суббота, 28 сентября 2019 г.

კასპიის კარები, იბერიის საზღვრები და საერთაშორისო ურთიერთობები VI საუკუნეში ბიზანტია-სპარსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში (გ. ჭეიშვილი)

საზღვრების საკითხს ცენტრალური ადგილი ეკავა. ამ იმპერიათა უსაფრთხოებისათვის არც თუ მცირე მნიშვნელობა კავკასიის ზეკარებს _ დარიალსა და დარუბანდს _ ენიჭებოდა. 562 წლის საზავო ხელშეკრულებაში პირველ დებულებად დაწერილი იყო, რომ სპარსელები ნებას არ აძლევენ არც ჰუნნებს, არც ალანებს, არც სხვა ბარბაროსებს ეგრეთ წოდებული ჩორისა და კასპიის კარების შესავალი ვიწრობებით გადავიდნენ რომაელთა სამფლობელოს წინააღმდეგ, და რასაკვირველია არც რომაელები გზავნიან ჯარს სპარსელების წინააღმდეგ არც ამ ადგილს და არც მიდიელთა სხვა საზღვრებზე... (ენ. როტ. ფრგ. 11 – [4/III: 216-17]).

მენანდრე პროტიქტორთან დაცული ეს ცნობა ხაზს უსვამს არა მხოლოდ დარუბანდისა (ჩორის) და დარიალის (კასპიის კარის)1 მნიშვნელობას საერთაშორისო პოლიტიკაში, არამედ სასანიდების სრულ ჰეგემონიას რეგიონში. უკვე დიდი ხანი იყო, რაც რომაელებმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ამიერკავკასიაც და კავკასიის ზეკარებიც სპარსელთა კუთვნილებად აღიარეს.2 ჯერ კიდევ V -ის I ნახევარში შაჰის თხოვნას, საერთო ძალით დაეცვათ ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმომავალი გზები, რომაელებმა... უპასუხეს, რომ ყველა ვალდებულია, თავისი ქვეყნისთვის რომ იბრძვის, იზრუნოს თავისი ციხეების შენახვაზე (Pრისც., ფრგ. 37 – [4/I: 259-60]).

შექმნილმა რეალობამ გამოძახილი ძველ ქართულ მწერლობაშიც ჰპოვა. ანონიმი მეისტორიეს ერთი ცნობით „... ვითარცა მეფობა დაესრულა ქართლს შინა, სპარსნი განძლიერდეს და ერეთი და სომხითი დაიპყრეს. ხოლო ქართლი უმეტესად დაიპყრეს და კავკასიანთა შევიდეს და კარნი ოვსეთისანი აიგნეს და ერთი დიდი კარი ოვსეთვე და ორნი დვალეთს და ერთი პარჭუანს დურძუკეთისასა, და იგი მთიულნი გომარდად დაადგინნეს. და სხუა ვინმე კაცი დაადგინეს მთავრად წანარეთისა ხევსა და მორჩილება დასდვეს მისი. და ოდეს ერაკლე მეფე მოვიდა, მაშინ დაიმხუნეს სპარსნი. და სპარსთა ხაზარეთისა კარნი შექმნეს და ხაზარნი მეოტ ყვნეს“ (29/I: 94-95). ფიქრობენ, რომ „მოქცევა ქართლისას“ ავტორი VI ს-ის 30-40-იან წლებში შექმნილ ვითარებას აღწერს (21: 103; 20: 204). წყაროს ჩვენება მრავალმხრივ საინტერესოა. პირველ ყოვლისა, აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიასთან დამაკავშირებელ გზა-გარდასავალთა ჩამონათვალი იპყრობს ყურადღებას; ამათგან უმთავრესი, „ოვსთა დიდი კარი“, დარიალი უნდა იყოს. თერგისა და ხდეს შესართავთან, მაღალ კლდეზე აღმართული ციხის ციტადელსა და დასავლეთის ფერდზე შემორჩენილია იზოდომური ანუ „უჯარმული“ წყობით ნაგები კედლები, რომლებიც V-VI სს. თარითდება (13: 451; 16: 107-108). დარიელის ციხე (თამარის ციხე) სხვადასხვა დროს ნაშენ თუ განახლებულ ძეგლთა კომპლექსია (16: 105-50); მის გარდა, როგორც ქვემოთ დავინახავთ, დარიალი სხვა ციხე-სიმაგრეებსაც აერთიანებდა.

ანალოგიური სამშენებლო ფენები, რაც საქართველოს სხვა თანადროული საფორტიფიკაციო არქიტექტურისთვისაცაა დამახასიათებელი, დვალეთის ციხე-სიმაგრეებზეც გამოვლინდა (77: 148-49). დვალეთის ეს ორი კარი კასრის კარი და ხევხილაკას კარია, რომლებიც არდონ-ფიაგდონის ვიწრობებს ხერგავდა ჩრდილოეთიდან (3; 20: 204. შდრ. 37: 4).3 ერთ განედზე განლაგებული დვალეთისა და დარიალის კარიბჭენი ქმნიდნენ თავდაცვით ნაგებობათა ერთიან ხაზს და კეტავდნენ იმ მთავარ ხეობებს, _ თერგს, ფიაგდონს, არდონს _ რომლითაც ქართლი „ოვსებს“ უკავშირდებოდა (3: 32-33). დურძუკეთის კარი, ქართველ მემატიანეთა წარმოდგენით, საკმაოდ ხანგრძლივ ისტორიას ითვლიდა. ის ყოფილა „სიმაგრე“ დურძუკეთს „გარდასავალთა გზასა“ „ზედა“, რომელიც ჩრდილოკავკასიელ მთიელებს ქართლის მოწოლისგან იცავდა; მის მახლობლად მეფე მირვანმა (ძვ.წ. II ს.) დურძუკთა დასამორჩილებლად და სამეფოს საზღვრების განსამტკიცებლად კიდევ ერთი ქვითკირის კარი შეაბა (ლეონტი მროველი – [25/I: 27-28]). შესაძლოა, სწორედ ის ყოფილიყო პარჭუანს დურძუკეთის კარი (შდრ. 5: 144), რომელიც ფშავ-ხევსურეთიდან ჩეჩენ-ინგუშეთში მიმავალ გზას აკონტროლებდა; მისი ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია (37: 4-5; 20, იქვე).4

ირკვევა, ასევე, რომ VI ს-ის I ნახევრისთვის (და ამაზე უწინარესაც) ცენტრალური და აღმოსავლეთ კავკასიონის ზეკარები ქართლის საზღვრებში შემოდიოდა (20: 204- 205).5 ქვეყნის უშუალო ინკორპორაციის კვალდაკვალ სპარსელებმა ისინი საგანგებოდ გაამაგრეს, დაცვა კი მთის მოსახლეობას დააკისრეს. იმპერიის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სპარსული კოლონიზაციაც არაა გამორიცხული. ცნობილია, მაგალითად, რომ მოგვიანებით, არაბმა დამპყრობლებმა, რომლებიც სასანიდების პრაქტიკას ხშირად მისდევდნენ, იქ თვისტომნი ჩაასახლეს და მათგან დარიალის ციხის დამცველთა რაზმი შექმნეს. გარნიზონი თბილისიდან მარაგდებოდა და სახალიფოს საზღვრებს ხაზარ-ალანთაგან იცავდა (მასუდი, მურუჯ ადზაჰაბ, XVII.17 – [49: 156-57]; იაკუთი I, 351 – [22: 18]). სასანიანებმა სამხედრო-სტრატეგიულ ღონისძიებებთან ერთად ადმინისტრაციული ცვლილებებიც განახორციელეს და ცალკე ერთეულად გამოჰყვეს წანარეთის ხევი, იგივე ხევი, რომლის ჩრდილოეთით დარიალის კლდოვანი ხეობაა გადაჭიმული. ხევში საგანგებო მოხელე („მთავარი“) დანიშნეს; ის „ციხისთავის“ (ქართლის ქალაქებში მჯდარ სპარსელ ხელისუფალთა მსგავსად), „პიტიახშის“ („ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში“ მთავრად იწოდება ვარსქენ „ერისთავი“) თუ, სულაც, „მარზპანის“ მდგომარეობამდე აღაზევეს. „მარზპანის“ ტიტულს ატარებდა ჩორის კარის გამგებელიც, რომლის ხელისუფლება მრავალრიცხოვანი სპარსული გარნიზონითაც იყო განმტკიცებული.

წყაროებში იმის მინიშნებასაც ვხვდებით, რომ ჩორის კარიბჭის დაცვაში სპარსელებს ადგილობრივი მთიელებიც ეხმარებოდნენ (ელიშე, თავი III – [81: 148-56]; ლაზარ ფარპეცი, II.35 – [56: 106-108]).

მოგვიანებით, წანართა ხევის „სამთავროს“ ბაბ-ალლანის ანუ დარიალანის ქვეყანა ჩაენაცვლა. აბულ-ფედას ნაშრომებმა შემოგვინახა ცნობილი არაბი გეოგრაფის იაკუბის ჩვენება, რომ მეორე არმინია ჯურზანის, თბილისისა და ბაბ-ალ-ლანის ქვეყნებს მოიცავდა (იაკუბი, გვ. 61 _ [78]). იაკუბის ჩვენამდე მოღწეულ ნაწარმოებში კი მეორე არმინიის შემადგენელ ნაწილებად დასახელებულია ქალაქები ჯურზანი, თბილისი და მესჯით-ზულ-კარნაინი ანუ ალექსანდრეს მიზგითი (იაკუბი, გვ. 61). იბადება კითხვა: ხომ არ არის ეს უკანასკნელი დარიალის კიდევ ერთი სახელწოდება? მით უფრო, რომ ალანთა კარის გაჭრას თუ გამაგრებას ევროპაშიც და აზიაშიც ალექსანდრე მაკედონელის სახელს უკავშირებდნენ.

მასუდი მესჯით-ზულ-კარნაინს ჯურზანის მეფეთა სატახტო ქალაქად მოიხსენიებს (მურუჯ ად-ზაჰაბ, XVII.23). ვ. მინორსკი ამ გეოგრაფიულ სახელში მცხეთის შერყვნილ ფორმას ხედავდა [49: 161, ნ. 2]. მართლაც, რა უნდოდა თერგის კლდოვან ვიწრობებში ქალაქს და მით უფრო, სატახტო ქალაქს? სკეპსისის დასაძლევად უნდა გავიხსენოთ, რომ დარიალის ხეობამ და მის კლდოვან ფერდებზე ამოზიდულმა ციხეებმა ისე ააღელვა აღმოსავლეთის ვაჭარ-მოგზაურთა, სწავლულთა თუ სამხედროთა წარმოსახვები, რომ დარიალს არა მხოლოდ აუღებელი ციხე-სიმაგრის, არამედ „აყვავებული ქალაქის“ სახელიც კი დაუმკვიდრეს (მურუჯ ად-ზაჰაბ, XVII.17; ჰოდუდ ალალემი, $$5, 48 – [46]). უფრო მეტიც; არსებობდა ადგილობრივი გადმოცემები, თითქოს ბაგრატიონებს ეს „ძნელად გასავალი ადგილები“, საიდანაც „თანდათან განივრცნენ და გამრავლდნენ და დიდ ერად იქცნენ“ ქართველები, თვით განგებისგან ჰქონდათ ბოძებული (დე ადმინ. Iმპ. 45 _ [4/IV2]; 4/IV2: 257, შენ.1). ამგვარი ახსნის შემთხვევაში მაინც რჩება კითხვა: რატომ განასხვავებს მასუდი ერთმანეთისგან ბაბ-ალ-ლანს და მესჯით-ზულ-კარნაინს?

როგორც არ უნდა გადაწყდეს ჩვენთვის საინტერესო ორი ტოპონიმის ურთიერთმიმართების საკითხი, ის თითქოს უდავოა, რომ არაბობის ხანაშიც არსებობდა დარიალანის (რესპ. წანარეთის ხევის) ქვეყანა. საინტერესოა, რომ არაბი ისტორიკოსები ჰაბიბ იბნ მასლამას მიერ ქართლის დამორჩილებულ „ხევებს“ // „ქვეყნებს“ შორის ცალ-ცალკე ასახელებენ დარიალს (ბაბ-ალ-ლალა) და წანარეთის ხევს (სანარია) და მათ კლარჯეთის, თრიალეთის, კახეთის, კუხეთის, არტაანის და სხვათა ტოლფარდ ტერიტორიულ ერთეულებად მიიჩნევენ (ბალაზური – [65: 13]). ამაზე უწინარეს კი, IV_V საუკუნეებში წანარეთის ხევი წექენის (წილკნის) კარიდან ვიდრე ალანთა (ოვსთა) კარამდე ვრცელდებოდა („აშხარაცუიცი“ – [45: 55-57]).6

მოიცავდა თუ არა წანარეთის ხევი ოვსთა კარს ჩვენთვის საინტერესო ხანაშიც, ეს „მოქცევა ქართლისას“ ციტირებული ფრაგმენტიდან, მაინცდამაინც, კარგად არ ჩანს. წანარეთის ხევის ხელისუფლის განსაკუთრებული სტატუსით („მთავარი“) მოხსენიება ამ უკანასკნელის საგანგებო მდგომარეობაზეც მიანიშნებს და დიდი ალბათობაა, რომ „ოვსთა კარ(ნ)ი“ მის ძალაუფლებას ემორჩილებოდა.

უფრო მეტიც. არაა გამორიცხული, რომ სპარსელებმა წანარეთის ხევის „მთავარს“ დარიალთან ერთად დვალეთისა და დურძუკეთის გზების დაცვაც დააკისრეს, ანუ დვალეთიცა და ფხოვიც მასვე დაუქვემდებარეს. წყაროს კონტექსტის გარდა ამას უფრო გვიანდელი ისტორიულგეოგრაფიული ანალოგიები გვაფიქრებინებს: ცნობილია, რომ არაგვის ერისთავებს, რომელთა სამფლობელოებშიც ხევიცა და დარიალიც შედიოდა, ხელი მიუწვდებოდათ დვალეთის ერთ ნაწილზე, ზახაზე (63: 347). ურთიერთობები თრუსოს მოხელეთა საშუალებით ხორციელდებოდა (63:349). მსგავსადვე შეგვიძლია დავუშვათ, რომ წანარეთის ხევის მთავარი თრუსოს ხეობით დვალეთზეც ბატონობდა. აქვე იმის გახსენებაც შეიძლება, რომ არაგვის ერისთავები ფშავ-ხევსურეთის დამორჩილებასაც ცდილობდნენ (6: 62).

თუ ჩვენი ვარაუდი სწორია, გამოდის რომ სპარსელები ჯერ ისევ წარმართული მთის7 კონსოლიდაციასაც ცდილობენ ქრისტიანული ბარის წინააღმდეგ.

არაბი ავტორები, ზოგადად, მთლიანად ამოწმებენ ქართველი მემატიანის ცნობას კავკასიაში სასანიდების გააქტიურებისა და ჩრდილოეთ კავკასიაში გარდამავალ ზეკარებზე კონტროლის დამყარების შესახებ VI საუკუნეში; მათი თხრობის დეტალები კი გაცილებით სრულად წარმოგვიდგენს ირან-კავკასიის ურთიერთობათა ჩვენთვის საინტერესო ეპიზოდს.

აღმოსავლური წყაროებიდან ვიგებთ, რომ ერთ დროს ჯურზანი და არანი ხაზარებს ეპყრათ, ხოლო სომხეთი – ბერძნებს. ხაზართა ლაშქრობებით თავმობეზრებულმა კავადმა (კუბაზ იბნ ფირუზ მეფემ) მათ წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა. გამარჯვებულმა შაჰმა არანში დააარსა ქალაქები ბაილაკანი, ბარდა (ბარზანა) და კაბალა. ხაზარები განდევნა სამხრეთ კავკასიიდან და შირვანსა და ალანთა კარს (ალ-ლანს) შორის ალიზის კედელი ამოიყვანა, ხოლო მის გასწვრივ 360 ქალაქი ააშენა. კავადის მემკვიდრემ, ხოსრო ანუშირვანმა დააფუძნა ქალაქი ალ-ბაბ-უ-ალაბუაბა (ბაბ ალ-აბვაბი), აღმართა შაკანის კარი (კარნი შაქქისა და კამირანისა) და დუდანიტების კარი (კარები დუდანიისა). ყოველივე ეს მან არანთა ქვეყანაში მოიმოქმედა.

ხოსრომ ააგო, ასევე, დურზუკიის კარი (დურზუკია), რომელიც ქვის კოშკებით გამაგრებული თორმეტი კარისგან შედგებოდა. სპარსელთა „უკვდავმა სულმა“ მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო სამუშაოები ქართლში ანუ ჯურზანის ქვეყანაშიც ჩაატარა. მან ააშენა ქალაქი სოღდებილი, ხოლო ქვეყნის იმ ნაწილში, რომელიც საბერძნეთს (რუმს) ესაზღვრებოდა – ციხე ბაბ ფირუზიკობადი, ციხე ბაბ ლაზიკა და ციხე ბაბ ბერიკა (ბარიკა), ტრაპეზუნდის ზღვის ნაპირზე. ააგო, აგრეთვე, ალანთა კარი, სამსახის კარი, ჯარდმანი და სამშვილდის ციხე (სამშულდა) (ბალაზური, გვ. 5-6; იაკუთი, I. 221-222; იბნ ალასირი, I. 183, 194, 196 – [72: 9-10]).

ჩვენთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებულ დამატებით დეტალებს ტაბარის თხზულებაში ვხვდებით. მისი ცნობით, ქვის ნაგებობათა მშენებლობა სულასა (= ჩორის) და ალანთა ქვეყნებში პეროზმა დაიწყო, კავადმა გააგრძელა, ხოსრომ ქალაქებითა და ციხე-სიმაგრეებით დააგვირგვინა. მაგრამ მხოლოდ კედლები არ აღმოჩნდა საკმარისი იმპერიის საზღვრების უზრუნველსაყოფად და სასანიანებს ფულადი სუბსიდიების გადახდაც უწევდათ ჩრდილოელი მეზობლებისთვის. ხოსრო ანუშირვანის მეფობაში აფხაზები, ბანჯარები, ბალანჯარები და ალანები გაერთიანდნენ, სწორი და ადვილადსავალი ბილიკებით შეიჭრნენ სპარსეთის იმპერიაში და არმინია მოაოხრეს. ხოსროს ჯარმა ისინი გაანადგურა, ტყვეები აზერბაიჯანსა და მიმდებარე მხარეებში გაფანტა. მოგვიანებით, თურქთა ხაკანმა სინჯიბუმ დაიმორჩილა აფხაზები, ბანჯარები და ბალანჯარები და გაერთიანებული ძალებით სცადა სპარსეთზე თავდასხმა. მაგრამ იმპერიის ჩრდილოეთის საზღვრები საგულდაგულოდ დაცული დახვდა _ ჩორის კედლები გამაგრებული, სახელმწიფოში შემომყვანი ხეობები დახშული, 5000 მეომარი, ქვეითი და მხედარი, არმინიაში განლაგებული (ტაბარი, I, 895-896 _ [55ა: 151-53; 80: 454-55]). მკვლევარები სამართლიანად შენიშნავენ, რომ არაბი ავტორის „არმინია“ სპარსულ „კუსტი კაპკოჰს“ უდრის (38: 2, ნ. 2), ანუ წყაროში საუბარია სასანიანების მიერ სამხრეთ კავკასიის, მათ შორის კავკასიონის ზეკარების, საგანგებო გამაგრებაზე.

ამრიგად, არაბი მწერლები კავკასიაში ციხე-სიმაგრეთა თუ ციხე-ქალაქთა გრანდიოზულ მშენებლობას კავადსა (488-496, 498-531) და ხოსრო ანუშირვანს (531-579) მიაწერენ.8. ამ უკანასკნელის სახელს უკავშირებენ, კერძოდ, დარიალის კარის აგებას ჯურზანში (ქართლში), თუმცა იმასაც მიანიშნებენ, რომ იქ გარკვეული სამუშაოები კავადის დროსაც უწარმოებიათ. დურძუკთა (დურზუკიის) კარის დასახელება კიდევ ერთი საინტერესო დეტალია, რომლითაც ქართული წყაროს ჩვენება არაბულისას უახლოვდება.

აღმოსავლურ მატიანეთაგან ირკვევა, რომ შაჰანშაჰებმა სხვა საგანგებო ზომებსაც მიმართეს: გამაგრებულ ზეკარებში ირანული ტომები ჩაასახლეს, უპირატესად, სამხრეთ კასპიისპირეთიდან, აღმოსავლეთ კავკასიონის ეთნოპოლიტიკურ ერთეულებს საზღვრები დაუწესეს, ადგილობრივ ხელისუფალთ კი სხვადასხვა ტიტული უწყალობეს. კარგად ჩანს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში სასანიდებმა ირანულ ელემენტზე დაყრდნობით შექმნეს ვასალურ სამეფო-სამთავროთა ქსელი, რომელიც იმპერიის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა სტეპებში მოთარეშე ნომადებისგან (ბალაზური, გვ. 7; მასუდი, XVII. $$1-2; დერბენდ-ნამე – [70:20-22]; 49: 13-15).9 ამ კონტექსტში კარგად ეწერება წანარეთის ხევის მთავარიც _ ახალი პოლიტიკური ფიგურა ამიერკავკასიაში – და ცენტრალური კავკასიონის ზეკარებიც.

ჩვენს მიერ გაანალიზებულ წყაროთა სანდოობაში ეჭვი, შეიძლება, ხაზართა მოხსენიებამ შეიტანოს _ VI საუკუნისათვის ეს აშკარა ანაქრონიზმია. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ქართულ მატიანეებში, ისევე როგორც არაბულ და არაბულენოვან წყაროებში ეს კრებითი სახელი ჩრდილოეთ კავკასიის თურქულ - თუ ირანულენოვან მომთაბარე ტომებს და, მათთან ერთად, ზოგჯერ, მკვიდრ „კავკასიანნთაც“ ფარავს. ტაბარის ზემოთმოტანილი ცნობა ამის საუცხოო მაგალითია (9; 1; 38: 3; შდრ. 55ა: 153-54, ნ. 394).

არაბი ავტორები თავის წყაროდ სპარსულ წიგნებსა და გადმოცემებს ასახელებენ. ფირდოუსის „შაჰ-ნამეში“ გვხვდება ცნობა იმის შესახებ, რომ ანუშირვანმა კედელი ააგო ირანსა და თურანს შორის, შემდეგ კი ალანთა წინააღმდეგ გაილაშქრა, რათა დაესაჯა სასაზღვრო მიწების დარბევისათვის. მაგრამ საქმე უბრძოლველად გადაწყდა – ანუშირვანმა შეიწყალა ალანთა უხუცესების ვედრება, აპატია დანაშაული და აოხრებულ საზღვრებში ციხე-ქალაქის აგება უბრძანა, თვითონ კი ჰინდუსტანში გაემართა (59/VII: 236-41). ნაწარმოების გეოგრაფია (თურანი, ალანები, ჰინდუსტანი) გვაფიქრებინებს, რომ მოტანილ ფრაგმენტში შუა აზიის ალანებზეა საუბარი.10 თუმცა გასათვალისწინებელია ა. ალემანის თვალსაზრისი, რომ აქ კავკასიის ალანები იგულიხმებიან (38: 2-3). ის ყურადღებას მიაპყრობს „შაჰ-ნამეს“ ისეთ საინტერესო დეტალებზე, როგორიცაა ხოსრო ფარვიზის „ალანთა მეფობა“ და სპარსეთის სახელმწიფოს ჩრდილოეთ საზღვრის „ალანთა“ სახელით მოხსენიება (59/VIII: 208, 209, 213, 369; 38: 4-5). მკვლევარი იშველიებს, აგრეთვე, გვიანსასანურ ხანაში შექმნილ „ტანსარის წერილს“, სადაც სპარსეთის მონაპირეებად დასახელებულნი არიან ალანის, დასავლეთის (მაღრიბის), ხვარაზმისა და ქაბოლის მთავრები, რომლებსაც „მეფის“ ტიტულის ტარების უფლებაც ჰქონდათ (57: 35; 38: 2). „ტახტის მეფის“ ტიტულს, არაბული ენციკლოპედიის „ნიჰაიატ ალ-არაბის“ ცნობით, ხოსროს მიერ დანიშნული არმინიის მარზპანიც ატარებდა (57: 35, ნნ. 4, 5). შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ „ალანთა საზღვარიც“ და „არმენიაც“, მართლაც, იმპერიის ჩრდილოეთ საზღვარს შეეფარდება და გულისხმობს „აზერბაიჯანისა და ხაზართა ქვეყნის“ ჩრდილოეთის სასპაჰბედოს (ტაბარი, I, 894), იგივე „კუსტი კაპკოჰს“ ანუ „კავკასიის მხარეს“, რომელიც სასანიანთა სახელმწიფოს ჩრდილოეთ პროვინციებს _ ატრაპატაკანს, არმენიას, ვარჯანს ანუ ქართლს, რანს ანუ ალბანეთს, ბალასაკანს, სისაკანს და სხვ. (სულ ცამეტ ქვეყანას) _ აერთიანებდა („აშხარაცუიცი“: 72; 62: 213-15, 217-21).

კავკასიის მხარის სპაჰბედის // პოდოსპანისა და „ალანთა მონაპირის // მეფის“ ურთიერთმიმართების გარკვევისათვის საინტერესო პარალელური მასალაა დაცული სომხურ საისტორიო მწერლობაში (შდრ. 62: 214). ცნობილია, რომ დიდი არმენია იყოფოდა ოთხ საპიტიახშოდ, რაც სამყაროს ოთხივე მხარეზე სომეხთა მეფის ბატონობის სიმბოლურ გამოხატულებას წარმოადგენდა (60: 79, 163). სომხური სახელმწიფოს ჩრდილოეთის „კარის“ ანუ საზღვრის მონაპირედ ითვლებოდა გუგარქის ბდეშხი, რომელიც, ტრადიციულად, „ჩრდილოეთის მთებისა და პონტოს ზღვის“ „განმგებლად“ (მოვსეს ხორენაცი, II.11 – [17: 111]) ან „კავკასიის მთათა და ჭანთა მხარეების“ „მცველად“ (Aგ. $98 – [4/I: 71])11 იწოდებოდა. V საუკუნის ავტორი აგათანგელოსი კავკასიის მთების // ჩრდილოეთის მთების ამ განმგებელს „მასქუთთა მხარის მონაპირეს“ უწოდებს (Aა $ 873 – [58: 474]).12 სომხეთშიც და სპარსეთშიც აშკარაა პოლიტიკურგეოგრაფიული („კავკასიის მხარე“, „კავკასიის მთები“) და ეთნოპოლიტიკური („მასქუთები“, „ალანები“) ტერმინების მონაცვლეობა ჩრდილოეთის საზღვრის მონაპირის ტიტულატურაში. უნდა ვიფიქროთ, რომ ორივე სახელმწიფოში ჩრდილოეთის საზღვრის სახელდების პრინციპიც ერთი იყო – ის სახელს იღებდა ან უშორესი გეოგრაფიული რეგიონიდან (კავკასია) ან მის საზღვრებთან გაბატონებული ეთნოსიდან, რომელიც უშუალო საფრთხეს უქმნიდა; სომხებისთვის ასეთ ტომად „მასქუთ-მასაგეტები“ მოიაზრებოდნენ,13 ხოლო სპარსელებისთვის _ „ალანები“ (იხ. ზემოთ).14

ახლა კი, თუ ფირდოუსის თხზულების ჩვენთვის საინტერესო ფრაგმენტს დავუბრუნდებით და ჩავთვლით, რომ ის მართლაც კავკასიის ალანებს შეეხება, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სასანიდების კავკასიურ სამფლობელოებში, რომლებიც ალანთაგან იყო დარბეული, ალანებმა სპარსელების ბრძანებით ციხე-სიმაგრე აღმართეს. ერთი შეხედვით ისე სჩანს, რომ ალანები „გომარდად“ დაყენებული „მთიულნი“ არიან, რომლებსაც ალანთა კარის შეკვრა და იმპერიის ნომადთა თავდასხმებისგან დაცვა აქვთ დაკისრებული. თუმცა ცნობა, შეიძლება, ისეც გავიგოთ, რომ კავკასიის ერთ მონაკვეთზე ალანთა ბატონობა დამყარდა. ეს სასაზღვრო ზოლი _ „ალანთა კარი“ _ შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც დღევ. დარიალის ხეობა (38: 3), ისე დარუბანდი (იხ. შენ. 14).

უფრო მკაფიო ცნობები მომთაბარე ტომების მიერ კავკასიონის ზეკარების ხელში გდების შესახებ პროკოპი კესარიელს მოეპოვება. იუსტინიანეს ისტორიკოსი გვამცნობს, რომ კასპიის კარები და მისი სიმაგრეები ეპყრა ამბაზუკის, „შთამომავლობით ჰუნნს“ და კეისრის მოკავშირეს. სიკვდილის წინ მან ბიზანტიელებს კასპიის კარის გადაცემა შესთავაზა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მაგრამ ანასტასი კეისარმა (491-518) წინადადება არ მიიღო, რადგან „..მისთვის შეუძლებელი იქნებოდა ჯარისკაცების შენახვა იქ, ყოველგვარ სიკეთეს მოკლებულ ადგილას, სადაც მეზობლად არ მოიპოვებოდა რომაელთა ქვეშევრდომი ტომები“. ამით ისარგებლა კავადმა და ამბაზუკის გარდაცვალების შემდეგ დაიპყრო კარები (Bელლ. Pერს., I, 10 – [4/II: 46-47]). კავადის მიერ კასპიის კარის აღებას პროკოპი თავისი თხზულების სხვა ადგილასაც აღნიშნავს (Bელლ. Pერს., I, 16).

ბიზანტიელი ისტორიკოსის, ვითარცა თანამედროვისა და კავკასიის პოლიტიკურ გეოგრაფიაში ფრიად გათვითცნობიერებული პირის, ჩვენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მისი მონათხრობიდან, ჯერ ერთი, ირკვევა, რომ კასპიის კარი უკვე კავადმა დაიპყრო, რაც ადასტურებს ზემოთმოტანილ ცნობებს, რომ ალანთა კარში გარკვეული საფორტიფიკაციო სამუშაოები ხოსროვზე ადრე კუბაზმა (კავადმა) გასწია. საინტერესოა ცნობათა ის ნაწილიც, სადაც ხაზგასმულია ბიზანტიისა და სპარსეთის დიამეტრულად განსხვავებული დამოკიდებულება კასპიის კარის ფლობის საკითხისადმი: თუ კეისარი ამ ამოცანას გულგრილად უყურებს, შაჰი სისხლხორცეულადაა დაინტერესებული მის გადაწყვეტაში. კასპიის კარში სიმაგრეების აგებითა და გარნიზონების განლაგებით სასანიდები, ცხადია, სრულებითაც არ ზრუნავდნენ „რომაელთა“ ინტერესებზე (Bელლ. Pერს., I, 16). მათ საკუთარი საზღვრების უსაფრთხოება ადარდება. ერანშაჰებს ისიც კარგად ახსოვდათ, რომ V საუკუნის მეორე ნახევარში ანტიმაზდეანური აჯანყებებისას ქართველებსაც, სომხებსაც და ალბანელებსაც ჩრდილოკავკასიელები უმაგრებდნენ ზურგს (ელიშე, თავი III, IV, VII; ლაზარ ფარპეცი II.45, III.65-67, 70). მეფობის მოსპობის მიუხედავად კავკასიის ხალხები მაინც არ იხრიდნენ ბოლომდე ქედს და თვალი დამოუკიდებლობისკენ ეჭირათ (Bელლ. Pერს., II.28). კავკასიონის ზეკარების დაკავებით კი სპარსელებს საშუალება ეძლეოდათ, მათთვის ზურგიც მოეშალათ და ბატონობის უღელიც დაემძიმებინათ.

კიდევ უფრო საინტერესოა პროკოპი კესარიელის ის ჩვენება, რომ კასპიის კარები იბერიის საზღვრებს მიღმა იდო და მას, სპარსელთა გაბატონებამდე, ჰუნები ფლობდნენ. მეისტორიეს ფრაზა, რომ „ეს სიმაგრე დროთა განმავლობაში ბევრს ეჭირა“ (Bელლ. Pერს., I, 10), გვაფიქრებინებს, რომ კასპიის კარების დაუფლებისათვის მწვავე ბრძოლები წარმოებდა მეზობლებს შორის. ჰუნების ყურადღება ამ გადმოსასვლელმა უკვე IV საუკუნის მიწურულს მიიპყრო.

კლაუდიანეს ცნობით, 395 წელს ჰუნებმა გადმოლახეს კასპიის კარი, მოაოხრე არმენია, ხოლო შემდეგ კაპადოკია, კილიკია და სირია დაარბიეს (Iნ ღუფინ., II.28-35 – [42: 62-63]). ე. გიბონის კლასიკურ ნაშრომში ნათქვამია, რომ ჰუნები კასპიის ზღვით შემოიჭრნენ (44: 629; შდრ. 39: 136 და 41: 501, Fიგ. 11). მაგრამ ცენტრალური კავკასიონის ზეკარები და პირველ რიგში, დარიალის ხეობაც რომ გამოსარიცხი არაა, ეს პეტრე იბერის ასურული „ცხოვრებიდანაც“ შესანიშნავად ჩანს. წყაროში, კერძოდ, ნათქვამია, რომ იმპერატორ არკადიუსზე (395-408) განაწყენებულმა მეფე ფარასმანიოსმა, „როდესაც ის იბერებზე ბატონობდა და თან მოიყვანა თეთრი ჰუნები, იბერთა მეზობლები“, რომაელთა ქვეშევრდომებს მრავალი უბედურება დაატეხა თავს (4/II: 249).

იმ დროისთვის იბერთა პოლიტიკური ბატონობა თერგის ხეობაში რამდენიმე საუკუნეს მოითვლიდა (36: 251-52; 20: 54; 12: 63; 19: შესაბამისი რუკები). ქართული საისტორიო ტრადიციის თანახმად, დარიალის ხეობას _ უკეთ, „არაგვისკარს“, როგორც ჩვენი წინაპრები უწოდებდნენ მას შორეულ წარსულში15 _ უკვე პირველი ფარნავაზიანები ფლობდნენ (ვახუშტი, აღწერა, გვ. 358). ამ ცნობას შესანიშნავად ამოწმებს არქეოლოგიაც (16; 31) და წერილობითი წყაროებიც (შტრაბო XI.3.5 – [26: 129]). ახ.წ. I საუკუნის რომაელი ავტორები პირდაპირ მიუთითებენ, რომ იბერები „კასპიის გზით“ (დარიალის ხეობით) შემომავალი „ადგილების მფლობელები“ იყვნენ (თაც., Aნალ., VI. 33 – [24: 54- 55]); ამიტომაც „კასპიის კარს“ // „კავკასიის კარს“ ისინი „იბერიის კარსაც“ უწოდებდნენ (Pლინ., Nატ. ჰისტ., VI.40 – [50: 367-68]).16 უნდა ვიფიქროთ, ამ უკანასკნელთანაა კავშირში გვიან ანტიკური-ადრე შუა საუკუნეების მწერლობაში დამოწმებული „იუროპაახის“ // „ვირაპარახის“ ციხის სახელი (Iოან., Lყდუს, Dე Mაგისტ., III.52 – [4/II: 236-37]; ŠĒ $ 18 – [52: 18]; „ალექსანდრეს რომანის“ სირიული ვერსია – [39, იქვე, შენ. 25]; Aა-ის ზოგიერთ ხელნაწერი – [48: 101]) _ მასაც ხომ სომხურიდან სპარსულში შესულ „იბერთა/ვრაცთა საფარად/ კარად“ გაიაზრებენ.17 თეოფანე ჟამთააღმწერელთან კვლავ „იბერიის კარები“ დატურდება (4/IV1: 103).

საზღვრები, რა თქმა უნდა, არ ყოფილა სტატიკური – მთიელთა მოწოლის შედეგად ის იცვლებოდა. ჩვენამდე მოაღწია თემისტიოსის სრულიად უნიკალურმა ცნობამ იმის შესახებ, რომ „რომაელთა სარდლებმა გაიარეს კასპიის კარები, გააძევეს ალანები და საზღვრები დაუწესეს იბერებს და ალანებს“ (Oრატ., XXXIV.8 – [4/I: 48).18 ეს სიტყვა 385 წლის დასაწყისშია წარმოთქმული (61: 214); იქ აღწერილი ამბავიც, შესაძლოა, IV ს-ის 70-იანი წლების მოვლენებს ეხებოდეს. ცნობა თუ გაზვიადებული არაა, მაშინ ჩვენ გვექნებოდა წერილობით წყაროებით დადასტურებული პირველი შემთხვევა, როდესაც რომაელებმა კასპიის (იგივე, კავკასიის ანუ იბერიის) კარების გავლით ჩრდილო კავკასიაში ილაშქრეს. მისი სანდოობისათვის უნდა გავიხსენოთ, რომ სანამ სპარსელები საბოლოოდ განდევნიდნენ რომაელებს არმენიიდან და იბერიიდნ, არტაშატში დაბანაკებული ლეგიონები სამხრეთ კავკასიას სხვადასხვა ნომადებისგანაც იცავდნენ (Iოან., Lყდუს, Dე Mაგისტ., III.52); ამ კონტექსტში მოკავშირე იბერიის დაცვაც სრულიად ბუნებრივი იქნებოდა. იბერებსა და ალანებს შორის საზღვრის დადება, როგორც ჩანს, ცენტრალური კავკასიონის ზეკარების გამაგრებას გულისხმობს (შდრ. 18: 66-68).

მომთაბარე სტეპის შემოტევა ქართლზე სპარსეთის გაბატონების შემდეგაც გრძელდებოდა. მისი საზღვრების გამაგრებაზე, ამჯერად, უკვე სასანიანები ზრუნავდნენ და საამისოდ კონსტანტინოპოლისგან ჯარსა და ფულს მოითხოვდნენ (Pრისც., ფრგ. 31, 37; Iოან., Lყდუს, Dე Mაგისტ., III.51-53; Pროც., Bელლ. Pერს., I.16, 22; ჯუანშერი, გვ. 145-46). კასპიის კარს (დარიალს) განსაკუთრებული მნიშვნელობა მაშინ ჰéსელოდა, როდესაც ჩორი მათ კონტროლს მიღმა რჩებოდა. ასე მოხდა, მაგალითად, V საუკუნის შუახანებში, როდესაც ალბანეთის მეფემ მოთხარა ჩორის ციხე, გადმოიყვანა მასკუტები და თერთმეტნი მეფენი კავკასიანნი და სპარსელებს შეებრძოლა. საპასუხოდ, სპარსელებმა ალანთა კარი გახსნეს, იხმეს ჰონთა ურიცხვი ლაშქარი და ალბანელებს გაუსიეს (ელიშე, თავი VII). კარგად ჩანს, რომ სპარსელებიცა და ქართლის ხელისუფალნიც ნომადური შემოტევების წინაშე მხოლოდ თავდაცვით პოზიციებში არ ყოფილან. დარიალის ფლობა მათ ჰონებთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირების დამყარებისა და მათგან დამხმარე ჯარის გადმოყვანის საშუალებას აძლევდა.

ზეკარების კონტროლი, განსაკუთრებულ შემთხვევაში, შაჰის მიერ გამოგზავნილ მარზპანს ევალებოდა. 450-451 წწ. აჯანყებისას ვასაკ სივნიელი იკვეხნიდა, რომ შეეძლო ჰუნთა მრავალი მეომრის გადმოყვანა, რადგან ქართლის მარზპანობისას ალანთა კარი ეპყრა და ჰუნთა ბელადებთანაც კავშირი ჰქონდა გაბმული.19 ამ ცნობაზე დაყრდნობით გაკეთებული დასკვნა, თითქოს დარიალის კარს საუკუნეთა განმავლობაში სომეხი ნახარარები აკონტროლებდნენ (68: 58-61, 82), აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

ლაზარ ფარპეცის თხზულებიდან კარგად ჩანს, რომ ალანთა კარის კონტროლი ქართლის ხელისუფალთა _ იქნებოდა ეს მეფე თუ მარზპანი _ პრეროგატივას წარმოადგენდა, ვასაკ სიუნიც დარიალში როგორც შაჰის მოხელე მოქმედებდა, მის ეროვნებას არანაირი მნიშვნელობა არ ქჰონდა; თანაც ეს სახელო მას სიცოცხლეშივე ჩამოერთვა. VI საუკუნის 10-30-იან წლებში კი „ჩრდილოეთის საზღვრის“ „გამგებლად“ დანიშნულია მიჰრანთა სახლის წარმომადგენელი რეიდან ფირან გუშნასპი, ვისაც „მეფის ბრძანებით გურზანის და არანის ქვეყნების დაცვა ჰქონდა დავალებული“ (8; 18: 221). სამხრეთ კავკასიას სპარსელი მარზპანი, ცხადია, ჩრდილოკავკასიელთაგან იცავს, საამისოდ კი ის, წინამორბედთა მსგავსად, კავკასიონის ზეკარებს, დარიალსა და დარუბანდს, სდარაჯობს.

მომთაბარეთა საკითხის გადაჭრას სპასელები, როგორც ეს ქართული, სომხური და ბიზანტიური წყაროებიდან შესანიშნავად ჩანს, ლოიალურად განწყობილი ქართლის მეფის მონაწილეობითაც ცდილობენ – ერთობლივი ლაშქრობები ცენტრალურ და დასავლეთ კავკასიონში, სამხედრო ოპერაციების გადატანა ჩრდილოეთ კავკასიაში და საზღვრების გამაგრება ამის საუცხოო დადატურებაა (ლეონტი მროველი, გვ. 67-68; ჯუანშერი, გვ. 150, პრისკ., ფრგ. 41). სწორედ სპარსელთა დახმარებით ვახტანგ გორგასალმა განახორციელა გრანდიოზული შეტევა მთასა და სტეპზე და, როგორც ერთი მემატიანე გვამცნობს „... დაიმორჩილნა ოვსნი და ყივჩაყნი, და შექმნა კარნი ოვსეთისანი, რომელთა ჩუენ დარიანისად უწოდთ. და აღაშენნა მას ზედა გოდოლნი მაღალნი, და დაადგინნა მცველად მახლობელნი იგი მთეულნი: არა ხელ-ეწიფების გამოსლვად მათ ნათესავთა ოვსთა და ყივჩაყთა თვინიერ ბრძანებისა ქართველთა მეფისა“ (არსენ ბერი – [27/III: 48]). V ს-ის სომხური წყაროებიც გარკვევით მიანიშნებენ ჰონთა დამოკიდებულებაზე ქართლის მეფისადმი (ლაზარ ფარპეცი III. 67-73; 20: 205-206).

ჩრდილოეთის სტეპის მოწოლის შედეგად თერგის ხეობის ზემო წელზე ეთნიკური მდგომარეობაც იცვლება: ბალთა-ჩმის მიდამოებში, დარიალის ხეობის უშუალო მისადგომებთან, ალანები იწყებენ ჩამოსახლებას; ეს პროცესი, განათხარი კატაკომბური მასალის მიხედვით, VI სის დასარულითა და VII ს-ით (სხვა თვალსაზრისით, V ს-ით) თარიღდება (იხ. 16: 142).

მოტანილი წყაროები, თითქოს, ავსებს ერთმანეთს და საკმაო სიცხადით წარმოაჩენს იმ პოლიტიკურ-გეოგრაფიულ ვითარებას, რომელიც ცენტრალურ კავკასიონზე შეიქმნა V ს-ის II ნახევარსა და VI ს-ის I ნახევარში. თუმცა ღიად რჩება საკითხი კასპიის კარის ანუ დარიალანის კუთვნილების შესახებ V-VI სს. მიჯნაზე _ ფლობდნენ მას იბერები თუ ჰუნები?

ცნობილია, რომ ქართულ წყაროებში „კარი“ ერქვა ქვეყანაში შემომყვან უმთავრეს გზას, ვიწრობებს, რომელნიც კედლითა და ციხე-სიმაგრით იყო გადაკეტილი და ჩვეულებრივ, გამაგრებათა მთელ სისტემას წარმოადგენდა (34: 15). არაბი ავტორებიც ერთხმად განმარტავენ, რომ „კარი – შესასვლელია კავკასიის მთათა ხეობებში“, ან, მთის ხეობებში აღმართული ციხე-სიმაგრეებია (იხ. 49: 14, ნ. 3). სომეხი ისტორიკოსები კი „კასპიის კარის“ სახელით მოიხსენიებენ ვრცელ ტრაქტს, რომელიც ციხე-სიმაგრეთა კომპლექსს _ ჩორაპაჰაკს, ჰუნთა კარსა და საკუთრივ კავკასიის კარს _ აერთიანებდა (სებეოსი, თავი LI – [54: 148]).20

სებეოსი აღმოსავლეთ კავკასიონის საფორტიფიკაციო სისტემებზე საუბრობს; ანალოგიური ვითარება ცენტრალური კავკასიონის „კასპიის კარზეც“ დასტურდება. ძველ ქართულ მწერლობაში მას „არაგვის კარი“, „ოვსთა კარი“, ან „დარიალანი“ შეესატყვისება. ნარატიულ წყაროებში „დარიალი“ ხეობას აღნიშნავს, ხოლო „ციხე დარიალისა“ – ამ ხეობაში აღმართულ ნებისმიერ ციხე-სიმაგრეს (ძეგლი ერისთავთა, 5(3რ)13-16 – [26: 347]). ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერასა“ და „ატლასში“ დარიალის ხეობაში შემდეგი ციხე-სიმაგრეებია ნაჩვენები: გველეთი, დავითის სასახლე (დღევ. დარიალის ანუ თამარის ციხე, თერგისა და ხდეს შესართავში), დარიელა (იგივე ლარსი), ნასასახლევი მეფეთა (ჯარიახთან) (აღწერა, გვ. 358; ატლასი, გვ. 28-33 – [11]; 33: 13; 23). მეცნიერი ბატონიშვილი მნიშვნელოვან განმარტებებსაც ურთავს: ქართლის მესამე მეფის, მირვანის მიერ აგებულ დარიელას უფრო თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონია („შეაბა კარი და ქმნა სიმაგრე ხაზართა და ოვსთათვის, რათა უმისოდ ვერღარა ვიდოდნენ“21), ხოლო მეფეთა ნასასახლევს _ შეტევითი („ოდეს გაილაშქრიან (მეფენი – გ.ჭ.) ოვსეთად, მუნ დადგიან“22).

მსგავს ვითარებას დავითის ისტორიკოსიც ადასტურებს: 1118 წელს დავით აღმაშენებელმა „აღიხუნა ციხენი დარიალისა და ყოველთა კართა ოვსეთისა და კავკასიისა

მთისათანი, და შექმნა გზა მშვდობისა...“ (ცხოვრება მეფეთ-მეფისი დავითისი – [25/I:336]) აქედან, ჯერ ერთი, ცხადი ხდება, რომ მემატიანე განასხვავებს დარიალის ციხეს და ოვსთა კარს; შემდეგ, დარიალის (ოვსეთის) კარი, ისევე როგორც, დარიალის ხეობა და კავკასიონის სხვა მისადგომები, გამაგრებულია ციხე-კოშკებით და ყველა ისინი ქმნის ერთ მთლიან სისტემას, რომელზეც კონტროლი აუცილებელი პირობაა ჩრდილო კავკასიის ეთნო-პოლიტიკურ წარმონაქმნებზე და, კერძოდ, ოვსეთზე გაბატონებისთვის და ბატონობის განმტკიცებისათვის.

ძეგლების ადგილზე შესწავლაც ცალსახად მეტყველებს, რომ დარიალი (თამარის) ცისე და მის ქვევით განლაგებული სიმაგრეები „ბარბაროსთა“ წინააღმდეგ მიმართული თავდაცვის ერთიან ჯაჭვი იყო; მთავარ რგოლს კი დღევ. დარიალის ციხე წარმოადგენდა (51: 73). წყაროებზე დაკვირვება გვიჩვენებს, უკვე ახ.წ. I საუკუნიდან (თუ უფრო ადრე არა), დარიალის გზამ და დარიალის კარმა მიიღო ის შინაარსობლივი დატვირთვა, რაც ასე რელიეფურად წარმოჩინდა მომდევნო საუკუნეებში და, განსაკუთრებით, დავითის ეპოქაში: შეტევა და გავლენის დამყარება კავკასიის მთიანეთსა და ჩრდილო კავკასიის ხალხებზე. მხედველობაში მაქვს „საბუნებისმეტყველო ისტორიის“ შემდეგი კარგადცნობილი ფრაგმენტი: „კავკასიის კარები, რომელიც მრავალთაგან მეტად შეცდომით კასპიისად ითქმის, ბუნების უზარმაზარი ქმნილებაა, მთათა უეცარი გაპობის შედეგად წარმოქმნილი. ნაპრალში აგებულია რკინით მოჭედილი ძელებიანი კარები, რომლის შუიდან მყრალი სუნის მდინარე მოედინება; ხოლო გამოღმა მხარეს, კლდეზე აღმართულია კარგად გამაგრებული ციხე-სიმაგრე, კუმანიად წოდებული, რომელიც უამრავ ტომთა გადმოსვლას აბრკოლებს“ (VI.XII.30). გარდა იმისა, რომ ავტორი განასხვავებს მდინარის სხვადასხვა ნაპირას განლაგებულ კავკასიის კარსა და კუმანიას (ამ უკანასკნელს, ჩვეულებრივ, დღევ. დარიალის ციხესთან აიგივებენ), მას სხვადასხვაგვარად წარმოუდგენია მათი ფუნქციაც: თუ კუმანიის ციხე თავდაცვითი ნაგებობაა და მისი დანიშნულებაა ჩრდილო მომთაბარეთა შემოსევების შეჩერება, კავკასიის კარი ალან-სარმატებზე გალაშქრების პლაცდარმია (VI.XV.40). გავიხსენოთ, რომ ვახუშტის მიხედვითაც ოსეთზე ლაშქრობის წინ ქართველი მეფენი დარიალის კარს „ქვემოთ“ აგებულ სასახლეში „დადგიან“.

კიდევ ერთი საინტერესო რემარკა „საბუნებისმეტყველო ისტორიიდან“: კავკასიის კარი სამყაროს ორ ნაწილად ჰყოფს (VI.XII.30). ცხადია, აქ ცივილიზებული სამხრეთისა და ველური ჩრდილოეთის ურთიერთდაპირისპირება იგულისხმება. ამგვარი შეხედულება ბერძნულ-რომაულ ლიტერატურაში ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე ჩამოყალიბდა. უკვე სტრაბონს სცოდნია, რომ „ჩრდილოეთით მცხოვრები მომთაბარეებიდან“ იბერიაში შემოდიოდა „დაახლოებით სამი დღის ძნელი ამოსასვლელი“, რომელსაც მოსდევდა „საცალფეხო გზა მდინარე არაგოსის ვიწრო ხეობაში, დაახლოებით ოთხი დღის [სავალი], ხოლო გზის ბოლოს ძნელად ასაღები კედლით“ ყოფილა გამაგრებული“ (XI.3.5).

„არაგოსის“ დასახელება ნიშანდობლივია: ძველ ქართულ წყაროებში („მეფეთა ცხოვრება“, ვახტანგ გორგასლის ისტორია) არაგვი მდ. თერგს ეწოდებოდა, ხოლო არაგვისკარი _ დარიალს. აშკარაა, რომ ბერძენი გეოგრაფოსი დარიალის ხეობას გულისხმობს, ხოლო ხეობის ჩამხერგავ კედელს იბერიის სახელმწიფო საზღვარს უფარდებს (36: 251). ამასთან, საზღვარი სტრაბონს კავკასიის მთავარ ქედს იქით წარმოედგინა:23 მისი განცხადებით, კავკასიონი „საზღვრავს სამხრეთისაკენ ალბანიასა და იბერიას, ხოლო ჩრდილოეთისაკენ სარმატთა დაბლობებს“ (XI.2.15). სარმატთა დაბლობებთან მოსაზღვრეობა არა ზოგადი განსაზღვრებაა, არამედ კონკრეტული ხასიათის მითითება; ამას გვაფიქრებინებს როგორც სტრაბონის გათვითცნობიერება კავკასიის ფიზიკურსა და პოლიტიკურ გეოგრაფიაში, ასევე იმდროინდელი რეალური ვითარება: ისტორიული ალბანეთი დაღისტნის ნაწილსაც მოიცავდა, ხოლო იბერიის სამეფო წარმატებით ახორციელებდა მთის შემოერთება-შემომტკიცების პროცესს. არაგოსას კედლის („არაგვის კარის“) ანუ იბერიის ჩრდილოეთის საზღვრის მდებარეობა ჩრდილო კავკასიის სტეპებთან (სარმატთა დაბლობებთან) ის სახასიათო გარემოებაა, რასაც ხაზგასმით აღნიშნავენ ადრე შუა საუკუნეების ქართველი და ბიზანტიელი ავტორები.

ჯუანშერის თანახმად, ოსებზე მიმავალმა ვახტანგმა „განვლო კარი დარიალანისა“; მტერი მიეგება „მდინარესა ზედა, რომელი განვლის დარიალანსა და ჩავლის ველსა ოვსეთისასა... და დაიბანაკეს ორთავე სპათა იმიერ და ამიერ, რამეთუ მდინარისა მის პირსა ორგნითვე ქარაფნი იყვნეს კლდისანი, ჭალაკნი და ველოვანნი პირსა მდინარისასა, და განეკრძალნეს ერთმანერთისაგან. და დაიცვნეს გზანი ქარაფთანი...“ (ჯუანშერი, გვ. 151). ოსები დამარცხდნენ. მათ ვიწრობების ჩახერგვა სცადეს, მაგრამ `მაშინ წინა ცხენ-თორნოსანთა აღვლეს გზა ქარაფისა, აღვიდეს ვაკესა, და აღუდგეს უკუანა ქუეითნი და შემდგომად სიმრავლე მხედართა...“ (ჯუანშერი, გვ. 156). ირკვევა, რომ დარიალის კარს შემდგომ იწყებოდა ოსეთის დაბლობები, რომელთაგან ქართლის სამეფო ქარაფიანი ვიწრობებით გამოიყოფოდა. ჯუანშერთან სრულ თანხმობაშია მისგან დამოუკიდებელი ბიზანტიური წყარო. პროკოპი კესარიელის ცნობით, კასპიის კარს „...იქით არის გაშლილი ველები, წყლით მდიდარი ... და მიწები, ცხენთსაძოვარი და, სხვათა შორის, გაშლილი. იქ თითქმის მთლიანად ჰუნნთა ტომები დამკვიდრებულან ვიდრე მეოტის ტბამდე“ (BP, I.10). ორივე შემთხვევაში გეოგრაფიული გარემო თითქმის იდენტურია: დარიალის // კასპიის კარს ჩრდილოეთით ოსთა // ჰუნთა დაბლობები იწყება. იუსტინიანეს ისტორიკოსი კიდევ უფრო აკონკრეტებს თავის ჩვენებას, როდესაც კასპიის კარის სამხრეთ მისადგომებსაც აღწერს: „... იბერთა საზღვრებს რომ გადახვალ, ვიწრობში ერთი ბილიკი შეგხვდება, ორმოცდაათი სტადიონის მანძილზე გადაჭიმული, ეს ბილიკი ერთ ციცაბო და სრულიად გაუვალ ადგილს მიადგება: არავითარი გასავალი აქ აღარ ჩანს, ისღა არის მხოლოდ, რომ ბუნებას აქ გაუკეთებია თითქოს ხელქმნილი კარი, რომელსაც ძველთაგანვე კასპიის კარი ჰქვია“ (BP, I.10). ცოტა ქვევით ის კვლავ იმეორებს, რომ იბერ-ჰუნების დამაკავშირებელი ვიწრობები 50 სტადიონს აღწევდა (BP, I.10). სავარაუდოდ, აქ ლაპარაკია მდინარე თერგის ხეობის ანტეცენდენტურ მონაკვეთზე და, მაშასადამე, პროკოპი კესარიელის წარმოდგენით, კასპიის კარი თერგის ხეობის კლდოვანი დერეფნისა და კავკასიის დაბლობების გასაყარზე მდებარეობდა.

ამრიგად, დარიალის კარი (იგივე კავკასიის კარი // კასპიის კარი) ეწოდებოდა თერგის ხეობის დაახლოებით ათ კილომეტრიან ვიწრო მონაკვეთს, რომელიც თავდაცვისა თუ ექსპანსიისთვის განკუთვნილ ციხეების მთელ სისტემას მოიცავდა. ჩრდილო კავკასიის სტეპებში მომთაბარე ტომთა შემოსევების შესაჩერებლად თუ მათი მასების გადმოსაყვანად უპირატესობა დავითის ციხესა და დარიალს ენიჭებოდა, ხოლო სამხედრო-პოლიტიკური თუ კულტურული გავლენის გაფართოებისთვის მნიშვნელოვანი იყო ფეხის მოკიდება ჯარიახ-ჩიმში, საიდანაც თერგის ხეობა დავაკებას იწყებს.

ამ დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობა კარგად ესმოდათ ნომადებსაც და ახლოაღმოსავლურ იმპერიებსაც; ამიტომც ცდილობდნენ დარიალისა თუ მისი ცალკეული ციხეების ხელში გდებას. ჯუანშერისა და პროკოპი კესარიელის ჩვენებათა ურთიერთშეპირისპირება გვაფიქრებინებს, რომ ვახტანგ გორგასლის გარდაცვალების შემდეგ (?) დარიალის (კასპიის კარის) დიდ ნაწილზე ჰუნების კონტროლი დამყარდა; მხოლოდ დარიალის (იგივე დავითის თუ თამარის) ციხე რჩებოდა ქართლის საზღვრებში. ცვლილებები საქართველოს ისტორიული მიწა-წყლის ამ მონაკვეთზე პერიოდულად მეორდებოდა,24 ვიდრე დასუსტებულმა ქვეყანამ მთის ჩამოწოლის შედეგად ჯერ ლარსამდე, შემდეგ კი დავითის ციხემდე მონაკვეთები არ დაკარგა.25 მოშლილი საზღვრის სახელწოდება (დარიელა) კი ახალ, სამხრეთით გადმონაცვლებულ საზღვარზე (დავითის ციხე) გადავიდა.

შენიშვნები

1. კასპიის კარის სახელით დარუბანდიც მოიხსენიებოდა (იხ. [14]).

2. მკვლევართა ნაწილი (ჯ. ბარი, ა. კრისტენსენი, ტ. დარიაე) ვარაუდობს, რომ სპარსელთა უშუალო კონტროლი კავკასიის ზეკარებზე IV საუკუნის შუახანებიდან დამყარდა, თუმცა ამგვარი ცალსახა დასკვნა არც იოანე ლიდეს თხზულებიდან (დე

მაგისტრ. III.52) გამომდინარეობს და არც ამიანე მარცელინეს ჩვენებებითაა გამყარებული (იხ. 40: 63-65; 41: 434, 442-43; 43: 143).

3. „ხოლო კასრის კარი – წერს ვახუშტი ბატონიშვილი – არს ... კარი კლდისაგან და ქვიტკირით ქმნული, დიდ-კამაროვანი, მდინარესა ზედა, მეფეთაგან ქმნული, რათა არა ვიდოდნენ თვნიერ მათსა ოვსნი“ (ვახუშტი, აღწერა... –[25/IV: 644-45]).

4. 1984 წ. ა. ქალდანმა სამეცნიერო ლიტერატურაში შემოიტანა ინფორმაცია ქავის კარის შესახებ. ეს გვიანდელი თავდაცვითი კედელი და კოშკი მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში, ინგუშეთის საზღვართან, არხოტისწყლის (ასას) ხეობის ყველაზე ვიწრო ადგილას (ა. ქალდანი, `ქავის კარი~ _ სახევო დაცვითი ნაგებობა არხოტში, ძეგლის მეგობარი # 66, 1984, გვ. 17-20). დ. მუსხელიშვილის თვალსაზრისით, რომელიც პატივცემულმა მკვლევარმა პირად საუბარში გამიზიარა, ქავის კარი, შესაძლებელია, პარჭუანის კარის ადგილას ყოფილიყო ნაშენი.

5. ჯერ კიდევ პ. უვაროვა მიუთითებდა, რომ ოსეთის დამორჩილების შემდეგ ვახტანგ გორგასალმა კასრისხევში, ზრამაგასთან ააგო ციხე, რათა ქვეყანა ოსებისგან დაეცვა (იხ. 74: 92). ვ. კუზნეცოვი ამ თვალსაზრისს ასეთ კომენტარს ურთავს: „Здесь все верно, кроме утверждения о строительстве стены в V в.“ (74: იქვე. ხაზი ჩემია – გ.ჭ.). როგორც ვხედავთ, ხანდახან რუსულ და ოსურ ისტორიოგრაფიაშიც აღიარებენ, რომ დვალეთის სიმაგრეები ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლებია, რომლებიც საქართველოს `ოვსთა~ ძარცვა-რბევისგან იცავდა. კასრისკარის კედლებს შორის სივრცე ფლეთილი ქვითა და თიხითაა ამოვსებული; ამის წყალობით შექმნილია თავდაცვითი მონოლითი, რომლის სისქე 12 მეტრამდე აღწევს. ასეთი სიმძლავრის კედელი კავკასიაში სხვაგან არც გვხვდება (74: 121-24). ეს ფაქტი კი თავისთავად მეტყველებს, რომ ის აღმართული იყო ორი, სრულიად განსხვავებული სოციალური და კულტურული ტრადიციების მატარებელი, საზოგადოების საზღვარზე.

6. „სომხურ გეოგრაფიაში“ ნახსენები წექენის ანუ წილკნის კარი (34: 43; 21: 104; 69: 171), სრულიად დამაჯერებლად ლოკალიზდება ხადას ხეობაში, სოფ. წკერესთან, ისტორიული ციკარასთან (7: 199-204; 6: 50-53, იქვე, შენ. 12; 20: 189-90). ნაკლებდამაჯერებელია წექენის კარის ლოკალიზაცია ჯვრის უღელტეხილთან (45: 116, ნ. 71) ან ფასანაურთან (82: 56), რომელიც გუდამაყრისა და ჭართალის საზღვარზე მდებარეობდა.

7. არქეოლოგიური მასალა თვალნათლივ მოწმობს, რომ VI-VII საუკუნეებშიც ხევის მოსახლეობის მხოლოდ ნაწილია გაქრისტიანებული (16: 156).

8. სასანიანებმა აღმოსავლეთ კავასიონზე თავდაცვითი ხაზის გამართვა ამაზე ბევრად ადრე დაიწყეს. ელიშეს ნიშანდობლივი თხრობიდან ირკვევა, რომ ამ „კედელს“ მიეკუთვნებოდა იეზდიგერდ II-ის ზეობაში (438-457) დასრულებული „სასაზღვრო ციხე-სიმაგრე“ (დარუბანდი?), რომლის აგებაც დიდი ხნის წინ დაწყებულა, აგრეთვე ალბანთა, ლფინთა, ჭიღბთა, ჰეჭმატაკთა, თავასპართა და ხიბიოვანის ქვეყნების სიმაგრეები. კრიტიკულ მომენტში მათი საიმედობა ეჭვს ქვეშ დადგა – ისინი ადვილად მოითარეშეს ჰუნებმა. ეს გარემოება შაჰის კარის დიდ შეშფოთებას იწვევდა (ელიშე, თავი VI).

9. ეს „მეფენი კავკასიანნი“ ადრეც არსებობდნენ; პირველად ვახტანგ გორგასალმა დარაზმა ჰუნ-ალან-ოვსების წინააღმდეგ (ჯუანშერი – [25/I: 151]). სხვადასხვა დროს ისინი ხან მასაგეტებთან და ჰუნებთან ერთად მონაწილეობდნენ სომხეთის წინააღმდეგ ლაშქრობებში (ფავსტოს ბუზანდი, III. 7 – [55:736-75), ხან ალბანეთის მეფესთან კავშირში სპარსელებს ებრძოდნენ (ელიშე, თავი VII).

10. ფირდოუსის უმცროსი თანამედროვე ალ-ბირუნი აღნიშნავს, რომ ალანები არალისა და კასპიის ზღვებს შორის ცხოვრობდნენ (იხ. 67: 550, прим. 17).

11. ბერძნულ აგათანგელოსში, მართალია, გუგარქის პიტიახშის ნაცვლად ოსპიტიანი ანუ ბაგრატუნთა გვარის წარმომადგენელია დასახელებული, მაგრამ მისი ტიტული, აშკარად, პიტიახშისგანაა ნასესხები.

12. ბერძნულ რედაქციაში „მასქუთების“ ნაცვლად „ჰუნები“ ფიგურირებენ (58: 474, შენ. 17). „მასქუთთა პიტიახშის“ ინტერპრეტაციისათვის იხ. [32].

13. ლაპარაკია IV საუკუნის პირველ მესამედზე, როდესაც განსაკუთრებულ სიძლიერეს აღწევენ კასპიისპირეთის დასავლეთ სანაპიროებზე დამკვიდრებული მასაგეტები. მათი მბრძანებელი „დიდი მეფის“ ტიტულს ატარებს და თავის ძალაუფლებას კასპიისპირეთიდან ცენტრალურ კავკასიონამდე ავრცელებს (Aა, $ 842; ფავსტოს ბუზანდი, III.7; მოვსეს ხორენაცი, II.86). მასაგეტების ძარცვა-რბევის ერთ-ერთ უმთავრეს ასპარეზად სომხეთი ხდება (ფავსტოს ბუზანდი, III.6-7; მოვსეს ხორენაცი, III.9). სწორედ მასქუთთა ამ მოწოლის ხანაში ჩნდება „მასქუთთა ქვეყნის მონაპირეც“. მასქუთების ისტორიასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ იხ. 73: 25-35; 45: 121-22, ნ. 103.

14. ალანური საფრთხე გაცილებით ხანგრძილივი და მასშტაბური იყო. ის ერთნაირად ემუქრებოდა კავკასიასაც და მახლობელ აღმოსავლეთსაც. ნომადური საშიშროება კარგად ჰქონდათ გააზრებული პართელ არშაკიდებსაც და სპარსელ სასანიდებსაც; ამიტომაც იყო, რომ იმპერიის ჩრდილოეთის საზღვრის ერთერთ მონაკვეთს, დარუბანდს, „ალანთა კარი“ შეარქვეს (ŠKძ $22, KKძ $12 – იხ. 53: 14, 52; 47: 22-23). წყაროში დამოწმებული ჭ-’ლ’ნ’ნ BBA // ჭ-’ლ’ნნ თღOA-ს შესახებ იხ. 53: 79; 76: 392, прим. 163; 30: 327-37; 27: 109-16; 75: 13, 126; 15: 21, 37; 47: 25-26. `ალანთა კარი~ კარგად წარმოაჩენს მომთაბარე მასის მთავარ ძალასაც და ამ ძალის განსახლების არეალსაც, მით უფრო, თუ მათი მოსვლა შუა აზიიდანაა სავარაუდებელი (იხ. 66: 866). ზოგიერთი ბერძენ-რომაელი ავტორი აიგივებს მასაგეტებსა და ალანებს (Dიო, LXIX. 15. 1 – [10: 82]; Aმმ. Mარც., XXIII. 5. 16 – [4/I: 120]). „დერბენდ-ნამეს“ მიხედვით, მასკუტების მიწა-წყალზე ალანიდან ჩამოსახლებული ტომები ცხოვრობდნენ (გვ. 22).

15. ძველ ქართულ მატიანეებში „თერგი“ „არაგვად“ მოიხსენიება (ჯუანშერი, გვ. 151), ხოლო „დარიალი“ – „არაგვისკარად“ (ლეონტი მროველი, გვ. 12).

16. იბერები ცენტრალური და აღმოსავლეთი კავკასიონის სხვა მნიშვნელოვან უღელტეხილებსაც იცავდნენ – უშუალოდ თუ მათზე დამოკიდებული (?) ტომების საშუალებით: ტაციტუსი ამბობს, რომ ყველა შემოსასვლელი დარიალიდან დარუბანდამდე პართიის მოკავშირე სარმატების მტრებს ჰქონდათ ჩაკეტილი, ამიტომ ამ სარმატებს იბერები ადვილად აჩერებდნენ (თაც. Aნალ. VI.33).

17. თავდაპირველად იუროპახი, საფიქრებელია, დარიალის ხეობას მიემართებოდა; ტაციტუსის თხრობიდან აშკარად ჩანს, რომ ნომადებთან ურთიერთობაში კავკასიის ზეკარებიდან უპირატესობა იბერიის კასპიის კარს (დარიალის ხეობას) ენიჭებოდა, რადგან „ზღვასა და ალბანთა მთის კიდეს შორის“ გასასვლელი (დარუბანდი) ზაფხულობით გაუვალი იყო (თაც., ანალ., VI.33). სასანიდების ბატონობის დამყარებასთან ერთად იზრდება დარუბანდის მნიშვნელობა და იუროპახის სახელწოდებაც კასპიის ზღვისკენ ინაცვლებს. იუროპახის ეტიმოლოგიისა და ლოკალიზაციის შესახებ იხ. 48: 99-101, 105-106; 39: 143 და იქვე, შენ. 25; 4/II: 240-241, შენ. 2; 14: 63; 18: 147; 64: 64, прим. 69; 52:140.

18. გ. დინდორფისა (თჰემისტიი Oრატიონეს ეხ ჩოდიცე მელიონენსი, ლიპსიაე, 1832, გვ. 452) და ლატიშევის გამოცემებში (შჩ,I: 697), საიდანაც გადმობეჭდილია თემისტიოსის „სიტყვების“ ბერძნული ტექსტი, მოტანილ ფრაგმენტში იბერიის და ალბანეთის საზღვრებზეა საუბარი; ასევეა რუსულ თარგმანშიც. „ალბანეთის“ ხსენება, როგორც ჩანს, უფრო ლაპსუს ცალამი-ა. ანალოგიურ შემთხვევებს ვადასტურებთ სომხურ საისიტორიო მწერლობაშიც (იხ. ქვემოთ).

19. ლაზარ ფარპეცი II.45. ტექსტში „ალბანთა კარია“, რაც მერმინდელ გადამწერთა დამახინჯება უნდა იყოს (35: 130-31).

20. სებეოსის თხზულების კომენტატორების აზრით, „კასპიის კარი“ დღევ. სუმგაითიდან მაჰაჩყალამდე ვრცელდებოდა (იქვე, ნაწ. II, გვ. 278).

21. ლარსთან, კლდეზე აწოწილი გზის ჩამკეტი ციხესიმაგრის ნაშთებს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია კერ პორტერზე (51: 70).

22. „მეფეთაგან“ „აღშენებულ“ ციხე-კოშკების სიმრავლე „ოვსეთში“ (ვახუშტი, გვ. 642-43) ექსპანსიის სიმბოლოცაა და მიმართულების მაჩვენებელიც.

23. ს. ჯანაშია იბერიის ჩრდილოეთ საზღვარს, სტრაბონის ცნობებზე დაყრდნობით, ხან დარიალ-ბალთის მიდამოებში (36: 251), ხან კი „საქართველოს რესპუბლიკის დღევანდელი საზღვრის მახლობლად, მის სამხრეთით“ (2: 77) დებდა.

24. არაბულ და სპარსულ წყაროებში (იბნ-რუსტე, ჰადუდ ალ-ალემი) დარიალი, ზოგჯერ, ალანთა საზღვრებშია ნაჩვენები. ცნობათა ინტერპრეტაციისთვის იხ. 5: 147-48; 16: 127-29, 138-50. სტეფანოს ორბელიანის ცნობით, დარიალის ხეობაში ჯარები მონღოლ დამპყრობლებსაც ეყენათ. დავით დემეტრეს ძის აჯანყების აღწერისას სომეხი ისტორიკოსი აღნიშნავს: დავითმა მთიულთა, ფხოვთა და სხვა მთიელთა დახმარებით მონღოლთა რაზმები გარეკა ალანთა კარიდან, რომელსაც ძველად დარიალი ეწოდებოდა, ახლა კი ჯასანის ხეობა ჰქვია. ამ გზით შემოდიოდნენ ხაზარები, ალანები, ოსები, ყივჩაღები და ბერქას მემკვიდრე ჩრდილოეთის მეფეთა ჯარები (К. П. Патканов, История монголов по армянским источникам, вып. 2 (СПБ 1873), 62-63).

25. XVI-XVII სს. მიჯნაზე ხევზე გაბატონებას აღზევებული ყაბარდოელი მთავრები ცდილობდნენ. ლარსის მიდამოებში მათ მოუხერხებიათ კიდეც ფეხის მოკიდება. ლარსი ერთგვარ ნეიტრალურ ზონად გადაიქცა: მოსკოვიდან კახეთს მიმავალ რუს ელჩებს ლარსამდე ყაბარდოელები მიაცილებდნენ, ხოლო ლარსიდან – ქართველები. ლარს ზემოთ „სონთა ვიწრობები“ არაგვის ერისთავებს მტკიცედ ეპყრათ (79: 286-87, 289, 294-95, 304-305, 454-56). ვახტანგ VI-ის 1733 წლის მოხსენებაში რუსეთის მინისტრთა კაბინეტისადმი საქართველოს საზღვარი „ჩიმითის ოსური პროვინციის“ სამხრეთითაა დასახელებული; ჩიმის მებატონეები ვახტანგისგან იღებდნენ ჯამაგირს და მასვე მსახურებდნენ (71: 128-29). იმავე წელს შედგენილ თერგის ხეობის რუკაზეც ქართლის სამეფოს საზღვარი ჯარიახ-ლარსის მიდამოებშია ნაჩვენები (71: 118-19). XVIII ს-ის 70-80-იანი წლების მონაცემების თანახმად ქართლ-კახეთის ჩრდილოეთი საზღვარი დარიალის ციხესთან ან დარიალსა და ლარსს შორის გადიოდა (გიულდენშტედტი, შტედერი, რაინეგსი, ერეკლე II-ის მიმოწერა რუს ჩინოსნებთან).

Комментариев нет:

Отправить комментарий