воскресенье, 5 января 2020 г.

დავით აღმაშენებლისა და ჯვაროსნების ურთიერთობის ისტორიიდან (ე. მამისთვალიშვილი)

საინტერესოა, რომ დავით აღმაშენებლის მთელი რიგი სამხედრო ღონისძიებები დროის თვალსაზრისით „საეჭვოდ“ ემთხვეოდა, ჯვაროსანთა სამეფოს ან სამთავროების წინააღმდეგ სელჩუკთა სამხედრო კამპანიებს. ქართველების მოქმედება იწვევდა სელჩუკების შეიარაღებული ძალების დაქსაქსვას, რითაც მდგომარეობას უმსუბუქებდა ჯვაროსნებსაც. ამ უკანასკნელებს, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ქართველები მიეჩნიათ ჯვაროსნებად, რომელთა მეფე დავით აღმაშენებელი მონეტებზე იწოდებოდა „ქრისტეს მონად“ და „ქრისტეს ხრმლად“1.
საქართველოსა და იერუსალიმის სამეფოს შორის კავშირზე მიგვანიშნებს ზოგიერთი არაპირდაპირი ცნობა, რომელთა პირველწყაროს მიგნება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ამ რიგს ის ცნობები უნდა მივაკუთნოთ, რომლებშიც გადმოცემულია საქართველოსა და მისი მეფის სიძლიერეში დარწმუნების მიზნით, როგორც იოანე ბატონიშვილი აღნიშნავდა, სელჩუკიანთა სულთნის მალიქ-შაჰის ვაჟი ყანღან მელიქ სულთნის, ბიზანტიის კეისარი ალექსი კომნენოსის და, ბოლოს, რაც ამჯერად, ყველაზე საინტერესოა, იერუსალიმის ლათინი მეფე ბალდუინ II-ის დაფარულად მოსვლა საქართველოში. ამჯერად არ დავიწყებ იმაზე საუბარს რამდენი უზუსტობაა იმ წყაროებში, რომლებშიც ამგვარი ცნობებია მოთავსებული და რამდენად შესაძლებელი იყო დასახელებული ისტორიული პირების საქართველოში საიდუმლოდ მოსვლა.
დასავლეთ ევროპაში, სწორედ ჯვაროსანთა დროიდან, საქართველო განიხილებოდა ბუნებრივი მოკავშირედ მუსლიმთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ზ. ავალიშვილი წერდა, „ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დავით აღმაშენებლის დროიდან საქართველო თანამედროვეა ევროპელთა იმ მძლავრ გაქანებისა, რომელიც იყო ჯვაროსანთა პირველი ლაშქრობა“2. ევროპელების შეფასებით, საქართველო იყო ის ბასტიონი, რომლის გამძლეობა განაპირობებდა სირია-პალესტინაში ჯვაროსანთა მდგომარეობას. მათ ისიც იცოდნენ, რომ დავით აღმაშენებელი თავისი ქვეყნის დაცვასთან ერთად იცავდა იერუსალიმის ქრისტიანულ სიწმინდეებს, რომელთა შორის ქართველთა კუთვნილი მონასტრებიც იყო.
ანტიოქიის სამთავროს კანცლერი, „ანტიოქიის ომების“ ავტორი გოტიე, საქართველოს წინააღმდეგ მუსლიმური კოალიციის ომის დაწყების გამო შეშფოთებული წერდა: ელღაზიმ „დავით მეფის წინააღმდეგ ივერიაში ლაშქრობა გადაწყვიტა ერთ ხორასნელ სულთანთან ერთად, რათა მისი დაქცევის, ანუ განდევნის შემდეგ, თავისუფლად და სრულად შეუდგეს იერუსალიმის და ანტიოქიის დამორჩილებას და ქრისტიანთა ამოწყვეტას“3. გოტიე შემდეგ აღფრთოვანებული გადმოგვცემს დავითის გამარჯვებას დიდგორის ველზე, სადაც, მისი თქმით, განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ორასმა ფრანგმა რაინდმა4. რაინდების ყოფნა დავითის ჯარში, აღქმული უნდა იქნას, როგორც სიმბოლური დახმარება, უფრო სწორად, სოლიდარობის გამოხატვა ჯვაროსნების მხრივ, მაგრამ ეს იმის მაჩვენებელიც არის, რომ ლათინები მუსლიმთა წინააღმდეგ ქართველთა ბრძოლის საქმის კურსში იყვნენ და ამ ბრძოლას საერთო ქრისტიანული საქმისათვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. აქ უნდა გავიხსენოთ დავითის ისტორიკოსის მიერ ჯვაროსნების ომის საქართველოსათვის მნიშვნელობის შეფასება.
დავით აღმაშენებელს რომ იერუსალიმის მეფე ბალდუინთან (ბალდუინ I თუ II ?) კარგი ურთიერთობა ჰქონდა („რაღაც საჩუქრებს უგზავნიდა“), ამის შესახებ წერს, მისი ისტორიკოსი5. მაგრამ ცნობილი არ არის, რა იგულისხმებოდა საჩუქრებში და არც ის ვიცით ისინი დიდგორის ბრძოლის წინ იგზავნებოდა თუ მის შემდეგ. მაგრამ ცხადია, იერუსალიმის პირველი მეფეები ქართველებს კარგი თვალით უყურებდნენ. ეს გამოიხატა მათ ყურადღებაში ჯვრის მონასტრისადმი.
საყურადღებოა ისიც, რომ XII საუკუნის ნორმანდიელი ქრონისტის ორდერიკ ვიტალისის მიხედვით, მეფე დავითი და კილიკიის სომხეთის მთავრის ძმა თოროს I რუბენიდი 1123-1124 წლებში მონაწილეობდნენ მუსულმანთა ტყვეობიდან რამდენიმე ანტიოქიელი რაინდი ჯვაროსანის განთავისუფლებაში. ისინი ერთ-ერთი სულთნის ტყვეობაში იმყოფებოდნენ. განთავისუფლებული რაინდები დავით მეფესა და თოროსს ანტიოქიაში დაუბრუნებიათ5. ნორმანდიელი ქრონისტის ეს ცნობა ზ. ავალიშვილს მცდარად მიაჩნდა6, ხოლო შ. მესხიამ და თ. ნატროშვილმა გამოსთქვეს ვარაუდი, რომ ტყვეთა შორის შეიძლება იყო სელჩუკების მიერ 1123 წელს დატყვევებული იერუსალიმის მეფე ბალდუინიც, რომელიც ამ დროს უკვე მეორედ აღმოჩნდა ასეთ მდგომარეობაში7. შ. მესხია აღნიშნავდა: „სწორედ ამ წლებში, რომელზედაც ნორმანდიელი მწერალი მიგვითითებს, არაერთი სახელგანთქმული რაინდი ჩაუვარდათ ტყვედ სელჩუკებს, ხოლო 1123 წ. თვით იერუსალიმის მეფე ბალდუინ II აღმოჩნდა მათს ტყვეობაში. ვინ იცის, იქნებ დავით IV-მ მართლაც მიიღო მონაწილეობა თავისი მოკავშირის, ბალდუინ II-ის და სხვა რაინდების გამოსყიდვასა და განთავისუფლებაში“8.
ორდერიკ ვიტალისის აღნიშნულ ცნობა საფუძვლიანად გამოიკვლია გ. ჯაფარიძემ9. მკვლევარი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ დავით მეფესა და ერაყის სელჩუკთა სულთანს შორის, რომლის ტყვეობაშიც იმყოფებოდნენ ბალდუინ II და ჯვაროსნები, ადრე არსებული დაძაბული ურთიერთობის10 ნორმალიზება მოხდა 1124 წლისათვის. ეს კი საშუალებას მისცემდა დავით მეფეს ჩარეულიყო და ეშუამდგომლა ტყვეების გასანთავისუფლებლად11.
რიჰარდ ჰენიგმა გამოაქვეყნა ჟაკ დე ვიტრის პაპ ჰონორიუს III-ისადმი გაგზავნილი წერილის ფრაგმენტი, რომელიც, ვფიქრობ, ორდერიკ ვიტალისის გადმოცემის გამოძახილი უნდა იყოს. წერილი ადრესატს აცნობებდა ჯვაროსნებისათვის დასახმარებლად წამოსული დავით მეფის შესახებ.
ასეთივე ცნობები მიუტანიათ აღმოსავლეთის ქვეყნების ვაჭრებსაც. როგორც ჟაკ დე ვიტრის წერილიდან ვიგებთ, მთავარი ავტორები დავით მეფის შესახებ გავრცელებული ხმებისა იყვნენ „ეგვიპტის სულთნის მიერ დატყვევებული რამდენიმე ჩვენი (ჯვაროსანი _ ე.მ.) მეომარი, რომლებიც მან თავის ძმას, დამასკოს (გამგებელ _ ე.მ.) კორადინს გაუგზავნა. კორადინმა, დამასკოს გამგებელმა, ტყვეები თავის ბატონს, ბაღდადის ხალიფას გაუგზავნა, მან კი ისინი, როგორც ძვირფასი საჩუქარი, მეფე დავითს გაუგზავნა. როცა მეფემ შეიტყო, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ, ბრძანა მათთვის ბორკილები შეეხსნათ და უკან, ანტიოქიაში დაებრუნებინათ“12.
ორდერიკ ვიტალისი და ჟაკ დე ვიტრი ერთმანეთისაგან ერთი საუკუნით დაშორებულნი, ჩემი აზრით, ერთი ამბის სხვადასხვა ვერსიას გადმოგვცემენ. ოდერიკო ვიტალისი ამბის თანამედროვე იყო. ამიტომ მისი მონათხრობი მეტ ნდობას იმსახურებს. რაც შეეხება ჟაკ დე ვიტრის, მან შეაერთა სხვადასხვა პერიოდის ცნობები და, რადგან იცოდა დამიეტასთან, სავარაუდოდ, 1219 წელს ჯვაროსანთა ბანაკში საქართველოს მეფის ელჩების ორჯერ მისვლისა და მათ მიერ მუსლიმთა წინააღმდეგ დახმარების შეთავაზება, ამის გამო თავი მოუყარა მისთვის ხელმისაწვდომ სხვადასხვა დროის ცნობებს იოანე-დავით ხუცესისა და დავით მეფის შესახებ და ისინი, მაშინ გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, ერთ პიროვნებად წარმოაჩინა. სინამდვილეში ის ქართველი მეფე, რომელმაც ჯვაროსნებს დახმარება აღუთქვა, იყო გიორგი-ლაშა13. ჟაკ დე ვიტრის მიერ ქართველ მეფის (გიორგი-ლაშა) დავითის სახელით მოიხსენიება, გასაკვირი არ უნდა იყოს. არსებობს ჟაკ დე ვიტრის თანამედროვე ერთ-ერთი მუსლიმანი მბრძანებლის (სავარაუდოდ რუმის სულთნის) არაბულენოვანი წერილი, გაგზავნილი გიორგი ლაშასადმი, რომელშიც ის მოხსენიებულია დავითის სახელით14. ეს მაფიქრებინებს, რომ მახლობელ აღმოსავლეთში გიორგი-ლაშას იცნობდნენ მისი სახელგანთქმული პაპისპაპის სახელით. ამ მოსაზრებას ამაგრებს XIV ს. პირველი ნახევრის მოღვაწე დომინიკანელი ვილჰემ ადამი, რომელიც წერს. „ამ ქართველებს ჰყავთ მეფე, რომელსაც მუდამ დავითს უწოდებენ“15. ვილჰემ ადამის ნათქვამის კომენტირებაზე თავს შევიკავებ.
დასასრულს აუცილებლად უნდა ითქვას ს. მარგიშვილის მიერ გამოთქმულ ერთ-ერთ, განსახილველ თემასთან დაკავშირებულ მოსაზრებაზე, რომელიც, ვფიქრობ, სრულიად ეწინააღმდეგება წყაროების ჩვენებებს და აკნინებს დავით აღმაშენებლის დროინდელი საქართველოს ჯვაროსნებთან ურთიერთობის შედეგებსა და მნიშვნელობას. ს. მარგიშვილის აზრით, დავით აღმაშენებლის ჯვაროსნებთან ურთიერთობის ანალიზი „ადასტურებს არა საქართველოს სამეფოს სამხედრო-პოლიტიკურ მოკავშირეობას ჯვაროსანთა სახელმწიფოებთან, არამედ საქართველოს მჭიდრო რელიგიურ, სავაჭრო და დიპლომატიურ კონტაქტებს სირია-პალესტინასთან, მათ შორის, რასაკვირველია, ჯვაროსნებთანაც. რელიგიური, კომერციული და დიპლომატიური კავშირები თავისთავად არ უზრუნველყოფდნენ პოლიტიკურ სიახლოვესა და მოკავშირეობას. ამ ფაქტორებს შეიძლებოდა ხელი შეეწყო პოლიტიკური თანამშრომლობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ამის პოლიტიკური მოტივაცია (და პოლიტიკური ნება) იარსებებდა, ასეთი რამ კი დავით აღმაშენებლის ხანაში არ შეიმჩნევა“16.
როგორც ჩანს, მკვლევარი საქართველო-ჯვაროსნების ურთიერთობის ისეთ მომენტებზე მიუთითებს, რომელთა შესახებ ცნობები დღემდე არ არის მიკვლეული. 1. არავითარი საბუთი არ გაგვაჩნია საქართველოს ჯვაროსნებთან ეკონომიკურ ურთიერთობაზე; 2. ს. მარგიშვილი, როდესაც ქართველებისა და ჯვაროსნების მჭიდრო რელიგიურ კონტაქტებს ახსენებს, ჩემი აზრით, იგი ამ დროს მართლმადიდებლობის კათოლიკობისაგან გამოყოფას 1054 წლიდან აითვლის და ამგვარ პირობებში სანიმუშოდ მიიჩნევს ქართველი მართლმადიდებლების კათოლიკე ლათინებთან ურთიერთობას. მაგრამ მკვლევარს მხედველობიდან გამორჩა, რომ ამ დროს გათიშვა მოხდა მხოლოდ კონსტანტინოპოლის პატრიარქსა და რომის პაპს შორის. სხვა საპატრიარქოები და მათ შორის ქართული ეკლესიაც რომთან, ე.ი. დასავლეთის ეკლესიასთან 1054 წლამდე არსებულ ჩვეულებრივ ურთიერთობას აგრძელებდა; 3. პოლიტიკური და რელიგიური ინტერესების განსხვავებულობის გარდა, ს. მარგიშვილის აზრით, საქართველოსა და ჯვაროსანთა სახელმწიფოებს შორის სამხედრო-პოლიტიკური კავშირის დამყარებისათვის ხელის შემშლელი უნდა ყოფილიყო გეოგრაფიული მდებარეობაც17. მართლაც, სახელმწიფოებს შორის დიდი მანძილის არსებობა, ბუნებრივია, გარკვეულ დაბრკოლებას ქმნიდა, მაგრამ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში მისი გადალახვა მეტ ნაკლები სირთულით რომ შეიძლებოდა, ქართული წერილობითი ძეგლების მონაცემებითაც დასტურდება18.
საქართველოს ჯვაროსნებთან სამხედრო-პოლიტიკურ მოკავშირეობას, საქართველოს და ჯვაროსანთა სახელმწიფოების ინტერესებისა და პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდგომი მათი ურთიერთობის გაუთვალისწინებლად, უარყოფს ო. კაზარიანიც19.
ვფიქრობ, დღეისათვის არსებული წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა საფუძველს იძლევა ვილაპარაკოთ დავით აღმაშენებლის ხანაში საქართველოს ჯვაროსნების სახელმწიფოებთან ურთიერთობის პოლიტიკურ მოტივიზაციაზე, თუ თვალს გადავავლებთ ძირითად მომენტებს:
1. შავ მთაზე მოღვაწე ქართველი ბერების ჯვაროსნებისადმი დახმარება ანტიოქიის აღებისათვის ბრძოლი დროს (1098 წ.);
2. „ისტორია და აზმანი შარავანდედთანის“ ცნობა, რომელშიც, ვფიქრობ, გადმოცემულია ქართველების ჯვაროსნებისადმი დახმარებაზე იერუსალიმის დაპყრობის დროს (1099 წ.);
3. ქართველებს მუდმივი კონტაქტი ჰქონდათ ლათინებთან სირიაში უფლის საფლავის საკათედრო ტაძრის მღვდლებისა და თავიანთი ბერების შუამავლობით;
4. საყურადღებოა, 100 მამულის ფლობა იერუსალომის ლათინთა საპატრიარქოს მიერ საქართველოში, საიდანაც შემოსავლის მიღება უნდა დაეწყოთ 1100 წლიდან, ლათინთა საპატრიარქოს დაარსებისთანავე;
5. ჯვაროსნების ქართველებისადმი კარგი დამოკიდებულების მაჩვენებელია ჯვრის მონასტრის რესტავრაცია XII ს. პირველ ათწლედში;
6. საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედება მუსლიმების წინააღმდეგ ჯვაროსნების იმავე მუსლიმებთან ბრძოლის სინქრონულად;
7. დიდგორის ბრძოლაში ფრანგი რაინდების მონაწილეობა ქართველთა მხარეს თუნდაც დაქირავებულთა სახით, პირდაპირ თუ არა ირიბად მაინც მიგვანიშნებს დავით აღმაშენებლის ჯვაროსნულ მოძრაობასთან კავშირზე;
8. სირია-პალესტინაში შეჭირვებული ჯვაროსნების გადასარჩენად მთავარი დარტყმა საქართველოს უნდა აეღო თავის თავზე და ჯვაროსანთა სახელმწიფოები გადაერჩინა. სავარაუდოა, მოკავშირეთა ჩანაფიქრით, დავით მეფეს კოალიციის ჯარები საქართველოში უნდა შემოეტყუებინა და გაენადგურებინა, სატყუარა კი, თბილისის საამირო უნდა ყოფილიყო. დიდგორის ომში დავით მეფის გამარჯვებამ მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა და გაუხანგრძლივა არსებობა ჯვაროსანთა სახელმწიფოებს;
9. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორდერიკ ვიტალისის ცნობა დატყვევებული ჯვაროსნების განთავისუფლების საქმეში დავით IV-ის მონაწილეობის შესახებ. ყოველივე ზემოთ ჩამოყალიბებული არგუმენტების გათვალისწინებით სრული უფლება გვაქვს ვთქვათ, რომ დავით აღმაშენებლის დროს საქართველოს ჯვაროსანებთან საკმაოდ მაღალი დონის სამხედრო-პოლიტიკური კავშირურთიერთობა ჰქონდა.
შენიშვნები
1. ავალიშვილი ზ., ჯვაროსანთა დროიდან, ოთხი საისტორიო ნარკვევი, თბილისი, 1989, 32.
2. ავალიშვილი ზ., ჯვაროსანთა დროიდან, 31.
3. ავალიშვილი ზ., ჯვაროსანთა დროიდან, 45.
4. ავალიშვილი ზ., ჯვაროსანთა დროიდან, 46.
5. Röhricht R., Geschichte des Königreichs Jerusalem (1100-1291), Innsbruck, 1898, 120, შენ. 3.
6. The Eclesiastikal Histori of Orderic Vitalis, Vol. 6, Book 11, New York, 1978, 123.
7. ავალიშვილი ზ., ჯვაროსანთა დროიდან, 107,
8. ავალიშვილი ზ., ჯვაროსანთა დროიდან, 107.
9. მესხია შ., ძლევაი საკვირველი, თბილისი, 1972, 79; მესხია შ., საისტორიო ძიებანი, III, თბილისი, 1986, 70. ასეთივე მოსაზრებისაა თ. ნატროშვილი (იხ. მისი, მაშრიყით მაღრიბამდე, თბილისი, 1991, 24-25). იმავე წყაროს ცნობა უეჭველ ფაქტად მიაჩნია ო. კაზარიანს (О. Казарян, Крестоносцы и Грузия (XII-XIII вв.), შენ. 11. ინტერნეტრესურსი: http://deusvult.ru/66-krestonostsy-i-gruziya.html).
10. ჯაფარიძე გ., ორდერიკ ვიტალისის ერთი ცნობის შესახებ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი. აღმოსავლეთმცოდნეობა, #2, 2013, 208-220.
11. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, I, თბილისი, 1955, 346.
12. ჯაფარიძე გ., ორდერიკ ვიტალისის ერთი ცნობის შესახებ, 218.
13. Хенниг Р., Неведомые земли, III. Перевод с немецкого А. В. лисовской, предисловие и редакция И. П. Магидовича, Москва, 1962
14. გიორგი-ლაშასა და ჯვაროსნებს შორის ურთიერთობაზე ვრცლად იქნება სხვა დროს.
15. XII საუკუნის ქართველ მეფეთა და სახელმწიფო მოღვაწეთა ტიტულები და სახელოები. ქართულ-სპარსული ეტიუდები, III. ტექსტი გამოსცა, თარგმნა და კომენტარები დაურთო მაგალი თოდუამ, თბილისი, 1979, 5-6.
16. Recueil des Historiens des Croisades. Documents Arméniens, t. 2. Documents Latins et Français relatifs à L’ Arménie, Paris, 1967, 534.
17. მარგიშვილი ს., მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ. ომი სელჩუკთა სამყაროს წინააღმდეგ, თბილისი, 2006, 104.
18. მარგიშვილი ს., მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ, 106.
19. მამისთვალიშვილი ე., საქართველო იერუსალიმის დამაკავშირებელი გზები, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სამეცნიერო შრომების კრებული #3, გორი, 2007, 51-54.
20. О. Казарян, Крестоносцы и Грузия (XII-XIII вв.), შენ. 10

Комментариев нет:

Отправить комментарий