вторник, 25 сентября 2018 г.

კვარას ციხე





კვარას ციხე
   კვარას ციხის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „ხოხის კავკასის მთის ჩამოსავალზედ არს კუარა, დაბა კეთილი, კოშკოვანი, და ციხე დიდი და მაგარი, შენი მეფეთა. სხოვის სამხრით და კრიხის პირისპირ, აღმოსავლით კიდურს, მაღალს კლდიანს გორასა ზედა არს ციხე კუარასი მტკიცე“. ტოლჩანოვის აღწერით „ქვის ციხე კვარა მთლიანად ქვაზეა აგებულია მთებს შორის. ციხეს ერთი შესასვლელ-გასასვლელი აქვს“ (ტოლჩანოვი 1970: 143). იოჰან გიულდენშტედტი აღნიშნავდა, რომ ახალსოფლიდან „დაახლოებით 4 ვერსზე, მწვერვალზე ჩანს კვარას ციხე“ (გიულდენშტედტი 1962: 115).
    მდებარეობს ამბროლაურის მუნიც-ში, მდ. კრიხულას მარჯვენა ნაპირზე, სოფ. ზემო სხვავადან 1,5 კმ-ის დაშორებით, აბანოს ხევთან, მაღალი კლდის თხემზე.
   ციხე წყაროებში პირველად იხსენიება XVI ს-ის 90-იანი წლების მოვლენების თხრობით. ქართლის მეფე სვიმონ I-მა (1556-1600) გაილაშქრა იმერეთის მეფე როსტომის (1590-1604) წინააღმდეგ და დაიპყრო ციხეები: კვარა, კაცხი, სკანდა (ქც 2). XVII ს-ის 70-იან წლებში ოსმალებმა იმერეთის მეფე ბაგრატ IV-ის (1660-1678) წინააღმდეგ გაილაშქრეს. მათ კვარას ციხეს ალყა შემოარტყეს, მაგრამ ვერ აიღეს (ვახუშტი). 1703-1704 წწ. ის იაშვილების საკუთრებაა (ვახუშტი). 1717-1718 წწ. გიორგი გურიელმა კვარას ციხიდან განდევნა იაშვილები და რაჭაში მათ მამულებს დაეუფლა (ვახუშტი). 1730-იან წლებში ოტია დადიანმა თავისი ძმა კაცო ჩაამწყვდია კვარას ციხეში, საიდანაც კაცო 1732 წ. გაიქცა (ქც 4: 885,5-25). 1735 წ. იაშვილებმა კვლავ დაიბრუნეს კვარას ციხე. გურიელმა მცირე ხნით ხელახლა აიღო ის (ვახუშტი). 1786 წ. კვარას ციხეში თავს აფარებდა იმერეთის მეფის დავით გიორგის ძის (1784-1789) წინააღმდეგ მებრძოლი უფლისწული დავით არჩილის ძე (ლორთქიფანიძე 1940).
   კვარას ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია. ის აგებულია კლდოვანი მასივის თავზე. მისასვლელი მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთიდან ჰქონდა. ორ ბურჯს შორის იყო შესასვლელი, სადაც მისადგმელი კიბით ადიოდნენ. შემდეგ ვიწრო ცილინდრული თაღით დახურული კარის შესასვლელის გავლით მცველის ოთახში მოხვდებოდნენ. აქედან გასვლის შემდეგ თვალწინ აღიმართებოდა მაღლა ატყორცნილი ცისკამარაგადავლებული დიდი მასის, ზღუდეებშემოვლებული ნაგებობა (სასახლე). ამგვარად, შესასვლელის დონეზე, გალავნის ცენტრალურ ნაწილზე, ამართული იყო სწორკუთხედის გეგმის საცხოვრებელი ნაგებობა. მას მთელი გალავნის თითქმის 1/4 ფართობი ჰქონდა დათმობილი და თავისი სიდიდით გაბატონებული იყო ანსამბლის დანარჩენ ელემენტებზე. ამგვარად, საერთო ასახულობაში მჟღავნდება კვარას ციხის - როგორც ციხე დარბაზის - არსი.
    ციხეს შემოუყვება 6-7 მ სიმაღლის ქვითკირის გალავანი. ციხის შიდა ფართობია 2000 კვ მ. გალავანი დაყოფილია ტერასებად, რომლებზეც განლაგებულია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები. სასახლის ჩრდილოეთით, გალავნის კედელთან ერთად აღმართული იყო მცირე ზომის ორსართულიანი ნაგებობა (საყარაულო), რომლის ზედა სართული უკავშირდებოდა გალავნის კედლის საბრძოლო ბაქნებს. ქვედა სართული საცხოვრებელი ყოფილა.
   თხემის აღმოსავლეთ ნაწილში, უმაღლეს წერტილზე აღმართული იყო მრგვალი გოდოლი. მისგან სამხრეთით, უფრო დაბლა, ქვათლილებით ნაგები მცირე ზომის დარბაზული ტიპის კარის ეკლესიაა (4,3X3 მ). იქვე იყო ქვითა და დუღაბით ნაგები წყლის აუზი. ზღუდის კედელზე გამართული საბრძოლო ბაქნები თხემის ამ გაბატონებული მდებარეობის მქონე გოდლისკენ მიემართება. აქედან - გოდლიდან - უწევდნენ ხელმძღვანელობას და მეთვალყურეობას ციხე-დარბაზის დაცვის საქმეს. არწივის ბუდესავით მიუწვდომელი გადაჰყურებდა ციხე-დარბაზი ვიწრო ხეობას და ირგვლივ ფეროდბებზე შეფენილ სოფლებს: სხვავას, კრიხს, კორტს - კვირიკე წმინდას, ქვევით ამბროლაურს და უფრო შორს მდ. რიონის ხეობას.
   ციხე აგებული ჩანს XI-XIII სს-ში. ზემო კრიხის ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე გამოსახული ერისთავების რეზიდენცია კვარას ციხე უნდა ყოფილიყო (ცინცაძე 1968: 31-34; ბოჭორიძე 1994ა: 186). დ. მუსხელიშვილის ვარაუდით, რაჭის „თაკვერის ციხე“ შესაძლოა კვარას ციხე იყოს (მუსხელიშვილი 1977). ციხე დაზიანდა 1991 წ. 29 აპრილის მიწისძვრის დროს (გიორგაძე 1991: 69, 70).






Комментариев нет:

Отправить комментарий