среда, 22 февраля 2017 г.

კარლოს დიდის დიპლომატიური ურთიერთობა რომის პაპებთან (გ. კუტალია)

კარლოს დიდის (768-814) მრჩეველი ალკუინი, ადარებდა რა კარლოსს რომის პაპ ლეო III-სა და ბიზანტიის იმპერატორს, უსაფუძვლოდ როდი წერდა: „ის აღემატება პაპს და იმპერატორს სიძლიერით, სიბრძნითა და მდგომარეობით“ (13: 486). უსაფუძვლოდ არც ანონიმ მეისტორიეს აქვს ნათქვამი: „მეფის (კარლოსის) სული“, ღვთისაგან ბოძებული სიმამაცით რომ გამოირჩეოდა, „არაფრით არ ჩამოუვარდებოდა პომპეუსისა და ჰანიბალის სულებს” (7: 38). მან თავისი 46 წლის მეფობის მანძილზე 50 ბრძოლა გადაიხადა და თითქმის ყველა ბრძოლაში წარმატებას მიაღწია; ევროპის დიდ ნაწილი მისი გამგებლობის ქვეშ აღმოჩნდა. ეს სახელოვანი და ყველა ხალხის მიერ დიდად (11: 97) და „ევროპის მამად“ (13: 422) წოდებული მეფე თავისი დროის უბადლო დიპლომატიც იყო. „კარლოსმა, – წერს „კარლოს დიდის ცხოვრების“ ავტორი ეინჰარდი, – თავისი სამეფო დიდება ზოგიერთ „მეზობელ და შორეულ“ სახელმწიფოებთან და მათ მეფეებთან „მეგობრობითაც გაზარდა“, კავშირს ეძებდა არა მარტო ევროპის სახელმწიფოებთან, არამედ აღმოსავლეთის სახელმწიფოებთანაც. სანიმუშოა მისი ურთიერთობა „გალისიის და ასტურიის მეფე ალფონს II-სთან: როდესაც ეს უკანასკნელი კარლოსს წერილს ან ელჩებს უგზავნიდა, ბრძანებდა მოეხსენებინათ ალფონსი, როგორც კაცი, რომელიც მთლიანად ეკუთვნის მას (კარლოსს) (3: 16). ფრანკთა მატიანიდან, რომელიც დათარიღებულია 797 წლით, იმასაც ვიგებთ, რომ კარლოსმა დიდი კმაყოფილებითა და პატივით მიიღო ალფონსის ელჩი და მის მიერ მორთმეული ძღვენი (14: 183). ასევე მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მას შოტლანდიის, ბიზანტიისა და ბაღდადის წარმომადგენლებთან (3: 16). კარლოსს უყვარდა სხვა ქვეყნებიდან წარმოგზავნილი ელჩები, არ აშინებდა მათი სიმრავლე და თავის ხალხს ყოველთვის იმისაკენ მოუწოდებდა, რომ კარგად მიეღოთ ისინი. იცოდა რა, რომ მათი სიმრავლე არა მარტო სასახლის, არამედ მთელი „სახელმწიფოს გაჩანაგებასაც კი იწვევდა“, კარლოსი „მხედველობაში არ იღებდა ამ დანახარჯებს, რადგან იმედოვნებდა, რომ ეს დანახარჯები ამ შემთხვევაში ანაზღაურებული იქნებოდა დიდების სიუხვითა და კეთილი სახელის მოხვეჭით“ (3: 20). ამგვარად, ეინჰარდის აზრით, კარლოსს დიპლომატიური ურთიერთობის გააქტიურების და მიზანდასახულობის სულისკვეთება ამოძრავებდა, თვლიდა, რომ ამ მიზნით დახარჯული სახსრები უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რაც მეგობრულ ურთიერთობასა და კავშირებს მოაქვს.
კარლოს დიდს განსაკუთრებული ურთიერთობა მაინც რომის პაპებთან ჰქონდა და ეს არცაა გასაკვირი, რადგან თვით ადრეულ შუა საუკუნეებშიც კი პაპები დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ, მათ დიდ ანგარიშს უეწევდნენ. ჯერ კიდევ პაპმა ლეო I დიდმა (440-461) ის შეძლო, რომ შეაჩერა ატილას წინსვლა რომისაკენ. ატილამ თავისი ჯარი შეატრიალა და უკან გაბრუნდა. რა დაპირებით შეძლო პაპმა ეს, დღესაც გაუგებარია. ის კი ფაქტია, რომ პაპის ასეთი საქციელი აღიქვეს, როგორც სასწაული. შეიქმნა ლეგენდაც, რომელმაც პაპი წმინდანის შარავანდედით შემოსა, მის პირველობაზეც იწყეს ლაპარაკი. პაპის დადგენილებებში გაჩნდა ასეთი ფრაზა: „რომაულ ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა პირველობა“.
ასეთი ავტორიტეტის მქონე პაპებთან მეზობელი ქვეყნები და მათი ხელმწიფეები მაშინაც არ წყვეტდნენ ურთიერთობას, როცა იტალიის დიდი ნაწილი ჯერ იუსტინიანემ დაიმორჩილა, შემდეგ კი – ლანგობარდებმა. პაპების მხარდაჭერა სჭირდებოდათ მათ, თუმცა მხარდაჭერასა და დახმარებას თვითონ პაპებიც ითხოვდნენ, ე.ი. ეს ურთიერთობა ურთიერთმხარდაჭერისა და დახმარების პრინციპს ექვემდებარებოდა. თანაც პაპები დახმარებას ეძებდნენ არა ყველასთან, არამედ მათთვის სასურველ და ძლიერ ძალასთან. ასე იყო ფრანკების შემთხვევაშიც, მათ კავშირი დაამყარეს არა „ზარმაც მეფეებთან“, ანუ მეროვინგების დინასტიის უკანასკნელ წარმომადგენლებთან, რომელთაც სახელმწიფოში არაფერს ეკითხებოდნენ, არამედ მათ მაიორდომებთან, ანუ სასახლის უფროს გამგებელებთან, რადგან მათ ხელში იყო ფაქტიური ხელისუფლება.
ასე მოხდა 739 წელსაც, როცა პაპმა მაიორდომ კარლოს მარტელს გაუგზავნა ელჩები თხოვნით: „ეხსნა რომაელები ლანგობარდების გულზვიადობისაგან“. მანვე კარლოსს გადასცა პაპის მიერ გამოგზავნილი წმ. პეტრეს საფლავის გასაღები, რომელიც გადმოცემის თანახმად იყო ნაკურთხი და ავადმყოფთა განკურნების თვისების მქონე. ასეთი გასაღებები არც თუ მცირე როლს ასრულებდნენ პაპების დიპლომატიაში. პაპები მას უგზავნიდნენ ძლიერ ადამიანებს მეგობრობის ნიშნად. კარლოს მარტელმა პატივით მიიღო პაპის ელჩობა და მისი საჩუქრები, თავის მხრივ, თვითონაც გაიღო პაპისათვის გადასაცემი არაერთი მდიდრული საჩუქარი, რომელიც ელჩს გაატანა, მაგრამ ლანგობარდების წინააღმდეგ გამოსვლა ვერ გაბედა.
სამაგიეროდ ეს ამოცანა წარმატებით გადაჭრეს მისმა შვილმა პიპინ მოკლემ (751-768) და შვილიშვილმა კარლოს დიდმა. მათ ჰქონდათ ამის საფუძველი, მათი და რომის პაპის ინტერესები ერთმანეთს გადაენასკვნენ. პიპინმა, ჯერ კიდევ მაიორდომმა, ყოველგვარი წინააღმდეგობა დაძლია და ფრანკთა ტერიტორიული გაერთიანება მოახდინა. ასეთ ვითარებაში მისთვის ზედმეტი შეიქმნა მეროვინგთა დინასტიის უკანასკნელი წარმოამდგენელი, მეფე ხილდერიკ III, მაგრამ მის თავიდან მოსაცილებლად საჭირო იყო ისეთი ავტორიტეტის მხარდაჭერა, როგორიც რომის პაპები იყვნენ. გადაიდგა ნაბიჯიც, პიპინ მოკლემ პაპ ზაქარიას გაუგზავნა ელჩობა, რათა ეკითხათ მისთვის მეროვინგი მეფეების შესახებ, რომელთაც მაშინ არ ჰქონდათ მეფური ძალაუფლება, კარგია თუ არა ეს. პაპს არ გასჭირვებია პიპინის გულის წადილის ამოცნობა და მაშინვე შეუთვალა: „უმჯობესია მეფედ იწოდებოდეს ის, ვისაც ნამდვილი ხელისუფლება გააჩნია, ოღონდაც არ დაირღვეს წესრიგი“.
ეს შემონათვალი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ 751 წლის ნოემბერში, სუასონში, პიპინს მოეწვია ფრანკი დიდებულებისა და ვასალების კრება, სადაც „ყველა ფრანკის არჩევით, ეპისკოპოსთა კურთხევითა და ვასალთა მიერ ფიცის დადებით“, იგი სამეფო ტახტზე დასვეს. უკანასკნელი მეროვინგი მეფე ხოლდერიკ III გაკრიჭეს და ეკლესიაში გამოამწყვდიეს პაპ ზაქარიას თანხმობით (3: 7; 12: 189).
სინამდვილეში ეს იყო სამეფო უფლებების უზურპაცია, მაგრამ ამის მიუხედავად, პაპმა პიპინი მაინც ცნო მეფედ, თანაც ისიც გამოაცხადა, რომ „მეფის უფლებების წყარო ხალხია და არა მისი წარმოშობა“. პიპინი სწორედ ხალხმა აირჩია მეფედ და მან არ უნდა დაუშვას ის, რომ მეფედ აირჩიონ სხვა დინასტიიდან. ასე და ამგვარად, პაპმა დამატებითი „საკრალური“ გამართლება მოუძებნა პიპინის გამეფებას, ამას დაემატა საეკლესიო გვირგვინკურთხევაც, რითაც დასაბამი დაედო ახალი, პიპინიდების, ანუ კაროლინგების დინასტიის ბატონობას.
მადლიერმა პიპინ მოკლემ პაპი ზაქარია ეკლესია-მონასტრებით უხვად დაასაჩუქრა, მაგრამ როგორც ზაქარიას, ისე მომდევნო პაპის სტეფანე II-ის (752-757) წინაშე კვლავ წამოიჭრა ლანგობარდების საკითხი. 751 წელს მათ შემუსრეს რავენის ეკზარქატი. ახლა სტეფანე II-მ დახმარებისათვის მიმართა არა ბიზანტიის იმპერატორს, ვინც მოვალე იყო დახმარებოდა მას, არამედ ფრანკთა მეფეს. პაპმა 754 წლის იანვარში ალპები გადალახა და პირადად ეახლა პიპინ მოკლეს (8: 65). პაპს მოუწყვეს საზეიმო შეხვედრა, მას ჯერ პიპინის უფროსი ვაჟი, კარლოსი, (მომავალი იმპერატორი) შეეგება, შემდეგ კი თვითონ მეფეც ეახლა თავის ოჯახის წევრებთან ერთად. პიპინმა პაპს ის პატივიც მიაგო, რომ როგორც კი წარსდგა მის წინაშე, იგი ცხენიდან ჩამოვიდა და პაპის წინ, თოვლში, მუხლი მოიყარა, შემდეგ წამოდგა და პაპთან ერთად ფეხით გაემართა სამეფო ვილა სენ-დენისაკენ, ლაგამჩავლებულს მიჰყავდა რა მისი ცხენი. პიპინს არც პაპი დარჩა ვალში, სამეფო ვილაში მისვლისთანავე მან მუხლი მოიყარა მეფის წინ და ითხოვა: პიპინს „დაეცვა წმ. პეტრეს და რომაელთა საქმენი“. პიპინმა აღუთქვა კიდეც ეს დახმარება და სამაგიერო ჯილდოც დაიმსახურა: პაპმა, გაიმეორა რა მირონცხება, პიპინი, შვილებთან ერთად მეფედ აკურთხა. მათვე უბოძა „რომაელთა პატრიციუსის ტიტული (5: 186). მათ შორის ხელშეკრულებაც დაიდო, რომლის ძალით პიპინს უნდა დაეცვა ეკლესია, ხოლო პაპს – ახალი დინასტია (9: 44).
ასე განმტკიცდა „საკურთხევლისა და სამეფო ტახტის“ კავშირი, რის შემდეგ ძლიერი ფრანკული ექსკორტით დაბრუნდა პაპი რომში. პიპინმა კი, რომელიც აღთქმული დახმარების ერთგული აღმოჩნდა, სულ მოკლე ხანში ორგზის (754 და 756 წწ.) ილაშქრა და სასტიკად დაამარცხა ლანგობარდების მეფე აისტულფი. ამ უკანასკნელს ჩამოერთვა რავენის ეკზარქატის მიწები (ადრე ბიზანტიას რომ ეკუთვნოდა) და რომის ოლქის ტერიტორიები და ისინი გადაეცა მუდმივ მფლობელობაში „რომაულ ეკლესიას, წმინდა პეტრეს, რომის პაპებს და მათ მემკვიდრეებს“. ასე და ამგვარად, პიპინ მოკლესაგან პაპმა მიიღო ის ოლქები, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, ხოლო პაპმა პიპინს მისცა მეფის ტიტული, რომლის მიცემა მხოლოდ იმპერატორს შეეძლო. ასე ჩამოყალიბდა საეკლესიო სახელმწიფო ანუ, როგორც იტყვიან ხოლმე, პაპების საერო სამფლობელო. ფაქტობრივად ეს ბიზანტიისაგან რომის პაპის ჩამოშორებას ნიშნავდა. პაპისათვის მაშინდელი ბიზანტია სხვა არაფერი იყო, თუ არა „ერეტიკული იმპერია“ სადაც ხატმებრძოლეობა მძვინვარებდა (2:61), ამიტომაც უარს ამბობდა ბიზანტიელი იმპერატორების უზენაესობაზე, უპირატესობას ანიჭებდა ფრანკების მეფეს, რომელიც თავისი ძლიერებით არა თუ ჩამორჩებოდა ბიზანტიის იმპერატორებს, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში აღემატებოდა კიდეც. ასეთი დამცველის (6: 40) გაჩენა ცუდი არ იყო, მაგრამ აქტი, რომელიც მოჰყვა პიპინისეულ საჩუქარს, პაპებს დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ამყოფებდა. ამიტომაც პაპებმა იმთავითვე იწყეს ფიქრი იმაზე, რომ მიღებული საჩუქრისათვის გამოენახათ მათთვის სასურველი ფორმულირება, თუ იურიდიული გამართლება, მოეძებნათ უფრო დიდი ავტორიტეტი, ვიდრე პიპინი იყო და მათ იწყეს იმის მტკიცება, რომ პაპებმა პიპინისაგან მიიღეს მხოლოდ ის, რაზეც მათ ძველისძველი და ხელშეუვალი უფლება აქვთ. ამუშავდა ისტორიაში ყველაზე ცნობილი სიყალბე – „კონსტანტინეს ნაბოძვარი“ (დონატიო კონსტანტინი), რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა შემდგომი საუკუნეების პაპების დიპლომატიაში.
ეს უხეში და უგემოვნოდ შედგენილი დოკუმენტი უპირველესად იმაზე მოგვითხრობს, რომ კეთრისაგან სასწაულებრივად განკურნებულმა იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა (306-337) თავის მშველელს – პაპ სილვესტრის უბოძა საიმპერატორო ხელისუფლება მთელ დასავლეთში, ხოლო თავისთვის დაიტოვა იმპერიის მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილი და შესაბამისად სატახტო ქალაქი რომიდან კონსტანტინოპოლში გადაიტანა (4: 28-34). არ არის გამორიცხული, რომ პაპების კანცელარიიდან გამოსულ ამ დოკუმენტს იცნობდნენ კარლოს დიდის დროს, მაგრამ მას მაინც ხელი არ შეუშლია ფრანკებისა და პაპების ურთიერთობის გაღრმავება-განმტკიცებისათვის, ლანგობარდებთან კვლავ გართულებული საქმის მოწესრიგებისათვის.
მას შემდეგ, რაც დეზიდერიუსი (აისტულფის გარდაცვალების შემდეგ ლანგობარდების მეფე რომ გახდა) თავს დაესხა პაპის სამფლობელოებს, პაპ ადრიანეს არ დარჩა სხვა გამოსავალი, თუ არა დახმარებისთვის მიემართა კარლოს დიდისათვის, ამ უკანასკნელს მან ელჩობა გაუგზავნა ვინმე პეტრეს მეთაურობით (15. A 770, 772: 295, 303). ელჩი, რომელიც კარლოსს ეახლა თავის ვილაში – ტეუდონისში, დაბეჯითებით ითხოვდა, რომ ფრანკთა მეფეს გადაერჩინა რომაელი ერი მეფე დეზიდერიუსის გულზვიადობისაგან. ელჩმა პაპის დავალებით ისიც თქვა, რომ კარლოსი მოვალეა აღასრულოს ღვთის ნება, რამეთუ იგი არის კანონიერი მეურვე და მფარველი რომაელი ერისა, და ეს იმ დროიდან, როცა ნეტარხსენებულმა პაპმა სტეფანემ მას სცხო წმ. მირონი და მეფედ და რომაელთა პატრიციუსად განაწესა. კარლოსმა თავის მხრივ, დახმარება აღუთქვა ელჩს და 773 წელს ქალაქ იენაში შეკრებილ სახალხო კრებაზე ის გადაწყვეტილებაც მიიღო, რომ ომი დაეწყოთ ლანგობარდების წინააღმდეგ.
ფრანკთა მხედრობა ორ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი ჯარისა გაიგზავნა კარლოსის წინამძღოლობით, მეორე ნაწილს კი სათავეში ჩაუდგა კარლოსის ბიძა ბერნარდი, რომელმაც იოვის მთა გადალახა და შევიდა იტალიაში. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა პიემონტის ველზე, სადაც კარლოსმა დაამარცხა დეზიდერიუსი. ეს უკანასკნელი ბრძოლის ველიდან გაიქცა და თავი შეაფარა პავიას. მისი შვილი ადალგიზი კი გადაიხვეწა კონსტანტინოპოლში. გამარჯვებული კარლოსი 774 წელს საზეიმოდ შევიდა რომში, სადაც მას მიესალმნენ როგორც „ფრანკებისა და ლანგობარდების მეფეს“, პაპმა ადრიანემ კი მის წინაშე ერთგულების ფიცი დადო, მეტიც, კარლოსს მან ხელახლა უბოძა პატრიციუსის ტიტული. ისე, რომ, აქედან მოყოლებული კარლოსის სამეფო ტიტული ასე ჟღერდა: „მეფე ფრანკებისა და ლანგობარდებისა და რომაელთა პატრიციუსი.“ რომში მყოფმა კარლოსმა თავის მხრივ, პაპს ხელახლა დაუმტკიცა პიპინის მიერ გაცემული ტერიტორიები.
კარლოს დიდს კვლავ მოუხდა ბრძოლები პავიაში ჩაკეტილ დეზიდერიუსთან. მხოლოდ ათი თვის შემდეგ, 774 წლის ივნისში, შეძლეს ფრანკებმა პავიის აღება, მათ დეზიდირიუსი შეიპყრეს, ბერად აღკვეცეს და ოჯახითურთ ფრანკთა სამეფოში გაგზავნეს.
კარლოსი სასტიკად გაუსწორდა დეზიდერიუსის შვილს ადალგიზს და მის მოკავშირეს ბავარიის ჰერცოგ ტასილონსაც, რომლებიც აუჯანყდნენ მას; ისინი დაიმორჩილა და ბერად აღკვეცა, ხოლო ლანგობარდების მეფედ 781 წელს თავისი ოთხი წლის შვილი პიპინი გამოაცხადა, რომელიც ერთხანს მამის ხელმძღვანელობით უძღვებოდა ტახტს. ფაქტობრივად, მთელი იტალია კარლოსის ხელში აღმოჩნდა, მას ემორჩილებოდა პაპიც.
პაპებთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი მონაკვეთი ადრიანეს გარდაცვალებით (795 წ.) დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ადრიანესთან კარლოსის ურთიერთობა მარტო პოლიტიკური ან კიდევ დიპლომატიური ხასიათის მატარებელი როდი იყო. მასთან მას თბილი ადამიანური გრძნობაც აკავშირებდა. აკი, როგორც ეინჰარდი წერს, მისი გარაცვალების გაგებისას კარლოსმა იგი „ისე დაიტირა, თითქოს დაკარგა არა მეგობარი, არამედ შვილი ან ძმა“. (3: 19).
ასევე საქმიანი და თბილი ურთიერთობა აკავშირებდა კარლოსს მომდევნო პაპთან, ლეო III-სთან (795-816). ამ უკანასკნელმა ტახტზე ასვლისთანავე კარლოსს ერთგულება შეჰფიცა და ამის ნიშნად წმ. პეტრეს საფლავის გასაღები და ქალაქ რომის დროშა გაუგზავნა. ამ სიმბოლოთი მას გარკვეული უფლებები ენიჭებოდა სასულიერო ხელისუფლებაზე (6:47).
პაპისადმი პატივისცემა და სიყვარული შეინიშნებოდა კარლოსის ქცევაშიც. მის საჩუქრებსა და წერილებში, რომლებსაც ხშირად უგზავნიდა პაპს. (17: 9-10, 553-556). ეინჰარდს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ კარლოსი „უხვად ასაჩუქრებდა პაპებს“, მეტიც, პაპის გულის მოგების მიზნით, მან „მდიდრულად მოართვევინა წმ. პეტრეს ტაძარი, რომელიც მსოფლიოს ყველა ტაძრებს შორის გამოირჩეოდა“, აქ მოდიოდა სალოცავადაც (3: 23), ჩადიოდა ბევრ ისეთ რამეს, რასაც ჩვეულებრივ არ აკეთებდა. „ერთხელაც რომში, პაპი ადრიანეს, ხოლო მეორეჯერ მისი მემკვიდრის ლეოს თხოვნით იგი გამოეწყო რომაულად, ჩაიცვა გრძელი ტუნიკა და ქლამიდი, რომაული ფეხსაცმელი“ (3: 21).
მისი ეს საქციელი მარტო ღრმადმორწმუნეობით არ აიხსნებოდა, მას შორს გათვლილი პოლიტიკური მიზნებიც ამოძრავებდა. სურდა სინამდვილედ ექცია იმპერიის აღდგენის იდეა, რომელიც თავისი ქვეყნის „ძლიერთა“ შეგნებაში დიდი ხანია მზადდებოდა. იმპერიის აღდგენის იდეას მხარს უჭერდა თვით კარლოსის მთავარი მრჩეველი ალკუინიც, რომელიც იმპერიაში ხედავდა ღვთის ნების გამოვლინებას. აღსანიშნავია, რომ ეს იდეა უფრო შორეულ წარსულში იღებს სათავეს. ჯერ კიდევ ეკლესიის მამებმა – წმ.იერონიმემ და წმ. ავგუსტინემ, დაეყრდნენ რა ბიბლიურ მოტივებს, კიდევ უფრო განავითარეს იოსებ ფლავიუსის (დაახლ. 17-100) და II საუკუნის ბერძენი მეცნიერის კლავდიოს პტოლემაიოსის სახელებთან დაკავშირებული ის პერიოდიზაცია, რომლის თანახმად კაცობრიობის განვითარების მთელი პროცესი თავსდება ოთხ ერთიმეორის მომდევნო მსოფლიო მონარქიაში. ესენია: ასურელ-ბაბილონელთა, მიდიელ-სპარსელთა, ბერძენ-მაკედონელთა და რომის მონარქია.
აქედან უკანასკნელს, რომის მონარქიას, ქვეყნიერების დასასრულამდე უნდა ეარსება, არ შეიძლებოდა მისი დაღუპვა, მეტიც, ქრისტიანებმა გამარჯვებას რომ მიაღწიეს, თავიანთ მისიად დედამიწაზე „ღვთის ქალაქის“ აშენება გამოაცხადეს. ეს იდეა აიტაცეს და განავითარეს ისიდორე სევილიელმა და ბედა პატივდებულმა, რომლებიც ვერ შეურიგდნენ რა რომის იმპერიის დაღუპვას, წამოაყენეს ტრანსლატიო-ს (გადატანის) იდეა, რომლის თანახმად ქრისტიანული იმპერია, როგორც სიმბოლო მომავალი „ღვთის ქალაქისა“ უნდა გადასულიყო ხალხიდან ხალხში, სახელმწიფოდან სახელმწიფოში (12: 191). ეს იმპერია მთელ ქრისტიანულ სამყაროს ერთი მმართველის ქვეშ გააერთიანებდა, მაშასადამე, არ დაირღვეოდა მემკვიდრეობითობა, იმავდროულად დამკვიდრდებოდა ის კოსმოპოლიტური ტენდენციაც, რაც ასე დამახასიათებელი იყო შუასაუკუნეობრივი პაპობისა და კათოლიკური ეკლესიისათვის. ისინი არ ცნობდნენ ეროვნულობას, აკი ქრისტეს წინაშე, მოციქულთა მოძღვრების თანახმად, არ არსებობს არც ელინი და არც ებრაელი. ამავე პრინციპს უნდა დაქვემდებარებოდა ის კოსმოპოლიტური მონარქიაც, რომლის შექმნაზეც კარლოს დიდი ოცნებობდა, თუმცა ასეთი იმპერიის აღდგენის მოსურნე თვით პაპი, ლეო III-ც იყო, ვინაიდან საიმპერატორო გვირგვინის გადაცემა კარლოსისათვის არა მარტო დამცველის გაჩენას მოასწავებდა, არამედ იმის გარანტიასაც უზრუნველყოფდა, რომ ერთიანად ებატონა ყველა ეროვნებაზე. ერთი სიტყვით ეკლესიის და სახელმწიფოს კავშირი აუცილებელი იყო. მეფე და პაპი ერთმანეთს საჭიროებდნენ. ერთში იყო პოლიტიკური ძალა, მეორეში კი – სულიერი.
ამ აზრის შემცველია ის წერილიც, რომელსაც კარლოსი უგზავნის პაპს თავისი სიძის (ფაქტობრივად ელჩის) ან-ჟილბერტის ხელით. „ურთიერთ დათმობით შევაზავოთ ყველა ის სიკეთე, – ნათქვამია წერილში, – რაც ეკლესიის დიდებისათვის ან თქვენი პატივის განმტკიცებისათვის, ან ჩვენი პატრიციუსობისა“ და მთელი საქრისტიანოს გაერთიანებისათვის ეგზომ საჭირო არის. ამ მხრივ პირველი ნაბიჯი ის იყო, რომელიც გადაიდგა თქვენი წინამორბედების დროს, როცა მივაღწიეთ შეთანხმებას მამობრივი წმინდა კავშირის შესახებ; თქვენთანაც ასევე „ნდობისა და სიყვარულის (17:355-356), მოპოვება მსურს“. რათა ერთობლივად შევძლოთ მთელი საქრისტიანოს, რომაული ეკლესიისა და პაპის ძალაუფლების დაცვა წარმართთა შემოტევებისა და ურწმუოთა აოხრებისაგან. იმისათვის, რომ „ქრისტიანმა ხალხმა ყოველთვის გაიმარჯვოს მტერზე“ – განაგრძობს კარლოსი, „თქვენმა კეთილგონიერებამ“ განუხრელად უნდა დაიცვას წმინდა კანონები. თქვენს საქციელში უნდა ჩანდეს სიწმინდის მაგალითები; თქვენი ბაგეებიდან უნდა ამოდიოდეს წმინდა შეგონება (16: 213; 1: 48-49), რაც ადამიანს სიკეთის კეთების სურვილს აღუძრავს და რწმენას განუმტკიცებს, მტერზე გაამარჯვებინებს.
თავის მეორე, სიძისადმი განკუთვნილ წერილშიც, კარლოსი იმას მოითხოვს, რომ სიძესაც აქტიური მონაწილეობა მიეღო პაპის დარწმუნებაში. მას უნდა ეთქვა: მთელი საქრისტიანოს გასაერთიანებლად უპირველესად ის არის საჭირო, რომ თვითონ პაპი მოიქცეს ღირსეულად, მან უნდა დაიცვას წმინდა კანონები, უნდა იზრუნოს იმისათვის, რომ აღმოფხვრას სიმონია და „ცუდი ჩვევები”, რომლებიც „ძირს უთხრის და წამლავს წმიდა ეკლესიას“, მხოლოდ პაპის ღირსეულ საქციელს შეუძლია ადამიანებს გაუჩინოს იმის სურვილი, რომ „ადიდონ ღმერთი და დაიცვან საქრისტიანო (16: 212-213). ამ წერილებიდან ნათლად ჩანს, რომ კარლოსიპაპის ზნეობრივ მოქმედებას უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, თუმცა თავის ხელისუფლებას პაპის ხელისუფლებაზე მაღლა აყენებდა. იგი პირდაპირ აცხადებდა, რომ კარლოსი არის „მეფე და წმინდა ეკლესიის მფარველი“, რომელსაც მთელი საქრისტიანოს გაერთიანება და სიკეთე სურს (17: 355-356). აქვე ვიტყვი, რომ ამ ტიტულს მარტო კარლოსი არ ატარებდა მისი მატარებელი კარლოსის მამა პიპინიც იყო (15: 293). ამ ტიტულით მოიხსენიებდა იგი თავის თავს, როცა ელჩების პირით აისტულფისაგან მოითხოვდა იმ ტერიტორიების დაბრუნებას რომის ეკლესიისათვის, რაც მისგან მიტაცებული ჰქონდა (9: 43-44).
ამგვარად, როგორც ნათქვამიდან ჩანს, კარლოს დიდს რომის პაპთან ერთად მთელი ქრისტიანული სამყაროს (თვით ბიზანტიის ჩათვლით) ერთ იმპერიაში გაერთიანება სურდა. ამის წინაღმდეგი, როგორც ვთქვით, არც პაპი იყო, მაგრამ ვინაიდან მას პოლიტიკურად დაქვემდებარებული მდგომარეობა ეკავა (არ იყო თავისუფალი თავის საგარეო პოლიტიკაში, რჩევა-დარიგებას ფრანკთა ხელმწიფეებს ეკითხებოდა), ამიტომაც იმას შეეცადა, რომ ხელიდან არ გაეშვა იმპერიის შექმნის ინიციატივა და სხვების დასანახად მაინც შეენარჩუნებინა სულიერი მეთაურობა, რაც მას მისცემდა იმპერიის შექმნის მოსურნე კარლოსისათვის იმპერატორის ტიტულის გადაცემის საშუალებას. ასეთი მომენტი ლეო III-ს მას შემდეგ დაუდგა, როცა რომში მოხდა ერთი საკმაოდ საშიში ინციდენტი. საქმე ის არის, რომ ლეო III, რომელიც არ განეკუთვნებოდა დიდგვაროვანთა წრეს, იმთავითვე მიუღებელი აღმოჩნდა რომაელი დიდებულებისათვის. შეიქმნა შეთქმულთა ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ სასულიერო პირები, ადრიანეს ძმისშვილები: პასხალისი და კამპალუსი (1: 48). ლეო III-ზე მათ გაავრცელეს შეურაცხმყოფელი მოსაზრებანი, სახელდობრ ის, რომ იგი შემჩნეულია ამორალურობაში, ავხორცობასა და მექრთამეობაში და 798 წლის 25 აპრილს საზეიმო ლიტანიის დროს, ხმლებითა და ჯოხებით შეიარაღებული შეთქმულები თავს დაესხნენ პაპს, ზედ შედგნენ და სცემეს, შემდეგ ენის ამოგლეჯა და თვალების დათხრაც მოუნდომეს (18: 139), მაგრამ იგი სასწაულებრივად გადაურჩა მათ. მან ღამის სიბნელით ისარგებლა და თავს გაქცევით უშველა.
იგი კედელზე გადაძვრა და შიშისაგან დაფეთებულმა კარლოსის ელჩებთან მიირბინა, რომლებიც იდგნენ წმ. პეტრეს ბაზილიკასთან. აბატებმა ვირუდუსმა და ვინიგიზუსმა პაპი ჯერ სპოლეტოს ჰერცოგთან მიიყვანეს, ხოლო შემდეგ გადავიდნენ საქსონიაში და შეჩერდნენ პადერბორნში, სადაც კარლოსის ბანაკი იყო. როგორც ალკუინი გადმოგვცემს, აქ მათ ისაუბრეს არა მარტო პაპის გასაჭირზე, არამედ იმპერიის აღდგენის ცალკეულ დეტალებზე, თუმცა ეს საუბარი დიდხანს როდი გაგრძელდა. შეხვედრაზე სულ მალე აჯანყებულ რომაელ დიდებულთა ელჩებიც გამოცხადდნენ (14:A.799: 184), რომლებმაც ამჯერადაც პაპი დაადანაშალეს გარყვნილებაში, ფიცის გატეხვასა და სხვა უღირს საქციელში (18: 140). ისინი პაპის სასწრაფოდ გასამართლებას მოითხოვდნენ, მაგრამ ამის დაშვება იმპერატორს არ შეეძლო, რამეთუ, როგორც პაპის მომხრეები ამტკიცებდნენ, „პაპი ღმერთის მოადგილეა დედამიწაზე“, რომლის გასამართლების უფლება არავის აქვს (10: 64).
და მაინც წამოყენებული ბრალდებების სერიოზულობამ და უპირველესად კი, პაპის დაცვის სურვილმა კარლოსს ის უკარნახა, რომ მეორე დღესვე რომში გაეგზავნა თავისი ელჩები: მთავარეპისკოპოსები ჰილდიბალდი და არნი, ეპისკოპოსები კუნიბერტ ბერნარდი, ოტი, იესე, ფლაიკუსი, გრაფები ჰელინგოტი, როთეკარი და გერმაში (18: 140). ფაქტობრივად ეს იყო საგამოძიებო კომისია, რომელსაც პაპის უდანაშაულობა უნდა დაემტკიცებინა, მაგრამ რომში ჩასული ელჩები მალევე დარწუნდნენ, რომ ისინი მარტოდმარტონი ვერაფერს გახდებოდნენ, საჭირო იყო თვით კარლოსის ჩამოსვლა. თვით პაპიც ამის მოსურნე იყო, თუმცა მან კარგად იცოდა, რომ მას დამცირებულად უნდა ეგრძნო თავი, რადგან იძულებული იქნებოდა თავისი უდანაშაულობა ემტკიცებინა სიუზერენის წინაშე, ანუ დე ფაცტო თავი ეცნო მის ქვეშევრდომად. დიდებულთა, ეპისკოპოსთა და აბატთა რჩევითა და გადაწყვეტილებით კარლოსი მიემგზავრება რომში, რათა როგორც ეინჰარდი ამბობს, აღედგინა ეკლესიისა და პაპის შერყეული ავტორიტეტი (15: A800: 304). იგი რომში 800 წელს, შობამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა. მას თვით პაპი ლეო III შეეგება და საუზმის შემდეგ ქალაქი დაათვალიერებინა. კარლოსმა რამოდენიმე დღე დაჰყო რომში და იმთავითვე იმას შეეცადა, რომ სიმშვიდე მოეტანა ხალხისათვის. მას მოუხდა პასუხის გაცემა იმ ბრალდებებზეც, რომელსაც რომაელი დიდკაცები უყენებდნენ პაპს, თუმცა პაპს ვერცერთი ბრალდება ვერ დაუმტკიცეს.
ხალხის წინაშე თვით პაპსაც მოუხდა თავის მართლება, სახარებით ხელში მან საჯაროდ დაიფიცა, რომ არ ჩაუდენია არც ერთი ის დანაშაული, რომელშიც მოწინააღმდეგეები სდებდნენ ბრალს. „ღმერთია მოწმე და მხოლოდ მის მსჯავრს ვემორჩილები“ (17: 20) – ამბობს პაპი. ეს ფიცი გარკვეულად დიპლომატიური ნაბიჯიც იყო, მიზნად ისახავდა აჯანყებულთა დაშოშმინებას, იმის დამტკიცებას, რომ პაპი უმწიკვლო და შეუმცდარია.
მეფის ჩამოსვლას რომში ის შედეგიც მოჰყვა, რომ სულ მალე დააპატიმრეს პასხალისი, კამპულუსი და ბევრი სხვა რომაელი დიდებული, ვინც პაპს სიკვდილს უქადდა. იმპერატორის ბრძანებით მომდევნო წელს მათ სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს (14: 801:189). განაჩენს საფუძვლად დაედო რომაული კანონის ის მუხლი, რომლის თანახმად „უწმინდესობათა შეურაცხმყოფელი სიკვდილით დასჯას ექვემდებარებოდა, მაგრამ პაპმა ამ შემთხვევაშიც დიპლომატიას მიმართა, იმპერატორის წინაშე შუამდგომლობა გასწია და სიკვდილმისჯილებისთვის პატიება ითხოვა. შედეგმაც არ დააყოვნა. სიკვდილი მათ ფრანკთა სამეფოში გადასახლებით შეუცვალეს (18: 148). ფრანგი ისტორიკოსი ვიოლე არცთუ უსაფუძვლოდ ამბობს, რომ ლეო III ჭკვიანი პაპი იყო (19:252, 263-264), ხელსაყრელი მომენტი, რომელიც რომში კარლოსის ჩამოსვლას უკავშირდება, მან ხელიდან არ გაუშვა, 23 დეკემბერს სასწრფოდ შეკრიბა ყველა ის პირი, ვინც ჯერ კიდევ პადებორნში ახლდა მას. მათ კვლავ განაახლეს მსჯელობა რომის იმპერიის აღდგენის შესახებ. ვინაიდან ამ დროისათვის ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე გადაყენებული იყო და ტახტზე იჯდა მისი დედა, იმპერატორის ტიტული ვაკანტურად ჩათვალეს და ამ საბაბით კარლოსს ერთხმად სთხოვეს მიეღო ეს ტიტული (1. გაბისონია 2009:58), რაზეც დაითანხმეს კიდეც, მაგრამ პაპი არ დაელოდა გვირგვინკურთხევისათვის საჭირო პროცესს; 2 დღის შემდეგ, 800 წლის 25 დეკემბერს, ქრისტეშობის დღეს, როცა კარლოსი იმყოფებოდა წმ პეტრეს ტაძარში და ლოცულობდა, მას პაპმა მოულოდნელად იმპერატორის ოქროს გვირგვინი დაადგა თავზე, რასაც იქ დამსწრე რომაელები აღფრთოვანებით შეხვდნენ, მათ იგალობეს და ხმამაღლა წარმოთქვეს: „სიცოცხლე და გამარჯვება ღვთით კურთხეულ გვირგვინოსანს, დიდებულს და მშვიდობისმყოფელს, რომაელთა იმპერატორს კარლოს ავგუსტიუსს (15: 304-305). შემდეგ პაპმა ქედი მოიხარა და თაყვანი სცა კარლოსს და იმავდროულად პატრიციუსის სახელწოდების ნაცვლად იმპერატორი უწოდა მას (15: 305). ფაქტობრივად, ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა ახალი იმპერიის აღმოცენება, რომელმაც მოიცვა იმ დროს უკვე არარსებული დასავლეთ რომის იმპერიის მნიშვნელოვანი ნაწილი (იტალია, გალია, გერმანია) ქალაქ რომითურთ, სადაც მუდამ კეისრები და იმპერატორები ისხდნენ.
თუ ეინჰარდს დავუჯერებთ, კარლოსს უსიამოვნოდ მიუღია პაპის ეს საქციელი, სახელდობრ ის, რომ მან თავზე დაიდგა იმპერატორის გვირგვინი. პირველ ხანებში, – წერს ეინჰარდი, – კარლოსი იმას ამტკიცებდა, რომ პაპის ასეთი გადაწყვეტილების ცოდნის შემთხვევაში „საზეიმო დღესასწაულის მიუხედავად იგი არ წავიდოდა ეკლესიაში“ (3: 23). აქ შეიძლება ის ითქვას, რომ ამას კარლოსი ამბობდა არა იმის გამო, რომ მას არ სურდა იმპერატორობა, არამედ იმიტომ, რომ ამ ტიტულის მიღება უნდოდა არა პაპისაგან (რომელსაც თავის ვასალად თვლიდა), არამედ თავისივე თანასწორისაგან, როგორადაც მას ბიზანტიის იმპერატორი მიაჩნდა (3: 23).
უკმაყოფილების მიზეზი შეიძლება ისიც იყო, რომ პაპმა ლეო III-მ გვირგვინკურთხევა მოაწყო სათანადო ცერემონიის გარეშე, თანაც ისე მოიქცა, რომ განადიდა თავისი როლი ამ საქმეში.
კარლოსის უკმაყოფილება უსაფუძვლო არ ყოფილა: „განა საიმპერატორო გვირგვინი არ უბოძა პაპმა, და განა ის, ვინც მბოძებელია, არ დგას იმაზე მაღლა, ვინც მას იღებს?“ ეს არგუმენტი არაერთხელ გამოუყენებიათ პაპებს საერო ხელისუფლებისათვის ბრძოლაში. ვერ ვიტყვით, რომ ლეო III-მ არ გადადგა მარჯვე დიპლომატიური ნაბიჯი. უკმაყოფილების მიუხედავად კარლოსს უარი არ უთქვამს იმპერატორის ტიტულზე. პირიქით, როგორც ამას გვირგვინკურთხევის შემდგომი საბუთებიც ადასტურებენ, მას ყველგან ხაზგასმით აქვს ნათქვამი, რომ „კარლოსი, უბრწყინვალესი ავგუსტუსი და ღვთითკურთხეული გვირგვინოსანია. იგია მშვიდობის მყოფელი და რომაელთა იმპერატორი, მმართველი სახელმწიფოსი და მადლითა ღვთისათა მეფე ფრანკთა და ლანგობარდებისა” (18: 148).
წყაროები იმასაც გვიდასტურებენ, რომ კარლოს დიდი არა მარტო ფრანკთა სამეფოში, არამედ მთელს იტალიაში, თვით ქალაქ რომშიც კი თავს სრულუფლებიან მბრძანებლად გრძნობდა. მას არ სჭირდებოდა პაპებისადმი მიმართვა, რათა დაეცვა რომში თავისი კუთვნილი უფლებები. აკი, როგორც მემატიანე გადმოგვცემს, კარლოსმა „მიიღო რომში ძალაუფლება რომაელების მიმართ“ (18: 148). „იგი იმასაც კი შეეცადა, რომ ახლადშექმნილი იმპერია და მისი წესწყობილება დაემსგავსებინა გვიანი რომის იმპერიის წესწყობილებისათვის“ (19: 437, 440). 802 წლის კაპიტულარში მან ისიც მოითხოვა, რომ იმპერიაში მცხოვრებ ყოველ თავისუფალ კაცს ხელახლა მიეცა მისთვის ერთგულების ფიცი, რომელიც განადიდებდა არა მარტო საიმპერატორო ხელისუფლებას, არამედ მისდამი ეკლესიის მორჩილებასაც: იმპერატორი იდგა ეკლესიის სათავეში, ეპისკოპოსები და აბატები მასთან ისეთსავე ვასალურ დამოკიდებულებაში იყვნენ, როგორც საერო ვასალები. ამის მიუხედავად კარლოსის წყალობით ბევრად უფრო ამაღლდა პაპების ავტორიტეტი, რაც მათ შორის სისტემატურ ელჩობებსა და ურთიერთდახმარებაში ვლინდებოდა. მათ ერთობლივად იზრუნეს იმისათვის, რომ ფრთები შეესხა რომის მემკვიდრეობის იდეას, რომელიც ფრანკთა საზოგადოების შეგნებში დიდი ხანია მწიფდებოდა.
ერთი სიტყვით, ფრანკთა იმპერიის შექმნა რომის პაპების და კარლოს დიდის ერთობლივი მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი შედეგია, თუმცა კარლოს დიდი მარტო იმპერიის შექმნით როდი შემოიფარგლა, მან იმთავითვე იზრუნა თავისი რეზიდენციის მოწყობისათვის. თუ ხლოდვიგის მმართველობიდან მოყოლებული ფრანკთა სამეფოს პლიტიკური ცენტრი პარიზი იყო, კარლოსმა იწყო ახალი ქალაქის აახენის მშენებლობა, რომელიც გახდა იმპერიის ცენტრი. თანამედროვენი მას ახალ რომად მოიხსენიებდნენ (6. ჯავახია 2009:49). ქალაქის მშენებლობისას ფართოდ გამოიყენებოდა რომაული არქიტექტურის ნიმუშები, ბევრი რამ გადმოიღეს კონსტანტინეპოლის არქიტექტურიდანაც. კარლოსი აშენებდა სასახლეებს, ტაძრებს, ხიდებს თუ სხვა ნაგებობებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ დროს აშენებული აახენის კაპელა და ღვთისმშობლის ტაძარი, რომელსაც ალკუინი სოლომონის ტაძარს ადარებდა (6: 50). ტაძრის სვეტებისათვის მარმარილო სპეციალურად რომიდან და რავენიდან ჩამოჰქონდა (3:17). რომაელთა და პაპის მხარდაჭერა არც ამ საქმეში აკლდა კარლოს დიდს.
დამოწმებანი:
1. გაბისონია ნ., პერტაია დ., პაპების ბრძოლა საერო ხელისუფლებისათვის, თბ., 2009.
2. დილი შ., ბიზანტიის იმპერიის ისტორია, ბ. ბრეგვაძის თარგ., თბ., 1998.
3. ეინჰარდი, კარლოს დიდის ცხოვრება – გ. კუტალია, ეინჰარდის „კარლოს დიდის ცხოვრება“, თბ., 2005.
4. კუტალია გ., პაპების საერო ხელისუფლების წარმოშობა და ე.წ. „კონსტანტინეს ნაბოძვარი:. – გ. კუტალია, ეინჰარდის „კარლოს დიდის ცხოვრება“, თბ., 2005.
5. ჟან ბატისტ დიუროზელი, ევროპა, მისი ხალხების ისტორია, თარგმ. ფრანგულიდან, თბ., 2008.
6. ჯავახია ბ., მარადიული რომი, თბ., 2009.
7. Аноним. Жизнь императора Людовика. – Историки эпохи Каролингов, М., 1999.
8. Гергей Е. История Папства. М., 1996.
9. Карелин М..С. Важн. моменты в истории папство, М., 1901.
10. Лозинский С.П. История папства, М; 1986.
11. Нитхард. История в четырёх книгах – Историки эпохи Каролингов, М., 1999.
12. Сидоров А. И. Взлёт и падение Каролингов. – Историки эпохи Каролингов. М., 1999.
13. Флеккенштейн Й. Карл Великий – Создатели империи. Ростов - на – Дону. 1998.
14. Annales Laurissenses, A797, A 799, A 801. – Monumenta Germaniae Historca. Edidit G.H. Pertz, t I, Hannoverae, MDCC XXVIII.
15. Chronicon Moissiacense. A.770, A.772, A.799, A.800 A.801. – MGH, t I.
16. Jasques Delperrie De Bayac. Charlemagne, Imprime en France, 1976.
17. Monumenta Carolina Epuctoe. Carol – Jaffe. Bibliotheca rerun germanicarum;
18. Muhlbacher. Rarl der grosser, t I, 1889.
19. Violet P., Ilistsire des in institut. Polit de la Franze. P., 1932.

Комментариев нет:

Отправить комментарий