пятница, 2 июня 2017 г.

საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918–1921)

პოლიტიკური პარტიების წარმოშობა
1. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია.
პირველი პოლიტიკური ორგანიზაციები საქართველოში სოციალ-დემოკრატებმა ჩამოაყალიბეს. ჯერ კიდევ XIX საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში საქართველოს სოციალ-დემოკრატიაში გამოიკვეთა ორი მიმდინარეობა: 1. დასავლეთევროპული სოციალ-დემოკრატიის იდეური გავლენის ქვეშ მყოფი „მესამე დასი“; 2. რუსული სოციალ-დემოკრატიის ორიენტაციის მქონე ჯგუფები. 1898–1900 წლებში მიმდინარეობდა მესამედასელთა და მათი მეთაურის ნოე ჟორდანიას თანდათანობით გადასვლა რუსული სოციალ-დემოკრატიის პოზიციებზე. 1901–1903 წლებში გაზეთი „კვალი“ და მის გარშემო დარაზმული მესამედასელები საბოლოოდ მოექცნენ რუსული სოციალ-დემოკრატიის იდეური გავლენის ქვეშ. თუ ადრე ნოე ჟორდანია უშვებდა კლასობრივი თანხმობის მიღწევის შესაძლებლობას, ახლა იგი კლასობრივი ბრძოლის გაღრმავების აუცილებლობის პოზიციაზე დადგა.
XX საუკუნის დამდეგისათვის ქართული სოციალ-დემოკრატიის სახეს განსაზღვრავდნენ: ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, ვლადიმერ დარჩიაშვილი, ისიდორე რამიშვილი, ირაკლი წერეთელი, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე და სხვ. თავდაპირველად ამ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ ფილიპე მახარაძე და ალექსანდრე წულუკიძე. რუსული სოციალ-დემოკრატიის პოზიციაზე გადასვლის მიუხედავად, „მესამე დასი“ ცდილობდა შეენარჩუნებინა დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია. სრულიად საპირისპირო პოზიცია რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობასთან დამოკიდებულებაში დაიკავა ქართველი სოციალ-დემოკრატების მეორე მიმდინარეობამ – „რევოლუციონერ სოციალ-დემოკრატთა დასმა (1901 წ.), რომელსაც ფაქტობრივად თბილისის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია წარმოადგენდა. მასში შედიოდნენ: იოსებ ჯუღაშვილი, ვასილ ცაბაძე. მათ შორის ფარულმა წინააღმდეგობამ ამ საკითხთან დაკავშირებით პიკს 1903 წელს მიაღწია.
კავკასიის სოციალ-დემოკრატიულმა ორგანიზაციებმა, რომლებიც პრორუსულ ანუ ინტერნაციონალისტურ პოზიციაზე იდგნენ, გაერთიანება გადაწყვიტეს. მათ მოქმედებას კოორდინირებას უწევდა გაზ. „ისკრის“ რედაქცია. გიორგი პლეხანოვმა და ვლადიმერ ლენინმა წამოაყენეს რსდმპ კავკასიის კავშირის შექმნის იდეა, რომელიც გააერთიანებდა კავკასიურ ორგანიზაციებს და გააადვილებდა მათ შერწყმას საერთო-სარუსეთო სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში.
ნოე ჟორდანია და მისი მესამედასელი თანამოაზრენი, მართალია, საერთო-სარუსეთო სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გათქვეფის წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ ამ წინააღმდეგობას პრინციპული ხასიათი არ ჰქონდა, მას საფუძვლად არ ედო მყარი ეროვნული თვითშეგნება. 1903 წლისათვის მესამედასელები იდეოლოგიურად უკვე გადასულნი იყვნენ რუსული სოციალ-დემოკრატიის პოზიციაზე. ამიტომ მათ თითქმის პრინციპული წინააღმდეგობის გაუწევლად ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და მონაწილეობა მიიღეს რსდმპ კავკასიის კავშირის შექმნაში.
1903 წლის მარტში თბილისში არალეგალურად გაიმართა რსდმპ კავკასიის კავშირის პირველი ყრილობა. ყრილობამ დააფუძნა რსდმპ კავკასიის კავშირი. ყრილობაზე ნოე ჟორდანია დაუპირისპირდა ვლადიმერ ლენინის მიერ წამოყენებული პარტიის აგების ე. წ. „დემოკრატიული ცენტრალიზმის პრინციპს“ და მოითხოვა რსდმპ კავკასიის კავშირი შექმნილიყო „ფართო დემოკრატიული პრინციპის“ საფუძველზე. ეს უკანასკნელი ითვალისწინებდა ადგილობრივი ორგანიზაციების (კომიტეტების) ავტონომიას. ყრილობამ ნოე ჟორდანიას წინადადება უარყო და ვლადიმერ ლენინის „დემოკრატიული ცენტრალიზმის პრინციპი“ დაუდო საფუძვლად რსდმპ კავკასიის კავშირის საორგანიზაციო წესდებას. რუსული სოციალ-დემოკრატია თანდათანობით იმაგრებდა პოზიციებს საქართველოში.
ჯერ კიდევ 1901 წლის სექტემბერში თბილისის სოციალ-დემოკრატიულმა კომიტეტმა გამოსცა გაზეთი „ბრძოლა“, რომელიც არალეგალურად იბეჭდებოდა ბაქოში მოწყობილ საიდუმლო სტამბაში. რსდმპ კავკასიის კავშირის პირველი ყრილობის გადაწყვეტილებით ქართული „ბრძოლა“ და სომხური „პროლეტარიატი“ გაერთიანდა „პროლეტარიატის ბრძოლის“ სახელით და ქართულ-სომხურ-რუსულ ენებზე გამოვიდა. ყრილობამ აირჩია რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტი 9 კაცის შემადგენლობით: ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, ფილიპე მახარაძე, ალექსანდრე წულუკიძე, მიხა ცხაკაია, დიომიდე თოფურიძე, მიხეილ ბოჭორიძე, არშაკ ზურაბოვი, ბოგდან კნუნიანცი. რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტში სხვადასხვა დროს შედიოდნენ: იოსებ ჯუღაშვილი, მიხეილ დავითაშვილი, დიმიტრი პოსტოლოვსკი, სტეფანე შაუმიანი, პროკოფი ჯაფარიძე და სხვ.
რსდმპ კავკასიის კავშირის შემადგენლობაში ყრილობის შემდეგ მალე შევიდნენ ახალშექმნილი გურიისა და იმერეთ-სამეგრელოს სოციალ-დემოკრატიული კომიტეტები.
რსდმპ კავკასიის კავშირის საშუალებით რუსულმა სოციალ-დემოკრატიამ დიდ წარმატებას მიაღწია – საქართველოს სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები სერიოზული გართულების გარეშე შეერწყნენ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას. „მესამე დასმა“, როგორც დამოუკიდებელმა ეროვნულმა სოციალ-დემოკრატიულმა ორგანიზაციამ, არსებობა შეწყვიტა.
ქართული სოციალ-დემოკრატიის რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიასთან სრული ინტეგრაციის საბოლოო იურიდიული გაფორმება რსდმპ მეორე ყრილობაზე შედგა.
1903 წლის ივლის-აგვისტოში გაიმართა რსდმპ მეორე ყრილობა. მისი მთავარი მიზანი იყო რუსეთის იმპერიის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების გაერთიანება ერთ სოციალ-დემოკრატიულ პარტიად. ყრილობის ორგანიზატორებმა ვლადიმერ ლენინმა, გიორგი პლეხანოვმა, იული მარტოვმა, პავლე აქსელროდმა და სხვებმა მიზანს მიაღწიეს.
ყრილობას თბილისისა და ბათუმის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციებიდან ორ-ორი გადამწყვეტი ხმით ესწრებოდნენ: დიომიდე თოფურიძე (კარსკი) და არშაკ ზურაბოვი, ხოლო სათათბირო ხმით – ნოე ჟორდანია (კოსტროვი). ქართველმა დელეგატებმა ყრილობის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა კი მიიღეს, მაგრამ თავი მაინცდამაინც ვერ გამოიჩინეს. მათ საბოლოოდ ლენინ-პლეხანოვის ცენტრალისტურ-ინტერნაციონალისტური პრინციპები გაიზიარეს.
რსდმპ მეორე ყრილობაზე რუსეთის სოციალ-დემოკრატია ორ – მენშევიკურ და ბოლშევიკურ ფრაქციად გაიყო. ეს ფაქტობრივად განხეთქილება იყო, თუმცა ისინი ერთ პარტიაში მოღვაწეობას განაგრძობდნენ და ყრილობაზე მიღებული რეზოლუციები, პროგრამა და წესდება სავალდებულოდ ითვლებოდა ორივე ფრაქციისათვის.
რსდმპ მეორე ყრილობის შემდეგ კავკასიის კავშირში ბოლშევიკებმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში უპირატესობას მიაღწიეს. რსდმპ კავკასიის კავშირის მეორე ყრილობაზე (1903 წ. ოქტომბერი) კომიტეტის არჩევნებშიც ბოლშევიკებმა უმრავლესობა მოიპოვეს. იგივე სურათი განმეორდა კავკასიის კავშირის მესამე ყრილობაზეც (1904 წ. მაისი).
დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, 1903-1904 წლებში, მენშევიკები და ბოლშევიკები საქართველოში ერთად მუშაობდნენ. მწვავე პოლემიკა მხოლოდ პარტიულ ელიტას შეეხო.
2. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია.
სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის აღმავლობამ XX საუკუნის დამდეგისათვის ეროვნული ინტელიგენციის ახალი თაობა პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობამდე მიიყვანა.
XIX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში სამი ძირითადი ეროვნული მიმართულება მოღვაწეობდა: გაზეთ „ივერიის“ ძველი თაობა; „ივერიის“ რედაქციის გარშემო 1895 წლიდან ჩამოყალიბებული „ახალგაზრდა ივერიელების“ ეროვნულ-რადიკალური მიმდინარეობა და ჟურნალ „მოამბის“ ბურჟუაზიულ-ეროვნული მიმდინარეობა. 1900 წლის დეკემბერში ყოფილი „ახალგაზრდა ივერიელები“ და „მოამბისტები“ გაერთიანდნენ და თავი მოიყარეს ახალშექმნილ გაზეთ „ცნობის ფურცლის“ გარშემო. „ცნობის ფურცლელთა“ უმთავრესი იდეალი იყო ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა. ძველი თაობისაგან განსხვავებით, „ცნობის ფურცლელებს“ მიაჩნდათ, რომ ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის საჭირო იყო პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ ორგანიზაციას – პარტიას – შეეძლო ეწარმოებინა. მიუხედავად ამისა, „ცნობის ფურცელი“ პარტიის შექმნას არ ჩქარობდა. მათ უფრო მიზანშეწონილად ცნეს ჯერ საზღვარგარეთ გაზეთის გამოცემა და მისი მეშვეობით ეროვნულ-პოლიტიკური პროგრამის შემუშავება და პროპაგანდა. 1901 წლის შემოდგომაზე „ცნობის ფურცლის“ ჯგუფმა პარტიის ორგანიზაციისათვის შექმნა მთავარი კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ: არჩილ ჯორჯაძე, გიორგი ლასხიშვილი, გიორგი და ანდრია დეკანოზიშვილები და ვლადიმერ ლორთქიფანიძე.
1902 წელს მთავარმა კომიტეტმა თავისი ორი წევრი – არჩილ ჯორჯაძე და გიორგი დეკანოზიშვილი – არალეგალური გაზეთის გამოსაცემად საფრანგეთში გაგზავნა. მათი თაოსნობითა და იმხანად საზღვარგარეთ მყოფი ქართველი პატრიოტი მოღვაწეების მონაწილეობით 1903 წლის 1 მაისს პარიზში გამოვიდა ეროვნულ-პოლიტიკური მიმართულების თავისუფალი ორკვირეული გაზეთი „საქართველო“. გაზეთი არალეგალური გზით ვრცელდებოდა საქართველოში. გაზეთმა დიდი მუშაობა გასწია ეროვნულ-პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციისათვის. ამ მიზნით „საქართველოს“ რედაქციამ ითავა ქართული პოლიტიკური მიმდინარეობების გამაერთიანებელი კონფერენციის მოწვევა. კონფერენციის მიზანი იყო გაერკვია: 1. რას ფიქრობდნენ ქართული პოლიტიკური ძალები ეროვნულ საკითხზე; 2. შესაძლებელი იყო თუ არა ამ ძალების გაერთიანება ეროვნული იდეის ქვეშ. პოლიტიკურ ძალებში იგულისხმებოდნენ: გაზეთ „საქართველოს“ წარმომადგენლები, სოციალ-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატიული მიმდინარეობის ჯგუფები, ანარქისტები, სოციალისტ-რევოლუციონერები და ეროვნული მოღვაწეები, რომლებიც არც ერთ პარტიულ მიმართულებას არ ეკუთვნოდნენ.
1904 წლის 1 აპრილს ჟენევაში გაიხსნა საზღვარგარეთ მყოფი ეროვნულ-პოლიტიკური და რევოლუციური მიმდინარეობების წარმომადგენელთა, ან როგორც მაშინ უწოდებდნენ, „ქართველ რევოლუციონერთა“ პირველი კონფერენცია. კონფერენციის მუშაობაში, რომელიც ერთ კვირას გაგრძელდა, მონაწილეობას იღებდნენ: „საქართველოს“ რედაქციის წარმომადგენლები: არჩილ ჯორჯაძე (საბუელი), გიორგი დეკანოზიშვილი (ქართლელი); ანარქისტები: ვარლამ ჩერქეზიშვილი (მანაველი), კომანდო (გიორგი) გოგელია (ორგეიანი), მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (თერგელი), ალექსანდრე გაბუნია (ვერმიცანიძე); ქართველი სოციალისტ-რევოლუციონერები (ესერები) და ეროვნულ-დემოკრატები, რომლებიც ფსევდონიმებით არიან კონფერენციის ოქმებში მოხსენიებულნი და მათი ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. თავდაპირველად კონფერენციაზე გამოცხადდნენ ქართველი სოციალ-დემოკრატებიც: ნოე ჟორდანია (დევიანი) და მისი ოთხი თანაპარტიელი. მათ იდეური მოსაზრებით მეორე დღესვე დატოვეს კონფერენცია. სულ კონფერენციას 26 კაცი ესწრებოდა. კონფერენციამ რვა საკითხი განიხილა და მიიღო შესაბამისი რეზოლუციები. ამათგან მთავარი იყო, თუ რა ლოზუნგით უნდა ებრძოლათ ეროვნულ ძალებს, რა ფორმით უნდა მომხდარიყო ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენა. კონფერენციაზე იყვნენ საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრენიც, მაგრამ აბსოლუტურ უმრავლესობას იმხანად არსებულ ვითარებაში შეუძლებლად მიაჩნდა დამოუკიდებლობის მოპოვება. ისინი თვლიდნენ, რომ აუცილებელი იყო უფრო რეალური პოლიტიკური მიზანდასახულობისათვის (საქართველოს ავტონომიისათვის) ბრძოლა. ჟენევის კონფერენციამ მიიღო საქართველოს ავტონომიის მოთხოვნა, მომავალი დემოკრატიული რუსეთის ფარგლებში. აგრარულ საკითხში მიიღეს მიწების სოციალიზაციის მოთხოვნა, რომელიც რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა (ესერთა) პარტიის პროგრამიდან იყო აღებული. სოციალიზაცია გულისხმობდა მიწების განსაზოგადოებრიობასა და მათ სასოფლო თემებისათვის გადაცემას. სპეციალური რეზოლუციით კონფერენციის მონაწილე ფრაქციებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის იმპერიის ყველა ოპოზიციურ და რევოლუციურ პარტიას, რომლებიც მონარქიის დამხობისათვის იბრძოდნენ.
ჟენევის კონფერენციის უმთავრესი შედეგი იყო „ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის“ შექმნა. კონფერენციის მონაწილე პოლიტიკურმა მიმდინარეობებმა: ავტონომისტ-საქართველოისტებმა, ანარქისტებმა, ესერებმა და ეროვნულ-დემოკრატებმა გაერთიანების შედეგად შექმნეს ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია, რომელიც ბლოკისტურ ხასიათს ატარებდა. გაერთიანება საქართველოს ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის მოთხოვნის ნიადაგზე მოხდა. მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებით ახალშექმნილ პარტიას საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია ეწოდა.
სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია საქართველოში პირველი ეროვნული მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაცია იყო. მის მიზანდასახულობასა და მოღვაწეობაშიც უმთავრესს ყოველთვის ეროვნული პრობლემატიკა წარმოადგენდა. ამავე დროს, ფედერალისტები სოციალისტურ პარტიას წარმოადგენდნენ. ფედერალისტების სოციალიზმი დემოკრატიული ხასიათისა იყო, რომელიც ბურჟუაზიული საზოგადოების ევოლუციური განვითარების შედეგად უნდა განხორციელებულიყო. ქართველი ფედერალისტები ევროპული ტიპის დემოკრატიული სოციალიზმის მომხრენი იყვნენ. ამავე დროს, ისინი ესერული და ანარქისტული სოციალიზმის გავლენასაც განიცდიდნენ. ქართველი სოციალისტ-ფედერალისტებისათვის უმთავრესი ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის ფორმით ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენა იყო.
3. ესერები (სოციალისტ-რევოლუციონერები) საქართველოში.
ესერთა წინაპარი – ნეოხალხოსნური მცირერიცხოვანი წრეები XIX საუკუნის 90-იან წლებში არსებობდნენ საქართველოში. მათ უმრავლესობას რუსი ნეოხალხოსნები შეადგენდნენ. 1902 წელს შეიქმნა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია, რომელიც ცდილობდა იმპერიის განაპირა ქვეყნების ნეოხალხოსნური ჯგუფები შეეერთებინა და საერთო-სარუსეთო მასშტაბის ცენტრალიზებული პარტია შეექმნა. ამ მიზნით საქართველოში ზედიზედ ჩამოვიდნენ ესერთა ლიდერები.
საქართველოს ნეოხალხოსნურ მოძრაობაში ორი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა: ინტერნაციონალისტები, რომლებიც რუსულ პარტიასთან გაერთიანების მომხრენი იყვნენ და ეროვნული მიმართულების ნეოხალხოსნები, რომლებიც დამოუკიდებელი ქართული პარტიის შექმნას ცდილობდნენ. ეს უკანასკნელნი ის ყოფილი ქართველი ხალხოსნები იყვნენ, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ჯერ „ახალგაზრდა ივერიელთა“, შემდეგ „ცნობის ფურცლელთა“ მოღვაწეობაში, ხოლო ბოლოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის დამაარსებლადაც მოგვევლინნენ.
ინტერნაციონალისტური მიმართულების ნეოხალხოსნური წრეების გაერთიანების შედეგად 1901 წლიდან საქართველოში ჩამოყალიბდა ესერთა ორგანიზაცია. მასში უმთავრესად შედიოდნენ ჩამოსახლებული ან ადგილობრივი ნეოხალხოსნური მოძრაობის მონაწილენი: ალექსანდრე კალუჟნი, ლევ ბეკი და სხვ. ეს ორგანიზაცია არ ქცეულა რაიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად საქართველოში.
XX საუკუნის დამდეგისათვის საქართველოში ესერები წარმოდგენილი იყვნენ რუსეთის ესერთა პარტიის ადგილობრივი ჯგუფებითა და ორგანიზაციებით. ესერთა სისუსტის მიზეზი იყო სოციალ-დემოკრატიის, სოციალიზმ-ფედერალიზმისა და ქართული ეროვნული მოძრაობის სიძლიერე. სოციალ-დემოკრატებმა კონკურენციაში დაამარცხეს, ხოლო სოციალისტ-ფედერალისტებმა სოციალური ბაზის გარეშე დატოვეს რუსეთის ესერთა პარტია.
4. ანარქიზმი საქართველოში.
ანარქიზმი ერთ-ერთი სოციალისტური მიმდევრობათაგანია, რომელიც მთელი XIX საუკუნის მანძილზე ყალიბდებოდა ევროპაში. ანარქიზმის ქვაკუთხედი სახელმწიფოს უარყოფაა. ამას მოსდევს ადამიანური ყოფის შემზღუდველი სისტემებისა და ნორმების უარმყოფელი შეხედულებანი, რომელთა დასაბუთებაც ანარქიზმის ფუძემდებელთა და მათ მიმდევართა ნააზრევში აისახებოდა.
სხვა სოციალური მოძღვრებებისაგან განსხვავებით, ანარქიზმი საქართველოში რუსეთიდან არ გავრცელებულა. ანარქისტული იდეები საქართველოში, ევროპის ემიგრაციაში მყოფმა ქართველმა ანარქისტებმა შემოიტანეს. XX საუკუნის დამდეგს ანარქისტული მოძრაობის ხანმოკლე ბუმი საქართველოში დაკავშირებული იყო ევროპიდან ჩამოსული მოღვაწეების: ვარლამ ჩერქეზიშვილის, კომანდო (გიორგი) გოგელიასა და მიხაკო წერეთლის სახელებთან.
XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან დასავლეთ ევროპაში ემიგრაციაში მყოფი ვარლამ ჩერქეზიშვილი საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი იყო. იგი პეტრე კროპოტკინთან, ელიზე რეკლიუსთან, ჯეიმს გილიომთან და სხვებთან ერთად მიეკუთვნებოდა ევროპული ანარქიზმის ელიტას. პარიზში ფრანგულ ენაზე გამოცემული მისი ნაშრომები: „ფურცლები სოციალიზმის ისტორიიდან“ (1896 წ.) და „ინტერნაციონალის წინამორბედნი“ (1899 წ.), მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა და XX საუკუნის დასაწყისში არაერთხელ გამოიცა ინგლისში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, ჩინეთში, იაპონიაში და სხვ. ნაშრომში „ფურცლები სოციალიზმის ისტორიიდან“, რომელიც რუსეთში მრავალჯერ გამოიცა, ვარლამ ჩერქეზიშვილი დასაბუთებულად ამტკიცებდა, რომ მრავალი თეზისი, რომელიც აღმოჩენად მოინათლა, კარლ მარქსმა და ფრიდრიხ ენგელსმა გადმოიღეს დასავლეთევროპელი მოაზროვნეებისაგან, ხოლო მათი განთქმული „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“ წარმოადგენდა ფრანგი ფურიერისტის ვიქტორ კონსიდერანის ერთ-ერთი ნაშრომის პლაგიატს. ამ საშინელი ბრალდების გამო ქართველ ანარქისტს პერმანენტულად ეკამათებოდნენ საერთაშორისო და რუსული მარქსიზმის ავტორიტეტები: კარლ კაუცკი, ვილჰელმ ლიბკნეხტი, გიორგი პლეხანოვი, იოსებ სტალინი და სხვ. უფრო დაბალი რანგის სოციალისტები ვარლამ ჩერქეზიშვილთან დავას ერიდებოდნენ.
XX საუკუნის დამდეგს დასავლეთ ევროპაში სწავლობდა და რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურად მონაწილეობდა მეორე ქართველი ანარქისტი კომანდო (გიორგი) გოგელია. 1903 წელს კომანდო გოგელიამ ჟენევაში გამოსცა პირველი რუსულენოვანი ანარქისტული გაზეთი „ხლებ ი ვოლია“. სწორედ ამ გაზეთმა დაუდო სათავე რუსეთში ანარქიზმის აღმავლობას, რის გამოც კომანდო გოგელია რუსული ანარქიზმის ერთ-ერთ აღიარებულ ავტორიტეტად იქნა მიჩნეული. მეოცე საუკუნის დამდეგიდან ანარქისტები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში: წერილებს აქვეყნებდნენ პრესაში, ეხმარებოდნენ გაზეთ „საქართველოს“ საფრანგეთში, ქართველ მოღვაწეებს აკავშირებდნენ ევროპის რევოლუციურ-პოლიტიკურ წრეებთან და ა. შ. განსაკუთრებით მხურვალე მონაწილეობა მიიღეს მათ ჟენევის კონფერენციაში (1904 წ.), რომლის შემდეგაც ქართველი ანარქისტები სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიაში გაერთიანდნენ ბლოკის პრინციპით.
5. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.
XIX–XX საუკუნეთა მიჯნაზე ეროვნულ-დემოკრატიულად განწყობილი მოღვაწეები «ცნობის ფურცლის ჯგუფში გაერთიანდნენ. ეს იყო ჟურნალ „მოამბის“ ყოფილი ბურჟუაზიულ-ეროვნული მიმდინარეობა. ეროვნულ-დემოკრატები „ცნობის ფურცლელთა“ მემარჯვენე ფრთას შეადგენდნენ. ეროვნულ-დემოკრატიული ფსიქოლოგია იმდენად ძლიერი იყო ჯგუფში, რომ 1901–1902 წლებში „ცნობის ფურცლელებმა“ პროკლამაციები „ეროვნულ-დემოკრატიული კომიტეტის“ სახელით გამოსცეს. 1904 წელს ეროვნულ-დემოკრატები სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიაში შევიდნენ და აქაც მემარჯვენე ფრთა შეადგინეს. ეს იყო ერთადერთი პოლიტიკური მიმდინარეობა საქართველოში, რომელიც არც ერთ სოციალისტურ იდეოლოგიას არ იზიარებდა და წმინდა ეროვნულ მიმართულებას განასახიერებდა. ეროვნულ-დემოკრატები იცავდნენ კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპს და ცდილობდნენ ზეკლასობრივი, ზოგადქართული ტიპის პოლიტიკური პარტიის შექმნას. ეროვნულ-დემოკრატები ილია ჭავჭავაძის ერთადერთ ჭეშმარიტ მიმდევრებად მიიჩნევდნენ თავს და სხვებისაგან განსხვავებით უკრიტიკოდ აღიარებდნენ მის უნივერსალურ ავტორიტეტს. ეროვნულ-დემოკრატები მოითხოვდნენ ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენას ავტონომიის ფორმით. 1905 წლის სოციალური მოძრაობის აღმავლობამ ეროვნულ-დემოკრატები მიიყვანა დასკვნამდე, რომ წმინდა ეროვნულ მიმართულებას საქართველოში დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია უნდა შეექმნა. თავის ახალგაზრდა მიმდევრებს მხარში ამოუდგა ილია ჭავჭავაძე. ეროვნულ-დემოკრატები განსაკუთრებით 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის გამოსვლის შემდეგ გააქტიურდნენ. 1905 წლის მიწურულს შედგა ეროვნულ-დემოკრატიულად განწყობილი ინტელიგენციის შეკრება, რომელმაც ილია ჭავჭავაძის წინადადებით მიიღო პარტიის შექმნის გადაწყვეტილება. ინიციატორთა შორის იყვნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი გვაზავა, პავლე თუმანიშვილი, ნიკოლოზ (ნიკო) თავდგირიძე და სხვ. 1906 წლის დასაწყისში დაიბეჭდა და ბროშურის სახით გავრცელდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პროგრამა და წესდება. ოფიციალურად ახალ პარტიას ქართული დემოკრატიული პარტია ეწოდა. ილია ჭავჭავაძემ, ენერგიული მონაწილეობის მიუხედავად, ახალი პარტიის თავმჯდომარეობაზე უარი განაცხადა და ამ პოსტზე ივანე ზურაბიშვილის კანდიდატურა წამოაყენა. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ფორმირება იმხანად აღარ გაგრძელებულა. რევოლუციის დამარცხებამ, ავტონომიის იდეისა და ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ სოციალ-დემოკრატიის გააფთრებულმა ბრძოლამ, დაბოლოს, ილია ჭავჭავაძის ტრაგიკულმა აღსასრულმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აქტიური პოლიტიკური საქმიანობა რამდენიმე წლით შეაფერხა.
საქართველოში მოქმედებდა რამდენიმე არაქართული პოლიტიკური პარტია და ორგანიზაცია: რუსული პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციები; სომხური პარტიები: დაშნაკცუტიუნი და ჰნჩაკი. აზერბაიჯანული მუსავატის ფილიალი და სხვ. მათგან სიძლიერით გამოირჩეოდნენ სომეხი დაშნაკები, რომლებსაც სერიოზული გავლენა ჰქონდათ თბილისში და სომხებით დასახლებულ საქართველოს სხვა რეგიონებში.
ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობა
1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ აღადგინა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობის აქტით სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარებულ იქნა დემოკრატიული რესპუბლიკა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია დაეკისრა ეროვნულ საბჭოს, რომლის თავმჯდომარედაც ნოე ჟორდანიას ნაცვლად არჩეულ იქნა ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე. ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისსვე კოალიციურ საწყისებზე დაამტკიცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა შემდეგი შემადგენლობით: სოციალ-დემოკრატი ნოე რამიშვილი (მთავრობის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი), სოციალ-დემოკრატი აკაკი ჩხენკელი (საგარეო საქმეთა მინისტრი), სოციალ-დემოკრატი გრიგოლ გიორგაძე (სამხედრო მინისტრი), სოციალ-დემოკრატი გიორგი ჟურული (ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი), სოციალისტ-ფედერალისტი გიორგი ლასხიშვილი (განათლების მინისტრი), ნოე ხომერიკი (მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი), სოციალისტ-ფედერალისტი შალვა მესხიშვილი (იუსტიციის მინისტრი), სოციალისტ-რევოლუციონერი ივანე ლორთქიფანიძე (გზათა მინისტრი). 1918 წლის ივნისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობაში მოხდა ცვლილება. მთავრობის თავმჯდომარე ნოე რამიშვილის ნაცვლად გახდა ნოე ჟორდანია, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად აკაკი ჩხენკელის ნაცვლად დაინიშნა ევგენი გეგეჭკორი.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს – ეროვნულ საბჭოს – 1918 წლის 8 ოქტომბერს ეწოდა საქართველოს პარლამენტი. საქართველოს პარლამენტი დათხოვნილ იქნა დამფუძნებელი კრების არჩევნებთან დაკავშირებით (1919 წ.).
1919 წლის 14–17 თებერვალს დემოკრატიული საარჩევნო კანონის საფუძველზე (საყოველთაო ფარული, თანაბარი, პირდაპირი კენჭისყრით) ჩატარდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებელი კრების – არჩევნები. პირველ ეტაპზე არჩევნებში მონაწილეობდა 15 პოლიტიკური ორგანიზაცია, ესენია:
1. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია
2. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
3. საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია
4. სომეხთა რევოლუციონური პარტია „დაშნაკციუთუნი“
5. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია
6. საქართველოს მუსულმანთა ეროვნული საბჭო
7. საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტია
8. საქართველოს ეროვნული პარტია
9. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია
10. შოთა რუსთაველის ჯგუფი
11. დამოუკიდებელთა (უპარტიოთა) კავშირი
12. ბორჩალოს მაზრის მუსულმანები
13. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (რსდმპ)
14. „ესტეთიური ლიგა პატრიოტებისა“
15. ელინთა დემოკრატიული პარტია
მათგან გავიდა მხოლოდ 4. დამატებით არჩევნებში კრებას შეუერთდა ეროვნული პარტია და დაშნაკცუთიუნი. საბოლოოდ კრებაში 6 ფრაქცია შეიქმნა.
დამფუძნებელი კრების შემადგენლობა 1919–1921 წლებში ამგვარი იყო:
სოციალ-დემოკრატიული პარტია – 109 დეპუტატი;
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 8 დეპუტატი;
სოც. ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია – 8 დეპუტატი;
სოც. რევოლუციონერები – 5 დეპუტატი.
კრება გაიხსნა 1919 წლის 12 მარტს, უხუცესი სოციალ-დემოკრატის, სილიბისტრო ჯიბლაძის სიტყვით. დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ეროვნული საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე.
1919 წლის 21 მარტს კრებამ შექმნა კომისიები: შრომის, თვითმმართველობის, აგრარული, განათლების, ჯანმრთელობის, სამხედრო, იურიდიული, ხელოვნების და საგზაო. დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა ერთპარტიული (სოციალ-დემოკრატიული) მთავრობის ახალი შემადგენლობა ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით. ახალი მთავრობის შემადგენლობა ასეთი იყო: ევგენი გეგეჭკორი – საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრი, ნოე რამიშვილი – შინაგან საქმეთა, სამხედრო და სახალხო განათლების მინისტრი, ნოე ხომერიკი – მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი, კონსტანტინე კანდელაკი – ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი. მთავრობის თავმჯდომარე ამავე დროს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენელი.
საქართველოს დამფუძნებელი კრება ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციას ასრულებდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობამდე (საქართველოს რევკომმა კრების დათხოვის შესახებ დეკრეტი 1921 წლის 24 მარტს გამოსცა), თუმცა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია დამფუძნებელ კრებას არც ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ მოუხსნია.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესში, მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის (გერბი, დროშა, ჰიმნი) შემუშავება. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა და გერბი შემუშავებულ იქნა იაკობ ნიკოლაძისა და იოსებ შარლემანის მიერ ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით. 1918 წლის სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო დროშად დამტკიცდა სამფეროვანი (შვინდისფერი, შავი, თეთრი) დროშა, ხოლო სახელმწიფო გერბად თეთრი გიორგი შვიდი მნათობით. სახელმწიფო ჰიმნის სტატუსი შეიძინა კოტე ფოცხვერაშვილის „დიდებამ“.
ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოების მიერ მიღებულ ზოგიერთ კანონსა და დადგენილებას. მათ შორის აღსანიშნავია დებულება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეობის ანუ ქვეშევრდომობის შესახებ (1918 წლის ივლისი), კანონი მოქალაქეობის შესახებ (1919 წლის მაისი), კანონი ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების შესახებ (1918 წლის ოქტომბერი). კანონის მიხედვით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქედ ითვლებოდა ის, ვინც მიწერილი იყო რესპუბლიკის ტერიტორიის რომელიმე ადმინისტრაციულ ერთეულზე 1914 წლის 19 ივლისამდე (პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე). დადგინდა საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი. კანონში საქართველოს სახელმწიფო ენის შესახებ ჩაწერილი იყო: „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო ენა არის ქართული ენა“.
შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში აუცილებელი იყო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება. სწორედ ამას ისახავდა მიზნად კანონი საქართველოს რესპუბლიკის გვარდიის შესახებ (1918 წლის ივლისი) და დებულება საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მმართველობის შესახებ (1918 წლის აგვისტო). კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო კანონი საქართველოს რესპუბლიკის რეგულარული არმიის ორგანიზაციის შესახებ (1918 წლის აგვისტო) და ძირითადი დებულება საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო ბეგარისა და მუდმივი ჯარის შევსების შესახებ (1918 წლის აგვისტო). კანონის მიხედვით საქართველოს შეიარაღებული ძალები შედგებოდა მუდმივი (რეგულარული) ჯარისა და ლაშქრისაგან. მუდმივ ჯარში გაწვევა უნდა წარმოებულიყო უწყვეტად, ხოლო ლაშქარში – შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე (სამხედრო საფრთხის გაძლიერებისა და ომის შემთხვევაში). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყველა მოქალაქე ოციდან ორმოც წლამდე ვალდებული იყო მუდმივ ჯარში სამსახურით პირადად მოეხადა სამხედრო ბეგარა (ვალდებულება).
ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესში სათანადო ყურადღება დაეთმო სასამართლო რეფორმას. ძველი სასამართლო გაუქმდა. 1918 წლის სექტემბერში შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის დროებითი საგანგებო სასამართლო. რესპუბლიკის დროებითი საგანგებო სასამართლოს გარდა, თბილისში მოქმედებდა თბილისის გუბერნიისა და ზაქათალის ოლქის საგანგებო სასამართლო, ქუთაისში – ქუთაისის გუბერნიის საგანგებო სასამართლო, სოხუმში – სოხუმის ოლქის (აფხაზეთის) საგანგებო სასამართლო. 1918 წლის სექტემბერში შეიქმნა სამომრიგებლო სასამართლო. საქართველო დაიყო სამომრიგებლო ოლქებად. მომრიგებელ მოსამართლეთა თანამდებობა არჩევითი იყო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლო დანიშნულებას თავდაპირველად ასრულებდა თბილისის სასამართლო პალატა. 1919 წლის ივლისში შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო – სენატი.
უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანიზებასთან ერთად აუცილებელი იყო ადგილობრივი მმართველობის სისტემის განსაზღვრა. 1918 წლის აგვისტოში მიღებული კანონის საფუძველზე საქართველო დაყოფილ იქნა შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებად: თბილისის გუბერნია შვიდი მაზრით, ქუთაისის გუბერნია შვიდი მაზრით, სოხუმის ოლქი, ზაქათალის ოლქი. 1920 წლის ივლისიდან ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოიყო ბათუმის ოლქი. გუბერნიაში უმაღლესი ადმინისტრაციული მოხელე იყო გუბერნიის კომისარი, ოლქში – ოლქის კომისარი, მაზრაში – მაზრის კომისარი. გუბერნიის, ოლქისა და მაზრის კომისარიატებს ჰქონდათ თავიანთი აპარატი. 1918 წელსვე ადგილობრივი მმართველობის რეფორმიდან გამომდინარე გაუქმდა საქართველოს დაყოფა გუბერნიებად, რის შემდეგაც ყველა მაზრაში ჩატარდა საერობო კრების არჩევნები. 1919 წლისათვის საქართველოს მაზრებში ჩამოყალიბდა მრავალპარტიული საერობო კრებები. საერობო კრებების აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენდა გამგეობები. სამაზრო თვითმმართველობების (ერობების) შექმნის შემდეგ გატარდა საქალაქო თვითმმართველობის რეფორმა. არჩეულ იქნა მრავალპარტიული საქალაქო სათათბიროები და მისი გამგეობები. საბოლოო ჯამში, საქართველოში ჩამოყალიბდა დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული ადგილობრივი მმართველობის სისტემა. თუმცა კი მაზრების ერობებისა და ქალაქების სათათბიროების არჩევნებშიც უმრავლესობა სოციალ-დემოკრატებმა მოიპოვეს.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქვეყნის ფულად-საფინანსო სისტემის შექმნასა და მის გამართულ ფუნქციონირებას. 1919 წლის ივლისში გამოიცა დეკრეტი საქართველოს რესპუბლიკის ბონების გამოცემის შესახებ. დეკრეტის ძალით საქართველოს მთავრობას უფლება მიეცა გამოეცა სამასი მილიონი მანეთის ღირებულების ბონი. ბონს უნდა ემოქმედა დროებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფულის გამოშვებამდე. ქართული ბონი მოქმედებდა რუსული ფულის ნიშნებსა და ამიერკავკასიის კომისარიატის ბონთან ერთად. ქართულ ბონს იმხანადაც და შემდგომ წლებშიაც საკმაოდ მყარი კურსი ჰქონდა. იგი ბრუნვაში იყო 1923 წლამდე. 1919 წლის დეკემბერში შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ბანკი.
სოციალურ ურთიერთობათა სფეროში მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენდა 1920 წლის აგვისტოში მიღებული კანონი შრომითი ხელშეკრულების შესახებ. კანონმა განსაზღვრა მშრომელთა დაქირავების წესი, დაქირავებულისა და დამქირავებლის უფლება-მოვალეობანი, ხელფასის ანაზღაურების წესი და სხვ. ძალზე მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე 1920 წლის ივლისში მიღებული კანონი ჯანმრთელობის დეპარტამენტის დაარსების შესახებ. დეპარტამენტის მოვალეობას შეადგენდა ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მუშაობის წარმართვა.
ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესში სათანადო სახსრების სიმცირის პირობებშიც კი, დიდი ყურადღება ექცეოდა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებას. 1918 წლის 3 სექტემბერს თბილისის უნივერსიტეტი გარდაიქმნა სახელმწიფო უნივერსიტეტად. იმავდროულად დამტკიცდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დროებითი ძირითადი დებულება. 1918 წლის სექტემბერში თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი, ასევე სემინარიები გამოცხადდა სახელმწიფო სკოლებად. ღირსშესანიშნავ ღონისძიებას წარმოადგენდა 1919 წლის აგვისტოში მიღებული დეკრეტი, რომლის ძალითაც გაუქმდა კავკასიის მუზეუმი და მის ბაზაზე თბილისშივე დაარსდა საქართველოს მუზეუმი. 1920 წლის მარტში შეიქმნა საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა. ქართული კულტურის შემდგომი ბედისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 1920 წლის მაისში მიღებულ დეკრეტს, რომელიც კრძალავდა საქართველოდან ხელოვნების ნიმუშებისა და სხვა ისტორიული ფასეულობის მქონე ნივთების გატანას. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ორგანიზების თვალსაზრისით, საყურადღებო იყო 1920 წლის აპრილში მიღებული კანონი საქართველოს ცენტრალური სამეცნიერო არქივის დაარსების შესახებ. კანონის მიღების შემდეგ დაიწყო საქართველოს ისტორიის შესწავლისათვის აუცილებელი მასალების თავმოყრა და დამუშავება.
საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სწორი ეროვნული პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებას. საქართველო მრავალეროვანი ქვეყანა იყო. აქ მცხოვრები ხალხები სხვადასხვა აღმსარებლობას განეკუთვნებოდნენ, ამავე დროს, ისინი სხვადასხვა პოლიტიკურ ორიენტაციას აღიარებდნენ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას უნდა დაეძლია ის დაპირისპირება და უნდობლობა, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ერებს შორის რუსეთის კოლონიური რეჟიმის პირობებში წარმოიშვა. ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნება და განმტკიცება.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სწორი ეროვნული პოლიტიკა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდან იღებს სათავეს. დამოუკიდებლობის აქტის მეხუთე მუხლში აღნიშნული იყო: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორათ უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალურ მდგომარეობისა და სქესისა“. მეექვსე მუხლი კი გვაუწყებდა: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზედ მოსახლე ყველა ერს“. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბოლომდე ერთგული დარჩა დამოუკიდებლობის აქტით აღიარებული პრინციპებისა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შეივსო საქართველოს ეროვნული საბჭოს შემადგენლობა. 1918 წლის 13 სექტემბრის კანონით საქართველოში მცხოვრებმა სხვადასხვა ერის წარმომადგენელმა უფლება მიიღო ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში – ეროვნულ საბჭოში – აერჩიათ 26 წარმომადგენელი. ეროვნული საბჭოს წევრის 26 ადგილი ასე განაწილდა: სომხებმა მიიღეს 10 ადგილი, თათრებმა (აზერბაიჯანელებმა) – 4, აფხაზებმა – 3, რუსებმა – 2, ოსებმა – 2, ქართველმა ებრაელებმა – 2, ებრაელებმა – 1, ბერძნებმა – 1, გერმანელებმა – 1. კანონში აღნიშნული იყო, რომ ცალკეული ერების წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ საბჭოში უნდა აერჩიათ ამ ერების ეროვნულ საბჭოებს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით პარლამენტის წევრები სიტყვას წარმოთქვამდნენ სახელმწიფო ენაზე – ქართულ ენაზე. ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელს, რომელმაც ქართული არ იცოდა, უფლება ეძლეოდა პარლამენტში სიტყვა წარმოეთქვა მშობლიურ ენაზე, ან რომელიმე ეროვნული უმცირესობის ენაზე, თუ ეს ენა იცოდა პარლამენტის პრეზიდიუმის ერთმა წევრმა მაინც. საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაში ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვას დაეთმო მთელი თავი. კონსტიტუციაში აღნიშნული იყო: „არ შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს რესპუბლიკის რომელიმე ეროვნული უმცირესობის თავისუფალი სოციალ-ეკონომიკური და კულტურული განვითარება, განსაკუთრებით მისი დედა-ენით სწავლა-აღზრდისა და ეროვნულ-კულტურულ საქმეთა შინაური მართვა-გამგეობა“. კონსტიტუცია ეროვნული უმცირესობისაგან შემდგარ ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებს (თემი, ერობა, ქალაქი) ეროვნული კავშირების დაარსების უფლებას აძლევდა. ეროვნული კავშირები უნდა გასძღოლოდნენ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმეებს. ისინი თავიანთ მოღვაწეობაში ხელმძღვანელობდნენ კონსტიტუციითა და შესაბამისი კანონებით.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს ყოველგვარი პირობა შეექმნათ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში შეუზღუდავი მონაწილეობისათვის.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ძალზე მცირე დრო ჰქონდა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობის ურთულესი პრობლემების გადასაჭრელად. ამასთან ერთად, სახელმწიფო აღმშენებლობა მიმდინარეობდა მეტად მძიმე სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში, ურთულეს საშინაო და საერთაშორისო ვითარებაში. მიუხედავად ამისა, მოპოვებულ იქნა უმნიშვნელოვანესი წარმატებები.
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესში მოპოვებული წარმატებები დაგვირგვინდა კონსტიტუციით, რომელიც საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა 1921 წლის 21 თებერვალს. საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია ქართული პოლიტიკური აზრის დიდი მონაპოვარია. იგი შემუშავებულ იქნა იმდროინდელი მსოფლიოს მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით. კონსტიტუცია შედგება 17 თავისა და 149 მუხლისაგან. კონსტიტუციის პირველსავე მუხლში აღნიშნულია: „საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო. მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა“. კონსტიტუციამ ქართული ენა გამოაცხადა სახელმწიფო ენად.
კონსტიტუციის ძალით საქართველოს მოქალაქეობის მიღება შეიძლებოდა „წარმოშობით, ქორწინებითა და ნატურალიზაციით“. საქართველოს მოქალაქე ვალდებული იყო, პირადად მოეხადა სამხედრო ბეგარა. საქართველოს მოქალაქეს შეეძლო, უარი ეთქვა ქვეყნის მოქალაქეობაზე მხოლოდ სახელმწიფოებრივი მოვალეობის შესრულების შემდეგ.
საქართველოს კონსტიტუციამ გააუქმა სიკვდილით დასჯა. ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორი იყო და მისი დასჯა შეეძლო მხოლოდ სასამართლოს.
1921 წლის კონსტიტუციით ხელისუფლების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენდა პარლამენტი, რომელიც უნდა არჩეულიყო საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული საარჩევნო კანონით. უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნოდა მთავრობას. მთავრობის თავმჯდომარე, ამავე დროს, იყო ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი.
საქართველოს კონსტიტუციამ გამოაცხადა სასამართლოს სრული დამოუკიდებლობა. კონსტიტუციაში აღნიშნულია: „სასამართლო დამოუკიდებელია და მხოლოდ კანონს ემორჩილება. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოს წარმოადგენს სენატი“.
კონსტიტუცია აკანონებდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევას საყოველთაო, თანასწორი, ფარული და პროპორციული საარჩევნო კანონით. ადგილობრივი თვითმმართველობის დადგენილებებისა და განკარგულებების შეჩერების უფლება ჰქონდა ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებს, მაგრამ მისი გაუქმება მხოლოდ სასამართლოს წესით შეიძლებოდა.
1921 წლის კონსტიტუციით საქართველოს განუყოფელ ნაწილებს – აფხაზეთს (სოხუმის ოლქს), აჭარასა (ბათუმის ოლქს) და საინგილოს (ზაქათალის ოლქს) მიენიჭათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა.
კონსტიტუციამ დააკანონა საყოველთაო, სავალდებულო და უფასო დაწყებითი განათლება. კერძო პირთა დაარსებული სკოლა უნდა დამორჩილებოდა საერთო-სასკოლო კანონს.
მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა კონსტიტუციით იყო გარანტირებული. კონსტიტუციაში ვკითხულობთ: „რესპუბლიკა ზრუნავს თავის მოქალაქეთა ღირსეული არსებობისათვის“. კონსტიტუცია იცავდა საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა ინტერესებს. არ შეიძლება საქართველოში უპირატესობით ესარგებლა რომელიმე რელიგიას.
მართალია, საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციას პრაქტიკულად არ უმოქმედია, მაგრამ მას ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველი ერის ისტორიაში. 1918 წლის 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და 1921 წლის კონსტიტუცია იყო ის იურიდიული საფუძველი, რომელსაც ემყარებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა მომდევნო ათწლეულებში.
ამრიგად, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესმა საანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სწორად განსაზღვრა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობის ძირითადი მიმართულებანი და დროის სიმცირის მიუხედავად, მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა.
ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის
საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ხელყოფა დაიწყო ჯერ კიდევ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე 1917–1918 წლებში. აფხაზეთში სეპარატისტულ მოძრაობას აქეზებდა და მხარს უჭერდა საბჭოთა რუსეთი, ასევე თურქეთი. შიდა ქართლში მცხოვრები ოსი სეპარატისტების უკან ასევე რუსეთი იდგა. სამცხე-საათაბაგოსა და აჭარაში სეპარატიზმს აღვივებდა თურქეთი. ირანისა და თურქეთის აგენტურა სეპარატისტული მოძრაობის გაჩაღებას ცდილობდა საინგილოში (ისტორიულ ჰერეთში). საბჭოთა რუსეთი და თურქეთი ცდილობდნენ სეპარატისტული მოძრაობისათვის ხან ეთნიკური, ხან რელიგიური და ხან აგრარული ხასიათი მიეცათ. სინამდვილეში მათ მიზანს შეადგენდა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის დანაწილება, რაც შეაფერხებდა ქართველი ერის სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენის შემთხვევაში – ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მშენებლობას.
აფხაზი სეპარატისტების გააქტიურება შეინიშნებოდა უკვე 1917 წლის შემოდგომიდან. 1918 წლის თებერვალში აფხაზეთის სახალხო საბჭომ საქართველოს ეროვნულ საბჭოს შესთავაზა საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობის მოგვარების საკუთარი პროექტი. აფხაზეთის სახალხო საბჭო თვლიდა, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის უნდა დამყარებულიყო კეთილმეზობლური ურთიერთობა, როგორც ორ თანასწორ მხარეს შორის. ქართულმა მხარემ ეს პროექტი უარყო. 1918 წლის 9 თებერვალს თბილისში საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტსა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე აფხაზეთი რჩებოდა საქართველოს შემადგენლობაში. ამასთან, აფხაზეთს ენიჭებოდა შინაურ საქმეებში ფართო ავტონომია. საქართველო ვალდებულებას იღებდა დახმარებოდა აფხაზეთს იმ ტერიტორიის (გაგრის რაიონი და სხვ.) დაბრუნებაში, რომელიც 1904 წელს სოხუმის ოკრუგს ჩამოაცილეს და შავი ზღვის გუბერნიას შეუერთეს. ცხადია, საკითხის ასეთმა გადაწყვეტამ არ დააკმაყოფილა არც აფხაზი სეპარატისტები და არც საბჭოთა რუსეთი. 1918 წლის მარტში სოხუმის ოკრუგში რუსეთის მხარდაჭერით გააქტიურდნენ აფხაზი ბოლშევიკები. მათ მოითხოვეს აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარება და აფხაზეთის საბჭოთა რუსეთთან შეერთება. აფხაზი სეპარატისტები კი აფხაზეთის დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ. საბჭოთა რუსეთის დახმარებით აფხაზმა ბოლშევიკებმა შექმნეს აფხაზეთის სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი, ჩამოაყალიბეს წითელი რაზმი, დაიკავეს სოხუმი და აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. აფხაზეთის სამხედრო-რევოლუციურმა კომიტეტმა დახმარება სთხოვა საბჭოთა რუსეთს. აფხაზეთში შევიდა ყუბანელ კაზაკთა 2000-იანი წითელი რაზმი. კაზაკებმა გუდაუთასთან დაამარცხეს ქართული ჯარის ნაწილები და სოხუმში შევიდნენ.
აფხაზმა სეპარატისტებმა ისარგებლეს 1918 წლის აპრილ-მაისში აჭარაში შექმნილი მძიმე მდგომარეობით. მაშინ, როდესაც ბათუმის დაკარგვის შემდეგ ქართული ჯარი და სახალხო გვარდია ძლივს აკავებდა თურქეთის ჯარების შემოტევას მდინარე ჩოლოქზე, აფხაზი სეპარატისტები აძლიერებდნენ ბრძოლას საქართველოდან აფხაზეთის გამოყოფისათვის. ბათუმში თავს იყრიდა თურქეთის დესანტი, რომელიც აფხაზეთში უნდა გადაესხათ. 1918 წლის მაისში საქართველოს სახალხო გვარდიამ ვალიკო ჯუღელის მეთაურობით სამურზაყანოდან (ოჩამჩირის რაიონიდან) სოხუმს შეუტია და აფხაზ სეპარატისტებსა და მათ დასახმარებლად ბათუმიდან მოსულ თურქეთის დესანტს სასტიკი მარცხი აგემა. აფხაზმა სეპარატისტებმა ჯერ გუდაუთისაკენ, ხოლო შემდეგ გაგრისაკენ დაიხიეს. სახალხო გვარდიას შეეძლო განევითარებინა შეტევა, მაგრამ საქართველოს ეროვნული საბჭო ზედმეტ სისხლისღვრას მოერიდა. თანაც ცნობილი გახდა, რომ ტუაფსეში საბჭოთა რუსეთმა დიდ ძალებს მოუყარა თავი.
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ცდილობდა აფხაზეთის საკითხი სისხლისღვრის გარეშე გადაეჭრა. 1918 წლის 8 ივნისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგს: 1) საქართველოს მთავრობაში მოწვეული იქნებოდა აფხაზეთის წარმომადგენელი – აფხაზეთის საქმეთა მინისტრი; 2) აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის (თვითმმართველობის) ფუნქცია ეკისრებოდა აფხაზეთის სახალხო საბჭოს; 3) წესრიგის დაცვისა და ხელისუფლების განმტკიცების მიზნით აფხაზეთში უნდა გაგზავნილიყო საქართველოს სახალხო გვარდიის ნაწილები; 4) აფხაზეთში სოციალურ რეფორმებს გაატარებდა აფხაზეთის სახალხო საბჭო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად და ადგილობრივ თავისებურებათა გათვალისწინებით; 5) აფხაზეთის სახელმწიფოებრივ სტატუსს განსაზღვრავდა აფხაზეთის სახალხო ყრილობა, რომელიც, რაც შეიძლებოდა მალე უნდა მოეწვიათ.
აფხაზი სეპარატისტებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა 1918 წლის 8 ივნისის შეთანხმება. აფხაზეთის სახალხო საბჭოს ლიდერებმა აფხაზეთის სრული დამოუკიდებლობის მოპოვება განიზრახეს. ამდენად, აფხაზეთის საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარება შეუძლებელი გახდა. საომარი მოქმედებები განახლდა. ქართულმა ჯარმა და სახალხო გვარდიამ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სარდლობით ყუბანიდან შემოსული კაზაკთა წითელი რაზმი და აფხაზ სეპარატისტთა ძალები დაამარცხა და 1918 წლის ივნისში სოხუმი დაიკავა. 22 ივნისს სახალხო გვარდია შევიდა გაგრაში, 2 ივლისს აღებულ იქნა ადლერი, 6 ივლისს – სოჭი, 26 ივლისს – ტუაფსე. აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის აღდგენას მტრულად შეხვდა საბჭოთა რუსეთი. რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ (1918 წლის გაზაფხული) ქვეყნის სამხრეთში საბჭოთა ხელისუფლება დაემხო. რეგიონში რეალურ ძალას წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილი რუსეთის მოხალისეთა არმია გენერალ ალექსეევის სარდლობით. სამხრეთ რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ყუბანის რესპუბლიკა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ხედავდა, რომ აფხაზეთის საკითხის გადაჭრა აუცილებელს ხდიდა ურთიერთობის მოგვარებას მოხალისეთა არმიის სარდლობასა და ყუბანის რესპუბლიკასთან. საქართველოს მთავრობამ წინადადებით მიმართა ყუბანის რესპუბლიკის მთავრობას, რათა დაეწყოთ მოლაპარაკება საზღვრების დადგენის მიზნით. მოლაპარაკება დაიწყო 1918 წლის 25 სექტემბერს. რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებას ესწრებოდნენ მოხალისეთა არმიის სარდლობის (გენერალი ალექსეევი, გენერალი დენიკინი და სხვ.), ყუბანის რესპუბლიკისა (ბიჩი, ვორობიოვი) და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლები – საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. მოხალისეთა არმიის სარდლობამ და ყუბანის რესპუბლიკამ ფორმალურად აღიარეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, მაგრამ, ამასთან ერთად, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ბრალი დასდეს რუსეთის ტერიტორიის მიტაცებაში. რუსები საქართველოს ტერიტორიასაც (სოჭისა და გაგრის რაიონები) კი რუსეთის ტერიტორიად თვლიდნენ. ქართულმა მხარემ დაასაბუთა ტერიტორიული პრეტენზიების უსაფუძვლობა, თუმცა რუსებს აზრი მაინც არ შეუცვლიათ.
1918 წლის ოქტომბრის დამდეგს რუსეთის მოხალისეთა არმიის მხარდაჭერით აფხაზეთში იყო ცდა გადატრიალების მოხდენისა, რომლის მიზანს შეადგენდა საქართველოდან აფხაზეთის ჩამოცილება. აფხაზეთის სახალხო საბჭოში სულ უფრო ძლიერდებოდა ანტიქართული განწყობილება. 1918 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, დაითხოვა აფხაზეთის სახალხო საბჭო და დანიშნა ახალი არჩევნები. ცხადია, საქართველოს მთავრობის ასეთი ნაბიჯით უკმაყოფილო დარჩა რუსეთის მოხალისეთა არმიის სარდლობა. ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთის მოხალისეთა არმიას შორის სულ უფრო მწვავდებოდა. 1918 წლის დეკემბერში მოხალისეთა არმიის სარდალმა გენერალმა ანტონ დენიკინმა ტუაფსეს რაიონში თავი მოუყარა მოხალისეთა არმიის ნაწილებს და აფხაზეთში შემოჭრისათვის მოემზადა. საქართველომ დახმარებისათვის ინგლისის მთავრობას მიმართა. ქართული მხარე მზად იყო სოჭის რაიონიდან ჯარები გაეყვანა თუ ინგლისი მისცემდა იმის გარანტიას, რომ იქ რუსეთის მოხალისეთა არმია არ შევიდოდა. მძიმე სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში ინგლისმა ანტიქართული პოზიცია დაიკავა – საქართველო არდაიცვა. როგორც კი სოჭის რაიონი ქართულმა ჯარმა დატოვა, იქ მოხალისეთა არმიის ნაწილები შევიდნენ. ინგლისის ანტიქართული პოზიციით წახალისებულმა დენიკინმა 1919 წლის დამდეგს საბრძოლო ოპერაციები გაგრის რაიონში გადმოიტანა. რუსები ცდილობდნენ აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციას მდინარე ბზიფამდე. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. 1919 წლის 14 ივნისს პარიზის საზავო კონფერენციაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციის მეთაურმა კარლო ჩხეიძემ წერილით მიმართა კონფერენციის თავმჯდომარესა და დიდ სახელმწიფოებს. კარლო ჩხეიძე დიდი სახელმწიფოების მთავრობებს სთხოვდა, მიეღოთ საჭირო ზომები, რათა მოხალისეთა არმიას პატივი ეცა საქართველოს სახელმწიფო საზღვრებისათვის.
1919 წლის გაზაფხულზე საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი და ფარული საარჩევნო კანონის საფუძველზე არჩეულ იქნა აფხაზეთის სახალხო საბჭო (თავმჯდომარე არზაყან ემუხვარი). 1919 წლის 20 მარტს აფხაზეთის სახალხო საბჭომ მიიღო აქტი საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის შესახებ, რომელიც დაამტკიცა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ. აფხაზეთს ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობის უფლება მიანიჭა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციამ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას ისახავდა მიზნად სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭო, რომელიც 1917 წელს შეიქმნა. ოსი სეპარატისტები იმთავითვე დაადგნენ საქართველოს ეროვნულ საბჭოსთან კონფრონტაციის გზას. ისინი რუსეთის დახმარებით აპირებდნენ ისტორიული შიდა ქართლის (ე. წ. სამხრეთ ოსეთის) შეერთებას ჩრდილოეთ ოსეთთან, ე. ი. ფაქტობრივად რუსეთთან. ცხადია, ამ გეგმას მხარს უჭერდა საბჭოთა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ოსი სეპარატისტები განსაკუთრებით გააქტიურდნენ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ოს სეპარატისტთა გამოსვლები, მათ შორის შეიარაღებული გამოსვლებიც, წარმოებდა, ვითომდა, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მიზნით. 1918 წელს საქართველოს სახალხო გვარდიამ და ქართულმა ჯარმა შეძლო ოსთა სეპარატისტული ამბოხების ჩახშობა შიდა ქართლში. ჩრდილო კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების დამხობისა და 1919 წელს იქ დენიკინის მოხალისეთა არმიის შესვლის შემდეგ, ოსი სეპარატისტები დენიკინის დახმარებით აპირებდნენ თავიანთი გეგმების განხორციელებას. ოსი სეპარატისტები ასევე ცდილობდნენ, 1919–1920 წლებში, საქართველოში მყოფი ინგლისის ჯარების სარდლობის ანტიქართული განწყობილების გამოყენებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. შიდა ქართლის ოსთა სეპარატისტულ მოძრაობას 1918–1920 წლებში ფულითა და შეიარაღებით ეხმარებოდა ამიერკავკასიის რუსთა ეროვნული საბჭო და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა.
ოსი სეპარატისტების მოძრაობამ განსაკუთრებით ფართო მასშტაბები მიიღო 1920 წელს, მას შემდეგ, რაც საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ დენიკინის მოხალისეთა არმია დაამარცხა და ამიერკავკასიის საზღვრებს მოუახლოვდა. რუსეთი შეუდგა თავისი ჰეგემონისტური გეგმების განხორციელებას კავკასიაში. 1920 წლის იანვარში რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) კავკასიის სამხარეო კომიტეტმა რეგიონის მშრომელებს მოუწოდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მიზნით აჯანყების დაწყებისაკენ. 1920 წლის 15 მარტს რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტმა კავკასიის მშრომელთა სახელით თხოვნით მიმართა საბჭოთა რუსეთის მთავრობას. თითქოს კავკასიის მშრომელები დახმარებას ითხოვდნენ საბჭოთა ხელისუფლებისათვის ბრძოლაში. 1920 წლის 23 მარტს რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტმა მიიღო დადგენილება სამხრეთ ოსეთში (ისტორიული შიდა ქართლის ნაწილში) საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებისა და სამხრეთ ოსეთის რევოლუციური კომიტეტის (რევკომის) შექმნის შესახებ. 1920 წლის 6 მაისს სამხრეთ ოსეთის რევკომმა, რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის მითითების თანახმად, მიიღო დადგენილება ჯერჯერობით მხოლოდ როკის რაიონში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადების შესახებ. იმავე დადგენილებაში აღნიშნული იყო, რომ სამხრეთ ოსეთი (ისტორიული შიდა ქართლის ნაწილი) უერთდებოდა რუსეთს, რის შესახებაც საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინათ საბჭოთა რუსეთისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობები.
სამხრეთ ოსეთის რევკომის დადგენილება წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშ ხელყოფას. ცხადია, ოს სეპარატისტთა ასეთი ნაბიჯი წინასწარ იყო შეთანხმებული საბჭოთა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და პირადად ვლადიმერ ლენინთან. ამ პერიოდისათვის მოსკოვში უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის დაპყრობის შესახებ. მზადდებოდა სომხეთისა და საქართველოს დაპყრობა. 1920 წლის 7 მაისს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულების შემდეგ, რუსეთი იძულებული გახდა დროებით, ხელსაყრელი სიტუაციის შექმნამდე, თავი შეეკავებინა საქართველოს წინააღმდეგ აშკარა სამხედრო აგრესიისაგან. სამაგიეროდ, რუსეთი უარს არ ამბობდა ოსი სეპარატისტების მხარდაჭერაზე. შიდა ქართლში დაწყებული აჯანყების პროცესში ოსმა სეპარატისტებმა მასიურად დახოცეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სახალხო გვარდიის მებრძოლები, გაუსწორდნენ თბილისიდან სხვადასხვა დავალებით ჩასულ ხელისუფლების წარმომადგენლებს. ამის საპასუხოდ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ შიდა ქართლში ოს სეპარატისტთა წინააღმდეგ გაგზავნა სახალხო გვარდიისა და რეგულარული ჯარის ნაწილები. მართალია, საბჭოთა რუსეთი აშკარად ვერ ერეოდა შიდა ქართლში დაწყებულ შეიარაღებულ გამოსვლებში, მაგრამ ოსი სეპარატისტები შეიარაღებას ჩრდილო კავკასიაში განლაგებული საბჭოთა რუსეთის ჯარებისაგან (კავკასიის ფრონტისაგან) იღებდნენ. კავკასიის ფრონტის სარდლობა შიდა ქართლში აგზავნიდა სამხედრო სპეციალისტებსა და ინსტრუქტორებს. გარდა ამისა, 1920 წლის 17 მარტს საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა გიორგი ჩიჩერინმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას გამოუგზავნა ნოტა, რომელშიც გამოთქმული იყო შეშფოთება შიდა ქართლში საქართველოს სახალხო გვარდიისა და რეგულარული ჯარის გაგზავნის გამო. ნოტაში ჩიჩერინი აღნიშნავდა, რომ ოსეთს უნდა ჰქონოდა ისეთი ხელისუფლება, როგორიც ოსებს სურდათ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ შიდა ქართლში ოს სეპარატისტთა ამბოხების ჩასახშობად სამხედრო ძალის გაგზავნას რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი სხვის შინაურ საქმეებში ყოვლად გაუმართლებელ ჩარევად მიიჩნევდა. ცხადია, ასეთი ნოტით საბჭოთა რუსეთი ოს სეპარატისთა აშკარა მხარდაჭერას გამოხატავდა. 1920 წლის 28 მაისს ოსმა სეპარატისტებმა მიიღეს ე. წ. „მშრომელი სამხრეთ ოსეთის“ მემორანდუმი. მემორანდუმში, რომელიც მოსკოვში გაიგზავნა, აღნიშნული იყო, რომ ოსეთი (ე. ი. ისტორიული შიდა ქართლი) საბჭოთა რუსეთის განუყოფელი ნაწილი იყო. ოს სეპარატისტთა აზრით, სამხრეთ ოსეთი უშუალოდ უნდა შესულიყო რუსეთის შემადგენლობაში, ხოლო რაც შეეხება მთლიანად საქართველოს, იგი რუსეთის შემადგენლობაში უნდა შესულიყო თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების სახით. საკითხის ასეთი დაყენება საბჭოთა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიციას გამოხატავდა. აშკარა იყო, რომ ოსი სეპარატისტები მოსკოვიდან მიღებული მითითებებით მოქმედებდნენ.
საქართველოს სახალხო გვარდიისა და ქართული რეგულარული ჯარის ნაწილებმა 1920 წლის ზაფხულში ჩაახშვეს ოს სეპარატისტთა შეიარაღებული აჯანყება შიდა ქართლში. სამხედრო ოპერაციების უნარიანად წარმართვაში თავი გამოიჩინა ვალიკო ჯუღელმა. შიდა ქართლში მთლიანად აღდგა საქართველოს იურისდიქცია. რუსეთმა დროებით უკან დაიხია.
ჯერ კიდევ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე ძალზე გართულდა ვითარება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. როგორც აღვნიშნეთ, 1918 წლის 3 მარტს ხელმოწერილი ბრესტ-ლიტოვსკის ზავით საბჭოთა რუსეთმა ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები თურქეთს დაუთმო. ამიერკავკასიის კომისარიატმა და ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ ვერც დიპლომატიური და ვერც სამხედრო საშუალებებით თურქეთის შეჩერება ვერ შეძლო. 1918 წლის 1 აპრილს თურქებმა ბათუმი დაიკავეს. თურქების შეტევის შეჩერება მხოლოდ მდინარე ჩოლოქზე გახდა შესაძლებელი. თბილისის მიმართულებით შეტევაზე გადმოსულმა თურქებმა დაიკავეს ტერიტორია თითქმის ბორჯომამდე. 1918 წლის 26 მაისისათვის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი თურქეთის მიერ იყო ოკუპირებული. იმხანად საქართველოს თურქეთთან ომის წარმოება არ შეეძლო. 1918 წლის 4 ივნისს ბათუმში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და თურქეთს შორის დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულების ძალით სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და თურქეთს შორის გადიოდა მდინარე ჩოლოქზე, აბასთუმნისა და აწყურის სამხრეთით. ამრიგად, სამხრეთ-დასავლეთ საქართველო (ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები), ასევე სამხრეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი, თურქეთმა მიიტაცა. თურქეთი ამით არ დაკმაყოფილდა. 1918 წლის ივლისში თურქეთის მთავრობამ, ვითომდა, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქების) მოსახლეობის ნების გამოსავლენად, რეფერენდუმი ჩაატარა. რეფერენდუმი ჩატარდა იმხანად მიღებული საერთაშორისო ნორმების დარღვევით, დაშინების, შანტაჟისა და გაძლიერებული ანტიქართული აგიტაციის პირობებში. თურქეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგების მიხედვით ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები თურქეთის შემადგენლობაში რჩებოდა. 1918 წლის ივლისში თურქები შეიჭრნენ ზაქათალის ოლქში (საინგილოში) და დაიწყეს აგიტაცია საქართველოდან საინგილოს ჩამოშორების მიზნით.
ამიერკავკასიაში თურქეთის ჰეგემონისტურ მისწრაფებებს ზღვარი დაუდო მისმა მარცხმა პირველ მსოფლიო ომში. 1918 წლის 30 ოქტომბერს ომში დამარცხებულ თურქეთსა და ინგლის-საფრანგეთს შორის დაიდო მუდროსის დროებითი ზავი. ზავის თანახმად, თურქეთმა დატოვა ამიერკავკასიაში ოკუპირებული ტერიტორიები.
მუდროსის ზავის თანახმად, აჭარაში თურქების ნაცვლად, 1918 წლის დეკემბერში, ინგლისის ჯარები შევიდნენ. ინგლისელთა საოკუპაციო რეჟიმი 1920 წლის ივლისამდე გაგრძელდა. როგორც თურქები, ასევე ინგლისელები აჭარაში ძალზე ავიწროებდნენ ქართული ორიენტაციის ძალებს. ამ ძნელბედობის ჟამს ქართული ინტელიგენციის ძალების დარაზმვაში უდიდესი როლი შეასრულა ცნობილმა პოლიტიკურმა მოღვაწემ მემედ-ბეგ აბაშიძემ. ამ დიდ ეროვნულ საქმეში მემედ-ბეგ აბაშიძეს მხარში ედგნენ ასლან-ბეგ აბაშიძე, ზია-ბეგ აბაშიძე და მრავალი სხვა პატრიოტი. მემედ-ბეგ აბაშიძის ინიციატივითა და წინამძღოლობით 1919 წლის 31 აგვისტოს, ბათუმში, შედგა ქართველ მაჰმადიანთა წარმომადგენლების ყრილობა. ყრილობამ მოითხოვა აჭარის დედასამშობლოსთან – საქართველოსთან – შეერთება. ეს იყო საერთო-ქართული საქმის დიდი გამარჯვება.
აჭარაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იურისდიქციის აღდგენის შემდეგ (1920 წლის ივლისი), ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების გამო, ქართული ორიენტაციის ძალები მაინც არახელსაყრელ პირობებში აგრძელებდნენ მოღვაწეობას. მიუხედავად ამისა, მემედ-ბეგ აბაშიძემ და მისმა თანამოაზრეებმა შეძლეს ის, რომ აჭარა შეუნარჩუნეს დედასამშობლოს.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთლიანობის ხელყოფა სცადა სომხეთის რესპუბლიკამ. მოლაპარაკება საზღვრების თაობაზე საქართველოსა და სომხეთს შორის დაიწყო 1918 წლის 18 ოქტომბერს. სომხეთი საქართველოსაგან მოითხოვდა ძირძველი ქართული ტერიტორიების დათმობას როგორც სამხრეთ საქართველოში (ჯავახეთი), ისე ქართლსა (თბილისი, გორი) და აჭარაში (ბათუმი). საქართველოს დელეგაციამ დამაჯერებლად უარყო სომხეთის მოთხოვნები. სომხეთის მთავრობამ დრო იხელთა და როგორც კი მუდროსის ზავის თანახმად თურქეთის ჯარებმა ლორეს რაიონი დატოვეს, იქ სომხეთის ჯარი შეიჭრა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა იძულებული გახდა იარაღის ძალით დაეცვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. 1918 წლის ნოემბრის ბოლოს საქართველოსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეჯახება მოხდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ცდებს, მშვიდობიანი გზით გადაეჭრა სასაზღვრო კონფლიქტი, შედეგი არ მოჰყოლია. 1918 წლის 9 დეკემბერს სომხეთის ჯარები ბორჩალოს მაზრაში შეიჭრნენ. ქართულმა ჯარმა და სახალხო გვარდიამ ბრძოლებით დაიხია მდინარე ხრამამდე. სომხეთის მთავრობა საქართველოს მთავრობისაგან ულტიმატუმის ფორმით მოითხოვდა ტერიტორიის დაცლას თბილისითურთ, ვიდრე გორამდე. 1918 წლის 17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მოიწონა მთავრობის პოზიცია სომხეთის აგრესიის სამხედრო საშუალებებით აღკვეთის შესახებ. 1918 წლის 20 დეკემბერს ქართული რეგულარული ჯარი და სახალხო გვარდია შეტევაზე გადავიდა. სომხეთის ჯარმა დიდი დანაკარგებით უკან დაიხია. სომხეთი დიდი სამხედრო და პოლიტიკური კატასტროფისაგან ინგლისმა იხსნა. ამიერკავკასიაში ინგლისის სამხედრო მისიის შუამდგომლობის შემდეგ, 1918 წლის 25 დეკემბერს, საქართველოსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებები შეწყდა. საქართველოსა და სომხეთის ჯარებმა დატოვეს სადავო ტერიტორია. დაიწყო მოლაპარაკება ნეიტრალური ზონის შექმნის შესახებ. ამრიგად, სომხეთის მთავრობამ კარგად გამოიყენა ინგლისის მთავრობის ანტიქართული განწყობილება და წაგებული ომის მიუხედავად, სასაზღვრო კონფლიქტი მაინც საქართველოს საზიანოდ გადაწყდა. შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას არ შეეძლო ანტანტის ნების წინააღმდეგ გამოსვლა და ამიტომაც დათანხმდა ინგლისის სამხედრო მისიის წინადადებას ლორეს ნეიტრალური ზონის შექმნის შესახებ. საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე ლორეს ნეიტრალურ ზონაში მორიგეობით უნდა მდგარიყო ქართული და სომხური ჯარი.
თურქეთის აგენტურის ანტიქართული საქმიანობა სამხრეთ საქართველოში (ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში) ჯერ კიდევ 1917 წლიდან დაიწყო. 1919 წლის სეპარატისტულ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა სერვერ-ბეგი (ათაბაგი), რომლის ზურგს უკან თურქეთი და ინგლისი იდგა. სერვერ-ბეგმა შექმნა ე. წ. «სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მთავრობა. სერვერ-ბეგის ჯარებმა 1919 წლის დამდეგს დაამარცხეს ქართული ჯარის ნაწილები, რომელთაც ბორჯომისაკენ დაიხიეს. მალე ქართული ჯარი გენერალ გიორგი კვინიტაძის სარდლობით შეტევაზე გადავიდა და ახალციხე და ახალქალაქი გაათავისუფლა. 1919 წლის 20 აპრილს ქართული ჯარი არტაანში შევიდა. სერვერ-ბეგის მარცხი დიდი დარტყმა იყო სეპარატისტული ძალებისადმი, რომელთაც ამის შემდეგ მფარველად ამიერკავკასიაში ინგლისის სამხედრო მისია მოევლინა.
ამრიგად, ურთულეს სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ზოგიერთი ტერიტორიული დანაკარგის მიუხედავად, მაინც შეძლო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება.
I რესპუბლიკის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკაზე ბევრად იყო დამოკიდებული ახალგაზრდა სახელმწიფოს ბედი. საქართველოს მთავრობის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა მიზნად ისახავდა მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესების დაცვას. ამდენად, ეს პოლიტიკა ორიენტირებული არ ყოფილა რომელიმე კლასზე, იგი მიზნად არ ისახავდა მხოლოდ ერთი რომელიმე კლასის ინტერესების დაცვას. აქედან გამომდინარე, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა გულისხმობდა კერძო, სახელმწიფო და კოოპერატიული სექტორების თანაბარ, პროპორციულ განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის წამყვან პოლიტიკურ ძალას სოციალისტები წარმოადგენდნენ, დაუშვებლად იყო მიჩნეული კერძო სექტორის შეზღუდვა ან ლიკვიდაცია სახელმწიფო სექტორის სასარგებლოდ. ასეთი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გამხდარიყო საფუძველი არა მარტო ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისა, არამედ სამოქალაქო მშვიდობისა, რაც თავისთავად განაპირობებდა წარმატებას დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში.
პირველი მსოფლიო ომის შემდგომი ეპოქის დაძაბულმა სოციალურმა ვითარებამ და მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ, სირთულეებმა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, უაღრესად გაართულა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის რეალიზაცია.
ეკონომიკური კრიზისის პირობებში იხურებოდა ბევრი საწარმო, სამუშაო ადგილებს კარგავდნენ მუშები, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის სოციალურ მშვიდობასა და პოლიტიკურ სტაბილურობას. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის განკარგულების თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტმა შექმნა სალიკვიდაციო კომისია. კომისიას ევალებოდა, შეესწავლა ცალკეული საწარმოების შეკვეცის ან მთლიანად გაჩერების და ამასთან დაკავშირებით მუშათა დათხოვნის მიზეზები. საწარმოების კერძო მფლობელებსა და დამქირავებლებს აეკრძალათ მუშა-მოსამსახურეთა სამუშაოდან დათხოვნა სალიკვიდაციო კომისიის თანხმობის გარეშე. მოგვიანებით სალიკვიდაციო კომისიები თბილისის გარდა შეიქმნა სხვა დიდ ქალაქებშიც. როგორც გაირკვა, მძიმე ეკონომიკური კრიზისის პირობებში შეუძლებელი იყო უმუშევრობის თავიდან აცილება ან მისი არსებითი შემცირება.
საქართველოში არსებული სამრეწველო სიმძლავრეების ამოქმედება შინაგან რეზერვებზე დაყრდნობით შეუძლებელი იყო. სწორედ ამიტომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა იძულებული გახდა უცხოური კაპიტალი მოეზიდა. თავდაპირველად აქცენტი საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ მოკავშირეზე – გერმანიაზე – გაკეთდა. 1918 წლის ზაფხულიდან გერმანული კაპიტალის დახმარებით დაიწყო ჭიათურის მანგანუმის ამოღება და ექსპორტი. ქართველ მრეწველთა ინტერესები რომ არ შეელახათ, მალე მთავრობის ინიციატივით შეიქმნა ქართულ-გერმანული სააქციონერო საზოგადოება, რომელსაც მიეცა ჭიათურის მანგანუმის ექსპორტის მონოპოლიური უფლება 30 წლის ვადით. პირველ მსოფლიო ომში, გერმანიის მარცხის შემდეგ, ქართულ-გერმანულმა სააქციონერო საზოგადოებამ არსებობა შეწყვიტა. 1919 წელს ქართველმა მრეწველებმა ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით ჩამოაყალიბეს ჭიათურის მანგანუმის ახალი სააქციონერო საზოგადოება. რადგან საქართველოში წიაღისეული მადანი და, კერძოდ, მანგანუმის საწარმოები ნაციონალიზებული იყო, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მანგანუმის ექსპორტი სახელმწიფო მონოპოლიად გამოაცხადა და ექსპორტის უფლება გადასცა სპეციალურად შექმნილ „ჭიათურის მანგანუმის საექსპორტო საზოგადოებას“. საზოგადოებას მოგების 35 პროცენტი სახელმწიფო ბიუჯეტისათვის უნდა გადაეცა. მარტო 1920 წელს მანგანუმის საექსპორტო საზოგადოებამ საზღვარგარეთ 10 მილიონ ფუთზე მეტი მანგანუმი გაიტანა. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ საზღვარგარეთ მანგანუმზე მოთხოვნილება ძალზე დიდი იყო, რაც იძლეოდა ექსპორტის მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას.
1918–1919 წლებში მიმდინარეობდა ქვანახშირის მოპოვება ტყიბულის საბადოებში. მოპოვებული ქვანახშირი საშინაო ბაზრისათვის იყო გამიზნული. 1920 წელს ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელმა სააქციონერო საზოგადოება „ნახშირმა“ თავი ვეღარ გაართვა ქვანახშირის მოპოვებაში შექმნილ სიძნელეებს. გამოსავალი მთავრობამ ტყიბულის ქვანახშირის საბადოების ნაციონალიზაციაში დაინახა, რაც განხორციელდა კიდეც.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკაში მიმდინარე კრიზისმა მნიშვნელოვნად შეამცირა საგარეო ვაჭრობის მოცულობა. შესაბამისად იკლო საგარეო ვაჭრობიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულმა თანხამ.
ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ცხადია, ძნელი იყო ბიუჯეტის შესრულება. დავალიანება სულ უფრო იზრდებოდა. 1918 წლის მაისიდან განვლილ 7 თვეში სახელმწიფო შემოსავალმა შეადგინა 96 მილიონი მანეთი, გასავალმა – 342 მილიონი მანეთი. ამ კრიტიკულ სიტუაციაშიც კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა თავს იკავებდა საგარეო ვალის აღებისაგან. ბიუჯეტის დეფიციტი დაიფარა ბონების გამოშვებით.
საქართველოს ეკონომიკას მძიმე მდგომარეობაში აგდებდა ის გარემოებაც, რომ არასტაბილური პოლიტიკური ვითარების გამო უცხოელი კაპიტალისტები ერიდებოდნენ საქართველოს მრეწველობაში კაპიტალის დაბანდებას. რისკზე არ მიდიოდა არც ადგილობრივი ბურჟუაზია. კერძო კაპიტალის პასიურობის პირობებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დასახა მრეწველობისა და ვაჭრობის გამოცოცხლების გზები. 1920 წელს ჩამოყალიბდა „საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ეკონომიკური საბჭო“. მის ფუნქციას შეადგენდა ეკონომიკის განვითარების ახალი ფორმების შემუშავება; სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივი სექტორების საქმიანობის კოორდინირება; ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთიანი გეგმის შემუშავება; სახელმწიფო ფინანსების მოწესრიგება და ბიუჯეტის შედგენის ხელმძღვანელობა.
1919 წლის ბოლოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ შეადგინა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მონახაზი. 1919 წლის 1 ივნისიდან 1920 წლის 1 ივნისამდე ბიუჯეტის შემოსავალს უნდა შეედგინა თითქმის 2 მილიარდი მანეთი. ჯერ ბიუჯეტის განხილვა არც კი დამთავრებულიყო, რომ ინფლაციის მზარდი ტემპის პირობებში შემოსავალ-გასავლის გათვლა არარეალური გახდა. მთავრობის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა ვერ გააუმჯობესეს მდგომარეობა.
ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარება სულ უფრო აუარესებდა ცხოვრების დონეს. კატასტროფულად იზრდებოდა ფასები პირველადი მოხმარების საქონელზე, რასაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ხელფასის ზრდის ტემპი. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ცხოვრების დონის დაცემა შეინიშნებოდა დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში. ამ თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობა შეიქმნა რუსეთში და რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე აღმოცენებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში. ცხადია, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა აგრარულ რეფორმას. აგრარული საკითხის მოგვარება ჯერ კიდევ ოზაკომმა სცადა. 1917 წლის 16 მარტს შეიქმნა ამიერკავკასიის საადგილმამულო კომისია, რომელსაც დაევალა შეღავათიან პირობებში გლეხობისათვის საიჯარო და სახაზინო მიწების გადაცემა, საუფლისწულო მამულების მოვლა-პატრონობა და ექსპლოატაცია, საძოვრებით სარგებლობის მოწესრიგება, ტყის მასივების დაცვა და სხვ. 1917 წლის 21 ივლისს ოზაკომის დადგენილებით შეიქმნა საოლქო, საგუბერნიო და სამაზრო კომიტეტები, რომელთაც დაევალათ აგრარული რეფორმის მომზადება. 1917 წლის 16 დეკემბერს ამიერკავკასიის კომისარიატმა გამოსცა დეკრეტი მიწის შესახებ. ამ დეკრეტმა ვერ გადაჭრა აგრარული საკითხი. საჭირო იყო უფრო რადიკალური აგრარული რეფორმა. სწორედ ამ გარემოებათა გათვალისწინებით იქნა შემუშავებული ახალი კანონი, რომელიც ამიერკავკასიის სეიმმა 1918 წლის 7 მარტს დაამტკიცა. კანონის ძალით ყოფილი სახაზინო, საუფლისწულო, საეკლესიო და სამონასტრო მიწები, ასევე იურიდიულ და კერძო პირთა მიწები განსაზღვრული ნორმის ზემოთ (7 დესეტინიდან 14 დესეტინამდე) უნდა გადასცემოდა საადგილმამულო კომიტეტებს.
რთული საშინაო და საგარეო ვითარების პირობებში აგრარული რეფორმის გატარება გაჭიანურდა, რასაც მტკივნეულად განიცდიდა გლეხობა. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა შეუდგა სერიოზული აგრარული რეფორმის გატარებას. აგრარული რეფორმის გატარებას აფერხებდა ბევრი გარემოება. პირველი. რეფორმას პირველ რიგში უნდა მოესპო ბატონყმობის გადმონაშთები (საქართველოში ბოლომდე ვერ გატარდა 1912 წლის კანონი დროებით ვალდებული და სახელმწიფო გლეხებისათვის მიწების გადაცემის შესახებ); მეორე. საქართველო მცირემიწიანი ქვეყანა იყო და ძალზე ძნელდებოდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით გლეხობის დაკმაყოფილება; მესამე. აგრარული რეფორმა უნდა გატარებულიყო ისე, რომ მსხვილ მიწათმფლობელებსა (მემამულეებს) და გლეხობას შორის სამოქალაქო ომი არ დაწყებულიყო.
1919 წლის იანვარში საქართველოს პარლამენტმა რესპუბლიკის ფარგლებში არსებული რომანოვების სამეფო გვარის კუთვნილი მიწები სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა. 1919 წლის 28 იანვარს საქართველოს პარლამენტმა მიიღო უმნიშვნელოვანესი კანონი, რომელიც სახელმწიფო საადგილმამულო ფონდებიდან კერძო საკუთრებაში მიწის გაცემას ითვალისწინებდა. კანონში აღნიშნული იყო: „მიწა მიეცემა საკუთრებად იმ უმიწაწყლო და მცირედი მიწის მქონე სოფლელთ, რომელთა არსებობის მთავარ წყაროს შეადგენს სასოფლო-სამეურნეო შრომა“. ამ კანონს ფერმერული მეურნეობის აღმავლობისათვის უნდა შეეწყო ხელი. ფერმერული მეურნეობის აღმავლობას უწყობდა ხელს 1919 წლის 28 იანვარს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული მეორე კანონიც, რომელიც ყოფილ სანადელო, სახაზინო და სხვა მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებდა. კანონის ძალით ის სანადელო მიწები, რომლის კერძო საკუთრებაში დამტკიცება ვერ მოასწრეს ყოფილმა დროებითმა ვალდებულმა და სახელმწიფო გლეხებმა, გამოცხადებულ იქნა გლეხობის კერძო საკუთრებად.
საქართველოში აგრარული რეფორმის გატარებაში დიდი როლი შეასრულეს სამაზრო ერობებმა, რომელთაც დაევალათ ადგილებზე აგრარული რეფორმის გატარება. აგრარული რეფორმის გატარების პერიოდში ძველ მფლობელებს ჩამოერთვათ და გლეხობას გადაეცა 340000 დესეტინა მიწა. მიწების ნაწილი სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა. სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა 2000000 დესეტინა ტყე, 756046 დესეტინა საზაფხულო და საზამთრო საძოვარი.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის აგრარული პოლიტიკა ისე იყო გააზრებული, რომ იგი აუცილებლად გამოიწვევდა ქვეყანაში ფერმერული მეურნეობის აღმავლობას, რაც ხელს შეუწყობდა საერთო ეკონომიკურ წინსვლას.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკით გათვალისწინებული ბევრი ღონისძიება დროის სიმცირის გამო ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, ვერ განხორციელდა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმა.
I რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტით განისაზღვრა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრინციპები, კერძოდ: „საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“ და შემდეგ: „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან“. ცხადი გახდა, რომ უაღრესად რთულ საერთაშორისო ვითარებაში მყოფი ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფო თავის დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამდა არა საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ვიწრო გაგებით (მაგალითად, ან რუსეთი, ან დასავლეთი), არამედ საქართველოს, როგორც უაღრესად მგრძნობიარე გეოპოლიტიკური სივრცის დამოუკიდებელი სუბიექტის მომავლის სრული გააზრებითა და პრაგმატული პოლიტიკით.
1. საქართველოს საკითხი პარიზის (ვერსალის) საზავო კონფერენციაზე.
მსოფლიო დიდი ომი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. ევროპის ქვეყნებში დაწყებული რევოლუციური მოძრაობა კიდევ უფრო აფერხებდა და გაურკვეველს ხდიდა საერთაშორისო მშვიდობის დამყარებას. ეს, ცხადია, უარყოფით გავლენას ახდენდა ამიერკავკასიის რეგიონზე და, კონკრეტულად, დამოუკიდებელი საქართველოს მდგომარეობაზე. ომის საშიშროება არამცთუ შორდებოდა, არამედ სულ უფრო უახლოვდებოდა საქართველოს და მისი ტერიტორია მონაცვლეობით ხდებოდა დიდ სახელმწიფოთა ფარული თუ აშკარა პოლიტიკური და სამხედრო დაპირისპირების ასპარეზი. აქ ერთმანეთს ენაცვლებოდა გერმანიის, ინგლისის, იტალიის, ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთისა და რუსეთის ინტერესები. 1918 წლის მიწურულიდან კავკასიაში გააქტიურდა ანტანტის სახელმწიფოთა პოლიტიკა. კავკასიის ახლებურად მოწყობის პრინციპთა შემუშავებისას კი გამოიკვეთა ინგლისის ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა: ერთი მხრივ, ანტანტა მხარს უჭერდა დენიკინის ბრძოლას საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ „ერთიანი და განუყოფელი“ რუსეთის აღსადგენად, მეორე მხრივ კი, ხელს უწყობდა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკების ხელისუფალთა ოფიციალურ თხოვნას – განემტკიცებინა პოზიციები კავკასიაში. ინგლისს სურდა გაყოფილიყო გავლენის სფეროები საბჭოთა რუსეთსა და ინგლისს შორის და კავკასიის რეგიონში დამყარებულიყო ინგლისის პროტექტორატი. ცოტა მოგვიანებით ლოიდ ჯორჯმა საქართველო საიდუმლოდ დაუთმო იტალიას. იტალიის პრემიერი ორლანდო თავგამოდებით იცავდა საქართველოში ჯარების გაგზავნის გეგმას, მაგრამ მრავალ გარემოებათა გამო, იტალიამ ვერ მიიღო ეს უფლება. ამავე მიმართულებით აქტიურად იღვწოდა ამერიკის შეერთებული შტატებიც. მაშინდელი დიდი პოლიტიკის ფარული დეტალები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისათვის ძირითადად (თუ მთლიანად არა) უცნობი იყო და მისი ყურადღებაც იმედის თვალით იყო მიპყრობილი პარიზის (ვერსალის) საზავო კონფერენციისაკენ, რომელიც მსოფლიო გლობალურ პოლიტიკაში ძალთა და ინტერესთა ახალი გადანაწილების ამ ეტაპზე განმსაზღვრელ როლს თამაშობდა. პარიზში უნდა დასმოდა წერტილი პირველ მსოფლიო ომს, საფუძველი უნდა ჩაჰყროდა საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფის უნივერსალურ ორგანიზაციას – ერთა ლიგას, უნდა გადანაწილებულიყო გავლენის სფეროები მსოფლიოში, უნდა დადგენილიყო მსოფლიოს ახალი წესრიგის შეთანხმებული პრინციპები, უნდა ჩამოყალიბებულიყო მსოფლიო ახალი პოლიტიკური რუკა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ პარიზში ოფიციალური დელეგაცია მიავლინა კარლო ჩხეიძის მეთაურობით. სამთავრობო წარმომადგენლობითმა დელეგაციამ ევროპაში 1919 წლის მარტიდან 1920 წლის დეკემბრამდე დაყო. 1919 წლის 14 მარტს პარიზის (ვერსალის) კონფერენციას საქართველოს დელეგაციამ გადასცა მემორანდუმი, რომელშიც დასაბუთებული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების თხოვნა საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივ სუბიექტად აღიარების შესახებ.
ევროპის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწეები: ჟორჟ კლემანსო, მარშალი ფოში, ჟიულ კამბონი, გენერალი ბერტელო (საფრანგეთი), ლოიდ ჯორჯი, ლორდი კერზონი, უინსტონ სპენსერ ჩერჩილი, გენერალი ჰენრი ვილსონი (ინგლისი), ფრანჩესკო ნიტი, სკიალოჯა (იტალია) და სხვანი დიდხანს განიხილავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო სამართალსუბიექტად აღიარების შესაძლებლობის საკითხს. ერთდროულად და კომპლექსურად აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი, მაგრამ წინააღმდეგობრივი საკითხი განიხილებოდა.
ევროპისათვის ყველაზე საინტერესო იყო ერთადერთი სტრატეგიული საკითხი, კერძოდ, საკითხი საქართველოს, როგორც ბუნებრივი გეოგრაფიული დერეფნისა, ანუ მისი სატრანზიტო ფუნქციისა. კონფერენციის სამუშაო ჯგუფებში თავი მოიყარეს სხვადასხვა ევროპული მისიის მოხსენებითმა ბარათებმა. სხვადასხვა ვარიაციით ევროპის ქვეყნების პოზიცია შემდეგი შინაარსისა იყო: ამიერკავკასია მისი გეოგრაფიული მდებარეობით მზადაა ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისათვის იყოს გზა ევროპას, ცენტრალურ და წინა აზიას შორის. ამ თვალსაზრისით, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეუძლია დიდი მისია შეასრულოს. კონფერენციის დოკუმენტებში აღნიშნული იყო, რომ მიუხედავად საქართველოს არც ისე დიდი ტერიტორიისა, მისი ეკონომიკური რესურსები მეტად მნიშვნელოვანია, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობა, მდიდარი ტყეები, მადნეულები, წყლის უხვი ენერგია, ხელსაყრელი კლიმატი. ნავსადგურები – ფოთი და ბათუმი შავ ზღვას აკავშირებენ ევროპასთან, სპარსეთსა და ცენტრალურ აზიასთან. მაგრამ აღნიშნულ სტრატეგიულ ინტერესებთან ერთად განიხილებოდა სხვაც, არანაკლებ მთავარი და ევროპის მოკავშირე სახელმწიფოთა მიერ არანაკლებ ანგარიშგასაწევი საკითხი. კერძოდ: ა) საბჭოთა რუსეთის რეალური ინტერესები ამიერკავკასიაში და ინტერესთა და ძალთა თანაფარდობა ამ მიმართულებით; ბ) კავკასიის ქვეყნების არასტაბილური ვითარება. ეს ორი ფაქტორი აიძულებდა ევროპის სახელმწიფოებს თავი შეეკავებინათ საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებისაგან.
არსებული ურთულესი საერთაშორისო რეალიების გამო, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და დამფუძნებელი კრება კიდევ უფრო პრიორიტეტულს ხდიდა საგარეო პოლიტიკას და აფართოებდა ოფიციალურ სამთავრობო წარმომადგენლობით დელეგაციებს ევროპაში. 1918 წელს აკაკი ჩხენკელი ბერლინში გაემგზავრა ნიკო ნიკოლაძისა და ზურაბ ავალიშვილის თანხლებით. 1920 წლის სექტემბრიდან ოფიციალურ სამუშაო ვიზიტად ევგენი გეგეჭკორიც გაემგზავრა ევროპაში.
2. ევროპელ სოციალისტთა დელეგაცია საქართველოში.
საქართველოს საერთაშორისო აღიარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დასავლეთ ევროპის სოციალისტთა დელეგაციის სტუმრობას 1920 წლის სექტემბერში. იმხანად განსაკუთრებული მნიშვნელობა სტუმართა პოლიტიკურ-მსოფლმხედველობრივ მიმართულებასა და პარტიულ კუთვნილებას კი არ ენიჭებოდა, არამედ უფრო მთავარს – დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების პროდასავლურ ორიენტაციასა და საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებისათვის ბრძოლას. დელეგაციაში შედიოდნენ ცნობილი სოციალ-დემოკრატები: კარლ კაუცკი, რამზეი მაკდონალდი, ტომას შოუ, სნოუდენი, პიერ რენოდელი, ემილ ვანდერველდე, ჰიუსმანსი, დე ბრიუკერი და სხვანი.
1920 წლის 15 სექტემბერს ევროპელთა დელეგაციას შეხვდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და გაიმართა დამფუძნებელირების საგანგებო სხდომა სტუმართა მონაწილეობით.
ევროპელ სოციალისტთა ვიზიტი საქართველოში მაშინდელი ქართული პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. ეს ის დრო იყო, როდესაც ევროპაში წარგზავნილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაცია უაღრესად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა საქართველოს საერთაშორისო აღიარების მოპოვების თვალსაზრისით. უფრო მეტიც, ამ დროს უკვე გავრცელებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ბეინბრიჯ ქოლბის ოფიციალური ნოტა, რომელშიც უარყოფილი იყო საქართველოს ეროვნული სუვერენული უფლებები და საბჭოთა რუსეთს სრულ კარტ-ბლანშს აძლევდა, რათა რომანოვების იმპერიის საზღვრებში აღედგინა თავისი უფლებამოსილება.
აღსანიშნავია, რომ ევროპელი სოციალისტების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში სახელისუფლო წრეებისათვის მხოლოდ ქვეყნის შიგნით კამპანიურ პოლიტიკურ მხარდაჭერას არ ნიშნავდა. სამშობლოში დაბრუნებისთანავე, სხვადასხვა მიმართულების ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით, სწორედ ევროპელმა სოციალისტებმა გააცნეს ფართოდ ევროპას საქართველოს ისტორია, კულტურა და ტრადიციები, მისი იმჟამინდელი პოლიტიკური სტრუქტურა, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა. ეს არ იყო მარტო პროპაგანდა. ევროპელი სოციალისტები აქტიურად განაგრძობდნენ მუშაობას ინგლისის, საფრანგეთის, ბელგიისა და ევროპის სხვა სახელმწიფოთა მთავრობებსა და პარლამენტებთან საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების მიზნით. საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დაისვა სოციალისტური ინტერნაციონალისა და დემოკრატიული მოძრაობების სხვადასხვა საერთაშორისო თავყრილობებზე.
3. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-ფაქტო აღიარება.
ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც დე-ფაქტო დასტური მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას, თურქეთი იყო (1918 წლის 3 ივნისი). თურქეთმა თავისი პოლიტიკური განზრახვა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-იურე აღიარებითაც დაადასტურა. შემდგომი სახელმწიფო, რომელმაც საქართველო დე-ფაქტო აღიარა, გერმანია იყო (1918 წლის 10 ივნისი). 1918 წლის 28 მაისს კი ფოთში საქართველოსა და გერმანიის მთავრობის მანდატით აღჭურვილმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ შეთანხმებას. 1919 წლის მარტში გერმანელთა სამხედრო მისიამ საქართველო დატოვა. ისტორიულად ამ მოკლე ვადაშიც კი საინტერესო ეტაპი შეიქმნა საქართველო-გერმანიის ურთიერთობების ისტორიაში.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ფაქტობრივი აღიარების საკითხის განხილვისას სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები, გამოკვეთილად კი ინგლისი, პირდაპირ მიანიშნებდა საქართველოს უმძიმეს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე და სრულიად გაურკვეველ სამართლებრივ ურთიერთობაზე ყოფილ მეტროპოლიასთან და ამჯერად მეზობელ რუსეთთან. ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდი კერზონი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ, თუ საქართველოს მტრული დამოკიდებულება ექნება რუსეთთან, ინგლისი ვერ ცნობდა საქართველოს.
1920 წლის 7 მაისს გაფორმდა ცნობილი ხელშეკრულება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთს შორის. ამ სამართლებრივი აქტით რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა დე-ფაქტო და იქვე აღიარა იგი საერთაშორისო სამართალსუბიექტადაც. რუსეთმა ხელშეკრულების ძალით უარი თქვა თავის ყველა უფლებაზე საქართველოს მიმართ. რუსეთი ვალდებულებას იღებდა, რომ არ ჩაერეოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო და საშინაო საქმეებში. ხელშეკრულებას მოჰყვა დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარება და ორ ქვეყანას შორის ელჩების გაცვლა. 1920 წლის 14 ნოემბერს საქართველოსა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა კიდევ ერთ ხელშეკრულებას – „სატრანზიტო და სავაჭრო ურთიერთობების შესახებ“. ეს ფაქტი ევროპის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.
1920 წლის 12 იანვარს ვერსალის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო აღიარების შესახებ. ეს იყო სერიოზული საერთაშორისო წარმატება საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.
სულ, საქართველოს დამოუკიდებლობა დე-ფაქტო ცნეს შემდეგმა სახელმწიფოებმა: თურქეთი (1918 წლის 3 ივნისი), არგენტინა (1919 წლის 15 სექტემბერი), იტალია (1920 წლის 12 იანვარი), საფრანგეთი (1920 წლის 12 იანვარი), დიდი ბრიტანეთი (1920 წლის 12 იანვარი), იაპონია (1920 წლის 7 თებერვალი), ბელგია (1920 წლის 26 აგვისტო), რუსეთი (1920 წლის 7 მაისი), გერმანია (1918 წლის 10 ივნისი), ავსტრია (1918 წლის 18 ივნისი), ჩეხოსლოვაკია (1920 წლის 8 აპრილი), პოლონეთი (1921 წლის 28 იანვარი).
4. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-იურე აღიარება.
საკითხი საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობის შესახებ 1920 წლის დეკემბერში პირველად საფრანგეთმა აღძრა ვერსალის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა წინაშე. ინგლისმა და იტალიამ საკითხის გადადება მოითხოვეს, ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკითხის განხილვა პრაქტიკულად უარყო. 1921 წლის იანვრის დასაწყისში საფრანგეთმა კვლავ დააყენა საკითხი საქართველოს დამოუკიდებლობის დე-იურე აღიარების შესახებ. მიუხედავად აზრთა ადრინდელი დაპირისპირებისა და მწვავე წინააღმდეგობისა, 1921 წლის 24 იანვარს წინადადება მოკავშირე სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურთა თათბირზე განიხილეს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-იურე აღიარება გადაწყდა 1921 წლის 26 იანვარს. გადაწყვეტილების ოფიციალური დასტური კი 1921 წლის 27 იანვარს ეცნობა იმჟამად პარიზში მყოფ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ევგენი გეგეჭკორსა და საქართველოს მთავრობას.
სულ საქართველოს დამოუკიდებლობა საერთაშორისო დე-იურე აღიარეს შემდეგმა სახელმწიფოებმა: თურქეთი (3 ივნისი, 1918 წელი), რუსეთი (7 მაისი, 1920 წელი), გერმანია (24 სექტემბერი, 1920 წელი), შვეიცარია (1920 წელი), ბელგია (27 იანვარი, 1921 წელი), საფრანგეთი (27 იანვარი, 1921 წელი), ინგლისი (27 იანვარი, 1921 წელი), იტალია (27 იანვარი, 1921 წელი), იაპონია (27 იანვარი, 1921 წელი), ავსტრია (17 თებერვალი, 1921 წელი), რუმინეთი (18 თებერვალი, 1921 წელი), ლუქსემბურგი (23 თებერვალი, 1922 წელი), ჰაიტი (9 მარტი, 1921 წელი), ლიბერია (28 მარტი, 1921 წელი), მექსიკა (14 აპრილი, 1921 წელი), პანამა (26 აგვისტო, 1921 წელი), სიამი (20 ნოემბერი, 1921 წელი).
მაშასადამე, 1918–1921 წლების მანძილზე საქართველოს დამოუკიდებლობა ფაქტობრივად და იურიდიულად აღიარა მსოფლიოს მრავალმა სახელმწიფომ.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ცდილობდა დიპლომატიური ურთიერთობა დაემყარებინა სხვადასხვა ქვეყნებთან. 1918–1921 წლებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ჰყავდა შემდეგ ქვეყნებში: აკაკი ჩხენკელი – საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში (საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში); ვლადიმერ ახმეტელაშვილი – საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში; ალექსანდრე სუმბათაშვილი – დიპლომატიური წარმომადგენელი შვეიცარიაში; სიდამონ ერისთავი – საქართველოს ელჩი პოლონეთში; გაბრიელ ხუნდაძე – საქართველოს ელჩი რუსეთში, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკაში; გრიგოლ ალშიბაია – საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში; სვიმონ მდივანი – საქართველოს დროებითი რწმუნებული სომხეთში 1918 წლის დეკემბრის შუახანებამდე, ხოლო 1921 წლიდან – ელჩი თურქეთში; გერასიმე მახარაძე – საქართველოს სრულუფლებიანი დიპლომატიური წარმომადგენელი რუსეთში 1920 წლის ოქტომბრიდან; მიხეილ წერეთელი – დიპლომატიური წარმომადგენელი სკანდინავიის ქვეყნებში; დავით ღამბაშიძე – საქართველოს წარმომადგენელიამერიკაში; ვიქტორ თევზაია – საქართველოს ელჩი უკრაინის დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1920 წლამდე; ივანე როსტომაშვილი – საქართველოს მთავრობის დროებითი რწმუნებული შორეულ აღმოსავლეთსა და იაპონიაში; ზურაბ ავალიშვილი – საქართველოს წარმომადგენელი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამთავრობო დელეგაციების მუდმივი წევრი ევროპაში.
გარდა ამისა, საქართველოს, საერთაშორისო სამართლის აქტებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა სამეურნეო და სავაჭრო-ეკონომიკური ფუნქციების შესასრულებლად, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვის მიზნით გახსნილი ჰქონდა საკონსულოები, რომელთაგან ზოგიერთი (მაგალითად, რომში) დიპლომატიური წარმომადგენლობის ფუნქციასაც ასრულებდა.
საქართველოს საკონსულოების სისტემაში კონსულების ოთხივე კლასი მოქმედებდა. გენერალური საკონსულოები მოქმედებდნენ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში – ვლადიკავკაზსა და სტავროპოლში, ასევე ოდესასა და ბაქოში; საკონსულოები – ხარკოვში, ეკატერინოდარში (კრასნოდარში), ერევანში, პეტროგრადში, კონსტანტინოპოლსა და რომში; ვიცე-კონსულები – არმავირში, ნოვოროსიისკში; საკონსულო აგენტები კი აღსტაფასა (შემდგომ განჯაში) და ალექსანდროპოლში.
1918–1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსულების მოვალეობას ასრულებდნენ: ე. უშვერაძე – გენერალური კონსული ოდესაში; ლევან თუმანიშვილი – გენერალური კონსული ბაქოში; ალექსანდრე ჩერქეზიშვილი – კონსული პეტროგრადში; ირ. ფანჩულიძე – გენერალური კონსული ვლადიკავკაზში; ს. პაიჭაძე – გენერალური კონსული სტავროპოლში და სხვ.
5. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ აღიარებული სამხედრო ნეიტრალიტეტისა და გამოკვეთილი პროდასავლური საგარეო-პოლიტიკური კურსის განხორციელებისათვის ბრძოლის პერიოდში გამოიკვეთა როგორც ევროპის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები ამიერკავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში.
1918 წლის 14 დეკემბერს ბათუმს ამერიკის შეერთებული შტატების მისიის წარმომადგენელი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის რექტორი, საერთაშორისო სამართლის დოქტორი ჯედსონი ეწვია და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს დიომიდე თოფურიძეს შეხვდა. ამ ნახევრადოფიციალური შეხვედრის განსჯის თემას წარმოადგენდა, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური სტრუქტურები და საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის დაზუსტება; მეორე მხრივ, მსოფლიო ახალი წესრიგისა და დიდ სახელმწიფოთა შორის მსოფლიოს ახალი გადანაწილების პრინციპები და ყოფილი კოლონიების შესაძლო პერსპექტივები.
1919 წლის მარტის შუა რიცხვებში მორიგი ამერიკული მისია ეწვია საქართველოს სმიტისა და მურის შემადგენლობით. ამჯერად, ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი წარმოადგენდნენ. წინამორბედისაგან განსხვავებით, ამერიკელ დიპლომატთა საუბარი კიდევ უფრო კონკრეტული იყო. კერძოდ, ამერიკელები საქართველოს მთავრობის წევრებს ყოველგვარი შეფარვის გარეშე მიუთითებდნენ ამიერკავკასიის ერთიანი პოლიტიკური და ეკონომიკური სივრცის შექმნის აუცილებლობაზე და მასზე ინგლისის ან ამერიკის შეერთებული შტატების პროტექტორატის ტიპის მანდატის აღების გარდუვალობაზე. ამერიკელ დიპლომატთა ამ წინადადებას ქართული მხარე არც მთლად სკეპტიკურად, მაგრამ დიდი სიფრთხილით შეხვდა.
1919 წლის 2 ოქტომბერს ვუდრო ვილსონის ადმინისტრაციამ მორიგი დელეგაცია აწვია თბილისს გენერალ ჯეიმს ჰარბორდის ხელმძღვანელობით. ეს უკვე ამერიკის მეორე ოფიციალური ექსპედიცია იყო, რომელიც ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში მოგზაურობდა. ექსპედიციის შედეგები და დასკვნები კი პრეზიდენტ ვილსონს განსახილველად და დასამტკიცებლად კონგრესისათვის უნდა წარედგინა. ამ პერიოდში ცხადი გახდა, რომ ერთადერთი რეალური ძალა, ვისაც უნარი შესწევდა ინგლისი შეეცვალა ამიერკავკასიაში, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ეს განსაკუთრებით ცხადი გახდა მას შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ იტალიის ახალი მთავრობა უარს ამბობდა საქართველოსა და აზერბაიჯანის მანდატზე და მოკავშირეთა უმაღლეს კომისრად კავკასიაში ამერიკელი პოლკოვნიკი ჰასკელი დაინიშნა. ვუდრო ვილსონი, სომხეთზე დაყრდნობით, რეგიონის მანდატის აღების ჭეშმარიტი ენთუზიასტი იყო, მაგრამ ამის განხორციელება არც მთლად იოლი გამოდგა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო-პოლიტიკური ინიციატივების წინააღმდეგ სენატსა და კონგრესში საკმაოდ სერიოზული ოპოზიცია ჩამოყალიბდა და პრეზიდენტ ვილსონის ყოველი მცდელობა ამ მიმართულებით მარცხით დასრულდა.
1920 წლის 10 თებერვალს პარიზის (ვერსალის) კონფერენციაზე წარგზავნილმა საქართველოსა და აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაციის მეთაურებმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საფრანგეთში გაუგზავნეს წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ამიერკავკასიის ორი რესპუბლიკა – საქართველო და აზერბაიჯანი – მოკავშირე სახელმწიფოებმა, ანუ ანტანტის უმაღლესი საბჭოს სამმა წევრმა – საფრანგეთმა, ინგლისმა და იტალიამ, აგრეთვე ბელგიამ და იაპონიამ, აღიარეს დე-ფაქტო (1920 წლის 12 იანვარი), ხოლო უფრო გვიან საბჭოთა რუსეთმა ცნო როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ეს აღიარება კი აქამდე არ დადასტურებულა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. 1920 წლის 10 აგვისტოს მთელს ევროპაში გავრცელდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ბეინბრიჯ ქოლბის ნოტა იტალიის მთავრობისადმი, სადაც სხვა საკითხებთან ერთად უარყოფილი იყო პოლიტიკური დამოუკიდებლობისაკენ საქართველოს მისწრაფების კანონიერება. კერძოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა მოეწონებინა მოკავშირე სახელმწიფოების უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება „ე.წ.“ რესპუბლიკების – საქართველოსა და სომხეთის ცნობის შესახებ და შესაბამისი ინსტრუქცია მისცა თავის წარმომადგენელს სამხრეთ რუსეთში. ამას, ბუნებრივია, ქართული მხარის ოფიციალური პროტესტი მოჰყვა.
ცხადია, მსოფლიო დიდი პოლიტიკური თამაშის წესებსა და მსოფლიოს გადანაწილების პრინციპებს დიდი სახელმწიფოები ადგენდნენ, მაგრამ ერთი რამ ნათელია: ქართულმა დიპლომატიამ 1918–1921 წლებში სწორედ ვერ განსაზღვრა ამერიკის შეერთებული შტატების როლი და ვერ შეძლო გაეცნო პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის ადმინისტრაციისათვის საქართველოს რეალობა და ისტორიული ფუნქცია. ყოველივე ეს იმდროინდელი ქართული დიპლომატიის ნაკლად უნდა ჩაითვალოს.
6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ერთა ლიგა.
ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის მსვლელობის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა წამოაყენა უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის იდეა. ეს ორგანიზაცია მოწოდებული იქნებოდა განემტკიცებინა სახელმწიფოებს შორის მშვიდობა, დაემყარებინა მათ შორის კეთილმეგობრული დამოკიდებულება და ყველა დავა-კონფლიქტი გადაეჭრა მოლაპარაკებათა გზით. იდეას აქტიურად დაუჭირა მხარი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ლოიდ ჯორჯმა. ომის დასრულებამ კიდევ უფრო დააჩქარა ამ მიმართულებით მოღვაწეობა. ერთგვარი პოლიტიკური დამაჩქარებლის როლი უდავოდ შეასრულა რუსეთში მომხდარმა ბოლშევიკურმა გადატრიალებამ მისი მოსალოდნელი უმძიმესი შედეგებით. 1919 წლის 28 აპრილს ვერსალის სასახლის სარკეებიან დარბაზში პარიზის კონფერენციის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს საბოლოო შეთანხმებას ერთა ლიგის დაფუძნების შესახებ და დაამტკიცეს მისი წესდება.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ პოლიტიკური გეზი ახლად შექმნილი საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაციისაკენ აიღო. ევროპაში წარგზავნილმა საქართველოს დელეგაციამ 1919 წლის 21 მაისს საქართველოს მთავრობის სახელით მიმართა ერთა ლიგის აღმასრულებელ კომიტეტს და საერთო კრებას ქვეყნის მიღების თხოვნით. 1919 წლის 7 დეკემბერს საქართველოში შეიქმნა ერთა ლიგის საქართველოს ასოციაცია, რომელიც საგანგებო მანდატით აღჭურვილ პირთა მეშვეობით პირდაპირ ურთიერთობას ამყარებდა ერთა ლიგის სხვადასხვა მოქმედ სტრუქტურებთან.
1920 წლის შუა ხანებში საქართველოს ხელისუფლების მანდატით ზურაბ ავალიშვილმა მოამზადა ერთა ლიგის სესიაზე წარსადგენი მემორანდუმი, სადაც აღნიშნული იყო თუ რატომ უნდა გაწევრიანებულიყო საქართველო ერთა ლიგაში. მემორანდუმში მითითებული იყო: „საქართველოს აქვს უნარი გახდეს მნიშვნელოვანი წევრი ორგანიზაციისა“, „შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვადასხვა გართულებულ მოვლენებზე“, „ამიერკავკასია და კერძოდ საართველო უცხოელთა ბატონობისგან განთავისუფლებული გამოადგება ლიგას დასაყრდენ საფუძვლად აღმოსავლეთში“; მნიშვნელოვანია ის რომ ქართველი პოლიტიკოსები აღნიშნავდენენ იმასაც, სარგებელი ორმხრივი იქნებოდა - ხაზს უსვამდნენ რა საქართველოს გეოპოლიტიკური მდებერეობის უნიკალურობას.
1920 წლის პირველ სექტემბერს კარლო ჩხეიძემ სპეციალური მემორანდუმით კვლავ გაიმეორა საქართველოს მთავრობის თხოვნა ერთა ლიგის წევრად საქართველოს მიღების შესახებ. ერთა ლიგაში მიღების შესახებ თხოვნა გაიმეორა 1920 წლის სექტემბერში დასავლეთ ევროპაში საგანგებოდ მივლინებულმა საქართველოს კიდევ ერთმა სამთავრობო დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი გეგეჭკორის მეთაურობით. ერთა ლიგისადმი ევგენი გეგეჭკორის მემორანდუმი უფრო არგუმენტირებული იყო. ერთა ლიგის ქართული ასოციაციის ძალისხმევით 1920 წლის 12–16 ოქტომბერს მილანში გამართულ ერთა ლიგის საერთაშორისო ასოციაციების IV კონგრესზე (საქართველოს წარმომადგენელი ნ. ჯაყელი) საქართველოს საკითხი სერიოზული მსჯელობის საგანი გახდა. კონგრესზე ერთა ლიგის საქართველოს ასოციაცია ერთხმად იქნა მიღებული ერთა ლიგის მსოფლიო ასოციაციის წევრად. საქართველოს მიღებას მხარი ყველამ დაუჭირა გარდა რუსეთის წარმომადგენელ ავქსენტიევისა. ამ პოლიტიკური წარმატების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ კიდევ უფრო გაააქტიურა მოღვაწეობა ერთა ლიგის სრულუფლებიანი წევრობის მოსაპოვებლად.
ერთა ლიგას ჰქონდა ჩამოყალიბებული ორგანიზაციაში სახელმწიფოთა მიღების კრიტერიუმები. წესდების პირველივე მუხლი იუწყებოდა: „ლიგის წევრი შეიძლება გახდეს ის სახელმწიფო, დომინიონი ან კოლონია ვისაც მხარს დაუჭერს წევრ სახელმწიფოთა 2/3“, გარდა ამისა არსებობდა კიდევ 4 მოთხოვნა:
1) სახელმწიფოს უნდა შეეძლოს მის მიერ ნაკისრი ყველა ინტერნაციონალური ვალდებულების შესრულება.
2) სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს პასუხისმგებელი მთავრობა რომელიც ვალდებულებას თავად იკისრებს.
3) სახელმწიფო ისე უნდა იყოს მოწესრიგებული, რომ მის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა აღსრულებაში ერთა ლიგა დარწმუნებული იყოს.
4) სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საზღვრებით შემოფარგლული ტერიტორია და ამ საზღვრებში მცხოვრები მოსახლეობა ერთი ქვეყნის მოქალაქეებს უნდა წარმოადგენდნენ.
ჟენევის სესიამდე საქართველოს „დამფუძნებელმა კრებამ“ იმსჯელა საქართველოს ერთა ლიგაში შესვლასთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ დეპუტატების აბსოლიტური უმრავლესობა ემხრობოდა საქართველოს გაწევრიანებას საერთაშორისო ორგანიზაციაში, ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენდნენ სოციალისტ-ფედერალისტები. ისინი ფიქრობდნენ, რომ ერთა ლიგა წარმოადგენს ისეთ ორგანიზაციას რომელსაც პრეტენზია ექნებოდა შიდა საქმეების მოწყობაზე და სკეპტიკურად უყურებდნენ საქართველოს მომავალს ამ ორგანიზაციაში.
1920 წლის 15 ნოემბერს ჟენევაში მუშაობა დაიწყო ერთა ლიგის პირველმა სესიამ. დღის წესრიგის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო რიგ სახელმწიფოთა, მათ შორის საქართველოს, გაერთიანება ლიგაში. ეს საკითხი დაევალა მეხუთე განსაკუთრებულ კომისიას 36 წევრის შემადგენლობით. კომისია მუშაობდა ჩილელი დელეგატის ანტონიო ჰონელუსის თავმჯდომარეობით. კომისიამ წარმოადგინა ერთა ლიგაში ახალ სახელმწიფოთა გაწევრიანების საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები. საქართველოს საკითხი, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, უკრაინასა და კოსტა-რიკასთან ერთად, განსახილველად მესამე ქვეკომისიას გადაეცა. მკაცრი განხილვის შედეგად, მეხუთე განსაკუთრებულმა კომისიამ დაადგინა ერთა ლიგაში, ბალტიის სახელმწიფოებთან ერთად, საქართველოს მიღების საკითხი 1920 წლის 16 დეკემბრამდე გადაედო. მანამდე კი სომხეთს, ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს უთხრეს გაწევრიანებაზე უარი, თანხმობა კი შემდეგმა სახელმწიფოებმა მიიღეს: ავსტრია, ბულგარეთი, ფინეთი, კოსტა-რიკა და ლუქსენბურგი.
16 დეკემბერს საქართველოს საკითხის განხილვამდე მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთის წარმომადგენლის ვივიანის მოხსენება, რომელმაც აღნიშნა რუსეთის ფაქტორი და მისი ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში. დღის ბოლოს საქართველოს საკითხი დაისვა. ერთა ლიგაში საქართველოს მიღებას ხმას აძლევდა 24 სახელმწიფო, არჩევისათვის კი საჭირო იყო მხოლოდ 16 დელეგატის ხმა. საქართველოს სასარგებლოდ ხმა მისცეს: სამხრეთ აფრიკამ, ბოლივიამ, კოლუმბიამ, იტალიამ, ნორვეგიამ, პარაგვაიმ, სპარსეთმა, პორტუგალიამ, შვეიცარიამ და ჩილემ; წინააღმდეგი გამოვიდნენ: ავსტრალია, კანადა, კუბა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, ახალი ზელანდია, ნიდერლანდები, ჩეხოსლოვაკია, დანია; თავი შეიკავეს: ბელგიამ, პოლონეთმა, შვეციამ, რუმინეთმა. მაშასადამე, 1920 წლის 16 დეკემბერს ერთა ლიგის წევრად საქართველოს მიღებას ხმა მისცა ათმა სახელმწიფომ. საქართველო ერთა ლიგის წევრი ვერ გახდა. თავშეკავების ძირითად მიზეზად კი ერთა ლიგის წესდების მეათე მუხლი სახელდებოდა, რომლის თანახმადაც ლიგას მეტად გაუძნელდებოდა ახალი წევრების ტერიტორიების თავდასხმისაგან დაცვა და მათი საერთაშორისო უფლებების უზრუნველყოფა.
საქართველოს მიღებას „ერთა ლიგაში“ განსაკუთრებით ითხოვდა კოლუმბიის დელეგატი რესტრეპო: „საქართველოს არ მიღება ლიგის სისუსტის დამადასტურებელი იქნება“ - აღნიშნა მან. საქართველოს მიღებას ენერგიულად მოითხოვდნენ აგრეთვე სპარსეთის დელეგატი ზოკა ედ დაულე და პორტუგალიის წარმომადგენელი შაგასი.
რა იყო მიზეზი იმისა რომ საქართველო ერთა ლიგაში არ მიიღეს?
ამის ორი ძირითადი მიზეზი არსებობდა: 1) კავკასიის რეგიონის არასტაბილურობა და 2) რუსეთის ინტერესები ამ რეგიონისადმი. ამის გამოხატულება იყო კუბელი დელეგატის იგუეროს საუბარი ზურაბ ავალიშვლითან, რომელსაც აღუნიშნავს ევროპის წამყვანი სახელმწიფოების როლი და ის თუ რა პოზიციაზე იქნებოდნენ ისინი. ის აღნიშნავდა, რომ ინგლისმა და საფრანგეთმა უნდა გადაწყვიტონ ეს საკითხი, „მთავარია მათ, ან თუნდაც ერთ-ერთმა მათგანმა მოგცეთ ხმა, ჩვენ ყველანი შევუერთდებით მათ“.
ამგვარად ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა არ ისურვეს პატარა საქართველოს გამო დიდ რუსეთთან დაპირისპირება, მითუმეტეს, რომ საბჭოთა რუსეთი ძალებს იკრებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოსთან ერთად უარი ეთქვა რუსეთის ინტერესებში მყოფ სომხეთს და ბალტიის ქვეყნებს. ამ კონფერენციის დღეებში 1920 წლის დეკემბერში რუსეთმა სომხეთი დაიპყრო და გაასაბჭოვა. 1921 წლის თებერვალში იგივე ბედი ეწია საქართველოს.
სამაგიეროდ რუსეთმა ვერ გაბედა ამ ჯერზე ბალტიის სამეული დაეპყრო და 1921 წელს ისინი მიიღეს ერთა ლიგაში, რისი წყალობითაც ესტონეთი, ლიტვა და ლატვია კიდევ 19 წელი იყვნენ დამოუკდებელნი, ვიდრე გერმანია-სსრკს გარიგების შედეგად 1940 წელს არ დაიპყრო ისინი საბჭოთა კავშირმა.
ამრიგად, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული გარკვეული წარმატებების მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ვერ გახდა საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი.
ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლები საქართველოში
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მტრულად შეხვდა საბჭოთა რუსეთი. სამოქალაქო ომისა და უცხოეთის სამხედრო ინტერვენციის პირობებში რუსეთს არ შეეძლო 1918–1920 წლებში საქართველოს საშინაო საქმეებში უშუალოდ ჩარევა. სწორედ ამიტომ მოსკოვი შეუდგა საქართველოში რუსეთის მეხუთე კოლონის ორგანიზებასა და მის ამოქმედებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ. რუსეთის მეხუთე კოლონის ძირითად დამრტყმელ ძალას წარმოადგენდნენ ქართველი ბოლშევიკები. რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აქტიურად იყენებდა აფხაზ და ოს სეპარატისტებს, საქართველოში მცხოვრებ რუსი და სომეხი ეროვნების მოსახლეობას. საქართველოში რუსეთის მეხუთე კოლონის საქმიანობას კონტროლს უწევდა რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) კავკასიის სამხარეო კომიტეტი (შეიქმნა 1917 წლის ოქტომბერში), ხოლო შემდეგ რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო (შეიქმნა 1920 წლის აპრილში). სამხარეო კომიტეტისა და კავკასიის ბიუროს ანტიქართულ მოღვაწეობაში აქტიურ როლს ასრულებდნენ ფილიპე მახარაძე, სერგეი კიროვი, სტეფანე შაუმიანი, სერგო ორჯონიკიძე და სხვ. რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტისა და რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს საქმიანობა უშუალოდ ვლადიმერ ლენინთან ან იოსებ სტალინთან თანხმდებოდა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობას დიდი ინტენსივობით აწარმოებდა თავისი ანტიქართული განწყობილებით ცნობილი ამიერკავკასიის რუსთა ეროვნული საბჭო, რომლის ცენტრალური მმართველობა თბილისში იმყოფებოდა. ამიერკავკასიის რუსთა ეროვნულ საბჭოს ანტიქართულ მოღვაწეობაში დიდ დახმარებას უწევდა საქართველოს, განსაკუთრებით, თბილისის რუსი სამღვდელოება. ამიერკავკასიის რუსთა ეროვნული საბჭოს ფილიალებს წარმოადგენდა ასევე თავისი ანტიქართული საქმიანობით ცნობილი ბათუმისა და სოხუმის რუსთა ეროვნული საბჭოები. ამიერკავკასიის რუსთა ეროვნული საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობდა ყველა ანტიქართულ ძალასთან.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ პირველი სერიოზული ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლის ორგანიზება საბჭოთა რუსეთმა 1918 წლის ზაფხულში შეძლო დუშეთის მაზრაში. აქ შეიარაღებული გამოსვლა ერთობლივად დაგეგმეს რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტმა და რუსეთის კავკასიის არმიის სამხედრო-რევოლუციურმა საბჭომ. რუსეთის კავკასიის არმიის სარდლობამ დუშეთის მაზრაში შემოგზავნა სამხედრო ინსტრუქტორები, შემოტანილ იქნა დიდი რაოდენობით იარაღი (შაშხანები და ტყვიამფრქვევები). ქართველმა ბოლშევიკებმა დუშეთის მაზრის ზოგიერთ სოფელში მიიმხრეს გლეხობის (ძირითადად, პირველი მსოფლიო ომის ფრონტებიდან დაბრუნებული ჯარისკაცების) ნაწილი. ბოლშევიკებმა ასევე მიიმხრეს დუშეთის მაზრის ოსი და სომეხი მოსახლეობა. აჯანყებულებმა რამდენიმე სოფელში დახოცეს სოფლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და გვარდიელები. აჯანყების დაწყების მომენტისათვის დუშეთის მაზრაში ქართული რეგულარული ჯარისა და სახალხო გვარდიის ძალზე მცირე ძალები იმყოფებოდა. ამით ისარგებლეს ბოლშევიკებმა და მათმა შეიარაღებულმა რაზმებმა და დუშეთი დაიკავეს. 1918 წლის 25 ივნისს დუშეთის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა. ჩრდილო კავკასიიდან დარიალის ხეობით დუშეთისაკენ დაიძრა სპეციალურად მომზადებული რაზმი ბოლშევიკ საშა გეგეჭკორის მეთაურობით. მზადყოფნაში იყო რუსეთის კავკასიის არმია, რომელიც დარიალის ხეობით, აჯანყებულთა დახმარების საბაბით, დუშეთში უნდა შემოჭრილიყო, ხოლო შემდეგ თბილისი დაეკავებინა. თბილისის დაკავებისთანავე მთელ საქართველოში საბჭოთა წყობილება გამოცხადდებოდა. საბჭოთა რუსეთის გეგმები ჩაშალა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ენერგიულმა მოქმედებამ. ქართული რეგულარული ჯარისა და სახალხო გვარდიის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციების შედეგად აჯანყებულთა რაზმები გაიფანტნენ და საბოლოოდ ჩრდილო კავკასიას შეაფარეს თავი. სასტიკად დამარცხებულ და უკუგდებულ იქნა საშა გეგეჭკორის რაზმი.
1919 წლის დამდეგიდან რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტი შეუდგა საქართველოში ახალი აჯანყების ორგანიზებას. აჯანყებისათვის მზადება გადამწყვეტ ფაზაში შევიდა 1919 წლის ივლის-აგვისტოში. ქართველი ბოლშევიკები გაძლიერებულ აგიტაციას ეწეოდნენ არმიიდან დემობილიზებულ გლეხობაში, ასევე არაქართულ მოსახლეობაში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ გადამჭრელი ზომებით აჯანყება საწყის ეტაპზე აღკვეთა. 1919 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს აჯანყების ხელმძღვანელი ცენტრი, თუმცა ქართველმა ბოლშევიკებმა საქართველოს სხვადასხვა რაიონში მაინც მოახერხეს შეიარაღებული გამოსვლების მოწყობა. შეიარაღებულ გამოსვლებს ადგილი ჰქონდა ლაგოდეხში, სიღნაღში, ფოთში, გორში, სენაკში, სამტრედიაში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ახალქალაქში. ბოლშევიკები ცდილობდნენ მათ მიერ პროვოცირებული გამოსვლები საბჭოთა ხელისუფლებისათვის ბრძოლად გამოეცხადებინათ. ბოლშევიკებმა ვერ შეძლეს შეიარაღებული აჯანყებისათვის საყოველთაო ხასიათის მიცემა. ლოკალური აჯანყებების ლიკვიდაცია საქართველოს მთავრობას არ გასჭირვებია.
1920 წელს ქართველმა ბოლშევიკებმა ბრძოლის ტაქტიკა შეცვალეს. რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის მითითების თანახმად, მათ აქცენტი გლეხობიდან მუშათა კლასზე გადაიტანეს. საქართველოს მუშათა კლასის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას უჭერდა მხარს, რის გამოც ბოლშევიკებმა მუშების დარაზმვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ ვერ შეძლეს.
ქართველმა ბოლშევიკებმა ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობა კიდევ უფრო გააძლიერეს საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დადების შემდეგ. ხელშეკრულების ძალით საქართველოში ბოლშევიკების საქმიანობა ლეგალური გახდა. სწორედ ამ პერიოდიდან ახალი ძალით გაიშალა საქართველოში რუსეთის მეხუთე კოლონის ორგანიზება. 1920 წლის ბოლოსათვის რუსეთის მეხუთე კოლონა საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენდა.
საქართველოს დაპყრობა საბჭოთა რუსეთის მიერ
სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდეგ საბჭოთა რუსეთმა დაიწყო მზადება ამიერკავკასიის დამოუკიდებელი სახელმწიფოების დასაპყრობად. იმთავითვე გადაწყდა, რომ აშკარა აგრესია შენიღბულიყო, ვითომდა, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებით. 1920 წლის მარტში ვლადიმერ ლენინმა რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელს სერგო ორჯონიკიძეს ბაქოს აღება დაუსახა მიზნად. 1920 წლის აპრილის დამლევს საბჭოთა რუსეთის XI წითელმა არმიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკა დაიპყრო და იქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. აზერბაიჯანის დაპყრობის შემდეგ რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო, პირადად სერგო ორჯონიკიძე და XI წითელი არმიის სარდლობა შესაძლებლად მიიჩნევდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობასაც. საჭირო იყო საბაბი საქართველოში შეჭრისათვის. ასეთ საბაბად იქცა 1920 წლის 1–2 მაისს ღამით ქართველი ბოლშევიკების მიერ მოწყობილი შეიარაღებული თავდასხმა იუნკერთა სამხედრო სასწავლებელზე თბილისში. 2 მაისს აზერბაიჯანში დაბანაკებულმა რუსეთის XI წითელმა არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი გადმოლახა და თბილისისაკენ დაიძრა. რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო და XI წითელი არმიის სარდლობა თბილისის აღებას 15 მაისისათვის ვარაუდობდა. ამის შესახებ ორჯონიკიძემ აცნობა კიდეც მოსკოვს. საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული აგრესია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ფაქტობრივად 2 მაისს დაიწყო. ეს აგრესია საქართველო-რუსეთის ფართომასშტაბიან ომში იმხანად იმიტომ არ გადაიზარდა, რომ მოსკოვში მიმდინარე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება წარმატებით დამთავრდა და 1920 წლის 7 მაისს ორ სახელმწიფოს შორის ხელშეკრულებაც დაიდო. საბჭოთა რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს დაპყრობის საკითხიც გარკვეული ხნით გადაიდო.
საბჭოთა რუსეთი ამიერკავკასიის დაპყრობის გეგმებზე, ცხადია, ხელს არ იღებდა. აზერბაიჯანის შემდეგ 1920 წლის ნოემბერში XI წითელმა არმიამ სომხეთის რესპუბლიკა დაიპყრო. საქართველოს მდგომარეობა კიდევ უფრო საგანგაშო გახდა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ომის სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით მომზადებასთან ერთად საბჭოთა რუსეთის დიპლომატია დიდ მუშაობას ეწეოდა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის მიზნით. ლენინს სურდა, გამოერიცხა საქართველოსთან ომის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ თურქეთისა და ანტანტის გამოსვლის შესაძლებლობა. რუსეთის დიპლომატიამ ამ რთულ ამოცანას წარმატებით გაართვა თავი. 1920 წელი აღინიშნა რუსეთისა და თურქეთის დაახლოებით. თურქეთს რუსეთი ესაჭიროებოდა, როგორც სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე ანტანტის წინააღმდეგ. მოკავშირეობის საფასურად რუსეთმა თურქეთს ამიერკავკასიის დათმობა მოსთხოვა, რაზეც თურქეთი დათანხმდა კიდეც. შექმნილ საერთაშორისო ვითარებაში ანტანტის ქვეყნებმა ინგლისის ინიციატივით მიიღეს გადაწყვეტილება, წინ არ აღდგომოდნენ საბჭოთა რუსეთის აგრესიას საქართველოში. ამ პერიოდისათვის ინგლისი დაადგა საბჭოთა რუსეთთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გზას. პირველი მსოფლიო ომისაგან დანგრეული ევროპისათვის აუცილებელი იყო რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა. ამრიგად, რუსეთთან მოსალოდნელ ომში საქართველო მარტო რჩებოდა.
საბჭოთა რუსეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ომს ყოველმხრივ და გულდასმით ამზადებდა. რუსეთი საქართველოს ბრალს სდებდა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევაში. რუსეთის ოფიციალური სახელმწიფო ორგანოები ავრცელებდნენ ხმებს იმის შესახებ, რომ საქართველოში თავს იყრიდნენ ისეთი ძალები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ რუსეთსა და სხვა საბჭოთა რესპუბლიკებს. ვრცელდებოდა ხმები იმის შესახებ, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ახშობდა მუშებისა და გლეხების ბრძოლას საბჭოთა ხელისუფლებისათვის, თითქოს აჯანყებული მშრომელები ითხოვდნენ საბჭოთა რუსეთისაგან დახმარებას. ამის პარალელურად სულ უფრო ძლიერდებოდა საქართველოსთან ომისათვის გამიზნული სამხედრო ძალა აზერბაიჯანში, სომხეთსა და ჩრდილო კავკასიაში. 1920 წლის იანვარში მოსკოვში საბოლოოდ დაზუსტდა საქართველოსთან ომის გეგმა. 1920 წლის 26 იანვარს, მოსკოვში, ლენინის ინიციატივით მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ომის დაწყების შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო და რუსეთის XI წითელი არმიის სარდლობა, პირადად ორჯონიკიძე და კიროვი შეუდგნენ მის რეალიზებას. გადაწყდა, XI წითელი არმია საქართველოს საზღვრებში შემოჭრილიყო, ვითომდა, აჯანყებული მშრომელების დასახმარებლად. აჯანყების ინსცენირება კი უნდა მომხდარიყო ლორეს რაიონში (ბორჩალოს მაზრა). ამ ნეიტრალურ ზონას შერეული (ქართულ-სომხური) ადმინისტრაცია განაგებდა. 1920 წლის 13 ნოემბერს საქართველოსა და სომხეთის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ ლორეს ნეიტრალურ ზონას სამი თვით მთლიანად საქართველოს ჯარები დაიკავებდნენ. თუ სამი თვის განმავლობაში საქართველო და სომხეთი ვერ მოახერხებდნენ სადავო ტერიტორიის გამიჯვნას, მაშინ საქართველოს ჯარი დატოვებდა ნეიტრალურ ზონას და იქ აღდგებოდა შერეული ადმინისტრაციის მმართველობა. ამ შეთანხმების შემდეგ სომხეთი საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო და საბჭოთა სომხეთის მთავრობამ, მოსკოვის მითითების თანახმად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ლორეს ნეიტრალური ზონიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვა. საქართველოს მთავრობამ, სასაზღვრო კონფლიქტის მოგვარების მიზნით, სომხეთის მხარეს მოლაპარაკების დაწყება შესთავაზა. საბჭოთა სომხეთის მთავრობა, ისევ მოსკოვის მითითების თანახმად, მოლაპარაკების დაწყებას აჭიანურებდა. ლორეს ნეიტრალური ზონა სწორედ შესაფერისი ადგილი იყო აჯანყების ინსპირირებისათვის. მაგრამ მდგომარეობას ართულებდა ის, რომ 1921 წლის 13 თებერვალს ლორეს რაიონში ქართული ჯარის ყოფნის ვადა იწურებოდა, რის გამოც აჯანყების ინსცენირება სწორედ 13 თებერვლამდე უნდა მომხდარიყო. ლორეს რაიონში აჯანყების მოწყობა რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურომ, პირადად ორჯონიკიძემ სომხეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალურ კომიტეტს დაავალა. „საქართველოს მშრომელთა აჯანყება“ ბორჩალოს მაზრაში მცხოვრები რუსი კოლონისტების სოფლებში უნდა დაწყებულიყო.
1921 წლის 11–12 თებერვლის ღამით ბორჩალოს მაზრის რუსი კოლონისტების სოფლებში, ასევე სომხურ სოფლებში დაიწყო „აჯანყება“, რომელიც საბჭოთა პროპაგანდამ „საქართველოს მშრომელთა აჯანყებად“ მონათლა. ფაქტობრივად, ეს იყო სომხეთში დაბანაკებული საბჭოთა რუსეთის XI წითელი არმიის თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე.
1921 წლის 12 თებერვალს დაიწყო საომარი ოპერაციები საქართველოსა და რუსეთს შორის. ომის პირველ დღეს ლორეს რაიონში XI წითელმა არმიამ დაამარცხა ქართული ჯარის ნაწილები. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ამ რაიონში დამატებითი ძალები გაგზავნა.
14–15 თებერვალს, ღამით, მოსკოვში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც XI წითელ არმიას თბილისის დაპყრობის ამოცანას უსახავდა. 15 თებერვალს სტალინმა მოსკოვიდან რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელს ორჯონიკიძეს აცნობა, რომ XI არმიას დაუყოვნებლივ უნდა დაეკავებინა თბილისი. ყოველივე ეს, ცხადია, უაღრესად საიდუმლოდ ხდებოდა. მოსკოვი მაინც ამჯობინებდა, შეენიღბა აშკარა აგრესია დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ გადაწყდა, აჯანყებული საქართველოს მშრომელების სახელით მოსკოვში გაგზავნილიყო თხოვნა დახმარების თაობაზე. ეს თხოვნა შულავერში ორჯონიკიძის ინიციატივით შექმნილმა „საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა“ (რევკომმა) მოსკოვში მხოლოდ 1921 წლის 16 თებერვალს გაგზავნა, მაშინ, როცა 12 თებერვალს რუსეთის XI წითელი არმიის ნაწილები უკვე საქართველოს საზღვრებში იყვნენ შეჭრილი და ომიც მიმდინარეობდა, ხოლო 15 თებერვალს მოსკოვში მიღებული იყო გადაწყვეტილება თბილისის დაკავების შესახებ.
1921 წლის 12 თებერვალს დაწყებული საქართველო-რუსეთის ომი თავდაპირველად რუსების უპირატესობით მიმდინარეობდა. 19 თებერვალს თბილისის მისადგომებთან ქართულმა ჯარმა და სახალხო გვარდიამ XI წითელ არმიას ძლიერი დარტყმა მიაყენა და აიძულა უწესრიგოდ დაეხია უკან. ქართველებმა ათასი ტყვე იგდეს ხელთ. 20 თებერვალს კოჯრის რაიონში XI წითელი არმიის ნაწილებმა კვლავ მარცხი იწვნიეს, ბრძოლის ველზე ზარბაზნები და ტყვიამფრქვევები მიატოვეს და უკან დაიხიეს.
სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიიდან XI წითელი არმიის შეტევის პარალელურად საქართველოზე თავდასასხმელად მტერს მზად ჰყავდა VIII წითელი არმიის ნაწილები, რომლებიც სოჭის რაიონიდან აფხაზეთში უნდა შეჭრილიყვნენ. მზადყოფნაში იყო წითელი არმიის ნაწილები ჩრდილო კავკასიაში, რომლებიც საქართველოში უნდა შემოსულიყვნენ ვლადიკავკაზიდან დარიალის ხეობით და მამისონის გადასასვლელიდან რიონის ხეობით.
ცხადია, თბილისის დაცვის საქმეს ძალზე გაართულებდა საომარი ოპერაციები აფხაზეთში. ქართული ჯარი ამ რაიონებიდან გამოყვანილ იქნა.
1921 წლის 24 თებერვლის საღამოსათვის სამხედრო-სტრატეგიული მდგომარეობა ასეთი იყო: საქართველო-რუსეთის ომის ფრონტის ხაზი კახეთიდან მანგლისამდე 90 კილომეტრზე გადაჭიმულიყო, რომლის დაცვა რეზერვების სიმცირის გამო შეუძლებელი ხდებოდა. თბილისის მისადგომები ზოგ რაიონში საერთოდ დაუცველი იყო. ასეთი ვითარებით მტერმა მაშინვე ისარგებლა. რუსების კავალერია სოფელ დიღომის გავლით ქართული ჯარის ზურგში შეიჭრა. იმავდროულად მტერმა კოჯრიდან საბურთალოსაკენ შეუტია. XI წითელი არმიის სარდლობა ცდილობდა ვაზიანიდანაც შეჭრილიყო ქართული ჯარის ზურგში. იქმნებოდა იმის რეალური საფრთხე, რომ მტერი ავჭალაში შეიჭრებოდა და ქართულ ჯარს უკან დასახევ გზას მოუჭრიდა. ასეთ ვითარებაში 24 თებერვალს, საღამოს 10 საათზე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გენერალმა გიორგი კვინიტაძემ მიიღო გადაწყვეტილება მცხეთის მიმართულებით უკან დახევისა და ახალი გამაგრებული ხაზის შექმნის შესახებ. თბილისის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას წინ აღუდგა გენერალი გიორგი ოდიშელიძე, მაგრამ მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ მხარი გენერალ გიორგი კვინიტაძეს დაუჭირა. ქართული ჯარი და სახალხო გვარდია შექმნილ სამხედრო-სტრატეგიულ სიტუაციაში თბილისის დაცვას მართლაც ვერ შეძლებდა. თუმცა ცხადი იყო ისიც, რომ თბილისის დატოვება მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა იქნებოდა ჯარისა და მოსახლეობისათვის. 1921 წლის 24 თებერვალს, ღამის 12 საათზე, დაიწყო ქართული ჯარისა და სახალხო გვარდიის ნაწილების უკანდახევა მცხეთის მიმართულებით. 25 თებერვალს თბილისში რუსეთის XI წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ.
თბილისის დატოვების შემდეგ ქართულმა ჯარმა და სახალხო გვარდიამ მტერს ძლიერი წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია. ქართული ჯარების წინააღმდეგობას უპერსპექტივოდ ხდიდა მამისონის უღელტეხილიდან რიონის ხეობით ქუთაისისაკენ დაძრული და აფხაზეთში სოხუმის მიმართულებით შეტევაზე გადასული რუსეთის ჯარების მოქმედება. ბრძოლების გაგრძელებას აძნელებდა თურქეთის მთავრობის ანტიქართული პოლიტიკაც. არტაანისა და ართვინის დაკავების შემდეგ თურქეთის მთავრობამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას აცნობა, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის აღარ არსებობდა სადავო საკითხები. ამავე დროს, თურქეთის მთავრობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას სთავაზობდა თურქეთის ჯარებით ბათუმის დაცვას რუსეთის მოსალოდნელი აგრესიისაგან. ფაქტობრივად ეს იყო თურქეთის აგრესიული გეგმების შენიღბული გზით განხორციელების ცდა, რასაც რუსეთთან ომში ჩაბმული საქართველო წინ ვეღარ აღუდგა. ბათუმში შესვლის შემდეგ თურქებმა განაცხადეს, რომ, თურქეთის დიდი ეროვნული კრების დადგენილების თანახმად, უნდა მოეხდინათ ბათუმისა და მისი ოლქის ანექსია. შესაბამისად, თურქეთის ჯარმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ. ამასთან ერთად, თურქებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ულტიმატუმის სახით მოსთხოვეს ბათუმსა და ბათუმის ოლქში მყოფი ქართული ჯარის განიარაღება, რაზეც უარი მიიღეს. ბათუმში ქართულ ჯარსა და თურქეთს შორის დაიწყო ცხარე ბრძოლები. ქართველებმა თურქები კი განდევნეს ქალაქიდან, მაგრამ, ცხადია, რუსეთისა და თურქეთის წინააღმდეგ ორ ფრონტზე ბრძოლა საქართველოს არ შეეძლო. შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში არც სურამის ქედზე და არც ქუთაისის მისადგომებთან ბრძოლების გამართვას აზრი არ ჰქონდა. მთავრობა ბათუმში გადავიდა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ და დამფუძნებელმა კრებამ ბოლომდე შეასრულეს მოვალეობა და, კატასტროფული სამხედრო-პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საბჭოთა რუსეთის წინაშე კაპიტულაციას მაინც არ დასთანხმდნენ. ლენინსა და სტალინს დიდი სურვილი ჰქონდათ, ნოე ჟორდანიას გამოეცხადებინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის გადადგომა, ხოლო დამფუძნებელ კრებას მოეხსნა უფლებამოსილება. ამ შემთხვევაში საქართველოს რევოლუციური კომიტეტის მიერ ქვეყანაში სახელმწიფო ძალაუფლების აღება, რუსეთის მხრიდან აშკარა სამხედრო აგრესიის მიუხედავად, მაინც კანონიერ სახეს იძენდა, საქართველოს ახალი ხელისუფლება ძველის სამართალმემკვიდრედ იქცეოდა. სწორედ მოვლენების ამგვარი განვითარების თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად ბათუმში გამართული საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომა, რომელმაც დაადგინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ემიგრაციაში წასვლა და იქიდან ბრძოლის გაგრძელება რუსეთის მიერ დაპყრობილი საქართველოს განთავისუფლების მიზნით. თვით დამფუძნებელ კრებას, როგორც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, თავისი უფლებამოსილება არ მოუხსნია. ამრიგად, სამართლებრივი თვალსაზრისით, საქართველო გახდა რუსეთის ინტერვენციის მსხვერპლი, რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ გაითვალისწინა, რომ რუსეთის ჯარები უმოწყალოდ გაუსწორდებოდნენ ქართული ჯარისა და სახალხო გვარდიის მებრძოლებს, მთელ მოსახლეობას. ამიტომ მან ბათუმიდან თავისი რწმუნებული გრიგოლ ლორთქიფანიძე გაგზავნა ქუთაისში საქართველოს რევოლუციური კომიტეტის რწმუნებულთან მამია ორახელაშვილთან მოსალაპარაკებლად. ეს მოლაპარაკება 1921 წლის 17–18 მარტს გაიმართა ქუთაისში. იგი საბჭოთა რუსეთის წარმომადგენლის აბელ ენუქიძის თავმჯდომარეობით მიმდინარეობდა. მიღწეული შეთანხმების თანახმად, საომარი ოპერაციები შეწყდა. 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ბათუმი დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა. თურქებმა სცადეს შექმნილი ვითარების თავის სასარგებლოდ გამოყენება და ბათუმის დაკავება მოინდომეს. ქართული ჯარისა და სახალხო გვარდიის ნაწილებმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით, რუსეთის წითელი არმიის ნაწილების თანადგომით შეძლეს თურქების უკუგდება.
ამრიგად, საქართველო-რუსეთის ომი 1921 წლის თებერვალ-მარტში დასრულდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემითა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამყარებით.
იუნკრების შესახებ
იმ დროს როდესაც საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე არმია თბილისს მოადგა იუნკერთა სამხედრო სკოლაში სიით მხოლოდ 183 იუნკერი ირიცხებოდა. მათგან 166 თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორში იბრძოდა, ხოლო ნაწილი ჰოსპიტალში იწვა, ნაწილი კი გამწვევ პუნქტებზე განაწილდნენ. მთლიანობაში კი თბილისს რეგულარული არმიისა და სახალხო გვარდიის 10000-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი იცავდა და მათ შორის იუნკერთა სამხედრო სკოლის კურსანტი მხოლოდ 166 იყო. მათგან კი ბრძოლის ველზე დაიღუპა მხოლოდ 9 იუნკერი: ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, იოსებ და ილია ჯანდიერები. ომის დროს დაიჭრა 43 იუნკერი. ხშირად აღნიშნავენ, რომ ბათუმში თურქების წინააღმდეგ ბრძოლებში დაიღუპნენ იუნკრები, თუმცა დაზუსტებით არის ცნობილი, რომ იუნკრებს ბათუმის ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღიათ. აგრეთვე, ზოგჯერ 1921 წლის ომში დაღუპულ ყველა ჯარისკაცს, ოფიცერს, მოხალისეს მოიხსენიებენ იუნკრად, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. არსებობს როგორც იუნკერთა სრულია სახელობითი სია, ასევე დაღუპულ და დაჭრილ იუნკერთა სახელობითი სიაც.
მეტიც ქართული არმია თბილისის დაცემის შემდეგაც განაგრძობდა ბრძოლას, ვიდრე მთავრობამ მარცხთან შეგუება არ არჩია: დიდი ბრძოლა გაიმართა 4-6 მარტს ხაშურის რაიონსა და ლიხის ქედზე, 3 მარტს ახალი ათონის პოზიციებზე, 9 მარტს დაეცა ქუთაისი. 16 მარტს კი როდესაც ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, ჯავშანმატარებელთა რაზმის მეთაური ვალოდია გოგუაძე ნიგოეთიდან ბათუმში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შემდეგი შინაარსის დეპეშას უგზანიდა: „ჯავშნოსანი მატარებლებით მოგესალმებით. რაზმი ფიცსა სდებს თქვენს წინაშე, რომ იბრძოლებს სამშობლოს დასაცავად უკანასკნელ სისხლის წვეთამდის“.
მარცხის მიზეზი მტრის სიმრავლესთან ერთად იარაღისა და საბრძოლო აღჭურვილობის ნაკლებობა იყო:
საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 1918 წლისათვის, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, სინამდვილეში იმაზე ნაკლები იარაღი და საბრძოლო მასალები დაგვრჩა რუსული არმიისაგან ვიდრე 1921 წლის ომისათვის იყო საჭირო. ამ დარჩენილი მასალების დიდი ნაწილი კი 1918 წლიდან 1921 წლამდე ომებში დაიხარჯა. ამიტომ ქართული დელეგაციები ევროპაში, საქართველოს იურიდიულად აღიარების შემდეგ, დიდ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებების დროს ნომერ პირველ საკითხად იარაღის ჩუქებას ან შესყიდვას სვამდნენ. მოხერხდა იარაღის რამოდენიმე მცირე პარტიის შემოტანა, რაც საკმარისზე ბევრად ნაკლები იყო. განსაკუთრებული დეფიციტი იგრძნობოდა შაშხანების, არტილერიის, ვაზნებისა და ჭურვების მხრივ.
გენერალი გიორგი მაზნიაშვილი თავის მემუარებში წერდა: „უკვე 1921 წლის მაისში, ჩვენს საწყობებში დარჩენილ ტანსაცმელით მე შევძელი შემოსვა თავიდან ფეხებამდე 17000 კაცისაგან შემდგარი ქართული წითელი არმიისა“. საპირისპირო სურათს გვიჩვენებს საარქივო დოკუმენტები, კერძოდ, - „ჩეკას“ საიდუმლო მოხსენებები 1921 წლის მარტიდან ამავე წლის აგვისტოს ბოლომდე. საქართველოს ჩეკა ამ დოკუმენტებს სხვადასხვა სახელმწიფო და სამხედრო უწყებას უგზავნიდა. მოხსენებებში მნიშვნელოვან ინფორმაციებთან ერთად აღწერილია ქვეყანაში არსებული სამხედრო მდგომარეობა, ასევე რუსეთისა და ახლად შექმნილ საქართველოს წითელი არმიაში არსებული პირობები. ირკვევა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში (1921 წლის მარტიდან - აგვისტოს ბოლომდე) მე-11 არმიაცა და საქართველოს წითელი არმიაც ტანსაცმლისა და სურსათის დიდ ნაკლებობას განიცდიდა. ამასთანავე 1921 წლის ივლისში მცირერიცხოვანი ქართული დივიზიის რეფორმირების და პირადი შემადგენლობის რაოდენობის კიდევ უფრო მეტად შემცირების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ტანსაცმლის ნაკლებობა გახდა.
*  *  *
იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი შეიქმნა 1919 წლის სექტემბერში, სკოლის მიზანი იყო ქართული რეგულარული არმიისათვის მოემზადებინა უმცროსი ოფიცრები. სკოლის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორისა და პირველი მეთაურის გენერალ კვინიტაძის ჩანაფიქრის მიხედვით სასწავლებლიდან გამოსული ოფიცრები უნდა გამხდარიყვნენ ახალი ქართული არმიის ძირითადი ქვაკუთხედი, ამიტომ სამხედრო საქმის სწავლასთან ერთად სასწავლებელში დიდი ყურადღება ექცეოდა სამხედრო-პატრიოტულ აღზრდას. სწავლის ხანგრძლივობა 2 წლით განისაზღვრებოდა, პირველ წელს კურსანტები გაივლიდნენ საერთო თეორიულ სამხედრო კურსს, ხოლო მეორე წელს დაიყოფოდნენ სპეციალობების მიხედვით. შტატების მიხედვით სკოლას უნდა მიეღო 180 იუნკერი, 90-90 ორი წლის განმავლობაში, აქედან 120 ქვეითი ჯარისათვის, 30 არტილერიისათვის, 10 კავალერიისათვის, ხოლო 20 საინჟინრო ნაწილების ოფიცერთა მოსამზადებლად. 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის დროს იუნკერთა სამხედრო სასწავლებელში სიის მიხედვით ირიცხებოდა 183 იუნკერი, მათმა უდიდესმა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში.
მას შემდეგ რაც 11-17 თებერვალის ბრძოლებში რუსეთის მეთერთმეტე არმიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტზე უხეიროდ განლაგებული ქართული შენაერთები, დღის წესრიგში დადგა დედაქალაქის დაცვა. მდგომარეობა თითქმის უიმედო იყო, ამიტომ ახალმა სარდალმა გენერალმა კვინიტაძემ მის ხელთ არსებული ყველა სამხედრო შენაერთი თბილისის დასაცავად განალაგა, მათ შორის სამხედრო სკოლის იუნკრები და ნაცვალთა ათასეულის 350 ახალწვეული თავდაცვის მარცხენა ფლანგზე, კოჯორ-ტაბახმელას პოზიციებზე. მოგვიანებით მათ დაემატათ რეგულარული არმიისა და გვარდიის რამოდენიმე ბატალიონი და თავდაცვითი მონაკვეთი მანგლისამდე გაიწელა. თავდაცვის ამ სექტორს სარდლობდა გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ხოლო უშუალოდ სამხედრო სკოლას (იუნკერთა ასეული და ნაცვალთა ათასეული) კი პოლკოვნიკი (შემდგომში პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერალი) ალექსანდრე ჩხეიძე, 18 თებერვალს კი მის დაქვემდებარებაში გადავიდა მე-10-ე ათასეულიც (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რეგულარული არმიის ბატალიონები ათასეულებად იწოდებოდა, ხოლო სახალხო გვარდიისა კი ბატალიონებად). თბილისის თავდაცვის ამ მონაკვეთზე 19-25 თებერვალს შეტევას ანხორციელებდა: რუსული 32-ე დივიზიის 96-ე მსროლელი ბრიგადა, მე-20-ე დივიზიის 58-ე მსროლელი ბრიგადის 172-ე მსროლელი პოლკი; აღმოსავლეთის კურსანტთა ბრიგადის მებრძოლები; მე-12 საკავალერიო დივიზიის 72-ე ცხენოსანი პოლკი, 20-ე მსროლელი დივიზიის ცხენოსანი პოლკი, სომხური საკავალერიო ბრიგადა, ასევე მცირე რაოდენობით სხვა სომხური ირეგულარული შენაერთები და 16-მდე საარტილერიო დანადგარი. ცხენოსან ნაწილებს რელიეფისა და ბუნებრივი პირობების გამო ძირითადად დაქვეითებულებს უწევდათ ბრძოლა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსულ შენაერთები სრულად არ იყვნენ შევსებულნი. განსაკუთრებით სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობდა 19-21 და 24 თებერვალს.
თბილისზე შეტევის პირველ დღეს 18-19 თებერვალს გენერალმა მაზნიაშვილმა თბილისის დაცვის ცენტრალურ მონაკვეთზე მძიმე მარცხი აგემა მტრის ძალებს, რუსებმა იერიში კოჯორ-ტაბახმელაზე განლაგებულ შენაერთებზე მიიტანეს. მათი მიზანი იყო დილის 8 საათზე დაეკავებინათ კოჯორი და იქიდან შესულიყვნენ თბილისში. ბრძოლის დასაწყისშივე პოლკოვნიკ ჩხეიძესთან საუბრის დროს ბრმა ტყვიის მსხვერპლი შეიქმნა იუნკერთა ასეულის მეთაური მაიორი არჯევან ანანიაშვილი. მტრის ყველა ფრონტალური შეტევა მოგერიებულ იქნა იუნკრების მიერ, თუმცა ბოლშევიკებმა კოჯორში მდგომი მე-4-ე ათასეულის წინააღმდეგობა გატეხეს და მტერს ეძლეოდა საშუალება გასულიყო სამხედრო სკოლის და მე-10-ე ათასეულის ზურგში, ამიტომ გენერალმა ანდრონიკაშვილმა ამ შენაერთებს მამა დავითისკენ დახევა უბრძანა რაც ფაქტობრივად თბილისის ბედსაც წყვეტდა ბოლშევიკების სასარგებლოდ. გენერლის ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა პოლკოვნიკმა ჩხეიძემ, რის შემდეგაც ანდრონიკაშვილმა ჩხეიძეს მოქმედების თავისუფლება მიანიჭა - „ჩემო კარგო თუ შენ ხედავ გამოსავალს, იმოქმედე ჩქარა და შენი მადლობელი ვიქნები!“. პოლკოვნიკის გეგმის მიხედვით პირველ რიგში უნდა შეეჩერებინათ ბოლშევიკთა წინსვლა და შემდგომ მთავარსარდლის მიერ დამატებითი ძალების მოშველების შედეგად უნდა განედევნათ მტერი კოჯრიდან. ჩხეიძის ბრძანებით მაიორმა ბახუტაშვილმა საველე არტილერიის ცეცხლი გაუხსნა ზურგში მიმავალ რუსულ ნაწილებს, ამასობაში კი ფრონტიდან მოხსნა გარკვეული ძალები კონტშეტევაზე გადასასვლელად: იუნკერთა ერთი ოცეული (23კაცი) ლეიტენანტ თოიძის მეთაურობით, ნაცვალთა ათასეულის ერთი ასეული და მეათე ათასეულიდან ნახევარი ასეული კაპიტან ქარუმიძის მეთაურობით. ამ მცირე ძალების მოხერხდა ბოლშევიკთა ჭარბი ძალების შეჩერება და უკან დახევა. კონტშეტევას შეეწირა ლეიტენანტი თოიძე, რომელსაც როგორც შემდეგ ნახეს ჰქონდა ჭრილობა მუცლის არეში და ხიშტი ჰქონდა დარტყმული გულში, ლეიტენანტის გვამი ბოლშევიკებს გაეძარცვათ და საცვლების ამარა დაეტოვებინათ. კოჯრიდან მომავალი მტერი შეჩერებული იყო, მთავარსარდლის მიერ დამატებითი ძალების მოშველების შემდეგ კი 20-21 თებერვალს კოჯორი მტრისგან სრულიად იქნა გაწმენდილი, ქართველებმა ტყვედ აიყვანეს მტრის 200-მდე ჯარისკაცი, ხელში ჩაიგდეს 4 საველე ზარბაზანი, ტყვიამფრქვევები და პატარა ჯავშნოსანი. ამ დღეებში არ წყდებოდა ფრონტალური იერიშები ტაბახმელაში იუნკერთა სანგრებზე, თუმცა ყველა შეტევა მოგერიებულ იქნა, მაგრამ დაჭრილ-დაღუპულთა სახით იუნკრებს 25-მდე მებრძოლი დააკლდათ. მათ შორის იუნკერი მიხეილ ლოლუა რომელიც სანგარში იწვა შაშხანა მტრისკენ მიეშვირა და დალაპარაკებაზე პასუხს არ იძლეოდა, ახლოს მისულებმა ნახეს, რომ იგი მტრის ტყვიის მსხვერპლი შექმნილიყო. ბოლშევიკებმა კონდახების ცემით დაჩეჩქვეს იუნკერი ლევან კეზელი თუმცა იგი ცოცხალი გადარჩა. 22 და 23 თებერვალს მცირე შეტაკებები მიმდინარეობდა, ხოლო 24 თებერვალს ისევ ამოქმედდა ომის ღმერთი მთელი თავისი ძლევამოსილებით. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქართული და რუსული არმიის ახალგაზრდობა და მომავალი ელიტა: იუნკრები და აღმოსავლეთის ბრიგადის კურსანტები. შეტევები და კონტშეტევები ერთმანეთს ცვლიდა, არცერთი მხარე არ აღმოჩნდა ჯაბანი. იუნკერთა ასეულში 100 მებრძოლამდე დარჩა, ბოლშევიკები მოუახლოვდებოდნენ ქართველთა პოზიციებს გადმოვიდოდნენ ხიშტებით იერიშზე თუმცა ქართველი ახალგაზრდების კონტრშეტევას ვერ უძლებდნენ და უკან იხევდნენ, ბოლოს მათ შეძლეს N4 სანგრის აღება რომელიც 1-ლი ათასეულის ჯარისკაცებს ეკავათ. აქედან რუსები გაიჭრნენ ლეიტენანტ მესხიშვილის ბატარეასთან, რომელმაც იძრო ხმალი და თავის არტილერისტებთან ერთად გადაეშვა ბრძოლის მორევში. ამ დროს ბაღში ჩასაფრებული იუნკრები ეკვეთნენ მესხიშვილის ბატარეაზე შევარდნილ კურსანტებს და უკან გააქციეს ისინი მეოთხე სანგრის მიმართულებით. უკან დახეულმა რუსებმა გორაკზე მაქსიმის ტყვიამფრქვევი დადგეს და ძლიერი ცეცხლი გაუხსნეს კონტრშეტევაზე გადასულ ქართველ ახალგაზრდებს. საჭირო იყო ტყვიამფრქვევის გაუვნებელყოფა, და მუხლმარდმა იუნკერმა შალვა ერისთავმაც არ დააყოვნა, სწრაფი სირბილით გადაირბინა მონაკვეთი ტყვიამფრქვევამდე და მემიზნე ოფიცერს ხიშტით თავი გაუპო თვითონ კი მაქსიმის ლულას გადაესვენა. როდესაც დაჭრილ ჯერ კიდევ სულთმობრძავ ერისთავს სანიტრები მიუახლოვდნენ იუნკერმა მათ უკანასკნელი სიტყვები შესძახა: „დადექ ვინა ხარ?“. როგორც პოლკოვნიკი ჩხეიძე წერდა: „ამ ბრძოლაში იუნკრების რაინდობისა და მისი დიადი სილამაზის სამარადისო სიმბოლურ სურათად დარჩება, ტყვიამფრქვევეზე მწოლიარე, განგმირული შალვა ერისთავი“. კონტრშეტევას ემსხვერპლა იუნკერი იოსებ ჯანდიერი, იუნკერ ალექსანდრე ხიმშიაშვილის მოგონების მიხედვით იოსები წინასწარ გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას და მას ეუბნებოდა, რომ იმ დღეს უეჭველად მოკლავდნენ. მან ხიმშიაშვილს 24 თებერვლის ბრძოლის წინ ყურში ჩასჩურჩულდა: „თუ შენ გადარჩი ცოცხალი, შეიძლება ნახო დედაჩემი და პატარა ძმა, უთხარი, რომ დავეცი ბრძოლის ველზე, როგორც ერთგული ჩემი ქვეყნის. მომხსენი ეს ჯვარი და გადაეცი დედაჩემს, რომ ჩამოჰკიდოს პატარა ძმას ... დეე! ეს იყოს მისთვის მომავლის სიმბოლოდ...“. მართლაც ალექსანდრემ შუა ბრძოლის დროს, როდესაც რუს ჯარისკაცს ხიშტი გაუყარა და თვითონაც ძირს დაეცა, მისგან ორ ნაბიჯში დაინახა იოსებ ჯანდიერის ფართოდ გახელილი უძრავი თვალები, რომელსაც მასთან ერთად საიქიოს ორი რუსი კურსანტი გაეყოლებინა. კონრშეტევას ემსხვერპლა იუნკერი ოთარ ლორთქიფანიძე, თუმცა მისი დაღუპვის ამბავს სხვაგვარად იხსენებს მისი ძმისშვილი: ,,მზის ჩასვლისას, როდესაც ცხარე ბრძოლა დამთავრდა. ჩემი ბიძა 19 წლის იუნკერი ოთარ ლორთქიფანიძე საქართველოს სადღეგრძელოს სანგარში ფეხზე მდგომი სვამდა, რის გამოც მეგობრებმა გააფრთხილეს: ოთარ თავი დახარეო, მაგრამ მან უპასუხა: „თავი ვის დავუხარო, ამათ?“. გავარდა საბედისწერო ტყვია და ბიძაჩემი უსულოდ დაეცა“. ორივე ფეხში დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა იუნკერი ილია ჯანდიერი, ჭრილობისაგან გარდაიცვალა პლატონ დოლიძე. ასევე ომში დაიღუპნენ იუნკრები: ალექსანდრე ახვლედიანი; პავლე იაკობაშვილი და ლევან კანდელაკი.
მთლიანობაში როგორც ვნახეთ ბრძოლის ველზე დაიღუპა 9 იუნკერი: ალექსანდრე ახვლედიანი; პლატონ დოლიძე; შალვა ერისთავი; პავლე იაკობაშვილი;ლევან კანდელაკი; ოთარ ლორთქიფანიძე; მიხეილ ლოლუა; ილია და იოსებ ჯანდიერები. იუნკრებს დაეღუპათ ორი ოფიცერი: მაიორი არჯევან ანანიაშვილი და ლეიტენანტი ირაკლი თოიძე. დაღუპულების გარდა ბრძოლაში დაიჭრა 7 ოფიცერი და 43 იუნკერი. მთლიანობაში იუნკრთა დანაკარგები დაჭრილ-დაღუპულთა სახით მათი პირადი შემადგენლობის 35%-მდე ადიოდა, მიუხედავად ამისა მათ ბრძოლის ველი არ დაუტოვებიათ და 24 თებერვალს საღამოს საკუთარი პოზიციები სრულიად გაწმინდეს მტრისაგან, რომელმაც დაღამებისთანავე უკან დაიხია. რუსული დოკუმენტების მიხედვით, კი კოჯორ-ტაბახმელაზე რამოდენიმე სტრატეგიული სიმაღლე 24 თებერვლის ბრძოლების შემდეგ წითელარმიელებს ეკავათ, თუმცა ამავე დოკუმენტების მონაცემებით იმდენად დიდი იყო წითელარმიელების დანაკარგი ამ სიმაღლეებისათვის ბრძოლაში, რომ ქართველთა მოსალოდნელი კონტრშეტევის შემთხვევაში მათივე აღიარებით დაკავებული პოზიციების შენაერჩუნებას ვერ შეძლებდნენ. მალევე როდესაც მთავარსარდალმა კვინიტაძემ ჩათვალა, რომ თბილისი ალყაში ექცეოდა იუნკრებსაც მოუვიდათ საკუთარი პოზიციებისა და თბილისის დატოვების ბრძანება. თბილისის დატოვებასთან ერთად მათ დიდ ნაწილს რამოდენიმე კვირის შემდეგ სამშობლოს დატოვებაც მოუხდათ, მაგრამ მათი სახელი ვაჟკაცობისა და სამშობლოსათვის თავდადების სიმბოლოდ იქცა.

ლორეს ოლქის სოხეთისთვის გადაცემა
1918 წელს სომხებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და დაკარგული სახელმწიფოებრიობა აღიდგინეს. ახალდაარსებულმა სომხეთის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თავისი პოლიტიკის ძირითად მიმართულებად „დიდი სომხეთის“ აღდგენის იდეა წამოაყენა. სომეხი ნაციონალისტები ყველა იმ ტერიტორიას ითხოვდნენ, სადაც ოდესმე ფეხი დაედგა სომეხს.
ვიქტორ ნოზაძე იგონებდა: „სომხებმა გაამზადეს სომხეთის რუკა პარიზის საზავო კონფერენციისათვის წარსადგენად და ამ რუკაზე, როგორც სომხეთში შემავალი ტერიტორიები, აღნიშნული იყო – თბილისი, ბორჩალოს, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები, მცხეთა, გორი, ბათუმი და ბათუმის ოლქი“.
1918 წლის დეკემბერში სომხეთის სამხედრო ნაწილებმა ფართომასშტაბიანი აგრესია განახორციელეს ქვემო ქართლისა და სამხრეთ საქართველოს მიმართულებით.
ქართულმა ნაწილებმა მოახერხეს მტრის შეჩერება, ხოლო შემდეგ მისი განდევნა ქვეყნის ტერიტორიიდან. ამ კონფლიქტის შემდეგ სომხეთ-საქართველოს შორის გაფორმდა საგანგებო შეთანხმება, რომლითაც სადავო – ბორჩალოს მაზრის, ლორეს ტერიტორია ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა, მის ჩრდილოეთ ნაწილში იდგებოდა ქართული არმია, ხოლო სამხრეთ ნაწილში – სომხეთის.
მიუხედავად ასეთი შეთანხმებისა, ადგილობრივი მოსახლეობა მაინც ცდილობდა საქართველოსთან შეერთებას და ამ ხელშეკრულებას უკანონოდ მიიჩნევდა. 1919 წელს საქართველოს დამფუძნებელი კრების სახელზე შედგენილ ლორეს რაიონის სოფლის მოსახლეობის მიმართვაში ვკითხულობთ: „უხსოვარ დროს მართლმორწმუნეთა ტაძრები, ძეგლები და სასაფლაონი, რომლებიც ჩვენში აქამდე უვნებლადაა დაცული, უეჭვოდ ამტკიცებს, რომ ლორეს სამუსლიმანო რაიონი მუდამ განუყოფელი ნაწილი იყო საქართველოსი და ამ რაიონის მოსახლენი ბურჯად ედგნენ საქართველოს საზღვრებს სიმტკიცისათვის. საქართველოს მთავრობა ლორეს რაიონს რატომღაც, ვითომდა სადავო ტერიტორიად თვლის საქართველოსა და სომხეთს შორის, რაც ძლიერ დამღუპველ მდგომარეობაში გვაყენებს. ჩვენ ტფილისთან ვართ დაკავშირებული ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სულიერად და ყოველმხრივ. ამიტომ მისგან ჩამოშორება არ შეგვიძლიან, ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, ყოველგვარი ზომები მიიღოს ჩვენს დაუყოვნებლივ საქართველოს ტერიტორიისთვის მისაერთებლად“.
მიმართვას ხელს აწერენ ლორეს რაიონის ექვსი სოფლის მცხოვრებნი.
მიუხედავად ამისა, ლორეს ოლქთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა უყოყმანოდ ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებას. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სადავო ტერიტორია მხოლოდ 1920 წლის ნოემბერში დაიკავა, ისიც სომხეთის მთავრობის თხოვნით.
სომხეთის გასაბჭოების შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ალექსანდრ ბეკზადიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საგანგებო ნოტით მოსთხოვა ქართული ჯარის მიერ ლორეს ოლქის დატოვება, მაგრამ საქართველოს მთავრობამ სომეხი კომუნისტების ამ პრეტენზიას დასაბუთებული პასუხი შეუთვალა.
1921 წელს საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ ჩვენში ლორესთვის უკვე აღარავის ეცალა. ამით ისარგებლეს სომეხმა ბოლშევიკებმა და ოლქის შენიღბული ინკორპორაცია მოახდინეს.
გაზეთი „კომუნისტი“ ამავე წლის 15 მარტს იუწყებოდა: „4 მარტს დაიწყო მოქმედება სომხეთის კომპარტიის ცკ-ის ბიურომ. სამხედრო რევოლუციურმა კომიტეტმა გადადგა ნაბიჯი რევოლუციური წესრიგის მოსაწყობად ლორეს რაიონში, რომლის ცენტრად არჩეულია სადგური ალავერდი, დანიშნულია რევკომის თავმჯდომარისა და სამხედრო რევოლუციური კომიტეტის რწმუნებულად ამხ. საფრაზბეკოვი“.
სამწუხაროდ, ეს იყო ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საქართველოსთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მიერ ლორეს ოლქის მითვისებისა. დასაწყისში სომხეთის ახალჩამოყალიბებულმა საბჭოთა რეჟიმმა ლორეს ოლქში თავისი რწმუნებული დანიშნა. ფაქტობრივად, ეს ტერიტორია ამიერიდან სომხეთის მთავრობის გავლენის ზონაში მოექცა.
ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის არსებული ტერიტორიული საკითხის სირთულეს კარგად ხედავენ ბოლშევიკები და ამიტომ უკვე 1921 წელს რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიურომ 1921 წლის 2 მაისს შექმნა საგანგებო კომისია, რომელსაც დაევალა მოემზადებინა აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრების გამიჯვნის საკითხი.
ამ კომისიის პირველი სხდომა გაიმართა 1921 წლის 25–27 ივნისს, თბილისში. ჩვენამდე მოაღწია ამ მეტად საინტერესო სხდომის ოქმმა, რომელიც სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის წარმომადგენლის, ვ. მურადიანის მიერაა შედგენილი. სადემარკაციო კომისიის 25 ივნისის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა სომხეთის სსრ წარმომადგენელი „ამხ. ბეკზადიანი“. იგი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრებზე ისე საუბრობს, არ შეიძლება მისმა გამონათქვამებმა მკითხველს ღიმილი არ მოჰგვაროს.
სხდომის ოქმში ვკითხულობთ: „სიტყვა ეკუთვნის ამხ. ბეკზადიანს, რომელმაც განაცხადა: სომხეთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობად უნდა მივიჩნიოთ, რადგან მან თავისი ტერიტორიის თითქმის ნახევარი დაკარგა ეკონომიკურ რესურსებიანად. ამხ. ბეკზადიანს უაღრესად საჭიროდ მიაჩნია, რომ მეზობელ აზერბაიჯანსა და საქართველოს რესპუბლიკებს ჩამოეჭრათ ტერიტორია სომხეთის სასარგებლოდ. როცა მოსკოვში ამხ. მიასნიკოვმა და ბეკზადიანმა ამხ. სტალინი ინახულეს, ამ უკანასკნელმა ეს თვალსაზრისი სავსებით გაიზიარა. ყოველივე ზემონათქვამის საფუძველზე, სომხეთის დელეგაცია სთხოვს ამხ. ქართველებს, თათრებს, გაითვალისწინონ სომხეთის განსაკუთრებული მდგომარეობა და საერთო სოლიდარობის გულისათვის, ერთხელ და სამუდამოდ, უაღრესად გულწრფელი, მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების დამყარების გულისათვის დაგვთანხმდნენ განსაზღვრული ტერიტორიების დათმობას“.
სომეხი ბოლშევიკები არა მარტო ლორეს ოლქს ითხოვდნენ საქართველოსგან, არამედ ახალქალაქის მაზრასა და ბორჩალოს მაზრის ნაწილს. სადემარკაციო კომისიამ საბოლოო შეთანხმება ვერ მოახერხა, ამიტომ შიდა საზღვრების გამიჯვნის საკითხი რესპუბლიკების ცენტრალურმა კომიტეტებმა რკპ(ბ) კავბიუროს მიანდეს.
1921 წლის 7 ივლისს კავბიურომ იოსებ სტალინის მონაწილეობით ეს საკითხი საგანგებოდ განიხილა და დაადგინა, რომ ე.წ. ნეიტრალური ზონა – ლორეს ოლქი – გადაეცეს სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას. რაც შეეხება ხრამისა და ახალქალაქის რაიონებს, ეს საკითხი კავბიურომ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს მიანდო გადასაწყვეტად, რომლის დასკვნა შემდგომ ისევ კავბიუროს უნდა დაემტკიცებინა.
ამდენად, 1921 წლის 7 ივლისის დადგენილებით ლორეს ოლქზე საქართველოს პრეტენზიები საბოლოოდ გაუქმდა. ამ ეტაპზე ლორეს ოლქი კი არა, ხრამისა და ახალქალაქის რაიონები იყო შესანარჩუნებელი. აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ დღემდე საქართველოში გავრცელებული მოარული ხმები, თითქოსდა, სტალინმა არაფერი იცოდა საქართველოს ტერიტორიის გასაჩუქრების შესახებ და რომ ეს ყველაფერი სერგო ორჯონიკიძის ნამოქმედარი იყო, დოკუმენტებით არ დასტურდება. მეტიც, „ხალხთა დიდი ბელადი“ არათუ ყველაფრის საქმის კურსში იყო, არამედ თავად მონაწილეობდა ამ პროცესში.
ამიერკავკასიის კავბიუროს დადგენილების საფუძველზე, 1921 წლის 16 ივლისს შეიკრიბა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო, რომელმაც განიხილა ორი საკითხი: 1. ნეიტრალური ზონისა და 2. ახალქალაქისა და ხრამის რაიონების საბჭოთა სომხეთისადმი გადაცემის საკითხები. პოლიტბიუროს დადგენილებაში ვკითხულობთ:
1. დადასტურდეს რკპ ცკ-ის კავბიუროს დადგენილება საბჭოთა სომხეთისათვის ამ ზონის გადაცემის შესახებ.
2. პოლიტიკური მოსაზრებებისა და იმის საფუძველზე, რომ ახალქალაქის რაიონი ეკონომიკურად თბილისთან არის დაკავშირებული, ამხანაგი სომხების წინადადება მიუღებლად მიგვაჩნია.
იგივე საკითხი 1921 წლის 3 აგვისტოს განიხილა საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პლენუმმა. ქართველი კომუნისტების გაფართოებულმა შემადგენლობამ კვლავ დაადასტურა საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პოლიტბიუროს გადაწყვეტილება, მაგრამ პლენუმზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ლორეს ოლქის უყოყმანოდ სომხეთისადმი გადაცემამ. სწორედ ამიტომ პლენუმის დადგენილებაში გაჩნდა ახალი მუხლი: „იმის გამო, რომ ნეიტრალური ზონის საკითხის განხილვის დროს კავბიუროში არ ჰქონდათ საქართველოს კპ ცკ-ის აზრი, ეთხოვოს კავბიუროს, ხელახლა განიხილოს ეს საკითხი. თავის მხრივ, ცკ-ს საჭიროდ მიაჩნია რეფერენდუმის მოწყობა აღნიშნულ ზონაში“.
მიუხედავად ქართველი კომუნისტების პრინციპული მოხოვნისა ლორეს ნეიტრალურ ზონაში რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, კავბიურომ არ გაითვალისწინა პლენუმის ეს გადაწყვეტილება. მთლიანობაში, მართალია, ახალქალაქისა და ხრამის რაიონები დარჩა საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ, სამაგიეროდ, ლორეს ოლქი ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე სომხეთის სსრ-ს გადაეცა.
ამდენად, 1921 წელს კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის კავბიუროსა და საქართველოს კომპარტიის პოლიტბიუროს დადგენილებით სომხეთს გადაეცა ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილი, ე.წ. „ლორეს რაიონი“ – 2367 კმ2 ფართობით. მოგვიანებით, 1925 წელს სომხეთს ასევე გადაეცა ბორჩალოს მაზრის კიდევ ერთი ნაწილი 207,94 კმ2 ფართობი. ერთობლიობაში 1921–1925 წლებში სომხეთს დაუთმეს საქართველოს ტერიტორიის 2575,38 კმ2. 38000 მცხოვრებით.



Комментариев нет:

Отправить комментарий