როგორც ცნობილია, გერმანიის პოლიტიკურ წარმომადგენლობასთან კავშირი დაამყარა 1914 წელს შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში დაარსებულმა „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა“ (პეტრე სურგულაძე, ლეო და გიორგი კერესელიძეები, ნესტორ მაღალაშვილი). პირველი მსოფლიო ომის გამოცხადებისთანავე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანხმობით, ჟენევიდან ბერლინში გადმოსახლებული „კომიტეტი“ დებს ხელშეკრულებას გერმანიის მთავრობასთან, რომელიც იძლევა დაპირებას, რომ მსოფლიო ომში გამარჯვების შემთხვევაში, ცნობდა და გამოაცხადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას. ამ შეთანხმების დადების შემდეგ კომიტეტის წევრები გაემგზავრნენ კონსტანტინოპოლში, გერმანიის მოკავშირე ოსმალეთის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად.
ეს ხდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე. გერმანიამ საქართველოს „დე ფაქტო“ დამოუკიდებლობა ცნო 1918 წლის 10 ივნისს, ოსმალეთმა _ 3 ივნისს.1
1. სალია კ., საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი, ჟურნ. „ბედი ქართლისა“, პარიზი, 1962, #13.
რუსეთში რეჟიმის შეცვლის გამო, რუსეთი სცილდება ძველ მოკავშირეებს და უახლოვდება გერმანიას. ბოლშევიკური რუსეთი ბრესტ-ლიტოვსკის ზავს დებს გერმანიასთან. 1918 წლის 27 აგვისტოს მათ შორის ხელმოწერილ იქნა დამატებითი ხელშეკრულება, რომლის მე-13 მუხლით „რუსეთი თანხმობას აცხადებს მასზედ, რომ გერმანია სცნობს საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ ორგანიზმად“.
გერმანიამ თავისი დიპლომატიური წარმომადგენელი (ბარონი ფონ კრესი) დანიშნა საქართველოში და მათი ჯარიც შემოვიდა, თუმცა, მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ, გერმანია ტოვებს საქართველოს (1918 წლის დეკემბერში საქართველოში ინგლისის ჯარი შემოდის). 1919 წლის 28 ივნისის ვერსალის ზავის 116-ე მუხლით გაუქმდა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება.
საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში, ფონდი 1831 (აკაკი ჩხენკელის ფონდი), აღწერა 2, საქმე 96, ფურც. 1 - დაცულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის ვლადიმერ ახმეტელის ხელნაწერი წერილი ბერლინიდან ა. ჩხენკელისადმი 1921 წლის 26 თებერვლის თარიღით:
„დიდად პატივცემულო აკაკი,
თქვენი გამოგზავნილი წერილები, როგორც პარიზიდან, ისე იტალიიდან მივიღეთ. შესაფერი ყურადღება მივაქციეთ. ამჟამად განსაკუთრებით სოციალისტურ წრეებში მხურვალედ ვმუშაობთ. უკანასკნელები მეტისმეტად სიმპათიურად შეხვდნენ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის და პროფესიონალური კავშირების მოწოდებას, ამათი მთელი თანაგრძნობა ჩვენსკენ არის. სიმპათიას არ გვაკლებენ ბურჟუაზიული წრეებიც. აქ უკვე განმტკიცებულია ის აზრი, რომ ჩვენ წინააღმდეგ ომს აწარმოებს საბჭოთა რუსეთი. ჩვენი მუშაობა მარტო სოციალისტური წრეებით არ განისაზღვრება, ვმოქმედებთ აგრეთვე მთავრობის წრეებშიც.
22 თებერვალს, გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ წევრებთან ერთად ვინახულეთ პრეზიდენტი ებერტი. ჩვენ მას მოვთხოვეთ, რომ იგი და გერმანიის მთავრობა დაუყოვნებლივ (რასაკვირველია საიდუმლო მიწერ-მოწერით) ჩარეულიყო საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის ატეხილ ომის საქმეში და ამით შესაფერი გავლენა მოეხდინათ მოსკოვზე. ებერტი სრული თანაგრძნობით შეხვდა ამ საქმეს და თავს იდო კაბინეტზე ემოქმედა. ჩვენ პრეზიდენტს სამი მუხლიდან შემდგარი მოთხოვნა წავუყენეთ: 1) დაუყოვნებლივ იქნას გამოწვეული ბერლინში მყოფი ბოლშევიკების წარმომადგენელი და მას წინადადება მიეცეს, რომ საჩქაროდ ამცნოს მოსკოვის მთავრობას ომი შეაჩერონ; 2) ემცნოს რადიოთი მოსკოვში მყოფ გერმანიის წარმომადგენელს (ყავთ ასეთი წარმომადგენელი), რომ მან იქ იქონიოს გავლენა ლენინზე და ომი შეაწყვეტიოს; 3) ემცნოს აგრეთვე ულრიხ რაუშერს, რომ მან აქ ყოველმხრივ იმოქმედოს გერმანიის მთავრობის სახელით ომის შეჩერებისთვის.
25 თებერვალს შედგა გერმანიის მთავრობის კაბინეტის სხდომა. კაბინეტს ებერტმა ჩვენი წინადადებები წაუყენა და უკანასკნელმაც ერთხმად მიიღო დაუყოვნებლივ გადაედგა ნაბიჯები. გუშინ რაუშერთან ვერ მოვახერხეთ რადიოთი დაკავშირება, ვინაიდან გადაბმა მოუხერხებელი იყო. დღეს კვლავ ცდიან და იმედი აქვთ გამოელაპარაკებიან. სხვათა შორის, კაბინეტის სხდომაზე სამხედრო სპეციალისტიც დაესწრო და უკანასკნელის აზრით, ახლა საქართველოს სტრატეგიულად საფრთხე აღარ მოელისო. თავად ბოლშევიკებთანაც გვინდა საიდუმლოდ მოლაპარაკების გამართვა. არ ვიცი, მოვახერხებთ, თუ არა. ადგილობრივ პრესაში ამათთან ხშირად გვქონდა მწვავე შეხლა-შემოხლა, ამან თუ არ შეგვიშალა ხელი. ყოველ შემთხვევაში ვეცდები. სოციალ-დემოკრატები შეგვპირდნენ მიტინგების და დემონსტრაციების მოწყობას. ჩვენ სასარგებლოდ პროტესტს განაცხადებენ. ეკონომიკურ კითხვებზე მოგწერთ ვრცელ მოხსენებას. უღრმესი პატივისცემით ვლ. ახმეტელი. მოკითხვა მაკრინეს და სანდროს.“
ამ წერილს თან ერთვის ასლები გერმანულ ენაზე შედგენილი ორი წერილის _ ერთი გერმანიის პრეზიდენტ ფრიდრიხ ებერტისა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტისადმი1 ბერლინიდან 1920 წლის 10 ნოემბრის თარიღით და მეორე დოქტორ სიმონსისა საქართველოში ელჩად დანიშნული ულრიხ რაუშერისადმი 1920 წლის 16 ნოემბრის თარიღით. პირველ წერილს ქართულით აქვს წარწერილი, რომ შენახულ იქნას უაღრესად საიდუმლოდ (ფონდი 1831, აღწერა 2, საქმე 96):
(#1 წერილი) ასლი
უაღრესად საიდუმლოდ უნდა იქნას შენახული
ფრიდრიხ ებერტი2, გერმანიის იმპერიის პრეზიდენტი
მის აღმატებულება, საქართველოს რესპუბლიკის ბ-ნ პრეზიდენტს.
ბატონო პრეზიდენტო!
მას შემდეგ, რაც გერმანიის ხელისუფლებამ აღიარა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, გადავწყვიტე იმპერიის დროებითი (წინა) წარმომადგენლის, ვიცეკონსულის დრ. ფონ დრუფელის მაგიერ საქართველოს რესპუბლიკაში გერმანიის იმპერიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დავნიშნო მინისტერიალ-დირექტორი დ. ულრიხ რაუშერი. მას ექნება პატივი, თქვენს აღმატებულებას გადმოსცეს წერილი, რომლითაც დასტურდება მისი აკრედიტება. იმ თვისებებისა და საქმისადმი პასუხისმგებლობის გრძნობის გამო, რითიც ის გამოირჩევა, ვიმედოვნებ, რომ ის მუდამ ეცდება დაიმსახუროს თქვენი აღმატებულების პატივისცემა და ნდობა და გერმანიის იმპერიასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გააღრმაოს და განამტკიცოს. ამაში დარწმუნებული, მე ვთხოვ თქვენს აღმატებულებას, მიიღოთ ის კეთილგანწყობით და ყველაფერში, რაშიც ის გერმანიის მთავრობის დავალებითაა მოწოდებული და თავად მოგახსენებთ, სრული ნდობა გამოუცხადოთ.
ამავე დროს ვისარგებლებ შემთხვევით, რათა ბ-ნო პრეზიდენტო გამოვთქვა ჩემი საუკეთესო სურვილები რესპუბლიკის აყვავებისა და განვითარებისთვის, რომლის ბედის სამართავადაც თქვენ ბრძანდებით მოწოდებული, და ამით დაგიმტკიცოთ ჩემი სრული პატივისცემა.“
ბერლინი, 10 ნოემბერი, 1920.
ხელმოწერილი: ებერტი
დრ. სიმონსი.
1. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია უცხოეთთან მიმოწერაში ხშირად პრეზიდენტად იხსენიებოდა.
2. ფრიდრიხ ებერტი (1871-1925) გერმანიის პრეზიდენტი 1919-1925 წლებში. გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი.
(#2 წერილი) ასლი
ბერლინი, 16 ნოემბერი, 1920.
თქვენო მაღალკეთილშობილებავ, უმორჩილესად გაცნობებთ, რომ თქვენ წარდგენილი ხართ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოს რესპუბლიკაში.
მე გთხოვთ თქვენ, როგორც უკვე ზეპირად მოგესაუბრეთ, რაც შეიძლება დროულად გაემართოთ ტფილისისკენ და ვეცე-კონსულ ფონ დრუფელისგან, რომელიც გახლავთ საქართველოში იმპერიის ამჟამინდელი წარმომადგენელი, გადაიბაროთ მისი საქმეები. ეს უკანასკნელი ტელეგრაფის მეშვეობითაა გაფრთხილებული და რჩება საელჩოში დროებით ამ ვითარებაში.
თქვენი მაღალკეთილშობილებისთვის მომზადებულ სარეკომენდაციო წერილს ვურთავ დახურულ ორიგინალს და ღია ასლს შუამდგომლობით; დედანი უნდა გადაეცეს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, რათა მიიღოთ ნათხოვნი აუდიენცია და მიღებული შეხვედრის შესახებ აქეთ შეგვატყობინოთ. ჩაბარება თუ წინასწარ განსაზღვრული მიმართვის შედეგები, ყოველივე თქვენმა მაღალკეთილშობილებამ გეგმის სახით აქ უნდა გადმოგზავნოს.
ამასთან, მე თქვენ გადმოგცემთ კონსულის უფლებამოსილებას საქართველოს რესპუბლიკის მხარისთვის. მე ასევე გთხოვთ, ამის შესახებ სათანადოდ აცნობოთ საქართველოს მთავრობას.
გამგზავრებამდე პირადად უნდა შეეხმიანოთ ბ-ნ იმპერიის პრეზიდენტს. მიღების დროის თაობაზე გთხოვთ შეუთანხმოთ რაიხსპრეზიდენტის ბიუროს.
თქვენი თანამდებობისთვის საჭირო ახალი სამსახურის ბეჭედსა და შტემპელს აქედან გამოგიგზავნით. ტფილისში თქვენი სამსახურებრივი ხელფასის რაოდენობა ჯერჯერობით მტკიცედ დადგენილი არ არის, რადგან უცნობია საქართველოში საცხოვრებელი პირობების და ფასების შეფარდება.
ამიტომ თქვენს მაღალკეთილშობილებას გეძლევათ უფლება შემდგომ ვითარებამდე თქვენი ცხოვრებისთვის და სამსახურებრივი საქმეების შესრულებისთვის საჭირო თანხა ავანსად აიღოთ თქვენთვის განსაკარგავად გამოყოფილი სამსახურის ფონდიდან, მაგრამ იმპერიის საფინანსო არასასურველი მდგომარეობის გამო რეკომენდებული მომჭირნეობით. გთხოვთ ორ თვეში ამ ხნის მანძილზე გაცემულ თანხასა და ტფილისში გაბატონებულ ცხოვრებისა და ფასების ვითარებაზე დაწვრილებით გვაცნობოთ.
ამ მითითების მიღების შესახებ, ისევე როგორც თქვენი გამგზავრებისა თუ ტფილისში ჩასვლის დროის შესახებ სიამოვნებით ველოდები თქვენს შეტყობინებას.“
დრ. სიმონსი.
საქართველოში ულრიხ რაუშერის ელჩად დანიშვნისა და შემდგომ მისი ტფილისში ჩამოსვლის შესახებ ცნობა უმალ გავრცელდა. აი, რას გვაცნობებს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ 1920 წლის 6 ნოემბერს (გვ. 2): „საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენელმა ბ-ნ ვ. ახმეტელაშვილმა ბერლინიდან ოფიციალურად აცნობა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს, რომ გერმანიის რესპუბლიკის მთავრობამ 1920 წლის 24 სექტემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ოფიციალურად „დე-იურე“-დ აღიარა1 და თავის ელჩად საქართველოში დანიშნა ბ-ნი ულრიხ რაუშერი, მემარჯვენე სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცნობილი წევრი“.
1. მაშინ, როცა ანტანტის ქვეყნებმა საქართველო „დე-იურე“-დ 1921 წლის 27 იანვარს აღიარეს.
იგივე „საქართველოს რესპუბლიკა“ 1921 წლის 6 იანვარს (გვ. 1) იტყობინებოდა: „ულრიხ რაუშერი, გერმანიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოში, თბილისში ჩამოვიდა 1921 წლის 4 იანვარს, საღამოს 10 საათზე. მას დახვდნენ: კ. საბახტარაშვილი _ საქართველოს საგარეო მინისტრის მოვალეობის აღმსრულებელი; გ. გედევანიშვილი _ სამხედრო მინისტრის ამხანაგი; ზაქარიაძე _ გენერალური შტაბის უფროსი; ჭიჭინაძე _ გზათა დეპარტამენტის დირექტორი; ფონ დრიუფელი _ გერმანიის დროებითი წარმომადგენელი საქართველოში.“
გარდა ზემოაღნიშნულისა, გვსურს კიდევ ერთი ფაქტი გავიხსენოთ გერმანია-საქართველოს ურთიერთობიდან:
1922 წლის 16 აპრილს, გენუის კონფერენციის მიმდინარეობის დროს (10 აპრილი -19 მაისი) იტალიის ქალაქ რაპალოში ბოლშევიკურ რუსეთსა და გერმანიის ვაიმარის რესპუბლიკას შორის დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობა. ხელშეკრულებას რუსეთის მხრიდან ხელს აწერდა საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი გიორგი ჩიჩერინი, ხოლო გერმანიის მხრიდან რაიხსმინისტრი ვალტერ რატენაუ. რაპალოს ხელშეკრულებით გერმანიამ უკან წაიღო მის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება. ამ ფაქტის გამო 1922 წლის 21 დეკემბერს მიხეილ წერეთელმა და გიორგი კერესელიძემ „ქართული ეროვნული კომიტეტის“ სახელით წერილი გაუგზავნეს სამხედრო მაღალჩინოსან კრეს ფონ კრესსენშტაინს:
„რაიხსტაგის კომისიის მიერ რაპალოს ხელშეკრულების რატიფიკაციის შედეგად, რომელიც ასევე ვრცელდება საქართველოზეც, გაუქმებულ იქნა გერმანიის მიერ ჩვენი სამშობლოს იურიდიული ცნობა. გერმანიის თვალსაზრისით, ამავე დროს, ანულირებულ იქნა მისი არსებობა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოსი... ჩვენ ასევე დარწმუნებული ვართ, რომ დღესაც კი, მომენტის არასასურველი პოლიტიკური გარემოებების მიუხედავად, გერმანიაში მოიპო128 ვება ბევრი საუკეთესო პიროვნება, რომელთა გული საქართველოსადმი მეგობრობით არის გამსჭვალული...“1
საინტერესოა ერთი მომენტი: გენუაში ჩასულ ევროპის ქვეყნების დელეგატებს ინფორმაცია საქართველოში არსებულ ვითარებაზე მიეწოდებოდათ უშუალოდ საქართველოდან მათი წყაროს მეშვეობით. გერმანიის დელეგაციამ ინფორმაცია მიიღო, საქართველოში გერმანიის ყოფილი ელჩის ულრიხ რაუშერის ცოლისგან, რომელიც თბილისიდან ჩავიდა გენუაში. მისი მტკიცებით, საქართველოში სრული სიმშვიდე იყო. ასევე თბილისიდან პირდაპირ ჩავიდა კომპანია „შელის“ წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ბოილი. ამგვარი ცნობები ხელ-ფეხს უკრავდა გენუაში მყოფ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არაოფიციალურ დელეგაციას, რომლის წევრებიც, თავის მხრივ, ცდილობდნენ რეალური ვითარების ამსახველი ცნობების მიწოდებას იქ მყოფი დელეგაციებისთვის.2
1. გიორგი კერესელიძე, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი (1914-1918). პუბლიკაცია გიორგი მამულიასი, ჟურნალში „ქართული ემიგრაცია“, 2013, #1 (4), გვ.173.
2. საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 1831, აღწერა 2, საქმე 64, ფურც.5
Комментариев нет:
Отправить комментарий