среда, 22 января 2020 г.

ადარბადაგანის საკითხი საქართველო-ხორეზმის ურთიერთობაში (ა. გოგოლაძე)

1210 წელს საქართველოს სამეფო კარმა დიდი და შორეული ლაშქრობა მოაწყო ჩრდილოეთ სპარსეთის ქალაქების დასარბევად1. ამ ლაშქრობას დიდი გამოძახილი მოჰყვა, როგორც ქრისტიანულ, ისე ისლამურ სამყაროში. მემატიანეები, თავიანთ თხზულებებში, სპარსეთში ლაშქრობის მიზეზებს სხვადასხვა ინტერპრეტაციას აძლევენ.2

თამარის ისტორიისისტორიანი და აზმანი შარავანდედთანისვერსიით, ქართველთა გალაშქრება სპარსეთზე, არდაველის სულთნის წინააღმდეგ მოწყობილი სადამსჯელო აქციის გაგრძელება იყო. 1208 წელს არდაველის სულთანმა აღდგომის დღესასწაულის დღეებში მოულოდნელი თავდასხმით ააოხრა ქალაქი ანისი.3 იმ დროს, როდესაც ქალაქის პატრონები ზაქარია და ივანე მხარგრძელი გეგუთში თამარ მეფესთან იყვნენ მიწვეულები, არდაველის სულთანმა დრო იხელთა და მოულოდნელი თავდასხმით აიღო დაუცველი ქალაქი. სულთანიუგრძნობლად მოვიდა ანისა. გზა-გზა არავის ავნო და დიდსა შაბათსა მწუხრი მოვიდა ქალაქ ანისისასა... ესეოდენ მძვინვარედ მოაოხრეს ანისი, და სავსენი ტყვითა და ალაფითა მიიწივნეს შინა.4 ამას მოჰყვა ქართველთა საპასუხო ლაშქრობა არდაველზე, რომელიც სულთნის დასჯით და ქალაქის აოხრებით დამთავრდა, „ხოლო სულტანი არდაველისა მოკლეს, ცოლნი და შვილნი მისნი ტყუე-ჰყვეს და წამოასხეს. ათორმეტი ათასი კაცი რჩეული მიძგითთა შინა მოკლეს, ვითარ მათ ყვეს ანისისა ეკლესიასა შინა“.5

თამარის მემატიანის გადმოცემით, არდაველის ადვილად დარბევამ უბიძგა ქართველებს სპარსეთზე ლაშქრობისაკენ. ამავე დროს, ქართული ჯარის მესვეურები, ზაქარია და ივანე მხარგრძელები და ვარამ გაგელი თამარს შეახსენებდნენ, რომ მანამდე არავის მათ წინაპართაგან არ დაულაშქრავთ სპარსეთი და მოუწოდებდნენ მეფეს მიეცა სამეფო სპა, რათა „აღვამხედროთ ერაყს, რომ-გურსა ზედა, რომელ არს ხუარასანი, და ცნან ყოველთა სპათა აღმოსავლეთისათა ძალი და სიმხნე ჩუენი. და უბრძანე სპათა საქართველოსათა მზა იყვნენ ლაშქრობად ხუარასანსა, დაღათუ არავინ ქართველთაგანი მიწევნულ არს ხუარასანს და ერაყს“.6

ამ ლაშქრობის ამბავი შემდგომი ხანის თაობებშიც დიდხანს ცოცხლობდა. XVII საუკუნის ისტორიკოსის ფარსადან გორგიჯანიძის ცნობით, ლაშა-გიორგი ივანე ათაბაგთან საუბრის დროს აღნიშნავდა, რომ „არას დროს არ გაგონილაო სხვათა საქართველოს მეფეების ყმათაგანო ძველით აქნობამდისინო, რომ ერანი, არაყი და ხორასანი დაერბიოსო თქვენის მეტსაო, რომ თქვენ დაარბივეთ და ლაშქარი უზიანოთ გამარჯვებული მოასხიო“.7

როგორც ცნობილია, ქართველთა მხედრობამ ერთიმეორეს მიყოლებით აიღო და დაარბია ჩრდილოეთ სპარსეთის ქალაქები: მარანდი, თავრიზი, მიანა, ზენჯანი, აბჰარი, ყაზვინი და მიაღწია ხორასანამდე.8

ქართველები პირველად მარანდს მიადგნენ, მაგრამ ქალაქი მიტოვებული დაუხვდათ. თუმცა, მოგვიანებით, მაინც მოუწიათ ბრძოლა მარანდელთა რაზმთან. მარანდის აღების შესახებ ცნობები გვხვდება იაკუთთან, იბნ ბატიშთან და იბნ ხალიქანთან. იაკუთის ცნობით, ქართველებმა დიდი რაოდენობით ტყვეები წაიყვანეს ქალაქიდან. იბნ ხალიქანი გვაწვდის ცნობილი სწავლულის იზ ად-დინის ბიოგრაფიულ ცნობებს, მის გაძევებას მშობლიურ ქალაქ არბელადან და აღნიშნავს, რომ ქართველთა მიერ მარანდის დარბევა ისეთივე უბედურება და დანაშაული იყო, როგორიც ამ პიროვნების მიმართ ჩაიდინეს არბელას თავკაცებმა, როცა იგი გააძევეს ქალაქიდან. იბნ ხალიქანი, ამ ამბების აღწერისას იმოწმებს თავის მასწავლებელს იბნ ბატიშს. ორივე ავტორს აქვს ცნობა, რომ ქართველებმა სასტიკად დაარბიეს მარანდი, გაძარცვეს და დიდი რაოდენობით ხალხი დახოცეს ქალაქში.9 როგორც ჩანს, მარანდისათვის ომს განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია თანამედროვეებზე, რადგან, როდესაც მაჰმადიანი მემატიანეები აღწერენ ქართველთა ამ ლაშქრობის ამბებს, ძირითად ყურადღებას ამახვილებენ მარანდის აღებასა და დარბევაზე.

მარანდის აღების შემდეგ ქართველთა მხედრობა მიადგა თავრიზს და ალყა შემოარტყა. ქალაქის მმართველებმა დიდი გამოსასყიდით აიცილეს მოსახლეობის დაწიოკება მტრის მხრიდან. მათ „წარმოავლინეს მოციქული, ითხოვეს მშვიდობა, არა მოოხრება ქალაქისა მათისა. აღუთქვეს ძღუენი: ოქრო და ვერცხლი უამრავი თვალი პატიოსანი და მარგალიტნი ძვირფასისანი“10.

მსგავს ამბავს გადმოგვცემს ალ ჰუსაინი. მისი ცნობით, „ქალაქის ათაბაგის ჯაჰან ფეჰლევანის ქალიშვილმა ზაჰიდა ხათუნმა დიდებულთა რჩევით ქართველებს დიდძალი სიმდიდრე და საქონელი გადასცა“. ალ ჰუსაინი იმასაც მოგვითხრობს, რომ მტერმა დიდი რაოდენობის ტყვეები წაასხა.11 თავრიზიდან ქართველები მიანას მიადგნენ, ქალაქის სულთანმა თავრიზელთა საქციელი გაითვალისწინა და ასევე გამოისყიდა თავი დიდძალი ფულით. შემდგომში კი, როგორც წყაროებიდან ჩანს, ქართველებს მოუწიათ სხვა ქალაქების ძალით აღება, „მიიწივნეს მცირესა ქალაქსა ზანგანს, ალიზის ზღუდით განმაგრებულსა“. ზენჯანის მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მცირე ხნის ალყის შემდეგ ქართველებმა გალავანი შეანგრიეს და ქალაქიც აიღეს.

ამის შემდეგ „წარემართნეს ქალაქსა ხორასანისასა და ყაზმინს რა მიიწივნეს მახლობლად ყაზმინისა და აჰვარისა ვერ წინაღუდგეს.“12

ყაზვინის აღების შემდეგ, ქართველთა ჯარი დაედევნა ლტოლვილთ და „უშინაგანესისა რომ-გურისა მიმართ მიიწივნეს, რომელ არს ხორასანი“ და ბოლოს მიაღწიეს გურგანამდე, „მიიწივნეს ვიდრე გურგანისად ქალაქად და მოაოხრეს ქუეყანა იგი. ვერ ძალ-ედვა წიაღ მისვლად ალაფისაგან. შემოიქცეს გამარჯუებულნი და ძლევა-შემოსილნი ქართველნი“.13 ამ ლაშქრობის დროს ქართველებს „ვერავინ წინაღუდგა სპარსეთს შესულთა ვერ ხუარასნისა სულტანი, ვერ ერაყისა და ვერა რომელი თემი“.14 ქართველთა ლაშქარი შორეულ ხორასანში შევიდა. თამარის ისტორიკოსის ცნობით, „ქართველთა ნათესავი ვერავინ მიწევნილიყო ლაშქრად, არცა მეფე, არცა მთავარი.“15 ლაშა-გიორგის მემატიანეც ადასტურებს, რომ ქართველები „ესდენად სიშორესა შინა მივიდენ, რომელ არცა თუ სახელი ქართველობისა ისმოდა.“16

საინტერესოა ის ფაქტი, თუ სადამდე მივიდა ქართველთა მხედრობა. XII-XIV საუკუნეების ქართული წყაროებით, რომ-გური ხორასანია, მაგრამ სპარსულ და სხვა აღმოსავლურ წყაროებში, რომ-გური ხორასნის სინონიმად არსად არ იხმარება. აღმოსავლური წყაროებით, რომ-გური (რემჯარი, რამჯარი) ხორასანის მთავარ ქალაქ ნიშაბურის ერთ-ერთ უბანს წარმოადგენდა. მ. ბროსეს აზრით, რომგური აღნიშნავდა არა ქვეყანას, არამედ ქალაქს, რომელიც ნიშაბურის ტერიტორიაზე მდებარეობდა,17 მაგრამ ვ. გაბაშვილის აზრით, ამ შემთხვევაში, რომ-გური არა რომელიმე ქალაქის, არამედ მთელი პროვინციის აღმნიშვნელი იყო.18 საინტერესოა, მართლაც, ხომ არ მიაღწიეს ქართველებმა ნიშაბურის სანახებს?! ამ ქალაქისათვის და საერთოდ ხორასნისთვის ხორეზმელები, ჯერ კიდევ XII საუკუნის 50-იანი წლებიდან იბრძოდნენ და ძირითადად ფლობდნენ მას. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ხორასანში შესული ქართველთა ჯარი, უკვე უშუალოდ ემუქრებოდა ხორეზმ-შაჰის სამფლობელოებს და სწორედ, ნიშაბურის ქართველთაგან აოხრების საფრთხემ გამოიწვია დიდი სულთნის გამოჩენა ქალაქის დასაცავად. ჯ. სტეფნაძე გამოთქვამს ვარაუდს, რომ ქართველთა ლაშქრობის საბოლოო მიზანი ხორეზმის დედაქალაქის ურგენჩის დალაშქვრა უნდა ყოფილიყო.19 ამ შორეული სამხედრო ექსპედიციის შედეგად, ქართველთა მხედრობას იმდენი ნაძარცვი ქონება დაუგროვდა, რომ ვეღარ გააგრძელეს წინსვლა და უკან გამობრუნდა ალაფით დატვირთული. ქართველთა ლაშქრობის შეწყვეტის მიზეზად მემატიანე სწორედ ამას თვლის, მაგრამ იქვე აღნიშნავს ლაშქრობის პერიოდში სპარსეთში გავრცელებულ ხმებზე, რომ შორს მიმავალ ქართველთა ჯარს ერთი მხრიდან დასცემია დიდი სულთანი, ხოლო მეორე მხრიდან გილანელნი. ამ ბრძოლაში ქართველთაგან ცოცხალი არავინ გადარჩენილა. სწორედ ხორასანში შესვლას გამოუწვევია დიდი სულთნის მწვავე რეაქცია. მემატიანის გადმოცემით, „და ვითარ გურგანისა ქუეყანისა ამბავი, ქართველთა მიერ ქმნული, უცნაურ ქმნულ იყო ყოველთა ერაყის სულტნის მოსვრა... ვითარ მოვიდა თვით დიდი სულტანი და გილანელნი, ყოვლგნით გზა შეუკრეს ქართველთა და მოსრნეს და მოსწყვიდნეს“.20 თამარის ისტორიკოსს აღნიშნული აქვს, რომ დიდი სულთნის გამოსვლამ ქართველთა წინააღმდეგ, სპარსეთში ყალბი ხმების გავრცელებას შეუწყო ხელი, რომელიც იუწყებოდა ქართველთა ჯარის განადგურებას მის მიერ. ამ ხმებმა მიაღწია მიანის სულთნის ყურამდე, რამაც მას მისცა მიზეზი, ღალატით დაეხოცა ქალაქში დატოვებული ქართველთა რაზმი. ამ საქციელის გამო მიანის სულთანი დასაჯეს. ამის შემდეგ ქართველთა ჯარმა მშვიდობით გამოიარა ადარბადაგანი და „გამოვლეს რახსი, და შემოვლეს პირი ნახჭევანისა და მოვიდეს ტფილისს მეფეს წინაშე.“21

ჩვენი კვლევის მთავარი მიზანია გავარკვიოთ, თუ ვინ იყო დიდი სულთანი და რატომ უნდა გამოსულიყო ის ქართველთა წინააღმდეგ. სწორედ ეს ამბავი იწვევს მკვლევართა მოსაზრებების სხვადასხვაობას, რაც ქართველთა ლაშქრობის მიზანს და მიზეზებს ახალი კუთხით წარმოაჩენს. აღნიშნული ვარაუდები, ლაშქრობის ბოლო ეტაპზე დიდი სულთნის გამოჩენას ეხება. ეს უნდა იყოს ხორეზმის სულთანი მუჰამედი. ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია თვალსაზრისი, რომ ირანში 1210 წელს მოწყობილი ქართველთა ლაშქრობა ხორეზმის წინააღმდეგ იყო მიმართული.22 ძირითადად, ქართულ ისტორიოგრაფიაში ეს ლაშქრობა აღქმულია, როგორც სამხედრო ძალის დემონსტრირება და მარბიელი ექსპედიცია,23 მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს ექსპედიცია, სპარსეთში ხორეზმელთა გავლენის წინააღმდეგ იყო მიმართული. ჯ. სტეფნაძე აღნიშნავს, რომ წარმოუდგენელია ამხელა მასშტაბის ლაშქრობა, მხოლოდ მარბიელი ხასიათის ყოფილიყო. მისი აზრით, შეიძლება თამარის მემატიანე იმ ამბების თანამედროვე არ არის, ან ზუსტად ვერ ერკვევა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში. მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ხორეზმის სულთანი მუჰამედი, პრეტენზიას არა მარტო ადარბადაგანზე, არამედ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებზეც, კერძოდ, შირვანზე აცხადებდა.24 ჩვენი აზრით, ჯ. სტეფნაძის დაკვირვება საინტერესოა. მხარგრძელებმა თამარს თავიდანვე წარუდგინეს ლაშქრობის მარშრუტის გეგმა: „აღვამხედროთ ერაყს, რომ-გურსა ზედა, რომელ არს ხუარასანი“. როგორც მემატიანის სიტყვებიდან ჩანს, ქართველებს თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდათ ხორასანში შეჭრა. მართლაც, საეჭვოა, რომ ლაშქრობის პერიოდში შეეცვალათ ჯარის მეთაურებს მარშრუტი და ასე შორს წასულიყვნენ, „რომელ არცა თუ სახელი ქართველობისა ისმოდა“. მათ კარგად მოეხსენებოდათ, რომ ხორასანში შესვლა ხორეზმის სამეფოს საზღვრებში შეჭრას ნიშნავდა. ამიტომ, უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოს სამეფოს თავიდანვე ჰქონდა გააზრებული, თუ ვისთან მოუწევდა დაპირისპირება სპარსეთში ლაშქრობის დროს.

როგორც წყაროებიდან ჩანს, საქართველოს და ხორეზმის დაპირისპირებას, ჯერ კიდევ, ქართველთა მიერ აბუ-ბაქრ ათაბაგის დამარცხებისას ჰქონდა ადგილი. საქართველოს სამეფო ჩაერია ადარბადაგანის ათაბაგის ყიზილ-არსლანის მემკვიდრეებს შორის ატეხილ ბრძოლაში. აბუ-ბაქრის მიერ დევნილი, არანის და გელაქუნის გამგებელი ამირ-მირანი შირვან-შაჰ აღსართანს შეეხიზნა, მაგრამ აბუ-ბაქრმა ისიც დაამარცხა. ამის შემდეგ, შირვან-შაჰმა საქართველოს მიმართა დახმარებისათვის. ალ-ჰუსანის ცნობით, ამირ-მირანი ქართველებს პირდებოდა, რომ თუ აბუ-ბაქრს განდევნიდნენ დაკავებული მიწებიდან, დაეკავებინათ იმდენი ტერიტორია, რამდენსაც მოისურვებდნენ.25 მაგრამ, ჯერ მოწინააღმდეგე შირვანის და არანის მიწებიდან იყო გასადევნი. როგორც ჩანს, აბუ-ბაქრი საფრთხეს არა მარტო საქართველოს უქმნიდა, არამედ კავკასიაში მცხოვრებ სხვა მაჰმადიანებს და იქ მომთაბარე ელებსაც. ამიტომ, აღნიშნავს ალ-ჰუსაინი, როდესაც თამარმა ჯარი შეკრიბა აბუ-ბაქრთან საბრძოლველად, ქართველებს „შეუერთდნენ აგრეთვე ერანის ჯარებიდან ისინიც, რომელთაც იმედი ჰქონდათ, რომ მელიქი თავის ხელსაყრელ პირობებში თავისთან რაიმე ადგილს მისცემდა. თურქმენთაგანაც ერთი ჯამაათი შეგროვდა და ესენი ყველა ერთად გაემართნენ აბუ-ბექრ ბინ ათაბაგ მუჰამედ ფეჰლივანის წინააღმდეგ ისეთი ჯარით, რომელსაც ცა და დედამიწა ვერ იტევდა“.26

1195 წელს შამქორთან გამარჯვების მიუხედავად, აბუ-ბაქრის პრობლემა არ მოხსნილა. როგორც წყაროებიდან ჩანს, ქართველების და აბუ-ბაქრის დაპირისპირება შემდგომშიც გაგრძელებულა.27 ამ კონფლიქტის გამოძახილი უნდა იყოს ქართველთა პერმანენტული თავდასხმები არანზე და ადარბადაგანზე. მიუხედავად შამქორთან მძიმე მარცხისა, აბუ-ბაქრმა შირვან-შაჰის სიძე, ქართველთა მომხრე ამირ-მირანი მოაკვლევინა და განძას დაეუფლა.

განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობენ კირაკოზ განძაკელი და ალ-ჰუსაინი. მათი გადმოცემით, განძის მცხოვრებნი უკმაყოფილო იყვნენ ამირ-მირანის საქციელით. იგი ავიწროებდა მუსლიმებს და ქალაქის ქრისტიან მოსახლეობას უფრო წყალობდა. ამიტომ განძელებმა მოაკვლევინეს იგი და აბუ-ბაქრი მოიწვიეს ქალაქში.28 არანზე გავლენის აღსადგენად, ქართველებმა 1196 წელს განაახლეს თავდასხმები აბუ-ბაქრის გასადევნად. მათ ხელმეორედ მოუწიათ განძის აღებისათვის ბრძოლა, მაგრამ 25 დღიანი ალყის მიუხედავად ვერ აიღეს იგი, თუმცა, გააგრძელეს მტრის შევიწროება და დაარბიეს და დაიპყრეს ამბერდი, გელაქუნი, ნახიჩევანი, დვინი და სხვა მხარეები.29 ქართველთა ეს აქტიურობა გამოწვეული იყო აბუ-ბაქრის საფრთხის საბოლოოდ მოსახსნელად. ალ ჰუსაინის ცნობით, „აბუ-ბაქრმა ქართველთა თავდასხმების გამო დაკარგა კონტროლი სამფლობელოებზე და დარდის გასაქარვებლად მისცა თავი დროსტარებას. თავის მომხრეებს ისიც კი განუცხადა, რომ აღარ მოეხსენებინათ მის ქვეყანაში ქართველთა ჩადენილი ძალმომრეობის ამბები. შემდეგ ქართველები მას არა თუ ნახჩევანში, არამედ თავრიზშიც დაესხნენ თავს.“30 იბნ ალასირის გადმოცემით, როდესაც ქართველები შეიჭრნენ აბუ-ბაქრის სამფლობელოებში, ათაბაგი არ ისმენდა მცხოვრებთა თხოვნას დახმარებისათვის, იქცეოდა ისე, თითქოს ეს ამბები საერთოდ არ ეხებოდა მას. ბოლოს აბუ-ბაქრმა თავი იმით დაიცვა, რომ ზავი ითხოვა და ქართველთა მეფის ქალი მოიყვანა ცოლად. ამის შემდეგ ქართველთა ლაშქრობები შეწყდა და მშვიდობა ჩამოვარდა მოწინააღმდეგეებს შორის.31 როგორც ჩანს, ქართველებს გარკვეული გავლენა მოუპოვებიათ ადარბადაგანის იმ მხარეებზე, რომლებიც დალაშქრეს აბუ-ბაქრის დევნის დროს. სწორედ, ადარბადაგანში ქართველთა გამოჩენამ მიიპყრო ხორეზმელთა ყურადღება. ჯერ კიდევ, როდესაც აბუ-ბაქრი თავრიზში გაიქცა, ხორეზმის სულთანმა თექიშმა გაააქტიურა თავისი პოლიტიკა ჩრდილოეთ სპარსეთის მიმართულებით. მან წერილი გაუგზავნა აბუ-ბაქრს, სადაც იგი მოკავშირეობას და ამავე დროს ჰამადანის და მისი მახლობელი ქალაქების მართვას სთავაზობდა. როგორც ჩანს, ხორეზმის სულთანი შეაშფოთა ქართველთა გააქტიურებამ ადარბადაგანში, ასევე, თავრიზთან მათმა გამოჩენამ და შესთავაზა ერთობლივი ძალებით მტრის წინააღმდეგ მოქმედება.

აბუ-ბაქრს ახალი მფარველი გამოუჩნდა, მაგრამ მან უარი უთხრა ხორეზმელებს. სავარაუდოდ, უარის მიზეზი ის იყო, რომ ხორეზმის სულთანი მას აქეზებდა სპარსული ერაყის მამლუქების წინააღმდეგ, თუმცა, თავის მხრივ, თექიში დახმარებას ვერ პირდებოდა შიდა პრობლემების გამო. ამავე დროს, აბუ-ბაქრი საპასუხო წერილში აღნიშნავდა, რომ მის საზღვრებთან ქართველები იმყოფებოდნენ და ამდენ ფრონტზე ბრძოლას ვერ შეძლებდა.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძლიერი ხორეზმის სულთანი თანაბარი პირობებით არ შეუთანხმდებოდა აბუბაქრს, მას უნდა ეღიარებინა თექიშის უზენაესობა. ეს ჩანს თვით სულთნის წერილიდანაც, სადაც ის აბუ-ბაქრს შვილად მოიხსენიებს.

ხორეზმელები, ჯერ კიდევ XII საუკუნის 50-იანი წლებიდან ჩაერივნენ ადარბადაგანის და სპარსეთის ერაყის საქმეებში. 1157 წელს ხორასნის დიდი სულთნის აჰმედ სანჯარის გარდაცვალების შემდეგ, ხორეზმ-შაჰმა ილ-არსლანმა დაიწყო ბრძოლა ხორასნისათვის. აქ მას წინააღმდეგობა შეხვდა ელდიგუზ ათაბაგისგან და ერაყის სულთან არსლან-შაჰისგან, რომლებიც ცდილობდნენ არ შემოეშვათ ხორეზმელები ხორასანსა და ადარბადაგანში. მაგრამ, 1167 წელს ხორეზმელებმა აიღეს ნიშაბური, ამის შემდეგ ისინი უშუალოდ დაემუქრნენ ადარბადაგანს, დაარბიეს აჰბარი, ზენჯანი და ყაზვინი. თუმცა, ერაყისათვის ბრძოლაში ვერ მიაღწიეს წარმატებას და ყურადღება გადაიტანეს შუა აზიაში ყარა-ხატაელებთან დაპირისპირებაზე, მაგრამ უშედეგოდ. 1186 წლიდან ხორასნისათვის ბრძოლა კვლავ უწევს ხორეზმის ახალ მმართველს თექეშს, რომელმაც აიღო ნიშაბური და განიმტკიცა პოზიციები ხორასანში. ეს იმდენად დიდი წარმატება იყო, რომ თექეშმა 1189 წელს მიიღო სულთნის ტიტული. ამ აღიარების შემდეგ, ხორეზმის სულთანი ყველაზე უზენაესი ხელისუფალი გახდა მეზობელ მუსლიმ მმართველებს შორის. XII საუკუნის 90-იანი წლებიდან ხორეზმელებმა კვლავ გაააქტიურეს აგრესიული პოლიტიკა ადარბადაგანისა და სპარსული ერაყის მიმართულებით. როგორც ჩანს, ხორასნისათვის ბრძოლა რთულად მიმდინარეობდა. ხორეზმელებს შემდგომშიც უწევდათ პერმანენტული ლაშქრობების მოწყობა სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით. ალ ად-დინ მუჰამედის მმართველობის დროსაც (1200-1220) ხორეზმელები აქტიურად ებმებოდნენ ამ რეგიონისათვის ბრძოლაში. მაგრამ, ამავე დროს, მათ, შუა აზიაში, მავერანაჰრისათვის ბრძოლაში დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ ყარა-ხატაელთა მხრიდან. განსაკუთრებით მწვავე იყო სამარყანდისთვის და ბუხარისთვის ბრძოლა, რომლებიც XII საუკუნის შუა ხანებიდან ყარა-ხატაელთა მმართველების ხელში იყო. ეს პრობლემა კი ძალიან აფერხებდა ხორასნის დაპყრობის საკითხს. მათ ორ ფრონტზე უწევდათ ბრძოლა, მაგრამ ალ ად-დინ მუჰამედმა 1208 წელს თითქმის მთელი ხორასანი დაიმორჩილა.

თამარის სამეფო კარმა გაითვალისწინა ის მომავალი საფრთხე, რაც შეიძლება გამოეწვია ხორეზმელების და სპარსეთის სელჩუკების კოალიციას. ამიტომ ქართველებმა გაააქტიურეს თავდასხმები და ალ-ჰუსაინის ცნობაც, რომელიც ქართველთა თავრიზთან გამოჩენაზე მოგვითხრობს, სწორედ ამ ვითარებას ეხება. ქართველთა პერმანენტულმა თავდასხმებმა და მათ მიერ ადარბადაგანის მხარეების გაუთავებლად რბევამ აბუ-ბაქრი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. უსაფრთხოების მიზნით, იგი დაუზავდა და დაუმოყვრდა ქართველთა სამეფო კარს. მაგრამ, მას შემდეგ, რაც აბუ-ბაქრი შეუთანხმდა ქართველებს, ხორეზმელებმა იგრძნეს საფრთხე და 1205 წელს ადარბადაგანში შემოვიდნენ ხორეზმ-შაჰ თექიშის შვილის ტაჯ ად დინის მეთაურობით. მათი პირველი ცდა ადარბადაგანის ქართველთა ხელიდან გამოგლეჯისა, წარუმატებლად დამთავრდა. აბუბაქრთან ბრძოლაში დაიღუპა თვით ტაჯ ად დინი. შეიძლება. ისიც ვივარაუდოთ, რომ ქართველებმა გარკვეული დახმარება გაუწიეს ახალ მოკავშირეს. მართალია, ამ საკითხზე წყაროები არაფერს გვეუბნებიან, მაგრამ, სავარაუდოდ, აბუ-ბაქრს გაუძნელდებოდა მოკავშირის გარეშე ხორეზმელებთან ომი.

მართალია, ხორეზმელებმა ვერ მოახერხეს პოზიციების გამაგრება ადარბადაგანში, მაგრამ მაინც ახერხებდნენ ქართველთათვის პრობლემების შექმნას და ჩრდილოეთ სპარსეთის მიმართულებით აქტიურ პოლიტიკას აწარმოებდნენ. ჩვენი აზრით, ამის ერთ-ერთი გამოხატულება იყო, არდაველის სულთნის თავდასხმა ანისზე 1208 წელს. აღსანიშნავია, რომ თავს დაესხნენ სწორედ იმ ქალაქს, რომელიც სამართავად გადაცემული ჰქონდათ საქართველოს ჯარის მეთაურებს მხარგრძელებს და მათი სამფლობელოების დარბევა შურისგება იყო სპარსელთა მხრიდან. საეჭვოა, რომ არდაველის სულთანს პირადი ინიციატივით, ასეთი ავანტიურისტული ნაბიჯი გადაედგა. მას, ალბათ, კარგად მოეხსენებოდა, რომ საქართველოს სამეფო კარი ასეთ თავხედობას დაუსჯელს არ დატოვებდა. სავარაუდოდ, მას ხორეზმელთა იმედი ჰქონდა. მაგრამ, საკვირველია, რომ არდაველი ქართველთა მოსალოდნელ თავდასხმას მოუმზადებელი შეხვდა. თამარის ისტორიკოსი ქალაქის მოულოდნელ აღებას, რელიგიურ დღესასწაულს უკავშირებს, ისევე, როგორც ანისის დარბევის დროს. მემატიანის თქმით, ქართველებმა ქალაქი მაშინ იგდეს ხელთ, როცა მუსლიმთა დღესასწაული „აიდი გათენდებოდა, რომელ არს აღვსება მათი“.32 როგორც წყაროდან ჩანს, ქართველებს ქალაქის აღებისას დიდი ჯაფა არ დასდგომიათ. თითქოს ქალაქის მესვეურები არც კი ელოდნენ მტრის გამოჩენას. მართლაც, გასაკვირია, რატომ არ გამოიჩინეს სიფრთხილე ქალაქის პატრონებმა, როცა მოსალოდნელი იყო მტრის შემოსევა? თამარის ისტორიკოსის ცნობით, მეფემ მხარგრძელების რჩევით თავი მოუყარა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მხედრობას, რათა მტრის მზვერავებს არ დაეფიქსირებინათ ჯარების მოძრაობა დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით. მაგრამ ერთი რამ არის საეჭვო, არდაველის სულთანიც ფრთხილად უნდა ყოფილიყო და რატომ გამოეპარათ სპარსელებს ქართველთა ჯარების მოძრაობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ მაინც? არდაველი საქართველოს საზღვრებს საკმაოდ და- შორებული იყო და თუ პირველ ხანებში არა, მოგვიანებით მაინც უნდა დაეფიქსირებინათ მტრის რაზმების მოძრაობა ქალაქის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, როგორი სწრაფი მარშიც არ უნდა განეხორციელებინა ქართველთა მხედრობას. ამავე დროს, ვერავითარ დღესასწაულს ვერ უნდა მოედუნებინა ქალაქის მეციხოვნეთა ყურადღება.

ქართველთა ჯარი შეიკრიბა ანისში და „გარდავლეს გელაქუნი და ჩავლეს ისპიანი გავიდეს ხუაფრიდის ხიდსა და მიმართეს არდაველს.“33 ასეთივე ეჭვი გამოთქვა ლ. ტუხაშვილმა ანისის აღებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, გაუგებარია, როგორ ვერ შენიშნეს ანისელებმა მტრის მოახლოება და ფიქრობს, რომ შეიძლება არდაველის სულთანი საქართველოს ყმადნაფიცი იყო და მისი ჯარის მოძრაობისათვის ანისელებს ყურადღება არ მიუქცევიათ. ალბათ შენიშნეს არდაველის ლაშქარი, მაგრამ არ მიიჩნიეს მტრად.34

ცოტა საეჭვოდ გვეჩვენება, ასევე, არდაველის სულთნის მოულოდნელი გამოჩენა ანისის დაუცველ კარებთან. შეიძლება, პირდაპირ არ გავიგოთ მემატიანის ეს ნათქვამი, ქალაქის დაუცველი, ღია ალაყაფის შესახებ, მაგრამ, როცა მტერმა საქართველოს საზღვრები გადმოლახა, მონაპირეებისთვის ხომ შეუმჩნეველი არ უნდა დარჩენილიყო ეს ფაქტი, რაც არ უნდა დიდი საეკლესიო დღესასწაული ყოფილიყო ქვეყანაში?

რა თქმა უნდა, ძნელია ამ ამბების რეკონსტრუირება. მემატიანე, სავარაუდოდ, მეტ-ნაკლებად, ალამაზებს ამ ამბებს, მაგრამ ერთი აშკარაა, მოწინააღმდეგეთაგან არცერთს არ გამოუჩენია სათანადო სიფხიზლე მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით საყურადღებოა, არდაველის სასულთნოს პოლიტიკური მდგომარეობა. როგორც ჩანს, მაშინდელი ჩრდილოეთ სპარსეთის პოლიტიკური სივრცე ძალიან დანაწევრებული იყო. არ არსებობდა ერთიანი სამხედრო-პოლიტიკური სისტემა ან ნება საერთო მტრის მოსაგერიებლად. ამიტომაც აღნიშნავენ ისტორიკოსები, რომ არდაველის ადვილად დარბევამ აჩვენა ქართველებს სპარსეთის შინაგანი სისუსტე. მართლაც, ქართველთა ჯარს არდაველამდე საკმაოდ დიდი მანძილი უნდა გაევლო, მაგრამ არცერთ მუსლიმ მმართველს ქართველთათვის პრობლემა არ შეუქმნია. ასეთივე ვითარება ჩანს სპარსეთში ლაშქრობის დროსაც, როცა არავითარი საერთო ფრონტი არ არსებობდა ქართველთა ძალადობისაგან თავდასაცავად. მხოლოდ ხორასანში შესვლის დროს გამოუჩნდათ სერიოზული მოწინააღმდეგე ქართველებს ხორეზმელების სახით, მაგრამ ეს მაშინ, როდესაც მტერი, ალბათ, უშუალოდ ხორეზმის საზღვრებთან გამოჩნდა.

ჩვენი აზრით, არდაველის სულთნის ლაშქრობა ანისზე ხორეზმელების მიერ იყო პროვოცირებული. ამაზე უნდა მიანიშნებდეს ფრაგმენტი იოანე ბატონიშვილის „ისტორიიდან“. მემატიანის ცნობით, თამარმა ჯარი სპარსეთის დასალაშქრად იმიტომ გააგზავნა, რომ ხორეზმელები ქართველებს აზერბაიჯანს ედავებოდნენ, „და აგრეთვე ეწეოდნენ სპარსთა სულტანებთა, რათა ბრძოდნენ ქართველთა.“35 სპარსთა სულთნებში ერთ-ერთი, არდაველის სულთანი უნდა იგულისხმებოდეს. მაშინ, მათ, ქართველთა ამ სწრაფ რეაქციას პასუხი ვერ გასცეს. შეიძლება ეს ხორეზმელთათვის მოულოდნელიც იყო, მაგრამ, 1210 წელს= როდესაც ქართველებმა დიდი სამხედრო ექსპედიცია მოაწყვეს სპარსეთში, მაშინ კი გამოიჩინა სიფხიზლე ხორეზმის სულთანმა და უკვე ხორასანში შესულ ქართველებს აგრძნობინა, რომ პასუხს გასცემდა მათ. 1210 წელს გარდაიცვალა აბუ-ბაქრი.36 შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქართველებმა აბუ-ბაქრის გარდაცვალებას დაუკავშირეს სპარსეთში შესვლა. ისინი კარგად გრძნობდნენ, რომ აბუ-ბაქრის სიკვდილით ისარგებლებდნენ ხორეზმელები. აბუ-ბაქრის მემკვიდრე უზბეგი, საეჭვოა, იგივე პირობებით შეთანხმებოდა ქართველებს. მოგვიანებით გამოჩნდა, რომ უზბეგზე გავლენა ხორეზმელებს ჰქონდათ. ლაშა-გიორგის მეფობის დროს უზბეგმა ხორეზმ-შაჰ მუჰამედთან უჩივლა ქართველებს, მისი სამფლობელოების განუწყვეტელი რბევის გამო. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ აბუ-ბაქრის სიკვდილის შემდეგ, ადარბადაგანში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა. ამიტომ, ქართველებმა მანამდე სცადეს თავიანთი პოზიციების გამაგრება ადარბადაგანში, სანამ ხორეზმელები აბუ-ბაქრის მემკვიდრეობას დაეუფლებოდნენ.37

ხორასანში შესული ქართველების წინააღმდეგ ხორეზმის სულთნის გამოსვლის გამო, მართლაც, შეიძლება ჰქონოდა საფუძველი იმ ხმებს, რომელიც იმ პერიოდში გავრცელდა, მაგრამ ქართველთა განადგურება რომ არ მომხდარა, ეს წყაროებიდან ნათლად ჩანს. ალბათ თვით ქართველთა ჯარის მესვეურებმა აღარ ჩათვალეს საჭიროდ წინსვლა და ქვეყნიდან ასე შორს წასულები მოერიდნენ ხორეზმელებთან დაპირისპირებას. ამიტომაც გამობრუნდნენ უბრძოლველად, მაგრამ ეს არ იყო დამარცხებულთა უკუქცევა. როგორც ცნობილია, ქართველთა მხედრობამ უვნებლად მოაღწია სამშობლომდე და უკან მობრუნების დროს სასტიკად დასაჯა მიანის გამგებელი ჩადენილი ბოროტებისათვის. არც სულთან მუჰამედს უდევნია მომხდური მტერი. ალბათ დაკმაყოფილდა, რომ მოწინააღმდეგემ პირი იბრუნა და მის სამფლობელოებს გაეცალა. ქართველთა უვნებლად მობრუნების შესახებ წერს ასევე, ალჰუსაინიც. მისი გადმოცემით, ქართველებს ხორასნიდან დაბრუნების დროს დაუპყრიათ მარანდი, ნახიჭევანი, ბაილაყანი, დვინი. გამოქცეული და დამარცხებული ჯარი ამდენს ვერ შეძლებდა. როგორც ჩანს, თამარის ისტორიკოსის ცნობა, ქართველთა უვნებლად უკან გამობრუნების შესახებ, სიმართლეს შეესაბამება. მისი ცნობით, უკან გამობრუნებულ ქართველთა ლაშქარს გამოუვლია უჟენი, თავრიზი, გადმოულახავს რახსი და ნახჭევანის გზით  ოსულა თბილისში.

აღსანიშნავია, იოანე ბატონიშვილის მონათხრობი სპარსეთში ქართველთა ლაშქრობის და მისი უკან გამობრუნების შესახებ. მართალია, მემატიანეს არეული აქვს ქართველთა ლაშქრობის მარშრუტის თანმიმდევრობა, მაგრამ ნაამბობიდან ჩანს, რომ უკან დაბრუნებისას უვნებლად გამოუვლია ადარბადაგანის ქალაქები, მათგან ზოგიერთს, თავი კვლავ გამოსასყიდით გადაურჩენია, ზოგი კი ახლად აუღია.

ერთი მხრივ, ეჭვს იწვევს, მანამდე რატომ არ გასცა პასუხი დიდმა სულთანმა ქართველებს, სანამ ისინი ხორასანს მიაღწევდნენ, ხორეზმელებს ხომ პრეტენზიები მთელ ადარბადაგანზე ჰქონდათ. სავარაუდოდ, სულთან მუჰამედს ამ დროისათვის პრობლემები ჰქონდა შუა აზიაში. 1210 წლისათვის ის ბრძოლებს აწარმოებდა ყარა-ხატაელების წინააღმდეგ და სექტემბერში, ბოლოს და ბოლოს მოახერხა მათი დამარცხება. როგორც ჩანს, ხორეზმის სულთანს არ შეეძლო ორ ფრონტზე აქტიური მოქმედება. ამიტომ ვერ მოახერხა, ქართველთა ლაშქრობის პირველ ეტაპზე გაეწია მათთვის წინააღმდეგობა. შეიძლება, სამეფო კარმა შეგნებულად დაამთხვია სპარსეთში შეჭრა ამ დაპირისპირებას. ივ. ჯავახიშვილი, თამარის ისტორიკოსის ცნობაზე დაყრდნობით, ქართველთა ჯარის შეყრის და ლაშქრობის დასაწყისად შემოდგომას მიიჩნევს, „მოიწია არე სთულისა“.38 ნათელია მიზეზი, თუ რატომ აღმოჩნდა ხორეზმელების რეაქცია დაგვიანებული მოწინააღმდეგის შესაჩერებლად. მხოლოდ მაშინ გამოჩნდა სულთანი, როცა ქართველთა ლაშქარი ხორეზმის ტერიტორიებს მიუახლოვდა.

ქართველ მემატიანეებს აღნიშნული აქვთ, რომ სპარსეთში შესვლისას მათ წინ ვერ აღუდგა ვერც ხორასნის და ვერც ერაყის სულთანი. ხორასნის სულთანი არის ხორეზმშაჰი მუჰამედი. ამ დროს ხორასანი ხორეზმელებს ჰქონდათ დაკავებული და ხორასნის მმართველში სწორედ ის იგულისხმებოდა. ერაყის სულთანში კი იგულისხმება სელჩუკიანთა სულთანი, რომლის ხელისუფლება მოიცავდა სპარსეთის ერაყს, ადარბადაგანს, არანს. მაგრამ, ამ დროისათვის, არც ერაყში და არც ხორასანში სელჩუკიანი სულთნების ხელისუფლება აღარ იყო. „ისტორიანი და აზმანის“ ავტორი, ერაყის სულთანში, სავარაუდოდ, ელდიგუზიანების მემკვიდრეობას აღნიშნავს. ელდიგუზიანები კი გარკვეული ხანი ფლობდნენ სპარსეთის ერაყის ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონს.39 თამარის ისტორიკოსის ცნობა ხორეზმელთა სულთნის გამოსვლის შესახებ მიგვანიშნებს, რომ ქართველთა ლაშქრობა სპარსეთში და შეჭრა შორეულ ხორასანში იყო მიზანმიმართული აქცია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ხორეზმელთა გავლენის გავრცელებას ადარბადაგანზე. ხორეზმელებს არა მარტო ადარბადაგანის, არამედ თვით შირვანის და არანის მიწების ხელში ჩაგდება ჰქონდათ განზრახული.40 მართალია, მათი ეს პრეტენზიები ცოტა მოგვიანებით, 1215-1216 წლებში იჩენს თავს, მაგრამ მიანიშნებს, რომ მუჰამედს თამარის სიცოცხლეშიც ჰქონდა პრეტენზიები აზერბაიჯანზე41, არანზე და შირვანზეც, რაც უშუალოდ საფრთხეს უქმნიდა საქართველოს სამეფოს. ამიტომ, ამ ლაშქრობას არ ჰქონდა ძალის დემონსტრირების და არც მარბიელი ხასიათი, ეს უფრო სერიოზულ მიზნებს ისახავდა.

განსხვავებული თვალსაზრისი აქვს გამოთქმული ლ. ტუხაშვილს სპარსეთში ლაშქრობის მიზნების და მიზეზების შესახებ. მკვლევრის აზრით, ქართველების ლაშქრობა შეთანხმებული იყო ხორეზმის სულთანთან. ქართველებს ლაშქრობის ორი ალტერნატივა ჰქონდათ, ერაყის ან ხორასნის მიმართულება. ირანში შეჭრის შემდეგ უნდა მიეღოთ ქართველთა მთავარსარდლებს საბოლოო გადაწყვეტილება და გადაწყდა ხორასანი (რომ-გური), რადგან ქართველები იქ „ვიღაცამ“ მიიწვია და ეს „ვიღაცა“ უნდა ყოფილიყო სულთანი მუჰამედი. ეს შეთანხმება მიმართული იყო ირანში დამკვიდრებული თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი ბანდების წინააღმდეგ, რადგან ისინი დიდ ზიანს აყენებდნენ ხორეზმის საგარეო ვაჭრობასაც და საფრთხეს უქმნიდნენ მის ინტერესებს ირან-ავღანეთში. ამიტომ, ეს ლაშქრობა ორივე მხარისათვის სასარგებლო იყო. ამ ეტაპზე ხორეზმი არ განიხილებოდა საქართველოს მოწინააღმდეგე ძალად, პირიქით, ირანელი თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში შუა აზიელი თურქ-სელჩუკები ბუნებრივ მოკავშირეებად გამოდიოდნენ. იმ დროისათვის, მუჰამედის ძირითად ინტერესს ირანის აღმოსავლეთი ნაწილი, ავღანეთი და ინდოეთი წარმოადგენდა და წარმოუდგენელი იყო მას მიზნად დაესახა საქართველოსთან დაპირისპირება.42

მიუხედავად საინტერესო თვალსაზრისისა, ვერ დავეთანხმებით მკვლევარს. წყაროთა მონაცემებიდან ჩანს, რომ ადარბადაგანის საკითხში ქართველთა და ხორეზმელთა ინტერესები აშკარად ეჯახებოდა ერთმანეთს. ეს კონფლიქტი ჯერ კიდევ აბუ-ბაქრის წინააღმდეგ გატარებული პრევენციული ზომების დროს გამოიკვეთა, შემდეგ ამას მოჰყვა ქართველთა მიერ ხორეზმელთა გავლენის ზონებში შეჭრა, მუჰამედის მუქარა საქართველოში ლაშქრობაზე და ბოლოს, ჯალალ ად-დინის თავდასხმა საქართველოზე. ჩამოთვლილი მოვლენები კი ამ კონფლიქტის ერთი მთლიანი ჯაჭვია.

ქართველთა სპარსეთში ლაშქრობის ისტორიის და მიზნების შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის იოანე ბატონიშვილი. მართალია, ის ამ ამბების თანამედროვე არ არის, მაგრამ თავის ისტორიაში პირდაპირ მიანიშნებს, რომ სპარსეთში ლაშქრობის ამბავი დაკავშირებული იყო ადარბადაგანისთვის ბრძოლის საკითხთან. მემატიანე აღნიშნავს, რომ თამარ მეფეს განზრახული ჰქონდა არ დაეშვა ხორეზმელების გაბატონება ადარბადაგანში და ამიტომ გააგზავნა სამხედრო ძალა სპარსეთის ჩრდილოეთში. მიუხედავად იმისა, რომ იოანე ბატონიშვილი ქართველთა მიერ ქალაქების აღების ამბებს ქრონოლოგიურად და გეოგრაფიულად არეულად გადმოგვცემს, გადავწყვიტეთ, მთლიანად მოგვეტანა ეს ფრაგმენტი: „წელსა ამასვე შინა ინება თამარ მეფემან ხუარასნელთა ზედა წარგზავნა მხედრობისა თვისისა, ვინაითგან ხვარასნელნი აბრკოლებდენ ადრიბაჟანელთა მსახურებად თამარისა და აგრეთვე ეწეოდნენ სპარსთა სპარსთა სულტნებთა, რათა ბრძოდენ ქართველთა. ხოლო ჟამსა ამას შინა ჰფლობდა ტონღან გვარითა, ხოლო სახელითა ამირ ასლანხან, ესე ტონღან გვარითა ჩინგიზთა ხანთათა თურქისტანს აღზრდილი, და ესე მოვიდა და დაიპყრა ხორასანი და მაზანდარა და აღაშენა ციხე საარი ქალაქსა და მყოფობდა მუნ წელსა ქრისტეს აქეთ 1100, ხოლო ამა ტონღანის შვილნი და შვილიშვილნი იმყოფებოდნენ მაშინ მფლობელად ამა ადგილთა და მაშინ იჯდა ტაღამ ხან ძე ამირ ასლანისა და მართვიდა იგი ქუეყანასა მას: ჟამსა ამას შინა მოუწოდა მეფემან ზაქარია მხარგრძელსა და სხუათა მხედართ მძღუანთა შემოკრბენ მხედრობანი და წარემართნენ ხუარასანსა ზედა და მიიწივნეს ყაფლანქუს მთასა გზასა და წარავლინა და წარავლინა ზაქარიამან მეწინავენი ტალა ვიდრე ხუთასი ოდენ კაცი, რათა იწრო გზა იგი გარდასავალი და დაიცვან მტერთაგან, აღვიდნენ რა ესენი მთასა მას, მაშინ იცოტავეს მარანდიელთა და ზედა დაესხნენ ტალათა ამათ, გარნა ჰსძლიეს, ტალათა და დახოცნეს ვიდრე ხუთასამდის კაცი. შემდგომად ამისა აღვიდა ზაქარიაცა მხედრებითა თვისითა და იხილა ნაომარნი ადგილნი და თათართა მხედრობისა კაცნი ვიდრე ხუთასამდის მკვდარნი. რომელთაცა შუბებივე თვისი აქუნდათ დარჭობილი გულთა ზედა.

მხილველი ამისი განკვირდა ზაქარია და უბნობდა თუ რა შეემთხვათ ტალათა ჩუენთა. შემდგომად ამისა მოვიდნენ ტალანიცა იგი და მოიღეს ალაფი დიდძალი, რომელთაცა დევნა ეყოთ მტერთათვის. შემდგომად ამისა მიიწია ყაზმინსა და აღიღო იგიცა და დაიმორჩილა თვისად. მუნიდგან განვლესდ თერანი მცირე ყარაბჩი(?) ადგილი და მიიწივნეს ხორასანს. მაშინ ბრძო ტონღან ტაღანხანმან არამედ იძლია ჩუენისა მხედრობისაგან და დასცეს ვიდრე ოცი ათასი ხვარასნელნი, ხოლო განივლტო ტაღამხან და მივიდა მაზანდარას, საარი ქალაქსა შინა, მაშინ მიადგა გარემოს ზაქარია მხარგრძელი და შეაიწროა იგი. ხოლო მხედრობანი ჩუენნი არბევდენ ვიდრე გურდანადმდე (გურგანამდე. ა.გ). მაშინ ტაღამხან წარმოუვლინა მოციქულნი ზაქარიას და ევედრა ზავისა ყოფასა. ხოლო ზაქარიამ სთხოვა მძევლად ძე თვისი თოხთამიშ, რაოდენითამე ჩინებულთა გუარისა კაცნი და ამასთან ხარჯი რაიცა წარსაგებელი განსრულ იყო თამარ მეფისა მხედართა ზედა, მოცემად იგიცა და ესრეთ გაისტუმრნა ელჩნი იგი. მაშინ ტაღანხანმან აღუსრულა ყოველივე და უკუნ იქცა მუნიდგან.

და თანა წარმოიყუანა თოხთამიში ოცი წლისა მშუენიერი ყრმა და დიდსა პატივსა უყოფდა ზაქარია, მოვიდა ყაზმინს მუნ დააყენა მცირენი მხედრობანი და დაიპყრა სამეფოდ. მერე მოადგა ზანგანს. არამედ განუმაგრდენ ესენი, აღიღო ციხეცა მათი და მოსრნეს მრავალნი და აგრეთვე დაიპყრეს მარანდაცა და კვალად ყაფლან ქუს დამ უნ გარდასავალსა გზასა ზედა გაახლებინა ციხე ყიზყალად წოდებული და დააყენა მუნ მეციხოვნენი და მერე წინამოეგება თავრიზისა სულთანი და მარაღისა ბეგნი და მიანელნი და დაემორჩილნენ მხარგრძელსა და დასდო ხარკიცა მათზედა: და ესრეთ გამარჯვებულნი უკუნ იქცენ ქართლად. გარნა ესეოდენი ალაფი აქუნდათ მხედრობათა ჩუენთა, რომელ საკიდარნიცა ვერა უშოეს, ხოლო რაცა სამძიმო ბარგი აქუნდათ, ზოგი მისცეს გლახაკთა მენებურთა და ზოგნი დაწვეს ცეცხლითა. გარნა მოესმა მიალელთაგან ღალატობა მცველთა მხედართა დადგინებულთა მათთა, რომელთაცა დაეხოცათ მცირენი ესე მხედრობანი ქართველთანი და მაშინ წარგზავნა ერთი მხედართმთავარი მხედრობითა თვისითა თავრიზიდგან და სრულიად ააოხრეს ქალაქი იგი. და მოწყვიდნეს იგინი. ხოლო სულტანსაცა მოჰკვეთა თავი დაუდო რიგი ყოველთა და მოვიდა ტფილისს წინაშე თამარისა და მოართო ძღვენი დიდი, რომელ განკვირდეს ყოველნივე: და მეფემან თამარ უბოძა ჯილდო დიდი ესე ვითარსა საქმისათვის.“43

ზემოთ მოტანილი ციტატა კარგად აღწერს ქართველთა ლაშქრობის მიზანს. სამწუხაროდ, არ მოგვეპოვება ცნობა, თუ რა წყაროებით სარგებლობდა იოანე ბატონიშვილი, მაგრამ მას, განსხვავებით სხვა მემატიანეთაგან, დასახელებული აქვს ამ სამხედრო ექსპედიციის კონკრეტული მიზეზი. მისი ცნობით (განსხვავებით თამარის მემატიანის ცნობისგან), ქართველთა და ხორეზმელთა დაპირისპირება უფრო ადრე მომხდარა. როგორც ჩანს, ხორეზმელებს მართლაც ჰქონდათ შეტაკება ქართველებთან, მაგრამ დამარცხდნენ და უკუიქცნენ. ეს შეტაკება, იოანე ბატონიშვილის ცნობით, მოხდა ყაზვინის აღების შემდეგ, როცა ქართველთა ჯარმა გააგრძელა ხორასნისაკენ სვლა. მთავარი ამ ცნობებიდან ის არის, რომ მოწინააღმდეგე მხარეებს შორის მართლაც მომხდარა ომი, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ქართველთა ლაშქრობა სპარსეთში ხორეზმელთა წინააღმდეგ მოწყობილი აქცია იყო და ხორეზმელებმაც უყურადღებოდ არ დატოვეს თავიანთი გავლენის სფეროში მტრის გამოჩენა.

იოანე ბატონიშვილის საინტერესო ცნობით, სპარსეთში ლაშქრობის დროს, ქართველთა მხედართმთავრებს მორჩილების მიზნით ეახლნენ თავრიზის, მიანის და მარაღის გამგებლები. თამარის ისტორიკოსს ქართველთა მიერ მარაღას დამორჩილება აღნიშნული არ აქვს. მარაღას რომ ქართველები ფლობდნენ, მიუთითებს ასევე, ჯალალ ადდინის კარის ისტორიკოსი ან-ნასავი. იგი გადმოგვცემს, რომ 1225 წელს, როდესაც ჯალალ ად-დინი მიუახლოვდა აზერბაიჯანის საზღვრებს, მას გადასცეს ქალაქ მარაღას მცხოვრებთა წერილი, სადაც მოქალაქეები თხოვდნენ, რომ გაეთავისუფლებინა მათი ქალაქი ქართველთა ძალადობისაგან, რადგან მისი პატრონები ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ მომხდურ მტერს.44 მარაღაზე გავლენის გავრცელებას ადასტურებს თამარის მეორე ისტორიკოსი, ბასილ ეზოსმოძღვარი. თამარის საქმეების აღწერისას აღნიშნავს, რომ მომავალი თაობის ქართველებმა გაიხსენონ მისი მეფობის დროს ჩადენილი საგმირო საქმეები, „ერაყამდის ქუემოთ მისგან დადებული ხარაჯა და ბაღდადის კერძ მარღამდის, და თვით იგი ხალიფა შეშინებული და მოაჯე კმა არს ქუეჯდომით მოქმედისაგან“.45

როგორც ვხედავთ, XIII საუკუნის 20-იანი წლებისათვის ქართველების გავლენა, თვით თავრიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით ვრცელდებოდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სპარსეთზე მოწყობილი ლაშქრობა არ იყო მარტო სამხედრო ძალის დემონსტრირება და მარბიელი ექსპედიცია. როგორც ჩანს, დაპყრობილ ქალაქებში ქართველთა მხედართმთავრებს დაუტოვებიათ მეციხოვნე რაზმები, რისი მაგალითიც არის მიანის ცნობილი ამბავი და თამარის ისტორიკოსის კიდევ ერთი ცნობა, რომელიც ქართველთა ჯარის დაბრუნების მომენტს აღნიშნავს, „დაუტევეს მშვიდობით მყოფნი ადარბადაგანისანი და ქალაქნი ადარბადაგანისანი“.46 ჩვენი აზრით, „მშვიდობით მყოფნი“-ში იგულისხმება ის მეციხოვნე რაზმები, რომლებიც დაპყრობილ ქალაქებში ჩააყენეს ქართველთა მთავარსარდლებმა ვითარების საკონტროლოდ. ასევე საყურადღებოა ან-ნასავის ინფორმაცია, მარაღას მცხოვრებთა ჩივილის შესახებ ჯალალ ად-დინთან, ქართველთა ძალმომრეობის გამო.

მოგვიანებით, ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდში 1217-1218 წლებში, ხორეზმის სულთანმა მუჰამედმა დაიპყრო სპარსეთის ერაყი და ადარბადაგანის ათაბაგი უზბეგი დაიმორჩილა. ან-ნასავის ცნობით, იგი ამის შემდეგ დაემუქრა ქართველებს, რომ თუ არ შეწყვეტდნენ ადარბადაგანის ძარცვას, გაილაშქრებდა საქართველოზე. აბდ ალლატიფ ალ ბაღდადი ამიტომაც აღნიშნავს, რომ მუჰამადს „სურდა წასულიყო თბილისზე და გადაექცია ის თავისი სახელმწიფოს დედაქალაქად“, მაგრამ მან ეს მუქარა ვერ შეასრულა. გ. ჯაფარიძის აზრით, მართალია, სხვა არაბული წყაროები არ იცნობენ მუჰამედის განზრახვას, მაგრამ ხმა იმის თაობაზე, რომ სულთანს თბილისის დალაშქვრა სურდა, ამ დროს უნდა გავრცელებულიყო სპარსულ-არაბულ სამყაროში.47 როგორც ამ წყაროებიდან ჩანს, ქართველები თამარის მეფობის შემდგომაც აგრძელებდნენ ადარბადაგანის შინაურ საქმეებში ჩარევას. ადარბადაგანის ათაბაგმა უზბეგმა ქართველებს ხორეზმშაჰთან უჩივლა მის მიწებზე პერმანენტული თავდასხმების გამო. ამიტომ, მუჰამედმა ელჩი გამოაგზავნა საქართველოში, ვისი პირითაც შეახსენებდა ქართველებს, რომ უზბეგი მისი ვასალი იყო და თუ ისინი არ შეაჩერებდნენ ადარბადაგანზე თავდასხმებს, გაილაშქრებდა საქართველოზე. მან 50 ათასი მხედარი გამოყო საქართველოზე სალაშქროდ. საქართველოს სამეფო კარი შეეცადა კონფლიქტი დიპლომატიური გზით მოეგვარებინა. ქართველებმა ხორეზმის დესპანს თავისი ელჩობა გააყოლეს საჩუქრებით, „რაშიც გამოარჩევდით იმ მხარის სასწაულებს.“48 ამ კონფლიქტის თავიდან აცილების მიზეზი კიდევ ის გარემოება უნდა ყოფილიყო, რომ ქართველთა ყურადღება გადატანილი იყო პალესტინისაკენ, რადგან დაწყებული იყო V ჯვაროსნული ლაშქრობა. რომის პაპი და ჯვაროსანთა მეთაურები ქართველებს დახმარებას სთხოვდნენ იერუსალიმის გათავისუფლებისათვის ბრძოლაში. ლაშა-გიორგი აპირებდა კიდეც პალესტინაში გალაშქრებას. სავარაუდოდ, ორ ფრონტზე ბრძოლა ქართველთა ძალებს აღემატებოდა და ამიტომაც მოერიდნენ კონფლიქტს ხორეზმის ძლიერ მმართველთან. ხორეზმშაჰს კიდევ უფრო დიდი გეგმები ჰქონდა. მემატიანეთა გადმოცემით, საქართველოს შემდეგ, იგი აპირებდა სირიის და ეგვიპტის მიმართულებით ლაშქრობას. თუმცა, მუჰამედმა ვერ მოახერხა დასახული მიზნების შესრულება. ეს ალბათ, გამოწვეული იყო შუა აზიაში მონღოლთა გამოჩენის გამო. უკვე ამ დროისათვის, მონღოლები დასავლეთ თურქესტანის და ყარა-ხატაელთა სამეფოს საზღვრებს უახლოვდებოდნენ. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, მიიპყრობდა ხორეზმ-შაჰის ყურადღებას. თუმცა, წყაროები გადმოგვცემენ, რომ ბაღდადისკენ დაძრული ხორეზმელთა ლაშქარი მთიანი გადასასვლელების გადალახვის დროს მოყვა დიდ ყინვებში, რამაც მისი ჯარის დიდი ნაწილი შეიწირა და მუჰამედი იძულებული გახდა გაბრუნებულიყო თავის სამეფოში.

საინტერესოა, რომ მუჰამედი თავის სამეფოში დაბრუნების შემდეგ, დედაქალაქ ურგენჩში კი არ მივიდა, არამედ სამარყანდში. როგორც ზ. ბუნიატოვი აღნიშნავს, მისი იქ გაჩერების და დასახლების მიზეზი იმ დროისათვის აღმოსავლეთიდან მოსული ამბები იყო, რომელიც იუწყებოდა უცნობი და ძლევამოსილი მტრის მოახლოებას მისი სახელმწიფოს საზღვრებთან.49

უცნაურია, რომ თამარის და ლაშა-გიორგის მემატიანეებს არაფერი აქვთ ნათქვამი ხორეზმელთა და ქართველთა ამ მრავალწლიანი კონფლიქტის შესახებ, მაგრამ ან-ნასავს მოეპოვება ცნობა, რომ ჯალალ ად-დინი მუქარას უთვლიდა ქართველებს სპარსეთის მხარეებში მოწყობილი ლაშქრობების გამო და აღნიშნავდა, რომ მისი სახით სპარსეთს პატრონი გამოუჩნდა და აღარ მისცემდა მათ საშუალებას ამ მხარეების ასე უწყალოდ რბევისა. მან წერილები გაუგზავნა რუმის სულთანს ალ ად-დინ ქეი-ქუბადს, ხლათის მბრძანებელს ალ-მალიქ ალ-აშრაფს, დამასკოს სულთანს ალ-მუაზამს, ეგვიპტის სულთანს ალ-ქამილს და მათ უთვლიდა, რომ დაიპყრო აზერბაიჯანი და აპირებდა საქართველოზე თავდასხმას. ამავე დროს პირდებოდა, რომ მშვიდობას დაამყარებდა მეზობელ მუსლიმ მმართველებთან.50

აქაც ჩანს, რომ ქართველთა მიერ ჩატარებული ლაშქრობები აბუ-ბაქრის წინააღმდეგ, არდაველის სულთნის დასასჯელად იყო მიმართული. რაც მთავარია, სპარსეთზე მოწყობილი მასშტაბური სამხედრო ექსპედიცია, სწორედ ხორეზმელების ინტერესებს ეჯახებოდა ადარბადაგანში, რაც კარგად ჩანს მუჰამედის მუქარაში საქართველოს სამეფო კარისადმი, სადაც ხორეზმშაჰი, ადარბადაგანის ათაბაგ უზბეგის ქართველთაგან დასაცავად ჯარს ამზადებდა და ლაშქრობას აპირებდა. ამიტომ იყო, რომ მოგვიანებით, ჯალალ ად-დინი ქართველებს ახსენებდა იმ ძველ წყენას, რასაც ისინი ბოლო წლებში აყენებდნენ სპარსეთის მოსახლეობას. ჩვენი აზრით, ჯალალ ად-დინის ლაშქრობა საქართველოზე იყო არა მარტო მუსლიმთა შურისძიება, არამედ იმ ძველი კონფლიქტის გამოძახილი, რომელიც სათავეს XII საუკუნის 90-იანი წლებიდან იღებდა.

შენიშვნები

1. თამაზ ნატროშვილი და გოჩა ჯაფარიძე ირანზე ლაშქრობას 1209 წლით ათარიღებენ. თამაზ ნატროშვილი, გოჩა ჯაფარიძე, „ცდა ერთი თარიღის დადგენისა“, მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია. #1 (თბილისი, 1974). 158; როინ მეტრეველი კი მიიჩნევს, რომ ქართველთა ლაშქრობა ირანზე მოხდა 1210 წელს. ქართული დიპლომატიის ნარკვევები. ტ. I (თბილისი, 1998). 341; მისივე დავით აღმაშენებელი, მეფე თამარი (თბილისი,2002), 594; ამ მოვლენას ნ. შენგელია 1210-1211 წლებით ათარიღებს. „საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი თამარის მეფობაში“, საქართველოს ისტორიის ნარკვევები,

ტ. III (თბილისი, 1979), 338; ლოვარდ ტუხაშვილი კი 1206-1207 წლებით, ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან, წიგნი I (თბილისი, 1994), 195.

2. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II (თბილისი, 1959). იოანე ბატონიშვილი. „ისტორია“. H-2134. სომეხ ისტორიკოსებს ეს ამბავი სხვაგვარად აქვთ გადმოცემული. ვარდანი და კირაკოზ განძაკელი არდაველის აოხრებას ნახჭევანის დარბევის შურისძიებად თვლიან. ვარდანი არდაველზე ლაშქრობას 1210 წლით ათარიღებს. ივ. ჯავახიშვილის აზრით, არაბ ავტორებს იბნ-ხალიკანს და იბნ-ბატიშსაც არდაველზე და ირანზე ლაშქრობები ერთმანეთში აქვთ არეული, ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. II (თბილისი, 1965), 287.

3. ივანე ჯავახიშვილი არდაველზე ლაშქრობის თარიღად 1207-08 წლებს მიიჩნევს, ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, 287.

4. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, 100-101.

5. იქვე, 102.

6.„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, 103.

7. ფარსადან გორგიჯანიძე, ისტორია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, H-2140, 33-34.

8. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, 105-107.

9. მარანდის აღების თარიღად იბნ-ბატიში 606 (1209 წ. 6 ივლისი – 1210 წ. 24 ივნისი) წელს დებს. თამაზ ნატროშვილი და გოჩა ჯაფარიძე ნდობას უცხადებენ იბნ ბატიშს, რადგან ის იმ ქალაქში, მოსულში ცხოვრობდა, სადაც ჩავიდა არბელადან გაძევებული იზ ად-დინი. იბნ ბატიში იზ ად-დინის თანამედროვე იყო და ამიტომაც, უფრო სანდოა მისი ცნობები აღნიშნულ ამბებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მკვლევარები ირანში ლაშქარობის თარიღად 1209 წლის შემოდგომას ვარაუდობენ. თამაზ ნატროშვილი, გოჩა ჯაფარიძე, ცდა ერთი თარიღის დადგენისა. 156-157. ირკვევა, რომ, როდესაც იზ ად-დინი გააძევეს არბელადან, იმ წელს აიღეს ქართველებმა მარანდი. თვით იზ ად-დინის ვაჟიშვილი ირონიულად შენიშნავს, `რად უნდა გაგიკვირდეს ურჯულო ქართველთაგან სისასტიკე, როცა მართლმორწმუნე მაჰმადიანებმა სწავლული გააძევეს და ოჯახი აუწიოკეს“. თამაზ ნატროშვილი, მაშრიყით მაღრიბამდე (თბილისი, 1991), 49-50.

10. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, 106.

11. Зиа Буниятов, Государство Атабеков Азербайджана (1136-1225), (Баку, 1978), 59.

12. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, 106-107.

13. იქვე, 107.

14. იქვე.

15. იქვე.

16. ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I (თბილისი, 1955), 369.

17. მ. ბროსე, ისტოირე დე ლა გეორგიე, I; ლ. მასინიონიც მიიჩნევს, რომ ქართველებმა დაიპყრეს ნიშაბურის უბანი რამჯარი, რომელიც ამ ქალაქის ერთ-ერთ დიდ გარეუბანს წარმოადგენდა, ქრისტიანული მოსახლეობით, მართლმადიდებლური ეკლესიით და თავისი სასაფლაოთი. ვალერიან გაბაშვილი, „ქართული წყაროების „რომ-გური“, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების ისტორიის სერია, 4, (თბილისი, 1971), 127-128.

18. გაბაშვილი, ქართული წყაროების „რომ-გური“, 126-130.

19. ჯემალ სტეფნაძე, ხორასანში ლაშქრობის საკითხისათვის, „საისტორიო კრებული“, VII, (თბილისი, 1977), 196.

20. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, 108.

21. იქვე, გვ. 109.

22. სტეფნაძე, ხორასანში ლაშქრობის საკითხისათვის; დიმიტრი შველიძე, ერეკლე შველიძე, საქართველოსა და ხორეზმის ურთიერთობა და ქართველთა ლაშქრობა ირანში (1210 წ.), ვალერიან მაჭარაძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომთა კრებული (თბილისი, 2001).

23. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, 283-286; შენგელია, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი, 337-338; ტუხაშვილი, ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან, 194-200; მეტრეველი, დავით აღმაშენებელი, მეფე თამარი, 594-595.

24. სტეფნაძე, ხორასანში ლაშქრობის საკითხისათვის, 189-193.

25. Зия Буниятов, Государство Атабеков Азербайджана, 54.

26. შენგელია, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი, 322-323.

27. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, გვ. 76.

28. З. М. Буниятов, Государство Атабеков Азербайджана, 55.

29. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, გვ. 77-78.

30. შენგელია, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი, 325.

31. Ибн _ ал – Асир, Тарих ал Камил (Полново свода истории), Материялы по истории Азербайджана (Баку 1940), 131.

32. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, 102.

33. იქვე, 102.

34. ტუხაშვილი, ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან,193.

35. იოანე ბატონიშვილი, H-2134, 644რ-ვ.

36. ზ. ბუნიატოვი აბუ-ბაქრის გარდაცვალებას 1210-1211 წლებში ვარაუდობს. Зия Буниятов, Государство Атабеков Азербайджана, 61.

37. მსგავსი მოსაზრება ადრეც გამოითქვა დიმიტრი შველიძის მიერ. იგი 1210 წლის ლაშქრობას ხორეზმის წინააღმდეგ მოწყობილ აქციას უკავშირებს. დიმიტრი შველიძე, ერეკლე შველიძე, საქართველოსა და ხორეზმის ურთიერთობა, 40.

38. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, 283,

39. ვალერიან გაბაშვილის აზრით, ერაყის და ხორასნის სულთნების დასახელებით, ქართული წყაროები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად გააძლიერონ საქართველოს ლაშქრის რომგურამდე მიღწევის ფაქტის მნიშვნელობა, გაბაშვილი, ქართული წყაროების „რომ-გური“, 129.

40. მემატიანეების გადმოცემით, ხორეზმის სულთნის მუჰამედის სახელზე ხუტბას კითხულობდნენ აზერბაიჯანიდან დერბენტამდე და ათაბაგი უზბეგიც აღიარებდა მის უზენაესობას. Зия Буниятов, Государство Хорезмшахов Ануштегинидов, 1097-1231, (Москва, 1986), 81

41. აზერბაიჯანი იგივე ადარბადაგანია. იმ ეპოქის ქართული წყაროები აზერბაიჯანის აღსანიშნავად, ძირითადად, ადარბადაგანის ისტორიულ-გეოგრაფიულ ტერმინს ხმარობენ. ამ მხარის აღსანიშნავად, ასევე, გვხვდება ტერმინი ადრიბეჯანი. ეს ტერიტორია მოიცავდა იმ დროის ჩრდილოეთ სპარსეთს, ქალაქებით: მარანდი, თავრიზი, მიანა, მარაღა. ზ. ბუნიატოვი ადარბადაგანს აზერბაიჯანს უწოდებს და გამოჰყოფს არანისგან და შირვანისგან. Зия Буниятов, Государство Хорезмшахов Ануштегинидов, 82

42. ტუხაშვილი, ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან, 194-199

43. იოანე ბატონიშვილი, H-2134, 644რ-ვ, 645რ-ვ.

44. Зия Буниятов, Государство Хорезмшахов Ануштегинидов, 163. 45. ბასილ ეზოსმოძღვარი, „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II, (თბილისი, 1959), 124.

46. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, 109.

47. გოჩა ჯაფარიძე, „ახალი არაბული წყარო XIII საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის“, ცისკარი, 1, (1980), 136-137, მისივე, საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო, (თბილისი, 1995), 185-186.

48. Зия Буниятов, Государство Хорезмшахов Ануштегинидов, 81-82.

49. Зия Буниятов, Государство Хорезмшахов Ануштегинидов, 84.

50. იქვე, 164.

Комментариев нет:

Отправить комментарий