XII
საუკუნის ბოლოს საქართველოს სამეფო ჩაერია ადარბადაგანის ელდიგუზიანთა მმართველის ყიზილ-არსლანის მემკვიდრეობისათვის ატეხილ ბრძოლაში. 1195 წელს, შამქორთან, აბუ-ბაქრ ათაბაგის დამარცხების და განდევნის შემდეგ, ქართველთა სამხედრო ნაწილები ჩრდილოეთ სპარსეთის საზღვრებთან გამოჩნდნენ. მათმა აქტიურობამ გარკვეულწილად მიიპყრო ხორეზმელთა ყურადღება, რომლებიც იმ დროს, ასევე, პრეტენზიას აცხადებდნენ ადარბადაგანზე. როგორც შემდეგდროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, საქართველოსა და ხორეზმს შორის კონფლიქტმა ამ მიმართულებით საკმაოდ მწვავე ხასიათი მიიღო. ამ დაპირისპირების ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იყო ქართველთა ცნობილი ლაშქრობა ჩრდილოეთ სპარსეთში, რომელიც გასცდა ადარბადაგანის საზღვრებს და ხორასნის გარკვეული რეგიონებიც მოიცვა.1
ქართველთა ეს ლაშქრობა აისახა, როგორც ქართველ ისტორიკოსთა თხზულებებში, ისე უცხოელ ავტორთა შრომებშიც. მაგრამ მემატიანეები განსხვავებულად წარმოგვიდგენენ ამ ლაშქრობის მიზეზებს, მიზნებს და მის მიმდინარეობას. უნდა აღვნიშნოთ, რომ წყაროთა მონაცემები საკმაოდ წინააღმდეგობრივია.2
თამარის პირველი ისტორიკოსის თხზულების „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ და სომეხი მემატიანეების ვერსიით, ქართველთა გალაშქრება სპარსეთზე, არდაველის სულთნის წინააღმდეგ მოწყობილი სადამსჯელო აქციის გაგრძელება იყო. მემატიანის ცნობით, არდაველის სულთანმა აღდგომის დღესასწაულის დღეებში მოულოდნელად ააოხრა ქალაქი ანისი. იმ დროს, როდესაც ქალაქის პატრონები ზაქარია და ივანე მხარგრძელები გეგუთში თამარ მეფეს სტუმრობდნენ, სულთანი „წარმოვიდა და აღვლო რახსის პირი და უგრძნობლად მოვიდა ანისა. გზაგზა არავის ავნო და დიდსა შაბათსა მწუხრი მოვიდა ქალაქ ანისისასა. და ვითარ ცისკარი მოეახლა და ჰკრეს ძელსა და განახუნეს კარნი ქალაქისანი, მყის მიეტევნეს კარსა ქალაქისასა, შეუტევეს ცხენი, და ვერ მოასწრეს კარნი, და შევიდეს ქალაქად, იწყეს …ხოცად, კვლად, ტყუედ... ესრეთ ხელთ იგდეს ქალაქი, ერთი ბევრი და ორი ათასი კაცი ეკლესიათა შინა, ვითარ ცხვარი დაკლეს, თვინიერ მისსა, რომელი უბანთა და ფოლოცთა შინა მოიკლა. ესეოდენ მძვინვარედ მოაოხრეს ანისი, და სავსენი ტყვითა და ალაფითა მიიწივნეს შინა.“3
ქართველებმა საპასუხო ლაშქრობა მოაწყვეს არდაველზე, რომელიც ქალაქის აოხრებით და სულთნის დასჯით დამთავრდა. ქართველთა ჯარი ქალაქს მაშინ მიადგა, როდესაც „რომელ აიდი განთენდებოდა, რომელ არს აღვსება მათი, და მას ღამესა გარე მოადგეს არდაველსა. ვითარ ხმა-ყო ქადაგმან ბილწისა ქადაგებისა მათისამან და გახშირდა მუყრთა ყივილი, ყოვლითნიგ ცხენი შემოუტივეს მხარგრძელთა, შეუხდეს და უომრად ხელთ იგდეს ქალაქი... ხოლო სულტანი არდაველისა მოკლეს, ცოლნი და შვილნი მისნი ტყუე-ჰყვეს და წამოასხეს. ათორმეტი ათასი კაცი რჩეული მიძგითთა შინა მოკლეს, ვითარ მათ ყვეს ანისისა ეკლესიასა შინა.“4
არდაველის აღების ამბავი მოთხრობილი აქვთ სომეხ ისტორიკოსებს, ვარდანს და კირაკოზ განძაკელს. ვარდანი წერს, „659 (1210) წელს კალიამ ააოხრა მრავალი გავარი. ამ დროს დიდმა ზაქარიამ ააოხრა სპარსეთი ქალაქ არტავილამდე, შური იძია რა ქრისტიანთა სისხლისათვის. ამის გამო ბრძანა დაეწვათ ხალხით სავსე მათი სამლოცველო, მსხვერპლად შესწირა რა მთავრებს, რომლებიც ნახიჭევანის ეკლესიებში დაიღუპნენ. კურაიები და მუღრნი იმ წმ. მღვდლებს შესწირა, რომლებსაც ყელები დააჭრეს ბაგუანში და მათი სისხლით შეიღება ეკლესიის კედლები. ზაქარია დაბრუნდა ამ ხოცვა-ჟლეტიდან, აღსრულდა მართლმადიდებლური რწმენით და დასაფლავებულია წმ. სანაინის მონასტერში 661 (1212) წელს.“5
კირაკოს განძაკელს არდაველის დარბევის ამბავთან დამატებული აქვს ასევე, ქართველთა მიერ მარანდის აღების ამბავიც. „მრავალი გამარჯვების შემდეგ, რომელიც ჩაიდინეს დიდმა იშხანებმა ზაქარიამ და მისმა ძმამ ივანემ, ის (ზაქარია) დიდი ჯარით გაემართა მარანდისაკენ, აიღო იგი და გაანადგურა მისი მიმდებარე ოლქი, ხოლო შემდეგ ის წავიდა ქალაქ არდებილისაკენ, ასევ აიღო და დაარბია მის გარშემო არსებული მხარეები. ქალაქის ბევრმა მცხოვრებმა მურშების მოწოდებით სალოცავად თავი შეაფარა სამლოცველოს. ზაქარიამ უბრძანა მოეტანათ თივა და ჩალა, დაასხა მას ზეთი და ნავთი და წაუკიდა ცეცხლი. როდესაც ცეცხლი მოეკიდა სამლოცველოს ზაქარიამ თან დიაძახა, „ეს იმ იშხანებისა და იქ მცხოვრები სომხების სანაცვლოდ, რომლებიც ტაჯიკებმა დაწვეს ნახიჭევანში და ბაგავანში იმ დახოცილი მღვდლების სანაცვლოდ, რომლებიც დახოცეს და მათი სისხლით შეღებეს ეკლესიის კედლები, რომლებსაც დღესაც კი ატყვია გაშავებული ადგილები. თვითონ კი, როდესაც ბრუნდებოდა თავის ქვეყანაში, გზაში ავად გახდა. სხეულზე მას გამოაჩნდა მოურჩენელი წყლულები, რამაც მისი მთელი სხეული მოიცვა. და ამ მძიმე დაავადების გამო რამდენიმე დღის შემდეგ იგი გარდაიცვალა. ყველა ქრისტიანი მოიცვა მწუხარებამ. ის დაკრძალეს სანაინში, დიდ ეკლესიის შესასვლელში. მისმა სიკვდილმა დაამწუხრა ქართველთა მეფე გიორგი, ლაშას სახელწოდებით, შვილი სოსლანისა და თამარისი, შვილიშვილი დიდი მეფისა გიორგისი. ამ ამბავმა ასევე დაამწუხრა მისი ძმა ივანე და მთელი ქართველთა ლაშქარი.“6 სამწუხაროდ, კირაკოზ განძაკელს დათარიღებული არ აქვს ეს ამბავი.7
როგორც ვხედავთ, თამარის ისტორიკოსის ცნობით, არდაველის სულთანმა ააოხრა ანისი, მაგრამ სომეხი ისტორიკოსების ვარდანის და კირაკოზის ცნობით, სპარსელებს არა ანისი, არამედ ნახიჭევანი და ბაგავანის ეკლესია აუოხრებიათ.
თამარის ისტორიკოსის თხზულება მთავარი წყაროა ამ ამბებისა, მას დაწვრილებით აქვს მოთხრობილი არდაველზე და სპარსეთზე ლაშქრობის ამბები. ეს გასაკვირი არც არის, რადგან მისი თხზულება უშუალოდ თამარის მეფობას აღწერს. მაგრამ, თუ დავუკვირდებით სხვა წყაროთა მონაცემებს აღნიშნული მოვლენების შესახებ, განსხვავებული სურათი წარმოგვიდგება, რომელსაც ქართველი მემატიანე არ აღწერს, ან არ აქვს სრული და ზუსტი ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ „ისტორიანი და აზმანის“ ავტორმა, ქართველთა სპარსეთში გალაშქრების მთავარი მიზეზიც
...რით, როგორც ეს თამარის ისტორიკოსს აქვს აღნიშნული. წარმოუდგენელია, მონაპირეებს ასე უყურადღებოდ გაეტარებინათ მტერი და არ შეეტყობინებინათ მისი მოახლოება ქალაქის მეციხოვნეთათვის. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მემატიანე გადმოგვცემს, არდაველის სულთანმა გზად არავის ავნო და ამით არ მიიქცია ადგილობრივთა ყურადღება, შეუძლებელია, ქვეყნის სიღრმეში შემოსული უცხო სამხედრო რაზმები მხედველობის არედან გამორჩენოდა სასაზღვრო ნაწილებს. შეიძლება, მხარგრძელები, მართლაც არ იყვნენ იმ დროისათვის ანისში, მაგრამ პერმანენტული ომების პერიოდში წარმოუდგენელია მათ არ ეზრუნათ ქალაქის დაცვაზე, მითუმეტეს, რომ ანისის რეგიონი საქართველოს სამეფოს სამხრეთის საზღვართან, მტრის ხშირი თავდასხმების ზონაში იმყოფებოდა. ეს რეგიონი ებჯინებოდა ხლათის აიუბიანების ქვეყანას, რომელთანაც საქართველოს მუდმივი დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა. ამიტომ, საზღვრის ამ მონაკვეთის განსაკუთრებული კონტროლი, ქვეყნის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იყო.
რაც შეეხება, მტრის მოულოდნელ გამოჩენას ქალაქის გალავანთან, ეს შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ თავდამსხმელი მხარე ძალების კონცენტრაციას მოახდენდა ახლო მდებარე, მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ისარგებლებდა სიბნელით ან გარიჟრაჟით, რათა მოულოდნელად დასხმოდა თავს ქალაქის გალავანს. ანისის შემთხვევაში, ეს ფაქტიურად წარმოუდგენელი იყო, რადგან ქალაქთან მისასვლელად, მათ საზღვრიდან დაახლოებით 40-50 კილომეტრით მოუწევდათ მოწინააღმდეგის კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქვეყნის სიღრმეში შესვლა, რაც არ გამორჩებოდა სასაზღვრო დაცვას. წყაროებში, ციხე-ქალაქის მოულოდნელი, ერთი დარტყმით აღების ისტორიის მრავალი ფაქტი არსებობს. მსგავსი ამბავი გადმოცემული აქვს დავით აღმაშენებლის მემატიანეს, როცა 1110 წელს, ქართველებმა მოულოდნელი თავდასხმით აიღეს სამშვილდის გამაგრებული ციხე და ისტორიკოსი ამ გაბედულ რეიდს ქალაქის „სიმარჯვით მოპარვას“ უწოდებს, მაგრამ სამშვილდის ვითარება განსხვავებული იყო ანისისაგან. იმ დროისათვის,
ქართველების კონტროლირებადი ტერიტორიები ემიჯნებოდა სამშვილდის სანახებს და დავითის სარდლებმაც ისარგებლეს რა სტრატეგიული პოზიციით, მოახდინეს ძალების კონცენტრაცია ციხის გალავანთან ახლოს და მოულოდნელი თავდასხმით აიღეს სამშვილდე. „სიმარჯვით მოპარვა“ წარმოადგენს ციხეზე მოულოდნელი თავდასხმის ერთ-ერთ ხერხს, როცა მომხდური მხარე სწრაფ კონცენტრაციას ახდენს ციხის ახლოს, სარგებლობს ღამის სიბნელით და გარიჟრაჟზე სწრაფი რეიდით ახერხებს ალაყაფის კარებთან მისვლას და ციხეში შევარდნას. ასეთი სტრატეგიული პოზიციის დაკავება იმ დროისათვის ანისის მახლობლად, მომხდურ მხარეს არ შეეძლო, რადგან ქალაქი საზღვრიდან საკმაოდ შორს მდებარეობდა და რაც არ უნდა სწრაფი მარში განეხორციელებინა თავდამსხმელ მხარეს, მეციხოვნეებისათვის შეუმჩნეველი არ დარჩებოდა მტრის მოძრაობა ქვეყნის სიღრმეში, თუნდაც, იმ დღეს, ანისის გალავნის ალაყაფი აღდგომის დღესასწაულისათვის ღია ყოფილიყო.
უცნაურია ასევე, არდაველის პატრონები ქართველთა საპასუხო თავდასხმას მოუმზადებლები რომ შეხვდნენ. მემატიანის თქმით, ქართველები ქალაქს მაშინ მიადგნენ, როცა მუსლიმთა დღესასწაული: „აიდი გათენდებოდა, რომელ არს აღვსება მათი, და მას ღამესა გარე მოადგეს არდაველს. ვითარ ხმა-ყო ქადაგმან ბილწისა ქადაგებისა მათისამან და გახშირდა მუყრთა ყივილი, ყოვლგნით ცხენი შემოუტივეს მხარგრძელთა, შეუხდეს და უომრად ხელთ იგდეს ქალაქი“.9 როგორც წყაროდან ჩანს, ქართველებს ქალაქის აღებისას დიდი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. მართლაც, გასაკვირია, რატომ არ გამოიჩინეს სიფრთხილე ქალაქის პატრონებმა, როცა მოსალოდნელი იყო მტრის შემოსევა? თამარის ისტორიკოსის ცნობით, თამარმა მხარგრძელების რჩევით თავი მოუყარა მხოლოდ მესხთა, თორელთა, თმოგველთა, ჰერ-კახთა და სომხითართა მხედრობას. „ქართველნი არა წარიტანნეს, რათა არა აგრძნან არდაველს მყოფთა“. საქართველოს ჯარი შეიკრიბა ანისში და „გარდავლეს გელაქუნი და ჩავლეს ისპიანი გავიდეს ხუაფრიდის ხიდსა და მიმართეს არდაველს.“10 ისტორიკოსის ცნობით, ეს ღონისძიებები იმიტომ გატარდა, რომ მტრის მზვერავებს არ დაეფიქსირებინათ სრულიად ქართველთა რაზმების მოძრაობა ქვეყნის შიგნით.11 ამ ცნობებში კარგად ჩანს სპარსელთა მოლოდინი ქართველთა თავდასხმისა მათზე. არდაველის სულთანი ფხიზლად უნდა ყოფილიყო და უცნაურია, როგორ გამოეპარათ სპარსელებს ქართველთა ჯარების მოძრაობა. ნუთუ, ქართლის საერისთავოს სამხედრო რაზმების არ ყოფნა ისე მოადუნებდა მტრის ყურადღებას, რომ ვერ გაიგებდნენ, თუ რა მიზანი ჰქონდა ჯარების შეკრებას და მის მოძრაობას ადარბადაგანის მიმართულებით?
არდაველი საქართველოს საზღვრებს საკმაოდ დაშორებული იყო და თუ პირველ ხანებში არა, მოგვიანებით მაინც ხომ უნდა დაეფიქსირებინათ მტრის რაზმების სვლა ქალაქისაკენ. ქართველთა ჯარი ადარბადაგანში შევიდა „ხუაფრიდის ხიდსა“ (ხუდაფერინის ხიდის) გადასვლით, რომელიც არაქსზე მდებარეობდა. იმ დროისათვის, მდინარე არაქსის ნაპირები ჰყოფდა ქართველთა და ადარბადაგანის მმართველთა გავლენის სფეროებს.12 არაქსის ნაპირებიდან არდაველამდე საკმაოდ შორი მანძილი უნდა გაევლო ქართველთა მხედრობას.13 ამავე დროს, ვერავითარ დღესასწაულს ვერ უნდა მოედუნებინა ქალაქის მეციხოვნეთა ყურადღება. არდაველის აღების ისტორია ძალიან ჰგავს ანისის აღების ამბავს. თამარის ისტორიკოსის ცნობით, ორივე თავდასხმა რელიგიურ დღესასწაულს ემთხვევა, როცა ქალაქები ფაქტიურად უბრძოლველად ვარდება მტრის ხელში. მაგრამ, ამ ისტორიებში, ერთი რამ არის საინტერესო, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიქცია. ვარდანს და კირაკოზ განძაკელს არდაველის და მარანდის აღება გაერთიანებული აქვს ერთ ლაშქრობაში. მარანდი ქართველებმა აიღეს სპარსეთში დიდი ლაშქრობის დროს. ისტორიკოსს აღნიშნული აქვს, რომ მარანდის აღების შემდეგ ზაქარია მხარგრძელი გაემართა არდაველზე შურის საძიებლად. მართლაც, ხომ არ იყო არდაველზე თავდასხმა, იმ ცნობილი დიდი ლაშქრობის ნაწილი, რომელიც ქართველებმა მოაწყვეს ჩრდილოეთ სპარსეთში? ამ შემთხვევაში უფრო ლოგიკური ჩანს არდაველზე მოულოდნელი თავდასხმის ფაქტი, მარანდიდან მოულოდნელი რეიდი, ვიდრე შორეული საქართველოს საზღვრებიდან მოწყობილი თავდასხმა.
მართალია, არც მარანდი იყო ახლოს არდაველთან და არც მარანდზე მოწყობილი თავდასხმა უნდა გამოჰპარვოდათ არდაველის პატრონებს, მაგრამ, შესაძლოა, მარანდიდან ქართველთა მხოლოდ მარბიელი რაზმი გაიგზავნა და არა მთლიანი ლაშქარი. შეიძლება ქართველებმა ცრუ ხმებიც გაავრცელეს, რომ ლაშქარი მარანდიდან სხვა მიმართულებით აპირებდა რეიდის გაგრძელებას და ამან მოადუნა არდაველის მესვეურთა ყურადღება?! ლაშქრობის დროს ყალბი ხმების გავრცელება მტრის ყურადღების მოსადუნებლად მიღებული პრაქტიკა იყო. 1021 წელს, ბიზანტიის იმპერატორმა ბასილ II-მ, გიორგი I-ის წინააღმდეგ საბრძოლველად მზადებისას ცრუ ხმები გაავრცელა, რომ ასურეთში აპირებდა გალაშქრებას და სალაშქრო პროვიანტი განგებ ანტიოქიაში გააგზავნა, რათა მოედუნებინა ქართველთა სიფხიზლე, მაგრამ, მოულოდნელად, აღმოსავლეთში მოძრაობისას პირი ჩრდილოეთისაკენ იცვალა და საქართველოს საზღვრებს მოადგა, რაც ეფექტური სვლა იყო, რადგან გიორგი I სრულყოფილად მომზადებული ვერ შეხვდა ბიზანტიელთა შემოსევას და საბოლოოდ ამ შეტაკებაში მარცხი განიცადა. არადა, ბასილის თავდასხმა მოსალოდნელი იყო, რადგან გიორგი I-მა, ისარგებლა რა, ბიზანტიის იმპერატორის ბულგარელებთან ომით, დაიკავა ტაოს ის მიწები, რომლებიც დავით კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ სადაო გახდა საქართველოსა და ბიზანტიას შორის. ბასილ II ამ ფაქტით იმდენად განრისხებული იყო, რომ მოსალოდნელი იყო ბიზანტიელთა მწვავე რეაქცია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბიზანტიელებმა ამ კამპანიაში წარმატებას სწორედ ცრუ ხმების გავრცელებით მიაღწიეს.
ქართველებმაც იგივე მეთოდი ხომ არ გამოიყენეს არდაველზე ლაშქრობის წინ? ამ კონკრეტულ საკითხზე, ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდებია, რადგან წყაროები არ გვაძლევს თამამი დასკვნების გამოტანის საშუალებას, მაგრამ, საეჭვოდ გვეჩვენება ამ კონფლიქტის ისტორიის განვითარების თამარის მემატიანისეული რეკონსტრუქცია, რადგან მოსალოდნელი საფრთხეების დროს სრულ უყურადღებობას იჩენენ მოწინააღმდეგეები.14 თავის დროზე, ანისის მოულოდნელ აღებასთან დაკავშირებით, ეჭვი გამოთქვა ლ. ტუხაშვილმა. მისი აზრით, გაუგებარია, როგორ ვერ შენიშნეს ანისელებმა მტრის მოახლოება და ფიქრობს, რომ შეიძლება არდაველის სულთანი საქართველოს ყმადნაფიცი იყო და ამიტომ არ მიაქციეს ჯარის მოძრაობას ანისელებმა ყურადღება. ალბათ შენიშნეს არდაველის ლაშქარი, მაგრამ არ მიიჩნიეს მტრად.15 თუმცა, ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებთ, რადგან არდაველი მაშინ საქართველოს სამეფოსთან არავითარი ვალდებულებით არ იყო დაკავშირებული და მეორეც, მონაპირეებს წარმოუდგენელია ყურადღება არ მიექციათ უცხო რაზმების მოძრაობისათვის, თუნდაც მათი პატრონები ყმადნაფიცები ყოფილიყვნენ. ქვეყნის საზღვრები გადმოლახა არა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა, ან დესპანმა, არამედ მრავალრიცხოვანმა, სალაშქროდ გამართულმა ჯარმა. მონაპირეთა ფუნქციაც სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ გაეკონტროლებინათ ქვეყნის საზღვრები და სწრაფი რეაგირება მოეხდინათ მომავალ საფრთხეებზე. წყაროები არდაველის საქართველოსთან რაიმე ფორმით დამოკიდებულებაზე არაფერს გვეუბნებიან და თუ ასეთი დამოკიდებულება არსებობდა, მითუმეტეს წარმოუდგენელია ასეთი გამოხდომა ჩაედინათ ყმადნაფიცი ქალაქის მესვეურებს თავიანთი სიუზერენების მიმართ. მაგრამ, ჩვენი აზრით, საერთოდ საეჭვოა ანისის დარბევის ისტორია, რომელიც მოცემული აქვს თამარის ისტორიკოსს. სომეხი ისტორიკოსების ცნობები კი საყურადღებოა. უფრო სავარაუდოა, რომ ისინი მოულოდნელად, სწორედ ნახიჭევანთან გაჩნდნენ, რადგან ის რახსის პირას (არაქსთან), სახელმწიფო საზღვართან ახლოს მდებარეობდა.
თამარის ისტორიკოსიც, ქართველთა სპარსეთისაკენ მოძრაობის შესახებ ამბობს: „ჩავლეს პირი ნახჭევანისა და გავიდეს ჯუღას და რახსსა“. ამით იგი აღნიშნავს, რომ ქართველთა ჯარმა გადალახა ქვეყნის საზღვარი და სპარსეთში შევიდა.16 ვფიქრობთ, რომ არდაველის სულთანს უნდა დაერბია ჯერ ნახიჭევანი, შემდეგ _ ბაგავანი. იმ დროისათვის ნახიჭევანის მმართველი ქართველთა ყმადნაფიცი იყო.17 რაც შეეხება ბაგავანის ეკლესიას, რომელიც ასევე ლაშქრობის დროს ააოხრეს სპარსელებმა, ის ბაგრევანდის თემში მდებარეობდა, ვალაშკერტის მხარეში.18
როგორც ჩანს, სპარსელებს მოურბევიათ საქართველოს სასაზღვრო თემები და არა ქვეყნის შიდა რაიონები. ანისი საზღვართან ახლოს არ მდებარეობდა, მაშინდელ საქართველოს სამეფოს საზღვარს დაახლოებით 40-50 კილომეტრით იყო დაცილებული. მტრის მიზანს კი სწრაფი თავდასხმა და ასევე სწრაფად უკუქცევა წარმოადგენდა, რაც შესაძლებელი იქნებოდა ნახიჭევანზე და ბაგავანზე თავდასხმის შემთხვევაში. ანისზე ლაშქრობა კი მოულოდნელობის ეფექტს დაკარგავდა, რადგან სპარსელებს საკმაოდ დიდი მანძილი უნდა ევლოთ ქვეყნის შიგნით, რაც ქართველების ყურადღებას აუცილებლად მიიქცევდა. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიუხედავად მხარგრძელების ანისში არყოფნისა, წარმოუდგენელია, იქ რაიმე სერიოზული სამხედრო ძალა არ ყოფილიყო. რა გარანტია ჰქონდათ ქვეყნის სიღრმეში შემოჭრილ სპარსელებს, რომ ასე უპასუხოდ დაბრუნდებოდნენ თავიანთ ქვეყანაში?! ეს შესაძლებელი იქნებოდა სასაზღვრო თემების აოხრების შემთხვევაში. წარმოუდგენელია, ანისზე ყოფილიყო პირდაპირი თავდასხმა. არაქსის პირზე სვლით მტერს ანისამდე უცილობლად უნდა გაევლო ნახიჭევანი, დვინი, გარნისი, ამბერდი. ე. ი. სპარსელებს მოუწევდათ ამ ქალაქების ასაღებად ბრძოლა და თუ ასაღებად _ არა, ქართველთა კონტროლის ქვეშ მყოფ დასახლებულ პუნქტებს უბრძოლველად გვერდს მაინც ვერ აუვლიდნენ. ზემოთ ჩამოთვლილი ქალაქები იმ დროისათვის ან ყმადნაფიცობის პირობით იყო დაკავშირებული საქართველოს სამეფო კართან ან უშუალოდ შედიოდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში.
შეიძლება ისიც ვიფიქროთ, რომ მემატიანეებთან დაცული ეს ამბები რეალობაა და უბრალოდ მათ თხზულებებში მხოლოდ ცალკეული ქალაქების აღების ისტორია აისახა, რომ, შეიძლება, არდაველის სულთანს ამ ლაშქრობისას აეოხრებინა ნახიჭევანი, ანისი და ასევე დაელაშქრა ვალაშკერტის მხარეც, ბაგრევანდის თემი. რა თქმა უნდა, ეს ვარიანტიც დასაშვებია, რადგან წყაროებში ხშირად გვხვდება ისტორიები, რომლებიც ერთმანეთს ავსებს, მაგრამ საეჭვოა, რომ არდაველის მმართველს ასეთი მასშტაბური ლაშქრობა მოეწყო.19 ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა არა მოულოდნელი, მზაკვრული გამოხდომა, არამედ კარგად ორგანიზებული თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით. ასეთ სამხედრო რეიდს, დიდი სახსრები და ცოცხალი ძალის რესურსი სჭირდებოდა, რაც იმ დროისათვის არდაველის სულთანს საეჭვოა, რომ ჰქონოდა. მითუმეტეს, ქართველთა საპასუხო ლაშქრობის დროს კარგად გამოჩნდა მისი უმწეობა და უუნარობა საკუთარი ქალაქის დაცვისას.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ანისი მხარგრძელთა ხელისუფლების მთავარ ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა, ქვეყნის მთავარი სამხედრო პირების სამფლობელოს და წარმოუდგენელია, ის სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით კარგად გამაგრებული არ ყოფილიყო. რა თქმა უნდა, იმის თქმა არ გვინდა, რომ ნახიჭევანი და ბაგრევანდის მხარე ნაკლებად იყო დაცული, მაგრამ სასაზღვრო თემის აოხრება, ისეთი მცირე ქალაქისა, როგორიც იყო ნახიჭევანი, უფრო ადვილია. აღსანიშნავია, რომ ანისი ჯერ კიდევ X-XII საუკუნეებში სომეხთა მეფეების, შემდეგ _ სელჩუკთა ვასალი, ქურთული საგვარეულოს შედადიანების ხელისუფლების მთავარი ციტადელი იყო. წყაროების მიხედვით, ეს ქალაქი იმ პერიოდში თავისი მრავალრიცხოვანი მოსახლეობით, რეგიონის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენდა და საკმაოდ კარგად იყო გამაგრებული. ის ძველი ბრწყინვალება არც საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში უნდა დაეკარგა, მითუმეტეს, მხარგრძელები, როგორც ჩანს, გამოხატავდნენ ამ ქალაქის ძველი მფლობელების მემკვიდრეობაზე პრეტენზიას და ეს თვალსაზრისი წყაროებშიც (ძირითადად _ სომხურში) აისახა.20
მართალია, თამარის ისტორიკოსს აღნიშნული აქვს, რომ არდაველის სულთანი `წარმოვიდა და აღვლო რახსის პირი და უგრძნობლად მოვიდა ანისა~, მაგრამ თუ რეგიონის იმდროინდელ ისტორიულ-გეოგრაფიულ საზღვრებს ჩავუკვირდებით, წარმოუდგენელია, რომ მათ არაქსის პირზე სვლით, შეუნიღბავად ევლოთ და არ მიექციათ ქართველთა და ხლათელთა ყურადღება. არაქსის შიდა წელი გამყოფი ზოლი იყო საქართველოსა და ხლათის საზღვარს შორის. თუ არდაველის სულთნის ლაშქარი არაქსის პირით გვერდს აუვლიდა ნახიჭევანს და დვინის ოლქს, მაშინ მას უნდა ევლო ხლათის სულთნის სამფლობელოების გავლით და სურმარის მხარეში შემოსვლის შემდეგ ეცვალა გვერდი ჩრდილოეთისაკენ, გადმოელახა არაქსი და ისე შემოსულიყო ანისის საზღვრებში. ეს მარშრუტიც გარკვეული რისკის შემცველი იყო, რადგან, რა გარანტია ჰქონდა არდაველის მმართველს, რომ ხლათის სულთანი ისე გაატარებდა, რომ არ დააბრკოლებდა მის მოძრაობას?! მაშინ უნდა ყოფილიყო შეთანხმება ხლათელებთან, რომ მათ გზა მიეცათ მარბიელი რაზმებისათვის. ასეთი საქციელი ხლათელთა კონფლიქტში მონაწილეობას ნიშნავდა. ორივე შემთხვევაში, ანისის დასარბევად, არდაველის სულთანს მოუწევდა ამ ქვეყნების შიდა რაიონებში შესვლა, ეს კი, მის თავდასხმას მოულოდნელობის ეფექტს დაუკარგავდა.
კირაკოზ განძაკელი აღნიშნავს, რომ არდაველის სულთანმა ნახიჭევანის გარდა, ვალაშკერტის მხარეში ააოხრა ბაგავანის ეკლესია. სავარაუდოდ, ეკლესია ამ დროს მხარგრძელებს ეკუთვნოდა და ამიტომაც დაარბიეს სპარსელებმა.21 ეს ტერიტორია წლების განმავლობაში სადავო იყო ქართველებსა და ხლათელებს შორის. საინტერესოა, ვისი მფლობელობის ქვეშ არსებული მიწები დაარბია არდაველის სულთანმა, როდესაც მან ბაგავანის ეკლესია ააოხრა? თუ მისი ლაშქრობა წინ უსწრებდა საქართველო-ხლათს შორის დადებულ ზავს, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ტერიტორიები მანამდე ეკუთვნოდა საქართველოს სამეფოს, რომელსაც აკონტროლებდნენ მხარგრძელები, რაც სრულიად დასაშვებია, რადგან სპარსელები მოაოხრებდნენ ქართველთა ხელში არსებულ მიწებს. ე.ი. არდაველის და სპარსეთზე ლაშქრობის ამბები წინ უსწრებდა ხლათთან კონფლიქტს, რადგან 1210 წლის ზავის შედეგად ბაგავანის ეკლესია, რომელიც ბაგრევანდის თემში, ვალაშკერტის მხარეში მდებარეობდა, ხლათის მმართველების ხელში დარჩა. ეს ლაშქრობა რომ ამ ზავის შემდეგ მომხდარიყო, გამოდის, რომ სპარსელები მიდიოდნენ ორივე მხარესთან კონფლიქტზე, რადგან ნახიჭევანი ქართველთა ყმადნაფიცი იყო და ვალაშკერტის მხარე კი ხლათის აიუბიანებს ეკუთვნოდათ. სავარაუდოდ, სპარსელები ვერ გაბედავდნენ ხლათის ტერიტორიების დარბევას, მოერიდებოდნენ აიუბიანებთან კონფლიქტს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ქრისტიანული ეკლესია და თემი
დაარ
და არა აიუბიანებს. წყაროებში არსად ჩანს ხლათის და არდაველის მმართველების დაპირისპირება.22
ხლათისთვის ბრძოლაში საქართველოს სამეფო განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც აიუბიანებმა პრეტენზია განაცხადეს შაჰ-არმენების მემკვიდრეობაზე. ჯერ კიდევ 1204-1205 წლებში შაჰ-არმენ მუჰამად ბ. ბეგ-თიმურის დროს ქართველებმა დაიწყეს განუწყვეტელი თავდასხმები ხლათის ჩრდილოეთ ოლქებზე, რაც საბოლოოდ 1206-1207 წლების მიჯნაზე კარის (ყარსის) მხარის შემოერთებით დასრულდა. თუმცა, ქართველთა წინსვლას ვანის ტბის სანაპიროებისაკენ, როგორც გ. ჯაფარიძე ფიქრობს, ხელი შეუშალა 1207 წელს დავით სოსლანის სიკვდილმა. ამით ისარგებლეს აიუბიანებმა და დაეუფლნენ ხლათს.
1207-1208 წლებში, სალაჰ ად-დინის მემკვიდრის ალ-ადილის ძემ ალ-ავჰადმა დაიკავა ხლათი და გარკვეულწილად საფრთხე შეუქმნა ქართველთა პოზიციებს ჩრდილოეთ სომხეთში. აიუბიანები ცდილობდნენ ხორცი შეესხათ სალაჰ ად-დინის ექსპანსიონისტური გეგმებისათვის, რომელიც მიმართული იყო, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქრისტიანული ქვეყნების წინააღმდეგ.23
სამწუხაროდ, ქართული წყაროები უშუალოდ ამ კონფლიქტის და ზავის შესახებ არაფერს წერენ. თამარის ისტორიკოსს „ისტორიანი და აზმანის“ ავტორს გადმოცემული აქვს 1206 წელს, ქართველთა მიერ კარის (ყარსის) აღების ამბავი, რასაც გამოუწვევია რუმის სულთნის რუქნ ად-დინის რისხვა, რის გამოც მან გაილაშქრა საქართველოზე.24
თამარის მეორე ისტორიკოსს, ბასილი ეზოსმოძღვარსაც აქვს გადმოცემული კარის შემოერთების ისტორია, თუმცა ამ ამბავს იგი რუქნ ად-დინის დამარცხების შემდგომ მოგვითხრობს.25 როგორც ვხედავთ, ამ ფაქტს ქართველი მემატიანეები ხლათთან კონფლიქტის ჭრილში არ განიხილავენ. იბნ ალ-ასირი ქართველთა მიერ კარის აღების ამბავს, ჰიჯრით 603 (1206-07) წლით ათარიღებს,26 ასევე ათარიღებს ვარდანი სომხური ერით _ 655 (1206-1207) წლით.27
კარის აღების ისტორია რომ უშუალოდ იყო დაკავშირებული ხლათის აიუბიანებთან კონფლიქტთან, ჩანს იბნ ალ-ასირის გადმოცემით. მისი ცნობით, ჰიჯრით 603 (1206-07 წწ.) წელს ქართველთა მეფემ აიღო ყარსის ციხე, რომელიც ხლათის ოლქში მდებარეობდა. ქართველებს დიდი ხნის განმავლობაში ალყა ჰქონდათ შემორტყმული ციხისათვის და ავიწროებდნენ მას. ქართველები არბევდნენ მის მიმდებარე მხარეებს და უამრავ დავლა-ალაფს იღებდნენ. მიუხედავად ამ ვითარებისა, ხლათის პატრონთაგან მათ დახმარება არავინ არ გაუწია და არ შეუმსუბუქა მძიმე ხვედრი. ციხე-ქალაქის ამირა დახმარებას სთხოვდა ხლათის სულთანს, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ იგი დაუზავდა ქართველებს და ციხის ჩაბარების სანაცვლოდ დიდი რაოდენობის თანხა აიღო.28 კარის დაკავებით ქართველებმა მიიღეს სტრატეგიული პლაცდარმი კარნიფორის, ბასიანის, კეჩროლის მიმართულებით, რის შემდეგაც, ქართველებმა აიღეს კარნიფორის, ვანანდის და არაქსის პირის ციხეები.29
1207-1208 წლებში, აიუბიანების ხლათში გაბატონების შემდეგ, საქართველოსა და სალაჰ ად-დინის მემკვიდრეებს შორის კონფლიქტი კიდევ უფრო გაღრმავდა. ქართველები უკვე უშუალოდ ქალაქ ხლათის კედლებთან გამოჩნდნენ. აიუბიანების მმართველობას ხლათში სერიოზული საფრთხე შეექმნა, მაგრამ, როგორც ცნობილია, ხლათისათვის ბრძოლაში ქართველთა მრავალწლიანი წარმატებული ლაშქრობების სერია, ერთმა ფატალურმა შემთხვევამ ჩაშალა. ივანე მხარგრძელი ტყვედ ჩაუვარდა ხლათელებს მაშინ, როცა ქართველებს ალყა ჰქონდათ შემორტყმული ქალაქისათვის და მისი დამცველთათვის დახმარება არსაიდან ჩანდა. ამის შემდეგ აიუბიანებსა და საქართველოს შორის დაიდო 30 წლიანი ზავი, რომელმაც შეაჩერა ქართველთა წინსვლა სამხრეთის მიმართულებით.30
გ. ჯაფარიძის აზრით, ამ ზავით, ქართველებმა დათმეს არჭეში, მანასკერტი და სურმარი. ასევე დაკარგეს ვალაშკერტი, რომელშიც შედიოდა ბაგრევანდის თემი და ამ თემში მდებარე ბაგავანის ეკლესია.31
სავარაუდოდ, არდაველის სულთნის ლაშქრობა წინ უსწრებდა ამ ზავს. ამ შეთანხმებით, ვალაშკერტის მხარე, ბაგავანის ეკლესიით, ხლათის მხარეს გადაეცა და ეს თავდასხმა ამ ზავის შემდგომ რომ მომხდარიყო, სპარსელთა თავის ქვეყანაში გატარებით, ხლათის სულთანი გარკვეულწილად ამ ამბების მონაწილე ხდებოდა. წყაროებშიც არ ჩანს სპარსელთა და ხლათელთა საერთო სამხედრო კამპანია ქართველთა წინააღმდეგ. ამ საქციელს, ქართველები ზავის დარღვევად ჩათვლიდნენ და, რა თქმა უნდა, პასუხს მოსთხოვდნენ ხლათის მხარეს. წყაროები კი, ქართველთა მხრიდან ხლათის წინააღმდეგ რაიმე ღონისძიებაზე დუმან, რაც იმის დასტურია, რომ მხარეები ზავის პირობებს მტკიცედ იცავდნენ. 32
ჩანს, რომ არდაველის სულთანსა და ქართველებს შორის კონფლიქტი მოხდა 1210 წლამდე, მანამ, სანამ ეს ზავი დაიდებოდა. ამ საკითხის გარშემო საყურადღებო ცნობები აქვთ დაცული არაბ ავტორებს, იბნ ხალიქანს და იბნ ბატიშს, რომლებიც ქართველთა სპარსეთში ლაშქრობას 1205-1209 წლებით ათარიღებენ.33
ჩვენი აზრით, სპარსელების თავდასხმა მოხდა საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებზე. ანისზე ლაშქრობა რომ მოულოდნელი ყოფილიყო ქართველებისათვის, არდაველის სულთნის რაზმები უნდა შემოსულიყვნენ უშუალოდ სურმარის საამიროს მხრიდან. ამ მიმართულებით, მათ მოუწევდათ ხლათის სულთნის სამფლობელოებში შესვლა, კერძოდ, უნდა გაევლოთ ჯერ ბაგრევანდის თემი, მერე ეცვალათ მიმართულება ჩრდილოეთისაკენ და გაევლოთ სურმარი. ამის შემდეგ შემოვიდოდნენ ანისის ქვეყანაში. სავარაუდოდ, ასეთი მარშრუტი ექნებოდა გასავლელი არდაველის სულთნის მხედრობას, თუ ისინი ანისისკენ წამოვიდოდნენ. ამ შემთხვევაში, შეიძლება, მართლაც მოულოდნელი ყოფილიყო მტრის შემოსევა, რადგან სურმარის მხარე უშუალოდ ეკვროდა ანისის ქვეყანას. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ეს არ მოხდებოდა ხლათის სულთნის დასტურის გარეშე. ხლათის ტერიტორიებზე შემოსვლა რომ აეცილებინათ, მაშინ მათ არაქსის ნაპირებით უნდა გაევლოთ ნახიჭევანი, დვინი, გარნისი, გვერდი აევლოთ სურმარისათვის, ჩრდილოეთისაკენ ეცვალათ მიმართულება და ამბერდის გავლით მისულიყვნენ ანისთან. ეს კიდევ უფრო მიიქცევდა ქართველების ყურადღებას. ამ მიმართულებით წამოსული მტერი კარგა ხნის შემოჭრილი იქნებოდა საქართველოს სამეფოს საზღვრებში და ვერავითარ შემთხვევაში მოულოდნელად ვერ გაჩნდებოდა ანისის ალაყაფთან. ამიტომ, ჩვენ ეჭვი გვეპარება თამარის ისტორიკოსის, სპარსელების მიერ ანისის დარბევის ცნობის სისწორეში. ვფიქრობთ, რომ სომეხი ისტორიკოსების ცნობები, ნახჭევანის და ბაგრევანდის მხარეების დალაშქვრაზე, უფრო სანდოა. ნახიჭევანის და ვალაშკერტის მხარეებზე თავდასხმით მათ მოაოხრეს ქართველთა ხელში მყოფი ტერიტორიები. ამით სპარსელებმა, ჯერ ერთი, თავიდან აიცილეს აიუბიანების გამოწვევა, და მეორე, მოულოდნელი თავდასხმით მოარბიეს საზღვრისპირა რეგიონები და სწრაფად გაეცალნენ საქართველოს საზღვრებს.
შენიშვნები
1. ივ. ჯავახიშვილი სპარსეთზე ლაშქრობას 1210 წლით ათარიღებს. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წიგნი მეორე, თბ. 1965, გვ. 287. თ. ნატროშვილი და გ. ჯაფარიძე ირანზე ლაშქრობას 1209 წლით ათარიღებენ. თ. ნატროშვილი, გ. ჯაფარიძე, `ცდა ერთი თარიღის დადგენისა~, მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია. #1 თბ. 1974, გვ. 158; რ. მეტრეველის აზრით, ქართველთა ლაშქრობა ირანზე მოხდა 1210 წელს. ქართული დიპლომატიის ნარკვევები. ტ. I თბ. 1998, გვ. 341; რ. მეტრეველი, დავით აღმაშენებელი, მეფე თამარი, თბ. 2002, გვ. 594; ამ მოვლენას ნ. შენგელია 1210-1211 წლებით ათარიღებს. `საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი თამარის მეფობაში~, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. III თბ. 1979, გვ. 338; ლ. ტუხაშვილი კი 1206-1207 წლებით, ლ. ტუხაშვილი, ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან, წიგნი I, თბ. 1994, გვ. 195.
2. `ისტორ
3. `ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი~, გვ. 100-101.
4. იქვე, გვ. 102.
5. ვარდან არეველცი, მსოფლიო ისტორია, გვ. 157-158.
6. Киракос Гандзакеци, История, ст. 96-97.
7. Киракос Гандзакеци, История, ст. 264. შენიშვნებში და კომენტარებში, გამომცემელს, ტ. ტერ-გრიგორიანს აღნიშნული აქვს, რომ ზაქარიამ მარანდი ააოხრა 1210 წელს და არდაველი 1211 წელს. რომ, ზაქარია გარდაიცვალა მარანდის და არდებილის ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ, 1212-13 წლებში. ნახიჭევანში ქრისტიანების გაწყვეტის მსგავს ისტორიას ადგილი ჰქონდა არაბთა ბატონობის პერიოდში, VIII საუკუნის დასაწყისში. სომეხი ავტორების თხზულებებში გვხვდება ცნობები სწორედ ამ ამბების შესახებ. კირაკოზ განძაკელის ცნობით, ხალიფა აბდ ალ-მალიქის მმართველობის დროს, არაბებმა ნახიჭევანის ეკლესიებში ამოხოცეს სომეხი იშხანები. ამ ფაქტს ადასტურებენ ღევონდი, ვარდანი და მხითარ აირივანეცი. ისინი ამ ამბებს ათარიღებენ 701-706 წლებით. ვარდანს დაწვრილებით აქვს გადმოცემული ეს ისტორია. მისი თქმით, ხალიფა ვალიდმა 701 წელს უბრძანა თავის ნაცვალს მუჰამად ოქბაის, რომ გაენადგურებინა სომეხი იშხანები და ამით გაეძლიერებინა ისლამის გავლენა სომხეთის მხარეში. ხალიფას ნაცვალმა ამის ასრულება დაავალა ნახიჭევანის ემირს, ვინმე კამსას, რომელმაც მოტყუებით შეკრიბა ადგილობრივი დიდგვარიანები ქალაქის მთავარ ტაძარში და ეკლესიებში და იქ მყოფებს ცეცხლი წაუკიდა და ამობუგა. ტ. ტერ-გრიგორიანს აღნიშნული აქვს, რომ ზაქარიას ეს შურისძიება უკავშირდება არაბების მიერ 707 წელს არაბების მიერ ნახიჩევანის ეკლესიაში სომეხი ფეოდალების ამოწვას და ბაგავანის ეკლესიაში სომეხი მღვდლების გაწყვეტას. Киракос Гандзакеци, История, ст. 157. ასევე ფიქრობს ვარდანის ტექსტის გამომცემელი, ნ. ემინიც. Всеобщая История Вардана Великаго, перевод Н. Эминь, Москва, 1861, ст. 172; იხ. ასევე, История халифов вардапета Гевонда, писателя VIII в., пер. С армянского К. Патканова, СПБ, 1862. ჩვენი აზრით, საეჭვოა, რომ ზაქარიას, არდაველის სულთნის წინააღმდეგ მოწყობილი ლაშქრობა დაეკავშირებინა VIII საუკუნის დასაწყისში მომხდარ ამბებთან. მაინცდამაინც არდაველის სულთანს რატომ გადაუხადეს სამაგიერო, საუკუნეების წინ, არაბების მიერ მოწყობილი ბოროტების გამო? სპარსეთში ლაშქრობის დროს, ქართველებმა სხვა ქალაქებიც აიღეს, მაგრამ ამ ქალაქების მოსახლეობის დარბევის ფაქტები არ უკავშირდება
რაიმე შურისძიებას. ქართველთა შურისძიება უნდა უკავშირდებოდეს XIII საუკუნეში არდაველის სულთნის მიერ მოწყობილ ლაშქრობას.
9. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, გვ. 102.
10. იქვე, 102.
11. ივ. ჯავახიშვილი „ქართველნში“ გულისხმობს ქართლელებს. მისი აზრით, ქართლელები, რომ დაეძრათ, მათი მოძრაობა მტერს ვეღარ გამოეპარებოდა და ციხეებში შეიხიზნებოდა. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წიგნი მეორე, გვ. 283.
12. იმ დროისათვის, ადარბადაგანს ერთიანი ცენტრალიზებული ხელისუფლება არ ჰყავდა. 1191 წლიდან, ელდიგუზიანთა უკანასკნელი დიდი მმართველის ყიზილ-არსლანის სიკვდილის შემდეგ, მის მემკვიდრეობაზე პრეტენზიას აცხადებდნენ მისი შვილები და ნათესავები, რომელთა შორისაც დიდი ბრძოლა ატყდა. ამ ბრძოლაში ჩაერივნენ ხორეზმელები და, მოგვიანებით, ქართველებიც. აბუ-ბაქრ ათაბაგმა სცადა ადარბადაგანის გაერთიანება, მაგრამ ქართველებთან მარცხი განიცადა.
13. ხუდაფერინის ხიდიდან არდაველამდე მანძილი დაახლოებით 250-300 კილომერტი იყო.
14. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ უცხოელ ავტორებს ქართველთა სპარსეთზე გალაშქრების აღწერისას, ძირითადი ყურადღება გამახვილებული აქვთ მარანდის აღებაზე. როგორც ჩანს, მარანდის აღებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თანამედროვეებზე. გარდა სომეხი ავტორებისა, ამ ამბავს აგვიწერენ არაბი ისტორიკოსები, ალ-ჰუსაინი, იბნ ხალიქანი, იბნ ბატიში, იაკუთი. ამ საკითხზე იხ. იაკუთის ცნობები საქართველოს და კავკასიის შესახებ, ნაკვ. I, არაბული ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლით გამოსცა ე. სიხარულიძემ, თბ. 1964, გვ. 83. თ. ნატროშვილი, მაშრიყით მაღრიბამდე, თბ. 1991, გვ. 49-50; თ. ნატროშვილი, გ. ჯაფარიძე, „ცდა ერთი თარიღის დადგენისა“, თბ. 1974, გვ. 156-157; Зиа Буниятов, Государство Атабеков Азербайджана (1136-1225), ст. 59.
15. ლ. ტუხაშვილი, ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან, გვ. 193.
16. არეზი ნახჭევანითა და ჯუღით (ჯულფა) საქართველოს სახელმწიფოს სამხრეთ საზღვარს წარმოადგენდა. არეზის გადალახვა ნახჭევანთან და ჯუღასთან საქართველოს საზღვრებს გარეთ გასვლას ნიშნავდა. მ. ბერძნიშვილი, საქართველოს სახელმწიფოს საზღვრები XIII საუკუნის დამდეგს, კრბ. საქართველო რუსთაველის ხანაში, რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული, თბ. 1966, გვ. 58.
17. ნახიჭევანს ქართველები ყმადნაფიცობის პირობით ფლობდნენ. ეს დამოკიდებულება კარგად არის ასახული „ისტორიანი და აზმანის“ ავტორთან. რუქნ ად-დინის დამარცხების და განდევნის შემდეგ, მემატიანე ჩამოთვლის იმ ქალაქებს, რომლებიც ხარკს უხდიდნენ საქართველოს სამეფო კარს: „მოვიდიან ხარაჯითა განძელნი და აღმართ-ქალაქნი. გაზაფხულ აღმოვლიან სომხითი, მოიღონ ხარაჯა ნახჭევნელთა; და წარვიდიან კოლას, თავსა არტანისასა, და მუნით მოიღიან ხარაჯა კარნუქალაქით და ეზინკით და სხუათა გარემოსა ქალაქთა“, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, გვ. 99-100.
18. უნდა აღინიშნოს, რომ შირაკის მხარეში, ქალაქ ანისიდან სამხრეთით მდებარეობდა მცირე დასახლებული პუნქტები ნახჭავანი (ნახჭევანი) და ბაგარანი. იხ. საქართველოს ისტორიის ატლასი, დ. მუსხელიშვილის რედაქციით, თბ. 2003; მაგრამ სომეხ მემატიანეებთან საუბარია არაქსის პირას მდებარე ნახიჭევანზე და ბაგავანზე, რომელიც ვალაშკერტის თემში იყო. ვარდანს თავის თხზულებაში მოხსენიებული აქვს ბაგარანი, როგორც ანისის სომეხი მეფეების საძვალედ. რაც შეეხება ბაგუანს – ბაგავანს, მემატიანე იხსენიებს მისი ეკლესიის ისტორიის ერთ ფაქტს, მხარგრძელების მიერ არდაველზე შურისძიების სანაცვლოდ. ბაგავანის ეკლესიის წარწერაზე ზაქარია მხარგრძელის გარდაცვალების თარიღიცაა აღნიშნული _ 1210- 1211 წლები. ვარდან არეველცი, მსოფლიო ისტორია, გვ.111-112; ვარდანის და კირაკოზ განძაკელის ტექსტის კომენტარებშიც არ არის გამოთქმული ეჭვი, რომ არდაველის სულთანმა ააოხრა არაქსის პირის ნახიჭევანი და ვალაშკერტის მხარის ბაგავანი და არა შირაკის მხარეში არსებული პატარა დასახლებული პუნქტები. Киракос Гандзакеци, История, перевод с древнеар- мянского Т. Тер-Григорьяна Баку, 1946; Киракос Гандзакеци, История Армении, Перевод с древнеармянского, предисловие и комментарий Л. А. Ханларян, Москва, 1976.
19. სპარსეთზე ლაშქრობის ამბების აღწერისას, მემატიანეების ცნობებში გვხვდება მცირე განსხვავებები აღებული ქალაქების ჩამოთვლისას. თამარის ისტორიკოსი, რომელიც დაწვრილებით აგვიღწერს ქართველთა მიერ აღებული ქალაქების შესახებ, არაფერს ამბობს მარაღას აღების ისტორიაზე. იოანე ბატონიშვილი კი მოგვითხრობს, რომ ქართველების წინაშე, მორჩილების მიზნით, მიანელებთან და თავრიზელებთან ერთად გამოცხადნენ მარაღას მცხოვრებნი, რომლებმაც დიდი ძღვენი შეაძლიეს ქართველთა მხედრობას, რომ აეცილებინათ თავიანთი ქალაქის დარბევა. იოანე ბატონიშვილი, „ისტორია“, H-2134, 644რ-ვ, 645რ-ვ; მარაღა თავრიზის სამხრეთით მდებარეობდა და, სავარაუდოდ, მოსალოდნელი იყო ლაშქრობის დროს ქართველთა ჯარი ამ ქალაქის კედლებს მისდგომოდა. მოგვიანებით, ჯალალ ად-დინის ისტორიკოსის ან-ნასავის ცნობით, მარაღას მცხოვრებლებმა სთხოვეს ხორეზშაჰს, რომ დაეხსნა ქალაქი ქართველთა მძლავრობისაგან. Зия Буниятов, Государство Хорезмшахов Ануштегинидов, ст. 163; სავარაუდოდ, ეს ფაქტი მიუთითებს, რომ მარაღა დაიპყრეს ქართველებმა და ეს მოხდა სპარსეთში მათი ცნობილი ლაშქრობის დროს. მარაღა, რომ აიღეს ქართველებმა და ქალაქს ხარაჯა დაადეს, ადასტურებს თამარის მეორე ისტორიკოსი ბასილი ეზოსმოძღვარიც. მისი თქმით, ქართველებს ემორჩილებოდნენ სპარსელები: „ერაყამდის ქუემოთ მისგან დადებული ხარაჯა და ბაღდადის კერძ მარღამდის, და თვით იგი ხალიფა შეშინებული და მოაჯე კმა არს ქუე-ჯდომით მოქმედისაგან“. ბასილი ეზოსმოძღვარი, „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II, თბ. 1959, გვ. 124.
20. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ არ ვიზიარებთ სომხურ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულ მოსაზრებებს საქართველოს სამეფოში მხარგრძელთა ხელისუფლების რაიმე ფორმით სახელმწიფოებრიობის არსებობაზე. თუმცა, მათ მიერ ჩატარებულმა წარმატებულმა სამხედრო ოპერაციებმა, მიზეზი მისცა სომეხ მემატიანეებს მხარგრძელების ხელისუფლება განედიდებინათ. მითუმეტეს, სომეხ ისტორიკოსებსაც, გარკვეულწილად, ჰქონდათ განცდა მათში სომხური სახელმწიფოებრიობის მემკვიდრეობა დაენახათ. ასეთ შეხედულებებს თავისი მიზეზებიც ჰქონდა. მხარგრძელთა როლი საქართველოს სამეფო კარზე თამარის მეფობის ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა. მათი ხელმძღვანელობით ჩატარებულმა წარმატებულმა ლაშქრობებმა სახელი და დიდება მოუხვეჭეს საქართველოს სამეფოს ახლო აღმოსავლეთში და კავკასიაში. რიგ შემთხვევებში, ზაქარია და ივანე მხარგრძელები ხელისუფლების მხრიდან ნდობითაც სარგებლობდნენ მოწინააღმდეგე მხარესთან დიპლომატიური კონტაქტების დამყარების მხრივაც. გავიხსენოთ შაჰ-არმენთა სახელმწიფოს დედაქალაქის ხლათის ალყის ისტორია, როდესაც მხარგრძელებმა, ფაქტიურად დამოუკიდებლად, ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის გარეშე მოაგვარეს ურთიერთობა აიუბიანებთან. წყაროებში, ცენტრალური ხელისუფლების ჩარევა ამ საკითხში არ ჩანს. არადა ეს არ იყო ლოკალური კონფლიქტი, ან რაიმე მარბიელი ლაშქრობა დავლა-ალაფისათვის. ხლათის აიუბიანებთან ომს პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველოს სამეფოს ხლათის დაკავებით ვანის ტბის რეგიონის კონტროლის საშუალება ეძლეოდა, რომელიც, არა მარტო სტრატეგიული, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით, ქვეყანას სერიოზულ წარმატებებს მოუტანდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარგრძელები თვითონ აგვარებენ კონფლიქტს ხლათის მმართველთან. ივანე მხარგრძელი რომ გაეთავისუფლებინათ ტყვეობიდან, ქართული მხარე სერიოზულ დათმობებზე წავიდა. ამ ზავს, რომელიც დაიდო საქართველოს სამეფოსა და ხლათის აიუბიანებს შორის, საქართველოსთვის უარყოფითი შედეგები ჰქონდა. ქართველებმა შეწყვიტეს სამხრეთით, ვანის ტბის რეგიონის მიმართულებით, მრავალწლიანი შეტევები და ეს ყველაფერი ივანე მხარგრძელის დაუდევარი თუ უგუნური საქციელის ბრალი იყო. სამეფო ხელისუფლების მხრიდან კი, ამ საქციელის გამო ივანე მხარგრძელს პასუხი არ მოეკითხა. მეტიც, თამარმა ივანეს, ზაქარიას გარდაცვალების შემდეგ, ამირსპასალარობასთან ერთად ათაბაგობაც უბოძა. როგორც ჩანს, მხარგრძელთა როლი სამხედრო კამპანიებში და ხელისუფლებაში კიდევ უფრო გაიზარდა დავით სოსლანის გარდაცვალების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ დავით სოსლანი საქართველოს მეფის თამარის მეუღლე იყო და არა ქვეყნის მმართველი, მისი უშუალო მონაწილეობა სამხედრო კამპანიებში ხელისუფლების კონტროლის გამოხატულება იყო. ქართული და უცხოური წყაროები დავით სოსლანს ქართველთა მეფედაც მოიხსენიებენ. ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია თვალსაზრისი, რომ ამ ზავის შედეგად გაუმჯობესდა ქართველთა და ქრისტიანთა პირობები აიუბიანთა ქვეყნებში და კერძოდ, იერუსალიმში, მაგრამ ეს არ ფარავს იმ უარყოფით შედეგს, რაც ამ მარცხმა მოუტანა საქართველოს სამეფოს. გ. ჯაფარიძის დასკვნით, ხლათთან დადებული ოცდაათწლიანი ზავით ქართველებმა შეწყვიტეს ვანის ტბის მიმართულებით შეტევები და გაურკვეველი ვადით გადაიდო ახლოაღმოსავლური პოლიტიკის განხორციელების გეგმა. გ. ჯაფარიძე, საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო, გვ. 170-173.
22. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ვარდანი და კირაკოზ განძაკელი ჯერ ქართველთა და ხლათელთა კონფლიქტს აღწერენ (მათ ძირითადი ყურადღება აქ გამახვილებული აქვთ ივანე მხარგრძელის დატყვევების ამბავზე), ხოლო შემდეგ აქვთ გადმოცემული ქართველთა ლაშქრობის ამბები არდაველზე და ჩრდილოეთ სპარსეთზე.
23. გ. ჯაფარიძე, საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო, გვ. 159-163.
24. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, გვ. 92.
25. მემატიანის ცნობით, ქართველებს კარის ციხე თამარის მეფობის 23-ე თუ 24-ე წელს მომხდარა. კერძოდ, 1207-1208 წლებში. ბასილი ეზოსმოძღვარი, „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“, ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II, თბ. 1959, გვ. 143-144.
26. გ. ჯაფარიძე იბნ-ალ ასირის და ვარდანის ცნობებზე დაყრდნობით, კარის აღებას 1206 წლის დეკემბრით, ან 1207 წლის იანვრით ათარიღებს.გ. ჯაფარიძე, საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო, გვ. 162. ივ. ჯავახიშვილი კარის აღებას 1206 წლით ათარიღებს, ქართველი ერის ისტორია, წიგნი მეორე, გვ. 273.
27. ვარდან არეველცი, მსოფლიო ისტორია, გვ. 156.
28. გ. ჯაფარიძე, საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო, გვ. 162; Ибн _ ал – Асир, Тарих ~ ал ~ Камил (Полново свода истории), Материялы по истории Азербайджана (Баку 1940), ст. 131.
29. ლაშა გიორგის-დროინდელი მემატიანე, „ცხოვრება დიდისა მეფეთ-მეფისა თამარისი“, ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბ. 1955, გვ. 368.
30. გ. ჯაფარიძის აზრით, ეს ზავი 1210 წლის ოქტომბერში დაიდო და ძალაში შევიდა იმავე წლის დეკემბერში. მკვლევარი ეყრდნობა არაბ ავტორთა უმრავლესობას, რომლებიც ქართველთა ხლათზე ლაშქრობას 607 (1210) წლით ათარიღებენ. გ. ჯაფარიძე, საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო, გვ. 167-170. ივ. ჯავახიშვილი ამ ამბავს 1210-1211 წლებით ათარიღებს და ეყრდნობა აბულფიდას მიერ ივანეს დატყვევების დათარიღებას. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, გვ. 281-282. რ. მეტრეველი კი ამ ამბავს 1210 წლით ათარიღებს. რ. მეტრეველი, საქართველოს სახელმწიფო საერთაშორისო არენაზე XII საუკუნის მიწურულსა და XIII საუკუნის დამდეგს, კრებ. ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, ნაწ. I, თბ. 1998, გვ. 339.
31. გ. ჯაფარიძე, საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო, გვ. 171; თუმცა, ბ. სილაგაძე აღნიშნავს, რომ ამ ზავით ჩრდილოეთ სომხეთი მანასკერტამდე და ცახკანცის მთებამდე გაიწმინდა სელჩუკებისგან, კერძოდ, ანისის, ტაშირძორაგეთის და სიუნიკის ყოფილი სამეფოები საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შევიდა, ბ. სილაგაძე, XII-XIII სს. საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი იბნ ალ-ასირის ცნობათა შუქზე, გვ. 124.
32. გავიხსენოთ, მოგვიანებით, 1223 წელს, რუსუდანის მეფობაში, სურმარის პატრონისა და დვინის მფლობელის შალვა ახალციხელის დაპირისპირება, როცა ქართველი სარდალი ტყვედაც კი ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს. ამ ფაქტმა რუსუდანის მძაფრი რეაქცია გამოიწვია და ქართველთა მხარე დაემუქრა ხლათის სულთანს ალ-აშრაფს, რომ კონფლიქტის მოუგვარებლობის შემთხვევაში ომს განაახლებდა. ხლათის სულთანმაც გაითვალისწინა მოსალოდნელი გართულებები და დაუბრუნა ქართველებს ტყვეები.
33. ეს ავტორები გადმოგვცემენ ქართველების მიერ მარანდის დარბევის ფაქტს. იბნ ხალიქანი ამ ამბავს 1205 წ. 18 აგვისტო – 1207 წ. 27 ივლისით, ხოლო იბნ-ბატიში 1209 წ. 6 ივლისი – 1210 წლის 24 ივნისით ათარიღებს. გ. ჯაფარიძე მათ ცნობებზე დაყრდნობით ქართველების სპარსეთზე ლაშქრობას 1209 წლის შემოდგომით ათარიღებს.გ. ჯაფარიძე, თ. ნატროშვილი, ცდა ერთი თარიღის დადგენისა, ძიებანი, საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში, თბ. 2012, გვ. 188-200.
Комментариев нет:
Отправить комментарий