1908 წლის 3 ივლისს კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ფესტოსში, მინოსური ეპოქის (ძვ.წ. XXVII–XV ს-ბი) სამეფო სასახლის გათხრებისას იტალიელმა არქეოლოგმა, დოქტორმა ლუიჯი პერნიემ დიკსო, რომლის დიამეტრი დაახლ. 16 სმ-ია და 380 გრამს იწონის. იგი წარმოადგენს თიხის ფირფიტას და 1850-1600 წლებით თარიღდება. ამჟამად ინახება კრეტის მთავარ ქალაქ ჰერაკლეონის არქეოლოგიურ მუზეუმში.
1992 წლის დეკემბერში ვლადიკავკაზში ახ. წ. XIX საუკუნის შენობის სარდაფში ნაპოვნი იქნა „ფესტოსის დისკოს“ მსგავსი თიხის ფირფიტის ფრაგმენტი (დიამეტრი 10 სმ).
XX საუკუნის მანძილზე ფესტოს დისკოს სწავლობდა ძველი ისტორიისა და ენების ყველა სპეციალისტი, დისკოს ნიშნების ენა შეადარეს ყველა ძველ ენებს, მაგრამ მისი გაშიფვრა ვერაფრით მოხერხდა.
1988 წლის ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესზე დიდმა ავსტრიელმა მკვლევარმა ერნესტ ძებიშმა განაცხადა, რომ წინაბერძნული მოსახლეობა პელაზგები ქართველთა მონათესავე ხალხია, ხოლო ფესტოსის დისკოს ენა წინარექართული ანუ კოლხურია.
პელაზგების (მათ უნდა შეექმნათ სწორედ კრეტის ანუ მინოსური ცივილიზაცია) იბერიულ-კავკასიურ ხალხებთან ნათესაობის შესახებ ჰიპოთეზას ემხრობოდნენ აგრეთვე სხვა დიდი უცხოელი (ვ. ჰუმბოლტი, პ. კრეჩმერი, ა. მეიე, ე. შვიცერი, ფ. შახერმეირი, ე. ფურნეე) და ქართველი (ს. ყაუხშიშვილი, ს. ჯანაშია, ა. ჩიქობავა, ა. ურუშაძე, თ. გამყრელიძე, რ. გორდეზიანი, ზ. გამსახურდია) მეცნიერები.
ლ. პერნიე და ა. ევანსი გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ A და B გვერდების პერიფერიაზე ამოტვიფრული სიმბოლო „ხუთი მსხვილი წერტილი ვერტიკალურ ხაზზე“ დასასრულის ნახატ-ნიშანია. იგი ემსგავსება ეტრუსკულ, იბერიულ, ქართულ ასომთავრულ და სხვა დამწერლობებში მოცემულ „განკვეთილობის“ ნიშანს: ერთი ან ვერტიკალურად განლაგებულ 2, 3, 4, 5, 6, 7, ან 8 მსხვილი წერტილი აღნიშნულ დამწერლობებში სიტყვის ან წინადადების დასასრულს აღნიშნავს. აქედან გამომდინარე ქართველმა მათემატიკოსმა გია კვაშილავამ დაასკვნა, რომ ფესტოსის დისკოს ეს სიმბოლო ნახატ-ნიშანთა ჯგუფების ამოკითხვის დასასრულს უნდა ნიშნავდეს.
ამის შემდეგ კვაშილავამ დისკოს ნიშნების – იეროგლიფების გაშიფვრა ძველი ქართული (კოლხური, სვანური და სხვ) ენების საშუალებით სცადა და შეადგინა ფესტოსის დისკოს ნახატ-ნიშანთა ამოკითხვის ალგორითმი:
1. დისკოს ნახატ-ნიშანთა ჯგუფების ამოკითხვის საფუძველი არის ნახატ-ნიშანთა სხვადასხვაგვარად მობრუნება, ანუ ისინი სპირალის ზოლში ამოტვიფრულია ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად.
2. დისკოს ცენტრიდან პერიფერიისკენ მიმართული ნახატ-ნიშნის საწყისი პოზიცია განისაზღვრება, როგორც ამ ნახატ-ნიშნის ჰორიზონტალური მდებარეობა სპირალის მიმართ, ან სპირალის შიგნით განლაგებული ვერტიკალური ნახატ-ნიშნების ან ვერტიკალური ხაზების მიმართ, როდესაც დისკოს ვატრიალებთ ამოკითხვის მიმართულების საპირისპიროდ.
3. ის ნახატ-ნიშანი, რომელიც დისკოზე ამოტვიფრულია საწყის პოზიციაში, ანუ მისი მობრუნების კუთხე 0 გრადუსია, ამოიკითხება, როგორც ორმარცვლიანი სიტყვა.
4. თუ ნახატ-ნიშანი საწყისი პოზიციიდან 90 გრადუსით არის მობრუნებული (ამ დროს იგი ვერტიკალურად არის ამოტვიფრული), მაშინ ამოიკითხება შესაბამისი სიტყვის მხოლოდ პირველი მარცვალი.
5. თუ ნახატ-ნიშანი საწყისი პოზიციიდან 180 გრადუსით არის მობრუნებული (ამ დროს იგი საწყისი (00) პოზიციის საპირისპიროდ, გადაბრუნებულად და ჰორიზონტალურად არის ამოტვიფრული), მაშინ ამოიკითხება შესაბამისი სიტყვის პირველი და მეორე მარცვლების ადგილთა გადანაცვლებით მიღებული ახალი სიტყვა.
6. თუ ნახატ-ნიშანი საწყისი პოზიციიდან 270 გრადუსით არის მობრუნებული (ამ დროს იგი 900-ანი პოზიციის საპირისპიროდ და ვერტიკალურად არის ამოტვიფრული), მაშინ ამოიკითხება შესაბამისი სიტყვის მხოლოდ მეორე მარცვალი.
7. ისეთი ნახატ-ნიშანი, რომელიც მოუბრუნებადია, ამოიკითხება მთლიანად, როგორც ორმარცვლიანი სიტყვა.
აღნიშნული წესების დადგენით კვაშილავამ დაადგინა, რომ: ა)დისკოს ნიშნები არის სიტყვების ან მარცვლების აღმნიშვნელი, რომლების ენა არის ძველკოლხური. ბ)ტექსტი დაწერილია კოლხი ქურუმების მიერ და წარმოადგენს საგალობელს, რომელიც ეძღვნება კოლხური მოდგმის ხალხის მაკრიელების/მაკრისელების ნაყოფიერებისა და მიწის დიდ დედაღვთაებას, ნენას, ანუ რეა-კიბელეს.
ბოლოს კი წარმოგიდგენთ ფესტოსის დისკოს კვაშილავას ვერსიით გაშიფრულ ტექსტს.
A მხარე
აია-ჭაბუკნო, განმწმედნდელნო, დაფარული ტაძრის ლაბირინთს,
აია-ჭაბუკნო, დედის კარის.
დაფარეთ თაღი, გაღვთიურებულნო!
ქვეყნის სიმაღლისნო, სიცოცხლის ძალნო,
წინმავალნო კირიბანტნო მფარველნო,
ქვეყნის სიმტკიცენო შემწენო,
ჰქმენთ დაფარული ტაძარი ლაბირინთი!
ქვეყნის სიმტკიცენო შემწენო,
მარადმავალნო კირიბანტნო მფარველნო,
გარდაჰქმენით აიას სიცოცხლე ყველანაირად!
ღამის მთვარით განათებულნო,
დედის ქვეყანა მუდამ დაფარეთო,
დაასხნით ხელნი დაფარულად,
სხივოსანო მფარველნო, ...
ოჯახის ფუძის, ჯიშის სვლა-ბრუნვის განმწმენდელნო.
B მხარე
ოჯახის წყაროვ, სულო მშობელო,
მოდგმის ნენანავ,
ააყვავე ხუთი შტო მშვენი, გევედრებით,
ჯიშის სიწმინდით, ახლით ნირშემოსილი.
ერთო შტოვ ძლიერო, გევედრებით,
ოჯახის წმინდავ, ძლიერო,
წმინდავ, ხელთძლიერო ხუთი შტოისა,
მფარველო, სხივოსანო დედაღმერთო,
წინამძღოლო, ხანგრძელ ჰყავ დედის ტაძარი სპილენძისა!
მაყვავებელო თარხანო,
ნათელო ფათო (ანუ ჰეფესტო), დახურეთ, გევედრებით
წინამძღოლო, განწმენდილსხივოსანო,
დაფარეთ მისი მოგიზგიზე სასახლე, გევედრებით
ჩვენო მჭედელო, ახლითმოსილო, მთვარისანო, გევედრებით!
Комментариев нет:
Отправить комментарий