среда, 19 сентября 2018 г.

ოსმალეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 1918 წელს (დ. კოხრეიძე)

XX საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს შეიარაღებული კონფლიქტის არსებობა ოსმალეთთან. სტატიაში იმ პერიოდში გამომავალ პრესაზე დაყრდნობით წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური და სამხედრო მოვლენების ყოველდღიური მსვლელობა და მისი ანალიზი, გამომწვევი მიზეზები და შედეგები.
პირველი მსოფლიო ომიდან სეპარატული ზავის შედეგად გამოთიშული რუსეთი სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გაეხვა, რუსეთის ჯარებმა მასიურად დაიწყეს სამხრეთ კავკასიის ფრონტის მიტოვება. ამით დაუყოვნებლივ ისარგებლა ოსმალეთმა და მოინდომა სამხრეთ კავკასიაში საკუთარი გავლენის გაძლიერება, სადაც იმ დროისათვის არსებობდა ამიერკავკასიის სახელმწიფოებრივი ჩანასახი.
1917 წლის 8 ნოემბერს საბჭოთა რუსეთის მთავრობამ გამოაქვეყნა დეკრეტი ზავის შესახებ და მიმართა მეომარ ქვეყნებს შეეწყვიტათ ომი და დაეწყოთ საზავო მოლაპარაკება.
1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთის დელეგაციამ ხელი მოაწერა ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულებას, რომლის მეოთხე მუხლშიც წერია:
არტაანის, ყარსისა და ბათუმის ოლქებიდან უნდა გავიდეს რუსეთის ჯარი. რუსეთი არ უნდა ჩაერიოს ამ ოლქების ახალ სახელმწიფო-სამართლებრივ და საერთაშორისო-სამეურნეო ორგანიზაციაში და უნდა მიეცეს შესაძლებლობა ამ ოლქების მოსახლეობას, დაამყაროს ახალი წყობილება მეზობელ სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით კი ოსმალეთთან შეთანხმებით.
ამ ზავით საბჭოთა რუსეთმა ფაქტობრივად აღიარა დამარცხება პირველ მსოფლიო ომში და ამიერკავკასიის ქვეყნები შეატოვა თურქეთს. 1917 წლის 7 ნოემბერს რუსეთში ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ ამიერკავკასიის პარტიები და ორგანიზაციები ბოლშევიკებს გაემიჯნენ და 15 ნოემბერს დააარსეს ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, ასრულებდა ამ მხარის დროებითი მთავრობის ფუნქციებს. ამიერიკავკასიის კომისარიატმა გადაწყვიტა საკუთარი სახელით მოლაპარაკებოდა ოსმალეთს, გადაწყდა დაწყებულიყო სამშვიდობო მოლაპარაკებები.
კონფერენცია გაიხსნა 1 მარტს (14 მარტი), ტრაპიზონში, კონფერენციაზე ამიერკავკასიის კომისარიატის წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ ბრესტ-ლიტოვსკის ზავის ცნობაზე, თურქები კი მოითხოვდნენ იქ მიღებული შეთანხმების დაცვას.
ტრაპიზონის სამშვიდობო მოლაპარაკების მიმდინარეობის პარალელურად ოსმალეთის სამხედრო ხელმძღვანელობა განაგრძობდა ამიერკავკასიის საზღვრებისაკენ შეტევას და ოსმალეთის რაზმებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიკავეს ტრაპიზონი, ერზერუმი და ყარაურგანი. მტრის რაზმები უკვე ყარსისა და ბათუმის მისადგომებთან გამოჩნდნენ, მდგომარეობა ძალზე კრიტიკული გახდა. საგარეო საფრთხეს დაემატა ის, რომ ამიერკავკასია შიგნით არ იყო ერთიანი და ადგილობრივი მაჰმადიანები იჭერდნენ ციხეებსა და სტრატეგიულ ობიექტებს. სოფელ ვარხანაში შემდგარა მუსლიმანთა ნაციონალური საბჭო, რომლის ირგვლივაც დიდი ძალა ყოფილა თავმოყრილი, ამ საბჭოს მიერ გამოტანილი დადგენილებების მიხედვით მოხდა მობილიზაცია. ამრიგად, ოსმალეთი ყველანაირად ცდილობდა ამიერკავკასიაში დაენთო აჯანყების ცეცხლი და უმტკივნეულოდ დაეკავებინა რაც შეიძლება მეტი ტერიტორია.
საინტერესოა, რომ თვითონ ოსმალეთს არ ჰყავდა მაინცდამაინც დიდი ძალები გადმოსროლილი კავკასიის ფრონტზე, ამიერკავკასიის ჯარების სარდლობის დასკვნის საფუძველზე ვიტყობთ, რომ ოსმალეთის მთელი სამხედრო ძალა წარმოდგენილი იყო ორი არასრული სამხედრო დივიზიით (8 000 კაცამდე), თანაც ჯარისკაცებს ეუბნებოდნენ, რომ მიდიოდნენ არა საბრძოლველად, არამედ დაცლილი ტერიტორიის დასაკავებლად (საქართველო 1918 #54: 3).
რა გასაკვირია, რომ არსებული შედარებით მცირე ძალების გამო ოსმალეთი ძალზე დიდ იმედებს ამყარებდა ადგილობრივ მოსახლეობაზე, მათ შორის, მუსლიმან ქართველებზეაჭარლებზე, რომლებიც რაოდენობრივად აღემატებოდნენ კიდეც ბათუმის ბრძოლაში რეგულარულ ოსმალო ასკერებს, თუმცა ამაზე ქვემოთ.
მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ამიერკავკასიის მთავრობამ და სეიმმა, რომელიც გრძნობდა გარდუვალ კატასტროფას 1918 წლის 20 მარტს (2 აპრილს) მიიღო სამობილიზაციო კანონპროექტი, რომელიც 13 მუხლისგან შედგებოდა და მეორე დღესვე გამოქვეყნდა ყველა გაზეთში.
ამიერკავკასიის მთავრობა, რომელიც ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური დიდი ბოროტება იყო და ყოველთვის იბრძოლებდა იმისათვის, რომ სამხედრო სამსახური გაეუქმებინათ, იძულებული გახდა მობილიზაცია გამოეცხადებინა, რადგან ოსმალეთის მხრიდან საფრთხე დღითი დღე მატულობდა.
უკვე 15 მარტიდან (28 მარტი) აჭარის წყლის რაიონში, რომელიც ბათუმიდან 21 კილომეტრით არის დაშორებული, ოსმალო მზვერავები გამოჩნდნენ და ამიერკავკასიის ჯარებთან შეტაკება მოუხდათ.
23 მარტს (5 აპრილს) თბილისში მოვიდა ცნობა, რომ ოსმალებმა სარიყამიში აიღეს: 13 საათზე, სომხური ჯარის ნაწილებმა სარიყამიში უბრძოლველად დათმეს (საქართველო 1918 #67: 2).
28 მარტს (10 აპრილს) ჭოროხის, ჩაქვის და ქობულეთის რაიონებში სროლა იყო, რომელსაც პასუხი გასცა საციხოვნო არტილერიამაც, ბათუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ნელ-ნელა გახურება დაიწყო ბრძოლამ (ერთობა 1918 #74: 2).
იმ დროს, როდესაც ტრაპიზონში ამიერკავკასიის სამშვიდობო დელეგაციის წარმომადგენლები უშედეგოდ აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, ოსმალები ძალზე შედეგიანად მიიწევდნენ წინ და ადვილად უმკლავდებოდნენ დემორალიზებულ და სუსტად მომზადებულ ამიერკავკასიის ჯარებს.
ამიერკავკასიის საზავო დელეგაციის განცხადების მეორე დღესვე, ოსმალთა ჯარების სარდალმა, რომლის სრული სახელიცაა ფერიკ-ვეჰიბ-მეჰმედ-ფაშა, დეპეშა გაუგზავნა ბათუმის ციხის კომენდანტს, რომ მან გასცა ბრძანება შეეჩერებინა ბათუმის წინააღმდეგ ბრძოლა და ამასთანავე სთხოვა ბათუმის კომენდანტს შეეჩერებინა ბათუმიდან არტილერიის მოქმედება და ასევე გადასცა, რომ თუ ბათუმის კომენდანტი 11 აპრილს (ახ. სტ) საღამოს 6 საათამდე არ იქნება შეჩერებული სროლა, სამხედრო მოქმედება გაგრძელდებაო (ერთობა 1918 #96: 1).
მეორე დღეს, 12 აპრილს (ახ.სტ.) ამიერკავკასიის ჯარების უფროსს ოსმალებმა ულტიმატუმი წამუყენეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ვინაიდან ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების თანახმად ბათუმი უნდა დაიცალოსდა ამიერკავკასიის ჯარებმა უნდა დაიხიონ 1877 წლის რუსეთ-ოსმალეთის საზღვარზე. ხოლო ფორტები, რომლებითაც ბათუმი იყო დაცული, სასწრაფოდ უნდა დაცლილიყო, ამასთან ყველანაირი შეიარაღება და საბრძოლო მასალა, რაც ფორტებში იყო განლაგებული, აუცილებლად ოსმალეთის ხელში უნდა გადასულიყო. ამასთანავე გამაგრებული ადგილების დაცლისათვის ამიერკავკასიის ჯარების სარდლობას ეძლეოდა დრო 31 მარტის (13 აპრილის) შუადღის ოთხ საათამდე. თუ ამ დროისათვის პირობა არ იქნებოდა შესრულებული, ოსმალები გადმოვიდოდნენ შეტევაზე. საპასუხოდ ვადა იყო მიცემული 31 მარტის (13 აპრილის) შუადღის 12 საათამდე.
ამასთან ამავე დღეს, ამიერკავკასიის საზავო დელეგაციის თავჯდომარემ, ა. ჩხენკელმა ორჯერ აცნობა დეპეშით ბათუმში შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ფორტების დაცლა მას მიაჩნია აუცილებლად მთელი რიგი მოსაზრებების გამო, რომელსაც არ აკონკრეტებდა.
ბათუმის ციხის კომენდანტმა მიიღო რა ოსმალთა ულტიმატუმი, სთხოვა ოსმალთა ჯარების სარდალს, გაეგრძელებინა ვადა 24 საათით, ვინაიდან მას საშუალება არ ჰქონდა თბილისიდან შესაფერი განკარგულებები მიეღო. ვეჰიბ ფაშამ ამ თხოვნაზე უარი განაცხადა და ბათუმიც იარაღით აიღეს ოსმალთა ჯარებმა 1 აპრილის (14 აპრილი) ღამით, მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად 48 საათით იყო შეწყვეტილი საბრძოლო მოქმედებები (ერთობა 1918 #96: 3).
აქ მომყავს ჯავშნოსანი მატარებლის უფროსის ვალოდია გოგუაძის ნაამბობი, სადაც ის აღწერს ბათუმის დაცემას, რომელიც დაიბეჭდა გაზეთ ერთობის 7 აპრილის (20 აპრილი) ნომერში: ბათუმში სიტუაცია მეტად აირია 30 მარტიდან (12 აპრილი), როდესაც საღამოს გამოცხადდა დროებითი შერიგება. ამ ფაქტმა ისედაც გაქცევაზე თვალდაჭერილი ჯარები უარესად დაქსაქსა, ხალხში ის აზრი დაიბადა, რომ ომი დამთავრდა და ბევრი შინ დასაბრუნებლად მოემზადა ფსიქოლოგიურად და ზოგიც ფიზიკურადაც. მიუხედავად იმისა, რომ მეთაურები ჯარისკაცებს უხსნიდნენ საქმის ნამდვილ მდგომარეობს, მაგრამ მათ შეგონებას არავინ უსმენდა, პოზიციებზე მხოლოდ მცირერიცხოვანი რაზმები იდგა და ისინიც მეტად უგულისყუროდ ეკიდებოდნენ საქმეს, როდესაც ვალოდია გოგუაძის მიერ ერთი რაზმი იქნა გაგზავნილი გარნიზონის შესაცვლელად, გარნიზონის ჯარისკაცებმა არც კი ჰკითხეს შემცვლელთ ვინ იყვნენ და ჰქონდათ თუ არა ნებართვა (ერთობა 1918 #79: 2).
1 აპრილს (14 აპრილი) ვალოდია გოგუაძე შედის ქალაქ ბათუმში, სადაც ნახულობს გენერალ ართმელიძეს, რათა მისგან მიიღოს განკარგულებები. გენერლის ბრძანება მეტად სავალალოა, ის გოგუაძეს უბრძანებს შეაჩეროს ამიერკავკასიის ჯარის ნაწილები, რომლებიც სტიქიურად გარბიან პოზიციებიდან.
ბათუმის ბედი გადაწყვეტილი იყო. ჯარების მოუმზადებლობა აშკარად ჩანდა, ჯარისკაცებმა ან ვერ მოასწრეს ნორმალურ წვრთნის გავლა, ან ამაზე დიდად არც არავის შეუწუხებია თავი. რამდენიმე წერილში, რომელიც ძველმა ოფიცრებმა გამოგზავნეს თბილისში და რომელიც დაიბეჭდა ერთობისა და საქართველოს ფურცლებზე, წინასწარ იყო გაცხადებული ის, რაც მოხდა პირველ აპრილს ძველი სტილით, ოფიცრები არაერთხელ ითხოვდნენ მთავრობისაგან ბათუმის პოზიციებზე გაეშვათ გამოცდილი, უკვე ნამსახური ჯარისკაცები და არა ახალწვეულები.
აღსანიშნავია, რომ ყველა წერილში, რომელიც იბეჭდებოდა გაზეთ ერთობასა და საქართველოში, ჯარისკაცები მტრის ჯარებს აჭარლებად მოიხსენიებდნენ. ფაქტია, რომ იმ მომენტში ან აჭარლები, მართლაც, სჭარბობდნენ ოსმალებს, ან უბრალოდ საყოველთაოდ იყო ასეთი აზრი გავრცელებული ქართულ ოფიცრებში. ამის დადგენა ახლა ძნელი იქნება.
2 აპრილს დილის 7 საათზე ჩაქვიდან ტელეგრამა მივიდა ვალოდია გოგუაძის სახელზე, რომელიც გამოგზავნილი იყო ჩაქვის რაზმის უფროსის პოლკოვნიკ ყარალაშვილისგან, რომელიც ალყაში იყო მოწყვდეული და ითხოვდა შველას, ჯავშნიანი მატარებლის დახმარებით პოლკოვნიკმა ყარალაშვილმა და მისმა რაზმმა ბრძოლით გამოიარა მთელი გზა და გავიდა ქობულეთისაკენ მშვიდობით.
ვალოდია გოგუაძე აღნიშნავს, რომ ოფიცერთა უმრავლესობა გმირულად იბრძოდა უკანასკნელ წუთებამდე, ჯარისკაცების მხოლოდ უმცირესობაზე შეიძლება იგივე ითქვას, ასევე, აღსანიშნია გენერალ ართმელიძის და პოლკოვნიკ გელოვანის რაზმების გმირული ბრძოლა, რომლებმაც ბოლო წუთებამდე არ დათმეს პოზიციები და მხოლოდ სარდლობის ბრძანებით დატოვეს ისინი.
აქვე უნდა ითქვას, რომ არტილერია ღირსეულად იბრძოდა, მტერს დიდ ზიანს აყენებდა და როგორც ვალოდია გოგუაძე აღნიშნავს, ქვეითი რაზმის ნორმალური მომზადების შემთხვევაში შედეგი სულ სხვა იქნებოდაო (ერთობა 1918 #80: 2).
როგორც აღვნიშნეთ, 31 მარტს (13 აპრილს) ღამით ამიერკავკასიის დელეგაცია მთავრობამ გაიწვია და 1 აპრილს (14 აპრილს) დელეგაცია თბილისში გაემგზავრა. ამის შემდეგ სამხედრო მოქმედებები გაგრძელდა როგორც შავი ზღვის პირის რაიონში (ბრძოლა ბათუმისათვის), ასევე არანაკლები ინტენსივობით ყარსის ციხის გარშემო, რაც ოსმალთა ჯარების უფროსმა ა. ჩხენკელს აცნობა 9 აპრილის (22 აპრილის) დეპეშით, სამხედრო მოქმედება იმიტომ განვაახლეთ, რომ ამიერკავკასიის დელეგაციამ საზავო მოლაპარაკება შეწყვიტაო. 10 აპრილს (23 აპრილს), ვინაიდან წინა დღით სეიმმა დაადგინა, რომ ოსმალებთან საზავო მოლაპარაკება განახლებულიყო, მინისტრთა თავმჯდომარემ ა. ჩხენკელმა1 ახალი კაბინეტის შედგენამდე წინადადება მისცა ოსმალთა ჯარების უფროსს 10 აპრილის საღამოს 8 საათიდან მთელს ფრონტზე შეეჩერებინათ სამხედრო მოქმედება. ამასთანავე ა. ჩხენკელმა აცნობა ოსმალეთს, რომ ამიერკავკასია გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
ამიერკავკასიის ლაშქარს ესაჭიროებოდა გამარჯვება იმისათვის, რომ ელემენტარული თვითრწმენა მაინც გასჩენოდა დემორალიზებულ სამხედრო ნაწილებს, ეს გამარჯვება მათ გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა აჩუქა.
გიორგი მაზნიაშვილის მოგონებების მიხედვით, 12 აპრილს (ახ. სტ.) სამტრედიაში გენერალი მაზნიაშვილი შეხვდა მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას და კავკასიის არმიის მთავარსარდალ ლებედინსკის, ასევე ამ შეხვედრაზე დასასწრებად ბათუმიდან ჩამოვიდა ბათუმის ციხის კომენდანტი – გენერალი მდივანი. გენერალმა მდივანმა მაზნიაშვილს გადასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც იგი დანიშნული იყო შემოვლითი რაზმის უფროსად, რომელსაც სადგურ ჩაქვიდან უნდა გაევლო ხეობა, ასულიყო მაღლობზე, რომელიც მიდის სამების ფორტამდე და ყველანაირად უნდა ეცადა შეეშალა ხელი ოსმალეთისათვის, რათა მათ არ დაეჭირათ ფორტი სამება.
ამ გეგმას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და გარკვეულწილად ბათუმის ბედი იმაზე იქნებოდა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად შეძლებდა გიორგი მაზნიაშვილი ამ ამოცანის შესრულებას. მას ძალზე რთულ ვითარებაში მოუწია სულ მცირე ჯარის შედგენაც კი, მის განკარგულებაში იყო 90 კაცისაგან შემდგარი რაზმი, და ერთი ბატარეა, რომელსაც მეთაურობდა კაპიტანი სერგო კარგარეთელი. გავითვალისწინოთ, რომ ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც მატარებლები გაჭედილი იყო ფრონტიდან გამოქცეული ჯარისკაცებით, რომლებიც, მიუხედავად ოფიცრების დიდი მცდელობისა, გარბოდნენ თავიანთ სახლებში და თან მიჰქონდათ სახაზინო ტანისამოსი და იარაღი.
მთავრობა უკვე ბათუმის დაკარგვის წინა დღეს, 13 აპრილს (ახ.სტ.) იყო დარწმუნებული იმაში, რომ ბათუმი დაეცემოდა, რადგან 13 აპრილს გიორგი მაზნიაშვილი დაიბარა ნოე ჟორდანიამ და დაავალა გამგზავრებულიყო სადგურ ნატანებში და მიეღო სათანადო ზომები, რათა მტერი მდინარე ჩოლოქს არ გადმოსცდენოდა (მაზნიაშვილი 1990: 27).
1 აპრილს (14 აპრილს) დილით გენერალი მაზნიაშვილი დაიძრა სამტრედიიდან სამი ეშელონით. სულ გენერლის განკარგულებაში იყო: 174 შეიარაღებული კაცი, 4 ტყვიამფრქვევი და 6 საარტილერიო დანადგარი, 4 ოფიცერი და 150 ჯარისკაცი. ხოლო ნატანებში რაზმს მიემატა ჯავშნიანი მატარებელი ვალოდია გოგუაძის ხელმძღვანელობით (მაზნიაშვილი 1990: 29).
გენერალი ამ მცირე რაზმის იმედად იჭერს მდინარე ჩოლოქის პოზიციებს, თავის მოგონებებში გიორგი მაზნიაშვილი აღნიშნავს, რომ ახლო მდებარე სოფლებიდან მან დაიბარა უხუცესები, გააცნო საქმის ვითარება და სთხოვა დახმარება შექმნილ სიტუაციაში. უხუცესების დახმარებით შედგა მოხალისეთა რაზმები, რომელთაც დაეკისრათ ძირითადად სადაზვერვო ფუნქციები (მაზნიაშვილი 1990: 31).
ამის შემდეგ მაზნიაშვილი უკავშირდება კორპუსის უფროსს – გენარალ გაბაშვილს და სთხოვს დამხმარე ჯარებსა და ოფიცრების გამოგზავნას სამეთაურო შტაბის შესადგენად და პარტიზანული რაზმების სამეთაუროდ. ასევე სამტრედიაში ზურგისა და სანიტარული ნაწილების ორგანიზებას.
ამ დროს ქობულეთში იმყოფება პოლკოვნიკი ყარალაშვილი თავისი მეორე ლეგიონის ნარჩენებით, რომლებიც ჩაქვიდან გამოიყვანა ვალოდია გოგუაძემ თავისი ჯავშნოსანი მატარებლით.
შეხვედრისას პოლკოვნიკმა ყარალაშვილმა გენერალს მოახსენა, რომ ოსმალები გამოჩნდნენ ჩაქვის მიდამოებში და მოიწევენ ქობულეთისაკენ, ხოლო გენერლის შეკითხვაზე, თუ რას წარმოადგენს მეორე ლეგიონი, როგორც სამხედრო ძალა, პოლკოვნიკმა უპასუხა რომ ლეგიონში დარჩა 500 ჯარისკაცი, და რომ იგი, როგორც სამხედრო ნაწილი არაფრად ვარგა და რომ მათი ერთადერთი მისწრაფებაა რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.
ამ მოხსენების შემდეგ გიორგი მაზნიაშვილმა გადაწყვიტა, რომ ეს ლეგიონი არ დაეტოვებინა, რადგან „გამოცდილებით ვიცოდი, რომ ამგვარი ჯარის ნაწილი არამცთუ არავითარ დახმარებას არ გამიწევდა, არამედ პირიქით, იმ პატარა რაზმსაც გამიფუჭებდა, რომელიც პოზიციებზე იდგა“ (მაზნიაშვილი 1990: 32).
პოლკოვნიკმა ყარალაშვილმა მიიღო ბრძანება, რომ თავისი ლეგიონით ასულიყო სადგურ ლანჩხუთში და იქ დაბანაკებულიყო, რომ შეედგინა დამხმარე რაზმი.
16-17 აპრილს (ახ.სტ.) გენერალი მაზნიაშვილი ამაგრებს პოზიციებს, ავსებს ახალი რაზმებით და ემზადება მტრის დასახვედრად. დღისით მზვერავის ფუნქციას ასრულებს ჯავშნიანი მატარებელი, ხოლო ღამით ადგილობრივ მკვიდრთაგან შედგენილი მზვერავი რაზმები.
18 აპრილს (ახ.სტ.) მაზნიაშვილი მიემგზავრება ვალოდია გოგუაძის ჯავშნოსანი მატარებლით ქობულეთისკენ, სადაც ოჩხამურის ხიდზე ოსმალების მზვერავებს გზა გაეხსნათ, წინა ვაგონი და ორთქმავალი ხრამში გადაიჩეხა, სერიოზული საფრთხე დაემუქრა გენერალსა და ვალოდია გოგუაძეს, თუმცა საბედნიეროდ ისინი უხიფათოდ გადარჩნენ, მხოლოდ ხელის გული დაეწვა გიორგი მაზნიაშვილს (შარაძე 1992: 439-440).
საბედნიეროდ მოხერხდა ჯავშნიანი მატარებლის გადარჩენა, სამტრედიიდან გამოძახებულმა სარემონტო მატარებელმა მოახერხა მისი ამოწევა და გარემონტება.
ვიდრე გენერლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეში იყო, მისი საქმე წინ მიიწევდა, სამხედრო რაზმები ივსებოდა ნაწილ-ნაწილ 100-150 კაციან მცირე ჯგუფებად. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფრიად მამულიშვილური გრძნობით განწყობილნი მოდიოდნენ გენერალ მაზნიაშვილის განკარგულებაში, მათ მაინც არ ავიწყდებოდათ ახალი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, ასევე სადილის მოთხოვნა და მხოლოდ მაშინ მიდიოდნენ პოზიციებზე, როდესაც ყველა მოთხოვნას დაიკმაყოფილებდნენ (მაზნიაშვილი 1990:34).
„მე კარგად მქონდა შესწავლილი ფსიქოლოგია ქართველი ჯარისკაცებისა, კარგად ვიცოდი, რომ თუ მტრის პირველ იერიშებს გავუძლებდი, ჩემი ჯარები იბრძოლებდნენ ბოლომდე, მაგრამ თუ პირველივე შეტაკებაზე შედრკებოდნენ, განმეორდებოდა ბათუმის ისტორია და იძულებული ვიქნებოდი დამეხია სამტრედიისაკენ და იქ კვლავ დამეწყო შეგროვება გაფანტული ჯარებისა, რომლებიც ასე სიძნელით იქნა შეგროვებული ასეთ მოკლე ხანში“ (მაზნიაშვილი 1990: 35).
საჭირო იყო რეზერვი, რომელსაც აქვს მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია, გარდა პრაქტიკული გამოყენებისა, რეზერვს აქვს ძალზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური დატვირთვა იმ ძალებისათვის, რომლებიც ფრონტზე იბრძვიან. რადგან გენერალს რეზერვი არ გააჩნდა, მისი ფუნქცია უნდა ეტვირთა ჯავშნიან მატარებელს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვალოდია გოგუაძე, რომელმაც დაკისრებული ფუნქცია ბრწყინვალედ შეასრულა.
სამწუხაროდ მხოლოდ ამ პოზიციის მომზადება არ კმარობდა, არსებობდა საფუძვლიანი საშიშროება, რომ ოსმალეთის ჯარები შეძლებდნენ ზურგიდან მოევლოთ ამ პოზიციისათვის იმ შემთხვევაში თუ ოზურგეთი არ იქნებოდა გამაგრებული. ამიტომ გენერალი მაზნიაშივილი ოზურგეთში გაემგზავრა, სადაც მოინახულა მეოთხე ქართული ლეგიონი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სვიმონ წერეთელი. გენერალი შეეკითხა მას, შეიძლებოდა თუ არა ამ ლეგიონზე იმედის დამყარება და დაყრდნობა, რაზედაც მიიღი პასუხი, რომ ლეგიონერები დარცხვენილები არიან ბათუმიდან გამოქცევის გამო და იბრძოლებდნენ თავგამეტებით და დაიცავენ თავიანთ მიწა-წყალს. რამდენად „დაიცვეს“ ამ ჯარებმა ოზურგეთი ამას ქვევით ვნახავთ.
ოზურგეთის პოზიციების მონახულების მეორე დღეს მაზნიაშვილს დაუკავშირდნენ ტელეფონით ოზურგეთიდან. ტელეგრაფისტი აცნობებდა რომ ოზურგეთი დაცლილია სახელმწიფო დაწესებულებების ჯარებისა და მეოთხე ქართული ლეგიონის მიერ და ისინი იხევენ დაბა ჩოხატაურისკენ. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა მოულოდნელი და თავზარდამცემი ცნობა იქნებოდა ეს გენერალი მაზნიაშვილისათვის. სიტუაცია სასწრაფოდ მოქმედებებს მოითხოვდა.
6 აპრილს (21 აპრილს) გამთენიის 3 საათისათვის, გენერალს აცნობეს, რომ ოსმალები მიუახლოვდნენ ქართულ პოზიციებს, აქ იწყება, შეიძლება ითქვას, მთელს ამ ომში ერთადერთი ღირსეული გამარჯვება ამიერკავკასიის ჯარებისა, გამარჯვება ჩოლოქთან, რომელშიც კიდევ ერთხელ გამოჩნდა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბრწყინვალე ცოდნა სამხედრო ხელოვნებისა. აგრეთვე, ამ ბრძოლაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ჯავშნიანი მატარებლის უფროსმა, კაპიტანმა ვალოდია გოგუაძემ.
მას შემდეგ, რაც ცნობა მოვიდა ოსმალების გამოჩენის შესახებ, ჯავშნიან მატარებელს ებრძანა ტყვიამფრქვევებითა და არტილერიით დაეცვა ქართული პოზიციები, ასევე დაეზვერა მიდამო და შტაბისათვის მიეწოდებინა სრული ინფრომაცია მტრის რაზმების გადაადგილების შესახებ.
დილის 5 საათზე ჯავშნოსანი ჩოლოქის ხიდს მიადგა, მტრის გუშაგები დაიჭირა და პირდაპირ მტრის ბანაკში შეიჭრა. მთელი ველის გარშემო სულ ოსმალო ჯარისკაცები იყვნენ განლაგებული. არცერთ მხარეს სროლა არ აუტეხია, უბრალოდ ელოდა მოვლენების განვითარებას. აი რას გადმოგვცემს ჯავშნოსნის მეთაური ვალოდია გოგუაძე თავის მოგონებებში: „მე სროლა არ ავტეხე, მტერს ვაგრძნობინე, რომ შემთხვევით მოვხვდი მტრის ბანაკში და ვნებდები. უკვე გათენდა და ოსმალები ჩვენი ჯავშნოსნისკენ გამოიქცნენ, ახლოს მოვიდნენ და მატარებლის საფეხურებზეც კი ამოცოცდნენ, ზარბაზნებისა და ტყვიამფრქვევლების ლულებს ჩამოეკიდნენ. ჯავშნოსანი ჩაკეტილი იყო, შიგნით ვერ შემოვიდოდნენ. ოსმალები გულდამშვიდებულად გამოლაგდნენ რკინიგზასთან, ეგონათ რომ ჯავშნოსანი ცეცხლს არ გახსნიდა. როდესაც იქ ყველამ მოიყარა თავი, მაშინ გავეცი ბრძანება ცეცხლი გაეხსნათ, შეიქნა სასტიკი ბრძოლა, მოწინააღმდეგე მამაცურად იბრძოდა. როდესაც მტრის ჯარებს მთელი ყურადღება ჯავშნოსნისკენ ჰქონდათ მიმართული, ამასობაში გენერალ მაზნიაშვილის ქვეითებმაც დაიწყეს შემოტევა და ერთი მხრიდან რკალში მოაქციეს მოწინააღმდეგე“.
ამ ბრძოლაში ამიერკავკასიის ჯარებმა დაკარგა მხოლოდ ოთხი ჯარისკაცი. სამაგიეროდ ოსმალები ძალიან დაზარალდნენ.
ასე დამთავრდა 6 აპრილის ბრძოლა, ჩოლოქის მიდამოებში ბრწყინვალე გამარჯვებით, გამარჯვებით გიორგი მაზნიაშვილის სტრატეგიული ნიჭისა, რომელმაც მოახერხა და თითქმის სრულად მოუმზადებელი ქართული ჯარებით შეძლო კარგად გაწვრთნილი და გაცილებით მრავალრიცხოვანი ოსმალეთის იმპერიის ჯარის დამარცხება. ეს არის პატარა, მაგრამ ულამაზესი ეპიზოდი ამიერკავკასიასა და ოსმალეთს შორის მიმდინარე ამ პატარა, მაგრამ საკმაოდ ტრაგიკული ომისა.
რაც შეეხება ოზურგეთს, აქ ქართულ ნაწილებს, კერძოდ მეოთხე ქართულ ლეგიონს, პოლკოვნიკ წერეთლის მეთაურობით არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია მტრისთვის და დაიხია დაბა ჩოხატაურისაკენ.
იმის გამო, რომ გენერალ მაზნიაშვილის მარცხენა ფრთა მოიშალა, იქმნებოდა სერიოზული საშიშროება იმისა, რომ ოსმალეთის ჯარები შემოუვლიდნენ ამიერკავკასიის ჯარების პოზიციებს და ალყაში მოაქცევდნენ, მაგრამ ოსმალებმა დააგვიანეს მანევრის შესრულება, რაშიც გადამწყვეტი როლი შეასროლა ჩოლოქზე ოსმალთა ნაწილების განადგურებამ. მაზნიაშვილმა ამ დარტყმით შეაჩერა ოსმალთა ჯარი და მათ ვერ შეძლეს შეტევის განვითარება, ამან დრო მისცა გენერალს და მან ენერგიული ქმედებებით მოახერხა ჯარების განლაგება ნასაკირალის უღელტეხილზე და მოუსპო საშუალება ოსმალებს ზურგში თავდასხმისა.
ნასაკირალის უღელტეხილზე განთავსდნენ ორი ლეგიონის ჯარისკაცები, პოლკოვნიკ ყარალაშვილის მეთაურობით.2 ასევე ხაშურიდან მოვიდა პოლკოვნიკი გედევანიშვილი თავისი რაზმით, რომელიც მოიხსნა ახალციხის ფრონტიდან. უღელტეხილის საბრძოლო რაიონის უფროსად დაინიშნა გენერალი სუმბათაშვილი.
უკვე 7 აპრილიდან (20 აპრილი) იწყება პოზიციური მანევრები, როგორც ოსმალები, ასევე ქართული ჯარები იწყებენ თხრილების გათხრას და ძველი თხრილების გამაგრება-გაფართოებას, რამოდენიმე დღის განმავლობაში თხრილებით დაიფარა მთელი ფრონტი და გადაიჭიმა ზღვიდან სოფელ შემოქმედამდე 21 კილომეტრის მანძილზე.
9 აპრილს (22 აპრილი) ჯარების შტაბში მოვიდნენ გვარდიის ეშელონები, შეიარაღებითა და აღჭურვილობით, ასევე საველე შტაბის თანხლებით.
გენერალი მაზნიაშვილი საინტერესოდ და გასაგებად აღწერს შტაბის მუშაობისა და მართვის პრინციპებს თავის მოგონებებში, მისი გადმოცემით სახალხო გვარდიას არ ჰყავდა ერთი რომელიმე მეთაური, იყო მთავარი შტაბი და ეს შტაბი საჭიროებისამებრ გამოჰყობდა საკუთარი რიგებიდან სამი-ოთხი წევრისაგან შემდგარ კომისიას, მიუმატებდა ერთ გამოცდილ და მცოდნე სამხედრო პირს და ეს შემდგარი ორგანო იყო გვარდიის მეთაური ბრძოლის დროს. ყველა საკითხი, როგორც საბრძოლო, ისე ადმინისტრაციული და სამეურნეო წყდებოდა ხმის უმრავლესობით. რაც შეეხება გვარდიის ბრძოლისუნარიანობას, გენერლის აზრით, გვარდია საკმაოდ გამოსადეგი ძალა იყო და შეიძლებოდა მასზე დაყრდნობა (მაზნიაშვილი 1990: 46).
ყველა ქართველ ჯარისკაცს და განსაკუთრებით ადგილობრივ მოსახლეობას ძალზე აწუხებდა ოზურგეთის დაკარგვა, როგორც გიორგი მაზნიაშვილი აღნიშნავს, მასთან მიდიოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და სთხოვდნენ დაებრუნებინა ოზურგეთი.
შტაბში გადაწყდა ოზურგეთის დაბრუნება და იქიდან მტრის საჯარისო დანაყოფების განდევნა, შემუშავებული გეგმა მდგომარეობდა შემდეგში, პოზიციების მარჯვენა ფრთა რჩებოდა თავის ადგილზე და ხელს შეუწყობდა მთავარი ძალების იერიშს. სახალხო გვარდიის რაზმს სანაპირო ჯარის ორი რაზმისა და სამთო ბატარიის დახმარებით გვერდიდან უნდა შემოევლო მტრისათვის სოფელ ვაშნარიდან ოზურგეთამდე. მათ საცეცხლე დახმარებას გაუწევდა თხრილებში მყოფი ჯარის ნაწილები. მარცხენა ფრთას ნაგომარის უღელტეხილიდან ნასაკირალის უღელტეხილამდე ხელი უნდა შეეწყო მთავარი ჯარების იერიშისათვის, სანამ ეს ჯარები არ მიაღწევდნენ ჩაის პლანტაციებამდე, რომელიც მდებარეობდა ნატანებ-ოზურგეთის გზატკეცილის პირას და გძელდებოდა ოზურგეთამდე. იმ წუთასვე, როდესაც მთავარი ძალები დაიჭერდნენ ჩაის პლანტაციებს, მარცხენა ფრთა გენერალ სუმბათაშვილის მეთაურობით უნდა გადასულიყო სწრაფ და გადამწყვეტ იერიშზე და დაეჭირა ოზურგეთი. ამის შემდეგ, სახალხო გვარდიის ნაწილები უნდა დასდევნებოდნენ უკან დახეულ მტერს და გასულიყვნენ სოფელ ლიხაურამდე, იქ შეჩერებულიყვნენ და გამაგრებულიყვნენ (მაზნიაშვილი 1990: 48).
11 აპრილს (24 აპრილი) დაიწყო იერიში, ოსმალები ვერ უძლებდნენ ქართული ნაწილების მიწოლას და განუწყვეტლივ იხევდნენ უკან. გამარჯვება ადვილი შესაძლებელი იყო, რადგან გენერალმა მაზნიაშვილმა მოახერხა და ქართული ნაწილების მოტივაცია და შემართება ისე აამაღლა, რომ არცერთი ქართველი ჯარისკაცი არ ფიქრობდა უკან დახევაზე, იხსენებს მაზნიაშვილი. მაგრამ... დილის 10 საათისთვის გენერალ მაზნიაშვილთან გამოცხადდა შიკრიკი, რომელმაც გადასცა მთავრობის თავჯდომარის ბრძანება, რომლის მიხედვითაც უნდა შეწყვეტილიყო საბრძოლო მოქმედებები, რადგან ოსმალეთთან მიმდინარეობს საზავო მოლაპარაკებებიო.
აღნიშნული ბრძანების მიღებიდან ცოტა ხნის შემდეგ გენერალ მაზნიაშვილთან მიდის მეორე შიკრიკი და გადასცემს დეპეშას, რომელშიც გენერალს ატყობინებენ, რომ ამიერკავკასიისა და გერმანიის მთავრობების შეთანხმებით, გერმანიის საიმპერატორო მთავრობა არ მისცემდა ოსმალეთის ჯარებს წინ წაწევის საშუალებას. ამ ბრძანებასთან ერთად გენერლის განკარგულებაში იგზავნებოდა გერმანელ ჯარისკაცებისაგან3 შემდგარი რაზმი ოფიცრის თანხლებით.
ამ ბრძანების მიღებიდან რამდენიმე საათში ქართული პოზიციების თავზე უკვე გერმანიის ბაირაღიც ფრიალებდა.
შემდეგ დღეებში შავი ზღვის პირის მიმართულებაზე ხდებოდა მხოლოდ პოზიციების გამაგრება და რეზერვების შევსება, დროებითი შეთანხმება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ არ დარღვეულა.
სამაგიეროდ პარალელურად შედარებით მძიმე მდგომარეობა იყო შექმნილი სარიყამიშისა და ყარსის მიმართულებაზე.
11 აპრილს (24 აპრილს) მინისტრთა თავმჯდომარემ, საარმიო კორპუსის შტაბის უფროსის გენერალ ვიშინსკის ცნობიდან გაიგო გენერალ ოდიშელიძესადმი მიცემული ის პირობები, რომლის თანახმად ოსმალები მოითხოვდნენ ყარსთან ბრძოლის შეჩერებას, ვიშნსკის დეპეშის თანახმად, როგორც აღნიშნული იყო, ყარსის ფრონტის ოსმალეთის ჯარების უფროსის წერილში გენერალ ვიშინსკისადმი შემდეგში მდგომარეობდა: ჩვენს ჯარებს უნდა დაეხიათ ყარსისაკენ და უნდა გაჩერებულიყვნენ ორი კილომეტრის დაშორებით ფორტების წინ, აგრეთვე ამიერკავკასიის ჯარს სროლა არ უნდა აეტეხა, როცა ოსმალთა ჯარები მოვიდოდნენ, რომელთაც იმავე დღეს უნდა დაეკავებინათ აღნიშნული ხაზი.
ამ ცნობის მიღებისთანავე მინისტრთა თავჯდომარემ დაუყოვნებლივ გასცა ბრძანება მიეღოთ ოსმალების პირობები და შეეწყვიტათ სამხედრო მოქმედება, რაც კიდევაც ეცნობა სომხური კორპუსის უფროსს გენერალ ნაზარბეკოვს. ამ განკარგულებასთან ერთად ამიერკავკასიის ჯარების სარდლებთან მივიდა ოსმალეთის ჯარების სარდლის, ვეჰიბ ფაშას დეპეშა, სადაც იტყობინებოდა, რომ ოსმალებმა შეაჩერეს მოქმედება ციხიდან ორი კილომეტრის დაშორებით.
11 აპრილსვე (24 აპრილი) გენერალ ნაზარბეკოვს ებრძანა არაუგვიანეს ღამის 12 საათისა 11 აპრილს ოსმალებთან გაეგზავნა პარლამენტიორები, რათა განესაზღვრათ დრო და პირობები ყარსის დაცლისა, ამასთანავე მას უნდა ეცადა რაც შეიძლება დიდი მეტი დრო გამოეთხოვა ამ საქმისათვის და საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტისათვის დრო მიეცა მისთვის, რათა იგი მთავრობას შეჰკითხებოდა (ერთობა 1918 #91: 1-2).
ყარსთან განთავსებულ ოსმალთა ჯარების უფროსმა 11 აპრილს დილით წერილი გაუგზავნა ამიერკავკასიის სამხედრო რაზმის უფროსს ვეჰიბ ფაშის ზემომოყვანილი სამი პირობის შესახებ. ციხის კომენდანტმა არ დაუცადა ამ პირობების ამიერკავკასიის მთავრობის მიერ დამტკიცებას და შეუდგა მის აღსრულებას. ციხის კომენდანტს 11 აპრილს ვერ მოუსწრო მთავრობის განკარგულებამ ციხის უბრძოლველად ოსმალეთისთვის გადაცემის შესახებ, მას უნდოდა მიეღო შესაფერი ზომები რომ შეეჩერებინა ოსმალთა ჯარების შემოტევა საქმის გამორკვევამდე, ამიტომ მან გახსნა ცეცხლი საციხოვნო არტილერიიდან, რომელიც შეწყდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოსმალები შეჩერდნენ. ამ გაუგებრობას ხელი შეუწყო აგრეთვე ოსმალთა პირობების გაურკვევლობამ ორი კილომეტრის მანძილის შესახებ.4
ციხის უბრძოლველად გადაცემის შესახებ კომენდანტმა ბრძანება მიიღო მხოლოდ საღამოს 7 საათზე 11 აპრილს (24 აპრილს), მაშინ კომენდანტმა ოსმალებს გაუგზავნა პარლამენტიორები და 12 აპრილს (25 აპრილი) დილიდანვე წინასწარ შემუშავებული პირობების თანახმად ამიერკავკასიის ჯარების ნაწილებმა კომენდანტის განკარგულების თანახმად დაიწყეს ფორტების დატოვება, რომლებიც შემდეგ დაიკავეს ოსმალთა ჯარებმა.
ყარსის დაცლის შემდეგ ამიერკავკასიის ჯარებმა დაიხიეს მდინარე არპაჩაიზე, ხოლო ალექსანდროპოლის ის სიმაგრეები, რაც დარჩა არპაჩაის მარჯვენა ნაპირზე ჩვენმა ჯარებმა ააფეთქეს, რადგან ეს ფორტები ყარსის ოლქის მიდამოებში იყო მომწყვდეული და საშიშროებას წარმოადგენდა ერევნის გუბერნიისათვის.
ოსმალეთის ჯარებმა 14 და 15 (27 და 28) აპრილს გადმოლახეს ამიერკავკასიის საზღვარი ალბათ დაზვერვის მიზნით, მალევე ჯარები უკან გაბრუნდნენ და დაიკავეს საწყისი პოზიციები.
როგორც ზემოთ ნათქვამიდან ჩანს, ამიერკავკასიის მთავრობა ზომებს იღებდა იმისათვის, რომ ოსმალეთის მიერ დაჭერილ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხებს მეტი დრო მიეცათ იმისათვის, რათა, ვისაც სურვილი ჰქონდა, დაეტოვებინა საკუთარი მიწა წყალი, წამოსულიყო და ქონება გამოეტანა, ამ შემთხვევაში ეს უფრო ნაკლები უბედურება იყო, არჩევანი ცუდსა და უარესს შორის, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მთავრობამ არაერთხელ მიმართა კავკასიის ფრონტის ოსმალეთის ჯარების მთავარ სარდალს – ვეჰიბ ფაშას და განუცხადა, რომ სამშობლოდან გამოქცეული ხალხი დიდ შევიწროებას განიცდიდა და რომ ამ ნიადაგზე მოსალოდნელი იყო ეროვნული დაპირისპირება, ასევე განაცხადეს, რომ ერთადერთი საშუალება უბედურების თავიდან ასაცილებლად იქნებოდა გადმოსახლების შეჩერება იმათი შეჩერება და უკან გაბრუნება, ვინც გზაში იყო. ამიერკავკასიის მთავრობამ ოსმალეთის სარდალს აცნობა, რომ გადმოსახლების შესაჩერებლად შემდეგი გარანტიები გამოდგებოდა: სასტიკი ბრძანება ოსმალეთის ჯარებისადმი, რომ მათ მცხოვრებლებისათვის არავითარი შევიწროვება არ მიაყენონ, შეიარაღებული ბრბოების ალაგვმა, გზების დაცვა, მშვიდობიან სახალხო ორგანიზაციებისათვის ნების მიცემა, რომ სოფლებში წესრიგი დაიცვან და ლტოლვილთა საქმეები მოაგვარონ. ამ ზომებს, ამიერკავკასიის მთავრობის აზრით, შეეძლოთ საცხოვრებელ ადგილებზე შეეჩერებინათ მცხოვრებლები და გაქცეულები უკან დაებრუნებინათ. ხოლო იმათთვის, ვისაც გადაწყვეტილი ჰქონდა უსათუოდ გაქცეულიყო და მეურნეობის ლიკვიდაცია მოეხდინა, მიეცათ ერთი თვის ვადა.5 როგორც ვეჰიბ ფაშას წერილიდან ჩანს, რომელიც 16–29 აპრილს(ძვ.სტ.) მოუვიდა მინისტრთა თავმჯდომარეს, და აგრეთვე სხვა ცნობებით, ყარსის ოლქიდან მიმავალ მცხოვრებლებს ნება ჰქონდათ გადაეტანათ ყოველგვარი საოჯახო ნივთები და საჭირო სანოვაგე, ხოლო ის უძრავ-მოძრავი ქონება, რომელსაც დატოვებდნენ შეეძლოთ გაეყიდათ, ან გაეჩუქებინათ საკუთარი ნების შესაბამისად (ერთობა 1918 #92: 2). აქედან ჩანს, რომ ოსმალეთის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა ყარსის ოლქიდან გაეძევებინა ადგილობრივი მოსახლეობა, რაც მეტი ადგილობრივი დატოვებდა ოლქის ტერიტორიას, მით უკეთესი იქნებოდა ოსმალეთის იმპერიისათვის.
ასეთ მძიმე ვითარებაში იხსნება ბათუმის საზავო კონფერენცია 1918 წლის 11 მაისს. ამ კონფერენციაში ჩაერია ოსმალეთის მოკავშირე გერმანია, რომლის წყალობითაც ბათუმის საზავო მოლაპარაკება დასრულდა 1918 წლის 4 ივნისს. ოსმალეთის იმპერიასა და ცალ-ცალკე ამიერკავკასიის ქვეყნებს (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი) შორის დაიდო „ზავისა და მეგობრობის“ ხელშეკრულება. ოსმალეთის მიერ ბათუმში ამიერკავკასიის რესპუბლიკებთან დადებული ხელშეკრულებები მეტად მძიმე იყო ამ ქვეყნებისათვის. ხელშეკრულების ძალით სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და თურქეთს შორის გადიოდა მდინარე ჩოლოქზე, აბასთუმნისა და აწყურის სამხრეთით. ოსმალეთს გადაეცა ბათუმისა და ყარსის ოლქები, ახალქალაქისა და ახალციხის მაზრები, სურმალინის მაზრა, ალექსანდროპოლისა და ეჩმიაძინის მაზრების სამი მეოთხედი, შირურ-დარალალეზის მაზრის ერთი მეხუთედი და სხვ.
თურქეთი ამით არ დაკმაყოფილდა. 1918 წლის ივლისში თურქეთის მთავრობამ, ვითომდა, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქების) მოსახლეობის ნების გამოსავლენად, რეფერენდუმი ჩაატარა. რეფერენდუმი ჩატარდა იმხანად მიღებული საერთაშორისო ნორმების დარღვევით, დაშინების, შანტაჟისა და გაძლიერებული ანტიქართული აგიტაციის პირობებში. თურქეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგების მიხედვით ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები თურქეთის შემადგენლობაში რჩებოდა. 1918 წლის ივლისში თურქები შეიჭრნენ ზაქათალის ოლქში (საინგილოში) და დაიწყეს აგიტაცია საქართველოდან საინგილოს ჩამოშორების მიზნით.
ამიერკავკასიაში თურქეთის ჰეგემონისტურ მისწრაფებებს ზღვარი დაუდო მისმა მარცხმა პირველ მსოფლიო ომში. 1918 წლის 30 ოქტომბერს ომში დამარცხებულ თურქეთსა და ინგლის-საფრანგეთს შორის დაიდო მუდროსის დროებითი ზავი. ზავის თანახმად, თურქეთმა დატოვა ამიერკავკასიაში ოკუპირებული ტერიტორიები.
მუდროსის ზავის თანახმად, აჭარაში თურქების ნაცვლად, 1918 წლის დეკემბერში, ინგლისის ჯარები შევიდნენ. ინგლისელთა საოკუპაციო რეჟიმი 1920 წლის ივლისამდე გაგრძელდა. როგორც თურქები, ასევე ინგლისელები აჭარაში ძალზე ავიწროებდნენ ქართული ორიენტაციის ძალებს. ამ ძნელბედობის ჟამს ქართული ინტელიგენციის ძალების დარაზმვაში უდიდესი როლი შეასრულა ცნობილმა პოლიტიკურმა მოღვაწემ მემედ-ბეგ აბაშიძემ. ამ დიდ ეროვნულ საქმეში მემედ-ბეგ აბაშიძეს მხარში ედგნენ ასლან-ბეგ აბაშიძე, ზია-ბეგ აბაშიძე და მრავალი სხვა პატრიოტი. მემედ-ბეგ აბაშიძის ინიციატივითა და წინამძღოლობით 1919 წლის 31 აგვისტოს, ბათუმში, შედგა ქართველ მაჰმადიანთა წარმომადგენლების ყრილობა. ყრილობამ მოითხოვა აჭარის დედასამშობლოსთან – საქართველოსთან – შეერთება. ეს იყო საერთო-ქართული საქმის დიდი გამარჯვება.
სტატიის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ჩვენთვის მთავარი წყარო არის მოვლენების პერიოდში გამომავალი ყოველდღიური ქართული პრესა, რომელმაც საშუალება მოგვცა თვალი გვედევნებინა კონფლიქტის დროს განვითარებული სამხედრო მოქმედებებისათვის, ასევე იმ დიპლომატიური შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დროს წამოჭრილი პრობლემების გარკვევისათვის, რასაც წარმოადგენს ჩვენი მცდელობა შევავსოთ ის ხარვეზი, რაც ამ პრობლემის კვლევის დროს არსებობდა ქართულ ისტორიოგრაფიაში.
საქართველოს შეცდომა პირველ რიგში იყო მერყეობა საგარეო პოლიტიკური კურსის აღებაში, საქართველოს მესვეურებმა დროულად ვერ გადაწყვიტეს საგარეო პოლიტიკური კურსის აღება, მათ დროულად ვერც ზავისა და ომის საკითხები გადაწყვიტეს. თუმცა ჩვენ უნდა გავუგოთ მათ, რადგან ეს პერიოდი იყო უმძიმესი ქართული სახელწმიფოს ისტორიაში, ახლადშობილი სახელმწიფო იყო პირისპირ მომაკვდავი მხეცისა, რომელიც საქართველოს გადაყოლასაც ცდილობდა იმ უფსკრულში, სადაც თვითონ მიექანებოდა. მიუხედავად ბევრი შეცდომისა, ქართულმა სახელმწიფომ მაინც შეძლო სიტუაციის ასე თუ ისე დარეგულირება, დროულად მოუსწრო ანტანტის მიერ ოსმალეთის დამარცხებამ. იმ მომენტში საქართველო გადაურჩა კატასტროფას.
პ.ს. 1918 წლის 11 ნოემბერს პირველი მსოფლიო ომი გერმანიისა და მისი მოკავშირე ოსმალეთის იმპერიის დამარცხებით დასრულდა. მალე ოსმალეთის იმპერიაც დაიშალა, რითაც ისარგებლა საქართველომ და ბათუმის და არტაანის ოლქები, ახალციხისა და ახლაქალაქის მაზრები დაიბრუნა.
შენიშვნები
1. გეგეჭკორის მთავრობა გადადგა და მინისტრთა თავმჯდომარის თანამდებობა აკაკი ჩხენკელმა დაიკავა.
2. ეს ის ლეგიონია, რომელმაც ბრძოლით გამოარღვია ოსმალთა ალყა და გამოვიდა ჩაქვიდან.
3. ესენი უყვნენ ძირითადად საქართველოში მცხოვრები გერმანელები, რომლებსაც სახელდახელოდ გამოუჩხრიკეს გერმანული ფორმები, რამდენიმე დღე ავარჯიშეს, რათა ესწავლათ მწყობრში სიარული და ისე გაუგზავნეს მაზნიაშვილს.
4. ამიერკავკასიის ჯარები შორდებოდნენ ორი კილომეტრით ფორტებს, თუ ოსმალთა ჯარები უახლოვდებოდნენ.
5. მანამდე განზრახული იყო ორი კვირის ვადის დაწესება.
დამოწმებანი
ერთობა 1918: გაზეთი ერთობა #16; 29; 31; 34; 44; 45; 48; 62;63; 65; 71; 72; 74; 76; 79; 80; 89; 91; 92; 96.
საქართველო 1918: გაზეთი საქართველო #54;67;
მაზნიაშვილი 1990: გ. მაზნიაშვილი, მოგონებები, ბათუმი, საბჭოთა აჭარა.
შარაძე 1992: გ. შარაძე. დაბრუნება ტ 3. თბილისი, მეცნიერება.
 
 

Комментариев нет:

Отправить комментарий