четверг, 26 сентября 2019 г.

მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებების შესახებ (უ. ოქროპირიძე)

ცნობილი ქართველ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწე აბაშიძე 1916 წელს გაზეთში „მეგობარიწერდა, რომ „ქართველი ერის გამთლიანებას XX საუკუნის დასაწყისში ხელს უშლიდა ორი რამ: პოლიტიკური სერვილიზმი და პოლიტიკური ავანტიურიზმი. პოლიტიკური დაჩაგრულობა ჰქმნიდა მონურ ფსიქოლოგიას, რაც ასე იგრძნობოდა ჩვენს ერში. „დამონებულსა და დაბეჩავებულ ადამიანს სჩვევია სულ იმაზე ფიქრი, რომ რაღაც სასწაული მოხდება და ვიღაც იხსნის მას მონობისაგან, რომ სადღაც, სიზმარეთის ქვეყანაში არის ვიღაც დევგმირი და იგი მის ჩაგვრას ბოლოს მოუღებს... ასეთი მონა თავის დღეში გარკვეულ გზას ვერ დაადგება. იგი ყოველთვის პოლიტიკური ავანტიურისტების ყმა იქნება“. ერმა თვით უნდა იბრძოლოს და მიიღოს თავისუფლებაო... მას მიაჩნდა, რომ ასი წლის მონობამ გადააჩვია ქართველი ხალხი საღ აზროვნებას, გონივრულ პოლიტიკურ მსჯელობას [ჭუმბურიძე, 2007: 99].

აღნიშნული მოსაზრების გამოთქმიდან ზუსტად 100 წელია გასული, მაგრამ საქართველოს ისტორიის საბჭოთა და თანამედროვე პერიოდმა არა თუ აღმოფხვრა ზემოთ აღნიშნული დიდი ეროვნული სატკივარი, არამედ ახალი, მრავლისმეტყველი შტრიხები შესძინა მას ქართულ ხასიათში გამოვლენილი სიბარიტიზმის და კიდევვ უფრო ღრმად გამოხატული კოლაბორაციონიზმის სახით, რაც თავისებურ პრობლემად იქცა ქართული ეროვნული თვითშეგნებისა და ცნობიერების, და რაც მთავარია, ისტორიული მოვლენების სწორად გაგებისათვის არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში მცხოვრები ზოგიერთი ქართველისათვის.

რამდენიმე ხნის წინ ჩვენმა აწ გარდაცვლილმა კოლეგამ სიმონ გოგიტიძემ, მოგვიტანა „აჭარის კულტურული ასოციაციის“ მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი თურქეთში გამოცემული თავისებური სამახსოვროს პირველი ნომერი [The cultural association..., №1, p.1-10]. აქ აღარაფერს ვიტყვით მასში საქართველოს ისტორიის რიგი უმნიშვნელოვანესი საკითხების გადმოცემისას დაშვებულ შეცდომებსა და ლაფსუსებზე, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით აქვე დაფიქსირებულ მოსაზრებას, რომ „სარფის საზღვრის გახსნის შემდეგ ორივე მხარის მცხოვრებმა აჭარლებმა, გაიგეს მოსკოვის პროპაგანდის სიყალბე, რომელიც მათ ქართველებთან აერთიანებდა...“ [იქვე, 1]. სტალინის გარდაცვალების შემდეგ სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეცათ იმ აჭარლებს, რომლებიც იწერებოდნენ ქართველებად. დღეისათვის გადასახლებულ აჭარელთა გაქართველებასა და მათ ქართველებად ჩაწერაზე, მისი აბსოლუტური აბსურდულობის გამო, ყურადღებას აღარ შევაჩერებთ, ხოლო 1921 წლის 16 მარტის მოსკოვისა და ამავე წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებათა უახლოეს წინარე ისტორიასა და პირადად მათ შესახებ ვეცდებით შედარებით უფრო ღრმად და შინაარსეულად ვისაუბროთ, მით უმეტეს, რომ აღნიშნულ შეთანხმებებს მეტად მიზანმიმართული ტენდენციურობითა და ვოლუნტარული თვალსაზრისით ეხება ზოგიერთი ქართველი „ექსპერტმკვლევარიც“. ამ ბოლო დროს ისევ გაღვივდა ვნებათაღელვანი 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ე. წ. ხელშეკრულების ირგვლივ. ერთ-ერთი ქართველი „ექსპერტ-მკვლევარი“ სიმონ კილაძე ინტერნეტში მის შესახებ, სხვათა შორის ისტორიული მასალის საკმაოდ დიდი ნაწილის ობიექტური წარმოჩენის შემდეგ, „კასრი თაფლის ერთი წვეთი კუპრით გაფუჭების“ პრინციპით, გამოთქვამს შემდეგ მოსაზრებას: „1992 წელს თურქეთთან გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულება, რომელშიც ჩაიწერა ყარსის ხელშეკრულება ძალაშია... არც ყარსის და არც რუსეთ-თურქეთის მოსკოვის ხელშეკრულებაში, (იგულისხმება 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულება) საიდანაც გამომდინარეობს ყარსის ხელშეკრულება, არ არის მითითებული ვადა...“, ამასთან, თითქოსდა, „საქართველო ვერ მოახერხებს ყარსის ხელშეკრულების დენონსაციას, იმიტომ რომ მასში ჩართულია მესამე მხარეც. მაშინ ამიერკავკასიის რესპუბლიკები _ საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი _ გამოდიოდნენ ერთ მხარედ... საქმე ისაა, _ აგრძელებს ბ-ნი სიმონი, _ რომ ეს ხელშეკრულება არ არის დამოუკიდებელი დოკუმენტი. ის დაკავშირებულია მოსკოვის რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებასთან... (სწორედ ეს გარემოება ქმნის მისი დაუყოვნებლივ ბათილად ცნობის საერთაშორისო სამართლებრივ საფუძველს, რის შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებთ _ უ. ო.). საქართველოს თეორიულად შეუძლია განაცხადოს, რომ გამოდის ამ ხელშეკრულებიდან, მაგრამ უნდა ვიანგარიშოთ, რა მოჰყვება ამას?!.. გამოდის, რომ საზღვრები გვრჩება უპატრონოდ და მისი დადგენა უნდა დავიწყოთ ხელმეორედ... დაგვეთანხმება ამაზე თურქეთი?! იქვე დადგება აჭარის საკითხიც _ ამბობს ავტორი და რეზიუმეს სახით აკეთებს დასკვნას: „...ყარსის ხელშეკრულების დენონსაციის მოთხოვნა ფანტასტიკის სფეროა...“ [mpress/2016/01]. ხოლო იგივე ავტორი გაზეთში „კვირის პალიტრა“ ფართოდ განიხილავს საქართველოს ისტორიის სხვა საკითხებთან ერთად ყარსის ხელშეკრულებასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც და ზემოთ დასახელებული იმავე პრინციპით აკეთებს საბოლოო დასკვნას: „საქართველომ არც ის უნდა დაივიწყოს, რომ ყარსის ხელშეკრულება, შეიძლება ითქვას, „უკვდავია“... იქვე იმეორებს ძველს და ამასთანავე აყენებს შემდეგ ახალ დებულებებს: ა) ცალმხრივად მისი დენონსაცია შეუძლებელია, რადგან საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი დოკუმენტში ერთი მხარის სტატუსით სარგებლობენ. მართალია, დღევანდელი სომხეთი ყარსის დებულებებს სასაზღვრო საკითხებში არ აღიარებს, მაგრამ აზერბაიჯანისათვის ყარსის ხელშეკრულებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს _ ნახჭევანის კუთვნილების გამო; ბ) სანამ არსებობს მოსკოვის ხელშეკრულება, იარსებებს ყარსის დოკუმენტის პირობებიც, რადგან რუსეთი და თურქეთი მოსკოვის ხელშეკრულებას ურთიერთობის მომწესრიგებელ უმთავრეს და უპირველეს სამართლებრივ აქტად მიიჩნევენ. მას დღესაც უვადოდ თვლიან. ყოველწლიურად განსაკუთრებულად აღნიშნავენ მისი ხელმოწერის დღესაც და შესაბამისად, გინდაც გავაუქმოთ, ამით საქმე არ კიდევ ერთხელ მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებების შესახებ გამოსწორდება, რადგან ძაღლის თავი მოსკოვშია დამარხული“ [გაზ. „კვირის პალიტრა“, 2011]. აი, თურმე რაში ყოფილა საქმე!.. როგორც ჩანს, „ექსპერტ-მკვლევარის“ მიერ მთელი რიგი ისტორიული მოვლენების სტატიაში შედარებით ობიექტური წარმოჩენა იმას ემსახურება, რომ ბოლოს დასკვნის სახით ეს „უტყუარი“ დებულება შეეთავაზებინა მკითხველისათვის.

მაგრამ საკვირველი ის არის, რომ თურმე ,,დღევანდელი სომხეთი ყარსის დებულებებს არ აღიარებს“, ხოლო აზერბაიჯანისთვის მას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონია ნახჭევანის კუთვნილების გამო, და მარტო საქართველო ყოფილა ვალდებული ყოველთვის აღიაროს და ანგარიში გაუწიოს მას, მიუხედავად იმისა, შეიცავს მისთვის რაიმე სასარგებლოს და ლახავს თუ არა მის სასიცოცხლო ინტერესებს. ამასთან, აღნიშნულ ავტორს, როგორც ჩანს, არაფერი გაუგია იმის შესახებაც, რომ საქართველოს სუვერენულ უფლებებზე მოძალადე ბოლშევიკური რეჟიმის პირდაპირმა სამართალმემკვიდრემ, თავად საქართველოს კომუნისტურმა მმართველობამ „საქართველოს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე დაგმო, დაპყრობა და ანექსია უწოდა 1921 წლის 25 თებერვლის გასაბჭოების ფაქტს. ბათილად გამოაცხადა ყველა კანონი და დეკრეტი, მას შემდეგ მიღებული ქართველი ხალხის სახელით“ [დამოუკიდებლობა, 1990: 4-9]; ყოველივე ამან სათანადო ასახვა ჰპოვა დოკუმენტებში _ 1990 წლის 9 მარტის „საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ“ [საქართველოს სსრ.., #3, 1990: 8-10] და იმავე წლის 20 ივნისის „საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის შესახებ საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს 1990 წლის 9 მარტის დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობა-ზე' [საქართველოს სსრ.., #6, 1990: 11-12]. რომელთაგან პირველში პირდაპირ ნათქვამია: „მოკავშირე რესპუბლიკების სუვერენიტეტის დაცვის გარანტია შეიძლება იყოს თვით რესპუბლიკა...“ (როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყნის აღნიშნულ უფლებას არ აღიარებენ ს. კილაძე და მისი მიმდევარნი...). იქვე აღნიშნულია, რომ „საქართველო სსრ უზენაესი საბჭო ადასტურებს საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევას და პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების საკითხთა საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს კომისიის დასკვნას და აღიარებს, რომ 1921 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას (ინტერვენციას) და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წყობილების დამხობის მიზნით, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით _ ფაქტობრივ ანექსიას; გმობს საქართველოს ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიასა საბჭოთა რუსეთის მიერ, როგორც საერთაშორისო დანაშაულს და ესწრაფვის საქართველოსთვის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევის შედეგების გაუქმებას და საბჭოთა რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულებით აღიარებული საქართველოს უფლებების აღდგენას.

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო აცხადებს უკანონოდ და ბათილად 1921 წლის მუშურ-გლეხურ ხელშეკრულებას საქართველოს სსრ-სა და რუსეთის სფსრ-ს შორის, 1922 წლის 12 მარტის სამოკავშირეო ხელშეკრულებას ამიერკავკასიის სფს-ს რესპუბლიკების შექმნის შესახებ.

დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის შესახებ, ვინაიდან 1922 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულება სსრ კავშირის შექმნის შესახებ საქართველოს მიმართ არაკანონიერია“... ხოლო 1990 წლის 20 ივნისის დოკუმენტში აღიარებულია, რომ „...ინტერვენციისა და ოკუპაციის შედეგად საქართველოში დამყარებული ხელისუფლება _ ჯერ არაარჩევითი ხელისუფლება (რევოლუციური კომიტეტი), ხოლო შემდეგ შეზღუდული, ვიწრო კლასობრივ საწყისებზე აგებული საბჭოები _ არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ჭეშმარიტ, თავისუფალ ნება-სურვილს; საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო აცხადებს უკანონოდ და ბათილად ყველა აქტს, რომელიც აუქმებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ და სხვა ინსტიტუტებს და ცვლიდა მათ გარეშე ძალაზე დამყარებული პოლიტიკური და სამართლებრივი დაწესებულებებით“...

ყოველივე ზემოთ აღნიშნული საშუალებას გვაძლევს სრულიად დავეთანხმოთ საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანება ,,მრგვალი მაგიდის პოლიტიკურ კონცეფციაში“ ჩაწერილ დებულებას, რომ „საქართველოში 1921 წლის 17 მარტის შემდეგ, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ დროებით შეაჩერა საქართველოს კონსტიტუცია, ადგილი არ ჰქონია არცერთ კანონიერ სახელმწიფოებრივ აქტს, რის დეკლარირებაც თავად საქართველოს კომუნისტურმა ხელისუფლებამ და მისმა უზენაესმა საბჭომ მოახდინა, რომელიც ზემოთ აღნიშნული აქტებით (თავისი დანაშაულის შეგნებითა და პირდაპირი აღიარებით _ უ. ო.), ბათილად ცნობს, როგორც უკანონოს, ყველა შემდეგდროინდელ სახელმწიფოებრივ დოკუმენტს, მათ შორის საკუთარ თავსაც“ [ჟურნ. „გუშაგი“, 1990: 16]. აქ კი, უპირველეს ყოვლისა, უკანონოდ და ბათილად არის ცნობილი, როგორც 1921 წლის 21 მაისის საქართველოს სსრ-სა და რუსეთის სფსრ-ს შორის დადებული ხელშეკრულება, ასევე 1922 წლის 12 მარტის შეთანხმება ამიერკავკასიის სამოკავშირეო სფს რესპუბლიკის შექმნის შესახებ (1921 წლის 13 ოქტომბერს კი, ყარსის ხელშეკრულების დადებისას, ამიერკავკასიის სფსრ არც არსებობდა). ამის შესახებაც აღნიშნულმა „ექსპერტმკვლევარებმა“ და მათმა ამყოლ-დამყოლებმა, თითქოსდა არაფერი იციან და არც სურთ იცოდნენ, რადგან მათთვის მთავარია ე. წ. ყარსის ხელშეკრულების „უკვდავება“ დაამტკიცონ და არაფრად დაგიდევენ მის გარშემო თუნდაც ამ აქტების მიღების შემდეგ შექმნილ რეალურ ვითარებას; რომ აღარაფერი ვთქვათ 1921 წლის 13 ოქტომბრის განმსაზღვრელ ამავე წლის 16 მარტის მოსკოვის რუსეთ-თურქეთის შეთანხმებაზე, რომლითაც მოხდა მათი ერთობლივი აგრესიის შედეგად მოპოვებული, ჯერ კიდევ ცოცხალი ნადავლის (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს კონსტიტუცია დროებით შეაჩერა და მისმა მთავრობამ საქართველო დატოვა 1921 წლის 17 მარტს) გაყოფა და მისი პირველი მუხლით თურქეთს გადაეცა საქართველოს კუთვნილი ტერიტორია ართვინ-არდაგანის ოლქი, 13046 კვ. კილომეტრის მოცულობით [ნათელაშვილი, 1990].

ასე, რომ ყარსის ხელშეკრულებამ სათავე დაუდო საქართველოს დაქუცმაცებას, რის შედეგადაც ქვეყნის ტერიტორია 91,1 ათასი კვ. კილომეტრიდან (ეს ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში, შესაბამისი ციფრობრივი მონაცემით ცნობილი იქნა ერთა ლიგის მიერ 1918 წელს...), 69,7 ათას კვ. კილომეტრამდე შემცირდა [სარალიძე, 2016: 286]. ეტყობა, „მკვლევარ-ექსპერტებს“ არც ამის შესახებ სურთ რაიმეს გახსენება და, რა თქმა უნდა, არც არაფერს იტყვიან საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით აღნიშნულ ხელშეკრულებათა სრულ უკანონობასა და ბათილად ცნობაზე.

მოსკოვისა და ყარსის ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებები კი უკანონო და ბათილია დღეს საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმით შემდეგ კიდევ ერთხელ მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებების შესახებ 175 გარემოებათა გამო: 1969 წლის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ ვენის კონვენციამ დააკანონა პრინციპი საერთაშორისო ხელშეკრულებების მესამე სახელმწიფოზე გაუვრცელებლობის შესახებ (მუხლი 34). კერძოდ, ორ ქვეყანას შორის დადებული შეთანხმება, რომელიც ლახავს მესამე სახელმწიფოს ინტერესებს, მით უფრო თუ იგი დაფუძნებულია ძალადობასა და აგრესიაზე, ითვლება ბათილად [ნათელაშვილი, 1990].

იმავე კონვენციის 52-ე მუხლის თანახმად, ძალით დადებული ხელშეკრულებები ითვლება ბათილად. იმ დროისათვის საქართველო რომ ძალით იყო დაპყრობილი, უკვე საყოველთაოდ ცნობილია და ეს ამ დანაშაულის ჩამდენ-თანამონაწილემაც აღიარა საქართველოს კომუნისტური ხელისუფლების და მისი უზენაესი საბჭოს სახით; 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს სუვერენული დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ საბჭოთა რუსეთმა, ქემალისტურ თურქეთთან ტანდემში, მოახდინა აგრესია, რასაც შედეგად მოყვა საქართველოს სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტის გაქრობა მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან.

ვენის ამავე კონვენციის 52-ე და 53-ე მუხლების თანახმად საერთაშორისო ხელშეკრულება, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საერთაშორისო სამართლის ისეთ იმპერატიულ პრინციპებს, როგორიცაა ძალის გამოუყენებლობა და აგრესიის დაუშვებლობა, საზღვრების ურღვევობა და ხელშეუხებლობა, სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობა.

როგორც ცნობილია, მოსკოვის აღნიშნული შეთანხმება და მისგან გამომდინარე ყარსის ხელშეკრულება ამ მოთხოვნათა დარღვევის კლასიკური ნიმუშია. ამ დოკუმენტების უკანონობა იმდენად აშკარა იყო, რომ სტალინის რეჟიმიც კი, იძულებული გახდა 1945 წლის 19 მარტს მოეხდინა 1925 წლის საბჭოთა კავშირ-თურქეთის ხელშეკრულების დენონსაცია.

უარი ეთქვა თურქეთთან სამოკავშირეო ურთიერთობაზე და პოტსდამის კონფერენციაზე ოფიციალურად დაეყენებინა ტერიტორიული პრეტენზია _ ყარსისა და არდაგანის რეგიონში საზღვრების გასწორებაზე.

და-ბოლოს, ყველაფერ ზემოთ ნათქვამს თავი რომ დავანებოთ, 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების დადების დროს საქართველო უკვე აღარ იყო საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, ხოლო ასეთი დოკუმენტები შეიძლება დაიდოს მხოლოდ სუბიექტებს შორის [ნათელაშვილი, #28, 1992].

აღარაფერს ვამბობთ 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში მომხდარი სამხედროკრიმინალური გადატრიალების შედეგად საქართველოს ხელკისუფლებაში მოსულ ე. შევარდნაძის უკანონო რეჟიმის მიერ 1992 წლის 30 ივლისს თბილისში საქართველო-თურქეთს შორის დადებულ ხელშეკრულებასა და მის სამართლებრივ შედეგებზე, რადგან ზემოთ დასახელებული მიზეზების გამო, მასში ყარსის ხელშეკრულების მოხსენიება საერთაშორისო სამართლებრივი ნონსენსია.

ყველაფერ ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ჩვენს მიერ ადრევე დასმულ კითხვას: როდესაც ვლაპარაკობთ ურთიერთშორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე, ნუთუ თურქეთის სახელმწიფოს მესვეურთ არ აფიქრებთ ის ფაქტი, რომ არც 1921 წლის ყარსისა და არც 1992 წლის საქართველო-თურქეთის თბილისის ხელშეკრულებებზე ხელმოწერა არ გაუკეთებია საქართველოს უფლებამოსილ, ლეგიტიმურ, კანონიერ ხელისუფლებას და როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში მან ხელშეკრულება გააფორმა ქართველ ხალხზე აშკარად მოძალადე უზურპატორებთან?! თუ ვიფიქროთ, რომ თურქეთის მთავრობისა და ხელისუფლების წარმომადგენელთათვის სულ ერთია, ოღონდაც დროებით მათთვის რაიმე სასარგებლო მიიღონ და რა გზით, ეს სრულებითაც არ ანაღვლებთ?! Aანდა, ორივე შემთხვევაში ეს ჩვენთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობის მოსურნე ოსმალეთი თუ თურქეთი, რატომ აღმოჩნდა ქართველი ხალხის ნების უარმყოფელთა მხარეს?!

ჩვენ კარგად ვიცით, _ ამ უახლოეს მეზობელთან (და სხვებთანაც) კეთილმოსურნე და მეგობრულ ურთიერთობას, ალტერნატივა არა გააჩნია, მაგრამ ისიც კარგად ვიცით, რომ იმპერიული სულისკვეთების მატარებელი სახელმწიფოები შეიძლება ისევე გაქრნენ ისტორიის ასპარეზიდან, როგორც ეს წინათაც მომხდარა, _ ეს კითხვები კი დარჩება სამარადისოდ, თუ ქართველი ხალხის ნამდვილ წარმომადგენელთან, რომელიც ამისათვის აუცილებელი ქართველი ხალხის ნდობის მანდატით არ იქნება აღჭურვილი, არ გადაწყდება მათი მოგვარება“ [ოქროპირიძე 2014: 159-171 (166-167)].

გვინდა აქვე შევეხოთ ზემოთ ჩვენს მიერ გამოყენებული, თურქეთში გამოცემული კრებულის შესავალში გამოთქმულ მრავალმხრივ დამაფიქრებელ კიდევ ერთ პასაჟს, რომ „აჭარისა და აჭარლების თვითმყოფადობის მომავალს განამტკიცებენ აჭარელი ინტელექტუალები“ [The cultural association..., №1: 1]. რა შეიძლება ვთქვათ ამის შესახებ? _ რომელი აჭარისა და აჭარლების თვითმყოფადობის მომავლის განმტკიცებაზეა ლაპარაკი და რომელი „აჭარელი ინტელექტუალების“ მიერ?!

აჭარამ უკვე კარგა ხანია შეუმცდარად გაიგნო გზა დედა-სამშობლო საქართველოს გულისაკენ და იგი დღეს ქართული სახელმწიფოს, ქართული სოციალურ-პოლიტიკური, ქართული კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების წინმსვლელობის ერთ-ერთი უმთავრესი ბურჯი-ბუჯთაგანია და მას საკუთარი თვითმყოფადობის განსამტკიცებლად არავის ნაძალადევი მეურვეობა არ სჭირდება.

მითუმეტეს, რომ ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ საქართველოს ძნელბედობის ჟამს ზოგიერთი აჭარელი თუ უცხოელი „ინტელექტუალების“ მიერ მოტყუებული და მუჰაჯირებად ქცეული, ამასთან დღეს თურქეთის საქართველოში მცხოვრები ჩვენი სისხლი და ხორცი, როგორ კარგავს სწორედ საკუთარ ინდივიდუალობას და ეს წარსულში ქართული კულტურის უდიდესი აკვანი, თანდათანობით როგორ ეფლობა ეროვნული გადაგვარებისა და გათურქების პროცესში.

ჩვენ ამ პროცესის შეჩერების გზაზე, დიდ იმედად გვესახებოდა თურქეთში ჯერ კიდევ ძლივს შემორჩენილ ქართულ სოფლებში ქართული სკოლების გახსნა; მაგრამ, როგორც 2015 წლის სექტემბერში თურქეთის საქართველოში (ტაო-კლარჯეთი) ექსპედიციის დროს დავრწმუნდით, ამ იმედს აღსრულება არ უწერია; თურქეთის ოფიციალური ხელისუფლება

ამის დეკლარირებას დიდის ამბით ეწევა, მაგრამ, როგორც გავიგეთ, ქართულ სოფლებში სკოლებს საერთოდ აუქმებს და აქაურ მოსწავლეთა კონტიგენტს თავს უყრის საქალაქო ცენტრებში სწორედ ამ მიზნით დაარსებულ სპეციალურ სკოლებში. იქ კი ბავშვებისთვის ოჯახებში ნასწავლი ქართულის შენარჩუნებაც კი შეუძლებელია, რადგანაც სწავლება მხოლოდ სახელმწიფო, თურქულ ენაზე მიმდინარეობს. შეიძლება სადმე შემორჩენილიც იყოს ერთი-ორი საჩვენებელი ქართული სკოლაც, მაგრამ ქართული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად ეს ზღვაში წვეთია. შეიძლება უმოკლეს დროში მათი ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობისაგან აღარაფერი დარჩეს და მათი საბოლოოდ გათურქების პროცესი სამწუხარო რეალობად იქცეს. ამის გამო სასტიკად ირღვევა თურქეთის საქართველოში მცხოვრები უძველესი აბორიგენი მოსახლეობის, ამ უნიკალური ისტორიული უნიკუმის საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებული ფუძემდებლური პრინციპები და მათგან გამომდინარე უძირითადესი უფლებები.

აქედან გამომდინარე, თურქეთის საქართველოში და საერთოდ, თურქეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისადმი დარღვეულია გაეროსა და სხვა საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებული უფლებები: 1960 წლის 14 დეკემბრის „კონვენცია განათლების დარგში დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ“, კერძოდ, მისი მე-3 მუხლის a) პუნქტი განათლების დარგში დისკრიმინაციული ხასიათის ადმინისტრაციული პრაქტიკის მიუღებლობისა... c) პუნქტი, _ ეროვნულ უმცირესობათა უფლება, ეწეოდნენ საკუთარ საგანმანათლებლო მუშაობას, ხელმძღვანელობდნენ სკოლებს, იყენებდნენ და ასწავლიდნენ საკუთარ ენას და სხვა [გაეროს ძირითადი დოკუმენტები.., 1995: 241];

თუმცა ჩვენ ისიც კარგად ვუწყით, რომ ამავე კონვენციის მიხედვით, „ამ უფლების განხორციელება ხელს არ უნდა უშლიდეს იმ პირთ, რომლებიც ეროვნულ უმცირესობას ეკუთვნიან ესმოდეთ მთელი კოლექტივის კულტურა და ენა და მონაწილეობდნენ მის საქმიანობაში“...

და ამასთან, უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფოს უფლება, რომ „ეს ძირს არ გამოუთხრის ქვეყნის სუვერენიტეტს“ [იქვე, მე-5 მუხლის c პარაგრაფის I პუნქტი]. აგრეთვე უგულებელყოფილია „ევროპის ქარტია რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ“ [ადამიანის უფლებათა.., 1999: 132-144]; მისი II ნაწილის მე-7 მუხლის I პარაგრაფის a, b, c, h პუნქტები და ამავე მუხლის მე-2 პარაგრაფი, თითქმის მთელი III ნაწილის მე-8 მუხლი, „განათლება“, ამასთან „ჩარჩოკონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“, მისი მე-4, მე-5 და განსაკუთრებით, მე-14 მუხლი, რომელიც აღიარებს, რომ „ყოველ პირს, ეროვნულ უმცირესობას რომ ეკუთვნის, აქვს უფლება შეისწავლოს თავისი უმცირესობის ენა... ან ისწავლოს ამ ენაზე...“ [იქვე, 145-152]; კანონი მიღებულია 1995 წ. 1 თებერვალს. ან კიდევ, “ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის მონაწილე სახელმწიფოთა ვენის შემაჯამებელი დოკუმენტის' [იქვე, 179-185] ეროვნულ უმცირესობათა უფლებებისადმი მიძღვნილი მე-18 და მე-19 მუხლები, რომლებიც ეხება ეროვნულ უმცირესობათა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას, მათ შორის, მათთვის ეთნიკური, კულტურული ენობრივი და რელიგიური თვითმყოფადობის წახალისებას [იქვე, 183].

ასე, რომ ყველანაირად გზაგაგნებული და დედა-სამშობლო საქართველოს წიაღში საბოლოოდ დაბრუნებული აჭარისადმი ვერავის პრეტენზიებს სერიოზულად ვერ მივიღებთ; პირიქით, თუ ჩვენთან ამ სულისკვეთებით ურთიერთობის გაგრძელებას მოინდომებს ვინმე, ამან შეიძლება გვაიძულოს კიდევ ბევრი რამ გავიხსენოთ... მაგრამ, სიამოვნებით მინდა ავღნიშნო ერთი რამ: ზემოთ ჩვენს მიერ მოხსენიებული თურქეთის ექსპედიციის დროს მეტად სასიამოვნოდ აღვითქვით ფაქტი, რომ თურქეთის საქართველოს ჩვენს მიერ ნახულ თითქმის ყველა ცნობილ ქართულ ისტორიულ კულტურულ ძეგლზე თურქულსა და ინგლისურთან ერთად, ტრაფარეტის სახით გაკეთებულია ქართულ ენაზე დაწერილი მოკლე ისტორიები, მათი ამშენებელი ქართველი მეფეებისა თუ ისტორიული მოღვაწეების აღნიშვნით (ხახულის ტაძარზე ეს გაკეთებულია ლათინური ასოებით). საიდანაც კარგად ჩანს, რომ სურვილის შემთხვევაში, ჩვენს ორ მეზობელ ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთპატივისცემასა და კეთილმოსურნეობაზე აგებული ურთიერთობის მიღწევა პრობლემას არ წარმოადგენს. ეს მისასალმებელია და სამომავლოდ კარგ, იმედის მომცემ პერსპექტივას სახავს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გასაგრძელებლად.

რაც შეეხება უცხოელი და განსაკუთრებით, ქართველი „მკვლევარ-ექსპქერტების“ მიერ ბრესტის ზავის, მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებათა, რბილად რომ ვთქვათ, არაადექვატურ აღქმას, განსაკუთრებით, ორი უკანასკნელის ხელახლა გამოცოცხლებისა და „უკვდავად“ გამოცხადების ცდებს, ამის არავითარი რეალური საფუძველი არ არსებობს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ უკვე ისტორიის ასპარეზიდან წასული მათი შემოქმედი ძალების სამართალმემკვიდრეთა მიერ აშკარა აგრესიის ისევ დაშვების შესაძლებლობას. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ არსებულ პრობლემათა გადწყვეტას საქართველოს კანონიერ, სრული ლეგიტიმურობით აღჭურვილ ხელისუფლებასთან მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით მოგვარებას, ალტერნატივა არ გააჩნია, რა თქმა უნდა, ურთიერთსასარგებლო კონსესუსებისა და ერთმანეთის ინტერესთა, შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველმხრივ გათვალისწინების მეშვეობით.

ამასთან, აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ქართველი ე. წ. „მკვლევარ-ექსპერტები“, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ჩარჩენილები არიან საბჭოთა კავშირისა და მისი იდეოლოგიის ინტერესთა სამსახურის ჩარჩოებში და თავიანთი ქმედებებით კვლავ ცდილობენ ქართული საზოგადოებრივი აზრის დაშინებას, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით არარსებულ საფრთხეებზე მითითებით, რომლებიც ზემოთ განხილული „შეთანხმებების“ გამო, თითქოსდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება. ამით ისინი, ერთი მხვრივ, იმპერიული საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, თურქეთისაგან მოსალოდნელი „საფრთხით“ გვაშინებენ, მეორე მხვრივ კი, იქეთ თურქეთს უქნევენ ხელს და ამ „კოზირის“ მის სასარგებლოდ გამოყენების შესაძლებლობაზე მიუთითებენ, რაც ასევე ქართული საზოგადოებრივი აზრის დაშინებაზეა გათვლილი. ორივე შემთხვევაში კი, მიზანი ერთია _ საქართველოსადმი გარკვეული შესაძლო ფარული პრეტენზიების მქონე ამ ორ უცხო სახელმწიფოებისადმი ჩვენს საწინააღმდეგოდ სამოქმედო გეგმის შეთავაზება, ბლეფის ეფექტის გამოყენებით. თორემ ამ „ექსპერტ-მკვლევარებმა“ კარგად იციან (ყოველ შემთხვევაში უნდა იცოდნენ, როდესაც ასეთ სერიოზულ და შორს გამიზნულ პოლიტიკურ პრობლემებზე მსჯელობენ _ უ. ო.), და უპირველეს ყოვლისა, რუსეთისა და თურქეთის სახელმწიფოთა მესვეურებმა იციან ყველაზე უკეთ, ამ ე. წ. ხელშეკრულებების ნამდვილი ფასი, თუკი ისინი ქართული სახელმწიფოს მიმართ აგრესიას არ ისახავენ მიზნად.

ამ შემთხვევაში კი „მკვლევარ-ექსპერტები“, ეს ჩვენი მარადიული ეფიალტეები, ასეთი აგრესიის გასამართლებლად, უბირ ხალხზე გათვლილი საბაბის შექმნას ცდილობენ და აქედან გამომდინარე, თავად განსაჯეთ, ვინ არიან ისინი... სწორედ ამ მიზნით არიან, ეს სიბარიტები, ჩანერგილი ჩვენი ქვეყნის შიგნით უცხო სახელმწიფოთა სპეცსამსახურების მიერ და აქ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ზუსტად ეს არის ამ კასტის მიერ მათი ძვირად ღირებული, პრესტიჟული ცხოვრებისათვის გადახდილი რეალური საფასურიც. ამ ურთულესი მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი, _ ლუსტრაციის კანონია. 

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:

1. ადამიანის უფლებათა.., 1999: _ ადამიანის უფლებათა ევროპის აქტები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ბათუმი;

2. გაეროს ძირითადი დოკუმენტები.., 1995: _ გაეროს ძირითადი დოკუმენტები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, ქართული თარგმანი და ტექსტის რედაქტირება, ვლადიმერ ცეცხლაძისა;

3. გაზ. „ერთობა„, #230, 1919 _ გაზ. „ერთობა“, #230, 1919 წლის 10 ოქტომბერი;

4. გაზ. „ერთობა“, #224, 1919 _ გაზ. „ერთობა“, #224, 1919, 3 ოქტომბერი;

5. გაზ. „ერთობა“, #76, 1920 _ გაზ. „ერთობა“, #76, 1920 წლის 9 აპრილი;

6. გაზ. „სამუსლიმანო საქართველო“, #1, 1919 _ გაზ. „სამუსლიმანო საქართველო“, #1, 1919 წლის 11 იანვარი;

7. გაზ. „სამუსლიმანო საქართველო“, #5, 1919 _ გაზ. „სამუსლიმანო საქართველო“, #5, 1919 წლის 17 იანვარი;

8. გაზ. „სამუსლიმანო საქართველო“, #295, 1920 _ გაზ. „სამუსლიმანო საქართველო“, #295, 1920 წლის 17 თებერვალი;

9. გაზ. „კვირის პალიტრა“, 2011 _ გაზ. „კვირის პალიტრა“, 2011 წლის 13 ოქტომბერი;

10. დამოუკიდებლობა, 1990: _ დამოუკიდებლობა, ჟურნ. „გუშაგი“, 1990 წლის #22, პარიზი;

11. ნათელაშვილი, 1990: _ ნათელაშვილი შ., საერთაშორისო სამართალი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, გაზ. “სახალხო განათლება', 1990 წლის 23 აგვისტო;

12. ნათელაშვილი, #28, 1992: _ ნათელაშვილი შ., ყარსის ხელშეკრულება: ლენინი,

ხრუშჩოვი... ესტაფეტა გრძელდება, გაზ. „7დღე“, #28, 1992 წლის 13-19 აგვისტო;

13. ოქროპირიძე, 2001: _ ოქროპირიძე უ., აჭარის ავტონომიის შექმნის ისტორიიდან,

ბათუმი;

14. ოქროპირიძე, 2011: _ ოქროპირიძე უ., აჭარის ავტონომიის შექმნა, თბილისი;

15. ოქროპირიძე, 2014: _ ოქროპირიძე უ., საქართველო-თურქეთის ურთიერთობის

ზოგიერთი ასპექტი თანამედროვე თურქულ ისტორიოგრაფიაში, ახალი და უახლესი

ისტორიის საკითხები, 1(14), თბილისი;

16. რეგიონალური კონფლიქტები.., 2002: _ რეგიონალური კონფლიქტები საქართველოში

_ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, აფხაზეთის ასსრ (1989-2001), პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული, კრებულის შემდგენელი და მთავარი რედაქტორი

თამაზ დიასამიძე, თბილისი;

17. სარალიძე, 2016: _ სარალიძე ლ., ყარსის ხელშეკრულება, საქართველო-თურქეთის

ურთიერთობა XVIII-XXI საუკუნეებში, წიგნი II, თბილისი;

18. საქართველოს სსრ.., #3, 1990: _ საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1990

წლის #3;

19. საქართველოს სსრ.., #6, 1990: _ საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1990

წლის #6;

20. სიორიძე, 1991: _ სიორიძე მ., ბათუმი და სამხრეთ რუსეთის კონტრევოლუცია

(დენიკინი, ვრანგელი), სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის საკითხები,

გამომც. „მეცნიერება“, თბილისი;

21. სემიმა, ფ. 4, ს. 87 _ საქართველოს ეროვნული მოძრაობის ისტორიის მუზეუმის არქივი, ფონდი 4, საქმე 87;

22. სემიმა, ფ., 4, საქმე 90, ტ. II _ საქართველოს ეროვნული მოძრაობის ისტორიის

მუზეუმის არქივი, ფონდი 4, საქმე 90, ტ. II;

23. ჩავლეიშვილი, 1993: _ ჩავლეიშვილი მ., მემედ აბაშიძე და აჭარის ავტონომია, ბათუმი;

24. ჭუმბურიძე, 2007: _ ჭუმბურიძე დ., კიტა აბაშიძე (მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზროვნების ზოგიერთი ასპექტის შეფასებისათვის), ახალი და უახლისი

ისტორიის საკითხები, 2, თბილისი;

25. ჭუმბურიძე, 1999: _ ჭუმბურიძე დ., აჭარის საკითხი 1918-1921 წლებში და ქართული

საზოგადოებრივი აზრი, გამომც. „მატიანე“, თბილისი;

26. «Демократическое правительство» грузии...,1928: − «Демократическое правительство» грузии и англиское командование, подгатовлего к печати С.Е. Сефом, с предисловием Н.Н. Покровского, Заккнига;

27. Газ. «Наш край», №204, 1919 − Газ. «Наш край», #204, 18 сентября 1919 года;

28. mpress/2016/01 - რატომ განიხილება თურქეთის ვილაეთად აჭარა? _ ინტერნეტრესურსი: mpress/2016/01;

29. The cultural association..., №1 − The cultural association of Adjaria, Iznik-Batum – and the surrounding Areas publication, №1, p. 1-10 (აჭარის კულტურული ასოციაცია, პუბლიკაცია იზნიკი-ბათუმის მახლობელი არეალის შესახებ, #1, გვ: 1-10);


Комментариев нет:

Отправить комментарий