესა აჭარის მოსახლეობის ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა (შ. მეგრელიძე, 1963, ხ. ახვლედიანი, 1971). საყურადღებოა, რომ ამავე შინაარსის ცნობას გვაწვდის ცნობილი მოგზაური ევგენი ვეიდენბაუმი; კერძოდ, ის 1878 წლის ნოემბერში თავის დღიურებში წერს: „აქამდე პორტო-ფრანკო ვაჭრების წახალისებას კი არა, გარეშემო მცხოვრებთა შევიწროებას ემსახურებოდა... კერძოდ, ქალაქში მათ შემოაქვთ მცირეოდენი ღარიბული პროდუქტი, შემდეგ შეისყიდიან რამდენიმე არშინ ნარმას და უკან ბრუნდებიან – ბათუმი არის მათი ბაზარი. პორტო-ფრანკოს გამოცხადების შემდეგ ქალაქის საზღვრის მცველები მათ ბაჟს თხოვენ. ძალიან ძნელია, რომელიმე აჭარელს აუხსნა და შეაგნებინო, თუ რატომ უნდა გადაიხადოს მან დამატებითი თანხა ქალაქიდან გასვლისას უკვე ნაყიდ საქონელში“3.
საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ 1945 წელს ი. სტალინის ნებით რუსულად გამოქვეყნებულ „დიპლიმატიის ისტორიაში“ საერთოდ არ არის ნახსენები არც ბათუმის პორტო-ფრანკოს შექმნა და არც მეფის რუსეთის მიერ მისი ცალმხრივად გაუქმება. მიზეზი მარტივია: როცა ბათუმის ფლობა შეეძლო რუსეთს, ამ პერიოდში მას ხელს არ აძლევდა ბათუმის პორტო-ფრანკოობა. შდრ.: სამაგიეროდ, ბათუმში თავისუფალი ვაჭრობა ხელს აძლევდა სხვა მომხვდურ ქვეყნებს, ამიტომაც ბათუმის პორტო-ფრანკოობა, ისევ და ისევ ქართველთა ნების გარეშე, დღის წესრიგში დასვეს ევროპის სახელმწიფოებმა პირველი მსოფლიო ომის დროსაც. საქართველოს გარეშე ინტენსიურად იხილებოდა ეს თემა ანტანტის სახელმწიფოების უმაღლესი საბჭოს სხდომებზეც 1920 წელს.
შენიშვნები
1. რუსეთის ჯარს რეალური შესაძლებლობა ჰქონდა, აეღო კონსტანტინეპოლიც, მაგრამ, ინგლისისა და ავსტრიის ომში ჩაბმის შიშით ალექსანდრე მეორემ კონსტანტინოპოლიდან სულ12 ვერსის მანძილზე შეაჩერა თავისი ჯარი.
2. Историа Дипломатии, 1945. ст. 47-49
3. ე. ვეიდენბაუმი, ბათუმიდან ართვინამდე, 2005, გვ. 40
ბათუმი 1920 წელს
მე-20 საუკუნის 10-იანი წლებიდან ევროპასა და წინა აზიაში გამოკვეთილად არსებობს ორი გეოპოლიტიკური ველი: 1904-07 წლებში შექმნილ ანტანტას (ინგლისი, საფრანგეთი და რუსეთი; პირველი მსოფლიო ომის [1914–1918] დროს ბლოკს დაემატნენ აშშ და იაპონია) უპირისპირდება გერმანიის, ავსტრია-უნგრეთის, ბულგარეთისა და თურქეთის კოალიცია. პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთ ეტაპზე გერმანია ახერხებს რუსეთის ბლოკირებას და გადაბირებას: გერმანიის მხარდაჭერით რუსეთში განხორციელდა სამხედრო გადატრიალება (ჩამოაგდეს მეფე); ხელისუფლებაში მოვიდნენ სოციალ-დემოკრატები და ბოლშევიკები, რომელთაც, მადლიერების ნიშნად, 1917 წლის 3 დეკემბერს ბრესტ-ლიტოვსკში გერმანიასთან დადეს ზავი და გამოაცხადეს რუსეთის გამოსვლა ომიდან (შესაბამისად, ანტანტიდანაც).
რუსეთის მიერ მითვისებული გეოპოლიტიკური არეალი მაშინვე გადაინაწილეს ყოფილმა მოკავშირეებმა: – 1917 წლის 23 დეკემბრის საიდუმლო მოლაპარაკებით ინგლისმა და საფრანგეთმა წითელი რუსეთის იგნორირებითა და ამერიკა-იაპონიის გარეშე გაიყვეს გეოპოლიტიკური გავლენის ზონები: ინგლისის ველში მოაზრებულ იქნა კავკასია და კაზაკების ტერიტორია დონი-ყუბანის აუზებში; საფრანგეთს კი დარჩა ბესარაბია, უკრაინა და ყირიმი. პარალელურად, 1918 წლის 3 მარტს ბრესტის სამშვიდობო ხელშეკრულებით (მე-4 პუნქტი) ყარსის, არდაჰანის და ბათუმის (იმერხევ-აჭარის) ოლქები დატოვა რუსეთის ჯარმა; ამ ოლქებს მიეცათ თვითგამორკვევის უფლება და სახელმწიფოებრივი მოწყობა მეზობელ სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით, ოსმალეთთან შეთანხმებით1. შდრ.: ინგლის-საფრანგეთის შეთანხმებით, კავკასია ამ დროს ინგლისისაა! არადა, უკვე არსებობს ამიერკავკასიის სეიმი, რომლისგანაც მალევე საქართველო დამოუკიდებლობას აცხადებს.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის (და არა – გამოცხადების!) შემდეგ კავკასიის რეგიონში ისევ ჩნდება დამხვდური ქვეყანა – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მიუხედავად ქართველთა სახელმწიფოს აღორძინებისა, მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშეები ისევ ქართველი ხალხის ნების გარეშე ინაწილებენ ქართველთა მიწა-წყალს; კერძოდ: გერმანია თავის მოკავშირე თურქეთის გვერდის ავლით ცდილობს საქართველოს დანარჩუნებას2.
ამასობაში, 1918 წლის 4 ივნისს ბათუმში ოსმალეთმა აიძულა მენშევიკური საქართველოს, ასევე, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობები, ხელი მოეწერათ „მშვიდობისა და მეგობრობის“ ხელშეკრულებაზე, რომლითაც ოსმალეთმა მიითვისა: ბათუმისა და ყარსის ოლქები, ახალქალაქის, ახალციხისა და სურმალინის მაზრები, ალექსანდროპოლისა და ეჩმიაძინის მაზრების 3/4, შარურდარალალეზის მაზრის 1/53. არც ეს ხელშეკრულება შესულა ძალაში4.
ამ პერიოდიდან ყველა ცდილობს, სათავისოდ მომართოს სამხრეთ საქართველოს ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის, ბათუმელთა ნება; შესაბამისად, აქტიურდება პლებისციტებისა და მოსახლეობის წარმომადგენელთა ყრილობების თემა: იწყება ამიერკავკასიის დემოგრაფიული სიტუაციის, როგორც გეოპოლიტიკური სიმძლავრის განმსაზღვრელი ფაქტორის, მართვის ახალი ეტაპი.
1918 წლის ივლისში ოსმალები აცხადებენ, რომ აჭარაში ჩაატარეს პლებისციტი; მათი მიზანი იყო, სხვა გეოპოლიტიკური მოთამაშეებისთვის დაემტკიცებინათ, რომ აჭარის ადგილობრივ მოსახლეობას ოსმალეთთან შეერთება სურს.
ოსმალეთის მიერ პლებისციტად წოდებული აქცია ბერლინში მიმდინარე ევროპის ცენტრალურ სახელმწიფოთა კონფერენციაზე აჭარის მოსახლეობის სახელით დაგმეს ზია-ბეგ აბაშიძემ და ყადირ შერვაშიძემ. 1918 წლის 1 აგვისტოს ამ ე.წ. პლებისციტის შედეგები დარღვევების ჩვენებით გააპროტესტა საქართველოს ხელისუფლებამ. საპასუხოდ, 1918 წლის 15 აგვისტოს სულთან მეჰმედ VI-ის რესკრიპტით არტაანის, ყარსისა და ბათუმის ოლქები (სანჯაყები) ოსმალეთთან შეერთებულად გამოცხადდა. პლებისციტის შედეგებიცა და ეს რესკრიპტიც მაშინვე უკანონოდ და იურიდიული ძალის არმქონედ მიიჩნიეს საბჭოთა რუსეთმაც და თურქეთის მოკავშირე გერმანიამაც5. ბუნებრივია, მათაც თავიანთი ანგარიშები ჰქონდათ.
პირველ მსოფლიო ომში დამარცხებულმა ოსმალეთმა მუდროსის საზავო ხელშეკრულებით (30.10.1918) დათმო კავკასია. ვერსალის სამშვიდობო კონფერენციამ და ხელშეკრულებამ (10. 06. 1919) კი კავკასიაში საბოლოოდ დაადასტურა ახალი გეოპოლიტიკური სიტუაცია: „ოსმალეთის ჯარების წასვლის შემდეგ ამიერკავკასიის ქვეყნებში ინგლისის ჯარები შემოვიდნენ და მათ ხელში გადავიდა კასპიისა და შავ ზღვებს შორის მდებარე ტერიტორია. 1919 წლის იანვარში ინგლისის ჯარებმა დაიკავეს ბათუმი და ბათუმის ოლქი6. ინგლისის ხელშეწყობით ბათუმში გაძლიერდა რუსული პოლიტიკაც“7.
შდრ. ვ. ნოზაძის შეფასება: „მესხეთის სივრცეზე თავი მოიყარა და ერთმანეთს დაეჯახა: ქართული, სომხური8, ოსმალური, ინგლისური და რუსული ინტერესები“9; ბათუმის დაკავებას ესწრაფოდნენ შეერთებული შტატებიც და იტალიაც10.
ამ დროს უკვე საქართველოც „გამოფხიზლდა“: მენშევიკურმა მთავრობამ საკუთარი ჯარი განალაგა სამუსლიმანო საქართველოს (სამხრეთი საქართველოს) ძირითად პუნქტებში. 1918 წლის 25 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა და მთავრობამ სამუსლიმანო საქართველო (და არა მხოლოდ აჭარა!) საკუთარი სახელმწიფოს ნაწილად გამოაცხადა ავტონომიის უფლებით. ამავე დროს, 1919 წლის 18 იანვარს პარიზში დაწყებულ ანტანტის ქვეყნების სამშვიდობო კონფერენციას საქართველოს მთავრობამ კარლო ჩხეიძის ხელით წარუდგინა მემომარანდუმი, რომლითაც დასაბუთებულად ითხოვდა თავის ისტორიულ მიწებს: ისპირს (სპერს), არტაანს, ოლთისს, ჭანეთს11.
ამ ქმედებების საპირისპიროდ, რუსეთისა და ოსმალეთის ერთობლივი ძალისხმევით12, აბასთუმანში ჩატარდა „ადგილობრივ მუსლიმანთა ყრილობა“, რომელმაც გამოაცხადა სამცხის, ჯავახეთის, არტაანის, შავშეთის, აჭარისა და ყარსის მუსლიმანთა (ქართველებისაც და არაქართველებისაც) სახელმწიფოს დაარსება (შეიქმნა სამხრეთ კავკასიის, ანუ ყარსის მთავრობა). ამ უდღეური წარმონაქმნის მეთაურის – სერვერ-ბეგ ქვაბლიანსკის13 – პროვოცირებით, თურქებმა, რუსმა თეთრგვარდიელებმა და მესხეთში მცხოვრები მუსლიმანების ერთმა ნაწილმა 1918–19 წლებში სასტიკად ააოხრა მეზობელი მართლმადიდებელი ქართველობა – დედასამშობლოსა და ქრისტიანობის ერთგულებისათვის დასაჯეს: აყარეს საცხოვრებელი ადგილებიდან, ნაწილი დახოცეს, გააუპატიურეს, გაძარცვეს...
ნოე ჟორდანიას ხელისუფლების აქტიურობით, ბაკურიანში, ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის ტყეებში გახიზნული გადარჩენილი ქრისტიანი ქართველები თავიანთ საცხოვრისებში დაბრუნდნენ, მაგრამ მათ უდიდეს ტკივილად დღემდე გამოჰყვათ ეს დამცირება14. ყარსის მთავრობა კანონგარეშედ გამოაცხადეს ინგლისისა და საქართველოს მთავრობებმა. ინგლისელებმა 1919 წლის 13 აპრილს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დააპატიმრეს ყარსის მთავრობის წევრები, ჯერ სტამბულში გააგზავნეს, შემდეგ კი მალტაზე გადაასახლეს15.
საინტერესოა ამ პერიოდის მემედ აბაშიძისეული შეფასება: „ჩვენი სამშობლო ომის (იგულისხმება პირველი მსოფლიო ომი) კუნძულს წარმოადგენს, რომელსაც ყველა ეპოტინება და მის ჩაყლაპვას ლამობს. ასეთ გაჭირვებულ დროში არავის ვხედავ მშველელს, გარდა საქართველოსი... ძმებო! ნუთუ მართლა ფიქრობთ, რომ რუსებს ჩვენი კარგი სურთ? მათ უნდათ ჩვენი დაპყრობა, სურთ ჩვენზე ბატონობა, ისე, როგორც წინათ ბატონობდნენ. მათ უნდა ჩვენ მარტონი ვიყოთ, სუსტნი, რომ შემდეგ, როცა დროს იხელთებენ, მოგვდგნენ და თოფის ყობდახებითა და ხიშტებით დაგვიმონონ. მათ უნდათ წაგვკიდონ საქართველოს... ამიტომაა, რომ გველაქუცებიან, ვითომდა დიდი მეგობრები არიან ჩვენი. ნუთუ ამ დრომდე ვერ ვიცანით ისინი?“16.
ამ ფონზე მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტად უნდა ჩაითვალოს 1919 წლის 31 აგვისტოს ჩატარებული ბათუმის ოლქის – მთელი სამუსლიმანო საქართველოს – მცხოვრებთა ყრილობა, რომელმაც მოითხოვა საქართველოსთან შეერთება17; ფაქტობრივად, რეფერენდუმის მნიშვნელობის მქონე ამ წარმომადგენლობითი ყრილობის რეზოლუციით არა მხოლოდ აჭარა, არამედ მთელი სამუსლიმანო საქართველო (ართვინ-შავშეთ-არტანუჯ-ოლთის-არდაჰანის ჩათვლით) შეუერთდა საქართველოს რესპუბლიკას18.
შდრ., ისევ მემედ აბაშიძისეული შეფასება: „1919 წლის 31 აგვისტო ისტორიული დღეა, როგორც სამუსლიმანო საქართველოს, ისე მთელი საქართველოსთვის. ამ დღეს ითქვა ის, რაც შეადგენს ყოველი მუსლიმანი ქართველის სათაყვანებელ საქმეს, მის წმინდათაწმინდას... ითქვა ეს არა ერთი პირისგან, ან სამუსლიმანო საქართველოს რომელიმე ერთი, ან ორი კუთხისგან, არამედ ხალხის წარმომადგენელი ყრილობისგან, რომელსაც მინდობილი ჰქონდა ეთქვა ის, რაც თქვა და რაც გამომსახველი იყო მთელი სამუსლიმანო საქართველოს ნებასურვილისა, მტკიცე, ერთსულოვანი გადაწყვეტილებისა: ამიერიდან სამარადისოდ, ბათუმი და ბათუმის ოლქი შეუერთდეს თავის ბუნებრივ სამშობლოს, საქართველოს რესპუბლიკას, ფართო ავტონომიის ნიადაგზე... 31 აგვისტო არის უბრწყინვალესი ფურცელი საქართველოს ისტორიისა“19.
ამ პერიოდში საქართველოს პოზიციას აშკარად ასუსტებს სომხეთის არალეგიტიმური მოთხოვნებისადმი ინგლისის მხარდაჭერა20. სამწუხაროდ, ამ დროს საქართველო სუსტი გეოპოლიტიკური მოთამაშეა; მას ანგარიშს არ უწევენ. სომხეთისგან განსხვავებით, ზოგჯერ საქართველო საერთაშორისო კონფერენციებზეც კი არ არის წარმოდგენილი21; მეტიც, მაგ., 1920 წლის 16 მარტს ჟორდანიას მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ მოტივირებულ საპროტესტო ნოტას ანტანტის უმაღლესი საბჭო სრული იგნორირებით შეხვდა: საქართველოს ნების გარეშე, ანტანტის პროექტით ბათუმს პორტო-ფრანკოს სტატუსი მიენიჭა; არადა, საქართველოს ნოტაში ეწერა:
„ბათუმის ოლქის დაყოფა და რომელიმე მისი ნაწილის სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში შეყვანა უსათუოდ გამოიწვევს უღრმეს უთანხმოებას და გაამწვავებს ურთიერთობას ამიერკავკასიის მეზობელ ხალხთა შორის... პორტო-ფრანკოს შექმნა და ბათუმის ავტონომიური რესპუბლიკის დაარსება სასოწარკვეთას მოჰგვრის ქართველ ხალხს, რომელსაც ჩამოართმევენ მისი საუკეთესო ნავსადგურის მფლობელობას“22. იმედგაცრუებულია ჟორდანიას მთავრობა ინგლისის, ზოგადად ევროპული ინტერესების საზიანოდ, საბჭოთა რუსეთთან23 თუ თურქეთთან24 დათმობებით შეეცადა საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.
1921 წლის დასაწყისში როგორც ევროპის, ასევე თურქეთისთვის ნათელი გახდა, რომ საბჭოთა რუსეთიც აპირებდა ამიერკავკასიის დაპყრობას, ამიტომ ინგლისმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, აშშ-მა, იტალიამ, ესპანეთმა, თურქეთმა და სხვებმა დე იურე ცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ ამან ვერ შეუშალა ხელი რუსეთს, იარაღის ძალით დაეპყრო საქართველო; სტალინმა შეთანხმებას მიაღწია თურქეთთან და 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულებით თურქეთმა და რუსეთმა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების გვერდის ავლით გაინაწილეს საქართველოს ტერიტორია; ბათუმი რუსეთის პროტექტორატით პორტო-ფრანკოდ გამოცხადდა25.
საბჭოთა იმპერიაში ბათუმის პორტო-პრანკოს ფაქტობრივად არ უმოქმედია26.
შენიშვნები
1. მ. სვანიძე, ოსმალეთის ისტორია, 2002, გვ. 269; მ. სვანიძე, დიპლომატიური ბრძოლა ბათუმისა და ბათუმის ოლქისთვის 1918-1921 წლებში, ქართული დიპლომატია, წელიწდეული, 10, თბ., 2003, გვ. 155; შდრ.; История Дипломатии, 1945, ст. 346.
2. გერმანია-საქართველოს არშემდგარი დიდი ხელშეკრულებისთვის იხ.: დ. პაიჭაძე, რამდენიმე დოკუმენტი საქართველოს პირველი რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის შესწავლისათვის; ქართული დიპლომატია, წელიწდეული, 9, თბ., 2002
3. მ. სვანიძე, ოსმალეთის ისტორია (1600–1923), ტ. II, გვ. 271, თბ., 2002
4. დ. პაიჭაძე, რამდენიმე დოკუმენტი საქართველოს პირველი რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის შესწავლისათვის; ქართული დიპლომატია, წელიწდეული, 9, თბ., 2002.
5. საკითხის მიმოხილვისათვის ვრცლად იხ.: ნ.დანგაძე, 1918-1921 წლებში საქართველო-თურქეთის ურთიერთობის ისტორიიდან, ქართველური მემკვიდრეობა, X, ქუთაისი, 2007, გვ. 99
6. მ. სვანიძე, დიპლომატიური ბრძოლა ბათუმისა და ბათუმის ოლქისთვის 1918-1921 წლებში, ქართული დიპლომატია, წელიწდეული, 10, თბ., 2003, გვ. 157
7. ინგლისელები სომხებსაც მფარველობდნენ: ცდილობდნენ, სომხეთისთვის ზღვაზე გასასვლელი მიეცათ; იხ.: ვ. ნოზაძე, საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, თბ., 1989, გვ. 59-61
8. არაიშვიათად, სომხეთი საქართველოსთან მიმართებით მთავარ გეოპოლიტიკურ მოთამაშეთა სატელიტი ქვეყნის როლს ასრულებს.
9. ვ. ნოზაძე, საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, თბ., 1989, გვ. 59
10. ი. ბექირიშვილი, ნარკვევები აჭარის წარსულიდან, ბათუმი, 1982, გვ. 126-127
11. ა. სურგულაძე, პ. სურგულაძე, საქართველოს ისტორია (1983-1990), გვ. 221-223
12. საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას ორივე იმპერია შეთანხმებულად უშლიდა ხელს.
13. თან ბეგი, თან ქვაბლიანსკი! არადა, ჯაყელთა უშუალო მემკვიდრეა; სინამდვილეში მას მხოლოდ საკუთარი მამულის შენარჩუნება აინტერესებდა და ანტიქართულ კოალიციაში აღმოჩნდა (ვ. ნოზაძე, საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, თბ., 1989, გვ. 55-58).
14. ვრცლად იხ. ტ.ფუტკარაძე, „ვისგან და რატომ იწირება აჭარა“, ჟურნალი „კარდუ“, 1997, № 4
15. ნ. დანგაძე, 1918-1921 წლებში საქართველო-თურქეთის ურთიერთობის ისტორიიდან, ქართველური მემკვიდრეობა, X, გვ. 101, ქუთაისი, 2007
16. მ. აბაშიძე, ფიქრები საქართველოზე, 1998, გვ. 44-45
17. ვ. ნოზაძე, საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, თბ., 1989, გვ. 62
18. შდრ., 1878 წელს ეს მხარე რუსეთის იმპერიამ შეიერთა
19. მ. აბაშიძე, ფიქრები საქართველოზე, 1998, გვ. 50; 1921 წლის 21 თებერვლის „საქართველოს კონსტიტუციაში" (მუხლი 107) ვკითხულობთ: „საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს – აფხაზეთს (სოხუმის ოლქი), სამუსლიმანო საქართველოს (ბათუმის მხარე) და ზაქათალას (ზაქათალის ოლქი) ენიჭებათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა“ (კანონიერი ხელისუფლების არც ერთ დოკუმენტში არ გვხვდება ტერმინი: „ავტონომიური რესპუბლიკა“ (შდრ.:1990 წლის 11 დეკემბრის „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუტიცია“, მუხლი 71; 1995 წლის 24 აგვისტოს „საქართველოს კონსტიტუცია“, მუხლი 3, 3;); გარდა ამისა, არა მხოლოდ აჭარას, არამედ შესიტყვება: „ბათუმის მხარე“ მთელ სამხრეთ საქართველოს გულისხმობს - ტ.ფ.). ევროკავშირისკენ მსწრაფავი თურქეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან; შესაბამისად, დღეს საქართველო-თურქეთს შორის აქტუალური აღარ არის ტერიტორიული დავა; მთავარია, რომ ორივე ქვეყანაში დაცული იყოს ავტოქთონი მოსახლეობის ის ენობრივ-ეთნიკური უფლებები, რომლებიც განსაზღვრულია ევროსაბჭოს დოკუმენტების მიხედვით.
20. ინგლისელი ბ. კამერერის თავმჯდომარეობით დისკუსიები მიმდინარეობდა ლონდონსა და სან-რემოში; სომხეთის დელეგაცია ითხოვდა სომხეთს მიკუთვნებოდა ძირძველი ქართული პროვინციები: ართვინის რაიონი და ლაზისტანი, აგრეთვე, ბათუმის ნავსადგურის ნაწილი.
21. მაგ.: 1920 წლის 10 აგვისტოს სევრის ხელშეკრულებას ხელს აწერენ: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, სომხეთი, ბელგია, საბერძნეთი, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, იუგოსლავია, ჩეხოსლოვაკია და თურქეთი (სევრში თურქეთმა კაპიტულაცია გამოაცხადა, მეტიც, მან ვალდებულება აიღო, ეღიარებინა სომხეთი და მისთვის მიეცა ზღვაზე გასასვლელი).
22. ზ. ავალიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1821 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში, თბ., 1929, გვ. 203-209
23. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე საქართველომ ინგლისის ჯარი საზეიმოდ გააცილა ბათუმიდან 1920 წლის 14 ივლისს; ბათუმისა და ბათუმის ოლქიდან ინგლისელების წასვლით გზა გაეხსნა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ჩრდილოეთი ნაწილის ინტერვენციას: 1921 წლის 16 მარტის თურქეთ-რუსეთის გარიგებით სამხრეთი საქართველო თურქეთს დარჩა.
24. 1921 წლის თებერვალში საქართველოს მენშევიკური მთავრობა თურქეთმა აიძულა დაეთმო: არტაანი, ართვინი... გარდა ამისა, ანკარის მთავრობის ელჩის ქიაზიმ ბეის პირით თურქეთი დახმარებას ჰპირდებოდა ჟორდანიას მთავრობას, სინამდვილეში კი ჟორდანიას სამთავრობო ტელეფონით მოსკოვსა და ანკარას გადასცემდა აუცილებელ ინფორმაციებს (მ. სვანაძე, დიპლომატიური ბრძოლა ბათუმისა და ბათუმის ოლქისთვის 1918-1921 წლებში, ქართული დიპლომატია, წელიწდეული, 10, თბ., 2003, გვ. 174-179; მ. სვანიძე, ოსმალეთის ისტორია, 2005, გვ. 40-48.
25. საქართველოს უკანონო, ორჯონიკიძისა და შევარდნაძის მარიონეტული მთავრობების მიერ ეს ხელშეკრულება დადასტურდა ყარსში 1921 წლის 13 ოქტომბერს და თბილისში 1992 წელს.
26. უახლოეს წარსულში ბათუმის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესახებ იხ.: ტ. ფუტკარაძე, რუსის ჯარი – მშვიდობის გარანტი? კრებ. აფსირტედან გამსახურდიამდე, თბ., 1999, გვ. 185-186; მ. მახარაძე, პოსტსკრიპტუმი, ბათუმი, 2005, გვ. 98-107.

Комментариев нет:

Отправить комментарий