პირველი პუნიკური ომი 264–241 წლებში
ეპირის მეფე პიროსის იტალიაში იძულებითი დაბრუნების შემდეგ კართაგენელებმა კვლავ აღადგინეს თავიანთი მეუფეობა სიცილიის მნიშვნელოვან ნაწილში, სირაკუზში კი ხელისუფლებას ცნობილი სარდალი ჰიერონ II (271–215) დაეუფლა, რომელიც თავიდან პიროსს ემსახურებოდა, მისი წასვლის შემდეგ კი დაეუფლა აკრის, გელორს, მეგარას და ლეონტინას და სირაკუზის ძლიერი სახელმწიფო შექმნა. 269 წელს მან თავი მეფედ გამოაცხადა.
აგათოკლეს (სირაკუზის ტირანი 317–289; სიცილიის მეფე 304–289) სიკვდილის შემდეგ მის სამსახურში მყოფი კამპანელმა მოქირავნე მამერტინელები შინ უნდა გაბრუნებულიყვნენ. ამის ნაცვლად მათ სიცილიური ქალაქი მესინა აიღეს. იგივე ბედი ეწია მესინის სრუტის აღმოსავლეთით მდებარე იტალიურ ქალაქ რეგიუმს. რეგიუმის შეშინებულმა მოსახლეობამ დაცვა და დახმარება რომს სთხოვა. რომაელებმა გამოგზავნეს 4000 კაციანი გარნიზონი დეციუს იუბელიუს კამპანუსის მეთაურობით. გარნიზონი, რომელიც ასევე კამპანიელებისგან შედგებოდა, თავიანთი მესინელი თანამემამულეების მიბაძვითა და დახმარებით ცოტა ხანში აჯანყდა და რეგიუმის მოსახლეობა დაარბია. ძვ. წ. 271 წელს აჯანყება რომაელებმა ჩაახშეს, ხოლო ქალაქი მის მკვიდრ მოსახლეობას დაუბრუნეს.
მესინაში გამაგრებული კამპანიელების წინააღმდეგ კი სირაკუზელების ახალი ტირანმა ჰიერონ II-მ გაილაშქრა. საბოლოოდ მან მდინარე ლონგანუსთან გამართულ ბრძოლაში კამპანიელები დაამარცხა. პოლიბიოსის ცნობით დამარცხებულ მამერტინელთა ნაწილმა დახმარება კართაგენს სთხოვა, ნაწილმა კი რომს. კონფლიქტში თავდაპირველად კართაგენელები ჩაერივნენ. ჰიერონმა, რომელსაც არ სურდა კართაგენთან ღია დაპირისპირება მესინას თავი დაანება და სირაკუზაში დაბრუნდა. ქალაქს კვლავ კამპანიელები განაგებდნენ, თუმცა იქ უკვე კართაგენული გარნიზონიც ჩადგა.
სიცილიაზე მიმდინარე მოვლენებმა რომის ყურადღებაც მიიპყრო. რომის სენატი თავდაპირველად ორჭოფობდა, ვინაიდან არ ამართლებდნენ კამპანიელებს, მაგრამ მათი არ დახმარება ნიშნავდა კუნძულზე კართაგენის ჰეგემონიას. ამიტომ ძვ. წ. 264 წელს რომაელები დათანხმდნენ დახმარების აღმოჩენაზე. ისტორიკოს ფილინუსის მიხედვით, ამით მათ დაარღვიეს ძვ. წ. 306 წლის შეთანხმება, რომლის თანახმად მათ ჯარებს არ უნდა დაედგათ ფეხი სიცილიაზე, თუმცა ბერძენი ისტორიკოსი პოლიბიოსი უარყოფს ასეთი შეთანხმების არსებობას.
რას წარმოადგენდა მაშინდელი კართაგო?
იმ დროის კართაგოს ეკონომიკის საფუძველს ფართოდ განვითარებული მონათმფლობელობა და საშუამავლო ვაჭრობა შეადგენდა. ის ძველთაგანვე მონურ შრომაზე დამყარებულ პლანტაციური მეურნეობის კლასიკურ მხარედ ითვლებოდა.
მდიდარი კართაგენლების მამულები ადგილობრივი მოსახლეობისაგან ჩამორთმეულ მიწებზე მდებარეობდა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივ მცხოვრებლებს მიწებს მაინც უტოვებდნენ მათ დაქვემდებარებულ გლეხებად აქცევდნენ და სახელმწიფოს მიმართ დიდ გადასახადებს აკისრებდნენ.
კართაგენლების ვაჭრობას არსებითად საშუამავლო ხასიათი ჰქონდა, ამიტომ ისინი ვაჭრობდნენ არა იმდენად საკუთარი ხელოსნური წარმოების პროდუქტებით არამედ სხვა ხალხის მიერ დამზადებული საგნებით.
ცნობილია, რომ ფინიკიელების ვაჭრობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული მეკობრეობასთან, მათი ვაჭრობის მნიშვნელოვან ნაწილს მონების ყიდვა-გაყიდვა წარმოადგენდა. მონებს კართაგენლები მრავლად იძენდნენ როგორც მეკობრეობის ისე ტყვეების მონებად გადაქცევის გზით. მონებს ისინი ფართოდ იყენებდნენ სოფლის მეურნეობაში და უფრო მცირედ ხელოსნურ წარმოებაში.
სახელმწიფოებრივი წყობილების მხრივ კართაგო ოლიგარქიული ტიპის მონათმფლობელურ სახელმწიფოს წარმოადგენდა, მართალია სახალხო კრება არსებობდა, მაგრამ მას უმნიშვნელო პოლიტიკური უფლებები ჰქონდა და ძალაუფლება არსებითად მსხვილი მიწის მესაკუთრეთა და მდიდარი ვაჭრების ხელში იყო.
ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა უხუცესთა საბჭო, რომელსაც თავიდან 10, შემდეგ კი 30 კაცი მეთაურობდა. აღმასრულებელ ხელისუფლების სათავეში იდგა 2 სუფეტი, რომელთაც 1 წლის ვადით ირჩევდნენ. მათ ძირითად მოვალეობას ჯარის მთავარსარდლობა წარმოადგენდა.
საკანონმდებლო ხელისუფლებით არსებითად სენატი სარგებლობდა, რომელიც 300 წევრისაგან შედგებოდა და მათი სენატორები თანამდებობაზე სიცოცხლის ბოლომდე რცებოდნენ. მაგრამ სენატი მოქმედებდა არა მთლიანად არამედ მიმდინარე საკითხებს უძღვებოდა მისგან გამოყოფილი 30 კაცის კომიტეტი. ოლიგარქიის მთავარ დასაყრდენს 104 კაცის კოლეგია წარმოადგენდა, რომელიც ჩანს უმაღლესი სასამართლო და საკონტროლო ორგანო იყო.
ფორმალურად საკანონმდებლო ორგანო იყო სახალხო კრებაც, თუმცა მას მხოლოდ სენატისა და სუფეტებს შორის უთანხმოების დროს მიმართავდნენ.
კართაგოში ხშირად იყო მონების, მოსახლეობის დაბეჩავებული მასებისა და დამოკიდებული ტომების ამბოხებები, ზოგჯერ ადგილი ჰქონდა თვით გაბატონებულ წრეში შეხლა-შემოხლას და ურთიერთობის გამწვავებას.
კართაგოს სახელმწიფოს პოლიტიკურ ძლიერებას გაწვრთნილი და შედარებით კარგად შეიარაღებული ჯარი შეადგენდა, რომელიც შედგებოდა მოქირავნეებისა და დამოკიდებულ ტომთა რაზმებისაგან. ჯარის განკარგულებაში იყო საომარი სპილოები და საალყო მანქანები, სარდლების და მეთაურების როლს კი თვითონ კართაგენლები ასრულებდნენ.
ამასთან ერთად კართაგო ფლობდა დიდ სავაჭრო და სამხედრო ფლოტს, რომელიც შედგებოდა ორმოცდაათნიჩბიანი ხომალდებისაგან და რომელზეც მენიჩბეებად მონები იყვნენ.
ასეთი სამხედრო ძლიერების საფუძველზე ჩამოყალიბდა კართაგოს დიდი კოლონიური სამფლობელო, რომელიც ვრცელდებოდა ჩრდ. აფრიკის სანაპიროს დას ნაწილში, სამხ ესპანეთში, სიცილიის მნიშვნელოვან ნაწილში, კორსიკასა და სარდინიაში, პითიუსსა და ბალეარის კუნძულებზე. ასეთ სახელმწიფოსთან მოუხდა ხანგრძლივი ბრძოლა რომს.
264 წელს რომმა კართაგენს ომი გამოუცხადა და ორი ლეგიონი კონსულ აპიუს კლავდიუს კაუდექსის მეთაურობით ჩავიდა სიცილიაში. მიუხედავად იმისა, რომ კართაგენელები მესინის სრუტეს აკონტროლებდნენ, კონსულმა მაინც შეძლო ღამის საფარქვეშ სიცილიაზე გადასვლა მოკავშირეთა ფლოტის გამოყენებით. მამერტინელებს ამასობაში უკვე განედევნათ კართაგენელები და ქალაქი რომაელებს გადასცეს. კართაგენელებმა გარნიზონის მეთაური ჰანონი ქალაქის დაკარგვისთვის ჯვარს აცვეს. სხვა წყაროების მიხედვით, რომაელი სამხედროები, რომელთაც პირველად გადაკვეთეს სრუტე იყვნენ ძირითადი არმიის წინ გამოგზავნილი რაზმი ტრიბუნი გაიუს კლავდიუსის მეთაურობით. სწორედ ისინი დაეხმარნენ მამერტინელებს ქალაქიდან ჰანოს განდევნაში.
კართაგენელებმა სიცილიაში გამოგზავნეს ჰანო, ჰანიბალის ძე. მან განამტკიცა კავშირები სიცილიის ქალაქებთან, ახალი ხელშეკრულება დადო სირაკუზის მეფე ჰიერონთან და ამის შემდეგ დაიწყო მესინის ალყა. პირველად შეტევაზე რომაული არმია გადავიდა. კლავდიუსმა ჯერ სირაკუზელებს შეუტია და ჰიერონი აიძულა რომთან ზავი დაედო და არმიასთან ერთად სირაკუზაში გაბრუნებულიყო. მეორე დღეს, გამთენიისას, სირაკუზელების ბედი გაიზიარეს კართაგენელებმაც.
მესინასთან ბრძოლების მიმდინარეობაზე ზოგიერთი ისტორიკოსის მონათხრობი რადიკალურად განსხვავებულია. დიოდორე სიცილიელის ვერსიით, სირაკუზელებმა ჩათვალეს, რომ კართაგენელებმა მათ უღალატეს და რომაელებს სრუტის გადმოლახვის ნება დართეს. ამიტომ ჰიერონი თავისი არმიით უბრძოლველად დაბრუნდა სირაკუზაში. რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ კართაგენელებს მოუწიათ, რომლებიც დამარცხდნენ. ასე დაიწყო I პუნიკური ომი. ეს სახელწოდება მას იმიტომ დაარქვეს, რომ რომაელები კართაგენელებს პუნებს უწოდებდნენ.
ამის შემდეგ რომაელებმა სცადეს ქალაქ ეხტელას აღება, ასევე სირაკუზასაც შემოარტყეს ალყა, თუმცა მათი მოქმედებები აღარ იყო უწინდებურად წარმატებული. აპიუს კლავდიუსი კინაღამ ბერძენთა ტყვეობაში მოხვდა და სავარაუდოდ რეგიიში დაბრუნება მოუწია.
შემდეგი ძვ. წ. 263 წლის კონსულები გახდნენ მანიუს ვალერიუს მაქსიმუსი და მანიუს ოტაცილიუს კრასუსი. ისინი 4 ლეგიონით და დამხმარე ჯარებით სიცილიაში ჩავიდნენ. მათ მოუარეს მთა ეტნას, აიღეს გადრანა და კენტორინი. სხვა ქალაქები კი კეთილი ნებით დაემორჩილნენ. სულ დიოდორეს ცნობებით 67 ქალაქი გადავიდა რომაელთა მხარეს. რომაელები სირაკუზამდე მისულნი არც იყვნენ, როდესაც ჰიერონმა ჩათვალა რომ მათთან დაპირისპირებას ზავი სჯობს და კონსულებთან ელჩები გაუშვა. ზღვაზე კართაგენელთა უპირატესობის გამო, რომაულ ჯარებს სერიოზული პრობლემა შეექმნათ მომარაგებაში, ამიტომ მათ ხელს აძლევდა ჰიერონთან კავშირი და ისინი დათანხმდნენ. სირაკუზას რომაელთათვის კონტრიბუცია უნდა გადაეხადა. კონტრიბუციის რაოდენობას სხვადასხვა ავტორი სხვადასხვანაერად ასახელებს.
ჰიერონთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ სიცილიაში 4 ლეგიონის ნაცვლად მხოლოდ 2 დარჩა, ხოლო კართაგენელთა სამხედრო კონტიგნტი სიცილიაზე პირიქით – გაიზარდა. თავის ფორპოსტად მათ ქალაქი აგრიგენტუმი აირჩიეს. დასავლეთ სიცილიაში რომაელებსა და კართაგენელებს შორის მიმდინარეობდა ბრძოლები ცალკეული ქალაქებისთვის. დიოდორეს ცნობებით, რომაელები ხანგძლივად და უშედეგოდ ცდილობდნენ მაკელას აღებას. ეგესტა და ალიკა თავისი ნებით გადავიდნენ რომაელთა მხარეს. ილარი, ტირიტი და ასკელი კი რომაელებმა ძალის გამოყენებით აიღეს.
ძვ. წ. 262 წელს რომაელებმა მიზანში სამხ. ნაპირას მდებარე ქ. აგრიგენტუმი (აკრაგანტი) ამოიღეს, რომელშიც კართაგენელები იყვნენ გამაგრებულნი. ახალი კონსულები ოთხივე ლეგიონით ქალაქისკენ გაემართნენ და დაახლოებით 1,5 კმ-ში დაბანაკდნენ. რომაელი ჯარისკაცები მიმოიფანტნენ მინდვრების საძარცვად, კართაგენელებმა ეს რომ დაინახეს, გამოვიდნენ ქალაქიდან და თასვს დაესხნენ მიმოფანტულ ჯარისკაცებს და უკუაქციეს ისინი. შემდეგ ბანაკს დაესხნენ თავს, მაგრამ რომაული დისციპლინის წყალობით, მათ შეძლეს ბანაკის შენარჩუნება და საბოლოოდ უკუაქციეს კართაგენელები. ამის შემდეგ კართაგენელები ერიდებოდნენ დიდი ბრძოლების გამართვას. ამის გამო რომაელებმა ბანაკი ორად გაყვეს და ქალაქის სხვადასხვა მხარეს განალაგეს, ხოლო ბანაკებს შორის მანძილი მათ თხრილებით გაამაგრეს. ამრიგად ქალაქი სრულ ალყაში აღმოჩნდა.
შემდეგი 5 თვის მანძილზე არანაირი ცვლილებები არ მომხდარა. რადგან ქალაქში დაახლოებით 50000 ადამიანი იყო ჩაკეტილი. იქ შიმშილი დაიწყო. კართაგენელთა მხედართმთავარი ჰანიბალ გისკო ხვდებოდა რომ მდგომარეობიდან დამოუკიდებლად ვერ გამოვიდოდა და კართაგენში შიკრიგებს აგზავნიდა დახმარების თხოვნით. კართაგენიდან სიცილიაში ჰანონთან ჩამოვიდა ჯარები და სპილოები. ამ უკანასკნელმა 30000 ფეხოსნით, 1500 მხედრით და 50 სპილოთი აიღო ქალაქი ჰერაკლიუმი, სადაც რომაული არმიის სურსათ-სანოვაგე ინახებოდა. რომაელებსაც რთული დღეები დაუდგათ, მაგრამ ისინი ჰიერონმა იხსნა. ამასობაში რომაელი ჯარისკაცები საკმაოდ დასუსტებულები იყვნენ ავადმყოფობებით. ჰანონმა ჩათვალა რომ ბრძოლისთვის ხელსაყრელი დრო დადგა და სცადა რომაელთა საბრძოლველად გამოწვევა, მაგრამ ეს უკანასკნელნი არ წამოეგნენ პროვოკაციას.
კიდევ ორი თვე გავიდა. ქალაქში შიმშილი გაუსაძლისი გახდა. რომაელებისთვისაც გაუსაძლისი გახდა ალყა, ამიტომ ორივე მხარეს ხელს აძლევდა ბრძოლის დაწყება. მხარეები ბანაკენის წინ დაეწყვნენ და ბრძოლა დაიწყო. რომაელებმა მოახერხეს კართაგენელთა წინა ფლანგის გარღვევა და არეულობა შეიტანეს მათ მწყობრში. ფინიკიელთა უმეტესობა განადგურებულ იქნა, უმცირესობამ თავი ჰერაკლიუმს შეაფარა. კართაგენელთა დანაკარგების შესახებ სხვადასხვა ავტორები სხვადასხვანაერად წერენ, თუმცა ერთი რაც ცხადია, მათ ძალიან მძიმე დანაკარგი განიცადეს. იმავე ღამეს, ჰანიბალი ქალაქში მყოფი ჯარებით ჩუმად გავიდა ქალაქიდან. რომაელებმა გვიან აღმოაჩინეს ეს და უკანა რიგებს დაესხნენ თავს. შემდეგ კი უბრძოლველად აიღეს ქალაქი და დაარბიეს, მათ ხელთ იგდეს დიდი ნადავლი და 25000 ტყვე მონებად გაყიდეს. აგრიგენტუმის აღების შემდეგ რომში დაბრუნებულმა კონსულებმა ტრიუმფი გადაიხადეს.
ამრიგად კართაგელებთან პირველსავე შეტაკებაში რომაელებს ხმელეთზე ცხადი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ზღვაზე ისინი უძლური იყვნენ და კართაგენის ფლოტის გამანადგურებელ თავდასხმებს განიცდიდა სიცილიისა და სამხრეთ იტალიის ნაპირები. აგრიგენტუმის შემდეგ სიცილიის არაზღვისპირა ქალაქები რომაელთა მხარეს გადავიდნენ, ხოლო ზღვისპირა ქალაქები მხარს კართაგენს უჭერდნენ, ვინაიდან ამ უკანასკნელთ ძლიერი ფლოტი ჰყავდათ და ზღვას უწინდებურად აკონტროლებდნენ. ამის გარდა, კართაგენის ფლოტი თავს იტალიის ზღვისპირა ქალაქებსაც ესხმოდა.ამ გარემოებებმა რომაელები აიძულა ფლოტის მშენებლობა დაეწყოთ. ომის დასაწყისისთვის მათ საერთოდ არ ჰყავდათ საკუთარი გემები და სიცილიაში ჯარების გადასაყვანად ნეაპოლელთა და ტარანტელთა გემებით სარგებლობდნენ.
აქედან გამომდინარე რომაელების წინაშე ასეთი დილემა დაისვა, ან კართაგელების წინააღმდეგ ბრძოლაზე ხელი უნდა აეღოთ ანდა თავის მხრივ საკუთარი ძლიერი ფლოტი შეექმნათ.
რომაელებმა გასაოცარი ენერგიით მოკლე დროში ბერძენი ინსტრუქტორების დახმარებით გაიჩინეს 120 სამხედრო ხომალდისაგან შემდგარი ფლოტი. ახლად აგებული ფლოტის მეთაური გნეუს კორნელიუს სციპიონი გახდა. იგი ფლოტითურთ მესინასკენ გაემართა. მან განიზრახა ლიპარის კუნძულების დაკავება და იქ 16 გემით გაემართა. ამის შესახებ შეიტყო ჰანიბალმა, რომელიც პანორმაში იყო და გაუშვა 20 გემი რომაელებისკენ ბოოდესის მეთაურობით. ღამე ბოოდესმა გნეუს კორნელიუსის გემებს გზა გადაუღობა. რომაელები დანებდნენ და კორნელიუსი ტყვედ ჩავარდა (260 წ.).
ცოტა მოგვიანებით ჰანიბალი თავს ესხმოდა იტალიის სანაპიროებს და რომაულ ფლოტს გადაეყარა. გემების უმეტესობა დაკარგა და თავს ძლივს უშველა.
რომის ფლოტის ახალი მეთაური გაიუს დუილიუსი გახდა, რომელიც აქამდე სახმელეთო ჯარებს სარდლობდა. რომაელებმა დაამუშავეს გემის აბორდაჟით აღების ტექნიკა, რათა საზღვაო ბრძოლებში ჩვეული სახმელეთო ბრძოლის მეთოდები გამოეყენებინათ. აბორდაჟულ კაუჭებს ყვავები უწოდეს. სწორედ ასე აღჭურვა დუილიუსმა ფლოტი. აბორდაჟული ხიდების დახმარებით ხელჩართული ბრძოლისათვის ხომალდების გადაბმას მიაღწიეს, როცა მათ ხომალდს მტრის გემი მიუახლოვდებოდა მათ ხიდით გადაებმებოდნენ, შემდეგ ლეგიონერები გადაირბენდნენ და მოპირდაპირეს ზღვაზე ისეთსავე ომს უმართავდნენ როგორსაც ხმელეთზე.
კართაგენული ფლოტი სიცლიის ქალაქ მილაის (დღევ. მილაცო, კუნძულის ჩრდ-აღმ სანაპიროზე) მიდამოებში თარეშობდა. რომაული ფლოტი მათკენ გაემართა (260 წ.). გათამამებული კართაგენელები 130 გემით გამოვიდნენ ზღვაში. ისინი საკუთარ უპირატესობაში იმდენად დაჯერებული იყვნენ რომ, პოლიბიუსის ცნობით, არც იცავდნენ საბრძოლო წყობას. რომაელებმა კართაგენელთა ავანგარდი, 30 გემი აიღეს ამ ბრძოლაში, ჰანიბალმა საკუთარი გემი მიატოვა და ნავით გაიქცა. რომაელები კართაგენულ გემებს აბორდაჟით იღებდნენ. საერთო ჯამში, რომაელებმა ხელში 31 გემი ჩაიგდეს, 14 ჩაძირეს, ტყვედ 7000 აიყვანეს და მოკლეს 3000.
ჰანიბალი კი დარჩენილი ფლოტით დაბრუნდა კართაგენში, საიდანაც უფრო მრავალრიცხოვანი ჯარით სარდინიაში გადავიდა (ძვ. წ. 258). სარდინიაზე ჰანიბალი რომაელებმა დაამარცხეს, და ამ უკანასკნელმა ფლოტის დაკარგვის შემდეგ თავი კართაგენს შეაფარა, სადაც იგი სიკვდილით დასაჯეს. ხოლო დუილიუსი პირველი მხედართმთავარი გახდა, ვინც ტრიუმფი საზღვაო ბრძოლისთვის მოიპოვა. მან გამარჯვების აღსანიშნავად სვეტი აღმართა რომელიც მტრის გემების ცხვირის ნაწილებით შეამკეს. მას პატივისცემის ნიშნით რომაელებმა მეჩირაღდნე და მესალამურე მიუჩინეს, რომლებიც ქეიფის შემდეგ სახლში აცილებდნენ.
ზღვაზე გამარჯვებამ რომაელები კიდევ უფრო შეაგულიანა. მათ ეგესტო ალყისგან გაათავისუფლეს და აიღეს მაკელა. რომაელებსა და მათ მოკავშირეებს შორის დავა მოხდა, თუ ვისი დამსახურება იყო მილთან გამარჯვება. ამ დავის გამო მათ ცალცალკე გაშალეს ბანაკები პაროპსა და ტერმას შორის. ჰამილკარი, კართაგენული სახმელეთო ჯარების მხედართმთავარი, მათ მოულოდნელად დაესხა თავს ბანაკის გაშლისას და სხვადასხვა ცნობებით რომაელთა დანაკარგები 4000-დან 6000-მდე იყო.
ძვ. წ. 259 წელს სიცილიაში საომარ მოქმედებებს რომაელთა მხარეს ხელმძღვანელობდნენ კონსულები ლუციუს კორნელიუს სციპიონი და გაიუს აკვილიუს ფლორუსი. კართაგენელებმა აიღეს მაზარა და შეიჭრნენ აღმოსავლეთ სიცილიაში, თუმცა ფლორუსმა ხელი შეუშალა მათ წინსვლას. სციპიონი კი კორსიკაზე საკმაოდ წარმატებულად იბრძოდა. მან ასევე დაამარცხა საზღვაო ბრძოლაში კართაგენელთა ახალი ადმირალი ჰანონი. შემდეგ სციპიონი სარდინიაში გადავიდა, სადაც არანაკლები წარმატებით იბრძოდა და კუნძულის ჩრდილო-დასავლეთი დაიკავა. რომში იგი ტრიუმფით დაბრუნდა.
შემდეგ ძვ. წ. 258 წელს რომაელებმა ახალი კონსულების, ალულუს ატილუს კალატინუსისა და გაიუს სულპიციუს პატერკულუსის მეთაურობით, შეუტიეს პანორმას, სადაც კართაგენელთა ბაზა იყო. კართაგანელებმა ბრძოლა არ მიიღეს, რომაელებს კი არ სურდათ ქალაქის ალყა, ისინი ქალაქ გიპანისკენ გაემართნენ და აიღეს იგი. მათ ასევე ქალაქები მიტისტატი, კამარინა და ენა აიღეს და ლიპარების აღება სცადეს, მაგრამ ჰამილკარმა დაასწრო მათ.
ამასობაში კონსული სულპიციუსი სარდინიაში მოქმედებდა. მას აფრიკაში გადასვლა უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა. კართაგენელებმა კუნძულზე ჰანონი გააგზავნეს, მან დაამარცხა რომაელები, და მათ სარდინიაზე დროებით უკან დახევა მოუწიათ.
შემდეგ წელს, რომაულ ფლოტს კონსული გაიუს ატილიუს რეგულუსი მეთაურობდა. იგი სიცილიის ჩრდილოეთ სანაპირო ქალაქ ტინდარისთან იდგა. მისი ბაზის გასწვრივ კართაგენული ფლოტი მიემართებოდა. კონსულმა ბრძანა სასწრაფოდ დადევნებოდნენ წინა გემებს. კართაგენელებმა დაინახეს რომ 10 გემი მათ დაედევნა, როდესაც ძირითადი ძალები პორტიდან არ იყვნენ გამოსული. მათ შემოატრიალეს ფლოტი და ბრძოლა გამართეს. რომაელებმა ფიასკო განიცადეს, კონსულის გემიც კინაღამ მტრის ხელში აღმოჩნდა. ამასობაში დანარჩენი რომაული ფლოტიც მოვიდა შემთხვევის ადგილზე. მათ 10 კართაგენული გემი ჩაძირეს და 8 ხელში ჩაიგდეს. კართაგენელებმა დაიხიეს ლიპარის კუნძულებისკენ. ამ ბრძოლაში გამარჯვებას ორივე მხარე ისაკუთრებდა.
ამრიგად, წინა წლების საბრძოლო მოქმედებების შედეგად, რომაელთა უპირატესობა სიცილიაზე ცხადი გახდა. რომაელთა შემდეგი მიზანი უკვე ლიბია იყო. კართაგენელებისთვის ცხადი იყო, რომ, თუ რომაელები ლიბიაში გადმოსხდომას შეძლებდნენ, მაშინ ადგილობრივი მოსახლეობა მათ წინააღმდეგობას არ გაუწევდა, ამიტომ კართაგენელებმა მთელი ყურადღება ზღვაზე გადაიტანეს, რათა რომაელთა აფრიკაში გადმოსვლა არ დაეშვათ.
ძვ. წ. 256 წელს სიცილიის სამხ-დას ნაპირებთან, ეკნომის კონცხთან შეხვდნენ რომაული და კართაგენული ფლოტები. რომაელთა ფლოტში 330 გემი იყო, და მათ კონსულები მარკუს ატილიუს რეგულუსი და ლუციუს მანლიუს ვულსონი ხელმძღვანელობდნენ. კართაგენელთა 350 გემიან ფლოტს კი ჰანონი და ჰამილკარი მეთაურობდნენ.
კართაგენული ფლოტი ერთ ხაზად დაეწყო, ხოლო რომაული სოლისებრად. ბრძოლა რომაელებმა დაიწყეს. კართაგენული ცენტრი დაიშალა, რომაელებმა მათ დევნა დაუწყეს, რამაც ფლოტის გაყოფა გამოიწვია. როდესაც რომაული ფლოტის ნაწილებს შორის მანძილი გაიზარდა, ჰამილკარმა კართაგენელებს სიგნალი მისცა და კართაგენული ფლოტი თავს დაესხა წინ მყოფ რომაულ გემებს. კართაგენული ფლოტის მეორე ნაწილმა კი ჰანონის მეთაურობით, შეუტია უკან დარჩენილ რომაულ გემებს. მიუხედავად ამ მდგომარეობისა, რომაელებმა ჯერ ჰამილკარის ფლოტი სძლიეს, ხოლო შემდეგ ჰანონის. ბრძოლის შედეგად რომაელებმა 24 გემი დაკარგეს, ხოლო კართაგენელებმა 30-ზე მეტი, და რომაელებმა 64 გემი ჩაიგდეს ხელში.
ბრძოლის შედეგად დაზიანებული გემების შეკეთების შემდეგ, რომაელები ლიბიისკენ გაეშურნენ და ქალაქ ასპიდომისთან გადმოსხდნენ. ალყის შედეგად ქალაქი რომაელთა ხელში გადავიდა. ამასობაში რომის სენატმა განკარგულება გასცა აფრიკაში მხოლოდ რეგულუსი დარჩენილიყო 15000 ქვეითი მეომრით, 500 მხედრითა და 40 ხომალდით, მეორე კონსული კი დანარჩენი ჯარით რომში უნდა დაბრუნებულიყო. მართლაც ლუციუს მანლიუსი ფლოტით და ნადავლით დაბუნდა რომში. მიუხედავად ამისა რომაელები წარმატებების მოპოვებას განაგრძობდნენ. აფრიკაში რომაელთა და კართაგენელთა პირველი შეხვედრა ქალაქ ადისთან მოხდა. რომაელები კართაგენელთა ბანაკს ორი მხრიდან დაესხნენ. რელიეფის გამო კართაგენელებმა მხედრები და სპილოები სათანადოდ ვერ გამოიყენეს. რომაულმა პირველმა ლეგიონმა უკან დაიხია და კართაგენელები დაედევნენ, მაგრამ მდევრებს უკნიდან მეორე ლეგიონმა შეუტია და სასტიკად დამარცხა. კართაგენელებმა 18000 მოკლული და 5000 ტყვე დაკარგეს. რომაელებმა გაძარცვეს კართაგენელთა ბანაკი. ამის შემდეგ რაღაც პერიოდი კართაგენელები ვეღარ უწევდნენ რომაელებს წინააღმდეგობას. სხვადასხვა ცნობებით რეგულისმა 74-დან 200-მდე ქალაქი ჩაიგდო ხელში.
კართაგელების მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ მათ ნუმიდიელები უტევდნენ, ხოლო რომაელებს კართაგოს ხელქვეითი ლიბიელი ტომები ემხრობოდნენ. ასეთი პირობების გამო კართაგოს მმართველმა წრეებმა ძვ. წ. 255 წელს რეგულუსთან სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყეს. რეგულუსმა შემდეგი პირობები დააყენა: კართაგენს რომისთვის უნდა გადაეცა სიცილია და სარდინია, არ ეწარმოებინა ომები რომის ნებართვის გარეშე და რომისთვის სამხედრო დახმარება უნდა აღმოეჩინა. კართაგენელები არ დათანხმდნენ ამ პირობებზე და მოლაპარაკებები ჩაიშალა.
ამასობაში კართაგენელთა ჯარებს ბერძენი დაქირავებული ჯარისკაცები შეემატნენ. მათ შორის იყო ლაკონიელი ქსანთიპოსი. იგი სათავეში ჩაუდგა კართაგენელებს და რომაელებს შეებრძოლა ქალაქ ტანეტთან. პოლიბიუსის ცნობებით, კართაგენელებს 12000 ქვეითი, 4000 მხედარი და 100 სპილო ყავდათ. ბრძოლა ტუნისის ტბასთან დაბლობზე გაიმართა, სადაც კართაგენელებს მაქსიმალურად ეფექტურად შეეძლოთ სპილოების და მხედრების გამოყენება. ბრძოლის ადგილამდე რომაელებს გრძელი მარშის გაკეთება მოუწიათ, თან გზაზე მათ მიმდებარე გორებიდან ქვებს ესვროდნენ. ამიტომ ბრძოლის დაწყებისას ისინი უკვე დაღლილები იყვნენ. რომაელებს იმედი ჰქონდათ რომ სწრაფი იერიშით დააბნევდნენ მტერს.
კართაგენელებმა წინ სპილოები დააყენეს, უკან კი ქვეითები იყვნენ, ფლანგებზე კი მხედრობა და მსუბუქად შეიარაღებული დაქირავებული ჯარები განალაგეს. რომაული წყობა ტრადციული იყო, წინ მსუბუქად შეიარაღებული ქვეითები, უკან მძიმედ შეიარაღებულნი, ფლანგებზე კი ცხენოსნები.
კართაგენულმა მხედრებმა საკმაოდ მალე უკუაქციეს რომაელი მხედრები. მარცხენა ფლაგნის რომაელმა ქვეითებმა დაარტყეს კართაგენულ მარჯვენა ფრთას და გააქციეს. რომაელთა პირველი რიგები სპილოებმა გადათელეს. ხოლო ვინც სპილოებს გადაურჩა, კართაგენელთა ხელში აღმოჩნდა. რომაული ქვეითების უკანა რიგები კი კართაგენული ცხენოსნების ალყაში აღმოჩნდნენ. კონსული მარკუსი და 500 ლეგიონერი კართაგენელებმა ტყვედ აიყვანეს (რეგულუსი ტყვეობაში გარდაიცვალა). რომაული არმიიდან 200 ჯარისკაცი გადარჩა.
ასე დასრულდა რეგულუსის აფრიკული ექსპედიცია. კართაგენელებმა სასტიკად დასაჯეს რომაელთა მხარეს გადასული ადგილობრივი მოსახლეობა. რომაელებმა გადარჩენილი ჯარისკაცების დასახსნელად ფლოტი გაუშვეს ასპიდისკენ და გადარჩენილი ჯარისკაცებითურთ დაბრუნდნენ სიცილიაში, სადაც ისევ გადაინაცვლა ომის ასპარეზმა.
კართაგენული ფლოტი ჰასდრუბალის მეთაურობით დაბანაკდა სიცილიის სანაპირო ქალაქ ლილიბეუმთან. კართაგენიდან წამოსული რომაული ფლოტი კი სიცილიის ნაპირებთან ქარიშხალში მოყვა და თითქმის მთლიანად განადგურდა. რომაელებმა 3 თვეში 200 გემი ააშენეს და კონსულების ალულუს ატილუს კალატინუსის და გნეუს კორნელიუს სციპიონ ასინას მეთაურობით სიცილიისგენ გააგზავნეს. ამ ფლოტს ქარიშხალში გადარჩენილებიც შეუერთდნენ და პანორმისკენ გაემართნენ, პანორმა ამ დროისთვის კუნძულზე კართაგენელთა უდიდესი ქალაქი იყო. ალყის და ხანგძლივი ბრძოლის შედეგად რომაელებმა აიღეს ქალაქი. კართაგენელთა ხელში კუნძულის მხოლოდ დასავლეთი ნაწილი დარჩა.
ძვ. წ. 253–252 წლებში რომაელებმა ისევ სცადეს აფრიკაში გადასხდომა, მაგერამ უშედეგოდ. საბოლოოდ მათი ფლოტი ისევ ქარიშხალმა იმსხვერპლა და მათ დროებით საზღვაო უპირატესობისთვის ბრძოლაზე უარის თქმა მოუწიათ. ამასობაში კი სიცილიაში რომაელები საკმაოდ წარმატებულად იბრძოდნენ.
ძვ. წ. 251 წელს ჰასდრუბალმა ისევ შეუტია პანორმას, სადაც კონსული ლუციუს ცეცილიუს მეტელუსი იყო გამაგრებული. რომაელები ისრებს ესროდნენ სპილოებს, სპილოები უკან გაიქცნენ და არიეს კართაგენელთა რიგები. მხოლოდ ამის შემდეგ შეუტიეს რომაელებმა და ალყაში მოაქციეს კართაგენელთა არმია. კართაგენელთა დანაკარგები სხვადასხვა ავტორებთან სხვადასხვაა. ცეცილიუს მეტელუსი რომში ტრიუმფით დაბრუნდა.
ამ გამარჯვებამ რომაელები გაათამამა, მათ თავიდან აღჭურვეს ფლოტი და ძვ. წ. 250 წელს ლილიბეუმის ალყა დაიწყეს. რომაელებს მეთაურობდნენ კონსულები გაიუს ატილიუს რეგულუსი და ლუციუს მანლიუს ვულსონი. რომაელები ორ ბანაკად გაიყვნენ. დრო და დრო რომაელთა და კართაგენელთა შორის პატარა ბრძოლები იმართებოდა. ქალაქი კინაღამ ჩააბარეს შეთქმულმა დაქირავებულმა ჯარებმა, მაგრამ კართაგენელებმა დროულად შეიტყვეს შეთქმულების შესახებ და აღკვეთეს იგი. კართაგენულმა ფლოტმა ატარბალის მეთაურობით გაარღვიეს ალყა და ქალაქში შეიტანეს სურსათი და ფული, თან არმიას ჯარისკაცები შეემატნენ. რომაელები პერმანენტულად ცდილობდნენ ლილიბეუმის ბუხტის გამაგრებას, მაგრამ კართაგენელები დრო და დრო ახერხებდნენ ბლოკადის გარღვევას.
რომაელებმა ქალაქის კედლის აღებაც სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ქარიშხლით ისარგებლეს კართაგენელებმა და ცეცხლი წაუკიდეს რომაულ ციხეების დასანგრევ მანქანებს. მთელი ტექნიკა განადგურდა. დრეპანიდან კართაგენული მხედრები ხელს უშლიდნენ რომაელებს მოეპოვებინათ საკვები. ბოლობოლო შიმშილისგან რომაელები ჰიერონმა იხსნა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი და რომაელებს ბოლობოლო მოუწიათ ალყის მოხსნა.
ლილიბეუმის ალყის წარუმატებლობის გამო, რომაელებმა გადაწყვიტეს იერიში კართაგენელთა სხვა ფორპოსტზე – დრეპანაზე მიეტანათ. რომაულ ფლოტს პუბლიუს კლავდიუს პულქერი მეთაურობდა. რომაელები 123 მიადგნენ დრეპანას. პუბლიუსს უნდოდა კართაგენელებს უეცრად დასხმოდა თავს, მაგრამ არ გამოუვიდა, ატარბალმა მოასწრო ფლოტის გამზადება და პორტიდან გამოყვანა. კართაგენელებმა რომაელები ნაპირისკენ შეავიწროვეს და დაამარცხეს. რომაული ფლოტიდან მხოლოდ 30 გემი გადარჩა, 93 გემი ჩაიძირა. რომაელებმა 8000 დაკარგეს დაღუპულებით და 20000 ტყვედ ჩავარდა.
იმავე ძვ. წ. 249 წელს კიდევ ერთი საზღვაო შეტაკება მოხდა ფინტიუმთან. ამ შეტაკების შესახებ სხვადასხვა ისტორიკოსების ცნობები განსხვავდება. პოლიბიუსის თანახმად იგი უშედეგო აღმოჩნდა ორივე მხარისთვის, რომაელები ნაპირზე გადავიდნენ და იქიდან გემებს კატაპულტებით ესროდნენ, ხოლო დიოდორეს თანახმად რომაელები აქაც სასტიკად დამარცხდნენ. ამ უბედურებას რომის დანარჩენი ფლოტის ქარიშხალში დაღუპვაც მიემატა.
ამავე წელს წარუმატებელი კომპანიის გასაუმჯობესებლად რომაელებმა დანიშნეს დიქტატორი ალულუს ატილუს კალატინუსი, იგი ჩავიდა სიცილიაში, მაგრამ საქმეს ვერაფრით ვერ უშველა.
ძვ.წ. 248 წელს სიცილიაში კართაგენელებს უკვე ჰამილკარ ბარკა ხელმძღვანელობდა. მან ჩაახშო დაქირავებულ ჯარებში ამბოხი გადაუხდელი ხელფასების გამო. ამავე წელს ამოიწურა რომსა და სირაკუზას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ვადა, რომაელებმა სამუდამო სამშვიდობო ხელშეკრულება დადეს ჰიორინემესთან.
249 წლის წარუმატებლობების გამო რომაელებმა უარი თქვეს საზღვაო ბრძოლებზე, მაგრამ კერძო პირები მაინც აშენებდნენ გემებს და აწუხებდნენ აფრიკის სანაპიროებს.
247 წ. სიცილიაში მივიდა კართაგენლების ნიჭიერი სარდალი ჰამილკარ ბარკა, მან გაატარა ჯარის რეორგანიზაცია და მასში სასტიკი დისციპლინა დაამყარა. კართაგოს ფლოტი თავს ესხმოდა სამხრეთ იტალიის ნაპირებს და არბევდა, ხოლო ჰამილკარის ჯარი რომაელებს მოსვენებას არ აძლევდა. პანორმასთან აწუხებდნენ რომაელ ლეგიონერებს. მთა ერიქსთან ხდებოდა პერიოდულად შეტაკებები. სამი წლის მანძილზე აქ რომაელები და კართაგენელები თითქმის ყოველდღე მართავდნენ შეტაკებებს, მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლამდე საქმე არ მისულა.
ამ პერიოდში უკვე ორივე სახელმწიფო გამოიფიტა ომისგან, ფინანსური პრობლემები უფრო სახიფათო იყო კართაგენისთვის, ვინაიდან ის დაქირავებულ ჯარებს ეყრდნობოდა. ამრიგად, რომაელთა იმედი რომ ომს სახმელეთო ჯარებით მოიგებენ, არ გამართლდა. კართაგენელებმა სცადეს ეგვიპტისგან აეღოთ სესხი. პტოლემეოსმა ფულის მიცემაზე უარი თქვა, მან სცადა შუამავლობა სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად, მაგრამ უშედეგოდ. ფინანსური სირთულეების გამო კართაგენული ფლოტის აქტივობა საგრძნობლად შემცირდა.
ჰამილკარ ბარკამ აიღო ქალაქი ერექსი. რომაული ჯარი მთაზე იყო განლაგებული, ბარკამ მთის მისადგომები გაამაგრა. პირველ ბრძოლაში რომაელებმა სძლიეს, მაგრამ მეორე ბრძოლაში დამარცხდნენ. ამ ბრძოლებში რომაელებმა გადმოიბირეს გალი დაქირავებული ჯარისკაცები, აქამდე რომაულ არმიაში არ იყო დაქირავების პრაქტიკა.
სახმელეთო ოპერაციების წარუმატებლობის გამო ძვ. წ. 242 წელს რომში იმ დასკვნამდე მივიდნენ რომ ფლოტის გარეშე გამარჯვება შეუძლებელია. ახალი ფლოტის ასაშენებლად რომის სახელმწიფოს არ ჰქონდა ფული, ამიტომ სენატმა დაავალა მდიდარ მოქალაქეებს საკუთარი ხარჯებით აეშენებინათ ფლოტი, ანაზღაურებას პროცენტებით მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში დაპირდნენ. ასეთი გზით აგებული იქნა ძლიერი ფლოტი, რომელსაც სათავეში კონსული კატულუსი ჩაუდგა.
რომაელებმა ისარგებლეს იმით რომ კართაგენელთა ფლოტი აღარ იდგა ლილიბეუმთან და დრეპანთან, და ზღვიდან ჩაკეტეს ისინი. თუმცა დრეპანის აღება ამჯერადაც ვერ მოახერხეს.
რომაელები დარწმუნდნენ რომ გადამწყვეტი ბრძოლა ზღვაზე უნდა მოხდეს, ამიტომ ისინი საგანგებოდ ავარჯიშებდნენ მეზღვაურებს და ჯარისკაცებს.
კართაგენელებმაც გამოუშვეს ფლოტი ჰანონის მეთაურობით. ჰანონს განძრახული ჰქონდა ჩასულიყო სიცილიაში და შეერთებოდა იქ არსებულ ჯარს, რომელსაც ბარკა ხელმძღვანელობდა. რომის კონსული გაიუს ლუტაციუს კატულუსი მიხვდა ამ განძრახვას და გადაწყვიტა გზა მოეჭრა ჰანონისთვის. ამოცანას ქარიც ართულებდა, მაგრამ კონსულმა რისკი არჩია. დრეპანასგან განსხვავებით, რომაული გემები უკეთესი კონსტრუქციის იყო და პერსონალი ბევრად უკეთ იყო გაწვრთნილი, ხოლო კართაგენელები დატვირთულები მოდიოდნენ, რაც ურთულებდა მათ საქმეს. ამის გარდა, რომაულ გემებზე საუკეთესო ჯარისკაცები იყვნენ, ხოლო კართაგენულზე ახალბედები. ეგატის კუნძულთან რომაელებმა მოუჭრეს კართაგენელებს გზა. წინა წლების მარცხების შემდეგ კართაგენელები ზერელედ უყურებდნენ რომაულ ფლოტს და არ ელოდნენ მათგან სერიოზულ ხიფათს.
241 წელს სიცილიის დასავლეთით ეგატის კუნძულებთან ბრძოლაში კართაგენი სასტიკად დამარცხდა, რომაელებმა 50 გემი ჩაძირეს, 70 გემი და 10000 ჯარისკაცი ტყვედ ჩაიგდეს.
დამარცხების შემდეგ კართაგენელებს აღარ შეეძლოთ სიცილიაში მყოფი არმიის შენახვა, ამიტომ ბარკას განუსაზღვრელი ძალაუფლება მიანიჭეს. ბარკას კი აღარც მატერიალური და აღარც ადამიანური რესურსები არ ჰქონდა რათა გაეგრძელებინა ბრძოლა, ამიტომ ლუტაციუსს გაუგზავნა ელჩები სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. რომიც უკვე ძალიან გამოფიტული იყო, და დათანხმდა მოლაპარაკებებზე.
ლუტაციუსი და ჰამილკარი შემდეგ პირობებზე შეთანხმდნენ: კართაგენელები უნდა წასულიყვნენ სიცილიიდან და კუნძული ჰიერონისათვის დატოვებული ტერიტორიის გარდა რომის ხელში გადადიოდა, გამოსასყიდის გარეშე გაეთავისუფლებინათ ტყვეები, არ უნდა ეომათ სირაკუზასთან და რომის სხვა მოკავშირეებთან, ამასთან ერთად 20 წლის მანძილზე უნდა გადაეხადათ 2200 ტალანტი ვერცხლი.
რომში სახალხო კრებამ არ მოიწონა ეს პირობები და სიცილიაზე გამოსაძიებლად 10-კაციანი კომისია გაგზავნეს. კომისიამ კონტრიბუციას 1000 ტალანტი მიამატა და გადახდის ვადა 10 წლით შეამცირა, პირობებს კი დაამატა, რომ სიცილიის გარდა რომისთვის უნდა გადაეცათ იტალიასა და სიცილიას შორის მოქცეული სხვა კუნძულებიც. ასე დამთავრდა პირველი პუნიკური ომი. ბარკა გადადგა მხედართმთავრის თანამდებობიდან, ხოლო ლუტაციუსი რომში ტრიუმფით დაბრუნდა.
აპიანე წერს, რომ კართაგენიდან რომში ელჩობა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ჩამოვიდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყო ტუნისის ბრძოლის შედეგად დატყვევებული, მარკუს ატილიუს რეგულუსიც. მან გაუმხილა სენატორებს კართაგენის სავალალო მდგომარეობა, და დაარწმუნა ისინი ან გაეგრძელებინათ ომი, ან გაემკაცრებინათ პირობები.
პირველი პუნიკური ომი, რომელიც 24 წელი გრძელდებოდა, პირველი იყო, რომელშიც რომმა აპენინის ნახევარკუნძულის გარეთ ექსპანსია დაიწყო. გამართლდა პიროსის სიტყვები იმის შესახებ, რომ იგი მშვენიერ სარბიელს უტოვებდა რომს და კართაგენს. ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთის უტოლდებოდა სამხედრო ძალით, შესაბამისად, ბრძოლა მძიმე და თანაბარი იყო. რომისთვის გამარჯვება არ იყო ადვილი. ამ გამარჯვებამ რომს უბიძგა გაეგრძელებინა ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე ექსპანსია, მით უმეტეს რომ მას უკვე შესანიშნავი ფლოტი და საზღვაო ბრძოლების გამოცდილება ჰქონდა. ამრიგად ეს ომი იყო ხმელთაშუა ზღვისპირეთში ჰეგემონიისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.
* * *
ომის დამთავრების შემდეგ კართაგოს დიდი შინაგანი განსაცდელი დაატყდა თავს. კართაგოს აუჯანყდნენ მოქირავნეები რომელთაც მიემხრენ მონები აუტანელი გადასახადებით დატვირთული ადგილობრივი დაბეჩავებული მოსახლეობა და კართაგოზე დამოკიდებული ლიბიელები.
აჯანყებულთა რიცხვი 4000 კაცი იყო, მას მეთაურობდნენ ლიბიელი მათოსი (მატონი), კამპანელი მონა სპენდიუსი და გალი ავტარიტი. აჯანყება რამდენიმე წელს გაგრძელდა (241–238) და ოლიგარქიულ კართაგოს დიდი გასაჭირი შეუქმნა. თვით ოლიგარქოსებს შორის 2 პარტია ებრძოდა ერთიმეორეს, ერთი აგრარიების ინტერესების დამცველი რომელსაც ჰანონი მეთაურობდა და მეორე სავაჭრო-სახელოსნო წრეების წარმომადგენელის წინამძღოლი იყო ჰამილკარ ბარკა, გაიმარჯვა ამ უკანასკნელმაც და აჯანყების ჩაქრობაც მას მიანდვეს. მან ზოგან სასტიკი ზომების, ნაწილობრივ მოლაპარაკებისა და დათმობის გზით შეძლო აჯანყების ჩაქრობა და თავიდან ააშორა კართაგოს ასეთი განსაცდელი.
კართაგოს ასეთი გართულებული მდგომარეობით ისარგებლა რომმა და სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევით დაეუფლა კორსიკასა და სარდინიას, ხოლო კართაგელებს მათი პროტესტის პასუხად ახალი ომით დაემუქრა.
ამრიგად სიცილია, სარდინია და კორსიკა რომის იტალიის გარეშე სამფლობელოს წარმოადგენდა და მათ რომის პროვინციები უწოდეს.
თავდაპირველად ტერმინი პროვინცია იმ დავალებას აღნიშნავდა რომელიც მაღალ მაგისტრატს ეძლეოდა, ამ დროიდან კი დაპყრობილ ტერიტორიებსაც შეეხებოდა.
I პუნიკური ომის დასასრულის პერიოდი რომში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ცვლილებებით ხასიათდება. ტყვე მონების რიცხვის შესამჩნევმა ზრდამ ხელი შეუწყო მონათმფლობელური მეურნეობის შემდგომ განვითარებას, ამასთან ერთად გაიზარდა სხვადასხვა მხარესაც რომაელების სავაჭრო ურთიერთობა და მნიშვნელოვნად გაფართოვდა ფულის მიმოქცევა. მართალია კართაგოზე გამარჯვებამ პირველ რიგში რომის ნობილიტეტის მდგომარეობა განამტკიცა, მაგრამ მეორეს მხრივ ომის პროცესში წარმოქმნილმა პროცესებმა წინ წამოსწია ე.წ. მხედრები, სავაჭრო-ფულადი მონათმფლობელური წრეები, რომლებიც მომდევნო ხანაში უკვე საკუთარი პოლიტიკური პლატფორმით იწყებენ თავიანთი ნებისყოფის გამომჟღავნებას რომის სახელმწიფოში.
მესამე მხრივ ომი მძიმე ტვირთად დააწვა სოფლის მოსახლეობას, ღარიბი გლეხების კოლონიებში გადასვლა შეფერხდა, ხოლო ომით დარბეულ სიცილიაში გადასახლება მისთვის მიუწვდომელი დარჩა და დაპყრობილი ტერიტორიით უმთავრესად ისევ ნობილიტეტმა ისარგებლა, ამიტომ პლებსის წრეებში კვლავ გაგრძელდა სახელმწიფო აპარატის შემდგომი დემოკრატიზაციისათვის ბრძოლა. ამ ბრძოლასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული ცენტურიატული კომიციების რეფორმა რომელსაც 241 წლით ათარიღებენ.
ამ რეფორმის თანახმად ცენტურიების რაოდენობა ყოველ თანრიგში გათანაბრდა და თითოეულ მათგანს 35 ტრიბის მიხედვით უკვე 70 ცენტურია მიეკუთვნათ, ტრიბაზე 2 ცენტურია. შედეგად ცენტურიების საერთო რიცხვი კი 373 გახდა.
ამრიგად სერვიუსის ძველი დანაწილების ნაცვლად შემოღებულ იქნა ახალი წესი, რომლის თანახმად სახალხო კრებაში ცენტურიატულ კომიციებში პირველ კლასს აღარ ეკუთვნოდა წინანდელი პრივილეგია და კენჭისყრის შედეგებს უკვე არა 1 არამედ 3 ქონებრივი თანრიგის ხმები განსაზღვრავდა.
232 წელს სახალხო ტრიბუნმა გაიუს ფლამინიუსმა წამოაყენა წინადადება, რომლის მიხედვით ციზალპური გალიის მოსაზღვრე ნაყოფიერ მხარეში ახალშენები უნდა დაეარსებინათ, ამ წინადადებამ სენატორების წრეში ცხარე წინააღმდეგობა გამოიწვია, რომელსაც მისი საკუთარი მამაც კი მიემხრო, მიუხედავად ამისა ეს წინადადება მიღებულ იქნა სახალხო კრების მიერ, არჩეულ იქნა 3 კაცისაგან შემდგარი აგრარული კომისია, რომელსაც თვითონ ფლამინიუსი მეთაურობდა.
კომისია შეუდგა კოლონიების ორგანიზაციას, მაგრამ ამ პოლიტიკამ გამოიწვია ომი გალებთან. 225–222 წლებში გალები შეიჭრენ ჩრდ. იტალიაში. რომაელები ჯერ დამარცხებას განიცდიდნენ, მაგრამ 224 წელს მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა, 223 წ. რომაელებს კი სათავეში თვითონ გაიუს ფლამინიუსი ჩაუდგა უკვე კონსული და მალე ომი გალების დამარცხებით დამთავრდა.
ახლადდაპყრობილ მხარეში რომაელებმა ახალშენები პლაცენცია და კრემონა დააარსეს, ამით საფუძველი ჩაუყარეს პადუსის ბარის რომანიზაციას.
ძვ. წ. 220 წელს ფლამინიუსი ცენზორად აირჩიეს, თავის მოღვაწეობით ის არა მარტო რომაელი გლეხობის არამედ ქალაქის მოსახლეობის სავაჭრო-ფინანსური წრეების ინტერესებსაც იცავდა, ალბათ მისი დახმარებით სახალხო ტრიბუნმა კლავდიუსმა ისეთი კანონი გაატარა, რომელიც სენატორებსა და მათ შვილებს უკრძალავდა გაეჩინათ საკუთარი სავაჭრო ფლოტი, ასეთი ღონისძიება ცხადია მიზნად ისახავდა ნობილიტების სავაჭრო ურთიერთობების შეზღუდვას, ამიტომ ნობილები იძულებული ხდებიან თავიანთი სახსრები მხოლოდ სოფლის მეურნეობაში მოიხმარონ, ხოლო ვაჭრობა და ფულადი ოპერაციები მხედრებს დაუთმონ.
მხედრების მზარდი პოლიტიკური აქტივობა და ეკონომიური მნიშვნელობა უკვე თავის გავლენას ახდენდა რომის საგარეო პოლიტიკაზე.
ამავე ხანებში რომაელებს მოუხდათ ბრძოლა ადრიატიკის ზღვის აღმ სანაპიროზე მდებარე ილირიასთან, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა ძვ. წ. II ს-ის II ნახევარში.
ილირიელები გამოცდილი მეზღვაურები იყვნენ და სახელი გაითქვეს როგორც მეკობრეებმა. ისინი თავს ესხმოდნენ სავაჭრო ხომალდებს და შეუძლებელს ხდიდნენ ადრიატიკისა და იონიის ზღვებში სავაჭრო ქარავნების მოძრაობას.
მრავალჯერ დაზარალდნენ ილირიელებისაგან რომაელი ვაჭრებიც, რამაც ბოლოს გამოიწვია რომის ომი ილირიასთან.
229 წელს რომაელებმა დაიკავეს ილირიის ხელში მყოფი კერკირა და თავის მოკავშირეებად გაიხადეს ილირიის სანაპიროზე მდებარე ბერძნული ქალაქები აპოლონია, ეპიდამნი და სხვა. ილირიელებთან ომში რომაელებს ეხმარებოდა ბერძნულ პოლისთა აქაიისა და ეტოლიის კავშირები. 228 წელს ომი რომის სრული გამარჯვებით დამთავრდა და რომაელები ადრიატიკის ზღვაზეც გაბატონდნენ.
* * *
ესპანეთის სანაპიროზე ფინიკიელთა პირველ ახალშენებად გადესის შემდეგ მალაკა, სექსი და აბდერიაა მიჩნეული.
VI ს-ის ბოლოდან კი კართაგოს მონათმფლობელური სახელმწიფო დაეხსნა ფინიკიას და ყველა ახალშენს ესპანეთში და თავისი საკოლონიზაციო მოღვაწეობა არა მარტო მისი სანაპიროს გასწვრივ, არამედ შიგნითაც განავითარა, მაგრამ I პუნიკური ომის პერიოდში კართაგომ როგორც ჩანს ესპანეთში დაქვემდებარებული ტერიტორიის ნაწილი დაკარგა და მან მიზნად დაისახა არა მარტო მისი მთლიანი აღდგენა არამედ გაფართოებაც.
კართაგოს სახელმწიფოში მაშინ ყველაზე გავლენიანი პირი იყო ცნობილი სარდალი ჰამილკარ ბარკა, რომელმაც როგორც კი ჩააქრო კართაგოში ამტყდარი დიდი ამბოხება, ის ითვალისწინებდა, რომ ახალი ომი რომთან აუცილებელი იყო და სიცილიის, სარდინიისა და კორსიკის დაკარგვით გამოწვეული დანაკლისის აღდგენას ესპანეთში მყარი ბაზისის შექმნით ცდილობდა.
პირინეის ნკ-ს მეომარი და თავისუფლებისმოყვარე ტომები განსაკუთრებით იბერები და კელტები მეტად საიმედო ბრძოლისუნარიან ძალას წარმოადგენდნენ კართაგენლების მოქირავნე ჯარებისათვის, მაგრამ ამავე დროს ისინი ხშირად შეიარაღებულ აჯანყებებსაც აწყობდნენ.
237 წელს ჰამილკარ ბარკა სამოღვაწეოდ ესპანეთში გადავიდა, თუმცა მისი მოქმედების მოწინააღმდეგე იყო ჰანონის ძლიერი ჯგუფი, მისი გეგმა მაინც დაამტკიცეს. ის მტკიცედ შეუდგა ამ გეგმის მიხედვით კართაგოს სამფლობელოს გაფართოებას და ამ ნიადაგზე სასტიკად ახშობდა ადგილობრივ ტომთა წინააღმდეგობას.
229 წელს ჰამილკარი მოკლეს იბერების ერთ ტომთან ბრძოლაში. მის მოადგილედ ჯარმა მისი სიძე ჰასდრუბალი აირჩია, რომელსაც კართაგოში აგრეთვე დიდი გავლენა ჰქონდა. იგი წარმატებით განაგრძობდა სამხედრო პარტიის პოლიტიკას და მნიშვნელოვნად გააფართოვა კართაგოს სამფლობელო ესპანეთში.
ესპანეთის სამხ-აღმ ნაპირას ვერცხლის მაღაროების მახლობლად მან დააარსა ახალი კართაგო, მსხვილი სავაჭრო ნავსადგური და ძლიერი ციხე.
ჩრდ. ესპანეთში კართაგენელების წარმატებებმა რომაელები ძლიერ შეაშფოთა. რომის სენატმა წარგზავნილი მოციქულების პირით მოსთხოვა ჰასდრუბალს ჯარებით არ გადასულიყო მდ იბერის (ებროს) აღმ ნაპირას.
ჰასდრუბალის თანხმობით 226 წელს დაიდო ხელშეკრულება, რომელიც არსებითად კართაგოსათვის ხელსაყრელი იყო, ვინაიდან ამ მდინარის დასავლეთით მდებარე ესპანეთის ნაწილს მის სამფლობელოდ აღიარებდა.
ჰასდრუბალმა თავის მხრივ განამტკიცა კართაგოს ბატონობა ესპანეთის კუთვნილ ნაწილში და ადგილობრივ მოსახლეობას უდიდესი გადასახადები შეაწერა, მაგრამ გავიდა 5 წელი და 221 წელს ჰასდრუბალი მისი მეომრების თვალწიმ მოჰკლა ერთმა იბერმა, რომელიც ვერავითარმა წამებამ ვერ აიძულა დაესახელებინა თავისი თანამონაწილენი და შეუდრეკლად შეხვდა სასტიკ სასჯელს.
ჰასდრუბალის სიკვდილის შემდეგ კართაგენლების ესპანური ჯარების სარდალი გახდა ჰამილკარის 25 წლის ვაჟი ჰანიბალი.
არსებობს ცნობა, რომ ჰამილკარს ესპანეთში გამგზავრების წინ 9 წლის ვაჟმა ჰანიბალმა სთხოვა მეც თან წამიყვანეო, ჰამილკარი დათანხმებულა, მაგრამ ჯერ საკურთხეველთან მიუყვანია თავისი ვაჟი და უბრძანებია „ფიცი მიიღე, რომ სიკვდილამდე რომის მტერი იქნები და ყოველგვარი საშუალებით იბრძოლებ მის წინააღმდეგო“.
ჰანიბალი უდავოდ განთქმული სარდალი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკური მოღვაწე იყო. ტიტუს ლივიუსი მას ასე გვიხასიათებს: „არავინ არ უფრთხოდა საშიშროებებს ჰანიბალზე ნაკლებად, და არავინ არ იჩენდა მასზე მეტ წინდახედულობას. არანაირ სირთულეებს არ შეეძლო გაეტეხა მისი სულისკვეთება. სიცხესაც და ყივნასაც თანაბრად იტანდა. არასდროს არ ჭამდა და სვამდა გართობისათვის, მხოლოდ წყურვილისა და შიმშილის მოსაკლავად.
ჰანიბალის ჩაცმულობა არ გამოირჩეოდა მისი ქვეშევრდომების ჩაცმულობისგან, სამაგიეროდ აღჭურვილობითა და ცხენით ყველას აოცებდა. არავინ არ იყო არმიაში ჰანიბალზე დახელოვნებული, იგი პირველი შედიოდა ბრძოლაში და უკანასკნელი ტოვებდა ბრძოლის ველს“.
ის თავიდანვე შეუდგა ისეთი სტრატეგიული გეგმის განხორციელებას, რომელიც თვითონ იტალიაში რომზე თავდასხმას გულისხმობდა. საყურადღებოა, რომ ამ გეგმის განხორციელებაში ის დიდ ადგილს აკუთვნებდა რომისაგან იტალიელი ტომების განდგომას.
221–220 წლები ჰანიბალმა ცენტრალური ესპანეთის რამდენიმე ტომის დაპყრობას მოანდომა, რომ მომავლისათვის ამით თავისი ჯარების ზურგი ყოველგვარი მოულოდნელობისაგან უზრუნველეყო.
219 წ. კი მან ქ. საგუნტის გარემოცვა დაიწყო. ერთ დროს სამხრეთით მდებარე ზღვისპირა ქალაქთა შორის მხოლოდ იბერების ქ. საგუნტი არ ემორჩილებოდა კართაგოს ხელისუფლებას და რომთან კავშირში იმყოფებოდა. იმის საბაბით, რომ თითქოს საგუნტელები თავს დაესხნენ კართაგოსადმი დაქვემდებარებულ ერთერთ ტომს ჰანიბალმა ალყა შემოარტყა საგუნტს. საგუნტელები თავგამოდებით იცავდნენ დამოუკიდებლობას.
რომაელებმა კატეგორიულად მოსთხოვეს ჰანიბალს ხელი აეღო საგუნტის გარემოცვაზე, მაგრამ უშედეგოდ. 8 თვის თავგანწირული ბრძოლის შემდეგ საგუნტი იძულებული გახდა კართაგენელებს დანებებოდა და საშინელი განადგურება განიცადა. მაშინ რომის სენატმა მოციქულები წარგზავნა კართაგოში და ჰანიბალის გადაცემა მოითხოვა. მათ მისაღებად და მოსასმენად კართაგოს სენატი ბაალის ტაძარში შეიკრიბა, კამათი რომის სენატის მოციქულებსა და კართაგოს სენატის წევრებს შორის უშედეგოდ დამთავრდა. ერთადერთი ჰანონი იყო იმის მომხრე, რომ რომის სენატის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ, ყველა დანარჩენი კართაგენელი სენატორი ამის წინააღმდეგი იყო და ამით კართაგომაც რომაელებთან ომი აუცილებლად აღიარა, ასე წარმოიქმნა II პუნიკური ომი.
მეორე პუნიკური ომი (218–201)
ა) არმიები
ა) არმიები
კართაგენელთა არმია ფორმირებული იყო სხვადასხვა ხალხებისგან წარმომადგენლებისაგან: კელტები, ესპანელები, ლიბიელები, ნუმიდიელები.
კართაგენელთა არმიის მნიშვნელოვანი უპირატესობა ცხენოსანი ჯარი, განსაკუთრებით კი ნუმიდიური მსუბუქი კავალერია წარმოადგენდა. ნუმიდიელები მოკლე შუბებით იყვნენ აღჭურვილნი, ისინი ერიდებოდნენ ხელჩართულ ბრძოლაში ჩართვას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში არც ხელჩართულ შეტაკებაში ირცხვენდნენ თავს. ნუმიდიური კავალერიის წყალობით კართაგენელებმა მრავალი გამარჯვება მოიპოვეს და კანესთან გამარჯვებაშიც ამ მხედრებმა ლომის წვლილი შეიტანეს.
ჰანიბალის მძიმე კავალერიას შეადგენდნენ ესპანელები და კელტები, რომლებიც კანეს ბრძოლაში ერთად მოქმედებდნენ. კელტური კავალერია არისტოკრატიისაგან და მათი მსახურებისაგან შედგებოდა. მხედრები ძვირფას ჯავშანს და მუზარადებს ატარებდნენ. ესპანური კავალერიაც შესანიშნავად იყო გაწვრთნილი, ისინი აღჭურვილნი იყვნენ ხმლებითა და გრძელი შუბებით, ასევე თავდაცვისათვის იყენებდნენ პატარა, ძირითადად წრიულ ფარებს. ჰანიბალმა მძიმე კავალერიის კარგად გაწვრთნას დიდი ყურადღება დაუთმო და შედეგიც მიიღო. კანეს ბრძოლაში კელტურმა და ესპანურმა მხედრება დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს. ისინი ყოველთვის იქ ჩდებოდნენ სადაც საჭიროება მოითხოვდა. ზოგადად კართაგენის კავალერია ბევრად ძლიერი იყო რომაულზე, ეს კი გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც რომი ასე სამარცხვინოდ დამარცხდა იტალიაში შეჭრილ ჰანიბალთან ბრძოლებში.
ჰანიბალის საუკეთესო ქვეით ნაწილებს წარმოადგენდნენ ლიბიელები. მათი საომარი ტაქტიკა მაკედონლებისას წააგავდა, რადგან ფალანგის წყობას იყენებდნენ ბრძოლის ველზე. ტრაზიმენის ტბასთან ბრძოლის შემდეგ მათ აღჭურვილობაში დაღუპულ რომაელთა აბჯარიც შევიდა. ასევე კარგი ქვეითები იყვნენ ესპანელები და კელტები. ესპანელ ქვეითებს დიდი ფარები ჰქონდათ, ხოლო მათ მთავარ იარაღს შეადგენდა ხელშუბები და მოკლე ხმლები. კელტი ქვეითების შეიარაღება ესპანელებისას ვერ შეედრებოდა, მაგრამ ისინი უფრო მრავალრიცხოვნები იყვნენ. მათ მთავარ შეიარაღებას გრძელი საჩეხი ხმლები შეადგენდა, ასევე ჰქონდათ დიდი ოვალური ფარები. მეომართა უმრავლესობას აბჯარი არ გააჩნდა და ტანზემოთ შიშვლები იბრძოდნენ. ქვეითთა გასაძლიერებლად ჰანიბალი იყენებდა მეშურდულეებს ბალეარის კუნძულებიდან. ისინი ჯერ კიდევ ძვ.წ. IV ს-დან ემსახურებოდნენ კართაგენს. მეშურდულეები უპირატესობას ფლობდნენ შორეულ დისტანციაზე ბრძოლაში.
შურდულის უპირატესობა ის იყო, რომ იგი იმ დროინდელ მშვილდზე და ხელშუბზე შორ დისტანციაზე ისროდა და უფრო სწრაფადაც. შურდული მრისხანე იარაღი იყო და საკმაოდ დიდ ზიანს აყენებდა მოწინააღმდეგეს, განსაკუთრებით მსუბუქად აღჭურვილ მეომრებს. ბალეარის მეშურდულეების შეიარაღებას მხოლოდ უბრალო ტუნიკა და სამი შურდული შეადგენდა, რომლებიც სხვადასხვა დისტანციაზე სასროლად იყო განკუთვნილი. ბალეარის მეშურდულეების ნასროლი ქვების სეტყვის შედეგად დაეცა ბრძოლის ველზე რომაელი მხედართმთავარი ლუციუს ემილიუს პაულუსი.
რომაელთა არმიას ძირითადად ლეგიონები წარმოადგენდნენ. თითოეულ ლეგიონში 5000-მდე მეომარი მსახურობდა. აქედან 1600 ველიტი იყო – დაბალი ფენის წარმომადგენლები, რომლებიც მსუბუქად შეიარაღებულები იბრძოდნენ. მათი შეიარაღებას რამდენიმე ხელშუბი შეადგენდა, ხოლო დამცავ საშუალებას ტყავის ფარი. ველიტები ბრძოლის დროს პირველ რიგში ეწყობოდნენ, რათა მტრისთვის ხელშუბები დაეშინათ. შემდეგ უკვე მძიმე ქვეითთა სამი რიგი მოდიოდა. პირველ რიგში ჰასტატები იდგნენ, რომლებიც მანიპულებად იყოფოდნენ. თითოეული მანიპული 120 კაცისაგან შედგებოდა. ჰასტატების რაოდენობა 10 მანიპულს ითვლიდა.
ჰასტატების აღჭურვილობაში შედიოდა დიდი ფარი ე.წ. სკუტუმი, ასევე გლადიუსი და ხელშუბი, რომელსაც პილუმი ერქვა. შემდეგ რიგს უფრო გამოცდილი მეომრები – პრინციპები ავსებდნენ. პრინციპების რაოდენობაც 10 მანიპულს შეადგენდა. მათ იგივე აღჭურვილობა ჰქონდათ, რაც ჰასტატებს. მესამე რიგს ვეტერანი მეომრები – ტრიარები იკავებდნენ, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციებში ერთვებოდნენ ბრძოლაში. მათ მთავარ აღჭურვილობას შუბები შეადგენდა, ასევე მათ არსენალში იყო გლადიუსებიც. ჰასტატებისგან და პრინციპებისგან განსხვავებით ტრიარების მანიპული 60 მეომარს ითვლიდა. ვეტერანების რაოდენობაც 10 მანიპულს შეადგენდა.
ზოგადად, მძიმე ქვეითთა მთავარ აღჭურვილობა ასეთი გახლდათ: დიდი ოვალური ფარი, რომელსაც სკუტუმი ეწოდებოდა. იგი მეომრის მთლიან კორპუსს ფარავდა. ასევე იყო ხელშუბი პილუმი, რომელსაც გრძელი, მეტალის პირი ჰქონდა. პილუმის სხეულში მოხვედრა სიკვდილს ნიშნავდა, ხოლო თუ ფარს მოხვდებოდა, ფარი გამოუსადეგარი გახდებოდა ბრძოლისას, რადგან პილუმის ამოძრობა ფაქტიურად შეუძლებელი იყო. რომაელები ამ დროისთვის იყენებდნენ პატარა ხმლებს, რომელსაც „გლადიუს ჰისპანიენსისი“ (ანუ ესპანური გლადიუსი) ერქვა. გლადიუსი არ გამოიყენებოდა ჩეხვითი დარტყმებისთვის, მისი მთავარი დანიშნულებას ჩხვლეტა წარმოადგენდა.
ლეგიონის ძირითადი კავალერია ტურმებად იყოფოდა. თითოეულ ტურმაში 30 მხედარი ირიცხებოდა, ხოლო ტურმების რაოდენობა 10-ს ითვლიდა. მათ თავზე ბეოტიური ტიპის მუზარადი ეხურათ, ხოლო რაც შეეხება აღჭურვილობა, მათ ჰქონდათ მოკლე ხელშუბები და გლადიუსის მაგვარი მახვილი ჰასტა, რომელიც უფრო გრძელი იყო. მხედრები თავს მრგვალი ფარებით იცავდნენ.
ბ) ჰანიბალის ლაშქრობა იტალიაში
ჰანიბალმა იმ იმედით, რომ რომაელების საბოლოო დამარცხება იტალიაში შეიძლებოდა ურთიერთობა დაამყარა რომაელების მიერ დაპყრობილ გალებთან, რომელთაც მას დახმარება აღუთქვეს. რომაელებმა თავის მხრივ კართაგენლებთან ბრძოლა მათ ტერიტორიაზე გადაწყვიტეს, ამ მიზნით 1 რომაული ჯარი აფრიკის ტერიტორიაზე უნდა გადასულიყო, II ესპანეთში, მაგრამ ჰანიბალმა დაასწრო, ესპანეთში მან დატოვა თავისი ძმა ჰასდრუბალი საკმაოდ მნიშვნელოვანი სამხედრო ძალებით, ხოლო მეორე ძმის მაგონის თანხლებით 218 წელს გაზაფხულზე გამოვიდა ახალი კართაგოდან დიდი ჯარით, რომელშიც 50000 ფეხოსანი, 9000 ცხენოსანი და 37 საბრძოლო სპილო იყო, გადავიდა მდინარე იბერზე (ებრო), დაიპყრო ახლანდელი კატალონიის ტომები, გადალახა პირინეები და ზღვის ნაპირით მიემართებოდა სადაც კელტების ტომები ბინადრობდნენ, როცა მისი მეომრები მდ. როდანის (რონის) ქვედა წელთან მივიდნენ მათ წინსვლას დიდი წინააღმდეგობა გადაეღობა, მდინარის მეორე ნაპირას მასალიის მოკავშირე გალების დიდი რაზმი იდგა, მაგრამ ჰანიბალმა მოხერხებულად გადალახა ეს დაბრკოლება და ჯარის მთავარი ნაწილები უვნებლად გადაიყვანა მდინარეზე, მაგრამ წინ კიდევ უფრო დიდი და რთული დაბრკოლება იყო დასაძლევი ალპებზე გადასვლა, ამ ოპერაციის დროს მეომრები იყინებოდნენ, ზოგს კიდევ ფეხი უცურდებოდა და უფსკრულში ვარდებოდა.
ალპების მკაცრი ბუნების გარდა მათ მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ კელტების ადგილობრივი ტომები მტრულად ხვდებოდნენ. ალპებზე გადასვლა 33 დღე გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში ჰანიბალს დაეღუპა ქვეითი მეომრების ნახევარი და მხედრების მესამედი (მას მხოლოდ 12000 ლიბიელი 8000 იბერიელი ქვეითი და არაუმეტეს 6000 მხედარი 15 სპილო დარჩა), მაგრამ სამაგიეროდ დარჩენილმა მეომრებმა თავისუფლად ამოისუნთქეს პადუსის ბარში (საბოლოო ჯამში ჰანიბალმა 5 თვიანი უმძიმესი მგზავრობის შედეგად 1600 კმ გზა დაფარა).
ჰანიბალიც არ კარგავდა დროს და არმიის შევსების მიზნით ადგილობრივი ტომების გადაბირებას შეუდგა. ჰანიბალმა კავშირი შესთავაზა ტავრინების გალურ ტომს, მაგრამ მათ უარი თქვეს მოკავშირეობაზე. ჰანიბალმა ალყა შემოარტყა მათ დედაქალაქს (თანამედროვე ტურინი), სამი დღის ალყის შემდეგ აიღო და სასტიკად გაუსწორდა ტავრინებს. მათი განადგურების შემდეგ დანარჩენმა გალურმა ტომებმა უსიტყვოდ დაიკავეს კართაგენელთა მხარე. შედეგად ჰანიბალის ჯარმა დანაკლისი ნაწილობრივ მაინც შეივსო და სურსათით მომარაგდა.
რომაელები არ მოელოდნენ, რომ ჰანიბალი ასე მალე გამოჩნდებოდა იტალიაში და თითქმის 1 თვე დასჭირდათ ვიდრე მის წინააღმდეგ საომარ მოქმედებას დაიწყებდნენ.
218 წლის კონსული პუბლიუს კორნელიუს სციპიონი (მას 22000 ქვეითი და 2200 მხედარი ჰყავდა) გამზადებული იყო ესპანეთში გასამგზავრებლად, მაგრამ იძულებული გახდა ჩრდ. იტალიაში შეჩერებულიყო გალების ამბოხების გამო. მან ხელი ვერ შეუშალა ჰანიბალს მდ. როდანზე გადმოსვლაში, მან თავისი ძმა გნეუსი ესპანეთში გაგზავნა და თვითონ იტალიაში დაბრუნდა, რომ ალპების გასასვლელებთან ჰანიბალზე ადრე მისულიყო.
მეორე კონსული ტიბერიუს სემპრონიუს ლონგუსი (მას 24000 ქვეითი, 2400 მხედარი და 160 ხომალდი ჰყავდა) რომაელებმა სიცილიიდან გამოიწვიეს და ამრიგად ექსპედიცია აფრიკაში ჩაიშალა.
პირველი შეტაკება რომაელებსა და კართაგენლებს შორის 218 წლის ნოემბერში პადუსის მარცხენა შენაკადთან ტიცინუმთან (ტიცინო, ტიჩინო) მოხდა (ჰანიბალს 6000 მხედარი, სციპიონს 3100 მხედარი და 7200 ქვეითი), რომელშიც სციპიონი დაიჭრა (იგი გადაარჩინა მისმა 17 წლის შვილმა, შემდეგში სციპიონ აფრიკელად ცნობილმა) და მისი ჯარი დამარცხდა. მომხდარით შეშფოთებულმა რომაელებმა დიდი წვალებით გაარღვიეს ალყა და ბანაკში დაბრუნდნენ.
რომაელები ასეთ სწრაფსა და მოულოდნელ დამარცხებას არ ელოდნენ. სციპიონი გრძნობდა, რომ მისი არმია მტრის ხელახლა თავდასხმას ვერ გაუძლებდა და ლაშქრის გადარჩენაზე უნდა ეზრუნა. საჭირო იყო საიმედო თავშესაფრის პოვნა. სციპიონმა მეორე ღამესვე აყარა ლაშქარი და მდინარე პადუსი ფარულად გადალახა. ჰანიბალმა გვიან გაიგო მტრის გაქცევა, თავისი მეომრები დაადევნა და მაინც მოახერხა რამდენიმე ათასი ლტოლვილი რომაელი მეომრის ხელში ჩაგდება. სციპიონმა ქალაქ პლაცენციას შეაფარა თავი. პადუსის ნაპირებზე მყოფ ჰანიბალთან გამოცხადდნენ ციზალპელი გალების წარმომადგენლები და მეგობრობა და თანამშრომლობა შესთავაზეს. ჰანიბალის არმიის რიგები დღითი დღე ახალი მეომრებით ივსებოდა და ის დანაკლისი, რაც ესპანეთიდან იტალიამდე განიცადა, სულ მოკლე ხანში თითქმის ანაზღაურდა.
სციპიონმა პადუსის მარჯვენა შენაკადის ტრებიასაკენ დაიხია, აქ მას შეუერთდა სემპრონიუსის ჯარი რომელიც არმინიუმიდან გამოვიდა. კვლავ მოხდა ბრძოლა (218 წლის 18 დეკემბერს. ჰანიბალს ჰყავდა 31000 მებრძოლი, რომაელებს 45000), რომელიც რომაული ჯარის სრული დამარცხებით დამთავრდა (კართაგენელებმა დაკარგეს 4–500 კაცი, ხოლო რომაელებმა 20000).
ჰანიბალმა თავის უმცროს ძმა მაგონს დაავალა, ათასი ქვეითითა და ათასი მხედრით მდინარე ტრებიას აღმა აჰყოლოდა და მის ზემო წელზე ჩასაფრებულიყო. გამოწვევის მიზნით რომელთა ბანაკს ნუმიდიელი ცხენოსნები შეუსია, რომლებიც მოწინააღმდეგის ბანაკს გარს უვლიდნენ ისრების სროლითა და შეურაცხმყოფელი შეძახილებით. დანარჩენ მეომრებს კი საომრად მზადყოფნისაკენ მოუწოდა. ლონგუსი წამოეგო ანკესს, აჰყარა არმია და ბრძოლაში ჩაბმის ბრძანება გასცა. ნუმიდიელებმა მცირედი ბრძოლის შემდეგ გეგმის თანახმად უკან დახევა დაიწყეს და მდინარე უკანვე გადალახეს, რომაელები კვალში მიჰყვნენ და დეკემბრის სუსხიან დღეს, თოვლჭყაპში, მდინარე გადალახეს, სადაც ჰანიბალის ძირითადი რაზმი მათ უკვე ელოდებოდა. პირველმა შეტაკებამ ცხადყო კართაგენელთა უპირატესობა, მალე მდინარის ზემოთში ჩასაფრებულმა მაგონმა მოწინააღმდეგეს ზურგიდან დაარტყა. რომის განწირულმა არმიამ კართაგენელების ალყიდან თავი ძლივს დააღწია და დაახლოებით 10000 კაცით თავი ქალაქ პლაცენციას შეაფარა. მისკენვე დაიხია რომაელების ჯარის ნაწილმა სციპიონის მეთაურობით.
რომაელების ტიცინუსთან და ტრებიასთან დამარცხების შემდეგ მთელი ციზალპური გალია რამდენიმე უმნიშვნელო პუნქტის გამოკლებით ჰანიბალის კონტროლს დაექვემდებარა. გალების ის ტომები, რომლებიც ჯერ კიდევ ყოყმანობდნენ ახლა უკვე განუდგნენ რომს, დამარცხების ამბავმა შემაძრწუნებელი შთაბეჭდილება მოახდინა თვით რომზეც და პოლიტიკური ბრძოლის გამწვავება გამოიწვია.
217 წელს კონსულებად აირჩიეს გაიუს ფლამინიუსი და გნეუს სერვილიუსი. რომაელების ერთი ჯარი სერვილიუსის მეთაურობით არმინიუმში დაბანაკდა, ხოლო მეორე ფლამინიუსის მეთაურობით არიციაში.
მათ აპენინის მთების კლდეკარები უნდა დაეცვათ, ამავე დროს ჰანიბალმა გალიაში გამოიზამთრა და გაზაფხულის დამდეგს იმ მიზნით რომ არიციაში ფლამინიუსის კარგად გამაგრებული პოზიციებისათვის გვერდი აეხვია ჩრდ. იტალიისაკენ დაიძრა და კართაგენელი მეომრები 4 დღე და 3 ღამე მკერდამდე წყალში გადადიოდნენ იმ ჭაობებზე რომელთაც მდ. არნოს ადიდება ქმნიდა. ისინი ხანგამოშვებით დაღუპულ ცხენთა გვამებზე ისვენებდნენ. ეს ოპერაცია ჰანიბალს ძვირად დაუჯდა, ბევრი მეომარი დაეღუპა, ერთის გარდა ყველა სპილო მოუკვდა, თვითონაც ცალი თვალი დაკარგა. მიუხედავად ამისა მიზანს მაინც მიაღწია, რომაელების გამაგრებულ პოზიციებს შემოუარა და რომისაკენ დაიძრა.
როცა ეს ფლამინიუსმა შეიტყო აღარ დაუცადა დასახმარებლად წამოსულ მეორე კონსულს და ჰანიბალის მეომრებს უკან დაედევნა, ჰანიბალმა კი მზვერავთა მეშვეობით ყოველი მისი მოქმედება იცოდა.
ფლამინიუსის სამხედრო მოძრაობის გზა ტრაზიმენის ტბის მარცხენა ნაპირას ვიწრო ხეობაში მიემართებოდა. ჰანიბალმა ჯარები მთებზე განალაგა და როცა ვიწრო ხეობაში სათანადო დაზვერვის გარეშე რომაელების ჯარი შემოვიდა მას 3 მხრივ კართაგენლები დაესხნენ თავს და რომაელები სასტიკად დაამარცხეს. ბრძოლაში (მოხდა 217 წლის 22 ივნისს. კართაგენელებმა 40000 კაციდან 1500-მდე დაკარგეს, ხოლო რომაელებმა 31000 კაციდან 15000 დაიღუპა და 6000 ტყვედ ჩავარდა) მოკლეს ფლამინიუსი და თითქმის მთელი მისი ჯარი გაანადგურეს. ამ ამბავმა რომში საგანგაშო განწყობილება შექმნა, ყველას ეგონა, რომ ჰანიბალი პირდაპირ რომზე წამოვიდოდა, მაგრამ ის ჯარებით ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე გაიჭრა რათა კართაგოსთან დარღვეული კავშირი უზრუნველეყო.
მან გაიარა უმბრია და პიცენუმი, რომლებიც განადგურებული იყო და აპულიაში დაბანაკდა, რათა დაესვენებინა და რომაული წესის მიხედვით მოეწყო თავისი ქვეითი ჯარი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავისი პოლიტიკის მიხედვით ჰანიბალი რომაელი მოქალაქეების მეურნეობას არ ზოგავდა, შედარებით უფრო ლმობიერად ეპყრობოდა იტალიკებს, მათ ტყვეობიდან უსასყიდლოდ ათავისუფლებდა.
რომში სენატი რამდენიმე დღე თათბირობდა შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ტრაზიმენის ტბასთან ფლამინიუსის დამარცხებამ და სიკვდილმა ხელი შეუწყო არისტოკრატიული პარტიის გაძლიერებას. სენატმა გადაწყვიტა დიქტატორის დანიშვნა და კანდიდატად ქვინტუს ფაბიუს მაქსიმუსი წამოაყენა, რომელიც კუნქტატორის (ჯანჯალის) სახელით გახდა ცნობილი.
ვინაიდან 1 კონსული მოკლეს, ხოლო მეორე რომში არ იმყოფებოდა ფაბიუს მაქსიმუსის დიქტატორად არჩევა ცენტურიატულ კომიციებშიც ჩატარდა. ტიტე ლივიუსის სიტყვით რომაელებმა როგორც იქნა ბოლოს სარდლად აირჩიეს ადამიანი, რომელიც ომის წარმართვაში კეთილგონიერებაზე უფრო ამყარებდა იმედს ვიდრე ბრმა ბედზე.
ფაბიუსი ისე როგორც რომაელთა ჯარების მთავარსარდალი კართაგელების ჯარის დამარცხებას პარტიზანული ომისა და მათი რიგების დაუძლურების სისტემის გამოყენებით ფიქრობდა.
ისტორიკოს პოლიბიოსის სიტყვით მას კარგად ჰქონდა გათვალისწინებული, რომ კართაგელებისათვის, რომელთაც ყველაფერი უკან დატოვეს ერთადერთი ხსნა მხოლოდ გამარჯვება იყო, მაშინ როდესაც რომაელი მეომრების მდგომარეობა სულ სხვაგვარი გახლდათ.
ისინი თავის ქვეყანაში იბრძოდნენ და ადამიანთა და სურსათის ამოუწურავი მარაგი ჰქონდათ, მაგრამ ლივიუსის გადმოცემით ფაბიუსის ტაქტიკა რომში გაკიცხვას იწვევდა და მისი ოპოზიციური წრეები მას სამშობლოს ღალატშიც სდებდნენ ბრალს.
განსაკუთრებით უკმაყოფილონი იყვნენ გლეხები, რომელთაც გაჭიანრურებული ომები და იტალიის ტერიტორიაზე მტრის მოქმედება დიდიდ ზარალს აყენებდა. ამიტომ 216 წელს ფაბიუსს დიქტატორობა არ გაუგრძელეს და კონსულებად აირჩიეს ემილიუს პაულუსი ფაბიუსის ტაქტიკის მიმდევარი და კართაგელებთან გადამწყვეტი ომის მომხრე ტერენციუს ვარო, რომელიც ირწმუნებოდა მტერს იმ დღესვე დავამარცხებ როცა კი დავინახავო. ასე შემზადდა ძველ ისტორიაში ერთერთი უდიდესი ბრძოლა.
216 წლის ზაფხულში კართაგელების ჯარი აპულიაში იდგა ადრიატიკის ზღვის სანაპიროს მახლობლად. როცა ჰანიბალი იქ შეიჭრა მან დაიპყრო ქალაქი კანე და გაამაგრა იგი. მისი ჯარები დაბანაკდნენ ფართო ბარში რომელსაც კანესაგან მდ. ოვთიდიუმი ჰყოფდა. აქვე თავი მოიყარეს რომაელების ჯარებმა ორივე კონსულის მეთაურობით. კონსულებს შორის ომის წარმართვის საკითხში თანხმობა არ სუფევდა, პაულუსი წინააღმდეგი იყო ბრძოლისა და ფაბიუს მაქსიმუსის ტაქტიკას მისდევდა, ვარო კი გადამწყვეტი სამხედრო მოქმედების მომხრე იყო.
ჯარებს კონსულები რიგრიგობით მეთაურობდნენ და იმ დღეს (216 წლის 2 აგვისტო) როცა უმაღლესი სარდლობა ვაროს ხელში იყო მან მართლაც დაიწყო რომაელებისათვის საბედისწერო ბრძოლა, რომელშიაც ერთხელ კიდევ გამოჩნდა ჰანიბალის იშვიათი სამხედრო ნიჭი.
რომაელების ჯარი, რომელიც რიცხობრივად სჭარბობდა კართაგელებს (ძველი ისტორიკოსების ცნობებით კართაგენელებს ჰყავდათ 32000 მძიმედაღჭურვილი და 8000 მსუბუქადაღჭურვილი ქვეითი და 10000 მხედარი; რომაელებს 40000 რომაელი ქვეითი, 40000 მოკავშირე ქვეითი, 2400 რომაელი მხედარი და 4000 მოკავშირე ქვეითი. თანამედროვე ისტორიკოსთა კვლევებით რომაელები დაახლოებით 50000 იყვნენ, ხოლო კართაგენელები 40000) სრულ გარემოცვაში აღმოჩნდა და დიდმა არევ-დარევამ და პანიკამ მოიცვა.
რომაელთა ჯარის მნიშვნელოვანი ნაწილი ბრძოლის ველზე დაიღუპა (კართაგენელთაგან დაიღუპა 5700 და დაიჭრა 10000. რომაელთაგან პოლიბიუსის ცნობით დაიღუპა 70000, ლივიუსისა და პლუტარქეს ცნობით 50000 კაცი), 14000 მეომარი კართაგენლებს ტყვედ ჩაუვარდა და მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილმა გაქცევით უშველა თავს. ტიტუს ლივიუსის ცნობით კანეს ბრძოლაში 45500 ქვეითი და 2700 მხედარი დაეცა ბრძოლის ველზე რომაელთა მხრიდან. ასევე დაიღუპა ბევრი სენატორი, მათ შორის ყოფილი კონსულები გნეუს სერვილიუს გემინუსი და მარკუს მინუციუსი. ტყვედ ჩავარდა 4500 მებრძოლი.
მათ შორის იყო თვით კონსული ტერენციუს ვარო, ხოლო ბრძოლის ველზე დაღუპულთა რიცხვში იყვნენ სამხედრო ტრიბუნები, სენატორები და თვით კონსული ემილიუს პაულუსი.
რომაელების ასეთმა სასტიკმა დამარცხებამ ფრიად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. რომაელები ფიქრობდნენ, რომ ჰანიბალი რომზე გამოილაშქრებდა და ყოველგვარი ღონისძიება მიიღეს ახალი გაწვრთნილი რაზმების შესადგენად.
სამხედრო სამსახურში გაიწვიეს ყველა რომაელი მოქალაქე 17 წლიდან დაწყებული და ისეთ უკიდურეს ზომასაც კი მიმართეს, რომ სახელმწიფოს ხარჯზე 8000 ახალგაზრდა მონა გამოისყიდეს და მათგან 2 ლეგიონი შექმნეს, ამასთან ერთად რომაელებმა თავიანთ ერთგულ მოკავშირეებს მოციქულების პირით დახმარება სთხოვეს.
არც ჰანიბალის მდგომარეობა იყო მტკიცე. კართაგოდან იგი ამაოდ ელოდა დახმარებას და მისი ჯარიც შესამჩნევად დასუსტდა, ამიტომ მან რომაელების დამარცხება უპირველესად დიპლომატიური მიზნებისათვის გამოიყენა. ჯერ რომაელებთან სამშვიდობო მოლაპარაკება შეეთვალა, მაგრამ როცა სენატისაგან უარი მიიღო მაშინ რომაელების მოკავშირეებთან ურთიერთობა გააძლიერა და მათ თანდათანობით იწყეს მის მხარეზე გადასვლა.
216 წელს რომს განუდგა აპულიის ქალაქების უმრავლესობა ცენტრალურის სამნიუმის ტომები და ბერძნული ქალაქების გამოკლებით ლუკანია და ბრუტიუმი, აგრეთვე კაპუა. კაპუაში ანტირომაულ მოძრაობას რომის კანესთან დამარცხების შემდეგ ამწვავებდა თვით ქალაქის შიგნით წარმოქმნილი სოციალური წინააღმდეგობაც. კაპუას სენატი რომაელებთან კავშირის მომხრე იყო, პლებსი კი ჰანიბალთან დაკავშირებისა.
კაპუელებმა ჰანიბალთან მოციქულები გაგზავნეს და ასეთი საზავო ხელშეკრულება წარუდგინეს. არც კართაგელების ბელადს და არც სენატორებს უფლება არ ჰქონდათ კაპუელ მოქალაქეთა გასამართლებისა, არც ერთი მოქალაქე არ უნდა გაეწვიათ სამხედრო სამსახურში მისი ნების გარეშე, კაპუელებს უნდა შეენარჩუნებინათ თავიანთი კანონები და თანამდებობის პირები. ამას გარდა კართაგენლებს რომაელი ტყვეებისაგან მათთვის უნდა გადაეცათ 300 კაცი სიცილიაში მყოფ მხედრებზე გადასაცვლელად, თუმცა კამპანიის ბერძნული ქალაქები კუმე და ნეაპოლი რომის ერთგული დარჩნენ.
212 წელს ადგილობრივ არისტოკრატიაზე დაყრდნობით ჰანიბალმა მაინც დაიკავა ქ. ტარენტუმი, მალე მას მეტაპონტამ და თურიამ მიბაძეს. ჰანიბალის მხარეს გადავიდა სიცილიის ქალაქი სირაკუზი და ზოგი სხვაც, ამას გარდა კანესთან რომის დამარცხების შემდეგ ჰანიბალთან კავშირი დადო მაკედონიის მეფე ფილიპე V-მ, რომელმაც ილირიაში ომი დაიწყო რომაელების წინააღმდეგ, მაგრამ მთელი იტალიის დაპყრობა ჰანიბალმა მაინც ვერ შეძლო და ზოგიერთი მხარე მაგ. ეტრურია ბოლომდე რომის ერთგული დარჩა.
რომაელებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ცენტრალურმა იტალიამ რომს არ უღალატა და მას სამხედრო შევსებასაც აძლევდა, ჰანიბალის მდგომარეობა დღითიდღე რთულდებოდა.
კართაგენის მმართველები ვერ ახერხებდნენ მისთვის დამხმარე ძალების მიწოდებას, თუმცა კანესთან ბრძოლის შემდეგ აქ ჩავიდა ჰანიბალის ძმა მაგონი დამხმარე ჯარის იტალიაში წამოსაყვანად.
* * *
213 წლიდან არ წყდება ბრძოლა ესპანეთში სადაც რომის ჯარს გნეუს კორნელიუს სციპიონი სარდლობდა, ხოლო 217 წელს იქ გაიგზავნა მისი ძმა პუბლიუს სციპიონი, 213 წლის კონსული რომელიც ადრე ჰანიბალმა დაამარცხა.
რომაელმა ჯარმა აქ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ჰანიბალის ძმის ჰასდრუბალის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ უკანასკნელის მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ კართაგენის ხელისუფლებამ საჭიროდ ჩათვალა მაგონი დამხმარე ჯარით იტალიაში კი არა იქ გაეგზავნა. ამის შემდეგ ესპანეთში რომაელებს წარმატებისათვის აღარ მიუღწევიათ, ხოლო 211 წელს ძმები სციპიონები სასტიკად დამარცხდნენ და პუბლიუსი დაიღუპა კიდეც, მაგრამ რომაელები არ ფიქრობდნენ ამ მარცხს შერიგებოდნენ. 210 წელს ახალი ჯარი გაიგზავნა დაღუპული სციპიონის ვაჟის ახალგაზრდა პუბლიუს კორნელიუს სციპიონის სარდლობით, თუმცა იგი ახალგაზრდა იყო პუბლიუსმა თავი გამოიჩინა ჰანიბალთან ბრძოლებში განსაკუთრებით კანესთან, ამის საფუძველზე კომიციებმა მას პროკონსულის უფლებები და იმპერიუმი მიანიჭა.
209 წელს პუბლიუსმა აიღო ახალი კართაგენი და უპირატესობას დაეუფლა. ამ დროს ჰასდრუბალს ჰანიბალისგან მოუვიდა მოთხოვნა სასწრაფოდ გამგზავრებულიყო იტალიაში მის დასახმარებლად. ჰასდრუბალსა და რომაელებს შორის მეორე ბრძოლა გაიმართა ძვ. წ. 208 წელს ბეკულასთან. ჰასდრუბალი დანაკარგების მიუხედავად პირენეს მთებისაკენ გაიჭრა, სადაც შეუერთდნენ მაგონი და ჰასდრუბალ გისგონის ძე. სციპიონმა დადევნება ვერ გაბედა. მთავარსარდლებმა გადაწყვიტეს იტალიისაკენ გზა ჰასდრუბალს გაეგრძელებინა. ადგილობრივმა მოსახლეობამ იგი მშვიდობით გაატარა. ალპებშიც ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდა და ძვ. წ. 207 წლის ზაფხულში იტალიაში შევიდა.
* * *
214 წელს რომის ჯარი კონსულ მარკუს კლავდიუს მარცელიუსის სარდლობით სიცილიაში გადავიდა, ხოლო სანაპიროებისაკენ გაიგზავნა ფლოტი პრეტორის აპიუს კლავდიუსის მეთაურობით. რომაელებმა სირაკუზს ხმელეთიდან და ზღვიდან ალყა შემოარტყეს. კართაგენელთა ცდა როგორმე ეხსნათ ეს ქალაქი უშედეგოდ დამთავრდა.
211 წელს რომაელებმა შეძლეს სირაკუზის აღება და სასტიკად დაარბიეს იგი, ამ დროს დაიღუპა დიდი მათემატიკოსი არქიმედე, რომელიც ქალაქის თავდაცვაში აქტიურად მონაწილეობდა როგორც გამოცდილი ინჟინერი.
210 წელს რომაელებს დანებდა ქ. აგრიგენტუმი და კართაგენელთა ჯარი იძულებული გახდა სიცილია მთლიანად დაეცალა, ეს კართაგენელთა მარცხი იყო, რადგან სიცილია თავისებურ ხიდს წარმოადეგენდა აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროსა და იტალიას შორის. კავშირი კართაგოსა და იტალიაში მყოფ ჰანიბალს შორის ძალზე ძნელდებოდა.
* * *
ილირიაში რომის დამკვიდრებამ დიდად შეაშფოთა მაკედონიის მეფე, როცა რომაელები კანესთან ბრძოლაში დამარცხდნენ მან ჰანიბალთან კავშირი დაამყარა და რომს ომი გამოუცხადა.
ფილიპე V იტალიაში კართაგენელებისათვის დახმარებას კისრულობდა, ხოლო ჰანიბალი ვალდებულებას იღებდა ფილიპესათვის მხარი დაეჭირა ბალკანეთის ნკ-ზე სრული გაბატონებისათვის.
საქმეში ჩაერია რომის დიპლომატია, მან აუმხედრა ფილიპეს ეტოლიის კავშირი და ზოგიერთი სხვა ბერძნული ქალაქი. ანტიმაკედონურ კავშირს მიემხრო პერგამონის მეფე ატალოს I.
რომმა ომში მცირე მონაწილეობა მიიღო, იგი ძირითადად სხვათა ძალებით აწარმოა, ამ გზით მან ხელი შეუშალა ფილიპე V-ს იტალიაში გადმოსულიყო, ხოლო 205 წელს ფილიპესთან ზავს მიაღწია.
საზავო პირობების თანახმად რომმა დაუთმო ფილიპეს ილირიის ზოგიერთი ოლქი, მთავარი კი ის იყო, რომ რომმა მოახერხა ხელი შეეშალა იტალიაში ფილიპესა და ჰანიბალის ერთობლივი მოქმედებისათვის.
წარმატებით მიმდინარეობდა რომაელების ბრძოლა კამპანიაში კვლავ განატონებისათვის, აქ მათ თავი მოუყარეს ათ ლეგიონს და კაპუას ალყა შემოარტყეს. ჰანიბალი გამოეშურა გარემოცული კაპუას დასახსნელად და აიძულა რომაელები ალყა მოეხსნათ. მაგრამ ჰანიბალი კვლავ სამხრეთით წავიდა და რომაელებმა კაპუას გარემოცვა განაახლეს.
უკან დაბრუნებული ჰანიბალი დიდად შეეცადა დახმარებოდა კაპუას, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ ჰანიბალმა რომისაკენ იბრუნა პირი, რომ ასეთი დემონსტრაციით აეძულებინა რომაელები ხელი აეღოთ კაპუას გარემოცვაზე.
ჰანიბალმა ელვისებურად მოამზადა არმია, დაუყოვნებლივ აიღო გეზი სამნიუმისაკენ და გადავიდა „ლათინურ გზაზე“, რომელიც პირდაპირ რომისაკენ მიემართებოდა. ფულვიუს ფლაკუსმა ეს ამბავი მაშინვე სენატს აცნობა. ფაბიუს მაქსიმუსმა კარგად იცოდა ჰანიბალის ავანტიურის შესახებ და მის მანევრებს სრული სიმშვიდით შეხვდა. სწორედ ამის გამო რომის არმიამ კაპუას ალყა არ მოხსნა. თუმცა ფულვიუს ფლაკუსი დედაქალაქისაკენ გაემგზავრა, რათა მტრისთვის რომის მისადგომებთან მისვლა დაესწრო. რომის მოსახლეობა პანიკამ მოიცვა, სასტიკი მტერი ქალაქის კარიბჭეს უახლოვდებოდა. კართაგენის არმია რომის გარეუბანში დაბანაკდა. ლაციუმი დაარბია და ააოხრა. ჰანიბალი პირველად იმყოფებოდა რომთან ასე ახლოს გადაწყვიტა შეეთვალიერებინა მისი კედლები და 2000 მეომრის თანხლებით მიადგა მის გალავანს.
რომის კედლებთან ლეგენდარული ჰანიბალი იდგა. Hannibal ante portas! – „ჰანიბალი კართანაა!“ – რომაელთა ხსოვნაში დარჩა, როგორც ყველაზე დიდი საშიშროება, რომლის მსგავსი მარადიულ ქალაქს მანამდე არ განეცადა.
ჰანიბალმა მცირე ხნით დაჰყო ქალაქის მახლობლად, მას არც უცდია რომზე თავდასხმა, თუმცა აქტიურად დაიწყო შემოგარენის ძარცვა და აოხრება. ამასობაში ჰანიბალი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ რომაელები კაპუას ალყას არ მოხსნიდნენ და ამჟამინდელი ლაშქრობის გაგრძელება არაფრის მომცემი იყო. ლაციუმი მიატოვა და ტარენტუმის მიმართულებით სამხრეთ იტალიისკენ დაიძრა.
რომის არმია საფარიდან გამოვიდა და დაედევნა, ჰანიბალმა მათ სერიოზული ზიანი მიაყენა. თუმცა კვლავ უკუიქცა. ჰანიბალისთვის კაპუის საქმეებშიც ჩარევამაც აზრი დაკარგა, ქალაქი ბედის ანაბარა დატოვა, კამპანიას გაეცალა და თავი ბრუტიუმს შეაფარა. ლაციუმიდან ჰანიბალის წასვლამ რომაელებს საშუალება მისცა დამატებითი ძალებით მიეხედათ კაპუისათვის. რომის არმია კაპუაში შეიჭრა. მარტო დარჩენილი კაპუელები იძულებული გახდნენ 211 წელს რომაელებს დანებებოდნენ. მათ სასტიკად გაუსწორდნენ, ბევრი სენატორი სიკვდილით დასაჯეს, სხვა წარჩინებული პირები სხვადასხვა ქალაქში გადაასახლეს და მრავალი კაპუელი მონებად გაყიდეს. ქალაქში მხოლოდ ის ლიბერტინები, ვაჭრები და ხელოსნები დატოვეს, რომლებიც კაპუელებს არ ეკუთვნოდნენ. ქალაქს ჩამოერთვა დამოუკიდებელი თვითმმართველობა. კაპუის აღება რომის უდიდესი გამარჯვება და ჰანიბალის სერიოზული წარუმატებლობა იყო. მისი ავტორიტეტი მოკავშირეებს შორის საშინლად დაეცა. იტალიელებზე ამ ამბავმა ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა. ბევრისათვის უკვე ნათელი გახდა, რომ ჰანიბალის მზე ჩაესვენა და ამიტომ განდგომილი მხარეები და ქალაქები ჩქარობდნენ რომის ქვეშევრდომობაში დაბრუნებას. შედეგად იტალიის ნაწილში დაიწყო პრორომაული აჯანყებები.
ძვ. წ. 209 წელს რომის კონსულებად აირჩიეს კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსი (მეხუთედ) და კვინტუს ფულვიუს ფლაკუსი (მეოთხედ). სარდლობამ მოქმედების სფერო გაინაწილა, ფაბიუსს იერიში უნდა მიეტანა ტარენტუმზე, ფლაკუსსა და პროკონსულ მარცელუსს კი ჰანიბალის დევნა განეგრძოთ. ფაბიუსი ტარენტუმს მიადგა. ფლაკუსმა და მარცელუსმა კანუზიასთან გამართულ ბრძოლაში ჰანიბალი დაამარცხეს. ამ მარცხის შემდეგ ჰანიბალს თითქმის ერთბაშად ჩამოშორდნენ ადრინდელი მოკავშირეები: ჰირპინები, ლუკანები და ვულციენტები. ჰანიბალმა გადაწყვიტა ტარენტუმი მაინც შეენარჩუნებინა, მაგრამ გზაში გაიგო, რომ ტარენტუმი უკვე რომაელთა ხელში იყო.
ძვ. წ. 208 წელს კონსული გახდა მარკუს კლავდიუს მარცელუსი, რომელსაც კართაგენელებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება ჰქონდა. იგი ადრე ერიდებოდა ჰანიბალთან შებმას, მაგრამ ახლა ესწრაფოდა მასთან შებრძოლებას. მიუახლოვდა აპულიაში მდგომ ჰანიბალის ბანაკს და დაიწყო მისი დაზვერვა. დაზვერვის დროს ერთ-ერთ მაღლობზე ჩაუსაფრდნენ ნუმიდიელები და ალყაში მოაქციეს 220 კაციანი მცირე რაზმი. ბრძოლის დროს მარცელუსი დაიღუპა, მეორე კონსული ტიტუს კვინქტიუს კრისპინუსი დაიჭრა და გაქცევით უშველა თავს. უსარდლოდ დარჩენილმა არმიამ ბრძოლის გაგრძელება ვერ გაბედა და იქაურობას გაშორდა, გამარჯვება კართაგენელებს დარჩათ.
ჰანიბალი უმცირეს მომენტსაც კი არ უშვებდა ხელიდან, რომ თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. მას ხელთ ჩაუვარდა მარცელიუსის ბეჭედი და სცადა ამ ბეჭდის სათავისოდ გამოყენება. ჰანიბალმა მრავალი წერილი დააგზავნა მოსახლეობაში. იგი მარცელიუსის სახელით მოსახლეობას დანებებას მოუწოდებდა. ბეჭდის ამბავი იცოდა კრისპინუსმა და წინასწარ მიიღო ზომები, სასწრაფოდ დააგზავნა მაცნეები და ყველას შეატყობინა ბეჭდის ამბავი. მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ბეჭედი ჰანიბალის ხელში იყო და არ აჰყოლოდნენ მის პროვოკაციას. არც ამჯერად გაუმართლა ჰანიბალს. ამის შემდეგ იგი ქალაქ ლოკრის მიმართულებით გაემართა, რათა ქალაქის მცხოვრებლებს დახმარებოდა. ჰანიბალის გამოჩენამ რომაელები აიძულა ქალაქს გასცლოდნენ და ქალაქი ხელში ჩაიგდო. აქედან კართაგენის არმია ბრუტიუმში შეიჭრა. რომის არმია ვენუზიაში იყო გამაგრებული. კრისპინუსმა სენატს შეატყობინა, მძიმე ჭრილობის გამო არმიის ხელმძღვანელობა არ შემიძია და შემცვლელი გამომიგზავნეთო. ვენუზიაში სარდლად ფაბიუს მაქსიმე უმცროსი გაიგზავნა. თვით კრისპინუსი კი იმავე წლის ბოლოს გარდაიცვალა. ჰანიბალი ნაკლები წარმატებებით, მაგრამ ისევ განაგრძობდა სამხრეთი იტალიის აოხრებას.
რომის მისადგომებიდან გამობრუნებული ჰანიბალის ლაშქარი, რამდენიმე გამარჯვების მიუხედავად, აღარ ჰგავდა ტრაზიმენის ტბასთან და კანესთან ტრიუმფით გამარჯვებულ არმიას. ჰანიბალის ერთადერთი იმედი იყო ჰასდრუბალი, მას შეეძლო ძმის გადარჩენა, მაგრამ ისიც არანაკლებ ომს აწარმოებდა იბერიაში. იგი რომაელებს მტკიცედ ჰყავდათ მიჯაჭვული პირენეს ნახევარკუნძულზე და მისი დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ.
ჰანიბალის მდგომარეობა კი თანდათან ტრაგიკული ხდებოდა. რაკი კართაგოდან მას დახმარება არ მოსდიოდა მან დასახმარებლად ესპანეთიდან თავის ძმას მოუხმო.
208 წელს ჰასდრუბალმა გვერდი აუხვია რომაელებს, სამხრეთ ესპანეთში გადავიდა, ჩქარი ტემპით გადასერა იბერიის ნკ და გაეშურა იტალიისაკენ ჰანიბალის მარშრუტით. მან 207 წლის გაზაფხულზე გადალახა ალპები და პადუსის ბარში გალებით შეავსო ჯარის ნაწილები.
ჰასდრუბალმა აპულიაში მდგომ ჰანიბალს მაცნე გაუგზავნა და გაერთიანების ადგილი შეატყობინა. მაცნეები რომაელებმა ჩაიგდეს ხელში და აწამეს. წამებისას მათ ათქმევინეს, რომ ძმები უმბრიაში, ქალაქ ნარნიის მახლობლად უნდა შეხვედროდნენ. ხელისუფლებას უნდა ეჩქარა, რომ ძმების არმიების გაერთიანება არ დაეშვა. ჰანიბალი მაცნეს ელოდა, ჰასდრუბალი დარწმუნებული იყო, რომ მაცნეებმა ადგილზე ჩააღწიეს. ასე იდგნენ ჩრდილოეთ იტალიაში ჰასდრუბალი და სამხრეთ იტალიაში ჰანიბალი. კონსულმა ნერონმა, რომელსაც ჰანიბალის შეჩერება ევალებოდა, დაასკვნა, რომ რადგან ჰანიბალმა არაფერი იცის ძმის შესახებ სჯობს მცირე რაზმი დაეტოვებინა მის სათვალთვალოდ, ძირითადი რაზმით კი იგი ცენტრალური იტალიის გავლით მეორე კონსულ სალინატორს შეერთებოდა და ჰასდრუბალის წინააღმდეგ ემოქმედათ. ჰასდრუბალმა უზარმაზარი არმიის ხილვის შემდეგ გაცლა ამჯობინა. იგი უმბრიისკენ გაემართა, სადაც მისი აზრით ჰანიბალს შეხვდებოდა. თუმცა რომაელებთან შეტაკება გარდაუვალი გახდა. ძვ. წ. 207 წლის 23 ივნისს პატარა მდინარე მეტაურუსთან (ადრიატიკის ზღვას არიმინუმის სამხრეთით ერთვის) გაიმართა სასტიკი ბრძოლა. ბრძოლაში დაიღუპა ჰასდრუბალი (რომაელებმა მას თავი მოჭრეს და ჰანიბალს გაუგზავნეს) და განადგურდა მისი არმია.
რომის არმიამ სამხრეთისაკენ გადაინაცვლა და ჰანიბალს მიუახლოვდა. ნერონმა ორ აფრიკელ ტყვეს ჰასდრუბალის მოჭრილი თავი გაატანა ჰანიბალთან. ძმის სიკვდილით გამწარებულს თანამებრძოლებისათვის უთქვამს: „კართაგენის ბედი ჩემთვის უკვე ცნობილიაო“. ჰანიბალი არ ცდებოდა. ჰასდრუბალის სიკვდილით კართაგენს ყველაზე მტკიცე ბურჯი გამოეცალა. რომაელები მტრის საბოლოო განადგურებისათვის ემზადებოდნენ.
ამასთან ერთად იმავე 207 წელს სციპიონმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ესპანეთში კართაგელების შეერთებულ არმიებზე. ამით ბოლო მოეღო კართაგენლების ბატონობას იბერიის ნკ-ზე.
მაგონმა დარჩენილი ჯარით ჯერ ზღვისპირა ქ. გადესში დაიხია და მერე ბალეარის კუნძულებზდე გადავიდა ახალი ძალების შესაკრებად, თუმცა დრო გადიოდა და ჰანიბალს ვერაფრით ეხმარებოდა. მისი ყოფნა იტალიაში უკვე აღარავის აწუხებდა, რადგან ძალებშემცირებული გამუდმებით გაურბოდა რომაელებთან შებრძოლებას და 206 წლიდან არაფერს აკეთებდა.
გ) ომის ბოლო ეტაპი
ძვ. წ. 205 წლისათვის რომის კონსულებად აირჩიეს კორნელიუს სციპიონი და პუბლიუს ლიცინიუს კრასუს დივე. სციპიონმა გადაწყვიტა ბრძოლის ასპარეზი აფრიკაში გადაეტანა. სციპიონის გეგმას რომის სენატში ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა სციპიონის აფრიკაში ლაშქრობა, თუმცა სენატმა დაფინანსებაზე უარი უთხრა და უფლებათა და მოქმედებათა არეც შეუზღუდეს: მას მხოლოდ სიცილია გადასცეს.
ძვ. წ. 205 წელს ჰანიბალის უმცროსი ძმა მაგონი ბალეარის კუნძულებიდან მცირე ფლოტით იტალიაში ჩავიდა. სწორედ აქ გაიგო სციპიონის გადაწყვეტილება და არმიის ნაწილი აფრიკაში გაგზავნა კართაგენის დასაცავად. ჰანიბალი ამ დროს ბრუტიუმში იდგა. მისი სურვილით აღმართეს სამსხვერპლო და მსხვერპლი შესწირეს ქალღმერთ იუნონას ტაძარს, სამსხვერპლოზე ამოკვეთეს წარწერა ფინიკიურ და ბერძნულ ენებზე, რომელშიც ვრცლად იყო მოთხრობილი მთელი მისი ლაშქრობის ამბავი. ეს წარწერა უნახავს და წაუკითხავს პოლიბიოსს.
მაგონი გადავიდა ლიგურიის სანაპიროზე, დაიკავა გენუა და ურთიერთობა დაამყარა გალებთან, მაგრამ მათ არავითარი დახმარება არ აღმოუჩინეს. ის შეეცადა ლიგურიიდან წასულიყო ძმის დასახმარებლად, მაგრამ ბრძოლაში დაიჭრა და მგზავრობის დროს გზაში ძვ. წ. 203 წელს გარდაიცვალა.
სციპიონი კი სიცილიაში გადავიდა და დაიწყო მზადება აფრიკაში სალაშქროდ. მანამდე თავის მეგობარს გაიუს ლელიუსს უბრძანა დაეზვერა აფრიკის სანაპირო. ლელიუსი დაუყოვნებლივ შეუდგა დავალების შესრულებას. იგი მიადგა ჰიპონ რეგიუმის შემოგარენს და დაიწყო მისი აოხრება. ჰანიბალი კი ამ დროს იტალიაში უმოქმედოდ იდგა. კართაგენმა მას შემდეგ რაც გაარკვიეს, რომ ზღვიდან შემოჭრილი მტერი სციპიონი არ იყო. დაიწყეს მაგონისათვის დამხმარე ძალის შეგოვება. მას გაუგზავნეს 25 ხომალდი, 6000 ქვეითი, 800 მხედარი და 7 სპილო, მასვე ებრძანა ახალი არმიით მიახლოებოდა რომს და შეერთებოდა ჰანიბალს.
სციპიონიც თითქმის მზად იყო აფრიკაში გადასასვლელად, როდესაც გაიგო, რომ ჰანიბალი ქალაქ ლოკრს უახლოვდებოდა. იგი გაემართა იტალიისაკენ ზღვიდან მიადგა ლოკრს, გააძლიერა ქალაქის გარნიზონი და ლოკრი ჰანიბალისათვის მიუწვდომელი გახადა. ამის შემდეგ სციპიონი დაბრუნდა სიცილიაში და აფრიკაში გადასვლის სამზადისს შეუდგა.
ძვ. წ. 204 წლის გაზაფხულზე სციპიონი 30000 მეომრით აფრიკაში გადავიდა. ლაშქარმა ბანაკი ქალაქ უტიკასთან დასცა და სამხედრო კავშირი დადო ჰანიბალის ყოფილ მოკავშირე, აღმ. ნუმიდიის მეფე მასინისასთან. სციპიონის პირველი ნაბიჯი აფრიკაში იყო უტიკის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქის აღება. შემდეგ კი უტიკას შემოარტყა ალყა.
კართაგენელებს ჰანიბალის მოსვლამდე მეთაურობდა ჰასდრუბალ გისკოს ძე, რომელმაც მოკავშირედ გაიხადა დას. ნუმიდიის მეფე სიფაქსი (215–203). 203 წელს ჰასდრუბალმა და სიფაქსმა მოახერხეს 30000-იანი ლაშქრის შეკრება სციპიონის დამარცხება და აიძულეს უტიკზე ალყა მოეხსნა, მაგრამ რომაელთა ცბიერმა სარდალმა მოახერხა პოზიციების აღდგენა, სეპარატული მოლაპარაკება წამოიწყო სიფაქსთან და სანამ მოწინააღმდეგეები გონს მოვიდოდნენ ღამით დაესხა თავს მათ ბანაკებს და გაანადგურა. სიფაქსი გაიქცა, თუმცა სციპიონი დაედევნა, გზაში ისევ დაამარცხა და ტყვედ იგდო. ნუმიდიელთა მეფე ტრიუმფზეც გაატარეს რომში, სადაც გარდაიცვალა კიდეც ტყვეობაში, ხოლო მისი სამეფო მასინისას გადაეცა.
რაც შეეხება ჰასდრუბალს, იგი კართაგენში გაბრუნდა, რათა ახალი ბრძოლებისთვის მომზადებულიყო.
აღნიშნულმა დამარცხებებმა კართაგენი დაარწმუნა, რომ სახელმწიფოს ბრძოლის გაგრძელება აღარ შეეძლო. ქვეყანას ზავი თუ გადაარჩენდა. ოცდაათი წარჩინებული კართაგენელი გამოცხადდა რომაელთა ბანაკში და მორჩილად მოიყარეს ფეხი სციპიონის წინაშე. ელჩებმა ომზე პასუხისმგებლობა მთლიანად ჰანიბალს გადააბრალეს და ქალაქის შეწყალება სთხოვეს. სციპიონი ზავზე დათანხმდა, თუმცა ძალზედ მძიმე პირობები შესთავაზა: კართაგენს რომისათვის უნდა დაებრუნებინა ტყვეები, ემიგრანტები, გაქცეული მონები, დაუყვნებლივ გამოეყვანა არმია იტალიიდან და გალიიდან; უარი ეთქვა ესპანეთზე და ყველა იმ კუნძულზე, რომელიც იტალიასა და აფრიკას შორის მდებარეობდა; რომისათვის გადაეცა ყველა სამხედრო ხომალდი, 20-ის გარდა; გადაეხადა 500 ათასი საწყაო ხორბალი, 300 ათასი საწყაო ქერი და კონტრიბუცია 5 ათასი ტალანტის ოდენობით. კართაგენის ხელისუფლებამ უარყო სციპიონის პირობები, მაგრამ დროის მოგების მიზნით მოლაპარაკება მაინც განაგრძო. კართაგენის ელჩები რომშიც კი ჩავიდნენ, მაგრამ ქალაქში არ შეუშვეს, არც მათი წინადადება მიიღეს. სენატმა სციპიონს შეუთვალა ომი განეგრძო, ხოლო ელჩები უპასუხოდ დაითხოვეს.
კართაგენის მაცნეები ჰანიბალთან გამოცხადდნენ და სამშობლოში დაბრუნება უბრძანეს. ჰანიბალს მეტი გზა არ ჰქონდა. ჰანიბალმა შეკრიბა იტალიური წარმოშობის მებრძოლები და აფრიკაში ბრძოლის გაგრძელება შესთავაზა, თუმცა ამ იდეით ისინი ვერ მოხიბლა. უარის გამო იტალიკები ერთიანად გაჟლიტა კართაგენის არმიამ. ჰანიბალმა აფრიკაში გადასასვლელად დაიწყო მზადება. ამის აღსანიშნავად რომში ხუთდღიანი ზეიმი გაიმართა.
ძვ. წ. 203 წელს ჰანიბალი აფრიკაში დაბრუნდა, ქ. ლეპტიკცში გადმოვიდა და იქ გაატარა ზამთარი, მისი დაბრუნებით გათამამებულმა სამხედრო პარტიამ შეწყვიტა რომაელებთან მოლაპარაკება და ამით ომის გაგრძელება გამოიწვია.
ძვ. წ. 203–202 წლების ზამთარი მან ლაშქრის შეგროვებას მოანდომა. სციპიონთან საბრძოლველად თავისი არმია ქვეყნის სიღრმეში ქალაქ ზამასთან დაბანაკდა. მანამდე მან ჯაშუშები მიუგზავნა სციპიონს, სციპიონმა ისინი არ დასაჯა, მთელი თავისი სიძლიერე აჩვენა და ისე გააგზავნა უკან. ჰანიბალი გაოგნდა სციპიონის თვითდაჯერებულობით. ჰანიბალმა ჯაშუშებისაგან შეიტყო ასევე, რომ მასინისაც მათ რიგებში იყო. ჰანიბალმა სცადა მოლაპარაკებებით გამოესწორებინა რთული სიტუაცია. სციპიონს შესთავაზა შეხვედრა, რომაელმა სარდალმა მაშინვე თანხმობა განაცხადა. ჰანიბალი იმყოფებოდა ზამასთნ, კართაგენიდან ხუთი დღის სავალზე, შეხვედრის ადგილადაც ეს განსაზღვრეს. სციპიონმა და ჰანიბალმა თითო თარჯიმანთან ერთად, თანაბარი მანძილით დატოვეს თავიანთი ლაშქარი. ისტორიკოსი ტიტუს ლივიუსი ასე გადმოგვცემს ამ შეხვედრის ამბავს: „თავდაპირველად ორივენი გაკვირვებულნი მდუმარედ შეჰყურებდნენ ერთმანეთს. ბოლოს დუმილი ჰანიბალმა დაარღვია. მან სციპიონს მიმართა:
– რადგან ბედმა ასე ინება, რომ მე რომაელებთან ომის ამტეხი, რომელსაც გამარჯვება, რამდენიმეჯერ ხელში მეპყრა, ზავის სათხოვნელად თვით გამოვცხადდი, კმაყოფილი ვარ, რომ თხოვნა შენთან მიხდება. შენ მრავალ წარჩინებათა შორის ქებას იმსახურებ იმითაც, რომ დაგითმო ჰანიბალმა, რომელსაც ღმერთებმა მრავალ რომაელ სარდალზე გამარჯვება აჩუქეს. შენ დაუსვი წერტილი ამ ომს, რომელიც დასაწყისში თქვენი დამარცხებებით უფრო გამოირჩეოდა, ვიდრე ჩვენით. ბედმა საოცრად დამცინა. იარაღს ხელი მოვკიდე მამაშენის კონსულობისას, იმავე რომაელ მხედართმთავარს შევებრძოლე პირველად და დავამარცხე. ამჟამად კი მის შვილთან ზავის სათხოვნელად უიარაღოდ მოვედი. რა თქმა უნდა ყველაზე კარგი ის იქნებოდა, ღმერთებს ჩვენი მამებისათვის ჩაენერგათ აზრი, თქვენ დაკმაყოფილებულიყავით იტალიაზე ბატონობით, ჩვენ კი აფრიკას დავჯერდებოდით. განა თქვენთვის სიცილია და სარდინია იმად ღირს, რაც მან ფლოტი, არმია და სახელოვანი ადამიანები შეიწირა? წარსული შეიძლება გაკიცხო, მაგრამ მისი გამოსწორება შეუძლებელია. თქვენ ხედავდით მტრის არმიას იტალიაში, ახლა კი ჩვენც იმავე მდგომარეობაში ვართ თქვენ საკუთარი ქალაქის კარიბჭესთან ხედავდით მტრის დროშებსა და იარაღს, დღეს კი კართაგენში გვესმის რომის ბანაკის ხმაური. ამრიგად, მოლაპარაკება დაზავების შესახებ იწყება მაშინ, როდესაც თქვენ იმყოფებით საუკეთესო მდგომარეობაში. ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდი განწყობილება, რომლის გარეშეც გამორიცხულია მშვიდი განსჯა. რაც შემეხება მე, სამშობლოდან წავედი პატარა ბიჭი და მოხუცი დავბრუნდი. ჩემმა წლებმა, გამარჯვებებმა და მარცხმა ისე აღმზარდეს, რომ უპირატესობას გონებით განსჯას ვანიჭებ. მაგრამ მე შენი ახალგაზრდობისა და ბედის მეშინია, ვაითუ დინჯად ვერ განსაჯო ყოველივე. შენი მდგომარეობა ბრწყინვალეა, ჩვენი საეჭვო. შენთვის ზავის დადება საპატიოა, ჩვენთვის აუცილებელი. პუბლიუს კორნელიუსო, ზავის დადების შემთხვევაში ყველაფერი შენს ხელთ იქნება, სხვა შემთხვევაში კი მოგიწევს იმ ბედით დაკმაყოფილება, რასაც ღმერთები გიწყალობებენ. ჩვენ უარს ვამბობთ სიცილიაზე, სარდინიასა და ესპანეთზე, აგრეთვე ყველა იმ კუნძულზე, რომელიც აფრიკასა და იტალიას შორის მდებარეობს; თანახმა ვართ ფლობდეთ ხმელეთსა და ზღვას. მე არ უარვყოფ, რომ ფინიკიური გულწრფელობა საეჭვოა თქვენთვის იმის გამო, რომ ახლახან სავსებით გულწრფელად ვითხოვეთ ზავი, მაგრამ მის გაფორმებას არ დაველოდეთ. სიმტკიცის თვალსაზრისით მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს იმას, ვინ ითხოვს ზავს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენმა მამებმა უარყვეს ზავი იმის გამო, რომ ელჩობა არ იყო საკმარისი პატივდებული. ახლა კი მე, ჰანიბალი, გთხოვ ზავს. არც მოვითხოვდი, რომ სასარგებლოდ არ ვთვლიდე. ხოლო იმის გამო, რისთვისაც მოვითხოვე, მტკიცედ დავიცავ მას“.
სციპიონის სიტყვა მოკლე იყო და ყველაფერი ნათლად მოახსენა ჰანიბალს: გადმოგვეცით კართაგენი წინააღმდეგობის გარეშე, თუ არადა ბედი კვლავ ბრძოლის ველს მოვანდოთო. რა თქმა უნდა ჰანიბალს ასეთ წინადადებაზე დათანხმება არ შეეძლო. მოლაპარაკებები შეწყდა. სარდლები დაუბრუნდნენ ბანაკს. ბრძოლის ადგილი გარკვეული იყო – ზამა. ორივე მხარე კარგად ხვდებოდა, რომ ეს ბრძოლა ხანგრძლივი მეორე პუნიკური ომის ბოლო პუნქტი იყო“.
გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა 202 წლის 19 ოქტომბერს ქ. ზამასთან, კართაგოს სამხრეთით. კართაგენელებს სარდლობდათ ჰანიბალი და კავალერიის მეთაური მხცოვანი მაგარბალი. მათ განკარგულებაში იყო 35000 ქვეითი, 2–3000 მხედარი და 80 საბრძოლო სპილო (თუმცა ისინი ახალი მოყვანილნი იყვნენ და ჯერ კიდევ არ იყვნენ გაწვრთნილნი საომრად).
რომაელებს სარდლობდათ სციპიონი და მასინისა (მასინისა სარდლობდა კავალერიას, რომელშიც 6000 ნუმიდიელი და 3000 რომაელი შედიოდა). მათ ჰყავდათ 25–34000 ქვეითი და 6–9000 მხედარი.
ბრძოლაში ზამასთან ჰანიბალმა თავის ცხოვრებაში პირველი და უკანასკნელი დამარცხება განიცადა. გადამწყვეტი როლი სწორედ მასინისას კავალერიამ ითამაშა, რომელმაც გაანადგურა მოწინააღმდეგის ცხენოსანთა ჯარი და კართაგენელების მთავარ ძალებს ზურგიდან დაარტყა. კართაგენელთაგან დაიღუპა 20000 კაცამდე და ტყვედ ჩავარდა 10000 კაცამდე. რომაელებმა დაკარგეს 5500-მდე მებრძოლი.
კართაგენი უკვე დაჩოქებული იყო. ლტოლვილმა ჰანიბალმა დედაქლაქში დაბრუნება ვერ გაბედა და ჰადრუმეტუმს შეაფარა თავი. იგი მოგვიანებით დაბრუნდა ქალაქში, რომელიც 36 წელი არ ენახა.
რომმა კართაგენს უმძიმესი საზავო პირობები წაუყენა. 50 წლის განმავლობაში უნდა გადაეხადა 10000 ტალანტი კონტრიბუცია, ხელი უნდა აეღო უშუალოდ ქ. კართაგენის მხარის გარდა ყველა თავის სამფლობელოზე და თუმცა დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა, მაგრამ ომის წარმოების უფლება არ ჰქონდა თუ რომის სენატის ნება არ იქნებოდა. 10 სადარაჯო გემის გამოკლებით მთელი მისი ფლოტი და საბრძოლო სპილოები რომაელებს გადაეცემოდა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით წარჩინებული ოჯახების წრიდან 100 მძევალი წარეგზავნა. რომის მოკავშირე მასინისას დაექვემდებარებოდა როგორც თავისუფალი ისე კართაგენის ხელქვეითი ნუმიდიელი ტომები.
ზავის პირობები კართაგენის სახალხო კრებაზე განიხილის და დიდი დაპირისპირებების მიუხედავად ჰანიბალის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ზავის პირობებს დასთანხმდნენ. კართაგენის ელჩობა რომში ჩავიდა ჰასდრუბალ ჰედუსის ხელმძღვანელობით. ძვ. წ. 201 წელს ზავი დაიდო, რომაელთა მოთხოვნები დაკმაყოფილდა. ასე დამთავრდა II პუნიკური ომი, რომელიც კართაგოს სახელმწიფოს ძლიერების დასასრული იყო.
კორნელიუს სციპიონი ტრიუმფით დაბრუნდა რომში. რომაელებმა ჰანიბალის დამმარცხებელს პუბლიუს კორნელიუს სციპიონ „აფრიკელი“ უწოდეს (მოგვიანებით სახელს „უფროსი“ მიუმატეს).
მისი განთქმული სარდალი ჰანიბალი კი პოლიტიკურ მოღვაწეობას შეუდგა და 196 წელს სუფეტად აირჩიეს. ის დემოკრატიული რეფორმების გატარებას შეეცადა, სასტიკი კონტროლი დააწესა ფინანსებზე და ამ გზით ისეთი შესაძლებლობა შექმნა, რომ მოქალაქეები კონტრიბუციის თანხის გადახდით არ ყოფილიყვნენ დატვირთულნი. მანვე არჩევითი სისტემის პრინციპზე მოაწყო 104-ს საბჭოს ორგანიზაცია.
მისმა ასეთმა მოღვაწეობამ დიდად აღაშფოთა ოლიგარქიული პარტია, რომელმაც ჰანიბალი რომაელებთან დააბეზღა.
195 წელს კართაგოში გამოცხადდნენ რომის მოციქულები ჰანიბალის გადაცემის მოთხოვნით, მაგრამ ჰანიბალმა არ მოუცადა დაპატიმრებას და სირიაში გაიქცა მეფე ანტიოქოზ III-სთან.
რომისათვის ამ ომში გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. იტალიის მსხვილი სახელმწიფო და რომში ახლა უძლიერესი მონათმფლობელური სახელმწიფო მთელი დას ხმელთაშუაზღვისპირეთის ჰეგემონი გახდა. ამასთან ერთად იწყება მისი ექსპანსიის ახალი პერიოდი ელინისტური აღმოსავლეთის მხარეებში შეღწევა, რაშიც მას ელინისტური სახელმწიფოების რთული საერთაშორისო მდგომარეობა და შინაგანი კრიზისი უწყობს ხელს.
Комментариев нет:
Отправить комментарий