თამარ მეფის გარდაცვალებასთან დაკავშირებულმა ბოლო დროის გახშირებულმა პუბლიკაციებმა (მ. ქადაგიძე - 2001, გ. აბდალაძე - 2006, ც. ღვაბერიძე - 2009, შ. დარჩიაშვილი.
2010, მ. ბახტაძე, 2011, თ. კენკებაშვილი - 2011; გ. ჯაფარიძე -2012, მ. პატარიძე, ი. ფაღავა-2013) კვლავ დამაფიქრა იმ საკითხზე, რომელიც, როგორც ჩანს, მუდმივ პრობლემათა რიცხვს განეკუთვნება.
1966
წელს
გამოვიდა ბ. სილაგაძის ნაშრომი1, სადაც მკვლევარი იბნ ალ-ასირის ცნობაზე დაყრდნობით, თამარის გარდაცვალებას
1207 წლით ათარიღებდა. იმავე წელს ს. კაკაბაძის ნაშრომში2 გამეორდა მისივე ადრე გამოთქმული ვარაუდი3 თამარის 1207 წელს გარდაცვალების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ 1974 წელს გამოიცა თ. ნატროშვილის და გ. ჯაფარიძის საკმაოდ არგუმენტირებული სტატია, რომელშიც თამარის გარდაცვალება1210 წლით არის დათარიღებული, ამას იმავე 1974 წელს მოჰყვა ჯ. ოდიშელის ნაშრომი4, სადაც ყველა ადრე გამოცემული გამოკვლევის და ჩვენამდე მოღწეული წყაროს, მათ შორის, ნუმიზმატიკური მასალის გათვალისწინებით, ჩვენთვის საინტერესო თარიღად მიჩნეულია 1207 წელი. 1975 წელს შ. დარჩიაშვილმა სომხური ლაპიდარული წარწერების საფუძველზე გაიზიარა 1210 წელი5, რაც გამეორდა მის 2010 წელს გამოქვეყნებულნაშრომშიც6.
1981 წელს გამოქვეყნდა გ. ოთხმეზურის გამოკვლევა7, სადაც მკვლევარი გუნია-ყალას წარწერის განსხვავებული წაკითხვით და ინტერპრეტაციით საფუძველს აცლის თამარის პირველი ისტორიკოსის ცნობას იმის შესახებ, თითქოს თამარმა ივანე მხარგრძელს ათაბაგობაც და ამირსპასალარობაც ერთდროულად უბოძა, რის გამოც თამარის გარდაცვალების თარიღად მკვლევართა ნაწილი ზაქარია მხარგრძელის გარდაცვალების იმავე 1212 ან მომდევნო, 1213 წელს მიიჩნევს.8 თუმცა ლიტერატურაში შეთავაზებულია
12169 და 121510 წლებიც. გ. ოთხმეზურის წაკითხვით წარწერის ჩამონათვალში მსახურთუხუცესად ივანეს ნაცვლად ვაჩე იხსენიება, რაც, მისი აზრით, იმას ნიშნავს, რომ თამარის გარდაცვალების, მისი ვარაუდით, 1207 წელს, ამ სახელოს მფლობელი ვაჩეა, ხოლო ივანე ამ დროისთვის ათაბეგია. 11 თამარის ე.წ. მეორე ისტორიკოსის რუსული თარგმანის გამოცემის გამოკვლევაში
1207 წელი გაიზიარა მამისა ბერძნიშვილმა12.
დასაწყისში ჩამოთვლილი ნაშრომების დიდი ნაწილი თამარის გარდაცვალებას 1207 ან 1210 წელს აკუთვნებს, თუმცა წყაროები როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში, თითქმის იგივე რჩება. განსხვავებული დასკვნა გამომდინარეობს ამა თუ იმ წყაროს განსხვავებული ინტერპრეტაციიდან.
თამარის გარდაცვალების დასათარიღებლად გადამწყვეტია ნუმიზმატიკური მონაცემები, რომელიც არაერთმა მკვლევარმა შეისწავლა. ამიტომ, მე მოკლედ გავიმეორებ იმას, რაც შესაბამის გამოკვლევებში არაერთხელ ითქვა. მე-11 ს-დან ახლო აღმოსავლეთში არსებული „ვერცხლის კრიზისი“ საქართველოსაც შეეხო. ამ დროიდან ვერცხლის მონეტის ადგილი დაიკავა სპილენძმა. სპილენძის ფული ვერცხლის ფულად გამოცხადდა. ეს დიდი ფინანსური რეფორმა საქართველოში დავით IV აღმაშენებლის დროს განხორციელდა. გამოდის როგორც სწორი, აგრეთვე არასწორი ჭედვის სპილენძის მონეტები. „ვერცხლის კრიზისი“ საქართველოში რუსუდან მეფის ფულად რეფორმამდე გრძელდება. 1230 წელს მოიჭრა ვერცხლის ფული.13
მეფე თამარის მეფობის წლებში მისი სახელით იჭრება, როგორც სწორი, ასევე არასწორი ჭედვის სპილენძის საფასეები. მეფე გიორგის თანამმართველობის პერიოდში (1179-1184) მოიჭრა მონეტა, რომელზეც თარიღი არ არის მოთავსებული. მოხსენიებული არიან „მეფეთ-მეფე გიორგი“ და „მეფე და დედოფალი თამარი“. მონეტის იდენტიფიკაცია ლიტერატურაში განსხვავებულია.14
ქორონიკონით 407 (1187) მეფე თამარმა საკუთარი ფული მოჭრა. მონეტა არასწორი ფორმისაა. ამ სამონეტო ტიპის ნაწილზე ყოველგვარი დიზაინის ცვლილების გარეშე ქორონიკონი 430 (1210 წელი) იკითხება. მონეტები მოჭრილია ერთიდაიმავე სიქით. ამ საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ცნობილი ნუმიზმატის ე. პახომოვის დაკვირვება. მისი გამოკვლევით: მაჰმადიანურ სახელმწიფოებში ჩვეულებრივი მოვლენა იყო სიქებზე ახალი თარიღის გამოსახვა, მხოლოდ საფასის დიზაინის შეცვლისას.15 ნიშანდობლივია, რომ მეფე თამარის ქორონიკონი 407 (1187) და ქორონიკონი 430 (1210) წლებში გამოშვებული ფულის დიზაინი ერთი და იგივეა, უცვლელია. ეს წესი ნათლად აისახა თამარის ეპოქის ნუმიზმატიკურ ძეგლებზე: მეფე გიორგი III -ის 1174 წლის16, მეფე თამარის 1187 წლის, შემდეგ 1200 წ., გიორგი ლაშას „ჯავახთუფლის“ (მონეტაზე თარიღი არ არის მოთავსებული - სავარაუდოდ 1205-1207 წწ-შია გამოშვებული), შემდეგ 1210 წლის საფასეზე, მეფე რუსუდანის 1227 წლის და შემდეგ 1230 წელს გამოშვებულ ფულზე. ამ თარიღების მიხედვით მოჭრილი ფული განსხვავებული სამონეტო ტიპებია17. მონეტებზე მოთავსებული თარიღები არ ასახავენ მეფის ტახტზე ასვლის დროს. ეს მოვლენა დაკავშირებული უნდა იყოს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიახლეებთან. ზემოაღნიშნულმა თარიღებმა სამონეტო ტიპის დამტკიცების დრო აღნიშნა და არა მონეტის მოჭრისა და გამოშვების თარიღი.
თამარის მონეტის 1210 წლით დათარიღებაში თავის დროზე ეჭვი შეიტანა სარგის კაკაბაძემ, რომელიც პირველი იყო მათ შორის, ვინც თამარის გარდაცვალებაც 1207 წლით დაათარიღა, რასაც შემდეგ მიმდევრები გაუჩნდა. ცოტა ხნის უკან ც. ღვაბერიძემ შეისწავლა შესაბამისი მონეტები. მისი აზრით, „...ქორონიკონი 430= 1210 წელი, სიქაზე მექანიკურად დაშვებული შეცდომაა. კერძოდ კი ეს თარიღი 407 ქორონიკონის შემადგენელ ასონიშან z- ზენისა და l -ლასის გრაფიკული მოხაზულობის მსგავსების ნიადაგზე წარმოიშვა. ცნობილია, რომ ასომთავრულ ანბანში „ზენსა“ და „ლასს“მხოლოდ მარცხენა მხარეს ჩამოშვებული მცირე ვერტიკალური ხაზი განასხვავებს“18.
მკვლევარი ამ ვარაუდს კიდევ ერთ არგუმენტზე დაყრდნობით აკეთებს, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებში ინახება ზემოთ აღნიშნული (თამარის 1210 წლის) სამონეტო ტიპის ვარიანტი (3758, 4175), რომლის ზურგზე თარიღი აღბეჭდილია ჰიჯრით 583, რაც ქორონიკონით 407 ანუ 1187 წელს შეესაბამება19. თავის ეჭვს ც. ღვაბერიძე ამაგრებს სხვა დაკვირვებითაც, რომ „დამტკიცებული სამონეტო ტიპი ამა თუ იმ ქართველი მეფის მმართველობის მთელ მანძილზე იჭრება ერთი თარიღით. ასეა გიორგი III-ს, თამარის, გიორგი ლაშას და რუსუდანის დროს. როგორც ჩანს, ეს იყო საქართველოს სამეფო კარის მიერ დადგენილი წესი. უდავოა, იგი ძალაშია მეფე თამარის 407 ქორონიკონის - 1187 წლის სამონეტო ემისიის დროსაც“20.
ყურადღებას იქცევს ც. ღვაბერიძის მეორე მოსაზრება, რომელიც ეხება ქორონიკონ 420 (=1200) -ით დათარიღებულ სწორი ჭედვის მონეტას, რომელზედაც თამარის გარდა იხსენიება მისი მეუღლე დავითი (დავითი მონეტაზე მეფის ტიტულით არ აღინიშნება). აღნიშნული მონეტა „იჭრებოდა თამარის მმართველობის დასასრულამდე ამ თარიღით“,21 ანუ 1200 წლით. ავტორი მსჯელობს ახლო აღმოსავლეთის ვითარებაზე, სადაც XII ს-ის 90-იანი წლებიდან დამთავრდა ე.წ. „ვერცხლის კრიზისი“ და დაიწყო მაღალი სინჯისა და წონის (2,8-2,9 გრ.) დირჰემის გამოშვება. მისი აზრით, „1200 წლის ფულადი რეფორმა საქართველოში იყო დროის შესაბამისი პოლიტიკურ-ეკონომიკური ღონისძიება...“22ც. ღვაბერიძის მსჯელობით, ეს რეფორმა „გარკვეული მიზეზების გამო (სამწუხაროდ, არ არის დაზუსტებული, რა იყო ეს „გარკვეული მიზეზები“- გ. ალასანია) შეფერხდა გიორგი ლაშას (1210) და ჯალალ ად-დინის (1226) არასწორი ფორმის მონეტების ემისიის შედეგად. მაგრამ რუსუდან დედოფალმა 1227 წლის სამონეტო რეფორმით კვლავ განაახლა ეს ცვლილება.“ მკვლევრის დასკვნით, „შეუძლებელია მეფე თამარს 1187 წელს დაკანონებული სამონეტო ტიპი-არასწორი ჭედვის მონეტები, ყოველგვარი ცვლილებების გარეშე, ორი ათეული წლის შემდეგ განეახლებინა“ 23.
ნუმიზმატიკურ მონაცემებს ქვემოთ კვლავ დავუბრუნდებით. აქ კი ჯერ-ჯერობით გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ მონეტების ზედწერილებში ზოგიერთ შემთხვევაში მართლაც იყო დაშვებული შეცდომა, მაგალითად, 1227 წელს რუსუდანის წესიერად მოჭრილი სპილენძის მონეტა გვხვდება განსხვავებული დათარიღებითაც: ქორონიკონში მეორე ასო შებრუნებულია და თარიღში ქორონიკონი 447-1227-ის ნაცვლად არის ქორონიკონი 437 - 1217, როცა ტახტზე ამ დროს დანამდვილებით ლაშა გიორგია.24 ცნობილია ხელოსნების შეცდომის კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც 1210 წლით (ქორონიკონი 430) დათარიღებული მონეტის ავერსზე დატანილია თამარის ლეგენდა (ისეთი, როგორიც არის 1187 წლის თამარის მონეტებზე), ხოლო რევერსზე ლაშა გიორგის 1210 წლის ემისიის მონეტის რევერსი. 25გ. აბდალაძის აზრით, როგორც ჩანს, 1210 წელს ორივე მონეტა იჭრებოდა სახელმწიფო ზარაფხანაში და ხელოსნებმა სიქები აურიეს.26
თამარის გარდაცვალების თარიღის დასაზუსტებლად მნიშვნელოვანია კარის აღების, დავით სოსლანის გარდაცვალების და ირანში გალაშქრების დათარიღება, რაზედაც ლიტერატურაში, ისევე როგორც წყაროებში, აზრთა სხვადასხვაობაა. ყველა ქართული წყარო ყველა ამ ფაქტს არ იხსენიებს. წყაროების მონაცემების გათვალისწინებით ისე გამოდის, რომ ეს ფაქტები მოხდა თამარის სიცოცხლეში. თამარის ე.წ. პირველ ისტორიკოსთან კარის აღება გამოტოვებულია, ხოლო დავით სოსლანის გარდაცვალების შემდეგ გადმოცემულია არდებილის სულტნის ანისში შეჭრა, რასაც მოსდევს ქართველების თავდასხმა არდებილზე, შემდეგ კი ირანის სხვა ქალაქებზე: „აღვიდეს მარანდსა...ქალაქსა თავრეჟ,... მიანას... ზანგანს... ქალაქსა ხუარასნისასა და ყაზმინს... და უშინაგანესისა რომგურისა მიმართ მიიწივნეს, რომელ არს ხუარასანი... თვით მეფეთა მზისა და მზეთაცა მზისათვის წარმოგზავნეს თუალნი დიდ ფასისანი... მოვიდეს ტფილისს მეფეს წინაშე. მხიარულ იქმნა მეფეთა მეფე“27.
თამარის ე.წ. მეორე ისტორიკოსი მხოლოდ კარის აღებაზე მოგვითხრობს: „ოცდამესამესა გინათუ მეოთხედ, აღმავლობასა მეფობისა მისისა წელიწადსა“28.
ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე ამ ფაქტებს ასევე თამარის მონაკვეთში ათავსებს. თამარის პირველი ისტორიკოსისაგან განსხვავებით აქ გადმოცემულია ქართველთაგან კარის აღების ამბავი, რასაც მოსდევს ცნობა დავით სოსლანზე, რის შემდეგაც წყაროს მიხედვით „დალეწნეს სპარსეთისა ქალაქნი, და მარანდი ამოსწყ¢დეს და ერანის ქუეყანა. ესდენად სიშორესა შინა მივიდენ, რომელ არცათუ სახელი ქართველობისა ისმოდა“. იგივე მემატიანე ლაშა გიორგის, თამარის ძის მონაკვეთში კვლავ უბრუნდება ამ ფაქტებს და გადმოგვცემს: „მშობელმან მათმან (ე.ი. გიორგი ლაშასამან - გ. ალასანია) დიდმან თამარ მეფეთ-მეფემან გაალაშქრებინა (ზაქარია მხარგრძელს- გ.ალასანია) მისსა ბედსა ზედა და აიღო კარი, შემდგომად გაილაშქრა, წარვიდა და შევიდა დიდსა სპარსეთს, გატეხა არდაველი, დალეწნა ციხე-ქალაქნი და აღავსო სამეფო ალაფითა“29.
ვახუშტი ბაგრატიონთან ინფორმაცია კარის აღებაზე აშკარად თამარის მეორე ისტორიკოსისაგან მომდინარეობს, თუმცა იქ გამოტოვებულია „ოცდამესამესა“ და მხოლოდ ოცდამეოთხეა დატოვებული, შემდეგ იხსენიება სოსლანის გარდაცვალება, რაც 1199 წლით არის დათარიღებული, ანისის და არდაველის ამბები, რასაც მოსდევს ირანს ლაშქრობა ზაქარიასი, დაბოლოს თამარის გარდაცვალება 1201 წელს30.
იმის გამო, რომ ყველა აქ ჩამოთვლილი ფაქტი წყაროებში ან საერთოდ არ არის დათარიღებული, ან დათარიღებულია განსხვავებულად, მათი თარიღების დაზუსტება დღემდე გრძელდება სამეცნიერო ლიტერატურაში. ივანე ჯავახიშვილი ქართული წყაროების არდებილზე და შემდგომ ირანის სხვა ქალაქებზე თავდასხმაზე ზემოაღნიშნული ცნობის ანალიზისას იმოწმებს მე-13 საუკუნის სომეხ ისტორიკოსს ვარდანს, რომელიც ამ ფაქტების თარიღად 2010 წელს მიიჩნევს, სომეხი მემატიანის კირაკოს განძაკელის უთარიღო ცნობას და არაბ ისტორიკოსს იბნ ხალიკანს, რომელიც ამ ამბებს ჰიჯრით 602-603 წ., ანუ 1206-1207 წ. მიაწერს. მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ იბნ ხალიკანს „თვით ცნობა ამ ლაშქრობის შესახებ ...მემატიანე იბნ ბატიშის თხზულებიდან ჰქონია ამოღებული, რომელიც, თავის მხრივ, თარიღად 606 წელს ჰიჯრით ანუ 1209-1210წ.ქ.შ. სთვლის“, მკვლევარი არ გამორიცხავს, რომ ვარდანს, კირაკოზს და იბნ-ხალიკანს ორი ლაშქრობა უნდა ჰქონდეთ გაერთიანებული, პირველი, არდაველის, 1207-8 წ., ხოლო მეორე, რომლის დროსაც ქართველებმა რომ-გურამდე მიაღწიეს, 1210 წელს31.
ეჭვი შეიტანეს იბნ ხალიკანის დათარიღებაში თ. ნატროშვილმა და გ. ჯაფარიძემ, რომლებმაც იბნ ბატიშის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მარანდის აღება 606 (1209- 1210) წელს მოხდა, უფრო სარწმუნოდ მიიჩნიეს32. აღნიშნულ ცნობაზე დაყრდნობით, მკვლევარებმა ლაშქრობა ირანში 1209 წლის შემოდგომით დაათარიღეს33.
აღსანიშნავია, რომ ქართველთა ძლევამოსილ ლაშქრობას ირანში აღარ შეხებია თავის ფუნდამენტურ გამოკვლევაში გ. ჯაფარიძე34, ხოლო იმ დროს, როცა გამოქვეყნდა თ. ნატროშვილის და გ. ჯაფარიძის გამოკვლევა „ცდა ერთი თარიღის დადგენისა“, ჯერ არ არსებობდა რ. კიკნაძის ნაშრომი35 „ფარსადან გორგიჯანიძე და „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, რომელშიც წარმოდგენილია ერთი ფრიად საყურადღებო დაკვირვება თამარის ე.წ. პირველი ისტორიკოსის ინფორმაციაზე, რაც არსებითად ცვლის ვითარებას. მიუხედავად ამისა, ის დაუმსახურებლად მიეცა დავიწყებას. საქმე ეხება მუსლიმების თავდასხმას ანისზე აღდგომის წინა მარხვის დროს და ქართველების საპასუხო გალაშქრებას არდაველზე. რ. კიკნაძეს მოცემული აქვს აღდგომისა და „აიდის“ დღეები და რამაზანის დასაწყისის ცხრილი 1205-1210 წლებში და, როგორც ირკვევა, მხოლოდ ორ შემთხვევაში, 1205 (ჰიჯრით 601, 10 აპრილი, 22 აპრილი) და 1206 (ჰ.602 2 აპრილი 11 აპრილი) წლებში უსწრებს აღდგომა რამაზანს. მოტანილ ცნობაზე დაყრდნობით, რ. კიკნაძემ საძიებელი თარიღი 1205 წლით დაათარიღა, რაც ლოგიკური ჩანს, ე.ი. დასტურდება არაბი ავტორის იბნ ალ-ასირის ცნობა აზერბაიჯანის მხრიდან ქართველების ისლამის ქვეყანაში შეჭრის შესახებ 601 (1204/5) წელს36. რ. კიკნაძის საკმაოდ არგუმენტირებული ვარაუდით, „არდებილის სულტანს 1205 წლის 10 აპრილს, აღდგომა დღეს, აუოხრებია ანისი. ეს ამბავი თამარს ერთი კვირის შემდეგ, 17 აპრილს, აცნობეს გეგუთში. ხუთი დღის შემდეგ, 22 აპრილს, დადგა მუსლიმთა 30 დღიანი მარხვა- რამაზანი, მისი დასრულების შემდეგ კი, იმავე წლის 22 მაისს (ჰიჯრის 601 წ. შავალის თვის პირველ რიცხვში), გახსნილების დღესასწაულზე ანუ „აიდის“ დღეს, ქართველთა ლაშქარმა არდებილი დაარბია“37. რაც შეეხება შემდგომ ფაქტებს, კვლავ თამარის პირველი ისტორიკოსის თანახმად, თამარის წინადადებით, „ელაშქრათ ერაყს, რომგურსა ზედა, რომელ არს ხუარასანი“, მიმართეს მხარგრძელებმა, რომელთაგანაც ერთი იყო ამირსპასალარი ზაქარია, ხოლო მეორე - მსახურთუხუცესი ივანე. ასევე იხსენიებიან ეს პირები ამავე მემატიანესთან უფრო ადრე, არდებილის სულტნის მიერ ანისის დარბევის დროსაც38 (1205 წლის 10 აპრილს).
გ. ოთხმეზურის ვარაუდით, რომელმაც შეისწავლა გუნია-ყალას წარწერა, ივანემ ათაბაგობა და ამირსპასალარობა სხვადასხვა დროს მიიღო: პირველი, თამარის სიცოცხლეში, ამირსპასალარობა კი უკვე მისი ძმის, ზაქარიას, გარდაცვალების შემდეგ, ხოლო მანამდე ის მსახურთუხუცესი იყო და სწორედ ამ თანამდებობაზე შეცვალა იგი ვაჩემ39.
შ. დარჩიაშვილი განიხილავს სომხური მინაწერების ცნობებს, საიდანაც დანამდვილებით ჩანს, რომ ლაშა გიორგის კურთხევა 1210 წელს მოხდა (ჰაღბატის 1210 წლის წარწერა)40 და რომ ამ წელს თამარი ცოცხალი აღარ არის, ასევე ის, რომ 1210/11 წწ ში ლაშა ერთპიროვნული მეფეა, თუმცა მის მიმართ არ იგრძნობა ის პატივისცემა, რაც თამარისადმი მიმართულ წარწერებშია. შ. დარჩიაშვილი ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ თამარ მეფე წარწერებში იხსენიება ეპითეტებით: „დიდი“, „კეთილმსახური“, „ღმრთივკურთხეული“, „დედოფალთ დედოფალი“, ზაქარია მხარგრძელი მას უწოდებს „უფალს“, საკუთარ თავს კი „მონას“. ბაგავანის 1210/11 წლის წარწერაში ზაქარია ამირსპასალარი გვატყობინებს: „ალაშას მეფობაში, კეთილმოქმედ ღმრთის იმედით მე, ამირსპასალარი ზაქარია მოვედი ხლათიდან ბაგავანის წმიდა ძმობაში...“, ე.ი. ხლათის წარუმატებელი კამპანიის შემდგომ41. აქ ნახსენები ჰაღბატის 1210 წლის წარწერა არ მიაჩნდა სანდოდ ი. ჯავახიშვილს. წარწერის ცნობით ის ამოკვეთილია ლაშა გიორგის მეფედ კურთხევის წელს, ხოლო ზაქარია მხარგრძელი აქ მეფეს და არა მეფეებს იხსენიებს.42 მკვლევრის ვარაუდით, აქ ლაშას მეორედ კურთხევა და მისი ერთმეფობის დასაწყისი უნდა ვიგულისხმოთ. შ. დარჩიაშვილის ნაშრომში დამოწმებულია 1206 წლის მარმეტის წარწერა, ამოჭრილი „მეფობასა ლაშასა“43, რომელსაც ასევე არ ენდობოდა ი. ჯავახიშვილი. შემოთავაზებულია ჰაღბატის 1221 წლის წარწერის ანალიზი, რომლის თანახმადაც ჰაღბატის წმინდა ეპისკოპოსად 1205 წელს დანიშნული ჰოჰანესი, როგორც ამ ფაქტს მკვლევართა დიდი ნაწილი ათარიღებს (მცირე ნაწილი კი 1208 წლით), თამარს და გიორგი-ლაშას თანამეფეებად მიიჩნევს. შ. დარჩიაშვილის დასაბუთებული აზრით, აღნიშნული წყაროები ეჭვქვეშ აყენებს დავით სოსლანის გარდაცვალების სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებულ თარიღს - 1207 წელს. ავტორი აგრძელებს მსჯელობას დავით სოსლანის გარდაცვალებაზე. შ. დარჩიაშვილი ეწინააღმდეგება ი. ჯავახიშვილის ვარაუდს იმის შესახებ, რომ ბასიანის ბრძოლა 1206 წელს მოხდა, ხოლო დავით სოსლანი 1207 წელს გარდაიცვალა, იგი იხსენიებს ბასიანის ბრძოლის თარიღს, თუმცა რატომღაც 1202-3 წელს, თუმცა ეს თარიღია 1202 წელი, რაც სრულიად ზუსტად არის დადგენილი და გაზიარებული სამეცნიერო ლიტერატურაში. ითვალისწინებს რა თამარის ე.წ. პირველი მემატიანის ცნობას, რომ დავით სოსლანი ბასიანის ახლო ხანში გარდაიცვალა, მკვლევარი არ მიდის შორს მის მიერ უარყოფილი 1207 წლიდან და დავითის გარდაცვალებას 1205-6 წლით ათარიღებს, რის შემდეგაც, მისი აზრით, დაიწყებოდა ლაშა გიორგის თანამესაყდრეობა. აქვე ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ მისსავე ნაშრომში მოტანილი მასალით, ეს თარიღი უნდა იყოს ან 1205, ან 1208, უფრო კი პირველი.
დავით სოსლანის გარდაცვალების თარიღს შეეხო მ. ბულია ნაშრომში „ისტორიულ პირთა გამოსახულებები „ნათლისმცემლის“ მონასტრის საკრებულო ტაძარში“. თამარის, დავითის და ლაშა გიორგის გამოსახულების ანალიზის საფუძველზე, ექვთიმე თაყაიშვილის დაკვირვებაზე დაყრდნობით, მკვლევარი მიიჩნევს, რომ ფრესკაზე გიორგი ლაშას კურთხევის სცენაა წარმოდგენილი 13 წლის ასაკში, რასაც 1205-6 წწ. ათარიღებს. შემდეგ ავტორი კატეგორიულად აცხადებს, რომ „ტაძრის მოხატულობაში დავით სოსლანი უდავოდ ცოცხლად არის გამოსახული,“ რაც, მისი აზრით, „დამატებითი არგუმენტია იმ მეცნიერთათვის, რომლებსაც სოსლანის გარდაცვალების თარიღად 1207 წ. აქვთ დადგენილი“. აქვე ავტორი ასაბუთებს, თუ რატომ გახდა აუცილებელი დავითის სიცოცხლეში ლაშას კურთხევა. 44
როგორც აღვნიშნეთ, საკითხის გასარკვევად საინტერესო მონაცემებია მოტანილი სომხური წარწერებიდან, გარდა ზემოთ ნახსენები შ. დარჩიაშვილის გამოკვლევებისა, გ. აბდალაძის ნაშრომებშიც.45 რ. კიკნაძის დასაბუთებული ვარაუდით, რომელიც ემყარება ფარსადან გორგიჯანიძის და ვახუშტის მონაცემებს, დავით სოსლანი 1205 წელს უნდა გარდაცვლილიყო, არდებილის სულტნის მიერ ანისზე თავდასხმამდე - რასაც, რ. კიკნაძის არგუმენტირებული დასაბუთებით ადგილი ჰქონდა 1205 წლის 10 აპრილს46.
იბნ ალ-ასირის ცნობით, ქართველებმა კარი აიღეს 603 (1206/7) წელს, მაგრამ კარისათვის ბრძოლა წლების მანძილზე გრძელდებოდა და რომ მას შემდეგ, რაც მის მფლობელებს არავინ აღმოუჩინა დახმარება ქართველების წინააღმდეგ, ისინი ჩაბარდნენ. ამას სავსებით ეთანხმება „აფხაზთ ქრონიკა“, რომლის მიხედვითაც, „ქორონიკონსა უკზ (427- 1207) დასაბამითგან ხყია (6811-1207) ამას წელსა კარი აიღ(ეს) და თამარ დედ-ფალი გარდაიცვალა. მაშინ ძე მისი ლაშა თორმეტი წლისა იყო, ლაშქრის პირველსა გალაშქრებასა“47. აღნიშნული წყაროს თანახმად, ალბათ, დაახლოებით, 1205 წელს მოეწყო ლაშქრობა ყარსისაკენ. ამ წელს „გიორგი ლაშამ დაიდგა გვირგვინი მეფობისა და პირველად კარს შემოადგა თამარის ჯარი“, „მაშინ ძე მისი (თამარისი) ლაშა თორმეტის წლისა იყო“ („აფხაზთ ქრონიკა“)48. ყარსის ხანგრძლივ, რამდენიმეწლიან ალყაზე მოგვითხრობს მე-13 ს-ნის სპარსელი ანონიმიც 49.
თამარის მეორე ისტორიკოსის გადმოცემით, მეფობის 23 თუ 24 წელს თამარმა იკითხა კარის ამბავი, „რამეთუ მრავლით ჟამითგან ჰბრძოდეს სარგის თმოგუელი, შალვა თორელი და მესხნი, გარნა ვერარაი ღონე ქმნეს აღებისა... ამისთვის განიზრახა კეთილი(თ)ა გონებითა და წარავლინა დავით ზემოთ ლაშქრითა. წაატანა ზაქარია და ივანე, და უბრძანა, რათა დადგენ მუნ და ძლიერად ეომონ. და ხანგრძლივად იქმნა ესე, და თვით თამარ დადგა ჯავახეთს, და მუნ მოელოდა ამბავსა მათსა“50. ბრძოლის დასასრულს ნათქვამია, რომ „დაშთომილთა მათ ითხოვეს დავითისაგან, რათა თვით თამარ მივიდეს და მას მიენდვნენ... იგი მივიდა და მოიხუნეს ციხოვანთა მათ კლიტენი წინაშე ძისა მისისა გიორგისა და მერმე თამარის წინაშე და ითხოვეს მშვიდობასა და ფიცსა“... 51ლაშაგიორგის დროინდელი მემატიანე ლაშას მონაკვეთში აღნიშნავს, რომ „მშობელმან მათმან დიდმან თამარ მეფეთ-მეფემან გაალაშქრებინა მისსა ბედსა ზედა და აიღო კარი“. აქ დავითი არ იხსენიება, თუმცა თამარის მონაკვეთში, იმ ჩამონათვალში, რომლის შესახებაც ნათქვამია, რომ „ამათ ყოველთა განმარჯუებათა და ნაქმართა თანადამხუდარი“ იყო თამარის ქმარი დავითიო, კარიც არის ნახსენები52. როგორც ჩანს, კარისათვის ბრძოლაში მართლაც მონაწილეობდა დავით სოსლანი, რომელიც, თუმცა, სავარაუდოდ, ვერ მოესწრო მის აღებას. წყაროების მონაცემების შედარებითი შესწავლით, გ. ჯაფარიძე მივიდა დასკვნამდე, რომ ყარსის ციხე ქართველებმა დაიკავეს 1206 წ. დეკემბერში, ანდა 1207 წ. იანვარში 53.იბნ ალ-ასირის გადმოცემით, რაც მოსდევს ყარსის ქართველების ხელში გადასვლას, მუსლიმები შიშით ელოდნენ ქართველების შემდგომ აქტიურობას, მაგრამ „ღმერთმა ისლამის დამცველები დაიცვა, მოუვლინა ქურჯთა დედოფალს სიკვდილი, რის შემდეგაც დაიწყო განხეთქილება მათ შორის და წლის ბოლომდე შეწყვიტა მათი ბოროტება“54. მიუხედავად იმისა, რომ იბნ ალ-ასირის ზემოთ მოტანილ ცნობაში მკაფიოდ წერია დედოფალი და არა მეფე, არაერთმა მკვლევარმა ეს ფაქტი დავით სოსლანს დაუკავშირა. როგორც აღვნიშნეთ, ჩვენამდე მოღწეული წყაროები ამ ვარაუდს არ ადასტურებს და მხარს უჭერს დავითის გარდაცვალებას 1205 წელს.
არაერთი ნაშრომის გამოქვეყნების მიუხედავად, თამარის გარდაცვალების საკითხი კვლავ იქცევს ყურადღებას და სახელმძღვანელოებშიც ამ ფაქტის განსხვავებული თარიღებია მითითებული. სამწუხაროდ, ჩვენამდე მოღწეული წყაროების ყველა მონაცემი, თავის მხრივ, მოითხოვს დათარიღებას. ლიტერატურაში გამოთქმულია სხვადასხვა ვარაუდი ზემოხსენებულ ნათლისმცემლის მონასტრის ფრესკაზე: რომ ამ შემთხვევაში ნაჩვენებია ლაშას ღვთივგვირგვინოსნობა, მისი სამომავლო ძალაუფლების ლეგიტიმურობა 55; წარმოაჩენს გიორგი ლაშას ჯერ კიდევ /ამა თუ იმ კორონაციამდე/ და ამზადებს საზოგადოებას შემდგომში ხელისუფლების უმტკივნეულოდ გადაცემისათვის (რასაც, საფიქრებელია, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მინიჭებოდა იმჟამინდელი შიდაპოლიტიკური კრიზისების გათვალისწინებით)56; რომ ნათლისმცემლის მონასტერში შემონახულ ფრესკაზე გიორგი ლაშას გვირგვინდება იყო გამოსახული (ე. თაყაიშვილის ჩანაწერების მიხედვით), „გიორგი ლაშას ასაკიდან გამომდინარე გამოსახულია მისი პირველი კურთხევა, ჯერ კიდევ თამარის და დავითის სიცოცხლეში, დაახლოებით 1205-1206.57
ყველა წყაროს ყველა ცნობა, ცხადია, ეჭვით იწყება და იბნ ალ ასირის იმ ცნობაშიც, რომელიც თამარის გარდაცვალებას 1207 წლით ათარიღებს, შეიძლება ეჭვი შეიტანო, მიუხედავად იმისა, რომ ამ თარიღს არაერთი სხვა წყარო ადასტურებს, რაც არაერთხელ აღინიშნა და ეს წყაროებიც სათანადოდ იქნა განხილული. ქართველი მემატიანეების მონაცემები ამას ასევე ადასტურებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამ მონაცემებს ეჭვით უყურებენ, მაგრამ ის, რაც ამის ნაცვლად არის შემოთავაზებული, უფრო მიუღებელია. ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანე თამარის გარდაცვალების თარიღად ასევე უთითებს ქრონიკონსა ოთხასოცდაშვიდსა (780+427= 1207), ამასთანავე აღნიშნავს, რომ თამარმა „მეფობასა შინა დაყო ოცდასამი წელიწადი“58; თამარის ე.წ. მეორე ისტორიკოსის მიხედვით ყარსის აღების შემდეგ: „ოცდამესამედ, გინა თუ მეოთხედ, აღმავლობასა მეფობისა მისისა წელიწადსა იკითხა საქმე კარისა“.59, რაც ასევე ემთხვევა ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანის თარიღს. ამავე ისტორიკოსთან ყარსის აღებას სხვა ცნობაც მოჰყვება: „და ვისცა ათჩვიდმეტსა წელიწადსა შინა ესე საქმენი თამარისგან გემცრებიან და მისთა ლაშქართაგან...“60 თ. ჟორდანიას, ვფიქრობთ, სამართლიანი ვარაუდით,, აქ დავით სოსლანის და თამარის ერთობლივი მართვის წლები იგულისხმება, დაწყებული 1189 -დან61, თუმცა, დავითი ყარსისათვის ბრძოლის აქტიური მონაწილე, ვერ მოესწრო მის აღებას.
თამარის და დავითის ყველაზე ეფექტურ წლების შესახებ განსხვავებული მოსაზრება აქვს თამარის ე.წ. პირველ ისტორიკოსს, რომელიც აჯამებს თამარის მეფობის წლებს და აღნიშნავს: „იპყრნა ზღვთ პონტოსით ზღუადმდე გურგენისად და სპერთაგან დარუბანდამდის და ყოველნი კავკასიისა იმერელნი და ამერელნი ხაზარეთამდის და სკვთთამდის... ვიდრემდის ამის განგებასა ათორმეტსა წელიწადსა შინა...“.62 ამ ნაწყვეტში თორმეტი ორჯერ არის ნახსენები, ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერებში ძირითადად თორმეტია, თუმცა არის თერთმეტიც. ი. ჯავახიშვილმა პერველ შემთხვევაში თერთმეტი წაიკითხა, მეორე შემთხვევაში თორმეტი,63 კ. კეკელიძემ ჩათვალა, რომ აქ კორექტურული შეცდომაა და უნდა იყოს 31. თამარის ე.წ. პირველი ისტორიკოსის ცნობის კ. კეკელიძისეულ ჩასწორებაზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც შეცდომად არის მიჩნეული წყაროში მითითებული 11 ან 12 წელი და ჩანაცვლებულია 31-ით64, მიხეილ ბახტაძის აზრით, თამარის მეფობა 1179 წლიდან უნდა დავიწყოთ და არა 1184-დან, რადგან თუ უკანასკნელს მივიღებთ, კარის აღება 1207 ან 1208 წელს გამოვა, რაც, მისი აზრით, შეუძლებელია. ამ შემთხვევაში მკვლევრის ძირითადი არგუმენტი ის არის, რომ „ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ დროს დავით სოსლანი ცოცხალი აღარ არის“65, რაც, სავარაუდოდ, ასეც იყო. მ. ბახტაძე იმოწმებს ნ. შოშიაშვილის აზრსაც, რომელიც ასევე 1179 -დან ითვლის თამარის მეფობას, რომელსაც ასევე 31 უმატებს. არ არის გამორიცხული, რომ აქ მემატიანე თამარის და დავით სოსლანის ერთობლივი მართვის ყველაზე აქტიური წლებს იგულისხმებს რაც, მისი აზრით, მოიცავს პერიოდს ლაშას დაბადებიდან მის პირველ კორონაციამდე-1193-1205.
სომხური წერილობითი წყაროების ყველა ის ცნობა, რომელიც მოაქვთ 1207 წლის საპირისპიროდ, ამტკიცებს მხოლოდ იმას, რომ თამარი აღარ არის ცოცხალი 1210 წელს და ლაშა გიორგის კურთხევა მოხდა 1210 წელს, რასაც მკაფიოდ ადასტურებს ჰაღბატის 1210 წლის წარწერაც, რომელიც „ამოიკვეთა ღმრთისა (მიერ) მეფეთა მეფის გიორგის. დიდი მეფის თამარის ძის კურთხევის წელს“66. მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ თამარი 1207 წელს გარდაიცვალა, ხოლო ლაშას მეორედ კურთხევა მოხდა 1210 წელს, რა ხდებოდა 1207-1210 წლებში? პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ ალბათ იბნ ალ-ასირის ცნობა საქართველოში არეულობის შესახებ, რაც მოჰყვა თამარის გარდაცვალებას, და ვივარაუდოთ, რომ ლაშას არ მიეცა მაშინვე ტახტზე ასვლის შესაძლებლობა, სხვა მიზეზებთან ერთად მისი არასრულწლოვნების გამოც, გარკვეულ დრომდე არ ჩანს არც განსაკუთრებული სამხედრო აქტივობა ქართველების მხრიდან. მხოლოდ ჰიჯრის 605 წელს 16.07.1208 – 5.07.1209 წწ-ში განახლდა ქართველების შეტევები აიუბიანების სამფლობელოებზე და მოეწყო ლაშქრობა არჭეშისა და ხლათის მიმართულებით. აღნიშნული მოვლენები დეტალურად აქვს განხილული გ. ჯაფარიძეს.
კვლავ მივუბრუნდეთ ნუმიზმატიკურ მონაცემებს, რომელიც გადამწყვეტია ჩვენთვის საინტერესო საკითხის გასარკვევად. როგორც არაერთხელ აღინიშნა ლიტერატურაში, ლაშა გიორგის დროსაც იჭრებოდა როგორც წესიერი, ასევე უწესო მონეტები. აზრთა სხვადასხვაობაა ლიტერატურაში წესიერად მოჭრილი მონეტის დათარიღებაზე, რაც შედარებით იშვიათია და რასაც ქართული და არაბული ზედწერილები აქვს: „ქ. გიორგი მეფისაი, თამარის ძისაისა, ჯავახთ უფლისაისა“ (ნ. ბერძენიშვილისეული წაკითხვით)67 და არაბულად „მეფე უმაღლესი, შვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, გიორგი, ძე თამარისა, მესიის მახვილი“. ნ. ბერძენიშვილს ამ საკითხზე გადაჭრილი პასუხი არ ჰქონია. მკვლევარი სხვადასხვა შესაძლებლობას განიხილავს და უფრო იმ ვარაუდს ემხრობა, რომ მონეტის მოჭრის დროს „ლაშა ჯერ კიდევ თანამეფეა“68დ. ნინიძის აზრით, მონეტაზე მხოლოდ გიორგის მოხსენიება იმას ნიშნავს, რომ მონეტის მოჭრის დროს ტახტზე მხოლოდ გიორგი ლაშაა და ეს თამარის გარდაცვალების შემდეგ მოხდა და რომ გიორგის ერთმეფედ დაჯდომა საქართველოს სამხრეთ რეგიონში ასეთი სახით სპეციალურად აღუნიშნავთ- საქართველოს მეფე ხომ აქ „განსაკუთრებით ჯავახთუფალიც“ იყო“69. ირ. ფაღავამ დაწვრილებით და ყოველმხრივ შეისწავლა აღნიშნული მონეტა და მივიდა დასკვნამდე, რომ მისი მოჭრა მოხდა გიორგის თანამოსაყდრეობის წლებში.70 მისი აზრით, ამ საფასის თამარის გარდაცვალების შემდეგ გამოშვების ალბათობა, ნაკლებია“71.
გვაქვს დიდი რაოდენობით შემორჩენილი ლაშას 1210 წლის არასწორი ჭედვის მონეტა ქართული და სპარსული (ან ზოგჯერ ამის გარეშე) ზედწერილებით, ორსავე შემთხვევაში ქორონიკონით (430- 1210) დათარიღებული, ჰიჯრის გარეშე. ვარაუდობენ, რომ მონეტა შიდა მოხმარებისთვის იჭრებოდა.72
არსებობს ლაშა გიორგის სახელზე წესიერად მოჭრილი კიდევ ერთი, უნიკალური მონეტა გვირგვინოსნის გამოსახულებით, რომელსაც ასევე არაერთი მკვლევარი შეხებია და უკანასკნელად და საკმაოდ ვრცლად მაია პატარიძე და ირაკლი ფაღავა 73.
მკვლევარების აზრით, მონეტაზე გამოსახულია ლაშას მეფედ კურთხევის სცენა. მონეტაზე მითითებულია თარიღი ქორონიკონით, რაც იკითხება როგორც 430, ამასთანავე არაბულენოვანი და არაბულგრაფიკიანი თარიღი, რაც იკითხება როგორც 606 ჰიჯრით (6.VII, 1209-24. VI 1210). ამ თარიღზე დაყრდნობითაც გ. აბდალაძე მიიჩნევს, რომ თამარი 1210 წლის პირველ ნახევარში გარდაიცვალა და ტახტზე აიყვანეს მისი შვილი ლაშა გიორგი. აქვე შეიძლება გავიხსენოთ, რომ 1156 წელს გამეფებული გიორგი III სახელზე მონეტა 1174 წელს მოიჭრა, 1184 წელს ტახტზე ასული თამარის მონეტა მხოლოდ 1187 წელს მოიჭრა. ამდენად ლაშას სახელზე 1210 წლის მონეტის არსებობა ალბათ არ გამოდგება მეფის ტახტზე ასვლის დასათარიღებლად, თუმცა 1210 წელს როგორც ლაშას ტახტზე ასვლის თარიღს, ადასტურებს ზემოთ მოხსენიებული ჰაღბატის წარწერა.
ყველაფრის მიუხედავად, თუ დავუშვებთ, რომ თამარი 1207 წელს გარდაიცვალა, როგორ ავხსნათ ის ხარვეზი, რომელიც გვაქვს 1210 წლამდე. აქ ან უნდა გავიზიაროთ ც. ღვაბერიძის ვარაუდი, რომ 1210 წელს თამარის სახელზე მოჭრილ მონეტებში მექანიკური შეცდომაა დაშვებული და ეს იგივე 1187 წლის მონეტებია, ან გავითვალისწინოთ ყველა სხვა მკვლევრის აზრი, მათ შორის ჯ. ოდიშელის, რომელიც თამარის გარდაცვალებას 1207 წლით ათარიღებს, რომლებიც თამარის სახელით მოჭრილი მონეტების ნაწილს დარწმუნებით 1210 წლით ათარიღებენ. ჯ. ოდიშელმა, როგორც ის აღნიშნავს თავის გამოკვლევაში, საგანგებოდ შეისწავლა ს. ჯანაშიას სახ. საქ. სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკურ ფონდებში დაცული 1210 წლით დათარიღებული თამარ მეფის მონეტები და მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული მონეტები მოჭრილია თამარ მეფის სახელით და დათარიღებულია ქორონიკონი ულით, ანუ 1210 წლით (480+780)74. თუ გავიზიარებთ ამ მოსაზრებას, მაშინ უნდა დავუშვათ, რომ თამარს მართლაც არ მოუჭრია 1210 წლის მონეტა, ეს მოჭრეს მისი სახელით მისი გარდაცვალების შემდეგ სხვებმა ორ სახელისუფლებო ბანაკს შორის მწვავე დაპირისპირების დროს, იმ მიზნით, რომ დაესუსტებინათ ლაშა გიორგი და მისი მომხრეები, რაც ნაკლებ მოსალოდნელია.
სულ მალე ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ხლათის კამპანიის დროს (1209-1210) ივანე მხარგრძელის დატყვევებამ, რაც მძიმე ტვირთად დააწვა ქართულ სახელმწიფოს (100000) 80000, ან 200000) დინარი გამოსასყიდი, 2000 ან 5000 ტყვის და 21 ციხის დაბრუნება75, ბრძოლაში მიღებული ჭრილობა, რომლის შედეგადაც ზაქარია მხარგრძელი გარდაიცვალა, სომეხი ავტორების, ვარდანის, სტეფანოზ ორბელიანის და სომხური წარწერების მონაცემებით, 1212 წელს 76, ან 1211 (სმბატ სპარასპეტის ცნობით)77 , ავჰადისათვის ივანეს ქალიშვილის, თამთას, ცოლად მიცემა, რომლის მომავალი ცხოვრება საკმაოდ მძიმედ წარიმართა, შეარყია მხარგრძელების ძალაუფლება, სრულიად შეუვალი თამარის მეფობაში და მომდევნო წლებში. სავარაუდოდ, ამან, თავის მხრივ, შესაძლებლობა მისცა გიორგი ლაშას მომხრეებს ეღიარებინათ ის, როგორც ერთპიროვნული მმართველი და 2010 წელს მოეჭრათ მონეტა მისი სახელით, თუმცა კი, ყველაფრის მიუხედავად, გარკვეული არამყარი მდგომარეობის გამო, მათ არ გააგრძელეს თამარის რეფორმა, რომლის დროსაც 1200 წელს წესიერი მონეტა მოიჭრა, და კვლავ გააგრძელეს უწესო მონეტის მოჭრის ტრადიცია. და თუ ასეა, როდის უნდა მომხდარიყო ყოველივე ეს? როგორც გ. ჯაფარიძემ დაადგინა, ივანე მხარგრძელი ტყვედ ჩავარდა 607 წელს 19 რაბი ‘ას-სანის თვეში /10.X.1210, თუმცა მკვლევარი უთითებს არაბულ წყაროებში შეთავაზებულ სხვა თარიღსაც 606-19 რაბი’ას-სანი, ე.ი. 1209 წ. 21 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 78 რის შემდეგაც ლაშას მომხრეებს ხელები ეხსნებოდათ თავისუფლად სამოქმედოდ.
1975 წელს ი.ჯავახიშვილის ინსტიტუტში ჩატარებულ ნ. ბერძენიშვილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე კამათი გამოიწვია ლ. ტუხაშვილის მოსაზრებამ იმის შესახებ, რომ თამარის ნაადრევმა სიკვდილმა (1207) და ლაშას კურთხევის დაგვიანებამ (1210) ხელი შეუწყო ივანე ათაბაგის „მამობრივი“ ზრუნვის მითის შექმნასაც და მხარგრძელების პანეგირიკას79.
ამგვარად, განხილული მასალის საფუძველზე ირკვევა, რომ 1192-93 წწ დაბადებული ლაშას თანამოსაყდრეობა დაიწყო 1205 წელს, მამამისის, დავით სოსლანის, გარდაცვალების შემდეგ; ამაზე ადრე, იმავე წელს, შედგა ქართველების ირანს შორეული გალაშქრება და ყარსისათვის ბრძოლა, რაც შეწყდა, როგორც ჩანს, დავითის გარდაცვალების გამო; ყარსი აღებულ იქნა 1206 წლის დასასრულს ან 1207 წლის დამდეგს, რასაც ვეღარ მოესწრო დავითი;
1207 წელს გარდაიცვალა თამარი, რასაც მოჰყვა ქართველების შიდა დაპირისპირება, სავარაუდოა, ლაშა გიორგის მომხრეებსა და მხარგრძელებს შორის. ლაშა გიორგის არამყარი მდგომარეობის, ამასთანავე მისი არასრულწლოვანების და მხარგრძელების წინააღმდეგობის გამო ლაშას მეორედ კურთხევა და მის სახელზე, მეფეთა მეფის და ერთპიროვნული მმართველის სტატუსით მონეტის (ისიც ძირითადად არასწორი) მოჭრა ვერ მოხერხდა 1210 წლამდე. უკანასკნელის მდგომარეობის გამყარებას ხელი შეუწყო ხლათის წარუმატებელმა კამპანიამ და მხარგრძელების პოზიციის შესუსტებამ.
1210 წლით დათარიღებული თამარის სახელით მოჭრილი მონეტების შესახებ ყველაზე დამაჯერებელი ჩანს ც. ღვაბერიძის ვარაუდი, რომ აღნიშნული მონეტები შემთხვევით მცდარად დათარიღებული 1187 წელს მოჭრილი მონეტებია.
შენიშვნები
1. ბ. სილაგაძე.XII-XIII სს. საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი იბნ ალ-ასირის ცნობათა შუქზე. - საქართველო რუსთაველის ხანაში, 1966.
2. ს. კაკაბაძე. რუსთაველი და მისი „ვეფხისტყაოსანი“, 1966, გვ.228-230.
3. С. Н. Какабадзе. Год смерти грузинской царицы Тамары. – Известия Тифлисских высших женских курсов, Кн. 1 вып. 1, Тифлис, 1914, გვ. 166 -167.
4. თ. ნატროშვილი, გ. ჯაფარიძე. ქართული ქრონოლოგიის ერთი საკითხი. - ჟ. ცისკარი,1. 1976.
5. შ. დარჩიაშვილი. XIII საუკუნის დასაწყისის საქართველოს ქრონოლოგიის საკითხისათვის, -მნათობი, 2, 1975, გვ. 151.
6. შ. დარჩიაშვილი. ძიებანი ქართულ-სომხური ურთიერთობების ისტორიიდან, სომხური ლაპიდარული წარწერების ცნობები საქართველოს შესახებ XII-XIII საუკუნეების პირველ მესამედში, თბილისი, არტანუჯი, 2010.გვ.59.
7. გ. ოთხმეზური.XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართული ლაპიდარული წარწერები როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1981.
8. M. Brosset. L’Histoire de la Georgie.Additions et eclaircissements 1886. 298 (1212); პ. ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, 1, 1963, 143; ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ.ჟორდანიას მიერ, 1, თფილისი, გვ. 1892, გვ. 300 (1213); მ. ჯანაშვილი. თამარ მეფე, ტფ. 1917 (თუმცა აღნიშნავს, რომ თარიღი სადავოა), გვ. 74; ი. ლოლაშვილი. მრავალკარედი, თბ., 1984, 116; რ. მეტრეველი. მეფე თამარი, 1991, 312-313: რ. მეტრეველი, დავით აღმაშენებელი. მეფე თამარი, თბ., 2002, გვ.716: რ. მეტრეველი. წმინდა მეფე თამარი, თბ., 2011, გვ.126. ი.ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, 2, 1965, გვ.290, 385; მ. სანაძე, თ.ბერაძე. შესავალი საქართველოს ისტორიაში, თბილისი, 2015, გვ.156.
9. თ.კენკებაშვილი. ქრონოლოგიური პარადიგმები, ნარკვევები XIII საუკუნის საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიიდან, თბილისი, 2011, გვ.42.
10. კ. კეკელიძე. ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, ცდა ტექსტის აღდგენისა. თბილისი, 1941, გვ.40.
11. გ. ოთხმეზური. XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართული ლაპიდარული წარწერები როგორც საისტორიო წყარო, თბილისი, 1981, გვ. 20-32.
12. Жизнь царицы цариц Тамар, перевод и введение В. Д. Дондуа, исследование и примечания М. М. Бердзнишвили, Тб. 1985, с. 62.
13. დ. კაპანაძე. ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1950, გვ.48.
14. დ. კაპანაძე წარწერას თამარის მამასთან აკავშირებდა (დ. კაპანაძე. ქართული ნუმიზმატიკა, გვ. 48-49), ე.პახომოვი- მის პირველ მეუღლესთან (Е. А. Пахомов. Монеты Грузии. Tбилиси, 1970),გვ. 89).
15. Е. А. Пахомов. Монеты Грузии, Тбилиси, 1970, გვ. 85.
16. ქართული ნუმიზმატიკის ისტორიაში პირველად გიორგი III-ის მონეტაზეა მოთავსებული თარიღი ქართული ქორონიკონით 394 (1174 წელი). იგი აღნიშნავს სამონეტო ტიპის დამტკიცების დროს.
17. დ. კაპანაძე. ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969, გვ. 69-86.
18. ც. ღვაბერიძე. როდის გარდაიცვალა მეფე თამარი. - ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, 2009, გვ.99.
19. ც. ღვაბერიძე. როდის გარდაიცვალა მეფე თამარი. გვ.98.
20. ც. ღვაბერიძე. როდის გარდაიცვალა მეფე თამარი. გვ. 99
21. ც. ღვაბერიძე. როდის გარდაიცვალა მეფე თამარი.გვ.99.
22. ც. ღვაბერიძე. როდის გარდაიცვალა მეფე თამარი. გვ.100.
23. ც. ღვაბერიძე. როდის გარდაიცვალა მეფე თამარი. გვ.100.
24. კაპანაძე. ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1950, 53.
25. დ. კაპანაძე. ქართული ნუმიზმატიკა, 1969, გვ. 78,81.
26. გ. აბდალაძე. კიდევ ერთხელ თამარ მეფის გარდაცვალების თარიღზე.- სამეცნიერო შრომათა კრებული, თსუ სიღნაღის (კახეთის) ფილიალის სამეცნიერო შრომათა კრებული V, სიღნაღი, 2004, 12.
27. ქართლის ცხოვრება, („ძველი ქართლის ცხოვრება“). გამოსაცემად მოამზადეს, წინასიტყვაობა და ტერმინთა განმარტება დაურთეს აკადემიკოსებმა ილია ანთელავამ და ნოდარ შოშიაშვილმა, გამომცემლობა ნიკე, თბილისი, გვ. 372-378; ქართლის ცხოვრება, მთავარი რედაქტორი როინ მეტრეველი, „მერიდიანი“ „არტანუჯი“, თბილისი, 2008, ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, 472-476.
28. ქართლის ცხოვრება, (1996) გვ.405; ქართლის ცხოვრება,( 2008), გვ. 508.
29. ქართლის ცხოვრება,(1996) გვ.301; ქართლის ცხოვრება, (2008), გვ 356.
30. ვახუშტი ბაგრატიონი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. -ქართლის ცხოვრება, IV,ტექსტი, დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1973.გვ. 189-191.
31. ი. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია,- თხზულებანი, II, თბ., გვ. 289.
32. თ. ნატროშვილი, გ. ჯაფარიძე, ცდა ერთი თარიღის დადგენისა, გვ. 157.
33. თ. ნატროშვილი, გ. ჯაფარიძე, ცდა ერთი თარიღის დადგენისა, გვ.157.
34. გ. ჯაფარიძე,.„საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო“, თბ., 1995.
35. რ. კიკნაძე,ფარსადან გორგიჯანიძე და „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, 1975.
36. МАТЕРИАЛЫ ПО ИСТОРИИ АЗЕРБАЙДЖАНА ИЗ „ТАРИХ-АЛ-КАМИЛ“ ИБН-АЛ-АСИРА, АЗФАН, БАКУ 1940.130.
37. რ. კიკნაძე,ფარსადან გორგიჯანიძე და „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, 1975, გვ. 128.
38. ქართლის ცხოვრება, (1996) 374, 373; ქართლის ცხოვრება (2008), გვ.471, 469.
39. გ. ოთხმეზური. XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართული ლაპიდარული წარწერები როგორც საისტორიო წყარო“, გვ. 20-22.
40 შ. დარჩიაშვილი. ძიებანი ქართულ-სომხური ურთიერთობების ისტორიიდან, სომხური ლაპიდარული წარწერების ცნობები საქართველოს შესახებ XII-XIII საუკუნეების პირველ მესამედში, თ., 2010, გვ. 56-58.
41. შ. დარჩიაშვილი. XIII საუკუნის დასაწყისის საქართველოს ქრონოლიგიის საკითხი,- მნათობი, 1975, 2, გვ. 151-159; შ. დარჩიაშვილი. ძიებანი ქართულ-სომხური ურთიერთობების ისტორიიდან, სომხური ლაპიდარული წარწერების ცნობები საქართველოს შესახებ XII-XIII საუკუნეების პირველ მესამედში, თ., 2010, გვ. 152.
42. შ. დარჩიაშვილი. ძიებანიქართულ-სომხური ურთიერთობების ისტორიიდან, სომხური ლაპიდარული წარწერების ცნობები საქართველოს შესახებ XII-XIII საუკუნეების პირველ მესამედში, გვ.56, 58.
43. შ. დარჩიაშვილი. ძიებანი ქართულ-სომხური ურთიერთობების ისტორიიდან, სომხური ლაპიდარული წარწერების ცნობები საქართველოს შესახებ XII-XIII საუკუნეების პირველ მესამედში, გვ.63.
44. მარინე ბულია. ისტორიულ პირთა გამოსახულებანი „ნათლისმცემლის“ მონასტრის საკრებულო ტაძარში - საქართველოს სიძველენი, 7-8, 2005, გვ. 190.
45. შ. დარჩიაშვილი. ძიებანი ქართულ-სომხური ურთიერთობების ისტორიიდან, სომხური ლაპიდარული წარწერების ცნობები საქართველოს შესახებ XII-XIII საუკუნეების პირველ მესამედში,212, 216; გ.აბდალაძე.კიდევ ერთხელ თამარ მეფის გარდაცვალების თარიღზე.- სამეცნიერო შრომათა კრებული, თსუ სიღნაღის (კახეთის) ფილიალის სამეცნიერო შრომათა კრებული V, სიღნაღი, 2004, გვ. 11; გ. აბდალაძე. XIII ს-ნის დასაწყისის საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიიდან. - ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, 359, 2005,
46. КИКНАДЗЕ Р. К. ОЧЕРКИ ПО ИСТОЧНИКОВЕДЕНИЮ ИСТОРИИ ГРУЗИИ. ПАРСАДАН ГОРГИДЖАНИДЗЕ И КАРТЛИС ЦХОВРЕБА, МЕЦНИЕРЕБА, ТБ. 1980, 146,147.
47. ქრონიკები, I, (თ. ჟორდანია) თბ., 2004, გვ.294.
48. ქრონიკები,I, (თ.ჟორდანია), გვ.294.
49. Н. Д. Миклухо- Маклай. Географическое сочинение на персидском языке. Новый источник по исторической географии Азербайджана и Армении, Ученые записки Института востоковедения АН СССР, т. IX, М- Л., 1954б 208; „სამყაროს საკვირველებათა” ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ. სპარსული ტექსტი ქართული თარგმანით, შესავლითა და შენიშვნებით გამოსცა რ. კიკნაძემ, თბ., 1978, გვ.32, 43.
50. ქართლის ცხოვრება (1996) გვ. 405, (2008), 508.
51. ქართლის ცხოვრება, (1996), გვ.405; ქართლის ცხოვრება, (2008), გვ. 508-509.
52. ქართლის ცხოვრება, (1996)301, 299-300; ქართლის ცხოვრება (2008), 356, 354.
53. გ. ჯაფარიძე.საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო, გვ.162.
54. МАТЕРИАЛЫ ПО ИСТОРИИ АЗЕРБАЙДЖАНА ИЗ „ТАРИХ-АЛ-КАМИЛ“ ИБН-АЛ-АСИРА, АЗФАН, გვ. 131.
55. ზ. სხირტლაძე.სამეფო კტიტორული პორტრეტი გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის მთავარ ტაძარში, - საბჭოთა ხელოვნება 11, (1983), 96-110; მ. პატარიძე, ი. ფაღავა. გიორგი ლაშას მეფედ კურთხევის ნუმიზმატიკური ასახვა, -საისტორიო კრებული 3, 2013, 208-209;
56. მ. პატარიძე, ი. ფაღავა. გიორგი ლაშას მეფედ კურთხევის ნუმიზმატიკური ასახვა. -საისტორიო კრებული, 210).ENTONY EASTMOND. ROYAL IMAGINARY IN MEDIEVAL GEORGIA (PENNSYLVANIA, 1998, 137.
57. მ. ბულია. ისტორიულ პირთა გამოსახულებანი „ნათლისმცემლის„ მონასტრის საკრებულო ტაძარში“, საქართველოს სიძველენი, 7-8 (2005), 186-8.
58. ქართლის ცხოვრება, (1996) გვ.300; ქართლის ცხოვრება (2008), 355.
59. ქართლის ცხოვრება, (1996) გვ. 407.
60. ქართლის ცხოვრება, (1996), გვ. (2008), გვ.507.
61. ქრონიკები (თ. ჟორდანია, 2004), გვ.296.
62. ქართლის ცხოვრება, თბილისი, 2008, გვ. 409
63. ი. ჯავახიშვილი. თამარ მეფის ისტორიკოსი, -ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წიგნი,1.- თხზულებანი, 8, თბილისი,1977, გვ.222.
64. ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი (ცდა ტექსტის აღდგენისა). აკად. კორნელი კეკელიძის რედაქციით და გამოკვლევით, თბ., 1941, გვ. 19. იხ. აგრეთვე ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, - ქართლის ცხოვრება, თბილისი, 2008, გვ. 409.
65. მიხ. ბახტაძე. კიდევ ერთხელ თამარ მეფის გარდაცვალების თარიღის შესახებ“, -ი. ჯავახიშვილის სახ. თსუ საქართველოს ისტორიის შრომები, II, თბილისი, 2011, 221.
66. შ. დარჩიაშვილი. ძიებანი ქართულ-სომხური ურთიერთობების ისტორიიდან, სომხური ლაპიდარული წარწერების ცნობები საქართველოს შესახებ XII-XIII საუკუნეების პირველ მესამედში, 2010, გვ. 57.
67. ირაკლი ფაღავა. ჯავახთ უფლის მონეტები- კომპლექსური ანალიზი. - საისტორიო კრებული, 1, მხედარი, 2011, გვ. 297.
68. ნ. ბერძენიშვილი. ჯავახეთის 1933 წლის ექსპედიციის დღიური (საანგარიშო მოხსენება), - საქართველოს ისტორიის საკითხები, 1, თბილისი, 1964, გვ. 145.
69. დ. ნინიძე. ბაგრატიონთა სამეფო სახლის განშტოებათა ისტორია, თბ., 2004, გვ. 23.
70. ირაკლი ფაღავა. ჯავახთ უფლის მონეტები- კომპლექსური ანალიზი. -საისტორიო კრებული, 1, თბილისი, 2011, 291-344.
71. ირაკლი ფაღავა. ჯავახთ უფლის მონეტები, გვ. 303.
72. დ.კაპანაძე. ქართული ნუმიზმატიკა, 1950, 51.
73. მ. პატარიძე, ი. ფაღავა. გიორგი ლაშას მეფედ კურთხევის ნუმიზმატიკური ასახვა, - საისტორიო კრებული, 3, 2013 , გვ.214-254.
74. ჯ. ოდიშელი. ქართული ისტორიული ქრონოლოგიის ერთი საკითხი.. თამარ მეფის გარდაცვალების თარიღის დადგენისათვის. - ისტორიულ-პუბლიცისტური ნარკვევები., 2010, გვ. 291.
75. გ. ჯაფარიძე. საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო, თბ., 1995, გვ. 169.
76. ვარდან არეველცი. მსოფლიო ისტორია, ძველი სომხურიდან თარგმნეს ნოდარ შოშიაშვილმა და ეკა კვაჭანტირაძემ, თბილისი, 2002, 158, 233.
77. გ.ჯაფარიძე. თამარ მეფის გარდაცვალების თარიღის შესახებ, - საისტორიო კრებული, 2, თბ., 2012, 356.
78. გ. ჯაფარიძე. საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო, 168-169.
79. მაცნე, ისტორიის ...სერია, 1975, 3, გვ. 164.
Комментариев нет:
Отправить комментарий