დვინის I
კრება
დვინის 506 წლის კრებაზე უკვე წამოიჭრა ნესტორიანთა საკითხი, თუმცა თვითონ ნესტორიანები კავკასიაში ჯერ არ გამოჩენილან. საქმე ის იყო, ბიზანტიის კეისარ ზენონის (474-491) მიერ დიოფიზიტთა და მონოფიზიტთა შემარიგებელი ჰენოტიკონის (482) გამოცემამ დააბნია ირანის ხელისუფლება. იგი ტრადიციულად მხარს იმ ქრისტიანულ მრწამს უჭერდა, რომელსაც ბიზანტია ებრძოდა. ამიტომ ირანის ქვეშევრდომმა ქრისტიანებმა, რომელთა შორის უმეტესობა სირიელი უნდა ყოფილიყო, სთხოვეს კავად მეფეს, რომ გაეშვა ისინი კავკასიაში, რათა დაემტკიცებინათ, რომ მათ ისეთივე სარწმუნოება აქვთ, როგორც სომხებს, ქართველებსა და ალბანელებს. კავად მეფემ გამოაგზავნა კავკასიაში დელეგაცია იმის გასაგებად, თუ რა მრწამსს უჭერდნენ მხარს კავკასიელი ქრისტიანები. დელეგაციის საბედნიეროდ ყველა ეს ეკლესია შეკრებილი იყო დვინში ბერძნებთან ერთად.1
ძნელი გასაგებია, რა მრწამსს მისდევდნენ სპარსეთიდან წამოსული ქრისტიანები, იმდენად ზოგადია ბაბგენ სომეხთა კათალიკოსის მიერ გადმოცემული მათი მრწამსი. სავარაუდოა, რომ ისინი მონოფიზიტები არიან, მაგრამ ქალკედონის კრების საწინააღმდეგოდ არაფერს ამბობენ. ვერ იქნებიან ისინი იაკობიტები (იაკობ ბარადეის მიმდევრები) და ვერც იულიანიტები (იულიანე ჰალიკარნასელის მიმდევრები, აუთარტოდოკეტები), რადგან ჯერ ცოტა ადრეა მათი მოძღვრებისათვის. ერთი, რაც სრულიად გარკვევით ჩანს არის ის, რომ ისინი ანტინესტორიანები არიან.
პეროზ მეფის 27-ე წლიდან (484) დაიწყო სპარსეთში ბიზანტიიდან დევნილი ნესტორიანების გაძლიერება და დევნა სხვა მრწამსის მიმდევარი ქრისტიანებისა: „ეს სარწმუნოება (ნიკეის 325 წლის მსოფლიო კრებისა – ზ.ა.) ჰქონდა ნამდვილად მთელ ჩვენ ქვეყანას ერთხმად და სრულიად არავითარი ცოდვა არ გამოჩენილა პეროზის მეფობის 27-ე წლამდე. ხოლო მაშინ გამოჩნდა ბოროტების ცომი, რომელიც დამალული იყო უწმინდურ სულებში... გავრცელდა ეჭვიანობა და დასნეულდნენ მრავალნი საშინელი სენით იქამდე, რომ ადგილ-ადგილ კრებებს იწვევდნენ ხან გუნტშაპუჰში, ხან ასორესტანში2, აკაკი, ბარწუმა, მანი, იოჰანან, პავლე, მიქა და სხვა მოზიარენი ნესტორის, დიოდორისა და თეოდორიტის გამონათქვამებსა და უღმრთოებას უღრმავდებოდნენ და ამნაირი საქმიანობით მთავართა და მსაჯულთა წინაშე დიდ გარჯასა და საფრთხეში გვაგდებდნენ ჩვენ და ყველა მართლმადიდებელს ჩვენს ქვეყანაში. ვეღარ შევძელით ასეთი ბოროტი, საშინელი და მწარე შეურაცხყოფის ატანა და ვიზრუნეთ, რომ მეფისათვის გვეცნობებინა, მოვაღწიეთ თქვენამდეც, იმავე საფრთხისა და შევიწროების გამო.”3
საინტერესოა, რომ სომხებს (ალბათ ქართველებსა და ალბანელებსაც) არა მარტო პირდაპირი კონტაქტი არა ჰქონიათ ნესტორიანებთან, არამედ მათი მოძღვრების შესახებაც ბევრი არაფერი სცოდნიათ და ყველაფერს ირანიდან ჩამოსული დელეგაციისგან იგებენ („ზოგი ზეპირ და ზოგი წერილობით“). ბაბგენ სომეხთა კათალიკოსი ირანის ქვეშევრდომ ქრისტიანებს სწერს: „თქვენმა მოციქულებმა, ძმებმა შამუელ მონაზონმა, შმავონ ხუცესმა და სხვა მათმა მოყვასებმა გვითხრეს, რომ ბაბე ასორესტანის კათალიკოსი (498-503 – ზ.ა.) და სხვა ნესტორიანი ეპისკოპოსები ამბობენ: ორი ძე ჰყავსო ღმერთს _ ერთი ღმერთი-სიტყვა, თანასწორი მამისა, რომელიც გარდამოვიდა ზეცით, და მეორე – იესუ, ჩვენს მსგავსად მოკვდავი კაცი, რომელიც მარიამისგან იშვა და, რადგან განმართლდა ყველა კაცზე მეტად, პატივი დაედო და მადლით ეწოდა სახელით ოდენ ძე ღმრთისა და არა [ნამდვილი] ძე ღმრთისა; მამის სწორი კი არა, არამედ კაცი იყო ქმნილი, მოკვდავი ჩვენსავით, და რადგანაც სული წმიდა შეეწია... ღირსი შეიქნა მადლისა, ყოფილიყო ღმრთის სიტყვის ტაძარი...”.4
ყურადღების ღირსია ისიც, რომ არა მარტო კავკასიის ეკლესიებმა არ იცოდნენ არაფერი ნესტორიანების მრწამსის შესახებ, არამედ ნესტორიანებსაც ბევრი არაფერი სცოდნიათ მათი და, დამატებით, ბერძენთა მრწამსის შესახებ: “ასე ამბობენ (ნესტორიანები _ ზ. ა.), ბერძნებს, სომხებს, ქართველებსა და ალბანელებს იგივე სჯული და სარწმუნოება აქვთ, რაც ჩვენაო. ეს შევიტყვეთ მათგან (ირანის ქრისტიანთაგან – ზ. ა.), თუ [რას] ამბობენ ნესტორიანები”. 5
არც არის გასაკვირი, რადგან ბიზანტიის ეკლესიასა და ხელისუფლებაში კალეიდოსკოპურად იცვლებოდნენ ერთი ან მეორე მრწამსის მიმდევრები მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში და, სურვილის შემთხვევაში, ზენონის “ჰენოტიკონის” წაკითხვაც შეეძლო ყველა მხარეს თავის სასარგებლოდ. ეს საკითხი კავკასიის ეკლესიების მიმართ უკვე გამოკვლეულია და მკითხველს შეუძლია შესაბამის ნაშრომს გაეცნოს.6
ბაბგენის მეორე ეპისტოლე დაწერილია მას შემდეგ, რაც `სპარსელი მართლმადიდებლები” მიიქცნენ სამშობლოში, ნესტორიანებმა არ მოიშალეს მათი დევნა-შევიწროება და სიმეონ [ბეთ-არშამელი] კვლავ დაბრუნდა სომხეთში ახალი წერილის წასაღებად (დაახლოებით 510 წლამდე). არის მეორე მიზეზიც მათი დაბრუნებისა ბაბგენთან: მისი პირველი ეპისტოლე, ზენონის “ჰენოტიკონის” მიმდევრობის გამო, იმდენად ბუნდოვანია მრწამსის გადმოცემის თვალსაზრისით, რომ ცხადია, ვერც კავადს დააჯერებდნენ რაიმეში და ვერც ნესტორიანებს. მეორე ეპისტოლეს შედგენისას მდგომარეობა არსებითად განსხვავდება. სომხეთის ეკლესიის მესვეურები უკეთ არიან გარკვეული თანადროულ რელიგიურ სიტუაციაში და მხარს, თუმცა ჯერ კიდევ შემარიგებლურ დონეზე, მაგრამ მაინც უფრო მონოფიზიტობას უჭერენ.
დვინის I და II კრებებს შორის ბაბგენ კათალიკოსის ეპისტოლეების შემდეგ დვინის II ადგილობრივ კრებამდე დოკუმენტურად არაფერი ვიცით კავკასიაში ნესტორიანების გამოჩენის შესახებ. არის ერთადერთი, მეტი რომ არა ვთქვათ საეჭვო ცნობა, რომელიც შეგვიძლია ამოვიკითხოთ თომას არწრუნის “არწრუნ- თა სახლის” ისტორიაში: “პეროზ მეფეთა მეფის დროს (459-484) იყო ერთი [კაცი], ნესტორის სარწმუნოებისა, სახელად ბარწუმა, რომელსაც ეპისკოპოსის სახელი ჰქონდა და ძლიერი მიმდევარი იყო ნესტორიანული წვალებისა. მან დააბეზღა სომეხი ნახარარები პეროზთან და ბევრი სისხლიანი ბოროტება მოიმოქმედა.
იმ დროს წმიდა გრიგორის საყდარი ამაყად და დიდებით ეპყრა უფალ ქრისტაფორს, სომეხთა კათალიკოსს (539-545). მან მისწერა ასორისტანის მხარეში გაფრთხილებით, რომ არ გაკარებოდნენ ნესტორიანებს, იგივე მისწერა ხუჟასტანში მართლმადიდებლებს, აგრეთვე მისწერა დერჯანის მხარეში და ხალდეის ხევში მცხოვრებთ, ქვეყნის მპყრობელ უფალთ და ეპისკოპოსებს. ბარწუმამ მოტყუებით ჩაიგდო ხელთ ეს წერილები და მიუტანა მეფე პეროზს და უთხრა: ეს ყოველივე, რაც დაწერა სომეხთა კათალიკოსმა შენს წინააღმდეგ ასაჯანყებლად არის და სომეხი ნახარარების წასაქეზებლად, რომ ბიზანტიის მეფეს დაემორჩილონო“.
შემდეგ, აგრძელებს თომას არწრუნი, ბარწუმა ჩავიდა სომხეთში, არზნარზიუნსა და მოკელთა ქვეყანაში, რათა ენახა, როგორ “იხარა ნესტორიანთა თესლმა”. იმ ხანებში მოკელთა ქვეყანაში იმყოფებოდა ისტორიკოსი ეღიშე (დაახლოებით 410-475 წწ.), რომელსაც მოტყუებით გამოართვა წიგნი “ვარდანისა და სომეხთა ომის შესახებ”. ამასობაში არწრუნთა დიდმა იშხანმა მერშაპუჰმა უბრძანა ბარწუმას, დაეტოვებინა სომხეთი. ეღიშე რშტუნიქში იმყოფებოდა და იქვე გარდაიცვალა. ამით ისარგებლა ბარწუმამ და დასაჯა არწრუნთა საგვარეულო: ეღიშეს ნაშრომიდან ამოხია ის ფურცლები, სადაც არწრუნები იყვნენ განდიდებულები, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანობისთვის თავგანწირულნი.7
მხოლოდ თარიღებსაც რომ დავხედოთ, დავინახავთ, როგორ ქრონოლოგიურ, თითქმის ერთ საუკუნოვან, აღრევასთან გვაქვს საქმე და მთელი ისტორია თომას არწრუნის შეთხზულია. არცერთი სხვა წყარო, რომელიც ეხება სომეხთა კათალიკოსს ქრისტაფორ პირველს, მიუხედავად იმის, რომ მათ (იოანე დრასხანაკერტელის “სომხეთის ისტორია”, სტეფანოს ტარონელის “მსოფლიო ისტორია) ასახელებს ენციკლოპედია “ქრისტიანული სომხეთი”,8 არ იხსენიებს მის მამხილებელ წერილებს “შუამდინარეთში, სპარსეთსა და ზემო სირიაში”.9 არაფერს ამბობენ სხვა წაყროები, აგრეთვე, ბარწუმას აქტივობის შესახებ სომხეთში. ცხადია, ამას მოიხსენიებდნენ ნერსეს მეორე სომეხთა კათალიკოსი და სირიელი იულიანიტები, რომლებიც ქრონოლოგიურად მასთან ძალიან ახლოს იყვნენ და ასეთი არგუმენტები სასიცოცხლოდ სჭირდებოდათ.
თომას არწრუნის ცნობას თუ გავათავისუფლებთ უხეში ქრონოლოგიური აღრევისაგან, მივიღებთ, რომ VI სის 30-იან წლებში სომხეთის დასავლეთ საზღვრებთან უკვე გამოჩენილან ნესტორიანები. რა თქმა უნდა, კავკასიაში მათ დამკვიდრებას დიდი დრო დასჭირდებოდა და ამას უკვე კარგად გვიჩვენებს დვინის II კრებისა და შემდგომი პერიოდის მასალები.
დვინის II კრება და ნესტორიანები
VI ს-ის 50-იანი წლების დასაწყისში სომეხთა კათალიკოსმა ნერსეს II აშტარაკელმა (548/549-556/557) მიიღო სირიელი იულიანიტებისგან წერილი, რომელშიც ისინი აუწყებენ, რომ განიცდიან დევნას ჭეშმარიტი სარწმუნოების გამო, სთხოვენ ეპისკოპოსად დაასხან ხელი აბდიშო მღვდელს და ამასთანავე აცნობენ თავიანთ მრწამსს, რომლის მიხედვითაც აშკარად ჩანს, რომ ისინი იულიანე ჰალიკარნასელის მიმდევრები არიან. თუ ვისგან იდევნებიან, ისინი პირდაპირ არ ასახელებენ, მაგრამ როდესაც მწვალებლებს ჩამოთვლიან, აშკარა ხდება, რომ გულისხმობენ ნესტორიანებს, ვინაიდან სიის თავში ნესტორს ასახელებენ: „შევაჩვენებთ ბილწ ნესტორიოსს, თეოდოროსს და დიოდოროსს, მათ ნაწერებს და მათ თანამოაზრეთ _ ბარწუმა მწბინელს და მათ ბილწ კანონებს, თეოდორიტოსს, ქალკედონის კრებას და ლეონის ტომარს, და აპოლინარისს, ევტიქოსს და სევეროსს და მათ განმრყვნელ ნაწერებს“.
ცხადია, ჩამოთვლილთაგან ყველა ნესტორიანი არ არის და ზოგი მათგანი (მაგ., ევტიქე და სევეროსი) მონოფიზიტიც კია, მაგრამ იულიანიტები ყველას ერთ ქვაბში ათავსებენ, თუ კი ისინი მაცხოვრის ხორცს ხრწნადად მიიჩნევენ.
ნერსეს აშტარაკელი საპასუხო ეპისტოლეს უგზავნის სირიელ იულიანიტებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც კრება ხელს დაასხამს აბდიშო ასურს ეპისკოპოსად და იგი თავის ქვეყანაში დაბრუნდება. სომეხთა კათალიკოსი აცნობს სირიელებს თავისი ეკლესიის მრწამსს, საიდანც ჩანს მისი და ეპისკოპოსების მხარდაჭერა იულიანიტობისა. იგი გმობს იმავე ერესებს და ერესიარქებს, ნესტორით სათავეში, რომლებიც დაგმობილი ჰყავდათ ასურელ იულიანიტებს. საყურადღებოა, რომ ნერსეს აშტარაკელი არაფერს ამბობს სომხეთში ნესტორიანთა არსებობისა და მათთან ბრძოლის შესახებ.11
ნერსეს აშტარაკელს პასუხი გასცა აბდიშო ასურმა. მის წერილში განსაკუთრებით საინტერესოა ცნობა იმ რეაქციაზე, რაც ნესტორიანებს ჰქონდათ სომხეთის პატრიარქის ეპისტოლესთან დაკავშირებით: “შეიკრიბნენ ერთად (ნესტორიანები _ ზ.ა.), რათა გამოეცხადებინათ ჩვენთვის ბრძოლა და მოითათბირეს ერთმანეთში ჩემს შესახებ: «თუ ეგ სომეხთა კათოლიკოსისა და ეპისკოპოსების მიერ არის ხელდასხმული, მამასახლისებთან და სხვა ქვეყნის მთავრებთან ერთხმად, და უბრძანეს, რომ ჩვენთან არ ეზიარონ, ხოლო მეფეთა მეფის ბრძანებაა, რომ ყველას თავისი სარწმუნოება უნდა ჰქონდეს, ვაითუ, როდესაც ჩვენ მას ვებრძვით და ვაწუხებთ, მან სომხებს აცნობოს, ხოლო სომხებმა მეფეთა მეფეს ამაზე მიუთითონ და ჩვენ ცუდ ხიფათს გადავეყაროთო». ამის შიშით დადუმდებიან და ჩვენც ცუდად არ მოგვექცევიან”.12
როგორც ვხედავთ, არც ამ წერილიდან ჩანს სომხეთში ან კავკასიის რომელიმე სხვა ქვეყანაში ნესტორიანების გამოჩენის შესახებ, ჯერ კიდევ მხოლოდ დასავლეთი სირიის შესახებ არის მხოლოდ ლაპარაკი. დვინში 550-იანი წლების დასაწყისში სომეხი სამღვდელოების პირველმა შეკრებამ, როგორც ჩანს, მხოლოდ აბდიშოს ხელდასხმის აქტი შეასრულა და, შესაძლოა, კიდევ რაიმე ადგილობრივი პრობლემები მოაგვარა. აბდიშოსთვის ეს არ არის საკმარისი და განაგრძობს სომხეთის კათალიკოსის შეგონებას ნესტორიანებთან დაკავშირებით.
აბდიშოს შემდეგი წერილი ნერსეს სომეხთა კათალიკოსისა და მერშაპუჰ ტარონისა და მამიკონიანთა ეპისკოპოსის მიმართ უკვე პირდაპირ ნესტორიანთა შესაჩვენებლად არის დაწერილი: “თქვენ თვითონ უწყით, რაც მოგწერეთ მე თქვენ და თქვენ კიდევ მე: არა მხოლოდ ჭეშმარიტი სარწმუნოების სიმტკიცისათვის, არამედ შეჩვენებისთვის მატყუარა მწვალებელთა, განსაკუთრებით ბილწი ნესტორისა და ქალკედონის კრებისა და სევერიოს ხრწნადობის მქადაგებლისა, რომლებიც ჭეშმარიტად შეიჩვენებიან ამიერიდან ყველგან, ვინაიდან ისინი არიან ამამღვრეველნი ღმრთის ეკლესიისა”. 13
არ ვიცი, არსებობდა, თუ არა ნერსეს სომეხთა კათალიკოსის მიერ აბდიშოსთვის გაგზავნილი კიდევ სხვა რამ ეპისტოლე, მაგრამ იმაში, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ასეთი არაფერი წერია.
რადიკალური ნაბიჯები ნერსესს ჯერ კიდევ არ გადაუდგამს, ჯერ კიდევ არ მოუხდენია აბდიშოს მასზე ასეთი გავლენა იმ მასალის მიხედვით, რაც დღეისათვის ცნობილია. ნერსეს სომეხთა კათალიკოსი აქამდე დაწერილ წერილებში გმობს ნესტორიანობას, მაგრამ სომხეთის ტერიტორიაზე პრობლემა ჯერ არ გადააქვს, ჯერ კიდევ არა „გოდებს“, ჯერ კიდევ არა „დევნის და წყევლის“ ნესტორიანებს, რომელთაც შეუძლიათ “გახრწნან თავისი ბილწი სწავლებით” სომხური სარწმუნოება.
როგორც ჩანს, აბდიშო ჯერ კიდევ არ არის კმაყოფილი, რომ ნერსესმა ნესტორიანებთან ბრძოლის ფრონტი სომხეთის ტერიტორიაზე არ გადაიტანა. ამის შემდეგ იგი კიდევ ორ წერილს უგზავნის ნერსეს სომეხთა კათალიკოსს, ერთს საკუთრივ ნესტორიანთა წვალების შესახებ, ხოლო მეორეს _ საერთოდ მწვალებელთა შესახებ. ეს ორი წერილი უკვე რადიკალურია და ცალკე გამოყოფით წყევლის ყველა ერესიარქს, თუმცა ნესტორს, რომლის მიმდევრებთანაც უშუალო შეხება აქვს, მაინც ყველაზე მეტად ერჩის: “უმეტესად ვწყევლით ბილწ ნესტორს”. აბდიშომ მიაღწია საწადელს და ნერსეს კათალიკოსს ნესტორიანებთან ბრძოლის ფრონტი სომხეთის ტერიტორიაზე გადაატანინა. კათალიკოსმა მისწერა “ბრალდების ეპისტოლე” ცხრა სომეხ ეპისკოპოსს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს იმ კრების მუშაობაში, რომელზედაც ნერსესმა აბდიშო ასურს ხელი დაასხა ეპისკოპოსად. ტრადიციული მოკითხვის შემდეგ კათალიკოსი თავის ეპისკოპოსებს წერს შემდეგ სიტყვებს: „[გწერთ] წყეული ხუჟიკი ნესტორიანების შესახებ, რომლებიც დამკვიდრნენ ჩვენს ქვეყანაში ვაჭრობის მომიზეზებით და ახლა ბოროტგანმზრახი სიბილწით აღსავსე დაწყევლის ხელოვნებით მათი სულები ჩვენსაზე ზემოქმედებენ, როდესაც მათი ბილწი სარწმუნოების წინამძღვარი არაეპისკოპოსი მოვიდა და ჩვენი განმანათლებელი, მართლმადიდებელი და მტკიცე სარწმუნოების დამაბრკოლებელ ზედამხედველად დააყენეს“.14
“ბრალდების წერილიდან” კარგად ჩანს, როგორი სიტუაციაც შექმნილა სომხეთში უკანასკნელ ხანებში. სპარსელი ნესტორიანები ადრევე ყოფილან სომხეთში „დამკვიდრებულნი“ „ვაჭრობის მომიზეზებით“. აქამდე ისინი სარწმუნოების საკითხებში არ აქტიურობდნენ და სომხეთის საკათალიკოსოც მათ ყურადღებას არ აქცევდა. ალბათ ჯერ კიდევ, ასე თუ ისე, მოქმედებდა დვინის I კრებაზე მიღებული ზენონის „ჰენოტიკონი“. მაგრამ აი, ჩავიდა სომხეთში მათი სულიერი წინამძღვარი, სირიელი ეპისკოპოსი (“არაეპისკოპოსი”) და გართულდა სიტუაცია. როგორც აბდიშო ატყობინებდა ნერსესს, მისმა წერილმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სირიელ ნესტორიანებსა და სევერიანებზე. ნესტორიანები შეფიქრიანდნენ, ვაი თუ სომხებმა სპარსეთის მეფეთა მეფე ჩვენს საწინააღმდეგოდ განაწყოსო. სევერიანებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ წავალთ სომხეთში, რომ მათ კათალიკოსსა და ეპისკოპოსებს გავაგებინოთ ჩვენი მრწამსიო. როგორც ჩანს, ასეთმა განწყობილებებმა გამოიწვია „ახლა“ სომხეთში ნესტორიანი ეპისკოპოსის ჩასვლა. ნერსესს სომეხთა კათალიკოსი აგრძელებს თავის წერილს განმდგარი ეპისკოპოსების მიმართ: „მათ (ნესტორიანთა) საქმეებზე ადრე ჩვენ და ჩვენი ქვეყნის ტანუტერებმა და აზატებმა ერთხმად წერილობით გიბრძანეთ სასწრაფოდ დვინში, წმიდა ეკლესიაში შევკრებილიყავით და აქ თანხმობით ღმრთის სათნოდ მოგვეთათბირა და გვეცადა ასეთი აუტანელი უბედურება და ჩვენი სულების განუწყვეტელი წეწვა აგვეცილებინა თავიდან. ხოლო თქვენ, რადგანაც არა გქონდათ შური ღმრთისა, დაიზარეთ და დაყოვნდით და თქვენს გამო წმიდა ეკლესიის მრავალი საქმე [შეუსრულებელი] დარჩა”.15
ნერსეს სომეხთა კათალიკოსი თვალთმაქცობს. დვინში პირველ შეკრებაზე ნესტორიანთა საკითხი არა მდგარა. ამას ყველა მისი აქამდე დაწერილი ეპისტოლე ადასტურებს. ამ კრებაზე იულიანიტი აბდიშო ასურის ეპისკოპოსად ხელდასხმა განხორციელდა და, შესაძლოა, რაღაც სხვა მიმდინარე შიდა ადმინსტრაციული საქმეებიც მოწესრიგდა. ამ კრებაზე არ გამოცხადდა ცხრა განდგომილი ეპისკოპოსი. კათალიკოსი ახალი კრების მოწვევას ბრძანებს, სადაც უნდა გადაწყდეს ნესტორიანთა მიმართ დამოკიდებულება და მრწამსის საკითხები.
„ამის გამო ვბრძანეთ ამ წერილის ერთობით თქვენთვის მოწერა და თქვენი უფალნი გაჩქარებთ, რომ სასწრაფოდ მოხვიდეთ, არა ხორციელი საჭიროების გამო, არამედ მოშურნე რომ იყოთ ღმრთის საქმისა და სულთა ხსნისა. დანიშნულ დროს მთელი სიმტკიცით, გადაუდებლად წმიდა გრიგორის კრებაზე ერთად წმიდა ეკლესიაში შევიკრიბოთ. ხოლო თუ ვინმე ავადმყოფობის მიზეზის გარდა, აღმოჩნდება, რომ ცხოვრების სიამის გამო დაიზარა და დათქმულ დროს არ მოვიდა, ასეთი განკვეთილ იქნება ეპისკოპოსობის ერთობიდან“.16
კრება შედგა “ხოსრო მეფეთა მეფის ოცდამეოთხე წელს (554/555), წმიდა დიდმარხვას, ბზობის კვირას ხუჟიკ ნესტორიანთა ბოროტი სექტის გამო”. კრებამ დადო “ერთობის აღთქმა” ყველა საეკლესიო პირთა და ერისაგანთა შორის (რა თქმა უნდა, ვინც კრებაზე მივიდა) ნესტორიანთა ერთხმად დაწყევლის შესახებ. “ერთობის აღთქმა” ზუსტად აღწერს ნესტორიანებთან დაკავშირებით სომხეთში შექმნილ სიტუაციას: “ხელში ჩაიგდეს (ნესტორიანებმა _ ზ.ა.) ხუჟასტანის მხარე, მათგან ზოგმა პირველყოვლისა ჩვენ ქვეყნამდე მოაღწია, ვაჭრობით ცხოვრობდნენ ჩვენს მამებთან და ჩვენთან ერთად, ერთხმად ჩვენს ეკლესიაში, აღიარებდნენ თავიანთ თავს ჩვენთან საერთო სარწმუნოებით. და ხოსრო მეფეთა მეფის მეჩვიდმეტე წელს (547/548), ნიჰორაკანის მარზპანობისას შეაკეთეს ჩემი აშენებული [ეკლესია] მანაჭიჰრ რაჟიკის სახელობისა, რომელმაც ირწმუნა ქრისტე და ნათელღებული უწოდა გრიგორმა და მოიკლა ამ სარწმუნოებისათვის, და შემდეგ”.17
როგორც ტექსტიდან ჩანს, კრება თავს იმართლებს ნესტორიანებთან ნორმალური კონტაქტების გამო. ძნელი სათქმელია, როდიდან დაიწყეს სომხეთში შესვლა ნესტორიანებმა. გ. ტერ-მინასიანი ვარაუდობს, რომ 554/555 წლის კრების მონაწილეთა მამებთან თანხმობით ცხოვრება შეიძლება 480-490 წლებით დათარიღდეს.18 ვინაიდან საშუალოდ ერთი თაობის აქტიობა 20 წლით განისაზღვრება, სავარაუდოდ, ნესტორიანებთან ასეთი მშვიდობიანი ცხოვრების საწყისი შეიძლებოდა დათარიღებულიყო VI ს-ის დასაწყისით. მაგრამ ასეთ დათარიღებას პირდაპირ ეწინააღმდეგება ბაბგენ კათალიკოსის ეპისტოლეები, რომლებშიც შეჩვენებულები არიან (პირველ ეპისტოლეში ძლიერ თავშეკავებულად) ნესტორი და მისი მიმდევრები. ასეა თუ ისე, ნესტორიანები 547/548 წელს ნერსეს მეორის მიერ მანაჭიჰრ რაჟიკის სახელზე აგებულ ეკლესიას რომ დაეპატრონენ, სომხებს ჯერ კიდევ არა ჰქონდათ მათთან რაიმე სადავო. “შემდეგ” კი, როდესაც ნესტორიანები გაეცვნენ ნერსეს კათალიკოსის ეპისტოლეს იულიანიტი სირიელებისადმი, მათ გადაწყვიტეს სომხეთში პოზიციების გამაგრება, როგორც იტყობინება ნერსეს აშტარაკელი: “მოიყვანეს (551-554 წლებს შორის – ზ.ა) აგრეთვე მოძღვარნი, წინამძღოლნი მათი წარწყმედისა, რომლებიც მოვიდნენ და იწყეს თავიანთი ხრწნადობის შემოტანა ჩვენს წმიდა და ჭეშმარიტ სარწმუნოებაში და აცთუნეს უმეცარ ხალხთაგან კაცნი და ქალნი, აზიარეს თავიანთ შელახულ ლოცვებს, მიართვეს პური ძღვენისა თავიანთი უსჯულოების ადგილას, რომ მიეღოთ მათი ხელიდან ზიარებადა ის ადგილი გამოაცხადეს თავისი სიბილწის შესაკრებელად”.19
დაიწყო კონფლიქტი. უფრო მოგვიანო ხანის ეპისტოლეები, რომლებზეც ქვემოთ იქნება მსჯელობა, გვიჩვენებენ, რომ სომხებმა გაიმარჯვეს ამ ბრძოლაში. 554 წლის დვინის კრებაზე მათ დაწყევლეს ნესტორიანები და მოიკვეთეს ისინი ეკლესიიდან: “ხოსრო მეფეთა მეფის ოცდამეხუთე წელს, ჩვენ და სხვა ეპისკოპოსები, სომხეთის იშხანები და აზატები, ყველანი ერთად შევიკრიბეთ წმიდა ეკლესიაში წყეულ ნესტორიანთა მოსაკვეთად წმიდა ეკლესიისგან და ჩვენი მართლმადიდებლობის განსაკარგავად. მოვიკვეთეთ და მოვიშორეთ და ერთხმად ყველამ ვუბრძანეთ ჭეშმარიტად ქრისტეს მორწმუნეთ, არ ეზიარონ მათ არც ლოცვაში, არც ჭამაში, არც სმაში, არც მეგობრობაში, არც მოყვრობაში, არც დედა-მძუძეობაში, არც ხორციელ საქმეში მისცეს ან მიიღოს მისგან, მხოლოდ მიჰყიდონ და იყიდონ როგორც ებრაელთან ან სხვა ხალხთან, რომლებიც სრულიად არა სცნობენ და არ აღიარებენ წმიდა სამებას”.20
სიტყვით ემთხვევა სომეხთა კათალიკოსის აბრაჰამ ალბათანელის ენციკლიკური ეპისტოლეს იმ ნაწილს, სადაც იგი სომეხ სამღვდელოებასა და ხალხს უკრძალავს ქართველებთან მაგრამ როგორ მოხდა ეს და სად იყო ამ დროს მეფეთა მეფე სპარსეთისა ხოსრო (531-579). ამაში უკვე კარგად გვარკვევს არსენი საფარელი, თუმცა ვრცელი ისტორიის გადმოცემისას ზოგ ქრონოლოგიურ თუ ფაქტობრივ შეცდომასაც უშვებს.
„ხოლო ეშმაკმან, რომელი ჰბრძავს სიკუდილად კაცთა ნათესავსა, აღძრა ნათესავი უღმრთო ნისტორის წვალებისა და დიდძალი ქრთამითა ოქროსათა ითხოეს მეფისაგან კეთილად მიქცევად სომხითი სჯულსა მათსა. და განდრიკეს გული მეფისა... და აიძულნა მეფემან პეროზ სომეხნი მსახურებად სჯულის ნისტორის უღმრთოსასა. ხოლო სომეხთა ყოვლადვე არა თავს-იდვეს ესე... ხოლო მეფე იქცა კუალად სხუად მანქანებად და განუცხადა საქმე თვისი განყოფისათვის ბერძენთაგან და ესრეთ მიუვლინნა მოციქულნი, ვითარმედ: „ერთი ორთაგანი ყავთ _ ანუ გამირჩიეთ ყოველთა ასურთაგან სჯული თვინიერ მელქთასა მელქთასა, რომელნი არიან სჯულითა ბერძენ, ანუ დაუტევეთ ქუეყანა თქუენი და ივლტოდეთ ჩუენგან!“.
მაშინ სომეხნი შეწუხნეს ფრიად ორსავე მას სახესა ზედა და შეიპყრა ურვამან და იქმნა ანჯმნობა მრავალთა დღეთა. და მიუგდეს საქმე ესე ნერსე კათალიკოზსა, რომელსა ეწოდა „მიჯინ“.. ხოლო მან საწყალობელმან დაამონა სული ხორცთა და არა მიხედნა ყოვლადვე საუკუნეთა გუემათა და შუებათა... და მიუვლინეს მეფესა მწუხარებით და ითხოვეს სჯული იაკობთა, რამეთუ სხუანი ყოველნი უძვირეს შეჰრაცხნეს... ხოლო მეფე დაჯერებულ იქმნა და მოუვლინნა მოძღვარნი იაკობნი ბოროტნი ცხრანი..., რომელთა სახელები ესე არს: აბდიშო, პეტროზ მკაწვრელი, სვიმონ ბოროტი, იაკობ, და თანა ჰქონდეს წიგნნი ფილაქსოსისნი, ივლიანესნი ალიკარნელისნი, ტიმოთე კუერნი და სევეროს ნაბიკელი. და ყვეს კრება ქალაქსა შინა დვინს და შესძინეს ხაჩეცარი (ესე არს: სამწმიდარსსა შორის შეჰმატეს ჯუარცუმული, დააჩემეს ვნება ღმრთეებისა ძალსა უვნებელსა _ სიკუდილი) და განდგესა მართლისა და ჭეშმარიტისაგან... და განაწესეს არაჯორი მუნვე დვინს, რამეთუ თქუეს: „ესე არს დღე პირველი სარწმუნოებისა ჩუენისაო“. და შესძინეს კუალად ბოროტი ბოროტსა და ნებით დაიწყევნეს თავნი, რათა არა ეზიარნენ კრებასა ქალკედონისასა”.21
ძალიან საინტერესო ცნობებს გვაძლევს არსენი საფარელი. ძველ სომხურ წყაროებში არა გვაქვს ინფორმაცია სპარსელთა მეფის პეროზის (457-484) მიერ სომხეთისათვის ნესტორიანობის თავმოხვევის შესახებ, გარდა თომას არწრუნის ცნობისა სომხეთში ბარ-წუმა ასურის ჩამოსვლისა და მისი კონტაქტების შესახებ ისტორიკოს ეღიშე/ელიშესთან. ეს ცნობა მნიშვნელოვან ანაქრონიზმებს შეიცავს, მაგრამ სიმართლის მარცვლებიც შეიძლება იყოს მასში. მართლაც, ამ ხანებში ნესტორიანები განსაკუთრებით ძლიერდებიან ირანში და მისი გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებში. ნიზიბინის ეპისკოპოსი ბარ-წუმა ძალიან ახლო მეგობრულ ურთიერთობაშია ირანის შაჰ პეროზთან და დიდ გავლენასაც ახდენს მასზე. მაგრამ პეროზის გარდაცვალების შემდეგ იგი კარგავს თავის პოზიციებს და სამწყსოსაც კი.22
21. არსენი საფარელი, განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო, ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980, გვ. 79-80.
22. Aზიზ შ. Aტიყა, A Hისტორყ ოფ Eასტერნ ჩჰრისტიანიტყ, Mილლწოოდ, N,Y., 1980, გვ. 252.
მნიშვნელოვანია, ამ თვალსაზრისით, დვინის 506 წლის კრების დროს ბაბგენ სომეხთა კათალიკოსის მიერ სპარსეთში გაგზავნილი I ეპისტოლეს ცნობა. ირანიდან სომხეთში ჩასული “მართლმადიდებელი ქრისტიანი” სირიელები დვინის კრებას ატყობინებენ: “ეს სარწმუნოება ჰქონდა ნამდვილად მთელს ჩვენ ქვეყანას ერთხმად და სრულიად არავითარი ცოდვა არ გამოჩენილა აშკარად პეროზის მეფობის 27-ე წლამდე (483/487). ხოლო მაშინ გამოჩნდა ბოროტების ცომი, რომელიც დამალული იყო უწმინდურ სულებში, რომელთაც იწყეს შემღვრევა ჭეშმარიტი სამების ნათელი რწმენისა, თავის მოტყუება დაუმტკიცებელი ხორციელი ვნებით; გავრცელდა ეჭვიანობა და დასნეულდნენ მრავალნი საშინელი სენით იქამდე, რომ გმობა-წვალების მეთაურნი ადგილ-ადგილ კრებებს იწვევდნენ – ხან გუნტშაპუჰში, ხან ასორესტანში – აკაკი, ბარ-წუმა, მანი, იოჰანან, პავლე, მიქა და სხვა მათი მოზიარენი ნესტორის, დიოდორისა და თეოდოროტის გამონათქვამებსა და უღმრთოებას უერთხმავდებოდნენ და ამნაირი საქმიანობით მთავართა და მსაჯულთ წინაშე დიდ გარჯასა და საფრთხეში გვაგდებდნენ ჩვენ და სხვა ყველა მართლმადიდებელს ჩვენს ქვეყანაში. ვეღარ შევძელით ასეთი ბოროტი, საშინელი და მწარე შეურაცხყოფის ატანა და ვიზრუნეთ, რომ მეფისათვის გვეცნობებინა, მოვაღწიეთ თქვენამდეც იმავე საფრთხისა და შევიწროების გამო, რომ საღმრთო წერილთა შემწეობა ვპოვოთ, რათა მტკიცედ და ურყევად ეგონ წმიდა მამათა გარდამოცემანი და მცნებანი, არ შეგვაღონოს მუდმივმა სულიერმა და ხორციელმა შევიწროებამ ასეთ საქმთა გამო ეჭვით”.23
არსენი საფარელი გვაუწყებს, რომ მცირე ხნის შემდეგ სომხებმა მეორე, ახლა უკვე დიდი, კრება გამართეს კვლავ დვინში (554/555): “კუალად შეაჩუენეს წმიდა იგი კრება და სახელსდვეს ნესტორიანი სიტყვისაებრ აბდიშო უღმრთოსა”.24 არსენი საფარელის მონათხრობი რომ სინამდვილესთან ახლოს არის, ამას მოწმობს “აბდისო ასურთა ეპისკოპოსის მოკითხვის ეპისტოლე ნერსეს სომეხთა კათალიკოსს”.
23. Գիրք թղթոց [I], გვ. 43-44; Գիրք թղթոց [II], გვ. 150-151; არსენი საფარელი, კომენტარები, გვ. 102; აქვე იხილე სათანადო ლიტერატურა.
24. არსენი საფარელი, გვ. 86.
ამ წერილში აბდიშო მოუთხრობს ნერსესს, თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ეპისტოლემ ზოგადად ყველა“მწვალებელზე” და კონკრეტულად ნესტორიანებზე.
“ყოველივე ეგ გაიგეს იმ გარყვნილებმა, დაეცათ მათ დიდი ძრწოლა და შიში, რადგან დაცვივდნენ თქვენი წყევლისაგან როგორც ისრით განგმირულნი. შეიკრიბნენ ერთად, რათა გამოეცხადებინათ ჩვენთვის ბრძოლა და მოი- თათბირეს ერთმანეთში ჩემს შესახებ: თუ ეგ სომეხთა კათოლიკოსისა და ეპისკოპოსების მიერ არის ხელდასხმული, მამასახლისებთან და სხვა ქვეყნის მთავრებთან ერთხმად, და უბრძანეს, რომ ჩვენთან არ ეზიარონ, ხოლო მეფეთა მეფის ბრძანებაა, რომ ყველას თავისი სარწმუნოება უნდა ჰქონდეს, ვაითუ, როდესაც ჩვენ მას ვებრძვით და ვაწუხებთ, მან სომხებს აცნობოს, ხოლო სომხებმა მეფეთა მეფეს ამაზე მიუთითონ და ჩვენ ცუდ ხიფათს გადავეყაროთო.”25
ამგვარად, პირველი დიდი ბრძოლა სომეხმა მონოფიზიტებმა, ასურელ იულიანიტებთან ერთად, “თავიანთ მოედანზე” მოუგეს ნესტორიანებს. მაგრამ სომეხი იერარქების რწმენით, მათ ბრძოლა ჯერ კიდევ მოსაგები ჰქონდათ მთლიანად ქრისტიანული კავკასიის მასშტაბით. დვინის მეორე კრების პირველსავე შეკრებაზე (551 წ.) არსენი საფარელის მიხედვით: “ხოლო ქართლი ყოველი და მეოთხედი სომხითისა (მეოთხე სომხეთი _ ზ.ა.) განეყენნეს Ãელთ-დასხმასა მღდელობისასა სომეხთაგან, არამედ ჰერნი (ალბანელები _ ზ.ა.) და სივნიელნი ჟამ ერთ განეყენნეს და კუალად შეერინნეს ნერსეს (უნდა იყოს იოჰანეს, 726 წ. _ ზ.ა.) ვისმე, რომელი წუერთა ოქრო-ცხებულ ჰყოფდა.”26
25. Գիրք թղթոց [I], გვ.60; Գիրք թղթոց [II],გვ. 182-183.
26. არსენი საფარელი, გვ. 84.
აქვე უნდა გავაკეთო ერთი შენიშვნა: სივნიელები მაშინვე არ გამიჯვნიან სომხეთის საკათალიკოსოსთან ერთობას. დვინის II კრებას (554 წ.) ესწრებოდა და ნესტორიანთა წინააღმდეგ “ერთობის აღთქმას” ხელს აწერდა პეტროს სივნიელი. ამას ადასტურებს მოგვიანებით (568 წელს) სივნიეთის ეპისკოპოს ვრთანესისათვის გაგზავნილი იოანე გაბელენელის ეპისტოლე, სადაც პეტროს სივნიელი კრების მონაწილეთა შორის არის დასახელებული:
„ვისწრაფეთ ჩვენ და ამ სომეხთა ქვეყნის სხვა ეპისკოპოსებმა, რომელთა შორის იყო თქვენი ნეტარი ეპისკოპოსი პეტროსიც და მღვდელნი და აღმსარებელნი წმიდა ეკლესიისა, მონასტერთა ბერები, აზატები და მართლადიდებელი სრულიად ერისაგანნი შევიკრიბეთ წმიდა ეკლესიაში და ბილწი ნესტორიანები და ქალკედონიტები და სხვა მწვალებლები ერთხმად წყევლით განვდევნეთ”.27
სივნიელთა განდგომა სომხურ ეკლესიასთან ერთობისაგან 554-568 წლებს შორის მოხდა, უფრო, როგორც ჩანს, 554 წლის ახლოს.
27.Գիրք թղթոց [I], გვ.79; Գիրք թղթոց [II],გვ. 207.
ბრძოლა ნესტორიანთა წინააღმდეგ ქრისტიანული კავკასიის მასშტაბით
სივნიეთი
გარდაიცვალა სომეხთა კათალიკოსი ნერსეს II აშტარაკელი (557). მის მაგიერ აღესაყდრა იოჰანეს II გაბელენელი (557-574). მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ცენტრალური ეკლესია დასუსტებული იყო განდგომილი საეპისკოპოსოებით, მან ნესტორიანებთან ბრძოლა მაინც თავისი საზღვრებიდან გაიტანა და საერთო კავკასიური სახე მისცა. ბუნებრივია, ირანის უმაღლესი ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა.
568 წელს იოჰანეს II სომეხთა კათალიკოსმა ერთდროულად მისწერა წერილები სივნიელთა და ალბანთა ეპისკოპოსებს. როგორც არსენი საფარელის მონათხრობიდან ვიცით, საბოლოო ჯამში არცერთი მათგანი არ დაემორჩილა საერთო ანტიბიზანტიური რელიგიური ფრონტის შექმნას კავკასიაში.
სივნიელთა ეპისკოპოსს, მეუფე ვრთანესს და სივნიეთის მმართველ მიჰრარტაშირს იოჰანეს სომეხთა კათალიკოსი ნესტორიანთა შესახებ ამცნობს: “ხოლო იმ დროს, წყეული ნესტორისა, რომელმაც დააბრმავა ბოროტი წვალებით ხუჟასტანის მხარე, გამოჩნდა საფუარი ბოროტებისა ჩვენს ქვეყანაშიც, რომელიც დამალული ჰქონდათ უწმიდურებს, რომლებმაც იწყეს საფუძველში ამღვრევა წმიდა სამების ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, აცთუნეს არამტკიცენი ხორცისმოყვარე სურვილებით და გავრცელდა ეჭვი და დასნეულდნენ მრავალნი აუტანელი სნებით. ვერ შევძელით ატანა ასეთი ბოროტი და მწარე ღმრთის გმობისა, ვისწრაფეთ ჩვენ და ამ სომეხთა ქვეყნის სხვა ეპისკოპოსებმა, რომელთა შორის იყო თქვენი ნეტარი ეპისკოპოსი პეტროსიც და მღვდელნი და აღმსარებელნი წმიდა ეკლესიისა, მონასტერთა ბერები, აზატები და მართლადიდებელი სრულიად ერისაგანნი შევიკრიბეთ წმიდა ეკლესიაში (დვინის II კრებაზე 554 წელს _ ზ.ა.) და ბილწი ნესტორიანები და ქალკედონიტები და სხვა მწვალებლები ერთხმად წყევლით განვდევნეთ წმიდა და დიდების შემწყნარებელი საკურთხევლისა და მაცხოვნებელი წმიდა სახარების და მხსნელი წმიდა ჯვრის წინაშე და ვთქვით, რომ სრულიად განვეშოროთ მათთან ზიარებას და სრულიად არ ვუსმინოთ მათ მომაკვდინებელ სიტყვებს. და ვინაიდან სანდო ადამიანთაგან შევიტყვეთ, რომ ბილწი ნესტორიანები მრავლად დამკვიდრებულან თქვენს ქვეყანაშიც და თქვენ მათ წმიდა ეკლესიაში იღებთ და მათ ეზიარებით... ამისათვის ჩვენი სამწყსოდან სანდო კაცი, მღვდელი მათეოსი გამოგიგზავნეთ და გევედრებით ჩვენი ქრისტე ღმრთის მიერ, როგორც აქამდე იყავით წმიდა ტომი, საზეპურო ხალხი უფალი ღმრთისა, ასევე იყავით ახლაც უკუნისამდე თქვენ და მომავალნი თქვენნი, გაგაძლიეროთ უფალმა და მისი ძალის შემწეობით აისხათ ჯავშანი ღმრთისა. წმიდა და ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომელიც მიიღეთ წმიდა გრიგოლისა და სხვა სულიერ ნეტარ მამათაგან, მტკიცედ და შეურყევლად დაიცავით თავი თქვენი. და ბილწი ნესტორიანნი და სხვა მწვალებელნი, რომლებიც თქვენს ქვეყანაში არიან, აგრეთვე, თქვენს ეკლესიაში, თქვენი ზიარებისგან წყევლით გაინშორეთ და ყველა მართლმადიდებელს უბრძანეთ, რომ არ ეზიარონ მათ უნაყოფო საქმეთ და არ მოუსმინონ მათ მომსყიდველ და უბოროტეს, სიკვდილისმთესველ სიტყვებს.”28
ჩვენ არა გვაქვს პირდაპირი ცნობები, თუ როგორ მოიქცნენ სივნიელი იერარქები და საერო მმართველები. თუ არსენი საფარელის ცნობით ვიმსჯელებთ, ისინი მონოფიზიტობას უნდა დაბრუნებოდნენ 726 წლის კრებაზე, როდესაც თვითონ სომხებიც მთელი საუკუნის მანძილზე ქალკედონიტებთან ზიარების შემდეგ (631-726 წლები) დაუბრუნდნენ თავიან სარწმუნოებას, მაგრამ უკვე არა იულიანიტური რიგისას.
ალბანეთი
როგორც ზემოთ უკვე ითქვა, იმავე 568 წელს იოჰანე II სომეხთა კათალიკოსმა წერილი მისწერა ალბანელ ეპისკოპოსებს, რომელთაც სათავეში ედგათ “აბას პარტავის ეპისკოპოსი”, ალბანთა კათალიკოსი.29 საინტერესოა, რომ ამ წერილში ნესტორი მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები პერსონალურად, თუმცა ყველგან იგულისხმება: “ვინაიდან ჩვენამდე მოაღწია საშინელი ამბავის ხმამ, რამეთუ არიან ზოგიერთნი მტაცებელნი მგელნი ცხვრის ტყავში, რომელნიც მოვიდნენ თქვენ ქვეყანაში, მონასტრიდან ბილწი პეტროსისა, რომელსაც სახელად უპოვართა მოყვარულს უწოდებენ და საქმით ქრისტეს მოძულენი არიან და წმიდა სამების უარმყოფნი”.30
28. Գիրք թղթոց [I], გვ.78-79; Գիրք թղթոց [II],გვ. 207.
29. იგივე ეპისტოლე შეტანილი აქვს თავის “ალბანთა ქვეყნის ისტორიაში” მოსე კალანკატუელს, სადაც სომეხთა კათალიკოსი მას აბასს კათალიკოსად მოიხსენიებს (Մովսէս Կաղանկատու- ացի, Պատմութիւն Աղուանից աշխարհի, քննական բնագիր եւ
ներածություն`Վարագ Աոաքելյանի, Երեվան, 1983, გვ. 122.
30Գիրք թղթոց [I], გვ.80; Գիրք թղթոց [II],გვ. 211.
იოანე გაბელენელი ალბანელებს მეტი პატივისცემით ეკიდება, ვიდრე სივნიელებს. ის მათ სპეციალურ მოციქულს უგზავნის წერილით ხელში და მათგანაც “სამს ან მეტ ეპისკოპოსს” ელოდება თეოლოგიური საკითხების განსახილველად: “და გამოგიგზავნეთ ჩვენი სამწყსოდან სანდო კაცი, მღვდელი მათეოსი, რომ მოგიტანოთ ჩვენი თქვენდამი წერილი... თუ ვინმე მოიკითხავს ასეთს, მონაწილე იქნას მის ბოროტ საქმეთა, რადგან ვინც აღიარებს უფალ ქრისტეს ხორცით მოსულად, ის ნამდვილად არის ანტიქრისტე და მაცდუნებელი. ასეთები განდევნეთ თქვენი სახლიდან და საზღვრებიდან და მათი სიკვდილის მთესველი მოძღვრება სრულიად არ გახადოთ ღირსი მოსმენისა. ხოლო ვინაიდან თქვენი მამები ჩვენ მამებთან ერთად მტკიცენი იყვნენ და თქვენ ჩვენი, სასურველად ჩავთვალეთ, რომ თქვენგან აქ მოსულიყვნენ ეპისკოპოსთაგანნი სამი ან მეტი, რათა მოისმინონ ჩემგან პირისპირ ჭეშმარიტი მოძღვრება.”31
მთავარი, მაინც, რის მიღწევასაც ცდილობდა სომეხთა კათალიკოსი, ეს იყო “სამწმიდა გალობაში” (“წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო”) პეტრე ანტიოქელის მიერ შემოტანილი დამატების (“რომელიც ჩვენთვის ჯვარს ეცვი” _ “ხაჩეცარი”), ჩართვას ალბანური ეკლესიის ლიტურგიკულ პრაქტიკაში. იოანე გაბელენელი დარწმუნებული იყო, რომ ამ დანამატის მიღება, ავტომატურად გამორიცხავდა რომელიმე ეკლესიის მიერ ორბუნებიანობის (ქალკედონური თუ ნესტორიანული სახის) მირებას, ვინაიდან ჯვარცმულად ცხადდებოდა ღვთაებრივი ბუნება. როგორც ჩანს, ალბანეთში სიტუაცია აირია. “ხაჩეცარს” ალბანელთა შორის გამოუჩნდნენ მიმდევრები, რომელთაც ეკლესია არ სდევნიდა.
იერუსალიმში პანტის/პანდის მონასტრის წინამძღვარმა, ალბანელმა თომამ იერუსალიმის პატრიარქს იოანე IV-ს (574-595) მისწერა წერილი და თან აახლა ორი დოკუმენტი: ერთი, სომეხთა კათალიკოსის იოანე გაბელენელის ეპისტოლე, გაგზავნილი 568 წელს აბას ალბანთა კათალიკოსისადმი და მეორე, დვინის მეორე კრების (554 წ.) განსაზღვრებანი ნესტორიანობისა და ქალკედონიტობის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, თომამ თვითონ ალბანეთში შექმნილი სიტუაციაც აღუწერა იოანე იერუსალიმელს. ამიტომ საყვედურობს იგი აბასს: “გვესმა, რომ შენი სამწყსოდან ზოგმა შეიწყნარა ამაო და ცრუ სიტყვები ცდუნებისა და თქვენმა სიწმიდემ არ გაილაშქრა მათ წინააღმდეგ... არა ჯერ არს ღმერთის დიდების მიგება ევტიქესთვის, ევსებისთვის [დორილიელი], პეტრე ანტიოქელისთვის და ივლიანე ჰალიკარნასელისთვის. და არც ღმრთის ძალისა აბდიშო ასურისათვის, რომელიც იყო წინამძღვარი სომეხთა ან კიდევ სომეხთა კრების დაღუპვისა... უნდა მოუსმინოთ შრომისმოყვარეთ, როდესაც გიხსნიან, რომ მაგ სიტყვებს (სამწმიდა გალობაში დამატებას სიტყვებისა, “რომელიც ჩვენთვის ჯვარს ეცვი” _ ზ.ა.) მწვალებლური აზრი აქვთ და არა წმიდა წერილებს. ხოლო მას შემდეგ, რაც გაიგე, შენც უნდა მიგეწერა, რომ ვინც მათთან დგანან და მათ ეზიარებიან, შეგნებული მწვალებლები არიან”.32
31Գիրք թղթոց [I], გვ.83-84; Գիրք թղթոց [II],გვ. 213-214.
32ზ. ალექსიძე, რელიგიური სიტუაცია კავკასიაში VI საუკუნის ბოლო მეოთხედში: იოანე იერუსალიმელის ეპისტოლე, ჰუმანიტარული კვლევები (წელიწდეული),N3, თბ., 2912, გვ. 232-233. ტექსტს სომხურ და ქართულ ენებზე, კომენტარებსა და ლიტერატურას აქვე ნახავს დაინტერესებული მკითხველი.
როგორც იოანე იერუსალიმელის წერილიდან ჩანს, იგი კარგად არის გარკვეული ქრისტიანულ კავკასიაში თეოლოგიური პოლემიკის შესახებ და ცდილობს სომხური ეკლესიის გავლენა არ გავრცელდეს სხვა ქვეყნებშიც. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ზოგი ალბანელი მთავარიც გადასულა სომხური ეკლესიის მხარეს და ამის შესახებაც აფრთხილებს იოანე იერუსალიმელი აბას ალბანთა კათალიკოსს (ტექსტში _ ეპისკოპოსს): “მაგრამ გვესმა, რომ ზოგი თქვენი მთავარი ავიწროებს და სდევნის კეთილმსახურებს. ეგ უკანონობა წარმართ მეფეთა დამახასიათებელია, რომლებიც ქრისტეს მიმდევრებს მსხვერპლად წირავენ. და თქვენც გესმით და მიუტევებთ ასეთ უკანონობას და უერთდებით მათ უსჯულოებას?! ნუ იყოფინ ასე, არამედ დიდი მრისხანებით გაკიცხე ასეთნი, რადგან არ არიან ისინი ეკლესიის მცველნი, არამედ მგელნი მტაცებელნი!”33
სამწუხაროდ, არ შემონახულა აბასის პასუხი, თუკი არსებობდა ასეთი, რომ დოკუმენტურად ვიცოდეთ, რით დამთავრდა კამათი, გასჭრა თუ არა იოანე იერუსალიმელის ეპისტოლემ და მის მიერ გაგზავნილმა წიგნებმა34. მაგრამ ამაზე პასუხიც შემოგვინახა არსენი საფარელმა: “და ვითარცა იხილეს კათალიკოზმან ქართველთა კირიონ მცხეთისამან და კათალიკოზმან ჰერთა აბაზ, რამეთუ ხელითა აბდიშოო ასურისათა კრება ყვეს სომეხთა ქალაქსა დვინსა და შეჩუენებით განდგეს აღსარებისაგან წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა... ესე რა ცნეს ჭეშმარიტად კირიონ კათალიკოზმან, აბაზ ჰერთა კათალიკოზმან და გრიგოლი სივნელთა ეპისკოპოსმან35 და იქმნა ცილობა დიდი შორის სომხითისა და ქართლისა.”36
ალბანელები და ქარველები რომ დიდი საეკლესიო განხეთქილების დროს მონფიზიტობის წინააღმდეგ ერთად იყვნენ, ამას ადასტურებს აბრაამ სომეხთა კათალიკოსის ენციკლიკური ეპისტოლე, სადაც ალბანელები ქართველებთან ერთად არიან დაწყევლილნი.37
33იქვე, გვ. 251.
34იოანე იერუსალიმელის მიერ ალბანეთში გაგზავნილი წერილების შესახებ იხ. იქვე, გვ. 249.
35გრიგოლის შესახებ იხ. არსენი საფარელი, გვ. 123-125.
36არსენი საფარელი, გვ. 81.
37ეპისტოლეთა წიგნი, სომხური ტექსტი ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და კომენტარებით გამოსცა ზაზა ალექსიძემ, თბ., 1968, გვ.122.
ქართლი
ქართლში ნესტორიანების არსებობის შესახებ მთელი VI საუკუნის მანძილზე ცნობები არა გვაქვს. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, ის არის, რომ ქართლმა ალბანეთთან ერთად, მიუხედავად ირანის ზეწოლისა, არ მიიღო მონაწილეობა დვინის II კრებაში, რომელზედაც სომხეთის ეკლესიამ მიიღო უკიდურესად მემარცხენე მონოფიზიტობა იულიანიტობის სახით და დაგმო ნესტორიანობა ქალკედონის კრებასთან ერთად.
599 წელს ქართლის კათალიკოსის საყდარზე ავიდა კირონ მცხეთელი და აი, ამ დროიდან იწყება ქართლში ნესტორიანების არსებობაზე ლაპარაკი თანადროულ დოკუმენტებში. აღსაყდრებიდან ძალიან მალე კირონ ქართლის კათალიკოსმა გაუგზავნა მოციქული რომის პაპს გრიგოლ I-ს (540-604) შეკითხვით: ნესტორიანი სამღვდელო პირების მართლმადიდებლურ ეკლესიაში შესაწყნარებლად საჭირო იყო მონათვლა, თუ საკმარისი იქნებოდა მათგან აღსარების თქმა. რომის პაპი ჯერ მოკლედ განუმარტავს: “ამ საგნისა ჩვენ ვუწყით ჩვენის მამების ძველის დროის ჩვეულება, რომ როდესაც ვინმე მოიქცევა მწვალებლობისაგან, რომელშიაც მონათლულან წმიდა სამების სახელით, მათ ვუერთებთ წმიდა ეკლესიას ან ზეთის ცხებით, ან ხელდასხმით და ან მარტო სარწმუნოების აღსარებით... ნესტორიანები ჩვენის ხელდასხმით, ხოლო მონოფიზიტები სარწმუნოების აღსარებით უერთდებიან ეკლესიას”.38 წერილის ბოლოს უკვე გრიგოლ I ვრცლად აღწერს ნესტორიანთა მოქცევის წესს, რადგან კითხვა სწორედ მათ შესახებ იყო დასმული: “ვინც ნესტორის შეცდომილებისგან მოიქცევიან, თქვენი წმინდა კრებულის წინაშე მისი (იესო ქრისტეს _ ზ.ა.) ჭეშმარიტი შობა აღიარონ და შეაჩვენონ ნესტორი, მისნი მიმდევარნი და სხვა დანარჩენი მწვალებელნი. აგრეთვე, შემოგპირდნენ, რომ პატივს სცემენ და შეიწყნარებენ იმ ყველა კრებათა, რომელსაც მსოფლიო ეკლესია აღიარებს. შემდგომ თვინიერ რამ სიძნელისა, მიიღეთ ესრეთი პირნი თქვენს საზოგადოებაში და დასტოვეთ იმ წესსა ანუ ხარისხში, რომელშიც არიან. განუბნიეთ მათ შეცთომილებანი და ასწავლეთ ყველაფერი, რაც კი საჭიროა; სიტკბოებით მოეპყარით, ნურავითარ სიძნელეს აღმოუჩენთ მათი ხარისხის შესახებ, რათა იგინი თავიანთი მტრის ხელისაგან დაიხსნათ.”39
კირონ ქართლის კათალიკოსმა იდეალურად შეასრულა რომის პაპის მითითებები. ეტყობა თვითონაც ასეთ პასუხს ელოდებოდა, რათა ადვილად გადაეწყვიტა შიდა ეკლესიური პრობლემები. სიტუაციას კარგად აღწერს სომეხი ისტორიკოსი უხტანესი (X-XI სს): “როცა მიაწია კირონმა თავის სამთავრო სამწყსოს და თავის ქალაქს, რომელსაც მცხეთა ეწოდება, შემოიკრიბა ეპისკოპოსები, ქვეყნის წარჩინებულები, მთავრები და ერისთავები და დაიმორჩილა მათთან ერთად სრულიად მთელი ქვეყანა თავისი ხელმწიფების ქვეშ, ხოლო მერე, როდესაც დაინახა, რომ ყოველივე მისი სურვილისამებრ მოეწყო, ამის შემდეგ გულში მზაკვრული განზრახვა გაივლო: ხელი დაასხა ერთ ხუჟიკ ნესტორიან ეპიკოპოსს, რომელსაც სახელად კისი ეწოდებოდა, რაც სისასტიკეს ნიშნავს... იგი მასთან მოვიდა რომაელთა ქვეყნიდან, კოლონიის გავარიდან, წარმოშობით იმ სოფლიდან, რომელსაც ეწოდება ზუტარიმა, ნიკოპოლისის მახლობლად... ვფიქრობ, რომ ორივე არა მხოლოდ ერთი გავარიდან, ან გინდაც ერთი სოფლიდან იყვნენ, არამედ თანამწვალებელნიც და ბოროტი სწავლების ბოროტ მოძღვართაგან ერთად მოსწავლენიც. ხელი დაასხა მას უცხოთა ზედამხედველად, ესე იგი მწვალებელ ეპისკოპოსად”.40
38. მ. თამარაშვილი, ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, რედაქცია გაუკეთეს, წინასიტყვაობა დაურთეს და გამოსაცემად მოამზადეს ზაზა ალექსიძემ და ჯუმბერ ოდიშელმა, თბ., 1995, გვ. 289.
39. იქვე, გვ. 290.
40. უხტანესი, ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან, სომხური ტექსტი ქართული თარგმანითა და გამოკვლევით გამოსცა ზაზა ალექსიძემ, თბილისი, 1975, გვ. 24-25.
უხტანესი ნესტორიანი კისის ეპისკოპოსად ხელდასხმის თარიღზეც მიუთითებს, რომელიც ზუსტი ჩანს, რადგან მაშინდელ რეალიებს კარგად განსაზღვრავს: “მის (მოსე ელივარდელის – ზ.ა.) ოცდამეხუთე წელს (599 წ.) იპყრა ქართველთა სახლის საკათალიკოსო საყდარი, რომელიც სავლეს მსგავსად ორ წელს (601 წ.) ემორჩილებოდა ჭეშმარიტებას, ხოლო ამის შემდეგ დაიწყო უღმრთოება და ჭეშმარიტების მოტყუება: ხელი დაასხა ხუჟიკს თავისი მამათმთავრობის მესამე წელს (602 წ.)”.41 ვფიქრობ, ყველაფერი სწორეა. 599 წელს აღსაყდრებულ კირონს ორი წელიწადი დასჭირდებოდა ქართლში საყოველთაო მხარდაჭერის მიღებას (არ დაგვავიწყდეს, რომ ის სომხეთიდან იყო ჩამოსული, ხოლო ქართლში ერთმანეთს ეცილებოდნენ პრობიზანტიური და პროირანული ძალები) და იერუსალიმსა და რომში მოციქულის მოგზაურობას მხარდაჭერის მისაღებად ნესტორიანების მოსაქცევად. იერუსალიმის პატრიარქის პოზიცია ჩვენთვის ცნობილი არ არის, რადგან მის ეპისტოლეს ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ რომის პაპს რომ მის მართლმადიდებლობაში ეჭვი არ ეპარება, ეს ცხადია. თავის წერილს იგი ასე ამთავრებს: “ეგოდნათ ყოვლისმპყრობელის უფლისაგან განიმრავლებთ საუკუნო დიდების სასყიდელს, რაოდენად უფრო მომეტებულად შემოჰკრებთ მათ, რათა თქვენთან სამარადისოდ ადიდონ უფალი. თქვენთვის ვევედრებით სამებას, რათა თავიანთი მფარველობით დაგიცვათ და სიყვარული არ მოგაკლოთ”.42
41.იქვე, გვ. 25.
42.მ. თამარაშვილი, გვ. 290.
სრულიად აშკარაა, რომ ეს დიალოგი ორ მართლმადიდებელს (ქალკედონიტს) შორის არის გამართული 599-601 წლებს შორის. ისიც აშკარაა, რომ არ არის მართალი უხტანესი, როდესაც კირონ ქართლის კათალიკოსს სწამებს აღსაყდრების პირველ ორ წელს მალავდაო თავის ჭეშმარიტ მრწამსს და მხოლოდ მესამე წელს გამოავლინა, როდესაც ნესტორიან ხუჟიკს ეპისკოპოსად ხელი დაასხაო. როგორც ჩანს, კირონ ქართლის კათალიკოსმა სომეხი წარმოშობის მოსე ცურტავის ეპისკოპოსის მოქცევაც სცადა, რომის პაპის რჩევის შესაბამისად, და დაიბარა იგი თბილისში, სიონის ტაძარში. ამ ცდას შედეგი არა ჰქონია და მოსე პირდაპირ ცურტავიდან გაიქცა სომხეთში. ძალიან ბუნდოვანია, საკითხი ერთ ნესტორიანს ეხება, თუ რამდენიმეს. კათალიკოსი მოსე ელივარდელი (574-604) ერთის შესახებ სთხოვს ახსნა-განმარტებას (“გავიგეთ, რომ ერთი ხუჟიკი კაცი ნესტორიანი მოსულა შენთან და შენგან მიიღო ხელდასხმა ეპისკოპოსად”43) თავის ყოფილ მოწაფეს კირონ ქართლის კათალიკოსს, ერთის განდევნას ითხოვს ქვეყნიდან44. კირონი პასუხობს: “მე ჩემს ეპისკოპოსებთან და ამ ქვეყნის წარჩინებულებთან ვითათბირე და კანონიერად მივიჩნიე, რომ არ დამებრკოლებინა მოსვლისას ყველა ისინი, რომლებიც მოდიან სინანულითა და მონანიებით და ავუკრძალეთ ხალხს მისი მოკითხვა... ხუჟიკის შესახებ... როგორც ზემოთ მოგწერეთ, ადრევე განვიშორეთ”.45
ამის შემდეგ კირონ ქართლის კათალიკოსი ხუჟიკ ნესტორიანს აღარ ახსენებს. მაგრამ უხტანესი მას ბრალს სდებს, რომ მან იგი მოსე ცურტაველის მაგიერ დანიშნა ცურტავის ეპისკოპოსად. ეგევე აცნობა მოსე ცურტაველყოფილმა ახლად არჩეულ აბრაამ სომეხთა კათალიკოსს, რომელმაც ნესტორიანის ხსენების გარეშე გადაკვრით მისწერა კირონ ქართლის კათალიკოსს (თუმცა კონტექსტით ხუჟიკ ნესტორიანს გულისხმობდა), ახალი ეპისკოპოსის დანიშვნით თქვენ “სომხური მსახურება, წმინდა შუშანიკისგან დადგენილი მესმის, რომ შეგიცვლიათო”46.
კირონმა მშვიდად უპასუხა აბრაამს: “უკეთუ ხუჟიკთა შესახებ ამბობთ, ჩვენ მაშინ ჩემი თანამოსაყდრე ეპისკოპოსებითა და წარჩინებულებით ქვეყანასთან ერთად ვიზრახეთ, რომ როგორც სჯული გვიბრძანებს, არა თუ გაგვეგდო, არამედ შეგვეწყნარებინა ისინი, რომლებიც მოიქცევიან უკეთურებიდან ანდა წვალებიდან სინანულად. იგი მართლაც შევიწყნარეთ, მაგრამ, როცა შევიტყვეთ, რომ მათ აღსარება სიცრუით ქმნეს და იქვე მათი უკეთურების წუმპე მიიქცნენ _ დავამხეთ, დავწყევლეთ ისინი და გავაძევეთ კათოლიკე ეკლესიიდან და ჩვენგან, ქრისტიანეთაგან. ახლა ვერავინ იკადრებს მათ მოკითხვას”.47
მე მგონი, ცხადია, რომ კირონ ქართლის კათალიკოსი სულ ცოტა რამდენიმე ხუჟიკი ნესტორიანის შესახებ ლაპარაკობს, მხოლობითში კი იმ ხუჟიკ ნესტორიანს გულისხმობს, რომელსაც ხელი დაასხა ეპისკოპოსად. ამას უხტანესიც ადასტურებს: “თანამოსაქმედ და სარწმუნოების მოწინააღმდეგედ ეპოვნა (კირონ ქართლის კათალიკოსს _ ზ.ა.) ის ხუჟიკი ნესტორიანი და მისი თანამზრახველნი, რომლებიც მასთან იყვნენ, მათით ემტრო წმინდა მამათ...”
ცხადია, ნესტორიანები ხუჟასტანიდან VI ს-ის მეორე ნახევარშიც იქნებოდნენ ქართლში, ისე როგორც იყვნენ სომხეთში, სივნიეთსა და ალბანეთში. Mმაგრამ, ჩანს, მათ მნიშვნელოვანი როლი არ უთამაშიათ ქართლის ცხოვრებაში, ყოველ შემთხვევაში ისეთი, როგორც უნდოდა წარმოედგინა უხტანესს.
რაც შეეხება ნიკოპოლისიდან, ქრისტიანული ბიზანტიიდან ჩამოსულ ქრისტიანს, რომელიც უხტანესის მტკიცებით კირონის ბავშვობის მეგობარი უნდა ყოფილიყო, შეუძლებელია მას ხუჟასტანელი ნესტორიანობა მივაკეროთ. არც ცურტავის ეპისკოპოსი შეიძლებოდა ყოფილიყო ხუჟიკი ნესტორიანი, რადგან იგი მსახურებას ქართულადაც ასრულებდა და სომხურადაც. კირონ მცხეთელის სასიცოცხლო პროგრამა კი იყო საქართველოს სასაზღვრო პერიფერიებში მღვდელთმსახურებაში ქართული ენის გაბატონება. მაგრამ ეს ყველაფერი სტატიის ქრონოლოგიური ჩარჩოებიდან გამოდის.
შენიშვნები
43 უხტანესი, გვ. 29.
44 იქვე, გვ. 33.
45 იქვე, გვ. 35.
46 ეპისტოლეთა წიგნი, გვ. 67.
47ეპისტოლეთა წიგნი, გვ. 69-70.
Комментариев нет:
Отправить комментарий